გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მეოთხე ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.
ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :
ახალი კვლევა ამას ტემპერამენტით ხსნის.
ზოგი ბავშვი ადვილად ეჩვევა ახალ საკვებს, ზოგიც – მასზე უარს ამბობს. რით შეგვიძლია ამ ქცევის ახსნა? 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევა (Moding and Stifter) მცირეწლოვან ბავშვებში ახალი საკვების მიღება-უარყოფის რეაქციებს სწავლობდა.
ადამიანს აქვს მიდრეკილება, მიიღოს ან უარყოს ახალი სტიმული და ამ პროცესში მონაწილეობს ტემპერამენტი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი სამყაროსთან. შესაძლოა ეს დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო „გახსნილი” ახალი საკვების მიმართ.
მკვლევრებმა საწყის ეტაპზე შეარჩიეს 80 ბავშვი და 80 მომვლელი, რომელთაგან ყველა, ერთის გარდა, დედა იყო. აგრეთვე, ბავშვთაგან 75 გოგონა იყო. მკვლევრები აკვირდებოდნენ დედა-შვილის წყვილებს. აგროვებდნენ მონაცემებს ლაბორატორიის იმ ვიზიტებიდან, როცა ბავშვები 6, 12 და 18 თვის იყვნენ.
6 და 12 თვის ბავშვებს ვიზიტებისას „აცნობდნენ” ახალ საკვებს და ახალ სათამაშოებს. 18 თვისები მიჰყავდათ „რისკის ოთახში”, სადაც მათ შეეძლოთ „ურთიერთობა” ოთხ ნივთთან: გვირაბი, კიბეები დიდი ლეიბის გვერდით, შავი ყუთი ზედ მიხატული თვალებითა და კბილებით და მაგიდაზე მოთავსებული გორილას ნიღაბი. ბავშვების რეაქციებს ინიშნავდნენ. ექსპერიმენტს დედებიც ესწრებოდნენ.
მკვლევრებმა გამოიკვლიეს, რომ 12 თვის ასაკის ბავშვები, რომლებიც მეტად ხარბდებოდნენ ახალ სათამაშოებს, ახალ საკვებსაც მეტი ენთუზიაზმით ხვდებოდნენ. და პირიქით, ის ბავშვები, რომლებიც ახალი სათამაშოებისკენ არ მიიწევდნენ, ახალ საკვებსაც გაცილებით თავშეკავებულად იღებდნენ. მეტიც, დამოკიდებულება, რომელიც ბავშვს ახალი საკვების მიმართ 12 თვის ასაკში ჰქონდა, წინასწარ იტყობინებოდა ახალი ნივთების მიმართ ამავე ბავშვის დამოკიდებულებაზე 18 თვის ასაკში.
აღსანიშნავია, რომ 6 თვის ასაკის ბავშვებში არ აკვირდებოდნენ ბავშვის ასოციაციებს ახალ სათამაშოებსა და ახალ საკვებთან მიმართებაში, რადგან წინა კვლევებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვები თავშეკავებული დაახლოებით 12 თვის ასაკში ხდებიან.
მკვლევართა აზრით, ამ კვლევის შედეგები გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჭირვეული ან თავშეკავებული მჭამელი ბავშვის მშობელმა უკეთ იცის, როგორ ჩართოს მყარი საკვები ბავშვის მენიუში.
„იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ისეთ ახალ სტიმულთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგ. ახალი სათამაშოები, არ იჩენენ აქტიურობას, მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ მათი შვილები ახალ საკვებთან მიმართებაშიც ასე მოიქცევიან. ასეთი ბავშვების მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები დიდი ალბათობით ახალ საკვებს თავიანთი ტემპერამენტის გამო უარყოფენ. თუმცა მათ შეუძლიათ, მოახერხონ და შვილებს მიაღებინონ ახალი პროდუქტი, თუკი დაჟინებით გააგრძელებენ ამ საკვების შეთავაზებას სხვადასხვა გარემოში”.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენი ბავშვი ძნელად ეჩვევა ახალ სათამაშოებს, ის, სავარაუდოდ, ახალ საკვებსაც ძნელად მიიღებს. ამასთან, რამდენიმე ცდის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ბავშვი უფრო „გახსნილი” გახადოთ ახალი საკვების მიმართ. თუ შედეგი პირველივე მცდელობის შემდეგ არ დადგა, სცადეთ კიდევ და კიდევ.
იან გიუს „უკეთურება“ ორი ეგზემპლარი მაქვს: ერთი გადაუშლელ-წაუკითხავია (საჩვენებელ-გასათხოვებელი), მეორე კი სხვადასხვა ფერის პასტითა თუ ფანქრით აჭრელებული, კლაკნილ, ერთ- ან ორხაზგასმული, ძახილისნიშნებდასმული, მინდვრებზე შენიშვნებმიწერილი, ფურცლებჩაკეცილი (ალაგ-ალაგ ჩასწორებულიც კი), მოკლედ რომ ვთქვა, არაერთხელ გადაკითხულ-გადაწერილია. წაკითხვისთანავე ეს წიგნი მრავალი მიზეზის გამო მოვიწონე და შევიყვარე. ამ მიზეზებიდან ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ „უკეთურებამ“ ჩემი 14 წლის ვაჟი რადიკალურად შეცვალა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად კითხვა შეაყვარა. მაშინ გაზეთში „WEEKEND“ ამ წინგზე მცირე რეცენზიაც კი დავწერე, რომელსაც ასე ვიწყებდი: „თუ თქვენი შვილი გარდატეხის ასკშია და კითხვა მისთვის ჯერაც არ ქცეულა საყვარელ საქმედ, შეგიძლიათ ეს ლაფსუსი მარტივად გამოასწოროთ, იან გიუს „უკეთურება“ უყიდოთ-მეთქი“.
დიახ, ეს იყო რამდენიმეაბზაციანი ჩანახატი ავტორზე, წიგნის გმირებსა და მთავარ თემებზე, რომელიც ისე დავწერე, ერთხელაც არ მიხსენებია სიტყვა ბულინგი. მაშინ, ანუ 2012 წელს, წიგნში ჯერ გაუბედავად, ფრჩხილის გასმით მომენიშნა ჩემთვის საინტერესო, დასაფიქრებელი აბზაცები, წაკითხულზე გაკვირვებასა და აღშფოთებას გამოვთქვამდი მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან და იან გიუს რომანის წაკითხვას ყველას ვურჩევდი. ხუთი წლის განმავლობაში, ამა თუ იმ სოციალურ საკითხზე მუშობისას, მოსწავლეებთან გაკვეთილებზე თუ პირადი საუბრებისას არაერთხელ მიმიმართავს ამ წიგნისთვის. დღესაც, თუ საშუალება მომეცა, 14-15 წლიდან მოზარდებთან მთელი გულითა და ენთუზიაზმით ვუწევ რეკომენდაციას „უკეთურებას“. ზოგჯერ, წიგნის მაღაზიაშიც ვაკვირდები ახალგაზრდებს, წიგნს რომ ეძებენ, კონსულტანტებს დახმარებას სთხოვენ და თაროზე იან გიუს რომანი თუ დავიგულე, მოსვენებას ვკარგავ. იშვიათად გამიბედავს და შემითავაზებია კიდეც მისი წაკითხვა და თუ რჩევა გაუთვალისწინებიათ, სახლში უზომოდ ბედნიერი დავბრუნებულვარ – დარწმუნებული, რომ ერიკ პონტი (წიგნის მთავარი გმირი) იმედებს არ გაუცრუებდათ და მათ საყვარელ ლიტერატურულ პერსონაჟად იქცეოდა.
დღეს კიდევ ერთხელ შევეცდები ხმა მოგაწვდინოთ და იან გიუს „უკეთურებაზე“ ახლებურად გესაუბროთ. წიგნი, მართალია, არც ისე ცხელია, მაგრამ ყველაზე გემრიელი სწორედ იმ რომანებზე საუბარი გამოდის, მრავალჯერ რომ გვახსენებენ თავს, დროს არაფრად აგდებენ და თანამედროვე ტერმინებსაც ოსტატურად იხდენენ.
იან გიუ
იან გიუ შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტია. მისი წიგნები მზევერავ კარლ ჰამილტონსა თუ ტამპლიერების რაინდ არნე მაგნუსონზე საკმაოდ პოპულარულია ევროპაში და მათ მიხედვით არაერთი მხატვრული ფილმია გადაღებული. 19821 წელს იან გიუმ ავტობიოგრაფიული რომანი „უკეთურება“ (ორიგინალური შვედური სათაურით „Ondskan“) გამოსცა. წიგნში საკუთარი მამინაცვლის მკაცრი და დაუნდობელი აღზრდის მეთოდები შეუფერადებლად აღწერა და თან 50-იანი წლების შვედეთის საზოგადოებასა თუ საგანმანათლებლო სისტემაში არსებული უსამართლობა ამხილა.
„It’s Time To Take A Stand!“ ამ სლოგანით გადიოდა მსოფლიოს კინოეკრანებზე „უკეთურების“ მიხედვით 2003 წელს გადაღებული, რეჟისორ მიკაელ ჰოფსტრომის ფილმი. 2004 წელს „Ondskan“, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ოსკარზე იყო ნომინირებული; შანხაის კინოფესტივალზე კი მამაკაცის როლის სუკეთესო შესრულებისთვის ანდრეას ვილსონმა (ერიკ პონტიმ) ოქროს თასი დაიმსახურა.
ერიკ პონტი
წიგნის მთავარი გმირი ერიკ პონტი ამბის დასაწყისში 14 წლისაა და თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ „ცემას იტანს!“ მამისგან ყოველდღიურად გამოწერელი „სადესერტო მიტყეპა“ (ორმოცი დარტყმა ტანსაცმლის ჯაგრისით) უკვე არაფრად მიაჩნია. მთავარია, დამატებითი სასჯელი აიცილოს და მთლი გულისყურით აკონტროლებს საკუთარ ქცევას ვახშამზე. სასჯელი ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში შეიძლება დაუმძიმდეს, ჯაგრისი ქრომირებულმა ფეხსაცმლის მაშველმა, საუნის ცოცხმა ან ტყავისგან დაწნულმა, ძაღლების საცემმა სქელტანინამა წკეპლამ ჩაანაცვლოს, რომლის წვერშიც ფოლადის საკინძეა მიმაგრებული. წიგნის დასაწყისში ერიკს ჯერ კიდევ შესწევს ძალა სასჯელის დასრულების შემდეგ მამას ხელი ჩამოართვას და ჩათვალოს, რომ ყველაფერმა „სწრაფად და მშვენივრად“ ჩაიარა… ყველაფერმა დამცირების გარდა!
რის გამო „იმსახურებს“ მოზარდი ბიჭუნა სასჯელს? მამიკო მარტივ მიზეზებს გამოჰყავს წყობიდან: ერიკის ჭუჭყიან ფრჩხილებს, ხელიდან გავარდნილ სამარილეს, წაქცეულ რძის ჭიქას, საკმარისია ვაჟი „ზომაზე მეტად“ გადაიხაროს მაგიდიდან რაიმეს ასღებად, უმცროსი ძმა გააჯავროს ან პურზე კარაქი იმ მხრიდან არ წაუსვას, „საიდანაც მიღებულია“. უკანალსა და ზურგზე კანი არ გადაუსკდეს – ეს გახლავთ ერიკის მთავარი საფიქრალი. ამიტომ მუდმივ მზადყოფნაშია, გამრავლების ტაბულასავით ზეპირად იცის მამიკოს თითოეული მოძრაობა.
სხვა მხრივ, ანუ უცხო თვალისთვის კი ერიკი ჩვეულებრივად ცხოვრობს: ვარჯიშობს, სწავლობს, კინოში დადის, მოდურად აცვია, ვარცხნილობაც თანამედროვე აქვს; თუ გარემოება მოითხოვს, დახვეწილად მეტყველებს; არც მოხერხებულობა აკლია და თავისზე ძლიერებს ძალაუფლებას არ უთმობს; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საძმოს ყოჩია“. ისიც კარგად ესმის, რომ საძმო მანამდე დაემორჩილება, სანამ ჩხუბში ბადალი არ ეყოლება და იძულებულია, სხვას სცემოს, თავი მისთვის მიუღებელი მეთოდებით გაიტანოს.
ახალ გიმნაზიაში გადასული ერიკი მამასთან ყოველდღიურ „ურთიერთობასა“ და სკოლის, ეგრეთ წოდებულ, „წესრიგის დამცველებს“ ემშვიდობება და იმედი აქვს, ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს, ენერგია სწავლას, ცურვასა და კითხვას მოახმაროს, ახალ მეგობარს გაიჩენს, ფინელ მზარეულ გოგონას შეიყვარებს, თუმცა თავგადასავლები ახალი გიმნაზიის კედლებშიც გრძელდება…
დააყენებს თუ არა საკუთარ მომავალს ახალგაზრდა ბიჭი რისკის ქვეშ, შეასრულებს დედისთვის მიცემულ პირობას თუ იმედებს გაუმტყუნებს, მოუწევს „რინგიდან გადაბობღება?“ – ამას წიგნიდან შეიტყობთ. თავადვე მოგიწევთ დაფიქრება და პასუხის გაცემა რომანში დასმულ შეკითხვებზე: უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას თუ თავი ავარიდოთ მას? არის თუ არა სიძულვილი უკეთურების ერთ-ერთი ფორმა და ინტელექტის საპირისპირო ცნება? როდის უფრო ძნელია სარკეში ჩახედვა, როდესაც ფიზიკურად ხარ დასახიჩრებული თუ სულიერად დაბეჩავებული? დაბოლოს, სინამდვილეში ვისკენ არის მიმართული სიყტყვები: „შენ უკეთურების განსახიერება ხარ და შენისთანები უნდა მოისპონ?!“
უკეთურება
იან გიუ თავისი გმირების ყოფას გიმნაზიის ცხოვრების ფონზე აღწერს და შვედური საზგადოების არაერთ მანკიერებას ააშკარავებს: ერთმანეთს ადარებს გიმნაზიელებსა და საშუალო სკოლელებს, რომელთაგან „ცხოვრებაში ვერაფერი დადგება“, ვინაიდან საზოგადოებაში სწორედ ასეთი მზამზარეული შეხედულება ბატონობს. მაშინ ვინ არიან ისინი, ვისგანაც „რამე უნდა დადგეს?“ – მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია. მასწავლებლების მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებასა და კეთილგანწყობას ბავშვის ლაპარაკის სტილი და მისი გვარის ჟღერადობა განსაზღვრავს – „კარგ ოჯახიშვილად“ ის ითვლება, ვინც ფიზიკურად ძლიერია, მდიდრულად აცვია და მიკიბულ-მოკიბულად საუბრობს (ანუ მეტყველებაში „ბევრ უცნაურ სიტყვას იყენებს“). საბჭო თუ პროფკავშირი, მდიდრები თუ არისტოკრატები – რთული გასარკვევია, ვინ უფრო მეტად ვერაგია, მით უმეტეს, როცა ერთ საერთო მიზანს ემსახურებიან, ირგვლივ ძალადობასა და დაუნდობლობას თესავენ! ვინც უფროსებს უძალიანდება, უარესად იტყიპება, ამიტომ თავდაცვის საშუალებად სიძულვილი ქცეულა და ის გამაყუჩებელი აბივით მოქმედებს.
„მსოფლიოში გაურკვეველი უკეთურება სუფევს. დემოკრატიის იდეალი მუდამ პირველობას გულისხმობს,“ ისევე როგორც მედგრად ყოფნას მოსალოდნელი დარტყმის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სხეულის კულტი ბიჭების სოციალური სისტემის ნაწილად ქცეულა და შეჯიბრებას ბოლო არ უჩანს. იან გიუ ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით გვიხატავს იმ სირთულეებს, ყმაწვილები სამართლიანობისთვის ბრძოლის დროს რომ აწყდებიან, მათ შინაგან წინააღმდეგობებს ააშკარავებს და ამ გზით გვიჩვენებს, როგორ ცდილობენ ისინი წინ აღუდგენ და ებრძოლონ უკეთურებას, სიყალბესა და ვერაგობას.
«It’s Time To Take A Stand!»
„დროა მყარად დადგე!“ – ეს მიმართვა მხოლოდ „ბარბაროსული საზოგადოების ხელში თითქმის მარტო დარჩენილ“ ერიკს როდი ეკუთვნის. ის ბულინგის ყველა მსხვერპლისკენაა მიმართული. ყველასკენ იმ სურვილით, რომ საკუთარ თავში ძალა გამონახონ, იან გიუს გმირის მაგალითით გამხნევდნენ და მასავით „საართლიანობის ჩემპიონებად“ იქცნენ.
ეს წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა საკუთარ ცხოვრებაში, ვისაც ჯერ არფერი სმენია ბულინგზე, ვისაც უბრალოდ უჭირს ან არ სურს აღიაროს, რომ მსგავსი უკეთურება მართლაც არსებობს. ეს გახლავთ სასტიკი და აუტანელი დოკუმენტი მოზარდის ცხოვრებისა. დიახ, „უკეთურება“ სახეში მუშტივით გარტყმული რომანია.
ენობრივი პოლიტიკა ნებისმიერ სახელმწიფოში სტანდარტული ენის არსებობას უზრუნველყოფს და ენობრივი დაგეგმარების უშუალო შემადგენელია. თავის მხრივ, სტანდარტული ენა წინასწარ შემუშავებულ კანონებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძველია. სტანდარტული ენა სახელმწიფო ენაა. თითქმის ყველა ქვეყანაში კანონი ავალდებულებს საზოგადოებას, დაიცვას და გაუფრთხილდეს სახელმწიფო ენას. აუცილებელია, ყველა ქვეყანაში არსებობდეს ენის ნორმების დამდგენი სპეციალური ორგანო, რომელიც შეძლებს ახალი ლექსიკური თუ გრამატიკული ერთეულების სახელმწიფო ენაში ასახვას. თუმცა ჩვენში სახელმწიფოებრივი შეგნება, შეგნება იმისა, რომ სახელმწიფო ენა საზოგადოების ერთიანობის საფუძველია, თითქოს მოშლილია. შესაბამისად, ზღვარი ცოცხალ მეტყველებასა და სტანდარტულ ენას შორის ბუნდოვანი ან, სულაც, მორღვეულია. ისე რომ, მუდმივი ცვლილებების პროცესში ნორმა ზოგჯერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ენის განვითარებას.
სტანდარტული ენის ობიექტური პრინციპების თანახმად, დაუშვებელია სხვა ენებიდან სტანდარტულ ენაში შემოღწევის გზით სახელმწიფო ენის დაბინძურების იმგვარი შემთხვევები, როგორებიცაა ბარბარიზმები, პლეონაზმები, კალკები და ენისადმი თავისუფალი მიდგომის პირობებში ისეთი ახალი ფორმების დამკვიდრება, რომლებსაც სტანდარტული ენა უარყოფს და წინასწარ შემუშავებული პრინციპების საფუძველზე სანქციას ანიჭებს[1]. დღესდღეობით ენა შემღვრეულია შემდეგი ლექსიკური ერთეულებით: ჰაილაითი, ქეისი, ტრიგერირება, იტერაცია, ვრაპი, ვეიკი… ასეთი ერთეული ენაში უკვე უამრავია და ცალკე ყურადღებას იმსახურებს, თუმცა თვალში საცემია შემღვრევის შემდეგი ფორმებიც: საქმე იმაშია, პირდაპირ კავშირშია, მიმალვაშია, გაყიდვაშია, თავდებში, მიმართებაში, სისრულეში მოიყვანა, წესრიგში მოიყვანა, შეცდომაში შეიყვანა… სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი აკადემიურ გამოცემებშიც უხვად გვხვდება. მაგ., იმგვარ ლიტერატურაში, რომელიც სტუდენტი ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი. ერთგან ვკითხულობთ: „საქმე იმაში კი არ არის, როგორ აღიქვამენ სხვები ჩვენს ხმას, არამედ იმაში, ჩვენ როგორ ვახმოვანებთ სამყაროს“; ან კიდევ: „აქ საქმე იმაშია, რომ ტოლერანტობა უადგილოა“. მართალია, აზრის სიღრმე ზოგჯერ ენობრივ ხარვეზებს ფარავს, მაგრამ ახლგაზრდა მკითხველს სჯერა, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სახელმძღვანელო ენობრივად მართებულ ფორმებს აწვდის, სინამდვილეში კი მის გონებაში ნორმად მცდარი ენობრივი ფორმები მკვიდრდება.
თანამედროვე სამეტყველო და უკვე სამწერლობო ქართულისთვის მტკიცდება ისეთი ზედსართაული წარმოების შემთხვევები, როგორებიცაა: აღქმადი, მოსმენადი, წაკითხვადი, ნახვადი, გაყიდვადი, აღწერადი… საგულისხმოა, რომ, ენობრივი ნორმის თანახმად, ვითარებითი ბრუნვის ნიშანი –ად ერთვის არა სახელზმნას, არამედ სახელს და ასე აწარმოებს მიმართებით ან/და გასუბსტანტივებულ ზედსართავს: თვალადი, ტანადი, გულადი, პურადი, თავადი… უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველ ქართულში ვითარებითი ბრუნვის ნიშნის (-ად, –დ) წარმოება გაცილებით ვრცელი იყო, თუმცა ის ყოველთვის სახელს ერთვოდა და არა სახელზმნას.
თვალში საცემია -ამ თემისნიშნინი ზმნების –ავ თემისნიშნიანებად გარდასახვის სიხშირეც. ვსვავ, ვდგავ, ვიზავ, ვუსვავ, ვაბავ, ვურტყავ, ვიცვავ, ვასხავ, აღვიქვავ… უნდა ითქვას, რომ –ამ თემის ნიშანს ზმნათა გაცილებით მცირერიცხოვანი ჯგუფი დაირთავს, ვიდრე –ავ თემის ნიშანს (სულ 15-ოდე ზმნა). სწორედ –ავ თემისნიშნიანთა გავლენით გაჩნდა ამ ზმნებშიც არასწორი ფორმები. ზმნის საწყის ფორმებში კარგად ჩანს –ამ თემის ნიშნის ნაშთი: შესმა, დადგმა, დარტყმა, დასხმა, თქმა, ჩაცმა, აღქმა… საწყისსა და მიმღეობაში მ–ს არსებობა სათანადო პირიან ფორმაში –ამ დაბოლოების მიმანიშნებელია.
აღარაფერს ვამბობთ უზუალურ ენაში სხვადასხვა ფონეტიკური პროცესის შედეგად გაჩენილ მცდარ ფორმებზე, რომლებიც არცთუ იშვიათად ისმის ცნობილი ადამიანთა მეტყველებაშიც. ესენია: სავანტყოფო, შეურაწყოფა, საშვალებით, ხანცთელი, ახქმა… ასევე არცთუ იშვიათია პირის ნიშნით ზმნისწინის გათიშვის (ავღწერ, ავღნიშნავ, ვანთავისუფლებ…), ვ-ინის გაჩენის (დაბოლოვება, დაჯილდოვება…) და სხვა ტიპის მორფოლოგიური თუ სინტაქსური შემთხვევები, რომელთა გამოყენება არაეთიკურია ენისადმი სამოქალაქო/სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან, რადგან სწორედ ამგვარი მიდგომა გვავალდებულებს, დავიცვათ ენა-იდეალი, სტანდარტული ენა.
მეორე მხრივ, ენის განვითარების ცოცხალი პროცესის აღქმისთვის აუცილებელია თანამედროვე ქართული ცოცხალი მეტყველების ფაქტების გათვალისწინება – ქართული ენის სტანდარტული სალიტერატურო ვერსიისა („ქართული ენა“) და მისი რეალური მოხმარების შედეგად მიღებული ვარიანტების („ქართული“) სინოფსისი. პირველს იმპერატიული, პრესკრიფციული გრამატიკა განაპირობებს, ხოლო მეორეს – დესკრიფციული.
პრესკრიფციული გრამატიკა ფოკუსირებულია მითითებებზე, რა და როგორ უნდა გამოვიყენოთ ენაში, როგორ ვიმეტყველოთ სწორად და რა ენობრივი ფორმები ავიცილოთ თავიდან. დესკრიფციული გრამატიკისთვის ენა აღიწერება სწორედ ისე, როგორიც მოცემულია და გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში.
დესკრიფციული მიდგომის თანახმად, წინადადება გრამატიკულად მართებულია, თუ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე აწარმოებს ამა თუ იმ ენობრივ ფრაზას და იყენებს თუნდაც უმართებულო ფორმით. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ ცნებების „ქართული ენა“ და „ქართული“ შეპირისპირება არ ემთხვევა დიქოტომიას „სალიტერატურო ქართული“ vs. „არასალიტერატურო ქართული“. კორპუსლინგვისტიკის პერსპექტივიდან საინტერესოა არა „ქართული ენა“ როგორც დადგენილი ზოგადი გრამატიკული წესების მიხედვით ფორმულირებული „სწორი“ ქართული, არამედ „ქართული“ როგორც ქართული ენის ენობრივი კომპეტენციის მოხმარების ემპირიული ფენომენი კოგნიტიურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებთან კონტექსტში – სივრცესა და დროში.
ქართული ენის გრამატიკა აღწერს ქართული ენის ფუნქციონირების გრამატიკულ წესებს ერთი ეპოქის ჩარჩოებში, კორპუსს კი ძალუძს ასახოს ქართულის ფუნქციონირების ყველა – გრამატიკული და არაგრამატიკული – ენობრივი შემთხვევა ემპირიულად ხელმისაწვდომ რესურსებზე დაყრდნობით, როგორც სინქრონიულ, ისე დიაქრონიულ ჭრილში[2].
ამ წინააღმდეგობების ფონზე როგორ ვასწავლოთ ენა – როგორც მხოლოდ სტანტარტიზებული მონაცემი თუ განვიხილოთ როგორც მრავალფეროვნება?
თუ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას აფასებდნენ, მკაფიო წარმოდგენები უყალიბდებოდეთ ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობებზე, აუცილებელია, დავანახოთ მათ ენის კულტურული შრეები და თავად აღმოვაჩენინოთ ის მსოფლმხედველობრივი განსხვავებანი, რომლებიც ამა თუ იმ ენაში ამა თუ იმ სახით იჩენს თავს. მთავარია, ავუხსნათ, რომ ენას სამყაროს შესაქმნელად ვიყენებთ, მისი წყალობით ვფიქრობთ და ვაზროვნებთ. მისი წყალობით ვასხვავებთ საგნებს და მივდივართ იქ, სადაც მას მივყავართ. სუფთა ენა სუფთა სამყოფელია. და თუ პირველითგან იყო სიტყვა, როგორც ხმაშესხმული ლოგოსი, უკანასკნელადაც ის იქნება. მთავარია, ამას სკოლაშივე სერიოზულად მოვეკიდოთ.
[1] რუსუდან საღინაძე, სტანდარტული ენა და ცვლილებები თანამედროვე ქართულ სამეტყველო კონტექსტში, მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბ., 2016.
[2] https://tandaschwili.com/thema-1/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90
აგვისტოს დღეები დაწყებულ და ვერდამთავრებულ წიგნებს გულისხმობენ. დიდი დაზარებაა აგვისტო. უნებისყოფობის მწვერვალებს ლაშქრავ. ალბათ ამიტომაც დგება მაშინ ფერისცვალება – თითქოს სხვა სიცოცხლეში გადასაბარგებლად ემზადები. ნაბიჯებს იქით სექტემბერია. ადამიანებს გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების უცხოს და რთულის შიშს. ამიტომაც ბევრი აგვისტოში რჩება და სხვა ყველა თვეც აგვისტოა მისთვის – უძრაობის და სიცოცხლისგან თვალის მორიდების დრო.
წყალში ყინული ჩავარდა დღეს – იტყოდნენ და საბანაოდ წასვლა ძნელდებოდა. გაპარვები და ტყუილები კი ჭრიდნენ და ის წყლები – ბჟუჟი, სუფსა, ნატანები თუ გუბაზეული – ამ საქმედ ღირდა, მაგრამ თვალი და გონება იოლად გრძნობდა დასასრულის გემოს. ჩამოსულები წასასვლელად იბარგებდნენ. მდინარის ნაპირზე მიგდებული ასე ძვირფასი კოკა-კოლას ორიოდ ქილა, ბარემ გაზაფხულამდე რომ ძლებდა იქ, როგორც ქალაქის საკრალური და მიუწვდომეული სიმბოლო – იყო ამის უტყუარი დასტური. ზაფხული მთავრდებოდა. სტუმარი ნათესავის დატოვებული ჩუსტები და მისი შვილის დაფუშული საცურაო რგოლი უკვე უხმაურო სახლში – ღირს ეს დასასრული მსოფლიო სევდათა ათეულში მოსახვედრად.
ამ დღეებში ჭრიჭინებიც უჩვეულოდ მღერიან. თითქოს გემშვიდობებიან და არ იმჩნევენ. ან შენ არ იმჩნევ. სად ქრებიან ჭრიჭინები და ან ციცინათელები? ვინ ესწრება ამ ჩემი ბავშვობის უსათუო თანამდევების სიკვდილს? ან ეგებ არც კვდებიან, ეგებ ხეების ტანში იმალებიან გვიან გაზაფხულამდე. არავინ იცის.
მიწა ნელ–ნელა იცვამს მეორად ტანსაცმელს. ფოთლებს, ადრე სხვებს რომ მოსავდნენ. ჰეჰ, მეორადი ტანსაცმელი. სულ ბოლოს მომისწრო, სკოლას რომ ვამთავრებდი. ძონძები – ასე ერქვა. ჰოლანდიური ფუთა ფასობდა ყველაზე მეტად – მით უფრო, რომ ვიღაცამ ერთი შარვლის ჯიბეში იქაური ფულიც კი ნახა. გარეცხილი, მაგრამ თქვა ლარში გადამიცვალესო და ჰა! მერე ხმები დაყარეს – მკვდრებს ეცვაო ეს ტანსაცმელი. ასეთი ჭორები ადვილად იპყრობდა გულებს. უფრო ადრე ჯინსებზე თქვეს, ეგ ამერიკაში უკანასკნელ მუშებს აცვიათო, მერე სათამაშო გამოძვრა ასეთი – ცისარტყელა ერქვა, ყველას გვინდოდა და ცოტა თუ ყიდულობდა, მაგრამ მკვახე ყურძნის ამბავში კარგად მოგვისწრო ახალმა ხმამ – გიჟებს აწყნარებენ გერმანიაში ეგრეო. მოკლედ. ჰოდა, თვის შუიდან მიწა უკვე პალიმფსესტივით იკითხებოდა – ფოთლების დაწერილ ამბებს ქვემოთ იყო.
აგვისტო არის მარიამობა, ანუ მარიობა. ეს დრო ზაფხულს აღარ ეკუთვნის. ამიტომაც მეფობს ალბათ მკაცრი ლეგენდა – ზღვა ადამიანს ითხოვსო და ძნელად თუ ვინმე ეკარებოდა. საერთოდ, ზღვის შიშზე ადრეც მოგითხრეთ – სულ მიკვირდა ამ შიშის, მაგრამ ვიზიარებდი კი. დახრჩობას როდი ვუფრთხოდით, მგონია, რომ სივრცე უფრო გვაშინებდა. მე მგონია, მეც და თქვენც დღემდე გვაქვს ეს შიში და ძალიან გვაფერხებს. ზღვას მეგობრობა სჭირდება. გადაცურვა. ახლის დანახვა და შენახვა. უცხოს გაცნობა და შეცნობა. ბოლო-ბოლო სექტემბერი მოდის – სხვა დაბადების თვე.
„დანიელის ბაღში ჩიტებს, ხეებს და ბუნების მოვლენებს აკვირდებიან და იკვლევენ. დანიელი ორი წლისაა. ტყეში ხშირად დადიან. იქ პატარა ქოხიც აქვთ. აღმზრდელები ბავშვებს პატარ–პატარა ამბებს უყვებიან. დანიელს ძალიან მოსწონს ბაღი“, – მიყვება ნინო, რომელიც უკვე ათი წელია ფინეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და ორ შვილს ზრდის. ფინურ სკოლამდელ განათლებასთან ნინოს როგორც მშობელს და აღმზრდელს ერთდროულად მოუწია შეხება. სამი წელი სხვადასხვა ბაღში გადიოდა პრაქტიკას და ერთი წელი აღმზრდელადაც მუშაობდა. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ძირითადად საჭირბოროტო თემებზე საუბრით შემოვიფარგლებით და მეც ვუყვები, როგორ ვებრძვი თებერვლის ბოლოდან გამოყოლილ ბაღის შიშებს.
„წვიმს, თოვს, ქარი ქრის, ყინავს თუ მზე ანათებს, ყოველთვის გარეთ ვართ. –15 გრადუსშიც კი გაგვყავს ბავშვები დაახლოებით 30 წუთით. წვიმაში ფერად-ფერადი საწვიმრები და ბოტები აცვიათ. ფინეთში გრძელი და ცივი ზამთარი იცის, ამიტომ ყველამ იცის, რომ თბილად უნდა ეცვათ, სილამაზეს არავინ უყურებს. მთავარია, ბავშვი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით იყოს დატვირთული. როგორც კი მოთოვს, ბავშვები თხილამურებით სასრიალოდ მიგვყავს. გარეთ დღეში ორჯერ გავდივართ: დილაობით – საათ–ნახევრით და საღამოობით – ორი საათით. ხშირად დავდივართ ტყეში. ზეიმს წელიწადში ორჯერ ვმართავთ: დეკემბერში შობას აღვნიშნავთ, მაისში – სასწავლო წლის დამთავრებას. ყველა ჯგუფი ერთ ან ორ სიმღერას ასრულებს. საზეიმოდ საგანგებოდ გამოწყობილი არავინ მოდის, უბრალო კაბები და შარვლები აცვიათ. საზოგადოდ, ჩაცმას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ამაზე ფიქრით არ ირთულებენ ცხოვრებას. აი, ეს სურათი, მაგალითად, კრისტინას საგაზაფხულო ზეიმზეა გადაღებული“, – მწერს ნინო და ფოტოს მიგზავნის. ფოტოზე ფერად საწვიმრებში გამოწყობილ გოგონებს წყალგაუმტარ შარვლებზე ტიულის ფრიალა კაბები გადაუცვამთ.
„ბაღში არა? დედა, ბაღში არა?“ – მეკითხება ჩემი გოგონა. ზაფხულის არდადეგებზეც კი ბაღიდან გამოყოლილ შიშებს ვებრძვით. „მეშინია“, – ამბობს და საკუთარი სიტყვების: „ბაღში საშიში არაფერია“, – თავადაც არ მჯერა. ვეუბნები, რომ ბაღში სიარული საჭიროა, მაგრამ ვიცი, რომ შიშები, რომლებიც სქელი მინის კარის მიღმა ჩაბუდებულა, არც ისე გაზვიადებულია. ამ შიშებს ვერც საკონტროლო ვიდეოთვალით მოერევი და ვერც კარს უკან ატუზვით. ვერც ორწლინახევრის გოგოს მოსთხოვ მათ დამარცხებას. მიზეზი სადღაც ღრმადაა და ერთადერთი ძალა შიშის ამოსაძირკვად ამაზე ხშირი საუბარია.
ახლა გეტყვით, რატომ ეშინიათ ბავშვებს და იმასაც გეტყვით, თავადაც როგორ შემეშინდა, როცა შემთხვევით დავინახე, რაც არ უნდა დამენახა – როგორ ჩაარტყეს თავში ბავშვს ტელეფონი. ამან ისე დამაბნია, კარგა ხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა აღმზრდელისთვის, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. საბოლოოდ გავბედე და ვუთხარი, მომდევნო ერთი კვირა კი ბავშვები ბაღში აღარ წამიყვანია. ჩემს ორწლინახევრის გოგოს არ შეუძლია, ზედმიწევნით გადმოსცეს, რისი ეშინია, მაგრამ მაინც ახერხებს გამაგებინოს, რომ გარემო, სადაც ნახევარ დღეს ატარებს, აშინებს. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ არის გადაჭარბებული დედური სენტიმენტები. ჩვენს ბაღებში, მთელ ჩვენს საზოგადოებაში ბავშვებს პატივს არ სცემენ და ეს არც ისე ძნელი შესამჩნევია.
ჩვენს ბაღებს დაცულობის შეგრძნება აკლია. სკოლამდელი განათლების სპეციალისტებიც ყველაზე ხშირად იმაზე საუბრობენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოებისა და საკუთარი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდა. ეს განცდა აღსაზრდელს საკუთარი პიროვნების პატივისცემას უჩენს და ისიც უფრო ადვილად ეგუება სხვა სამყაროს, უფრო გამბედავი და ინიციატივიანი ხდება.
იმ ფოტოებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამომიგზავნეს, საწვიმრებში გამოწყობილი პატარა გოგო-ბიჭები მშვიდად თამაშობენ გუბეებში და ალბათ დრო, რომელიც ბაღში უნდა გაატარონ, უფრო საინტერესოდ გადის, ვიდრე ჩვენი შვილების ბაღებში, სადაც ბავშვები მთელი დღე ოთახში არიან გამოკეტილი და გაღიზიანებულები და შეშინებულები ელოდებიან მშობლებს. სამწუხაროდ, ბევრ ბაღს არც კი აქვს ეზო და რომლებსაც აქვს, იქაც მთელი დღე ცარიელია. ბავშვები არც საქანელებზე ქანაობენ და არც ქვიშის მოედნებზე ერთობიან ფერად-ფერადი სათამაშოებით. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ბავშვების სამყარო დღითი დღე ვიწროვდება.