სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
4 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

მოულოდნელი არდადეგები და ,,საშლელები”

0

გაზაფხულის მოსვლა სასიცოცხლო ძალებს მიბრუნებს. ზამთრის უღიმღამო და ნაცრისფერი დღეების შემდეგ მარტის მზე ენერგიით მავსებს, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს გაკვეთილებზე, თითქოს ხალისი მემატება. თითქოს არა, მართლა მემატება, იდეებიც მოფრინავენ და მოფრინავენ.

 

ამ გაზაფხულმა მოულოდნელი არდადეგები მოგვიტანა. უსაფრთხოების მიზნით მთელ ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი. რადგან მასწავლებელი ვარ და ჩემი შვილები კი – მოსწავლეები, სახლში გამოვიკეტეთ, თავს ვარიდებთ ხალხმრავალ ადგილებში გასვლას. ის განწყობა კი, ზემოთ რომ ვწერდი, აღარ მოვიდა. მეტიც, რაღაცნაირად დავითრგუნე. იყო სახელდაურქმეველი შიშიც პირველ დღეებში. მაგრამ მალევე ჩემს თავს შემოვუძახე! სხვა თუ არაფერი, გაზაფხულის ენერგია და ხალისი იმისთვის მჭირდებოდა, რომ არც ჩემი შვილები და არც მოსწავლეები არ მოდუნებულიყვნენ. განწყობას ხომ გადამდები ძალა აქვს.

 

მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის (პირველკლასელი შვილის მეცადინეობის ამბებს სხვა სტატიაში გაგიზიარებთ). ყოველთვის ფაქიზად ვეკიდები არდადეგების დავალებებს, რადგან თავისუფალი დრო, თამაშის დრო ყველაზე ძვირფასია ბავშვისთვის. მაგრამ სხვა აღმოჩნდა მოულოდნელი არდადეგები, რომლისთვისაც მზად არავინ არ იყო. ჩემი და მოსწავლეების ურთიერთობის საშუალება, ცხადია, დისტანციურია. კიდევ კარგი, მსგავსი გამოცდილება გვქონდა, თუმცა იმაზეც მეფიქრებოდა, რა ხდება იმ მოსწავლეებისა და მასწავლებლების თავს, რომელთაც არ აქვთ არც რესურსები და არც გამოცდილება დისტანციური სწავლა-სწავლებისა?

 

  1. პირველ დავალებად მოსწავლეებს ფილმის – ,,რონ კლარკის ისტორიის” – ნახვა და შემდეგ შთაბეჭდილების დაწერა შევთავაზე. იმისთვის, რომ უფრო ყურადღებით დაკვირვებოდნენ დეტალებს, დავალების დასაწერად მითითებებიც გავუგზავნე:
  • როდის და რომელ ქვეყანაშია გადაღებული ფილმი?
  • მოკლედ გადმოეცი ფილმის სიუჟეტი;
  • რომელი ეპიზოდი/მომენტი აღმოჩნდა შენთვის ყველაზე ემოციური?
  • რომელი პერსონაჟის ქცევა მოგეწონა განსაკუთრებით და რატომ?
  • რომელი პერსონაჟის ქცევა აღმოჩნდა შენთვის ყველაზე მიუღებელი და რატომ?
  • რა პრობლემა შეამჩნიე ფილმში? რას მიიჩნევ ამ პრობლემის მოგვარების გზად?
  • ვის ურჩევდი ამ ფილმის ნახვას?
  • რაზე დაგაფიქრა ამ ფილმმა?

უკვე მივიღე დავალებები და უკუკავშირი მარწმუნებს, რომ ფილმის ნახვაც, მისი გააზრება, შემდეგ კი შეხედულებების წერილობით გადმოცემა შედეგიანი აღმოჩნდა.

  1. ჩემი მოსწავლეებისათვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ წიგნები იკითხონ. ბუნებრივია, განსხვავებულია მათი დამოკიდებულება, ზოგი ამას სიამოვნებით აკეთებს, ნაწილი ისე ეკიდება, როგორც შესასრულებელ დავალებას. არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველა დიდი სიამოვნებით კითხულობს, ეს ბუნებრივიცაა, მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. მაგრამ წლების განმავლობაში წიგნებთან ურთიერთობამ, ძალიან ხშირად თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობამ, კლასში შექმნილმა წიგნიერმა გარემომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა ჩვეულებრივ ამბად აქცია მათთვის. უკვე გაზრდილ მოსწავლეებს რომ ვაკვირდები, ამგვარმა გამოცდილებამ ბევრი მკითხველად ჩამოაყალიბა.

ცხადია, დავიწყე ფიქრი, რა წიგნი შემეთავაზებინა მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის. ვეძებდი ისეთ საკითხავს, რომ გვერდზე არ გადაედოთ და, როგორც იტყვიან, ,,ერთი ამოსუნთქვით” წაეკითხათ. ჩემს მეგობარ მასწავლებელსაც ვკითხე რჩევა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, არჩევანი თამარ გეგეშიძის ,,საშლელებზე” შევაჩერე.

რატომ?

  • იმიტომ, რომ მთავარი პერსონაჟები ჩემი მოსწავლეების თანატოლები – 13-14 წლის ბავშვები არიან;

 

  • იმიტომ, რომ წიგნი გვიამბობს სასკოლო ცხოვრებაზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების, მეგობრების, ოჯახის წევრების ურთიერთობაზე;

 

  • იმიტომ, რომ ვინც არ უნდა წაიკითხოს, საკუთარი თავის პოვნას შეძლებს წიგნში.

 

  • იმიტომ, რომ პასუხი ანოტაციაში წერია და მეც ვეთანხმები: ,,რა სურთ მოზარდებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა უნდათ სინამდვილეში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან – უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემომყოფებმა მოუსმინონ, თანაუგრძნონ, ხანდახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ეს წიგნიც სწორედ ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ მეგობრები, მშობლები და შვილები, მასწავლებლები და მოსწავლეები ცოტა უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს”.

 

  • კიდევ იმიტომ, რომ ვიდრე არდადეგებზე წასაკითხ წიგნს წარვადგენდი, მწერალს მივწერე და ვთხოვე, ვკითხე, შეძლებდა თუ არა მკითხველებთან შეხვედრას. მისი თანხმობა სიხარულით შევატყობინე მოსწავლეებს. ჩვენმა სამკითხველო პრაქტიკამ არაერთხელ დამარწმუნა, რომ ავტორთან შეხვედრის მოლოდინი საოცრად უმაღლებს კითხვის მოტივაციას ბავშვებს.

 

  • კიდევ ბევრი იმიტომ არსებობს…

,,საშლელების” კითხვა, გარდა ბავშვებისა, შევთავაზე ჩემი მოსწავლეების მშობლებს, ასევე, კითხვაში ,,გამოვიწვიე” კოლეგები. ეს ადრეც გვიცდია და არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. შეთავაზების დღესვე წიგნის წაკითხვის სურვილი გამოთქვეს დამრიგებლებმა, ინგლისურის, მათემატიკის, ისტორიის, ბიოლოგიის, ხელოვნების მასწავლებლებმა. დარწმუნებული ვარ, მსურველების რაოდენობა გაიზრდება. 2 დღის შემდეგ რამდენიმე მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უკვე წაკითხულიც ჰქონდათ.

,,საშლელები” საინტერესო და, ამასთანავე, საჭირო რესურსია კომპლექსური დავალებების მოსაფიქრებლად, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩასატარებლად, სხვადასხვა კომპეტენციის განსავითარებლად. გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას:

  1. ,,საშლელებში” მხატვრული ლიტერატურის კითხვის თემა აქტუალურია, იგი ახალი წიგნებით დაინტერესების ერთგვარი საშუალებაცაა. ავტორი ახსენებს სხვადასხვა წიგნს:
  • ,,გრძელფეხება მამილო”;
  • მარტოობის ასი წელიწადი”;
  • ,,მაწანწალა რასმუსი”;
  • ,,ნუ მოკლავ ჯაფარას”;
  • ,,თამაში ჭვავის ყანაში”;
  • ,,ჯეინ ეარი”
  • ,,ტუვა გრიმერდალიდან”;
  • ,,საიდუმლო ბაღი”.

 

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ, კითხვის პროცესში ამოიწერონ წიგნის ყველა სათაური, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ; შემდეგ მოიძიონ მცირე ინფორმაცია ამ წიგნებზე, ვინ არის ავტორი, სად დაიწერა, გაეცნონ ანოტაციებს და, საბოლოოდ, დაასახელონ, რომლის წაკითხვას ისურვებდნენ. შეგვიძლია არჩევნებიც მოვაწყოთ და ხმათა უმრავლესობით შევარჩიოთ კლასის საკითხავი.

 

  1. ,,საშლელების” ერთ-ერთი მთავარი თემა მოზარდის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაა. ყოველდღიურობის ფერხულში ჩაბმულ მშობლებს ხშირად გვავიწყდება მთავარი – ემოციური კავშირი შვილებთან. ეს წიგნი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ საკუთარ შეცდომებს გვაპოვნინებს, არამედ იმაშიც დაგვარწმუნებს, რომ შეცდომა ყველას მოსდის და გამოსავალიც ყოველთვის არსებობს, მთავარია, ვაღიაროთ, რომ შეგვეშალა და მერე დავიწყოთ გამოსავლის ძიება.

შეგვიძლია, ეს სამი ამონარიდი (ამონარიდებს საჭიროებისა და გემოვნების გათვალისწინებით შევარჩევთ) დაფაზე დავწეროთ და მოსწავლეებს პრობლემების გაანალიზება, კომენტარების დაწერა ვთხოვოთ:

 

,,კოსტამაც არაფერი იცის დედაზე, მე კი მამაზე. მამამ არ იცის, სინამდვილეში როგორი ვარ მე და მგონი, მამამ არც ის იცის, რა ხდება დედას ცხოვრებაში სახლის მიღმა. ხშირად მიფიქრია, ვიღაც ხომ უნდა იყოს, ვინც ყველას გვიცნობს? მგონი, ასეთი მარტო ღმერთია”.

 

,,რა ძნელია, მუდმივად უსმინო ჩხუბს, ყვირილსა და ტირილს იმიტომ, რომ შენი მშობლები ერთმანეთს შორდებიან, შენ კი უბრალოდ დაგივიწყეს. მათთვის მხოლოდ მათი პრობლემები არსებობს, შენ კი ხელს უშლი!”

 

,,მშობლებს ხანდახან წამოუვლით ხოლმე და ერთბაშად მოუნდებათ ყველაფრის გაგება, რაც გამოტოვეს. არადა, თუ ერთხელ ჩამორჩი, მერე ეს არც ისე მარტივი საქმეა”.

 

ალბათ, ხვდებით, ეს ამონარიდები რამდენი პატარა ადამიანის სათქმელს იტევს. დიდი ადამიანების საფიქრალსაც. ამაზე წერა, მით უმეტეს – ხმის ამოღება ძალიან უჭირთ ბავშვებს. მაგრამ მასწავლებლის მოვალეობა სწორედ ეს მგონია, მოუსმინოს მათ, წაიკითხოს მათი ნაწერები და გაუჩინოს იმედი, რომ პრობლემა მოგვარდება, მერე კი ასწავლოს, როგორ გააკეთონ ეს.

 

  1. სიუჟეტის მიხედვით, მერვე კლასის მოსწავლეებს მასწავლებელი გაკვეთილზე ქართულ ფილმს აჩვენებს. აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ცხოვრებაში ნანახი პირველი ქართული ფილმია. ალბათ, მიხვდებით, რომ ეს პასაჟი ტექსტში შემთხვევით არ გაჩენილა. თანამედროვე ბავშვების ნაწილი არ იცნობს ქართულ კინემატოგრაფიას.

წიგნის წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია იმავე ფილმის ჩვენება დავგეგმოთ, რომელსაც პერსონაჟები უყურებენ, თუ ჩვენი მოსწავლეებისათვის ის კინო ნაცნობი იქნება, ერთი გაკვეთილი ქართულ ფილმებს მივუძღვნათ. შეგვიძლია, მოსწავლეებს საყვარელი ქართული ფილმის შესახებ პრეზენტაციის მომზადება ვთხოვოთ, ჩვენც მოვამზადოთ. ვინ იცის, იქნებ ამ გზით ისინი კიდევ უფრო დავაინტერესოთ.

 

  1. აღსანიშნავია, რომ მწერალს უყურადღებოდ არ რჩება ოკუპაციის თემა:

,,ბათას დედა სოხუმელია, იმ ქალაქიდანაა, რომელიც წლების წინ ჩვენს ქვეყანას წაართვეს და არ უბრუნებენ. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ამბების ბევრი არაფერი გამეგება, მარტო ის ვიცი, ბებია რასაც ჰყვებოდა: რომ ერთ დღესაც ჩვენი მიწა წაგვართვეს და იქ მცხოვრები ადამიანები გამოყარეს”.

თითქოს, ყველამ ყველაფერი იცის აფხაზეთზე, ოკუპანტზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება – ბევრი არაფერი. კარგი იქნებოდა, მოსწავლეებისთვის ასეთი დავალება მიგვეცა – ინტერვიუ აეღოთ ოჯახის წევრებისაგან საქართველოს ოკუპაციაზე, დაედგინათ, თუ ჰყავთ სანაცნობოში დევნილი, მისი ისტორია მოესმინათ და ასე შემდეგ, მერე კი კლასში ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. აფხაზეთზე ფოტომასალის მოძიებას თუ ვთხოვთ, ესეც სხვაგვარად დაამახსოვრებს მოსწავლეებს ჩვენს დაკარგულ/წართმეულ მიწას.

 

  1. წიგნში შეგხვდებათ ისეთი ფრაგმენტები, რომელთა გააზრება და განხილვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა როგორც ეკოლოგიური წიგნიერების, ისე სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებას, მაგალითად:
  • სიმწვანის ნაკლებობა თბილისში;
  • ბათუმში აშენებული უზარმაზარი კორპუსები და ხიბლდაკარგული ქალაქი;
  • სკოლების მოუწესრიგებელი საპირფარეშოები;
  • ქალაქის ავტობუსებით გადაადგილების პრობლემა;
  • ექსკურსიების შედეგად (და არამარტო) დანაგვიანებული გარემო;
  • მიტოვებული სოფლები;
  • თანატოლთა ჩაგვრა, ოჯახური ძალადობა.

ეს პრობლემები ისე ფაქიზად და სადად არის გაჟღერებული პერსონაჟთა ფიქრებსა და მეტყველებაში, რომ შეუძლებელია, არ აგეკვიატოს. ამ საკითხებზე ბავშვების დაფიქრება კი სასიცოცხლო მნიშვნელობის მგონია, რათა საზოგადოების ცნობიერება გაჯანსაღდეს. ნებისმიერი ეპიზოდი შეგვიძლია ვაქციოთ დისკუსიის თემად, მერე კი მოსწავლეებს ვთხოვოთ, შეადარონ წაკითხული რეალურ ცხოვრებას, იპოვონ მსგავსება და განსხვავება. ასე ტრანსფერის უნარსაც გამოვუმუშავებთ და იმასაც მივახვედრებთ, როგორ გაითვალისწინონ წაკითხული თავიანთ ყოველდღიურობაში.

 

  1. განსაკუთრებულად რამაც გამახარა, ინკლუზიური განათლების ცნების გაჟღერება იყო და იმის ჩვენება, რამდენად საჭიროა არაფორმალური განათლება. რამდენიმე წელია, ლიტერატურულ კლუბს ვხელმძღვანელობ და ყოველი დღე მარწმუნებს, რა კარგი იდეა იყო წლების წინ მისი დაარსება.

,,საშლელებში” ერთი ლიტერატურული კლუბის ისტორიას გაეცნობით, რომლის საუკეთესო შეფასება 13 წლის პერსონაჟის სიტყვებია: ,,რაც კლუბში დავიწყე სიარული, მგონი, უფრო თავდაჯერებული გავხდი”. ცხადია, XXI საუკუნის ბავშვებს მხოლოდ ფორმალური საგანმანათლებლო სივრცე აღარ იზიდავთ, ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ წიგნის გმირებს კლუბი ძალიან შეუყვარდათ, კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეს შორის კი ასეთი დიალოგი გაიმართა:

,, – თურმე, კლუბი მშვენივრად მუშაობს. უამრავი ბავშვი ჩაეწერა ახალ ჯგუფში.

  • იმიტომ, რომ იქ სხვანაირი დავალებებია, – ვთქვი მე.
  • სხვანაირი?
  • ჰო, დავალებები კი არაა, უფრო გასართობია, კითხვა, წერა, პრეზენტაციების მომზადება. ამიტომაც მოგვწონს.
  • იმიტომ ჰქვია კლუბი და არა გაკვეთილი, – თეა მასს ხმა შეეცვალა, – მაპატიე, მაგრამ მე პირადად გაკვეთილზე ნამდვილად ვერ გაგართობთ, უნდა გასწავლოთ.
  • ჰო, მაგრამ იქაც ვსწავლობთ…”

ეს დიალოგი როცა წავიკითხე, მეგონა, რომ ჩემზე დაწერეს. წლების წინ ჩემთვისაც უთქვამთ ეს და თანაც არაერთხელ. სამწუხაროდ, ჩემი ბევრი კოლეგა დღემდე მიიჩნევს, რომ საკლუბო მუშაობა, თამაშით სწავლება, ინოვაციური მეთოდების გამოყენება გაკვეთილებზე ,,გართობაა”, სინამდვილეში კი ბავშვს თუ სიამოვნებს, მაშინ ყველაზე კარგად სწავლობს.

შეგვიძლია, მარტივი ექსპერიმენტი წამოვიწყოთ, ჩავატაროთ გამოკითხვა და დავადგინოთ, რა ტიპის დავალებები მოსწონთ ჩვენს მოსწავლეებს, რისი წერა სიამოვნებთ, მერე კი გავითვალისწინოთ მათი სურვილები და შედეგი გარდაუვალია – სწავლა-სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება.

 

იდეების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე ინტეგრირებული დავალებებიც  მოვიფიქრეთ. ინგლისურის გაკვეთილზე მოსწავლეებს ერთ-ერთი თავის თარგმნას შევთავაზებთ – ვფიქრობთ, ეს იყოს ტექსტი ბათუმზე, ან თავად შევარჩევინებთ,  ხელოვნების გაკვეთილზე კი ილუსტრაციების შექმნას ვთხოვთ.

წიგნში კიდევ ბევრ რამეს ამოიკითხავთ, გაიგებთ, როგორია მასწავლებელი დედის შვილობა, რატომ იკეთებს 13 წლის მოზარდი მშობლისგან მალულად აკრძალულ ქამარს და როგორ ყალიბდება მისი გემოვნება, შეიტყობთ, რატომ დაარქვა ავტორმა ტექსტს ,,საშლელები”.

არ მითქვამს, რომ მწერალი, ამავდროულად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი კარგად იცნობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის როგორც ძლიერ, ისე სუსტ მხარეებს. ეს ეტყობა წიგნს. არაა მარტივი, წერო ამ ყველაფერზე, მაგრამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი არის სწორედ მათი მოგვარების გზა. ამიტომაც მისასალმებელია ეს გამბედაობა. კიდევ ის, რაც ძალიან მომწონს ,,საშლელებში”, არის ავტორის თვითირონია.

მალე მოულოდნელი არდადეგები დასრულდება. მახარებს იმაზე ფიქრი, რამდენი იდეა გაჩნდება ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, რაღაცებს შევცვლით მშობლებიც, შვილებიც და მასწავლებლებიც, შევცვლით უკეთესობისკენ. ჩატარდება საინტერესო გაკვეთილები, გაიმართება დისკუსიები…

იქამდე კი… გაზაფხულის განწყობა დამიბრუნდა. ,,საშლელებმა” დამიბრუნა.

 

 

 

 

 

 

საშინაო სკოლა და საქართველო

0

 

შინ სწავლა განათლების მიღების უძველეს გზას წარმოადგენს. თაობიდან თაობას ცოდნა უმეტესად დედების მხრიდან გადაეცემოდა, ისინი თავიანთ შვილებს ანბანს ასწავლიდნენ და კითხვას აყვარებდნენ. „საშინაო სკოლა“ დღესაც განათლების მიღების ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს. ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურატურაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადრეფეოდალურ ხანაში საქართველოში შინ სწავლა-აღზრდის ე.წ. ინსტიტუტი ნამდვილად იყო გავრცელებული. თუმცა ქართლსა და კოლხეთში მხოლოდ წარჩინებულთა შვილებს შეეძლოთ ამ პრივილეგიით სარგებლობა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ შეგროვებულ წყაროებში აღნიშნულია სწავლის დაწყების სავარაუდო პერიოდი (6-7 წელი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ მოღვაწეს სამონასტრო სკოლების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ანტიკურ სამყაროში როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განათლების გადაცემა უმნიშვნელოვანეს და პრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა. „სპარტანული აღზრდის“ მეთოდის არსს შესანიშნავად განმარტავს გამონათქვამი – „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. ასევე ანტიკური სამყაროს ნაწილია ფილოსოფიური და რიტორიკული სკოლები, რომლებმაც ინდივიდის და არა მხოლოდ ქვეყნის/ქალაქის საიმედო მცვლელის აღზრდა დაისახეს პედაგოგიური საქმიანობის მთავარ მიზნად. ეს სკოლები განათლების შედარებით მაღალ საფეხურს წარმოადგენდა და ნიჭიერ და მიზანდასახულ (შეძლებულსაც, რადგან ლექციების კურსს პედაგოგთა უმრავლესობა საკმაოდ ძვირად აფასებდა) ახალგაზრდებს ცოდნის გამდიდრების საშუალებას აძლევდა. მათ განსწავლაზე ზრუნავდნენ პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც ყველა საგანში სათანადო ცოდნას ფლობდნენ. ამის გამო მათ „სიბრძნის მასწავლებლებლებად“ მოიხსენიებდნენ. აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზემოაღნიშნული სკოლების ე.წ. კურდამთავრებულები საზოგადოებაში პრესტიჟულ ადგილს იკავებდნენ და გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. საქართველოში რიტორიკული სკოლების არსებობა ისტორიულადაა დადასტურებული. ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის ერთ-ერთ წერილში ნახსენებია ფაზისის „გიმნასიონი“ (III-IV სს), სადაც წერილის ავტორს და მამამისს „რიტორიკული განათლება“ მიუღიათ.  აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ფეხს უწყობდა ანტიკური ხანის საგანმანათლებლო გამოწვევებს.

მოგვიანებით განათლებამ ეკლესია-მონასტრების კედლებში გადაინაცვლა. შესაძლოა, იმ დროისათვის განათლების კერების მთავარ მიზნად „მწიგნობარი მსახურის“ აღზრდა მოიაზრებოდა, თუმცა წარჩინებულ ოჯახებთან განათლების გადაცემის მიზნით თანამშრომლობის საჭიროებამ ბევრი სწავლული აღმზრდელად აქცია.  იმდროინდელ აკადემიებში, მთავარი საგნების – თეოლოგიისა და ფილოსოფიის გარდა, გრამატიკა, რიტორიკა და ბუნებისმეტყველებაც ისწავლებოდა, რაც სწავლულების სააღმზრდელო საქმიანობას უფრო მრავალფეროვანს ხდიდა. „შატბერდის კრებულის“ (IX-X სს) დახმარებით, უცხო ენების (ებრაული, ბერძნული) შესწავლის პრეცენდენტიც დადასტურებულია.

რაც შეეხება საგანმანათლებლო ხედვებს, იმ დროისათვის სწავლა და აღზრდა ერთ მთლიან, განუყოფელ პროცესად მიიჩნეოდა. ინდივიდის განათლებულ და ღირსეულ მოქალაქედ აღზრდა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. ამ მიზეზით ბევრი მასწავლებელი/აღმზრდელი თავის მოსწავლესთან კავშირს სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა.

განათლება შედარებით სახალხო, ანუ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გარკვეული დროის შემდეგ გახდა. შესაბამისად, ჯგუფური მუშაობის (საკლასო სისტემა) ტენდენცია, როგორც ბიზანტიური სასწავლო მიდგომა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში XI საუკუნიდან დამკვიდრდა.  XVII საუკუნიდან კი საერო განათლებისადმი ინტერესი გაიზარდა და დროთა განმავლობაში იგი სასულიერო განათლებას გაემიჯნა. საგანმანათლებლო სივრცეების ხელმისაწვდომობის მიუხედავად, სამეფო კარზე და ფეოდალთა ოჯახებში „შინ სწავლის“ ტრადიციას მაინც არ ღალატობდნენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დიდგვაროვანთა საზოგადოებაში თვითგანათლებასაც (წიგნებზე „ნადირობა“, შემეცნებითი მოგზაურობა, სადისკუსიო ტიპის შეხვედრები და სხვ.) დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ისტორიული წყაროები განათლების მოსახლეობის ფართო წრეებისთვის გაზიარების პირველ ინიციატორად მეფე-პოეტ არჩილს ასახელებს. ასევე მას ეკუთვნის იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესული იდეა – „ადვილიდან რთულისკენ თანდათანობით გადასვლის მეთოდით“ სწავლება. შემდეგ იყვნენ კათოლიკე მისიონერები, ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. სწორედ ვახტანგ მეფის თაოსნობით დაარსებულ თბილისის სტამბაში დაიბეჭდა პირველი ქართული მეთოდური სახელმძღვანელო.  სახელმწიფო სასწავლებლები მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაარსდა და ამ გზით სასწავლო პროცესმა სისტემური სახე მიიღო. საგულისხმოა, რომ ამდროინდელი საგანმანათლებლო რეფორმებიც მეფეს (ერეკლე II) უკავშირდებოდა, რაც განათლების პრიორიტეტულობას უფრო მეტად უსვამდა ხაზს.

მალე საქართველოს რუსული პოლიტიკით ნაკარნახევი განათლების სისტემის გამოცდა მოუწია. ისტორიას რომ თავი დავანებოთ, ამ სისტემას შესანიშნავად აღწერს აკაკი წერეთელი თავის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში „ჩემი თავგადასავალი“, ამ მოთხრობაში და ასევე პოემაში „გამზრდელი“ დეტალური ინფორმაციაა მოცემული, როგორც სახელმწიფო (გიმნაზია), ასევე საშინაო (გაძიძებისა და გამზრდელის ინსტიტუტი) სკოლების შესახებ. „გამდელი, როგორც ოჯახის ერთგული, ნამსახური და მოჭირნახულე, დიდ პატივში იყო, ხმა ჰქონდა საოჯახო საქმეში და ბატონიშვილების გამოზრდაც მის ხელში იყო.“ (აკაკი წერეთელი, „ჩემი თავგადასავალი“)ძველი ტრადიციის თანახმად, მომავალი პოეტი გლეხის ოჯახში იყო გაბარებული და საკუთარ თავზე გამოსცადა ძიძისა და ძიძიშვილების სიყვარული. მანო სადუნიშვილის ღარიბულ ქოხში აკაკიმ შრომის მნიშვნელობისა და ადამიანური სითბოს გაკვეთილები მიიღო. პოეტის მიერ აღწერილი გამზრდელი კი უფრო ანტიკური ხანის „სიბრძნის მასწავლებელს“ მოგვაგონებს, ცხოვრების ბოლომდე რომ მოსწავლის მეგზურია და მისი სირცხვილი საკუთარ დანაშაულად მიაჩნია.

მშობლებთან დაბრუნებულმა აკაკიმ საშინაო სკოლის გაკვეთილებიც მოისმინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგა გზას სახაზინო გიმნაზიისკენ. ამ ხანას მომავალი პოეტი, სასწავლებელში გამეფებული „სპარტანული რეჟიმისა“ და სწავლა-აღზრდის სასტიკი მეთოდების გამო, „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებდა. მასზე ამ მძიმე პერიოდმა იმდენად დიდი კვალი დატოვა, რომ ავტობიოგრაფიული თხზულებაში მოთხრობილი დეტალები არ იკმარა და თავის პედაგოგებს პოემა „გამზრდელი“ მიუძღვნა. დიახ, ეს პოემა, პირველ რიგში, მის პედაგოგებს უნდა წაეკითხათ, რათა გაეხსენებინათ, რომ მათი მოვალეობა მოსწავლის ცხოველივით გაწვრთნა-დამორჩილება კი არა, სამოქალაქო თვითშეგნებითა და პიროვნული ღირსებებით აღჭურვილი ადამიანების აღზრდა იყო. სარკაზმი და გადაკრული სიტყვა-თქმანი კი იმ იშვიათ იარაღთაგანი გახლდათ, რომლის გამოყენებაც გადარჩენის შანსს უტოვებდა რუსიფიკატორული რეჟიმის მოწინააღმდეგეებს.

გაძიძებისა და გამზრდელ-გაზრდილთა აკაკისეულ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საშინაო სკოლა მოიაზრებდა მჭიდრო და ხანგრძლივ ურთიერთობას, როგორც აღზრდილთან, ასევე მის ოჯახთან და ეს ურთიერთობა ორივე მხარეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა. აკაკის ძალიან კარგად ესმოდა, რომ მარტო წვრთნა საკმარისი არაა და „ბუნება“ ადამიანის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. თუმცა ამ ნიუანსმა აღმზრდელის (ჰაჯი-უსუბი) სინდისი ვერ დაამშვიდა.

ჩემი აზრით, გამზრდელ-გაზრდილის ურთიერთობის ზემოაღნიშნული ნიმუში მაინც ერთი ტრაგედიის სახელით სჯობს განვიხილოთ და არა ზოგად ტენდენციად. აქვე გავიხსენებ განსხვავებულ მაგალითსაც, სადაც აღმზრდელს მოსწავლის შეცდომის გამო სინდისი სულაც არ ქენჯნის, მეტიც, აღსაზრდელის მხრიდან ღალატს მოსალოდნელ ალბათობად აღიქვამს და უკან დასახევ გზასაც იტოვებს.

სულხან-საბა ორბელიანი „ კატის გაზრდილი ლომი“

სულხან-საბას იგავი აკაკი წერეთელს გაულექსავს. მისი ძებნისას სილქნეტის „საშინაო სკოლის“ გაკვეთილების ჩამონათვალში ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორ ლალი დათაშვილის გაკვეთილს გადავაწყდი და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:

იგავის მსგავსი ამბავია გადმოცემული ქართულ მულტფილმში „ლომი და კატა“

 

საბედნიეროდ, აკაკისდროინდელმა საგანმანათლებლო სისტემამ არც თუ ისე დიდხანს იარსება. სასწავლო მეთოდები და მოსწავლე-მასწავლებელთა ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა.  1817 წელს დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარია, რომელმაც 100 წელი იარსება. პირველად სწორედ ამ სასწავლებლის კედლებში დაიწყეს მასწავლებელთა გადამზადება და პროფესიული მომზადება. ამას გარდა, სემინარიაში მოსწავლეებს საცხოვრებელი სივრცეც გამოუყვეს, რაც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის სწავლის აქამდე არარსებულ შესაძლებლობას წარმოადგენდა.

საგანმანათლებლო კერების მომრავლების მიუხედავად, XIX სკ-ის 30-იან წლებშიც აქტიურად სარგებლობდნენ „საშინაო სკოლებით“. ამ გზით ვითარდებოდა ინდივიდუალური სწავლების ფორმები, რასაც დღეს არაფორმალურ განათლებას ვუწოდებთ.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს განათლების განვითარების თვალსაზრისით შეიძლება „ოქროს ხანაც“ კი ვუწოდოთ. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მისი თითოეული წევრის საზოგადოებრივი საქმიანობა. პირველი ქართული სკოლა (1880 წ.) ხომ სწორედ მათი წყალობით გაიხსნა! მოძრავი სკოლის (მოხეტიალე მასწავლებელთა ჯგუფი) დაარსების იდეაც ზემოაღნიშნულ საზოგადოებას ეკუთვნის.

ჩვენს ეპოქაში განათლების მნიშვნელობაზე აღარავინ დავობს და არც სკოლების დეფიციტს განვიცდით, თუმცა შინ სწავლის (ე.წ. ჰოუმსქულინგი) მეთოდის მიმდევრებს ახლაც ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევა (მაგალითად, ვირუსის აფეთქება) გვაიძულებს დისტანციურ სწავლებაზე არჩევანის გაკეთებას. აქედან გამომდინარე, ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სასწავლო პროცესის ონლაინ პლატფორმის შექმნა სახელდება. შემდეგ წერილში გაგიზიარებთ დისტანციურ დავალებებთან დაკავშირებულ გამოცდილებას, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი იძულებითი არდადეგების დროს შევიძინე.

 

რა უპირატესობა აქვს ციფრული რესურსების მიზნობრივ გამოყენებას სასწავლო პროცესში

0

მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და სასიამოვნო სასწავლო გარემო უნდა შექმნას, თანამედროვე განათლების სისტემა  ტექნოლოგიების მიზანმიმართულ გამოყენების მეტ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლესა და მასწავლებელს, რაც საგანმანათლებლო პროცესს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

აღსანიშნავია, რომ  ,,ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს  გამჭოლი უნარები და ღირებულებები. კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება“.

აღნიშნულიდან გამომდინარე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს მოსწავლეთა ციფრული მოქალაქეობის განვითარებაზე სწავლების დაწყებითი საფეხურიდან.

სასწავლო პროცესში  ციფრული რესურსების გამოყენების უპირატესობა თვალნათელია, თუ მას გამოვიყენებთ მიზნობრივად, მოვარგებთ გაკვეთილის სასწავლო მიზანსა და მოსწავლეთა საჭიროებებს. კერძოდ, კომუნიკაციის სიმარტივე, მრავალფეროვანი ეფექტები, ყურადღების  კონცენტრაცია და მობილიზება, მოსწავლის დაინტერესება, მოსწავლის გააქტიურება, მოტივაციის ამაღლება, სსსმ  მოსწავლის  ჩართულობის გაზრდა და ა. შ.

მრავალი საინტერესო აქტივობა შეიძლება მოიფიქროს  მასწავლებელმა ამ კომპეტენციის განვითარებისათვის, ერთ-ერთი კი გახლავთ  ონლაინინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.

სტატიის მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდის გაზიარება კოლეგებისთვის.

პროექტი ,,ციფრული სკოლა – საქართველო“ ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. მან საშუალება მომცა გავცნობოდი სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტს, რომელსაც გავეცანი და საგაკვეთილო პროცესში დავნერგე კიდეც.

მინდა გაგაცნოთ, ონლაინ ინტერაქტიული თამაშის ვებ-გვერდი  kahoot.com, რომლის გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილების სიხშირემ და სისტემატურობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოსწავლეთა აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზე. კერძოდ, მოსწავლეები ხალისით სწავლობდნენ ამა თუ იმ საკითხს, თუ ელოდნენ თამაშს, რომელიც ამ საკითხის ცოდნის ირგვლივ იქნებოდა აგებული. გარდა ამისა, ცოდნასთან ერთად, ასეთი გაკვეთილები, მოსწავლეებში ყურადღების მობილიზებას უწყობს ხელს და  სწრაფი რეაგირების უნარსაც ავითარებს.

ვებ-გვერდზე პირადი მონაცემების რეგისტრაციის შემდეგ მასწავლებელს საშუალება აქვს შექმნას თამაშები და გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში.

თამაშისთვის აუცილებელია: პროექტორი, კომპიუტერი, გამართული ინტერნეტი, მოსწავლეებისთვის კომპიუტერები ან ტელეფონები.

მასწავლებელი წინასწარ ქმნის სავარჯიშოებს, შემდეგ კი გაკვეთილზე იყენებს სასწავლო მიზნიდან გამომდინარე. საკლასო ოთახში, ვებ-გვერდის მეშვეობით,  მასწავლებელი უზიარებს  მოსწავლეებს ტესტს. პროექტორით გაშუქებულ ეკრანზე ჩნდება შექმნილი ტესტი, მოსწავლეები აკვირდებიან და ნიშნავენ ბუკში ან ტელეფონში შესაბამის სწორ პასუხს. ტესტის დასრულების შემდეგ ეკრანზე ჩნდება  მოსწავლეთა რეიტინგი. დიდი ემოციები გამოიწვია მეორე კლასში ამ ინტერაქტიულმა თამაშმა.

  • პირველიტესტირება ,, kahoot-ისგამოყენებით:

 

მეორე კლასში ე.წ ,,ბუკის დღე” იყო. ამ დღეს ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა ბუკის მოტანა.

გაკვეთილი დაიწყო. მოსწავლეებს ვთხოვე, ყურადღებით ენახათ  ვიდეო, რომელიც  სპეციალურად მოვამზადე მათთვის. ვიდეომ პირველი შთაბეჭდილება მოახდინა.

–მასწ, ციფრული რესურსი რა არის? -იკითხეს გაკვირვებით.

–ციფრები  ვიცით, მასწ!

რეაქციას ველოდი. ავუხსენი რაც იყო.

– ეს ვიდეო როგორ შექმენით, მასწ?

-თქვენც შექმნით, მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, თქვენ ციფრული ნაბიჯებით უნდა იაროთ წინ, ისწავლოთ ტექნოლოგიების  სწორად გამოყენება.

დღეს გაგაცნობთ საინტერესო თამაშს. ტესტირების პროცესში გამოჩენილმა ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

მოკლე ხანში მივიღეთ შედეგი:

  • მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების უნარის განვითარება;
  • მოტივაციის ამაღლება;
  • ყურადღების მობილიზება;
  • ხალისიანი სასწავლო გარემო;
  • მოსწავლეთა რეაგირების უნარის გაუმჯობესება;

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა-  https://ncp.ge/

  1. ვებ-გვერდი ,, ციფრული სკოლა საქართველო“ https://dgturn.wordpress.com/

 

 

მასწავლებელის დამხმარე დოკუმენტაცია

0

ABC მოდელი და ქცევაზე მუშაობის დოკუმენტაცია[1]

მოდელი, რომლის შესახებაც სტატიაში გვსურს საუბარი, შემუშავებულია ქცევაზე დაკვირვებისთვის და მოიცავს იმ სიტუაციური ფაქტორებისა თუ ცვლადების აღრიცხვას, რომლებიც წინ უძღვის ან მოსდევს კონკრეტულ ქცევას. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინკლუზიურ კლასებში სპეციალური თუ საგნის მასწავლებლებისთვის რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის დაწყებისას ასეთი ქცევის მართვისა და პრევენციისა. მას საფუძვლად უდევს ბერას ფრედერიკ სკინერისეული „რესპონდენტული“ ანუ საპასუხო ქცევის ტიპი, რომელშიც სტიმული ყოველთვის წინ უძღვის რეაქციას.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ქცევაზე დაკვირვების მიდგომა განათლებაში ქცევის ფსიქოლოგიის გზით ჩნდება. ბიჰევიორისტები[2] მიიჩნევდნენ, რომ ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს მხოლოდ უშუალო დაკვირვებისთვის მისაწვდომი მოვლენები და ვინაიდან ცნობიერების შესწავლა კვლევის მეცნიერული მეთოდებით შეუძლებლად მიაჩნდათ მისი „დაფარულობისა და სუბიექტურობის გამო“, მეცნიერული ფსიქოლოგიის შესწავლის საგნად ადამიანის ქცევას სახავდნენ. დღესდღეობით კოგნიტიურ თუ ჰუმანისტურ მოძღვრებებთან მიმართებით XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ამ მოძღვრების თანამედროვე სასკოლო განათლებაში გამოყენება ყველაზე ეფექტურია პრობლემური ქცევის შეცვლაზე მიმართული ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის, ქცევის შეფასებისა და ანალიზისთვის, რამდენადაც ქცევის შეფასება ემსახურება პრობლემური ქცევის ფუნქციის განსაზღვრას.

ქცევის შეფასების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ABC მოდელით შექმნილი ფორმა, რომელიც მოიცავს დაკვირვებას ქცევაზე და იმ სიტუაციური ფაქტორებისა თუ ცვლადების აღრიცხვას, რომლებიც წინ უძღვის ან მოსდევს კონკრეტულ ქცევას.

ABC მოდელში A (Antecedent) აღნიშნავს წინაპირობას, B (Behavior) – ქცევას, ხოლო C (Consequence) – შედეგს.

წინაპირობა[3] განიმარტება როგორც ქცევის წინმსწრები ნებისმიერი მოვლენა ან გარემოება. წინაპირობის გრაფაში აღიწერება ქვევის წინმსწრები მიზეზი. ქცევა აღიწერება კონკრეტული ცნებებით, დეტალურად, ინტერპრეტაციების გარეშე. მაგ., რამაზი უყვირის საბას; ლუკა თანაკლასელს რვეულს პარავს; სანდრო მუხლებზე დგება და ყვირის და ა. შ. ABC მოდელში ქცევის ზუსტი განსაზღვრისას ბავშვთან დაკავშირებული ყველა პირისთვის იოლდება მისი კონკრეტული ქცევის ამოცნობა, დაკვირვება და ინტერვენციის გეგმის შემუშავება. შედეგი მოსდევს ქცევას და სწორედ მისი მეშვეობით დგინდება მაპროვოცირებელი და ქცევის შემანარჩუნებელი ფაქტორები.

ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ შედეგებმა შესაძლოა განამტკიცოს არასასურველი ქცევა და მთავარი კითხვა, რომელი უნდა დავსვათ, ასეთია: რას იღებს ბავშვი ამ ქცევის საშუალებით? თუ შედეგი სუბიექტისთვის სასურველია, ქცევა კვლავ გამოვლინდება. თუ არასასურველია – ჩაქრება.

ქცევის შედეგების განსაზღვრისთვის დამხმარე კითხვებია:

  • რა გამოიწვია ქცევამ?
  • რა გააკეთეს ან თქვეს გარშემო მყოფებმა, თუკი ქცევა სოციალურ სიტუაციაში აღმოცენდა?
  • ხომ არ წამოიწყო ან, პირიქით, შეწყვიტა სხვა პირმა ინდივიდთან ინტერაქცია?
  • მიიღო თუ არა ინდივიდმა რაიმე?
  • დაკარგა თუ არა ინდივიდმა რაიმე?
  • ხომ არ დაიწყო ან შეწყდა აქტივობა ინდივიდის ქცევის შემდგომ?
  • შეიცვალა თუ არა გარემო ან გარემო პირობები?

ABC მოდელის სრული ფორმა ასე გამოიყურება:

განმახორციელებელი : _______________________

დაკვირვების ადგილი: _______________________

მოსწავლე: __________________________________

 

 

ზუსტი დრო

A

წინაპირობა

(დეტალურად აღწერეთ, რა ხდება უშუალოდ ქცევის გამოვლენის წინ (გარემო, ადამიანები და სხვ.)

B

ქცევ

(აღწერეთ, რა სახით ვლინდება ქცევა)

C

შედეგი

(დეტალურად აღწერეთ, რა ხდება ქცევის გამოვლენის შემდეგ, რა შედეგები მოჰყვება ქცევას როგორც მოზრდილების, ასევე თანატოლების მხრიდან)

 

შენიშვნა

10.44

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებლის თხოვნაა, მოსწავლეებმა ჩართონ კომპიუტერები

 

ზაზა მუხლებზე დგება და დაჩოქილი მიდის მასწავლებლის მაგიდისკენ. მასწავლებელი მიდის ზაზასკენ, რათა წამოაყენოს, ზაზა სწვდება კესოს პენალს და პირში იდებს. კესო ღიზიანდება. მასწავლებელი სთხოვს მას, გაუგოს ზაზას, ზაზას კი სთხოვს, სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს, ჰკიდებს ხელს და სვამს თავის სკამზე.
 

11.00

 

 

 

ზარის დარეკვისთანავე შემოდის ქართულის მასწავლებელი, რომელიც დამრიგებელიცაა. მასწავლებელი ზაზას უთითებს, გადაშალოს წიგნი ზაზა ზის, იღებს წიგნს, შლის და ათვალიერებს, შემდეგ ხურავს და მთელი ძალით უსვამს მაგიდას. გადაყრის საგნებს მერხიდან, მერე დგება და ხმაურით იღებს. ბავშვების რეაგირებაზე იწყებს საკლასო ოთახში სირბილს. მასწავლებლის კომენტარზე შლის წიგნს და კითხულობს ხმამაღლა, არ ჩუმდება.

 

11.05 მასწავლებელი მიდის ოთოს მერხთან და აქებს მის დავალებას ზაზა ინტერესით უცქერის, მერე უცებ წამოიყვირებს: „ეეეჰ!“ და შლის წიგნს. მერე კი შლის დავალების რვეულს და მასწავლებელთან მიაქვს.

 

სპეციალისტები მიგვითითებენ, რომ ABC ფორმატით ქცევაზე პირდაპირი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არ მოხდება ცვლადებს შორის მიმართებისა და გარკვეული კანონზომიერების აღმოჩენა. გამონაკლისია ის ქცევები, რომლებიც ზიანს აყენებს თავად ბავშვს ან მის გარშემო მყოფებს.

მიჩნეულია, რომ სასურველის მიღება ან არასასურველის თავიდან აცილება წარმოადგენს ქცევის ძირითად ფუნქციას, მიზანს, შემანარჩუნებელ ფაქტორს. სასურველი ქცევის შედეგი არ უნდა იყოს დამაჯილდოებელი. თუ ქცევა მეორდება, შედეგი დამაჯილდოებელია. ადამიანი აღნიშნული ქცევით ან რაიმე სარგებელს იღებს, ან არასასურველ ქმედებას და/ან ემოციას იცილებს თავიდან.

სპეცმასწავლებლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ABC მოდელი აადვილებს რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობას და მათი ქცევის მართვას. ქცევის მართვის ეფექტური სტრატეგიების შემუშავების გარანტია ABC ფორმატით ქცევის წინაპირობებისა და შედეგების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომელსაც სპეციალური მასწავლებელი მოსწავლის მშობელთან, დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობით ნერგავს და სახავს წარმატების მიღწევის გზებს.

ჩვენს მოდელში წარმოდგენილი ქცევებიც სულაც არ არის გამოგონილი. მასში გამოგონილი მხოლოდ მეორეკლასელი ბავშვის სახელია. ბავშვისა, რომელიც ახლა მეექვსე კლასშია და სამაგალითოდ იქცევა.

გარდა ABC ფორმატის წარმოებისა, ბავშვის ქცევაზე მუშაობისას ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტია

ქცევაზე მუშაობის გეგმა[4].

ის შემდეგნაირად უნდა შევავსოთ:

ბავშვის სახელი, გვარი: __________________

ბავშვის ასაკი ____________________________

დიაგნოზი _______________________________

აკადემიური უნარები: ______________________________________________________

___________________________________________________________________________

სოციალური უნარები: ______________________________________________________

___________________________________________________________________________

ინფორმაცია ოჯახის შესახებ ________________________________________________

___________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია : _____________________________________________________

______________________________________________________________________________

 

პრობლემური ქცევა ქცევის გამოვლენის სიხშირე/დრო წინაპირობა შედეგი
 

 

 

 

 

ქცევის მიზანი/მოტივი:

_______________________________________________________________________

ჩამანაცვლებელი/სასურველი ქცევა:

____________________________________________________________

ჩარევის სტრატეგია (რა არის გასაკეთებელი, მიზანი):

___________________________________________

ჩასატარებელი

აქტივობების ეტაპები

პერიოდები განხორციელების ადგილი აქტივობაში მონაწილე პირები
 

 

 

 

 

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული დოკუმენტაცია დაეხმარება სპეციალურ მასწავლებლებს თავიანთი რთული სამუშაოს წარმატებით შესრულებაში – ის ხომ მსოფლიოში აღიარებული ექსპერიმენტატორისა და ვირტუოზი მომთვინიერებლის, ბერას სკინერის გამოცდილების ნაყოფია. და თუ, მასავით, მტრედს რამდენიმე წუთში ცეკვას ვერ ვასწავლით, ის ხომ ნამდვილად შესაძლებელია, ჩვენი მოსწავლეების რთული ქცევა ვმართოთ და ის ყველასთვის სასურველი შედეგებით ჩავანაცვლოთ.

[1] მცირე ხნის წინ სპეციალური მასწავლებლების ასოციაციის გვერდზე აღნიშნული მოდელის ხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ წერილის მომზადებაც სწორედ აღნიშნულმა ინტერესმა განაპირობა.

 

[2] ჯ. უოტსონი, ე. თორნდაიკი, ბ.ფ. სკინერი

[3] ამ საკითხს ჩვენი ცალკე წერილი მიეძღვნა.

[4] აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ ვხელმძღვანელობთ მაკლეინის ასოციაციის მიერ გამოცემული სატრენინგო კრებულით „ქცევის მართვა“ (თბილისი, 2017) და ამავე ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და დანერგილ გამოცდილებას, მათივე თხოვნით, სიამოვნებით ვუზიარებთ ინკლუზიური განათლების დარგში მომუშავე სპეციალიტებს, რომლებისთვისაც საინტერესო და რამდენადმე მიუწვდომელია აღნიშნული ფორმები.

,,დრო ოდენ გულისცემა არის“

0

რა არის წუთისოფელი, თუ არა ათასჯერ აღმოჩენილი ჭეშმარიტებების ახლად და მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებლად აღმოჩენის სიხარული. ვინ არის მწერალი? ის, ვინც ამ მრავალჯერ აღმოჩენილი წუთისოფლის თავისუბურად წარმოსახულ მოდელს გვთავაზობს. ბებერ სამყაროშიც არაფერია ახალი და საინტერესო, მხოლოდ ეს ინდივიდუალიზმი, ცხოვრების თავისებური ხედვის კუთხე. ნიკოს კაზანძაკისის რომანი ,,ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ სახარების (იქნებ ცხოვრებისაც) ამ პერსონალური ,,წაკითხვის“, ინტერპრეტაციის მორიგი ცდაა. არაა ძნელი წარმოსადგენი, რა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ეს წიგნი და რატომ ითხოვდა საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას.

,,ჩვენ კი, ანგელოზები, ზეციდან ხშირად ვსტუმრობთ მიწას, რათა ცოტა სული მოვითქვათ“ _ ამბობს ქრისტეს მფარველი ანგელოზი. ეს ამსოფლიური ხიბლი თავიდან ბოლომდე გასდევს ნაწარმოებს, რომლის სათაურადაც სწორედ ესაა გამოტანილი: სიცოცხლე, ადამიანად ყოფნის სიტკბო,  მარტივი, ჩვეულებრივი გზა – სიყვარული და გამრავლება – როგორც ყველაზე დიდი ცდუნება ღმერთის კაცის სხეულში ყოფნისას. მაგრამ სიცოცხლე ამ წუთისოფელში მარტო ტკბობა როდია, ის სასტიკიცაა, დაუნდობელიც, რადგან ადამიანები არასოდეს პატიობენ, თუ „სიკეთე გსურდა მათთვის, ხსნა გსურდა“. ამიტომაცაა, რომ ცხოვრება ჯვრის ზიდვაა. თუ მოთმინებით, სიყვარულითა და რწმენით ვატარებთ მას, ერთ მშვენიერ დღეს, როგორც მწერალი გვეუბნება, ის, ცხოვრება, როგორც ტვირთი, ჩვენს მხრებზე ფრთებად გარდაისახება. მაგრამ ერთიცაა: ხანდახან ფრთები უფსკრულის მოხილვის შედეგ გამოესხმევა კაცს და არც სასწაული აღესრულება უსისხლოდ…

ეს არის წიგნი ადამიანობის სიმძიმეზე, საიდუმლოსა და დღესასწულზე, ადამიანად ყოფნის სიძნელეზე, სევდაზე, ორჭოფობასა და დაეჭვებაზე. ცხოვრება ხშირად ერთმანეთში გარდამავალი ორსახოვნებაა და მასში ძნელია ღმერთისა და დემონის ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ხდება ისიც, რომ ,,ისინი სახეებს ცვლიან ხოლმე“, ღმერთი ბნელად იქცევა, დემონი კი ნათელი ხდება, მხოლოდ საბრალო ადამიანს ამ დროს გონება აქვს ამღვრეული და არ იცის, საით წავიდეს, რომელი გზა აირჩიოს (აქ გვახსენდება ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი, უდაბნოს მონასტრის წინამძღვარი, „მზისაგან და მარხვისგან გამომხმარი“ იოაკიმი, ღმერთზე დამდურებული, რომელსაც უნდა მოკვდეს, რომ გათავისუფლდეს სხეულის ტვირთისაგან, რომ მისმა სულმა, ანუ ნამდვილმა იოაკიმმა ღმერთი იხილოს და მოახსენოს მას თავისი სამდურავი). წუთისოფელი ხომ ამქვეყნიურისა და მიღმიერის სინთეზია, გადადინება ერთმანეთში: ხანდახან ხილულიც ხდება ,,ქვებით, ბალახითა და ხორცით ნაგები“ სამყარო როგორ თხელდება, გამჭვირვალდება და მის მიღმა ჩნდება სულ სხვა, ცეცხლითა და ანგელოზებით ნაგები ტრანსცენდენტული რეალობა, რომლის მიმართ მწერლის იმედი (ყოველ შემთხვევაში, ნაწარმოების ბოლო ნაწილამდე) კარგად ჩანს ამ ნაწარმოებში: „ღმერთი უსამართლობის საძირკველში, ღრმად მარხავს ხოლმე განმგმირავ და დამცირებულ ყვირილს სამართლიანობისთვის“. ყოველივე ზემოქმულის გამოცდაა, რომ ყოფიერების არსი ტრაგიკულია (,,ეს ღმერთიც რა შავ დღეშია, ჩვენი ვეღარაფერი გაუგია. თევზები არიან და შესთხოვენ: გზას ნუ აგვირევ, უფალო, და ბადეებში ნუ შეგვრეკავო! მეთევზეები პირიქით შესთხოვენ: გზა აურიე, უფალო, თევზებს და ბედეებში შერეკეო!“)…

ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი, ადამიანებთან ერთად, ღმერთიცაა, რომელიც ხან ხილულია და გიძლიერებს რწმენას, ხან კი თითქოს ხელს იღებს მათზე ზრუნვაზეც კი, ვინც იდეას ეწირება (გავიხსენოთ, რას ამბობს ავტორი ზილოტზე, რომელიც ეგზალტირებულ ბრბოს მესია ჰგონია, თავისი ასკეტიზმის გამო: „მაგრამ უეცრად, ღმერთმა მასზე ზრუნვა აღარ ინება“). მთელი ეს რომანი მწერლის, როგორც რიგითი მოკვდავის თვალსაწიერიდან, ცდაა არსთა წყობაში გარკვევისა. საოცრად პოეტურადაა დანახული იერუსალიმი, წმინდანთა მიწა, ისევ ღვთაებრივისა და მიწიერის გადაწნეხვით: „ხედავდა იერუსალიმს, არა ამჟამინდელს – დაცემულსა და წაბილწულს, არამედ მომავლის წმინდა იერულსალიმს, შვიდი ტრიუმფალური კოშკითა და შვიდი მფარველი ანგელოზით დამშვენებულს, რომლის ფერხთქვეშაც განრთხმულიყო დედამიწის სამოცდაჩვიდმეტი ერი“.

ადამიანთა სამყაროს მახასიათებლებია ღმერთის, სასწაულის, მესიის მოლოდინი და ეს კარგად ჩანს კაზანძაკისის ამ თხზულებაში. აქ საუბარია, ღმერთთან, როგორც ზღვის მორევთან, მეტისმეტი მიახლოების საშიშროებასა და მასთან წილნაყარობის, ე.წ. წმინდა სიშმაგეზე. აქედან გამომდინარე, მოცემულია ცხოვრების ხატი, რომელშიც „გონიერება და სიგიჟე, ჯვარი და ფრთები, ღმერთი და კაცი“, რწმენა და ურწმუნოება, ცოდვა და უცოდველობა ერთმანეთში არეულა. პეტრე იესოს ბედს არ შეჰნატრის, რადგან ნაწარმოებში იგი ჯვრებს თლის ხალხის გასაკრავად, ფიქრობს, რომ ის უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილა ამის გამო. მართლაც, ყველაფერი ისეა, როგორც სინამდვილეშია: განა, ადამიანებს არ უჭირთ სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა?! განა, საუკეთესოს სისასტიკისთვის, დასასჯელად არ გაიმეტებენ ხოლმე?! ეს კი იმიტომ, რომ წუთისოფლის ბურუსი, უპირველესად, სწორედ იდეალებს ბურავს, ამიტომაც გაგვიჭირდება ხოლმე კაცში ღვთაებრივისა თუ თავად ღმერთის ამოცნობა (გაგვახსენდება, როგორ იხოცებიან სიცილით მეთევზეები ანდრიასა და იოანეს (მოციქულების) ღვთაებრივ მისწრაფებებზე). ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ეძლევა ინტუიციური ,,ცოდნა“ ამ არადედამიწური ამბების შეტყობისა. წიგნში ოსტატურადაა აღწერილი, როგორები შეიძლება იყვნენ ადამიანებად დანახული, სხეულის ტყვეობაში მოქცეული წმინდანები, მოციქულები და თავად ღმერთიც, როგორ დაატარებენ ისინი სხეულის ცოდვიან სიმძიმეს და როგორ ხდება მათი უცნაური მეტამორფოზები ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას (,,სიძესავით თეთრი ემოსა. დედამიწა იყო მისი დანიშნული“ – იესოზე).

როგორია ბიბლიურ გმირთა ეს გალერეა, მწერლის მიერ დანახულ-გააზრებული? ძე კაცისა, იესო ქრისტე, თავისი მარტოკაცობის ტკივილით („არ მინდა მარტოობა, დამეხმარეთ!“), სიზმრების მისტიკით, ვნებებითა და საკუთარ თავში კაცის მძლეველი სწრაფვებით, საკუთარი ცოდვების შეგრძნებითა და ამის გამო პასუხისმგებლობით, თავის დადანაშაულებითა და მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სურვილით: „მარტო ღმერთი მე არ მყოფნის, ადამიანობაც მინდა!“. ძალიან შთამბეჭდავია მისი ორჭოფობა, ისიც, როგორ ისჯის თავს ლურსმნებიანი ტყავის სალტით, სანამ ღვთის საიდუმლოს ჩასწვდება და კაცში ღმერთი გაიმარჯვებს, სანამ მიხვდება, რომ სიკვდილი დასასრული კი არა, ღვთის უბეში მოხვედრის საშუალებაა. მან დერვიშის გზა აირჩია, რადგან თორმეტი წლის შემდეგ, სულ უნდოდა, წამოსულიყო მშობლების სახლიდან, ყველაფერი მიეტოვებინა, გაეთავისუფლებინა თავი დედის რჩევების, მამის უძლურებისა და გულისგამაწვრილებლად ამაო, ყოველდღიური საზრუნავისგან, „ჩამოეფერთხა ადამიანთა მტვერი ფეხთაგან, უდაბნოში გახიზნულიყო“. საოცარია ის მძაფრი შეგრძნება სიცოცხლისა, რომელსაც ის განიცდის ადამიანურადაც და ღვათაებრივადაც: ,,ხელი გაიწვდინა, კედრის ძლიერ ტანს მოეფერა, შეიგრძნო, როგორ ამოდიოდა ხის სული მისი ფესვებიიდან, კენწერომდე აღწევდა და ნორჩ შტოებად იტოტებოდა. – მშვიდობა, დაო ჩემო, – ჩურჩულებდა“. როგორ ჰგონია მას ხშირად, რომ წუთისუფელი ის ,,ბლანტი ძილია, რომელსაც სიცოცხლეს ვუწოდებთ“, რომ ის თავად სამოთხეცაა, სასწაულიც; როგორც წითლდება იგი სიმორცხვისაგან, ტოლსტოის დადებითი გმირებივით, როგორ ძლიერად უყვარს მარიამ მაგდალინელი და ებრძვის თავში ამ გრძნობას. მისი მაგალითით მწერალი გვასწავლის, რომ უცნაურია ღვთის განგება, რომლის რჩეული ,,გამომხმარ ხეს ჰგავს, ქვებზე რომ ამოსულა და ყველასგან მიტოვებულ-უარყოფილია“; რომ სწორედ ადამიანია ის ზღვარი, სადაც მიწის დასასრული ზეცის დასაწყისია; რომ ღმერთი ადამიანის სხეულის ჭურჭელში ,,წმინდა მკრეხელიც“ შეიძლება იყოს და ა.შ.

საინტერესოა იუდას სახის ავტორისეული ინტერპრეტაცია. იუდა, რომლის დიდი პაპა კაენია, ნაწარმოების მიხედვით, იესოს გამოსაცდელად ასდევნებია და ორჭოფობს (,,ვერც ჭუჭყს უძლებს, ვერც სისხლს, ვერც ხმაურს, ეს არ არის მესია“). იგი იესომ თავისი სიმამაცის გამო აირჩია, რომ შეძლოს უდიდეს სიმწარეს გაუმკლავდეს (,,უნდა გამცე, რათა მოვკვდე!“). იუდას, ბიბლიის ამ ყველაზე შთამბეჭდავი პერსონაჟის ღალატის საფუძველიც ხომ, როგორც სხვა მრავალი ცოდვისა – ადამიანური ეგოიზმია, ჯერ თავო და თავოა, ოღონდ უკვე უღირსი „თავო”. თუ რაღაცისთვის თავის დავიწყება, დაკარგვა არ შეგიძლია, ვერც ჩასწვდები ქრისტეს. ცოდოა მოღალატეობისთვის განწირული ადამიანი. ვაჟა-ფშაველას წიწოლა გაგვახსენდება, ყველას მიერ უარყოფილი (თვით ბუნებისგანაც), თვითონ მწერლის გარდა. ვაჟა მას თანაუგრძნობს. ესეც ერთგვარი თავდავიწყებაა, როცა მსგავს ცოდვას პატიობ. ესაა ის საოცარი ჰუმანიზმი, რომელიც იესოს მსხვერპლშეწირვაშიც გამჟღავნდა. იუდა კი უდიდესი ცოდვილი კაცობრიობის ისტორიაში, კაცთაგან შერისხვისათვის განწირული, საბრალო, ყველაზე დიდი ცრემლი უფლისა.

რაღაც უკმარობის, დაუსრულებლობის განცდას ტოვებს კაზანძაკისისეული მარიამ ღვთისმშობელი, იისფერი თავსაბურავითა და უნუგეშო, ნუშისებრი თვალებით, რადგან ძალიანაა გაჩვეულებრივებული: მისი შეუწყნარებლობა და ყოფითი, მიწიერი რჩევები შვილს ხშირად აშინებს. დედას უჭირს შვილის არაამქვეყნიურობის გაგება („ვაი, იმ დედას, ვისი ვაჟიც სხვებს არა ჰგავს“). თუმცა კითხვისას სულ მახსენდებოდა ლია სტურუასეული: ,,ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო, შუადღის ჯვარი ისეთი მძიმეა“, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი გაავებული ბრბოსგან შვილის გადარჩენას ცდილობს (,,-ნუ მოუსმენთ! ავადაა…ავად…ავად…“), თუმცა ძნელია, წინ აღუდგე ადამიანთა უცვლელ, ხშირად უარყოფით დამოკიდებულებას დიდი პიროვნებების მიმართ…

ასე მიდიხარ, ავტორთან ერთად, თითქოს სამყაროს ახლებურად შემეცნების გზით რომანის ბოლოსკენ, თუმცა წინ არასასურველი განცდები გელის. ავტორის წყალობით, რომელიც სიღრმისეულად, ამაღელვებლად აღწერდა, როგორ შეიძლება დაიტიოს ღმერთი ვნებებით სავსე ადამიანმა, რომელსაც შია, სტკივა, სურვილები აღეძვრის და ა.შ., თითქოს სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდებით, რადგან იესო გარდაისახება ტკბობის მოყვარულ დიონისედ („ომს ვუცხადებ მარხვას, უმანკოებას, სიღატაკეს“), მისი ორცოლიანობა (ლაზარედ გარდასახული დაქორწინდება მარიამ მაგდალინელსა და მართაზე და მათგან ჰყავს შვილები) და ქალის მიმართ აღმოსავლური დამოკიდებულება („ქალი ბედნიერი მხოლოდ საზღვრებს შორის არის… ქალი წყლის ავზია და არა წყაროს სათავე“). როგორც მკითხველს, იმედგაცრუებულს გტოვებს და წიგნით მონიჭებული სიამოვნება ნელდება, რადგან ეს არ არის ტრადიცული გაგება ქრისტიანობისა და აღარცაა ქრისტიანობა. თუმცა ეს ყველაფერი ზმანება აღმოჩნდა, ეშმაკის მიერ თავს მოხვეული ცდუნება ჯვარზე გაკრული მაცხოვრისთვის, მაგრამ დასკვნა მაინც ასეთია: გაორებული პოზიცია ბერძენი მწერლისა, რომლიდანაც ეჭვის დემონი შემოგვცქერის, თუ აშკარა ერეტიკოსად არა, ნიცშეანელად მაინც აყალიბებს მას – ქრისტე უფრო ზეკაცადაა წარმოჩენილი, ვიდრე ღმერთად ,,ჭეშმარიტებაა არა ის, რაც ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობს, არამედ ის, რასაც ადამიანი თავად ქმნის, რადგან სჭირდება”. ძალიან მატერიალისტურად აღიქმება მარიამ მაგდალინელისეული მიწიერი სამოთხე (,,ღმერთს არც კარს ვუმტვრევ, რომ სამოთხის საუკუნო სიხარულზე ვემათხოვრო, ქმარს ვეხვევი და სხვა სამოთხე არც მინდა“). იქნებ ეს მწერლის ხრიკია, გამოსცადოს ჩვენი რწმენის ხარისხი? როგორც ნიცშესთვის, კაზანძაკისისთვსაც „მკვდარია” თუ არა ღმერთი, ძნელი დასადგენია, მაგრამ მწერლის ეს ორჭოფობა გვარწმუნებს, რომ ეს ნიჭიერად დაწერილის წიგნი ძიების პროცესია და იმედია, კარგი პერსპექტივით. ჩვენც, ყველანი, მარადი მაძიებლები არა ვართ? და სწორედ ესაა საინტერესო, ავტორისა არ იყოს (ამას იუდა ამბობს): „თუკი ცხოვრება ჭექა-ქუხილს, ელვას არა ჰგავს, რა თავში ვიხლი ასეთ ცხოვრებას?”.

ეს, უდავოდ, ნიჭიერად დაწერილი რომანი ისტორიულთან ერთად ფსიქოლოგიურიცაა და აღიარებენ კიდეც მასში ფროიდის ფსიქოანალიზის გავლენას. კაზანძაკისისეული სახარების ეს სპეციფიკური გააზრება შემდგომში სხვა მწერლებმაც (ჟოზე სარამაგუ, ერიკ-ემანუელ შმიტი) გაიზიარეს. რაც შეეხება ქრიტიანულ თვალსაწიერს, ის, თუ დამახინჯებული არაა, სიყვარულით თავისუფალი აზროვნებისკენ სწრაფვაა. ყველაზე სანუკვარი თავისუფლებაა ადამიანისთვის და ყველაზე ძნელად მისაღწევი. იქნებ მართალია ნიკოს კაზანძაკისი, როცა აღწერს, რისგანაა შექმნილი თავისუფლების ანგელოზი: „ღვთის წყალობისგან ან მოწყალებისგან? იქნებ მისი სიყვარულისგან? ანდა მისი სიმართლისაგან? არა! იგი – ადამიანის მოთმინების, სიჯიუტისა და ბრძოლისაგან არის შექმნილი!“…

 

 

ჩუმები, შეუმჩნევლები, ზარმაცები და უიღბლოები

0

  – კიდევ ერთხელ სცადე, კესო!

– აზრი არ აქვს, მას, მაინც არ გამომივა, – ჩამოყრის ხელებს, – ასეთი ვარ!

– არაუშავს, გიო, ჭკვიანი ხარ, შემდეგისთვის უკეთ მოემზადები!

– ტყუილია, მას, არ ვარ ჭკვიანი! – ეღიმება.

– საბა, როგორ წაიქეცი, თანაც ასეთი უსაფრთხო თამაშის დროს?!

– უიღბლო ვარ, მას! – კედელს უყურებს, – ყოველთვის უიღბლო ვიყავი!

არადა, მასწავლებლად მუშაობა რომ დავიწყე, ერთი შეხედვით, სკოლა სავსე ჩანდა ენერგიული, მხიარული, ჰიპერაქტიური ან სხვების ნერვებზე მოთამაშე, ხმაურიანი, შფოთისთავი, ან სულაც, მოჩხუბარი ბავშვებით! ყოველთვის ვხედავდი ასეთებს, და თუ ვერ ვხედავდი, თვალში მეჩხირებოდნენ – პირველ მერხზე, დერეფნის შუაგულში, კლასის ზღურბლთან, მეგობრებთან მოთამაშეები, ხმამაღლა მოსაუბრეები, აწეული ხელებით, მჟღერი ხმით, ანთებული თვალებით. და მხოლოდ მოგვიანებით დავიწყე სხვების შემჩნევაც – მერხებში შეყუჟულების, მდუმარეების, მოღუშულების, დერეფანში მარტო მოხეტიალეებისა და დაბალი ქულების უკან მდგომების.

– ყველას გვაქვს რაღაც ნიჭი, საჭიროა მხოლოდ მისი აღმოჩენა, – ომახიანად ვამბობ ათასჯერ ნათქვამ, გაცვეთილ, განვლილ და ამოკითხულ ფრაზას. არადა, ზუსტად ვიცი, სანამ არ აღმოვაჩენთ, არაფერიც არ გვაქვს, იდეებისგან დაცლილი თავისა და ნატკენი გულის გარდა! – დაუკვირდით თქვენს თავს და მიხვდებით, რისი კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად! – ვქადაგებ ძველი მისიონერივით, რომელსაც სარწმუნოების გავრცელება ნებისმიერ ფასად ევალება, თუმცა ვიაზრებ, რომ საყვარელ საქმიანობას არათუ ბავშვები, უფროსებიც კი მთელი ცხოვრება ეძებენ და ხანდახან ვერც პოულობენ. მაგრამ თავს ვარწმუნებ, რომ რაკი მასწავლებელი ვარ, „ხელდაბანილი“ ვერ დაველოდები, სანამ მორიგი ნიკა ან მარი თავის უუნარობაში გამომიტყდება!

მერე საკუთარ თავზეც ვფიქრობ – ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, შემიძლია, ერთ საათში გავასწორო ოცი რვეული, ერთ ღამეში შევადგინო ოთხი კლასის ტესტი, ოცდაოთხჯერ მოვისმინო „კაი ყმა“, ათჯერ ავხსნა რომელიმე უსაშველოდ გრძელი და აუცილებლად ზმნასთან დაკავშირებული წესი გრამატიკიდან, რამდენჯერმე მოვყვე ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრის ეპიზოდს და ყოველ ჯერზე განსხვავებულად, ისეთი ემოციით ვისაუბრო რომელიმე საყვარელი პერსონაჟის თვისებებზე, რომ ტიბეტელი ბერივით მიწას ორი სანტიმეტრით ავცდე და დაუსრულებლად ვიქაქანო წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე მიუხედავად იმისა, შთამბეჭდავია, თუ არა ჩემი ნათქვამი. მაგრამ არ შემიძლია თავში ჩავუძვრე მეშვიდეკლასელ ანდროს და გავიგო,  რას ფიქრობს, როცა მარტო რჩება და ძილის წინ დამღლელ დღეს აჯამებს (დაბალი ქულა ქართულში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში… დედამ, ალბათ, უკვე იცის, დამრიგებელი ეტყოდა, ამიტომაც არ გამცა ხმა ამ საღამოს, საჭმელიც კი არ დამაძალა. კიდევ ორი საგანი და ამ თვესაც გადავაგორებ, მერე ცოტა ხნით თავს დამანებებენ! სანამ ისევ არ მოვა თვის ბოლო…)

არც თაზოსი მესმის, რომელიც მთელი გაკვეთილი თავაუღებლად ხატავს, მიუხედავად იმისა, გურამიშვილზე ვსაუბრობ, თუ ზმნას ვარჩევ. ხატავს მაშინაც, როცა სხვები შემაჯამებელ ტესტებს წერენ, როცა დისკუსიაში ერთვებიან, ფილმს უყურებენ, კითხვებს სვამენ ან უბრალოდ, ხმაურობენ (ერთხელაც იქნება, დედა მართლა გადამიყრის ფანქრებსა და სახატავ რვეულებს, თიხას, პლასტელინებს, კუბიკებს, გადამიყვანს უცხო სკოლაში და, როგორც მემუქრება, ყველა საგანში მომამზადებს, რომ იქნებ, ცოტა გამოვფხიზლდე. და თუ არ მინდა გამოფხიზლება?) თაზო მორიგი მოწყენილსახიანი, ათასფიქრიანი ნიღბის ხატვას ასრულებს და ბალიშის ქვეშ მალავს.

ვერც გიგას ფიქრებს ვიგებ, მხოლოდ ვაკვირდები! თითქმის არასდროს იცის გაკვეთილი, სულ ჩაფიქრებულია, თავი მერხზე უდევს ან კლასი ეპატარავება და ჩემ იქით, დაფის იქით, კარს იქით თვალებით შორეთს ეძებს. (ხანდახან მესმის მასწავლებლის ხმაც. სიტყვები შორიდან მოდიან, ერთმანეთს უკავშირდებიან და რაღაც ამბავს ყვებიან, რომელმაც, შესაძლოა, დამაინტერესოს. ვცდილობ, ამ ამბავს ბოლომდე მივყვე, თანაც მასწავლებელს რბილი ხმა აქვს და ხანდახან გადმომხედავს ხოლმე. მაგრამ მერე ისევ ყველაფერი ბუნდოვანდება, ალბათ, იმიტომ, რომ რაღაცას ვერ ვიგებ და მოსმენას ვწყვეტ. მასწავლებელი ისევ შემომხედავს, მაგრამ უკვე თვალს ვარიდებ. ის აგრძელებს, ამბავი ისევ მიდის, მე ვრჩები, თავს მერხზე ვდებ).

ნეტავ, ვიცოდე რა ხდება თემოს გონებაში მას შემდეგ, რაც სკოლაში ათას შენიშვნას მიიღებს, ათასჯერ შეეცდება „გამოსწორდეს“ და ათასჯერვე ვერ შეძლებს!(ალბათ, დღესაც არ მომცემენ კომპიუტერის ჩართვის უფლებას! ფეხბურთსაც გამაცდენინებენ, არადა ყველას დავპირდი, მოვალ-მეთქი. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, ამით რამეს მიაღწევენ, თუ ჰგონიათ, მე არ მინდა, გაკვეთილებზე წყნარად ყოფნა! ყველას ჯიბრზე არ ვისწავლი და არ მოვისმენ. მაინც არავის ესმის ჩემი).

მერე სახლში მოვდივარ, მძიმე ჩანთას მაგიდაზე ვდებ, შვილებს ვკოცნი, საჭმელს ვაკეთებ, არეულ-დარეულ ნივთებს ვაწესრიგებ და ჩემს თავს ვახსენებ, რომ არც მისიონერი ვარ და არც ტიბეტელი ბერი, ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ და რაკი მხოლოდ ის შემიძლია, რაც ვიცი, ნაცნობ გზას ვადგები და ნაცნობ ხერხებს ვირჩევ – კეთილგანწყობასა და თანაგანცდას:

– ანდრო, ძალიან მინდა, იმ თვეში შედეგები გააუმჯობესო, მზად ვარ, ყველანაირად შეგიწყო ხელი. და შენ?

– რაკი ხატვა გიყვარს და ასე კარგად გამოგდის, იქნებ, ჩვენი ნაწარმოებიდან დაგვიხატო რომელიმე სცენა? რას იტყვი, თაზო? ყველასთვის საინტერესო იქნება!

– გიგა, დღეს ცოტა დრო გამოვნახოთ, მეჩვენება, რომ სათანადოდ ვერ დაგაინტერესე და იქნებ, ცალკე უკეთ აგიხსნა ამ ნაწარმოების მნიშვნელობა?

– თემო, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა და ჩემი მოსმენა დაიწყო, დანარჩენში მე დაგეხმარები. ვფიქრობ, გონიერი ადამიანი ხარ, ხომ ასეა?

მთავარია, რომ მე, მასწავლებელი, მათ ვხედავ და ვცდილობ, ნელ-ნელა ჩამოვაშორო ჩუმების, შეუმჩნევლების, ზარმაცებისა და უიღბლოების იარლიყები!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ გავართოთ ბავშვები იძულებითი არდადეგების დროს

0

და აი, კორონა ვირუსის გამო სკოლები და ბაღები დაიკეტა, გვირჩიეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მუზეუმებს, საბავშვო ცენტრებს მოვერიდოთ და მოვარიდოთ ჩვენი ბავშვები, რა უნდა ვქნათ? როგორ გავატაროთ ეს დრო საინტერესოდ ისე, რომ გაჯეტებს არ გადავაბაროთ ჩვენი შვილების თავისუფალი დრო?

რამდენიმე განმავითარებელ, საინტერესო თამაშს გასწავლით, ოღონდ მთავარი წესი არ დაგავიწყდეთ, თქვენც თამაშის მონაწილე უნდა გახდეთ!

  1. სანელებლების თამაში:

( ალერგიის შემთხვევაში, ამ თამაშს არ გირჩევდით)

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემს შვილთან ერთად სადილს ვაკეთებდი, სანელებლების თარო გამოვაღე და თავში გენიალურმა იდეამ გამიელვა, რა არის სანელებელი? – ტექსტურის, ფერის, გემოსა და სურნელის ერთიანობა, რისთვის შეიძლება გამოვიყენო? რა თქმა უნდა, ზედსართავი სახელის სასწავლებლად, ჰოდა, თამაშიც მოვიფიქრეთ. ( ეს ერთგვარი მეტყველების თერაპიაცაა ტიპური თუ არატიპური განვითარების ბავშვებისთვის).

გადმოვიღე სანელებლები ( მთლად, ცხარე წიწაკას თუ სცდით)

ჩვენ გვქონდა კოჭა, ყვითელი ყვავილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი, მიხაკი, ვანილის ჩხირები,შაშკვლავი, თავშავა, ქინძი, ტარხუნა, კამა და მგონი კიდევ რაღაც, რაც არ მახსოვს.

ჯერ ყველა სანელებელი შევისწავლეთ, ცოტა ვიკიპედიაც დავიხმარეთ, სად მოდის, როგორ გამოიყენება, რისთვისაა სასარგებლო, მერე ხელითაც მოვსინჯეთ, ვისაუბრეთ მათი სურნელით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე. გიომ თქვა, რომ კოჭა ცოტა სასაცილო სანელებელია, პიტნა – დედამისს ჰგავს, ხოლო ყვითელი ყვავილი მზესავითაა.

ბოლოს, თვალები ავიკარით და ერთმანეთს სანელებლების გამოცნობაში შვეჯიბრეთ.

 

  1. ლეგო, ლეგო და ლეგო

ასაწყობი სათამაშოები რომ საუკეთესო გამოსავალია, ეს ვიცით, ლეგო რომ შესანიშნავი განმავითარებელი და გასართობი საშუალება, ესეც, მაგრამ სულ პატარა დეტალის ჩამატებით შეგიძლიათ კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ ეს თამაში.

მაგალითად, თქვენ შეეჯიბრეთ აწყობაში, ან უბრალოდ, თმაზე გვირგვინი დაიმაგრეთ და უთხარით, რომ სწორედ თქვენთვის ააშენოს სასახლე ან, წინასწარ დახაზეთ, დააპროექტეთ და ისე ააშენეთ ნებისმიერი ნაგებობა.

  1. ფერადი ქვები, მინერალები და კიდევ სხვა რამეები

ქვების შეღებვა და მოხატვა ალბათ ბევრჯერ გიცდიათ, მაგრამ თამაშის წესები ჩემმა შვილმა შემომთავაზა და ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, გაგიზიაროთ.

მას მერე, რაც ეზოში სხვადასხვა ფორმის კენჭები მოვაგროვეთ, გავრეცხეთ და გავაშრეთ, მე ქვების მოხატვა შევთავაზე, გიომ კი წამოიძახა- მოდი, მინერალები გავაკეთოთ. ჰოდა, ქვები მინერალების ფერების მიხედვით შევღებეთ, ცოტა ბუნებაშიც ვიმეცადინეთ და კარგად გავერთეთ.

  1. სახლის კინოთეატრი

კინოში სიარული აგვეკრძალა, მაგრამ რა ვქნათ, რომ ძალიან გვენატრება 3D სათვალეების მორგება და ბატიბუტის ჩახრამუნება? ჰოდა, შევარჩიეთ ფილმი, დავხატეთ, გამოვჭერით და „გავყიდეთ“ ბილეთები, გამოვჭერით სათვალეები, მოვხალეთ ბატიბუტი და სიამოვნებით  ჩავუსხედით საყვარელ ანიმაციას.

  1. პიკნიკი სახლში

სუფთა ჰაერზე გასვლა ჯერ არავის აუკრძალავს, მაგრამ თუ წვიმიანი დღეა ან რაიმე მიზეზით გარეთ ვერ გადიხართ, შეგიძლიათ პიკნიკი შინაც მოაწყოთ.

ამით უჭმელ ბავშვებსაც წაახალისებთ.

მოიფიქრეთ, სად მიდიხართ? რადგან  მთავარი ტრანსპორტი წარმოსახვაა, დანიშნულების პუნქტის ძიებაში ნუ შეიზღუდებით, წადით ყველგან, სადაც თქვენი თვალსაწიერი გასწვდება, ოღონდ პიკნიკის კალათა აუცილებლად ჩაილაგეთ. მოიფიქრეთ, რას წაიღებდით, გამოაცხვეთ ნამცხვრები,  თერმოსში ჩაასხით კომპოტი, ხილის სალათაც არ დაგავიწყდეთ, ხელსახოცები, პატარა სუფრა მოლზე გადასაფარებლად, ჰოდა, გაუდექით გზას. მერე რა, რომ მოლის ნაცვლად თქვენი სასტუმრო ოთახის ხალიჩა უნდა გამოიყენოთ? სამაგიდო თამაშებიც მოიმარაგეთ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ!

  1. სახალისო მებაღეობა

ტისტუ ხომ იცით? მწვანეთითება საოცარი ბიჭი, ჰოდა, წიგნის წაკითხვასთან ერთად მებაღეობაც შეგიძლიათ სცადოთ, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი კარანტინი ადრიან გაზაფხულს, მებაღისთვის საუკეთესო დროს დაემთხვა.

ეზო არ გაქვთ? არც ტერასა? მაშინ რამდენიმე ქოთნის ფანჯრის რაფაზე ჩამომწკრივებას რაღა უდგას წინ? ბავშვებთან ერთად შეარჩიეთ, რა გინდათ დათესოთ, ბოსტნეული თუ ყვავილები, აარჩიეთ თესლი, მოამზადეთ მიწიანი ქოთნები და დათესეთ, მერე ყოველდღიურად  დააკვირდებით, როგორ ნელ-ნელა იწვერება ნორჩი ყლორტები.

 

 

ასოციაციური აზროვნება მეხსიერების განვითარებისთვის

0

იმისათვის, რომ უკეთესად დაიმახსოვროთ საჭირო ინფორმაცია და უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ მეხსიერებაში, საჭიროა, იპოვოთ ნათელი და დასამახსოვრებელი ასოციაციები. მათი გამოყენება დაგეხმარებათ სწორ დროს ინფორმაციის სრულად გამოყენებაში. ასოციაციების შექმნა არის შემოქმედებითი პროცესი, მასში არაფერია რთული და შეუძლებელი. არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა შესწავლაც საჭიროა:

  • ასოციაცია საინტერესო უნდა იყოს;
  • ასოციაცია უნდა იყოს უჩვეულო;
  • ასოციაცია უნდა იყოს რაც შეიძლება დეტალური.

რა არის ასოციაცია და როგორ შეუძლია მას დაგვეხმაროს ინფორმაციის დამახსოვრებაში?

რატომ გვჭირდება ასოციაციური აზროვნების განვითარება?

ასოციაციების პრინციპი სწავლების მრავალი მეთოდის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენთვის უფრო ადვილია, დავიმახსოვროთ აბსტრაქტული ინფორმაცია. ასოციაციური აზროვნება  დაეხმარა ჩვენს წინაპრებს – გადარჩენაში, აღმოჩენების გაკეთებაში, ცხოვრების პრობლემების მოგვარებაში.

ასოციაციური კონცეფციების ერთობლიობა ემყარება ადამიანის ცხოვრების გამოცდილებას. ეს არის ასოციაციური აზროვნების პლატფორმა. ამ ტიპის აზროვნება მონაწილეობს ინფორმაციის დამუშავებაში, ამ დროს ლოგიკური ანალიზი არ ხდება.

რა არის ასოციაცია?

ასოციაცია არის კავშირი გარკვეულ იდეებს შორის, ერთი სურათი იწვევს სხვა გამოსახულებას (კონცეფციას). მაგალითად, სიტყვამ „ნაძვის ხე” შეიძლება გამოიწვიოს ასოციაცია „ახალი წელი” და ა.შ.

ასოციაციური აზროვნების მიზნებია:

ახალი ორიგინალური იდეების შექმნა;

წარმოსახვითი აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარება;

აზრობრივი კავშირის ჩამოყალიბება.

ასოციაციების კლასიფიკაცია

არსებობს ასოციაციების რამდენიმე კლასი:

მსგავსების მიხედვით (კოცონი – ასანთი);

დროსა და სივრცეში სიახლოვე (ცომი – ტორტი; მცენარე –  ყვავილი);

საპირისპირო თვისებებით ან განსხვავებით – (მხიარული – მოსაწყენი; თხევადი – მყარი);

მიზეზობრივი (ტრავმა – ტკივილი’ ხახვი – ცრემლი).

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშიროთ სიტყვა არა მხოლოდ სხვა სიტყვას (ობიექტის ლექსიკური აღნიშვნა), არამედ ობიექტის ნიშნებსაც (სუნი, ფერი, გამოსახულება, შეგრძნება, მეხსიერება, სიმბოლო და ა.შ.).

ასოციაციური აზროვნების განვითარება საჭიროა, რადგან მრავალი მიზეზის გამო, ადამიანს აქვს საკმაოდ შეზღუდული ასოციაციების წრე, რაც საშუალებას არ აძლევს მას, ისარგებლოს ასოციაციური აზროვნების ყველა შესაძლებლობით. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას.

ასოციაციური ჯაჭვი

ახალი ობიექტების, პროცესების, მოვლენებისა და ფაქტების დამახსოვრება ხდება ჩვენი არსებული გამოცდილების საფუძველზე. ჩვენ ვრთავთ წარმოსახვას და ვიმახსოვრებთ ახალ სიტყვას, მას ვუკავშირებთ ჩვენთვის უკვე ნაცნობს. ასოციაცია წარმოიქმნება არა მხოლოდ ობიექტთან, არამედ მის მახასიათებლებთან. რა თქმა უნდა, ბევრმა ჩვენგანმა, საბანკო ბარათის პინ-კოდის დამახსოვრების მიზნით, საკუთარი ასოცირების ჯაჭვი შექმნა. მაგალითად – დაბადების დღე, წელი, შვილის პირველი დღე სკოლაში ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენ შეგიძლიათ, ეს კომპონენტები ერთმანეთთან დააკავშიროთ.

მარტივი სავარჯიშოები

ასოციაციური აზროვნების მიზანმიმართულად განვითარების მიზნით, საჭიროა რამდენიმე მარტივი ვარჯიშის დაუფლება.

სავარჯიშო 1. ჩვენ ვეძებთ უამრავ ასოციაციას.

ჯერ ორ სიტყვას ვამბობთ, შემდეგ კი ვქმნით სერიას, რომელიც პირველი სიტყვით დაიწყებოდა, ხოლო მეორეზე დამთავრდება. მაგალითად: ფუნჯი – მუზეუმი; ფუნჯი – ტილო – მხატვარი – ფერწერა – მუზეუმი.

სავარჯიშო 2. ჩვენ ვქმნით ასოციაციების ჯაჭვს.

სიტყვისთვის ჩვენ ვირჩევთ ასოციაციურ სიტყვას და შემდეგი სიტყვისთვისაც იმავეს ვაკეთებთ. მაგალითად: ქოლგა – წვიმა – ცივი – თბილი ჩაი – ბუხარი – სახლი და ა.შ. ეს ჯაჭვები უნიკალური იქნება, რადგან თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი ასოციაციური ჯაჭვი.

სავარჯიშო 3. ერთი მინიშნება.

ჩვენი ამოცანაა ორი სიტყვის მინიშნებით შევარჩიოთ ასოციაცია. მაგალითად: დაბურული და დიდი (ტყე, ეზო).

სავარჯიშო 4. ორიგინალური ასოციაციები.

ჩვენ ვქმნით უჩვეულო ასოციაციებს, რომლებიც ასე აშკარად არ მიგვანიშნებს. მაგალითად: ზღარბი – ნემსების გროვა.

ასეთი სავარჯიშოები ასტიმულირებს ბავშვების აზროვნებას, ეს მათ ეხმარება ესეების წერაში, გარკვეული ინფორმაციის გაანალიზებაში, ინფორმაციის უფრო მარტივად და ღრმად დამახსოვრებაში.

ასეთი სავარჯიშოები დამახასიათებელია სარეკლამო ინდუსტრიისთვის. ასე იქმნება სარეკლამო კონცეფციები, იწერება ლოზუნგები.

ასოციაციური აზროვნების განვითარებაში უფრო რთული ინსტრუმენტები ჩავრთოთ. სავარჯიშოები იყოფა სამ კატეგორიად: აზროვნების განთავისუფლება, აზროვნების წარმართვა, ასოციაციების ჯაჭვის შექმნა.

ვარჯიშის პირველი ტიპია აზროვნების განთავისუფლება სტერეოტიპებისგან. უმარტივესი სიტყვები ერთი შეხედვით გაუგებარ ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ჩვენ ავუხსნით მათ და ყველაფერი ცხადი გახდება. ამავე დროს, ჩვენ ნამდვილად ვავარჯიშებთ აზროვნებას არაპროგნოზირებადი ასოციაციების ძიებაში.

სააზროვნო სავარჯიშოები გვასწავლის, რომ ვიგრძნოთ აუცილებელი ასოციაციების სისტემა, თუმცა ისე, რომ არ მოვექცეთ ჩარჩოში. გვეძლევა დავალება და ჩვენ ვქმნით უამრავ ასოციაციას სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების, ასაკისა და რელიგიის პოზიციიდან. ჩვენ თითქოს ვზღუდავთ აზროვნებას გარკვეული ასოციაციური ჯაჭვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი აზროვნება მწირია. ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ შესაფერისი მაგალითის სწორ დროს მოძიებას.

ასოციაციების წრის გასაფართოებლად სავარჯიშოების ჯგუფში შედის დავალებები, რომლებიც მოიცავს ახალი ასოციაციების შექმნას.

ასოციაციური აზროვნების განვითარების მიზნით თქვენ უნდა იპოვოთ კავშირი ყოველდღიურ საქმიანობაში. გამვლელების, მანქანებში მყოფი მგზავრების დაკვირვებისას ეცადეთ გამოიცნოთ მათი ასაკი, სოციალური მდგომარეობა და ა.შ.

ერთ-ერთი კარგი სავარჯიშოა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? ”, რადგან მონაწილეები პასუხობენ კითხვებს, ლოგიკური აზროვნებისა და წარმოსახვის წყალობით,  ასოციაციური ჯაჭვების სწრაფი ორგანიზების წყალობით და არა მხოლოდ ზოგადი ერუდიციის დახმარებით.

ასოციაცია არის კავშირი ინდივიდუალურ ფაქტებს, საგნებსა თუ მოვლენებს შორის, რაც აისახება ადამიანის გონებაში და მის მეხსიერებაში ფიქსირდება.

ასოციაციების შექმნის უნარი არის ჩვენი გონების ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი. არსებობს ასეთი მიმართულებაც: ასოციაციური ფსიქოლოგია (ან ასოციაციონიზმი), რომელიც ცდილობს ახსნას პიროვნების გონებრივი პროცესები მისი ასოციაციების შესწავლით, გარკვეულ ობიექტებთან დაკავშირებით (სტიმული – რეაქცია). ინფორმაციის დამახსოვრების პროცესი შეიძლება ამ თვალსაზრისით იქნას განხილული.

ასოციაციების ტიპები

ნებისმიერ ობიექტებს შორის ასოციაციების მოსაძებნად რამდენიმე გზა არსებობს:

  1. დროისა და სივრცის კავშირი: მაგიდა და სკამი, ზამთარი და თოვლი;
  2. მსგავსება (მსგავსება): დედამიწა და ბურთი, ნათურა და მსხალი;
  3. კონტრასტი (საპირისპირო): სიკეთე და ბოროტება, შავი და თეთრი;
  4. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: ქუხილი და ელვა, ნათურა და შუქი;
  5. განზოგადება: პომიდორი და ბოსტნეული, ძაღლი და ცხოველი;
  6. წარდგენა: ბოსტნეული და კიტრი, ცხოველი და კატა;
  7. ობიექტზე დაქვემდებარება: მანქანა და მოტოციკლი;
  8. ნაწილი და მთელი: წამი და წუთი, მანქანა და ძრავა;
  9. დამატება: კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი.

ამ მეთოდების გამოყენებიდან გამომდინარე, ასევე მათი სხვადასხვა მოდიფიკაციისა და მათი გამოყენების პირობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ტიპის ასოციაციები. მაგალითად:

თემატური, რომელშიც ობიექტები ერთმანეთს უკავშირდება ერთი თემატიკით (მარკეტინგი და რეკლამა);

ფონეტიკური, რომელშიც არსებობს ასოთა შეთანხმება, ჰარმონია ობიექტებს შორის  (ციკლონი – ციკლოპი; ბარი – ჯარი – ქარი);

სიტყვის შექმნა, რაც ხდება ფუძისა და სიტყვათა სხვა ნაწილების შეერთებით (სიზარმაცე და ზარმაცი; ღრუბელი და ღრუბლიანი).

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ცნობიერებაში მიმდინარე ასოციაციური პროცესები დამოკიდებულია მათში სხვადასხვა სენსორული ორგანოების მონაწილეობის ხარისხზე. განასხვავებენ ვიზუალურ, აუდიალურ, კინესთეტიკურ, გემოვნებისა და ყნოსვის ასოციაციებს. ადამიანის წინასწარგანწყობიდან გამომდინარე, მისი სენსორული სისტემის მახასიათებლების გათვალისწინებით, იქმნება შესაბამისი ასოციაციები.

ვიღაცას აქვს მოტორული მეხსიერება, ისევე როგორც ნაპოლეონს (რომელიც სამჯერ წერდა ყოველ ახალ სახელს და სამუდამოდ იმახსოვრებდა). ვიღაც, მისი განვითარებული აუდიალური მეხსიერების გამო, ამჯობინებს ინფორმაციის ხმამაღლა გამოთქმას. ადამიანები, რომელთა მეხსიერების საფუძველი ვიზუალურია (უმრავლესობაა) დასამახსოვრებელ ტექსტში საკვანძო სიტყვებს მიზანმიმართულად არჩევენ (ხაზს უსვამენ, აფერადებენ, ქმნიან სქემებსა და ნახატებს).

ადამიანებმა უკვე შეიმუშავეს ასოციაციური ტექნიკა, რომელიც შესაფერისია უმეტესობისთვის. ამ ტექნიკას ეწოდება მნემონიკა.

როგორ უნდა განვავითაროთ ასოცირებული აზროვნება?

იმისდა მიუხედავად, რომ დღეს არსებობს მრავალი მნემონიკა, რომლებიც ხელს უწყობენ ასოციაციების შექმნას ყველა სახის ინფორმაციის დამახსოვრების მიზნით, არ არსებობს უნივერსალური ტექნიკა, რომელიც შესაფერისი იქნება ყველა შემთხვევაში. ხშირად  დამოუკიდებლად გვიწევს ასოციაციების შექმნა. ასოციაციური აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს შემოქმედებით შესაძლებლობებზეა აგებული, კერძოდ კი, რაიმე ახალის შექმნის უნარზე, არსებულის შეცვლაზე.

ასოციაციური აზროვნების განვითარება მჭიდრო კავშირშია ადამიანის წარმოსახვასთან, რომლის განვითარება შესაძლებელია კრეატიული აზროვნების პროცესში. ამასთან, ასოციაციების წრის გაფართოება მიიღწევა ფოკუსირებული ვარჯიშის საშუალებით. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს:

სავარჯიშო 1. დრუდლის გამოცნობა. დრუდლები არის ამერიკელი კომიკოსის როჯერ პრისის და კრეატიული პროდიუსერის ლეონარდ სტერნის გამოგონება. გამოგონების არსი ის გახლავთ, რომ უნდა დახატოთ სურათი, რომელსაც მრავალი ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს. დრუდლი ეს არის დაუსრულებელი ნახატი, რომელსაც შეიძლება მრავალი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ერთმა ადამიანმა შეიძლება დაინახოს გველი, მეორემ – მთის ქედები.

სავარჯიშო 2. ასოციაციების ჯაჭვის შექმნა. შეარჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაიწყეთ მასთან ასოცირების ჯაჭვის შექმნა, ჩამოწერეთ ისინი ქაღალდზე. მაგალითად, „ტრენინგები – კურსები – გაკვეთილები “. შეეცადეთ ჩაწეროთ ასოციაციები რაც შეიძლება მალე და გააკეთეთ კავშირი რაც შეიძლება უჩვეულო.

სავარჯიშო 3. დაკარგული ასოციაციების ძიება. შეარჩიეთ ნებისმიერი ორი სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც, რაც შეიძლება ცოტა საერთო ექნება. შეეცადეთ, შექმნათ ასოციაცია, რომელიც აკავშირებს ამ ორ სიტყვას. მაგალითად, სიტყვებისთვის „დილა” და „საკვები”, სიტყვა „საუზმე” იქნება დამატებული ასოციაციური სერიის შემსრულებელი ელემენტი. შეეცადეთ, იპოვოთ დაკარგული ბმული სიტყვებისთვის: ფილმი და ოცნება, ლიფტი და მანქანა, ყვავილი და ცათამბჯენი.

სავარჯიშო 4. შესაფერისი ასოციაციები. შეარჩიეთ ორი სიტყვა და შეეცადეთ დაასახელოთ ასოციაციები, რომლებიც შესაფერისია თითოეული ამ სიტყვისათვის. მაგალითად, სიტყვების „თეთრი” და „მსუბუქი” შეიძლება დაასახელოთ ასეთი ასოციაციები: თოვლი, ფუმფულა, ბუმბული და ა.შ. სავარჯიშოების გართულებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ არა ორი, არამედ სამი ან თუნდაც მეტი სიტყვა.

სავარჯიშო 5. არაჩვეულებრივი ასოციაციები. ასოციაციური აზროვნების განვითარების მიზნით, იმისათვის, რომ უკეთესად დავიმახსოვროთ, სასარგებლოა ყველაზე ნათელი და არასტანდარტული ასოციაციების მოძებნა. ადამიანთა უმეტესობა მოცემული სიტყვებისთვის შემდეგ ასოციაციებს დაასახელებს:

რუსი პოეტი – პუშკინი;

ფრინველი – ქათამი;

ხილი – ვაშლი;

სახის ნაწილი – ცხვირი.

შეეცადეთ ერთი და იმავე სიტყვებით წარმოთქვათ სხვა, ნაკლებად პოპულარული ასოციაციების წარმომადგენლები.

სავარჯიშო 6. მენტალური (გონებრივი) რუკების შედგენა. ასოციაციური მეხსიერების განვითარების სასარგებლო სავარჯიშოა მენტალური ბარათები. ამგვარი ბარათების შედგენის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, ტონი ბუსანმა თავის წიგნში „სუპერ მეხსიერება” დაწერა, რომ „… თუ გსურთ, დაიმახსოვროთ ახალი, უბრალოდ უნდა დააკავშიროთ ეს უკვე ცნობილ ფაქტთან, რაშიც დაგეხმარებათ ფანტაზია “.

თუ ამ ვარჯიშებს დღეში მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში ასრულებთ, მაშინ რამდენიმე დღის შემდეგ ვარჯიში უფრო ადვილი და სახალისო გახდება და, რაც მთავარია – შეძლებთ ნებისმიერი ახალი მასალის სწრაფად დამახსოვრებას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდი: https://kornan.jimdofree.com

სკოლის განვითარება და მართვა

0

ტერმინ „სკოლის განვითარებას“ ხშირად მოიაზრებენ როგორც კრებით ცნებას, რომელიც  მიზანმიმართულ, კარგად გათვლილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სისტემურ ქმედებებს აერთიანებს და აუცილებლად გულისხმობს პროცესში სტეიკჰოლდერების ჩართვას. გერმანულ სივრცეში სკოლის განვითარება სამ სფეროს მოიცავს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსობრივი დამოუკიდებლობისა, ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები: გაკვეთილის განვითარება, პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული განვითარება. პრაქტიკოსები აღნიშნავენ, რომ რომელიმე სფეროს გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვის დროს, არ უნდა დავივიწყოთ ის გადამკვეთი წერტილები, რაც მათ შორის არსებობს. ასე მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის განვითარებისათვის შეიძლება დაგვჭირდეს პერსონალის, კონკრეტულად კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ა.შ.

გერმანულენოვან სივრცეში სკოლის განვითარების მიმართულებებს ქმნის ე.წ. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 6 სფერო:

  • მასწავლებელთა გამოცდილება და შედეგები;
  • სწავლა-სწავლება;
  • სკოლასა და კლასში არსებული გარემო;
  • მართვა და სასკოლო მენეჯმენტი;
  • პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარება;
  • სხვა სკოლებთან თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობები.

ყველა ზემოაღნიშნული სფერო, თავის მხრივ, იყოფა წვრილ ინდიკატორებად, რომლებიც დეტალურადაა ჩაშლილი ყველა პუნქტში. გერმანიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნავს, რომ პირველი სამი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქცენტირებული გერმანიის მთავრობის მიერ, რადგან სწორედ მათ განვითარებაზე აფუძნებენ სკოლის საერთო წარმატებასა და შემდგომი სამი მიმართულების წინსვლას.

ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება მთელი ამ პროცესის მაცოცხლებელ ელემენტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია შეუქმნას მოსწავლეებს ისეთი პირობები, რათა პოზიტიური ცვლილებისკენ უბიძგონ  საგაკვეთილო პროცესს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნება იმაში, უწყობენ თუ არა ხელს არსებული სტანდარტები და ინდიკატორები სასურველი შედეგების მიღწევას.

მაინც, რა არის სკოლის განვითარება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მთელ ამ პროცესში? გერმანელი ექსპერტების რეკომენდაციით, მთავარი ექვსი ნაბიჯია:

  1. მიზნები და მოტივაცია – იმისათვის, რომ ადამიანებსა და სისტემას პოზიტიური ცვლილებებისაკენ ვუბიძგოთ, პირველ რიგში, კარგი საფუძველი გვჭირდება, რომელიც ნათელ მიზნებსა და მკაფიო მოტივაციაშია.
  2. განვითარების მუდმივი ციკლი – პრაქტიკოსების რჩევაა, სკოლის განვითარების პროცესი ჩამოვაყალიბოთ როგორც სისტემა, რომელიც სწორი მენეჯმენტის პირობებში ისეთ ტრადიციულ ორგანიზაციებში, როგორიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, მუდმივ რუტინად გადაიქცევა. ციკლის ერთ-ერთ მოდელად შემოთავაზებულია ხარისხის სპირალი, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება და ხელს უწყობს აქტივობების ლოგიკურ და შედეგიან დაგეგმვა-განხორციელებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული სკოლის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველა ნაბიჯის დოკუმენტირებას. მიღწეული თუ მისაღწევი შედეგების კარგად აღწერა მათთვის აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს.
  3. სკოლის განვითარების გეგმა – მოქმედების ცენტრალური ინსტრუმენტის დანერგვას წარმოადგენს. იგი გვთავზობს შეთანხმებულ, კარგად დაგეგმილ ორიენტირებს და ხელს უწყობს პროცესის გამართულად წარმართვას. სწორედ ხარისხის სპირალზე დაფუძნებული განვითარების გეგმა აღწერს მთელ რიგ აქტივობებს, მიზნებსა და მათი განხორციელების მექანიზმებს. ასევე მისი თანმხლები დოკუმენტია პროფესიული განვითარების გეგმა.
  4. რეალისტური მიზნები – ცვლილებების განხორციელების მთავარ მამოძრავებელ ჩარხს სწორად განსაზღვრული მიზნები წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი იყოს რეალისტური, მიღწევადი და ყველასათვის გასაგები. მხოლოდ მყვირალა, პათეტიკური ფრაზების ერთობლიობა ხელს ვერ შეუწყობს ცვლილებებს, რის განხორციელებასაც ვესწარფვით ორგანიზაციაში.
  5. თანამშრომლობა და თანამონაწილეობა – იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გვსურს სკოლაში პოზიტიური პროცესების დაძვრა, თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმეზე ფიქრიც კი. ის გერმანული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის (SQA) მთავარი საფუძველია. სტეიკჰოლდერებს მიეკუთვნებიან როგორც სასკოლო გარემოს აქტიური შემქმნელები, ასევე სკოლის პარტნიორი ორგანიზაციები. მაგალითად, ისეთი გარე პარტნიორები როგორებიც შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ფონდები, დამსაქმებლები, და ა.შ. თანამშრომლობის შედეგად სკოლის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულებაც მასწავლებლისთვის არ იქნება წინააღმდეგობისა და პროტესტის საფუძველი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი, ყველას შეეძლება, ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი კონკრეტულ თემასთან/გადაწყვეტილებასთან დაკაშირებით.
  6. ხარისხის კულტურა – იგი აღნიშნავს სკოლაში არსებულ თანხმობას, საერთო ნებას სასწავლო პროცესის, შეფასებისა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ფოკუსირება ხდება უფრო მეტად პროცესის სტრუქტურაზე, მიმდინარეობასა და განვითარების გეგმებზე. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლის დირექტორს, რომელიც ყველასათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ხარისხის კულტურას მიეკუთვნება არამხოლოდ ფორმალური სქემები, არამედ ღირებულებითი ნაწილი – მაგალითად, სიახლისადმი მზაობა, გახსნილობა და ა.შ.

სტატიის შემდეგ ნაწილში ვრცლად ვისაუბრებთ ხარისხის კულტურასა და პროცესში შეცდომების დაშვებასთან დაკავშირებულ გერმანულ მიდგომებზე. ასევე, წარმოგიდგენთ გერმანულ საგანმანათლებლო სივრცეში თვითშეფასების, როგორც ხარისხის კულტურის შემადგენელი პროცესის ფართო მიმოხილვასა და მისი პრაქტიკაში სწორად დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

 

აღმზრდელ-პედაგოგის ექვსი როლი

0

ბევრი ადამიანი თვლის, რომ განათლების სექტორში მუშაობა რიგითი პროფესიაა, თუმცა ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს ბევრად დიდი მისია აქვთ შესასრულებელი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 3 წლის ასაკში ბავშვების ტვინის თითქმის 85% უკვე ფორმირებულია. ადრეული საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრობა კი ბავშვებისთვის არის შესაძლებლობა, უკვე არსებულ ფუნდამენტს დააშენონ ის უნარები, რომლებიც მომავალ წლებში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ამ მნიშვნელოვანი მისიის განმახორციელებელ ძირითად ბირთვს კი აღმზრდელ-პედაგოგები წარმოადგენენ.

საქართველოს სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევაში (2018) ვკითხულობთ, რომ აღმზრდელ-პედაგოგების უმრავლესობას აქვს სურვილი, გაიაროს კურსები პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, თუმცა საჯარო ბაღებს თავისი კადრებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების საფასურის ასანაზღაურებლად ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ, და ვინაიდან აღმზრდელებისა და პედაგოგების ხელფასი მეტად დაბალია, ისინი ვერ ახერხებენ ამგვარ კურსებზე დასწრებას. ამასთან, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სტანდარტები, რომელთა შორის არის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტიც; დოკუმენტი განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგების/სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე და 2024 წლის პირველი სექტემბრიდან დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგების განათლებასა და პროფესიულ მახასიათებლებს.

 

მანამ, სანამ სახელმწიფო სტანდარტების მისაღწევად ფორმირდება რეალურ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ნება და საჭირო რესურსების გადანაწილების ბიუროკრატიას დავძლევთ, საქართველოში მოქმედი აღმზრდელ-პედაგოგები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყოველდღიურად ფასდაუდებელ ინვესტიციას დებენ. თუ შევადარებთ საქმის მოცულობასა (დიდ ქალაქებში საშუალოდ 30-მდე აღსაზრდელი ჯგუფში) და ანაზღაურებას (ყოვეთვიურად საშუალოდ 336 ლარი), დავრწმუნდებით, რომ განვითარებაზე ორიენტირებული აღმზრდელ-პედაგოგების ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარული არის სფეროში დარჩენის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
და მაინც, რა ხდება საბავშვო ბაღში მას შემდეგ, რაც ბავშვს  დატოვებთ?

 

აღმზრდელ-პედაგოგებს აქვთ ამოცანა, მხარი დაუჭირონ აღსაზრდელების ქცევით, კოგნიტურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას. ბავშვები სწავლობენ თამაშით, პრობლემების გადაწყვეტითა და ექსპერიმენტებით. აღმზრდელ-პედაგოგებს შევადარებდი ფუტკრებს, რომლებიც ფიჭას საჭირო მასალებით ავსებენ იმისთვის, რომ საბოლოოდ ყველასთვის სასარგებლო შედეგი მიიღონ. და ამ ექვსკუთხედეში ფუსფუსისას, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ვლინდება აღმზრდელ-პედაგოგის შემდეგი როლები:

 

  1. ისინი აშენებენ ძლიერ ურთიერთობებს და ახალისებენ პოზიტიურ ფასეულობებს

სწავლა შეიძლება ეფექტური იყოს აღმზრდელობით, ხელშემწყობ და ემოციურად უსაფრთხო გარემოში. ამის მისაღწევად, აღმზრდელ-პედაგოგები ცდილობენ, შექმნან პოზიტიური და სანდო ურთიერთობები იმ ბავშვებს შორის, რომლებზეც ზრუნავენ. ამის მიღწევა შესაძლებელია ინტერაქციითა და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვით. პედაგოგები, აგრეთვე, ცდილობენ, დაადგინონ და დააკმაყოფილონ თითოეული ბავშვის საჭიროებები და ინტერესები, ყოველდღიურად შეაფასონ გამოცდილებები და მიზნის მისაღწევად ოჯახებთან და საზოგადოებასთან რეგულარული კომუნიკაცია დაამყარონ. გიფიქრიათ, ოთხი წლის ბავშვს როგორ ავუხსნათ, რა არის ერთიანობა, პატივისცემა და მოლაპარაკება? აღმზრდელები ინდივიდუალური შემთხვევებისა და ხანდახან ბავშვების შეცდომების გამოყენებით ცდილობენ პოზიტიური ღირებულებებისკენ უბიძგონ აღსაზრდელებს. ისინი ასევე აღიარებენ, ახალისებენ და აფასებენ მათ მიერ გამოხატულ პოზიტიურ დამოკიდებულებებს.

 

 

  1. აღმზრდელები ქმნიან მიზნობრივ სივრცეებს

საკლასო ოთახში მნიშვნელოვანი საგნებია, რომლებიც აძლიერებენ სასწავლო კონცეფციებს, ხელს უწყობენ შემოქმედებითობისა და სოციალურ უნარების განვითარებას. აღმზრდელები ქმნიან სასწავლო კუთხეებს (აღმოჩენების კუთხე, თამაშის ზონა, ზღაპრების კუთხე, კულინარიული კუთხე და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობენ თამაშს და შეესაბამებიან ბავშვების თანამედროვე ინტერესებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. აღმზრდელები ასევე აკვირდებიან ბავშვების მიერ ამა თუ იმ თამაშში გამოვლენილ უნარებს. ასეთი დაკვირვება კი მათ აფიქრებს აქტივობებისა და უნარების გაფართოების ახალ გზებზე.

 

  1. ისინი დარაჯობენ აღსაზრდელების უსაფრთხოებას და მათი საუკეთესო მეგობრები არიან

ყოველდღიური თავისუფალი დრო გარეთ თამაშისთვის (თუ ასეთი სივრცე ხელმისაწვდომია) არ არის ის პერიოდი, როდესაც აღმზრდელებს აქვთ უფლება ცოტა დაისვენონ. ეს პროცესი მათ ახალ როლში აყენებს, რაც გულისხმობს ბავშვების უსაფრთხოებაზე თვალის დევნებას. ამ დროს ისინი ზრუნავენ აღსაზრდელების განვითარების ხელშეწყობაზე და ეხმარებიან, აღმოაჩინონ სათამაშო მოედანზე არსებული რესურსების გამოყენების შემოქმედებითი შესაძლებლობები, აღმზრდელები სვამენ კითხვებს, ქმნიან გამოწვევებს, სთავაზობენ მითითებებსა და წინადადებებს თამაშის პროცესის საინტერესოდ გასაგრძელებლად.

 

  1. ითვალისწინებენ ბავშვების საჭიროებებს

იფიქრეთ დაღლილ და მშიერ ბავშვზე, რომელსაც აცვია დასვრილი ტანსაცმელი. როგორ ფიქრობთ, ის მზად იქნება სწავლისთვის? ბავშვის ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა თანაბარი მნიშვნელობისაა, როდესაც ამას სკოლამდელ დაწესებულებაში მათთვის ცოდნისა და უნარების გაზიარებას ვადარებთ. აღმზრდელები ყურადღებას აქცევენ ბავშვების გამოკვებას, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ისინი იყენებენ მეთოდებს, რათა ბავშვებს დაეხმარონ მოდუნებაში, რომ მშვიდად განახორციელონ ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც შეიძლება სტრესული იყოს მათთვის.

 

  1. აღმზრდელები მეზღაპრეებიც არიან

გარდა იმისა, რომ ზღაპრების კითხვის დროს აღსაზრდელებს მოტივაციას უქმნიან, რომ თავადაც წაიკითხონ მომავალში, ისინი ხმის ტემბრითა და პერსონაჟებზე მიბაძვით აცოცხლებენ ისტორიებს. ამ დროს ბავშვები ხვდებიან ზღაპრული სამყაროს სხვადასხვა პერსონაჟებს და ზღაპრების მომდევნო ეპიზოდის გაგრძელებამდე, მსჯელობენ უკვე წაკითხული ისტორიების შესახებ.

 

  1. ცვლილებების მენეჯერი

სკოლამდელ განათლებაში ტრანზიცია გულისხმობს პროცესს, როდესაც ბავშვები ერთი აქტივობიდან მეორეზე გადადიან. ასეთ დროს, მათ შესაძლოა გამოიჩინონ რთული ქცევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იცნობენ ახალ აქტივობას, არ იციან წესები, გრძნობენ გაურკვევლობას ან არ სურთ დაასრულონ ისეთი თამაში, რომელიც მოსწონთ. ამ დროს აღმზრდელები ქმნიან და იგონებენ გასართობ ხრიკებს, რომ ეს ცვლილებები ბავშვებისთვის შეუმჩნეველი იყოს. ინტერაქტიული სიმღერები და როლური თამაშები, რომლებიც ეხება საკლასო წესებს კარგი დამხმარეა ამისთვის. ასევე, კარგი რესურსია საკლასო წესების ვიზუალური მინიშნებები. აღსანიშნავია ისიც, რომ საკლასო წესებზე სასწავლო სემესტრის დაწყებისას მთელი ჯგუფი ერთად თანხმდება.
ალბათ მსოფლიოში არ არსებობს აღმზრდელი, რომელიც ყველა საჭირო ვალდებულებას იდეალურად შეასრულებს. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგრამ არსებობენ აღმზრდელები, რომლებიც არასდროს წყვეტენ სწავლას და განვითარებას, რათა უკეთ მოემსახურონ ბავშვებს და მათ ოჯახებს. თუ არსებულ რესურსებს უფრო ახლოდან დავაკვირდებით, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ შეგვიძლია სააღმზრდელო პროცესში ბევრი როლი  წარმატებით მოვირგოთ და უფრო შემოქმედებითი გავხადოთ აღსაზრდელებთან ერთად გატარებული დრო.

 

 

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

 

სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა

 

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...