პარასკევი, სექტემბერი 30, 2022
30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

ორი დრო

ნიჩბისში ორი დროა – დავითის დროინდელი და ახლანდელი.

მიუხედავად იმისა, რომ კიკოლაანთ საყდარი მეათე საუკუნისაა, ხოლო უმზეურის ეკლესიის ქვიშაქვა კიდევ უფრო ხნიერი, დიდგორის მიდამოებში წარსული დავითით ფასობს.

დავითის ხნისააო, ამბობენ, ძველს, დიდებულს და თვალსაჩინოს გულისხმობენ. ამიტომაც აღმაშენებლის ხანა ნიჩბელებისთვის ქრონოლოგიური ნიშნული კი არა, ოქროსფერი სხივი უფროა, რომელიც წარსულს აწმყოზე მიმზიდველად წარმოაჩენს. აქაურ სანახებში ზაფხულის ერთი დღის გატარებაც საკმარისია იმისთვის, რომ თვალს წყალი დაალევინო – მზერა ჯერ აკაკის ხეზე შემომჯდარ შაშვს მიაპყრო, მერე კი ფარსმანდუკის ყვავილზე გადაიტანო. შორისა და ახლოს მონაცვლეობით ჭვრეტას მოთამაშე გონებაც მალევე აჰყვება ხოლმე. მაშინდელსა და ახლანდელზე ფიქრი დროის საზღვრებს თვალის დახამხამებაში წაშლის, ჯერ უწინდელ დროში გამოგზაურებს, მერე  კი ისევ ძველ ნავენახარზე დაგაბრუნებს.

მაშინ… არაბი ისტორიკოსის აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკის ცნობით, დიდგორის ბრძოლისას, ქართველთა ლაშქრის ნაწილმა, მეფის სარდლობით მტერს დასავლეთიდან სწორედ ნიჩბისის ხევით შეუტია. მთავარი სიტყვა კი უკვე ნათქვამი იყო: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ.“

ახლა… ნიჩბისის მიდამოებში მიწაზე გართხმული, დაუძლურებული ბატკანძერი იპოვეს. ოპერაციის შედეგად, ვეტექიმებმა ლეშიჭამიას საკანცელარიო დანა ამოუღეს. ერთი თვის შემდეგ კი წითელ ნუსხაში შეტანილ ფრინველს დასაკვირვებლად GPS დაუმაგრეს  და  მთის ფერდობის ქარებთან სანავარდოდ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

მაშინ… რუსუდანის მეფობისას ზეუბანში ზარაფხანიდან სალაროში, ქისიდან ქისაში, ხელიდან ხელში გამოვლილი ათას ხუთასამდე სპილენძის მონეტა დაფლეს. ნიჩბისის განძის უმეტესობა ქართველი მეფეების სახელზეა მოჭრილი, მათ შორის მხოლოდ რამდენიმეა შირვანული, ილდეღიზიდური და დარუბანდული.

ახლა… ფერდობებზე ქვის სამტეხლოები გამართეს, გორიგლეჯია მანქანები მიაყენეს და მწვანე მთები თეთრი ლაქებით ააჭრელეს. ეზოში დაგორებული ლოდების გამო, ნიჩბისელმა კაცმა ბრაზი ვეღარ შეიკავა და კარიერზე თოფით ავარდა. დამიზნებულ ლულას დასაშოშმინებლად ადევნებული ძმა გადაეფარა… თოფიანმა დაღვრილი სისხლი არ შეირჩინა და საკუთარ თავსაც ტყვიით მოუსწრაფა სიცოცხლე.

მაშინ… ლუარსაბ მეფის ნაბოძებ მიწაზე ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებმა, მდინარე ნიჩბურას ნაპირას ციხე-დარბაზი ააგეს. კოშკი აღმოსავლური სარკმლებითა და თახჩებით დაამშვენეს. სალოდეებით, სათოფურებით და საბრძოლო ბილიკით აღჭურვილი გალავნის შიგნით კი სასახლე, აფთიაქი და აბანო ააშენეს.

ახლა… ხელოსანი რამდენიმე დღით დაგვეთხოვა, ვერ ვიმუშავებ, სოფელში მიცვალებულია და არ ეღალატებაო. ჭირისუფლებისთვის ფულს ვაგროვებთ და შეეწიეთ, დაჩა და სოფელი რამ გაყოო. მეორე დღეს კი იმ გზაზე, სადაც დილით ნახირმა ზანზალაკების წკარუნით ჩაიარა, ნაშუადღევს სამგლოვიარო პროცესია სასაფლაოსკენ მუსიკოსების თანხლებით აუყვა.

მაშინ… ნიჩბისი მინისა და ჭიქურისთვის საჭირო კვარცის ქვიშის საბადოებით იყო სახელგანთქმული და აქაურები მარცვლეულისთვის, წყლისთვის და ღვინისთვის ყელვიწრო თუ ფართოყელიან, ცალყურა თუ დოინჯიან, ნისკარტიან თუ უტუჩო ჭურჭელს ამზადებდნენ.

ახლა… დედაქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შავოსანი ქალისგან სანთლები ვიყიდე და სალოცავში ავიტანე. სანთლები გაზის ქვითარში გახვეული აღმოჩნდა. აბონენტის გვარს დავხედე, კანდელაკი ეწერა. კანდელაკები ნიჩბელები არიან და აქ ლოცულობენ. გადაეხადოთ-მეთქი, გავიფიქრე.

მაშინ… ზაფხულის ბოლოს ბალახი ჭკნებოდა, მაყვალი მწიფდა და ასკილის ბუჩქები ნარინჯისფერი კაკლუჭებით იხუნძლებოდა.

ახლა… ზაფხულის ბოლოს ბალახი ჭკნება, მაყვალი მწიფს და ასკილის ბუჩქები ნარინჯისფერი კაკლუჭებით იხუნძლება.

მომავალშიც ასე იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

 ,,არის ერთისა წამისად”

წიგნი საშიში მორევებით  

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი