ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ქიმიის შესასწავლი ზღაპარი

0

თავის სიცოცხლეში სულ ორჯერ უბანავია: ერთხელ – დაბადებისას, მეორედ კი – ქორწილის დილას. სულ ეს იყო მისი სისუფთავის რიტუალი.

ესპანეთის დედოფალ იზაბელა კასტილიელზე მოგახსენებთ, რომელთან შეხვედრასაც არ ვისურვებდი. არადა, ამ სიბინძურის ფონზე ავადაც რომ არ ხდებოდა! ჯანმრთელობას არც სოფელში, ჩვენს მეზობლად მცხოვრები ზურიკო უჩიოდა, რომელიც მუდამ ტალახში იყო ამოგანგლული და ყველაფერს გაურეცხავს ჭამდა. მე კი დედა და ბებია დღედაღამ მხეხავდნენ, სულს მიბერავდნენ, მაგრამ სოფლის „ბუთო ექიმი“ მაინც სულ ჩვენს კართან იდგა. „ბუთო ექიმს“ სინამდვილეში რამაზი ერქვა და ძალიან კარგი ექიმი და ადამიანი იყო. აი, ისეთი, თავის სიცოცხლეს რომ გვერდზე გადადებდა და შენ გამოგენთებოდა „იქ“ გადასასვლელ კართან. აღმოსავლური მედიცინის პატარ-პატარა ხრიკებიც სწორედ „ბუთო ექიმმა“ მასწავლა, ჩემი იმუნიტეტიც ნელ-ნელა წელში გამართა და დაგვამეგობრა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს დაბანის და სისუფთავის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, საპონს ლამის ხუთ წუთში ერთხელ ვიყენებ, დიდწილად – ჩემი პროფესიის გამოც. დარწმუნებული ვარ, შუა საუკუნეების ევროპელ დიდგვაროვნებსაც ეყვარებოდათ სისუფთავე, მაგრამ მაინც დაუბანელები დადიოდნენ, რადგან გულწრფელად ეშინოდათ იმ წმინდა წყლის ჩამობანის, რომელიც მონათვლის დროს აპკურეს. ლუდოვიკო XIV-ც იმავე აზრზე იყო, ამიტომ დილაობით ორ სველ თითს ამოისვამდა ხოლმე თვალებში და ყველაფერი ამით მთავრდებოდა.

შავი, დახრული კბილებიც არისტოკრატობის მაჩვენებელი იყო. თუ კბილები არ გივარგოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ტკბილეულს, ღვინოს და ყოველგვარ იმ სიკეთეს მიირთმევდი, რაც კბილის მინანქარს აზიანებდა და ალპობდა. ამიტომ, თუ შავი და დახრული კბილები გქონდა, ბატონი იყავი და ეგ არის.

ევროპას ანტისანიტარია ჭამდა, არაბულ ქვეყნებში კი უკვე საპონი ჰქონდათ. მას ნატურალური ზეთებისა და ტუტისგან ამზადებდნენ, ლაიმის წვენს და ეთერზეთებს ამატებდნენ.

უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების ნატრიუმისა და კალიუმის მარილებს საპნები ეწოდება. წარმოებაში ტუტე არეში ცხიმების ჰიდროლიზის შედეგად გლიცერინი და კარბონმჟავათა ხსნადი მარილები მიიღება. ამ პროცესს ცხიმების შესაპვნის რეაქცია ეწოდება, რადგან გლიცერინი და საპონი წარმოიქმნება. ნატრიუმის ტუტის გამოყენებისას – მყარ, ხოლო კალიუმის ტუტის გამოყენებისას თხევად საპონს მივიღებთ.

ამ წერილში ხელით დამზადებულ საპონზე ვისაუბრებთ. თან ჩვენივე ხელით დავიცავთ სისუფთავეს, თან სახლის ქიმია გამოდის და კომპლექსურ დავალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ, მოსწავლეებს ნათლად დავანახოთ, რომ ქიმია აქვე, სახლშია და არა მხოლოდ ქიმიის სახელმძღვანელოში.

ხელით დამზადებული საპნის pH ნეიტრალურთანაა ახლოს. პალმიტინის მჟავა საპონს სიმაგრეს ანიჭებს, ოლეინის მჟავა – ცივ წყალში ხსნადობას და რეცხვის უნარს. სტეარინის მჟავა ცხელ წყალში რეცხვის უნარს აძლიერებს. თანამედროვე ხელით ნაკეთი საპნები ნატრიუმის პალმიტატისა და სტეარატის საფუძველზეა დამზადებული.

ქოქოსის ზეთზე დამზადებული საპონი ცივ წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მასში შემავალი ლაურინის მჟავა კანს აღიზიანებს. შესაბამისად, საპნებში ქოქოსის ზეთის დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის რეკომენდებული.

საპნის წარმოებაში ღორის ქონს არ იყენებენ, რადგან უჯერი ლინოლენის მჟავას შემცველობის გამო ასეთი საპონი მალე გაფუჭდება.

დავიწყოთ საპნის კეთება ნულიდან.

დაგვჭირდება:

  1. ზეითუნის ზეთი – 210გ;
  2. პალმის ზეთი – 280გ;
  3. რაფინირებული აბუსალათინის ზეთი – 35გ;
  4. ქოქოსის ზეთი – 175გ;
  5. 5. გამოხდილი წყალი – 231მლ;
  6. 6. ნატრიუმის ტუტე – 99,5გ;
  7. 7. მინდვრის პიტნის ეთერზეთი – 7მლ;
  8. 8. ბაღის პიტნის ეთერზეთი – 4მლ;
  9. 9. ბარამბოს ეთერზეთი – 4მლ.

არ ვიცი, მოსწავლეებმა იციან თუ არა, მაგრამ ეთერზეთი მრავალკომპონენტიანი აქროლადი ნივთიერებების ნარევია, რომელიც მცენარეში წარმოიქმნება. ეთერზეთები სპირტების, ალდეჰიდებისა და არომატული ბირთვის მქონე ნივთიერებებთან ერთად ესტერებსაც შეიცავs.

ეთერზეთის ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. მისი ძირითადი კომპონენტია მენთოლი. პიტნის ერთ-ერთი სახეობის, ბაღის პიტნის (რომელსაც ჩვენც ვიყენებთ), ეთერზეთის შედგენილობაში შედის 50% მენთოლი და 4-10% ესტერები.

თუ საპნისთვის პიტნის ეთერზეთს ვერ მოიძიებთ, თავად დაამზადეთ:

  • 50-100გ გამხმარი პიტნა ხელით დავსრისოთ, დავუმატოთ სპირტი და გამოვხადოთ. გამოხდის შედეგად მწვანე მასიდან 5-10 წვეთი მკვეთრი სუნის ბლანტი სითხე მიიღება.

აწონეთ თითოეული ზეთის მითითებული რაოდენობა, მოათავსეთ სპეციალურ ჭურჭელში და გაათბეთ 50-60 გრადუსამდე. ამის გაკეთება ან მიკროტალღოვან ღუმელში შეიძლება, ან ქურაზე მოთავსებულ წყლის აბაზანაში.

აიღეთ გამოხდილი წყალი და გახსენით მასში ნატრიუმის ტუტის მითითებული რაოდენობა. ტუტე ჩაყარეთ წყალში. კარგად მოურიეთ და აცადეთ ბოლომდე გახსნა. ვინაიდან ეს პროცესი სახლში ან საკლასო ოთახში მიმდინარეობს, უსაფრთხოების ტექნიკა ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. გამოიყენეთ სათვალეები და პირბადე.

როდესაც ტუტის წყალხსნარი ოდნავ შეგრილდება და ზეთის ნარევიც ბოლომდე გალღვება, ტუტის ხსნარი ჩაასხით ზეთში. კარგად ათქვიფეთ ბლენდერით (ერთი ბლენდერის გამეტება დაგვჭირდება). თქვიფეთ, სანამ თავად ბლენდერზე სქელი მასის კვალი არ დარჩება.

ამის შემდეგ ათქვეფილ მასას უკვე მომზადებული ეთერზეთების კოქტეილი დაამატეთ. ეთერზეთების რაოდენობა ზემოთაა მოცემული. შეგიძლიათ ჩაამატოთ დაფქვილი სურნელოვანი ბალახებიც და ბლენდერით კვლავ კარგად ათქვიფოთ. საპნის ფორმა წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული. მიღებული მასა მასში ჩაასხით. თუ გეხერხებათ და გეხალისებათ, შეგიძლიათ, ზედაპირზე ჩხირით ან კოვზით რაიმე ფიგურებიც მიახატოთ. ფორმიდან საპნის ამოღება 24 საათის შემდეგ შეიძლება. ამოიღეთ და ლამაზ ნაჭრებად დაჭერით.

თუ საპონი კარგად მოიხარშა და მოსწავლეებსაც მოეწონათ, შეგიძლიათ, ე.წ. „მარსელის საპნის“ მომზადებაც სცადოთ.

აბა, რამდენმა თქვენგანმა იცის, რა არის „მარსელის საპონი“? საყოფაცხოვრებო მაღაზიებში იაფად შეიძენთ, ქსელურ აფთიაქებში კი ხელით დამზადებული ფრანგული „მარსელის საპნის“ ერთი ციცქნა ნაჭერი 20 ლარი დაგიჯდებათ. არადა, არც მეტი, არც ნაკლები, 72%-იანი სარეცხის საპონია. 72% ნიშნავს საპონში ზეითუნის ზეთის წილს. საპონი გამოსაყენებლად უფრო პრაქტიკული გამოდის.

მარსელში ასეთი საპნის ხარშვა მეთორმეტე საუკუნეში დაუწყიათ, მასალად კი პროვანსში წარმოებულ ზეითუნის ზეთს იყენებდნენ. ტუტის მოვალეობას დამწვარი მცენარეების ნაცარი ასრულებდა. პირველი რეგისტრირებული საპნის მხარშავი ვინმე მარსელელი კრეკას დავინი (Crescas Davin) ყოფილა 1370 წელს. ქარხანა კი 1593 წელს ჟორჟ პრუნემუამ ააშენა.

მაშ, ასე, „მარსელის საპნისთვის“ საჭიროა:

  1. რაფინირებული აბუსალათინის ზეთი – 22გ (3%);
  2. ზეითუნის ზეთი – 518გ (72%);
  3. ქოქოსის ზეთი – 180გ (25%);
  4. ზღვის მარილი – 7,2გ;
  5. გამოხდილი წყალი – 216მლ;
  6. ნატრიუმის ტუტე – 98,57გ;
  7. სხვადასხვა ფერის მისაცემი პიგმენტები (3-3გ), თუმცა ეს მხოლოდ სურვილის შემთხვევაში.
  8. ბაზილიკის ან სხვა სურნელოვანი ეთერზეთი – 14მლ.

გამოხდილ წყალში გახსენით ზღვის მარილი. ამავე ხსნარში გახსენით ნატრიუმის ტუტე. ცალკე ჭურჭელში მითითებული რაოდენობით ჩაასხით ზეთები და შეათბეთ. როდესაც ტუტის წყალხსნარის და ზეთების ტემპერატურა 40-45 გრადუსს მიარწევს, შეგიძლიათ, ერთმანეთს შეურიოთ და ათქვიფოთ.

თუ პიგმენტების გამოყენებას გადაწყვეტთ, მათი დამატება სწორედ დროული იქნება. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ბლენდერით და ფორმაში ჩაასხით.

ფორმიდან საპნის ამოღება 24 საათის შემდეგ შეიძლება. ამოიღეთ და ლამაზ ნაჭრებად დაჭერით.

ამასწინათ, დისტანციურ ლექციებს შორის მოცალეობის ჟამს, ტელევიზორთან ყავის დასალევად ჩამოვჯექი. ბოლო დროს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ იმ დღეს რატომღაც მომინდა. საინფორმაციო არხებისკენ თვალიც კი არ გამქცევია, ცოტა გართობა მინდოდა, დაზაფვრა კი არა. ჰოდა, პირდაპირ ფილმი- ზღაპრების არხისკენ ავიღე გეზი.

და-ძმა სოფელში ბებიას ესტუმრა. ღვიძლ ბებიას არა – მის დას, დეიდაშვილს თუ ბიძაშვილს, რომელსაც მანამდე არ იცნობდნენ. ბებიის სახლი ტყის პირას იდგა და წითელი აგურისა და საპნის ნაფხვენით იყო გარშემორტყმული. ბებიამ ბავშვებს აუხსნა, რომ ტყეში გობლინები ცხოვრობდნენ და ეს ნაფხვენი სახლს მათი შემოსევისგან იცავდა. საპონი აუცილებლად ახალი უნდა ყოფილიყო და ბებოც გულმოდგინედ ხარშავდა მას ეზოში. ბუნებრივია, საპნის ხარშვაში ბავშვებიც ჩაერთნენ და უამრავი სასარგებლო რამ შეიტყვეს საპონსა და ქიმიაზე. დიახ, ქიმიაზე, რადგან საპნის მომზადება ჩვეულებრივი ქიმიური პროცესი გახლავთ.

აი, მესმის ზღაპარი… ქიმიის შესასწავლი ზღაპარი.

სხვად ყოფნის მისტერია

0

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი პერსონაჟია, რომლებიც საკუთარ თავთან, საზოგადოებასა თუ სამყაროსთან შეურიგებლობის გამო სხვად გადაიქცევიან (მაგალითად, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“). ეს ტრანსფორმაცია ხან გაცნობიერებულია, ხან – არა, ხან ილუზიურია, ხან კი ნამდვილი. ეს ზღაპრისეული, მითოლოგიური გარდასახვანი რეალისტურ თხრობას მაგიური, ჯადოსნური ელემენტებით ამდიდრებენ, მწერლის სათქმელს სიღრმეს სძენენ და მკითხველზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ.

ხულიო კორტასარის მოთხრობების რეალობაშიც ისე ბუნებრივად იჭრება მაგიური და ფანტასმაგორიული, როგორც ეს სამხრეთამერიკული ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი. მოთხრობა „აქსოლოტლსაც“ აქვს სიურრეალისტური ელფერი. საკუთარი თავისა და სამყაროსგან გაუცხოებული ადამიანი გადაიქცა თევზად, კერძოდ, აქსოლოტლად. გაგვახსენდება გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილები“, თუმცა აქ „გადაქცევის“ მცდელობაა მხოლოდ. ამ მოთხრობაშიც პერსონაჟი საზოგადოებასთან უთანხმოების გამო გადაწყვეტს გაცლას, რადგან ხედავს გაუფასურებულ მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს, უიდეალო, უღირს ყოფას, სულიერებისაგან დაცლილ ყოველდღიურობას. ამ ეგზისტენციალური კრიზისის კონტექსტში, რა თქმა უნდა, გოდერძი ჩოხელის ეს მოთხრობაც ჩაეწერება. მისი მთავარი გმირი, გამიხარდაი, ასე ხსნის თავის თევზად „გარდასახვის“ მოტივაციას: „დღეის მერე მე ხალხთან საქმე აღარა მაქვს. მე აღარა მსურს ადამიანად ყოფნა იქ, სადაც არც სიმართლე გადის, არც შრომა ფასდება და კაცს კაცად არ გთვლიან. მე მიყვარდა ადამიანები, მაგრამ აღარ მიყვარან. აღარ მიყვარან იმიტომ, რომ აღარა ვარ ადამიანი. მე თევზი ვარ და თქვენთან საერთო აღარაფერი მაქვს… თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომღა იმონებთ ერთიმეორეს? თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ. სიკვდილისა კი არ მეშინია. იმიტომ, რომ სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. „სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს“.

გოდერძი ჩოხელის ეს მოთხრობა მდიდარია არა მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო, არამედ კონკრეტული პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტებით. საბჭოთა საზოგადოების ძალადობა პიროვნულ თავისუფლებაზე ამ მოთხრობაში გამიხარდაის, უბრალო გლეხის, უჩვეულო პროტესტს აწყდება. მისი ქცევა და სიკვდილი ხალხს შეძრავს, დააფიქრებს. მწერლისეული დასკვნა კი ასეთია: სიცოცხლე და ადამიანად ყოფნა ღირს, რადგან მას შეუძლია, ნებისმიერ „ფასად“ იყოს თავისუფალი. ეს ფასი ადამიანს ყოველ დროში აქვს „გადასახდელი“, ოღონდ ყველა ეპოქაში თავისებურად მოდიფიცირებული.

გმირები, რომლებიც პიროვნულ არჩევანს აკეთებენ, ჰუმანურ ღირებულებებს აღიარებენ, საზოგადოებას უპირისპირდებიან, იღვიძებენ და პლატონისეული „გამოქვაბულიდან“ გამოდიან, რადგან ჭეშმარიტი სინათლის მხილველთ უმეცრების სიბნელეში დაბრუნება არათუ აღარ სურთ, არამედ აღარც შეუძლიათ (ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ და სხვ.).

კორტასარის მოთხრობა კი იმით იქცევს ყურადღებას, რომ მკითხველს გაურკვევლობის ბურუსს უქმნის. თავდაპირველად ადამიანი მოგვითხრობს თავის თავგადასავალს, მაგრამ ბოლოში მკითხველი იბნევა და აღარ იცის, ვისი ამბავი მოისმინა: კაცისა, რომელიც თევზად გადაიქცა თუ თევზისა, რომელიც კაცად ტრანსფორმირდა. ეს ჩინური ფილოსოფიის ერთ მაგალითს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კაცს ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო, გამოღვიძებული კი ეჭვით იტანჯებოდა, აღარ იცოდა, ვინ იყო – ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა, რომ ადამიანი იყო.

თევზი ქრისტეს სიმბოლოა და შემთხვევითი არ უნდა იყოს ადამიანის გარდასაქმნელად მისი არჩევა, თანაც წყლის სივრცესაც შემოაქვს თავისი პალიმფსესტური შრეები. წყალი ხომ მითოლოგიაში განახლების, აღორძინების სიმბოლოა. წყალში დანთქმული თუ მდინარის ნაპირას განმარტოებული პერსონაჟებიც გვახსენდება (ტარიელი, თარაშ ემხვარი, ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირას“ ლირიკული გმირი და სხვ.)

კორტასარის მოთხრობის გმირი პირველ პირში ჰყვება ამბავს. პირველივე ფრაზებიდან დაეუფლება მკითხველს შეცბუნება: „იყო დრო, როცა ბევრს ვფიქრობდი აქსოლოტლებზე. ხშირად მივდიოდი ბოტანიკური ბაღის აკვარიუმში და საათობით მივშტერებოდი, ვაკვირდებოდი მათ სუსტ საცოდავ მოძრაობებს. ახლა მეც აქსოლოტლი ვარ“. სამყაროს განსხვავებული რაკურსით დანახვაც ნაცნობია ლიტერატურისთვის, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე გვეუფლება შეცბუნების განცდა. ასეა ამჯერადაც. სიცოცხლის განცდა ამ მხატვრულ განზომილებაშიც უცნაურ შეგრძნებებს იწვევს, რადგან გადიხარ ნაცნობი სასიცოცხლო სისტემიდან, რომელშიც დაიბადე და ყველაფერი უშენოდ მოძრაობს. შენი ჩარევის გარეშეც სიცოცხლე ჩვეულ მდინარებას განაგრძობს. კორტასარის მოთხრობაში რეალობა ირაციონალურ-მისტიკური ელფერითაა შემოსილი, ამიტომაც ვეღარ არკვევ რეალურ-ირეალურის საზღვრებს.

„რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა?“ – წერს ვაჟა-ფშაველა. ამ ფილოსოფიური ლექსის ლირიკული გმირი ეგზისტენციის, ამქვეყნიური არსებობის გამართლების, მისი საზრისის ძიებას მიჰყავს სხვად გარდასახვაზე ოცნებამდე. თითქოს ამგვარად თავს დააღწევს უბადრუკ ყოფას, „უპატრონობას“, „სულ მუდამ ფხიზლად ყოფნის“ აუცილებლობას, სიკვდილის შიშს, მიაგნებს სიცოცხლის აზრსა და მიზანს, დატკბება სიცოცხლის მშვენიერებით („მზის მოტრფიალე ვივლიდი, სიკვდილის გამაწბილადა“), ჩაერთვება ბუნების ციკლურ, მარადიულ ყოფაში („ცაშივე ამიტაცებდა“, „გავიხარებდი“), მოემსახურებოდა სიცოცხლეს, მოკვდებოდა და აღდგებოდა ოსირისივით. ამიტომ ასეთი ნაწარმოებები ყოველთვის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილება.

სხვად გარდასახვის მისტერიას აქვს, როგორც ზედაპირული იმპულსები, სხვადასხვა ტიპის საბაბი, მაგალითად, კონკრეტული კონფლიქტი საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, სამყაროსთან, ასევე არაცნობიერიც, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაბადებით გამოეყო ბუნებრივ სამყაროს და ახლა კვლავ უბრუნდება იმ წიაღს. გარდასახვის გზით ცოდვის გამოსყიდვა აქტუალურია ინდურ-ბუდისტურ რელიგიებში. ბერძნული მითოლოგიის სამყაროში ბევრია არსება, რომლებიც ადამიანისა და ცხოველის შერწყმას წარმოადგენენ (კენტავრი, ნიმფა, ქალთევზა, ქიმერა). ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ გარდასახვების ერთგვარი მხატვრული ენციკლოპედიაა.

რატომ არ უნდათ პერსონაჟებსა და ლირიკულ გმირებს ადამიანად ყოფნა ან რა გზას ირჩევენ ისინი ტყვეობისაგან თავდასახსნელად? ამის არაერთი მაგალითია მსოფლიო ლიტერატურაში. უპირველესად, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“ გვახსენდება, რომლის გმირი, გრეგორ ზამზა, სწორედ გაუცხოებამ, უსიყვარულობამ, საზრისისაგან დაცლილმა ყოველდღიურმა რუტინამ გადააქცია ხოჭოდ. ამ გარდასახვით კი მწერალმა მკითხველს ადამიანური ყოფის აბსურდულობა კიდევ ერთხელ შეაგრძნობინა.

რას გვიყვება ხულიო კორტასარის აქსოლოტლი, რით ჰგავს და განსხვავდება სხვა გარდასახული გმირებისაგან? ამ მოთხრობაში მეტი ფანტასმაგორია და მისტიკაა, ვიდრე სხვაგან. ეს იმ რიგის მოთხრობაა, იდუმალებით მოცული რომ შეიძლება ვუწოდოთ. იქნებ აქაც მოქმედებს არაცნობიერი ფროიდისეული ეროსისა და თანატოსის, სიყვარულისა და სიკვდილის ურთიერთსწრაფვა, ან იქნებ რაც გიყვარს, მოგწონს, იმად ქცევა გინდა?

ხულიო კორტასარის უსახელო გმირის ცხოვრებაში მოულოდნელად იჭრება აქსოლოტლი. ამ თევზების ყურებამ გმირი ისე შეძრა, რომ ამ მათ გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა. დაინტერესდა მათი ცხოვრებით, ყოველდღე დადიოდა აკვარიუმში, თითქოს უხილავი ჯაჭვით სამუდამოდ დაუკავშირდა ამ თევზებს. მან მალე შეამჩნია, რომ ისინი ოქროსფერი თვალებით ყველას აკვირდებოდნენ, ვინც კი მიუახლოვდებოდა. ხანდახან სირცხვილსაც კი გრძნობდა, რომ ასე უცერემონიოდ აშტერდებოდა. იმისთვის, რომ უკეთ შეესწავლა, ყურადღება შეაჩერა ერთ-ერთ აქსოლოტლზე, რომელიც „15-სანტიმეტრიან ხვლიკს წააგავდა, პატარა ვარდისფერი სხეული ჰქონდა, თითქოს გამჭვირვალე (ჩინური შუშის ფიგურებს მივამსგავსე), და თევზის საოცრად მოხდენილი კუდი. მას ხერხემლის მთელ სიგრძეზე განლაგებული გამჭვირვალე ფარფლები უერთდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება საოცრად მოხდენილი მოყვანილობის ფეხებმა მიიპყრო – ერთი ბეწო თითებმა და ადამიანის მსგავსმა ფრჩხილებმა“.

აქსოლოტლების ყურება მთხრობლისთვის ერთგვარ მედიტაციად იქცა. ის ფიქრით ეძიებდა ადამიანური არსების სიღრმეებს და იქ უფსკრულებსა თუ ლაბირინთებში იკარგებოდა. მასზე მაგნიტურ, მომაჯადოებელ ზემოქმედებას ახდენდა თევზის ოქროსფერი, არაფრისმთქმელი უსიცოცხლო თვალები, მაგრამ სწორედ მათი გზით მიემართებოდა უცნობი, საშიში, მაგრამ მიმზიდველი სიღრმეებისაკენ. ეს თვალები იქცა მისთვის სხვა სამყაროში გასასვლელ კარად: „აქსოლოტლის თვალები მესაუბრებოდნენ და ამ სამყაროს სრულიად ახალ განსხვავებულ ხედვას მიცნობდნენ“. ისინი წარმოიდგინა თავისივე სხეულის მონებად, რომლებიც უსასრულო ჩუმ უფსკრულში მიექანებოდნენ სიმშვიდისა და იმედის ძიებაში. თითქოს მზერით ევედრებოდნენ, გადაგვარჩინეო. მათ თვალებში გრძნობდა შემაძრწუნებელ სისპეტაკეს, რაც თავს დამნაშავედ აგრძნობინებდა. თევზები თავიანთი ოქროსფერი თვალებით თითქოს უმხელდნენ, როგორ უჭირდათ აკვარიუმში ყოფნა, მაგრამ თანვე საოცარად მშვიდად ეგუებოდნენ ბედს: „ვცდილობდი, გამეგო მათი ნებისყოფის საიდუმლო, სადაც დრო და სივრცე ამ უმოძრაო გულგრილ სამყაროში შთაინთქმებოდა“. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ისინი რაღაცის თვითმხილველნი და მსაჯული იყვნენ. ნელ-ნელა იგრძნო, როგორ იტანჯებოდა მათი ტკივილით, როგორ შეიგრძნობდა აკვარიუმის შხამს. თითქოს ამ თევზებს ჰქონდათ რაღაც სამარადისო წყევლა, რომელიც მათ ჯოჯოხეთის უფსკრულისაკენ მიაქანებდა. აკვარიუმის მინას კაცისა და თევზის სახეები ეწებება და უხილავად ხდება ადგილთა შენაცვლება. მთხრობელი უკვე აქსოლოტლია. ტრანსფორმაცია ბედისწერის ხელით სრულდება. ის ახლა აკვარიუმშია, თევზია და კაცს აკვირდება, რომელთანაც უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. მან ახლა იცის, რომ აქსოლოტლებიც ფიქრობენ ადამიანებივით, მათაც თავიანთი სამყარო აქვთ. გმირი გრძნობს, რომ „ცოცხლად დაიმარხა აქსოლოტლის სხეულში“. კაცი კი, აქამდე ერთგულად რომ მოდიოდა, დაიკარგა, მაგრამ აქსოლოტლს სჯერა: „ის ჩვენ შესახებ აუცილებლად დაწერს, დაწერს ამბავს აქსოლოტლებზე“. ასე შემოიყვანა საკუთარი თავი კორტასარმა თხრობაში. აქსოლოტლიც და მთხრობელიც მისი ალტერ ეგოები არიან. ის თვითონ ცდილობს მხატვრული სიტყვის საშუალებით სამყაროს, ბუნების საიდუმლოთა ამოცნობას მასთან შერწყმის გზით, თან კი ადამიანად ყოფნის ტკივილის გამოხატვას. ამგვარად, მწერალი ამ იგავური მოთხრობით კიდევ ერთხელ შეეხმიანა ზოგადსაკაცობრიო გაუცვეთელ თემას: ადამიანთა გაუცხოებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, სიცოცხლის განუყოფელ ნაწილად წარმოაჩინა.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემების ანალიზი

0

(წერილი II)

როგორც ჩვენი სტატიის სათაურიც მიუთითებს, ეს წერილი გახლავთ გაგრძელება ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ამავე სერიის წერილისა, სადაც შევეცადეთ ძველი ქართული მწერლობიდან მოხმობილი  მაგალითების მიხედვით გვემსჯელა ტექსტების იდეურ-მხატვრულ ანალიზზე, კონკრეტულად კი პერსონაჟთა მორალურ-ეთიკური პრობლემების დეკოდირების ხელოვნებაზე, რაც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის.

წინა წერილში ვსაუბრობდით გიორგი მერჩულის მიერ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გაცოცხლებულ კოლიზიებზე, დრამატულ ეპიზოდებზე, სადაც მძაფრად იკვეთება მორალურ-ეთიკური პრობლემების უაღრესად საინტერესო ხვეულები. ტექსტში გაცოცხლებული რომანული ეპიზოდების განხილვის შემდგომ უპრიანი იქნება თუ გავიხსენებთ ანჩის მოძალადე ეპისკოპოსის დამაინტრიგებელ მხატვრულ სახეს. ცქირს ავტორმა ოსტატური ბიბლიური ალუზიით ალეგორიულად უწოდა „ღვარძლი იფქლთა შორის“.  მის ბოროტებას საზღვარი არ აქვს. ის თვითმარქვია (ძალით დაჯდა ანჩის ეპისკოპოსად), მოძალადე, კოლაბორციონისტი (სარგებლობს სარკინოზი ამირას მხარდაჭერით და საკუთარ ხალხს აშანტაჟებს, უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს), მკვლელობის შემკვეთი, მომსყიდველი, ეკლესიის მნგრეველი, შურიანი და ბოღმისგან თავგზააბნეულია, წმინდა მამის მოსაკლავად მკვლელს მოისყიდის, საწყალ ანჩელ ხალხს კი ხანძთის ეკლესიის ნგრევას აიძულებს. ამ მოცემულობაში მასთან დაპირისპირებულ უდაბნოს მამებს იარაღად მხოლოდ მხილება დარჩენოდათ. თუმცა მართლმხილება მძლავრი იარაღია, ძალადობასა და ინტრიგებს ჯაბნის კიდევაც. ეპიზოდის მთავარი იდეა სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც როცა გაუგონარი ბოროტების ჩასადენად – ხანძთის დასანგრევად მისულ ანჩელებს წმინდა მამებმა ლოცვის დრო სთხოვეს, გულმხურვალე ლოცვისას ეუწყათ, რომ ტაძრის დამანგრეველს საღვთო შურისგება ეწია. ცქირის სიკვდილის მიზეზი – თევზის ჭამა და მოუნელებლობა ალეგორიულად ანტიქრისტეს სასჯელია, რადგან თევზი ქრისტეს ჰიპოსტასად ითვლება.

ჰაგიოგრაფიული ტექსტებისგან განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემები საერო მწერლობის ნიმუშებში. „ვეფხისტყაოსანში“ რუსთველის იდეალური გმირების გვერდით ხატავს მორალურად დაცემულ პერსონაჟებსაც, როგორებიც არიან ხატაელთა მეფე რამაზი, დავარ-ქაჯი, გულანშაროელი ჭაშნაგირი. ამ უკანასკნელის სახე, მართალია, ეპიზოდურია, მაგრამ დრამატიზმითა და ალეგორიული ქვეტესტებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ჭაშნაგირი ფატმან-ხათუნის საყვარელია და ქმრიანი ქალი მრუშობის ცოდვის გამო თავს ასე იმართლებს ახალ საყვარელთან:

„მით არ ჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი,

ისი კაცი, ჭაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი;

ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!“

ჭაშნაგირის ქცევით გაოცებულია რაინდი ავთანდილი, რადგან საყვარლის ღალატის თვითმხილველი ჭაბუკი ფატმანს საიდუმლოს გაცემით, მეფისა და შვილების რისხვით ემუქრება. სასოწარკვეთილი ფატმანი ავთანდილს მის მოკვლას სთხოვს და არაბი სპასპეტიც ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე ისე კლავს ჭაშნაგირს, ისე მოისვრის ზღვაში, როგორც უსარგებლო ნივთს. ავთანდილი ასრულებს ფატმანის თხოვნას, რომ უნებურად მტრად მოკიდებული საყვარლისგან მისი ნაჩუქარი ბეჭედი წამოიღოს. ავთანდილიც ჭაშნაგირს ბეჭდიან თითს აჭრის და ისე მოაქვს. ამ ეპიზოდში ნათლად იკითხება, რომ ავთანდილის ყველა მოქმედება რუსთველისეული იდეური შიფრ-კოდებით არის ნასაზრდოები. ჭაშნაგირი უთუოდ განასახიერებს ადამიანურ სიმდაბლეს, შანტაჟს, გაცემას, დაუნდობლობას, უღირსობას და თავისი გენიალური ინტუიტური წვდომით ავთანდილმა განჭვრიტა, რომ ეს კაცი ნესტანის საიდუმლოსთან იყო დაკავშირებული და რომ ახლა ფატმანის დასმენით სწორედ ნესტანისკენ მიმავალ გზას უხშობდა ავთანდილს. ამიტომაც ავთანდილმა ის იოლად გაიმეტა. მეტიც! – კაცს ასე არ კლავენ, თუ ეს ალეგორიულად ბოროტების დამარცება და კოსმიური სიკეთის გამოხსნისთვის ბრძოლის გზა არ არის. დავაკვირდეთ: ავთანდილმა ჯერ ჭაშნაგირის ორი მონა ასე დაუნდობლად მოკლა (ჰიჩკოკისეული საშინელებანი არაფერია ამ მომენტთან): „თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცნა სულთა ხდასა, თავი თავსა შუტაკა, გაურივა ტვინი თმასა“, ხოლო ამის შემდეგ „თვალმოსისხული“ ავთანდილი ჭაშნაგირს დაადგა თავზე და… „ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა“… და ჰოი, საოცრებავ: ამ დროს, ამ „სისასტიკის“ ჟამს, ავთანდილი, არც მეტი, არც ნაკლები, იხატება ასე: „მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია“, აგრეთვე ის არის „ლომი, მზე, მოყმე წყლიანი“ და კიდევ უფრო საოცარია, რომ კაცმა სამი ადამიანი ასე სასტიკად დახოცა, ხოლო ავტორი მას შეჰხარის: „წამოვიდა ვარდი ტკბილი“… ცხადია, რომ ავთანდილის ესოდენი სისასტიკე ალეგორიულად გმირის ბოროტებასთან შეუგუებლობას გამოსახავს, ხოლო ჭაშნაგირი სახეა ადამიანური სიმდაბლისა და მორალურ-ზნეობრივი კრახისა.

პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემების გამოსახვის დიდოსტატია სულხან-საბა ორბელიანი. მისი იგავები მთლიანად ადამიანური პრობლემების ჩხრეკასა და კათარზისის გზების ძიებას ეხება, ხოლო ფინეზის კარის ამბავში ის აცოცხლებს უკვდავ გმირს, რუქას, მეფის სეფეთუხუცესს, შურიან საჭურისს, რომელიც ღიად და შეუფარავად უპირისპირდება მეფის ფავორტს, უფლისწულის ბრძენ აღმზრდელს, ლეონს, სიკეთისა და სულიერების რუსთველისეულ სიმბოლოს. რუქა იმდენად დააბნელა ლეონისადმი შურმა და ბოღმამ, რომ მეფესთან ენატანიობა დაიწყო, მეფის შვილის კეთილისმსურველის მანტიით ცილს სწამებდა აღმზრდელს, რომელსაც თავისებური შეხედულებები ჰქონდა მეფის ძის წვრთნის პროცესზე. თუმცა საბამ ორიგინალური გადაწყვეტა მოუნახა რუქას ბედს. ის ლეონმა აგრესიაზე საპასუხო იგნორირებით დაამარცხა. ნაწარმოებში დამაჯერებლად არის გადმოცემული რუქას მეტამორფოზა. ფინალურ სცენებში ჩანს, რომ რუქა ნანობს ლეონთან დაპირისპირებას, აღიარებს მის უპირატესობას და მტრობას მეგობრობას ამჯობინებს. ამ კოლიზიებით ავტორმა მკითხველს ნათლად აჩვენა, რომ მტრობას, ინტრიგებს, ენატანიობას არ აქვს მომავალი, ბოროტს ყოველთვის კეთილი სძლევს.

ამჯერად შევეცადეთ ძველი ქართული მწერლობიდან რამდენიმე მაგალითის მოხმობით გვემსჯელა ნარატიული ეპიკური ტექსტების პერსონაჟთა მორალურ-ეთიკური პრობლემების გამოსახვის იდეურ აქცენტებზე, რაც, ვფიქრობ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დისკუსიების, ტექსტების კვლევა-ძიებების, პერსონაჟთა პორტრეტებზე დაკვირვების, ტექსტების სინთეზირების ერთგვარი მაპროვოცირებელი იქნება. მიმაჩნია, რომ ქართული მწერლობის მიერ დასმულ პრობლემებზე ფიქრი და განსჯა უწყვეტი პროცესია და თუკი ეს სტატია თუნდაც ორიოდე მოსწავლეს ან მასწავლებელს უბიძგებს ამგვარი განსჯისკენ, ამ თემებზე წერის გაგრძელება კიდევ ღირს. ამით იმის თქმა მინდა, რომ… გაგრძელება იქნება…

 

Der Patriarch

0

საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო თვალსაწიერის დახშობა და შენთვის უცნობ მხარეში განვითარებული მოვლენების არად ჩაგდება დანაშაულია. მრავალთათვის მიუღებელი იდეების მიმდევართა შორისაც უნდა შეგეძლოს დიდი ადამიანებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეების აღმოჩენა. ზოგიერთი მოღვაწის წვლილი იდეოლოგიის საზღვრებს სცდება და საერთო ეროვნულ, საერთო საკაცობრიო საზრისს იძენს. ევროპის უახლესი ისტორიიდან შესაძლებელია სულ რამდენიმე ისეთი ფიგურის დასახელება, რომელთა ძალისხმევას მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ლიბერალებიც და კონსერვატორებიც აღიარებენ და პატივს მიაგებენ. ერთი მათგანია კონრად ადენაუერი, რომელსაც ევროპის მრავალ კუთხეში Der Patriarch-ად მოიხსენიებენ.

მემარჯვენე პოლიტიკოსთა შორის კონრად ადენაუერი ჩემთვის ყველაზე შთამაგონებელი პერსონა გახლავთ. მისდამი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

უმცირესი წინააღმდეგობაც კი ჩვეულებრივ ადამიანებში უდიდეს შიშს წარმოშობს. ახალი ეპოქის მოქალაქეები ადვილად ვნებდებით და ადვილად ვიხევთ უკან. ტანჯვის მიუხედავად, საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებისა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების სურვილი და ძალა მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით. ფარ-ხმლის დაყრისგან თავის შეკავებას კი დიდი ნებისყოფა და გამძლეობა სჭირდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონრად ადენაუერმა წამებით სავსე ცხოვრება განვლო. მას ორი მეუღლე ჰყავდა, ორივე მათგანი უდროოდ გარდაიცვალა. ემას თირკმელი აწუხებდა და სოკოთი მოიწამლა, 36 წლისა გამოეთხოვა ამ ქვეყანას. მეორე ცოლის, გუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მას შემდეგ გაუარესდა, რაც მან გესტაპოს საპყრობილეში თავის მოკვლა სცადა. ნაცისტი პოლიციელები მას მიმალვაში მყოფი ადენაუერის ადგილსამყოფელის გათქმას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალიშვილზე თავდასხმით ემუქრებოდნენ. ორი ქორწინებიდან მომავალ კანცლერს რვა შვილი ეყოლა, აქედან ერთი, ფერდინანდი, ნაადრევად დაეღუპა.

დოქტორ ადენაუერს სახასიათო და თვალში საცემი გარეგნობა ჰქონდა, რაც ხშირად იწვევდა კოლეგებისა და ჟურნალისტების დაბნეულობას. უცნაური ჰაბიტუსის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ფოსტერ დალესს, კანცლერი წარმოშობით ინდიელიც კი ეგონა. მაშინ ცოტამ იცოდა ლიდერის კიდევ ერთი ტრაგედიის შესახებ – 1917 წელს შემაძრწუნებელ ავტოავარიაში მოხვდა და სახე საშინლად დაუზიანდა, ძვლებმა დეფორმაცია განიცადა. სწორედ ახალგაზრდობაში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ, როდესაც, ფაქტობრივად, თვალებში ჩახედა სიკვდილს, განაპირობა ადენაუერის სახასიათო და თვალში საცემი გარეგნობა.

ჰიტლერის მმართველობის წლებში იგი ანტინაცისტური შეთქმულების მონაწილე არ ყოფილა, მაგრამ არც დიქტატურის მხარდამჭერად მოიაზრებოდა. ნაციონალ-სოციალისტთა მმართველობის პერიოდში არაკეთილსაიმედო პირად მიიჩნეოდა. 12 წელი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში გაატარა. ფიურერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პოლიციამ მასაც მიაკითხა. რეჟიმის მიმართ არალოიალურად განწყობილი, პოლიტიკურად აქტიური კათოლიკეებისთვის ავტორიტეტად აღიარებული პოლიტიკოსი ნაცისტებმა ციხეში ჩააგდეს, სადაც მას უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ უწევდა ყოფნა. 1944 წელს 69 წლის ადენაუერმა თავის მოკვლა სცადა. მის ნაბიჯს ზედამხედველი ცინიკურად გამოეხმაურა: – „მაინც მალე მოკვდები, რატომ წვალობ?!“

ორჯერ დაქვრივების, შვილის დაღუპვის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვართან მრავალჯერ მიახლოების მიუხედავად, ადენაუერი ყოველთვის სიმამაცითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა.

1933 წელს ადენაუერი კიოლნის მერი გახლდათ. კარიერის პიკისკენ მიმავალი ადოლფ ჰიტლერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გერმანულ ქალაქებს სტუმრობდა. ნაცისტების ლიდერს ყველგან სვასტიკიანი დროშებით ხვდებოდნენ, ქალაქის თავები კარიბჭესთან საზეიმოდ ეგებებოდნენ რაიხსკანცლერს. ადენაუერი ერთადერთი ობერბურგერმაისტერი აღმოჩნდა, ვინც ჰიტლერს ხელი არ ჩამოართვა. ადენაუერისავე ბრძანებით, რაინის საგანგებოდ მორთული ხიდიდან ნაცისტური დროშები ჩამოხსნეს. უდიდესი გამბედაობა, კიოლნის ღირსების დაცვა „კონის“ მრავალწლიან დევნად და შევიწროებად დაუჯდა.

„პატრიარქი“ ორჯერ გაათავისუფლეს კიოლნის მერის თანამდებობიდან: პირველად – ნაცისტებმა ომამდე, მეორედ – ინგლისელებმა ომის შემდეგ. მიზეზი მეორე შემთხვევაშიც ყურმოჭრილ მონობაზე უარის თქმა იყო. ორმოციანი წლების შემდეგ რაინის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ბრიტანელთა საოკუპაციო ზონად იქცა. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მოტივით ადენაუერი ცდილობდა, ფრანგ და ამერიკელ კომისრებთანაც ეთანამშრომლა, რაც ინგლისელებს აცოფებდა. ბევრს სურდა, ჰიტლერის მოწინააღმდეგე გერმანელებსაც კი არ ამოეღოთ ხმა, საკუთარი აზრი არ გამოეთქვათ და უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ საოკუპაციო ძალებს. ადენაუერი აცნობიერებდა გერმანელი ხალხის დანაშაულს, კანცლერად არჩევის შემდეგ მუდმივად გზავნიდა კოლოსალურ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ისრაელის სახელმწიფოში, ხელს უწყობდა ნაციზმის გააზრებისა და სინანულის პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას, მაგრამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაზე ხელი არ აუღია. ახალი, კომისრებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მიზნით შექმნა მან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რითაც უშუალოდ ხალხისგან სცადა ლეგიტიმაციის მოპოვება. მისი ამ ხედვების შესანიშნავი, შთამბეჭდავი გამოხატულება გახლდათ კანცლერად ახალარჩეული ადენაუერის ვიზიტი პეტერსბერგის სასახლეში, სადაც დასავლეთ გერმანიის გამგებლებად დანიშნულ ამერიკელ, ფრანგ და ბრიტანელ გენერლებთან ერთად სპეციალურ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი. ხელშეკრულებით გერმანიის ფედერალურ მთავრობას რიგი სუვერენული უფლებები გადაეცემოდა. ადენაუერამდე სასახლეში ხშირად მიდიოდნენ გერმანელი სტუმრები. პროტოკოლის მიხედვით სტუმრები ხალიჩის ზღვარზე ჩერდებოდნენ, გენერლები კი ხალიჩაზე იდგნენ. ადენაუერი იყო პირველი, ვინც გენერლების ხალიჩაზე ფეხი დადგა. ომგამოვლილ და სამად დაშლილ, დევნილებით სავსე და ნანგრევებად ქცეულ, დანაშაულის გრძნობით სამართლიანად დამძიმებულ გერმანიაში ამ ნაბიჯის გადადგმას დიდი სიმამაცე და თავდაჯერება სჭირდებოდა.

სიმამაცის კიდევ ერთი მაგალითი გახლდათ 1950-იანი წლების შუა ხანებში ადენაუერის მოგზაურობა მოსკოვში. კრემლში ყოფნისას მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ათი ათასამდე გერმანელი სამხედრო ტყვე გამოეხსნა ციმბირიდან, შრომითი თუ სხვა ტიპის საპატიმროებიდან. სსრკ რიგით ჯარისკაცებს ტყვეებად არ აღიარებდა, მათ სამხედრო დამნაშავეებად აცხადებდა და გერმანელთა გათავისუფლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. საბჭოეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების სანაცვლოდ ადენაუერი შინ 9626 ჯარისკაცთან ერთად დაბრუნდა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო მთელი დანარჩენი სამყაროსთვის.

ტრაგედიებისა და სიმამაცით აღბეჭდილი გადაწყვეტილებების მიღმა, პირველი ფედერალური კანცლერის სახელი გერმანელებისთვის უამრავ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეფორმასთან ასოცირდება. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ფედერალური რესპუბლიკის ძირითადი კანონი, არმია, განხორციელდა „ეკონომიკურ სასწაულად“ წოდებული პოლიტიკა, გფრ შეუერთდა ნატოს, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ევროპულ თანამეგობრობას, გერმანია-საფრანგეთის მეგობრობას და ახალი ტიპის ფედერალურ, საპარლამენტო დემოკრატიას.

ვფიქრობ, მის დაკრძალვასთან დაკავშირებული ერთი ამბავი რომ მომეყოლა, ისიც საკმარისი იქნებოდა ადენაუერის ფიგურის მნიშვნელობის გასააზრებლად. პატრიარქს 87 წლამდე ეკავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე გავლენიანი პირის სავარძელი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონიას მაშინდელი მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი დაესწრო. ადენაუერთან გამოსამშვიდობებლად რაინ-ვესტფალიას ეწვია ოთხმოცს მიღწეული დავით ბენ-გურიონი, ისრაელის სახელმწიფოს დამფუძნებელი. დაკრძალვის ცერემონიალი ებრაულ დღესასწაულს დაემთხვა, რომლის დროსაც მართლმორწმუნეებს მხოლოდ ფეხით გადაადგილება შეუძლიათ და ეკრძალებათ ცხენების, ვირებისა და ავტომობილების გამოყენება. მოხუცმა დოვჩიკ გრინმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც გაიარა ფეხით რაინის სანაპიროზე, რათა მადლობა გადაეხადა მეგობრისთვის.

 

კომპლექსური დავალება „სითბოს რაოდენობა“

0

კომპლექსური დავალების პირობის მოსაფიქრებლად, გარდა საგნობრივი კომპეტენციისა, მასწავლებელს „მწერლობის“ ნიჭიც სჭირდება. დავალების პირობამ მოსწავლეს საგნისადმი ინტერესი უნდა აღუძრას, ინტერესი ფიზიკური პროცესების შესწავლის მიმართ. ჩემ მიერ შედგენილი კომპლექსური დავალების პირობა მოიცავს მე-8 კლასის მეორე სემესტრის მასალას და სრულად ფარავს მას.

სამიზნე ცნება მასწავლებელმა შეიძლება სხვადასხვანაირად გაშალოს, აირჩიოს ენერგია ან მატერია, ან ორივე ერთად.

საწყისი ეტაპი: კომპლექსური დავალების პირობა – „მზეთამზელი ბიჭი“

თავიდან მოსწავლეებს ვაცნობთ კომპლექსური დავალების პირობას:

„ნიკა ზამთრის არდადეგებზე ბორჯომის რაიონში სოფელ მზეთამზეში დასასვენებლად ჩავიდა. მეორე დღეს მისი მეგობრებიც გეგმავდნენ ჩამოსვლას. ნიკამ ერთი დღით ადრე ჩასვლა გადაწყვიტა, რათა სტუმრებისთვის სახლი მოემზადებინა.

წყალი ეზოში მოდიოდა. ნიკამ 1-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლები პირამდე გაავსო, ეზოში დაალაგა და შეშას მიუტრიალდა. საფარში ხმელი შეშაც ეწყო და ნედლიც. ნიკამ ნედლ შეშასთან ერთად სახლში ხმელი შეშაც შეიტანა. იმდენი შეზიდა, რომ მთელი ღამე ბუხარი არ ჩამქრალიყო.

გათოშილი შევიდა სახლში და ბუხარი გააღუნღულა, სავარძელში ჩაჯდა, მატყლის პლედი მიიფარა და გაყინული ხელები ბუხარს მიუფიცხა. პერიოდულად, როგორც კი ოთახში ტემპერატურის ცვალებადობას იგრძნობდა ხოლმე, ნედლ შეშას ხმელსაც აშველებდა.

ნიკამ დილაადრიან ყავის დალევა მოინდომა, მაგრამ გაახსენდა, რომ წყლის ჭურჭელი გარეთ დატოვა. გავიდა და ნახა, რომ ბოთლებში წყალი გაყინულიყო. ისინი სახლში შემოიტანა, ლითონის ჯამში ჩაალაგა და ღუმლის სიახლოვეს დადო. რამდენიმე ხანში ბოთლებში წყალი გადნა. ჩაიდანში 1 ლიტრი წყალი ჩაასხა და გაზქურაზე შემოდგა, თვითონ კი ისევ თბილ ღუმელს მიუჯდა და ღამეგატეხილს ჩაეძინა. უცებ ძილში გაზქურაზე შემოდგმული ჩაიდანი გაახსენდა და სამზარეულოს მიაშურა. ჩაიდანში წყალი თითქმის დამშრალიყო და სამზარეულოს მინები სულ დაორთქლილიყო. 1 ლიტრიდან დარჩენილი 1 ფინჯანი წყალი ჩამოასხა, ყავა მოიმზადა და ფაიფურის ფინჯანში დაისხა, თუმცა იქვე ლითონის ფინჯანიც იყო.

ნიკამ ფინჯანს ხელები შემოაწყო და ყავის შეგრილებას დაელოდა. თერმომეტრი ოთახში 25 გრადუსს უჩვენებდა.

ნიკას უხაროდა, რომ მეგობრებს თბილ სახლს და ცხელ სასმელს დაახვედრებდა“.

  • რატომ იყო აუცილებელი სოფელში ნიკას ერთი დღით ადრე ჩასვლა?
  • რატომ გამოიყენა ნიკამ ნედლ შეშასთან ერთად ხმელი შეშა? რატომ იწვის ნედლი შეშა უფრო ცუდად, ვიდრე ხმელი?
  • რატომ მიიფარა ნიკამ მატყლის პლედი? როგორი თბოგამტარობა აქვს მატყლისგან მოქსოვილ ტანსაცმელს? რატომ?
  • როგორ თბება ოთახში ჰაერი ბუხრის საშუალებით? აქვს თუ არა ამ დროს ადგილი გამოსხივებას? რატომ არის სასურველი, ბუხარს ჰქონდეს მაღალი გამწოვი?
  • რატომ დადგა ნიკამ გარედან შემოტანილი გაყინული ბოთლები ღუმელთან ახლოს და რატომ გამოიყენა ლითონის ჯამი?
  • სითბოს რა რაოდენობაა საჭირო 1კგ. ყინულის დასადნობად?
  • სითბოს რა რაოდენობაა საჭირო 1ლ. 0-გრადუსიანი წყლის ასადუღებლად და მისი ¾-ის ასაორთქლებლად? რატომ დაიორთქლა ფანჯრის მინები სამზარეულოში?
  • რატომ გამოიყენა ნიკამ ყავის დასალევად ფაიფურის ჭურჭელი და არა ლითონის ფინჯანი?
  • რატომ შემოაწყო ნიკამ ფინჯანს ხელები?
  • სითბოს რა რაოდენობაა საჭირო ოთახის ტემპერატურის 3 ლიტრის წყლის ასადუღებლად. რომელ ჩაიდანს გამოიყენებდით ნიკას ადგილზე რომ ყოფილიყავით – ალუმინს თუ სპილენძს?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად შენ უნდა შეასრულო ეს კომპლექსური დავალება და წარმოადგინო პრეზენტაციის სახით, რისთვისაც შეგიძლია, ისარგებლო სახელმძღვანელოთი და მოცემული ლინკებით:

ლინკები: გასამეორებლად

1 სითბური მოვლენები, შინაგანი ენერგია. https://sway.office.com/346H5qxUyCayTfW9?ref=Link

 

2 თბოგამტარობა, კონვექცია, გამოსხივება. https://sway.office.com/gDlF7Q4a0ImOyAwr?ref=Link

 

3 სითბური გაფართოება. https://sway.office.com/BSVt5wNfzlQvjVlZ?ref=Link

 

ახალი მასალის შესასწავლად

1 სითბოს რაოდენობა. კვლევა https://sway.office.com/we6PI0MqP872heZX?ref=Link

 

2 სითბოს რაოდენობა. სითბური ბალანსის განტოლება https://sway.office.com/sHADgnVFldhF8d8T?ref=Link

 

3 სინათლისა და სითბოს წყაროები. სათბობის ენერგია. წვის კუთრი სითბო. https://sway.office.com/yPb6T1mV4z5p3BkS?ref=Link

 

4 დნობა და გამყარება https://sway.office.com/dE6Ccyro2poVFhL0?ref=Link

 

5 ორთქლადქცევა. სუბლიმაცია. დუღილი https://sway.office.com/HJaifXuX2aFh44qO?ref=Link

 

 

პირველი ეტაპი გათბობა-გაცივება

  1. სითბოს რა რაოდენობა არის საჭირო 00C-იანი 4 ლიტრი წყლის ოთახის ტემპერატურამდე გასათბობად? (ოთახის ტემპერატურა 250C-ია).
  2. სითბოს რა რაოდენობაა საჭირო ოთახის ტემპერატურის 1ლ. წყლის დუღილის ტემპერატურამდე მისაყვანად?
  3. რომელ ჭურჭელს გამოიყენებდით ნიკას ადგილას რომ ყოფილიყავით, ალუმინს თუ სპილენძს? ერთმანეთს შეადარე 0.5კგ. სპილენძისა და 0.5კგ. ალუმინის ჭურჭლების მიერ მიღებული სითბოს რაოდენობები. (გაითვალისწინეთ, რომ ნიკამ წყალი დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანა და შესაბამისად, ჭურჭელიც 250C- დან 1000C-მდე გაცხელდა).
  4. ტესტი https://bit.ly/3dtb9X7
  5. კვლევა ექსპერიმენტი

გამოიყენეთ მოცემული https://sway.office.com/we6PI0MqP872heZX?ref=Link ლინკის სურათები და უპასუხეთ კითხვებს.

 

მეორე ეტაპი – დნობა და კრისტალიზაცია. ორთქლადქცევა და კონდენსაცია

  1. ნიკამ გაყინული ბოთლები სახლში შემოიტანა. სითბოს რა რაოდენობაა საჭირო -50C-იანი 4 კგ. ყინულის დნობის ტემპერატურამდე მისაყვანად?
  2. ნიკამ 1ლ. წყალი აადუღა და მისი ¾ აუორთქლდა. სითბოს რა რაოდენობა დასჭირდა დუღილის ტემპერატურამდე მიყვანილი 1ლ. წყლის 3/4-ის აორთქლებას.
  3. სითბოს რა რაოდენობა იქნებოდა საჭირო 1ლ. წყლის სრულად ასაორთქლებლად?
  4. 00C-იანი ყინულის ნაჭერი მოათავსეს 00C-იან წყალში. თქვენი აზრით, გადნება თუ არა ყინული. პასუხი დაასაბუთეთ.
  5. გრაფიკული ანალიზი
იმსჯელეთ,

რა პროცესი მიმდინარეობს თითოეულ უბანზე.

იცვლება თუ არა ტემპერატურა?

რისი ტოლია პარაფინის დნობის ტემპერატურა?

AB

უბანი

BC უბანი CD უბანი
 
 

ააგეთ სრული გრაფიკი ყინულისათვის. (გაითვალისწინეთ, რომ წყალი ოთახის ტემპერატურამდე გათბა).

  1. https://www.youtube.com/watch?v=G8R5SESF5H4 აღწერეთ დუღილისა და ორთქლადქცევის (კონდენსაციის) პროცესები. დაასრულეთ გრაფიკი და იმსჯელეთ

თითოეული უბნის შესახებ.

  1. შესაძლებელია თუ არა მყარი ნივთიერების აორთქლება? რა ეწოდება ამ პროცესს? მის შებრუნებულ პროცესს? მოიყვანეთ მაგალითები.
  2. კვლევა ექსპერიმენტი

სამედიცინო შპრიცით ჩაასხით წყალი ყინულისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და გაყინეთ. 3 ნაჭერი ყინული მოათავსეთ 3 ჭიქაში, რომელშიც ასხია ცხელი, ოთახის ტემპერატურისა და ცივი წყალი. დააკვირდით დნობის პროცესს. დაინიშნეთ დრო, რომელ ჭიქაში გადნება ყინულის ნაჭერი უფრო სწრაფად? გამოიტანეთ დასკვნა.

ცხელი წყალი

 

 

ოთახის ტემპერატურის წყალი

 

ცივი წყალი

 

 

დნობისთვის საჭირო დრო

 

 

მესამე ეტაპი – წვა და მარგი ქმედების კოეფიციენტი

  1. ნიკამ ნედლ შეშასთან ერთად სახლში ხმელი შეშაც შეიტანა. იანგარიშეთ, სითბოს რა რაოდენობა გამოიყოფა 10 კგ. შეშის წვის დროს.
  2. თქვენი აზრით, არის თუ არა განსხვავება ერთი და იმავე რაოდენობის ნედლი და ხმელი შეშის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობებს შორის? პასუხი დაასაბუთეთ.
  3. თქვენი აზრით, როდის გამოიყოფა სითბოს მეტი რაოდენობა ერთი და იმავე მასის ფიჭვის შეშის დაწვისას, თუ მუხის შეშის დაწვისას? პასუხი დაასაბუთეთ.
  4. ვთქვათ, ოთახის გათბობას მოხმარდა 10კგ. შეშის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობის ნახევარი, რისი ტოლია სასარგებლო სითბოს რაოდენობა? (ამოცანა 1-ის მონაცემების მიხედვით).
  5. ნიკამ დარჩენილი 3 ლიტრი წყალი ჩაასხა 0.5კგ. მასის სპილენძის ჩაიდანში და აადუღა. იპოვეთ მარგი ქმედების კოეფიციენტი, თუ მოხმარებული ბუნებრივი აირის მასა 5 გრამია.

ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია ეს კომპლექსური დავალება წარმოადგინოს ცალ-ცალკე, ან 3-4 კომპლექსური დავალების სახით, დაამატოს ან შეცვალოს კითხვები და მოსწავლეებს სემესტრის განმავლობაში მიაწოდოს.

 

 

რა იციან მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით

0

 

კვლევის ანგარიში

საქართველოს რვაასამდე სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“. პროექტის ამოცანაა კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის განვითარება და დანერგვა. ამ ამოცანის განსახორციელებლად პროექტში ჩართული საჯარო სკოლები გეგმავენ და ახორციელებენ სასკოლო პროექტებს. სკოლაში შექმნილი პროექტის მართვის ჯგუფი დირექტორის ხელმძღვანელობით ადგენს სკოლის საჭიროებას და გეგმავს პროექტს. სსიპ ქალაქ თბილისის N 147 საჯარო სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი მოსწავლეთა გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით. მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორც პროექტის მართვის ჯგუფის წევრმა (სტატიის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება ჟურნალ mastsavlebeli.ge-ში წარმოდგენილი მასალების შედეგად გაკეთებული დასკვნები).

პროექტის აქტუალობა: 2014 წელს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის, „გარემოსდაცვითი განათლების შეფასება საქართველოში“, შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე დაბალია. მის ძირითად მიზეზად კი მიჩნეულია ამ სფეროში განათლებისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე, საზოგადოების დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მოტივაციის ნაკლებობა, მოსახლეობის მომხმარებლური დამოკიდებულება გარემოს მიმართ.

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება გარემოსდაცვითი განათლების მიმართ პოზიტიურია, ისინი აცნობიერებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებას https://bit.ly/33mLBox. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში (ესგ).

პროექტის მიზანია: კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა; საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მეცხრე კლასში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, კათედრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ინტეგრირებული კომპლექსური დავალებების ბანკის შექმნა.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ: ა) სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები (დაახლოებით 180 მოსწავლე). პროექტი შერჩეულია მოსწავლეების სურვილის მიხედვით, ამიტომ დაინტერესება საკმაოდ მაღალია; ბ) მეცხრე კლასის საგნის მასწავლებლები – მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას, კონკრეტული მასწავლებელი კი გაიზიარებს კოლეგის გამოცდილებას; გ) მეცხრე კლასის დამრიგებლები – თემიდან გამომდინარე პროექტზე მუშაობა დამრიგებლებს დაეხმარება კლასის საათის დაგეგმვაში.

პირველ ეტაპზე გამოკითხვის https://forms.office.com/r/aYCd9xLz0h შედეგად დავადგინეთ მოსწავლეების მდგომარეობა გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში. კითხვარი მოიცავდა 12 შეკითხვას (როგორც დახურულს, ასევე – ღიას). შედეგები ასეთია:

  1. რა შეიძლება ჩაითვალოს გარემოს დაბინძურებად?

გამოკითხული მოსწავლეების 45% თვლის, რომ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება გარემოს დაბინძურების სახეებს წარმოადგენს; დანარჩენი 53% ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთ ან ორ ფორმას მიაკუთვნებს გარემოს დაბინძურებას; 2%-ის აზრით, არცერთი ჩამოთვლილი ფორმა არ შეიძლება ჩაითვალოს გარემოს დაბინძურებად. მოსწავლეების უმრავლესობა ჰაერის დაბინძურებაზე დადებით პასუხს იძლევა.

  1. შეიძლება თუ არა, რომ კასპში მოქმედმა ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვმა გავლენა მოახდინოს თბილისის ჰაერზე?

70 % დადებითად პასუხობს; 30%-ს კი ან არ აქვს ზუსტი პასუხი (27 მოსწავლე), ან უარყოფით პასუხს იძლევა (12 მოსწავლე).

 

  1. როგორ ფიქრობთ, ხორციელდება თუ არა თბილისში ჰაერის შემადგენლობის კვლევა?

შეკითხვა იყო ღიადაბოლოებიანი და მოსწავლეების გარკვეული ნაწილი თავის მოსაზრებას გამოხატავდა, ნაწილი კი მხოლოდ „კი“, „არა“, „არ ვიცი“ პასუხებით შემოიფარგლებოდა. 1. „საქართველოს მთავრობა ახორციელებს კვლევას, თუმცა მოსახლეობა ამ საკითხს არც ისე სერიოზულად ეკიდება, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს კატასტროფულ შედეგამდე. ქალაქში ხორციელდება უმნიშვნელო ღონისძიებები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. იმედია, სამომავლოდ ეს მიგვიყვანს შედეგამდე“;

  1. მგონია, რომ მიმდინარეობს, თუმცა ცუდად და ნელა. ძალიან ცუდი და ბინძური ჰაერი გვაქვს თბილისში, გამონაბოლქვიდან დაწყებული, ადამიანებისგან დაბინძურებით დამთავრებული. ამ გამოკვლევას ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანებმაც, მაგრამ ზოგს არ ადარდებს ეს ყველაფერი.
  2. რა მნიშვნელობა აქვს მანქანის კატალიზატორს?

  1. რატომ არ შეიძლება გზის პირას ხილისა და ბოსტნეული მოყვანა?

 

 

  1. როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ამაზონის ტყის ხანძარმა საქართველოს მოსახლეობას შეუქმნას საფრთხე?

 

  1. რა იცი გლობალური დათბობის შესახებ?

ამ შეკითხვაზე გაცემული პასუხების ანალიზის დროს გამოვლინდა, რომ მოსწავლეების უმეტეს ნაწილს გამოყენებული ჰქონდა ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაცია. მხოლოდ 2%-ის პასუხში ჩანდა მოსწავლის აზრი. ამიტომ ვერ დგინდება, რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს საკითხი. სამომავლოდ აუცილებელია შეკითხვის უფრო განსხვავებული ფორმულირება.

  1. შენი აზრით, რა შეიძლება იყოს მჟავა წვიმა?

მოსწავლეების 87% იძლევა მჟავა წვიმის ზუსტ განმარტებას. თუმცა წინა შეკითხვაზე პასუხების მსგავსად აქაც იკვეთება, რომ განმარტება გადმოწერილია და არაა გააზრებული. 13%-მა არ იცის, ან არ აქვს ზუსტი პასუხი.

  1. რა ღონისძიებების გატარება შეიძლება სკოლის დონეზე გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?

N1 „გვასწავლონ, როგორ უნდა დავიცვათ გარემო. ასევე თავად სკოლაც უნდა იყენებდეს ბიოდეგრადირებად ნივთებს,, რომ სახელმწიფოს ნარჩენების გადამუშავებაში დავეხმაროთ“.

N2 „ჩემი აზრით, სახელმძღვანელოებში მეტი უნდა იწერებოდეს გლობალური დათბობის საშიშროებაზე. მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ საკითხზე და გაიაზრონ მისი სერიოზულობა“;

N3 „ბავშვებს უნდა ეცვათ ერთნაირი ფერის მაისურები და ხელში ეკავოთ პლაკატები წარწერით: „გავუფრთხილდეთ გარემოს“.

N4 „მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მეთოდი არსებობს, რა უნდა ქნას სკოლამ ასეთ სიტუაციაში. ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტურია იაპონიის სკოლების პროგრამა. მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე ალაგებენ და ასუფთავებენ კლასებს და გააქვთ ნაგავი. შედარებით მაღალ კლასებში უკვე მასწავლებელიც ერთვება კლასთან ერთად, მონაწილეობს საპირფარეშოების დალაგებაში. შედეგად მოსწავლეებს სწავლობენ, რომ მათი არეული მათივე დასალაგებელია. ეს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ, რადგან იციან, რომ, რასაც გააფუჭებენ, ის მათთვისვე იქნება ცუდი. კარგი იქნება თუ მსგავსი პროგრამა საქართველოშიც იმოქმედებს. ამით შეიძლება მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩაეყაროს საფუძველი სუფთა გარემოსთვის ბრძოლას“.

მოსწავლეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხეების დარგვა, სკოლის და რომელიმე არჩეული ტერიტორიის დასუფთავება, მასწავლებლების მიერ მომზადებული პრეზენტაციები და საუბრები. კითხვას უპასუხოდ ტოვებს მხოლოდ 2%.

  1. რა შეგიძლია გააკეთო გარემოს დასაცავად?

N1 „ჩემი ძალები, როგორც მოსწავლის, საკმაოდ შეზღუდულია. ბევრი არაფერი შემიძლია. მე, როგორც ერთ რიგით მოსწავლეს, შემიძლია თავი შევიკავო გარემოს დაბინძურებისგან. შემიძლია მეგობრებსაც ამისკენ მოვუწოდო.

N2 „მე არ შემიძლია გადავარჩინო პლანეტა ქარხნების გამონაბოლქვისგან, დაბინძურებისგან და ბევრი სხვა ფაქტორისგან, თუმცა შემიძლია პატარა წვლილი შევიტანო. მაგალითად: არ დავანაგვიანო ქუჩა.

მოსწავლეების უმრავლესობას სწორად მიიჩნევს ნაგვის სეპარაციას.

  1. რა მნიშვნელობა აქვს წყლის სისუფთავეს ადამიანისთვის?

მოსწავლეების 94% თვლის, რომ წყლის სისუფთავე მნიშვნელოვანია, მათი 60% არგუმენტებით ამყარებს საკუთარ მოსაზრებას. 6% კითხვას არ პასუხობს, ან არ იცის მნიშვნელოვანია თუ არა ის ადამიანისთვის.

  1. შენი აზრით, შეიძლება თუ არა, სინათლე იყოს დამაბინძურებელი?

 

გამოკითხვის ანალიზის შედეგად დაიგეგმა და სასწავლო წლის ბოლომდე განხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობა. მათ შორის სამი ინტეგრირებული კომპლექსური დავალება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ცალ-ცალკე და ინტეგრირებულად. დავალებას დაემატება მაკროცნება, რომელიც ერთგვარად გამჭოლ კომპეტენციას წარმოადგენს. ერთი დავალება შეეხება ავტომობილის ,,Air Bag”-ის დასამზადებელ მასალას და მის გავლენას გარემოზე; მეორე დავალება იძლევა მჟავა წვიმების იმიტაციის საშუალებას; მესამე კი წყლის სისუფთავის მნიშვნელობას, და გამწმენდი ხელსაწყოს დამზადებას მოიაზრებს.

პროექტის ბოლოს განხორციელდება ჟურნალ mastsavlebeli.ge-ში გამოქვეყნებული აქტივობების შედეგების ანალიზი. სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლები დისტანციური და პირისპირი სწავლების დროს იყენებენ სტატიებში: https://mastsavlebeli.ge/?p=28923 , https://mastsavlebeli.ge/?p=28559 მოცემულ დოკუმენტურ ფილმებს. პროექტის ბოლოს მიღებულ შედეგებს, ასევე თითოეული აქტივობის ეფექტურობის ხარისხს მომდევნო სტატიის მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ.

ქრისტინე

0

ზაფხულის არდადეგების დროს ჩვენს იმერულ სახლში საკურთხის სუფრა რამდენჯერმე იშლებოდა. ბებიაჩემს საიქიო ცხოვრებისა ბევრი არაფერი სწამდა, მაგრამ წესია ასეთიო, იტყოდა და საქმარეულოს მიცვალებულებთა სახსენებლად განსაკუთრებულ სადილს მოამზადებდა.  კვერებიც რომ გამოცხვებოდა, ნაღვერდლიან კეცზე საკმევლის ჩაკმევამდე უნათლავ ბავშვებს ეზოში გაგვიშვებდა, აქ ყოფნა არ გეკუთვნითო. გამოძევებულს ცნობისმოყვარეობა წამძლევდა და ძველი ფიცრულის კარს ავეკრობოდი. ბებიაჩემის ხმის მიმოსვლით ვხვდებოდი, რომ ძველისძველ მაგიდას წრეს უვლიდა და ათასჯერ ნათქვამს იმეორებდა – ღმერთო, შენ აცხონე და გაანათლე პავლია რუხაძის მკვდრებიო. იმ უხილავ, საიდუმლო ერთობაში იყო ჩემი დიდი ბებია ქრისტინე ჩომახიძეც.

იმერეთში სამი ჯიხაიშია  – დიდი, პატარა და გოჩა. ქრისტინე გოჩადან ყოფილა. დედ-მამა შავი ჭირით გარდაცვლია და ნათესავებს სატირლის გარეშე დაუკრძალავთ. დაობლებულ და-ძმებს ერთმანეთი დაუზრდიათ  – უფროსებს უმცროსებზე უთავებიათ მზრუნველობა, პატარები კი დიდებს ამოსდგომიან მხარში.

წამოჩიტულა ქრისტინე, ლამაზი გოგო დამდგარა, მხრებგაშლილი და თავდაჯერებული. ჯარიანობა იცოდნენ იმხანად, შეიკრიბებოდა სოფელი და იყო დიდი მოლხენა. ქრისტინეს სოფლის თავყრილობებზე „კავალრებად“ ძმები დაჰყვებოდნენ თურმე, აბეზარი თავყვანისმცემლებისგან რომ დაეცვათ.  ქრისტინესაც ალბათ თავი მოსწონდა და მომავალი ცხოვრება საამურად ესახებოდა.

18 წლის როგორც კი შესრულებულა, სოლომონს და სარდიონს მაჭანკლისთვის თანხმობა უთქვამთ და ქრისტინე 60 წლის პავლე რუხაძისთვის შეურთავთ ცოლად. ჩვენთან რომ მოვიდა, უკვე თეთრი წვერი ეფინაო, იხსენებდა წლების მერე თურმე ქრისტინე და ყოველ ცისმარე დილას საკუთარ ძმებს წყევლიდა, ასე როგორ გამიმეტესო.

პავლე კულაკი ყოფილა – მიწების, მცირე საწარმოს და მუხის ხისგან ნაგები სახლის პატრონი.  ქუტირშიც გამრჯე და მტკიცე ხასიათის კაცის სახელი ჰქონია. მისი წინამორბედი ცოლების სახელებს ქრისტინე თურმე არასოდეს ახსენებდა, მაგრამ იმას კი ხშირად ამბობდა, ალბათ პავლეს ვერ გაუძლეს და საიქიოს გზას ადრიანად იმიტომაც დაადგნენო.

 

მხოლოდ ევდოკია ეკერა პირზე, ეწერში გათხოვილი და – ერთი, ვერ ვნახეო, დანანებით იტყოდა თურმე. არ იყო ადვილი მაშინ მიმოსვლა, ჭირისა და ლხინის ამბავს სხვისი პირით თუ შეუთვლიდნენ ხოლმე დები ერთმანეთს. გულის დარდი და ვარამი კი შუამავლისთვის, აბა, ვის გაუნდია.

 

ყოველ საღამოს, როგორც სტუმარს, ქმარს ისე უნდა დავხვედროდიო, იხსენებდა მოხუცებულობაში ქრისტინე. გავამზადებდი ვახშამს, გავშლიდი სუფრას, მოვიდოდა დაღლილი, ამიხირდებოდა  – ან ის ჭიქა რატომ არ დევს, ან ეს კერძი როგორ მოგიმზადებიაო, კრავდა ხელს მაგიდას და სუფრას ააყირავებდაო. მერე ისევ თავიდან უნდა გამეშალა ვახშამი და უხმოდ მემასპინძლაო. გასაქცევი არ მქონდა, იმ გაჭირვებაში ძმები აღარ მიმიღებდნენ და შვილებსაც ვერ მივატოვებდიო.

1921 წელს წითლები მოსულან, პავლესთვის მიწები ჩამოურთმევიათ, თოხის პირებიც კი წაუღიათ და მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთი დაუტოვებიათ. 90-ს მიტანებულ მოხუცს მიწის დარდი აჰყოლია და მალევე გარდაცვლილა.

 

დაკრძალვის დღეს ქვემო იმერეთში უჩვეულოდ დიდი თოვლი მოსულა. არ იცის ჩვენში მკაცრი ზამთარი, ნესტიანი და თბილი მიწა დიდხანს არ შეირჩენს ხოლმე ნაფიფქს. სოფლის კაცებს თოვლის გვირაბი გაუჭრიათ და თეთრწვერა ისე გაუსვენებიათ. ქრისტინეს კი სახლის კარი მოუხურავს და ქმარი უკანასკნელ გზაზე აღარ გაუცილებია. არც ის მოუკითხავს, სად გაუჭრეს საფლავი, არც ორმოცი გადაუხდია და არც წლისთავზე აუხდია ჭერი.

 

პავლე რუხაძეს 3 ქორწინებიდან 17 შვილი ჰყოლია. მათგან 5 ქრისტინემ შობა. ავქსენტი და მიხეილი მცირეწლოვნები გარდაცვლილან, კონსტანტინე (ჩემი ბაბუა) მეორე მსოფლიო ომიდან აღარ დაბრუნებულა, არც გალინას უცოცხლია დიდხანს. მხოლოდ მარუსია დაბერებულა, თუმცა მამის საფლავის გზა არც მას სცოდნია.

 

რუხაძეებისთვის სუფრის გაშლა ქმრის სიკვდილის მერეც არ დაკლებია ქრისტინეს.  სკოლიდან „პერემენაზე“ გამოქცეულ შვილიშვილებს ყოველდღე გემრიელ სადილს ახვედრებდა და უკვე მოზრდილებსაც საფერხეში იწვენდა.

ქრისტინე შთამომავლებმა დიდი პატივით დაკრძალეს და სამუდამო განსასვენებელი იმ ეკლესიის ეზოში მიუჩინეს, რომლის აშენებისთვისაც პავლე რუხაძეს არაფერი დაუშურებია.

 

საუკუნის წინანდელ საგას ჩემზე უკეთ ბებიაჩემისგან ყურმოკრული ფრაზა – „პავლია რუხაძის მკვდრები“ – უფრო იტყვის და კიდევ ქრისტინეს კენტი საფლავი, რომელშიც იმ გოგოს დანატრებული ქალი ასვენია, საყვარელ ძმებთან ხელკავით ჯარიანობაზე რომ მიეჩქარებოდა.

 

დრო იყო მაშინ ასეთი.

 

ახლაც ასეთი დროა.

 

 

 

 

ლიტერატურული ვარიაციები

0

წყურვილი

ზაფხულის ერთი ცხელი საღამო იყო. მცხუნვარებისაგან დაღლილი მზე წითლად ჩადიოდა. ცხელ, გამდნარ ასფალტს ხახა დაეღო და სულს ღაფავდა. ქალაქი ქშენით ინელებდა სიცხესა და ხმაურს.

 

მეფაიტონეს არ დაუნახავს, როგორ აიწყვიტა ცხენმა. იჯდა ახალგამოღვიძებული, უაზროდ აცეცებდა ძილისა და სმისაგან გამოციებულ, ქუთუთოებშესიებულ თვალებს, ვერ გარკვეულიყო, რა მოხდა.

 

ცხენი გარბოდა… ასფალტი მექანიკურად ირეკლავდა მისი ფლოქვების შეწყობილ, თავგანწირულ თქარუნს… გამვლელები ჩერდებოდნენ და გაცხოველებული ინტერესით აყოლებდნენ თვალს უცხო სანახაობას.

 

ლამაზი ცხენი იყო, თეთრი, შეღერილი კისრითა და გრძელი, მოქნილი ფეხებით. ფაფარი და კუდი ცისფრად ჰქონდა შეღებილი… გარბოდა, ინსტინქტს აყოლილი, ვერაფერს ამჩნევდა გარშემო, შიში დაეძლია, აღგზნებული მიელტვოდა…

 

ზედიზედ ღრჭიალებდა მანქანის მუხრუჭები, სეირის მაყურებელთა რიცხვი იზრდებოდა. გზა ორად, სხვადასხვა მხარეს მსრბოლელ მანქანათა ნაკადად გაიყო. ცხენი არ უკლებდა სისწრაფეს, მანქანები ახლა მის საპირისპიროდ მოძრაობდნენ. ჩუმად ილეოდა დრო…

 

თითქმის ყველა მოელოდა მომხდარს, მაგრამ წამით მაინც დაიძაბა ატმოსფერო, ხალხი გაშეშდა: ცხენი მთელი ძალით შეასკდა ავტობუსს. ყრუ ხმამ ერთბაშად ჩამოხია მოგუდული, მოლოდინით დატუმბული სიჩუმე.

 

დაძაბულობა უცბადვე განიმუხტა. ხალხი აყაყანდა და ცხენის გარშემო შექუჩდა ნაუცბათევად წამოსროლილი რეპლიკები:

 

– აფსუს, რა ცხენია?! – გულწრფელად ნანობდა ვიღაც.

– ცხენიი?! ამასწინათ იყო და ძროხა მოკლა მანქანამ, რა არის, ბოლოს და ბოლოს, ქალაქია თუ სამხეცე?! – ზიზღის სუნი უდიოდა მეორეს.

– გზიდან მაინც გადავიდნენ, მოძრაობას რომ აჩერებენ. პატრონი არ ჰყავს ამ ხალხს?! – წუხილით რჩევას იძლეოდა მესამე. ზოგი გარბოდა, ზოგი ბრაზობდა, ზოგი ნანობდა, ზოგი იცინოდა.

 

ამ ცოცხალი, მოფუთფუთე წრის შუაგულში მკვდარი ცხენი ეგდო. არაბუნებრივად ჰქონდა კისერი გვერდზე მოქცეული. შესადედებლად გამზადებულ სისხლს ბუზები ეხვეოდნენ…

 

უსიტყვო აღსარებას ჰგავდა დაკრეჭილ კბილებში შერჩენილი ლაგმის ნარჩენები… ღიად დარჩენილ თვალებში მქრქალად ირეკლებოდა ცა…

 

მძღოლი ავტობუსში გინებით ჩაჯდა, სენსაციამონატრებული ბრბო მიმოიფანტა. ცხენის გვამი გადასაგდებად წაიღეს.

 

ნიავმა წამოუბერა… გაგრილებულ ასფალტს ჯერ კიდევ აჩნდა სისხლის სველი, მოყავისფრო ლაქები… ნელა ილეოდა მკვდრის მზე…

 

ტანჯვის არსზე

 

დოსტოევსკი ამბობდა, ბავშვის ერთი ცრემლიც კი არღვევსო სამყაროს ჰარმონიას. რა არის ტანჯვის არსი? ზრდასრული ადამიანის ტანჯვა შეიძლება გაამართლო, როგორც იობის შემთხვევაშია: ღვთისგან მოვლენილი ტანჯვა, რომელიც იწვევს განახლებას, კათარზისს,  უფალთან მიახლოებას (ჩეხოვის „მკვლელობა“ – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს საღვთო ლიტურგია,  მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოკლავს ღვიძლ ძმას იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი არ მარხულობს, კატორღაში გადასახლებული მოიპოვებს ჭეშმარიტებას,  შეიგრძნობს ღმერთს)… აბსოლუტურად გაუგებარია ბავშვის ტანჯვა…

 

 

 ცოტა რამ ჯემალ ქარჩხაძის იგიზე”

 

ნაწარმოების ორიგინალურობა ისაა, რომ მასში გადმოცემულია პირველყოფილი ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბების პროცესი. ამ მხრივ აღსანიშნავია, მოთხრობის მთავარი გმირის – იგის მიერ სამყაროს აღქმა, შესწავლა. ამ გმირის შემოქმედებითი განცდები ძალიან საინტერესოა, როცა იგი სილაზე თითით ხატავს და საგნობრივ სახეს აძლევს თავის ოცნებებს, არსებული სინამდვილის ხატებას თავის თავში და თავს გარეთ. იგი შეიმეცნებს კოსმოსს და იმასაც, რომ თვითონაც მისი განუყოფელი ნაწილია, შეიგრძნობს ღმერთს: „ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთარსად იქცა ყველაფერი… არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო… ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო… “. ეს არის იგიში ახლად შობილი რწმენის ნიშნები: „იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება, იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?“

 

იგი პიროვნებაა და გრძნობს, რომ მისი აზროვნება, სამყაროს ჭეშმარიტების წვდომის სიღრმე აღემატება სხვისას („იგიმ იცის რაღაც ისეთი, რაც თვით ბელადმაც არ იცის“). ეს გმირი ძალიან ჰგავს გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ გმირს ან თუნდაც, ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს. განსხვავება ისაა, რომ იგის, რომელსაც ახალდაწყებული აქვს სამყაროს შემეცნება, არ გაუცნობიერებია თავისი როლი თანამოძმეებთან მიმართებაში (როცა ძველი ბელადი გადაეშვება ქარაფიდან, ახალი ბელადი ყვირის და ხტუნავს. მას სხვებთან ერთად აჰყვება იგიც). „ალავერდობის“ პერსონაჟსა და ალუდას კი მშვენივრად აქვთ გააზრებული, რომ მათ ხალხი უნდა გამოაფხიზლონ, აზროვნების მიმართულება შეუცვალონ.

 

პირველყოფილ ადამიანთა კრებული, რომელშიც იგი ცხოვრობს, თავისი ქცევით, ულმობელობით, კონსერვატიულობით ძალიან ჰგავს იმ თემს, რომლის წიაღშიც ალუდა ქეთელაური აღიზარდა. ორივე შემთხვევაში ადამიანებს აკავშირებს საერთო ბედი, მსგავსი წარმოშობა, ტრადიციები. თემი დახშულია და თავის თავში ჩაკეტილი. აქ პიროვნება არ მოიაზრება მთელის გარეშე. გმირს არა აქვს უფლება, იყოს სხვანაირი, რაიმე მოტივით შეცვალოს თემის შიდა კანონი, აღდგეს უსამართლობის წინააღმდეგ, შეასრულოს ის, რაც მისთვის ზნეობრივი და სამართლიანია.

ტრაგედია ყოველთვის დაკავშირებულია გამორჩეული პიროვნების გამოღვიძებასთან, მის შინაგან ბრძოლასთან, ეს კი განაპირობებს თემსა და პიროვნებას შორის კონფლიქტის გარდუვალობას, რაც საბოლოო ჯამში, ხშირად მსხვერპლით მთავრდება. ალუდა განდევნეს, როგორც ქრისტიანული მორალის დამრღვევი. „იგის“ მთავარი გმირიც სასიკვდილოდ გაწირეს მხოლოდ იმის გამო, რომ გარეგნულად და აზროვნებით განსხვავდებოდა თანამოძმეთაგან. ორივე შემთხვევაში პიროვნება თავისი ქცევით აკეთილშობილებს გარემოს, იჭრება ადამიანთა შეგნებაში, „შემოაბრუნებს“ მათ თავისკენ.

თავიდან იგისთვის გაუგებარია, როგორია ის კვალი, რომელსაც წვიმა ვერ წაშლის. მერე მიხვდება, რომ წვიმისას დარჩენილი ნატერფალი არ არის ის, რაც ადამიანისაგან რჩება. „იგიმ იცის, რა დარჩება მისგან“. (მაგალითისთვის: „ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“).

ცხოვრება მიდის. ადამიანები იბადებიან და კვდებიან. რჩება მხოლოდ კვალი, რომელსაც წუთისოფელში გამორჩეულნი ტოვებენ. სწორედ პიროვნებაა ღმერთის ხატი და მსგავსება ადამიანში. მოთხრობა „იგის“ ფინალიც ასეთია: „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“.

 

 

 

 

 

„საჩუქრების შერჩევა მოსწავლეებისთვის“

0

ესგ-ის მიხედვით სწავლებაში მიღწეულ ერთ-ერთ შედეგად პრობლემის გადაჭრა შეიძლება ჩაითვალოს. მოსწავლეებს საგნობრივი ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად უნდა განვუვითაროთ პრობლემების გადაჭრის უნარი. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა.

მათემატიკის გაკვეთილზე თუ მოსწავლეს სიტუაციური ამოცანის სახით ნაცნობი კონტექსტის პრობლემას შევთავაზებთ, ის ინტერესით მოძებნის გამოსავალს ამ პრობლემიდან. სწავლის ამგვარი ფორმა განსხვავდება ამოცანების ამოხსნის უბრალო პროცესისგან.

რა არის პრობლემური სიტუაცია/ამოცანა.

  • სწავლების პროცესში მიწოდებული პრობლემური ამოცანა არის ავთენტური, რეალური სიტუაციური ამოცანა. იგი უნდა იყოს ერთგვარი გამოწვევა მოსწავლისათვის.
  • პრობლემა უნდა აღძრავდეს მოსწავლეების ინტერესსა და სურვილს, რომ მათ მართლაც მოუნდეთ ამ პრობლემის გადაჭრა.
  • პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეს არა აქვს ნაცნობი სტრატეგია,რომელსაც პირდაპირ გამოიყენებდა. იგი მან უნდა შეიმუშაოს.
  • სიტუაცია მოითხოვს გადაწყვეტას/გადაჭრას.
  • ამოცანა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის უნარ-ჩვევებსა და ასაკით განპირობებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს.
  • პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების იდეა უნდა გამომდინარეობდეს ესგ-ისსაგნობრივი სტანდარ­ტიდან.

პრობლემური ამოცანების სამი ტიპი:

  1. ამოცანები, რომელთა ამოხსნისას საჭიროა გადაწყვეტილების მიღება;
  1. ამოცანები, რომლებიც მოითხოვს სისტემის ანალიზსა და მოდელირებას;
  2. ამოცანები, რომლებიც უკავშირდება რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას.
  1. გადაწყვეტილების მიღებასთანდაკავშირებულ ამოცანებში მოცემულია რამდენიმე ალტერნატივა და შეზღუდვა. მოსწავლეს მოეთხოვება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ შეზღუდვებს დააკმაყოფილებს. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ამოცანა მით უფრო რთულია, რაც უფრო კომპლექსურია მასში წარმოდგენილი ვითარება, ანუ რაც უფრო მეტია გასაანალიზებელი ინფორმაციის მოცულობა და შეზღუდვების რაოდენობა. ასეთ პირობებში საჭიროა სხვადასხვა წარმოდგენის ურთიერთდაკავშირება და მრავალი შეზღუდვის გათვალისწინება. თუმცა, ზოგადად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ამოცანებში შეზღუდვები მკაფიოდ არის გამოკვეთილი, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება უფრო მარტივია.
  2. სისტემის ანალიზსა და მოდელირებასთანდაკავშირებული ამოცანები –
  • მოსწავლისაგან მოითხოვს კომპლექსური ვითარების ანალიზს ამ ვითარების ლოგიკის გასააზრებლად.
  • ამ ტიპის ამოცანებში აღწერილია კომპლექსური სისტემები, რომლებშიც მონაწილეობს მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი (პარამეტრი, თვისება, მახასიათებელი). ამ კავშირების დინამიკურობის გამო პასუხი (ამონახსენი), შესაძლოა, არ იყოს ერთადერთი. ამ სახის ამოცანები მრავლად გვხვდება ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში. ხშირად საჭიროა წარმოდგენილი ვითარების ადეკვატური მოდელის შექმნა, რისთვისაც აუცილებელია პარამეტრების შერჩევა, მათ შორის, კავშირების იდენტიფიკაცია და მიღებული სურათის წარმოდგენა სიმბოლური ან/და რაიმე სხვა სახით.
  1. რთული (პრობლემური) ვითარებიდან გამოსავლის ძიებასთანდაკავშირებული ამოცანები

მოსწავლისაგან მოითხოვს სისტემის (მაგ: მოწყობილობის) კომპონენტების ამოცნობას და მათი მოქმედების ანალიზს, რათა მან შეძლოს ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირების დარღვევის მიზეზების დადგენა.

პრობლემის გადაჭრის ციკლი:

  • პრობლემის მოძებნა და განსაზღვრა;
  • პრობლემის ჩამოყალიბება და წარმოდგენა; 
  • პრობლემის შესახებ ინფორმაციისა და რესურსების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება;
  • შესაძლო ალტერნატივების ან გადაჭრის გზების მოძიება;
  • პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შერჩევა;
  • შერჩეული სტრატეგიის განხორციელება და პროგრესზე დაკვირვება;
  • შედეგების შემოწმება და შეფასება.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესში მოსწავლე გამოიმუშავებს კოგნიტურ სტრატეგიებს, რომლებიც მას ეხმარება უჩვეულო, მოულოდნელი და არარუტინული სიტუაციის ანალიზში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პრობლემის გადაჭრა ეფუძნებოდეს არასპეციფიკურ, ნაკლებად სტრუქტურირებულ სიტუაციას და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ერთი სწორი პასუხით.

ამგვარი პრობლემის მოგვარება უფრო მეტად დაეხმარება მოსწავლეს რეალური ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში – ცხოვრებისეული პრობლემები ხომ უფრო კომპლექსურია, არ არსებობს მათი გადაჭრის მხოლოდ ერთი სწორი გზა. სწორედ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარებაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მიზანი.

ჩვენს სკოლაში დირექცია ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებს ტრადიციულად სასწავლო ნივთების კრებულით ასაჩუქრებს. ხშირად სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მოსწავლეებიც დაუსაჩუქრებია. ამიტომ კომპლექსური დავალება, რომელიც მეექვსე კლასელებს წარვუდგინე, მათთვის ნაცნობი კონტექსტიდანაა და რეალური პრობლემის გადაჭრას გულისხმობს.

კომპლექსური დავალების პირობა: (ბარათის მოკლე აღწერა)

საჩუქრების შერჩევა მოსწავლეებისათვის

სკოლის დირექციამ სწავლის დასაწყისში გადაწყვიტა, თავის მოსწავლეებს გაუკეთოს საჩუქრები. რისთვისაც გამოყოფილი აქვს 4800 ლარი. სკოლაში 640 მოსწავლეა. სასწავლო ნივთების ასარჩევად სკოლის დირექციამ საკანცელარიო მაღაზიაში მოიძია ინფორმაცია ზოგიერთი სასწავლო ნივთის ღირებულების შესახებ.

დასახელება რაოდენობა ფასი (ლარი)
ბლოკნოტი 1 12
რვეული 1 0,9
ავტოკალამი 1 0,55
მარკერი 1 1,8
ფერადი ფანქრები 1 8.6
ფერადი ფურცლები 10 1,5
საქაღალდე 1 1,1
საშლელი 1 0,5
ხაზვის ფანქარი 1 0,45
სტიკერი 1 4,05
მშრალი წებო 1 1.3
სახაზავი 1 1,5
ტრანსპორტირი 1 1,2
ფარგალი 1 3,75

 

სკოლის დირექციამ გადაწყვიტა, თითოეული ბავშვისთვის შეიძინოს საქაღალდე და მასში  ჩაალაგოს არანაკლებ ხუთი ნივთისა, რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება ან ბლოკნოტი, ან ფერადი ფურცლები, ან რვეული.

დაეხმარეთ სკოლის დირექციას, შეიძინოს რაც შეიძლება მეტი ნივთი თითოეული მოსწავლისათვის ისე, რომ თანხა სრულად დახარჯოს და თან ყველა მოსწავლეს ერთნაირი საჩუქარი გაუკეთოს.

შენი დავალებაა:

1.       განსაზღვრე რა ღირებულების სასაჩუქრე ნაკრები შეხვდება თითოეულ მოსწავლეს.

2.       რა ნივთებს ჩაალაგებ საქაღალდეში?

3.       შეამოწმე აკმაყოფილებს თუ არა შენ მიერ შერჩეული ნივთები ამოცანის პირობის ყველა მოთხოვნას?

4.       შეგეძლო თუ არა სხვა ნივთების არჩევა?

5.       შენ რომ სკოლის დირექტორი იყო, რა სასკოლო ნივთების პაკეტს აჩუქებდი მოსწავლეებს. ამოცანაში მოცემული ცხრილიდან აირჩიე 8 ნივთი.

რა ღირებულების იქნებოდა საჩუქარი, სულ რა თანხას დახარჯავდა სკოლა?

6.       გაგიკეთებია თუ არა შენი მეგობრისათვის ან ოჯახის წევრისთვის საჩუქარი?

7.        როგორ არჩევ მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის საჩუქარს და რას ითვალისწინებ მისი შერჩევისას?

 

სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზე

კლასი მე-6

დრო 12-14 სთ.

საკითხები: მოქმედებები წილადებსა და ათწილადებზე

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • არითმეტიკული მოქმედებები ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას. გამოთვლების შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.
  • არსებობს რიცხვების შეკრება/გამოკლებისა და გამრავლება-გაყოფის რამდენიმე სტრატეგია. შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.
  • ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია.

 

საკვანძო შეკითხვა:

როგორ ამარტივებს რეალური პრობლემების გადაჭრას რიცხვების თვისებების ცოდნა და მათზე მოქმედებები?

სამიზნე ცნების დამუშავების დასასრულ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები პადლეტის დაფაზე განათავსეს და თანმიმდევრულად გააკეთეს პრეზენტაციები.

პადლეტის დაფას, განსაკუთრებით ონლაინსწავლების დროს, როგორც ინტერაქტიულ დაფას, ბევრი პედაგოგი იყენებს. მე პადლეტი მეხმარება მოსწავლეთა ნამუშევრები, მაგალითად, კომპლექსური დავალებები ერთ სივრცეში მქონდეს და მოსწავლეებს იქვე მივცე უკუკავშირი.

გაგიზიარებთ პადლეტის ლინკს, სადაც მოსწავლეებმა განათავსეს შესრულებული კომპლექსური დავალებები. აქ ნახავთ მოსწავლეების მიერ შესრულებულ სხვადასხვა დიზაინისა და დონის ნამუშევარს. https://padlet.com/murusidzetamari/cqo7xceby2gdv3m8

ამრიგად, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლეებს მოსწონთ დავალებები, რომლებშიც რეალური პრობლემები უნდა გადაიჭრას, რის შედეგადაც სწავლა მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. ჟურნალი მასწავლებელი „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა და მეტაკოგნიცია“ მანანა ბიჭორიშვილი – https://mastsavlebeli.ge/?p=2174;
  2. ჟურნალი მასწავლებელი. „პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა“ მანანა სეხნიაშვილი – https://mastsavlebeli.ge/?p=9345.
  3. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისათვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე – https://clck.ru/SkNrc.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...