ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
11 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

Fishbone Diagram-ის გამოყენება გაკვეთილზე

0

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების სჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის სტილზე. სწავლა რომ სახალისო, საინტერესო პროცესად და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად იქცეს, პედაგოგმა თავისი მიდგომა ინოვაციებით უნდა დატვირთოს.

საინტერესო და ეფექტურია საგაკვეთილო პროცესში კოგნიტური დიაგრამების გამოყენება, რაც მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის აღქმასა და დეტალების ვიზუალურად დანახვაში.

აბსოლუტურად მისაღებია კონფუცის აზრი ამ მხრივ:  ,,მითხარი მე და დამავიწყდება,  მაჩვენე და მე დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება, ჩემით ვიმოქმედო  და მე მივხვდები”.

კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. ჯერ მასწავლებელმა თავად უნდა შეავსოს დიაგრამა მოსწავლეების წინაშე საილუსტრაციოდ და მერე დაავალოს მათ საკითხის სააზროვნო სქემებით წარმოდგენა. მოსწავლეები აითვისებენ და თვითონაც შექმნიან სქემებს.

კოგნიტური დიაგრამებიდან ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს Fishbone Diagram (ე.წ ,,თევზის ფხა“). დიაგრამას თევზის ფხების ფორმა აქვს. მეთოდი ხელს უწყობს ინფორმაციის გაგება-გააზრებისა და დამუშავების უნარების განვითარებას. ეს ერთგვარი გამჭოლი სემიოტიკური კომპეტენციაა, რომელიც ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარს გულისხმობს.

თანამედროვე სწავლებაში განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ვიზუალური თვალსაჩინოებები. მოსწავლე გაცილებით უკეთ იაზრებს და იმახსოვრებს მასალას.

ფიშბონის მეთოდი შექმნა იაპონელმა პროფესორმა კაირუ ისაკავამ. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე და ორგანიზების ფორმებსაც მოვარგოთ.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ მეთოდს ვიყენებ ძირითადად გაკვეთილის საწყის ეტაპზე, გონებრივი იერიშის დროს. როდესაც ვსვამ კითხვას(ზოგადს ან კონკრეტულს); საკითხს ვსვამ და მოსწავლეებისგან წამოვა სხვადასხვა იდეა; მე სელექციის გარეშე ვაფიქსირებ თევზის ფხებზე. რაც მეტი იდეა წამოვა, მით მეტად ვზრდი თევზის ფხების რაოდენობას; ჯერ თევზის კუდს არ ვაფიქსირებ. გონებრივი იერიშის ამ ეტაპზე მონაწილეები მაქსიმალურად ერთვებიან პროცესში; მათ უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება; ისეთი მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. გაკვეთილის საწყის ეტაპზე ამ მეთოდით უზრუნველვყოფ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. ,,Fishbone”-ს მეთოდი ხელს უწყობს ინფორმაციის გაგება-გააზრებისა და დამუშავების უნარების განვითარებას. მოსწავლეთაგან იდეების მოწოდების დასრულებისას, როცა დავიწყებთ გამოხშირვას, უკვე ვაფიქსირებ თევზის კუდს და დასკვნაც იქ იწერება.

უნდა აღვნიშნო, რომ  შეგვიძლია Fishbone სხვადასხვანაირად წარმოვადგინოთ. მაგალითად, ჰორიზონტალურად (ძირითადად ასე ვიყენებთ) ან ვერტიკალურად.

გაკვეთილზე კოგნიტური სქემების გამოყენება ზრდის აქტივაციის ხარისხს. იმისთვის რომ წინარე ცოდნა იქცეს დინამიკური ცოდნის საფუძვლად, საჭიროა, მოსწავლეს მასალა შევაჯამებინოთ ამა თუ იმ სახის მეტაკოგნიტური აქტივობით და ამის გათვალისწინებით მივაწოდოთ ახალი. წინმსწრები კოგნიტური სავარჯიშოების გამოყენება დინამიკური ცოდნის საფუძველია.

Fishbone-ის მეთოდს ძირითადად გონებრივი იერიშის დროს ვიყენებ, თუმცა, ასევე, ეფექტურად გამოიყენება გარკვეული მასალის შეჯამებისას. მაგალითად, რომელიმე მეფის მოღვაწეობის შესწავლის დასრულებისას, ან მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებისას. მე გამომიყენებია არაერთხელ დავით IV-ის მიერ 8 სავაზიროს შექმნის ვიზუალიზაციისთვის, ასევე, ფარნავაზის რეფორმების შესწავლისას და ა.შ. თევზის თავში წერს მოსწავლე მეფის სახელს, ფხებზე,  მაგალითად,  სავაზიროებს და ბოლოს კუდში პასუხობენ მნიშვნელოვან კითხვას, რა შედეგი გამოიღო ამა თუ იმ რეფორმამ. ასევე გამომიყენებია პრაქტიკაში, როცა თევზის თავში  მეფეს ვწერთ და ფხებზე მნიშვნელოვან ბრძოლებს (ამ მეფის დროს), კუდში კი შედეგებს. ეს შეიძლება იყოს ჯგუფური დავალებაც, რომელსაც ვაძლევთ ფლიპჩარტზე წარმოსადგენად; შეიძლება მივცეთ რომელიმე ისტორიული წყაროს დამუშავებისას ჯგუფებს (თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა წყარო), რომ პასუხი წარმოადგინონ ვიზუალურად Fishbone-ის საშუალებით.

XXI საუკუნეში Fishbone-ს დიაგრამის შექმნა, გარდა ფლიპჩარტზე მარკერებით წარმოდგენისა, კომპიუტერულად სხვადასხვა პროგრამაში შეიძლება. მზა შაბლონია, მაგალითად, ,,Class Tools”-ში, სადაც შეგვიძლია შევავსოთ დიაგრამა, მაგრამ აქ თევზის ფხების  რაოდენობას ვერც გავზრდით და ვერც შევამცირებთ. ამის გაკეთება შეგვიძლია Paint-შიც, გრაფიკული ტაბის საშუალებითაც, პროგრამა Sancore-შიც და ა.შ. ყველაზე ეფექტური და, მე ვფიქრობ, მოსწავლეთათვის მეტად საინტერესო იქნება, თუ Fishbone-ს გავაკეთებთ Minecraft-ში. მოსწავლეები ამ მხრივ უფრო განსწავლულები არიან; ვიზუალურადაც უფრო მიმზიდველი გამოვა.

ამრიგად, თანამედროვე სწავლება ხელს უწყობს ციფრული და სემიოტიკური კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში. ეს ყველაფერი კი XXI საუკუნის უნარებია. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მათ ხელთაა  ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობებისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ,,ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“-ავტორთა ჯგუფი, მასწავლებლის სახლი, 2016 წ
  2. ,,ეფექტიანი სწავლება“(თეორია და პრაქტიკა)-გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010 წ
  3. https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/tttttt.pdf
  4. https://ncp.ge/ge/activities/aqtivoba-n3-kognituri?resid=590

 

 

 

,,პირადი მრჩეველი“-ერთი სასწავლო მეთოდის შესახებ

0

 როგორ მოვაგვაროთ პერსონალური კომპიუტერის სიმცირის გამო წამოჭრილი ქცევის წესების დარღვევის პრობლემა?

   დამეთანხმებით, რომ კლასის ეფექტური მართვა და დისციპლინის შენარჩუნება აუცილებელი პირობაა სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის.

მოსწავლეთა არასასურველ ქცევას შეიძლება განაპირობებდეს ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, სოციალური პრობლემა, ძალადობა, არასწორი საკლასო მენეჯმენტი, მასწავლებლის საუბრის მონოტონურობა,  ფიზიკური გარემო, რესურსების სიმწირე და ა.შ.   არასასურველი ქცევის პრევენციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი.

მინდა ყურადღება გავამახვილო  ფიზიკურ გარემოზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ქცევაზე და შესაბამისად სწავლა-სწავლების ხარისხზე.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის თუ არა რესურსები სწორად განაწილებული და რამდენად არის  ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის, არის თუ არა სკოლაში  კომპიუტერის, ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიები და თუ არის, რამდენად აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

შევეცდები მოკლედ და ლაკონურად ავღწერო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში.

სკოლაში პერსონალური კომპიუტერის სიმცირის გამო იძულებული ვარ მოსწავლეები დავაწყვილო პრაქტიკული საქმიანობის დროს. ამ დროს ხშირია მოსწავლეთა ქცევის წესების დარღვევა. თითქმის ყველა ცნობილი მეთოდი გამოვიყენე: დავაწყვილე მოსწავლეები მათი უნარებისა და ცოდნის მიხედვით, შევურჩიე საინტერესო დავალებები, შემოვიღე წესის დარღვევისთვის სანქციები, ყოველ გაკვეთილზე დავაწესე ,,საუკეთესო წყვილი“-ს დაჯოლდოება. მაგრამ, გარკვეული ეტაპის შემდეგ ეფექტურობა დაკარგა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდმა.  დილემის წინაშე აღმოვჩდი და  საკუთარ თავს დავუსვი კითხვა- პერსონალური კომპიუტერის სიმცირის გამო, როგორ შეიძლება ქცევის წესების დარღვევის აღმოფხვრა?

პასუხად კი შევიმუშავე  – ,,პირადი მრჩევლის ფორმა“.

 

შევიტანე გაკვეთილზე, გავაცანი მუშაობის პრინციპები მოსწავლეებს  (წყვილში ერთი-ერთი მოსწავლე ასრულებს საკლასო დავალებას, ხოლო მეორე მოსაწვლე აკვირდება მეწყვილის მუშაობას, ავსებს ,,პირადი მრჩევლის ფორმას“ და შემდგომ ცვლიან  როლებს).

მეთოდმა, რომელიც მე გამოვიყენე წყვილებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული მუშაობის დროს, მომცა დადებითი შედეგი. წყვილში თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული დავალების შესრულების პროცესში ისე, რომ ხელს არ უშლიდნენ ერთმანეთს მუშაობაში, პირიქით, რჩევებს აძლევდნენ მეწყვილეებს, აკვირდებოდნენ მუშაობის პროცესს და ასახავდნენ მოცემულ ფორმაში.

ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი ხაზს უსვამს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას. მოსწავლეს უმაღლდება თვითშეფასება, ხდება უფრო მოტივირებული, გრძნობს პასუხისმგებლობას. ასეთი ტიპის აქტივობა  მათში დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს იწვევს.  წყვილებში მუშაობის დროს მასწავლებელს შეუძლია აქტიურად დააკვირდეს პროცესს- სად არის  პრობლემა, რა არის მარტივი ან რთული მოსწავლეებისთვის.

აუცილებელია მასწავლებელმა სწორად შეარჩიოს წყვილები – ზედმეტად ლოიალური ან ზედმეტად კრიტიკული მეწყვილეები ობიექტურად ვერ შეძლებენ თანამეწყვილის შეფასებას, ამიტომ  ლოიალური დამოკიდებულების შემთხვევაში წყვილები შევარჩიოთ შემთხვევითობის პრინციპით, ხოლო კრიტიკული დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება წყვილების შერჩევისას.

„პირადი მრჩევლის ფორმა“ ერთერთი მეთოდია მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად.  მასწავლებელი მოსწავლეებს მუდმივად უნდა სთავაზობდეს სიახლეებს. მეთოდი საშუალებას მისცემს მასწავლებელს სწავლების პროცესი გახდეს სახალისო და საინტერესო.

შემაჯამებელი ტესტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

0

ხელოვნების ისტორიის გარკვეული ეპოქის ,  თემის შესწავლა-დამუშავების შემდეგ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს მოგვეთხოვება შემაჯამებელი დავალებების ჩატარება. შემაჯამებელი სამუშაოს  შედეგები  გვეხმარება  დავადგინოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები,  გავიგოთ: რამდენადაა დაძლეული სასწავლო თემა, რამდენად წარმოჩინდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.  აუცილებელია შემაჯამებელი  დავალებების  მრავალგვარი ფორმის გამოყენება , ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში:

„შემაჯამებელ დავალებათა  ტიპებია:

საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება/მაშტაბური ნამუშევარი/ გამოფენა/მოხსენება-რეფერატი (გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ).

ეროვნული სასწავლო გეგმაში  მითითებულია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, განვიხილავ ერთ კონკრეტულ მაგალითს:  VII კლასში,  რენესანსის და ბაროკოს ეპოქის შესწავლის შემდეგ, დავგეგმე შემაჯამებელი გაკვეთილი, მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ ორი განსხვავებული ეპოქის, ერთ თემაზე შექმნილი, ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზი. დავალება შევადგინე ღია ტიპის კითხვებით, რომელიც ალტერნატიულ პასუხებს არ შეიცავდა, მაგრამ დასმულ კითხვებზე ლაკონიური პასუხების გაცემას მოითხოვდა. ამ ტიპის ტესტები უფრო მეტად ამჟღავნებს მოსწავლის შესაძლებლობებს, ვიდრე დახურული კითხვებით შედგენილი ტესტები, რადგან არ ეძლევათ მზა პასუხებიდან არჩევის საშუალება. მოსწავლეებს კითხვაზე საპასუხოდ ადეკვატური ინფორმაცია უნდა გადმოეცათ  ლაკონიურად და ხელოვნების ტერმინოლოგიის გამოყენებით რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.  მსგავსი ტიპის ტესტებზე მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები: ორი  ეპოქის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებზე მსჯელობის , შედარებითი ანალიზის უნარი, საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი.

 

 

შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა

 

თემა რენესანსი და ბაროკო
კლასი VII
მიზანი ·                     მოსწავლის მიერ  ნამუშევრით აღძრული შთაბეჭდილების გაანალიზების, საკუთარი შეხედულების დასაბუთების  და მასში გადმოცემული განწყობილების ამოცნობისა და სხვა და სხვა ეპოქის სტილის ნიმუშების შედარებითი ანალიზის უნარის შემოწმება.
შეფასება ორი ეპოქის ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის შედარებითი ანალიზის უნარი და საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი.
მუშაობის ფორმა ინდივიდუალური
რესურსი სახელმძღვანელო, ტესტი , საწერი კალამი.
შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა ტესტური დავალება
ეროვნულ სასწავლო გეგმა , მისაღწევი შდეგები. ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

·           საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);

·           აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);

·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.

VII.11.       მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

·           ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;

·           ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;

·           ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ­ტუ­რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.

ს.გ.VII.12მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.

·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;

·           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;

 

 

მოსწავლის შემაჯამებელი ტესტი

 

  1. 2.

 

  1. ჯოვანი ბელინი. ჯვარცმა. 1455 წ.            
  2. რუბენსის. ჯვარცმა. 1620წ.

 

შეადარეთ გამოსახულებები ერთმანეთს:

  1. დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშების საერთო და განმასხვავებელი მხატვრული ნიშნები:
  • რა თემაზეა შექმნილი ხელოვნების ნიმუშები? ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშებია წარმოდგენილი?
  • რომელი სახვითი საშუალებები და სახვითი ხერხებია ავტორების მიერ გამოყენებული აზრისა და იდეის გამოსახატად და/ან ხასიათის შესაქმნელად? (5 ქულა)
  1. ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით მიაკუთვნეთ ხელოვნების ისტორიის გარკვეულ პერიოდს. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება! (3 ქულა).
  2. გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშების მიმართ, დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება (2 ქულა).

 

შეფასების რუბრიკა

# მოსწავლის

სახელი და გვარი

კრიტერიუმები

შემაჯამებელი ქულა

 

 

აღწერს ნამუშევარს, აკეთებს ორი ეპოქის კონკრეტული ნიმუშის შედარებით ანალიზს ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით

ხელოვნების ისტორიის გარკვეული პერიოდის მიკუთვნება . მოსაზრების დასაბუთება.

ხელოვნების ნიმუშების მიმართ ასაბუთებს საკუთარ დამოკიდებულებას
0- 5 0- 3 0- 2 10
1          
2          

 

მოსწავლის თვითშეფასების სქემა

მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი: ————————-      ———————-
კრიტერიუმები დიახ ნაწილობრივ არა
აღვწერ ნამუშევარს, ვაკეთებ ორი ეპოქის კონკრეტული ნიმუშის შედარებით ანალიზს      
მივაკუთვნებ ხელოვნების თითოეული ნიმუშს  სტილური მახასიათებლების მიხედვით

ხელოვნების ისტორიის გარკვეულ პერიოდის .

     
ხელოვნების ნიმუშების მიმართ ვასაბუთებ საკუთარ დამოკიდებულებას      

 

სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  წამყვანი მასწავლებელი: ნინო ცარციძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)

 

  1. კლდიაშვილი ა. ღაღანიძე ნ. ჯაყელი თ. (2012 წ) ხელოვნება   VII კლასი.  გამომცემლობა „კლიო“.

 

 

                    ერთი აქტივობა და მოსწავლეთა ურთიერთშეფასების მეთოდი

0

მოსწავლეთა ურთიერთშეფასების მეთოდს მასწავლებლები წარმატებით იყენებენ და ძნელია რამე სიახლე შესთავაზო ამ მხრივ კოლეგებს, თუმცა მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ კუთხით და განვიხილო ჩემ მიერ აპრობირებული ერთი აქტივობა.

მოსწავლეთა ურთიერთშეფასების გამოყენების ჩემეული აქტივობის  ეტაპები ასეთია:

(მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში).

პ ი რ ვ ე ლ ეტაპზე წყვილები ერთმანეთს გაუცვლიან რვეულებს და მეწყვილეს რვეულში ჩაუწერენ რამდენიმე შეკითხვას გამოსაკითხი ან გასამეორებელი მასალიდან.შეკითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მასალაზე, სიტუაციაზე და დროის ლიმიტზე.მოსწავლეებმა წინასწარ იციან რა დროში  უნდა შეასრულონ სამუშაო.

მ ე ო რ ე ეტაპზე წყვილები გაცვლიან რვეულებს და იწყებენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. დავალება უნდა შესრულდეს წინასწარ განსაზღვრულ დროში.

 მ ე ს ა მ ე ეტაპზე წყვილები კვლავ გაცვლიან რვეულებს და იწყებენ მეწყვილის ნამუშევრის შეფასებას. შეფასების კრიტერიუმები მარტივია და წინასწარაა განსაზღვრულ-შეთანხმებული.

მაგ: უნდა მომზადდეს 5 შეკითხვა, რომელთაგან თითოეული ფასდება 2 ქულით. თუ პასუხი სწორია, მაგრამ ამომწურავი არ არის-1ქულა; თუ პასუხი არასწორია ან არ არის- 0 ქულა.

ამ გზით მეწყვილის შეფასება მარტივი აღმოჩნდა მეხუთეკლასელებისთვისაც კი, რომლებთანაც აქტიურად ვიყენებდი ამ მეთოდს გასულ სასწავლო წელს.

თითოეულ მეწყვილეს ევალება დაწეროს განმსაზღვრელი შეფასება და იქვე მიუთითოს, რატომ დაწერა მოცემული ქულა.( თუ აქტივობას გამოვიყენებთ მეხუთე კლასის პირველ სემესტრში, უნდა გავითვალისწინოთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და განმსაზღვრელი შეფასების ნაცვლად მხოლოდ განმავითარებელი შეფასების მარტივი ფორმა შევასრულებინოთ მოსწავლეებს. მაგ: შეკითხვას სრულყოფილად უპასუხა; მხედველობიდან გამორჩა ესა თუ ის საკითხი; და სხვა.

მ ე ო თ ხ ე ეტაპზე მეწყვილეები კვლავ გაცვლიან რვეულებს და ეცნობიან მიღებულ შედეგებს. თითოეულ მოსწავლეს აქვს უფლება გააპროტესტოს  მიღებული შეფასება. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ასრულებს არბიტრის როლს. იგი ისმენს ორივე მეწყვილის აზრს და გასცემს ეფექტურ  უკუკავშირს. თუ ურთიერთშეფასების შედეგებს ყველა მოსწავლე ეთანხმება, ამ შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებს და აქტივობას იყენებს განმავითარებელი შეფასებისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა ის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე კენტი რაოდენობის მოსწავლეა და ერთი მოსწავლე რჩება მეწყვილის გარეშე. ამ შემთხვევაში მისი მეწყვილე ხდება მასწავლებელი. ჩემი აზრით, მასწავლებელმა იდეალურად  არ  უნდა უპასუხოს მოსწავლე-მეწყვილის შეკითხვებს  და მისცეს მას საშუალება კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მასწავლებელი. საწყის ეტაპზე მოსწავლეები მაღალი ქულებით აფასებენ მასწავლებელს და ნაკლებია კრიტიკული ანალიზი, მაგრამ თანდათან მასწავლებლის უკუკავშირის და წახალისების შემდეგ მოსწავლეები გადადიან ობიექტურ შეფასებაზე.

აქტივობის გამოყენების დადებითი ასპექტებია:

  • მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიზის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარები;
  • საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და უვითარდებათ თანაგანცდა მასწავლებლის და მეწყვილის მიმართ;
  • უკუკავშირი გაიცემა არა მარტო მასწავლებლის, არამედ თანატოლის მიერ;
  • აქტივობის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საგანში და ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში;
  • მოსწავლეები ეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს და თვითონვე იყენებენ მას,  შემდეგში მათთვის ადვილი გასაგები ხდება მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები,   მოსწავლეები ეჩვევიან ობიექტურობას. იციან, რომ აუცილებლად მოუწევთ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება;
  • იზრდება მოტივაცია, ხალისი და შესაძლებელია მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა(რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვან კლასებში).

აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციას, შეფასების კრიტერიუმებს, დროის ლიმიტს, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ეჩვევიან წესებს, ამ პროცედურებზე ძალიან ცოტა დრო იხარჯება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ აქტივობას ძირითადად განმავითარებელი შეფასებისთვის ვიყენებ. მოსწავლეებს მოსწონთ მასწავლებლის როლში ყოფნა და საკუთარი თანატოლისაგან მიღებულ უკუკავშირს უფრო ადეკვატურად აღიქვამენ. ეს ერთგვარი როლური თამაშია, სადაც მოსწავლეც გამარჯვებულია და მასწავლებელიც.

 

 

     ნათია თავართქილაძე

    ქ. ოზურგეთის  #2  საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

გარე დაკვირვების მოლოდინში – ფერადი გაკვეთილების ციკლიდან (გაგრძელება )

0

ვაგრძელებ გარე დაკვირვების გაკვეთილების ციკლს, მდგრადი განვითარების მიზნების თემით. მეორე გაკვეთილში გამოვიყენე მეტაპლანის მეთოდი. ბავშვებმა ძალიან ლამაზი და კრეატიული პრეზენტაციები მოამზადეს. მესამე გაკვეთილზე კი მიზნად დავისახეთ მდგრადი განვითარების მიზნების საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მეც კი გამაოცეს უნარ-ჩვევების გამოვლინებით. განსაკუთრებით კვლევის შედეგების წარდგენის დროს მოახერხეს ჩემი გაკვირვება. მივყვეთ გაკვეთილებსა და აქტივობებს.

მეორე გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები აჯგუფებენ მდგრადი განვითარების მიზნებს მიმართულებების მიხედვით, გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან 5 მიზანს და ასაბუთებენ არგუმენტირებულად.

მოსწავლეებს ამ გაკვეთილზე განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები იხსენებენ წინა გაკვეთილზე შესწავლილ მასალას.

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციურ ფილმს: გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები.

კითხვები ფილმის ჩვენებამდე:

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. ამ ფილმში მოცემული თემებიდან რომელია ყველაზე საინტერესო და აქტუალური თქვენთვის? რატომ გამოყავით ეს პრობლემა?

რესურსის დასაბუთება: კომპიუტერი, ანიმაციური ფილმი – გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები. აღნიშნული რესურსით ხდება წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება.

აქტივობა N 2. მეტაპლანი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ მდგრადი განვითარების მიზნებს და აჯგუფებენ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს მეტაპლანებს (სხვადასხვა ფერის ფურცლებს), რომლებზეც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნები. სულ 17 ფერადი ქაღალდი, თითოეულზე წერია თითო მიზანი. მოსწავლეებმა ჯგუფური განხილვისას უნდა დააჯგუფონ მდგრადი განვითარების მიზნები რაიმე ნიშნის-კრიტერიუმის (მიმართულებების) მიხედვით. მათ უნდა შექმნან მდგრადი განვითარების კომპასი. მოსწავლეები ეცნობიან  მიზნებს, ახარისხებენ და ფლიფჩარტზე ქმნიან საპრეზენტაციო  სქემას. შემდეგ მოაწყობენ გალერეას.

ჯგუფების ნამუშევრები

რესურსის დასაბუთება: „სლაიდშოუ“, მეტაპლანის ბარათების 5 პაკეტი. აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირებას; აზრებისა და შეთანხმებების შემუშავებას. ამავე დროს ის არის ვიზუალური კომპონენტი.

მოსწავლეებს ამ აქტივობით უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რადგან თავად არჩევენ კრიტერიუმებს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რაც მოითხოვს ანალიზსა და შეფასებას.

აქტივობა N 3. თვითშეფასება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრების შეფასებას. მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს შეუძლიათ გადაადგილება და ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობა, კითხვების დასმა.

შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სქემის სწორ ვარიანტს, ე.წ. „მდგრადობის კომპასს“ და ჯგუფები  მეტაპლანების გადაადგილებით ასწორებენ სქემებზე შეცდომებს.

ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები.

აქტივობა N 4.  აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას:

შემოხაზეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 5 მიზანი.  დაფიქრდით იმ მიზნებზე, რომლებსაც საქართველო უახლოეს წარსულში გაუმკლავდა და იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაზეც ქვეყანა ამჟამად მუშაობს. შედეგები წარმოადგინეთ სასურველი ფორმით.

აქტივობა N 5. პრეზენტაცია. აქტივობის მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობა; ნამუშევრის წარდგენის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დასრულების შემდეგ  ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. არგუმენტირებულად ასაბუთებენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიზნებს. კითხვები: ახსნან, თუ რა პრინციპით განათავსეს მეტაპლანები? სად ჰქონდათ აცდენა? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? რა კრიტერიუმს დაეყრდნენ? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? რომელი მიზნებია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? რატომ შეარჩიეს კონკრეტული მიზნები?

ერთი მოსწავლე დაფაზე აფიქსირებს ჯგუფების მიერ გამოყოფილ მიზნებს. გამოყოფენ განმეორებად მიზნებს და ადგენენ საერთო ხუთეულს.

პარალელურად, შეფასების რუბრიკის დახმარებით ახდენენ ურთიერთშეფასებას.

რეფლექსიის ეტაპზე აქტივობა ჩემი საყვარელი მეთოდი ”სამიზნე” გამოვიყენე, თუმცა შეიძლება სხვა ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაც.

საშინაო დავალება: ჩაატარეთ გამოკითხვა მოსახლეობაში; აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ?

მესამე გაკვეთილის თემად მდგრადი განვითარების მიზნები და ცნობიერება შევარჩიე, რომელზეც მართლა გამაკვირვეს. პრეზენტაციის დროს ვუყურებდი და ვფიქრობდი: -ეს ის პატარა ლამაზი გოგო-ბიჭები არიან რამდენიმე წლის წინ გაკვეთილს რომ არ ვაყოლებდი და მებუტებოდნენ, მერე საკუთარი ნამუშევრების წარდგენა და შეფასება რომ ისწავლეს და ჩემი გაკვეთლებიც გამირჩიეს. სხვადასხვა საკითხის განხილვა რომ უნდოდათ და პროგრამას ხომ არ ჩამოვრჩებით, შეიძლებაო? – ეს კითხვაც, რომ დამისვეს მაშინ კი მივხვდი, რომ გაიზარდნენ.

მესამე გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში განათლების როლს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მისი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისთვის.

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

 

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ფილმს: მდგრადი განვითარება განათლებით იწყება.

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. რა ვიცით გაერო-ის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ?
  3. როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართლაც გრანდიოზული გეგმა?

რესურსის დასაბუთება: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოვიყენე ანიმაციური ფილმი – „მდგრადი განვითარება განათლებით იწყება”, რომელშიც გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო გამოკვეთილი. მოსწავლეებმა პრეზენტაციაშიც გამოიყენეს ანიმაციურ ფილმში მოცემული ინფორმაცია.

აქტივობა N 2. აქტივობის მიზანი: გამოკითხვის შედეგების წარდგენა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარადგენენ გამოკითხვის შედეგებს. ერთი მოსწავლე მონაცემებს აფიქსირებს დაფაზე და აჯამებენ. შედეგებს აანალიზებენ და გამოაქვთ დასკვნა.

აქტივობა N 3. პოსტერების შექმნა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ განათლების როლი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ეუბნება  მოსწავლეებს, რომ საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭიროა  პოსტერების დამზადება. შემდეგ კლასს ჰყოფს ოთხ ჯგუფებად და ურიგებს მათ ფლიფჩარტის ქაღალდებს, ფერად ბარათებს, მარკერებს,  ძველ ჟურნალებს. ჯგუფებს მინიჭებული აქვთ სახელები. მაგ; პირველ ჯგუფს ჰქვია „ბუნება“, მეორეს – „ეკონომიკა“, მესამეს – „საზოგადოება“ და მეოთხეს  – „კეთილდღეობა“. რადგან კლასში, სავარაუდოდ, 5 ჯგუფი იქნება მეხუთე ჯგუფი მოამზადებს პოსტერს ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

თითოეულ ჯგუფის დავალებაა, შექმნან პოსტერი მდგრადი განვითარების იმ მიზნების შესახებ, რომელიც მათი ჯგუფის სახელთანაა დაკავშირებული.

ჯგუფების ნამუშევრები

აქტივობა N 4. პრეზენტაცია

პრეზენტაციის მიზანი: მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოსწავლეები, ე.წ. „გალერეაში“ თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ. თითოეული ჯგუფი მიდის სხვა ჯგუფების პოსტერთან და  პოსტერის ავტორები ან სპიკერი აცნობს დანარჩენებს მათი ჯგუფის მდგრადი განვითარების მიზნების შინაარსს, არსს, საჭიროებასა და ამოცანებს.

მეხუთე ჯგუფი, რომელსაც ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ უნდა მოემზადებინა პრეზენტაცია, პრეზენტაციის დროს გამოყოფს საკითხებს, რაზეც დანარჩენ ჯგუფებს აქცენტი არ გაუკეთებიათ.

აქტივობა N 5. შეფასება.

ჯგუფური მუშაობის  შეფასების სქემების საშუალებით მოვახდინე ჯგუფური მუშაობის    განმავითარებელი შეფასება; მოსწავლეებმა შეფასების სქემების დახმარებით შეაფასეს საკუთარი და მეგობრების საქმიანობა და ნამუშევრები.

გაკვეთილის დასრულება რეფლექციის ნებისმიერი აქტივობით შეიძლება.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://mastsavlebeli.ge/?p=19747https://www.youtube.com/watch?v=Pnwi5zwN69E;  https://www.youtube.com/watch?v=FNuaykBosJ4.

კოპირაიტერი – მომავლის პროფესია

0

ზუსტი სიტყვის სნაიპერი –

არის კოპირაიტერი! (ც. ბ.)

ვინ არის კოპირაიტერი? სიტყვებით მისი აღწერა არ გამოვა, ამიტომ ჯობს, მეტაფორებს მივმართოთ.

კოპირაიტერი არქიტექტორია. მას შეუძლია, სრულიად სხვადასხვანაირი შენობები (ტექსტები) ააგოს. გააჩნია, რისთვის აგებს და რას აგებს – სავაჭრო ცენტრს, ქორწინების სახლს, ბინას, ტაძარს თუ რამე სხვას. და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლამაზი და სტილებრივად დახვეწილი შენობის აგება საკმარისი არ არის, არქიტექტორი ყოველთვის ითვალისწინებს კონტექსტს: სად აგებს ამ შენობას? გვერდით როგორი შენობებია? როგორ გამოიყურება მისი ნაშენი სხვების ფონზე? რით იქნება განსხვავებული და როგორ მიიზიდავს ყურადღებას? დიახ, ის უნდა ჩაჯდეს საერთო კონტექსტში და იმავდროულად იყოს განსხვავებულიც.

რერაიტერი კი შეიძლება შევადაროთ ექიმს, რომელიც ტექსტის დიაგნოსტიკის შემდეგ გასცემს შესაბამის რჩევებს, რათა ტექსტი ჯანმრთელი და უნიკალური გავიდეს ბაზარზე.

ყველამ იცის, რა არის რიტორიკა, მაგრამ ცოტას თუ გაუგონია ციფრული სამყაროს აქტუალური პროფესიის – კოპირაიტინგის შესახებ. კოპირაიტინგი თანამედროვე ციფრული სამყაროს რიტორიკაა. გარწმუნებთ, ცოტა ხანში ის დასჭირდება ყველას, ვისაც საქმე აქვს ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებასთან.

რიტორიკა, კლასიკური განმარტებით, არის ეფექტური ზეპირი მეტყველება. კოპირაიტინგი ეფექტური წერითი მეტყველებაა. წერითი და ზეპირი მეტყველება ჰგვანან კიდეც ერთმანეთს და განსხვავდებიან კიდეც. პირველი განსხვავება ის არის, რომ ერთი გამოითქმის, მეორე კი იწერება. გასათვალისწინებელია აუდიტორიაც. პირველ შემთხვევაში ორატორი მიმართავს განსაზღვრულ აუდიტორიას და ეს იცის. ორატორი ითვალისწინებს კონტექსტს, წინასწარ სწავლობს მსმენელს და ასე აგებს თავის გამოსვლას.

ახლა წარმოიდგინეთ ციფრული სამყარო: გადავსებულ საინფორმაციო გარემოში თქვენმა ნაწერმა უნდა მიაღწიოს იმ მსმენელამდე, რომლისთვისაც ის გამიზნულია. არ აქვს მნიშვნელობა, სარეკლამო ტექსტია ეს თუ უბრალოდ თქვენი მოსაზრება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. თუ შეძლებთ ორატორის აუდიტორიასა და კოპირაიტერის აუდიტორიას შორის სხვაობის წარმოდგენას, მიხვდებით, რამხელა ამოცანის წინაშე დგას კოპირაიტერი – სარეკლამო ტექსტების მწერალი.

უფრო შორს თუ წავალთ (ან პირიქით, უფრო ახლოს თუ მივალთ პრობლემასთან), აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ჩვენგანი ერთგვარად კოპირაიტერია, რადგან, სხვა თუ არაფერი, ჩვენ გვიწევს სოციალურ ქსელში პოსტვა. მიგაჩნიათ, რომ ეს უმნიშვნელოა? ან იქნებ დღემდე არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ის, რაც სოციალურ ქსელში გამოგარჩევთ, სწორედ თქვენ მიერ დაწერილი სიტყვაა? ციფრულმა სამყარომ და ტექნოლოგიებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ძველ ჭეშმარიტებაში: „პირველად იყო სიტყვა“. ენათმეცნიერებაში არსებობს ტერმინი „ენობრივი ადამიანი“ და თუ ეს ტერმინი რომელიმე ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს, ეს სწორედ თანამედროვე ციფრული ეპოქაა. ჩვენ ორი პარალელური არსებობა გვაქვს: ერთი ის, რომელსაც რეალურს ვეძახით და მეორე – ციფრული, ენობრივი არსებობა.

მაშ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომლისთვისაც ნიშანდობლივია სარეკლამო მეტყველება. ეს არის ახალი უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშაოს ყველამ, ვინც მეტყველებს! რატომ? აბა, წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ სამი წუთის დათმობა შეუძლია, თქვენ კი ფიქრობთ, რომ ერთი საათი მაინც გჭირდებათ. გამოდის, რომ კომუნიკაცია ვერ შედგება; აჩქარებულ ეპოქაში მუდმივად გადარბენაზე მყოფი ადამიანისთვის ლაკონიური მეტყველება სტილური მახასიათებელი გახდა. იმის ანალიზს, რატომ იქცევა ადამიანი ასე, აქ არ გამოგვადგება. სამყარო ასეთია და ვერ შევცვლით; ჩვენ ვცდილობთ, მოვერგოთ მას.

მომავალში ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიას შთანთქავს, მაგრამ კოპირაიტინგი არის და იქნება მომავლის მოთხოვნადი პროფესია.

კოპირაიტინგი – ეს არ არის უბრალოდ ტექსტის შედგენა, ეს არის განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტა ტექსტის საშუალებით. მხოლოდ შემოქმედებითი წერა საკმარისი არ არის, რადგან კოპირაიტერი ქმნის ტექსტებს ალგორითმების გათვალისწინებით.

კოპირაიტინგი სიტყვებისა და ფრაზების მიზანში სროლაა. მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანთა ყურადღების მიპყრობა, რათა მოუყვეთ მათ თქვენს იდეაზე, საქმიანობაზე, გააცნოთ პროდუქტი (ან სულაც ესაუბროთ სიყვარულზე)… მთავარია, გამოიწვიოთ მოქმედება!

კოპირაიტინგი არ არის რომელიმე ერთი უნარი; ეს არის ცოდნათა ერთობლიობა, რომელსაც გარკვეული ფორმატით გამოხატავ. ამ ცოდნის დაგროვება სკოლიდან უნდა დაიწყოს.

რა ცოდნას აგროვებს მომავალი კოპირაიტერი სკოლაში?

  • სწავლობს თავისუფალ და შემოქმედებით წერას;
  • ბევრს კითხულობს გემოვნებიან მხატვრულ ლიტერატურას და იმდიდრებს სიტყვათა მარაგს;
  • კარგად სწავლობს ლექსიკოლოგიას, ეუფლება სემანტიკურ ბუდეებს; სწავლობს ანდაზებს და ფრაზეოლოგიზმებს;
  • თამაშობს სიტყვებით;
  • უყურებს ფილმებს და საუბრობს მათ შესახებ;
  • შეუძლია ვრცელი ტექსტის ლაკონიურად გადმოცემა, განზოგადება;
  • იცის, როგორ შექმნას მეტაფორა და მიანიჭოს ტექსტს ემოციური ღირებულება;
  • აქვს იუმორის ნიჭი, რომელიც შეიძლება გამოიმუშაოს კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციით;
  • იცნობს სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს; იცნობს განსხვავებულ კულტურებს.

 

მასწავლებლებს, ბევრი გვაქვს  სამუშაო, რომ ციფრული, გლობალური სამყაროს ადამიანის ცნობიერება ჩამოაყალიბოთ, რათა ადამიანმა დაკარგულად არ იგრძნოს თავი იმ პარალელურ სამყაროში, რომელიც, გვინდა-არ გვინდა, უფრო და უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს. ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში გარღვევას სწორედ ციფრული რეალობა შემოიტანს – გახსნილი ყველასა და ყველაფრის მიმართ. და იმისთვის, რომ ამ სამყაროშიც არ დაიკარგოთ, ბევრი ფილტრი სჭირდება ცნობიერებას… ცნობიერება, ციფრული იქნება თუ სხვა, ყოველთვის ფილტრავს!

კოპირაიტინგი წესების სწავლით არ იწყება; ის იწყება ფიქრით და აზროვნების ფორმატით შეცვლით.

სტივ ჯობსი, როგორც თავად იტყოდა, ყიდიდა არა პროდუქტს, არამედ ემოციებს და შთაბეჭდილებებს ამ პროდუქტზე.

კოპირაიტერის სიტყვა ტყვიას ჰგავს, მთაავრია, ისწავლოთ მიზანში სროლა.

პროფესორი ნაბოკოვი

0

„პროფესორი ნაბოკოვი“ – 1980 წელს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჯონ აპდაიკის ესე The New York Review of Books-ში. ვლადიმირ ნაბოკოვის სალექციო ჩანაწერების ორტომეულს კი – რუსულ თარგმანს, რომლის კითხვაც ცოტა ხნის წინ დავიწყე – წინასიტყვაობად აქვს ეს ტექსტი, ოღონდ სათაურის გარეშე. თუ აქამდე ამ ბიოგრაფიულ ფაქტს არსად გადაწყდომიხართ, შეიტყობთ, რომ ბერლინში ცხოვრების პირველ წლებში დიდი რუსი მწერალი (ჩემთვის ის დიდი რუსი მწერალია) თავს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა. რას აღარ ასწავლიდა: ინგლისურს, ფრანგულს, ლექსების წერას, კრივს, ჩოგბურთს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს გადასახლდა და თხუთმეტი წლის მანძილზე – „ლოლიტას“ გამოქვეყნებამდე – მასწავლებლობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

აპდაიკი იხსენებს, ნაბოკოვის ბოლო მსმენელთა შორის ჩემი ცოლიც იყო, რომელიც ისეთი მოხიბლული გახლდათ, რომ ერთხელ მაღალი სიცხითაც კი წავიდა მის ლექციაზე, იქიდან კი პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდაო. „ვგრძნობდი, რომ შეეძლო ჩემთვის კითხვა ესწავლებინა. მჯეროდა, რომ რაღაც ისეთს მომცემდა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვებოდა… და ასეც მოხდა“, – უთქვამს მას. თუ რამეს ვინატრებდი, ალბათ იმას, რომ 1958 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ის ლექციები მომესმინა, რომლებსაც ქალი ერთიანად მოენუსხა.

მეტი რა გზაა – ჩანაწერების კითხვას უნდა დავჯერდე.

აპდაიკის ესეს წყალობით, ამ ლექციებზე დასაზეპირებელი ერთ-ერთი მთავარი დოგმა სწრაფადვე აღწევს ჩემამდე: „სტილი და სტრუქტურა – ესაა წიგნის არსი; დიდი იდეები – სისულელეა და მეტი არაფერი“.

„კარგ მკითხველებსა და კარგ მწერლებზე“ – წინასიტყვაობასა და სალექციო ჩანაწერებს შორის ეს პატარა, მრავალმხრივ საგულისხმო ტექსტია მოქცეული. ვინ არის კარგი მკითხველი? – სიმართლე ითქვას, ბევრი ვერ მოხვდებოდა მათ შორის, ვისაც პროფესორი ნაბოკოვი ასეთად მიიჩნევდა. მისი რწმენით, მკითხველი, პირველ რიგში, დეტალებს უნდა ამჩნევდეს და ამით სიამოვნებას უნდა იღებდეს. განზოგადების ვნება იმთავითვე უარყოფილია, როგორც მცდარი და წიგნის არსს დამაშორებელი. ლიტერატურული ნაწარმოებიდან ვერც სარწმუნო ცნობებს მოვიპოვებთ ამა თუ იმ ქვეყნისა და მისი ისტორიის შესახებ: როგორ უნდა ვენდოთ, ვთქვათ, ინგლისის ჯეინ ოსტინისეულ აღწერას, როცა მას ფეხი არ გაუდგამს მშობლიური სახლის სასტუმრო ოთახიდანო? სიმართლე ისაა, რომ დიდი რომანები – დიდი ზღაპრებია, ჩვენი სალექციო კურსის რომანები კი – უდიდესი ზღაპრებიო.

ლიტერატურის წარმოშობის საიდუმლოს ახსნისას ვლადიმირ ნაბოკოვი იმ არაკს იხსენებს, ალბათ, ყველა ბავშვს რომ სმენია. მისი თქმით, ლიტერატურა მაშინ კი არ დაიბადა, როცა ერთი ნეანდერტალელი ბიჭი მინდორზე გამოვარდა ყვირილით: მგელი, მგელიო, მას კი კვალდაკვალ რუხი მგელიც მოჰყვა, არამედ მაშინ, როცა ბიჭი ყვირილით მორბოდა და უკან არც არავინ მოსდევდა: „ნახეთ, ნამდვილ მგელსა და არაკის მგელს შორის რაღაც კრთება – ჩნდება და იმავე წამს ქრება. სწორედ ეს წამიერი გაელვება, ეს გაკრთომაა ლიტერატურა“.

ვნახოთ, რას წერს მწერლებზე: „მწერალი სამი თვალსაზრისით შეიძლება შევაფასოთ: როგორც მთხრობელი, როგორც მასწავლებელი და როგორც ჯადოქარი. სამივე – მთხრობელიც, მასწავლებელიც, ჯადოქარიც – მხოლოდ დიდი მწერალი შეიძლება იყოს, თუმცა კი ის დიდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ წამყვან პარტიას ჯადოქარი შეასრულებს“.  მთხრობლის მოვალეობა გართობამდეა დაყვანილი – მას უმეტესად  თავშექცევის მარტივი ფორმების მაძიებლები მიმართავენ. ცოტა უფრო დაწინაურებულებს მასწავლებელი სჭირდებათ – რაღაც ახლის შეტყობა, ცნობების მოგროვება სწადიათ. მაგალითად, ზოგიერთი მკითხველი ფრანგულ და რუსულ რომანებს იმიტომ კითხულობს, რომ წარმოდგენა ჰქონდეს მხიარული პარიზისა თუ სევდიანი რუსეთის ცხოვრებაზეო. ცხადია, ამ მკითხველთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დიდი მწერლის მთავარი ამოცანა ვერ გახდება. ის, უპირველეს ყოვლისა, დიდი ჯადოქარია და სწორედ ჯადოქრობის წყალობით იწყება გამაოგნებელი თავბრუსხვევა – როცა მისი საიდუმლოს ჩაწვდომას ვცდილობთ, ვსწავლობთ მის სტილს, სახეებს, რომანებისა თუ ლექსების სტრუქტურას…

ისევ სტილი და სტრუქტურა – წიგნის არსი. დოგმა, რომელიც რევიზიას არ ექვემდებარება.

პროფესორი ნაბოკოვი იმასაც გვასწავლის, რომ წიგნის გმირებთან თავი არ უნდა გავაიგივოთ და საგრძნობი მანძილი მუდმივად უნდა იყოს ჩვენსა და წიგნის სამყაროს, მასში აღწერილ და განვითარებულ ამბებს შორის. ეს – იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ დეტალები და მათი სიზუსტითა და სინატიფით ტკბობა შევძლოთ, დავაკვირდეთ მწერლის მზერასა და ხელის მოძრაობას, ისე წავიკითხოთ წიგნი, რომ მისი სიდიდე თვალნათლივ დავინახოთ.

ფსიქოლოგიური კომპლექსები ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

იმ სირთულეებს შორის, რომლებსაც უფროსები ბავშვებთან ურთიერთობისას ვეჯახებით, ფსიქოლოგიურ კომპლექსებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ისინი უამრავ თავსატეხს უჩენენ აღმზრდელებს, ვინაიდან დაკომპლექსებული ბავშვის ქცევა ხშირად უმართავი ხდება.

ფსიქოლოგიური კომპლექსები აზრების, გრძნობების, გამოცდილების, ცნობიერად ან ქვეცნობიერად ჩამოყალიბებული განწყობების ერთობლიობაა, რომელიც არცთუ ისე სასურველი ქცევისა და ემოციების მიზეზად იქცევა. ფსიქოლოგიური კომპლექსების მქონე ბავშვს დამახინჯებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, თავის გონებრივ შესაძლებლობებზე, გარეგნობაზე, ამას კი, როგორც წესი, ღრმა შინაგანი განცდებისკენ მივყავართ, რომელთა დამალვასაც ბავშვი ყველანაირად ცდილობს.

ბავშვი, რომელიც ზედმეტად კრიტიკულია თავისი გარეგნობის, შესაძლებლობების, უნარების, მდგომარეობის მიმართ, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის თანატოლებს, სკოლაში უხალისოდ დადის, მუდმივად დათრგუნულია, ხშირად მშობლებსაც უუცხოვდება, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და დახმარების იმედით აცრემლებულმა გვკითხოს: „რატომ არ ვგავარ სხვებს? რითი ვარ მათზე ნაკლები? რატომ არავის ვუყვარვარ, რატომ არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა? რატომ არავის მოვწონვარ, რატომ დამცინის ყველა?“

საინტერესოა, რომ გოგონებსა და ბიჭებში ფსიქოლოგიური კომპლექსები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ გოგონას მიაჩნია, რომ ულამაზოა, ზედმეტად მსუქანი ან ზედმეტად გამხდარი, მაღალი ან დაბალია, აქვს გრძელი ცხვირი, დიდი ყურები, ცხიმიანი თმა, გამონაყარი და ბევრი სხვა რამ, რაც მას სილამაზის იდეალს აშორებს. უნდა ითქვას, რომ დაკომპლექსებული ბიჭებიც ბევრ ნაკლს პოულობენ საკუთარ გარეგნობაში, ფიზიკურ შესაძლებლობებში, უნარებში. მათ არ უყვართ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიულობით გამოირჩევიან. ხშირად მოზარდი ამჩნევს, რომ თანატოლთა ჯგუფში ვიღაცას უფრო ლამაზად, მოდურად აცვია, ვიღაც მხოლოდ მაღალ ქულებს იღებს, ვიღაცას ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი და კომპიუტერი აქვს, ვიღაცა მანქანით დაჰყავთ სკოლაში, ზოგი ბიჭი უფრო ღონიერია და უკეთესად ჩხუბობს. თუ ბავშვი ყველაფერ ამას მოკლებულია და ხედავს, რომ ძალიან განსხვავდება თანატოლებისგან როგორც მდგომარეობით, ასევე უნარებით, შესაძლებლობებით და პიროვნული მახასიათებლებით, მას უჩნდება ფსიქოლოგიური კომპლექსები და ფიქრობს, რომ ინდივიდუალურობის გამოვლენა მას დაცინვის ობიექტად აქცევს. დაკომპლექსებულ ბავშვს ეჩვენება, რომ მისით ყველა უკმაყოფილოა, საკუთარ თავს ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავედ მიიჩნევს, ვერ ბედავს, ხელი მოჰკიდოს რამე საქმეს, თუნდაც უმნიშვნელოს, რადგან „მაინც არაფერი გამოუვა“ და საბოლოოდ უსაყვედურებენ ან ეჩხუბებიან.

ვერ უარვყოფთ, რომ ბავშვები ემოციური კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ. კომპლექსი აქვს ყველას, მასაც კი, ვინც ყველანაირად უარყოფს საკუთარ თავში მის არსებობას.

განასხვავებენ არასრულფასოვნების, დანაშაულის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობის, პასუხისმგებლობის შიშის, უცხო ადამიანის გაცნობის შიშის და სხვა კომპლექსებს. ისინი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უკარგავენ, ხელს უშლიან ნორმალურ ცხოვრებაში, დასახული მიზნების მიღწევაში. ადამიანები, რომლებიც არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან, საკუთარ თავს მუდმივად ადარებენ სხვებს, ამას კი ნამდვილად არაფერი მოაქვს კარგი, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, უფრო წარმატებული და მომხიბვლელი. დაკომპლექსებული ადამიანი მუდმივად დაძაბულია, ვერ ხედავს ცხოვრების აზრს, დეპრესიაში ვარდება და ვერ ახერხებს იმით ტკბობას, რაც აქვს.

არასრულფასოვნების კომპლექსი ხანდახან მეტყველების დეფექტების ქვეცნობიერ მიზეზსაც წარმოადგენს.

აუცილებელია, ყოველგვარი ფსიქოლოგიური კომპლექსი ბავშობაშივე იქნეს დაძლეული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა, ზრდასრულ ასაკში მან ნევროზის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ყველა პრობლემის დაძლევა მიზეზის გარკვევით უნდა დავიწყოთ. კომპლექსების აღმოსაფხვრელადაც მათი მიზეზის ცოდნა დაგვჭირდება.

  • კომპლექსების ორი მთავარი წყაროა სკოლა და მშობლები. სკოლაში ბავშვები იყოფიან ჩამორჩენილ და მოწინავე, ნიჭიერ და უნიჭო მოსწავლეებად. ამასთან, დაყოფა ხშირად არა ბავშვის შესაძლებლობების, არამედ მიღებული ნიშნების მიხედვით ხდება. სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდან ბავშვი მოსწავლეთა ამა თუ იმ კატეგორიაში ხვდება. ბავშვები, რომლებსაც „სუსტი მოსწავლის“ იარლიყი მიეკერებათ, როგორც წესი, მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არასრულფასოვნების კომპლექსით იტნჯებიან და თავს მართლაც ჩლუნგებად მიიჩნევენ. ხშირად ეს კომპლექსები მათ ზრდასრულ ასაკშიც ახსენებს თავს. სკოლაში მიღებული შეფასებების გამო არც მშობლები აკლებენ ბავშვს საყვედურებს, ეჩხუბებიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ასეთი დამოკიდებულებით შთააგონებენ, რომ ხელმოცარულია. ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მომავალში ან დამჯერი რობოტი, ან უიღბლო, წარუმატებელი ადამიანი ხდება.
  • კომპლექსების მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტი ქება და ჰიპერმზრუნველობა ადრეულ ასაკში – დედას, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი პატარა, მუდმივად ეფერება, თავს ევლება, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, შესაძლოა აზრადც არ მოუვიდეს, რა დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მას. მოვა დრო, როცა ოჯახში ასეთი ნაფერები და ნალოლიავები ბავშვი დიდ სამყაროში შედგამს ფეხს და დაიწყებს ურთიერთობას თანატოლებთან, რომლებისგანაც, როგორც მალე აღმოაჩენს, ბევრით არაფრით განსხვავდება. არც ისე ჭკვიანია, როგორც დედა ეუბნებოდა; მასწავლებელი ხომ გამუდმებით შენიშვნებს აძლევს; დავალებებსაც ისე იოლად ვერ ასრულებს, როგორც სხვები; არც ისეთი ლამაზია, როგორც ოჯახში შთააგონებდნენ; ბავშვებიც დასცინიან და მასხარად იგდებენ; საკმაოდ სუსტი და მოუქნელიცაა, რადგან უჭირს იმ სპორტული ვარჯიშების შესრულება, რომლებსაც ბევრი მისი თანატოლი ადვილად ასრულებს. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც საერთოდ არ უნდათ მასთან ურთიერთობა, თავიანთ წრეში არ იღებენ. დიდია ალბათობა, ამ ყველაფერმა კომპლექსებს დაუდოს სათავე.

სრულიად განსხვავებულ გარემოში აღზრდილ ბავშვსაც შეიძლება იგივე დაემართოს. თუ დედა, ერთი შეხედვით, „კეთილი განზრახვით“, „სწორ გზაზე დაყენების“,  თვითსრულყოფისკენ სწრაფვის გაღვივების მიზნით მუდმივად საყვედურობს შვილს, ადარებს მას მეზობლის, მეგობრის ბავშვს ან თანაკლასელს, რომელიც უფრო სერიოზულია, უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, უკეთესად სწავლობს და სპორტულ წრეზეც დადის, უფრო თავაზიანი და მოწესრიგებულია, ბავშვს თანდათან უმტკიცდება აზრი, რომ არაფერს წარმოადგენს, რადგან მისივე მშობლის თვალშიც კი უცხო ბავშვები მასზე გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან. ცხადია, ასეთი ბავშვი თავს ვერ დააღწევს კომპლექსებს.

  • კომპლექსების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს არახელსაყრელი, დაძაბული ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში, მშობლებს შორის უთანხმოება, ჩხუბი, მცირე შემოსავლისა თუ დროის დეფიციტის გამო მუდმივი წუწუნი, თავს დამტყდარ ყველა „უბედურებაში“ერთმანეთის დადანაშაულება, ბავშვისადმი უყურადღებობა, სიტყვები: „თავი დამანებე, შენთვის არ მცალია!“ „ფეხებში ნუ მედები!“ „უშენოდაც არ მაკლია პრობლემები, შენ მაინც ნუ მაწუხებ!“ შედეგი ერთია – მშობლების მიმართ უნდობლობა, კონფლიქტი თანატოლებსა და საკუთარ თავთან. ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, კარგავს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, უჩნდება დანაშაულის გრძნობა და უამრავი კომპლექსი.

 

როგორ გავათავისუფლოთ ბავშვი ფსიქოლოგიური კომპლექსებისაგან

  • ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული კომპლექსების დაძლევა ძნელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ ბავშვი კომპლექსების გარეშე და თუ ამას ვერ ვახერხებთ, დავეხმაროთ მას უკვე არსებული კომპლექსების დამარცხებაში. ამასთან, საკორექციო მუშაობა აუცილებლად უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და პასუხი გავცეთ კითხვებს: „როგორ ვზრდით შვილს? მისდამი როგორი დამოკიდებულება გვაქვს? უფრო ხშირად ვაქებთ თუ ვეჩხუბებით? როგორ ვესაუბრებით?“ ბავშვს საკუთარ თავზე წარმოდგენა ექმნება გარშემო მყოფების – თანატოლების, მასწავლებლებისა და, უპირველეს ყოვლისა, მშობლების შეხედულებებისა და შეფასებების საფუძველზე. ადრეულ ასაკში ბავშვი ღრუბელივით იწოვს გარემოდან მიღებულ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. დაუფიქრებლად ნათქვამი ყოველი სიტყვა, შენიშვნა, ირიბი მზერაც კი მკვეთრად, არასასიკეთოდ ცვლის საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ამიტომ სასურველია, ვიყოთ უფრო ყურადღებიანი, პატივისცემით მოვეპყროთ ბავშვს, მოვუსმინოთ, ნაკლებად გავაკრიტიკოთ, ანგარიში გავუწიოთ, მეტად გავითვალისწინოთ მისი აზრი.
  • თუ ბავშვს რამე ისე არ გამოუვა, როგორც საჭიროა, ნუ მივაკერებთ მას უუნაროს იარლიყს. ავუხსნათ მარცხის მიზეზი და დავარწმუნოთ, რომ მორიგი მცდელობისას ყველაფერი გამოუვა, უბრალოდ, უფრო ყურადღებით, უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს.
  • გავხდეთ მისი მეგობარი, დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, რომ კომპლექსები ყველას აქვს. მოვუყვეთ მას საკუთარი კომპლექსების შესახებ, ვუამბოთ, როგორი ვიყავით მის ასაკში. ნუ ვეჩხუბებით ცუდი ნიშნების გამო – ის ხომ ცოდნისთვის უნდა სწავლობდეს და არა ნიშნისთვის. თუ რამე დღეს არ გამოუვიდა, ყოველთვის შეიძლება სწავლა და შედეგის გაუმჯობესება. ნუ მოვთხოვთ, მუდმივად მაღალი ქულები ჰქონდეს. გავითვალისწინოთ, რომ შეცდომა ყველას მოგვდის.
  • ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის თვისებებზე და განვავითაროთ ისინი. შევაქოთ პატარა მონდომებისა და მცდელობისთვის და არა მიღებული ნიშნისთვის.
  • კომპლექსების დაძლევის ერთ-ერთი გზა ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭებაა. „იქ არ წახვიდე!“ „ეს არ გააკეთო!“ – თუ გამუდმებით ასეთ შეძახილებს გაიგონებს, ბავშვი იფიქრებს, რომ არ ვენდობით, არ გვჯერა მისი შესაძლებლობების. უმჯობესია, მოქმედების თავისუფლება მივცეთ, დავრთოთ დამოუკიდებლობის გამოვლენის ნება. ნუ გავუკეთებთ ბავშვს იმას, რაც ბავშვობაში ჩვენ თვითონ გვიქმნიდა დისკომფორტს.
  • თუ ბავშვს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ვურჩიოთ, უარი არ თქვას წასვლაზე, როცა სადმე ეპატიჟებიან, გამოხატოს პოზიტიური განწყობა, სჯეროდეს საკუთარი თავის, იყოს უშუალო და ბუნებრივი. ნუ შეეშინდება ინდივიდუალურობის გამოვლენის, რადგან ეს ღირსებაა და არა ნაკლი. იყოს გახსნილი და ილაპარაკოს იმის შესახებ, რა მოსწონს და რა – არა. არ დამალოს საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი აზრი, ყოველთვის იყოს ის, ვინც არის, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა.
  • დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევის პროცესში ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აზრი, მათი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული – ის უნდა გრძნობდეს, რომ გვიყვარს არა წარმატებების გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობს და ჩვენ გვერდითაა.

სატელევიზიო სერიალები და მედიაპედაგოგიკა

0

სატელევიზიო სერიალები სულ უფრო მეტ დროს იკავებს როგორც მოზარდთა, ისე მოზრდილთა ცხოვრებაში. ბევრმა პოპულარულმა სერიალმა არაერთ ქვეყანაში სრულიად მოულოდნელი საზოგადოებრივი და სოციალური ცვლილებები გამოიწვია. სერიალები, სოციალური კატალიზატორის ფუნქციასთან ერთად, ყოველდღიური სტრესის დასაძლევადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული – ისინი ხომ მაყურებელს ალტერნატიულ სამყაროს და საკუთარი ემოციების პერსონაჟებზე პროექციის შესაძლებლობას სთავაზობენ.

ერთმნიშვნელოვანია, რომ სერიალების პოპულარობა მხოლოდ მსახიობების ოსტატობასა და სცენარისტის ფანტაზიაზე არ არის დამოკიდებული. პოპულარობის მთავარი საიდუმლო, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, დროის შესაბამისი პრობლემატიკის წარმოჩენაზე გადის. ამ შემთხვევაში საქმე ეხება გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ფსიქოლოგიური პროცესებს, საკითხებს, რომლებიც კონკრეტული ეპოქის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.

სერიალები პოპკულტურული მედიაკომპეტენციის დაბადების ადგილადაც გვევლინება. სტივენ კინგმა საშინელებათა ჟანრის მიმოხილვისას ერთ წერილში (2012) აღნიშნა, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში საზოგადოებები გამუდმებით ეჯახებიან იმგვარ შიშებს, ფსიქოლოგიურ სტრესებს და შოკს, რომლებიც მათ მიწაზე დანარცხებას აიძულებს. შიში, რომელსაც ჰორორის ჟანრის ფილმები თუ წიგნები აღვიძებს, ცნობიერ დონეზე იწვევს მაყურებელში სტრესს ან ზიზღს, გაუცნობიერებლად კი აღძრავს შფოთვას კონკრეტული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის საკითხების მიმართ. კინგს მაგალითად მოჰყავს საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს დედამიწის ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის, „სპუტნიკის“ გაშვება. ამ მოვლენამ დასავლეთში, განსაკუთრებით – ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მანამდე სერიოზულად არ აღიქვამდა საბჭოთა კავშირის კოსმოსურ გეგმებს, დიდი მღელვარება გამოიწვია. ამერიკულ საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ რუსეთი ამერიკას კოსმოსიდან ატომური ბომბით დაემუქრებოდა, რომ ამერიკა გაქრებოდა და საბჭოთა კავშირი გაიმარჯვებდა. მსგავსი შიშების კოლექტივიზაციას მოჰყვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გააქტიურება ამერიკულ ლიტერატურასა და კინოინდუსტრიაში. ამ ჟანრის ნაწარმოებებში, როგორც წესი, წარმოდგენილი იყო ბოროტი ძალა (ამ შემთხვევაში – საბჭოთა კავშირის სიმბოლიზაცია), რომელიც დედამიწას (ან კონკრეტულად შეერთებულ შტატებს) განადგურებით ემუქრებოდა. ფსიქონალიზში ცნობილია, რომ როგორც ინდივიდი, ისე ჯგუფიც აწარმოებს კოლექტიურ ფანტაზიას თავისი მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, რომელშიც შიში და იმედია შეფუთული. საზოგადოების არტიკულაციის ფორმაა სერიალი, რომელიც ზემოხსენებულ კოლექტიურ პროექციებს ასახავს.

გერალდ პოშეშნიკმა სცადა, თავის ფსიქოანალიტიკურ კვლევაში „სამეფო კარის თამაშების“ (HBO, USA, 2011) მაგალითზე გამოერკვია, რამდენად განსაზღვრავს სერიალები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფანტაზიების არტიკულაციის ფორმებს. ვინაიდან სერიალები თავის თავში მალავს როგორც გაცნობიერებულ, ისე გაუცნობიერებელ ელემენტებს, მათი უმრავლესობა არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ და მკაფიო მორალს, რომელიც ამ თვალსაზრისით საზოგადოების „აღზრდას“ შეუწყობდა ხელს. მკვლევრის აზრით, „სამეფო კარის თამაშები“ არ შეიცავს მარტივ მორალურ სტრუქტურებს. ის იწვევს საზოგადოებას ინდივიდუალური და კოლექტიური ფიქრისა და კომუნიკაციის პროცესებისთვის, რომელთა საშუალებითაც ცნობიერი და ეფექტური რეფლექსიისთვისაც რჩება ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში არ არის პირდაპირი კავშირი გმირებისა და მაყურებლის ყოველდღიურობას შორის, ავტორის აზრით, რომელიც ფსიქოანალიზს ეფუძნება, ის მრავალი ჩვენგანის დღევანდელობას ასახავს; შეიძლება ითქვას, თანამედროვე დასავლური საზოგადოების ანარეკლია.

კრიტიკული მედიაპედაგოგიკა, რომელსაც საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა, პოპულარულ მედიაპროდუქტებს აღიქვამს როგორც კულტურულ მოვლენებსა და პრაქტიკებს, რომლებშიც აქტუალური პოლიტიკური დაპირისპირებები, საზოგადოებრივი ტრენდები და სოციალური კონფლიქტებია ასახული. თუ საგანმანათლებლო პროცესებს ამ კუთხით მივუდგებით, აშკარა გახდება, რომ პირველი მნიშვნელოვანი ხაზი ცვლილების უნარზე გადის, ხოლო დამკვიდრებული პრაქტიკა და ყოველდღიური რუტინა შეიძლება მედიაკულტურასთან კავშირში განვიხილოთ.

ის მოსაზრება, რომ სატელევიზიო სერიალები შეიძლება სოციოკულტურული და მედიატექნოლოგიური ცვილილებების სათავედ იქცეს ან, სულ მცირე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სხვა მკვლევრებს. დენის კლინკჰამერმა თავის ნაშრომში გააანალიზა პოპულარული სერიალი „Star Trek“ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სერიალში წარმოდგენასა და საზოგადოებაში მათდამი დამოკიდებულებათა ცვლილების ჭრილში. მან დაასკვნა, რომ მისი ხანგრძლივი სერიები არა მხოლოდ საზოგადოებრივ მდგომარეობას, არამედ საზოგადოებრივ პროცესებსაც ასახავს. აღნიშნულ პროცესებზე სერიალში დაკვირვებამ ამერიკელი მაყურებელი განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უკეთ გაგებისა და მათი მდგომარეობის უკეთ გააზრებისკენ წაიყვანა.

მრავალსერიიანი ფილმები, რომლებიც წარმოადგენს თვითგანვითარების, თვითმოტივირებისა და მომავალზე ორიენტირების მაგალითებს, შეიძლება კარგ დამხმარე პედაგოგიურ რესურსად აღვიქვათ და მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ მათ შეუძლიათ სწავლებაც, ეჭვქვეშ აყენებენ რა საზოგადოებაში მიმდინარე კონკრეტულ პროცესებს, იღებენ გამოწვევებს (სერიალის გმირები) და ეძებენ ალტერნატივებს. თანამედროვე სერიალები ერთჯერად მოვლენებს წარმოადგენენ როგორც რუტინულს და ყოველდღიურს და პირიქით. კრისტიან თოთი კორეული რეალითი შოუს The Return of Superman (KBS, Kor, 2013) მაგალითზე მიმოიხილავს, როგორ შეიძლება სატელევიზიო სერიალმა კითხვის ქვეშ დააყენოს საზოგადოებაში ღრმად დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურები, ამ შემთხვევაში – მამა-შვილის ურთიერთობა სამხრეთკორეული ტრადიციის მიხედვით. ასეთი მედიაპროდუქტები დოკუმენტაციის მნიშვნელობასაც იძენს და არსებული რეალობისა და პრაქტიკის გამოწვევებზე საჯაროდ მსჯელობას უწყობს ხელს.

არსებობს სერიალები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ ახალისებს კონკრეატულ მორალურ ქცევას, თუმცა მათი გავლენა საზოგადოებრივ ცვლილებებზე მაინც საგულისხმოა. დანიელა ბრუნმა სერიალ „დექსტერის“ (Showtime, USA, 2006-2013) ანალიზისას გამოიკვლია, როგორ არის გადმოცემული ნეოლიბერალური სუბიექტის მდგომარეობა მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის მეშვეობით და რატომ შეიძლება ის კრიტიკის ობიექტი გახდეს. რადგან აღნიშნული სერიალის მთავარი პერსონაჟი, სიმპათიური სერიული მკვლელი, მაინცდამაინც არ ღელავს იმაზე, რა არის სწორი და რა – არა, ამიტომ ფილმი მაყურებელში დაბნეულობას იწვევს. მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მთავარი პერსონაჟის საქციელით გაღიზიანების ფონზე პუბლიკა საკუთარი ყოველდღიური ქცევის რეფლექსიას ახდენს, რაც ცვლილებებს აძლევს ბიძგს.

აშკარაა, რომ სატელევიზიო სერიალებმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში. იმ ფაქტის იგნორირება, რომ სერიალები მოსწავლეთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, სკოლას დროთა განმავლობაში მრავალი პრობლემის წინაშე დააყენებს. როგორ უნდა მოარგოს მასწავლებელმა თავისი პედაგოგიურგი პრაქტიკა თანამედროვე მედიარეალობას? მედიაპედაგოგიკის ამ და სხვა საკითხებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

ფიზიკა – ინტელექტუალური ღობე თუ გზა სამყაროს შემეცნებისაკენ

0

ხშირად გვსმენია როგორც მოსწავლეებისგან, ასევე მშობლებისგან – ფიზიკა რთული საგანია და მისი შესწავლა განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს,  რომ სახელმძღვანელოს ტექსტის აღქმა უჭირთ, რომ ხშირად ვერ ხერხდება გაკვეთილზე სადემონსტრაციო ცდების ჩატარება და მოვლენების ვიზუალიზაცია.  ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს. მართლაც, ძნელია საბუნებისმეტყველო საგნების და კონკრეტულად ფიზიკის საფუძვლიანად შესწავლა კაბინეტების დღევანდელი მწირი აღჭურვილობის პირობებში. განსაკუთრებით რთულდება საქმე, თუ მოსწავლე გაკვეთილს აცდენს და მასწავლებლის მიერ ახსნილი ახალი მასალის მოსმენის საშუალება არ ეძლევა. დღევანდელი სახელმძღვანელოების უმრავლესობა კი გაკვეთილზე სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენებაზე არის მორგებული და სამწუხაროდ,  მოსწავლისთვის, რომელიც გაკვეთილს აცდენს,  სახელმძღვანელოს ენა სრულიად გაუგებარი რჩება. გარდა ამისა, მასწავლებლის მიერ საინტერესოდ მოწოდებული მასალის და კარგად ჩატარებული გაკვეთილის მიუხედავად, კლასში შეიძლება იმყოფებოდეს მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რომელიც თუნდაც სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ ჩაერთო გაკვეთილში და უკუკავშირი ვერ განახორციელა მასწავლებელთან. სახელმძღვანელო ასეთ პირობებშიც ნაკლებ პროდუქტიული ხდება.

ზემოთ ჩამოთვლილი  შემთხვევების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ შევქმნათ დამატებითი მასალა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ყოველგვარი ინტერაქტივის გარეშე გაეცნოს ფიზიკის საკითხებს.

თემატიკა დალაგებული იქნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით (ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 წ), რომლის თანახმად, ფიზიკა როგორც ცალკე საგანი, შემოდის მე-7 კლასში. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მასალა, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია მოსწავლეებისთვის და ტექსტის ენაც  ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრულ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.

მე-7 კლასის დასაწყისში გარკვეულო დრო ეთმობა მოსამზადებელ პერიოდს, როცა მოსწავლეები ეცნობიან ფიზიკური სიდიდის ცნებას, მათ გაზომვას და ერთეულთა სისტემებს.

 

ფიზიკური სიდიდეები და მათი გაზომვა

 

ჩვენ ხშირად ვახასიათებთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ვადარებთ საგნებს, ადამიანებს. მაგალითად: გიგი მაღალია. დღეს ძალიან ცივა. ჩაიდანში ცხელი წყალი ასხია. წითელი ბურთი უფრო მძიმეა, ვიდრე – მწვანე. თუმცა ეს მოვლენების და საგნების მხოლოდ თვისობრივი დახასიათებაა.  მეტი სიზუსტისთვის უნდა გამოვიყენოთ რაოდენობრივი დახასიათება, ანუ მოვლენები შევისწავლოთ და საგნები დავახასიათოთ რაოდენობრივად. აქ კი აუცილებლად დაგვჭირდება ფიზიკური სიდიდე.

ყველაფერი, რაც კი შეიძლება გაიზომოს და რაც შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს, არის ფიზიკური სიდიდე.  მათემატიკიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან უკვე ვიცნობთ ისეთ ფიზიკურ სიდიდეებს  როგორებიცაა: ფართობი, მოცულობა, დრო, მასა, ტემპერატურა, სიგრძე.

ფიზიკური სიდიდე იზომება ერთეულებში. მაგალითად, სიგრძის ერთეულებია: მეტრი, კილომეტრი, დეციმეტრი და ა. შ. ამდენად, ფიზიკურ სიდიდეს გააჩნია როგორც  რიცხვითი მნიშვნელობა, ასევე – ერთეული.

რიცხვითი მნიშვნელობა და ერთეული ერთად წარმოადგენს სიდიდის მნიშვნელობას. თუ რიცხვითი მნიშვნელობის გვერდზე არ არის მითითებული ერთეული, მაშინ მხოლოდ რიცხვი ვერაფერს გვეტყვის. მაგალითად, მიწის ნაკვეთის ფართობია 700. ეს მონაცემი ვერაფერს გვეუბნება, რადგან გაუგებარია აქ რა იგულისხმება: 700 ჰა, 700 დმ2, თუ 700კმ2. ყველაფერი გასაგებია, როცა მონაცემს ასეთი სახე აქვს: მიწის ნაკვეთის ფართობია 700 მ2.

ერთსა და იმავე ფიზიკურ სიდიდეს სხვადასხვა ერთეული გააჩნია. მაგალითად, დროის ერთეულებია: წმ, წთ, სთ და ა. შ. მასის ერთეულებია: კილოგრამი (კგ), გრამი (გ), ტონა (ტ), ცენტნერი (ც).

გაზომვებით და გამოთვლებით ადგენენ ფიზიკური სიდიდის რიცხვით მნიშვნელობას.

ფიზიკური მოვლენის შესწავლა ცდების ჩატარებასთან და ექსპერიმენტთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, სხვადასხვა სიდიდის გაზომვას უკავშირდება. ფიზიკური სიდიდის გაზომვა ნიშნავს, მის შედარებას სხვა იმგვარსავე სიდიდესთან, რომელიც პირობითად ერთეულის ტოლად არის მიღებული. მაგალითად, მონაკვეთის სიგრძის გაზომვისას ვარკვევთ, რამდენჯერ ეტევა მასში ერთი სანტიმეტრი, ანუ ვადარებთ მოცემული მონაკვეთის სიგრძეს ერთ სანტიმეტრს. ექსპერიმენტის ჩატარებისას იყენებენ სხვადასხვა საზომ საშუალებებს – ხელსაწყოებს. მაგალითად, სახაზავს, სასწორს, თერმომეტრს, საათს ან წამზომს.

არსებობს მარტივი და რთული ფიზიკური ხელსაწყოები. მარტივია ისეთი ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული ზომის სიდიდეს ასახავს და გათვალისწინებულია მარტივი გაზომვებისთვის. მაგალითად: სახაზავი, რულეტი, მენზურა. ხოლო რთულია ხელსაწყო, რომელსაც არ აქვს მარტივი აგებულება. მაგალითად: თერმომეტრი, საათი.

საზომ ხელსაწყოთა უმრავლესობას გააჩნია სკალა, რაც წარმოადგენს რიცხვებიანი შტრიხების მწკრივს. შტრიხებს შორის არეს დანაყოფი ეწოდება. ყველა ხელსაწყო გარკვეულ ფიზიკურ სიდიდეს ზომავს შესაბამის ერთეულში, რომელიც სკალას აწერია კუთხეში,  ან – ცენტრში.

სურ. 1

სურათ 1-ზე ნაჩვენებ მენზურაში ასხია წყალი. მენზურით შესაძლებელია წყლის მოცულობის განსაზღვრა სმ3-ში. ამისთვის საჭიროა, თავდაპირველად განვსაზღვროთ მენზურის დანაყოფის ფასი. დანაყოფის ფასი წარმოადგენს ხელსაწყოს სკალის უმცირესი დანაყოფის მნიშვნელობას. დანაყოფის ფასის განსაზღვრისთვის საჭიროა, ვიპოვოთ სკალის ორი უახლოესი რიცხვითი მნიშვნელობის სხვაობა და იგი გავყოთ ამ რიცხვებს შორის დანაყოფების რაოდენობაზე. სურათზე გამოსახული მენზურის დანაყოფის ფასი იქნება:  დ.ფ. = (40 – 20) 5 = 4 სმ3. შესაბამისად, სურათზე წარმოდგენილ მენზურაში ასხია 24 სმ3 მოცულობის წყალი. მოცულობა ფიზიკური სიდიდეა და მას ლათინური V ასოთი აღვნიშნავთ. ამიტომ მენზურით გაზომილი წყლის მოცულობა ჩაიწერება ასე: V = 4 სმ3.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველა ფიზიკურ ხელსაწყოს გააჩნია გაზომვის ზედა ზღვარი. ჩვენს სურათზე იგი არის 40 სმ3. წარმოდგენილი მენზურა ერთჯერადად მეტ მოცულობას ვერ გაზომავს. ზოგ შემთხვევაში გაზომვის ზედა ზღვრის გაუთვალისწინებლობა შეიძლება ხელსაწყოს დაზიანების მიზეზი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ თერმომეტრის გაზომვის ზედა ზღვარია 70  და ჩვენ მას მოვათავსებთ მდუღარე  100  – იან წყალში, თერმომეტრი შეიძლება დაზიანდეს.

გაზომვის გაადვილების მიზნით საზომ ერთეულებს ადიდებენ ან ამცირებენ 10 -ჯერ, 100-ჯერ, 1000-ჯერ და ა. შ.  მიიღება ერთეულები შესაბამისი თავსართებით.

კილო = 1000, ამიტომ 1000-ჯერ გადიდებულ მეტრს დავარქვით კილომეტრი, კმ = 1000მ. 1000-ჯერ გადიდებულ გრამს დავარქვით კილოგრამი 1კგ = 1000გ.

გადიდების შემთხვევაში ვიყენებთ შემდეგ თავსართებს:

დეკა (დკ) = 10;          დკმ = 10მ

ჰექტო = 100;            ჰმ = 100მ

     კილო = 1000;          კმ = 1000მ;

         მეგა = 1000 000;          მგმ = 1000 000მ

            გიგა = 1000000000;      გმ = 1000 000 000მ

 

შემცირების შემთხვევაში ვიყენებთ შემდეგ თავსართებს:

დეცი (დ) = 0,1;           დმ = 0,1მ

სანტი = 0,01;                 სმ = 0,01მ

     მილი = 0,001;              მმ = 0,001მ;

         მიკრო = 0,000 001;          მკმ = 0,000 001მ

            ნანო = 0,000 000 001;         გმ = 0,000 000 001მ

 

ბრტყელ ფიგურებს ფართობით ახასიათებენ. მათემატიკიდან ცნობილია, რომ მართკუთხედის ფართობის მისაღებად გვერდების სიგრძეს ვამრავლებთ ერთმანეთზე. კვადრატის შემთხვევაში კი ფართობის მისაღებად გვერდის სიგრძის კვადრატში აყვანა გვიწევს. შესაბამისად, ფართობის ერთეულებიც სიგრძის ერთეულების კვადრატული ერთეულებია:  მ2, კმ2, სმ2, მმ2 და ა. შ. ეს ნიშნავს, რომ მ2 ისეთი კვადრატის ფართობია, რომლის სიგრძე 1 მ-ია. პრაქტიკაში ფართობის გასაზომად ხშირად იყენებენ ჰექტარს (ჰა).

1ჰა = 10 000მ2

ანუ 1ჰა ისეთი კვადრატის ფართობია, რომლის გვერდის სიგრძე 1მ-ია.

მოცულობით სივრცულ ფიგურებს ახასიათებენ და შესაბამისად, მოცულობით ასეთი სხეულების სივრცულ ზომას განსაზღვრავენ. მოცულობის გასაზომად იყენებენ სიგრძის ერთეულის კუბურ ერთეულებს: 1მ3, 1სმ3, 1მმ3 და ა. შ.

1მ3 ისეთი კუბის მოცულობაა, რომლის წიბო 1მ-ია.

სითხის ან აირის მოცულობას ხშირად ლიტრებში ზომავენ.

 

1ლ = 1დმ3

1ლ = 0,001მ3

ნავთობის მოცულობას ბარელებით ზომავენ

1 ბარელი = 159ლ

სწორი გეომეტრიული ფორმის სხეულების მოცულობა შესაბამისი ფორმულებით გამოითვლება, ხოლო არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულების მოცულობას მენზურის საშუალებით გამოითვლიან.

 

სურ. 2

 

მენზურაში სითხის რაღაც მოცულობას ასხამენ და სკალის საშუალებით ზომავენ სითხის მოცულობას (V1). შემდეგ სითხეში ჩაუშვებენ გასაზომ სხეულს. სითხის დონე აიწევს და სითხის მოცულობა მოიმატებს სწორედ იმდენით, რა მოცულობაც გააჩნია სითხეში ჩაშვებულ სხეულს. შესაბამისად, სითხის მოცულობის ახალი მაჩვენებლის  V2-ის  და  V1-ის სხვაობა გვაძლევს სხეულის მოცულობას:

Vსხ = V2 – V1

 

ერთეულთა სისტემები

ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა ერთობლიობას ერთეულთა სისტემა ეწოდება. მოსახერხებელია ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე ერთეულთა სისტემით სარგებლობა. ამიტომ საერთაშორისო შეთანხმებით, საერთაშორისო სისტემად მიღებული იქნა  ერთეულთა საერთაშორისო სისტემა შემოკლებით SI.

SI სისტემაში სიგრძის ერთეულია 1 მეტრი (მ). 1 მეტრი არის მანძილი იმ ორ შტრიხს შორის, რომელიც  მონიშნულია პლატინა – ირიდიუმის შენადნობისგან დამზადებულ  განსაკუთრებული ფორმის ღეროზე. ეს ღერო წარმოადგენს სიგრძის ეტალონს. ეტალონი ზოგადად ნიშნავს ზომის ზუსტ ნიმუშს, რომლითაც მოწმდება ხმარებაში არსებული საზომი ხელსაწყო-იარაღები.

მასის ერთეულია კილოგრამი – 1კგ. 1 კგ არის ეტალონის მასა. მასის ეტალონი წარმოადგენს პლატინა – ირიდიუმის შენადნობისგან დამზადებულ ცილინდრს, რომლის სიმაღლე დაახლოებით 39 მმ-ია.

სიგრძის და მასის ეტალონები ინახება საფრანგეთში, ზომა-წონის საერთაშორისო მუზეუმში.

სიგრძის და მასის ერთეულებთან ერთად SI სისტემის ძირითად ერთეულს წარმოადგენს დროის ერთეული – 1 წამი (წმ).

2018 წლის ნოემბერში საფრანგეთში, ვერსალში გამართულ ზომა-წონის ერთეულების გენერალურ კონფერენციაზე მეცნიერებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლის მიხედვით იგეგმება 1877 წლის კონვენციაზე ხელის მოწერით მიღებული SI სისტემის გადახედვა. 2019 წლის მაისიდან მოხდება ცვლილება და  SI სისტემა დაეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ მუდმივებს, როგორიცაა სინათლის სიჩქარე, პლანკის მუდმივა, ელექტრონის მუხტი. ასეთ მუდმივებზე დაფუძნებული ერთეულთა სისტემა გაცილებით ზუსტი იქნება, არ დაიშლება, მტვრის ნაწილაკებს არ მიიკრავს და შესამოწმებლად სხვადასხვა ქვეყანას  აღარ დასჭირდება  ეტალონების საფრანგეთში გაგზავნა.

ზემოთ წარმოდგენილი მასალა არის ფიზიკის   მნიშვნელოვანი მიმართულება, მისი ერთგვარი ტექნიკური ნაწილი და ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც მოსწავლე ამ მეცნიერების შესწავლას ვერ მოახერხებს.

 

ლიტერატურა

  1. Measurement helps us make sense of the world around us https://www.npl.co.uk/measure/ ;
  2. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  3. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ ;
  4. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2001 წ ;

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...