სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

ტოპონიმიკა – სახელების პოეზია

0

ხშირად ვფიქრობთ, ისეთი თემატიკა შევარჩიოთ, ისე დავგეგმოთ გაკვეთილი, რომ ჩვენს მოსწავლეებს თავიანთი ქვეყანა შევაყვაროთ, თავიანთ ქვეყანაზე ცოტა მეტი ვუამბოთ.

ამისთვის ტოპონიმიკა – მშვენიერი რესურსია, ერთი მხრივ, ენათმეცნიერებაზე, სახელდებისა და სიტყვაწარმოების საკითხებზე, გრამატიკაზე (ვთქვათ, საკუთარი სახელების ბრუნებასა და მრავლობითი რიცხვის წარმოებაზე), ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, გეოგრაფიულ საკითხებზე სასაუბროდ და, რაც მთავარია, სახელების ჯადოსნურობის, პოეტურობის ამოსახსნელად.

დაჰკვირვებიხართ ადგილს, სადაც ცხოვრობთ, რატომ ჰქვია სწორედ ეს სახელი და არა სხვა? ჩვენი გაკვეთილის პირველი საკითხი სწორედ ეს იქნება, რა ჰქვია თქვენს ქალაქს თუ სოფელს, როგორია ამ ტოპონიმის ეტიმოლოგია? შეიცვალა თუ არა? შეგვიძლია თუ არა, დავაკვირდეთ ტოპონიმის წარმოებას, როგორ გაჩნდა ეს სახელი, სიტყვაწარმოების რა ნიუანსებია გამოყენებული და სხვა.

როგორ არქმევს ადამიანი სახელს ადგილს, რომელსაც მოიშინაურებს? რის მიხედვით? რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? როგორ ირჩევს ერთგვარ საზღვარს თუ სახურავს თავისი ყოფიერების სახლისთვის?

რასაკვირველია, თავდაპირველად ტერმინი „ტოპონიმი“ უნდა განვმარტოთ, რა არის ტოპონიმი და ტოპონიმიკა, რა ფუნქცია აქვს მას? გამოგვადგება ეს მშვენიერი დეფინიცია გურამ ბედოშვილის „ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონიდან“ – „ტოპონიმებში მისი შემქმნელი და მომხმარებელი ხალხის ძველი და საინტერესო თავგადასავალია მოთხრობილი”, გაკვეთილის მთავარი კონცეფციაც სწორედ ეს იქნება — ამოვხსნათ ჩვენი ისტორია და თავგადასავალი, რომელიც გეოგრაფიულ სახელებშია ჩამალული. რადგან, როგორც ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გეოგრაფიული სახელების ეტიმოლოგიების წამოყენებისა და პირველადი მნიშვნელობის გამორკვევის დროს მკვლევარმა უპირველესად ამა თუ იმ ადგილის მდებარეობისა და თვისების დამახასიათებელი გარემოებანი უნდა გაითვალისწინოს და ჩაუკვირდეს სხვა იქაურ მსგავსივე გეოგრაფიული სახელების აგებულებასა და მნიშვნელობას“.

დავიწყოთ ჩვენი ქალაქის ან სოფლის სახელწოდებით, ჯერ ავხსნათ სახელდების წესები, რას და როგორ ვარქმევთ, რომელი უძველესი ტოპონიმები ვიცით, შეგვიძლია ძველი ისტორიკოსების ტექსტები მოვიშველიოთ, მაგალითად, „არგონავტიკა“.

შეგვიძლია ხალხური ეტიმოლოგიის შესახებ მოვყვეთ და ბავშვებს გამოსაცნობად მივცეთ ესა თუ ის ტოპონიმი, ერთმანეთს შევადაროთ ეტიმოლოგიის ნამდვილი და ხალხური ვერსია.

საინტერესო იქნება სახელდების პროცესების იმიტაციაც, ამისათვის, რომელიმე უცნობ ქალაქს, სოფელს, მთას ან მდინარეს მოვუფიქრებთ სახელს მისი მდებარეობის, განლაგების ან სხვა მანიშნებლების მიხედვით.

მცირე ექსპერიმენტი უნდა მოვიშველიოთ – ადამიანი ნებისმიერ გეოგრაფიულ ობიექტს სახელს იმისთვის არქმევს, რომ სივრცეში მარტივად მოახერხოს ორიენტირება, შესაბამისად, ირჩევს მთავარ ნიშანს, რომლითაც ამ ერთ ობიექტს მეორისგან განარჩევს. ვცადოთ, სახელი დავარქვათ ჩვენს უბანს, ჩვენს სოფელს, ან სულაც ქუჩას, რომელზეც ვცხოვრობთ.

შეგვიძლია დავაკვირდეთ ლიტერატურულ ტოპონიმებს, როგორც რეალურ, ისტორიულ სახელებს, ასევე გამოგონილ, მხოლოდ ლიტერატურაში არსებულ დასახელებებს.

უფრო ღრმა ლინგვისტური კვლევებით „თამაშიც“ შეიძლება, მაგალითად, ტოპონიმების გარკვეულ ჯგუფზე დაკვირვებით, შეგვიძლია მოსწავლეებს დავავალოთ, ამოიცნონ ტოპონიმის ყველაზე გავრცელებული მაწარმოებელი, ან ტოპონიმების წარმოების დიალექტოლოგიური განპირობებულობა, ხომ არ არის ესა თუ ის წარმოება უფრო გავრცელებული რომელიმე კუთხისთვის, ხომ არ ამოიხსნება ეს იმ კუთხის დიალექტით და ა.შ.

შეგვიძლია ტოპონიმთა შინაარსობრივი კლასიფიკაციის „ბადე“ მოვამზადოთ, სადაც გამოიყოფა გეოგრაფიული სახელები, რომელთა საწარმოებლად გამოიყენება ფლორის, ფაუნის, რელიეფის, ისტორიის, მითოლოგიის, რელიგიის შინაარსის გამომხატველი სიტყვები, ცალკე გამოვყოფთ მემორიალურ ტოპონიმებს, აქ სიციო-ლინგვისტური საკითხებიც შემოგვეშველება, როგორ გადაერქვა სოფლებსა და ქალაქებს უძველესი სახელები წითელი ტერორის დროს, როგორ დაიკარგა შიდა ქართლის სოფლები 2008 წელს და მხოლოდ ტოპონიმებიღა შემოგვრჩა.

შეგვიძლია კონკურსიც გავმართოთ, მოსწავლეებს დავავალოთ, იპოვონ ყველაზე საინტერესო, ლამაზი ან პოეტური ტოპონიმი, იპოვონ სოფლების ისეთი სახელები, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში მეორდება, იმსჯელონ, რატომ ხდება ტოპონიმების გამეორება და სხვა.

შეგვიძლია ტოპონიმები შემოქმედებითი წერის თემადაც გამოვიყენოთ, აბა, გადახედეთ ქართულ ტოპონიმებს, როგორი სახელები გვაქვს : „სამღერეთი“, „ჭივჭავი“, „მზეთამზე“, „სამტრედო“, „საბურეთი“ და რამდენი ასეთი, როგორი კარგი იქნებოდა შემოქმედებითი წერის სავარჯიშოები მოგვეფიქრებინა, მოქმედების ადგილად გვექცია, აღგვეწერა. ვფიქრობ, მოსწავლეებსაც ძალიან მოეწონებოდათ.

 

არ შეიცავს ტყვიას!…

0
  • ძვლები საერთოდ აღარ მაქვს, – ჩამესმა ყურში ვიღაც კაცის ხმა.

ავტობუსით ჩემს საქმეზე მივდიოდი და ცოტა შემაღლებულ ადგილას ვიჯექი. ამიტომ, დიდად თავი არ შემიწუხებია იმის გასარკვევად, ვის აღარ ჰქონდა ძვლები. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ხელით შემეხნენ და ოდნავ მიბიძგეს, მიპასუხეო:

  • ქალბატონო, თქვენ გაქვთ ძვლები?

მივიხედე და საკმაოდ ასაკოვანი კაცი, რომელიც ჩემ გვერდით სკამზე მოკალათებულიყო, ჩემივე ძვლების ამბავს მეკითხებოდა.

  • დიახ, მე ჯერ მაქვს, – თითქოს ოდნავ მობოდიშებით უპასუხე, რადგან ნახეთ, როგორი საქმე იყო, იმას აღარ ჰქონდა და მე მაქვს…

საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობა სხვას ადარებს თავს. არადა, ეს შედარება ოდნავ სასაცილოდაც კი გამოიყურება.

მაგალითად, დედასთან სამსახურში ერთი ქალი მუშაობდა, სახელად თინიკო. იცით, როგორი ტიპაჟი იყო? აი, მუდამ ახალგაზრდა, რომ არის. არა, სულით და გულით მუდამ ახალგაზრდად დარჩენის მომხრე ვარ, მაგრამ ცოტა შენს ბიოლოგიურ ასაკსაც უნდა სცე პატივი და შესაბამისად გამოეწყო. თორემ, თუთიყუშივით მორთვაც შეიძლება, რითაც მტერს გააცინებ, მოყვარეს დაამწუხრებ. ჰოდა, თინიკო ჩემზე სადღაც 25 წლით მაინც უფროსი გახლდათ. არადა, სკოლიდან დედასთან სამსახურში მისულს, სულ მე მადარებდა თავს და გულწრფელად უკვირდა, რომ მე თვალთან ნაოჭი არ მქონდა, მას კი ემჩნეოდა და რატომ?

  • თინააა, იმედია ჯანმრთელად და კარგად ხარ და თუ შემთხვევით ამ წერილს წაიკითხავ, თვალთან ნაოჭი მეც მემჩნევა უკვე. მართალია, კარგად ვუვლი, მაგრამ ზოგჯერ დაღლილზე მაინც გამოიჭყიტავს ხოლმე, აქ ვარო.

ჰოდა, ავტობუსში ამ უცხო კაცსაც თინასავით დაემართა.

მაცალეთ ბატონო, მივიდე თქვენს დრომდე და იქნება ძვლები მეც გამიქრეს, ან სულაც პირიქით, ძვლები უხორცოდ დამრჩეს და მთლად „უშიშარი, ვითარცა უხორცო“ შევიქმნა.

ამ დიალოგმა ერთ ამბავზე დამაფიქრა. პლუმბიზმი გაგიგონიათ? ასე ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის მდგომარეობას ჰქვია და სხვა სამიზნესთან ერთად, ჩვენს ძვლოვან ქსოვილს ემუქრება.

ტყვია ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის ან სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდება. სისხლი მას მთელ ორგანიზმში ანაწილებს. ტყვიის მტვრის ჩასუნთქვა გაცილებით საზიანოა, ვიდრე საკვებთან ერთად მიღება. ქალაქში ეს საფრთხე გაცილებით მაღალია, თუნდაც მეთილირებული ბენზინის გამო.

ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ანაცვლებს. რბილ ქსოვილებში (კუნთები, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი) დაგროვებისას ის დაავადება პლუმბიზმს იწვევს. ისევე როგორც სხვა მძიმე მეტალების იონები, ტყვია ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს. თუ ტყვიის კონცენტრაციამ სისხლში ათჯერ მოიმატა, ფერმენტთა აქტიურობა ასჯერ შემცირდება. გარდა ამისა, განვითარდება ანემია, გართულდება თირკმელების მუშაობა, დაქვეითდება ინტელექტი.

ღრძილებზე რუხი ნადები მოწამვლის პირველი და უტყუარი ნიშანია. თუ ადამიანს განწყობა უმიზეზოდ ეცვლება და პირში ლითონის გემოც აქვს, საფუძვლიანი ეჭვია, რომ მოწამლულია.

ტყვიაზე და ორგანიზმში მისი მოხვედრის გზებზე ორჯერ დავწერე:

წვიმად მოსული ზევსი

საშიში სათამაშო

თუმცა, დღესაც იმავე თემას მინდა შევეხო. ოღონდ, ამჯერად ტყვიასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში სხვა მძიმე მეტალი კადმიუმიც შეიძლება მოხვდეს. საქმე თანამედროვე ჭურჭელს შეეხება. აი, იმ უამრავ და მრავალფეროვან ჭიქა-თეფშებს, ჩვენი თუ სხვა ქალაქების მაღაზიების თაროებზე რომ განუთავსებიათ და მომხმარებელსაც თვალები გაურბის, არ იცის, რომელი შეარჩიოს.

დიახ, სწორედ ლამაზად მოხატული ჭურჭლიდან ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მძიმე მეტალები -ტყვია და კადმიუმი გადავიდეს, რადგან მათი იონები კაშკაშა ფერის საღებავებში შედის. სხვათა შორის, ძალიან ხშირად თავად მწარმოებელი წერს თეფშსა თუ ფინჯანზე, რომ ის მხოლოდ დეკორატიული გამოყენებისთვისაა, ანუ სახლში, ოთახში სამშვენისის როლს შეასრულებს. სხვებს აწერიათ, რომ თეფშზე მხოლოდ ცივი კერძის დადება შეიძლება.

სხვათა შორის, ასეთი დეკორატიული თეფშები სახლში მეც მაქვს. ძველი ჩინური ნივთია და ჩემს დაბადებამდეა შეძენილი. ძალიან ლამაზია. მთლიანად ოქროსფერია და ზედ თეთრი დრაკონებია გრავირებული. უკან რაღაცები ჩინურად აწერია. წარმოდგენა არ მაქვს, რა დააწერეს, მაგრამ შეხედავ თუ არა, მიხვდები, რომ დეკორატიულია და დიდი-დიდი ზედ გარეცხილი გარგარი ან ალუბალი დადო და დიდხანს არ გააჩერო, მაშინვე მიირთვა.

აქვე ერთი ლირიკული გადახვევა მინდა გავაკეთო და ჩინელ ხალხს მივმართო.

  • ძვირფასო ხალხო, გავიგეთ, რომ თქვენი ენა ძალიან გიყვართ და ჭურჭელს ჩინურად აწერთ, მაგრამ ქიმიური ლაბორატორიის დანადგარებს რომ ამზადებთ, საერთაშორისო ექსპორტზე რომ გაგაქვთ, მერე ტენდერში გამარჯვებული, ჩემი ცოდვით სავსე რაღაც ფირმა, რომ თქვენგან ყიდულობს, ჩემთან მოაქვს და წარწერა-ინსტრუქციები სულ „უწკუ-პუწკუ“ იეროგლიფებით წერია, ეგ საქმე როგორ იქნება, ნეტა? ანუ, ჩინური უნდა ვისწავლო, თუ თარჯიმანს ვუხადოთ ფული ან მე, ან უნივერსიტეტმა. დააწერეთ ინგლისურადაც, თორემ მე აწი ჩინურის მსწავლელი ვერ ვარ, აქვე გაფრთხილებთ.

ჰოდა, ისევ ჩემს თეფშებს დავუბრუნდები. წლების წინ, დედასგან დაუკითხავად ერთ თეფშს ზურგის მხრიდან ოქროსფერი საღებავი ჩამოვაფხიკე, ლაბორატორიაში წავიღე და ტყვიის იონებზე შევამოწმე. თვისებითმა რეაქციამ დადებითი აჩვენა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თეფშს უკან იეროგლიფები რომ ახატია, უეჭველი გვეუბნება, შეხედე მხოლოდ და ზედ ცხელ-ცხელი ხაჭაპური არ დადოო.

კადმიუმზე სინჯი არ ჩამიტარებია, მაგრამ შეიძლება ეგეც დადებითი ამოსულიყო. კადმიუმიც მძიმე მეტალია, პერიოდულ სისტემაში მეორე ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფში მოძებნით, თუთიასა და ვერცხლისწყალს შორის. ხშირად თუთიის საბადოების კვალის ელემენტია და გარემოში ვრცელდება.მისი სიმკვრივე 8,64გ/სმ3-ია.

კადმიუმით ქრონიკული მოწამვლა დაავადება იტაი-იტაის იწვევს. ეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლოვანი ქსოვილიდან კადმიუმით კალციუმის გამოძევება ხდება. კადმიუმზე უფრო ვრცლად ამ წერილში ნახეთ

უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?...

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სხვადასხვა კაშკაშა საღებავით (განსაკუთრებით, ყვითელი, სტაფილოსფერი და ამ გამის) მიხატულ-მოხატული ჭურჭელი, მათ შორის, ძველი წლების ანტიკვარიატიც, შესაძლოა საღებავში ტყვიას და კადმიუმს შეიცავდეს. ამიტომ, უბრალოდ უნდა შევძლოთ ასეთ ჭურჭელთან სწორი მოქცევა. გამოვიყენოთ ხილის, კონფეტების, თხილეულის დასალაგებლად და სუფრის გასალამაზებლად, რადგან ასეთი ჭურჭლიდან მძიმე მეტალები შესაძლოა ორგანიზმში გადმოვიდნენ, თუ:

– მათზე ცხელ საჭმელს მივირთმევთ და ან სუფრაზე დავდებთ სტუმრებისთვის გადასაღებად. მაღალი ტემპერატურა მეტალთა იონების საკვებში მიგრაციის პროვოცირებას იწვევს.

– მიკროტალღოვან ღუმელში გავაცხელებთ.

– თუ ასეთი ჭურჭლიდან მჟავა pH საკვებს მივიღებთ ან სტუმრებისთვის გადასაღებად გამოვიყენებთ. მაგ. სოიოს სოუსი, დაჭრილი, კანგაცლილი ციტრუსები, პომიდრის სალათი ან საწებელი, კომბოსტოს მწნილი ან სხვა მწნილეულობა, სალათის საკმაზი, რომელიც ძმარს შეიცავს და ა.შ.

ერთი ექსპერიმენტის თანახმად, ამერიკაში 1970 წლამდე დამზადებულ კაშკაშა ემალით მოხატულ ჭურჭელში ათავსებდნენ 4% ძმარმჟავას და აჩერებდნენ 24 საათის განმავლობაში. ძმარში ტყვიის კონცენტრაცია 610მკგ/მლ-ს აღწევდა, კადმიუმის კი-15მკგ/მლ (https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/9151439/).

 

იმავე დღეს, სახლში დაბრუნებამდე ერთ სუპერმარკეტში საყიდლებზე შევიარე. ჩაის განყოფილებაში ჩაის კოლოფის და ჭიქის ტანდემს მივაქციე ყურადღება. საგანგებო წარწერაც ამშვენებდათ:

  • არ შეიცავს ტყვიას!

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა

0

„დღემდე ჯერ მხოლოდ სამასი ისეთი ქალი მოუმზადებია, რომელნიც მასწავლებლად
არიან აქა თუ იქ, ან საკუთარი სახელოსნოები აქვთ გურია-სამეგრელოს სხვადასხვა
სოფელში. მოწაფენი ჰყავს გურია-სამეგრელოდან და ქართლ-კახეთიდანაც კი…“ – ეს
გახლავთ ამონარიდი იოსებ იმედაშვილის საუკუნის წინანდელი წერილიდან, რომლითაც მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს ნოტიო ლოლუას სკოლასა და
მის მასწავლებლებს, რომლებიც მუყაითად და მხნეობით ემსახურებოდნენ ქალების
თვითმოქმედება-განვითარების საქმეს.

არც ამ ნომერში ვღალატობთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ დღეისთვის არსებული
ყველაზე აქტუალური და ყველაზე პროგრესული იდეებისა და საჭიროებების პასუხად
მაგალითები ჩვენივე წარსულიდან მოვიყვანოთ. დღეს ბევრს ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ცოდნის ეკონომიკის, რეალურ ცხოვრებისეულ საჭიროებებზე

ორიენტირებული სკოლის შესახებ. ნოტიო ლოლუას სკოლა კი, გასული საუკუნის დასაწყისში, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურებოდა და რეალური ცვლილებებიც შეჰქონდა საზოგადოების განვითარებაში.ცვლილებები ვახსენეთ და – ამ ნომერში, ასევე, გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც დაგვეხმარება სასკოლო კულტურის განვითარებაში.

არაფორმალური განათლება ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ის საერთაშორისო პოლიტიკური ჩარჩოები, რომელთა გათვალისწინებაც ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ქვეყანას, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლად სჭირდება.

ასევე, გაგაცნობთ კვლევას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს სკოლის გარეთ
არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებზე.

ამ ნომერში კათედრების საქმიანობასთნ დაკავშირებული ძალიან წარმატებული
პროექტის შეჯამებასა და პროექტის მონაწილე სკოლების პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაეცნობით. სკოლის ავტონომიისა და გარე კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული სტატია დაგეხმარებათ, გადაავლოთ თვალი ამ მიმართულებით დაწესებულ
საკანონმდებლო რეკომენდაციებს.

და ბოლოს – დემოკრატია ჩვენი არჩევანია, რომლის შენებაშიც სკოლას უდიდესი
წვლილი მიუძღვის, სადაც ყველას თავისი როლი აქვს – მასწავლებელს, დირექტორს,
მშობელს. იმედი გვაქვს, მულტილინგვური ვებგვერდი www.living-democracy.com
და სპეციალურად ქართულენოვანი მკითხველისთვის მოცემული მასალა ღირებულ
დახმარებას გაგვიწევს ჩვენი სკოლის დემოკრატიულად მართვაში, შესაბამისად, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში.

რედაქტორი : ნათია ნაცვლიშვილი

ნომრის ავტორები:

ლელა მახოხაშვილი, იოსებ იმედაშვილი, ბერიკა შუკაკიძე, სიმონ ჯანაშია, ჰელმუტ ფენესი, გია მურღულია, მორის დანდურიშვილი, ლალი ხაჩიძე, დენის წურწუმია, ნათია ნაცვლიშვილი,

ჟურნალის წაკითხვა  და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან: 

სკოლის მართვა #2

მუსიკოსები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

0

მუსიკა ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოსაზრებას ორი ანტიდემოკრატიული სისტემის გამოცდილება და ისტორია ადასტურებს. საბჭოთა კავშირშიც და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ოპოზიციის ყველაზე ძლევამოსილი მოღვაწეები პარტიული და პროფკავშირული ლიდერები, სოციალური მოძრაობების მეთაურები არ ყოფილან. დისიდენტურ წრეებში პოლიტიკოსებზე მეტი გავლენა მუსიკოსებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ჰქონდათ. განვიხილოთ ორი მკაფიო და თვალსაჩინო მაგალითი.

1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში „უძრაობის ხანამ“ დაისადგურა. მოსახლეობას შიმშილის, უსახლკარობის, უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად აწუხებდა, ელემენტარული სოციალური კეთილდღეობა თითქმის ყველასთვის გახლდათ უზრუნველყოფილი. პარტიასაც ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები საზოგადოების ყველა ფენაში, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტიდან დაწყებული არმიით დასრულებული – ყველა დაწესებულებაში გადამწყვეტი სიტყვა პარტიულ მუშაკებს ეთქმოდათ. რეპრესიული ეპოქისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში აქა-იქ თუ შენიშნავდით წინააღმდეგობის მბჟუტავ, უსუსტეს კერებს, რეჟიმის ყველა მტერი განეიტრალებული გახლდათ. უშიშროების სამსახურებს ყოვლისმომცველი ძალაუფლება ჰქონდათ მოხვეჭილი, ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდნენ. ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოეთი ოდესმე მსოფლიოს რუკიდან გაქრებოდა.

რა ბერკეტები ჰქონდა ხელთ მაშინდელ ახალგაზრდებს სისტემისგან თავისუფალი ცხოვრების მოსაწყობად?

ღია წინააღმდეგობა პატიმრობისა და გადასახლების წინაპირობა გახლდათ. ყველას არ შეეძლო სახაროვისა და მერაბ კოსტავას მსგავსი ტვირთით ცხოვრება, ამიტომ რეჟიმისგან თავის დასახსნელად უფრო მარტივ გზებს ეძებდნენ. ბევრმა მიიჩნია, რომ კომუნისტურ პარტიასთან შუბლით დატაკება უაზრობა იქნებოდა. მათ გადაწყვიტეს ეცხოვრათ ისე, თითქოს რეჟიმი არც არსებობდა. მაშასადამე, საბჭოეთის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა სისტემის იგნორირების, მისგან განრიდების, მისი თვალსაწიერიდან გაქრობის მიმართულება აირჩია. მაშინდელმა ხელოვანებმა თავისუფლების ამგვარ კუნძულად საბჭოთა როკი აქციეს. როკ-ჯგუფები პროვინციულ თეატრებში იკრიბებოდნენ, მათი კონცერტები მიყრუებულ ტყე-პარკებში, სარდაფებსა თუ ბინებში იმართებოდა. არაოფიციალურ კონცერტებს ცენზურის გავლა არ უწევდათ. საბჭოთა მაკონტროლებელ უწყებებს უჭირდათ რენტგენის სურათებისგან დამზადებული ფირფიტების შინაარსის რედაქტირებაც. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა, ბრეჟნევის მმართველობის მიწურულს რუსულ როკში მუსიკალურ კომპოზიციაზე მნიშვნელოვანი სიმღერის ტექსტი გახდა. როკერები აღარ მღეროდნენ მხოლოდ პირად პრობლემებსა და განსაცდელზე, მათ აქცენტები ირიბად დასვეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოწვევებზე. ცხადია, როკმა მალევე დაიპყრო მოსაწყენი ყოველდღიურობისგან დატანჯული ახალგაზრდების გულები. სარდაფებიდან და სოფლის ბოლოს აღმართული ფიცარნაგებიდან საბჭოეთისათვის უჩვეულო მუსიკამ თითქმის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში გადაინაცვლა.

რუსული როკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა ჯგუფი DDT გახლდათ. მუსიკის მოყვარულები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რატომ შეარჩიეს კოლექტივის წევრებმა თავიანთ სახელწოდებად აღნიშნული აბრევიატურა. ლეგენდარული იური შევჩუკი პირდაპირ ამბობს, რომ მათი შთაგონების წყარო მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარის დასახელება გახლდათ – „ჩვენ გვინდოდა ჩვენი შემოქმედებით ტარაკნები გაგვენადგურებინა ადამიანთა თავებში“. DDT-ს ადრეული ალბომებში შესული კომპოზიციების მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იური შევჩუკი და მისი მეგობრები გაბატონებულ შეხედულებებს. მათ შეეძლოთ, რომ ავღანეთის ომის მიმდინარეობისას მრავალრიცხოვან აუდიტორიაში ხმამაღლა ემღერათ ანტისაომარი, პაციფისტური ნაწარმოები „Не стреляй“ („არ ისროლო“). როკერთა შემოქმედების პირველ ნიმუშებს შორის გადააწყდებით სიმღერებს, რომელთა მიზანიც საბჭოთა ელიტის წევრებისა და მათი შვილების ყოფითი კულტურის კრიტიკაა („Мальчики-мажоры“). რუსეთის დემოკრატიულ წრეებში დღემდე ჰიტად რჩება სიმღერა წვიმის შესახებ. ტექსტის დასასრულს ავტორი თავისი ნატვრის თაობაზე მოგვითხრობს, შევჩუკი ნაწარმოებში მხიარული ადამიანებით სავსე ქუჩებზე, ქუჩებში სიმღერით გამოსულ მოქალაქეებზე, შიშისგან გათავისუფლებულ ხალხსა და გაზაფხულის მანიშნებელ ქუხილზე მღერის … ცხადია, პოლიტიკური უფლებებისგან გაძარცვული ახალგაზრდების ნაწილი კომპოზიციას სასურველი მომავლის ფერმკრთალ, მაგრამ იმედიან კონტურად აღიქვამდა.

იური შევჩუკმა და მისმა ჯგუფმა „პერესტროიკის“ ეპოქამდე აამოძრავეს საზოგადოება, ხაზი გაუსვეს ხალხში არსებულ საპროტესტო განწყობილებებს და ხელი შეუწყვეს მასობრივ მობილიზაციას, რომელიც გორბაჩოვის პერიოდში დემოკრატიზაციის მთავარ საფუძვლად იქცა.

DDT-ს სოლისტი მხოლოდ საბჭოთა ავტორიტარიზმს არ ებრძოდა, ის დღემდე რჩება პუტინის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის სხვადასხვა მხარეში აქტიურად უმართავს ხელს სამართლიანო მოთხოვნებით ქუჩაში გამოსულ ხალხს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ შევჩუკის წინააღმდეგ უკვე გამოწერეს ოქმი, სადაც მას „რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვითარება ოდნავ განსხვავებული იყო. აღმოსავლეთ გერმანულ ავტორიტარიზმთან მებრძოლ მთავარ მუსიკოსად და დისიდენტად ვოლფ ბირმანს მოიხსენიებენ. ბირმანი ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ბიოგრაფიის კაცი გახლავთ.

ბირმანი ებრაელი კომუნისტის ოჯახში დაიბადა, მამა და მისი ნათესავების ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიხოცნენ. ოჯახის კომუნისტური ტრადიციებიდან და ტრავმებიდან გამომდინარე, დასავლეთ გერმანიაში აღმოჩენილმა ახალგაზრდა ბირმანმა მშობლიური ჰამბურგის დატოვება გადაწყვიტა და საბჭოეთის ბანაკში აღმოჩენილ რესპუბლიკაში გადასახლდა. ახალგაზრდულ ასაკში მას გულმხურვალედ სწამდა, რომ სოციალისტების მიერ მართული გერმანია შეძლებდა ნაცისტურ ეპოქაში ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვას და გერმანელთათვის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას. თუმცა, მისი ყველა ილუზია ბერლინის კედლის მშენებლობამ დაამსხვრია.

ბერლინის კედლის აშენების შემდეგ დაიწყო ვოლფ ბირმანის ოპოზიციონერ ხელოვანად გარდაქმნა. 1961 წელს მან აღმოსავლეთ ბერლინში მშრომელთა თეატრი დააარსა, დედაქალაქის ორად გახლეჩის შემდეგ კი გადაწყვიტა საკითხის შესახებ სპექტაკლი დაედგა მუშათა კლასისთვის განკუთვნილ სცენაზე. ცხადია, „სოციალისტური ერთიანობის პარტიის“ მესვეურებმა სპექტაკლი ჩაშალეს და ბირმანს არ მისცეს საშუალება საკუთარი სევდიანი განწყობილების გამოსახატად. სევდაც კი პროტესტად და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვეს. კომუნისტმა ბიუროკრატებმა მტრულ აქტად ჩათვალეს გერმანელი ბარდის მიერ გამოქვეყნებული ბალადა, რომელიც ჰაინრიხ ჰაინეს ცნობილ პოემას „გერმანია – ზამთრის ზღაპარი“ ეხმაურებოდა. ჰაინეც და ბირმანიც თავიანთ სამშობლოს ჩაკეტილობის, განახლების ენერგიის არქონისათვის, რევოლუციის სტაგნაციის გამო აკრიტიკებდნენ. სპექტაკლის აკრძალვის შემდეგ, ხელოვანს უკვე ბალადის გამოქვეყნების უფლებაც შეეზღუდა. საბოლოოდ, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ანტისახალხო საქმიანობისთვის საერთოდ წაართვა ჰამბურგელ პოეტს საჯაროდ გამოსვლის უფლება. თერთმეტი წელი ბირმანი კონცერტებს სახლში, თავის ბინაში ატარებდა. მისი სასტუმრო ოთახი იქცა აღმოსავლეთ გერმანიის დისიდენტთა თავშეყრის მთავარ ადგილას, ანტისისტემური ლექსები და სიმღერები ერთი პატარა მისაღების საზღვრებს არ სცილდებოდა. მიუხედავად მოკრძალებული აუდიტორიის, „შტაზის“ წარმომადგენლები ამჩნევდნენ, რომ ბირმანის ტექსტები მაინც პოპულარობით სარგებლობდნენ. ნელა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ოპოზიციური შემოქმედება ხალხის ყურამდე აღწევდა. იური შევჩუკისგან განსხვავებით, ებრაელი კომუნისტების შთამომავალი ქვეყნიდან გააძევეს. გდრ-ის მთავრობამ გაძევების განსაკუთრებული მეთოდი გამოიყენა… ბირმანი კიოლნში, დასავლეთში გასტროლებზე გაუშვეს, შემდეგ კი შინ დაბრუნების ნებართვა არ მისცეს, თან სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედების გამო მოქალაქეობაც ჩამოართვეს და ამგვარად შეძლეს მისი თამაშგარე დატოვება. ცინიკურმა ძალმომრეობამ მუსიკოსი ვერ გატეხა, ულვაშებიანი გიტარისტი კონცერტს კონცერტზე მართავდა ევროპის თავისუფალ ნაწილში და სამყაროს გდრ-ის რეჟიმის ნაკლოვანებებსა თუ არაადამიანურ ხასიათზე მოუთხრობდა. გაძევებული ბირმანი უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ბინაში გამოკეტილი დისიდენტი. შევჩუკის მსგავსად, ბირმანიც ბევრი აღმოსავლეთ გერმანელისთვის იქცა პატარა შუქურად, რომელიც მათ პოლიტიკურად თავისუფალი სამყაროს არსებობაზე მიანიშნებდა.

ცხადია, ბარდს არც გაერთიანების შემდეგ შეუწყვეტია აქტიურობა, ის დღემდე სისხლსავსე საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, მის ბიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად „შტაზის“ შენობაში ხელოვანის სამკვირიან შიმშილობას მიიჩნევენ. დემოკრატიზაციის შემდეგ ფედერალურ მთავრობას განზრახული ჰქონდა, რომ უშიშროების არქივები ჩაეკეტა და საზოგადოება „პანდორას ყუთის“ ეფექტისაგან დაეცვა. ბირმანმა იბრძოლა და მისი შიმშილობის შემდეგ ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთი დოსიეების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

მეოცე საუკუნის ავტორიტარიზმის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხანდახან დემოკრატიისთვის ბრძოლის საუკეთესო იარაღი, არც მეტი და არც ნაკლები, გიტარა გახლავთ.

აქ, ჩვენთან . ზაზა ხალვაშის სამყარო

0

„ფილმის გადაღება მინდოდა სიჩუმეზე…“

ფიქრი რამდენჯერაც შევარხიე, მხოლოდ ხატებად ამოიზიდა: ნისლის კორომში წვერამოჩენილი სიმშვიდე, ტბის პირას ჩახრილი მშვენიერება, წვიმის ნედლ თქორში გამხელილი საიდუმლო სადღაც იქვე, შორიახლოს, ზღვის არსებობაზე… ეს ხატები ქმნიან იგავებს, ერთგვარ მითოსურ სამყაროს, რომელშიც თავდაპირველი განცდით მეტყველებს ყოველი არსი.

ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა – იგავი მარტოობის მშვენიერებაზე, ანაც პირიქით.

წარმოუდგენელია, შეუძლებელიც, ამ სამყაროს გააზრება მისი განცდის გარეშე დაიწყო. განცდაში მხოლოდ ემოციას როდი ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ხალვაშის სამყარო ამ მხრივაც განსაკუთრებულია – ემოციური ინტელექტით გამსჭვალული. განცდაში ვგულისხმობ, უპირველესად, ღვთაებრივ რეფლექსიას, მეტაფიზიკურ დინამიკას, რომელშიც მის კინოსთან თუ სიტყვასთან შეხებისასვე ვარდები, როგორც კენჭი მორევში. ყოველი ახალი წრე, შენს თავს თუ შენში დატრიალებული, ახალი სივრცეების აღმოჩენაა, იდეათა და სახე-ხატთა ახალი ფერხულია, შენ კი ბრუნავ ამ ფერხულში ყუჩი დერვიშივით და ივსები აზრით, რომ ამ ცეკვას არასოდეს დაივიწყებ!..

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „ინტელექტმა“, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ საინტერესო კვირეულს უმასპინძლა. „კინო და ლიტერატურა“ – ასე ერქვა ამ კვირეულს და მის ფარგლებში იმ კინოსურათებისა და ლიტერატურული ტექსტების კოლაბორაციაზე, თანხვედრაზე, ასოციაციურობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლებში, საქართველოში შეიქმნა.

ამ კვირეულზე აჩვენეს ზაზა ხალვაშის ფილმი „სოლომონი“ და წარადგინეს მისი ორი ახალი კრებული – ჩანაწერების წიგნი „მუჭში დამალული კენჭები“ და სცენარები – „იქ ჩემთან“. ორივე მათგანი მოულოდნელი და მნიშვნელოვანი სიხარული აღმოჩნდა ზაზა ხალვაშის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის. მოულოდნელი იმიტომ, რომ მას, ძირითადად, როგორც კინორეჟისორს, ისე იცნობდნენ; მნიშვნელოვანი კი თავად ამ კრებულების მხატვრული ხარისხის გამო – ეს წიგნები მართლაც დიდი საჩუქარია კინოსა და ლიტერატურის გურმანებისათვის.

„იქ, ჩემთან“ 1988-2014 წლებში დაწერილ ოთხ სცენარს უყრის თავს. ორი მათგანი („მიზერერე“, „კოლხური მისტერია“) მწერალ ლაშა იმედაშვილის თანაავტორობითაა შექმნილი. ეს სცენარები ზაზა ხალვაშმა ფილმადაც აქცია, თუმცა ისინი ისედაც სრულყოფილი ლიტერატურული ტექსტებია, ერთგვარი კინო-ნოველები, სავსე მხატვრული ესთეტიკითა და თხრობის პოეტური ექსპრესიით. თითოეული მათგანი თავისუფლად შეიძლებოდა რომანადაც ქცეულიყო, იმხელა შინაგან მასშტაბს ფლობს. ეს ფაქტი კი, როგორც აღმოჩნდა, ზაზას უახლოესი მეგობრებისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო. „უცნაურია, დიდი ხანია იცნობ ადამიანს. მეგობრობ. მეგობრობ მის ოჯახთან. თითქოს ბევრი რამ იცი მის (მათ) შესახებ. საერთო ინტერესები, პოზიცია, შეხედულებები გაკავშირებს. თანადგომითა და გულშემატკივრობით გატარებული დრო და ის უხილავი თუ უთქმელი კავშირები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ რომლებზეც არ ლაპარაკობ. და ერთ დღესაც შეიტყობ, რომ თურმე ყველაფერი არ გცოდნია. მაინც არსებობს რაღაც, დიდი და მნიშვნელოვანი, რაც თავიდან აღმოგაჩენინებს ადამიანს და ახლებურად დაგანახებს მასაც და მის სამყაროს. ასეთი იყო ჩემთვის ზაზა ხალვაშის, როგორც, არ მომერიდება ვთქვა, მწერლის აღმოჩენა“, – წერს კინოსა და თეატრის კრიტიკოსი ლელა ოჩიაური, კრებულის შესავალში.

ზაზა ხალვაშის სამყარო ავთენტურია, უნიკალურია – მას მშობლიური ტოპოსიც განაპირობებს – აჭარა. მისი ლიტერატურული ოჯახი (მამა – ცნობილი პოეტი, ფრიდონ ხალვაში) არამხოლოდ აჭარის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურული სივრცის ნაწილია. ფრიდონ ხალვაშის პოეზიით დაწყებული დიდი ქართული იდეა კი მისი ვაჟის შემოქმედებაში გაგრძელდა. „ქართულმა იდეამაც“ არავინ შეაშინოს, ვიწრო ნაციონალურ კონტექსტად არ გაიაზროს. ეს ის იდეაა, ვაჟა-ფშაველას „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ რაზეც საუბრობს. ეროვნული საზრისიდან ამოზრდილი ზოგადკაცობრიული სიყვარული, მშობლიური ენის (თავდაპირველი სამშობლოს) წიაღში შეცნობილი გარე სამყაროს მადლი. ეს სიყვარულიც და მადლიც ზაზა ხალვაშის შემოქმედებაში საოცრად სახიერია. მშობლიური სივრცე (ენა, ტოპოსი) მისი მხატვრული მღელვარებისა და რეფლექსიის წყაროა, არც არასდროს დაუმალავს და მით უფრო, არ უთაკილია ეს სინამდვილე, პირიქით, უდიდესი პასუხისმგებლობით, სამოქალაქო შეგ(რძ)ნებით და პირუთვნელი სიმართლით ეკიდება იმას, რაც ჭეშმარიტად ძვირფასია მისთვის.

ზაზა ხალვაშს ადამიანი აინტერესებს – ბუნებაში, ქალაქში, სოფელში, მარტომყოფიც და ხალხში ჩავარდნილიც, განწირულიც და გამარჯვებულიც. ადამიანი აინტერესებს კანონების, რელიგიების, სისტემების მიღმა – მისი შესაძლებლობების არეალი, მისი დაცემის და აღდგომის ხარისხი. მის კინოსცენარებში – მხატვრულ რემარკებში და ძუნწ დიალოგებში – სწორედ ადამიანი იბრძვის, ეპოქის/დროის ქიმერების წინაშე („მიზერერე“, „სოლომონი“), იბრძვის სტიქიის წინაშე, ბუნებასთან მარტო დარჩენილი, ისევე, როგორც მრავალრიცხოვან ოჯახში – მაინც მარტო, მაინც განაპირებული („იქ, ჩემთან), იბრძვის მითოსურ სამყაროში, არქეტიპულ ვნებებში, სიყვარულის ძალაუფლების სახელით („კოლხური მისტერია“)… ეს ბრძოლაც ისევე ძველია, როგორც ადამიანი, ზაზა ხალვაში ყოველთვის ხაზს უსვამს ამ სიძველეს, და სწორედ ეს დელიკატური ხაზგასმა წარმოაჩენს ქმნადობის ამ პროცესს სრულიად არაკონვენციურად.

ხოლო შემოქმედებითი სიმწიფის ამ ხარისხამდე მისაღწევ გზას თქვენ მის ჩანაწერების კრებულში აღმოაჩენთ. „მუჭში დამალული კენჭები“ ზაზა ხალვაშის ოთხწლიანი (2000-2004) შემოქმედებითი ძიების თავგადასავალია, ისეთივე სინაღდით და გულწრფელობით დაწერილი, როგორიც მთელი მისი მხატვრული სამყარო. ის დღიურებს აწარმოებდა – ზოგჯერ ყოველდღე ინიშნავდა რაღაცას, ზოგჯერ რამდენიმედღიანი ინტერვალით. დღიურის ფორმაც, როგორც მასშივე ირკვევა, საკუთარ თავში ახალი ენერგიის მოსაკრებად მოიშველია. ამ გადასახედიდან, ეს კრებული ხიდივით მოჩანს – ერთი დროითი ნაპირიდან მეორემდე გადებული, რომელიც შემოქმედის მაძიებლურ ხეტიალს ერთგვარ „აღთქმულ მიწასთან“ აკავშირებს.

„სადაც ვჩერდები, კი არ ვრჩები, უბრალოდ ვჩერდები – ხვალ ისევ გზაში“… – წერს ზაზა ხალვაში. ჩანაწერების კრებულში ეს დინამიკა, ასე ვთქვათ – ეგზისტენციალური მოუსვენრობა, მკაფიოდ იგრძნობა. საერთოდაც, ეს კრებული ძალიან სასარგებლო იქნება ლიტერატურასა და კინოში ბედის მაძიებელი ადამიანებისთვის. მასში ხომ იმ სამზადისის გამოცდილებაა, რომელიც შემოქმედს თავისი მხატვრული ამოცანების განსახორციელებლად სჭირდება. ეს ჩანაწერები დაუნდობელი თვითკრიტიკითაც გამოირჩევა. ზაზა ხალვაში, უპირველესად, საკუთარი თავის მიმართაა მკაცრი და მომთხოვნი, მით უფრო, რომ მისთვის შეცდომა მხოლოდ მეტაფიზიკური კატეგორია არაა, მას ბევრად უფრო ღრმა სულიერ პლანში, ცოდვა-მადლის საზრისებში განიცდის და ებრძვის.

ბევრი კითხვა აქვს, რომლებზეც გზადაგზა პასუხობს, ზოგჯერ არც ეს პასუხები აკმაყოფილებს, ბევრად მეტ ინტელექტუალურ ვნებას მათ უპასუხობაში (უფრო სწორად, მუდმივ მსჯელობაში, ფიქრში) განიცდის. რა არის ხელოვნება? ამ კითხვაზე მისი რამდენიმე განმარტება ამოვწერე:

„ხელოვნება სიცოცხლის სიბრძნეა“;

„სხვად გადაქცევის სურვილისგან იბადება ხელოვნება“.

ბევრს მსჯელობს კინოსა და ლიტერატურაზე. „კინოენა და ლიტერატურის ენა – ორი სხვადასხვა ბუნება – პრინციპებიც კი განსხვავებული აქვთ, მიზანზე რომ არაფერი ვთქვათ“. ეძებს საკუთარი კინოს კეთების გზებს, ამ კინოს ყველგან ხედავს – აწმყოშიც და მომავალშიც, ამიტომ დაუღალავად მიდის მისკენ. „ზღაპარივით უნდა მოყვე ფილმი…“ – ამბობს ერთგან და მისი კინოსურათები გახსენდება, მართლა ზღაპარივით მოყოლილი, გამჭვირვალე და თან საოცრად ღრმა, დიდებულიც და უბრალოც…

ამ ჩანაწერებში მისი ოჯახის პორტრეტიც იკვეთება, როგორც ძვირფასი გრავიურა: მისი მშობლები, მეუღლე და სამი მშვენიერი ქალიშვილი. განსაკუთრებული პატივისცემა გმსჭვალავს, როცა მათ დამოკიდებულებებზე კითხულობ; თავადაც განუზომელი სიფრთხილით წერს, დიდი სინაზით და სიფაქიზით, თითქოს ამ სამყაროში – მისი ოჯახის სივრცეში, ფეხაკრეფით დადიოდეს, უნებლიედ ვინმეს მყუდროება რომ არ დაარღვიოს, რომელიმეს უხილავი საზღვარი არ გადალახოს… ამგვარი დამოკიდებულებაც ზაზა ხალვაშის კულტურული აქტია, ტრადიციისა და მარადიული ღირებულებების მიმართ. ოჯახი მისი ფიზიკური სუბსტანციის ძირია, საიდანაც მისი მეტაფიზიკური საზრისები იტოტება, მის საბოლოო და უმშვენიერეს მარტოობაში ვარჯებგაშლილი.

მასწავლებლებზეც წერს: „რეზოსგან (რეზო ჩხეიძე) კინო არ მისწავლია, ვისწავლე მიზნისკენ მოთმინებით სვლა… კინო თენგიზ აბულაძისგან ვისწავლე – როგორ უნდა იყოს შემოქმედი შეპყრობილი და მთელი არსებით გამსჭვალული შთაგონებითა და შექმნის სურვილით“.

უზადო მოსწავლე აღმოჩნდა – მოთმინებით და შთაგონებით იარა მიზნისკენ, უკიდურესი თვითჩაღრმავების მისტერიით მიაგნო თავისი კინოს ფესვებს, მერე ამ ფესვებიდან ამოზარდა სამყარო, რომელიც ასე გვხიბლავს, ასეთი თავისთავადი და განუმეორებელია.

დროის გადახვევა რომ შეიძლებოდეს, სულ რამდენიმე წლით უკან დაბრუნება, ამ შესაძლებლობის სულ ერთი შანსი რომ გვქონდეს, ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოვიყენებდი იმისთვის, ზაზა ხალვაშს აჭარაში, თავის მშობლიურ გეგელიძეებში რომ ვსტუმრებოდი, აღტაცებული მადლობის სათქმელად. იქნებ ვერაფერიც ვერ მეთქვა, უბრალოდ, მასთან ერთად გამეხედა ნისლით შესუდრული მთებისთვის, მისი სიჩუმის მისტერიას დავსწრებოდი უნებლიედ, მუდამ მოღიმარი, სულისმიერი მზერით რომ აღასრულებდა ალბათ თავის ჰორიზონტებთან…

ეს მადლიერება ხომ მაინც დარჩება ჩემთან. და რაც მთავარია – ზაზა ხალვაშის დიდი, მშვენიერი სამყარო, ღვთაებრივი მარტოობის იგავი.

 

 

 

 

კომპლექსური დავალება – ბავშვთა განათლების უფლება

0

 მინდა, გაგიზიაროთ სსიპ ალექსანდრების მასწავლებლის, ირმა ჯალაღონიას საავტორო კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

კლასი – III

ძირითადი რესურსი/ტექსტი -„მზიანი დღე“ – ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ მიხედვით.

თემა – განათლების უფლება

სამიზნე ცნება – სიტყვიდან ტექსტამდე (შედეგები: (I) 4,5,6)

ქვეცნება – დასაბუთება

საკითხი – წერილობითი დასაბუთება პირადი თვალსაზრისისა ბავშვის განათლების უფლებასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით

ქვესაკითხები – დასაბუთების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (პოზიცია, არგუმენტი, მაგალითი). ლოგიკური     კავშირების,  შეფასება-დამოკიდებულების გამოხატვა          (მაგ., აზრის დასაბუთებისას, შეფასებისას). წინადადება, აბზაცი, ტექსტი.

საკვანძო შეკითხვა – როგორ დავასაბუთო წერილობით ჩემი მოსაზრება?

რამდენად     ამყარებს        ჩემს    მოსაზრებას  მოყვანილი   არგუმენტები           და მაგალითები?

როგორ           შევარჩიო       სიტყვები       და       წინადადებები         სათქმელის გამოსახატავად? როგორ გავიმდიდრო სიტყვების მარაგი?

კომპლექსური დავალების პირობა

 დაფიქრდი და წერილობით დაასაბუთე შენი მოსაზრება შემდეგ საკითხზე:

ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია განათლების მიღება.

ნამუშევარში:

  • გადმოეცი, ეთანხმები თუ არა განათლების საჭიროებას ყველა ბავშვისთვის.
  • ახსენი, რატომ ფიქრობ ასე და მოიყვანე მოსაზრების დამადასტურებელი მაგალითები (გაიხსენე შესწავლილი მოთხრობა ან პირადი გამოცდილება, ან ბრძნული გამონათქვამი).
  • გადმოეცი სათქმელი თანმიმდევრულად, გამოიყენე პირადი დამოკიდებულების

აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები (მაგ., ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, ვეთანხმები… იმიტომ, იმის გამო, რომ, რადგან…).

  • გამოიყენე აბზაცები და სასვენი ნიშნები.

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე: (შეფასების კრიტერიუმები)

  • როგორია შენი თვალსაზრისი; ახსენი, რატომ ფიქრობ ასე და მოიყვანე შენი პოზიციის დამადასტურებელი მაგალითები (ს. 3);
  • რამდენად შეესაბამება/განამტკიცებს შენი მოყვანილი მაგალითები მოსაზრებას (ს. 2, 3);
  • მიზეზშედეგობრიობისა და პირადი დამოკიდებულების გამომხატველ რომელ სიტყვებს, ფრაზებს გამოიყენებ დასაბუთებისას (ს.1)

შენიშვნა: თითოეულ კრიტერიუმთან, ფრჩხილებში, შემოკლებითაა მითითებული სამიზნე ცნება ,,სიტყვიდან ტექსტამდე“.

ეტაპი I. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა და გაცნობიერება.

  • გაიხსენეთ, რის დასაბუთება გიწევთ თანატოლთან, მშობელთან; როგორ ასაბუთებთ თქვენს მოსაზრებას?
  • გაიხსენეთ, რომელი მოსაზრება დავასაბუთეთ ბოლოს? რას მივაქციეთ დასაბუთების დროს ყურადღება?
  • გაიხსენეთ, როგორია კარგი დასაბუთების მაგალითი – რა ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს? (თვალსაზრისი, არგუმენტი, მაგალითი);
  • რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
  • როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას დავალების შესრულებისას?
  • რისი შესწავლა დაგვჭირდება?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

ნაბიჯი 1. რატომ ფიქრობ, რომ შენი ტექსტი დასაბუთებას წარმოადგენს? რამდენად ამყარებს შენი არგუმენტები და მაგალითები მოსაზრებას? (ს.1,2);

 

აქტივობა: მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი თემა: ,,ტყის დაცვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია’’ და გამოხატეს პოზიცია ტყის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.


ნაბიჯი 2. რომელ ენობრივ საშუალებებს, მიზეზშედეგობრიობისა და პირადი დამოკიდებულების გამომხატველ რომელ სიტყვებს, ფრაზებს გამოიყენებ დასაბუთებისას? (ს.1)

აქტივობა: მოსწავლეებმა გაიხსენეს დასაბუთების ენობრივი მახასიათებლები:

აქტივობა: მოსწავლეებმა უპასუხეს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის დასმულ შეკითხვებს ბავშვთა უფლებების დეკლარაციის მიხედვით:

  • რას გულისხმობს, რას ნიშნავს ბავშვის განათლების უფლება?
  • ვინ უნდა ზრუნავდეს ბავშვის განათლების უფლების დაცვაზე? რატომ უნდა შეუწყოს მშობელმა შვილს ხელი სწავლაში?
  • რატომ სჭირდება ბავშვს თამაშისა და დასვენების უფლება?
  • რას აკეთებენ თქვენი მშობლები იმისათვის, რომ თქვენ განათლება მიიღოთ?
  • წიგნის გარდა, რა საშუალებები არსებობს განათლების მისაღებად?
  • როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ წიგნი და განათლება? რისთვის გჭირდებათ ცოდნა.

აქტივობა: მოსწავლეებმა შექმნეს საერთო საკლასო პოსტერი ბავშვთა უფლებების თემაზე – ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს.

 ნაბიჯი 3. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების

მოსახდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენება.

 

აქტივობა: მოსწავლეებმა გაიხსენეს და შეისწავლეს ცნობილი გამონათქვამები სწავლისა და განათლების შესახებ.

,,ცოდნა ბედნიერებაა“.

„ცოდნა სამოთხეა, არცოდნა – ჯოჯოხეთიო“.

„ცოდნა ძალაა“.

„უსწავლელი კაცი უტარო ცულიაო“.

„სწავლა სიმდიდრეს სჯობიაო“.

„ცოდნა ხმალზეც უფრო ჭრის და ზარბაზანზეც უფრო ძლიერიაო“.

„სწავლა სალესავია, კაცს ფხას აძლევსო“.

„მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”.

„ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულგანათებული კაცები არა ჰყავს”.

„ცოდნა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მას პრაქტიკაში გამოიყენებ”.

„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“.

„თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“.

„მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და მეცოდინება“.

„განათლებულ ადამიანს ყოველთვის უფრო მეტი შეკითხვა აქვს, ვიდრე პასუხი“.

„განათლება იწყება წარუმატებლობით, პირველი მარცხი პირველი გაკვეთილია“.

 

აქტივობა: მოსწავლეებმა შექმნეს მინი-პოსტერები: ,,რას ამბობენ ჭკვიანი ადამიანები განათლების შესახებ”.

აქტივობების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს პირველადი ვერსია -თვალსაზრისის წერილობითი დასაბუთება – ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია განათლების მიღება. კრიტერიუმებზე დაყრდნობით გააუმჯობესეს ნამუშევრები და შექმნეს საბოლოო პროდუქტი.

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები:

  • გამოკვეთილი გაქვს თუ არა შენი პოზიცია (ანუ ეთანხმები თუ არა გამოთქმულ თვალსაზრისს)?
  • გაქვს თუ არა არგუმენტი (ანუ ახსნილი, რატომ ფიქრობ ასე)?
  • გაქვს თუ არა მოყვანილი არგუმენტის შესაბამისი მაგალითები?
  • გაქვს თუ არა არა გამოყენებული მიზეზშედეგობრიობის (რადგან…, ამიტომ; იმიტომ, რომ….; ან პირადი დამოკიდებულების (ჩემი აზრით, მე ვფიქრობ…) აღმნიშვნელი სიტყვები?
  • სწორად გაქვს თუ არა აბზაცები გამოყოფილი? რის საფუძველზე გამოყავი ისინი?
  • სწორად გაქვს თუ არა დასმული სასვენი ნიშნები?
  • რის საფუძველზე დასვი სასვენი ნიშნები?

 

როგორც თავად ქ-ნი ირმა ჯალაღონია აღნიშნავს, ნამუშევრების განმავითარებელი შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებმა (ასაკის შესაბამისად) სიღრმისეულად გაიაზრეს, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებებს შორის განათლების უფლებას და გამოხატეს თავიანთი მოსაზრება განათლების მიღებასთან დაკავშირებით; საკუთარი პოზიციის განმტკიცებას შეეცადნენ სხვადასხვა არგუმენტისა და მაგალითის მოყვანით; გაეცნენ ცნობილი ადამიანების აზრებს და შეეცადნენ ამგვარი ციტატების გამოყენებას თავიანთ მსჯელობაში.

მოსწავლეებს განუვითარდათ ფუნქციურ-კომპონენტური უნარები: შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, მოქალაქეობა.

 

 

ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის

0

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ, რომ სამყარო სავსეა ფართო შესაძლებლობებით. მთავარია, იყო ყურადღებით და აუცილებლად შეძლებ როგორც საკუთარი თავის განვითარებას, ასევე თემსა თუ ქვეყანაზე ზრუნვას. ყველა კლასში, სადაც ვასწავლი მუდმივად მყავს 2-3 „ჩასაფრებული“ ახალგაზრდა, რომლებიც ჩემთან ერთად თვალს ადევნებენ საგრანტო განაცხადებს, საინტერესო იდეებს და შემდეგ აზიარებენ სამოქალაქო კლუბის შეხვედრებზე. აღნიშნული შეხვედრები საგაკვეთილო პროცესის შემდეგ იმართება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, მოსწავლემ მარნეულის ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსის შესახებ გაგვიზიარა ინფორმაცია. მალევე ჩამოყალიბდა საორგანიზაციო გუნდი. საბოლოოდ შევჯერდით, რომ ჩვენი მორიგი პროექტი გენდერულ თანასწორობას დაეთმობოდა.

ამ სტატიაში ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტის შესახებ მოგიყვებით და გაგიზიარებთ მათ მიერ შექმნილ რესურსს.

  • იდეის არსი

ადამიანის უფლებები და მისი თავისუფლება თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, რომელთა აღიარება და დაცვა დემოკრატიის ყველაზე დიდი მონაპოვარია, თუმცა, ქალთა უფლებების აღიარება და გენდერული თანასწორობის მიღწევა დღესაც პრობლემატურ საკითხად რჩება.

საკითხის პრობლემურობაზე მეტყველებს ისიც, რომ გენდერული თანასწორობა შეტანილია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში (მე-5 მიზანი).

ქვემო ქართლი, უშუალოდ მარნეულის მუნიციპალიტეტი ამ თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია. აქ ხშირად ვაწყდებით გენდერულ სტერეოტიპებს, დისკრიმინაციას, უთანასწორობასა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებს.

ასეთი პრობლემების მიზეზებად მიგვაჩნია განათლება და ინფორმაციის სიმწირე. სწორედ ამიტომ, საინიციატივო გუნდმა გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა ინოვაციური პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად, ჩვენს თემში ამაღლდებოდა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერება. სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ წარდგენილი ინიციატივა მოწონებულ იქნა მარნეულის ახალგაზრდული იდეის მიერ. ასე დაიბადა პროექტი „ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის“.

  • დაგეგმვა

ყველაზე შრომატევადი დაგეგმვის ეტაპი გამოდგა. აქტიური როლი კლუბის ექვსმა მოსწავლემ შეასრულა. მათ გადაინაწილეს სამუშაო და დაიწყეს ბარათებზე მუშაობა. სპეციალურად პროექტისთვის დაიწერა სცენარი და ორი სიტუაციური ამოცანა. მოსწავლეებმა შეაგროვეს თემში გავრცელებული სტერეოტიპები, შეადგინეს გენდერის თემაზე შექმნილი წიგნების ჩამონათვალი, შეისწავლეს საქართველოში ჩატარებული წარმატებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ქალებისა თუ კაცების გაძლიერებას ისახავდა და ა.შ.

ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადდა სლოგანების კონკურსი. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 25-მდე საინტერესო სლოგანი, რომელთაგან სამ გამარჯვებულს, გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერები და სერტიფიკატები.

  • შექმნილი პროდუქტი

საბოლოო ჯამში, სამთვიანი შრომის შედეგად შეიქმნა რესურსი, რომელში თავმოყრილი ინფორმაციაც მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს საკლასო ოთახში ან განმანათლებლებმა – ახალგაზრდულ ცენტრებში.

ათი სხვადასხვა თემატიკის ბარათი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

  1. სიტუაციურ ამოცანებს უთანასწორო ანაზღაურებასთან დაკავშირებით;
  2. თემში/ქვეყანაში გავრცელებულ გენდერული სტერეოტიპებს;
  3. მინი-სპექტაკლის თეატრის სცენარს;
  4. წარმატებულ კამპანიებს კაცებისა და ქალების გაძლიერების მიმართულებით;
  5. ინფორმაციას წარმატებული გამომგონებელი და მეცნიერი ქალების შესახებ;
  6. ათი წიგნს გენდერულ თანასწორობაზე;
  7. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ჩატარებული სლოგანების კონკურსის შედეგებს;
  8. განსხვავებას სქესსა და გენდერს შორის;
  9. საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ არასახარბიელო სტატისტიკურ ინფორმაციას;
  10. რჩევებს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი გენდერული თანასწორობის მისაღწევად და სივრცეს საკუთარი საპროექტო იდეებისთვის.

თითოეულ ბარათს თან ერთვის სადისკუსიო კითხვები. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს ინტერაქციას ბარათების გამოყენების დროს.

  • პრეზენტაციები მარნეულის მუნიციპალიტეტში

ჩვენი მიზანი – შეგვექმნა რესურსი, რომელსაც მრავალჯერადი გამოყენება ექნებოდა, მიღწეულ იქნა. პროექტის დასკვნითი ეტაპი ბარათების პრეზენტაცია თემში გავრცელება იყო. ჩვენმა გუნდმა დაგეგმა ოთხი ღონისძიება მათ შორის ორი გასვლითი პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელსა და მარადისში. სადაც პრეზენტატორებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ბარათები, მათი შინაარსი და გამოყენების ტექნიკა.

  • დასკვნა

ბევრჯერ თქმულა, რომ სკოლა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის შეძენის ადგილი არ არის. მერაბ მამარდაშვილი წერს: „ცოდნა არის რაღაც შინაარსი, საგანი, რომელიც შენ იცი; ხოლო ის, რაც თან ახლავს ამ ცოდნასა და ამ შინაარსზე მეტია, ანუ სხვაა, ვიდრე ეს შინაარსი – არის ცნობიერება“.

თებერვლიდან მოყოლებული ივნისის ჩათვლით, სამოქალაქო კლუბის ექვსი მოსწავლე სწავლასთან ერთად, ცნობიერებას იმაღლებდა. ამავდროულად მათ განივითარეს ისეთი უნარები, როგორებიცაა:

  • ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების;
  • პრეზენტაციისა და აუდიტორიის მართვის;
  • ფინანსების განკარგვის;
  • პროექტის მართვის;
  • მედიასთან ურთიერთობისა და სხვა უნარები.

მცირე გრანტის სახით ინიციატივის განსახორციელებლად გუნდმა 960 ლარი მიიღო. მათ დამოუკიდებლად თავი გაართვეს შესყიდვებს, ფინანსური ანგარიშგებისთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადებასა და პროექტის საბოლოო ანგარიშის წარდგენას. ამასთანავე, მოახერხეს შემოწირულების სახით, დამატებით 200 ლარის მობილიზება. მოსწავლეებმა სასკოლო თემში მოიძიეს მოხალისე, რომელმაც აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ჩვენი ბარათების კრებული. ჩემი, როგორც კლუბის ხელმძღვანელის როლი, მხოლოდ ფასილიტაციითა და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებით შემოიფარგლებოდა.

პროექტი დასრულდა. თუმცა დაგვრჩა შექმნილი ბარათების რესურსი (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით) და რაც მთავარია, გუნდი, რომელიც მომავალში მრავალ საინტერესო იდეას აქცევს რეალობად. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები გაიზარდნენ პროექტების კეთების კუთხით. გაუჩნდათ სტიმული და აღქმა, რომ შესაძლებელია შექმნან ღირებული პროდუქტი თანატოლებისთვის და არა მხოლოდ. ეს კი ერთი-ორად ზრდის მოტივაციას ახალგაზრდებში.

ჩამოტვირთეთ:

ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის – ქართულად

ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის – აზერბაიჯანულად

ციფრული ტექნოლოგიები – ბავშვები და მშობლები

0

– მინდა, მოგიყვეთ ერთ შემთხვევაზე, რომელიც თავს გადაგვხდა მე და ჩემს ოჯახს რესტორანში სადილობის დროს, – განაგრძობს თხრობას შიმი კანგი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, მკვლევარი, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროში, ბეტსელერების ავტორი).

ეს სადილი იმით გახლდათ გამორჩეული, რომ რესტორნიდან გამოსვლისას ჩვენთან მოვიდა ოფიციანტი და გვითხრა, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენს ოჯახზე – დედ-მამასა და სამ შვილზე -დაკვირვება. გოგონას თქმით, აღარც კი ახსოვდა, ბოლოს როდის ნახა მშობლებისა და შვილების ცოცხალი ურთიერთობა, ყოველგვარი აიპადებისა და აიფონების გარეშე. საოჯახო რესტორანში მუშაობისას ის გამუდმებით ხედავდა, როგორ ისხდნენ ოჯახები მაგიდასთან და მენიუშიც კი არ იყურებოდნენ, მხოლოდ საკუთარ გაჯეტებს ჩასცქეროდნენ.

რესტორნის ახალგაზრდა თანამშრომლის ამ სიტყვებს არ გავუკვირვებივარ, თუმცა დამაფიქრა და შემაშფოთა იმ საღამოს მიღებულმა შთაბეჭდილებამ.

ციფრული ტექნიკა ადამიანების ცხოვრების პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს ყველაფერი დაიწყო იმ დროს, როდესაც ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ გაჯეტები ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებდა. უფრო მეტიც, უკრიტიკოდ, სიხარულით ვიღებდით ნებისმიერ ახალ საიტს თუ დანართს და ჩვენს ტელეფონებში ვტვირთავდით. არცერთი მომხმარებელი არ კითხულობდა წვრილი შრიფტით დაწერილ ანოტაციებს, ამიტომ ვერ ვაცნობიერებდით, რომ ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას მომხმარებლებზე, თვალყურს ადევნებდნენ ინტერნეტსივრცეში ადამიანების გადაადგილებას. დღეს უფრო მეტად ვერკვევით იმ მანიპულაციებში, რომლებიც ადამიანების ცნობიერებაზეა გათვლილი. უკვე ტარდება კვლევები, რომლებიც აფიქსირებს ბავშვის თავის ტვინში მომხდარ ცვლილებებს ეკრანთან დიდი ხნის გატარების შედეგად.

იცით, რომ თანამედროვე მოზარდები დღეში 150-ჯერ იხედებიან საკუთრ ტელეფონებში, ანუ ექვს წუთში ერთხელ? ჯამში ეს დღეში შვიდი საათი გამოდის. ეს რიცხვი სრულ სურათს არ ასახავს, რადგან არ არის გათვალისწინებული ის დრო, რომელიც სჭირდება სკოლას და გაკვეთილების მომზადებას ტექნოლოგიების გამოყენებით. სხვადასხვა ციფრული მოწყობილობების გამოყენება, სოციალური ქსელების მუდმივი სქროლვა, 4-5 განსხვავებული გვერდის გახსნა და შემდეგ ხან ერთის, ხან მეორის თვალიერება, მაგალითად, საფეხბურთო მატჩის ყურება რაღაც განსხვავებული საქმიანობის ფონზე აშკარად მავნებელია ბავშვების მყიფე ფსიქიკისთვის და განვითარების ამ ეტაპზე მყოფი მათი გონებისთვის. ბავშვის გონება მუდმივად მუშაობის რეჟიმშია, ის საერთოდ ვეღარ ისვენებს, ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს ნერვულ ფონს. ბავშვები შფოთავენ, სიმშვიდეს ვერ პოულობენ. იმის გამო, რომ ისინი თავიანთ ციფრულ მოწყობილობებს სულ თან დაატარებენ, მათ აღარ სჭირდებათ არაფრის დამახსოვრება, ახალი იდეების განხორციელება, მოწყენილობასთან ბრძოლის საინტერესო ხერხების მოფიქრება.

ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. სმარტფონები და სხვა მოწყობილობები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ ბავშვები, უმრავლეს შემთხვევაში იწვევს გარკვეულ ცვლილებებს თავის ტვინის ფუნქციებსა და სტრუქტურაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 2019 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც ეკრანებთან თანატოლებზე მეტ დროს ატარებენ, წიგნიერებისა და ენობრივი უნარები უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული. გაჯეტების უკონტროლო გამოყენება კიდევ მრავალ უსიამოვნო შედეგს იწვევს, რომელთა შორისაა უძილობა, ტანადობის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, შფოთვის დონის მომატება, დეპრესია, მარტოობა. მჯდომარე ცხოვრების წესმა შესაძლოა გამოიწვიოს ზურგისა და კისრის ტკივილები, სიმსუქნე. ამ ყველაფერს ემატება სოციალიზაციის პრობლემები, ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობაც ზარალდება.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე რეკომენდაცია: რაც შეიძლება გვიან უნდა მისცეთ ბავშვებს ციფრული მოწყობილობების გამოყენების უფლება. მანამდე ბავშვს გამომუშავებული უნდა ჰქონდეს გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება, წარმატებული, ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ თუ მათი პატარა გაჯეტების საშუალებით ისწავლის თანატოლებთან ურთიერთობას, მისი თავის ტვინი ერთმანეთთან დააკავშირებს მეგობრობასა და ტექნოლოგიებს. რეალურ ცხოვრებაში ასეთ ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ადამიანებთან ურთიერთობა.

უფროსებმა პატარებს ხელი უნდა შეუწყონ, ისწავლონ მეგობრობა რეალურ ცხოვრებაში მანამდე, სანამ ვირტუალურ სივრცეს გაეცნობოდნენ. კიდევ ერთი მაგალითი: ბავშვი გაეცნო ვიდეოთამაშებს იმაზე ადრე, ვიდრე თუნდაც ელემენტარულ დონეზე ისწავლიდა საკუთარი ემოციების მართვას და დროის რაციონალურად განაწილებას. სავარაუდოა, რომ ასეთი ბავშვი უკონტროლოდ ჩაეფლობა ვირტუალურ თამაშებში. ის ეცდება, ჩაანაცვლოს ნებისმიერი განცდა, ფიქრი, ემოცია ვიდეოთამაშების სამყაროში ბევრი დროის გატარებით.

თუ მშობელი/აღმზრდელი დადებითად უპასუხებს სამ კითხვას, მას უკვე შეუძლია, თავის პატარას ციფრული ტექნოლოგიებიც გააცნოს:

* თქვენს შვილს უკვე შეუძლია საკუთარ ემოციებთან გამკლავება?

* თქვენი შვილი თავისუფლად ურთიერთობს სხვა ადამიანებთან?

* თქვენს შვილს შეუძლია, შეწყვიტოს საქმიანობა, რომელითაც გატაცებულია, რათა შეასრულოს საკუთარი მოვალეობები ან გადაერთოს ჩვეულებრივ, ყოფით საქმიანობაზე – ფიზიკურ ვარჯიშზე, სწავლაზე, კვებაზე, ძილზე?

მინდა, კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია მივაწოდო მშობლებს:

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ შეხება ციფრულ მოწყობილობებთან.

* 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებზეც იმავეს ვიტყოდი. უკიდურეს შემთხვევაში, დრომ დღეში ერთ სააათს არ უნდა გადააჭარბოს.

* ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებს უკვე შეიძლება გაჯეტებთან ურთიერთობის უფლება მივცეთ, მაგრამ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ააწყონ საკუთრი ცხოვრება ციფრული მოწყობილობების გარშემო. ასე ბავშვი თანდათან ისწავლის ცხოვრებისეული პრიორიტეტების დალაგებას და მიხვდება, რამდენი დრო უნდა დაუთმოს ვირტუალურ სამყაროს.

* ბავშვი არ უნდა დავტოვოთ მარტო გაჯეტთან. ეცადეთ, თქვენმა შვილმა თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გაატაროს საერთო ოთახში. ესაუბრეთ გაჯეტების მარგებლობასა და ზიანზე რაც შეიძლება საინტერესო და მარტივი ენით. აუცილებლად გაეცანით შვილის „ციფრულ ინტერესებს“ და ამ ცოდნით შეიარაღებული გაესაუბრეთ მისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

* შეუძლებელია, მშობელმა გამუდმებით აკონტროლოს შვილი. უმჯობესია, იცოდეთ, რისთვის და რამდენ ხანს იყენებს ბავშვი ციფრულ მოწყობილობებს. ის მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს, რომ შვილის ინტერესებისა და გატაცებების შესახებ ინფორმაციის მიღება მშობლის პირდაპირი მოვალეობაა. ესაუბრეთ ვიდეოთამაშებზე, სერიალებზე, სატელევიზიო შოუებზე, რეკლამებზე. ასწავლეთ, კრიტიკულად შეხედონ მათ. წინასწარ გადაამოწმეთ ამა თუ იმ ფილმის, თამაშის ასაკობრივი რეიტინგები, აკონტროლეთ შვილის ინტერნეტაქტივობა.

ბავშვები მშობლების ქცევაზე დაკვირვებით სწავლობენ და არა მათი შეგონებებით. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ მშობლებს ურჩევნიათ წიგნების კითხვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, შემოქმედებითი და პრაქტიკული საქმიანობა და არა მთელი თავისუფალი დროის გაჯეტებთან გატარება. თუ ბავშვს სურს, რამე გკითხოთ ან უბრალოდ დაგელაპარაკოთ, აუცილებლად გადადეთ გაჯეტი და საუბრის დროს ცალი თვალით ეკრანში ყურება არ დაიწყოთ. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამოსაუბრესთან ვიზუალური კონტაქტი, ყურადღებით მოსმენა. უთხარით მას, რომ თქვენთვის მასთან საუბარი უფრო საინტერესოა, ვიდრე ვირტუალური ურთიერთობები.

როდესაც მშობელი ხელში იღებს რომელიმე ციფრულ მოწყობილობას, აუცილებლად უნდა თქვას შვილების გასაგონად, რომ ის ახლა ბებიასთან დარეკვას, გადასახადების გადარიცხვას ან ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიებას აპირებს. მე ვცდილობ, ჩემს შვილებთან ასე მოვიქცე.

შალიკიას მუსკატი

0

მე უნდა წამეღო. დიდი ამბავი, ავდგებოდი და წავიღებდი, საღამოხანსაც რა უშავს, ორივე სოფელი ხომ ჩვენი იყო. ორივე სოფელში ბაბუა მყავდა, ორივე – ცოცხალი. მათი შვილიშვილობით თავის მოწონება ჩემს ხელობად არ ქცეულა, თორემ ხანდახან რა უჭირდა, გამოვურევდი, როცა ვერ მიცნობდნენ ქალაქელ ბიჭს. მუსკატი მიმქონდა შებინდების სოფლიდან დედულეთში, სადაც ღამე-ბნელს უნდა ჩამოესწრო და ეს მეფიქრებოდა, სახლიდან ფეხი რომ გავდგი.

„ბეტეერები“ და სამხედრო მანქანები ახალი გამქრალი იყო ჩვენი სოფლიდან. ცხრა წლის ბიჭისთვის „აკაესის“ ტყვიები ახდენილ ნატვრას უტოლდებოდა და ონარიის გზაზე ბიძაჩემის თხოვნით ერთმა სამხედრომ ავტომატი რომ დამაჭერინა ხელში, ხელი კი ჩამომწყვიტა, მაგრამ ჩემს ჭკუაში ჰოლივუდის პერსონაჟადაც იმ წუთას ჩავეწერე.

ცაიში-ურთა. ვიღაცები სულ დაძრწოდნენ და ახლაც რა ძალა დაუშლიდათ, ოღონდ ცუდი ის იყო, რომ ამ განგაშით გამოვედი სახლიდან, არადა ბაბუაჩემს ის ვაგრძნობინე, არაფრად რომ არ მენაღვლებოდა გვიან საღამოს სამკილომეტრიან გზაზე დადგომა. უშუქო, ულამპიონო, ჩაწკვარამებულ ქუჩაზე.

შალიკო. შალიკია. ასე ეძახდნენ თავისი შვილები და მეც გზაში ვიმეორებდი ბაბუაჩემის სახელს, ჯერ გამოსაჯავრებლად, მერე სიყვარულით, მერე თამაშით, მერე კიდევ შიშის მისაჩუმებლად.

პარკში სათუთად გამოხვეული მუსკატის ნერგები მქონდა ჩაბღუჯული. ხან თაიგულივით ავიტაცებდი, ხან თოხივით ზურგზე გავიდებდი, გადამქონდა ერთი ხელიდან მეორეში.

პატარა აღმართი რომ ავიარე, გზას კი მოაკლდა თითქოს, მაგრამ სიბნელეში უფრო ღრმად შევიჭერი.

ამეებს რომ მივუტან, მერე ჩარგავს, – თავისით წამომესია ფორიაქი, – მერე გაიხარებს, მერე მე ხომ მივალ და ვნახავ გაზაფხულზე, ზაფხულში ფეხბურთს ვითამაშებთ ეზოში და ვენახისკენ დამიზნებას მოვერიდებით… იმ ზაქივით არ დაემართოს ამასაც… არა, ეს გაიხარებს! რა იქნებოდა, ჩემთვის ნაჩუქარი ზაქი რომ არ გაეშვათ ის ორი-სამი კვირა, სახლში ყოფილიყო, ბოსელში, ეზოში ებალახა, ცუდი თვალი არ მოხვდებოდა და არც მის მოპარვას გაივლებდნენ გულში… არა, ეს მუსკატი გაიხარებს, სხვა რა გზა აქვს… აგერ, საქირიოს გავცდი ჯერ, ყველას ვიცნობ აქ, რაც ჩვენ ამ სტადიონზე დერმატინის ბურთები დაგვიგლეჯია! გზაზე არავინ ჩანს, ამას იქით დედაჩემის ბიძების სახლებია, იქამდე თუ მიმაღწევინა, ნახევარი გზა გავლილი მექნება. სასაფლაო ხომ მოვიტოვე უკან, ისე რომ არც გამიხედავს იქითკენ, თვალიც არ გამიპარებია. ანკი რისი უნდა შემშინებოდა, ჩემი სოფლელი მკვდრების? ცოცხალს თუ უყვარხარ, მკვდარმა რა უნდა დაგიშავოს?! დღე რომ იყოს, ახლა გამომეგებებოდნენ კეთილი დიდიშვილები, მაგრამ მუსკატის ეს ნერგი მაგათაც მოეწონებათ, მე კი შალიკომ ათუსთან გამატანა, მას უნდა ჩავაბარო.

მუსკატი – ათუს. ათუნია ბაბუაჩემის ამჟამინდელი სახელია, ისე, რაღაც ხანი ტრისტანი ერქვა, შემდეგ, ძმისშვილი რომ გაუჩნდა, თურმე მისთვის გადადო თავისი სახელი და თვითონ კი ათუნია დაიტოვა, ვიღაც ხელოსნებისგან შერქმეული. ათუ. ათუნია. გაუხარდება ეს მუსკატის ნერგები. გამოავსებს მარანს. უყვარს გაზიმზიმებული ბოთლების შელაგება, მერე თვითონვე დაუყვება და მიყოლებით დააცარიელებს… ნადირობის ამბავს მოჰყვება, სულ ერთს და იგივეს კი არა, სხვადასხვანაირს, რომ არ მოგწყინდება და თავფეხიანად შეყვები.

პარკი გაიოფლა, ალბათ მუსკატსაც შესცხებოდა ცოტა. დილარ დაგარგულიას სახლთან ვარ. შალიკიამ რომ მოიპატიჟა სამსახურიდან სახლში მიმავალი, აჩქარებული დილარი და იმან ხურმა რომ ჭამა მადიანად, მაგის მერე მეც მიყვარს ხურმა; ღვინიანი ჭიქა ჩამოუდგა ბაბუაჩემმა, სთხოვა, დაილოცეო. ღვინო და დალოცვა ერთი იყო ჩემთვის. თვალი ისე მიეჩვია და ყურიც, რომ სადაც ღვინო ჩამოისხმებოდა, უბრალო ჭიქას გაავსებდა ღვინის ულუფა (როგორც გათენების ფერი ავსებს ფანჯრებს), ყველგან სიტყვა უნდა თქმულიყო. სურვილი. შეძახება. ნატვრა. შესანდობარი. გზის გაგრძელება. ჩემს სურათებიან „იესოს ცხოვრებაში“ წყალს ღვინოდ აქცევდა ქრისტე და ეს პირველი სასწაული იყო, რომელიც დღემდე რწმენით და სიხარულით მუხტავს ყველას, შენც თითქოს იმ ქორწილის მონაწილედ გაქცევს; დილარს კი ეჩქარებოდა, ჭიქას ღონივრად შემოაჭდო მტევანი, მეორე ხელი შემართა და მწყობრი, დამუხტული ხმით, – ჯგირობუა და ბედნერობა თე ოჯახის დო მთელ ქიანასო, – დაცალა ჭიქა. ღვინო მოიწონა, „მუსკატიშ რე, ვარიო?“ – კიო, მუსკატიაო, ბაბუაჩემმა. ეზოს გამოვეფინეთ და ჭიშკრამდე მივყევით აწოწილ, თბილად ჩაცმულ კაცს, კარგად ყოფნა და ბედნიერება რომ დაიბარა ამ ოჯახისა და ქვეყნისთვის.

…ჭიშკარს მჭიდროდ მიჰკვრია ჭიაკოკონობადღეს ჩემი დიდი ბებიის ხელით გამოძერწილი სანთლის ჯვარი. ჭიშკრის ხმაზე რომ გამოიჩქარებიან გარეთ, ის წუთი მელოდება და შიშისგან გამოცარიელებული გულ-მუცელი სითბოთი მევსება. ართი, ჟირი, სუმი, – ვითვლი ჩემთვის, მერე: – ათუუუ! – ხმამაღლა ვიძახი და მთვარის შუქზე მუსკატის თაიგულს ამაყად ვინაცვლებ ხელიდან ხელში.

ცხოვრება ბავშვობის საიდუმლოში

0

(ნაირა გელაშვილის სარკის ნატეხები)

დილით სარკეში თავს წავწყდი და წამომცდა:

რას მიყურებ, მე ხომ ჩემთვის ვარ…“

 გივი ალხაზიშვილი

 „ჩვენ ხომ თავიდან ბეთლემი ვართ და მერე ხმაურიანი, სასტიკი იერუსალიმი“, – წერს ნაირა გელაშვილი ავტობიოგრაფიულ რომანში სწორედ ბავშვური თხრობისა და აღქმის სრული დამაჯერებლობით და ცდილობს, ჩასწვდეს ადამიანის ამ შინაგანი მეტამორფოზის, ღმერთთან დაშორების გამოცანას. ნებისმიერი ბავშვი (თუნდაც „ღვთის პირის მკაწრავი“, როგორც ავტორი ამბობს), რომელსაც საკუთარ ღვთისმოსაობას უფლის გარშემოხვეული, ძლევამოსილი, საიდუმლო მისიის მქონე მოციქულ-მაცნეები უმხელენ („უფლის ისეთი ნაზად სიქსტატიური მოციქული, როგორიც ნიჟარაა; ანდა ისეთი მომთმენი და დაუღალავი, როგორიც გახლავთ ხავსიანი კუნძი“), სწორედ ამ უკანასკნელთა წყალობით და, საზოგადოდ, სინამდვილის აღქმის სპეციფიკურობით დგას იმ ტკბილი და ფანტასმაგორიული სამყაროს შუაგულში, რომლიდანაც თავი ჯერ არ გამოუძევებია. სწორედ ბავშვი-მწერალი გეტყვით, რომ ღმერთი არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მისი არსებობის დამტკიცება შეუძლებელია. აი, ტრანსცენდენტულის ძალიან მარტივი, მაგრამ არგუმენტირებული განმარტება: „ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს სამყარო ისე ჩანდა მოწყობილი, მის უკან (ან მასში) აშკარად ვიღაც იმალებოდა; მეორეც, იმიტომ, რომ, როგორც ადრევე დავადგინე, ირგვლივ არავის არაფერი ესმოდა და ერთმანეთს ვერაფერს აგებინებდნენ და ხომ უნდა არსებულიყო ვიღაც, ვინც ყველაფერი იცოდა. ისე რა აზრი ჰქონდა ჩვენს არცოდნას! და მესამეც: რადგანაც მე პირადად ძირითადად სურვილებისგან შევდგებოდი, ეს აუცილებელს ხდიდა იმის არსებობას, ვისაც ყველაფერი შეეძლო!“

ჩვენ წინაშეა გამხატვრულებული ბიოგრაფია, ოღონდ არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობითა და სიზუსტით, არამედ „სარკის ნატეხებად“, რომლებიც გასულიერებულია და რომელთა კალეიდოსკოპური ანარეკლები მწერალს მთელი ბავშვობა თან დაჰყვება: ოცნების გამოძახილად, უკვე ქმედებად, უცნაურ თუ გამოკვეთილ რწმენებად თუ ხსოვნის ცხოვრებისეულ ფრაგმენტებად. წიგნში თვალშისაცემია ავტორის სიმკაცრეც და სითამამეც საკუთარ ბავშვობასთან მიმართებით. რომანის კითხვისას ცოცხლდებიან ბავშვობის სიღრმიდან წამომართული და დიდობის რაციონალიზმს ნაკლებად დამორჩილებული პერსონაჟები – თან სიღრმისეულად აღქმულები, თან ბოლომდე გაუგებრები ცხოვრებასავით, რომლის მიწურულს ალბათ მრისხანება გეუფლება იმ მკვდარი სურვილებით ნასაზრდოები სიმშვიდის დარღვევისას, ამ გამოტირებული სურვილების სასაფლაოზე რომ ხარობს. გავიხსენოთ, აბა, მწერლის მეხსიერების ლაბირინთებიდან მომზირალი გმირები… იგავი-ნატეხი „სოფლის წმინდანზე“, თითქოს იმ ერთ მართალზე, რომლისთვისაც ღმერთმა ცოდვილი ქალაქი გადაარჩინა. ბიჭი, რომელიც მოსაკლავად ხეზე მიბმულ მტრედს გადაეფარა და მოკვდა. მის საფლავზე ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე მტრედი და იქ დატოვებულ ნაკურთხ პურსა და ხილს კენკავდა. „სოფელმა, ცხადია… არ იცოდა, რომ ამქვეყნად საერთოდ ამ ბიჭის გამო იყო გაჩენილი; რათა ეს ბიჭი გაეჩინა. რაც კი სოფელს სიკეთისა და სიწმინდის უნარი დაჰყოლოდა, სულ ამ ბიჭში შეკრებილიყო. და თუ ჩემი სოფელი, მისი ახალ-ახალი ქორწილებით გამრავლებულ-გაგრძელებული მოდგმა, წარწყმედას გადარჩებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიჭის წყალობით. ხოლო ერთ სოფელს წარწყმედად მარტო ის სისასტიკე ეყოფოდა, რასაც უფლის უენო ქმნილებებს ატეხდა თავს გაჩენის დღიდან, რაც მერე ერთს, ერთადერთს უნდა გამოესყიდა – ყველაზე წმინდას“. მეგობრის პანაშვიდზე მოფრენილი მტრედი გამახსენდა, უჩვეულოდ გარინდებულ-გაყუჩებული, ზედ რომ არ უყურებდა საჭმელს… და თავად ჩემი მეგობარიც, რომელიც, მიუხედავად რეალიზებულობისა, უცხო იყო ცხოვრების პრაგმატული ორომტრიალისთვის, გერი იყო მაინც თავისი შინაგანი, ბავშვური, უმწიკვლო პირუთვნელობით საკუთარი თავის, ყოფის, ადამიანისა თუ მოვლენებისადმი, მათი არსობრიობის თვალსაზრისით.

ცხოვრება, რომელშიც გულჩვილობა უგემოვნობად ითვლება, ამ ბიჭს გამუდმებით ისხლეტს, გვერდზე აგდებს, როგორც ზედმეტს, მარგინალს, მეტიც, არ უჯერებს („რა უაზრო და სამწუხარო შემთხვევააო“). წმინდანსა და წმინდას ებრძვის წუთისოფელი, განძარცვავს, „ზარმაცად“ უარყოფს… აქვეა კაციც, რომელსაც ესიზმრა, სახლს რომ დაამთავრებ, მერე მოკვდებიო, ამიტომ არც ამთავრებს, მეორე სართულს ფანჯრებს არ უსვამს (ბავშვი ზღაპრულ სინამდვილედ აღიქვამს ამ „ღია თვალებში“ შეყუჟული ჩიტებისა და მცენარეების მისტერიას) და „ყველაზე მშვიდი ადამიანია მთელ სამზეოში“. რომანის ერთმა ეპიზოდმა კი ჩემი ბავშვობის პერსონაჟი გამახსენა და ამოხსნა საიდუმლო მისი ქცევისა, დედას აივნიდან სახლში რომ არ უშვებდა, მიუხედავად ამ უკანასკნელის დაჟინებული თხოვნა-დაყვავება-მუქარისა. წიგნის მთავარი გმირი საყვარელ ბიძა-მამიდას კარს ჩაუკეტავს, მერე კი, შეკრებილი მეზობლები კიბეს რომ მიადგამენ შუშაბანდს, ძველი „შიფანერკის“ მძიმე, ნაფტალინისსუნიან პალტოშემოხვეული, მკვდარი წინაპრის ქამარ-ხანჯლის მაძებარი, როგორც სიკვდილს ან სამშობლოს დაკარგვას, ისე ელოდება თავის წარმოდგენაში მოპოვებული ბავშვური ავტონომიის „ხელყოფას ციხე-კოშკში“.

ამ დაუვიწყარი და უცნაური, ენით აუწერელი მარტოობის, დაბადებიდან ყოველი ჩვენგანის თანამდევ უბედურების განცდას, დამბრეცად რომ ემსგავსება რეალობას ხსოვნის სარკის ნატეხში, ასეთი ლამაზი ტროპული მეტყველებით გვიხატავს ავტორი: „ავტირდი კიდეც. მუჭის სიმსხო ვარსკვლავებს ცრემლებით სავსე თვალებით ავცქეროდი, რის გამოც ისინი წყალში ტივტივებდნენ“. აქვე ვახსენოთ წმინდად ქართული პერსონაჟი, ელენე გოგიჩაშვილიც, რომლის ცნობიერებაში „ღირსების შენარჩუნება მხოლოდ ლამის ასკეტური თვითშეზღუდვით, ღვთისა და მიწის პატიოსანი მსახურებითა და ყაირათიანობით იყო შესაძლებელი“, – ჩვენი ბებოები, თავიანთი თავდაუზოგავი სპეტაკი შრომით, იყვნენ ასეთები, „არაამქვეყნიურები“…

ტოტალიტარიზმი და „ყვავილივით“ ადამიანური სული, მათი ურთიერთკატაკლიზმები სად მჟღავნდებოდა ისე, როგორც საბჭოთა სკოლაში? როცა ხანდახან მწერალივით ყველას გვიწევდა, ჩვენ შიგნით, როგორც წესი, არსებული უფრო საშინელი უხეშობით (ვიდრე მოგვექცნენ) დაგვეცვა ჩვენივე შინაგანი სინაზე თუ სიფაქიზე და ამ დროის ლოკალისთვის დამახასიათებელი შემაძრწუნებლად ბუნებრივი გროტესკულობა („მთელი ცხოვრება ისეთი განცდა მაქვს, რომ სტალინს პირადად ვიცნობდი და მას სწორედ ჩემთან ჰქონდა საქმე“).

უფროსისთვის უკვე რუტინულად ჩვეული, მაგრამ პატარისთვის ასე მტანჯველი შიში სოციალური ინსტიტუტებისა: „ამ დღეს მე გავეცანი შიშის სრულიად ახალ სახეობას, რომელიც სოფელში არასოდეს განმეცადა: ეს არ იყო შიში არც (ჩემი თუ სხვისი) სიკვდილის, არც მკვდრების, არც სასაფლაოს, არც სიბნელის, არც მოჩვენებების, არც გიჟებისა და ყაჩაღების წინაშე. ეს არ იყო შიში მოსალოდნელი სიტყვიერი თუ ფიზიკური სასჯელის წინაშე, რაც ძირითადად დედაჩემსა და მამაჩემს უკავშირდებოდა ან უსამართლოდ ჩაგვრის წინაშე, რასაც ჩემი უფროსი ძმა ახორციელებდა ჩემ მიმართ. ეს არ იყო შიში რამე კონკრეტული საგნისა თუ ცხოვრების წინაშე. დაბოლოს, ეს არ იყო არც ის უზარმაზარი, უმიზეზო, უსაგნო და უსახელო შიში არაფრისა და ყველაფრის წინაშე, რაც ერთი-ორჯერ სწორედ პატარას დამატყდა თავს“. იქნებ ამ ქვეცნობიერამდე დასული შიშის გამო არ უყვართ სწავლა, როგორც პროცესი, რომლის „ძირი მწარე არის“, ბავშვებს?

სკოლა და კოლექტივიზმის შთამნთქმელი პრინციპი და ისევ შიში ადამიანთა სიმრავლის, მასის, კოლექტივის წინაშე, „რომელიც აწყობდა თერთმეტწლიან დაუნდობელ იერიშს „მე“-ს ჩანასახზე“.

კითხვა ჩვენი ბავშვობიდან: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – და მწერლის ასტრალური ოცნება, კოლექტივის ბანალურობითა და ცინიზმით რომ განიგმირა და ასტრონომიის სახელმძღვანელო, ასე რომ „გააცამტვერა… ცის შემეცნების წყურვილი“; კლასის დამრიგებელი, რომელიც, მწერლის აზრით, ყოვლად უინტერესო არსება იყო და მის წინაშე პატივისცემაც გამოიგონა. განცდა ღვთისმგმობელური უსამართლობისა, რომელიც მოსწავლე ნაირა გელაშვილს ამ ადამიანთან აკავშირებს: „ეს იყო ისეთი მასშტაბის უსამართლობა, რომ ლამის სამყარო ჩამომექცა თავზე და ღმერთის არსებობაშიც საფუძვლიანად დამაეჭვა, თუმცა ალბათ შემამზადა კიდეც უსამართლობათა იმ შემზარავ სახეობათა ასატანად, რომელთა ატანაც შემდეგში მეწერა. და თუ გავიხსენებთ იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ სწორედ ამქვეყნიური უსამართლობაა ის საბედისწერო სასინჯი ქვა, რომელზედაც რწმენა თუ არ იმსხვრევა, მაშინ ილესება და იწრთობა – ადვილად გავისიგრძეგანებთ ანბანის შესწავლის პერიოდში თავს დატეხილი ამ არქეტიპული უსამართლობის მთელ მნიშვნელობას ჩემი ცხოვრებისთვის“. ამას განიცდის ბავშვი, როცა მასწავლებელს სიმართლე და სამართალი სრულიად არ აინტერესებს და დამნაშავესა და მსხვერპლს ერთად გაყრის გარეთ რობოტისთვის აუცილებელი დისციპლინის შესანარჩუნებლად. ამიტომაა სკოლა ხშირად უარყოფილი ბავშვის ცნობიერებაში, რომელსაც სამუდამო საგზლად მიაქვს კოლექტიური უსახურობის სირუხიდან ამოზრდილი საბჭოური რეალობის თითქოს პროჟექტორით განათებული, ყველაზე დამთრგუნველ-დამანგრეველი მომენტები.

მოკლედ, პედაგოგობა ისეთივე მოწოდება უნდა იყოს, როგორიც თუნდაც მღვდლობა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ წერილის ავტორსაც, როგორც მწერალს, საშინელ, განმეორებად სიზმრად ექცა დიდობაში სკოლაში ჩაუბარებელი გამოცდა თუ უკანონობის, დანაშაულის განცდა, რომელსაც ვერც სანიმუშო მოსწავლეობამ უშველა, ვერც მედლის კანდიდატობამ. ამიტომ მასაწვლებელია ეს დაღიც და ის ნათელი წერტილებიც გონებაში, რომლებიც შემდგომ განათლებად თუ სულიერ სისრულედ იქცევა ხოლმე („არა მგონია, აქ მართლა არსებულიყო ის, რასაც სიახლოვის განცდას უწოდებენ ხოლმე ერთმანეთის, მით უფრო, მასწავლებელთა მიმართ“).

სკოლა და ჩვენი შეურყვნელი ავტორიტეტები, რომლებსაც კი არ გვაყვარებდნენ, არამედ მათ სიყვარულს გვავალდებულებდნენ, „თავისდა უნებურად მოკავშირეებად და მთავარ იარაღადაც კი ჰქცეოდნენ საოჯახო, სასკოლო, სახელმწიფო ხელისუფლებასა და სოციალისტური კეთილშობილების იდეოლოგიას, ანტიტირანული, ანტიიდეოლოგიური ჯანყის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ამ სიყალბის დამთრგუნველი, შენიღბული ძალისგან თავის დასაცავ „ციხე-კოშკად“ მოევლინებოდათ ხოლმე თუნდაც ელვის პრესლის ხმა, ბორკილების დამსხვრევა რომ სურდა; და „სამშობლოსკენ მიმავალი გზების მიგნება ფრიად გაეძნელებინა საყოველთაოდ სავალდებულო ცოდნის კერას და მისი ფუნქცია, კაცმა რომ თქვას, ჩვენთვის ამ გზის უსასრულოდ გაგძელება იყო“.

წარმოგვიდგება ხსოვნით გამჟღავნებული ბავშვობა, დაკარგული სამოთხე, ბავშვობა მეხსიერების ცის თავანზე. მეხსიერება კი ტყუილად განა რამეს იმახსოვრებს? „ხსოვნის ისეთი დამხმარე საშუალებანი, როგორებიცაა, მაგალითად, დღიურები და ფოტოები, ხშირად მთელი რიგი ხელოვნური მინარევებით აბუნდოვანებენ მისი სარკის წმინდა სიზუსტეს. ხოლო იგი სიზუსტე ლაკმუსური ბუნების გახლავთ, რაკი სარკე ჩვენი მეხსიერებისა იმის ანარეკლს ინახავს განსაკუთრებით ერთგულად, რასაც ჩვენ (და ეს „ჩვენ“ ხშირად ჩვენი სინდისია) ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ინახავს, არცთუ იშვიათად, ჩვენი გულისა და გონების სურვილთა წინააღმდეგ“. აი, მაგალითად, კიდევ ერთი ფრაგმენტი ბავშვური მარტოობის „სრული და შეუვალი“ ავტონომიისა: ავტორი მსუქან, მძიმე ბიჭსა და მის ასეთივე მძიმე, მდიდარ მშობლებს გაურბის, ხვლიკივით მოუხელთებელი, ხანდახან ჩერდება შეძახილით: „ლადო, ლადო, კვერცხი დადო!“ ფანჯრებიდან გულშემატკივართა მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით. მერე კი, ვითომ გამარჯვებული, ძილის წინ საკუთარი უილაჯობისგან ტირილს იწყებს და აჰყვება პატარა ძმაც, რომელსაც ზემოხსენებული საქციელით გამოესარჩლა; ან შეკითხვა- ნატეხი: „მითხარი, არსად არ მთავრდება „აღარასოდეს?“ – სიტყვა, რომელიც ყველაზე საშინელი ეჩვენება ავტორს, რადგან მასზე როგორც მარტოობის საზომზე გრძელი თითქოს არაფერია.

ასე იწყება და გრძელდება გულის ჯოჯოხეთი თავისი ბინადრებით: ადამიანებით, ფრინველებით, ცხოველებით და ყველა იმ არსების შემოხედვით, რომელთა წინაშე მოასწრო ჩაედინა, მიმდინარე დროში ან დროზე სწრაფ ფიქრში, გამოუსწორებელი დანაშაული („ჩემი ჯოჯოხეთის სხვა გარსებში კი ის არსებები განლაგდნენ, რომლებიც მე მიშავებდნენ რაიმეს და მაშავებდნენ“). ჯოჯოხეთი, რომელიც საკუთარ მოთხოვნილებად შეიძლება გადაიქცეს, უფროსებისთვის სახარებისეულ სენტენციად, ტანჯვით სიხარულად, თვითგვემით რომ მჟღავნდება პატარაობისას სამოთხისეული პირველი აკრძალვის დარღვევის, ცოცხალი არსების, ბაყაყის (იმავე საკუთარი სურვილების, ნ.გ.) მოკვლის გამო („მხოლოდ ბავშვად ხელახლა ქცევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა თვითშეწყალება და „მიტევება თანამდებთა მათ ჩვენთა“). ხსნის გზა ტკივილის ფსკერისკენ მიდისო, ავტორი გვეუბნება, სადაც მძიმედ განფენილა ჩვენი უმწეობა სხვათა ტანჯვის წინაშე, რაშიც უდანაშაულონი ვართ; ან ეკლესიაშიც ვერნაპოვნი სიმშვიდე და თითქოს სიბნელიდან ხრიწიანი შეძახილი: „გარეთ, ვიღაც ოხრისგან გიყიდია ეს აყროლებული სანთლები და აქ შემოგიპარებია? ეკლესიამ რაღათი უნდა ირჩინოს თავი, თქვე წყეულებო!“ – და ამ ხმის პატრონის მიერ ჩაქრობილი არა მარტო მატერიალური, ახლად ანთებული, არამედ იმედის მეტაფიზიკური სანთლებიც. მაგრამ ამის გამაქარწყლებელი დიდი, დედობრივი მფარველობის შეგრძნებაც: „დაე, შებრუნდეს დედაშენი შენიანად და შენშვილიანად დედამიწის სხეულის წიაღ… ის კი დედამისმა შეისრუტოს და ასე უკან, უკან… პირველდედის წმინდა საშოში… მას ვეყოლებით“. ასე თითქოს გადიხარ გზას მაცდური ევადან ღვთისმშობლამდე, რომელიც, მართლაც, ხორბლისფერია, როგორც ლია სტურუას ლექსში ან ლურჯ, ნათელ, კრიალა ცაზე მხიარულად მოცურავე ფაფუკი ღრუბელია, რომლიდანაც მ ა ს ცალი ხელით კალთა აუკრეფია, მეორით იქიდან ხორბალს იღებს და წკრიალ-წკრიალით წვიმად აბნევს დედამიწას… სიმბოლური აზროვნება, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, ხომ ყველაზე მაღალი რანგისად არის აღიარებული?

იქნებ ყველა გზას საკუთარი თავისკენ მივყავართ? მაგრამ ყველა როდია შედეგიანი და გავუუცხოვდებით ხოლმე მასაც: „მაგრამ ვერა და ვერ გამოვდივარ ხარაჩოებით, ბადეებით აგებული საპყრობილიდან, რომელიც მე ვარ… და თქვენ შორსა ხართ, აქვე, ჩემ გვერდით, და მელოდებით. და საყვედური ბერდება თვალებში, და მერე ეგუებით ჩემს თქვენთან არყოფნას და ეს შეგუება ბინდივით მფარავს, როგორც მიკარგულ ბილიკს ბალახი“. ასე იწყება შინაგანი ღამე, რომელშიც მეხსიერების სიღრმიდან, როგორც სარკეში ან გუბურაში, „ვირეკლებით და ვუჩინარდებით“. ასე იწყება „უსისხლო თუ სისხლიან მსხვერპლზე გამავალი გზა ადამიანად ქცევისა“.

ბავშვობა, როცა ისე ვართ შეზრდილნი პირველსაწყისს, სახელითა და გვარით მოხსენიება ამ წიგნის ავტორივით ტკივილს გვაყენებს, რადგან „იმ“ სინამდვილეში უფრო უსახელონი ვართ, მთელის ნაწილი… ხანდახან „გვგონია, ყველაფერი ჩვენთვის არისო, მაგრამ არა. ყველაფერი თავისთვისაა“ (ბიჟან ქალალი). საქმიანი ჭიანჭველები, თაგვი, ხმაურით რომ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას ან ჩრჩილები, ხოჭოები, უცხო თეთრი ყვავილი – თითქოს ვერცერთი ვერ ამჩნევს ჩვენს არსებობას, ჩვენ ხომ „წუთისოფლის სტუმრები ვართ“, ხიზნები, და ეს ყველაფერი სხვისია. ამიტომ არის ალბათ, რომ, მწერლისა არ იყოს, სიზმარში სულ სახლს ვეძებ. იქნებ თავად წუთისოფელია სიზმარი? მაგალითად, დასიზმრებული მკვდრები, რომლებმაც მწერლის სიზმრებში „უმეტესად არ იციან, რომ მკვდრები არიან“ და „ცოცხლებივით იქცევიან“, ასე ფიქრობენ ჩვენზე: „მას… ჰგონია, რომ ჩვენ ვესიზმრებით… ის კი არ იცის, რომ თვითონ არის ჩვენი სიზმარი“. ამ უცნაურობას იქნებ ჩასწვდა კიდეც ბავშვი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს თქვა ასეთი ფილოსოფიური ფრაზა, როგორიც ,,იყო და არა იყო რა“ – „ცხოვრობდა ერთი აღარავინ“, ანუ ის, ვინც გზის დასასრულს მიაღწია, ვინც თანდათან „გადადგა ადამიანობიდან“. ამის მსგავსია ბავშვის „ცოდნაც“. როცა მას ეკითხებიან: „სად ცხოვრობს იესო ქრისტე?“ – ის უპასუხებს: „კანფეტში“. ანუ ღმერთი მისთვის სამოთხის შუაგულშია, კონცენტრირებულ სიტკბოსა და ნეტარებაში („ყოველი საყვარელი საგანი ერთგვარი სამოთხის შუაგულია“, – ნოვალისი). ეს ცოდნა ქვეცნობიერშია, როგორც ის სიზმრები, რომლებზეც გვიყვება ნაირა გელაშვილი: „საკმარისია, ჩავიწერო ჩემი სიზმრები, გამოვა დიდი, საოცარი შემოქმედება, ოღონდ ვისი, არ ვიცი, ანდა რომელი ეპოქისა“. სიზმრები ნაწარმოების ბოლოშია, მათივე ახსნის ავტორისეული მცდელობებით. განსაკუთრებულია სიზმარი ილია ჭავჭავაძეზე, რომელშიც საქართველოს თანამდევი უბედურების წინათგრძნობაა, ზნეობრივი მარტოობისა და გამოუვალობის განცდა: ილიას მკვლელობის პერმანენტულობა ქართულ რეალობაში. არ უნდა „გაგარეგანდესო“ მწერალი, რომელმაც სწორედ შინაგანი სიღრმიდან უნდა დაინახოს, რა ხდება გარეთ, ქვეყანაში. ისევ „გასაკვირველი“ განცდა სამშობლოსი, ამ „უცოდველი, უწყინარი, ბავშვური, ძვირფასი, ცოცხალი, მოძრავი, განვითარებადი საწყისისა“, ნაირა გელაშვილთან.

ადამიანი მთელი თავისი შეგნებული თუ შეუგნებელი, გაუცნობიერებელი ცხოვრების განმავლობაში მიისწრაფვის აუცილებლობისკენ – თავისუფლებისაკენ. თუმცა თავისუფლება ტყვეობაშიც შესაძლებელია: „ჩემი საპყრობილე ხან ეს სახლია, ხან ჩემი თავი, ხან ის, რასაც სამშობლოს ვეძახით, ხან მთელი დედამიწა (ხოლო ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია – მუდმივად)“. თავისუფლება შეიძლება „უფლის მიერ სანქცირებული“ საკუთარი ბედისწერის ტყვეობაშიც მოიპოვოს კაცმა. ბედისწერისა, რომელშიც, ავტორის აზრით, ძნელი გასამიჯნია შინაგანი და გარეგანი. იქნებ ამ შემთხვევაში გადამრჩენი თვითირონიაა, რომლითაც იგი საკუთარ ბედისწერაზე, მფარველ ანგელოზზე საუბრობს? „გული იმაზე მწყდება, რომ მისი სახით იდეალური მკითხველი მეყოლებოდა, მე, ვისაც მიმაჩნია, რომ მკითხველი საერთოდ არ მყავს. აბა, უფრო უკეთ ვინ გაიგებს იმ სიუჟეტებს, რომელთა ავტორადაც მე ვითვლები, ვიდრე ის არსება, რომელმაც ბოლომდე იცის ის სიუჟეტი, სადაც მე მთავარი პერსონაჟი ვარ?“

ცხოვრებაც სარკეა, რომელშიც ჩვენ „ტკივილებს ვფლანგავთ“, რადგან მასში, როგორც სარკეში, ხშირად ვერ ვხედავთ საკუთარ თავს – სარკე ხომ „სახიდან გამომეტყველების წაშლის დიდოსტატია“, ოდნავ განსხვავებულ კონტექსტში – ცხოვრებაც („ის იქ საკუთარ თავს კი არა, არამედ საკუთარი თავის ყურების პროცესს შესცქერის ხოლმე“). სარკეს უფრო ღრმა სიმბოლიკაც აქვს. იქნებ ის უხილავში გამავალი ფანჯარააო, მიღმიერის ჭუჭრუტანა, მარადისობაში დროებით გახელილი კედლის თვალები ან სცენა? – კითხულობს მწერალი. მახსენდება ჩვენი ტრადიცია, ვისიმე გარდაცვალებისა სარკეს ფარდას რომ აფარებენ, როგორც „სულეთის გვირაბის შესასვლელს“ და ახალგარდაცვლილი ასაკოვანი ბებიაჩემის ახალგაზრდული ლანდი ჩვენი სახლის სარკეში, რომელზე ჩამოფარებაც ვერ მოვასწარით და ეს ამ „გაფრთხილების“ შემდეგ გავაკეთეთ. რატომ გვეშინია ასე სარკის გატეხვის, რატომ გვგონია, რომ ეს სიკვდილს მოასწავებს? იქნებ „თავად გარდაცვლილი ადამიანია გატეხილი სარკე: ის აღარაფერს ირეკლავს. აღარც გარე სამყაროს (რადგან მისთვის გარეთ და შიგნით აღარ არსებობს), აღარც თავისთავს, და სული მართლაც განიცდის შვებას, არა მარტო იმიტომ, რომ სხეულისგან თავისუფლდება, არამედ თავისუფლდება შინაგანი სცენისგან – საკუთარი თავის ყურებისგან. ახლა ის ერთია. ის აღარ არის სარკე“.

წუთისოფელს კი ასე გაუგებრად მივიჩნევთ და ხანდახან ვითომ გასაგებადაც, როგორც „ბავშვის გაჭრილ თითს: ცრემლს, მოსაწყდომად დაკიდებულს წამწამზე; ხნულივით ღრმა ნაოჭს ვიღაცის თვალებთან; ამოყრილ ვენებს ვიღაცის წვივებზე; მკვდარ ჩიტს გაყინულ მიწაზე; ყავარჯენს ვიღაცის ხელში; მშიერი ძაღლის უიმედო და უსაყვედურო თვალებს; პატარა კუბოს; ლანცეტს, შიშველ კანზე გასრიალებულს’ ყვითელი შუქის ქვეშ ღიად დარჩენილ, ლურჯ-ცისფერ ტუჩებს, რომელთაც ბოლო სიტყვა შეაშრათ; ყვითელ, მახინჯ პეშვს – ხურდა ფულით ფსკერმოფენილს; ძროხის სველ თვალებს შავი ბუზებით“. ან სამჯერ ნაკოცნ პურს, ღობის თავზე შემოდებულს ბეღურებისთვის, ბავშვის ცალ ფეხსაცმელს, ქვიშაში რომ გდია. ხმა თეთრია და ჩაგძახის: „იგალობე დიად საგანთა და საქმეთა შესახებ“. პასუხიც ძნელია და აღსრულებაც…

„ო, არც დედები, არც მამები რომ აღარ ვიყოთ, აღარც ცოლები, აღარც ქმრები, არც საყვარლები. აღარ გვინდოდეს ერთმანეთი მოზრდილთა ნდომით. უცბად ბავშვებად ვიქცეთ ყველანი და მივირბინოთ ჩვენსავ ბავშვებთან. ხოლო ისინი, ვინც ჩვენ ვიყავით, გამაწბილებელნი, გაწბილებულნი, თოჯინებად გადავიქცეთ ყველა. ნელა გავბანოთ, ჩვენ, ბავშვებმა, ის თოჯინები, დავაძინოთ იავნანებით, დავახუროთ სქელი საბანი, გავიხუროთ ქალაქის კარი და მინდორში გავიქცეთ ერთად… ჩამოდის წვიმა ჩვენს თვალებზე. ო! სიხარული! ბრუნდება იგი მხოლოდ ასე. მხოლოდ ამგვარად: ვარსკვლავური, გრილი, ბავშვური“. ეს ხომ „თამაშია ჭვავის ყანაში“?

დაბოლოს, ბავშვობა იქნებ სამოთხეა, „რომელშიც ჯოჯოხეთი თავს იხსენებს“? სარკეთა ანარეკლები კი ასეთია – ბავშვი: ღმერთი: სამყარო. ყველაზე დიდი სარკე ღმერთია, რომლის თვალისმომჭრელი შუქი თუ ჩაიღვარა დანარჩენი, პატარა სარკეების ნატეხებში, „ისინი შეიძლება საერთოდ დაბრმავდნენ ან დადუმდნენ ან გაუჩინარდნენ ან მოკვდნენ, სულ სხვა ენაზე ალაპარაკდნენ, რომელსაც თითო-ოროლა თუ გაიგებს, ან ვერავინ“. ვიცით, რომ ვერავინ დაგვიცავს სამყაროსგან, ყოფიერებისგან… ვიცით, რომ მაინც გარდავიცვლებით და „ჩვენი სულები იფარფატებენ სადღაც სივრცეში, ჩვენგან თავდახსნილნი, როგორც იალქნები, ნავს მოწყვეტილი. მხოლოდ ვიღაცის ხსოვნის ქოხში კვლავ შევერთდებით და დაგვაშორებს მერე ისევ დავიწყების თალხი მდინარე, აღარ შეგვბოჭავს არავის ფიქრი…“

მანამდე კი – იტრიალე, სარკული მეხსიერების კალეიდოსკოპო!

 

 

ციტატები მოყვანილია წიგნიდან: ნაირა გელაშვილი, სარკის ნატეხები“, გამომცემლობა ინტელექტი, 2018 წ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...