კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

1956 წლის მარტის მოვლენები – თვითმხილველთა მოგონებები, საარქივო დოკუმენტები, პერიოდიკა, ანალიზი

0

ეპიგრაფი
ძალიან მიყვარდა სტალინი. ძალიან, ძალიან მიყვარდა სტალინი. მერე სტალინი თბილისში ჩამოვიდა, მერე სტალინი მოკვდა, მერე კი თბილისის სასაფლაოებზე გაჩნდა საფლავები გარდაცვალების ერთი და იმავე თარიღით – 9 მარტი, 1956 წელი. იმ დღიდან მიყვარს ერთი ქართველი მწერალი, ეგნატე ნინოშვილი, თუმცა… არასდროს წამიკითხავს მისი წიგნები.

 

ნურბეი გულია, 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილე

 

 

არსებობს ისტორიული თარიღები, რომელთა გახსენება, შეფასება და ანალიზი ყოველ დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია. ასეთია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეც – 1956 წლის 9 მარტი. მასალაში თავმოყრილია თვითმხილველთა მოგონებები, იმდროინდელი პერიოდიკის მიმოხილვა, საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მარტის მოვლენების გახსენებისა და შეფასებისთვის გამოადგებათ პედაგოგებს.

როგორ იგონებენ მარტის ტრაგიკულ მოვლენებს თვითმხილველები? რამდენი ადამიანი შეეწირა რეალურად მიტინგის დარბევას? რა რიცხვია მოყვანილი ოფიციალურ დოკუმენტებსა და ოქმებში? რამ გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება? რა გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ პერიოდიკაში მიტინგის დახვრეტას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პირველწყაროების, პერიოდიკის, მოგონებებისა და დღეს უკვე გასაჯაროებული დოკუმენტების მეშვეობით შევეცდებით. მასალა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული 4D ინტერდისციპლინური კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.

 


პრეისტორია

ჯერ კიდევ 1954 წლის მარტში, სტალინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 3-იდან 9 მარტის ჩათვლით თბილისში, სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მდებარე სკვერში, სტალინის ძეგლთან იკრიბებოდნენ ადამიანები, ყვავილებით ამკობდნენ ძეგლს და იგონებდნენ „ხალხის მამას”. 1955 წელს კი იქ იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეკრება არასანქცირებულ მიტინგს დაემსგავსა. 1956 წელს ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ ბელადის კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაააქტიურა. უკვე სამი მარტიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საბჭოთა რეალობისთვის გაუგონარი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 4, 5 და 6 მარტს გამოსვლების მასშტაბი თანდათან გაიზარდა, 7 მარტს კი სტალინის ძეგლთან, ლენინის (ახლანდელ თავისუფლების) მოედანზე გამართულ მიტინგებზე, იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველის, ნოდარ ნათაძის მოგონებით, 70-80 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი (ამას სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ). თბილისელ თანატოლებთან ერთად იდგნენ რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც. ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა სტალინის „უბიწო” სახელის შებღალვის გამო…

 

პერიოდიკა

აღსანიშნავია, რომ ამ დღეების განმავლობაში პერიოდიკაში არ გამოჩენილა სტალინის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი. მხოლოდ 9 მარტით დათარიღებულ გაზეთ „კომუნისტსა” და „ლიტერატურულ საქართველოში” ვაწყდებით ი. ბ. სტალინის გახსენებას. საინტერესო და უჩვეულო კი ისაა, რომ სტალინი ამ წერილში ხაზგასმით წარმოჩენილია როგორც კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გენიალური დამაარსებლის, ვ. ი. ლენინის, გამოჩენილი მოწაფე.

პათოსი წინა წლის გამოცემებთან შედარებით თავშეკავებულია და მეტწილად საუბარია ლენინური იდეებისა და კომუნისტური პარტიის წინსვლის შესახებ. მიმოხილულია მეცხრამეტე და მეოცე ყრილობები, ოღონდ მოხსენება „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ” განხილული არ არის. სახასიათო აბზაცი: „პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნ. ს. ხრუშჩოვის მოხსენებამ ასახა ის გრძნობა, შემოქმედებითი ძიებისა და ინიციატივის ის სულისკვეთება, ნაკლოვანებებისადმი ის შეურიგებლობა, რაც ახასიათებს პარტიული ხელმძღვანელობის ლენინურ სტილს და ჩვენი პარტიის მთელ საქმიანობას”. განწყობა რადიკალურად შეცვლილია, სტალინი ლენინის ჩრდილქვეშ მოიხსენიება, არსადაა ობლობის, გენიალური ბელადის გარდაცვალების ტრაგიკულობის განცდა, რომლითაც გაჯერებულია წინა წლის იმავე პერიოდის გამოცემები.

აქ კი უცბად და მკვეთრად აქცენტი მთლიანად გადატანილია მეექვსე ხუთწლედის წარმატებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიტერატურული საქართველოსა” და „კომუნისტის” სტატიები აბსოლუტურად იდენტურია. ტექსტში სტალინი არსადაა მოხსენიებული იმ აღმატებული ზედწოდებებით, რომლებითაც მანამდე ამკობდნენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა, წინა წლების პერიოდულ გამოცემებში სტალინის სახელს თითქმის ყოველთვის ახლავს ეპითეტები: „ხალხის მამა”, „დიდი მასწავლებელი”, „ყველა დროის გენიოსი”, „ბედნიერი ცხოვრების შემოქმედი”, „ჩვენი გამარჯვების დროშა”, „დიდი სტალინი”, „ყველა ჩვენი გამარჯვების შემოქმედი” (მაგალითად, 1953 წლის „კომუნისტის” მარტის ერთ-ერთ ნომერში სტალინი ამ ზედწოდებათა გარეშე 8-ზე ნაკლებ შემთხვევაში მოიხსენება). რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პუბლიკაციაში მოხსენიებული ი. ბ. სტალინი სხვა პიროვნებაა, არა ის, ვისაც მანამდე გვაცნობდნენ იგივე გამოცემები.

 


რა ხდებოდა საკუთრივ მიტინგზე?

ამის შესახებ წარმოდგენას მიტინგის მონაწილეთა მოგონებების მიხედვით შევიქმნით.

პირველ დღეებში გამოსვლებს ხელისუფლების მხრივ სრული იგნორი მოჰყვა. „ქუჩებში მილიციელები არ ჩანდნენ, ხალხი, თითქოს, თავის ნებაზე იყო მიშვებული…” (ნოდარ ნათაძე)

9 მარტს, დილით, ვასილ მჟავანაძე გამოჩნდა მიტინგზე, შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. როგორც თვითმხილველები იგონებენ, სიტყვა მან რუსულად დაიწყო, შემდეგ კი მომიტინგეების მოთხოვნით ქართულად გააგრძელა. ხალხის დასაშოშმინებლად მან თქვა: „ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”

იმავე დღეს მიტინგზე გამოჩნდა ჩინეთის სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჩუ დე. მოწოდებას არავინ დაუჯერა. სტუდენტებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მიტინგზე იყვნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისმოდა მოწოდებები, სტალინის სადიდებელი ლექსები, სიმღერები. ლოზუნგების მთავარი გზავნილი იყო „სტალინი ჩვენი დროშაა”, „გაუმარჯოს პარტიას, ლენინს და სტალინს”, თუმცა მოგვიანებით აქა-იქ გაისმა პოლიტიკური ხასიათის მოწოდებებიც, მაგალითად, ცეკას პოლიტბიუროს გადადგომის მოთხოვნა (არ დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან რაიმე პატრიოტული განწყობის გამომხატველი მოწოდებები).

როგორც წინა წლებში, ახლაც სატვირთო მანქანით დადიოდნენ ლენინისა და სტალინის გრიმიანი მსახიობები. ხალხი ყიჟინით ხვდებოდა მათ. ბელადების პორტრეტებს ხელით დაატარებდნენ. 8 მარტისთვის დაირხა ხმა, რომ იგეგმებოდა მიტინგის დარბევა, მაგრამ ამას მომიტინგეთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია.

დემონსტრაციები დაიწყო გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავშიც.

9 მარტსვე, საღამოს, მიტინგზე წამოაყენეს წინადადება, ცენტრალურ ტელეგრაფში (მაშინ „კავშირგაბმულობის სახლს” რომ ეძახდნენ) რამდენიმე ადამიანი გაეგზავნათ, რათა მოსკოვში პროტესტისა და სტალინის მეგობრის, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამები გაეგზავნათ. სურვილი იყო, ხმა მიეწვდინათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კი (ეს უჩვეულო, მოულოდნელი და იმ დროისთვის წარმოუდგენელი იდეა დასტურდება თვითმხილველების მონათხრობითაც. აკადემიკოსი გურამ თევზაძე იგონებს, რომ კონკრეტული ადრესატი არ ყოფილა, თუმცა სურვილი, ხმა მიწევდინათ საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც, იყო). იდეის ინიციატორები მალევე დააკავეს და როდესაც ეს მომიტინგეებმა გაიგეს, ნაწილი რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრა მათ მხარდასაჭერად.

„…პირველი ტაშისცემის მსგავსი ხმები რომ გაისმა, თავიდან ვერ მივხვდით, რომ ისროდნენ. ალექსანდრეს ბაღის ღობესთან ვიდექი, კავშირგაბმულობის სახლიდან 50 მეტრში. ვიღაცამ დაიძახა, ნუ გეშინიათ, ფუჭ ტყვიებს ისვრიანო, მაგრამ უეცრად დავინახეთ, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე ერთი ადამიანი დაეცა, მერე მეორე და გაისმა ყვირილი: „დაწექით, თორემ ყველას ამოგვხოცავენ!” სროლა 8-10 წუთს გაგრძელდა. გაისმა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. საიდანღაც სატვირთო მანქანები გაჩნდა. ამ მანქანებში ჩაყარეს მოკლულები და დაჭრილები”, – იხსენებს მარტის მოვლენების თვითმხილველი და მონაწილე ოთარ ურუშაძე.

ამასვე ადასტურებს მიტინგის კიდევ ერთი მონაწილის, ნურბეი გულიას მოგონება: „საინიციატივო ჯგუფში გაჩნდა სურვილი, დეპეშა გაეგზავნათ მოლოტოვისთვის. შეკრებილთ ოთხი ახალგაზრდა გამოეყო – ორი გოგონა და ორი ბიჭი. ისინი კავშირგაბმულობის სახლის დაცვასთან მივიდნენ. ჯარისკაცებმა მათ ხელები გადაუგრიხეს და შენობაში შეიყვანეს. ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ბრბო შენობისკენ დაიძრა. კავშირგაბმულობის შენობის ფანჯრებიდან ტყვიამფრქვევებით დაიწყეს ბრბოს მისამართით სროლა. ჩემს ირგვლივ ხალხი მოცელილივით ეცემოდა. ჩუმად ეცემოდნენ, ტყვიამფრქვევების ხმის გარდა არაფერი ისმოდა. უცბად ერთი ტყვიამფრქვევი ქუჩაზე მდგარ ხეს მიუშვირეს. იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ აცოცებულები. ბავშვები ხეებიდან ცვიოდნენ. ხალხი უკუიქცა, გარბოდნენ, მაგრამ ტყვიები ეწეოდათ. ჩემ გვერდით ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი, ჩემივე თანატოლი დაეცა უსულოდ. იქვე ძეგლი შევნიშნე და მას ამოვეფარე. ეს ძეგლი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილისა აღმოჩნდა. დაველოდე, სანამ ტყვიამფრქვევმა მიმართულება არ შეიცვალა და იქაურობა დავტოვე”.

„ჯარისკაცები ამას სრულიად აუღელვებლად აკეთებდნენ. ის კი არა, ერთმანეთში საუბრობდნენ და დამცინავად გადმოჰყურებდნენ ბრბოს. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათს. შემდეგ შენობაში და მის ირგვლივ მდგარმა ჯარისკაცებმა, ხან ხალხის მიმართულებით, ხანაც ჰაერში სროლით, ქვემოთ ჩამოწევა და ხალხის მასის დაფანტვის ოპერაცია დაიწყეს. გამოჩნდნენ ტანკებიც, რომლებიც ცალ მუხლუხოზე ტრიალით ცდილობდნენ შეჯგუფებული ხალხის დაფანტვას. თუმცა ამან ახალგაზრდები ვერ შეაშინა. ისინი ტანკებს ზედ ახტებოდნენ, ცდილობდნენ, ლუკები გაეღოთ, დროშებს არჭობდნენ ზედ (ბედის ირონიაა, რომ ეს დროშები საბჭოთა იყო). ერთმა ლულაზე საფურთხებელი ურნაც კი ჩამოაცვა. ასე გაიყვანეს ხალხი ლენინის მოედნისკენ, იქ კი ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე. დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ძეგლის კვარცხლბეკიდან ადამიანების ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. ბოლოს ხიშტიანმა ჯარისკაცებმა სამკუთხედი შეკრეს და ხალხს მიაწვნენ. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი თავის გადასარჩენად მტკვარშიც ცვიოდა. მათ აღმოსაჩენად მეავტომატეების ჯგუფები დადიოდნენ და დაუნდობლად ცხრილავდნენ”, – იხსენებს ნოდარ ნათაძე.

 

დარბევის შემდეგ

იმდროინდელ ოფიციალურ წყაროებში მომხდარი შეფასებულია როგორც „ანტიბოლშევიკური და ნაციონალისტური ხასიათის მასობრივი გამოსვლები”, „მასობრივი არეულობა”. უკვე 10 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლოდ” გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რაც იმ და მომდევნო დღეებში უნდა გატარებულიყო წესრიგის აღსადგენად და არეულობის შედეგების გასანეიტრალებლად. ადრესატები სხვებთან ერთად არიან მ. გიორგაძე, ა. ინაური, მ. ლელაშვილი, ვ. მჟავანაძე, დ. მჭედლიშვილი. უპირველეს ყოვლისა, დაიგეგმა ხელმძღვანელი პირების გადანაწილება ქუთაისში, ბათუმსა და გორში. მათ უნდა უზრუნველეყოთ ამ ქალაქებსა და თბილისში საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში 5-9 მარტის მოვლენების პოლიტიკურად „გამართულად” შეფასება, თეზისები უნდა შემუშავებულიყო ამხანაგ დ. მჭედლიშვილის მიერ.

10 მარტის დილის 7 საათიდან სამუშაოს დაწყებამდე კრება უნდა გამართულიყო ყველა დაწესებულებაში. უმთავრესი ამოცანა იყო მომხდარის პოლიტიკური შეფასება და პროვოკატორების, ანტისაბჭოთა ელემენტებისა და „ხულიგნების” დაგმობა. თბილისში, თითოეულ რაიონში მობილიზებული უნდა ყოფილიყო 2000-მდე კომუნისტი საჭიროების შემთხვევაში წესრიგის დასამყარებლად. განათლების მინისტრს, ამხანაგ ჯიბლაძეს, და უმაღლესი სასწავლებლების დირექტორებს გადაეგზავნათ დირექტივა იმ სტუდენტების დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდნენ მეცადინეობებს.

დღეს უკვე გასაჯაროებულ საიდუმლო დოკუმენტებში არის მონაცემები ტყვიით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანების შესახებ.

საინტერესოა, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21-ია (?!), თვითმხილველთა და მონაწილეთა ჩვენებით კი მიტინგის დარბევას, სულ მცირე, 80 ადამიანი შეეწირა. ზუსტი რაოდენობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. სახელდება რიცხვი 1000-ის ჩათვლითაც კი („იმის მიხედვით, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი აზრით, დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 500 მაინც იქნებოდა. როგორც ამბობდნენ, ყველაზე პატარა დაღუპული 12 წლის ბავშვი იყო. ისინი ჩუმად, ყოველგვარი რიტუალის გარეშე დაკრძალეს. დასაფლავებები უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული”, – ნოდარ ნათაძე).

საინტერესოა, რა შეფასებას აძლევენ მომხდარს იმდროინდელი გაზეთები.

ყოველდღიური გაზეთი „კომუნისტი”, საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს მთავარი ბეჭდვითი ორგანო, არც 9, არც 10, არც 11 მარტს და არც მომდევნო დღეებში არ გამოხმაურებია მომხდარს. 11 მარტის ნომერი იწყება სტატიით, რომელსაც ცინიკური სათაური აქვს: „დიდი ზრუნვა ხალხის კეთილღეობისთვის”. სტატიაში საუბარია 8-საათიანი სამუშაო დღის შემოკლებაზე, მშრომელთა საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებებისადმი ყურადღების გაძლიერებაზე…

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდის ქართულ საბჭოთა პერიოდიკაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.

დარბევის კვალი ქალაქში ოპერატიულად წაშალეს: ასფალტი მოირეცხა, კიბე ძეგლთან, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, გამოიცვალა.

 


მოჰყვა თუ არა დარბევას რეპრესიები?

დღემდე უცნობია ქართული და საბჭოთა მმართველი ელიტის დამოკიდებულება და შინაპარტიული დებატები აღნიშნულ მოვლენებზე. უცნობია ისიც, ვისი ინიციატივით გაიცა იარაღის გამოყენებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის ბრძანება.

საარქივო დოკუმენტებიდან ჩვენთვის ხელმისაწვდომ ნიმუშებში ამის შესახებ ბევრი არაფერი წერია.

რაც შეეხება დარბევის შემდგომ რეპრესიებს – ცნობილია, რომ მომდევნო დღეებში პერმანენტულად აკავებდნენ ხალხს მცირე ხნით – დაკითხვისთვის (შემონახულია შესაბამისი ოქმები), თუმცა ამ მიზეზით გასამართლებულთა ან დიდი ხნით დაპატიმრებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

სადამსჯელო ღონისძიებად ძირითადად პარტიიდან გარიცხვასა და საყვედურებს იყენებდნენ, თუმცა შიში მოსახლეობაში საკმაოდ დიდი იყო.

ნურბეი გულიას მოგონებით, საავადმყოფოები ცხრაში, ღამითვე დაიცალა პაციენტებისგან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მკურნალობდნენ სხეულის დაზიანებებს და ჭრილობებს. მათ ეშინოდათ, მიტინგში მონაწილეობა არ დასდებოდათ ბრალად („პლეხანოვზე, საავადმყოფოსთან ჩავიარე და უცნაური სურათის მოწმე გავხდი: ხეები მოფენილი იყო დასისხლიანებული ბინტებით და სახვევებით. მეხანძრეები გინებითა და ფურთხებით ხსნიდნენ მათ. აღმოჩნდა, რომ ხალხმა სასწრაფოდ შემოიხია გასისხლიანებული სახვევები, საავადმყოფოს ფანჯრებიდან მოისროლა და გაიქცა…” – ნურბეი გულია, „ქართული ამარკორდი”).

მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა პროპაგანდა და აგიტაცია. მოხდა მიტინგის მონაწილეების სტიგმატიზება „ანტიბოლშევიკურ ელემენტებად” და „ხულიგნებად”, თავდამსხმელებად, მასობრივი არეულობისთვის, სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მათ წინააღდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, თუმცა „დამნაშავეების” უმეტესობას პირობითი სასჯელი აკმარეს.

ჩემი წილი აფხაზეთი

0

როგორია ცუდი წინათგრძნობა? დედაჩემი ამბობს თავის ლექსში, წოიო ჩიტი გაავდრებას იტყობინებაო. თითქოს ჩიტებს ცუდი ამბები უნდა მოჰქონდეთ, უსიამო წინათგრძნობებს დაატარებდნენ ფრთებით, საავდრო ამინდს ქმნიდნენ… სახლის წინ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ბებიაც განსაკუთრებულად მოჭიკჭიკე ჩიტს, თავს რომ დაგვტრიალებდა, ჩურჩულით ეტყოდა: „შენს პირს შაქარი, ჩიტო, შენს პირს შაქარიო”. ბავშვობიდან მეშინოდა ჩიტების, თითქოს მათ მოჰქონდათ კონვერტებით გულის გასაგლეჯი ამბები – ვინ აღარ იყო ცოცხალი და ვინ როგორ ვერ გადარჩა. ჩიტების ჭიკჭიკი დღესაც მზაფრავს, ყოველთვის ვხურავ კარს ან ფანჯარას, თუ რომელიმე ჩიტი თავს არ მანებებს.

1993 წლის ივლისი. პაპანაქება ზაფხული. ჩვენს თავზე ჩამოწოლილი ბლანტი სიცხე. უსიამოდ გატრუნული ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე.
7 წლის ვიყავი. მახსოვს, სტუმრები მოვიდნენ. მერე ოთახში შეიკეტნენ უფროსები, მახსოვს შეკივლება. მახსოვს თავზარდამცემი ამბავი. მახსოვს, რომ ჩიტების ჭიკჭიკი საერთოდ არ ისმოდა. არ ვიცი, ვის როგორი წინათგრძნობა ჰქონდა იმ დღეს.
1993 წლის 5 ივლისს კი ბაბუა განმარტოებით იჯდა თავის ოთახში, გაზეთებსა და წიგნებში ჩაფლული, და რადიოს უსმენდა. რადიოში ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ. გაგანია ომი იყო. აფხაზეთის ომი… კარგი ამბები აღარ ხდებოდა, ან ვეღარ ვამჩნევდით. უსმენდა ბაბუა რადიოს და ალბათ შვილზე – პაატაზე ფიქრობდა, რომელიც იმ დროს აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში, კამანში, ეკლესიის წინამძღვარი იყო. ნეტავი რას უგრძნობდა გული? სანამ ცოცხალი იყო, ამ ამბებზე არაფერი მიკითხავს. რადიომ კი გადმოსცა, რომ კამანის აღების დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს ქართველი მღვდელმონაზონი, მამა ანდრია ყურაშვილი. ასე შეიტყო ბაბუამ შვილის გარდაცვალება.
დეტალები შემდეგ გავიგეთ: როგორ არ მიატოვა მამა ანდრიამ მრევლი და რა გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. მანამდე ეკლესიაში შეკრებილები აზიარა და გაამხნევა, თუმცაღა მოახლოებულ განსაცდელს გრძნობდა. როგორც გადარჩენილები ჰყვებიან, მამა ანდრია სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, ყველა გაემხნევებინა. ტყვიების წვიმაში ინვალიდთა სახლში დარჩენილი უმწეო მოხუცების დასახმარებლად და გასამხნევებლად მირბოდა. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესიაც ალყაში მოექცა და ბრძოლა უკვე ეკლესიის ეზოში გაგრძელდა. მისი კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. იგი კონდახების ცემით გაიყვანეს გარეთ… მერე მამა ანდრიაც გაიყვანეს. იგი მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო. ეგონათ, ტაძარში მალავდა ჯარისკაცებს. ეკითხებოდნენ, ვისი მიწაა აფხაზეთიო, მამა ანდრია კი მშვიდად პასუხობდა, ღვთისაო. მას ზურგიდან ესროლეს.
უცნაური რამ მოხდა: მეორე დღეს მოსკოვიდან მოვიდა ცნობა, რომ არ შეხებოდნენ არც იოანე ნათლისმცემლის ტაძარს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს და არც ტაძრის მსახურთათვის ეხლოთ ხელი. ეკლესიას სასწრაფოდ მიუჩინეს დაცვა…
მე თითქმის არ მახსოვს ბიძაჩემი. მხოლოდ ერთ კადრს ვიხსენებ, იმასაც ბუნდოვნად: ბაცი ფერის ჯინსი და ქურთუკი აცვია და სადღაც მიდის. მას შემდეგ აღარ მინახავს… ამ ამბების შემდეგ კი ბაღდათში, ჩვენს ხალხმრავალ სახლში, გაჩნდა მამა ანდრიას ოთახი, სადაც მისი სამღვდლო შესამოსელი და ხატები ჩამოვკიდეთ. ის გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი ჩვენს სახლში.
მისი საფლავის მონახულება, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერც ბებიამ და ვერც ოჯახის სხვა წევრებმა ვერ შეძლეს. ვიცით, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან მას იქაურები. სოფელი კამანი კი, რომელიც მამა ანდრიას სამარადისო ნავსაყუდელად იქცა, თურმე ძალიან ჰგავს მშობლიურ ბაღდათს, სადაც მან ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა.
„პაატას უყვარდა გოდერძი ჩოხელი. მისი ერთი მოთხრობის პერსონაჟებს, ჯღუნას და ბერის, ვასახიერებდით კიდეც… ფეხშიშველა ჩოხელი ცივ ქვაზე შედგაო, – დაიძახებდა ბერი. ბერო, ჩამოდი დაბლაო, – ეტყოდნენ. ის უარობდა. ბერიც გახდა და ქვიდანაც არ ჩამოსულა…” – იხსენებს ჩემი მეორე ბიძა.
ამ დღეებში, როდესაც აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებულ ფილმს ვგულშემატკივრობდით „ოსკარის” ცერემონიალზე, გამახსენდა, რომ ჩემი წილი აფხაზეთის ისტორია მეც მაქვს. ისტორია, სადაც 27 წლის მამაკაცი შეგნებულად და უშიშრად წირავს თავს. მისი მსხვერპლშეწირვა კი გარდამტეხი ხდება მისი ოჯახისა და მრავალი სხვისთვის. მამა ანდრიას მოწამეობრივ ღვაწლთან გადაჯაჭვულია აფხაზი იური ანუას ტრაგიკული აღსასრულის ამბავიც. ამ ტრაგიკულ ქარგაზე იქსოვება ორი ადამიანის, აფხაზისა და ქართველის, მეგობრობაც, რომლებიც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ეპუებიან მტერს და თავიანთი გამბედაობით უმტკიცებენ სამყაროს, რომ მიწა, რომელზეც ვდგავართ, მიწა, რომელიც ჩვენი საკუთრება გვგონია, არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს.

წერის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

0
ერნსტ კასირერი თავის ნაშრომში ,,რა არის ადამიანი?” აღნიშნავს, რომ „ენობრივი ცნობიერების გაღვიძება ეს არის გონითი რევოლუცია ბავშვის ცხოვრებაში. ამ დღიდან იწყება ბავშვის პირადი ცხოვრების მთლიანი გარდაქმნა”. მოზარდის  ენობრივი ცნობიერების გაღვიძებასა და გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. უპირველესად ისინი ქმნიან ბავშვისთვის ენობრივ გარემოს. რაც უფრო მდიდარია იგი, მით უფრო უადვილდება მოზარდს მშობლიური ენის დაუფლება. თუმცა ბავშვი მზამზარეულად მიწვდილს არ უნდა დასჯერდეს. თავად უნდა გაიმდიდროს მეტყველება და ისწავლოს წერა-კითხვა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც, საგნობრივი სტანდარტის მიხედვით სწორედ ამ მიმართულებით  ( ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) მუშაობენ. სამივეში შედეგის მიღება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ განსაკუთრებით რთული წერაა, რომელიც პირველი ორი კომპონენტის კარგად ფლობასაც გულისხმობს.

მოგეხსენებათ, ტექსტი ბევრნაირი არსებობს. შესაბამისად იგი სხვადასხვანაირად იწერება. ვიდრე მოსწავლე დასაწერი ტექსტის სპეციფიკას გაარკვევს, ეცოდინება, როგორ დაწეროს ესე, რეფერატი, პუბლიცისტური წერილი და ა. შ. უნდა ჩამოვუყალიბოთ მას ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანის ჩვევა.

წერის სწავლების მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ახალი არ არის. მინდა მოგიყვეთ იმაზე, როგორ ვიყენებ მას  ძირითადად სწავლების საბაზო საფეხურზე. წერის სწავლების სტრატეგიას პირობითად  „სიტყვებით თამაში” დავარქვით. მოსწავლეებს ვთავაზობთ სამ სიტყვას (ვცდილობთ ეს სიტყვები იყოს პოზიტიური განწყობის გამომწვევი, რადგან ჩვენს ბავშვებს ისედაც სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება) და ვეუბნებით მათ, რომ მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შექმნან მოთხრობა, ჩანახატი, ზღაპარი, ლექსი…   ,,კანდინსკი მიუთითებს, რომ ჩვეული ყოველდღიური საგნები ადამიანზე „ზედაპირულად”,  პერიფერიულად ზემოქმედებენ, ხოლო ბავშვისთვის სამყარო მისი „სიახლისა” და „უჩვეულობის” გამო დიდი შთაბეჭდილების მომტანია.’’ (რ. მირცხულავა, ,,ხელოვნების ფსიქოლოგია”, გვ. 119).  სამყაროს  ,,სიახლისა” და ,,უჩვეულობის”  გადმოცემის ერთ-ერთი საშუალება სიტყვაა.  ბავშვები იწყებენ ფიქრს, როგორ ააგონ ტექსტი. სიტყვები გარკვეულ ასოციაციას იწვევს მათში. ისინი თითქოს არიადნას გორგლის როლს ასრულებენ. მოზარდები შემოქმედებით პროცესში ერთვებიან. მათ სიტყვასთან ჭიდილში მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდებათ. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა ნაწერებში მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შეცნობაც შეიძლება, რაც მასწავლებლისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

წარმოგიდგენთ მოსწავლეთა რამდენიმე ნაწერს, რომლებიც  ზემოთ აღწერილი წერის სწავლების მეთოდის გამოყენებით შეიქმნა.

გამოსაყენებელი სიტყვები: მზე, მთა, ზღვა. ავტორი ნიკა ყურუა (VI კლასი):

„მზე დილით გაიზმორა, ივარჯიშა და გზას გაუდგა. მიწის შვილებს (მცენარეებს) სტუმრობს. ყველას ახალისებს. გზად მიმავალი მტირალ მთას აწყდება. თურმე სხვა მზეებს მისი კალთები გადაუწვავთ.

მზე სხვა მზეებთან მიდის. საყვედურობს. შეწუხდნენ მზეები: ჩვენ მხოლოდ თამაში გვინდოდაო. ორმოსთან დასხდნენ და დაიწყეს ტირილი. ორმო ზღვად იქცა. მზეებმა შიგ თავი ჩაიხრჩვეს. ის ერთი მზე კი ყოველ ღამე ჩადის ზღვაში და გარდაცვლილ მზეთა საფლავებს მოინახულებს’’.

გამოსაყენებელი სიტყვები: ლოცვა, მე, შენ. ავტორი ლადო ბერიშვილი. ამონარიდი მისი ნაწერიდან  (VII კლასი): 
,,ღმერთო, მე შენ მიყვარხარ. შენი შვილიც მიყვარს. დამეხმარე, რომ კარგი შვილი ვიყო!”
გამოსაყენებელი სიტყვები: ქალაქი, ქაღალდი, ქვა.  ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):

ქაღალდის ქალაქი

,,ქაღალდის ქალაქში მცხოვრებთა ბაგეები ოქროს მფრქვევი  ვულკანებია. მათ მხოლოდ კეთილი სიტყვები  იციან და თბილი გულები აქვთ.

ქაღალდის ქალაქიდან ქვის ქალაქის შემზარავი კონტურები იკვეთება. იქ მხოლოდ ბოროტება  მეფობს. მე ვრჩები ქაღალდის ქალაქში და ველოდები მსახვრალი ბედის გამოჩენას”.

გამოსაყენებელი სიტყვები: წვიმა ღრუბელი, მზე. ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):

მტირალა ღრუბელი

„ღრუბელი დარდისაგან გალურჯდა, მერე გაშავდა და მთელ ცას მოედო. უნდოდა გათავისუფლებულიყო. ადგა იტირა, იტირა და მიწაზე ჩამოიღვარა. ღრუბელი დარდისგან გათავისუფლდა და მზემაც გამოანათა”.

უსასრულოდ შემიძლია დავიმოწმო მოსწავლეთა ნაწერები, მაგრამ წერის სწავლების ზემოთ აღწერილი სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვის წარმოსაჩენად, ვფიქრობ, ესეც საკმარისია.

აქვე მინდა დავძინო, რომ მასწავლებლობა მხოლოდ სწავლებას არ ნიშნავს. ბავშვებისაგან ჩვენც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩემი მოსწავლეების ნაწერები ჩემთან ერთად ცხოვრობენ და განსაკუთრებით მაშინ მომეძალება მათზე ფიქრი, როცა ცხოვრება მეპირქუშება.
                                                           

საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრების სწავლება დაწყებით საფეხურზე

0
დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის, როგორც მკითხველის ჩამოყალიბებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტს.        

   წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ პრობლემები გამოიკვეთა.  

  საჭიროა თავად მასწავლებელმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექსტის ძირითადი მახასიათებლები და მის გააზრებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები. ამით ის შეძლებს დაეხმაროს მოსწავლეებს ასეთი ტიპის ტექსტებთან მუშაობისას ბარიერების გადალახვაში.

წაკითხულის გააზრების პრობლემები მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

§მწირი ლექსიკური მარაგი;
§გამართულად კითხვის დეფიციტი;
§მკითხველისთვის უცნობი საკითხავი თემა;
§ტექსტის სირთულე;
§კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
§სუსტი ვერბალური მსჯელობა;
§ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები;
§წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა.

კითხვაში დახმარების მეთოდების მეტაანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წაკითხულის გააზრების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის შესაძლებელი, თუ მოსწავლეებს მიზანმიმართულად ვასწავლით:

·გაგების მონიტორინგს;
·პარაგრაფში ძირითადი აზრის პოვნას;
·კითხვის სამივე ეტაპზე შეკითხვების დასმას;
·დასკვნების გამოტანასა და ტექსტის ნაწილების დაკავშირებას;
·ძირითადი ინფორმაციის თხრობას;
·ტექსტის ძირითადი პუნქტების შჯამებას (Sencibaugh, 2007).

შემოგთავაზებთ  მოსწავლეთა საინფორმაციო ტექსტთან მუშაობის უნარების განსავითარებლად ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს:

გაკვეთილის თემა:  ჩაძირული ქალაქები – ორი წყალქვეშა საოცრება

მიზანი :       

·საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში;

·ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ორიენტირებული მეთოდებისა და კონკრეტული აქტივობების გამოყენება;

·კითხვის დიფერენცირებული სწავლება;

·საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
შედეგად:

·მოსწავლეები შეძლებენ  კითხვის სტრატეგიების გამოყენებას;
·საინფორმაციო ტექსტის წაკითხვასა და გაგებას; 

·ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;

·განუვითარდებათ საკუთარი აზრის გადმოცემის,  მსჯელობის უნარ-ჩვევები.

 წაკითხვამდე : 

  ამ ფაზაში ჩემი მიზანი იყო, განხორციელებული აქტივობებით დავხმარებოდი მოსწავლეებს გაკვეთილის ნაცნობი დეტალების გააზრებაში, მათი გამოცდილების ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში, ყურადღების კონცენტრირებაში, არსებული ცოდნის შეფასებაში.

        ცნობილია, რომ მოსწავლის აქტიურობა სწავლებაში განსაზღვრავს სამ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ელემენტს: მიზანს, რომლის მიღწევაც გვსურს, მასალას, რომელიც მოცემული გვაქვს დაგეგმილი მიზნების განსახორციელებლად და მუშაობის მეთოდს, რომელსაც ვირჩევთ პირველ ორ ელემენტთან მიმართებაში. 

       გამოვიყენე კითხვის დიფერენცირებული სწავლება და  კლასი დავყავი 5 ჯგუფად: 1 ჯგუფი შექმნეს მოსწავლეებმა, რომელთაც უჭირდათ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა–გაგება; ორი ჯგუფი – საშუალო დონის  მკითხველებისგან, ორიც ჯგუფი – აქტიური მკითხველებისაგან შედგებოდა. 

       მოტივაციის შესაქმნელად  და გაკვეთილის თემის გაცნობის მიზნით მოსწავლეებს  კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში  ვუჩვენე ნაწყვეტი მულტფილმიდან ,,არიელი’’ და დავუსვი შეკითხვები, რომელთა საშუალებითაც გამოთქვეს ვარაუდები წასაკითხი ტექსტის მიზნის, თემის და შინაარსის შესახებ.

    ვარაუდების გამოთქმის შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, რადგან   გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ყურადღება მიემართათ მნიშვნელოვანი საკითხებისკენ, გაძლიერებოდათ სწავლისადმი ინტერესი და განვითარებოდათ საკუთარი ცოდნის დონის შემოწმების უნარი.  

   მივაწოდე ინფორმაცია კითხვის იმ სტრატეგიის შესახებ, რომლითაც მოუწევდათ ტექსტთან მუშაობა გაკვეთილის განმავლობაში.  

     როგორც აღვნიშნე, წაკითხული  ტექსტის  გააზრება-გაგებას ხელს უშლის არასაკმარისი ლექსიკური  მარაგი –   უცხო სიტყვების არცოდნა. სწორედ ამიტომ, ტექსტის წაკითხვამდე, გამოვიყენე აქტივობა ,,სიტყვების გამომძიებელი”, რითაც შევამოწმე, თუ რამდენად ესმოდათ ბავშვებს ტექსტში მოცემული საკვანძო, უცხო სიტყვების მნიშვნელობა. ცხრილის პირველ სვეტში ბავშვებმა ჩაწერეს საკუთარი ვარაუდები მოცემული სიტყვების შესახებ.
 

       კითხვის განმავლობაში:

          ამ ფაზის  მიზანი იყო ახალი  ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება, იმ ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დაძლევაში.

      აქტივობის „სიტყვების გამომძიებლის” ცხრილის I სვეტის შევსების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი საკითხავი მასალა. ტექსტი განსხვავებული ფორმატით, საგაზეთო სტატიით შევთავაზე მოსწავლეებს (საბავშვო გაზეთი ,,კითხვის დრო” N2, მაისი, 2014).   

              შესავალი ნაწილი საჩვენებელი კითხვის მეთოდით წავიკითხე, რადგან მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ვერბალური ინტერაქცია მნიშვნელოვანია, კითხვისა და მოსმენის პროცესი ინტერაქტიული და მიზანმიმართული ხდება. კლასის გააქტიურების მიზნით, შეკითხვებითა და ჩემი კომენტარებით დავაზუსტე, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხულის შინაარსი.

 

         კითხვის დასრულების შემდეგ დავუბრუნდი ცხრილს და ხმამაღალი ფიქრის მეთოდით ავუხსენი მეორე სვეტის შევსების წესი, გავუზიარე ჩემი გამოცდილება. შემდეგ ვთხოვე, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, დაკვირვებოდნენ  და კითხვისას რომელი სიტყვაც შეხვდებოდათ ,,სიტყვების გამომძიებლიდან”, მოენიშნათ მარკირებით. ამ სიტყვის განმარტება  კონტექსტიდან გამომდინარე, ჩაეწერათ მეორე სვეტში „ტექსტის მიხედვით”. ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს ვასწავლით საკუთარი კითხვის პროცესის კონტროლს, ისინი შეძლებენ კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორებას (რიგ შემთხვევაში უბრუნდებოდნენ და ხელახლა კითხულობდნენ მათთვის რთულ სიტყვებს).

         ჯგუფები  ტექსტის შესაბამის მონაკვეთებს კითხულობდნენ მოზაიკის მეთოდით, დიფერენცირებულად, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიით: პრობლემურ მკითხველთა ჯგუფი ტექსტზე ჯგუფურად მუშაობდა, საშუალო დონის მკითხველები წყვილებში, აქტიური მკითხველები ინდივიდუალურად. 

           წაკითხვის შემდეგ

მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობებით მოსწავლე თავდაჯერებული ხდება, მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებული და თვალსაჩინოა. 

       როდესაც მოსწავლეებმა დაასრულეს ტექსტზე მუშაობა, დავუბრუნდით ცხრილის მეორე გრაფას, ,,ტექსტის მიხედვით”  და  დაფაზე შევაჯამეთ.

       მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული საკვანძო სიტყვების განმარტებები ლექსიკონიდან და იმ სიტყვების განმარტებები, რომელიც ვარაუდებს არ დაემთხვა, 
დავამატეთ  გამომძიებლის მესამე სვეტში, ,,ლექსიკონი ამბობს”:
   ამის შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს ტექსტის საკუთარი ნაწილების პრეზენტაცია, გავაერთიანეთ ტექსტი. თითოეულ ჯგუფს განმტკიცების მიზნით დავუსვი დამხმარე შეკითხვები.

   

      ტექსტის გამთლიანების შემდეგ, მოსწავლეებს  learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში ვუჩვენე ჩემ მიერ პროგრამით – ,,movie maker”  – გაკეთებული  ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული ქალაქების შესახებ, რათა ვიზუალურადაც აღექვათ  ტექსტში მოცემული ინფორმაცია.

      ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებს დავურიგე კითხვის აქტივობის ბარათები, ჯგუფების დონის შესაბამისი კითხვებით, რაც მათ შესაბამისი წაკითხული ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში დაეხმარა.    

    

      გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ბარათები, თუ როგორ მოეწონათ გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ, იყვნენ თუ არა აქტიურები, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, რომელი თემის გაცნობა-შესწავლას ისურვებდნენ მომავალში.

  მე კი მოსწავლეები შევაფასე შეფასების რუბრიკით.
 
              ბუნებრივია, მოსწავლეებს არ შეუძლიათ ყველა იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რაც სასწავლო ოთახში გაიგეს, ან სახელმძღვანელოში  წაიკითხეს. აქ მასწავლებლის ჩარევაა საჭირო, მან უნდა აუხსნას მათ, სწავლისას რაზე გაამახვილონ ყურადღება, მაგრამ უკეთესი სტრატეგია იქნება, თუ მოსწავლეებს პირდაპირ კი არ მივანიშნებთ რა ისწავლონ, არამედ გავაცნობთ გაკვეთილის მიზნებს, მთავარი ცნებების ურთიერთკავშირს, ვაპოვნინებთ საერთოს განვლილ მასალასთან და სხვა. 

         ეროვნული სასწავლო გეგმიდან, თანამედროვე სწავლების პრინციპებიდან გამომდინარე, ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე. გაკვეთილი სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო, აქტიურად გამოვიყენე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კერძოდ კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკების გამოყენებით ვუჩვენე ნაწყვეტი ანიმაციური ფილმიდან ,,არიელი”, ჩემ მიერ პროგრამით ,,movie maker”- გაკეთებული  ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული ქალაქების შესახებ.  მათი გამოყენებით გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. 

    გამოყენებული აქტივობებით ,,სიტყვების გამომძიებელი”, „კითხვის აქტივობის ბარათები”, მეთოდით ,,კითხვის დიფერენცირებული სწავლება”  მოსწავლეებმა შეძლეს  ინფორმაციის დამოუკიდებლად წაკითხვა-გააზრება; კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; ლექსიკონის გამოყენება, ტექსტის დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის  დამუშავება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა. აქტიურად ჩაერთნენ სწავლის პროცესში და დაეუფლნენ მაღალ სააზროვნო უნარებსა და ცოდნას.   

  ამრიგად, გაკვეთილზე სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები, სწავლის მეთოდები და წაკითხულის გააზრების ეფექტიანი სტრატეგიები  დაეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოუყალიბოს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლის შემდგომ საფეხურზე გამოადგება.

   ჩემი მიზანიც, სწორედ ეს იყო – ეროვნული სასწავლო გეგმის  მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეძლებოდათ საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ეროვნული სასწავლო გეგმა
2. ,,წიგნიერება” – ირინა სამსონია, 2013წ.
3. ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 წ. 
4. ,,ვსწავლობთ  ტექსტის გააზრებას” – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005წ.
5. ,,როგორ ვასწავლოთ კითხვა” – ია კუტალაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010

ბავშვები მონობაში

0

რამდენიმე დღის წინ ინდოეთში სამართალდამცველებმა  ტრეფიკინგის მსხვერპლი 120 ბავშვი იპოვეს და არაადამიანური პირობებისგან და იძულებითი შრომის ვალდებულებისგან გაანთავისუფლეს. 120 ბავშვი ინდოეთში მონად ქცეული ბავშვების საერთო რაოდენობასთან შედარებით ზღვაში წვეთია. აქ საათში დაახლოებით 11 ბავშვი იკარგება, მათ ნაწილს მშობლები ნებით რამდენიმე ათეულ დოლარად ყიდიან, ნაწილი კი სამსახურის ან სკოლაში მოწყობის დაპირებით მოტყუებით მიჰყავთ დიდ ქალაქებში, სადაც, როგორც წესი, შინამოსამსახურეები ან ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან. ქვეყანაში, სადაც 15 მილიონამდე მონა ცხოვრობს, შინამოსამსახურედ დაახლოებით 4 მილიონ ბავშვს უწევს მუშაობა. უცნობია ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა, თუმცა ცნობილია ის, რომ ბავშვებს დღე-ღამეში დაახლოებით 16-საათიან სამუშაო გრაფიკში უწევთ მუშაობა ისეთ მძიმე საქმეებზე, როგორიც არის სამშენებლო სამუშაოები, ქარხნები, საბადოები, ტვირთის გადაზიდვა და სხვ.

ასევე ორი დღის წინ ქართული მედიასაშუალებები  13 წლის ორსული გოგონას შესახებ ალაპარაკდნენ, რომელიც 18 წლის ქმარმა “ქორწინებიდან” რამდენიმე თვეში მიატოვა. “ოჯახის დანგრევის” მიზეზად პირველ ცოლთან დაბრუნება დასახელდა, რომელიც მეორე ცოლზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია, 14 წლისაა. საუბარია იმაზეც, რომ 13 წლის გოგონა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. სატელევიზიო სიუჟეტებსა და სტატიებში, ცხადია, სტერეოტიპული ფრაზების კასკადია:

„ერთმანეთთან უკვე ნამყოფები იყვნენ და სახლში უკან რომ წამოგვეყვანა რა აზრი ჰქონდა”,  – ამბობს, დედა; მეზობელმა „თანახმა იყო ეს გოგოც და მივიღეთ როგორც უბნის პატარძალიო”. სკოლის დირექტორმა “ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავსო”. ალბათ მავანი უყურებს და ფიქრობს, რომ ეს მისი პრობლემა არ არის, ისევე როგორც ინდოეთში მონად გაყიდული ან ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები, რომ ეს სხვისი შვილია, რომელიც თავისი ნებით გათხოვდა, რომელზეც პასუხისმგებლები მისი მშობლები არიან.

სინამდვილეში ეს ამბავი ჩვენი, ყველას პრობლემაა, თანაც ძალიან დიდი. 13 წლის გოგონა  ერთადერთი არ არის, რომელსაც დედა მოძალადესთან დასარჩენად იმეტებს, მეზობელი უბნის პატარძლად იღებს და სკოლის დირექტორი თავის ვალს მასთან გასაუბრების შემდეგ  მოხდილად თვლის.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2011–2012 წლებში საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის (7–9 კლასები) დასრულებამდე განათლების მიღება შეწყვიტა 7367-მა გოგონამ. უმეტესობისთვის სწავლის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ნაადრევი ქორწინება გახდა.  7 ათასზე მეტი გოგონას მშობლები, ოჯახის წევრები, მასწავლებლები და მეზობლები იცით რამდენია? თითქმის ნახევარი ქვეყანა. და როცა თითქმის ნახევარი ქვეყანა თვლის, რომ 13 წლის გოგონას შეუძლია ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა, 13 წლის გოგონა, რომელსაც ქმარ-შვილი ყავს და სკოლაში დადის, შეიძლება ბედნიერი იყოს, 13 წლის გოგონამ ჯობია თავის მომავალზე თქვას უარი, ვიდრე მოძალადესთან ოჯახის შექმნაზე, მთელი ქვეყანა განწირულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამიტომ ამბავი ყველას გვეხება, განსაკუთრებით ჩვენ, ვინც ვიცით, რომ 13 წლის გოგონები უნდა თამაშობდნენ, კითხულობდნენ, ოცნებობდნენ, სკოლაში დადიოდნენ, მომავლის ამბიციურ და დაუჯერებელ გეგმებს სახავდნენ, იპრანჭებოდნენ, უყვარდეთ მაგრამ არამც და არამც  არ უნდა ქმნიდნენ ოჯახებს. ვისაც 13 წლის გოგონებთან და მათ მშობლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება გვაქვს. ნუ დატოვებთ მათ მომავლის გარეშე, გამოიყენეთ სასკოლო სივრცე შესაბამისად და ნუ ჩათვლით, რომ თუ ძალადობის მსხვერპლმა მოსწავლემ თავი ბედნიერად მოგაჩვენათ, ის მართლაც ბედნიერია.

თქვენ მათთვის მნიშვნელოვანი ხალხი ხართ, გამოიყენეთ თქვენი ხმა განწირული ადამიანებისა და ქვეყნის გადასარჩენად.

პერსონაჟის თვითმკვლელობა მწერლის გადასარჩენად

0
პერსონაჟები რომ თავნებანი არიან, ამაზე ხშირად წერენ ავტორები. ამჯერად კი იმას შევეხებით,  შეუძლიათ თუ არა პერსონაჟებს მწერალთა ხსნა, გადარჩენა? 

„ღირს კი ცხოვრება იმად, რომ ბოლომდე გალიო?”, – წერს ალბერ კამიუ ესეში „სიზიფეს მითი”  და ამ კითხვას ერთადერთ ფილოსოფიურ საკითხავად მიიჩნევს. აბსურდის ადამიანი ამ კითხვასაც მრავალმნიშვნელოვნად უპასუხებს. სიზიფე თავს არ იკლავს, თუმცა მტანჯველია ლოდის მწვერვალზე ატანისა და დაგორების ჯოჯოხეთური რიტუალი. მწვერვალზე დგომის წამები კი მას თავის უბედურებაზე ამაღლებს და ეს ამართლებს სიცოცხლეს!

ცნობილნი არიან თვითმკვლელი მწერლებიცა და პერსონაჟებიც:  ჰემინგუეი, აკუტაგავა, ცვაიგი, ვულფი, პლათი და სხვა მრავალი. იუკიო მისიმამ კი ხალხის თვალწინ გაიკეთა ხარაკირი და ამგვარი „არტისტულობით” გამოხატა პროტესტი.

„თავი მოიკლა ცხოვრებაში არ არის ძნელი, ცხოვრება შექმნა გაცილებით უფრო ძნელია”, – დაწერა მაიაკოვსკიმ ესენინის სიკვდილზე, მაგრამ თვითონაც ვერ გაუძლო „სიძნელეს” და თვითმკვლელობით გაექცა რეალობას. 
„რად სატანას წაუღიღარ, რად მოიკლავ ნებით თავსა”, ან კიდევ: „სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა” – რუსთველისეული შეგონებები, ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული,  თვითმკვლელობას უარყოფენ. მას არ ამართლებს არანაირი მიზეზი და მოტივი. მიუხედავად ამისა, დავარი, ფარსადან მეფისა და ნესტანის აღმზრდელი, ქაჯეთს გათხოვილი მამიდა, თავს იკლავს: „დანა დაიცა მოცაკვდა, დაეცა გასისხლმდინარდა”.

თვითმკვლელობის მოტივი, ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სინდისის ქენჯნაა, არა გაცხადებული, მაგრამ ნაგულისხმევი, რადგან არ შეიძლება არ ენანა, როგორ გასწირა საყვარელი ძმისშვილი და ზღვას მიანდო ორ ზანგ მონასთან ერთად კიდობანში გამოკეტილი. მეორე მხრივ, გაცხადებული მიზეზი: ფარსადანი მოკვლით დაემუქრა.
ასე რომ, ქართველთა უპირველეს წიგნში იხატება თვითმკვლელი, რომელსაც მოჰყვება უამრავი ლიტერატურული პერსონაჟი, სიცოცხლეს ათასგვარი მიზეზით რომ ისწრაფებს. გუგუა, შერცხვენილ სიცოცხლეს სიკვდილს რომ ამჯობინებს („ხევისბერი გოჩა”), აღაზა („სტუმარ-მასპინძელი”), წიწოლა („ბახტრიონი”), მამა („ტრაგედია უგმიროთ”), შორენა („დიდოსტატის მარჯვენა”), ჰაჯი-უსუბი („გამზრდელი”) და სხვა.

რა თქმა უნდა, იუდას პარადიგმა, ჩადენილი ღალატისთვის პასუხისგებასა და თვითდასჯას თვითმკვლელობით რომ გულისხმობს, ლიტერატურაში ვარიაციებით ყველაზე ხშირად მეორდება.  

მაშ, ასე! როგორ გადაარჩენენ თვითმკვლელი პერსონაჟები ავტორს?

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თანამედროვე მწერლის, ბორის აკუნინის (იგივე, გრიგოლ ჩხარტიშვილის) წიგნი „მწერალი და თვითმკვლელობა”, რომელშიც მას მოჰყავს მაგალითი გოეთესი, რომელმაც თვითმკვლელობის განზრახვაზე ხელი აიღო მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” დაწერა. მწერალმა კი დააღწია თვითმკვლელობის ვნებას თავი, მაგრამ, როგორც ცნობილია, რომანმა   თვითმკვლელობათა სერია გამოიწვია. 

ვაჟა-ფშაველამ და გრიგოლ რობაქიძემ თავიანთ ნაწარმოებებს („გველის მჭამელი”; „ლამარა”) მინდიას მითი დაუდეს საფუძვლად. ვაჟას მინდია თავს იკლავს, რობაქიძის მინდია – არა. რობაქიძეს ერთი რამ აეჭვებდა და წერდა: „გველის მჭამელში” მინდია თავს იკლავს, „ლამარაში” კი თავს სწირავს. თავისკვლა ბოლოსდაბოლოს ტრაგედიაც არაა. ესაა უბედურება. თავშეწირვა კი მისტერიის სტილია. მრწამდა და მრწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა მინდია, თავს არ მოიკლავს, უკეთ: ვერ მოიკლავს. მეორე მხრით, მრწამდა და მრწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა ხალხი, არ ცდება არც ერთ მუხლში თავის ქმედითი ცხადებისა. როცა „ლამარას” ვქმნიდი, ორ ცეცხლშუა ვიყავი: „მინდია ვერ მოიკლავს თავს”, ვამბობდი. „მინდია თავს იკლავს”, – მეუბნებოდა ხალხი. გავბედე ბოლოს და, პირველად ჩემს სიცოცხლეში, შევასწორე ხალხის ნააზრევი. დიდხანს მაწვა ეს გულს სიმძიმედ, დიდხანს,  დიდხანს. რამდენიმე თვის წინ წავიკითხე (პირველად) ვაჟას კრიტიკული წერილები, მათ შორის „კრიტიკა ბ-ნ ი. ვართაგავასი”. ამ წერილში ვაჟა გვითხრობს, სხვათა შორის, თუ რა რაა ხალხური თქმულებისგან „გველისმჭამელში” და რა მისი საკუთარი. რა აღმოჩნდა? თურმე მინდია თავს იკლავს არა ხალხური თქმულებით, არამედ ვაჟას პიროვნული მითხზვით. მომეშვა წამსვე სიმძიმე. დავინახე რა, რომ ხალხის „ნება” არ შემილახავს” („ვაჟას ენგადი”).

რატომ შეცვალა ვაჟა-ფშაველამ მითის პერსონაჟის ბედი?

 ამ თემაზე თავის ორიგინალურსა და საგულისხმო ვერსიას აგებს როსტომ ჩხეიძე ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ავტობიოგრაფიულ რომანში „დევების სტუმარი”. მისი აზრით,  „ვაჟა-ფშაველა ყოფით რეალობას რომ ეხლებოდა თავპირდასისხლიანებული და გარემოდან სრულიად ამოვარდნილი მოჩანდა, სად გამოეთქვა გულისწუხილი, თუ არა „გველისმჭამელში”, მინდიას სულაც ავტობიოგრაფიულ პორტრეტად რომ გამოჰკვეთდა”. „ვაჟა-ფშაველა  თვითმკვლელობის განზრახვას თავის პერსონაჟს გადააბარებდა და კიდეც აღასრულებინებდა, რათა თვითონ გათავისუფლებულიყო ამგვარი ფიქრისა და განცდის გაუნელებელი სატანჯველისაგან”. „საკუთარი თავი რომ არ გამოეხვია მინდიას სახებაში, მაშინ დარწმუნებით ვერ განაცხადებდა, თვითმკვლელობის სცენა იმთავითვე განეზრახა, თუ ეს სწორედ ის დასასრული გახლდათ, ერთ თვემდე რომ აყოყმანა, მაგრამ რადგანაც გმირისთვის სურდა გადაელოცა თავისი მტანჯველი ფიქრი და განცდა, თვითმკვლელობისკენ რომ უბიძგებდა, არამცთუ იმთავითვე უნდა ჰქონოდა ჩაფიქრებული ეს ტრაგიკული სურათი, არამედ ჯერ თვითმკვლელობის სცენა ამოესვეტებოდა თვალწინ და მერეღა ჩაფიქრდებოდა, ნეტა რომელი სიუჟეტი შეიძლება მოვარგო ამ ფინალსო”.

„მადამ ბოვარი მე ვარ” – ფლობერის ამ ნათქვამმა შეიძლება გზა გაუხსნას ფანტაზიას და  გვაფიქრებინოს: იქნებ მადამ ბოვარის თვითმკვლელობამაც იხსნა ავტორი?!  ვინ იცის?!  და ა.შ.

იცნობდეთ ნამდვილ კლარას!

0

საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი უამრავი ბოროტების დასტურად არაერთი ტრაგედიისა თუ სისხლიანი ისტორიული მოვლენის გახსენება შეიძლება. საყოველთაო რეპრესიებსა და დამოუკიდებელი ქვეყნების დაპყრობასთან ერთად კომუნისტური რეჟიმის სახელს უკავშირდება ათასი სხვა, შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულის წახალისებაც. მაგალითად, ჩვენ დღემდე არ ვიცნობთ კარგად რვა მარტის დღესასწაულის ფუძემდებელ კლარა ცეტკინს, რადგან მისდამი გამოვლენილი ყალბი საბჭოთა სიმპათიის გამო თავად მასაც ბოლშევიკად მივიჩნევთ. შეიძლება, რევოლუციონერი ქალის იდეები უტოპიურად მიგვაჩნდეს და არ მოგვწონდეს, შეიძლება, მის მრავალ შეცდომასაც ვამჩნევდეთ, მაგრამ კლარა ცეტკინის ფიგურის დემონიზება ალბათ მაინც მცდარი და არცთუ გონივრული დამოკიდებულებაა ჩვენი საზოგადოების მხრივ.

ლიბერალიზმის ცნობილ თეორეტიკოსს ჯონ სტიუარტ მილს სიტყვის თავისუფლება ადამიანის უმთავრეს უფლებად მიაჩნდა, რადგან ამ იდეის რეალიზება შესაძლებლობას იძლევა, მოწინააღმდეგის პოზიციაში ჭეშმარიტების მარცვალიც აღმოვაჩინოთ. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვას ვიტყვით დიდი იდეალისტისა და მეოცე საუკუნის გამორჩეული მოღვაწის კლარა ცეტკინის შესახებ.

კლარა ცეტკინი პროფესიით მასწავლებელი იყო და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გერმანიის სხვადასხვა საშუალო სკოლაში. 17 წლიდან მემარცხენე მოძრაობის აქტივისტთა შორის აღმოჩნდა. მთელი მისი ცხოვრება გადასახლებებისა და დევნის ისტორიაა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პირველად 1878 წელს გააძევეს მონარქისტებმა სამშობლოდან. თორმეტი წლის განმავლობაში იგი ციურიხსა და პარიზში ცხოვრობდა და იქიდან ეხმარებოდა თანაპარტიელებს დემოკრატიული უფლებებისა თუ რესპუბლიკის დაფუძნებისთვის ბრძოლაში. რევოლუციონერი ქალი ნამდვილი ნოვატორი გახლდათ. მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა არაერთი საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს ქალთა მოძრაობის ისტორიას, მივხვდებით, რომ კლარა ცეტკინი იყო ქალთა ემანსიპაციის მოთხოვნებზე ორიენტირებული მსოფლიოს ისტორიაში პირველი ყოველდღიური გაზეთის დამფუძნებელი და გამომცემელი. ის იმპერიალისტურ გერმანიაში 1890 წლიდან გამოსცემდა გაზეთ „თანასწორობას”, რომელიც ომის მუდმივი სამზადისით გართულ სახელმწიფოს მშვიდობისა და სოციალური თუ გენდერული სამართლიანობის დამყარების აუცილებლობაზე მიანიშნებდა.

1889 წელს სწორედ კლარა ცეტკინის განსაკუთრებული მონდომებისა და აქტიური მონაწილეობის შედეგად შეიქმნა მემარცხენე ძალათა ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო გაერთიანება და გაერთიანების ქალთა სექცია. მსოფლიოს ქალთა კონფერენციებზე გამოსვლის დროს ის ფემინისტური მოძრაობის მომავალს წინასწარმეტყველებდა. ცეტკინს მიაჩნდა, რომ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის ბრძოლა და ეკონომიკური საკითხის იგნორირება ვერც ერთ მოძრაობას ვერ მოუტანდა რეალურ შედეგს: „ხმის მიცემის უფლება ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, არც მეტი, არც ნაკლები, არის ცვლილება მიმართულების, კურსისა და შედეგის გარეშე. სოციალური გათავისუფლება, ემანსიპაცია მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე რომ იყოს დამოკიდებული, საყოველთაო საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნებში სოციალური სამართლიანობის, უთანასწორობისა და სიღარიბის პრობლემა არ იარსებებდა”.

საერთაშორისო პაციფისტურ კამპანიაში მონაწილეობისა და პირველი მსოფლიო ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციების ორგანიზებისთვის კლარა ცეტკინი 1914-1918 წლებში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იდევნებოდა და საეჭვო რეპუტაციის მოქალაქედ მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა არაერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და ქსელის დაარსება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებოდა, აპურებდა და მკურნალობდა ომით დაზარალებულ ევროპელებს.

ვაიმარის რესპუბლიკის დაფუძნებისთანავე ცეტკინი რაიხსტაგის წევრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. პარლამენტარობის მიუხედავად, მისი დევნა არ შეწყვეტილა. თავდაპირველად მისი აჯანყებული პარტიის განეიტრალებას რესპუბლიკის ცენტრისტული მთავრობა ცდილობდა, მოგვიანებით გამარჯვებულმა ნაცისტებმა დაისახეს მიზნად მემარცხენე ოპოზიციონერების პოლიტიკური და ფიზიკური ლიკვიდაცია და მიაღწიეს კიდეც მიზანს.

1932 წელს ჰიტლერმა და მისმა თანაგუნდელებმა საპარლამენტო არჩევნებში საბოლოოდ გაიმარჯვეს. საზღვარგარეთ სამკურნალოდ გახიზნული და საყოველთაო ტერორს გარიდებული 75 წლის დეპუტატი გერმანიაში სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნდა. უხუცესი დეპუტატის რანგში მას ნაცისტური რაიხსტაგის პირველი სხდომა უნდა გაეხსნა. ტრიბუნაზე ასულმა მოხუცმა ქალბატონმა მთელ ევროპას შეახსენა ფაშიზმის სისხლიანი განვითარების პერსპექტივა და ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ, რასისტული მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა (დარბაზში ისხდნენ ჰიტლერიც და ნაცისტური ფრაქციის ლიდერი ჰერმან გერინგიც). გამოსვლა მან შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ვასრულებ რა უხუცესი წევრის მოვალეობას, გახსნილად ვაცხადებ რაიხსტაგის პირველ სხდომას და გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩემი ინვალიდობის მიუხედავად, მომეცემა შესაძლებლობა გერმანიის მუშათა დეპუტატების პირველი ყრილობის გახსნისა”.

ნაცისტების გამწარებულმა ბელადმა ცეტკინსა და მის თანაფრაქციელებს გამბედავი და პირდაპირი გამოსვლა არ აპატია. რაიხსტაგის სხდომის შემდეგ კლარას მალევე მოუწია ქვეყნიდან გაქცევა და, მძიმე ავადმყოფი, გარდაიცვალა კიდეც ემიგრაციაში. მის თანაფრაქციელთა უდიდეს უმრავლესობას იგივე ბედი ეწია.

შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს ცეტკინის იდეები, მაგრამ შეუძლებელია არ დავაფასოთ მისი იდეალიზმი და განსაკუთრებული სიმამაცე.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ალტერნატიული ფორმები

0
თანამედროვე  სასკოლო  განათლების მოთხოვნები  საზოგადოებრივი მეცნიერებების  სწავლების მიმართ  საკმაოდ მაღალია.  მრავალ  ფაქტორთან ერთად  იგი    ისეთი   პრინციპებით  და მიდგომებითაა განპირობებული, როგორიცაა:
  • ტრადიციული ჰუმანიზმის  გლობალურ  მსოფლმხედველობად აღიარება და 
  • ავტორიტეტული პედაგოგიკიდან  პედაგოგიკის თანამედროვე ფორმებზე  გადასვლა. 
შედეგები რომ მაღალი იყოს, აუცილებელია არამარტო შესაბამისი პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება, არამედ მეთოდურად მომზადებული მასწავლებელიც. ეს კი მრავალფეროვანი სასწავლო ფორმების გამოყენებას გულისხმობს. მათ შორისაა სწავლების არატრადიციული ფორმები და ტიპები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური შედეგებით გამოირჩევიან. სწავლის ასეთ ალტერნატიულ  ფორმებს მიეკუთვნება:
  • გაკვეთილი-ლექცია;
  • გაკვეთილი-სემინარი;
  • ლაბორატორიული მეცადინეობა;
  • და პრაქტიკული გაკვეთილები. 
სწავლების ალტერანტიულ ფორმებში თავისი მრავალფეროვნებით გამოიკვეთება ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლის დროსაც მოსწავლე  სახელმძღვანელოზე ან ინფორმაციის სხვა მასალაზე დაყრდნობით დამოუკიდებელად  შეისწავლის ახალ მასალას. ზოგადად ლაბორატორიული მუშაობა  გულისხმობს:
  • მოსწავლეთა მიერ ახალი თემის დამოუკიდებელად შესწავლის მაღალი ხარისხს;
  • ცოდნის სხვადასხვა წყაროების გამოყენებას;
  • მასწავლებლის, როგორც ორგანიზატორის და კონსულტანტის, საქმიანობას.
ლაბორატორიული  მეცადინეობები ეყრდნობა:  
  • სახელმძღვანელოს ტექსტს
    დოკუმენტურ წყაროებს. 
ლაბორატორიული მეცადინეობის   მიზანია:
  • სახელმძღვანელოს გამოყენებით – ა) ისტორიულ ფაქტებზე  (პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ.) წარმოდგენების ფორმირება,  მოსწავლეთა მხრიდან პირადი შეფასებების ფორმულირება და შესაბამისი არგუმენტაცია; ბ) სასწავლო უნარ-ჩვევების (შეფასება, შედარება, შეპირისპირება და ა.შ.) განვითარება და სრულყოფა.
დოკუმენტების გამოყენებით – ა) ისტორიული ცოდნის გაღრმავება და კონკრეტიზაცია; ბ) ტექსტზე მუშაობის ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება; გ) კრიტიკული დამოკიდებულება წყაროების მიმართ და წარსულის ფაქტების შესახებ  მოსწავლეთა ობიექტური   წარმოდგენების ფორმირება. 

ლაბორატორიული მეცადინეობა  წინასწარ  უნდა დაიგეგმოს, რაც შესაბამისი ორგანიზაციული სამუშაოს შესრულებას მოითხოვს. პროცესი  რამდენიმე ეტაპს  მოიცავს:

I – წინასწარი დიაგნოსტიკა (საჭიროა განისაზღვროს, რამდენად სიღრმისეულად ასახავს  სახელმძღვანელოს ტექსტი კონკრეტულ  თემას და გვხვდება თუ არა მასში სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთა შეპირისპირებაც შეიძლება); 

II – მოსწავლეთათვის  გარკვეული  ინსტრუქციის  მიცემა  და  საამისოდ  თითოეული ჯგუფისთვის (ან ინდივიდუალურად) ბარათების მომზადება. ბარათებში მითითებულია:

·ინფორმაცია  წყაროს შესახებ, ანუ მითითებულია ავტორი, სახელმძღვანელო, თავი, პარაგრაფი, გვერდები, ილუსტრაცია, სურათები, დოკუმენტები;

·შემეცნებითი ხასიათის დავალება, რომელშიც მითითებულია შესწავლის ხერხებიც (მაგ. სქემები, ცხრილები, წერილები, თემის ლექსიკონი და სხვა);

III – თემის  წარდგენა:  თემის გამოცხადება ლაბორატორიული მეცადინეობისთვის  შესაბამის მოტივაციაზე აქცენტირება; სასწავლო პრობლემის გამოკვეთა; ტექსტის გაცნობა; მუშაობის ფორმის განსაზღვრა (ჯგუფური, ინდივიდუალური, დიფერენცირებული); ინსტრუქციის მიცემა; შედეგების წარდგენის/პრეზენტირების ფორმა;

IV – მოსწავლეთა  მიერ ტექსტზე დამოუკიდებელად მუშაობა (მიცემული მოთხოვნების შესაბამისად). ამ დროს მასწავლებელი მხოლოდ კონსულტანტი და კოორდინატორია, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს კონსულტანტის მოწვევაც  (ინტერაქტიური სტრატეგია);

V – შედეგების კოლექტიური განხილვა (მაგალითად, წარმოდგენის გამართვა; პრეზენტაცია;  რეფერატის ან ჟურნალის მომზადება; წერილობითი დავალების შესრულება;  შედეგების  საჯაროდ განზოგადება და სხვა);

VI     – შედეგების შეჯამება  (მაგ., რეიტინგული ქულების განსაზღვრა).  
ლაბორატორიული სამუშაო  გულისხმობს ტექსტის კითხვისას სანიშნი სისტემის გამოყენებას ანუ შენიშვნების გაკეთებასაც (+ „ვიცი”,  –  „არ ვიცი”,  „ შეკითხვა  მაქვს”, !,  „ძალიან დავინტერესდი”).

განვიხილოთ  კონკრეტული მაგალითი:

კომბინირებული ლაბორატორიული მეცადინეობა საზოგადოებრივ მეცნიერებებში  

თემის დასახელება: „სამართალდამცავი ორგანოები”.

გაკვეთილის ტიპი: განმაზოგადებელი, განმამტკიცებელი.

ფორმა: ლაბორატორიული მეცადინეობა.

მიზანი – მოსწავლეთათვის სამართალდამცავი ორგანოების როლისა და ფუნქციის შესწავლა, წარმოდგენების ფორმირება „სამართლის დაცვაზე”, მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება, მოცემულ თემაზე ინფორმაციის მოპოვება, სახელმძღვანელოს ტექსტის გაანალიზება; ჯგუფური სამუშაოს შესრულება; საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირება.

მოსწავლეთა საქმიანობის ძირითადი სახეები: 

Øდაასახელებენ სამართალდამცავ ორგანოებს; განასხვავებენ სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს; ჩამოთვლიან სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მიზეზებს; გამოიკვლევენ სამართალდარღვევის შედარებით მსუბუქი ფორმის სიტუაციებს. 

გაკვეთილის მიმდინარეობა: 

1)ორგანიზაციული ეტაპი;
2) ძირითადი ნაწილი;
3)მოტივაციის ასამაღლებლად სასურველია  მასალის  ვიზუალიზაცია  (მასწავლებელი სთავაზობს სლაიდებს ძველბერძნული მითოლოგიიდან თემაზე   „თემიდა”. სლაიდებს  ახლავს თემიდას გამოსახულება ახვეული თვალებით და ხელში სასწორით და ასევე მასწავლებლის შეკითხვები).
 
 

4)ჯგუფების ძირითადი სამუშაო ვერსიაა:  
·ვინ და როგორ უნდა დაიცვას მართლმსაჯულება?
· რას ნიშნავს „კანონის დაცვა”? 

დავალებასთან  ერთად  მოსწავლეებს ზუსტად მიეთითებათ ინფორმაციის წყარო, ხოლო  თუ არასაკმარისად ჩაითვლება სახელმძღვანელოს ტექსტი,  მაშინ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაციაც. რაც შეეხება დასკვნებს და ანალიზისთვის საჭირო არგუმენტებს, ისინი თითოეულმა ჯგუფმა დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს. 
რაც შეეხება  ინსტრუქციის ბარათებს, ისინი, მაგალითად, ასეთი შინაარსისაა:

 N1 ჯგუფის ბარათი:  შეადგინეთ „სამართალდამცავი ორგანოების” სქემები; გააანალიზეთ სიტუაცია, რომელიც აღწერილია ნაწყვეტში (მითითებულია ზუსტი მისამართი);  გააკეთეთ  ძირითადი სამართალდამცავი ორგანოების დავალებების და ფუნქციების ფორმულირება;

N 2 ჯგუფის ბარათი:  მითითებულია პარაგრაფი  და სათანადო გვერდები, რომელშიც საუბარია პოლიციის სტრუქტურაზე და ქვედანაყოფებზე; სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმის ძიებაზე; საპატრულო სისტემაზე; ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლაზე; არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილებაზე; ნარკოტიკებთან ბრძოლის და სხვა სახის განყოფილებებზე; საპასპორტო-სავიზო სამსახურზე. მოცემულია  დამატებითი  ინფორმაცია თითოეული მათგანის მუშაობის შესახებ.  მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ არგუმენტირებული მსჯელობა და საკუთარი პოზიციის დასაბუთებაც;

N3 ჯგუფის ბარათი: მასში დახასიათებულია სასამართლო უწყების ფუნქციები, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა სამართალწარმოებაში, სახალხო და სამოქალაქო სასამართლოს მსგავსებების ახსნა-განმარტებები (ნაწყვეტები სასამართლოს საქმიანობის  შესახებ); ცნობილი მოაზროვნეების გამონათქვამები (მაგ. ფ. ბეკონის და სხვა). მოსწავლეებმა ისინი უნდა გამოიყენონ, როგორც წყარო და მათზე დაყრდნობით გამოიკვლიონ

 სამართალდარღვევის შედარებით მსუბუქი ფორმის სიტუაციები;

N4  ჯგუფის  ბარათი:  დავალება –  სახელმძღვანელოს ტექსტზე და კონსტიტუციაზე დაყრდნობით (აუცილებელია ზუსტი მითითება) იმსჯელეთ მოსამართლეთა უფლება-მოვალეობებზე; ჩამოთვალეთ მასრთლმსაჯულების პრინციპები; განმარტეთ ტერმინები: უდანაშაულობის პრეზუმცია, სახალხო მოსამართლე, განაჩენის გასაჩივრება, სანქციის გაცემა;  

N5 ჯგუფის ბარათი: იგი მოიცავს პროკურატურის ორგანოების დახასიათებას, ადვოკატურის და ნოტარიატის ფუნქციების განსაზღვრებებს; მოსწავლეებმა უნდა  განსაზღვრონ, რატომ მივმართავთ მათ? რატომ უწოდებენ პროკურატურას სამართალდამცავ ორგანოს?

5) ჯგუფებში  მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ხდება შედეგების შეჯამება – პრეზენტირება. ტექნიკური მხარდაჭერის შემთხვევაში სასურველია პრეზენტაციები  power-point -ის ფორმატში;

6)ბოლოს  დავალება  ეძლევათ  მსმენელებსაც  –  მოიფიქრონ შეკითხვა, რომელიც გარკვეულწილად შეაფასებს შესრულებულ სამუშაოს;

7)განმაზოგადებელი დასკვნა  ასეთი  ხასიათისაა: „კანონის დაცვა გულისხმობს ისეთი პირობების შესრულებას, რომ არ დაირღვეს სამართალი; კანონის დარღვევისას  საჭიროა სამართლის აღდგენა; კანონის დარღვევას შედეგად მოსდევს დასჯა” (სლაიდები); 

8)ლაბორატორიული მეცადინეობა მოიცავს საგნობრივ ინტეგრაციას საზოგადოებრივ მეცნიერებებს შორის: 
მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვებს:

·როგორ საზოგადოებაში ცხოვრებისკენ მიისწრაფვიან ადამიანები?  

·რა იგულისხმება „სამართლებრივ სახელმწიფოში” და „სამოქალაქო საზოგადოებაში”?  

9)შეფასება და რეფლექსია: „10-ბალიანი ცხრილით შეაფასე შენი საქმიანობა გაკვეთილზე, ჯგუფში და მთლიანად ლაბორატორიული მეცადინეობისას”. 

საზოგადოებრივი  მეცნიერებების   სწავლებისას   ალტერნატიული  ფორმების გამოყენება და ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარება ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებას და ეფექტურად აისახება სასწავლო პროცესზე. 
                                                                                                                       

კითხვებად ქცეული გაკვეთილი

0
ზოგჯერ გაკვეთილი ბრძოლას ემსგავსება. მასწავლებლის მონდომება საზღვრებს სცდება. მიზანი ერთია: კლასის ყველა მოსწავლემ გაიგოს მასალა, ყველა მოსწავლე ჩასწვდეს მექანიზმს, ყველა მათგანმა შესძლოს შედეგების ინტერპრეტაცია ნასწავლიდან გამომდინარე. მასწავლებლობაც ხომ აზარტია და ამგვარი გატაცებით სწავლების მერე პედაგოგი დაქანცული გამოდის კლასიდან. მთავარი ისაა, რომ მიზანს მიაღწია.

მასწავლებლებს ყოველთვის გვინდა, რომ კლასის ყველა მოსწავლემ ყოველი გაკვეთილის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენოს. 

როგორ გავანაწილოთ ორმოცდახუთი წუთი ოცდაათ მოსწავლეზე? 

გარდა იმისა, რომ კლასში ბევრი მოსწავლეა, საქმეს ართულებს კლასის შემადგენლობის ცვლილებები. ახალ მოსწავლეებს თან მოქვთ ახალი ქცევები, ხან ცოდნა და ხან უცოდინრობა. საგნისადმი ბავშვების დამოკიდებულება განსხვავებულია. მოსწავლეების ურთიერთგავლენა დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე. რაკი გული ძალიან შეგვტკივა მოსწავლეებზე, მეტი ყურადღებით ვაკვირდებით მათ ქცევებს,  ვავსებინებთ გაკვეთილის უკუკავშირის ფურცლებს – რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ ან რას შეცვლიდნენ გაკვეთილზე. 

ვეძებთ სწორ სტრატეგიებს ბრძოლის მოსაგებად.

ერთ-ერთ კლასში, რომელსაც ბევრი ახალი მოსწავლე შემოემატა იმ წელს, გამოუვალ მდგომარეობაში ვიგრძენი თავი: მოსწავლეებს ჩემს მოსმენას ერთმანეთთან საუბარი ერჩიათ.  ვიგრძენი,  სასოწარკვეთილებისკენ სავალ გზას მივყვებოდი.

 და აი, ერთ დღეს, პირდაპირი სწავლება საერთოდ ამოვიღე გაკვეთილის გეგმიდან და მოსწავლეებს დავურიგე ფურცლები, რომლებზეც ეწერა კითხვები მათთვის ჯერ უცნობი ახალი მასალის შესახებ. თვითონ უნდა ეფიქრათ მოცემულ საკითხზე და დაეწერათ ის პასუხები, რაც მათ მიაჩნდათ სწორად. სამუშაო პატარა ჯგუფებში სრულდებოდა. დაწერამდე ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები. მიზანი მიღწეული იყო. ბავშვები დაინტერესდნენ. ამის შემდეგ ისეთი ხალისით გაეცნენ ახალ მასალას, რომ გაკვეთილზევე შეძლეს მისი დასწავლა.
გამახსენდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე, რომელიც ამბობდა, რომ თუ გინდა ადამიანს ასწავლო, მას ჯერ თავისი უცოდინრობა უნდა გააცნობიერებინოო. სოკრატე ჭეშმარიტების დასადგენად მოსწავლეებს მოუწოდებდა გამუდმებით დაესვათ კითხვები ერთმანეთისთვის.
 კითხვების დასმა სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სხვადასხვა სააზროვნო პროცესების შესამოწმებლად განსხვავებული ტიპის კითხვები გამოიყენება. თუ მივყვებით ბლუმის ტაქსონომიას, გაგვახსენდება, რომ კოგნიტური პროცესები მაღალ და დაბალ საფეხურებადაა დაყოფილი. თითოეული საფეხურის შესამოწმებლად შესაძლოა გამოვიყენოთ  განსაზღვრულ სიტყვების მომცველი კითხვები. ამ სიტყვების გათვალისწინებით  განვსაზღვრავთ, როგორ აქვს მოსწავლეს განვითარებული აზროვნება.

ასე მაგალითად, კითხვა „რატომ? რა არის მთავარი აზრი?” ემსახურება გაგების განვითარებას. „შენ როგორ მოიქცეოდი?” – გამოყენების მაჩვენებელია. „რომელი ნაწილი მოგწონს უფრო მეტად?” – შეფასებაა.

რაც შეეხება სოკრატულ კითხვებს, ისინი აზროვნების მაღალი საფეხურის, კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მეთოდს იყენებენ სამართლის სკოლებში სწავლებისას და ფსიქოთერაპიის მრავალ მიმართულებაში. საინტერესოა, როგორ იყენებენ მას კლასში.

თუ სურთ, რომ მოსწავლეები დააფიქრონ რაიმე საკითხზე, უსვამენ კითხვებს, მხოლოდ ისე, რომ მოსწავლეებს თვითონაც გაუჩნდეთ ახალი კითხვები.  ასე ხდება ფიქრის და კრიტიკული აზროვნების  განვითარება. 

სოკრატული კითხვებსა და აზროვნების მაღალ საფეხურებს ანუ კრიტიკულ აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირია, რადგან ორივე მათგანის საბოლოო მიზანი ერთია: კრიტიკული აზროვნების მიზანი არის ფიქრის „აღმასრულებელ” დონემდე განვითარება, საღი მსჯელობა, მონიტორინგი, შეფასება და ფიქრის ახლებურად დალაგება, ახალი შეგრძნებების და მოქმედებების აღიარება.  კრიტიკული აზროვნება აჩვენებს როგორ მუშაობს გონება (რადგან ის მნიშვნელობისა და ჭეშმარიტების ძიებაა), ხოლო სოკრატული კითხვები ამ შეხედულებების გამოკვლევას სწორად მორგებული კითხვებით ცდილობს.

შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად ისევ კითხვები გამოვიყენოთ. მოვთხოვოთ, რომ დაწერონ ყველა ის კითხვა, რაც არსებული მასალის შემდეგ დაებადათ. კითხვების არსებობა მათი ფიქრის მაჩვენებელია, ხოლო არარსებობა იმის, რომ მათ ვერაფერი გაიგეს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ის მოსწავლეები სწავლობენ და ფიქრობენ, ვინც კითხვებს სვამენ. უფრო მეტიც, კითხვა წარმოაჩენს მათი ფიქრის ხარისხს.

სოკრატულ კითხვებზე საუბრისას ხშირად ჩნდება აზრი, რომ ეს კითხვები ფილოსოფიური საკითხების განხილვის დროს უნდა გამოიყენებოდეს. მართლაც, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მრავალ სკოლაში ისწავლება საგანი „პიროვნული და სოციალური განათლება”. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები საუბრობენ იმ უცხო ქვეყნებზე, სადაც ბოლო არდადეგები გაატარეს. ჰყვებიან ადგილობრივი ხალხის ადათ-ჩვევებზე, ცხოვრების წესზე და პირობებზე, ადარებენ საკუთარ ცხოვრებას და აანალიზებენ განცდილს. სხვა სკოლებში სასწავლო საგნად აქვთ „პიროვნული განათლება” (character education).  შესაძლებელია თუ არა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ გახდნენ კარგი პიროვნებები? თუ ეს შესაძლებელია, მაშინ როგორ უნდა ვასწავლოთ ზემოთ აღნიშნული? ევროპის სხვა სკოლებში ისწავლება საგანი „ფილოსოფია”. მორალური საკითხების სიღრმისეული განხილვა ამ საგნის პრეროგატივაა. ცხადია, ორივე საგნის შემსწავლელ გაკვეთილზე მთავარი როლი სოკრატული მეთოდის გამოყენებას ეკისრება.

დავიდ ელკინდი და ფრედი სვითი წერენ, რომ სოკრატული კითხვები საზოგადოების მოდელის ჩვენებით ავითარებს მორალს, შინაგან ხმას. მათ მიაჩნიათ, რომ პიროვნება ვლინდება მის მიერ მიღებული არჩევნით. ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სწორი არჩევნის გაკეთება. სოკრატული კითხვების დასმით ბავშვები გააცნობიერებენ სხვადასხვა ფასეულობებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და მათ მიერ გადასაწყვეტი არჩევნის სისწორეს, ისინი იგრძნობენ, რომ მათ აქვთ ძალა, გააკეთონ სწორი არჩევანი.
სოკრატული დისკუსიის გასამართად გარკვევით უნდა ვიცოდეთ, რის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეები. საბოლოო მიზანი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რათა მასზე ავიღოთ ორიენტირება. მერე შევეცადოთ გამომწვევი კითხვის დასმას. ეს არის დიალოგის საწყისი ეტაპი. ასეთი კითხვაა მაგ. „ეთანხმებით თუ არა ანდაზას, მპოვნელი ინახავდა, დამკარგავი კი ტიროდაო?” მათი პასუხები მოულოდნელი აღმოჩნდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საუბრის მიზნისკენ წარმართვაზე.

კარგად ჩამოყალიბებული ჰიპოთეტური სიტუაცია კარგი დასაწყისია დისკუსიისათვის. 

მაგალითი: „კარგ შანსს კარგი არჩევანი სჭირდება.” ვთქვათ, დაინახეთ როგორ დაკარგა მოხუცმა ქალმა მაღაზიაში 50 დოლარიანი. თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც ეს დაინახა. რას იზამთ?” ზოგი იტყვის, მე ავიღებდიო, ზოგი დაბრუნებას გადაწყვეტდა. თუ იტყვიან, რომ მისი აღება არასწორი საქციელია, მაშინ უნდა ვკითხოთ, როგორ მივიდნენ ამ აზრამდე? ასეთი გადაწყვეტილება რა გრძნობებს გაუჩენთ მათ? თუ ვინმე ცდილობს მათ დაიყოლიებას ფულის აღებაზე, შეძლებდნენ თუ არა ამ წინააღმდეგობის გადალახვას და მაინც ფულის უკან დაბრუნებას? ასეთი კითხვები მოსწავლეებს თითქმის ყოველთვის უჩენს სიამაყის გრძნობას, ისინი თავს გმირებად წარმოიდგენენ და განიმტკიცებენ კარგ ქცევებს.

ისეთ მოსწავლეებსაც წააწყდებით, რომლებიც ფულის აღებას დაუჭერენ მხარს და იტყვიან, რომ მათ ეს იღბალმა არგუნათ. აი, აქ უკვე საჭიროა სოკრატული მეთოდის გამოყენება. სჯობია, თავიდან ავირიდოთ იმის თქმა, რომ მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს და კითხვების დასმით მივიყვანოთ ისინი სწორ პასუხამდე. ვკითხოთ, რითი ამართლებენ საკუთარ არჩევანს? რას განიცდიდნენ, მსგავსი ამბავი თვითონ რომ გადახდენოდათ თავს? მსგავს შემთხვევაში ნაპოვნი ფულის აღება იქნება თუ არა სხვისი ქონების მითვისება? რა განსხვავებაა ასე აღებულ ფულსა და ქურდობას შორის?

თუ მოსწავლე არაეთიკურ არჩევანს დაუჭერს მხარს, მაშინ საფრთხე უნდა წარმოვაჩინოთ და მის შედეგებზე დავაფიქროთ. მაგ. ასე: წარმოიდგინეთ, რომ მოხუც ქალს ძალიან უჭირდა და ეს ფული მისი მთელი თვის სარჩოს უნდა ჰყოფნოდა. მოსწავლემაც შეიძლება იმართლოს თავი, მე მეგობრები უნდა მერჩინა ამ ფულითო, გვითხრას. მაშინ კიდევ უფრო უნდა დავამძიმოთ სიტუაცია. ამ დროს კარგია მოქმედი პირის ყურადღების ცენტრში მოქცევა. „წარმოიდგინე, რომ ფილმში ხედავ, მთავარი გმირი როგორ იტოვებს შენსავით დაკარგულ ფულს. რას იფიქრებდი ამ გმირზე?” ან სხვისი პოზიციიდან დავანახვოთ საკუთარი თავი: „შენ მიერ გაკეთებული არჩევანი შენს პიროვნებას შეეფერება? წარმოიდგინე, რომ შენ შენი ცხოვრების ფილმის გმირი ხარ”.  ამ დროს მოსწავლე უკვე უარს ამბობს ხოლმე არასწორ არჩევანზე. საბოლოოდ მივალთ აღიარებამდე, რომ ის მოსწავლე, ვინც ფულის აღებას უჭერდა მხარს, არ ყოფილა ცუდი პიროვნება.

ამგვარი დისკუსიები მოსწავლეებს შეაცვლევინებს პოზიციას და გაიაზრებენ, რომ თავდაპირველად გაკეთებული არჩევანი ცუდი ყოფილა. ნაცვლად ავტორიტარული და პირდაპირი სწავლებისა, რა არის კარგი და რა არის ცუდი, მოსწავლეები თვითონ გამოიტანენ სწორ დასკვნებს.
სოკრატულ მეთოდთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ბიზნესის და ეკონომიკის მასწავლებელი იზეთ ჰიქმეთი. „ამ დავიწყებულ მეთოდს კვლავაც შეუძლია მოსწავლეთა ფიქრის გაღვივება და მსოფლმხედველობის გაფართოება”, – ასე იწყებს ის თავის სტატიას „უნდა გამოვიყენოთ თუ არა სოკრატული დაკითხვის მეთოდი”.

ის გასაგები ენით ხსნის, როგორ შეიძლება აღნიშნული მეთოდის გამოყენება კლასში. მოსწავლეებს მიეწოდებათ მინიმალური ინფორმაცია. შემდეგ მათ მოეთხოვებათ იდეებისა და არგუმენტების გენერირება, რომელიც ეფუძნება ჯერ მანამდე ნასწავლს, შემდეგ კი კლასში მოსმენილ კითხვა-პასუხებს. მათ მასწავლებელმა კი არ უნდა მიაწოდოს მზა პასუხები, ისინი თვითონ უნდა მივიდნენ სწორ დასკვნამდე. სოკრატული დაკითხვის მეთოდი ჩვეულებრივი გაკვეთილის ერთ-ერთ ნაწილად შეიძლება დაიგეგმოს.

 ი. ჰიქმეთი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდის გამოყენება ყოველ გაკვეთილზე შეიძლება და გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებს თვითონ აღნიშნულ მეთოდს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია მისი შეცვლა და საკუთარი საგნისადმი მისადაგება.

გაკვეთილს იწყებს ხუთწუთიანი შესავლით და მოსწავლეებს უსვამს კითხვებს ძირითადი თემის შესახებ. მაგ. „იფიქრეთ და თქვით, როგორ შეიცვალა საოფისე საქმიანობა ბოლო ოცი წლის განმავლობაში?” მართალია, მოსწავლეებს ეს საკითხი ჯერ არ უსწავლიათ, მაგრამ უნდა გამოიყენონ წინარე ცოდნა შესაძლო პასუხების გასაცემად. 

საჭიროა მოსწავლეების წახალისება, რომ  საკუთარი იდეები ჯერ მეწყვილესთან გამოხატონ, შემდეგ კი მთელ კლასს გაუზიარონ. საყურადღებოა არა სწორი და არასწორი პასუხების დათვლა, არამედ იდეების გენერირების პროცესი. მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს მასწავლებელმა ისევ კითხვით უნდა უპასუხოს, რადგან ფიქრის განსავითარებლად მათი იდეები და  ნაფიქრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის  პასუხები.
ამის შემდეგ ი. ჰიქმეთი გადადის დავალების ანალიტიკურ ნაწილზე და იძლევა ასეთ დავალებას: „გააანალიზეთ ამ ცვლილებების ზეგავლენა ორგანიზაციებზე”. მოსწავლეებს ევალებათ მუშაობა ინდივიდუალურად, წყვილებში ან პატარა ჯგუფებში. ხშირად მათ მიეწოდებათ მიმანიშნებელი მასალა, მაგ. პატარა სტატია ან ვიდეოკლიპი, რომელიც მათ აცნობთ კონტექსტს, მაგრამ არ იძლევა მზა პასუხს.

ბოლო საფეხურზე მოსწავლეებში შეფასების უნარის განვითარება ხდება. მათ ეძლევათ ასეთი დავალება: „შეაფასეთ, როგორ იყენებს კომპანია X მოძრავ სამუშაო დროს დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლების მიზნით”. მოსწავლეებს მოეთხოვებათ პასუხების ნასწავლ მასალასთან და წინარე ცოდნასთან დაკავშირება, რათა გააკეთონ სწორი დასკვნები.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს მზა პასუხები? სოკრატული მეთოდი ხალხში ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მათ არ ესმით კონკრეტული საკითხი, რადგანაც არ იციან, რა არის სწორი და რა არა. მასწავლებლებს, რომლებიც სოკრატულ მეთოდს იყენებენ, ხშირად ბრალს სდებენ, რომ ისინი არ ასწავლიან ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ, თუ მასწავლებელი არ გამოიყენებს ამ მეთოდს, მაშინ ხომ გაკვეთილი სახელმძღვანელოდან ტექსტის წაკითხვას დაემსგავსება.

მასწავლებელი მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაში კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ იდეების აღმოჩენა-ჩამოყალიბებაში. 

სოკრატული მეთოდით სწავლება გამომწვევად მოქმედებს როგორ მასწავლებელზე, ასევე მოსწავლეებზე. ამიტომ სასურველია, სწავლების ეს მეთოდი ხშირად გამოიყენონ სკოლებში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით.
გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითისა, სასარგებლოა რიჩარდ პაულის და ლინდა ელდერის მიერ ჩამოყალიბებული სოკრატული კითხვების ექვსი ტიპის გაცნობაც, რომლებიც განაპირობებს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს კითხვები ნებისმიერი საგნის შესწავლის დროს შეიძლება გამოვიყენოთ. 
1.გამოსარკვევი კითხვები:  რატომ ამბობ ასე? რა კავშირშია ეს ჩვენს დისკუსიასთან?

2.ვარაუდის შესამოწმებელი კითხვები: რა შეიძლება ვივარაუდოთ? შეგვიძლია ამ ვარაუდის შეცვლა ან დაწუნება?

3.მიზეზებისა და სამხილების შესამოწმებელი კითხვები:  რა მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ?  რა არის ამის ანალოგი? თქვენი აზრით, რის გამო შეიძლება მოხდეს ეს? რატომ? 

4.კითხვები თვალსაზრისებზე და პერსპექტივებზე: რა ალტერნატივა შეიძლება წამოაყენოთ? რატომაა ეს სასარგებლო ან ვინ ისარგებლებს ამით? რატომაა ასე საუკეთესო? რა არის ამის ძლიერი და სუსტი მხარეები? რითაა ეს ორი რამ მსგავსი? რა კონტრარგუმენტი გაქვთ ამისთვის?

5.კითხვები, რომლებიც ამოწმებს  შედეგებს: რა განზოგადება შეიძლება გააკეთოთ? რა შედეგები მოჰყვება ამ ვარაუდს? რას გულისხმობთ? რაზე ახდენს ეს გავლენას? რა კავშირშია ეს აქამდე ნასწავლთან?

6.კითხვები კითხვების შესახებ: რა არის ამ კითხვის მთავარი აზრი? რატომ ფიქრობთ, რომ მე ასე გკითხეთ? რას ნიშნავს  . . . ეს? როგორ იყენებთ ამას ყოველდღიურობაში?

ეს კითხვებიც ჩემს მოსწავლეებზე გამოვცადე. შევამჩნიე, რომ მათ არ სურდათ ინგლისურად საუბარი ახალ მასალაში არსებულ ფაქტებზე. მასალა ეხებოდა „წიგნების მოგზაურობას”, რომელიც გულისხმობს წიგნების რეგისტრაციას ინტერნეტში და მათ დატოვებას ხალხის თავშეყრის ადგილებში, რათა ვინმემ აიღოს, წაიკითხოს, დატოვოს შეტყობინება ვებგვერდზე და ისევ დატოვოს კაფეში, პარკში ან ავტობუსში სხვების ყურადღების მისაქცევად. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ საკუთარი აზრი გამოეხატათ არსებული მასალის შესახებ. დაეწერათ, ვინ ისარგებლებდა ამ პროცესით, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონოდა წიგნების მოგზაურობას, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამა თუ იმ წიგნმა საზოგადოებაზე. დავალებამ ყველა გაახალისა. ძალიან მოკლე დროში შეასრულეს მოთხოვნა და მერე ხალისით წაუკითხეს ამხანაგებს. იმედი მაქვს, მალე სოკრატული დიალოგის სახით ვისაუბრებთ გარკვეულ საკითხებზე. მასწავლებლისთვის არაფერია იმის შემჩნევაზე უფრო სასიხარულო, როცა მისი მოსწავლეების აზროვნება იხვეწება.
 
გამოყენებული ლიტერატურა:
1.სოკრატული მეთოდი – დავიდ ელკინდი და ფრედი სვითი;
2.სოკრატული კითხვების ექვსი ტიპი – რიჩარდ პაული და ლინდა ელდერი; 
3.უნდა გამოვიყენოთ თუ არა სოკრატული დაკითხვის მეთოდი – იზეთ ჰიქმეთი.

საპროექტო მუშაობა, ეტაპები და შეფასების ფურცლები ნაწილი I

0
დღეს მასწავლებელი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მუდმივი ძიება, კვლევა, კრეატიულობა, ძალა და ცოდნა სჭირდება, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და საგნობრივი ცოდნის გადაცემასთან ერთად მოსწავლეს რეალურად შესძინოს ცხოვრებაში გამოსაყენებელი უნარ-ჩვევები.
პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საპროექტო მუშაობა მათ ყველაზე მეტად ეხმარება ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვა და განხორციელება რთული და შრომატევადი საქმეა, მაგრამ გაცილებით შედეგიანი, ვიდრე ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი.
თავს უფლებას მივცემ, შემოგთავაზოთ ჩემ მიერ შემუშავებული საპროექტო მუშაობის ეტაპების მიმოხილვა, პროექტის მოსამზადებლად და წარსამართავად საჭირო რეკომენდაციები და შეფასების ფურცლები. ვინაიდან მასალა ვრცელია, რეკომენდაციებს ორ ნაწილად შემოგთავაზებთ. თავდაპირველად თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საპროექტო მუშაობის ეტაპებსა და პროექტის გაფორმებაზე. იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები და შეფასების ფურცლები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს საქმეს გაგიადვილებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

პროექტზე მუშაობის ეტაპები

პროექტზე
მუშაობის ეტაპები

მიზანი
და ამოცანები

მასწავლებლის
საქმიანობა

მოსწავლეთა
აქტივობები

მშობელთა
ჩართულობა

1. მოსამზადებელი
სამუშაო და პროექტის განხილვა

ამოცანა:

. საპროექტო მუშაობისთვის
მოსწავლეთა მომზადება

ამოცანები:

. პრობლემის განსაზღვრა,
მასწავლებლისა და მოსწავლეების
მიერ პროექტის თემისა და ამოცანების ერთობლივად შერჩევა;

. პროექტზე სამუშაოდ ჯგუფების შედგენა.

არჩევს შესაძლებელ
თემებს და განსახილველად სთავაზობს მოსწავლეებს. უღვივებს მათ საპროექტო თემისადმი
ინტერესს. ეხმარება ჩამოაყალიბონ:


პრობლემა საპროექტო
მუშაობისთვის;


სიტუაციური სცენარი;


მიზანი და ამოცანები.

მოტივაციას უღვივებს მოსწავლეებს პროექტის გასახილველად
და შესაქმნელად.

ეხმარება მოსწავლეებს საპროექტო მიზნის გადასაწყვეტად
საჭირო ოპტიმალური გზის პოვნაში.

ეხმარება
ანალიზისა და სინთეზის გაკეთებაში
, აკვირდება,

ამოწმებს.

კონსულტაციას უწევს მოსწავლეებს პროექტის მიზნისა
და მოცანების ჩამოყალიბებისას. საჭიროების შემთხვევაში კორექცია შეაქვს მათ მიერ
ჩამოყალიბებულ მიზნებსა და ამოცანებში.

აყალიბებს
საჭირო სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს.

ერთვებიან საპროექტო მუშაობაში.

განიხილავენ საპროექტო თემას, საკვლევ საგანს მასწავლებელთან
ერთად.

იღებენ დამატებით ინფორმაციას.

არკვევენ საკუთარ მოვალეობებს.

ინდივიდუალურად (ან ჯგუფურად) იღებენ გადაწყვეტილებებს
საპროექტო თემის, საგნის, პრობლემის გადასაჭრელად და არგუმენტებით ამყარებენ მათ.


აანალიზებენ რესურსს
და ეძიებენ ოპტიმალურ გზებს საპროექტო მიზნის მისაღწევად.


საკუთარი წვლილი შეაქვთ
საპროექტო მუშაობაში
.

ეხმარებიან თემატური საკითხის არჩევაში, პროექტის
პრობლემის, მიზნისა და ამოცანების ჩამოყალიბებაში, უმაღლებენ მოტივაციას
.

2. საქმიანობის
დაგეგმვა

მიზანი: პროექტის
პრეოპერაციული დამუშავება. კონკრეტულ საქმიანობათა ჩამონათვალის შედგენა, შედეგების,
დროისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა

ამოცანები:

. ინფორმაციის
წყაროების განსაზღვრა, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის გზების დასახვა, მისაღები
პროდუქტისა და პრეზენტაციის შესაძლო ფორმების განსაზღვრა,
პროექტის მუშაობის
შეფასების სქემის დადგენა;

. ამოცანების
(მოვალეობების) განაწილება ჯგუფის წევრებს შორის

საჭირო მიმართულებას აძლევს მოსწავლეთა საკვლევ სამუშაოს,
საჭიროების შემთხვევაში სთავაზობს ექსპერტთა დახმარებას.

მოსწავლეებს სთავაზობს:


სხვადასხვა ვარიანტს
და მეთოდს შეგროვებული ინფორმაციის დახარისხებისათვის;


ჯგუფში მოვალეობების
განაწილებას;


გეგმის შედგენას;


პრეზენტაციის ფორმის
მოფიქრებას
;


შეფასების სქემის შემუშავებას.


ეძებენ,
აგროვებენ,
სისტემაში მოჰყავთ
და აანალიზებენ ინფორმაციას.


იყოფიან ჯგუფებად;


ჯგუფებში ანაწილებენ
მოვალეობებს.


გეგმავენ სამუშაოს;


არჩევენ პრეზენტაციის
ფორმას;


შეფასების სქემის მიხედვით
იღებენ გადაწყვეტილებებს;


ადგენენ ამ ეტაპზე
საპროექტო მუშაობის შედეგს;

ახორციელებენ შეფასებას
(თვითშეფასებას)

ეხმარებიან საძიებო საქმიანობაში და შეგროვებული ინფორმაციის
დახარისხება- შენახვაში.

3. პრობლემის
გადასაჭრელად განხორციელებული საქმიანობები

მიზანი: პროექტის შემუშავება

ამოცანები:

. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალური
თუ ჯგუფური ამოცანების მიხედვით;

პროექტის შუალედური განხილვა და შეფასება

აკვირდება, ურჩევს, ირიბად მართავს მოსწავლეთა საქმიანობას, პასუხობს
მოსწავლეთა კითხვებს. აკონტროლებს საპროექტო ეტაპებისთვის გამოყოფილი დროის საზღვრების
დაცვას.

ასრულებენ დაგეგმილ სამუშაოებს დამოუკიდებლად, ჯგუფებში
ან კომბინირებულად. საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავენ მასწავლებელს.
აჯამებენ და აფასებენ შუალედურ სამუშაოს ჯგუფებში.

აკვირდებიან.

აკონტროლებენ საპროექტო ეტაპებისთვის გამოყოფილი დროის
საზღვრების დაცვას.

ეხმარებიან ინფორმაციის შეგროვებაში, მასალებისა და
საპროექტო მუშაობის ამსახველი პორტფოლიოს გაფორმებაში.

4. შედეგების
გაფორმება

მიზანი: მიღებული
ინფორმაციის დახარისხება და მიღებული ცოდნის, ჩვევების, უნარების ინტეგრირება.

ამოცანები:

. მონაცემების
ანალიზი და სინთეზი
;

. დასკვნების
ჩამოყალიბება
.

აკვირდება,
ურჩევს,

მართავს
ანალიზის პროცესს
.

ეხმარება პროექტის წარმართვაში.

უმაღლებს მოტივაციას, უქმნის წარმატების განცდას;

აფორმებენ
პროექტს
,

ამზადებენ
საპროექტო პროდუქტს
.

მონაწილეობენ
პროექტის ჯგუფურ ანალიზში. აფასებენ საკუთარ წვლილს, როლს, აანალიზებენ შესრულებულ
სამუშაოს. ადგენენ წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზს, გამოაქვთ დასკვნები.

აკვირდებიან,
ურჩევენ,

უმაღლებენ
მოტივაციას
, უქმნიან წარმატების განცდას;

5. შედეგების
პრეზენტაცია

მიზანი: მასალების
დემონსტრაცია
, შედეგების წარმოდგენა.

ამოცანები:

. საპრეზენტაციო
მასალების მომზადება
;

. საჯარო გამოსვლისთვის
მომზადება
;

. პროექტის პრეზენტაცია

პრეზენტაციის ორგანიზება.

საჭიროების შემთხვევაში საპრეზენტაციო საკითხებზე
ეთათბირება მოსწავლეებს, ორგანიზებას უწევს პრეზენტაციის რეპეტიციას.

იღებს შედეგებს:


განაზოგადებს მიღებულ
შედეგებს
;

გამოაქვს დასკვნები;


აფასებს უნარებს – ურთიერთობის,
მოსმენის,
არგუმენტირების,
ტოლერანტობის და ა.შ.


აქცენტს სვამს სააღმზრდელო
მიზნებზე: ჯგუფური მუშაობის უნარებზე, საერთო შედეგებზე და ა.შ.

ირჩევენ (სთავაზობენ) პრეზენტაციის ფორმას.

ემზადებიან პრეზენტაციისთვის.

აგრძელებენ პორტფოლიოს გაფორმებას.

საჭიროების შემთხვევაში რჩევას სთხოვენ მასწავლებელს.

იცავენ პროექტს.

წარმოაჩენენ:

პრობლემის, მიზნისა და ამოცანების გაგების უნარს,

საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების უნარს,

პრობლემის გადაწყვეტის უნარს,


უკუშეფასების, შეფასების,
თვითშეფასების უნარს,

ეხმარებიან პრეზენტაციის მომზადებაში

6. შედეგებისა
და საპროექტო მუშაობის შეფასება

მიზანი: შედეგებისა და საპროექტო მუშაობის შეფასება

ამოცანები:

. პროექტის შედეგების
კოლექტიური განხილვა;

. პროექტზე მუშაობის
თვითანალიზი

აფასებს მოსწავლეთა მონდომებას, კრეატიულობას, გამოყენებულ
წყაროებს, გამოუყენებელ შესაძლებლობებს, შედეგების ხარისხს, აკვირდება, წარმართავს
პროცესს.

აფასებენ პროექტს და გაწეული სამუშაოს ხარისხს.

ეხმარებიან შედეგების გაფორმებაში

პროექტის მატრიცა

პროექტის ხელმძღვანელი ————

(სახელი, გვარი)

  1. პროექტის
    დასახელება
    :—————-
  2. თემატური
    ველი
    : —————————————
  3. პრობლემა:_—————————————-
  4. მიზანი: ————————————
  5. ამოცანები: —————————
  6. ამოცნების
    გადასაჭრელად განხორციელებული საქმიანობის აღწერა
    :

__________________________________________________

  1. შედეგის
    აღწერა
    :

————————————–

  1. პროექტის
    ტიპი
    :————————————————
  2. კლასი,
    მოსწავლეთა რაოდენობა,
    პროექტის მონაწილეთა რაოდენობა
    :
    ___________________________
    ________________________
  3. სასწავლო
    საგნები
    , რომლებსაც მოიცავს პროექტი:

საბაზო საგანი

სასწავლო საგნის დასახელება

პროგრამული მასალა

თემა

დამატებითი საგნები:

სასწავლო საგნის დასახელება

პროგრამული მასალა

თემა

  1. პროექტზე
    მუშაობისათვის საჭირო არასაგნობრივი ცოდნა
    :

ადამიანური რესურსი

საჭირო ინფორმაცია

  1. პროექტის
    განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
    :

_____

  1. პროექტის
    ეტაპების განსახორციელებლად დაგეგმილი დრო:

ეტაპები

საქმიანობის შინაარსი

საათების რეოდენობა

საძიებო-მოსამზადებელი

პროექტის თემის განსაზღვრა. პრობლემის ძიება და ანალიზი.
პროექტის მიზნისა და ამოცანების დასახვა.

ანალიტიკური

არსებული ინფორმაციის ანალიზი; პროექტის მიზნის მისაღწევი
ოპტიმალური ხერხის პოვნა (გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიება); საქმიანობის ალგორითმის
შედგენა; ეტაპობრივი დაგეგმვა

პრაქტიკული

პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი მოქმედებებისა
და აქტივობების შესრულება

საპრეზენტაციო

პრეზენტაციის მომზადება და გამართვა

საკონტროლო

შედეგების ანალიზი. პროექტის ხარისხის შეფასება

  1. პროექტზე
    მუშაობის საორგანიზაციო ფორმები:

მუშაობის ფორმა

საათების რაოდენობა

ჯგუფური განხილვა

დამოუკიდებელი მუშაობა

პროექტის ხელმძღვანელის კონსულტაცია

ექსპერტების კონსულტაცია (პედაგოგები, გარე ექსპერტები და ა.შ.)

სხვა:

  1. პრეზენტაციის
    ფორმა
    :
    ______________________________________________
  2. პროექტის
    შესრულების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები:

—————————————————————–

საპროექტო მუშაობის ანგარიში

1. სახელი, გვარი ____________________________________________________

2. პროექტის დასახელება

—————————————–

3. რატომ დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა?

—————————————————

4. რა მიზნით ვიმუშავე ამ პროექტზე?

______________________________________

5. რა შედეგი მსურს მივიღო?

__________________________________________________________________

6. როგორ ვმუშაობდი ამ პროექტზე:

თარიღი

რას ვაკეთებდი

დახარჯული დრო

კითხვა სირთულე

კონსულტანტი

დახმარება

7. რა შედეგი მივიღე?

_________________________________________________________________

8. რა ვისწავლე ახალი, რა ვერ ვისწავლე?

______________________________________

9. პროექტზე მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებები

_________________________

საპროექტო სამუშაოს ტექსტური
ნაწილის გაფორმება

სტრუქტურა

მოთხოვნები

1. საინფორმაციო განყოფილება

1.1. სატიტულო სლაიდი

 სასწავლო დაწესებულების დასახელება (ზედა მარჯვენა
კუთხეში)

  • ნაშრომის დასახელება (შუაში)
  • ავტორის ვინაობა (სახელი, გვარი, კლასი, სკოლა)
  •  ხელმძღვანელის მონაცემები
  •  Web-მისამართი, სადაც
    განთავსებულია ეს ნაშრომი (თუ განთავსებულია); დასახლებული პუნქტის სახელი და დაწერის
    წელი (ქვემოთ, შუაში)

1.2.
დასათაურება

ü თითოეული
თავის დასახელება, სარჩევი გვერდების მითითებით

2. სამუშაოს აღწერა

  • 2.1. შესავალი
  • თემის აქტუალურობის დასაბუთება
  • პრობლემა
  • პროექტის მიზანი
  • ამოცანები
  • სამუშაოს გეგმა (შინაარსი).

2.2. საპროექტო მუშაობის აღწერა და მისი შედეგები

  • თეორიული ნაწილი
  •  პრაქტიკული ნაწილი (კვლევის მეთოდების აღწერა, კვლევის მსვლელობა და შედეგები)
  •  პროექტის დანიშნულება
  •  დასკვნები
  •  გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი
  •  დამატებითი მასალა (სურათები, ფოტოები, სქემები, ცხრილები, დიაგრამები)

3. საქმიანობის შეფასება

  • დასახული
    მიზნების მიღწევის ხარისხის შეფასება
  •  შედეგების შეფასება
  •  შეძენილი უნარების ცოდნის, ჩვევების შეფასება

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...