ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ქართული ვაზი- გორული მწვანე

0

ქართული ვაზის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის, გორული მწვანე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ჯიშია. როგორც ჯიშის სახელწოდებიდანაც ჩანს, გორული მწვანე ძირითადად ქართლში, უმეტესად კი გორის რაიონშია გავრცელებული. თუმცა, ეს ვაზი რაჭაში, მესხეთში, იმერეთში და ქვემო ქართლშიც გვხვდება. „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ (ავტორები: მ.რამიშვილი, დ.ტაბიძე, ნ.კეცხოველი) ვკითხულობთ, რომ გორულ მწვანეს ქართლში დამატებითი სახელწოდებებიც ჰქონია: თეთრფოთოლა, ჯიშიანი მწვანე, ლურჯი მწვანე, სურამულა და სხვა…

 

გორულ მწვანეს ქართლის დასავლეთ სოფლებში (ბორჯომისა და ხაშურის რაიონი) და ზემო იმერეთში „ქვიშხურასაც“ ეძახიან. ამპელოგრაფები თვლიან, რომ ჯიში იმერეთში ბორჯომის რაიონიდან, კერძოდ კი სოფელ ქვიშხეთდან გავრცელდა. გორული მწვანე მცირე რაოდენობით ასევე გვხვდება რაჭაში, სადაც ამ ჯიშს „თბილურად“ მოიხსენიებენ. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილი, გორულ მწვანეს ქართლის ნომერ პირველ ჯიშად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ამ ჯიშიდან მაღალხარისხიანი ღვინო დგებოდა.

 

გორული მწვანე, ხშირად  ქართლური ვაზის სრულიად სხვა ჯიშში – გორულაშიც ეშლებათ. გორულა, გორული მწვანესაგან განსხვავებით, სასუფრე ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება და გორულას საღვინედ როგორც წესი არ იყენებენ. გორულა გორულ მწვანეზე მეტი შაქრიანობით ხასიათდება და მისი მტევნებიც, მწვანეზე ბევრად უფრო დიდი იზრდება. თუმცა, ქართველი მეღვინეების მრავალწლიანმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ გორულასაგან ხარისხიანი ღვინის მიღება ვერ ხერხდება.

 

ქართლის ტერიტორიაზე ფილოქსერასა და ვაზის სოკოვანი დაავადებების გავრცელებამდე, გორული მწვანე ძირითადად დაბლარი ვენახის ფორმით, ბუნებრივ საძირეზე, ფართოდ იყო გაშენებული. განსაკუთრებით ქართლის ცენტრალურ რაიონებში, (გორის რაიონის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი, კასპის რაიონის ძირითადად მტკვრისპირა სოფლები, მცხეთის რაიონის სამხრეთი ნაწილი და სხვა…) სადაც აღნიშნული ჯიში ყველაზე კარგად ავლენს საუკეთესო თვისებებს.

 

ცნობილია, რომ გორული მწვანე ძირითადად თეთრი სუფრის ღვინის დასამზადებლად გამოიყენებოდა. თუმცა სხვაგვარადაც აყენებდნენ… გორულ მწვანეს დაწურვისას, ქართლის მეორე ცნობილ ჯიშთან – ჩინურთან აკუპაჟებდნენ და ამ ორი ჯიშის ნარევს ადუღებდნენ თავკვერის ტკბილზე და ჭაჭაზე. ასე დგებოდა „ხიდისთავურად“ ცნობილი წითელი შეფერილობის ქართლის ცნობილი ღვინო.

 

 

გორული მწვანეს ვაზი საშუალო მოსავლიანობით ხასაითდება. ვაზის ერთ რქაზე როგორც წესი ერთი მტევანი იზრდება. იშვიათ შემთხვევებში – ორი. ქართველი ამპელოგრაფების აღწერით, გორული მწვანის მტევნის საშუალო წონა 70-დან 240 გრამამდე შეიძლება იყოს.

 

გორულ მწვანე ქართული ცქრიალა ღვინის წარმოებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, როგორც საკუპაჟე ღვინო მასალის მიმცემ ჯიშს. გორული მწვანისა და ჩინურის კუპაჟი ცქრიალა ღვინისათვის გაცილებით უფრო მაჟალმჟავიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ჯიშებიდან სათითაოდ დაყენებული ცქრიალა ღვინო.

 

გორული მწვანე მხოლოდ საღვინე ჯიშია და სუფრის ყურძენად იგი ვერ გამოდგება. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჯიშს სქელი უხეში კანი და მომწკლარტო გემო ახასიათებს. ამას გარდა, გორული მწვანე საზამთროდაც ვერ ინახება და მალფუჭებად ყურძნის ჯიშებს განეკუთვნება. გორული მწვანეს რამდენიმე ვარიაცია არსებობს. მათგან გამორჩეულია ე.წ. მუხამწვანე. როგორც ამპელოგრაფი ნ. ჩახნაშვილი მიიჩნევდა, ეს ვარიაცია გორულ მწვანესთან შედარებით ნაკლები ზრდით ხასაითდება, ისხამს უფრო პატარა მტევნებს და მარცვლებიც წვრილი აქვს. ამიტომ, ეს ვარიაცია არ უნდა ჩაითვალოს პერსპექტიულად.

 

საბჭოთა კავშირის პერიოდში და უფრო ადრეც, გორული მწვანე წარმოებისა და რაოდენობის მიხედვით, ქართული ვაზის ჯიშების ხუთეულში ყოველთვის შედიოდა. ამის შემდეგ, გორული მწვანეს ვენახების ფართობები ქართლშიც კი ძალიან შემცირდა. ამის მიზეზად, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ სიდუხჭირესა და ზოგადად ქართული ღვინის ხარისხის დაცემას ასახელებენ, რასაც ჯიშური მრავალფეროვნებისადმი ინტერესის დაკარგვაც მოჰყვა. ამპელოგრაფებისა და ღვინის სპეციალისტების აზრით, გორული მწვანე არის ქართული ვაზის ისეთი ჯიში, რომლისგანაც ყოველთვის გამოირჩეული და მრავალფეროვანი ღვინო დგებოდა. ამიტომ, ამ ჯიშს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება!

 

 მსოფლიოს საერთაშორისო მდინარეები

0

მდინარეთა  დიდი ნაწილი რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება. მათ  მრავალნაციონალურ, საერთაშორისო მდინარეებს უწოდებენ. ასეთი მდინარეების წყლების  გამოყენება  იმ სახელმწიფოთა ინტერსებს  ეხება, რომლებიც მათ  ნაპირებზე  მდებარეობენ.  თითოეული მოსაზღვრე ქვეყანა მდინარის იმ ნაწილის შესახებ ახორცილებს სუვერენიტეტს, რომელიც მის ტერიტორიაზე მდებარეობს.  იმის გამო, რომ მდინარე ერთი მთლიანი არტერიაა, დღის წესრიგში  დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის მისი  სამართლებრივი რეჟიმის რეგულირებისა და  შეთახმების აუცილებლობის საკითხი დგება. საერთაშორისო მდინარეები მნიშვნელოვან  საწყალოსნო არტერიებს წარმოადგენენ და დიდ როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკაში.

საერთაშორისო მდინარეების კლასიფიკაცია ასეთია: ა) სანაოსნო –  მდინარეები რომელთაც აქვთ ზღვაზე გასასვლელი; ბ) სასაზღვრო – მდინარეები, რომლებზეც გადის საზღვარი ორ ქვეყანას შორის; გ) ტრანსსასაზღვრო  – მდინარეები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინებიან და არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე და მათზე მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ნაოსნობაა განვითარებული.  

საერთაშორისო სტატუსის მდინარეა დუნაი, რომელიც  ”ინეტრაციონალური”  მდინარეა  და ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე გრძელია.  იგი მსხვილი სამდინარო სატრანსპორტო არტერიაა და ევროპაში მეორე მდინარეა (ვოლგის მერე)  სიგრძის მიხედვით – 2960 კმ.  დუნაის აუზის ფართობი დაახლოებით  817 000 კვ. კმ-ია და 300-ზე მეტი შენაკადი აქვს.  მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 210 კუბ. მ-ია/წელიწადში. დუნაი  მისი წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენი მდინარეა.  მის წყალშემკრებ აუზს  19 სახელმწიფო იყოფს. ესენია: ალბანეთი, ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანია, იტალია, მაკედონია, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა, ხორვატია, ჩეხეთი,  მონტენეგრო და შვეიცარია. დუნაის ნაპირებზე  ათეულობით დიდი ქალაქი და მათ შორის ოთხი ევროპული ქვეყნის დედაქალაქია განლაგებული: ავსტრია  – ვენა, სერბეთი – ბელგრადი, უნგრეთი – ბუდაპეშტი  და სლოვაკეთი – ბრატისლავა. ასევე მრავლადაა ქალაქები: რეგენსბურგი (გერმანია), ლინცი (ავსტრია), ვუკოვარი (ხორვატია) და სხვ.

ფიზიკურ გეოგრაფიული თვალსაზრისით დუნაი სამ ნაწილად იყოფა: ქვედა წელი, 992 კმ  – სათავიდან სოფელ გენიუმდე; შუა წელი, 860 კმ –  სოფელ გენიუდან  ქალაქ დრობეტა-ტუპნუ-სევერინამდე და ზემო წელი, 931 კმ,  ამ ქალაქიდან  შავ ზღვამდე.   დუნაი შავ ზღვაში ჩაედინება და  რუმინეთისა და უკრაინის საზღვარზე დელტას  წარმოქმნის.  ამ დელტის რუმინული ნაწილი იუნესკოს  მსოფლიო მემკვიდრეობის  სიაშია  შესული.

დუნაის აუზს ასიმეტრიული ფორმა აქვს. ამიტომაც მისი შენაკადები არათანაბრადაა განაწილებული. მათი უმეტესობა ალპებისა და კარპატების მთისწინებში მდებარეობს, ხოლო უნგრეთის დაბლობის ტერიტორიაზე (შუა დუნაი) ისინი თითქმის არ გვხვდება.

bb

 

მდინარე დუნაის  წყალშემკრები აუზი.

დუნაის ბუნებრივი რესურსების კომპლექსური გამოყენებისას მთავარი როლი მის  სატრანსპორტო მაგისტრალურ დანიშნულებას ენიჭება. ასევე  მეტად მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკაც. დუნაიზე მოქმედი ჰესების ჯამური წლიური გამომუშავება 42 000 გეგავატი/სთ -ია.  მათ შორის ყველზე მსხვილი  ჰესის – ჯერპადის ( რუმინეთისა და სერბეთის  საზღვარი) ელექტროენერგიის გამომუშავება საათში 11 500 გეგავატს შეადგენს. დუნაის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც წყალმომარაგების წყაროს  მის აუზში მდებარე ქვეყნებისათვის. დუნაის წყალს იყენებენ  მის ქვემო და შუაწელში არსებული მიწების სარწყავად. მდინარეზე თევზჭერას კი  უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის  ეკონომიკაში.

საუკუნეების განმავლობაში დუნაი მნიშვნელოვან სავაჭრო გზას წარმოადგენდა და ამ დროის მანძილზე ადამიანი და ბუნება შედარებით ჰარმონიულად არსებობდა. უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დუნაის ეკოსისტემა,    განსაკუთრებით კი დელტის ნაწილში, საკმაოდ დაზარალდა ანთროპოგენული ზემოქმედების  გამო. მიწების ინტენსიურმა დაშრობამ წყლის სისტემების დაბინძურება გამოიწვია, რასაც ბიოლოგიური სახეობების შემცირება მოჰყვა.

ჯერ კიდევ 1856 წელს შეიქმნა დუნაის ევროპული კომისია, რომლის წევრებიც ავსტრია, რუსეთი და ასევე ზოგიერთი არადუნაისპირა ქვეყანები (საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, პრუსია, სარდინია და თურქეთი) იყვნენ. ეს ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც დუნაის გამოყენების პრობლემების საერთაშორისო-სამართლებრივი ფორმით  დარეგულირებას ცდილობდა. დუნაის თანამედროვე საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი  გემების მიმოსვლის რეჟიმის შესახებ ბულგარეთის კონვენციით (1948 წლის 18 აგვისტო) და დამატებითი ოქმითაა (1998 წლის 26 მარტი) განსაზღვრული. კონვენციას ხელი მოაწერა ყველა დუნაისპირა ქვეყანამ და რუსეთმა.  1994 წელს დუნაისპირა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის კონვენციას დუნაის წყლის დაცვისა და დაბალანსებული გამოყენების შესახებ.

აფრიკაში საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდესი მდინარეებია ნილოსი,  კონგო  და  ნიგერი. ჩვენი პლანეტის  უგრძესი მდინარე ნილოსი რუანდის, კენიის, ტანზანიის, უგანდის, ეთიოპიის, სამხრეთ სუდანის, სუდანის და ეგვიპტის ტერიტორიებზე გადის და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ნილოსის წყლის რესურსებს ეს ქვეყნები უკვე  მრავალი წელია ერთობლივად იყენებენ წყალმომარაგებისთვის, სანაოსნოდ, ასევე სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში.

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე საერთაშორისო მნიშვნელობის მდინარეა დედამიწის ყველაზე წყალუხვი მდინარე  ამაზონი, რომლის სიგანე ზოგიერთ ადგილას 150 მილს აღწევს. ამაზონისპირა ქვეყნების – ბოლივიის, ბრაზილიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორის გემებს მასზე თავისუფალი ცურვის შესაძლებლობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ  მათ შორის რაიმე ოფიციალური შეთანხმება დღემდე არ არსებობს.

აზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მეკონგი ექვსი ქვეყნის  –  ჩინეთის, მიანმარის, ლაოსის, ტაილანდის, კამბოჯის და ვიეტნამის ტერიტორიებზე მიედინება და მისი რეჟიმის  საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება რეგიონალური თანამშრომლობის ჩარჩოებში ხდება.

ბოლო წლებში მრეწველობის განვითარებასთან ერთად სახელმწიფოთა მიერ მდინარეთა გამოყენების ხასიათი  ძალიან  შეიცვალა და ნაოსნობა უკვე აღარ  არის  საერთაშორისო მდინარეების გამოყენების განმსაზღვრელი ასპექტი. ბევრ შემთხვევაში  ქვეყნებისთვის  უფრო მეტად მნიშვნელოვანია მათი წყლების გამოყენება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო  ან სხვა მიზნებისათვის.  აქედან გამომდინარე, საერთაშორისო მდინარეები  უნდა განვიხილოთ, როგორც  მოსაზღვრე ქვეყნების საერთო ბუნებრივი რესურსი.  თანამედროვე  საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო მდინარეების გამოყენების სფეროშიც სწორედ  ამ მხრივ ვითარდება და მათი გონივრული და სამართლიანი გამოყენების პრინციპებს  არეგულირებს.

შენი თავგადასავალი

0

სასტუმროს ვიწრო, ფოსფორისფრად განათებული დერეფნიდან გზის გაგნებას ვცდილობ. დერეფნები ერთმანეთს რამდენიმე წერტილში კვეთენ, თავი მომავალში მგონია და სასოწარკვეთილი ვცდილობ, ლიფტს მივაგნო.  ელ ჯერნონს ვგავარ, განვითარების საწყის ეტაპზე.

 

მომსახურე პერსონალი რობოტებს ჯერაც არ ჩაუნაცვლებიათ, ბართან ნამდვილ ბანანს, ნამდვილ ვაშლს და ნამდვილ ფორთოხალს ნამდვილი ადამიანები მიირთმევენ და ყავაც ნამდვილია, ცხელ- ცხელი, სურნელოვანი, თუმცა, რაღა თქმა უნდა, აპარატის.

 

Amsterdam Zuid- ში მდებარე ეს მრავალსართულიანი სასტუმრო ჩემი ერთ- ერთი გასართობია. მე აქ ყოველდღე ვხედავ, როგორ დადიან, საუბრობენ, ჭამენ, სვამენ, როგორ ჩვეულებრივად ცხოვრობენ სრულიად არამომავლურად ჩაცმული ადამიანები მომავლის შუშის კაბინაში. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან მართობს, შეიძლება ითქვას, მომწონს კიდეც, მერე რა, რომ ამ ყველაფერს იაფფასიანი წარმოდგენის ელფერი ხუთი ვარსკვლავის, დახარჯული ენერგიისა და ფანტაზიის მიუხედავად ცოტათი მაინც დაჰკრავს.

 

ამსტერდამამდე გუნცელშტრასეზე, ბერლინის მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ სახლში ვიყავით: იატაკზე დაგებული რბილი ხალიჩები, კედლების მეწამული და ნამდვილი გასაღებიც ელექტრონულის ნაცვლად. ბერლინში ჩვენს დროში ვცხოვრობდით, საერთოდაც, ბერლინი აწმყოა, ბერლინი არის დღეს.

 

გამოვდიოდით. დავეხეტებოდით.  ყოველი მორიგი ქუჩის გავლისას ათას შეკითხვას ვუსვამდი, თან თავხედურად ვაიძულებდი, ჩემნაირად ჰყვარებოდა: “ რამეს გრძნობ? ვერაფერს? პოსტდამერ პლატცი უფრო მოგწონს თუ ალექსანდერ პლატცი? იცი, პოსტდამერი ჩემთვის ცოტა ზედმეტად გაპრიალებულია, ალექსანდრეს ნაგავი მირჩევნია. არაფერს გრძნობ გულთან, აი, ამ შენობებს რომ უყურებ? საერთოდ არაფერს? ბრეცელი მოგწონს? მე ვერ ვიტან. სუნი? ეგეც ვერ იგრძენი? ოოო, არ ვიცი რა ჰქვია, შეიძლება ეგ სუნი ადამიანებისაა, ან ქუჩების, ან შენობების, ან ცემენტის, ან ფუნთუშების და დილის, სისხამი დილის, ან ყველაფრის ერთად, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ყველაზე სპეციფიკური სუნი! როგორი დიდია, არა? როგორ სუნთქავს, არა? წამო რა, გამოფენები ვნახოთ და არა- მუზეუმები და ქუჩებში კიდევ  მეტი ვიხეტიალოთ. მუზეუმების ამბები ისაა,  რაც უკვე არსებობს, მათ უკვე აქვთ საკუთარი თავგადასავალი, რომელიც აღარ განახლდება მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორიას ძალიან საინტერესოდ გადმოგვცემენ იმ შემთხვევაშიც კი, ისინი საერთოდ რომ არ გვაინტერესებდეს.  ქალაქის ქუჩები კი სულ ახალია, ყოველ წამს ახალი. აქ შეგიძლია გქონდეს შენი, საკუთარი თავგადასავალი. მგონი, შენ ფეხებზე გკიდია ჩვენი დიდი, ნამდვილი თავგადასავალი. მისმინე, შენ ხო გიჟდები ისლამურ ხელოვნებაზე. ხოდა, მაგარი კონტრასტი იქნება, წამო, პერგამონის მუზეუმში ისლამური კუთხე ვნახოთ, ეგ რაღაცნაირი, აღმოსავლური ზიგზაგები, წარმოუდგენელი ნებისყოფა და ორნამენტები, რომლებიც პირდაპირ არაფერს გეუბნებიან, რომლებიც იგავებით გელაპარაკებიან, რომლებსაც მე ვერაფერი გავუგე და შენ  ასე გიყვარს. რას შეჭამ? ბროთხენები არ მოგწონს? ა, უი, დიეტაზე ხარ. წამო, დომის კიბეებზე ჩამოვსხდეთ, დავისვენოთ და მერე მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო „მუზეუმი“ ვნახოთ. ჰოო, ეგ ღია სივრცეშია, ბერლინის კედლის ნაწილია მოხატული ასრაღაცა ხელოვანის მიერ. მაგიტო არი უფრო ცოცხალი. ოსტბანჰოფზეა, დომიდან რამდენი გაჩერებაა, ნახე რა. არა, უ- ბანით ვერ წავალთ, ეს- ბანია აქ მარტო“…

 

არა, მუზეუმებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ჩემთვის წარმოუდგენელია ყველა გაწერილი მოგზაურობის ყველა გაწერილი დღე ყველა გაწერილი, რა თქმა უნდა, ცნობილი მუზეუმით. ალბათ, არაფერი დაშავდებოდა, თავის დროზე ბერლინური დომი რომ არ მენახა. დიახ, მიუხედავად მისი დიდებულებისა საერთოდ არაფერი დაშავდებოდა. ან რომელიმე მადამ ტუსო. ან სიდნეის თეატრი. ან წმინდა იაკობის ტაძარი პრაღაში. ქალაქებს კარებს მიღმა კარგად ვერ გაიცნობთ, თანაც ეს სიები, ეს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები ჩემთვის ერთი დიდი ნერვიულობა: გული გამისკდებოდა, მოსასწრებად რომ მოქნოდა საქმე, ვეღარ ვისიამოვნებდი, სულ გეგმის შესრულებაზე ვიფიქრებდი.

 

ცოტა ხნით რომ გამოსულიყავით მუზეუმებიდან, ან დღეში ერთით ნაკლები მოგენახულებინათ, ამის ნაცვლად კი გაგეცნოთ ადგილობრივები და შენობები, გარე კაფეში ცხელი შოკოლადი დაგელიათ ან მზიანი ამინდის შემთხვევაში რომელიმე აუცილებლად ლამაზ პარკში აუცილებლად მშვიდად ჩამომსხდარყავით, აუცილებლად- ხელში წიგნით მაგრამ მაინც ადამიანებზე დაკვირვების უფლებით. უფრო მაგარი იქნებოდა. უფრო თავისუფლად ისუნთქებდით.

 

მერე ამსტერდამში წამოვედით. არ ვიცი, სასტუმროდან რომ გავალ რა დამხდება- მომავალი, აწმყო თუ სულაც წარსული. ჩემი ბავშვობის წიგნებიდან გამოყოლილ კეთილ განწყობას, ჰანს ბრინკერსა და მის ვერცხლის ციგურებს თუ დავუჯერებ,  მგონი, არც ისე ცუდ ქალაქში მოვხვდი.

 

 

 

 

მეხსიერების მცველი რაინდი – გოდერძი ჩოხელი

0

მიგელ დე   უნამუნო წერილში `ფლობერს რომ ვკითხულობ~, ფლობერის სიტყვებს იხსენებს: `ავტორი თავის ქმნილებებში ისე უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ღმერთი ამ სამყაროში, რომელიც ყველგან არის, თუმცა ყოველთვის უხილავია~. ასე წარმოჩნდება გოდერძი ჩოხელიც თავის პერსონაჟებში, სება კი მის ალტერეგოდ შეიძლება გავიაზროთ რომანში „სულეთის კიდობანი“, რომელშიც ავტორი წარმოგვიდგება, როგორც მცველი ეროვნული მეობისა და საკაცობრიო ღირებულებებისა

`რა არის ადამიანი?

ხანი, მანძილი, დრო დაბადებასა და გარდაცვალებას შორის.

ამას ჩვენ ვფიქრობთ, აქაური დროის საზომით, მაგრამ ადამიანი უპირველესად ღვთის ქმნილებაა, რომელსაც უდგას ღვთის სული, დადის და სუნთქავს. ხანდახან კ ეშმაკი ცდილობს, ადამიანისგან განდევნოს ღვთის სული და თვითონ ჩასახლდეს იქ. ადამიანებმა რომ ატარონ ჭეშმარიტად ღვთის სული, მაღალმა შემოქმედმა მოგვცა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა გვასწავლის, სული როგორ უნდა გადავირჩინოთ ამ ქვეყანაზე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ეშმაკს, რომელიც ცდილობს ჩვენგან განდევნოს ღმერთის სული და თვითონ ჩაიბუდოს, თვითონ იფშვინვიეროს ჩვენში~, _ წერს გოდერძი ჩოხელი რომანში `სულის კიდობანი~ და ადამიანის ხსნისა და გადარჩენის გზებს მხატვრულ დრო-სივრცეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი თხრობის სტილით წარმოაჩენს.

ეპიგრაფი ბიბლიიდან განსაზღრავს რომანის აზრობრივ სიღრმესა და ტონალობას: `ვიდრე ქვეყანა იქნება, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა~.

 რომანის მთავარი საფიქრალია ცხოვრების არსის გარკვევა. პერსონაჟები გუდამაყრის ხეობის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესქერიან და ფიქრობენ ადამიანის ამქვეყნად მოვლინების ღვთაებრივ არსსა და დანიშნულებაზე. ამაზე დაფიქრებულა შუღლიანთ სებაც, მოფილოსოფოსე გლეხი, ჭიანჭველების ცხოვრებაც რომ აღელვებს. ერთხელ შვილთან ერთად ადევნებდა თვალს, როგორ მიათრევდა ცოცხალი ჭიანჭველა მკვდარს და შვილი ამ მაგალითით ასე დამოძღვრა: `ეგეთია ეს ცხოვრება! …ისე იწყება, შენ არავინ გეკითხება და ისე მთავრდება, არც მაშინ გეკითხება ვინმე რამეს~. შვილს მამისგან გაგონილ დარიგებასაც აძლევს, ნაბიჯი ისე არ გადადგას, რომ არ დაიხედოს და თავისი უგუნურებით რომელიმე მშრომელსა და თავის გზაზე მიმავალ ჭიანჭველას ცხოვრება არ დაუნგრიოს, არ გააუბედუროს. ამგვარად ჩააგონებს შვილს, რომ უყვარდეს ყოველი სულდგმული ქვეყნიერებაზე და მოუფრთხილდეს ღვთის შექმნილ სამყაროს.

უშორეს წარსულში ღმერთმა წარღვნის წყლებით გაწმინდა კაცობრიობა ცოდვებისგან, გადარჩენილმა ნოემ ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა ადამიანს შერჩა ბოროტებისკენ მიდრეკილი ბუნება. ღვთისგან დაბადებისას  ნაჩუქარ დიდ სიკეთეს ხშირად აკლდება და სწორედ ეს მოკლებული სიკეთეა ბოროტება, როგორც დიონისე არეოპაგელი განმარტავს.

რა გადაარჩენს ადამიანის სულს ამ ცოდვითა და ბოროტებით სავსე სამყაროში? ეს არის მწერლის მთვარი საფიქრალი. მის ამ კითხვაზე ერთგვარი პასუხია სებას მიერ სოფელში მუზეუმის გახსნა: `ქვეყანამ ხო უნდა გაიგოს, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით დედამიწაზე, გუდამაყრელები გვერქვა და ვარსებობდით. შთამომავლობამ ხო უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში. აგე, იმ მთაზე გაჭრილ ძველ ნაგზევარს ხო ხედავთ? აი ეგ გზა საუკუნეების წინანდელია. აი მაგ გზაზე დადიოდა ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ბოლოს _ ერეკლე. მაგ გზით გადადიოდნენ ქვენამთაზე, ჩადიოდნენ ხევში და კეტავდნენ დარიალანის კარს. ქვენამთის აქეთ ვანისკარია, ვანისკარის ციხეები; ქვენამთის იქეთ კიდე _ ნადარბაზევი, გორგასალის ნადარბაზევი~. სება წააგავს გიორგი ლეონიძის ჩორეხს (`ჩორეხი~), რომელიც ასევე დაეძებდა წარსულის ნაშთსა და ნაკვალევს და წუხდა: `მეცოდება ჩემი სამშობლო – საქართველო ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!~

სებას აშენებული მუზეუმი, ერთდროულად, მატერიალური და სულიერი ხსოვნის საცავია. ამ ხსოვნის გარეშე პიროვნებას, საზოგადოებას და მთელ ერს ღირებულება ეკარგება. ისტორიის ამგვარი განცდა დამახასიათებელი იყო ყველა პატრიოტისთვის, უპირველესად კი, ილია ჭავჭავაძისთვის, რომლისთვისაც მომავალი წარსულის გარეშე ვერ იარსებებდა: `აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა~, ამგვარად იშველიებდა ლეიბნცის გამოთქმას და თავისი წერილებით, შემოქმედებითა და მოღვაწეობით ერს `ფესვების~ მოვლის და შენახვის აუცილებლობას ჩააგონებდა.

გუდამაყრის ხეობა მწერლისთვის ერთგვარი სარკეა ადამიანთა სულიერ-ხორციელი ცხოვრებისა. ამ სარკეში ირეკლება ეპოქათა ცვლა, დარიალის ხეობის გახსნა, თავისუფლების დაკარგვა, რუსეთის ჯარების შემოსვლა, უცხო ხალხის ძალადობა, შემდეგ საბჭოთა ეპოქა. ჩოხი არა მხოლოდ აქ მცხოვრებ ადამიანთა, არამედ კოსმიურ ძალთა ჭიდილის, სიკეთისა და ბრძოლის ასპარეზია.

გოდერძი ჩოხელის თხრობაში, მარკესის მსგავსად, ბუნებრივად შემოიჭრება მითიური და და მაგიური. მისი პერსონაჟების ცხოვრება და წარმოსახვა გაჯერებულია მითებით, ზღაპრებითა და ლეგენდებით. აქ ირეალური, მისტიკური ბუნებრივად შემოიჭრება რეალობაში: `უშველებელი წიფლის ხე მოჭრეს რუსებმა და როცა ხე მიწაზე დაეცა, გველეშაპად გადაიქცა. ხის ტოტები ბანჯგვლებად იქცა. საშინელ ხმაზე წიოდა გველეშაპი და კუდს მიწას ურტყამდა, მისდევდა რუს ჯარისკაცებს ხახადაღებული. ჯარისკაცები ბასტიონში შეიკეტნენ და იქედან ესროდნენ თოფებს. გველეშაპი წიოდა და ბასტიონის კედლებს ეხეთქებოდა; მანამდე არ გაჩერდა, მანამ რუსის ჯარი გუდამაყრის ხეობიდან არ გადაიხვეწა~. წიფლის ხე აქ ქართველთა სულიერების სიმბოლოცაა, რომელსაც ღვთაებრივი ძალები იცავენ. ამგვარად გამოხატავს მწერალი საქართველოს დალოცვილობის, ღვთივკურთხეულობის იდეას. თანვე, ეს სამყაროს ბოროტი ძალებისაგან დაცვის იდეის გამოხატულებაცაა. შემდეგ `კომუნისტებად მოვიდნენ და გუდამაყრელებსაც თავის წესზე ყოფნა მოსთხოვეს: გაკრიჭეს მღვდლები, გაძარცვეს სალოცავები და პირიმზის მოედანზე კოლმეურნეობის კანტორა ააშენეს. ამ კანტორაში დასხდნენ ქართველი კომუნისტები და ხატის მინდორზე, ძველი ბასტიონის გვერდით, საქონლის ფერმა ააშენეს. ხალხს ხატში ლოცვა აუკრძალეს~. რომანში ნაჩვენებია, ღვთისმგობელმა კომუნისტებმა როგორ ააშენეს ლენინისა და სტალინის ახალი კერპები სოფელში. ეს ძეგლები სიცოცხლის დაბადებასაც კი უშლიდნენ ხელს, ამიტომაც სებას შვილი მანამ არ დაიბადა, სანამ ლენინის ძეგლი სებამ ჩუმად არ დაანგრია.

სება დონკიხოტური რწმენითა და თავდაჯერებულობით აღსავსე მარტოდმარტო შეუდგება მუზეუმის მშენებლობას, იტანს ხალხის აბუჩად აგდებას, დაცინვას, ჭორაობას და მეხსიერების მცველი რაინდივით ქედმოუხრელად ადებს ქვას ქვაზე, ფიცარს ფიცარზე და თავისი ბრძოლის ასპარეზზე იბრძვის წარსულის, წეს-ჩვეულებების, დროის შესანახად და გადასარჩენად. ასე აღმოჩნდა მის მუზეუმში მისივე შეგროვებული: `ფიტულები: დათვის, ჯიხვის, არწივის, სვავის, ფოცხვერის, კურდღლის, არჩვის, კვერნის, მაჩვის, წავის, ორბის, ქედნისა და კიდევ იმ ცხოველებისა და ფრინველების, რომლებიც გუდამაყრის ხეობაში ბინადრობენ. საომარი იარაღები: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ფარები, ჯაჭვები, შუბები. ქალისა და კაცის ტანსაცმელი. ცხენის შეკაზმულობა. სამუშაო იარაღები. შეჭვარტლული ფანდური და ათასი კიდევ სხვა, ჩაჟანგებული და შემურული ნივთები. იმათ შორის: რუსი ჯარისკაცის შინელი, ჩექმები, კომუნისტების ნაქონი გარდამავალი დროშა და კუთხეში დაგდებული ლენინის ძეგლის ზედა ტანი~. მუზეუმის გამორჩეული  განძი და მშვენება: `ერდოებიდან ირიბად შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ-ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული. ამ რუკაზე გამოკვეთილად ამოექარგნა მქსოველს გუდამაყრის ხეობა~. ამ რუკაზე ამოქარგულ საქართველოს ისტორიას წიგნივით კითხულობს სება და უხარია, რომ სწორედ ის ამოარჩია უფალმა ერის სულიერების მხსნელად. ამგვარად ემსგავსება სება ბიბლიურ ნოეს, მისი მუზეუმი კიდობანია, რომელშიც ჩოხისა და, სიმბოლურად, ქართველთა ცხოვრების ამსახველი მატერიალურ-სულიერი სამყაროა. თითოეული ნივთი მეხსიერების საგანძურის ნაწილია: `მთელი საქართველო ამ ერთ მუზეუმში იყო თავმოყრილი~. რუკაზე განსაკუთებით მოჩანდა ნაქარგი სვეტიცხოველი, რომლის წინ სანთელს ანთებს სება და ადგილის დედას მუზეუმის გადარჩენას ევედრება.

იმისთვის, რომ გამოკვეთოს, რა უშლიდა ამ ღვთივკურთხეულ საქართველოს ერთიანობასა და სიმტკიცეში, მწერალი ხატავს შუაღამისას მოულოდნელად ატეხილ ხმაურს _ ფანტასმაგორიულ სურათს _ მუზეუმის ნივთები ერთმანეთს ედავებიან პირველობას.  მელიის ფიტული გამორჩეულად აქტიურობს, ის მოწინააღმდეგეებს კიდობანში `ისტუმრებს~, თვითონ `პრეზიდენტად~ იქცევა, ძალაუფლებას აიღებს ხელში, მომხრეებსაც გაიჩენს და მოწინააღმდეგებს ოსტატურად იშორებს.  მწერალი ვითარების უფრო გასამძაფრებლად და ამბებისთვის მაგიურობის მისანიჭებლად მკითხველის წარმოსახვას ფართო გზას უხსნის. რომანის ამ ეპიზოდში ჩართულია მუზეუმის ექსპონატთთა საიდუმლო საქმეები, რომლებიც მეტყველებენ, რა საქმიანობას ეწეოდნენ ეს ექსპონატები პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ასპარეზზე. ამგვარად, მწერალი ერთგვარი თამაშ-თამაშით, პაროდიულ-ალეგორიული სახეებით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი და ლაღი თხრობით აცოცხლებს ჩვენს უახლეს ისტორიას, სხვადასხვა პარტიის ბრძოლას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. მკითხველის თვალწინ იგავურად ცოცხლდებიან ნაცნობ პოლიტიკურ ლიდერთა სახეები, რომლებმაც, თვიანთი ჭკვიანური თუ უგუნური გადაწყვეტილებებით განსაზღვრეს ქვეყნის ამჟამინდელი ვითარება.

რომანში ბევრი ზღაპრული ამბავია ჩართული. მუზეუმში გამართულ ღამეულ `სასამრთლოზე~ ირჩევა და განიხილება ექსპონატთა საქმეები. მათ შორისაა, მაგალითად, სასიყვარულო ისტორია დათვ საღირასი, რომელსაც მშვენიერი ქალი _ სამძივარა შეუყვარდა, მოიტაცა და ორი ბელიც გაუჩნდათ. ქალმა გაქცევა მოახერხა, სასოწარკვეთილმა დათვმა კი ჯერ შვილები დახოცა და მერე თავიც მოიკლა. მისი ფიტული კი მუზეუმის ექსპონატად იქცა. საგულისხმოა ამბავი დედალ-მამალი არწივისა, კვერცხები რომ მოჰპარა  გაგიმ და ცოლს აჭამა. დედალმა იძია შური.  ამგვარად გამოხატავს მწერალი ადამიანისა და ბუნების მისტიკური ერთიანობის რწმენას. მკითხველს უჩნდება განცდა, რომ ამქვეყანაზე არაფერი იკარგება უკვალოდ, სიკეთე სიკეთეს შობს და სიძულვილი _ სიძულვილს. კაცმა მხოლოდ სათავისო სარგებლობისთვის არ უნდა უყუროს ბუნებას, რადგან ის დიდ შურისმაძიებლად მოევლინება. ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ყოველ სულიერსა და უსულოს თავისი აზრი და დანიშნულება აქვს. ღვთის სამართლიანი თვალი დაჰყურებს ქვეყნიერებას და ყოველივეს თავის წილ სამაგიეროს მიუზღვავს. ამ რწმენითაა გაჯერებული გოდერძი ჩოხელის სხვა რომანები, მოთხრობები თუ ლექსები, მთელი მისი შემოქმედება.

რომანში ოსტატურადაა ჩართული სხვადასხვა საგულისხმო ამბავი გამიხარდასი, ბათარეკასი, ჯარჯისა, მფრინავი ჩოხელი წმინდა ბერებისა, მზექალასი, `ვეფხისტყაოსნის~ სიყვარულს რომ შეეწირა, ქორბუდა ირმებისა. სება ცდილობს თავის ნაბოლარა შვილს და მკითხველსაც კარგად გააზრებინოს მეფე ვახტანგის ანდერძის სიტყვები: `მტკიცედა სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, რათა მარადიული დიდება მოიგოთ~.

გოდერძი ჩოხელის სათაყვანებელია ვაჟა-ფშაველა, რომლის სულიერ მემკვიდრედაც გვევლინება იგი: `კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა ანკესიდან, გულზე ეკოცნა მისთვის და ისევ მდინარეში გაეშვა~. სწორედ მისნაირ ადამიანთ მხრებზე დგას სიცოცხლე, სიკეთე და სიყვარული.

რომანში იხატება, როგორ აღიძვრებიან უწმინდური, ბოროტი ძალები საგანძურის, მუზეუმის წინააღმდეგ, რათა მისი განადგურებით მოსპონ თავისუფალი სულის საყრდენი _ მეხსიერება, რომელიც მუდმივად შეახსენებს კაცს: `ვინ არს, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო~ (გურამიშვილი). ეს ბოროტი ძალები დროებით იმარჯვებენ, მაგრამ `წარღვნის წყლებში~ დაინთქმებიან _ მოვარდნილ არაგვის წყალს მიაქვს ყველაფერი, მხოლოდ საქართველოს რუკას _ ფარდაგზე ამოქარგულს _ გადაარჩენს მამა-შვილი: `ნუ გეშინია, შვილო, მთავარია, რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს, სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც, უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ~. `მამა-შვილმა ფართოდ გაშალა პირიმზის სალოცავის გვერდზე, მობიბინე მოლზე, ფარდაგი. გადაიქუხა, გადაიქუხა და ცოტა ხანში მზემაც ამოანათა. მზის სხივებში აელვარდა პირიმზის ეკლესია, რომლის თავზეც ცისარტყელა გამოისახა, რომელიც მთლიან რკალად წვდებოდა გუდამაყრის ვიწრო ხეობას, შუა რკალი ცის მოკრიალებულ გუმბათზე ჰქონდა მიბჯენილი, ხოლო შვიდფერი სვეტის ერთი ბოლო _ აღმოსავლეთის მთაზე, მეორეთი დასავლეთის მთას ეყრდნობოდა და პირიმზის ეკლესიის ეზოში დაფენილი წვიმით გარეცხილი ხალიჩა, რომელზეც საქართველო იყო ამოქარგული, ცისარტყელადან ჩამომდგარი შუქით უცნაურად გაბრწყინებულიყო.

ხალიჩასთან დაჩოქილი მამა-შვილი თვალებში ჩამდგარი სევდიანი იმედით შეჰყურებდა ცისარტყელას. ხეობის ბოლოს, მდინარის შავ ტალღებზე, სულეთის ქვეყნისკენ მიტივტივებდა კიდობანი~. როგორც ბიბლიაში, აქაც  წარღვნის დასასრულისა და ღვთის რისხვის დაცხრომის ნიშნად ცისარტყელა გამოისახა ცაზე. ამგვარად გამოხატა მწერალმა იმედი ხსნისა.

რომანი სავსეა ქართველი ხალხის გადარჩენის რწმენით: `საქართველო ერთხელ კიდევ გამოივლის წარღვნას და იმ წარღვნის მერე სწორედ საქართველო იქნება ის აყვავებული ზეთის ხილის რტო, რომლითაც მტრედმა უნდა ახაროს ახალი ცა და ახალი დედამიწა ქვეყნის მეუფეს, რომლის საბრძანისშიც არც მზე არის და არც მთვარე და თვითონ მეუფეა მანათობელი და არ არის შური და მტრობა, არამედ არის კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება~.

ოთარ ჭილაძე რომანს ბიბლიურ „ნოეს კიდობანს“ ადარებდა, „რამდენადაც იმასაც სიცოცხლის, თუნდაც სიცოცხლის უმნიშვნელო ნაწილის გადასარჩენად აგებს მწერალი, იგივე ნოე, რომლის თავგამოდებისა და, ზოგჯერ, თავგანწირვის ფასად, ვინ იცის, რამდენი ადამიანური სახე, ხასიათი, რამდენი ბუნების სურათი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ ადათ-წესი გადარჩენია სამუდამო გაქრობას, დავიწყების გათოშილ ზვირთებს, მხოლოდ იმიტომ, რომანში, იმავე ნოეს კიდობანში, ადგილი რომ მიუჩინა მათ მწერალმა, ანუ მიწიერმა განსახიერებამ ბიბლიური ნოესი, რამდენადაც მწერლის მოწოდებაც სიცოცხლის გადარჩენაა“. გოდერძი ჩოხელიც ემსგავსება ნოეს და თავისი შემოქმედებით ეროვნული ფასეულობების, სიკეთის, სიყვარულისა და რწმენის გადამრჩენად გვევლინება.

 

 

PowerPoint პრეზენტაცია და სახალისო გარემო ინგლისური ენის გაკვეთილზე

0

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებამ ენის გაკვეთილის დინამიკა ძირეულად შეცვალა. მასწავლებლები სულ უფრო მეტად იყენებენ ტექნოლოგიებს ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას. ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებასა და გაკვეთილის მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებას უწყობს ხელს. საპრეზენტაციო პროგრამები, როგორიცაა PowerPoint (Microsoft) და Keynote (Apple Mac) თანამედროვე სამყაროში საკმაოდ პოპულარულ ინსტრუმენტებად იქცა. თუმცა ამ პროგრამებს უფრო მეტად აკადემიურ გარემოში მიმართავენ, სადაც აუდიტორია შედარებით პასიური და მშვიდია. მაგალითად,  უნივერსიტეტებში ლექციების ან კონფერენციებზე პრეზენტაციების წარსადგენად. ბოლო პერიოდში საგაკვეთილო პროცესში, და კონკრეტულად ენის გაკვეთილზე, ფართოდ დაიწყეს მასწავლებლებმა ზემოთ ნახსენები პროგრამების, განსაკუთრებით კი PowerPoint-ის გამოყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები არასწორად იყენებენ PowerPoint-ს, რაც გაკვეთილს პასიურ ლექციად, მასწავლებელზე ორიენტირებულ პროცესად გარდაქმნის. თუმცაღა, თუკი სწორად დავგეგმავთ აქტივობებს და მართებულად გამოვიყენებთ, PowerPoint შეიძლება განსაკუთრებულად საინტერესო  დამხმარე ინსტრუმენტად ვაქციოთ ინტერაქციული გაკვეთილის ჩატარებისათვის, სადაც წახალისდება თანამშრომლობით სწავლება  და მოსწავლეთა მოტივაცია  ენის შესწავლაზე ორიენტირებული დავალებების შესრულებისას.

ყველაზე ხშირად მასწავლებლები PowerPoint-ს მიმართავენ, როდესაც ისინი მოსწავლეებს წარუდგენენ  ლექსიკურ ერთეულებს, გრამატიკულ სტრუქტურებს, ფუნქციურ გამოთქმებს.  გაგაცნობთ PowerPoint -ის რამდენიმე განსხვავებულ გამოყენებას, რაც მიზნად ისახავს  ინფორმაციის არა პირდაპირ, სწორხაზოვან  ტრანსფერს კომპიუტერიდან სტუდენტების ტვინისკენ, არამედ წარმოადგენს მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს ენის კომუნიკაციურ ათვისებას, მაქსიმალურ ინტერაქციას და მოსწავლეთა ჩართულობას.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქვემოთ წარმოდგენილი იდეებიდან ზოგიერთის განხორციელება მასწავლებელს საპრეზენტაციო პროგრამების გარეშეც შეუძლია, დაფის ან ამობეჭდილი სამუშაო ფურცლების გამოყენებით, თუმცა PowerPoint პროგრამა მათ განსხვავებულ ელფერს სძენს. კერძოდ, ინსტრუქციიდან კონკრეტულ დავალებაზე გადასვლა უფრო მოქნილია და მოსწავლეთა ყურადღება და ფოკუსირების დონე საგრძნობლად ამაღლებულია, რაც მასალის უკეთ ათვისებას უზრუნველყოფს.

  1. ნელი „გამოაშკარავება“

გუნდური თამაში

მიზანი: ნასწავლი ლექსიკის გამეორება/გამტკიცება

აქტივობისათვის მომზადება:

ჩამოტვირთეთ სურათები, რომელზეც გამოსახული იქნება ნასწავლი ლექსიკური ერთეულები. მაგალითად, ავეჯის ამსახველი სურათები. მოათავსეთ ერთი სურათი ერთ სლაიდზე და დაფარეთ თითოეული სურათი 20-25 კვადრატით. განალაგეთ კვადრატები ისე, რომ თითოეულ დაწკაპუნებაზე ერთი კვადრატი გაქრეს. ამგვარად დაფარული სურათი შეგეძლებათ ნელ-ნელა „გამოააშკარავოთ“.

აქტივობა:

ამ თამაშისათვის მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 5 მოსწავლე). თითო ჯერზე თითოეული ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მოსწავლე დგება ფეხზე. ისინი უყურებენ ეკრანს, სადაც სურათი ნელ-ნელა იწყებს „გამოაშკარავებას“. მოსწავლე, რომელიც პირველად წამოიძახებს სურათზე გამოსახულ საგანს სწორად (მაგ: „მაგიდა“),გუნდს ქულას მოუტანს.

  1. სწრაფი გამეორება (drill)

გაბმით მეტყველებისა (fluency) და გრამატიკის სწავლებისას გამოსაყენებელი აქტივობა.

აქტივობისათვის მომზადება:

თავდაპირველად დაწერეთ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად მინიშნებები 10 წინადადების შესადგენად. მაგალითად, თუ გაკვეთილის მიზანი წარსული მარტივი დროის სწავლებაა, დაწერეთ ამგვარი მინიშნებები:  “yesterday/TV”  ან “this morning/breakfast”. თითოეული მინიშნება უნდა გამოჩნდეს ორწამიანი ინტერვალით. (ეს შეგიძლიათ მართოთ “entrance effect” საშუალებით PowerPoint-ის გამოყენებისას).

აქტივობა:

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად და უყურებენ ეკრანს. როგორც კი თითოეული მინიშნება გამოჩნდება, ერთი მოსწავლე ამბობს სრულ წინადადებას. მაგალითად, თუ მინიშნება იყო “yesterday/TV” , მოსწავლე ამბობს: “Yesterday I watched TV”. მეორე მოსწავლე უსმენს და შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნავს დაშვებულ შეცდომას. რამდენადაც მინიშნებები ავტომატურად ჩნდება 2-წამიანი ინტერვალებით, მოსწავლეები იძულებულნი არიან საკუთარი წინადადებები ჩამოაყალიბონ რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად.

  1. შარადები

ეს კონკრეტული აქტივობა წარმოადგენს საკმაოდ პოპულარული აქტივობის ვარიაციას, რომელსაც ძირითადად მოთელვისთვის ვიყენებთ (warmer).

აქტივობისათვის მომზადება:

სლაიდზე დაწერეთ სიტყვები ან ფრაზები, რომელთა ახსნა ჟესტური ენითაა შესაძლებელი. გაკვეთილის სამიზნე ენიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს პროფესიების, სპორტის, თავისუფალი დროის აქტივობების ან ნებისმიერი სხვა კატეგორიის ამსახველი ლექსიკური ერთეულები.

აქტივობა:

მოსწავლეებს ვაჯგუფებთ (ოთხი ან ხუთი მოსწავლე თითოეულ ჯგუფში). ერთი მოსწავლე უყურებს ეკრანს, დანარჩენებს თავი უდევთ მაგიდაზე იმგვარად, რომ ვერ დაინახონ ეკრანზე გამოსახული სიტყვა. მასწავლებელი აჩვენებს ერთ სიტყვას, მაგალითად: „ტენისის თამაში“. შემდეგ სიტყვა გაქრება ეკრანიდან, ფეხზე მდგომი მოსწავლე მეგობრებს უხსნის სიტყვას მიმიკებითა და ჟესტებით. გუნდი, რომელიც პირველი გამოიცნობს სიტყვას, იღებს ქულას. გუნდის ყველა მოსწავლე რიგრიგობით ხსნის თითო სიტყვას.

  1. „არ მითხრა სიტყვა …“

აქტივობის მიზანია ზეპირმეტყველების განვითარება.

აქტივობისათვის მომზადება:

მოამზადეთ სლაიდი, რომელზეც თავმოყრილია საშუალოდ 8-10 სიტყვა ერთი კონკრეტული თემის მიხედვით. მაგალითად: ქვეყნები, სასკოლო საგნები, ტანსაცმელი და ა. შ.

ყველა ეს სიტყვა ეკრანზე ერთდროულად ჩანს. ასევე, შექმენით მეორე სლაიდი იმავე პრინციპით. მაგალითად, თუ პირველ სლაიდზე არის ქვეყნები: კანადა, ტაილანდი, ჩინეთი და ა.შ, მეორე სლაიდზე შესაძლოა განვათავსოთ მექსიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

აქტივობა:

მოსწავლეები სხდებიან წყვილებად: მოსწავლე A და მოსწავლე B ერთმანეთის პირისპირ. მოსწავლე B ზურგით ეკრანთან, ისე რომ ეს უკანასკნელი ვერ ხედავს სიტყვებს. ეკრანზე ჩნდება პირველი სლაიდი. მოსწავლე A ირჩევს ნებისმიერ სიტყვას ჩამონათვალიდან და აღწერს მას იმგვარად, რომ მეორე მოსწავლემ შეძლოს მისი გამოცნობა. მაგალითად: „შენ შეგიძლია ამ ქვეყანაში ნახო ბიგ ბენი (Big Ben)“. მოსწავლე B უსმენს და ამბობს „დიდი ბრიტანეთი“. წყვილებს აქვთ 2 წუთი, რომ გამოიცნონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა. ორი წუთის გასვლის შემდეგ ისინი უცვლიან ერთმანეთს ადგილს და აკეთებენ იმავე აქტივობას მეორე სლაიდზე გამოსახულ სიტყვებზე.

  1. მეხსიერების ტესტი

ამ აქტივობის მიზანია წერის უნარის განვითარება ნანახი ვიდეოკლიპის ან მოკლე ფილმის დამახსოვრების საფუძველზე.

აქტივობის მომზადება:

მოამზადეთ მაქსიმუმ ერთწუთიანი ვიდეოკლიპი. ვიდეო შესაძლებელია მოიძიოთ You Tube-ზე და შემდეგ ჩადოთ პრეზენტაციის ფორმატში (სლაიდში).

აქტივობა:

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად. დააველეთ მოსწავლეებს, უყურონ ვიდეოს ყურადღებით. ამის შემდეგ ისინი იღებენ კალმებს და წერენ წინადადებებს ნანახი ფილმის შესახებ. მათ შესაძლოა აღწერონ პერსონაჟები, გარემო, მოქმედება და ა.შ. მიეცით მათ გარკვეული დროის ლიმიტი. ამ ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები ცვლიან ფურცელს გვერდით მჯდომ მოსწავლესთან. აჩვენეთ ვიდეო მათ განმეორებით. მოსწავლეები ასწორებენ მათი მეგობრის მიერ დაწერილ წინადადებებს. წერის უნარის განვითარებაზე დამატებითი მუშაობის მიზნით, შესაძლებელია მოსწავლეები ამუშაოთ  შეცდომების შესწორებაზე და შემდეგ გადააწერინოთ უკვე გასწორებული წინადადებები.

  1. დიალოგი

ამ აქტივობის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ სასაუბრო ენის დახვეწას.

აქტივობის მომზადება:

სახელმძღვანელოებში ყოველთვის არის მოცემული დავალებები, რომელთა მიზანიც სასაუბრო ენის დახვეწაა. ამ დავალებებზე დაყრდნობით მოსწავლეები წყვილებში ადგენენ დიალოგს და გაითამაშებენ მას. იგივე დავალება უფრო საინტერესო ფორმით შესაძლებელია მოსწავლეებს შევთვაზოთ PowerPoint-ის მეშვეობით. მასწავლებელი წერს დიალოგს სლაიდზე და ფარავს სიტყვებს შავი მართკუთხედებით. მართკუთხედები სლაიდზე მაუსის დაწკაპუნების შედეგად გამოჩნდება.

აქტივობა:

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად. ისინი კითხულობენ ეკრანზე გამოსახულ  დიალოგს სრულად. ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ფარავს გარკვეულ სიტყვებს შავი მართკუთხედებით. მოსწავლეები გაითამაშებენ დიალოგს და აღადგენენ დაფარულ სიტყვებს მეხსიერებით. თანდათანობით უფრო მეტი სიტყვა იმალება და ბოლოს მთელი დიალოგი „შავდება“. მოსწავლეები მეხსიერებიდან სრულ დიალოგს აღადგენენ.

 

როგორც ზემოთ განხილული აქტივობებიც ცხადყოფს, საპრეზენტაციო პროგრამის (PowerPoint) კრეატიული გამოყენებით შესაძლებელია  ინგლისური ენის გაკვეთილზე მრავალრიცხოვანი კლასი გარდავქმნათ შეკრულ, ფოკუსირებულ აუდიტორიად. ამგვარი აქტივობების ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ არ დაგჭირდებათ წინასწარ მოამზადოთ და გადაიღოთ სამუშაო ფურცლები. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ აქტივობების შინაარსი და მიმდინარეობის პროცესში მოარგოთ ის მოსწავლეთა საჭიროებებს, ერთხელ მომზადებული აქტივობა გამოიყენოთ სხვადასხვა კლასში სხვადასხვა დროს.  ამ პროგრამის ასათვისებლად გაწეული ძალისხმევა ნამდვილად ღირს იმ ეფექტად, რასაც მისი საკლასო ოთახში გამოყენებით მიიღებთ.

 

 

 

 

ვის ეშინია ლექსიკონის?

0

არ დავმალავ: შეყვარებული ვარ ლექსიკონებზე. არ მახსოვს, როდის და როგორ გაჩნდა ეს სიყვარული, ან რა სახეცვლილებას განიცდიდა განვითარების დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალზე გადასვლისას. ასე მგონია, ერთად დავიბადეთ და ერთად ვეძებდით წარმოუდგენელ, ენით აუწერელ თავგადასავლებს ათწლეულების მანძილზე. არ მახსოვს პირველი ლექსიკონი – პირველი შეხება იმდენად შორეულ წარსულში უნდა მომხდარიყო, რომ მეხსიერება უძლურია – ვერაფერსაც ვერ გამოიხმობს დავიწყებული განცდებისა და შთაბეჭდილებების საბედისწეროდ ჩაბნელებული ტევრიდან.

სანაცვლოდ სულ სხვა რამ გამახსენდა: რომენ გარის, ალბათ, საუკეთესო რომანი და მისი მთხრობელი – ტაქსის მძღოლი ჟანი, რომელიც ასე ხსნის ლექსიკონების სიყვარულს: პასუხები, ჩვენ რომ თავგამოდებით დავეძებთ, მათი გვერდების კუთვნილებაა; იქაა ყველაფერი, რისი შეცნობაც ყოველთვის გვინდოდა და რისკენაც მივილტვოდით; დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რობერში“ ღმერთი ნამდვილად არსებობს – გადავშლით ჩანიშნულ გვერდზე და იქ დაგვხვდება.  „ფანატიკურად მიყვარს ლექსიკონები. ერთადერთი ადგილია მთელ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი განმარტებულია და სულიერი სიმშვიდის მოპოვება ყველამ შეძლო. იქ ყველაფერში დარწმუნებულები არიან – ბოლომდე დარწმუნებულები“ („მეფე სალომონის შიში და კაეშანი“).

გულუბრყვილო კაცია ჟანი. დააქროლებს მანქანას პარიზის ქუჩებში და სამყაროს ახსნის ვნება არ ასვენებს.

„ – ლექსიკონი გაქვთ, მადმუაზელ კორა?

– „ლარუსი“ მაქვს. გაჩვენოთ?

– არა, უბრალოდ, იმის გაგება მინდოდა, რა გარემოში, რასთან ერთად ცხოვრობთ“ (იგივე რომანი).

სიმშვიდის, სიცხადის, განსაზღვრულობის განცდა. ჟანის მიბაძვით, ფრანგული ენის განმარტებით ლექსიკონს ვიღებ და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვების მოძებნას ვიწყებ. ღმერთი არსებობს, ჩემს „რობერში“ – 386-ე გვერდზე, მეორე სვეტში: მამრობითი სქესის არსებითი სახელი და ა.შ. ათამდე განსაზღვრება – ერთმანეთზე უკეთესი და მიმზიდველი. სიყვარულიც არსებობს – 43-ე გვერდზე, მეტად ამაღელვებელი მაგალითებით. არსებობს იმედიც – 494-ე გვერდზე.

„…და თუ სიტყვებზე მიდგა საქმე, „სამოთხე“ და „ჯოჯოხეთი“ ხომ ერთი და იმავე პოემის სიტყვებია“, – ამბობს უმბერტო ეკო ერთ ესეში. ზუსტად ვიცი, სად არის სულ ახლახან გარდაცვილი ამ მწერლის სული, პოემა-ლექსიკონის რომელ გვერდზე.

და მაინც, რას გვაძლევს ეს დიდი წიგნები, გარდა ფეხქვეშ სიმყარის განცდისა?

ვლადიმირ ნაბოკოვი თავის  ამერიკელ სტუდენტებს ერთგვარ კითხვარს სთავაზობდა იმის გასარკვევად, რა უნდა ჰქონოდა კარგ მკითხველს. სხვაგვარი მკითხველი ვერც მოექცეოდა მწერლის თვალთახედვის არეში. ჩამონათვალი არ იყო გრძელი, სტუდენტებს კი ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამ უნდა ამოერჩიათ. სწორი პასუხი გახლდათ: წარმოსახვა, ლექსიკონი და ერთგვარი შემოქმედებითი უნარი. რისთვის სჭირდება მკითხველს წარმოსახვა – ეს თავისთავად ნათელია. შემოქმედებითი უნარის აუცილებლობაც ეჭვს არ იწვევს – კითხვა თანაშემოქმედებაა; როცა ვკითხულობთ,  თავიდან ვაშენებთ მწერლის მიერ აშენებულ ქალაქებს. ულექსიკონო მკითხველი კი ისეთ მოგზაურს შეიძლება შევადაროთ, სამყაროს მოხილვას რომ გადაწყვეტს და გზას თავშიშველ-ფეხშიშველი გაუდგება, საგზლისა თუ ყველაზე საჭირო ნივთების გარეშე. თავდაპირველი განზრახვის მიუხედავად, შორს ვერ წავა, დაიღლება, სადმე დავარდება.

წლების წინ ინგლისურის მასწავლებელი ვიყავი და გამორჩეულ მოსწავლეებს ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტი წიგნი წაეკითხათ ინგლისურ ენაზე – არაადაპტირებული, რთული ტექსტები. ვეუბნებოდი, უცხო სიტყვების მნიშვნელობების ძებნას ნუ დაიწყებთ-მეთქი. გული მიგრძნობდა, რომ ეს კითხვის სიხარულსა და სიამოვნებას გაანელებდა, გაანახევრებდა. მეორე მხრივ, მწამდა, რომ ლიტერატურული ტექსტების გასაგებად აუცილებელი სიტყვები თუ გამოთქმები თავად აიძულებდნენ მკითხველებს ლექსიკონების გადაშლასა და გამოყენებას. რა თქმა უნდა, ისეთი მოსწავლეებიც მყავდა, ლექსიკონს რომ ხელში არაფრით აიღებდნენ – რაღაც აუხსნელი, ირაციონალური შიში წინ ეღობებოდათ. მასწავლებლებიც მინახავს, ასეთივე შიში თუ გაუმართლებელი თავდაჯერება რომ  ათქმევინებდათ უარს სიტყვების მნიშვნელობების დაზუსტებაზე, რთულ ენობრივ კონსტრუქციებში გარკვევის სიხარულზე. მწერლებსა და მთარგმნელებსაც ვიცნობ, ასევე რომ უფრთხიან ლექსიკონებს – არც თავისი ენა უყვართ და არც სხვისი. გულდასაწყვეტია, მაგრამ რას გავხდებით?!

შიში – 978-ე გვერდზე იწყება და 979-ე გვერდზე მთავრდება. მდედრობითი სქესის არსებითი სახელი და ა.შ. „რობერი“ მეთანხმება: შიში არსებობს და უამრავ გამოთქმას შემოიკრებს ირგვლივ.

და ბოლოს, როგორც ნაბეჭდი წიგნების მოყვარულ, ძველმოდურ მკითხველს, ვისთვისაც ხელით შეხების განცდა ყველაფერზე ძვირფასია, არ მეთმობა ძველი, დაფურცლული, ერთგული ლექსიკონები. წლებია, ელექტრონულ ვერსიებს, ონლაინ-ლექსიკონებსაც ვიყენებ, რადგან ასე უფრო მოსახერხებელია – დრო იზოგება, მძიმე წიგნების გადმოლაგებაც აღარ მიწევს – მაგრამ ძველი მეგობრების დანახვა გულს ისევ ისე უხარია. მუხლებზე დავიდებ, გადავშლი და ხელი თავისით ეძებს, სანამ, თავაწეული, რაღაც უხილავ წერტილს ვაშტერდები. ეძებს და პოულობს.

გული – 238-ე გვერდი.

 

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები სკოლის მოსწავლეთათვის

0

დღეისათვის საქართველოს სკოლებში ფართოდაა გავრცელებული მოსწავლეთა მიერ კვლევითი სამუშაოების წარმოება. საგანმანათლებლო პროცესში სულ უფრო აქტიურად ინერგება ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლეთა კვლევით სამუშაოებსა და პროექტებს, ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო ნაშრომების კონკურსები და კონფერენციები. ქიმია, როგორც მეცნიერება და სასწავლო საგანი, ამგვარი მოღვაწეობისათვის, ვრცელ ასპარეზს იძლევა, ამასთანავე ხელს უწყობს მოზარდთა ინტელექტის განვითარებას, საკუთარი საქმიანობისადმი შემოქმედებითი მიდგომების გამომუშავებას და მის პროფესიულ ორიენტირებას. ასევე იზრდება ქიმიის სფეროში მოსწავლეთა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სოციალური მნიშვნელობაც. ეს შემთხვევითი არაა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთობის საკითხი სულ უფრო მწვავედ დგება.

ამიტომ სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას მოზარდის იმ სათანადო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც საფუძველს დაუდებს „ქიმიური“ აზროვნებისა და კულტურის ჩამოყალიბებას.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ხშირ შემთხვევაში მასწავლებლის ინიციატივით მიმდინარეობს. პედაგოგი მოსწავლეთა კვლევების ორგანიზატორად და ხელმძღვანელად გვევლინება.  შესაბამისად, სამუშაოს შედეგებზე ძირითადად მასწავლებელი აგებს პასუხს.

ასეთი სამუშაოები, და ზოგადად მსგავსი აქტივობა, მასწავლებლისგან სპეციალურ დამატებით ცოდნასა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გამოცდილებას მოითხოვს. ხშირად ეს გარემოება გარკვეულ სიძნელეებს ქმნის. ამიტომ დგება შემდეგი საკითხები: როგორ შევარჩიოთ თემა კვლევითი სამუშაოსათვის ისე, რომ საინტერესოც იყოს, აქტუალურიც და შეესაბამებოდეს სკოლის პროგრამას. შესაძლებელია თუ არა, მთელ სკოლაში, სხვადასხვა საგნებში, კვლევითი პროექტების ორგანიზება? მიზანშეწონილია თუ არა, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში დიდი რაოდენობით მოსწავლეთა ჩართვა, თუ მხოლოდ ცალკეული მათგანის? როგორ უნდა გაფორმდეს კვლევითი სამუშაო სწორად? როგორ დავაინტერესოთ და ვასწავლოთ მოზარდს, დამოუკიდებლად წარმართოს კვლევითი საქმიანობა და წარუძღვეს პროექტს?

საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში, საკონფერენციოდ და საკონკურსოდ წარდგენილი  ნაშრომების ანალიზისას, გამოკვეთილია მოსწავლეთა კვლევითი სამუშაოების ორგანიზების შემდეგი სახეობები:

პრობლემურ-რეფერატული შემოქმედებითი ნაშრომები, რომლებიც დაწერილია რამდენიმე ლიტერატურულ მასალაზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს სხვადასხვა წყაროთა მონაცემების შედარებასა და ამის საფუძველზე პრობლემური საკითხის საკუთარ ინტერპრეტაციას;

ექსპერიმენტული შემოქმედებითი ნაშრომები, რომლებიც ეფუძნება იმ ექსპერიმენტის ჩატარებას, რომელიც მეცნიერებაში აღწერილია და მისი შედეგებიც ცნობილია. ეს ნაშრომები უფრო საილუსტრაციო ხასიათისაა და წარმოადგენენ შედეგის თავისებურებების დამოუკიდებელ ინტერპრეტაციას, საწყისი პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე;

ნატურალისტური და აღწერითი შემოქმედებითი ნაშრომები, რომლებიც მიმართულია, რომელიმე მოვლენაზე დაკვირვებასა და მის საფუძვლიან აღწერაზე. აქ შესაძლოა იყოს მეცნიერული სიახლის ელემენტებიც. ამ სახის ნაშრომების განმასხვავებელი თავისებურებაა, კვლევის კორექტული მეთოდიკის არარსებობა;

პრაქტიკუმი (პრაქტიკული სამუშაოები)- სასწავლო დავალება, სავარჯიშო, ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც ხელს უწყობს, როგორც განვლილი მასალის, ასევე სასწავლო დისციპლინის პრაქტიკულ ათვისებას. ემსახურება ბუნების ამა თუ იმ კანონის ილუსტრირებას;

რეფერატი, ნაწილობრივ ძიებითი ხასიათისაა, ხოლო ფორმით სრული ნაშრომია, რომელიც წარმოადგენს შერჩეული მასალებისა და გამოქვეყნებული წყაროების ერთობლიობას, რომელიც უფრო ვრცლად ახდენს შესასწავლი პრობლემის გაშუქებას. ის გულისხმობს, დამოუკიდებლად საკითხის (პრობლემის) განხილვას, ავტორის მსჯელობების საფუძველზე, რომლებიც ლიტერატურაში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობა. რეფერატი ასახავს მოსწავლის მიერ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს წარმოების უნარებს, მათი პრაქტიკაში გამოყენების ცოდნას, ასევე მოსწავლის მიერ კვლევის შედეგების წერილობით გადმოცემის უნარს. გარკვეულწილად, რეფერატი შეიძლება განვიხილოთ, სამეცნიერო მოღვაწეობის მოსამზადებელ ეტაპად;

მოსწავლეთა სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა შემოქმედებითი სამუშაოა, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით კორექტული  მეთოდიკის დახმარებით მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც კეთდება ანალიზი და დასკვნები საკვლევი მოვლენის ხასიათზე. ამგვარი სამუშაოების თავისებურებაა ის, რომ შეუძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ კვლევის შედეგები. სამუშაო შემდეგი ეტაპებისგან შედგება: ამოცანის დასახვა, საკითხის გარშემო შესაბამისი თეორიის შესწავლა, კვლევის მეთოდის შერჩევა და მისი პრაქტიკული ათვისება, საკუთარი მასალის შეგროვება, მისი ანალიზი, განვრცობა, მეცნიერული კომენტარი და საკუთარი დასკვნები;

პროექტი არის შემოქმედებითი სამუშაო, რომელიც მიმართულია გარკვეული შედეგის მიღწევაზე, უნიკალური პროდუქტის შექმნაზე. ის გულისხმობს, დასახული ამოცანის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში განსაზღვრული რესურსებით შესრულებას, პროდუქტის საბოლოო ხარისხის მიმართ წინასწარ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

სამუშაო შემდეგი ეტაპებისგან შედგება: კონცეფციის შემუშავება, პროექტის მიზნისა და ამოცანის, ასევე ხელმისაწვდომი და ოპტიმალური რესურსების განსაზღვრა, გეგმის შემუშავება და სამუშაოს ორგანიზება, პროექტის რეალიზაცია (ანოტაცია და აღწერა ან პრეზენტაცია). კვლევითი სამუშაოსგან განსხვავებით პროექტირება ყოველთვის პრაქტიკაზეა ორიენტირებული. ამა თუ იმ პროექტის რეალიზებისას ადამიანი არა მარტო სიახლის ძიებაშია, არამედ არსებულ პრობლემას რეალურად გადაჭრის. მას მუდმივად უწევს უამრავ გარემოებათა გათვალისწინება. პროექტის შემუშავება ჩვეულებრივ შემოქმედებითი სამუშაოა, რომელიც დამოკიდებულია ბევრ გარეგნულ გარემოებებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თეორიულად, პროექტის განხორციელება შესაძლებელია მზა სამოქმედო სქემებისა და ალგორითმების გამოყენებით.

პროექტირებისგან განსხვავებით კვლევითი საქმიანობა იმთავითვე უფრო თავისუფალი, პრაქტიკულად არარეგლამენტირებულია და არ ექვემდებარება გარკვეულ წესებს. ყველაზე თამამი ჰიპოთეზებიც კი დასაშვებია. ამიტომ ის იმპროვიზაციის უფრო მეტ საშუალებას იძლევა და მოსწავლე-მასწავლებლებში მეტი პოპულარობით სარგებლობს;

საპროექტო-კვლევითი მოღვაწეობა გულისხმობს საკუთარი კვლევების პროექტირებას, მიზნებისა და ამოცანების პირობითი გამოკვეთას, მეთოდიკის შერჩევის პრინციპის შემუშავებას, კვლევის მიმდინარეობის დაგეგმვას, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას, კვლევის შეფასებას და აუცილებელი რესურსების განსაზღვრას.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო სამუშაოს სახეობა, განსხვავებულ მიზანს ემსახურება. ბუნებრივია, მათი საგანმანათლებლო შედეგებიც განსხვავებული იქნება. მოსწავლეთა კვლევითი მუშაობის ორგანიზატორებმა, უნდა იცოდნენ თანამდევი დაბრკოლებების შესახებ. კარგად ესმოდეთ სასწავლო კვლევების დანიშნულება და არ გააიგივონ ის სამუშაოს სხვა სახეობებთან.

ამგვარ სამუშაოებს, ახასიათებთ გარკვეული თავისებურებები. რა განასხვავებს მოსწავლეთა კვლევით მუშაობას სამეცნიერო კვლევებისაგან? რა თავისებურებები გააჩნია სკოლაში ასეთი სამუშაოების ორგანიზებას?

ეს საკითხები არც თუ უმნიშვნელოა, რადგან ამ ბოლო დროს ქიმიის განხრით წარმოდგენილ საკონფერენციო თემებში გვხვდება ისეთებიც, როცა ძნელია განსაზღვრო, ვინ განახორციელა კვლევა – მოსწავლემ თუ დამწყებმა მეცნიერმა. სკოლაში მოსწავლეთა კვლევითი მუშაობა, არსებითად განსხვავდება პროფესიონალ მეცნიერთა სამუშაოებისგან. შევეცადოთ მათი სხვაობის აღწერა.

სკოლაში კვლევის არსი ისაა, რომ იგი სასწავლო ხასიათისაა და მიზნად არ ისახავს, რაღაც ახალი მეცნიერული ფაქტებისა და შედეგების დადგენას, როგორც ეს „დიდ მეცნიერებაში“ ხდება. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა აღმოჩენები ზოგჯერ საკმაოდ საინტერესოა პროფესიონალური თვალსაზრისითაც. სასწავლო კვლევითი მუშაობის მთავარ მიზანს პიროვნების განვითარება და თვითრეალიზაცია წარმოადგენს, რაც მოზარდს საკუთარი თავის ძიებასა და თავისი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაში ეხმარება. ავითარებს დამოუკიდებლობას, რაც საფუძველს ქმნის მოსწავლის მიერ ახალი ცოდნის ძიებისათვის, სოციალური აქტივობისა და კომუნიკაბელურობისათვის. ასწავლის საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებას, ააქტიურებს მეხსიერებას, ლოგიკასა და ფართო წარმოსახვით აზროვნებას. აყალიბებს კვლევისათვის საჭირო ჩვევებს და ახდენს კვლევითი აზროვნების უნარის ინიცირებას.

პედაგოგი ამ შემთხვევაში კონსულტანტის როლშია და უნდა ახსოვდეს, რომ სამუშაო პროცესში მოსწავლისთვის ყველაზე მთავარია, დამოუკიდებლად დაეუფლოს ცოდნის მოპოვების მეთოდს და განიცადოს საკუთარი აღმოჩენის სიხარული.

პედაგოგს ნათლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მოსწავლეთა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს მიზანი და ამოცანა. ამ შემთხვევაში ის შეძლებს სწორად წარმართოს პედაგოგიური საქმიანობა და სასურველი შედეგიც მიიღოს.

სკოლაში კვლევების ორგანიზების შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

 

 

 

 

სადამრიგებლო საათი სამოქალაქო ჩართულობაზე

0

სკოლაში რომ ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე უნდა აღვზარდოთ, ამაზე შეთანხმებულები ვართ.  შედეგის მიღწევის გზების (სტრატეგიები, მეთოდები, აქტივობები) არჩევანში თავისუფლება მოგვანიჭეს: მასწავლებელს, სამოქალაქოს პედაგოგი იქნება თუ კლასის დამრიგებელი, თავისი პროფესიონალიზმის, თვალსაწიერისა და პირობების შესაბამისად შეუძლია განსაზღვროს, როგორ შეაცნობინოს მოსწავლეს ესა თუ ის სამოქალაქო უფლება თუ მოვალეობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დამრიგებელი მოსწავლეებს უნდა  უვითარებდეს  დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას.

სულ ახლახან გამოსულ ჟურნალ ,,ინდიგოს“ მესამე ნომერში სამოქალაქო აღზრდის თვალსაზრისით (და არამარტო) საინტერესო რამდენიმე პუბლიკაცია წავიკითხე. ერთი მათგანის, როგორც რესურსის, გაზიარება თქვენთვისაც გადავწყვიტე.

მისი გამოყენებით შეგვიძლია დავგეგმოთ სადამრიგებლო საათი სამოქალაქო ჩართულობის, სკოლასა და თემზე ზრუნვის თემაზე. ეს შემოთავაზება ასაკობრივი  შესაძლებლობების გათვალიწინებით  VIII-XII კლასებში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

პედაგოგს საშუალება ეძლევა ტექსტზე დაყრდნობით თანმხვედრად იმუშაოს თვალსაწიერის გაფართოებისთვის და წამოიწყოს დისკუსიები ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ურბანული განვითარება, მეგაპოლისის პრობლემები, ეკოლოგიური პრობლემები, კულტურული მემკვიდრეობა, მოქალაქეთა გაერთიანებები და ასე შემდეგ. წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებთან ერთად უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის შედგენა.

სადამრიგებლო საათის მიზნები:

სამოქალაქო ჩართულობის არსისა და მნიშვნელობის გაანალიზება;

სამოქალაქო უფლება-მოვალეობასა და რეალურ სიტუაციებს შორის კავშირების მოძებნა და დასკვნების გაკეთება;

მაგალითის საფუძველზე საკუთარი სკოლის, თემის პრობლემის განსაზღვრა და მისი მოგვარების საკითხებზე მსჯელობა სამოქალაქო ჩართულობის მაგალითზე.

სადამრიგებლო საათის  შედეგი:

მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს მოქალაქის კონსტიტუციური  უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები;

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მოვალეობები თემთან მიმართებაში.

საჭირო რესურსები:

საქართველოს კონსტიტუცია ან სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო მე-9 კლასისათვის; დანართი 1 (საკითხავი მასალა) – 3-4 ეგზემპლარად,  დავალებები ჯგუფური მუშაობისათვის; კომპიუტერი-ინტერნეტით, ფურცლები, კალმები.

დრო: 60წთ

აქტივობა 1: მასწავლებელი/დამრიგებელი გონებრივი იერიშის მეთოდით მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ აზრობრივი რუკის შედგენას იწყებს. დასახელებული უფლება-მოვალეობების შესახებ მცირე მიმოხილვის  შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას: დაასახელეთ სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითები? შემდეგ კითხვა კონკრეტდება: დაასახელეთ  თქვენ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები? 10 წთ.

აქტივობა 2: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს საკითხავ მასალას (დანართი1) და ორი-სამი მოსწავლე გადანაწილებით, ხმამაღლა კითხულობს ტექსტს. დასრულების შემდეგ გონებრივი იერიშის საშუალებით  მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს  მოსმენილი ამბის შესახებ. განმარტავენ უცხო სიტყვებს. 10წთ.

აქტივობა 3: კლასი იყოფა სამ  ჯგუფად. მასწავლებელს წინასწარ აქვს შედგენილი დავალება  თითოეული ჯგუფისთვის:

1-ლი ჯგუფი: მოიძიეთ სოციალურ ქსელებში დამატებითი ინფორმაცია ამ სამოქალაქო აქტივობის შესახებ და წარმოადგინეთ პრეზენტაცია.

მე-2 ჯგუფი: წაკითხული ტექსტის მიხედვით მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე – რომელი უფლებები და მოვალეობები აამოქმედეს მოქალაქეებმა გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად.

მე-3 ჯგუფი: წარმოადგინეთ პრეზენტაცია თქვენს უახლოეს ზონაში (კლასი, სკოლა, თემი) განხორციელებული სამოქალაქო აქტივობისა და მისი წარმატება-წარუმატებლობის შესახებ.

იმართება პრეზენტაციები. სულ 30 წთ.

აქტივობა 4. პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ ისევ იმართება დისკუსია და მონაწილეები პარალელებს ავლებენ პირველ და მეორე პრეზენტაციებში წარმოდგენილი სამოქალაქო აქტივობების განხორციელების ხერხებსა და შედეგებს შორის.

მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ შედეგებს შემდეგი კითხვებით: რა იცოდნენ? რა გაიგეს? რის გაგება სურთ? 10წთ.

შემდეგი სადამრიგებლო საათისათვის  მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თითო პრობლემა, რომელიც მათ სკოლასა თუ თემში აწუხებთ და დაიწყონ მისი კვლევა.

დანართი 1.

ეს ქალაქი შენია

თბილისის ცენტრში, ზედ მთავარ მოედანთან, სადაც არასდროს წყდება მანქანებისა და ტრანსპორტის  ნაკადი, სადაც სულ ტექნიკის მონოტონური ხმაურია, შეუყვები ერთი-ორ მოსახვევს და აღმოჩნდები კიდევ ერთ მოედანზე, რომელიც არაფრით ჰგავს იმ მთავარს, ყველასთვის ცნობილ ურბანულ წრეს. ესაა ჩვენი, მოქალაქეების მიერ შენარჩუნებული, მოპოვებული და დაცული გუდიაშვილის მოედანი – მეგაპოლისის ცენტრში შემორჩენილი ოაზისი, სადაც ბავშვები ჟრიამულობენ და ადგილობრივები კამათელს აგორებენ.

ეს რეალობა რომ არ მოკვდა და მას მომავალიც რომ აქვს, შენი, მოქალაქის და ფესტივალად ქცეული, რამდენიმეფაზიანი პროტესტის დამსახურებაა. დავიწყეთ ტფილისის ჰამქრელებმა – ჩირით, ჩურჩხელით, კლასიკური მუსიკითა და გამოფენებით. მიზანი ერთი იყო – გარდაუვალ განსაცდელამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გვეჩვენებინა ამ მოედნის მნიშვნელობა; მეტი ადამიანი ,,მოგვეწამლა“ გუდიაშვილის სიყვარულით; გვენახებინა, სად შეიძლება გაექცე ხმაურიან მეგაპოლისს; გაგვენდო საიდუმლოება მიკროსამყაროს შესახებ, სადაც ყოველთვის სიმშვიდეა და სადაც ძველი ტფილისი ჯერ კიდევ ცოცხალია. ვიცოდით, დადგებოდა დღე, როცა ყველას ერთად მოგვიწევდა ბრძოლა მოედნის გადასარჩენად. 2011 წელს გამოჩნდა კიდეც მოედნის სავაჭრო ცენტრად ქცევის პროექტი და დაიწყო პროტესტი, რომელიც სულაც არ იყო გაბრაზებული და აგრესიული. დაიწყო მანიფესტი, როგორც მანიფესტი.

ჩვენ შევქმენით ღია პლატფორმა, სადაც ყველას ჰქონდა საშუალება, ეთქვა სათქმელი იმ ფორმით, რაც მისთვის იყო მისაღები – სიმღერით, გამოფენით, ცეკვით  თუ პოეზიით, ჩვენ ,,დავიკავეთ გუდიაშვილის“ მოედანი და ყველას დაგინიშნეთ პაემანი: ,,გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები“. დაგელოდებით, რადგან ამ სივრცეში კარგად ჩანს, ფულსა და პოლიტიკაზე რამდენად მაღლა დგას, ჩვენი, მოქალაქეების ინტერესი; როგორ შეგვიძლია პოზიტივით ნეგატივის დამარცხება.

ჩვენ შევძელით ჩვენი ქალაქის დასაცავად დაწყებული საპროტესტო აქცია ფესტივალად გვექცია. და ეს იყო პროტესტის ფესტივალი.

ახლა გუდიაშვილის მოედანი კონსერვაციის გეგმის დასრულებასა და სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას ელოდება. და სჯერა ჩვენი, იცის – ბევრნი ვართ.

ხშირად ვსაუბრობთ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე, მოქალაქეობრივ ვალსა და სამოქალაქო განათლებაზე. მე კი, ერთი რამ ვიცი: ზუსტად ასეთი აქციები და აქციებით მოპოვებული გამარჯვებები არის ის, რაც მოქალაქეს უჩენს განცდას, რომ ქალაქი მისია; მას  მისი შეცვლა შეუძლია; ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მის წინაშე ანგარიშვალდებულია ქალაქისა და სახელმწიფოს მთავრობა.

ამიტომ გუდიაშვილზე დამარცხებით დავკარგავდით არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ უფრო მნიშვნელოვანს – მოქალაქეობას. საჭირო იყო შეგვექმნა სამოქალაქო პროტესტის გამარჯვების პრეცედენტი და ჩვენ ეს შევძელით.

თამარ ამაშუკელი

ჟურნალი ,,ინდიგო“; დეკემბერი, 2015, N3

 

 

დამწყებ პედაგოგთა მხარდაჭერა – წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა

0

ჩვენს ისტორიაში, ვფიქრობ, ძნელად მოიძებნება პერიოდი, მასწავლებლობა ისეთი არაპრესტიჟული რომ ყოფილიყოს, როგორიც დღეს არის. შრომის დაბალი ანაზღაურება, არცთუ კომფორტული სამუშაო პირობები, კლასებში მოსწავლეთა სიმრავლე, სწავლების თანამედროვე მიდგომებით მუშაობისთვის შეუფერებელი საკლასო ოთახები, გადატვირთული სამუშაო დღე, პროფესიული კომპეტენციის შესანარჩუნებლად მოთხოვნების ყოველდღიური ზრდა, დასვენებისთვის აუცილებელი პირობების დეფიციტი ყოველგვარ ხიბლს უკარგავს მასწავლებლის პროფესიას. ამიტომ არის, რომ მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდების რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს. უმაღლესი სასწავლებლების ის კურსდამთავრებულებიც კი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მასწავლებლის მძიმე ტვირთის ტარებაზე თამხმდებიან, მუშაობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ იპოვონ ახალი სამსახური და როგორ დააღწიონ თავი სკოლას.

უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად ახალბედა მასწავლებლები სხვა, სპეციფიკურ სირთულეებსაც ეჯახებიან. ხშირად ისინი იმ დროს იწყებენ სკოლაში მუშაობას, როცა საათები უკვე განაწილებულია და იმ კლასებში უწევთ შესვლა, რომლებზეც ყველა სხვა პედაგოგი უარს ამბობს. წესისამებრ, ეს კლასები სხვებზე რთული სამართავია. იქ მრავლად არიან ქცევითი და სასწავლო პრობლემების მქონე მოსწავლეები. ახალბედა მასწავლებელს, ცხადია, გაუჭირდება იმ სირთულეების დაძლევა, რომლებსაც ხშირად გამოცდილი პედაგოგებიც ვერაფერს უხერხებენ. პროფესიული საქმიანობის დასაწყისშივე ასეთ პრობლემებთან შეჯახება ახალბედა მასწავლებელს, ბუნებრივია, თავდაჯერებას აკარგვინებს, საკუთარ პროფესიულ კომპეტენტურობაში აეჭვებს და სკოლიდან გაქცევის სურვილს უჩენს.

ასეთ პირობებში უდავოდ მისასალმებელია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2015 წლის სექტემბერში ამოქმედდა დამწყებ პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების დახმარებას, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობა სკოლას დაუკავშირეს. ეს პროგრამა, ერთი მხრივ, ახალბედა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გზით, მეორე მხრივ კი პროფესიული საქმიანობის დასაწყისში თავჩენილ სირთულეთა დაძლევაში ეხმარება მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილების მოსმენა–გაანალიზებისა და კონსულტაციების საშუალებით.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ განათლების სისტემაში მომხდარ ცვლილებებსა და სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებს დამწყები პედაგოგები უფრო იოლად ეგუებიან, ვიდრე გამოცდილები. ვფიქრობ, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ახალბედა მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის დასაწყისში ახალი განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება უხდება, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში სკოლაში მომუშავე პედაგოგს სიახლეთა მისაღებად ძველი განწყობა-დამოკიდებულებების შეცვლა, კორექცია უწევს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კორექცია უფრო რთული პროცესია, ვიდრე ახლის ჩამოყალიბება, ადვილი მისახვედრი იქნება, რატომ აქვს დამწყებ პედაგოგს უფრო მეტი მიმღებლობა სიახლეებისა და ცვლილებების მიმართ.

მართალია, ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ახალბედა პედაგოგთა მხადაჭერის პროგრამა ამოქმედდა, მაგრამ ვითარება უკვე იძლევა განსაზღვრული დასკვნების გამოტანის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები ჯერჯერობით მხოლოდ დამწყები მასწავლებლების სტატუსით მოღვაწეობენ ჩვენს სკოლებში, მათგან უკვე ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ამის თქმის საფუძველს მათ მიერ წარმატებით ჩატარებული გაკვეთილები გვაძლევს. ამ პედაგოგთა თავდაჯერება, საკუთარი ძალების რწმენა, თვითგანვითარებაზე უწყვეტი ზრუნვა, ბავშვების სიყვარული, სილაღე, საკუთარი მოსწავლეების მხრივ დამსახურებული აღიარება და სიყვარული ნამდვილად იძლევა იმის გარანტიას, რომ დამწყებ პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები მალე მაღალი კვალიფიკაციის მქონე და ბავშვების საყვარელ მასწავლებლებად ჩამოყალიბდებიან. თუმცა, ამისთვის მათ არა მხოლოდ განათლების სამინისტროს, არამედ სკოლების ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხარდაჭერაც სჭირდებათ.

ვფიქრობ, სადავო არ უნდა იყოს, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ძლიერება მეტწილად განათლებულ ადამიანებზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის გაძლიერება სურს, ყველაზე მეტ ფულს სწორედ განათლებაში უნდა აბანდებდეს. ნუ დავივიწყებთ, რომ განათლებაზე ზრუნვა ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარია.

qetio

დაოსიზმი

0

დაოსიზმი კონფუციანელობის შემდეგ ყველაზე პოპულარული მოძღვრებაა ჩინეთში. მისი საფუძველია დაოს პრინციპი, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „გზა“, „მიმართულება“ (სხვა მნიშვნელობით – „მეთოდი“ ან „უმაღლესი პრინციპი“). დაოსიზმის მიხედვით, დაო წარმოადგენს ყოველივე საწყისის საწყისს, „ის მარადიულია და არის მშობელი ყველა არსებისა“. მეცნიერთა შორის დღემდე მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, რელიგიაა დაოსიზმი თუ მხოლოდ ფილოსოფიური მოძღვრება. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ამ მოძღვრების საფუძველი უძველეს ჩინურ შამანიზმში უნდა ვეძებოთ, რომელიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც ფილოსოფია, ხოლო მოგვიანებით რელიგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიძინა.

გადმოცემის მიხედვით, ამ მოძღვრების შემოქმედია ლაო ძი. ტრადიცია გვეუბნება, რომ ის დაიბადა ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს და წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდობაში ლაო ძის ლოიანში (ერთ-ერთი ჩინური სამეფოს დედაქალაქი) არქივარიუსის თანამდებობა ეკავა, მერე კი განმარტოვდა და საკუთარ სოფელში გარდაიცვალა.

კონფუცისგან განსხვავებით, ლაო ძის შესახებ ცნობები ძალიან მწირია. ზოგ მეცნიერს ის რეალურ პიროვნებად არც კი მიაჩნია. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი ლეგენდა მის შესახებ. ერთი მათგანის თანახმად, ლაო ძი მთვარის შუქის მეშვეობით ჩაისახა, მეორე კი გვაუწყებს, რომ დედა მას 72 წლის განმავლობაში ატარებდა მუცლით, ამიტომ უკვე მოხუცი დაიბადა.

ლაო ძის მოძღვრება გადმოცემულია ტრაქტატში „დაო დე ძინი“, რომლის სათაურიც ითარგმნება როგორც „წიგნი გზისა და სათნოებისა“. აი, რას მოგვითხრობს ლეგენდა ამ წიგნის შესახებ:

ლაო ძიმ გადაწყვეტა, შავ ხარზე ამხედრებულს გადაელახა ხანგუს უღელტეხილი. ერთხელაც ფილოსოფოსის მსახურმა უარი თქვა მისმა მეგზურობაზე და დაპირებული გასამრჯელო – დღეში 100 მონეტა – მოითხოვა. ვინაიდან უკვე 200 წელი იყო მოგზაურობდნენ, გასამრჯელო ძალიან დიდი აღმოჩნდა. ფილოსოფოსს მისი გადახდა არ შეეძლო. მსახურმა სადგურის უფროსთან უჩივლა. ლაო ძიმ თავი იმით იმართლა, რომ, შეთანხმებისამებრ, მსახურისთვის ფული მაშინ უნდა მიეცა, როდესაც ანსის ქვეყანას მიაღწევდნენ, ხოლო ვინაიდან წინ დიდი გზა ედოთ, მას უკვდავების თილისმა მისცა, რათა დროის გამანადგურებელი გავლენისგან დაეცვა.

როდესაც ლაო ძიმ სადგურის უფროსს საქმის ვითარება აუხსნა, მან გამოიძახა მსახური, გაკიცხა და უბრძანა, თავი დაეხარა მორჩილების ნიშნად. ამ დროს მსახურს თილისმა პირიდან გადმოუვარდა. როგორც კი ეს მოხდა, მსახური დაეცა და ჩონჩხად იქცა – ბუნების კანონი, რომელიც 200 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, ისევ ამოქმედდა.

ნანახით გაოგნებული სადგურის უფროსი შეევედრა ლაო ძის, სიცოცხლე დაებრუნებინა მსახურისთვის და აღუთქვა, რომ თავად გადაუხდიდა დაპირებულ ხელფასს. ფილოსოფოსმა შეისმინა თხოვნა, აიღო თილისმა და ესროლა ჩონჩხს. მსახური გაცოცხლდა.

გამოთხოვებისას ლაო ძიმ სადგურის უფროსს დაუტოვა წიგნი, რომელშიც მოკლედ იყო გადმოცემული მისი მოძღვრება. სწორედ ეს თხზულებაა „დაო დე ძინი“ – მცირე ზომის ტრაქტატი, რომელიც პარაგრაფებად იყოფა.

„დაო დე ძინში“ ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც საფუძვლად დაედო დაოსიზმის ფილოსოფიას და რომლებიც მოგვიანებით ამ მოძღვრების სხვა მიმდევრებმა დახვეწეს.

დაო, მოძღვრების ძირითადი კატეგორია, გულისხმობს ბუნების საყოველთაო კანონს, ყოველი არსების პირმიზეზს, როგორც მატერიალური, ასევე სულიერი ცხოვრების საფუძველს. დაო არის განზოგადებული წარმოდგენა სამყაროს განვითარების კანონზომიერებათა შესახებ. „დაო დე ძინში“ ნათქვამია, რომ „ყოველი არსება, რომელიც დაოსგან წარმოიშვა, აკეთებს წრებრუნვას, რათა მასვე დაუბრუნდეს“. დაო არა მარტო ირველსაწყისია, არამედ საბოლოო მიზანი და ყოფიერების დასასრულიც.

დაო მიუწვდომელია გრძნობადი აღქმისთვის; ის, რაც შეიძლება გავიგონოთ, დავინახოთ, შევიგრძნოთ და გავიგოთ, არ არის დაო. დაო არავის შეუქმნია, მაგრამ ყველაფერი მისგან მომდინარეობს და მასვე უბრუნდება. თუმცა რასაც ის შობს, გამოვლინდება დეს (სათნოება) მეშვეობით. ამიტომ, თუ დაო არის სამყაროს საყოველთაო არსი, მაშინ დე მისი რეალობაში განფენაა (ემანაცია).

დაოსიზმის პრინციპებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე:

◦ სიმშვიდე და სულიერი კეთილდღეობა – დაოსიზმის მიზანია იმის ახსნა, რას წარმოადგენს სამყარო და როგორ შეუძლია ადამიანს გამოწვევებთან გამკლავება. ამგვარად, „დაო დე ძინი“ წარმოადგენს პრაქტიკულ, ფილოსოფიურ ინსტრუქციას, რომელშიც ნაჩვენებია ცხოვრებისეული სიმშვიდის მიღწევის გზა. მიაღწიო სულიერ სიმშვიდეს სამყაროში, რომელიც სავსეა ქაოსით, აბსურდითა და ტანჯვა-წამებით, რთული ამოცანაა. ლაო ძიმ მოგვცა სიმშვიდის როგორც განზომილების განსაზღვრება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავზომოთ საკუთარი წარმატება. პირადი წარმატება, თავის მხრივ, განისაზღვრება სოციალური ფასეულობების შეცნობითა და ფილტრაციით. საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების ეჭვქვეშ დაყენება არცთუ მარტივია, მაგრამ თუ ადამიანი დაოსიზმის ჭეშმარიტ გზას დადგება, ის აუცილებლად იტყვის უარს ისეთ სოციალურ სენზე, როგორიცაა სახელის მოხვეჭა და მატერიალური სიმდიდრის დაგროვება. ეს მოძღვრება გვასწავლის, რომ მშვიდი ფიზიკური არსებობა ყველაზე უკეთ ამზადებს ადამიანის სულს იმქვეყნიური ცხოვრებისთვის. ფიზიკური, მენტალური და მეტაფიზიკური სიმშვიდეა დაოსელთა მთავარი მიზანი.

◦ სამყაროს მთლიანობაში აღქმა – დაოსიზმი ქადაგებს რეალობის მთლიანობას. ეს სისტემა აკავშირებს ინდივიდს იმ პრინციპთან, რომელიც ხილულ და უხილავ განზომილებებს აერთიანებს. ცნობილი დაოსური ნიშანი იანი და ინი შავისა და თეთრის უნივერსალურ ერთიანობას წარმოადგენს. ეს გამოსახულება სიმბოლოა ყველა ურთიერთსაპირისპირო მოვლენის – დღისა და ღამის, ზამთრისა და ზაფხულის, ქალისა და კაცის, სიცოცხლისა და სიკვდილის – ერთიანობის. ყველა ეს ურთიერთსაპირისპირო გამოვლინება წარმოადგენს ერთი და იმავე პრინციპის განსხვავებულ ვარიაციებს, რომლებსაც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლია. დააკვირდით იმასაც, რომ ორივე ფერი თანაბრადაა წარმოდგენილი წრეში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროში ურთიერთდაპირისპირებული ძალები წონასწორობაში უნდა იმყოფებოდნენ, რათა შესაძლებელი გახდეს ჰარმონიის მიღწევა. S–ისებრი მოხაზულობა, რომელიც შავსა და თეთრს ერთმანეთისგან ყოფს, მიანიშნებს ერთი უკიდურესობიდან მეორეში უსასრულო გადასვლაზე, ხოლო წრე – სამყაროს უსასრულო მოძრაობაზე.

რაც შეეხება შავ წერტილს თეთრ ფონზე და თეთრს შავზე, ისინი, დაოსელთა აზრით, იმაზე უნდა მიუთითებდნენ, რომ სამყაროში არ არსებობს არც აბსოლუტური სიწმინდე, არც აბსოლუტური წყვდიადი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოძღვრების მიმდევრებმა.

ლაო ძის თქმით: „რაც მან ერთიანი დაინახა, იყო ერთიანი, ხოლო ის, რაც დაინახა განსხვავებული, ასევე იყო ერთიანი. იქ, სადაც ის ხედავდა ერთიანობას, თავი იჩინა მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ, ხოლო იქ, სადაც ხედავდა განსხვავებას, თავი იჩინა მისმა ადამიანურმა ბუნებამ“.

◦ დაოს ემანაცია (გამოვლინება) – დაოსიზმი აღიარებს ადამიანის ინტელექტუალურ შეზღუდულობას და, აქედან გამომდინარე, უარს ამბობს კონცეფციაზე, რომელიც არ შეიძლება იყოს შემოწმებული პრაქტიკულად. ასეთი პირობები დაოსიზმის მიმდევრებისგან მოითხოვს, დააკვირდნენ უზენაესი ძალების კონკრეტულ გამოვლინებებს (დე) და უარი თქვან სპეკულაციასა და ვარაუდზე. ამაში მათ შეიძლება დაეხმაროს ბუნება. ბუნება წარმოადგენს დაოს კლასიკურ ემანაციას და ჭეშმარიტი დაოსელის ცხოვრების საუკეთესო მოდელს. ამავე დროს, ადამიანის ბუნება, რომელიც საზოგადოებაში ვლინდება, არეულობისა და გაუგებრობის წყაროა და ფრთხილ და კრიტიკულ განხილვას მოითხოვს. საზოგადოების მიერ ადამიანის აღზრდა მიმდინარეობს სოციალურ ფასეულობებზე დაყრდნობით, რომლებიც სასარგებლო და მისაღებია ამ საზოგადოებისთვის, მაგრამ უაზრო და საშიშია ინდივიდისთვის. ეს გაორება – ბუნების კანონების ჭეშმარიტება და საზოგადოებრივი ფასეულობების არაბუნებრიობა – წარმოადგენს დაოსიზმის მთავარ პრინციპს.

◦ ბუნება არ არის კეთილი – რა ძირითადი დასკვნა უნდა გამოიტანოს დაოსიზმის მიმდევარმა, როდესაც ბუნებას განიხილავს როგორც ცხოვრების მოდელს? ლაო ძი პირდაპირ ამბობს: „ბუნება არ არის კეთილი“. ბუნება შორსაა ხელოვნური ჰუმანურობისგან, ამიტომ არც დაოსიზმის მიმდევარი უნდა იყოს კეთილი – ის ნეიტრალურობისა და გულგრილობისკენ უნდა მიისწრაფოდეს.

◦ საზოგადოება პიროვნების წინააღმდეგ – დაოსიზმი, კონფუციანელობისგან განსხვავებით, ინდივიდულისტური მოძღვრებაა. ლაო ძი ქადაგებს, რომ ფასეულობები, რომელთა გაზიარებასაც ითხოვს საზოგადოება, ინდივიდისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. დაოსიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, თავისთვის სასარგებლოდ გამოარჩიოს ის ფასეულობები, რომლებიც საზოგადოებაშია გამეფებული. ამ მოძღვრების მიხედვით, ჰუმანურობა და სამართლიანობა ერთი შეხედვით შეიძლება მიმზიდველ კატეგორიებად მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად ინდივიდისთვის დამღუპველნი აღმოჩნდნენ. ეს იმით აიხსნება, რომ საზოგადოება ხშირად აწესებს ხელოვნურ და არა ბუნებრივ ნორმებს, ამიტომ საყოველთაო სიყვარული და ჰუმანურობა, რომელსაც საზოგადოება ქადაგებს, ინდივიდისთვის არ არის მისაღები.

◦ ჩაურევლობა – დაოსიზმის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია ვუ-ვეი – ჩაურევლობა. ლაო ძის ფილოსოფია ურჩევს თავის მიმდევრებს, მთელი ენერგია და დრო საკუთარი თავის სრულყოფილებასა და კეთილდღეობას მოახმარონ. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო არ არის სხვა ადამიანებისადმი არაფრისმომცემ წყალობაზე დროის ხარჯვა. დაოსელი არ უნდა შეეცადოს შეცვალოს ის საგნები და მოვლენები, რომლებსაც ხელშესახები სარგებლობა არ მოაქვს მისთვის. მაგალითად, დაოსიზმის ჭეშმარიტი მიმდევარი არასოდეს გახდება პოლიტიკოსი, რადგან საზოგადოების შეცვლისა და გაუმჯობესების მცდელობა აბსურდული წამოწყებაა და მისი შედეგი ძალიან უმნიშვნელოა.

ჩაურევლობა შეიძლება გავიგოთ შემდეგნაირად: დაოს ფილოსოფიის მიმდევარი საშუალებას აძლევს საგნებსა და მოვლენებს, მიაღწიონ ჰარმონიას ბუნებრივი გზით, ასევე შეეგუონ სიტუაციას ან შეერწყან გარემოს. ის არაფრის შეცვლას არ ცდილობს, გვერდიდან აკვირდება მოვლენებს და არ ერევა მათში. ჩარევით, თუნდაც კეთილი განზრახვით, შესაძლოა ვავნოთ მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობას, რაც ინდივიდს დააზიანებს.

დაოსიზმი ადამიანის სხეულს განიხილავს როგორც ჯამს ენერგეტიკული ნაკადებისა, რომლებიც ერთგვარ სუბსტანციაშია გაერთიანებული. სწორედ ამ სუბსტანციის სახელწოდებაა ცი. ის შეიძლება გავაიგივოთ სისხლთან ან „სიცოცხლის ძალასთან“. სხეულში ცის ნაკადები შეესატყვისება ცის ნაკადებს გარე სამყაროში და მიდრეკილია ცვლილებისკენ. ცი ასევე წარმოადგენს სულის, გონებისა და აზროვნების ერთგვარ წმინდა სუბსტანციას. დაოსიზმი მიუთითებს სხეულის, სულისა და გარე სამყაროს მჭიდრო კავშირზე. ამ პოსტულატიდან მომდინარეობს ჩინური მედიცინის მრავალი პრინციპი. ცის ენერგიის მართვამ გზა გაუკვალა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციას. კონცენტრაციის შემთხვევაში დაოსელმა უნდა შეძლოს, საკუთარი შინაგანი ცი შეურწყას ბუნების ენერგიის ცის.

daosizm111111

ენერგია ცის პრინციპი ასევე გამოიყენება აკუპუნქტურაში, რომელიც ორგანიზმის აღდგენას უწყობს ხელს. ამისთვის იქმნებოდა ატლასები, რომლებშიც მონიშნული იყო ის უხილავი ხაზები, რომელთა გასწვრივაც მიედინება სისხლი და ცი. ამ არხების მეშვეობით იკვებება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და იანისა და ინის ბალანსს ინარჩუნებს. ეს ატლასები რელიკვიად ითვლებოდა და საიდუმლოდ ინახებოდა.

როგორც უკვე ვთქვით, მრავალ მეცნიერს პირველყოფილი დაოსიზმი არა რელიგიად, არამედ მხოლოდ ფილოსოფიურ და ეთიკურ მოძღვრებად მიაჩნდა. ამ მოსაზრების საბუთად მათ რიტუალების არარსებობა მოჰყავდათ. თუმცა შუა საუკუნეებში ვითარება შეიცვლა, დაოსიზმში უამრავი ახალი წესი და ღმერთების პანთეონი გაჩნდა. გარდა დღესასწაულებისა, რომლებიც წმინდანებსა და გმირებს ეძღვება, ეს რელიგია დიდ ყურადღებას აქცევს ცხოვრების ისეთი ძირითადი მოვლენების აღნიშვნას, როგორებიცაა დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება და სხვა, ასევე – მარხვასა და ახალი წლის ზეიმს.

taoism-14

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დაოსიზმი ულტრაინდივიდუალისტური მოძღვრებაა. სწორედ ამიტომაა, რომ კონფუციანელობა მასზე პოპულარულია ჩინურ საზოგადოებაში. ამ მოძღვრებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩინურ ლიტერატურაზე, მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა თუ, საზოგადოდ, კულტურაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...