სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

უნარები, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს (ნაწილი პირველი)

0
ამერიკული
გამოცდილება: რა ხდება საბავშვო ბაღებში 

როგორ განდევნა თამაში საბავშვო ბაღიდან სწავლისადმი ზედმეტად აკადემიურმა მიდგომამ – უნარები, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ 5 წლის ბავშვებს

21-ე საუკუნის ტრუიზმია, როდესაც ამბობენ, რომ თუ აშშ-ს სურს, გლობალური ეკონომიკის ლიდერი იყოს, საჯარო სკოლები უნდა გააუმჯობესოს.

იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ყოველი ბავშვი მიიღებს შესაძლო უმაღლესი ხარისხის განათლებას.

თუმცა ჩვენს კულტურაში (იგულისხმება ამერიკული კულტურა, – ლ. ა.), რომელიც ცნობილია ფასტფუდით, მოკლე მედიაკლიპებით და სწრაფი ჩამოტვირთვებით (ინგლ. Downloads –ლ. ა.), „სწრაფი” ხშირად „უკეთესის” სინონიმად აღიქმება.

ასეთმა დამოკიდებულებამ აშშ-ის უამრავ სასკოლო ოლქში პოპულარული გახადა „აკადემიური საბავშვო ბაღების” (იგულისხმება სკოლამდელი 1 წელი, რომელსაც აშშ-ში „საბავშვო ბაღს”/Kindergarten-ს ეძახიან და რომელშიც 5 წლის ბავშვები მიდიან, – ლ.ა.) ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ასეთ „ბაღებში” 5 წლის ბავშვებს უმეტესად სასკოლოს მსგავს გარემოს უქმნიან, შეასწავლიან საჭირო უნარებს და საშინაო დავალებებით უფრო ტვირთავენ, ვიდრე არასტრუქტურირებული და წარმოსახვითი თამაშებით.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის მათემატიკურ უნარებსა და კითხვის სწავლაზე აქცენტირებამ გამოიწვია ის, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ თამაშისა და გარემოს თავისუფალი კვლევისთვის.

„საბავშვო ბაღი დღეს, ფაქტობრივად, სკოლის პირველ კლასად გადაიქცა, ხოლო პირველი კლასი, შესაბამისად, უკვე მეორე კლასია”, – ამბობს ენ სტაუდტი, 19-წლიანი გამოცდილების მქონე საბავშვო ბაღის მასწავლებელი ნიუ-ჯერსიდან.

„წინათ ნორმალურ მოვლენად აღიქმებოდა, რომ პირველ კლასში ბავშვები კითხვას სწავლობდნენ. ახლა იმ ბავშვებს, რომლებმაც საბავშვო ბაღში კითხვა ვერ ისწავლეს, ჩამორჩენილებად მიიჩნევენ”.

„მართლაც ასეა – სულ რაღაც 10 წლის წინ საბავშვო ბაღში ბავშვების 15%-ს შეეძლო კითხვა, 30 წლის წინ კი „მკითხველების” რაოდენობა 5%-ს შეადგენდა”.

წელს მერილენდის შტატში, მონტგომერის საგრაფოში – ტერიტორიულ ერთეულში, რომელმაც, მრავალი სასკოლო ოლქის მსგავსად, 5 წლის ბავშვებისთვის ბაღში ყოფნის სრული სასწავლო დღე დაადგინა – საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულთა 90%-მა ჩააბარა ტესტი კითხვაში.

გამკაცრების კურსი საბავშვო ბაღებისთვის

საბავშვო ბაღების სულ უფრო „აკადემიურ” რელსებზე გადასვლა, ერთი მხრივ, გასაგებია. ამ ტენდენციის არგუმენტაცია მოიცავს ადრეული სწავლების მნიშვნელობასა და პატარა ბავშვების შესაძლებლობათა ზრდას.

„ხუთი წლის ბავშვებს „პატარებად” უკვე აღარ განიხილავენ”, – ამბობს ლიზ სტივენსი, საბავშვო ბაღის მასწავლებელი სან–დიეგოდან. – „ტვინის შესახებ გამოკვლევები მოწმობს, რომ ეს შესაფერისი პერიოდია კითხვის სასწავლად”. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამაში თავისი როლი შეასრულა სასკოლო პროგრამამ No Child Left Behind (NCLB) (ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობის დროს მიღებული ფედერალური პროგრამა), რომელიც აქცენტს სტანდარტიზებულ ტესტირებასა და საბაზო უნარების გაუმჯობესებაზე სვამს.

სკოლებზე NCLSB პროგრამით გამოწვეულმა ზეწოლამ, უზრუნველეყოთ სტანდარტიზებული გამოცდების ჩატარება მესამეკლასელი ბავშვებისთვის, მომზადების სიმძიმის ნაწილი საბავშვო ბაღებზეც გადაიტანა. კითხვის აუცილებელი სწავლების საბავშვო ბაღებში გადატანამ სკოლას და სასკოლო მომზადებას ინსტრუქტაჟის დამატებითი წელი მისცა.

რა გამოგვრჩა?

 

ადრეული განათლების სასწავლო სტანდარტების გაუმჯობესების მომხრეები ყურადღებას უმთავრესად სტატისტიკაზე ამახვილებენ. მათი აზრით, რაც უფრო მეტ ბავშვს ეცოდინება კითხვა და ანგარიში, მით უკეთესი.

მაგრამ ეს მიღწევები შესაძლოა ყველას ძალიან ძვირი დაუჯდეს. კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების ხარჯზე ფერხდება სხვა უნარების განვითარება – ისეთებისა, როგორებიცაა საკუთარი ძალებით მოქმედება, პრობლემების გადაჭრა და სივრცითი აზროვნება.

„როდესაც სათამაშო სამშენებლო კუბების კუთხეს მათემატიკის სწავლების კუთხით ვცვლით, შედეგად რას ვიღებთ? – კითხულობს ენ სტაუდტი, – სათამაშო კუბებიც მათემატიკაა, უბრალოდ, კუბებით თამაში უფრო სახალისოა”.

„მოსწავლეთა კითხვითი თუ მათემატიკური უნარების გაძლიერებისას არაფერი ვიცით იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს ინტენსიფიცირებული აკადემიური სწავლება ბავშვებში სწავლის მოტივაციაზე, მათ მოტორულ და სოციალურ უნარებსა და თვითშეფასებაზე”.

„არსებობს რისკი, რომ სკოლის უკვე მესამე კლასში მივიღოთ აკადემიური მოსწრების ზეწოლისგან „გადამწვარი” ბავშვები”, – ამბობს ენ სტაუდტი. – „თამაში ის გზაა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი სწავლობს. თამაში მეტი უნდა იყოს მაღალ კლასებში და არ უნდა შემცირდეს დაბალში”.

ძნელი სამუშაო თამაშისას

სამეცნიერო კვლევები საფუძველს უმყარებენ ცოდნას, რომელსაც ადრეული სწავლების პედაგოგები ისედაც ფლობდნენ: წარმოსახვითი თამაში ადრეული ასაკის ბავშვების სოციალური, ემოციური და მორალური განვითარების კატალიზატორია.

მასწავლებლის ხელშეწყობით და დაკვირვებით საბავშვო ბაღებს შეუძლიათ, წარმოსახვითი თამაში ბავშვების გარშემო არსებული სამყაროს აღქმის გზამკვლევად აქციონ, პარალელურად კი თამაშის დროს მტკიცე საფუძველი ჩაუყარონ სიტყვებისა და რიცხვების არსის გაგებას.

„თამაში აადვილებს ბავშვების აზროვნებითი შესაძლებლობების ზრდას”, – ამბობს დოქტორი დევიდ ელკინდი, ავტორი ცნობილი წიგნისა The Power of Play („თამაშის ძალა”). სხვადასხვაგვარი საგნების (მანქანების, ნიჟარების, მძივების) კლასიფიკაციით და ექსპერიმენტებით (თამაში წყლით, თიხით) ბავშვები შეისწავლიან ვარაუდების გამოთქმას და დასკვნების გამოტანას. „ბავშვების მიერ დასმული კითხვები თამაშებში მათ დახელოვნებას უწყობს ხელს”, – ამბობს ელკინდი, – „კითხვების დასმით ბავშვები საკუთარ სასწავლო გამოცდილებას ქმნიან”.

ზრდის დაჩქარებული ტემპი

დედამიწაზე ალბათ არსად „იზრდებიან” ბავშვები უფრო ჩქარა, ვიდრე აშშ-ში. ჯოან ალმონი, ორგანიზაცია Alliance for Childhood-ის კოორდინატორი, ჰყვება ცნობილ შვეიცარელ განმანათლებელთან, ჟან პიაჟესთან დაკავშირებულ ეპიზოდს: „პიაჟეს დიდად არ უყვარდა ამერიკულ აუდიტორიასთან საუბარი – ამერიკაში, როდესაც სახელგანთქმული შვეიცარიელი პროფესორი დაასრულებდა ხოლმე ლექციას ბავშვის განვითარების ბუნებრივი პროგრესის შესახებ, ვინმე აუცილებლად ჰკითხავდა: „და როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვებმა ეს საფეხურები უფრო ჩქარა გაიარონ?”

ფინეთში, რომელიც უკვე წლებია, მსოფლიოს უცვლელი ლიდერია წერა-კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში მოწაფეთა უნარებით, ბავშვები ფორმალურ სასკოლო კურს 7 წლამდე არ იწყებენ, თანაც გაკვეთილები მხოლოდ ნახევარი დღე გრძელდება.

თუ ფინეთს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ იქ ბავშვები ნაკლებ დროს ატარებენ სკოლის კედლებში. აქ, აშშ-ში კი დადგენილია, რომ 5 წლის ბავშვები „წინასასკოლო” საბავშვო ბაღში დადიან, მანამდე კი ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში ატარებენ რამდენიმე წელს.

ვივიენ გასინ ფეილი, ავტორი წიგნისა „ბავშვის სამუშაო. ფანტაზიური თამაშის მნიშნელობა” (A Child’s Work. The Importance of Fantasy Play), წერს, რომ გაჩნდა კითხვა: „რაკი ბავშვები წინასასკოლოდ საბავშვო ბაღში დადიან, აქვთ კი მათ საკმარისი სათამაშო დრო წინასასკოლო კურსის დაწყებამდე?” ბავშვთა განვითარების ექსპერტების თანახმად, პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია.

თამაში ბავშვების აუცილებელი სამუშაოა

ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიკსონის თანახმად, წარმოსახვითი თამაშების დროს ინიციატივის განვითარება მცირე ასაკის ბავშვების ზრდის პროცესის უმთავრესი გამოწვევაა. თუ ბავშვები თამაშის შემადგენელ ამ ნაწილს და თამაშის დროს შესასრულებელ თავიანთ ამ სამუშაოს გამოტოვებენ, შესაძლოა, მათი სწავლის უნარები განვითარების უფრო გვიანდელი ფაზების დროს სერიოზულად დაზიანდეს.

ეს მხოლოდ ბავშვური თამაში არ არის

დოქტორი რობერტა მიქნიქ გოლინკოფი განათლების პროფესორია დელავერის უნივერსიტეტში. დოქტორი მიქნიქ გოლინკოფი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის – წიგნებისა „თამაში = სწავლას” და „აინშტაინი არასოდეს იყენებდა სასწავლო ბარათებს”. იგი წერს, რომ თამაში უპირველესი საშუალებაა, რომელსაც ბავშვები სამყაროს შესასწავლად, კრიტიკული და სოციალური უნარების განსავითარებლად, ემოციური ზრდისა და ჩამოყალიბებისთვის იყენებენ. „სათამაშო დრო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას მისინჯონ თავიანთი ძალები და თუ საჭიროა, მათთან შეჯიბრებაშიც ჩაებან”, – ამბობს გოლინკოფი.

2003 წელს კაიზერის ოჯახის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 6 წლამდე ასაკის ბავშვები ტელევიზორთან, კომპიუტერსა და ვიდეოთამაშებთან იმდენსავე დროს ატარებდნენ, რამდენსაც გარეთ თამაშში.

ნათელია, რომ ფიზიკური თამაშის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის. დღეს სკოლასა თუ სახლში ბავშვებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ არასტრუქტურირებული თამაშისთვის. „ბავშვების გართობის ფუნქცია მედიამ იტვირთა”, – ამბობს სინდი მიდენდორფი, მასწავლებელი, ექსპერტი, ავტორი წიგნისა „დიფერენცირებული სწავლება საბავშვო ბაღში” (Differentiating Instruction in Kindergarten). – „ტელევიზია, ფილმები და ვიდეოთამაშები ბავშვებს მათ წარმოსახვით თამაშებს აშორებს”. მიდენდორფს მასწავლებლობის ათეულობით წელი აქვს გატარებული სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში, ხოლო პენსიაზე გასვლამდე, ბოლო 22 წელი, საბავშვო ბაღში ასწავლიდა. მისი თქმით, თამაშს მეტყველების განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – სწორედ მეტყველების უნარის ჩამოყალიბება ქმნის საფუძველს კითხვისა და შინაარსის აღქმის უნარების განვითარებისთვის.

მიდენდორფის თქმით, „თამაში დღეს ბევრი საბავშვო ბაღიდან განიდევნა”. „მაგრამ ვინაიდან ვერ ვაღწევთ იმ აკადემიურ მაჩვენებლებს, რომლებსაც ყველა მოელოდა, განათლების სპეციალისტთა დიდი ნაწილი უკვე ხვდება, რომ ბავშვებს აკადემიური სტანდარტები ამჯერად უკვე თამაშის მეშვეობით უნდა შეასწავლონ”.

რა შეუძლიათ მასწავლებლებს ?

როგორ შეუძლია საბავშვო ბაღის მასწავლებელს, წარმატებით ჩართოს თამაში სასწავლო პროგრამაში? „ეს შესაძლებელია, თუ მათემატიკას, მეცნიერებებსა და კითხვით სავარჯიშოებს სახალისო, აზრიან კონტექსტში მივაწვდით პატარებს”, – ამბობს გოლინკოფი.

„სწავლა სიამოვნების მომგვრელი უნდა იყოს”, – ამბობს პროფესორი გოლინკოფი. – „თუ ბავშვი სკოლისადმი სიძულვილით იზრდება, მომავალში ეს სავალალო შედეგს გამოიღებს”.

ჯოან ალმონის თანახმად, „თამაშისადმი სწრაფვა ყველა ჯანმრთელ ბავშვს ახასიათებს, თუმცა მათ თამაშისთვის დრო და საშუალება სჭირდებათ”.

მაგრამ რა ვუყოთ იმ ბავშვებს, რომლებმაც არ იციან, რა ქნან, უფრო სწორად, არ იციან, როგორ ითამაშონ? „თუ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში არ შეუძლია, ეს მასწავლებელს შეუძლია. ის უნდა ეთამაშოს ბავშვს. მთავარია, სწორად გავაცნობიეროთ ის მომენტი, როდესაც მასწავლებელმა უკან უნდა დაიხიოს, რათა ბავშვი დამოკიდებული არ გახადოს გარე ჩარევაზე”, ხსნის ალმონი. მასწავლებლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ თამაშის დაწყებას ბავშვებისათვის, შეკითხვების დასმის, ახალი სიტყვების გამოყენების ან თანატოლებს შორის წამახალისებელი სოციალური კოოპერაციის მეშვეობით. წარმოსახვითი (ფანტაზიური) თამაშის წახალისებისათვის, ყველაზე მოსახერხებელი, მრავალი დანიშნულების მქონე საგნები და მასალებია.
ხის კუბები,ქსოვილის ნაჭრები და სხვა, საბაზო სამშენებლო საგნები, ბავშვებს საშუალებას აძლევენ თვითონ მოიფიქრონ სცენარების უთვალავი რაოდენობა – თანაც, საბავშვო ბაღის ოთახის მოსაწყობად, ამ მასალების მოპოვება საკმაოდ იაფია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მუსიკა და ხელოვნება ცალკე დისციპლინებად არ უნდა ისწავლებოდეს. მიდენდორფის რჩევით, ძალიან კარგია ისტორიების ხმამაღლა კითხვა და მოსმენილი ლიტერატურული პერსონაჟების დახატვის წახალისება ბავშვებში.
 ალტერნატიულად, ასევე შესაძლოა კლასმა თეატრალურად დადგას მოსმენილი ზღაპარი თუ ამბავი – ამ დროს ბავშვები იგებენ და სწავლობენ მნიშვნელოვან გაკვეთილს ამბის სიუჟეტისა და ამბის გმირების შესახებ. ნებისმიერი ამბავი შეიცავს მათემატიკურ თუ რაოდენობრივ ინფორმაციასაც, რომლებიც გამოდგება მატემატიკური უნარების ჩამოსაყალიბებლად.
“მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ბავშვების წარმოსახვითი თამაში როგორც პლაცდარმი, გაკვეთილის გეგმის შესადგენად”, ამბობს მიდენდორფი.
„დასასრულს, ისე ჩამოყალიბდება, რომ არავის მოუწევს არცჩევანის გაკეთება აკადემიურ პროგრამასა და თამაშზე დამყარებულ საბავშვო ბაღს შორის. აუცილებელია ამ ორის დაბალანსება”.
 (პირველი ნაწილის დასასრული)

სკოლის ბიბლიოთეკა

0
პირადი გამოცდილებიდან რომ ვთქვა, სკლის ბიბლიოთეკაში ორი სხვადასხვა სტატუსით შევდიოდი, როგორც მოსწავლე და შემდეგ – მასწავლებელი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში თერთმეტი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, ხოლო მასწავლებელი სულ რაღაც სამი წელი ვიყავი, ამ უკანასკნელის დროს უფრო ხშირი და პროდუქტიული იყო ჩემი ყოფნა ბიბლიოთეკაში. რა იყო ამის მიზეზი?.. ალბათ ის, რომ მე არ მქონდა სკოლის კარგი ბიბლიოთეკა, უფრო სწროად თუ ვიტყვი, თითქმის საერთოდ არ მქონდა. 
რამდენიმე წლის წინ სკოლებს დაურიგდათ წიგნები, ე.წ. პრეზიდენტის საჩუქრის მანიშნებელი ბეჭდით. მათ შორის იყო ზღაპრები, მარკესის რამდენიმე რომანი და პოეზიის კრებულები. დღეს კი იმ სკოლათა უმეტესობაში, რომლების ბიბლიოთეკებშიც მე ვყოფილვარ ისეთი სიტუაციაა, რომ აქვთ საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული და მხოლოდ ეს პრეზიდენტის საჩუქარი წიგნები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დირექტორები ნაკლებად, ან საერთოდ არ იყენებენ სკოლისათის გამოყოფილ თანხას ახალი წიგების შესაძენად. უფრო მეტიც, ზოგგან ბიბლიოთეკარის შტატი აქვს მასწავლებელს, რომელიც იქ მხოლოდ მაშინ შედის, როცა ვინმე სთხოვს კარის გაღებას. წიგნების თაროები დამტვერილია და დაულაგებელია, სადმე კუთხეში დგას ერთი დიდი მაგიდა და სულ ესაა მთელი აღწერილობა იმისა, რაც ყველაზე მიმზიდველი უნდა იყოს სკოლაში. 
ბიბლიოთეკა, როგორც საშუალება, მიიღო განათლება, ბიბლიოთეკა – პარალელური განზომილება, თუ ალტერნატიული სამყარო, თითქმის სრულად იგნორირებულია. კი, რა თქმა უნდა, არის ისეთი სკოლები, განსაკუთრებით კერძო, სადაც ყველაფერი კარგად აქვთ მოწყობილი, შეხვალ და თითქოს ყველაფერი რიგზეა; თვალსაჩინოდ დალაგებული წიგნები კარგ თაროებზე, მოწყობილი სამკითხველო დარბაზი, მაგრამ იშვიათად რომ იქ მჯდარი მოსწავლე დაინახო, მოსწავლე და მასწავლებელიც, რადგან მასწავლებლის პროფესიული ზრდაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარებაზე. 

რა არის მიზეზი იმისა, რაც ვთვქი?.. იქნებ რაღაც ფასადურობა ყველაფერის, რაც დღესდღეობით მრავლადაა ჩვენს საზოგადოებაში. რატომ ვერ გახდა მიმზიდველი მუშაობა, კითხვა, მაშინ როცა დღეს სტუდენტთა და დამამთავრებელ კლასის მოსწავლეთა უმეტესობა მხარზე ჩანთაგადაკიდებულები ჯიუტად დადიან და სხვადასხვა ელექტრონული წიგნით ხელდამშვენებულნი მსჯელობენ წიგნებზე. 
საბოლოოდ, მინდა გითხრათ, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, რომ სკოლაში, სახლში, – მოკლედ ყველგან, სადაც კი არის, საუკეთესო ადგილი ბიბლიოთეკაა და ნუ მოშორდებით საუკეთესო ადგილებს, რადგან ისინი ჩვენც თავისნაირებად გვაქცევენ ხოლმე. 

მეგობრობა, როგორც პასუხისმგებლობა

0

მგონი ადრეც მითქვამს, სკოლა დიდად არ მიყვარდა. არც ბევრი ნათელი მოგონება მახსენდება მის კედლებში გატარებული წლებიდან. ერთი კარგი მეგობარი, რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინესდა შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად მახსენებს ხოლმე თავს. სულ ეგ არის.

 

თავიდან, სტუდენტობის პირველ წლებში ცოტა გულიც კი მწყდებოდა იმაზე, სკოლის ნოსტალგია რომ არ მქონდა, ამბებს არ ვიხსენებდი, კლასელების ნახვის სურვილი არ მიჩნდებოდა და საერთოდ, იმ სენტიმენტებისგან შორს ვიყავი, რაც ჩემს გარშემო ქონდათ. ახალ სივრცეში რომ გავშინაურდი, მივხვდი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, ყველას ერთნაირი დამოკიდებულებები ვერ ექნება, ჩვენი განსხვავებული შეგრძნებები და მოგონებები, არც ცუდია, არც კარგი, ისაა, რაც გვაქვს.

ახლა რომ ვფიქრობ, სულაც არ არის ცოტა ის, რაც სკოლიდან გამომყვა. კი ვითომ ადვილი სათქმელია ერთი კარგი მეგობარი, რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად მახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ამ ერთი კარგი მეგობრისთვის ღირდა იმ სკოლაში სწავლა. რაც დრო გადის, ვხვდები რომ კარგი მეგობრების პოვნა რთული ამბავია. თან ბავშვობაში შეძენილ მეგობარს კიდევ სხვა დატვირთვა აქვს.

რამდენიმე წლის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი გერმანიაში წავიდა, კომპიუტერული ლინგვისტიკის სასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები დაჟინებით ვუმეორებდი, სანამ აქ დაბრუნებას გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი, ნამდვილად გინდა თუ არა შენი შვილი აქაური განათლების და ჯანდაცვის სისტემებს ჩაუგდო ხელში, მწვანე საფარის და ჟანგბადის გარეშე დარჩენილ ქალაქში აცხოვრო, უტროტუარო ქუჩებში ასეირნო და მოუწყობელ პარკებში ასეირნო, რომლებიც დილაობით ნაგვით არის სავსე-თქო, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ აზრი არ ქონდა, დაამთავრებდა სწავლას და ჩამოვიდოდა.

ასეც მოხდა. ჩამოვიდა და იმ საღამოს, როცა ჩემთან უნდა მოსულიყო, მივხვდი, რომ ვღელავდი. ოთახებში დავდიოდი, მიყრილ-მოყრილ ნივთებს ვალაგებდი, ვფიქრობდი, რომელი ჩაი უფრო მოეწონებოდა, მოსაყოლ ამბებს და დასასმელ კითხვებს ვარჩევდი, მოკლედ, ცოტა უცნაურად ვიქცეოდი. ისე, როგორც არასოდეს არ მოვქცეულვარ ჩემ ყველაზე ახლო მეგობართან. იმის მერე ვფიქრობ და მივხვდი, რომ არსებობს მეგობრობა, რომელიც პასუხისმგებლობას გიჩენს. დიახ, ზუსტად ასე.

თუ დიდი ხანია არ გინახავს ის, ვინც ძალიან გიყვარს და ვისაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცნობ, ხვდები, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა, ინტერესები, საქმეები, ყოველდღიურობა, შესაძლოა გარეგნობა და საცხოვრებელი ადგილიც კი. მას კი, ვინც შენს შესახებ ყველაფერი იცის, ვისაც ახსოვხარ ჯერ კიდევ იმ დროიდან, წერა-კითხვა რომ არ იცოდი და სახლიდან გარეთ მარტო ვერ გადიოდი, ცხადია, არაფერი გამოეპარება და იმასღა ფიქრობ, ცვლილებები თქვენს შორის ბარიერად არ იქცეს, ისევ შეძლოთ ისე ლაპარაკი, როგორც ერთ მერხზე შესვენებებისას, სკოლის ეზოს კუთხეში გაკვეთილების დამთავრების მერე, ისევ ისე გულიანად იცინოთ, როცა ის ბიჭი ჩნდებოდა დაბნეული სახით, რომელსაც თქვენგან ერთ-ერთი მოწონდა, ისევ ისეთი ენთუზიაზმით დაგეგმოთ ერთობლივი მოგზაურობები, როგორც ამას სტუდენტობისას აკეთებდით, ისევ ისეთი მნიშვნელოვანები იყოთ ერთმანეთისთვის ახლა, როცა თქვენ გარშემო თქვენი შვილები და მათი მამები დადიან, როგორც მაშინ, როცა მხოლოდ თქვენ ორი იყავით და ყველა დანარჩენი. არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი.

როცა ვფიქრობ ხოლმე იმაზე, როგორ სკოლაში მინდა ჩემმა შვილმა იაროს, უსაფრთხო გარემოსა და თავის საქმეზე, ბავშვებზე შეყვარებულ მასწავლებლებთან ერთად სწორედ ეს მინდა, რომ ნამდვილი მეგობრები შეიძინოს სკოლაში. ისეთები, რომლებთან ურთიერთობაც გარდა გართობისა და მხიარულებისა, პასუხისმგებლობაც იქნება, რომ კარგი ადამიანი იყო, ყოველთვის ეცადო, მაქსიმუმი გააკეთო და სხვებს (არა მხოლოდ ახლობლებს) შენთან ურთიერთობის სურვილი არასოდეს გაუნელდეთ.

მართვა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სკოლაში – ლიდერული სტილები

0
სტატიის პირველ ნაწილში მოკლედ ვისაუბრეთ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითად პრინციპებსა და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ასევე გავეცანით რონალდ უ. რებორის მოსაზრებებს წიგნიდან „Human Resources Administration in Education: A Management Approach”. ამჯერად შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ავტორის მიერ დასახელებული ორი ძირითადი ლიდერული სტილი (ტრანსცენდენტური და ტოტალური ხარისხის მენეჯმენტი), რომელიც ავტორის მოსაზრებით ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სფეროში ფართოდაა გავრცელებული და ყველაზე სრულყოფილია.
როგორც სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, ადმინისტრირება არის ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის პროცესი იმ საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად, რომელიც სასკოლო სტრატეგიების სახით არის ფორმულირებული. აქედან გამომდინარე, ადმინისტრირება უფრო აღმასრულებელია, ვიდრე სტრატეგიის ჩამოყალიბების აქტივობა. მისი ფუნქციებია – ადამიანური რესურსების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დამხმარე სამსახურების ადმინისტრირება. ყველა ფუნქციას გააჩნია მიზნები, რომლებიც ადმინისტრაციული პროცესების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება. ყოველი სასკოლო სისტემა წარმოადგენს ადამიანური რესურსების ფუნქციას, რომლის მიზნებია სასკოლო საზოგადოებების წინაშე დასახული ამოცანების გადაწყვეტა და სამუშაო კოლექტივის წევრებისათვის დახმარების აღმოჩენა – პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდასა და პროფესიული კარიერის შექმნაში. ეს მიზნები მიიღწევა ადამიანური რესურსების დაგეგმვის, სამუშაოდ აყვანის, შერჩევის, თანამდებობებზე განაწილების და საქმის კურსში შეყვანის, კადრების განვითარების, მუშაობის შეფასების, კომპენსაციის და კოლექტიური მოლაპარაკებების გზით.
ტრანსცენდენტური ლიდერობა ხშირად განიხილება როგორც ყველაზე შესაფერისი ლიდერული სტილი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. ამ ტიპის ლიდერები, მიუხედავად ყველა სირთულისა, გუნდს სათავეში უდგანან. კონტექსტი „ტრანსცენდენტური” უფრო მეტად გულისხმობს ისეთ გზას ცხოვრებაში, რომელიც აკადემიურ საზოგადოებასა და პროფესიაში ლიდერობას ეძღვნება, ვიდრე უბრალოდ ადმინისტრაციული თანამდებობის შოვნას მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ცხადია, რომ მატერიალური საკითხები ყველასათვის მნიშვნელოვანია. თუმცა ტრანსცენდენტურობის გრძნობის გარეშე ადმინისტრატორი შეიძლება კონცენტრირდეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე და უგულისყუროდ დარჩეს საგანმანათლებლო ლიდერად ყოფნის უნივერსალური საფუძვლები. ტრანსცენდენტური ლიდერი ეს საგანმანათლებლო ლიდერია, რომლისთვისაც მთავარი პიროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობაა. ასეთი ტიპის ადმინისტრატორები საქმეს ერთგულად ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება, სკოლის თემში არსებული გაუგებრობებსა თუ სხვა პრობლემებში დამნაშავედ საზოგადოებას ხშირად სწორედ სკოლის ლიდერი გამოყავს.
ლიდერობის ტრანსცენდენტურობის აღიარება ადამიანისაგან მოითხოვს მუდმივ მცდელობას იმის გაცნობიერებაში, თუ რით შეუძლია ის ემსახუროს აკადემიურ პროცესს, პროფესიას თავისი სამუშაოს შესრულებით და მოცემულ სკოლას მისი ლიდერის პოზიციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის განხორციელებით. რთულია, ამ გრძნობის შენარჩუნება, თუ პიროვნებას არ გააჩნია მიზანმიმართული გეგმა და მოტივაცია. ეს ინდივიდისაგან მაღალ ემოციურ ინტელექტსა და მოთმინების უნარს მოითხოვს. იმის გამო, რომ ადამიანური რესურსების მენეჯერები დაკავშირებულნი არიან ადამიანის ზრდასა და განვითარებასთან, მათ უფრო ღია დამოკიდებულება აქვთ იმ კულტურული განსხვავებების მიმართ, რომლებიც ადამიანებსა და დაწესებულებებს შორის არსებობს. ამგვარად, ისინი აცნობიერებენ, რომ სხვა ადამიანების ფასეულობებმა და შეხედულებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მათზე და იმ ხალხზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ტრანსცენდენტური ლიდერობის ძირეული წინაპირობაა ის, რომ პიროვნება მოქმედებს ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე. მისთვის ღირებულია, თუ რას წარმოადგენს ინდივიდი – როგორც ადამიანი. ამგვარი ადმინისტრატორების უმეტესობა აცნობიერებს, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს უფრო მეტი რამ, ვიდრე წამიერი გარემოებებია და რომ ამ გადაწყვეტილებების ეფექტი შესაძლოა გასცდეს არსებული სიტუაციის ფარგლებს. ისინი ცდილობენ თეორიები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს და პრაქტიკაში განახორციელონ. მოქმედებენ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის საფუძველზე. შეუძლიათ ცვლილებების ინიცირება და სასკოლო თემში იცავენ სოციალური სამართლიანობის პრინციპს. ტრანსცენდენტური ლიდერის ბოლო და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ მათ დისკუსიების მეშვეობით შეუძლიათ პროფესიული პოზიციების ჩამოყალიბება. ამგვარი დისკუსიებით ყველა მონაწილე თანმხდება საერთო პოზიციაზე, იმაზე, თუ როგორ წარმართონ საქმიანობა მომავალში უფრო ეფექტიანად.
ტოტალური ხარისხის მენეჯმენტის თეორიამ თავის მხრივ განვითარება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე იაპონიაში ჰპოვა. ეს გულისხმობს ხარისხის მართვის სისტემის უმაღლეს ნიშნულზე განვითარებასა და კონტროლს, რომლის მიზანი უმაღლესი ხარისხის „პროდუქციის წარმოებაა”. ასეთი ტიპის ლიდერები ძირითადად შედეგზე ორიენტირებული არიან. მათთვის მთავარია საბოლოო შედეგი და ამ შედეგის მიღწევის საშუალებები. ასეთი ტიპის ლიდერები ზრუნავენ საკუთარი ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებაზე, რადგან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სასურველი ხარისხის მიღწევა მხოლოდ საუკეთესო კადრებითაა შესაძლებელი.
 
დღევანდელ ქართულ რეალობაში, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სკოლებში ვხვდებით ტრანსცენდენტურ ლიდერებს – ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ საგანმანათლებლო ლიდერები, იმუშაონ გუნდის მოტივაციის ამაღლებაზე და, რაც მთავარია, ჩართონ ისინი დისკუსიებში. ამ ტიპის ლიდერის მთავარ ღირსებად, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ. მათ შეუძლიათ სკოლის თემი პრობლემებზე ასაუბრონ და მათი გადაჭრის გზებიც ერთობლივად დასახონ. მენეჯმენტის თეორიებიდან ამგვარ ადმინისტრატორის მახასიათებლებში „უჩინარი ლიდერის” თვისებებსაც დავინახავდი – გუნდი მიჰყავს სასურველ შედეგამდე იმ განცდით, თითქოს აღნიშნული იდეების გენერატორები თავად არიან. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს „ტყუილს” და იმას, რომ ადმინისტრატორი არ გაითვალისწინებს თემის მოსაზრებებს. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ადამიანების შრომის ეფექტიანობა იზრდება მაშინ, თუ პრობლემის მოგვარების გზების დასახვის პროცესში თავადაც არიან ჩართულნი. ისინი დაფასებულად და აღიარებულად გრძნობენ თავს, როცა იმ პრობლემაზე, რომელიც მათ უშუალოდ ეხებათ, ლიდერი სთხოვს მოსაზრებების ჩამოყალიბებას და შემდეგ ითვალისწინებს მათ. ეს მიდგომა შეგვიძლია გავავრცელოთ არა მხოლოდ პრობლემასთან, არამედ ზოგადად ორგანიზაციაში დამკვიდრებულ წესებთან მიმართებითაც. ეს საკლასო წესების შემუშავებას ჰგავს – თავიდანვე ვთანხმებით ძირითად პრინციპებზე და შემდგომ მის დაცვაზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამგვარი მიდგომებით მოსწავლეებში არა მხოლოდ სასურველ სწავლის შედეგებს ვაღწევთ, არამედ სკოლაში ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს. „ვგრძნობ, რომ დირექტორი პატივს სცემს ჩემს მოსაზრებებს და ხშირად მეკითხება კიდეც, რა შეიძლება გავაკეთოთ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებით. ეს ბედნიერების განცდაა”, – აღნიშნავს ერთ-ერთი რესპოდენტი კითხვაზე – თუ რა განცდა ეუფლება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ მისი მოსაზრებები სკოლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა. სკოლის ადმინისტრატორებო, გახადეთ მასწავლებლები ბედნიერები!
 
 
 
 
 

 

ლიტერატურა უკეთესი საზოგადოებისათვის

0

ჯონსონი ამბობდა: „მოვალეობის შესრულებისას, მე მთავარს მივხვდი: ყველა ჩვენი ეროვნული
პრობლემის პასუხი
  – პასუხი მთელი სამყაროს
თითოეულ სირთულეზე – ერთ სიტყვამდე დადის და ეს სიტყვა არის განათლება”. 


რთულია, დღევანდელი საქართველოს რეალობიდან გამომდინარე არ დაეთანხმო ზემოთმოყვანილ
აზრს. ჩვენ, ყველანი ვხვდებით ერთმანეთს ქუჩებში, ტრანსპორტში, ოთახებში და საღამოობით
ისევ სახლში დაბუნებულები უფრო მეტად გადაღლილი ვართ ერთმანეთით, იმ აგრესიით, მუდმივი
დაპირისპირებებით სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რაც ხდება ჩვენს რეალობაში. ტელეეკრანებისან,
ინტერნეტსივრციდან ვიღებთ ინფორმაციას, რომლის დიდი ნაწილი ნეგატიურია. რა თქმა უნდა,
ამის გამომწვევი მიზეზები ეკნომიკურ-პოლიტიკურ მწვავე მდგომარეობიდან იღებს სათავეებს,
მაგრამ მე მინდა სხვაზე გავაგრძელო წერა; რა როლი აქვს ლიტერატურას ბავშვის, მოსწავლის
ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელიც პოზიტიურ როლს შეასრულებს თავისი სოციუმისათვის?..

ბაღის ასაკიდან მშობლები შვილებს უკითხავენ ზღაპრებს, შემდეგ უკვე თვითონ სწავლობს
ანბანს და იწყებს ალტერნატიული სამყაროების შემეცნებას. პირადი გაოცდილებიდან მახსოვს,
როგორ დავდგამდი ხოლმე სკამს, ავძვრებოდი, დავდგებოდი და წიგნის მაღალი თაროებიდან
გადმომქონდა ისეთები, რომელთა აზრსაც მაშინ ვერ გავიგებდი და სათაურიც კი რთული იყო
ჩემთვის, ან წაკითხვისთანავე მიყვარდებოდა, აქტი კი ერთი იყო, რომ რაც და როგორც არ
უნდა ყოფილიყო, ჩემმა მშობლებმა მოახერეს ის, რომ მე გამიჩნდა ინტერესი ლიტერატურის
მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ზემოთქმული ინტერესის გაღვივება ბავშვობაშვე მხდეს,
როცა მისი წარმოსახვა უსაზღვროა. ჩვენ ადამიანები ჰო ისე ვართ მოწყობილი, რომ ასაკის
მატებასთან ერთად ჩვენში იმატებენ აზრები და იდეები, მაგრამ მათ მაინც ის ჯიუტი დაჯერებულობა
აკლია, რაც ბავშვობაში გაგვაჩნდა. 

მხატვრული ლიტერატურა, რა ჟანრისაც არ უნდა იყოს ის, მაინც რატომღაც აკეთილშობილებს
ადამიანს. რატომ?.. იმიტომ, რომ ლიტერატურა მუდმივი ფიქრის ინსპირატორია, ის ადამიანი
კი, რომელიც ფიქრობს, რაიმეს განსჯის, თავის გულსა და გონებაში აყალიბებს და შემდეგ
იღებს გადაწყვეტილებებს, იწყებს მოქმედებას, ყოველთვის უკეთესია ხოლმე. ლიტერატურას
უყვარს უხეში, მოუქნელი, ან ჟიულიენ სორელის მსგავსი გმირების შექმნა და ესეც კი ამაღლებულია
იქ, მაგრამ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი პირიქით გადმოვიდეს. 

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ეროვნული პრობლემა თავდათან
მოგვარდეს, რადგან ის ერთი სიტყვა – განათლება – უცხო არ იყოს?.. ლიტარტურა, პირველ
რიგში ის სასწავლო დისციპლინაა, რომელიც მოსწავლეს განსჯის, ფიქრის უნარს აძველს, რაც
უმთავრეს როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბაბაში. მთავარია, რომ ეს ლიტერატურა სწორად
იყოს მიტანილი მოსწავლემდე, სწორად ახსნილი მათთვის, ვინც შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება
უნდა ააშენონ, ან განაახლონ.

 

 

 

 

 

 





ღვინის საქმე

0

აჭარაში ღვინის სმა მომიხდა. ამასწინათ ბიბლიოთეკა გავხსენით. სადაც ჩავდივარ, ეგ აუცილებელი მასპინძელია.

შეიძლებოდა დაგვეწყო ისე, როგორც ალბათ ამ თემაზე საუბარს იწყებენ ხოლმე. ვთქვათ, „in vino veritas”, ან რამე ამდაგვარით.

მაგრამ მე სხვა რამე გამახსენდა:

იცით თუ არა, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენს დიად საბჭოთა მამულში გამოცხადდა ბრძოლა მავნე ტრადიციების წინააღმდეგ? საქართველოში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ქორწილებსა და ქელეხებს მიადგნენ. თითქმის ყველა, ვისაც კალამი უჭრიდა ან არ – ამ თემაზე წერდა. ფელეტონები, ლექსები, კრიტიკული წერილები, ასე განსაჯეთ, რამდენიმე რომანიც კი. ჰოდა, აბა რა იქნებოდა ამ ტექსტთა მთავარი საგანი, თუ არა ღვინო. სადღა იყო ის სახარებისეული არგუმენტი, რომ ეს სასმელი ახარებს გულსა კაცისასა (სხვათა შორის, მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებმა დაასტურა, რომ ღვინო, მაგალითად, საფერავი, ერთგვარი ანტიდეპრესანტია). მოკლედ, გვარიანად გალანძღეს – „ნოეს ნარკოტიკით” დაწყებული, „კაპიტალისტური გადმონაშთების შარბათით” დამთავრებული, რა აღარ უწოდეს. დარწმუნებული კი ვარ, ჩუმ-ჩუმად, საღამოობით, სანდო მეგობრებთან ერთად თვითონაც ჭარბად გეახლებოდნენ, მაგრამ აქ რიტორიკაა აღსანიშნავი.

ჰოდა, ეს ამბავიც ცხადად გამცნობთ, რომ ვერ დამარცხდა. ან კი როგორ დამარცხდებოდა.

მე ვფიქრობ, ღვინო ერთგვარი სახელმწიფოებრივი მეხსიერებაცაა, გარდა იმისა, რომ სიმბოლოა და ერთი იმ იშვიათ ბრენდთაგანი (ვთქვათ, ქართულ ფოლკლორსა და „ვეფხისტყაოსანთან” ერთად), რომლებითაც შეიძლება თავი თამამად მოვიწონოთ საზღვრებს იქითაც.

თუნდაც მთელი თავისი „გადაცდომებით”. კარგად მახსოვს, როგორ აძალებდა სტუმრებს ბაბუაჩემი ყანწებს და თვითონაც „კისერს იტეხდა”. ყანწი კიდევ ჰო, მაგრამ ლამფის შუშები და ქალის ფეხსაცმელებიც გემახსოვრებათ. მაგრამ ღვინომ რა დააშავა? ღვინო თხევადია, რა ყალიბსაც მოარგებ, იმდენი და იმგვარი იქნება. ჩვენი ვალიც თითქოს სწორედ ეს არის – უფრო ფართო აზრით ბუნებრივია, ვიდრე მისი კონკრეტულ სასმისში ჩასხმა.

ამასწინათ საფრანგეთში გახლდით. ზევით რომ სახელმწიფოებრივ მეხსიერებაზე გესაუბრებოდით, იქ კიდევ უფრო განმიმტკიცდა ეს აზრი. ლევილში, ქართულ სათვისტომოში, წინაპართა სურათების გვერდით ქართული ღვინო ედგათ. მისით გიმასპინძლდებიან იმ ღვინის ქვეყანაში. ეს უმნიშვნელო რამე როდია. მით უფრო, უკვე მრავალჯერ ითქვა – კულინარია და მათ შორის ალკოჰოლიც შეიძლება იდენტობის უფრო მკაფიო განმსაზღვრელი იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ენა და ეროვნება.

ჰოდა, ისე დავამთავროთ, როგორც უნდა დაგვეწყო: in vino veritas. მათთვისაც კი, როგორც ერთ ფრთიან ფრაზაში იყო: „ვინც ღვინოს ვერ იტანს”.

ოღონდ ზომიერად. ღვინოს უხდება მისი დატანება.

ტიპური შეცდომები ოჯახურ აღზრდაში

0
 ის, რომ ოჯახის როლი და მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში განუზომელია, დავას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან ტრადიციულად აღზრდის მთავარ ინსტიტუტს სწორედ ოჯახი წარმოადგენს. იმას, რასაც ბავშვი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ოჯახში იძენს, მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ოჯახის, როგორც აღზრდის ინსტიტუტის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ აქ ბავშვი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ატარებს. სწორედ ამიტომ, ბავშვზე ზემოქმედების ხანგრძლივობით, აღზრდის ვერცერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი მას ვერ შეედრება. სწორედ ოჯახში იწყება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მშობლების პიროვნული მახასიათებლები და ხასიათი გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, შფოთიანი დედების შვილები თავადაც შფოთიანები არიან. პატივმოყვარე მშობლები ისე თრგუნავენ შვილებს, რომ თავისდა უნებურად, მათში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ხელშემწყობნი ხდებიან. თავშეუკავებელი მამა, რომელიც უმნიშვნელო მიზეზითაც კი გამოდის წონასწორობიდან, ქცევის მსგავს ტიპს, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარ შვილებშიც აყალიბებს. ასე რომ, ოჯახი, აღზრდის პროცესში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი  ფაქტორის როლში შეიძლება მოგვევლინოს. არცერთ სხვა სოციალურ ინსტიტუტს არ შეუძლია ბავშვის აღზრდის პროცესისთვის იმდენი ზიანის მიყენება, რამდენიც ოჯახს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა ბავშვის აღზრდის პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, როგორ მოვიქცეთ, რომ აღზრდის პროცესში ოჯახის დადებითი გავლენა გავაძლიეროთ, უარყოფითი კი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის აუცილებელია კარგად გავაცნობიეროთ  და გავაანალიზოთ ის შესაძლო და მოსალოდნელი შეცდომები, რასაც ბავშვის აღზრდის პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მართალია, ყველა ოჯახი თავისებური და განსხვავებულია, ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი, ინდივიდუალური, გამორჩეული სტილი აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიკვეთოს ის ტიპური შეცდომები, რომლებიც, როგორც წესი, ბევრ ოჯახში გვხვდება.

     ოჯახურ აღზრდაში მშობლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა ჰიპერმზრუნველობაა. არცთუ იშვიათად, შეიძლება ის გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე მზრუნველობის და ყურადღების დეფიციტი. ჰიპერმზრუნველობა ეს ზრუნვის არაბუნებრივი, მომატებული დონეა. ის გამოიხატება მშობლების სურვილით მუდმივი ყურადღების ქვეშ ჰყავდეს ბავშვი, ყოველთვის დაიცვას ის, აკონტროლოს, თვალყური ადევნოს მის ყოველ ნაბიჯს. ასეთი მშობლების ტიპური გამონათქვამებია: „ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილისთვის ვაკეთებ”; „ჩემი შვილი ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარია”; „ჩემი შვილის გამო მე ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა ცხოვრებში”;  „მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემს შვილზე, მის საქმეებზე, ჯანმრთელობაზე” და ა.შ. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ბავშვს უჩნდება სურვილი მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. ისინი ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის შიში. ასეთი ბავშვები ჭირვეულობით გამოირჩევიან, აკლიათ დამოუკიდებლობა, რის გამოც რეალურ ცხოვრებაში ხშირად განიცდიან წარუმატებლობას და მარცხს. არ შეუძლიათ მობილიზება რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ჰიპერმზრუნველობას საკმაოდ დიდხანს აგრძელებენ, რის გამოც საკუთარ მოზრდილ შვილს თანატოლებთან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. ერთ-ერთი ქალბატონი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი 22 წლის ვაჟი მეგობრის აგარაკზე თანატოლებთან ერთად რამდენიმე დღით აპირებდა წასვლას. “როგორ უნდა გავუშვა, იქ ისინი მარტო, უფროსების გარეშე იქნებიან”, – შეშფოთებას ვერ მალავდა დედა. ის მხოლოდ მაშინ დანებდა და წავიდა დათმობაზე, როცა შვილისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: „დედა, მინდა რომ მენდობოდე, მე რომ რაიმე ცუდის გაკეთება მინდოდეს, ამას აქ, შენ გვერდით მოვახერხებდი”.

     ბავშვის პიროვნულ განვითარებაში უარყოფითი შედეგების მომტანი ხდება ასევე ჰოპერმზრუნველობის საწინააღმდეგო პოზიცია – ავტორიტარიზმი – მკაცრი, სისასტიკემდე მისული ძალაუფლება ბავშვებზე, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ავტორიტარული სტილი ხასიათდება უზომო სიმკაცრით და მომთხოვნელობით. დაშინება, იძულება, დასჯა აღზრდის ამ სტილის მთავარი საშუალებებია. ბავშვებში ის იწვევს შიშის, დაუცველობის გრძნობას. როცა ბავშვი სკოლიდან კარგი ნიშნებით ბრუნდება, მას არ აქებენ. ნაცვლად ამისა, უკითხავენ მორალს, თუ რისკენ უნდა ისწრაფოდეს ცხოვრებაში. დაბალი ნიშნების მიღების შემთხვევაში კი – სჯიან. ბავშვთან ურთიერთობაში ხშირად ადგილი აქვს ირონიას, დაცინვას. ასეთ ოჯახებში ბავშვებს არა აქვთ ემოციური უსაფრთხოების განცდა. მათ უჩნდებათ უნდობლობა ადამიანების მიმართ, თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას. ასეთი ბავშვები მოზრდილობაში ხდებიან სასტიკები, უხეშები, მატყუარები, ფარისევლები, უნებისყოფოები, მხდალები, ზარმაცები, გაბოროტებულები და შურისმაძიებლები.

     ბავშვის პიროვნების ფორმირებისათვის არანაკლებ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება მშობლების მხრიდან. ისინი ხშირად, საკმაოდ ადრეული ასაკიდან, სრულ თავისუფლებას ანიჭებენ ბავშვს. მშობლების ასეთი პოზიციის მიზეზი შეიძლება იყოს მათი დაკავებულობა საკუთარი საქმეებით და პრობლემებით, გულგრილობა ბავშვების მიმართ, ასევე სურვილი ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ბავშვი დამოუკიდებლობას. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად ბავშვს უჩნდება სიმარტოვის და უსუსურობის განცდა ისეთი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისას, რომელთაც, მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში ადვილად გაართმევდა თავს. მშობლიური სითბოსა და ყურადღების დეფიციტის  პირობებში შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას  ბავშვის ინტელექტუალურ და ფსიქიკურ განვითარებას. გარდამავალ ასაკში ასეთმა ბავშვებმა შეიძლება თავი მიანებონ სწავლას დ მოხვდნენ არაკეთილსაიმედო გარემოში. სწორედ ამიტომ, მშობლების უმთავრეს ამოცანას ბავშვისთვის კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიყვარულის სწავლება. მხოლოდ მშობლებთან მჭიდრო კონტაქტმა შეიძლება აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში მყოფი ბავშვები ხშირად ავადმყოფობასაც კი ნატრობენ, რომ იქნებ მაშინ მაინც მოიცალონ მშობლებმა და გარვეული დრო დაუთმონ მას. ალბათ ბევრისთვის საყურადღებო იქნება ერთი მეშვიდეკლასელი გოგონას სიტყვები; მან ჩემ მიერ მიწოდებულ დაუსრულებელ წინადადებას – „მე რომ დედა ვიყო…” – ასეთი გაგრძელება მოუძებნა – „მე რომ დედა ვიყო, ჩემ შვილს პირველ რიგში სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი”. გოგონას ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურვებდა. ერთადერთი, რის დეფიციტსაც განიცდიდა, დედის სითბო, სიყვარული და ყურადღება იყო. ამ ბავშვის დედის მსგავსად, ბევრი მშობელი თავის უყურადღებობას შვილის მიმართ სამსახურში დაკავებულობით ხსნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვისთვის ხშირად დედასთან ათწუთიანი ურთიერთობაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მის სიყვარულში დასარწმუნებლად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი და არა იმ დროის ხანგრძლივობა, რასაც ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა მოიცავს.

     ხშირად, აღმზრდელობითი თვალსაზრისით,  დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არათანამიმდევრულობა ბავშვთან დამოკიდებულებაში. როდესაც მშობელი, საკუთარი გუნება-განწყობილებიდან გამომდინარე, ხან სჯის და ხან ხმას არ იღებს ბავშვის ერთსა და იმავე ქცევაზე. ასეთი მშობლები არაპროგნოზირებადი ემოციური რეაქციებით გამოირჩევიან. ბავშვმა არ იცის, რას უნდა ელოდოს მშობლისგან, ვინაიდან ერთი და იმავე საქციელის გამო მას ხან სჯიან და ხან ეფერებიან. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დაურწმუნებლობის განცდა, ეჭვი ეპარება მშობლის სიყვარულში. მოზრდილობის ასაკში ისინი ძალიან არასტაბილურები არიან პიროვნებათა შორის ურთიერთობებში, აკლიათ სიმტკიცე, სიმყარე და თანმიმდევრულობა ადამიანებთან ურთიერთობაში.

     ოჯახური აღზრდის პრობლემები კიდევ უამრავი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესი ოჯახში საკმაოდ რთული დ მრავალფეროვანია. საჭიროა ბავშვთან დამოკიდებულებაში მოიძებნოს ის „ოქროს შუალედი”, რომელიც ბევრ პრობლემას აგვაცილებდა თავიდან.

ბედნიერი ოჯახი

0
ოქტომბრის ოქროსფერ შაბათს ჩემს ლექტორს ვესტუმრე. უ- ბანიდან როგორც კი თავი ამოვყავი, ხეები და ყვავილები და ფოთლები და სურნელოვანი სითბო სახეში ისე ძლიერად მომაწყდა, თითქოს რომელიმე მძიმე რაგბისტი ყოფილიყოს. თითქოს ჩემი გერმანული, უწონო ბედნიერება კილოგრამებს სწრაფად ისხამდა და მალე ფერხორციანი ბედნიერება მეყოლებოდა. დიახ, ეს ვერნეა. ქალაქის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ლანგენდრეარსა და ჰარპენს შორის მდებარეობს. 

ბევრი ვიარე თუ ცოტა, გავიარე ერთი გრძელი და რამდენიმე მოკლე ქუჩა, ჰოფმანების თეთრ, სამსართულიან სახლს მივადექი. აქ იურგენ ჰოფმანი ცხოვრობს სამ მცირეწლოვან შვილთან და ცოლთან ერთად.

ბავშვობაში ვოცნებობდი, ჩემს სახლს საფოსტო ყუთი ჰქონოდა და მეგობრებისგან წერილები მიმეღო. საერთოდაც, ძალიან მინდოდა, უცხოელი მეგობრებიც მყოლოდა და შობა-ახალ წელს ჩემთვის მისალოცი ბარათები გამოეგზავნათ. ნეტა, როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები შორეულ ქვეყნებში, როგორი თამაშები და სათამაშოები ჰქონდათ, ნეტა, შაბათ-კვირას მშობლებს სად მიჰყავდათ?!

ჩვენს სკოლაში ხანდახან საგულდაგულოდ შეფუთული, ჭრელ-ჭრელი ყუთები ჩამოდიოდა, რომლებიც განკუთვნილი იყო სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის. ჰო, და კიდევ მასწავლებლის შვილებისთვის, ეგრეც ხდებოდა ხოლმე. ამ ყუთებს გერმანელი ბავშვები უგზავნიდნენ ქართველ ბავშვებს. ბედნიერებას ნივთიერად უნაწილებდნენ.

მე არც მასწავლებლის შვილი ვიყავი და ჩემი ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებდა, ასე რომ, იმ ყუთის დასაკუთრების ბედნიერება წილად არასდროს მხვდა. ნეტა იცოდეთ, როგორ მინდოდა. გროვერი ცხვირმიჭყლეტილი რო დგას წუწურაქი კროკერების საკონდიტროს ფანჯარასთან, მასე ვიყავი. ერთხელ ჩავიჭყიტე და სულო და გულო – პრიალ-პრიალა სახატავი რვეულები და პასტელები, ხის ფერადი, სუუუფთა გერმანული სათამაშოები, უხხ…

ახლა კი ვდგავარ სამსართულიან სახლთან, გარს მოვლილი ბაღი რომ აკრავს – მწვანე, მწვანე, ყვითელი ფოთლებით გახალისებული; მაგიდით, სკამებითა თუ გრილით, ვარდის ორიოდე ბუჩქით, ქოლგითა და საქანელით ეს ბაღი ზუსტად ისეთია, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა. საფოსტო ყუთიც ნამდვილი საფოსტო ყუთია, ოღონდაც „Hoffmans” აწერია.

კარს ორმოცი წლის იურგენი, შვიდი წლის ფინი, ხუთი წლის ლინა, ორი წლის მარა და სავარაუდოდ, ორმოცი წლისვე იუდითი მიღებენ. გაღიმებულები. ცოცხალი საოჯახო პორტრეტია. რა მაგარია.

სანამ მე და იურგენი არქეოლოგიური ძეგლების ფიქსაციასა და სხვა პრაქტიკულ თემებზე ვსაუბრობთ, ბავშვები საკუთარი ხელით გვიცხობენ ნამცხვარს. ცომი პატარა ხელებით მოზილეს, ფორმებშიც ჩაასხეს და იუდითმა მხოლოდ ქურაში მოათავსა. ნამდვილი დღესასწაულია, პატარებს განსაკუთრებულად უხარიათ უფროსული საქმიანობები.

აქ ბავშვებს ბევრს არაფერს უკრძალავენ, აქ ბავშვებს ნამდვილი ბავშვობა და ყველაფერში ცხვირის ჩაყოფის ბავშვური ბედნიერება აქვთ. მესამე სართული კი, „შფილფლაცად” წოდებული, უზარმაზარი სათამაშო არენაა სხვადასხვა გასართობითა და უამრავი სათამაშოთი. მაგრამ სამივე სართული მაინც ბავშვებისაა: ფინს ყოველთვის ავიწყდება, რომ თავისი მანქანების უზარმაზარი კოლექციის ნაწილი სასურველია, პირველ სართულზე არ იყოს განთავსებული; ლინა ცხენებზეა შეყვარებული, ოღონდ-არაპრინცესულად. მისი ინტერესთა სფერო მაინცდამაინც თეთრი რაშებით არ შემოიფარგლება და ფუმფულა სათამაშოების ნაცვლად ლინდა ჩეპმანის წიგნებთან ერთად სძინავს. წიგნების ეს სერიები იმ ჯადოსნური სამყაროს შესახებ მოგვითხრობენ, რომელშიც პონი ვოლკე და მისი მეგობრები ცხოვრობენ. ლინა არაფრისდიდებით გაცვლის ბედნიერ ძილს წესრიგზე და საწოლს ბიბლიოთეკის ფუნქციას არ წაართმევს. მარა კი, მარა ორი წლისაა და ჯერჯერობით, მხოლოდ გასტრონომიული გატაცებები აქვს და ამ გატაცებებში ოსტატურად ამოთხვრის ნიჭი.

ჰოფმანების ორი ათას თხუთმეტი წლის კალენდარიც ოჯახურია. ოქტომბრის თვის საილუსტრაციოდ რომელიღაც ჰოლანდიურ ტყეში გადაღებული ოქროსფერი, ოჯახური ფოტოა წარმოდგენილი. ყველგან ფოტოები, ბავშვების ნახატები, სათამაშოები და საბავშვო წიგნებია. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ბავშვები ცხოვრობენ. ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად ცხოვრობენ. უფროსების საუბარშიც ერევიან და დიახაც, ხანდახან რაღაცებსაც აფუჭებენ. ხანდახან საყვედურებსაც იღებენ და ხანდახან ისჯებიან კიდეც. ხანდახან კი მამის ქართველ მეგობარს უგემრიელეს ნამცხვარს უცხობენ, მერე ბაღში მაგიდას გააწყობენ, ნამცხვარს ზედ ჟივილ-ხივილით შემოდგამენ და მე, 90-იანელი ქართველი ბავშვი, ოქტომბრის ამ მზიან დღეს ჩემი ბავშვობის ოცნებაში ვხვდები.

სანამ ფოტოს გადავიღებთ, ყველაფერი ისედაც ფოტოსურათივითაა: ღიმილი, ბედნიერი ოჯახი, ოჯახის მეგობარი, ჩაის თხელი, გამჭვირვალე ჭიქები, ვაშლის ნამცხვარი, ოქტომბრის თბილი დასაწყისი, მოწნული, თეთრი სკამები, მაგიდაც თეთრი, მწვანე ბალახი ყვითელი ფოთლებით. ყველაფერი ზუსტად იმ ფოტოსურათივითაა, რომელიც ძალიან მინდოდა, ბავშვობაში ჩემი უცხოელი მეგობრისგან მიმეღო.
 

კონფუცი და მისი მოძღვრება

0
კონფუციანელობა ეთიკურ-პოლიტიკური მოძღვრებაა, რომელიც ჩინეთში „სწავლულთა სკოლის” სახელითაა ცნობილი. ეს მოძღვრება წარმოიშვა ძვ. წ. V საუკუნეში, როდესაც „ცისქვეშეთი” (ასე ეძახდნენ ჩინელები ჩინეთს) პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდიდა. ხანის დინასტიის ეპოქაში (ძვ. წ. 206–დან ახ. წ. 220 წლამდე) კონფუციანელობა ჩინეთის ოფიციალურ მოძღვრებად გარდაიქმნა და ეს სტატუსი XX საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა, სანამ მაო ძე დუნის ინიციატივით მას კომუნისტური იდეოლოგია ჩაანაცვლებდა. ამ დროს კონფუციანელობას აკრიტიკებდნენ როგორც მოძღვრებას, რომელიც თითქოსდა პროგრესის წინააღმდეგ გამოდიოდა. მხოლოდ 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო მისი ხელახალი აღორძინება და დღეს ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის სულიერ ცხოვრებაში.

ფორმალურად კონფუციანელობა არ წარმოადგენს რელიგიას, რადგან მას არ გააჩნია ეკლესია როგორც ინსტიტუტი და მასში თითქმის არ არის საუბარი რწმენასა და ღმერთზე, თუმცა საკუთარი მნიშვნელობითა და ხალხის ცნობიერების აღზრდის თვალსაზრისით ის სრულყოფილად ასრულებს რელიგიის ფუნქციას. 

კონფუციანელობის დამაარსებელი კუნ-ფუ-ძი (ევროპული ტრადიციით – კონფუცი) ძვ. წ. 551 წელს დაიბადა ლუს სამეფოში. მამამისი, შულიან ჰე, ცნობილი მეომარი და ძველი არისტოკრატული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. პირველი ქორწინებიდან მას ცხრა ქალიშვილი ჰყავდა, ხოლო მეორიდან – ერთი ხეიბარი ვაჟი. მამა ძალიან განიცდიდა, რომ გვარის ღირსეული გამგრძელებელი არ ჰყავდა. 63 წლისამ მესამე ცოლი შეირთო, რომელიც მასზე გაცილებით უმცროსი იყო. მალე ვაჟი შეეძინათ, თუმცა მამამ შვილის დაბადებით დიდხანს ვერ იხარა – მალე გარდაიცვალა. პატარა კუნ-ფუ-ძი და დედამისი სხვაგან გადასახლდნენ, რადგან შულიან ჰეს პირველი ორი ცოლისგან შევიწროებულად იგრძნეს თავი.

კონფუცი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ინტელექტითა და შრომისმოყვარეობით. იმ დროს, როდესაც მისი ტოლები თამაშობდენენ, ის ბრძენ უხუცესებთან საუბრით იყო გართული. 7 წლის კუნ-ფუ-ძი სკოლაში მიაბარეს, სადაც ექვსი უნარის ათვისება იყო აუცილებელი: რიტუალების შესრულება, მუსიკის მოსმენა, მშვილდ-ისრის ხმარება, საბრძოლო ეტლის მართვა, წერა-კითხვა და ანგარიში. კონფუცის აღმოაჩნდა ფენომენალური ნიჭი კლასიკურ წიგნებში მოცემული ცოდნის ათვისებისა, რის გამოც მასზე ამბობდნენ: „მას არ ჰყოლია მასწავლებლები, მას მხოლოდ მოსწავლეები ჰყავდა”. სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის ასაკში, ის უკვე სახელმწიფო ჩინოვნიკად გვევლინება. მის ფუნქციებში სამეფო ბეღლის მოვლა-პატრონობა შედიოდა. ამის თაობაზე კონფუცი ამბობდა: „ნუ დარდობ იმის გამო, რომ არ გიკავია მაღალი პოსტი; იფიქრე იმაზე, რომ პირნათლად ასრულებდე შენს მოვალეობას”.

25 წლის კონფუცი ჩინეთის მთელმა კულტურულმა ელიტამ აღიარა უდიდეს მოაზროვნედ. მისი ცხოვრების ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტს წარმოადგენს ვიზიტი ჩინეთის იმპერატორის კარზე. ამ ვიზიტმა საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ ის იყო მემკვიდრე და მცველი ძველი ტრადიციისა (ასეთად მიიჩნევდნენ მას სხვებიც). კონფუციმ გადაწყვიტა, დაეარსებინა ტრადიციულ სწავლებებზე დაფუძნებული სკოლა, სადაც ადამიანი შეიმეცნებდა გარე სამყაროს, ადამიანებს და მაქსიმალურად გამოავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს. მას მოსწავლეები „სრულყოფილ”, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო ადამიანებად უნდა აღეზარდა. ამიტომაც ასწავლიდა განსხვავებულ დისციპლინებს, რომლებიც იმდროინდელ მკაცრ სამეცნიერო კანონებს ეფუძნებოდა. კონფუცი მკაცრი მასწავლებელი იყო: „ის ვინც არ სვამს კითხვას „რატომ?” – იმსახურებს, რომ მე ვკითხო საკუთარ თავს: რატომ უნდა ვასწავლო მას?”

იმ დროისთვის კონფუციმ უკვე ისე გაითქვა სახელი, რომ სამეფო ლუს მართლმსაჯულების მინისტრად დანიშნეს. მან შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ისე კარგად წარმართა საქმე, რომ მეზობელ სამეფოებს შეეშინდათ ამგვარი წარმატებისა, ამიტომ დაიწყო გაუთავებელი ინტრიგები მის წინააღმდეგ და საბოლოოდ კონფუცის პოსტის დატოვება მოუხდა. 

კონფუციმ სამეფოც დატოვა და მთელ „ცისქვეშეთში” დაიწყო მოგზაურობა. ის მოძღვრავდა როგორც სახელმწიფოების მმართველებსა და მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე უბრალო ადამიანებს. სადაც კი გაივლიდა, ყველგან დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ ის პასუხობდა: „ჩემი ვალია, საკუთრი მოძღვრება ყველა ადამიანს ვუქადაგო, რადგან ყველა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს, ერთი დიდი ოჯახის წევრია. სწორედ ამ ოჯახის მიმართ მაკისრია დამრიგებლის წმინდა მისია”.

კონფუცისთვის ცოდნა და სათნოება ერთიანი და განუყოფელი იყო, ამიტომ ცხოვრება მისი ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად წარმოადგენდა მისი მოძღვრების განუყოფელ ნაწილს. შეგვიძლია, ტოლობის ნიშანი დავსვათ კონფუცის ცხოვრებასა და მისივე მოძღვრებას შორის.

კონფუცი გარდაიცვალა ძვ. წ. 479 წელს. ის დღემდე რჩება ჩინეთის სულიერი ისტორიის უდიდეს მოღვაწედ. მისმა ერთ-ერთმა თანამედროვემ თქვა: „ცისქვეშეთი დიდი ხანია ქაოსშია, მაგრამ ახლა ცამ გადაწყვიტა, მასწავლებელი გამოფხიზლების ზარად ექცია”.

კონფუცის არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი და თავისი ცხოვრების გზა რამდენიმე სიტყვით აღწერა:
„15 წლისამ მე საკუთარი აზრები სწავლისკენ მივმართე.
30 წლისამ მივაღწიე დამოუკიდებლობას.
40 წლისამ შევძელი ორჭოფობისგან გათავისუფლება.
50 წლისამ შევიცანი ცის ნება.
60 წლისამ შევძელი სიმართლისა და ტყუილის გარჩევა
70 წლისა მივყევი საკუთარი გულის კარნახს და არ ვარღვევდი ღვთიურ წესებს”.

ლეგენდა გვაუწყებს, რომ როდესაც სახელგანთქმული ფილოსოფოსი ლაო-ძი (ძვ. წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი” ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ლაო-ძიმ კაცობრიობას დაუტოვა ფილოსოფიური თხზულება „დაო დე ძინი”. ამ თხზულებამ ჩაუყარა საფუძველი ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას – დაოსიზმს (ვიკიპედია)) უკვე ძალიან მოხუცებული იყო, ის მოინახულა ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი პროვინიციიდან. ეს მამაკაცი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწავლას მიუძღვნა, იმისთვის წარდგა ფილოსოფოსის წინაშე, რომ მისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა. როგორც ლაო-ძის, მასაც აწუხებდა ჩინეთში შექმნილი ვითარება. ახალგაზრდას სწამდა, რომ ძველ დროში – „ოქროს ხანაში” – ცხოვრება უკეთესი იყო და ქვეყანაც ყვაოდა. ეს ახალგაზრდა კუნ-ფუ-ძი იყო. ამგვარ დასკვნამდე ის მას შემდეგ მივიდა, რაც ძველი ჩინური ლიტერატურა და ფილოსოფია შეისწავლა.

თავისი დროის ეს ორი ბრძენკაცი წუხდა ჩინეთში გამეფებულ სოციალურ და ზნეობრივ კრიზისზე. ამ გამოწვევას ლაო-ძიმ რადიკალური პასუხი გასცა: მისი დროის კანონები და ადათები მოძველდა და არაბუნებრივად გამოიყურებოდა, ამიტომ გამოსავალი მათ შესრულებაზე უარის თქმა იყო, კონფუცი კი, როგორც ნამდვილი კონსერვატორი, ქადაგებდა, რომ ყველაფერი კარგი, რაც წარსულიდან შემორჩა, უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული და ახალი დროის შესაბამისად მოდიფიცირებული. სწორედ წარსული იყო, მისი აზრით, აწმყოსა და მომავლის გასაღები. კონფუცი არ ცდილობდა შეექმნა ახალი რელიგია ან ეთიკური სისტემა. მის წინაშე იგივე კითხვები იდგა, რომლებიც მის წინამორბედ ლაო-ძის აწუხებდა: რა არის სიცოცხლე? როგორ ვიცხოვრო სრულფასოვნად? რა გავაკეთო იმისთვის, რომ გავხდე ბედნიერი? ვინ ვარ მე? – და სხვა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კონფუციმ ბუნებას მიმართა. მან შეამჩნია, რომ ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და დაასკვნა: საუკეთესო, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს ამქვეყნად, ისაა, რომ მიჰყვეს ბუნებას და მასში გამეფებულ ჰარმონიას. ასე რომ, ჰარმონია როგორც ლაო-ძისთვის, ასევე კუნ-ფუ-ძისთვისაც იდეალს წარმოადგენდა.

მაშ, რაში მდგომარეობს განსხვავება ამ ორ ადამიანს შორის? უპირველეს ყოვლისა, ისინი სრულიად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ. ყოველ საკითხს, რომელსაც სვამდნენ, განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო სხვადასხვაგვარად წყვეტდნენ. მაშინ როდესაც ლაო-ძი ინდივიდუალიზმისკენ იხრებოდა, კონფუცის მიაჩნდა, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობა საზოგადოების წინაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულება იყო. ასე რომ, ჰარმონია ადამიანისთვის ნიშნავდა ჰარმონიას სხვა ადამიანებთან. ლაო-ძი ფიქრობდა, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობაა საკუთარი თავის შემეცნება, ხოლო მისი ოპონენტი მიიჩნევდა, რომ ადამიანი დანიშნულებაა, ითანამშრომლოს სხვებთან და შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებსაც საზოგადოება უყენებს. როდესაც პიროვნება საკუთარ თავში ავითარებს ადამიანებისადმი ჰარმონიული დამოკიდებულების უნარს, ის კოსმიური ჰარმონიის შემეცნებასაც შეძლებს. კონფუცი ხედავდა, რომ ყველა ადამიანი არ იქცეოდა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის წესების თანახმად, მისი პრაქტიკული გონებისთვის კი ეს იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოებას გარკვეული წესები სჭირდებოდა. კონფუცი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ძველ ჩინურ ტრადიციას. მისი აზრით, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა ახალი წესებისა და კანონების დამატება – მისი ვალი იყო, განევრცო და მომავალი თაობებისთვის გადაეცა ცოდნა ამ წესებისა და კანონების შესახებ.

კონფუცის აზრით, ყველა წეს-ჩვეულება და კანონი ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე იქმნება. ადამიანთა ერთობლივი ცხოვრება ქმნის პრობლემებს და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად იქმნება წესები. იქ, სადაც ცხოვრობს ბევრი ადამიანი, იქმნება ბევრი პრობლემა, ხოლო იქ, სადაც ხალხი ცოტაა, პრობლემაც ნაკლებია. დიდი ქალაქის მმართველი ორგანოები გაცილებით რთულია, ვიდრე პატარა დასახლებისა. 

წეს-ჩვეულებები მით უფრო მეტად ფასობს, რაც უფრო კონკრეტულია. ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ, იცხოვრონ ორგანიზებულ სოციუმში, თავს უფრო მყუდროდ გრძნობენ, როდესაც არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ერთიან სისტემას ქმნის. ამიტომ საუკუნეების განმავლობაში კონფუცის მიმდევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქცევის წესების კრებულებს, რომლებშიც, მაგალითად, დაწვრილებითაა აღწერილი როგორც მეგობრების ურთიერთობა, ასევე წინაპართა თაყვანისცემა. ამ კრებულებში საუბარია იმაზე, როგორ უნდა ჩაიცვას ადამიანმა ან როგორ უნდა ისაუბროს. როგორც ვხედავთ, კონფუციანელობა ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.

იმისათვის, რომ საზოგადოებას კარგად გაეგო, როგორ უნდა ეცხოვრა, კუნ-ფუ-ძიმ აღწერა „სრულყოფილი ადამიანი”. ამგვარ ადამიანს საკუთარ თავში უნდა გამოემუშავებინა ხუთი ზნეობრივი პოსტულატი. მათი გამომუშავება და დახვეწა მანამდე უნდა გაგრძელებულიყო, სანამ ისინი ადამიანისთვის სუნთქვასავით ბუნებრივი არ გახდებოდა. 
ჭეშმარიტი ურთიერთობები – ესაა პირველი იმ ხუთი სათნოებიდან, რომლებიც „სრულყოფილ ადამიანს” უნდა ჰქონდეს. ეს სათნოება სხვა ადამიანებთან ურთიერთობას გულისხმობს. კონფუცის აზრით, პიროვნება ვერ შეასრულებს საკუთარი თავისთვის დასახულ ამოცანას, – იგულისხმება „სრულყოფილ ადამიანად” ქცევა, – სანამ სხვებთან თანხმობაში არ იცხოვრებს. ამგვარი თანხმობა ქცევით გამოიხატება. ყველა ადამიანში ფარულად არსებობს მარცვალი ამგვარი ურთიერთობებისა, მაგრამ აუცილებელია მათ აღმოცენებაზე ზრუნვა. 

ჭეშმარიტი ქცევა „სრულყოფილი ადამიანის” მეორე სათნოებაა. კეთილშობილი გონების ადამიანს, რომელიც შეისწავლის ქცევის წესებს, შეუძლია, ისინი ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში გამოიყენოს. მან კარგად იცის ეტიკეტის ყველა წესი, რომლებიც განსაზღვრავს, რა მოეთხოვება ადამიანს ამა თუ იმ სოციალურ სიტუაციაში. მან ასევე იცის ყველა რიტუალი, რომლებიც წინაპართა პატივის მისაგებადაა განკუთვნილი. „სრულყოფილმა ადამიანმა” იცის, როგორ დაჯდეს, როგორ ადგეს, როგორ ილაპარაკოს, როგორ იაროს, როგორ აკონტროლოს საკუთარი მიმიკა და სხვა. მაგრამ ყველა ამ წესის შესრულება ფუჭი იქნება, თუ ადამიანს ჭეშმარიტი ურთიერთობების დამყარება არ შეუძლია. 

ჭეშმარიტი ცოდნა „სრულყოფილი ადამიანის” მესამე მახასიათებელია. ასეთი ადამიანი აუცილებლად განათლებული უნდა იყოს. კონფუციანელის მიზანი ნელ-ნელა ცოდნის შეძენაა, რომლის წესების დაუფლებაც ისეთ სრულყოფილებამდე უნდა მივიდეს, რომ ჩვევაში გადაიზარდოს. კონფუცის აზრით, ისტორიის, ლიტერატურისა და სამოქალაქო სამართლის (ჩინური კლასიკა) ცოდნა ხელს უწყობს ადამიანს ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებაში. „სრულყოფილი ადამიანი” ისე გეგმავს საკუთარ განათლებას, რომ მასში ყველა ამ დარგის შესწავლა შედიოდეს. 

როდესაც კონფუცი განათლების მნიშვნელობაზე საუბრობდა, ის არ სთავაზობდა საზოგადოებას რაიმე ახალს. ის იმეორებდა იმას, რასაც ძველები ამბობდნენ. კონფუცის აზრით, საზოგადოებრივი წესრიგი ემყარება მორალის საფუძვლებს. ის ამბობდა, რომ მორალი უნდა აღწევდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი არსებობა მმართველობაში. ეს იმით აიხსნება, რომ მმართველები ყველას მასწავლებლები არიან. სწორედ ისინი უნდა იძლეოდნენ ზნეობრივ მაგალითს. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი „ოქროს ხანის” დადგომა, როდესაც ყველა ადამიანი ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი გახდება.

მეოთხე თვისება, რომელიც „სრულყოფილ ადამიანს” უნდა ჰქონდეს, სულის ჭეშმარიტი მდგომარეობაა. ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანი საკუთარი თავის ერთგული და მოყვასისადმი გულმოწყალე უნდა იყოს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ასეთი პიროვნება, ყველაფერი ადამიანური ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ურყევობა „სრულყოფილი ადამიანისთვის” დამახასიათებელი მეხუთე თვისებაა. მიაღწევს რა პირველ ოთხს, ის მთელი სიცოცხლე მათი ერთგული რჩება. „სრულყოფილი ადამიანი” კეთილი და სხვებისთვის სასარგებლოა და კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 

როგორც ვხედავთ, კონფუცის აზრით, ადამიანმა უნდა გაიაროს მომზადების რთული კურსი. დახვეწოს საკუთარი ქცევა, თვისებები და აზროვნება. როდესაც ის მიაღწევს „სრულყოფილებას”,გახდება კეთილი, სულგრძელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო.

ზემოთ ჩამოთვლი ხუთ თვისებას კონფუციანელები ამატებდნენ ხუთი ტიპის ადამიანთაშორის ურთიერთობებს, რომლებსაც სკოლის ასაკიდან ასაწავლიდნენ ბავშვებს. ესენია ურთიერთობა ცოლსა და ქმარს, მამასა და შვილს, უფროს და უმცროსს ძმებს, ხელმძღვანელსა და ხელქვეითს და მეგობრებს შორის. კონფუციანელების აზრით, ადამიანის ურთიერთობათა წრე შეზღუდულია, ამიტომ პიროვნებას ყველასთან ურთიერთობა არ შეუძლია. აი, ამიტომ ესმება ხაზი ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს და არა ადამიანთა შორის საყოველთაო სიყვარულს. 

როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვით, დაახლოებით ორი ათასი წლის განმავლობაში კონუფიციანური იდეოლოგია ბატონობდა ჩინურ განათლებაში, მმართველობასა და კულტურაში. ოფიციალურად ის დასრულდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ. მაგრამ ადამიანები ასე ადვილად ვერ ივიწყებენ ძველ ტრადიციებს, ამიტომ კონფუცის მოძღვრება სიცოცხლეს აგრძელებდა. როდესაც მაო ძე დუნი გარდაიცვალა და ჩინურ საზოგადოებაში ეკონომიკური მოდერნაციის სიომ დაბერა, ახალმა იდეოლოგიამ ისევ კონფუციანელობისკენ იბრუნა პირი.

მარადიული თემა

0

მშვენიერი საღამო გვქონდა გუშინ – დიდი, დიდი ხნის უნახავი კლასელები შევხვდით ერთმანეთს ჩვენთან, ჩემი და ზაზას მყუდრო სახლში პატარა, მეგობრული და მონატრებული ვახშამი გავმართეთ.

შემოდგომის წვიმიან საღამოს ძალიან მოუხდა აირღუმელიდან გამომავალი კომშის სურნელი, ქლიავსა და კომშთან ერთად შემწვარი კარტოფილიც გემრიელი იყო, სულგუნიანი ყაბაყის ნავებიც, ქლიავის ნამცხვარიც და შოკოლადის კექსიც. ვისხედით და სკოლას, ბავშვობას, ერთმანეთის გარეშე გატარებულ წლებს ვიხსენებდით. ჩვენს ასრულებულ თუ დავიწყებულ ოცნებებზე, შეცვლილ პროფესიებზე, სამსახურზე, შეყვარებულებზე, ქმრებზე, შვილებზე, წიგნებზე და მუსიკაზე ვლაპარაკობდით. მაგრამ ეს თავიდან, მერე, თავადაც ვერ მივხვდით, როგორ, საუბარმა ერთი მიმართულება მიიღო და ჩვენ, ყველანი სკოლაში დავბრუნდით…

– გახსოვს, იმ მასწავლებელს როგორი მწარე ხელი ჰქონდა? გახსოვს, დასვენებაზე მაგრად რომ ვიჩხუბეთ და ლამის ყურები ავახიეთ ერთმანეთს? გახსოვს, ჩვენი კორპუსის უკან რომ ვურტყით ერთმანეთს? გახსოვს, ის რომ მაგრად დაგცინოდა? გახსოვს, იმას რომ ძალიან დასცინოდი? გახსოვს, რაღაც უცნაური სახელი რომ შეგარქვეს და ძალიან გწყინდა? გახსოვს, ერთხელ რომ წაიქეცი და სიცილი დაგაყარეს? ის ჩვენი კლასელი გახსოვს, თმის უცნაური ფერის გამო რომ დასცინოდნენ? ის თუ გახსოვს, ერთი მასწავლებელი უცნაურ მეტსახელებს რომ გვეძახდა? ის გოგო არ გახსოვს, ფერადი და უცნაური სამოსი რომ ეცვა და ბიჭები დასცინოდნენ? გახსოვს, ნიუტონას რომ გეძახდნენ? გაკვეთილზე ხელის აწევის რომ გეშინოდა?  გახსოვს? გახსოვს? გახსოვს?

რამდენი მეტსახელი გავიხსენეთ, რამდენი დამცინავი თუ შეურაცხმყოფელი მიმართვა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების მერე 17 წელი გავიდა და ჩვენი მეხსიერება უამრავი სხვა მოვლენითა და თუ ფაქტით, გრძნობითა და შეგრძნებით შეივსო, სკოლის მოგონება მაინც უცვლელი დარჩა. დღემდე მახსოვს მარჯვენა ხელისგულის ოდნავი დაბუჟების შეგრძნება, როცა ერთ ბიჭს, რომელმაც „ძაღლიშვილი” მიწოდა, სილა გავაწანი. დღემდე მახსოვს, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ გარდაცვლილი მამაჩემი ასე არავის უხსენებია და მეორე იმიტომ, რომ იმ ბიჭს ლოყა მაგრად გაუწითლდა და რამდენიმე დღე ჩემი ხელის ანაბეჭდი ეტყობოდა.

ისიც მახსოვს, ვიღაცას თმის ფერის გამო რომ დასცინოდნენ, ვიღაცას მათემატიკის სიყვარულის, ვიღაცას მეტყველების დეფექტის ან სულაც იმის გამო, რომ ლექსებს სხვების მსგავსად ვერ იზეპირებდა…

17 წელია სკოლა დავამთავრე და მალე თორმეტი წელი გავა მას მერე, რაც ჩემი პირველი გაკვეთილი ჩავატარე. ყოველ სკოლაში, სადაც მიმუშავია, ყველა კლასში, რომელშიც შევსულვარ, პირველი და ყველაზე მტკივნეული იმის აღმოჩენა იყო, რომ აქაც ჩაგრავენ, აქაც დასცინიან და აქაც აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა.

რასაკვირველია, ყველა სკოლა, კლასი, შემთხვევა, მასწავლებელი, ბავშვი განსხვავებულია და ალბათ, ძნელია ისეთი გამოსავალი იპოვო, რომელიც ყველას მოერგება, მაგრამ მაინც, მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც ერთ-ერთი კონკრეტული მასწავლებლის გამოცდილება, აქტივობათა თანამიმდევრობა ბულინგთან ბრძოლის რთულ პროცესში.

მოკლედ, როგორ ვიქცევი მე, როდესაც საკლასო ბულინგის შემთხვევას ვაწყდები:

1.სულ თავიდან, აუცილებლად ვადგენ ჩემი მოქმედების გეგმას;

2.პირველ რიგში, ისე რომ მოსწავლეების ყურადღება არ მივიპყრო, ვცდილობ მაქსიმალურად მეტი გავარკვიო ძალადობის კონკრეტული შემთხვევის შესახებ, გავიგო მოძალადისა და მსხვერპლის, ძალადობის მიზეზის, მასში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეუმჩნევლად იმოქმედოთ, რომ არ დააფრთხოთ მოსწავლეები თქვენი აქტივობით და დანაშაულის დაფარვისკენ არ უბიძგოთ, მათ შეიძლება დროებით შეწყვიტონ მოქმედება, შეცვალონ მოქმედების ადგილი ანდა განსაკუთრებით სასტიკად დააშინონ მსხვერპლი;

3.როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ბავშვების ვინაობას ვიგებ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ვიწყებ მუშაობას მათთან სხვადასხვა საშუალებით:

ა. ინდივიდუალური საუბარი – მოძალადესა და მსხვერპლთან, სასურველი, მეტიც, აუცილებელია სკოლის ფსიქოლოგის ჩართვა პროცესში;

ბ. საუბარი კლასში, საგაკვეთილო პროცესში ძალადობის შესახებ მასალის ჩართვა;

გ. სხვადასხვა შემთხვევის განხილვა, დისკუსია;

დ. ფილმებისა და წიგნების შერჩევა არასაკლასო მუშაობისთვის;

4.მუშაობა მსხვერპლთან – ვმუშაობ მისი თვითშეფასების ამაღლებაზე, თავდაჯერებაზე, ვუფიქრებ ისეთ როლსა და აქტივობას, რომელიც განსაკუთრებით გაზრდის კლასში მის მიმართ პატივისცემას;

5.ვგეგმავ ექსკურსიებს, კინოსა თუ თეატრში, ან უბრალოდ პარკსა თუ კაფეში კლასის ერთად გასვლას. ვქმნი მაქსიმალურად ბუნებრივ, საინტერესო სიტუაციას, რომლის დროსაც უკეთ ვაკვირდები მოსწავლეების ქცევას.

6.მუშაობა მოძალადესთან – დიახ, არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა, მასაც სჭირდება დახმარება, ხშირად მოძალადე თავადაც მსხვერპლია, მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოექცეთ;

7.ყოველთვის, როდესაც ბულინგის შემთხვევას ვაწყდები, ერთგვარად ბეწვის ხიდზე დავდივარ, ჯერ ერთი, უნდა ვიმოქმედო ისე, რომ ბავშვები არ დავაფრთხო, მეორე – არ უნდა დავივიწყო სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების როლი, ოღონდაც განსაკუთრებით ფრთხილად, რადგან სიტუაცია მეტად ფაქიზია.  მათ მაშინ მივმართავ, როდესაც საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდები სიტუაციას, ოღონდ ისეც უნდა განვსაზღვრო, რომ დროში ძალიან არ გაიწელოს.
საუკეთესო მეთოდი ძალადობის პრევენციაა, რომელსაც ყველა მასწავლებელი წინასწარ უნდა გეგმავდეს აქტივობების მთელი ციკლის სახით, რომელშიც შევა კითხვის საათი, დისკუსია, ფილმის ჩვენება, თუნდაც სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა, სტუმრების მოწვევა და კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი, ყოველთვის ფხიზლად იყავით – თუ რომელიმე მოსწავლე მიზეზების გარეშე ცდილობს სკოლა გააცდინოს, სკოლაში არ მოუხარია, თუ კი რომელიმე მოსწავლე დანარჩენებს თვალს არ უსწორებს, ცდილობს უჩინარი იყოს, თუ კი არის ბავშვი, რომელსაც დასცინიან, თუკი არის ბავშვი – რომელიც დასცინის…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...