კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

სანამ სუნთქვა გეყოფა

0

სპრინტერობა არაა ძნელი, ძნელია სტაიერი იყო, – მითხრა ჩემმა მეგობარმა ტუსკიამ, როცა გამთანგველი დღის ბოლოს ლუდის დასალევად შევიყარეთ ერთ პრესტიჟულ ბარ-რესტორანში.

– მგონი ორივე ძნელია.

– არა, შენ ვერ გამიგე, – ცივ კათხას ორივე ხელი შემოხვია და კონდიციონერისგან წამოსული ჰაერის ტალღისკენ გასწია თავი, – სპრინტერობა აფეთქებასავითაა, უფრო ადამიანურია, ცოტა რომანტიკულიც 26-28 წლის ასაკში დაღუპული პოეტებივით, ტრაგიკული სიკვდილი რომ წაეშველებათ პოპულარობაში. აბა, თუ ბიჭი ხარ, ათი, ოცი, ოცდაათი წელი გაუძელი წლებს, ბიძგებს, კონკურენციას, კონკურენტებს, მათი ვნებები მოილიე, თან ისე, შენც არ ჩამოხვიდე სცენიდან, მოქმედი იყო, აქტუალური…

– ალბათ ცოტა კონფორმისტიც უნდა იყო, – გამეღიმა, რაღაცები და ვიღაცები გამახსენდა.

– ბებიამაგათისამ! მარკესმა რომ იცხოვრა ოთხმოცდაშვიდი წელი და ბოლო ორმოცი-ორმოცდახუთი სკოლის დირექტორივით დადიოდა კონტინენტიდან კონტინენტზე და ყველაზე არალიტერატურულ ადგილებშიც თავისი არაკატაკა შეიტანა, ამის საპირწონეზე გინდა შენ რამე დააყენო?

– რა იყო, თვითონაც აღიარებდა, ფიდელ კასტროს ძმაკაცი რომ იყო.

– უნდოდა და იყო, ძმაო, რამე პრობლემაა? და სად ნახე აქ კონფორმიზმი?

– არა, კონფორმიზმი არა…

– ჯიგარი იყო, მიმწოლი ჯიგარი, შენი პოზიციის არ უნდა შეგეშინდეს, მერა რა  რომ, ვიღაცებს არ მოსწონთ, რასაც აკეთებ, უნდა გათავისუფლდე ამ ვიღაცებისგან, თორემ მერე მაგათზე მოგიწევს აწყობა, მაგათ ხასიათებზე, ცვალებად გამოვნებაზე, დახარისხებულ მეგობრებზე, გამოცვლილ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ სიმპათიებზე.

– კონკურენტები კი ჰყავდა ოხრად!

– არა, ზოგი მართლა ნიჭიერი და დღესაც მაგარი როა, ისეთი, მაგრამ ზოგიც იმ დღის ბუზი, თავი კიტრად რომ მოჰქონდათ, და ამათი გაძლება არ გინდა?

– ვისი მაინც? საქმეს დაკონკრეტება უყვარს.

– რაღა ვისი, გრემ გრინები, ნორმან მეილერები, აირის მერდოკები, ფრანსუაზ საგანისნაირი ვუნდერკინდები, ვიდიადჰარ ნაიპოლები, სოლჟენიცინიც სხვათა შორის – ახლა კი გაუვიდა უკვე ყავლი, ჰალდორ ლაქსნესები, რიჩარდ ბახები და პატრიკ ზიუსკინდები.

– და ამათთან გასაძლები რა სჭირდა?

– ეგენი თავის დროზე ყველანი ანგარიშგასაწევი ტიპები იყვნენ, თავისი ფანობით და ამბიციებით. ახლა ვიღაც იტყვის, ყველა მწერალს თავისი ადგილი აქვს და სხვა ვერ ჩაეზიარებაო, მაგრამ ნამეტანი სენსიტიური და რეალობას აცდენილი იქნება ეს ნათქვამი. ლიტერატურა, ისევე როგორც კინო და ფეხბურთი, მარტოკაცის გონებაში იბადება, მაგრამ კულისების ჭორებში, ჩურჩულში, ძიძგილაობასა და და ტრიბუნების ტაშისცემის ქვეშ აიყრის ტანს. ერთი მეორის გარეშე არ გამოდის, აღიარება – ზის იზ ვერი იმფორთენთ. კომპლექსებისგან გათავისუფლებს და ახალ კომპლექსებს და მტრებს გძენს.

– მაშინ შენი თეორიით პირლო მართალი გამოდის, მესიზე და რონალდუზე რომ ამბობს, სულ მაგათ შორის იქნება ჭიდაობა ოქროს ბურთზე, რადგან 10-15 წელი სტაბილურად შეინარჩუნეს ფორმა და სეზონიდან სეზონამდე უმატებდნენო.

– ეგრეა. რამდენი ედინ ჯეკო, უესლი სნაიდერი, უეინ რუნი, დიდიე დროგბა, ფერნანდო ტორესი, ფრანკ რიბერი, დიეგო ფორლანი და თუ გინდა პირლო იქაჩებოდა ოქროს ბურთზე, მაგრამ მარტო ტალანტი და მუშაკობა არ კმარა მაგ ამბისთვის. აი, როგორ გითხრა, სუნთქვა უნდა გეყოს, შენზე წინ, შენზე უკან და შენ გვერდით მორბენალ ტიპებში ანგარიშგასაწევად რომ დარჩე. ყველაფერი ერთად გჭირდება: გამძლეობა, ოსტატობა, ნიჭი, პირობები, სხვისი პატივისცემა, შენი თავის პატივისცემა, ღირსეული კონკურენცია, ზოგჯერ სკანდალებიც, ზოგჯერ, შენ წარმოიდგინე, მარცხიც, აზრზე რომ მოხვიდე და ტკბობაში არ გადავარდე; კონკურენტის ან კოლეგის აღიარებაც და მისგანაც იგივეს მოლოდინი, რადგან შენი თავის გჯერა და იცი, რომ ამას იმსახურებ. ჭორებზე და კულისების დუღილზე წეღანაც გითხარი, ცუდი არაფერია იმაში, ქალი და კაცი შენზე ლოგინშიც თუ ილაპარაკებენ.

– მოკლედ, წინა რიგებში ყოფნა, როგორც მერილ სტრიპია ოსკარის დაჯილდოებაზე.

– ჰოდა, ეგ მერილ სტრიპი არც ინგლისის დედოფალია და არც მონაკოს პრინცესა, სამეფო ტიტულით ან მემკვიდრეობით რომ შეუნახონ ეგ ადგილი, ამხელა ჰოლივუდის სპრინტში ჩაბმული ქალია და მაგ გზაზე კიდე ათასი ჰილარი სუონკი, რიზ უიზერსპუნი, ვაიოლა დევისი და რენე ზელვეგერი შეგხვდება, შენ კიდე, იყო დრო, კეტრინ ჰეპბერნს ეტოლებოდი და ეს ამდენი წლები და მანძილი რომ გადმოსერე, რიგითი არა ხარ, სულ სხვა ტიპი ხარ, ძმაო!

მერე მე და ტუსკიამ ის ქართველი ხელოვანები და სპორტსმენებიც გავიხსენეთ, ვისაც, მარკესივით, მესი-რონალდუსავით და მერილ სტრიპივით – თუმცა, ცხადია უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალში – ეყო სუნთქვა, ათეული წლების განმავლობაში აქტუალურიც ყოფილიყო და ანგარიშგასაწევიც. ვიღაცებზე შევთანხმდით, ვიღაცებზე – ვერა. სანამ ჩვენ გავამხელდეთ, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ, შემოგვაშველოთ სიტყვა და თქვენი ვერსიები მიგვიწეროთ ამ წერილის ბოლოში. მადლობელი დაგრჩებით.

ცხოვრება საბჭოეთში – გაკვეთილების კრებული

0

 საბჭოთა ეპოქაში 8 წელი ვიცხოვრე – ბავშვობის ფესვი ჩამრჩა იქ, ყველაზე ხალასი და ნედლი ხსოვნის კოჟრებით, ყველაზე მკაფიო გარსით, რომელიც გარესამყაროსგან საკრალური სიმკვრივით იცავს ბავშვს, იცავს – ნამდვილი და ნათელი თვალი რომ აახილოს, ყველა სისტემისგან, სიმახინჯისგან თავისუფალი და მშვენიერი თვალი.

ამიტომ ჩემს ბავშვობას დღეს იმ სამოთხის სევდით განვიცდი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საბჭოეთთან. ის თვითმყოფადი, პირადი სამოთხეა, ყოველი ადამიანის პირადი გზის დასაწყისი – სამყაროსაკენ.

საბჭოეთი, როგორც სისტემა და სიმახინჯე, მერე უფრო ვიგრძენი და გავიაზრე – 1989 წლის 9 აპრილის მერე, მისი ნგრევის და პოსტკატაკლიზმების მერე. ასეთი ძალა აქვს იმპერიებს, დიქტატურებს და ყველა ძალადობრივ მექანიზმს – მისი დამანგრეველი ინერცია წლობით ზანზარებს და თავის ლორწოვან წნეხში ითრევს აურაცხელ მსხვერპლს – მტყუანსაც და მართალსაც, ცოდვილსაც და შეუმცდარსაც…

დღეს ბევრს ვსაუბრობთ საბჭოეთზე, როგორც სახადსა და წყევლაზე, რომელიც, ერთ მშვენიერ დღესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტვინებიდან და ყოფიდან უნდა გამოირეცხოს; ეფექტური იარაღია სიტყვა „საბჭოთა“ უტიფრობის მარათონში ჩაბმული პოლიტიკოსებისთვისაც,  ოპონენტების გასანეიტრალებლად და მათი მენტალური საბჭოურობის სამხილებლად. განსაკუთრებით ეფექტური კი მაშინაა, როცა სხვისი „საბჭოურობით“ საკუთარი იფარება, საკუთარი უპასუხისმგებლობა, ბოროტება და უგუნურება.

დღეს „საბჭოთა“ ისეთი სალანძღავი სიტყვაა, რომლის ტალახსაც ვერც ინტელიგენტობით მოიშორებ და ვერც ქვეყნის და კაცობრიობის მიმართ სხვა დამსახურებით – ძალიან ადვილია, დაადუღო ის ვინმეს ხარისხის ბეჭედივით და ამით მისი მომავალი დაასამარო.

ვამბობთ – ვიდრე ქვეყნის სათავეში არ მოვა დამოუკიდებლობის ეპოქაში დაბადებული თაობა, ამ საბჭოურ მენტალობას არაფერი ეშველება. ბიბლიურ ეპიზოდებსაც ვიხსენებთ, 40 წლის მანძილზე უდაბნოში ნახეტიალებ ებრაელთა მოდგმას, მონობაში დაბადებულ უკანასკნელ დევნილამდე რომ სდია აღთქმული ქვეყნის იმედმა და მონატრებამ… ბიბლიური, გნებავთ ისტორიული მეხსიერება ის უტყუარი ძალაა, რომელზეც დგას ადამიანისა და მთელი კაცობრიობის ზნეობრივი თავგადასავალი. სწორედ ამიტომაა საჭირო, მუდმივად ვიკითხოთ ეს წარსული, გავიხსენოთ, რათა უკეთესად დავინახოთ მომავალი.

ამ კეთილშობილ მიზანს ისახავს „არტანუჯის“ ახალი გამოცემა, რომელიც სერია „თან საკითხავის“ ფარგლებში შეიქმნა. „ცხოვრება საბჭოეთში“ – ასე ჰქვია 70 ამბისგან შედგენილ კრებულს. სერიის მთავარი რედაქტორი და იდეის ავტორი ბუბა კუდავა კრებულის დასაწყისში განმარტავს:

„სულ ახლახან საქართველო იმ ქვეყნის ნაწილი იყო, რომლის სიყალბე სახელწოდებიდანვე იწყებოდა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – ასე ერქვა მას სრულად. ოთხი სიტყვა და ოთხივე ტყუილი!.. …ახალგაზრდებს, რომლებსაც გაუმართლათ და დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ, ნელ-ნელა უჭირთ საბჭოეთისა და მისგან მომდინარე „სიკეთეების“ გაგება. გამოცემა დიდწილად სწორედ მათთვისაა განკუთვნილი“.

კრებულში თავმოყრილი ამბების ავტორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათი ნაწილი დღეს აქტიურ პოლიტიკაშიც მოღვაწეობს. ეს ნიშნავს, რომ მოსაყოლი ამბის მთავარი ამოცანა მათი პირადი პოზიციაცაა, მათი რეფლექსიის ერთ-ერთი გარდამტეხი ნიუანსია. რამდენიმე ავტორი აღიარებს კიდეც, რომ ის კონკრეტული ეპიზოდი, რომლის შესახებაც მოგვითხრობს, მათივე ცხოვრებაში მთავარ, საწყის სცენად იქცა, რომელმაც სრულიად შეცვალა მათი დამოკიდებულება გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან.

რა თქმა უნდა, ყველაფერი საბჭოეთს უკავშირდება. როგორი იყო ცხოვრება ამ დიდ, გაბმულ ტყუილში, სიყალბეში, კორუფციის და უზნეობის ოკეანეში რიგითი მოქალაქეებისთვის? რა იყო ის მთავარი ნიშნები, რითაც „საბჭოთა ადამიანს“ პლანეტის სხვა ნებისმიერი ბინადარისგან გამოარჩევდით?.. ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება საინტერესო, მხიარული, გროტესკული, სევდიანი, ტრაგიკომიკური სიტუაციები და ემოციები. თითოეული ამბავი იმ ნაცრისფერი ფაზლის ნაკუწია, რომელიც 70 წლის განმავლობაში ლიბრივით ჰქონდა გადაკრული დედამიწის ლამის მეოთხედს და რომელიც სწორედ ამ დანაღმულ ნაკუწებად დაიშალა, როგორც ყველაფერი ფასადური, უხარისხო და არასწორი იშლება ბოლოს, თუნდაც დიდი ისტორიული კარნავალის მერე…

ძნელია რომელიმე გამოყო ამ ამბებიდან. ზოგი თავის ბავშვობაზე ჰყვება, ზოგი – სტუდენტობაზე, ზოგიც – წინაპრების მონაყოლს იხსენებს. უმეტესობა იმ თაობის წარმომადგენელია, როცა საბჭოეთი თავის მრისხანებას თანდათან კარგავდა და საკუთარი თავის კარიკატურად ქცევას იწყებდა. ამ დროს, მართალია, ჯერ ისევ ჩურჩულით, მაგრამ ადამიანები უკვე ახერხებდნენ ირონიულ სიცილს, დასცინოდნენ ყოფას, რომელსაც აშკარა იყო – დიდი დღე აღარ ეწერა, იკრებდნენ ძალას პროტესტისათვის, დაუმორჩილებლობისათვის… ზოგისთვის ეს პროტესტი ტელევიზორში ჰოკეის ყურებისას, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კანადის გულშემატკივრობასა და ამაზე სკოლაში კლასელებთან კამათში გამოიხატებოდა (გოგი თუშმალიშვილის ისტორია), ზოგისთვის – იდეოლოგიზირებულ საბჭოთა ლექტორებთან აქტიურ წინააღმდეგობაში. ამ კრებულში არის ამბები ოჯახებზე, სადაც ეს ფარული პროტესტი, სისტემის მიმართ მუდმივი წინააღმდეგობა, მეტიც – დაუფარავი ზიზღი და ვერატანა – იმ ერთი მუჭა ცეცხლივით ღვიოდა ძნელ დროში, რომელმაც სულ მალე კიდევ ბევრი ცეცხლი და სინათლე შემოიკრიბა და ახალი სინამდვილე გამოაშუქა. ნიკა რურუას ბავშვობის მოგონება ლენინზე და პირველი შინაგანი კონფლიქტი ცუდისა და კარგის თემაზე (ეს კრებული საგამომცემლო ჯგუფმა სწორედ ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა); საყოველთაო გლოვის რეჟიმში დაქანცული „საბჭოთა ბავშვის“ გულწრფელი სინდისის ქენჯნა, საკუთარ თავში ვერაფრით აღმოჩენილი მწუხარების გამო (გრიგოლ გაგნიძის ისტორია); პასპორტის აღების (თენგიზ გოგოტიშვილი) თუ ულამაზო ტორტის (მიხეილ ბახტაძის ისტორია) სიმართლე… – ეს ისტორიები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბჭოეთში ა(ღა)რ უცხოვრია, ეს ამბები თვალსაჩინო ნიმუშებია იმ აბსურდული ყოფისა, იმ დიდი, გაუგონარი სიყალბისა და ბოროტებისა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

ჰო, კიდევ, არის რამდენიმე ამბავი, რომლებიც, მე პირადად, ამ კრებულიდან გავიგე. მაგალითად, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ოდისეა. იცოდით, რა ისტორია ახლდა ამ ფაქტს, როგორ ბლოკავდა მოსკოვი ქართული ხალხური სიმღერის გაშვებას და რომელი რუსული სიმღერით ჩანაცვლებას აპირებდა? აქვე ვიტყვი – ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი შვილის მხურვალე მადლობა ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკლორისტს ალან ლომაქსს – პლანეტის მეგა-პროექტისთვის „ჩაკრულოს“ შერჩევისათვის და, ასევე ლეგენდარულ კარლ საგანს – რომელმაც პრინციპულად დაიცვა ქართული სიმღერა მოსკოვის ცენზურისაგან და რომლის დამსახურებაცაა, რომ NASA-მ კოსმოსში, დედამიწის 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ერთ-ერთი „ჩაკრულო“ გაუშვა.

„ტოტალური კონტროლი“, „ვერბოვკა“, ცენზურა… კიდევ ბევრი სიტყვა შეგეჩეხებათ. ისინიც ამ ყოფის ვერბალური ანაბეჭდებია, იმ სახადის ლინგვისტური ნაწილი, რომლის მოშორებაზეც ზემოთ მოგახსენებდით.

„ცხოვრება საბჭოეთში“ ყველა დროის საკითხავი კრებულია. რადგან, ტოტალიტარიზმისკენ, ძალადობრივი და მახინჯი სისტემისკენ მიდრეკილება ცივილიზებულ სამყაროშიც იჩენს ხოლმე თავს. შესაბამისად, სულ უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს „საბჭოეთი“, როგორ გამოიყურება მენტალურად საბჭოთა ადამიანი და ყოფა, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი მისგან.

სიყალბე და ტყუილი მაინც დროში წარმავალი ცნებები და მდგომარეობებია. მათი გამოდევნება, მათზე ცხოვრების აგება კი – უგუნურება და ბოროტება. განათლებული მომავალი თაობა ამ სიყალბეს და ბოროტებას აღარასდროს დაუშვებს – ამის ღრმად მჯერა. ამ კრებულის წაკითხვაც, ბევრს ჩაუქრობს საბჭოეთის მიმართ ჯერ კიდევ მბჟუტავ ფარულ ნოსტალგიას და ვინ იცის, იქნებ ის აზრიც შეუცვალოს, რომელიც ნებისმიერი სისტემის მიმართ მაინც აქვთ ხოლმე, კომფორტისკენ მიდრეკილ ადამიანებს – „რა ქვეყანა დავანგრიეთ“ ან „სამაგიეროდ, მშვიდად ხომ ვცხოვრობდით“…

„ცხოვრება საბჭოეთში“ გაკვეთილების კრებულია, ზოგიერთი  საზეპირო პასაჟით.

 აფრიკა – კონტრასტების კონტინენტი

0

ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა ბიოგრაფიების სწავლა. არც ახლა მოსწონთ მოსწავლეებს. უმრავლესობისა რა გითხრათ, ჩემს ბავშვებსაც არ მოსწონთ. ერთადერთი მწერალი, რომლის ბიოგრაფიაც წავიკითხე ერნესტ ჰემინგუეი იყო, თუმცა ეს იყო სკოლის შემდეგ. არასაპროგრამო, ტრაფარეტული ბიოგრაფიებისგან მკვეთრად განსხვავებული. წავიკითხე და შემიყვარდა აფრიკა და  საფარი (აფრიკაში მონადირეთა ექსპედიცია, ნადირობა, აგრეთვე მოგზაურობა).

მახსოვს ჩემი ორი მეგობარი სტუდენტური წლების განმავლობაში როგორ კამათობდა: ერთი მათგანი მუდმივად საყვედურობდა – „რატომ არ მოგწონს მშვიდობით იარაღოო?“ მე მართალი გითხრათ კამათში მონაწილეობას არ ვიღებდი. იმდენად ჩემი იყო მაშინ ჰემინგუეი, რომ მეგობრის არსიყვარული პირდაპირ მეხებოდა. ამიტომაც ვდუმდი. ვდუმდი და დიდხანს ვოცნებობდი აფრიკის საფარაზე, კილიმანჯაროს თოვლიან მთაზე…

როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი ჰგონია – წერს აკა მორჩილაძე. არა ბატონო აკა, მარტო ბიჭებისთვის არა. ჰემინგუეი მე და ჩემი მეგობრისთვისაც ძალიან დიდხანს იყო მსოფლიოში საუკეთესო მწერალი და ადამიანი. ადამიანი, რომელმაც აფრიკაც შემაყვარა, მოგზაურობაც და საფარიც (მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნადირობა დღემდე მიუღებელია).

კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე. – ასე იწყებს ერნესტ ჰემინგუეი “კილიმანჯაროს თოვლიან მთას”. მას შემდეგ მუდმივად ვსვამ კითხვას – რატომ? იმდენად ხშირად მიხდება ამ კითხვის დასმა, რომ ბავშვებმა „თქვენი (ჩემი) საყვარელი კითხვა“ შეარქვეს, ოჯახში კი „ამიკრძალეს“ ამ კითხვის დასმა, რადგანაც ხშირად პასუხი არ არ არსებობს. მე მაინც ჯიუტად ვიმეორებ რატომ? რატომ?

ასე შევიყვარე ჰემინგუეი და აფრიკა. ჩემი ეს სიყვარული და „კილიმანჯაროს მთის“ ჯადოსნური ეპიგრაფი (აკა მორჩილაძე) მასწავლებლობის დროს საჩემოდ გამოვიყენე. სტერეოტიპების (რაც ძალიან გვიყვარს) დანგრევაც შესაძლებელია და გეოგრაფიული გარსის  ერთ მთლიან ორგანიზმად წარმოდგენაც შეიძლება ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს.

სხვა რომელი კონტინენტია ასეთი მრავალფეროვანი და კონტრასტული? სხვაგან სად არის უდაბნოც და მყინვარიც? მეტყვით, ავსტრალიისა და ევროპის გარდა, ყველა კონტინენტზეო, მაგრამ სავანები? ლიანებიანი ტროპიკული ტყეები და მყინვარები? არადა, აფრიკა ხომ ყველაზე ცხელი კონტინენტია.

ყველაზე კონტრასტული კონტინენტი, თეთრები და შავები, მდიდრები და ღარიბები ცხოვრობენ გვერდიგვერდ. აფრიკა კონტინენტია, სადაც ველური ბუნება და ფერადი ადამიანები გვხვდება. აქ ხვდებით  ჟირაფებს და ზებრებს, ლომებსა და სპილოებს… აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო მსოფლიოში უდიდესი ან ერთ-ერთი უდიდესია. არადა, აფრიკა უღარიბესი კონტინენტია.

აფრიკაში შეხვდებით ადგილობრივ მომთაბარე ტომებს. იზოლირებულები გარე სამყაროსგან, ხშირად თავისი ნებით, შეგნებულად გაურბიან თანამედროვეობას. შეიძლება ითქვას, რომ ასიმილაციის შიშიც აქვთ. მათი ფერადი ჩაცმულობა ბუნების სიხასხასესთან ერთად განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის. აფრიკაზე განზოგადებულად ლაპარაკი ძნელია. აქ თვალში საცემია ადამიანებისა და ბუნების თანაცხოვრების ჰარმონია.

მაგალითად, კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები მასაები ნახევრად მომთაბარე ნილოთური ხალხის ეთნიკური ჯგუფი. გამორჩეული ტანისამოსისა და აღმოსავლეთ აფრიკის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრების გამო, მასაის ხალხი აფრიკის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე უკეთაა ცნობილი. მასაები ცდილობენ შეინარჩუნონ იდენტობა.

ტუარეგებზე ადრე მოგიყევით – მეომარი ტომი, რომელიც დღემდე საჰარას აკონტროლებს.

აქვეა ეთიოპიაც – ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. იგი ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.

სამხრეთ აფრიკაში კი ნიდერლანდელ გადმოსახლებულთა შთამომავლები – ბურები ცხოვრობენ. ძველნიდერლანდურ ენაზე სიტყვა „ბურ“ აღნიშნავდა გლეხს. ბურების ენას ეწოდება აფრიკაანსი.

ეკვატორულ ტყეებში პიგმეები ცხოვრობენ. ბერძნული სიტყვა „პიგმიოს“ სიტყვასიტყვით „მუშტისტოლა ხალხს“ ნიშნავს, ქართულ ენაზე კი მას კარგად ეხამება სიტყვა „ცეროდენა“ (150 სმ-ზე დაბალი). მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან. ტყე მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხია.

სამხრეთ აფრიკის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში ცხოვრობენ ბუშმენები და ჰოტენტოტები. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბალნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან („ბუშმანი“ სიტყვასიტყვით „ბუჩქის კაცს“ ნიშნავს).

მეცნიერთა ვარაუდით აფრიკაში 2 ათასამდე ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.

აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია გავრცელებული.

ნილოს-საჰარის ენების ოჯახი ასზე მეტ ენას შეიცავს და 30 მილიონი მოსაუბრე ჰყავს. ეს ენები ძირითადად გავრცელებულია ჩადში, ეთიოპიაში, კენიაში, სუდანში, უგანდაში და ჩრდ. ტანზანიაში.

ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და, სავარაუდოდ, ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობა ბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.

კოისანური ენები – ყველაზე ამოუცნობი ენათა ოჯახი. იგი სამხრეთ აფრიკის ავტოქთონური ნე-ბანტუ ენების და ასევე, ტანზანიის ორი (სანდავე და ჰაძა) იზოლირებული ენის პირობითი სახელწოდებაა. მეცნიერმა გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ კოისანის ხალხები მოწყვეტილნი იყვნენ ცივილიზაციას და გარე სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, უფრო მეტიც კალაჰარის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ტომები იზოლორებული იყვნენ ერთმანეთისაგან 30 ათასზე მეტი წლის განმავლობაში, რამაც განაპირობა ამ ენის თავისებურებანი. მრავალი კოისანური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშაა და მრავალიც უკვე გაქრა. ამ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რიცხვი 370 ათასამდეა. მათი გავრცელების არეალია კალაჰარის უდაბნოს მიმდებარე რეგიონი.

აქ არის მაღრიბი და მაშრიყი. მაღრიბად (არაბ. ალ-მაღრიბ „დასავლეთი“, რომელიც წარმოებულია ზმნისაგან  ღარაბა „წასვლა, (მზის ჩასვლა“) მოიხსენიებენ ძირითადად სამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანას – ტუნისს, ალჟირსა და მაროკოს, ნაწილობრივ ასევე ლიბიასა და მავრიტანიას, რომელთაც თავიანთი ისტორიის შედეგად მრავალი საერთო რამ აქვთ. არაბულ ენაში მაღრიბით ძირითადად გულისხმობენ მაროკოს, რომელიც უკიდურესად დასავლეთით მდებარე არაბული ქვეყანაა და მისი სახელწოდებაც საკუთრივ ალ-მაღრიბად ჟღერს. ძველი არაბული გამოთქმის თანახმად, მაღრიბი წმინდა ფრინველია, რომლის სხეული ალჟირია, მარჯვენა ფრთა ტუნისი, მარცხენა კი მაროკო.

მაღრიბის საპირისპირო ცნებაა მაშრიყი (არაბ. ‏ ალ-მაშრიყ „აღმოსავლეთი“), ნაწარმოები არაბული ზმნისაგან „შარაყა“ „(მზის) ამოსვლა, ნათება“.

1989 წელს ალჟირმა, მავრიტანიამ, მაროკომ (მაროკოს თვალსაზრისით დასავლეთ საჰარაც), ლიბიამ და ტუნისმა დააარსეს საერთაშორისო ორგანიზაცია არაბული მაღრიბის კავშირი.

გეოგრაფიულად მაშრიყი (არაბ.  ალ-მაშრიყ, „აღმოსავლეთი“) აღნიშნავს ტერიტორიას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ძირითადად წარმოიშვა რეგიონში არაბულ-ისლამური ექსპანსიის შემდეგ VII საუკუნეში. იგი შედგება ეგვიპტის, ისრაელის, პალესტინის ავტონომიური მხარის, იორდანიის, სირიის, ლიბანისა და ერაყისაგან.

სიტყვა მაშრიყი ნაწარმოებია არაბული ზმნისაგან „შარაყა“, რომელიც ნიშნავს „ამოსვლას (მზის)“, „ნათებას“. შესაბამისად, არაბულში ცნება „მაშრიყი“ ნიშნავს ადგილს, სადაც მზე ამოდის, ანუ აღმოსავლეთს. ამგვარად, ეს სიტყვა მაღრიბის საპირისპირო ცნებაა, ანუ ადგილი, „სადაც მზე ჩადის, დასავლეთი“. ორივე გეოგრაფიული ტერმინი წარმოდგება VII საუკუნიდან, ადრეული ისლამური დაპყრობების პერიოდიდან.

განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია ეგვიპტეს, ერთი მხრივ – ისტორიის, ხოლო მეორე მხრივ – თავისი მდებარეობის გამო აფრიკის კონტინენტზე. ეგვიპტე არაბულ-ისლამური დაპყრობების პერიოდიდან კულტურულად და ლინგვისტურად მაშრიყს მიეკუთვნება. დასავლეთით იგი მაღრიბის ქვეყნებს ესაზღვრება.

მაშრიყში ასევე განსაკუთრებულ სტატუსს ფლობს ისრაელი, ერთი მხრივ ისტორიის, მეორე მხრივ სახელმწიფოებრიობის გამო.

საჰელი ეკოკლიმატური და ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონაა საჰარის უდაბნოსა (ჩრდილოეთით) და სუდანის სავანას შორის (სამხრეთით). იგი გადაჭიმულია აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე. არაბულად სიტყვა „საჰელი“ ზღვის ნაპირს ნიშნავს და მიანიშნებს საჰელის მცენარეულობაზე, რომელიც საჰარის ქვიშის სანაპიროებს ემიჯნება.

საჰელი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოიცავს სენეგალის, მავრიტანიის, მალის, ალჟირის, ნიგერის, ჩადის, სუდანისა და ერითრეის ნაწილებს.

კარუ  (მშრალი, უნაყოფო) – მშრალი რეგიონი აფრიკის სამხრეთში, რომელიც აერთიანებს ნახევარუდაბნოების პლატოებს და მთათაშორის ხეობებს დიდი საფეხურის და მდინარე ორანჟის ხეობის სამხრეთით. როგორც წესი, გამოჰყოფენ ორ ძირითად ნაწილს განსხვავებული რელიეფით და კლიმატური პირობებით: დიდი კარუს  პლატოს ჩრდილოეთით, რომელიც წარმოადგენს ხეობას კაპის მთებსა და დიდ საფეხურს შორის, და მცირე კარუს  პლატოს სამხრეთში – ხეობას კაპის მთებში, ედენის რაიონში. ასევე გამოყოფენ ზემო კარუს პლატოს – ცალკე მდგომ ფიზიკურ-გეოგრაფიულ რაიონს, რომელიც უფრო ვრცელი სამხრეთაფრიკული ზეგნების ნაწილია. რეგიონი ძირითადად მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ნამიბიის მიმდებარე რაიონებში. მისი საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 395 ათას კმ²-ს, ანუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის დაახლოებით მესამედს.

„…მიყვარს აფრიკა და თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო როცა ადამიანს, სამშობლოს გარდა, სხვა ქვეყანაც ასე გიყვარს, უნდა იცხოვრო კიდეც იქ.

მე კარგად შემიძლია გავარჩიო ცუდი ქვეყანა კარგისაგან. აფრიკაში უამრავი ნადირია, ჩიტებიც ბლომადაა და მე მიყვარს აქაური ხალხი. დიდებულია აქ ნადირობა და თევზაობა. ჩემთვის კი ყველაზე სანუკვარია – ნადირობა, თევზაობა, წიგნის კითხვა, წერა და იმის აღწერა, რასაც ირგვლივ ხედავ. ყველაფერი მახსოვს, რასაც კი ვხედავ“ – ერნესტ ჰემინგუეი  „აფრიკის მწვანე ქედები“.

„ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე“.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.radiotavisupleba.gehttps://on.ge/story/22092; https://www.qwelly.com; https://for.ge/view/627/aka-morCilaZe—raRaceebi-hemingueis-Sesaxeb.html.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ 

0

კრიტიკული აზროვნების აქტუალიზაცია მასწავლებლებში და მისი სწავლა-სწავლებაში გამოყენების წახალისება – ასეთია კოალიცია „განათლება ყველასათვის“ პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ძირითადი არსი, რომელსაც კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მისი ერთ-ერთი ნაწილი ინტენსიური კამპანიის წარმოებაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ მონაწილეობით. კლუბის წევრები საქართველოში გამორჩეულად წარმატებული მასწავლებლები არიან, მათი ინოვაციური სასწავლო მიდგომების შესახებ ჩვენც არა ერთხელ დაგვიწერია.

პროექტის ინიციატორები აზუსტებენ, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა და მისი არქონა პრობლემებს უქმნის თანამედროვე სამყაროს, უპირველესად, აფერხებს დემოკრატიის განვითარებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ქვეყნის განვითარება. მათ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდებისთვის კრიტიკული აზროვნების უნარი შეუცვლელია, მით უფრო ყოველდღიური მძლავრი საინფორმაციო ნაკადების პირობებში, მოვლენების არგუმენტირებულად და ადეკვატურად შეფასების თვალსაზრისით.

მოსწავლეთა შორის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება მასწავლებელს, რომელმაც უნდა მოახერხოს მზა ცოდნის გადმოცემისა და მოსწავლეთა მიმართ ავტორიტარული დამოკიდებულების  ჩარჩოდან გამოსვლა, უბიძგოს მათ ფიქრისკენ, მსჯელობისკენ, დისკუსიისკენ, განუვითაროს დასაბუთების, საკუთარი აზრის თამამად გამოხატვისა და დაცვის უნარი.

„კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ამოცანებს წყვეტს, არამედ რეალური ცხოვრებისეული გამოწვევებისთვისაც ემზადება. ამიტომ მან უნდა იცოდეს ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა-გაანალიზება, შეკითხვების ჩამოყალიბება, მათზე პასუხის ძიება, არგუმენტირებულად მსჯელობა, შესაფერისი მაგალითების მოყვანით გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება, ჰქონდეს სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი. ამგვარი აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა თანამედროვე საინფორმაციო ნაკადებში, არ გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი და შეძლოს ინფორმაციის ცოდნად გადაქცევა,“ – ამბობს ნატო ინგოროყვა, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და  ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი.

მისივე თქმით, განათლების ეროვნული მიზნებისა და თანამედროვე პარადიგმების თანახმად, სწავლების მიზანი სწორედ მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეძლებს  გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, საკუთარი მიღწევების გამოყენებას ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ეს უნარები კი მოსწავლეს ყველაზე უკეთ სწავლების პროცესში უვითარდება.

ამიტომ მასწავლებელი მთავარი გზამკვლევია კრიტიკული აზროვნების განვითარების გზაზე.

„კრიტიკული აზროვნება იმ უნარების ერთობლიობაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევების წინაშე გვეხმარება იმის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, რასაც ვსწავლობთ, ვაკეთებთ. კრიტიკული აზროვნება აქტიური, შემოქმედებითი პროცესია და არა მარტო ცოდნის გადაცემაზე, ინფორმაციის მოცულობასა და მექანიკურ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული. კრიტიკული აზროვნების დახმარებით ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ ამბავს თუ ინფორმაციას, შესაძლოა, სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. აუცილებელია მათი მრავალმხრივი პერსპექტივიდან დანახვა და, რაც მთავარია, თითოეულ საკითხზე საჭიროა არგუმენტირებული მსჯელობა,“ – განმარტავს ნატო ინგოროყვა

კრიტიკული აზროვნების აქტუალიზაციის კუთხით, განათლების კოალიციის პროექტი მიმართულია მასწავლებლების მიერ კოლეგებში გამოცდილებისა და სხვადასხვა პრაქტიკის გაზიარებაზე. პროექტის მსვლელობისას, მასწავლებელთა პრაქტიკაზე დაყრდნობით, გამოიცემა გზამკვლევიც, მომზადდება ვიდეორგოლები.

ამჟამად პროექტში ჩართულია რვა მასწავლებელი. „ათეულთა კლუბის“ წევრები  გვიპასუხებენ მათი კოლეგებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვებზე: რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება სწავლა-სწავლების პროცესში და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში? რა როლი აქვს მასწავლებელს ასეთი ტიპის აზროვნების განვითარების ხელშეწყობაში?

 

  • ელისო აბრამიშვილი

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია ახალი გამოწვევები, რომელიც დამეხმარება სკოლის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მოსწავლეზე ორიენტირებული გავხადო.

პროექტმა შემაძლებინა ამ თემის ირგვლივ დამემუშავებინა საინტერესო, თანამედროვე ლიტერატურა, მეგობრებთან ერთად მემსჯელა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკულად მოაზროვნე თაობა XXI საუკუნეში.

პროექტის ფარგლებში გადავიღეთ ვიდეორგოლი. მან საშულება მოგვცა, მე და ჩემს მოსწავლეებს, ნათელი გაგვეხადა ჩვენი მესიჯი – როგორ ვავითარებთ კრიტიკულ აზროვნებას ქიმიის გაკვეთილზე.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი გაკვეთილზე ყოველთვის განსაზღვრავს მოსწავლეთა წინაშე არსებული პრობლემების წრეს, უბიძგებს მოსწავლეებს, მათი მზადყოფნის შემდეგ,  დამოუკიდებლად გადაჭრან ეს პრობლემები.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მოთმინების, მოსმენის, საკუთარი შეხედულებებისადმი პასუხისმგებლობის  განვითარება. ცდილობს, სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მეტად დაუახლოვოს კლასში მიმდინარე რეალურ ცხოვრებას.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი სასწავლო პროცესში გეზის, მიმართულების მიმცემია. ის ფასილიტატორის როლს ასრულებს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებები და მათზე მორგებული ინტერაქტიური თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საშუალებას აძლევს აღზარდოს საკუთარი იდეებისა და ენერგიის კეთილი მიზნებისაკენ მიმართვის უნარის მქონე ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.

 

  • მანანა კაპეტივაძე

ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებთ  გამოცდილებას, თუ როგორ ვუწყობთ ხელს ჩვენი მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. თუმცა, ჩვენ ამას ყოველდღიურად გაუთვითცნობიერებლადაც ვაკეთებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის წარმოჩენაც.

რაც უფრო მეტი მასწავლებელი გაიზიარებს ჩვენს გამოცდილებას, მით მეტი კრეატიული იდეა შეიძლება გაჩნდეს სწავლების სხვადასხვა მიდგომებთან დაკავშირებით და კრიტიკული აზროვნების შესწავლას უკეთესი განვითარების საშუალება მიეცეს.

მნიშვნელოვანია, ამ სწრაფი ცვალებადობის და ზღვა ინფორმაციის ნაკადში, ახალგაზრდებს შეეძლოთ სწორი „ნავიგაცია“, რათა დარჩნენ საღად მოაზროვნე, ტოლერანტ და  დამოუკიდებელ ადამიანებად.

ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს მასწავლებლისთვის, კრიტიკული აზროვნების უნარის ქონა აუცილებელია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, სადაც უამრავი ინფორმაცია შემოედინება და გაედინება. ჩვენ გვიწევს მისი გადამუშავება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ამ კორიანტელში უნდა გავზარდოთ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ სწრაფ ორიენტაციას, უსარგებლო ინფორმაციის გაცხრილვას,  გაანალიზებას, მის სწორ შეფასებას და დასკვნის გამოტანას.

როგორც ვიცით, კრიტიკული აზროვნება არ არის თანდაყოლილი უნარი, მას განვითარება სჭირდება.  ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებს აზროვნების მაღალი დონის მიღწევაში. ესაა ჩვენი დანიშნულება და არა ის, რომ მხოლოდ ფაქტები ვაზეპირებინოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ დამოუკიდებლად და ჯანსაღად მოაზროვნე თაობა, რომელსაც ექნება უნარი და მოტივაცია ჰქონდეს სწრაფვა მრავალმხრივი ცოდნის  მუდმივი განვითარებისკენ, შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება, განსხვავებული აზრის მოსმენა და გაგება. უნდა იყოს ღია სიახლეებისადმი და შეძლოს მსჯელობა სიღრმისეულად და არგუმენტირებულად.

აქვე მინდა მოვიყვანო განათლების დარგში დიდი ბრიტანეთის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჩარლზ კლარკის, ციტატა, რომელიც ზუსტად პასუხობს ამ კითხვას: „ყველაზე მთავარი თვისება, რომელსაც განათლება გვაძლევს, კრიტიკულად აზროვნებაა. ეპოქაში, სადაც ინფორმაცია და ცოდნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, განსხვავებას ქმნის შესაძლებლობა – გავიგოთ, შევაფასოთ და გავაანალიზოთ. ზუსტად ესაა კრიტიკული აზროვნების უნარი.“

 

  • ნათია ფურცელაძე

ამ პროექტმა კოლეგებთან, გამოცდილ ადამიანებთან ერთად, ფიქრისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომცა, კიდევ ერთხელ შემახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება მე, მასწავლებელს.

ეს პროექტი, მგონია, რომ დროული და საჭირო იყო, რადგან დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება კრიტიკულად აზროვნება, ჯანსაღი საზოგადოების შექმნა კი კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებლების გარეშე შეუძლებელია.

კრიტიკული აზროვნების გარეშე ცხოვრება რთულია, მეტიც – ჩემთვის წარმოუდგენელიცაა.

კრიტიკული აზროვნება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა შეძლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, არ შეეშინდეს შეცდომების დაშვების. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, გავიაზროთ პრობლემები და შევძლოთ მათი გადაჭრა.

ეს უნარი პედაგოგისთვის იმიტომ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რომ კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი პატივს სცემს ნებისმიერ მოსწავლეს, განურჩევლად მისი რელიგიური აღმსარებლობისა, წარმომავლობისა, შესაძლებლობებისა, იცავს მის უფლებებს, კარგად იცის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და, შესაბამისად, ქმნის თანასწორ გარემოს, სადაც ბავშვები თავისუფლად გამოთქვამენ შეხედულებებს. ამ გამოცდილების შემდეგ მოსწავლეებიც კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან.

 

  • ნინო აბულაძე

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა ილია ჭავჭავაძე „რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა“.

რა შეიცვალა დღეს, 21-ე საუკუნეში? ბევრი არაფერი. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ გვიწერია, რომ მოსწავლეებში აუცილებელია ისეთი უნარების გააქტიურება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განხორციელებას და კრიტიკული აზროვნების სწავლებას.

თუმცა, დანანებით ვიტყოდი, რომ ჩვენს სკოლებში კვლავ არსებობს პრობლემა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოზარდებიც და  ზრდადასრულებული ადამიანებიც კრიტიკულად ნაკლებად აზროვნებენ არა  მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც. სამწუხაროდ, ადამიანებს ნაკლებად უჩნდებათ სურვილი დაასაბუთონ საკუთარი აზრი, გააჯერონ არგუმენტებით და ისე მიაწოდონ საზოგადოებას. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი კრიტიკულ აზრს სხვის გაკრიტიკებაში ხედავს, კრიტიკული აზროვნების რაობას ცდება.

მოსწავლემ კრიტიკული აზროვნება რომ შეძლოს, ამ უნარით ჯერ მასწავლებელი უნდა აღიჭურვოს. ამ უნარით ადამიანი არ იბადება, ის ნელ-ნელა იწაფება, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, როდესაც მარტივი კითხვებიდან რთულ კითხვებზე გადადის, როდესაც მარტივ კითხვებს „რა“, „სად“ და „როდის“, ემატება რთული კითხვები „რატომ“ და „როგორ“.

რაც შეეხება ჩემს საგანს – ისტორიას, ვიტყვი, როცა მოსწავლეს არ შესწევს უნარი ორი წყარო შეადაროს ერთმანეთს, იმსჯელოს, რომელი მოსაზრებაა მისთვის უფრო მისაღები, ერთი და იგივე საკითხი შეაფასოს სხვადასხვა კუთხიდან, მოიყვანოს არგუმენტები ნებისმიერი მოვლენის ასახსნელად, ეძებოს ქვეყნის დეგრადაციის მიზეზები –  რა შედეგები მოაქვს შიდა აშლილობას, რა მიზეზებმა შეუწყო ხელი ქვეყნის აღმავლობას და ტრადიციების შენარჩუნებას – მაშინ, მხოლოდ ისტორიული ფაქტების და მოვლენების დაზეპირებით, ჩემი მოსწავლე ვერასოდეს ისწავლის ისტორიას. მეტიც, ამდენ თარიღებსა და სახელებში აბნეული „გამიბრაზდება“ და გულს აიცრუებს საგანზე.

თუ მოსწავლე დაინახავს, რომ მისი მოსაზრება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმასაც მიხვდება, რომ მხოლოდ მოსაზრება, დასაბუთების  გარეშე,  არ მიიღება დამამტკიცებელ არგუმენტად,  მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოზარდები იწყებენ კრიტიკულად აზროვნებას.

აქამდე რომ მივიდეთ, აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესში ისეთი აქტივობები დავგეგმოთ, რაც უბიძგებს მოსწავლეებს, იფიქრონ  და იაზროვნონ კრიტიკულად.

ასეთი შედეგისთვის აუცილებელია ვიცოდეთ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა და როლი ჩვენს ცხოვრებაში. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სიხშირით დავგეგმოთ ისეთი გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეს უბიძგებს ისწავლოს, რა არის კრიტიკული აზროვნება, დაინახოს მისი მნიშვნელობა, გაიაზროს,  რომ სხვადასხვა ადამიანს, ერთსა და იმავე საკითხზე, შეიძლება ჰქონდეს  განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებულ აზრს მან პატივი უნდა სცეს. უნდა მივეჩვიოთ ჩვენი აზრის შეცვლას, სტერეოტიპული მოსაზრებების მსხვრევას, როცა ვისმენთ საღ აზრს, გაჯერებულს დამაჯერებელი არგუმენტებით. არც ის არის სირცხვილი თუ ხმამაღლა ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს და ერთობლივად დავიწყებთ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს კლასში, სკოლაში, თემში, ქალაქში, სახელმწიფოში.

 

  • დაჩი ნანობაშვილი

აღნიშნული პროექტი მასწავლებლებს ხელს შეუწყობს გაიაზრონ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელობა, რაც ახალი საუკუნის მოსწავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად, საშუალება მომეცა წვლილი შევიტანო პროექტის განხორციელებაში და გავაზიარო საკუთარი გამოცდილება და შეხედულება კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით.

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი სხვის მოსაზრებას არგუმენტირებულად აფასებს, არ ერიდება მნიშვნელოვანი კითხვების დასმას, იოლად ამუშავებს არსებულ მონაცემებს, ფიქრობს მიზანდასახულად და აკეთებს შესაბამის დასკვნებს. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება შეუძლებელია.

ინფორმაციის მიღება/დამახსოვრება უმნიშვნელოვანესი შემეცნებითი პროცესია. თუმცა მხოლოდ მექანიკური დამახსოვრება არ ააქტიურებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემის დასმა/გადაწყვეტის მცდელობა, ინფორმაციის ობიექტური შეფასება, არგუმენტირებული მსჯელობა და ასე შემდეგ. თუ მასწავლებელი თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, მაშინ გაუჭირდება მოსწავლეებში ამ უნარების განვითარება. მაგალითად, თუ მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის მოსაზრების (თუნდაც არასწორი) მოსმენა/გაანალიზება და არგუმენტირებულად იმის დასაბუთება, თუ რატომ ცდება ის, მაშინ მისი გაკვეთილი მზა ინფორმაციის გადაცემას დაემსგავსება და პასუხგაუცემელს დატოვებს ისეთ კითხვებს, რომელზე პასუხიც უმნიშვნელოვანესია მოზარდების გონებრივი და შემოქმედებითი განვითარებისთვის.

 

  • ნადია დაბრუნდაშვილი

 

ამ პროექტის განხორციელებაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბი“ მონაწილეობს. სასიამოვნოა, როცა პროფესიონალ, სანდო, ნოვატორ ადამიანებთან ერთად მუშაობ, მით უფრო, როდესაც პროექტი ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და მოსწავლეებში მისი გაუმჯობესების გზების ძიება.

პროექტში მონაწილეობა საშუალებას მაძლევს, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო კრიტიკული და სინთეზური აზროვნების, მათი გაუმჯობესების გზების და მეთოდების, ამ გზების  შემუშავების და გამოყენების შესახებ. პროექტის ფარგლებში მასწავლებლები ვეცნობით და ერთმანეთს ვუზიარებთ ამ კუთხით მიღებულ გამოცდილებას.

მიმაჩნია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებლები არიან. მათ უჩნდებათ კითხვები და პასუხების მოძიების სურვილი. მათ შეუძლიათ სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, იპოვონ თავისი გზა და ადგილი ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პიროვნებებად, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, მოახდინონ ცხოვრებისეული პრობლემების იდენტიფიცირება და თავი გაართვან მათ მოგვარებას.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებლებმა ვიზრუნოთ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.  ამის მიღწევის საუკეთესო გზაა პრაქტიკული, პრობლემური ამოცანების განხილვა, ამოხსნა და დისკუსიების ინიცირება.

ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება, განსაკუთრებით კოდირების ელემენტების შემცველი პროგრამების გამოყენება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

 

  • თემურ სუყაშვილი

კრიტიკული აზროვნება თვითდამკვიდრების გზაა. XXI საუკუნეში ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება. მოსწავლეებს სოციალური ქსელებით მიეწოდებათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის პროპაგანდისტული. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია  შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და ისე გამოიტანოს დასკვნა.

ვცდილობ, სწორად დასმული კითხვების საშუალებით, მოსწავლეები თავად მივიდნენ სასურველ პასუხამდე და გააკეთონ დასკვნები, მსჯელობისა და ინფორმაციის დამუშავების შედეგად.

ჩემი მოსწავლეები  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. ხშირად ფიქრობენ, რომ მათი ღირებულებები და ფასეულობები განსხვავებულია. ასეთ პირობებში მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, რომ სხვებს გამოუმუშაოს ეს უნარი.

თავდაპირველად შევეცადე, თავად კრიტიკული აზროვნების არსი ამეხსნა, რადგან  მოსწავლეები ფიქრობდნენ, რომ კრიტიკული აზროვნება მოიცავდა საკითხის ან კონკრეტული სიტუაციის უარყოფითი კუთხით დანახვას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე და თავადვე გაიაზრეს, რომ კრიტიკული აზროვნება ეს არის უნარი შეაფასო მოვლენა თუ ფაქტი, როგორც არგუმენტებით, ასევე, კონტრარგუმენტებით. მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს შედარებაც.

თანამედროვე ეპოქაში სკოლის დანიშნულებაა კრიტიკული, მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა. ამის გარეშე წარმოუდგენელი ხდება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება, რომლის წინაშეც მუდმივად ვდგებით.

შესაძლებელია თუ არა კრიტიკული აზროვნების სწავლება? რასაკვირველია.  მეტიც: არაფრის სწავლება არ არის იმდენად სასარგებლო, როგორც ამ კომპეტენციის. მისი სწავლა მეცხრე ან მეხუთე კლასიდან კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ პირველივე დღეებიდან.

სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის ორ ძირითად ფაქტორს გამოვყოფდი:

პირველი – უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ ნებისმიერ მოსაზრებას და, რაც მთავარია, ამ განსხვავებულ მოსაზრებებს მშვიდად იღებენ.

მეორე – შეკითხვების დასმა ის უმნიშვნელოვანესი კაუჭია, რომელზეც ორიგინალურად შეიძლება აიგოს მთელი სასწავლო პროცესი.

  • ლადო აფხაზავა

კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელშიც  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულის კლუბის“ წევრები მონაწილეობენ.

კლუბის წევრები თავიანთ სკოლებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე  უკვე დიდი ხანია მუშაობენ, მაგრამ ამ პროექტით მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი გამოცდილება სხვებისთვის გაგვეზიარებინა. გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გამოვუმუშაოთ და ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება, რა აქტივობებითა და მიდგომებით მიიღწევა ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, უპირველესად, სწორედ მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და მეორე, თუ რა მეთოდებითა და აქტივობებით მიიღწევა ეს ყოველივე.

ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც დასვამს კითხვებს და მიიღებს ამომწურავ პასუხებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით მუშაობა საქართველოში დავაგვიანეთ, საზღვარგარეთ ეს უკვე დიდი ხნის წარსულად იქცა. მაგრამ აუცილებელია დავიწყოთ და ამ კუთხით ხარისხიანად ვიმუშაოთ.

ბევრ მოსწავლეს ვხვდები და როცა ამ თემაზე ვესაუბრები, ისინი  მიყვებიან,  რომ ზოგჯერ კითხვების დასმის საშუალება არ ეძლევათ. ეს ძალიან მტკენს გულს.  საჭიროა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ მათ დაძლიონ და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ახალგაზრდებს კრიტიკულად აზროვნების საშუალება რომ  ჰქონდეთ,  მათ მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ.

 

 

 

გზა თავისუფლებისკენ-განათლება ჰოლანდიაში

0

რომ დაფიქრდეთ და წარმოიდგინოთ, როგორია თქვენთვის იდეალური ქვეყანა, ალბათ იტყოდით რომ უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა ქუჩებით, ბევრი ხეებით, მდინარეებით, ყვავილებით, მომღიმარე ადამიანებით, ბედნიერი ბავშვებით, ნაკლები მანაქანით და გამონაბოლქვით, ფერადი შენობებით, სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნებით, მიუხედავად შენი ეროვნებისა, მრწამისისა,  სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა – ასეთი ქვეყანა არსებობს და ეს ჰოლანდიაა.

სანამ ნიდერლანდებს ვესტუმრებოდი, იქამდე ვფიქრობდი, რომ თავისუფალი, კარგი ევროპული ქვეყანა იყო, თუმცა იქ მოგზაურობისას ზუსტად მივხვდი რამხელა სიკეთეა როდესაც შენს ქვეყანაში თავისუფალი, ლაღი ადამიანები ცხოვრობენ და ამ თავისუფლებას ყოველი კუთხე-კუნჭულიდან შეიგრძნობ.

შევეცადე საქართველოსთან პარალელები ნაკლებად გამეკეთებინა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჰოლანდიის ქალაქებში სანთლით საძებნელია აფთიაქები და ბანკები, ჩვენს ქვეყანაში კი ყოველ ნაბიჯზე წამოჭიმულან, ალბათ მიანიშნებს გარკვეულ ფაქტორებზე და ცხოვრების დონეზეც.

სამაგიეროდ აქ ძალიან ბევრია ველოსიპედები, ნავები, მუზეუმები და ყვავილები.

ეს ზედაპირულად, თუ კი უფრო დაინტერესდებით ამ ქვეყნის ცხოვრების სტილით, აღმოაჩენთ რომ მათთვის პრიორიტეტი კარგი, ხარისხიანი განათლებაა. საერთოდაც განათლება მათთვის საფუძველია – თავისუფლების, ბედნიერების და სამომავლო სიმშვიდის.

ნეტავ როგორია მათი დაწყებითი სკოლა, როგორ ყალიბდებიან ბავშვები ასეთ მოწესრიგებულ, თავისუფალ ადამიანებად, სწავლების რა მეთოდებს იყენებენ მასწავლებლები და საერთოდ როგორია ჰოლანდიური საჯარო სკოლა? – ეს ფიქრები, თავიდანვე ამეკვიატა და ჩემი მასპინძლის წყალობით, ვესტუმრე ქალაქ ვისპის სახელმწიფო სკოლას: „van der muelen vastwijkschool“, რომელიც კათოლიკური სკოლაა და ამით გამოირჩევა სხვა სახელმწიფო სკოლებისაგან.  სანამ ჩემი ვიზიტი შედგებოდა, სკოლის დირექტორს  გავუგზავნეთ ჩემს შესახებ მოკლე ინფორმაცია. მივიღე დასტური, მასწავლებელს გავსაუბრებოდი და რამდენიმე გაკვეთილი მენახა კიდეც.

სკოლაში წასვლამდე, გავარკვიე რომ ქვეყანა ცდილობს მასწავლებლობის პროფესიის პოპულარიზაციას, რადგან ამ სფეროში კადრების ნაკლებობაა. ამიტომ ახალგზარდა, მოტივირებული მასწავლებლების მოსაზიდად აფინანსებს მოკლე ვადიან პროგრამას, სადაც მსურველი სწავლობს კიდეც და ამ სწავლაში ხელფასსაც იღებს, პროგრამის დასრულების შემდეგ კი იწყებს მუშაობას რომელიმე სკოლაში. ჰოლანდიელები, პრაგმატული ხალხია, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გაწეული შრომა ანაზღაურდეს და დაფასდეს. თუმცა აქ საკმაოდ ძლიერია მოხალისეობის ინსტიტუტიც, სწორედ მოხალისეები არიან ის ადამიანები, რომლებიც სამსახურის პარალელურად უძღვებიან ქალაქის კლუბებს (მაგალითად: სანაოსნო, სათევზაო, საფეხბურთო და სხვ.),  მუშაობენ პატარა კინოთეატრში – რომელიც ქალაქის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს, და რომ არ დაიხუროს, ვისპის მოსახლეობა კვირაში ერთხელ აუცილებლად ყიდულობს ბილეთს და ესწრება კინოსეანს. სადაც უჩვენებენ არაპოპულარულ, არაჰოლივუდურ, ხარისხიან კარგ ფილმებს, ფილმი უცებ წყდება, ამ დროს ყველამ იცის რომ შესვენებაა, დრო მოვიდა ჩაის, ლუდის წრუპვის და მეგობრული საუბრების.

ჰოლანდიური სისტემით, სკოლაში ბავშვი 4 წლიდან მიდის. ტრადიციაა ასეთი, როგორც კი ბავშვი ხდება 4 წლის, იმავე დღეს მიდის სკოლაში – რა დროც არ უნდა იყოს. დაწყებითი სკოლა იწყება 4 წლიდან  და 12 წლამდეა, შემდეგ ინაცვლებენ საშუალო სკოლაში, რომელიც შესაძლოა მათ ქალაქში არც იყო და ველოსიპედით უწევდეთ სიარული. საშუალო სკოლას მოზარდი ირჩევს საკუთარი ინეტერესებისა და პროფესიული გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნოლოგიურს, ჰუმანიტარულს და სხვ.

სახელმწიფო, ბავშვებს ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფს: სახელმძღვანელოები, კომპიუტერები, კალმები, ფანქრები, რვეულები – ყველაფერი ის რესურსი, რაც სკოლისთვისაა საჭირო. მშობელი, შვილის სასკოლო განათლებაში თანხას თითქმის არ ხარჯავს.

ჩემთვის საინტერესოა მათი შეფასების სისტემაც. ქულები აქ  დაწყებითი საფეხურიდანვე იწერება, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი მშობელს ანგარიშს წარუდგენს, ძალიან ლამაზ და ფერად ფოლდერში მოთავსებულია ბავშვის ერთი სემესტრის მიღწევები, პროგრესი თუ საჭიროებები – რიცხვებით, გრაფიკული დიაგრამების სახით. შეფასება ეყრდნობა დიაგნოსტიკურ ტესტებს და ფასდება დისციპლინის თითქმის ყველა კომპონენტი და მოსწავლის უნარ-ჩვევები. მაგალითად კითხვის უნარიც კი ჩაშლილია და ცალ-ცალკეა შეფასებული: ინტონაცია, ტემპი, ლექსიკა, გააზრება. იმდენად ამომწურავია ხოლმე ეს ინფორმაცია, მშობელს კითხვები თითქმის არ რჩება.

სკოლაში სტუმრობისას, აღმოვაჩინე რომ ერთ ბავშვს სკამზე სპეციალური ბალიში ეფინა, ყურებზე კი ყურსასმენი ეკეთა,  აღმოჩნდა, რომ  ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის მქონე ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა სკამზე თავისუფლად ემოძრავა და სპეციალური ბალიში ამის საშუალებას აძლევდა, ყურსასმენები კი ყურადღების მოკრებვასა და კონცენტრაციაში უწყობდა ხელს.

„van der muelen vastwijkschool“-ის, მესამე კლასში,  სადაც 6-7 წლის ბავშვები სწავლობენ, დღე მისალმების რიტუალით იწყება. მასწავლებელი დგას კარში და თითოეულ მოსწავლეს ხელის ჩამორთმევით ესალმება. როდესაც ყველა მოსწავლე ადგილზეა  წრეზე სხდებიან. მასწავლებელი დაბალ ხმაზე, მშვიდად სთხოვს რომ მოწესრიგდნენ. კლასში 24 ბავშვია.

ინტერაქტიულ დაფაზე კალენდარია, ბავშვები ასახელებენ თარიღს. შემდეგ ხმადაბლა კითხულობენ ლოცვას და ასრულებენ მცირე საგალობელს. მიუხედავად, იმისა რომ სკოლაში ლოცვის მომხრე ნამდვილად არ ვარ, ეს რიტუალი რაღაცნაირად საყვარელი, ლამაზი და ბავშვურია.

მასწავლებელი კითხულობს, თუ როგორ გაატარეს შაბათ-კვირა. ბავშვები უზიარებენ შთაბეჭდილებებს. ერთი გოგონა ყვება, რომ მთელი დღე მამასთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, ბოლო ხანებში ჰოლანდიაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქალთა ფეხბურთი,  ამიტომ პატარა გოგონებისთვისაც სპორტის ეს სახეობა ძალიან მიმზიდველია. საერთოდაც ჰოლანდიელები ქალები, ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. ისინი იმდენად ემანსიპირებულები, აქტიურები და რეალიზებულები არიან, შესაძლოა კაცებზე მეტადაც კი. თურმე, ჰოლანდიური განათლების სიტემის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სასკოლო სახელძღვანელოები, მათ შორის მათემატიკის, ძირითადად გოგონების განვითარების თავისებურებებს და ეტაპებს უფრო შეესაბამება, ვიდრე ბიჭებისას, ამიტომ მათი აზრით ბიჭები იჩაგრებიან, მოკლედ ამ თემაზე ბევრს მუშაობენ.

მასწავლებელი იწყებს წიგნის კითხვას, როგორც ხდება ხოლმე, ჩვეულებრივად – ილუსტრაციების ამოცნობა, დამაზასუტებელი კითხვები.  ბავშვები წყვილებად ნაწილდებიან და ფიქრობენ  პერსონაჟების პრობლემის შესახებ, დროის ამოწურვის შემდეგ კი საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენენ.

მასწავლებელი კლასს სიგნალებით და მიმიკებით მართავს, თითქოს ჯადოსნური ძაფებით იყვნენ ბავშვები მასზე გამობმული, თითოეული ტაში ან ხელის აწევა მოსწავლეებისთვის რაღაცას ნიშნავს და მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

გაკვეთილის შემდეგ გაოცებას ვერ ვმალავ და ვთხოვ გამანდოს როგორ აღწევს ასეთ წესრიგს და სიმშვიდეს. მეუბნება, რომ ბავშვებისთვის მნშვნელოვანია წესები, რომლების შედგენაშიც თავად მონაწილეობენ, სწავლის დაწყებისას იწყება მუშაობა წესებზე და რუტინებზე, ისე რომ უკვე ჩვევაში გადაიზარდოს. ასეთ სტილს მიჩვეულები არიან 4 წლიდან. დასჯას საერთოდ არ იყენებს, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური წახალისება. უარყოფით ქცევას უბრალოდ იგნორირებას უკეთებს.  მაჩვენებს ხის კუბიკებს, კუბიკის ოთხივე მხარეს სხვადასხვა სიმბოლოა გამოსახული: კითხვის ნიშანი, აწეული ხელი, წრე,  თითოეული მათგანს თავის დანიშნულება აქვს, მიმითითებს კედელზე სადაც პოსტერია, პოსტერზე კი შუქნიშნის ფერებით გამოსახულია კუბიკის სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. ბავშვები ჯგუფებად სხედან, თითოეულ ჯგუფს ერთი ასეთი კუბიკი ეკუთვნის, რომელსაც მოსწავლეები იყენებენ,  როდესაც კითხვა აქვთ ან დახამრება  უნდათ. ასეთი უხმო მიმართვა მასწავლებლის მიმართ კლასში სიმშიდეს და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

გაკვეთილების მსვველობისას ტექნოლოგიებიც ჩართულია, ჯგუფს ერთი ლევტოპი აქვს, მშვიდად რიგრიგობით მუშაობენ. ძალიან საინტერესო თამაში ჩანს, რომელიც ლექსიკურ ერთეულების მნიშვნელობების დამახსოვრებაზეა გათვლილი. როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ ბევრს მუშაობენ სიტყვების განმარტებებზე და ზუსტ დეფინაციებზე.

გაკვეთილები 45 წუთიანია, დასვენებაზე მასწავლებელი  საბავშვო სიმღერას, ძალიან საყვარელი  ვიდეო რგოლით ურთავს. ყველა მაშინვე იწყებს ცეკვას, ჰყვებიან სიმღერაშიც  და ასრულებენ ერთნაირ მოქმედებებს.

დიდ დასვენებაზე ბავშვები გარეთ სათამაშოდ გადიან, არიან ლაღები, ბედნიერები, მხიარულები. ვერც ერთი მათგანის ხელში გაჯეტს ან ტელეფონს ვერ ვხედავ,  უბრალოდ ამისთვის არ სცალიათ, ბურთით თამაში მათთვის ბევრად საინტერესოა.

აქ, ამ წყლიან, მზიან და ყვავილების მხარეში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ ამოსუნთქვაზე იგრძნობა, რომ განათლება აქაურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან განათლებას მოაქვს ყველაზე ღირებული და ფასეული რამ – თავისუფლება.

 

 

 

 

ლიტერატურა და მოძრაობა

0

„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვია, შვილნი სოფლისა“, – აქვს ასეთი ძალიან ზუსტი ფრაზა ნიკოლოზ ბარათაშვილს, ფრაზა, რომელიც ბევრ რამეს, დრამატულსაც და ტრაგიკულსაც, გვიიოლებს. მათ შორის – ისეთ მნიშვნელოვან პრობლემასაც, რომელზეც ეკლესიასტე წერდა თავის დროზე: „ამაოება ამაოებათა. ყოველივე ამაოა“. რა საჭიროა რამის კეთება, რა საჭიროა მოქალაქეობრივი შეგნება – ხვალ ხომ დავიხოცებით? ლოგიკა მძლავრია, მაგრამ უძლურია ბარათაშვილის სიტყვებთან. ის არ გვამხნევებს, უბრალოდ, ამბობს: ადამიანები ვართ. დავიბადეთ. ვცოცხლობთ. და უნდა ვაკეთოთ. და ამას მოჰყვება „მერანი“ – ამბავი, რომელიც გულისხმობს რაღაც დიდისა და შეუცნობლისთვის თავის გაწირვას. ჭირსაც წაუღია ყველაფერი, – იტყვის მავანი, – თუკი მე აღარ ვიქნები! აქაც იქნება ლოგიკა. მაგრამ ბარათაშვილი გვეუბნება, რომ ეს ლოგიკები, რეალურად, მარცხდება სადღაც. და ეს არის ადამიანად ყოფნის ნიშანი.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაო, მაგრამ არსებობენ სხვაგვარი ადამიანებიც, რომლებიც დაკვირვებას და ლოდინს ამჯობინებენ. ერთი ქართული ლექსია, ხალხს ციხესიმაგრეში შესვლა უნდა და კარს ვერ პოულობს: „მერმე თქვეს, დროი მოვალის, კარ გაიღების თავადა“. იმ ჩინური სიბრძნისა  არ იყოს, რომელიც გვასწავლის, რომ თუ მდინარის პირას დაჯდები, წყალი ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოატარებს მტრის გვამს. მაგრამ რამდენად სწორია ეს გზა ქართული საზოგადოებისთვის? ილია ჭავჭავაძე მეორე გზას მყინვარს ადარებდა, პირველს – თერგს. ჩვენი ქვეყნის ყოფა თერგობას გვაიძულებს – უნდა ვიმოძრაოთ. ეს მოძრაობა გულისხმობს ძალიან უცნაური მარშრუტით სვლასაც – მოგეხსენებათ, თერგი პირიქით მიედინება – და ტკივილსაც – მდინარე ქვებს ეხეთქება. ჩვენი გზა ასეთია. მეორე გზაც საინტერესოა, მაგრამ არა საჩვენო. ამაზე ბრეხტი ასეთ რამეს ჰყვება: ერთი ლექტორი, გვარად კოინერი, ძალადობის საწინააღმდეგო ლექციას ატარებდა. უცბად შეამჩნია, რომ ლექციაზე მსხდომი სტუდენტები შეშინებულები წამოდგნენ და ოთახიდან გასვლა დაიწყეს. კოინერმა მიიხედა და დაინახა, რომ ზურგს უკან ძალადობა ედგა. ძალადობამ მუქარით ჰკითხა: რაზე ლაპარაკობდი ახლა? – და კოინერმა ათრთოლებულმა მიუგო, ძალადობის სასარგებლოდ ვსაუბრობდიო. ძალადობას ლექტორის გულწრფელობა დიდად არ ადარდებდა, მისთვის მთავარი იყო, დაშინებით შეეცვალა კოინერის სიტყვების შინაარსი. როცა კმაყოფილი ძალადობა წავიდა, სტუდენტებმა ლექტორს უსაყვედურეს: „ორი წუთის წინ სულ სხვა რამეს ამბობდი; როგორ შეიძლება, ორ წუთში თუნდაც დიდმა შიშმა მთლიანად გარდაგქმნას?“ კოინერმა კი უპასუხა: „მე უნდა გავძლო უფრო დიდხანს, ვიდრე ძალადობამ“, – და ასეთი იგავი გაიხსენა: „აგენტების დროს ცხოვრობდა ვინმე ბატონი ეგე, პატიოსანი კაცი, არჩართული ავი ყოფის ორომტრიალში. ეს აგენტები კი სასტიკი და ავისმოქმედი ადამიანები იყვნენ. ერთხელ ეგესთან ერთ-ერთი აგენტი მივიდა და მკაცრად ჰკითხა: – იქნები ჩემი მონა?! ეგეს ხმა არ ამოუღია, ჩამოართვა აგენტს ქურთუკი, დაუფერთხა, გაყვა სახლში, დაულაგა, საჭმელი გაუკეთა, ლოგინი დაუგო… ასე გაგრძელდა შვიდი წელი. შვიდი წლის თავზე აგენტი გარდაიცვალა. ბატონმა ეგემ მისი ცხედარი სუდარაში გაახვია, უფსკრულში გადაუძახა და მიაძახა:  – არა! ასეთი პასუხებიც არსებობს. მაგრამ რამდენად შეესაბამება ისინი ჩვენი საზოგადოების გამოწვევებს, ამაზე მე და თქვენ ერთად უნდა ვიფიქროთ. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის ფუფუნება – კონტექსტების ამბავია. ილია ჭავჭავაძემ ზუსტად შენიშნა ეს. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ. უნდა ვიმოქმედოთ. მთავარი დაბრკოლება კი ჩვენ თვითონვე ვართ. ამიტომაც დაწერა ილიამ „კაცია, ადამიანი?!“ – ამბავი იმაზე, როგორ უნდა ვებრძოლოთ და ავმაღლდეთ საკუთარ თავზე. ასე სხვის დანახვას და გათვალისწინებასაც შევძლებთ.

საზოგადოდ, წიგნები ალბათ გზის მანიშნებლები უფრო არიან, ვიდრე ამ გზაზე დამყენებლები. ამ გზაზეც ჩვენვე უნდა დავაყენოთ საკუთარი თავი. ჩვენ უნდა მივხვდეთ და გავიაზროთ, საით მივდივართ და როგორ მივდივართ. ამ აზრით წიგნები გვეხმარებიან მხოლოდ. სოლომონ ბრძენს, ლეგენდის მიხედვით, ჰქონდა ბეჭედი, რომელზეც ეწერა: „ესეც გაივლის“. ჩვენთვის წიგნებია ეს ბეჭედი. გადმოვატრიალებთ მეხსიერებაში ამ წიგნებს და ზუსტად გვეცოდინება, რომ ესეც გაივლის. ცუდიც და კარგიც.

როგორ მივიპყროთ ყურადღება. წიგნის წარდგენის ფორმები

0

ლიტერატურაზე შეყვარებულებმა თვალი რომ წიგნზე მოსაუბრე ადამიანს მოვკრათ, მივატოვებთ საქმიანობას, ყურადღებას მოვიკრებთ და მოვუსმენთ. თუ მას ხელში წიგნი ექნება, უფრო მეტად მიგვიზიდავს. წარმოვიდგინოთ, წიგნი გვერდით რომ გადადოს, ხელში დიორამა დაიკავოს ან სლაიდშოუ ააციმციმოს და ამ ფორმით განაგრძოს სათაურის, ავტორის, პერსონაჟების, ეპიზოდების შესახებ საუბარი. ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება მოსაუბრეც, წიგნიც და, შესაძლოა, რომელიმე პერსონაჟის სახელიც კი დაგვამახსოვრდეს.

თუ თქვენ ქართულის მასწავლებელი ხართ, ხშირად გიწევთ საუბარი მხატვრული ლიტერატურის შესახებ და საუბრობთ ისეთი მოსწავლეებისთვისაც, რომლებსაც სულაც არ უყვართ კითხვა, მეტიც, შეიძლება რომელიმე მათგანმა გითხრათ, რომ ვერ იტანს მას. ლექციის ტიპის საუბარი, დამეთანხმებით, ზოგჯერ მოსაწყენი ხდება, მრავალფეროვანი რესურსის გამოგონება კი წიგნამდე მიყვანის გზად შეიძლება იქცეს. სტატიის დაწერისკენ სწორედ ამ კვლევა-ძიებამ და მცდელობამ მიბიძგა. გადავწყვიტე გაგიზიაროთ სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც ერთგვარ თამაშად ვაქციეთ და მიზნად კი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა დავისახეთ. წიგნის წარდგენის ფორმათა ცვლით ცნობისმოყვარეობა იმგვარად ღვივდება, რომ მსმენელს სასურველი ტექსტის წაკითხვის სურვილი უჩნდება. მეთოდები უფრო საინტერესო რომ გავხადოთ, თან დავურთავ ლიტერატურულ მიმოხილვას.

ხშირად გვიწევს გამეორება, რა ძალა აქვს პირად მაგალითს. მაშ ასე, ვკითხულობთ წიგნებს, ვფიქრობთ წარდგენის ფორმაზე, ვარჩევთ სათქმელს, მერე თავად ვქმნით რესურსს და აუდიტორიას ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს.

 

პოსტერი

კედლის პოსტერი სათქმელის ორიგინალური გადაწყვეტის ფორმაა, რომელიც შედგება ტექსტისა და გრაფიკული გამოსახულებისგან. ორივე ერთად გამოხატავს წიგნის მთავარ იდეას, თემას, მოტივს. პოსტერის შესაქმნელად მაღალსააზროვნო უნარებია საჭირო. უნდა შეგვეძლოს წიგნის დაკვირვებით წაკითხვა, გაგება, გააზრება, შეფასება. შემდეგ ვარჩევთ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას და ტექსტს, გამიზნულად ვაწყობთ, სად განვალაგოთ წარწერები, როგორი შრიფტი შევარჩიოთ და ბოლოს ამ მონახაზს პოსტერად ვაქცევთ.

ახლახან წავიკითხე ანე-კატერინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“. გაგიზიარებთ, როგორ პოსტერს დავამზადებდი ბავშვებისთვის: დავხატავდი მაღალსართულიან კორპუსებს, ლურჯ მანაქანას წითელი ზოლებით, საბავშვო ეტლს, გოგონას მოკლე ჭრელი სვიტერით და შემდეგ სიტყვებს დავწერდი: პერიკლე, ყავა, ხალიჩა, საწოვარა, პიანინო. საუბრისას ჩემს პოსტერს აუდიტორიას ვუჩვენებდი და მოვყვებოდი ავრორას ჭკვიანი, კეთილი, შეგნებული მამის შესახებ, რომელიც თავისუფალ დროს პიანინოზე უკრავს, ორი თვის ბიჭუნას უვლის და როცა ყავას იდუღებს, კითხვისას სურნელსაც კი ვგრძნობ. ზოგჯერ ავრორას უფლებას აძლევს ჩვილი საწოვარათი გამოკვებოს და განაწყენებული მოზარდის დამშვიდებისას ხშირად ბერძნული ისტორიული პირის, მაგალითად, პერიკლეს სიქველეს იხსენებს. საღამოს პატარა ბიჭუნას დიდხანს აბანავებს, რომ სამსახურიდან დაბრუნებული დედა და ავრორა ხალიჩაზე ერთად წამოწვნენ და მთელი დღის ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება შეძლონ.

პოსტერის შესაქმნელად ვიყენებთ ფორმატსა და პასტელებს.

 

 

დიორამა

თუ mastsavlebeli.ge-ის საძიებო ველში ჩაწერთ სიტყვას დიორამა. რამდენიმე წერილს ამოგიგდებთ, რომლებშიც დაწვრილებითაა აღწერილი მეთოდი და იქვე მითითებულია, კიდევ სად შეიძლება მის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

წიგნის წარდგენისას დიორამა მეტად მიმზიდველი და ეფექტური მეთოდია. შეგვიძლია დიორამა გამოვიყენოთ ტექსტის სათაურის, მთავარი იდეის გამოსახატავად, თუმცა, რადგან დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას, უფრო დასამახსოვრებელი იქნება რომელიმე ეპიზოდის გაცოცხლება.

მაგალითად, მე მსურს, გაგაცნოთ მარი ბექაურის რომანი „სამხრეთის უბანი“. ეპიზოდად შევარჩევდი ავტორ-პერსონაჟ ლევილს, პარიზის ქართულ სათვისტომოს რომ სტუმრობს. დიორამის დასამზადებლად ფერადი ქაღალდისგან გამოვჭრიდი ხეებს და რადგან ზუსტად ახლა ყვავის ცაცხვის ხე, მის ყვავილებს მივამაგრებდი. დავხატავდი მარის და ჭრელ ბოტებს ჩავაცვამდი, ცაცხვის ხეების ქვეშ ნუცა თაყაიშვილის ნათესავ კაცთან ერთად დავაყენებდი, გვერდით ფართოფანჯრებიან სახლს ჩავდგამდი, რომლის ღია სარკმლიდან შემდეგ ფრაზას გადმოვკიდებდი: „-ო-ლალა, ვის უნდა ყავა?“ ჩემს დიორმაში მოვლენები სულ ცოტა აცდენილია ერთმანეთს და ამის მიზეზს მსმენელს აუცილებლად განვუმარტავდი. ვფიქრობ, ვიზუალურად გაცოცხლებული სიუჟეტი და ჩემი განმარტებები მსმენელს წიგნის წაკითხვისკენ უბიძგებდა. საუკუნის წინანდელი მოვლენების ავტორისეული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და საკუთარი იდენტობის გააზრებაში გვეხმარება.

საჭირო რესურსი: მუყაოს კოლოფი, ფერადი ქაღალდები და ფანქრები, მაკრატელი, პლასტილინი, ხის ჩხირები და ცაცხვის ყვავილები.

 

მოხატული მაისური

ხშირად ვწერ, როგორ ვიყენებ ნაჭრის საღებავებს სასწავლო რესურსის შექმნისას. საკუთარი ხელით მოხატული მაისური ვერავის დატოვებს გულგრილს. წიგნის წარდგენის ფორმად თამამად შეგვიძლია მოხატული მაისური გამოვიყენოთ, რომელსაც ნებისმიერ დროს ჩავიცვამთ და საუბრის საბაბად გამოვიყენებთ, მერე კი თვითონ იქცევა ერთგვარ მინიშნებად.

„- ჰეი, აქ ვარ, გინდათ ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებზე ვისაუბროთ?“ – გახსოვთ ის ეპიზოდი, რონია და ბირკი ერთმანეთს პირველად რომ გაიცნობენ და ეშმაკის ხახად წოდებული ნაპრალის თავზე რომ დახტიან? წიგნში ილონ ვიკლანდის ილუსტრაციაა, რომლის დანახვისას შიში და ცნობისმოყვარეობა ერთდროულად შეგიპყრობთ, ვისაც წაკითხული აქვს, შეუძლებელია, მაისურზე გადატანილი ილუსტრაციის დანახვისას გული არ აუჩქარდეს.

საჭირო რესურსი: ასტრიდ ლინდგრენის „ყაჩაღის ასული რონია“, ნაჭრის საღებავები და მაისური.

ნაჭრის ჩანთა

მაისურის მსგავსად, ნაჭრის ჩანთა შეგვიძლია წიგნზე საუბრის ფორმად გამოვიყენოთ. ჩვენი გადასაწყვეტია, საყვარელ ილუსტრაციას გადავხატავთ, თუ რომელიმე ეპიზოდს გავაცოცხლებთ. საინტერესო ფრაზის წარწერაც შეგვიძლია. მე რომ ნაჭრის ჩანთით გაცნობდეთ წიგნს, იოსებ გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას“ შევარჩევდი და შემდეგ ამონარიდს გადავიტანდი:

ტფილისის ძველი თაობა მხოლოდ ხელთნაწერებს კითხულობდა და ხელთნაწერებს უსმენდა. „მნათობი“ სწერდა: „თქვენ შეხვდებით მედუქნეებს, რომელნიც გულ-მოდგინეთ კითხულობენ ბეჟანიანს, ქალვაჟიანს, ბარამიანს და გადაწერაში ერთი ორიოდ ფასს აძლევენ“.

ხაზგასმულ და გამუქებულ სიტყვებს მოსიარულე რესურსი მოსწავლეთა ცნობიერებაში დალექავდა და მათ შემეცნებით სამყაროს გაამდიდრებდა. ამასთანავე, შესანიშნავი მიგნებაა წიგნს სათაურად დაარქვა „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“.

საჭირო რესურსი: ნაჭრის ჩანთა და საღებავები.

 

ლიტერატურული დღიური

ტექსტის მრავალმხრივი გააზრებისთვის ლიტერატურული დღიური არაჩვეულებრივი მეთოდია და ის კითხვის პარალელურად უნდა შეიქმნას. ამჯერად საუბრისთვის დიდი დრო დაგვჭირდება, რადგან აუდიტორიას ვაცნობთ ავტორს, პერსონაჟებს, ჟანრს, სიუჟეტს, რომელიმე ეპიზოდს, ფრაზებს. მნიშვნელოვანია დღიურის ყდა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიის მიხედვით საგულდაგულოდ ვაფორმებთ.

პატარა ყვითელყდიანი წიგნის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელშიც თავმოყრილია 100 ამბავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ. კითხვისას სურვილი გამიჩნდა ლიტერატურულ დღიურში გადამეტანა საინტერესო ამბების დეტალები და ამგვარად დამემახსოვრებინა რეალური ფაქტები.

ამბებს ერთ წიგნად თამაზ ჯოლოგუამ მოუყარა თავი, თითოეულს კი სხვადასხვა ავტორი ჰყავს და მათი სახელები შთამბეჭდავია: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ მანსვეტაშვილი, დავით კლდიაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, იონა მეუნარგია, სამსონ ფირცხალავა… პერსონაჟებადაც თავად გვევლინებიან და მათთან ერთად ვკითხულობთ უცნობი ადამიანების საკვირველ საქმეებს, რომლებიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს ფასდაუდებელ შინაარსს სძენდნენ. მაგალითად მოვიყვან იოსებ ბოცვაძის მონათხრობს ქართველი ხელოსნების ინიციატივის შესახებ:

„საზოგადოებას შესწირეს სახაზავები, სამკუთხედები, ფარგლები და სხვა სასწავლო იარაღები…

… ყველა ჩვენგანმა თითო შაურიც რომ გადავიხადოთ და შევსწიროთ ამ ყოვლად წმინდა საქმეს ჩვენი ღარიბი ჯიბიდან ჩვენი ღარიბი და საწყალი შვილების აღზრდისათვის, ესეც დიდ რამეს შეადგენს ჩვენთვის“. – ასეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საუკუნის შემდეგ მკითხველს ქმედებისკენ გიბიძგებს.

ლიტერატურულ დღიურში ცალკე ვყოფთ სივრცეს პარალელებისთვის ჩვენი ცხოვრებიდან. ამ სივრცეში აუცილებლად დავწერდი ერთი დამთხვევის შესახებ ჩვენი რეალობიდან, კერძოდ, პირველ ივნისს, ნინოობას, ქართულის მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ მწერალთა სახლში თავი მოუყარა მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს ბათუმიდან, ბაღდათიდან, ხარაგაულიდან, თბილისიდან, რაჭიდან, სვანეთიდან, რომლებმაც ნათიას ინიციატივით წაიკითხეს ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლის (ბრილკას)“ პირველი ორი ნაწილი. შეხვედრაზე გერმანიიდან სკაიპით ჩაგვერთო მწერალი და პირადად გვესაუბრა. შეხვედრის ორგანიზატორმა დღის ბოლოს საჩუქრად გადმოგვცა გამომცემლობა „არტანუჯის“ წიგნები, მათ შორის 100 ამბავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ.

სწორედ იმავე დღეს ამოვიკითხე დავით კლდიაშვილის მოგონება – „ბათუმის სკოლის გასაღონიერებლად გრიგოლ ვოლსკიმ და ივანე მესხმა გადაწყვიტეს ყოველწლიურად თოთხმეტ იანვარს, ნინოობას, სასწავლებლის სასარგებლოდ განსხვავებული საღამოს გამართვა“. ვიჯექი აივანზე, ვუყურებდი მერცხლების ფრენას და ნათიას საქმიანობაზე მეფიქრებოდა. 2019 წლის პირველ ივნისს, ნინოობას, გამართული შეხვედრა ნამდვილად ეხმიანებოდა საუკუნის წინანდელი ადამიანების სულისკვეთებას. იქ შეკრებილი საზოგადოება ნამდვილად ვგრძნობდით წერა-კითხვის გამავრცელებელი და „სკოლის გასაღონიერებელი“ ქმედების მომნუსხველ ძალას.

საჭირო რესურსი: რვეული, ფერადი ბარათები და კალმები.

 

ხელნაკეთი ბალიში

წიგნზე საუბრისთვის შეიძლება შევკეროთ ფერადი ბალიში, რომელზეც დავხატავთ რომელიმე ეპიზოდს, პერსონაჟს, დავაწერთ სათაურს ან საინტერესო ამონარიდს. სურათ-ხატები გონებაში ილექება და ასოციაციური აზროვნებისკენ გვიბიძგებს.

წიგნი, რომელიც ხელნაკეთი ბალიშით უნდა გაგაცნოთ, რენსომ რიგზის რომანია, სახელად „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ . ბალიშის პირი ცისფერია, ზედ შავი საღებავით დატანილია წიგნის ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც ასახულია ტუჩების ანაბეჭდი და წარწერაც სიტყვასიტყვით მეორდება:

„უშენოდ თავი ტყვეობაში მგონია. რატომ არ მწერ? ძალიან ვდარდობ. გკოცნი, ემა“.

ხელში ვიჭერთ ბალიშს, მუხლებზე ვიდებთ წიგნს და ვიწყებთ საუბარს, თუ როგორ უყვარდათ იაკობის, მთავარი პერსონაჟის ბაბუას და ემას ერთმანეთი. როგორც წესი, მკითხველი საკუთარ თავს აიგივებს წიგნის მოქმედ გმირებთან და მოვლენებს მათთან ერთად განიცდის. წარმოუდგენელია, სიცოცხლის განმავლობაში თავს არ გადაგვხდენოდეს განცდა სახელად „უშენობა“ . ამ პატარა გზავნილით საუბრის დაწყება რომანის შესახებ, რომლის ერთ-ერთი თემა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული დარდია, საკმაოდ ავანტიურულ დასაწყისად იქცევა.

საჭირო რესურსი: ნაჭერი, საღებავები, საკერავი მანქანა.

სლაიდშოუ

შრიფტის ზომას, ფონს, ტექსტს, სურათს, სლაიდების რაოდენობას – ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. სათქმელსა და ვიზუალურ მასალას შორის შესაბამისი სიხშირეა დასაჭერი. მთავარია, საპრეზენტაციო სლაიდშოუმ წიგნის შესახებ მეტი ინტერესი აღძრას. მოსაუბრის კეთილი ნებაა, რა ფორმით წარმოაჩენს სასურველ ნაწარმოებს.

ჭყვიში, ამსტერდამი, თბილისი, სნო, ნიკორწმინდა, ბუდაპეშტი, ნიუ-იორკი, ლენინგრადი, სიღნაღი – ამ სოფლებისა და ქალაქების ფოტოებს სლაიდებად ავკინძავდი, აუდიტორიას ვაჩვენებდი და ასე დავიწყებდი საუბარს ნესტან ნენე კვინიკაძის რომანის „ისპაჰანის ბულბულების“ შესახებ.

რომანი იმდენად აღძრავს ესთეტიკურ შეგრძნებებს, კითხვის პარალელურად ფიქრობ, რომ პროზად დაწერილ პოეზიას კითხულობ. თხრობა სოფელ ჭყვიშიდან იწყება, რაც პოეზიასთან კავშირს კიდევ უფრო მეტად ამყარებს. პირველივე გვერდებიდან ვხვდებით პატარა ბიჭს: „ასტამური სახლში მირბოდა, გული ამოვარდნამდე უცემდა, ცრემლი ღვარად ჩამოდიოდა. მირბოდა ბებიასთან და თან ჯიბეებიდან სიმინდის მარცვლები უცვიოდა“. მოვლენის მნიშვნელობა და დინამიკა ღრმა შთაბეჭდილებად გრჩება, სლაიდებზე ასახული ქალაქები ვერ გავიწყებენ სოფელ ჭყვიშს და პატარა ადამიანის დიდ იმედგაცრუებას.

„ისპაჰანის ბულბულების“ შესახებ ძალიან ბევრი სათქმელი გროვდება, თუმცა, არ ვივიწყებთ მიზანს, წიგნის წარდგენის ფორმა მსმენელისთვის იმპულსად უნდა იქცეს.

 

საჭირო რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი.

 

ფერადი ბადე თხილის ტოტებით

კიდევ ერთი ფორმა, რომელიც წიგნზე სასაუბროდ გამოგვიყენებია, არის თხილის ტოტზე მიმაგრებული ფერადი ტიული, რომელზეც გავაკარით ქაღალდზე დახატული ეპიზოდი და ტექსტში შეხვედრილი უცხო სიტყვები.

საუბრისას თხილის ტოტზე ჩამოკონწიალებული ბადე გვიკავია და სიტყვიერად ვაცოცხლებთ ნახატს. უცხო სიტყვებით კი ვიმდიდრებთ შემეცნებით სამყაროს და გვსიამოვნებს ცოდნის შეძენა.

ამ ფორმით გაგაცნობთ ნინო ხარატიშვილის რომანს “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“. ეპიზოდად აუცილებლად დავხატავდი წიგნის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის, სტასიას მეგობარს – სოფიოს. 20-იანი წლების სტილის მაღალწელიან ქვედაბოლოს და ფართოსაყელოიან პერანგს ჩავაცვამდი, ოთახში სტასიასთან ერთად დავსვამდი და შევეცდებოდი, სოფიოს მზერის არეალში დამეხატა ძველი თბილისის დამახასიათებელი არტეფაქტები, ირგვლივ კი შემდეგ სიტყვებს განვათავსებდი: ფროიდი, იმპრესიონიზმი, მეტერლინკი, ცისფერყანწელები – ყოველივე იმას, რის შესახებაც სოფიო უამბობდა პროვინციიდან კავკასიის პარიზად წოდებულ ქალაქში ჩამოსულ სტასიას. საუბრის დასაწყისისას აუცილებლად ვიკითხავდი, თქვენ თუ გყავთ ისეთი მეგობარი, რომლის თვალითაც სამყაროსთვის შეგიხედავთ.

დახატული ეპიზოდის გვერდით ფორმატზე რამდენიმე სიტყვას ჩამოვწერდი, კერძოდ: ელეონორა დუზე, Ballet ruse, პეტროგრადი, ოპორტუნიზმი, მედეა, კონფორმიზმი, ცარიზმი, სტაგნაცია – ეს სიტყვები რომანის პროლოგში შეგხვდებათ. ვფიქრობ, მხოლოდ კონკრეტულ სიტყვებზე საუბარი და მათი განმარტება მსმენელს რომანის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის.

საჭირო რესურსი: ფერადი ტიული, ფორმატი, ფანქრები, წვრილი ტოტები.

 

კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. ინდივიდუალური თვითგამოხატვით ვაცოცხლებთ ტექსტებს, დაგროვებულ სათქმელს ერთმანეთს ვუზიარებთ, ვსწავლობთ თხრობას. რაც მთავარია, ნებისმიერი ფორმა, რომელსაც წიგნზე საუბრისთვის გამოვიყენებთ, ერთ მთავარ მიზანს ემსახურება, კერძოდ, სამუდამოდ დარჩეს მსმენელს მოსმენილი სიტყვები, დანახული დეტალები და წიგნის წაკითხვის სურვილი აღუძრას.

 

 

 

 

 

 

ვიზუალური სასწავლო რესურსი მეორეკლასელთათვის

0
Crumpled paper balls with pencil and clipboard on wooden background

 

დიდი სიამოვნებით გავაცნობ კოლეგებს ჩემ მიერ დამზადებულ სასწავლო რესურსს მათემატიკაში, რომელიც ყველა კრიტერიუმს პასუხობს და რომელიც სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში დამეხმარა. რესურსის გაცნობამდე ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზოგადად სასწავლო რესურსების არსს, როლსა და მიზანს.

არახალია, რომ 21-ე საუკუნემ უამრავი ცვლილება შემოიტანა საგანმანათლებლო სივრცეში. ახლანდელი მოსწავლე რადიკალურად განსხვავდება 15-20 წლის წინანდელი მოსწავლისგან. თანამედროვე მასწავლებლის მიზანია, ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ის უნარები, რომლებსაც „21-ე საუკუნის უნარებს“ ვუწოდებთ. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და საინტერესო, მრავალფეროვანი საჭირო რესურსით გამდიდრებული სასწავლო პროცესი.

7-8 წლის მოზარდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის შეძენა, არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სასწავლო პროცესში მონაწილეობს. როდის აქტიურდება ეს ძალები? დ. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ეს ხდება თამაშით სწავლების დროს. ქართველი ფსიქოლოგის აზრით, ამ დროს მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალა (რესურსი) უნდა შეესატყვისებოდეს მოსწავლის აქტუალურ ცოდნასა და უნარებს, მაგრამ, იმავდროულად, ხელსაც უწყობდეს მათ შემდგომ განვითარებას.

აქვე გავიხსენოთ განათლების საერთაშორისო აკადემიისა (ბელგია) და განათლების საერთაშორისო ბიუროს (შვეიცარია) მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელიც ეფუძნება ვალიდურ საერთაშორისო კვლევებს და რომელშიც აღნიშნულია, რომ სასურველი სასწავლო შედეგების მიღება შეუძლებელია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გარეშე, რაც სწორდ მასწავლებლის მიერ შექმნილმა სასწავლო რესურსმა უნდა განაპირობოს.

რა გზით სწავლობენ მოზარდები უკეთ?

  • საქმიანობაში აქტიური ჩართულობით;
  • რეალურ საგნებთან ურთიერთობით;
  • კეთებით;
  • გაცნობიერებით და არა დაზეპირებით!

გავითვალისწინე ყოველივე ზემოთქმული, ვიხელმძღვანელე არსებული საგნის სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მეორეკლასელთათვის ვიზუალური სასწავლო რესურსი შევქმენი. არ დამვიწყებია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება მოზარდებისა – ცნობისმოყვარეობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოტივაციასთან. გარდა ამისა, გავითვალისწინე მათი ასაკი, საჭიროება და გამოვიყენე ილუსტრირების მეთოდი. ეს მეთოდი მეტად გასაგებს ხდის საკითხს, ხელს უწყობს ნასწავლის გაგება-გააზრებას. ვიზუალური რესურსის აღქმაც ადვილია და დამახსოვრებაც.

მეორე კლასის (გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი. „მათემატიკა“, II ნაწილი, 2018 წ.) სახელმძღვანელოში შესასწავლი თემები „უახლოესი ხუთეული, ათეული, ოცეული“ და „ქართული ფული“. კარგად ავსებენ ერთმანეთს. ამან გადამაწყვეტინა, შემექმნა ვიზუალური სასწავლო რესურსი პლაკატის სახით. რესურსს დავარქვი „სუპერმარკეტში“. გარეგნულად ეს არის 60 X 40 სმ ზომის პლაკატი, რომლის მარცხენა მხარეს განთავსებულია „გასაყიდი ნივთები“, მარჯვენა მხარეს კი პატარა ჯიბაკები, რომლებშიც აწყვია სხვადასხვა სახის დავალებები, კითხვები, თავსატეხები, ამოცანები. იქვე, კონვერტებში, აწყვია კუპიურები (ხუთლარიანები, ათლარიანები, ოცლარიანები, ორმოცდაათლარიანები) და მონეტები (ორლარიანები, ერთლარიანები). დავალებები კი მართლაც მრავალფეროვანია. მოსწავლეებმა უნდა იაზროვნონ: რას შეიძენენ, ეყოფათ თუ არა თანხა, რამდენი აკლდებათ, რამდენი რჩებათ, სწორად დაუბრუნეს თუ არა ხურდა, რა შეცდომა დაუშვეს თავად, რა შეცდომა დაუშვა გამყიდველმა, კიდევ რომელი ნივთის ყიდვას შეძლებენ, კუპიურების რომელი კომბინაციით შეიძლება ამ თანხის შედგენა და ა. შ.

ამ    ფოტოზე კარგად ჩანს ჯიბაკები დავალებებით. ნათელია, რომ მასწავლებელს შეუძლია, შეცვალოს ნივთების ფასებიც…

გაკვეთილის დასაწყისშივე, თემისა და მიზნის გაცნობისას, თუკი მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ აუცილებლად გამოვყოფდი დროს „საყიდლებზე წასასვლელად“, მაშინვე ჩნდებოდა მოლოდინი, მზაობა, ორგანიზებულობა, არცერთი წუთის დაკარგვა არ სურდათ, რომ დრო დაგვრჩენოდა „სათამაშოდ“. გარანტირებული იყო მაღალი მოტივაცია, ჩართულობა, ინტერესი, ხალისი. მე ვხედავდი მოსწავლეებს, რომლებიც ასრულებდნენ ჯიბაკებიდან ამოღებულ დავალებებს, „იძენდნენ ნივთებს“ და ზრდასრული ადამიანებივით აზროვნებდნენ. ჩემი აზრით, სწორედ დამოუკიდებლობის განცდა და რეალურ ცხოვრებასთან მიახლოება ანიჭებს 7-8 წლის ბავშვს დიდ სიამოვნებას. ამას გარდასახვის სიამოვნება ჰქვია! ეს არის ადაპტაცია გარემომცველ სამყაროსთან. თითოეული დავალება იყო საინტერესოც და დაძლევადიც და, ზოგადად, ეს რესურსი არის არა განყენებული, არამედ ბავშვებისთვის ძალზე კომფორტული.

მე როგორც პედაგოგ კმაყოფილი ვარ ჩემ მიერ შექმნილი რესურსით, რადგან მან საშუალება მომცა, ბავშვებისთვის მესწავლებინა მიღებული ცოდნის გამოყენება:

  • გაცნობიერებით;
  • საქმიანობით;
  • ჩართულობით.

რესურსი შეესაბამება საგანმანათლებლო მიზნებს, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას:

მათ. 4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში. მოსწავლე

  • ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ხუთეულს; განმარტავს პასუხს.

მათ. 5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე ზემოქმედებების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას. იგი

  • განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს, ბანკნოტებს 100-ის ფარგლებში).

მათ. 7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას. მოსწავლე

  • ადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისთვის, რომლებიც ერთსა და იმავე თანხას შადგენს).

შესაძლოა, ნივთების „ფასები“ შეიცვალოს და რესურსი გამოიყენონ დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რესურსი ხელს უწყობს კლასში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც ახალისებს მოსწავლის სასურველ ქცევას (ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი პრინციპი) და იწვევს მასში სასიამოვნო გრძნობებს. ამის შესახებ კი იან ამოს კომენსკი წერდა: „ოქროს კანონად უნდა იქცეს პირობა: მოსწავლეებს უნდა მივცეთ უფლება, შეიგრძნონ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია შეიგრძნონ შეგრძნების დონეზე“.

ჩემ მიერ მომზადებული ვიზუალური რესურსი ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას, მეორეკლასელებმა, რომელთაც კარგად ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული აბსტრაქტული აზროვნება, აამოქმედონ კონკრეტული აზროვნების უნარი.

ვფიქრობ, მსგავსი რესურსი დახმარებას გაუწევს ჩემს კოლეგებს სასწავლო მიზნების მიღწევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად, მ. ინასარიძე, mastsavlebeli.ge, 23.07.2014
  2. განვითარებისა და სწავლების თეორიები, 2011
  3. დიმიტრი უზნაძე თამაშსა და სწავლებაზე, თ. კაციტაძე, mastsavlebeli.ge,6.08.2012
  4. როგორ სწავლობენ ბავშვები უკეთ. განათლების საერთაშორისო აკადემიისა და განათლების საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოცემული კვლევებზე დაფუძნებული პუბლიკაცია, 2011 წ (https://www.ibe.unesco.org.)

 

 

 

 

კოღოს მოგერიება – მეცნიერებითა და ტექნოლოგიური განათლებით

0

 

აზიაში ხელმოკლედ მცხოვრები ბავშვებიდან ცოტას თუ აქვს კრიტიკული აზროვნებისა და მეცნიერების შესწავლის საშუალება. ისინი გაჭირვებით ეუფლებიან ელემენტარულ წერა-კითხვას და არითმეტიკას. ფოტო: ADB

 

ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ფილიპინებში გადმოვედი და იმ მრავალ ცხოვრებისეულ ცვლილებასთან ერთად, რასაც აქ გადავაწყდი,  იყო საკუთარი თავისთვის სისტემატური შეხსენება შვილებისთვის მწერებისგან და შესაბამისად, დენგეს ვირუსისგან დამცავი საშუალება წამესვა. დღემდე გულდასმით ვსწავლობ დენგესგან თავდაცვის გზებს და მეთოდებს, თუმცა რაც მეტს ვიკვლევ, მით მეტად მაშფოთებს ამ თემაზე ხალხში მოარული ცრურწმენისა და მცდარი ინფორმაციის არსებობა.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 22%-მა ვერ დაასახელა კოღოს წინააღმდეგ გამოსაყენებელი ვერც ერთი ეფექტიანი საშუალება, 82%-ს არასწორად ეგონა, რომ ადამიანს კოღოსგან ციტრონელა იცავს. სხვათა შორის, ციტრონელას გადამდები რეპელენტური ეფექტი აქვს და დაავადების ენდემურ ტერიტორიებზე მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

საინტერესოა, რა შედეგს აჩვენებს მსგავსი კვლევა ფილიპინებში, ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ აქაურ დახლებზე  კოღოს საწინააღმდეგო უამრავი საშუალება მინახავს, რომელიც არც ერთ ეფექტიან ნივთიერებას არ შეიცავს.

ცხადია, სინამდვილესა და ცრუ წარმოდგენებს შორის ასეთ დიდ სხვაობას იმიტომ არ ვაწყდებით, რომ ხალხი ბრიყვია. უბრალოდ, ადამიანების უმრავლესობისთვის არასდროს უსწავლებიათ  მეცნიერებაზე დაყრდნობით შედეგების  შეფასება.

ამ ტიპის კრიტიკული აზროვნება პირდაპირ კავშირშია სკოლაში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (მტიმ) სწავლებასთან. არადა  ხშირად ეს დისციპლინები მოსწავლეებისთვის (და მშობლებისთვის!) მოსაწყენ და დამთრგუნველ საგნებადაც კი ითვლება, რადგან ისინი შეკითხვების დასმასა და ჰიპოთეზების გამოცდაზეა აგებული. სინამდვილეში, ეს უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აზიაში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარებას კოორდინირებას სახელმწიფო უწევს.

კორეის რესპუბლიკის 2011-2015 წლების განათლების რეფორმა მტიხმ-ს (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) პრიორიტეტი იყო  „მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მოეზიდათ ინტეგრირებული აზროვნების მქონე შემოქმედებითი ადამიანები.“

სინგაპურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში დიდი ადგილი ეთმობა „21-ე საუკუნის უნარების“ განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ინფორმაციის გავრცელება. ეს უნარები  მტიმზე დაფუძნებული სწავლებისას განსაკუთრებით ვითარდება.

ტაილანდში სპეციალურად შედგენილი  განათლების პროგრამა მტიმ პირველია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, საინჟინრო მეცნიერებასა და მათემატიკაში გენდერული ბალანსის შექმნას ისახავს მიზნად.

მეცნიერულ  აზროვნებას ბევრი დადებითი აქვს. ადამიანებს, რომელთაც მიმდინარე მოვლენებში გათვითცნობიერება სურთ, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება და ნამდვილის გამონაგონისგან გარჩევა უნდა შეეძლოთ. ამ პრივილეგიით მხოლოდ ცალკეული ადამიანები არ სარგებლობენ. სამეცნიერო განათლების მქონე  ადამიანებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში. არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ცოდნისა და ტექნოლოგიის ათვისება და გამოყენება საზოგადოებრივი და ეკონომიკური ზრდის მთავარი მაჩვენებელია.

კრიტიკული აზროვნების უნარებს, რომელთა განვითარებას მტიმ განათლება უწყობს ხელს, სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის. ბავშვები, რომლებიც კრიტიკულად აზროვნებენ, ზრდასრულ ასაკში მეცნიერულად განიხილავენ მათ წინაშე არსებულ ინფორმაციას გარემოსდაცვით პრობლემებზე, განათლების სისტემაზე, პოლიტიკასა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის აზიაში განათლების სისტემის  შესახებ წარმატებული ისტორიები, სამწუხაროდ, რეგიონში მცხოვრები მილიონობით ბავშვი სკოლაში თითქმის ვერაფერს სწავლობს. 2017 წლის მსოფლიო განვითარების ანგარიშის მიხედვით ნეპალში მეორე კლასელების თითქმის 40% წერა კიტხვის უცოდინარია. ინდოეთის სოფლებში ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს, ხოლო პაკისტანის სოფლებში მცხოვრები მესამეკლასელების 60% არასწორად იყვანს მაგალითს: 54-25. მომავალში ეს „სასწავლო კრიზისი“ ქვეყნებს სიღარიბიდან თავის დაღწევას გაურთულებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ ვასწავლით მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას უფრო განვითარებულ ქვეყნებში, არამედ ისიც, თუ როგორ დავამკვიდროთ ეს ეფექტური პედაგოგიური მეთოდები ამ მხრივ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

დასაწყისისთვის შეგვიძლია ვცადოთ მასწავლებლების წახალისება და ჩართვა სიცოცხლის ბოლომდე მსწავლელთა სისტემაში; ასევე თუ მასწავლებლებში სწავლის სიყვარულს გავზრდით, ეს მოსწავლეებსაც გადაეცემა. უგანდაში ხორციელდება პროექტი, რომელიც მასწავლებლების უნარების გაუმჯობესებას სწავლისა და სამეცნიერო კვლევისადმი სიყვარულის ჩანერგვით ახდენს. ასეთი მიდგომა მასწავლებლების დასაქმებისა და წვრთნის ეტაპზეა შესაძლებელი.

შეგვიძლია მეტად ინტერაქტიული გავხადოთ საკლასო ოთახი – მასწავლებლებმა შეამოწმონ, როგორ ითვისებენ მოსწავლეები მიწოდებულ მასალას და სტუდენტებს მეტი შეკითხვის დასმისკენ უბიძგონ. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში საკლასო ოთახში პრობლემების გადაჭრაზე მუშაობამ ბრწყინვალე შედეგები გვაჩვენა და ცხადი გახადა, რომ კითხვების დასმასა და პრობლემების გადაჭრაში არაფერია „არა-აზიური“ და არატრადიციული. თუმცა შედარებით ღარიბი აზიური ქვეყნების სკოლებში სწავლების მეთოდიკის  ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ის კვლავინდებურად  მასწავლებლის უწყვეტ თხრობასა და გაზეპირებაზეა დაფუძნებულია. მხოლოდ ამ მიდგომის შეცვლით გახდება შესაძლებელი 21-ე საუკუნის უნარების განვითარება, რაც მოზარდებს რაც დრო გავა, მით მეტად დაჭირდებათ.

კვლევებით დადასტურებულია, რომ საჭირო არ არის სასკოლო სისტემაში  მაინც და მაინც არჩევანი გაკეთდეს ელემენტარული უნარებისა (როგორიცაა წერა-კითხვა და ანგარიში) და 21-ე საუკუნის უნარების (როგორიცაა პრობლემათა გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება) სწავლებას შორის. ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია. ელემენტარული ცოდნა ადამიანს 21-ე საუკუნის უნარების ათვისებაში ეხმარება, ხოლო 21-ე საუკუნის უნარები – ელემენტარული ცოდნის განვითარებაში. ამგვარად, როცა მეცნიერულად მოაზროვნე ისეთი მომავალი თაობის აღზრდა გვსურს, რომელიც სოციალური და ეკონომიკური განვითარების წამყვან ძალად იქცევა (და კოღოს საწინააღმდეგო ეფექტიან საშუალებასაც აარჩევს!), იმავდროულად უნდა ვიფიქროთ გამოცდილების გაზიარებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ჰაერივით სჭირდებათ განათლების სისტემის განახლება და ბავშვებში სწავლის სიყვარულის ჩანერგვა.

 

კირსტი ნიუმანი, განათლების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი

 

 

 

საროს მეგალითები – უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ტურისტული რესურსი

0

„ექსკურსია“ ჯადოსნური სიტყვაა და გართობასთან ერთად შემეცნებასაც გულისხმობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭკვიანურად დაგეგმავ, თუ კარგად იცი, სად მიდიხარ, რატომ და როგორ გაატარებ დროს, რომელიც ამ ჯადოსნურ ამბავს დაუთმე.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექსკურსია ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ მხარეში, დაბასა თუ ქალაქში, მთასა თუ კონცხზე შეგიძლია მოაწყო. თანაც ახლა, როცა ზაფხულია და თავგადასავლები გვიხმობს.

ჰოდა, ერთ რჩევას მოგცემთ და ისეთ ადგილს მიგასწავლით, რომელზეც თუ აქამდე არ გიფიქრიათ, თქვენი ინტერესების დავთარში ახლა მაინც უნდა შეიტანოთ:

აუცილებლად ესტუმრეთ მესხეთში, ასპინძის რაიონში, სოფელ საროს. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, თბილისიდან დაახლოებით 250 კმ-ზე მდებარეობს. გზად სამცხის მარგალიტები შემოგხვდებათ, შეგიძლიათ, მანამდე ან მერე (თუღა დაგრჩებათ დრო) ისინიც მოინახულოთ, მაგრამ სარო თქვენი მოგზაურობის ეპიცენტრად აქციეთ და გვერდი არ აუაროთ!

რატომ?

მთავრით დავიწყებ და ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს დავიმოწმებ: სარო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, რადგან აქ არის ის, რაც ჩვენს არსებობას, ჩვენს კულტურულ ყოფას მრავალი ათასი წლით ათარიღებს.

გაგიგონიათ რამე მეგალითების შესახებ? ეს არის უზარმაზარი, დაუმუშავებელი თუ დამუშავებული ლოდებისგან შექმნილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და ნაგებობათა კომპლექსები: დოლმენები, მენჰირები, კრომლეჰები და სხვა, – რომლებიც კონკრეტულ ადგილას უძველესი ცივილიზაციების არსებობას მოწმობს. ასეთი არქიტექტურული ძეგლები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, უმთავრესად – ზღვისპირეთში. მათი დანიშნულება ყოველთვის აშკარა არ არის – ისინი სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდნენ: ხან სამარხებისას, ხან საკულტოს, ხან კი საყოფაცხოვრებოს. მეგალითური კულტურის ნიმუშები გვხვდება კავკასიაშიც, მათ შორის – საქართველოს სამხრეთში, ქვემო ქართლსა და აფხაზეთში.

სარო სწორედ მეგალითების სამფლობელოა. მეგალითები ამ სოფლის ბეჭედია. მეცნიერება დღემდე თავს იმტვრევს, ვისმა ხელებმა, ვისმა ვნებამ აღმართა ეს ვეებერთელა კომპლექსები, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უძველეს დროში, ყოველგვარი ტექნიკის დაუხმარებლად, შეძლეს და ლამის ქოხისოდენა ლოდებისგან ეს ძეგლები ააგეს.

მეგალითებს ძველად გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებს და ქვაკაცებსაც უწოდებდნენ. ზუსტად შერჩეული სახელებია – პირველი სწორედ დევები და გოლიათები მოგაგონდება მათ შემხედვარეს.

საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში იყო განვითარებული ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ-ის II ათასწლეულის შუა ხანებიდან ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

საროს მეგალითების კომპლექსს ციხესიმაგრეებსაც უწოდებენ და სამად ყოფენ: ქვეუბნის ციხედ, რომელიც სოფლის ბოლოს, დასავლეთით (ქვეუბანი) მდებარეობს, ზედა ანუ საყდრის ციხედ, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა და ახალ ციხედ, რომელიც საყდრის ციხის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ კოშკს წარმოადგენს.

სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები), ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ. წ. III ათასწლეულიდან დღემდე.

ქვედაციხე კლდეზეა (ქარაფზე) აგებული. ნაგებობას საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. კედლის წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახ. 1,0-1,5 მ სიგრძისა და 0.8-1,0 მ სიმაღლის) ბაზალტის თლილი ქვები. კედლის შუა ნაწილი, ქვებს შორის, ქვების წვრილი ნატეხებით, ე.წ. ხურდითაა შევსებული. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელი კარის კონსტრუქციები, რომლებშიც გამოყენებულია დამუშავებული უზარმაზარი ქვის ლოდები.

ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე, როგორც ჩანს, საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი არ უნდა ყოფილიყო. დღეისთვის 2,5-3 მეტრამდე სიმაღლის ნაშთებია შემორჩენილი. გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია.

XX საუკუნის ბოლოს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი ფართობის დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარანები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები), ძვ. წ. აღ-ის XV-XIV საუკუნეების ელინისტური ხანის სამაროვანი.

ზემო, ანუ საყდრის ციხე უზარმაზარი ლოდებისგანაა ნაშენი. მის პირდაპირ კი მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერია – საროს მთელი კომპლექსის მშვენება.

სოფლის განაპირას, დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, რომლებსაც მოსახლეობა „კოშკის“ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი) მიუვალია, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი. სოფლის ამ უბანში, კოშკის ციხის სიახლოვეს, დღესაც ნახავთ მოზრდილი ქვებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი საცხოვრისების ნაშთებს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს განვმარტეთ თითოეული ციხის პირვანდელი დანიშნულება და თეორიული აზრის გამოთქმაც შეგვიძლია, მაინც ძალიან ჭირს დაბეჯითებით იმის მტკიცება, რასთან, რა ტიპის კომპლექსთან გვაქვს საქმე, რა ფუნქციებს ითავსებდა უმთავრესად ეს ძეგლები – საყოფაცხოვრებოს, საკულტოს, სამარხისას თუ თავდაცვითს? რატომ არის, რომ ამ უზარმაზარ ლოდებს დღემდე ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ დიდხანს ამაოდ ვცდილობდით გარემოს გადასაღებად დრონის გაშვებას – მაგნიტურ ტალღებს უახლესი აპარატურაც კი ვერ ერეოდა და მხოლოდ კომპლექსისგან მოშორებით შევძელით საფრენი კამერის ჩართვა? ემოცია კი, რომელიც ამ თავგადასავალს ახლდა, დღემდე გაუნელებლად მომყვება და ყველაზე გაბედული გადაწყვეტილებების მიღებისას მახსენებს თავს – მხნეობას მმატებს და ცნობიერების სპირალურ სიხშირეზე მრთავს. ამ ნაკადს ნებისმიერი უფსკრულიდან შეგიძლია ამოჰყვე, სწორედ ისე, როგორც მეგალითების ქარაფებში ხეობის ფსკერიდან ამოფრინდა არწივი. ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს და რომელიც კი ბუნებას შეუძლია გაითამაშოს – მუქი წაბლისფერი დედა არწივი ორ მართვესთან ერთად სწორუპოვარი სიმშვიდით, ფრთააუქნევლად მოჰყვებოდა სივრცის სპირალს, ნება-ნება კრავდა კამარას, ჯერ – პატარას, მერე – უფრო ვრცელს, ბოლოს მთელ ხეობას ასე, გაშლილი და გაურხეველი ფრთებით შემოუარა და ამოვიდა, ამოანათა, შეერია ცის ტალღებს.

მონასტრის მორჩილმა გვითხრა, რომ ეს მათი მეგობარი არწივი იყო, სამი მართვე ჰყავდა. მღვიმეებიც გვაჩვენა, სადაც დედას მართვეები დაებინავებინა. ამ სცენის ნახვა ალბათ ყველას შეუძლია, ვინც საროში მოგზაურობას გადაწყვეტს.

და კიდევ _ არ გამოგრჩეთ მესხური დარბაზის, ყოფითი კულტურის ამ უნიკალური ძეგლის ნახვა. ისიც ციხესიმაგრეების კომპლექსის განაპირასაა, ასპანიძეების საგვარეულო დარბაზი, ულამაზესი ხის თაღით, დედაბოძით, საცხობებით.

სარო ისტორიაა და, როგორც ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, ისიც ბოლომდე შეუსწავლელი, აუთვისებელი, მოუვლელი. უამრავი აქტივობა შეიძლება მოიფიქროს კაცმა, რათა აითვისოს მისი პოტენციალი, იკვლიოს და გააზიაროს აღმოჩენის, შემეცნების სიხარული.

მანამდე კი უბრალოდ მოინახულეთ ის. ამბობენ, რამდენი თვალიც შეხედავს, იმდენი საიდუმლო აქვსო.

საიდუმლოები კი, საბედნიეროდ, ისევ იზიდავს ადამიანებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...