სამშაბათი, ივნისი 2, 2026
2 ივნისი, სამშაბათი, 2026

წიგნები თინეიჯერებისთვის და თინეიჯერებზე

0

“დავინახე, რომ დედაჩემი იღლიებს იყნოსავდა, ასე კი იმ შემთხვევაში იქცევა ხოლმე, როცა ცხელა და ნესტია. სურს, რომ დეზოდორანტის ეფექტურობაში დარწმუნდეს. მე ჯერჯერობით დეზოდორანტს არ ვხმარობ. მგონი, ადამიანებს ცუდი სუნი, სულ ცოტა, თორმეტ წლამდე მაინც არ ასდით. მანამდე კიდევ რამდენიმე თვე მრჩება”, – ჰყვება მარგარეტი, ჯუდი ბლუმის რომანის გმირი, რომლის მშობლებმაც საცხოვრებელის გამოცვლა გადაწყვიტეს და რომელიც ძალიან ნერვიულობს იმაზე, როგორი იქნება მისი ცხოვრება ახალ სკოლაში, ახალ ადამიანებთან, ახალ ადგილას.

 

რას ფიქრობენ პატარა გოგოები და ბიჭები, როცა მშობლების რუტინულ პროცედურებს უყურებენ, როცა თავიანთ მომწიფებულ სხეულთან შეგუებას სწავლობენ, როცა ვიღაც მოსწონთ ან ვიღაცას მოსწონთ და როცა არ იციან, რა ხდება მათ თავს?  რჩებათ კი უფროსებს დრო და სურვილი, გაიხსენონ როგორები იყვნენ 11-13-15-17 წლის ასაკში და შეუძლიათ კი გულწრფელად და ღიად უპასუხონ თინეიჯერების ზოგჯერ ძალიან მარტივ და ზოგჯერ ძალიან რთულ კითხვებს ოჯახურ ცხოვრებაზე, სექსზე, ბულინგზე, ალკოჰოლსა და თავის მოვლის საშუალებებზე?

 

ზოგჯერ რთულ შემთხვევებში ნავიგაციისთვის ლიტერატურა კარგი საშუალებაა.

იმის გასახსენებლად, როგორია ცხოვრება, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, რამდენიმე წიგნი გამოდგება. იგივე წიგნები შეიძლება აღმოჩნდეს ნუგეში თინეიჯერებისთვის, რომლებიც მიხვდებიან, რომ ადამიანებს უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე განგვასხვავებს და ის, რაც ჩვენს თავს ხდება, დედამიწაზე სხვა უამრავ ადამიანს გამოუცდია ან ახლა განიცდის. ესეც ამბავია.

 

“აქ ხარ ღმერთო?! ეს მე ვარ მარგარეტი. ჩემი ცხოვრება დღითიდღე სულ უფრო რთულდება, მე ერთადერთი ვარ, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაწყებია. მე ამას ვგრძნობ, ასევე მე ერთადერთი ვარ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი რელიგია, ღმერთო შენ რატომ არ მეხმარები!?” – შესჩივის ღმერთს მარგარეტი, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გაეზრდება მკერდი, დაეწყება მენსტრუაცია და სანამ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება, ნუგეშს რელიგიაში ეძებს, თუმცა რთულად ასარჩევია, რომელი კონფესიაა მასთან უფრო ახლოს. წიგნი გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკაშია დაწერილი და მისი კითხვისას შვებისმომგვრელია ის, რომ პირველი ლიფის არჩევა, პირველი კოცნა, დაძაბულობა ოჯახის წევრებს შორის და დაჯგუფებები სკოლებში ყველგან და ყველა დროს ერთნაირად აკარგვინებს სიმშვიდეს ადამიანს.

 

ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი – გოგოსა და ბიჭის ერთ ღამეში დაწყებული იმედისმომცემი სიყვარულის ამბავია. ნორა ფიქრობს, რომ ის ბიჭებისთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო და მიმზიდველია, ვიდრე მისი მეგობარი გოგონები და ჯერაც რამდენიმე თვის წინ დაშორებულ შეყვარებულზე ღელავს, როცა კონცერტის მერე ნიკს შემთხვევით მოხვდება თვალში და აკოცებს. ნიკიც ახალდაშორებულია შეყვარებულს, რომელზე ფიქრსაც ვერაფრით წყვეტს, რომელსაც სიმღერებს უწერდა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ წარმოედგინა და რომელმაც ერთ დღეს უთხრა, რომ მისგან დაიღალა და მალევე სხვა ბიჭებთან ერთად დაიწყო მის კონცერტებზე სიარული. ნიკის და ნორას ვნებები კლასიკაა – თავდაუჯერებლობა, წარუმატებლობის შიში და მწველი სურვილი, რომ უყვარდე, მოსწონდე, შენით აღფრთოვანებული იყვნენ, იზიდავდე და აინტერესებდე მათ, ვინც კოლეჯსა თუ ბარებში შეგხვდება, ვისი აზრიც შენთვის მნიშვნელოვანია, ვინც გინდა რომ შეგიყვაროს.

 

მგონია, რომ წიგნი უფრო თინეიჯერი გოგონებისთვის არის დაწერილი, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ხშირად ბიჭები, რომლებსაც ისინი ხვდებიან, მათზე უფრო დაბნეული, მათზე ნაკლებად თავდაჯერებულები და სუსტებიც კი არიან და თუკი რამე ისე არ გამოდის, როგორც საჭიროა, ეს არა მათი მკერდის ზომის ან კაბის სიგრძის, არამედ სხვა გარემოებების ბრალია. საერთოდ, გოგონებმა უნდა იცოდნენ, რომ თუკი გამოგონილი როლის თამაშს არ დაიწყებ, სტანდარტებში ჩაჯდომას არ ეცდები და ისე მოიქცევი, როგორც შენ თვლი საჭიროდ და არა ისე, როგორც სხვა მოიქცეოდა შენს მაგივრად, აუცილებლად იარსებებს ადამიანი შენს გარშემო, რომელსაც ზუსტად ასეთი ეყვარები. არავისთვის და არაფრისთვის არ ღირს საკუთარ თავზე უარის თქმა.

 

გოგონები –  წიგნი 1969 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება, რომლის მთავარი შემოქმედიც ჩარლზ რასელი იყო, სასტიკი და დაუნდობელი მკვლელი მიმდევრებით, რომლებსაც “ოჯახს” ეძახდა. წიგნში ისტორიული ფაქტები ფონია, მთავარი პირი მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდია, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ზაფხულის ერთ დღეს პარკში შეხვდება სუზანს და სხვა გოგონებს და მათი თავისუფლება, დაუდევრობა და გამბედაობა მოაჯადოებს, მონუსხავს და ერთ მათთაგანად ყოფნის სურვილს გაუჩენს.

 

“ჟურნალში ამოკითხული სტატიების გამო მეგონა, რომ ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მოსაცდელი ოთახი, სანამ ვინმე შეგამჩნევდეს. მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ [გოგონები] ვცდილობდით, სხვებს დავმსგავსებოდით, ბიჭები საკუთარ თავს ეძებდნენ”, – ამბობს  ივი, რომელიც მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად ეჩვენება და, რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება შემზარავ ძალადობას… გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება…

 

როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა რეალობის შეგრძნება, მოინუსხოს და რეალობა ილუზიით ჩაანაცვლოს? რა განაპირობებს კრიმინალების ავტორიტეტს და ხიბლს და როგორ ახერხებენ მიიმხრონ ახალგაზდები? და რას ეძებენ თინეიჯერები საყრდენად, რა სჭირდებათ მათ მიწაზე მყარად დგომისთვის?

 

“მათ [მშობლებს] აწუხებდათ ჩემი საშუალო ნიშნები და ის ფაქტი, რომ სხვა მოზარდებისგან დიდად არ განვსხვავდებოდი. მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რომ ჩემში სიდიადის ნიშანწყალსაც ვერ შენიშნავდით”, – იხსენებს ივი წიგნში, რომლის თქმითაც, სიცარიელე, რომელსაც ბავშვობაშიც მძაფრად აღიქვამდა, სიკვდილივით მტანჯველი იყო.

 

ხშირად მოზარდების მშობლებისთვის მათი გარდატეხის წლები არანაკლებ მძიმეა, ვიდრე თავად ბავშვებისთვის. ზოგი თვალს ვერ უსწორებს პრობლემებს, ზოგი სხვაგან ეძებს კრიზისების მიზეზს, ზოგი დუმილს ირჩევს, ზოგს კი უჭირს ოქროს შუალედის დაჭერა გადამეტებულ ყურადღებასა და საჭირო ემპათიას შორის. მზა რეცეპტები არ არსებობს, თუმცა ლიტერატურა ზოგჯერ სარკეში ჩახედვის ეფექტს იძლევა და ზოგჯერ ესეც საქმეა.

 

 

 

არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე

0

ჩვენ ვიცით, რომ წრფივი თანაბარი მოძრაობისას,  სხეულის სიჩქარე არ იცვლება.

თანაბართან მიახლოებული მოძრაობაა მეტროს ესკალატორის კიბის შუა ნაწილის მოძრაობა, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ ბუნებაში აბსოლუტურად თანაბარი მოძრაობა არ არსებობს. მოძრაობის უმეტესობა თანაბარი არ არის. მაგალითად, მატარებელი სადგურიდან გასვლისას დროის ტოლ შუალედებში სულ უფრო და უფრო მეტ მანძილს გადის. სადგურთან მიახლოებისას კი, პირიქით, დროის ტოლ შუალედებში სულ უფრო და უფრო მცირე მანძილს გადის.

 

ნახ.1

 

განვიხილოთ არათანაბარი მოძრაობა ნახ. 1-ზე გამოსახული ველოსიპედისტის მოძრაობის მაგალითზე. ნახატიდან ჩანს, რომ ველოსიპედისტის მოძრაობა ტრაექტორიის მიხედვით წრფივია და მის მიერ დროის ტოლ შუალედებში განვლილი მანძილი იცვლება – იზრდება.

მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული დროის ტოლ შუალედებში სხვადასხვა მანძილს გადის, არათანაბარი მოძრაობა ეწოდება.

ადვილი მისახვედრია, რომ არათანაბარი მოძრაობისას სიჩქარე იცვლება. ნახ. 1-დან ჩანს, რომ ველოსიპედისტი დროის ყოველ მომდევნო ტოლ შუალედში სიჩქარეს ზრდის. ესე იგი, განსხვავებით წრფივი თანაბარი მოძრაობისაგან, არათანაბარი მოძრაობისას:

 

ნახ. 2

 

განვიხილოთ ნახ. 2-ზე წარმოდგენილი სამი მანქანის მოძრაობის მაგალითი.

  • წითელი მანქანა მოძრაობს წრფივად და თანაბრად, რადგან მისი მოძრაობის ტრაექტორია არის წრფე და ამასთან მის მიერ დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში განვლილი მანძილები ერთმანეთის ტოლია.
  • მწვანე მანქანა მოძრაობს არათანაბრად და წრფივად რადგან მისი მოძრაობის ტრაექტორია არის წრფე და, რადგან მის მიერ დროის ტოლ შუალედებში განვლილი მანძილები იცვლება – იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწვანე მანქანა სიჩქარეს თანდათან ზრდის, ანუ მისი მოძრაობა აჩქარებულია.
  • ყვითელი მანქანაც მოძრაობს არათანაბრად და წრფივად, რადგან მისი მოძრაობის ტრაექტორია არის წრფე და, რადგან მის მიერ დროის ტოლ შუალედებში განვლილი მანძილები იცვლება – მცირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყვითელი მანქანა სიჩქარეს თანდათან ამცირებს, ანუ მისი მოძრაობა შენელებულია.

 

არათანაბარი მოძრაობისას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიჩქარე იცვლება. მაგალითად, მატარებლის ან ავტობუსის სიჩქარე გაჩერებებზე 0-ია. შემდეგ იზრდება, ხოლო შემდეგი გაჩერების წინ  მცირდება. მიუხედავად ამისა, საუბრობენ მატარებლის ან ავტობუსის ერთ, რომელიმე სიჩქარეზე. საინტერესოა, რა სიჩქარეს გულისხმობენ ამ დროს?

 

 

 

ნახ.3

არათანაბარი მოძრაობა საკმაოდ რთული მოძრაობაა. მოგვიანებით მის სხვადასხვა სახეს  უფრო ახლოს გავეცნობით.

ამრიგად, ამ სტატიაში მოკლედ გავეცანით წრფივ არათანაბარ მოძრაობას და მაგალითების საფუძველზე თავისი მახასიათებლებით შევადარეთ იგი წრფივ თანაბარ მოძრაობას.

 

 

ლიტერატურა:

 

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://uk.dhgate.com/cars-odometer-uk.html

https://infourok.ru/klass-mehanicheskoe-dvizhenie-836386.html

https://umnik.rikt.ru/fizika/test_7/mech_dvi.html

 

 

დროის სული და სხვა თავბრუდამხვევი ამბები

0

თემურ ბაბლუანის რომანი  „მზე, მთვარე და პურის ყანა“  (მანუშაკა მელოდება)

მსოფლიო ლიტერატურის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარადიგმა გზაა, რომელსაც თანაბარი გატაცებით, განსხვავებული მიზნითა და სურვილით გაჰყავს შინიდან ბიბლიური  უძღები შვილიცა და ჰომეროსის ოდისევსიც, სერვანტესის  დონ კიხოტიცა და ჯოისის ლეოპოლდ ბლუმიც და კიდევ ბევრი სხვა. მრავალფეროვანი და ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად გამოვლენილი სიყვარული კი არის გზა, რომლითაც ადამიანები შინ ბრუნდებიან: ეს შინ პალიმფსესტური სიმბოლოა. „შინ“ საკუთარი თავიცაა, ღმერთიც, ოჯახიც, ბავშვობაც, სამოთხეც, სამყაროცა და სიცოცხლეც. ამიტომაც ნებისმიერი „დაბრუნება“ გულისხმობს მითოლოგიური, ბიბლიური თუ ლიტერატურული პარადიგმების ალუზიებს. შინიდან გასვლა სამყაროსა თუ საკუთარი თავის შესაცნობად დიდი თავგადასავლების, ოცნებათა და სურვილთა,  იმედების ილუზიური ხორცშესხმის დასაწყისად იქცევა. დაბრუნება უამრავ სულიერ-მატერიალური ხიფათის გადალახვასა და გადარჩენას გულისხმობს.

თემურ ბაბლუანის ამ რომანის („მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ მხატვრული სამყარო მდიდარია სათავგადასავლო დროსივრცული პერიპეტიებით, პიკარესკული ჟანრისთვის დამახასიათებელი თაღლითური ისტორიებით. მთავარი კი ადამიანის ბედის წარმოჩენაა, რომელიც შემთხვევით, მოულოდნელ თუ ლოგიკურ და კანონზომიერ მოვლენათა კვალდაკვალ იქმნება, მხატვრულ ტექსტში გაუჩინარებული ავტორის ხელით იქსოვება და იხლართება. მწერალი კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, მისი სულის უფსკრულებს, ამიტომაც მკითხველი რომანის გმირებთან ერთად იხეტიალებს ნათელი იდეალებისა და ბნელი ინსტინქტების საუფლოებში და შეშფოთების, გაოცების, აღტაცებისა და გაოგნების წყალობით კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდება ეგზისტენციალურ, „წყევლა-კრულვიან“ საკითხავებს.

მკითხველი რომანის პერსონაჟებთან ერთად გზას გაიკვალავს ცხოვრებისეულ ლაბირინთებში და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ადამიანური ნების სიმტკიცესა და სიყვარულის ძალაში. ამ რომანის მთავარ გმირსაც ერთი უბრალო, ცხოვრებისგან გათელილი, ადამიანებისაგან შეურაცხყოფილი, მაგრამ მაინც ყველაზე წმინდა და შეუბღალავი სიყვარული  გადაარჩენს. თემურ ბაბლუანის რომანი კიდევ ერთხელ არწმუნებს ადამიანს პავლე მოციქულის სწავლებაში: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. მისი ეს დაუსრულებლობა კი ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. ჯონ სტაინბეკმა თავისი სანობელო გამოსვლა ასე დაამთავრა: „ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის ამგვარი პარაფრაზირება: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა“. ადამიანს შეუძლია ანგელოზადაც იქცეს და დემონადაც, ორივესკენ თანაბრად უბიძგებს საკუთარი თავი, გარემო და სამყარო. ამიტომ სჭირდება ზნეობრივ-მორალური საყრდენები, რომ ბრძოლა არასოდეს შეწყვიტოს. მწერალმა თანამედროვე ადამიანს, ტექნოლოგიური განვითარების თავბრუდამხვევ პროცესში ჩართულს, ღვთისგან მიტოვებულობის განცდით რომ ეხეთქება არარაობას,  სიცოცხლის გადამრჩენის ვალდებულება და პასუხისმგებლობა დააკისრა.

თემურ ბაბლუანის რომანის გმირი გაივლის ყოფის ისეთ ჯურღმულებს, დანტესეული  ჯოჯოხეთის ყველა შრე რომ ერთდროულად გაგახსენდება და მაინც რჩება ადამიანად. თითქოს გაცვეთილი, გაშაბლონებული, ჩაფერფლილი თვალსაზრისი კი სიყვარულის მხსნელი და ამაღორძინებელი ძალისა ამ რომანშიც კვლავ ფენიქსივით წამოიმართება ნაცრიდან და ფერადოვან იმედად გადაიშლება. რომანის ფარდობითობებითა და პირობითობებით სავსე სივრცეში სიყვარული ერთადერთი აბსოლუტური მუდმივაა, ღერძია, ცენტრია, რომელიც კრავს და ამთლიანებს, თავისკენ იზიდავს გაბნეულ ენერგიასა და ძალებს.

თემურ ბაბლუანი ცნობილი რეჟისორია, რომლის ფილმებიც („ბეღურების გადაფრენა“, „უძინართა მზე“, „ძმა“ და სხვ.) აღიარებულია საქართველოსა და უცხოეთში, როგორც ჰუმანიზმით გამსჭვალული ნიმუშები, რომლებიც მაყურებელს ადამიანის რწმენას უნერგავენ. ეს რომანიც ეხმიანება მის მიერ გადაღებული ფილმების მთავარ სათქმელს. ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებების  გამოყენებით ავტორი თანაბარი ოსტატობით აღწევს ერთსა და იმავე შედეგს: მაყურებელსა თუ მკითხველს დაბეჩავებულის, შეურაცხყოფილის, უსამართლოდ დევნილის თანამგრძნობელად აქცევს, მასში ემპათიის გრძნობას აღვიძებს.

რომანი ამბების მოზაიკური პრინციპითაა აგებული. თითოეული ნატეხი დამოუკიდებელიც არის და ერთიანი კომპოზიციის აუცილებელი ელემენტიც. თავბრუდამხვევია მწერლისეული ნარატივი, ამბების მოყოლა მისი სტიქიაა, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და მკითხველიც, დამუხტული მოლოდინებით, დაუღალავად მიჰყვება ავტორს და მოგზაურობს ადამიანის შინაგან სამყაროში და მატერიალურ გეოგრაფიულ სივრცეებშიც.

რომანის მთავარი გმირი  ჯუდე ანდრონიკაშვილია, ერთი თბილისელი ბიჭი, სიხარულისა და ბედნიერებისთვის დაბადებული, მაგრამ გარემოებათა წყალობით უბედურებისა და ტანჯვისთვის განწირული. მწერალი თანაბრად აქცევს ყურადღებას ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების განმაპირობებელ შინაგან  და გარეგან ფაქტორებს. რომანის გმირი მკითხველის თვალწინ გაივლის გრძელ გზას ბავშვობიდან შუა ხნის ასაკამდე და, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებიც ვლინდებიან ადამიანის სისასტიკის, მხეცობის, გაუტანლობის, ღალატის, ავანტიურის, ათასგვარი წარმოუდგენელი სიბინძურის მაგალითებით, მაინც ინარჩუნებს ადამიანობას. ამ რთულ გზაზე მწერალი გამოკვეთს პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტებს, რომლებიც გვეხმარება მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე დროის სულისკვეთების გაგებასა და გააზრებაში. ვასილ კანდინსკი თავის წიგნში „სულიერების შესახებ ხელოვნებში“ გამოკვეთდა ხელოვანის სამ მნიშვნელოვან უნარს: 1. ინდივიდუალურობას; 2. ეპოქის სულის წარმოჩენას;  3. ზოგადის გამოხატვას (ხელოვნების წმინდა და მუდმივი ელემენტისას, რომელიც ყოველ ადამიანს, ხალხს, სივრცესა და დროს გამსჭვალავს). რომანში მწერლის ეს უნარები  მჟღავნდება, ამიტომაც ყველა ამბავი, რომლებსაც ის მოგვითხრობს, გვაფორიაქებს, გვაღელვებს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს არსებობის აზრსა და მიზანზე.

რომანის, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სილამაზისაგან დაცლილ  სამყაროში მთავარი მაინც ის მშვენიერებაა, რომელიც მთავარი გმირისა და მანუშაკას სიყვარულს შემოაქვს და ტექსტის ღერძად, ხერხემლად იქცევა. მანუშაკას სიყვარული გადაარჩენს გმირს პირუტყვად, მხეცად ქცევისგან და ეს სიყვარული დააბრუნებს მას შინ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, თანაბრად არის სამშობლოც, ღმერთიცა და საკუთარი თავიც. ამიტომ აღარაა გასაკვირი, რომ მწერალმა სიტყვა „მიყვარხარ“ თხრობის ერთგვარ კამერტონად აქცია (რომანი მეუღლეს მიუძღვნა).  მანუშაკას, უბრალო სომეხი გოგონას, სიყვარული არიადნეს ძაფივით გამოუძღვა მთავარ გმირს ბნელეთის სამეფოდან და სინათლეზე გამოიყვანა. მთელ რომანში უდანაშაულო გმირს საბჭოთა ციხეების გაუსაძლის პირობებში ერთადერთი რამ ასულდგმულებს, მანუშაკას სიყვარული, რომელიც არ ხუნდება, არ ძველდება. სიზმრებში გამოცხადებული მანუშაკა მთავარ გმირს იმ ჟანგბადივით მიეწოდება, რომელიც უკანასკნელ ძალას მოაკრებინებს და შინისაკენ გზას გამოაგნებინებს. ამგვარად, მანუშაკა მკითხველის თვალში, ერთგვარად და პარადიგმულად, მეძავიცაა და წმინდანიც, მარიამ მაგდალინელიცა და ბეატრიჩეც, ჯულიეტაც და ლაურაც.

რომანი სათავგადასავლო ჟანრის კანონებს მიჰყვება და ამიტომაც მწერალი მთავარი გმირის ცხოვრების ოღროჩოღოებზე დიდხანს ატარებს, თბილისურ ქუჩებში ხეტიალს  მოსკოვს, ლენინგრადს, ოდესას, ციმბირსა თუ  ტაიგას მოაყოლებს და მკითხველსაც ამ თავბრუდამხვევი ბორიალის, დანაშაულისა და სასჯელის, შურიძიებისა და პატიების, ცოდვით დაცემისა და მონანიების ბნელი და ნათელი შეგრძნებების მონაწილედ აქცევს.

რომანი 1968 წლის ზაფხულში იწყება. სწორედ ამ წლის 21 აგვისტოს პრაღაში საბჭოთა ტანკები შეიჭრნენ და ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს წინ აღუდგნენ. საბჭოთა სისტემა ამ დროს ზეობის ხანაში იყო. ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც მხოლოდ მოჩვენებითად ზრუნავდა საბჭოთა მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, კარგად ამხელს და წარმოაჩენს ამ რომანის არაერთი ეპიზოდი. მათ შორის, დასაწყისიც, რომელიც დახეულშარვლიან ბიჭს გვიხატავს, მოპარული ჯინსით რომ ცდილობს ღატაკი და უსახური ყოფის  შეცვლას. ამას ის მართლაც ახერხებს, რადგან გაყიდული შარვლიდან აღებული ფულით არა მხოლოდ თავისთვის იყიდის სამოსს, არამედ შეყვარებულსაც გაახარებს იასამნებით მოქარგული თეთრი ჟაკეტით (ეს ლამაზი ჟაკეტი რომანის ბოლოს წარმოსახულ ნახატზე ისევ ამოყვინთავს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ წარსული არსად იკარგება, პირიქით, მომავლისკენ ერთგვარ სანიშნად იქცევა).

წვრილმანი დაუსჯელი ხულიგნობა, ქუჩური გარჩევა, ძალადობა _ ჯუდე ანდრონიკაშვილისა და მისი ნაცნობ-მეგობრების ცხოვრების თანმდევია, შესაბამისად, მათი ზნეობრივ-მორალური ღირებულებებიც ქუჩის მენტალიტეტითაა განპირობებული. ეს კი უცნაური ნაზავია ლაჩრობისა და სიმამაცისა, სიკეთისა და ბოროტებისა, თანაგრძნობისა და სისასტიკისა. ამიტომაც რომანში ბევრი ეპიზოდია მოთხრობილი, რომლებშიც ქუჩა წარმოჩნდება, როგორც ჯუდეს პიროვნების მთავარი ჩამომყალიბებელი.

ჯუდეს მოყოლილი ამბებით იხატება მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ძველი თბილისის უბნები.  გმირი  წარმოჩნდება თავისი ვნებებით, ოცნებებით, საკუთარი მეთი განსაზღვრული კოსმოსით. მის სამყაროს წარმართავს უბრალო, უამბიციო ადამიანების სურვილები, რომლებიც, ერთი შეხედვით, სრულიადაც არ არის მიუღწეველი _ სიყვარულით შექმნილი ოჯახი თავისი ყოველდღიური საზრუნავებით. ჯუდესა და მისი სამეგობროს გარშემო ტრიალებენ მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც, როგორც ოცნებათა ფრთაშესხმის სიმბოლოები. აქვე ჩნდება მანუშაკა, რომელიც ჩვეულებრივი მოსულელო გულუბრყვილო გოგონადან რომანის ბოლოსკენ ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა, სიწმინდედ, რომელიც, მიუხედავად გათელვისა, ღირსების შეურაცხყოფისა, პატივის აყრისა და ტალახში ამოსვრისა, მაინც  საყრდენია მთავარი გმირისა, ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ძაფია,  არსებობისთვის აზრის მიმცემია. მართალია, როგორც ნებისმიერი სიწმინდე, მანუშაკაც უაზრო შემთხვევას შეეწირება, მაგრამ დარჩება შვილიშვილი, ისიც სახელად მანუშაკა, რომელსაც ჯუდე წამოიყვანს, შვილივით უპატრონებს და მასთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას. ცხოვრების ავ-კარგზე მორიგი ჩაფიქრებისას ერთ ეპიზოდში დაუნდობელი რეალობა ჯუდეს, ცაზე გაწელილ წეროების გუნდს რომ გააყოლებს მზერას, ათქმევინებს: „ღმერთო ჩემო, ნეტა რატომ გამოგვიგონე ეს საცოდავი ადამიანები, რაში გჭირდებით?“

მწერალი გვიხატავს, როგორ იზრდება მთავარი გმირი სულიერ-ხორციელად,  როგორ შეიცნობს სამყაროსა და საკუთარ იდენტობას. მისი ბედი თითქოს ამ სისტემამ განსაზღვრა, წინასწარ „დაწერა“ უხილავმა ხელმა. იგი რეპრესირებული ოჯახის შვილია, უძველესი არისტოკრატიის წარმომადგენელი, ბაბუა 1924 წელს კომუნისტებმა დაუხვრიტეს. მაგრამ ისტორია მხოლოდ მითი და ლეგენდაა, მეზობელი ქალის, პოლონელი ბარონების შთამომავალი, მუსიკის მასწავლებელი მაზავეცკაიას მოყოლილი, რეალურად კი ჯუდე მეჯღანე გოგია ანდრონიკაშვილის შვილია. მეჯღანეობა ხაზს უსვამს იმ დამამცირებელსა და შეურაცხმყოფელ მდგომარეობას, რომელშიც ეს ოჯახია ჩავარდნილი. მწერალი ჯუდეს ოჯახის ამბების  წარმოჩენით მკითხველს უახლესი ისტორიის სურათებსაც უხატავს. მამამისი ბავშვთა სახლში გაიზარდა, ერთ უიღბლო და უხერხემლო, მორჩილ, მშრომელ კაცად ჩამოყალიბდა. ცხოვრებამ თითქოს მხოლოდ მის გასათელად მოიცალა. ცოლი,  ჯუდეს რუსი დედა ვიღაც კაცთან ერთად გაიქცა. უდედობა მას დაჰყვა, როგორც მარადიული ობლობა, უპატრონობა და მიუსაფრობა. ამიტომაც მანუშაკას სახეში გაერთიანდა დედაც, დაც, ცოლიცა და ის სითბოც, რომელიც სულს სჭირდება გასაზრდელად და გასავითარებლად. მამამისს, უიღბლოსა და უპერსპექტივოს, მეორე ცოლი, მეძავი, სხვის შვილებს აზრდევინებდა. თუმცა, საზოგადოებისგან ერთგვარად გარიყული და ფსკერზე მოქცეული კაცი ოჯახს საკუთარი შრომით არჩენდა. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ ჯუდე, რომელმაც ციხეებში უსამართლოდ გაატარა ახალგაზრდობა, შინ დაბრუნებული გზას მაინც არ ასცდა, მამის ხელობას მიჰყო ხელი და შრომით გადაწყვიტა ყოველდღიური სარჩოს მოპოვება.

რომანში სუბკულტურის სახით იჭრება ქურდული სამყარო, რომელთანაც, ნებით თუ უნებურად, ურთიერთობა აქვს ჯუდე ანდრონიკაშვილს. ეს სამყარო გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. საბჭოთა ეპოქაში კანონიერი ქურდების ძლიერი ინსტიტუტი შეიქმნა. ისინი იყვნენ ციხეებშიც და მის გარეთაც. კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის ქონა ქუჩის ცხოვრებაში ადამიანს პრივილეგიებს ანიჭებდა. ასეთებად იხატებიან რომანში რაფიკა, ტროკადერო და მისი ძმაკაცები. 12 წელი მიუსაჯეს ჯუდეს იმისთვის, რომ ორი კაცის მკვლელობა დაიბრალა. ეს „მკვლელობა“ მეგობარ ხაიმასთვის  თავგანწირვად, შურისძიებად მოინათლა, ამიტომ ციხეში კანონიერი ქურდების მფარველობაში მოექცა. მათ ღირსეულ კაცად აღიარეს და დახმარება აღუთქვეს. ჯუდეს მათთან დაჯდომა და სმა-ჭამა „დიდ პატივად“ მიაჩნია. მწერალი კარგად იცნობს ამ სამყაროს და მის კანონებს ზედმიწევნით და დამაჯერებლად წარმოაჩენს. ეს ფენა, როგორც „კასტა, როგორც კრიმინალური სამყაროს პროფესიონალთა კავშირი“, ისე გამოიკვეთება. მათ აქვთ თავიანთი „კოდექსი“, რომლითაც არეგულირებენ სადავო საკითხებს, სჯიან თუ ამართლებენ ადამიანებს: „საბჭოთა კავშირში პატიმრებზე დიდი გავლენა ჰქონდათ და იმ უზარმაზარ ტერიტორიაზე ციხეებისა და საპატიმრო ბანაკების თითქმის ნახევარს აკონტროლებდნენ. მათი დევიზი იყო: ღირსება და სამართლიანობა“. რომანში ისიც ნათქვამია, რომ მათი ნაწილი თანამშრომლობდა პოლიციასთან.

ჯუდეს  მხატვრობა იტაცებდა, რადგან ნიჭი ჰქონდა. რომანში გაბნეული მისი ნახატები მის რეალურ-სულიერ ყოფას წარმოაჩენენ. ციხეში გახდა ჯუდე სრულწლოვანი. მან მოითხოვა ციმბირში, ისეთ ზონაში გადაყვანა, ერთ წელს სამად რომ  უთვლიდნენ.  აღმოსავლეთ ციმბირში, უკიდურეს ჩრდილოეთში რეციდივისტები არაადამიანურ პირობებში მოიპოვებდნენ ოქროს. აქ ლენინის დახატვა დაავალეს. ტრაგიკომიკური ის იყო, რომ ლენინის პორტრეტი წელიწადში ოთხჯერ უნდა დაეხატა: 7 ნოემბერს, 5 დეკემბერს, კონსტიტუციის დღეს და 1 მაისს, თანაც ყოველთვის ახალი და განსხვავებული. თვითნასწავლ ჯუდეს პირველივე ნახატი დაუწუნეს, ვიღაც მახინჯი ქართველი დაგიხატავს ლენინის ნაცვლადო და კარცერში უკრეს თავი. ხშირად სხვა პატიმრებსაც ანუგეშებს თავისი გაუწაფავი ნახატებით. ჭიანჭველებიანი ნახატი კი მის სასოწარკვეთილებასა და გამოუვალობის განცდას კარგად ამხელს.

რეალისტური თუ სიურრეალისტური სიზმრების საშუალებით მწერალი კარგად წარმოაჩენს ციხეებში სასიკვდილოდ განწირული ჯუდეს სულიერ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს. სიზმარი, ერთი მხრივ, ირეკლავს სასტიკ რეალობას, მეორე მხრივ კი წარმოაჩენს მის სურვილებსა და ოცნებებს.  ყველაზე რთულ ვითარებებში კი მაინც მანუშაკა ესიზმრება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ უკანასკნელი ძალა მოიკრიბოს და ფეხზე წამოდგეს, ცხოვრების საზრისზე დაფიქრდეს, ზნეობრივი ძალისხმევით მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა გადალახოს და ადამიანის სახე არ დაკარგოს.

რომანში უხვად გხვდება თაღლითური ისტორიები, რომლებიც ჯუდეს თავგადასავალს  სხვადასხვა ამბის შენაკადებით უკავშირდებიან და, ერთი მხრივ, ამდიდრებენ, მწერლისეულ წარმოსახულ სამყაროს,  მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვან გარემოებებს ქმნიან მთავარი გმირის სულიერ-ზნეობრივი განვითარებისა და გარდასახვის გზაზე. სხვადასხვა ჯურის პერსონაჟი, მოსყიდული პოლიციელი თუ იდეოლოგიზებული კომუნისტი, ქურდი, ნარკომანი, მასწავლებელი და პარიკმახერი, პროფესორი და დამლაგებელი _ ყველანი ერთად და ცალ-ცალკე ქმნიან რომანის ცხოვრებისეულ მრავალფეროვან ცოცხალ, მფეთქავ სამყაროს. ბოროტებისა და სიკეთის თანაბრად გამოვლენა რომ შეუძლია ადამიანს, რომანში ეს არაერთი ისტორიით დასტურდება. მათ შორისაა პატიმარი „იავნანას“ ზედმეტსახელით, რომელიც ოქროს საბადოებზე მუშაობისას შეხვდება ჯუდეს. ამ კაცისა ყველას ეშინოდა, რადგან დაუნდობელი და სასტიკი იყო, ხუთი კაცი ჰყავდა მოკლული.  ერთხელ სხვა პატიმრები მძინარეს თავს დაესხნენ, ისე სცემეს, მკვდარი ეგონათ და ორმოში ჩააგდეს, თუმცა გადარჩა, მოულოდნელად ღამით გამოჩნდა, მაგრამ შური აღარ უძიებია, თითქოს გარდაქმნილიყო, დაჯდა და: „დაბეგვილი, დასახიჩრებული ხორცის მასა მღეროდა შემაძრწუნებლად სუფთა, ხავერდოვანი ხმით“.  სწორედ ამ კაცმა დაუმატა ჯუდეს სამი გრამი ოქრო და ამგვარად ამ „ჯოჯოხეთიდან“ გათავისუფლებაში დაეხმარა. გარემო ყველანაირად ცდილობს პერსონაჟის მიმსგავსებას, შესაბამისად, ჯუდეც ვერ უძლებს ცდუნებას და თაღლითად ტრანსფორმირდება, მაგრამ იმდენი ძალა შერჩება, რომ კაცისმკვლელთა შორის მკვლელად არ იქცევა. ეს კარგად ჩანს, ოქროს მოპარვის, ჯერ ერთი ციხიდან გაქცევის დაგეგმვის, გაპარვის, ჩუქჩასთან ერთად ხეტიალის, შემდეგ უკვე სხვა ციხიდან თავდაღწევისას. თუმცა  საბოლოოდ, ვერც მკვლელობას გაექცევა და მანუშაკასთვის იძიებს შურს.

მისი ბედი, რა თქმა უნდა,  ქვეყნის ცხოვრებას არის გადაჭაჭვული. ამიტომაც მკითხველის თვალწინ კინოკადრებივით ჩაივლიან წარსულის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სოციალური, საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენები.  მწერალი 1959 წლის 9 მარტის ტრაგედიასაც  აცოცხლებს, როგორც საქართველოზე საბჭოთა რუსეთის მორიგ ძალადობას. რომანში შემოიჭრება სტალინის სახელთან გაიგივებული ქართველის ღირსების დასაცავად მიტინგზე გამოსული ხალხის სასტიკი  დარბევა.  ამ დროს  ჩამოსულა ჩინეთის მარშალი, სახელად ჯუდე. სწორედ მასთან „შეხვედრის“ შემდეგ „მონათლეს“ იოსები ჯუდედ და ეს მეტსახელი შერჩა.

ჯუდემ, ქუჩური მორალის გათვალისწინებით, სხვისი მკვლელობა დაიბრალა. სამი მკვლელობის გამო, რომლებიც არა ჩაუდენია, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. რა აღარ გადახდა თავს, ოქროს საბადოებზე კატორღულ სამუშაოებზე კაციჭამიებთან ერთად იჯდა, მაგრამ თავი დააღწია, მერე ისე დაავადდა, 13 წელი უგონოდ იყო და მონასტრის ბერები უვლიდნენ. მაინც გადარჩა და, რაც მთავარია, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად. თუმცა ერთადერთხელ მაინც იძია შური და ისიც მანუშაკასთვის: მისი გამაუპატიურებელი, თავზეხელაღებული კაცისმკვლელი ტროკადერო მოკლა. თუმცა შეძლო, კვალი დაეფარა. მკითხველი გრძნობს, ბედისწერის უხილავმა ხელმა როგორ ატარა ცხოვრების ოღრო-ჩოღროებზე იმისთვის, რომ მანუშაკას ობოლ შვილიშვილს მფარველად და პატრონად მოვლენოდა. ამბობს კიდეც: „ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემს განვლილ ცხოვრებაში მარტო განცდებით მივიღე მონაწილეობა და სხვა დანარჩენის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს“. კითხულობ რომანს და პერსონაჟისთვისაც კი გეზედმეტება ამდენი უბედურება, ჯუდეს რომ თავს დაატყდა. მკითხველი თვითმხილველი გახდება იმ ამბებისა, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში, ციხეებსა თუ მის გარეთ ხდებოდა. მწერალი არაერთი საინტერესო პერსონაჟს ხატავს გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი ხასიათებით.

რომანის ერთ-ერთი მთავარი თემაა ჯუდესა და ხაიმას, ებრაელი ბიჭის მეგობრობა. მწერალი ხატავს, როგორ ებრძოდა საბჭოთა რეჟიმი კერძო საკუთრებას, როგორ დაუხოცეს ხაიმას ბიძები, თუმცა ხაიმას ნათესაობამ მოასწრო და მილიონობით დოლარი დაწვა, ვიდეოზე გადაიღო ყველაფერი და კასეტების უცხოეთში გატანა მოახერხა. როგორც შემდეგ გაირკვა, ამერიკის ბანკებმა სრულად აუნაზღაურეს ებრაელებს დამწვარი დოლარები. ხაიმამ არ დაივიწყა მეგობარი და ორი მილიონი დოლარი აჩუქა, რამაც ჯუდეს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

რომანში კარგად წარმოჩნდება მეოცე საუკუნის 90-იანი წლების საქართველო, კრიმინალურ ბანდათა თარეში, გუშინდელ ყაჩაღთა გაბიზნესმენება და გამინისტრება. ჯუდე პოლიტიკისგან შორსაა, მაგრამ ხედავს, როგორ ატერორებენ ადამიანებს, მთავრობები იცვლება, მაგრამ ვითარება იგივეა: „მდიდარი კაცი მშიერ ქვეყანაში დაჭრილ მგელსა ჰგავს, რომელსაც თავისიანები ირგვლივ შემოხვევიან, სისხლის სუნი სცემთ და შეჭმას უპირებენ“ . ამიტომაც პატარა მანუშაკასთან ერთად თურქეთში წავიდა, გვარი გამოიცვალა, სასტუმრო იყიდა და ასე გაააგრძელა ცხოვრება. ანდერძიც შეადგინა და ყველაფერი მანუშაკას დაუტოვა. „სადღაც წავიკითხე, ჩვენ ადამიანები ვიტანჯებით იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლიაო. სხვისი არ ვიცი და ჩემს შემთხვევაში  პირიქითაა“, _ ამბობს ჯუდე (გადაძახილია დოსტოევსკისთან: „ჯოჯოხეთი არის ტკივილი იმის გამო, რომ აღარ ძალგიძს სიყვარული“).

ერთ ეპიზოდში ჯუდე ფიქრობს: „გაკვირვებული ვარ: რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა? თანაც მაინცდამაინც ასე, როგორც მოხდა. რაშია საქმე? პასუხი არა მაქვს. არსებობს კი პასუხი?“.  ბოლოს დაასკვნის: „უცნაურია ეს ცხოვრება“. ის სახელოსნოსაც ააშენებს და ბავშვობის შთაბეჭდილებების ხატვას იწყებს, მაგრამ ეს ყველაფერი მზადებაა იმ ნახატისთვის, რომელიც ასე შთამბეჭდავადაა რომანის ფინალურ ეპიზოდში აღწერილი და რომელმაც სიზმარი ფერადოვან ტილოდ უნდა აქციოს: „მაღალი, ხრიოკი გორაკების ზემოთ, ერთ მხარეს მთვარე ანათებს, მეორე მხარეს – მზე. სამანქანო გზა გორაკს გადმოივლის და პურის ყანაში ეშვება. პურის ყანაში მანუშაკა დგას. ის ჩემი ნაჩუქარი იასამნებით მოქარგული ჟაკეტი აცვია და გზას გაჰყურებს. სახეზე მოუთმენლობა აწერია და აშკარად ეტყობა, რომ იმ გზაზე ვიღაცის გამოჩენას ელოდება. ესაა სულ. თუ ისე მოხდება, რომ იმ ნახატს ისეთი ვინმე ნახავს, ვინც ჩემი და მანუშაკას ამბავი იცის, ის ალბათ მიხვდება, რომ მანუშაკა მე მელოდება“. უნებურად მირზა გელოვანის ცნობილი ლექსის სტრიქონები გვახსენდება:

„მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ“.

სამყაროს უამრავ გამოცანათაგან მწერლობას საფიქრალად ესეც უქცევია: როგორ იტევს გული ღვთაებრივსა და დემონურს, სიყვარულსა და სიძულვილს, სიკეთესა და ბოროტებას. რუსთველისეული შეგონება _ გულს „ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი“_ მარად აქტუალურია. ფოლკნერისთვის მწერლობის მთავარი საქმე ამიტომაც „გულის ჭიდილის“ წარმოჩენაა, რადგან ის გამოავლენს საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულსა თუ დამარცხებულ ადამიანს, რომელიც ხან ღვთისკენ იხრება და ხან ეშმაკისკენ, როგორც დოსტოევსკი ამბობს. თემურ ბაბლუანის რომანის მთავარი თემაც ეს არის, წარმოაჩინოს, როგორ იკვალავს სიყვარული გზას ცხოვრების ლაბირინთებში, როგორ იკლებს თუ იმატებს მისი შუქი ადამიანური ყოფის ჯურღმულების გასანათებლად, როგორ მიინავლება და იბჟუტება სიბნელესთან შეხლა-შემოხლისას ძალაგამოცლილი, მაგრამ ბოლოს მაინც როგორ მოიკრებს ძალას და აღსდგება ჯვარცმულ ქრისტესავით, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. ეს სიცოცხლის კანონია. სული, რომელიც გალაკტიონის ლექსს თუ გავიხსენებთ, ერთდროულად „ლაჟვარდზე უსპეტაკესიც“ არის და „დემონზე უბოროტესიც“, სიყვარულის გზით მაინც ხსნისა და გადარჩენისკენ უბიძგებს ადამიანს, ოღონდ ეგ არის, ზოგს იმდენად აყრუებს და აბრმავებს ცხოვრებისეული გარემოებანი, რომ ვეღარც ხედავს და ვეღარც გაიგონებს ამ გადამრჩენელი ძალის ხმას.

რომანში მკაცრად რაციონალური სამყაროა დახატული, მაგრამ ირაციონალური, მისტიკური ელემენტებიც შემოიჭრება, რომლებიც წინასწარმეტყველურად მიგვანიშნებენ გმირის დაღუპვისა თუ გადარჩენის აუხსნელ, გაუგებარ და გამოუცნობ გზებზე.   ჩაბნელებულ ციხეებს ხანდახან სხვა რაკურსით, რაღაცნაირი სიმსუბუქით წარმოაჩენს მწერლის მოულოდნელი და მახვილგონივრული ირონიით შეზავებული პასაჟები.  რომანში ციხე იხატება, როგორც ერთგვარი მიკრომოდელი, რომელიც თავისუფალი საზოგადოების ყველა ნაკლსა და ღირსებას, რადიკალურად განსხვავებულ ვნებასა თუ საძაგლობას, გარყვნილებას, აგრესიას, სისასტიკეს, ფარისევლობასა და თანაგრძნობას ირეკლავს.

რომანის ლექსიკა არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ მთავარი გმირი ჰყვება ამბებს, ის კი პერსონაჟია, რომელიც მეტყველებს და ფიქრობს  ქუჩასა და ციხებში მიღებული „სწავლა-განათლების“ შესაბამისად, მწირი ლექსიკისა და ჟარგონის გამოყენებით, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ,  გარემო პირობების მიუხედავად, ჯუდე ცდილობდა თვითგანსწავლასა და განვითარებას, რაც მას გამოარჩევდა კიდევაც ქუჩისა თუ ციხის ამხანაგ-მეგობრებისაგან.

ჯუდესა და მანუშაკას სიყვარული, დაბზარულ-დალაქული ნივთივით ცხოვრებისაგან სანაგვეზე მოსროლილი, მაინც გადარჩება და დრო-სივრცეს გამოღწეული მკითხველის გულში განაგრძობს არსებობას, როგორც კიდევ ერთი დასტური ადამიანის ღვთაებრივთან წილნაყარობისა.

 

 

 

 

 

 

 ისტორია ლიტერატურაში

0

ისტორია და ლიტერატურა  საუკუნეებია ,,თანამშრომლობენ“,  თუმცა   ზოგჯერ  ისტორიული მოვლენების ლიტერატურულ ასახვას რთულია თანამშრომლობა უწოდო.  შევთანხმდეთ, რომ  ცნობილი  ისტორიული მოვლენების თუ პიროვნებების შეფასება თავისთავად იწვევს შეხედულებათა  სხვადასხვაობას, ეს  ერთი მხრივ, ისტორიული წყაროების განსხვავებული ინტერპრეტაციებითაა გამოწვეული, მეორე მხრივ, დაინტერესებული პირების  პრაგმატული მიზნებით.  ისტორიის განსხვავებულ აღქმასა და შეფასებას ხშირად დრამატულ  მოვლენებამდეც მიჰყავს არა მარტო ცალკეული ეთნიკური ჯგუფები, არამედ ქვეყნებიც,   თავს იჩენს  დაპირისპირებები და სისხლიანი კონფლიქტებიც. ისტორიის ლიტერატურული ასახვა განსხვავებული ფენომენია.  მწერალს ალბათ არც მოეთხოვება ისტორიული რეალობის ზუსტი ასახვა, მით უმეტეს იმ მოვლენების აღწერისას, რომელზეც ისტორიკოსებსაც არ აქვთ საერთო პოზიცია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ   მწერლის მიერ კარგად ცნობილი ისტორიული მოვლენების  თუ პიროვნებების კარდინალურად განსხვავებული  აღწერა და წარმოდგენა მკითხველების  ერთი ნაწილის (ხშირად მოზრდილი ნაწილის) აღშფოთებას იწვევს.  ასეთ დროს ყველაზე კარგი მსაჯული დრო და  ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულებაა,   აღშფოთების ტალღა გადაივლის და შედევრი რჩება.

თუმცა ამ სტატიაში ისეთ შემთხვევაზე მინდა  გესაუბროთ, როცა  ისტორიის ბურუსით მოცული  მოვლენების  მწერლისეულ საინტერესო ლიტერატურულ ვერსიას ვეცნობით.  მოვლენები,  რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა, რამაც  განსხვავებულ ინტერპრეტაციებს  დაუდო სათავე.  გადის დრო, იცვლებიან ხელისუფლებები, სახელმწიფოებრივი  წყობილებაც კი, ჩნდება ბოლომდე ამოუხსნელ მოვლენებში გარკვევის რეალური სურვილი, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ რთულ ამოცანადაა ქცეული, ზოგჯერ შეუძლებელიცაა.   გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში შედის, რადგანაც   პირდაპირი სამხილები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მოწმეები დიდი ხნის გარდაცვლილია, ამასთანავე, უკვე შექმნილია განსხვავებული ვერსიები და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი  აშკარად   ლეგენდების საბურველშია გახვეული, ისინი  გამოძიების ახალი შედეგების და მეცნიერული ექსპერტიზების   მიუხედავად აგრძელებენ არსებობას. სწორედ ასეთი მოვლენების ლიტერატურული ინტერპრეტაციები იწვევს მკითხველის დიდ ინტერესს, ინტერესი  იზრდება იმის კვალობაზე, რაც უფრო საინტერესო ვერსიებს შემოგვთავაზებს ავტორი, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ისტორიული მოვლენა. რასაკვირველია, თხრობის ორიგინალობა და   ლიტერატურული ღირებულებაც აუცილებელი პირობაა.

საკმაოდ მაღალია ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოების  დაინტერესება      ბურუსით მოცული, გახმაურებელი მკვლელობებით. არის კიდევ რამდენიმე გარემოება, რაც მკვლელობებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის :

  • მკვლელობა ძალიან დიდი ხნის მომხდარი არ უნდა იყოს (მაგ; მეოცე საუკუნის გახმაურებული მკვლელობები);
  • მკვლელობამ გავლენა უნდა იქონიოს მსოფლიო ისტორიაზე

ამ მახასიათებლებით რამდენიმე მკვლელობა იოლად  გაგახსენდებათ ( პრინც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში, რომანოვების ოჯახის განადგურება საბჭოთა რუსეთში, პრეზიდენტ კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში), ბოლო მახასიათებელს თუ შევცვლით და მსოფლიოს ისტორიის მიმდინარეობაზე გავლენას  ერთი კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ პროცესებს ვიგულისხმებთ, სამწუხაროდ, საქართველოში მომხდარი მკვლელობებიც   შეგვახსენებს თავს. ავბედითი სიმბოლიზმით მეოცე საუკუნის დადგომიდან შვიდი წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის  და მეოცე საუკუნის დასრულებამდე  7 წლით ადრე ზვიად გამსახურდიას  მკვლელობებმა უდაოდ შეცვალეს საქართველოს ისტორია.

თუ საინტერესო ლიტერატურულ ნაწარმოებს დავიხმართ, მსოფლიო ისტორიის ტრაგიკული მოვლენა, საინტერესო სასწავლო აქტივობად შეიძლება ვაქციოთ. შემოქმედებითი აქტივობით შესაძლებელია მოსწავლის  ცნობისმოყვარეობა  მიზანზე მიმართულ ინტერესად იქცეს, დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე უფრო ღრმად გაეცნობა ისტორიულ პროცესებს და  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასთან ერთად კიდევ ერთი წიგნიც ,,შემოეკითხება“.

მაგალითისათვის ამჯერად ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ ცნობილი ანგლოამერიკელი მწერლის და პედაგოგის სემ ისთლენდის ( ნამდვილი სახელი და გვარი პოლ უოთქინსი) რომანზე ,,წითელი მეფის თვალი“. რომანის მთავარი გმირი პეკალა რომანოვების ოჯახის განადგურების ამბავს იძიებს, ხოლო ,,წითელი მეფე“, რომლის თვალიც მას ყველგან უჩინრად დაყვება, იოსებ სტალინია. რომანოვების საიპერატორო ოჯახის  თანმხლებ პირებთან ერთად ამოწყვეტა თავის დროზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა, ლეგენდებს სათავე პირველივე დღეებში დაედო, 11 ადამიანის დახოცვის შემდეგ კომუნისტები ოფიციალურად მხოლოდ ნიკოლოზ მეორის დახვრეტას აღიარებდნენ, გამოჩნდნენ ,,მოწმეები“ რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ცოცხლად ნახეს (ან გადაარჩინეს!) სამეფო ოჯახის ესა თუ ის წევრი, ანა ანდერსონად წოდებული ქალბატონი ათწლეულების განმავლობაში ჯიუტად ამტკიცებდა, რომ გადარჩენილი ანასტასია რომანოვა იყო. მართალია გამოძიება მალე მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ქალბატონი სინამდვილეში  პოლონელი ქარხნის მუშა ფრანსისკა შანკოვსკა იყო, ანა ანდერსონის საქმემ გერმანიის სამართლის ისტორიაში უგრძესი  სამოქალაქო სასამართლო პროცესი გამოიწვია. ასი წლის შემდეგ თეთრი ლაქები ამ ტრაგიკულ მოვლენაში  დღემდეა შემორჩენილი.  მწერალი  მახვილგონივრულად იქცევა, ის   მკითხველს რაიმე ერთი ვერსიისკენ კი არ უბიძგებს, არამედ ერთდროულად რამდენიმეს სთავაზობს და  პასუხგაუცემელ კითხვებს გვიტოვებს. აქვე  მინდა  ნაწარმოების კიდევ  რამდენიმე ღირსებაზე მოგახსენოთ.   რომანი ძალზე ეფექტურად იწყება, პირველივე გვერდზე უკვე დახოცილი სამეფო ოჯახის  და ჯერ კიდევ ცოცხალი რუსეთის იმპერატორის ჯალათთან გასაუბრების პასაჟი გითრევს მძაფრ ლიტერატურულ  მორევში, სადაც მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება, ძალზე საინტერესო კუთხით ეცნობი ისტორიულ პერსონაჟებს, ხოლო ავტორის  გამოგონილი გმირები გეხმარება ისტორიული პროცესების სხვადასხვა რაკურსიდან  აღქმაში. დამაინტრიგებელია იმის გაგებაც, რომ რომანში თავდაპირველად განვითარებული  ვერსიის თანახმად თავად კომუნისტურმა ხელისუფლებამაც კი არ უწყის, რა მოხდა რეალურად  ინჟინერ იპატიევის  სახლში.

როგორც სასწავლო რესურსი სემ ისთლენდის რომანი (ისევე როგორც მსგავსი მიმართულების სხვა მაღალმხატვრული ნაწარმოებები) მოსწავლეებს გაუფართოებს ისტორიული აზროვნების თვალსაწიერს, ისტორიულ პიროვნებებს განსხვავებული რაკურსიდან დაანახებს, გამოგონილ პერსონაჟებზე დაკვირვება ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე დააფიქრებს და ისტორიის უკეთ გაგებაში დაეხმარება. გავადევნებთ რა     მოსწავლეებს მკვლელობის რამდენიმე ვერსიას, მათში რამდენიმე მაღალი სააზროვნო უნარის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს :

  • კრიტიკული აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარი;
  • წარმოსახვის უნარი;
  • მოვლენათა მსვლელობაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის და დასკვნების გამოტანის უნარი

მთავარ აქტივობას პირობითად შეიძლება ,,გამოიძიე პეკალასთან ერთად“ვუწოდოთ. როგორც აღვნიშნეთ, ნაწარმოებში რამდენიმე გმირის მონათხრობის მიხედვით  მკვლელობის განსხვავებული  ვერსიები ვითარდება :

  • მეფის ფოტოგრაფის ქათამაძის ვერსია
  • მაიაკოვსკის ვერსია
  • ნეკრასოვის (მეფის დაცვის პოლიციის უფროსი) ვერსია
  • ადგილობრივი მცხოვრები მოხუცის ვერსია
  • მონაზონ ანიას ვერსია
  • კროპოტკინის (მილიციის უფროსი) ვერსია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეტექტივის კანონების საპირისპიროდ დასასრულს რომანის  ყველა კვანძი  არ იხსნება.  დამატებით აქტივობებად შესაძლებელია ავტორისეული ხედვით წარმოდგენილ  ისტორიულ პიროვნებებზე დაკვირვება  (მაგ; ნიკოლოზ მეორე, სტალინი) და ზოგადსაკაცობრიო თემების (პიროვნების როლი ისტორიაში,  ერთგულება  და სახელმწიფოებრივი პასუხიმგებლობა) განხილვა.

დაბოლოს, აკადემიური საათებით შემოსაზღვრულ ისტორიის ფორმალურ სასწავლო პროცესში მსგავსი აქტივობებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება. სამაგიეროდ ძალზე მოსახერხებელია მათი გამოყენება არაფორმალური განათლების პროცესში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წახალისება ზრდის მოტივაციას

0

ბავშვები ყველა საშუალებით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას. მათთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება. ეს არის თვისება, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებლები და მშობლები ამ მნიშვნელოვან თვისებას არასწორი მიდგომით ანადგურებენ. პატარები თავიანთ სურვილებს, მისწრაფებებს, სათქმელს, ხშირად გამოხატავენ ქცევით, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი „ცუდ“, „არასასურველ“ ქცევას უწოდებენ და ამბობენ, რომ ასეთი ბავშვი რთულად აღსაზრდელია, არ ჰგავს თანატოლებს და რთულია მათთან ურთიერთობა. მშობლები კი საყვედურით აცხადებენ, რომ არ ესმით საკუთარი შვილის და არ იციან რა გააკეთონ, ამა თუ იმ ქცევის დროს. ყველაზე ხშირად მასწავლებლისა და მშობლის ქმედება ბავშვის მიერ გამოვლენილ არასასურველ ქცევაზე ერთნაირია – ეს გახლავთ დასჯა. მშობლები მიმართავენ დასჯის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ბავშვისთვის თავისუფლების შეზღუდვა, მეგობრებთან არგაშვება, საყვარელი ნივთის, თამაშის აკრძალვა.

მასწავლებელი კი მიმართავს სიტყვიერ გაფრთხილებას. ყურადღებას ამახვილებს ბავშვის უარყოფით ქცევაზე კლასის წინაშე და ხმამაღლა, მუქარის ტონით, მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ქმედება. უარეს შემთხვევაში შეიძლება მასწავლებელმა ის შეადაროს სხვა მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილზე წყნარად ზის და უთხრას: შეხედე, ის წყნარად მისმენს! რა კარგი ბავშვია! შენ რა გჭირს! მსგავსი შედარება კიდევ უფრო ზრდის ბავშვის მიერ არასასურველი ქცევის განმეორების რისკს.

ბავშვის ქცევას ყოველთვის აქვს წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილებას ემსახურება მისი ქცევა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ყურადღების მიქცევა, თავის გამოჩენა, პროტესტი, ან უბრალოდ სურვილი, რომ მასზე იზრუნონ. სანაცვლოდ კი იღებს სასჯელს, ისე, რომ არც უხსნიან, რატომ არის მისი ქცევა „ცუდი“. უფროსებისგან ბავშვის ქცევაზე მსგავსი რეაგირება ფაქტობრივად შეიძლება გახდეს ქცევის მაპროვოცირებელი. სასჯელი კი უარყოფითი ქცევის განმამტკიცებელი ხდება. მსგავს მიდგომას შეუძლია ბავშვის ქცევის დროებით შეჩერება, დათრგუნვა, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად შეიძლება რაღაც დროის შემდეგ ბავშვმა ეს ქცევა ბევრად უფრო რთული ქცევით ჩაანაცვლოს, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო გაჭირდება. ამიტომ აუცილებელია, ყველა არასასურველი ქცევა დროულად გამოვასწოროთ.

რას ნიშნავს სწორი ჩარევა და რა ვუპასუხოთ მშობელს, რომელიც გვეკითხება: დავსაჯე, გავუბრაზდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რა ვუშველო ჩემ შვილს? როგორ დავეხმარო? პასუხი მარტივია: მოუსმინეთ ბავშვს! გაიგეთ რის თქმას ცდილობს ამ ქცევით!

თუ თქვენ ყურადღებას ამახვილებთ მხოლოდ მის ცუდ ქცევაზე და კომენტარს მხოლოდ მაშინ აკეთებთ, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, მაშინ ბავშვს რაღა დარჩენია? თქვენი ყურადღების მისაქცევად ის აუცილებლად გაიმეორებს მსგავს საქციელს!

თუ მშობელს სჭირდება რჩევა, როგორ მოიქცეს, როცა ბავშვი ცუდად იქცევა და შენიშვნაზე არ რეაგირებს, პასუხი აქაც მარტივია: წაახალისეთ! შეცვალეთ მიდგომა! გააკვირვეთ ბავშვი! ეცადეთ ნაკლებად მიაქციოთ ყურადღება მის საქციელს და პირიქით, მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება მის კარგ ქცევაზე. შეაქეთ, როცა იმას გააკეთებს, რაც მისი ცუდი ქცევის საპირისპიროა! მოეფერეთ! გაუღიმეთ! აგრძნობინეთ, რომ თქვენს ყურადღებას მეტად იმსახურებს, როცა კარგად იქცევა.

წახალისება არის დადებითი განმამტკიცებელი, რომელიც ცუდ ქცევას მალე, სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს კარგით! წახალისების უამრავი ფორმის გამოყენება შეიძლება და ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე.

წახალისებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ: სტიკერები, სიგელები, ტკბილეული, სათამაშო, სიტყვიერი შექება, ავუსრულოთ სურვილი და სხვა.

ბავშვის არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია, შევადგინოთ გეგმა, რომელსაც შეასრულებს ყველა ადამიანი, რომელიც ჩართულია ბავშვის სააღმზრდელო პროცესში. გეგმაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პუნქტებია:

  • შეთანხმდით რომელი ქცევის გამოსწორებაა პრიორიტეტული და იმუშავეთ მასზე;
  • სააღმზრდელო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები, რომლებსაც ერთად შეადგენენ;
  • ბავშვს ნათლად აუხსენით წესები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც მიიღებს წახალისებას;
  • გაითვალისწინეთ – თუ სააღმზრდელო პროცესში ჩართული რომელიმე პირი დაარღვევს წესებს, ეს ბავშვის ქცევაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ყოველთვის იხელმძღვანელეთ გეგმით.

განვიხილოთ პირობითად ერთი ქცევა და წახალისების ფორმა.

 არასასურველი ქცევა: მოსწავლე გაკვეთილზე არ ასრულებს დავალებას და მასწავლებლის მითითების მიუხედავად, წერის ნაცვლად რვეულში ხატავს.

მასწავლებელი და მშობელი თანხმდებიან, რომ თუ ბავშვი ყოველდღე დაწერს ერთ წინადადებას, ის გაკვეთილის ბოლოს მიიღებს ერთ სტიკერს. თუ ის დავალებას მსგავსი ფორმით შეასრულებს და კვირის ბოლომდე დააგროვებს მინიმუმ სამ სტიკერს, დედა მას უყიდის ტკბილეულს. გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეს ვახსენებთ: თუ შენ დღეს შეასრულებ ჩემ მიერ მოცემულ წერით დავალებას, მიიღებ ერთ სტიკერს. ამით ბავშვს განვაწყობთ შესასრულებელი მისიისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ სტიკერის მიცემა და მეტად საყურადღებოა, რომ სტიკერი არ მივცეთ იმ შემთხვევაში, როცა ის შეთანხმებას არღვევს! თუ მოსწავლემ არ შეასრულა პირობა და მასწავლებელმა ჩაუკრა სტიკერი, ან მან ვერ მიიღო საჭირო რაოდენობით სტიკერი და მშობელმა მაინც წაახალისა, ეს გამოიწვევს უკურეაქციას. ბავშვის ქცევა კვლავ გაუარესდება და შრომა, რომელიც მისი არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად იქნა გაწეული, წყალში ჩაიყრება. ამიტომ მასწავლებელმა და მშობელმა არ უნდა გადაუხვიონ გეგმას და ზუსტად შეასრულონ მისი ყველა პუნქტი. თუ ბავშვმა დაინახა, რომ უფროსები წესებს არღვევენ, რა თქმა უნდა, მას თქვენი შეცდომა ნამდვილად არ გამოეპარება და გააკეთებს ლოგიკურ დასკვნას: თუ მე ცუდად მოვიქეცი და მაინც მივიღე სტიკერი, ჩემს კარგ ქცევას აზრი არ აქვს! ამიტომ ის აუცილებლად მიუბრუნდება თავის საყვარელ „ცუდ“ ქცევას.

იმისთვის, რომ წახალისების ფორმა ბავშვისთვის არ გახდეს მომაბეზრებელი, მნიშვნელოვანია, ის სხვა განმამტკიცებლით ჩავანაცვლოთ და გავართულოთ, რათა ბავშვს მეტი მოტივაცია და სურვილი გაუჩნდეს, რომ მიიღოს სასურველი. თუ თავდაპირველად შეუთანხმდებით, რომ 3-სტიკერის შემდეგ აძლევთ საჩუქარს, შემდეგ შეუთანხმდით ოთხზე, ხუთზე. ორი-სამი კვირის შემდეგ კი სტიკერები ჩაანაცვლეთ სხვა წამახალისებელით, მაგალითად, მოსწავლეს უთხარით – თუ შენ კვირის მანძილზე ყოველდღე შეასრულებ დავალების ნახევარს, კვირის ბოლოს მასწავლებლისგან მიიღებ ერთ მონეტას, რომელსაც დედა გადაგიცვლის კინოს ბილეთში. 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება მოცემული წახალისება ჩაანაცვლოთ სიტყვიერი შექებით და უთხრათ, თუ ის ყოველდღე შეასრულებს მითითებულ დავალებას და დაიმსახურებს შექებას, კვირის ბოლოს მიიღებს სიგელს. დავალების შესრულების დროს კარგი იქნება, თუ კლასის წინაშე აღნიშნავთ: მიხარია, რომ დღეს დავალებას კარგად ასრულებ! შენ დღეს შესანიშნავად იმუშავე! კარგად გამოგდის და ა.შ. თუ ბავშვს მუშაობის პროცესშივე შეაქებთ, მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

დადებითი განმამტკიცებლებით შესაძლებელია მოსწავლემ სასჯელის გარეშე დაივიწყოს ქცევა, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი არასასურველად მიიჩნევს. თუ ბავშვი გრძნობს უფროსების სიყვარულს, ყურადღებას, პატივისცემას და ხედავს, რომ მის კარგ ქცევას შესაბამისად აფასებენ, ის ძალიან ბედნიერი იქნება და გააგრძელებს თქვენთვის თავის მოწონებას. თუ მას ეცოდინება, რომ კარგი ქცევით შეაფასებენ, სწორედ კარგი ქცევით შეეცდება, მოექცეს ყურადღების ცენტრში. დადებითი შეფასება, შექება, პატარებს უფრო თავდაჯერებულ, მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანად აქცევთ. მათ არ შეეშინდებათ უფროსებთან მშობლებთან და მასწავლებლებთან იმის გულწრფელად თქმა, რა სურთ ან აწუხებთ.

 

 

 

მიცკევიჩი და წიგნები ცეცხლში

0

 წიგნებს მივადექი – ოთახის ერთ კუთხეში აღმართულ სვეტებს, რომლებსაც წელიწადში რამდენჯერმე ვშლი და თავიდან ვაწყობ ხოლმე. ყოველთვის მაფორიაქებს იმაზე ფიქრი, ზემოთ რომლები მოექცევა, რა კომბინაცია დახვდება უცხო თვალს და რა დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემს. თაროები არ მაქვს. წიგნების სვეტები იატაკზე გადებული ძელიდან იწყება და ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ მათ პატრონს მწერლების ამოჩემება სჩვევია.

შარშან ერთი ფრანგი ჟურნალისტი გავიცანი, რომელმაც გულახდილად თქვა: წლებია, მხოლოდ ოთხ მწერალს ვკითხულობ: ტოლსტოის, დოსტოევსკის, პრუსტსა და სელინსო. რამდენჯერაც ეს სიტყვები გამახსენდება, იმდენჯერ ვცდილობ, ამოჩემებული მწერლების რიცხვი ოთხამდე დავიყვანო – თუნდაც რამდენიმე წამით დავიჯერო, რომ ასე ცხოვრება შესაძლებელია: ჩაი და პრუსტის ერთი გვერდი.

და დანარჩენი მწერლები სად არიან? რა მიზეზით შეყარა მათი წიგნები წარმოსახვის მოგიზგიზე ცეცხლში?

დავფიქრდი: რომელ წიგნებს გავიმეტებდი ამწამსვე? ფურცელი ავიღე და გვარები და სათაურები ჩამოვწერე. რა თქმა უნდა, ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“ – მესამედ რომ აღარ წავიკითხო და კითხვისას რამდენჯერმე არ მოვკვდე; ემილი დიკინსონის ლექსები – ერთი ზამთარი მაინც გავიდეს მათ გარეშე; ჰენრი ჯეიმსის დიდი წიგნი, სადაც მისი საუკეთესო ნაწარმოებებია – ადრე თუ გვიან ამ ტომის თავიდან წაკითხვის ცდუნებაც გამიჩნდებოდა; როლან ბარტის „სასიყვარულო დისკურსის ფრაგმენტები“ – იმიტომ რომ ის ვარ, ვინც ვარ და ეს წიგნი სწორედ ამას მიმტკიცებს; ჯულიან ბარნსის „Levels of Life“ (სათაურს სახელდახელოდ ვერ ვთარგმნი) – ძალიან მძიმეა, აუტანლად მძიმე; და ეს პატარა წიგნიც, რომელსაც ახლა ვფურცლავ – ადამ მიცკევიჩის „სვიტეზელი ქალწული“, სადაც თედო ბექიშვილის ნათარგმნი ლექსები, ბალადები და სატრფიალო სონეტებია.

გამოცემის წელი: 1982. გამომცემლობა „მერანი“.

1982 წლის ზაფხულში რვა წლის ვიყავი, ადამ მიცკევიჩის „სვიტეზელი ქალწული“ კი პირველი წიგნი იყო, რომლის ამაყ მესაკუთრედაც ვიქეცი. დედაჩემი რაღაცას ყიდულობდა მაღაზიაში და ხურდის ნაცვლად ეს თხელი, იისფერყდიანი კრებული მისცეს. იმანაც მაშინვე მე შემომხედა – გინდა, გაჩუქოო?

მალევე თითქმის ყველა ლექსი, ბალადა, სატრფიალო სონეტი ზეპირად ვიცოდი. ვკითხულობდი და ვკითხულობდი, ღამით კი სიზმარში ვხედავდი სვიტეზის ტბას, მდინარე ნემანს, ულამაზეს ტყეებს, ულამაზეს მარილას…

„იქროლეს ქარებმა. ცა ჩამოიბინდა.

წვიმა სდის ცრემლებად ღრუბლებს ჩამოწოლილს.

იქ, სადაც მშვენობდა ბიბინა მინდვრები,

ძნელია, დალანდო მომწვანო ფოთოლიც“.

(„სალომეა ბეკის ალბომში“)

არა, რვა წლის ბავშვის საკითხავი არ იყო. მაშინვე უნდა წაერთმიათ უფროსებს და დაეწვათ.

„მღელვარე ზღვაში მოქანავე ვით ორი ნავი,

ჩვენ ისე შევხვდით, დავუკარით ერთმანეთს თავი“.

(„ალბომში კ. რ.-ს“)

რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გავუწევდი, წიგნის დაბრუნებას მოვინდომებდი, ხვეწნა-მუდარით გავაბეზრებდი, ვიშიმშილებდი…

„ალესილ ქვებზე ზვირთი მიმათრევს,

პირიც ამევსო შლამით.

აქ ვეღარ აღწევს ქვეყნის სინათლე –

ვარ მკვიდრი ბნელი ღამის“.

(„თევზი“)

წიგნთან მარტო არ უნდა დავეტოვებინე. მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ, მეტი წინდახედულება.

„ალაგ ხრამი, ალაგ წყალი,

ცის შეკრულა ჭერი.

ტყე ბნელი და გაუვალი

შიშის ხმაზე მღერის“.

(„შროშანი“)

ახლა რომ დავწვა, ვითომ რამე გამოსწორდება? საკუთარ თავს მშობლად რომ ვექცე და ოთხი მწერლის კეთილგონივრულად არჩევაში დავეხმარო…

„ვით ელვა, რაღაც შუქი იალებს,

მიწას უჩნდება ბზარი,

საფლავებიდან ორომტრიალით

დგება აჩრდილთა ჯარი.

ხან გზად მობობღავს გვამი უთავო,

ხან თავი მოჩანს ბნელში,

თმააბურდული და უსუფთაო

მნახველს ჭკუაზე შეშლის.

ხან ბნელში მოჩანს ფრთები ურჩხულის,

კვალში მისდევენ სხვები.

მთელ ღამეს ისმის კვნესა-ჩურჩულის

გულშემზარავი ხმები“.

(„მიყვარხარ“)

კიდევ რამდენი სტრიქონის ამოწერა შეიძლებოდა… მახსოვს, ამ წიგნში ყველაზე მეტად ბალადა „სვიტეზელი ქალწული“ მომწონდა – რვა წლისას უკვე წარმოდგენა მქონდა იმაზე, როგორ თავზარდამცემად იცვლებოდა სინამდვილე ადამიანის თვალწინ, როგორ ცვლიდა მის მზერას, აზრებს, წარმოსათქმელად გამზადებულ სიტყვებს. ადამ მიცკევიჩის ამ წიგნს მერეც ბევრჯერ დავუბრუნდი – მოზარდობის წლებში, ზრდასრულობის წლებში – და ყოველთვის ერთი და იგივე მეორდებოდა: იმ პირველი აღტაცებითა და განცვიფრებით ვკითხულობდი, ვიწყებდი და ვამთავრებდი.

და მაინც დავწვავდი. ჯერ ამას დავწვავდი და მერე – დანარჩენებს.

რა არის Sea-Watch?

0

ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ, მთელი მსოფლიო ათასგვარი გასაჭირის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე დღეში „მესამე სამყაროს“ მოქალაქეები არიან. შიმშილი, ძალადობა, ავადმყოფობა და ომი მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გლობალურ სამხრეთში მცხოვრები უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილია. ისინი ბედს არიან შეგუებულნი და მიაჩნიათ, რომ განსაცდელისგან გათავისუფლება წარმოუდგენელია. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც წარმოუდგენელ რისკზე მიდიან, რათა ოდნავ მაინც გაიუმჯობესონ მდგომარეობა. ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე მცხოვრები პირები ხშირად თვეობით აგროვებენ გასაბერი ნავის საყიდლად აუცილებელ ფულს, რათა შემდეგ ევროპისკენ გაცურონ. ტბებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი იშვიათად უმკლავდება ბობოქარი ზღვის ტალღებს. გადატვირთული გასაბერი ხომალდი ვერასდროს უძლებს სიმძიმეს. საუბედუროდ, ოცდამეერთე საუკუნის ათიან წლებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მიგრანტების, ორსული ქალებისა და ბავშვების, მოხუცებისა და შშმ პირების საზღვაო კატასტროფების შედეგად დაღუპვა. ევროპის ზოგიერთი ულტრანაციონალისტი ლიდერი საზღვრების ჩარაზვის პოლიტიკით პასუხობს სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს და ხალხს შუაგულ ზღვაში ნავის მედეგობის იმედად ტოვებს.

ყოველწლიურად ათასობით ღარიბის დახრჩობამ ბევრი ევროპელი გამოიყვანა წყობიდან. ისინი თავიანთ მთავრობას გულგრილობასა და არაჰუმანურ მოქმედებებში ადანაშაულებენ. მათი აზრით, არ ღირს პოლიტიკოსთა გაკეთილშობილების იმედად ყოფნა. შესაბამისად, სხვების სიცოცხლეზე ზრუნვით შთაგონებულმა ადამიანებმა დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტეს. 2014 წელს ევროპის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პირების ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ორგანიზაციას – „Sea-Watch”. გაერთიანება არცერთი სახელმწიფოს ხაზინიდან არ ფინანსდება, ის მთლიანად მცირე და საშუალო შემოწირულობებით სულდგმულობს. ორგანიზაცია რამდენიმე გემს ფლობს. ჯგუფს ჰყავს მეგობარი, რომელიც საერთო საქმეს პატარა თვითმფრინავით აგვარებს. „Sea-Watch“-ის გემები თვითმფრინავიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან შეტყობინების მიღებისთანავე მიემგზავებიან გასაბერი ნავებისკენ და სიკვდილისთვის განწირული  ადამიანები უახლოეს ევროპულ პორტებამდე მიჰყავთ. “Sea-Watch”-ის სამაშველო მისიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. დამკვირვებელთა ნაწილი აღფრთოვანებულია მოხალისეთა დიდსულოვნებით და აქტივისტებს მუშაობის გასაძლიერებლად თავიანთ სათევზაო ბარკასებს, სამეცნიერო კვლევებში ათასგზის გამოცდილ ბორნებსა და იახტებს სთავაზობს, თან ინტენსიურად აგროვებენ თანხებს მაშველთა ანგარიშის შესავსებად. მოსახლეობის ნაწილი კი აქცენტს კანონის უხეშ დარღვევაზე ალეთებს და მეზღვაურებს გადარჩენილთა აფრიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოავლინა რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა ფაქტმა.

ივნისის მიწურლს, “Sea-Watch”-ის კაპიტანმა, 31 წლის კაროლა რაკეტემ ორმოცდაათამდე ადამიანი გადმოიყვანა თავის ბორტზე გასაბერი ნავიდან და იტალიის კუნძულ ლამპესუდასკენ დაიძრა. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მიერ გაძლიერებულმა საზღვაო-სასაზღვრო პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მიერ მართული პატარა გემი რომის მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვა. სამაშველო მისიის წევრები იძულებული გახდნენ, რომ დევნილთა გადარჩენა სხვა გზით ეცადათ. გაურკვევლობამ და დროის გაჭიანურებამ გადარჩენილთა შორის პანიკის გავრცელებას შეუწყო ხელი. ბევრი მათგანი მზად იყო წყალში გადამხტარიყო და ისე მიეღწია რამდენიმე კილომეტრით დაცილებული ნაპირისთვის. ზოგიერთმა ლიბიაში მიბრუნების შიშის გამო თვითმკვლელობაც კი სცადა. საგანგებო სიტუაციის გამო კაროლა რაკეტემ გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო და საპოლიციო კატარღების წინააღმდეგობის მიუხედავად, გემი იტალიურ ნავსადგურში შეიყვანა. კაპიტანმა კანონი დაარღვია, მაგრამ ათობით ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. დედაქალაქში მოკალათებულმა მინისტრებმა გასაბერი ნავის მგზავრთა მხსნელი უმალვე გამოაცხადეს მოღალატედ და კრიმინალად. კარაბინიელებმა კაროლა რაკეტე დააპატიმრეს კიდეც. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთო ევროპული კამპანია „ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა დანაშაული არ არის“, რომელშიც დასავლეთის არაერთმა წამყვანმა ინტელექტუალმა თუ გავლენიანმა მოაზროვნემ მიიღო მონაწილეობა. ჰუმანისტთა ფლანგის აქტიურობის შედეგად, დღეს კაპიტანი რაკეტე თავისუფალია. სკანდალის კვალდაკვალ „Sea-Watch”-ის ანგარიშზეც ასობით ათასი ევრო ჩაირიცხა, რომელსაც მოხალისეები მომავალი მისიების განხორციელებისთვის გამოიყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ამბავი კეთილად დასრულდა, პრობლემა ისევ არსებობს – ერთი, ორი და ათი მოხალისე კაპიტანი ათასობით გასაბერი ნავის სამშვიდობოზე გაყვანას ვერ მოახერხებს, მეტადრე მაშინ, როცა მათი სოლიდარობა რიგ ქვეყნებში დანაშაულად აღიქმება.

 

სკოლიდან დაწყებული ტრანზიცია

0

ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტრანზიცია ნიშნავს – შეცვლას, მოძრაობას ან გადასვლას ერთი პოზიციიდან, მდგომარეობიდან, სუბიექტიდან, მოსაზრებიდან მეორეზე.

ამ წერილში საუბარი მექნება, რამდენად მნიშვნელოვანია ტრანზიციის პროცესი სკოლიდან პროფესიულ სასწავლებლამდე.

საბაზო საფეხურზე, მოზარდისთვის დგება მნიშვნელოვანი ეტაპი, მას უწევს საკუთარ მისწრაფებებსა და შესაძლებლობებში გარკვევა. იწყება ფიქრი მომავალზე და ამ პროცესში მასწავლებლის როლი განუზომელია.

მოზარდის წინაშე დგება ახალი ეტაპი – გადააფასოს საკუთარი ინტერესები, მისწრაფებები და შესაძლებლობები, რასაც ხშირად დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ან სპონტანურად იღებს გადაწყევტილებას.

ტრანზიციის პროცესი თანმიმდევრულ ეტაპებს მოიცავს.

  • ორიენტაცია:
  • საკუთარ თავსა და გარემოში არსებულ შესაძლებლობებში გარკვევა,
  • გადაწყვეტილების მიღება.
  • მომზადება:
  • სწავლა,
  • მომზადება,
  • გადამზადება.
  •     დასაქმება:
  • გაძლიერება,
  • დასაქმება,
  • მიყოლა.

პირველი ფაზა, ორიენტაცია სწორედ სკოლაში იწყება. ორიენტაციის ფაზის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდას სასურველი სამსახურისა და შესაბამისი მომზადების ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, გაანალიზებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

მეორე ფაზა ფოკუსირებულია მომზადების პროცესზე, რომლის მიზანია პიროვნებისთვის სასურველი სამუშაოს შესაბამისი კომპეტენციის დაუფლება, კვალიფიკაციისა და მისი დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება. როგორც წესი, ამ ეტაპზე, პიროვნების მხარდამჭერი რგოლი პროფესიული სასწავლებელია, თუმცა არ არის გამორიცხული, პიროვნება ფორმალური პროფესიული განათლების გარეშე არაფორმალურად ემზადებოდეს ან იძენდეს კომპეტენციას.

მესამე ფაზა, საბოლოო შედეგს – დასაქმებას  უკავშირდება. ამ ფაზის მიზანია, ახალგაზრდა დასაქმდეს, შეინარჩუნოს სამსახური და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.

როგორც ვხედავთ, ახალგაზრდების ცხოვრებისთვის მომზადება, ახალ ეტაპზე გადასვლა და  მომავალი კეთილდღეობა დამოკიდებულია იმ უნარებზე, რომლებსაც მას სკოლა განუვითარებს. სკოლის პასუხისმგებლობაა პიროვნების ტრანსვერსალური უნარებით აღჭურვა, რათა ახალგაზრდამ შეძლოს უკეთესი მომავლის შექმნა.

 

ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ მიმართულებით. გავაანალიზე, რომ ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესზე თუ მის მიღმა, არაფორმალურ გარემოში ხელი შეუწყოს მოსწავლეს საკუთარი თავის აღმოჩენაში და მომავალი პროფესიის განსაზღვრაში.

გაგიზიარებთ  ჩემს მოკრძალებულ  პრაქტიკას. მე-11 კლასში ვაჟა-ფშაველას შემოქმედების განხილვისას დამებადა საპროექტო იდეა – მოსწავლეებს მოეძიებინათ მასალები სვანური და ფშავ-ხევსურთა ეთნო ყოფიდან; მოემზადებინათ მასალები საცხოვრებელი და თავდაცვითი ნაგებობების  შესახებ. ერთ-ერთ მოსწავლეს, რომლესაც ვამჩნევდი, რომ ჰქონდა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ნიჭი, ვთხოვე, ფიქლით აეშენებინა სვანური კოშკის მოდელი. მოსწავლეებმა პროექტზე საინტერესოდ იმუშავეს. შემაჯამებელ ნაწილი ყველასთვის  დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა – მოსწავლემ ისეთი სვანური კოშკის მაკეტი შექმნა, რომელსაც დღემდე აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. მთელ ამ პროცესში საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დავალებამ, ხელი შეუწყო მოზარდში ისეთი ნიჭის გამოვლენას, რამაც მთელი მისი მომავალი განსაზღვრა. მისთვის ეს პროცესი საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, უფრო და უფრო ხვეწდა ნამუშევრებს. მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ და ეს ხელობა შემოსავლის წყაროდ ექცა. სკოლის დასრულების შემდეგ,ზუსტად იცოდა, რომელი პროფესია მოსწონდა და  სწავლის  გაგრძელება  პროფესიულ სასწავლებელში  გადაწყვიტა, ხის დამუშავების მიმართულებით, რომელიც  წარმატებით დაასრულა.

ტრანზიციის პროცესს ხელს უწყობს სკოლებში კლუბების არსებობა. მოსწავლე სხვადასხვა კლუბში მუშაობის პროცესში გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გადის თვითგამორკვევის პროცესს, ავლენს საკუთარ ინტერესს, რაც ხელს უწყობს მას, გაიღრმავოს ცოდნა და განავითაროს  უნარები.

2017 წლიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  დაიწყო პროექტი – პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა. ეს პროგრამა არის საშუალება, მოსწავლეებმა ადრეულ ასაკში გაიარონ თვითგამორკვევის პროცესი, მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები  სხვადასხვა პროფესიაში და მიიღონ  სამომავლო გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

ზემოთ ხსენებული პროექტი, წარმატებით განახორციელა სსიპ მესტიის პროფესიულმა კოლეჯმა “თეთნულდმა“ ჩვენს  სკოლაში, სადაც ჩემი როლი მასწავლებლის ასისტენტობა იყო. ჩემმა მოსწავლეებმა შეისწავლეს თექისა და დეკორატიული ქსოვილის დამუშავების  ტექნოლოგია. მოსწავლეები, როგორც გოგონები, ასევე  ბიჭები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამაში. მათ  საკუთარი ძალები მოსინჯეს ამ პროფესიაში, პასუხები გასცეს კითხვებს – იყო თუ არა ეს ხელობა მათთვის საინტერესო? ხედავენ თუ არა მომავლში თავს ამ სფეროში? და ასე დაგეგმეს მომავალი. თუნდაც ის, რომ მოსწავლეებმა დადებითად ან უარყოფითად  შეაფასეს ამ სფეროში მათი  ადგილი, ესეც უკვე სკოლის მხრიდან მათ ცხოვრებაში თვითგამორკვევის გზაზე  შეტანილი წვლილია.

აღნიშნულ პროგრამას წინ უსწრებდა მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩემი მოსწავლეებისთვის განვახორცილე. პროექტი გულისხმობდა სახელობო განათლების ხელშეწყობას სკოლის მოსწავლეებში, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს ხელსაქმის კურსი და განავითარეს საბაზისო პროფესიული უნარები.

პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, ჩავატარე ტრენინგები პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რამაც ხელი შეუწყო რამდენიმე ბენეფიციარების პროფესიულ სასწავლებელში ტრანზიციას.

ამდენად, სკოლა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ფორმალური განათლების მიწოდებით. მან უნდა შექმნას ბაზა სხვადასხვა კლუბის, სახელობო წრის სახით; მჭიდროდ ითანამშრომლოს პროფესიულ სასწავლებლებთან, პოტენციურ დამსაქმებელთან, რომ მოსწავლეებმა ადრეულ და საბაზო საფეხურზე გამოავლინონ ინტერესები და სწავლის დასრულების ეტაპზე ზუსტად განსაზღვრონ, როგორ დაგეგმონ საკუთარი მომავალი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: „ინკლუზიური პროფესიული განათლების გზამკვლევი“.

 

 

 

 

სამაგიდო თამაში ,,Hedbanz“  სასწავლო პროცესში

0

თუ თქვენ გაკვეთილზე შეიტანთ სამაგიდო თამაშ Hedbanz-ს მერწმუნეთ, თანაბრად გაიზრდება თქვენი მოსწავლეების სიხარული და ინტერესი. არ აქვს მნიშვნელობა ქართულის მასწავლებელი ხარ, ინგლისური ენის თუ სხვა. ეს თამაში შეგიძლიათ თქვენს საგანს მოარგოთ.

სამაგიდო თამაში Hedbanz მოსწავლეებს უვითარებს ლოგიკური აზროვნების, ფანტაზიის, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარებს.

მაშ ასე, თამაშის წესები ასეთია. ჯგუფებში (შეგიძლიათ ინდივიდუალურადაც)  მოსწავლეები თავზე იკეთებენ რგოლს, რომელსაც აქვს სამაგრი. რიგდება ბანქო, ისე, რომ მონაწილისთვის უცნობი იყოს, რა გამოსახულებაა ბანქოზე. თითოეული მონაწილე თავზე სამაგრში ათავსებს ბანქოს, ისე, რომ თვითონ არ იცის, რა გამოსახულება შეხვდა. მაგიდის შუაში იდგმება ჟეტონები და ქვიშის საათი.

 

იწყება თამაში! თითოეულმა მონაწილემ უნდა დასვას შეკითხვა, მაგალითად: სულიერი ვარ თუ უსულო? ცხოველი ვარ თუ ფრინველი? რა ფერის ვარ? და ა.შ. მონაწილეები პასუხობენ კითხვებზე და ცდილობენ სწორი პასუხის გამოცნობაში დახმარებას. პარალელურად აკონტროლებენ ქვიშის საათს, დროის გასვლამდე თუ სწორ პასუხი დასახელდა, მოსწავლე იღებს ერთ ჟეტონს. ყველა ბანქოს ამოწურვის შემდეგ იმარჯვებს ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ ჟეტონს, ანუ სწორ პასუხს დააგროვებს.

როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე? ძალიან მარტივად. მაგალითად, გრამატიკული ნაწილის დამუშავებისას ჩემს მოსწავლეებს ამ თამაშს ვთავაზობ. კითხვების მეშვეობით, როგორიც არის:

  • სულიერი ვარ თუ უსულო?
  • საგნის აღმნიშვნელი სიტყვაა თუ მოქმედების?
  • ვინ კითხვა დამესმის თუ რა?
  • მხოლობითი რიცხვია თუ მრავლობითი?

მოსწავლეებს უმტკიცდებათ გრამატიკული მასალა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ თამაშით ერთდროულად ყველა მოთამაშის უნარები ვითარდება.  ისინი თამაშით იმახსოვრებენ და სწავლობენ, რაც მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესოა.

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ სამაგიდო თამაში Hedbanz ინგლისური ენის გაკვეთილზე? შეგვიძლია მოსწავლეებს სამი ინგლისური სიტყვა დავასახელებინოთ იმ ბანქოს ირგვლივ, რომლის გამოცნობასაც მონაწილე ცდილობს. სამი საჭირო სიტყვა, რომელიც გამოსახულებასთან ასოცირდება. თამაშის განმავლობაში მოსწავლეები ლექსიკურ მარაგს გაიმდიდრებენ, ასევე გამოიმუშავებენ ლოგიკურ აზროვნებას.

თამაშის გამოყენება შეგვიძლია ბუნებისმეტყველების გაკვეთილზეც. ბანქოზე გამოსახულია როგორც ნივთები, ასევე ცხოველებისა და ფრინველების, მცენარეების ფოტოებიც. თქვენ შეგიძლიათ თამაშის დაწყებამდე გადაარჩიოთ ბანქო და დატოვოთ მხოლოდ ის გამოსახულებები, რომლებიც თქვენს საგანში გამოგადგებათ. მოსწავლეებს მოუწევთ სხვადასხვა ცხოველის, ფრინველისა თუ მცენარის დახასიათება. შედეგად ისინი გაიმეორებენ შესწავლილ მასალას, უფრო ადვილად დაიხსომებენ მას. შესაძლოა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის ამ თამაშით უფრო მარტივი აღმოჩნდეს  სწავლა, ვიდრე წიგნიდან ამოკითხულით.

თუ თქვენ ხელში გიჭირავთ სამაგიდო თამაში  Hedbanz ჯერი თქვენს ფანტაზიაზეა! მაგრამ, თუ თქვენ არ გაქვთ ეს სამაგიდო თამაში, ინსტრუქციები და თამაშის წესები უკვე იცით, ამიტომ შეგიძლიათ თავად დაამზადებინოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ბანქო სხვადასხვა გამოსახულებით და ითამაშოთ!

 

 

ევრორემონტი

0

თანამედროვე ქართულში უამრავი ახალი სიტყვაა. ბევრის მნიშვნელობა ბოლომდე არც კი გვესმის. ზოგს მექანიკურად ვიმეორებთ, ზოგსაც დაახლოებით ვუსადაგებთ ობიექტსა თუ მოვლენას. ერთი მათგანია „ევრორემონტი“, რომელსაც თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მავანი ევრორემონტიან ბინას გვთავაზობს, მავანი კი – თუ სურვილი და ცოტაოდენი ფულიც აღმოგვაჩნდა – ძველი სახლის ევრორემონტით გაახლებას.

მაინც რა არის ეს ევრორემონტი?

ჯერ თავად სიტყვის ეტიმოლოგიაა საინტერესო. საიდან და როგორ გაჩნდა? აზიარემონტი, ამერიკარემონტი ან თუნდაც ქართული რემონტი რატომ არ არსებობს? ან ევრორემონტამდე როგორ „რემონტში“ გვიწევდა ცხოვრება?

უდავოა, რომ „ევრორემონტი“ რაღაც სტანდარტს ნიშნავს, მაგრამ სტანდარტი ყოველთვის მკაცრად არის განსაზღვრული. როგორ გინდა, ევრორემონტის სტანდარტი ჩამოაყალიბო, როცა თავად ევროპაც ჭრელია და მისი ნაწილები – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული?

საქმე ის არის, რომ ამ ყბადაღებულ სიტყვას სინამდვილეში სულაც არ აქვს პირდაპირი კავშირში ევროპასთან. „ევრო“ აქ თანამედროვე ტექნოლოგიებს აღნიშნავს და არა გეოგრაფიულ არეალს.

ძველებს კარგად ემახსოვრებათ: მუშათა და გლეხთა სახელმწიფოში წლობით, ზოგჯერ ათწლეულობით რიგში დგომის შემდეგ სახელმწიფოს მიერ აშენებულ ბინაში რომ შეასახლებდნენ, პირველი, რაც ახალ მობინადრეს უნდა გაეკეთებინა, წყლის, გაზის, კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება იყო. შემდეგ ჯერი იატაკსა და კედლებზე მიდგებოდა და ასე ჯახირ-ჯახირით ახალმიღებული ბინა საცხოვრებლად ვარგისი ხდებოდა. ნეტავი რა გვრჯიდა, სახელმწიფოს კუთვნილ ბინას საკუთარი სახსრებით რომ ვარემონტებდით, მაგრამ იქ ჩვენ უნდა გვეცხოვრა და ვისი იყო, რას დავეძებდით. არადა, ამ ბინებს „ექსპლუატაციაში“ ათასი ინსტანცია იღებდა!

დიახ, ბინის „მოწყობა“ იმხანად სულაც არ ნიშნავდა ხელის შევლებას – ეს ძირფესვიანი რემონტი იყო, იმავე მასალებით, იმავე ტექნოლოგიებით, უბრალოდ, ცოტა გულიანად გაკეთებული. ქვეყანაში არქიტექტორ-დიზაინერები არ არსებობდნენ, ან, თუ იყვნენ, მათ თითქმის არავინ იცნობდა, ამიტომ საკუთარი გემოვნებით ვგეგმავდით და ნაცნობი ხელოსნების დახმარებით ხელის ხერხით ვხერხავდით ფოლადის მილებს. მოჭრილ-მოხერხილის აღსადგენად დიდძალ აცეტილენს ვხარჯავდით. წყლისა და კანალიზაციის სისტემების გაყვანაში კედლები ერთიანად იჭვარტლებოდა. მერე ამ უსახურ გაყვანილობას საგულდაგულოდ ვმალავდით ბეტონის საფარქვეშ, მაგრამ მისი მაღალი კოროზიულობის გამო ათიოდე წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი ხდებოდა. გადახურვას როგორ ვაკეთებდით? ევროპას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს აზბესტის გაგონებაზეც კი შიშით რომ აკანკალებდა, ჩვენთან ყველაზე გავრცელებული მასალა „შიფერი“ იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრგან შეხვდებით ქალაქად თუ სოფლად. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს…

დღეს რა ხდება? მთელ საკანალიზაციო სისტემას რამდენიმე საათში გაიყვან ბინაში ზედმეტი ხმაურისა და ცეცხლის ფრქვევის გარეშე. ასევე მარტივად შეიძლება წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელის აწყობა. კარ-ფანჯრისთვის, იატაკისთვის, კედლებისა თუ ჭერისთვისაც უამრავი მასალა და გადაწყვეტა არსებობს…

თუ ევრორემონტი ასე მოგვწონს, თუ ევრორემონტიანი ბინა უფრო ძვირად ფასობს, მაშინ ალბათ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რამ მოიტანა ის. გაინტერესებთ პასუხი? – ქიმიური ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებმა. იმ ქიმიური ტექნოლოგიისა, რომელზეც ცუდს უფრო მეტს მოისმენთ, ვიდრე კარგს. სინამდვილეში ერთადერთი საფრთხე, რომელიც თანამედროვე მასალებს ახლავს, მათი არასწორად გამოყენებაა. ასე რომ, „ნუ შეგაშინებთ, არ გავნებთ“… უბრალოდ, მათ ანოტაციას ან სერტიფიკატს ჩახედეთ.

დაბოლოს, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხშირად დამინახავს ევრორემონტის მოსურნე ბიძიები ხელში საყიდლების გრძელი სიით, გამყიდველებს რომ ეკითხებიან, რუსული (საბჭოთა) წარმოებისა ხომ არაფერი გაქვთო. აბა, რა გითხრათ, როგორი გამოვა ევრორემონტი საბჭოთა ან რუსული მასალით?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...