შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რას მინდა სწავლობდნენ ქართულ სკოლაში

„მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა ვარსკვლავს” ილია

საშუალო სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიული ღირებულებებით აღსავსე, ჰუმანური და ქმედითი მოქალაქის აღზრდაა. მიუხედავად სპეციალური საგნის არსებობისა, ადამიანის აღზრდაში ლიტერატურას მაინც განსაკუთრებული ადგილი აქვს.

კაცობრიობა ვითარდება. იცვლება ხედვები, ღირებულებები, პრობლემები. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მარადიულია, მაგრამ ბევრსაც ყავლი გასდის. თანამედროვეობას თანამედროვე ხედვები სჭირდება, თანამედროვე მკითხველს კი – თანამედროვე პრობლემებზე შექმნილი ნაწარმოებები.

არავინ დავობს, რომ განათლების მისაღებად კლასიკური გამოცდილების ცოდნა აუცილებელია, მაგრამ, ვფიქრობ, ქართული ლიტერატურის დღევანდელ პროგრამას გადახალისება სჭირდება. ბოლო ათწლეულების საქართველოში მომხდარ მოვლენებს მოსწავლეებისათვის შეთავაზებული ნაწარმოებები ნაკლებად ასახავს.

ერთ-ერთ წერილში უკვე ვახსენე, რამდენიმე წლის წინ ქართველი აბიტურიენტების უმრავლესობამ ვერ გაიგო და სწორად ვერ შეაფასა რეზო ინანიშვილის „ლარა”. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მეოცე საუკუნის ისტორიას ნაკლებად ეცნობიან ქართველი მოსწავლეები, მით უფრო, ამ ისტორიის მხატვრული გააზრებას.

ბოლო რამდენიმე ათწლეულში შექმნილი ნაწარმოებებიდან კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროზაული ტექსტი მგონია, და ვფიქრობ, მისი შესწავლა-ანალიზი მოსწავლეებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ქვემოთ შევეცდები ჩამოვთვალო ის მიზეზები, რომელთა გამოც, მიმაჩნია, რომ ეს მოთხრობა შესატანია უფროსკლასელთა ლიტერატურის სახელმძღვანელოებში.

უპირველესი – ესაა, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საყოველთაო პრობლემა, გლობალიზაცია, რაზეც მოთხრობის სათაურიც მოწმობს. ნაწარმოები ცალხელა კახელი გლეხის ნაამბობია, რომელსაც ჟურნალისტები რადიო გადაცემისთვის იწერენ. ზომიერი იუმორი და თვითირონია, რითაც მისი თხრობა იწყება, თავიდანვე მომხიბვლელს ხდის ტექსტს. „პივა” ყავა და ჩიპსები – ამ პროდუქტების ფონზე, სოფლის კაფეში მიმდინარეობს ჩაწერა. ნელ-ნელა თხრობა იშლება და ცხადი ხდება, როგორ მოხვდა ისინი კახეთის ერთ-ერთ სოფელში. როგორ შემოვიდა უამრავი უცხო რამ და რაც საწყენია, როგორ დაიკარგა საკუთრივ ქართული, როგორ და რატომ ვერ შეძლეს კამეჩიანთკარის ცნობილი კამეჩის ყველის ტექნოლოგიის მსოფლიო ბაზარზე გატანა და დამკვიდრება. რა როლი მიუძღვის ამ ყველაფერში ავადსახსენებელ სამოცდაათ წელიწადს და როგორ დახია უკან ქართული წარმოება იმ დროის ჩაკეტილმა საზღვრებმა.

„გლობალიზაცია” გლობალიზაციას ყველა დონეზე ეხება. კულინარიული სფერო მხოლოდ ზედაპირული გარსია. ნელ-ნელა ის ფართოვდება. ეხება შიგა ეროვნულ გლობალიზაციასაც, რაც წინა საუკუნის ნახევრიდან აშკარა გახდა და ნელ-ნელა მოედო მთელ საქართველოს. სხვა კუთხის კულტურა, ტრადიცია ძირითადად ქალებს გადააქვთ მეორე კუთხეში. ოჯახის შექმნის გეოგრაფია 2-3 სოფლის საზღვრებს სცდება და კონკრეტულ მოთხრობაში ერთი ოჯახის შვილები თხოვდებიან კახეთიდან სამეგრელოში, სამეგრელოდან ქართლსა და კახეთში და ნელ-ნელა მიდის საქართველოს კუთხეების ასიმილაცია.

თუმცა, ყველაზე მძაფრი რელიგიების შეჯახებაა. ტრაგიზმამდეც სწორედ ამას მიჰყავს ამბავი. ვინმე ნაგიჟარი ფიჩორის (მისი პროტოტიპი, ალბათ, მამა ბასილ მკლავიშვილია) მრევლი სამეგრელოში არბევს სექტანტების (იეჰოვას მოწმეების) შეკრებას. მთხრობელის დას (ელიჩკას), როგორც იეჰოვის მოწმეს, გამოარიდებენ ფიჩორისა და მისი მრევლის აგრესიას და სამეგრელოდან გადაიყვანენ შვილთან, გორში, სადაც ის სიძის, ეკლესიის ამგები მილიციის უფროსის ძალადობის მსხვერპლი ხდება. საბოლოოდ მშობლიურ კახეთში ჩამოჰყავთ, მაგრამ აქაც მოდაშია შემოსული ეკლესიურობა და ერთი შეხედვით სიმპათიური მღვდელი მოხუც ქალს მთელ სოფელს უმხედრებს, ბოლოს კი უბრძანებს, ეპისკოპოსი ჩამოდის, ეკლესიაში ფორთხვით მოდიო და თვითმკვლელობამდე მიჰყავს.

მოთხრობაში ნათლად იკვეთება, რომ ქრისტიანობა, როგორც ტრადიცია, როგორც ერის სულიერი არსებობის ფორმა, იმავე სამოცდაათ წელიწადშია გამქრალი. ამდენად იეჰოვას მოწმეებს როგორც უცხო და უჩვეულო ღირებულებების მატარებელ ხალხს, საკუთარ თავში გარკვეული საზოგადოება კი არა, მოდას აყოლილი ბრბო, უვიცების ჯარი უპირისპირდება. უცხო მაშინაა საშიში, როდესაც შენ არ გამოგირკვევია საკუთარი არსი, საკუთარი კულტურა და ღირებულებები.

„გლობალიზაციის” სიუჟეტის მსვლელობისას ერთ-ერთი ტრაგედიის (ელიჩკას ქმრის მკვლელობის) მიზეზი ოთხმოცდაათიანი წლების სამეგრელოში მომხდარი დაპირისპირებაა.

ამ ტექსტით მოსწავლეები საბჭოთა რეპრესიების შესახებაც შეიტყობენ. ისინი მხატვრული ტექსტისგან გაიგებენ წამების, სისასტიკისა და დაუნდობლობის საბჭოთა მეთოდების შესახებ, რომელთაც წინა საუკუნის დასაწყისში მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

ასევე მნიშვნელოვანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და შეფიცულთა რაზმის თემაც. მოკლედ აქ ყველაფერია განვლილი საუკუნის შესახებ. თუმცა, „გლობალიზაციის” მიხედვით პოსტსაბჭოთა პერიოდის ადამიანი გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელია განსხვავებულის მიმართ. მერაბ მამარდაშვილი სწორედ იმ პერიოდში წერდა: „ქართველმა ხალხმა ჯერ ყურადღებით უნდა ჩახედოს თავის თავს სარკეში, შერცხვეს თავისი სახის, ბაქიაობის და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს თავისი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი ამ წლების განმავლობაში? რას ვაკეთებდი, ვისი მჯეროდა, ვის მივყვებოდი, უნდა შეძრწუნდეს სირცხვილის და საზიზღრობისგან, და მაშინ მის წინაშე გაიხსნება თავისუფლების გზა, გზა, რომელიც ასაშენებელია, იმიტომ რომ მხოლოდ სირცხვილისგან შეიძლება აღორძინების ენერგია გაჩნდეს.”

მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ სწორედ ამ სირცხვილის სარკით შეძლო ერის გადარჩენა. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ მოვერიეთ უამრავ მანკიერ თვისებას, ისტორიაც მეორდება და საბჭოთა მონობამაც ისე იმოქმედა, რომ მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცეს დასაწყისთან შედარებით, ხშირად უკან წასულიც მოჩანს საზოგადოება. მაინც, ყველა დროს თავისი სირცხვილი სჭირდება. კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია” სწორედ ამ სირცხვილზეა.

ლიტერატურა, მისი სწავლება, რაღა თქმა უნდა, საკუთრივ ლიტერატურის ხარისხით უნდა განისაზღვროს და არა მასში არსებული საჭირო თემებით. ამ მხრივაც „გლობალიზაცია” მეტად საინტერესო ტექსტია. ის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს თვალი მიადევნონ სიუჟეტის განვითარების კლაკნილ ხაზს, როგორ იკვრება ქრონოლოგიურად ერთი ოჯახის ისტორია, ერთი შეხედვით აბდაუბდა მონათხრობში, როგორ თანაარსებობენ ერთ სივრცეში იუმორი და დრამა, სარკაზმი და ტრაგედია. ენობრივი მასალის რა კომპონენტებით იქმნება მხატვრული სინამდვილე, რომლისაც მართლა გჯერა. კოტე ჯანდიერის ეს მოთხრობა ბრწყინვალე ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება დიალექტიზმებითა და სლენგით, ხშირად ბარბარიზმებითაც მეტყველებდეს პერსონაჟი და არსად გადაამლაშოს, ბოლომდე შეძლოს ლიტერატურულ სივრცეში ცოცხალი მეტყველების ისე გადმოტანა, რომ მკითხველიც დააჯეროს და არც მომაბეზრებელი გახადოს სალიტერატურო ენისთვის თითქოსდა მიუღებელი ეს კომპონენტები.

ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა „გლობალიზაციაში” საკუთრივ ქართული ლიტერატურის გამოცდილების ძიებაც. მთავარი გმირის სახეში ერთ- ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენაა, როდესაც ის, ჯერ კიდევ პატარა გოგო, უფსკრულის პირას ლოდზე შეხტება და საოცარი ხმით მღერის. ეს სცენა, როგორც მოგონება, ფინალშიც მეორდება. ელიჩკა საბოლოოდ თავს იკლავს. თავს იკლავს, რადგან ადამიანი აღარაა, ვისაც მისი თანაგრძნობა შეუძლია. „ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი აღარ არია”. არის თუ არა ამ ქალის მხატვრული სახე უფსკრულს მომზერალი პირიმზეს შორეული ალუზია, კიდევ რა გამოცდილება კვებავს ავტორის წარმოსახვას?

ამ და მსგავს ლიტერატურულ საკითხებზე „გლობალიზაციის” მიხედვით ბევრი რამის სწავლება შეიძლება, თუმცა მივუბრუნდეთ ისევ პრობლემატიკას.

გარდა საკუთრივ განათლების პოლიტიკისა, არსებობს ერში დამკვიდრებული აღზრდის გარკვეული სტერეოტიპებიც. მაგ. ის რომ წინაპარი აპრიორი გმირია, მამა-პაპები ის ადამიანები არიან, რომელთა მორალურ სიმაღლეს მარადიულად უნდა ელტვოდეს მოზარდი. ეს ერთი მხრივ, კარგია, უფროსების, ფესვების მიმართ პატივისცემას ბადებს, მაგრამ მეორე მხრივ, შემაფერხებელია ერის განვითარებისთვის, შემაფერხებელია, რადგან „ახალი ვარსკვლავის დევნას” ადუნებს და თანაც ტყუილია, ყველას წინაპარი ვერ იქნება ღირსეული და მისაბაძი, მით უფრო, რომ უახლესი ისტორია, რომელშიც ჩვენი თუ ჩვენი მოსწავლეების უშუალო წინაპრები ცხოვრობდნენ, ნაკლებად იძლეოდა გმირების გაჩენის საშუალებას. სამოცდაათწლიანმა ტყუილმა თავისი მძიმე კვალი დაგვაჩნია და ჩვენც, რადგან არ შეგვრცხვენია, ამავე გამოცდილებით დავბადეთ ახალი, პოსტსაბჭოური ტყუილი, ქვეყანა, სადაც ეკლესიებს ქურდები და მილიციის უფროსები აშენებენ, სადაც ყველაფერი ანგარიშგასაწევია: სოფელი, ათწლეულების წინ დაღუპული მამისთვის გადასახდელი პანაშვიდი, მღვდლის აზრი, ყველაფერი, გარდა ყველაზე მთავრისა, ადამიანისა.

ამგვარ საკითხებზე მსჯელობის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტყუილის, სისასტიკისა და ძალმომრეობის შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა „გლობალიზაცია”. ასე მგონია, კერპებისა და მითების დანგრევაში, რომლებიც მომავალ თაობებს უხვად ხვდება, ეს ტექსტი ძალიან დაეხმარებათ.
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი