შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასება_ ,,რეფლექსიური დღიური“

განმავითარებელი შეფასების მიზანს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. მისი ნებისმიერი ფორმის გამოყენებისას, მასწავლებელი მოსწავლის შემდგომი წინსვლის ხელშესაწყობად, მაშინათვე, თანაც ნათლად და გასაგებად  მიუთითებს მიღწეულ შედეგზე და ამით მოტივაციას უზრდის და აქ კი არ ჩერდება, არამედ შეაშველებს ასევე კონკრეტულ და გასაგებ რჩევას გაუმჯობესებისთვის საჭირო  შემდგომი ნაბიჯზე/ნაბიჯებზე. შედეგებზე თვალმისადევნებლად ისეთი დავალების მოფიქრებაა საჭირო, რომელიც საგნის წინაშე დასახულ გრძელვადიანი მიზნებთან მიმართებაში მოსწავლის ცოდნასა და უნარებზე თვალის მიდევნების საშუალებას იძლევა.

დავალების დასრულების და წარდგენის შემდეგ, უკეთესია, როცა მოსწავლე თვითშეფასებას  აკეთებს, რადგან გაიაზრებს კიდეც რა და რატომ გააკეთა და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.

თუ მოსწავლეს თანდათანობით თვითშეფასებისთვის საჭირო გამოცდილებას შევძენთ, ის შეძლებს საკუთარი საქმიანობის_ სწავლის მართვას. ეს არ იქნება ერთჯერადი ქცევა. ამ უნარის განვითარებით, ის მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საკუთარ სწავლას.  მისთვის სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და შედეგიანი გახდება.  სხვადასხვა აქტივობებში საკუთარი მონაწილეობისა და შედეგების შეფასების უნარი, მას ხელს შეუწყობს თავად აიღოს პასუხისმგებლობა  სწავლის გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირის ეგიდით განხორციელებული პროექტის ,,შეფასების ინსტრუმენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ შემოთავაზებული  განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სკოლის დონეზე ადაპტირების საშუალებას იძლევა.  შევეცადეთ სტრუქტურირებული ,,რეფლექსიური დღიურის“ გამარტივებული ფორმის შექმნას  დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. თუ მესამე-მეოთხე კლასიდან დავაფიქრებთ მოსწავლეებს თავიანთ სასწავლო გამოცდილებაზე, გავაანალიზებინებთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ამით ბევრ  სასარგებლო უნარს განვუვითარებთ, რომელიც მათ გააზრებული სწავლა-სწავლების მონაწილედ აქცევთ და წინ უბიძგებთ.

მესამეკლასელებს  რომელიმე აქტივობის დასრულების შემდეგ  გავაცნობთ  ,,რეფლექსიური დღიურის“ შინაარსსა და მისი წარმოების პროცესს, რაც თავდაპირველად ჩვენთან ერთად და ზეპირი ფორმით წარიმართება.

  გაცნობიერება

 

შეფასება შემდგომი საჭიროება
 

გონებრივი

ამ აქტივობით რა შევისწავლე?

რა გავაკეთე?

 

 

 

 

რა მიზნით ვსწავლობ ამ საკითხს? რაში გამომადგება?

 

როგორ გავიგე ნასწავლი?

დამატებით რისი შესწავლა მჭირდება?

 

 

 

 

მოცემულმა აქტივობამ სწავლის უნარის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რა შემძინა?

საკითხის უკეთესად გასაგებად რა გავაკეთებდი?

სად შემიძლია დამატებითი ინფორმაციის მოძიება?

 

დამატებით რომელ მიზანს/მიზნებს ვისახავ?

 

ქცევითი

როგორ შევისწავლეთ/ შევისწავლე ეს საკითხი? რა ნაბიჯები გადავდგი?

საკითხის შესასწავლად რომელი სტრატეგიები გამოვიყენე?

 

სწავლის ეფექტური სტრატეგიები გამოვიყენე? როგორ შემიძლია ამ სტრატეგიის/ების გაუმჯობესება?
 

ემოციური

აქტივობის დროს როგორ ვგრძნოვბდი თავს?

რა მომეწონა, რა არ მომეწონა?

 

რატომ მქონდა ეს განცდა? რამ გამოიწვია? როგორ უნდა ვმართო ჩემი ემოცია, რომ მეტი შევძლო?
 

აკადემიური

 

 

 

 

 

 

 

რა გამიჭირდა? რა გამიადვილდა?

 

 

 

რა შევმატე ჩემს წინარე ცოდნას?

რა იყო სირთულის წყარო?

რა დამეხმარა, კარგად გაგებაში?

 

როგორ დავაკავშირე ახალი ცოდნა ძველს?

როგორ დავძლიო სირთულე?

 

 

 

წინარე ცოდნასთან და უნარებთან ამ აქტივობის დასაკავშირებლად რომელ ხერხს/ ტექნიკას გამოვიყენებდი?

პიროვნული განვითარება ჩემს შესახებ რა გავიგე?

რა იყო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე?

რას გავართვი თავი კარგად?

რა გამოწვევები დავინახე?

რა შესაძლებლობები დავინახე ჩემში?

 

 

რის გაუმჯობესებას ვისურვებდი ჩემში?

როგორ შემიძლია ამ მიგნებების გათვალისწინებით, ჩემი პიროვნული თვისებების გაუმჯობესება?

 

პირველ ეტაპზე მთელი კლასისთვის ვსვამთ ცალკეულ  კითხვებს გონებრივი იერიშის სახით, ვისმენთ ზეპირ პასუხებს, ვაძლევთ დამატებით კითხვებს და განმარტებებს, რომ ამ ინსტრუმენტის შინაარსში გავარკვიოთ. ორ-სამი ასეთი პროცესის შემდეგ, როცა დავრწმუნდებით, რომ ცხრილის კითხვები და სტრუქტურა მეტ-ნაკლებად გასაგებია კლასისთვის, ყველა მოსწავლეს ვურიგებთ ამ სქემას. ვთხოვთ, შექმნან რვეული ,,რეფლექსიური დღიურებისთვის“ და ცხრილი დააწებონ ყდის შიდა მხარეს.

ახალი აქტივობის განხორციელების შემდეგ კი, ვაძლევთ დროს და ვთხოვთ მოემზადნონ მოცემულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. მსურველებს ვთხოვთ, გაგვაცნონ თავიანთი პასუხები ან ჩანაწერებით ან ზეპირად.  თავიდან შესაძლებელია, კითხვების თითო ან ორ ჯგუფზე  ვამუშაოთ. თანდათან ხდება ინსტრუმენტის სრულად გააქტიურება. საბოლოოდ,  მოსწავლეები შეძლებენ პერიოდულად დაწერონ მოკლე რეფლექსიები, დღიურების სახით. ამ ეტაპს მეოთხე კლასშიც რომ მივაღწიოთ, არაფერი დაშავდება. წინარე სამუშაო თავის შედეგს მაინც გამოიღებს და მოსწავლეს სწავლის პროცესზე დაკვირვება-აზროვნებას მიაჩვევს. ასე რომ, აქ ასაჩქარებელი არაფერია. ჩანაწერებით, მოსწავლე თავის წინსვლასაც მიადევნებს თვალს.

ინსტრუმენტის რამდენიმეჯერ დამოუკიდებლად  გამოყენების შემდეგ საჭიროა მოსწავლეების მიერ შეფასდეს თავად ,,რეფლექსიური დღიური“, ამისათვის მათთან ერთად მოხდეს კრიტერიუმების გამოკვეთა, რომ დაფიქრდნენ: სასარგებლოა თუ ზედმეტი შრომაა, რაში მეხმარება და რაში მიშლის ხელს? რა შედეგი დავინახე? დამეხმარა თუ არა ჩემი პიროვნების შეცნობა-გაუმჯობესებაში? სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში?

ხშირად ამ ინსტრუმენტის გამოყენება სულაც არ არის რეკომენდირებული, მთავარია, მოსწავლეებს ჩვევაში გადაუვიდეთ იმ კითხვებზე დაფიქრება, რომელიც იქ არის წამოჭრილი, თორემ ამ ფიქრს წერილობით ფორმას მისცემენ, გაახმოვანებენ თუ გონებაში ატრიალებენ, მაინც სასარგებლო იქნება. მათ  სწავლის პროცესზე დაკვირვება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა  ჩვევაში გადაუვათ, ეს უნარი მკვიდრად განუვითარდებათ. წერილობითი დღიურები უფრო ეფექტური იქნება.

პარალელურად გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სხვა ფორმები_ ურთიერთშეფასება, მასწავლებლის უკუკავშირი, კომენტარი და ასე შემდეგ უკვე ქმნის განმავითარებელი შეფასების მთლიან და უწყვეტ პროცესს, რომელიც ასევე უწყვეტ განვითარებაზე და შედეგების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

 

გამოყენებული მასალა: პროექტით ,,შეფასების ინსტრუმენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ შემოთავაზებული რესურსი;

მოამზადა ნინო კაპანაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი