პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ციფრული რეალობა – გამოწვევა მასწავლებლებისთვის

“ტექნოლოგიები დრამატულად ცვლის ცხოვრების პირობებს”, – ამბობს ეკა ჯელაძე, რომელიც წლების წინ მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის მენეჯერი და ექსპერტ-კონსულტანტი იყო და ქართველ მასწავლებლებს შორის ისტ უნარების კომპეტენციის ამაღლებას ცდილობდა. ამ დრამატულად ცვლადი სასწავლო გარემოებების ფონზე საკლასო ოთახს და სწავლების პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ იმ უნარების განვითარება, რომლებსაც თანამედროვე გარემო მოითხოვს მათგან.

 

– რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ტრადიციული საგაკვეთილო მასალის ტექნოლოგიებით გამრავალფეროვნება?

 

– თავდაპირველად განვსაზღვროთ, რა მოთხოვნების წინაშე დადგებიან ის მოსწავლეები, რომლებიც დღეს სკოლაში სწავლობენ და რამდენად ვამზადებთ მათ იმ გარემოსთვის, რომელშიც მოუწევთ ცხოვრება. ტექნოლოგიები დრამატულად ცვლის ცხოვრების პირობებს და გარემოს. სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება ფიზიკური შრომა, ყველაფერი სულ უფრო მეტად ავტომატიზებულ რეჟიმში გადადის და ეს ყოველდღიურობის ნაწილია. მაგალითად, მაღაზიებში გამოჩნდა ე.წ. self-check დანადგარები, რაც ნიშნავს, რომ მე, მომხმარებელს, აღარ მჭირდება სალაროსთან მომუშავე კონსულტანტის დახმარება. შემიძლია, პირდაპირ მივიდე სპეციალურ დანადგართან და თავად გავატარო პროდუქტები. დანადგარი დამიანგარიშებს გადასახდელ თანხას და შესაძლებლობას მომცემს, შენაძენის საფასური დამოუკიდებლად, კონსულტანტის ჩარევის გარეშე გადავიხადო. ადამიანები, რომლებიც ხელით ასრულებდნენ სამუშაოს, დანადგარებმა ჩაანაცვლა. რას ცვლის ეს საერთო სურათში? მომავალში სულ უფრო ნაკლებად დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ასრულებდნენ ამ სამუშაოს; სამაგიეროდ, დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მსგავსი დანადგარების შექმნას, პროგრამულ უზრუნველყოფას, გაფუჭების შემთხვევაში შეკეთებას და ა.შ. ადამიანები გათავისუფლდებიან ფიზიკური შრომისგან და ეს რესურსი ახალი, ინოვაციური რესურსების შექმნისა და მომსახურებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

 

დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ გავცდით ინდუსტრიულ ერას ან 4.0 ინდუსტრიაში შევაბიჯეთ. პირველი ინდუსტრიული რევოლუცია ე.წ. მექანიზაცია, ორთქლმავლების გამოგონება და ამუშავება იყო, მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დროს მასობრივი პროდუქციის წარმოება დავიწყეთ, ელექტროობა შევქმენით, მესამე ინდუსტრიული რევოლუცია კომპიუტერების გამოგონებას და პროცესების ავტომატიზებას უკავშირდება, ამჟამად მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოწმეები ვართ, რომელიც ხასიათდება კიბერნეტიკული სისტემებით, “საგნების ინტერნეტით” (Internet of things), ღრუბლოვანი გამოთვლებით (cloud computing). ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განვუვითაროთ უნარები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად იცხოვრონ ამ გარემოში და თავიანთი წვლილიც შეიტანონ მის განვითარებაში.

 

ტექნოლოგიებმა შეცვალა სწავლება-სწავლის არსი, იმ გაგებით, რომ წინათ მთავარი აქცენტი ინფორმაციის დამახსოვრებაზე დაისმოდა, ვინაიდან ინფორმაციის გადამტანები ადამიანები იყვნენ. დღეს ინფორმაციის დამახსოვრება აღარ გვჭირდება, რადგან ამას ჩვენზე უკეთ ტექნოლოგიები აკეთებს. ინფორმაცია შეგვიძლია შევინახოთ კომპიუტერში, ღრუბლოვან საცავში და ა.შ. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ზღვა ინფორმაციაში ეფექტური ნავიგაცია, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება, ახალი ინფორმაციის შექმნა და გაზიარება. ეს თავისთავად მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებს, ასევე – სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნას, მათთან სწრაფი ადაპტაციის უნარს. საკლასო ოთახი და სწავლების პროცესი სწორედ ამ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, მოსწავლეებს იმ უნარებს უვითარებდეს, რომლებსაც მათგან თანამედროვე გარემო მოითხოვს.

 

თავად მასწავლებლები ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ასახელებენ. ეს, ბუნებრივია, მძლავრი ინსტრუმენტია სწავლის პროცესის წარსამართავად. მოტივაციასთან ერთად მნიშვნელოვანია სწავლის პერსონიფიცირების – მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების – შესაძლებლობა. დღესდღეობით განათლების სისტემის აქტუალური საკითხია სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ტექნოლოგიების წყალობით შეგვიძლია მდიდარი ინფორმაცია შევაგროვოთ სასწავლო პროცესის, ცალკეული მოსწავლეებისა და მთელი კლასის მოსწრების შესახებ. ეს საშუალებას გვაძლევს, მიზანმიმართული ინტერვენციები განვახორციელოთ სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფაც ამ მიმართულებით ვითარდება. რესურსებში ჩაშენებულია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს, დაინახოს, რომელი დავალების შესრულებისას შეყოვნდა, სად დაუშვა შეცდომა, დააკვირდეს მის პროგრესს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, დახმარება შესთავაზოს კონკრეტული საკითხის დაუფლებაში იმ პრობლემების ანალიზის საფუძველზე, რაც პროგრამამ დაუთვალა და შეუჯამა. შეუძლია, ერთმანეთს შეადაროს მოსწავლეთა შედეგები, თვალი მიადევნოს მთელი კლასის პროგრესს და ა.შ. ამრიგად, ტექნოლოგიები მასწავლებელს სთავაზობს ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას და დიაგნოზს მოსწავლისა და კლასის მოსწრებისა და საჭიროებების შესახებ. მთავარია, სასწავლო პროცესში ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გამოყენება შეგვეძლოს. ქართველი მასწავლებლებისთვის ყველაზე ნაცნობი რესურსი ამ მიმართულებით ალბათ “ხანის აკადემიაა”, რომლის გაქართულებაც მიმდინარეობს ამჟამად და, რაც მთავარია, უფასოა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ, კვლევების თანახმად, განათლების სფერო, კერძოდ, სკოლები, ყველაზე ნაკლებად იყენებენ ტექნოლოგიების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც სასწავლო პროცესის შესახებ მონაცემების შეგროვებას და ანალიზს გულისხმობს.

 

თქვენ და თქვენმა რამდენიმე კოლეგამ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ისტ სწავლებაში, ცოტა ხნის წინ დააფუძნეთ ორგანიზაცია “დიჯი-სოლთი”. რა სტრატეგიული მიზნები აქვს მას?

 

– “დიჯი-სოლთი” იანვარში დაარსდა. ძალიან დინამიკური გუნდი გვაქვს. მისი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებაა. გვინდა, საზოგადოების წევრებს დავეხმაროთ იმ უნარების გავნითარებაში, რომლებიც თანამედროვე, ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში მათ სრულფასოვან ცხოვრებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი სამიზნე ჯგუფი მხოლოდ მასწავლებლებს არ მოიცავს. გვაქვს იდეები მოსწავლეებსა და სტუდენტებთან დაკავშირებით, ასევე – ზრდასრულთა განათლების შესახებ. იმედი გვაქვს, სექტემბრიდან საზოგადოებას არაერთ სიახლეს შევთავაზებთ.

 

– თქვენს ვებ პლატფორმაზე უამრავი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, როგორ შეიძლება ვებ აპლიკაციების გამოყენებით ამა თუ იმ საგნის უკეთ სწავლება. როგორია მასწავლებლებთან უკუკავშირი, ითვალისწინებენ თუ არა თქვენ მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებს და რა შედეგი აქვთ?

 

– იმედი გვაქვს, ეს სასარგებლო რესურსებია და მათი გაზიარებით მასწავლებლებს დავეხმარებით, სასწავლო პროცესი უფრო ნაყოფიერი გახადონ. ნახვების რიცხვი გვაფიქრებინებს, რომ მასწავლებლები ინტერესით კითხულობენ ჩვენს სტატიებს. თუმცა არ ვიცით, როგორ იყენებენ ამ ყველაფერს სასწავლო პროცესში. აქვს მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ სტატიების მიზანი არ არის მხოლოდ სხვადასხვა საგნის სწავლებისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შეთავაზება; გვინდა, მოვუყვეთ მასწავლებლებს, საზოგადოდ, ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სწავლებაში მიმდინარე ცვლილებებზე, გამოწვევებსა და გამოცდილებებზე. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ცვლილებათა აუცილებლობის შესახებ სათანადო დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

ამჟამად ესტონეთში, დოქტორანტურაში სწავლობთ და ესტონური სკოლების გამოცდილებაზე დაყრდნობით ქართული სკოლების შესახებ კვლევას ამზადებთ. რა განსხვავებები აღმოაჩინეთ კვლევის პროცესში?

 

– ამჟამად კვლევას ქართულ სკოლებში ვატარებ. მომდევნო ეტაპი უკვე ესტონეთის სკოლების ჩართვას და საქართველოში არსებულ ვითარებასთან მათ შედარებას ითვალისწინებს. ამ ორი ქვეყნის შედარების იდეა იმიტომ დაიბადა, რომ საქართველოში სკოლების კომპიუტერიზაციის პირველი პროგრამა “ირმის ნახტომი” სწორედ ესტონური “ვეფხვის ნახტომის” ანალოგიით შეიქმნა. თუმცა ეს პროგრამა ორივე ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით განავითარა. საქართველომ უფრო ცენტრალიზებული გზა აირჩია, მაშინ როდესაც ესტონეთში სკოლებისგან ელიან მეტ ინიციატივას. ამჟამად, როგორც გითხარით ქართულ სკოლებს ვიკვლევ და შემიძლია, ზოგადი სურათი გაგაცნოთ. სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე სკოლები ორ ჯგუფად დავყავით. ერთ ჯგუფში გავაერთიანეთ სკოლები, რომლებიც მეტად იყენებენ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სწავლებას, მეორეში კი – ტექნოლოგიებზე ნაკლებად ორიენტირებული სკოლები. ჩვენს ინტერესს უმთავრესად ტექნოლოგიურად განვითარებული სკოლები იმსახურებს. რას აკეთებენ ეს სკოლები განსხვავებულად, რა უწყობს ხელს იქ ტექნოლოგიებით სასწავლო პროცესის გამდიდრებას, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი სწავლების შედეგებზე? ორ ჯგუფს შორის განსხვავება უმთავრესად მოდის “ცვლილებათა მენეჯმენტის” ცვლადის წილად, რაც მოიაზრებს ისტ სტრატეგიის დაგეგმვას, მასწავლებლების წახალისებას, მათ შორის გამოცდილების გაზიარების წახალისებას და ხელშეწყობას, სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. თითოეული ეს ასპექტი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. “ცვლილებათა მენეჯმენტის” შესწავლის საფუძველზე საინტერესო სურათი გამოიკვეთა. ტექნოლოგიურად განვითარებული სკოლები ტექნოლოგიებს იყენებენ ქვეყნის საგანმანათლებლო ეკოსისტემაში ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო ნიშის დასაკავებლად. ისინი ერთი ძირითადი აქტივობის გარშემო ახდენენ ტექნოლოგიების ინტეგრაციის მობილიზებას, ტექნოლოგიების დიფუზიას, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის შეფასებას მიბმული ელექტრონული პორტფოლიოების დანერგვა სკოლის ბაზაზე, “გუგლ დრაივის” დანერგვა შიდასასკოლო მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. ინიციატივა, როგორც წესი, დირექტორისგან მოდის და აქტივობებიც მისივე უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება, თუმცა, ყველა ამ აქტივობაში ტექნოლოგიებს უმთავრესად მაინც ადმინისტრაციული საქმის წარმოების დატვირთვა აქვს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, მასწავლებელს მოეთხოვება, დოკუმენტაცია ელექტრონულად მოაწესრიგოს და დირექციას წარუდგინოს. უშუალოდ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებლის პირად მოტივაციასა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამას შეიძლება თავისი ახსნა მოეძებნოს. ქვეყნის მასშტაბით სკოლების ტექნიკური ინფრასტრუქტურა და მათი მუშაობის უზრუნველყოფა დირექტორს საშუალებას არ აძლევს, ეს მოთხოვნა წაუყენოს მასწავლებელს. ვგულისხმობ, რომ ტექნიკა კომპიუტერულ ლაბორატორიაშია თავმოყრილი, ლაბორატორია კი ძირითადად ისტ-ის გაკვეთილებისთვის გამოიყენება და საგნის მასწავლებელს უჭირს საგნის სწავლებისას ისტ-ის ინტეგრირება. ამას ემატება ტექნიკური გაუმართაობა, მოძველებული ტექნიკა, ერთ კომპიუტერთან რამდენიმე მოსწავლე ზის დავალების შესასრულებლად და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლისთვის მომხიბვლელ გარემოს ნამდვილად არ ქმნის. საინტერესოა, რომ ეს დამოკიდებულება ბუკებზეც ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ყველა მოსწავლე აღჭურვა ნეთბუქით, სკოლა მას აღიქვამს როგორც გარე რესურსს, რომელიც მოსწავლეს ეკუთვნის და არ გრძნობს პასუხისმგებლობას მის სასწავლო რესურსად გამოყენებაზე. ბუკების გამოუყენებლობის მიზეზად, როგირც წესი, იმას ასახელებენ, რომ მოსწავლეებს დაზიანებული მოაქვთ სახლიდან, რომ არ არსებობს ეფექტიანი სისტემა დაზიანებული ბუკების შესაკეთებლად, არ არსებობს მათი ტექნიკური მომსახურების გამართული მექანიზმი სკოლის დონეზე და ა.შ., ძნელია, არ დაეთანხმო ამ მიზეზებს, თუმცა, მეორე მხრივ, მიზეზები ყოველთის არსებობს…

 

ამ კუთხით, მინდა, საინტერესო მაგალითი მოვიყვანო ესტონეთის სასკოლო ცხოვრებიდან. ესტონეთი მოსწავლეებს ნეთბუქებს არ ურიგებს საჩუქრად. ნაცვლად ამისა, სკოლამ უნდა წარადგინოს განაცხადი, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და დაასაბუთოს, რომ ნამდვილად მზადაა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოსაყენებლად. მან უნდა ახსნას, სახელდობრ როგორ აპირებს მათ გამოყენებას, რა შედეგებს ელის ტექნოლოგიების დანერგვის გაძლიერებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა სკოლას ტექნიკა. ხშირად ეს არის ტაბლეტები, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკაში ინახება, მასწავლებელს საჭიროებისამებრ გააქვს საკლასო ოთახში და იყენებს მოსწავლეებთან სამუშაოდ. ვფიქრობ, ეს არსებული რესურსების საკმაოდ ეფექტიანი გამოყენებაა.

 

– საქართველოში ყოფნისას თქვენ ბრძანდებოდით მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის მენეჯერი, ისტ-ის ექსპერტ-კონსულტანტი და არაერთი ტრენინგი ჩაგიტარებიათ ამ მიმართულებით. რამდენად შეინიშნება ქართველ მასწავლებლებში მზაობა  ისტ პროგრამების შესასწავლად და რამდენად სწორად ესმით ამ უნარების მნიშვნელობა?

 

– ტექნოლოგიების ტრენინგები 2006 წლიდან ტარდება და ისინი მასწავლებლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ამასთან, ეს ტრენინგები საფეხურებრივად იმართება ისტ-ის გამოყენების სირთულის მიხედვით. ვიწყებთ საბაზო კურსით და თანდათან რთულ საფეხურებზე გადავდივართ. ყველა კურსი მოიცავს პედაგოგიურ ნაწილს, ანუ იმას, სახელდობრ როგორ შეუძლია მასწავლებელს სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენება. მასწავლებლებისგან ყოველთვის იგრძნობოდა ამ ტრენინგებში მონაწილეობისადმი ინტერესი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მთელ რიგ პროცესებს თანმიმდევრულობა აკლდა, ეს ტრენინგები სერტიფიკატების მიღებისა და კრედიტების დაგროვების საშუალებად იქცა, ვინაიდან სკოლაში მასწავლებელს არავინ უწყობს ხელს, რომ მიღებული უნარები მოსწავლეებთან გამოიყენოს.

 

– არაერთი საინტერესო ინიციატივის ავტორი ბრძანდებით: შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის, ქოუჩინგის, რომელიც დღეს აქტიურად იკიდებს ფეხს სხვადასხვა პროფესიაში…

 

– შებრუნებული საკლასო ოთახის იდეა მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ცნობილი უნივერსიტეტები ამ მოდელით წარმართავენ სწავლებას. ასევე არიან სკოლებიც. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი ითვალისწინებს სასწავლო პროცესის შეტრიალებას. ტრადიციულად, მასწავლებელი საკლასო ოთახში ხსნის ახალ მასალას, რომელიც მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა განიმტკიცოს შინ, საშინაო დავალების შესრულებისას. მაგრამ ტემპი, რომლითაც მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას, ყველა მოსწავლისთვის ეფექტიანი ვერ იქნება, ვინაიდან მათ განსხვავებული შესაძლებლობები და სწავლის სტილი აქვთ. განურჩევლად იმისა, როგორ გაიგო ახსნილი მასალა, მოსწავლეს უწევს, დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს შინ. მეორე დღეს კი კლასი ახალ მასალაზე გადადის, განურჩევლად იმისა, როგორ დაეუფლა წინას ცალკეული მოსწავლე. შებრუნებული სასწავლო ოთახის მოდელის მიხედვით, მასწავლებელი ახალ მასალას სახლში გასაცნობად აძლევს მოსწავლეს ვიდეოგაკვეთილის, ტექსტური ინფორმაციის, ინფოგრაფიკისა თუ სხვა სახით. მოსწავლეს შეუძლია, სახლში საკუთარი ტემპისა და მუშაობის სტილის შესაბამისად გაეცნოს მას, დაუბრუნდეს გაუგებარ ადგილებს და იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერაც საჭიროა. მასალის განმტკიცება კი საკლასო ოთახში ხდება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, გაუგებარი ადგილები მასწავლებელს და თანაკლასელებთან ერთად გაიაროს, ივარჯიშოს, სანამ არ დაეუფლება ახალ კონცეპტს. ამრიგად, ამ ორი კომპონენტის გადაადგილებით სასწავლო პროცესისადმი მიდგომა სრულიად იცვლება და შეიძლება თითოეული მოსწავლის მიღწევების რადიკალურად შეცვლაც. თუ ამას დავუმატებთ სასწავლო პროცესის მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მასწავლებელს ხელთ ექნება სრულიად ახალი და მძლავრი ინსტრუმენტები, რათა რადიკალურად შეცვალოს თავისი სამუშაო პროცესი და შედეგები.

 

შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის შესახებ ტრენინგები 2013 წელს დავიწყეთ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც აქვთ ბუკები და რეალურად შეუძლიათ ამ მოდელზე გადართვა. როგორც ნებისმიერი სიახლის დანერგვისას, პროცესი ნელა მიმდინარეობს. არიან ინოვატორი მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ მოდელს, მაგრამ არა რეგულარულად, უფრო – სადემონსტრაციოდ. ძალიან პოპულარულია შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენება საჩვენებელი, ე.წ. ღია გაკვეთილის ჩატარებისას. მასწავლებელი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აქვს კომპეტენცია, მოამზადოს ციფრული რესურსები, დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი ინოვაციური მოდელის გამოყენებით. მაგრამ არ იყენებს ამ კომპეტენციას სასწავლო პროცესის რეალურად შესაცვლელად.

 

ასეა თუ ისე, ტრენინგების მიზანი, მასწავლებლებისთვის შესაბამისი უნარების განვითარება, მიღწეულია. ახალი მიდგომების სასწავლო პროცესში  რეალურად დასანერგავად კი სხვა ტიპის მექანიზმები და ინსენტივებია საჭირო, უფრო მეტად – სკოლის დონეზე.

 

რაც შეეხება ქოუჩინგს, ეს პროცესი პირველი კლასის მასწავლებლების მხარდასაჭერად წამოვიწყეთ 2011 წელს, ბუკების პროგრამასთან ერთად. ტერმინი ქოუჩინგი, ისევე როგორც მისი არსი, ბიზნესიდან არის გადმოღებული და გულისხმობს პირის დახმარებას, მისი განვითარების ხელშეწყობას სრული ციკლის განმავლობაში. ჩვენი სასწავლო ციკლი მოიცავდა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას, შესაბამისი ციფრული რესურსების მომზადებას და გაკვეთილის ჩატარებას. ტრენერები, რომლებიც მასწავლებლებთან მუშაობდნენ ტრენინგის განმავლობაში, სკოლაშიც მიჰყვებოდნენ მათ, რათა ტრენინგზე შეძენილი უნარების საკლასო ოთახში გამოყენებაში დახმარებოდნენ. ტრენერი მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალურად გეგმავს გაკვეთილს მასწავლებლის მიერ შერჩეულ თემაზე, ეხმარება მას ციფრული რესურსების მომზადებაში, ბოლოს კი ერთად ატარებენ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ გაკვეთილს.

 

მასწავლებლებს მართლაც სჭირდებოდათ დახმარება, ვინაიდან “ერთი-ერთთან ელექტრონული სწავლება” (ერთ მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი) ახალი კულტურა იყო სკოლაში და არც მასწავლებლებს ჰქონდათ საკმარისი ტექნოლოგიური უნარები. დღეს 2011 წელთან შედარებით ვითარება შესამჩნევად უკეთესია. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში სკოლაში დაგროვდება შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, რათა ქოუჩინგის პროცესი შიგნიდან, გარე რესურსის ჩარევის გარეშე  წარიმართოს.

 

ინტერნეტი შესაძლებლობას გვაძლევს, სწავლება უფრო საინტერესო და ინტერაქტიური გავხადოთ. რა რესურსების გამოყენებას ურჩევდით მასწავლებლებს?

– გააჩნია სასწავლო მიზანს, საგანს, მოსწავლეების ასაკს… რაკი ამაზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა, ერთ პრობლემასაც შევეხო. როგორც აღვნიშნე, მასწავლებლებს ინტერნეტის გამოყენება მხოლოდ კომპიუტერულ ლაბორატორიაში შეუძლიათ. ვაი-ფაი სკოლებში გათიშულია და ზოგჯერ ინფორმაციულმა მენეჯერმაც კი არ იცის პაროლი. ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ. მასწავლებლებს ეშინიათ, რომ თუ მოსწავლეებს ინტერნეტზე წვდომის საშუალება მისცეს, ვეღარ გააკონტროლებენ, რას აკეთებენ ისინი გაკვეთილზე. ამავე მიზეზით კრძალავენ გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების ტარებას. არადა მობილური შეგვიძლია მძლავრ სასწავლო ინსტრუმენტად ვაქციოთ და წარმატებით გადავჭრათ ტექნოლოგიების უკმარისობის პრობლემა. სახელმწიფოს ნაკლები ფულის დახარჯვა მოუწევს, თუ სასწავლო რესურსად მოსწავლეების მობილურებს, სმარტფონებს, ტაბლეტებს ან ნოუთბუქებს გამოვიყენებთ. დღევანდელი ტენდენცია მსოფლიოში სწორედ ასეთია – სკოლები მოუწოდებენ მოსწავლეებს, სკოლაში მიიტანონ პირადი მოწყობილობა და BYOD (Bring Your Own Device) კლასებიც კი არსებობს. ცხადია, ეს შესაბამის ინფრასტრუქტურას მოითხოვს, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო გონივრული და ეფექტიანი იქნება, სახელმწიფო სახსრები სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯოს.

 

– რა მდგომარეობაა ამ მხრივ სოფლის სკოლებში?

 

– იქ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება რესურსებთან წვდომა, ინტერნეტის უქონლობა, კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობა, ვინაიდან ძნელად მოიძებნება კადრი, რომელიც ტექნიკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, თუმცა პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების მოტივაცია განსაკუთრებით მაღალია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი