შაბათი, ივნისი 6, 2026
6 ივნისი, შაბათი, 2026

გასეირნება სიყვარულისა და სევდის თანხლებით        

0

რობერტ ვალზერი XX საუკუნის შვეიცარიელი მწერალია, მსოფლიოში აღიარებული და დაფასებული. ცნობილია, რომ მისი რომანებით აღფრთოვანებული იყო ფრანც კაფკა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა მათ შესახებ, როცა კი შემთხვევა მიეცემოდა. ქართველი მკითხველი მის  მოთხრობებსა და რომანებს (“გასეირნებას”, “მარიას”, “იაკობ ფონ გუნთენსა” და “თანაშემწეს” უკვე იცნობს მაია მირიანაშვილის თარგმანებით). რობერტ ვალზერს უფრო ახლოს გვაცნობს დოკუმენტურ-მემუარული ყაიდის წიგნი “ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად”, რომელიც ცნობილმა მწერალმა და მეცენატმა კარლ ზელიგმა დაწერა.

მოთხრობა “გასეირნება” იმ მშვენიერების შესახებაა, რომელსაც ხშირად ვერ ამჩნევს ჩახუთულ ოთახში გამოკეტილი ადამიანი. რობერტ ვალზერი სიმბოლურად წარმოაჩენს თანამედროვე ტექნოკრატიული საზოგადოების კრიზისს. ბუნება სადღაც დარჩა, როგორც დეკორაცია, როგორც ერთგვარი სამშვენისი და არა ყოფის განუყოფელი ნაწილი. ვალზერი ამ მოთხრობაში თვითონაც სეირნობს და მკითხველსაც დაასეირნებს ბუნების ულამაზეს წიაღებში, ეს, რა თქმა უნდა, იმავდროულად, საკუთარ სულში მოგზაურობაცაა, ღმერთთან მიახლოების წადილი, მაგრამ უმთავრესია, რომ სწორედ ბუნებამ გააღვიძოს კაცში ღვთაებრივი მშვენიერებისა და სიმშვიდის განცდა, რაც საწინდარია ამაღლებულობისა. მწერალი ამჩნევს ცხოვრების უმცირეს დეტალებს და ცდილობს ფერწერულად გამოხატოს არა მხოლოდ თოთო განთიადები და მეწამული დაისები, არამედ ადამიანთა მოულოდნელი შეხვედრები და ტკივილიანი განშორებები, უეცრად გაჩენილი და გამქრალი სიყვარული, მოისმინოს უჩინარი ხმები და მკითხველი დაარწმუნოს უხილავად არსებული ჯადოსნური სამყაროს რეალობაში. ვალზერის აზრით, მწერლებმა, რომელთაც, მართლაც, ხელეწიფებათ წერა, იციან, რომ დროდადრო უნდა შეჩერდნენ, გარემოს მიაყურადონ, სიმშვიდე მოიპოვონ, ხანდახან კალამსაც ცოტა ხანს უნდა გაუშვან ხელი და უკვდავი ბუნებით დატკბნენ. თვითონ ვალზერს გასეირნება საოცარი შემოქმედებითი ენერგიით ავსებდა.  ეს ხეტიალი  მის სულში აღბეჭდავდა მრავალფეროვან მოვლენებს, ამჩნევდა ირგვლივ მოფუთფუთე სანახაობებს, ცოცხალ ლექსებს, სასწაულებს, ბუნებრივ სილამაზეებს, რომლებიც მის  თვალწინ მომხიბლავად და შემაგულიანებლად იშლებოდნენ. ამ დროს ის ყურადღებით აკვირდებოდა სულ მცირე, ერთი შეხედვით, უსიცოცხლო საგნებსაც კი, მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო: ძაღლი, ჭიანჭველა, პეპელა, ბეღურა, ხე, ღობე, ლოკოკინა, თაგვი, ღრუბელი, მთა, ფოთოლი თუ “საიდანღაც ჩამოვარდნილი საცოდავად დაფლეთილი, დაწერილი ფურცელიც კი”. მწერლის აზრით, ყველაფერი განსაკუთრებულად უნდა შეიგრძნო, უანგარო, ლაღი, ყურადღებიანი მზერა უნდა აჩუქო, თვალი შეავლო. ნახავ, რომ ისინიც მზად არიან, შენი ჩივილი, გულისტკივილი, გაჭირვება გაიზიარონ. ვალზერისთვის გასეირნება ბუნებაში ერთგვარი თავდავიწყება იყო, სამყაროსთან შერწყმის, მისგან განუყოფლობის განცდა ეუფლებოდა. ყველაფერი ბედნიერებას ანიჭებდა. სულიერება, მადლიერება, ნდობა, ერთგულება აღავსებდა და აღამაღლებდა. ბუნების მრავალფეროვნება მას აკეთილშობილებდა, ამდიდრებდა, ახალისებდა და ერთგვარ გასხივოსნებას იწვევდა. ეს ექსტაზს ემსგავსებოდა: “სოფელი, ხალხი, ხმები თუ ფერები, სახეები თუ მოჩვენებები, ღრუბლები თუ მზის ნათება ისე ტრიალებენ ჩემ ირგვლივ, როგორც ჩრდილები”. ვალზერი ოცნებობდა, ტყეში მშვიდი, პატარა საფლავი ჰქონოდა, რათა ეგებ მაშინაც მოესმინა ჩიტების ჭიკჭიკი და ტყის შრიალი.

მოთხრობა “მარიაში” საუბარია ბედნიერების ძიებაზე. ვალზერის აზრით, ადამიანთა სწრაფვა ბედნიერებისაკენ ბევრად უფრო მშვენიერია, უფრო მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და სასურველი, ვიდრე თვით ბედნიერება. მოთხრობის გმირი მწერალია და ფიქრობს, რომ რაც სათუთი და ნაზია, იმაზე დუმილი აჯობებს. ერთი გასეირნებისას იგი შეხვდება იდუმალებით მოცულ ქალს, მარიას, რომელიც მისთვის მარადქალურობის სიმბოლოდ იქცევა. ამ შეხვედრას ერთგვარი რომანტიკულ_მისტიკური ელფერი აქვს: “რაღაც გაურკვეველმა ძალამ, დიდებულებამ თუ მშვენიერებამ მაიძულა, ჩუმი, მშვიდი ხმით უცხო ქალისთვის მეთქვა: მე შენ მიყვარხარ. წამიყვანე, საითაც გინდა, მთელი ჩემი სული და გული შენთვის მომინდვია”. ეს პაემნები გმირს მთლიანად უცვლის სამყაროს და ჯადოსნურ წუთებს განაცდევინებს. ეს არის შეხვედრა მისივე ფიქრებით მოქსოვილ ქალთან. ამ შემთხვევაში იგი პიგმალიონს ედარება, საკუთარი ხელით გამოქანდაკებული ქალი რომ შეუყვარდა. მოთხრობაში ამ ქალთან შეხვედრები აღწერილია ისე, თითქოს სამოთხეში ადამ და ევას ვუცქერდეთ. საღამოს ღრუბლები ვარდისფრადაა შეფერილი და ირგვლივ ყოველივეს შეურყვნელობისა და სიწმინდის ნიშანი აქვს. ერთ დღესაც მარია გაქრა, მხოლოდ და მხოლოდ საამო სურნელი, ბულბულის ხმა, საოცარი სურათი, პეპელასავით მოგონება დაუტოვა გმირს. ეს მოგონება საღამოს მონაბერ ნიავს ჰგავდა. მასთან ერთად გაქრა თითქოს ყველაფერი და გმირი მიხვდა, ამიერიდან მისი ცხოვრება მარიას, ესე იგი, ამაღლებულის, მიუწვდომელის ძიებაში გაილეოდა და მასთან მიახლოების ილუზია მიანიჭებდა გამოუთქმელ ნეტარებას.

კარლ ზელიგი რობერტ ვალზერს  თითქმის  20 წლის განმავლობაში ხვდებოდა და მასთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი შთაბეჭდილებებს დღიურში იწერდა. საბოლოოდ, შესანიშნავი წიგნი გამოუვიდა, “გოეთეს საუბრებს ეკერმანთან” რომ ჩამოჰგავს. ზელიგი ჩასწვდა ვალზერის სულს  და მკითხველს დაუხატა მწერალი უშუალო, ჩვეულებრივ ვითარებებში. ვალზერმა სიცოცხლის ბოლო წლები  სულიერად დაავადებულთა გამაჯანსაღებელ სანატორიუმში გაატარა. ზელიგი მისი მეურვე გახლდათ და დროდადრო ხვდებოდა, ორი მონათესავე სული ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე ესაუბრებოდა, მათ შორის რა თქმა უნდა, უპირველესად, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. აი, ვალზერის რამდენიმე თვალსაზრისი ამ საუბრებიდან: “ხელოვანს ტალანტი არას არგებს, თუ სიყვარული აკლია”, “ხელოვანმა თავისი მკითხველი უნდა აღაფრთოვანოს, ან დატანჯოს, აატიროს, ან გააცინოს”, “ადამიანს სხვების მოტყუება შეუძლია, საკუთარ თავს კი ბოლომდე ვერ მოატყუებ”, “წიგნების წერაც ისეთივე სამუშაოა, როგორც თესვა, მკა, ხვნა…”, “ნაღველი და დარდი საუკეთესო აღმზრდელები არიან”, “აუტანელია მწერალი, რომელსაც ჰგონია, რომ მთელი სამყაროს დამოძღვრა, ჭკუის სწავლება სწორედ მას დაავალეს”, “უფრო მნიშვნელოვნია, ნაკლები ილაპარაკო ღმერთზე და მეტი აკეთონ ისე, როგორც ღმერთს სწადია”. ერთი სეირნობისას ვალზერმა ზელიგს უთხრა: “ხეებს რა კარგად აქვთ საქმე, ყოველ წელს ისხამენ ნაყოფს”. ეს კი თომას მანზე საუბარს მოაყოლა, მიიჩნევდა, რომ მისი “იოსები და ძმანი მისნი” მშრალი და გამოფიტული რომანი იყო, საერთოდაც, მის გვიანდელ ნაწერებში ოთახის ჰაერი შეიგრძნობაო, ასე იცის, როდესაც მწერალი ბუღალტერივით მხოლოდ თავის საწერ მაგიდას უზის და წერსო. ვალზერი ოცნებობდა, რომ  შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გამქრალიყო. ის 1956 წელს, შობა დღეს, შებინდებისას, დათოვლილ მინდორზე გარდაცვლილი იპოვეს. თავისი წიგნებით კი ცხოვრებაში ლამაზი კვალი დატოვა.  ასევე ლამაზად ამთავრებს თავის წიგნს ზელიგი: “მკვდარი, რომელიც იქ, ფერდობზე, ზამთრის ფაფუკი ფიფქების მხიარულ ცეკვაში იწვა, პოეტი აღმოჩნდა. მწერალი, რომელიც ბავშვივით მშვიდი სამყაროსკენ, სისუფთავისკენ, სიყვარულისკენ მიილტვოდა”.

 

 

„ორგანული“ საკვები

0

პირველკურსელებთან  შესავალ კურსს ვკითხულობ. მათ  სპეციალობა ჯერ არჩეული არ აქვთ და პირველ კურსზე ზოგადი შესავალი კურსის არჩევა ევალებათ, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ტექნიკური და ჰუმანიტარული  მიმართულებით. კურსმა შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება ან გავლენა მოახდინოს, რომ უკვე დარწმუნებულს, აზრი შეაცვლევინოს და მისი ბედი სხვა სპეციალობასთან  დააკავშიროს. ასე ხშირად მომხდარა, სტუდენტი, რომელიც დარწმუნებული ყოფილა პროფესიის სისწორეში, შემდეგ ცხოვრების საქმედ ბიოლოგიას ან ეკოლოგიას ირჩევდა. აქ უნდა განვმარტო, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ქიმიის სპეციალობა არ არის, თუმცა თანამედროვე ბიოლოგია ფაქტობრივად ქიმიაა და ქიმიის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ.

ისეთი სტუდენტიც შემხვედრია, ვინც თავისი პირვანდელი ჩანაფიქრის ერთგული დარჩენილა და ის საქმე აურჩევია, რომელიც თავიდანვე სურდა. შესავალი კურსი მათთვისაც გამართლებულია, რადგან ცხოვრებაში გამოსაყენებელ ქიმიას სწავლობენ. ანუ, იმ ინფორმაციას იღებენ, რომელიც მომავალში, როგორც არაქიმიკოსებს გამოადგებათ.

ჩემივე სხვა შესავალი კურსისგან  „ალქიმიიდან 21-ე საუკუნემდე“-ს გამოვარჩევდი. აქ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ალქიმიაზეც, ქიმიის განვითარებაზეც და თანამედროვე ქიმიაზეც. არადა, 21-ე საუკუნეში ქიმია ყოველი ფეხის ნაბიჯზე  გვხვდება და მისი ცნობა, ამოცნობა და სწორად მოქმედება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

აი, დღესაც სუპერმარკეტში შევედი. ამოჩემებული ადგილები მაქვს და ერთი ქსელის სუპერმარკეტებშიც კი უცვლელ ფილიალში დავდივარ. ფასები იკბინება. არადა, ევროპაში სუპერმარკეტი იაფი მაღაზიაა, ჩვენთან კი ყველაფერი ყოველთვის უკუღმაა, მაგრამ ახლა სხვა თემა გვაქვს განსახილველად.

ჰოდა, იმას ვამბობდი, შევედი სუპერმარკეტში და დავიწყე პროდუქტების შერჩევა. აი, იმ დახლზე მხოლოდ ორგანული საკვები დევს. აქეთ, „ჩვეულებრივი“ ბანანი ამდენი ლარი ღირს (ანუ, შედარებით იაფია), „ორგანულის“ ფასი კიდევ იიიიმდენია… (ძვირია ძალიან).

რა იგულისხმება „ორგანულ“ საკვებში? რას ნიშნავს „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ ბანანი? სინამდვილეში, ხომ ყველა საკვები ორგანულია. ანუ, ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, რომლებიც მომკალით და ორგანული მოლეკულებია. ასე რომ, ძვირად ღირებული „ორგანული“ და იაფი „ჩვეულებრივი“ ბანანი, სინამდვილეში ორგანული ნივთიერებებისგანაა შემდგარი.

ჰო, კიდევ ორივე ბანანი კალიუმს შეიცავს. ოღონდ, მისი კალიუმით სიმდიდრე მხოლოდ მითია. სინამდვილეში, ერთი ბანანი ჩვენთვის საჭირო კალიუმის  დღიური ნორმის მხოლოდ 10%-ს შეავსებს და დღიური ნორმის მისაღებად ერთი კილო ბანანის ჭამა მოგვიწევს. ეს კი დაახლოებით 1000 კალორიაა. კალიუმის მიღება მწვანილიდან უფრო იოლია, სადაც მართლაც დიდი რაოდენობით არის. ბანანი ასევე, ალერგიულიც ყოფილა და, ე.წ. „ჩვეულებრივი“ და არა „ორგანული“ უფრო ალერგიულიც კი შეიძლება იყოს, რადგან, სავარაუდოდ, პესტიციდ-ჰერბიციდებით არის მოწეული. თუმცა, ალერგიულობაც პირობითია და ასიდან შესაძლოა სამ-ოთხ ადამიანს გამოუვლინდეს.

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სინამდვილეში, ტერმინი „ორგანული“ პროდუქტის სისუფთავეს აღნიშნავს. იმას, რომ, ე.წ. ორგანული საკვები სინთეზური ქიმიკატების გარეშეა მოწეულ-მოყვანილი. მათში წესით, არც პესტიციდ-ჰერბიციდების, არც ანტიბიოტიკების და არც ემულგატორების კვალი არ უნდა შეინიშნებოდეს.

როგორ გავიგოთ, რომ საკვები სუფთაა? მაღაზიასა თუ ბაზარში მისულებმა, როგორ ამოვიცნოთ სუფთა პროდუქტი. შეუძლებელია… გარეგნულად ისეთი მიმზიდველია, არადა…

თუ გახსოვთ, ზაფხულის ერთ წერილში საზამთროზე ვწერდი. წავედი, შევარჩიე, ვიყიდე და ხელში მწარე და შიგნიდან აჭრელებული ხილი შემრჩა. იმავე წერილში ნიტრატების აღმომჩენი მარტივი ცდებიც აღვწერე (https://mastsavlebeli.ge/?p=18974). თუმცა, ამ ცდებს შემდეგ ჩავატარებთ, როცა უკვე ვიყიდით და მის უვარგისობას ისედაც ვნახავთ. აი, დახლზე კი წარმოუდგენელია დაბინძურებული ხილის და ბოსტნეულის ამოცნობა. თუ, რა თქმა უნდა, სუპერმარკეტში „ორგანული“ საკვებისთვის მიჩენილი ადგილიდან უუუძვირეს ფასად არ შევიძენთ.

ამ დაბინძურებული საკვების, წყლის და ჰაერის  რომ ასე გვეშინია, განა ცხოვრება სხვა მხრივ უსაფრთხოა? ველოსიპედი უფრო ჯანსაღიაო და ვსეირნობთ. არადა, მანქანასთან შედარებით გაცილებით ხიფათიანია. განსაკუთრებით, თუ მანქანებით გადაჭედილ გზაზე გადაწყვეტთ სეირნობას. თან შეჯახების ალბათობა იზრდება, თან გამონაბოლქვის სუნთქვის ინტენსიურობა.

ლიფტი ნაკლებად საშიშია? მაგრამ, ხომ დაუფიქრებლად ვიძახებთ და ვმგზავრობთ. ზოგიერთი ლიფტს ერიდება და კიბით ადი-ჩადის, მაგრამ კიბეც საშიშია. ხომ შეიძლება, თავბრუ დაგვეხვას, ფეხი დაგვიცურდეს და… ათასი რამ მოხდეს. ზოგიერთი სიგარეტს ეწევა, ზოგიც ალკოჰოლს ეთამაშება და იმ საფრთხეებზე არ ფიქრობს, რაც მათ უკან იმალება.

მოკლედ, ჩვენი ცხოვრება რისკებისგან შედგება და თითოეული მათგანი სიცოცხლეს გვიმოკლებს. ერთ ვებგვერდზე გადავაწყდი, რომ თურმე სიღარიბეში ცხოვრება სიცოცხლეს 3500 დღეს აკლებს; თუ განგებამ კაცად გაგაჩინა, მაშინ მინუს 2800 დღე. თუ კაცი ხარ და სიგარეტსაც ეწევი, მშვიდობით 2300-ო დღევ; უჰ, ასეთი კაცის ცოლი კი 50 დღით ნაკლებს იცოცხლებს; ალკოჰოლი გიყვართ? ნახვამდის 230-დღევ; თქვენს ქალაქში დაბინძურებული ჰაერია? მინუს 80 დღე; სრულყოფილი სია შემდეგ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.phyast.pitt.edu/~blc/book/chapter8.html?fbclid=IwAR0zPOhIvYe5yvYfrVMiTk3ctzx45sjeVcpb4Huj7DkEpHkcetzWmKjRV-M.

პესტიციდების საფრთხე როგორიღაა? ჯონ მაკმური „ორგანული ქიმიის“ წიგნში წერს, რომ ამერიკაში ყოველწლიურად 100 მილიონ ფუნტ (1ფუნტი=0.453592კგ) ჰერბიციდ ათრაზინს იყენებენ. მისი გამოყენება სახიფათოა, კვალის სახით რჩება გარემოში. ადამიანის და ცხოველის დაზიანებაც შეუძლია, მაგრამ ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA- United States Environmental protection Agency) არ სურს მის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან მავნებლებს  კარგად ანადგურებს და საკვებსაც დაზიანებისგან იცავს. სხვა შემთხვევაშიო, წერს მაკმური, ნათესი ვერ გადარჩებოდა და სურსათზეც ფასი გაიზრდებოდაო.

ჰო, სურსათი არ გაძვირდა, მაგრამ ათრაზინი კვალის სახით, რომ დარჩა გარემოში?

ათრაზინი, იგივე 6-იზოპროპილამინო-2-ქლორ-4-ეთილამინო-1,3,5-თრიაზინი, როგორც აღვნიშნეთ, ჰერბიციდია. თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, ლღვება  173-175 გრადუსზე, წყალში არცთუ კარგად იხსნება, უფრო ცუდად იხსნება ორგანულ გამხსნელებში. გამოიყენება ყველანაირი მავნებლებისგან დასაცავად ისეთი კულტურებისთვის, როგორიცაა სიმინდი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი. ამერიკასა და ავსტრალიაში ყველაზე მეტად იყენებენ. ევროკავშირმა 2003 წლიდან აკრძალა, რადგან გამოყენების შემდეგ, ის დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ჩამდინარე წყლებში, საიდანაც ზედაპირულ წყლებს აბინძურებდა. შეიძლება, ამიტომაც 2009 წლის მონაცემებით ამერიკის შტატების წყალი ყველაზე მეტად სწორედ ათრაზინით იყო დაბინძურებული და ის ნორმას 31-ჯერ აჭარბებდა.

ათრაზინი 1,3,5-ტრიაზინების სერიიდან 1958 წელს იქნა ლაბორატორიაში მიღებული. მას ციან-ქლორიდიდან ღებულობენ და საფეხურებირავად ამუშავებენ ეთილამინით და იზოპროპილამინით. მის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს მავნებლის ორგანიზმში სპეციფიკური ცილების დაბლოკვა, რის შედეგადაც ორგანიზმი კვდება. სარეველა მცენარეებში კი ფოტოსინთეზის პროცესი იბლოკება.

მისი ბიოდეგრადაცია ნიადაგში იწყება. აქ მასზე მიკროორგანიზმები მოქმედებენ. ნიადაგში 13-დან 261 დღემდე რჩება. სწორედ ნიადაგიდან მიგრირებს მიწისქვეშა წყლებში. წყალში მოხვედრისას დეგრადაცია უფრო ფერხდება.

ადამიანებსა და ცხოველებში ათრაზინი პირველ რიგში გავლენას ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს. შედეგად, ვლინდება ჰორმონალური დისბალანსი.

კვლევების თანახმად, ძუძუმწოვრებისთვის ლეტალური დოზაა 1-გ/კილოგრამზე (სახეობის მიხედვით). თანდართულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ  ლეტალური დოზა სხვა ნივთიერებებისთვისაც.

 

ნივთიერება გ/კგ
დარიშხანის დიოქსიდი 0.015
დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (DDT) 0.115
ასპირინი 1.1
ქლოროფორმი 1.2
რკინის (II) სულფატი 1.5
ეთილის სპირტი 10.6
ნატრიუმის ციკლამატი (ხელოვნური დამატკბობელი) 17

თუ გაკვეთილზე თავისუფალ დროს მოძებნით მოსწავლეებს სწორედ, ე.წ. „ჩვეულებრივ“ პროდუქტში შემავალ ნივთიერებებზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ დაავალოთ. რა იმალება პესტიციდების, ჰერბიციდების, საკვები დანამატებისა და ემულგატორების უკან. რას ნიშნავს „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ პროდუქტი.

 

წერილის ბოლოს ბებოს ეზოს გავიხსენებ. უფრო სწორად, წინა ეზოს გაგრძელებას, სადაც ერთ დროს მოვლილი ვენახი და ნაირ-ნაირი ხილი იყო. თავად ბებია, დამსახურებული პედაგოგი გახლდათ და ღრმა მოხუცებულიც კი თავისი ყოფილი მოსწავლეებისგან სიყვარულით სავსე ბარათებს იღებდა. ჩემთვის გასაოცარი ის იყო, ეს პედაგოგი ქალი მიწასთან როგორი სიყვარულით და ოსტატობით მუშაობდა.

ვენახის განაპირას ქართული ბალი იდგა. სიმწიფის დროს წითლად ღაჟღაჟებდა და მე და ჩიტებს ერთნაირად გვჭრიდა თვალს.

ჰოდა, სწორედ ის ბალია ჩემთვის „ორგანული“ პროდუქტის ეტალონი.

 

საოკუპაციო ხაზს მიღმა

0

დღეს ყველა ოკუპაციის შესახებ საუბრობს. ოკუპაციას აპროტესტებენ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტებიც და ის ადამიანებიც, რომლებმაც სახელმწიფოს ერთიანობის დაცვის იდეაში საკუთარი ცოდვების შენიღბვის შესანიშნავი საშუალება აღმოაჩინეს. ოკუპაციას აპროტესტებენ განათლებული, მშვიდი მოაზროვნეებიც და მუდმივ შფოთში მყოფი, გზაკვალაბნეული პირებიც. ზოგი ოკუპაციის პრობლემატიკის კომერციალიზაციას ცდილობს და პასპორტის ძვირადღირებული ყდების გაყიდვას იწყებს ან წინდებზე შესაბამისი ჰოლოგრამის გადატანით ცდილობს საკუთარი საქონლის გასაღებას. ვიღაცები უფრო შორსაც მიდიან და საოკუპაციო ხაზის არსებობას უხამსი და იაფფასიანი მეთოდებით ეწინააღმდეგებიან. პროტესტის მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანების შესახებ. ხაზს მიღმა კი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება.

ერთი უცნაური თვისება მაქვს. წიგნის კითხვისას ჩემს სიყვარულს ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იმსახურებენ ხოლმე. მაგალითად, ჯოან როულინგის ჯადოსნური ნაწარმოებიდან ჩემი რჩეული ტრანსფიგურაციის განუმეორებელი პროფესორი, მისის მაკგონაგელი გახლდათ. კატად გადაქცევის უნარის მქონე გამოცდილ პედაგოგზე გაცილებით ადრე ჩემი ყურადღება სხვა ქალმა დაიმსახურა. დღემდე დატყვევებული ვარ ვაჟა-ფშაველას გენიალური პოემის „ბახტრიონის“ ერთ-ერთი გამორჩეული გმირით. ის საზოგადოებაში დადგენილ წესებს ბრმად არ ემორჩილება. მისი საზოგადოებრივი გავლენის ქვეშ მოქცევა ძნელია. მას ყველაზე უკეთ ესმის ბიბლიური იგავი შაბათის შესახებ, რომლის მიხედვითაც წესები შეიძლება დაირღვეს საღვთო საქმის აღსრულების მიზნით. ალბათ, მიმიხვდით, რომ სანათაზე გესაუბრებით. სანათამ უიმედობისა და გაპარტახების პერიოდში მიიღო გაბატონებული წესრიგისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება და წინააღმდეგობის ფასად მაინც შეასრულა ღვთის წინაშე ადამიანთა მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობა. თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა სანათას სულისკვეთების ადამიანები, ზეწოლისა თუ წნეხის მიუხედავად, მაინც ცდილობენ საზოგადოებისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმას.

გსმენიათ თამარ მეარაყიშვილის შესახებ?

თამარ მეარაყიშვილი ახალგორში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ოთხი საქმე აღძრა. ქალს დოკუმენტების გაყალბებაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მმართველი ძალის წინააღმდეგ მოქმედებასა და, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიმართ ცილისწამებაში ედება ბრალი. სეპარატისტული რეჟიმი არ მორიდებია თამარის დაკავებას, ცხინვალის იზოლატორში მის დაკითხვას. მილიციის მუშაკები დამნაშავედ გამოცხადებულ მეარაყიშვილს ხშირად ემუქრებიან, მისი უსაფრთხოება გარანტრებული არ არის, თამარს ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დადანაშაულებულმა მოქალაქემ რეგიონი დატოვოს და საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში გამოიქცეს. ახალგაზრდას საკუთარ რაიონში გადაადგილებაც კი უჭირს, ის სოფლიდან შორს წასვლასაც ერიდება, რადგან ყოველ წუთს შეიძლება ვერაგი პროვოკაცია მოუწყონ და შემთხვევა საბედისწეროდ დასრულდეს.

რას ერჩიან თამარ მეარაყიშვილს?

ახალგორელი ჩაბმულია სამოქალაქო ატივიზმში. აქტივისტი რეგიონში არსებული ყველა პრობლემის შესახებ საუბრობს. იგი ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალურ ქსელებს, ქართულ და რუსულენეოვან დამოუკიდებელ გამოცემებს იყენებს.

მეარაყიშვილი ხშირად სვამს აქცენტს ახალგორში მცხოვრები ქართული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. რეგიონის ფაქტობრივი ხელისუფლება მშობლიურ სოფლებში ქართველებს მეხუთე კოლონად განიხილავს და მათ იზოლაციას, გარიყვას ცდილობს. ცხინვალელმა სეპარატისტებმა საუკეთესო აფხაზური პრაქტიკა გაიზიარეს და საშუალო სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება უკანონო საქმიანობად გამოაცხადეს. ხანდახან საბავშო ბაღის აღსაზრდელებსაც არ პატიობენ ქართულ ენაზე წამოცდენებს.

მეარაყიშვილის ყურადღებას მხოლოდ შევიწროებული ქართველები არ იმსახურებენ. ის მრავალეროვანი ადგილობრივი საზოგადოების საერთო გასაჭირსაც განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს. ადგილობრივი ადმინისტრატორების კორუფციული გარიგებები, წყლის გადაკეტვის, გზის ჩახერგვის საკითხები ახალგორელის წყალობით უმალვე ხდება მთელი კავკასიისათვის დეტალებში ცნობილი.

ადამიანის უფლებების დარღვევისა და კომუნალური პრობლემების მოუგვარებლობის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის გამო თამარ მეარაყიშვილს მუდმივი დევნის პირობებში უწევს ცხოვრება, მაგრამ ის არ ტყდება. თამარი ფაქტობრივად ერთადერთი საჯარო ფიგურაა, რომელიც დანარჩენ საქართველოს ახალგორთან აკავშირებს. წესით ის მოსწავლეთა სასახლეს უნდა ხელმძღანელობდეს და გაცილებით უფრო მშვიდ გარემოში ცდილობდეს საკუთარი სამოქალაქო ღირსების წარმოჩენას, მაგრამ მას, სანათას მსგავსად, განსაკუთრებულ ვითარებაში მოღვაწეობა უწევს და, გაბატონებული რწმენა-წარმოდგენების მიუხედავად, მაინც აკეთებს საქვეყნო საქმეს.

 

გილოცავთ შობა- ახალ წელს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო,  ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”,  სამეცნიერო -რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!

წარმატებას გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!
თქვენს პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
გმადლობთ, იმ ღვაწლისათვის, რომელსაც ღირსეულად ეწევით.
გისურვებთ კეთილდღეობასა და წინსვლას.
ახალი წელი ყოფილიყოს სიხარულის, მშვიდობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი.

ახალი წელი დაუვიწყარ მოგონებად რომ იქცეს…

0

გადავწყვიტე ჯადოსნური წერილი დამეწერა, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ახალი წელი ჯადოსნურია. ვიფიქრე, მოდი დავწერ ისეთ სტატიას მშობლებს სასწაულების არსებობაზე რომ დააფიქრებს, სიხარულს მოჰგვრით, მერე ამ განწყობას შვილებს რომ გაუზიარებენ და მათ ოჯახში რაღაცნაირად  ახალი წლის და შობის ის დიდებული სული დაისადგურებს, რომელსაც ყოველ წელს ველით და ხანდახან ისე ჩაგვიქროლებს ვერც კი ვამჩნევთ ხოლმე. ან ისე ვართ დაკავებულები საახალწლო ჭამა-სმაზე და საყიდლებზე ზრუნვით, რომ ეს დიდებული სული თავს დიდებულად სულ აღარ გრძნობს და სადღაც ოთახის, რომელიღაცა კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიიკუნჭება ხოლმე. საბოლოოდ ისე ჩაგვიქროლებს რომ, აუარებელი ბრჭყვიალა ნივთისგან  და სასუსნავ-ტკბილეულისგან გამოფხიზლებულებს სევდა გვეუფლება, ნუთუ ასე უცებ დასრულდა, ის რასაც მთელ წელი ველოდით…

აი, ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ჯადოსნურ ახალ წელს, მოგონებებს ბავშვობაში გადავყევარ, იმ ცივ, უშუქო და უსახსრო ოთხმოცდაათიანებში.

ჩემი ბავშვობის ზამთარი თოვლიანი იყო, უზარმზარი ფანტელებით და ყინულის ლოლოებით სავსე. დღეები იყო თეთრი და მხიარული.  უზარმზარ ეზოში, სადაც მუხლამდე თოვლი იდო, მე და ჩემი და დილიდანვე ვიწყებდით საქმეს:  თოვლის კაცის შენებას – რომელსაც ცივ, გაყინულ მიწაში ჩარჩენილ სტაფილოებს ვუკეთებდით ცხვირად, თვალებად კი შემოდგომიდან მორჩენილი ნახშირის ნატეხებს. შემდეგ ვიწყებდით დამტვრეული ყინულებით თამაშს, რომლებიც თითქოს უმარავი მბზინვარე ალმასი იყო, ახლაც მახსოვს, ის სიცივე და სისველე ხელის გულზე – ყინულისგან რომ ვგრძნობდი.

ბებიას მოქსოვილი ხელთათმანები გვეცვა, რომლის თითოეული სათითური მოქარგული  და პერსონაჟებად ქცეული იყო, ბერა თითი: მსუქანი ლოყებწითელა ბიჭუნა, საჩვენებლი – ყვითელი ძაფისგან დანწულ ნაწნავებიანი, ცისფერთვალება გოგო, ნეკა – პატარა, თოთო ბავშვი, თოვლის მოსვლის სიხარულს ამ საოცარი ხელთათამანების ჩაცმის სიხარულიც შეერწყმებოდა ხოლმე.

საღამოობით უკვე ციგაობა იწყებოდა გარეთ უბანში, ამას მოსდევდა გუნდაობა, სრიალი… შებინდებისას დაღლილ-დაქანცულები ღუმელთან რომ ვთბებოდით, თან პიტნის ჩაის მივირთმევდით – ვიყავით უზომოდ ბედნიერები და ცხადად ვგრძნობდი, რომ სადღაც ჩვენს შორის ახალი წლის ის დიდებული სულიც მიირთმევდა ჩაის, წერილის დასაწყისში რომ ვახსენე.

მოკლედ, ჩემს ბავშვობაში ამ დიდებულ სულს თოვლით ვეპატიჟებოდით და ღუმელთან ვათბობდით. შემდეგ იწყებოდა ახალი წლისთვის მზადება.  სხვენიდან ძველის ძველი სათამაშოების ყუთი ჩამოგვქონდა, ულამაზესი შუშის სათამაშოებით – რომლებსაც არა მხოლოდ ნაძვის ხეზე, ჭაღებზეც ვკიდებდით. ზოგიერთი ტყდებოდა, მაგრამ კი არ ვნაღვლობდით, პირიქით გვიხაროდა – წვრილად ვფხვნიდით და ჩვენს მიერ მომზადებულ დეკორაციებს ვაბრჭყვიალებდით.

ნაძვის ხის ქვეშ მე და ჩემს დას მთელი სამყარო გვქონდა მოწყობილი: სანთლის ფიფქიითა და ბამბის თოვლის პაპით, „აინთე-ჩაიქრე სახლით“ (რომლის ფანჯრებშიც სულ ვიჭყიტებოდით გვაინტერესებდა შიგ რა ხდებოდა, რადგან დაზუსტებით ამას ვერ ვხვდებოდ ამ სახლის ამბებს ჩვენ თავადვე ვიგონებდით), შეგვეძლო მთელი დღე აქ გაგვეტარებინა და ნაირნაირი სცენარები მოგვეფიქრებინა ჩვენი თამაშებისთვის.

31 დეკემბერი საახალწლო კოსტიუმების შექმნით იწყებოდა, აუცილებლად მოსასხამები და გვირგვინები, ნიღბები და ბროშები. გადმოვიღებდით ბებიაჩემის ნაჭრებს ან კაბებს, დავჭრიდით, ავასხამდით რეზინზე, დავაკერებდით წვიმებს, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ ფიგურებს და მზად იყო. ამასობაში ღუმელში ნამცხვარი ცხვებოდა, გოზინაყი იჭრებოდა და საცივი თუხთუხებდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კი საღამოს ხდებოდა. სწორედ ეს რაღაც იყო და არის მიზეზი რომ ახალ წელს მუდმივად სასწაულის მოლოდინში ვარ და დღესაც ზუსტად ის, ბავშობისდროინდელი განცდა მეუფლება.

ამ საღმოს პაპაჩემი აუცილებლად გაქრებოდა, ყოველთვის რაღაც საქმე ჰქონდა: მეგობრის მონახულება, შუშხუნების მოტანა თუ თოვლის გადახვეტა. და აი, ამ დროს როდესაც პაპაჩემი წავიდოდა, სახლის კარებზე კაკუნი გაისმოდა, რაღაცნაირად მძიმედ, დაყოვნებებით. გული მიჩერდებოდა და ჟრუანტელი მივლიდა, უკვე ვხვდებოდი ვინც იყო. ძალიან მერიდებოდა კარების გახსნა, ამიტომ ან დედა ან ბებია აღებდა და ჩვენს წინაშე თოვლის პაპა წარდგებოდა მთელი თავის დიდებულობით: მუხლამდე წვერით და თეთრი მოსასხამით, დაქარგული ხურჯნით, ხელში კი მძიმე, გრძელი ჯოხით. ეს რაღაც საოცრება იყო, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ იმ გრძნობას, რაც მაშინ გვეუფლებოდა, სიხარული, ბედნიერება, სასწაულის განცდა. მთელი ოჯახი მის გარშემო ვიყრდით თავს და იწყებოდა საუბარი – ხუმრობებით, ამბებით, სიცილით და რა თქმა უნდა საჩუქრებით.

საჩუქრები იყო ძალიან ცოტა და იაფასიანი: ხელით ნაქსოვი წინდები, ტკბილეული, ჩურჩხელები, თიხის სუვენირები (იმ დროინდელი მარწყვის გოგონა დღემდე შენახული მაქვს და ჩემს ვიტრინაში საპატიო ადგილს იკავებს), მაგრამ განცდები იყო სამაგიეროდ საოცარი, იყო აღმაფრენა,  ბედნიერების შეგრძნება და სასწაულების რწმენა. რა თქმა უნდა გუმანით ვხვდებოდით რა კავშირი იყო პაპაჩემის გაქრობასა და თოვლის პაპას სტუმრობას შორის, თუმცა ამას არ ვაღიარებდით და ერთხელ როდესაც მისი ბამბის წვერის ნაგლეჯი ჩემს ნაძვის ხეზე აღმოვაჩინე, მთელი წელი სათუთად ვინახავდი რომ შემდეგ წელს დამებრუნებინა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ბედნიერი დღეები მე ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს. გავიდა დრო, დიდი დრო. პაპა და ბებია აღარ არიან, თოვლიც აღარ მოდის. ის ხელთათმანებიც დაპატარავდა და გაცვდა, ახალი წლისთვისაც ცოტა სხვანაირად ვემზადებით. მაგრამ იმ დღეების სხივი დღესაც მათბობს და მაგრძნობინებს ახალი წლის სულს. მხოლოდ მოგონებებიც კი საკმარისია რომ სასწაული შევიგრძნო და მისი მჯეროდეს.

დღეს როდესაც მშობლები ბჭობენ, საკუთარ შვილებს რომელ ასაკში აუწყონ რომ სანტა არ არსებობს, გულში რაღაცნაირი სევდა მეუფლება, ეს ის საკითხია, ასეთი ხელოვნური და რაციონალური გადაწყვეტილება რომ არ უხდება, ეს თავისთავად ხდება, მაშინ როდესაც უნდა მოხდეს. როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, იმისთვის თოვლის პაპის არსებობა დამეჯერებინა, მე მაინც მჯეროდა და მოუთმენლად ველოდი და შეიძლება ითქვას, დღესაც მჯერა და ველი, იმ მძიმე ნაბიჯების ხმის გაგონებას, იმ შეყოვნებულ კაკუნს კარზე ჩემს ცხოვრება სასწაულის, ოქროსფერი ძაფით რომ მოუქარგავს. ეს ხომ მხოლოდ პერსონაჟი კი არ არის, ჩემი ბავშვობაა, უსაყვარლესი ადამიანებით, მათი ღიმილით და სითბოთი სავსე. რაღაცები გვცვლიან, რაღაცები გვაკეთილშობილებენ და უკეთესებად გვაქცევენ, პირველ რიგში კი ეს რწმენაა, რწმენა სიკეთის, ბედნიერების და სასწაულის არსებობის.

ძალიან გამიგრძელდა ჩემს მოგონებაზე წერა, მაგრამ მინდა რაღაცნაირად დაგანახოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს ასეთი ჯადოსნური მოგონებები დავუტოვოთ – რასაც სულ არ სჭირდება ძვირადღირებული სათამაშოები, მობილურები და საჩუქრები, მნიშვნელოვანია რიტუელები და ჯადოსნურობის განცდა. მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები, ღიმილი, სიხარული და საოცრების მოლოდინი.

ახალი წლისთვის მზადება აუცილებლად ერთად დაიწყეთ, სათამაშოების შექმნაც ერთად შეგიძლიათ: ერთ ჭიქა მარილს და ერთ ჭიქა ფქვილს წყალთან ერთად თუ მოზელთ, მშვენიერ საძერწ მასალას მიიღებთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება და ნაძვის ხის სათამშოების თუ სხვა სუვენირების გამოძერწვა ერთად შეგიძლიათ, გაშრომის შემდეგ გუაშებით შეღებეთ და უკვე მზადაა.

ბავშვებს მოუწყვეთ ან მიეხმარეთ ნაძვის ხის ქვეშ ჯადოსნური სამყაროს შექმნაში, რომელიც დეკორაცია კი არ იქნება, არამედ ითამაშებენ კიდეც. თავდაპირველად თქვენ მიეხმარეთ და მერე დამიჯერეთ, თავად გააგრძელებენ.

ერთად შექმენით ლამაზი, ბრჭყვიალა საახალწლო აქსესუარები, ნიღბები, კოსტიუმები.

სადმე მოაგროვეთ გირჩები, ტოტები, წიწვები და შექმენით საშობაო გვირგვინები, სათამაშოები.

თავად დაამზადეთ სანთლები – ჩველუებრივი სანთლები დაადნეთ ორთქლზე, აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა ან ქილა გვერდებზე  ქაღალდის წებოთი მიაწებეთ ყვავილის ფურცლები, ფოთლები, ნახატები, დეკორაციები, ძირზე ძაფი დაუმაგრეთ (რომელსაც შემდეგ აანთებთ ) და გამდნარი სანთელი ნელ-ნელა ჩაასხით.

წინა დღეებში ისეირნეთ ერთად, მოუყევით ამბები თქვენს შობებზე და ახალ წლებზე.  ახალი წლის ღამეს საჩუქრების გადაცემის რიტუალი საინტერესოდ დაგეგმეთ, თუნდაც თოვლის კაცად ან ქალად გადაცმით ან სახლში სხვადასხვა ადგილას დამალვით და პატარა თამაშის მოწყობით, რომ თავად იპოვონ და გამოიცნონ თუ რა საჩუქარი შეხვდებათ.

თუ კი გყავთ, აუცილებლად მოიწვიეთ პაპები და ბებიები, დამიჯერეთ თქვენი პატარებისთვის მათთან ერთად ახალ წელთან შეხვედრა – ძალიან მნიშვნელოვანი და წარუშლელი შთაბეჭდილება იქნება.

რა თქმა უნდა ჩართეთ საახლწლო სიმღერები, აანთეთ ბევრი სანთელი, ააბრჭყვიალეთ და გაანათეთ სახლი და ეს იქნება ყველაზე, ყველაზე საოცარი, ჯადოსნური მოგონება თქვენი შვილისთვის, რომელსაც წლების შემდეგ გაიხსენებს, მაშინ როდესაც დარდიანი იქნება – ბედნიერება დაუბრუნდება, როდესაც თქვენ მოენატრებით – დამშვიდდება, როდესაც სადღესასწაულო განწყობას დაუწყებს ძებნას – იპოვის, და როდესაც გადაწყვეტს სტატიის დაწერას, ეს ყველაფერი ამოუტივტივდება და თავს შეახსენებს, ახალი წლის ჯადოსნური სული, კი იქვე ახლოს ეყოლება, ლეპტოპთან ჩამომჯდარი და ძველი მოგონებებით გაბრუებული.

 

 

რუსთველი სტუმრად მეათე კლასში

0

კლასიკის მარტივი განმარტება ყველამ იცის: ის, რაც მოდიდან არ გადადის… მაგრამ მაინც: რა ფენომენია „ვეფხისტყაოსანი?“ სულ პირზე გვაკერია, ამ პოემის სამყაროში ვტრიალებთ 9 საუკუნეა, მაგრამ ის მაინც ენიგმაა, მაინც ფანტომია, მაინც მისიტიკაა, მაინც ხელუხლებელი პლანეტაა, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ყველას შთააგონებს, მათაც, ვინც პირველად კითხულობს და მათაც, ვინც მეათასედ უბრუნდება, რადგან მისგან ვერსად გაიქცევი, ის სულ გიხმობს, სულ გიზიდავს და სულ გაოცებს… ადამიანებს კი ყველაზე მეტად ის გვიყვარს, ვინც (რაც) გვაოცებს…სულ ახალია… სულ კითხვებს ბადებს… მილიონ კითხვას სვამენ ბავშვები, როცა მის ტექსტზე ვმუშაობთ…

ამასწინათ ერთი ტელეგადაცემის ვიდეოვერსია ვნახე, სადაც სამი ცნობილი და პატივცემული ადამიანი რუსთველის პოემის პრობლემებზე საუბრობდა… შე-ვით-ვატყევ (რუსთველისეული ზმნაა), მათ არაფერი იციან ამ პოემის შესახებ. კადნიერებაა თქმა იმისა, რომ მე ვიცი რამე „ვეფხისტყაოსანზე“. თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და საუკეთესო რუსთველოლოგები მასწავლიდნენ ძველ ქართულ ლიტერატურას, მოგვიანებით სამეცნიერო მუშაობაც დავიწყე და ხარისხიც მივიღე, მაგრამ არც ესაა არაფერი ამ პოემის სიღრმეებში წვდომისათვის. აქვე დავასახელებ ხუთ ადამიანს, ვისგანაც ყველაზე მეტი ვისწავლე „ვეფხისტყაოსანზე“: ვიქტორ ნოზაძე, რევაზ სირაძე, ზვიად გამსახურდია, სარგის ცაიშვილი და ნოდარ ნათაძე… ოთხ მათგანს პირადად შევხვედრივარ და მომისმენია მათთვის ლექციასა თუ კერძო საუბარში. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი. ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველება“, რომელიც 1953 წელს ბუენოს-აირესში გამოიცა, თვისობრივად ახალი სიტყვაა რუსთველოლოგიაში, ხოლო ზვიად გამსახურდიას წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“, ვფიქრობ, რომ რუსთველოლოგიაში ყველაზე მრავალშრიანი და სრულქმნილი სამეცნიერო ნაშრომია. ამ წიგნისთის ზვიად გამსახურდიამ დაუცველად, ჰონორის კაუზას წესით მიიღო სამეცნიერო ხარისხი. რამდენადაც მახსოვს, ის დოქტორის ხარისხის მისაღებად სარგის ცაიშვილმა და რევაზ სირაძემ წარადგინეს.

არაფერს ვიტყვი აწ განსვენებული სარგის ცაიშვილისა და რევაზ სირაძის ლექციებზე, სადაც სტუდენტები ვახერხებდით ფრენას რუსთველის ფერად სამყაროში, ხოლო ნოდარ ნათაძის ღვაწლი ტექსტის დადგენის, რედაქტირებისა და განმარტების საქმეში ნამდვილად ფასდაუდებელია. არასდროს დავიღლები ამ ადამიანებისთვის პატივის მიგებით, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ თუ რამე ვიცი ამ ენიგმატურ, მისტიფიცირებულ ტექსტზე, ისევ და ისევ ამავე პოემამ მასწავლა. ის თავის წიაღში გაცხოვრებს, გაცოცხლებს და გზრდის, გწრთვნის. მისი განუწყვეტელი კითხვა იძლევა მისი გაგებისთვის აუცილებელ იმპულსებს. რუსთველი ქმნის და რუსთველივე ხსნის ყველა იმ შიფრ-კოდს, რომლითაც დაშიფრულია პოემის ტექსტი. ჩემთვის „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად გატარებული ყოველი დილა და ყოველი ღამე მზიანი და ნათელი იყო. ადრე მე ის არ მესმოდა და ნიკო მარივით ათას სიშლეგეს ვამბობდი მასზე, მაგრამ მერე ნიკო მარივით მოვინანიე ყველა გაუცნობიერებელი ფრაზა… ის ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი უგონო სიყვარულია… არასდროს არავინ მყვარებია ხელოვნებაში ასე თავგამეტებით, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის ფერად სამყაროში უამრავი „შეყვარებული“ მყავს. ჰოდა, როცა შეყვარებული ხარ, ყოველგვარი სასწაულიც ხომ მაშინ ხდება? ჩემს სასწაულზეც მოგიყვებით: ამასწინათ, როცა მეათე კლასში „ხელი“ რუსთველის ტექსტის სწავლებას ვიწყებდი და პოემის პროლოგი უნდა ამეხსნა, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა:

  • გინდა დაგეხმარო გაკევთილის დაგეგმვაში?

რატომღაც არ გამკვირვებია მისი გამოჩენა და ჯერ ქება თავისივე სიტყვებით ვუთხარი:

„გეტყვი: მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო,

შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,

მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,

თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო“…

  • ოჰ, კარგი ნუ აჭარბებ! – თქვა მან – დროა, საქმეზე გადავიდეთ, მე მინდა, რომ შენ ბავშვებს გაკვეთილზე გააცნო ლექსთმცოდნე რუსთველი, რადგან შაირობის რაობის ახსნა ამის გარეშე მოსაწყენი სქოლასტიკა იქნება და ბავშვები არ მოგისმენენ…
  • მოიცა, მოიცა… – შევაჩერე ეს „ხელი“ კაცი, – ლექსთმცოდნე რუსთველი საიდან მოვიყვანო? ალქიმიაზე ბევრი წამიკითხავს, მაგრამ ქრისოპოეია ჩემთვისაც ისევე მიუღწეველი რამ არის, როგორიც შუა საუკუნეების ალქიმიკოსებისთვის იყო… თვით მეოცე საუკუნის ენიგმა, ფულკანელიც რომ გავხდე, რუსთველს საკლასო ოთახში საიდან შევიყვან?..
  • ეჰ, როგორ გამიცრუე იმედი! – ოხვრას გულიც ამოაყოლა შოთამ, – არ მეგონა, თუ ასეთი მწირი ფანტაზია გექნებოდა… აქაოდა ლიტერატურა მიყვარსო, უკიდეგანო ფანტაზია მაქვსო, სულ ეს არის შენი ფანტასმაგორიები? რუსთველი თუ არ გყავს, შენ უნდა შექმნა… და რამდენი მოსწავლის ანთებული თვალები შემოგყურებს და ელის შენგან რაღაც საოცარს? გაკვეთილი-ფანტაზიისთვის დაგჭირდება სულ სამი-ოთხი მოსწავლე-ასისტენტი, დანარჩენები კი ისე ჩაერთვებიან, გაკვეთილის დამთავრებაზე უარს იტყვიან და როცა ზარი დაირეკება, კიდევ შემოგეხვეწებიან, მასწავლებელო, ფანტაზიორების გაკვეთილს კიდევ როდის ჩავატარებთო? აბა, შენ იცი… მე კი ამჯერად დაგტოვებ და თუ დამანახებ, რომ რამე საინტერესოს და ახალს შექმნი შენს გაკვეთილზე…

ის წავიდა. როგორც მოულოდნელად გაჩნდა, ისევე მოულოდნელად გამიქრა თვალთახედვიდან…

ეს პარასკევს იყო. იმავე საღამოს ჩემს მოსწავლეს, სანდროს, დავურეკე და შაბათს სკოლაში შეხვედრა ვთხოვე. ლუკა, ნინი და ლილე კი ისეთ დროს დავიბარე, რომ სანდრო უკვე წასული იყო და მათთან კრინტიც არ დამიძრავს სანდროსთან ჩემი შეთანხმების შესახებ. სანდრომ მითხრა, რომ რუსთველის კოსტიუმის და მაკიაჟის ამბებს ის უჩემოდ მოაბამდა თავს და წინა დღეს ფოტოს ჩამიგდებდა ფეიბუქის მესენჯერში… მე მხოლოდ ის ვურჩიე, რომ ხმა უნდა შეეცვალა და ბოლომდე ვერავის ეცნო კლასელთა შორის… ჩემი ახალი „რუსთველი“ ისე დამემშვიდობა, სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა და თვალებიც უცნაურად უკიაფებდა… ლუკას, ნინის და ლილეს კი ვუთხარი, პროლოგის მე-12-19-ე სტროფები ყურადღებით წაიკითხეთ, წარმოიდგინეთ, რომ გაკვეთილზე რუსთველი გამოგვეცხადა და შაირობაზე პოეტის შეხედულებებში ცხარედ შეეკამათეთ, არ დაზოგოთ-მეთქი…

ორშაბათს ახალბედა მასწავლებელივით ვღელავდი. სია უჩვეულო ბორძიკით ამოვიკითხე, სადნროს რომ მივადექი, მისმა მერხის მეზობელმა ნიკამ მითხრა: მას, სანდრო ავად არის, წუხელ დამირეკა, სიცხე აქვს და დღეს ვერ მოვიდაო. ბავშვებს გაკვეთილის გეგმა გავაცანი. შაირობაზე პოემის პროლოგის რვა სტროფში გაცხადებული პოეტის შეხედულებები უნდა აგვეხსნა და დისკუსია გაგვემართა. გამოწვევის ფაზას მოსდევდა მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ლექციური ნაწილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ბევრი ახსნა არავის სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, თუ რა სტიქიაა და რას ნიშნავს შაირობა ანუ პოეზია რუსთველისთვის. პოეზიის არსაა და სალექსო ჟანრებზე საკუთარ შეხედულებებს ის პროლოგის მე-12-19-ე სტროფებში მწყობრად, სისტემურად აყალიბებს და გვევლინება ლექსთწყობის ანუ ვერსიფიკაციის საუკეთესო მკვლევრად. თანამედროვე ლექსთმცოდნეობა, რასაკვირველია, ვერ გაიზიარებს რუსთველის ზოგიერთ შეხედულებას, მაგრამ ის თავისი ეპოქის ესთეტიკიდან, გემოვნებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს, რომელთა შორისაც მთავარი გზავნილია ის, რომ შაირობა ფილოსოფიის დარგია, ვინაიდან პოეტი ისევე უნდა მიელტვოდეს სამყაროს შემეცნებას, როგორც – ფილოსოფოსი. თანამედროვე ლექსთმცოდნეობა იტყვის: ფილოსოფია მეცნიერებაა სამყაროს შემეცნების შესახებ, ხოლო პოეზია – ხელოვნება და ის ფილოსოფიის დარგად ვერ ჩაითვლებაო, მაგრამ აქ რუსთველი პოეზიის ფილოსოფიურ ხასიათს გულისხმობს. მართალია, გამოსახვის ხერხები განსხვავდება, მაგრამ მიზანი და იდეები კი ერთია… პოეზია საღმრთოა, ანუ უფლის მიერ შთაგონებულია და სულისთვის დიდად სასარგებლო რამ არის. თუმცა მის აღქმას ყველა ვერ შეძლებს, ამას მომზადებული, გემოვნებიანი მკითხველი სჭირდება, ანუ ”კაცი ვარგი”. ლექსი იმითაა კარგი, რომ ფრაზის მოხდენილად გამოთქმის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ნიკო მარი დააბნია რუსთველის ამ ორმა ფრაზამ: ”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი” და ”მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად”… ის წერდა, რომ თუნდაც ამ ფრაზებში რუსთველი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამდა… მაგრამ მარმა ვერ გაიგო, რომ აქ სხვადასხვა რამეზეა საუბარი. რუსთველი პირველ სენტენციაში ამბობს: ლექსი იმითაა კარგი, რომ ფრაზას მოკლედ ანუ მოხდენილად გვათქმევინებს, ხოლო მეორში კი გულისხმობს, რომ პოეტი არ არის ის, ვინც ვერ წერს პოემას ანუ გრძელ ლექსს.

შედარებების დიდოსტატი აცხადებს, რომ მელექსეს ისევე გამოსცდის „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა“ (ანუ ლექსის თავისუფლად, წყაროსავით გადმოდინების ნიჭი), როგორც ცხენს – გრძელ შარაზე სირბილი და მობურთალს – მოედანი. ლექსშემოლეული, სიტყვამცირე მელექსე სასაცილოა. მელექსეობა ჩოგნის ხელმარჯვედ ხმარება და გმირობაა მეტაფორულ პლანში. მოშაირედ ვერ იწოდება ერთი-ორი უმსგავსო და შორი-შორი ლექსის ავტორი, ისინი ნუ გაუტოლებენ თავს კარგ მელექსეებს, მაგრამ სწორედ ასეთებს ჩვევიათ ჯორივით ჯიუტობა –  ”ჩემი სჯობსო”…

რუსთველი გამოყოფს სამი ტიპის ლექსს: გრძელ ლექსს ანუ პოემას, მეორეა ”ლექსი ცოტაი” ანუ მცირე ფორმის ლირიკული ლექსი, სადაც ურთიერთდაუკავშირებელი ემოციები გადმოიცემა მხოლოდ და მის ავტორებს არ ძალუძთ გულის გამგმირავი სიტყვების თქმა და მესამეა სალაღობო ლექსი. ”მეორე ლექსის” ანუ ”ლექსი ცოტაის” ავტორებს რუსთველი ადარებს გამოუცდელ მონადირეებს, რომელთაც დიდი ნადირის ხოცვა არ შეუძლიათ და ხელობად აურჩევიათ ”ხოცა ნადირთა მცირეთა”.

მესამე ლექსი ანუ სალაღობო, თანამედროვე შაირი, ექსპრომტი, მსუბუქი ხასიათის იუმორისტული ლექსი, კარგია გასართობად, ამხანაგთა საქილიკოდ და საამო მოსასმენია, თუ კარგად და ნათლად არის ნათქვამი, მაგრამ რუსთველი დასკვნაში კატეგორიულია: მოშაირე არ ქვია მას, ვინც ვერ წერს პოემას. თანამედროვე ლექსმცოდნეობა არც ამაში დაეთანხმება რუსთველს. სამყარო იცნობს უამრავ გენიალურ პოეტს, რომლებმაც სახელი გაითქვეს არა პოემებით, არამედ მცირე ფორმის ლირიკული ლექსებით (თუნდაც მხოლოდ გალაკტიონი დავასახელოთ), მაგრამ ეს რუსთველის ეპოქის ესთეტიკა და სტილია. საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ამბებს, გრანდიოზულ სანახაობებს, ამაღლებულ გმირთა ფერად-ფერად თავგადასავლებს, ომებისა და გმირობების ბატალურ სცენებს მცირე ფორმის ლექსში ვერ ჩატევ, ამის გადმოცემას უთუოდ პოემა სჭირდება.

მეთვრამეტე სტროფში რუსთველი პოეტური ოსტატობის საიდუმლოებებს გვიმხელს: მელექსე ლექსს ამაოდ არ უნდა აბრკმობდეს ანუ ლექსი არ უნდა იყოს ნაჭირვები, ნაწვალები. მეორე: პოეტი უთუოდ უნდა იყოს შეყვარებული, სატრფოს აქებდეს და ამკობდეს, ამ შთაგონების გარეშე ის ღირებულს ვერაფერს შექმნის და მესამე: ის უანგარო და კეთილშობილი ადამიანი უნდა იყოს, ისე უნდა ენამუსიკობდეს თავისი სატრფოსთვის, რომ მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს…

მეცხარმეტე სტროფში კი რუსთველი საკუთარ საიდუმლოს გვიმხელს: ჩემზე კი იცოდეთ, რომ მე ისევ იმას ვაქებ, ვისაც აქამდე ვაქებდი, ეს მეამაყება და თავს არ განვიქიქებ ამის გამო, ის არის ჩემი სიცოცხლე, უმოწყალო, როგორც ჯიქი და მისი სახელი შეფარვით პოემის სიუჟეტში შევაქე…

ლექციური ნაწილი ვერ დავამთავრე, კარებზე კაკუნი გაისმა. მოულოდნელმა სტუმარმა ყველას ყურადღება მიიპყრო და ოცდაათი ბავშვის მზერა კარებთან შეჩერდა.

  • მობრძანდით! – შევძახე მღელვარებით და საკლასო ოთახში შემოვიდა რუსთველი… აი ის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე რომ ჩანს, უკვე წვეროსანი და მოხრილი…

კლასში ხმაურია, ყველას აინტერესებს, ვინ უნდა იყოს ეს უცნაური, ეპოქის კონტექსტიდან ამოვარდნილი არსება, მაგრამ ის მოულოდნელად აცხადებს:

  • იცოდეთ, ბავშვებო, დედამიწაზე ყოველგვარი სასწაული რეალურია, დროის მანქანა არსებობს, მაკა მასწავლებელთან და თქვენთან მოვედი, რომ დაგხმარებოდით ჩემი პოემის პროლოგის გაგებაში და ცხარედ გვეკამათა შაირობის რაობაზე… იმედი მაქვს, მაკა მასწავლებლის ლექციამ კითხვები აღგიძრათ და ჩემი ტექსტიც უამრავ კითხვას ბადებს… მე ხომ მისტიფიკაციის დიდოსტატი ვარ და ყველაფერი დავშიფრე, მისტიკის ბურუსში გავხვიე… თუმცა ამოუცნობიც არაფერია, უბრალოდ მახვილი თვალი უნდა…
  • ეს სანდრო კი არა, ნამდვილი შოთაა, – ვფიქრობ ჩემთვის და ვერ ვფარავ გაოცებას, ხმა მაინც როგორ შეიცვალა ასე… არა რა, გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი და მიზანდასახული მოსწავლეა, თან როგორი შემოქმედებითია, რა გარდასახვა შესძლებია… კმაყოფილი ვადევნებ თავლყურს, რა გაგრძელება მოჰყვება კლასში რუსთველის რეინკარნაციას… და აი, ლუკა წამოდგა, ნინის და ლილესაც თვალებში ცეცხლი უნთიათ…
  • თქვენ ბრძანეთ, რომ შაირობა სიბრძნის დარგი ანუ ფილოსოფიაა, რაზეც თანამედროვე მეცნიერები არ დაგეთანხმებიან, მაკა მასწავლებელმა თქვა, რომ ამაში პოეზიის ფილოსოფიურ შინაარსს და ქვეტექსტებს გულისხმობთ, რამე ახალს ხომ არ გვეტყოდით ამის შესახებ?
  • თუ მაკა მასწავლებელი ასე ამბობს, ესე იგი, ასე ყოფილა… იმიტომ კი არა, რომ მაკა მასწავლებელია უცდომელი… უბრალოდ, იცოდეთ, რომ ტექსტი მკითხველისთვის იბადება და მკითხველი აცოცხლებს მას… თქვენ რასაც და როგორც კითხულობთ, ყველაფერი ლოგიკური, გასაგები და მისაღებია.. ვინც იმას უღრმავდება, თუ რას გულისხმობს პოეტი ამა თუ იმ ფრაზაში, ის ყოველთვის პოულობს სწორ პასუხს და ეს პასუხები შესაძლოა მილიონნაირი იყოს და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ მაინც ყველაში იქნება რაციონალური მარცვალი, რადგან ერთადერთი და ურყევი ჭეშმარიტება არ არსებობს… წაიკითხეთ ჩემი ტექსტი თქვენეული მზერით და დაიწყეთ ჩხრეკა, მაკა მასწავლებელსაც მოუსმინეთ, სხვა მასწავლებლებსაც, რუსთველოლოგებსაც, სხვა დარგის მეცნიერ-მკვლევრებსაც, მერე ეს აზრები შეაჯერეთ, გაიაზრეთ და რა დასკვნებამდეც მიხვალთ, თქვენეული ჭეშმარიტებაც ის იქნება, ჩემო ძვირფასებო… მსოფლიო ფილოსოფია საუკუნეებია დასტრიალებს ოთხ კითხვას: როგორ შეიქმნა სამყარო? როგორ გაჩნდა ადამიანი? რა მისია აკისრია ადამიანს? და სად წავა მისი სული სიკვდილის შემდეგ? როგორ ფიქრობთ, ჩემი პოემა ამ კითხვებს არ პასუხობს? მე ვფიქრობ, რომ ჩემებურად პასუხობს და გამოდის, რომ ის პოეტურ ნაწარმოებთან ერთად ფილოსოფიურიც არის…
  • ნამეტნავად ფილოსოფიურია! – ეხმაურება ლუკა მრავლისმთქმელი ღიმილით და მას ახლა ნინი ცვლის:
  • შოთა, შენ ამბობ, რომ პოეზია საღმრთო, საღმრთოდ გასაგონია და მსმენელთათის დიდი მარგი, თანაც ამბობ, რომ ეამება მხოლოდ იმას, ვინც იქნება კაცი ვარგი… ამაზე რას გვეტყვი? ეს პოემა ღმერთმა გიკარნახა და შენ იჯექი, იწერდი და ითვლიდი თექვსმეტმარცვლიან სტრიქონებს თუ? ან კაცი ვარგი რაღანაირია? მე ვიქნები კაცი ვარგი?
  • ჰო, ეგ ძალიან სასაცილოა, რომ მე ვიჯექი, მარცვლებს ვითვლიდი და ზეციური მამა ამ მარცვლებს კალთაში მიყრიდა… არაერთხელ მომისმენია მსგავსი რამეები… ჰო, სიმართლე რომ გითხრა, სადღაციდან მოდის ეს მუსიკა, სადღაც გესმის, სადღაც იღვრება და მერე ფურცელზე გადმოდის, არც მარცვლების თვლა არის საჭირო და არც ნაჭირვებ-დაბრკმობილია შაირი, როცა გეწერინება, როცა გიყვარს, როცა გული საამისოდ ანთია და გონებაც მისდევს გულს… ჰო, შენ იქნები ქალი-ვარგი, რადგან ვიცი, როგორ გესმის ეს მუსიკა, როგორ ითვლი მარცვლებს და სწავლობ, მაღალია ჩემი შაირი თუ დაბალი და მერე მელოდიას აყოლებ ტაეპებს… შენ უთუოდ იქნები ქალი-ვარგი, რადგან სიყვარული შეგიძლია და შენს სულსა და გონებას ყოველთვის მოსწყურდება ჯადოსნური სიტყვები, მაგიური ლოგოსი!

ნინი სახეზე ალმურაკრული ჯდება და ცხადად ეტყობა ინტერესი, ერთი სული აქვს გაიგოს, ვინ ესაუბრება ასე გულში ჩამწვდომად… თითქოს რაღაცას ხვდება და ოდნავ იღიმება… თან რუსთველს თვალს არ აცილებს… სიტყვას ლილე იღებს:

  • რატომ ამათრახებ ასე მცირე ფორმის ლირიკული ლექსების ავტორებს? რატომ გგონია, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად?“ რატომ ამცირებ მათ და ადარებ გამოუცდელ მონადირეებს, რომლებიც „დიდსა ვერ მოჰკლვენ ნადირსა“ და „ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთა?“ რატომ გგონია, რომ ისინი ხელმარჯვედ ვერ სცემენ ჩოგანს? შენ არ მოსწრებიხარ ჩვენს დიდ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს, თორემ ნახავდი, როგორი ოსტატობით სცემს ჩოგანს და რა ჯადოქრული „ლექსი ცოტაი“ შექმნა? თან რამდენი?
  • ჩემო საყვარელო, შენი გალაკტიონი მეოცე საუკუნის ენაზე საუბრობს, 850 წლის წინ კი საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ამბებს ერთ-ორ „უმსგავსო და შორი-შორ“ ფრაზაში ვერ ჩატევდი, „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა“ იყო საჭირო… მე რა ვიცოდი, რა იქნებოდა 800 წლის შემდეგ? რა გზას გაივლიდა კაცობრიობა და რა ჯადოქრობებს იტყოდა გალაკტიონი?.. მაგრამ გჯეროდეს, მე მჯერა მისი, იმისიც მჯერა, რაც მან თქვა ჩვენზე: „რარიგ კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და… გალაკტიონი…“

ლილეს სალომე ცვლის, სალომეს – მარი, მარის – ნიკა, ნიკას – ქეთა, ქეთას – ნია, ნიას – თიკო, თიკოს – ლიზი, ლიზის – თეკლა, თეკლას – ელე, ელეს – ანა, ანას – ნოდო, ნოდოს – ბექა და ასე უსასრულოდ აყრიან კითხვებს რუსთველს, მანაც ღირსეულად გაუძლო ყველა გამოწვევას და ბოლოს, როცა თავისი მუზის და დაფარული სიყვარულის შესახებ ყვებოდა, ხმამ გასცა…

  • ეეეე, გამოვიცანი, რატომაც არაა სანდრო დღეს სკოლაში! – შეჰყვირა ოთომ და…

მართალია, ეს გაკვეთილი-ფანტაზიაა და მე ჯერ არ ჩამიტარებია, მაგრამ რაც მასწავლებლის თავში იბადება და მწიფდება, ყოველთვის ახდენილი სიზმარივით გაცხადდება ხოლმე გაკვეთილზე და მასწავლებელსაც მეტი რა უნდა? ამ გაკვეთილის გეგმა და სცენარი მილიონი ვარიაციით შეიძლება დავწეროთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა…

მე ნამდვილად ჩავატრებ ასეთ გაკვეთილს… თუნდაც მომავალ წელს, როცა ჩემი წლევანდელი მეცხრე კლასი „ვეფხისტყაოსანს“ მიადგება, როგორც ნაცნობ, მაგრამ მაინც ყოველთვის ფეხდაუკარებელ კუნძულს, რომელსაც ცხრა საუკუნეა შორიდან ვუმზერთ, ის გვატკბობს, ჩვენ მას ვუახლოვდებით და ის ყოველთვის გვიგზავნის თავისი წიაღიდან ახალ-ახალ სხივებს…შარშანწინ ილიას უნივერსიტეტში სემიოტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე წარვადგინე ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. ერთმა ცნობილმა პროფესორმა თქვა: ღმერთო ჩემო, რაღა უნდა დაიწეროს ახალი „ვეფხისტყაოსანზე?“ მაკა, რას გვთავაზობ? ხოლო როცა ჩემი მოხსენება მოისმინა თქვა, რომ ამ პოემის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ მისი ინტერპრეტაციები ამოუწურავია და მკვლევრებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, ახალი და ახალი პლასტები წარმოაჩინონ რუსთველის გენიიდან…

 

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი

0

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში იწყებს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ჩამოყალიბებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თორმეტივე რეგიონში ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბება, რომელთაც საკუთარი ვებ გვერდი ექნებათ ნორჩ ქიმიკოსთა პორტალზე. პროექტში მონაწილეობისთვის დაინტერესებული პირებმა  უნდა  გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია  და დაესწრონ სამ სამუშაო შეხვედრას.

დაინტერესებულ მასწავლებლებს მიმდინარე პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ პროექტის ვებ გვერდზე: https://chemistry.ge/projects/chemclub/index.html.

რეგისტრაცია დასრულდება 15 იანვარს.

რეგისტრაციის ბმული:  https://chemistry.ge/projects/chemclub/chem_club_reg.html

ცა სტოკჰოლმის თავზე

0

შვედეთი ბავშვებისთვის შეიქმნა.

ერთი ქვეყანა ხომ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს, სადაც ყველა მათი უფლება, სურვილი, სიგიჟე და სიხარული კეთილი ნებითაა შესმენილი და ახდენილი. ჰოდა, ასეთი ქვეყანაა შვედეთი და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ საბავშვო ლიტერატურის ქურუმებიც სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადნენ.

ასტრიდ ლინდგრენი პანთეონის თავშია. მე ვიტყოდი, კიდევ ბევრი სხვა კატეგორიის და შინაარსის პანთეონის თავში. მაგრამ ახლა მხოლოდ ლინდგრენზე არ ვსაუბრობ.

მინდა, იმ დამოკიდებულებასა და გამოცდილებზე გიამბოთ, რაც ამ ქვეყანას საბავშვო ლიტერატურის მიმართ აქვს.

ათი წლის წინ, როცა შვედეთის საბავშვო წიგნის ინსტიტუტის მიწვევით ჩემმა მეგობრებმა, საბავშვო მწერლებმა მარიამ წიკლაურმა და ირმა მალაციძემ სტოკჰოლმში იმოგზაურეს, პირველად მათი მონაყოლიდან გავიგე ამ დამოკიდებულების, საზოგადოდ, აკადემიურ დონეზე განვითარებული ამ დიდი ტრადიციის შესახებ.

მარიამი და ირმა დღემდე გაუნელებელი შთაბეჭდილებით ჰყვებიან „შვედეთის ამბებს“ და, ამ მონათხრობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ასეთ ხარისხშია მათი განათლების, გნებავთ, ყოფის, სოციალური და შემეცნებითი კულტურა – საზოგადოება ხომ ბავშვიდან იწყება. ეს დასაწყისი წესრიგშია, ამ დასაწყისზე დიდები/უფროსები ბევრს და სერიოზულად ფიქრობენ.

მთავარი ცენტრი კი შვედეთის წიგნის საბავშვო ინსტიტუტია, რომელიც სტოკჰოლმში 1965 წელს შეიქმნა. მას განათლების სამინისტრო აფინანსებს.

ინსტიტუტში, დღეის მონაცემებით, 95 000 წიგნია დაცული, რომლებიც საბავშვო ლიტერატურას ეხება. ესაა სამეცნიერო ნაშრომები, ესეები, კრიტიკა – ანუ მრავალწლიანი დისკურსი საბავშვო ლიტერატურის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი საბავშვო წიგნი შვედურ ენაზე 1601 წელს გამოიცა, ადვილია იმ დინამიკის წარმოდგენაც, რაც ამ მრავალსაუკუნოვან ტენდენციას გასდევს.

ინსტიტუტის ცენტრალურ დარბაზში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ერთი მხიარულღიმილიანი, ულვაშა და კეთილთვალება კაცის ფოტო ჰკიდია. ეს ლეონარდ ჰელსინკია – ცნობილი შვედი საბავშვო პოეტი, აბსურდისტი, მოაზროვნე და დიდი ბავშვი, რომელმაც 90 წელი იცოცხლა და თავისი ბიბლიოგრაფია, 2500 წიგნი, სიცოცხლეშივე საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტს გადასცა. ჰელსინკზე ამბობენ, რომ ის ინსტიტუტის კეთილი სულია, ყველაფერი მისი იდუმალი და კეთილშობილი ენერგიითაა გაჟღენთილი და დღემდე ეხმარება თანამშრომლებს ახალი იდეებისა და ინიციატივების მოფიქრებაში.

ინსტიტუტში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკას – აღრიცხავენ არათუ წიგნებს, არამედ ნორმატიულ მონაცემებსაც, მაგალითად, რამდენი გოგონაა და რამდენი ბიჭი წიგნში, როგორია ოჯახი, არიან თუ არა წიგნში შშმ ბავშვები, რა ადგილი უჭირავს იდენტობის, დიასპორის, ბულინგის თემებს და ა.შ

ეს შედეგებიც იმ სტატისტიკის კვალდაკვალ უნდა მივითვალოთ, რომელიც შვედეთში საბავშვო წიგნების ბეჭდვის პროცესს ახლავს – მარტო 2017 წელს 2532 საბავშო წიგნი გამოიცა (შვედურ ენაზე).

ინსტიტუტი გამოსცემს საკუთარ ჟურნალს. მასშიც საბავშვო ლიტერატურის შესახებ დაწერილი კრიტიკული ნაშრომები, რეცენზიები და სხვადასხვა ტიპის წერილებია თავმოყრილი.

შვედი საბავშვო ავტორები ამ ინსტიტუტს ხშირად აკითხავენ, ეცნობიან უახლეს ტენდენციებს, შეხედულებებს, კითხულობენ რეცენზიებს და კრიტიკულ წერილებს საკუთარ წიგნებზეც. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, უფრო სწორედ – როგორც მწერალსაც და გამომცემელსაც საუკეთესო ხარისხის პროდუქციის შექმნაში დაეხმარება.

„დიდების“ამხელა ყურადღება და დარგზე გულწრფელი ზრუნვა, ცხადია, ბავშვებში წიგნის პოპულარობაზეც აისახება. მართალია, შვედეთშიც, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, წიგნში თავჩარგულ ბავშვებზე მეტად აიფონში, აიპადში ან ლეპტოპებში შემძვრალ ბავშვებს ნახავთ, მაგრამ ამბობენ, რომ მკითხველების რაოდენობის მხრივ შვედეთი კვლავ მოწინავე ადგილზეა.

ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ ასტრიდ ლინდგრენი, ტუვე იანსონი, ლეონარდ ჰელსინკი და კიდევ ბევრი ჩახჩახა ავტორი ჰყავთ, რომლებიც მხოლოდ საბავშვო მწერლებად კი არა, კეთილ ანგელოზებად ექცნენ მათ ბავშვურ, ყველაზე წრფელ და მართალ სამყაროს.

ამ ანგელოზების პოვნა კი მხოლოდ წიგნის თაროებზე კი არა, ცოტათი უფრო ზემოთ, სახურავებსა და ღრუბლებს შორის, სტოკჰოლმის ფერადად განათებულ ცაზეც შეიძლება – ვინ იცის, იქნებ ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც თავიანთ სიზმრებში ოდესღაც სწორედ მათ ჩაიფიქრეს.

იდეების მოედანი  – საინტერესო მეთოდი სკოლის საჭიროებების კვლევისთვის

0

იდეების მოედანი – ეს სიტყვები პირველად სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე გავიგონე. დღის ბოლოს კი მისი მონაწილეც გავხდი. იმ დღეს ეს აქტივობა სამ სხვადასხვა თემაზე გაიმართა და სამივე იმდენად საინტერესო იყო, კარგა ხანს ვფიქრობდი, რომელ ჯგუფს შევერთებოდი. იმავე დღის ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ ამ აქტივობას სკოლის სივრცეში გადავიტანდი. წარმოვიდგინე კიდეც ადგილი, სადაც დავსხდებოდით, თემებიც კი მიტრიალებდა თავში. მოკლედ ასეთი აღფრთოვანებული და სავსე დავბრუნდი კონფერენციიდან.

დავიწყე ფიქრი გეგმაზე, რომლითაც განვახორციელებდი იდეას. უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც წამყვანი მასწავლებელი, სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროებების კვლევასაც ვახორციელებ თანასწორობის საკითხებზე. ეს თემა პირდაპირი გამოძახილი იყო ჩემი კვლევის.

მოსამზადებელი პერიოდი:

პირველ რიგში იდეა გავაჟღერე ჩემს მასწავლებლებთან და რამდენიმე დაინტერესებულმა ადამიანმა ერთად განვაგრძეთ ფიქრი. დაახლოებით წარმოვიდგინეთ ადგილიც, თემებიც და მსჯელობაში უკვე მივხვდით, რომ ახლა ჩვენს თავზე ბევრს ვიღებდით. სჯობდა აზრი ბავშვებისთვის გვეკითხა.

გავაკარით განცხადება, რომ სკოლაში იგეგმებოდა ახალი აქტივობა „იდეების მოედანი“ და დაინტერესებულ პირებს ვთხოვდით შეკრებილიყვნენ კონკრეტულ დროს. ყოველგვარი განმარტების გარეშე მოსწავლეთა საკმაო რაოდენობა შეიკრიბა. ბავშვებს ავუხსენით, რომ ვიწვევდით მსჯელობისთვის. ვაპირებდით გაგვეხსნა ნებისმიერი თემა, რომელიც მათ დააინტერესებდათ. უნდა ვაღიარო, რომ თემები, რომლებიც მათ დაასახელეს მეტად დამაფიქრებელი იყო. საბოლოოდ ბავშვები შეჯერდნენ კონფლიქტებზე. მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა სასკოლო კონფლიქტები. მეორე თემის შერჩევა ძალიან გაჭირდა. იმდენად აჟიტირებული იყვნენ ამ თემით, რომ სხვა თემაზე არ ეფიქრებოდათ. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ეფიქრათ კონფლიქტის პრევენციულ თემაზე. ასე დაიბადა თანამშრომლობის იდეა. იმ დღეს გადაწყდა, რომ მოსწავლეები იფიქრებდნენ ორ თემაზე: „კონფლიქტები და მისი მოგვარების გზები“ და „თანამშრომლობა, როგორც კონფლიქტის პრევენცია“.

პარალელურად შევხვდით ქართული ენის მასწავლებლებს. მათაც გავაცანით იდეა და ვთხოვეთ, ეს თემები დაემუშავებინათ იმ თემატიკის ჭრილში, რომელსაც კონკრეტულ დროს ასწავლიდნენ.

ასევე შევხვდით დამრიგებლებს. მათაც იდეის გაცნობის შემდეგ ვთხოვეთ აღნიშნული თემები შეეტანათ მიმდინარე კვირის სადამრიგებლო საათის თემად.

პროცესი დაიძრა. საჭირო იყო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, რომლისთვისაც ისევ მოსწავლეებს ვთხოვეთ შეკრება. მომდევნო შეკრებაზე გადაწყდა, რომ ბავშვებს არ სურდათ სკოლის დერეფანში დასხდომა და სკოლის ეზოს ირჩევდნენ. ასევე არ სურდათ საფეხურების მიხედვით გადარჩევა. განაცხადეს, რომ ეს პრობლემები ყველასია, ამიტომ საბაზო და საშუალო საფეხურის ბავშვებს უნდა ემსჯელათ ერთად. მათ აიღეს პასუხისმგებლობა თავიანთ კლასებში იდეის შესახებ ინფორმირებაზე და მონაწილეთა რაოდენობების დაზუსტებაზე.

ასე ნელ-ნელა გამოვეთიშეთ უფროსები პროცესს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე  გავაკეთე, იყო ის, რომ შევხვდი მოდერატორებს, ვნახე მათი ფლიპჩარტები, დავსვით აქცენტები, გავიარეთ თემები ბოლომდე. ერთმანეთის აზრებიც გაითვალისწინეს და კიდევ უფრო სრულყოფილად მოემზადნენ  შერჩეული დღისთვის.

პროცესი:

და ეს დღეც დადგა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თავად მოაწყვეს სივრცე. დანიშნულ დროს ყველა ადგილზე იყო. ჩვენ, უფროსები პროცესს ვაკვირდებოდით გარედან, სკოლის  ეზოს ის ნაწილი, რომელიც მათ შეარჩიეს, შენობებით შემოსაზღვრული შიდა ეზოა. ამიტომ ჩვენ ისღა გვრჩებოდა, რომ ფანჯრებიდან გვედევნებინა თვალი მიმდინარეობისათვის.

აღმოჩნდა, რომ 40 წუთზე გათვლილი აქტივობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ კი ბავშვები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

პროცესის შემდეგ

ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რა პრობლემები დასახელდა მოსწავლეების მიერ. პირველ რიგში მოსწავლეები ამბობენ, რომ კონფლიქტები სკოლაში თანატოლებს შორისაა. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია უფროსსა და მოსწავლეს შორის და ისიც ადვილად გვარდება. ამის მიზეზად ბავშვები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მათ  არ იციან კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები და ადვილად ურთულდებათ სიტუაცია.

ბავშვები ითხოვენ კლასის დამრიგებლების მეტად გააქტიურებას. მიაჩნიათ, რომ კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს ოჯახური პრობლემებიც და უნდა გაითვალისწინოს ის.

კონფლიქტის დროს ამჯობინებენ არ ჩაერიოს მესამე პირი. ეს კი ყველამ ვიცით სადაც მიგვიყვანს. პრინციპში ამ უნდობლობის შედეგებს ყოველდღე ვიმკით.

ფლიფჩარტზე მინაწერებში ისინი ითხოვენ მეტ სახალისო აქტივობებს. ამბობენ, რომ საკლასო აქტივობები კარგია, მაგრამ ერთი სკოლა ვართ და მეტი სასკოლო აქტივობა სჭირდებათ.

და მათი გზავნილია ამოვიღოთ ხმარებიდან „მე მართალი ვარ“. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ეს გასათვალისწინებელია.

რა მოხდა შემდეგ?

დამეთანხმებით ალბათ, რომ სკოლის საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტად აღნიშნული აქტივობა სწორედაც რომ გამოდგა. ახლა მთავარია იმ გამოწვევებს გაეცეს პასუხი, რომლებიც ასე ხელშესახები გახდა. ახლა სასწრაფოდ უნდა შევძლოთ პრობლემების გამოსწორება. ამ მხრივ უკვე დაგეგმილია რიგი აქტივობები. მაგალითად სადამრიგებლო პროგრამებში უკვე შევიტანეთ საკითხები კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ. დაგეგმილია ამ კუთხით დამრიგებელთა გადამზადება. სკოლაში ისედაც დამკვიდრებული იყო ფილმების ნახვა და დისკუსიები. ამჯერად ისინი გადაირჩა. შეირჩა სპეციალურად ამ პრობლემების შემცველი ფილმები.

მსოფლიო კალენდრის მიხედვით დაგეგმილია საერთო სასკოლო აქტივობები.

დაბოლოს:

აღნიშნულ თემებზე პროფესიულ წრეებში საუბრისას ყოველთვის მრჩებოდა შინაგანი განცდა, რომ ჩემს სკოლაში ეს პრობლემები არ იდგა მწვავედ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ თემებზე. იდეების მოედანი კარგი სარკე აღმოჩნდა ხარვეზების დასანახად. ხელთათმანი ნასროლია. გამოწვევა მიღებული. ჩვენ ვიწყებთ!

 

ნონა ჩუბინიძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის

მათემატიკის მასწავლებელი,

სკოლის დირექტორი

მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარება –  თამაში – ტექსტის რედაქტორი

0

დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა. მე, როგორც მასწავლებელი მუდმივად ვცდილობ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებმა შესრულებული აქტივობებისას შეიგრძნონ, რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ თემის შესწავლის შემდეგ გარკვეულ საკითხში კომპეტენტურობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსწავლეებს არ უყვართ გრამატიკის საკითხების შესწავლა. არადა, ეს აუცილებელია ნებისმიერი ენის დაუფლებისთვის. მინდა, გაგიზიაროთ მარტივი თამაში, რომლის გამოყენებითაც შევძელი მოსწავლეებისთვის გრამატიკის წესების შესწავლა სახალისო პროცესად მექცია. გთავაზოთ მასალას ამ თამაშის შესახებ.

გაკვეთილის დაწყებამდე – მასწავლებელი გარკვეული გრამატიკული საკითხების შესწავლის შემდეგ ადგენს მარტივ, კლასის პროგრამულ მასალაზე გათვლილ ტექსტს, რომელშიც  დაშვებულია ის შეცდომები, რომელთა აღმოჩენა მოსწავლეებმა განვლილ მასალაზე დაყრდნობით უნდა შეძლონ. ტექსტთან ერთად მასწავლებელი ადგენს შესავსებ სამსვეტიან ცხრილს (შეცდომა, სწორი ფორმა, არგუმენტი).

გაკვეთილის მსვლელობისას – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს თამაშს „ტექსტის რედაქტორი“. რისთვისაც ურიგებს მასალებს, აძლევს გარკვეულ დროს და აცნობს წესებს. დავალების შესრულების შემდეგ ხდება აღმოჩენილი შეცდომების პრეზენტაცია და თითოეულ „რედაქტორს“ უფლება აქვს, სრულყოს მის მიერ გარედაქტირებული ტექსტი, თუ მისი თანაკლასელი პრეზენტატორი მყარი არგუმენტებით ასაბუთებს, რომ ტექსტში მართლაცაა ეს შეცდომა, ამ დროს მოსწავლეს შეუძლია ცხრილში დაამატოს აღმოჩენილი შეცდომა.

თამაშის წესები ასეთია:

  1. ტექსტის რედაქტორმა ყველა შეცდომა უნდა აღნიშნოს ხაზის გასმით და დანომროს (როგორც ეს ნიმუშშია მოცემული);
  2. მოსწავლეს უფლება აქვს მოცემული ტექსტის რედაქტირებისთვის გამოიყენოს: გრამატიკის სახელმძღვანელო, სხვადასხვა ლექსიკონი და ინტერნეტლექსიკონი, ასევე ზოგიერთი საკითხი დააზუსტოს მასწავლებელთან. მთავარია, აღმოაჩინოს ყველა შეცდომა და მოახდინოს ტექსტის რედაქტირება;
  3. „ტექსტის რედაქტორმა“ თამაშის დროს უნდა შეავსოს სქემა, რომელსაც მასწავლებელი ტექსტთან ერთად აძლევს მას;
  4. უნდა ეცადოს და ჩაეტიოს რედაქტირებისთვის გამოყოფილ დროში;
  5. თუ რედაქტირების პროცესში ამა თუ იმ მოსწავლეს გამორჩება რაიმე, მისი თანაკლასელების პრეზენტაციისას ვალდებულია, ეს ხარვეზები გამოასწოროს და სქემაში შეცდომების ნუმერაცია გააგრძელოს. (შენიშვნა – გაკვეთილის შემდგომ მასწავლებელი თითოეული მოსწავლის ნამუშევრების გაცნობისას მასწავლებელი იგებს რომელ „რედაქტორს“ რა პრობლემა აქვს და რომელი საკითხის გაგება უჭირს უმეტესობას. ის მას ითვალისწინებს შემდეგ გაკვეთილებზე და შემდეგი ტექსტის შედგენისასაც ამოწმებს რამდენად შეიძინეს მოსწავლეებმა საკმარისი კომპეტენცია).

 

ნიმუშის სახით გთავაზობთ ერთ მაგალითს

გასარედაქტირებელი ტექსტი

„თეთრ საწოლში დიდხანს იწვა ბალიშშითავჩარგული1 კატო. მერე ფანჯარასთან მიირბინა და მის ბაღს2 გადახედა. მოგონებები არ შორდებოდა. ენატრებოდა მისი ძველი სახლი3. სურათი ახსენდებოდა, რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა. ფიქრებით ელაპარაკებოდა ბავშვებს, რომელიც4  ბავშობაში5 ეთამაშებოდენ6.

თავისი სათამაშო დედოფლის7 სახე აგონდებოდა, რომელსაც კაბებს უკერავდა. იხსენებდა როგორ აკეთებდა ენძელის8 თაიგულს9 რომელიც დედასთან მიჰქონდა. თვალწინ მაღალი მთები ედგნენ10 რამდენჯერ დაუხატია11 ეს მთები. მოგონებები ისევ ბავშობაში აბრუნებდა მას. გული აუჩუყდა, სტიროდა12 ...მერე თვლები შეიმშრალა და დამშვიდდა.

ჩამოირბინა კიბეზე, თითქოს ცდილობდა ამ ფიქრების მოშორებას. ბაღში ჩავიდა, ვარდის კოკორები მოწყვიტა13, სამ-სამი ერთად შეკრა, თუმცა ამ დროს გააცივ გააცხელა.14 მერე მისი ყურადღება პეპელას15 წრიულმა მოძრაობამ მიიპყრო, ცოტა ხასიათზე მოვიდა, მაგრამ მთელი ქვეყანის დარდი ტვირთათ16 აწვა მხრებზე. კატოს მისი ამბის გამო ყველა იცნობდა სოფელში“.

სქემა შეცდომების არგუმენტირებულად გასწორებისთვის

მცდარი

 

სწორი ფორმა არგუმენტი
1.ბალიშშითავჩარგული

 

ბალიშში თავჩარგული თუ კუთვნილებით კომპოზიტს წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულის ადგილის გარემოება, ასეთ შემთხვევაში უნდა დავწეროთ ორი სიტყვა.
2.მის ბაღს

 

თავის ბაღს კუთვნილებითი ნაცვალსახელები თავისი და მისი ორივე გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი მოქმედი პირის კუთვნილებაა, ითქმის ,,თავისი“, თუ სხვისი – ,,მისი“ ან ,,იმისი“.
3.მისი ძველი სახლი

 

თავისი ძველი სახლი კუთვნილებითი ნაცვალსახელები – თავისი და მისი – ორივე გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი მოქმედი პირის კუთვნილებაა, ითქმის ,,თავისი“, თუ სხვისი – ,,მისი“ ან ,,იმისი“.
4.ბავშვებს, რომელიც

 

ბავშვებს, რომლებიც როცა მისამართი სახელი (სულიერი თუ უსულო) მრავლობითშია (-ებიანსა თუ ნართანიანში), ,,რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობითში უნდა ვიხმაროთ.
5.ბავშობაში

 

ბავშვობაში ,,ო“ასო-ბგერა გავლენას ახდენს ,,ვ“-ზე და ამიტომაც ზეპირ მეტყველებაში ხშირად იკარგება.
6. ეთამაშებოდენ

 

ეთამაშებოდნენ წარსულ დროში (წყვეტილში) მესამე სუბ.პირის ნიშნად უნდა გამოვიყენოთ -ნენ ფორმა.
7.დედოფლის სახე

 

დედოფალას სახე უკვეცელია: ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში (ტოროლა, ენძელა, ბიცოლა, დედოფალა…), მაგრამ ისინი მრავლობით რიცხვში მაინც მოიკვეცენ ფუძისეულ ხმოვანს
8.ენძელის

 

ენძელას უკვეცელია: ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში (ტოროლა, ენძელა, ბიცოლა, დედოფალა…), მაგრამ ისინი მრავლობით რიცხვში მაინც მოიკვეცენ ფუძისეულ ხმოვანს
9. თაიგულს რომელიც

 

თაიგულს, რომელიც დამოკიდებულ წინადადებას მაქვემდებარებელი კავშირები და წევრკავშირები აერთებენ მთავართან და გამოყოფენ მძიმით.
10.მთები ედგნენ

 

მთები ედგა თუ ქვემდებარე უსულო საგნის აღმნიშვნელი სახელია და დასმულია -ებიან მრავლობითში შემასმენელი მხოლობით რიცხვში ეწყობა.
11.დაუხატია

 

დაუხატავს პირველ თურმეობითში (რა უქნია?)ზმნებს გადაჰყვება -ავ თემის ნიშანი.
12.სტიროდა

 

ტიროდა და პრეფიქსები არ იწერება ერთპირიან ზმნებში (გამონაკლისი: თუ ერთპირიან ზმნას შეეწყობა ნაცვალსახელი მას, მაშინ ზმნა ინვერსიულია და ან ნიშანი უნდა დაიწეროს).
13.კოკორები მოწყვიტა

 

კოკრები დაკრიფა კოკორი არის კუმშვადი სახელი, მხოლობითი რიცხვის ნათ., მოქ., ვით. ბრუნვებსა და -ებიან მრავლობითში კარგავს ფუძისეულ ხმოვანს; ზოგიერთი ზმნა მხოლობითში სხვა ფორმას იყენებს, მრავლობითში – სხვას, ასეთ ზმნებს რიცხვში მონაცვლე ზმნები ეწოდება.
14.გააცივ გააცხელა

 

გააცივ-გააცხელა დეფისით იწერება: ერთი და იმავე ფუძის მქონე, მაგრამ ზმნისწინით განსხვავებული რთული ზმნები ან სხვადასხვა ფუძის მქონე გაერთიანებული ზმნები.
15.პეპელას

 

პეპლის რამდენიმე სახელს ფუძე ერთდროულად ეკუმშება და ეკვეცება, კუმშვად-კვეცადია: ქვეყანა, ქარხანა, ტომარა, პეპელა…
16.ტვირთათ

 

ტვირთად ვით.ბრუნვაში ხმოვანფუძიან სახელებს ბოლოში დაერთვის -დ, თანხმოვანფუძიანებს-ად.

 

გასწორებული ვარიანტი

„თეთრ საწოლში დიდხანს იწვა ბალიშში თავჩარგული კატო. მერე ფანჯარასთან მიირბინა და ბაღს გადახედა. მოგონებები არ შორდებოდა. ენატრებოდა თავისი ძველი სახლი. ახსენდებოდა სურათი, რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა. ფიქრებით ელაპარაკებოდა ბავშვებს, რომლებიც ბავშვობაში ეთამაშებოდენ.

თავისი სათამაშო დედოფალას სახე აგონდებოდა, რომელსაც კაბებს უკერავდა. იხსენებდა, როგორ აკეთებდა ენძელას თაიგულს, რომელიც დედასთან მიჰქონდა. თვალწინ მაღალი მთები ედგა… რამდენჯერ დაუხატავს ეს მთები… მოგონებები ისევ ბავშვობაში აბრუნებდა მას. გული აუჩუყდა, ტიროდა… მერე თვლები შეიმშრალა და დამშვიდდა.

ჩამოირბინა კიბეზე, თითქოს ცდილობდა ამ ფიქრების მოშორებას. ბაღში ჩავიდა, ვარდის კოკრები დაკრიფა, სამ-სამი ერთად შეკრა, თუმცა ამ დროს გააცივ-გააცხელა. მერე მისი ყურადღება პეპლის წრიულმა მოძრაობამ მიიპყრო, ცოტა ხასიათზე მოვიდა, მაგრამ მთელი ქვეყნის დარდი ტვირთად აწვა მხრებზე. კატოს მისი ამბის გამო ყველა იცნობდა სოფელში“.

ასეთი სტილის «თამაში“ ეხმარება მოსწავლეებს  ისწავლონ გრამატიკული საკითხები და არ დაუშვან მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტური ხარვეზები და მავე დროს ჰქონდეთ  საკუთარი კომპეტენციის შეგრძნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...