შაბათი, ივლისი 4, 2026
4 ივლისი, შაბათი, 2026

სტატისტიკის ელემენტები, რომლებიც პრაქტიკაში გამოგვადგება

0
ტრადიციულად, სასკოლო მათემატიკის კურსში ძირითადი ყურადღება ექცევა აღწერითი სტატისტიკის მიმართულებას, რომლის ძირითადი მიზანია ამა თუ იმ ვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების რიცხვითი მახასიათებლების დადგენა. მაგალითად: მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე, საშუალო ხელფასი, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი (რაოდენობრივი მონაცემების მოდა).

ვრცლად

 

სამყარო როგორც სახლი და სახლი როგორც სამყარო

0
პოეტი დათო ყანჩაშვილი „სახლის ძიებაში”
და რაც მთავრდება, ჯერ შიგნიდან მთავრდება მუდამ
და მერე გარეთ…
სიყვარულმა ასე იცის:
ადამიანი ხდება სახლი,
რომელშიც ცხოვრობ…
დათო ყანჩაშვილი
რას ნიშნავს სახლი?
სიმბოლოთა ლექსიკონების განმარტებით, სახლი კოსმოსის სიმბოლოა, ერთგვარი მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსში და პირიქითაც. თავად ადამიანის სიმბოლოცაა და აქვე მარტივი ლოგიკით შეიძლება გამოთვლა, რომ ადამიანი კოსმოსია… ალბათ თითოეული ადამიანის კოსმოსი განსხვავებულია, ისევე როგორც თავად ადამიანები არიან განსხვავებულები… სახლისა და ადამიანის ორგანიზმის იდენტობას ფსიქოლოგიაში ასე აღწერენ: სახლის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ორგანოს შეესაბამება. ფასადი სოციალური ნიღაბია, რომელსაც ადამიანი ყურადღების მისაპყრობად ირგებს, სახურავი თავია (ცნობიერების ფუნქციები), სარკმელი – თვალები, სახლის შუაგული გულს შეესატყვისება, საწოლი ოთახი – ინტიმს, კარი და შემოსასვლელი შინაგანიდან გარეგანში გაღწევის სიმბოლოა, სამზარეულო ფსიქიკასთან იგივდება, სარდაფი – არაცნობიერთან, ხოლო სხვენი – ეს არის მოგონებები, ოცნებები, რომანტიკა…

ბრიტანულ მენტალიტეტს კარგად გამოხატავს ფრაზეოლოგიზმი: „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”. სახლი არის დაცვა, ნავსაყუდელი, თავშესაფარი, უსაფრთხოება, სიმშვიდე…

სახლის მეტაფორით ადამიანი ყველაზე უკეთ აღწერს საკუთარ შინაგან სამყაროს. ფსიქოლოგიაში ეს მეთოდი, ერთი მხრივ, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ღირებულებების საკვლევად გამოიყენება, მეორე მხრივ კი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ სახლის (პიროვნების) კორექცია და შინაგანი სივრცის გადაწყობით გადავაწყოთ გარეგანი სივრცეც. ამ აზრს კარგად შეესაბამება თანამედროვე საინტერესო ავტორის, დათო ყანჩაშვილის სტრიქონები:

„და რაც მთავრდება, ჯერ შიგნიდან მთავრდება მუდამ
და მერე გარეთ…”
შესაბამისად, შინაგანის გადაწყობით იცვლება გარეგანიც.
პოეზიის მაგალითზე შეიძლება, სტუდენტებს (მოსწავლეებსაც) ამგვარი დაკვირვება შევთავაზოთ როგორც საინტერესო თამაში.
დათო ყანჩაშვილის (იორიკის) პოეზია სახლის მეტაფორების სიუხვით გამოირჩევა.
სარდაფი როგორც არაცნობიერი

პოეტი ყოველთვის ინტუიციურია, როდესაც პოეზიაში ამჟღავნებს იმას, რის შესახებაც ცოდნა არ გააჩნია. ამ ცოდნას პოეტი ფლობს „სწავლის” გარეშე… მხოლოდ პოეტებზეც არ ითქმის ეს – ალბათ ყველაზე, ვისაც შეუძლია, ღრმად იფიქროს.

ლექსში „სარდაფი” დათო ყანჩაშვილი საკუთარ არაცნობიერში იქექება. სახლი, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, ცოდვიანია და ახლა ეს ცოდვები მან უნდა ზიდოს; მან უნდა აგოს პასუხი სარდაფში აღმოჩენილ მკვდარზე, სხვების მიერ ჩადენილ დანაშაულზე…

„ჩნდება შეგრძნება,
თითქოს დაგრჩა ანდერძით სახლი,
რომლის სარდაფიც
გამუდმებით უნდა ალაგო
და ვერ გაერკვე,
როგორ მოხვდა სარდაფში მკვდარი,
რომელიც ღამე
სადმე სხვაგან უნდა დამარხო…”
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოეტმა გაცნობიერებულად არ იცის, რომ ფსიქოლოგიაში სარდაფი არაცნობიერს შეესაბამება და მისი აღწერით არაცნობიერს აღწერს და „ალაგებს” (ან ურევს დალაგებამდე). ამიტომ არის მნიშვნელოვანი შემდეგი სტრიქონები:
„და ეს წარსული,
როგორც აწმყოს ქვეცნობიერი,
გინდა-არ გინდა, იწყებს ტივტივს,
გაფრთხობს და გაბნევს,
ვეღარ იხსენებ რა გადაგხდა,
რა იყო მართლა
და რა გადმოგყვა ამ ანდერძით –
რა გაგიყალბეს”.

ასე გრძელდება სარდაფში (არაცნობიერში) ჩხრეკა, თვალიერება, გაანალიზება. და რა ხდება ამის შემდეგ? დაკვირვებას მოსდევს გაცნობიერება, რაც ლექსში ამ სტრიქონებით გამოიხატა: 

„და თავს იმშვიდებ:
„გამოსავალს მოვძებნი რამეს”,
მაგრამ ღამდება,
მთვარესავით გევსება სახლი,
ამჩნევ: სარდაფი უფრო სწრაფად ამოდის ზემოთ,
უკვე საწოლიც
ფორმას იღებს თითქოს სასახლის…”

მეტაფორა „სარდაფის ზემოთ ამოსვლა” შეესაბამება სწორედ არაცნობიერი მოვლენების ცნობიერში ამოტანას. რა თქმა უნდა, მთელი ლექსი მეტაფორულია. არც მკვდარი შეიძლება გავიაზროთ პირდაპირი მნიშვნელობით… ეს არის ე.წ. კარმა, „სახლის სული”, რომელსაც ქმნიდნენ მანამდე, სანამ ამ „სახლში” პოეტი გადმოვიდოდა საცხოვრებლად… იქნებ ამ არაცნობიერი შიშისა და სხვისი ცოდვების საკუთარ თავზე არაღების გამო დათო ყანჩაშვილის პოეზიაში მნიშვნელოვანია, რომ ის ხშირად „გარბის სახლიდან”, „ანგრევს სახლს”…. ამ მეტაფორებით ავტორი ცდილობს ძველის დაძლევას, სახლის კორექციას, ახლის აგებას… 
შენ დამრჩი გარეთ
„თვალები – ჩემი სახლის ფანჯრები, 
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს და შემოსასვლელად
ფანჯრებს გთავაზობ –
დახურვამდე თუ შემოასწრებ…”
კიდევ ერთი ზუსტი ფსიქოლოგიური მეტაფორა: „თვალები – ჩემისახლისფანჯრები…” პოეტს არ აქვს „კარი” (რაც სიმბოლოა შინაგანიდან გარეგანში გაღწევისა), ამიტომ სთავაზობს სატრფოს (რომელიც მისივე ალტერ ეგოა), ფანჯრებიდან შემოიპაროს, რადგან თავად გარეთ ვერ გადის. ის ჩაკეტილია, შეკეტილია საკუთარ თავში, პოეტმა სული სახლად აქცია, მოსწყდა გარე სამყაროს… მაგრამ გარეთ დარჩა სატრფო და ეს ადარდებს… 
„შენ დამრჩი გარეთ. შენზე მხოლოდ ის ვიცი ახლა,
რომ დგახარ მარტო, ღმერთვით ჩუმად,
შიგნით სულ არ ხარ, ხარ ყველგან გარეთ,
და უფრო გარეთ, და უფრო
სადღაც.
(„შენ დამრჩი გარეთ”)
დათო ყანჩაშვილის სახლი ხან „მატრიოშკების რთული სამყაროა”, ერთმანეთში რომ ჩალაგებულა, ხან დანგრეულია და განადგურებული. ხანაც მამაა („შვილებო, მოდით, სახლი კი არა, მამა მომიკვდა”)… ეს სახლი ხან უჭეროა, ხან – უკედლო და ხანაც – მხოლოდ კედელია… ხან ქუჩაა, ხან – ქალაქი და ხან – მაღაზია… ყველა სახლი თავისას ჰყვება და ყველა სახლში შინაგანი ადამიანის ხმა ისმის. 

მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეტი გზაშია. „სახლის” ძიებაშია. ანგრევს და აშენებს, მისამართებს იცვლის და ივიწყებს…
„როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან” (დ. ყ.), ის მარტო არ მიდის. ყველაფერს ატან… გრჩება სიცარიელე, რომელშიც ისევ ახალი სახლის აგებას იწყებ… რომელსაც, სავარაუდოდ, ისევ „სხვას გადაულოცავს” პოეტი.
დათო ყანჩაშვილის ამ ლექსზე კი არაფერს ვიტყვი – მინდა, თქვენც იფიქროთ:
მისამართები
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არა აქვს კარი
და ამ სახლში ჩვენ ვერ შევდივართ…
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არ აქვს ფანჯრები
და რაფაზე იდაყვების ჩამოყრდნობით
ლოდინს ამიტომ აზრი არა აქვს.
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არა აქვს ჭერი
და შემოდგომის ყველა წერილს
ქარი – ბებერი ფოსტალიონი –
ფოთლებად მაყრის.
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არ აქვს იატაკი,
არც საძირკველი
და ძალიან გართულდა დგომაც. 
სახლი, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არის ადგილი
შუა ქუჩაში,
სადაც ვჩერდები,
როდესაც მერწყულს უვარდება ცალი ბიდონი
და ჰაერიც ისე სველდება
როგორც მანძილი
თვალებსა და თვალებს შორის
და მორიელი უკვე დიდი ხნის შეჩვეული
შინაური ბინადარივით გულზე მაჯდება,
ქალწულები კი იწყებენ წვიმისგან
ციხე-კოშკის ბოლო სარკმლიდან ჩამოშლილი
თმის გადარჩენას,
ხოლო თევზები ჩვეული თევზური გამომეტყველებით
მიწყებენ თვალის უპეების სითხით ავსებას 
და შიგნით ცხოვრებას. 
და ზუსტად მაშინ,
მე
ვიღლები საკუთარი მარტოობით
და გიგზავნი უამრავ გონებრივ და სიზმრისეულ შეტყობინებას
და ჩვენი სახლის მისამართს თითქმის
ყველა ლექსში გწერ…
და ყოველდღე ჩამონგრეულ
საკუთარ თავს ხელახლა გიშენებ,
რომ შემოხვიდე ჩემში და-სახლდე,
მე კი დაღლილმა უ-შენობით
შევძლო და შენში დავიწყო ცხოვრება. 
თორემ საცაა ცაზე ჩამუხლულ მშვილდოსანს
უმისამართოდ მოზიდული ისარი შემთხვევით გაუვარდება
და კუპიდონი არ გეგონოს,
გულს კი არა,
სულ სისხლძარღვებს დაგვაწყვეტინებს
და
სახლები, რომლებშიც მე და შენ უნდა გვეცხოვრა,
სამუდამოდ გადავლენ სხვადასხვა მისამართზე…

შრიფტის მნიშვნელობა კითხვის დაუფლების პროცესში

0
იმ ფაქტორებზე საუბრისას, რომლებიც კითხვის უნარის დაუფლების პროცესში მნიშვნელოვნად მოიაზრება, გვერდს ვერ ავუვლით შრიფტის სწორად შერჩევის აუცილებლობას მოსწავლეთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების ბეჭდვისას. ეს აუცილებლობა განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როცა საქმე დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოებს ეხება. აღნიშნული გარემოება განპირობებულია მოცემული ასაკის ბავშვთა ფსიქიკური პროცესების, განსაკუთრებით კი აღქმის განვითარების თავისებურებებით.

ცნობილია, რომ კითხვის პროცესი, რომელიც რამდენიმე მომენტს მოიცავს, ძირითადად წასაკითხი მასალის ნათელ აღქმას ეყრდნობა. ბავშვს გაუჭირდება წერა-კითხვის დაუფლება, თუ ვერ მოახერხა ასოებისა და მათი ელემენტების ზუსტი და მკაფიო აღქმა და იმ ბგერებისადმი მიკუთვნება, რომელთა აღსანიშნავადაც გამოიყენება ისინი. ცნობილია, რომ 6-7 წლის ბავშვს საკმარისად აქვს განვითარებული აღქმა წერა-კითხვის დასაწყებად, თუმცა სწავლების პროცესში არცთუ იშვიათად თავს იჩენს აღნიშნული ასაკის ბავშვის აღქმის განვითარების ერთგვარი „დაუმთავრებლობა”, რაც შესანიშნავად ჩანს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებში. პატარებს განსაკუთრებით ხშირად ერევათ მსგავსი მოყვანილობის ასოები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ელემენტით განსხვავდება, მაგალითად, „ს” და „ხ”, „ღ” და „დ”, „კ” და „ვ”, „გ” და „ვ”, „მ” და „შ”, „ი” და „ო”, „ღ” და „ლ”, „ო” და „რ”.

ხშირად ბავშვებს ასეთი ასოების სივრცითი მიმართულებაც ერევათ, რის გამოც ასოს ერთის ნაცვლად მეორე მხარეს აბრუნებენ. მაგალითად, „ძ”-„ხ”; „შ”-„წ”; „ძ”-„ს”; „ხ”-„ს”.

6-7 წლისებთან აღქმის შეცდომები უმთავრესად მსგავსების ფაქტორით და სივრცით მიმართებათა აღქმის უნარის არასაკმარისი განვითარებით არის განპირობებული. ამის გამო სასწავლო საანბანო წიგნის შრიფტის შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღქმის თავისებურებები. შრიფტი ისეთი უნდა იყოს, რომ ხელს უწყობდეს ასოთა მკაფიო აღქმას, მათ შორის არსებული განსხვავებებისა და მსგავსების შემჩნევასა და სწრაფ დაუფლებას. შრიფტი უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი, მკაფიო, სადა, გარკვეული; არ უნდა იყოს გადატვირთული ორნამენტული ნიშნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება მსგავსი ასოების განმასხვავებელი პაწაწინა, ძნელად შესამჩნევი ელემენტების გამოკვეთა და მათი ცხადი აღქმა, ვინაიდან ასეთი დანამატები, „სამკაულები” ასოს ძირითად, სხვა ასოსგან განმასხვავებელ ელემენტებს შეუმჩნეველს ხდის, ნიღბავს მას და მოხაზულობით მსგავსი ასოების ერთმანეთისგან გარჩევას აძნელებს.

ჩვენში დღემდე არ მოიპოვება ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შესწავლილი და ამის საფუძველზე დადგენილი საანბანო შრიფტის ფორმა, ი. გოგებაშვილის მიერ შერჩეული აკადემიური შრიფტი კი, რომლითაც აწყობილია პირველკლასელთა სახელმძღვანელო და რომელიც „ი. გოგებაშვილის” სახელით არის ცნობილი, თავის დროზე თვითონ ი. გოგებაშვილს არ მოსწონდა და მას სასწავლო-საანბანო წიგნისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. „ანბანი, მართალია, უფრო მოგრძო ასოებით უნდა იყოს დაბეჭდილი, მაგრამ… ეს ნაკლოვანება ჩვენი ბრალი კი არ არის, შრიფტის სიღარიბეზეა დამოკიდებული. ხეირიანი მსხვილი შრიფტი სრულიად არ მოიპოვება ჩვენებურს სტამბებში… აკადემიის ასოებში იპოვება მომსხო მეთექვსმეტე ნომრის შრიფტი, მაგრამ ესეც მეტად უშნო და ტლანქია და, გარდა ამისა, სრულიად არ უდგება მელიქიშვილის ჩვეულებრივ შრიფტსა, რომლითაც იბეჭდებიან თავდაპირველთაგანვე ჩვენი სახელმძღვანელონი და რომელნიც უფრო კარგს, მრგვალს და გარკვეულ შრიფტად მიგვაჩნია” (ი. გოგებაშვილი – „უმეცრების ამაყობა”, „ივერია” №6, 1881 წ.).

 ი. გოგებაშვილის შრიფტის მოყვანილობა ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც საბავშვო ანბანის წიგნის შრიფტს ვუყენებთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ აღნიშნულ შრიფტში 21 ასოს ქართული ასოებისთვის ჩვეულებრივი წვრილ ნაწილებთან ერთად დამატებული აქვს 24-მდე ელემენტი („სამკაული”), რაც ისედაც რთული მოყვანილობის ასოებს გამოკვეთილობასა და სიცხადეს უკარგავს და ნაბეჭდსაც აჭრელებს. ყოველივე ეს კი წერა-კითხვის ახლად დამწყებ ბავშვს ერთგვარად ურთულებს საქმეს.

წერა-კითხვის სწავლის პროცესში ასოების ცნობას ბავშვი მხოლოდ მათი ელემენტების გაცნობიერების საფუძველზე ახერხებს, ზედმეტი პაწაწინა დანამატები კი ხშირად ნიღბავს ასოების ერთმანეთისგან განმასხვავებელ ნაწილებს და ბევრ მათგანს ერთიმეორეს ამსგავსებს, რის გამოც მათი ამოცნობა ფერხდება და არცთუ იშვიათად ხდება გრაფიკული გამოსახულებით მსგავსი ასოების აღრევას. ასე რომ, „ი. გოგებაშვილის” შრიფტის ფორმის თავისებურება წერა-კითხვის დამწყებ ბავშვებში შესაძლოა შეცდომებით კითხვის მიზეზად იქცეს.

ქართული საანბანო წიგნისთვის შრიფტი უნდა იყოს სადა, მარტივი, მკაფიო და ნათლად აღსაქმელი, ვინაიდან ასეთი მოყვანილობის ასოები უფრო მოკლე ხანში და ნაკლები შეცდომებით იკითხება, ეს კი ხელს შეუწყობს წერა-კითხვის სწრაფად დაუფლებას, რაც მომავალში უამრავ სირთულეს ააცილებს თავიდან პედაგოგს.

ადრეული განათლების ხარისხი

0
ადრეული განათლება, როგორც წესი, 6 წლამდე ბავშვების სკოლამდელ განათლებასა და მათზე ზრუნვას გულისხმობს. სამწუხაროდ, ადრეული განათლების ხარისხი ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ხარისხის პრობლემა წინ წამოიწევს ხოლმე, ძირითადად საუბრობენ ელემენტარულ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და უვნებელ კვებაზე. საფრთხის შემცველი გარემოს დაუშვებლობა, ცხადია, უპირველესია, თუმცა სამწუხაროა, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ხარისხის განხილვა მხოლოდ ამ კონტექსტში ხდება. თუკი ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული, ბუნებრივია, შეფერხდება მსჯელობა ხარისხის სხვა ასპექტებზე, რომლებიც განათლების პროცესსა და შედეგს უკავშირდება. 

ადრეული განათლების ხარისხთან დაკავშირებული საერთაშორისო მიდგომებისა და კვლევების მიმოხილვა დაგვეხმარება,  ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და ხელი შევუწყოთ სკოლამდელი განათლების ხარისხის შესახებ მსჯელობის დაწყებას. 
რა არის ადრეული განათლების ხარისხი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? 

ადრეული განათლების ხარისხი კომპლექსური საკითხია, რომლის შესახებაც შეთანხმებული პოზიცია არც სამეცნიერო წრეებში და არც პოლიტიკურ დონეზე არ არსებობს. უკანასკნელი წლების სამეცნიერო ნაშრომებში ხშირად აღინიშნება, რომ ხარისხი კულტურული კონსტრუქციაა; ის, რაც მაღალი ხარისხის მაჩვენებლად შეიძლება იყოს მიღებული ერთ საზოგადოებაში, შესაძლოა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდეს სხვაგან. პრობლემური შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკის დონეზე შემუშავებული ადრეული განათლების ხარისხის სტანდარტებიც, რადგან ისინი ხშირად შექმნილია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებსაც ნაკლები წარმოდგენა აქვთ განათლების პროცესის შესახებ და ხარისხის საკითხს უდგებიან პოლიტიკის, ეკონომიკის ან ბიზნესის თვალთახედვიდან. ამ ფონზე ადრეული განათლების ხარისხის თემით დაინტერესებული ბევრი მკვლევარი ემხრობა განათლების პროცესის კონტექსტუალიზებულ (როგორც კულტურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით) ხედვას და გვთავაზობს, პოსტმოდერნული პერსპექტივიდან მივუდგეთ „ხარისხის” მრავალფეროვნების საკითხს. მიუხედავად აღნიშნული პოზიციისა, არსებობს ძირეული პრინციპები, რომელთა გარეშე ხარისხიანი ადრეული განათლების წარმოდგენა რთული იქნებოდა. 

ბავშვის ადრეული განვითარებისა და განათლების მკვლევარი მარტინ ვუდჰედი აღნიშნავს, რომ “ხარისხი შედარებითია, მაგრამ არა შემთხვევითი”. სანამ ამ ძირეული პრინციპების განხილვაზე გადავალთ და სხვადასხვა მიდგომას მიმოვიხილავთ, განვიხილოთ ძირითადი არგუმენტები, რომლებიც ხაზს უსვამს ადრეული განათლების ხარისხის მნიშვნელობას. აღნიშნული არგუმენტები შეგვიძლია დავაჯგუფოთ სამი პერსპექტივის (ბავშვის განვითარების, ბავშვის უფლებების და სოციო-ეკონომიკური) მიხედვით. ბავშვის განვითარების პერსპექტივიდან, ადრეული ასაკი ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როდესაც საფუძველი ეყრება პიროვნების ფიზიკურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებას. არახელსაყრელი პირობები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების სათანადოდ სტიმულირებას ან, უარეს შემთხვევაში,  ხელს უშლის მას,  ზეგავლენას ახდენს ადამიანის შესაძლებლობებზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. კვლევები ადასტურებს, რომ „ხარისხიანი” ადრეული განათლება ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და მის აკადემიურ და სოციალურ წარმატებას მომავალში. ამასთანავე, არსებობს მტკიცებულებებიც, რომ როდესაც ადრეული განათლების ხარისხი დაბალია, ბავშვის განვითარებისთვის ის შეიძლება ხანგრძლივი უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს. ამდენად, ადრეული ასაკის პოტენციალის ბავშვების სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი განათლება ხარისხიანი იყოს. 

მეორე არგუმენტი საფუძველს იღებს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციიდან. ბავშვის უფლებების პერსპექტივიდან, ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი ადრეული და დაწყებითი განათლება. მნიშვნელოვანია ბავშვების აწმყო, მათი ყოველდღიური რეალობები და გარემოებები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს მათი ინტერესების რეალიზებას, პოზიტიური იდენტობის, მიკუთვნებულობის და კეთილდღეობის განცდის ჩამოყალიბებას. 

მესამე პერსპექტივა, რომელიც უფრო აქტუალურია პოლიტიკის დონეზე, გულისხმობს ადრეულ განათლებაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული რესურსების ეფექტიანობას როგორც ინდივიდებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ხარისხის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ადრეულ განათლებას მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია არა მხოლოდ უშუალო ბენეფიციარებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის (მაგალითად, შემცირებული სახელმწიფო დანახარჯები სოციალურ დახმარებაზე, კრიმინალზე და ა.შ.). 

რა არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?

როგორც უკვე აღინიშნა, ადრეული განათლების ხარისხის ასპექტები კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს. მიუხედავად ამისა, ადრეული განათლების მკვლევარი ლილიან კათზი აყალიბებს რამდენიმე საკითხს, რომლებიც საფუძვლად უნდა ედოს ადრეული განათლების ხარისხის ინდიკატორებს. მნიშვნელოვანია, რომ კათზი ქვემოთ მოცემული ელემენტების ფორმულირებას სწორედ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ახდენს: 

·უსაფრთხოების განცდა –  ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ, პატივს სცემენ და გულწრფელად აინტერესებთ მისი გრძნობები და მოქმედებები. 
·ოპტიმალური თვითშეფასება – ყველა ბავშვს, მიუხედავად გარემო პირობებისა და შესაძლებლობებისა, უნდა ჰქონდეს ოპტიმალური თვითშეფასება. თვითშეფასებას მუდმივად უნდა ასაზრდოებდნენ და ხელს უწყობდნენ ზრდასრულები, ოჯახის წევრები და თანატოლები.

·შეგრძნება, რომ ცხოვრება მნიშვნელოვანია – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ცხოვრება საინტერესო, დამაკმაყოფილებელი და ავთენტურია. ამის მისაღწევად აუცილებელია, რომ ბავშვებს შეეძლოთ მისდიონ საკუთარ ინტერესებს, დასახონ და შეასრულონ რეალური ამოცანები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი და სახალისოა. ეს არ ნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის ღირებულია მხოლოდ გართობა. ადრეული განათლება ფრთხილად დაგეგმილ და კარგად შერჩეულ აქტივობებს გულისხმობს, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებს, განავრცონ საკუთარი ცოდნა და უნარები, ახლებურად აღიქვან და შეისწავლონ გარემო ზრდასრულების ხელშეწყობით. 

·მხარდაჭერა გამოცდილების გააზრებისთვის – ბავშვებს ესაჭიროებათ სხვა ადამიანების დახმარება, რომ გაიაზრონ საკუთარი გამოცდილება. ადრეული განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, გაარკვიოს ბავშვის წარმოდგენები საკუთარი გამოცდილებისა და სამყაროს შესახებ და ამ წარმოდგენებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს ბავშვის შემეცნების პროცესს. 

·ავტორიტეტული ზრდასრულები – მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულები არ იყვნენ უკიდურესად ავტორიტარულები ან პირიქით, ყველაფრის დამთმობები. ბავშვებს სჭირდებათ ავტორიტეტული ზრდასრულები, რომლებიც გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ, თუმცა მუდამ მზრუნველნი არიან, მხარს უჭერენ ბავშვს და ეხმარებიან დაწესებული საზღვრების (მაგ., მისაღები და მიუღებელი ქცევა) მნიშვნელობის გააზრებაში. 

·სასურველი როლური მოდელები ­- ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, ურთიერთობა ჰქონდეთ ისეთ ადამიანებთან (ბავშვებთან და ზრდასრულებთან), რომლებიც მათთვის პოზიტიური მაგალითის მიმცემნი იქნებიან. მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, ალბათ შესაძლებელია შეთანხმება იმ ძირეულ თვისებებზე, რომლებსაც ყველა ბავშვისთვის ვისურვებდით, მაგალითად, სხვებზე ზრუნვის უნარი, გულწრფელობა, განსხვავებულის მიმღებლობა, სწავლის სიყვარული და ა.შ. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი ზრდასრულების ყოლა, რომლებსაც ექნებათ მყარი პოზიციები იმის შესახებ, თუ რისი კეთება, ცოდნა, ფლობა და რაზე/ვისზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი.  
რა განსაზღვრავს ადრეული განათლების ხარისხს?

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული რვა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების შედარების საფუძველზე შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავს ადრეული განათლების ხარისხს. ქვემოთ მოცემული ფაქტორები დალაგებულია მათი მნიშვნელობის მიხედვით:

·მშობლების როლი და ჩართულობა;
·ურთიერთობების ხარისხი, განსაკუთრებით ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის;
·მკაფიო და რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამა;
·მონიტორინგისა და შეფასების სისტემები;
·ადეკვატური და ორგანიზებული ფიზიკური სივრცე;
·სტაბილური რუტინა;
·თანამშრომელთა მომზადება და ტრენინგი;
·ბავშვის აქტიური როლი და თამაშის მნიშვნელობა.

აღნიშნული ფაქტორები შესაძლოა გარკვეულწილად პრობლემური იყოს, რადგან ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს გადაფარავს. მაგალითად, კვლევები ადასტურებს, რომ თანამშრომელთა მომზადება და ტრენინგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ურთერთობების ხარისხს ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის. ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორების ორგანიზებულ ჩარჩოს აყალიბებს ვუდჰედიც (1996), რომელიც ფაქტორების კლასიფიკაციას სამი ტიპის მიხედვით ახდენს: საწყისი ინდიკატორები, პროცესის ინდიკატორები და შედეგის ინდიკატორები. ვუდჰედის მიხედვით:

ხარისხის საწყისი ინდიკატორებია (ყველაზე მინიმალური სტანდარტები, რომელთა განსაზღვრა და გაზომვა, როგორც წესი, ყველაზე მარტივია):
·შენობა და ეზო (ერთ ბავშვზე გამოყოფილი შიდა და გარე სივრცე, გათბობა, სინათლე, ტუალეტი და ა.შ.);
·აღჭურვილობა და მასალები (ავეჯი, სათამაშოები, სასწავლო მასალები, წიგნები და ა.შ.);
·თანამშრომელთა გუნდი (კვალიფიკაციები, გამოცდილება, ხელფასი და სამუშაო პირობები, ბავშვებისა და ზრდასრულის თანაფარდობა).
პროცესის ინდიკატორებია (ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა იდენტიფიცირება და სტანდარტიზება ყველაზე რთულია):
·ზრუნვის სტილი (ზრდასრულთა ყურადღება, თანმიმდევრულობა და ა.შ.);
·ბავშვების გამოცდილება (მრავალფეროვნება, ორგანიზება, არჩევანი, აქტივობების ტიპები, კვება, დასვენება, თამაში და ა.შ.);
·სწავლისა და სწავლებისადმი მიდგომა (ზრდასრულთა როლი, ინდივიდუალური საჭიროებებისადმი სენსიტიურობა და ა.შ.);
·ქცევის მართვა და დისციპლინა (წესები, ჯგუფის მართვის სტრატეგიები და ა.შ.);
·ზრდასრულებს შორის ურთიერთობები (თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ა.შ.);
·ურთიერთობები მშობლებს, აღმზრდელებსა და სხვა ჩართულ პირებს შორის (ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, განსხვავებების მიღება და ა.შ.).
შედეგის ინდიკატორებია (ასახავს მიღწეულ შედეგებს და მნიშვნელოვანია ეფექტიანობის შეფასებისთვის):
·ბავშვების ჯანმრთელობა (ზრდის მონიტორინგი, ავადობა და ა.შ.);
·ბავშვების უნარები (მოტორიკის, მეტყველების, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური განვითარება, საწყისი წიგნიერება და მათემატიკა);
·ბავშვების სწავლისადმი და სკოლისადმი მიდგომა (ტრანზიციასთან დაკავშირებული საკითხები, მიღწევები, მოტივაცია და ა.შ.);
·ოჯახის დამოკიდებულებები (მშობელთა კომპეტენციები, ბავშვების მხარდაჭერა და ა.შ.).

ვუდჰედის მიერ წარმოდგენილი მოდელი, დაგროვებული სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე, წარმოადგენს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადრეული განათლების ხარისხზე. ამ ფაქტორების იდენტიფიცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ისინი, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია. კვლევების მიხედვით, სტანდარტიზებული შეფასების საფუძველზე ყველაზე მაღალი ხარისხის მაჩვენებელები ჰქონდათ იმ სკოლამდელ  დაწესებულებებს, სადაც პროგრამის ფოკუსი თავისუფალ თამაშსა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობაზე იყო, ბავშვებს ხშირად ეძლეოდათ მცირე ჯგუფებში მუშაობის საშუალება და მასწავლებლისა და ბავშვების თანაფარდობა დაბალი იყო (Peralta, 2008). 

კვლევები მუდმივად ადასტურებს, რომ ფიზიკური გარემო, ძვირადღირებული მასალები და ა.შ. ნაკლებად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ადრეული განათლების უზრუნველყოფისთვის. შეზღუდული რესურსების პირობებში მკვლევარები პრიორიტეტულად მიიჩნევენ ინვესტირებას მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებასა და მასწავლებელი-ბავშვის თანაფარდობის გაუმჯობესებაში. საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემაში, სწორედ ამ ორი მიმართულებით, მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. სახელმწიფოს მიერ დაფინინასებულ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მომუშავე აღმზრდელთა 32%-ს და აღმზრდელთა თანაშემწეების  80%-ს არ აქვს მიღებული განათლება სკოლამდელი განათლების სფეროში (პროფესიულ ან უმაღლეს საფეხურზე). ზემოაღნიშნული რეფორმები აღმზრდელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და ჯგუფის ზომების შემცირებასთან დაკავშირებით ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა სწორედ ამიტომ  მიმართავს სახელმწიფო ხარისხის გაუმჯობესების სხვა სტრატეგიებს. ერთ-ერთი ასეთი მიდგომა ადრეული განათლების პროცესის სტანდარტიზების პროცესს ეხება. მაგალითად, თბილისში რამდენიმე წლის წინ დაინერგა პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ თემებს და თემის ფარგლებში იდენტიფიცირებულ აქტივობებს თითოეული დღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ინიციატივასა და მსგავს ტენდენციებს საფუძვლად საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მყისიერი გაუმჯობესების მოტივაცია უდევს, მეტად გაგვიჭირდება სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, რომელიც ასეთი რწმენის საფუძველს მოგვცემს. პროცესის ამგვარი სტანდარტიზების დროს შეუძლებელია იმ ძირეული პრინიციპების რეალიზება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ეფექტიანი ადრეული განათლებისთვის: 

·სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ბავშვის შესაძლებლობებიდან და არსებული ცოდნიდან გამომდინარე;
·სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე;
·ადგილობრივი კონტექსტის, საბავშვო ბაღის თემის კულტურის და წარმოდგენილი მრავალფეროვნების გათვალისწინება სააღმზრდელო პროცესში;
·შემოქმედებითობის, სპონტანურობისა და სწავლისთვის ხელსაყრელი მომენტების გამოყენება უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.
სტანდარტიზებული პროგრამები წინასწარ იდენტიფიცირებული მიდგომებით, თემებითა და აქტივობებით ზღუდავს აღმზრდელს, იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. აღმზრდელს, რომელიც თავად არ არის შემოქმედებითი და კრიტიკული, სავარაუდოდ, გაუჭირდება ბავშვებში შემოქმედებითობისა და აზროვნების უნარების სათანადოდ ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, ხარისხის მყისიერად გაუმჯობესების ექსპერიმენტული სტრატეგიების დანერგვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სისტემურად მიუდგეს, პირველ რიგში – აღმზრდელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებითა და მათთვის მისაღები და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით. 

თინეიჯერთა სახიფათო თამაშები

0
რა მოხდება, თუ ადამიანები ზნეობას უსარგებლო ნივთივით სანაგვეზე მოისვრიან?

რა მოხდება, თუ ადამიანები რწმენას დაკარგავენ?

რა მოხდება, თუ ადამიანები ცხოვრებას გასართობად, თამაშად აქცევენ, ყოველივეს, ღირებულსა და ფასეულს აბუჩად აიგდებენ, დაამცირებენ, შეურაცხყოფენ? 

თანამედროვე გერმანელი მწერალი იული ცე თავის რომანში („თამაში”) წარმოაჩენს ახალგაზრდა თაობას, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული გაუფასურებული იდეალების ამარაა. რას იზამს ეს თაობა? შეეჭიდება განსაცდელს და შეეცდება შეაჩეროს კაცობრიობის დაცემის პროცესი, თუ გააგრძელებს სახიფათო დაღმასვლას უფსკრულისკენ, რომელსაც თავს ვეღარ დააღწევს.  რომანში   წარმოჩენილია ბედი ყმაწვილებისა, რომელთაც წინა თაობებისაგან გადმოეცათ ათასგვარი შიში, დედამიწის აპოკალიფსური განადგურებისა თუ ზნეობრივი გადაგვარებისა. 

ადამიანს ღვთისგან მიეცა უნარი გადარჩენისა. ეს უნარი განსაკუთრებით მძლავრობს მოზარდებში, რომლებიც გამოდიან ბავშვობის სამოთხიდან და პირდაპირ ცხოვრების ჯოჯოხეთის ხახაში ცვივდებიან, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ასე რომ, სიცოცხლე ემსგავსება „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” (მარკესი). ყველა გონიერმა იცის, რომ  მადლისაგან დაცლილ დედამიწას მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს, მაგრამ არსად ჩანს სიყვარულისთვის თავგანწირვა, ან ისე ცოტაა მისი მაგალითი, რომ აღარავის სჯერა. 

იული ცე გერმანიაში დღეს  თანამედროვე მწერალთა შორის ყველაზე პოპულარულია. მისი რომანი „თამაში” 2004 წელს დაიწერა და უკვე  16 ენაზე ითარგმნა. ქართულ  ენაზე კი მაია მირიანაშვილმა თარგმნა. 

რომანის მთავარი პერსონაჟი 15 წლის გოგონა, ადა, და მისი მეგობრები არიან, რომლებიც ერნსტ-ბლოხის გიმნაზიაში სწავლობენ. ასე რომ, მკითხველის თვალწინ იხატება თანამედროვე აღზრდის სისტემაც და  მისი ნაყოფიც _ თაობა, რომელსაც, მიუხედავად წიგნიერებისა, არავითარი ღირებული ინტერესი არ გააჩნია. მწერალი ზედმიწევნით აღწერს თინეიჯერთა ყოფას, მშობლებისა და შვილების, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთობას. იგი სიღრმისეულად წარმოაჩენს თანამედროვეობას, რომელიც ადამიანს წირავს გაუცხოებისა და მარტოსულობისთვის.

მწერალი შესანიშნავად იცნობს მოზარდთა ფსიქოლოგიას, ამიტომაც დამაჯერებლად ხატავს მათი ფიქრის, განსჯისა და ქცევის მოტივაციებს. თანვე,  არსობრივად ერკვევა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების გლობალურ პროცესებში. ეს მას საშუალებას აძლევს მასშტაბურად წარმოაჩინოს Dდღევანდელობის პრობლემები.  დანგრეული ოჯახის შვილია ადა, რომლის ფსიქიკაზეც სარკესავით აირეკლება  არა მხოლოდ მის ოჯახსა და ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მომდინარე მოვლენები, სავსე ტერორისტული თავდასხმებითა და ეკოლოგიური კატასტროფებით. 

ადას სულიერ-ზნეობრივ სახეს აყალიბებენ, ერთი მხრივ, წიგნები, განსაკუთრებით ისეთნი, რომლებიც მსოფლიო ნგრევასა და საყოველთაო გაუცხოებას წინასწარმეტყველებდნენ, უპირველესად, ნიცშე, თავისი ნიჰილიზმითა და ზეადამიანზე ქადაგებით, მეორე მხრივ, საზოგადოება, ტექნიკურ პროგრესსა და მატერიალურ კეთილდღეობას გამოკიდებული, სხეულისა და ხორციელი ლტოლვების მაღმერთებელი და სულიერ მისწრაფებათა დამვიწყებელი. 
საგულისხმოა, რომ გიმნაზიაში ადას მასწავლებელი, კომუნისტური პოლონეთიდან დევნილი სმუტეკი, მოსწავლეებს მუზილის „უთვისებო კაცს” ასწავლის, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს თანამედროვე ადამიანის  შინაგან სიცარიელეს. ადასთვის სწორედ ეს უთვისებობა იქცევა ერთგვარ იდეალად. უთვისებობა მას წარმოუდგება, როგორც გადარჩენის გზა. უთვისებობა, რომელიც შეაძლებინებს წაშალოს ზღვარი ტანჯვასა და ბედნიერების  განცდას შორის, ყველაფერი სულერთი იყოს: „ადა  უთვისებოა და ამგვარად უდანაშაულო”. ადა სულით მაძიებელია, ცდილობს ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა ანალიზს, საკუთარი სივრცის პოვნას, სადაც ის იქნება თავისუფალი, მაგრამ ყველგან  სიცარიელეს,  უმიზნობას, უფუნქციობას აწყდება. რომანში არის შეხმიანება არა მხოლოდ ნიცშესა და ეგზისტენციალისტებთან, აგრეთვე კაფკასთანაც, რომელმაც ადამიანური  გაუცხოება  და უფუნქციობა მთელი თავისი ტრაგიზმით გამოხატა. 

ადას თაობა  (განსაკუთრებით,  ადა და მისი მეგობარი ალეფი, ნახევრად ეგვიპტური წარმოშობის ყმაწვილი) უფროსებს დაკარგულებად მიიჩნევენ, რომელთაც ილუზიური შეგრძნება აქვთ, რომ აქ, ამ დროში, არსებობენ, საკუთარი ადგილი აქვთ.  ადას სჯერა, რომ სამყაროდან დაიკარგა სიწმინდე, შესაბამისად, აღარც უმანკო გოგოებისთვისაა ადგილი.  თუ გინდა გადარჩე, უმანკოება აბუჩად უნდა აიგდო, მოიშორო, უსარგებლო ნივთივით. მისი დაკვირვებით, ადამიანები მხოლოდ იმას აფასებენ, რაც გამორჩენას ჰპირდება. ამიტომაც ცდილობს, თვითონაც ასე მოიქცეს. სამყაროში, სადაც ატომური ბომბები ცვივა, ადასთვის ზნეობა ზედმეტი ბარგია. ადასთვის ადამიანები ასე ხარისხდებიან: ისინი, რომლებიც ამ სამყაროს ეკუთვნიან, ე.ი. ცხოვრობენ თანამედროვეობის ღირებულებებით და გადარჩებიან და ისინი, რომლებიც ამ სამყაროს არ ეკუთვნიან, რადგან ვერ აღიარებენ ამ ღირებულებებს. ისინი პირველთა სათამაშოების როლებისთვის არიან განწირულნი. თავიანთ „ფუნქციას” მხოლოდ პირველთა ხელში იძენენ, რომლებიც მათ ბედს განაგებენ. ეს არის ადას აღმოჩენილი კანონზომიერება.

ადას სჭირდება საყრდენი და პოულობს თავისზე რამდენიმე წლით უფროს მოსწავლეში, ალეფის სახით, რომელსაც ადასავით სჯერა, რომ ცხოვრება თამაშია, რომლის კანონებს ადგენს ვიღაც, არა უზენაესი, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველგვარ კანონებზე მაღლა დგას, რადგან მისთვის ყველაფერი ნებადართულია. ამ შემთხვევაში, ამგვარ მბრძანებლად ადასთვის ალეფი იქცევა. იგი ნებით ემორჩილება მას, რათა გათავისუფლდეს არჩევნის გაკეთების ფიქრისაგან: „ჩვენ უკვე აღარაფერი დაგვრჩა, რისიც შეიძლება გვწამდეს, გვჯეროდეს.ßყველაფერი სულერთია”.
მათი აზრით, მხოლოდ თამაშშია შესაძლებელი იგრძნონ ადამიანებმა ჭეშმარიტი თავისუფლება. თამაში თანასწორუფლებიანობას ჰპირდება ყველა თანამონაწილეს და ასევე სამართლიანობას, რადგან თამაშს საკუთარი წესები აქვს. ალეფისა და ადას წამოწყებული თამაში სახიფათოა არა მხოლოდ ორივესთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, მაგრამ მათ ეს არ აღელვებთ.  მამა _ მამინაცვალი _ სმუტეკი _ ადასთვის ამგვარად ჩანაცვლდა მფარველისა თუ პატრონის სიმბოლო. მამა ღმერთი – შობიდანვე არ ჰყავდა, დაიბადა უღმერთო სამყაროში, მამამ მიატოვა, მამინაცვალი სუროგატია. სმუტეკი –მასწავლებელია, აღმზრდელი, სწორედ მასზე იძიებს შურს.  მისთვის ის საერთოდ, ძველი, მის შობამდე არსებული, სამყაროს სიმბოლოა, რომელიც მისთვის არარაობაა, რადგან მისი ცხოვრებისეული მიზანი სრულიად მიუღებელია მისთვის. 

ადას თავისუფლება სწყურია, გათავისუფლება ყველაფრისგან, მათ შორის, მშობელთა სიყვარულისა თუ სხვა მორალური ვალდებულებებისაგან. ცხოვრება თამაშია, მხოლოდ გარკვეულ ეპიზოდებში წარმოიქმნება მოჩვენებითი მოვალეობები და თამაშის დამთავრებისთანავე ქრება.  ეს არის ადასა და ალეფის (მათი თაობის)  გამოცხადებული ბრძოლა  სმუტეკის, იგივე მშობლების თაობის წინააღმდეგ.  ბრძოლა – თამაში, ოღონდ სასტიკი და დაუნდობელი, უშეღავათო. ბრძოლა ადამიანში პიროვნულობის განადგურების მიზნით.  ეს არის თაობა, რომელსაც არ სურს პიროვნულობა, არჩევნის უფლება. მას სურს ღვთის ნაცვალი, ვისაც დაემორჩილება, ვისაც აღიარებს, ერთგვარი ზეადამიანად, ამ შემთხვევაში, ადასთვის და მისი თანატოლებისთვის ეს  ალეფია, მათივე თანატოლი, აღმოსავლური ირაციონალური „ძალის” გამომხატველი. ძალისა, რომელიც, მათი აზრით, იდევნება ამერიკული და დასავლური რაციონალიზმის მიერ და რასაც შედეგად ტერორიზმი მოაქვს.  

რომანში არის ეპიზოდები, რომლებიც პერსონაჟთა ეგზისტენციალურ შიშს წარმოაჩენენ. მაგალითად,  სმუტეკს, „ძველმოდურ  იდეალისტს”,  ვეღარ გაურჩევია ძველი და ახალი, ადრინდელი მიზნები გაუფასურებული ეჩვენება. რა უნდოდა, რისკენ მიისწრაფვოდა: ოჯახური ბედნიერებისა და ღვთის რწმენისკენ? იყო კი ეს ჭეშმარიტი იდეალები? სჯეროდა კი ღვთისა? ჰქონდა კი მიზანი: „ვიყურები მაღლა, მაგრამ იქ ვარსკვლავებიც გამქრალა, მათი დიდი ნაწილი უკვე მოკვდა, ხოლო გადარჩენილის შუქი სივრცეში უაზრო მგზავრობას ჰგავს”. 

ადას მორალით, ადამიანს თანამედროვე სამყაროში გაძლებისთვის სპეციფიკური იმუნური სისტემა სჭირდება და აცრები, რაც გულისხმობს სწორედ ცინიზმს, შეურაცხყოფას, მორალის გაუქმებას. სად აღიზარდნენ ამგვარნი? თითქოს რაღაც ვირუსი შემოიჭრა დედამიწაზე „თანამედროვეობის” სახელით და დაიწყო ადამიანური გენეტიკური კოდების დაშლა. იმ მატრიცის შეცვლა, რომელიც ღვთისგან შექმნილ საიდუმლოდ იწოდებოდა.  თაობა – „უგრძნობი”, დაღლილი სულით _ თითქოს მამათა ცოდვების გამო დასჯილი, სხვათა უმადლობის გამომსყიდველი.  თვითონ სიცოცხლის წინააღმდეგ ამხედრებული: „სმუტეკი ხედავდა პატარა,  ცხოვრებისაგან სასიკვდილო განაჩენგამოტანილ 15 წლის გოგონას მოხუცის, უკვე დაბერებული სულით”. 

ეს არის თაობა მისაბაძი იდეალის გარეშე, მეფეების და ღმერთების  გარეშე, ყოველგვარი სურვილებისა და მომავლისადმი რწმენის გარეშე, ყოველგვარი სამაგალითო წარსულისა და მოგონებების გარეშე. Aამ თაობამ შეწყვიტა ინტერესი გმირთა ცხოვრების მიმართ, მათ აღარც მტერი აინტერესებდათ.  შეიძლება ითქვას, როგორც ასეთი, მათ არანაირი თაობა არ ეთქმოდა. Uუბრალოდ იყვნენ აქ, მხოლოდ როგორც რომელიღაც თაობის შვილები. ეს თაობა ვეღარ ასხვავებს ღვთისა და ეშმაკის ხმებს, მისთვის ყველაფერი სულერთია. თუმცა იციან, რომ სული გამუდმებით ისწრაფვის ღვთის რწმენისაკენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ახალი თაობის შემაშფოთებელ უზნეობას ზედმიწევნით წარმოაჩენს, მას მაინც სჯერა, რომ ხსნა არსებობს. ძველსა და ახალ თაობას შორის მრავალგზის ნატანჯმა სიყვარულმა უნდა გადოს ხიდი. თამაში კი, დაე, წიგნებში დარჩეს, მაგრამ ყოველდღიურობა ამტკიცებს, რომ ათასი ჯურის იდეოლოგიით შეპყრობილი ფანატიკოსები, რომანის უთვისებო გმირები წიგნიდან რეალობაში გადმოდიან და სიცოცხლის წინააღმდეგ სახიფათო თამაშს აგრძელებენ. 

სიტყვა, როგორც წამალი…

0
სანამ ხმალი მივიდა, ენამ თავი მოჭრაო… შეიძლება არც მოჭრა და გული გაუხეთქა… ან სულაც არ გაუხეთქა და აწყენინა უბრალოდ. ერთი ბეწოა ეს ენა და რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია. ჯადოსანიც არის, ბუზს უპრობლემოდ სპილოდ აქცევს და  ვეებერთელა სპილოს პაწაწა ჭიამაიად. თუ გინდა ფრთებს გამოგასხამს და თუ არა, ორ უზარმაზარ რქას და ეშვებსაც გიფეშქაშებს საჩუქრად. 

ერთი ბეწოა ენა და… შეუძლია შენივე  თავის რწმენა დაგაკარგვინოს. განსაკუთრებით, თუ საქმე ბავშვის  სათუთ ფსიქიკას ეხება.  თუ მუდმივად გავუმეორებთ, რომ მაგ. ქიმია არ იცის, არ ესმის და სავარაუდოდ ვერც გაიგებს, რადგან მისი გონებრივი შესაძლებლობები ამას ვერ გასწვდება, დაიჯერებს მართლაც, ყურებს ჩამოყრის და დაღონდება. იმიტომ კი არ დაღონდება, რომ ქიმიას ვერ სწავლობს (ჩვენ უკვე მოვახერხეთ, რომ შეგვეძულებინა), არა, უბრალოდ გამოდის, რომ მას სწავლა არ შეუძლია. არადა, მართლაც მასე რომ იყოს, იგივე ენით თუ დაუყვავებთ, შევაქებთ, წავახალისებთ, შეიძლება იმავე ქიმიაში ისე გაიწაფოს, რომ პროფესიადაც აირჩიოს.

ახლა ექიმი ავიღოთ, რამდენია, სიტყვით მოგარჩენს. მავანს კი თავი ისედაც სენით დაბრიყვებული ადამიანის უფროსად წარმოუდგენია და ისეთი თავგამოდებით უტურტურებს, ჯანმრთელიც რომ იყოს, რაღაც დაემართება. 
მოკლედ, ეს დალოცვილი სიტყვა წამალიცაა და შხამიც. მარცხი ყველა კუთხეშია ჩასაფრებული და წამალი როდის დაგჭირდება არავინ იცის. კარგია, თუ გარშემო ისეთი ადამიანები გახვევია, ვისი სიტყვაც წამალივით დაგედება გულზე. თუ არადა… წამალიც გამოგონილია. გამოგონების გზა რთული ყოფილა.  წინაპრები ჩვენზე  ჯანმრთელები და გამძლენი იყვნენო, წერენ… იქნებოდნენ… მაშინ ჰაერიც უფრო გამჭირვალე და წყალი კიდევ კამკამა იყო. არც კომპიუტერი უღლიდათ თვალებს და არც საინფორმაციო გადაცემების სახელდახელოდ დაყენებული ხმებით მოკივლება, იქ ხანძარი მოხდა, აქ მიწისძვრა და ჩვენთან თუ ჯერ არაფერი მომხდარა, ეგ უბრალოდ დროის ამბავია და სხვა არაფერიო. ლარი გამოგონილი არ იყო და რაც იყო, იყო მყარად და იმედიანად. არც ამდენი შური და გაუტანლობა იქნებოდა, თუმცა არა… სიტყვით გულის მოკვლას მაშინაც მოახერხებდნენ ვიღაცები. ცხოვრება კი მიედინებოდა. თუმცა, აი ეს გამძლე და ჯანმრთელი ხალხიც ზოგჯერ ავად ხდებოდა და უფრო მეტიც, ეპიდემიებიც კი მძვინვარებდა.

შუასაუკუნეების ექიმები დაავადებათა უმეტესობას ვერცხლისწყლით კურნავდნენ. სიტყვა „კურნავდნენ” აქ გადამეტებულია, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რა მომწამვლელია ვერცხლისწყალი და იმ საბრალო ავადმყოფის ბედსაც იოლად წარმოიდგენთ. ზოგი ექიმი უპირატესობას მცენარეებს ანიჭებდა და ყველაფრის პანაცეად სწორედ ისინი მიაჩნდა. მრავალძარღვა – სისხლდენის შესაჩერებლად, გვირილის ნაყენი ანთებითი პროცესებისთვის, ტირიფის ქერქის ნაყენი სიცხის წინააღმდეგ. 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ბიუხნერმა ტირიფის ქერქისგან გამოყო ნივთიერება და სალიცინი უწოდა (ტირიფის ლათინური სახელიდან Salix). ეს ნივთიერება გლუკოზის და სალიცილის სპირტის ნაერთს წარმოადგენდა. მოგვიანებით სალიცინიდან სუფთა სახით იქნა მიღებული სალიცილის მჟავა. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე პანაცეად გამოაცხადეს. ექიმები თითქმის ყველა დაავადების დროს ნიშნავდნენ. თუმცა შველოდა მხოლოდ რევმატიზმით დაავადებულებს და კიდევ მათ, ვისაც მაღალი სიცხე ჰქონდა. თუმცა, ამ პანაცეად გამოცხადებულ წამალს უკუჩვენებაც აღმოაჩნდა. კუჭის ლორწოვანს აღიზიანებდა. სალიცილის მჟავას ფორმულას თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ შეიცავს ჰიდროქსილის ჯგუფს, ბენზოლის ექვსნახშირბად ატომიან ბირთვს და კარბოქსილის ჯგუფს. კარბოქსილის ჯგუფს წყალბადი იოლად ჩამოცილდება და ამიტომაც ავლენს მჟავა თვისებებს. ჰოდა, როდესაც მჟავა კუჭში მოხვდება, ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ადამიანი  წვას გრძნობს. რა თქმა უნდა, კარბოქსილის ჯგუფში შემავალი წყალბადის განეიტრალება შეიძლებოდა, თუ მას, მაგალითად, ნატრიუმით შეცვლიდნენ და მაშინ მიიღებდნენ  მარილს – ნატრიუმის სალიცილატი. 
 
მარილი კუჭის ლორწოვანს გაცილებით ნაკლებად გააღიზიანებდა. ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა თითქმის ერთდროულად შემოგვთავაზეს გერმანელმა ქიმიკოსმა გერხარდმა და ფრანგმა ქიმიკოსმა შარლ ჟერარმა. მათ ჰიდროქსილის ჯგუფში არსებული წყალბადი ჩაანაცვლეს აცეტილის ჯგუფით და მიიღეს აცეტილ სალიცილის მჟავა. ამ ფაქტობრივად პირველი წამლით დღესაც სარგებლობენ და მას ასპირინი ეწოდება. ასპირინი საიდანღა უწოდეს? სალიცილის მჟავას შეიცავს მცენარე, რომლის ლათინური სახელი არის „სპირეა”, აცეტილ-სპირეა-ასპირინი. ასპირინი სჯობს მაცივარში შევინახოთ, რადგან უკვე 25 გრადუსზე აცეტილსალიცილის მჟავა იშლება და წარმოქმნის სალიცილისა და ძმარმჟავას. მჟავა კიდევ როგორც მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, ეგ უკვე ვიცით. იმავე მიზეზით, ამ წამლის (და სხვა ამგვარი წამლების) მიღება არ შეიძლება მშიერ კუჭზე. სჯობს დალიოთ ჭამის შემდეგ და დიდი რაოდენობით წყალი მიაყოლოთ. შუშხუნა აბების გამოყენება კიდევ უკეთესია. რადგან კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებაზე, ანუ მომატებულ მჟავიანობაზე  ვისაუბრეთ, ისიც ვთქვათ, რომ ანტოციდური ტიპის პრეპარატები, ე.წ. კუჭის წვის პროცესს აქრობს. ასეთი პრეპარატები ალუმინის (III) ჰიდრქსიდს შეიცავს. კუჭის წვენში კი მარილმჟავაა.  მიხვდით ალბათ, რომ კუჭში ნეიტრალიზაციის რეაქცია წარიმართება. 

Al(OH)3+HCl=AlCl3+H2O

ეს ოხერი ტკივილი ყველასთვის ნაცნობია. ახლა წარმოიდგინეთ შუა საუკუნეებში და თუნდაც მანამდე ადამიანს კბილს რომ უღებდნენ, რა ტკივილის გადატანა უწევდა. ჰოდა, ფარმაცევტების ერთ-ერთ პირველ ამოცანად ტკივილგამაყუჩებლების მიგნება გახდა. პირველი ამგვარი ტიპის ნივთიერებები მცენარეებისგან გამოყვეს და მათ ალკალოიდები უწოდეს. ამავე დროს, დაასკვნეს, რომ თითოეული მათგანის დაბოლოება „ინ”-ით უნდა დასრულებულიყო. ერთ-ერთი ასეთი მალარიის საწინააღმდეგო ქინინი იყო, რომელიც ამერიკელმა უილიამ დერინგმა სინთეზურად მიიღო. თუმცა მაშინდელი ექიმები ტკივილგამაყუჩებლებს ქირურგიული ოპერაციის დროს არ იყენებდნენ. უფრო მეტიც, ტკივილი ოპერაციის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტიც კი იყო. სანამ ქირურგები პაციენტებს აკივლებდნენ, ქიმიკოსები გაზებით დაინტერესდნენ. ერთ-ერთი გაზი ამონიუმის ნიტრატის გაცხელებით გამოიყოფოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს გაზი მომწამლავი იყო. თუმცა ახალგაზრდა ქიმიკოსმა ჰამფრი დევიმ მისი მიღება და ჩასუნთქვაც კი გადაწყვიტა. შემდეგ, დღიურში ჩაწერა, რომ მოითენთა და ძილი მოუნდა, მაგრამ კი არ დაიძინა, გაზის ჩასუნთქვა განაგრძო და კინაღამ ცეკვა მომინდაო, დაწერა შემდეგ დღიურში. დიახ, მან მამხიარულებელი გაზი ჩაისუნთქა (გახსოვთ, რომელია ეს გაზი?). შემდეგ, დევიმ ისიც დაწერა, რომ ეს გაზი თითქოს ტკივილის გადატანაში გვეხმარებოდა. მან თავისი აღმოჩენა გამოაქვეყნა, თუმცა მეტი ამ მიმართულებით აღარაფერი გაუკეთებია. ქირურგები პაციენტებს კვლავ აკივლებდნენ, მამხიარულებელ გაზს კიდევ სტუმრად შეკრებილი ახალგაზრდები გასართობად იყენებდნენ. ერთ-ერთ ასეთ სტუმრიანობის დროს ახალგაზრდა კბილის ექიმი ჰორეს ველსი გაზს გაეცნო. შემდეგ ჯერ თავის თავზე, შემდეგ პაციენტებზე გამოსცადა და დაასკვნა, რომ კბილის ამოღება უმტკივნეულოდ შეიძლებოდა. ეს შესანიშნავი ამბავი ქირურგიის მამებსაც ამცნო. 1845 წელს ველსი და მისი მეგობარი მორტონი მედიცინის ქურუმების წინაშე წარსდგენენ. იქვე ვიღაც კბილატკიებულს გაზი ჩაასუნთქეს და ამოღებას შეუდგნენ. არ ვიცი, ამათ მოქაჩეს ცოტა უხეშად, ინ იმ პაციენტმა ინერვიულა, წამოიკივლა ოდნავ. დარბაზში ეს თაღლითობად ჩათვალეს და ჩვენი კბილის ექიმი მეგობრიანად იქიდან გააძევეს. სხვათა შორის, ამ ფაქტმა ველსზე ისე იმოქმედა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აი, მორტონმა (მისმა მეგობარმა) კი  სპირტი შეურია გოგირდმჟავას და აქროლადი სითხე მიიღო, რასაც მაშინ „ტკბილი ზეთი” უწოდეს (დიეთილეთერი). სინამდვილეში, ეს ეთერი იყო. ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარა. რამდენიმე წვეთი ცხვირსახოცზე დააწვეთა და სახეზე დაიფარა. გონის დაკარგვის შემდეგ, ცნობიერება მალევე დაუბრუნდა, მაგრამ განძრევა ვერ შეძლო. ორგანიზმმა ფუნქციები იოლად აღიდგინა და მორტონმა ის რამდენიმე პაციენტზეც გამოსცადა. მოგვიანებით მას კიდევ ერთხელ მისცეს შანსი, თავისი აღმოჩენა სახალხოდ წარედგინა. 1846 წლის 18 სექტემბერს მედიცინის მამები კვლავ შეიკრიბნენ და… ოპერაციის ჩატარება ძალიან სკეპტიკურად განწყობილ ქირურგს ანდეს. პაციენტი ვიღაც ახალგაზრდა იყო, კისერზე უზარმაზარი სიმსივნური წარმონაქმნით. საბრალო სკამზე ქამრებით დააბეს. მორტონმა ეთერის ინჰალატორი მოიტანა. პაციენტს ჩაასუნთქა და როდესაც მან თქვა, რომ დაახლოებით ალკოჰოლური თრობის მსგავსი რამ იგრძნო, ქირურგს ანიშნა დაიწყეო. ოპერაციამ დიდხანს გასტანა, პაციენტი დუმდა  და ბოლოს აღიარა, რომ ოდნავი ჩხაპნის  მეტი არაფერი უგრძვნია. ეს ქირურგიაში გადატრიალება იყო – ოპერაცია ტკივილის გარეშე. მოვლენას ანესთეზია უწოდეს.

მეცხრამეტე საუკუნეში ფიზიკურ ტკივილს გაუმკლავდნენ. 21-ე საუკუნეში შურით, ბოღმით, სიტყვით მიყენებულ ტკივილს ჯერაც ვერაფერს უხერხებენ. პოეტი წერდა, როგორც კი რამის მიღწევას მოვინდომებო:

„ტყვია იწივლებს შურისა,
მთლად მიმისხვერევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა,
თეთრი სეტერი ქრის…
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და…. „(მორის ფოცხიშვილი)

გიჟები ფიცარზე

0
  სკეიტბორდინგს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო ექსტრემკულტურის ნათლიმამა. ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი პირველი წარმოიქმნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე საკმაოდ პოპულარულია და სულ უფრო ვითარდება. 
 
  კაცი რომ დაფიქრდეს, რა არის სკეიტბორდინგი? ბევრი ჭოჭმანის გარეშე შემდეგს დასძენს – ეს ბორბლებიან ფიცარზე გულის ჯერებაა და მეტი არაფერიო. მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით მის არსს, აღმოვაჩენთ, რომ სკეიტბორდინგი არამარტო ერთგვარი მოდა თუ გართობა, არამედ ცხოვრების სტილიცაა. 

 სკეიტბორდინგი ის ლამაზი სამყაროა, რომლის არათუ განცდა, წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვეულებრივ ადამიანს. ამ სამყაროში რეალურად ცხოვრობენ, მოსრიალე ფიცარზე განცდილი გრძნობებითა და ემოციებით კი სულიერ საზრდოს იღებენ. ამბობენ, რომ, როგორც კი ადამიანი გორგოლაჭებიან ფიცარზე ფეხს შედგამს, იმ წამიდან მთლიანად ივიწყებს პრობლემებით დახუნძლულ გარესამყაროს, ირგვლივ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს, შეიძლება ითქვას უფრო რეალურად, ვიდრე მანამდე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ შეგრძნებებთან ერთად ახალი სურვილები და, რა თქმა უნდა, ახალი საზრუნავი ჩნდება..
 
სკეიტბორდის გამომგონებლის ვინაობა მსოფლიომ არ უწყის. ცნობილია მხოლოდ, რომ გორგოლაჭებიანი ფიცრის პირველი გამომცდელები გასული საუკუნის 50-იანი წლების სერფინგისტები იყვნენ. თურმე მათ თავიანთ დაფებს გორგოლაჭები მხოლოდ იმისთვის მოარგეს, რათა ხმელეთზეც ევარჯიშათ. 60-იან წლებში გამოჩნდა სკეიტბორდელთა ჯგუფი სახელწოდებით „შუპერ შურფერ შკატებოარდ თეამ”. იმავდროულად გამოიცა ამ გართობისადმი მიძღვნილი პირველი ჟურნალიც, სახელწოდებით „შკატებოარდერ”. სკეიტბორდ – ინსდუსტრიის ნამდვილი ბუმი კი 70-იანი წლებიდან დაიწყო. დაამზადეს სპეციალური გორგოლაჭები, სამაგრები… მიიღეს სკეიტბორდის სტანდარტი, რომელიც დღემდე ყველა მწარმოებელი ფირმისთვისაა საერთო. 80-იანი წლების დასაწყისიდან სკეიტერები ქუჩებშიც გამოჩნდნენ.

 დღეს არსებობს უამრავი ფირმა, რომლებიც უშვებდნენ არამარტო დაფებს, საკიდს, გორგოლაჭებსა თუ სკეიტერის სპეცტანსაცმელს, არამედ მათ სკეიტვიდეოს ინდუსტრიაც შექმნეს, სადაც სკეიტბორდის მსოფლიო ვარსკვლავების ტრიუკებს იღებენ.

 
ოდესღაც სკეიტბორდინგი და პანკროკი განუყოფელი იყო. თვითგამოვლენის ორივე ფორმა მაშინ საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. ერთიცა და მეორეც ღირებულებათა სისტემის თავისებური პროტესტი იყო, რომელსაც საზოგადოება ისე აღიქვამდა, როგორც იერარქიისგან, კანონისგან, მშობლებისგან თუ სკოლის მხრიდან კონტროლისგან გაქცევას. იმხანად პანკობა და სკეიტით ქროლვა ნიშნავდა ყველასთვის, ვინც კი წინ ეღობებოდა თუ აკონტროლებდა..

 
შტრეეტ-სკეიტბორდინგი საკმაოდ აგრესიული სახეობაა. ამ სტილის მოყვარულები დაქრიან მოაჯირებზე, ხტებიან საფეხურებზე, სხვადასხვა სიმაღლიდან ასრულებენ რთულ ტრიუკებს. ეს ყველაფერი, რა საკვირველია საკმაო რისკთანაა დაკავშირებული და ამ დროს სერიოზული ტრავმები უფრო ხშირია, მაგრამ, როგორც ამბობენ, სიამოვნება ამად ღირს. თავზეხელაღებული სკეიტერები ამას ჭარბად გამომუშავებული ადრენალინით ხსნიან. ამის საბუთად იმას გეტყვით, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს სკეიტბორდით ქროლვის ეს ფათერაკებიანი სტილი აერჩიოს და შემდეგ თუნდაც ერთხელ ენანოს. 

 აბუნტებული თინეიჯერებისთვის სკეიტბორდინგი გაცილებით მომხიბვლელი იყო, ვიდრე, მაგალითად, ბეისბოლი ან კალათბურთი, რომლებიც მათთვის სკოლის მოსაწყენ სპორტდარბაზთან ასოცირდებოდა. სკეიტბორდინგი უფრო უკეთ ასახავდა მოზარდების სულიერ მდგომარეობას, ზრახვებს, ვინაიდან იგი საზოგადოების მიერ უარყოფილი და კანონგარეშე მდგომარეობაში იყო. ასე ჩამოყალიბდა სკეიტბორდის ფილოსოფია. ასე რომ, მთავარი ის კი არ არის, ვინ გამოიგონა სკეიტი, არამედ – ქროლვის პროცესი..

ირანელი პეპი გრძელიწინდას თავგადასავალი

0

რა ხდება, როდესაც იდეოლოგია იჭრება საკლასო ოთახში, სალექციო აუდიტორიაში და მყარად მკვიდრდება განათლების სისტემაში? როცა რელიგიური ინსტიტუტები ცდილობენ, აკონტროლონ ადამიანთა ქცევა, ცხოვრების წესი, მანერები და, საერთოდ, პიროვნების მთელი შინაგანი სამყარო? როცა იდეოლოგია განსაზღვრავს ამწყოს და მომავალს, ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის არსებობას, მის თავისუფლებას, უწესებს ცხოვრების ახლებურ სტილს და აიძულებს, ყველა ერთ ყალიბზე იყოს მოჭრილი? ძნელია ასეთ დროს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, ჭიდილი სისტემასთან, რომლის რეპრესიებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ბრძოლა, როცა თავისუფლების სახელით ერთი ხმამაღალი განაცხადი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.

 


ასეთ გარემოში საკუთარი აზრის გამოხატვა გმირობაა. განსაკუთრებით – ქალისთვის, ქალისთვის კი არა, პატარა გოგოსთვის, რომელიც ხშირად ბავშვური გულუბრყვილობით ვერ ხვდება, რამოდენა საფრთხის წინაშე აყენებს ოჯახს და საკუთარ თავს. ასეთ გარემოში ყველაზე უუფლებონი ქალები არიან, რომლებიც თმის ღერის გამოჩენის, წითელი ტუჩსაცხის, საყვარელი მუსიკალური ჯგუფის პოსტერის, ხმამაღალი სიცილის, შეუფერებელი სამოსის, შეუფერებელი ქცევის გამო შესაძლოა სასიკვდილოდ გაიმეტონ. მორალის პოლიციელებმა შესაძლოა ლექცია წაუკითხონ გოგოს, რომელიც დაძრულ ტრანსპორტს მისდევს, რადგან ასეთი ქცევა შეუფერებელია ახალგაზრდა ქალისთვის – სირბილის დროს მისი სხეულის ნაკვთები იკვეთება და ამან შესაძლოა მამაკაცები აცდუნოს.


მარჯან სატრაპის ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი „პერსეპოლისი” სწორედ ამ საკითხებს ეხება. ირანელი მწერალი და ილუსტრატორი ქალი გვიყვება იმ კულტურის შესახებ, სადაც დიდი ძალისხმევაა საჭირო თავისუფლების ნამცეცების მოსაპოვებლად. ამბოხება და ჯიქურ ბრძოლა ხშირად დამღუპველია, ამიტომ საჭიროა მოქნილობა, რომ გადარჩე, ისწავლო, იცხოვრო და, უბრალოდ, იაზროვნო. ისლამისტური გარემო, სადაც ავტორს მოუწია ბავშვობის გატარება, დამთრგუნველია, მაგრამ ის მაინც ახერხებს, იპოვოს საკუთარ თავში ძალა მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.


მარჯი მეამბოხეა. ჭკვიანი და საზრიანი მეამბოხე. კარგი განათლება აქვს მიღებული და აქტიურ თვითგანათლებასაც ეწევა. ცდილობს, აუმხედრდეს ყავლგასულ ტრადიციებს და ფსევდოფასეულობებს, რომლებსაც მის ქვეყანაში ამკვიდრებენ. დასცინის სკოლის წესებს, აშარჟებს წამებულებს, მკერდში მჯიღს იცემს, ეპასუხება მასწავლებლებს და დირექტორს, იწვევს მათ გულისწყრომას, მაგრამ იძენს მხარდამჭერებსაც, მეგობრებს, რომლებიც თანაუგრძნობენ მის სიმართლეს.


ქვეყანაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა მარჯის ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. ის ფრანგულენოვანი სეკულარული სკოლის ნაცვლად უკვე ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს. სკოლები კი იდეოლოგიზებულია, მოსწავლე ბიჭებს ოქროსფერ პლასტმასის გასაღებებს ურიგებენ და არწმუნებენ, რომ ისინი სამოთხის კარს აღებს, სიკვდილის შემთხვევაში კი მათ წამებულთა სახელს მიანიჭებენ. არასრულწლოვნებმა საიქიოსა და დისნეილენდს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.


„გასაღები ღარიბი ბავშვების სატყუარა იყო. ათასობით ბავშვს დაჰპირდნენ უკეთეს ცხოვრებას და ისინი თავიანთი გასაღებებიანად დანაღმულ მინდვრებზე აფეთქდნენ”, – წერს ავტორი და, ჩემი აზრით, ეს რომანის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პასაჟია.


საზოგადოებაში, რომელშიც მარჯი ცხოვრობს, გადარჩენის ერთადერთი გზა კარგი განათლების მიღებაა. ამ იდეის უპირველესი მხარდამჭერი მისი ოჯახია, რომელსაც სწორად ესმის განათლების მნიშვნელობა, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, განათლების სახით მნიშვნელოვანი საყრდენი შეუქმნას შვილს.


მარჯანის ბავშვობა ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს – შაჰის ჩამოგდებას, ისლამურ რევოლუციას და ერაყთან ომს ემთხვევა. რევოლუციის თანმხლებმა მოვლენებმა, რეპრესიებმა და ფუნდამენტალისტურმა გარემომ მარჯის მშობლები აიძულა, შვილი ავსტრიაში გაეგზავნათ.


14 წლის მარჯანი უკვე ავსტრიაში იწყებს ევროპული ცხოვრების გამოცდილების მიღებას. იქ აცნობიერებს, რომ ყველა რელიგიას თავისი ექსტრემისტები ჰყავს და ყველგან უნდა ეცადოს თავის გადარჩენას, რომ „მესამე სამყაროს” მოქალაქისთვის ეს მისია გაცილებით რთული შესასრულებელია, მას უფრო მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება თავის დასამკვიდრებლად.


„მე, ირანელ ქალს, მამაკაცივით მოშარდვა კი არ უნდა მესწავლა, იმაზე უნდა მეფიქრა, როგორ გავხმდარიყავი თავისუფალი და ემანსიპირებული ქალი”.


ამ გზაზე ის მშობლების უპირობო მხარდაჭერას გრძნობს: „ყველაფერი უნდა იღონო, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდე. არ მაღელვებს, რას გააკეთებ, უბრალოდ, მინდა, თავი ბოლომდე გამოავლინო. გინდაც კაბარეს მოცეკვავე გახდი. უმჯობესია, „ლიდოში” ცეკვავდე, ვიდრე ირანულ კედლებში იყო გამოკეტილი”, – ეუბნება დედა.


ევროპულ კულტურასთან ორგანული შერწყმის მცდელობა ამაო გამოდგა: „რაც მეტად ვცდილობდი ახალ კულტურასთან ასიმილაციას, მით უფრო მტანჯავდა აზრი, რომ ჩემს კულტურას ვშორდებოდი, მშობლებს ვღალატობდი, ჩემს ფესვებს უარვყოფდი. მეგონა, სხვის თამაშს ვთამაშობდით სხვისივე შედგენილი წესებით”.


უკვე სრულწლოვანი მარჯან სატრაპი სამშობლოს უბრუნდება.


ოთხწლიანი ევროპული ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება სულის მოთქმასავით აღმოჩნდა. ყველაზე მშვენიერი სიტყვები კი ასე ჟღერდა: „კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება”. თუმცა მძიმეომგამოვლილი სამშობლოს მსხვერპლთა სახეები ყოველ ნაბიჯზე ეფეთებოდა: „მე რომ გადავურჩი, იმ ომის მსხვერპლნი მეხვივნენ გარშემო. თითქოს ქუჩებში კი არა, სასაფლაოებს შორის დავდიოდი”.


ეს არ ყოფილა საბოლოო დაბრუნება. 1983 წლიდან მარჯან სატრაპი საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 2000 წელს სწორედ იქ გამოიცა „პერსეპოლისი” – რომანი, რომელშიც ყველა ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი იპოვის საერთოს. ალბათ, სწორედ ეს არის კარგი ლიტერატურის თვისება – მთავარი ღირებულებებისკენ მიმართოს მკითხველთა მზერა.

თეთრისა და შავის საიდუმლო (II ნაწილი)

0
მუსიკაში თეთრისა და შავის საიდუმლო ტონებითა და ნახევარტონებით მანიპულაციაშია. მართლაც, ძნელია დამწყებს გააგებინო, რატომაა ნოტი სი ლა დუბლდიეზიც და დო ბემოლიც, ან ნოტი ფა დიეზი – მი დუბლდიეზიც და სოლ ბემოლიც; რატომაა, რომ კლავიშს (ნოტს) სამი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ჟღერადობა (ბგერა) არ იცვლება, იგივე რჩება; რომ ბგერის ბუნებაა, „ჰყავდეს” ენჰარმონიულად ტოლი ორი ბგერა. დიახ, უნდა გვახსოვდეს, რომ დიეზი და ბემოლი ყოველთვის არ ნიშნავს შავ კლავიშებს. საკითხის ეს სკრუპულოზული ასპექტი რთულიცაა და მარტივიც, მაგრამ უმჯობესია, ამ საიდუმლოსთან თქვენი ზიარება სხვა დროისთვის გადავდო.

როგორც ვიცით, მუსიკალური ბგერები ერთმანეთისგან ჟღერადობის სიმაღლით განსხვავდება. სიმაღლის მიხედვით ორ ბგერას შორის მანძილს ინტერვალი ეწოდება. მუსიკალურ სწავლებაში გამოიყენება ტერმინები „ტონი” და „ნახევარტონი”; ასევე – ალტერაციის ნიშნები, რომლებიც მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ვეცდები, მარტივად გადმოვცე მათი დანიშნულება და გამოყენების არსი.

ნებისმიერი ჩვენგანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეხებია ფორტეპიანოს კლავიატურას. ჩვენ წინაშე გადაშლილი 88 კლავიშიდან 52 თეთრია, 36 – შავი. მუსიკალური ანბანის 7 ძირითადი ბგერის რიგი – თეთრი კლავიშები: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი – 88-ე კლავიშამდე მეორდება, ორ-ორად და სამ-სამად განლაგებული შავი კლავიშები კი ზემოდან დასცქერის მათ. შავი კლავიში დამოუკიდებელი ნოტია, თუმცა საკუთარი სახელი არ გააჩნია. მისი დასახელება მეზობელი თეთრი კლავიშების სახელწოდებისგან წარმოდგება სიტყვების „დიეზის” ან „ბემოლის” დამატებით.

მუსიკალური ნაწარმოების ჩასაწერად ტონალობას გასაღების ნიშნები განსაზღვრავს, ესე იგი ის, ალტერაციის რომელი ნიშანი დაისმება გასაღებთან. შეგახსენებთ, რომ არსებობს ალტერაციის 5 ნიშანი: დიეზი (ამაღლებს 0,5 ტონით), დუბლდიეზი (ამაღლებს 1 ტონით), ბემოლი (ადაბლებს 0,5 ტონით), დუბლბემოლი (ადაბლებს 1 ტონით) და ბეკარი (აბათილებს ამაღლებასა და დადაბლებას). გასაღების ნიშნების – დიეზებისა და ბემოლების გამოჩენას თან ახლავს მოცემული ტონიკის საფუძველზე კილოს აღმოცენება. ის არეგულირებს საფეხურებს (ტონებსა და ნახევარტონებს) შორის მანძილს და აიძულებს საფეხურებს, ამაღლდნენ ან დადაბლდნენ.

მოძრაობა თუ აღმავალია (მარცხნიდან მარჯვნივ), თეთრ კლავიშს (ნოტს) ამაღლების ნიშანი დიეზი ემატება, ხოლო თუ დაღმავალი (მარჯვნიდან მარცხნივ) – დადაბლების ნიშანი ბემოლი. დიეზის ნიშანი კიბეს ჰგავს, რომელსაც მაღლა ავყავართ, ბემოლი კი – ქვევით მიმართულ „მუცლიან” ისარს.

ალტერაციის ნიშანი ორგვარია: საგასაღებო და შემთხვევითი. საგასაღებო ალტერაციის ნიშანი (ნიშნები) სანოტო სისტემის დასაწყისში, გასაღების მარჯვნივ იწერება და ამ პოზიციას მთელ ნაწარმოებში ინარჩუნებს, ვიდრე სხვა ნიშნით არ შეიცვლება, შემთხვევითი ნიშანი კი გზადაგზა გვხვდება და ძალაშია ერთი ტაქტის განმავლობაში. ამაღლების ან დადაბლების გაუქმება მხოლოდ ბეკარს შეუძლია. ალტერაციის ნიშნები, როგორც წესი, ნოტის წინ იწერება.

ბგერებს შორის მანძილი ტონებსა და ნახევარტონებში იზომება. ნახევარი ტონი არის მანძილი ორ უახლოეს მეზობელ ბგერას შორის. ორი ნახევარი ტონი შეადგენს ერთ ტონს. თუ ორ თეთრ კლავიშს შორის შავი კლავიშია, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის მანძილი ერთი ტონია. თავად შავ კლავიშებს შორის მანძილიც ერთი ტონია. გამონაკლისია ნოტების ორი (თეთრი) წყვილი: მი-ფა და სი-დო. მათ შორის არ არის შავი კლავიში, მანძილი კი ნახევარ ტონს უდრის. ამრიგად, დიატონური ოქტავის ბგერათა რიგში 5 მთელი და 2 ნახევარი ტონია.
 
შავი ფერის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუსტრაცია მალევიჩის „შავი კვადრატია”. განა აუცილებელია, იყო უდიდესი მხატვარი, რათა თეთრ ფონზე შავი კვადრატი გამოსახო? – ამას ხომ ყველა შეძლებს. მაგრამ არა! „შავი კვადრატი” ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატია მსოფლიოში. აი, უკვე 100 წელი გავიდა მისი შექმნიდან, მაგრამ კამათი მის შესახებ დღემდე არ შეწყვეტილა.

საქმე ის გახლავთ, რომ „შავი კვადრატი” სრულიადაც არ არის შავი, ხოლო შავი ფერი სხვადასხვა ფერის საღებავების შერევის შედეგია. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საღებავებს შორის შავი არ ყოფილა, მხატვარს საერთოდ არ გამოუყენებია ამ ფერის საღებავი. მიჩნეულია, რომ ეს ავტორის დაუდევრობა კი არა, პრინციპული პოზიცია იყო – შეექმნა დინამიკური, მოძრავი ფორმა.

არსებობს მოსაზრება, რომ ნახატის თვალიერებისას შესაძლებელია დავინახოთ არა შავი კვადრატი, არამედ მრავალფერი კუბი, რომელიც წარმოადგენს ცხოვრების მრავალფეროვნების სიმბოლოს, დაფარულს ჩვენი შეზღუდული მხედველობითი აღქმის გამო.

როგორც ვიცით, შავი შთანთქავს ყველა სხვა ფერს, ამიტომ იდუმალ შავ კვადრატში მრავალფერი კუბის დანახვა ძნელზე ძნელია. შავის უკან თეთრის შემჩნევა იგივეა, რაც სიცრუის მიღმა – სიმართლის, სიკვდილის მიღმა კი სიცოცხლის დანახვა. ამის შემძლე უდიდეს ფილოსოფიურ ფორმულას ამოხსნიდა.

„შავი კვადრატი” ტოტალური სიცარიელეა, შავი ხვრელი, სიკვდილი. ამბობენ, რომ შავმა კვადრატმა თვით ავტორზე მოახდინა ზემოქმედება – მისი შექმნის შემდეგ დიდხანს აღარც ჭამა შეეძლო და აღარც ძილი. მალევიჩის თამამ ექსპერიმენტს დღემდე სხვადასხვაგვარად აფასებენ; ერთნი აღფრთოვანებულნი არიან, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ის სისულელეა და მეტი არაფერი…
ჩვენს დროში, როდესაც ფოტოკორექციას შეუძლია, უბრალო სურათი შედევრად გარდაქმნას, შავ-თეთრი ნამუშევრები ფოტოგრაფიის პრაქტიკიდან თითქოს უნდა გამქრალიყო, მაგრამ სრულიად სხვა სურათს ვხედავთ: უამრავი ფოტოგრაფი სწორედ შავ-თეთრ ფოტოს ამჯობინებს, რათა მაყურებელს შავ-თეთრი ფილოსოფიის შესახებ მოუთხროს. თუ ერთხელაც ფერად ფოტოზე გამოსახულების სიღრმეში ჩახედვა მოგვესურვა, შეგვიძლია, ის შავ-თეთრ სამყაროში გადავიყვანოთ. გრძნობები ფერზე უფრო მეტყველია. ასეთი სამყარო ტყუილს ვერ ითმენს. ის ჩუმია და მშვიდი და იქიდან მხოლოდ გულის ფეთქვა მოისმის. დიახ, შავ-თეთრ ფოტოგრაფიას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. მასში არის რაღაც იდუმალი. ეჭვგარეშეა, მაყურებელი მისით მოხიბლულია. 
ესეც სიურეალისტი ფოტოგრაფის ფილიპ ჰალსმანის მიერ ყოველგვარი ტექნიკური ხრიკის გარეშე გადაღებული უცნაური შავ-თეთრი ფოტო – მფრინავი დალი, კატები, სკამი და წყალი:
 

ახლა კი შეგვიძლია შევისვენოთ. ამდენი შრომის შემდეგ გვეკუთვნის კიდეც. შევარჩიოთ ერთნიშნიანი დიეზიანი ტონალობა – მი მინორი და სმენა დავატკბოთ სტინგის „მსხვრევადი” მუსიკით – „Fragile”. 

როგორი მომავალი გვინდა

0
დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.  ცნობილი და ნაკლებად ცნობილი  ადამიანები ტრაფარეტულ ფრაზებს გვეტყვიან ბავშვთა დაცვის აუცილებლობასა და მექანიზმებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარების ფონზე კამფეტებიანი კალათებით  და ფერადი ბუშტებით იკეკლუცებენ, რეალურ ქმედებებს კი სამომავლო საქმედ დატოვებენ, ერთ კარგ კამპანიაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამავე დღისადმია მიძღვნილი და უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.

კამპანიას ბანალური სახელი, “ჩვენი მომავალი” ჰქვია და ნებისმიერ ბავშვს მთელი დედამიწიდან საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ იმაზე, როგორი მომავალი უნდათ, იოცნებონ თამამად და იფიქრონ, როგორ აქციონ ოცნება რეალობად. როგორც ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, უოლტ დისნეი ამბობდა, თუ ოცნება შეგიძლია, მაშინ მის ასრულებასაც შეძლებ. კვლევების თანახმად,  ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მახასიათებელი თვისება სწორედ  ცნობისმოყვარეობა და თამამი ფანტაზიების წარმოების უნარია. სკოლამდელი ასაკის ბავშვები დღეში დაახლოებით 100-მდე ისეთ  კითხვას სვამენ, რომელიც უფროსების პრაგმატულ აზროვნებასთან ხშირად წინააღმდეგობაში მოდის.

რატომ არ შეუძლიათ მანქანებს ფრენა? რატომ არის წყალი სველი და ცა ლურჯი? ასეთი კითხვები სკოლაში მისვლასთან ერთად ნელ-ნელა კლებულობს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიზეზი საზოგადოებრივი წნეხი და ის უხერხულობაა, რაც საჯარო სივრცეში საკუთარი ფიქრების ხმამაღლა თქმას ახლავს. ბავშვები ფრხილები არიან. მათ ურჩევნიათ არაფერი თქვან, ვიდრე რაიმე ისეთი, რაზეც მათი თანატოლები ან უფროსები გაიცინებენ, რასაც ვერ გაიგებენ; კითხვების შემცირება საკუთარი ფანტაზიის, ცნობისმოყვარეობის დათრგუნვას იწვევს. კამპანია “ჩვენი მომავალის” მიზანი  უფროსების ჩართვაა ბავშვების სტიმულირებასა და საკუთარი სურვილების შესახებ ალაპარაკებაში. მასწავლებლები 50-ზე მეტი ქვეყნიდან რეგისტრირდებიან სისტემაში და თავიანთი მოსწავლეების იდეებს ათავსებენ. მანამდე კი კლასში ცდილობენ მაქსიმალურად ღია სივრცე შექმნან ოცნებების გასახსნელად.
“მინდა მომავალი, სადაც სახლში კომპიუტერი მექნება”;
“მინდა მომავალი,  სადაც შემეძლება გავხდე მეცნიერი”;
“მინდა მომავალი, სადაც მე და ჩემი მეგობრები შევძლებთ სამუშაოს პოვნას”;
“მინდა მომავალი, სადაც საკვები საკმარისი იქნება”;
“მინდა მომავალი, სადაც შემეძლება ბუნებასთან სიახლოვე”;
“მინდა მომავალი, სადაც თანაბარი უფლებები გარანტირებული იქნება”;
“მინდა მომავალი, სადაც ახალი ადგილების აღმოჩენას შევძლებ”;
“მინდა მომავალი, სადაც კარგი დედა ვიქნები”;

“მინდა მომავალი, სადაც ინჟინერი გამოვალ”.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ სურვილებისა, რაც მომავალში უნდა ასრულდეს. გენიშნათ რომ თანამედროვე მოსწავლეები საკმაოდ რეალისტურ რამეებზე ოცნებობენ?  სამწუხაროდ, თანამედროვე სამყარო ბავშვებს ადრეულ ასაკშივე სრულ წარმოდგენას უქმნის ადამიანების სისასტიკესა და იმ პრობლემებზე, რასთანაც მათ მომავალში მოუწევთ შეჯახება. სიღარიბე, ომი, სერვისების დეფიციტურობა, დაუცველი უფლებები გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში ადვილად აღწევს ბავშვებამდე. შორს რომ არ წავიდეთ, სირიელ, პალესტინელ, ერაყელ და აფრიკელ ბავშვებსა  და მათ პრობლემატიკაზე რომ არ გადავიტანოთ აქცენტი, საკუთარ მაგალითზე განვიხილოთ ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები.
რამდენიმე დღის წინ  ახალგაზრდა კაცმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი (მათ შორის ერთი საკუთარი შვილი) ისე სცემა, მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ეს არ არის ერთეული შემთხვევა და კონკრეტული პიროვნების, ოჯახის პრობლემა. იუნისეფის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ 2007 წელს ბავშვზე ძალადობის ძალიან მაღალი დონე გამოავლინა. ამ კვლევის მონაცემებით მშობლებმა ბავშვთა 79,8% დასაჯეს ფიზიკურად და 82,3% – ფსიქოლოგიურად. რესპონდენტთა მეხუთედზე მეტმა (21,5%) განაცხადა, რომ არაერთხელ ჰყავს ნაცემი ბავშვი. რვა რესპონდენტმა აღიარა, რომ სცადეს ბავშვის დახრჩობა ან მოგუდვა, ხოლო ექვსმა – ბავშვის დაწვა.

იუნისეფმა კვლევა 2013 წელსაც ჩაატარა. ორი წლის წინაც  საზოგადოების 30% აღნიშნავდა, რომ ბავშვობაში მათი მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას. მათი 45%-სთვის ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება დასაშვებია  და თვლიან, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება”.

საყურადღებოა ისიც, რომ აქ უმეტესობას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობა ოჯახის შიდა საქმე ჰგონია და ჩარევის წინააღმდეგია. იმ შემთხვევებში კი, როცა მოქალაქე ჩარევას გადაწყვეტს, მან ხშირად არც კი იცის, ვის ან როგორ მიმართოს. ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ (60%), რომელთაც კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება, არ იცის ამ პასუხისმგებლობის შესახებ და ღრმად დარწმუნებულია, რომ ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია ამაში არ ჩაერიოს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქართველი მასწავლებელი პროექტ “ჩვენს მომავალში” ჩართვას გადაწყვეტთ, ალბათ თქვენი მოსწავლეებისგან ვერ მოისმენთ ისეთ ოცნებებს როგორიცაა მინდა მშობლები არ მცემდნენ, მინდა სახლში პური სულ იყოს,  მეგობარი არ დამცინოდეს დედის გამო, რომელიც მამასთან აღარ ცხოვრობს  და მეტი წიგნის ფული გვქონდეს. ჩვენთან ასეთ თემებზე ლაპარაკი კიდევ უფრო მეტად ჭირს, ვიდრე შედარებით ღია საზოგადოებებში, მაგრამ მაინც შეეცადეთ, მაქსიმალურად ახლოს მიხვიდეთ მათ სურვილებთან, მათ პრობლემებთან, აუხსნათ რომ პრობლემების მოგვარება მათი იდენტიფიცირებიდან იწყება, იყავით ფრთხილები და რაც შეიძლება ყურადღებიანნი, შესაძლოა თქვენ იყოთ ერთადერთი, ვისაც პატარას სიცოცხლის, მომავლის გადარჩენა შეუძლია.  ნუ ჩათვლით, რომ ძალადობა ოჯახის საქმეა, რომ მისგან დისტანცირება შესაძლებელია. ბოლოსდაბოლოს ეს ბავშვები, ჩვენი შვილები, მოსწავლეები თუ მეზობლები  ჩვენი მომავალია და ისინი ისეთები იქნებიან, როგორებსაც გავზრდით, ისე განვითარდებიან, როგორც ამის საშუალებას მივცემთ. მათთან ურთიერთობისას ყველაზე ხშირად უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა იმის შესახებ, როგორი მომავალი გვინდა.
პ.ს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ფიქრობს, რომ ბავშვების მომავალი მათსავე ხელშია, ვისაც არ ეზარება პატარების შეუმჩნეველი ნიჭისა და უნარის აღმოჩენა, ვინც მზად არის გააღიზიანოს მოსწავლეების წარმოსახვა, რეგისტრაცია ვებგვერდზე https://www.ourfuture.world/ მარტივად შეუძლია. შესაძლებელია ტექსტების თვითერზე დაწერაც შემდეგი ჰეშთეგით: #Tweetadream;

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...