ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

რეკომენდაციები სიზარმაცის საწინააღმდეგოდ

0
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ზარმაცობს ან საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება არ სურს? როგორ გავუღვივოთ სწავლის სურვილი? რა მიზეზები მოჰყავთ ბავშვებს საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად და რამდენად ყურადსაღებია მათი არგუმენტები? ეს აინტერესებს ყველას, ვისაც შინ თუნდაც ერთი სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს.
„როგორია შენი დამოკიდებულება სწავლის მიმართ და როგორი განწყობით ასრულებ საშინაო დავალებებს?” – ამ კითხვებს მოწაფეები სხვადასხვანაირად პასუხობენ, თუმცა თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ თუ დავალება საინტერესოდაა ფორმულირებული, უფრო ბეჯითად და ინტერესით ასრულებენ მას.

მოზარდის სწავლით დაინტერესება, გარეგანი ფაქტორებით (უმაღლესში ჩაბარებით, კარიერული წინსვლით, სოციალური აღიარებით და ა.შ.) მისი მოტივირება დღეს გაცილებით ძნელია, ვიდრე წინათ. უამრავი კერძო და ფასიანი სასწავლებელი, სადაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეიძლება მოხვედრა, ბიზნესუნარებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლა, რომელიც განსაკუთრებულ ინტელექტუალურ კაპიტალს არ მოითხოვს, მოზარდში უამრავ კითხვას ბადებს. მშობლებსა და მასწავლებლებსაც მეტი სიფრთხილით მართებთ ამ კითხვებზე პასუხების დაძებნა და სწორი მოტივაციის შექმნაზე ზრუნვა.

მოსწავლის სასწავლო აქტივობები მისი შინაგანი მოტივაციით უნდა იყოს განპირობებული. ასეთ დროს მოსწავლისთვის თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. ამიტომ ნებისმიერი მიზნისკენ სვლა პატარ-პატარა ნაბიჯების წარმატებით დაძლევას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მოსწავლე ზარმაც, უმოტივაციო, ჩამორჩენილ და აპათიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სწორად დაგეგმვა.
რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგთა და მკვლევართა რეკომენდაციებზე დაყრდნობით „ავერსის” სპეციალისტები იძლევიან, მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც:
1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ამით თავიდან აიცილებთ ფსიქოემოციურ დარღვევებს, არასრულფასოვნების კომპლექსს, გადაღლას.

2. სწორად დაგეგმეთ დღის რეჟიმი. სასურველია, ცხრილი სკოლაში იმგვარად შედგეს, რომ ესთეტიკური ბლოკის საგნები ენაცვლებოდეს რთულს. საშინაო დავალებების შესრულებამდე ბავშვმა უნდა მოახერხოს განტვირთვა. მიზანშეწონილია დავალებების დასრულება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

3. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან ასაცილებლად შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრის მომცემია.

4. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.

5. თუ ბავშვი ბევრ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), დაჰპირდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.

6. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

7. მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. „კლასში საუკეთესო უნდა იყო!” „ათიანის გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!” და ამგვარი მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებელი უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: „ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას”, – აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.

8. გახსოვდეთ, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, უპირველესად, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს. თუ ახალი აქტივობის მიმართ ბავშვებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება.

9. სასჯელსა და მატერიალურ ჯილდოზე ორიენტირება, როგორც ითქვა, არცთუ ეფექტურია. სამაგიეროდ, ქცევის განმტკიცება მიიჩნევა პრიორიტეტულ ფაქტორად. განმამტკიცებელი სტიმული ცვლის სასურველი ან არასასურველი ქცევის სიხშირეს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები ხშირად სწავლობენ და ამჟღავნებენ ახალ ქცევას იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს.

განმამტკიცებელ სტიმულებად მიიჩნევა: 

1. სოციალური განმამტკიცებელი სტიმულები – ქება, ღიმილი და ყურადღება; 

2. ქცევითი განმამტკიცებელი სტიმულები – თამაშები და სხვა სახალისო ერთობლივი მოქმედებები; 

3. სიმბოლური განმამტკიცებელი სტიმულები – ნიშნები. სერტიფიკატები, დიპლომები…

და კიდევ ერთი რჩევა: დიმიტრი უზნაძის დასკვნით, „აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა” უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის. „აღმზრდელი, თუმც კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისათვის ხშირად წვალებად იქცევა”, – წერს უზნაძე და, ვფიქრობთ, ეს მშობლებმაც და მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ.

პროფესია – რედაქტორი

0
მახსოვს, ერთხელ პაატა ჩხეიძემ თავაზიანად შეუსწორა ჯანსუღ ჩარკვიანს: 

– თქვენამდე ვახტანგ ჭელიძემ გამოიყენა „ჰო, კაი” ინგლისური „ოქეის” შესატყვისად ჯერ კიდევ როდის, სელინჯერის რომანს როცა თარგმნიდა.

ბატონმა ჯანსუღმა იწყინა, პირველობა რომ ჩამოართვეს.

თუ არ ვცდები, იმ დღეს სწორედ ვახტანგ ჭელიძის თხზულებათა მრავალტომეულის პრეზენტაცია იყო. ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურაზე ჩამოვარდა საუბარი, გაიხსენეს დიდებული ხალხი და მათ შორის სელინჯერიც, რომელიც პირველად ვახტანგ ჭელიძის წყალობით გაიცნო ქართველმა მკითხველმა, მისი საეტაპო მნიშვნელობის თარგმანით შეიყვარა ჰოლდენ კოლფილდი და ფიბი, სხვებიც. მას შემდეგ რომანის სხვა თარგმანიც გამოიცა და „ახალი მთარგმნელი” შეეცადა დაეკნინებინა „ძველი მთარგმნელის” დამსახურება. არ გამოვიდა ეს საქმე.

ყველაფერი პირველი შეუძლებელია იყოს მაღალხარისხიანი და სამაგალითო. ზოგჯერ პირველმა წარუმატებელმა ნაბიჯმა შეიძლება დაჩრდილოს ამა თუ იმ უცხოენოვან მწერალზე წინასწარ შექმნილი წარმოდგენა და არამარტო მთარგმნელს, არამედ ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს, უბრალო მკითხველს საბოლოოდ დაუკარგოს ინტერესი.

ვახტანგ ჭელიძემ პირიქით, სელინჯერისადმი ინტერესი გააღვივა, და არა მხოლოდ სელინჯერისადმი – დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო”, ჰემინგუეისა და სტაინბეკის რომანები და ჩარლი ჩაპლინის არაჩვეულებრივი ავტობიოგრაფიული წიგნი მან გაგვაცნო პირველად…

მაგრამ აქ გავჩერდეთ! სულ სხვა რამეზე ვაპირებდი საუბარს, უფრო ზუსტად, კიდევ ერთი აუცილებელი შტრიხი მინდოდა მეჩვენებინა ვახტანგ ჭელიძის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან, რომელიც დღემდე დაუფასებელია, განსაკუთრებით ჩვენს თაობაში.

„საინტერესო იყო გურამ ასათიანის წერილი ნიკო ლორთქიფანიძეზე (მწერლის პორტრეტი), რომელიც იუბილის წინ – და, სამწუხაროდ, გურამის გარდაცვალების რამდენიმე ხნით ადრე – დავბეჭდეთ” – ასე იწყება ერთ-ერთი ჩანაწერი ვახტანგ ჭელიძის წიგნიდან „ტკბილ-მწარე ამბები”. იქვე ნათქვამია, რომ ავტორმა წერილი გაზეთისთვის საავადმყოფოდან გამოგზავნა: 

„მე არ მინახავს საავადმყოფოში; ვერიდებოდი – როცა გაიგეს, სასიცოცხლო პირი არ აქვსო, მთელი ქალაქი – ცნობისმოყვარე ობივატელები – მის სანახავად დაიძრა: თითქოს ყველა ცდილობდა, ეგრძნობინებია, რომ დიდი დღე აღარ ჰქონდა”. 

კარგად ნაცნობი სცენაა, ჩვენც რომ არაერთხელ გვსმენია და გვინახავს, ფსიქოლოგიურადაც კარგად შესწავლილი და არაერთ მწერალთან წარმატებით დამუშავებული. ისევ ჩანაწერს მივყვეთ:  

„მე მერიდებოდა – ვუთხარი კიდეც მანანას (მის ცოლს) და თინას (ცოლის დას), არ მინდა ვაგრძნობინო, რომ მომაკვდავის სანახავად მივდივარ-მეთქი, სხვა დროს ხომ არ ვნახავდი, ისეთი ახლო ურთიერთობა არა მქონდა-მეთქი. თან, ვიცოდი, ისეთ დღეში იყო თავისი სნეულების გამო, რომ მოერიდებოდა… ერთი სიტყვით, არ მინახავს და წერილი გამოგზავნა”.

ვახტანგ ჭელიძე იმხანად „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორია, ათი წელია ამ საპასუხისმგებლო საქმეს უძღვება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მანამდე ჟურნალი „ცისკარი” აღადგინა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული გამოცემა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობს „ხომლს” – უცხოური ლიტერატურის ალმანახს, სადაც თანამედროვე თუ წინა საუკუნეთა მსოფლიო ლიტერატურის შედევრების საუკეთესო თარგმანები იბეჭდება.  

გურამ ასათიანის რანგის ავტორი ყველა რედაქტორისთვის სანატრელია – მის თითოეულ წერილს განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს, მისი ორიგინალური და მრავალმხრივ საგულისხმო შეფასება-გააზრება ამა თუ იმ მწერლისა და ნაწარმოებისა ყოველთვის საინტერესოა. მაგრამ ამჯერად: 

„დასაწყისშივე ეწერა, რომ ნიკო ლორთქიფანიძე განებივრებული არ ყოფილა, დასცინოდნენ კიდეც, და ასეთი მაგალითი მოჰყავდა: მოსკოვში რაღაც პლენუმი იყო და იქ ვიყავით, როცა ნიკო ლორთქიფანიძის გარდაცვალების ამბავი მოვიდა (გურამი იმ დროს მგონი მოსკოვში სწავლობდა), ერთმა მწერალმა აგდებულად გაიხუმრაო (არ ასახელებდა, ვინ იყო ეს მწერალი) – საცოდავი, რავა ბატივით დაბაჯბაჯებდაო, და იქვე შენიშნავდა ავტორი: მართლაც, ნიკო ლორთქიფანიძე დაჩაჩანაკებული კაცი იყო, სასაცილოდ დადიოდაო”. 

რა უნდა ქნა რედაქტორმა მაშინ, როცა ამას არ ეთანხმები? გაუწიო ავტორიტეტულ კრიტიკოსს ანგარიში? თუ შეუსწორო? მაგრამ მასთან შეხვედრაც რომ ვერ ხერხდება? რა დროს წერილის გადამუშავებაზე და დეტალების შეთანხმებაზეა საუბარი, სიკვდილს ებრძვის კაცი.  

არადა, აშკარად ჩანს, რომ არ ეთანხმებოდა: 

„ძალიან უხერხულად ჟღერდა, ალბათ ვერ მოზომა გურამმა. ეს არც სინამდვილე იყო: ნიკო ლორთქიფანიძე მოკლე ნაბიჯებით კი დადიოდა, მაგრამ დაბეჩავებული და სასაცილოდ მობაჯბაჯე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა; პირიქით უფრო ითქმის – უკარება კაცი იყო, ამაყი, გაუცინარი…” 

და ვახტანგ ჭელიძემ გადაწყვიტა, ამოეღო ეს ადგილი წერილიდან. მერე უნდოდა ეს ფაქტი საბაბად გამოეყენებინა, რომ საავადმყოფოში ენახა გურამ ასათიანი და შეეთანხმებინა, მაგრამ… ვეღარ მოასწრო და ასევე დაიბეჭდა. 

ნამდვილი რედაქტორისთვის, რომელიც ამავე დროს კარგი მწერალი იყო, დიდ მწერლებსაც ჩინებულად თარგმნიდა და ყოველ გამოქვეყნებულ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა, ცხადია, რთული იქნებოდა ამის გააზრება: მან ავტორთან შეუთანხმებლად ჩაასწორა მისი წერილი! მერე რა, რომ მხოლოდ სამი-ოთხი კაცი იცნობდა ნამდვილ ტექსტს და ფართო მკითხველს დედანზე ხელი არ მიუწვდებოდა… ეტყობა, ვახტანგ ჭელიძემ ძალიან განიცადა ეს ამბავი, რაც ჩანაწერის დასკვნით ნაწილშიც იგრძნობა:

„როცა გარდაიცვალა და ოჯახში მივედი, დედამისმა მომატირა – როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე – აღარა გვყავსო… და ეს წერილი გაიხსენა, ასე თქვაო, ვახტანგმა რაღაც სიტყვა ამოიღოო, მაგრამ თვითონვე კმაყოფილი იყოო… მანანას, ეტყობა, უხერხულად ეჩვენა და მაშინვე მიაშველა – ორჯერ გაიმეორა – ძალიან მადლობელი დარჩა, რომ ამოიღე, თვითონვე გული ეთანაღრებოდაო…” 

ბოლოს ვახტანგ ჭელიძე მაინც გაორებულია – „ეს კი თქვა, მაგრამ მე მაინც ჩემი დამემართა. საშინლად დამწყდა გული. მაგრამ შეიძლებოდა კი ისე გამეშვა?.. შეურაცხყოფა არ იქნებოდა მწერლისა?! თანაც, მართალი რომ არ იყო – სინამდვილეში ასეთი რამ რომ არ ყოფილა?”

გაორებულია, მაგრამ ეს, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სასიკეთო გაორებაა, ზნეობრივ პიროვნებას, პროფესიონალიზმს რომ ახლავს თან. მსგავსი რამ შეიძლება მხოლოდ ისეთ ადამიანს დაემართოს, ვინც გულგრილად არ ეკიდება საქმეს, ვისთვისაც სულერთი არაა ერთი კოლეგის აზრი მეორეზე, და ვინც ყოველთვის ცდილობს, პლატონიც უყვარდეს, მაგრამ ჭეშმარიტება მასზე უფრო მეტად…

მე მინდა სკოლაში წასვლა!

0
სკოლის ყველა თანამშრომელი დამეთანხმება – ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელებს უღებს კარს. ისე მოხდა, რომ უკვე მესამე წელია, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, მათ მეც ვეგებები საკლასო ოთახში.

როგორები არიან ახლანდელი პირველკლასელები? მე მათ მოკლედ ასე დავახასიათებდი: ასაკის კვალობაზე საკმაოდ დამოუკიდებლები, ტექნოლოგიების მიმართ საოცრად ნიჭიერები, თავისუფლების მოყვარულები, ურთიერთობისთვის გახსნილები, თამამები და… ძალიან ლამაზები. მათთან მუშაობა ერთსა და იმავე დროს ძნელიცაა და სასიამოვნოც, გასათვალისწინებელია უმცირესი დეტალები, წარმატება და ხელის მოცარვა საოცარი სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს. ამ სტატიაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, შორის საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე – სკოლაში სიარულის სურვილის უქონლობაზე, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე გესაუბრებით.

„არ მინდა სკოლაში წასვლა”, – ეს ფრაზა ალბათ ბევრ მშობელს ეცნო. კვლევებმა დაადასტურა (ამის შესახებ ჩვენს ინტერნეტგაზეთშიც ვწერდით): სკოლაში წასვლაზე 5-6 წლის ბავშვების უარი იმითაც არის განპირობებული, რომ რამდენიმეკვირიანი სწავლის შემდეგ პირველკლასელებისთვის მიზანშეწონილია ერთკვირიანი არდადეგები. რა მიზეზითაც არ უნდა ამბობდნენ უარს ბავშვები სკოლაში წასვლაზე, ხშირად მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. ამ დროს მშობლებს დიდი ემოციური და ფიზიკური ძალისხმევის გაღება უხდებათ (ცემას არ ვგულისხმობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ არც უამისობაა), რომ შვილს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ და სკოლაში წასვლა აიძულონ. შემდეგ მოვლენები უმეტესად ორი სცენარით ვითარდება: ბავშვი ან ეგუება სკოლას და სიჯიუტეს თავს ანებებს, ან საბოლოოდ შეიძულებს მას და მასთან ერთად – სწავლასაც. სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვის მიერ სიჯიუტის პირველი გამოვლენისთანავე პანიკას არ მივეცეთ; გვახსოვდეს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად, გვაქვს შანსი, ბავშვს დავუბრუნოთ სკოლის სიყვარული და შემოვაბრუნოთ იგი სასწავლო პროცესისკენ. რაც მთავარია, ამის გაკეთება სავსებით მშვიდობიანი მეთოდებითაც შეიძლება.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლაში წასვლა არ უნდათ, ის არის, რომ მათ არ მოსწონთ კითხვა. აქ მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც უნდა გაისარჯონ, რომ შვილებს კითხვა მოანდომონ. განათლების ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბავშვისთვის სკოლის, სწავლის შეყვარება მშობელს გაცილებით უადვილდება, თუ მას თვითონვე უყვარს კითხვა. კითხვის მოყვარული მშობელი თავისი მაგალითით აჩვევს ბავშვს წიგნის სიყვარულს. „როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კითხულობს და ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას, ეს მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს”, – მიაჩნია რესა ფოგელს (Resa Fogel), ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს. „უბრალოდ ჟურნალის კითხვაც კი, რომელსაც მშობელი შესაძლოა სულაც გასართობად კითხულობდეს, ბავშვს თავისთავად აფიქრებინებს, რომ კითხვა ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, მის მშობელს კითხვა უყვარს და ყოველთვის ახერხებს ამისთვის დროის გამონახვას”.

ყოველგვარი ლიტერატურა, რომელსაც შვილს წააკითხებ, – კომიქსებით დაწყებული და ასაკის შესაბამისი ჟურნალებით დამთავრებული, – დაეხმარება მას ლიტერატურული უნარების განვითარებაში და სამუდამოდ შეაყვარებს კითხვას, წიგნს. კითხვის მიმართ ინტერესის გაჩენას ხელს უწყობს ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებში სიარულიც. თავდაპირველად წიგნებს შვილისთვის მშობლები არჩევენ, მერე და მერე კი ის თვითონაც შეძლებს საკუთარი გემოვნებით წიგნების შერჩევას.

არ დაგავიწყდეთ, ყოველდღე ჰკითხოთ ბავშვს, როგორ ჩაიარა იმ დღემ სკოლაში. ნუ დასჯერდებით არაფრისმთქმელ ერთსიტყვიან პასუხს (მაგ., ,,კარგად”). დაუსვით კითხვები, რათა ის მოგიყვეთ რაიმე კონკრეტულ ამბავს, რომელიც იმ დღეს გადახდა თავს. ეს გულითადი ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი ხერხია და იმის საწინდარიც, რომ მომავალში ბავშვი თავის პრობლემებზე გულახდილად მოგიყვებათ.

შესაძლოა, ბავშვმა საუბარი იქით წაიყვანოს და ისეთ სფეროში გთხოვოთ დახმარება, რომლის ექსპერტად ვერ გამოდგებით. ამ შემთხვევაში უხერხული არ იქნება, თუ ეტყვით: „იცი, რა, მე ეს კარგად არ ვიცი, მაგრამ მოდი, ერთად ვიფიქროთ და ვიპოვოთ გამოსავალი”. მაგალითად, თუ ბავშვს ისეთ საგნებში სჭირდება დახმარება, რომლებიც თქვენ არ იცით (მაგ., უცხო ენაში), იდეალური გამოსავალი იქნება, ინტერნეტი მოიშველიოთ.

სპეციალისტები გვირჩევენ, თუ შვილმა ჩვენი მოწაფეობის დროინდელი ემოციების შესახებ გვკითხა, ყოველთვის დადებითად ვუპასუხოთ. „ნურასოდეს ეტყვით ბავშვებს, რომ სკოლა არ გიყვარდათ, თუნდაც სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად ყოფილიყო”, – გვიჩევს ქრისტინა ვებერი, ბავშვთა ფსიქოლოგი. ასეთი ტყუილი სიცრუეთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სარგებლობა მოაქვს. ხშირად მშობელი სკოლისადმი შვილის უარყოფით დამოკიდებულებას იმ საბაბით ეგუება, რომ თავადაც არ უყვარდა სკოლა და ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნია. სინამდვილეში ეს გამამართლებელი არგუმენტი არ არის; საჭიროა ამ მცდარი წარმოდგენის შეცვლა

ამრიგად, ბავშვის ნურც ერთ კითხვას ნუ დატოვებთ უპასუხოდ და არ დაგავიწყდეთ სკოლისა და სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა.

განათლების ექსპერტები მშობლებს სკოლასთან (როგორც მასწავლებლებთან, ისე დირექციისა და პერსონალის წარმომადგენლებთანაც) ხშირი და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას ურჩევენ. შესთავაზეთ მათ დახმარება თქვენი შესაძლებლობლების ფარგლებში (მაგ., ოთახის მოწყობაში), იქონიეთ ელექტრონული მიმოწერა მასწავლებლებთან შვილის აკადემიური მიღწევებისთვის თვალყურის სადევნებლად, დაესწარით სასკოლო ღონისძიებებს. პროაქტიური, დაუზარელი დამოკიდებულება თქვენ როგორც მშობელს კარგ სამსახურს გაგიწევთ და მკვეთრად გააუმჯობესებს თქვენი შვილის შედეგებს სკოლაში. მასწავლებლებთან ერთად მუშაობა საწინდარია იმისა, რომ დროულად შეიტყობთ შვილის პრობლემების შესახებ და ეფექტურ გზას მონახავთ მათ მოსაგვარებლად.

„დაარწმუნე ბავშვი, რომ მასწავლებელი მისი მოკავშირეა”, – გვირჩევს სინდი კესლერი (Cyndi Kessler), სსსმ მოსწავლეთა განათლების სპეციალისტი. მეც მჯერა, მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეცდება გახდეს მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოკავშირე პრობლემებთან ბრძოლისას მომავალი წარმატებისთვის. 
დამეთანხმებით, საქმე არც ისე მარტივად არის, როცა მშობელი სკოლის მიმართ შვილის უარყოფით დამოკიდებულებაში მასწავლებელს მიიჩნევს დამნაშავედ. ასეთ დელიკატურ ვითარებაში მშობელს უფლება აქვს, მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია – მიმართოს დირექციას, თანაგრძნობა გაუწიოს ბავშვს და სხვ., მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ კესლერის ერთ რჩევასაც გაითვალისწინებს: „თუ შენ როგორც მშობელს პრეტენზიები გაქვს მასწავლებელთან, ნუ განიკითხავ მას შვილთან ერთად ან მისი თანდასწრებით”.

განათლების სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, კარგად შეისწავლონ შვილის ხასიათი და ამის გათვალისწინებით შეურჩიონ სკოლა (ექსპერიმენტული, მონტესორი, ტრადიციული საჯარო, რელიგიური, სპორტული და სხვ.).

„ვფიქრობ, სწავლაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ხასიათისა და სკოლის სტრუქტურის სწორად მორგებაა. სკოლის ტიპი ბავშვის ხასიათს უნდა შეესატყვისებოდეს”, – ამბობს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვუ. ამისთვის მშობელმა არ უნდა დაიზაროს შვილთან ერთად რამდენიმე სკოლის დათვალიერება, პერსონალთან გასაუბრება საინტერესო საკითხების გასარკვევად (სასწავლო დაწესებულების ტიპი, სწავლის სტილი, სკოლის შინაგანაწესი და სხვ.), რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, რომელიც მის შვილს სჭირდება. 

ვითვალისწინებთ, რომ ჩვენს სინამდვილეში ამის გაკეთება ძალზე რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ თავისთავად საინტერესო რჩევაა და თუ მშობელს აქვს არჩევანის საშუალება, ურიგო არ იქნება, ამ საკითხითაც დაინტერესდეს. 

მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათმა შვილმა შესაძლოა ერთნაირი წარმატებით ვერ დაძლიოს ყველა საგანი. როცა მშობელს ეუბნებიან, რომ მისი შვილი კარგად სწავლობს მათემატიკას, მას ეუფლება სურვილი, ბავშვმა ასევე გამოიჩინოს თავი ქართულში, უცხო ენაში და ა.შ. საბედნიეროდ, ნიჭიერი პატარები უმეტესად ყველა საგანში ნიჭიერები არიან, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მშობელმა გული არ უნდა გაიტეხოს, სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს. 

დაბოლოს, არამც და არამც არ დასცინოთ შვილს წარუმატებლობის შემთხვევაში, ნურასოდეს აიგდებთ აბუჩად მის შესაძლებლობებს. ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება წარმატებებისა და წარუმატებლობებისგან შედგება, ბავშვის ცხოვრება კი სკოლაა (ცხადია, მხოლოდ აკადემიურ შედეგებს არ ვგულისხმობთ) – მშობელს მოეთხოვება, უპირობო სიყვარულის ატმოსფერო შეუქმნას შვილს, მოუსმინოს და გაითვალისწინოს მისი აზრი, განუწყვეტლივ ითანამშრომლოს მასთან სწავლის პროცესში. მხოლოდ ამგვარად თუ მოახერხებთ, სწავლის სიყვარული ჩაუნერგოთ შვილს. გაწეული შრომის პირველი რეალური ჯილდო წარმატებული სტუდენტია, ხოლო საბოლოო – კვალიფიციური სპეციალისტი და ბედნიერი ადამიანი.

სოციალურ-კულტურული თეორია და პედაგოგიკა

0

 ლევ ვიგოტსკი, ფსიქოლოგი. მას ეკუთვნის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების
კულტურულ-ისტორიული თეორია, ასევე, თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების სისტემური ლოკალიზაციის
თეორია. მანვე ჩამოაყალიბა ბავშვის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია. ვიგოტსკიმ
დასაბამი მისცა მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთმიმართების ექსპერიმენტულ კვლევას
განვითარების ჭრილში.

 

რატომ უწოდებენ ვიგოტსკის თეორიას სოციალურ-კულტურული
განვითარების თეორიას?

  

    რადგან ბავშვი კონკრეტულ სოციალურ
და კულტურულ გარემოში იბადება, მის ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა,
რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა და ზოგადად, შემეცნებითი
(კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ
სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება,   მისთვის
მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის) საშუალებით. 

   ბავშვის ფსიქიკური განვითარების
პროცესში სოციალური ურთიერთობები წამყვან როლს ასრულებს. ვიგოტსკი თავის თეორიაში ბავშვის
განვითარებაში მონაწილე ფსიქიკურ ფუნქციებს ორ დონეზე განიხილავს:

  პირველია სოციალურ-ინტერფსიქოლოგიური დონე,
რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება;

  მეორეა ინდივიდუალური დონე – ინტრაფსიქოლოგიური;
ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება შიდა პლანზე გადადის,
რაშიც წამყვან როლს მეტყველება ასრულებს.

 

 რას
ეფუძნება ვიგოტსკის თეორია?

 

ვიგოტსკის თეორია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. განვითარება სოციალურ-კულტურულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს;

2. ბავშვი ცოდნას  პასიურად კი არ ითვისებს,
არამედ ცოდნას აგებს;

3. სწავლა წინ უნდა უსწრებდეს განვითარებას;

4. ფსიქიკურ
განვითარებაში ცენტრალური ადგილი მეტყველებას უკავია.

 

როგორია პიჟეს და ვიგოტსკის თეორიული მიდგომები სწავლის და განვითარების
ურთიერთმიმართების საკითხისადმი?

 

 


·                    

პიაჟეს მიაჩნდა, რომ განვითარება წინ
ძღვის სწავ­ლას. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ბავშვებს ჯერ გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები, ანუ სქემები უნდა ჩამოუყალიბდეთ,
რათა მათ შეძლონ სამყაროს შესწავლა და შემეცნება.


·                    

ვიგოტსკის თეორია კი ვარაუ­დობს, რომ სწავლა
წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვი­თარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში
არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებს სხვა ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორ განმარტავს ვიგოტსკი თვითრეგულირების უნარს?

ვიგოტსკის აზრით, განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა მნიშვნელობების
ისე გათავისებას, რომ მას შეეძლოს დამოუკიდე­ბლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
ამ უნარს თვითრეგული­რების უნარი ეწოდება.

რა საფეხურები უნდა გაიაროს ბავშვმა, რომ თვითრეგულირებისა
და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი  განუვითარდეს?

იმისათვის, რომ ბავშვს თვითრეგულირებისა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი
განუვითარდეს, მან  სამი საფეხური უნდა გაიაროს:

ვიგოტსკის აზრით,
რა როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში სოციალური კომუნიკაცია?

 

ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ
სოციალური კომუნიკაცია მნიშვნელო­ვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. მისი შეხედულებით,
ბავშვების აზროვნება ვითარდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად. უფრო მცოდნე
და გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაცი­ის დროს ისინი იძენენ ისეთ ცოდნას, რომლის შეძენასაც
დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. პიაჟე ვარაუდობდა,
რომ ბავშვები დამოუკიდებლად შეიმეცნებენ სამყაროს, ხოლო ვიგოტსკი ამტკიცებდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ან საჭირო, რომ ბავშვებმა
მათ კულტურაში არსებული ცოდნა ხელახლა აღმოაჩინონ. ცოდნა საუკუნეების განმავლობაში
იქმნებოდა საზოგა­დოებაში და ბავშვმა ის სოციალური კომუნიკაციების საშუალებით უნდა
გაითავისოს.

 

რატომ ითვლება
“მოქმედება” მნიშ­ვნელოვან ცნებად სოციალურ-კულტურულ თეორიაში?

 

   აღსანიშნავია,
რომ ბავშვები აქტიურ როლს თამაშობენ სოციალურ კომუნიკაციაში. შესაბამისად, მოქმედება მნიშ­ვნელოვანი ცნებაა სოციალურ-კულტურულ
თეორიაში. ვიგოტსკის მი­აჩნდა, რომ ბავშვები სწავლობენ მოქმედებაში, ანუ როცა უფრო
მცოდნე ადამიანებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მნიშ­ვნელოვან საქმიანობაში. ასეთი
საქმიანობის დროს ბავშვები აქტი­ურად შედიან დიალოგში გარშემო მყოფ ადამიანებთან. დიალოგის
საშუალებით ხდება იდეების გაცვლა და ბავშვის განვითარებაც წინ მიდის.

 

 

როგორ განმარტავს
ვიგოტსკი  ბავშვის განვითარე­ბის არსებულ და
უახლოეს განვითარების დონეებს?

 

ვიგოტსკი განასხვავებს
ბავშვის განვითარე­ბის არსებულ და პოტენციურ განვითარების დონეებს.

ბავშვის განვითარების არსებული დონე გულისხმობს იმ ამოცანე­ბის ზედა ზღვარს, რომელთა შესრულებაც
ბავშვს დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია.

ბავშვის განვითარების უახლოესი დონე კი გულისხმობს იმ ამოცანათა/მოქმედებათა ზედა ზღვარს,
რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენ­ტური ადამიანის დახმარებით.

 

ბავშვის უახლოესი განვითარების ზონა მოიცავს სწავლის და პრობ­ლემების გადაჭრის
უნარებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებს ჩამოყალიბებას და განვითარებას.
რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ყოველი ბავშვის უახლოესი განვითარების
ზონა იცვლება; ის გარკვეულ ამოცანებს/მოქმედებებს ეუფლება და მზად არის უფრო რთული
დავალებების შესასრულებლად.

 

 

რა არის სკაფოლდინგი და რა როლს თამაშობს ის მოსწავლის სწავლაში?

 

    სკაფოლდინგი (დამხმარე საშუალებათა სისტემა) ნიშნავს იმ დახმარებას,
რომელიც ბავშვს
შესაძლებლობას აძლევს, შეასრულოს დავალებები, რომლებიც მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგლებში თავსდება. ეს არის “დამხმარე საშუალებათა
სისტემა”. სკაფოლდიგნი (
Scaffolding) სიტყვასიტყვით „ხარაჩოს დადგმას” ნიშნავს. როგორც ვიცით, ხარაჩო მშენებელთა დასაყრდენ მოწყობილობას წარმოადგენს: მუშებს შეუძლიათ ხარაჩოზე დადგნენ მანამ, სანამ ახალი შენობა საკმარისად გამყარდება. როცა შენობა სტაბილური გახდება, ხარაჩო საჭირო აღარ არის და მას თანდათან ხსნიან.

 

 

  რა მნიშვნელობა აქვს ამოცანათა სირთულის ზრდას მოსწავლის
განვითარებისას?

 

იმისათვის, რომ განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში
ვას­წავლოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ კოგნიტური
განვითარების რა დონეზე იმყოფებიან მოსწავლეები
: უნდა შევაფასოთ, დავალებების/ამოცანების
დამოუკიდებლად შესრულების როგორი უნარი აქვთ და რისი გაკეთება შეუძლიათ სხვების დახმარებით.

  ვიგოტსკის
მიაჩნ­და, რომ ბავშვები ძალიან ცოტას სწავლობენ ისეთი დავალებების შესრულებით, რომლებისთვის
თავის გართმევაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი, ძირითადად, ვითარდებიან მაშინ, როცა
ცდილობენ რთული დავალებების შესრულებას სხვა ადამიანების დახმარებით და მითითებით,
ანუ როცა მოსინჯავენ ისეთ ამოცანებს, რომლებიც მათი განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში
თავსდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოგნიტურ განვითარებას ხელს უწ­ყობს ცხოვრებისეული
სირთულეების გადალახვა და არა იოლი მიღწევები.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერების
დაცვა რთული დავალებების ინტენსიურად მიწოდებისას?

როცა ბავშვებს რთული დავალებების შესრულება ერთმანეთის
მიყოლებით, მთელი დღის განმავლობაში უწევთ, ეს უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა
და თავდაჯერებულობაზე. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვები წარუმატებლობას
და იმედგაცრუებას ხშირად გან­იცდიან. 


მართალია, რთული დავალებები მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს ბავშვის განვითარებას, მაგრამ ის დავალებები, რომელთა შესრულებაც მას არ შეუძლია
სხვა ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, აბსოლუტურად უსარგებლოა.
განვითარების უახლოესი ზონა განსაზღვრავს ბავშვის კოგნიტური შესაძლებლობების ზედა ზღვარს,
ანუ იმას, თუ რისი შესწავლა შეუძლია ბავშვს მისი კოგნი­ტური განვითარების კონკრეტულ
ეტაპზე.

ფსიქოლოგიური თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ

0
მასწავლებლები ხშირად წუხან, რომ ფსიქოლოგიური თეორიების პრაქტიკაში გამოყენება ძალიან უჭირთ. ამ წერილში მინდა გაგაცნოთ ლ. ვიგოტსკის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, პ. გალპერინის, კონცეფცია გონებრივ ქმედებათა ეტაპობრივი ფორმირების შესახებ, რომლის პრაქტიკული გამოყენება სურვილის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია და ძალზე ეფექტიანიც.

გალპერინს (პიაჟეს მინიმალური ჩარევის მეთოდისგან განსხვავებით) მიაჩნია, რომ მასწავლებლის ჩაურევლად ბავშვისთვის შეუძლებელი იქნებოდა ზოგიერთი კოგნიტური სქემის დაუფლება. იგი ეფუძნება მოზრდილისა და ბავშვის ურთიერთობის ვიგოტსკისეულ მოსაზრებას: მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს და ამ პროცესში ორიენტაცია აიღოს ბავშვის ხვალინდელ დღეზე („განვითარების უახლოესი ზონა”).

გალპერინის კონცეფციის თანახმად, ცოდნის შეძენა გარკვეული პროცესია, სადაც გონებრივი ქმედებები შეიძინება/ფორმირდება მხოლოდ მატერიალური მოქმედების გავლით. იგი 5 ეტაპს მოიცავს:
I. მოქმედების წინასწარი წარმოდგენა. ამ ეტაპზე შესაძლებელია ორი მეთოდის გამოყენება:

1. მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის მოქმედებას და სთხოვს, გაიმეოროს ის მისი დახმარებით, მითითებით;

2. მასწავლებელი მოქმედებას თვითონ ასრულებს, მოსწავლე აკვირდება და ეხმარება მას, რაღაცას „კარნახობს”. დადასტურდა ამ უკანასკნელი მიდგომის დიდი ეფექტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე ამ დროს უფრო პასიურია, ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა ამგვარი შედეგი ადვილად აიხსნება ცნობილი რუსი ფსიქოლოგის ლურიას კვლევის შედეგებით: მოსწავლეს განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე უჭირს ერთსა და იმავე დროს რამის კეთება და სიტყვიერი გამოხატვა. გალპერინს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ქმედებისგან გათავისუფლება მოსწავლეს ამოცანაზე კონცენტრირებაში ეხმარება.

რეკომენდაცია მასწავლებელს: თავდაპირველად სასურველია, თქვენ თვითონ აკეთოთ რამე, ბავშვი დააკვირდეს ამ პროცესს და მისი მონაწილეობა შემოიფარგლოს თქვენდამი გამოთქმული ერთგვარი „მითითებებით” (მაგ., „მასწავლებელო, მოდი, ასე გავაკეთოთ…”). ამ ეტაპზე გამოიყენეთ რეალური საგნები, მოდელები, მაგ., ჩხირები თვლა-ანგარიშის სასწავლებლად. თქვენ შეასრულეთ მოქმედება, მოსწავლე „დაიხმარეთ”.

II. მოქმედების დაუფლება საგნის გამოყენებით. ამ ეტაპზე მოსწავლე თვითონ ურთიერთობს მასალასთან, მასწავლებელი ხელმძღვანელობს, უხსნის და უსწორებს. მისი მეტყველება მოსწავლის პრაქტიკული მოქმედებისკენ არის მიმართული, თუმცა არ უბიძგებს მას მასალის აბსტრაჰირებისკენ, არ წაახალისებს წარმოსახვითი ოპერაციების წარმოებას, მასწავლებელი არ სთხოვს მოსწავლეს, რაიმე წარმოიდგინოს, განაზოგადოს, მით უფრო – დასკვნა გამოიტანოს.

რეკომენდაცია მასწავლებელს: თქვენი დახმარება უნდა გამოიხატოს იმაით, რომ მოსწავლემ შეძლოს საგნის გამოყოფა, დაინახოს კონკრეტული მოქმდების მიზანი და მისი მიღწევის გზა. ამ ეტაპზეც გამოიყენეთ რეალური საგნები, მოდელები, მაგ., ჩხირები თვლა-ანგარიშის სასწავლებლად. მოსწავლე ასრულებს მოქმედებას, თქვენ ეხმარებით.
III. მოქმედების დაუფლება გარეგანი მეტყველების დონეზე. ამ ეტაპზე მოსწავლე უკვე დაუფლებულია საგნების გამოყენებით განსაზღვრულ მოქმედებებს; შესწევს უნარი, თავისი მოქმედებები გარეგანი მეტყველების საშუალებით წარმოიდგინოს. მას შეუძლია ახსნას, რა ხერხით აპირებს მოქმედებას. პრაქტიკული მოქმედებები თეორიული ხდება, ეს უკანასკნელი კი გარეგანი მეტყველებითაა გამყარებული.
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ აუკრძალავთ მოსწავლეს მოქმედების შესრულებისას ხმამაღლა ლაპარაკს – პირიქით.

IV. მოქმედების გადატანა შინაგან დონეზე. ამ სტადიაში მასწავლებელმა, ნაცვლად ხმამაღალისა, უნდა წაახალისოს თავისთვის ლაპარაკი, ჩურჩული. მოსწავლე კვლავ იყენებს გაშლილ მეტყველებას, მაგრამ მოქმედების შესრულებაში გაწაფვასთან ერთად მისი მეტყველებაც იკვეცება.
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ აუკრძალავთ მოსწავლეს ჩურჩულს – ის მას დიდ დახმარებას უწევს მოქმედების გაშინაგნებაში (ინტერიორიზაცია).
V. გონებრივი მოქმედების საბოლოო ფორმირება. ამ ეტაპზე გონებრივი მოქმედება მთლიანად შინაგანი ხდება, იგი შეკუმშულია და შემოკლებული. მეტყველების ნაკადი, რომელიც დამახასიათებელია წინა ეტაპებისთვის, ცნებების სახით ფორმირდება. პრაქტიკული მოქმედება გონებრივი ფენომენი ხდება. 

რეკომენდაცია მასწავლებელს: თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლე ცდება და არასწორად ისწავლა, აუცილებელია დავბრუნდეთ უფრო ადრეულ სტადიაზე და დავიწყოთ თავიდან, მივცეთ მოზარდს საშუალება, გავარჯიშდეს იმ სტადიაზე, სადაც ესა თუ ის მოქმედება შეცდომით განუმტკიცდა.

უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების განვითარება

0
უნარების განვითარების პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგიურ მეცნიერებასა და პრაქტიკაში. ადამიანის მრავალ პრობლემას შორის ფსიქომოტორული უნარები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ეს უკავშირდება იმას, რომ ადამიანის ყველა სახის აქტივობა გარკვეულ მოძრაობას გულისხმობს. ფსიქომოტორიკა სენსომოტორულ-იდეომოტორული და ემოციურ-მოტორული რეაქციებია და აქტივობებში ფსიქიკის ობიექტივაციის ძირითადი სახეა. ფსიქომოტორიკა ფსიქიკის მოძრაობითი აქტებისა და რეაქციების საშუალებით გამოვლინებაა.
ყოველი მოძრაობითი აქტივობის სიზუსტე განისაზღვრება მისი გარეგანი ფორმისა და შინაარსის შესაბამისობით. გარეგანი ძალა განსაზღვრავს ცალკეულ მოძრაობით მიმართულებას, ამპლიტუდას, შეთანხმებულობას, ე.ი. ფიზიკური ვარჯიშის ფორმას. მოძრაობითი აქტის შინაგანი მხარე განისაზღვრება ორგანიზმში სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესის ურთიერთკავშირით, გარკვეული ფიზიკური დატვირთვის ზემოქმედებით. რაც უფრო მაღალია ამ პროცესების შეთანხმებულობა, მით უფრო ეკონომიურად სრულდება  მოძრაობითი მოქმედება.
ფსიქომოტორული უნარების ერთიანი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, არსებობს თვისებათა კომპლექსი, რომელიც პირობითად გაყოფილია 2 ჯგუფად: ფიზიკური განვითარების თვისებები და საკუთრივ ფსიქომოტორული თვისებები. 
ფიზიკური განვითარების თვისებებს მიეკუთვნება: სტატიკური ძალა, დინამიკური ძალა, ფეთქებადი ძალა, მოქნილობა, დინამიკური მოქნილობა, საერთო გამძლეობა, სპეციალური გამძლეობა, კოორდინაცია, წონასწორობა. ფსიქომოტორულ თვისებებს მიეკუთვნება: მოძრაობის სიზუსტის რეგულაცია, მოძრაობათა კოორდინაცია, რეაქციების დიფერენცირება, რეაქციის სისწრაფე, ხელის მოძრაობის სისწრაფე, მაჯის მოძრაობის სისწრაფე, თვალყურის მიდევნება, თითების მოქნილობა და სხვ.
ბავშვის ფსიქომოტორული შესაძლებლობები დამოკიდებულია მთელი რიგი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე:  მოძრაობითი შეგრძნებები, სენსომოტორული პროცესები, მეხსიერება, აზროვნება და ყურადღება. უმცროსკლასელებში მოძრაობის სისწრაფე მატულობს, მაგრამ შესრულების სიზუსტე ჯერ კიდევ დაბალია. ბავშვები აკეთებენ ბევრ ე.წ. ”ზედმეტ” და გაუაზრებელ მოძრაობას. ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ გარეგნულად მსგავსი  მოძრაობების დიფერენცირება მართვის ძირითადი პარამეტრების მიხედვით. უმცროსკლასელებს ჯერ კიდევ არასაკმარისად აქვთ განვითარებული აზროვნება, ყურადღების განაწილებისა და გადატანის ჩვევები.  ეს კი ართულებს მოძრაობითი ჩვევების შესწავლასა და ათვისებას.
მოზარდების ინტენსიური ზრდა იწვევს ზოგიერთ დისპროპორციას არა მხოლოდ ტანის აღნაგობაში, არამედ მოძრაობითი აპარატის მართვაშიც. მოუქნელობა შეიძლება მოზარდის მორცხვობის, გაუბედაობის, თავის თავში დაურწმუნებლობის მიზეზი გახდეს. 11-15 წლის ბავშვებში მატულობს მოძრაობის შესრულების სისწრაფე და სიზუსტე და თუ ამ ასაკში არ ვიმუშავებთ მოძრაობის სიმარჯვესა და მოძრაობათა კოორდინაციაზე, მოზარდებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ არასწორი ჩვევები და მოძრაობითი სტერეოტიპები, რომელთა დაძლევაც ზრდასრულობის ასაკში გართულდება.  
გთავაზობთ უფროსკლასელთა ფსიქომოტორული უნარების განვითარების შესამოწმებელ ტესტებს.
რექაციის სისწრაფე ვარდნილ საგანზე
 
შეფასება ხდება „სახაზავის დაჭერის” ტესტის მიხედვით. მოსწავლე იღებს საწყის მდგომარეობას (ს.მ.): ძირითადი დგომი (ძ.დ.) – ხელი მოხრილია იდაყვის სახსარში (კუთხე 90°), ნები შიგნით, თითები გამართულია. მასწავლებელს ვერტიკალურად უჭირავს 40 სმ-ის სიგრძის  სახაზავი თითებიდან 1-2 სმ-ის დაშორებით. სახაზავის ნულოვანი ნიშანი ნების ქვედა ზღვრის დონეზეა. სიგნალის გარეშე მასწავლებელი ხელიდან უშვებს სახაზავს, მოსწავლემ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიჭიროს იგი. მანძილი იზომება სანტიმეტრებში ნულოვანი ნიშნიდან ნების ქვედა ზღვრამდე. მიზანშეწონილია, მოსწავლეს მივცეთ ერთი საცდელი და სამი ჩასათვლელი ცდის უფლება. გამოიყვანება 3 ცდის შედეგის საშუალო არითმეტიკული.

მოძრაობითი ამოცანების გადაწყვეტის ეფექტიანობა
ეს შეიძლება გამოვლინდეს სათვალავის (ფიშკების) არჩევისას და გადაწყობისას. პლასტმასის ყუთში (15X19 სმ) ჩაყრილია სხვადასხვა დიამეტრის სათვალავი (ფიშკები) (მსხვილი 20 მმ, საშუალო 15 მმ, წვრილი 5 მმ), თითოეული დიამეტრის 10-10 ცალი. სიგნალზე „დაიწყე!” მოსწავლეს მსხვილი დიამეტრის სათვალავი ერთი მეორის შემდეგ გადააქვს ახლო მდგომ იმავე ზომის მეორე ყუთში. მას შემდეგ, როცა ყველა მსხვილი დიამეტრის სათვალავი გადატანილია,  ხდება მათი უკან დაბრუნება პირველ ყუთში და მათი შერევა დანარჩენ ფიშკებთან. მოსწავლე ამავე დავალებას ასრულებს საშუალო და პატარა ზომის ფიშკებთანაც ცალ-ცალკე. აღინიშნება ფიშკების გადაადგილების ზუსტი დრო, რომელიც ჯამდება ყოველი ცდის მიხედვით. 

მოცემული მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენის სიზუსტე
თვალდახუჭული მოსწავლე ხელით 3-ჯერ ასრულებს მოძრაობას მასწავლებლის მიერ მონიშნულ ფარგლებში. მოსწავლე იმახსოვრებს მოძრაობას და ხელს აბრუნებს საწყის მდგომარეობაში. შეზღუდვის მოცილების შემდეგ მან 3-ჯერ უნდა გაიმეოროს მოცემული ამპლიტუდის მოძრაობა მხედველობითი კონტროლის გარეშე. აღდგენის სიზუსტე ფასდება ეტალონიდან გადახრის მიხედვით. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3 ცდის უფლება.
სივრცობრივი პარამეტრების აღდგენის უნარი
 
დავალება 1: სრულდება ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (რაც შეიძლება შორს). თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3 ცდის უფლება, აღინიშნება საუკეთესო შედეგი. 
დავალება 2: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გადახტნენ თავისი მაქსიმალური ნახტომის ნახევარ მანძილზე, ჯერ ღია თვალებით, შემდეგ კი დახუჭულით. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3-3 ცდის უფლება. გადახრის სიდიდის გაანგარიშება ხდება ღია და დახუჭული თვალებით შესრულებული ხტომების შედეგების საფუძველზე. შეცდომის სიდიდე ფიქსირდება 3 ცდის გაანგარიშების შედეგად.
სტატიკური წონასწორობის შენარჩუნება
იყენებენ ორ პოზიციას: მარტივს და გართულებულს. პირველი: მოსწავლის ტერფები ერთ ხაზზეა, ცალი ფეხის ქუსლი ეხება მეორე ფეხის ცერს; განმკლავი, თვალები დახუჭული. იზომება ამ მდგომარეობაში დგომის მდგრადობის დრო. მეორე: მოსწავლე დგას ცალ ფეხზე, მეორე ფეხი მოხრილია მუხლის სახსარში, მისი ტერფი ებჯინება საყრდენი ფეხის მუხლს; წინმკლავი; თვალები დახუჭული. ასევე, განისაზღვრება ამ მდგომარეობაში დგომის მდგრადობის დრო.

მოძრაობის მაქსიმალური ტემპის შენარჩუნება
მტევნის მოძრაობის მაქსიმალური სიხშირის შენარჩუნება 40 წმ-ის განმავლობაში. ფურცელზე 2 რიგად დახაზულია ერთი ზომის (5X5 სმ) კვადრატები, რომლებიც დანომრილია 1-დან 8-მდე. სიგნალზე მოსწავლემ 5 წამში უნდა დასვას, რაც შეიძლება, მეტი წერტილი პირველ კვადრატში. შემდეგ ნიშანზე სრულდება იგივე დავალება მეორე კვადრატში, შემდეგ – მესამეში და ა.შ. ამრიგად, ყოველ 5 წმ-ის შემდეგ მოსწავლემ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასვას წერტილები ყველა კვადრატში. აღინიშნება მტევნის მოძრაობის მაქსიმალური რაოდენობა 5 წამში. 
ამ ტესტის ვარიანტი: კალათბურთის ბურთის ტარება (დრიბლინგი) ცალი ხელით, 15 წმ-ის განმავლობაში. 
სივრცეში ორიენტაციის უნარი
ეს უნარი შეიძლება შევამოწმოთ შემდეგი დავალებებით: ”ზიგზაგისებური რბენა”, „მიზანში ტყორცნა”. სიგნალზე მოსწავლე 15 მ-ს გარბის მაქსიმალური სისწრაფით (სტარტიდან ფინიშამდე). ამის შემდეგ იმავე მონაკვეთზე (15 მ) დააწყობენ 5 ტენილ ბურთს, რომლებიც განლაგებული იქნება სტარტიდან 1 მ-ის და ერთმანეთისგან 2.5 მ-ის დაშორებით. ბურთების გვერდის ავლით (ზიგზაგისებურად) მოსწავლემ მანძილი უნდა გაირბინოს მაქსიმალური სისწრაფით. დრო იზომება წამზომით. ფასდება განსხვავება „პირდაპირ” და „ზიგზაგისებურ” რბენებს შორის. 
„მიზანში ტყორცნა”. იატაკზე დადებულ რგოლში კალათბურთის ბურთის ნებისმიერი ხერხით ჩაგდება. რგოლის დიამეტრი – 1მ, მანძილი ტყორცნის ხაზიდან რგოლამდე – 5 მ. 10 ცდის შემდეგ აღინიშნება რგოლში ბურთის ჩაგდების რაოდენობა.
უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების სრულყოფას დაეხმარება სპეციალურად შერჩეული ფიზიკური ვარჯიშები. ისინი შედგენილია სპორტის ისეთი სახეობების გათვალისწინებით, როგორიცაა მძლეოსნობა, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. 
  • საწყისი მდგომარეობა (ს.მ.) – სტარტის ხაზთან ზურგით ჯდომში მყოფი მოსწავლის მიცემულ ნიშანზე წამოხტომა, სახით წინ შებრუნება და გარბენა. მანძილი 15-20 მ. ვარიანტები: ს.მ. – სტარტის ხაზთან გვერდულად ჯდომი (მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან).  თითოეული დავალება სრულდება 2-3 ჯერ საწყისი მდგომარეობიდან. რეკომენდებულია ვარჯიშის შესრულება ჯგუფურად (3 – 4 მოსწავლე).

     

  • წახტომი ფეხიდან ფეხზე (მრავალხტომი), მანძილი 15-20 მ, მეორდება 2-3-ჯერ. 
  • ცალ ფეხზე წახტომები ადგილზე, 10-12-ჯერ. ღრმა წინზნექში ფეხის ცვლა და წახტომების გაგრძელება, რიტმისა და წონასწორობის შენარჩუნებით. ფეხის ცვლა მეორდება 3-4-ჯერ. 
  • ცალ ფეხზე ტანვარჯიშულ სკამზე ხტომი (იქეთ-აქეთ), ნიშანზე ფეხის შეცვლა. წახტომები უნდა იყოს რბილად და რიტმულად შესრულებული.
  • ცალი ხელით ხელბურთის ბურთის სწრაფი ტარება კარში ტყორცნით, ტყორცნა ხელის შენაცვლებით. 
  • ბურთის ცალი ხელით მაღლა აგდება, ჩაცუცქება უკან  ხელებზე დაყრდნობით, ადგომა, ბურთის დაჭერა ნებისმიერი ხერხით, ტერფების გადაადგილების გარეშე; მეორდება 6-8 ჯერ, ბურთის გდება ხელების მონაცვლეობით.
  • წახტომები ცალ ფეხზე, მანძილი 10-15 მ, ჰაერში ყოფნისას ბურთის კარში ტყორცნა.
  • ბურთის ცალი ხელით ტარება მოძრაობაში, ყოველ სამ ნაბიჯში ხელების მონაცვლეობა. 3-4 წრე დარბაზის ირგვლივ.
  • ხელბურთის მოედნის ცენტრიდან 10-15 მ-ის დაცილებით (ორივე მიმართულებით) 2 მოთამაშე (ერთს ხელში უჭირავს ბურთი) მირბის ერთმანეთისაკენ. შუა ხაზთან ერთი მოთამაშე მეორეს გადასცემს ბურთს, გარბის მოედნის მეორე მხარეს ნიშნულამდე და ბრუნდება უკან. მოედნის ცენტრში ხდება განმეორებითი გადაცემა. ვარჯიშის ხანგრძლივობა 3-5 წთ. შეიძლება ჩატარდეს შეჯიბრი 2-4  წყვილში. სასურველია, პარტნიორები იყვნენ თანაბარი სიძლიერის.
  • კალათბურთის მოედნის შუა ხაზიდან ნიშანზე საჯარიმო გდების ხაზზე დადებულ ბურთთან მირბენა, ბურთის აღება და ტყორცნა კალათში. 
  • კალათბურთის ბურთის გადაგორება ხელის გულიდან მტევნის ზურგის მხარეზე და პირიქით – 10-12-ჯერ, ხელების მონაცვლეობით.
  • მიდგმითი ნაბიჯებით გადაადგილებისას (მარჯვნივ, მარცხვნივ, წინ და უკან) ორი ხელით მკერდიდან კედელზე ბურთის ტყორცნა და დაჭერა, 2-3 წთ-ის განმავლობაში.
  • მოსწავლეები დგანან წრეზე, ორს ან სამს უჭირავს ბურთები. ისინი  ერთდროულად ბურთებს გადასცემენ უბურთო მოთამაშეებს. არ შეიძლება ბურთის გადაცემა გვერდით მდგომი მოთამაშისთვის. ვარჯიში გრძელდება 5-6 წთ.
  • ფრენბურთის ბურთის ბადის ზევით აგდება, ბადის ქვეშ გასვლით მოედნის მეორე მხარეს ბურთის დაჭერა. 
  • ადგილიდან წახტომი სიგრძეზე და ხტომში ტენილი ბურთის წინ გდება.
  • ნახევარბუქნიდან ტენილი ბურთის გდება წინ და ზევით, გაქცევა და ვარდნილი ბურთის ჰაერში დაჭერა. 
როგორც ცნობილია, უფროსკლასელები ადვილად თანხმდებიან ფსიქომოტორული უნარების დონის შემოწმებაზე. რეკომენდებულია, მასწავლებელმა მოამზადოს და ჩაატაროს კომპლექსური ტესტირება და შეაფასოს თითოეული მოსწავლის უნარი. ეს შეიძლება გადაიზარდოს შეჯიბრებაში, რომელიც მოსწავლეებში ფსიქომოტორული უნარების სრულყოფის სურვილს გამოიწვევს. ამისთვის მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს მოცემული ვარჯიშების რეგულარული შესრულება სპორტის გაკვეთილებზე.  

…ყველაფერი იცვლება

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

კლოდ  სიმონი  დაიბადა 1913 წელს,  “ახალი  რომანის”  წარმომადგენელთაგან  ყველაზე მეტად  აინტერესებს დროის პრობლემა რომანში.  ჯოისისა და ფოლკნერის მსგავსად ცდილობს, რამდენადაც  შესაძლებელია, არ დაშორდეს ცნობიერების ნაკადს, რასაც თავად  უწოდებს:  “მეხსიერების მოუცველ  და აბსოლუტურ უწესრიგობას”. თავისი მეთოდის განსახორციელებლად მიმართავს კინემატოგრაფიულ ტექნიკას და იგონებს შესაბამის სტრუქტურულ და  სტილისტურ საშუალებებს. ამ  მხრივ “ფლანდრიის გზა” მისი ყველაზე სრულყოფილი ნაწარმოებია.

1967 წელს აქვეყნებს “ისტორიას”, რომელმაც მოუტანა ყველაზე დიდი თანამედროვე  ფრანგი მწერლის სახელი. 1985 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. კლოდ სიმონის ნაწარმოებთა უამრავი  თარგმანი არსებობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი მწერალია საფრანგეთის გარეთაც.
– როგორ წერთ? “ფლანდრიის გზა” ისეთი რთული ნაწარმოებია, რომ ბევრს  აინტერესებს, როგორ დაიწერა.
– ვერ  გამიგია, აქამდე ეგ რატომ არავის უთქვამს. ხშირად ხდება: დაიწყებ წერას, თხრობას, მოიხედავ  და ამბავი დამთავრებულია! დაუბრუნდები, გადახედავ, რაც გააკეთე, მთლიანობაში აღიქვამ, თითქოს ტელესკოპით ათვალიერებდე. შორეული ამბები ისეთივე მკაფიოა და ახლოსაა გულთან, როგორც ის, რაც დღეს ხდება. ზოგიერთი, ბავშვობისდროინდელი ან ათი წლის წინათ მომხდარი ამბავი ხშირად უფრო მძაფრიც კია, ვიდრე გუშინდელი თავგადასავალი.
– სწორი ბრძანდებით.
– ტრადიციულ რომანში კი ცდილობდნენ დრო გადმოეცათ ისევ დროის დინებით. ეს გულუბრყვილობად მიმაჩნია. პირველ გვერდზე  გმირი იბადება,  მეათეზე – პირველად შეუყვარდება  და ა. შ.
მე  კი მიმაჩნია, რომ  უნდა  გადმოსცე  დროის არა  დინება,  არამედ ერთიანობა. მხატვრობაშიც ასეა. სამგანზომილებიანი სამყარო მხატვარმა  ორგანზომილებიანად უნდა აქციოს. ლიტერატურაში ჩვენ წინაშე სწორედ ეს პრობლემაა – ერთი განზომილებიდან  მეორეში გადატანა. ხსოვნასა და გულში ერთიმეორეს მიყოლებული სურათები უნდა გააერთიანო.
– ასე რომ, თქვენი წიგნი დროის ერთიანობას გამოხატავს?
– სწორედ ეგრეა. მართალია, ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მაგრამ მთავარი  დალაგებაა.
– მერედა, როგორ მოახერხეთ?
– პერპინიანში ვიყავი. “ბალახი” ახალი დამთავრებული მქონდა და ეტრეტაში გავემგზავრე ჩემს გამომცემელ, ჟერომ ლინდონთან ერთად. სასწრაფოდ კორექტურა უნდა წამეკითხა. ეტრეტადან პარიზში წავედით. გზაში ლინდონმა უეცრად მკითხა, ახლა რას  აპირებო. დღესაც  თვალწინ მიდგას ის ადგილი ეტრეტასა და ბრეოტეს შორის. მთელი წიგნი  ნათლად წარმომიდგა, როგორც დოსტოევსკის რომანებში ხდება, ყველაფერი ერთ წუთში ან დროის უფრო მცირე მონაკვეთში რომ ვითარდება. თითქოს ახლაც ვხედავ იმ მოსახვევს, გზას, ხეს… დიახ, გონებაში უცებ  აღმიდგა ყველაფერი, მთელი ამბავი, თავიდან ბოლომდე, თითქოს ქარმა დაბერა  და მომიტანაო… წინაპრების სახეები, ომი…
– დოღი, კორინა?
– დიახ, თითქოს ყველაფერი სახეში მომაყარა ძლიერმა ქარმა. გონება კი არა, გრძნობა შემიძრა, გრძნობა ხომ გონებაზე გაცილებით უფრო სწრაფად მოქმედებს. ისღა დამრჩენოდა, დამეწერა. აი, მაშინ დაიწყო ნამდვილი  ჯოჯოხეთი.
– რატომ?
– თითქმის მთელი წელიწადი ისე  ვიმუშავე, რომ  ვერა  და ვერ მივხვდი, თუ როგორ უნდა ამეგო. ერთხელაც, პარიზისკენ მგზავრობისას, უეცრად გამიელვა: ფერადი ფანქრები!.. ყოველ პერსონაჟს, ყოველ თემას თავისი ფერი მივეცი და ასე, სურათივით დავხატე მთელი ნაწარმოები.
– ეგ თქვენი მიგნებაა?
– მგონი, თუმცა ერთხელ ლინდონმა მითხრა, რომ, თურმე,  უგო ბეკეტიც ასე წვალობდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ფერადი მელნით წერა არ მოიფიქრა.

– ფერებს როგორ არჩევდით?
– მხოლოდ ალღოთი. ეს ისეა,  მხატვარს რომ  ჰკითხო, რატომ აირჩია ნარინჯისფერი ან ალუბლისფერი. მხოლოდ ანდრე ლოტი თუ  აგიხსნით, რატომ  უნდა  იყოს გვერდიგვერდ ცივი და  თბილი ტონები. გონებით კი არა, თვალით, გულით ვიცოდი, სად უნდა გაწყვეტილიყო ესა თუ  ის ხაზი, სად რა უნდა გადაკვეთილიყო…  არა, ამის მოყოლა შეუძლებელია, რეცეპტი არ არსებობს.
– წერის პროცესში ხედვა ხომ არ შეგცვლიათ?
– არა, არსებითად არაფერი შეცვლილა, წიგნში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ბევრი რამ გავიწყდება. მწერალს, საზოგადოდ, ჰგონია, რომ  ყველაფერი უნდა თქვას, არაფერი არ უნდა გამოტოვოს; რომ  წიგნში  ცარიელი ადგილი არ უნდა  იყოს. ამიტომ  ერთგვარი მონაცრისფრო, ცემენტისმაგვარი მასით ავსებს იმ ადგილებს, სადაც  არაფერი უგრძნია და არაფერი უთქვამს. ეს ძალზე ხელოვნურ ხერხად მიმაჩნია.
– აბა, მკითხველს თუ  პირისპირ დატოვებთ ამ ცარიელ ადგილებთან, უფრო არ გაუძნელდება კითხვა?
– წარმოიდგინეთ,  ვან გოგს  ან პიკასოს  რომ  ეფიქრა,  ვინმეს ჩემი ნამუშევრების აღქმა ხომ არ გაუჭირდებაო. არა  მგონია, რომ მწერალი ამაზე  უნდა  წუხდეს.  მკითხველზე ფიქრი თუ  დაიწყე, დაღუპული ხარ!
– და მაინც, რომანისტებს კარგა ხანს მიაჩნდათ, რომ მარტო რეალობა  კი არ  უნდა  აესახათ, არამედ  მთხრობლებიც  უნდა ყოფილიყვნენ.
– მგონი, აჯობებს, ამაზე არ ვიფიქრო. მისაწვდომობაზე ზრუნვა სიგიჟეა, გამანადგურებელია.
– თქვენს წიგნებში რამდენიმე ფურცელს ისე  წაიკითხავ, სასვენ ნიშნებს ვერსად შეხვდები. რატომ?
– როგორ გითხრათ, ეს ერთგვარი ტემპოა. ასე იმიტომ  ვწერ, რომ  სხვაგვარად არ  შემიძლია.  თუ  გავჩერდი და  წერტილ-მძიმე დავსვი, გავიხლიჩები. წიგნის  ყველაზე დიდი ნაწილი პუნქტუაციის მოუმარჯვებლად დავწერე. მხოლოდ მოგვიანებით დავსვით სასვენი ნიშნები მეც და ჩემმა გამომცემელმაც.
– როგორც თქვენ თვითონ ბრძანეთ, გონებაში გქონიათ წიგნის თავდაპირველი სახე, მაგრამ, როცა თქვენ მიერ  წარმოდგენილ სურათში გადი-გამოდიხართ და ამას ერთი ფრაზით გადმოსცემთ, მკითხველს გამოყოლა ხომ არ უჭირს?
– ამაზე მიფიქრია. ამიტომაც  ვცადე,  წიგნის  პირველ გვერდზე გადმომეცა მოკლე მიმოხილვა, ერთგვარი რეზიუმე, მთელი წიგნის პირველი ხედვა. ეს თუ არ იგრძნობა, მაშასადამე, არაფერი გამომსვლია.
– თქვენი საყვარელი მწერლები?
– კონრადი, პრუსტი, ჯოისი, ფოლკნერი. ყველა, ვინც მძაფრად დამანახვებს, მაგრძნობინებს, შემძრავს, შემეხება. ყველაზე უფრო – რუსები, მათგან კი დოსტოევსკი და ჩეხოვი. უფრო აქეთ – სელინი. მისი “მოგზაურობა წყვდიადში” ორ-ომს-შუა პერიოდის საუკეთესო წიგნია.  მიმაჩნია, რომ  მიშელ ლეირისის შემოქმედება სათანადოდ არ არის შესწავლილი. განსაკუთრებით “ხარახურა”. ეს შესანიშნავი ადგილი “დახე!  ანგელოზიც…” – ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია.
აღმაფრთოვანა ალენ რობ-გრიეს “ეჭვმა”. ჩემი აზრით, ეს წიგნი ახალი სიტყვაა ფრანგულ ლიტერატურაში. მას 2000 წელსაც წაი- კითხავენ.  ესაა პირველი და  დღემდე ერთადერთი ცდა  წმინდა მატერიალისტური ლიტერატურისა. ის ამბავი მახსენდება, ექიმი- ლექტორი სტუდენტებს რომ ეკითხება: “ამ დილით გასინჯეთ ავად- მყოფი? აბა, მიამბეთ, როგორ არის”. “ბატონო, ვფიქრობ…” “სულ არ მაინტერესებს, რას  ფიქრობთ, – აწყვეტინებს ექიმი, – მთავარია, რა ნახეთ, რა იგრძენით, რა მოისმინეთ. აი, ეს მინდა გავიგო. სულ არ არის საინტერესო, მე და თქვენ რას  ვფიქრობთ”.
ასეა ჩემთვის რობგრიეც. ეს არის ცდა  გათავისუფლებისა იმ მიაზმებისა და მითებისგან, ძალზე რომ გვამძიმებენ და გვახრჩობენ. არ ვიცი, სწორია თუ  არა  ეს, მაგრამ საკამათო  მაინცაა.

– იდეურობას გაურბიხართ, მაგრამ განა თქვენ თვითონ არ მოაწერეთ ხელი ერთ-ერთ მანიფესტს?
– დიახ, მოვაწერე და გამამტყუნეს კიდეც. მოვაწერე იმ მოსაზრებების გამო, 16-17 წლიდან რომ მაქვს სისხლში გამჯდარი. შეიძლება, სულელურად მოვიქეცი, მაგრამ გულმა ასე მიკარნახა. ვერასოდეს ავიტან უსამართლობას, შეურაცხყოფას, ტანჯვას. მართალია, გამამტყუნეს,  მაგრამ ბრძოლას მაინც განვაგრძობ.
ამის შემდეგ  ზედმეტი არ იქნებოდა  ამეხსნა,  რომ  ისე  წერა, როგორც  ვცდილობ,  რომ  ვწერო და  დეკლარაციაზე ხელმოწერა არსებითად ერთი და იგივეა და, ალბათ, შეიძლება დაერქვას: გამუდმებით დაეჭვება, დავა იმაზე, რაც მიღებულად მიგვაჩნია.
121 დეკლარაციაზე  ხელმოწერა  ზოგიერთი  დოკუმენტის  სამართლიანობაში  გაეჭვებს.  წერაც  (რასაკვირველია, ხელოვნების ნაწარმოებს ვგულისხმობ) უკვე  დამკვიდრებული, აღიარებული, დამკვიდრებული ფორმებისა და ურთიერთობების სათუოდ გახდას ნიშნავს.

სხვათა შორის, “ფლანდრიის გზაში”  პერსონაჟები  ფაქტებს ეჭვის თვალით უყურებენ, სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ,  საკუთარ თავს ეკითხებიან, ყველაფერი ისე  ხდება თუ  არა,  როგორც უამბეს,  როგორც წარმოუდგენიათ  თუ როგორც  ჰგონიათ,  რომ ხედავენ. ყველაფერი იცვლება, არაფერია მყარი, უძრავი. ბუნებრივია, ენაც იცვლება. დღეს  სტენდალის ფრაზით ვეღარ  დაწერ. ეს ეტლით სეირნობას დაემსგავსებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება.
– ხშირად დიალოგში ფრაზას წყვეტთ, აბუნდოვანებთ. მოსაუბრე  სათქმელს  არ ასრულებს. რატომ?
– მგონი,  ადამიანები ასე საუბრობენ: “იცით, ეს…” მოკლედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ,  მაგრამ ადვილად უგებენ ერთმანეთს.
– როგორ მიაღწიეთ ამას?
– შრომით… ეს ჩემი მეშვიდე წიგნია. შრომით… შრომით…

ფრანგულიდან თარგმნა სოფიო ბენდიაშვილმა

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება

0

ძნელად თუ მოიძებნება
ადამიანი, რომელიც პიროვნების ღირსებათა ჩამონათვალს არ მიაკუთვნებდეს დამოუკიდებლობას,
გამბედაობას, ხოლო სხვისი გავლენის მორჩილება, საკუთარი აზრის უქონლობა, პირიქით, ანტიპათიას
არ იწვევდეს მასში. სკოლისა და ოჯახის მთელი ძალისხმევაც თითქოს იქით არის მიმართული,
ჩამოუყალიბონ აღსაზრდელს დამოუკიდებელი აზროვნების, მოვლენათა დამოუკიდებლად შეფასების
უნარი, აღზარდონ ის გამბედავ პიროვნებად, მაგრამ ის აღმზრდელობითი ხერხები, რომლებსაც,
ჩვეულებრივ, იყენებენ ოჯახსა და სკოლაში, ხშირად საპირისპირო ეფექტს იძლევა. უცნაურია,
მაგრამ თუ მოზრდილი ადამიანისთვის დამოუკიდებლობა, გამბედაობა ღირსებებად მიიჩნევა,
ხოლო სხვისი გავლენის მორჩილება ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, იმავე თვისებებს
ბავშვებში პირიქით ვაფასებთ. მაგალითად, იშვიათი როდია, როდესაც აღსაზრდელის დამოუკიდებლობას,
განსაკუთრებით – უფროსთან კონფლიქტის დროს, აღმზრდელი ყოველნაირად ახშობს, ხოლო ბავშვი,
რომელიც სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებს უფროსის ყოველ მითითებას, თუნდაც ის სრულიად ეწინააღმდეგებოდეს
მის წარმოდგენებს, პატივისცემით სარგებლობს. ასეთ მოსწავლეებს უმეტესად არც გააჩნიათ
საკუთარი აზრი, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება. საეჭვოა, ასეთმა ბავშვმა დიდობაში
გამოიმუშაოს მოვლენათა დამოუკიდებელი აღქმისა და შეფასების, სირთულეთა დაძლევის უნარი.
ბუნებრივია, თუ ბავშვი წლების განმავლობაში უფროსებთან – მშობლებსა და მასწავლებლებთან
– ურთიერთობისას უსიტყვო მორჩილებას იყო მიჩვეული, მომავალში დამოუკიდებელ პიროვნებად
ვეღარ ჩამოყალიბდება. ადამიანის ფსიქიკას უჭირს ერთი უკიდურესობიდან მეორეში ასეთი
ნახტომის გაკეთება.

რა უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს,
ყველაზე ხელსაყრელი პირობები დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად მოაზროვნე  პიროვნების ჩამოსაყალიბებლად განვითარების კრიტიკულ
პერიოდებში იქმნება. სირთულეებმა, რომლებიც ამ დროს იჩენს თავს, შესაძლოა აღმზრდელს
დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში დიდი დახმარება გაუწიოს. განსაკუთრებით
დიდი როლი შეიძლება შეასრულოს ამ მხრივ ბავშვის სიჯიუტემ, რომელიც უფროსებისთვის ხშირად
დაუძლეველ წინააღმდეგობად იქცევა.

სიჯიუტის პირველ გამოვლენას
ბავშვის განვითარების პირველ კრიტიკულ პერიოდში, დაახლოებით 3-დან 5 წლამდე, ვხვდებით.
ალბათ ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ამ ასაკის ბავშვი ჭამის დროს კოვზს ხელიდან
სტაცებს უფროსს, რომ საკუთარი ხელით მიირთვას, მაგრამ ვინაიდან მოტორიკა და სივრცეში
ორიენტაციის უნარი ჯერ საკმარისად არ აქვს განვითარებული, პირის მაგივრად კოვზი ცხვირთან
მიაქვს და ითხუპნება, რაც უფროსებს აღიზიანებს და აბრაზებს. იგივე ხდება ბავშვის ჩაცმისას,
როცა პატარა სიტყვებით „მე თვითონ” ხელიდან სტაცებს უფროსს ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს
და დამოუკიდებლად ჩაცმას ცდილობს, მაგრამ არც ეს გამოსდის ისე, როგორც საჭიროა და ამისთვისაც
იმსახურებს საყვედურს. აღმზრდელებს ურჩევნიათ, ყველაფერი თვითონ აკეთონ, ვიდრე ბავშვის
მიერ ცუდად შესრულებული მოქმედების გამო „საქმე გაირთულონ”: თვითონ ჩააცვან ბავშვს,
საკუთარი ხელით აჭამონ საჭმელი, ვიდრე უყურონ, რა გაჭირვებით იცვამს პატარა ან როგორ
ითხუპნის ჭამის დროს ცხვირ-პირს – ეს ხომ დამატებით საზრუნავს უჩენს მათ. მაგრამ უნდა
გავითვალისწინოთ, რომ დამოუკიდებლობის პირველ გამოვლენათა ჩახშობას ხშირად არცთუ სასურველი
შედეგი მოჰყვება. ბავშვი ერთხანს დაჟინებით მოითხოვს უფროსისგან, ამა თუ იმ საქმის
დამოუკიდებლად კეთების უფლება მისცენ, მაგრამ თუ ამას ვერ მიაღწია, „ბედს ეგუება” და
მოგვიანებით უკვე სიამოვნებით იღებს უფროსების მომსახურებას, თუმცა ამ დროს მშობლებს
უკვე აღიზიანებთ შვილის მათზე მეტისმეტი დამოკიდებულება. არცთუ იშვიათია შემთხვევა,
როცა 18-20 წლის ან უფრო მოზრდილი ახალგაზრდის მშობელი წუხს, რომ მის შვილს მის გარეშე
არაფრის გაკეთება არ შეუძლია. „ყველაფერი მე უნდა გავუკეთო, მე უნდა მოვაგვარო მისი
საქმეები. ჩაიც კი მე უნდა გავუმზადო. დილით ჩაიში შაქარს რომ ჩავუყრი, თუ არ მოვურიე,
შეიძლება უშაქრო ჩაი დალიოს”, – ამ სიტყვების ავტორი 20 წლის ბიჭის დედაა. მას შესაძლოა
აღარც კი ახსოვს, როგორ იქცეოდა თვითონ, როცა სამი წლის ასაკში შვილი ხელიდან სტაცებდა
კოვზს, რომ დამოუკიდებლად ეჭამა. სამწუხაროდ, მან თავის დროზე დამოუკიდებელი პიროვნების
ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან.

პირველი კრიტიკული ხანა,
3-დან 5 წლამდე ასაკი, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის ნიადაგის მოსამზადებლადაც
კარგი პერიოდია. ამ ასაკის ბავშვის უსაყვარლესი კითხვა „რატომ?” იმდენად მოსაბეზრებელი
ხდება უფროსებისთვის, რომ ხშირად საყვედურობენ კიდეც მას გაუთავებელი კითხვების გამო.
ცნობილია, რომ კითხვა „რატომ?” საკმაოდ მაღალი დონის სააზროვნო უნარისთვის, ანალიზისთვის,
არის დამახასიათებელი. არ არის გამორიცხული, სამი წლის პატარა, რომელიც აქტიურად იწყებს
სამყაროს შემეცნებას, ამგვარი კითხვებით პრიმიტიულ დონეზე სწორედ ანალიზს ცდილობდეს.
თუ ჩვენ, ჩვენი მოუცლელობისა და დაღლილობის გამო, ჩავუხშეთ ბავშვს კითხვების დასმის
სურვილი და გასაქანი არ მივეცით მისი სააზროვნო უნარების განვითარებას, მალე ის დაკარგავს
ამის კეთების სურვილს და ჩვენ უკმაყოფილო ვიქნებით იმით, რომ ის არავითარ შემეცნებით
ინტერესს აღარ გამოამჟღავნებს.

დამოუკიდებელი პიროვნების
ჩამოყალიბების ხელშესაწყობად ძალიან კარგი დროა მეორე კრიტიკულ პერიოდიც – გარდამავალი
ასაკი, რომელიც 10-11-დან 15-16 წლამდე გრძელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდში
რთულდება აღმზრდელისა და აღსაზრდელის ურთიერთობა გარდამავალი ასაკისთვის დამახასიათებელ
თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის გამო. კონფლიქტი, რომელიც გარდამავალ ასაკში იჩენს
თავს, მათ თავიდან ასაცილებლად მუშაობის არასწორად წარმართვის გამო ხშირად ჭაბუკობის
პერიოდშიც გრძელდება.

გარდამავალი ასაკის ყველაზე
მნიშვნელოვანი თავისებურებაა მოზარდში დიდობის გრძნობის აღმოცენება და მასთან უშუალოდ
დაკავშირებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. დიდობის გრძნობის აღმოცენებას
იწვევს ყველა ის ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ცვლილება, რომლებიც გარდამავალ პერიოდში
ხდება. მოზარდი, ამჩნევს რა მასში მომხდარ ცვლილებებს, ასკვნის, რომ ის თითქმის აღარაფრით
განსხვავდება მოზრდილი ადამიანებისგან და მოითხოვს მათგან, თანატოლივით ეპყრობოდნენ.
თუ უფროსებმა არ გააკეთეს ეს და არ გაათავისუფლეს მოზარდი წვრილმანი მეურვეობისგან,
ზედმეტი კონტროლისგან, გადამეტებული და მომაბეზრებელი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობისაგან
– ყოველივე იმისგან, რაც რაღაცნაირად გამართლებული იყო სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო
ასაკის ბავშვის მიმართ, უარი არ თქვენს კატეგორიულ მოთხოვნებსა და მბრძანებლურ კილოზე,
ბავშვი თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს და უხეში, ჯიუტი და ჟინიანი ხდება.
ცხადია, უფროსი იმდენ დამოუკიდებლობას ვერ მიანიჭებს
მოზარდს, რამდენსაც ის მოითხოვს, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში მისი დიდობის აღიარება
და ზოგიერთი საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის უფლების მინიჭება დამოუკიდებელი
პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედებს.

გარდამავალ ასაკში სერიოზული
ცვლილებები ხდება ბავშვის ინტელექტუალური განვითარების მიმართულებით; ვითარდება ფილოსოფიური,
ფსიქოლოგიური აზროვნება, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილი; მოზარდი აქტიურად
ცდილობს მოვლენების და ადამიანთა ქცევის გაანალიზებას და შეფასებას, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი
ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
ეს მაშინ მოხდება, თუ ჩვენ, ერთი მხრივ, სწორად წარვმართეთ მოზარდთან ურთიერთობა და,
მეორე მხრივ, სწორად დავგეგმეთ სასწავლო და საგაკვეთილო პროცესი.

დამოუკიდებელი აზროვნების
განვითარების ხელშესაწყობად საჭიროა:

პატივი ვცეთ მოზარდის აზრს, მაშინაც კი, თუ ის არ მოგვწონს,
მიუღებლად მიგვაჩნია.

● გავუღვივოთ ბავშვს
სოციალური დაცულობის განცდა მსჯელობის პროცესში. თუ მოზარდი პირადი აზრის გამოხატვისას
გარშემო მყოფთა სახეზე ირონიულ ღიმილს ამჩნევს, მომავალში მას აღარ გაუჩნდება საკუთარი
აზრის გამოთქმის სურვილი;

● მოვიწონოთ, როდესაც
ბავშვი ცდილობს თავისი აზრის არგუმენტებით დასაბუთებას, მაშინაც კი, თუ ეს აზრი მეცნიერულად
მიუღებელი და გაუმართლებელია.

● გავითვალისწინოთ, რომ
ჩვენ მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე შეგვიძლია ბავშვის განვითარების პროცესში აქტიური
ჩარევა; გარდამავალი ასაკიდან ის იწყებს თვითაღზრდას და საკუთარი წარმოდგენისამებრ
ავითარებს ან აღმოფხვრის თავის თავში ამა თუ იმ თვისებას.

● ყურადსაღებია ისიც,
რომ ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, უფროსების ქცევაზე დაკვირვებით სწავლობს ყველაფერს.
თუ ჩვენ არ გამოვამჟღავნეთ დამოუკიდებლობა ამა თუ იმ მოვლენის, ამა თუ იმ ადამიანის
ქცევის ანალიზისა და შეფასების დროს, მოზარდს დამოუკიდებელ მსჯელობას, დამოუკიდებელ
შეფასებას ვერ მოვთხოვთ.

სკოლის უპირველესი მიზანი
დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბება უნდა იყოს, რადგან
სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ძლიერი ქვეყნის საზოგადოებას.

განათლების სისტემის ტრანსფორმაცია? – დიახ, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ

0

კენ რობინსონი

01/11/09

მას
შემდეგ, რაც აშშ-ის 111-ე მოწვევის კონგრესის წევრები კაპიტოლიუმის შენობაში
დაიარებიან და თავიანთ მაგიდებსა თუ კაბინეტებს დაეძებენ, შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს,
რომ ეს მოსწავლეთა პირველ დღეს წააგავს სკოლაში. კარგი იქნება, თუ ისინი ამავე გრძნობით
გააგრძელებენ მოღვაწეობას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რომლის გაკეთებაც კონგრესმენებს
მოუწევთ, ამერიკული განათლების სისტემის მოწესრიგებაა.

ეკონომიკური
რეცესიის, ახლო აღმოსავლთში გაბატონებული დაძაბულობისა და პლანეტაზე მიმდინარე
პროცესების ფონზე, განათლება ალბათ ვერ მოხვდება კონგრესმენების „აუცილებელი
საქმეების” ტოპათეულში. უნდა მოხვდეს კი. განათლების სისტემის ტრანსფორმაცია უნდა დაედოს
საფუძვლად ყოველივე იმას, რის მიღწევასაც ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებს. სხვაგვარად
ვერაფერი, რასაც მოკლევადიანი მიზნები ექნება, ვერ გახდება მდგრადი.

პრეზიდენტად
არჩევისას ობამამ ერის წინაშე დაიფიცა, რომ შეცვლიდა და განაახლებდა ამერიკულ ოცნებას. დარწმუნებული ვარ,
მანაც კარგად იცის, რომ თვითონ ოცნებაც შესაცვლელია. ამერიკული ოცნების მომავალი
არ გახლავთ ის მატერიალისტური აპათია, რომელზეც 60-იან წლებში პაროდირებდა ედუარდ
ოლბი

[1]

და
რომლის სავალალო შედეგებსაც ახლა ვიმკით.

„ამერიკული ოცნება” უნდა გახდეს
მარტინ ლუთერ კინგის გამომაფხიზლებელი ოცნება-შეძახილის მსგავსი მოწოდება, რომელიც
მოიტანს სოციალურ თანასწორობას, პირადი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური
პასუხისმგებლობის განვითარების და კულტურული ურთიერთპატივისცემის ახალ, მგზნებარე
ხედვას. ამ ოცნების განხორციელება ნიშნავს რადიკალურად განსხვავებული აზროვნების
დამკვიდრებას საკუთარი თავისა და ჩვენი შვილების შესახებ. იგი ნიშნავს დედამიწასთან
ჩვენი დამოკიდებულების გადახედვას და იმ მილიარდობით ადამიანის ბედის სხვაგვარად
გააზრებას, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ჩვენს პლანეტაზე.

ეს ყველაფერი განათლების საქმეა,
მაგრამ არა იმ განათლებისა, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს არსებული სისტემა მე-19
საუკუნის ინდუსტრიალიზმის ეპოქისთვის შეიქმნა და დღეს იგი სახიფათოდ არის „გადახურებული”.
რეალური ამოცანა სისტემის ტრანსფორმაცია გახლავთ. ამერიკას სასწრაფოდ სჭირდება
განათლების სისტემა, რომელიც ცოცხალი იქნება, რომელსაც შეეძლება სუნთქვა 21-ე
საუკუნეში. ეს უდიდესი ამოცანაა და მისი შესრულების გადადება არ შეიძლება.

მე და ჩემი ოჯახი რვა წლის წინ გადმოვსახლდით
აშშ-ში. წამოსვლამდე მითხრეს, რომ ამერიკელებს ირონია არ ესმით. მე ამისა არასდროს
მჯეროდა და ამერიკაში ჩამოსვლისას მყარი არგუმენტიც მოვიპოვე – ეს არის კანონი
სახელად „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე” (
No Child
Left Behind
). ფაქტია, მილიონობით ბავშვი ამერიკაში
ჩამორჩენილია და ვერ იღებს კარგ განათლებას. ნათელია,
რომ ირონია ძალიან კარგად ესმის მას, ვინც კანონს ასეთი სახელი დაარქვა. რა თქმა
უნდა, „მილიონობით ბავშვი განათლების გარეშე” ვერ იქნებოდა ყველაზე მიმზიდველი
სახელწოდება კანონისთვის, მაგრამ უფრო მიუახლოვდებოდა სიმართლეს და ნაკლებად
ირონიული ელფერიც ექნებოდა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა,
რომ ამ კანონს კარგი განზრახვა ჰქონდა. მჯერა, ასე იყო. მან ისიც თქვა, რომ
კანონის განხორციელებისას მთავარი დაბრკოლება ფედერალური დაფინანსების სიმცირე
გახლდათ. ამასაც ვეთანხმები. მაგრამ პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ პრობლემას ფესვები
უფრო ღრმად უდგას. გაცილებით ღრმად, ვიდრე უფულობაა. ამ აქტის მთელი საფუძველია
გაბზარული.

ეს კანონი ეფუძნება ფატალურ
იდეას, რომ მომავლისთვის უკეთ მოსამზადებლად საჭიროა სკოლების დღევანდელი მუშაობის
გაუმჯობესება წარსულთან შედარებით, მე კი მიმაჩნია, რომ საჭიროა უბრალოდ საბაზისო ფასეულობებისკენ
მიბრუნება და სტანდარტების ამაღლება. აუცილებელია, სკოლები და პოლიტიკის
შემქმნელნი საბაზისო პრინციპებს დაუბრუნდნენ. მათ სტადარტებიც უნდა ასწიონ. ვითომ
რატომ უნდა დავწიოთ ისინი? მაგრამ ჩნდება კითხვა: რას ვგულისხმობთ საბაზო
ფასეულობებში და რომელ სტანდარტებზე ვსაუბრობთ?

წეღან ვთქვი, რომ ბზარი ამ
კანონის საფუძველშივეა. უფრო ზუსტად, მასში სამი დიდი ბზარია. პირველი: ეს კანონი
ხელს უწყობს გონებრივი უნარებისა და შესაძლებლობების მეტისმეტად ვიწრო გაგებას.
შედეგად უდარდელად ნიავდება ათასობით მოსწავლის ნიჭი და მოტივაცია.

მეორე შეცდომაა გაუგებრობა
სტანდარტსა და სტანდარტიზაციას შორის. შედეგად ვიღებთ უსახო და ერთგვაროვან
სკოლებს ქვეყნის მასშტაბით.

მესამე ბზარია მიდგომა, რომელიც ამბობს,
რომ განათლება შეიძლება გამოკეთდეს პროფესიული შემოქმედებისა და მასწავლებლების
პერსონალური დამოკიდებულების გარეშე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ათასობით კარგი
მასწავლებელი სასწრაფოდ ტოვებს სკოლებს, ამ უკანასკნელთ კი ისინი განსაკუთრებით სჭირდებათ.
ეს ყველაფერი ამერიკას უკან სწევს. ეს უკუსვლა კი მიმდინარეობს აქამდე უნახავი
სისწრაფით განვითარებადი მსოფლიოს ფონზე.

მომავლის ღირსეულად შესახვედრად
ამერიკას თანაბრად სჭირდება ყველა ადამიანის, ახალგაზრდისა თუ მოხუცის, ნიჭის
განვითარება და ხელშეწყობა. ამ ქვეყანას სჭირდება შემოქმედებისა და სიახლის, ბიზნესს
შეეხება ის თუ კულტურას, სისტემატური და მტკიცე კულტივირება-მოვლა. ამერიკამ თავიდან
უნდა ააშენოს თავისი პოსტინდუსტრიული თემი. ამერიკამ უნდა იტვირთოს ლიდერის როლი
შინ თუ გარეთ და ხელი შეუწყოს კულტურული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ღრმა
ფორმების განვითარებას.

ეს გახლავთ რეალური საფუძვლები –
ადამიანური ნიჭისა და შესაძლებლობების განსხვავებული ჭვრეტა, იმ პირობების
განსაზღვრა-შექმნა, რომლებშიც ეს ტალანტი გაიფურჩქნება.

სახტად ვრჩები, როდესაც ვხედავ,
რომ უამრავ ზრდასრულ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თავის რეალურ ნიჭზე, ან უარესი –
ჰგონიათ, რომ არაფრის ნიჭი არ გააჩნიათ. ბევრი უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც
აკეთებს, გრძნობისა და ვნების გარეშე.

ვიცნობ სხვებსაც, ვისაც უყვარს
თავისი საქმე; იმათ, ვინც, თუ საჭირო იქნება, ამ საქმეს გასამრჯელოს გარეშეც
გააკეთებს და სხვა რამის კეთება ვერც წარმოუდგენია. იმის არსში ჩაწვდომა, რა
იწვევს ცვლილებას, განათლების ტრანსფორმაციისთვის, ბიზნესისა და ადამიანთა თემისათვის
უმნიშვნელოვანესია. ეს აუცილებელია, რათა გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

მართალი გითხრათ, უკვე ამერია იმ
უნიჭიერესი ხალხის სათვალავი, რომელსაც შევხვედრივარ და რომლებიც სკოლაში არცთუ კარგად
სწავლობდნენ. მრავალი მათგანი სკოლაშიც კარგი იყო, მაგრამ ბევრმა, მიუხედავად მოკრძალებული
ნიშნებისა, უდიდეს წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში. მათ თავიანთი ნამდვილი ნიჭი მუშაობის
პროცესში აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც სწავლების სიტემას ჩამოშორდნენ. ეს იმიტომ, რომ
განათლების დღევანდელი სისტემა არ შექმნილა თითოეული ადამიანის ტალანტის
განვითარებისთვის; იგი ჩამოყალიბდა გარკვეული ტიპის უნარების ხელშესაწყობად და
ძირითადად ინდუსტრიული ეკონომიკის ინტერესების მოსამსახურებლად.

ეკონომიკურად და კულტურულად ამერიკისა
და დანარჩენი მსოფლიოს მომავალი სხვა მიმართულებაში ძევს. ეს მომავალი დამოკიდებული
იქნება ამ ქვეყნების ხალხთა სიცოცხლისუნარიანობაზე, განსხვავებულობასა და
შემოქმედებით უნარზე. კარგი ამბავია ის, რომ უკვე არსებობს განათლების ძლიერი,
მაღალეფექტური და პრაქტიკული ფორმები, რომლებიც სწორ გეზს მისცემს ახალგაზრდების
სწავლებას.

განსახორციელებელ ცვლილებებს
განათლების სრული ტრასფორმაცია უნდა დაედოს საფუძვლად. ეს არ გახლავთ ის
საკითხები, რომლებიც კონგრესმა ან შტატების მთავრობებმა მოგვიანებით უნდა განიხილონ.
თუ მთავრობებმა ამ საკითხის განხილვა გადადეს, შესაძლოა მივიღოთ ის, რომ თვითონაც
და ჩვენი ქვეყანაც ჩამორჩებიან განვითარების პროცესს. ეს კი მართლაც საკუთარი
თავის დაცინვა იქნება.

 

ინტერვიუ სერ კერ რობინსონთან:
როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი ნიჭი

ავტორი: დენ შვაბელი, ჟურნალ
”ფორბსის” ჟურნალისტი

 

6/05/2013



 

ჩემი საუბარი სერ კენ რობინსონთან წარიმართა ნიჭის,
ანუ იმის შესახებ, როგორ უნდა აღმოაჩინონ პროფესიონალებმა თავიანთი „შიდა” ტალანტი
და ვნებები. სერ რობინსონი გახლავთ საერთაშორისო აღიარების მქონე მოაზროვნე, განათლებისა
და ბიზნესის ინოვაციების სფეროსა და ადამიანის შემოქმედებითი უნარების განვითარების
სპეციალისტი. მის ვიდეოგამოსვლებს 2006 და 2010 წლების
TED-ის კონფერენციაზე 150 ქვეყანაში
250 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. მისი ავტორობითაა გამოცემული პოპულარული
წიგნი – „საკუთარი სტიქიის ძიებაში: როგორ ვიპოვოთ საკუთარი ნიჭი და ვნება და
როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება”.

 

ინტერვიუში სერი რობინსონი საუბრობს ახალგაზრდა ტალანტების
აღმოჩენაზე, საქმისადმი საკუთარი ვნების ძიებაზე, იმაზე, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ის,
რაც მოგვწონს, არ გამოგვდის, რატომ არ შეუძლია ყველას, აკეთოს ის, რაც უყვარს და
სხვა.

 

• როგორ უნდა მიაგნოს ადამიანმა თავის ნამდვილ ნიჭს
და საქმისადმი ვნებას? ასე შემთხვევით ხომ არ ხდება?


საკუთარი
ნიჭის ან რაიმე საქმიანობისადმი ვნების აღმოჩენაში ნაწილობრივ შემთხვევა ან მოცემული
შესაძლებლობა გვეხმარება.

• რა ვქნათ, თუ რაც
გვიზიდავს, იმ საქმეში ძლიერი არ ვართ?

– სტიქია ის
სიტუაციაა, როდესაც ბუნებრივი ტალანტი ემთხვევა ან ხვდება პერსონალურ ვნებას, მიდრეკილებას.
საკუთარ სტიქიაში ყოფნა არ გახლავთ საკმარისი იმისთვის, რომ აკეთოთ ის, რაც კარგად
გამოგდით. ბევრს კარგად გამოსდის საქმე, რომელიც მათ არ იზიდავს. სტიქიაში
ყოფნისას უნდა გიყვარდეთ რასაც აკეთებთ: როდესაც გიყვარს, ეს აღარ არის „საქმე” ან
„სამუშაო”. ვნება წარმმართველია, ე.წ. „დრაივერი”, ნებისმიერ სფეროში. ზოგს უყვარს
იმის კეთება, რაშიც, ჰგონია, რომ არც ისე ძლიერია. შესაძლოა, ამაში მათ დაბალ თვითშეფასებას
მიუძღვოდეს ბრალი. შესაძლოა იმასაც, რომ თავიანთი ნიჭის განსავითარებლად სათანადოდ
არ უმუშავიათ. ასეა თუ ისე, ძლიერი ვნება, საშუალო ნიჭთან ერთად, უფრო შორს
წაგვიყვანს, ვიდრე მძლავი ტალანტი და მცირე ენთუზიაზმი.

• თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია,
თავისი ვნება აქციოს თავის საქმედ და სრულყოს თავისი ცხოვრება?

ზოგიერთს შეუძლია,
სრულფასოვნად იცხოვროს თავის სტიქიაში ყოფნისას, ზოგს – არ შეუძლია, ხოლო
დანარჩენებს არ სურთ. საკუთარი სტიქიის პოვნა მხოლოდ ფულის შოვნასთან არ არის დაკავშირებული
– ეს შენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს და, იმავდროულად, იმის განსაზღვრაში
გეხმარება, რამდენად სავსეა, სრულყოფილი და მიზანმიმართული შენი ცხოვრება. განურჩევლად
იმისა, შეგიძლია, გსურს თუ არ შეგიძლია, საკუთარ სტიქიაში ამყოფო თავი, ყველაფერი
შენზეა დამოკიდებული – აკეთებ კი იმას, ერთი დღის განმავლობაში იქნება თუ კვირებისა,
რაც ყველაზე ბუნებრივად გამოგდის, რაც ყველაზე აუთენტურია შენთვის, რაზეც ყველაზე
უკეთ შეგიძლია მოახდინო კონცენტრაცია?

• დღევანდელ სავალალო ეკონომიკურ ვითარებაში როგორ დავირწმუნოთ
თავი, რომ შეიძლება, საკუთარ ოცნებას მივყვეთ?


– როგორც ვთქვი,
საკუთარ სტიქიაში ყოფნა შესაძლოა ჰობი და მიდრეკილება უფრო იყოს, ვიდრე სამუშაო.
ეს მთლიანად ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. ყველა
უნიკალური ვართ, ყველას სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს. ვერავინ იცხოვრებს სხვისას. ადამიანი
წარმოსახვისა და შემოქმედების უსაზღვრო ძალის პატრონია. ის თავად ქმნის თავის ცხოვრებას
და თავდვე შეუძლია მისი გარდაქმნაც. ეკონომიკური კრიზისისა და გაურკვევლობის პერიოდებში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ღრმად ჩახედვა, იმაში ჩაწვდომა, როგორი
ცხოვრება გვსურს გვქონდეს და იმის გარკვევა, რომელი ნიჭი შეგვაძლებინებს ამის განხორციელებას.

• რა არის თქვენი სამი მთავარი რჩევა კარიერის დაგეგმვისას?



– პირველი – ცხოვრება
არ არის სწორხაზოვანი. რასაც ახლა აკეთებთ ან წარსულში გიკეთებიათ, არ
განსაზღვრავს იმას, რას გააკეთებთ მომავალში. ჩემს წიგნში („საკუთარი სტიქიის ძიებაში”)
უამრავ მაგალითს იპოვით იმისა, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება გამაოგნებლად შეცვალა,
რათა თავის სტიქიას, ვნებას მიჰყოლოდა.

მეორე – ფული
არ გახლავთ ბედნიერების გარანტია. ჩვენ ყველას გვჭირდება იმდენი ფული, რაც საჭიროა
ჩვენი და ჩვენზე დამოკიდებული ადამიანების ნორმალური ცხოვრებისათვის, მაგრამ
კვლევები და გამოცდილება მოწმობს, რომ არ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება
სიმდიდრესა და კარგად ყოფნას შორის. ბედნიერება, თუ ეს ის არის, რაც თქვენ გსურთ,
სულიერი მდგომარეობაა და არა მატერიალური. იგი სათავეს იღებს განხორციელებულიდან,
დანიშნულების აღსრულებიდან, აუთენტურობის შეგრძნებიდან.

მესამე – საკუთარი
ვნებისა და სტიქიის ძიებისას ყველაზე დიდი დაბრკოლება შესაძლოა თვითონვე შეუქმნათ თავს.
შესაძლოა შეგაშინოთ სხვების დამოკიდებულებამ, მოსალოდნელმა წარუმატებლობამ, სხვის
თვალში „სულელად” გამოჩენამ. საკუთარი სტიქიისა და მიდრეკილების პოვნას შესაძლოა
სიმამაცე დასჭირდეს და ეს ყველა საყურადღებო მიღწევისთვის აუცილებელია.

 

თარგმნა და
კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ






[1]

ედუარდ
ოლბი/
Edward Albee – ამერიკელი
დრამატურგი. სახელი გაითქვა ერთაქტიანი პიესით ”ამერიკული ოცნება” – მწარე სატირული
პიესით, რომელშიც გაშიშვლებულია 60-ნი წლების ამერიკული საზოგადოების მორალი, ’ამერიკული
ოცნების’ ყალბი ფასეულობები, თვითკმაყოფილება, სისასტიკე, უუნარობა და სიცარიელე. ამ
ავტორსვე ეკუთვნის გახმაურებული პიესები: ”ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?” და ”ზოოპარკის
ისტორია”.

პატარა ქართველის ოცნება

0
მსაჯობა ერთ-ერთი ის პროფესიაა, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი და სტადიონზე ყოფნისას, როგორც შემეძლო, ვიცავდი ხშირად უსამართლოდ გათათხულ „შავოსნებს”.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მსაჯობა პირადად მე ერთგვარ სამოქალაქო გმირობად მიმაჩნია და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ერთი მეგობრის თორმეტი წლის შვილი არა კოსმონავტობაზე, ბიზნესმენობაზე ან პრეზიდენტობაზე, არამედ მსაჯობაზე ოცნებობს.

ინტერესმა თავისი ქნა. ავდექი, შევიძინე პიერლუიჯი კოლინას უზარმაზარი პლაკატი და მსაჯობაზე მეოცნებე ბავშვის სანახავად გავეშურე. პატარა გიორგიმ ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ მისი ოცნება თანაკლასელებისა და ნათესავების დაცინვის მიზეზად ქცეულა, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, რომ არავის ათხოვებდა ყურს, როდესაც გაიზრდებოდა, მსაჯი გახდებოდა და აუცილებლად უმსაჯებდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.

არავინ იცის, რა იქნება მომავალში, მართლა დადგება თუ არა დრო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ქართველი რეფერი განსჯის, მაგრამ ალბათ არ იქნება ურიგო, საქართველოს ჩემპიონატის სამსაჯო ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე ამთავითვე ვიზრუნოთ.

მაღალი დონის, პროფესიონალური სამსაჯო სკოლის გარეშე ჩემპიონატის ხარისხის ამაღლება რომ წარმოუდგენელია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ქართველი მსაჯების შეცდომებზე ლაპარაკობენ, სტადიონებზე ხშირად სწორედ მათ მაგინებელთა როლში გამოდიან – ალბათ ჰგონიათ, რომ თუ მსაჯს შეაგინებ, დააშინებ და ბოთლს ესვრი, ის მყისვე პროფესიონალად გარდაისახება და შეცდომები აღარ მოუვა.
ცოდვა გამხელილი ჯობია და, ჩვენს ქვეყანაში კანონის დამცველებს (სხვა საქმეა, რამდენად პატიოსნად იცავდნენ ეს უკანასკნელნი კანონს) არასოდეს სწყალობდნენ. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგ მოსამართლეებსა და პატიოსან პოლიციელებს ხალხი აღმერთებს, ჩვენთან კარგი პოლიციელის ქება თითქოს სირცხვილია. იგივე შეიძლება ითქვას მსაჯებზეც. მსაჯის პროფესიისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას ეგებ არც მრავალ ევროპულ ქვეყანაში იჩენდნენ, მაგრამ კარგად ნამსაჯებ მატჩებზე მსაჯებისთვის ტაშიც არაერთხელ დაუკრავთ და თავიანთი გუნდების დამარცხებას, მცირე გამონაკლისების გარდა, მსაჯებს იშვიათად აბრალებენ.

ევროპელი საფეხბურთო სპეციალისტები, ჩემი აზრით, საფუძვლიანად სწუხან, რომ ფეხბურთის განვითარების ტემპს მსაჯები ფეხს ვერ უწყობენ, ევროპული სამსაჯო სკოლა (როგორც ტრადიციებზე ორიენტირებული ფენომენი) საკმაოდ ნელა ვითარდება და ამიტომაც გახშირდა მსაჯთა ხშირად უპატიებელი შეცდომები.

ევროპაში მსჯელობენ, ფიქრობენ, კამათობენ და ეძიებენ ამ პრობლემების მოგვარების გზებს. მსაჯთა კრიტიკით ცნობილმა ჟოზე მოურიონიმაც კი აღიარა: „თუკი მსაჯები დღეს ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ყველას ბრალიაო”.

ჩვენში კი პრობლემის „მოგვარების” ერთადერთ გზად კვლავ გინება მიიჩნევა. ბევრს ვაჟკაცობაც კი ჰგონია, თუ მსაჯს გვარიანად „შეუკურთხა” და მიმოიხედავს კიდეც – ხალხს თუ ესმის, რა მაგრად ვიგინებიო…

რა თქმა უნდა, სტადიონი ის ადგილია, სადაც ემოციების გამოხატვა არათუ სასურველია – აუცილებელიცაა; არც ის არის გასაკვირი, თუ აღელვებულია მაყურებელი შეიგინება, მაგრამ არა ყოველთვის, ყველა თამაშზე და მუდამ მსაჯის მისამართით.

ასე ჩვენ „ვერ გავფრინდებით”. ვერც თორმეტი წლის გიორგის აუხდება ოცნება – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მის „ადგილს” სხვა დაიკავებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...