პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამეურვეო საბჭო – სასკოლო დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დაინიშნა. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს წევრებს სასკოლო საზოგადოება მეექვსედ აირჩევს. პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა, თუმცა წლების მატების მიუხედავად, არ ჩანს, რომ იზრდება დადებითი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება სკოლაში დემოკრატიულად, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს არჩევნები.

საქართველოს კანონმდებლობით, სამეურვეო საბჭოს არჩევნები თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით უნდა ტარდებოდეს. სკოლის ავტონომიურობის შესანარჩუნებლად სასკოლო საზოგადოებამ სამეურვეო საბჭო ობიექტურად მოაზროვნე მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და მშობლების უნდა დააკომპლექტოს. რათა შემდეგი 3 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა მართონ სკოლა. კერძოდ, აირჩიონ დირექტორი, დაამტკიცონ ბიუჯეტი, შინაგანაწესი, დირექტორის მიერ მომზადებული წლიური ანგარიში, გამოხატონ თანხმობა სასწავლო გეგმისა და სასწავლო მასალის შესახებ, განიხილონ საჩივრები და მიიღონ შესაბამისი ზომები, დაგეგმონ და განახორციელონ კლასგარეშე აქტივობები, შეისწავლონ მშობელთა განწყობები ა.შ.

სისტემა  საკანონმდებლო დონეზე გამართულია. რეალობაში კი ჩვენ ძირითადად ვხედავთ დემოტივირებულ სასკოლო საზოგადოებას, სადაც დირექცია უიშვიათესად ახერხებს: ა) მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს დროულად და ხარისხიანად მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის ავტონომიურობისთვის ობიექტური სამეურვეო საბჭოს არსებობა; ბ) გაზარდოს სასკოლო საზოგადოების, მათ შორის მშობლების ცნობიერების დონე, მათი უფლება-მოვალეობების, მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ; გ) შექმნას თანასწორი, კონკურენტული გარემო და წაახალისოს სამეურვეო საბჭოში იმ მშობლების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან სკოლის მიმართ მაამებლური დამოკიდებულებით განმსჭვალულნი და კრიტიკულ სიტუაციებშიც შეუძლიათ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება; დ) წაახალისოს ამომრჩეველი მშობლები და მასწავლებლები, რათა მათ ხმა მისცენ მათთვის სანდო პერსონას და იცოდნენ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მისგან.

იმისთვის, რომ სკოლის დირექციამ სამეურვეო საბჭოს არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ჩაატაროს, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რა უშლის ხელს რეალური ძალაუფლების სამეურვეო საბჭოსთვის გადაცემას. პრობლემის იდენტიფიცირებისთვის დაგვეხმარება შემდეგი სამი შეკითხვა:

I – ნამდვილად გვინდა, რომ მშობელი ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ მხოლოდ იმიტომ ვირჩევთ მას სამეურვეო საბჭოში, რომ კანონში გვიწერია? კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ ეს მოგვწონს, თუ იმიტომ, რომ ვიცით, ეს არის დემოკრატიის წესი.

II – გვაძლევს თუ არა განათლების სისტემა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლა იყოს ავტონომიური და მართოს სამეურვეო საბჭომ?

III – შეგვიძლია სკოლაში დავნერგოთ  დემოკრატიული კულტურა, სადაც მშობლები რეალურად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმიტომ, რომ საქმე მათ შვილებს ეხება.

თუ დირექტორი ამ შეკითხვებზე პასუხისას ორჭოფობს, ეს შეიძლება იყოს ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები „შეკოწიწებული დემოკრატიის“ სახით. თუ სკოლის ხელმძღვანელობა სამივე შეკითხვას უპასუხებს და დაადგენს, რომ მას ნამდვილად სურს და შეუძლია სამეურვეო საბჭოს გადასცეს კანონით კუთვნილი პასუხისმგებლობა, აქტიურად უნდა შეუდგეს საარჩევნო პროცესისთვის მზადებას და სასკოლო საზოგადოებაში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას.

  • პირველ რიგში საჭიროა, ავუხსნათ მშობლებს, რა არის სამეურვეო საბჭო და რა ფუნქციები აქვს მას. ეს აუცილებელი ნაბიჯია, იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რას ელის სკოლა და განათლების სისტემა მათგან. ამისთვის დაგეხმარებათ შემდეგი რესურსები: https://mshobeltaskola.ge/?p=1194; https://mshobeltaskola.ge/?p=1151
  • მნიშვნელოვანია, ყველა მშობელს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ სამეურვეო საბჭოსგან, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საბჭოს ან მის ცალკეულ წევრს. თუ სკოლაში კარგი პრაქტიკა არსებობს, სასურველია, საბჭოს ყოფილმა წევრებმა გააკეთონ ანგარიში, თუ რას საქმიანობდა საბჭო გასული სამი წლის განმავლობაში და წარუდგინონ სასკოლო საზოგადოებას. ერთი მხრივ, ისაუბრონ მიღწევებზე, მეორე მხრივ, დაასახელონ გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაულახავია.
  • მნიშვნელოვანია, მშობლებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციის ვადებისა და პროცედურების შესახებ. ამისთვის გამოვიყენოთ სკოლის ციფრული გვერდები, სოციალურ ქსელში არსებული ღია და დახურული ჯგუფები. ჩავრთოთ კლასის დამრიგებლების რესურსიც, რათა თითოეული მოსწავლის მშობლამდე მივიდეს ინფორმაცია.
  • მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ კანდიდატ მშობლებს საბჭოს ყოფილ წევრებთან დიალოგში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ორგანიზებაში, პროგრამების წარდგენაში, რათა კანდიდატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გააცნონ თავიანთი ხედვა პოტენციურ ამომრჩევლებს, მეორე მხრივ კი, მოისმინონ სხვა მშობლების მოსაზრებები.
  • შესაძლებელია, არჩევნების ჩატარებამდე სკოლაში ჩატარდეს პირისპირ ან Online დისკუსია შემდეგ საკითხზე – რა უშლის ხელს სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას. დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, როგორც მშობლებმა, ისე პედაგოგებმა და დირექციის წარმომადგენლებმა. წახალისდეს ყველა აქტორის მონაწილეობა, რათა დისკუსიის შემდეგ მათ შეიმუშაონ გეგმა, როგორ აღმოფხვრან გამოვლენილი პრობლემები.
  • დაბოლოს, უშუალოდ არჩევნების დღეს, აუცილებელია შევქმნათ თანასწორი გარემო სკოლაში, რათა ყოველ მსურველს შესაძლებლობა მიეცეს მშვიდ, უხერხულობისგან დაცლილ გარემოში, გააკეთოს არჩევანი.

რატომ უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობითა და გულისყურით? რატომ უნდა დავხარჯოთ ამდენი დრო და ენერგია სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის?

  • დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო სამართლიანი და გონივრულია. მართვის ასეთი ფორმა ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება და გვიცავს ერთი ლიდერის რეჟიმისგან.
  • სამეურვეო საბჭოს საშუალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის პროპორციულ, თანაზომად მონაწილეობას სკოლის მართვაში. ის განსხვავდება სკოლის ტრადიციული მართვის პრინციპისგან, სადაც მინისტრი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი თუ სკოლის დირექტორი ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს.
  • სამეურვეო საბჭო არის სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ნაწილობრივ მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, თავად გადავწყვიტოთ, როგორი სკოლა გვქონდეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი