შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მხატვრული წერის გაკვეთილები

(მეშვიდე ნაწილი)

მეოთხე თავი
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ბევრი თავგადასავალია მოთხრობილი, ზოგი მათგანი ძალიან მაგარია, ზოგი – ნაკლებად. ამბობენ, რომ რამდენი თავგადასავალიც არ უნდა მოხდეს, გმირი მაინც ერთ გზას გადის, რომელსაც, ზოგიერთმა ლიტერატურის მკვლევარმა ასეთი სახელი „გმირის მოგზაურობა“ დაარქვა. მოდი, ჩვენმა გმირმაც გაიაროს ეს ეტაპები, სანამ ნამდვილი წიგნის შექმნას მოვახერხებთ.

სავარჯიშო პირველი

გმირის ყოველდღიურობა

ამ სავარჯიშოში, თქვენ უნდა აღწეროთ თქვენი გმირის რუტინა და ყოველდღიურობა.
მაგალითი: ჰარი პოტერი ცხოვრობს ნათესავების ოჯახში, სადაც მისი ყოველდღიურობა ერთფეროვანია.

მაგალითი:

ერთ დღეს ბუსის ოჯახმა კალიფორნიაში წასვლა გადაწყვიტა. იქ საზაფხულო სკოლაში დიდი ფასდაკლება იყო და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურდათ, თან ზაფხულს ზღვის სანაპიროზე კარგად გაერთობოდნენ.

ეს სკოლა 20 ივნისს, ანუ 18 დღეში იწყებოდა. ბუსი თვითმფრინავში მეორედ იჯდა. პირველად რომ ჩაჯდა, ორი წლის იყო და ამჯერად ძალიან ისიამოვნა. პირველი დღე კალიფორნიაში ძალიან რთული იყო. ჰენრიმ სახლი კი იყიდა, მაგრამ რაღაც საბუთები მაინც უნდა შეევსო. სანამ ის ამ საბუთებს ავსებდა, პაიპმა ბავშვებს სახლი დაათვალიერებინა. სახლი დიდი იყო. ბუსის უზარმაზარი ოთახი მეორე სართულზე გახლდათ.

  • დე, დე! – შეჰყვირა აღტაცებულმა ბუსიმ, – ტელევიზორი მალე შევაერთოთ და Playstation ჩავრთოთ.
  • მამა მოვა და მერე!
  • აუუ! – თქვა ბუსიმ.
  • მაგარი სახლია! – საუბარში ჩაერია ალისა.
    მაქსს რეაქცია არ ჰქონია.

ბუსის უჭირდა ბილთან განშორება, მაგრამ კალიფორნიაში იმ იმედით ჩამოვიდა, რომ თავგადასავალს იპოვიდა.

 

სავარჯიშო მეორე

თავგადასავალი გიხმობს

 

ესაა სავარჯიშო, სადაც ჩვენ გმირს, მისი მენტორი ან სულაც შემთხვევითობა რაღაც ახალი გამოწვევის წინაშე დააყენებს. მას აქვს არჩევანის საშუალება – წავიდეს ან დარჩეს იქ, სადაც ახლაა.

მაგალითი: ჰარი პოტერი მიიღებს წერილს, სადაც წერია, რომ მას ჰოგვარდში იწვევენ. გაბედავს კი ის წასვლას თუ ვერა?

მაგალითი:

სკოლა დაიწყო.

ბუსის კლასში ყველას ჰყავდა მეგობარი. ჰენრი მასწავლებელს ელაპარაკებოდა, რომელმაც ბუსი ლეონის გვერდით დასვა.

პირველი გაკვეთილი მათემატიკა იყო. ცხრილი ჩაიწერეს და საქმეს შეუდგნენ. გაკვეთილი რომ დასრულდა, ყველა სადღაც გავიდა. ბუსი ლეონს გაჰყვა და გამოელაპარაკა. გაირკვა, რომ ლეონს ზვიგენების ეშინოდა და ამიტომ ოკეანეში არასოდეს ეცურავა. ვერ იტანდა მოწყენილობას და სულ საინტერესო თავგადასავლებს იგონებდა, რის გამოც, ხშირად სჯიდნენ კიდეც.

ლეონი საინტერესო ბიჭი ჩანდა. ვარჯიშობდა და ბუსიც დააინტერესა ამ საქმით, შეთანხმდნენ, რომ სავარჯიშო დარბაზში, რომელიც მათ უბანში იყო, ერთად ივლიდნენ.

მალე საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკვეთილი დაიწყო, სადაც ბუსიმ თავი გამოიჩინა და მასწავლებლის შექებაც დაიმსახურა, რაც ერთ-ერთ კლასელს, ნიკს ძალიან არ მოეწონა, რადგან კლასის ყოჩი იყო და ცოტა შეშურდა. ნიკმა რაღაც უთხრა აგდებით ბუსის და სწავლის დასრულების შემდეგ, სკოლის ეზოში საჩხუბრად დაიბარა.

ბუსის კონფლიქტი არ სურდა და სცადა თავიდან აერიდებინა ეს გაწევ-გამოწევა, მაგრამ ნიკი არ ეშვებოდა:

  • ლაჩარო, ლაჩარო! გეშინია არა ჩხუბის?!

ბუსიმ ყურადღება არ მიაქცია.

  • ვერავინ გაბედავს ჩემს დაიგნორებას! – დაიღრიალა ნიკმა და „თავის ბიჭებთან“ ერთად გამოეკიდა ახალ კლასელს.

ბუსიმ გაქცევა გადაწყვიტა, რა დროსაც ლეონმა დაიყვირა „თუ ადამიანს ჩხუბი არ უნდა, არ ნიშნავს, რომ ლაჩარია! გაანებეთ თავი!“.

ბიჭებმა ლეონს გახედეს და ხმა არ გასცეს, რადგან, აღმოჩნდა, რომ ბიჭის ზურგს უკან დირექტორი იდგა!

ჩხუბი არ შედგა, ლეონი და ბუსი კი ამ დღის შემდეგ დამეგობრდნენ.

სავარჯიშო მესამე

თავგადასავლის შიში

ამ სავარჯიშოში უნდა მოვიფიქროთ რა მიზეზებით შეიძლება უარყოფდეს გმირი თავგადასავლის ძიებას. შეიძლება იყოს ეს შიში, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, შესაძლოა მეგობრები უკიჟინებდნენ, რომ არ გაბედოს, იქნებ ვინმე უკრძალავს კიდეც ახალ გამოწვევასთან შეჭიდებას?

სავარჯიშო მეოთხე

მენტორის, თანამგზავრის პოვნა
ამ სავარჯიშოში უნდა მოიფიქროთ პერსონაჟი, ვინც თქვენ გმირს მთელი თავგადასავლის ან გამარჯვებამდე მისასვლელ გზაზე მაინც თან გაჰყვება. ის შეიძლება იყოს ერთი, ან რამდენიმე. ღია, ან ფარული, გააჩნია თქვენს გემოვნებას.

სავარჯიშო მეხუთე

პარმაღის გადალახვა. პირველი მცირე წარმატება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნა

ამ სავარჯიშოში თქვენი პერსონაჟი გაბედავს და იწყებს თავგადასავალს, რომელიც მისი, როგორც გმირის ჩამოყალიბებას განაპირობებს კიდეც.
ეს შეიძლება იძულებითაც კი მოხდეს, როგორც ნაცარქექიას შემთხვევაში, როდესაც ის თავგადასავლისკენ „გააგდეს“, ან შესაძლოა ეს „ასფურცელა“ იყოს, ვისაც საკუთარი წარმომავლობის გაგების სურვილმა, მამის დანატოვარი ხმლის აღება გააბედვინა.

 

მაგალითი:

შაბათს ბუსის ოჯახი სანაპიროზე გასვლას აპირებდა. მათ ლეონის დაპატიჟეს. ამ დროს, ბავშვებმა ვუოლეიბოლის, ანუ ხელბურთის ჩემპიონატი მოაწყვეს. მთელი სანაპიროს ბავშვები მონაწილეობდნენ. პირველი ხელი ალისას და მისი კლასელის, ლეონის დის, ემბერის, ნიკისა და მისი მეგობრის, ჯონის წინააღმდეგ იყო.

ლეონსა და ბუსის იმედები გაუცრუვდათ, როცა მათმა დებმა წააგეს. მეოთხე ხელი ბუსი და ლეონი, მათი კლასელების, ქენდისა და მორგანის წინააღმდეგ იყვნენ. მათ მოიგეს. ნახევარფინალში, ბუსი, ლეონი, მაქსი, მარკო, ჯონი, ნიკი და დენი და ალექსი იყვნენ.

ბუსი და ლეონი მაქსსა და მარკოს შეხვდნენ. გაუჭირდათ, მაგრამ მაინც მოიგეს. ფინალის ჯერიც რომ მოვიდა, ისინი ჯონსა და ნიკს ხვდებოდნენ. ბუსიმ და ლეონმა ნიკსა და ჯონს 10-9 მოუგეს. ამ ამბით განრისხებულმა ნიკმა, ბუსის ცემა გადაწყვიტა. ის, ჯონი და ალექსი მათ გაეკიდნენ. ამ დროს, ბუსი შემოტრიალდა და ალექსს, რომელიც მას დაეწია, სახეში თხლიშა. ალექსი წაიქცა. ბუსი და ლეონი კი გაიქცნენ. ამ დროს ბუსის ფეხი დაუცურდა და წაიქცა. ის სამმა ბიჭმა ალყაში მოაქცია. უცებ ლეონი ჯონს ეცა და წააქცია. ალექსს კი ფეხი ჩააზილა. ბუსი წამოდგა, ნიკს ეცა და ძიძგილაობა დაიწყეს. 10 წუთი ჩხუბობდნენ, იქვე არავინ უფროსთაგანი არ იყო და საბოლოოდ ბუსიმ და ლეონმა გაიმარჯვეს.

ბუსის ეს გამარჯვება თავში აუვარდა, ჯერ ლეონს უთხრა, რომ მასზე ბევრად ძლიერი იყო და სუსტებთან არ მეგობრობდა, მერე სკოლაში ნიკის დაჩაგვრა დაიწყო, ბოლოს კი მშობლებს უსაყვედურა, ამ სკოლაში რატომ გადმომიყვანეთ, უკეთესს ვიმსახურებდიო. ამ დროს ნიკი გეგმებს აწყობდა და ხალხს კრებდა, რომ ბუსიზე შური ეძია.

სავარჯიშო მეექვსე

განსაცდელები, მტრები
ამ სავარჯიშოში, თქვენი გმირი მცირე განსაცდელებს გაივლის, გამოიკვეთება ვინაა მისი ანტაგონისტიც, რატომ უშლის ხელს თქვენ გმირს მიზნის მიღწევაში.

მაგალითი:

ერთ დღეს, ნიკმა ბუსის ძველი წყენის დასავიწყებლად ნავით სასეირნოდ დაპატიჟა. ბუსი დათანხმდა. შორი გზით უნდა ეცურათ. ნიკმა უთანხმოებაზე სიტყვა ჩამოაგდო. ბუსიმ რაღაც იეჭვა და შეკითხვები დაუსვა კლასელს, რამეს ხომ არ უპირებდა, მაგრამ ნიკი მშვიდად პასუხობდა, რომ ძველი წყენა აღარ ჰქონდა გულში ჩარჩენილი. ნავი საკმაოდ დიდი იყო, პატარა კაიუტით. შუა დღეს, როდესაც დაცხა, ბუსი და ნიკი კაიუტაში შევიდნენ და ბუტერბროდების ჭამა დაიწყეს, როცა ნავს რაღაც შეეჯახა. ეს ნიკის რაზმის ბიჭები იყვნენ. ისინი ნიკის ნიშანს ელოდნენ და როგორც კი მიიღეს, მათ ნავს თავს დაესხნენ. ბუსის მუშტები დაუშინეს. შეშინებული ბიჭი ნავიდან გადახტა, თუმცა ესეც ნიკის გეგმის ნაწილი ყოფილა – მან თავის ხალხს უბრძანა გაეცურათ და წყალში მიეტოვებინათ ბუსი, რომელიც შეშინებული უსვამდა ხელ-ფეხს.

ცოტა ხანში, როდესაც ბიჭები შორიდან დასცინოდნენ ბუსის, ამ უკანასკნელმა ოკეანის ზედაპირზე რაღაც ფარფლისმაგვარს მოკრა თვალი, რომელიც დიდი სისწრაფით მოემართებოდა მათკენ.

„ – ზვიგენი! ო, არა, ზვიგენი! ნიკ, ამომიყვანე, აქ ზვიგენია!“ – დაიყვირა ბუსიმ.

„- ჰო, ჰო, დაგიჯერე, აბა რა! ზვიგენები ასე ახლოს არ შემოდიან!“ – დამცინავად ჩაილაპარაკა ნიკმა.

„- ნიკ, აქ მართლაა ზვიგენი!“

„- ნიკ, იქნებ მართლაა აქ ზვიგენი, თითქოს მეც მოვკარი თვალი!“ – თქვა ნიკის ერთმა მეგობარმა და წყალი შეათვალიერა.

„- ნუ სულელობ, თორემ შენც გადაგისვი წყალში. ზვიგენები ასე ახლოს არ შემოდიან!“ – დაიყვირა ნიკმა.

„ – კი, მაგრამ რომც არ იყვნენ, ასე ხომ არ დავტოვებთ?“ – თქვა მეორე, ტანმაღალმა ბიჭმა.

„ – ცურვა იცის. უშველოს თავს!“ – ნიკი შეუვალი იყო.

„ – კი, მაგრამ, ამდენს როგორ გამოცურავს? ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრით ვართ შორს“, – მაღალი ბიჭი თავისას ამბობდა.

„ – გაჩუმდი, თორემ შენც გადაგისვრით ახლავე!“ – დაიყვირა ნიკმა.

ბიჭებმა ნავის ნიჩბებს მოუსვეს. ბუსი კი შუა ოკეანეში დარჩა მარტოდმარტო.

სავარჯიშო მეშვიდე

 

დიდი განსაცდელი, დამარცხება

მცირე წარმატებას დიდი განსაცდელი მოსდევს ხოლმე, რაც მკითხველში აჩენს განცდას, რომ ეს გამოუვალი მდგომარეობაა. აი, ტომ სოიერი აღმოჩნდა გამოქვაბულში, საიდანაც ის, შესაძლოა, ვეღარასოდეს გამოვიდეს. იონა ვეშაპმა გადაყლაპა, რაღა იხსნის ამ სიტუაციიდან?

დახატეთ რაც შეიძლება მძიმე განსაცდელი, რომელიც თქვენ გმირს ელოდება წინ.

მაგალითი:

ზვიგენი შემზარავი სანახავი იყო.

ჯერ დიდ წრეებს ურტყამდა ბუსის, შემდეგ რკალი დაავიწროვა და დაახლოებით ორი მეტრის რადიუსში ჩაუარა მომავალ მსხვერპლს. ზვიგენი უცნაურად იქცეოდა. ბიჭს თავს არ ესხმოდა და მხოლოდ წრეებს ურტყამდა. ბუსიმ ისიც კი იფიქრა, იქნებ ეს ნამდვილი ზვიგენი არცაა და ნიკის მორიგი ოინიაო. ჯიბეში ჩარჩენილი სახლის გასაღები ამოიღო და მოძრავი ობიექტისკენ გაისროლა. გასაღები ფარფლს მოხვდა და წყალიც შედგაფუნდა. რამდენიმე წამით წყლის ზედაპირზე აღარაფერი ჩანდა, მაგრამ მოულოდნელად, ბუსის თვალწინ უზარმაზარი თეთრი ზვიგენი ამოხტა და საშიში, დანასავით ბასრი კბილებიც გამოჩნდა. ბუსიმ ყველანაირი იმედი დაკარგა.

აქამდე ეგონა, რომ ცურვით დაღლილი დაიხრჩობოდა, მაგრამ ახლა, ისეთი პირი უჩანდა, რომ ზვიგენის ლუკმა უნდა გამხდარიყო.

კუნთები დაეღალა. წყალს ფსკერი არ უჩანდა ასე რომ, უეჭველ სიკვდილს მოელოდა. ამ დროს, ზვიგენი ჯერ სადღაც გაქრა, მერე კი ბუსისკენ საშინელი სისწრაფით გაემართა. ბუსის თვალთ დაუბნელდა. რაღაც ხმაური ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა ხმაურობდა. მოტორის ხმა მოესმა, მაგრამ ნავი კი არსად ჩანდა.

მისკენ მიმავალ ზვიგენს რაღაც შეერჭო ფერდში. ეს ზვიგენებზე მონადირის შუბი იყო. შუბს თოკი ჰქონდა მობმული.

„მოქაჩე!“ – გაისმა კაცის ხმა.

„ახლავე!“ – უპასუხეს. ეს პატარა ბიჭი იყო, რომლის ხმაც ძალიან ეცნო ბუსის.

„ – ჰეჰ, დროულად მოვასწარით!“ – წამოიყვირა კაცმა. „თევზი დაჭრილია, ახლა კატერზე უნდა ამოვათრიოთ რამენაირად. მგონი დაეტევა ჩვენ პატარა კატერზე. მეორე შუბი და ელექტრო გორგოლაჭი მომიტანე!“.

„მზად მაქვს, მამა!“.

„ახლა თოკით კარგი ყულფი გააკეთე და შუბი მომაწოდე. დროზე, ვეღარ ვაკავებ ამ ოხერს!“.

სავარჯიშო მერვე

ახალი ძალა. წვრთნა მიზნისკენ სავალ გზაზე. ბარიერების გადალახვა

სავარჯიშო მეცხრე

მთავარ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა. გამოსავლის მოძებნა, მისი დამარცხება. ჯილდო

არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავლის მოძებნა არ ხერხდება. თქვენი გმირის ბედი თქვენს ხელშია, მოიფიქრეთ დამაჯერებელი სიტუაცია, საიდანაც გმირი თავს დააღწევს და მიიღებს ჯილდოს, ჯილდო კი ის მიზანია, რისთვისაც იბრძოდა.
სავარჯიშო მეათე

შინისკენ დაბრუნება

თავგადასავლების შემდეგ, თქვენი გმირი შინისკენ ბრუნდება, მაგრამ ეს დაბრუნებაც არაა ხოლმე ყოველთვის ადვილი. „ასფურცელამ“ უფსკრულიდან რომ ამოაღწიოს, ფასკუნჯს საკუთარი სხეულის ნაწილი უნდა მისცეს.

სავარჯიშო მეთერთმეტე
გმირის გარდასახვა,
ეს საინტერესო ნაწილია. აი, თითქოს ყველაფერი უკან მოიტოვა გმირმა, მაგრამ ხშირად მას კიდევ ერთი და ბოლო განსაცდელი ელოდება. ჰარი პოტერისთვის ეს ჯადოსნური ქვის გამოყენებაა. წიგნში „ჯაფარა“ კეიტლინისთვის ეს კათარსისის მომენტს ემთხვევა. ყველა გმირი საბოლოო გარდასახვამდე ერთ ბოლო ეტაპს გადის, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ან სოციალური ცვლილება.

 

ამდენი განსაცდელის, დამარცხებებისა და გამარჯვებების შემდეგ, გმირი შეიცვალა. ის სრულიად სხვა ადამიანია, ბევრი რამ იცის და უკან რომ იხედება, სასაცილოდაც არ ჰყოფნის საკუთარი შიშები, აზრები და მოლოდინები.
ის იცვლება როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად და ხშირად, მას ძალიან ახლობლებიც კი ვეღარ ცნობენ. „კონკია“ იქცევა დედოფლად, ურჩხული – პრინცად,

სავარჯიშო მეთორმეტე

ისევ სახლი. გმირი თვითონ ცვლის იმ რეალობას, რაც მანამდე მასზე ზემოქმედებდა.

თქვენი გმირი სახლშია, ანუ იქ, საიდანაც მისი მოგზაურობა დაიწყო. ყველაფერი ისევ ძველებურადაა თითქოს, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა, ეს თქვენი გმირია, რომელიც სულაც აღარაა ის პატარა ბიჭუნა, ამ სახლის კარიდან რომ გავიდა რაღაც დროის წინ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი