სამშაბათი, ივნისი 2, 2026
2 ივნისი, სამშაბათი, 2026

მოსწავლის ჯანმრთელობა და მასწავლებლის როლი

0

სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში შეიმჩნევა ბავშვების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება:  ქრონიკული დაავადებების გახშირებამ გამოიწვია ჯანმრთელი მოსწავლეების რიცხვის შემცირება. ეს ფაქტორი არა მარტო შეშფოთების, არამედ განგაშის ატეხის  საბაბიცაა, რადგან სწორედ სკოლის გავლით, სოციალიზაციის ამ ეტაპზე ყალიბდება ბავშვის და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობა. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, გადატვირთული სასწავლო პროცესი, არაბალანსირებული კვება, მრავალ ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულებელყოფა, არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური გარემო ამის მთავარი მიზეზებია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქრონიკული დაავადებებით მოავადე ბავშვების რიცხვის მატების პირველი ცვლილებები  7-10 წელზე მოდის. ამ ასაკში უფრო მეტად სასუნთქი სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების და ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა ხდება.

ბავშვის ჯანმრთელობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ოჯახური პირობები და აღზრდა, ბიოლოგიური ფაქტორები, მემკვიდრეობითობა, ორსულობის დროს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე, ნიადაგი და ა.შ.

დაწყებითი  კლასების მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტესად სამედიცინო მომსახურების ხარისხის დონეზეა დამოკიდებული. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხდება ავადმყოფობის ან მასთან მოსაზღვრე მდგომარეობების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, დროული, ადეკვატური მკურნალობა, იმატებს ან მცირდება დაავადებების ქრონიზაციის რიცხვი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  მიზანმიმართულ ფიზიკურ აღზრდას, გაკაჟებას, რაციონალურ საზოგადოებრივ კვებას(რაც მოსაწესრიგებელია ჩვენს ქვეყანაში). ჯანმრთელი მოსწავლის აღზრდის პრობლემა  ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მასში კონკრეტული საკითხები უნდა გამოვყოთ, რომლის გადაწყვეტა, დაინტერესების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია. დადგენილია, რომ  მოსწავლეების არადამაკმაყოფილებელი შეფასებების მიზეზი 85% -ის შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემებით აიხსნება.  დაწყებითი კლასების მასწავლებელს იმ ასაკის ბავშვები ყავს მინდობილი, როცა  პიროვნება ჰარმონიულად ვითარდება . წინასასკოლო პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ამ ასაკში შესაძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით დაწყებით კლასებში აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე, რის გამოსწორებაც მაღალ კლასებში თითქმის შეუძლებელია.

მასწავლებლის როლი  განსაკუთრებულია. კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია დაწყებითი კლასების პედაგოგს? პირველ რიგში,  პედაგოგიური პროცესის ჰიგიენურად სწორად დაგეგმვა- ეს გულისხმობს სტატიკური დაძაბულობის დროულ ცვლას წერისას და კითხვისას- პაუზა, აქტიური დასვენება შესვენებაზე, თვალების დასვენება. სასწავლო მოქმედებების ცვლა, მისი აქტივიზაცია, თვალსაჩინოებების მოხერხებულად გამოყენება ჰიგიენური მოთხოვნილებების გათვალისწინებით-ეს ყველაფერი მოსწავლეების დადებით ემოციებს განაპირობებს. დადებითი ემოციები აადვილებს მასალის ათვისებას, რაც თავის მხრივ, ამცირებს დაღლილობას, ასტიმულირებს ბავშვის  ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს კლასში ფსიქოლოგიურ კლიმატს, აგვარიდებს ბავშვების ნევროტულ რეაქციებს, განსაკუთრებით პირველკლასელების ადაპტაციის პერიოდში. მასწავლებელი ეყრდნობა რა ფსიქოლოგიის, მედიცინის, ჰიგიენის დარგში თავის ცოდნას, ინდივიდუალურად უდგება ბავშვების აღზრდას.

მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბუნებრივი და ხელოვნური განათების ჰიგიენურ ნორმებს,ტემპერატურულ რეჟიმს და გარემოს სხვა ფაქტორებს.

მასწავლებელს შეუძლია დროულად აღმოაჩინოს დაავადებების ადრეული ნიშნები(მოთენთილობა ან მომატებული აღგზნებადობა,სახის ფერის შეცვლა,ხშირი ხველა,სმენის ან მხედველობის გაუარესება და ა.შ) და აცნობოს ამის შესახებ სკოლის სამედიცინო მიმართულების მუშაკს, რაც განაპირობებს ბავშვის  ადრეულ და წარმატებულ მკურნალობას.

ასაკის და ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, ბავშვებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საკლასო ოთახების მოწესრიგებაში, დაიცვან სკოლის ეზოსა თუ სასკოლო მოედნის სისუფთავეს მნიშვნელოვანია აღზრდის თვალსაზრისით და  ხელს უწყობს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ყურადღების ფორმირებას.

ბავშვები დიდ დროს ატარებენ სახლში ახლობლებთან და რომ არ წარმოიქმნას „აღმზრდელობითი მაკრატლის“ პრობლემა სკოლის მოთხოვნებსა და სახლს შორის, აუცილებელია მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი, მათი „ჰიგიენური აღზრდა.“

კლასგარეშე სამუშაოებზე საჭიროა მშობლებს  მიეცეთ სასარგებლო რეკომენდაციები, თუ როგორ გახადონ ბავშვის აღზრდა უფრო სახალისო  თამაშების მეშვეობით.  თამაში და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, ხოლო თუ  ბავშვები სუფთა ჰაერზე თამაშობენ- ორგანიზმის  გაკაჟებაც.

კლასებში შესაძლებელია მშობლებთან ერთად ჩატარდეს ფიზიკური ვარჯიშები, მოძრავი თამაშები, საუბრები. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მშობლებთან ერთად ერთობლივი თამაშობები სიხარულით ავსებს  ბავშვს, ამდიდრებს და აჯანსაღებს ოჯახურ გარემოს.

ერთობლივი აქტივობების დადებითი შედეგები შემდეგია:

-წაახალისებს მშობლებში ბავშვის ფიზიკური მონაცემებისადმი ინტერესს და განაპირობებს ბავშვებში მათი ასაკის მიხედვით ფიზიკური მონაცემების განვითარებას;

_აღრმავებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას;

_საშუალებას აძლევს არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოკლე დროის განმავლობაში დაკავდნენ სპორტით.

_მშობლების და შვილების ერთად გატარებული თავისუფალი დრო ხელს უწყობს ბავშვის ყოველმხრივ განვითარებას.

თავისუფალი დროის ასეთი ფორმით  გატარება ორივე მხარისთვის სასარგებლოა. მშობლებიც ვითარდებიან ფიზიკურად, უფრო ძლიერები და ამტანები ხდებიან. ბავშვი აღფრთოვანებულია მამით, რომელიც ძლიერი, მოხერხებული და სწრაფია! ბაძავს დედას გრაციოზულობასა და კოორდინირებულ მოძრაობებში. ბავშვის ჯანმრთელობაზე სისტემატური ზრუნვა უზრუნველყოფს სასურველ შედეგებს.

 

ნაკლებადმოძრავი თამაშობები

სკამი დგას და ვერ ჯდები

ხუთ სკამს საზურგით შიგნით წრიულად ალაგებენ. სკამების წინ დგება 6 ადამიანი,  ნიშანზე იწყებენ სიარულს სკამების ირგვლივ ერთი მიმართულებით. თამაშის ხელმძღვანელის ნიშანზე ან მუსიკის შეწყვეტის შემდეგ ყველა ცდილობს ადგილის დაკავებას, ერთი მოთამაშე რჩება უადგილოდ და გადის თამაშიდან. მასთან ერთად წრეს  ერთი სკამიც აკლდება და გრძელდება თამაში. ყოველი სიგნალის შემდეგ მოთამაშეების რაოდენობა იკლებს. როცა რჩება ორი მონაწილე და ერთი სკამი, გაიმარჯვებს ის, ვინც  პირველი დაჯდება სკამზე.

სამიდან ორი

იატაკზე დგამენ სამ კეგლს. ორი მოთამაშე ცეკვავს გარშემო, ხელები დოინჯში ან ზურგსუკან აქვთ დაწყობილი, ნიშანზე „შეჩერდი“, ჩერდებიან და ცდილობენ აიღონ ორი კეგლი, ვისაც შეხვდება  ერთი,  ის დამარცხებულია.

გამქრალი სკამი

2-3 მეტრის დაშორებით დგამენ ორ სკამს საზურგეს გარეშე. მასზე სხდებიან მოთამაშეები ახვეული თვალებით. თამაშის ხელმძღვანელის ნიშანზე დგებიან და წინ 6-8 ნაბიჯს დგამენ.  შემდეგ ორივემ უნდა გააკეთოს სამი სრული ბრუნი წრეზე  და დაუბრუნდეს სკამს.

ამ დავალების შესრულება არ არის ადვილი, დასაწყისში მონაწილეები მიმართულებას კარგავენ და დაბრუნებისას სულ სხვა მხარეს მიდიან.

 

 

 

 

 

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ფიზიკაში

0

ფიზიკაში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ეს გაკვეთილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა პრობლემა ყოფით საკითხებს უკავშირდება. ამ დროს მოსწავლეების უმეტესობა იწყებს ფიქრს ისე, რომ საერთოდ არ უკავშირებენ აღნიშნულ პრობლემას სკოლაში ნასწავლ ფიზიკას და ყოველგვარი ფორმულების გარეშე ინტუიციურად, ან პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ცდილობენ საკუთარი მოსაზრება, ჰიპოთეზა გამოთქვან პრობლემის გადაჭრის თაობაზე. ზოგჯერ სწორად, ზოგჯერ არასწორად, მაგრამ ხომ ცდილობენ გაკვეთილში ჩართვას? მონაწილეობენ დისკუსიაში, აანალიზებენ პრობლემას, ფიზიკურ მოვლენას და საბოლოოდ მიდიან ჭეშმარიტებამდე. ხოლო თუ  მათ მიერ ნაპოვნ  პრობლემის გადაჭრის გზას საფუძველს ფიზიკაში ნასწავლი ან გაგონილი ფორმულა უმყარებს, ეს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას აძლევს მათ… და ამის შემდეგ მოსწავლე „ჩვენია“. დანარჩენი მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, სწავლების თანამედროვე მიდგომა და ეს კონკრეტული სამოდელო გაკვეთილის ტიპი კარგი ინსტრუმენტია საბუნებისმეტყველო და კერძოდ, ფიზიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის ასამაღლებლად.

ამ მიმართულებით გაგიზიარებთ ფიზიკაში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარების ჩემს გამოცდილებას და შემოგთავაზებთ აღნიშნული გაკვეთილს გეგმას:

 

საგანი                           ფიზიკა
თემა მიმდევრობით შეერთებული ზამბარების სისტემის

სიხისტის განსაზღვრა

კლასი IX 1
დრო 45 წთ.
მოსწავლეთა პროფილი 30

სსსმ მოსწავლე არ გვყავს

გაკვეთილის აქტუალობა გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ფიზიკის გაკვეთილზე შეძენილი ცოდნისა და უნარების ტრანსფერს ყოფა-ცხოვრებაში. გამოიკვლევენ ზამბარიანი დრეკადი სისტემის სიხისტის დამოკიდებულებას ზამბარათა სისტემის სიგრძეზე (ზამბარათა მიმდევრობითი შეერთება).

 

გაკვეთილის მიზანი მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         პრობლემის დაკავშირება ზამბარის მახასიათებელ სიხისტესთან;

·         წინა გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის გააქტიურება, ჰუკის კანონის არსის სიღრმისეული გააზრება;

·          ექსპერიმენტის საფუძველზე  ცალ-ცალკე ზამბარებისა და მიმდევრობით გადაბმული ორი ზამბარის სისტემის სიხისტეების გამოთვლა და მათი შედარება;

·         ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება და მიღებული რაოდენობრივი გამოსახულებების  დრეკადი სისტემის სიხისტესთან დაკავშირება;

·         ექსპერიმენტული და თეორიული შედეგების შედარებითი ანალიზი;

·         გამოიტანოს დასკვნა, უპასუხოს პრობლემურ შეკითხვას და შეადაროს იგი გამოთქმულ ვარაუდს.

 

ესგ სტანდარტი ფიზ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედების აღწერა.

კვლ. IX. 1. განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ. IX. 2. კვლევითი პროცედურების განხორციელება.

კვლ. IX. 3. მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

კვლ.IX. 4. მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა ნიუტონის I კანონი. სიმძიმის ძალა.

დრეკადობის ძალა. ჰუკის კანონი.

 

 

აქტივობების აღწერა

საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს გაკვეთილის ტიპზე, მოკლედ განმარტავს თემას და სასწავლო მიზანს. ასევე მოსწავლეებს გააცნობს შეფასების სქემას (იხ. დანართი.1).  სლაიდზე შეფასების სქემა და სასწავლო მიზნები (3 წთ).

            

 

 

აქტივობა #1

 

 

 

აქტივობის მიზანი

 

 

 

 

 

აქტივობის აღწერა

გამოწვევის ფაზა

 

პრობლემური კითხვა – როგორ შეიცვლება სლაიდზე წარმოდგენილ სურათზე საზაფხულო საქანელას დრეკადი დეფორმაციის ხარისხი (საქანელას ეფექტი) ზამბარების სიგრძის გაზრდით? 

 

მოსწავლემ შეძლოს

·         წინარე ცოდნის გააქტიურებით ან  ინტუიციურად სავარაუდო ჰიპოთეზების გამოთქმა;

·         საქანელას ეფექტის  საკითხის დაკავშირება ზამბარათა დრეკადი სისტემის სიხისტესთან.

 

მასწავლებელი ეკრანზე გამოსახულ სლაიდზე წარმოადგენს  სურათს, რომელზეც გამოსახულია ზამბარებზე ჩამოკიდებული საზაფხულო საქანელა. სვამს პრობლემურ შეკითხვას და მოსწავლეებისგან ისმენს სავარაუდო პასუხებს – მოსაზრებებს.

ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური (2წთ).

 

 

 

აქტივობა #2

 

 

აქტივობის მიზანი

 

 

 

 

აქტივობის აღწერა

სიღრმისეული წვდომის ფაზა

 

გონებრივი იერიში –   წინარე ცოდნის გააქტიურება.

 

 

ინტერნეტ-თამაშ Kahoot-ის კითხვების საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ პრობლემასთან დაკავშირებული გავლილი მასალა და სწორად უპასუხონ  შეკითხვებს.

თამაშის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული წყვილი.

 

მასწავლებელი რთავს ინტერნეტში განთავსებულ Kahoot-ის პროგრამას, სადაც მას წინასწარ საკუთარ გვერდზე ატვირთული აქვს კითხვარი სავარაუდო პასუხებით. მოსწავლეები წყვილებში სმარტტელეფონების საშუალებით სახელებით  რეგისტრირდებიან თამაშში და ამავე ტელეფონებით პასუხობენ ეკრანზე გამოტანილ შეკითხვებს. პროგრამა ბოლოს ეკრანზე გამოიტანს გამარჯვებულ ყველაზე სწრაფ  და ჭკვიან ოთხ წყვილის სახელს.  https://kahoot.com/

 

ორგანიზების ფორმა:  წყვილები (7წთ).

 

აქტივობა #3

 

აქტივობის მიზანი

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობის აღწერა

პრობლემის გადაჭრის ექსპერიმენტული გზა

 

მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ექსპერიმენტული კვლევის უნარ-ჩვევები:

·         უნდა განსაზღვროს კვლევის მიზანი;

·         კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობა;

·         უნდა შეარჩიოს სათანადო ხელსაწყოები და აღჭურვილობა;

·         მონაცემების აღრიცხვის ფორმა (ცხრილები, გრაფიკები).

·         ჩაატაროს ექსპერიმეტი;

·         მოახდინოს ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზი;

·         გამოიტანოს დასკვნა.

 

მასწავლებელი სვამს შეკითხვას: გავიხსენოთ, როგორ ვიპოვოთ ზამბარის სიხისტე? მოსწავლეები პასუხობენ: საჭიროა ზამბარაზე ჩამოვკიდოთ ტვირთი და ტვირთის სიმძიმის ძალა გავყოთ შესაბამის წანაცვლებაზე. ამ გზით მოსწავლეები ადგენენ ორი ზამბარის სიხისტეს. ამის შემდეგ მოსწავლეები აგრძელებენ ზამბარას (გადააბამენ ზამბარებს ერთმანეთს მიმდევრობით) და იმავე გზით პოულობენ სისტემის სიხისტეს (Kექსპ). მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა – ექსპერიმენტის შედეგებით დგინდება, რომ სისტემის სიხისტე შემცირდა.

მონაცემები შეაქვთ ცხრილში იხ. დანართი (ცხრილი განთავსებულია ეკრანზე).

 

ორგანიზების ფორმა  – ინდივიდუალური   (15 წთ).

 

აქტივობა #4

 

 

 

აქტივობის მიზანი

 

 

 

 

 

 

 

აქტივობის აღწერა

პრობლემის გადაჭრის  თეორიული  გზა, სისტემის სიხისტის თეორიული და ექსპერიმენტული შედეგების შედარებითი ანალიზი.

პასუხი პრობლემურ შეკითხვაზე.

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება და მიღებული რაოდენობრივი გამოსახულებების  დრეკადი სისტემის სიხისტესთან დაკავშირება;

·         სისტემის სიხისტის თეორიული და ექსპერიმენტული შედეგების შედარებითი ანალიზი;

·         გამოიტანოს დასკვნა და უპასუხოს პრობლემურ შეკითხვას.

 

მასწავლებელი სვამს შეკითხვას: ხომ არ არსებობს ჩვენი შედეგების თეორიული დასაბუთება? მოვახდინოთ ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, ანუ გამოვსახოთ დრეკადი სისტემის სიხისტე თითოეული ზამბარის სიხისტით.

რომელიმე მოსწავლე თავისი სურვილით გამოდის დაფასთან და მასწავლებლის დახმარებით გამოჰყავს სისტემის სიხისტის ფორმულა.

ამის შემდეგ მიღებულ თეორიულ ფორმულაში მოსწავლე სვამს ზამბარების სიხისტეების ექსპერიმენტულ მონაცემებს და იღებს სისტემის სიხისტის თეორიულ მნიშვნელობას (Kთეო). მონაცემები შეაქვს ცხრილში და ახდენს სისტემის სიხისტის თეორიულ და ექსპერიმენტული შედეგების შედარებით ანალიზს.

თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგების საფუძველზე ფრონტალური კითხვების მეთოდით კლასს გამოაქვს დასკვნა და პასუხობს პრობლემურ შეკითხვას. მოსწავლეები ადარებენ მიღებულ შედეგს წინასწარ გამოთქმულ ჰიპოთეზებს.

 

ორგანიზების ფორმა  – ინდივიდუალური.  (9წთ).

 

აქტივობა #5

 

 

აქტივობის მიზანი

 

 

 

 

 

აქტივობის აღწერა

გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი – ამოცანის ამოხსნა (იხ. დანართი 3).

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს

·         ამოცანის ამოხსნის გზით  გაკვეთილზე მიღებული ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგების სიღრმისეული გააზრება;

·         გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი – გამოყენება.

 

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ამოხსნან ამოცანა, რომლის ტექსტი და ნახაზი გამოტანილია ეკრანზე. მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ და ის მოსწავლე, რომელიც  ყველაზე სწრაფად ამოხსნის ამოცანას, გამოდის დაფასთან და კლასს თავის ნამუშევარს წარუდგენს.

 

ორგანიზების ფორმა  – ინდივიდუალური.  (4წთ).

 

 

აქტივობა #6

 

აქტივობის მიზანი

 

 

 

 

 

აქტივობის აღწერა

რეფლექსიის და  შეჯამების ფაზა

 

გაკვეთილის შეჯამება უკუკავშირი –  რა ვისწავლეთ ახალი?

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება;

·         ფიზიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის დაკავშირება ყოფა-ცხოვრებაში წამოჭრილ პრობლემასთან.

 

მასწავლებელი სვამს კითხვას: რა ვისწავლეთ ახალი დღეს? რა გზები და მეთოდები გამოვიყენეთ პრობლემის გადასაჭრელად? მოსწავლეები გაკვეთილზე ჩატარებული ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პასუხობენ დასმულ შეკითხვას.

 

ორგანიზების ფორმა  – ინდივიდუალური.  (2 წთ).

შეფასება და თვითშეფასება შეფასება – (განმავითარებელი, განმსაზღვრელი)

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან, რომ ფასდება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, შეაფასონ საკუთარი თავი. ამის შემდეგ თვითონ მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას:

#2 აქტივობა ფასდება განმავითარებელი შეფასებით. # 4 და  #5 აქტივობები ფასდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.                 (2 წთ).

 

საშინაო დავალება 

 

სლაიდზე  წარმოდგენილია საშინაო დავალება. დავალებაში ამოცანებთან ერთად, გაკვეთილზე განხილული თემის უკეთ გაცნობის მიზნით, სლაიდზე მითითებულია PHET-ის ვირტუალური ლაბორატორიის შესაბამისი სამუშაოს  ბმული (დანართი. 4)  (1 წთ).
სასწავლო მასალა და რესურსები IX  კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო, სლაიდშოუ, სმარტფონები, ერთი კომპიუტერი პროექტორით, პულტით, ლაბორატორიული ხელსაწყოები: შტატივი, ზამბარები, ტვირთები, სახაზავი.

 

დანართი.1.

შეფასების სქემა –  ჩართულობა

კრიტერიუმები    1-2    3-4    5- 6     7-8      9-10
 

 

 

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

მოსწავლე ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში. არ მონაწილეობს აქტივობებში. მოსწავლე იშვიათადაა  ჩართული საგაკვეთილო პროცესში  და ნაკლებად მონაწილეობს აქტივობებში. მოსწავლე მეტ-ნაკლებად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში,  ნაწილობრივ პასუხობს კითხვებზე და მონაწილეობას იღებს მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში. მოსწავლე უმეტეს ნაწილად  ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. პასუხობს ყველა შეკითხვას და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში. მოსწავლე ყოველთვის აქტიურააა ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სრულყოფილად პასუხობს ყველა შეკითხვას. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში

 

შეფასების სქემა – ამოცანის ამოხსნა

კრიტერიუმები    0-2     0-2    0-2    02      02
 

 

 

ამოცანის ამოხსნა

დაცულია ჩაწერის კულტურის ნორმები. აზრი ჩაწერილია გამართულად. სწორად იყენებს ტერმინოლოგიას. დავალებაზე პასუხი გაცემულია სწორად. მოძებნილი აქვს პრობლემის გადაჭრის მართებული (ორიგინალური) გზა.

 

დანართი. 2.

ტვირთის სიმძიმის ძალა

 

 

 

g (ნ)

 

პირველი ზამბარის წანაცვლება

 

 

 

X1

 

მეორე ზამბარის წანაცვლება

 

 

 

 

X2

დრეკადი სისტემის წანაცვლება

 

 

 

 

X

პირველი ზამბარის სიხისტე

 

 

 

K1

მეორე ზამბარის სიხისტე

 

 

 

K2

დრეკადი სისტემის სიხისტის ექსპერიმენტალური მნიშვნელობა

 

Kექსპ

დრეკადი სისტემის სიხისტის თეორიული მნიშვნელობა

 

 

Kთეორ

 

 

 

 

             

 

დანართი. 3.

     

ამოცანა

K  სიხისტის სამი ერთნაირი ზამბარა შეაერთეს მიმდევრობით. იპოვეთ სისტემის სიხისტე.

 

დანართი. 4.

საშინაო დავალება

  1. ამოცანათა კრებული, IX კლასი, გაჩეჩილაძე, ქანთარია, ჩიჩუა. გვ. 156, ## 334, 335
  2. PHET-ის ვირტუალური ლაბორატორია https://phet.colorado.edu/sims/html/masses-and-springs/latest/masses-and-springs_en.html.

არდადეგები დავალებების გარეშე – სხვა გაკვეთილები  

0

 

ნეტავ რისთვის მოიგონეს ზაფხული? რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები ზაფხულის მშვენიერ სამ თვეს? დრო, რომელიც მათ ხელთაა, დავუტოვოთ თავიანთ  განკარგულებაში, თუ ისევ ხშირ-ხშირად შევახსენოთ სკოლის ვალდებულებები და გადასამეორებელი გაკვეთილები?! ეს კითხვები განსაკუთრებით  მშობლებს და მასწავლებლებს აწუხებთ და საერთოდაც, მრავალი შეხედულება არსებობს, როგორ უნდა ატარებდეს ბავშვი საზაფხულო არდადეგებს.

 

თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმში მოყოლილ ბავშვებს, ვფიქრობ, განსაკუთრებით სჭირდებათ ხარისხიანი საზაფხულო თერაპია, რომელიც თავის თავში უამრავ სახალისო აქტივობას მოიაზრებს. იქნება ეს მათთვის საინტერესო წიგნების წაკითხვა, თევზაობა,  ახალი სირთულეების და გამოწვევების დაძლევა,  დასალაშქრი ადგილების სია და თუნდაც  ისეთი მშვენიერი გეგმა, როგორიც კარვებით წასვლა და  ნაკვერჩხალში კარტოფილების  შეწვაა.

 

ზაფხულში გადახდენილი ამბები განსაკუთრებით შთამბეჭდავია და ასეთი ამბები ბავშვებს არასოდეს ავიწყდებათ. ზაფხულის დასრულების შემდეგ კი შეუძლიათ  მთელი წელი  ჰყვებოდნენ  როგორ აღმოაჩინეს ძველ საყდარში ღამურები, როგორ დალაშქრეს მთა და გაიჩინეს მეგობრები.

 

საზაფხულო არდადეგების სოფლად გატარება გარემოზე დაკვირვებისთვის იდეალური ადგილია. ბავშვი არა მხოლოდ ცხოვრობს და დროს ატარებს ბუნებაში, არამედ მის ყოველ გამოვლინებას შეიმეცნებს და შეიგრძნობს, აკვირდება იქ მცხოვრები ადამიანების შრომით ჩვევებს და ახალი გამოცდილებით ივსება.

 

ზაფხულის არდადეგების გახსენება ჩემთვის, სოფლად ბებიასთან მიბარებით იწყება. მას შემდეგ, რაც  მშობლები ქალაქში თავ-თავიანთ სამსახურებში გასწევდნენ, ჩვენ –  ბავშვები  სიმწვანისა და უდარდელობის წიაღში ვრჩებოდით.

 

რეტროსპექტივა –  საზაფხულო არდადეგები

 

დილა ადრიანად იწყება მამლის ყივილით და ბებია გაღვიძებასა და ადგომას, მზესაც კი “ასწრებს”. ალაგებს თავის დამდნარ და უნაზესი თეთრეულით გაწყობილ ლოგინს და მიდის ბალახის  დასაკრეფად, თხის მოსაწველად ან ძროხის მოსაწველად. საქათმიდან ფრთხიალით გადმოფრენილი ფრინველის ხმა ძილბურანში ჩაგვესმის.  ბებო მჭადის ფქვილის რძიან  ფაფას გვიხარშავს და ბუხარში კეცებზე მჭადებს აცხობს ვანის ბაზარში ნაყიდი ნეშოთი, რომელიც ისე პრიალაა, მთელ ცხოვრებას აირეკლავს.

 

შუადღით ბებო ისვენებს, მოვალეობებისგან, პასუხისმგებლობებისგან. სიცხე და ჭრიჭინები ერთმანეთს უმეგობრდებიან.  ბებო თავისი ოთახის ხის წითელ იატაკზე თეთრ ნოხს დააფენს, მუთაქებს დაყრის და ყველა იქ წამოვწვებით, ბებო და შვილიშვილები. ბებოს თმებს ვვარცხნით, უნაზეს თმებს, დასარბილებლად დაბანის შემდეგ  ძმრიან წყალს ივლებს. ბებო ჰყვება ამბებს თავისი ბავშვობიდან, ოჯახის გაჭირვებაზე და თავის მრავალრიცხოვან და-ძმაზე. ბებია ყველა ამბის მოყოლისას  გრძელ ნაწნავებში წარმომიდგება თავისი სოფლის  ქუჩებში, სადაც გოგონები ალბათ ძალიან მოკრძალებულად დადიოდნენ.

 

ბებოს ხელებს ჭინჭარი ვერ უსუსხავს. შრომისგან გაუხეშებულ ხელებს არც ნაკვერჩხალი უწვავს, ხელს ჰკიდებს და უცებ აგდებს ბუხარში. ბუხარში, გამურულ ქვაბში ინდაურის ჭუკებისთვის ჭინჭარი იხარშება, მოხარშულ ჭინჭარს წყალს გადაუწურავს, ხელით მიჭყლიტ-მოჭყლეტს და ღერღილს აურევს და შემდეგ ხმამაღალი ძახილით ინდაურებს გამოიხმობს: “ჭუა, ჭუა, ჭია” გასძახის ჩვენს ეზოში გაფანტულ ინდაურებს და შემდეგ მისი ხელისგულებიდან ამოაკენკინებს ჭინჭრის ფხალს.

 

ძილის წინ  ფეხის დაბანის რიტუალი გვაქვს. მთელი დღე ფეხშიშველები დავრბივართ.  ბებო ალუმინის დიდ თასში იბანს ფეხებს. ცივ წყალში, ცოტა ცხელ წყალს ჩაამატებს და როგორც თვითონ ამბობს “ფეხებს იჭკუნავს”, შემდეგ ჩვენც  “ვიჭკუნავთ” ფეხებს.

 

საღამოს ციცინათელებს დავდევთ ჩვენს ეზოში. ივნისია. ციცინათელები გამოჩნდებიან და ჩვენც მივყვებით. ბავშვობა ალბათ ესეცაა, უეცრად უჩინარდება ციცინათელასავით.

თუკი ზაფხულის  სასიამოვნოდ გატარებაზე მიდგება საქმე, თავბრუდამხვევ შთაბეჭდილებებსა და ათას თავგადასავალში გახვეული ბავშვისთვის არდადეგებზე სკოლიდან გამოყოლილი სამეცადინოების  შესრულება ნამდვილად არ იქნება სასიხარულო. ზაფხული ხომ ნაკლებ ვალდებულებებთან, ბევრ თავისუფალ დროსთან, ახალ ემოციებთან, შთაბეჭდილებებთან  და თავგადასავლებთან  არის დაკავშირებული.

 

ზაფხული ხომ სულ სხვა გაკვეთილებს გვთავაზობს და ამ გაკვეთილების შესრულება ისევე მნიშვნელოვანი მგონია, როგორც სასკოლო დავალებების შესრულება სკოლის პერიოდში.  ჩვენი, როგორც მშობლებისა და მასწავლებლების პირველი ამოცანაც ის უნდა იყოს, რომ საზაფხულო არდადეგები ბავშვებისთვის ისეთი ნოყიერი  ამბებით იყოს დახუნძლული, მთელი წელი რომ ეყოფათ გასახსენებლად.

 

 

 

სამეწარმეო განათლება და მასწავლებელი

0

სამეწარმეო განათლებამ მთელს მსოფლიოში ბიზნეს სკოლების და უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან უფრო ფართო ასპარეზზე, ქვეყნების განათლების პოლიტიკის დონეზე გადაინაცვლა. სამეწარმეო კომპეტენციები შეერწყა სხვა საგნებსაც. დღეს შეიძლება სწავლობდე ხელოვნებას, ლიტერატურას ან ინჟინერიას, რომელიც თავის მხრივ სამეწარმეო კომპეტენციებს გივითარებდეს. სამეწარმეო კომპეტენციები განათლების ყველა საფეხურზე გახდა აქტუალური დაწყებითი კლასებიდან, პროფესიული და უმაღლესი განათლების ჩათვლით და ამ კომპეტენციების განვითარება არ ისახავს მიზნად, ყველანი მეწარმეებად აქციოს. სამეწარმეო კომპეტენცია არ არის სტარტაპის ან სოციალური საწარმოს შექმნის და მართვის სწავლება. ის მოიცავს შესაძლებლობების დანახვის, იდეების განვითარების, რესურსების მართვის და იდეების განხორციელების უნარებს. ეს გამჭოლი უნარები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება. ბოლო-ბოლო, ყველა ქვეყნისთვის სასურველია, მისი მოქალაქეები თვითრეალიზებული და თვითმყოფადები იყვნენ. შესაბამისად, სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერა ამით აიხსნება. საქართველოში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაშია მოხსენიებული და განათლების პოლიტიკის ნაწილია.

საკმაოდ დიდი ლიტერატურა არსებობს იმის თაობაზე, რომ მეწარმეობის კომპეტენციებს მასწავლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში განუვითარებს სხვას, თუკი თავად იქნება მეწარმეული (entrepreneurial). მეწარმეობის გამოცდილება მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან ცოტა მასწავლებელს აქვს. მაშინ როგორ უნდა განუვითარდეთ მასწავლებლებს სამეწარმეო კომპეტენციები? ფორმალური ტრენინგები, სამეწარმეო გარემო საგანმანათლებლო ინსტიტუციებში თუ  ქვემოდან ზემოთ მიმართული ორგანიზაციული მართვის სტრატეგიები? მეწარმეობა მასწავლებლისთვის არ შემოიფარგლება საკუთარი კომპეტენციების კომერციალიზაციით. სამეწარმეო სწავლების  მასწავლებელი შეიძლება  სასწავლებელში სტუდენტების მიერ შექმნილი კომპანიების სამეწარმეო პროცესების ორკესტრირებას ახდენდეს ან ისეთ იდეებს შეიმუშავებდეს და განახორციელებდეს, რომლებიც თავად სკოლის, კოლეჯის თუ უნივერსიტეტის   გარემოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მასწავლებლებისთვის სამეწარმეო კომპეტენციების ამაღლება პედაგოგიკაში შემოქმედებითი თვითგამოხატვის და პიროვნული ზრდის საშუალებაცაა.

უელსის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენ ბარნსი გამჭოლ სამეწარმეო კომპეტენციებზე საუბრობს:

“როგორ შეიძლება მასწავლებელმა უფრო “მეწარმეულად” და უფრო ინოვაციურად ასწავლოს? ამაში არც ბიზნესის და არც სტარტაპის დაგეგმვის უნარებს ვგულისხმობთ. როგორ გავხადოთ ჩვენი საგანი უფრო საინტერესო? როგორ ვასწავლოთ განსხვავებულად, ახლებურად, ინოვაციურად? როგორ შეიძლება სწავლებით მოვახერხოთ ადამიანების ინსპირაცია ისე, რომ მათ შექმნან რაღაც ახალი და ღირებული?
ავიღოთ დაგეგმვა და ორგანიზება. დაფიქრდით საკლასო ოთახის სივრცეზე. როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება? როგორ შეიძლება შევცვალოთ სასწავლო სივრცე კლასში? შეიძლება საგაკვეთილო პროცესი გადავიტანოთ კლასს გარეთ? როგორ გადავიდეთ სწავლების შემდეგ საფეხურზე ისე, რომ მოვახერხოთ ჩვენი აუდიტორიის შემოქმედებით პროცესში ჩართვა? როგორ გავუჩინოთ მოტივაცია, რომ თავად გაუძღვნენ საკუთარი სწავლის პროცესს, თავად განივითარონ ის უნარები, რომლებიც 21-ე საუკუნეშია საჭირო? როდესაც ცვლი სივრცეს, უნებურად პედაგოგიური მიდგომების შეცვლაც გიწევს. მაგალითად, თუკი კლასს გარეთ სივრცეს (მაგალითად ონლაინ სივრცეში კვლევა) იყენებთ, გჭირდებათ თუ არა განსხვავებული სტრატეგიები სტუდენტების ჩართულობისთვის, როდესაც ისინი საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან? იქნებ მეტი დიალოგია საჭირო? იქნებ ჯერ გავარკვიოთ რა ცოდნა შეიძინეს, ვიდრე ჩვენს საკუთარ მოსაზრებებს გავუზიარებთ? შეფასება. ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ, რა გაკეთდა და არა, რა ვისწავლეთ ან რის შესასწავლად ვართ მზად. შეფასება ყოველთვის პროგრესული უნდა იყოს. ის მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. მაგალითად, კარგი, ეს ვისწავლე, მაგრამ ახლა როგორ განვავითარო ეს ცოდნა? რა გზა ავირჩიო რომ ამ ცოდნამ შემცვალოს? ცოდნა ხომ კარიბჭეა. შეუძლებელია ის ცალკე, განყენებით იდგეს. მან სადღაც უნდა მიგვიყვანოს. ასე რომ, დავფიქრდეთ, რომელ კარიბჭეში უნდა შევიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ ამ კარიბჭეში შესასვლელად.“

ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა (Value Based Pedagogy) ერთ-ერთი საინტერესო მიდგომაა სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებისას. ერთ-ერთი ბარიერი, რომელსაც მეწარმეობის სწავლების დროს ვაწყდებით არა-ბიზნეს სპეციალობის მქონე მოსწავლეებთან, ბიზნესსა და მეწარმეობაზე მოძველებული შეხედულებაა, რომელიც იდეის მიმართ გაუცხოების განცდას უჩენს ადამიანებს. მათი წარმოდგენით, მეწარმეს მხოლოდ მოგების მიღება ამოძრავებს და ამიტომ ბევრს უჭირთ თავის ამ ამპლუაში წარმოდგენა. სინამდვილეში, დღეს ღირებულებები დიდ და მცირე ბიზნესშიც ძალიან შეიცვალა და მოგებაზე ორიენტირებული კომპანიების შემთხვევაშიც კი, თუ იდეა საზოგადოების კეთილდღეობას არ ემსახურება, რთულია მან მომხმარებელი და მხარდამჭერი შეინარჩუნოს.  ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა ჰგავს სოციალურ მეწარმეობას, რადგან ორიენტირებულია საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ამ პრობლემებს მასწავლებლები და მოსწავლეები აგვარებენ თავიანთი იდეების რეალურად განხორციელებით.

ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის ავტორი მარტინ ლეკაუსი ქალმერსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარი და IT ენტერპრენერია. მისი თეორია ღირებულებაზე დაფუძნებულ მეწარმეობაზე ეფუძნება იმ მოსაზრებას რომ განათლებაში მეწარმეობა უფრო ადვილად ინტეგრირდება თუ „კაპიტალიზმის კლანჭებს“ ჩამოვაშორებთ. მასწავლებლებს და მოსწავლეებსაც უკეთ ესმით კონცეფცია, თუ მისი მეშვეობით საზოგადოებაში ან მათ უშუალო გარემოში არსებული პრობლემები მოგვარდება და თუკი ისინი რეალურად მოქმედებენ პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, როგორ მოვაგვაროთ უპატრონო ძაღლების პრობლემა ჩვენს უბანში, როგორ ამოვქაჩოთ სკოლის კაფეტერია, რა დასვენების და გართობის ზონები შეიძლება შეიქმნას სკოლის ეზოში? ასეთ იდეებზე მუშაობა უფრო საინტერესოა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც რეალური პრობლემების გადაჭრის უნარებს უვითარებს და მეტ კმაყოფილებასაც გვრის, რადგან ხელშესახებ ღირებულებას უქმნის საზოგადოებას.


სამეწარმეო სწავლების  განვითარებაზე საქართველოში რამდენიმე ინიციატივა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია “გარემო და განვითარების”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (დევისი) D-Lab-თან პარტნიორობით დაწყებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლის მეწარმეობის მოდულის ევროპის კომპეტენციების ჩარჩოსთან (EntreComp) შესაბამებით ახალი მეწარმეობის მოდული იქმნება.

ახალი მოდული დიდ ყურადღებას უთმობს მეწარმეობის არსის და ფორმების გააზრებას, შესაძლებლობების ამოცნობის და მართვის, იდეების განვითარების და საქმედ ქცევის კომპეტენციებს. ამგვარად, მოსწავლეს უყალიბდება ისეთი ცოდნა და უნარები, რომლებიც საზოგადოებას ახლაც სჭირდება, მომავალში კი აუცილებელი მოთხოვნა იქნება.

ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო რგოლი პროექტის შესახებ:

 

მერვე სიცოცხლის საიდუმლო

0

ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ შთაბეჭდილება

ერთხელ ვუყურე, როგორ ამოდიოდა თვალჩაუწვდენელი ხეობიდან არწივი. ტყვიასავით კი არ ამოიჭრა, უცებ კი არ გაფხრიწა სივრცე და ამოიტყორცნა საკუთარი დიდებულებით ფრთაშესხმული, არამედ მშვიდად, ზომიერი რხევებით, ნება-ნება ამოჰყვა ფსკერიდან ჰაერის სპირალს, ძაბრივით რომ თანდათან განივრდებოდა ხეობის ტუჩისკენ; ასე, ძაბრის ყელიდან, ჯერ ვიწრო ტალღებით, მერე ფართო და საუცხოო კამარებით ამოვიდა, ამოიზიდა და როცა ხეობის თავზე მოექცა, ანუ როცა უსასრულო სილურჯეში დაიგულა თავი, ჰაერის ტალღას მსუბუქად უბიძგა და მერეღა გაინავარდა, თავზე მეფურად გადამიფრინა და ზეცის უფსკრულში გაუჩინარდა.

რამდენჯერაც ამ კადრს ვიხსენებ, იმდენჯერვე მტკიცე რწმენა მიპყრობს, რომ მისი მოწმე შემთხვევით არ ვყოფილვარ; რომ ეს ყოველივე იმ იშვიათ სანახაობაზე დასწრებულობას ნიშნავს, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში რაღაცას ცვლის, ფიქრის სადინარებს ხეთქავს და ახალ სიხშირეზე გადაჰყავს…

ეს კადრი, როგორც საიდუმლო განცდა, ისე დამეუფლა ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ კითხვისას. ზუსტად ისევე მოვინუსხე, როგორც იმ სანახაობაზე დასწრებისას. დიდი, ღონიერი არწივის უფსკრულიდან ამოსვლის თავგადასავალს გავდა ამ წიგნის კითხვის პროცესი _ მთელი ეს ონტოლოგიური დრო და ჩემი შინაგანი მდგომარეობა.

ნინო ხარატიშვილმა „მერვე სიცოცხლე“ გერმანულად დაწერა, გამოცემიდან სულ ცოტა ხანში კი ის არამხოლოდ წლის, არამედ მთელი მომდევნო დროის ბესტსელერად იქცა. ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით ელოდა ამ რომანს და აი, გამომცემლობა „ინტელექტის“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, 2019 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მისი წარდგენაც გაიმართა. რომანი ნინო ბურდულმა თარგმნა და აქვე უნდა ითქვას, რომ – ძალიან კარგად. მხატვრული ოსტატობით, დახვეწილი და ღრმაშრეებიანი ენობრივი ფორმებით, დინამიკური და ჩამთრევი თხრობის ენობრივი ადეპტი ქართულად _ ეს ყველაფერი უდაოდ მთარგმნელის დამსახურებაა და მისალოცი ამბავია მისთვისაც და ქართველი მკითხველისთვისაც, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი მშობლიურ ენაზე უკვე გვაქვს.

ეს ენა კი, როგორც ყველამ იცის, ნინო ხარატიშვილისთვისაც მშობლიურია. ის ქართული ენის მხატვრული და სააზროვნო წიაღიდან „გადავიდა“ გერმანულ ენაში, როგორც ყოფიერების სახლში. ეს გადასვლა, ეს იმანენტური მიგრაცია კი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ მასზე მუდმივად მიუთითებენ ევროპელი კრიტიკოსები და ლიტერატორები _ ნინო ხარატიშვილის გერმანული ენა თავად ამ ენისთვისაა სიახლე, ერთგვარი „რეფრეში“, ახალი სუნთქვა, რამაც ენის შესაძლებლობების ახალი მასშტაბები წარმოაჩინა.

2018 წლის გაზაფხულზე ნინო ხარატიშვილმა წიგნისთვის „მერვე სიცოცხლე“ გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო _ ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო.

სხვათა შორის, ასეთი რეაქცია ჰქონდა ნახევარ საუკუნეზე მეტის ხნის წინ ევროპას და კერძოდ, გერმანულ ლიტერატურათმცოდნეობას კიდევ ერთი ქართველის მიმართ, ვის სახელსაც ასევე უკავშირდება გერმანული ენის განახლება და აქამდე უცნობი შრეების გახსნა-აღმოჩენა _ ეს ქართველი გრიგოლ რობაქიძე გახლდათ და მასზე წერდნენ, რომ გოეთეს შემდეგ ასეთი გერმანულით არავის გამოუთქვამს აზრი და ფიქრი გერმანიაში…

რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ გამოსვლას უამრავი წერილი და გამოხმაურება მოჰყვა ევროპულ პრესაში. ბეჭდური და ინტერნეტ-მედია აღფრთოვანებული წერდა „წლის წიგნის“ შესახებ, რომელიც, „ცხელი შოკოლადის თავბრუდამხვევი გემოს“ წყალობით, საოცარ ისტორიებს მოგვითხრობს  სიყვარულსა და სიძულვილზე, კომუნიზმის აღზევებასა და ნგრევაზე; ამ რევიუებში დროის კონცეპტია ხაზგასმული და დაუფარავი აღტაცება მისი მთხრობელის, ახალგაზრდა მწერლის მიმართ, რომელმაც მეოცე საუკუნის შესახებ იმაზე მეტი რამ გვიამბო (და ისე გვიამბო), ვიდრე აქამდე ვინმე სხვამ, სხვა წიგნებში.

„მერვე სიცოცხლე“ გასული საუკუნის, ევროპის ისტორიის ვეებერთელა საგაა, სადაც საქართველო მთავარ როლს თამაშობს _ ეს ხანგრძლივი ისტორია ერთი ქართული ოჯახის _ ჯაშების ოჯახის ფონზე ვითარდება.

ამბავი 1900-იან წლებში, სიმონ ჯაშის და შოკოლადის ფაბრიკანტის ქალიშვილის ქორწინებით იწყება და 2007 წლის 7 ნოემბრის დრამატული ეპიზოდით მთავრდება. თუმცა, როგორც რომანის პირველივე ფრაზაში ვკითხულობთ, ამ ამბავს რამდენიმე დასაწყისი აქვს და საერთოდაც, ყველაფერი პირიქითაც შეიძლება, ანუ, დავიწყოთ ბოლოდან _ კერძოდ, 2006 წლიდან, როცა ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ევროპაში გადაცხოვრებულ ნიცა ჯაშს მოულოდნელად ატყობინებენ საქართველოდან, რომ მისი 12 წლის დისშვილი ბრილკა, ცეკვის ანსამბლთან ერთად ევროპაში გასტროლებზე მყოფი, ამსტერდამის სასტუმროდან მარტო გამოვიდა და სადგურისკენ გაემართა, რომ გაურკვეველია, სადაა ან რა ჩაიფიქრა ობოლმა მოზარდმა…

1000 გვერდზე მეტი მოცულობის რომანში, ყოველ ახალ თავს ეპიგრაფებად საბჭოთა ლოზუნგები, დისიდენტი პოეტების და მოაზროვნეების ციტატები, პოლიტიკოსების რეპლიკები, სოციალისტური სიმღერების ტექსტის ფრაგმენტები უძღვის. „ჩვენ ბუნების წყალობას ვერ დაველოდებით, ჩვენი ამოცანაა, თვითონ მოვიპოვოთ, რაც გვჭირდება“…“ისწავლო საბჭოეთისგან, ნიშნავს ისწავლო გამარჯვება…“ „მშვიდობა, თავისუფლება, მამული და პური!..“ „ძველი საათი დროს სწორად აჩვენებს“… და ასე შემდეგ. ეს სხარტი და სიმბოლური რემარკები ტექსტს თეატრალურ ელფერს სძენს, მკითხველის წინაშე სცენებად თამაშდება დრამატული და საბედისწერო, ვნებიანი და სასტიკი, წარმოუდგენელი და რეალური ისტორია. ამ რომანს მართლაც აქვს რაღაც მაგიური, რაც კითხვის დაწყებისთანავე გიპყრობს და გითრევს და მალევე აღმოაჩენ, რომ მაყურებლის პოზიციიდან თანამონაწილეს როლში გადაინაცვლე, შენც ერთგვარი მოთამაშე ხარ, შენი ამბებით, შენი პირადი თავგადასავლით ერთვები ამ სახიფათო თამაშში, რომელიც დიდიხნის წინ კი დაიწყო, მაგრამ ჯერაც არ დამთავრებულა, თითქოს ყველაფერი ხელისგულზე დევს, ყველა კარტი გახსნილია, მაგრამ რაღაც ლაბირინთები მაინც დარჩა, მაინც არ სრულდება ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ეს ველური ბრძოლა, ხან თავისუფლების, დემოკრატიის, ხან იმპერიის, ხან ღმერთის და ეშმაკის სახელით…

„მერვე სიცოცხლე“ სცენაზეც დაიდგა _ ჰამბურგში, თალიას თეატრში. სპექტაკლი 2019 წლის გაზაფხულზე თბილისში, რუსთაველის თეატრშიც აჩვენეს მაყურებელს. თეატრალური დადგმა ცალკე საუბრის თემაა, მით უფრო, რომ მასზე დღემდე გაუნელებელი აღტაცებით საუბრობენ, ვინც ის თბილისში ნახა. ეს ბუნებრივიცაა _  ამ ტექსტის მაგია ყველგან შეაღწევს, დარწმუნებული ვარ, მას ფილმადაც გადაიღებენ და ის „მერვე სიცოცხლის“ კიდევ ერთი მატრიცა იქნება.

მაინც, რა არის ამ რომანის მაგიის მთავარი საიდუმლო? ის ცხელი შოკოლადი ხომ არა, რომლის რეცეპტის ბედისწერაც ჯაშების ცხოვრების საუკუნოვან თავგადასავალს განსაზღვრავს?..

ცხელი შოკოლადის მაცდუნებელი და სახიფათო არომატი მთელ წიგნში დგას  _ მისი წყალობით  მოვლენები მაგიური რეალიზმის საბურველში ეხვევა, მისი დამგემოვნებელი წამიერად წყდება რთულ და აუტანელ ყოფიერებას, ინთქმება უდროობისა და უსივრცობის  დღესასწაულში.

საგულისხმოა, რომ ამ რეცეპტის საიდუმლო მხოლოდ ქალებმა იციან _ მას შემდეგ, რაც ის შოკოლადის ფაბრიკანტმა შექმნა, მისგან მისმა ქალიშვილმა _ სტასიამ იმემკვიდრევა, სტასიასგან კი დანარჩენმა ქალებმა აითვისეს _ ზოგმა ლეგალურად და ზოგმაც უკანონოდ. მთავარი ისაა, რომ ეს რეცეპტი ყველა თაობის „ხარისხის ნიშანია“, ბედისწერის ხაზია, რომელზეც შესაშური ლოგიკით ლაგდება ერთი შეხედვით უწესრიგო და ულოგიკო სიტუაციები.

ქალები ‑ „მერვე სიცოცხლის“ უმთავრესი ძალაა. ჯაშების ექვსივე თაობაში იბადებიან სრულიად უნიკალური, მკაფიო სახასიათო შტრიხების მქონე, ძლიერი ქალები. ისინი მთელ პლანეტაზე მოგზაურობენ _ ქმრებს და შვილებს ადევნებულები, რეპრესირებულები, გადარჩენისთვის გადახვეწილები; მათი აწყვეტილი ძალა და ვნება, ზოგჯერ საკუთარი თავის წინააღმდეგაც მიმართული, აძლებინებთ იყვნენ ერთდროულად ცხოვრების შუაგულშიც და მის კიდეშიც _ როგორც მაყურებლები და დამკვირვებლები. მათი ბრძოლისუნარიანობა გადამდებია, ისინი ერთმანეთს აჩენენ და რა გასაკვირიც უნდა იყოს, მათი ეს „ექსკლუზიური გენური მუხტი“ არათუ იწრიტება, არამედ დროის სპირალის ყოველ ახალ წრეზე რაღაც ახალი ელემენტით იხსნება და ძლიერდება, სიცოცხლისთვის ყველაზე საჭირო და არსებითი ელემენტით.

სიცოცხლე _ აი, სიტყვა, რომელიც ამ გმირების, შესაბამისად _ ამ წიგნის მთავარი რელიგიაა, ფილოსოფიაა, საზრისია. მას ანტიკური შინაარსიც აქვს და ულტრათანამედროვე ხასიათიც. ამ რომანში მას ისე ეძებენ, ისე ეწაფებიან, როგორც „ირემი მწყურვალი წყაროსა წყლისასა“ (42-ე ფსალმუნი); ესაა იდეა, რომელსაც ყველა და ყველაფერი ეწირება, გენერალისიმუსის (სტალინი) და პატარა დიდი კაცის (ლავრენტი ბერია) ანტიადამიანური სისტემის მსხვერპლთაგან დაწყებული, წმინდა ადამიანური, პირადი, ოჯახური თუ ნათესაური კონფლიქტების მონაწილეებით დამთავრებული. სიცოცხლის იდეა მთელი საუკუნის იდეაა, ის ზღვრული ჭეშმარიტებაა, რომელმაც მასზე „უმაღლესი“ გამოდევნა სამყაროდან _ ღმერთი. ამ წიგნში, როგორც საუკუნის, ეპოქის ტექსტურ ანაბეჭდში, ღმერთის ადგილი არ არის. ის თითქოს პენსიაზეა გასული და ადამიანების ვნებებში აღარ ერევა, ან, უფრო ლოგიკურად თუ ვიტყვით _ ის ჯვარცმულია, დედამიწის კიდეში, ხის ჯვარზეა გაკრული და ჯერაც არავის ჩამოუხსნია, არ დაუფლავს, შესაბამისად  _ აღდგომა კიდევ დიდიხნით დაიგვიანებს…

ამ რომანში ყველა რელიგიური (ქრისტიანული) აქტი ადამიანებმა „გადმოაწყვეს“ ყოფაში, „ჭერიდან ჩამოიღეს“ ყველა საჭირო რეკვიზიტი და ცხოვრებას შეუდგნენ, თითქოს საჩვენებელ ცხოვრებას _ სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი, გინდ ბოროტებაში და გინდ სიყვარულში, ამ თამაშში კი თავად იქცნენ საკუთარი წარმოდგენის მძევლებადაც, რადგან მათდა გასაკვირად, მათივე შესაძლებლობები იმაზე იგავმიუწვდომელი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ…

სიცოცხლის დიალექტიკა თავისთავშივე შობს ნუგეშსაც და რწმენასაც, ამიტომ, ამ რომანში არის ნუგეშიც და რწმენაც, თვითონ სათაურიდან გამომდინარე, მერვე სიცოცხლე უკვე შანსია, ახალი შესაძლებლობაა, რომელიც თინეიჯერმა გოგონამ _ ბრილკამ, ცხოვრებასთან ომში უნდა გამოიყენოს, მაგრამ ამავე დროს ის საფრთხეცაა, რომელთან ბრძოლაშიც ხშირად ეს ადამიანური ნუგეში და რწმენა საკმარისი აღარაა. ამიტომ, ჩემი ფიქრით, „მერვე სიცოცხლე“ სასტიკი წიგნია, სადაც ვირტუოზული ოსტატობით ყველაზე მწარე რამ ადამიანისთვის _ სინამდვილეა აღწერილი. ეს სინამდვილე პირადად ჩემში განგაშსაც ტეხს. განგაში კი სიფხიზლის, მღვიძარების იმპულსია. სიცოცხლის ყველაზე მკაფიო გამოვლინების იმპულსი.

„მერვე სიცოცხლე“-მ ევროპელ მკითხველს საქართველო გააცნო. როგორც ვიცი, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრს გაუჩნდა ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის სურვილი, ბევრი დაინტერესდა ჩვენი ისტორიით. ამ მშვენიერ ვითარებაში კი ჩვენ, ქართველებს, თვითტკბობის უფლება მაინც არ გვაქვს, რადგან თუკი ვინმემ უნდა წაიკითხოს ეს რომანი ყურადღებით, სწორედ ჩვენ. აქ ჩვენი ეთნო-და ეროვნული კარდიოგრამაა, ჩვენი ბობოქარი თავგადასავალია მოთხრობილი, ყველა (მათ შორის არასახარბიელო, არა საამაყო) ნიუანსით. ილია ჭავჭავაძის არ იყოს, „კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილშიც რაოდენი სიყვარულია“-ო, ზუსტად ასეთი სიყვარულითაა დანახული მთელი ჩვენი უახლესი წარსული, ის შეცდომები, „სისუსტეები“ და დანაშაულებები, რამაც ამ წარსულის ტრაგიკული ბედი განსაზღვრა და დღემდე ვიმკით მძიმე შედეგებს. უფრო სწორად, დღემდე ამ „ხასიათში“ ვართ, ამ მოცემულობებში, რადგან, როგორც ჩანს, ასეთია ჩვენი ეთნოფსიქიკა, ჩვენი უცნაური დამოკიდებულება სამყაროსთან.

ამ ტრაგიკულ აქცენტებში კი ნინო ხარატიშვილი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს რუსეთთან დამოკიდებულებას გულისხმობს. ეს კონფლიქტი _ საქართველოსა და მეზობელ იმპერიას შორის _  ოქროს გასაღებია ჩვენი უახლესი ისტორიისა, მეტიც _ აწმყოსი და მომავლისაც. „მართლა ძალიან ჭკვიანურად განსაჯა მამიკო რუსეთმა, ბრილკა, როცა თავის პატარა, თავნება, ცოტა არ იყოს, თავაშვებულ შვილიკო საქართველოს ყველა სისუსტე წააქეზა და და სიძლიერედ შერაცხა, რადგან შვილმა შეიფერა, დაიჯერა, რომ მამას აჯობა ეშმაკობით, მის ძალაუფლებას დაუსხლტა, და ვერც კი შეამჩნია _ ისე ცდილობდა, მამის სიყვარული და შექება დაემსახურებინა _ როგორ იქცა ნამდვილ მეძავად“.

სხვაც ბევრი „თვალისმომჭრელი“ სიმართლე შეგეჩეხებათ, ყველაფერს კარგად უნდა დააკვირდეთ, ყველა დეტალი ამოიცნოთ და გაიაზროთ. ხომ გეუბნებით _ „მერვე სიცოცხლე“ სასტიკი წიგნია, და ეს „სისასტიკე“ ყველაზე სწორი წამალია ათასი ომით დაჭრილი ჩვენი ეროვნული თვითშემეცნებისათვის. ასეთ სიმართლეებს მხოლოდ მწერლები ბედავენ ხოლმე. მით უფრო, თუ ისინი „დისტანციიდან“ ხედავენ და აღიქვამენ მთავარ სურათს, ეს მანძილი კი სწორედ მათი მტკივნეული და საბედისწერო სიყვარულის თანაფარდია. რომანის მთავარი მთხრობელი _ ნიცა ჯაში, ავტორის ერთგვარი პროტოტიპია, და ის ბრილკასთვის მიწერილ წერილში _ მათი ოჯახის თავგადასავალში _ საკუთარი ქვეყნის, სახლის, მიწის მიმართ ამ განწირულ და ვერაფრით ჩანაცვლებულ სიყვარულზეც საუბრობს…

„მერვე სიცოცხლე“ ის რომანია, რომელზეც უამრავი რაიმეს თქმა შეიძლება და აუცილებელიცაა. მასზე ბევრი წერილი დაიწერება და ბევრი დაინტერესდება ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნით, რომელიც სიცოცხლეს ყველა წამკითხველში გააგრძელებს, ვინც ამ მარადიულ ვნებებში და ომებში საკუთარ თავს ამოიცნობს, ვინც მოჯადოებული წრის გარღვევას და სამყაროში რაღაცის სიკეთისკენ შეცვლას მოინდომებს.

სასწავლო აქტივობა – სასკოლო სპექტაკლი და „ილის ქალაქი“

0

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სასკოლო სპექტაკლის შესახებ პირადი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამიჩნდებოდა. ჯერ ერთი, რომ ჩემი სკოლის წლებიდან  სათანადო გამოცდილება არ მქონდა, ვალდებულების მოსახდელად ჩატარებული ღონისძიებები კი ქმედების სურვილს მიკლავს. არადა, სემესტრული ღონისძიებები მასწავლებლის ვალდებულებათა ნუსხას ამძიმებს და ცხოვრებას ართულებს. აი, სწორედ სიტყვა „რთული“ უნდა დავივიწყოთ, შევცვალოთ სიტყვით „სიამოვნება“ და ისე განვაგრძოთ თხრობა.

სასკოლო სპექტაკლისადმი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება მასწავლებლობისას გამიჩნდა. თავიდან გაბედვა იყო ძნელი, შედეგმა კი იმდენად წამახალისა, რომ სპექტაკლები სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ნებისმიერი არაფორმალური სასწავლო აქტივობა მაშინ არის შედეგიანი, თუ ის ფორმალური სწავლების გაგრძელებაა. ამგვარი ბუნებრივი ბმა მოსწავლეებისთვისაც სტიმულის მიმცემია. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მთავარია, სასკოლო  სპექტაკლი მასწავლებელმა სასიხარულო მოვლენად აქციოს, ერთ დიდ და განსაკუთრებულ თავგადასავლად, რომელშიც თითოეული მოსწავლე თავის როლს ასრულებს.

ბავშვებისთვის სპექტაკლი  სასწავლო აქტივობებს შორის გამორჩეული მრავალი მიზეზის გამოა:

  • ახალ ცოდნას იძენენ და რადგან დასწავლა სხვადასხვა გზით ხდება, ცოდნაც უფრო მყარია;
  • სპექტაკლისთვის დახარჯული დრო დაუვიწყარი ხდება და ურთიერთობებს განსაკუთრებულად ამდიდრებს;
  • პრობლემების მართვას და ერთმანეთისადმი გულისხმიერ მოპყრობას სწავლობენ;
  • შემოქმედებითი უნარები უვითარდებათ;
  • საკუთარ შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევათ;
  • და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს უკეთესად იცნობენ და უფრო მეტად უყვარდებათ.

აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ: რა თქმა უნდა, თუ სწორად წარვმართავთ პროცესს. ვგულიხმობ, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებას, ინდივიდუალური მიდგომის საჭიროებას და ბავშვებისთვის სიხარულის ჩუქებას.

შევეცდები ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ და ერთი კონკრეტული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის შესახებ დაწვრილებით გიამბოთ.

თემის შერჩევა

სპექტაკლისთვის თემის შერჩევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ რომელიმე მწერლის შემოქმედების ახლოს გაცნობას, შემდეგ კი ვარჩევთ ერთ მთავარ თემას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა დაინახონ ბმა საკუთარ ცხოვრებასა და სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს შორის.

ნორვეგიელი მწერლის, თუბიორნ ეგნერის „ილის ქალაქის“ მიხედვით სპექტაკლის დადგმის სურვილი  კითხვის პროცესშივე გამიჩნდა. მთავარ თემად შევარჩიე ერთიანობა, რითაც ილის ქალაქელები თავს დაგამახსოვრებთ. მწერალს ძალიან უყვარს თავისი ყველა პერსონაჟი და ეს სიყვარული მკითხველისთვისაც გადამდებია. თქვენც მთელი გულით შეგიყვარდებათ მოხუცი ტობიასი, პოლიციის უფროსი ბასტიანი, ვატმანი სივერსენი, დეიდა სოფიე, ციცქნა კამომილა თუ პატარა ბიჭი რემო. ქალაქის მყუდროების დამრღვევ ყაჩაღებზეც გული რომ შეგივარდებათ, მაშინ აუცილებლად დაფიქრდებით ნორვეგიული სამართლის ჰუმანურობაზე. ილის ქალაქელები სულ მღერიან – სიხარულსაც და ბრაზსაც სიმღერით გამოხატავენ, დღესასწაულებს აწყობენ, ყაჩაღების გამოსწორებას ცდილობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ. მეორეკლასელებისთვის ნამდვილად გადამდები აღმოჩნდა წიგნის მთავარი მუხტი, რომელმაც გვაჩუქა ამაღლებული განწყობა, მხიარულება, ურთიერთდახმარების სურვილი.

პირველი კლასის დასრულებისას მშობლებს საზაფხულო დავალებად ვთხოვე „ილის ქალაქის“ წაკითხვა. პირადი მაგალითი ყოველთვის ჯადოსნურად მოქმედებს, თან კითხვა თამაშად ვაქციეთ და პარალელურად  „წაიკითხე ჩემი წიგნის“ ფარგლებში მშობლები ბავშვებისთვის არშიებზე მინაწერებს ტოვებდნენ. ამგვარმა ქმედებამ ბავშვების ინტერესი გააღვივა და „ილის ქალაქი“ ახსნებთ დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ზაფხულის მშვენიერ დღეებს.

 

ეროვნული სასწავლო გეგმა

რადგან ტექსტის მოშინაურება აუცილებელია, ამიტომ ეროვნულ სასწავლო გეგმასაც ვითვალისწინებთ და მავალმხრივ ვმუშაობთ, მაგალითად: ხმამაღალი კითხვით ტექსტს ვეცნობით, მთავარი პერსონაჟების ირგვლივ გმირის რუკას ვქმნით, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად უცხო სიტყვებს ვაკვირდებით, წინადადებებს ვადგენთ, კონკრეტულ ეპიზოდებს განვიხილავთ და ვმსჯელობთ. ასე რომ, არც სინდისის ქენჯნა შეგვაწუხებს, რომ სასწავლო პროგრამას ყურადღებას ვაკლებთ და ამასთანავე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გამიზნულ შედეგებსაც მივაღწევთ.

სცენარი

სცენარის დაწერა საკმაოდ შრომატევადია. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ერთხელაც დავჯდე, ღრმად ამოვისუნთქო და წერას შევუდგე. მერე კი ყოველივე თავისით მიედინება. სცენარის დაწერისას ვითვალისწინებთ კლასის ხასიათს, ბავშვების ასაკსა და რაოდენობას. „ილის ქალაქი“ იმდენად მსუყე ტექსტია, შეიძლება წერის პროცესმა გაგვიტაცოს და იმაზე ვრცელი სცენარი დავწეროთ, ვიდრე ამას ბავშვების ასაკი და სპექტაკლის ხანგრძლივობა გვკარნახობს,  ამიტომ სამიზნე სცენად ილის ქალაქის ერთიანობისა და ყაჩაღების ამბავი შევარჩიე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექსტი  სავსეა სალომე ბენიძის მიერ თარგმნილი ლექსებით, რაც კიდევ უფრო ახალისებს წარმოდგენას და ამასთანავე, ლექსები სპექტაკლის მთავარ ღერძად ვაქციეთ.

როგორც წესი, სცენარი საჭიროების მიხედვით რეპეტიციებისას თუ როლების გადანაწილებისას დროდადრო იცვლება, რაც ასევე ბუნებრივია.

მუსიკა

მუსიკა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი სპექტაკლის დადგმისას. მისი შერჩევაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როგორც წესი, დახმარებისთვის მელომან მეგობრებს მივმართავ ხოლმე.

„ილის ქალაქის“ ლექსებმა მიუზიკლის დადგმის იდეა დაბადა, რომლის განხორციელებაში ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი დაგვეხმარა. ვიქტორიამ თითოეული ლექსისთვის მელოდია  საგულდაგულოდ შეარჩია, ლექსები მუსიკის გაკვეთილებზე  სიმღერებად გადააქცია და სპექტაკლისთვის მზადება კიდევ უფრო მხიარული გახდა. შენიშვნის სახით უნდა დავურთოთ, რომ დიდტანიანი ლექსები მეორეკლასელთათვის საკმაოდ შევამოკლეთ.

როლების გადანაწილება

ყველა ნაწარმოების თეატრალურ წარმოდგენად გადაქცევა შეუძლებელია, ამიტომ თემის შერჩევისას იმის გათვალისწინებაც გვიწევს, რამდენად შეხვდება თითოეულ მოსწავლეს როლი. „ილის ქალაქი“ ამ მხრივ განსაკუთრებული ტექსტია. ბიჭებისთვის როლები ჭარბად აღმოგვაჩნდა და გადანაწილებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, გოგონებისთვის კი როლების გამოგონება მოგვიწია, მაგალითად, ვირი, სპილო, თუთიყუში, ცხენი მთხრობელ პერსონაჟებად ვაქციეთ, როლები ბარათებზე ჩამოვწერეთ და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გულისწყვეტა თავიდან ავიცილეთ .

 

რეპეტიციები

სამი კვირა დაგვჭირდა რეპეტიციისთვის. ძირითადად ქართულის გაკვეთილები დავუთმეთ, თუმცა გახანგრძლივებულის დრო და მუსიკის გაკვეთილებიც გამოვიყენეთ. როგორც წესი, რეპეტიცია უზარმაზარ ენერგიას ითხოვს, რადგან თავისუფალი გარემო ხმაურსა და არეულობას იწვევს. ერთმანეთის ლოდინიც საკმაოდ დამღლელია. ჩემი დაკვირვებით, ხმაურის გამო დარდი არ ღირს, რადგან ერთმანეთის მოსმენა და ყურება, თუნდაც ყურადღების  მოდუნების ფონზე,  თავის კვალს ტოვებს.

ყველაზე მთავარი მიზანი ამ დროს განსხვავებულ სიტუაციაში ერთად გატარებული დროა. გაკვეთილზე თუ ყურადღების მაქსიმალური დაძაბვა სჭირდებათ წერა-კითხვისთვის, სპექტაკლის რეპეტიციებისას პატარა ადამიანის სხეული თუ შინაგანი სამყარო სხვაგვარად იწყებს მომართვას.

რეკვიზიტები

განსაკუთრებული ხალისით იწყებენ ფიქრსა და მსჯელობას, როცა რეკვიზიტების შერჩევის დრო დგება. ჩვენც ერთად ჩამოვწერეთ საჭირო ნივთები: ჭოგრიტი, ტომარა, თოკი, ქოლგები, ჯაგრისები ყაჩაღების გასახეხად და კიდევ ათასი რამ. ერთი კვირით ადრე შევატყობინეთ მშობლებს და სამზადისმა განწყობაც აგვიმაღლა.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, თუ როგორი მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა რეკვიზიტების დამზადებისას თუ საჭირო ფორმების შერჩევისას. ჩვენს სპექტაკლს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა პატარა გოგოს დედ-მამის მიერ დამზადებული მოხუცი ტობიასის კოშკურა და ყაჩაღების სახლი.

აფიშა, მოსაწვევი ბარათები, სტუმრები

სადღესასწაულო განწყობის შექმნას აფიშისა და მოსაწვევი ბართების დამზადებით ვიწყებთ, თან ეროვნულ სასწავლო გეგმას ვუკავშირებთ და მრავალმხრივად ვავითარებთ მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს (ვიზუალური მეხსიერება, სემიოტიკური აზროვნება…). მოსაწვევი ბარათების შექმნისას სწავლობენ ყურადღების გამოხატვასა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას. იმის მიუხედავად, რომ დიდ დროს სკოლაში ატარებენ, შეიძლება წლების განმავლობაში არ იცნობდნენ პარალელურ კლასელს, რომელთანაც ერთი კედელი ჰყოფთ. ასევე ყურადღების გამოჩენა სკოლის სოციუმის სხვა წევრებისადმი (დამლაგებელი, ექიმი, ბიბლიოთეკარი მანდატური, სასწავლო ნაწილი, საქმეთა მმართველი, დირექტორი) მოსწავლეთა სოციალურ პასუხისმგებლობას გაზრდის.

აფიშის დამზადების შესახებ აქვე მინდა გირჩიოთ ერთი არაჩვეულებრივი რესურსი კითხვის ეფექტური მეთოდების კრებულიდან

სპექტაკლის დღე

წიგნის მოშინაურების, რეპეტიციების, ფუსფუსისა და სასიამოვნო მოლოდინის შემდეგ სპექტაკლის დღეც გათენდა. სტუმრად მოვიწვიეთ მთარგმნელი, თამარ კვიჟინაძე. მისი არაჩვეულებრივი თარგმანი რომ არა, „ილის ქალაქი“ ასე ძალიან არ შეგვიყვარდებოდა, თან მთარგმნელისადმი მადლიერების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა ვიქტორია მასწავლებლის მიერ შერჩეული მუსიკის ფონზე ვაგრძელებ წერას და იმ დღის შეგრძნებები ცოცხლდებიან. პირველ რიგში, რაც ამოტივტივებას იწყებს რვა წლის ადამიანების თვალების ბრჭყვიალი და სიცილია; შემდეგ ჩაბნელებული დარბაზიდან წამოსული დადებითი მუხტი; მერე მახსენდება ბავშვების სინქრონული ქმედებები, რომლებიც მთავარი რეპეტიციის დროსაც მიუღწევლად მეჩვენებოდა.

ვიქტორია მასწავლებლის მუსიკალური ჩართვები კიდევ უფრო მეტ დინამიკას მატებდა სპექტაკლს. მოულოდნელობებიც ვერ ავირიდეთ თავიდან, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად სწორედ ამგვარი ამბები უხდება სპექტაკლს: ხან ტობიასის ჭოგრიტი დაიკარგა, ხან – დეიდა სოფიეს ჯაგრისი, ბოლოს კოშკურაც გადაყირავდა, მაგრამ ყველაფერს მარტივად გაართვეს თავი, რადგან წინასწარ სიტუაციურ ამოცანებზეც ვივარჯიშეთ და პრობლემების მართვაზეც ბევრი ვისაუბრეთ.

რაც ყველაზე მთავარია, სპექტაკლი ყველასთვის დიდ სიხარულად იქცა. ყველამ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება და ყველამ ერთად სტუმრებს დიდი მხიარულება ვაჩუქეთ. ბავშვები იმდენად თავისუფლები იყვნენ, რომ სცენრისა თუ მოვლენების თვალის მიდევნების პარალელურად მეც გულიანად ვიცინოდი.

 

წერილები აფხაზეთის თემაზე – გურამ ოდიშარიას რომანი „სოხუმში დაბრუნება“

0

ერთხელ კახა ჯამბურიამ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გურამ ოდიშარიას მიერ აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი“ წარმოადგინა. იმ დღეს გავიგე პირველად გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნების“ შესახებაც. დავინტერესდი რომანით და მას ვერც წიგნების მაღაზიებში მივაგენი და ვერც ნაცნობ-მეგობრებში. ჩემმა აფხაზეთიდან დევნილმა სტუდენტმა მითხრა, მაგ წიგნს ვერ იშოვით, გარდაცვლილებს ატანენ ჩვენებიო… ამის გაგონებამ შემზარა. ალბათ ნობელის, გონკურის, ყველა პრესტიჟულ ლიტერატურულ პრიზზე უფრო დიდი შეფასება ესაა…

გავიდა დრო და რომანი კიდევ გამოიცა. მაშინ მივხვდი, ჩემი ნება რომ იყოს, სავალდებულოს გავხდიდი იმ აფხაზი და ქართველი მწერლების ნაწამოებებიდან თუნდაც ამონარიდების პროგრამაში შეტანას, რომლებიც ზედმეტი პათეკიტიკის, სიყალბის გარეშე აანალიზებენ მომხდარს და აუდიტორიას დააფიქრებენ თავსგადამხდარ უბედურებაზე. ერთგან „ღამის ნაპირში“ დაურ ნაჭყებია ჰყვება, როგორ უამბობს აფხაზი ბაბუა, რომელმაც ომში დაკარგა ვაჟიშვილი, შვილიშვილს ძილის წინ მგლის ამბავს, რომელსაც კლავენ. ყოველ საღამოს მგელი კვდება და მას არანაირი შანსი არა აქვს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს და გადარჩეს. ამ ამბის ალეგორია გასაგებია. მწერალს ტკივა, რომ წარმოუდგენელია წარსული თავიდან გაიმეორო და ახალ ვარიანტში დაღუპული ვაჟიშვილი ცოცხალი იყოს, ე.ი. არ დაიწყოს ომი. წარსული ისტორიას ჩაბარდა და მისი შეცვლა, ვაი რომ, აღარ შეიძლება.

ჩემი მოსწავლე თემიკო რევიშვილი საკვლევ თემას რომ ირჩევდა, შევთავაზე, გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“ აერჩია. როდესაც თემიკომ რომანი წაიკითხა, რას მერჩოდითო, მისაყვედურა. საყვედური კი იმის გამო მივიღე, რომ რომანი უმძიმესი წასაკითხია. მაგრამ უმძიმესი წასაკითხი რომანი მასში მოთხრობილი მოგონებების გამოა, თორემ ტექნიკური თვალსაზრისით, გურამ ოდიშარიამ მოახერხა, საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტის წყალობით და ნაწარმოების განსხვავებული კომპოზიციით რომანში გადმოცემული უღელტეხილზე დევნილთა გადმოსვლის უმძიმესი ისტორიები და მათი თბილისში დამკვიდრების არანაკლებად მძიმე ამბები მშვიდობიანი სოხუმის შესახებ მოგონებებით გაეგრძელებინა და ამით მკითხველი დაენდო, მისთვის კითხვის პროცესი შეემსუბუქებინა. იმის გამო, რომ თხრობა მწერლისა და მისი ახლობელ-მეგობრების, უბრალო ნაცნობების მოგონებებზეა დაფუძნებული, შემდეგ კი ამ მოგონებებს ავტორის სუბიექტური ანალიზი ენაცვლება, შეიძლება ითქვას, რომ თხრობის ამგვარი სტილი სრულიად ახალია ქართული ლიტერატურისთვის. მე ვიტყოდი, რომ კოლაჟისა და მონტაჟის რეტროსპექტივისა და უწყვეტი თხრობის მონაცვლებით ნაწარმოები საინტერესო ხდება არა მარტო დოკუმენტური ამბებით, არამედ მწერლური ტექნიკის თვალსაზრისითაც. მწერლის ღირსებად მიმაჩნია ისიც, რომ ის არსად არცერთი სიტყვით არ გამოთქვამს საყვედურს არც აფხაზების, არც ქართველი მარადიორების და არც არასტუმართმოყვარე თბილისელების მისამართით. ის ყვება ამბებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე ამხილოს, არამედ იმიტომ, რომ იქვე გვერდით სიკეთეზე მოყვეს. ის ბრალდებულებსა და დამნაშავეებს კი არ ეძებს, ის დამდგარი რეალობისთვის თვალის გასწორებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ აფხაზეთში დარჩენილი მისი ნაცნობებიც, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი იცის და ძალიან ენატრება მათი სიყმაწვილის საერთო ქალაქთან ერთად, ასევე ფიქრობენ.

გთავაზობთ თემიკოს კვლევიდან რამდენიმე მონაკვეთს (თუ რომანი არ წაგიკითხავთ, ეგებ ასე მაინც დაგაინტერესოთ და დაგითანხმოთ, წასაკითხად მისცეთ თქვენს მოსწავლეებსაც):

ომის თემა არც ისე გამოკვეთილია ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში. თუ არ ჩავთვლით ისტორიულ ნაწერებსა და ფოლკლორულ საისტორიო-საგმირო პოეზიას, ომის ამბები რატომღაც შედარებით უინტერესოა ქართველი მწერლებისათვის. მაგრამ მეოცე საუკუნეში ქართული ლიტერატურაც, სხვა ქვეყნების ლიტერატურების მსგავსად, აქტიურად ყვება ომის ამბებზე. მაგრამ ეს ამბები შეპირისპირებული არაა მშვიდობასთან. ამ კუთხით ჩემთვის აღმოჩენა იყო გურამ ოდიშარიას რომანი „სოხუმში დაბრუნება“, რომელშც მონაცვლეობითაა წარმოდგენილი თბილი ფერადი მოგონებები ომამდელ მშვიდობიან სოხუმზე, ცივი ფერებმოკლებული მოგონებები ომის შემდგომ „მშვიდობიან“ თბილისზე და შავ-თეთრი ამბები მწერლისა და მისი ნაცნობების მოგონებებიდან, რომლებიც უღელტეხილზე გადმოსვლას უკავშირდება.

ომამდელი სოხუმის აღწერის დროს რომანში ჭარბობს მშვიდობიანი ქალაქისთვის დამახასიათებელი ეპიზოდები. ჩვენს გონებაში იხატება მშვიდობიანი, კოხტა, აუღელვებელი, მეგობრული და სინათლით გაბრწყინებული სოხუმი, ქალაქი, რომელიც ასეთი საყვარელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება არა მარტო მწერლისთვის, არამედ ბევრი ქართველისთვის. და არა აქვს მნიშვნელობა იმას, ნამყოფი ხარ თუ არა ომამდელ სოხუმში, გისეირნია თუ არა გაგრის კოპწია ქუჩებში, ხვდები, რომ ადგილები შენთვისაც მნიშვნელოვანი ხდება და იმედი გიჩნდება, რომ ეს გრძნობა საერთო გახდება არაქართველისთვისაც და იმის მოლოდინიც გიღვივდება, რომ, თუკი აფხაზი წაიკითხვს რომანს, მასაც დაწყდება გული, რომ რაღაც დიდი დაკარგა და ეს დანაკარგი მონაპოვარზე ბევრად მეტია. ეს განწყობა მკითხველს ჯერ კიდევ ტექსტის დასაწყისში ეუფლება, მაშინ, როდესაც გურამ ოდიშარია თავის სიზმრებზე გვიყვება და ამბობს, რომ ყოველთვის ესიზმრება მას სოხუმი, მაგრამ არა ომის დროინდელი, არამედ ის ძველი და ხალისიანი, ლაღი და მეგობრული სოხუმი, რომელიც მან წლების წინ იძულებით დატოვა. კითხულობ სტრიქონებს, ფურცლავ გვერდებს და აკვიატებული ფიქრი არ გშორდება: ნეტა აფხაზიც ასეა? ნეტა მასაც ესიზმრება ომამდელი ქალაქი, სადაც ქართველთა სახეები ჩანს, სადაც ქართული ხმებიც ისმის. სწორედ ამ სიზმრებში გაცოცხლებული კადრების დეტალური აღწერა გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ სოხუმის ერთიანი სურათი,  რათა შედგომში უკეთ გავაანალიზოთ, როგორი აშენებული და აყვავებული ქალაქი გაასწორა მიწასთან ომმა, საიდან სად აღმოჩნდა სოხუმელი ხალხი,  როგორი მოულოდნელიიყო ასობით ნაცნობისა თუ ნათესავის დაკარგვა და რამდენად შოკისმომგვრელი„საჩუქარი“ გაუკეთა მშვიდობიან მოქალაქეებს განგებამ.

ეს სწრაფი „მანევრირება“ მშვიდობასა და ომს შორის გვანახებს, თუ რაოდენ დამაბნეველი აღმოჩნდა ყველასთვის შექმნილი ვითარება. ავტორთან და რომანის პერსონაჟებთან ერთად იბნევა მკითხველიც, თუმცა მწერლის მცდელობას, გააანალიზოს მომხდარი, მიჰყვება და მასთან ერთად არ იშურებს ძალისხმევას გაარკვიოს, როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები ასე უცებ მშვიდობიანი ქალაქიდან ომის ეპიცენტრში. ეგებ არც ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, როგორც მას დაარქვეს. ეგებ არც ისე მოულოდნელი იყო, როცა სოხუმი ნანგრევებად იქცა, ბედნიერებას ჩაენაცვლა უბედურება, სიცილს გლოვა, ხალისს შიშ. ძნელია პირველ ეტაპზე, ჯერ კიდევ შოკიდან ვერგამოსულმა გააცნობიერო, რომ ინგრევა არა მარტო საცხოვრებელი შენობები, დაწესებულებები, კულტურული, ისტორიული ძეგლები, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, იხოცება ხალხი, არამედ ქვებთან და აგურებთან, ადამიანების სიცოცხლესთან ერთად ირღვევა ურთიერთობები. ამიტომაცაა, რომ ამ ყველაფრის შემდეგაც ელდანაკრავი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ან ვერ ტოვებს ქალაქს. ფიქრით მაინც. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ ისინი შეძლებენ ქალაქის დაბრუნებას. თუმცა ეს იმედიც თანდათან ილევა. გურამ ოდიშარიას სწორედ მშვიდობიანი ქალაქის აღწერით მიჰყავს თავისი მკითხველი მთავარ სათქმელამდე: შესაძლოა, ამოიყვანო კედლები, ხელახლა ააგო ხიდები, ააშენო ნაგებობები, მაგრამ, თუ კავშირი გაწყდება, თუ ურთიერთობა დაირღვევა, ვეღარასოდეს დაბრუნდება ქალაქი. ქალაქი ხომ მარტო კედლები არ არის…

უღელტეხილის ამბები ალბათ ყველაზე უფრო მძიმედ წასაკითხია რომანში, რადგან მწერალი არ ალამაზებს სინამდვილეს, არ ინდობს მკითხველს და შემზარავ ამბებს ისე ყვება, თითქოს არც იცოდეს, რომ მის მიერ მოთხრობილ თითოეულ ტრაგიკულ ისტორიაზე დამოუკიდებელი მოთხრობა დაიწერებოდა. ავტორმა თითქმის სრული სიზუსტით გადმოგვცა ის შემაძრწუნებელი მოვლენები, რომლებიც საკუთარი თვალით იხილა და არც შეალამაზა და არც გაამძაფრა სათქმელი; მაგრამ სასტიკი ამბების ფონზე რამდენიმე ისეთი ამბავიც ჩაურთო, რომ მკითხველს ადამიანურობის რწმენა საბოლოოდ არ დაეკარგა. ეს კეთილი ამბები სინამდვილეში ამბებიც არაა, უფრო დეტალებია (მაგ. როგორ ეხმარება მოხუცი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიარულისას), მაგრამ სწორედ ეს დეტალები ავსებს თხრობას ფერებით. ამ დეტალების გარეშე კომპოზიცია იმდენად დამძიმდებოდა, რომ მკითხველს თვალი/გული/გონება ისე დაეღლებოდა, ნაწარმოების გვერდზე გადადება მოუნდებოდა. თუმცა უმძიმესი ამბები ისე კარგადაა დაწერილი, რომ მკითხველი პერსონაჟებთან ერთად გრნობს გზის სირთულეს, თოვლის სუსხი ავიწყებს მის სისპეტაკეს, მგზავრების გახშირებული სუნთქვის ხმა ესმის, და ხვდება, როგორ ძნელდება სიარული. და ამ ყველაფრის ფონზე გულისმომკვლელი დეტალები: ქმარი ლოდზე გაყინულ ცოლს ნახულობს; დედას ეტლში ორი ჩვილი ეყინება, მოხუც ცოლს კიდევ უფრო მოხუცი ქმარი ხელებს უთბობს, თუმცა ქალის თვალები უკვე ზეცაშია აპყრობილი; ახალგაზრდა ვაჟი დედას გზის გაგრძელებას თხოვს, მაგრამ ძალაგამოცლილი ქალი ვაჟს არ ტოვებს და ეხუტება – ცოტახანში ორივე მათგანს გაყინულს პოულობენ… და ამ დროს ახალი დეტალი, რომელიც დეტალზე უფრო მეტია: ყაჩაღები. როცა უკვე ყველა „ბედნიერია“, როცა ყველას ჰგონია, რომ განსაცდელი დაძლია და უღელტეხილი გადალახა, ჩნდება ახალი საფრთხე – ნაძირალა ადამიანები, ყაჩაღები, რომლებიც დაღლილ-დაქანცულ ხალხს თავს ესხმიან, სიმწრით გამონატარებ ნივთებს ართმევენ ისედაც გაუბედურებულ ადამიანებს და სხვის ჭირზე აგებენ თავიანთ „ბედნიერებას“.

ომის შემდგომი თბილისი უსახური, ცივი, ნაცრისფერი, უსალმო და არასტუმართმოყვარეა დევნილთა მოგონებებში (გურამ ოდიშარია სიტყვა „დევილის“ ნაცვლად „ლტოლვილს“ იყენებს. უცნაურია, მაგრამ ომგამოვლილი ხალხი მწარე რეალობას აწყდება: ამ ქალაქში (ისევე როგორც მთელ ქვეყანაში) მშვიდობა სუფევს. მაგრამ ვაი ასეთ მშვიდობას! მშვიდობა ხანდახან ომზე ნაკლებად საშიში არაა.

თბილისური ამბებისგან შქმნილ კოლაჟში მრავალჯერ ვხვდებით ისეთ უბედურებას, როგორიცაა სიკვდილი. ოღონდ ეს სიკვდილი ბუნებრივი სიკვდილისგან განსხვავებულია, რადგან ამ სიკვდილს თვითმკვლელობა ჰქვია. და სად ხდება თვითმკვლელობა? „მშვიდობიან“ თბილისში. ვინ იკლავს თავს? უღელტეხილგამოვლილი დევნილი, რომელსაც თითქოს აღარაფერი უნდა უკვირდეს, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს ჭირში. მშვიდობიან თბილისში დევნილებს გაუსაძლისი ყოფის – უკვე ერთფეროვანი რომ გამხდარა, ულევი პრობლემების და ახალ-ახალი დამამცირებელი გასაჭირის ატანა აღარ შეუძლიათ. ახლობლებს, თუკი ასეთები შერჩათ, თვალს ვეღარ უსწორებენ და თვითმკვლელობაში ეძებენ გამოსავალს. მაგრამ დევნილთა უმეტესობას თვითმკვლელობის ფუფუნებაც კი არ აქვთ ცოლ-შვილის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გამო. თბილისი მუდმივად მუქ ფერებშია აღწერილი, განსხვავებით სოხუმისგან, რომელიც დაეცა, მაგრამ მაინც არაა მწერლისთვის მუქი და სინათლითაა გავსებული. განსხვავებით სოხუმისგან, თბილისში ხდება ცუდად მოსასმენი ამბები, ხოლო სოხუმში სულ მხიარულების ხმა ისმის. შესაძლოა, ამ მხიარულებასა და სინათლეში ვერ გაარჩიეს ადამიანებმა დაპირისპირების საწყისები, მაგრამ, ასეა თუ ისე, სოხუმი მაინც უდარდელობასთან ასოცირდება დევნილების წარმოსახვაში. და ეს იმიტომ, რომ თბილისი იყო მუქი, დათრგუნული, დუხჭირი ყოფის ადგილი. ადგილობრივები ამაში უნებურად დევნილებს ადანაშაულებდნენ, დევნილები კი თბილისის მაცხოვრებლებს. სოხუმიდან თბილისამდე უღელტეხილი იყო და ეს უღელტეხილი აღმოჩნდა გამყოფი ხაზი სიხარულსა/სოხუმსა და პრობლემებს/თბილისს შორის. 

სოხუმელები, რომლებიც თბილისში ხვდებიან მწერალს, თავიანთ ამბებს ყვებიან. ეს ამბები გაფანტულია ტექსტში და მათი ფუნქციაა ზემოთ განხილული სამი ნაწილის გაერთიანება. ამ ამბების პარალელურად, ავტორი თავის ამბებსაც ყვება. ალბათ საუკეთესო სლავიკ ლაკობასთან ერთად გატარებული დღეების აღწერა. გურამი და სლავიკა ერთად იზრდებოდნენ. ლექსების წერა მათი საერთო გატაცება იყო. უახლოეს მეგობრებს, ბევრი ისტორია ჰქონდათ გასახსენებელი, მაგრამ მათგან ერთი მიიჩნია ნარატორმა რომანში წარმოჩენის ღირსად. საწვიმარი ლაბადა, რომელზეც მეგობრებმა ყოველი მხრიდან დააწერეს საყვარელი ლექსები, აფხაზი და ქართველი თანატოლების მეგობრობის სიმბოლოდ გადაიქცა. გავიდა დრო. ლაკობასა და გურამის გზები გაიყარა. ავტორი დანანებით აღნიშნავს, რომ დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია მათი მეგობრობის სიმბოლოს, იმ თეთრ საწვიმარ ლაბადას. მკითხველს კი იმედი უჩნდება, რომ სლავიკ ლაკობაც იგონებს ხოლმე ამ ამბავს და მასა აქვს შენახული საწვიმარი ლაბადა. ეს ონათხრობი აერთებს ორ უმნიშვნელოვანეს კონცეპტს. ეს კონცეპტებია მშვიდობა და ომი ან აფხაზებისა და ქართველების ჯერ მეგობრობა, შემდეგ კი მათი გათიშვა. ლექსებით მოხატული ლაბადა მეტაფორაა, რომელიც სადღაც დაიკარგა და, კაცმა არ იცის, ოდესმე მოიძებნება თუ არა. როგორც ვხედავთ, ამ ისტორიას ძალიან საინტერესოდ და სიმბოლურად გადმოგვცემს მწერალი, თუმცაღა ამბავს წიგნში სულ რამდენიმე გვერდი ეთმობა. არადა მასზე დამოუკიდებელი ნაწარმოების დაწერაც შეიძლებოდა.

ნაწარმოებში თხრობას ხშირად ენაცვლება მწერლის ანალიზი. მას, ისევე როგორც მკითხველს, აინტერესებს, რამ მიგვიყვანა ომამდე. ხომ არ შეიძლებოდა რამის შეცვლა. სამწუხაროდ, პასუხი ერთია: როცა რაღაც მოხდება, მისი შეცვლა და გამოსწორება აღარ შეიძლება. აჯობებს, ხშირად დავუბრუნდეთ მომხდარს და გამომწვევი მიზეზები ვეძებოთ. ამ დროს არ უნდა შევუშინდეთ ყველაზე მწარე სიმართლესაც და თვალი გავუსწოროთ მას.

გურამ ოდიშარია რომანში საუბარს იწყებს ბოდიშის მოხდაზე და ამბობს, რომ მათ (დევნილებს) არავინ მოუხდის ბოდიშს, არავინ იგრძნობს თავს დამნაშავედ მათი უბედურების გამო. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ თავად დევნილებმა გამოიჩინონ დიდსულოვნება და ისევ ერთმანეთს აპატიონ ყველაფერი, რათა ერთმანეთთან მაინც იყვნენ მართლები მომხდარის გამო. მომხდარი კი სოხუმის დღეებიცაა და უღელტეხილის სისასტიკეც, თბილისის ულმობელი დახვედრაც და მათი ახლანდელი სიდუხჭირეც.

იქედან გამომდინარე, რომ სოხუმელმა ხალხმა და ზოგადად მთელმა საქართველომ დიდი ტკივილი გადაიტანა სოხუმის დაცემის გამო, ხალხში გაჩნდა ნოსტალგიის შეგრძნება, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმედის დაბადებას. დევნილები ნოსტალგიის გრძნობის შემსუბუქებას იმედით პასუხობდა. მათ სჯეროდათ და სჯერათ, რომ ერთ დღეს დაბუნდებიან სოხუმში. ამის ერთ-ერთ გამოხატულებას მაშინ ვხედავთ ტექსტში, როდესაც ვამჩნევთ, რომ ნაწარმოების მსვლელობისას სამჯერ გვხვდება ერთი და იგივე სიტყვებით დასათაურებული თავი. ამ თავების სათაური რომანის საერთო სათაურადაც აქცია მწერალმა და ამით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულებაც და ოპტიმისტური პროგნოზიც ყველაფრის მიუხედავად. ამ საერთო სათაურის ქვეშ მოქცეულ თავებში ძირითადად ლაპარაკია სოხუმში დაბრუნების პროცესზე, ნახსენებია სამი ტრანსპორტი: მატარებელი, გემი და თვითმფრინავი (ანუ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი). სამივე ტრანსპორტი სავსეა გახარებული და ბედნიერი ხალხით და მწერლის წარმოსახვაში ისინი მიემართებიან სოხუმისკენ. მართალია, ეს ყველაფერი მწერლის სიზმრებში და ღამეულ ზმანებებში ხდება, მაგრამ ის მაინც ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს მკითხველს. მკითხველი იაზრებს თავს როლსაც „მარტოდმარტო არცერთი ფრინველი არ დაბრუნებია მშობლიურ ბუდეს. მხოლოდ ფრინველთა გუნდს შეუძლია ეს…“

წრფივი ფუნქცია და  წრფივი დამოკიდებულება ფიზიკურ სიდიდეებს შორის

0

საბაზო საფეხურზე მე-9 კლასში მოსწავლეები სწავლობენ მათემატიკის საკითხებს, კერძოდ –  წრფივი ფუნქცია, უნდა დაუკავშირონ ფიზიკურ სიდიდეებს და შეძლონ ახალი ცოდნის კონსტრუირება. ფიზიკის მასწავლებელი მე-9  კლასის მასალის ახსნას ხშირად მათემატიკის საკითხების შეხსენებით იწყებს. ამ შემთხვევაში სასურველია ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. ასეთი ტიპის გაკვეთილის მიზანია, მოსწავლემ მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი ორ საგანს შორის.

გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ შეძლოს:

  • წრფივი ფუნქციის ამოცნობა;
  • ალგებრულად მოცემული დამოკიდებულების გამოსახვა ცხრილით და გრაფიკულად;
  • მსჯელობა-დასაბუთების ხერხით ამოცანის ამოხსნა;

მოცემულ გაკვეთილზე მოსწავლეები გაიხსენებენ  წრფივ ფუნქციას, აღწერენ მსგავსებას y=kx+l და x=x0+vt შორის, გააანალიზებენ x=x0+vt გრაფიკებს,  გამოთქვამენ და ასაბუთებენ მოსაზრებას y=kx+l-სთვის, როდესაც k=0 ან l=0, მოახდენენ ტრანსფერს მათემატიკასა და ფიზიკას შორის და იმსჯელებენ მიღებული შედეგების შესახებ. დაასაბუთებენ, როგორ შეძლებენ მიღებული შედეგის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაში დაეხმარებათ მათ მიღებული ცოდნა.

ასეთი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისთვის რეკომენდებული ფორმაა ჯგუფური მუშაობა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ გუნდური მუშაობის პრინციპების გათვალისწინებასა და დაცვას. გთავაზობთ მოცემული გაკვეთილისთვის შექმნილი ბარათების ნიმუშებს.

ბარათი 1.  დააჯგუფეთ წრფივი და არაწრფივი ფუნქციები ცხრილში
1.  y=-5x                2.  y=2x-3                3. y=4-0.5x                  4. y=2/x                   5. y=x2-3                6. y= -(1/2)x+2                   7. y=15x                  8. y=x/2

წრფივი ფუნქციები არაწრფივი ფუნქციები
   
   
   
   
   
   
 

ბარათი 2. y=kx+l   ფუნქციაში განსაზღვრეთ k  და l    მნიშვნელობები
1.y=2x-3      2. Y=4-0.5x             3. y=-5x                4. y=x/2                5. y= -(1/2)x+2                   6. y=15x

  k l
1    
2    
3    
4    
5    
6  

 

ბარათი 3.  ჩაწერეთ ფუნქცია გრაფიკის მიხედვით 

[მინიშნება: ჩაწერეთ y=kx+l ფუნქცია გრაფიკის მიხედვით, თუ იგი გადის წერტილებზე (0;6) და (2;0)
l=6, у=0, х=2,  ჩასვით ეს რიცხვები y=kx+l-ში, გამოთვალეთ k-ს მნიშვნელობა].


ბარათი 5. გრაფიკის მიხედვით განსაზღვრეთ სხეულის მიერ 5 წამში გავლილი მანძილი, რომელ სხეულს აქვს მეტი სიჩქარე? ერთ საკოორდინატო სისტემაში ააგეთ სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი.

 

ამ საკითხების განხილვის შემდეგ შეგვიძლია მოსწავლეებს შევთავაზოთ ტესტური დავალება. გთავაზოთ ასეთი ტესტური დავალების ერთ-ერთ ვარიანტს, მასწავლებელს შეუძლია თავად შექმნას მსგავსი ტესტური დავალებაც და ბარათებიც კლასის დონის გათვალისწინებითა და საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

ტესტი. წაიკითხეთ დავალება, მოიფიქრეთ და აირჩიეთ სწორი პასუხი.

ამოცანა პასუხი
1 რომელი წერტილი ეკუთვნის ფუნქციის გრაფიკს

y = -6x?

ა.  (1;6)

ბ.  (1;-6)

გ. (6;1)

დ.   (-1;-6)

2 რომელი წყვილები წარმოადგენენ პარალელურ წრფეებს?

 

ა.  у = Зх + 2  და у = 3х-7

ბ.   у = -3х + 2   და  у = 3х + 2

გ.   у = Зх + 2   და  у = 6х+ 2.

3 იპოვეთ საკუთხო კოეფიციენტი, у = кх – 3, თუ გრაფიკი გადის წერტილზე (- 2; 5). ა.   -4            ბ.  4

გ.          დ.

4 რომელი გრაფიკი გადის კოორდინატთა სათავეზე? ა. у = 4х        ბ. у = 2х+1 გ. у =
5 გრაფიკის გამოყენებით განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 5 წმ-ის შემდე

ა.4 მ/წმ
ბ. 10 მ/წმ

 

გ. 20 მ/წმ
დ. 30 მ/წმ.
ე. 100 მ/წმ

 

6 გრაფიკის გამოყენების მიხედვით განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარე
3 წმ-ის შემდეგ

ა. 18 მ/წმ
ბ. 2 მ/წმ

 

გ. 6 მ/წმ
დ. 3 მ/წმ
ე. 8 მ/წმ

 

 


ტესტი

პასუხი            

 

ვფიქრობ, მოცემული ბარათები და ტესტური დავალების ნიმუში გამოადგებათ კოლეგებს და გაუმარტივდებათ აღნიშნული საკითხების განხილვა საგაკვეთილო პროცესში.

 

 

 

მოგზაურობა მსოფლიოში პასპორტის გარეშე. რას ნიშნავს Skype საკლასო ოთახში?

0

მსოფლიოში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სტრატეგიაა Skype-გაკვეთილები, რომლებიც „მაიკროსოფტის“ ექსპერტ-მასწავლებლების დახმარებით ტარდება. ისინი გვთავაზობენ პირდაპირი ტრანსფორმაციული განათლების გამოცდილებას მოსწავლებისთვის, მათ შორის – ვირტუალურ საველე ტურებს, საკლასო ოთახებს და კოლაბორაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან.

სურვილისამებრ, შეგვიძლია ავირჩიოთ მოგზაურობის მიმართულება, თემა, მოსწავლეთა ასაკი. თემები მრავალფეროვანია: ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ჯანსაღი კვება, ისტორია და კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, ტექნოლოგიური სიახლეები და მიღწევები. შეგვიძლია, პასპორტის გარეშე ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გამორჩეულ მუზეუმებში, პარკებში, დავათვალიეროთ ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლების ეს საინტერესო სტრატეგია – Skype-გაკვეთილები შევთავაზოთ?

უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს Microsoft Educator Community-ს წევრი, რისთვისაც მარტივად დარეგისტრირდებით ვებგვერდზე https://education.microsoft.com/ . აუცილებელია, გქონდეთ Microsoft-ის ან Office365-ის ანგარიში. ამის შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება „მაიკროსოფტის“ არაჩვეულებრივი რესურსები, ონლაინკურსები და ვებინარები, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილების ნიმუშები.

 

როგორ დავგეგმოთ skype-გაკვეთილი?

https://education.microsoft.com/-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოვძებნოთ ღილაკი Skype in the Classroom.

 

 

 

 

 

FILTER BY+ ღილაკზე დაწკაპებით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ქვეყანა და თემა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დროის სარტყელი და მოსწავლეთა ასაკი.

ტურის შერჩევისა და ანოტაციის გაცნობის შემდეგ ვაკეთებთ განაცხადს ღილაკზე დაწკაპებით. ვნახულობთ ტურის ორგანიზატორის მიერ მითითებულ დროს და ამის გათვალისწინებით ვგეგმავთ გაკვეთილს.

 

Microsoft Educator Community განიხილავს ჩვენს განაცხადს, დაუკავშირდება ექსპერტ-მასწავლებელს და თანხმობის შემთხვევაში დასტურს გამოგვიგზავნის. იშვიათად ისეც ხდება, რომ ტურის ორგანიზატორი ობიექტური მიზეზის გამო უარს ამბობს გაკვეთილის ჩატარებაზე.

 

რა ტიპის ტექნიკური უზრუნველყოფაა საჭირო?

სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს:

  1. კარგი ინტერნეტკავშირი;
  2. ვებკამერა, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებელი (სასურველია პროექტორიც, რომ მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე კარგად დაინახონ);
  3. უფასო Skype ანგარიში (https://www.skype.com/en/)

თავდაპირველად შესაძლოა დაგვჭირდეს ისტ-ის მასწავლებლის დახმარება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საჭირო აღარ იქნება.

მინდა, გაგიზიაროთ „მაიკროსოფტის“ ექსპერტ-მასწავლებლების: სარა უელდონის (Sarah Weldon), ზოჰირ ზაკის (Soheir Zak) და მარკ ვუდის (Mark Wood) მიერ ვიკინგების სამყაროდან, ეგვიპტიდან და ევერესტიდან განხორციელებული Skype-გაკვეთილების ამსახველი ფოტომასალა – გაკვეთილებისა, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებად დარჩათ საერო სკოლა „ბინულის“ მოსწავლეებს.

 

 

 

Skype-გაკვეთილები განსაკუთრებით კომფორტულია უცხო ენის მასწავლებლებისთვის, თუმცა მათი ჩატარება შეუძლია ნებისმიერი სხვა საგნისა და საფეხურის მასწავლებელსაც, რომლისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს ენობრივი ბარიერი. ასევე შეიძლება გაკვეთილის ინტეგრირებულად ჩატარება უცხო ენის მასწავლებელთან ერთად (თუ მოსწავლეებმა სათანადოდ იციან უცხო ენა).

თუ ენობრივ ბარიერს ვეჯახებით, შეგვიძლია დავჯერდეთ საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებულ Skype-გაკვეთილებს. მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებსა და ტრადიციებს, დაუმეგობრდებიან და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს. არახალია, რომ ამგვარი აქტივობები საგრძნობლად ახალისებს სასწავლო პროცესს და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „მაიკროსოფტის“ ექსპერტ-მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თანამედროვე მეთოდებით სწავლების აღნიშნულ სტრატეგიას და წარმატებით ატარებენ Skype-გაკვეთილებს როგორც უცხოელ ექსპერტებთან, ისე ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით.

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის – გზამკვლევი

0

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და განათლების თანამედროვე პარადიგმების თანახმად, სწავლების მიზანია მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ეს უნარები მოსწავლეს ყველაზე უკეთ სწავლების პროცესში უვითარდება. ამიტომ, მასწავლებელი მთავარი გზამკვლევია კრიტიკული აზროვნების განვითარების გზაზე.

ვრცლად, იხილეთ ბმული:

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის

„პროექტი „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ხორციელდება განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...