.jpg)



2015 წელი მთავრდება და საახალწლო განწყობის ნაცვლად, ცუდი ამბები ასწრებენ ერთმანეთს ჩვენამდე მოსასვლელად. მგონი მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა. ჩემს ბავშვობაში, როცა ნავთის ღუმელის გარშემო შემოკრებილებს ძლიერი მიწისძვრა შეგვაზანზარებდა, დედაჩემი ამბობდა ამას პატარა ბიძგებიც მოყვებაო. ახლაც ასე მოხდა: ჯერ პარიზის ტერაქტმა შეაზანზარა მსოფლიო, მერე კი – ბიძგებმა შეგვახურა. რა გასაკვირია, რომ ასეთი ზამთრის მოახლოებისას, საახალწლო განწყობა ჩვენგან შორს იჭერდეს თავს. თუმცა მოდის ეს 2016 და ვერსად გავექცევით. ამიტომაც, თუ ბუნებრივად არ მოდის, ხელოვნურად მაინც უნდა განვეწყოთ ახალი წლისთვის – ანუ, მივიღოთ დამაჩქარებლები. ამის უებარი საშუალება საახალწლო ფილების ნახვაა, თუმცა ეს მექანიკურ პროცესად არ უნდა აქციოთ, არამედ რიტუალივით უნდა მიუდგეთ:
შეარჩიეთ შესაფერისი ამინდი ამინდი – გვარიანად მობუდნული და ღრუბლიანი. რა თქმა უნდა – ცივი. ფანჯრიდან ყრუდ უნდა აღწევდეს ძაღლის ხმა. ტელეფონი გამორთეთ. ოთახში დაარეგულირეთ ტემპერატურა ისე, რომ თხელი საბნის გადაფარება მოგინდეთ. გვერდით დაიდგით ცხელი ჩაი და ნაკფეტების კალათი. ფარდები გადააფარეთ ისე, რომ პატარა ღრიჭოდან იხსენებდეთ გარეთ რა ამინდიც დგას. მოახერხეთ და ერთი უქმე დღე მთლიანად ამ საქმეს დაუთმეთ. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ხუთი საახალწლო კინო და ჩაღუღუნდით.
მე ყოველი წლის დეკემბერში რამდენიმე ფილმი მაქვს წამალივით გამოწერილი.
მარტო სახლში
თუკი სიკვდილის წინ ვინმე შემომთავაზებს ბავშვობის ერთ რომელიმე მომენტში დროებით დაგაბრუნებო, აუცილებლად ავირჩევ ასეთ სიტუაციას: საახალწლო სამზადისია. მამაჩემი მაშახლებისა და გაზიანი სასმელების საყიდლადაა წასული. დედაჩემი ნამცხვრისთვის კრემს აკეთებს და პერიოდულად ღუმელში ფირფიტებს ამოწმებს – არ დაიწვასო. ბებიაჩემი გოზინაყისთვის ნიგოზს აქუცმაცებს. სახლში საოცრად არომატული სურნელი ტრიალებს. გარეთ სადაცაა და მოთოვს. მე და ჩემი ძმა კი, ერთ სავარძელში მოკალათებულნი ვუყურებთ ფილმს გენიოს ბავშვზე, რომელსაც საოცრებების ჩადენა შეუძლია. მას აქვს ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება მე და ვახომ ვიოცნებოთ. სხვა რომ არაფრად ჩავაგდოთ, მას შეეძლო ეჭამა სპეციალურად მისთვის მოტანილი პიცა ყველით. ღმერთო, რა ბედნიერებაა! და, მაინც, მაკოლეი კალკინის გმირს თავგადასავლები სწყუროდა. თავგადასავლები, რომლებიც ჩვენთვისაც სასურველი და სანატრელი იყო.
მარტო სახლში – ნიუ იორკში დაკარგული
ფილმი მთავრდებოდა. ჩვენ ვცდილობდი რაღაც მანქანებით დავრჩენილიყავით იმ საოცარ სამყაროში. დედა გამომცხვარ ფირფიტებს უკვე გვერდებს აჭრიდა. იქნებ, სანამ მათ შევჭამდით მოგვეფიქრებინა რაღაც იმდაგვარი ხაფანგები, მაგრამ ვისთვის?! რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ისე, უბრალოდ. თუმცა, ვინ დაგაცდიდა ხაფანგთა გაწყობას. სხვა არხზე გადართავდი და ამ საოცარი ისტორიის გაგრძელება იწყებოდა. შენ გქონდა შანსი კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყავი იმ სამყაროში, რომელიც ამჯერად უფრო ფართოვდებოდა და თავგადასავალი ნიუ იორკს მოედებოდა. იგივე სახეები, იგივე ბოროტმოქმედები, რომლებიც გძულდა და იმავდროულად გიყვარდა.
საშობაო საჩუქარი
აბა რად ვარგა არნოლდ შვარცნეგერი წითელი თვალის, ფოლადის ძვლების, მხარზე გადაკიდებული ტყვიამფრქვევისა და გულზედ ჩამოკონწიალებული ხელყუმბარების გარეშე, მაგრამ ამ კაცის კიდევ ერთი როლი მიყვარს და ბავშვობას მახსენებს. ეს ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში „საშობაო საჩუქრის” სახელით გამოვიდა (ორიგინალში Jingle all the way ჰქვია), მაგრამ ჩვენ მას „ტურბომენს” ვუწოდებდით.
„ტურბომენს” იმიტომ, რომ ასე ჰქვია ფილმის მთავარ გმირს – სათამაშოს, რომლის მოსაპოვებლად, ანუ შვილის გასახარებლად შვარცნეგერი შეერთებულ შტატებს გადააბრუნებს, ამერიკის ნახევარ პოლიციას გადაიმტერებს და ბოლოს ტურბომენის მთავარ მტერსაც შეებრძოლება.
ცუდი სანტა
ეს ერთდროულად სახალისო და სევდიანი ფილმია, მორთული საახალწლო სამკაულებით. იდეალური ვარიანტი გახლავთ იმ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, რომ ყველა სანტას არ ულხინს. ყველა სანტა წესიერი შრომით როდია დაკავებული და აუცილებელი არაა ის ლაპლანდიაში ცხოვრობდეს. თუ საქმეს დასჭირდა მას შეუძლია სრულიად უცნობი ბავშვის სახლშიც დაიდოს ბინა იქაური სეიფებიც გამოაცარიელოს.
ჰოდა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. თუკი საახალწლო განწყობა ძალით მოსაყვანია, უნდა მოიყვანოთ.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია წიგნიერების კომპეტენციაა. რატომ არის წიგნიერება ასეთი მნიშვნელოვანი? ფაქტია ის ისეთი უნარების განვითარებასთანაა დაკავშირებული. როგორიცაა:
·სინთეზისა და შეფასების უნარები.
წიგნიერება ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული მოქალაქე 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი. ამ კომპეტენციას საფუძველი სწორედ დაწყებით კლასებში ეყრება, ამ დროს უკვე შეიძლება ბავშვი ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად
.
დღეისათვის კითხვის სწავლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ურთიერთობენ წიგნთან, უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებენ. პრობლემა ზოგადია და აქტუალურია სწავლების სამივე საფეხურზე.
გადავწყვიტე პროექტის განხორციელება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები მიზანმიმართულად გამოვიყენე კითხვის უნარის გასავითარებლად. ეს აქტივობები იყო 21-ე საუკუნის უნარების განვითარების საშუალება. მათ შეძლეს საკითხების ინტეგრაცია და შექმნეს პროექტის საბოლოო პროდუქტი-ელექტრონული წიგნები.
გასავითარებელი უნარები:
-21-ე საუკუნის უნარები (მაგ:შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად)
-მაღალი დონის სააზროვნო უნარები
საგანი/ები – ქართული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გთავაზობთ განხორციელებული ქმედებების ეტაპობრივ თანმიმდევრობას:
პირველი ეტაპი – მოტივაციის მიზნით, მესამეკლასელ მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემი შექმნილი ელექტრონული წიგნები, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მათ სურვილი გაუჩნდათ თავად შეექმნათ საკუთარი ელექტრონული წიგნები, თვითონ იქნებოდნენ წიგნის მხატვრები და გამხმოვანებლები.
მესამე ეტაპი – მოსწავლეებიმა შეარციეს ნაწარმოებები, მოახდინეს ტექსტების ანალიზი (დაყვეს ეპიზოდებად, დაარჩიეს, დაასურათეს) გადაუღეს ფოტოები თავიანთ ნახატებს, გადაიტანეს ბუკში და შეინახეს ჯერ საქაღალდეში. კითხულობენ თითოეული ნახატის შესაბამის ტექსტს გამომეტყველებით, იწერენ ბუკში, პროგრამაში: Sound Recorder. ინახავენ ჩაწერილ ხმებს ბუკში. აკვირდებიან ხმის ხანგრძლივობის დროს, ინიშნავენ, რომ შემდეგ სლაიდზე მიუთითონ ეს დრო.
მეოთხე ეტაპი – ელრქტრონული წიგნის აწყობა, ჩემი დახმარებით განხორციელდა. ჩემი დახმარებით შეძლეს წიგნის ყდების ლამაზად გაფორმება ანიმაციებით.
მეხუთე ეტაპი – გავხსენი პროექტის ბლოგი და ყველა მოსწავლის წიგნი ავტვირთე ბლოგზე, რომელსაც დავარქვით ინტერნეტ ბიბლიოთეკა. იხ. ელ მისამართზე:
ამანაც გამოიწვია მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება, რომ მათი შრომის პროდუქტი ყველას შეეძლო ენახა ინტერნეტში.
§მესამე ეტაპზე – კი ელექტრონული წიგნი ის, რაც სასწავლო მიზნის მიხედვით საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო
პროექტის საბოლოო შედეგი – ყველა მოსწავლემ შეძლო წიგნი-ტრადიციული გაგებით, დაეკავშირებინა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გაეაქტიურებინა შემოქმედებითი უნარები(შესაძლებლობის მიხედვით) და შეექმნა სრულიად ახალი პროდუქტი -ელექტრონული წიგნი.( სინთეზის დონე)
აღსანიშნავია, რომ ყველა მოსწავლე მუშაობდა ხალისით და ინტერესით. მათთვის კითხვის პროცესი სახალისო გახდა. რადგან საშუალება მიეცათ მოესმინათ თავიანთი ხმისთვის, გაესწორებინათ შემდეგ ცდაზე ყველა ხარვეზი.მუშაობის პროცესში მათ განუვითარდათ ზემოთ აღნიშნული უნარები. პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე შესაძლებლობის გათვალისწინებით. ( ზოგმა დიდი წიგნი შექმნა, ზოგმა უფრო პატარა.)პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ტექნოლოგიების დახმარებით განევითარებინათ კითხვის უნარი. მათ ასევე განუვითარდათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები
– რობაქიძეზე რა ხდება? – მეკითხებოდნენ წარდგინებებსა და ფესტივალებზე, სადაც უკვე არაერთხელ მქონდა ნათქვამი, რომ დღე-დღეზე გამოჩნდებოდა ახალი წიგნი სერიიდან „უცნობი გრიგოლ რობაქიძე”.
– ზვიად, არ მოვრჩეთ რობაქიძე? – შიგადაშიგ მკითხავდა ლიკა სხირტლაძე, რომელსაც ტექსტის დაკაბადონებასა და კორექტურაზე დიდი ხნის წინ დაემთავრებინა მუშაობა და ეჭვი მაქვს, D-დისკზე უპატრონოდ დარჩენილი ინდიზაინის ფაილის თვალიერება გულს უწუხებდა.
– მალე, მალე იქნება, – ვაიმედებდი ყველას, მაგრამ უკვე მე თვითონ მეპარებოდა ეჭვი: წიგნი ერთი შეხედვით გამზადებული კი იყო, მაგრამ სათაური ვერა და ვერ მომეფიქრებინა, სახელი, რომელიც ყველაფერს დაალაგებდა და მოაწესრიგებდა.
იმ დღესაც, ჩვეულებრივ შაბათ დღეს, როცა პრემიერლიგის დრამატული მატჩის სანახავად ვემზადებოდი, სანამ თამაში დაიწყებოდა, დროის მოსაკლავად ოთახში შევიხედე, რაც ხელში მომხვდა – ქაღალდების შეკვრა – ავიღე და უგერგილოდ, მიშვებულად შევუდექი ფურცვლას.
უცებ, მოულოდნელად გავჩერდი ერთ გვერდზე, სადაც მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა გამუქებულად, განსხვავებული შრიფტით. ჰო, ის სამი საჭირო სიტყვა, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი – „ომი და კულტურა”. მოკლედ, წერილების მთელი ციკლი იყო, რომლისთვისაც გრიგოლ რობაქიძეს ეს სახელი დაერქმია.
რატომ? ალბათ უფრო იმიტომ, რომ წიგნში შესული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის წლებში იწერებოდა და მწერალიც თავისებურად გამოეხმაურა – ომისა და კულტურის თანმდევი ამბები იმდროინდელი და გასული საუკუნის ლიტერატურულ-ფილოსოფიური დაკვირვებების ფონზე გაიაზრა.
გრიგოლ რობაქიძე ბრწყინვალე მოაზროვნე იყო და მაშინ, როცა დოსტოევსკიზე, კოლექტივიზმსა და ინდივიდუალიზმზე, კლასთა შორის ბრძოლასა და გერმანიისა და რუსეთის სულიერ არსზე წერდა, სწორედ იმ, გაზეთის რუბრიკად ქცეულ მეტაფორას („ომი და კულტურა”) განმარტავდა, ახალ-ახალი პერსონებითა და შთაბეჭდილებებით ავსებდა, უფრო გასაგებს ხდიდა. სხვანაირად ალბათ შეუძლებელი იყო იმ მდგომარეობის ახსნა, რომლის წინაშეც მთელი სამყარო იდგა.
იმ დროიდან მოყოლებული (მცირე ამოსუნთქვებს თუ არ ჩავთვლით), უკვე კარგახანია რაც ომისა და კულტურის მდგომარეობაში ვიმყოფებით. განსაკუთრებით ბოლო სამი ათწლეული. ომი, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. კულტურაც ასევე. ყოფითი თუ გლობალური კონფლიქტები, ადამიანური ურთიერთობების მოშლა და ამ მოშლილი ორგანიზმის სხვა, შესაძლოა ჩვენთვის უფრო სასურველი ალტერნატივით (ვთქვათ, ელექტრონული, ვირტუალური ურთიერთობით) ჩანაცვლება. სულ უფრო ნაკლები გზა და სურვილი გვრჩება ომებით, ძალადობითა და გაუნათლებლობით გათიშული, დარღვეული ურთიერთობების აღსადგენად.
უკვე ძნელი გახდა იმის გარჩევა, ჰოლივუდის ბლოკბასტერებში უფრო მეტი აფეთქებაა, თუ ჩვენ გარშემო – მეტროებში, სტადიონებზე, თეატრებსა და კაფე-რესტორნებში. ამიტომაც ახლა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად, დარღვეული, გათიშული ურთიერთობის აღდგენის კულტურასაც ვსწავლობთ გაძლიერებულად.
– არ მჯერა, ეს წიგნი რომ გამოდის, – ვეუბნები ეთოს, ეთერ ბაიდოშვილს, რომელიც სასტამბოდ გამზადებულ pdf-ს ათვალიერებს, სატიტულო გვერდებს, ტექსტს და სარჩევს ამოწმებს, მერე ისევ სატიტულოს უბრუნდება და, – „ომი და კულტურა”, – ამბობს მშვიდად.
– ხო კაი სათაურია? – ვერ ვისვენებ.
20 წლის შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ არა ის, რაც გააკეთეთ, არამედ ის, რაც არ გაგიკეთებიათ. ამიტომ უკუაგდეთ ეჭვები და გაცურეთ მშვიდი ნავსაყუდელიდან რაც შეიძლება შორს, თქვენი ოცნებებისკენ. დაიჭირეთ ზურგის ქარი იალქნებით და არ გაჩერდეთ. იოცნებეთ! იკვლიეთ! აღმოაჩინეთ!
მარკ ტვენი
რასაც გწერთ, ამ ბოლო დროს სულ მეფიქრება…
ჩვენს სახლს დიდი ეზო აქვს. ჩემს ბავშვობაში ეზო მუდამ ბავშვებით იყო სავსე, ცუდი ამინდიც კი არ აშინებდათ… ახლა კანტიკუნტად ჩანან; თუ ჩანან, ხანდაზმულებივით დადიან და საუბრობენ. არ თამაშობენ…
მეტყვით, ახლა სხვა ბავშვები გვყავს და სხვა თამაშებს თამაშობენო, მე კიმგონია, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ დავავიწყეთ (არც გვისწავლებია) თამაში, ჩვენ ვაიძულებთ ბუნებრივად განსაზღვრულზე უფრო სწრაფად გაზრდას, ვაჩქარებთ მათ დიდობაში შესვლას.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში რადიკალურად შეცვლილი გარემო ხომ არავის ინდობს, მაგრამ ჩვენც მხარი ავუბით და რაც მან ვერ მოახერხა, ჩვენ შევძელით.
„ჩემს შვილს ბავშვობა თითქმის არ ჰქონია, სად ეცალა თამაშისთვის, ყოველი წუთი დაგეგმილი გვქონდა, ინგლისურზე, გერმანულზე, ჭადრაკზე, სპორტზე დადიოდა, სახლში მასწავლებელი მოდიოდა და სკოლის გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდა”; „ინგლისურს და კომპიუტერს სკოლაში ასწავლიან, ეს ორი აუცილებელი რამ უკვე ყველამ იცის… კონკურენციის გაწევა რომ შეძლოს, ჩინურისა და ფრანგულის შესწავლა დავაწყებინეთ”; „თავი არ უნდა დაზოგოს, რომ აქაურობას თავი დააღწიოს, აბა, აქ ხომ არ იმუშავებს კაპიკებად”; „ძალიან დავიღალე „ჩქარა”, „ჩქარას” ძახილით, სულ დაფრინავს, აქ არ არის, თავისით ტანსაცმლის ჩაცმა–გახდაც კი არ შეუძლია”… ეს 8-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა მშობლების სიტყვებია. ჰო, ჩვენი, ყველას მიზანი შვილის ბედნიერი მომავალია, მაგრამ ვინ განსაზღვრა, ვისთვის რა არის ბედნიერება?..
განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი საფუძველშივე რომ დარღვეულია, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ;თამაშის თანაბარი ხელმისაწვდომობაც შევულახეთ ჩვენს შვილებს. თამაშის განმავითარებელ როლზეაღარაფერს ვიტყვი…
ცოდნის გაზიარების საშუალებათა გამრავალფეროვნების კვალობაზე, თითქოს უფრო ჭკვიანები უნდა გავმხდარიყავით, უკეთ გვესწავლა სიკეთეების დაფასება და მოვლა, მეტი დრო დაგვრჩენოდა მარტოობისა და ერთმანეთისთვის… მგონია, რომ პირიქით ხდება, სულ უფრო ვიკეტებით, ვიზღუდავთ სივრცეს ურთიერთობებისთვის, ნაკლებ დროს ვიტოვებთ ნამდვილი სიხარულებისთვის…
ეს ჩემზე ბეეევრად ჭკვიანების ნათქვამებია:
„რაც უფრო მეტად იცლება განათლება იმ ოცნებებისგან, რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, მით უფრო მეტად იკავებს ოცნებების ადგილს ტექნიკა, სანამ განათლება ტექნიკამდე არ შეიკვეცება. განათლება წმინდა ტრენინგად იქცევა, შინაარსის გადაცემად, თითქმის ცხოველთა წვრთნას, სამყაროსთან ადაპტაციაში ვარჯიშს ემსგავსება” (პაოლო ფრეირე).
„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წვრთნა ზნე-ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა” (ილია ჭავჭავაძე).
„უსიყვარულოდ დარჩენილმა ადამიანმა, რაც ჩვენი დროის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, პირველ რიგში ოცნებაზე აიღო ხელი, რის გამოც თავისთავად გაუქრა მარადიულობის შეგრძნება და შეშინებული, გამწარებული ჩააფრინდა წარმავალს, ოღონდ – ამწუთას რეალურად არსებულს, ხელჩასავლებს… უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარმა ადამიანობამ დათრგუნა – გაუთავებელი გულისხეთქვის, მღელვარების, შფოთვის, თვითგვემის, თავშეკავებისა და თავგანწირვის სურვილის მეტი ვერაფერი მისცა, ანუ რაც კულტურამ შექმნა საუკუნეების მანძილზე, მაინცდამაინც ვერ მიესადაგა შეუზღუდავ, უკიდეგანო, ურეგლამენტო ცივილიზაციას. მას კი (ადამიანს), განსაკუთრებით – დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში, ურჩევნია გომბეშო იყოს და გარანტირებული ჰქონდეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ვიდრე ოცნების ფრთებგამობმული იდუმალისკენ, მიუწვდომლისკენ, დიადისკენ მიისწრაფოდეს სულ” (ოთარ ჭილაძე).
დაბოლოს, გთავაზობთ წერილის (წყარო: Harvard Business Review in Knowledge Management, 1998, გვ. 175-177) თარგმანს, რომელსაც Xerox Corporation-ის კვლევითი ცენტრი – Palo Alto Research Center-ი – უგზავნის ცენტრში დასაქმების მსურველ კანდიდატებს. ის თვალსაჩინოდ ასახავს ცოდნის მართვის მომავალ პრიორიტეტებს.
Xerox Corporation
Palo Alto Research Center
3333 Coyote Hill Road
Palo Alto, California 94304
415 494-4000
წერილი ახალგაზრდა მკვლევარს
PARC–ში სამუშაოზე აყვანისას არსებობს ერთი კვალიფიკაცია, რომელსაც ტექნიკურ ცოდნაზე ან ინტელექტუალურ უნარებზე უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ: ეს ინტუიციაა. „კარგად ალესილი” ინტუიცია და უნარი, ენდო მას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ისეთი კვლეებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ.
კვლევისადმი ჩვენი მიდგომა „რადიკალურია” ამ სიტყვის ბერძნული მნიშვნელობის – „ძირეულის” – გაგებით. ვცდილობთწამოვჭრათ და პასუხი გავცეთ ძირითად კითხვებს, რომლებსაც ხაზის ძირეული „გარღვევები” მოჰყვება. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ემყარება ჩვენსავე უნარს, შევიმუშაოთ რადიკალურად ახალი მიდგომები, გამოვიყენოთ ისინი და შემდეგ სწრაფად გავიტანოთ ბაზარზე.
ეს განსხვავდება იმისგან, რაც კომპანიების კვლევითი ცენტრების უმეტესობაში ხდება – მიმდინარე ტექნოლოგიისა და სტატუს კვოს სრულყოფა. ჩვენთან მუშაობისას არ გექნებათ გაკვალული ბილიკები. პრობლემები, რომლებზეც იმუშავებთ, ის პრობლემები იქნება, რომლებსაც შექმნით. პროექტზე მუშაობისასმზად უნდა იყოთ, იაროთისეთი მიმართულებით,რომელსაც თავიდან ვერ განსაზღვრავდით. მზად უნდა იყოთ, გარისკოთ და უარი თქვათ ნალოლიავებ მეთოდებსა თუ შეხედულებებზე, რათა ახალი მიდგომები აღმოაჩინოთ. გექნებათ გაურკვევლობისა და იმედგაცრუების მძიმე პერიოდები, როცა მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ძალისხმევა ფუჭია.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, შეგეძლოთყური დაუგდოთ თქვენს ინტუიციას. ღრმა ალღო, მისი ნდობისა და მართვის უნარი გაგიძღვებათგაუკვალავ ტერიტორიებზე.ძირეული კვლევის უნარი განასხვავებს კარგ და მსოფლიო კლასის მკვლევრებს ერთმანეთისგან. პირველი მათგანი პროგნოზირებად მომავალზე ახდენს რეაგირებას, მეორე კი – ხარისხობრივად ახალზე.
ცენტრის პერსონალის კიდევ ერთი თავისებურებაა რეალურ სამყაროში რეალური პრობლემების გადაჭრის ვალდებულება. „ტექნოლოგია მუშაობისას” ჩვენი ფოკუსია და ცენტრის თანამშრომლებისთვის დიდი პატივია იმის ცოდნა, რომ მათი იდეები იმ პროდუქტების შექმნისას გამოიყენება, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანთა მუშაობაზე, აზროვნებაზე, ურთიერთობებსა და შემოქმედებაზე.
Xerox–ში კორპორაციის ხელმძღვანელები და მეცნიერები ერთობლივად მონაწილეობენ კვლევაში. მკვლევრებსა და კომპანიის წევრებს შორის დიალოგის მრავალი არხი არსებობს. კორპორაციის სტრატეგია და კვლევა ერთმანეთს განაპირობებს და აყალიბებს.
თუ ჩვენთან მუშაობას გადაწყვეტთ, მსხვერპლად უნდა გაიღოთ პრობლემისადმი უსაფრთხო მიდგომის კომფორტი, რომელშიც შეგიძლიათ პროგნოზირებადი მიზნის მიღწევის იმედი გქონდეთ. მაგრამ შეგეძლებათ, პირადად ჩაერთოთ კვლევაში, თქვენი სიტყვა თქვათ და დაგვეხმაროთ იმ მომავლის შექმნაში, რომელიც თქვენგარეშე ვერ იარსებებდა.
პატივისცემით,
ჯონ სილი ბრაუნი
კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი
ფრენკ სქვეარსი
კვლევითი ოპერაციების ვიცეპრეზიდენტი
არ ვიცი, გამომივიდა თუ არა სათქმელი… უბრალოდ, ჩემი საწუხარი გაგიზიარეთ.
სანამ თითოეული მოსწავლისა და თითოეული კლასისათვის არ შესრულდება სამი საბაზისო პირობა, არც ერთი მამოტივირებელი სტრატეგია არ იქნება წარმატებული. პირველი: კლასში არ უნდა იყოს ხელის შემშლელი ფაქტორები. მეორე: მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი და გულშემატკივარი პიროვნება, რომელიც მოსწავლეებს შეცდომებისთვის არ სჯის. ყოველი მოსწავლე შეცდომას უნდა განიხილავდეს, როგორც სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას. მესამე: დავალება გამომწვევი უნდა იყოს, მაგრამ ადეკვატური. თუ სამუშაო მეტისმეტად მარტივია ან მეტისმეტად რთული, მოსწავლეებს მცირე მოტივაცია ექნებათ, ისინი ფოკუსირებას მოახდენენ დავალების დასრულებაზე და არა მასალის ჩაწვდომაზე.
მას შემდეგ, რაც ეს ბაზისური პირობები დაკმაყოფილდება, მოცემულ სიტუაციაში მოსწავლეთა სწავლის მოტივაციაზე გავლენა შეიძლება სამ კითხვად ჩამოვაყალიბოთ: შემიძლია თუ არა, წარმატებით გავართვა თავი ამ ამოცანას? მინდა თუ არა წარმატება? რა მჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებას მივაღწიო? ჩვენ გვსურს, მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჰქონდეთ, რათა ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას; გვსურს, დააფასონ და გაიგონ ამოცანებისა და მუშაობის მნიშვნელობა, რათა ისწავლონ და მხოლოდ შეფასებასა და საქმის დასრულებაზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი; გვსურს სჯეროდეთ, რომ წარმატება მოვა, როცა ისინი კარგ სასწავლო სტრატეგიებს გამოიყენებენ და არა თავდაცვით, მარცხის თავიდან ასაცილებელ და რეპუტაციის შესანარჩუნებელ სტრატეგიებს. როდესაც საგანი რთულია, გვინდა, მოსწავლეები ამოცანაზე იყვნენ ფოკუსირებულნი და არ ღელავდნენ იმაზე, რომ შეიძლება მარცხი განიცადონ და „გაითიშონ”.
„შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?” თვითრწმენისა და პოზიტიური მოლოდინის ფორმირება. რეალურ მიღწევას მხოლოდ წახალისება და წაქეზება ვერ უშველის. პროგრესისათვის საჭიროა:
1. მუშაობის დაწყება მოსწავლეთა რეალურად არსებული დონიდან და მოზომილი ნაბიჯით სვლა. ტემპი ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ არა იმდენად სწრაფი, რომ მოსწავლეებს მომდევნო ეტაპზე გადასვლა უწევდეთ იმ მასალის სრულად ათვისებამდე, რასაც მოცემულ მომენტში გადიან. ეს შესაძლოა მოითხოვდეს სხვადასხვა მოსწავლისთვის სხვადასხვა ამოცანის მიცემას. ერთ-ერთი ვარიანტია, ერთი და იმავე ტესტისა და დავალების შესახებ მასწავლებელს ჰქონდეს როგორც ძალიან მარტივი, ისე ძალიან რთული კითხვები. ამ შემთხვევაში თითოეული მოსწავლე მიაღწევს წარმატებას. როდესაც ქულების დაწერაზე მიდგება საქმე, დარწმუნდით, რომ თუ კარგად იმუშავებს, ყოველ მოსწავლეს აქვს, სულ მცირე, დამაკმაყოფილებელი ნიშნის მიღების შანსი.
2. დარწმუნდით, რომ სასწავლო მიზნები ცხადი, სპეციფიკური და ახლო მომავალში განხორციელებადია. როდესაც იგეგმება ხანგრძლივი პროექტი, მასწავლებელმა ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განახორციელოს და ქვემიზნებად დაყოს; დაეხმაროს მოსწავლეებს, იგრძნონ წინსვლა და პროგრესი. თუ შესაძლებელია, მოსწავლეებს შესთავაზეთ სხვადასხვა სირთულის მიზნები და მიეცით არჩევანის საშუალება.
3. აქცენტი დასვით თვითშედარებაზე და არა სხვებთან შედარებაზე. დაეხმარეთ მოსწავლეებს საკუთარი პროგრესის დანახვაში. მიეცით კონკრეტული უკუკავშირი და შენიშვნები. უთხარით, რას აკეთებენ სწორად, რას – შეცდომით და აუხსენით, რატომაა ეს შეცდომა. დროდადრო დაუსვით კითხვები იმ პრობლემაზე, რომელიც ერთ დროს რთული ეჩვენებოდათ, ახლა კი მარტივად მიიჩნევენ. აღნიშნეთ, რამდენად განვითარდნენ.
4. უთხარით მოსწავლეებს, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია სპეციფიკურ ამოცანებთან მიმართებით, ანუ ის ფაქტი, რომ მოსწავლეს უჭირს ალგებრა, სულაც არ ნიშნავს, რომ მას გეომეტრიაც გაუჭირდება ან კარგად ვერ ისწავლის ენებს.
5. მიეცით მოსწავლეებს პრობლემის წარმატებით გადაჭრის მაგალითი. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე გზის გამონახვა გიწევთ. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და უშეცდომოდ სწავლა შეუძლებელია და არც მასწავლებელია გამონაკლისი.
„მინდა თუ არა ამის გაკეთება?” სწავლის ღირებულების დანახვა. მასწავლებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სტრატეგიები, რათა დაანახონ მოსწავლეებს სასწავლო ამოცანების ღირებულება.
მიღწევა და შინაგანი ღირებულება. იმისთვის, რომ მიღწევის ღირებულება გაჩნდეს, სასწავლო ამოცანები მოსწავლეთა ღირებულებებს უნდა დავუკავშიროთ. უწინარეს ყოვლისა, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების, მიკუთვნებულობის, მიღწევის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება კლასში. საკლასო ოთახი შიშისა და დაუცველობის განცდას არ უნდა იწვევდეს. მეორე: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გენდერული ან ეთნიკური სტერეოტიპები ხელს არ უშლის მოტივაციას. მაგალითად, უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც ნებისმიერ სფეროში შეიძლება ჰქონდეს მაღალი მიღწევა და რომ არც ერთი სფერო არ არის რომელიმე სქესის „ტერიტორია”. მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მანქანების მექანიკასა თუ სპორტში მიღწევები სრულებითაც არ მიუთითებს მასკულინურობაზე, ისევე როგორც ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, ენებში წარმატება არ არის ფემინურობის მანიშნებელი.
შინაგანი მოტივაციის წასაქეზებლად მრავალი სტრატეგია არსებობს. აი რამდენიმე მათგანი:
1. დაუკავშირეთ საკლასო აქტივობა მოსწავლეთა ინტერესებს სპორტში, მუსიკაში, მათ ოჯახურ და პირად პრობლემებს, გატაცებას შინაური ცხოველებით, ტელევიზიისა და კინოს ვარსკვლავებით და ა.შ. თუმცა ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გესმით, რასაც ამბობთ. როდესაც ეს შესაძლებელია, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს.
2. გამოიწვიეთ ცნობისმოყვარეობა. გაითვალისწინეთ და გამოიყენეთ განსხვავება მოსწავლეთა რწმენებსა და ფაქტებს შორის. მაგალითად, შტიპეკმა აღწერა ასეთი შემთხვევა: მასწავლებელი მეხუთეკლასელებს ეკითხებოდა, ცხოვრობდნენ თუ არა, მათი აზრით, სხვა პლანეტებზე „ადამიანები”. როდესაც მოსწავლეები დადებით პასუხს იძლეოდნენ, მასწავლებელი ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა ადამიანებს უჟანგბადოდ არსებობა. მოსწავლეებს ეს თემა ახალი ნასწავლი ჰქონდათ და უპასუხეს, რომ არა. შემდეგ მასწავლებელი ეუბნებოდა მათ, რომ სხვა პლანეტების ატმოსფეროში ჟანგბადი არ არის. ამ საოცარმა განსხვავებამ სხვა პლანეტებზე ადამიანების ცხოვრების შესახებ მოსწავლეების რწმენასა და იმ ცოდნას შორის, რაც მათ ჰქონდათ ჟანგბადის შესახებ, სათავე დაუდო ცხარე დისკუსიას. ისინი მსჯელობდნენ სხვა პლანეტების ატმოსფეროსა და იმ არსებებზე, რომელთაც ამ ატმოსფეროს პირობებში ცხოვრება შეეძლოთ და ა.შ. პლანეტების ატმოსფეროს შესახებ მშრალი ლექცია ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ამ დისკუსიამ კი საგნის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.
3. აქციეთ სასწავლო ამოცანა გართობად. ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციებისა და თამაშების გზით. თუ მართებულად გამოვიყენებთ, ასეთი გაკვეთილები შეიძლება ძალიან ღირებული და, იმავდროულად, სახალისოც იყოს.
4. გამოიყენეთ სიახლეები და დაუკავშირეთ ისინი ნაცნობ შინაარსს. ნუ ჩააცივდებით მოტივაციის ასამაღლებლად რომელიმე ერთ ან რამდენიმე სტრატეგიას. საჭიროა მრავალფეროვნება. ამოცანების მიზნობრივი სტრუქტურის მრავალფეროვნებას (თანამშრომლობა, შეჯიბრი, ინდივიდუალიზმი) ისეთივე დამხმარე ძალა აქვს, როგორც სწავლების სხვადასხვა პირობებს. როდესაც მასალა აბსტრაქტული ან უცნობია მოსწავლეთათვის, დაუკავშირეთ იგი მათთვის კარგად ნაცნობ რაიმე საგანს ან მოვლენას. მაგალითად, იმისთვის, რომ გააგებინოთ მათ იმ ტერიტორიის სიდიდე, სადაც ათენის აკროპოლისია განთავსებული, შეადარეთ იგი საფეხბურთო მოედანს.
„რა მჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებას მივაღწიო?” ამოცანაზე ფოკუსირება. როდესაც მოსწავლეები სირთულეებს აწყდებიან, რაც ბუნებრივია კიდეც, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ყურადღების ინტენსიურობა და ფოკუსირებულნი დარჩნენ ამოცანაზე. თუ ასე არ მოხდა და ყურადღების ფოკუსში მოექცა მღელვარება პრეზენტაციის გამო, წარუმატებლობის შიში, ჭკვიანად თავის წარმოჩენის სურვილი, სწავლის მოტივაცია დაიკარგება.
1. მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, ხშირად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა კითხვა-პასუხის, მოკლე დავალებების, უნარ-ჩვევების დემონსტრირების საშუალებით. დარწმუნდით, რომ მოსწავლეთა პასუხების შემოწმებისას შეცდომების სწრაფად შესწორება შეგიძლიათ. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ მოსწავლეებმა დიდხანს ვერ გააცნობიერონ შეცდომა. კომპიუტერული პროგრამები მოსწავლეებს შეცდომაზე დაუყოვნებლივ აძლევს ნიშანს – მანამდე, სანამ ეს შეცდომები ჩვევაში გადავა.
2. როდესაც შესაძლებელია, შეაქმნევინეთ მოსწავლეებს დასრულებული პროდუქტი. ისინი უფრო შეუპოვრად და ამოცანაზე კონცენტრირებულად იმუშავებენ. ნათელი შედეგის მოლოდინში ყველას გამოგვიცდია დასრულებული საქმის ხილვის მოთხოვნილების ძალა.
3. თავი არიდეთ ნიშნებზე, ქულებსა და შეჯიბრებაზე აქცენტის დასმას. ქულებზე აქცენტირებისა მოსწავლეები ეგოცენტრირებულები ხდებიან და ნაკლებად ერთვებიან ამოცანის შესრულებაში. ეს სერიოზული დარტყმაა შფოთიანი მოსწავლეებისთვის.
4. შეამცირეთ რისკის ფაქტორი, ოღონდ ისე, რომ მეტისმეტად არ გაამარტივოთ ამოცანა. როდესაც ამოცანა სარისკოა (არსებობს მარცხის დიდი ალბათობა), მოსწავლეთა მოტივაცია მცირდება. ძნელი, კომპლექსური ამოცანის შესრულებისას მოსწავლეებს მიეცით მეტი დრო, აგრძნობინეთ მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა, უჩვენეთ რესურსები და მიეცით ნამუშევრის გადახედვისა და შეცდომების შესწორების შანსი.
5. იყავით ნიმუში სწავლისადმი მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანისა. მოუყევით მოსწავლეებს თქვენი ინტერესების შესახებ და აგრეთვე იმის შესახებ, როგორ უმკლავდებოდით სიძნელეებს.