ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
30 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

“მრგვალი მაგიდა” – ბრიტანეთის სკოლებში ახალი საგნის დამატებას ითხოვენ

0

ენტონი სელდონს მიაჩნია, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა დასვას სკოლებში ახალი საგნის – ე.წ. “მრგვალი მაგიდის” – შემოღების საკითხი, რათა მოზარდებს, რომლებიც გონებრივი პრობლემებით ან აგრესიული ქცევით გამოირჩევიან, საშუალება მიეცეთ, მშვიდ ატმოსფეროში ესაუბრონ, პრობლემები გაუზიარონ ერთმანეთს და თავი უკეთესად იგრძნონ. ენტონის სკოლების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, არის ველინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი, ბაკინგემის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი და ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი განათლების დარგში.

“ტელეგრაფთან” ინტერვიუში სელდონი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები დიდ დანაშაულს სჩადიან, როცა უგულებელყოფენ მოსწავლეთა კეთილდღეობას. მას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული საგნის დანერგვის შემთხვევაში მოსწავლეები გაცილებით მშვიდად და კომფორტულად იგრძნობენ თავს, მეტი მონდომებით იმეცადინებენ და აღარც სკოლები იქნება მხოლოდ მათ ჩაჭრაზე ორიენტირებული “საგამოცდო ქარხნები”.

ექსპერტი საგამოცდო სისტემასაც აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ გამოცდები მოსწავლეებს წარმატებული კარიერისთვის ვერ ამზადებს. “ყველა დამსაქმებელი ისეთი სპეციალისტის დაქირავებაზეა ორიენტირებული, რომელსაც მტკიცე ხასიათი, მაგარი ნერვები და პერსონალური პასუხისმგებლობა აქვს, ბრიტანეთის სკოლებში დანერგილი საგამოცდო სისტემა კი, პირიქით, ვნებს სტუდენტების ნერვულ სისტემას და აფერხებს მათ მომავალ პროფესიულ განვითარებას“, – ამბობს სელდონი.

ექსპერტის მოსაზრებას საფუძველს უმყარებს სტატისტიკაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს ბრიტანეთში თინეიჯერთა თვითმკვლელობის 186 შემთხვევა აღირიცხა. უკანასკნელ სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი 48%-ით გაიზარდა.

ლონდონში სიტყვით გამოსვლის დროს ექსპერტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია, მთავრობამ პრიორიტეტად აქციოს სტუდენტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მის მიერ მთავრობისთვის წარდგენილი გეგმის თანახმად, მრგვალი მაგიდის ირგვლივ სტუდენტებს შეეძლებათ ისაუბრონ თავიანთ დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ, გამოთქვან მოსაზრებები და სურვილები. სელდონის აზრით, ყოველივე ეს პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, შეაფასონ მოსწავლეთა ქცევა და მათი მენტალური მდგომარეობა, რათა შესაბამისი მეთოდები გამოიყენონ მათი სწავლების დროს, მენტორები კი დააკვირდებიან, როგორ აფასებენ და ზომავენ მოზარდები თავიანთი ბედნიერების მაჩვენებელს და რა გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულება მათ კეთილდღეობასა და ხასიათზე.

– უკანასკნელ სამ წელიწადში დიდი ბრიტანეთის ბევრმა სკოლამ დამოუკიდებლად დაიწყო ამ პრობლემის კვლევა და მოსწავლეთა კეთილდღეობას სერიოზულად მოეკიდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მასობრივი იმედგაცრუება იგრძნეს, რადგან მათი შრომა არავინ მოიწონა და დააფასა. ეს მაშინ, როდესაც ყველა მოზარდს აქვს უფლება, იზრდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც თავდაჯერებას გრძნობს, სადაც მას მხარს უჭერენ. ამიტომ აუცილებლად უნდა წავახალისოთ სკოლები, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ინფორმირებას გონებრივი სიჯანსაღისა და კეთილდღეობის შესახებ და საშუალება მისცენ, გულახდილად ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, – ამბობს სელდონი.

მისტერ ელი (ნაწილი I)  

0

„მუსიკას რომ არ ეარსება, ალბათ მას მე გამოვიგონებდი“.

ელ ჯერო

მსურს, გესაუბროთ ლეგენდარულ მუსიკოსზე, რომლის დაუვიწყარ გამოსვლას თავად ვესწრებოდი 14 წლის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

 

მისი მუსიკა არავის აინტერესებდა

ელ ჯერო – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული „მელოდიური“ ჯაზმენი – ფართო საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. მას უამრავი სტუდიისთვის მიუმართავს, მაგრამ ამაოდ – მისი მუსიკა არავის აინტერესებდა. დიდმა სურვილმა და შეუპოვრობამ მომღერალი იმად აქცია, რაც დღესაა. ამ ადამიანის საკვირველი ბედი ბედნიერ შემთხვევას წააგავს, თუმცა მხოლოდ თვითონ იცის, რა ძნელი იყო მწვერვალისკენ მიმავალი გზა.

ცნობილი გახდა დაახლოებით 35-40 წლისა, როდესაც მისმა სადებიუტო ალბომმა „We got by“ საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. განსაკუთრებული მოწონება ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიმსახურა. 1977 წელს მუსიკოსმა ალბომით „Look to the rainbow“ თავისი პირველი მსოფლიო ტურნე გამართა.

მისი განსაკუთრებულობა ერთდროულად სამ ჟანრში წარმატებული მოღვაწეობით გამოიხატა: პოპში, ჯაზსა და რიტმ–ენდ–ბლუზში. ამავე დროს, საზოგადოებამ მუსიკოსის ორმაგი საკონცერტო ალბომი გაიცნო. აქ სრულყოფილად წარმოჩნდა მისი იმპროვიზაციული ნიჭი. 80-იან წლებში გაყიდულმა მილიონობით ალბომმა და უამრავმა ჯილდომ ელ ჯეროს თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა.

პირველი სასცენო მოედანი

მომავალი დიდი ჯაზმენი 1940 წლის 12 მარტს დაიბადა აშშ–ში, ქალაქი მილუოკიში, მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. 4 წლისას სიმღერა დედამ ასწავლა. მის პირველ ასპარეზად ეკლესიის გუნდი იქცა. „დედა ორგანზე უკრავდა ბაპტისტურ ეკლესიაში და სულ თან დავყავდი“, – იხსენებს ელი. გუნდში მთელი ოჯახი მღეროდა – ხუთი ძმა და ერთი და. მიუხედავად ასეთი მუსიკალური გარემოცვისა, ელ ჯეროს მუსიკასთან თავისი ცხოვრების დაკავშირება იმთავითვე არ გადაუწყვეტია.

მეგავარსკვლავს მუსიკალური განათლება არ მიუღია. მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ფსიქოლოგის დიპლომი მიიღო. ახალგაზრდა ფსიქოლოგი ერთხანს რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობდა და ცდილობდა, ინვალიდები აქტიურ ცხოვრებაში დაებრუნებინა, მაგრამ ნიჭმა თავისი გაიტანა… ძირითადი საქმიანობის პარალელურად ელ ჯერო ახალგაზრდულ საღამოებზე კლუბებში „მომღერლის სტატუსით“ გამოდიოდა. საკუთარი ჯგუფიც კი შექმნა – „The Indigos“. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ გართობად მიაჩნდა. მოგვიანებით ელი სან-ფრანცისკოში გადასახლდა. სწორედ იქ შედგა მისი საბედისწერო შეხვედრა მუსიკოს ჯორჯ დიუკთან და დაიწყო კიდეც ელ ჯეროს გამოსვლები სერიოზულ ჯაზკლუბებში. ლოს-ანჯელესში დამკვიდრების შემდეგ კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი საქმე მუსიკა იყო. „ეს გახლდათ შესანიშნავი პერიოდი – ჰიპისა და როკ–ენ–როლის, რევოლუციის დრო, ლოზუნგით „Make love, not war“.

დაიწყო მსოფლიო ტურნეები, ჯაზური ფესტივალები, დუეტები ცნობილ მუსიკოსებთან, გამოსვლები ბროდვეის მიუზიკლებში, ტელეგადაღებები და ჯილდოები, ჯილდოები, ჯილდოები…

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. 76 წლის ელ ჯეროსთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა… თითქმის უწყვეტი გასტროლების გამო ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობს. მომღერლის მეორე ოჯახი მისი ბენდის მუსიკოსები არიან.

კონტაქტური მომღერალი

მოღიმარი, სათნო და ენაწყლიანი მომღერალი კითხვებს ვრცლად და იუმორით პასუხობს. ამავე დროს მონათხრობს საკუთარი სიმღერებიდან მოკლე ციტატებით ილუსტრირებს, რითაც მსმენელებს უმალ დადებითად განაწყობს.

ასე რომ, ელ ჯეროს კონცერტზე დასწრება არა მხოლოდ შესანიშნავი მუსიკის მოსმენაა, არამედ უშუალო ურთიერთობაც ჯაზის ლეგენდასთან.

 

უნიკალური საკრავი

თავისი უნიკალური „საკრავის“, ხმის, შესანიშნავ მდგომარეობაში შენარჩუნება ელ ჯერომ ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური თვალყურის დევნებით მოახერხა. უწინარეს ყოვლისა, მან უარი თქვა მავნე ჩვევებზე… თუმცა ეს სულაც არ ყოფილა ადვილი. მომღერლის აზრით, ხმის შენარჩუნების საუკეთესო გზა მისი დაზოგვაა. რა თქმა უნდა, როდესაც კვირაში 4-5 დღე ყოველ საღამო 2–2 საათი გიწევს სიმღერა, „ხმის დაზოგვა“ აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ექიმთა რჩევების გათვალისწინება განსაკუთრებით ძნელია მუდმივი გასტროლების ფონზე, როცა იმდენი დროც კი არ გრჩება, რომ კარგად გამოიძინო… მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ახერხებს ხმის სათანადო დონეზე შენარჩუნებას.

ადამიანი–ორკესტრი

მისთვის დამახასიათებელი შემპარავი ხმა და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკა არავის ნამღერში არ აგერევა. ხმა როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი მის ჯაზურ რეპერტუარში ორგანულად იხსნება. წარმოუდგენელი ვოკალური ტექნიკის მფლობელს, თითქმის ყველა საკრავის გახმოვანება შეუძლია. პრესის შეფასებით, ქარიზმატული ჯერო „ათასი ხმით“ მღერის. „ინსტრუმენტალისტი“ გამუდმებით თამაშობს ტემბრებით, ბაძავს საყვირს, საქსოფონს…

მომღერალი ჟანრიდან ჟანრში მარტივად გადადის. მუსიკის კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ელ ჯეროს რომელიმე განსაზღვრული ჟანრისთვის მიკუთვნება უჭირთ – ის ხომ მსოფლიოში ერთადერთია, ვინც მუსიკის სამყაროს უმაღლესი ჯილდო „Gremmy“ 3 სხვადასხვა კატეგორიაში – ჯაზში, პოპსა და რიტმ–ენდ–ბლუზში მიიღო. გარდა ამისა, ვირტუოზმა საკუთარი თავი იპოვა ფანკში, სოფთ როკში, კროსოვერ ჯაზში, ვოკალურ ჯაზსა და თანამედროვე პოპ როკში.

მხურვალე ემოციები, ოსტატობა და შესრულების განსხვავებული მანერა, საუკეთესო ჯაზური სკეტი, საკრავთა ხმოვანების იმიტაცია და თვით მაესტროს უკიდეგანო ენერგიის ფეთქვა მსმენელზე ბომბის გასკდომის ეფექტს ახდენს.

ჟანრების უპირატესობა

როდესაც მომღერალს ჰკითხეს, ამ სამი ჟანრიდან რომელს ანიჭებს უპირატესობას, უპასუხა: „თუ აუცილებელია რომელიმე ფორმულირების არჩევა, ჩარჩოში მოქცევა, ვიტყოდი, რომ ვმღერი რიტმ–ენდ–ბლუზს და პოპს ჯაზური ელფერით. სინამდვილეში თანამდროვე მუსიკაში ყველაფერი ისეა არეულ-დარეული, რომ რაიმე ჩარჩოს დადგენა შეუძლებელია. უფრო მეტიც – უაზრობაა. ჟანრები შერევით ავსებენ და ალამაზებენ ერთმანეთს. მუსიკოსები კარგა ხანია შერევის სხვადასხვა ხერხს იყენებენ – ჯაზს პოპში ან კლასიკას როკში…

მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ალბომი ჩავწერე, მივიღე უამრავი ჯილდო და, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ ჩემს ერთადერთ წმინდა ჯაზურ ალბომს „Accentuate the Positive“–ს ყველა სხვა ალბომზე ნაკლები გამოძახილი მოჰყვა. უფრო ზუსტად, კრიტიკოსების შეფასება მაღალი იყო, მაგრამ მსმენელებმა ალბომის შეძენა არ მოისურვეს. მათ სურდათ რაღაც ნათელი, მელოდიური, მსუბუქი და როდესაც შევთავაზე მუსიკის ღრმა აღქმა, დაფიქრება, მათ ზურგი მაქციეს. ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს შესანიშნავი ნამუშევარია.

ჩემი უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი „Christmas“ შევეცადე, ტრადიციული საახალწლო თემატიკით ისე დამებალანსებინა, რომ „ზედმეტად ჭკვიანური“ არ გამოსულიყო და ის შუალედურ მდგომარეობაში დამეტოვებინა – ცოტა ჯაზით, ცოტა პოპით და ცოტაც რიტმ–ენდ–ბლუზით. იმედი მაქვს, ის ყველას მოეწონება“.

ვინაიდან მსოფლიოს საზოგადოება მომღერლისგან ერთსა და იმავე – ძველ ჰიტებს მოითხოვს, პროგრამის საფუძველი ისევ და ისევ კარგად ნაცნობი სიმღერებია. რომ არა საზოგადოებრივი დაკვეთა, ელ ჯეროს არჩევანით პროგრამა განსხვავებულ ელფერს მიიღებდა, თუმცა ახალი ჩანაწერებიდან მომღერალი გამორჩეულ კომპოზიციებს მაინც აწვდის აუდიტორიას.

ელ ჯეროს ცხოვრების საუკეთესო პერიოდთან დაკავშირებული სიმღერებია „We Got By“, „Heart’s Horizon“, „Mornin“.

მასწავლებელიც ადამიანია ანუ როგორ გავუმკლავდეთ წყენას

0

იყო დრო, როცა „მასწავლებლები შეცდომებს არ უშვებდნენ“. დღეს კი მოსწავლეებზე ხშირად ლამის მასწავლებლები იღებენ საყვედურებს: გაკვეთილზე დაგვიანების გამო; იმისთვის, რომ სიცხიანმა გაკვეთილი გააცდინა; იმისთვის, რომ გაკვეთილზე ჟურნალის შევსება ვერ მოასწრო, ან შეიძლება უკმაყოფილო მშობელმა გამოთქვა საყვედური, ბავშვებს სახალისო აქტივობებს ხშირად არ აკეთებინებსო… ვინ იცის, რამდენნაირი საყვედური შეიძლება გაისმას სკოლის კედლებში.

მასწავლებლებიც ადამიანები არიან, საყვედურის მოსმენისას ზოგი მაშინვე ტირის, ზოგი უფრო გვიან, შინ დაბრუნებული, ზოგი მაშინვე აბრუნებს პასუხს, სხვები კი თავიდან თავს იკავებენ, მაგრამ შეიძლება ოდესმე მათმა დაგროვებულმა წყენამ იფეთქოს და ძალიან ძვირად დაუჯდეთ გამოხატული ემოციები.

სტრესს ვერავინ დაემალება, უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ადამიანებს ერთმანეთისგან ბევრი რამ გვწყინს.

  • თუ თქვენ კრიტიკას ან უარყოფით უკუკავშირს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ვერ უძლებთ;
  • თუ თქვენი თვითშეფასება სხვების აზრზეა დამოკიდებული;
  • თუ წყენა დიდხანს მიგყვებათ და ბრაზი გულში გიტრიალებთ;

გახდით „სქელკანიანი!“ – აი რას გვირჩევენ ფსიქოლოგები.

ზემოთ ჩამოთვლილი შინაგანი მდგომარეობის გამომჟღავნება სხვებს ხელში ჩაუგდებს თქვენი ფიქრების, გრძნობებისა და მოქმედებების მართვის სადავეებს.

წყენის დროს ადამიანს თავი მსხვერპლად მიაჩნია და ავიწყდება, რომ მასაც აქვს ძალა, რითაც არასასურველი სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

საინტერესოა, რას გულისხმობს ფსიქოლოგი ბარბარა ბერკანი „სქელკანიანობაში“. ცხადია, არა იმას, რომ წარბი არ შევუკრათ უმსგავსობას, ან არ მოვისმინოთ და არ მივიღოთ უფროსის შენიშვნა. „სქელკანიანობა“ არის დამოკიდებულება ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ. მისი ქვემოთ მოტანილი რჩევები დაგვეხმარება დამოკიდებულების შეცვლაში.

როცა წყენა გულში გვიტრიალებს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვიშველის, რა დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში, რა უფრო სასიამოვნოა, და არა იმაზე, თუ რა გვანერვიულებს, რა გვიშლის ხელს და რა გვიქმნის უსიამოვნებებს.

საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები:

  • სადამდე მიმიყვანს სტრესი, ნერვიულობა და ბრაზი?
  • რა შეიძლება ვისწავლო ამ სიტუაციიდან?
  • რომელი მოლოდინი არ უნდა მქონოდა?
  • რა მომცემს ძალას?
  • როგორი ფიქრები დამამშვიდებს?

მართალია, უსიამოვნო მოვლენებს სასიამოვნოს სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ რთულ სიტუაციებშიც უნდა შევძლოთ საკუთარი სიძლიერის პოვნა.

როგორ შევძლოთ ეს? როგორ შევიცვალოთ წარმოდგენა და როგორ გავხდეთ გულგრილები დიდი თუ პატარა წყენის მიმართ?

ამაში შემდეგი ოთხი სტრატეგია დაგვეხმარება.

გამღიზიანებელი სიტუაციისგან დაიცავით როგორც სივრცითი, ისე გონებრივი დისტანცია. კარგია, თუ გავალთ იმ ოთახიდან, სადაც სტრესს ვგრძნობთ, ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს, განვმარტოვდებით თავის მოსაწესრიგებლად. თუ ფიზიკური დისტანცია შეუძლებელია, მაშინ გონებრივად უნდა გავემიჯნოთ სიტუაციას, თავი მდინარის პირას წარმოვიდგინოთ და შორიდან შევხედოთ მღელვარე ცხოვრებას.

გადავამოწმოთ საკუთარი ინტერპრეტაცია.  ჩვენზე სხვისი ქცევის ზეგავლენა დამოკიდებულია არა ამ ქცევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ სხვის მოქმედებას და რა მნიშვნელობას ვანიჭებთ მას. თუ გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, მაშინ შემდეგნაირად უნდა ავხსნათ ჩვენი წყენა: სხვას წინასწარ კი არ ჰქონდა განზრახული, რომ ჩვენთვის ეწყენინებინა, არამედ ეს  წყენა არის სხვისი ქცევის ჩვენმიერი ინტერპრეტაცია. დავსვათ ღია კითხვები და გავარკვიოთ, რას გულისხმობდნენ იმ ქცევასა თუ ფრაზაში, რამაც გვაწყენინა. განა შეიძლება ჩვენი წარმოდგენა სიმართლეს შეესაბამებოდეს, როცა არ ვიცით, რა იგულისხმეს ნათქვამში და რა მიზანი ჰქონდა სხვის ქცევას.

ნუ გვექნება ბევრის მოლოდინი სხვებისგან. ნუ ველოდებით, რომ სხვებსაც ჩვენნაირი სურვილები გააჩნიათ, რომ მათი ინტერესები ჩვენსას უნდა ემთხვეოდეს. თუ მეგობარს ვთხოვეთ სასეირნოდ  წასვლა, მას კი ბაღში ჯდომა და წიგნის კითხვა ურჩევნია, არ უნდა გვეწყინოს. ვეცადოთ, მოვძებნოთ ისეთი ვინმე, ვისაც სეირნობა ენდომება. სურვილების გამოხატვა კარგია, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. ვინც ასე ფიქრობს, ის დაცულია წყენისგან. გაწონასწორებულობა და დაფიქრებულობა ზრდის სულიერ იმუნიტეტს. როცა სხვა ღირებულებებს საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებთ, ნაკლებად დაგვემუქრება წყენის საფრთხე.

გვახსოვდეს, რომ რაც ხდება, მაშინვე არ შევაფასოთ; ნურც გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ იმას, რაც ხდება; დროთა განმავლობაში წყენა ნამდვილად გაივლის; მხოლოდ ჩვენ არ გვტანჯავს ეს წყენა, რადგან მეორე მხარეც შეიძლება იმავეს განიცდიდეს. დაბოლოს, ვკითხოთ საკუთარ თავს: რას ვიფიქრებთ ამ ამბავზე ათი წლის შემდეგ? სასაცილოდ ხომ არ მოგვეჩვენება ეს ყველაფერი?

ამგვარად „გასქელებული“ კანი დაგვიცავს არამარტო წყენისგან, არამედ დაგვეხმარება ჩვენი ენერგიისა და ძალების დაზოგვაში. ყოველი გადალახული წყენა კი ჩვენი გამარჯვება იქნება, რადგან საკუთარ ამპარტავნებას ვძლიეთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

“Drueberstehen” Birgit Schoenberger, PsychologieHeute, July, 2016

იავნანა საცობისთვის

0

სამსახურიდან გამოდიხარ. დღეს ყველა საქმე ერთად გეყარა თავზე. ნაწილის მოგვარება მოასწარი, ნაწილის – ვერა. დაუსრულებელი საქმეების გამო, უფროსმა შენიშვნა მოგცა. შინ წასვლის დრო დადგა. ერთი სული გაქვს სახლში მიხვიდე, სადაც ცხელი წვნიანი და  შემწვარი კარტოფილი გელოდება. ჯერ ამას ჩაატკბარუნებ და მერე Homeland-ის სამ სერიას დააყოლებ დესერტად, გარჩეული მზესუმზირასავით აკოწიწებ მესამე კვირაა. იმედოვნებ, რომ დაძაბულობას მოიხსნი, ოჯახის წევრებს დაელაპარაკები, ძველ ამბებს გაიხსენებთ და ამასობაში, ძილის დროც მოვა. ხვალიდან კი, კუნთებში ჰერაკლეს ძალასავით მომდგარი ენერგიით მიასიკვდილებ კისერზე ალესილი ხანჯალივით შემოლაგებულ საქმეებს.

ფიქრები მძიმე სკაფანდრივით გახურავს თავზე. მთვარეულივით დააბიჯებ და ვერც კი ამჩნევ, რომ გზის პირს მიუახლოვდი. ფიქრის უღრანებიდან სიგნალის მჭახე ხმას გამოჰყავხარ და რას ხედავ – მანქანების სანათებს თეთრი და წითელი მდინარეები შეუქმნიათ ტრასაზე. უძრავი მდინარეები.

ორთქლს პირიდან სიგარეტის ბოლივით უშვებ და გზაზე გამოკიდებულ რკინის კოლოფებს მისჩერებიხარ, რომლებშიც ადამიანთა ათასნაირი დარდი და სიხარული ჯინივით გამომწყვდეულა. ცივა და მძღოლები ფანჯრებს დაბლა აღარ უშვებენ. ამიტომ, გარეთ ვერც მათი დარდი აღწევს და ვერ სიხარული. ტაქსის გაჩერება არ გიწევს, ის მდორედ მოძრაობს გზაზე. უბრალოდ, კარი უნდა გამოაღო. „ვაზისუბანში რვა ლარად გამიყვანთ?“ – კითხულობ მორცხვად, თითქოს აქეთ სთხოვდე რვა ლარს ან შენი ბრალი იყოს, ამოდენა საცობი რომ დგას. „რომელში გინდა?“ – გკითხავს ეჭვით და როცა ეტყვი, აქა და აქო, მძიმედ დაიწყებს ფიქრს, თითქოს ქალიშვილის ხელი გეთხოვოს. დაჯეო, გეტყვის…

უკვე ნახევარი საათი გავიდა, თქვენ კი ჯერ ვერ გაიქეცით, მუხლიც  ვერ გამართეთ, ვერ კი გაიძუნძულეთ. ნელ-ნელა გეპარება აზრი, რომ აჯობებს სერიალი ხვალისთვის გადადო და მისთვის გამოყოფილი დრო ძილს დაუთმო. გაწვიმდა. ჰაერი ჩაიხუთა და საქარე მინები დაიორთქლა. მძღოლები თან ბუზღუნებენ და თან ისტერიულად უსვამენ  მინას ნაჭერს. ზოგიერთი, ვინც თადარიგიგი ვერ დაიჭირა და კარის უჯრედში ნაჭერი არ მოიმარაგა, მინაზე მოდებულ ორთქლს ხელით წმენდს. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრებიდან ისმის ცნობილი გინების უკანასკნელი თანხმოვნები. წყვილები, რომლებიც მანქანაში კარგ ხასიათზე ჩასხდნენ, გზამ ისე გააბოროტა, ახლა ცდილობენ ერთმანეთს შარი მოსდონ და მანქანაში ისე სხედან, როგორც ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი წევს საწოლში.

  • რო მოვწიო, ხო არ შეგაწუხებ? – გკითხავს მძღოლი და გაგახსენდება, რომ მეექვსე თვეა აღარ ეწევი.
  • მოწიეთ – ეტყვი იმ იმედით, რომ მოწყალებას გაიღებს, ერთი-ორჯერ სახეში შემოგაბოლებს და გაგახსენებს მწეველობის დიად დღეებს, როცა ჯიბეში მუდამ გედო ერთგული მეგობარი – წითელი Marlboro, რომელიც არასოდეს გტოვებდა მარტოს.

მძღოლი უკიდებს და ნერწყვი გადგება. ფიქრობ, რომ ახლა, სულ ერთი ნაფაზისთვის ცალ თირკმელს დათმობდი, რადგანაც ორი მაინც არაფერში გჭირდება (სიმართლე ითქვას, თირკმლის დანიშნულება საერთოდ არ იცი). მძღოლი ახველებს და ხელს მომდგარი ხრინწის ხმა გაფიქრებინებს, რომ მის ფილტვებში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს სიმსივნე და ადრე თუ გვიან წააქცევს ამ ვეება კაცს, რომელიც პატიოსნად დგას თავის ხაზში და გზას მიჰყვება. გრძნობ, რომ მორფეოსი ნელ-ნელა მკლავებს გხვევს და საძილეთში მიჰყავხარ. ფიქრობ დანებდე და თავი გადაქინდრო, მაგრამ უხერხულობ, ვაი თუ პირღიას ჩაგთვლიმოს. მიდიხარ ასე, ძილ-ღვიძილში და ხედავ, რომ ვიღაც ნაძირლები საპირისპირო ზოლებში იმოკლებენ გზას, რათა უფრო სწრაფად მიაღწიონ თავიანთ დამპალ სახლებში, შენზე სწრაფად დახვრიპონ წვნიანი, ეთამაშონ ბავშვებს, ტახტრევანზე წამოკოტრიალდნენ და უყურონ საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც იტყვიან, საღამო მშვიდობისაო და როგორც ერთ ხუმრობაშია, მერე მოჰყვებიან, რატომ არ არის ასე.

თქვენ კი მიღოღავთ ისე დინჯად და ისე ნელა, რომ ფიქრობ, ამასობაში ხომ არ გამოიგონეს კიბოს წამალი. ან, იქნებ სირიის კონფლიქტსაც მოეღო ბოლო – ჯარისკაცებმა იარაღები დაყარეს და ხელი ხელს მისცეს.

„ახლა მარჯვნივ, მერე ზემოთ და მერე ისევ მარჯვნივ“ – ეტყვი მძღოლს და ისიც თავს გიქნევს. უკვე გენანება კიდეც მისი მიტოვება. ბოლო-ბოლო, იმდენი დრო გაატარეთ ერთად. ქაღალდის ფულს უწვდი და აყოლებ: „იყოს ათი, ხურდა არ მინდა“. ის დაიმორცხვებს და მადლობას გეტყვის.

ლიფტთან მიდიხარ და ოცნებობ, იქნებ ღმერთმა ამჯერად მაინც გაიღოს წყალობა შენზე და არავინ დაგემგზავროს. ამ დროს, სადარბაზოში სწორედ ის შემოდის, ვისთან ერთად მგზავრობაც ყველაზე ნაკლებად გაგიხარდებოდა – ახალი მეზობელი, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა შენთან დამეგობრება –  ფეხბურთის ნახვა შემოგთავაზათ ლუდისა და თევზის თანხლებით. შენ კი უთხარი – „როგორღაც მოვახერხოთ, ჩავუსხდეთ“ – მას შემდეგ კი თავსა და თვალს არიდებ. გგონია, რომ ახლა მოვა და ისევ დამეგობრებას შემოგთავაზებს, მაგრამ ცდები. მგონი ახალ მეზობელს უფრო ეზარება შენთან ერთად მგზავრობა და მობუზული დგება გვერდით. შენ იძულებული ხარ საყველპურო დიალოგისთვის პირველმა დაიკნავლო:

  • რა საცობი იყო.
  • ეჰ – ამოიოხრებს – ორი საათია სახლისკენ მოვდივარ.

ის თავის სართულზე გამოდის და ცალყბად გემშვიდობება. შენ გზას განაგრძობ და მხოლოდ ერთი აზრი გაწუხებს: იქნებ წვნიანიც ხვალისთვის გადადო.

კითხვები მხატვრული სახის გასააზრებლად

0

ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთავარი გმირის (ზოგჯერ, ერთი შეხედვით, არამთავარი), პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრებას. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არა მხოლოდ გაიგოს ნაწარმოების შექმნის მიზეზი (იდეა), არამედ ჩასწვდეს ეპოქის ტკივილსა და მწერლის სატკივარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ეს მეოცე საუკუნის მწერალთა ნააზრევის შესწავლისას, როცა ეპოქალური ძნელბედობით გადათელილი  „სისხლიან-ცხედრიანი“ გზა-სავალი ქვეყნისა და მამულიშვილისათვის ბუნდოვანი გამხდარა და როცა „სიტყვა ნაწყვეტი“ გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე თუნდაც ერთი დიდი ნარკვევი. ამ პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებელს მართებულად დასმული კითხვა და ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაეხმარება. სხვაგვარად, წარმოუდგენელია მოსწავლის დაინტერესება, მისგან მართებული პასუხის მოსმენა.

      ამ საკითხით დაინტერესებულთათვის განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს:

  1. დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ კითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს კირილე მიმინოშვილის სახე.

ეს პერსონაჟი ნაწარმოებში გამოჩნდება მამის გადაწყვეტილებით გამტკნარებული და-ძმის (პლატონი, დარიკო)  საუბრისას, თუმცა მისი ოჯახის წევრების დარდის საგანმა („კრიჭაშეკრული“ დარიკო) კირილე უზომოდ გაამხიარულა. მკითხველს თავიდან ესმის მისი სიცილის მიზეზი (სიტუაცია ტრაგიკომიკურია, კირილე კი, მისივე თქმით, იქ არის, „სადაც სიამე და მოლხენაა“) აკი, პლატონსაც ეღიმება, მაგრამ მალევე იხსნება „გვაროვნობით“ მხიარული მიმინოშვილის („მიმინოს შვილი“) ხასიათის თავისებურება („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“), შემდეგ იგი შემზარავად დამაფიქრებელ ფრაზასაც ამბობს: „ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ ერთმანეთში საწყალ დედაბრებს“. პლატონი მასთან ყოფნას „საფრთხილოდ“ მიიჩნევს და არც ცდება. მთვრალი კირილე შაფათაძის ოჯახში ჯერ „დაჩემებით სცლიდა“ ყანწებს, შემდეგ აურზაური ატეხა. ბოლოს, ბიძამისის (ჯიმშერ სალობერიძის) ოჯახში მისულმა სტუმრების თვალწინ სირცხვილისაგან ცოცხალ-მკვდარ პლატონს („ცოცხლებში აღარ ერია“) „უშვილო დედაბრის“ საძებნელად სიარული დააყვედრა და ბოღმამორეული ცხენის მოსაკლავად გაექანა… (მხიარული, ხუმარა, სეირის მოყვარული, თანაგრძნობის ნიჭის უქონელი, გამმეტებელი თუ „უინტელექტო პროტესტით“ გამსჭვალული კირილე?).

კირილეს ხასიათის გასააზრებლად მოსწავლემ უნდა ახსნას კონკრეტულ სიტუაციებში კირილე მიმინოშვილის ქცევის მიზეზი.

ა) მართლა ის კაცია კირილე, რომელიც მხიარულია იმიტომ, რომ „სხვასაც ეამება მისი შეხედვა“ (ანუ სხვისი დუხჭირი ცხოვრების შემამსუბუქებელია) თუ სეირის მოყვარული ცინიკოსია („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“)?

  ბ) მხოლოდ უსაქმური და უპასუხისმგებლო ადამიანია (რომელსაც თვეში ერთხელ სახლში მისულს ყველაფერი ძველებურად ხვდება) თუ ბოღმისა და ჯავრის სხვაზე გადამტანი (შაფათაძის სტუმრებზე), გამმეტებელი (ჯიმშერ სალობერიძის ოჯახში ატეხილი აურზაური) უბედური, უმიზნო ადამიანია, რომელსაც „მხიარულება“ ადამიანის დამცირება, მისი ნაკლის ხაზგასმა ჰგონია, ხოლო გართობა (ქორწილი, სუფრასთან მოლხენა) ჯავრის ამოყრის საშუალება (იქნებ, ამიტომ ცლის „დაჩემებით“ ყანწს ყანწზე)?

 ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთანავე მკითხველს (მოსწავლეს) ებადება კითხვა:

  • რა ჯავრსა და ბოღმაზეა საუბარი?
  • რამ გააბოროტა კაცი, რომელიც ერთი სუფრიდან მეორე სუფრაზე მოსახვედრად „შეუსვენებლად“ ირთობს თავს?

  ამ კითხვაზე მართებული პასუხის ძიებისას კი უკვე ეპოქალური სატკივარიც გამოიკვეთება და იკვრება სურათი ფუნქციადაკარგული აზნაურისა, რომელსაც საკუთარი თაობისა და წოდების უუნარობა, უარსობა გაუსიგრძეგანებია და გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით გზადაკარგულსა და უღონოს თითქოს „მამხილებლის“ მისიის შესრულება გადაუწყვეტია. ეს მხილება კი სასტიკი, დაუნდობელი, მაგრამ „უინტელექტოა“. ამიტომაც, აღიზიანებს საზოგადოებას, მაგრამ ვერ წამლობს.

  1. მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს ივანეს სახე.

ნაწარმოებში იგი გამოჩნდება, როგორც ავთანდილ ხევისთავის გაზრდილი მღვდელი, რომელიც „აჩრდილივით“ დასდევს ახალდაქორწინებულებს, „ეკლესიურ დარიგებას“ აძლევს მათ და „ულევი ლოცვით“ ლოცავს –  თან ჩუმჩუმად ჯაყოს ოინბაზობას „ყურში აწვეთებს“ ჯერ კიდევ „უფლებამოსილ“ თეიმურაზს. თავის მამულში ხიზნად ჩასულ ნათავადარს უკვე „გესლიანი“ ნახუცარი ივანე ხვდება, რომელიც გამზრდელის (ავთანდილის) შვილს „ქვიშაზე გაგუდულ თევზად“ მოიხსენებს და მკვახედ ეტყვის, რომ „წყლის წასვლის“ მოლოდინს სამსახურის შოვნა სჯობდა. „ახალი რელიგიის“, ანუ მიწიერი ფასეულობების (მატერიალური საფუძვლის) განმტკიცების „მქადაგებელი“ „ცხოვრების ნამდვილ აზნაურს“ (ჯაყოს) ადღეგრძელებს და ერთი ტომარა ფქვილის ფასად მას „ღარიბ-ღატაკი გლეხობისა თუ გაჭირვებული ქვრივ-ობლის პატრონად“ მოიხსენებს. ივანეს მთავარი არგუმენტია ის, რომ ადრე ღატაკი ქართველობის უმეტესობა „ახალი დროების“ შემოსვლის შედეგად „ერეკლე მეფეზე“ უკეთ ცხოვრობს: მან ირწმუნა „ახალი ქვეყანა“, ძველს რწმენა (ანაფორა) გააყოლა. მან ღვთის რწმენა დაკარგა იმიტომ, რომ უფრო ძლიერი – მშრომელი ხალხის ძალა და მომავალი – ირწმუნა. მისთვის „ბედთან ჭიდილი“ გმირობა არ არის (ეს სახიფათოა!); სამაგიეროდ, „ბედთან შეგუება“ ხსნის გზაა, რადგან სხვა შემთხვევაში დაიღუპება. ეს არის კაცი, რომლის დევიზია: „საკუთარი თავი და სარგებლობა“ – აკი, თეიმურაზსაც შერიგების გზას ურჩევს.

 

ივანეს სახის გასააზრებლად სასურველია აიხსნას ივანეს „ცხოვრებისეული ფილოსოფია“:

 

  • როგორ და რატომ იქცა „მლოცველი“ და „ღვთის რწმენის“ მქადაგებელი ნახუცრად?
  • რატომ არ შეებრალა ნაამაგარი ოჯახის თუნდაც „წყალწაღებული“ თეიმურაზი?
  • რამდენად შეეფერება ყოფილ მღვდელს ჯაყოს (პირუტყვი, მოძალადე) დალოცვა?
  • იცის თუ არა მან, რას ნიშნავს „სიკეთის თესვა და ქვრივ-ობლის პატრონობა“?
  • იქნებ, დასცინის „ახალ დროებას“ („კოჭლ დროებას“) და შავბნელი ეპოქის შედეგად აღზევებულ ჯაყოს (აკი ჯაყომაც „იჭვის თვალი გადაავლო ყველას და პირი ღია დარჩა“)?
  • მის მიერ განმარტებული „საამქვეყნო რელიგია“ რატომ გულისხმობს „ჩემი მოყვასის მტრის“ გასრესასა და მოსპობას?
  • ივანეს მართლა სჯერა, რომ ქართველთათვის „ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულობის გადასარჩენად, თუ ამგვარი შეფასება საკუთარი „უბადრუკი“ არსებობის ხსნის გზების მტკივნეული ძიების გამომხატველია?
  • მართლა უნდა შეურიგდეს ღვთის ხატად დარჩენილი ადამიანი „ერთი ტომარა ფქვილის ფასად“ (თუ ოცდაათ ვერცხლად) ავსაც და კარგსაც, არ უწესებდეს ზღვარს ბნელსა და ნათელს?
  • რა არსებაა ის, ვინც „მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად“ „უკლებლად, დაუმატებლად და შეუსწორებლად“ მიიღებს მზესაც და ჭუჭყსაც მხოლოდ იმიტომ, რომ „ერთი წვეთი ეჭვისა“ ცხოვრებას მოუწამლავს?
  • რა ცოდნას „ეტანება“ იგი, თუ „დაღუპვა“ მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის, კეთილდღეობის დაკარგვად გაუაზრებია?
  • გამარჯვებულის მეხოტბე „ბრბოს ნაწილად თუ არა, მის „მეხოტბედ“ ქცეული ივანე რატომ არ რიყავს თეიმურაზს? ეცოდება თუ შემფასებელია დიდებული გვარის „ნაკაცარი“ ნაშიერისა?

3.ნ. ლორთქიფანიძის ნაწარმოების „შელოცვა რადიოთი“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გააანალიზოს შემდეგი საკითხი: ელის გაქცევა დასაბრუნებლად ანუ იმის ფასის გასაგებად, რა არის ჭეშმარიტად ღირებული („მთავარი მაინც სამშობლო არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“…). ნაწარმოების ქვესათაურად მწერალს ჩაუსვამს: „დიდი გოდების მცირე ნაკადი“.

  „ქართული მშვენიერების“ ნაწილად ქცეული ქალი უარს ამბობს „ყველასაგან მოწონებულ, მაგრამ უღირს ქმარზე, შემდეგ „უბედურების (მოვლენის მამისეული შეფასება) ადვილად გადამტანი“ ჯერ „სულელი“ შვინდაძის ცოლი ხდება, მერე კი „მძიმედ დატვირთულ ურემში“ გაბმული ბედკრული საქართველოს გარედან მაყურებელი ევროპელი ავანტიურისტის თითქმის შეუფასებელი ნადავლი. ქვეყნის დატოვებისას მერსედესში მჯდარი ელი იმახსოვრებს ქართული სივრცის „ფერად ველებსა“ თუ „კოშკების გასალკლდევებულ ნანგრევებს“… ევროპის მდიდრულ სამყაროში უცხოა და სევდიანი („მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა“) – სიყმაწვილეს რიდლის „საკუნტალა“ ახსენებს, ხოლო შვილის მონატრების ტკივილს ლენბახის „დედა და შვილი“ უძლიერებს. „გალიაში გამომწყვდეული ბულბული“ (ნ. ბარათაშვილი) ხვდება, რომ სულიერებას მოკლებული კაცისთვის გამდიდრება ადვილია (ბრომლეი), რომ სხვათა უბედურების ხარჯზე დაგეშილ, გამდიდრებულ ავანტიურისტთა სამიზნე საუკუნეობრივი ქარტეხილისაგან („მოვარდნილი კორიანტელი“) განწირული ქვეყნის („ეროვნული სხეულის შესანარჩუნებლად მებრძოლი) შვილები ხდებიან და იმასაც, რომ ყველაფერი არ იყიდება (რამინო, რომელიც ბედნიერია იმიტომ, რომ წავიდა). არსებობს რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი, ღირებული, უმთავრესი, რომლის დაკარგვა ადამიანს საკუთარ თავსაც აკარგვინებს – ამიტომ, გადაწყვეტს, დაბრუნდეს, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

საკითხის – ელის გაქცევა დასაბრუნებლად, ანუ ჭეშმარიტად ღირებულის შესაცნობად – გასაგებად მოსწავლემ უნდა გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელთა გამოც მან სამშობლო დატოვა:

  • იმიტომ, რომ ცხოვრებამ ჯერ „უხამს“, შემდეგ კი „სულელ“ უპასუხისმგებლო კაცს გადაჰყარა?
  • მხოლოდ იმიტომ, რომ მან და მამამისმა „გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც“?
  • იქნებ, იმიტომ, რომ „სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელს“ ვერ გაუძლო „ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა“?
  • მართლა სჯობია „ჭკვიანი“ კაცის ხასობა (გაყიდვა იმისა, რაც იყიდება) „სულელის“ შვილობას (ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობის მემკვიდრეობა)?
  • რას ნიშნავს ამ კონტექსტში გამოყენებული ჭკვიანი ან სულელი: „ჭკვიანი“ – მატერიალურად უზრუნველყოფილს, „სულელი“ – ცხოვრების ორომტრიალისა და „კოჭლი დროებისაგან“ განადგურებულ რაინდს?
  • მართლა ასეთი ბედნიერებაა „საბურთალოს მტვრის“ მოცილება (თინო) და ქვეყნიერების დათვალიერება?
  • მაშინ რატომ უჭირს იქ ყოფნა, სადაც გაიქცა?
  • რატომ ცდილობს ხელოვნების ნაწარმოებთა საშუალებით პირად ტკივილთა გამწვავებას? მივიწყებულის გახსენებას?
  • როგორ უნდა გავიგოთ ელის ბიოგრაფია – არის თუ არა იგი „დიდი გოდების მცირე ნაკადი“ თუ „უძღები შვილის“ ბრძოლაა დაკარგული სამყოფლის დასაბრუნებლად?

  ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ, გაიაზროს ნაწარმოების შექმნის მიზეზი და წინაპირობა, მწერლის სატკივარიცა და სათქმელიც. ნაწარმოების  იდეის გააზრებისას კი მოსწავლე მზად არის, იმსჯელოს და იკამათოს, შეაფასოს და მიღებული ცოდნა შესაბამისად გამოიყენოს.

ბულუ, ბავშვობა გახსოვდეს…

0

ფეისბუქი ყოველდღე მახსენებს:

– გახსოვს?

– შარშან ეს სურათი რომ გააზიარე, გახსოვს?

– შარშანწინ კი ეს პოსტი დაგიწერია, გახსოვს?

უჰ, მუსიკალური კლიპიც გამიზიარებია. ფრანგი მომღერალი მღერის: არ იტირო, ბულუ, ყველაფერი გაივლის, გაიზრდები და ბედნიერი იქნები, ოღონდ, ბულუ, ბავშვობა მაინც არ დაივიწყო, გახსოვდეს…

მეც მახსოვს, ყველა წვრილმანი მახსოვს…

მახსოვს, ნათესავ გოგოსთან ერთად როგორ შევექცევი კიტრს ბებიას ბოსტანში. ის გოგო ჩემზე უფროსია, მაგრამ ჩემი ჭკუისაა. უფროსებისგან გაურეცხავი კიტრის ჭამისთვის რომ მოგვხვდა, ისიც მახსოვს…

მახსოვს ბატკანი… ეზოში ერთად ვთამაშობთ, რაც ჩემი წაქცევით და მუხლში შუშის ნატეხის შერჭობით მთავრდება. მერე ბებოს ქოთქოთი ისმის:

– ჰოი, ქეთო, ქეთო (თავის თავს ელაპარაკება), ყველანაირი უბედურება ამ ბავშვმა როგორ უნდა დაიმართოსო.

ნეტავი იმ დროს…

მახსოვს, გაზეთ „მასწავლებლისთვის“ რომ ვწერდი… ნეტავი იმ დროს…

ოღონდ მეხსიერებას ხელის შეწყობა და ვარჯიში სჭირდება.

– ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთო, – წერდა პარაცელსი, ამიტომ მეხსიერება უნდა ვკვებოთ.

პირველი, რაც გვჭირდება, ვიტამინი B12-ია, კობალამინი. ეს ვიტამინი კობალტის იონს შეიცავს და დღეში 10 გრამია საჭირო. კობალამინი ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, ნერვული უჯრედების მიელინის გარსს დაშლისგან იცავს. მისი უკმარისობისას ანემია ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლი უჯრედებს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს ვეღარ მიაწვდის.

ამ ვიტამინით მდიდარია ხორცი და ღვიძლი. რძესა და კვერცხშიც მოიპოვება, მაგრამ შედარებით ნაკლები.

ვიტამინ B12-ს ნაწლავებში არსებული მიკროფლორაც ასინთეზებს. ის ერთადერთი წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. უმთავრესად – ღვიძლში.

კარგი მეხსიერებისთვის და, საზოგადოდ, ორგანიზმის სწორი ფუნქციობისთვის ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვალია აუცილებელი. ეს ნიშნავს, რომ ის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს  უნდა გამოიმუშავებდეს – არც მეტს და არც ნაკლებს, ამისთვის კი თუთიაა საჭირო.

თუთია აუცილებელია ლითონდამოკიდებული (ამ შემთხვევაში – თუთიადამოკიდებული) ფერმენტებისთვისაც. ეს ელემენტი ბევრია ზღვის პროდუქტებში, მარცვლეულში და… გოგრის თესლში. საჭირო რაოდენობის თუთიის მისაღებად, ასე, 140 გრამი თესლის ჩაკნატუნებაა საჭირო. ჰოდა, იოლი საქმეა, არა?

მეხსიერებას კიდევ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი სჭირდება – ოხრახუში უნდა მივირთვათ, დღეში, ასე, ერთი კონა. ის აპეგინინს შეიცავს.

აპეგინინი ფლავინების ჯგუფის ნივთიერებაა და უმთავრესად მცენარეების შემადგენლობაში შედის. ის უნგრელმა ბიოქიმიკოსმა ალბერტ სენტ-დიერდიმ აღმოაჩინა 1938 წელს და ვიტამინის მსგავს ნივთიერებებს მიაკუთვნა. ძლიერი ანტიოქსიდანტია და უჯრედს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. რეგულარული მიღებისას აპეგინინი:

* მოქმედებს როგორც:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

ანტიოქსიდანტი;

ანტიალერგენი;

* სპაზმისგან იცავს კუნთებს;

* ეწევა:

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას;

სიმსივნეების პროფილაქტიკას (მათ შორის – სარძევე ჯირკვლების, სწორი ნაწლავის, ფილტვების, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისასაც);

* ამცირებს სისხლში ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას.

100 გრამი პიტნა 8,71 მგ აპიგენინს შეიცავს; ისპანახი – 62,2 მგ-ს; დაფნის ფოთლები – 2,84 მგ-ს; არტიშოკი – 4,7 მგ-ს; ერთი ჭიქა შავი ღვინო – 1,33 მგ-ს; ოხრახუში კი 225,93 მგ-ს. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელში აპეგინინი ყველაზე მეტი და ყველაზე ხელმისაწვდომია.

„…ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა…“ (ლადო ასათიანი)

სილამაზეს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება და მერე როგორი… მაგრამ ყოველდღე სამი პროდუქტიც რომ  მივირთვათ, კანი მადლობას გვეტყვის. სილამაზე კანიდან იწყება.

პირველი მათგანი ბულგარული წიწაკაა. კანს ყოველგვარი წიწაკა უხდება, მაგრამ მწარე ნაღვლის ბუშტს და ნაწლავებს აღიზიანებს, ბულგარული – არა. ჰო, ის არ მითქვამს, რომ ერთი ცალი ბულგარული წიწაკა C ვიტამინის სამი დღის ნორმას შეიცავს – 390 მგ-ს.

ელასტიკურობას კანი ცილების – ელასტინისა და კოლაგენის ხარჯზე ინარჩუნებს. C ვიტამინი სწორედ ამ ცილების სინთეზისთვის არის აუცილებელი (თუმცა არაერთი  სხვა ფუნქციაც აქვს). ამ ცილების გარეშე ეპიდერმისი ვარდება და კანი ბერდება.

C ვიტამინი იმ ხილსა და ბოსტნეულშია, რომელიც მწვანე, ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერია, ბულგარულ წიწაკაში კი – ყველაზე მეტი.

მეორე აუცილებელი პროდუქტი მზესუმზირაა. ის E ვიტამინითაა მდიდარი. ეს ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. თავისუფალი რადიკალები დაბერების პროცესს უწყობენ ხელს, E ვიტამინი კი მათ ბოჭავს და ანეიტრალებს. ამ ვიტამინის ნაკლებობა, უპირველეს ყოვლისა, კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნით იჩენს თავს. 100 გ მზესუმზირა 182 მგ E ვიტამინს შეიცავს. ეს ორი დღის ნორმაა. თანაც რა მშვენიერი საკნატუნოა…

E ვიტამინს ასევე შეიცავს რძე, კარაქი, კვერცხი, ხორბალი, მწვანე ბოსტნეული, ლობიო, ასკილი, ღვიძლი, კუნთი, ელენთა…

ადამიანის ორგანიზმს E ვიტამინის დეპონირების უნარიც შესწევს. ის უმთავრესად ცხიმოვან ქსოვილში დეპონირდება. ასე რომ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ზედმეტი არაფერი ვარგა. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ვიტამინი E.

მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტი პომიდორია. ის უხვად შეიცავს წითელ პიგმენტ ლიკოპინს. თერმული დამუშავება ამ პიგმენტს ააქტიურებს და უფრო იოლად ასათვისებელს ხდის (დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში https://mastsavlebeli.ge/?p=11176).

ვწერ და დროდადრო ფეისბუქს ჩავცქერი… თურქი კოლეგა შინ მარტო დარჩენილა და იძულებული გამხდარა, სადილი თავად მოემზადებინა. მერე უფიქრია, ეს ამბავი მთელ ფეისბუქს უნდა გავაგებინოო, კერძისთვის სურათი გადაუღია და გამოუფენია. მოიცა, წარწერაც აქვს. ვკითხულობ, მესმის და მიხარია – თურქული ენა სულ უფრო უკეთ მესმის, ანუ ჩემი მეხსიერება კარგია და ახალი სიტყვების მარაგს საიმედოდ ინახავს. წერია, პომიდორი შევწვი, კვერცხი გადავასხი, მერე წიწაკა დავამატე და ახლა გემრიელად მივირთმევო.

…სოფლის ეზოში ვზივარ. გზაზე ვიღაც ბიჭი ხან აივლის, ხან ჩაივლის. მორიგი ავლის დროს ჯოხზე დაყრდნობილ სანდრო პაპას ხედავს და ხმამაღლა გასძახის:

– როგორა ხარ, ბებერო?

ასეთი მიმართვის მოსმენაზე უსიამოვნოდ ვიშმუშნები, ბიჭი კი აგრძელებს.

-ბებერო, გზაზე ხომ არ გინდა გადასვლა? გადაგიყვანო?

პაპამ ეტყობა თავი გაუქნია, არაო და ბიჭმაც:

– მაშ, კარგი, ჭკვიანად იყავი, ბებეროო.

ცოტა ხანში ბიჭი ისევ ქვემოთ მოდის, ჩემი ეზოსკენ უნდა გამოიაროს. თავს ვერ ვიკავებ და ვეუბნები:

– ბიჭო, პაპას ასე რატომ მიმართე?

– შენ რა, რო? – მივიღე ორიგინალური პასუხი.

– მე არც არაფერი, მაგრამ შენ რომ ასე მოგმართონ, მოგეწონება?

– მე ჯერ ახალგაზრდა ვარ!

– ააა, – ვპასუხობ მე.

ჰოდა, ახალგაზრდებო, იცოდეთ, რომ ეს დროებითი უპირატესობაა. სწორი კვებითა და ცხოვრების წესით შეგიძლიათ სიბერე ოდნავ შეაფერხოთ, ოღონდ ახლავე უნდა დაიწყოთ… წამზომი ჩართულია.

დიალოგურობა და სინერგიის ეფექტი – მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

0

„დი: თან, დიალოგი ალბათ, ყველაზე უფრო ჰგავს იმ პროცესს, აზრის გაჩენა რომ ჰქვია – სხვადასხვა აზრების შეჯერება, წინააღმდეგობების ძებნა, რაიმე დასკვნების გაკეთება და ასე უსასრულოდ…

თეთრი ორქიდეა: ანუ, დიალოგი თვითონ არის აზრი.

…………………………………………

ტომი: მართალია – დიალოგი არის აზრის გადმოცემა – ამიტომ ის სალაპარაკოდ არ გიბიძგებს, ის გიბიძგებს ფიქრისაკენ და საკუთარ თავში დიალოგის აღმოჩენისაკენ

გიგი თევზაძე „აქ და ყველგან“

 

დიალოგურობა არ არის დიალოგი… ხშირად მოგისმენიათ, საუბრობს ორი ადამიანი, ორივე „თავისას“ ლაპარაკობს და ამტკიცებს, არ უსმენენ და არ ესმით ერთმანეთის… სხვა შემთხვევაში, ისმენთ მონოლოგს, სულაც ქუჩაში, სულაც უცხო ადამიანისგან და მოულოდნელად მას თქვენზე ისეთი გავლენა აქვს, იწყებთ ფიქრს…

 დიალოგი ზოგჯერ სულაც არ არის „დიალოგური“, ზოგჯერ მონოლოგი ზედმიწევნით დიალოგურია…

რას ნიშნავს დიალოგურობა…? როგორია დიალოგურობა პრეზენტაციის დროს, როდესაც ფატქობრივად მონოლოგში ვიმყოფებით?

დიალოგურობა, პირველ რიგში, ეს არის ცნობიერების გახსნილობა, მიიღოს და გადაამუშაოს ინფორმაცია, ამ მზაობის გარეშე კომუნიკაცია არ არის ეფექტური.

დიალოგურობა _ ცნობიერების თვისებაა, მისი მზაობა თანასწორი ურთიერთობისათვის;

დიალოგურ კონტექსტს არა აქვს საზღვრები, ის ვრცელდება წარსულშიც და მომავალშიც…

დიალოგური დამოკიდებულება იწვევს ახალი აზრის წარმოქმნას, რომელიც არასდროს არ არის სტაბილური და ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული …

პრეზენტაციის დასაწყისში ყოველთვის ყველა ცდილობს, ჯერ ერთგვარი რეზონანსი დაამყაროს აუდიტორიასთან და მერე გადავიდეს მთავარ სათქმელზე. სწორედ ამ დროს ხდება უხილავი ენერგიის „გაგზავნა“ ადრესატისადმი. აუდიტორიაც ამ გზავნილს იღებს, რა თქმა უნდა, და ის ან იკეტება, ან იხსნება მოსაუბრის მიმართ…. რეზონანსის მიღწევის შემდეგ კი ნებისმიერი მონოლოგი ხდება დიალოგური, ანუ ტექსტი, ინფორმაცია, რომელსაც „იღებს“ მსმენელი, უკვე აღწევს მასში და იწყებს შერევას, „გადამუშავებას“, რაც ნიშნავს, რომ მიღწეულია მთავარი – შინაგანი დიალოგი.  დიალოგური ტექსტი სწორედ  „ … ამიტომ  სალაპარაკოდ არ გიბიძგებს, ის გიბიძგებს ფიქრისაკენ და საკუთარ თავში დიალოგის აღმოჩენისაკენ“ (გიგი თევზაძე, „აქ და ყველგან“).

დიალოგურობას და მოტივაციის გაძლიერებას ხელს უწყობს გადასაცემი შინაარსის პოზიტივზე აგება. მსმენელებს უნდა „ეხებოდეთ“ ის, რაზეც ესაუბრებით და თანაც პოზიტიურად; უნდა ურთიერთქმედებდეს მათ ცნობიერებაზე. გადასაცემ ტექსტში შეგიძლიათ ფონად გამოიყენოთ:

  • პოზიტიური მტკიცება – ე. წ. აფირმაციები;
  • პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;
  • პოზიტიური აზროვნება – სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;

დიალოგურობა და სინერგია

დიალოგურობის ეფექტი გამოიხატება მის სინერგეტიკულობაში. რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრები ქმნიან ერთ მთლიანს, აძლიერებენ საგნის, მოვლენის აღქმას. დიალოგურობა აფართოვებს ცნობიერებას.

თუ ჩვენ ვაშლებს გავცვლით ერთმანეთში, ისევ ვაშლები დარჩება… მაგრამ იდეების გაცვლის სინერგეტიკული ეფექტი იმაში ვლინდება, რომ იდეების გაცვლით ორივე მხარე მდიდრდება და იდეებიც ერთის მაგივრად თითოეულს ორი უხდება.

ჯამში, ჩვენ ვიღებთ გამდიდრებულ იდეებს თითოეული მხარისთვის, რომელიც ბევრად აღემატება ცალკე აღებულ თითოეულის იდეას.

1+1=2x   სადაც  x>1

სინერგია – ურთიერთქმედებაა.

როგორც კომპოზიტორი 7 ნოტისგან ქმნის მუსიკას, მხატვარი ფერების შერევით – ტილოს, როგორც 33 ასო-ბგერისგან ვიღებთ უამრავ აზრს და შინაარს… ამ კანონს ეფუძნება   სინერგიაც.

 ამიტომ იძენს თანამედროვე სამყაროში დიალოგურობა სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას. სინერგია წარმოქმნის და  ბადებს ახალ ცნობიერებას, რომელშიც მეტი თავისუფლება და შემოქმედებითობაა. ცნობიერების ამ მდგომარეობის მიღწევის გარეშე ბედნიერების განცდაც უსუსურია.

ზოგადად, ადამიანის და სამყაროს ბუნებაც სინერგიითაა განსაზღვრული. აქ კლასიკური მათემატიკის კანონები უძლურია… ერთს როცა ერთი ემატება, ყოველთვის ორზე მეტია… ეს ძალიან ჰგავს შექმნას და დაბადებას…  თუ პოეტის ლექსს მეტაფორულად გავიგებთ, სინერგიის არსი კარგად აიხსნება:

„ერთს როცა ერთი ემატება

სამი ყოფილა –

თქვა სიყვარულმა პირველყოფილმა…

თქვა და კრუსუნით შეაწება ადამი ევას.

არად დააგდო ცათა შინა ქვეყნისა წყევა.

დაიბინდება ყველაფერი,

ჟამი დაწდება…

ორს თუ მივიღებთ,

როცა ერთი ერთს ემატება.“

(მორის ფოცხიშვილი)

ასევე მეტაფორულია გამოთქმა: „იდეების სექსი“, რომელიც სწორედ ორი იდეის იმგვარ ურთიერთგავლენას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ახალი იბადება.

სინერგია – ჩვენი ცნობიერების მდგომარეობაა, რომელშიც გამუდმებულად მიმდინარეობს „იდეების სექსი“, სწორედ ამის გამო ცნობიერების ამ ფაზაში „ცხოვრობს“ შემოქმედება, თავისუფლება, სიყვარული და ბედნიერება.

დიალოგურობა – ეს არის სინერგიის საფუძველი. ამიტომ ნებისმიერი ცოდნა, სწავლება, ადამიანთა შორის ურთიერთობა, კულტურათა შორის კავშირი უნდა ეფუძნებოდეს დიალოგურობას…

ინკლუზიის ინსტრუმენტები – შემეცნებითი უნარების განვითარება (ნაწილი Ι)

0

 

 

შემეცნება შეგრძნების, აღქმის, წარმოდგენისა და აზროვნების პროცესებს აერთიანებს. გარდა ამისა, მოიცავს ყურადღებას, მეხსიერებას და სხვ. მაკონტროლებელ-ემოციურ თუ თვითრეგულაციურ ფუნქციებს. რაკი თითოეული მათგანი სინამდვილის ასახვის მიზანს ემსახურება, მიჩნეულია, რომ შემეცნება არის ცოდნის მიღებისა და სამყაროს მოვლენების შესახებ წარმოდგენების შექმნის, მათი თანაარსებობისა და თანმიმდევრობის პროცესი, რომელსაც ახასიათებს ეტაპობრიობა, კერძოდ, განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი წინა ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება.

მიჩნეულია, რომ შემეცნების პირველად პროცესს წარმოადგენს აღქმა, როგორც გარესინამდვილის განცდა, ხოლო აზროვნება შემეცნების მეორადი პროცესია და მას საფუძვლად გაკვირვება უდევს. იქ, სადაც აღქმული სინამდვილე ასეთ განცდას არ იწვევს, აზროვნების განვითარებას არავითარი აზრი არ ექნებოდა. გაკვირვების ფენომენზე მსჯელობისას დიმიტრი უზნაძე პლატონს იხსენებს და აღნიშნავს, რომ გაკვირვება ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-4 საუკუნეში გამოუცხადებია ფილოსოფიური აზროვნების სტიმულად. თუმცა ქართველი მეცნიერი აზროვნების ძირითად სტიმულად არა გაკვირვებას, არამედ მოთხოვნილებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რაც უფრო ძლიერია მოთხოვნილება, რაც უფრო მნიშვნელოვანია იგი სუბიექტისათვის, მით უფრო ენერგიულ აქტივობას იწვევს. ხოლო როდესაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, მაშინ ჩნდება გაკვირვების გრძნობა და იწყება აზროვნების პროცესი. აზროვნების ამოქმედების პროცესს შეიძლება ყოველი ახალი მოთხოვნილება დაედოს საფუძვლად, ოღონდ გადამწყვეტი როლი აქვს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნილება პიროვნებისთვის. აზროვნების აქტუალიზაციის გარეპირობას სიტუაციის ორი მომენტი – სიახლე ან უჩვეულობა და მისი პერსონალური ღირებულება შეადგენს.

ადამიანს სამყაროს შესახებ წარმოდგენა ადრეული ასაკიდანვე ექმნება. დასაწყისში ეს გამოიხატება მხოლოდ ხმაზე ან მხედველობით გამღიზიანებელზე რეაქციით, თანდათან შემეცნებითი პროცესები ვითარდება, ადამიანი აღიქვამს, იმახსოვრებს გარესინამდვილეს, წარმოიდგენს და აანალიზებს მას. შემეცნებითი უნარების, შესაძლებლობის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების პირველი წლები. ბავშვს ცოდნის შეძენასთან ერთად უვითარდება ის ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ამ ცოდნას იძენს.

შემეცნებით განვითარებას საციცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება როგორც ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის, ასევე წარმატების მისაღწევად. შემეცნებითი განვითარებისათვის საჭიროა, ბავშვს  განუვითარდეს რაოდენობრივი წარმოდგენები, ჩასწვდეს მოვლენებს შორის სივრცით, დროით და მიზეზშედეგობრივ კავშირებს.

ცოდნის თვალსაზრისით ბავშვი იღებს ინფორმაციას როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყაროს შესახებ ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით. ასევე მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს შემოქმედებით პროცესებში და ჰქონდეს თვითგამოხატვის მრავალფეროვანი საშუალება. ყოველივე ეს ხელს უწყობს, რომ ბავშვს შეექმნას წარმოდგენა ადამიანის სპეციფიკურ მახასიათებლებზე, შემოქმედებაზე, ზოგადად კულტურაზე და სოციალურ მახასიათებლებზე – ოჯახზე, საზოგადოებაზე.

 შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა ოთხ ქვესფეროს აერთიანებს:

  • ესთეტიკა და კულტურა;
  • ბუნება და ტექნოლოგია;
  • რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება;
  • მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა.

ესთეტიკა და კულტურა  მოიცავს ბავშვის უნარს, გამოხატოს და წარმოადგინოს საკუთარი თავი, მისი შინაგანი სამყარო მუსიკის, ცეკვის, ხატვისა და სხვა ვიზუალური და გამომსახველობითი ხელოვნების საშუალებით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ბავშვის მიერ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სწორ აღქმას, გაგებასა და დაფასებას.

 ამ ქვესფეროში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორია ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმა სხვებთან მიმართებით, მისი წარმოდგენა იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც იზრდება. აქ იგულისხმება გათვითცნობიერებულობა ოჯახის, საზოგადოებისა და კულტურის თვალსაზრისით. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • შემოქმედების აღქმა და გაგება;
  • შემოქმედებითი თვითგამოხატვა;
  • ოჯახი, საზოგადოება და კულტურა.

ბუნება და ტექნოლოგია გულისხმობს ბავშვის უნარს, გაიგოს, შეიმეცნოს ფიზიკური გარემო; დააკვირდეს, გამოიკვლიოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები იმ პროცესებზე, რომლებსაც თვალსაჩინო შედეგი მოსდევს. გარემოს შესახებ ცოდნის შეძენით ბავშვი ინფორმაციას იღებს, მაგ. დედამიწისა და ცოცხალი ბუნების შესახებ. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვს ეხმარება, გამოსცადოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა ასაკის შესაბამის პრაქტიკაში, ექსპერიმენტის დროს. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:

რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება მოიცავს ანგარიშს, გაზომვას და კანონზომიერებების დადგენას. ყველა ამ უნარს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს იმისათვის, რომ ბავშვს შეეძლოს იმ მათემატიკური საკითხების გადაჭრა, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს. ეს ქვესფერო მოიცავს:

  • ანგარიშს;
  • გაზომვას;
  • კანონზომიერების დადგენას.

მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დროითი მიმართებები გულისხმობს, თუ როდის ხდება კონკრეტული მოვლენა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში; ასევე მოვლენათა თანმიმდევრობას, ხანგრძლივობასა და თანხვედრას. სივრცითი მიმართებები გულისხმობს საგანთა მდებარეობის აღქმას – სად მდებარეობს კონკრეტული საგანი? ჩემ ზევით, ქვევით და ა.შ. – საგანთა ურთიერთგანლაგების აღქმასა და წარმოდგენას. მიზეზშედეგობრიობა გულისხმობს საგნების ან მოვლენების დაკავშირებას ერთმანეთთან; იმის გარკვევას, თუ რა იწვევს ცვლილებას, რაზე მოქმედება განაპირობებს მას.

ძირითადი სტრატეგიები:

  • ბავშვებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც დაფასებული იქნება შემოქმედებითობა, ორიგინალურობა და მრავალფეროვნება;
  • შევუქმნათ საკუთარი იდეების, გრძნობების, ემოციების სხვადასხვა საშუალებებით გამოხატვის პირობები;
  • გამოვყოთ დრო, რათა შეისწავლოთ თითოეული ბავშვის ყოველდღიური გამოცდილება როგორც სახლში, ასევე მის გარეთ;
  • გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და გავაფართოვოთ ბავშვის წარმოდგენები, შეხედულებები, გამოცდილება სამყაროს შესახებ;
  • ჩვენი სწავლების მეთოდები და  მექანიზმები   უნდა ითვალისწინებდეს  თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

გამოყენებული რესურსები:

  1. უზნაძე, დ., ზოგადი ფსიქოლოგია, ტ. ΙΙΙ-ΙV, თბ. 1981.
  2. https://sharpbrains.com/blog/2006/12/18/what-are-cognitive-abilities/

3.https://ncp.ge/ge/preschool-education/general-part/brief-review-of-learning-and-development-fields/shemetsnebiti-ganvitareba-da-zogadi-tsodna

რევაზ ხოფერია – სასკოლო ასაკი გერმანიასა და საქართველოში

0

ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება. ამასთანავე, მშობელი ვალდებულია ბავშვი მისცეს ზოგადი განათლება სასკოლო ასაკის მიღწევისთანავე.

გერმანიაში სასკოლო ასაკი 6 წელია. ყველა ბავშვი, რომელსაც 6 წელი შეუსრულდა, იწყებს სწავლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბავშვი უკვე არის 6 წლის, მშობლები ვალდებულნი არიან, ბავშვი სკოლაში წაიყვანონ. თუ ბავშვი სასწავლო პროცესის დაწყების დროს ჯერ კიდევ არ არის 6 წლის, მაგრამ მიმდინარე წლის დასრულებამდე უსრულდება, მაშინ მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას, ბავშვს 5 წლის ასაკში წაიყვანენ სკოლაში თუ 6-ის.

გერმანიაში ასეთი რეგულაცია იმიტომ არსებობს, რომ მიაჩნიათ, ბავშვი, რომელსაც მალე 6 წელი შეუსრულდება ფიზიკურ, სულიერ, ენობრივ, ემოციურ და სოციალურ წინაპირობებს, როგორც წესი, აკმაყოფილებს.

ასეთი ასაკის ბავშვის მშობელმა უნდა იფიქროს, სურს თუ არა ბავშვი შეიყვანოს სკოლაში. როდესაც სკოლაში ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობაა, არის შემთხვევები, როდესაც ასაკით პატარა ბავშვებს უჭირთ თვითდამკვიდრება და მათ მეტი თავდაჯერებულობა სჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ასაკით პატარა ბავშვი წარმატებით ართმევს თავს დავალებებს და შეუძლია სასკოლო ასაკის შესაბამისი დავალებების შესრულება, მათ შედარებით მეტი დრო სჭირდებათ ამისთვის. გერმანიაში ჩატარებული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ასაკით პატარა ბავშვებს სჭირდებათ ხოლმე კლასის გამეორება, განსხვავებით უფროსი ასაკის ბავშვებისაგან.

იმისთვის, რომ მშობელს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეს, გერმანიაში მათ სთავაზობენ კონსულტაციას ექიმებთან და აღმზრდელებთან. ბავშვს ამოწმებს ბავშვთა ექიმი, კერძოდ, მის ფიზიკურ, სულიერ, სოციალურ, ემოციურ და ენობრივ განვითარებასა და უნარებს. შედეგების მიხედვით, მშობელი იღებს გადაწყვეტილებას.

თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ სკოლაში წაიყვანს ბავშვს, რომელიც 6 წლის ხდება სასწავლო პროცესის დაწყების მიმდინარე წელს, ის ვალდებულია სკოლას მიმართოს განცხადებით. სკოლის უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის სკოლაში მიღების შესახებ. სკოლა უფლებამოსილია ბავშვის შეფასება სთხოვოს სკოლის ექიმს, ასევე მოითხოვოს ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობის შემოწმება სკოლაში. ბავშვი სკოლაში ჩაირიცხება, თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ის დაძლევს სასკოლო პროგრამას და მას აქვს განვითარების სათანადო დონე.

მშობელს ასევე აქვს უფლება, სკოლას მოსთხოვოს, განმეორებით გაატაროს კლასი ბავშვს, თუ აღმოჩნდება, რომ ის მზად არ იყო ამისთვის. მშობელს ასევე აქვს უფლება ბავშვისთვის განსაკუთრებული პედაგოგიური ხელშეწყობა მოითხოვოს.

თუ სკოლა დაადგენს, რომ ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების დონე არ იძლევა ჩარიცხვის საფუძველს, მაშინ ის არ დააკმაყოფილებს მშობლის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში, ბავშვის მიყვანა შესაძლებელია სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე სკოლაში ან საბავშვო ბაღში, რომლის პროგრამა სრულად არის მორგებული ასეთი ასაკის ბავშვის განათლების საჭიროებებზე.

საქართველოში სასკოლო ასაკი დადგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ეს ნორმა არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას. სკოლაში მიიღება მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო პროცესის დაწყების დროს შეუსრულდა 6 წელი. ამ რეგულაციის დადგენამდე, ბავშვის სასკოლო ასაკად დადგენილი იყო 5 წელი, ხოლო მანამდე – 6 წელი, თუმცა გამონაკლისის დაშვებით: სკოლაში შესაძლებელი იყო 5 წლის ბავშვის ჩარიცხვა, თუ მას მიმდინარე წლის ბოლომდე უსრულდებოდა 6 წელი.

დღეს არსებული რეგულაციის საფუძვლად მიჩნეულია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“. კვლევა 2012 წლით არის დათარიღებული და როგორც კვლევის დოკუმენტშია აღნიშნული, ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას.

კვლევის თანახმად, 5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა არ უკავშირდება იმას, რომ ამ ასაკის ბავშვებს არ შეიძლება ვასწავლოთ, არამედ პრობლემა სწავლების მეთოდებშია. ასეთი ასაკის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, რომელიც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია დანერგილი, თუმცა ის ამ ეტაპზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისთვის უცხოა და საჭიროებს დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზებას. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ ეტაპზე არ არის რეკომენდებული 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა, სანამ არ ჩატარდება „მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები“.

როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას – II ნაწილი

0

 

გაბორ მატე ნარკოდამოკიდებულების სიღრმისეულ მიზეზებსა და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკომანიას. დოქტორ გაბორ მატე კანადასა და მის ფარგლებს გარეთ ძლიერი დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან მუშაობს, გადაურჩენია არაერთი სიცოცხლე, კითხულობს საჯარო ლექციებს და მოუწოდებს საზოგადოებას, მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ნარკომანიით დაავადებულ პირებს. მას მიაჩნია, რომ ბავშვობაში მიღებული სტრესი, ტრავმა ან ემოციური უკმარისობა დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის უნივერსალურ ნიადაგს ქმნის.    

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: საიდან ჩნდება ლტოლვის უნარი?

თაგვებზე ჩატარებულ კიდევ ერთ ექსპერიმენტზე გიამბობთ: თუკი ახალშობილ წრუწუნას დედას ჩამოაშორებ, ის არ იდარდებს. დარდი რომ შეეძლოს, გადაჰყვებოდა.  დედა ხომ მშობელია, გვიცავს და გვზრდის. მაგრამ წრუწუნას არ გამოუმუშავდება რეცეპტორები, რომლებიც ქიმიურად აკავშირებენ ერთმანეთთან ტვინის უბნებს ენდორფინებისთვის. ენდორფინი – ენდოგენური მორფია. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი. მორფინის ან ენდორფინის საშუალებით ჩვენ ვგრძნობთ სიყვარულს, მშობლებისა და შვილების ურთიერთკავშირს, მიჯაჭვულობას. შესაბამისად, ტვინში ენდორფინის რეცეპტორების არმქონე წრუწუნას არ შეუძლია დედაზე დარდი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნარკოტიკებისადმი, ჰეროინისა და მორფისადმი  ლტოლვა განპირობებულია მათი მოქმედებით ენდორფინულ სისტემაში. საკითხავი ის არის, რა ემართება ადამიანს, რომელიც ქიმიურ ნივთიერებების მიღებას „გარედან“ საჭიროებს?

თუ ის ბავშვობაში ძალადობას განიცდის, მოცემული სქემები არ მუშაობს. როდესაც ადამიანი ვერ იღებს სიყვარულს და არ გრძნობს ურთიერთკავშირს ადრეულ ასაკში, ვთქვათ იმავე მშობლებთან, მისი თავის ტვინის მნიშვნელოვანი უბნები უბრალოდ შესაბამისად არ ვითარდება. ისინი არასწორად ფორმირდებიან დაუნდობელი ძალადობის პირობებშიც. ამის მერე ტვინი ნარკოტიკების მიმართ უფრო ტოლერანტული ხდება. ასეთი ადამიანი იღებს ნარკოტიკს  და თავს ნორმალურად გრძნობს – მას უმსუბუქდება ტკივილი, ის სიყვარულისა და სითბოს მოზღვავებას განიცდის. ერთმა პაციენტმა ქალმა აღნიშნა: „პირველად რომ ჰეროინი მოვიხმარე, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ვიღაცაც თბილად მეხვეოდა, თითქოს დედა მეფერებოდა“.

მეც ისეთივე სიცარიელეს განვიცდიდი, როგორსაც ჩემი პაციენტები. და აი, რა შემემთხვა მე:  დავიბადე უნგრეთში 1944 წელს ებრაულ ოჯახში. ორი თვის ვიყავი,  როდესაც გერმანელებმა ბუდაპეშტი აიღეს. მეორე დღეს დედაჩემმა პედიატრს დაურეკა და სთხოვა მოსულიყო, რადგან განუწყვეტლივ ვტიროდი. პედიატრმა უპასუხა: „რასაკვირველია, მოვალ, მაგრამ რომ იცოდეთ, ჩემი ებრაელი ჩვილები რატომღაც სულ ტირიან“. რატომ? განა ჩვილებმა რამე იცოდნენ ჰიტლერზე, გენოციდზე, ომზე?..

არა.

ის, რაც მაშინ გვატირებდა ჩვენი დედების სტრესი, საშინელებები და დეპრესია იყო. ეს ზემოქმედებას ახდენს ბავშვის ტვინზე და ბუნებრივია, ჩემმა ტვინმა წინასწარ მიიღო მესიჯი, რომ ჩემს მოლოდინში მყოფი დედა მუდმივ განცდებში იყო. მაშასადამე, ძალიანაც არ უხაროდა ჩემი დაბადება და შეიძლება ამის გამო მაინცდამაინც სასურველი შვილი არ ვიყავი.

რატომ გადავიქეცი, ე.წ. „ტრუდაგოლიკად“?

თუ ეს სამყარო ჩემს საჭიროებას დიდად არ განიცდიდა, მაშინ ჩემი შრომით უნდა ვქცეულიყავი საჭირო ადამიანად, ცნობილ ექიმად, რომლის იმედიც ბევრს ექნებოდა. ასე თუ შევძლებდი გამემართლებინა ჩემი დაბადება.

ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მე სულ ვმუშაობ და თუ არ ვმუშაობ, მუსიკას ვყიდულობ.

როგორ მესიჯებს იღებენ ქვეცნობიერად ჩემი შვილები? ისეთივეს, რასაც მე ვიღებდი. ამდენად, მშობლები არაცნობიერად გადავცემთ მათ ტრავმებს, ჩვენს ტანჯვას და ასე გადაეცემა ეს თაობიდან თაობას.

სიმარტოვის ამოვსების უამრავი ხერხი არსებობს. ის ყველა ადამიანს თავისი აქვს, მაგრამ სიცარიელე მუდამ გიბრუნდება, რადგან ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში, ჩვენ სიყვარულის დეფიციტი გვქონდა.

როდესაც ნარკომანს ვხედავთ, ვეკითხებით: „რას უშვრები საკუთარ თავს? როგორ შეგყავს ორგანიზმში ბინძური ნივთიერება, რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმოს?“ მაგრამ აბა, მიმოიხედეთ, რა დღეში ვაგდებთ დედამიწას? როგორ ვკლავთ სამყაროს ატმოსფეროს ოკეანეებში გაშვებული სიბინძურით, რომელიც ჩვენც და პლანეტასაც ანადგურებს.

ახლა თუ შეძლებთ, მიპასუხეთ, რომელი დამოკიდებულება უფრო ძლიერია? ნავთობზე დამოკიდებულება? მომხმარებლურ სურვილებზე დამოკიდებულება? რას უფრო მეტი ზიანი მოაქვს?

ჩვენ გვძულს ნარკომანები, რადგან ისინი გვაიძულებენ დავინახოთ, რომ მათ ვგავართ. ეს არ მოგვწონს, არ გვსურს ამის აღიარება, ამიტომ ვამბობთ: „არა, თქვენ ჩვენნაირები არ ხართ. თქვენ უარეს დღეში ხართ“.

ერთხელ თვითმფრინავში ვკითხულობდი სტატიას ბრაზილიაზე და ადამიანზე სახელად ნისიო ჰომესი, ამაზონის აუზში მდებარე გუარანის ლიდერზე, რომელიც ახლახან დახვრიტეს. ის თავის ხალხს მსხვილი ფერმერებისგან და კომპანიებისგან იცავდა. ისინი კი ტროპიკულ ტყეებს იპყრობდნენ და გარემოს აოხრებდნენ. კანადაშიც იგივე ხდებოდა. ბევრი ჩემი პაციენტი ინდიელია. კანადის მკვიდრ მცხოვრებლებს ხშირად აღენიშნებათ დამოკიდებულება. ისინი საკმაოდ დიდ პროცენტს შეადგენენ სხვა მომხმარებელთა შორის, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ ან თვითმკვლელები არიან. რატომ?

იმიტომ, რომ საკუთარი მიწები წაართვეს. იმიტომ, რომ კლავდნენ, მათზე ძალადობდნენ და ეს მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასეთი განმარტების შემდეგ თქვენ ალბათ უკეთ გესმით იმ ადამიანების, ვინც ცდილობდა ტკივილი ნარკოტიკებით ჩაეხშო, მაგრამ შეგიძლიათ თანაგრძნობა გაუწიოთ იმ ადამიანების დამოკიდებულებას, ვისაც ძალაუფლების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია? ვინც სიმდიდრეზეა დამოკიდებული? ვისაც უნდა მეტი და მეტი მოიხვეჭოს?

როდესაც ძალაუფლებისადმი ლტოლვაზე დავფიქრდი, დიდ ისტორიულ პერსონებამდე მივედი: ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი. რად უნდოდათ ამდენი ძალაუფლება? საინტერესო ფაქტი: ისინი ფიზიკურად არც ისე განვითარებული მამაკაცები იყვნენ, არც ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. სტალინი ქართველი იყო და არა რუსი, ნაპოლეონი კორსიკელი და არა ფრანგი, ჰიტლერი ავსტრიელი და არა გერმანელი. მათ აკლდათ თავდაჯერება, არ ჰქონდათ სრულფასოვნების შეგრძნება. მათ სჭირდებოდათ ძალაუფლება, რათა თავი კარგად ეგრძნოთ. იმისათვის, რომ ძალაუფლება მოეპოვებინათ, ყველაფერზე მიდიოდნენ – ომზე, მკვლელობებზე. მე არ ვამტკიცებ, რომ ძალაუფლების მოყვარე ადამიანები მაინცდამაინც ფიზიკურად განუვითარებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ძალაუფლებისადმი ლტოლვის განხილვისას ვითვალისწინებ იმ  სიცარიელეს, რომლის შევსებას სხვადასხვა მეთოდებით „გარედან“ ვცდილობთ.

ძალაუფლებადაკარგული, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ნაპოლეონი ხშირად იმეორებდა: „მე მიყვარს ძალაუფლება, მიყვარს ძალაუფლება!“ საკუთარი თავი მის გარეშე ვერ წარმოედგინა. თუ ნაპოლეონს იესოს ან ბუდას თუ შევადარებთ,  საინტერესო რამეს შევამჩნევთ. იესოს და ბუდას ეშმაკი აცდუნებდა, ერთ-ერთი ცდუნება კი ხელისუფლების შეთავაზებას ეხებოდა. ამაზე ორივემ უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ შინაგან ძალას ფლობდნენ და არ ჰქონდათ საჭიროება „გარედან“ მოეძებნათ რამე. არ უნდოდათ ადამიანების კონტროლი, უნდოდათ ესწავლებინათ ადამიანებისთვის საკუთარი მაგალითებით, რბილი შეგონებებითა და არა ძალისმიერი მეთოდებით. ამიტომ თქვეს უარი ხელისუფლებაზე.

მოკლედ, ჩვენ გარშემო რთული სამყაროა გადაგვარებადი გარემოთი, გლობალური დათბობითა და გამოცარიელებული ოკეანეებით. მოდით, ნუ ვენდობით მხოლოდ მათ, ვის ხელშიცაა ხელისუფლება. ისინი ვერ შეცვლიან მდგომარეობას – არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლებაში არცთუ გონიერი ადამიანები მოდიან და ისინი ჩვენ გამო არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

სინათლე ჩვენშია. იქ უნდა ვეძიოთ. უნდა ვეძებოთ საკუთარ გონიერებაში, შემოქმედებაში, თანადგომაში.  თუ ჩვენ არაფერი შევცვალეთ, ხელისუფლების სათავეებთან მყოფი ადამიანები უკეთესობისკენ არაფერს შეცვლიან, რადგან, მათი აზრით, ადამიანის ბუნებაში მხოლოდ კონკურენცია, ეგოიზმი და აგრესია მკვიდრობს“.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...