ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

პირველკლასელების პირველი ონლაინ გაკვეთილი

0

 

 

სამყარო მართლა შეიშალა. სულ რაღაც სამი წლის წინ, სამეცნიერო ფილმებს პოპკორნთან ერთად რომ ვუყურებდით და მძაფრი სიუჟეტისგან ადრენალინიც ჭარბად გამოგვეყოფოდა, აი, ამ სიუჟეტებმა და სამეცნიერო ფანტასტიკამ გადმოინაცვლა დღეს, ჩვენს ყოველდღიურობაში,  გადმოინაცვლა და ასე მიყოლებით დაიწყეს ფილმებმა და შიშებმა ახდენა. თანმიმდევრობით, ნელ-ნელა, ოღონდ ისე, რომ ამ ყველაფერს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

ცუდი დროება დაგვიდგა, ძალიან ცუდი და მძიმე. თითქოს ყველა ბოროტებამ და უძველესი დროების კოშმარებმა ჩვენს ეპოქაში დაიდეს ბინა, თითქოს რომელიღაც ბნელმა ძალამ გაიღვიძა და შურისძიება მოწყურებული ართმევს ადამიანებს ყველაზე ძვირფასსა და სანუკვარს: ერთმანეთს, იმედს. სანაცვლოდ კი  შიშებითა და შფოთვებით ამარაგებს, მარტოობას და საკუთარი ნებითა და სურვილებით გამოკეტვას აიძულებს. სიხარული მიაქვს, მის ადგილას კი გაურკვეველ, ჰიბრიდულ გრძნობას გვიტოვებს. ეს გრძნობა რაღაც ახალია, აქამდე გამოუცნობი და არარსებული, შიშისა და უმწეობის, სასოწარკვეთისა და მბჟუტავი იმედის ერთობლიობა. იქნებ არც არის ახალი და ეს გრძნობა ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად სამყარო, იქნებ ომებგამოვლილთათვის ძალიანაც ახლობელი და ნაცნობია.

ჰოდა, ბნელმა ძალებმა ბავშვების გამოკეტვა და მარტოობის მისჯა დააპირა. სიხარულისა და ბედნიერების წართმევა, მათ ნაცვლად კი იმედგაცრუებისა და მოწყენილობის ჩანერგვა.  აი, აქ კი, ბნელ ძალებს არ გაუმართლათ, თან ძალიან არ გაუმართლათ! რადგან არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სინამდვილეში სუპერ გმირები არიან, ოღონდ ეს მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის, როცა დრო მოდის, როცა ერთ ბავშვს მაინც სჭირდებიან, სუპერ ძალები თავისთავად იჩენენ ხოლმე თავს და დიახ, შეუძლებელი უკვე შესაძლებელი ხდება. ეს თითქოს ჩვეულებრივი სამყარო, სინამდვილეში სავსეა სასწაულებით, როგორც ერთი ყოფილი ბავშვი და მწერალი-მფრინავი ამბობდა: მთავარი უხილავია, კი, გულით დასანახი თვალით დასანახად რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

რაც უფრო ახლოვდება სწავლის დაწყების დღე, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა დისტანციური სწავლება დიდ ქალაქებში, მას მერე, სოციალურ ქსელებში, მასწავლებლების თითქმის ყველა ჯგუფში დიდი ფუსფუსი და ალიაქოთია. ეს ჩვენი, თითქოს ჩვეულებრივი, მასწავლებლები წამიერად გარდაისახნენ განსაკუთრებული ძალების მქონე არსებებად, მათი მთავარი მიზანია: ბავშვებმა არ მოიწყინონ! ბავშვები არ დადარდიანდნენ! შეინარჩუნონ სიხარული და ბედნიერების განცდა. განსაკუთრებით ის მასწავლებლები დაქრიან ჯგუფებში და საგანმანათლებლო ფეისბუქ გვერდებზე, რომლებიც პირველ კლასს ელოდებიან, თან ონლაინ! წარმოგიდგენიათ, რამხელა მისია აკისრიათ? წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნება ბოროტ ძალებთან გამკლავება?!  სიხარულის წართმევის და იმედგაცრუების ყველაზე დიდი საფრთხე ხომ იმ ბავშვებს ემუქრებათ, რომლებმაც ეს ესაა უნდა შედგან ფეხი სკოლაში და ეს ესაა უნდა გაიჩინონ ძალიან, ძალიან ბევრი მეგობარი. აი, ამ მოლოდინებსა და იმედებს შეუდგა წყალი. ჰოდა, ეძებენ მასწავლებლები ისეთ ჯადოსნურ რესურსებს, ისეთ აქტივობებს, რომ პირველკლასელებისთვის სუპერ მასწავლებლად იქცნენ და ჯადოსნური ჯოხით უკან დაახევინონ ბოროტ ძალებს.

ვკითხულობ და ვკითხულობ, რას გეგმავენ, როგორ გეგმავენ, როგორ ეძებენ, რას ეძებენ, როგორ ემზადებიან ბავშვებთან ეკრანის მიღმა და ეკრანით შეხვედრებისთვის.

ჰოდა, ვიფიქრე, აბა მეც ვცადო, რას გავაკეთებდი, პირველკლასელებთან პირველი შეხვედრა რომ მიწევდეს ონლაინ?

რას გავაკეთებდი დაა…

შეხვედრას დავიწყებდი ძალიან, ძალიან ეფექტურად და თვალისმომჭრელად. აი, მაგალითად,  გავხსნიდი Google earth – გვერდს: https://earth.google.com/web/ და მათ თვალწინ დავაბზრიალებდი დედამიწას. დაე, იცოდნენ, რომ მასწავლებლებს ჯადოსნური ძალა გვაქვს! ვეტყოდი, მოგესალმებით, ჩვენი ყველას საერთო სახლიდან: დედამიწიდან! მერე რაა, რომ  ერთ ოთახში არ ვართ, მერე რაა, რომ ეკრანია ჩვენ შორის, ჩვენ ერთი დიდი სახლის მაცხოვრებლები ვართ და ეს გვაერთიანებს. ამის შემდეგ მაუსით გადავლახავდი ოკეანეებსა და კონტინენტებს და მივადგებოდი ჩვენს მშობლიურ ევრაზიის კონტინენტს, სხვათა შორის, ვახსენებდი, რომ ეს ჩვენი კონტინენტია, ისე გაკვრით, შემდეგ კიდევ უფრო დავაახლოებდი და საქართველოს აღმოვაჩენდი! ამას კი ხმამაღლა და მკვეთრად განვაცხადებდი, რომ ეს საქართველოა, ჩვენი სამშობლო, ხოლო ბოლო ნაბიჯი იმ ქალაქის, რაიონის, სოფლის ჩვენება იქნებოდა სადაც ჩვენი სკოლაა, იმდენად დახვეწილია ეს აპლიკაცია, რომ სკოლის ნახვის შესაძლებლობაც კია და აი, ეკრანს იქით და აქეთ მსხდომი მასწავლებელი, მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ზემოდან დავხედავდით და მოვინახულებდით ჩვენს რეალურ სკოლას.

მერე ვთხოვდი, რომ აბა, კარგად მოკალათებულიყვნენ საკუთარ მაგიდებთან და დაეხატათ სკოლა – როგორიც მათ წარმოუდგენიათ, ოღონდ  აუცილებლად შიგნით საკუთარი თავებიც დაეხატათ, სად იქნებიან ნეტა? რომელ მერხზე? რომელ ოთახში? როგორ გამოიყურება მათი წარმოსახვით საკლასო ოთახი, შიგნით რა ნივთები აწყვია?

როგორი ეზო აქვს სკოლას? ან აქვს თუ არა? და აი, როცა ყველა ბავშვი შეასრულებს დავალებას, დრო არ დაგვენანოს, რომ ბავშვებმა ისაუბრონ,  წარუდგინონ კლასელებს წარმოსახვითი სკოლები და მოყვნენ, რას ფიქრობენ, როგორი სკოლა სურთ. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას, ძირითადად ბავშვები ეკრანთან კი არ იმუშავებენ, არამედ მის მიღმა, ფურცლით და ფანქრებით. ვეცდებოდი, ეკრანი მხოლოდ შეხვედრებისთვის და გაკვეთილის ჩატარების საშუალებად მექცია.

და აი, მოვიდა დრო, მეც გავეცნო ჩემს მოსწავლეებს. ვინ ვარ მე? წინასწარ მომზადებულ საინტერესო და სასაცილო პრეზენტაციას ან ანიმაციას წარვუდგენდი ჩემ შესახებ, რომელი მულტფილმი მიყვარს? რომელი ზღაპარი? რომელი ფერი? რომელია ჩემი საყვარელი პერსონაჟი? ანუ ის ყველაფერი, რაც ბავშვებს ძალიან, ძალიან აინტერესებთ და უნდათ, რომ იცოდნენ, თან არ დაგვავიწყდეს, პატარები უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელს არ იცნობენ პირისპირ, არადა როგორ აინტერესებთ!

ახლა მოსწავლეები უნდა გავიცნოთ, ამ აქტივობას ისე წარვმართავდი, რომ ბავშვებს ერთმანეთში საერთო ინტერესები აღმოეჩინათ, ეს ძალიან, ძალიან საჭირო და აუცილებელია, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებისას. აქაც წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია დამეხმარებოდა, მოვამზადებდი ძალიან შთამბეჭდავ ფერებში, ანიმაციებით და საყვარელი გიფებით, ასეთი შეკითხვებით: ვის უყვარს ნაყინი? ვის უყვარს მოანა? ვის უყვარს მეფე ლომი? ვის წაუკითხავს „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“? ვის აქვს ცისფერი თვალები? შავი თმა? ვისი სახელი იწყება ასო-ბგერა მ-ზე? ვისი გვარი იწყება ასო-ბგერა ნ-ზე? ვინ იყო ამ ზაფხულს ზღვაზე? ვინ იყო ამ ზაფხულს სოფელში? ვის ჰყავს სახლში ძაღლი? ვის ჰყავს სახლში კატა? ვისი საყვარელი ფერია მწვანე? წითელი? და, რა თქმა უნდა, ბავშვები დაიწყებენ, დაიწყებენ და ზუსტად ვიცი, გაკვეთილის დროს გადავაჭარბებთ, რადგან ყველას მოუნდება თავის თავზე რაღაც თქვას, ყველას მოუნდება წამოიძახოს: მეც მყავს ძაღლი, ჩემს ძაღლს ჩარლი ჰქვია! მე ამ ზაფხულს ცურვა ვისწავლე!, ლოტა ჩემი საყვარელი პერსონაჟია ან პეპი უფრო მომწონს. და ის ყინულიც გალხვება, რომელიც ეკრანმა გააჩინა. ჰოდა, მგონია, რომ ბედნიერება მათთან დარჩება, ოღონდ შემდეგ შეხვედრებზე ამ ბედნიერების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მომიწევს. თუმცა, მთავარი დასაწყისია, მთავარი პირველი შეხვედრა და პირველი გაკვეთილია.

მერე რაა, რომ პანდემიაა, მერე რაა, რომ ფიზიკურად ვერ შევხვდით, ჩვენ ხომ ერთი სახლი გვაქვს, ჩვენ სახლს დედამიწა ჰქვია და ის ისევ ბზრიალებს…

 

მაღალი შესაძლებლობების ადრეული და სკოლამდელი კურიკულუმი

0

 

წინა სტატიაში (https://mastsavlebeli.ge/?p=30102) ვახსენე, რომ მაღალი შესაძლებლობების სკოლამდელი კურიკულუმი (Highscope preschool curriculum) გამოიყენეს კვლევაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია ადრეულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამ წერილში მინდა აღნიშნულ კურიკულუმზე უფრო ვრცელი ინფორმაცია გაგიზიაროთ. ტექსტი ნათარგმნია ინგლისურიდან.

მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმი ემყარება დიდი ხნის კვლევას ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ და დამტკიცდა სასწავლო გეგმის პირდაპირი შეფასებით. 0-3 და 3-5 წლის ასაკის ბავშვთა განათლების მხარდაჭერის აღნიშნული პროექტი ემყარება განვითარების 58 მნიშვნელოვან ინდიკატორს (KDI), რომელიც შესაბამისია ადრეული სწავლის ეროვნულ და სახელმწიფო სტანდარტებთან (მათემატიკისა და ინგლისური ენის შესწავლის მაღალი დონის აკადემიური სტანდარტი (Common Core) და (ELOF) ჰედ სტარტი).

ადრეული განათლების კურიკულუმი

სანდო ურთიერთობების მხარდაჭერა ბავშვებში

როგორ ასწავლიან?

ჩვილებს სჭირდებათ ისეთი უსაფრთხო და სანდო გარემო, რომ შეძლონ ისწავლონ მთელი სხეულით და შეგრძნებებით. მაღალი შესაძლებლობების ადრეული განათლების პროგრამაში აღმზრდელები ფოკუსირდებიან მხარდამჭერ ურთიერთობებზე. ქმნიან მდიდარ და საინტერესო გარემოს, რომელიც ბავშვს აღმოჩენებისა და ძიების სტიმულს უქმნის; აღმზრდელები ბავშვებს ეხმარებიან ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სფეროს განვითარებას. აღნიშნული კურიკულუმის განმახორციელებელი გუნდი თვლის, რომ ბავშვის პირველი აღმზრდელები მშობლები არიან. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობენ ოჯახებთან, უზიარებენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ცოდნას, რომ უკეთ შეძლონ თავიანთი შვილების მოვლა და მათი ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა. შედეგად, პროგრამა ამყარებს ძლიერ კავშირს ბავშვს, მშობელსა და მეურვეს შორის.

აქტიური სწავლა არის ის ფუნდამენტი, სადაც პატარა ბავშვები ცოდნას იძენენ თამაშით, გარემოსთან, შემთხვევებთან და ადამიანებთან ინტერაქციით.

დაკვირვება

 ბავშვისა და სასწავლო პროგრამის უწყვეტი დაკვირვება/შეფასება არის მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ბავშვზე ობიექტური დაკვირვება მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მიზნობრივი ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები და ბავშვს ხელი შეუწყოს ხარაჩოს პრინციპით* ძველ ცოდნას დააშენონ ახალი, გაახანგრძლივონ აღმოჩენების/სწავლის პროცესი.

უფროსის და ბავშვის ინტერაქცია

ძიძები, პასუხისმგებლობიანი  აღმზრდელები უზრუნველყოფენ ჩვილის პირველად მოვლას და მოვლის უწყვეტობას მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით. უფროსისა და ბავშვის ინტერაქციის საკვანძო სტრატეგიებია შეხება, მზრუნველობა, ჩვილი ბავშვის ტემპითა და განვითარების დონის შესაბამისად თამაში,  სიტყვიერი და არავერბალური კომუნიკაცია ემოციების/საგნების გაცვლისას, ბავშვის არჩევანის პატივისცემა, მათი შესაძლებლობების წახალისება, ბავშვის ძლიერი ემოციების გააზრება და პატარების ჩართვა კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

დღის განრიგი და რუტინა

თანმიმდევრული, თუმცა, ამავე დროს, მოქნილი რუტინა ჩვილებს და პატარებს აძლევს დაცულობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდას, რაც ქმნის სანდოობას ბავშვსა და მეურვეს შორის. ამავდროულად, პატარას სძენს დამოუკიდებლობას, ვინაიდან, ბავშვი ჩართულია მის გარშემო მიმდინარე პროცესებში. თითოეული რუტინა დაშენებულია ყოველდღიურ შემთხვევებსა და მზრუნველ აქტივობებზე, რომელიც პატივს სცემს ჩვილებისა და პატარების სწავლის ტემპერამენტს.

სასწავლო გარემო

ფიზიკური გარემო არის კომფორტული, უსაფრთხო, განვითარების სხვადასხვა სფეროების შესაბამისად ადვილად გადასაადგილებელი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული. სივრცე დაყოფილია სათამაშო და მოვლის ზონებად, რომელიც ეხმიანება ჩვილებისა და პატარების მოთხოვნილებებს, აღჭურვილია სხვადასხვა სახის სენსო-მოტორული მასალებით. აღნიშნული ნივთები ადვილად ხელმისაწვდომია პატარებისთვის, რათა აღმოაჩინონ გარემო და ითამაშონ ისე, როგორც მოესურვებათ.

რას ასწავლიან?

ბავშვის განვითარების თანამედროვე თეორიისა და კვლევის საფუძველზე, მაღალი შესაძლებლობების ადრეული განათლების კურიკულუმი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. 0-დან 3 წლამდე ჩვილებისა და პატარების სწავლის მხარდამჭერი ჩარჩო დოკუმენტი ემყარება განვითარების 42 ინდიკატორს. სწავლა ფოკუსირებულია შემდეგ 6 მიმართულებაზე:

  • სწავლის მიღწევები
  • სოციალური და ემოციური განვითარება
  • ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობა
  • კომუნიკაცია, მეტყველება და წიგნიერება
  • კოგნიტური განვითარება
  • შემოქმედებითი ხელოვნება

 ადრეული განათლების კურიკულუმის შინაარსი

ადრეული სწავლა და განვითარება ზემოთ ჩამოთვლილი 6 მიმართულებით შესაძლებელია 42 ძირითადი ინდიკატორის გამოყენებით, რომელიც ფოკუსირებულია სკოლასა და ზრდასრულობაში წარმატების მიღწევაზე.

სკოლამდელი განათლების კურიკულუმი

მაღალი შესაძლებლობების სკოლამდელ კურიკულუმში სწავლება ფოკუსირებულია 8 მიმართულებაზე:
1. სწავლის მიღწევები

  1. სოციალური და ემოციური განვითარება
  2. ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობა
  3. ენა, წიგნიერება და კომუნიკაცია
  4. მათემატიკა
  5. შემოქმედებითი ხელოვნება
  6. მეცნიერება და ტექნოლოგიები
  7. სოციალური სწავლება

კურიკულუმის შინაარსი

აღნიშნული 8 მიმართულებით სწავლება მოიცავს განვითარების 58 ძირითად ინდიკატორს. თითოეული მათგანი აწესებს მნიშვნელოვან სასწავლო მიზანს ბავშვისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება და სწავლა ფართოდ ვარირებს 8 კატეგორიაში და 58 ძირითადი ინდიკატორი მოიცავს ამ ფართო მოლოდინებს. აღნიშნული კურიკულუმი აღმზრდელებს ეხმარება სასწავლო პროგრამა ყველა ბავშვს მიაწოდონ ისე, რომ ყველა მიმართულებაში მიაღწიონ სათანადო შედეგს.

მაღალი შესაძლებლობების განვითარების ძირითადი ინდიკატორები

 

  • აღმზრდელებს აწვდის ბავშვის განვითარების “ფილტრს” იმისთვის, რომ დააკვირდნენ და აირჩიონ ინდივიდუალურად, ბავშვზე მორგებული, აქტივობები
  • აღმზრდელებს ეხმარება ბავშვის ქცევა და მეტყველება განმარტონ განვითარების უწყვეტობის გათვალისწინებით
  • აღმზრდელებს საშუალებას აძლევს, ბავშვების მიმართ შეინარჩუნონ გონივრული მოლოდინები
  • აძლიერებს ბავშვების თამაშს, როგორც სწავლის ძირითად მექანიზმს
  • ამ რესურსებით აღმზრდელები ხდებიან მეტად კომპეტენტური და საშუალება აქვთ, ყოველდღიურად დაგეგმონ ინდივიდუალური განრიგი როგორც ბავშვებისთვის, ასევე მთლიანად ჯგუფისთვის.

 

შეფასება

ბავშვის განვითარების უწყვეტი შეფასება არის მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმის ფუნდამენტი. ბავშვის აქტივობებსა და თამაშზე ობიექტური დაკვირვება აღმზრდელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ბავშვის პროგრესი და დაგეგმოს მორიგი სასარგებლო აქტივობები.

უფროსის და ბავშვის ინტერაქცია

აღმზრდელები მოქმედებენ, როგორც მშობლები. მუშაობენ ბავშვების გვერდით. იმისთვის, რომ წაახალისონ ბავშვის სწავლის სურვილი,  მათთან კომუნიკაციაში აქტიურად შედიან როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად.  მთავარი ამოსავალი უფროსსა და ბავშვს შორის ურთიერთობაში არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები, ბავშვთან ისე მოქცევა, როგორც თანასწორ ადამიანთან, თამაშის წახალისება არა დაჯილდოების პრინციპით, არამედ შინაგანი მოტივაციის და ინტერესის გაზრდით. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვები სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას და პრობლემების გადაჭრას.

ყოველდღიური რუტინა

დღის განრიგის ჩარჩოს წარმოადგენს ბავშვისთვის დაბალანსებული, მაგრამ ამასთან, მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარება და შესაძლებლობების აღმოჩენა. ბავშვები ერთვებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში. მონაწილეობას იღებენ დალაგებაში, უვითარდებათ თავის მოვლის უნარები. ყოველდღიური რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია “დაგეგმე-განახორციელე-შეაფასე” მიდგომა და მისი თანამიმდევრულობა, რომელშიც ბავშვები იღებენ გადაწყვეტილებებს, რას გააკეთებენ, შემდეგ განახორციელებენ თავიანთ იდეებს და ბოლოს განიხილავენ თავიანთ საქმიანობას უფროსებთან და სხვა ბავშვებთან ერთად. ეს უმაღლესი დონის სააზროვნო უნარები დაკავშირებულია ლიდერული უნარების განვითარებასთან, რაც საჭიროა სკოლასა და ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

 

სასწავლო გარემო

აქტიური სწავლისა და პროგნოზირებადი გარემოს შესაქმნელად აღმზრდელები კლასს აწყობენ მრავალფეროვანი და ე.წ. ღია მასალებით, რომლებიც დაკავშირებულია მათ ოჯახებთან, კულტურასა და ენასთან. ოთახი მოწესრიგებული, ნივთები კი სახელდებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და წაახალისოს ბავშვები თავიანთი იდეების განხორციელებაში.

მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმი არის აკადემიური საფუძვლებით გამდიდრებული რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემების გადაწყვეტის და შემოქმედებითობის უნარების განვითარებას. ამ მიზნების მისაღწევად აღმზრდელები აქტიურად თანამშრომლობენ მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან. კურიკულუმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მშობლებს, აცნობენ ადრეული სწავლების სტრატეგიებს, ეპატიჟებიან საკლასო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, განიხილავენ ბავშვების მიღწევებს და უზიარებენ ცოდნას, რათა საკლასო სწავლება გაგრძელდეს სახლშიც. შედეგად, აღმზრდელები აღნიშნავენ, რომ მშობლები უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთი შვილების განვითარების ეტაპებსა და მიღწევებს.

 

წყარო –  https://highscope.org/

*” „ხარაჩოს მეთოდი” – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ, მოსწავლე თავად ახერხებს დავალების შესრულებას.” თამარ კაციტაძე, https://mastsavlebeli.ge/?p=2323

ზოოპარკი და კომპლექსური დავალება

0

 

ბავშვობაში ისე მიყვარდა შაბათ-კვირის ოჯახური სეირნობები, რომ ზოოპარკსა და ცირკში სტუმრობაზეც თანახმა ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა არც ზოოპარკის და არც ცირკის სუნი. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ქალაქგარეთ მივდიოდით. დიდხანს გამომყვა ის უცნაური შეგრძნება, რომელიც გალიებში მყოფი ცხოველების დანახვისას მეუფლებოდა. განსაკუთრებით მაღიზიანებდნენ მაიმუნების გალიებთან მდგომი მოღიმარი ადამიანები, რომლებიც ცხოველებს საკვებს აწვდიდნენ და აღტაცებით უყურებდნენ, როგორ შეექცეოდნენ ისინი კანფეტებსა თუ ორცხობილებს. მაიმუნებს გულში პატიებას ვთხოვდი და ვნატრობდი, კარის გაღება და მათი გათავისუფლება შემძლებოდა.

დიდხანს არ ვიცოდი ზოოპარკების დანიშნულება. არც არავის აუხსნია, ვიდრე სკოლაში არ დავიწყე მუშაობა. ამიტომაც მინდა, მოკლედ გაგაცნოთ ზოოპარკის განვითარების გზა და მისი როლი ბიომრავალფეროვნების გადარჩენაში.

„ზოოპარკებს თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია: განათლება, კონსერვაცია (ცხოველთა გენოფონდის შენარჩუნება), რეინტროდუქცია (სახეობების ბუნებაში დაბრუნება), ცხოველთა ქცევისა და ბუნებაში არსებული სიტუაციის შესწავლა“, – წერია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე.

ზოოპარკის დანიშნულებასა და როლზე საუბრობს ჯეინ გუდალი (ცნობილი ინგლისელი კონსერვაციონისტი, პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ველურ ბუნებაში შიმპანზეების შესწავლას მიუძღვნა). „არსებობს მოსაზრება, რომ ცხოველი ველურ ბუნებაში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ზოოპარკში“, – წერს ის და დასძენს, რომ ზოოპარკებს უდიდესი როლი აკისრია კონსერვაციის, ადამიანების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საქმეში.

ლონდონის ზოოპარკი მსოფლიოში უძველესი სამეცნიერო პარკია. იგი ჯერ კიდევ 1849 წელს გაიხსნა.

გაერთიანებული სამეფოს ყველა ზოოპარკი იძულებული გახდა, მარტში დროებით დახურულიყო კორონავირუსის პანდემიის გამო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლონდონის ზოოპარკმა კარი ჩაკეტა.

სერ დევიდ ეტენბორომ, ცნობილმა ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა და მეცნიერმა, ველური ბუნების შესახებ გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმების ავტორმა და წამყვანმა, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრმა, თხოვნით მიმართა საზოგადოებას, დახმარებოდა ლონდონისა და ვიპსნეიდის ზოოპარკების დახურვისგან გადარჩენაში.

BBC-ს დოკუმენტური ფილმების სერიის „პლანეტა დედამიწის“ შემქმნელმა ხმა მისცა სატელევიზიო მიმართვას, რომლითაც ითხოვენ ფულის შეგროვებას ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოებისთვის.

კიდევ შეიძლება მაგალითების მოყვანა, თუმცა ამას უკვე თავად მოსწავლეები მოახერხებენ კომპლექსურ დავალებაში, რომლის პირობასაც აქვე გთავაზობთ.

 

საკითხი: ზოოპარკი – ველური ბუნების მცველი

კომპლექსური დავალება: ვირტუალური ზოოპარკის მაკეტის შექმნა კონსერვაციის, ადამიანების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით

სამიზნე ცნება: გეოგრაფიული გარსი (გეო. საბ. 4, 5, 7, 9, 11, 12); მდგრადი განვითარება (გეო. საბ. 11, 12, 13); გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი (გეო. საბ. 1, 2, 3)

საკვანძო კითხვები:

  • როგორ წარმოვაჩინო მაკეტის დახმარებით ზოოპარკების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?
  • როგორ დავარწმუნო მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, რომ ზოოპარკები მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად?

ზოოლოგიური და ბოტანიკური პარკები სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებია. ზოოპარკებში – ვოლიერებში, გალიებში ან ბუნებრივ გარემოს მიმსგავსებულ დიდ ფართობებზე – სადემონსტრაციოდ, სამეცნიერო მიზნით ან გასამრავლებლად ჰყავთ გარეული ცხოველები. სწავლობენ ცხოველთა ბიოლოგიას, სამეურნეო მნიშვნელობას, პროპაგანდას უწევენ მათ დაცვას. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცევა გადაშენების გზაზე მდგომი ცხოველების დაცვასა და მოშენებას. მაგალითად, სწორედ ზოოპარკის პირობებში გადაურჩა ამოწყვეტას პრჟევალსკის ცხენი (მისი ერთი ეგზემპლარი დღეს თბილისის ზოოპარკშიც ჰყავთ), ჰავაიური ღერღეტი და სხვ.

XX საუკუნის დასაწყისში ზოოპარკის არსებობის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი რევოლუციური ცვლილება მოხდა – გალიები ცხოველთა საბინადრო გარემოს მიხედვით შექმნილი ვოლიერებით შეიცვალა.

ზოოპარკებში იმართება შემეცნებითი ექსკურსიები, ლექციები, საგანმანათლებლო ჩვენებები, გამოფენები, თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები ღია ცის ქვეშ და სხვ.

წარმოიდგინე, რომ შენს ქალაქში ახალი ზოოლოგიური პარკი იხსნება და შენ მისი დირექტორი ხარ.

შენი ამოცანაა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და ზოოპარკის გახსნის მოწინააღმდეგებისთვის აზრის შესაცვლელად განახორციელო შემეცნებითი/სასწავლო პროექტი. კრიტიკული ეკორეგიონების ინტერაქციული რუკის დახმარებით შეარჩიე აზიაში ადამიანის მიერ ყველაზე მეტად ათვისებული და სახეშეცვლილი ბუნებრივი ზონა და შექმენი ზოოპარკისთვის მწვანე კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება ბუნებრივი ზონა მისთვის დამახასიათებელი ცხოველებითა და შესაბამისი ბუნებრივი საარსებო გარემოთი. მწვანე კუთხე შეგიძლია წარმოადგინო როგორც მაკეტის სახით, ისე პროგრამა მაინკრაფტში.

მწვანე კუთხის შექმნისას წარმოაჩინე:

  • რა როლს ასრულებს ზოოპარკი ველური ბუნების გადარჩენაში;
  • რა თავისებურებები და კანონზომიერებები ახასიათებს აზიის (შენ მიერ შერჩეული) ბუნებრივი ზონების განლაგებას;
  • როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ადამიანის მიერ ყველაზე მეტად ათვისებულ და სახეშეცვლილ ბუნებრივ ზონებში;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი აზიის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მდგრადი განვითარებისთვის;
  • რა როლს ასრულებს ზოოპარკები რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრებაში.

გამართე მწვანე კუთხის პრეზენტაცია და განიხილე შენ მიერ ჩატარებული კვლევა.

 

პრაქტიკული რჩევები

  • ტექსტზე მუშაობისას და კრიტიკული ეკორეგიონების ინტერაქციული რუკის განხილვისას ყურადღება გაამახვილე ეკორეგიონის ლანდშაფტის ჩამოყალიბების ფაქტორებზე; ჩაინიშნე, რა ტიპის ლანდშაფტია მოცემული, რა მნიშვნელობა აქვს ველურ ბუნებას და ახსენი, რატომ შეარჩიე კონკრეტულად ეს რეგიონი.
  • მოიძიე დამატებითი რესურსები, ფოტოები, ტექსტები, რუკები, ნახატები, ილუსტრაციები.
  • გაეცანი მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკებსhttps://zooclub.ambebi.ge/zuu/saintereso/3518-msoflios-sauketheso-zooparkebi-i-natsili.html  – და ახსენი, რატომ შეარჩიე წარმოდგენილი მცენარეები და ცხოველები.
  • აღნიშნე, აზიის რომელი ქვეყნების ტერიტორიებზეა გავრცელებული შენ მიერ შერჩეული ბუნებრივი ზონა, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან რომელ ცხოველს წამოიყვან და რომელ მცენარეს წამოიღებ.
  • შეადგინე გეგმა, როგორი თანმიმდევრობით განალაგებ ბუნებრივ ზონაში გავრცელებულ მცენარეებსა და ცხოველებს.
  • გაითვალისწინე სიმაღლებრივი სარტყლურობა აზიის კონტინენტზე.
  • ბუნებრივ ზონაში ჩახატე ამ ზონისთვის დამახასიათებელი სურათი, მაგალითად, ზაფხულის ტუნდრა, ზამთრის ტაიგა, რომელიმე ტიპური მცენარე ან ცხოველი და ა.შ.
  • ახსენი, რატომ გვხვდება ზომიერ სარტყელში რამდენიმე ბუნებრივი ზონა.
  • აღწერე, აზიაში რომელი ბუნებრივი ზონაა ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ხელსაყრელი და რატომ.
  • როგორ ფიქრობ, რატომ გვხვდება ტყესტეპები, სტეპები, ნახევარუდაბნოები და უდაბნოები აზიის მხოლოდ შიდა რაიონებში?

 

მწვანე კუთხის მოსაწყობად გაეცანი რესურსებს:

თბილისის ბოტანიკური ბაღი – https://georgiantravelguide.com/ka/tbilisis-botanikuri-baghi

თბილისის ზოოპარკიhttps://www.zoo.ge/

რატომაა ზოოპარკები კარგი, უფრო სწორად, საჭირო

ზოოპარკების დანიშნულება

https://forestry.ge/ge/kviris-tema/31023-ra-aris-biomravalpherovneba https://zooclub.ambebi.ge/zuu/zooparki/6678-thbilisis-zooparki-hipopotami-begisthvis-qcolebsq-chamoiyvans-qgvinda-rom-gavamravlothq.html

https://www.facebook.com/TbilisiZoo/posts/10159306532399575/

ვფიქრობ, ამ კომპლექსური დავალებით მოსწავლეებს გავუღვივებთ გარემოზე პასუხისმგებლობას და ზოოპარკის შესახებ არსებულ სტერეოტიპებსაც დავამსხვრევთ.

მშობლის ოთხი ტიპი

0

 

თანამედროვე ფსიქოლოგები მშობლების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ, რომლებიც სუფთა სახით ბუნებაში იქნებ არ გვხვდება, მაგრამ სწორი კლასიფიკაციისთვის ათასობით გამოკითხულის პასუხების შეჯამების შემდეგ გვთავაზობენ შემდეგ ვერსიებს:

 

  1. ზოოტოპისტები;
  2. ვერტმფრენები;
  3. ვეფხვივით დედიკოები;
  4. სიტუაციის დამლაგებელი მშობლები.

 

თითოეულ მათგანს აღზრდის საკუთარი სტილი აქვს და, როგორც ფსიქოლოგიური ტესტები მოწმობს, მათი ამოცნობა არცთუ ისე რთულია.

ზოოტოპისტები „ცდისა და შეცდომის“ მეთოდის მომხრეები არიან. „იტკენს და აღარ გაიმეორებს“ – ეს მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა.

2008 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ ბლოგერმა ლენორ სკენენზმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერდა, თუ როგორ გაუშვა 9 წლის შვილი ნიუ იორკის მეტროთი.

ამ წერილს ფართო და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთისგან მოითხოვდნენ ჟურნალისტის სამსახურიდან გაძევებას, მისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევას და ა.შ.

სკენენზის ლოგიკა ასეთი იყო: ჩემმა შვილმა იცის კითხვა, მე მას ვასწავლე ხაზებისა და ციფრების მიხედვით საჭირო სადგურის ამოცნობა და ჩამოსვლა, მივეცი მგზავრობისთვის საჭირო ფული და იმედი, რომ ის უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერი გამოუვა.

საპროტესტო მუხტმა, რომელიც ლენორის წერილს მოჰყვა, აიძულა ჟურნალისტი, წამოეწყო მოძრაობა „ვერტმფრენების“ ანუ შვილზე გადაფოფრილი მშობლების წინააღმდეგ.

„დაუტოვეთ შვილებს მეტი თავისუფალი სივრცე, მიეცით მათ რწმენა, რომ თვითმყოფად ცხოვრებას მოახერხებენ, ასწავლეთ არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება!“ – ასეთი იყო სკენენზის მოწოდება, რომელსაც ბევრი მშობელი აჰყვა.

ამ მოძრაობის მოწინააღმდეგენი კი ამტკიცებდნენ, რომ 9 წლის ბავშვის ნიუ იორკის მეტროთი მარტო გაშვება იგივეა, რაც ლომის გალიაში თიკნის ჩასმა იმ იმედით, რომ გამოსავალს იპოვის.

„ეს უპასუხისმგებლობაა და არა თავისუფლება!“ – ამუნათებდნენ სკენენზის და საკითხის ირგვლივ გამართულმა რამდენიმეთვიანმა დისკუსიამ საზოგადოებაში შემდეგი შეკითხვები გააჩინა:

  • რამდენი წლიდან შეიძლება დიდ ქალაქში ბავშვის მარტო გაშვება?
  • უსაფრთხოა თუ არა ბავშვის პარკში სათამაშოდ დატოვება უფროსის მეთვალყურეობის გარეშე?
  • და სახლში, მარტო? რა ასაკიდან?
  • რა ასაკიდან შეიძლება მოზარდმა მიაქციოს ყურადღება მასზე უმცროსს?
  • უნდა ისჯებოდეს თუ არა მშობელი უფლებების შეზღუდვით, თუ ის ნაადრევ თავისუფლებას აძლევს შვილს რისკების გაუთვალისწინებლად?

დისკუსიამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ზოგი მშობლისთვის თუ 7 წლის ბავშვის კინოში ან გასართობ ატრაქციონზე მარტო დატოვება მისაღები იყო, ზოგი 12 წლის შვილისთვის მომვლელს ქირაობდა.

სკენენზის მოუხდა განემარტა, რას გულისხმობდა ზოოტოპიური მშობლის ცნებაში. ის წერდა, რომ შვილისთვის თავისუფალი სივრცის დატოვება არამც და არამც არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას ბავშვის მიმართ. ლენორის თქმით, აღზრდის ასეთი თავისუფალი მიდგომა შემდეგ ფუნდამენტურ კონცეფციას ეფუძნება:

ა) მოსაწყენ და წინასწარ გაწერილ გრაფიკში (მუსიკის, მათემატიკის, ხატვის გაკვეთილები, ჩოგბურთი სამზე, სკოლიდან უმალ რეპეტიტორთან და ა.შ.) ბავშვს უნდა დავტოვოთ „დაუგეგმავი“ დროც, როცა ის თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს, მივცეთ თანატოლებთან მეტი დროის გატარების საშუალება და განცდა, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია, თუმცა შეუძლია, ბევრი რამ, უფროსისთვის ხელმისაწვდომი, მასაც გამოუვიდეს.

ბ) ზოოტოპისტები მხარს უჭერენ ბავშვის მეტ ინტეგრაციას ბუნებასთან, არ უშლიან შვილებს ცხოველების მიკარებას, ხშირად უშვებენ ეზოში, არ ტეხენ პანიკას, თუ ბავშვი ტალახში გაგორდა ან ბლის ხეზე აცოცდა და გაურეცხავი ხილის ჭამა დაიწყო.

გ) ბავშვების დამოუკიდებლობა ასეთი მშობლებისთვის გარანტიაა იმისა, რომ ისინი ზრდასრულ ასაკშიც დამოუკიდებლები იქნებიან. ადვილად არ დაემორჩილებიან სხვის აზრს, ექნებათ ძლიერი „მე“ და არ შეეშინდებათ, ამოატრიალონ სამყარო თავიანთი გიჟური იდეებით.

დ) ზოოტოპისტებს მიაჩნიათ, რომ უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ბავშვს კი არ უნდა აუკრძალო, არამედ უნდა ასწავლო, როგორ იაროს სწორად ველოსიპედით, როგორ გადავიდეს გზაზე ფრთხილად, როგორ გაიგნოს გზა ცხოვრებაში. მათი გადმოსახედიდან, ასეთი აღზრდა უფრო მეტ შრომას მოითხოვს, რადგან ბავშვს მუდმივად ჭირდება ახსნა, როგორ იყოს დამოუკიდებელი.

 

ვერტმფრენი მშობლები

„აღარ არის ის დრო, ბავშვს ადვილად რომ უშვებდი გარეთ, ახლა ქუჩაში მეტი მანქანა და საშიში ადამიანი დადის!“ – პასუხობენ „ზოოტოპისტებს“ მეორე ტიპის მშობლები. ფსიქოლოგებმა მათ ვერტმფრენები უწოდეს.

ვერტმფრენი მშობლები ბევრ დროს ატარებენ შვილების გვერდით, ეხმარებიან სასკოლო დავალებების შესრულებაში, მფარველობენ მათ და მუდმივად თავს დასტრიალებენ. ამიტომაც შეარქვეს „ვერტმფრენები“.

თუმცა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის მშობლების დიდი ნაწილი მზრუნველობისას აჭარბებს, რადგან დამოუკიდებელ სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს შვილებს.

ტერმინი პირველად ჰაიმ გინოტმა გამოიყენა 1969 წელს წიგნში „მშობელსა და თინეიჯერს შორის“. ის წერდა, რომ დედამისი მთელი ცხოვრება ვერტმფრენივით დასტრიალებდა თავს.

ბევრს ასეთი მშობელი, პირიქით, მისაბაძად მიაჩნია, რადგან ის ჩვილობიდან უმაღლესის დასრულებამდე და ხშირად დაოჯახების შემდეგაც ზრუნავს „ბავშვზე“, ოჯახის ბიუჯეტს შვილების საჭიროებების მიხედვით გეგმავს, „თავად ყველაფერს იკლებს, რომ შვილებს მოახმაროს“ და ასე შემდეგ.

ასეთი მშობლები, დედებიც და მამებიც, ზედმეტად ერევიან შვილების ცხოვრებაში, უგეგმავენ ყოველ წუთს, სამეგობრო წრეს, მიზნებს და ეხმარებიან მათ წარმატების მიღწევაში. თუმცა ამას გამუდმებით აკეთებენ საკუთარი გადმოსახედიდან, სხვისი ცხოვრების მუდმივი მონიტორინგით.

მეორე მხრივ, ასეთი მშობლები მისწრებაა სკოლის ან სპორტული წრის ადმინისტრაციისთვის. ისინი გამუდმებით შვილების ახლოს ტრიალებენ და საქმეს უიოლებენ მასწავლებლებს და ადმინისტრაციას. მათ ვერ დაასწრებ ექსკურსიის დაგეგმვას თუ ბავშვების „მწყემსვას“, როცა სხვა მშობლები მინდორზე წამოკოტრიალებულები მწვადსა და წითელ ღვინოს აგემოვნებენ.

ვერტმფრენი მშობლების შვილებს აქვთ შემდეგი ცხოვრებისეული ჩვევები:

  • ისინი ზედმეტად არიან დამოკიდებულები მშობლებზე. 18 წლისაც კი დედამ უნდა გააღვიძოს, მამა სამსახურის პოვნაში დაეხმაროს, ბებომ სადილი მოუმზადოს და ასე შემდეგ.
  • ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკშიც კი სხვის აზრზე დამოკიდებულები რჩებიან. მათთვის „მფარველი“, „პატრონი“ ცნობიერების რომელიღაც ღრმა შრეზე არსებული სიგნალივითაა, რომელიც მუდმივად აქტიურდება კრიტიკულ მომენტში.
  • ასეთი ბავშვები ჯეროვნად თავის დაცვას ვერ ახერხებენ. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ვიღაც სხვა, დამხმარე უნდა გამოჩნდეს და მოუგვაროს პირადი თუ საზოგადო პრობლემა.
  • ისინი არ არიან მზად ბუნებრივი „უბედურებებისთვის“ თვალის გასასწორებლად. მათ მუდამ ვიღაც იცავდა ბულინგისგან, მშობლებმა ისინი გულისტკენას გადაარჩინეს, სამეგობრო წრე მუდამ მოწესრიგებული ჰქონდათ და ასე შემდეგ, მოკლედ, ბუდასავით იზრდებოდნენ, მაგრამ ცხოვრება კოლბა არ არის და მშობელიც ყოველთვის ვერ იქნება გვერდით.

 

სიტუაციის დამლაგებელი მშობლები

ალბათ ყველა მასწავლებელს შეხვედრია მამა, დედა, ბებია ან ბაბუა, შვილისა თუ შვილიშვილის ნიშნებს რომ აპროტესტებს, ითხოვს დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, რატომ არ აქვთ მათ შესაბამისი მოსწრება – ისინი ხომ ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდების წინაშე ყველა ბარიერი დაინგრეს!

სინამდვილეში, ასეთი მშობლები, რაღაც გაგებით, დაყრილ ნაგავს ხვეტავენ საკუთარი წარსულიდან. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ასეთები რჩებიან – უნივერსიტეტში პირადად იცნობენ შვილების ლექტორებს, კურსდამთავრებულებისთვის ეძებენ სამსახურს, მერე დამქირავებელთან არკვევენ მათი „პატარების“ ხელფასსა და შვებულების დღეებს, ერევიან შვილების პირად ცხოვრებაშიც, რომ პარტნიორმა „არ დაჩაგროს“, არჩევენ სასტუმროს, სადაც მათი ვაჟი ან ქალიშვილი უნდა გაჩერდეს მეუღლესთან ერთად, ეშინიათ, „ბავშვმა“ თვითმფრინავზე არ დააგვიანოს და იქამდეც კი მიდის ხოლმე საქმე, რომ შვილებს უკვე შვილიშვილებისგანაც იცავენ. ასეთი მზრუნველობა თითქოს ცხოვრებას უნდა უიოლებდეს ადამიანს, მაგრამ ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მზრუნველობის ობიექტი ასეთ დროს საშინლად ითრგუნება, თავს უმწეოდ გრძნობს და დეპრესიის ნაადრევ ნიშნებს ავლენს.

სიტუაციის დამლაგებელ მშობლებს იმის დაშვებაც კი არ შეუძლიათ, რომ მათმა შვილებმა ცხოვრებაში შეიძლება რამენაირი დისკომფორტი განიცადონ. ტკივილს, იმედგაცრუებას, რაც ყოფიერებას ახლავს თან და გვზრდის, შეიძლება შეეჯახოს „ყველა სხვა, მაგრამ არა მათი შვილები“. ასეთი მშობლები გაუტამას მამასავით არიან: – ტკივილი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილი მას ვერ იგრძნობს, – ასეთია მათი ლოგიკა. მაგრამ ცხოვრება სრულიად საპირისპიროა და მათი აღზრდილი ბავშვებიც უნებურად უნებისყოფობით, გადაწყვეტილების მიღების უუნარობით და სოციალური იმპოტენციით იტანჯებიან.

თუ ასეთი ბავშვი მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახში გაიზარდა, პირველივე ეკონომიკური გაჭირვება მას სრულიად უუნაროს გახდის პრობლემის მიმართ.

ის, რაც მშობელს პრობლემებისგან შვილის დაცვა ჰგონია, სინამდვილეში დათვური სამსახურია.

„ამას შენ უჩემოდ ვერ გააკეთებ. ნებისმიერ პრობლემას მე მოგიგვარებ!“ – ასეთი დამოკიდებულება უსახურ მოქალაქეებს ზრდის. როდესაც საზოგადოების კრიტიკული ნაწილი „სხვაზე მინდობილია“, მას არც პასუხისმგებლობის განაწილება შეუძლია. ის მუდმივად გარეთ ეძებს მხსნელს და როდესაც ასეთი არ ჩანს, წარმოუდგენლად იტანჯება.

„პატრონი არ მყავს!“, „კაცი მჭირდება, რომ ხელი წამკრას!“ – ასეთი ადამიანები თავის დროზე ბრძოლისუუნაროებად გაზარდეს. მშობლების, ვიტყოდი, ბუნებრივი, მაგრამ გადამეტებული ზრუნვა მათთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა, მათ არ მიეცათ შანსი, „ცდისა და შეცდომის“ მაგალითზე პიროვნულად განვითარებულიყვნენ და გახდნენ ისეთები, როგორებიც გახდნენ. თავის მხრივ, ახლა ისინი ცდილობენ გადაეფარონ შვილებს იქ, სადაც მოზარდი თავად უნდა გაუმკლავდეს პრობლემას და ჯაჭვი უწყვეტ და დაუსრულებელ სახეს იღებს.

მეორე მხრივ, სიტუაციის დამლაგებელ მშობლებს ძნელად გამოეპარებათ ბულინგი. ისინი თავიანთი პედანტურობითა და ჰიპერაქტიურობით სასკოლო ცხოვრების ხარისხის ამაღლებასაც უწყობენ ხელს, მაგრამ მთლიანობაში მათი როლი მაინც შესასუსტებელია.

როგორ ამოვიცნოთ საკუთარ თავში ასეთი მშობელი?

  • თუ შვილის პრობლემის შეტყობისთანავე მოგვარებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებთ და საშუალებას არ აძლევთ მოზარდს, ჯერ თავად სცადოს მისი გადაჭრა,
  • თუ აკონტროლებთ წრეს, რომელთანაც ბავშვმა უნდა იკონტაქტოს და ნებისმიერი ყოფითი კონფლიქტის წამოჭრისას შვილს „მოძალადეს“ განარიდებთ,
  • თუ მიგაჩნიათ, რომ ყველა ბავშვი, ვინც თქვენს შვილს ეკონტაქტება, სანიმუშო უნდა იყოს,
  • თუ მიგაჩნიათ, რომ „თქვენი შვილი ამას არ იზამდა“ და ყოველთვის სხვაა დამნაშავე,
  • თუ ბანაკში ან ექსკურსიაზე ღამისთევისას „საკუთარისთვის“ საუკეთესო ოთახს ითხოვთ,
  • თუ შვილის დავალებას თავად წერთ, რომ არავინ შეუსწოროს და დასცინოს,
  • თუ შვილი ასაკით უმცროსების კლასში შეგყავთ, რომ სხვაზე ჭკვიანი გამოჩნდეს, –

შესაძლოა, სწორედ ამ ტიპის მშობელი იყოთ.

 

ვეფხვივით დედიკო

ამ ტერმინის უკან, ცხადია, იგულისხმება მამიკოც. ის, უბრალოდ, სპეციფიკური ტიპის მშობელს მოიაზრებს, რომელიც ძალიან მომთხოვნია შვილების მიმართ.

ასეთი მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდანვე უსახავენ მიზანს და მის მისაღწევად უძილო ღამეებს, ზემოტივაციას, მეგობრებთან დროის გატარებაზე ფიქრის თავიდან ამოგდებას და მშვილდივით დაჭიმულობას სთხოვენ.

ტერმინი პირველად იურისტ ემი ჩუას გამოუყენებია, როდესაც დედაზე და საკუთარ როგორც მშობლის გამოცდილებაზე სტატიას წერდა.

წიგნის „ოდა ვეფხვ მშობელს“ გამოცემის შემდეგ მედია და პედაგოგიკის სფეროთი დაინტერესებული ფსიქოლოგები ტერმინზე ალაპარაკდნენ.

„ვეფხვივით დედიკომ“ შვილზე შესაძლოა დადებითი გავლენაც მოახდინოს, განსაკუთრებით – თუ ბავშვი სუსტი ნებისყოფისა ან ზარმაცია, მაგრამ აუცილებელია მოზომილი ქცევა და იმ მიზნის გათვალისწინება, რომლის მიღწევაც მშობელს უნდა.

ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, თვითდისციპლინას უვითარებს მოზარდს, მეორე მხრივ, კი სტრესულ გარემოს უქმნის მაღალი და ხშირად მიუღწეველი მიზნის წარმოდგენისას. ბეთჰოვენის მამა შვილს სთხოვდა, მოცარტივით გენიალური ყოფილიყო. ამისთვის 8 წლის ისედაც ნიჭიერ ლუდვიგს 4 წლისად წარადგენდა და სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა, ღამეებს ათენებინებდა და გვარიანადაც წკეპლავდა, რომ „პატარა გენიოსი“ ყოფილიყო. კომპოზიტორს ბავშვობაშ შეძენილი თვითდისციპლინა მთელი ცხოვრება გაჰყვა და მერეც, დრო რომ მოეგო, თავის გამოსაფხიზლებლად ყინულიანი წყლით იბანდა თავს, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია კიდეც მისი სიყრუე.

ასეთი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდილი ბავშვები პატარაობიდანვე ბევრ დროს უთმობენ სწავლას და ცოტას – თამაშს, წუხან დაბალ შეფასებაზე, განიცდიან კარიერულ დაღმასვლას და ხშირად, ბედნიერება ისე ჩაუვლით ხოლმე გვერდით, ვერც კი მჩნევენ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზას დასასრული არ აქვს.

მაშინ, როდესაც კარგი კარიერა მათთვის სტიმული და სწორი ცხოვრების ნიშანია, მარტივ სოციალურ ურთიერთობებში ისინი სრულ კრახს განიცდიან ხოლმე და ეს მთელი ცხოვრება ტანჯავთ. განიცდიან ნებისმიერ წარუმატებლობასაც, რადგან რეალური ან გარდაცვლილი მშობლების იმედგაცრუებისა ძალიან ეშინიათ.

2013 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ასეთი „მობილიზებულობისა“, „ვეფხვი დედიკოებისა“ და თავისუფალი სტილის მომხრეების მიერ გაზრდილი
შვილების აკადემიური მოსწრება, მთლიანობაში თითქმის არ განსხვავდება, მაშინ როდესაც მკაცრი, მაღალ მოტივაციაზე ორიენტირებული ბავშვები თინეიჯერობის დასასრულიდანვე უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მელანქოლიისა და დეპრესიისკენ.

ფსიქოლოგების ნაწილი აღზრდის ასეთი სტილის მომხრე მშობლებს ურჩევს, ოდნავ შეარბილონ მიდგომა, ზომიერად, ნელ-ნელა ასწიონ თამასა და, შესაბამისად, შეამცირონ შვილზე ზეწოლა და სტრესი, გაიზიარონ მისი წარუმატებლობა, გაამხნეონ, მეტი სიყვარულით მოეპყრონ და ასწავლონ მათ, რომ ხანდახან წაგება ბუნებრივია.

პედაგოგიკის თანამედროვე სკოლები მიიჩნევენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღზრდის ეს სტილი ყველაზე მეტადაა დამკვიდრებული და დროა, იქაურებმა იმაზე იფიქრონ, როგორ შეაზაონ სხვადასხვა მეთოდოლოგია ისე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ბოლოს და ბოლოს, სუფთა სახით ხომ აღზრდის არც ერთი მეთოდი არ გვხვდება ბუნებაში და იმან, რაც ერთი ოჯახისთვის დამღუპველია, მეორეს შესაძლოა უშველოს.

 

წერილი მომზადებულია ელისონ ენდრიუსისა და კარლი სნაიდერის წიგნების მიხედვით.

რას ნიშნავს სპირალური განათლების მოდელი?

0

 

 

„ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ სკოლებში მოსწავლეების მოწყენილობას“[1].

„მე მწამს ისეთი სკოლის, რომელიც ასწავლის ბავშვს არა მარტო იმას, რაც ვიცით სამყაროს შესახებ, არამედ მის შესაძლებლობებზე ფიქრსაც“.

ჯერომ ბრუნერი

 

ოდესმე მიგიღიათ ერთსა და იმავე კითხვაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან ერთნაირი პასუხი? ალბათ არასდროს.

რატომ ხდება ასე? რატომ არ არსებობს კითხვებზე ზუსტი პასუხები?

ვთქვათ, ახალგაზრდამ მე-10 კლასში წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“. თუ მე-12 კლასში ჰკითხავთ: „წაგიკითხავს პოემა?“ – ის გიპასუხებთ: „დიახ!“ – მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ტექსტი უნიკალური და დაუსრულებელი სისტემაა, ისევე როგორც ადამიანის განვითარება და სანამ ადამიანი ვითარდება, შეუძლებელია, რამე სასრული არსებობდეს სამყაროში. ეს ძალიან ჰგავს სპირალს. დიახ, სპირალს და არა წრეს. წრე სასრულია და ჩაკეტილი, სპირალი მუდმივად განვითარებადი და გახსნილი.

ის, თუ როგორ შევიმეცნებთ ტექსტს ამა თუ იმ მომენტში, ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ჩვენს განვითარებაზე, ცოდნაზე, ახალ უნარებზე, ღირებულებებზე, სოციალურ კონტექსტზე, პირად მოტივებზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, განწყობაზე და ასე შემდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტექსტის „მიღება“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარამეტრებით ხდება და ეს შედეგზეც აისახება. შინაარსის ცოდნა მხოლოდ პირველი ეტაპია, ტექსტის გაცნობიერება კი, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება გრძელდება. იქნებ სწორედ ამას გულისხმობს ფრაზეოლოგიზმი – „სწავლა სიბერემდე“.

ეს ეხება არა მხოლოდ ტექსტებს, არამედ მთელ სამყაროს, მის ნებისმიერ დეტალს, ფაქტს, მოვლენას… ამიტომ „წაკითხვა“ თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს; მთავარია ჩვენი ცნობიერების ის ფოკუსები, რომლებიც ტექსტის/ცხოვრების მრავალფეროვნებას და სიღრმეს გვიჩვენებს.

ამ იდეას ეფუძნება განათლების თანამედროვე სისტემაში ჯერომ ბრუნერის „სპირალური განათლების მოდელი“.

რას გულისხმობს ის?

ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ მოსწავლეებს ჯერ ფუნდამენტური სტრუქტურები უნდა გავაცნოთ და მერე ნელ-ნელა სიღრმეებისკენ წავიყვანოთ.

წიგნში „სწავლის პროცესი“ ბრუნერი წერს: „ნებისმიერი საგნის საფუძვლები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გავაცნოთ ბავშვს, თუ  გასაგები ფორმით მივაწვდით. საქმე ის არის, რომ ბავშვს განვითარების ყოველ სტადიაზე აქვს სამყაროს ხედვისა და ახსნის თავისებური საშუალებები. თუ გვეცოდინება ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ენა და ამ ენაზე დავამყარებთ მასთან კონტაქტს, შევძლებთ დავეხმაროთ მას, გადავიდეს აზროვნების უფრო და უფრო მაღალი დონის საშუალებათა გამოყენებაზე. სწავლების ეს ხერხი ერთნაირია ყველა საგნისთვის, მათემატიკა იქნება ეს, ლიტერატურა, თუ საზოგადოებრივი მეცნიერებები“[2].

 

სპირალური განათლების მოდელი და სპირალური დინამიკა

საიდან უნდა მომდინარეობდეს და რას უნდა ეფუძნებოდეს ცოდნის მიღების სპირალურობა, თუ არა ჩვენი ცნობიერების ღრმა სტრუქტურებს? სამყარო, ადამიანი და მთელი კაცობრიობა – ეს უწყვეტი მოძრაობაა. ეს არ არის წრეზე ტრიალი, თუმცა ასეთი მარტივი ცნობიერებაც/საზოგადოებებიც არსებობს. და ვინაიდან ცნობიერება მოძრაობაშია და არ არის ჩაკეტილი, ტვინს შეუძლია შეცვალოს თავისი „პროგრამები“, შესაბამისად, ადამიანთა ქცევა და ცხოვრების ხარისხიც. კაცობრიობა სწორედ დღეს იმყოფება ასეთ მოცემულობაში.

არსებობს ასეთი ცნება – სპირალური დინამიკა. ეს არის ღირებულებათა ევოლუციის მოდელი. მისი ავტორია ფსიქოლოგიის პროფესორი კლერ გრეივზი. გრეივზი გვაფრთხილებდა: „მოცემულ მომენტში ჩვენი საზოგადოება ცდილობს გაუმკლავდეს ყველაზე რთულ და, ამავე დროს, ყველაზე მღელვარე ცვლილებას ყველა ცვლილებას შორის, რომელიც კი კაცობრიობას გაუვლია. ეს მხოლოდ არსებობის ახალ ეტაპზე გადასვლა კი არ არის, არამედ ახალი რიტმის დასაწყისი ადამიანური იდენტობის სიმფონიაში“.[3]

სპირალური დინამიკის იდეა განავითარეს გრეივზის მოსწავლეებმა. მათ შორის იყო დონ ბეკი, რომელიც წერდა: „40 წლის განმავლობაში მე პრაქტიკაში გამოვცადე გრეივზის თეორია და შევიტანე ჩემი თეორიული და პრაქტიკული წვლილი ამ ცოდნაში. მე მივხვდი, როგორ შევქმნა პრაქტიკაში „სამმაგი მოგება“ – იგებთ თქვენ, ვიგებ მე და იგებს მთელი პლანეტა!“[4]

დონ ბეკის წიგნში „Spiral Dynamics in Action: Humanity’s Master Code“ აღწერილი თეორია უკავშირდება რთულ პრობლემას: როგორ უმკლავდებიან ინდივიდები, ადამიანთა ჯგუფები და საზოგადოებები ცხოვრების პირობების შეცვლას; ხალხის, ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმოდგენა სისტემის სახით გვეხმარება იმის გაგებაში, როგორ ადაპტირდნენ ისინი ცვლილებებთან.

მართლია, ეს წიგნი პანდემიამდე დაიწერა, მაგრამ, ვფიქრობ, მასში წარმოდგენილი საკითხები ეხმაურება სამყაროს ამჟამინდელ მდგომარეობას და გამოსავალსაც გვთავაზობს. როგორც ჩანს, სამყარო დიდი ხანია ემზადებოდა ცვლილებებისთვის და პანდემიამ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დააჩქარა.

პრობლემებიდან გამოსავალი ცნობიერების სპირალურ მდგომარეობაშია, რომელიც ვლინდება როგორც ბუნებაში, ასევე სოციალურ ცხოვრებაში. სპირალურობა მატერიის საერთო მახასიათებელია.

დააკვირდით ბუნების მოვლენებს და ადვილად აღმოაჩენთ მსგავს ფორმებს: მცენარეებში, ქარის ქროლაში, წყლის ნაკადში, კოსმოსში, ცუნამიში, მორევში…

განათლებაში კი სპირალური მოდელი არის უწყვეტი განვითარება და ერთი ტექსტის სიღრმეში ეტაპობრივად ჩასვლა.

პასუხი კითხვებზე: „წაგიკითხავს „ვეფხისტყაოსანი“? „შეიცან თავი შენი?“ „ის ხარ, ვინც უნდა იყო?“ – არ არსებობს, რადგან კითხვის მოსმენის შემდეგ მე უკვე აღარ ვარ ის, ვინც კითხვის მოსმენამდე ვიყავი…

[1] ინტერვიუ, რომელიც ბრუნერმა El País– ს მისცა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა განმარტა, თუ როგორ უნდა ასწავლონ სკოლებმა ცოდნის სიყვარული

[2]  The Process of Education: Bruner, Jerome

Click to access Master.text_.3.pdf

 

[3] https://mybook.ru/author/don-bek-2/spiralnaya-dinamika-na-praktike-model-razvitiya-li/read/?page=2 გვ.3.

[4] by Prof. Don Edward Beck ...., Spiral Dynamics in Action: Humanity's Master Code

https://libribook.com/ebook/16648/spiral-dynamics-action-humanitys-master-code-pdf

 

 

სივრცული ფიგურები და მცირე ფანტაზია -კლასიკური საშინაო დავალების ალტერნატივა

0

საშინაო დავალებას, თუ მას „ტრადიციული დავალების“ სახე აქვს, ბავშვისთვის მოსაწყენია, შრომატევადი, უინტერესო. რატომ მივედი ამ დასკვნამდე? მშობლიურ სოფელში დასასვენებლად ჩასულს, მეგობრის შვილმა საზაფხულო საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება მთხოვა. საშუალება მომეცა, პროცესის კულისებში შემეხედა და ეს საქმიანობა ჩემთვისაც კი მოსაწყენი და შრომატევადი აღმოჩნდა. ბავშვებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში კარგად არ აითვისეს მასალა, აუცილებლად დასჭირდებათ უფროსების დახმარება, ხოლო მათთვის, ვინც კარგად სწავლობდა, ასეთი დავალება უსარგებლოა. მასწავლებელმა მოსწავლეთა მზაობის შესაბამისად უნდა მოახდინოს დავალებების დიფერენცირება და დამხმარე მასალებიც მიაწოდოს მათ დამოუკიდებელი სწავლისთვის.

შევეცადე, მეპოვა „კლასიკური საშინაო დავალების“ ალტერნატივა, რომელსაც ბავშვები ხალისით და სიამოვნებით შეასრულებენ იმ კავშირების შენარჩუნებით, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია და სკოლაში ისწავლება. ეს დავალება ზაფხულს უფრო მეტად შეეფერება. მართალია, საგნის ერთ მიმართულებასა და ერთ სამიზნე ცნებას ეხება, მაგრამ ინტეგრირებულია. მისი შესრულების დროს ბავშვები დაამყარებენ კავშირებსა და ასოციაციებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებაში.

დავალება სივრცული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. ეს აზროვნება ყოველდღიურად გამოიყენება ჩვენს ცხოვრებაში, სარეკლამო, კომერციულ, ტექნოლოგიურ თუ სამრეწველო სფეროებში. სივრცითი მსჯელობა ინჟინერიის, არქიტექტურული დაგეგმარებისა და დიზაინის მრავალი პრობლემის გადაჭრის საფუძველია და მისი ეფექტური გამოყენება ამ კონცეფციის ცოდნას და გაცნობიერებას მოითხოვს. დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შეეძლებათ გაეცნონ სხვადასხვა სახის მასალებს, დინამიკურ ვირტუალურ სიმულაციებსა და რესურსებს, რომლებიც დაეხმარება მათ სივრცული ცნებების გააზრებაში და ფორმებისა და საგნების სივრცეში გადატანაში.

სივრცული აზროვნებისა და მსჯელობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია „ობიექტის მშენებლობისა და დაშლისათვის“ სხვადასხვა სახის მანიპულატივების გამოყენება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ დაინახონ ფორმებისა და საგნების თვისებები.

მიღებული სასწავლო უნარები და შემოქმედებითი მიდგომები მნიშვნელოვანია შემდგომში ცხოვრებისეული სიტუაციების გადაჭრის სტრატეგიის შემუშავებისთვის. ბავშვებს საშუალება ეძლევათ, უპასუხონ მათ მიერ ხშირად დასმულ კითხვებს (სად გამოვიყენებ, რაში მჭირდება?). გარდა ამისა, მოსწავლეთა ინტერესის სფეროების უკეთ გაცნობის საშუალებაც მომეცემა.

 

დაწყებითი საფეხური (IV, V, VI კლასები)

საგანი: მათემატიკა

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ობიექტები. ორიენტირება სივრცეში

მკვიდრი წარმოდგენები:

  • ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს.
  • გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან განირჩევიან თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნებით – ფორმით, ზომით.
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა გვეხმარება გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგებაში.
  • გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ელემენტების ურთიერთგანლაგების სქემები და მოდელები სივრცეში ორიენტირების საშუალებას იძლევა.

საკვანძო კითხვა: როგორ გამოვიყენოთ გეომეტრიული ფიგურები, შლილები სხვადასხვა საგნისა და მოდელის დასამზადებლად და გასაფორმებლად?

მოსწავლეს შეუძლია:

  • მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;
  • რომ გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან გარჩევა ნიშან-თვისებებით;
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენებით გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგება;
  • მსჯელობა იმაზე, გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ურთიერთგანლაგების სქემების, მოდელების საშუალებით როგორ ხდება სივრცეში ორიენტირება.

 

დავალების ბარათი მოსწავლისთვის „მინიატურული ბაღი ჩემი პერსონაჟისთვის“

ყოველდღიურ ცხოვრებაში, შენ გარშემო, ყოველთვის ხედავ რამდენიმე ობიექტს, რომლებსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. მაგალითად, წიგნებს, ბურთს, კონუსური ფორმის ნაყინს, კარადას, სახლს… ამ ობიექტებისთვის საერთოა ის, რომ ყველას აქვს გარკვეული სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. ამრიგად, მათ აქვთ სამი განზომილება, მაშასადამე, წარმოადგენენ სივრცულ ფიგურებს. სამგანზომილებიან სამყაროში შეგიძლია იმოგზაურო მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით და ქვევით.

შენი დავალებაა:

გეომეტრიული სივრცული ფიგურების გამოყენებით და ცოტაოდენი ფანტაზიის მოშველიებით შექმენი შემოქმედებითი პროდუქტი „მინიატურული ბაღი ჩემი პერსონაჟისთვის“. პერსონაჟი შეიძლება იყოს რომელიმე ზღაპრის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირი.

გაალამაზე შენი სახლის კოპწია აივანი, პატარა ბაღი ან ფანჯრის რაფა შენ მიერ შექმნილი „პატარა ზღაპრული სამყაროებით“. როგორ? ძალიან მარტივად! მოიძიე სახლში ძველი, უკვე გამოუსადეგარი, გადასაგდებად გამზადებული ჯამები, პოლიეთილენის კონტეინერები, სათლები, ქოთნები, ხის ყუთები, აირჩიე რომელიმე მათგანი, შეავსე მიწით, დადგი ზედ პატარა სახლები, ზღაპრული კოშკები, ქოხები, ჩიტის ბუდეები და ა.შ. ბოლოს კი გასაფორმებლად მიწაში ჩარგე პატარა ოთახის ყვავილები, სასურველია, სეკულენტები.

რეკომენდაცია:

·       მინიატურული ბაღის იდეისთვის დაიხმარე ქვემო მოცემული ჰიპერბმულები – მათზე ნაჩვენებია უამრავი მინიატურული ბაღის სხვადასხვა დიზაინი: როგორ შევქმნათ მინიატურული ბაღები; ორიგინალური იდეები ზღაპრული ბაღის შესაქმნელად გატეხილი ქოთნებით.

·       ჯერ გაიხსენე სივრცული ფიგურები და მათი შლილები. კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, სამკუთხა პრიზმა, პირამიდა, ცილინდრი, კონუსი, სფერო და ა. შ. სივრცული ფიგურების დამზადებაში დაგეხმარება შემდეგი მასალები:

გეომეტრიული სივრცული ფიგურებივიდეოგაკვეთილი;       ციფრული რესურსი.

აქ მოცემულ სიმულაციებში ნაჩვენებია, როგორ შეიძლება დაიკეცოს შლილები ისე, რომ სივრცული გეომეტრიული ფიგურები მივიღოთ: შეისწავლეთ კუბის სხვადასხვა შლილები, მართკუთხა პარალელეპიპედის შლილი, პირამიდის შლილები, ცილინდრის შლილი, კონუსის შლილი

მინიატურული ბაღის შექმნისას გაითვალისწინე:

·       ბაღი უნდა იყოს ცოცხალი მცენარეებით გაშენებული;

·       მიწისთვის უნდა აიღო ძველი, გამოუსადეგარი ჭურჭელი, რომელსაც გაალამაზებ (შეღებავ, ფორმას მისცემ…) და ახალ სიცოცხლეს შესძენ;

·       მიწის ზედაპირზე უნდა იდგეს შენ მიერ დამზადებული ორი სივრცული ობიექტი მაინც (სახლი, ქოხი, სასახლე, კოშკი, ჩიტის ბუდე, შინაური ცხოველების სადგომი…), რომელთა დამზადებისას გამოიყენებ შენთვის ნაცნობ სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს;

·       ბაღი უნდა იყოს ზღაპრის ან ლიტერატურული პერსონაჟისა (მაგალითად კონკიასი).

პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

·       ზღაპრის, მოთხრობის ან წიგნის რომელი პერსონაჟი აირჩიე;

·       მინიატურული ბაღისთვის რა ჭურჭელი გამოიყენე, როგორ გადააკეთე/გაალამაზე და მოამზადე მიწის ჩასაყრელად; იმსჯელე, რითაა კარგი ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება;

·       როგორ დაამზადე სივრცული გეომეტრიული ფიგურები მათი შლილების მიხედვით;

·       როგორ გააკეთე 3D ფიგურების შლილები;

·       გეომეტრიული ფიგურებისგან როგორ შექმენი მინიატურული ბაღისთვის საჭირო ობიექტები.

ყველა ეს საფეხური დაასურათე და წარმოადგინე რომელიმე საპრეზენტაციო ფაილით.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

·       რა იყო ყველაზე რთული დავალების შესრულებისას?

·       რას შეცვლიდი, დავალებას თავიდან რომ ასრულებდე?

 

ბედნიერ ზაფხულს გისურვებ. იმედი მაქვს, ეს დავალება შენთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდება.

 

მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებებს დიდი ინტერესით ველოდები. ნამუშევრებს განვათავსებ აქ .

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. ქეთი ცერცვაძე. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისთვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

https://clck.ru/SkNrc

  1. https://www.allassignmenthelp.com/blog/summer-homework/
  2. https://study.com/blog/why-is-summer-reading-so-important-for-kids-success.html
  3. https://lebonbinome.fr/devoirs-de-vacances

„თავდაპირველად ადამიანი ვარ“

0

საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და მთელი კულტურული მემკვიდრეობა ცხადყოფს ქართველი ერის შემწყნარებლობას სხვათა მიმართ. ეს ისტორია სავსეა დაცემისა და აღდგენის უამრავი მაგალითით, მაგრამ ყოველ ეპოქაში, სიძნელისა  და გაჭირვების, თვითგადარჩენაზე ფიქრისა და ზრუნვის მიუხედავად, ქართველს არასოდეს დაუკარგავს ტოლერანტობის გრძნობა. უცხოტომელებს ქართველი ყოველთვის ღირსეულად ექცეოდა,  იმსახურებდნენ თუ არა ამას ისინი.

 

შექსპირის „ჰამლეტის“ ცნობილი ეპიზოდი გავიხსენოთ, როდესაც ჰამლეტი პოლონიუსს მსახიობთა ღირსეულად დახვედრას ავალებს: „არ შეიძლება, ჩემო ბატონო, ეს აქტიორები კარგად დააბინავებინო, და უბრძანო კარგადაც დაუხვდნენ? თორემ ხომ იცი: ეგენი ამ დროის შემოკლებულნი მატიანენი არიან და სიკვდილის შემდეგ საფლავის ქვაზედ ცუდი წარწერა უნდა გერჩიოს, სიცოცხლის დროს მაგათთან ცუდი ხმების დაყრასა“. პოლონიუსი ჰპირდება: „მე ისე მივიღებ მაგათ, ხელმწიფისშვილო, როგორც ეკადრებათ“.  ჰამლეტი კი მახვილგონივრულად არიგებს ჭკუას: „ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ აცდება გამათრახება. შენის სახელისა და ღირსების კვალობაზედ უნდა დაუხვდე მაგათ. რაც უფრო ნაკლების ღირსნი არიან, შენი სიკეთე მით უდიდესი გამოჩნდება“ (ივანე მაჩაბლის თარგმანი). ადამიანის ქცევას ღირსება უნდა განაპირობებდეს,  ჰუმანური ღირებულებები უნდა იყოს ზნეობის  მასაზრდოებლი.

 

როგორც გრიგოლ რობაქიძე აღნიშნავს, „გაიხარე, გამახარეს“ პრინციპი ქართველის ცხოვრების ძარღვია. ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი  უცხოელებთანაც მისი დამოკიდებულება. ამას წარსულის გამოცდილება მოწმობს. „სხვასთან“  ურთიერთობის ეს პარადიგმა დავით აღმაშენებელმა თავისი ძლიერი და მოქნილი პოლიტიკური იდეოლოგიის  ნაწილად აქცია და ეროვნული მსოფლმხედველობა სწორედ შემწყნარებლობის კონცეფციას დააფუძნა. უცხოტომელთა მიერ  საქართველოს სამშობლოდ შეგრძნება ერს გააერთიანებდა და განამტკიცებდა. დავითმა სახელმწიფოებრიობას დაუქვემდებარა რელიგიურ-ეთნიკური თუ კულტურული განსხვავებულობა. რა თქმა უნდა, მის ტოლერანტობას საფუძვლად ახალი აღთქმისეული პრინციპები ჰქონდა.

 

ქართველი თავისი სახელწიფოებრივ-ეროვნული იდეალებით მიისწრაფოდა მსოფლიოსკენ, მასთან კულტურულ დიალოგებს მართავდა. ეს დიალოგი ფილოსოფიურ-რელიგიური ლიტერატურის ბერძნულიდან, სომხურიდან, კოპტურიდან და სხვა ენებიდან ქართულად თარგმნასაც ითვალისწინებდა. ამ თვალსაზრისით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათონელ წმინდა მამათა ღვაწლი. მაგალითად,  ექვთიმე ათონელის თარგმანების სიტკბოება, როგორც მისი ცხოვრების აღმწერი გიორგი  მთაწმინდელი  აღნიშნავს, ოქროს საყვირის მაღალ ხმასავით ეფინებოდა მთელ ქვეყნიერებას, არა მხოლოდ ქართლს, არამედ საბერძნეთსაც.  ექვთიმემ  ქართულიდან ბერძნულად გასაოცარი სრულყოფილებით  თარგმნა  შუასაუკუნეების განთქმული ძეგლი „სიბრძნე ბალაჰვარისა“. სწორედ ამ  ბერძნული თარგმანიდან გადაიღეს ჯერ ლათინურ და შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ენაზე. როგორც რევაზ სირაძე აღნიშნავს: „საქართველოზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად მხოლოდ საქარავნო გზები კი არ გადიოდა, არამედ სულიერი ურთიერთობის გზებიც“.

 

შემწყნარებლობის თვალსაზრისით გამორჩეული მწერალია მიხეილ ჯავახიშვილი,  იგი, უპირველესად, ქართული ლიტერატურული ტრადიციისა და,  კერძოდ, ილიას გზის გამგრძელებელია. მის არაერთ ნაწარმოებში წარმოჩნდება ტოლერანტობა, როგორც ცხოვრების ხერხემალი. „არსენა მარაბდელში“ რუს ჯარისკაცებს არსენასთან ერთად ებრძვიან უკრაინელი ოსტაპი, ოსი მეშთა, სომეხი ბაღო, თათარი დალიჰასანი, რუსი კარპიჩა. მათ თავისუფლების წყურვილი და ადამიანური  ტკივილები აერთიანებთ. საბჭოურმა კრიტიკამ, მართალია, თავის დროზე არსენა მარაბდელის პერსონაჟთა მეგობრობა ინტერნაციონალიზმად მონათლა, ხოლო მათი ბრძოლა კლასობრივად მიიჩნია და არსენა ლამის ბოლშევიკთა წინაპრად გაიზრა, სინამდვილეში, მწერალი ამ რომანით წითელი რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს ამხელდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობასკენ სწრაფვას გამოხატავდა, ქართველის  ოცნებად გადაქცეულ  მისწრაფებას – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ – წარმოაჩენდა.

 

1927 წელს მიხეილ ჯავახიშვილს ლექცია უნდა წაეკითხა თემაზე: „ქართული ლიტერატურისა და მეტყველების განვითარების გზები“, შემონახულია თეზისები, რომელთა მიხედვითაც, ჩანს, რომ მწერალი საგანგებოდ ისაუბრებდა X-XII საუკუნეებში საქართველოში გაშლილ ჰუმანიზმზე და დააპირისპირებდა ამავე პერიოდში ევროპაში მიმდინარე ინკვიზიციასთან.

 

საგულისხმოა, რომ მწერალი წერაქვში დაიბადა და სიონში გაიზარდა, მაშინდელ  სადახლოს (დღევანდელი მარნეულის) რაიონში. ამიტომ მან ბავშვობიდანვე შეისწავლა აზერბაიჯანული და შემდეგ, როდესაც ევროპა მოიარა, ფრანგულს დაეწაფა, ეს ენა არ დავიწყებია. მის ნაწარმოებებში ფრანგი თუ სპარსი პერსონაჟები საუბარში თავიანთი მშობლიური ენის სიტყვებსაც გამოურევენ და, ამგვარად, მეტ უშუალობას და გულწრფელობას მატებენ ნათქვამს. მწერალმა ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებები, „იოლდაშები“ პროტოტიპებად გამოიყენა და პერსონაჟებად აქცია. ქართველთა შემწყნარებლობის თვალსაზრისით,  მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“ გამოირჩევა. მოქმედება I მსოფლიო ომის დროს ხდება სპარსეთში, ურმიის ტბის გარშემო. ამ ადგილებს რუსეთის იმპერია ებღაუჭება. დაუფარავია მათი განზრახვა. აქ ადგილობრივთა გასაქრისტიანებლად ჩამოსული ეპისკოპოსი პავლე ასე მრისხანებს: „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!“

 

მწერალი მოთხრობაში სიკეთესა და ბოროტებას ლამბალოსა და ყაშას სახეებით უპირისპირებს, თვითონ სახელებიც იტევენ თითქოს ამ სიყვარულისა და სიძულვილის ენერგიებს. სახელი ლამბალო მელოდიური და კეთლხმოვანია,  ყაშა კი ამ მუსიკას ახშობს, პირქუშია და დამთრგუნველი.

 

ლამბალო მოთხრობის ერთი უბრალო  პერსონაჟია, რომელიც სპარსეთში შემთხვევით შეხვდება ქართველ ექიმს და დაუმეგობრდება. მისი ნამდვილი სახელი მაშადი ჰასანია. მწერალი ცხოვრებისეულ დრამას საგანგებოდ ურმიის მიდამოებში გაათამაშებს. ის ერთგვარი ბაბილონის გოდოლია, სადაც სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ხალხი ირევა. მწერალი არა მხოლოდ კოლორიტულობას უნარჩუნებს პერსონაჟს, როდესაც თავის მშობლიურ  ენაზე სიტყვებს წარმოათქმევინებს, არამედ სურს, რომ სხვა ენასაც მიუგდოს ყური მკითხველმა, სხვისი ენის სილამაზეც დააფასოს, ალბათ, უპირველესად, ამიტომ წერდა თეიმურაზ მეფე: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო“. ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ გრიგოლ რობაქიძემ „გველის პერანგში“ ქართული ასოებით ჩართო სპარსული ლექსი, რათა მკითხველს უცხო ქვეყნის ეგზოტიკა,  სხვათა ენის მუსიკა და სიტკბო ხელშესახებად შეეგრძნო.

 

მოთხრობის მიხედვით, დაუძლურებული სპარსეთი იძულებულია ეპირფეროს რუსეთსა და ინგლისს. ურმიის მმართველი ქართველ ექიმს წუხილით გაუზიარებს: „რა დღე დააყარეს საწყალ სპარსეთს ურუსმა და ენგლიზმა? ბულდოგი და დათვი ჩვენს კისერზე მორიგდნენო“. იმ დროს, როცა სპარსი თავის თანამემამულეს პატივმოყვარეობის გამო არ ინდობს, ქართველი ექიმი ესარჩლება.

 

მოთხრობაში კარგად ჩანს, თუ როგორ ამძაფრებს ომი ქვეყნიერებაზე გამეფებულ სულიერ ქაოსს, რომელიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წყაროა. სწორედ ამ უსულგულობის ფონზე გამოკვეთს მწერალი, მუსლიმანი და ქართველი ერთმანეთს როგორ ეძმობილებიან, რუსული იმპერიის „სულიერი  დამცველი“ ეპისკოპოსი კი  როცა გაიგებს, ექიმი ქართველია, „თანაგრძნობით“ ეტყვის: „ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგანაც ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება“. სრულ მორჩილებას შეჩვეული პავლე ეპისკოპოსი არც ამჯერად ელოდა შეწინააღმდეგებას, ამიტომაც ასე შეურაცხყო უდანაშაულო, ახლად გაცნობილი ექიმი, (შეიძლება შემთხვევითი არ არის, რომ, ამ ეპისკოპოსს იმ რეალური ეგზარქოსის, პავლეს, სახელი ჰქვია, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საჯაროდ დაწყევლა ქართველი ხალხი. მაშინ ტაძარში ქართველმა დიდებულებმა უსიტყვოდ მოისმინეს ეგზარქოსის მიერ უდანაშაულო ქართველთა დაწყევლა. ხმა მხოლოდ დიმიტრი ყიფიანმა ამოიღო, რომელიც მაშინ წირვას არ ესწრებოდა და ეგზარქოსს ღია წერილით მიმართა, საჯაროდ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა მოსთხოვა).

 

მოთხრობის მიხედვით კი, რუსი ეპისკოპოსი ქართველის მოულოდნელ ამბოხს გადააწყდა: „მართალს ბრძანებთ, თქვენო უსამღვდელოესობავ, – ეპისკოპოსის ლმობიერ კილოზევე დავიდასტურე მე. – კეთილი ადამიანი როგორც ქართველებში, ისე რუსებშიც მოიძებნება“. ეს პასუხი სიტყვიერ შეტევას და ბრძოლისთვის მზადყოფნას  ნიშნავდა. პავლემ იგრძნო, რომ ამჯერად შეცდა. ეს კაცი თავს ასე უბრალოდ არ დააჩაგვრინებდა და არც შეურაცხყოფას გადაყლაპავდა. ამიტომაც წერს მწერალი: „ერთმანეთი თვალებით დავხვრიტეთ. ჩემმა სიტყვამ გაკრავებული მგელი შიგ გულში დაჭრა“. ექიმმა იგრძნო, რომ სიტყვიერი ბრძოლის უპირატესობა მის მხარეს გადაიხარა, რადგან სიმართლე მისკენ იყო, ამიტომაც პავლეს სიტყვა შეაწყვეტინა: „ქართველობა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება გახლავთო“. ბერს ნერვიულობა დაეტყო და ბოდიში მოითხოვა, ქართველები მეტისმეტად ამაყები არიანო. ამაყი კი არა, თავმოყვარე გახლავართო, – შეუსწორა ექიმმა. მწერალი შენიშნავს პერსონაჟის პირით: „მისი ბოდიში ვიკმარე და ისე დავჯექი. ცხადი იყო, რომ გაბერებული მგელი არაფერს მაპატიებდა, არც „ქართველობის ბედნიერებას“ და არც თავის ბოდიშს დაივიწყებდა. ხილული იარაღი დავყარეთ და უხილავით აღვიჭურვენით“.

 

პავლე ეპისკოპოსი ასე აღიქვამს და ახასიათებს ურმიის ტბის შემოგარენში არსებულ სულიერ ვითარებას: „მართლმადიდებლებს ყველანი სდევნიან: ნესტორიელი პატრიარქი „მარშიმუნი“, ბენიამინე – ცრუ, ფლიდი და უსახლკარო ლტოლვილი, რომელსაც რუსეთი ინახავს, ამერიკელი მისიონერი – მზაკვარი დოქტორი შეედი, რომელიც დოლარებით ყიდულობს ასურელების საცხონებელ სულებს; რუსეთის მოკავშირე ფრანგი იეზუიტი მონსინიორი დეკრო, რომელსაც გაიძვერობაში მუსლიმანებიც კი ვერ დაეწევიან; ინგლისელი მისიონერი ბრაუნი – ორპირი და გამოქნილი ფარისეველი, რომელმაც სტერლინგებით გაავსო ურმია. ეს კიდევ არაფერი: სპარსელებიც: წუნკალი, ველური „პერსიუკებიც“ კი ჩუმ-ჩუმად სდევნიან მართლმადიდებელ ასურელებს და ათასი ხრიკით იბრძვიან თავიანთი „უწმინდური“ მუსლიმანების დასაცავად“. ასეთი შეუწყნარებელია მართლმადიდებელი პავლეს დამოკიდებულება ყველას მიმართ, ვინც მისი რჯულისა და ეროვნებისა არ არის.  ის დამპყრობელი ქვეყნის სულიერი სახეა, ხოლო ყაშა ლაზარე, გამართლმადიდებული ასურელი, მის ხელში საშინელ  იარაღად ქცეული, სადისტი და განსხეულებული ბოროტება, რომელიც თავის ბინძურ საქმეებს სწორედ პავლეს მფარველობით ჩადის. ამიტომაც არის, რომ ორივე კაცთმოძულე პერსონაჟს მოთხრობის ბოლოს ხალხის შურისძიება იმსხვერპლებს.

 

ქართველი ექიმი კი სწორედ შემწყნარებლობით გამოირჩევა, ალბათ, შემთხვევით არ შეურჩია მწერალმა ამ პერსონაჟს ექიმის ხელობა, ის მართლაც მკურნალია, არა მხოლოდ ხორცისა, არამედ, უპირველესად, სულისა. ამიტომაც არის, რომ მასთან საოცარ სულიერ ერთობას გრძნობენ მუსლიმანები და, განსაკუთრებით, ლამბალო და მისი ოჯახი. ლამბალომ მუსლიმანური ადათიც კი დაარღვია და ახლად შერთულ ცოლი ექიმს არა მხოლოდ გააცნო, არამედ მის წინაშე ჩადრიც კი ააწევინა და სახე აჩვენებინა, რომლის ნახვაც, ქმრის გარდა, ყველას ეკრძალებოდა: „აი, ჩემი ძმა და მამა. შენი პირით გადაუხადე მადლობა. ეგ ჩადრი მოიხსენი, ნუ გრცხვენიან… არავინ არა გვხედავს“.

 

ექიმი სპარსელებთან მათ ენაზე ლაპარაკობს, ისინიც ცდილობენ, თუ რამ იციან ქართული, ახლა გაიხსენონ და ასიამოვნონ უცხო რჯულის, მაგრამ მაინც მათ  ქართველ ძმას. სპარსეთის მმართველი, ფრანგული სპარსულზე უკეთ რომ ეხერხება, არ მფარველობს თანამემამულეებს, პირიქით, უდანაშაულო ლამბალოს ყურით ხეზე მიაჭედინებს, რათა რუს პავლეს ასიამოვნოს. მას უკვირს, ქართველს რაღა რჯის, რომ ვიღაც თათრისთვის თავს იწუხებს. ქართველი ექიმი კი მრავალმნიშვნელოვან პასუხს აძლევს, რომელიც სრულიად გამოხატავს ქართველი ერის შემწყნარებლურ ბუნებას: „მე უცხოელი ვარ. სპარსებს იმოდენა ჰმართებს გურჯებისა, რომ ასი ათასმა თქვენისთანამ რომ ჩამოიხრჩოს თავი და სპარსელის ხსენებაც მოისპოს, ჩვენი ვალიდან მაინც ვერ ამოხვალთ, მიუხედავად ამისა, მე თქვენი ისტორიული მტერი და რუსეთის  ქვეშევრდომი, თქვენს ქვეშევრდომს ვესარჩლები, ხოლო თქვენ, სპარსეთის გენერალ-გუბერნატორი, თქვენს უცოდველ ქვეშევრდომს ოდნავადაც არ იცავთ“. სპარსელ ითიმად  ოდ-დოულის რცხვენია, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. მწერალი კი დასძენს: „ფიცხსა და სიმართლის მდევარს ქართველს და მოშლილი ირანის ლაყე შვილს ერთმანეთისა არ გვესმის“. სამაგიეროდ, კარგად ესმის უბრალო სპარსელისა, უძველეს ტრადიციებს რომ ინახავს. ქართველი ექიმის  სამართლიანობა და უცხო ტომელის  გამოსარჩლება  სპარსელების  აღტაცებას იმსახურებს.  ბაზარში სიხარულით ხვდებიან და ხელს ართმევენ: „გურჯი აქიმბაშია, გურჯი!… ალაჰმა მშვიდობა მისცეს… ალაჰ იყოს მაგის შემწე… ალაჰ ონა ხეირ ვერსინ… ჩოხ საღოლ, აღა, ჩოხ! – მადლობელი ვართ, ბატონო, დიდი მადლობელი!“

 

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი წერს, დიდი სახელი ჰქონდათ მაშინ გურჯებს სპარსეთში. მოთხრობაში არც მთხრობელი და არც პერსონაჟი სპარსეთის  კონკრეტულად არცერთ აგრესიას არ იხსენებენ. ქართველი ექიმის ტოლერანტობის ფონზე განსაკუთრებით იკვეთება ასურელი ყაშას, რუსი ეპისკოპოსისა და სპარსელი მმართველის შეუწყნარებლობა. ყაშა ამბობს: „უწმინდური „პერსიუკის“ წყალი ქრისტიანს არ დაელევა, ცოდვაა, დიდი ცოდვა“.

 

რუსებისგან განსხვავებით, ქართველს არ აქვს რაიმე პრეტენზია ურმიის მიდამოებზე, თუმცა: „იყო დრო, როდესაც ურმიის მიდამოებში ქართული რაშები, ტაიჭები და ქურანები ჭიხვინებდნენ და ჩვენი ალმებიც ჰბიბინებდნენ. ეხლა კი ამავე გზებს დონის ცხენები სთელავენ და სამფეროვანი ბაირაღები აჭრელებენ. მარადიულობისათვის და მსოფლიოს ტრიალისთვის განა სულ ერთი არ იყო?!“.

 

ამ მოთხრობის მიხედვით, ქართველი სწორედ მარადიულობის გადასახედიდან აფასებს მოვლენებს და ამიტომაც არ ემონება წარმავალ ღირებულებებს, ყველაზე მაღლა ჰუმანურ იდეალებს აყენებს და სიკეთეს  საქმით ემსახურება. სიყვარული სიყვარულს  რომ ბადებს, ეს კარგად წარმოჩნდება სპარსი ლამბალოს ქორწილში: „მალე გამოირკვა, რომ მე, შორეული გურჯი, და ის მდაბიო თათრები, თურმე ღვიძლი ნათესავები ვიყავით: რომ მე და ინით შეღებილი ჯალილები, თავმოპარსული რაზახები და სუნიანი ჯებრაილები სადღაც და ოდესღაც ერთად შევიზარდენით და იდუმალი მეგობრული ჯაჭვებით შევიჯაჭვენით. ვინ, როდის, რად ან როგორ გააბა ეს უხილავი სიმები – არც ეხლა მესმის. რას ელოდნენ დაშრეტილი სპარსები და თარაქამა თათრები ოდესღაც თავიანთივე ხელით დაწრეტილი ერთი მუჭა გურჯებისგან? შველას? არ შეგვეძლო. დაჩაგრულთა იდუმალ კავშირს? აგრე მგონია. თანაგრძნობასაც? ვგრძნობდი, მესმოდა“.

 

უსამართლო და სასტიკი ცემით სულამოხდილი ლამბალოს მამა მაშადი შურს იძიებს ბოროტ და სადისტ ყაშა ლაზარეზე (გველებს დააკბენინებს). მომაკვდავ ყაშასთან მისულ  ექიმს ოდნავ გაუღიმებს. ექიმი მიხვდება ამ, ერთი შეხედვით, უადგილო ღიმილის არსს: „ერთმანეთის სათქმელი უსიტყვოდ გავიგეთ. მეც უნებურად გავიღიმე. რა მექნა? მეც თავდაპირველად ადამიანი ვარ, მერმე ექიმი და ბოლოს ქრისტიანი, ან ჯერ ქრისტიანი და შემდეგ ექიმი“.

 

მიხეილ ჯავახიშვილი შორსაა ეთნოცენტრიზმისგან, ამიტომაც  მის შემოქმედებაში წარმოჩენილია, როგორც ქართველთა ღირსებები, ასევე ნაკლოვანებანი. მთავარი კი ისაა, რომ მისთვის შემწყნარებლობა ადამიანის ზნეობის საყრდენია.

 

 

 

 

 

გივი ალხაზიშვილის დუმილის კარნახი 

0

,,სიჩუმეს წიწკნი ბალახივით,

შენი ხვედრივით

ჟამს ელოდები,

სათავისოდ რომ დაგიგულებს

ფურცელი ქვიშის,

სიტყვა ჩუმი და მიხვედრილი

და შიშის განცდა,

რომ შიშიდან ვიღაც გიყურებს’’

გივი ალხაზიშვილი გასცდა ამ შიშს, ის ახლა სხვა სამყაროს ნაწილია, ჩვენ კი, ჩვენივე შიშების გასახედნად საკუთარი პოეზია დაგვიტოვა – დიდი და მნიშვნელოვანი.

იშვიათია ასეთი ზუსტი ავტორი, რომელიც ემოციურობასა და სიმშვიდეს ასე ათავსებდეს, ისევე როგორც ტრადიციულ ფორმას ვერლიბრთან. ამას მხოლოდ ნიჭი ვერ ყოფნის, ყოველდღიური წვრთნა და ვარჯიში სჭირდება. ყოველდღიურ ფიქრს და გარჯას კიდევ, გარდა კარგი ტექსტებისა, სხვა შედეგიც ეამაყება – მუდამ თანამედროვე ყოფნის განცდა.

გივი დამკვირვებელი იყო და მერე ამ დაკვირვების გაზიარებით გაკვირვებდა. მისი მეტაფორები ფიქრის ნაყოფია, რამდენჯერმე გააზრებული და მერე განდობილი ფურცელს. ავტორი მკითხველს უფრთხილდებოდა, ზერელე მასთან ამიტომაც არაფერი. დააკვირდით ამ სტრიქონებს, მათ წყობას და მდინარებას:

,,სიჩუმე, შენი სუფლიორი,

როცა გკარნახობს,

ხმა გესმის არაამსოფლიური

და ზოგჯერ ისეთს გამოურევს, ვეღარც იხსენებ,

მან ამოაშრო წყალი ლარნაკში,

გადაფურცვლისას თითებს ისველებს.

რითმების გადაწყობის მაღალოსტატობა, ხელს არ უშლის არ ტროპულ მეტყველებას და არც სათქმელს – მარტოობისა და განრიდების ხელოვნებას. ბოლო წლები გივი ალხაზიშვილი ასეც ცხოვრობდა – თავის დროზე სოციალური ქსელების პირველი ამთვისებელი საკუთარი თაობიდან, ამ სივრცესაც მოსწყდა და დიდად არც არ არავის აწუხებდა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან.

თუმცა ანდერძი, რომელიც დაგვიტოვა, ანდერძის რომელსაც პოეზია ჰქვია, გვახსენებს, რომ

‘’ხანდახან ამოვყვინთავ იქ,

სადაც ყოფა ჩემს გარეშე არსებობს.’’

 

მისი პოეზია, ხანდახან კი არა, ხშირად ამოყვინთავს. და ამოისუნთქავს და ჩვენც ჩავისუნთქავთ.

ტოკიო 2020 -10 გამორჩეული ამბავი

0

ამომავალი მზის ქვეყანაში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები დაუვიწყარი გახადეს გამორჩეულმა ადამიანებმა, სიმბოლოებმა და ამბებმა.

პანდემიის ფონზე, ნიღბებით ჩატარებული ოლიმპიადა იყო ცოტათი სიურეალისტური, მაგრამ – მეტად ადამიანური და პირველად, ამდენი წლის მანძილზე, გასცდა სპორტის საზღვარს: ბევრი დაუვიწყარი და ამაღელვებელი გზავნილი მიიღო მსოფლიომ ტოკიოდან.

ჩემი დაუვიწყარი ოლიმპიური ამბების ათეული ასეთია:

 

ოლიმპიური თაიგულები

ხსოვნა და მომავლის მარადისობა – ეს გზავნილი ჩადეს იაპონელებმა ოლიმპიელებისთვის განკუთვნილ მინიმალისტური სტილის, უმშვენიერეს თაიგულებში. ყვავილები იაპონიის იმ ადგილებში იკრიფებოდა, რომლებიც 2011 წელს მიწისძვრამ და ფუკუშიმას ბირთვულმა აფეთქებამ გაასწორა მიწასთან.

თაიგულის მზესუმზირები მიაგის პრეფექტურიდანაა, მაღლობიდან, რომელსაც თავს აფარებდნენ სტიქიას გამოქცეული ადამიანები. ცუნამმა იქამდეც მიაღწია და ათიათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. მოგვიანებით მზესუმზირები იქ დაღუპული ბავშვების მშობლებმა გააშენეს.

ეუსტომები და ე.წ. სოლომონის ბეჭდები ფუკუშიმას პრეფექტურიდანაა, სადაც, რადიაციული დაბინძურების გამო, სოფლის მეურნეობის პროდუქტები დღემდე ვერ მოჰყავთ. პრეფექტურამ არაკომერციული ორგანიზაცია დააარსა, რომელსაც, ფუკუშიმას მიწის საბოლოო გაჯანსაღებამდე, აქ მილიონობით ყვავილი გამოჰყავს. რეალურად, ყვავილებმა იხსნეს ეს რეგიონი აგრარული კოლაფსისგან.

ტოკიო 2020 ოლიმპიური თამაშების ემბლემისფერი, ინდიგო ჯენტელები ივატეს რეგიონიდანაა, რომელიც ასევე მთლიანად გაანადგურა მიწისძვრამ და ცუნამმა.

მეხუთე ყვავილი ასპიდისტრა ტოკიოში მოჰყავთ და ის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის სიმბოლოა.

ანიმეს პერსონაჟი მირაიტოვა, რომელიც ოლიმპიელების თაიგულზეა დატანილი, სპეციალურად ოლიმპიადისთვის შეიქმნა და იაპონიის წარსულის და მომავლის ერთიანობის სიმბოლოა. მირაი მომავალია, ტოვა კი – მარადისობა.

პარაოლიმპიელების თაიგულისთვის ასევე სპეციალურად შეიქმნა ანიმეს პერსონაჟი სომეიოშინო, რაც იაპონურ ალუბალს ნიშნავს – საკურას ყველაზე გავრცელებულ სახეობას.

 

მედლები

პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, სხვადასხვა სინჯის 5000-მდე მედალი იაპონელი მოსახლეობისგან ჩაბარებული მეორადი ელექტრო მოწყობილობების (სამომხმარებლო ელტექნიკის) გადამუშავების გზით შეიქმნა. მედლების დიზაინის კონკურსშიც ყველას შეეძლო მონაწილეობა. მიზანი ცხადია:  საყოფაცხოვრებო ელტექნიკის ნარჩენებისგან გარემოს დაცვა; საკუთარი მოსახლეობის ფინანსური წახალისება და ოლიმპიადის საერთო სახალხო პროექტად ქცევა;

იყო კიდევ ერთი, მთავარი გზავნილი, რაც უშუალოდ ოლიმპიელებს უნდა ეგრძნოთ, როცა ამ მედლებს მკერდზე ჩამოიკიდებდნენ. ამ გზავნილის უზუსტესად წამკითხველიც  მალე გამოჩნდა – ოლიმპიური ვიცეჩემპიონი, ფილიპინელი 23 წლის მოკრივე კარლო პაალამი, რომელმაც იაპონელების მიერ ნატიფად მიწოდებული სიბრძნე უშეცდომოდ წაიკითხა კუთვნილ ვერცხლის მედალზე და ტვიტერზე დაწერა:

„ბავშვობაში ჯართში ვიქექებოდი. ვიცი, რომ ეს მედალიც  გადამუშავებული მეტალისგანაა შექმნილი. მე მას ჩემს თავთან ვაიგივებ“.

 

კიმონო პროექტიკიმონოთი მოთხრობილი ქვეყნების ისტორია

ოლიმპიადამდე 6 წლით ადრე იაპონელი დიზაინერების ჯგუფმა ოლიმპიადაში მონაწილე თითოეული ქვეყნის კულტურის, იდენტობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, მოიძიეს სპონსორებიც და ოლიმპიადისთვის შექმნეს 206 სახელობითი კიმონო.

თითოეული ქვეყნის კიმონოზე ამ სამოსისთვის დამახასიათებელი სკურპულოზურობით და სიფაქიზით არის დატანილი კონკრეტული ქვეყნის კულტურის, იდენტობის, ლეგენდის, ხელოვნების, მეცნიერების და ა.შ. შესახებ ნიშნები.

კიმონო, სახელად საქართველო 2015 წელს შექმნეს დიზაინერებმა მარი ნაკაკიტამ და კობო მასოჰომ. ქართული კიმონოს პროექტის სპონსორი იაპონური ღვინის კომპანიაა (კომპანია ქართული ღვინის ექსპორტით ჩანს დაკავებული. ლოგოდ ქვევრი აქვს, რომელზეც ქართული სიტყვა ჯ არის დატანილი (Jani). თითოეული კიმონოს კონცეფცია ტექსტადაა განთავსებული კიმონო პროექტის საიტზე. ქართული კიმონოს მოტივებია: ღვინო, ვაზი, წმინდა ნინო, ჯვარი, ფიროსმანი, მილიონი წითელი ვარდი (სიყვარული) და მთვარის შუქზე მოლივლივე კავკასიონი. კიმონოს კალთაზე კი, ჯვართან ერთად, ორი ქართული სიტყვაა დატანილი: სიყვარული და მშვიდობა.

ტექსტში პიკასოცაა ნახსენები ფიროსმანთან მიმართებაში(„…რომელზეც პიკასომ თქვა, რომ მას ვერ შეედრება“). ვკითხე, უფრო ზუსტად, რისი თქმა სურდა კონცეფციის ავტორს. პასუხად მომწერეს: „პროდიუსერ მისტერ ტაკაკურას იმის აღნიშვნა სურდა, რომ პიკასო ძალიან დიდ პატივს სცემდა ფიროსმანს, რომელსაც, სამწუხაროდ, იაპონიაში ნაკლებად ვიცნობთო.“ აქვე დააზუსტეს, რომ კიმონოები იაპონიაში დარჩება და ქვეყნის სტუმრებს ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ისტორიას მათი საშუალებით მოუთხრობენ. იაპონიაში სტუმრობამდე აბრეშუმის უმშვენიერეს კიმონოებზე „დაწერილი“ ქვეყნების ისტორია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ https://kimono.piow.jp/kimonolist.html

ადამიანებიოლიმპოზე მაღლა

25 წლის პოლონელმა მარია ანდრეიჩიკმა – შუბის ტყორცნაში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა საკუთარი ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა – უცხო ბავშვის დასახმარებლად, რომელსაც გულის ოპერაცია სჭირდება.

მარიამ აუქციონზე მედალი 190 ათას დოლარად გაიტანა (ვერცხლის მედლის ღირებულება (500 გრ. ვერცხლი) 450 დოლარამდეა). აუქციონის გამარჯვებული პოლონური კომპანია გახდა, რომელმაც შეძენილი მედალი ოლიმპიურ ვიცე ჩემპიონს დაუბრუნა. „აღფრთოვანებული ვართ ჩვენი ოლიმპიელის დიდებული ჟესტით… … გადავწყვიტეთ, რომ ტოკიოში მეორე ადგილისთვის მოპოვებული მედალი მარიასთან დარჩება“ – დაწერა კომპანიამ „ტვიტერზე“.

მარიამ, რომელსაც სამი წლის წინ ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თავის გულშემატკივრებთან ერთად, თითქმის მთლიანად შეაგროვა პატარა მილოსჩეკის ოპერაციისთვის საჭირო თანხა – 390 ათასი დოლარი.

 

ოლიმპიელი ქალები სამეცნიერო ლაბორატორიებიდან

მედიამ იმ ქალების სია შეადგინა, რომლებიც ოლიმპიადაზე „პირდაპირ“ სამეცნიერო ლაბორატორიებიდან გაემგზავრნენ. დისციპლინირებულმა მეცნიერებმა სპორტის უმაღლეს დისციპლინებშიც მაღალი ქულები ჩაიწერეს.

ანა კიზენჰოფერი (ავსტრია) – ოლიმპიური ჩემპიონი-ველოსიპედისტი, მწვრთნელების გარეშე. მათემატიკის დოქტორი, განათლება: ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი, კემბრიჯი, მუშაობს ლოზანას ტექნიკურ უნივერსიტეტში კვლევისა და სწავლების სფეროში;

ჰადია ჰოსნი (ეგვიპტე) – ოლიმპიადაზე დაასრულა შთამბეჭდავი კარიერა ქალთა ბადმინტონში. ბიომედიცინის მაგისტრი, ფარმაკოლოგიის დოქტორი ქაიროს უნივერსიტეტიდან.

შარლოტა ჰიმი (საფრანგეთიდან). ტოკიოს ოლიმპიადაზე შედგა მისი დებიუტი ქუჩის სკეიტბორდინგში. ნეირომეცნიერი. ამჟამად იკვლევს ახალშობილებზე დედის ხმის გავლენას  მოტორული უნარების განვითარებაში.

გაბი ტომასი (აშშ) – ბრინჯაოს მედალოსანი მძლეოსნობაში (200 მეტრი), ლეგენდა ამ დისციპლინაში – მესამე უსწრაფესი ქალი. სწავლობდა ნეირობიოლოგიას და გლობალურ ჯანმრთელობას ჰარვარდში. ტეხასის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ეპიდემიოლოგიასა და ჯანმრთელობის მენეჯმენტში.

ლუიზ შანაჰი (ირლანდია) – ემზადებოდა პარიზი 2021-ის ოლიმპიადისთვის, მაგრამ მოახერხა საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ტოკიოში -მძლეოსნობაში (800მ). ირლანდიაში კორკის უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის კურსდამთავრებული, კემბრიჯის დოქტორანტი. მუშაობს კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალ მეთოდებზე. „მე მომწონს ორი რბოლა; როცა ლაბორატორიაში საქმე კარგად არ მიმდის, ჩემს თავს ვამხნევებ, რომ მორბენალი ვარ“ – ამბობს ლუიზი.

ნადინ აპეცი (გერმანია) – პირველი გერმანელი მოკრივე ქალი ოლიმპიადაზე, მიღებული აქვს მედლები ევროპულ ტურნირებზე და კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრემენის უნივერსიტეტის მაგისტრი ნეირომეცნიერებაში. აპირებს დოქტორანტურას კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკაში. სწავლობს ტექნიკას, რომელსაც ეწოდება „ტვინის ღრმა სტიმულაცია“ – პარკინსონით დაავადებულთა დასახმარებლად.

ანდრეა მურესი (ისრაელი) – მოცურავე. აუზის გარეთ – ბიოლოგი სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

 

„ბაბუა, ჩვენ ეს გავაკეთეთ!“ –  – წერილი ცაში

ეს ბაბუებისთვის მოსაყოლი ამბავი, უფრო სწორად – შვილიშვილებისთვის, ან უფრო სწორად – ორივესთვის ერთად, ამტკიცებს, რომ გამარჯვება ადრესატით ფასობს: როცა კონკრეტულად ვინმეს ან რამეს ეძღვნება, მაშინ იძენს ყველაზე დიდ აზრს და ფასეულობას.

“ბაბუა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. 2020-ის ოლიმპიური ჩემპიონი!“ – ეწერა თაბახის ფურცელზე, რომელიც ამერიკელმა სპორტსმენმა, რაიან კრუზერმა გაშალა მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ოქრო აიღო ბირთვის კვრაში. ბაბუა კრუზერის გაჩემპიონებამდე ერთი კვირით ადრე გარდაცვლილა.

„ბოლოს მან სმენა დაკარგა, მე ვწერდი, რისი თქმაც მინდოდა, ის კითხულობდა და ნაწერითვე მპასუხობდა. ეს იყო ბოლო ჩანაწერი, რისი დაწერაც მინდოდა მისთვის, რომლის შანსი არ მომეცა. მაგრამ ვიცი, მისი სული აქ იყო, ჩემთან ერთად“, – თქვა რაიანმა.

 

ოლიმპიური ჩემპიონი, სახელად მეგობრობა

ორმა მეგობარმა, სიმაღლეზე მხტომლებმა, იტალიელმა ჯანმარკო ტამბერიმ და ყატარელმა მუტაზ ბარშიმმა ფინალში ერთნაირი შედეგი დააფიქსირეს. წინა ოლიმპიადაზე ჯანმარკომ სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი ხუთი წელი გაატარა თაბაშირში, რომლის ნატეხიც ამ ოლიმპიადაზე წამოუღია საკუთარი თავისთვის შესახსენებლად, თუ რა გამოიარა.

ერთნაირი შედეგის მერე, მსაჯებმა ე.წ. გადათამაშება შესთავაზეს, მაგრამ ბარშიმმა იკითხა, შეიძლებოდა თუ არა, ორივეს გაეყო ჩემპიონობა. მსაჯები და ორგანიზატორები დათანხმდნენ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით და მათ მიმართ გამოხატული ემოციებით, მეგობრები ავტომატურად იქცნენ ოლიმპიადის დღის გმირებად და მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. „საუკეთესო მეგობართან ოქროს მედლის გაზიარება კიდევ უფრო ლამაზი, სასიამოვნო და ჯადოსნურია!“ – თქვა იტალიელმა, ბარშიმმა კი ამ გადაწყვეტილებას „ახალი თაობისადმი გზავნილი“ უწოდა.

 

ოლიმპიელი არაქნეამბავი მქსოველი ბიჭისა

არაქნეს გარეშე, აბა, რა ფასი ექნებოდა ოლიმპიადას და ქსოვის ქალღმერთმაც არ დააყოვნა: ბრიტანელი წყალში მხტომლის სახით მოგვევლინა. ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანეთის განძად აღიარებული ტომ დეილი, ჩემპიონობის გარდა, საქსოვით ხელში მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

„რას ქსოვს ტომ დეილი?“ – აი, კითხვა, რომელზეც ბჭობდა სრულიად სპორტული და არასპორტული მედია, მათ შორის BBC და CNN.

ორი ტიპის საქსოვს ვხედავდით ბრიტანელი ჩემპიონის ხელში. ოლიმპიადის დასასრულს გაირკვა, რომ ტომსიკა მოუქსოვია – თავისი ოქროს მედლისთვის.

 

ერთ დღეს, სახლში: დაძმა ოლიმპიური ჩემპიონები

საჰოლივუდე „სცენარი“ დაწერეს იაპონელმა ძიუდოისტებმა, და-ძმამ ჰიფუმი და უტა აბეებმა; საათის ინტერვალით, თავის მიწაზე, სახლში, ერთ დღეს გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. ჯერ და გახდა ჩემპიონი და მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება მისი ემოციები ძმის გულშემატკივრობისას და გაბრწყინებული სახე – გამარჯვების შემდეგ.

„როგორც მის უფროს ძმას, არ მქონდა დამარცხების უფლება“ – თქვა 24 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელმაც ფინალში ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი დაამარცხა. ქართველ გულშემატკივართა ნაწილი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა: იმდენად გადამდები იყო ჰიფუმის სურვილი, გამარჯვებული ძმა ენახა, კინაღამ დაგვავიწყა, რომ ქართველი ჭიდაობდა იაპონელის წინააღმდეგ.

 

ოლიმპიადა დედისთვის

„მე ვიშოვი ფულს დედაჩემის სამკურნალოდ“ – ეს ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილის, ჩინელი სოფლელი გოგოს ქოან ჰონ ჩანის სიტყვებია.

„მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი და შექმნა ახალი ისტორია“ – დაწერა პატარა მყვინთავის გამაოგნებელი პერფორმანსით მოხიბლულმა მსოფლიო პრესამ 5 აგვისტოს.

უკვე ჩემპიონმა გოგონამ კიდევ ერთი სურვილი გაამხილა: რომ სიამოვნებით წავიდოდა გასართობ პარკში, სადაც არასოდეს ყოფილა.

ქოანის პატარა სოფელ იმაიჰე სამხრეთ ჩინეთის პროვინციაში სწრაფად გახდა ტურისტების სამიზნე: იმდენი ხალხი მიაწყდა, მთავრობა იძულებული გახდა, ჩაეკეტა სოფელი საცობის თავიდან აცილების და ეპიდემიის პრევენციის მიზნით.

ოლიმპიური ჩემპიონი გოგონას ოჯახში არ წყდება საჩუქრების მიმტანთა რიგი. ერთ-ერთმა ჰოსპიტალმა სრულად აიღო თავის თავზე ავარიაში მოხვედრის შემდეგ დაინვალიდებული ქოანის დედის და ბაბუის სამედიცინო მომსახურების ხარჯები. გასართობმა პარკებმა, ზოოპარკებმა და კურორტებმა ჩემპიონ გოგონას უვადო აბონემენტები გამოუყვეს.

ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ქოანის მამას შესთავაზეს ბინა, კომერციული ფართი და ფული 200000 იუანი (30 800 დოლარი), რაზეც უარი განაცხადა: „გმადლობთ შემოთავაზებისთვის, მაგრამ არ ავიღებ. დარჩით სახლში – აქ მოსვლა არ არის საჭირო“. ოლიმპიური ჩემპიონის მამა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ფორთოხლის მცირე საწარმოში.

 

კვათარის გადაფრენა

0

ბაბუაჩემმა ულამაზესი, ლაპლაპა „ტოზი“ რომ გაყიდა და მსუნაგი, შვილივით ნაჩვევი კურცჰაარი ბიმიც მიაყოლა, იმის შემდეგ მხოლოდ ერთხელ წავედით კვათარებზე.

გადმოფრენა უწევდა. შებინდების დრო იყო. ძეძვმოდებულ ჩაის პლანტაციებში ჩავუსაფრდით, გილზებით სავსე ფალასკა მე მქონდა გადაკიდებული და რომ ჩავუჯექით, არც მაშინ მომიხსნია. ვიცოდი, რომ ღამურასავით სწრაფად ჩაიქროლებდა კვათარი და თვალის კიდება და სროლა ერთი უნდა ყოფილიყო.

წინა კვირას ველზე რომ გავიდნენ, გასაყიდად გამეტებულმა ბიმიმ ნაბული ნაბულზე წააწყო და ხუთი კვათარი გამოიტანა ბაბუაჩემმა. „საბაკუ ნე პრადაიუ“, თქვა, მაგრამ ჩვენს შემხედვარეს პირში გაეჩხირა განწირული კაცის სიტყვები. მთლად ღარიბები არ ვიყავით, მაგრამ თვიდან თვემდე თავის გატანა მაინც უჭირდა ჩვენს ოჯახს.

– თვალი არ მიჭრის ისე, ადრინდელივით, – უცებ მითხრა ბაბუაჩემმა, – ჩხუბშიც და ნადირობაშიც თვალია მთავარი… დვესტი სოროკ ნა სტო დვაცატ – წნევა ვერ გამიჩერეს გუშინ. ვიცი, რომ ახლოსაა. წუხელისაც შეიძლება მოსულიყო, ამაღამაც შეიძლება მოვიდეს. უფრო ღამით ველოდები. გამთენიასაც.

ხელი მყარად მოეხვია ახალნაყიდი „იჟისთვის“, სასხლეტს გარეთ დარჩენილი თითები საუბრისას ოდნავ თუ შეკრთებოდნენ.

– ჩემი ბიჭები ფულის საშოვნელად არიან წასულები უცხო ქვეყანაში. უცხო ქვეყანა ქვია, ჩვენ კი გვეგონა პრიბალტიკა და უკრაინა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ უცხო ქვეყანაა. ღამე რომ რამე დამემართოს, ვარო დამხედავს და მიხვდება, ბებიაშენი, დილით კიდე კაცი არაა, ვინც მოსულ ხალხს დახვდება, ხელს ჩამოართმევს და ორ სიტყვას ეტყვის.

თვალებში შიში და გაკვირვება შემატყო, სახის უპე ოდნავ, ნაძალადევმა ღიმილმა გაუპო – უფრო ჩემს დასამშვიდებლად – და ჩურჩულით მითხრა:

– შვიდი და რვა წლის ბიჭებს ყინულივით ცივი წენწყარის* გადაცურვისას ეტყობათ ბიჭობა. რამე რომ დამემართოს, შენ უნდა დაივიწყო, რომ რვა წლის ხარ!

P.S. ერთმა მეგობარმა მკითხა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა როდის იგრძენიო და ამას მის პასუხად ვწერ.

 

*წენწყარი – (მეგრ.) მდ. ჭანისწყალი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...