სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ათი წლის ჟურნალი “მასწავლებელი”

ჟურნალი „მასწავლებელი“ ათი წლის გახდა. თითქმის  ცხრა წელია, მისი მთავარი რედაქტორი ვარ. ზოგჯერ, როცა მეტისმეტად ვიღლები ტექსტებისგან, ავტორებისგან და ათასი სხვა წვრილმანისგან, რისგანაც ჟურნალის მთავარი რედაქტორის საქმიანობა შედგება, ვფიქრობ, ბევრი ხომ არ არის ცხრა წელი იმისთვის, რომ ერთსა და იმავეს აკეთებდე.

იქვე ჩნდება კითხვა: რას გავაკეთებდი უფრო უკეთესად და უკეთესს? სხვა პასუხი, გარდა იმისა, რომ ისევ ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ვიქნებოდი, არ მაქვს და მეც ვაგრძელებ.

რატომ ვაგრძელებ?

ყველაფერი ერთი ბეჭდური გამოცემით, ორ თვეში ერთხელ გამოცემული ჟურნალით დაიწყო, რომელიც დღესაც გამოდის და საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა. მე მინახავს აჭარის, ფშავის, ხევსურეთის, იმერეთის და საქართველოს სხვა რეგიონების ყველაზე მაღალმთიანი რაიონების სკოლებში კითხვისგან გაცრეცილი ჟურნალი „მასწავლებელი“.

მასწავლებლის პროფესიის რეგულაციებმა ამ პროფესიის ადამიანებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში, ამიტომ შეიქმნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, რამაც ჩემი როგორც რედაქტორის საქმიანობა უფრო დინამიკური და საინტერესო გახადა. ინტერნეტგაზეთს დღეს მილიონ-ნახევარზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მის მიმართ ინტერესი, თემატიკის მრავალფეროვნებისა და განსაკუთრებული ავტორების გამო, დღითი დღე იზრდება.

ჟურნალის პროგრამის ფარგლებშივე დავიწყეთ „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ შექმნა. ათი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა თერთმეტი „მასწავლებლის წიგნით“ გამდიდრდა.

ჟურნალ „მასწავლებლის“ პროგრამას ასევე შეემატა ახალი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „განათლების მეცნიერება“, რომელიც განათლების მკვლევრებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი გახდა.

წამოვიწყეთ ყოველწლიური კონკურსი – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ლიტერატურაში თანამედროვე მასწავლებლის სახის შექმნას უწყობს ხელს.

რედაქციაში მრავალი მადლობის ბარათი მოდის როგორც საქართველოდან, ისე ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი ერთგული მკითხველებისგან და ეს ძალიან დიდი სტიმულია რედაქციის თანამშრომლებისთვის.

ჩვენს ავტორებს არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაუმარჯვიათ ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებული სტატიებით. თავად ჟურნალიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოთა მფლობელია.

ეს მხოლოდ ზედაპირული მოგზაურობაა ჟურნალის საქმიანობაში. ამ ყველაფრის მიღმა უამრავი დეტალი, დიდი შრომა და საქმის სიყვარულია, რომლის კეთებისას არ მტოვებს განცდა, რომ ეს სასარგებლოა და აუცილებლად უნდა ვაკეთო.

ცხადია, არის ხარვეზებიც, არის საზოგადოების დაკვეთა, ჟურნალიდან მეტი ხმაური და განათლების სისტემის კრიტიკა ისმოდეს.

მინდა, დავპირდე ჩვენს მკითხველებს, რომ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ხმაურის ნაცვლად საჭირო სიგნალებს გაიგონებენ და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ მასწავლებლებისა და ჩვენი მკითხველების მოთხოვნაზე ვრეაგირებთ, ოღონდ პროფესიონალურად, აკადემიურად და ხმაურის გარეშე.

ცხადია, მადლობის გარეშე არც ეს წერილი დასრულდება. გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვინმე მკითხავს, რა იქნება ჩემი მთავარი საქმიანობა კიდევ რამდენიმე წელი, ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხებ: ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარი რედაქტორობა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი