კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

„… მიცინის ციდან… მიცინის მთვარე…“

0
ერთხელ, სულ პატარამ ცას ავხედე და იქ მთვარე დავინახე. სავსე და ნათელი იყო. მაშინ მითხრეს, მთვარე ტყეში წასულ ადამიანებს გზას უნათებსო. მარტო ტყეში წასულებს? შევწუხებულვარ თურმე. არაო, დამამშვიდეს, ყველას გაუნათებს, ვინც ღამით გარეთ არის და შინისკენ მიმავალ გზას აჩვენებსო. ანუ, რა გამოდიოდა? მთვარე ადამიანებს სახლში დაბრუნებაში ეხმარებოდა.

მას შემდეგ ყოველ ღამე ავხედავდი ხოლმე, ხან სავსე იყო, ხან ნამგლისებური, ხან კი საერთოდაც არ ჩანდა. ღრუბლები მალავენო, მეუბნებოდნენ. მე კი სულ იმ ადამიანებზე ვწუხდი, ვინც სწორედ იმ დროს სახლისკენ წასასვლელ ბილიკს ეძებდა, მაგრამ მთვარის გარეშე პოვნა უჭირდა.

ნამგლისებური მთვარისგან კვლავ სავსე იბადებოდა და ცაც ზოგჯერ ისეთი მოწმენდილი და წყნარი ჩანდა… ასეთ ღამეს თუ დაიწერებოდა…

„…ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!…”

ძველად სჯეროდათ, რომ მთვარეს თუ დიდხანს უმზერდი, ძილი მოგერეოდა. გამოდის, რომ სახლისკენ მიმავალ ადამიანს განათებული ბილიკისთვის უნდა ეყურებინა და რაც არ უნდა ლამაზი ყოფილიყო მთვარე, მისთვის დიდხანს არ ემზირა.

„… მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით…”

დიახ, მის შუქში გახვეულს სიზმრის ღვთაება მოგაკითხავდათ და სიზმრების სამყაროში წაგიყვანდათ. ბერძნულ მითოლოგიაში ჰიპნოზს ვაჟი ყავს, სახელად მორფეუსი, სიზმრის ფრთიანი ღვთაებაა, ადამიანებს ძილში ევლინება და სხვადასხვა ფორმას იღებს. ჩვენ კი ამ დროს ტკბილ, ნაზ, საშიშ ან სულაც სულელურ სიზმრებს ვხედავთ. სიზმრის ხარისხი მორფეუსის ხასიათზე თუა დამოკიდებული.

შესაძლოა სულ პირიქითაც მოხდეს და მთვარემ სიზმრების სამყაროს ნაცვლად თავისთან მოგვიხმოს.
„…მიცინის ციდან, მიცინის მთვარე…
მეძახის, მიხმობს, მისკენ მეწევა,
და თუ ავფრინდი მთვარეზე ერთხელ…
ვიცი მდევარი ვერ დამეწევა…” (ჩემთვის უცნობი ავტორი)

მთვარეზე ჰელიოსის და სელენა ცხოვრობს. ქიმიაში ელემენტი სელენი გვაქვს. სელენი ბერცელიუსმა აღმოაჩინა გოგირდმჟავას ქარხნების კამერების წითელ ნალექებში და სელენი (ბერძნ. Selen-მთვარე) უწოდა.

სელენი და მისი ქვეჯგუფის ელემენტები ტელური და პოლონიუმი p-ელემენტებია. სელენი და ტელური ბუნებაში ისეთ იშვიათ მადნებში გვხვდება, როგორიცაა: ბერცელიანიტი (Cu,Ag,Te)2Se, ნაუმანიტი Ag2Se, გერიტი Ag2Te, ალთაიტი PbTe, სილფანიტი AgAuTe4 და სხვა. ისიც აღსანიშნავია, რომ სელენი და ტელური ბუნებაში მეტწილად გოგირდოვან მადნებში იზომორფული მინარევების სახით გვხვდება, მაგ. სპილენძის ალმადანში CuFeS2 და რკინის ალმადანში FeS2. გოგირდმჟავას წარმოებისას ამ მადნების გამოწვისას მათში შემავალი სელენი თითქმის მთლიანად ტყვიის კამერაში იყრის თავს, სადაც ის შლამის სახით ილექება. ამ უკანასკნელის ციანკალიუმით დამუშავებისას სელენი მთლიანად გადადის ხსნარში, რომლის შემჟავებით გამოიყოფა ელემენტი სელენი.

გოგირდის მსგავსად, სელენს რამდენიმე მოდიფიკაციური მდგომარეობა ახასიათებს. წითელი სელენი მიიღება სელენის გოგირდნახშირბადის ხსნარიდან მონოკლინური კრისტალების სახით, შედგება Se8 მოლეკულებისგან; ამორფული სელენი ყავისფერია და მიიღება სელენმჟავას SO2-ით აღდგენისას. მინისმაგვარი სელენი ამორფულია და პლასტიკური გოგირდის მსგავსია. შეიცავს სელენის მაკრომოლეკულებს და გალღობილი სელენის გაციებით მიიღება. ნაცრისფერ სელენს მეტალურსაც უწოდებენ. ის სელენის ყველაზე მდგრად ფორმას წარმოადგენს.

გოგირდის მსგავსად, სელენი წყალბადთან სელენწყალბადს წარმოქმნის H2Se. ჩვეულებრივ პირობებში გაზია, სუნით გოგირდწყალბადს მოგვაგონებს, თუმცა გაცილებით ტოკსიკურია. სელენწყალბადის წყალხსნარი სუსტი მჟავაა, მის მარილებს სელენიდები ეწოდება.

სელენის და ტელურის ყველაზე მდგრად ნაერთებს ისინი წარმოადგენენ, სადაც მათი ჟანგვის ხარისხი ოთხია. ასეთ ნაერთებს კი მათი ოქსიდები მიეკუთვნება. SeO2, TeO2, PoO2 მწკრივში მარცხნიდან მარჯვნივ ოქსიდების მჟავური თვისებები თანდათანობით მცირდება და პოლონიუმის ოქსიდი ფუძე თვისებების მატარებელია.

სელენის და ტელურის დიოქსიდები თეთრი ფერის მყარინი ვთიერებებია. SeO2 ნებისმიერი რაოდენობით იხსნება წყალში, TeO2 ძნელად ხსნადია (100მლ-ში იხსნება 0,0007გ). წყალში გახსნისას შესაბამის მჟავებს წარმოქმნიან.
SeO2+H2O=H2SeO3
TeO2+H2O=H2TeO3

მიიღება სელენოვანი და ტელუროვანი მჟავა. ისინი გოგირდოვან მჟავასთან შედარებით უფრო სუსტია.
დიოქსიდები ტუტეებთანაც შედიან რეაქციაში და შესაბამის მარილებს წარმოქმნიან.

SeO2+2NaOH=Na2SeO3+H2O ნატრიუმსელენიტი
TeO2+2NaOH= Na2TeO3+H2O ნატრიუმტელურიტი

დაჟანგვის ხარისხით ექვსი, სელენის და ტელურის შესაბამისი ოქსიდებია SeO3 და TeO3. სელენის ტრიოქსიდი თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა და ორი მოდიფიკაციის სახით არის ცნობილი-მინისებური, აზბესტის მაგვარი. SeO3 წყალთან ენერგიულად შედის რეაქციაში და სელენმჟავას წარმოქმნის:
SeO3+H2O=H3SeO4

სელენმჟავა ორფუძიანი ძლიერი მჟავაა, სიძლიერით გოგირდმჟავას უტოლდება. მის მარილებს სელენატები ეწოდება. შეჯამებულად რომ დავწეროთ, სელენის სამი მჟავა არსებობს: სელენწყალბადმჟავა H2Se, სელენოვანმჟავა H2SeO3 და სელენმჟავა H2SeO4.

თუ ბერძნულად selen მთვარეს ნიშნავს, მაშინ სელენმჟავა მთვარის მჟავა გამოდის არა? მჟავის რა მოგახსენოთ და აი, მთვარის მარილი არსებობს და მას სელენთან საერთო არ აქვს.

ქემეიას მიმდევარი ძველი ეგვიპტელი ქურუმები იმ დროისთვის არსებულ მეტალებს ციურ სხეულებს ადარებდნენ. მთვარის შესაბამისი, მათი აზრით, ვერცხლი აღმოჩნდა, ვერცხლის ნიტრატს კი შუა საუკუნეების ჩანაწერებში მთვარის მარილად მოიხსენიებდნენ. თუმცა, მთვარეს ვერცხლისწყალსაც უსადაგებდნენ, ოღონდ ამ შემთხვევაში, შემოტრიალებულს ხატავდნენ. ვერცხლისწყალს მერკურთანაც ათანაბრებდნენ, დაღვრილი მეტალის ბურთულაკებიც სწრაფად დახტიან და მერკურიც მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი პლანეტაა, ჰოდა დაამეგობრეს ერთმანეთთან.

კვლავ მთვარის მარილს დავუბრუნდეთ. საკმაოდ ძვირადღირებული რეაქტივი გახლავთ, მაგრამ თუ მაინც ხელთ მოიხელთეთ, საინტერესო ცდების ჩვენება შეგიძლიათ. იმას აღარ დავწერ, რომ მთვარის მარილის ხსნარში სპილენძის მავთულის ჩადებით მეტალური ვერცხლი გამოიყოფა და რეაქციის მიმდინარეობაც და მექანიზმიც საინტერესოა, ეს ადრე უკვე ვთქვი და ვისაც დააინტერესებს „Aluminibus et Salibus… არ გაამხილოთ…” შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ახლა სხვა ცდა განვიხილოთ, მთვარის მარილის და მაგნიუმის ფხვნილის მონაწილეობით. ავიღოთ მცირეოდენი მთვარის მარილი და იმდენივე მაგნიუმის ფხვნილი, ერთმანეთს შეურიოთ და რაიმე მყარ ზედაპირზე დაფენილ ფოლგის ქაღალდზე დავყაროთ. რეაქცია არ დაიწყება, სანამ ერთ წვეთ წყალს არ დავაწვეთებთ. აი, ამის შემდეგ, იცოცხლე, აფეთქებით წავა პროცესი, იქნება მაღალი ტემპერატურა და კაშკაშა სინათლე.
რეაქცია შენმდეგნაირად მიმდინარეობს:

2AgNO3+Mg=Mg(NO3)2+2Ag (ნალექში)
თუმცა, ამ დროს ისეთი დიდი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა, რომ ვერცხლის ნიტრატი იშლება
2AgNO3=2Ag+O2+2 NO2 (გაზი)
ამასთან მაგნიუმი აინთება და ნარევის აალებას იწვევს.

ქლორის იონების აღმოჩენა, რომ შეგვიძლია მთვარის მარილით, ჩემს ადრინდელ სტატიაში ეგეც ეწერა. მოდით ახლა ფოსფატები აღმოვაჩინოთ.

ავიღოთ ნატრიუმის ფოსფატი, მთვარის მარილი და ძმარმჟავა. სინჯარაში ჩავყაროთ ნატრიუმის ფოსფატის ფხვნილი, დავამატოთ წყალი და მთვარის მარილის ხსნარის მცირე რაოდენობა. სინჯარაში ყვითელი ფერის სიმღვრივე წარმოიქნება.

Na3PO4+3AgNO3=Ag3PO4 (ნალექში)+3NaNO3
ახლა სინჯარას ძმარმჟავა დავამატოთ.
Ag3PO4+2CH3COOH=AgH2PO4+2CH3COOAg
სინჯარის შემცველობა კვლავ გამჭირვალე გახდება.
მთვარიან ღამეს ვიწრო ბილიკს კოჭლობით მიუყვება გაცრეცილქურთუკიანი გამხდარი ყმაწვილი. ბილიკს შინისკენ მიყავს, გზას მთვარე უნათებს. ოღონდ, თავად მთვარეს ყურადღებას არ აქცევს, მაიკო ორბელიანისგან დილით მიღებულ წერილს გულში მერამდენედ იმეორებს. ხომ ხედავ შენი სახლის გარემოებასო, ვერაფრით შეცვლი მძიმე ვითარებასო, ოჯახს არ უნდა უპატრონოო?.. იურიდიულ სამსახურში ჩადგომას სთხოვენ, მისი სული კი მთლიანად პოეზიას დაუსაკუთრებია, მაგრამ მოვალეობის გრძნობის გამო უმეტესი დრო სხვა საქმეს უნდა დაუთმოს.

„… მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა… “
ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი
არ დაკარგოთ სახლისკენ მიმავალი მთვარით განათებული ბილიკი…

ლანა ღოღობერიძე: განათლებით ყველაფერი მიიღწევა

0
კინო, პოეზია, თარგმანები, მხატვრობა, პოლიტიკა და კიდევ რამდენი პროფესია შეიძლება ითქვას ლანა ღოღობერიძის მოღვაწეობაში, მაგრამ როგორც თავად ამბობს „კინო არ არის პროფესია, ცხოვრების წესია, და ამ ცხოვრებით ვიცხოვრე”.
“ერთი ცის ქვეშ”, “მე ვხედავ მზეს”, “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”” დღეს ღამე უთენებია”, “აურზაური სალხინეთში”, “ორომტრიალი” და მრავალი სხვა ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დღეს “mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია.
-ქალბატონო ლანა, ცოტა ხნის წინ, არ ვიცი უკვე მერამდენედ, ვნახე თქვენი ფილმი „როცა აყვავდა ნუში” და საოცრად მომინდა ბავშვობაში დაბრუნება. თქვენ თუ გიჩნდებათ ბავშვობაში დაბრუნების სურვილი?
-ბავშვობა მუდმივად ცოცხლობს ადამიანში, რადგან ეს თანდაყოლილი თვისებაა. ტყუილად არ არის ნათქვამი – „ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”. მართლაც ასეა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ბავშვობა, ის მაინც ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია. ბავშვობის სურათსაც რომ დახედავ, ის უკვე მთელი სამყაროა – გულუბრყვილობის, სამყაროს პირველადი აღქმის, სიხარულის. ზღაპრის სიყვარული ბავშვისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ თუ ის გრძელდება მოწიფულ ასაკშიც, მხოლოდ დადებითი იმპულსების მომცემია. დედაჩემი – ნუცა (ნინო) ხუციშვილი მიყვებოდა, ბავშვობაში რამეს, რომ გიყვებოდი ან გიკითხავდი, წინასწარ მეკითხებოდი – სატირალი ხომ არ არისო. არ მინდოდა სატირალი. მერე დედაჩემმა თავის მოთხრობაში დაწერა – გადასახლებიდან როგორ შეგისრულო ეს სურვილი და როგორ არ მოგწერო სატირალი ამბებიო. ცხოვრება თან სატირალია და თან სასიხარულო. პირველად ჩემი საყვარელი ზღაპარი „წიქარა” იყო, შემდეგ უკვე „წითელქუდა”, რომელიც დედაჩემმა თარგმნა ფრანგულიდან, როცა პატარა ვიყავი. ამიტომ ეს ჩემი ზღაპარია.
-თქვენ ძალიან მძიმე ბავშვობა გქონდათ. ჯერ მამა გადაასახლეს, შემდეგ დედა. მშობლებისგან მოწყვეტა ბავშვის ცხოვრებაზე ხშირად ნეგატიურად აისახება, თუმცა თქვენზე ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება.
-მშობლებთან განშორება, თავისთავად ცხადია, აისახა ჩემს ცხოვრებაზეც. დედაჩემი, სულ ადრეულ ბავშვობაში, ჩემთვის ყველაფრის განმსაზღვრელი იყო, 7 წლის ვიყავი, რომ გადაასახლეს და 10 წელი მის გარეშე გავიზარდე. ეს შეგრძნებებიც დავკარგე, რაღაც ფორმალურ ასპექტში გადავიდა დედასთან ურთიერთობა. კონკრეტული ურთიერთობაც აღარ მქონდა. რუსულად უნდა მიმეწერა წერილი, როცა წერილის მიწერის უფლება მოგვცეს. უცხო ენაზე დაწერილი წერილებიც, რაღაც ხელოვნური იყო. ნამდვილს ვერაფერს ვწერდი და არც მქონდა მოთხოვნილება. 10 წლის შემდეგ, როდესაც დედა დაბრუნდა, დიდი ხანი გავიდა, სანამ უბრალოდ შევძელი მეთქვა სიტყვა – დედა. ვერ ვამბობდი და როცა ვთქვი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლად გამიჩნდა დედა ცხოვრებაში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედაჩემი ჩემთვის ნამდვილი მეგობარი გახდა, და არა მარტო ჩემთვის, ყველა ჩემი მეგობრისთვის. სულ სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ბევრად უფრო ინტენსიური და პიროვნების აღქმაზე დამყარებული, ვიდრე ჩვეულებრივ არის დედის და შვილის. საოცარი პიროვნება იყო დედაჩემი. თუმცა დედის გადასახლების შემდეგ მე ვიყავი გარემოცული დეიდებით, ბიძებით. ისეთი ადამიანებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის, განსაკუთრებით ბიძა რაჟდენ ხუციშვილი. იგი ფიზიკოსი იყო. 13 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემი დაიჭირეს და მალევე ციხეში გარდაიცვალა. ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგან უკვე გააზრებული მქონდა, რას ნიშნავდა განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვა.
-მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ საკმაოდ ძლიერი ქალბატონის სახელი გაქვთ. ბავშვობაში გადატანილმა სიძნელეებმა გაგაძლიერათ.
-რა თქმა უნდა. ზუსტად არის ნათქვამი – „რამაც არ მოგკლა, იმან გაგაძლიერა”. თუ არ მოგკლა იმან, რაც დაგატყდა თავს, ის თავისთავად გაძლიერებს. სიმართლე გითხრათ, სულაც არ აღვიქვამ თავს ძლიერ ადამიანად. ბუნებრივად ვარ ასეთი. წარსულზე როცა ვლაპარაკობ, თითქოს გამოდის, რომ მსხვერპლი ვიყავი. არადა საერთოდ არ აღვიქვამ თავს მსხვერპლად, არც მაშინ და არც ეხლა. იყო გარკვეული პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმები, რომელშიც ყველა ვიყავით მოქცეულები. ამიტომ, ეს სულაც არ იყო მხოლოდ ჩემი განსაკუთრებული ხვედრი.
-არადა, ხშირად ამბობენ, რომ იმ პერიოდში, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ხშირად განიცდიდნენ სხვადასხვა სახის დევნას, თქვენ თუ გექმნებოდათ სკოლაში პრობლემები?
-სულ ტყუილია, საქართველოში ასეთი ფაქტები არ ყოფილა, ასეთი მოვლენები უფრო რუსეთში იყო. იქ, ბევრად უფრო მძვინვარებდა რეპრესიებით გამოწვეული შიში. ჩვენთან პირიქით, მე სულ მახსენდება ვინ როგორ დამეხმარა. ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი იყო და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა.
-მასწავლებლებს თუ ჰქონდათ თქვენდამი განსხვავებული დამოკიდებულება?
-ვერ გეტყვით. იმის გამო, რომ მე თვითონ არ მქონდა რეპრესირებულის განცდა, სხვებისგანაც ვერ აღვიქვამდი ამას, რაღაც განსაკუთრებულად. თუმცა, მახსოვს უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის განსაკუთრებული დამოკიდებულება. პირველად თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ ჩემი მასწავლებლის წასვლის გამო შუა წელში მომიწია სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა. ამ პერიოდშიც კი ნიკო კეცხოველმა უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სრულიად უპრობლემოდ მიმიღო. ერთხელ დამიბარა და მითხრა, გადაწყვეტილია, სტალინური სტიპენდია უნდა მოგცეთ, მაგრამ ვერ შევძლებთ, თუ კომკავშირში არ შეხვალო. ძალიან მთხოვა, ეს ნაბიჯი გადამედგა. დიდი დილემა მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს დავთანხმდი, შევედი კომკავშირში, მაგრამ სტალინური სტიპენდია მაინც არ მომცეს. ამის წინააღმდეგ წავიდა უნივერსიტეტის КГВ-ს პირველი განყოფილება. ეს განყოფილება ეწინააღმდეგებოდა იმასაც, რომ ასპირანტურაში ჩამებარებინა. მაგრამ ნიკო კეცხოველმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოვხვედრილიყავი ასპირანტურაში. წინააღმდეგობები როგორ არ იყო, მაგრამ მე ის უფრო მახსოვს, ვისი დახმარებით გადავლახე. პოლიტიკური წნეხი სულ იყო, მაგრამ არა მხოლოდ კონკრეტულად ჩემს მიმართ, საერთოდ იყო ყველა ადამიანზე, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა და შემოქმედებითი პოტენციალი ჰქონდა. დიდი ბრძოლა იყო, როდესაც დისერტაციის თემად ავირჩიე უოლტ უიტმენი. ეს ისეთ უცნაურობად ჩანდა იმ დროინდელ ლიტერატურათმცოდნეობაში. ამბობდნენ, რა შუაშია უიტმენი ჩვენთან, საბჭოთა ქართველმა გოგომ, რატომ უნდა გააკეთოს დისერტაცია უიტმენზე. მაშინდელი დასავლეთ-ევროპული კათედრის გამგე და დეკანი (არ მინდა მისი სახელის თქმა), უფლებას არ მაძლევდა დამეცვა დისერტაცია. ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი იყო შალვა ნუცუბიძე. მას ესმოდა, რომ ძალიან მინდოდა უიტმენის შემოქმედებაზე მუშაობა, რომელზეც უკვე დაწერილი მქონდა საკურსო შრომა და თან ვთარგმნიდი მის ლექსებს. ნუცუბიძე ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთხელ შემხვდა უნივერსიტეტში გახარებული და მაჩვენა ამონაწერი, სადაც ეწერა, თურმე სადღაც, ოდესღაც სტალინს ერთ-ერთ წერილში ჰქონდა ნახსენები უიტმენის ფრაზა. ეს უკვე ისეთი რამე იყო, რომელსაც ვერავითარი კათედრის გამგე ვერ დაუპირისპირდებოდა. შალვა ნუცუბიძემ ეს ამონარიდი დაუდო კათედრის გამგეს და მან თურმე, მხოლოდ ხელები გაასავსავა. ასე დავწერე დისერტაცია უიტმენის შესახებ.
-როგორი მოსწავლე იყავით?
-ჩვენს თაობას საკმაოდ არეული ბავშვობა გვქონდა და სკოლის გაცდენა არ იყო ისეთი საგანგაშო, როგორ ეხლა. მე და ჩემი მეგობრები პიონერთა სასახლიდან, უბრალოდ ვაცდენდით სკოლას. მაგრამ არა იმიტომ, რომ სწავლა არ გვინდოდა. ამ დროს ვიჯექით ლიტერატურულ წრეზე ან საჯარო ბიბლიოთეკაში და ვეცნობოდით სხვადასხვა ლიტერატურას, თავად ვწერდით ლექსებს ან მოთხრობებს, ვაკრიტიკებდით მწერლებს, საღამოებს ვაწყობდით. ომის პერიოდი იყო და ვერავინ გვაქცევდა ყურადღებას. მერვე კლაში ორი მეოთხედი, ფაქტობრივად, არ მივლია სკოლაში. მეორე მეოთხედის ბოლოს პირველად რომ გამოვჩნდი სკოლაში, ლიტერატურის მასწავლებელმა, უცხო სახე რომ დაინახა, გამოიშვირა ხელი დემონსტრაციულად და მითხრა – აბა ადექი და ბარათაშვილის ლექსი თქვიო. მე კიდევ იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი ბარათაშვილის შემოქმედებაზე, ავდექი დიდი სიხარულით ლექცია წავიკითხე. მასწავლებელს საოცრად გაუკვირდა და თქვა – ძლივს ვიპოვე მოწაფეო. ეს იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი ბაბო მჭედლიძე, რომელსაც მერე, პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ დავუმეგობრდი. ბოლოს სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პრინციპში ის ერთი პერიოდი იყო, როცა ვაცდენდი სკოლას. მერე ასე აღარ ვიქცეოდი. ჩემი გაცდენების გამო ისეთი აღელვებულები იყვნენ ჩემი დეიდები და ბიძები, რომ დედაჩემს წერილი მიწერეს გადასახლებაში: „ ლანა გვეღუპება და იქნებ შენ მოწერო რამეო”. დედაჩემი როგორ აღელდებოდა წარმოიდგინეთ. მე კიდევ დედაჩემთან მქონდა სულ სხვა ტიპის მიწერ-მოწერა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ წავიკითხე ეს წერილები და მართლა გამიკვირდა. მთელი უშველებელი წერილი მქონდა მიწერილი ნოვალესზე. მის შემოქმედებაში ცისფერის შესახებ.
-თქვენი ბავშვობის პერიოდში, რამდენადაც ვიცი, უცხოური ლიტერატურა ძნელად მოიპოვებოდა.
-ქართულად ნამდვილად არ იყო, ამიტომ სულ რუსულად გიწევდა კითხვა. ჩვენი თაობის მთელი განათლება იყო რუსულ ენაზე დაფუძნებული. მაგრამ ფაქტია, ძალიან სერიოზულ განათლებას ვიღებდით. ჩვენს თაობას მიდრეკილება ჰქონდა ლიტერატურისკენ. მახსოვს ერთი, ყველაზე დიდი პერიოდი იყო ბლოკის. პიონერთა სასახლის მეგობრებმა ზეპირად ვიცოდით მისი შემოქმედება. საერთოდ, ძალიან ლიტერატურული ცხოვრებით ვცხოვრობდით.
-ახალ თაობაზე ხშირად ამბობენ, რომ ნაკლებად უყვართ კითხვა.
-ასეთი რამ მართლა არ შემიმჩნევია ახალ თაობაში. ეხლა ფილმს ვაკეთებ ჩვენს თაობაზე, რომელიც ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ჩვენი ურთიერთობა მართლა იყო პოეზიით ურთიერთობა. ჯერ ერთი, ყველა ვწერდით ლექსებს. ფილმს ალბათ ერქმევა სტრიქონი რეზო თაბუკაშვილის ლექსიდან, მაშინ იყო 14 წლის, როცა დაწერა, „დღეს სიხარულიც ნაღვლის ფერია” . იმ პერიოდისთვის ძალიან სიმბოლურია ეს ფრაზე, რადგან მაშინ სიხარულიც ნაღვლის ფერი იყო. ეს მხოლოდ ასაკის ბრალი არ იყო. ასაკთან ერთად იყო პროტესტი, შებრძოლება სისტემასთან, მხოლოდ პოეზიაში გადავარდნით.
-პროტესტის ამგვარი ფორმა ეხლა აღარ შეგიმჩნევიათ?
-ეხლა ინფორმატიკამ ისე შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში და ახალგაზრდები კომპიუტერული ინფორმატიკის ტყვეობაში არიან გადავარდნილები. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან ძალიან დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ მეორეს მხრივ, აღარ იღებენ სულიერებას. თუ ეს არის ჩვენი მომავალი და ახალგაზრდობა წიგნს, დაწერილ სიტყვას არ დაუბრუნდება, მაშინ სულიერება ნამდვილად საფრთხის წინაშე დადგება.
-არადა, თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის წინა პლანზეა გულწრფელი ადამიანური ურთიერთობები. მათი სულიერი ტკივილები და განცდები.
-გეთანხმებით. რაც ფილმი გამიკეთებია, ამოსავალი წერტილი მაინც ეს არის. ინტერესი გარემოსადმი და ძირითადად ადამიანის შინაგანი სამყაროს მიმართ. სულ მაქვს იმის განცდა, რომ ნაკლებია ადამიანის პასუხისმგებლობა იმისადმი, რასაც ის ჩაიდენს. ცხოვრებაში ბევრად მეტია გარემოებების და განსაკუთრებით ავტორიტარული სისტემების ბრალი. დესპოტიზმის გავლენა ადამიანის საქციელზე. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ თანაგრძნობა ნამდვილად შეიძლება ადამიანის მიმართ, რომელიც ჩავარდნილია ისეთ სიტუაციაში, რომ იძულებულია, ცუდად მოიქცეს. არადა, შეიძლება ბუნებით არ არის ბოროტი, ან ზიანის მიმყენებელი ვინმესთვის. ერთხელ დედაჩემმა მითხრა და სამუდამოდ დამამახსოვრდა. ეს იმ დროს უკავშირდება, ვიდრე დედაჩემს დააპატიმრებდნენ. იმ პერიოდში უკვე ვიყავით განდეგილებივით, საშიში იყო დალაპარაკებაც კი. მახსოვს, ერთხელ დეიდაჩემთან მივდიოდით ქვიშხეთში აგარაკზე, მატარებლიდან ჩამოვედით და ამ დროს დავინახე ერთი ადამიანი, პოეტი, რომელიც ჩვენს სახლში იყო დღე და ღამე და ძალიან მიყვარდა. რომ დაგვინახა, წამოვიდა ჩვენკენ, მაგრამ უცებ გაჩერდა, შეტრიალდა და წავიდა უკან. მე გამოვეკიდე ყვირილით, ვეძახდი სახელს, მაგრამ ის გარბოდა, გარბოდა და ბოლოს შეახტა მატარებელს. ალბათ სულ სხვა ადგილას ჩამოვიდა, ისე შეეშინდა ჩვენთან შეხვედრის. უკვე ფაქტი იყო, რომ დედაჩემი დღე-დღეზე უნდა დაეჭირათ. მახსოვს, ძალიან განვიცადე ეს ფაქტი. სახლში რომ მივედით, დედაჩემმა მითხრა – ძალიან მინდა გაიგო, შეიძლება ადამიანი არ იყოს ცუდი, მაგრამ რაღაც გარემოების გამო მოიქცეს ცუდად. 6 წლის ვიყავი და სამუდამოდ დამამახსოვრდა.
-თქვენ სულ თბილად იხსენებთ იმ გარემოს, იმ ადამიანებს, სადაც ცხოვრობდით. ამბობენ, ცივილიზაციასთან ერთდ, ადამიანური ურთიერთობები თანდათან ცივდება. თუ გრძნობთ ამ გაუცხოებას დღეს?
-არ მგონია, რომ დღევანდელ ადამიანსა და წინა საუკუნის ადამიანებს შორის არსებობდეს განსხვავება. სულ არის იმის საშიშროება, რომ კაცობრიობამ დაკარგოს ის ღირებულებები რითიც იცხოვრეს, რადგან უამრავი განსაცდელი ხდება. უამრავი ცდუნებაა ცხოვრებაში, რომელმაც შეიძლება დაგაკარგვინოს დამოკიდებულება სამყაროსადმი. მაგრამ მგონია, რომ ეს წრიულად ტრიალებს. საფრთხე არის, მაგრამ მაინც ბრუნდება საწყის წერტილზე. ძირითადი თვისება ადამიანის არის ის, რომ აღიქვამს მეორეს მის მსგავსს და მოყვასს, როგორც ობიექტს სიყვარულის, თანაგრძნობის, მეგობრობის. ეს ჩადებულია იმთავითვე. სხვანაირად საზოგადოება ვერ იარსებებს. საქართველოში ეს ძალიან ძლიერად არის ჩადებული. მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ჩვენში, რასაც მე ვხედავ, მეგობრობის ინსტიტუტი ძალიან მძაფრად არსებობს და არ მგონია, ოდესმე შეიცვალოს.
-თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში ეწეოდით პედაგოგიურ მოღვაწეობას. მასწავლებელი ლანა ღოღობერიძე ფართო წრეებისთვის უფრო ნაკლებად არის ცნობილი.
-ეს ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი პერიოდია. ჯერ ერთი, მე საერთოდ მაინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობა, მითუმეტეს, ახალგაზრდებთან. ეს ურთიერთობა ბევრის მომცემია ჩემთვისაც. არასოდეს აღვიქვამდი ისე, რომ მე ვასწავლი სტუდენტებს – ეს იყო ურთიერთობა. სხვათა შორის, სტუდენტებთან ერთდ ჩემს სახლშიც დიდ დროს ვატარებდი და ძალიან ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის პოეზიაზეც. ერთ-ერთი ჩემი ცნობილი სტუდენტი იყო გოდერძი ჩოხელი, რომელთანაც უამრავი წელი გავატარე სტუდენტობის შემდეგაც. საოცრად საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. ასევე ზაზა ურუშაძე, რომელიც კინოკავშირის დირექტორია და მშვენიერი ფილმი გააკეთა და დიდი წარმატება ჰქონდა. რეჟისურის სწავლება აბსტრაქტული ცნებაა. როგორ უნდა ასწავლო რეჟისურა, არავინ იცის. ეს არის ცხოვრების წესის გაზიარება. ძალიან ადვილია რეჟისურის გარეგნული დამახასიათებელის სწავლება, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლისადმი დამოკიდებულების, სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, სულიერი ინტერესების და ფასეულობების გაზიარება. ჩემთვის ეს არის პედაგოგობა. თან მასწავლებლობა მართლა ორმხრივი პროცესი მგონია. სულ არ ვფიქრობ, რომ პირდაპირ უნდა ასწავლო შემდეგ თაობას ის, რაც შენ უკვე ისწავლე და იცი. იმისგანაც ბევრს სწავლობ. ისევ და ისევ დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ამიტომ არის საინტერესო ჩემთვის პედაგოგობა.
-თქვენ ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრებით გიწევთ ცხოვრება. რეჟისორი, ლიტერატურული მიმართულება, პოლიტიკა და ა.შ. ამ პროფესიებზე დღეს ბევრი მოსწავლე ოცნებობს. რა რჩევას მისცემდით ახალ თაობას, რომელსაც უნდა თუნდაც ის პროფესიები აირჩიოს, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ?
-რჩევა ძალიან ძნელია. უბრალოდ ვურჩევდი დაფიქრებას, გაიაზროს, რაც ჩვენ გვაკლია, მართლა უნდა თუ არა ეს პროფესია და რატომ უნდა. არ მესმის, შემოქმედებაში მოვიდეს ადამიანი, როგორც უბრალოდ პროფესიონალი. თუ მართლა არ გაქვს სათქმელი, შემოქმედებითი პროფესია არ უნდა აირჩიო. თუნდაც ეს იყო სულ უბრალო. შეიძლება არ იყოს ეს ზოგადსაკაცობრიო, მაგრამ რაღაც შენი ინდივიდუალური სათქმელის გარეშე ხელოვნებაში მოსვლა, უაზრობა მგონია. ძირითადად ესაა. რაც შეეხება რჩევას, ვურჩევდი შრომას. ორი რაღაც გვაკლია ქართველებს – თანმიმდევრული შრომა და მუდმივად ანალიზის უნარი. ემოციური აღქმა და კრეატიულობა ნამდვილად გვაქვს . ევროპული რაციონალიზმი ყველაფერში რომ დამკვიდრდეს, ძალიან ბევრს მოვიგებთ ამით. როდესაც პოლიტიკაში ვიყავი, ვხედავდი, რომ ბევრ ქმედებას ვამყარებთ ჩვენს ემოციურ აღქმაზე, რაც პოლიტიკაში დიდი შეცდომაა. რითი მოიგო ევროპამ? სწორედ ამ რაციონალიზმით. წარმოიდგინეთ საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო ემოციურ დონეზე. ისინი დღესაც მტრები იქნებოდნენ და შესაძლებელია ომიც დაწყებულიყო მათ შორის. მაგრამ დაძლიეს საუკუნეებით დაგროვილი წყენა, როცა ედავებოდნენ ერთმანეთს ტერიტორიებს, პირველობას და ა.შ. და სრულიად შეგნებულად მივიდნენ იმ დათქმაზე, რომ უნდა იმეგობრონ. დღეს ალიანსი არსებობს საფრანგეთ-გერმანიას შორის, რომელიც არის მოტორი ევროპის. ეს არის მხოლოდ ანალიზზე და რაციონალიზმზე დამყარებული ერთობა. ამან შექმნა დღევანდელი ევროპა. ჩვენ ეს ძალიან გვაკლია. თუმცა მაინც მგონია, რომ რაციონალიზმი თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენშიც. როდესაც ევროპულ ფასეულობებზე და მიდგომებზე ვლაპარაკობთ, მთავარია ანალიზის უნარი და ემოციების გვერდზე გადადება, რათა გონივრულად დავინახოთ ჩვენი თავი საერთო კონტექსტში. ხან უკიდურესობებისადმი საშინელი მიდრეკილება გვაქვს, ხან ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ რაცა ვართ და ჩვენზე უკეთესი მსოფლიოში არავინაა. მერე დგება პირიქით, ჩვენზე უფრო მდარე და არაფრისმქონე არავინ გვგონია. ეს არის, სწორედ, ემოციური ნაწილი. თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. შემოქმედებაში ეს აუცილებელია, რადგან ამაზეა დამოკიდებული კრეატიულობა. მაგრამ ამის მოთოკვაც, რომ ვისწავლოთ კარგი იქნება.
-ქართულ განათლების რეფორმას თუ ადევნებთ თვალს?
-სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვარ გარკვეული. წინააღმდეგობრივი აღქმა მაქვს. ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი მეუბნება, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, მეორენი ამბობენ, რომ ზოგჯერ ისეთი ბავშვები ხვდებიან, ვინც ისიც კი არ იციან, რა დაწერა ილია ჭავჭავაძემ. ალბათ, როგორც ყოველთვის იყო, ზოგი ასეთია, ზოგიც ისეთი. მაგრამ მთლიანად თაობას ვერ დავახასიათებ. მე კი ვხედავ ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს, რომლებსაც მართლა ბევრი რამის უნარი აქვთ და უნდათ რაღაც შეცვალონ, რა თქმა უნდა, განათლებაზე დამყარებით. ჩვენ კი ვამბობთ, რომ განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, მაგრამ ვიდრე მართალა არ გახდება პრიორიტეტი, რომ მასზე იყოს მართლა დამყარებული ყველაფერი, იქამდე ნამდვილი, რეალური წევრი ცივილური სამყაროსი ვერ გავხდებით.
-შვილებთან და შვილიშვილებთან ალბათ ბერს საუბრობთ თქვენს ცხოვრებაზე, როგორი დედა და ბებია ლანა ღოღობერიძე?
-სტერეოტიპული ფრაზები გამოდის, მაგრამ შვილებთანაც და შვილიშვილებთანაც ურთიერთობა დამყარებული მაქვს პიროვნების პატივისცემის აღიარებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია და მაინტერესებს პიროვნება. ენის მოჩლექვით არ ველაპარაკებოდი არც შვილებს და არც შვილიშვილებს. ის არის საინტერესო, რაც მათში არის თავისთავადი. ჩემში პიროვნების გამოხატულება იწვევს აღფრთოვანებას. ადამიანის დაბადებიდან ჩანს მის პიროვნება. თან სულ მაკვირვებს ის, რომ ერთი და იმავე მშობლების შვილები, ერთი და იმავე გარემოში გაზრდილები, სრულიად განსხვავებულები არიან. რითი აიხსნება არც ვიცი, რამდენად ძლიერია პიროვნული საწყისი, რომელიც საიდანღაც მოდის. მხოლოდ გენეტიკურსაც ვერ იტყვი.
-ქალბატონო ლანა, ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” მთავარ გმირს მუდმივად ახსენდება ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ყველაზე ხშირად რა ეპიზოდები გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან?
-დედის დაპატიმრება და დედის დაბრუნება გადასახლებიდან. ეს იყო საკვანძო ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, პირადი ცხოვრება ძალიან რთულია. სავსეა აღმაფრენით, უფსკრულში გადაშვებით. მე პირადად ძალიან მიყვარს ის ეპიზოდი ფილმში, როდესაც სოფიკო ჭიაურელი ხედავს ქუჩაში ახალგაზრდა ქალს, რომელიც სრულიად ცვლის მის ცხოვრებას. როდესაც მირბის, როგორ უყურებს, როგორ მიყვება. ბოლოში ცოტათი რომ ეღიმება. ამ ღიმილშია ყველაფერი – სიმწარე, ტრაგიზმი და აღიარება იმის, რომ ის არის მშვენიერი და ახალგაზრდა და ეხლა მას ეკუთვნის ცხოვრება. რაღაც ასეთია ჩადებული ამ ეპიზოდში. სხვათა შორის, ძალიან გაუჭირდა ამ ეპიზოდის თამაში სოფიკოს. ერთადერთი შეთხვევა იყო, სადაც მეწინააღმდეგებოდა. ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ ვითამაშო, რადგან ეს დამცირებაა, როდესაც მისდევ ადამიანსო. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მე ვეუბნებოდი, რომ აუცილებელია ადამიანმა გაიაროს დამცირების ეტაპი, რომ დადგეს კათარზისი მის ცხოვრებაში, რადგან თუ ასეთ რამეებს არ განიცდი, ცხოვრება ძალიან ღარიბია. ეს საბოლოოდ აღიქვა სოფიკომ და ვფიქრობ, შესანიშნავად ითამაშა.

გიორგი მელაძე – იდეალური სკოლის ძიებაში

0
როგორია იდეალური სკოლა, როგორია იდეალური სკოლის შეფასების კრიტერიუმები, რას ირჩევს მშობელი და რა არის უკეთესი თავად მოსწავლისთვის. ამ მხრივ აზრი ყოველთვის ორად იყოფა: ერთი ნაწილი უპირატესობას კერძო სკოლას ანიჭებს, მეორე ნაწილისთვის მხოლოდ საჯაროა მისაღები და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი, თუმცა ორივე შემთხვევაში მოსწავლე განათლების ერთიანი სისტემის მომხმარებელი ხდება. სწორედ ამ სისტემას ემორჩილება ყველაზე ძვირადღირებული კერძო და შორეულ სოფელში მდებარე 5-მოსწავლიანი სკოლაც. ამ და სხვა საკითხებზე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორ გიორგი მელაძეს ვესაუბრებით.

– ბატონო გიორგი, თქვენ კერძო სკოლის დირექტორი ბრძანდებით. თქვენი პოზიციიდან კერძო და საჯარო სკოლებს შორის როგორ შედარებას გააკეთებდით?

– როგორც წესი, კერძო სკოლა საჯაროებთან შედარებით ბევრად კარგ სერვისთან ასოცირდება, რაც მას იმთავითვე აძლევს დიდ უპირატესობას. თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლაში ახალი სახელმძღვანელოების შეტანისა და მასწავლებლების აყვანასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის გამო, რომლის თანახმადაც პედაგოგობა არ შეუძლია კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელს თუ მას მასწავლებლის სერთიფიკატი არ გააჩნია, კერძო სკოლები უფრო მეტად იზღუდებიან და გარკვეულ დონეზე ერთიან მოდელს უახლოვდებიან. თუმცა ასეთ ფონზეც კი კერძო სკოლების უპირატესობა მაინც მკაფიოდ გამოიხატება. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობა, არამედ სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ტექნიკა, მეთოდოლოგია, მასწავლებლების კვალიფიკაცია და სხვა. ამ შემთხვევაში კარგად გარემონტებული შენობა უკანა პლანზე იწევს, თუმცა ამას ყველა კერძო სკოლაზეც ვერ იტყვი – კონკრეტული სეგმენტებით ზოგ კერძო სკოლას შეიძლება საჯაროც სჯობდეს.

– ალბათ ნებისმიერი ტიპის სკოლაში არსებობს სასწავლო პროცესის, მასწავლებლების მუშაობის მეთოდებისა და მოსწავლეების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლისა და კონტროლის აუცილებლობა. რამდენად საჭიროა და როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი?

– საუკეთესო კონტროლი მოსწავლეებთან და მათ მეურვეებთან, როგორც წესი, მშობლებთან, სწორი კომუნიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა მეშვეობითაც სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება. აუცილებლად მიმაჩნია და, ამ პრაქტიკას ჩვენს სკოლაში სისტემატურად მივმართავთ, პერმანენტული შეხვედრები მშობლებთან, ასევე სპეციალური კითხვარების შევსება, როდესაც მოსწავლეები და მათი მეურვეები აფასებენ ყველაფერს – კვებიდან დაწყებული ტექნიკური აღჭურვილობით დამთავრებული. ასეთი პრაქტიკა ანალიზის გაკეთებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროცესს აადვილებს. ცხადია, კონტროლი სჭირდება მასწავლებელსაც, რომელიც ზოგჯერ ხელოვნურად უწერს მოსწავლეს მაღალ ნიშანს, რათა მშობელი კმაყოფილი იყოს. ანუ ვიღებთ შემთხვევას, როდესაც შინაარსი რეალობასთან თანხვედრაში არაა, თუმცა მშობელი ბედნიერია და მასწავლებლისთვის ესეც კმარა. ამრიგად სასკოლო სივრცეში მყოფ ადამიანებთან გამუდმებული დიალოგის გარეშე რეალობის დადგენა შეუძლებელია.

– როგორი უნდა იყოს მოსწავლის როლი ამ პროცესში?

– მოსწავლე თავად ამ პროცესის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მისი აზრი, სურვილები და კრიტიკა აუცილებლად უნდა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ. საუკეთესო შემთხვევაა, თუ სკოლას გააჩნია ტუტორის ინსტიტუტი, სამსახური, რომლის წარმომადგენელიც არცერთ საგანს არ ასწავლის, ამრიგად არ არის მიკერძოებული. ის სისტემატურად ხვდება მოსწავლეებს, ესაუბრება სკოლაში არსებულ ვითარებაზე და მოსწავლეების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს ისმენს. თანამედროვე თაობა საკმაოდ გამბედავი და თავდაჯერებულია იმისთვის, რომ პრობლემებზე ისაუბროს და ზოგჯერ მისი გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზოს. სამწუხაროა, რომ ეს ინსტიტუტი არ მოქმედებს საჯარო სკოლებში, რადგან ამისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე გამართული მენეჯმენტი და, უბრალოდ, ამის სურვილია საჭირო.

– არსებობს სავალდებულო სასწავლო პროცესი და მისგან დამოუკიდებელი აქტივობები, რაც მოსწავლის განვითარებისთვის არანაკლებ აუცილებელია.

– ეს სეგმენტი სკოლების უმეტესობაში შესაძლებლობის მიხედვითაა განვითარებული. ალბათ სუბიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ნიუტონის სკოლაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. არასავალდებულო აქტივობებში ორი მიმართულება გვაქვს: ერთჯერადი და პერმანენტული. ერთჯერადი აქტივობები კონკრეტული პროფესიის ან სფეროს წარმომადგენლის მოწვევასა და მის მიერ მოსწავლეებისთვის წაკითხულ ლექციაში ან პრაქტიკულ სამუშაოში გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს ენათმეცნიერი, მხატვარი, ფოტოხელოვანი, ფიზიკოსი და სხვა. ასეთი შეხვედრებისას მოსწავლეების თვალსაწიერი საგრძნობლად ფართოვდება, უამრავ ახალს იგებენ, ზოგჯერ ისეთს, ადრე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. მეორე, ანუ პერმანენტული ხასიათის აქტივობებია სკოლაში არსებული კლუბები, რომლებსაც მოსწავლეები სურვილისამებრ ირჩევენ. აქ არის კლუბები უცხო ენების წრეებით დაწყებული, სპორტით გაგრძელებული და ხელოვნებითა თუ ტექნიკური მეცნიერებებით დამთავრებული.

– სკოლებში ამ ტიპის კლუბების არსებობა მოწმობს, რომ მათდამი ინტერესი თავად მოსწავლეებსაც აქვთ.

– ინტერესი მართლაც დიდია. ძალიან კარგი, საოცრად განვითარებული თაობა მოდის. საინფორმაციო რესურსებზე წვდომა შეუზღუდავად აქვთ და მათ სწორად იყენებენ. აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ იჩენენ ინტერესს, სკოლამ კი მათი ინტერესის განვითარებას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

– როდესაც სისტემა არ არის სრულყოფილი ან გამართული, ნაკლოვანებების გამოსწორება უცხოური ანალოგების შესწავლითა და ზოგჯერ პირდაპირ გადმოღებითაცაა შესაძლებელი. რამდენად ამართლებს ჩვენს შემთხვევაში ეს მეთოდი?

– როდესაც განათლების სფეროში მუშაობ, აუცილებლად უნდა ადევნო თვალი, როგორ ვითარდება ამ მიმართულებით მსოფლიო. ამ სფეროში ვითარება დინამიკურად იცვლება, შემოდის ახალი მეთოდები, დამხმარე საშუალებები, ონლაინ სავარჯიშოები და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმა მათი სრული სახით გადმოღების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან გარკვეულ სტანდარტს უნდა დავემორჩილოთ, თუმცა მაინც არსებობს პროგრამები, რომელთა ჩვენს სკოლებში დანერგვა და ინტენსიურად გამოყენება შესაძლებელია. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ის გამუდმებით უნდა ფიქრობდეს განახლებასა და გადახალისებაზე, უნდა იზრუნოს, რომ სწავლის პროცესი ნებისმიერი მოსწავლისთვის საინტერესო იყოს.

– ემხრობით დიფერენცირებულ სწავლებას?

– ჩემი აზრით, პლუსი დიფერენცირებულ სწავლებასაც აქვს და სტანდარტულსაც. გარკვეულ ასაკში ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე მიმართულება, თუმცა უკეთესია, თუ არჩევნის არეალი ფართოა. მრავალი წელია განათლების სისტემაში ვმუშაობ და მინახავს სტუდენტები, რომლებსაც მეორე ან მესამე კურსზე შეუცვლიათ აზრი, სხვა სპეციალობით მონდომებიათ სწავლის გაგრძელება და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილან. ამრიგად, თუ არჩევნის წინაშე სტუდენტი შეიძლება დადგეს, მსგავსი ალბათობა სკოლის მოსწავლის შემთხვევაში უფრო მეტია.

– მასწავლებლები ინტერვიუებში ხშირად უსვამენ ხაზს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას. ზოგი პროგრამის სიმწირისა და ერთფეროვნების გამო წუხს, ზოგს კი მიაჩნია, რომ პროგრამა კონკრეტულ კლასში მყოფი მოსწავლის ასაკს არ შეეფერება და ა.შ. ფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა?

– როგორც მთელი სისტემა, ცხადია, არც ეს სეგმენტია სრულყოფილი. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია სახელმძღვანელო მინიმალური სავალდებულო პროგრამით, რომელიც მოსწავლისთვის დამატებით ლიტერატურამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის გაგების სურვილი, ვიდრე სახელმძღვანელოში შეუძლია ამოკითხოს. პრობლემას ქმნის კანონში არსებული რეგულაციაც, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოს არჩევიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი შეცვლის უფლება არ გვაქვს. ანუ თუ ამ წლებში ბაზარზე უკეთესი სახელმძღვანელო გამოჩნდება, ძველს მისით ვერ ჩავანაცვლებთ. ეს კი ნამდვილად გახლავთ პრობლემა.

– და დასასრულ – როგორ ფიქრობთ, როგორია იდეალური სკოლა?

– პირველ რიგში, სკოლას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მთავარი მოტივი – მოსწავლეს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს თუ ცხოვრებისთვის. მე მეორეს მომხრე ვარ, მაგრამ რეალობა, ანუ ჩვენთან არსებული სისტემა ამას ნაკლებად იზიარებს. კარგია, როდესაც სკოლის მიერ შეთავაზებული სწავლების გეგმა და მუშაობის პრიციპი მშობელსაც აქვს გათავისებული, რადგან ბავშვისთვის განათლების მიცემისა და შედეგის ხარისხი სწორედ ამ ორი მხარის ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. სკოლიდან შინ მიბრუნებულ მოსწავლეს მშობელი მხოლოდ საზეპიროების ჩაბარებას არ უნდა სთხოვდეს, რაც მეხსიერების გავარჯიშების გარდა, არაფრის მომცემი არაა. ამრიგად იდეალურია სკოლა, სადაც ბავშვს უხარია მისვლა, როდესაც სკოლას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და გათავისებული მიზანი, რომ მოსწავლეს ამზადებს არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის, როდესაც ამას იზიარებს მშობელი, ბავშვს დამატებითი აქტივობების არჩევის თავისუფლება აქვს და ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიურ გარემოშია მოქცეული.
ესაუბრა ია ვეკუა

რამაზ ჭილაია: შვილის განათლებაში დაბანდებული თანხა – საუკეთესო ინვესტიცია

0
“ბუნების წესია _ ყოველი ახალი გენერაცია ახალი აზრებითა და საფიქრალით მოდის. სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე: არ დაიჯეროთ, რომ ცუდები ხართ, მაგრამ დაამტკიცეთ, რომ კარგები ხართ-მეთქი. ის ერი, სადაც მამები ჯობნიან შვილებს, კვდომისთვის არის განწირული”, – ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის თეორეტიკოსი რამაზ ჭილაია, რომლის ბიოგრაფია სკოლის მასწავლებლობის ორ წელსაც მოიცავს.
რამაზ ჭილაიას აზრით, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის პრობლემა, ყველა სხვა სირთულესთან ერთად, ღირსებაშელახული მასწავლებელიც არის:
– “დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკ” – ასეთი იყო ქუთაისის გიმნაზიის დირექტორის ჩინი, როცა ქუთაისი რუსეთის გუბერნიას წარმოადგენდა და ეს სამოქალაქო სტატუსი იმხანად გენერლისას უტოლდებოდა. გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელს, ერთ-ერთ პირველს ჰყავდა ქუთაისში მაშინდელი ტრანსპორტი – ტარანტასი და ქუჩაში რომ გამოვიდოდა, ვისაც მიესალმებოდა, თავს ბედნიერად რაცხდა. მეფის რუსეთისთვის საქართველო კოლონია იყო, მაგრამ ის თავის მოხელეებს სტატუსს აძლევდა. დღეს რა სტატუსი აქვს მასწავლებელს? მეოთხეკლასელი მოწაფე სამი შენი ხელფასის ღირებულების მობილურ ტელეფონს რომ ამოიღებს გაკვეთილზე, იქ მთავრდება შენი საქმე…

– რა ხდებოდა თქვენს დროს?

– ჩემი თაობისთვის ორი თანამდებობა იყო სანატრელი – ცეკას მდივნობა და უნივერსიტეტის რექტორობა… ანგელოზები არც ჩვენ ვყოფილვართ და არც ჩვენი მასწავლებლები, მაგრამ არსებობდა დაუწერელი კანონი და აზრადაც არ მოგვივიდოდა მასწავლებლის შეურაცხყოფა. შატალოზეც დავდიოდით, სისულელეებსაც ვაკეთებდით, მაგრამ ეს იყო უბოროტო ცელქობა თავის გამოჩენის მიზნით – “შემომხედეთ, რა ბიჭი ვარ!” უზრდელობასაც კი ვერ დაარქმევდი. დღეს რაც ხდება, ცოდნის ნაკლებობისა და ზედაპირული აზროვნების ბრალია. საზოგადოდ, ადამიანი წამხედურია. ამას ემატება ჩვენი სამხრეთული ტემპერამენტიც…
კარგად მახსოვს ჩემი სკოლის რუსულის მასწავლებელი ირინა ვლადიმიროვნა ბალოტინა, რომელიც შეყვარებული იყო საქართველოზე. ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა – პუშკინი. როცა გაკვეთილის მოსმენა არ გვინდოდა, პუშკინზე შევაპარებდით ხოლმე შეკითხვას… ერთხელ საკონტროლოში ერთადერთი შეცდომის გამო ერთიანი დამიწერა _ სხვას ხუთიანსაც დავუწერდი, მაგრამ შენგან ამას არ მოველოდიო და ორი კვირა შერცხვენილი დავდიოდი.

– თქვენ როგორი მასწავლებელი ხართ?

– ოცდაჩვიდმეტი წელია, ლექციებს ვკითხულობ და სია არასოდეს ამომიკითხავს. სტუდენტი ლექციას არ გააცდენს, თუ აინტერესებს. მთავარია, მასწავლებელმა მოახერხოს და დააინტერესოს.

– ორი წელი სკოლაშიც ასწავლიდით. როგორია თქვენი ნანატრი სკოლა?

– ადამიანი დიდწილად სკოლაში ყალიბდება. ჩემს ნანატრ სკოლაში I-IV კლასების მასწავლებელს ათასგზის მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე დანარჩენი კლასებისას. არ შეიძლება, მერვეკლასელს ასე მიმართო: “აეთრიე”, “რას ჰგავხარ”… კეთილ ვინებოთ და ჩვენი გაუსაძლისი ყოფა სკოლის ზღურბლთან დავტოვოთ. პირველი ცოდვის მერე ადამიანი მუდამ ადამიანია, ამიტომ არ მიყვარს გამოთქმა: “ჩემს დროს ასე იყო”. ხუთი ათასი წლის წინანდელ თიხის ფირფიტებზეც იმავე ჩივილს ამოიკითხავთ: ეს რა თაობა მოდის, როგორ მეტყველებენ, როგორ აცვიათ, როგორ იქცევიანო… უბრალოდ, სოციუმში უნდა იყოს გამოკვეთილი ორიენტირი. ნურავის ეგონება, მეორეკლასელი ვერ ხედავს, რითია გამორჩეული მისი თანატოლის მამა თუ ბაბუა და რაზე უნდა გააკეთოს სწორება.
ბოლო დროს მასწავლებელი განტევების ვაცად იქცა, ჩვენი საზოგადოების ყველა ნაკლი მასა და სკოლას ბრალდება… მოარული შესიტყვებაა: ჩემპიონებს არაჩემპიონები ზრდიან. თუ გუნდი იგებს, მისი წარმატებაა, თუ აგებს – მწვრთნელის წარუმატებლობა…
ეს რამდენიმე წელია, საგანმანათლებლო სისტემაში სასიკეთო სხივი გამოჩნდა, თუმცა იყო წლები, რომლებმაც გაუზრდელი მშობლების თაობა მოიყვანა. დღეს ბევრი ხვდება, რომ შვილის განათლებაში დაბანდებული თანხა საუკეთესო ინვესტიციაა. მეორე უკიდურესობა, რაც დღევანდელ განათლებას სჭირს, რეპეტიტორია. ხშირად მშობელი ამით მხოლოდ იმშვიდებს თავს. რეპეტიტორობა ყოველთვის არსებობდა, გერმანულად ამ სტატუსს “შულმაისტერი” ჰქვია და ასეთი შულმაისტერი იყო კანტიც. მაგრამ როცა რეპეტიტორს თვითონ აქვს სასწავლი?!
განათლების კაიზერისეული სისტემა, რომელიც ლენინმა არ შეცვალა, ძალიან კარგ ზოგად განათლებას იძლეოდა. ჩემს თაობაში დაიწყო დამატებით მომზადება სასკოლო საგნებში. ეს იმათ სჭირდებოდათ, ვინც სამედიცინოზე აბარებდა. მაშინ გახდა ეს პროფესია პოპულარული. მოდის წყალობით, მეც დავდიოდი დამატებით გაკვეთილებზე მათემატიკის მასწავლებელთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არჩევანი – ჰუმანიტარული მეცნიერება _ თავიდანვე განსაზღვრული იყო. მიმაჩნია, რომ ადამიანი ვერ ისწავლის გრამატიკას, თუ ლოგიკური ანალიზი არ შეუძლია. მათემატიკაც ხომ ამაზე დგას.
ახალგაზრდების განათლების ნაკლსა და ღირსებაზე ვსაუბრობთ. არ უნდა დავივიწყოთ ოჯახის როლი. რომლისაც გნებავთ ქართველი მწერლისა თუ საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიას გადავხედოთ – ყველა აღნიშნავს, რომ წერა-კითხვა დედამ ასწავლა. დღეს დედის როლი დაიკარგა. ან რა გასაკვირია, როცა გაჭირვებული დედა პირველი სექტემბრისთვის შვილს ფანქარს ვერ უყიდის?.. ლოზუნგებისა და სადღეგრძელოების დრო უნდა დასრულდეს. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი – ბოლოს როდის გაიგონეთ სიტყვა “ოჯახიშვილი”? ეს არც კომპლიმენტია და არც ახირება. ოჯახიდან რომ იწყება ადამიანის აღზრდა, ამას საზოგადოების ყველა ფენა მიხვდა. შემთხვევით როდი მიყო, რომ თვითონ გამორჩული ოჯახის შვილმა როსტომ წერეთელმა გლეხის ოჯახში გაგზავნა შვილი. აი, სად იყო თანასწორობა და ოჯახიშვილობაც ამით იწყებოდა. სწორედ ასეთ სოციუმში გაზრდილს შეეძლო ეთქვა: “ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობაო”. თვითონ დიდგვაროვანსაც ასე სჯეროდა.
– როგორც პედაგოგს, შეგიძლიათ გვითხრათ, სად “უჭირთ” დღეს ახალგაზრდებს?
– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღევანდელი თაობა ვერ მეგობრობს მშობლებთან. ეს ბევრ სიმახინჯეს წარმოშობს. შვილი მტრად არ უნდა გაზარდო, თუმცა არც ენა უნდა მოუჩლიქო; უნდა ემეგობრო და თანასწორად აღიქვა. ჩემი ოცდათხუთმეტი წლისაა და მისი მეგობრები ასევე მეგობრობდნენ ჩემთანაც. შვილების სიყვარულია საჭირო და არა მოქრთამვა. ზოგჯერ ჯოხიც საჭიროა, თუმცა მერე ეს სიყვარულში უნდა გადავიდეს, აგრძნობინო, რომ ის პიროვნებაა, რომ ოჯახში ორივე მთავარი ხართ.
ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

სმა-ჭამა ვერად შესარგი…

0

რა საინტერესოდ იზრდება და ვითარდება მცენარე… ზამთრის ძილს მიცემული, ფოთლებშემოძარცვული და ძარღვებში სისხლგაყინული, დათბობისთანავე იწყებს გამოღვიძებას. ერთს შეირხევა, ჩამოიფერთხავს ტოტებზე შერჩენილ თოვლს და კვირტებს გამობერავს. ეს სიცოცხლის ნიშანია. კვირტები მოგვიანებით ფოთლებად და ნაყოფად იქცევა. პირველნი ჩვენ ჟანგბადს არ მოგვაკლებენ და დედამიწას – ნეშომპალას, მეორენი კი თავს გემრიელ საზრდოდ შესთავაზებენ კაცთა და ფრინველთა…

მაგრამ როგორ ახერხებს მცენარე ამას? ფესვების წყალობით. თვალს გვტაცებს ამაყად წამომართული წიფელი, ლოყაწითელი ნაყოფით დახუნძლული ვაშლი, ბუჩქის ძირას მოკრძალებით ამოსული ნაზი ია. მაგრამ ეს მათი მხოლოდ ხელისგულზე დადებული ნაწილებია… ეს სილამაზე ფესვებიდან მოდის, ფესვებიდან, რომლებიც ჩვენი თვალთახედვის მიღმაა. მათ დანახვას სხვა თვალი სჭირდება… ფესვების გარეშე ვერც ერთი მცენარე ვერ იხარებს. მიწაში ჩაგდებული თესლი ჯერ ღივდება, ფესვს გაიდგამს და მერეღა იწყებს მიწის ზემოთ აღმოცენებას, ფრთების გაშლას.

ასეა ერიც. ისიც ფესვებიდან იზრდება და ფესვებით საზრდოობს. მისი ფესვები ტრადიციაა – საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და უკვე დაღვინებული ადათ-წესების კრებული. წარსულს მოწყვეტილი ერი ფესვებიდან მოგლეჯილ ხეს ჰგავს. ამას ქვეცნობიერადაც ვხვდებით, ამიტომ ყოველივე ტრადიციულს მოწიწებით, რუდუნებით ვეპყრობით, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ხის სიჯანსაღისთვის მისი ვარჯისა და ნაყოფის მოვლა არ კმარა – ფესვებსაც უნდა პარაზიტების მოცილება…

ყველაფერი, რაც ისტორიის მტვერს დაუფარავს, როდია ტრადიციული, მით უფრო – ეროვნულ-ტრადიციული. ყოველი ეპოქა თავის ჭდეს აჩნევდა ტრადიციებს… ნებით თუ უნებლიეთ დღესაც ვუმატებთ ახალ-ახალ „მუხლებს” ჩვენს „ზნეობის კოდექსს”… მაგრამ გავა ხანი, მასაც მიეყრება ისტორიის მტვერი და ვინ იცის, ისიც ტაბუდადებულ ტრადიციად იქცეს, რომლის დაღს დიდხანს ვეღარ მოიცილებს მომავალი თაობა.

ჩვენში ხომ უზენაესად მიაჩნიათ დათქმა „წინათ ასე იყო”: „წინათ გველის ნაკბენს სარეცხი საპით შველოდნენ…” და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ასეთი პოსტულატი ლამისაა აქსიომად ვაქციოთ. არადა, ტრადიცია ასეთ წვრილმანებზე არ ხურდავდება. ეროვნული ტრადიციისთვის რამდენიმე ათწლეულის „გამოცდილება” არაფერს ნიშნავს.

ამიტომ, როცა რამეს ტრადიციულს ვუწოდებთ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. რამდენი ურბანული დათქმა გვინდა გავასაღოთ ტრადიციულად… ლუდით დღეგრძელობა ავკრძალეთ, მაშინ როდესაც ის მართლაც ტრადიციული სარიტუალო სასმელი იყო საქართველოს მთიანეთში. თვით პატრიარქის მოწოდებამაც კი ვერ ამოძირკვა ბოლომდე ამ მანკიერი შთაგონების ფესვი ჩვენი ლამის „ტრადიციად” ქცეული ჩვევებიდან.

აქვს განათლებას მანკიერი ტრადიციები? სამწუხაროდ, არაერთი. ერთ მათგანზე, ნიშნის თხოვნა-დაწერის „ტრადიციაზე”, გულისტკივილი ადრეც გაგიზიარეთ (იხ. ბლოგპოსტი „დეიდებო, ბიძიებო, დამიწერეთ 51 ქულა”). მინდა, კიდევ ერთის შესახებ გაგანდოთ ჩემი საფიქრალი.

გასული საუკუნის 60-70–იანი წლებიდან, როდესაც, სტატისტიკის (მხოლოდ სტატისტიკის) მიხედვით, მეცნიერებამ აღმავლობის მწვერვალების დაპყრობა დაიწყო, დისერტაციის დაცვის პროცედურას „დესერტაციის” ნაწილიც შეემატა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა… 90-იანების ეკონომიკური კოლაფსის პერიოდში ინერციით მიმავალმა მეცნიერებამ დისერტაციების დაცვა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო – განუყრელი „დესერტაციებითურთ”. არადა, იმხანად რუსულ რუბლებზე მომუშავე საბჭოთა ავტობუსებში ასვლასაც ვერ ვახერხებდით სიდუხჭირის გამო და კუპონებს დაყაბულებული ტროლეიბუსებითა და მეტროთი ვმგზავრობდით ან სულაც ფეხით გავდიოდით რამდენიმე კილომეტრს გაყინულ ლაბორატორიებამდე.

2003 წელს განათლება ახალ, ევროპულ რელსებზე გადავიდა. ძირფესვიანად შეიცვალა დისერტაციის დაცვის ფორმატი და კონცეფცია „სამეცნიერო ხარისხი” მეცნიერებით გაჯერებულმა განათლების ხარისხმა შეცვალა. დისერტაციის დაცვის პროცედურამაც უფრო გამოცდის იერი მიიღო და ერთი უნივერსიტეტის პრეროგატივა გახდა. ყოფილი ასპირანტი (რომელსაც სტუდენტად, პრაქტიკულად, არ მოვიხსენიებდით) განათლების მესამე საფეხურის სტუდენტმა შეცვალა… დესერტაცია კი უცვლელი დარჩა.

როგორია, როცა ცოდნისა და მეცნიერების ატმოსფეროს მეზობელი ოთახიდან მომდინარე ხაშლამის სურნელი ერთვის…

მიმაჩნია, რომ არაფორმალურ ურთიერთობას თავისი დანიშნულება აქვს და არცთუ იშვიათად ფორმალურ ურთიერთობასთან ერთად უდიდეს როლს ასრულებს წმინდა ადამიანური თუ საქმიანი კავშირების დამყარებაში, მაგრამ ისინი გონივრულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს.

წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: დოქტორანტი დისერტაციის დაცვის დღისთვის სათანადოდ ემზადება, წარდგება აუდიტორიის წინაშე და ნაშრომის წარმატებით დაცვის შემდეგ ბანკეტზე მოსაწვევ ბარათებს ურიგებს მისთვის სასურველ სტუმრებს. ბანკეტი კი რამდენიმე დღის შემდეგაა დანიშნული… რა არის ამაში მიუღებელი? არატრადიციული?

დისერტაცია-„დესერტაციის” ასეთი ფორმატი, ერთი მხრივ, ზედმეტი საზრუნავისგან ათავისუფლებს დოქტორანტს, რომელსაც მთელს თავის დროსა და ენერგიას დისერტაციის დაცვას მოახმარს, რაც ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა, მეორე მხრივ კი კომისიის წევრებს უხსნის წნეხისა და უხერხულობის შეგრძნებას (რომელიც ირიბი ზემოქმედებაცაა კომისიაზე) და უფრო ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. რა დასამალია – ძნელია მიუკერძოებლად განსჯა, როცა იცი, რომ გამოსაცდელმა დოქტორანტმა არცთუ მცირე თანხა გადაიხადა „პურ-მარილში” და თუ დისერტაცია ჩაუვარდა, ისიც წყალში გადაეყრება…

მინაწერი: თუმცა ალბათ კიდევ დიდხანს იქნებიან ისეთი „ტრადიციონალისტები”, რომელებიც მტკიცედ დაიცავენ მამა-პაპის „დანაბარებს”:

„პური ჭამე და ღვინო სვი,
ეს დამიბარა მამამა,
არ წავალ დაუთრობელი,
გინდა იყივლოს მამალმა”

ისევ მინაწერი: ამიტომ მივმართავ დოქტორანტებს – ვინ დაარღვევს ტრადიციის ნიღაბს ამოფარებულ ამ მანკიერ ჩვევას? სამწუხაროდ, ეს პრობლემა ადმინისტრაციულად, „ზევიდან”, ვერ გადაიჭრება. ეს თქვენ, დოქტორანტებმა უნდა გააკეთოთ. ვინც პირველი გაბედავს ამას, უსიამოვნება არ ასცდება, შესაძლოა, წვალებად და ნერვების წყვეტადაც დაუჯდეს, მაგრამ მომავალში მრავალ მის კოლეგას გაუადვილებს ცხოვრებას და ახალ, ცივილიზებულ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს.

ვინ იქნება პირველი?

საკლასო მენეჯმენტი

0
იმ კვლევის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიღწევებთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლას, საკლასო მენეჯმენტი გამოიყოფა როგორც ცვლადი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს. საკლასო მენეჯმენტის ცოდნა და მისი სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორებია მასწავლებლის საქმიანობის დასაუფლებლად. მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული სტრესი და გადაღლილობა გამოფიტვის წინაპირობაა მოსწავლისთვის.

 

რა ხდის მენეჯმენტს ესოდენ საბედისწეროს?

კლასი გარემოს განსაკუთრებული ტიპია. მას განსხვავებული თავისებურებები აქვს, რომლებიც გავლენას ახდენს კლასის წევრებზე, განურჩევლად იმისა, როგორაა განლაგებული მერხები ან რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს განათლებასთან დაკავშირებით. კლასები მრავალგანზომილებიანია. გადატვირთულია ადამიანებით, ამოცანებით, დროის წნეხით. განსხვავებული მიზნების, საშუალებების, უნარების მქონე მრავალმა ადამიანმა უნდა გაიზიაროს ერთი და იგივე რესურსები, შეასრულოს სხვადასხვა ამოცანა, სრულყოფილად გამოიყენოს მასალა, შევიდეს ოთახში, გავიდეს ოთახიდან და ა.შ. გარდა ამისა, სხვადასხვა გავლენას ახდენს აქტივობებიც. სუსტი უნარების მქონე მოსწავლეებზე კონცენტრირებამ შესაძლოა გაზარდოს მათი მონაწილეობა და ჩართულობა, მაგრამ იმავდროულად გამოიწვიოს დისკუსიის შენელება და მიგვიყვანოს მენეჯმენტთან დაკავშირებულ პრობლემებამდე, თუ ეს ბავშვები კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებენ. ყველაფერი ერთდროულად ხდება და ტემპიც ძალიან მაღალია. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ყოველდღიურად უზარმაზარი ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარეობს.

სისწრაფისა და ინტენსივობის გამო მოვლენების პროგნოზირება შეუძლებელია. მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილია და პროექტორიც ადგილზეა, პროექტორის ნათურის გადაწვამ ან კლასის გარეთ ატეხილმა ხმაურმა შესაძლოა ჩაშალოს გაკვეთილი. ვინაიდან საკლასო ოთახი საზოგადოებრივი ადგილია, როგორ უმკლავდება მასწავლებელი ასეთ მოულოდნელობებს, საყოველთაო განსჯის საგანი ხდება. მოსწავლეები ყოველთვის ამჩნევენ, როცა მასწავლებელს „ეშინია”, ამჩნევენ ტენდენციურობასა და „ფავორიტიზმს”. დაბოლოს, ყველა კლასს აქვს ისტორია. მასწავლებლისა თუ მოსწავლის ქმედება ნაწილობრივ იმაზეცაა დამოკიდებული, რა ხდებოდა წინათ. გაკვეთილზე მოსწავლის მეთხუთმეტე დაგვიანებას მასწავლებლის სულ სხვაგვარი რეაქცია მოჰყვება, ვიდრე პირველს. და კიდევ, სასწავლო წლის პირველი კვირები გავლენას ახდენს მთელ წელზე.

არც ერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული მისი წევრების თანამშრომლობის გარეშე. მაშინაც კი, როცა ზოგიერთი წევრი აქტივობაში არ მონაწილეობს, მათ უნდა მისცენ დანარჩენებს მუშაობის საშუალება (ყველას გვინახავს ისეთი მოსწავლეები, მთელ კლასს რომ აფერხებენ). ასე რომ, მასწავლებლებისთვის მენეჯმენტის მთავარი ამოცანა კლასში წესრიგისა და ჰარმონიის დამყარებაა საკლასო აქტივობისას მოსწავლეთა თანამშრომლობის შენარჩუნების გზით. კლასის მრავალგანზომილებიანობის, სპონტანურობის, სწრაფი ტემპის, არაპროგნოზირებადობის, საჯაროობისა და ისტორიების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა.

მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გაცილებით მეტია, ვიდრე ცუდ ქცევასთან ეფექტური გამკლავება. ის გულისხმობს აქტივობათა დაგეგმვას, მასალის მომზადებას, მოსწავლისთვის ადეკვატური ქცევითი და აკადემიური მოთხოვნების წაყენებას, მკაფიო სიგნალის გაცემას, ცვლილებათა უმტკივნეულოდ განხორციელებას, პრობლემების წინასწარ განსაზღვრას და თავიდან აცილებას, აქტივობათა შერჩევას და ისეთი თანმიმდევრობით განხორციელებას, რომ ინტერესი არ განელდეს და ა.შ. ამასთან, სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა სახის მენეჯერულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. მაგალითად, ახალი და რთული აქტივობა უფრო საშიში იქნება კლასისთვის, ვიდრე კარგად ნაცნობი და მარტივი. აქტივობიდან აქტივობამდე მოსწავლეთა ადეკვატური მონაწილეობაც იცვლება.

რა თქმა უნდა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის დამყარება სულ სხვა ამოცანა, ვიდრე მაღალი კლასების მოსწავლეებს შორის. საბავშვო ბაღში და დაწყებითი სკოლის პირველ კლასებში მნიშვნელოვანია წესებისა და პროცედურების პირდაპირი სწავლება. მომდევნო კლასებში საკლასო რუტინა თითქოს ავტომატურად ხორციელდება, მაგრამ ახალი პროცედურები შეიძლება პირდაპირ ისწავლებოდეს, ხოლო მთლიანად სისტემა მონიტორინგს და განმტკიცებას მოითხოვს.

დაწყებითი სკოლის დამთავრებისას ზოგიერთი მოსწავლე უარყოფითადაა განწყობილი ხელმძღვანელობის მიმართ, ეჭვის თვალით უყურებს მას. ამ ეტაპზე მენეჯმენტი ნაყოფიერად უნდა გაუმკლავდეს ამ ხელის შემშლელ ფაქტორებს და გაზარდოს იმ მოსწავლეთა მოტივაცია, რომლებიც ნაკლებად ემორჩილებიან მასწავლებლებს და უფრო მეტად საკუთარ სოციალურ ცხოვრებაზე არიან კონცენტრირებულნი. საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში მთავარი საკითხები კურიკულუმის შედგენა, აკადემიური მასალის მოსწავლის ინტერესებსა და უნარებზე მორგება და თვითმენეჯერებად გახდომაში მათი დახმარებაა. ყოველი სემესტრის პირველი გაკვეთილები უნდა დაეთმოს კონკრეტული პროცედურების სწავლებას მასალისა და ინვენტარის ასათვისებლად, დავალებების შესასრულებლად. თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობამ იცის, რას ელიან მათგან.

საკლასო მენეჯმენტის მიზანი პოზიტიური, ნაყოფიერი სასწავლო გარემოს შენარჩუნებაა. თუმცა წესრიგი თავისთავად არ შეიძლება იყოს მიზანი. არაეთიკურია საკლასო მენეჯმენტის ტექნიკების გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ მოსწავლეები მორჩილად და ჩუმად ისხდნენ. რა საჭიროა ასეთი მუხლჩაუხრელი შრომა საკლასო მენეჯმენტის განსახორციელებლად? ამას, სულ მცირე, სამი მიზეზი აქვს:

* მეტი დრო – სწავლას. თუ განსაზღვრავთ დღის განმავლობაში თითოეული აქტივობისთვის დათმობილ დროს, გაგიკვირდებათ, როცა აღმოაჩენთ, რა ცოტა დრო ეთმობა აქტუალურ სწავლებას. ყოველდღიურად უამრავი დრო იკარგება შეწყვეტინების, ხელის შემშლელი ფაქტორების, დაგვიანებული დასაწყისის, უხეში ცვლილებების გამო.
რეალურად, მოსწავლეები სწავლობენ მაშინ, როცა მეტი გზა არ აქვთ. სწავლისა და მასზე დახარჯული დროის შემსწავლელმა თითქმის ყველა კვლევამ აღმოაჩინა მკაფიო კავშირი დახარჯულ დროსა და მოსწავლის სწავლას შორის. ნასწავლ შინაარსსა და მოსწავლის სწავლას შორის კორელაცია, ფაქტობრივად, უფრო მაღალია, ვიდრე მასწავლებლის სპეციფიკურ ქცევასა და მოსწავლის სწავლას შორის. ამდენად, საკლასო მენეჯმენტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, გაზარდოს სწავლისთვის რეალურად დათმობილი დრო. ამას ზოგჯერ დაწესებულ დროს უწოდებენ.

უბრალოდ სწავლისთვის მეტი დროის გამოყოფა ავტომატურად ვერ მიგვიყვანს წარმატებამდე. იმისთვის, რომ ღირებული იყოს, დრო ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული. მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის გადასამუშავებლად არჩეული გზა ცენტრალური ფაქტორია იმ საკითხის განსაზღვრისას, რას სწავლობენ და იმახსოვრებენ ისინი. როგორც წესი, მოსწავლეები სწავლობენ იმას, რაშიც ვარჯიშობენ და რაზეც ფიქრობენ. სპეციფიკურ სასწავლო ამოცანებზე დახარჯულ დროს ხშირად უწოდებენ ჩართულობის ან ამოცანისთვის განკუთვნილ დროს.

თუმცა ჩართულობის დრო მაინც არ იძლევა სწავლის გარანტიას. მოსწავლეები შესაძლოა ძალიან წვალობდნენ რთული მასალის ათვისებისას ან არასწორ სასწავლო სტრატეგიებს იყენებდნენ. როდესაც ისინი წარმატებით მუშაობენ, ნამდვილად სწავლობენ და ესმით საკითხი, დახარჯულ დროს აკადემიურ სასწავლო დროს ვუწოდებთ.
საკლასო მენეჯმენტის მეორე მიზანია აკადემიური სასწავლო დროის გაზრდა ღირებულ და ადეკვატურ აქტივობებში მოსწავლეების აქტიური ჩართვით.

სწავლაში მოსწავლეების ჩართულობა დაწყებითი კლასებიდანვე იძლევა ეფექტს. რამდენიმე კვლევამ ცხადყო: პირველ კლასში მასწავლებლის ზრუნვა იმაზე, რომ მოსწავლე სამუშაოზე იყოს კონცენტრირებული, გაიზარდოს მისი შეუპოვრობა, მე-4 კლასამდე და უფრო მაღალ კლასებშიც მაღალი მიღწევების საწინდარია.

* სწავლაში ჩართულობა. თითოეულ საკლასო აქტივობას მონაწილეობის თავისი წესი აქვს. ზოგჯერ ამ წესებს მკაფიოდ განსაზღვრავს მასწავლებელი, მაგრამ ხშირად ისინი იმპლიციტური და განუსაზღვრელია. მასწავლებლები და მოსწავლეები შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ სხვადასხვა აქტივობის დროს სხვადასხვა წესს მისდევენ. მაგალითად, კითხვის დროს მოსწავლეს ევალება, ხელი აიწიოს და ისე გააკეთოს კომენტარი, სხვა დროს კი შეიძლება უბრალოდ თვალით ანიშნოს მასწავლებელს.

წესებს, რომლებიც ადგენს, ვინ უნდა ილაპარაკოს, რაზე და როდის, ვისთან და რამდენ ხანს, ხშირად მონაწილეობის სტრუქტურას უწოდებენ. იმისთვის, რომ განსაზღვრულ საქმიანობაში მათი მონაწილეობა წარმატებული იყოს, მოსწავლეები უნდა ჩასწვდნენ მონაწილეობის სტრუქტურას. ზოგიერთ მოსწავლეს მონაწილეობის ნაკლები უნარი აქვს. მონაწილეობის სტრუქტურა, რომელსაც ისინი შინ სწავლობენ მშობლებთან, და-ძმასა და სხვებთან ურთიერთობისას, არ შეესატყვისება სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის სტრუქტურას, მაგრამ მასწავლებლები ყოველთვის ვერ აცნობიერებენ ამ განსხვავებას. მათ ჰგონიათ, რომ ბავშვი ვერ ერგება სკოლას, არ იცის, როდის რა თქვას, უხალისოდ მონაწილეობს საკლასო აქტივობებში და ვერ ხვდებიან, რისი ბრალია ეს.

რა შეგვიძლია დავასკვნათ აქედან? იმისთვის, რომ შევასრულოთ საკლასო მენეჯმენტის მეორე მიზანი – ჩავრთოთ მოსწავლეები სწავლაში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეულმა მოსწავლემ იცის, როგორ მიიღოს მონაწილეობა საკლასო აქტივობაში. საკვანძო საკითხია გაცნობიერება. როგორია თქვენი წესები და მოლოდინები? გასაგებია თუ არა ისინი თქვენი მოსწავლეებისთვის, შეესაბამება თუ არა მათ კულტურულ და ოჯახურ გამოცდილებას? რა დაუწერელი როლები და ღირებულებები შეიძლება მოქმედებდეს? მკაფიოდ უჩვენებთ თუ არა მონაწილეობის გზებს? ზოგიერთი მოსწავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ქცევითი და ემოციური პრობლემები აქვს, შესაძლოა საჭირო გახდეს მნიშვნელოვანი ქცევების პირდაპირი სწავლება და გავარჯიშება.

* თვითმენეჯმენტის მენეჯმენტი. მენეჯმენტის სისტემის მესამე მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს საკუთარი თავის უკეთ მართვაში. თუ მასწავლებლები ფოკუსირებას მოახდენენ მოსწავლეთა წესებისადმი მორჩილებაზე, ისინი მეტისმეტად ბევრ დროს დახარჯავენ სწავლება-სწავლის დროის მონიტორინგისა და შესწორებისთვის. მოსწავლეებს სკოლის დანიშნულებად და სკოლაში საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ წესების დაცვა და არა აკადემიური ცოდნის სიღრმისეული წვდომა. კომპლექსური სწავლის სტრუქტურები, ისეთები, როგორებიცაა თანამშრომლური ან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა, მოსწავლის მხრივ თვითმენეჯმენტს მოითხოვს. წესებისადმი მორჩილება არ არის საკმარისი, რათა სწავლის ამ სტრუქტურებმა იმუშაოს.

მორჩილების მოთხოვნიდან თვითრეგულირებისა და თვითკონტროლის სწავლებაზე გადასვლა მნიშვნელოვანი წინ წადგმული ნაბიჯია საკლასო მენეჯმენტში. თვითკონტროლით მოსწავლეები პასუხისმგებლობის დემონსტრირებას ახდენენ – უნარისა, რომელიც გულისხმობს საკუთარი მოთხოვილებების დაკმაყოფილებას სხვათა უფლებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. მოსწავლეები თვითკონტროლს არჩევანის გაკეთებით და ამ არჩევანის შედეგებთან გამკლავებით, მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრით, დროის მენეჯმენტის, სწავლისთვის კოლაბორაციით, დაპირისპირებათა მოგვარებითა და მშვიდობის დამყარებით, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან ნდობის დამყარებით სწავლობენ.

თვითმენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ მოსწავლეთათვის იმის სწავლება, როგორ იკისრონ პასუხისმგებლობა, გარჯად ღირს. როდესაც დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლები კლასების ეფექტურ მენეჯმენტს კი ახდენენ, მაგრამ მოსწავლეთა თვითმენეჯმენტის განვითარებას არ ისახავენ მიზნად, როცა მათი მოსწავლეები ამ კარგად ორგანიზებულ კლასებში აღარ სხედან, დამოუკიდებლად მუშაობისას პრობლემები ექმნებათ.

როგორ გავუფრთხილდეთ მეხსიერებას

0
კარგი მეხსიერება თანდაყოლილი ნიჭია. თუმცა, როგორც ყველა ნიჭს, მეხსიერებასაც სჭირდება გაფრთხილება და ვარჯიში. როგორც გერმანული ანდაზა გვასწავლის ”Űben macht Meister” – „ვარჯიში ქმნის პროფესიონალს”. ლექსების დაზეპირებისა და მათემატიკურ-ლოგიკური სავარჯიშოების ამოხსნის გარდა, მეხსიერების გაუმჯობესებას ხელს უწყობს ფიზიკური ვარჯიში, რის შესახებაც წინა სტატიაში („ფიზიკური აქტივობა ფსიქიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად”) ვწერდი. აქ კი ძილზე უნდა მოგიყვეთ.

 

ყველამ ვიცით, რომ ძალიან ხშირად სტუდენტები გამოცდის წინ ამზადებენ საგანს, მაგრამ წინა დღეს ნასწავლი მასალა მეორე დღეს ან ახსენდებათ, ან არა.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების საიდუმლო თურმე კარგად გამოძინებაშია დამალული. მათ თუ სრულყოფილად გამოიძინეს, შეიძლება სიტყვასიტყვით გაიხსენონ წინა დღეს ნასწავლი მასალა. გამოძინება მარტო გამოცდებში მიღებული მაღალი ქულების საფუძველი კი არ ყოფილა, არამედ მას მეხსიერების დაავადებების (მაგ. დემენცია) შეფერხებაც შესძლებია.

ჟურნალ „კორტექს”-ში გამოქვეყნდა ფსიქოლოგ ნიკოლას დუმეის გამოკვლევა, სადაც წაიკითხავთ, რომ კარგად გამოძინების შედეგად ორმაგდება ისეთი ამბის გახსენების ალბათობა, რომელიც მანამდე არ ახსენდებოდათ.

ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეებს ასწავლიდნენ გამოგონილ სიტყვებს და დასწავლისთანავე ამოწმებდნენ, რა და როგორ დაიმახსოვრეს. მათი ხელმეორედ გამოკითხვა 12 საათის შემდეგ მიმდინარეობდა. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთ ჯგუფს მეორე გამოკითხვამდე გამოძინება უწევდა; მეორე ჯგუფს ორივე გამოკითხვა ერთი დღის განმავლობაში გამოძინების გარეშე უნდა გაევლო.

ცდის პირებს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით აჯგუფებდნენ: ისინი, ვინც პირველი და მეორე ტესტის (12 საათის შემდეგ) დროს წარმატებით ასახელებდნენ ახალ სიტყვებს და ისინი, ვისაც არ ახსოვდათ სიტყვები პირველი ტესტის დროს, მაგრამ ნასწავლს მეორე ტესტისას იხსენებდნენ. მეორე ჯგუფს განსაკუთრებულად აკვირდებოდნენ და აღმოჩნდა, რომ თუ მათ გამოძინება უწევდათ მეორე გამოკითხვის ჩატარებამდე, წარმატებით აბარებდნენ მეორე ტესტს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძილი ხელს უწყობს როგორც დამახსოვრებული ინფორმაციის შენახვას, ასევე იმ ნასწავლი ინფორმაციის გახსენებას, რომელის მეხსიერებაში აღდგენა არ ხდება სწავლიდან 12 საათის განმავლობაში გამოძინების გარეშე.

„რადგან გამოძინების შედეგად მიუწვდომელი ინფორმაციაც ხელმისაწვდომი ხდება, ეს აღმოჩენა შეიძლება გამოიყენონ კრიმინალისტებმაც მოწმის დაკითხვის დროს”, – წერს მკვლევარი დუმეი. მისივე შეფასებით, მიღებული შედეგი ცხადყოფს, რომ ძილი არამარტო დამახსოვრებული ინფორმაციის შენახვას განაპირობებს, არამედ გამოძინების შედეგად ცუდად შენახული ინფორმაციის გახსენებასაც. უფრო მეტიც, ძილი მეხსიერების დაავადებების გაჩენას აფერხებს ან დაავადების საწყის ეტაპზე დაავადებით გამოწეული დაზიანების აღდგენაში მონაწილეობს. თუმცა დემენციის შედეგად თუ ტვინის დიდი უბანია უკვე დაზიანებული, ძილი ვეღარ დააბალანსებს ამ გადაგვარებას.

დემენციის ნაირსახეობებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმა ალცჰაიმერის დაავადებაა. ამ დაავადების საერთაშორისო ცენტრის 2013 წლის მონაცემების თანახმად მსოფლიოში 44.4 მილიონი ადამიანია დაავადებული დემენციით. 2050 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ 135.5 მილიონ ადამიანს ექნება დემენცია. მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდი კი სრულყოფილი ძილია.

მოკლედ, ძილის ფიზიოლოგია ასეთია: ის იყოფა ნელი ძილის (ანუ იგივე ღრმა ძილის) და სწრაფი ძილის (თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა) სტადიად. ნელი ძილის დროს ტვინი კონსოლიდაციის ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ იღებს ახალ ინფორმაციას, თუმცა უკვე მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებაზეა ფოკუსირებული.

ახალი ინფორმაციის მიღება ტვინის ერთ-ერთ საინტერესო სტრუქტურაში – ჰიპოკამპში მიმდინარეობს. ეს სტრუქტურა ხანმოკლედ ინახავს ინფორმაციას. ნელი ძილის დროს ხანმოკლე ინფორმაცია ჰიპოკამპიდან ტვინის სხვა უბნებში გადადის და ხანგრძლივი ვადით ინახება.

ძილის სარგებლობა უზარმაზარია. ამ სარგებლობის ნაწილია ისიც, რომ ძილი ხელს უწყობს კუნთების დასვენებას და ახალი ქსოვილების ზრდას. ძილის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ 18-დან 64 წლამდე ადამიანს 7-დან 9 საათამდე ეძინოს. უახლესი გამოკვლევების თანახმად, ძილის დროს ნერვულ უჯრედებს შორის ახალი კავშირების წარმოქმნა ხდება. რაც უფრო მეტი ნერვული უჯრედი გაერთიანდება თავის ტვინში, მით უფრო გაუმჯობესდება მეხსიერების უნარი.
გამოყენებული ლიტერატურა:
Have a good night sleep to help you remember. Conor Gaffey.

დისკუსიის ტექნიკა

0

ნებისმიერი საპროგრამო მასალის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მრვალფეროვანი მეთოდების გამოყენება. სწავლების პროცესი რუტინულ, ოდენ ფაქტებისა და შინაარსების დამახსოვრების აქტად რომ არ იქცეს, საჭიროა განსხვავებული სტრატეგიის გამოყენება.

სხვადასხვა მიმართულების კითხვების დასმა(როგორც კონვერგენტული, ანუ ერთი სწორი პასუხის მომცველი, ფაქტის ამსახველი, ისე დივერგენტული, ანუ რამდენიმე სწორი პასუხის ან ვარაუდებისა და ჰიპოთეზების მაპროვოცირებელი) და დისკუსია ნებისმიერი გაკვეთილის უცილობელი შემადგენელია და მასწავლებლის მიერ გამოიყენება სამივე ფაზაზე (გამოწვევა, შინაარსის რეალიზება, რეფლექსია). დღეს სწორედ ამ აქტივობის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს მიმოვიხილავთ.

დისკუსიის „ხიბლი”

სასწავლო დისკუსია, როგორც ერთობლივი სწავლების მეთოდი, ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს შესასწავლი საკითხი, ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები, იმსჯელოს ყველა შესაძლო ვარიანტზე, ახლებურად გაიაზროს მასალა, მას უვითარდება კამათის და საკუთარი აზრის არგუმენტირების, დასაბუთების უნარი და ა.შ.
საკლასო დისკუსია ცოცხალი, დინამიკური, სახალისო პროცესია და მოსწავლეები, როგორც წესი, ინტერესით ერთვებიან მასში. დისკუსიის დადებითი მხარე ისიცაა, რომ იზრდება მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და აქტივობა. ვისაც უკვე აქვს ამ მეთოდის გამოყენების გამოცდილება, დამეთანხმება, რომ ხშირად დისკუსიაში პასიური მოწაფეებიც ხალისით და ინტერესით ერთვებიან. სწავლებისა და შემეცნების ეს ინტერაქტიური მეთოდი ცოდნის შეძენის და განმტკიცების, მასალის მრავალმხრივ დამუშავების და აუდიტორიის წინაშე თავისუფალი მსჯელობის უნარებს ხვეწს.

დისკუსიის ფორმები

არსებობს სასწავლო დისკუსიის რამდენიმე ფორმა. მათგან საკლასო ოთახსა და საგაკვეთილო ფორმატს ყველაზე მეტად შეეფერება:

„მრგვალი მაგიდა”

დისკუსია ემსახურება აქტუალური საკითხის განხილვას, მრავალმხრივ შესწავლას, ანალიზს. მონაწილეების ამოცანა არ გახლავთ პრობლემის/დასმული საკითხის გადაჭრა. ისინი ორიენტირებული არიან სხვადასხვა კუთხით მიმოიხილონ თემა, გამოთქვან ვარაუდები, მოსაზრებები, ჰიპოთეზები. გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია, ცნობები, ცოდნა, რაც აქვთ მოცემულ საკითხთან მიმართებით. მონაწილეები ეუფლებიან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ტექნიკას, საკუთარი შეხედულებების შეჯერებას, მრავალმხრივ გააზრებას. დისკუსიაში ყველა მონაწილე თანაბარი უფლებით სარგებლობს.
საკლასო ოთახის ორგანიზება – აუცილებელი პირობაა, მერხები წრიულად განვალაგოთ, რათა მონაწილეებს საშუალება ჰქონდეთ ვიზუალური კონტაქტი დაამყარონ ნებისმიერ წევრთან. მასწავლებელი ამ შემთხვევაში არა დომინანტი, არამედ „რიგითი” მონაწილეა. შესაძლებელია, მან მხოლოდ „დამკვირვებლის” ფუნქცია შეითავსოს.
თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, შესაძლებელია ორი ან სამი „მრგვალი მაგიდის” ორგანიზებაც. მონაწილეები ჯერ მცირე ჯგუფებში განიხილავენ საკითხს, აჯერებენ მოსაზრებებს, შემდეგ კი სხვა ჯგუფებს აცნობენ თეზისებს.

ჯვარედინი დისკუსია

ჯვარედინი დისკუსია საკითხის შესწავლის და დამუშავების იმგვარი მეთოდია, რომელსაც მოსწავლეები თავად წარმართავენ. მასწავლებლის ამოცანაა მოამზადოს ე.წ. დივერგენტული კითხვა ( თეზისი), რომელიც არაერთგვაროვან პასუხს მოითხოვს. (მაგალითისთვის, „გამართლებულია თუ არა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა-თანამედროვე სამყაროში”. „მისაღებია თუ არა კონფორმიზმი/ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა სიცოცხლის შესანარჩუნებლად”. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ” და ა.შ.).

მოსწავლეები პირველ ეტაპზე წყვილდებიან. წყვილის ამოცანაა შეადგინოს ე.წ.”სადისკუსიო ცხრილი”. ერთი მონაწილე მოიფიქრებს, ჩამოწერს და გაუზიარებს მეწყვილეს თეზისის დამადასტურებელ არგუმენტებს, მეორე კი უარმყოფელს. წყვილი მუშაობს ექვსი-შვიდი წუთის განმავლობაში. ამ დროისთვის თითოეულს მინიმუმ 3 დამადასტურებელი და 3 უარმყოფელი არგუმენტი უნდა ჰქონდეს მომზადებული და საკუთარ სამუშაო ფურცელზე ჩამოწერილი. ფურცელი ორ ნაწილადაა დაყოფილი. დიახ/არა – ცხრილის ორივე სვეტი ივსება მუშაობის პროცესში. თეზისის/კითხვის დასაბუთება მოცემულია სვეტში „დიახ”, უარყოფა სვეტში „არა”. როდესაც წყვილი შეავსებს ორივე სვეტს, ის უერთდება სხვა წყვილს და უზიარებს ნამუშევარს, ნააზრევს. ახლა უკვე ოთხეული განიხილავს, ავსებს ან ამოაკლებს ცხრილის არგუმენტებს. ოთხეული გარკვეულ დასკვნამდეც უნდა მივიდეს. შედეგი ცალკე ფურცელზე მუშავდება და მზადდება აუდიტორიის წინაშე წარსადგენად.

დისკუსია ესტაფეტა

დისკუსია იმართება ვრცელი თემის, საკითხის შესწავლის შემდგომ ეტაპზე. საკითხი მრავლისმომცველი და/ან მრავალასპექტიანი უნდა იყოს. დისკუსია განსხვავებული შეხედულებების სიღრმისეულად გაცნობას, გააზრებას და გაზიარება/უარყოფას უწყობს ხელს.

კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად ( თითოეულში მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

ჯგუფები მუშაობენ წრიულად განლაგებულ მერხებთან. თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი აძლევს ერთ სამუშაო ფურცელს, რომელზეც შესწავლილი თემის ერთი საკითხია მოცემული. მასწავლებელს შეუძლია როგორც ბინარული(ორმაგი, რომელიც საჭიროებს სწორია/არასწორია ან ვეთანხები/არ ვეთანხები ტიპის პასუხს) კითხვის დასმა, ისე დივერგენტული ან ინფორმაციული. უკანსაკნელ შემთხვევაში მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და აღიდგინონ ყველა ის მნიშვნელოვანი ცნობა, ფაქტი, ინფორმაცია, რაც შესწავლილ საკითხზე იციან. ჯგუფებს ეძლევათ გარკვეული დრო საკითხის დასამუშავებლად ( 8-10 წუთი). მიკროჯგუფში დისკუსია სრულდება საერთო ჩანაწერით, რომელშიც შეჯერებულია ჯგუფის მუშაობის შედეგი.

შემდეგ ეტაპზე სამუშაო ფურცლები საათის ისრის მიმართულებით გადაეცემა „მეზობელ” ჯგუფს. მიკროჯგუფები ამჯერად ახალ, წინა ჯგუფის მიერ უკვე დამუშავებულ საკითხს ეცნობიან, განიხილავენ, აფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს, მოსაზრებებს ამავე ფურცელზე. 8-10 წუთის შემდეგ მეორდება იგივე და ასე გრძელდება მანამ, სანამ თითოეული ჯგუფი გაეცნობა და დაამუშავებს ყველა სამუშაო ფურცელს. საბოლოოდ, ჯგუფებს უბრუნდებათ საკუთარი ( პირველი) სამუშაო ფურცელი – შევსებული და გავრცობილი. ჯგუფს კვლავ ეძლევა მცირე დრო კონსოლიდაციისა და შეჯამებისთვის.

დასასრულ, ჯგუფები საკუთარი მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
მოცემული სადისკუსიო მეთოდების გარდა, ცხადია, არსებობს ინტერაქტიური სწავლების უამრავი სხვა მეთოდიც, რომლებსაც კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად იყენებენ გამოცდილი მასწავლებლები. გაგვიზიარეთ ეს გამოცდილება კომენტარებში – რომელი მეთოდია ყველაზე „მუშა”, რომელ მეთოდს რა დადებითი ან უარყოფითი მხარე აქვს. გამოცდილების გაზიარება ხომ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შთაბეჭდილებათა განუზომელი ძალა

0

ჩემს ბიჭზე უკვე მომიყოლია, არა? კომუნიკაციის პრობლემები, მეტყველების დაგვიანება – დღეს ესენი ჩვენთვის თითქმის უკვე გადალახული დაბრკოლებებია, ამიტომაც უკვე თავისუფლად, შიშის გარეშე შემიძლია ამ ყველაფერზე თქვენთან საუბარი.

ერთ რამეს მივხვდი: ის სხვა ბავშვებისგან ბევრით არაფრით განსხვავდება, შესაბამისად, მეთოდები, რომლებითაც მის სოციალურ ცხოვრებაში ჩართვას ვახერხებ, თავისი, საინტერესო სამყაროს სარკმლიდან ჩემკენ გამოხედვას ვაიძულებ, უფრო სწორად, ვანდომებ, ნებისმიერი ბავშვისთვის სასარგებლო იქნება. რასაკვირველია, არ ვლაპარაკობ სპეციალურ თერაპიაზე, რომელსაც ის სხვადასხვა დაწესებულებაში გადის – ჩემს როგორც მშობლისა და მასწავლებლის მეთოდებს ვგულისხმობ, რომლებითაც სხვადასხვა ხასიათის, მიდრეკილებისა და ინტერესის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვაა შესაძლებელი.

მუსიკალურ თამაშებზე უკვე მოგიყევით, ახლა მინდა მეორე საკითხზე ვისაუბროთ, რომელიც ჩემი შვილის ამეტყველებისა და კომუნიკაციური პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად იქცა. მაინც რა არის ეს ჯადოსნური ჯოხი? არც მეტი, არც ნაკლები, მარტივზე მარტივი და რთულზე რთული – შთაბეჭდილება!

ეს საუკეთესო რამაა, რომ ბავშვი აალაპარაკო. რასაკვირველია, ყოველდღე ფეიერვერკების მოწყობა არ გამოდის, მეც და ჩემს შვილსაც რთული გრაფიკი გვაქვს: მე – სამსახური და ათასგვარი მოვალეობა, მას – ბაღი, მეტყველების თერაპია, – მაგრამ კვირაში ორი მაინც ჩვენია და სწორედ მაშინ ვცდილობ, მისი შთაბეჭდილება რაც შეიძლება მრავალფეროვანი გავხადო. სეირნობა, ახალი ადგილების ნახვა, გამოფენები, კინო, თეატრი, მუსიკა, თამაში, საყვარელი ადამიანების ღიმილი – ასეთი დღის ბოლოს ის ცდილობს, ყველაფერს მომიყვეს, ახალი სიტყვები გამოიყენოს, რაც მთავარია, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია.

ჰოდა, მე თუ მკითხავთ, შთაბეჭდილება გაკვეთილზეც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ დაზოგავთ ფანტაზიას. მე კი ჩემს რამდენიმე გაკვეთილზე მოგიყვებით.

  1. დედამიწა კოსმოსიდან

ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ეს გაკვეთილი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის” გამოძახილი იყო. მას შემდეგ, რაც იმ გარემოზე ვისაუბრეთ, ვნახეთ, დავათვალიერეთ და დავხატეთ, სადაც მწერალი გაიზარდა, გადავწყვიტე, სხვადასხვა კულტურულ თუ გეოგრაფიულ არეალში გვემოგზაურა. დედამიწაზე ვეღარ დავეტიეთ და მარსზეც ავედით, ცნობილი ფანტასტის, რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკებიდან” ერთი ეპიზოდი წავიკითხეთ, სადაც ადამიანები მარსზე მკვიდრდებიან. სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა NASA-ს საოცარი აღმოჩენები და ასე, გაკვეთილიც შეიკრა.

რაც შეეხება შთაბეჭდილებას, გაკვეთილი დაიწყო ასე – შუქი ჩავაქრეთ და დიდ ეკრანზე მარსზე გადაღებულ კადრებს ვუყურეთ. მერე მოთხრობა წავიკითხეთ, ვისაუბრეთ, სხვადასხვა ტიპის დასახლებათა ფოტოები და ვიდეოკადრები ვნახეთ, ნაწყვეტიც წავიკითხეთ ეგზიუპერის „ადამიანთა მიწიდან” და ბოლოს ჩაბნელებულ კლასში კიდევ ერთი ვიდეო გავუშვით – ეს კოსმოსიდან დანახული დედამიწის კადრები იყო.

დიდხანს იხსენებდნენ ამ გაკვეთილს – როგორ ჩამობნელდა უცბად ოთახში და ეკრანიდან როგორ ამცნო დიქტორმა, რომ მარსზე წყალი აღმოაჩინეს.

  1. თოვლი, თოვლი, ცხოვრება მშვენიერია…

ეს რამდენიმე დღეა, ჩვენ გარშემო თოვლია. თოვლია ყველგან – ქუჩაში, ტელევიზორში, ჩვენს ფეისბუქსტატუსებში, ლექსებში, რომლებიც გვახსენდება, ჩვენს სიზმრებშიც კი. ჩემი პატარა ბიჭი ხან თოვლში საკუთარ ნაფეხურებს აკვირდება, ხანაც იდუმალი გამომეტყველებით მეკითხება: „დე, თოვლის დედოფალი მოვა?”

მოკლედ, თოვლი ძალიან დიდი შთაბეჭდილებაა, ჰოდა, მეც ერთ გაკვეთილზე მოგიყვებით, რომელიც მეორეკლასელებთან ჩავატარე. რაღა თქმა უნდა, მაშინაც ზამთარი იყო, იანვარი, მაგრამ უთოვლო. გაკვეთილზე მოსულ პატარებს ოთახში უამრავი ბამბის ქულა დახვდათ, ხოლო მასწავლებლის მაგიდაზე ვარდებიანი ქოთანი იდგა. ალბათ მიხვდით, რომ კაისა და გერდას ჯადოსნური მოგზაურობის გამეორებას ვაპირებდით. წავიკითხეთ ეს საოცარი ზღაპარი, კლასის ერთი ბოლოდან მეორეში დიდი და საინტერესო მოგზაურობა მოვაწყვეთ, ბამბის ქულებით ვიგუნდავეთ, ქაღალდის ფიფქები გამოვჭერით და ვივალდის „წელიწადის დროებსაც” მოვუსმინეთ. ვისაუბრეთ წელიწადის დროებს შორის განსხვავებებზე, ვნახეთ ულამაზესი ვიდეოკადრები, ფანჯრის რაფაზე ნამცეცები დავყარეთ და გაყინული ბეღურები დავაპურეთ და ბოლოს ერთად გავიხარეთ, რომ მეგობრობამ ისევ გაიმარჯვა და დიდი ზარ-ზეიმით საკლასო ოთახის ერთი ბოლოდან თავის მერხზე დავაბრუნეთ კაი – ერთ-ერთი მოსწავლე.

გაკვეთილს, ისევე როგორც ზღაპარს, კეთილი ბოლო უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი აუცილებლად, აუცილებლად მოიშველიეთ ფანტაზია, რათა შთაბეჭდილებამ საჭირო ინფორმაცია აღბეჭდოს თქვენი მოსწავლეების გონებაში.

ჩემი მარინა მასწავლებელი

0

მე და ჩემს მარინა მასწავლებელს ერთმანეთი გვიყვარდა, ახლაც გვიყვარს. მერე რა, რომ მეოთხე კლასიდან სისხლს ვუშრობდი.

მაშინ დიდი მეგონა, ახლა ვხვდები, ძალიან ახალგაზრდა იყო. უბრალოდ იერი ჰქონდა მკაცრი -ყოველთვის მოწესრიგებული, ჩალისფრად შეღებილი თმა, მოყავისფრო, მკაცრი, ზომიერად მოდური კოსტიუმი და ქვედა ბოლო, თეთრი პერანგი.

სხვა მასწავლებლები გვლანძღავდნენ, ზოგიერთი ფიზიკურადაც გვეხებოდა. ის ხმასაც არ უწევდა, შემოვიდოდა და გასუსული იყო მთელი კლასი.

სწამდა პარტიის, იყო მგზნებარე საბჭოთა მოქალაქე. მე ამ დროისთვის დაწყებით კლასებში ისეთი მწარე გამოცდილება მქონდა აკრეფილი დესპოტი დამრიგებლისგან, ასე მეგონა, ყველაზე მთავარი, რაც სკოლაში მევალებოდა, მასწავლებლებზე შურისძიება ან მათი დაცინვა იყო.

თავში დავწერე, სისხლს ვუშრობდი-მეთქი, არაა სწორი, სისხლს ვერც ვერავინ უშრობდა მარინა მასწავლებელს, მაგრამ მე მისი სიმტკიცის გვარიანად შერყევა შემეძლო.

ვინ ვიყავი და რა უპირატესობა მქონდა სხვა მოსწავლეებთან შედარებით?

ჩემს მარინა მასწავლებელს აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტეტები, ყოველთვის, ყველგან, ყველა დონეზე.
მოსწავლეებს შორის მე ვიყავი მისი ავტორიტეტი. უპირველესად იმიტომ, რომ მამაჩემი პოეტი იყო. ეს იცით რას ნიშნავდა? ეს პოეტი გინდაც სულ არ ყოფილიყო პარტიისა და საბჭოეთის მეხოტბე, ის მაინც იყო ძლევამოსილი საბჭოთა სტრუქტურის წევრი.

მარინა მასწავლებელს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მამაჩემი პარტიული არ იყო. ერთ-ორჯერ დამემუქრა, მამას სამსახურში პარტიულ საყვედურს გავუგზავნითო. მეც არ ამომიღია ხმა, სახლში კი ბევრი იცინეს, რა მოხდებოდა, რედაქციაში სკოლიდან რომ მსგავსი რამ შესულიყო. თუმცა მამას რომ რომელიმე ქარხანაში ემუშავა, სულაც არ ეს იქნებოდა ასე სასაცილო თემა.

მამის გარდა, მარინა მასწავლებლის თვალში წონას მმატებდა ის, რომ სულ ვიმარჯვებდი ქართულის ტურებში, რომლებშიც რაღაც თავისუფალ თემებს ვწერდი. ეს თავისუფალი თემებიც მამას „დამსახურება” იყო. ახლა საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი, რა მაგარია, ვინმე ახალგაზრდა ლექსებს რომ მოგიტანს და უეცრად ნიჭიერ პოეტს აღმოაჩენ. ჟურნალი „ცისკარი” მაშინ ახალგაზრდებისათვის ერთადერთი შესაძლო არენა იყო და ვინც 80-იანებში მოვიდა, მათი დებიუტის სიხარული აუცილებლად მამასთან ერთად უნდა გაგვეზიარებინა. დაბრუნდებოდა გახარებული სამსახურიდან და გვიკითხავდა, როცა რამე ღირებული და განსაკუთრებული შეხვდებოდა. ბავშვობაში ვერლიბრიც კი ადვილად მამახსოვრდებოდა. მივდიოდი მერე იმ რაიონულ, საქალაქო თუ რესპუბლიკურ ტურებზე და ვთქვათ, ომარ თურმანაულის ან ელა გოჩიაშვილის ლექსებს პროზად ვწერდი. ვინ იყო ამომცნობი? მერე და მერე სულ გავთავხედდი და ბესიკ ხარანაულის „მიკარნახე ანგელინა”, რომელიც მაშინ “ლიტერატურულ საქართველოში” ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა, სულ თავისუფალ თემებად „ნათარგმანები” ვაკითხე ჩემთვის უცნობ კომისიებს.

ალბათ ოჯახიც მაქეზებდა მსგავსი ოინბაზობებისკენ, რადგან სკოლა მათთვისაც საბჭოთა მიუღებელი სტრუქტურა იყო თავის მასწავლებლებიან-კომისიებიანად და, საერთოდ, მაშინდელი კრიტიკა დიდად არ სწყალობდა ვერლიბრს. სწყალობდა კი არა, მთელი კამპანია იყო გაჩაღებული თეთრი ლექსის წინააღმდეგ. ალბათ გრძნობდნენ, ლექსის მყარი სტრუქტურების ნგრევიდან იმპერიის ნგრევამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. გრძნობდნენ და ეშინოდათ. ამ შიშსა და მიუღებლობას სახლში დასცინოდნენ და მეც წახალისებული ვიყავი.

მარინა მასწავლებელი კი წლობით ციტირებდა ხოლმე ნაწყვეტებს ჩემი თემებიდან, ვთქვათ, „ … და მთვარის შუქი მაბიჯებს გულზე”. დიდი იმედი მაქვს, ხარანაულს მანამ არ წაიკითხავდა, სანამ სახელმძღვანელოებში არ აღმოჩნდა და დავიჯერო 20 წელი ემახსოვრებოდა?!

ასე თუ ისე, მარინა მასწავლებელს ვუყვარდი და სიყვარული მის საყოველთაო სიმკაცრეს ჩემ მიმართ გვარიანად ამცირებდა, თანაც სწორედ ამ სიყვარულის გამო ის უკვე ჩემთვის შიშველი სამიზნე ხდებოდა და მეც შიგადაშიგ ვარტყამდი მის შეურყეველ რწმენას პარტიისა და საბჭოეთის შესახებ. მაგრამ ისე მოხდა, ყველაზე ძლიერი დარტყმა შემთხვევით მივაყენე. უფრო სწორად, ეს ჩემმა დამ ჩაიდინა.

1988 წელი იყო, ეროვნული მოძრაობა ძალას იკრებდა, რწმენაც მოდაში შემოდიოდა. რაც უფრო ახლოს იყო კერპების მსხვრევა, მით უფრო მძაფრდებოდა მარინა მასწავლებლის რწმენა და მოწიწება პარტიისადმი და აი, ამ დროს თბილისის ძეგლების დასათვალიერებლად წასულებს ანჩისხატის ეზოში თავსაფრითა და ცოცხით ხელში ჩემი და გადაგვეყარა.

მაშინ პირველად ვნახე წონასწორობადაკარგული მარინა მასწავლებელი.

– პოეტის ქალიშვილი! – კიოდა ის. ეს კივილი და გვრგვინვა მერეც დიდხანს გრძელდებოდა, სკოლის კედლებშიც, რადგან ასეთი სამარცხვინო და მიუღებელი, როგორიც მაშინ ჩემი და იყო, ალბათ, მარინა მასწავლებელს სხვა არაფერი ენახა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სადღაც წელიწადნახევარში ჩემი დის ადგილი ტაძრის ეზოში მარინა მასწავლებელმა დაიჭირა. მას აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტეტი და ერთი რომ დაენგრა, სასწრაფოდ მეორეთი ჩაანაცვლა. ჩვენ, მოსწავლეებმა გვარიანად ვიხეირეთ ამ ამბით. ორიანის დაწერას რომ დააპირებდა, მამაოსგან კურთხევა არ გაქვთო, ვაშინებდით. საერთოდაც დასუსტდა. ადრე თუ მხოლოდ მიმიკა ჰყოფნიდა ჩვენს დასაშოშმინებლად ახლა უკვე ჩვეული ტრაფარეტული ფრაზებიც ვეღარ შველოდა, დაიწყო ყვირილი და მუქარა:

– იცინეთ, იცინეთ და წლის ბოლოს ვინ გაიცინებს, მაგასაც დავინახავთ.
– ზარი ჩემთვისაა და არა თქვენთვის!
– თავი რატომ არ დაგრჩათ?!
– მე ერთი ვარ, თქვენ 22!

მოკლედ, დაემსგავსა იმდროინდელ ჩვეულებრივ მასწავლებელს. მერე ჩვენ სკოლა დავამთავრეთ.

იმის მერეც ბევრჯერ ვნახე ჩემი მარინა მასწავლებელი. ეროვნული მოძრაობითა და რელიგიით გატაცებამ ნელ-ნელა გაუარა. თითქოს ჩაქრა, ძველი რწმენა დაკარგა, ახალმა კარგი არაფერი მოუტანა. გაუჩნდა ყველაფრისადმი უნდობლობა. ამას ისიც დაემატა, მისმა შვილმა, პირიქით, გადამეტებული ოპტიმიზმის წყალობით, ბინა ჩადო ბანკის ვალში. ახლა მარინა მასწავლებელი ძალიან ბევრ მოსწავლეს ამზადებს, შრომობს, წვალობს. ცოტაღა დარჩა. მე ძალიან ვგულშემატკივრობ, ასე მგონია, მარინა მასწავლებლის ბრალი არაფერი არაა. ის ასე გაზარდეს, ლოზუნგებად წარმოედგინა ცხოვრება. ახალი მიიღო, იმან უარესი დამართა. როცა ფიქრი უნდა ესწავლა, უკვე პედაგოგის ძალიან მაღალ კვარცხლბეკზე იყო შემდგარი. იქიდან ჩამოსვლა და თავიდან დაწყება არ შეეძლო. ამიტომ ჩამოენარცხა. მერე კი დადგა ფეხზე, მაგრამ ძალიან შეშინებული, დამფრთხალი, ღირსებაშელახული.

ამ ყველაფრის გამო საკუთარი კოლეგების მიმართაც რაღაცნაირად ჯიბრიანია გამხდარი. ერთადერთი, რამაც მისი დანგრეული თავმოყვარეობა თუ თვითშეფასება ცოტა აღადგინა, ერთიანი სასერთიფიკაციო გამოცდებია – პირველივე ცდაზე წარმატებულად ჩააბარა, მაგრამ ამაზე ისე ჰყვება და იმდენჯერ, შეგეცოდება, დარწმუნებული ვარ, თავის კოლეგებშიც თუ ასე ხშირად ახსენებს ამ სერთიფიკატს, დაცინვისა და შურის სამიზნე იქნება.
სულ ახლახან შემხვდა უბანში.

ჩვენ ორივეს გვინათდება თვალები ერთმანეთის დანახვისას. ის გრძნობს ჩემს უხმო თანაგრძნობას. თუმცა ძველი ინერციითა და კიდევ რაღაც-რაღაც წვრილმანების გამო, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, მარინა მასწავლებლისთვის ისევ ერთგვარი ავტორიტეტი ვარ. ისევ არ შეუძლია სხვანაირად. მე უკვე დიდი ვარ, ასეთი დამოკიდებულება აღარც მსიამოვნებს და აღარც ეიფორიაში მაგდებს, თუმცა რაღაცნაირად სკოლის წლებში მაბრუნებს, თითქოს ონავრობის ხასიათზე ვდგები. და სანამ გამახსენდებოდეს, რომ ახლა ვეღარ ვიქნები ისე უსინდისო, როგორიც მაშინ ვიყავი, დიდხანს, დიდხანს შემიძლია ვიდგე ქუჩაში და ვიქაქანო ჩემს მარინა მასწავლებელთან ერთად.

და აი, სულ რამდენიმე დღის წინ, იმას სკოლაში არ აგვიანდებოდა (არდადეგები იყო და ალბათ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ნახევარი საათით ადრე მივიდოდა თუ გვიან), არც მე მეჩქარებოდა და დიდხანს ვიდექით ერთმანეთთან საუბარში გართულნი. წლევანდელი იანვარი ისეთი მზიანია, მარინა მასწავლებელიც კი მოეყვანა ხასიათზე, თუმცა რაღაცები მაინც იწუწუნა, მათ შორის ისიც, რომ გოგო გოგოს რომ აღარ ჰგავს და ბიჭი – ბიჭს. ამ საუბარში ვიყავით, ჩემმა შვილმა გამოიარა. მოზრდილი თმა კი ხშირად ჰქონია, მაგრამ ჩემი მარინა მასწავლებლის ჯიბრზე ცხოვრებაში პირველად რეზინით ჰქონდა შეკრული.

ჩემმა ბიჭმა რომ დამინახა, რა თქმა უნდა, მოვიდა და გავაცანი. მარინა მასწავლებელი შეცბა, აღარ უკივლია, როგორც ადრე, მაგრამ მისი თვალები ამბობდნენ: „შენი შვილი, თეონა, შენი შვილი!”

მე აღარ, მაგრამ ცხოვრება ისევ დასცინის ჩემს მარინა მასწავლებელს. არადა, ისევ ძალიან მიყვარს!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...