პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

მშობლის ძალაუფლება: აუცილებელი და გამართლებული?

0
თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეათე ნაწილი
ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი საყოველთაოდ გაბატონებული აზრია, რომ მშობელმა აუცილებელი და სასურველია თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს შვილების კონტროლის, ხელმძღვანელობის და აღზრდისათვის. ჩვენი კურსების ათასობით მსმენელთა თვალსაზრისით, მშობელთა მცირე ნაწილს თუ ეპარება ამაში ეჭვი. მშობელთა უმრავლესობა იოლად ამართლებს ძალაუფლების გამოყენებას: ისინი ამტკიცებენ, რომ ძალაუფლება ბავშვს სჭირდება და/ან რომ მშობლები უფრო ჭკვიანები არიან. „მამამ უკეთ იცის” – მტკიცედ დამკვიდრებული აზრია.

ჩემი აზრით, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშობელმა უნდა გამოიყენოს ძალაუფლება ბავშვებთან ურთიერთობაში საუკუნეების განმავლობაში ხელს უშლიდა ბავშვებისადმი უფროსების დამოკიდებულებასა და მათ აღზრდაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ან განვითარებას. ნაწილობრივ, ამ მოსაზრების დომინირების მიზეზი ის არის, რომ მშობელთა უმრავლესობას ფაქტობრივად არ ესმის ძალაუფლების არსი და მისი გავლენა ბავშვებზე. მშობლებს ეადვილებათ ძალაუფლებაზე საუბარი, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მისი ზოგადად ახსნა ან თუნდაც საკუთარი ძალაუფლების წყაროს დასახელება.
რა არის ძალაუფლება?
მშობლების და შვილების ურთიერთობის ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ მშობლებს აქვთ უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა”, ვიდრე შვილებს. თუ წრეების სახით წარმოვადგენთ მშობელსა და შვილს, მაშინ არასწორი იქნება ასეთი სქემა:
მშობელი
  
შვილი
ბავშვისათვის მშობელი მისნაირი „ზომის” არ არის, ამასთან ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. არ ვგულისხმობ ფიზიკურ ზომას (თუმცა ფიზიკურ ზომასაც აქვს მნიშვნელობა, მანამ, სანამ ბავშვი გაიზრდება), მხედველობაში მაქვს „ფსიქოლოგიური ზომა”. მშობელი-შვილის ურთიერთობის უფრო ზუსტი სქემა ასეთი იქნება:
მშობელი
შვილი
ბავშვის თვალსაზრისით მშობელს თითქმის ყოველთვის უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა” აქვს. ამით შეიძლება აიხსნას ბავშვთა შემდეგი გამონათქვამები: „დიდი მამა”, „დიდი ბოსი”, „დედაჩემი მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში”, „ის ჩემთვის დიდი კაცი იყო”. ამ იდეის საილუსტრაციოდ მომაქვს ციტატა ახალგაზრდა კაცის მიერ კოლეჯში დაწერილი თემიდან, რომელიც შემდეგ თავად გამიზიარა, როცა მისი კონსულტანტი ვიყავი: 
„როცა სულ პატარა ვიყავი, ჩემს მშობლებს ისევე ვუყურებდი, როგორც ზრდასრული ადამიანი უყურებს ღმერთს. . .” 
თავიდან ყველა ბავშვი თავისებურ ღმერთს ხედავს მშობელში.

განსხვავება „ფსიქოლოგიურ ზომაში” მარტო იმიტომ კი არ არსებობს, რომ ბავშვებისათვის მშობლები დიდები და ძლიერები არიან, არამედ იმიტომაც, რომ მათ მშობლები უფრო ჭკვიანები და ყოვლისშემძლენი ჰგონიათ. ბავშვის აზრით, არაფერია ისეთი, რაც მშობელმა არ იცის, ან არ შეუძლია. ის აღფრთოვანებულია მშობლის ღრმა ცოდნით, ზუსტი წინასწარმეტყველებით, ბრძნული მსჯელობით.

ზოგჯერ ამგვარი აღქმა სინამდვილეს შეფერება, ზოგჯერ კი – არა. შვილები, ბევრ არარსებულ თავისებურებას, თვისებას და შესაძლებლობას მიაწერენ მშობლებს. მშობელთა მცირე ნაწილმა თუ იცის იმდენი, რამდენსაც შვილი მიაწერს. გამოცდილება ყოველთვის „საუკეთესო მასწავლებელი” არ არის, – ასე დაასკვნის მოგვიანებით ბავშვი მოზარდობის და შემდეგ ზრდასრულობის ასაკში, როცა დაგროვილი გამოცდილებით შეძლებს მშობლების ობიექტურად შეფასებას. სიბრძნე ყოველთვის არ არის დაკავშირებული ასაკთან – მშობელთა უმრავლესობას უჭირს ამის აღიარება, მაგრამ საკუთარ თავთან უფრო გულახდილები ხვდებიან, რაოდენ გადაჭარბებულია დედისა და მამის შვილებისეული შეფასება. 

სანამ ისეთი უპირატესობა, როგორიცაა ფსიქოლოგიური ზომა, მშობლების მხარესაა, ბევრი დედა და მამა ამ განსხვავებას ხელს უწყობს. ისინი შეგნებულად მალავენ საკუთარ შეზღუდულობას და მსჯელობის ხარვეზებს შვილებისაგან და ნიადაგს ქმნიან ისეთი მითის დასამკვიდრებლად, როგორიცაა: „ჩვენ ვიცით, რა არის შენთვის უკეთესი” ან „როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ მართლები ვიყავით”.

ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი, რომ მშობლები თავიანთ დედებზე და მამებზე საუბრისას, ადვილად ამჩნევენ მათ შეცდომებსა და შეზღუდულობას. მიუხედავად ამისა, ისინი არც კი უშვებენ იმაზე ფიქრს, რომ თავადაც იგივე ხარვეზები შეიძლება ჰქონდეთ მსჯელობაში და საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში არ ჰყოფნიდეთ სიბრძნე.

  თუნდაც დაუმსახურებლად, მაგრამ მშობლებს მართლაც აქვთ უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზომა – ეს შვილზე ძალაუფლების მნიშვნელოვანი წყაროა. მშობლის მცდელობა გავლენა მოახდინოს ბავშვზე, სწორედ იმიტომ არის წარმატებული, რომ ბავშვის თვალში მშობელი „ავტორიტეტია”. ამასთან, სასარგებლო იქნება იმის გათვალისწინება, რომ ხშირად ეს შვილის მიერ მიწერილი „მოჩვენებითი ავტორიტეტია”. დამსახურებულია თუ დაუმსახურებელი – სულ ერთია, მთავარია, რომ „ფსიქოლოგიური ზომა” მშობელს შვილზე გავლენასა და ძალაუფლებას აძლევს. 

ძალაუფლების სრულიად განსხვავებული სახეა იმ მშობლების ძალაუფლება, რომლებსაც შვილისათვის საჭირო გარკვეული საგნები აქვთ. მშობელს ძალაუფლება აქვს შვილზე, იმიტომ, რომ ის მეტისმეტად დამოკიდებულია მასზე თავისი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გამო. ბავშვები კვებისა და ფიზიკური კომფორტის თვალსაზრისით სამყაროს მთლიანად სხვებზე დამოკიდებულნი ევლინებიან. მათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საჭირო საშუალებები არა აქვთ. ეს უკანასკნელი მშობლების ხელშია და ისინი აკონტროლებენ.  
თუ შვილს, ზრდასთან ერთად მშობლები დამოუკიდებლობის საშუალებას აძლევენ, მათი ძალაუფლება თანდათან ბუნებრივად სუსტდება. თუმცა, ნებისმიერ ასაკში, მაშინაც კი, როცა ბავშვი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და თავისი მოთხოვნილებების თითქმის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია საკუთარი ძალებით, მშობელს მაინც აქვს მასზე ძალაუფლების გარკვეული წილი.

რაკი მშობელს ბავშვის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი საშუალებები აქვს, ის „დამჯილდოებლის” როლში გამოდის. ფსიქოლოგები ტერმინით „ჯილდო” აღნიშნავენ ყველა იმ საშუალებას, რომელიც მშობლებს აქვთ შვილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (მშობლები დამჯილდოებლები არიან). თუ ბავშვი მშიერია (სჭირდება საჭმელი) და მშობელი მას რძის ბოთლს მისცემს, ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვი დაჯილდოვდა (მისი ჭამის მოთხოვნილება დაკმაყოფილდა).

მშობელს აქვს ბავშვისათვის ტკივილის მიყენების თუ დისკომფორტის შექმნის საშუალებებიც, მაგალითად, არ აძლევს იმას, რაც სჭირდება (არ აჭმევს, როცა მშიერია) ან აყენებს ტკივილსა და უქმნის დისკომფორტს (ურტყამს ხელში, როცა ის ძმის რძის ბოთლს წაეტანება). ფსიქოლოგები დაჯილდოების ტერმინის ოპოზიტად იყენებენ ტერმინს „დასჯა”.

ყველა მშობელმა იცის, მას შეუძლია შვილის მართვა ძალის გამოყენებით. დაჯილდოებისა და სასჯელის გონივრული მანიპულირებით მშობელი წაახალისებს მოიქცეს კარგად ან ხელს უშლის – მოიქცეს ცუდად. 

საკუთარი გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ადამიანები (და ცხოველები) იმეორებენ იმ ქცევას, რომელსაც ჯილდო მოაქვს (აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს) და გაურბიან იმ ქცევას, რომელიც არ ჯილდოვდება ან, ფაქტობრივად, ისჯება. ამრიგად, მშობელს შეუძლია დაჯილდოებით „გააძლიეროს” გარკვეული ქცევა და დასჯით „დათრგუნოს” სხვა, არასასურველი ქცევა.

დავუშვათ, გინდათ, რომ შვილმა ითამაშოს მანქანებით და არა ჟურნალების მაგიდაზე დადგმული მინის ძვირფასი სტატუეტებით. „მანქანებით თამაშის” ქცევის გასაძლიერებლად შეიძლება მიუჯდეთ მას თამაშისას და ალერსიანი სიცილით უთხრათ: „ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ!”. „მინის სტატუეტებით თამაშის” ქცევის დასათრგუნად შეიძლება ჩაარტყათ ხელში ან მიუტყაპუნოთ საჯდომზე, შუბლი შეჭმუხნოთ, უკმაყოფილო სახე მიიღოთ და უთხრათ: „რა საძაგელი გოგო ხარ”. ბავშვი სწრაფად გაიგებს, რომ მანქანებით თამაშს მშობლის ძალაუფლებასთან სასურველი ურთიერთობა მოჰყვება, მინის სტატუეტებით თამაშს კი – არასასურველი.  

სწორედ ასე იქცევიან მშობლები შვილის ქცევის შესაცვლელად. ისინი ამას „ბავშვის აღზრდას” უწოდებენ. სინამდვილეში კი მშობელი ძალაუფლებას იყენებს ბავშვის სასურველი ქცევის მისაღწევად და არასასურველის აღსაკვეთად. იმავე მეთოდს იყენებენ ძაღლის მწვრთნელები ცხოველების გასაწვრთნელად და ცირკის მსახიობები იმისათვის, რომ დათვს ველოსიპედით სიარული ასწავლონ. თუ მწვრთნელს უნდა, რომ ძაღლი უკან გაჰყვეს, ის ყელსაბამს უკეთებს და ხელში მისი ბოლო უჭირავს. „მომყევი”, უყვირის ძაღლს და თუ ძაღლი ბრძანებას არ შეასრულებს, ატკენს (დასჯა). თუ მწვრთნელს დაემორჩილება, მიეფერება (ჯილდო). ძაღლი სწრაფად სწავლობს ბრძანებით სიარულს.

ვერაფერს ვიზამთ – ძალაუფლება თავისას აკეთებს! ერთნაირად შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს მანქანებით და არა მინის ფიგურებით თამაში, ძაღლს ბრძანებით სიარული და დათვებს ველოსიპედით (ერთთვლიანითაც კი) სიარული. 

პატარაობიდანვე, დაჯილდოებისა და დასჯის სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ ბავშვების მართვა შესაძლებელია მხოლოდ ჯილდოს დაპირებით, თუკი სასურველად მოიქცევა ან მოსალოდნელი სასჯელის მუქარით, თუ არასასურველად მოიქცევა. სიტუაციის პოტენციური უპირატესობა აშკარაა: მშობელს არ სჭირდება არც სასურველი ქცევის ლოდინი, რათა დააჯილდოოს (გააძლიეროს) ის, არც არასასურველის, რათა დასაჯოს (დათრგუნოს). მას ბავშვზე ზემოქმედება არსებითად მხოლოდ თქმით (ვერბალურად) შეუძლია: „თუ ასე მოიქცევი, ჯილდოს მიიღებ, თუ სხვაგვარად – დაისჯები”.
მშობლის ძალაუფლების სერიოზული შეზღუდვა

თუკი მკითხველი ფიქრობს, რომ დაჯილდოებისა და დასჯისათვის (ან ჯილდოს დაპირებისა და დასჯის მუქარისათვის) მშობლის ძალაუფლების გამოყენება შვილის მართვის ეფექტური იარაღია, ის ერთის მხრივ, მართალია, ხოლო მეორე მხრივ, სასტიკად ცდება: მშობლის ავტორიტეტის (ან ძალაუფლების, ან ძალის) გამოყენება, რომელიც ეფექტურად გვეჩვენება გარკვეულ სიტუაციაში, ძალზე არაეფექტურია სხვა შემთხვევაში. (მოგვიანებით განვიხილავთ მშობლის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საფრთხეებს).

მშობლის ძალაუფლების გამოყენების მრავალი, თუ არა ყველა, გარე ეფექტი ძალზე სამწუხაროა. „დამჯერის აღზრდის” შედეგი ხშირად დაშინებული და ნერვიული ბავშვია, რომელიც ხშირად მტრობს და სამაგიეროს უხდის აღმზრდელს; ფიზიკურად და ემოციურად  დათრგუნულია მისთვის რთული ან არასასიამოვნო ქცევის დასწავლის მცდელობის სტრესის გამო. ძალაუფლების გამოყენებას შეუძლია მრავალი მტკივნეული შედეგი და საფრთხე გაუჩინოს როგორც ცხოველების მწვრთნელს, ისე ბავშვის აღმზრდელს. 
მშობლები აუცილებლად ამოწურავენ ძალაუფლებას

ძალაუფლების გამოყენება ბავშვების სამართავად მხოლოდ გარკვეულ პირობებშია ეფექტური. მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სათანადო ძალაუფლება აქვს – მისი ჯილდო საკმარისად მიმზიდველი უნდა იყოს, რომ ბავშვს სურდეს მიღება, ხოლო სასჯელი საკმარისად დამაჯერებელი, რომ ბავშვი მის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ბავშვი დამოკიდებული უნდა იყოს მშობელზე; რაც მეტად არის დამოკიდებული იმაზე, რაც მშობელს აქვს (ჯილდო), მით მეტი ძალაუფლება აქვს მშობელს.   

ეს ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობების შემთხვევაში. თუ რაღაც ძალიან მჭირდება, მაგალითად, ფული, რომ შვილებს საჭმელი ვუყიდო, მე მთლიანად დამოკიდებული ვარ სხვაზე, მაგალითად, დამსაქმებელზე და, ცხადია, მას ჩემზე დიდი ძალაუფლება ექნება. თუ მე მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე ვარ დამოკიდებული, სავარაუდოდ, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვს, ოღონდ მივიღო ის, რაც ძალიან მჭირდება. თუმცა, ერთ ადამიანს მეორეზე გავლენა და ძალაუფლება მხოლოდ მანამდე აქვს, სანამ მეორე სუსტია, ღარიბია, რაღაც სჭირდება, უმწეოა, დამოკიდებულია. 

ასაკთან ერთად, ბავშვი რაც უფრო ნაკლებად დაუცველი, დამოკიდებული ხდება მშობელზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას, მშობელი კარგავს ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ აღმოაჩენენ ხოლმე შეშფოთებული მშობლები, რომ ჯილდო და სასჯელი, რომელიც არაჩვეულებრივად ჭრიდა, სანამ შვილი პატარა ჰყავდათ, მის ზრდასთან ერთად არაეფექტური ხდება. 

„შვილზე გავლენა დავკარგეთ. ჩვეულებრივ, ის პატივს სცემდა ჩვენს ავტორიტეტს, ახლა კი საერთოდ აღარ გვისმენს”, „ჩვენი გოგონა ძალიან დამოუკიდებელი გახდა – აღარ ვიცით, როგორ ვაიძულოთ მოგვისმინოს”, აღიარებენ და წუხან მშობლები. თხუთმეტი წლის ვაჟის მამამ საკუთარ ჯგუფს გაუმხილა, რამდენად უმწეოდ გრძნობს თავს:

„ჩვენს ავტორიტეტს ავტომობილის გარდა ვერაფრით ვამყარებთ. მაგრამ ესეც კი თითქმის არ ჭრის, რადგან მან გასაღები მომპარა და ასლი გააკეთებინა. როცა სახლში არა ვართ, ის თავისუფლად ჯდება მანქანაზე თუკი მოუნდება. ახლა, როცა აღარაფერი მაქვს ისეთი, რაც მას სჭირდება, აღარ შემიძლია მისი დასჯა”.
მშობლები იმ გრძნობას გამოხატავენ, რომელიც უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი, როცა შვილები დამოუკიდებლები ხდებიან. ასეთი რამ აუცილებლად ხდება მოზარდობის ასაკში, როცა შვილს მრავალი ჯილდოს მიღება შეუძლია საკუთარი აქტივობების საშუალებით (სკოლა, სპორტი, მეგობრები, მიღწევები). ამას გარდა, ის ცდილობს იპოვოს დასჯის თავიდან აცილების ქმედითი მეთოდები. იმ ოჯახებში, სადაც ადრეულ ასაკში შვილების მართვისათვის ძირითადად ძალაუფლებას იყენებდნენ, მშობლები ძლიერ ემოციურ შოკს განიცდიან, როცა მათი ძალაუფლება იწურება და გავლენის გარეშე რჩებიან.   
მოზარდობა
დღეს დარწმუნებული ვარ, რომ „მოზარდობის ასაკში სტრესისა და გადაღლის” შესახებ თეორიათა უმრავლესობა არასწორად ამახვილებს ყურადღებას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ფიზიკური ცვლილებები, მზარდი სექსუალურობა, ახალი სოციალური მოთხოვნები, ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის წინააღმდეგობა და სხვ. ეს პერიოდი ბავშვებისა და მშობლებისათვის რთული ძირითადად იმის გამოა, რომ მოზარდები დამოუკიდებლები ხდებიან და მშობლებს უკვე აღარ შეუძლიათ მათი ადვილად გაკონტროლება ჯილდოთი და დასჯით. რაკი მშობელთა უმრავლესობა ძირითადად სწორედ ჯილდოსა და სასჯელს ეყრდნობა, მოზარდები მათ სულ უფრო დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი, მეამბოხე, მტრული ქცევით უპირისპირდებიან.   

მშობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდების წინააღმდეგობა და მტრობა განვითარების მოცემული სტადიის გარდაუვალი პროდუქტია. ვიქრობ, ეს ასე არ არის – საქმე იმაშია, რომ მოზარდს მეტად შეუძლია წინააღმდეგობა და ბუნტი. მშობლებს უკვე აღარ ძალუძთ მისი მართვა ჯილდოთი, რომელიც მას იმდენად აღარც სჭირდება; მას იმუნიტეტი აქვს დასჯის საფრთხის მიმართაც, რადგან მშობელს თითქმის აღარ შეუძლია მისთვის ტკივილის ან ძლიერი დისკომფორტის მიყენება. ტიპური მოზარდი იქცევა ისე, როგორც იქცევა, რადგან მას უკვე საკმარისი ძალა და რესურსი აქვს საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და საკმარისი ძალაუფლება, რომ აღარ ეშინოდეს მშობლების ძალაუფლების. 

შესაბამისად, მოზარდი მშობლებს კი არ უჯანყდება, არამედ მათ ძალაუფლებას. მშობლები ჩვილობის ასაკიდან შვილებზე ზეგავლენისთვის ნაკლებად რომ ეყრდნობოდნენ ძალაუფლებას და მეტად არაძალაუფლებრივ მეთოდებს, მაშინ ამ უკანასკნელებს წინააღმდეგობის ნაკლები მიზეზი ექნებოდათ მოზარდობისას. ამრიგად, შვილის ქცევის შეცლისათვის ძალაუფლების გამოყენებას შემდეგი სერიოზული შეზღუდულობა ახასიათებს: მშობელს აუცილებლად ელევა ძალაუფლება და გაცილებით მალე, ვიდრე ჰგონია.
ძალაუფლების გამოყენებით აღზრდა განსაზღვრულ პირობებს მოითხოვს

ბავშვზე ზეგავლენისათვის ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებას კიდევ ერთი შეზღუდულობა აქვს: „აღზრდა” მკაცრი კონტროლის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. 

ფსიქოლოგები, რომლებიც წვრთნის საშუალებით ცხოველთა სწავლის პროცესს იკვლევენ, მრავალ სირთულეს აწყდებიან, სანამ კვლევის „ობიექტებისთვის” საკმარისად მკაცრ პირობებს არ შექმნიან. ჯილდოსა და სასჯელის დახმარებით ბავშვების აღზრდის (წვრთნის) პროცესში მრავალი ასეთი პირობის ან მოთხოვნის დაცვა უკიდურესად რთულია. მშობელთა უმრავლესობა ყოველდღიურად არღვევს ეფექტური „წვრთნის” ერთ ან რამდენიმე „წესს”. 

1.აღზრდის „ობიექტს” მაღალი მოტივაცია სჭირდება – მას „ჯილდოსათვის შრომის” ძლიერი მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს. ვირთხამ ლაბირინთის გავლა და მეორე ბოლოში დადებული საჭმლის პოვნა რომ ისწავლოს, საკმარისად მშიერი უნდა იყოს. მშობელი ხშირად ცდილობს ბავშვზე ზემოქმედებას ისეთი ჯილდოს შეთავაზებით, რომელიც მას დიდად არ სჭირდება (ჰპირდება, რომ უმღერებს, თუკი დაუყოვნებლივ დაწვება დასაძინებლად და აღმოაჩენს, რომ ვერ „მოისყიდა”).

2.თუკი სასჯელი ძალზე მკაცრია, ობიექტი ცდილობს საერთოდ გაექცეს სიტუაციას. როცა ვირთხა ელექტროშოკს იღებს ლაბირინთის ჩიხში შესვლისას, შესაძლოა საერთოდ „აღარ სცადოს” გზის მოძებნა, თუკი შოკი ძალიან ძლიერი იქნება. თუ მკაცრად დასჯით ბავშვს შეცდომისთვის, შესაძლოა მან „ისწავლოს”, რომ აღარ სცადოს კარგად გაკეთება.

3.ჯილდომ ობიექტის ქცევაზე გავლენა რომ მოახდინოს, ის დაუყოვნებლივი უნდა იყოს. თუ ვირთხამ შესაბამის ღილაკზე დაჭერა უნდა ისწავლოს საჭმლის მისაღებად და ღილაკის სწორად დაჭერის შემდეგ საჭმელს დავუგვიანებთ, ის ვერ ისწავლის, რომელია სწორი ღილაკი. თუ ბავშვს ეტყვით, რომ სამი კვირის შემდეგ ზღვაზე შეუძლია წავიდეს, თუკი დღეს საოჯახო საქმეებს გააკეთებს და აღმოაჩენთ, რომ ასეთ შორეულ ჯილდოს არ ექნება საკმარისი ძალა ბავშვის მოტივაციისათვის. 

4.მშობელი თანმიმდევრული უნდა იყოს სასურველი ქცევისათვის დაჯილდოებასა და არასასურველისათვის დასჯაში. თუ ძაღლს სასადილო ოთახში მისცემთ საკვებს, როცა სტუმრები არ გყავთ, ხოლო დასჯით, თუკი სტუმრების ტანდასწრებით მოგთხოვთ საკვებს, დაიბნევა და იმედი გაუცრუვდება (თუ, რა თქმა უნდა, არ ასწავლით განსხვავებას სტუმრის არყოფნასა და სტუმრის ყოფნას შორის, როგორც ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს ძაღლს). მშობლები ხშირად არათანმიმდევრულები არიან ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. მაგალითად: ზოგჯერ დედა ნებას აძლევს შვილს კვებასა და კვებას შორის წაიხემსოს, მაგრამ არ აძლევს ამის ნებას, თუკი გემრიელ სადილს ამზადებს და არ უნდა, რომ შვილმა სადილი „გაიუგემუროს” (რომელიც, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, დედის სადილია).

5.ჯილდო და სასჯელი

იშვიათად არის ეფექტური რთული ქცევის სწავლისას, თუკი პარალელურად არ გამოვიყენებთ ძალზე რთულ და დროტევად „განმამტკიცებელ” მეთოდებს. მართალია, ფსიქოლოგებმა წარმატებით ასწავლეს ქათმებს მაგიდის ჩოგბურთი, ხოლო მტრედებს რაკეტების მართვა, მაგრამ ამგვარ მიღწევებს ძალზე რთული და დროტევადი წვრთნა სჭირდება, რომელიც მკაცრი კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. 

იმ მკითხველმა, რომელსაც ცხოველი ჰყავს კარგად იცის, რა რთულია ძაღლს ასწავლო მხოლოდ საკუთარ ეზოში თამაში, პატრონისათვის ნივთის მოტანა ან სხვა ძაღლებისათვის საკვების გაზიარება. იმავე ადამიანებს კითხვაც კი არ უჩნდებათ იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების მცდელობა, რომ ბავშვს მსგავსი ქცევები ვასწავლოთ. 

ჯილდოსა და სასჯელის საშუალებით შეიძლება ვასწავლოთ შვილს არ ახლოს ხელი ყავის მაგიდაზე მდგარ ნივთებს ან „გეთაყვა” თქვას, როცა რაღაც სურს სადილობისას, მაგრამ ასეთი მეთოდები ნაკლებეფექტური იქნება სწავლის სასურველი ჩვევების ფორმირების ან ისეთი თვისებების აღზრდისთვის, როგორიცაა პატიოსნება, სიკეთე ან კეთილსინდისიერება. ბავშვებისათვის ქცევის ასეთი რთული მოდელების სწავლება სინამდვილეში არ ხდება; ბავშვები მას საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით.
ბავშვების აღზრდისას ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების რამდენიმე ნაკლოვანება აღვნიშნე. სწავლებისა და აღზრდის სპეციალისტ ფსიქოლოგებს გაცილებით მეტის დამატება შეუძლიათ. ჯილდოსა და სასჯელის საშუალებით ცხოველებისა და ბავშვებისათვის კომპლექსური ქმედებების შესრულების სწავლება არა მხოლოდ დამოუკიდებელი დისციპლინაა, რომელსაც ფართო ცოდნა, დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია შემდეგი: ცირკის გამოცდილი მწვრთნელი და გამოცდილი ფსიქოლოგი არც ისე კარგი მოდელია მშობლისათვის, რომ შვილს სასურველი ქცევა ასწავლოს.
მშობლის ძალაუფლების შედეგები

გასაოცარია, რომ სერიოზული ნაკლოვანებების მიუხედავად, ძალაუფლება მშობელთა უმრავლესობისათვის მათი განათლების, სოციალური კლასისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად მაინც მისაღები მეთოდია. 

ინსტრუქტორები PET-ის მეცადინეობებზე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მშობლებმა არაჩვეულებრივად იციან ძალაუფლების დამღუპველი შედეგების შესახებ. მშობლებს სთხოვენ საკუთარი გამოცდილებიდან გაიხსენონ, რა ზეგავლენა ჰქონდა თვით მათზე მშობლების ძალაუფლებას. უცნაური პარადოქსია, რომ მშობლებს ახსოვთ, როგორ მოქმედებდა ბავშვობაში მათზე ძალაუფლება, მაგრამ „ავიწყდებათ”, როდესაც მას საკუთარი შვილების აღზრდისათვის იყენებენ. ყოველ ჯგუფში ასეთ მშობლებს ვთხოვთ ჩამოწერონ, რას აკეთებდნენ მშობლის ძალაუფლებასთან გამკლავების მიზნით. ყოველ კლასში იქმნება „გამკლავების მექანიზმის” სია, რომელიც ასე გამოიყურება:  

1.წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატივიზმი.
2.აღშფოთება, ბრაზი, მტრობა. 
3.აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა.
4.სიცრუე, გრძნობების დამალვა.
5.სხვების დადანაშაულება, ჭორი, თაღლითობა.
6.დომინირება, მართვა, დაშინება.
7.გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი.
8.ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება.
9.მორჩილება, შეგუება, დათმობა.
10.ფარისევლობა, პირფერობა.
11.კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების გარანტიის მოთხოვნა.
12.საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, ღრუბლებში ფრენა, რეგრესია. 
წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატივიზმი
ერთ–ერთმა მშობელმა მასსა და მამამისს შორის მომხდარი ტიპური ინციდენტი გაიხსენა:
მშობელი: თუ ლაყბობას არ მორჩები, სილას მიიღებ!
შვილი: მიდი, დამარტყი!
მშობელი: (არტყამს).
შვილი: კიდევ დამარტყი, უფრო ძლიერად! არ გავჩუმდები!

ზოგიერთი ბავშვი მშობლის მიერ ძალაუფლების გამოყენებას იმით უპირისპირდება, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს აკეთებს, რის გაკეთებასაც მშობელი სთხოვს. აი, ერთ–ერთი დედის ნაამბობი:

„ძალაუფლებას, ძირითადად, მხოლოდ სამი მიზნით ვიყენებდით: ქალიშვილს სუფთად და მოწესრიგებულად სცმოდა, ეკლესიაში ევლო და არ დაელია. და მუდამ მკაცრად ვიცავდით. …ახლა ვიცით, რომ მისი სახლი მუდამ არეულია, ეკლესიაში ფეხსაც კი არ დგამს და თითქმის ყოველ საღამოს სვამს კოკტეილს”.

ერთ–ერთმა მოზარდმა თერაპიული სეანსის დროს აღიარა:

„არც კი ვეცდები სკოლაში კარგი შეფასებები მივიღო, რადგან მშობლები მეტისმეტად მაიძულებდნენ კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. კარგი ნიშნები რომ მივიღო, ისინი ნასიამოვნები იქნებიან, თითქოს მართლები იყვნენ ან გაიმარჯვეს. ვერ მივართმევ! სწორედ ამიტომ არ ვსწავლობ”.

მეორემ გვიამბო, რა რეაქცია აქვს მშობლების გაუთავებელ „ბურღვაზე” გრძელი თმის გამო:

„მოვიჭრიდი, ასე რომ არ მიჭამდნენ ტვინს. მაგრამ სანამ თავს არ დამანებებენ, მანამდე ვივლი გრძელი თმით”.
ზრდასრულთა ავტორიტარიზმის მიმართ ასეთი რეაქცია საყოველთაოა. ბავშვების მრავალი თაობა აპროტესტებს და უჯანყდება მშობლის ავტორიტარიზმს. ისტორიაში ვერ ვიპოვით არსებით სხვაობას გასული საუკუნეებისა და თანამედროვე ახალგაზრდობას შორის. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრულები, გააფთრებით იცავენ თავისუფლებას, მათ თავისუფლებას კი ისტორიის ყველა ეტაპზე ემუქრებოდა საფრთხე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ბავშვები იმით უპირისპირდებიან, რომ ებრძვიან ყველას, ვინც მის წართმევას დააპირებს.
აღშფოთება, ბრაზი, მტრობა

ბავშვები ბრაზობენ მათზე ვისაც ძალაუფლება აქვს. მას უპატიოსნოდ და ხშირად უსამართლოდ მიიჩნევენ. მათ აღაშფოთებთ თვით ის ფაქტიც, რომ მშობლები და მასწავლებლები მათზე დიდები და ძლიერები არიან, თუკი ამგვარი უპირატესობა მათი კონტროლის ან მათი თავისუფლების შეზღუდვისათვის გამოიყენება.

„აბა, ვინმე შენი ტოლი გააბრაზე”, ასეთია არის ბავშვის განცდა, როდესაც მშობელი ძალაუფლებას იყენებს.

ზოგადად, ნებისმიერი ასაკის ადამიანი აღშფოთებასა და ბრაზს განიცდის იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც მეტ–ნაკლებად დამოკიდებულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. უმრავლესობა ამრეზით უყურებს მათ, ვისაც დოვლათის (ჯილდოს) გაცემის ან ჩამორთმევის ძალაუფლება აქვს. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვიღაცას მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი საშუალებები აქვს. მათ თავად სურთ ასეთ განმკარგველად ყოფნა. ამას გარდა უმრავლესობას სწყურია ამგვარი დამოუკიდებლობა, რადგან სხვაზე დამოკიდებულება ყოველთვის სახიფათოა. მუდამ არსებობს საფრთხე, რომ ვისზეც დამოკიდებული ხარ უსამართლო, მიკერძოებული, არათანმიმდევრული, არაკეთილგონიერი აღმოჩნდება; ან ძალაუფლების მქონე ჯილდოს საზღაურად საკუთარი ღირებულებებისა და სტანდარტების აღიარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ის ვინც მსახურობს ძალზე პატერნალისტურად განწყობილ დამსაქმებლთან, რომელიც გულუხვად არიგებს „პრემიებსა” და „სტიმულებს” (იმ პირობით, რომ თანამშრომლები მართვის ავტორიტარულ მეთოდებს მადლიერებით მიიღებენ) აღშფოთებასა და მტრობას განიცდის „იმ ხელის მიმართ, რომელიც მას აჭმევს”. სამრეწველო ურთიერთობათა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გაფიცვები იმ კომპანიებში ხდებოდა, სადაც ხელმძღვანელობა „კეთილგანწყობილი პატერნალისტი” იყო. ამავე მიზეზით ხდება, რომ „მდიდარი” ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია „ღარიბი” ქვეყნებისათვის უხვი სუბსიდიების გაცემაზე, შედეგად დამოკიდებული ქვეყნის მტრობას იწვევს „გამცემისადმი”.  
აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა

რაკი მშობლის დომინირება ძალაუფლების წყალობით, ხშირად ბავშვის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას იწვევს, ხოლო დაუკმაყოფილებლობა – აგრესიას, მშობელი, რომელიც ძალაუფლებას ეყრდნობა, შვილისაგან ამა თუ იმ სახით გამოვლენილ აგრესიას უნდა მოელოდეს. შვილები შურს იძიებენ, ცდილობენ მშობელს „ადგილი მიუჩინონ”, მეტისმეტად კრიტიკულები არიან, უხეშობენ, იყენებენ „სიჩუმით გამოცდას” ან სხვა ასობით აგრესიულ ქცევას, რომელიც მათი აზრით, ჯავრს ამოაყრევინებს ან რაც შეიძლება ძლიერად ატკენს მშობელს.

ბავშვების წინააღმდეგობის ფორმულა დაახლოებით ასეთია: „შენ მაწყენინე, მეც გაწყენინებ – იქნება მომავალში მაინც აღარ მატკინო”. ამ ფორმულის უკიდეურესი გამოვლინებაა გაზეთებში ხშირად აღწერილი შემთხვევები, როცა შვილი ფიზიკურად უსწორდება საკუთარ მშობელს. უდავოა, რომ აგრესიის მრავალი აქტი, რომელიც მიმართულია სკოლის ხელმძღვანელობის (ვანდალიზმი), პოლიციის, პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მოტივირებულია შურისძიების ან საპასუხო დარტყმის სურვილით.
სიცრუე, გრძნობების დამალვა

ზოგიერთი ბავშვი სწრაფად ხვდება, რომ თუკი იცრუებს, მრავალი სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს. ცალკეულ შემთხვევაში, ტყუილმა შესაძლოა ჯილდოც კი მოუტანოს. ამასთან, ბავშვები აუცილებლად სწავლობენ მშობლების ღირებულებებს – მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მშობლებს. გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვი, რომელსაც თერაპიული სეანსების დროს შევხვედრივარ და რომლის მშობლები ჯილდოსა და სასჯელის „დიდ დოზას” იყენებდნენ, მიმხელდა, რომ მუდმივად ცრუობდა მშობლებთან. აი, რა მითხრა, ერთმა მოზარდა გოგონამ:

 „დედაჩემი არ მაძლევდა ერთ ბიჭთან სიარულის უფლებას, ამიტომ ერთ ჩემს მეგობარ გოგოს ვთხოვე, გამოევლო და ეთქვა, რომ კინოში ან სადმე სხვაგან მივდიოდით. შემდეგ კი პაემანზე მივდიოდი”.

„დედაჩემი არ მაძლევდა მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმის უფლებას, ამიტომ მოკლეზე ზემოდან უფრო გრძელს ვიცმევდი და როცა სახლს გავცდებოდი, ვიხდიდი ხოლმე. ასევე ვიქცეოდი სახლში დაბრუნებისას – მოკლე ქვედაბოლოზე შედარებით გრძელს ვიცმევდი და სახლში შევდიოდი”, ეს მეორე გოგონას აღაირებაა.

ბავშვები ამდენს იმიტომ ცრუობენ, რომ მათი მშობლები მეტისმეტ იმედ ამყარებენ დაჯილდოებისა და დასჯის სისტემაზე, თუმცა, მტკიცედ მჯერა, რომ სიცრუის ტენდენცია სავსებით არ არის დამახასიათებელი მოზარდობისთვის. ის დასწავლილი რეაქციაა – მშობლის მცდელობისაგან თავდაღწევის მექანიზმია, აკონტროლოს შვილი ჯილდოსა და სასჯელის მანიპულირებით. ბავშვები არ ცრუობენ ისეთ ოჯახში, სადაც მათ აღიარებენ და მათ თავისუფლებას პატივს სცემენ. 

მშობლები, რომლებიც წუხან, რომ შვილები არ უზიარებენ პრობლემებს ან მათი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, როგორც წესი, ფართოდ იყენებენ სასჯელს. ბავშვები სწავლობენ თამაშის წესებს და ერთ–ერთი ასეთი წესი დუმილია. 
სხვების დადანაშაულება, ჭორი, თაღლითობა

იმ ოჯახში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, შვილები, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ეჯიბრებიან მშობლის ჯილდოს მისაღებად და სასჯელის თავიდან ასაცილებლად. ისინი სწრაფად სწავლობენ თავდაღწევის კიდევ ერთ მექანიზმს: სხვების ჩაყენება არახელსაყრელ მდგომარეობაში, დისკრედიტაცია, დადანაშაულება, ჭორი. ფორმულა მარტივია: „თუ სხვას დავადანაშაულებ, იქნებ გადავრჩე”. როგორი ფიასკოა მშობლისათვის! მას სურს შვილები თანამშრომლობდნენ, მაგრამ ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებთ ისინი კონკურენტულ ქცევას აძლევენ საკვებს – და–ძმის მტრობას, ჩხუბს, დასმენას:  

„მას მეტი ნაყინი აქვს”.
„მე რატომ უნდა ვიმუშაო ბაღში და ჯომ – არა?”
„პირველმა მან დამარტყა – ყველაფერი მან დაიწყო!”
„არასდროს სჯიდი ერიკას, როცა ჩემხელა იყო და ჩემსავით იქცეოდა”.
„რატომ პატიობ ედის ყველაფერს?”

ბავშვებს შორის ჩხუბი და ურთიერთდადანაშაულება უმეტესწილად შეიძლება მშობლების მიერ აღზრდის პროცესში ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებას მივაწეროთ. რაკი მშობლებს არ აქვთ საკმარისი დრო, მოთმინება და სიბრძნე ყოველთვის სამართლიანად და თანაბრად გაანაწილონ ჯილდო და სასჯელი, ისინი გარდაუვლად უწყობენ ხელს კონკურენციას. ამ შემთხვევაში, სავსებით ბუნებრივია, რომ ყოველ ბავშვს თავისთვის მეტი ჯილდო სურდეს, ხოლო და–ძმისთვის – მეტი სასჯელი.  
დომინირება, მართვა, დაშინება

რატომ ცდილობს ბავშვი უმცროსი და–ძმის დამორჩილებას და დაშინებას? ერთ–ერთი მიზეზი ცხადია – მშობლები საკუთარ ძალაუფლებას მასზე დომინირებისთვის იყენებდნენ. ამიტომ, ყოველთვის, როცა და–ძმაზე ძალაუფლება აქვს, ცდილობს დომინირებას და მართავს. ამის დანახვა შესაძლებელია, როცა ბავშვები თოჯინით თამაშობენ. ისინი თოჯინას („შვილს”) ისევე ექცევიან, როგორც მათ ექცევიან მშობლები. ამიტომაც არის გავრცელებული ფსიქოლოგებში მოსაზრება, რომ იმის გასაგებად, როგორ ექცევა მშობელი შვილს საჭიროა დააკვირდე ბავშვის თამაშს თოჯინით. თუ ბავშვი დედის როლში დომინირებს, მართავს და სჯის თოჯინას, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ მას თავადაც ასე ექცევა დედა. 

შესაბამისად, როცა მშობელი თავის ავტორიტეტს შვილის მართვისა და კონტროლისათვის იყენებს  გაუცნობიერებლად რისკავს აღზარდოს ისეთი ადამიანი, რომელიც ავტორიტარული იქნება სხვების მიმართ.
გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი

როცა ბავშვი ჯილდოთი და სასჯელით გაჯერებულ გარემოში იზრდება, მას შესაძლოა დაუოკებელი მოთხოვნილება გაუჩნდეს „კარგი” ჩანდეს სხვის თვალში, ანუ გაიმარჯვოს და თავიდან აიცილოს „ცუდობა” ანუ მარცხი. ეს განსაკუთრებით ეხება ჯილდოზე ორიენტირებულ მშობლებს, რომლებიც მეტისმეტად ეყრდნობიან დადებით შეფასებას, ფულად ჯილდოს, ოქროს ვარსკვლავს, წახალისებას და ა.შ.

საუბედუროს ასეთი მშობელი ბევრია, განსაკუთრებით, საშუალო და მაღალი შემოსავლების ოჯახებში. შევხვედრივარ მშობლებს, რომლებიც უარყოფენ დასჯას, როგორც კონტროლის მეთოდს, მაგრამ იშვიათად მინახავს ისეთები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ჯილდოს გამოყენების მნიშვნელობაში. ამერიკელ მშობელს უხვად სთავაზობენ სტატიებსა და წიგნებს, სადაც ხშირად შექებისა და დაჯილდოების შესახებ უამრავი რჩევაა. მშობელთა უმრავლესობა ეჭვის გარეშე იღებს ამ რჩევას, რის შედეგად ამერიკაში ბევრი ბავშვის მანიპულირება მშობლის მიერ ყოველდღიურად ხდება შექებით, განსაკუთრებული პრივილეგიებით, ჯილდოებით, ტკბილეულით, ნაყინით, ფულით და ა.შ. გასაკვირი არ არის, რომ ჯილდოებით დანებივრებული ბავშვების თაობა ასე ძლიერ არის ორიენტირებული იმაზე, რომ გაიმარჯვოს, კარგი გამოჩნდეს, მწვერვალზე მოექცეს და, რაც მთავარია, თავიდან აიცილოს მარცხი.  

  

ჯილდოზე ორიენტირებული აღზრდის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი უკავშირდება შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რომლისთვისაც რთულია „ბონუსების” მოპოვება. მხედველობაში მყავს ბავშვი, რომლის და–ძმა და თანატოლები გენეტიკურად მეტად ნიჭიერები არიან, რის გამოც ის განწირულია „მარცხისთვის” ნებისმიერ წამოწყებაში – სახლში, სპორტულ მოედანზე ან სკოლაში. ბევრ ოჯახში ასეთი ერთი ან რამდენიმე ბავშვია, რომლებმაც ცხოვრება ხშირი დამარცხებების ტკივილით და სხვების მიერ მიღებული ჯილდოს გამო იმედგაცრუებით უნდა გალიოს. მათ დაბალი თვითშეფასება და უმწეობისა და მარცხის განწყობა უყალიბდებათ. ერთი სიტყვით, ჯილდოთი გაჯერებული გარემო შესაძლოა გაცილებით დამღუპველი აღმოჩნდეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც მისი მოპოვება არ შეუძლია, ვიდრე მათთვის, ვისაც შეუძლია. 
ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება
ბავშვები, რომლებსაც მშობლები ავტორიტეტითა და ძალაუფლებით მართავენ და აკონტროლებენ ასაკთან ერთად ამ ძალაუფლების გადალახვის კიდევ ერთ გზას სწავლობენ. ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი ალიანსების ჩამოყალიბების მოდელი სხვა ბავშვებთან ოჯახს შიგნით ან გარეთ. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ „ძალა ერთობაშია” და შეუძლიათ „ორგანიზება” ისევე, როგორც ამერიკელ მუშებს დამსაქმებლებისა და მენეჯმენტის ძალაუფლების წინააღმდეგ. 

ბავშვები ხშირად შემდეგი საშუალებებით აყალიბებენ ალიანსებს მშობელთა წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით:

უთანხმდებიან ერთმანეთს, რომ ყველა ერთსა და იმავე მოგონილ ამბავს იტყვის.

ეუბნებიან მშობლებს, რომ სხვა ბავშვებს კონკრეტული საქმიანობის კეთების ნება აქვთ და ნამუსზე აგდებენ.
არწმუნებენ სხვა ბავშვებს, რომ შეუამხანაგდნენ საეჭვო აქტივობებისას იმ იმედით, რომ მშობლები ვერ შეძლებენ მათ „გამოცალკევებას”, როცა საქმე დასჯაზე მიდგება.

დღევანდელი მოზარდების თაობამ კარგად იცის მშობლებისა და ზრდასრულების ძალაუფლების წინააღმდეგ ორგანიზებისა და ქმედების ერთიანი ძალა, რისი მკაფიო მაგალითია ნარკოტიკების მიღება მეგობრებთან ერთად, საშინაო დავალების შეუსრულებლობა, სკოლის გაცდენა და ბანდებსა და ჯგუფებში გარეთიანება.

რაკი ძალაუფლება ბავშვების ქცევის კონტროლისა და მართვის უპირატეს მეთოდად რჩება, მშობლები და სხვა ზრდასრულები ყველაზე სავალალო შედეგს იმკიან – მოზარდები ალიანსების შექმნით უპირისპირებენ საკუთარ ძალაუფლებას მშობლების ძალაუფლებას. ხდება საზოგადოების პოლარიზება ორ მტრულ ჯგუფად – ახალგაზრდები მშობლების წინააღმდეგ ორგანიზდებიან, ან თუ გნებავთ, „არმქონეები” „მქონეთა” წინააღმდეგ. საკუთარ ოჯახთან გაიგივების ნაცვლად, ბავშვები სულ უფრო მეტად აიგივებენ თავს თანატოლთა ჯგუფთან უფროსების გაერთიანებულ ძალასთან დასაპირისპირებლად. 
მორჩილება, შეგუება, დათმობა

ზოგიერთ ბავშვს ბევრისათვის გაუგებარი მიზეზების გამო ურჩევნია დაემორჩილოს მშობლების ავტორიტეტს. ისინი წინააღმდეგობას მორჩილებით, შეგუებითა და დათმობით გამოხატავენ. მშობლის ავტორიტეტზე ასეთ რეაქციას მაშინ ვხვდებით, როდესაც მშობლები ზედმეტად მკაცრები არიან საკუთარი ძალაუფლების გამოყენებისას. თუ სასჯელი ძალზე მკაცრი იყო, ბავშვი მორჩილი ხდება დასჯის მიმართ ძლიერი შიშის გამო. ბავშვის რეაქცია მშობლის ძალაუფლებაზე შესაძლოა ძაღლის რეაქციას შევადაროთ, რომელიც მკაცრი სასჯელის შემდეგ მორიდებული და დაშინებულია. ამასთან, რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო ადვილად მიიღწევა დასჯით მორჩილება, რადგან ისეთი რეაქციები, როგორიცაა წინააღმდეგობა და ამბოხი ბავშვს ჯერ კიდევ ძალზე სახიფათოდ ეჩვენება. არსებითად, ის იძულებულია მშობლის ძალაუფლებას მორჩილებითა და დათმობით უპასუხოს. მოზარდობის ასაკის დადგომასთან ერთად ასეთი რეაქცია შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ამ დროისათვის ბავშვი უკვე საკმარის ძალასა და გამბედაობას გრძნობს იმისათვის რომ წინააღმდეგობასა და ამბოხს მიმართოს. 

ზოგიერთი ბავშვი მოზარდობაშიც და ხშირად ზრდასრულობაშიც მორჩილი და დამთმობი რჩება. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს მშობლის ძალაუფლების უკიდურესი ფორმები და მას შემდეგ დასჩემდათ შიში ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ადამიანის მიმართ. არსებობენ ზრდასრულები, რომლებიც მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან, პასიურად ემორჩილებიან ავტორიტეტს, უარს ამბობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე, ეშინიათ საკუთარ თავად ყოფნის, კონფლიქტის, საკუთარი შეხედულებების დაცვის. სწორედ ასეთი ზრდასრულები ხვდებიან ძირითადად ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კაბინეტებში. 
ფარისევლობა, პირფერობა

დაჯილდოებისა და დასჯის ძალაუფლების მქონე ადამიანთან დაპირისპირების კიდევ ერთი გზაა მისი მიმხრობა, მისი გულის მონადირება განსაკუთრებული ძალისხმევით, მისთვის თავის მოწონება. ზოგიერთი ბავშვი მოხერხებულად იყენებს ამ მეთოდს მშობლებთან და სხვა უფროსებთან. ისინი შემდეგი ფორმულით ხელმძღვანელობენ: „თუ შემიძლია რაღაც სასიამოვნო გავაკეთო შენთვის და შენი კეთილგანწყობა მოვიპოვო, იქნებ დამაჯილდოვო და თავიდან ამაცილო სასჯელი”. ბავშვები ადრევე სწავლობენ, რომ უფროსები ჯილდოსა და სასჯელს სამართლიანად არ ანაწილებენ. მათი გულის მონადირება შეიძლება; მათ შეიძლება „ფავორიტები” ჰყავდეთ. ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება და მიმართავენ ისეთ ქცევებს, რომელიც ფარისევლობის, პირფერობისა და სხვა ისეთი სახელებით არის ცნობილი, რომელთა ხსენებაც კი დასაძრახია საზოგადოებაში. 

საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა დიდ ხელოვნებას მიაღწიონ უფროსების ყურადღების მოპოვებაში, მათი ქცევა, როგორც წესი, სხვა ბავშვების სამართლიან გულისწყრომას იწვევს; ფარისეველს ხშირად აბრაზებენ და უარყოფენ თანატოლები, რომლებიც ხვდებიან მისი ქცევის ნამდვილ მოტივებს ან შურთ მისი პრივილეგირებული მდგომარეობა. 
კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების გარანტიის მოთხოვნა

მშობლის ძალაუფლება შვილებში კონფორმიზმის განვითარებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე შემოქმედებითობას, ისევე როგორც ავტორიტარული სამუშაო გარემო ორგანიზაციაში კლავს ინოვაციას. შემოქმდებითობას სჭირდება ექსპერიმენტირების, ახალი საგნებისა და კომბინაციების მოსინჯვის თავისუფლება. ჯილდოსა და სასჯელის მკაცრ გარემოში აღზრდილი ბავშვი ვერ იგრძნობს ისეთ თავისუფლებას, როგორც ისეთ გარემოში აღზრდილი, სადაც აღიარებენ, იწონებენ. ძალაუფლება შიშს წარმოშობს, ხოლო შიში სპობს შემოქმედებითობას და ხელს უწყობს კონფორმიზმს. ფორმულა მარტივია: „ჯილდო რომ მივიღო, საჭიროა არ გამოვჩნდე და გავიზიარო ქცევა, რომელიც დადებითად არის მიჩნეული. არ ვაპირებ გავაკეთო ისეთი რამ, რაც მიღებულის ჩარჩოებს სცილდება, ამით თავიდან ავიცილებ სასჯელის საფრთხეს”.

საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, ღრუბლებში ფრენა, რეგრესია

როდესაც ბავშვს მეტისმეტად უძნელდება მშობლის ავტორიტეტის გამკლავება, მან შესაძლოა სცადოს გაქცევა ან საკუთარ თავში ჩაკეტვა. მშობლის ძალაუფლებას საკუთარ თავში ჩაკეტვა შესაძლოა მოჰყვეს, თუ: სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია ბავშვისთვის, მშობლები არათანმიმდევრულები არიან დაჯილდოებისას, ძალიან რთულია ჯილდოს დამსახურება, რთულია იმ ქცევების დასწავლა, რომელიც თავიდან ააცილებს სასჯელს. ნებისმიერ ზემოჩამოთვლილ პირობას შეუძლია ხელი ააღებინოს ბავშვს „თამაშის წესების” სწავლაზე. ის უბრალოდ თავს ანებებს რეალობასთან დაპირისპირების მცდელობას – მისთვის ძალზე მტკივნეულ ან ძალაზე რთულ პროცესს. ბავშვს არ შესწევს ძალა მოერგოს მისავე გარემოში არსებულ ძალებს. ამიტომ შინაგანი ხმა ჰკარნახობს, რომ გაქცევა უფრო უსაფრთხოა.

საკუთარ თავში ჩაკეტვისა და გაქცევის ფორმები ვარირებს თითქმის აბსოლუტურიდან შემთხვევითამდე ან მოკლევადიანამდე და მოიცავს:  

ღრუბლებში ფრენასა და ფანტაზიებს.
უმოქმედობას, პასიურობას, აპათიას.
ინფანტილური ქცევისაკენ რეგრესიას.
ტელევიზორის გადაჭარბებულ ყურებასა და ვიდეო თამაშებს.
განმარტოებით თამაში (ხშირად წარმოსახვით პარტნიორთან ერთად).
ავადმყოფობას.
ბანდაში გაერთიანებას. 
ნარკოტიკების მოხმარებას.
კვებით დარღვევებს.
დეპრესიას.
მშობლის ძალაუფლების უფრო სიღრმისეული საკითხები
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი კურსების მსმენელებს ვახსენებთ ბავშვობაში მშობლის ძალაუფლებისადმი დაპირისპირების მათივე მექანიზმებს და ჩვენს მიერ შეთავაზებული სიიდან განსაზღვრავენ წინააღმდეგობის იმ მეთოდებს, რომელსაც მათი შვილები იყენებენ ახლა უკვე მათი ძალაუფლებისაგან დასაცავად, მრავალი მათგანი კვლავ იმ შეხედულებას იცავს, რომ აღზრდაში ავტორიტეტი და ძალაუფლება გამართლებულია. სწორედ ამიტომ P.E.T. ჯგუფების უმრავლესობაში იმართება მშობლის ავტორიტეტთან დაკავშირებით დამატებით დამოკიდებულებებსა და განცდებზე ღია საუბარი.  

განა თვით ბავშვებს არ სურთ ძალაუფლება და შეზღუდვა?

გავრცელებული შეხედულების თანახმად, რომელსაც პროფესიონალებიც იზარებენ და არაპროფესიონალებიც, ბავშვებს სჭირდებათ ძალაუფლება – მათ მოსწონთ, როდესაც მშობლები ზღარს უდებენ მათ ქცევას ლიმიტის დაწესებით. არგუმენტის შემდგომი გავრცობა ასე ხდება: როდესაც მშობელი ძალაუფლებას იყენებს, ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს; ლიმიტების გარეშე ის არამარტო ველური და არადისციპლინირებული იქნება, არამედ დაუცველიც; თუ მშობელი არ გამოიყენებს ძალაუფლებას ლიმიტის დასაწესებლად, შვილი ჩათვლის, რომ მშობელს არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე.

ვეჭვობ, რომ ამ შეხედულებას ბევრი იზიარებს, როგორც ძალაუფლების გამოყენების გამართლებას, ამიტომ არ მსურს მისი დისკრედიტაცია ზერელე რაციონალიზაციით. ამ შეხედულებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი და ამიტომ საჭიროა მისი გულდასმით შესწავლა.  

საღი აზრი და გამოცდილება ადასტურებს მოსაზრებას, რომ ბავშვებს მართლაც სჭირდებათ შეზღუდვები მშობლებთან ურთიერთობისას. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რამდენად შორს შეუძლიათ შეტოპონ, მიუღებელი ქცევის თვალსაზრისით. მხოლოდ მაშინ შეუძლიათ უარის თქმა ამ ქცევაზე. ეს ყველა ადამიანურ ურთიერთობას ეხება. 

მაგალითად, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, როცა ვიცი, ჩემი რომელი ქცევებია მიუღებელი ცოლისთვის. პირველი რაც მახსენდება, გოლფის თამაში ან სამსახურში წასვლაა იმ დროს, როცა სახლში წვეულება გვაქვს. რაკი წინასწარ ვიცი, რომ ჩემი არყოფნა მიუღებელი იქნება, რადგან ცოლს ჩემი დახმარება სჭირდება, ვირჩევ არ ვითამაშო გოლფი და არ წავიდე ოფისში და ამით თავიდან ავიცილო უსიამოვნება, ბრაზი და შესაძლოა, კონფლიქტიც კი.  

მიუხედავად ამისა, ერთია, როცა ბავშვს სურს იცოდეს „მშობლისთვის მისაღები საზღვრები” და სრულიად სხვაა, იმის თქმა, რომ ბავშვს სურს, რომ მშობელმა დაუწესოს ქცევის საზღვრები. დავუბრუნდეთ ჩემი და ჩემი ცოლის მაგალითს: ჩემთვის ხელსაყრელია, თუ მეცოდინება, რა განცდები ექნება ცოლს, თუკი წვეულების დროს გოლფს ვითამაშებ ან ოფისში წავალ. მაგრამ ნამდვილად გავბრაზდები და მეწყინება, თუ ის ეცდება ჩემი ქცევის ლიმიტის დაწესებას, შემდეგი განცხადებით: „არ მოგცემ გოლფის თამაშის ან ოფისში წავლის ნებას, როცა სახლში სტუმრები გვყავს. ეს ლიმიტია. შენ არ გაქვს ასე მოქცევის უფლება”.

ასეთი ძალისმიერი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. სასაცილო იქნება იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩემი ცოლი ასე ეცდება ჩემი ქცევის კონტროლსა და მართვას. ბავშვებსაც სწორედ ასეთივე რეაქცია აქვთ მშობლების მიერ ლიმიტის დაწესებაზე. ჩემსავით ძლიერ ბრაზობენ და სწყინთ, როდესაც მშობლები ცალმხრივად ცდილობენ მათ ქცევაზე საზღვრის დაწესებას. არ შემხვედრია ბავშვი, რომელსაც სურდეს მშობლისაგან ზღვრის დაწესება შემდეგი ფრაზებით: 

„შუაღამისას სახლში უნდა იყო – ეს ჩემი ზღვარია”.    
„ვერ დაგრთავ ავტომობილით სარგებლობის უფლებას”.
„გიკრძალავ სასადილო ოთახში მანქანით თამაშს”.
„მოვითხოვთ, არ მოსწიო ნარკოტიკი”.
„იძულებულები ვართ, აგიკრძალოთ იმ ორ ბიჭთან სიარული”.
მკითხველი ამ კომუნიკაციაში ჩვენთვის ნაცნობ „გადაწყვეტილების გაგზავნას” (ისინი, ამავდროულად, „შენ–შეტყობინებაცაა”) ამოიცნობს.

„ბავშვებს სურს, რომ მშობლებმა გამოიყენონ ძალაუფლება და დაუწესონ ზღვარი” შეხედულებაზე უფრო ლოგიკური და ჯანსაღი პრინციპი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

ბავშვებს სურთ და სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რას განიცდიან მშობლები მათი ქცევის გამო, რომ მათ თავად შეძლონ მშობლისათის მიუღებელი ქცევის შეცვლა. თუმცა, მათ არ სურთ, რომ მშობელმა ზღვარი დაუდოს ან შეცვალოს მათი ქცევა საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით ან გამოყენების მუქარით. ერთი სიტყვით, ბავშვებს სურთ თავად დაუდონ ზღვარი საკუთარ ქცევას, თუკი ხვდებიან, რომ საჭიროა ქცევის შეზღუდვა ან შეცვლა. ბავშვებს, ისევე როგორც დიდებს, ურჩევნიათ თავად იყვნენ საკუთარი ქცევის ბატონ–პატრონები. 
კიდევ ერთი: პრინციპში, ბავშვებს ურჩევნიათ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იყოს მშობლებისთვის

და არ იყოს საჭირო რომელიმე ქცევაზე ზღვრის დაწესება ან შეცვლა. მეც ვამჯობინებდი, რომ ჩემი ყველა ქცევა უპირობოდ მისაღები ყოფილიყო ჩემი მეუღლისთვის. ვამჯობინებდი, თუმცა, ვიცი, რომ ეს არა მხოლოდ არარეალისტური, შეუძლებელიცაა.

ამრიგად, მშობლები და არც შვილები არ უნდა მოელოდნენ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იქნება. მაგრამ შვილებს აქვთ უფლება მოელოდნენ, რომ მშობელი ყოველთვის გაუმხელს საკუთარ გრძნობებს, როცა მათი კონკრეტული ქცევა მიუღებელი იქნება („არ მომწონს, როცა კაბაზე მექაჩებიან მეგობართან საუბრისას”). ეს სრულიად განსხვავდება სურვილისგან, მშობელმა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება შვილის ქცევაზე ზღვრის დასაწესებლად.      მისაღებია თუ არა ძალაუფლება, როდესაც მშობელი თანმიმდევრულია?

ზოგიერთი მშობელი ამართლებს ძალაუფლების გამოყენებას იმ მოტივით, რომ ის ეფექტურია და არ მოაქვს ზიანი თანმიმდევრულად გამოყენების შემთხვევაში. მეცადინეობებზე მშობლები გაოცებულები რჩებიან აღმოაჩენით, რომ სავსებით მართალნი არიან თანმიმდევრულობის აუცილებლობის შესახებ. ჩვენი ინსტრუქტორები არწმუნებენ მათ, რომ თანმიმდევრულობა აუცილებელია, თუკი ისინი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. მეტიც, შვილებს ურჩევნიათ მშობლები თანმიმდევრულები იყვნენ, თუკი ისინი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. 

ეს „თუკი” არსებითია. ძალაუფლების გამოყენება საზიანოა, მაგრამ კიდევ უფრო დამღუპველია არათანმიმდევრულად გამოყენებისას. ბავშვებს არ სურთ, რომ მშობლებმა ძალაუფლება გამოიყენონ, მაგრამ თუკი გამოიყენებენ, ურჩევნიათ მისი თანმიმდევრულად გამოყენება. თუკი მშობელი თვლის, რომ ძალაუფლება უნდა გამოიყენოს, მისი გამოყენებისას თანმიმდევრულობა მეტ შესაძლებლობას მისცემს ბავშვს დაბეჯითებით იცოდეს, რომელი კონკრეტული ქცევისათვის დაისჯება ყოველთვის და რომლისთვის მიიღებს ჯილდოს. 

მრავალი ექსპერიმენტი მოწმობს არათანმიმდევრულობის დამღუპველ შედეგებს ცხოველთა ქცევის შეცვლის მიზნით ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების დროს. მაგალითის სახით შეიძლება მოვიტანოთ ფსიქოლოგ ნორმან მაიერის მიერ ჩატარებული კლასიკური ექსპერიმენტი. მაიერი აჯილდოვებდა ვირთხას, თუკი ისინი პლატფორმიდან იმ კარებთან დახტებოდა, რომელზეც ოთხკუთხედი ეხატა. კარის გაღებით ვირთხა კარს უკან მდებარე საჭმელს იღებდა ჯილდოს სახით. მაიერი სჯიდა ვირთხას, როცა ის პლატფორმიდან იმ კარების მიმართულებით დახტებოდა, რომელზეც განსხვავებული ფიგურა, სამკუთხედი ეხატა. კარები არ იღებოდა, რის გამოც ვირთხა მას ცხვირით ეჯახებოდა და შემდეგ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ბადეზე ეცემოდა. ამგვარად, ვირთხა „სწავლობდა” ოთხკუთხედისა და სამკუთხედის განსხვავებას – მარტივი ექსპერიმენტი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბებაზე.   

შემდეგ მაიერმა გადაწყვიტა „არათანმიმდევრული” ყოფილიყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. ის გამიზნულად ცვლიდა პირობებს ნახატის შემთხვევითი (უსისტემო) შერჩევის გზით. ზოგჯერ ოთხკუთხედი იმ კარებზე იყო, რომლის უკან საკვები იყო, ზოგჯერ კი იმ კარის უკან, რომელიც არ იღებოდა და ვირთხა ვარდებოდა. მრავალი მშობლის მსგავსად ფსიქოლოგი არათანმიმდევრული იყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას.

რა მოუვიდათ ვირთხებს? ისინი „ნევროტულები” გახდნენ; ზოგიერთს კანის დაავადება გაუჩნდა, ზოგი კატატონიურ მდგომარეობაში ჩავარდა, ზოგი უგონოდ და უმისამართოდ დარბოდა გალიაში, ზოგი სხვა ვირთხებს გაურბოდა, ზოგი აღარ ჭამდა. მაიერმა არათანმიმდევრულობით „ექსპერიმენტული ნევროზი” გამოიწვია ვირთხებში.

ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას არათანმიმდევრულობის შედეგები შესაძლოა ასეთივე დამღუპველი იყოს ბავშვებისთვის. არათანმიმდევრულობა მათ არ აძლევთ „სწორი” (დასაჯილდოებელი) ქცევის დასწავლისა და „არასასურველი” (დასასჯელი) ქცევის თავიდან აცილების შესაძლებლობას. მათ არ შეუძლიათ გამარჯვება. შედეგად ისინი იმედგაცრუებულები, დაბნეულები, გაბრაზებულები და „ნევროტულებიც” კი ხდებიან.  
განა მშობლის ვალი არ არის ბავშვზე ზეგავლენა?

ძალაუფლებისა და ავტორიტეტის შესახებ დამოკიდებულებას, ალბათ, მშობლები ყველაზე ხშირად იმით ამართლებენ, რომ მშობლის „პასუხისმგებლობაა” იმოქმედოს ბავშვზე ისე, რომ მისგან კონკრეტულ – მშობლისა ან „საზოგადოებისათვის” (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ცნება) სასურველად მიჩნეულ – ქცევას მიაღწიოს. ეს სამყაროსავით ძველი დავა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ძალაუფლება გავამართლოთ ადამიანთა ურთიერთობაში, თუკი ის გამოიყენება საკეთილდღეოდ და გონივრულად „მოყვასის ან საზოგადოების კეთილდღეობისთვის” ან „უმაღლესი ინტერესებისთვის”. 

საქმე იმაშია, ვინ წყვეტს როგორია საზოგადოების უმაღლესი ინტერესები. ბავშვი? მშობელი? ვინ იცის უკეთ? ეს საკმაოდ რთული კითხვებია და არსებობს საფრთხე, რომ „უმაღლესი ინტერესების” განმსაზღვრელი მშობელი იქნება.

იქნებ მშობელი არასაკმარისად ბრძენია, რომ განსაზღვრა შეძლოს. ყველა ცდება – მშობლებიც და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვს და მან, ვისაც ძალაუფლება აქვს, შესაძლოა იცრუოს და განაცხადოს, რომ მას მოყვასის საკეთილდღეოდ იყენებს. ცივილიზაციის ისტორიაში ტავიანთი ვალი დატოვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალაუფლებას იმ ადამიანთა საკეთილდღოდ იყენებდნენ, ვისზედაც ეს ძალაუფლება ვრცელდებოდა. „ამას მხოლოდ შენი კეთილდღეობისათვის ვაკეთებ”, განა ძალაუფლების დამაჯერებელი გამართლება არ არის?

„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის”, წერდა ლორდი აკტონი. პოეტი შელი ძალაუფლებას „გამანადგურებელ ჭირს” ამსგავსებდა, რომელიც „ედება ყველაფერს, რასაც კი შეეხება”. „რაც მეტია ძალაუფლება, მით საშიშია მისი ბოროტად გამოყენება”, ამტკიცებდა ედმუნდ ბერკი.

ძალაუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელსაც ერთნაირად აცნობიერებენ სახელმწიფო მოხელეებიც და პოეტებიც, დღემდე არსებობს. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ძალაუფლების გამოყენება დღეს დიდ ეჭვს იწვევს. ინფორმაციის საუკუნეში ურთიერთგადარჩენის აუცილებლობამ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიო მთავრობისა და მსოფლიო სასამართლო უფუნქციო გახადოს. ძალაუფლების გამოყენებას ერთი რასის მიერ მეორე რასის საწინააღმდეგოდ აღარ ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემა. მრეწველობასა და ბიზნესში ძალაუფლებით მართვას ბევრი ყავლგასულ ფილოსოფიად მიიჩნევს. საუკუნეების განმავლობაში ქმარსა და ცოლს შორის ძალაუფლებრივი სხვაობა თანდათანობით, მაგრამ უდავოდ მცირდება. და ბოლოს, ეკლესიის აბსოლუტური ძალაუფლება და ავტორიტეტი ირყევა როგორც თვით ინსტიტუტს გარეთ, ისე მის შიგნით ძალების გავლენით.

ადამიანთა ურთიერთობაში სანქცირებული ძალაუფლების ერთ–ერთი უკანასკნელი ციტადელი ოჯახია – მშობელი–შვილის ურთიერთობა. იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზეც – მასწავლებელი–მოსწავლის ურთიერთობაზე, სადაც ძალაუფლება კვლავ რჩება მოსწავლეთა ქცევის კონტროლისა და მართვის ძირითად საშუალებად. 

რატომ არიან ბავშვები უკანასკნელნი, ვისაც ძალაუფლებისა და ავტორიტეტის პოტენციური მანკიერებებისაგან დაცვა სჭირდება? იმიტომ, რომ ისინი პატარები არიან, თუ იმიტომ, რომ უფროსებისთვის ასე ადვილია ძალაუფლების გამოყენების ახსნა ფრაზებით: „მამამ უკეთ იცის” ან „ისევ ბავშვისვე კეთილდღეობისთვის”?    

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაწვდება ძალაუფლებასა და ავტორიტეტს უფრო სრულყოფილად და აღიარებს მის გამოყენებას არაზნეობრივად, მით მეტი მშობელი გამოიყენებს ამ ცოდნას ზრდასრული–ბავშვის ურთიერთობებში; მაშინ საფუძველი ჩაეყრება ისეთი ახალი შემოქმედებითი არაძალაუფლებრივი მეთოდების ძებნას, რომელსაც ყველა ზრდასრული გამოიყენებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობაში.

თავი რომ დავანებოთ ძალაუფლების გამოყენების მორალურ და ეთიკურ საკითხებს, მშობლის კითხვაში – „განა ჩემი ვალი არ არის ძალაუფლება შვილზე ზეგავლენისათვის გამოვიყენო?” – მჟღავნდება არასწორი წარმოდგენა ძალაუფლების ეფექტურობის შესახებ ბავშვებზე ზეგავლენის მიზნით. მშობლის ძალაუფლება სინამდვილეში არ „ზემოქმედებს” ბავშვზე; ის აიძულებს მოიქცეს დადგენილი წესით. ძალაუფლება არ „ზემოქმედებს” დარწმუნების, დათანხმების, სწავლების ან მოტივაციის თვალსაზრისით ბავშვზე. ის აიძულებს ან კრძალავს ქცევას. აღმატებული ძალაუფლების მქონე ადამიანის მიერ ქცევის იძულება ან აკრძალვა ვერ იქნება ბავშვისათვის დამაჯერებელი. როგორც წესი, ის მიუბრუნდება თავის ძველ ქცევას, როგორც კი ავტორიტეტის ან ძალაუფლების ზემოქმედება შეწყდება, რადგან მისი მოთხოვნილებები და და სურვილები უცვლელი დარჩა. ზოგჯერ ის შურს იძიებს მშობელზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების და გადატანილი დამცირების გამო. ამრიგად, ძალაუფლება ძალაუფლებას ანიჭებს საკუთარ მსხვერპლს, ქმნის საკუთარ ოპოზიციას, ხელს უწყობს თვითგანადგურებას. 

მშობელი, რომელიც ძალაუფლებას იყენებს, ფაქტობრივად, ამცირებს საკუთარ შვილებზე ზეგავლენას, რადგან ძალაუფლება ძალიან ხშირად საწინააღმდეგო ქცევას იწვევს (ბავშვი ეწინააღმდეგება ძალაუფლებას იმით, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც მშობელი მოითხოვს მისგან). ხშირად მსმენია მშობლებისგან: „გაცილებით მეტ ზემოქმედებას შევძლებდით შვილზე თუ ჩვენს ძალაუფლებას იმისთვის გამოვიყენებდით რასაც მისგან ვითხოვდით იმის საპირისპიროს გაკეთება რომ გვეიძულებინა. ალბათ, მაშინ მაინც ბოლოს და ბოლოს იმას გააკეთებდა, რაც გვსურდა”.
როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ჭეშმარიტებაა, რომ ძალაუფლების გამოყენებით მშობელი კარგავს ზეგავლენას, ხოლო ძალაუფლებაზე ან მის გამოყენებაზე უარის თქმით ის მეტ გავლენას იძენს.    

        

მშობლებს ნამდვილად მეტი გავლენა ექნებოდათ შვილებზე თუკი მათი ზეგავლენის მეთოდები არ გამოიწვევდა ამბოხს და რეაქციულ ქცევას. ზემოქმედების არაძალაუფლებრივი მეთოდების საშუალებით გაცილებით ადვილია იმის მიღწევა, რომ შვილებმა უფრო სერიოზულად მიიღონ მშობლების იდეები ან მათი ემოციები და შედეგად საკუთარი ქცევა მშობლისათვის სასურველი მიმართულებით შეცვალონ. მართალია, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ ხომ შეცვლიან ქცევას. ამბოხებული შვილი კი არც კი ეცდება საკუთარი ქცევის შეცვლას მშობლის ინტერესების გათვალისწინებით.  
რატომ ინარჩუნებს ძალაუფლება ადგილს ბავშვის აღზრდაში?

მშობლების მიერ ხშირად დასმულმა ამ კითხვამ თავსატეხი გამიჩინა. მართლაც, იმის გათვალისწინებით, რაც ძალაუფლებისა და მისი შედეგების შესახებ ვიცით, რთულია გაიგო, როგორ შეიძლება ვინმემ გაამართლოს ძალაუფლების გამოყენება ბავშვის აღზრდაში ან ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში. მშობლებთან მუშაობამ დამარწმუნა, რომ მათ უმრავლესობას, მცირე გამონაკლისის გარდა, არ უყვარს შვილებთან ძალაუფლების გამოყენება. ძალაუფლების გამოყენებისას თავს უხერხულად გრძნობენ და დანაშაულის გრძნობა სტანჯავთ. ხშირად შვილებს ბოდიშსაც უხდიან ძალაუფლების გამოყენების გამო ან თავს იმშვიდებენ ჩვეული რაციონალური განზოგადებით: „ეს მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ”, „როდესმე მადლობას გვეტყვი ამისთვის” ან „როცა მშობელი გახდები, გაიგებ, რატომ არ გრთავდით ამის ნებას”.

დანაშაულის გრძნობასთან ერთად, მრვალი მშობელი აღიარებს, რომ ძალაუფლებრივი მეთოდები არც ისე ეფექტურია, განსაკუთრებით ის მშობლები, რომელთა შვილებმა უკვე ამბოხი, სიცრუე, დასმენა ან პასიური წინააღმდეგობა ისწავლეს.

ზემოთქმულის საფუძველზე შემდეგ დასკვნამდე მივედი: წლების განმავლობაში მშობლები იმიტომ იყენებენ ძალაუფლებას, რომ თითქმის ან საერთოდ არ შეხვედრიან ადამიანებს, რომლებიც არაძალაუფლებრივ მეთოდებს იყენებენ. ადამიანთა უმრავლესობას ბავშვობიდან მოყოლებული ძალაუფლებით აკონტროლებენ – მშობლების, მასწავლებლების, სკოლის დირექტორის, მწვრთნელის, საკვირაო სკოლის მასწავლებლის, ბიძების, დეიდების, ბებიებისა და პაპების, ბანაკის დირექტორის, სამხედრო ოფიცრების და ბოსების ძალაუფლებით. აქედან გამომდინარე, მშობლები ჯიუტად იყენებენ ძალაუფლებას, რადგან ადამიანურ ურთიერთობებში კონფლიქტის გადაჭრისთვის რომელიმე სხვა მეთოდის გამოსაყენებლად არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება.

მოსწავლე, მასწავლებელი, ჯობსი და ბრედბერი

0
…გაივლის წლები და მასწავლებლის მაგიდასთან მდგარ მალინა საჯაიას ზამთრის ის ცივი დღე გაახსენდება, მასწავლებელმა დიდ შესვენებაზე ხალხით სავსე დერეფნის კედელთან რომ მიაყენა, ორივე ლოყაში გაარტყა და მარჯვენა ყური აუწია.
“ეს ის კვირა იყო, ენ ტეილორი გრინთაუნში რომ ჩამოვიდა საზაფხულო სკოლის მასწავლებლად. მას უკვე ოცდაოთხი წელი შესრულებოდა… ენი ის მასწავლებელი იყო, რომლისთვისაც ყველა მოწაფეს სურდა მიერთმია ულამაზესი ფორთოხალი ან ვარდისფერი ყვავილები… იმ პირველ დილას მის ენ ტეილორი კლასში გვერდითა კარიდან შევიდა და სანამ დაფაზე მრგვალი ასოებით თავისი სახელი და გვარი გამოჰყავდა, ბავშვები მონუსხულებივით ისხდნენ. “მე ენ ტეილორი ვარ, თქვენი ახალი მასწავლებელი”, – ხმადაბლა თქვა მან. უეცრად ოთახში თითქოს შუქი დაიღვარა, თითქოს შენობას სახურავი ახადეს და ხეებზე მსხდომი ჩიტების ჟივილ-ხივილი მოისმა…”

დღეს, მოსწავლეების ჟივილ-ხივილით დაღლილმა, ორიოდ წუთით სკოლის ბიბლიოთეკას შევაფარე თავი, თაროდან პირველივე წიგნი ავიღე, გადავშალე და ხელში შემრჩა რეი ბრედბერის “მოთხრობა სიყვარულზე”, რომელიც წინა აბზაცში მოყვანილი ისტორიით იწყება. რა თქმა უნდა, არც მე ვარ ენ ტეილორი და არც დიდუბე-ჩუღურეთია გრინთაუნი, მაგრამ სულ ახლახან შემისრულდა ოცდაოთხი, სკოლაშიც დავიწყე მუშაობა და მასწავლებლების დაავადებას – ყელის კატარსაც – გავუსინჯე გემო. როგორც ერთხელ ჩემმა პოეტმა მეგობარმა თქვა, “სტაფილოს გავხეხავ ყელით”. მაგრამ მასწავლებლობაზე – მერე… ჯერ იმას მოგიყვებით, მე როგორ ვსწავლობდი.

ხუთი წლისამ კითხვა უკვე ვიცოდი და მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ დრო იყო, ზუგდიდის მერვე საშუალო სკოლის მოსწავლე გავმხდარიყავი. სკოლის დირექციამ ხუთი წლის ციცქნა გოგოს მიღებაზე უარი განაცხადა, მერე განათლების სამინისტროში რაღაც კითხვები დამისვეს… მოკლედ, “ზემოთ” გადაწყდა ეს ამბავი. რომელიღაც კლასში დაწერილ თხზულებაში პირველი დღის ამბებს (რატომ მახსოვს ასე ზუსტად, არ ვიცი) ასე აღვწერდი: “ბებიის კალთას ამოფარებულს, არ მინდოდა სკოლაში შესვლა, მაგრამ გამოჩნდა სიკეთით სავსე ქალბატონი, რომელმაც მხარზე მომხვია თავისი თბილი ხელები და შემიყვანა საკლასო ოთახში. ასე გავიცანი ჩემი პირველი მასწავლებელი – ნელი შარია”.

გავიდა წლები და სექტემბრის თბილ დღეს, როცა ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ უკვე “ჩემი” მოსწავლეებისთვის ვამზადებდი ოთახს და თანამშრომელმა ერთ-ერთ ბავშვზე მითხრა, პატარაა და წინ დასვიო, გამახსენდა, როგორ ვიჯექი დაწყებით კლასებში პირველ მერხზე, რაც გულისხმობდა გაკვეთილის კარგად მომზადებას, მუდამ აწეულ ხელს და მაგიდის ქვეშ მოქანავე ფეხებს, იატაკს რომ ვერ სწვდებოდნენ. კიდევ ჩემი თანაკლასელი თამთა გამახსენდა, რომელიც ცუდად ხედავდა და თვალებს ჭუტავდა. ეს ისე მომხიბვლელი მეჩვენებოდა, რომ გადმოვიღე და ამის გამო დედამ კინაღამ ოფთალმოლოგთან წამიყვანა.

გავიდა წლები, მაგრამ მე ისევ მახსოვს მასწავლებლის მარჯვენა ხელის ანაბეჭდი ჩემს ლოყაზე. წარმოიდგინეთ მეშვიდეკლასელი გოგო, რომელიც მეთერთეტე კლასის გუნდთან ერთად თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს, დადის მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქართულის ტურებსა და კონფერენციებზე (იქ რას აკეთებს, ეს სხვა საქმეა), იცის გალაკტიონის 45 ლექსი (“შემოესწავლა”) და… არ ესწრება ფიზკულტურის გაკვეთილს. არც მაგიდის ჩოგბურთი უყვარს და არც ფინიშთან ბოლოს მიხოხება, ამიტომ რაღაც ცნობა აუღო დედამ, ჰოდა, ფიზკულტურის გაკვეთილზე დარბაზის ნაცვლად კლასში ზის და მორიგ ლექსს კითხულობს. ერთ-ერთ ასეთ საათზე “შატალოზე” მყოფი ორი თანაკლასელი სთხოვს, მეზობელი კლასიდან გამოყვანოს ვინმე გ.ზ., რადგან მას მამა ელოდება ეზოში. ეს შტერი გოგოც… ეს მესამე პირი რა უბედურებაა?! მოკლედ, მეც შევდივარ მე-11 კლასში და ქართულის მასწავლებელს მორიდებით, ღიმილით, კრძალვითა და ცახცახით ვეუბნები:
– მასწავლებელო, თუ შეიძლება გ. ზ. გამოუშვით, მამა ელოდება გარეთ.

– დაირეკება ზარი და გამოვა.

ზარი, ჩემდა სამწუხაროდ, მალე დაირეკა. ზემოხსენებულმა მასწავლებელმა კლასიდან გამომიხმო, შესვენებაზე აქეთ-იქით მოსიარულე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების თვალწინ დერეფანში კედელთან მიმიმწყვდია, იქედნურად ჩაიქირქილა: “შენ იცი, მე ვინ ვარ?!” – და ჯერ მარცხენა ლოყაში გამარტყა, მერე – მარჯვენაში, ბოლოს ყურიც ამიწია. მე, როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება, არ მიტირია. უბრალოდ, კლასში შევედი და მომდევნო გაკვეთილისთვის საჭირო წიგნები მერხზე დავაწყვე.

მეორე დღეს მამაჩემის საყვარელი ბიძა გარდაიცვალა და მთელი ოჯახი სამძიმარზე წავედით. სკოლა გავაცდინე. მესამე დღეს დამრიგებელმა რომ დამინახა, შვებით ამოისუნთქა: “მეგონა, ბებიას უთხარი და სკანდალს ველოდიო…” დღესაც არ იცის, რომ ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომის აღების მერეღა ვიპოვე ძალა, ეს ამბავი ჩემი ოჯახისთვის მომეყოლა. ბებიას ისეთი რეაქცია ჰქონდა (“სად ჰყავს თეოფილე გაბუნიას დურუ ხუნჭუას გასალახი შვილიშვილი?!”), მივხვდი, დუმილით სკოლა გადავარჩინე. იმ მასწავლებელს კი, პროტესტის პასიურ ფორმას მივმართე და, არ ვესალმებოდი. დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ არ გაარკვია ჩემი “ტყუილის” მიზეზი და რაში დასჭირდა იმ 30 კილო ბავშვის სახალხოდ ცემა, რომელიც ხელებჩამოყრილი, მხრებაწურული იდგა და იმეორებდა: “მე უბრალოდ… მე უბრალოდ…” შესაძლოა, “განტევების ვაცი” ვიყავი იმ დროს, ან უბრალოდ “მსხალი”, რომელიც მასწავლებელმა მცირე ხელფასის, სურსათის სიძვირის, თბილისში ქირით მცხოვრები სტუდენტი შვილების გადასახადების, გადაღლილობის, სტრესის გამო დაგროვილი აგრესიისგან განსამუხტავად გამოიყენა.

ჰო, კიდევ, ერთი ქართულის მასწავლებელი მყავდა. წელიწადის იმ დროს, როცა ყვითელ ფოთლებს ხრაშახრუში გაუდის, მასთან საჩუქრად ჩემს ეზოში დაკრეფილი ქრიზანთემები მიმქონდა. ჩარგავდა ყვავილებში თავს და “სხვაგან ქროდა მისი გონება, მისმან თავისმა წონამან”.

…დღეს სკოლის ეზოში მოსწავლემ საქანელიდან გადმომძახა: “ქალბატონო მალინაააა, როგორ არ მინდა სკოლიდან წასვლა!”

ოთხი დღეა ვიცნობ ამ ბავშვებს. სულ რაღაც ოთხი დღე, მთელი ოთხი დღე, ოცდათექვსმეტი საათი. ჰოდა, მგონი, შემიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ყინული გალღვა და მე უკვე აღარ მეშინია, რომ ერთ დღესაც სკამზე ჭიკარტი დამხვდება. წინ კიდევ ბევრი სირთულეა, მაგრამ, როგორც გაბრიელა მისტრალი გვეუბნება, მასწავლებლის მთავარი მცნებაა “გიყვარდეს მთელი გულითა და სულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს”.

P.S. დღეს აიფონებზე ჩამოვარდა სიტყვა და სტივ ჯობსის ცხოვრებაზე მოვუყევი. ბოლოს მისი დანაბარებიც გადავეცი: “დიდი საქმის აღსასრულებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შეიყვარეთ ის”.

სინქრონია-დიაქრონიის პრინციპები და გლობალური პრობლემების განხილვა ისტორიის გაკვეთილზე

0

ისტორიის როგორც სამეცნიერო დისციპლინის შესწავლისას ისტორიკოსის ყურადღების ცენტრში მთლიანად განვითარების პროცესი ექცევა, მაგრამ ისტორიული სიტუაციის გაგებისა და გადმოცემის პრინციპი შეიძლება სულ რამდენიმე იყოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ მეთოდებს, გზებსა და საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ ისტორიკოსები – მკვლევარი-ისტორიკოსები სამეცნიერო მუშაობისას და ისტორიის მასწავლებლები გაკვეთილის მსვლელობისას. მაგრამ ვინაიდან ისტორიის სახელმძღვანელოები მკაცრად ადაპტირებული ისტორიული ტექსტებია და ხშირად ერთგვარი სიმშრალეც ახასიათებს, გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის მასწავლებლებისთვის არა მარტო პედაგოგიური უნარების, არამედ ისტორიული სიტუაცის გაგებისა და გადმოცემის პრინციპების ცოდნა, რათა მასალის ახსნის დროს არ დაირღვეს ისტორიული პროცესებისთვის დამახასიათებელი განვითარების ერთიანი ჯაჭვი.

ვრცლად 


სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშის მნიშვნელობის შესახებ – მეორე ნაწილი

0
რატომ უნდა შეწყდეს ბავშვების ასაკობრივი სეგრეგაცია
წყარო: სტატიები ჟურნალებიდან „Psychology Today” (17/09/2008) და American journal of Play (2011, Volume 3)
ავტორი: პიტერ გრეი
წინა წერილში აღვწერეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ასაკისა და უფრო მოზრდილი ბავშვების ერთად თამაში. ერთობლივი თამაში პატარებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთ თამაშებში, რომლებიც შეუძლებელია განხორციელდეს მარტო ან თანატოლებთან ერთად. ამჯერად შევეხებით რამდენიმე თვისებრივ განსხვავებას შერეული ასაკის ბავშვებისა და ასაკობრივად სეგრეგირებული ბავშვების ჯგუფების თამაშებს შორის.
განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტები ვიგოცკისა და ბრუნერის კონცეფციებს ხშირად ბავშვებისა და მასწავლებლების ან ბავშვებისა და მათი მშობლების ურთიერთქმედების კვლევისას იყენებენ, თუმცა მე მათ შევთავაზებდი, ისინი სხვადასხვა ასაკის ბავშვების ინტერაქციის შესასწავლად გამოყენებინათ. 
მოზრდილი ბავშვები გაცილებით ახლოს არიან პატარებთან ასაკით, ინტერესებით, შესაძლებლობებით, ენერგიის დონითა და ხელმისაწვდომი დროით, ვიდრე ზრდასრული ადამიანები, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ისინი (მოზრდილი ბავშვები) უფრო მეტხანს დარჩებიან პატარა ბავშვების პროქსიმული განვითარების ზონაში, ვიდრე ნებისმიერი ზრდასრული.
როდესაც ბავშვები თამაშობენ სხვადასხვა ასაკის წყვილებად ან ჯგუფებად, უფრო დიდი ასაკის, მეტი გამოცდილებისა და უნარების მქონენი, ბუნებრივად და არაცნობიერად, პატარებისთვის იმ დამხმარეებს (ე.წ. სკაფოლდებს) წარმოადგენენ, რომლებიც პატარა მონაწილეებს თამაშში მათი დონისა და მონაწილეობის გაზრდაში (ცოდნის, ახალი უნარებისა თუ სხვა თვისებების ხარჯზე) ეხმარებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს სოციალური ლიტერატურიდან. მილდრედ პარტენის კლასიკური თეორია თამაშის განვითარების ეტაპების შესახებ გვამცნობს, რომ 2 ან 3 წლის ბავშვებს ჯერ არ შეუძლიათ კოლაბორაციულ სოციალურ თამაშებში მონაწილეობა. როდესაც ამ ასაკის ბავშვები ერთად ხვდებიან, ისინი იწყებენ, როგორ ამას უწოდებენ, „პარალელურ” თამაშს – ბავშვები ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაშობენ, ყურადღებას აქცევენ ერთმანეთის სათამაშო აქტივობას, მაგრამ ჯერ არ შეუძლიათ კომბინირებული, სოციალური თამაში.
როგორც დოქტორი მელვინ კონერი აღნიშნავს, თავის 1975 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, „პარალელური” თამაშები თანამედროვე ეპოქის არტეფაქტია, ეპოქისა, სადაც ბავშვები ასაკით სეგრეგირებულ ორგანიზებულ ჯგუფებად დადიან სკოლაში, წრეში ან სხვა სოციალურ ინსტიტუტში. შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფებში, როგორც ამბობს დოქტორი კონერი, მოზრდილი ბავშვები თავიანთ მცირეწლოვან კომპანიონებს თამაშში ეხმარებიან და საშუალებას აძლევენ, ჩაერთონ კოლაბორაციულ სოციალურ ქმედებებში. 4 წლის ბავშვსაც კი შეუძლია გაზარდოს 3 წლის ბავშვის თამაშის დონე. ორი დამოუკიდებელი გამოკვლევა, რომლებიც 3 წლის ბავშვთა თამაშებსა და 3 და 4 წლის ბავშვების ჯგუფთა თამაშებს აღწერს, ადასტურებს კონერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ერთი წლით უფროს ბავშვებს (ამ შემთხვევაში 4 წლისებზეა საუბარი) შეუძლიათ 3 წლის პატარების ჩართვა უფრო მაღალი დონის ინტერაქციაში (ვიდრე „პარალელური” თამაშებია) და სოციალურ ურთიერთქმედებაში.
სხვა ექსპერიმენტში მკვლევარები აკვირდებოდნენ 2 და 5 წლის ბავშვების ერთობლივ წყვილურ თამაშებს. ყველა მონაწილე ექსპერიმენტამდე ერთსა და იმავე სკოლამდელ დაწესებულებაში დაიარებოდა, ანუ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. სათამაშო სიტუაციის შესაქმნელად ყველამ მიიღო სათევზაო და კემპინგის სათამაშო კომპლექტები, რომლებიც შექმნილი იყო მათი ფანტაზიის განსავითარებელი თამაშებისთვის. ბავშვებს შესთავაზეს, ერთად ეთამაშათ. მკვლევარებმა შედარებისთვის ბავშვები შემდეგნაირად დააწყვილეს: ა) 2 წლის ბავშვი მეორე 2 წლის ბავშვთან; ბ) 5 წლის ბავშვი მეორე 5 წლის ბავშვთან და გ) 2 წლის ბავშვი 5 წლის ბავშვთან.

მოსალოდნელი იყო, რომ 5 წლის ბავშვების წყვილები ბევრად უფრო რთულ თამაშს შეუდგებოდნენ, თანაც მათი თამაში ბევრად უფრო სოციალურ-კომუნიკაბელური იქნებოდა, ვიდრე 2 წლის წყვილებისა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ 5 წლის ბავშვები შერეულ წყვილში (როდესაც მათი პარტნიორი 2 წლის ბავშვი იყო) თავიანთი ასაკის დონის თამაშს თამაშობდნენ. უფროსი ბავშვები უმცროსი ასაკის პარტნიორთან თამაშისას იყენებდნენ სკაფოლდინგის სხვადასხვა ტიპის ვერბალურ თუ არავერბალურ (დამხმარე „ხარიხების”) ტექნიკას, რითაც 2 წლის ბავშვს თავიანთ თამაშში იწვევდნენ და აჰყავდათ მათი მონაწილეობა 5 წლის ასაკის ბავშვის აქტივობის დონეზე. ეს იმან გახადა შესაძლებელი, რომ 5 წლის ბავშვებმა, ერთობლივ ფანტაზიურ თამაშში, 2 წლის ბავშვებისთვის მათთვის შესაძლებელი როლების სტრუქტურირება მოახდინეს. უფროსები პატარებს ეხმარებოდნენ ამ როლების ათვისება-შესრულებაში – შესაბამისი დახმარებით, შეთავაზებით, ინსტრუქტირებით, რა და როგორ ეკეთებინათ თამაშისას. ის, რასაც 2 წლის ბავშვები აკეთებდნენ უფროსებთან ერთად თამაშის დროს, შეუძლებელი იყო მომხდარიყო ან უბრალოდ შესრულებულიყო 2 წლის თანატოლებთან თამაშის შემთხვევაში.
კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელიც ეშლი მეინარდმა მაიას ტომის ზინაკანტეკის ხალხის 36 განსხვავებულ ოჯახში ჩაატარა და გადაიღო ფირზე, მოიცავდა და-ძმების ერთობლივ თამაშებს, ბუნებრივ, არა დადგმულ გარემოში.

კვლევა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ასაკის დედმამიშვილთა ერთობლივი თამაშების შესწავლას. ასაკობრივი ზღვრები: პატარა ბავშვები – 2 წლისა, ხოლო უფროსები – 3-დან 11 წლამდე. ბავშვები უმთავრესად მათი ბუნებრივი გარემოსთვის დამახასიათებელ თამაშებს თამაშობდნენ – „აცხობდნენ” „ტორტილებს” (მექსიკური ლავაშის სახეობა), უვლიდნენ თოჯინებ, ვაჭრობდნენ წარმოსახვით „მაღაზიაში” და თამაშობდნენ ფეხბურთს.

მეინარდის კვლევის მიხედვით, ყოველი სათამაშო ეპიზოდი წარმოადგენდა სწავლებისა და სწავლის პროცესს, რადგან უფროსი და-ძმები ყოველთვის ეხმარებოდნენ (ცნობიერად თუ არაცნობიერად) უმცროსებს, ეთამაშათ უფრო განვითარებული შინაარსის თამაშები, ვიდრე მოსალოდნელი იყო მხოლოდ უმცროსების ერთობლივი თამაშისას. ამ შემთხვევაშიც, სამი წლის ბავშვიც კი ახერხებდა, 2 წლის ბავშვებისთვის შეეთავაზებინა თამაშების უფრო განვითარებული მოდელები, რომლებიც სხვა შემთხვევაში 2 წლის ბავშვებისთვის შეზღუდულია და შეუძლებელიც. საზოგადოდ, უფროსი პარტნიორი ყოველთვის ამაღლებდა 2 წლის ბავშვებისთვის თამაშის კომპლექსურობისა და სოციალურობის დონეს. 

მეინარდის ექსპერიმენტის მასალების ანალიზმა აჩვენა, რომ 8 წლის ბავშვების შემთხვევაში პატარებისთვის უფროსები უკვე რაფინირებულ გიდებად გვევლინებიან. ისინი პატარებს ვერბალურად აცნობენ როლების თამაშის ინსტრუქციას, უზრუნველყოფენ თამაშისთვის საჭირო უნარების განვითარებას, ასწავლიან პატარებს ერთობლივი თამაშისთვის აუცილებელ ფიზიკურ მანევრებს, უფროსები ცვლიან თავიანთ აქტივობას და უსადაგებენ მას 2 წლის ბავშვების შესაძლებლობებს, რათა პატარამ შეძლოს უფროს და-ძმებთან ოპტიმალური ინტერაქცია.

8 წლის ტონიკმა და 2 წლის კატალმა თოჯინა აბანავეს. 2 წლის კატალს სურდა, თოჯინა თვითონ დაებანა. 8 წლის ტონიკმა, დაბანის პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ დემონსტრაციით, დასაბანი წყლის ჭიქის მომზადებით და დაწვრილებითი ვერბალური ინსტრუქციებით, პატარას საშუალება მისცა, სრულყოფილად ჩაეტარებინა დაბანის პროცედურა. 
მცირე ასაკის ბავშვები უფროსებთან თამაშით მხოლოდ ახალ უნარებსა და ცოდნას კი არ იძენენ მათ კულტურაში არსებულ ქმედებებზე, არამედ სოციალური ინტერაქციის უნარებითაც აღიჭურვებიან. 3 წლამდე ასაკის ბავშვები ბაღის შერეული ასაკის ჯგუფებში ენის შესწავლის, ზოგადკოგნიტიური და მოტორული განვითარების კუთხით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ (ეს მონაცემები ეყრდნობა ბატელის განვითარების რეესტრს), ვიდრე საბავშვო ბაღების სეგრეგირებული ჯგუფების ერთი და იმავე ასაკის მოსწავლეები. 
სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთობლივი თამაში ნაკლებად კონკურენტულია და ხელს უწყობს ახალი უნარების ათვისებას.

სხვადასხვა ასაკის ბავშვების თამაში, მოკლედ რომ ითქვას, უფრო სახალისოა, ვიდრე თანატოლთა თამაში. ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაშის დროს ბავშვებს შორის კონკურენციამ შესაძლოა ხელი შეუშალოს თამაშის სილაღეს და ორგანიზებულობას. ეს განსაკუთრებით მკვეთრად შეინიშნება ჩვენს დღევანდელ (ნაგულისხმებია ამერიკული, – ლ. ა.) კულტურაში, რომელიც ასეთ აქცენტს სვამს მოგებაზე, ყველა ჯურის შედარებებზე, რეიტინგზე, რომლებიც მიმართულია უკეთესის გამოვლენისკენ. ეს აქცენტი ხელდასხმულია ჩვენი, კონკურენციაზე აგებული, ნიშნებით შეფასების პრინციპით შექმნილი სასკოლო სისტემის მიერ.

ზემოთქმულის საპირისპიროდ, როდესაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად თამაშობენ, თამაშის ფოკუსი სხვისი დამარცხებიდან (ან ცემიდან) ხალისიანი თამაშის შექმნაზე გადადის. ფიზიკურად დიდი და მეტი ცოდნა-უნარით აღჭურვილი უფროსი ბავშვისთვის პატარის ცემა ან ჯობნა არ არის პრიორიტეტის ან სიამაყის საკითხი; ასევე, მცირე ასაკის ბავშვებს არ აქვთ მოლოდინი, რომ მოზრდილებს აჯობებენ ან გაუმკლავდებიან, ამიტომაც ისინი თამაშებს უფრო ხალისიანად და დაუძაბავად თამაშობენ. თამაშის დროს ხშირია თამაშის წესების „გადაკეთება”, შეცვლა, რათა იგი ყველასთვის სახალისო და საკმარისი გამოწვევების მქონე გახდეს.

ხალისიანი თამაში ხელს უწყობს კრეატიულობას, ექსპერიმენტებს და ახალი უნარების ადვილად ათვისებას, მაშინ როცა თამაშისადმი სერიოზული დამოკიდებულება, სხვისი „ჯობნის” პოზიცია აკავებს შემოქმედებითობასა და ექსპერიმენტატორობას. ამ დროს ბავშვი იძულებულია, მხოლოდ იმ უნარებს დაეყრდნოს, რომლებიც კარგად აქვს ათვისებული და „შეჯიბრებაში” ამ არსენალით გავიდეს ფონს.

სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშის სისტემატური კვლევები, რომლებსაც ჩვენ ძირითადად სადბერი ველის სკოლაში (მასაჩუსეტსი, აშშ) ვატარებდით, ნათლად აჩვენებს, რომ 4-18 წლის მოსწავლეთა ინტერაქცია ყოველგვარი სირთულის გარეშე მიმდინარეობს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მათი სურვილისამებრ. სადბერის კურსდამთავრებულის, მაიკლ გრინბერგის ესეში, რომელიც მან სკოლის დამთავრების შემდეგ დაწერა, შესანიშნავად არის აღწერილი შერეული ასაკის ბავშთა ჯგუფების თამაშები (ფეხბურთი და სხვა), ამიტომაც გადავწყვიტე, რამდენიმე ციტატა მოვიყვანო ამ ესედან – ისინი კარგად აღწერენ სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშის მნიშვნელობას ბავშვის განვითარებისთვის.

„ერთი ამბობს: „მოდი, ფეხბურთი ვითამაშოთ”. ვისაც სურს, ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა მიიღოს, მინდორზე გამოდის. აქ არიან 6, 10, 18 წლის ბავშვები. შესაძლოა, პერსონალმა ან მშობლებმაც მიიღონ მონაწილეობა. გუნდში არიან როგორც ბიჭები, ისე გოგონებიც. გუნდები ყალიბდება იმ განზრახვით, რომ ორივეს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. როგორც წესი, ეს ასე გამოიყურება: ერთი „დიდი ბავშვი”, რომელიც კარგად თამაშობს და 6 წლის ბავშვების პატარა არმია, რომლებიც მას დაეხმარებიან, ანდა „დიდი” ბიჭი ან გოგო, რომელსაც რიცხვით ნაკლები, პატარებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს”.

სადბერის სკოლის მოსწავლე (ციტატა): „შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს, რომ ბავშვები არ ცდილობენ კარგად თამაშს, მაგრამ ასე არ არის. თამაშის პროცესი სახალისო მაშინ ხდება, როდესაც იგი შენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამიტომაც გამოიგონეს ისეთი თამაში, როგორიც ფეხბურთია. სირბილი უმიზნოდ მოსაწყენია, ხოლო სირბილი იმისთვის, რომ ბურთს შეეხო, დაარტყა და გაიტანო კარში, რომელსაც თავისი მცველი ჰყავს – აზრიანი და სახალისო”.

სადბერის სკოლის მოსწავლე (ციტატა 2): „ხალხი, რომელიც {კოლექტიურ} სპორტულ თამაშებს მისდევს (როგორც ჩვენ აქ, სადბერიში), გაცილებით მეტს სწავლობს ცხოვრებაზე, ვიდრე ის, ვინც წარმატებაზე ორიენტირებული, მკაცრად განსაზღვრული წესების მქონე სპორტითაა დაკავებული”.

სადბერიში ისინი (ბავშვები) სწავლობენ გუდში თამაშს, გუნდში ყოფნას და არა „ჩვენ მათ წინააღმდეგ ვართ” ტიპის დაპირისპირებას. ეს ჯგუფები მრავალფეროვანია, მათში სხვადასხვა ნიჭის ხალხია თავმოყრილი, რომლებიც ერთად თამაშობენ და ახდენენ თვითორგანიზებას საერთო აქტივობისთვის – გუნდური თამაშისთვის. ერთობლივი თამაშისას ისინი ეზიარებიან სრულყოფილებას, რომელიც „მე-ვარ-ვარსკვლავი” ტიპის სრულყოფილება კი არა, არამედ სწორედ ის შეთანხმებული თამაშია, რომელიც გულისხმობს თავისთვის სტანდარტის დაწესებას, რომლის მიღწევასა და გაუმჯობესებასაც ცდილობს ადამინი, საზოგადოდ, თავისი ცხოვრების განმავლობაში”. 

სადბერის მოსწავლის ციტატა: „ამ თამაშების დროს სწავლობ პასუხისმგებლობას და შეზღუდვებს, რომლებიც საჭიროა ისეთი თამაშების დროს, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი თუ ამერიკული ფეხბურთი. ამ წლების განმავლობაში უამრავჯერ ჩავრთულვარ ამგვარ თამაშებში და არ მახსოვს, ვინმე სერიოზულად დაშავებულიყოს. ამ თამაშებს ყველა ჩვეულებრივი ტანსაცმლით ვთამაშობდით, სპეციალური უნიფორმებისა თუ დამცავი მოწყობილობების გარეშე, რაც სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივ, აუცილებელია. რით შეიძლება აიხსნას, რომ ამერიკული ფეხბურთის სპეციალური ფორმებით, ჩაფხუტებითა და დამცავებით აღჭურვილი სპორტსმენები მძიმედ აზიანებენ ერთმანეთს? ეს იმიტომ, რომ მკაცრად რეჟიმირებულ, შედეგზე ორიენტირებულ სპორტში (ან ცხოვრებაში) იმის აუცილებლობა, არავინ დააზიანო, მოგებაზე ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება. გამოდის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ილაპარაკებ „ნამდვილ სპორტსმენობაზე” ან რამდენი დამცავი შრე გაქვს მაისურის ქვეშ – ხალხი მაინც აპირებს, ვინმე დააზიანოს ან თვითონ დაზიანდეს. როდესაც სპორტს (ან ცხოვრებას) ხალისისთვის ეწევი, როდესაც იგი საინტერესო და გამოწვევებით სავსე აქტივობა ხდება, მაშინ არავინ აზიანებს სხვას. ეს პროცესი სიამოვნებისთვის ხორციელდება. შენ სხვასაც აძლევ შანსს, ხალისიანი ფეხბურთი ან კალათბურთი ითამაშოს, ეს შენთვისაც და სხვებისთვისაც პრიორიტეტული ხდება”.

სადბერი ველის სკოლაში ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებისას მე და ჯეი ფელდმანმა მრავალჯერ ვნახეთ, რამდენად ესადაგება შერეული ასაკის ბავშვების ერთად თამაში მაიკლ გრინბერგის ზემოხსენებულ ესეში გამოთქმულ დასკვნებს. მაგალითად, ერთი ასეთი დაკვირვებისას გრინბერგმა ნახა, როგორი გატაცებით თამაშობდა 15 წლის ბიჭი 8-10 წლის პატარებთან ერთად კალათბურთს: 

„თამაშის დროს მოზრდილი ბიჭი ბურთს ფარს იშვიათად ესროდა, მაგრამ სიამოვნებით ატარებდა დრიბლინგს 8-10 წლის ბიჭების „ბანდის” წინააღმდეგ, რომლებიც თავგადაკლულები ცდილობდნენ მისთვის ბურთის წართმევას; როდესაც დიდი ბიჭი პასს აძლევდა მის ერთადერთ „თანაგუნდელს”, 8 წლის ბიჭუნას, ეს პასი გამიზნული იყო იმისთვის, რომ ბურთი ფარისთვის მის დაბალ პარტნიორს ესროლა. დრიბლინგითა და პასებით მოზრდილი მოთამაშე თამაშს უფრო საინტერესოს ხდიდა არა მარტო თავისი პატარა ოპონენტებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. დაბლებთან მოთამაშე მაღალი ადამიანისთვის ფარში ბურთის სროლა ძალიან ადვილია – შენს ბურთს, სიმაღლის გამო, ვერავინ დაბლოკავს, სამაგიეროდ დრიბლინგი დაბალ მეტოქებს შორის გაცილებით ძნელია და მეტი ოსტატობა სჭირდება, რადგან მიწაზე დაცემული ბურთის „მოპარვა” პატარებსაც შეუძლიათ. ამასთან, ეს დრიბლინგის ნამდვილი ვარჯიშია, დრიბლიორის ოსტატობა ამ დროს იხვეწება”.

სამაგიდო თამაშები და ბანქოც კი შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფებში სახალისოდ და ურთიერთსასარგებლოდ ითამაშება. ფელდმანმა ჭადრაკის თამაშზე დაკვირვებისას ნახა, რომ ხშირად მას გასართობად თამაშობდნენ – ერთი ასაკის ბავშვები თამაშის დროს სერიოზულად ეკიდებოდნენ მატჩს და მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო, ხოლო სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებისთვის ჭადრაკის მატჩები ხალისით, სწავლებითა და სხვა სახის შინაარსით აღსავსე გამოდგა: მოზრდილი მოჭადრაკეები, როგორც წესი, პატარებს რაიმე უპირატესობას, ე.წ. ჰანდიკაპს სთავაზობდნენ (მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ თავიანთ ფიგურებს, იკლებდნენ ფიგურებს) ან კარნახობდნენ პატარებს უკეთეს სვლებს, ექსპერიმენტებს ატარებდნენ თამაშის ახალი სტილით. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა სერიოზული, კონკურენტული მატჩის დროს. 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ერთობლივი თამაში, რომელსაც მეც შევესწარი, გახლდათ 13-14 წლის ბავშვებისა და უფრო პატარების ერთობლივი ფანტაზიური თამაში. ქვემოთ აღვწერ ერთ-ერთ სცენას:

ერთხელ სადბერის სკოლის სათამაშო ოთახში ვიჯექი და  ვკითხულობდი, მაგრამ ჩემი ყურადღება ოთახში მიმდინარე მოვლენებმა მიიპყრო – ერთი 13 წლის და ორი 7 წლის ბიჭუნა ერთად ქმნიდნენ თავიანთ გამოგონილ სამყაროს, სადაც თამაშდებოდა ფანტასტიკური ისტორია, იყო მონსტრები და ბრძოლები. 7 წლის ბიჭუნები სიხარულით ჭყლოპინებდნენ და ახალ-ახალ იდეებს ისროდნენ იმის შესახებ, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ამბავი. ამ დროს 13 წლის ბიჭი, დაჯილდოებული შესანიშნავი სამხატვრო ნიჭით, პატარების იდეებს ნახატებად „თარგმნიდა” და განვითარებულ, ჩამოყალიბებულ ნარატივს ურთავდა. ახალი ტექსტი და წარმოთქმული ხატები 13 წლის მხატვრის ხელით დაუყოვნებლივ აისახებოდა დაფაზე ლამაზი ნახატებისა და ტიპაჟების სახით. თამაში თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა. ჩემთვის ეს იყო გამორჩეული შესაძლებლობა, საკუთარი თვალით მენახა ახლის შექმნის პროცესი ერთობლივი შემოქმედებისას. დარწმუნებული ვარ, ის, რასაც შევესწარი, არ მოხდებოდა, თამაშში მარტო 7 წლის ბიჭუნებს ან მხოლოდ 13 წლის თინეიჯერს რომ მიეღოთ მონაწილეობა. 7 წლის ბავშვების შეუზღუდავი წარმოსახვა და 13 წლის მხატვრის ტალანტი გამართულ, მდიდარ ტექსტთან ერთად წარმოადგენდა იმ ქიმიურ ნარევს, რომელიც ამ არტისტული, შემოქმედებითი პროცესის „ასაფეთქებლად” იყო საჭირო.
შერეული ასაკის ბავშვების ურთიერთქმედება, ხანდახან შესაძლებლობათა ურთიერთშეთანხმების კარგი საშუალებაა.

ამ წერილის მთავარი იდეა არათანაბარი შესაძლებლობების ადამიანების ერთობლივი თამაშის მნიშვნელობას ეხება. დამთავრებამდე მინდა ვთქვა, რომ თავისუფლად შერჩეული თამაში ერთნაირი შესაძლებლობების, ერთი ასაკის ადამიანებს შორის ასევე მნიშვნელოვანია. საზოგადოდ, იმ ბავშვების თამაში, რომლებიც დაახლოებით ერთი ასაკისა არიან, გულისხმობს მათ დაახლოებით ერთგვარ (ან მსგავს) უნარებს და განსხვავდება მათზე მოზრდილი თუ პატარა ბავშვების უნარებისგან. მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. შერეული ასაკის ბავშვების სათამაშო გარემოში უფრო დიდი ან უფრო მცირე ასაკის ბავშვმა განსაზღვრულ გარემოებებში შესაძლოა თავისი შესაფერისი პარტნიორი იპოვოს. ბავშვი, რომელიც, ვთქვათ, ცუდად დაცოცავს კლდეზე ან ხეზე, შესაძლოა კარგად გაერთოს უფრო პატარებთან ერთად იმავეს კეთებისას. ამ დროს მას არ ექნება მოუხერხებლობის, მოუქნელობის განცდა, ეს კი შესაძლოა მას ცოცვის უნარის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. 11 წლის გიტარისტს, რომელიც გიტარას თანატოლებზე გაცილებით უკეთ ფლობს, წარმატებით შეუძლია ერთობლივ მუსიკალურ ჯემსეიშენზე დაუკრას უფრო მოზრდილ თინეიჯერ მუსიკოსებთან ერთად.
თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს -მეორე ნაწილი

0
წერილი მომზადებულია მოცემული კვლევის ორიგინალური და რუსული გამოცემის საფუძველზე: Barber, M. and Mourshed, M. (2007) How the World’s Best Performing Schools Come Out on Top. London: McKinsey & Company; М. Барбер, М. Муршед. КАК ДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНО ВЫСОКОГО КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ. „Вопросы образования” (2008)
კულტურის გავლენა, მასწავლებლის პროფესიის რეგულირება და სტატუსი
ჩვენ მიერ შესწავლილ ყველა განათლების სისტემაში ხელმძღვანელი პირები მასწავლებლის პროფესიაში ნიჭიერი კადრების მოზიდვის წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზად სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ: ზოგი – ტრადიციას, ზოგი – კულტურას ან „ისტორიულად ჩამოყალიბებულ” მასწავლებლის პროფესიის სტატუსს. მაგალითად, აზიურ სისტემებს ხშირად მიეწერება „ორმაგი გამართლება”: ჯერ ერთი, ამ ქვეყნების კულტურაში განათლებას ყოველთვის ედო ფასი; მეორე – აქ ბატონობს მასწავლებლისადმი ტრდიციული პატივისცემა.

შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ერთმა და იმავე მიდგომამ განსხვავებულ სასკოლო სისტემებშიც კი გამოიღო ეფექტი. ევროპისა და ამერიკის სასკოლო სისტემებმა, რომლებმაც იგივე სტრატეგია აირჩიეს, რაც აზიურმა სკოლებმა, ხარისხიანი მასწავლებლების შერჩევისას იგივე შედეგი მიიღეს. ზოგიერთმა სისტემამ ისეთი ინიციატივები განახორციელა, რომლებმაც სწრაფად ასწია მასწავლებლის პროფესიის სტატუსი. კვლევათა შედეგები ასეთია: განათლების სფეროს პოლიტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასწავლებლის პროფესიის სტატუსზე, განურჩევლად კულტურული კონტექსტისა.

განათლების განსხვავებულ სისტემებში არსებობს საერთო მიდგომები მასწავლებლის პროფესიაში სულ უფრო მეტი საუკეთესო კადრის მოსაზიდად. ინგლისი იყო ნოვატორი განათლების სისტემაში მარკეტინგული და რეკრუტინგული (რეკრუტირება – შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო პირთა ძიების, მოზიდვისა და შერჩევის სისტემა) ხერხების გამოყენების მხრივ, რომლებსაც ბიზნესში კვალიფიციური მაძიებლის პოვნისას მიმართავენ.

ყველა კარგად მოფუნქციე სისტემაში იკვეთება ორი თითქმის უნივერსალური სტრატეგია: ეფექტური მექანიზმების გამოყენება შესაბამისი კანდიდატების შესარჩევად და ღირსეული სასტარტო ანაზღაურება. სწორედ ეს მახასიათებლები არ შეინიშნება სისტემებში, რომელთაც დაბალი ხარისხობრივი მაჩვენებლები აქვთ.
მასწავლებელის პროფესიის დაუფლების კანდიდატების შერჩევის ეფექტური მექანიზმები
წარმატებული სასკოლო სისტემები უფრო და უფრო ეფექტურ მეთოდებს იყენებენ პედაგოგიური კადრების შერჩევის დროს. ეს სისტემები ითვალისწინებენ, რომ კვალიფიციური პედაგოგის მოსამზადებლად ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული თვისებები, რომლებიც მანამდე უნდა გამომჟღავნდეს, ვიდრე იგი პროფესიისთვის დაიწყებდეს მზადებას: ენობრივი და მათემატიკური ცოდნის მაღალი დონე, კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები და ადამიანებს შორის ინტერაქციის უნარები; გარდა ამისა, იგი მზად უნდა იყოს სწავლისთვის და უნდა ჰქონდეს მოტივაცია. შემუშავებულ იქნა ტესტირების პროცედურები მაძიებლებს შორის ასეთი პირების გამოსავლენად. ნათელი იყო, რომ ერთი არასწორი საკადრო გადაწყვეტილება ორმოცწლიან ცუდ სწავლებას გამოიწვევდა.

(მთარგმნელისა და რედაქტორის მინაწერი: პედაგოგიური კადრების ამგვარი სისტემური შერჩევა საქართველოში 90-იანი წლებიდან აღარ ხდება! ნებისმიერი პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება ჰქონდა, სკოლის დირექციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდებოდა მასწავლებელი.)

სინგაპური და ფინეთი იმ ქვეყნების რიცხვში არიან, სადაც მოქმედებს მასწავლებელთა შერჩევის ეფექტური პროცედურები. ამ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანდიდატების აკადემიურ მიღწევებს, კომუნიკაციურ უნარებსა და მოტივაციას.

ფინეთში შერჩევის პირველი რაუნდი მოიცავს გამოცდებსა და ტესტებს, რომლებიც ცოდნას, ანგარიშისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს წარმოაჩენს. მაღალი მაჩვენებლების მქონენი დაიშვებიან გამოცდების მეორე რაუნდზე, რომლებსაც უნივერსიტეტები ატარებენ. აქ გამოიყენება მეთოდიკა, რომელიც ავლენს მათ კომუნიკაციურ შესაძლებლობებს, სწავლისადმი მზაობას, აკადემიურ უნარს და პედაგოგიური საქმიანობისადმი მოტივაციას. დასასრულ, მასწავლებელთა კურსების დამთავრების შემდეგ, პედაგოგებმა უნდა გაიარონ კიდევ ერთი ტესტი, რომელსაც უკვე დამქირავებელი უწყობს. ეს ტესტი ტარდება სკოლაში, სადაც მასწავლებელი აპირებს მუშაობის დაწყებას.

აუცილებელია არა მარტო შერჩევის პროცესის სწორად ორგანიზება, არამედ მისი საჭირო დროს ჩატარებაც. ჩვენ მიერ განხილულ სისტემებში მასწავლებელი პროფესიულ კარიერას იწყებდა პედაგოგიური მომზადებით. ეს ან 3-4-წლიანი საუნივერსიტეტო პროგრამაა, ან ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი საქმიანობა ხარისხში, რომელსაც პედაგოგიკასთან კავშირი არ აქვს. ამიტომ სასკოლო სისტემებს მასწავლებელთა შერჩევისას შეუძლიათ მისდიონ ორ გზას:

* მოდელი 1. შესაფერისი ადამიანები აირჩიონ მანამდე, სანამ ისინი პედაგოგიური პროგრამებით დაიწყებდნენ მომზადებას. ასეთი სტრატეგიის გამოყენებისას კანდიდატებს ყურადღებით განიხილავენ და პედაგოგიური პროგრამით მზადებას იწყებენ მხოლოდ ისინი, რომლებიც შერჩევას გაივლიან, შემდეგ კი სკოლებში სამუშაო ადგილებსაც უმთავრესად ისინი იღებენ.

* მოდელი 2. პედაგოგიურ ფაკულტეტებზე აბიტურიენტების შერჩევა დაურეგულირებელი დატოვონ, დაელოდონ იმ დროს, როდესაც ეს ადამიანები დაამთავრებენ საწავლას, მერე კი მასწავლებლებად აარჩიონ მათ შორის საუკეთესოები.

მსოფლიოში თითქმის ყველა სისტემა მეორე გზით მიდის, ყველაზე ეფექტურები კი არჩევანს პირველ მოდელზე აჩერებენ.

სისტემებში, სადაც არ კონტროლდება პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მიღება, აუცილებლად იჩენს თავს კადრების სიჭარბე, რომელიც, თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს მასწავლებელთა ხარისხზე. ყოველი 100 აბიტურიენტიდან, რომელსაც განაცხადი პედაგოგიურ ფაკულტეტზე შეაქვს, მხოლოდ 20 ხდება მასწავლებელი, ინსტიტუტში კი 75 მათგანი აბარებს, რადგან პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მოხვედრა შედარებით იოლია, თუმცა დამთავრების შემდეგ სიჭარბის გამო ვერ შოულობენ მასწავლებლის ადგილს. ამით ნიჭიერი კანდიდატებისთვის ეს ფაკულტეტი მიმზიდველობას კარგავს. ასეთ პირობებში მასწავლებლებად მიდიან ისინი, ვისაც დიდი არჩევანი არ აქვს. მოსამზადებელი კურსების ხარისხი ეცემა. ამრიგად, მეორე მოდელის შემთხვევაში პედაგოგიური განათლება არაპრესტიჟული ხდება, რაც, თავის მხრივ, დაბლა სწევს მასწავლებლის პროფესიის სტატუსს. წარმოიშობა მოჯადოებული წრე.

პედაგოგიური განათლების მიღების მსურველთა კონტროლი საშუალებას იძლევა, ავწიოთ იმ პირთა ხარისხი, რომელთაც მასწავლებლობა უნდათ. კარგად აწყობილ სისტემებში მომავალ მასწავლებლებს ჩაბარების სტადიაშივე არჩევენ. ამას აღწევენ ან მიღებისას კონტროლით, ან ადგილების რაოდენობის იმგვარად შემცირებით, რომ ის რეალურ მოთხოვნას შეესაბამებოდეს. სინგაპურში მაძიებლებს პედაგოგიურ კურსებზე ჩაბარებამდე არჩევენ. ამის შემდეგ ისინი სამუშაოზე აჰყავს და სწავლის დროს ხელფასს უხდის განათლების სამინისტრო. სინგაპურს შეუძლია, თითოეულ მომავალ მასწავლებელზე დახარჯოს უფრო მეტი, ვიდრე ამას ახერხებს სხვა სისტემა, რადგან კურსებზე გაცილებით ნაკლები სტუდენტია. ეს ყველაფერი მასწავლებელთა მოსამზადებელ კურსებს ხდის მიმზიდველს, ანიჭებს მაღალ სტატუსს და პრესტიჟულობას მატებს მასწავლებლის პროფესიას.
საერთო ჯამში, შეიძლება ვილაპარაკოთ სამ განსხვავებულ მექანიზმზე, რომლებიც გამოიყენება სასკოლო სისტემებში, რათა პედაგოგიური სწავლების ხელმისაწვდომობა გახდეს უფრო შერჩევითი და ამით უზრუნველყოს ბალანსი მსურველებსა და მოთხოვნას შორის:
* დაქირავების პროცესი სისტემის დონეზე. სინგაპურსა და ფინეთში სახელმწიფო თვითონ აკონტროლებს კანდიდატების შერჩევის პროცესს. სინგაპურში განათლების სამინისტრო მაძიებლებს ირჩევს და აჰყავს პედაგოგიური მომზადების დაწყებამდე. ფინეთში მოქმედებს ორსაფეხურიანი პროცესი. შერჩევის პირველი რაუნდი ნაციონალურ დონეზე ტარდება, მერე კი მათი შერჩევა ევალებათ უნივერსიტეტებს, რომელთაც აქვთ უფლება, მაძიებლები აირჩიონ მხოლოდ იმათგან, ვინც პირველი რაუდი გაიარეს. კურსებზე ადგილების როდენობა შეზღუდულია, რათა კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეესაბამებოდეს სკოლის მოთხოვნას. 

* კურსებზე ადგილების რაოდენობის კონტროლი დაფინანსების საშუალებით. ჰონკონგში, ინგლისსა და სამხრეთ კორეაში მთავრობა იყენებს კონტროლს დაფინანსებაზე იმისათვის, რომ შეზღუდოს მსურველთა რაოდენობა. შეზღუდულ მსურველებთან უნივერსიტეტები იყენებენ შერჩევის მკაცრ პროცედურებს იმისათვის, რომ კურსებზე მოხვდნენ საუკეთესოები. 

* ალტერნატიული გზები. სისტემებში, სადაც მმართველმა სტრუქტურებმა ვერ მოახდინეს გავლენა უნივერსიტეტების შერჩევისა და ფინანსირების პროცედურებზე, შეიქმნა ალტერნატიული გზები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მომზადების დაწყებამდე შეირჩეს კანდიდატი.

წარმატებულ სასკოლო სისტემათა უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ შერჩევის არც ერთი სისტემა არ არის სრულყოფილი, ამიტომ იქ მოქმედებს პროცედურები, რომლებიც საშუალებას აძლევს სკოლას, სწრაფად მოიშოროს ცუდი მასწავლებელი, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ბოსტონსა და ჩიკაგოში მასწავლებელი ვერ ჩაჯდება შტატში, სანამ არ იმუშავებს 3 ან 4 წელი, რაც საშუალებას აძლევს ხელმძღვანელობას, ცუდი მუშაობის შემთხვევაში ის იოლად გაათავისუფლოს. ინგლისსა და ახალ ზელანდიაში მასწავლებელი ვერ მიიღებს ლიცენზიას, თუ არ ექნება მუშაობის 1- ან 2-წლიანი გამოცდილება და ხელმძღვანელობისგან დადებითი გამოხმაურება.
კარგი საწყისი ხელფასი

მასწავლებლის პროფესიაში სათანადო დონის კადრების მოზიდვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კარგი საწყისი ხელფასი. უმეტეს სისტემებში მასწავლებლის სასტარტო ხელფასი წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო ან უფრო მაღალ თანხას.
(მთარგმნელისა და რედაქტორის შენიშვნა: 2013 წლის I კვარტალში საქართველოში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 1 289,7 ლარი შეადგინა, ე.ი. ზემოთ მოყვანილი პრინციპით, მასწავლებელის სასტარტო ხელფასი უნდა იყოს 600 ლ-დან 1300 ლარზე მეტიც კი. მიაქციეთ ყურადღება, ეს მხოლოდ სასტარტო ხელფასი, კარიერული ზრდა კი მასწავლებელს ხელფასის ზრდის საშუალებასაც უნდა აძლევდეს! )
კვლევები მოწმობს, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც პროფესიად მასწავლებლობას ირჩევენ, ამას აკეთებს რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარია სურვილი, დაეხმარონ ახალგაზრდა თაობას თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირებაში, სადაც წარმატების გადამწყვეტ ფაქტორებს ცოდნა და უნარები წარმოადგენს. იმ სისტემებშიც კი, სადაც სასტარტო ხელფასი მაღალია, მას იშვიათად ასახელებენ მთავარ მიზეზად, თუმცა კვლევები მოწმობს – ასეთი ხელფასი რომ არა, ეს ადამიანები ამ პროფესიას არ აირჩევდნენ.

ჩვენი მონაცემებიდან გამომდინარეობს რეგულირების მთავარი წესები: აუცილებელია მასწავლებლის საწყისი ხელფასის აწევა სხვა სფეროების კურსდამთავრებულთა ხელფასის დონემდე, მაგრამ მის შემდგომ აწევას საბაზრო დონის შუალედურის ზემოთ მაძიებელთა ხარისხისა და რაოდენობის ზრდისკენ არ მივყავართ.
მაღალი სასტარტო ხელფასი ტვირთად აწვება სკოლის ფინანსებს. 

შემუშავებულ იქნა სამი ძირითადი სტრატეგია, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება მასწავლებლისთვის უფრო მაღალი ხელფასის გადახდა:

* ხარჯების გაზრდა.

* შემოსავლების გადანაწილება საწყისი ხელფასის სასარგებლოდ. მრავალ ქვეყანაში, სადაც ეფექტური სასკოლო სისტემა მუშაობს, სასტარტო ხელფასი მაღალია, მაშინ როდესაც მისი შემდგომი ზრდა – არა. ფინანსების გადანაწილება სასტარტო ხელფასის სასარგებლოდ შეიძლება გამართლებული იყოს ორი ფაქტორით: უპირველესად, მასწავლებლობის დასაწყებად საწყისი ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ზრდის პერსპექტივა, მეორე – მასწავლებლობის გაგრძელების გადაწყვეტილება ნაკლებად არის დაკავშირებული ხელფასის ზრდასთან.

* კლასების გაზრდა. სამხრეთ კორეასა და სინგაპურში შეამცირეს მასწავლებელთა რაოდენობა, რამაც მათ საშუალება მისცა, ძველი დაფინანსების ფარგლებში მეტი თანხები დაეხარჯათ თითოეულ მასწავლებელზე. კლასში ბავშვების რაოდენობა სწავლის ხარისხზე სერიოზულ გავლენას არ ახდენს, მაშინ როცა მასწავლებლის ხარისხი ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ნაკლები პედაგოგი სჭირდება, მეტი თავისუფლება აქვთ მათი შერჩევისას, ეს კი, თავის მხრივ, მაღლა სწევს მასწავლებლის პროფესიის სტატუსს და უფრო მიმზიდველს ხდის მას.

მასწავლებლის ღირსება

0
საკამათო არ უნდა იყოს, რომ ქვეყნის სიძლიერე განათლებული მოქალაქეებისა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების სიმრავლეზეა დამოკიდებული. ამრიგად, თუ გვინდა, ქვეყანა გავაძლიეროთ, უპირველესად განათლების სისტემის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ. უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში ამის მცდელობა უდავოდ შეინიშნებოდა: სასკოლო განათლების სისტემაში თითქმის ყველა მიმართულებით განხორციელდა ძირეული ცვლილებები – შემუშავდა ახალი სასწავლო გეგმა, შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები, დაიწყო ზრუნვა პედაგოგთა პროფესიული დონის ასამაღლებლად სატრენინგო პროგრამების გზით, – მაგრამ თუ ბოლო ხანს ჩატარებული პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ძალისხმევა თითქმის უშედეგო აღმოჩნდა.
პედაგოგი რომ ცენტრალური ფიგურაა განათლების სისტემაში, ფაქტია. რა ცვლილებებიც არ უნდა დავგეგმოთ, რა კონცეფციებიც არ უნდა შევიმუშაოთ, თუ არ გვეყოლება მასწავლებელი, რომელიც ყოველივე ამას განახორციელებს, განათლების სისტემაში ძირეული გარდაქმნები აუხდენელ ოცნებად დარჩება. ვინ არის დღეს დაკავებული მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდით? ნუთუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს სკოლებში, მართლა ასე ცოტაა კვალიფიციური პედაგოგი, როგორც სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა გვიჩვენა? ისევე როგორც ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაშიც არიან მაღალი დონის პროფესიონალებიც და ისეთი პედაგოგებიც, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. შესაძლოა, ისეთიც ბევრი შეგვხვდეს, რომლებიც სრულიად შემთხვევით მოხვდნენ სკოლაში, თვითონაც გრძნობენ, რომ მათი ადგილი აქ არ არის და სიამოვნებით დატოვებდნენ სკოლას, უკეთესი სამსახური რომ ეშოვათ. ასეა თუ ისე, ჩვენ ბევრი კარგი პედაგოგიც გვყავს. ალბათ ძნელია მოიძებნოს ქვეყანა, სადაც მასწავლებელი გაუსაძლის პირობებში, თითქმის უხელფასოდ, წლობით იმუშავებდა, ჩვენმა პედაგოგებმა კი ეს გააკეთეს. საქართველოს უახლოეს წარსულში იყო პერიოდი, როცა მასწავლებელი უტრანსპორტობის გამო კილომეტრებს გადიოდა ფეხით, რომ გაყინულ სკოლამდე მიეღწია და აღსაზრდელებისთვის გაკვეთილი ჩაეტარებინა, სკოლაში დაეკავებინა, რომ ისინი ქუჩაში არ აღმოჩენილიყვნენ. გაწეული სამსახურის ანაზღაურებას ისინი თვეობით ელოდნენ, ხოლო აღებული ხელფასით ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი ვერ იკმაყოფილებდნენ. მაშინდელი უშუქობისა და უფულობის პირობებში პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ოცნება თუ შეიძლებოდა, თუმცა ბევრი მასწავლებელი ამ გაუსაძლის პირობებშიც ვერ ტოვებდა სკოლას და, უკეთესი მომავლის იმედით, ავად თუ კარგად, თავისი საქმის კეთებას აგრძელებდა. სწორედ ასეთი პედაგოგების წყალობით მოვიდა ჩვენი სკოლა დღევანდელ დღემდე.
საინტერესოა, რა მდგომარეობაშია დღეს ამდენ ჭირგამოვლილი მასწავლებელი, შეუძლია თუ არა, იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ფაქტია, დღევანდელ პედაგოგს სიახლეთა გაცნობის დიდი სურვილი აქვს. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს ინტერნეტ გაზეთ „მასწავლებელში”, ასევე ჟურნალ „მასწავლებელში” გამოქვეყნებულ სტატიებზე მათი გამოხმაურება და ისიც, რომ ხშირად ისინი ყოველგვარი იძულების გარეშე ერთვებიან სატრენინგო ჯგუფების მუშაობაში. მაგრამ რამდენად რეალურია დღეს პედაგოგის მხრივ თვითგანვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა?
დღევანდელ სკოლაში მასწავლებლების დიდი ნაწილი ყოველდღიურად 5-6 გაკვეთილს ატარებს, და ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ძალების მოზღვავებას განიცდის, – უბრალოდ, ეს ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა შემოსავლის გასაზრდელად და საარსებო მინიმუმის მისაღებად. რა მაღალი კვალიფიკაციისაც არ უნდა იყოს მასწავლებელი, ფაქტია, სამი გაკვეთილის შემდეგ მისი შრომის ნაყოფიერება და ხარისხი ეცემა. თუმცა ხშირად ასეთი დატვირთვაც არ კმარა საარსებო მინიმუმის მისაღებად და პედაგოგები სამსახურის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ დაისვენონ, ოჯახს მიხედონ და მეორე დღეს ჩასატარებელი გაკვეთილებისთვის მოემზადონ, კერძო გაკვეთილებს ატარებენ. ცხადია, ასეთი რეჟიმით მცხოვრებ მასწავლებელს გაუჭირდება დამატებითი დროის გამონახვა საკუთარ თავზე სამუშაოდ და თვითგანვითარებისათვის.
ჩვენს ქვეყანაში კარგა ხანია წესად იქცა უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. თავისთავად, ეს ცუდი არ არის, მაგრამ იქნებ სხვა კუთხითაც გავცნობოდით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, გვენახა, როგორ ზრუნავენ ისინი პედაგოგებისთვის ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ყველამ, ვინც პედაგოგის პროფესიას ირჩევს, კარგად იცის, რომ ეს საქმიანობა მას ფუფუნებით ცხოვრების პირობებს ვერ შეუქმნის; ასე იყო ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ყველა ქვეყანაში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ ქართველი პედაგოგებისთვის უკანასკნელ წლებში ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. ყველამ, ვისაც თუნდაც ერთი გაკვეთილი ჩაუტარებია სკოლაში, კარგად იცის, რა სასიამოვნო, მაგრამ, ამასთან, რა მძიმე სამუშაოს შესრულება უხდება სკოლის მასწავლებელს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ხშირად შინაც აგრძელებს მუშაობას, ცხადი გახდება, რატომ არის აუცილებელი მასწავლებლისთვის სამუშაო დღის განტვირთვა, გაწეული შრომის უკეთესი ანაზღაურება და ნორმალური დასვენება. თუ ყოველივე ამას ყურადღება არ მიექცა, გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში პედაგოგს სკოლაში სამუშაოდ სერტიფიკატი კი არა, ფსიქიატრის ცნობა დასჭირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ აუცილებელია პედაგოგის სტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა და აზრის გამოხატვის უფრო მისაღები ფორმების მოძიება მის არასათანადო კვალიფიკაციაზე საუბრისას. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით არასასურველი ვითარებაა ამ მხრივ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შემდგომ პერიოდში. მასწავლებლების საგამოცდო შედეგებით აღშფოთებული საზოგადოების კომენტარები, გაჟღერებული პრესით, ტელევიზიით და ინტერნეტით, ხშირად სერიოზულ სირთულეთა პირისპირ აყენებს მოზარდ თაობასთან მომუშავე პედაგოგებს. გულდასაწყვეტია ის სურათი, რომელსაც ყოველწლიურად გვიჩვენებს გამოცდები, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზების ძიებისას ანალიზი ცალმხრივად კეთდება. არ იქნება სამართლიანი, საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად ვაქციოთ პედაგოგი, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა პროფესიულ უნარებში, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ საგამოცდო პროგრამაში შედის 14 ფსიქოლოგის საკმაოდ სერიოზული თეორიები, და ეს მაშინ, როცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში ბევრ პედაგოგს ფსიქოლოგიის ელემენტარული საფუძვლებიც არა გაუვლია, გამოცდაზე კი ამ თეორიების მხოლოდ ცოდნას კი არ ვთხოვთ, არამედ პრაქტიკულ საქმიანობაში მათი გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ვუმოწმებთ. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ პედაგოგი ვერ აბარებს აღნიშნულ გამოცდას, არამედ იმით უნდა დავინტერესდეთ, როგორ გამოიყენებს მომავალში თავის პედაგოგიურ საქმიანობაში მასწავლებელი გამოცდაზე გამოვლენილ ცოდნას. თუ უცხოეთის ქვეყნებში პედაგოგები ანალოგიური პროგრამებით აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს, ეს მათთვის შესაძლოა მისაღებიც იყოს, ვინაიდან ამ ქვეყნების პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამები ფსიქოლოგიაში უხვად მოიცავს სპეცკურსებს, რომლებიც მასწავლებელს პროფესიული საქმიანობისთვის უდავოდ სჭირდება. ამრიგად, მასწავლებლების გაკიცხვის ნაცვლად, ხომ არ აჯობებდა, თვალი გადაგვევლო ჩვენი ქვეყნის პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებისთვის და გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა მათში? ის ფაქტიც, რომ საკუთარ საგანს გამოცდაზე დიპლომიანი პედაგოგების მხოლოდ 4% აბარებს, უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების გადახედვის აშკარა აუცილებლობაზე მიუთითებს.
საქართველოს განათლების სისტემა რომ დახმარებას და გაუმჯობესებას მოითხოვს, კარგა ხანია აღარ მიიჩნევა საკამათოდ, მაგრამ იმ ქვეყნის დაუღალავი ძიება, რომლის საგანმანათლებლო მოდელსაც ჩვენს ქვეყანაში გადმოვიტანდით, შესაძლოა კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს საქართველოს განათლების სისტემისთვის. სასურველია, გავეცნოთ ყველა მოწინავე ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელებს, მაგრამ შევქმნათ ჩვენი, ქართული. ამასთან, კარგი იქნება, თუ განათლების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად ჩავრთავთ პრაქტიკოს პედაგოგებს. მოვუსმინოთ მათ – სკოლის მასწავლებელზე უკეთესად არავინ იცის, რა ჭირდება სკოლას, რა გააუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს სკოლებში. საქართველოში ბევრი კარგი პედაგოგია, გავუფრთხილდეთ მათ ღირსებას, გვახსოვდეს, რომ უდიდესია მასწავლებლის როლი მოზარდის პიროვნების ფორმირებაში, ღირსებაშელახული პედაგოგი მაღალი ღირსების მქონე ადამიანს ვერ აღზრდის, საქართველოს გადარჩენა კი მხოლოდ ღირსეულ პიროვნებებს შეუძლიათ.

დარდისა და დაღლილობისას საკითხავი

0
– შენზე მითხრეს, ნაკითხი ბიჭიაო, – ღიმილით მიყურებდა და მომეჩვენა, რომ დამცინოდა კიდეც, – მე დიდი ხანია ვეღარ ვკითხულობ, მომწყინდა!

ეს ბოლო სიტყვა ისეთნაირად წარმოთქვა, რომ ერთი პირობა ვიფიქრე, კიდევ ერთი კუდაბზიკა და უწიგნურობით თავმომწონე ტიპი გავიცანი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი.

დრო ბევრი გვქონდა – საერთო ნაცნობის დაკრძალვაზე ვიყავით და, როგორც სოფლებში სჩვევიათ, მიცვალებულის გამოსვენებას აჭიანურებდნენ. გულმა ვეღარ მომითმინა, მომინდა გამეგო, რატომ მოსწყინდა წიგნის კითხვა, ამიტომ ვკითხე, ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს:

– მერე ახლა რას შვრები?

– ვკითხულობ, – ჩემსავით, მასაც არ გამოუხედავს, ხმადაბლა, ტუჩების ცმაცუნით მიპასუხა, – ვკითხულობ… ოღონდ სულ სხვა რამეს!

არც ეს პასუხი იყო მოულოდნელი: ჩემი მეგობრებისგან ხშირად მომისმენია მოთქმა და წუწუნი, რომ მაგარი წიგნების ნაცვლად კანცელარიაში შემოსულ განცხადებებსა და ვიწროპროფესიული ლიტერატურის კორექტურას კითხულობდნენ. ერთმა კი, ჩემი თაობის მწერალმა, როცა ვკითხე, რას აკეთებ, ახალი რა არის-მეთქი, რა უნდა ვქნა, რომანების ნაცვლად ზედნადებებს ვწერო. 

– ეგეთს რას კითხულობ, „მესაფლავეს” და მარკესის ბოლოსიტყვას რომ ჯობია! მახსოვს, შენი საძმაკაცო ჭკუას კარგავდა ამეებზე, – მეგონა წავკბინე, მათი წრის გემოვნებაზე კარგი აზრისა არ ვიყავი. 

– ეპიტაფიებს ვკითხულობ, ძმაო, – უცებ მითხრა, შემომხედა და უწინდებურად გამიღიმა, – მაგრად მამშვიდებს! 
რაო? ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! „ეგეც პოზაა, – გამეფიქრა, – ტერენტი გრანელობა კარგად იყიდება, ნამდვილი პოეტის ბედისწერა მხოლოდ ლოთობასა და საფლავ-საფლავ წოწიალში რომ წარმოუდგენიათ. არადა, რაც ერთისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს, მისი მიმბაძველების ხელში ფარსად და უკიდურეს სიყალბედ იქცევა. შიმშილობაც ასე არ იყო? თავიდან ჰქონდა თავგანწირვისა და შეურიგებლობის პათოსი, მერე და მერე, ყოველ წამს განმეორებული, ამაზრზენი გახდა”. 

– ბევრი ეპიტაფიაა ჩვენს სასაფლაოებზე?

– ისე რა. რაც არის, იმათშიც ერთი-ორი გამოერევა ხოშიანი, დანარჩენი ბოდვაა და უნიჭობა. მაგაშიც ბედი უნდა გქონდეს.

გამეცინა. ხალხმა ჩვენკენ გამოიხედა. კუშტი და დამწუხრებული სახით შეგვათვალიერეს, უკმაყოფილოდ გაიქნიეს თავი.

– ამათ რომ უყურებ, დიდი გაიძვერები არიან, – გადმოიხარა ჩემკენ, მკლავში ხელი ჩამავლო, – აქ ვითომ მჭმუნვარე სიფათი უჭირავთ, სინამდვილეში ერთი სული აქვთ, ქინძმარში ჩაწყობილი თევზი და ნიგვზიანი მხალეული გასინჯონ. 

ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამცინებოდა, ძველ ამბავს მივუბრუნდი:

– და ისე, როგორ ფიქრობ, იშოვება რამე სასაფლაოებზე… შემოქმედებითად საინტერესო? – სულელური შეკითხვა იყო, მაგრამ საზოგადო წნეხის ქვეშ ვიყავი, ათასი თვალი მიყურებდა და ღიმილიანი არ უნდა დავმახსოვრებოდი ამ საზოგადოებას. 

– ნუ, ახლა, სფუნ რივერი არ არის, მაგრამ გაჭირვებისას წავა! მით უმეტეს, დარდისა და დაღლილობის დროს. 

– შენ ბანკში მუშაობ, ხო?

– კი, და დედა არა მყავს ამ საშინელი გრაფიკისგან. რვაზე რომ გავალ, ხან ისე გვიანობამდე შევრჩები, რომ ჭამაც მავიწყდება. ყოველ დილით ვამბობ, შევეშვები ან, ბოლო-ბოლო, ამდენს აღარ ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ კარიერული წინსვლა ისეთი მაცდურია, ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ერთ დღეს გაჩერდები და მოგაჯდებიან. მერე ვის დასჭირდები? ვინმეს გაახსენდები საერთოდ? 

– არა, როგორ არა…

– კი, მე პირადად მგონია, რომ ჩემს მეგობარ მიცვალებულებს მოვენატრები ყოველთვის. ცოცხლებს – არა, ცოცხლებს საღი, ჯანმრთელი და შეძლებული უნდიხარ, მკვდრები უპრეტენზიოები არიან, არც ჩაცმულობას გიწუნებენ, არც იმისთვის მოგთხოვენ პასუხს, პირი გაპარსული გაქვს თუ არა. თან ბევრი ძვირფასი და ახლობელი ხალხი მარხია, მაგათზე უკეთესს ვის დაველაპარაკები.

ამჯერად არ იღიმებოდა, ჰალსტუხს ისწორებდა, საათს დასცქეროდა და გულში ფიქრობდა ალბათ, რა გახდა ასეთი, ვინ ჩათესა ჩვენს ხასიათში, რომ ყველაფერში მეტისმეტი ვიცითო…

მშობელი წარმატებული ბავშვის საწინდარი

0
დღევანდელ საზოგადოებაში ოჯახები ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ამ ოჯახების წევრები. მშობლები და ოჯახის სხვა წევრები  არიან ბავშვების პირველი მასწავლებლები, ისინი აძლევენ მაგალითს  პატარებს. მშობელთა მცირე ნაწილი უკითხავს შვილებს საინტერესო მოთხრობებს ,უყვება ზღაპრებს. მათი უმრავლესობა კი,  სკოლასა და მასწავლებელს აკისრებს  ბავშვისათვის წარმატების მომტანი გარემოს შექმნას, ზრდა- განვითარების ყველა სფეროში. ავიწყდებათ, რომ ,,მშობლები და მასწავლებელი ერთად მომუშავე პარტნიორებია”, რომლებიც ერთადვე იღვწიან ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.

როდესაც ჩემს პრაქტიკაში სწავლება-სწავლის ახალი მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა დავიწყე(2005 წლიდან), პირველი ნაბიჯი იყო მოსწავლეთა ნამუშევრების პორტფოლიოების შემოღება. კვირის ყოველ პარასკევს მშობლებს ვუგზავნიდი თავიანთი შვილების ნამუშევრებს, თან წერილსაც ვატანდი, რომლითაც ჩემთვის  პასუხი  უნდა მოეწერათ.

პასუხი მხოლოდ ორი მშობლისაგან მივიღე. ბავშვები შეწუხებულები მეუბნებოდნენ: დედიკომ ,ვერ წაიკითხა, არ ეცალა…’,  ,,წაიკითხა მაგრამ, ხვალ გაგატან პორტფოლიოს და პასუხსაცო..’’.  მე კი მოუთმენლად ველოდი მათ პასუხებს, რადგანაც მათი აზრების გათვალისწინება მინდოდა შემდეგი სამუშაოების შესრულებისას.

რისგან უნდა განთავისუფლდნენ მშობლები:
·უარყოფითი მოლოდინისაგან;
·გადაჭარბებული მოლოდინისაგან;
·სურვილისაგან შეაჯიბრონ ბავშვები ერთმანეთს;
·შეადარონ ბავშვები ერთმანეთს;
·ბავშვების პრობლემისადმი არასერიოზული და უდიერი დამოკიდებულებისაგან;

ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა ტრადიციული კრებების ნაცვლად ჩამეტარებინა სემინარები მშობელთა პედაგოგიზაციისათვის. იდეა და ტერმინიც, შეიძლება გასული საუკუნის იყო, მაგრამ მჯეროდა იმუშავებდა…საკლასო ოთახში მოვაწყვე მშობელთა კუთხე, სადაც განვათავსე სხვადასხვა საინტერესო მასალები მშობლისა და შვილის ურთიერთობის , მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობის შესახებ, საბავშვო ლიტერატურა, რომელიც საინტერესო იქნებოდა  პატარებისათვის.

თემებს ვარჩევ, სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე . სემინარებზე ვიყენებ დისკუსიასა და ჯგუფურ მუშაობას.

·შემუშავებული გაქვთ თუ არა ოჯახში ბავშვის ქცევის წესები?
·როგორ ეხმარებით შვილებს პრობლემის დაძლევაში?.
·ყველაზე მეტად რის კეთება გიყვართ  შვილთან ერთად?
·რა პრობლემას აწყდებით მასთან მუშაობისას?
·რომელი მოთხრობის ან ზღაპრის  წაკითხვას გთხოვს უფრო ხშირად?
·საუბრობთ  თუ არა წაკითხულის შესახებ. რა მოეწონა, რატომ? რა არ მოეწონა, რატომ?
·რა სახის მონაწილეობას ისურვებდით საკლასო ცხოვრებაში? და სხვა.

     ჯგუფებში აჯერებენ აზრებს და აკეთებენ დასკვნებს. მათთვის ვამზადებ  სამახსოვროებს.

ისინი არიან მრავალი საინტერესო ღონისძიებებისა და იდეების ავტორები, გაკვეთილზე ჩემი ასისტენტები, მონაწილეობენ კლასის გეგმის შედგენაში, საკლასო პროექტებში.

     პირველად რთული დარჩა ჩართულობის მიღწევა, შემდეგ თანდათან აეწყო. მათ დაინახეს, რომ სკოლა ის ადგილია , სადაც ისინი ერთად იმუშავებენ. მასწავლებელსა და მშობლებს შორის დამყარებული პოზიტიური ურთიერთობა დადებითად მოქმედებს ბავშვებზე, მაღლდება სწავლება-სწავლის ხარისხი.

მაია სირაძე

ჩოხატაურის  ნოდარ  დუმბაძის   სახელობის ჩაისუბნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი.

       

ტრანსფერის სწავლება -მეორე ნაწილი

0
წინა სტატიაში ყურადღება შევაჩერეთ ტრანსფერის/ცოდნის გადაცემის  სხვადასხვა ფორმებზე. ახლა კი ჩამოვაყალიბოთ რა მნიშვნელობა აქვს ტრანსფერს და როგორ შეიძლება ცოდნის გადაცემის მეტად ეფექტიანად განხორციელება.

მთავარი შეცდომა, რომელიც მასწავლებლებს სწავლების პროცესში მოსდით არის მათი ვარაუდი, რომ ცოდნის გადაცემა თავისთავად ხორციელდება. ის რომ, თუკი მასწავლებელი გარკვეულ ინფორმაციას მიაწოდებს, ის უკვე ათვისებული იქნება. ეს კი სამწუხაროდ არასწორია, სწავლების პროცესი ასე მარტივად ვერ მიმდინარეობს, ბევრად მეტი გააზრებული მუშაობაა მასწავლებლებისგან საჭირო, რათა ინერტული ცოდნა გახდეს აქტიური და მოსწავლეებმა შეძლონ ათვისებული ცოდნის სხვა კონტექსტში გადატანა.

გრამატიკა რუსული ენის გაკვეთილზე

0
პირველი ნაწილი 
ცნობილია, რომ რუსული ენის გრამატიკა რთულია, მისი ცოდნის გარეშე ვერც ილაპარაკებ და ვერც სწორად დაწერ. თვით რუსებიც კი ლაპარაკისა და წერის დროს ბევრ შეცდომას უშვებენ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ იმ მოსწავლეთა უმეტესობას, რომლებმაც კარგად იციან გრამატიკული ფორმები, შესაბამის უცხო ენაზე ლაპარაკი უჭირს. რამდენად მიზანშეწონილია, მოსწავლეებს შეცდომებით ლაპარაკის ნება დავრთოთ? რა ადგილი უნდა ეკავოს გრამატიკას გაკვეთილზე? საჭიროა თუ არა მოსწავლეებისთვის ყველა გრამატიკული მოვლენის ახსნა? რა გრამატიკული მინიმუმია აუცილებელი რუსული ენის სწავლების დაწყებით ეტაპზე? რა ტიპის დავალებების გამოყენებაა მიზანშეწონილი გრამატიკის სწავლებისას?

ეს კითხვები ხშირად ისმის, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ახალ და ძველ მიდგომებს რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ოციოდე წლის წინ რუსულ ენას განსხვავებული სტატუსი ჰქონდა – ის ისწავლებოდა როგორც პირველი ენა მშობლიურის შემდეგ. ბავშვები ენას ასე თუ ისე ფლობდნენ, მასწავლებლის ამოცანა მხოლოდ მისი დახვეწა და მოსწავლეებისთვის რუსული კულტურის გაცნობა იყო, ამიტომ ძველი მიდგომა დღეს აღარ არის აქტუალური. მასწავლებლები, რომლებიც ისევ ძველი მეთოდით ხელმძღვანელობენ, აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას, რაც ხელს უშლის ესგ-ით გათვალისწინებული შედეგის მიღებას. რა პრობლემები აქვთ მასწავლებლებს? რას უნდა მიექცეს ყურადღება გრამატიკის სწავლებისას?
წარმოგიდგენთ ხარვეზებს, რომლებსაც ვაწყდებით გრამატიკაზე მუშაობის დროს.

* მასწავლებელი დიდხანს და ზედმიწევნით ხსნის მასალას, არ ახდენს ძირითადსა და მნიშვნელოვანზე კონცენტრირებას, ხშირად ყველაფერს ერთად ხსნის – ბრუნებას, უღლებას, აწვდის მოწაფეებს საჭიროზე მეტ ინფორმაციას.

* წინსწრებით ხსნის რაიმე გრამატიკულ ფორმას, რომელიც ტექსტში შეხვდა. მაგ., მოსწავლეს შეხვდა ფორმა «Я с другом», მაგრამ შესაბამისი ბრუნვა მან ჯერ არ იცის. მასწავლებელი, იმის მაგივრად, რომ შესთავაზოს სინონიმი «Я и друг», იწყებს ბრუნვის (Творительный падеж) ახსნას. ამით იგი დაგეგმილ აქტივობას გვერდს უვლის და წინსწრებით ხსნის დაუგეგმავ მასალას. არ არის გამორიცხული, ამან მოსწავლე დააბნიოს.

* მასწავლებელი ახალი მასალის ახსნისთანავე თითქმის გაუვარჯიშებლად იწყებს მის კონტროლს (შეფასებას). ზოგჯერ ეს მე-2 და მე-3 გაკვეთილზევე ხდება.

* მასწავლებელი კონტროლს (შეფასებას) იწყებს უკვე სამეტყველო დონეზე, თუმცა მოსწავლეებმა ეს მასალა ჯერ მხოლოდ ენობრივ დონეზე გაიგეს (ჯერ მიუღწეველია ავტომატიზმის დონე, ამიტომ ცოდნა და კონტროლი ერთმანეთს არ თანხვდება).

* გრამატიკაზე მუშაობისას მასწავლებელი არ ავითარებს სამივე (ენობრივ, სამეტყველო და კომუნიკაციურ) კომპეტენციას. ის ძირითადად მუშაობს მხოლოდ ენობრივზე, იშვიათად – სამეტყველოზე და აღარ გადის საკომუნიკაციოზე. ამის შედეგად მოსწავლე მეტყველებს შეცდომებით, რასაც მასწავლებელი ხარვეზად უთვლის და თავიდან იწყებს ახსნას და გავარჯიშებას ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლე თავისით ვერ გადავა საკომუნიკაციო დონეზე. 

* ყველაზე ხშირი და უეფექტოა, როდესაც გრამატიკის გაკვეთილი მოწყვეტილია სხვა მიმართულებებს. ხდება მხოლოდ გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება, რთული ტერმინოლოგიის გამოყენება, რაც მოსწავლისთვის არაფრის მომცემია, თუ ეს ენობრივი კომპეტენცია სამეტყველოსა და საკომუნიკაციოში არ გადაიზარდა.
ზემოაღნიშნული ხარვეზებიდან გამომდინარე, მეთოდისტები მასწავლებლებს სთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს:

Прежде чем объяснять, как образуется форма грамматического явления, надо обратить внимание на его значение, т.е. идти от значения (смысла) к форме. Например, сначала сообщить, что фраза У меня нет книги , означает отрицание наличия чего-нибудь. Затем говорить, как это выражается. 
От смысла – к форме – опять к смыслу.
1.Необходимо постоянно работать с текстом, с фразой, а не с отдельным словом или словосочетанием.
2.Работу над грамматической формой надо проводить до тех пор, пока ученики не научатся употреблять ее в общении, и контролировать правильность использования формы в трех видах компетенции: 
язык –речь- коммуникация.
3.Не забывать, что все популярные упражнения с подстановкой формы и с переводом – это контроль только языковой компетенции. 
4.Больше привлекать учеников к объяснению нового материала и самостоятельной формулировке правила. Шире использовать различные стратегии обучения.
5.Дать возможность высказать свою мысль, не исправляя поминутно его грамматические ошибки. Ученик имеет право ошибаться!
გრამატიკული სტრუქტურა
გრამატიკის სწავლებისადმი სხვადასხვანაირი მიდგომა არსებობს. ერთი მათგანია გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი, რომელსაც ძირითადი ადგილი ეკავა. აქ მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ წესების ზეპირად ცოდნა, ფორმებში გადაყვანა და ვარჯიში. მეორე, პირდაპირ მეთოდში, გრამატიკა მეორეხარისხოვანი იყო. აქ აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ სამეტყველო ნიმუშების გამოყენებაზე.

როგორ უდგება ამ პრობლემას თანამედროვე მეთოდიკა? 

1. ახალი მეთოდიკის მიხედვით, არ ხდება გრამატიკის როლის არც დაკნინება და არც გაზვიადება.
2. გრამატიკული მოვლენები განიხილება როგორც ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ერთობლიობა.
გრამატიკის სწავლება ითვალისწინებს სამივე კომპეტენციას: ლინგვისტურს (გაგება, ანალიზი, გრამატიკული მოვლენის ცოდნა), სამეტყველოს (სამეტყველო ნიმუშების აღქმა, გამოყენება) და კომუნიკაციურს (კონკრეტული გრამატიკული კონსტრუქციის გამოყენებით ტექსტების აღქმა და შექმნა). თანამედროვე მეთოდიკაში გრამატიკული მოვლენის სწავლება იწყება ტექსტზე (დიდაქტიზებულ) მუშაობით, რომელიც მოიცავს კონკრეტულ გრამატიკულ ფორმას. გთავაზობთ სამივე კომპეტენციის დაწვრილებით ანალიზს, რომელიც გრამატიკის გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
 

 Формирование языковой компетенции
1.Чтение текста с использованием изучаемой формы. Преподаватель обращает внимание на данную форму. 
2.Ученики вспоминают уже знакомые им модели типа: Кто это? Студент. Что делал студент? Он читал и т.д.  
·Ученики должны знать …… 
3.Преподаватель обращает внимание учеников на третий элемент в структуре.
·Вин.падежом мужского рода. Напр. Она читала журнал. Я смотрела телевизор. 
·Ученики делают выводы о значении третьего элемента – это объект, это существительное мужского рода, форма совпадает с начальной. 
·Затем преподаватель даёт примеры со словами среднего рода:
Он писал письмо.
Они слушали радио.
·Снова ученики делают выводы о значении третьего элемента – это объект, это существительное среднего рода, форма совпадает с начальной. 
·Наконец, даются формы женского рода. 
·Снова анализ и выводы. Ученики сами могут вывести правило образования винительного падежа женского рода.
·Обобщение.
4.Следующий шаг – на какой вопрос отвечает третий член. 
5.Контроль понимания формы. Даются упражнения на подстановку формы типа «раскройте скобки», «переведите фразы».
 Формирование речевой компетенции
1.Тренировка в речи – многочисленные вопросы.
Я читала книгу, а вы?
Что вы читали?
Что вы слушали?
Вы читали книгу или журнал?
2.Присоединитесь к мнению. 
– Я читала книгу.
– Я тоже читал книгу.
 3. Скажите противоположное.
– Я чиала книгу.
– А я смотрел фильм.
 4. По образцу составьте диалог.
 5. «Снежный ком».
– Я читала книгу.
– Анна читала книгу, а я смотрела фильм.
6. Ситуации. Вы в магазине просите показать вещи.
Модель: – Дайте, пожалуйста, …….. 
7.Контроль употребления винительного падежа в речи (устно и письменно).
·Разыграйте ситуацию «В магазине». Вы просите продавца дать вам вещи.
·Ответьте на вопросы. 
Формирование и контроль коммуникативной компетенции
Разыгрывание ситуаций, требующих самостоятельной деятельности учащихся. 
1.Спросите друг друга и запишите, что надо купить в магазине (продукты, вещи) или что он (она) купил(а) на этой неделе и т.п. Затем расскажите об этом всем.
2.Расскажите (напишите), что вы читали (писали, слушали, учили) на прошлой неделе.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...