ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
11 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

რატომ უნდა წავუკითხოთ მოსწავლეებს ვაჟას პოემა „გოგოთურ და აფშინა?“

0

ადამიანთა უმრავლესობას ზოგადად გვახასიათებს ეს თვისება: რაც სავალდებულო, პროგრამული და სხვათა მიერ საგანგებოდ მონიშნულია, ის გვამძიმებს, გვეზარება და სულ ვეძებთ სხვას, ახალს, არასავალდებულოს… ასე იციან ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმაც: სახელმძღვანელოში გამოქვეყნებულ პროგრამულ ტექსტზე მუშაობას უხალისოდ შეუდგებიან ხოლმე და მასწავლებლებს მათ დასაინტერესებლად ათასი მეთოდის გამოგონება გვჭირდება, ხოლო საკმარისია ახსენო ჯადოსნური სიტყვები – „უცხო ტექსტი“, „არასაპროგრამო“, „სიახლე“, „ნაცნობი (თუ უცნობია – მით უკეთესი) ავტორის სხვა ნაწარმოები“ და… სიხარული, ცნობისმოყვარეობა და ახლის შეცნობის ჟინი ერთდროულად აუკიაფდებათ ხოლმე თვალებში.

ესგ-ით განსაზღვრული პროგრამული ტექსტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნამდვილად ჩვენი კლასიკური მწერლობის რჩეული მარგალიტების სალაროდანაა, მაგრამ აბა, სპეციალისტებო, დაფიქრდით: რამდენი „მარგალიტი ობოლი“ დაგოგმანებს პროგრამის მიღმა და რჩებათ ბავშვებს წაუკითხავი? თანაც არ დაგვავიწყდეს საშიში ტენდენცია: ვინაიდან ქართულ მწერლობას სასკოლო ტექსტებით ვეცნობით, მათ მიღმა ამ ავტორთა სხვა ნაწარმოებების ან არასაპროგრამო ავტორების ტექსტებს იშვიათად მოიძიებენ ხოლმე კითხვის მოყვარული ბავშვებიც კი, ყველა მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა „გემზე“ ეძებს ახალ ნაწარმოებებს. ყველას უნდა, იცნობდეს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, ამერიკულ, ლათინურამერიკულ, რუსულ, იაპონურ მწერლობას და ვართ მერე „ოკეანეში დაკარგულები“… „შინ“ ვერ ვბრუნდებით, „შინაურ მღვდლებს შენდობას არ ვეუბნებით“…

ვის ვის და, საბედნიეროდ, ჩვენს სასიქადულო ავტორებს შორის ვაჟა-ფშაველას ნამდვილად არ უვლის გვერდს ჩვენი სასკოლო პროგრამები სწავლების არცერთ საფეხურზე. მისი ლექსები, მინიატურები, პოემები და პუბლიცისტური წერილები თითქმის ყველა კლასში ისწავლება, მაგრამ გარდა ამ ტექსტებისა, ვაჟას საგანძურს რა გამოლევს? და აი, ამ საგანძურიდან ბალადის სტილის მცირეფორმიანი პოემა „გოგოთურ და აფშინა“ ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა ერთხელ ნამდვილად უნდა ამოიღოს და გააცნოს კლასს. მოდით, თავიდანვე განვსაზღვროთ, რატომ მიმაჩნია, რომ ამ პოემის სწავლება სასურველი და სასარგებლო აქტივობა იქნება ჩვენი ახალი თაობებისთვის:

  1. პოემა გვაცნობს ვაჟას გემოვნების გმირებს („კაი ყმებს“), რომლებიც უაღრესად საინტერესო იდეების რეალიზაციად გვევლინებიან და ქართული მწერლობის უკვდავ პერსონაჟთა გალერეაში საპატიო ადგილს იკავებენ;
  2. პოემა გვიმხელს ადამიანის მისიის, ცხოვრების გზისა და არჩევნის შესახებ ცივილიზებული კაცობრიობის მიერ შეთანხმებულ, აპრობირებულ, უეჭველ და სანდო ღირებულებებს, ქმნის მორალურ კოდექსს;
  3. პოემა გვასწავლის ადამიანში მომხდარ სულიერ ძვრებს, ფსიქოლოგიზმს, პერსონაჟის სულში ინტროსპექციას (ჭვრეტას), ქცევის მოტივაციების ანალიზს, ადამიანური განცდებისა და ვნებების მართვას;
  4. პოემის ტექსტი ექსპრესიული, ენერგიული, ორიგინალური, ტროპულად მდიდარი, ლაღი, სხარტი, დამაინტრიგებელი და ჩამთრევია;
  5. პოემის ენა გვეხმარება კიდევ ერთხელ კარგად ჩავწვდეთ ვაჟას დიალექტური ენის ჯადოქრობებს; ტექსტი მოსწავლეებს უბიძგებს იმის ამოცნობაში, თუ როგორ შეძლო ვაჟა-ფშაველამ დიალექტური ენისთვის მიენიჭებინა ესოდენ მაღალი სალიტერატურო სტატუსი, შეექმნა განუმეორებელი ხელწერა, თავისი „ნოუ ჰაუ“, ენა ექცია შემოქმედებით ღირებულებად;
  6. პოემა კომპოზიციური თვალსაზრისით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ავტორისეულ მასტერკლასს, ხუთ მოკლე თავში ისე დინამიკურად არის გადმოცემული საინტერესო ფაბულა, რომ მკითხველის ყურადღება შესავლიდან ფინალამდე არ ნელდება;
  7. პოემა პერსონაჟის ბედის გადაწყვეტის თვალსაზრისით ასევე გვთავაზობს მწერლის ნოვატორულ და ორიგინალურ ხედვას;
  8. გვაცნობს ფშავ-ხევსურეთს და აღგვიძრავს ინტერესს, რომ ამ კუთხის ეთნოგრაფია, ყოფითი კულტურა, რწმენა-წარმოდგენები გავიაზროთ, ვიკვლიოთ, მოვინახულოთ, ვაჟას სამყაროს კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ, დავგეგმოთ და განვახორციელოთ ახალი და ახალი სასწავლო პროექტები არაფორმალური განათლების მიმართულებით, მოვაწყოთ გასვლითი ღონისძიებები.

როცა ახალი მხატვრული ტექსტის სწავლებას ვიწყებთ, მოსწავლეთა რეაქციები დაკვირვებული მასწავლებლისთვის ერთგვარი ტესტი, რეფლექსია და უკუკავშირია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად „მუშა“ თუ „ვალიდური“ იქნება ეს ნაწარმოები ამ კონკრეტული ასაკის მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების რეალიზებისთვის.

„გოგოთურ და აფშინა“ რამდენჯერმე შემიტანია კლასებში საბაზო და საშუალო საფეხურზე და დაბეჯითებით შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე, ცოცხალი, საჭირო ტექსტი, რომელიც ცხარე დებატებს იწვევს და იმდენად ღრმა, მრავალშრიან კვლევებს, აღმოჩენებს, შეფასებებსა და დასკვნებს შთააგონებს მოსწავლეებს, რომ გაკვეთილი ამ ტექსტის თანხლებით მოსაწყენ წუთებს გამორიცხავს.

რა იზიდავთ ბავშვებს განსაკუთრებით მთავარი გმირების სახეებსა და პოემის იდეებში? ეს არის გოგოთურის, საზოგადოების გამაკეთილშობილებელი, მესია-გმირის, ლიდერის, მორალურ-ზნეობრივი ხატის შთამბეჭდავი პორტრეტი, მისი ღირებულებები:

  • სამშობლოს უანგარო მსახურება და სიმამაცე, ეროვნული მთლიანობის განცდა;
  • სამართლიანობა;
  • პასუხისმგებლობა ქვეყნის და ადამიანების წინაშე;
  • ესთეტიზმი და შემოქმედებითობა;
  • შრომისმოყვარეობა და პატიოსნება;
  • მოთმინება და შემწყნარებლობა;
  • სუსტის დაჩაგვრის დაუშვებლობა;
  • წარწყმედილ სულებზე გავლენის მოხდენისა და მათი გამოსწორების მოტივაცია.

გოგოთურმა კარგ ცხოვრებას და წითელი დარაიის კაბას დახარბებული ცოლის ვნებების საპასუხოდ მიზნად დაისახა აფშინასთან შეხვედრა და მისი გარდაქმნა, რაც წარმატებით გამოუვიდა. ერთი გზასაცდენილი სული, ბიბლიურ ალუზიას თუ მოვიშველიებთ, ეკალ-ბარდში ჩავარდნილი მარცვალი იხსნა სამუდამო წარწყმედისგან, სიტყვით და საქმით თვალი აუხილა მას, თან შეაგონა, თან ფიზიკურად დასაჯა, თან ძმად გაეფიცა, მძიმე ცოდვა შეუნდო, გამოსწორების შანსი მისცა, უერთგულა და სამუდამო ძმობა აღუთქვა. შარაგზის ყაჩაღი, დაუნდობელი, ეგოისტი, ხარბი, უსულგულო, ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას მოკლებული ძე შეცდომილი შემოაბრუნა, ახალი სული შთაბერა, ახალი სიცოცხლე აჩუქა. აფშინას სინანულს, გოგოთურისადმი მადლიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ის იმდენად შეიცვალა, რომ ხევისბერიც კი გახდა, თან არც ამის მერე შეუწყვეტია სინანული. თემმა დაიბრუნა მკვდრეთით აღმდგარი უძღები შვილი, რომელმაც უარი თქვა ყველაფერზე, რასაც თავისი ყაჩაღობის დროს  ხარბდებოდა და ხალხის წინამძღოლად იქცა. პოემის ფინალში ვხედავთ, რომ აფშინა ხახმატობაზე „ხალხს ხატს ახვეწებს ტკბილის ხმით, იწვევს მფარველად ქვეყნისა“…

ეს საკვირველი მეტამორფოზა, ბოროტების გზის დაძლევა და ადამიანის გაკეთილშობილება მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს, ასევე გვიბიძგებს თვითრეფლექსირებისკენ, საკუთარი ადამიანური სისუსტეების ანალიზისკენ და გვმატებს მოტივაციას, რომ არასდროს არის გვიან ცოდვით დაცემისგან სულის გათავისუფლება, ფეხზე დადგომა, ახალი ცხოვრების დაწყება, მარგინალად ქცეული, იზოლირებული, გარიყული ადამიანის ჯანსაღი ინტეგრაცია საზოგადოებასთან.

ვაჟასეული ჰუმანიზმი გადამდებია. მისი გმირები უკვდავ არქეტიპებად ქცეულან და ჩვენს სულებში იბუდებენ სამუდამოდ სულიერ წინამძღოლებად, გზის მანათობლებად. გოგოთური ალუდას, მუცალის, ჯოყოლას, ზვიადაურის, კვირიას, ლელას, სანათას, ლუხუმის, ზეზვას, მინდიას თანამოსანგრე და უმაღლესი მორალური კოდექსის განმასახიერებელი პერსონაჟია.

გოგოთურის და აფშინას სახეები იმდენად ნათლად და დასამახსოვრებლად დახატა ვაჟამ, რომ ეს საუკეთესო მასალაა მოსწავლეებისთვის პერსონაჟის პორტრეტის შესაქმნელად. მათი სახეების წარმოჩენა შესაძლებელია მრავალი კოგნიტური სქემით: კორნელის გრაფით, პერსონაჟის რუკით, ფრეიერის სქემით, T-დიაგრამით, ვენური დიაგრამით, ფერწერული პორტრეტით, სხვადასხვა ტიპის ზეპირი პრეზენტაციით. ეს გმირები იძლევიან იმპულსებს უამრავ სხვა მხატვრულ სახესთან სინთეზირებისთვის არა მხოლოდ ვაჟას შემოქმედებიდან, არამედ მსოფლიო ლიტერატურიდან. თანაც, უდავოა, რომ როცა გმირის პორტრეტი ემოციების აღმძვრელი და არა სწორხაზოვანი, არამედ მრავალპლანიანია, ზრდის მოსწავლის ინტერესს ზოგადად ლიტერატურული პარადიგმებისადმი, უღვივებს ესთეტიზმს, მხატვრული ტექსტებით ტკბობის უნარების გამომუშავებაში ეხმარება.

უნიკალურია პოემის ტექსტი საკლასო როლური თამაშისთვის. სამი გმირი: გოგოთური, გოგოთურის ცოლი და აფშინა მინდოდაური თავიანთი დიალოგებითა და მონოლოგებით დაუვიწყარ სცენებს ქმნიან ჩვენ თვალწინ.

ერთადერთი უკურეაქცია და პროტესტი მოსწავლეებში გამოიწვია გოგოთურის ცოლის ოდნავ ანტიფემინისტურმა სახემ: „ძველთაგანვეა ნათქომი, რო დედაკაცი ყბედია, მიჰყვება გულის ძრახვასა – ვნებიანობით რეტია, წაიტყვის უგვანს სიტყვასა, მოუფიქრელი, ცეტია“…

 

გოგოთურის ცოლის მხატვრულმა სახემ ცხარე დებატებში ჩაგვითრია: მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო თავისებური პლასტი, დეტალი, ინტრიგა, რომელიც ქმრის მაპროვოცირებელი, პრაგმატული ადამიანის პორტრეტის დასახატავად სჭირდებოდა ვაჟას და ეს ნაცნობი ნარატივია ქართული მწერლობიდან, თუნდაც „ვეფხისტყაოსანში“ ფატმანის სახე გავიხსენოთ. თუმცა ფატმანის ღრმა, მომხიბვლელ სახეს თავისი ღირსებებით გოგოთურის ცოლს ვერ შევადრით. მსგავსი ინტრიგა „სტუმარ-მასპინძლის“ სიუჟეტში აღაზას ზვიადაურისადმი მიმართების პასაჟშიც შემოიტანა ვაჟამ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მწერლის მხრიდან ერთგვარი ხრიკია მკითხველის დასაინტრიგებლად, ცოცხალი, მეტყველი სიუჟეტის ასაგებად. საინტერესოა თუნდაც ის, რომ ეპიზოდური პერსონაჟი მრავალმხრივი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა მკითხველისთვის. თანაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის კონტექსტები, იმ ეპოქაში გავრცელებული სტერეოტიპები, შეხედულებები და წარმოდგენები.

 

 

ლიტერატურა და ისტორია – ოთარ ჩხეიძის „მეფე აშოტ დიდი კურაპალატი“

0

მსოფლიო ლიტერატურის არაერთი ნიმუში შთაგონებულია ისტორიული ფაქტებითა თუ მოვლენებით. მწერლებს იზიდავთ ჩანაცრებული ცეცხლის ხელახალი გაღვივება, მკითხველის ზიარება გარდასულ ადამიანთა, დიდთა თუ მცირეთა, ვნებებთან, გამარჯვებასა და დამარცხებასთან. ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაშიც არაერთგზის შემოიჭრება ისტორია, მატიანეში ჩაწერილ ამბავთა მოულოდნელი და მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციებით. ასე გვამოგზაურებს იგი წარმოსახულ განზომილებაში, მხატვრული სივრცის მრავალფეროვან, მდიდარ სამყაროში, რომელშიც ნაცნობ ამბებს განსხვავებული თვალთახედვით გავიაზრებთ.

„უსიყვარულოდ აღარცა ჰღირს სიცოცხლე ქვეყნად…“ – ამ სიტყვებს ამბობს ოთარ ჩხეიძის ტრაგედიის „მეფე აშოტ დიდი კურაპალატის“ მთავარი გმირი, თვით აშოტი, თანაც სიკვდილის წინ, თანაც ტაძრის საკურთხეველთან, თავდავიწყებით მისული „აკრძალულ პაემანზე“, უკანასკნელად რომ ექცევა და საიქიოში გაჰყვება, როგორც საბედისწერო შეცდომა, როგორც გადაულახავი დაბრკოლება.

ვინ იცის, ექნებოდა კი მეფე აშოტ კურაპალატს ის ხიბლი, რომ არა გიორგი მერჩულის უზადო ოსტატობით შესრულებული ეპიზოდი, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ რომ ჩართო ერთგვარი მოკრძალებით, არადა, როგორ ელვარებს, თვალს ჭრის, რაღაც უცნაური ძალით იზიდავს კალმოსნებს  შეფარული გულისცემა მეფისა, სიყვარულს რომ უკრძალავენ, როგორც საცდურს, როგორც სულის „საბრთხეს“.

„სიძვის დიაცის“ შეშფოთებული თვალები აწყდებიან სტრიქონებს, ხახადაბჩენილი ჯოჯოხეთი მზად არის, ჩანთქას კიდევ ერთი დაცემული, ცრემლი არა ჩანს, მაგრამ მისი ყვირილი გვესმის მეფის გაცრეცილი და გაფერმკრთალებული სახიდან. ამ პატარა ეპიზოდში იმგვარი სრულყოფილებითაა დახატული ადამიანის გულის ჭიდილის ყოველი ნიუანსი, საოცარია, სხვები კვლავ როგორ შებედავენ, მაგრამ… ვასილ ბარნოვი ჩააცქერდება ღრმად იმ ქალს თვალებში, ძალიან ღრმად, მგრძნობიარედ და მოხიბლული, მოჯადოებული დაწერს მეფე აშოტის ვნებანს, მის დაუოკებელ და ზღვარგადასსულ გატაცებას (რომანი „ტრფობა წამებული)“. ეს ხომ ისეთი წარმტაცი თემაა, ბიბლიაც ვერ გაექცა. მეფსალმუნე მეფის სინანულს მოაკლდებოდა ძალა, რომ არა ცოდვები, სწორედაც რომ სიყვარულის გამო ჩადენილი. მეფეები, სასტიკნი და გულგრილნი, მეომარნი, დამპყრობნი, საკუთარ თავთან ვიღაც „მდაბალი“ ქალის გამო ბრძოლაწაგებულნი… მათ შორის, აშოტი, საქართველოს ისტორიისა თუ ქართული მწერლობის ერთი საკმაოდ განებივრებული მეფე, რომლის თავდადებული მოღვაწეობა ერის წინაშე შეფასებულია იმგვარი ტევადი, მტკიცე, ძლიერი და დაუმსხვრეველი ეპითეტით, როგორიცაა „დიდი“, ხოლო ქართულმა მწერლობამ კი საინტერესო და რთულ მხატვრულ პერსონაჟად აქცია.

ოთარ ჩხეიძეც  ტრაგედიას ამით იწყებს და ამით ამთავრებს. ბიზანტიიდან ბრწყინვალე გამარჯვებით მობრუნებული მეფე დედოფლისა და სეფექალთა გასაოცრად პირველად საჭურჭლისკენ მიდის და მიაქვს განძი, კეისრის მიერ მეფისთვის ძმობის ნიშნად მიძღვნილი ალმასებით ასხმული ბაბილონური თასი. არაჩვეულებრივი ოსტატობით ხატავს მწერალი, როგორ გადაანაცვლებენ სასახლისკენ გაფენილ ხალიჩებს საჭურჭლისაკენ. მეფე „თამაშობს“, „ცუღლუტობს“, განძი საჭურჭლეში უნდა დაიდოს, მაგრამ იქ შუქიაა – მეფის სატრფო, აი, უპირველესი მიზეზი გზის „გამრუდებისა“. ჭკვიანია დედოფალი, ასე იოლად ვერ მოტყუვდება და კვანძიც იკვრება, დანარჩენი მწერალზეა დამოკიდებული, როგორ განავითარებს ასე მარჯვედ დაწყებულ ექსპოზიციას, როგორ ააგებს სიუჟეტს. ოთარ ჩხეიძეს არც ამ შემთხვევაში ღალატობს ალღო, კომპოზიციის ტექნიკა მისთვის ანაბანაა, ამბებს მორჩილი პლასტელინივით ძერწავს რბილად და დაუბრკოლებლად.

ნაწარმოების ხერხემალი ეყრდნობა იმგვარ უცვეთელ თემებს, როგორებიცაა: ერის ერთიანობა, თავისუფლება, ღალატი. აქ ამ მწერლისთვის ჩვეული ოსტატობითა და შეუფარავი ირონიითაა წარმოდგენილი დღევანდელი ქართველობის სულიერი კრიზისი. წარსული ისე ოსტატურადაა გადახლართულიო აწმყოსთან, მკითხველი ვერც კი გრძნობს, ისე უმზერს თავისსავე მახინჯ, შიშველ სხეულს კრიალა სარკეში და სხვისი ზადით ტკბება, ხოლო როცა აღმოაჩენს, რომ ეს თავისი სხეულია, შურისძიებისა და აღშფოთების ნაცვლად რაღაცნაირი შებრალების განცდა ეუფლება საკუთარი უსუსური არსების მიმართ და გრძნობს სულიერი განწმენდისა  და ამაღლების დაუოკებელ წყურვილს.

ტრაგედიაში თვალს იტაცებას ოთარ ჩხეიძისთვის დამახასიათებელი თხრობის სისავსე და სისადავე. მწერალი ერთგვარი სილაღით შლის მოქმედებას, რომლის ექსპრესიულობას ქმნის არა გარეგანი მოძრაობები, არამედ უპირველესად შინაგანი მუხტი, უპირატესად პერსონაჟთა დიალოგებსა თუ მონოლოგებში გამჟღავნებული. მაგრამ ყველაფერი მაინც ფონია, სარკინოზებიც, მოღალატენიც, გაქნილი და არამზადა ცქირიცა და ამაყი დედოფალიც, წარბშეუხრელი გრიგოლ ხანძთელიცა და „ველური“ მოროზისძენიც.

მთავარი კი ამ ტრაგედიაში პოეზიაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოკვდეს, რათა არ დაჭკნეს, ფერი არ შემოაცვთეს, არ განიძარცვოს სინორჩითა და სურნელით. ამიტომაცაა, რომ მწერალი, უფრო ზუსტად, პოეტი, რადგან  ოთარ ჩხეიძე ამ შემთხვევაში შესანიშნავ პოეტად გვევლინება, ის ოსტატურად ფლობს რითმისა და რიტმის „კანონებს“, ამ პიესაში კი სათქმელს 14-მარცვლიანი მდიდარი რიტმული ვარიაციებით გამოხატავს. იგი რამდენჯერმე იმეორებს სტრიქონს, რომელშიც პოეზიის ძალმოსილება ირეკლება:

„მოვა პოეტი, შენზე უკეთ ის მოგვახსენებს…“

და მართლაც, მოვიდა პოეტი და „მოგვახსენა“ კიდევ ერთხელ გარდასული ამბავი, ახალი, შთამბეჭდავი სიტყვიერი საღებავებით გადასხვაფერებული. ისევ გვაღელვებს ძველი მონათხრობი. კვლავ არ დაცხრება ხარბი მზერა უცხო ქალისა და წელზე საბელშებმული, ტაძრისკენ მიმავალი მოხედავს ვინმეს, ვინც არ უფრთხის „დაცემის“ სიტკბოებას და თავისი ხიბლის სასურველ ტყვეობაში მოაქცევს. და არც ეს იქნება უკანასკნელი, ვისაც აუთრთოლდება გული და კიდევ ერთხელ ნაცნობ ამბავს შემოაცლის მტვერს ფაქიზად, რათა უმღეროს სიყვარულს, რომელიც ადამიანს ავიწყებს წუთისოფელს და მეფეს ათქმევინებს:

„და არც მე დაგთმობ, თუნდაც ტახტი დამათმობინონ“.

და ეს მხოლოდ ვნებისაგან დაბრმავებული ადამიანის წამოძახილი რომ არაა, ეს კარგად ჩანს ტრაგედიაში. „მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, რამეთუ გარდარეული სიყუარული აქუს ჩემდა მომართ კუროპალატსა“. საოცარიც არის ის ადამიანური „სისუსტე“, რომელიც გიორგი მერჩულემ ამ ფრაზის შექმნისას გამოამჟღავნა. სიყვარულის გამოვლენა ამგვარი ენერგიით დამუხტულ სიტყვიერ ქსოვილში თაობებს გადაეცემა, როგორც ფორმულა, რომელშიც ეტევა ადამიანის სულიერი ტანჯვის  უსაზღვრო სივრცეები.

ოთარ ჩხეიძისთვის ადამიანის სული, ერთი შეხედვით, ნაცნობი ლაბირინთია, რომელშიც ის თავისუფლად „დახეტიალობს“, თუმცა ხშირად აწყდება უცნობსა და ამოუხსნელს. წამიერი შეყოვნება კი შთაგონების ნაყოფიერი საზრდოა, სწორედ ამ დროს იფეთქებს და გადაიშლება მხატვრული სიტყვა ხან მოთხრობად, ხან რომანად, ხან დრამად. ამჯერად აშოტ დიდის ვნებამ მიიზიდა მწერალი და და ტრაგედიაც დაიბადა.

ამაოდ არწმუნებს „უდაბნოთა ვარსკვლავი“ გრიგოლ ხანძთელი მეფეს:

„ცხოვრება მხოლოდ სასჯელია, მხოლოდ წამება,

და ვინც აიტანს ღირსეულად სასჯელსა ამას,

მხოლოდ მას ჰფერობს ღვთაებრივი სასუფეველი.

გზა ბევრი არის ამაღლების: ყველა ტანჯვისა,-

ნუ გადაუხვევ შენი გზიდან, სხვას ვერრას ჰპოვებ“.

ეს ეკლესიასტებური გოდება გრიგოლ ხანძთელის პიროვნებასთანაც სხვაგვარად მიგვაახლებს. იგი წარმოგვიდგება ადამიანად, რომელმაც უწყის ტანჯვის ფასი. იგი სურვილთა წინაღმდეგ მებრძოლი და, უპირატესად, გამარჯვებული კაცია, მაგრამ ისიც იცის, რომ სიყვარული სურვილთა სურვილია და მისი დამარცხება ხშირად მხოლოდ სიკვდილით შეიძლება, რომელშიც ის ახალ სიცოცხლეს ჰპოვებს.

„სხეული სულის სატანჯველად გამოგონილა“, – გუგუნებს სეფექალთა ქორო, რომელმაც უნდა ჩააცხროს ტრფობისაგან გახელებული მეფის აღშფოთება, მაგრამ იქვე ზარივით რეკს მეორე სტრიქონი, რომელშიც შეფარულად საპირისპირო აზრი გამოკრთის და ადამიანს ველზე ქარის მდევნელად აქცევს, თუმცა ისიც საკითხავია, ვის რა უჯობს, ქარის დევნაში დაცემა თუ უქარო ყურეში მშვიდი აღსასრული.

„დაუდგრომლობა სულისაი თქმულა სიცოცხლედ“. სწორედ ეს დაუდგრომლობაა, ასე რომ გვხიბლავს ამ ნაწარმოებშიც.

ოთარ ჩხეიძე ამბავს გვიყვება თავბრუდამხვევი ექსპრესიით. აშოტის მონოლოგი, როდესაც ფებრონიასგან დამარცხებული უკან მიიქცევა, მას უფრო შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს, ვიდრე მისი საბრძოლო და სამამაცო საქმეები დაგვიხატავდნენ:

„ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალი არის!

რაღა კაცი ვარ, რაღა მეფე, რაღა მძლეველი,-

ვინღა შეშინდეს, ვინ გაექცეს ჩემს ხმალს და ჰოროლს?!

რა ძალა არის, მაუძლურებს, მაჩოლოჩინებს,

მიკნავებული დედაკაცის წინაშე ვთრთივარ?!

ან ის რა არის, რამაც აგერ ძალით მომაგდო,

მაძევებენ და ვერ მივდივარ, ვერცრას ვაგვარებ?!

ანთუ რა აღგვძრავს, რა დაგვაბამს, რა გვასულდგმულებს,

სულსა და ხორცსა რა წაჰკიდებს შეურიგებლად?!

რანი ვართ კაცნი?! თუ ვართ, რატომ კაცნი არა ვართ,-

რა გვეზიდება ანთუ ზევით, ანთუ რა დაგვცემს?!

რატომ მივიწევთ ჩვენ თვითონვე სულ მაღლა, მაღლა,

აღზევებულებს დაზღერთების რად გვეშინიან?!

რა გვინდა?. რა ვართ?.. რას ვესწრაფვით? რა გაგვაჩნია?..

რაა წყურვილი, უძილობა რისი ბრალია?!“

ცქირი ტრაგედიაში გრიგოლის ანტითეზად წარმოგვიდგება. მისი სახე მწერლის წარმოსახვითაა გაჯერებული. ბედს შერიგებული მეფის ამბოხს ცდილობს მაცდური და შხამივით ჩააწვეთებს ისედაც ეჭვებით გულგასენილს: „სიყვარულია ღვთაებრივი ვალდებულება“, მაგრამ მეფემ უკვე კარგად უწყის ჭეშმარიტი ვალი, მოძღვარმა შეძლო მისი აალებული გულის გაციება. „ცოდვილი“ ვნება ამოკვეთილი იყო რკინის ხელით და მისი დამორჩილებული არსებიდან, მაგრამ რაც იყო, ხომ იყო! იმას ხომ ვერ წაშლიდა და რაც უფრო მეტად ხანმოკლე და ღრმა იყო, მით უფრო დამშანთავი და დაუვიწყარი. რაც უფრო მეტი იყო ბრძოლა მის წინააღმდეგ, მით უფრო ღვივდებოდა.

ამ ეპიზოდს მოსდევს ვარსკვლავებითა და მთვარით გაჩახჩახებული არტანუჯის მთის სურათი. თითქოს ჯადოსნური საღებავებით წარმოდგება ალქაჯებისა და როკაპების მხიარული ყიჟინა, ცეკვა-თამაში, სიმღერა. აი, სად იქსოვება დაურღვეველი ბადე ტრფობისა, აი, სად მზადდება შეუვლი წამალი მიჯნურობისა. ეშმაკის ლაშქარი მორიგი გულის დასაპყრობად ემზადება. იცვლება ტრაგედიის რიტმი და მელოდია. იქოჩრებიან, იტალღებიან სტრიქონები, თითქოს ისინიც ხტიან და ცეკვავენ თავდავიწყებით. ასოციაციით ჩნდება „ფაუსტის“ ვალპურგის ღამის სურათები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ აურზაურში აშოტი, მთავარი გმირი, არ მონაწილეობს. ქარიშხალივით შემოჭრის მწერალი ალქაჯების ვნებიან, თავხედურ შაირებს მკითხველის წარმოსახვაში და აფორიაქებს, რაღაც საშინელისა და ამაზრზენისათვის ამზადებს. ავსულთა მხიარულება ხომ კაცთა უბედურების საწინდარია. მათი ბედნიერება ხომ მოკვდავთა ცრემლებით იგება. იძაბება მოლოდინი.

მეფე „პაემანზე“ მიდის. ომში მიმავალი აშოტი წუთით შეყოვნდება. ამაოა გაფრთხილება „უდაბნოთა ქალაქმყოფელისა“, „წუთია ქვენად ყოველივეო“, – ამ სიბრძნით რომ ცდილობს მეფის განზრახვის შეცვლას. მეფეს კი ძალა სჭირდება საომრად, იმგვარი ძალა, რომელიც მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება მიანიჭოს. თვალწინ წარმოგვიდგება გულაძგერებული მეფე, ტაძარში შევარდნილი ძლივს რომ სუნთქავს და ჩურჩულებს:

„შუქო, სადა ხარ, აი, მოველ, გამომეცხადე,

გამომეცხადე, ერთის წამით გამომეცხადე,

რომ სარკინოზთა დავუბნელო მზისა ნათელი,

ხატითა შენის, შენის ტრფობით გალომებულმა“.

ერთი შეხედვით, „დიდისთვის“ შეურაცხმყოფელი, მემატიანეთა გამაოცებელი, თანამედროვეთა შემაშფოთებელი, მაგრამ რა ადამიანური საბაბი შეარჩია მწერალმა იმისათვის, რომ აშოტი ტაძარში შეეყვანა. წავიდა. იმას უნდა შეხვედროდა, შუქიას. ცქირის, იმავე, ეშმაკის, მეოხებით. აქაც გარიგებაა ტრადიციული, გაცვეთილი, მაგრამ მაინც მარად ახალი და კაშკაშა. უნდა შეხვედროდა წინააღმდეგ ნებისა, წინააღმდეგ დედოფლისა, წინააღმდეგ ვალისა, წინაღმდეგ ღირსებისა, წინააღმდეგ… ალბათ, ამიტომაა, რომ ეს წინააღმდეგობა ბრწყინავს, ასხივებს და იზიდავს ადამიანებს. მართალია, ყველაფერი მოწყობილია, შუქიას ნაცვლად მოღალატე მოროზისძენი დახვდებიან მეფეს და სიყვარულის წილ სიკვდილს შეჰყრიან… მართალია… მაგრამ სიმართლე? ვინ უწყის მისი ჭეშმარიტი სახე? ვის აუხდია მისთვის საბურველი? ამის მოთხრობას პოეტი სჭირდება, იცის მწერალმა, ამიტომაა, რომ სასოწარკვეთილ მეფეს რაღაცნაირი სიჯიუტით ათქმევინებს:

„მოვა პოეტი. პოეტია ქვეყნიერება.

არც რა არსებობს, თუ პოეტმა არ გადაწერა.

და თუ გვგონია, რომ არსებობს, არ იარსებებს,

კაცი მწერალი თუ არ ახლავს ბედის მწერალსა“.

აქ მწერალი ეხმიანება მხატვრული სამყაროს რეალურზე აღმატებულობის იდეას. პერსონაჟები გადალახავენ დრო-სივრცის სამანებს, ისინი ისტორიას თამამად ეპაექრებიან და იმარჯვებენ. ასე ხდება, როდესაც მხატვრული ტექსტი ჩაენაცვლება ისტორიას, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას  დიდოსტატ არსაკიძის „გამოგონილი“ ცხოვრება მკითხველმა დაიჯერა, რადგან მემატიანის მიერ გამოტოვებული ფურცლები მწერალმა  მხატვრული სიმართლით „შეავსო“. ამ თვალსაზრისით, უამრავი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებშიც ვერსიები, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, გამოგონილ ამბავს რეალურ ისტორიაზე ამარჯვებინებს (როგორც ამას ასაბუთებს არისტოტელე „პოეტიკაში“).

მეფეც თავისებური პოეტია, მეოცნებე, იცის, რომ ცხოვრება სასტიკია, ვერ იტანს პოეზიას და ამიტომ დევნის მას გამუდმებით, ან შთანთქავს და სპობს, მკაცრად იცავს თავის სამფლობელოს ამ მშვენიერი „დამპყრობლისაგან“. ის კი, სიყვარული, მაინც იბრძვის, ფრთებს ახეთქებს ულმობელ კედლებს, იღლება, იმსხვრევა და მიყუჩდება იმ იმედით, რომ „მოვა პოეტი“… და არა ერთხელ, მრავალგზის. ამჯერად, ოთარ ჩხეიძე „მოვიდა“ და გააცოცხლა გარდასული, ააღორძინა მინავლებული.

პიესაში სიყვარულის თემა ვერ გადაფარავს დროის ტკივილებს. მასში შეფარულად XX საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური ვითარება წარმოჩნდება. აშოტის მოწინააღნდეგეთა სახეები გამჭვირვალედ ირეკლავენ იმ ადამიანებს, სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებულნი, „გულმოკლე პატრიოტთა“ გახელებით რომ ძირს უთხრიდნენ ერის გამთლიანებას. მოროზისძენი – ამ გვარში – სიტყვა „მოროზი“ რუსეთზე მიანიშნებს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ბეჯითად  მიჰყვებოდა ერთხელ არჩეულ, იმპერიისთვის ჩვეულ გეზს, რომელ მიწაზეც სისხლს დაღვრიდა, ის ქვეყანა თავისად მიეჩნია და იქიდან ფეხი აღარ მოეცვალა, როგორც ამას ამტკიცებს ეპისკოპოსი პავლე მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაში „ლამბალოსა და ყაშა“.

ტრაგედიაში სხვაც ბევრია საგულისხმო, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც, მაგრამ თვალს მაინც ეს სჭრის, სულს კი ეს უფრო აშფოთებს, ერთი ტრაგიკულად დასრულებული სიყვარულის ამბავი. სეფექალების ქოროს გუგუნი კი კვალად ჩაგვესმის:

„არავინ რომ არარა იცის,

წამი წამისა მსწრობელია, გონი წამისა.

აწ ჭეშმარიტი ხვალ სიცრუედ გამოცხადდება,

ხოლო ხვალინდელს ზეგ მოუწევს დასამარება“.

 

თამაში, როგორც სწავლების ეფექტიანი მეთოდი სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე

0

ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ თამაში სწავლების საკმაოდ ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს სასკოლო სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. უფრო მეტიც, ის თავის მიმზიდველობას ზრდასრულთა სწავლების პროცესშიც ინარჩუნებს, ვინაიდან თამაშის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს, სახალისოს და სასურველს ხდის. თუმცა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით შედეგიანია სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე, როდესაც სკოლაში შემოსული ბავშვი მისთვის უცხო გარემოსთან ადაპტაციის ურთულეს პერიოდს გადის და მოსწავლის როლს ირგებს.

ცნობილია, რომ სკოლამდელი და სასკოლო პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ აღნიშნულ პერიოდებში ქცევის სხვადასხვა ფორმაა წამყვანი – სკოლამდელ პერიოდში ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია, სასკოლო პერიოდში კი – სწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის განვითარება სკოლამდელ პერიოდში ძირითადად თამაშის პროცესში მიმდინარეობს, სასკოლო პერიოდში კი – სწავლის პროცესში. ამდენად, თუ ჩვენ სკოლამდელ პერიოდში თამაშს სწავლით ჩავანაცვლებთ, შეიძლება საკმაოდ  სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ, ისევე როგორც სასკოლო სწავლების მთლიანად თამაშად გადაქცევა მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დაგვაყენებს. რაც შეეხება თამაშს, როგორც სწავლების ერთ-ერთ მეთოდს, ის შეიძლება ძალიან კარგად იქნეს გამოყენებული ნებისმიერი ასაკის ადამიანთა სწავლებაში. სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე კი, როგორც უკვე აღინიშნა,  მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც თამაში სწავლების ძალიან ბუნებრივი ფორმაა ბავშვისთვის და ის მას სკოლასთან ადაპტაციის პროცესის უმტკივნეულოდ გავლასა და მოსწავლის როლის სირთულეების გარეშე მიღებაში დაეხმარება.

თამაშის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენების უპირატესობები სასწავლო პროცესში:  

  • ბავშვის განვითარებაში, სწავლებასა და აღზრდაში მნიშვნელოვანი როლი აქვს თამაშს. ის წარმოადგენს ბავშვის პიროვნების, მისი მორალურ-ნებელობითი თვისებების ფორმირების, საზოგადოებაში არსებული გამოცდილების ათვისების უმნიშვნელოვანეს ხერხს;
  • თამაშის პროცესში მიწოდებულ სასწავლო ინფორმაციას ბავშვი ბევრად უფრო ადვილად იმახსოვრებს;
  • თამაშები მრავალფეროვანს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს, მოსწავლის ცხოვრებას სასიხარულო განცდებით ავსებს, ემოციურად ამდიდრებს, წარმატების სიხარულს განაცდევინებს და კარგ განწყობას უქმნის მას;
  • თამაშის პროცესში ხელსაყრელი პირობები იქმნება ბავშვის ფსიქიკური პროცესების ფორმირების, განვითარებისა და სრულყოფისათვის, მისი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის;
  • თამაში გვეხმარება შემდეგი სახის საკორექციო-განმავითარებელი, საკორექციო-აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ამოცანების გადაწყვეტაში:
  • ბავშვის შემეცნებითი საქმიანობის სრულყოფა და განვითარება;
  • ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარება;
  • გარემომცველ სამყაროზე ცოდნისა და წარმოდგენების გამდიდრება;
  • საკომუნიკაციო ჩვევების ფორმირება;
  • მოტორული სფეროს, მათ შორის წვრილი მოტორიკის განვითარება;
  • შიშებისა და სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სხვა სახის უარყოფითი ემოციების დაძლევა, მათგან განთავისუფლება;
  • თამაში ქმნის პირობებს გარემოსთან ბავშვის წარმატებული ადაპტაციისათვის, კორექციისა და პიროვნების განვითარებისათვის;
  • თამაში ბავშვისთვის სამყაროს შეცნობის უმნიშვნელოვანესი გზაა, მისი გონებრივი განვითარების მნიშვნელოვანი ხერხია. ცოდნა, რომელსაც ბავშვი იღებს სკოლასა და სახლში, თამაშის დროს პრაქტიკულ გამოყენებასა და განვითარებას პოულობს. თამაშისას ბავშვები სწავლობენ თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებას პრაქტიკაში, სხვადასხვა პირობებში ამ ცოდნით სარგებლობას;
  • სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე თამაშით სწავლება გვეხმარება, გამოვუმუშაოთ სკოლაში შემოსულ ბავშვს დადებითი დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის მიმართ, გავუძლიეროთ სწავლის მოტივაცია. ამდენად, ის ყველაზე ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს უმცროსკლასელებთან მუშაობაში;
  • თამაშის, როგორც სასწავლო მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს იმას, რომ თამაშით აღფრთოვანებული ბავშვები, მათთვის შეუმჩნევლად, იძენენ გარკვეულ ცოდნას, უნარებსა და ჩვევებს. თამაში წარმოადგენს თვითრეალიზაციის და თვითგამოხატვის კარგ საშუალებას;
  • თამაშის ელემენტების გამოყენებით მთელი სასწავლო პროცესი ხდება ბევრად უფრო საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი, მოსწავლეებში სამუშაო განწყობის შემქმნელი; ხელს უწყობს მოსწავლეში ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნას და მთელ სასწავლო პროცესს უნიკალურს, პოზიტიურსა და სასურველს ხდის;

     იმისათვის, რომ თამაშმა სასწავლო პროცესში თავისი როლი შეასრულოს და დადებითი შედეგები მოიტანოს, საჭიროა მთელი რიგი პირობების გათვალისწინება:

  • სასწავლო პროცესში გამოყენებული თამაში უნდა იყოს ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების, მისი შესაძლებლობების შესაბამისი, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი;
  • ჩვენ მიერ გამოყენებულ თამაშს უნდა ჰქონდეს ნათელი, ცხადი და გასაგები წესები, რომლებიც საგულდაგულოდ და ზედმიწევნით იქნება დაცული;
  • მოვერიდოთ თამაშის გამოყენებას დროის შესავსებად. არ შეიძლება სწავლებაში თამაშის შემთხვევით გამოყენება. თითოეული თამაში გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს;
  • მართალია, ბავშვისთვის თამაში მხიარული გართობაა, მაგრამ პედაგოგისთვის მისი გამოყენება არცთუ ისე ადვილია და სერიოზულ წინასწარ მომზადებას საჭიროებს იმისათვის, რომ სწავლების პროცესი ხალისიანი, მიმზიდველი და ეფექტიანი გახადოს;
  • თამაში ისე უნდა შევარჩიოთ, რომ ის, რაც შეიძლება მეტი უნარის განვითარებისა და ცოდნის შეძენის ხელშემწყობი გახდეს;
  • ორგანიზების დროს გავითვალისწინოთ, რომ თამაშის თითოეულ მონაწილე ბავშვს ჰქონდეს წარმატების განცდის შანსი თამაშის მიმდინარეობისას;
  • თამაშის, როგორც სასწავლო მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია უზრუნველვყოთ მისი სასწავლო ეფექტი. ამისათვის საჭირო იქნება მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება. ისინი სისტემატურად უნდა რწმუნდებოდნენ იმაში, რომ თამაშის დროს რაღაც ისწავლეს. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მასწავლებელი მას არა მხოლოდ თამაშში კარგი მონაწილეობისთვის აქებს, არამედ მიღწეული შედეგისთვისაც – შეძენილი ცოდნისა და უნარისთვის. ასეთ სიტუაციაში ბავშვისთვის საამაყო ხდება, რომ ის ნამდვილი მოსწავლეა, იმიტომ, რომ უბრალოდ კი არ თამაშობს, არამედ სწავლობს კიდეც;
  • თამაშს უნდა შეეძლოს სწავლების პროცესი გახადოს ემოციური, სასიამოვნო, სახალისო და რაც მთავარია ქმედითი, მისცეს ბავშვს საშუალება, მიიღოს ახალი გამოცდილება ინტერესით;
  • თამაშის, როგორც სასწავლო მეთოდის გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა, ყოველდღიურად ახალი თამაშის შემოტანამ და მისმა უჯერო გამოყენებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ბავშვი ყველაფერში თამაშს დაინახავს და მისთვის თამაში და სწავლა ერთმანეთს გაუიგივდება. ამასთან, ნუ დავივიწყებთ, რომ ნებისმიერი სასწავლო მეთოდი, როგორი მიმზიდველი და საინტერესოც არ უნდა იყოს ის, მუდმივი, სისტემატური, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში კარგავს ინტერესს და მიმზიდველობას ბავშვისთვის;
  • თამაში უნდა დამთავრდეს და მიღებული იქნეს გარკვეული შედეგები იმ გაკვეთილზე, სადაც დაიწყო;
  • გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლის ინტერესი სასწავლო პროცესის მიმართ პირდაპირ არის დამოკიდებული მასწავლებლის მიერ შერჩეული სასწავლო მეთოდებისა და ხერხების სწორ გამოყენებაზე.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ თამაში ბავშვის ცხოვრების აზრია. ბავშვობა თამაშის გარეშე არაბუნებრივი და წარმოუდგენელია. თამაშის აკრძალვა მისთვის განვითარების ძირითადი წყაროს მოკლების ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ თამაში სკოლის პერიოდში ქცევის წამყვანი ფორმა აღარ არის, ის მაინც არ კარგავს აქტუალურობას უმცროსკლასელ მოსწავლეებში, თუმცა, ამ პერიოდისთვის მისი შინაარსი  და მიმართულება იცვლება, ჩნდება თამაშები მრავალფეროვანი პირობებითა და წესებით. თამაში ხდება ბევრად უფრო გაცნობიერებული, გააზრებული, საინტერესო და მიმზიდველი, მით უმეტეს, როცა ის ბავშვს ახალი საქმიანობის, სწავლის წარმატებით დაწყებასა და ახალ გარემოსთან, სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება.

 

 

 

 

მულტიმედიაისტორიები მეორე მსოფლიო ომის სწავლებისთვის

0

სკოლებში აგვისტოს ომისა და ქართველი გმირების შესახებ უნდა ვასწავლოთ, – მომესმა და გამახსენდა სულ ცოტა ხნის წინ, აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით საარქივო დოკუმენტაციის ძებნისას, როგორ შევეჯახე ყრუ კედელს, რომელსაც ვერც კარი ვუპოვე და ვერც ახსნა, რატომ იყო ნაშენი ასე მტკიცედ მიუდგომელ ადგილას.

უახლესი ამბების კვლევა, ანალიზი და შესწავლა ჩვენი ძლიერი მხარე არ არის, – ვიფიქრე წლების წინ, უნივერსიტეტში სწავლისას, როცა უახლესი ლიტერატურის კურსი მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ მწერლებზე შეწყდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოულოდნელი იყო, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონდა ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტები იმის შესახებ, რა მოხდა 10 წლის წინ, ან უბრალოდ მათი გაცემა არ უნდოდათ.

ყველაფერი მოვისმინე: ის, რომ რასაც ვითხოვდი, სახელმწიფო საიდუმლო იყო, რომ არქივს ომის შესახებ გრიფი ედო, რომ შემეძლო გამომეყენებინა საჯარო ინფორმაცია, ოღონდ ამ ინფორმაციაში მხვდებოდა გადაუმოწმებელი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2008 წელს დაწერილი ფრაგმენტული ამბები, რომელთათვისაც 10 წლის განმავლობაში არ გადაუხედავთ…

საბოლოოდ არქივი მაინც გავაკეთე – ინფორმაციას ეს თვისება აქვს: თუ არსებობს, ვერ დამალავ და თუ ეს ინფორმაცია შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მისი სწორად გამოყენებაც უნდა იცოდე. 10 წლის წინ მომხდარ ომზე ამბებს როცა მალავ, გამოდის, რომ არ იცი შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწორად გამოყენება და ყველას აძლევ საშუალებას, ამ ომს ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, როგორიც გაუხარდება. და ალბათ ომებისა და გმირობების ამბებთან ერთად ან მანამდეც ეს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს: ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მისი ღირებულების შეფასება, რაც მერე ამ ინფორმაციის სწორად გამოყენებაში გვეხმარება ხოლმე.

ომი მრავალნაირი არსებობს, მათ შორის – საინფორმაციოც, და ამ უნარების გარეშე ამ ომში მუდმივად დამარცხდები ან ტყვედ ჩავარდები.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს? ერთი იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, გადამალული ინფორმაციის პირობებში რა ამბებს მოუყვებიან სკოლაში ბავშვებს, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ ფაქტებისა და ანალიზის ნაცვლად მათ რაიმე სხვა, პატრიოტული სულისკვეთების გამაღვიძებელი ან ხალხურ თქმულებებთან შეზრდილი ნარატივი შესთავაზონ და მეორე იმიტომ, რომ როცა ომის ამბებს ვიკვლევდი, არაერთი შთამბეჭდავად მოყოლილი სხვა ომის ისტორია ვნახე და მინდა, ამ უამრავი მასალიდან მოსწავლეებთან ერთად სანახავად და სამსჯელოდ შემოგთავაზოთ  მეორე მსოფლიო ომის შესახებ შექმნილი რამდენიმე მულტიმედიაისტორია როგორც ისტორიის მოყოლისა და დოკუმენტირების კარგი მაგალითი.

ბრიტანული გამომცემლობა DK-ს ვებსაიტზე ბავშვებისთვის საინტერესო არაერთი ილუსტრირებული და ინტერაქციული ისტორია იძებნება. ერთი მათგანი მეორე მსოფლიო ომის შესახებაა. ამ ისტორიას თუ გაჰყვებით, ნახავთ ამბებს პროპაგანდაზე, ბავშვებსა და ქალებზე ომის დროს, ჰოლოკოსტსა და სტალინგრადის ბრძოლაზე. აქვეა ტესტი, რომელიც შეგიძლიათ ომის შესახებ საკუთარი ცოდნის შესაფასებლად გამოიყენოთ.

BBC-ს მასალები ომის სხვადასხვა ეპიზოდის შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც თანმიმდევრულად, ისე ცალკეული თემების მიხედვითაც მოსწავლეებთან ერთად მსჯელობისთვის. ეპიზოდებს მოჰყვება ვიზუალური მასალაც.

მეორე მსოფლიო ომის რუკები კონგრესის ბიბლიოთეკიდან, რომლებიც დაგეხმარებათ, აჩვენოთ ბავშვებს  ძალთა განაწილება, საომარი მოქმედებები და ომის მიმდინარეობა ომის დაწყების დღიდან დასრულებამდე.

დაბოლოს, ქართული რესურსი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ იპოვოთ წინაპარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და საიტზევე ნახოთ, რა გზა გაიარა მან ფრონტზე, სად დაიღუპა და სად არის დაკრძალული.

რომელ პროფესიას მოაქვს ბედნიერება?

0

ჩვენ მომხმარებლურ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ მოვიხმართ ყველას და ყველაფერს – საგნებს, ღირებულებებს, ერთმანეთსაც კი… ყველაფერს ვშთანთქავთ, ვამუშავებთ, გარდავქმნით… ერთი სიტყვით, დიდი ურთიერთშთანთქმისა და ურთიერთგაცვლის პროცესში ვართ ჩართულები. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ პასუხად მოვისმინო: „რა საშინელია სამაყრო… შეხედეთ, როგორ ვშთანთქავთ ერთმანეთს!“ არა, ამის თქმა არ მინდა… ეს ისედაც ცხადია.

როგორ ფიქრობთ, მომხმარებლურ სამყაროში, „ამაოების ბაზარში“, სად არის სული და სად – მატერია? ერთიანია თუ განცალკევებული ფორმა და შინაარსი? სული და ხორცი? ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები, უნარები და საქმე, რომელსაც ვაკეთებთ?

როგორია სულიერ და მატერიალურ ღირებულებებად დაყოფილი სამყარო? რას ნიშნავს „სულიერი საზრდო“ და როდის უნდა მივიღოთ ის? მას შემდეგ, რაც ინსტინქტებს დავიკმაყოფილებთ თუ ერთადაც შეიძლება? მაგალითად, თუ სადილს ვამზადებ, ეს მატერიის კვებას ემსახურება და თუ ლექსებს ვწერ, სულს ვკვებავ? ბევრი მზარეულის სადილი მინახავს პოეტური და ბევრი პოეტის ლექსი – მატერიალური…

რა არ ჰყოფნის თანამედროვე ადამიანს? – სწორედ ეს განცალკევებულად ყოფნა. ცალკე ზრუნვა მატერიაზე და ცალკე – სულიერებაზე. ცალკე „ფულის კეთება“ და მერე მაღალი ღირებულებების დაკმაყოფილება… მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ასე ძალიან რთულია. რთულია, რადგან ავტომატური არსებობისთვის ბრძოლაში ჩართულ ადამიანს ავიწყდება ყველაფერი და ემორჩილება მექანიკურ ყოფას. ის უბრალოდ რობოტია, სტანდარტული ცხოვრების წესით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სტანდარტულობაში ასევე სტანდარტულად ჩართული „სულიერებით“. ეს მკვდარი და უსიცოცხლო არსებობაა, როცა აკეთებ იმას, რასაც მოაქვს კმაყოფილება, მაგრამ არ მოაქვს სიხარულისა და ბედნიერების განცდა, თავდავიწყების განცდა.

ამ მდგომარეობას ადრე თუ გვიან აცნობიერებს ადამიანი და სურვილის შემთხვევაში შეუძლია სრულიად შეიცვალოს და შეცვალოს ცხოვრების წესი. როცა ამაზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება ჩარლზ ბუკოვსკის ცხოვრება. ის 49 წლამდე ფოსტაში მუშაობდა. ერთხელ ერთმა გამომცემელმა დახმარება შესთავაზა, თუკი სამსახურს მიატოვებდა და დარჩენილ სიცოცხლეს წერას მიუძღვნიდა. იმ დროს ჩარლზს ვერც წარმოედგინა, რომ წერით თავის რჩენას შეძლებდა.

1986 წელს მან წერილი მისწერა თავის მხსნელს – ხემოხსენებულ გამომცემელს ჯონ მარტინს. განსაკუთრებით ემოციურია და ახალგაზრდებისთვის საყურადღებო წერილის ეს ნაწილი:

მტკივნეულია, როცა უყურებ, როგორ კნინდება მათი ადამიანობა, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი სამსახური, რომელიც არ უყვარს, მაგრამ რისკი ვერ გაუწევია, რადგან უარესი ალტერნატივის ეშინია. ადამიანები იფიტებიან. უბრალოდ არსებობენ სხეულები შეშინებული და დაბნეული გონებით. თვალებში ნაპერწკალი ქრება, ხმა იცვლება, სხეულის ფორმები, თმის ფერი, ფრჩხილებიც კიყველაფერი იცვლება.

ახალგაზრობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ასეთი პირობებისთვის გაწირავდნენ და, მიუხედავად ყველაფრისა, ახლაც კი არ მჯერა. რისთვის აკეთებენ ისინი ამას? სექსისთვის? ტელევიზორისთვის? ავტომობილისთვის? შვილებისთვის? შვილებისთვის, რომლებიც მავეს კეთებას გააგრძელებენ?

ბუკოვსკის ეს წერილი მოწოდებაცაა და გაფრთხილებაც იმის თაობაზე, როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მაგრამ მოსწავლე, რომელიც ახლა საკლასო ოთახში ზის და წიგნს ჩაჰყურებს, როგორ უნდა მიხვდეს, რა უნდა და რა მოუტანს მას ბედნიერებას მომავალში, რომელი პროფესია?

სკოლა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამის გარკვევაში დაეხმაროს ბავშვებს; შეუძლებელია, ყველას ერთნაირი უნარები და მისწრაფებები ჰქონდეს, ამიტომ, თუ ბავშვი საკუთარ თავში გარკვეულ უნარს აღმოაჩენს, ბუნებრივია, ამ უნარის შესაფერისი საქმიანობა მომავალში მას თვითრეალიზაციას და სიხარულს მოუტანს.

მესამე ათასწლეულში ჩვენი სამყარო განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ძველი წესები და კანონები ახალი სამყაროს ახალი ადამიანისთვის აღარ მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოსმოსიც და საინფორმაციო ველიც ცნობიერების განსხვავებულ ფორმატს უჭერს მხარს. ეს განსხვავებული ფორმატია სწორედ, ტექნიკის ენაზე რომ ვთქვათ, ჰარმონიული, მთლიანი ადამიანის ახალი ვერსია.

თანამედროვე ადამიანი ვერ ცხოვრობს დაყოფილად, დანაწევრებულად. შეუძლებელია, ის ბედნიერი იყოს ეკლესიაში, რიტუალის დროს, და უბედური – ეკლესიის გარეთ, შეუძლებელია, სამსახურში ფულს აკეთებდეს და მერე ამ ფულით სულიერ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდეს.

დიახ, თანამედროვე ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას, რაც უხარია, რასაც შემოსავალიც მოაქვს და სულიერი კმაყოფილებაც და ეს ის საქმეა, რომლის კეთების უნარიც ყველაზე მეტად შესწევს. მაგრამ სკოლაში ახალგაზრდებს არავინ ელაპარაკება ცოდნით მიღებულ მატერიალურ სარგებელზე. ამიტომ არის, რომ ცალკე რჩება ცოდნა და ცალკე მიედინება ადამიანის ცხოვრება, თითქოს მათ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდეთ. ალბათ თქვენც ხშირად გაგიგონიათ ასეთი ფრაზები: „ვისწავლე, მაგრამ რაში გამომადგა?“; „რაც ვისწავლე, ყველაფერი დამავიწყდა…“ ან – „ნეტავი რას ვაკლავდი წიგნებს თავს, მაინც აღარაფერი მახსოვს!“

„ცოდნა კეთებით“ ერთადერთი გზაა, რაც მიღებულ ცოდნას აქცევს ისეთ გამოცდილებად და უნარად, რომელიც ბავშვს არასდროს დაავიწყდება. შესაძლოა, „ცოდნა“ სხვადასხვანაირი იყოს; მთავარი მოქმედებაა! მოქმედება, რომელსაც მოსწავლე ასრულებს ცოდნის მიღების პროცესში, ნავიგაციაა მომავლისთვის, როდესაც მიღებული თეორიული ცოდნა გარდაიქმნება გამოცდილებად და გაივლის გზას სკოლიდან ცხოვრებისკენ და პირუკუ. ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა ვეძიოთ ცოდნის გზით, ამ ცოდნის ყოველდღიურობაში დანერგვის გზით. სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული სკოლა. ამ შემთხვევაში ბავშვი თავიდანვე შეეჩვევა საკუთარი უნარების დანახვას, აღმოჩენას და შედეგებსაც ნახავს. სწორედ ამის საფუძველზე შეძლებს, შეარჩიოს პროფესია, მიიღოს სხვადასხვა ცოდნა და გამოცდილება და კეთების დროს ერთი ხედვით კი არ შემოიზღუდოს, არამედ ეძებოს მეტი გზა და საშუალება იმ პრობლემის დასაძლევად, რომელზეც მუშაობს. ასეთი ადამიანი არის აწმყოსა და მომავლის ადამიანი: მუდმივად განახლებადი, გამუდმებით თვითრეფლექსიაში, ცოდნისა და უნარების რეალიზაციაში მყოფი. ეს არის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების დაბადების წინაპირობა და ის იწყება აქ და ახლა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარება და შესაძლებლობები კარიერული წინსვლის გზაზე

0

რა ბედი ელის მასწავლებლის კარიერულ წინსვლას? რისი შესაძლებლობა ექნებათ მასწავლებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ წინსვლის პროცესი? შეეშლება თუ არა ხელი სტატუსის შესანარჩუნებლად მათ ძალისხმევას ან როგორ მოახერხებენ მოპოვებული სტატუსის შენარჩუნებას? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ინტერნეტგაზეთ „Mastsavlebeli.Ge-ს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე უპასუხებს.

საზოგადოებაში დიდი ინტერესია იმის მიმართ, რა ელით მასწავლებლებს, რომლებიც პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში არიან ჩართულნი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლები, რომლებსაც დაწყებული აქვთ კარიერული წინსვლა, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო რაოდენობის კრედიტქულას, კვლავ მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები სტატუსს შეინარჩუნებენ. მათი წინსვლა ნებაყოფლობითია. რაც შეეხება უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი – მათაც მიეცემათ უფლება, 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება.

მოდი, მეტი სიცხადისთვის, თანმიმდევრობით მივყვეთ კითხვებს, რომლებიც პროფესიული განვითარების ახალმა წესრიგმა გააჩინა. დავიწყოთ პრაქტიკოსი მასწავლებლით, რომელსაც არ აქვს დადასტურებული არც საგნობრივი, არც პროფესიული კომპეტენცია და პროფესიული განვითარებისთვის არ აქვს მინიჭებული არცერთი კრედიტქულა. რა უნდა გააკეთოს მან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად? 

პრაქტიკოსი მასწავლებელი აბარებს ორივე გამოცდას, ადასტურებს როგორც საგნობრივ კომპეტენციას ჯამური ქულის მინიმუმ 60%-იანი შედეგით, ასევე – პროფესიული უნარების კომპეტენციასაც ჯამური ქულის მინიმუმ 60%-იანი შედეგით.

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომლის ჯერ არ დადასტურებია არც საგნობრივი, არც პროფესიული კომპეტენცია, მაგრამ პროფესიული განვითარების აქტივობებისთვის მინიჭებული აქვს, სულ მცირე, ერთი კრედიტქულა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად აბარებს ორივე გამოცდას: ადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას ჯამური ქულის მინიმუმ 50%-იანი შედეგით და პროფესიული უნარების კომპეტენციას ჯამური ქულის მინიმუმ 50%-იანი შედეგით.

შეინარჩუნებენ თუ არა უფროსი მასწავლებლები სტატუსს?

დიახ, უფროსი მასწავლებლები სტატუსს შეინარჩუნებენ და სკოლა არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც კი იქნება, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით მისცეს მას რეკომენდაციები პროფესიული განვითარებისთვის.

კარიერული წინსვლის როგორი შესაძლებლობა ექნება უფროს მასწავლებელს?

უფროს მასწავლებლისთვის არსებობს წინსვლის ორი გზა.

პირველი: მასწავლებელს, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლომდე დააგროვებს 15 კრედიტქულას, მათ შორის – სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ დადებითად შესაფასებელი სავალდებულო აქტივობებით (კვლევა და ორი სამოდელო გაკვეთილი), საშუალება მიეცემა, 2019 წლის ბოლომდე გაიაროს გარე დაკვირვება და აიმაღლოს სტატუსი.

მეორე: უფროსი მასწავლებელი აბარებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლისთვის განკუთვნილ გამოცდას და ადასტურებს კომპეტენციას.

გამოცდის ფორმატი არსებულისგან განსხვავებული იქნება და მასწავლებლის კომპეტენციების მრავალმხრივი შეფასების საშუალებას მოგვცემს. საგამოცდო ფორმატის შესამუშავებლად შექმნილია სამუშაო ჯგუფი. შემუშავებულ კონცეფციას განსახილველად ახლო მომავალში წარვუდგენთ დაინტერესებულ საზოგადოებას.

რა ბედი ელით წამყვან მასწავლებლებს? როგორი იქნება მათი კარიერული წინსვლის გზა?

წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, იზრუნოს პრაქტიკოსი მასწავლებლების, დამწყები მასწავლებლების, მაძიებლების, პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე, გაუზიაროს მათ გამოცდილება და პროფესიულ განვითარებაში დაეხმაროს.

მასაც კარიერული წინსვლის ორი გზა ექნება: 2018-2019 სასწავლო წლის ბოლომდე თუ დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო 25 კრედიტს, მათ შორის – 9 კრედიტქულას სქემით განსაზღვრული სავალდებულო აქტივობებისთვის (პროფესიული ლიტერატურის ან სასწავლო რესურსის შექმნა, სკოლის საჭიროებათა კვლევა, სამოდელო გაკვეთილები), აუცილებლად აიმაღლებს სტატუსს. მეორე: წამყვან მასწავლებელს შეუძლია ჩააბაროს მენტორი მასწავლებლისთვის განკუთვნილი გამოცდა და დაადასტუროს კომპეტენცია.

მენტორი მასწავლებლებიც შეინარჩუნებენ სტატუსს?

დიახ, შეინარჩუნებენ. გარდა ამისა, მენტორ მასწავლებელსაც ევალება, იზრუნოს პრაქტიკოსი მასწავლებლების, დამწყები მასწავლებლების, მაძიებლების, პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე, გაუზიაროს მათ გამოცდილება და პროფესიულ განვითარებაში დაეხმაროს.

საზოგადოების  ინტერესიდან გამომდინარე, სქემის განახლებულ ვერსიაზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს. საბოლოო ვერსიის წარდგენამდე, სამუშაო ჯგუფი, პროფესიულ წრეებთან არაერთ შეხვედრას გამართავს.

„გამარჯობა, მე მქვია ლევანი და მე მჩაგრავენ…“

0

(ერთი კლასის ერთი ამბავი – როგორ იქცნენ რუხი ღრუბლები ცისარტყელად)

(დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, 17. კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევები. 1710/102 – შეუძლია, დაეხმაროს სხვებს კონფლიქტის მოგვარებაში იმით, რომ შესთავაზოს რამდენიმე შესაძლო ალტერნატიული გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.)

„გამარჯობა, მეშვიდე კლასელი ვარ,  ჩემი გამოგონილი სახელი ლევანია, და ამ წერილს იმიტომ გწერთ რომ ვიცი თქვენც გამოგიცდიათ, როგორია როდესაც გჩაგრავენ…“

ეს წერილი ჩემი დაწერილია, ლევანიც ჩემი მოფიქრებული ბიჭია. წლების წინ ერთ-ერთ კლასში რომელსაც მე ვასწავლიდი ე.წ. ბულინგის საფრთხე დადგა. თუმცა ამის გაცნობიერება ბავშვებს გაუჭირდათ, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები და დიდაქტიკური დარიგებები, რომ ჩაგვრა არ შეიძლება, რომ ეს არაჰუმანურია, თავიდანვე ვუარყავი და გადავწყვიტე ისეთი რამ გამეკეთებინა, რომელიც ყველა ბავშვს დააფიქრებდა და უკეთ გაააზრებინებდა შექმნილ სიტუაციას.

სანამ დაწვრილებით მოგიყვებოდით ჩემს ამბავს და რჩევებსაც გაგიზიარებდეთ,  ბულინგს და ჩაგვრას ზოგადად შევეხები.

ვიცით, რომ ბულინგი არ არის ქართული სიტყვა, ის შემოპარულია უცხო ენიდან, ამბობენ რომ ბულინგი განსხვავდება ჩაგვრისგან და მას ქართული შესასიტყვი არ გააჩნია, ჩაგვრა ერთი ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის დამცირება თუ ფიზიკური/მორალური ზიანის მიყენებაა, რასაც შეიძლება ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს, ბულინგი კი მრავალჯერადია და თან „ბულერებად“ ჯგუფი გვევლინება, რომელთა სამიზნეც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე მოსწავლე იყოს. თუმცაღა, ჩემი აზრით, ჩაგვრაც შეიძლება იყოს მრავალჯერადი, და შესაძლოა მჩაგვრელებად ჯგუფიც იქცეს. ამიტომ, მე პირადად ვერ ვხედავ საჭიროებას ამ ტერმინის „ბულინგის“  დამკვიდრებისას, თუმცა თუ ეს ამ კუთხით პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს და თანამედროვე მოზარდებისთვის „ბულერი“ და „ბულინგი“ უფრო გასაგებია და უკეთ ასახავს სიტუაციას, მაშინ დავტოვოთ „ბულინგი“ და გააკეთოს თავის საქმე – პრობლემის იდენტიფიკაციისა, სახელის დარქმევისა. ამ წერილშიც გამოვიყენებ „ბულიგნსაც“და ჩაგვრასაც, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მათ შორის განსხვავების არ არსებობას.

ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრა ახალი რამ ნამდვილად არ არის და მას თავის უზარმაზარი ისტორია აქვს, უფრო მასშტაბურად ერებს შორის დაპირისპირებებითა და კონფლიქტებით.  რაღა თქმა უნდა, ამ სტატიის მიზანი არ არის, ადამიანის ბუნების და ზოგადად ძალადობის მიმოხილვა, ამიტომ, შევეხები ერთ კონკრეტულ საკითხს: ჩაგვრას სკოლაში, რაც ასევე მრავალ წელს ითვლის, ალბათ პირველი სკოლის/სასწავლებლის შექმნიდან, და რასაც აქვს გამომწვევი მიზეზები და წინა ისტორიებიც.

ხშირად როდესაც სკოლაში ჩაგვრის შემთხვევა ფიქსირდება, რა თქმა უნდა ჩაგრულის მხარეს ვიჭერთ, მჩაგვრელს კი ვსაყვედურობთ და მკაცრ ზომებსაც მივმართავთ. რაც ნორმალურია, და ასეც უნდა იყოს, მაგრამ, გვავიწყდება რომ ხშირ შემთხვეაში ის ადამიანი, რომელიც სხვაზე ძალადობს, თავადაც ძალადობის მსხვერპლია და ყველა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მათზე სიტემატიურმა ძალადობამ კვალი არ დატოვოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სკოლის მოსწავლეებზე, ფაქიზი ფსიქიკის მქონე მოზარდებზე ვსაუბრობთ.

მოძალადედ მაშინ იქცევი  როდესაც გიჭირს ემოციების კონტროლი, გაქვს მოვლენების არასწორი აღქმა და შეფასებები, სტერეოტიპული დამოკიდებულებები თუნდაც გენდერის გააზრების, დაბალი თვითშეფასება, მუდმივი სტრესი და სხვ. მოკლედ მოძალდეებად არ იბადებიან, ისინი შემდეგ ხდებიან და მათ ჩამოყალიბებაში საზოგადოებას, ოჯახს, სკოლას უზარმაზარი, გადამწყვეტი როლი აქვთ, და პირიქითაც, მოძალდე შესაძლოა კარგი მეგობარი გახდეს, თუ კი სწორედ მივუდგებით და რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციურ ზომებს მივმართავთ.

მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა. არ არსებობს კარგი და ცუდი მასწავლებელი, ან ხარ მასწავლებელი ან არა. მასწავლებელს იმხელა პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ცოტა პროფესია თუ დაიკვეხნის. პათეტიკურად რომ ვთქვათ მას კლასის მაჯისცემაზე მუდმივად უნდა ჰქონდეს ყური დადებული, ერთი პატარა გამორჩენილი დეტალი -“მერე რაა, ბავშვები არიან ასეც ხდება“, „მალე შერიგდებიან“, „ჩემს ბავშობაშიც ასე არ იყო?“, შესაძლოა დიდი პრობლემის წინაპირობა გახდეს.  პრობლემები კი არსებობს ძალიან დიდებიც, ცრემლიანებიც და ტრაგედიებიც – დანგრეული ცხოვრება, დაკარგული სიცოცხლე, ჩაფერფლილი ოცნებები.

მოკლედ, მნიშვნელოვანია სულ მცირე, უბრალო შემთხვევაზეც კი გვქონდეს ჩვენი რეაქცია, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს ყალიბდება ადამიანის ხედვა, ღირებულებები, დამოკიდებულებები, ეს ეტაპი განსაზღვრავს – როგორი ადამიანი იქნები შემდგომში, თუნდაც მაღალ კლასებში და ზოგადად ცხოვრებაში.

აღმოჩნდა რომ ჩემს კლასში რაღაც ვერ იყო რიგზე, ბავშვები იძაბებოდნენ, არასასიამოვნი ლექსიკით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, გახდნენ არამეგობრულები და რაღაცნაირად საკუთარ თავში ჩაიკეტნენ. თუ კი აქამდე ჩემათნ ღიად საუბრობდნენ საკუთარ პრობლემებზე, ახლა ყველა გამირბოდა და პირზე: „ყველაფერი კარგადაა“ ეწერათ, მაშინ როდესაც გუმანით ვგრძნობდი რომ რაღაც დიდი და რუხი ღრუბელი გვიახლოვდებოდა. (მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, „ჯადოსნური ჯოხი“, მისი მასწავლებლური ინტუიციაა, შესაძლოა მესამე თვალიც, მიენდეთ მას, ის არასდროს გიღალატებთ, მხოლოდ მშრალი წესებისა და თეორიებით პრობლემები არ გვარდება, თუნდაც ისინი ზედმიწევნით კარგად დავიცვათ, დაუშვით გამონაკლისები და ხანდახან არათანმიმდევრობაც, უპრინციპობაც გვეპატიება).

არც ისე მარტივია ბულინგის გამოაშკარავება და სახელის დარქმევა. შესაძლოა მცდელობამ მოსწავლეები გააღიზიანოს და უფრო ჩაკეტოს ისინი, უფრო მეტიც ცილისმწამბელადაც კი ვიქცეთ.

ძალიან ბევრი ვიფიქრე რა გამეკეთებინა. გადავწყვიტე დამეწყო მათთვის ძალიან საყვარელი საქმიანობით: დავავალე იაპონური ანიმაციის, ანიმეს ყურება, სახელწოდებით: A Silent Voice, ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმია,  მისი მთავარი პერსონაჟი – დაწყებით კლასებში მოძალადე იშიდაა, რომელიც იაზრებს საკუთარ დანაშაულს სმენა დაქვეითებულ გოგონას, შოუკოს წინაშე, მას აწუხებს წარსულში დაშვებული შეცდომები, იმდენად აწუხებს, იმდენად დარდობს მასზე, ისე სიღრმისეულად აანალიზებს რომ სუიციდამდეც კი მიდის. თუმცა ფილმს კეთილი დასასრული აქვს, ეს ფილმი კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ იცვლება ადამიანი, რომ ცვლილებები შესაძლებელია და შეცდომები არ არის განაჩენი. რომ მოძალადე შესაძლოა ძალიან კარგ მეგობრადაც იქცეს, თუ კი ამაში მას მეგობრები, კლასელები, ოჯახი დაეხმარება. საბოლოოდ მჩაგვრელი და ჩაგრული საუკეთესო მეგობრები ხდებიან, ერთმანეთისთვის სიცოცხლეც კი არ ენანებათ. თუ ფილმის დასაწყისში იშიდას დაცინვისგან და შეურაცყოფისგან გულგატეხილი შოუკო სხვა სკოლაში გადადის, დასასრულს იშიდა გადაარჩენს შოუკოს და დაეხმარება მას საკუთარი თავის შეყვარებაში და მიღებაში. ფილმი ძალიან ემოციური და სასიამოვნო საყურებელია, გაჯერებული ანიმესთვის დამახასიათებელი სტილით.

ბავშვებს გარდა იმისა, რომ უნდა ეყურებინათ ფილმისთვის, უნდა დაეწერათ მთავარი პერსონაჟის (იშიდა) განვითარების ეტაპებები, რა შეიცვალა მასში, რატომ შეიცვალა, როგორ შეიცვალა და საკუთარი აზრიც დაეფიქსირებინათ. ასევე დაეკავშირებინათ საკუთარ გამოცდილებასთანაც.

დავალება პარსაკევს მივეცი, რომ უქმეები გამოეყენებინათ, რადგან ფილმი საკმაოდ დიდია. ორშაბათს ჩავიბარე მათი ნაწერები, თითქმის არავის გამოუთქვამს სურვილი რომ ნაწერი ხმამაღლა წაეკითხათ, ყველამ მთხოვა რომ ჩუმად წამეკითხა და შემეფასებინა. მათი ნაწერებიდან, მივხვდი რომ პრობლემა მართლაც ჰქონდათ და ღრუბელი მართლაც გვიახლოვდებოდა, ზოგიერთს ისიც კი ეწერა რომ ძალიან კარგად ხვდებოდა თუ რას გრძნობდა შოუკო, რომ მსგავსი რამ მასაც განუცდია და სუიციდზეც კი უფიქრია.  ერთ-ერთი გამოტყდა, რომ მოსწონს როდესაც სხვას ჩაგრავს, რადგან ის ამ დროს ძლიერი ჩანს სხვების თვალში და ეს მას აღაფრთოვანებს.

ვიფიქრე, რომ დრო აღარ იყო ბევრი ფიქრის და სასწრაფოდ ზომები იყო მისაღები. სწორედ მაშინ გამოვიგონე ვითომ ჩემი მეგობრის შვილი ლევანი, ერთი ჩემი ნათესავი ბიჭის ხელით წერილი შევქმენი და წავუღე ბავშვებს. ვუთხარი, რომ ჩემი მეგობრის შვილი დიდ გასაჭირშია, მე გამენდო და რჩევა მკითხა, მე კი შევთავაზე რომ ჩემზე უკეთ ურჩევდნენ მისივე ასაკის მქონე ბავშვები, რომლებსაც ამ საკითხში შესაძლოა ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდეთ. მაშინ ლევანმა წერილი დაწერა და მათთან გამომატანა.  ლევანი წერდა, რომ მას ერთი კლასელი ჩაგრავდა, ზედმეტი, მისივე გამოგონილი, ლევანისთვის უსიამოვნო სახელით მიმართავდა და ნივთებს ართმევდა, რამდენჯერმე წიხლიც ამოარტყა და ეს ხუმრობად ჩათვალა, მის ამ ქცევაზე კი ბავშვებმა ბევრი იცინესო. ლევანი ყვებოდა საკუთარი გრძნობებისა და განცდების შესახებ, იმ მომენტში როგორ შესძულდა საკუთარი თავი, როგორ იგრძნო უმწეობა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთა, ფიზიკურადაც ვერ გაუსწორდა, რადგან მუდმივად ესმოდა რომ კონფლიქტები მშვიდობიანად უნდა მოეგვარებინა, დიდ გასაჭირში იყო: სასწორის ერთ მხარეს მისი რწმენა და პრინციპები იდო, მეორე მხარეს დაცინვის, ჩაგვრის და ძალადობის საფრთხე. ლევანი ითხოვდა რჩევვებს: რა უნდა გაეკეთებინა, რომ ამ სიტუაციიდან მშვიდობიანად გამოსულიყო. ბავშვებმა თავიდანვე მკითხეს შეეძლოთ თუ არა ანონიმური წერილების მიწერა, რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, ეს ამბავი ნამდვილად დაიჯერეს, არც კი დაფიქრებულან რომ შესაძლოა წერილი ჩემი მოფიქრებული იყო, ალბათ იმიტომ, რომ პრობლემები მათთვის ძალიან ნაცნობი იყო. გაჩაღდა მიმოწერა, ერთი სული ჰქონდათ როდის მივუტანდი ლევანის ახალ წერილს, ზოგიერთი წერდა რომ  ძალადობით უნდა ეპასუხა ლევანისაც, რადგან სუსტი ეგონებოდათ და აუცილებლად დაჩაგრავდნენ, ურჩევდნენ რომ სკოლა გამოეცვალა,  ზოგიერთი წერდა რომ მშობლები და მასწავლებლები ჩაეყენებინა საქმის კურსში, რომ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობსო. დაპატიჟეს კიდეც, მეგობრობას სთავაზობდა რამდენიმე.

ამ ყველაფერმა კი მისცა ბიძგი რომ საკუთარი პრობლემების იდენტიფიკაციაც მოეხდინათ და  ესაუბრათ. ლევანის პრობლემები მათ პრობლემებზეც გადავიტანეთ, და აღიარეს რომ მსგავსი შემთხვევები კლასშიც იყო. ნელ-ნელა გამოიკვეთა მჩაგვრელიც, რომელსაც ძალიან ფრთხილად მივუდექი, აღმოჩნდა რომ ოჯახში არ ჰქონდა სიმშვიდე, მშობლები ეყრებოდნენ და მის გარშემო არასასმიამოვნო და უარყოფითი ემოციების ზღვა იყო.

როდესაც იცი სად არის და ვისთან არის პრობლემა, მოგვარებაც შეიძლება. რა თქმა უნდა ვესაუბრე მშობლებს, ჩავრთე ფისქოლოგი  და შეთანხმებასაც მივაღწიეთ – კლასის, და იმ ერთი ბიჭის სასარგებლოდ.

საავდრო ღრუბელმა გადაიარა და შვიდფერა ცისრტყელამ გამოანათა, როგორც მეგობრობის და მშვიდობის სიმბოლომ.

ეს ამბავი ასე დასრულდა, ახლა უკვე მაღალ კლასელები არიან, დღემდე სჯერათ ლევანის არსებობის და დარწმუნებულები არიან, ერთი მეშვიდე კლასელი ბიჭის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალეს. თუ კი ამ სტატის რომელიმე მათგანი წაიკითხავს, ვეტყვი რომ ლევანი მართლაც არსებობდა, და ის იმ დროინდელი თითოეული მათგანი იყო.  ამ შემთხვევის შემდეგ, მივხვდი რომ არ უნდა ველოდო რუხ ღრუბლებს, მუდმივად უნდა შევახსენო ბავშვებს და ჩემს თავსაც რომ ეს ის თემაა, რომელზეც საუბარი და მუშაობა, არასდროს არ არის ზედმეტი და მოყირჭებული, რომ არ არ იყოს საჭიროება მაშინაც კი. რა იცი რა ხდება მომავალში. აქ კი რამდენიმე სავარჯიშოს გაგიზიარებთ კლასში სამუშაოდ.

 

 

საშინაო წერითი დავალებების შესწორების სტრატეგიები

0

როგორ ამოწმებთ საშინაო წერით დავალებებს? დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენი მოსწავლეები თქვენ მიერ მონიშნულ შეცდომებს, გაკეთებულ კომენტარებს, შეფასებებს ეცნობიან და ითვალისწინებენ?როგორ უნდა გავაუმჯობესოთ წერითი მეტყველება სწორად წარმართული უკუკავშირის მეშვეობით?

ეს კითხვები მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სამი სავალდებულო კომპონენტის მიხედვით  უწევთ მოსწავლეთა შეფასება( ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ საშინაო დავალებაა), აქტუალურია.

საშინაო წერითი დავალებების შესწორებისა და შეფასების დროს მასწავლებელს უამრავი სხვა კითხვაც უჩნდება.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება კოლეგების გამოცდილების გაზიარება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბლოგში ჩემს მიდგომებსა და მიგნებებზე ვისაუბრებ. მოუთმენლად დაველოდები მკითხველების გამოხმაურებასა და კომენტარებსაც.

 

„განსჯის ერთი დღე“

 

მოსწავლეებმა იციან, რომ რვეულებს შესრულებული წერითი დავალებების შესასწორებლად კვირაში ერთხელ ვიბარებ. ყოველდღე ყველა წერითი დავალების გამოწვლილვით შემოწმება წარმოუდგენელი შრომაა. კვირაში ერთხელ ჩაბარებას სხვა პლიუსიც აქვს – თუ რომელიმე წერითი დავალება მოსწავლემ არ ან ვერ შეასრულა მომავალი გაკვეთილისთვის, მას ყოველთვის ექნება დამატებითი დრო, ბოლომდე მიიყვანოს სამუშაო, აინაზღაუროს დანაკლისი, დაწეროს დასაწერი (თანახმად ანდაზისა„სჯობს გვიან, ვიდრე „არასდროს“).

აქ ერთი რჩევა მინდა გაითვალისწინოთ – მოსწავლეები ფრიად დახელოვნებულები არიან მიზეზების გამოგონებასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საქმეში. პარასკევისთვის ( ან თქვენ მიერ შერჩეული „განსჯის დღისთვის )ბევრს შეიძლება ჰქონდეს მომარჯვებული „მომაკვდინებელი საბუთი“ იმის გასამართლებლად, რომ რვეული არ აქვს და ვერ ჩაგაბარებთ. პასუხი ერთია – სამწუხაროა, მაგრამ კვირის გრაფაში მინუსი დაიწერება. ამგვარ ფორმულარს წინასწარ ვამზადებ და არა ოფიციალურ ჟურნალში, არამედ ჩემთვის ვინიშნავ, რამდენად რეგულარულად ასრულებს მოსწავლე დავალებებს. აქ უკომპრომისობის გამოვლენაც მნიშვნელოვანია – „ხვალ მოვიტან“, „ორშაბათს ჩაგაბარებთ“, „შინ გამოგიტანთ“ და მსგავსი შეთავაზებების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ერთხელ „გადავადების“ შემთხვევაში მომდევნო „გადავადებების მოთხოვნები“ სტიქიური მოვლენად იქცევა და ამის გამოყენებას ბევრი შეეცდება. კომპრომისი კი დათვური სამსახურის დარი იქნება.

ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი მათი შეცდომებისა და გადაცდომების აღნუსხვა კი არ არის, არამედ იმის თვალნათლიც ჩვენება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წერითი უნარების გასაუმჯობესებლად რეგულარული წერა.

 

რა ჩავაბარე – რას მივიღებ

ნებისმიერი ადამიანისთვის უკუკავშირი, სადაც ჩანს ნამუშევრის გულიანად შეფასების მცდელობა, მნიშნელოვანია. ვიცი, როგორ ელიან და რა ინტერესით ათვალიერებენ მოსწავლეები უკან დაბრუნებულ რვეულებს. მინახავს, როგორ აჩვენებენ ერთმანეთს ან უკითხავენ შეფასებების ნაწილს.

ჩემს პრაქტიკაში იყო პერიოდი, როდესაც სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენ დროს ვუთმობ რვეულების გასწორებას და რაოდენ ფუჭი შეიძლება იყოს ეს მცდელობა, თუ მოსწავლეები არ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას შესწორებულ შეცდომებს ან დადებითად შეფასებულ მონაკვეთებს.

შესრულებული წერითი დავალების ბოლოს მიწერილი ზოგადი “ყოჩაღ“, „კარგია“, „უკეთ შეგეძლო“ ან „თავიდან შეასრულე“  არაფრისმთქმელია მოსწავლეებისთვის. არც წითლად მონიშნულ და გადახაზულ სიტყვებს აქცევენ დიდ ყურადღებას.

მინდვრის ხაზზე გაკეთებული შემოკლებების, განმსაზღვრელი შეფასებების (ქულების) და ზოგადი ხასიათის შეფასებების(სინტ.მორფ.პუნქტ. და ა.შ.)ნაცვლად, რომლებიც დაშვებული შეცდომების კატეგორიას მიუთითებს, ვრცელ კომენტარებს ვარჩევ.

 

ნიშნები, სიმბოლოები, „არავერბალური კომუნიკაცია“

გვაქვს შემუშავებული გარკვეული ნიშნებიც. ჩემთვის მეტად მოსახერხებელია სქოლიოს ტიპის კომენტირება – ვნიშნავ აბზაცს, მონაკვეთს, ვნომრავ და შესრულებული დავალებების ბოლოს სქოლიოს პრინციპით ვწერ შენიშვნას/კომენტარს მოცემულ მონაკვეთზე. ეს მინაწერი ყოველთვის ნეგატიური არ არის. მოსწავლეებს სჭირდებათ იმის ცოდნაც, თუ რა გამოუვიდათ კარგად.

ხშირად ვუსვამ შეკითხვებსაც ( მომდევნო ჩაბარების დროს კი მოუთმენლად ველი ამ შეკითხვებზე პასუხებს), ვიყენებ „არავერბალური კომუნიკაციის სიმბოლოებს“,, (ე.წ.ღიმილებს) რაც განსაკუთრებით ეხალისებათ ან კომიქსების წაბაძვით, შორისდებულებითა და პატარა ჩანახატებით გამოვხატავ ემოციას.

 

მეთოდის ნაკლი ის არის, რომ მეტისმეტად დიდ დროს მოითხოვს და ძნელად წარმოსადგენია ამ მეთოდის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ორზე მეტი (მითუმეტეს, მრავალრიცხოვანი) კლასი ჰყავს, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, დახარჯული დრო და ენერგია ამად ღირს და თქვენსა და მოსწავლეებს შორის განსაკუთრებული „ეპისტოლარული“ ურთიერთობა დაიწყება. ხშირად დასმულ შეკითხვებზე ან კომენტარებზე საინტერესო და დამაფიქრებელ პასუხებს ვიღებ. ეს „მიმოწერა“ კონფიდენციალურია და რა თქმა უნდა, შეფასებას არ ექვემდებარება.

 

საქმის გასაიოლებლად

 

დასახელებული ნაკლის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ კვირის განმავლობაში შესრულებული დავალებების შემოწმებას კონკრეტული კრიტერიუმით მიჰყვებით. მაგალითად, ერთ ჯერზე შეამოწმებთ პუნქტუაცისა და სტილს, შემდეგ ჯერზე – ორთოგრაფიასა და მორფილოგიას, ცალკე – სინტაქსური კონსტრუქციებს და ა.შ.

ფოკუსირებული გასწორების სტრატეგია ცალკე შეგიძლიათ შეიმუშავოთ. მაგალითად, შეცდომის კატეგორიის მიხედვით მიუთითეთ მოსწავლეს, სახელმძღვანელოს ან ორთოგრაფიული თუ სხვა ტიპის ლექსიკონის რომელ გვერდზე შეუძლია მიაგნოს დაშვებული შეცდომის აღწერას ან სწორ ვარიანტს.

ფოკუსირებული სტრატეგიის სისტემატური გამოყენებისას მოსწავლეები რამდენიმე კვირის შემდეგ თავად სწავლობენ, როგორ გამოასწორონ ამა თუ იმ კატეგორიის შეცდომა და რა საშუალებებს შეიძლება მიმართონ.

 

შეცდომების გასწორება

 

რვეულების დაბრუნების შემდეგ გაკვეთილზევე დაუთმეთ დრო შეცდომების გასწორებას და სთხოვეთ მოსწავლეებს, დაწერონ მცირე ანგარიში, სადაც აღნიშნავენ საკუთარ შეცდომებს, გაიმეორებენ სწორ ვარიანტებს და გააკეთებენ სათანადო კომენტარებს ( მაგალითად, „მეწერა „რამოდენიმე“. აქამდე არ ვიცოდი, თუ ეს არასწორი ფორმა იყო, ახლა ვიცი, რომ სწორია „რამდენიმე“. შევეცდები, წერისა და საუბრის დროს ყურადღება მივაქციო და სწორად დავწერო ან წარმოვთქვა“. ) ამგვარად გააზრებული და ვერბალიზებული შეცდომები უკეთ გათავისდება და იმის შანსი, რომ მომდევნო ნაწერში შეცდომა გამოსწორდება, იზრდება.

 

მაჩვენე, როგორ ვერ შეასრულე

„არ ვიცოდი, რა დამეწერა“, „ვიფიქრე და ვერ დავწერე“ – მოსწავლეების „საყვარელი“ მიზეზებია „თავის დასაძვრენად“. პრევენციისთვის – წინასწარ გააფრთხილეთ ისინი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მცდელობების ნახვა და იმაში დარწმუნება,რომ მათ „იწვალეს“ და არ გამოუვიდათ.

აუცილებლად მოითხოვეთ „საბუთი“  – მაჩვენე რვეული, რომელშიც დაწყებული და დაუსრულებელი გაქვს ან დაწყებული და გადაშლილი გაქვს დავალება, წინადადებები. მაჩენე მონიშნული ადგილები სახელმძღვანელოდან, საიდანაც აზრი ვერ გამოიტანე ან რაც ვერ გაიგე. სთხოვეთ ასეთ დროსაც კი კომენტარის სახით, წერილობით აღწერონ სიტუაცია.

 

შეფასების ნაცვლად – დაუფასეთ

განმსაზღვრელი შეფასებების კეთება სავალდებულოა და ამ ვალდებულებას ვერსად გავექცევით, მაგრამ მოწადინებით შესრულებული, თუნდაც, შეცდომებით სავსე წერითი დავალების გასწორების დროს უმეტესწილად, ვერიდები ქულების დაწერას. ბოლოს და ბოლოს, ეს „ტვირთი“ შემაჯამებელ წერით სამუშაოს შეგვიძლია ავკიდოთ, შინ შესასრულებელი დამატებითი სამუშაოსთვის კი წახალისება უკეთესი მოტივი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი სასჯელი.

შეეცადეთ, დაუფასოთ შრომა და მონდომება მოსწავლეს და არ დაუკარგოთ მოტივაცია დაბალი განსმაზღვრელი შეფასებით. განმავითარებელი კომენტარი გაცილებით მეტის მომცემი იქნება მოსწავლის უნარების განსავითრებლად, ვიდრე კონკრეტული ქულა. თან, დამერწმუნებით, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სულ ერთი და გაუგებარია ოთხიანს მიიღებს თუ ხუთიანს. დამხმარე კომენტარის ეფექტიანობაში კი მალევე დავრწმუნდებით.

თქვენ რა სტრატეგიას იყენებთ საშინაო წერითი დავალებების შესწორებისას?

როგორ აღწევთ დასახულ მიზნებს და აუმჯობესებთ მოსწავლეების წერით მეტყველებას?

მეტი ვისაუბროთ  საშინაო დავალებების აუცილებლობის შესახებაც… იქნებ,  თანამედროვე სამყაროსთვის ანაქრონისტული და მოძველებულია იმ ტიპის საშინაო დავალებები, როგორსაც ახლა ვაძლევთ მოზარდებს?

 გარე დაკვირვების მოლოდინში – ფერადი გაკვეთილების ციკლიდან

0

კიდევ ერთი გაკვეთილი,  გარე დაკვირვების გაკვეთილების ციკლიდან, მდგრადი განვითარების მიზნების თემით. გაკვეთილში გამოვიყენე მეტაპლანის მეთოდი. ბავშვებმა ძალიან ლამაზი და კრეატიული პრეზენტაციები მოამზადეს. მესამე გაკვეთილზე კი მიზნად დავისახეთ მდგრადი განვითარების მიზნების საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მეც კი გამაოცეს უნარ-ჩვევების გამოვლინებით. განსაკუთრებით კვლევის შედეგების წარდგენის დროს მოახერხეს ჩემი გაკვირვება. მივყვეთ გაკვეთილებსა და აქტივობებს.

მეორე გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები აჯგუფებენ მდგრადი განვითარების მიზნებს მიმართულებების მიხედვით, გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან 5 მიზანს და ასაბუთებენ არგუმენტირებულად.

მოსწავლეებს ამ გაკვეთილზე განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები იხსენებენ წინა გაკვეთილზე შესწავლილ მასალას.

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციურ ფილმს: გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები.

კითხვები ფილმის ჩვენებამდე:

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. ამ ფილმში მოცემული თემებიდან რომელია ყველაზე საინტერესო და აქტუალური თქვენთვის? რატომ გამოყავით ეს პრობლემა?

რესურსის დასაბუთება: კომპიუტერი, ანიმაციური ფილმი – გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები. აღნიშნული რესურსით ხდება წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება.

აქტივობა N 2. მეტაპლანი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ მდგრადი განვითარების მიზნებს და აჯგუფებენ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს მეტაპლანებს (სხვადასხვა ფერის ფურცლებს), რომლებზეც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნები. სულ 17 ფერადი ქაღალდი, თითოეულზე წერია თითო მიზანი. მოსწავლეებმა ჯგუფური განხილვისას უნდა დააჯგუფონ მდგრადი განვითარების მიზნები რაიმე ნიშნის-კრიტერიუმის (მიმართულებების) მიხედვით. მათ უნდა შექმნან მდგრადი განვითარების კომპასი. მოსწავლეები ეცნობიან  მიზნებს, ახარისხებენ და ფლიფჩარტზე ქმნიან საპრეზენტაციო  სქემას. შემდეგ მოაწყობენ გალერეას.

ჯგუფების ნამუშევრები

რესურსის დასაბუთება: „სლაიდშოუ“, მეტაპლანის ბარათების 5 პაკეტი. აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირებას; აზრებისა და შეთანხმებების შემუშავებას. ამავე დროს ის არის ვიზუალური კომპონენტი.

მოსწავლეებს ამ აქტივობით უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რადგან თავად არჩევენ კრიტერიუმებს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რაც მოითხოვს ანალიზსა და შეფასებას.

აქტივობა N 3. თვითშეფასება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრების შეფასებას. მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს შეუძლიათ გადაადგილება და ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობა, კითხვების დასმა.

შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სქემის სწორ ვარიანტს, ე.წ. „მდგრადობის კომპასს“ და ჯგუფები  მეტაპლანების გადაადგილებით ასწორებენ სქემებზე შეცდომებს.

ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები.

აქტივობა N 4.  აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას:

შემოხაზეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 5 მიზანი.  დაფიქრდით იმ მიზნებზე, რომლებსაც საქართველო უახლოეს წარსულში გაუმკლავდა და იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაზეც ქვეყანა ამჟამად მუშაობს. შედეგები წარმოადგინეთ სასურველი ფორმით.

აქტივობა N 5. პრეზენტაცია. აქტივობის მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობა; ნამუშევრის წარდგენის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დასრულების შემდეგ  ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. არგუმენტირებულად ასაბუთებენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიზნებს. კითხვები: ახსნან, თუ რა პრინციპით განათავსეს მეტაპლანები? სად ჰქონდათ აცდენა? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? რა კრიტერიუმს დაეყრდნენ? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? რომელი მიზნებია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? რატომ შეარჩიეს კონკრეტული მიზნები?

ერთი მოსწავლე დაფაზე აფიქსირებს ჯგუფების მიერ გამოყოფილ მიზნებს. გამოყოფენ განმეორებად მიზნებს და ადგენენ საერთო ხუთეულს.

პარალელურად, შეფასების რუბრიკის დახმარებით ახდენენ ურთიერთშეფასებას.

რეფლექსიის ეტაპზე აქტივობა ჩემი საყვარელი მეთოდი ”სამიზნე” გამოვიყენე, თუმცა შეიძლება სხვა ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაც.

საშინაო დავალება: ჩაატარეთ გამოკითხვა მოსახლეობაში; აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ?

მესამე გაკვეთილის თემად მდგრადი განვითარების მიზნები და ცნობიერება შევარჩიე, რომელზეც მართლა გამაკვირვეს. პრეზენტაციის დროს ვუყურებდი და ვფიქრობდი: -ეს ის პატარა ლამაზი გოგო-ბიჭები არიან რამდენიმე წლის წინ გაკვეთილს რომ არ ვაყოლებდი და მებუტებოდნენ, მერე საკუთარი ნამუშევრების წარდგენა და შეფასება რომ ისწავლეს და ჩემი გაკვეთლებიც გამირჩიეს. სხვადასხვა საკითხის განხილვა რომ უნდოდათ და პროგრამას ხომ არ ჩამოვრჩებით, შეიძლებაო? – ეს კითხვაც, რომ დამისვეს მაშინ კი მივხვდი, რომ გაიზარდნენ.

მესამე გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში განათლების როლს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მისი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისთვის.

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

 

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ფილმს: მდგრადი განვითარება განათლებით იწყება.

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. რა ვიცით გაერო-ის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ?
  3. როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართლაც გრანდიოზული გეგმა?

რესურსის დასაბუთება: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოვიყენე ანიმაციური ფილმი – „მდგრადი განვითარება განათლებით იწყება”, რომელშიც გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო გამოკვეთილი. მოსწავლეებმა პრეზენტაციაშიც გამოიყენეს ანიმაციურ ფილმში მოცემული ინფორმაცია.

აქტივობა N 2. აქტივობის მიზანი: გამოკითხვის შედეგების წარდგენა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარადგენენ გამოკითხვის შედეგებს. ერთი მოსწავლე მონაცემებს აფიქსირებს დაფაზე და აჯამებენ. შედეგებს აანალიზებენ და გამოაქვთ დასკვნა.

აქტივობა N 3. პოსტერების შექმნა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ განათლების როლი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ეუბნება  მოსწავლეებს, რომ საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭიროა  პოსტერების დამზადება. შემდეგ კლასს ჰყოფს ოთხ ჯგუფებად და ურიგებს მათ ფლიფჩარტის ქაღალდებს, ფერად ბარათებს, მარკერებს,  ძველ ჟურნალებს. ჯგუფებს მინიჭებული აქვთ სახელები. მაგ; პირველ ჯგუფს ჰქვია „ბუნება“, მეორეს – „ეკონომიკა“, მესამეს – „საზოგადოება“ და მეოთხეს  – „კეთილდღეობა“. რადგან კლასში, სავარაუდოდ, 5 ჯგუფი იქნება მეხუთე ჯგუფი მოამზადებს პოსტერს ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

თითოეულ ჯგუფის დავალებაა, შექმნან პოსტერი მდგრადი განვითარების იმ მიზნების შესახებ, რომელიც მათი ჯგუფის სახელთანაა დაკავშირებული.

ჯგუფების ნამუშევრები

აქტივობა N 4. პრეზენტაცია

პრეზენტაციის მიზანი: მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოსწავლეები, ე.წ. „გალერეაში“ თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ. თითოეული ჯგუფი მიდის სხვა ჯგუფების პოსტერთან და  პოსტერის ავტორები ან სპიკერი აცნობს დანარჩენებს მათი ჯგუფის მდგრადი განვითარების მიზნების შინაარსს, არსს, საჭიროებასა და ამოცანებს.

მეხუთე ჯგუფი, რომელსაც ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ უნდა მოემზადებინა პრეზენტაცია, პრეზენტაციის დროს გამოყოფს საკითხებს, რაზეც დანარჩენ ჯგუფებს აქცენტი არ გაუკეთებიათ.

აქტივობა N 5. შეფასება.

ჯგუფური მუშაობის  შეფასების სქემების საშუალებით მოვახდინე ჯგუფური მუშაობის    განმავითარებელი შეფასება; მოსწავლეებმა შეფასების სქემების დახმარებით შეაფასეს საკუთარი და მეგობრების საქმიანობა და ნამუშევრები.

გაკვეთილის დასრულება რეფლექციის ნებისმიერი აქტივობით შეიძლება.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://mastsavlebeli.ge/?p=19747https://www.youtube.com/watch?v=Pnwi5zwN69E;  https://www.youtube.com/watch?v=FNuaykBosJ4.

თავისუფალი გაკვეთილები და „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“

0

სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე მე და ჩემს ორმოცდაორ მეექვსეკლასელ მოსწავლეს ერთი წიგნი წაგვეკითხა. მიზანი მრავალფეროვანი იყო:

  • მსურდა, პატარა მკითხველების კითხვის პროცესისთვის თვალი მედევნებინა;
  • საპროგრამო თეორიული თუ გრამატიკული მასალა ლიტერატურული ტექსტისთვის დამეკავშირებინა;
  • ერთი წიგნის ირგვლივ გვეტრიალა – გვეფიქრა, გვეაზროვნა, გვემსჯელა;
  • სკოლაში მწერალი მოგვეწვია, გაგვეცნო, მოგვესმინა.

წამოწყებამ თანდათან გარკვეული სახე მიიღო. კვირაში ერთი დღე – პარასკევი – დავთქვით და თავისუფალი გაკვეთილები დავარქვით. თავისუფლები ვიყავით შეფასებებისგან, ვალდებულებებისგან, მოთხოვნებისგან. ისე მოხდა, რომ ყოველი ჩვენი თავისუფალი გაკვეთილი წიგნის სათაურს დაემსგავსა – ერთ გრძელ დღეს (გაკვეთილს) სხვა პლანეტაზე. საკლასო ოთახში მოძრაობდნენ მერხები, მასწავლებელი და მოსწავლეები როლებს ცვლიდნენ, დაფაც წარწერებით ჭრელდებოდა, დაფის თავზე ჩამოკიდებული ეკრანიც სხვადასხვა ფერად ციმციმებდა, მასწავლებლის მაგიდა და მერხები რესურსებით ივსებოდა. ეს იყო ყველაზე გრძელი და საინტერესო ორმოცდახუთი წუთი.

როგორ მოვაგროვეთ წიგნები

მშობლებს კი ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ წიგნის ტირაჟი თითქმის ამოწურულიყო. დემეტრეს დედის, ეკას კეთილი ნებითა და მონდომებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულმა წიგნებმა ჩვენი სკოლისკენ აიღეს გეზი. ერთი მშობელი საგანგებოდ რუსთავში, წიგნის მაღაზიაში გაემგზავრა. მე კი რაჭიდან, სკოლის მედიათეკიდან გამომიგზავნეს ფურცლებგახუნებული, კვამლისსუნიანი წიგნი. გვერდებს შორის კი გამხმარ, ფერდაკარგულ ყვავილებს ვპოულობდი.

ასეთმა ამბებმა ერთი წიგნის ისტორია გაალამაზა.

რატომ „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“

თეა თოფურიას რომანი „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ 2015 წელს გამოიცა. შემთხვევით გადავაწყდი წიგნის მაღაზიაში და ახლაც მახსოვს პირველად წაკითხვისას როგორი მძაფრი განცდები დამიტოვა. მერე ჩემს რაჭველ მოსწავლეებს გავაცანი. წერილიც კი მივწერეთ რაჭიდან. თეამაც ჩვეული გულისხმიერებით გვიპასუხა.

ალბათ, თქვენც ხშირად შეგიმჩნევიათ, როგორ აკვირვებთ მოსწავლეებს ცოცხალ ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა. მასწავლებელი რაც უფრო ხშირად დაგეგმავს მწერლის გაცნობას, მით უფრო ამაღლდება ბავშვების წიგნიერების დონე. დამეთანხმებით, არ ვართ განებივრებულები ქართველი ავტორების მოზარდებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებებით. მიზნად უნდა დავისახოთ და გაკვეთილები უნდა მივუძღვნათ ჩვენს ქართველ ავტორებს.

„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ცოტა ფანტასიკაა, ცოტა ფენტეზიც. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, დედამიწელი გრინკო, მოულოდნელად სუპერმარკეტიდან სხვა პლანეტაზე აღმოჩნდება. მართალია, მოქმედება სხვა პლანეტაზე ვითარდება, მაგრამ მრავალსართულიანი კორპუსები, გაჩეხილი ხეები, გამქრალი მდინარეები და ტბები, ეკოლოგიური საფრთხეები – ჩვენს დედაქალაქს და სოკოებივით გამრავლებულ მაღალსართულიან უსახურ შენობებს გაგახსენებთ. ჩემი მოსწავლეების თქმით, მათი სახლების წინ ისე აშენებდნენ ახალ კორპუსებს, რომ ფანჯრებიდან ხეების, ქუჩის ნაცვლად მხოლოდ ნაცრისფერ კედლებსღა ხედავდნენ.

წიგნის პერსონაჟ პლანეტას კი ამოყირავება ემუქრება. მოსახლეობა წინასწარმეტყველების გაცხადებას შიშით ელის. ჩვენი გრუნტგამოცლილი ქალაქისადმი დარდიც თავს შეგახსენებთ და წიგნის კითხვისას ეკოწიგნიერების საჭიროებაზე დაიწყებთ ფიქრს, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებებზე გარესამყაროს მოსაფრთხილებლად.

მიუხედავად ასეთი საჭირბოროტო თემებისა, ჩემი ათი-თერთმეტი წლის მოსწავლეების დაკვირვების სამიზნედ წიგნის პერსონაჟი გოგო-ბიჭები აღმოჩნდნენ. ბიჭებს პიას დაკვირვებულობა და მიზანდასახულობა აღიზიანებდათ, გოგოებს – გრინკოს უმოქმედობა და არც ტულათი დაინტერესებას პატიობდნენ. მერე, როცა მწერალი მოვიწვიეთ, შეკითხვების უმეტესობაც პიას და გრინკოს ურთიერთობას ეხებოდა. ავტორი კი მშვიდად პასუხობდა, რომ ცხოვრებაში ხშირად ხდება, როცა შეყვარებული ადამიანები ერთად ვერ ცხოვრობენ ან ერთად მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთი რომ აღარ უყვართ. ასეთი რეალობა მოზარდობისას რთულად აღსაქმელი და მოსანელებელია.

პროცესი

ერთ პარასკევს მოსწავლეებს მე ვთავაზობდი თამაშობებს, აქტივობებს, შემდეგ პარასკევს კი მოსწავლეების ჯერი დგებოდა.

კლასი რამდენიმე ჯგუფად დავყავი და ორ კვირაში ერთხელ ჯგუფური დავალებები იცვლებოდა და მოძრაობდა. ერთი კვირის განმავლობაში ექვსი თავი უნდა წაგვეკითხა. დავალებები კი ასეთი იყო:

  • როლური თამაში – სურვილისამებრ უნდა შეერჩიათ ერთი ეპიზოდი და უნდა დაედგათ მინი-სპექტაკლი;
  • გაყინული ეპიზოდი – ამ შემთხვევაში უხმოდ უნდა ეთამაშათ და დანარჩენებს უნდა გამოგვეცნოთ;
  • დიორამა – ჯგუფს დიორამით უნდა გაეცოცხლებინა რომელიმე მონაკვეთი;
  • რადიოპიესა – არჩევდნენ კონკრეტულ ეპიზოდს, ინაწილებდნენ როლებს და მობილური ტელეფონის ხმის ჩამწერის თანხლებით კითხულობდნენ, ფონად მუსიკას ვრთავდით. ეს აქტივობა კითხვითი უნარების განვითარებისთვის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა;
  • სლაიდშოუ – თავების მიხედვით ხატავდნენ ნახატებს ან ინტერნეტში ეძებდნენ შესაბამის ფოტოს, შემდეგ კი სათითაოდ საუბრობდნენ თითოეული თავის ძირითადი სათქმელის შესახებ.

წარმატებული ჯგუფური მუშაობისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ. თავდაპირველად უჭირდათ ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, შეთანხმება, როლების განაწილება. ადუღებული ჩაიდანივით თუხთუხებდნენ და შიშხინებდნენ. მერე ბევრს ვსაუბრობდით პრობლემებზე, კონფილქტების გამომწვევ მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე, ცოტა იუმორსაც ვიშველიებდით და დრომ შეთანხმებული, სწრაფი, ორგანიზებული მუშაობაც მოიტანა.

რაც შეეხება ჩემს აქტივობებს, ვცდილობდი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო. მეგობარი მასწავლებლის მიერ გამოცდილი და მოფიქრებული აქტივობა, კერძოდ, გაბერილ ბუშტში სხვადასხვა მიზნით მოთავსებული სიტყვები, ბუშტის გახეთქვა და წამზომის ფონზე კლასში მიმოფანტული სიტყვების მიზანმიმართული ძიება ერთ-ერთ საყვარელ აქტივობად იქცა, რომელიც გამოწვევის ფაზაზე თუ შემაჯამებელ აქტივობად ეფექტური აღმოჩნდა.

ბუშტში ვათავსებდი წიგნში აღმოჩენილ უცხო სიტყვებსა და მათ განმარტებებს, დანაწევრებულ ფრაზებს, თავების სათაურებს. თამაშის ინსტრუქციას მიზნის შესაბამისად ვცვლიდი.

ერთ პარასკევს მაფინები გამოვაცხვე და წაკითხული თავების სათაურები მოვათავსე. კლასი ორ ჯგუფად დავყავი და სანამ სათაურების თანმიმდევრობის გამოცნობას შეუდგებოდნენ, პირველი ნაბიჯი კექსების სწრაფად შეჭმა იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორი გაკვირვება გამოიწვია ინსტრუქციამ და როგორი ხალისით აიტაცეს ჩემი შეთავაზება. ელვის უსწრაფესად გადასანსლეს ტკბილეული და მერე ლიტერატურულ ფიქრებს მიეცნენ.

რადიოპიესაც პირველად მე ჩავწერე მათთვის. სანამ მოვასმენინებდი, მანამდე საგანგებოდ ამ გაკვეთილისთვის რაჭველი მოსწავლის, თამარის მიერ დახატული ილუსტრაცია ვანახე. ჯერ ეპიზოდი უნდა გამოეცნოთ, შემდეგ კი მოსმენის დრო დგებოდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო გრამატიკული აქტივობები. მაგალითად, იასამნისფერტომრიანი, ორასსართულიანი – ამ ორი სიტყვის მიხედვით ადვილად დაიმახსოვრეს, რომ „იან“ სუფიქსით ნაწარმოები სახელები ერთად იწერება. ასევე ვააქტიურებდით რიცხვითი სახელების, ზმნიზედების, ნაცვალსახელების ირგვლივ დაგროვილ ცოდნას. ცალ-ცალკე ვწერდი სწორ და არასწორ ფორმებს, თითოეულ ჯგუფს  კი სწრაფად უნდა გამოეცნოთ მართებული ფორმები.

ერთხელ მკითხეს, ეს წიგნი რომელიმე ენაზე თუ არის ნათარგმნიო. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ არცერთ ენაზე არ არის თარგმნილი. იმ პერიოდში თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში დავდიოდი და ესპანურ ენას ვსწავლობდი. ლექციებს ჩემი მეექვსეკლასელი მოსწავლის დედა მიკითხავდა. მან გვითარგმნა რამდენიმე წინადადება. ამ წამოწყებამ ისეთი დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ ესპანურთან ერთად რუსულად და ინგლისურად თარგმნასაც შევეჭიდეთ.

 

მწერალი სკოლაში

წიგნის თავები რამდენიმე თვეში მიილია და მწერლის სკოლაში მოწვევის დრო დადგა. ბავშვები პერიოდულად მეკითხებოდნენ, მართლა მოვიდოდა თუ არა ჩვენთან წიგნის ავტორი. მწერალს შევუთანხმდით და შეხვედრის დღეც დავთქვით. დღე დაიგეგმა: პატარა ბარათებზე სათითაოდ დაწერეს შეკითხვები, თავი მოვუყარეთ წიგნის მიხედვით დამზადებულ დიორამებს, ილუსტრაციებს, ხელნაკეთ ბალიშებს, სკოლის დირექციას ქალბატონი გლურჯის პატივსაცემად ალუბლის ტორტის შეკვეთა ვთხოვეთ. ბევრი ვისაუბრეთ აქტიური მსმენელის მახასიათებლებზე, თითოეულმა ჯგუფმა ზემოთ ჩამოთვლილი დავალებებიდან ერთ-ერთი მოამზადა და ამასობაში შეხვედრის დღეც მოვიდა.

თეა თოფურიასთან შეხვედრა ყველასთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. სულ სხვაგვარად აღვიქვით წიგნი, მისი სათქმელი, პერსონაჟები. ბავშვებს კითხვები არ ელეოდათ. თეამ ორმოცამდე შეკითხვას საგულდაგულოდ უპასუხა და მისი გულწრფელობა იმდენად გადამდები იყო, ყველა მოგვნუსხა. მოსმენისას სწრაფი მორბენალი ჩანაწერების მეთოდი გამახსენდა, მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი და თეას საუბრის ჩაწერა დავიწყე. რამდენიმე მოსწავლე აკლდა, მათთვის და შეჯამებისთვისაც შემოგვრჩა ყვითელი თაბახის ფურცელი, რომელიც იმ დღის ისტორიას ინახავს, თეას ხმას აცოცხლებს:

„რატომ მაინცდამაინც მსხალი? – ფიქრი დამეზარა.

პია უფრო მომწონს.

ბატკანძერი ნამდვილად არსებობს. მინდოდა, დაჩაგრული ფრინველი გამეცოცხლებინა.

კუდი ცხოველის ენაა. მიყვარს კუდები.

გრინკო ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც ასტროლოგია უყვარს.

გზადაგზა ვფიქრობდი. თავიდანვე არ ვიცი, რას დავწერ.

მიყვარს სიტყვა „კარპასი“.

ცალმხრივი სიყვარული არსებობს. არ არის დიდი ტრაგედია. ადამიანი გაცილებით ფასეულია, ვიდრე მისი თავგადასავალი.

არსებობს სოფლები, რომლებიც ცივილიზაციაზე უარს ამბობს.

სიყვარულის გარეშე არაფერი ხდება. სიყვარული საინტერესოა. დამანგრეველი ძალა მოაქვს შურისძიებას, სიძულვილს.

სხვა პლანეტა გაძლევს ფანტაზიის საშუალებას“.

შთაბეჭდილებების წერილები ბავშვების ემოციებს ინახავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი მნიშვნელოვანი, საინტერესო და ლამაზი დღე გამოგვივიდა. მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად შევძელით წიგნის – როგორც ინტელექტუალური პროდუქტის დაფასება, გავიცანით ავტორი და ჩვენი სიყვარული ვაგრძნობინეთ.

თავისუფალმა გაკვეთილებმა სასწავლო პროცესი დაუვიწყარ მოგონებად აქცია. ამასთანავე, ყოველი პარასკევი ერთი წიგნის, ერთად კითხვის, უცხო სიტყვების, პერსონაჟებზე დაკვირვების ირგვლივ ტრიალებდა.  ჯგუფური მუშაობისას კიდევ უფრო მეტად ისწავლეს თანამშრომლობა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება. ამ დღის მოლოდინი ფიქრებს აღძრავდა და საკლასო ოთახებს სიხარული ავსებდა.

 

თავისუფალი გაკვეთილები მეორე სემესტრშიც გაგრძელდება. წიგნიც შერჩეული გვაქვს – თამარ გეგეშიძის სადებიუტო რომანი „სული-ჩიტი“. ცხელ-ცხელი, ახლახან გამოცემული, თან წიგნის პერსონაჟები ზუსტად მეექვსეკლასელი გოგო-ბიჭები არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...