ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

კომპლექსური დავალება  _  ,,შექმენი ეკოგმირი რობოტი და გაუფრთხილდი დედამიწას!“

0

 

სასწავლო პროცესის წარმართვა –  კომპლექსური დავალებიდან – კომპლექსურ დავალებამდე –  ეს ის მთავარი პრინციპია, რომელიც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გასაღებია.

მოსწავლეებს მოსწონთ პროექტული სწავლება, თუ ჩვენ  კომპლექსურ დავალებას, რომელიც გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, შინაარსობრივად  მოვარგებთ სკოლაში მიმდინარე  პროექტს, ასევე,  საერთაშორისო თუ ეროვნულ საკონკურსო თემატიკას, ამით ავამაღლებთ მოსწავლეთა ინტერესს კომპლექსური დავალებების მიმართ.

წარმოგიდგენთ, ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის  ,, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვითი კონკურსის _ ,,შექმენი ეკოგმირი“ ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული კომპლექსური დავალების შინაარსსა და მიმდინარეობის ეტაპებს, რასაც შედეგად მოყვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მონაწილე მოსწავლეების სერტიფიკატებით და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოება. ერთმა მოსწავლემ საპრიზო ადგილი მოიპოვა.

კომპლექსური დავალების განხორციელებას წინ უძღოდა კვლევა :

„ რას უშვრებით ნარჩენებს?“

კითხვები დიახ ნაწილობრივ არა
აგროვებთ თუ არა მაკულატურას?      
წერთ თუ არა ფურცლის ორივე მხარეს?      
იყენებთ თუ არა შესაფუთ მასალას სხვა საჭირო ნივთების დასამზადებლად?      
აძლევთ თუ არა დაპატარავებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სხვებს?      
უფრთხილდებით თუ არა სკოლის ინვენტარს?      
       

კვლევის ჩატარების შემდეგ მოსწავლეები აანალიზებენ შეგროვებულ ინფორმაციას, პასუხობენ კითხვებს, ითვლიან პასუხებს და გამოაქვთ დასკვნა. თითოეული ჯგუფი ამზადებს და წარმოადგენს პრეზენტაციას ჩატარებული კვლევის შესახებ.

კითხვები მონაცემთა ანალიზისთვის:

  1. გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აგროვებს მაკულატურას?
  2. რამდენი ადამიანი იყენებს ფურცლის ორივე მხარეს?
  3. რამდენი ადამიანი იყენებს შესაფუთ მასალას რაიმე სხვა ნივთის დასამზადებლად?
  4. რამდენი ადამიანი ურიგებს დაპატარავებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სხვებს?
  5. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება გამოკითხვის მასალებზე დაყრდნობით?

მონაცემთა დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ კლასში საკმაოდ დაბალია ცნობიერება ნარჩენების ეფექტურად მართვის შესახებ.

დაიგეგმა კომპლექსური დავალების განხორციელება, რომელიც თავისი არსით უკავშირდება მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს –  გონივრული წარმოება და მოხმარება.

საგანი – ბუნებისმეტყველება

კლასი –VI

სამიზნე ცნება: ჯანმრთელობა და დაავადება, მდგრადი განვითარება

ქვეცნებები: ჰიგიენა, პრევენცია, ჯანსაღი გარემო

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა.
  2. გარემოს დაბინძურება გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  3. გარემოს დაცვა აუცილებელია მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის;

საკითხი: ჯანმრთელობა/ჯანმრთელობა და გარემო

საკვანძო შეკითხვა:

როგორ წარმოვადგინო ,,ეკორობოტის“  საშუალებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

კომპლექსური დავალების პირობა:

თქვენი კლასი მონაწილეობს ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის  ,, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით კონკურსში _ ,,შექმენი ეკოგმირი რობოტი“, რომლის მიზანია მეტი ყურადღება მივაქციოთ გარემოსდაცვით საკითხებს და სასკოლო აქტივობებში მეტი დრო დავუთმოთ ამ პრობლემაზე მუშაობას. გაეცანი ინფორმაციას ნარჩენების ეფექტურად მართვის შესახებ, ნარჩენებისგან დაამზადე ,,ეკორობოტი“ და წარადგინე კლასის წინაშე.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე: (შეფასების კრიტერიუმები)

  • რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჰიგიენის წესების დაცვას(ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ 1).
  • რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე(ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ3)?
  • რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას მომავალი თაობებისთვის (მდგრადი განვითარება მკ.წ 1).

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები და  მუშაობისას განხორციელებული აქტივობები:

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

 ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

რესურსი:  ეკოგმირი – რობოტი  ( შექმნილი  მათი თანატოლების მიერ), მასწავლებლის მიერ დამზადებული ეკორობოტი.

მოსწავლეები ეცნობიან კონკურსის პირობებს, მის შინაარსს, რაც მათში აღძრავს ინტერესს და ფიქრობენ,  როგორ უნდა წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით.

აქტივობა 1. · კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის დადგენა შესაქმნელი პროდუქტისა და შესასწავლი საკითხის ირგვლივ.

აქტივობა 2.   მასწავლებელი მოსწავლეებს  გაკვეთილზე აცნობს ნარჩენებისგან დამზადებულ ეკოგმირს, რომელიც შინ თავად მოამზადა.

აქტივობა 3. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება და სამიზნე ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვებით წინარე ცოდნის გააქტიურება.

  • რას გულისხმობს შესასწავლი საკითხი?
  • რა შემოქმედებითი პროდუქტის საშუალებით უნდა დაადასტურო, რა ისწავლე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით?
  • რა არის ეკორობოტი და როგორ შექმნი მას?

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1.

  • რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჰიგიენის წესების დაცვას (ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ 1).
  • რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე (ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ3)?

რესურსი: ვიდეორგოლი. ,,ჩვენი წვლილი პლანეტის გადარჩენაში“.

აქტივობა 1: ვიდეორგოლის გაცნობის შემდეგ გაიმართა  დისკუსია ,,მრგავალი მაგიდის“ მეთოდის გამოყენებით. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს:

1.ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნარჩენების გადამუშავების პრობლემა დღეს საკმაოდ მწვავედ დგას?

  1. რაში ხედავთ მის გამოვლინებას?

3.რაში ხედავთ გამოსავალს?

რესურსი: სახელმძღვანელოში არსებული მასალა, მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სამაგიდო თამაში მეეზოვე. (აღნიშნული რესურსის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ ნარჩენების დახარისხებას.)

აქტივობა2.

მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში და რომელი გუნდიც უფრო სწრაფად დაახარისხებს სხვადასხვა ტიპის ნარჩენის ბარათს შესაბამისი ფერის ურნაში(ჭიქა), ის გუნდი იმარჯვებს.

სამიზნე ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

 

  • რა სახის ნარჩენები არსებობს?
  • სად მიდის ეს ნარჩენები?
  • გსმენიათ თუ არა ნარჩენების დახარისხების შესახებ?
  • ახარისხებთ თუ არა ნარჩენებს ოჯახში და თავად თუ მონაწილეობთ ამ პროცესში?
  • ხომ არ გსმენიათ რამე ნარჩენების მეორეული გამოყენების შესახებ?
  • ხომ არ გამოგიყენებიათ რაიმე სახის ნარჩენი მეორეული დანიშნულებით და დაგიმზადებიათ რაიმე მისგან?

ნაბიჯი2

რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას მომავალი თაობისთვის (მდგრადი განვითარება მკ.წ 1)?

აქტივობა.1

,,შეამოწმე შენი ეკოლოგიური ნაკვალევი” საინტერესო და სახალისოა, ის ეკოცნობიერების ამაღლების მიზანს ისახავს. თურმე  პლანეტა დედამიწის რესურსს დაუდევრად ვიყენებთ და როგორ შეგვიძლია ეს შევცვალოთ ჩვენი მცირე წვლილით, მოსწავლეებმა დამოკიდებულება საინფორმაციო პოსტერებში გადმოცეს.

აქტივობა2.

რეაქციის ბარათების საშუალებით მოსწავლეები ერთი გაკვეთილის ფარგლებში აკეთებენ ჩანაწერებს თემაზე: როგორ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობადობა ,,ეკოგმირის“  საშუალებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მასწავლებელი აგროვებს გაკვეთილის ბოლოს ბარათებს და მომდევნო გაკვეთილზე უბრუნებს მათ შესაბამისი უკუკავშირით.

 

აქტივობა 3:

მოსწავლეები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაკვეთილზე ქმნიან ეკოგმირს (პირბადეების სარეცხი მანქანა, ატრაქციონი ,,ტობი“, რობოტი ,,რობო“, სამაგიდო ტენისი,ლეპტოპის გამაგრილებელი, თვითმფრინავი და სხვა).

მოგეხსენებათ კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი – გასიტყვება დროის რესურსის თვალსაზრისით საკმაოდ დიდ გამოწვევად მიიჩნევა, მოსწავლეებისთვის ეს პროცესი მამოტივირებელი რომ  გამხდარიყო და ამავდროულად, დამეზოგა დროის რესურსი, შევთავაზე  აქტივობა ,,ცოდნის აუქციონი“. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

თავისუფლად და შეუზღუდავად გადმოსცეს თავისი ცოდნა, რადგან არ ეშინია ცოდნის შეფასების  –  დაბალი ქულის (ასეთი უბრალოდ არ იწერება).

დაიმსახუროს უმაღლესი შეფასება აქტიურობის ან მოცემული თემის ირგვლივ მოპოვებული საინტერესო ფაქტების საფასურად.

მოკლედ და დამაჯერებლად გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან ერთი ფაქტის წარსადგენად მას ეძლევა არა უმეტეს ერთი წუთისა.

ჟიურის წევრი მოსწავლეები აუქციონში მონაწილე მოსწავლეებს კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში უსვამენ შეკითხვებს, მათ აქვთ სამუშაო ცხრილი, შეფასების ფორმა, სადაც პარალელურად აკეთებენ ჩანაწერებს.(დანართი1,2,3)

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვდა დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგათ დავალების შესრულებაში ?
  • რის შესწავლა დაგჭირდათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდათ დახმარება?
  • შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?
  • რა დაბრკოლებებს გადააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

 

დანართი1

შეფასების კრიტერიუმები სრულად ნაწილობრივ გასავითარებელია
რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჰიგიენის წესების დაცვას.      
რატომაა მნიშვნელოვანი  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დაცვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.      
რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე.      
ეკოგმირის შექმნის მიზანი      
შენი სლოგანი გარემოს დაცვის საკითხთან დაკავშირებით.      

დანართი2

 

ლოტი საუბრობს რა მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის დაცვას ჯანმრთელობისათვის. რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. განასხვავებს ნარჩენს და ნაგავს ეკოგმირის შექმნის მიზანი საკუთარი სლოგანი გარემოს დაცვის საკითხთან დაკავშირებით გასიტყვებისას იცავს დროის ლიმიტს
1  
2  
3  
4  
5  
6  

  

დანართი 3 ჟიურის სამუშაო ცხრილი

 

# სწორი პასუხი არასწორი პასუხი დისციპლინა ქულები შედეგი
1
2
3
4
5
6
7  

 

კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მიზეზებზე და შედეგებზე მსჯელობა, ჩამოაყალიბეს და დასახეს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები, მოიფიქრეს გარემოსდაცვითი სლოგანი და იმსჯელეს ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ამ საკითხებთან მიმართებაში. მოიყვანეს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების მაგალითები, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამოთქვეს მოსაზრება ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ; იმსჯელეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

ნარჩენების მართვა

ავტორი: მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე საქართველო , 2020

 

 

  ახალბედა მასწავლებელი

0

                                    
  როდესაც მასწავლებლობა ჩემს პროფესიად ავირჩიე, მივხვდი, მსოფლიოს თუ ვერ შევცვლიდი, ღირსეულ მომავალ თაობებს აღვზრდიდი, რომლებიც შეცვლიდნენ  მსოფლიოს.

„მასწავლებელო, მე შენ მიყვარხარ, ეს ისეთი გაკვეთილია, რომელზეც სულ ვოცნებობდი“! ეს ის სიტყვებია, რომელიც ახალბედა მასწავლებელს გაკვეთილზე პირველკლასელმა კოსტამ მითხრა და  მიბიძგა, რომ  ნაფიქრი ფურცლებზე გადამეტანა.  სწორედ მაშინ  მივხვდი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც უნდა ვაკეთებდე!

ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის  კითხვა: რატომ ავირჩიე მასწავლებლობა?

ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩემი სულისა და გულის ნაწილია.

ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის მასწავლებლობა მხოლოდ და მხოლოდ პროფესია არაა, არამედ შინაგანი მდგომარეობაა.

ალბათ, იმიტომ, რომ უზომოდ ვარ შეყვარებული ბავშვებზე და ზოგადად ადამიანები მიყვარს.

ალბათ, იმიტომ, რომ მინდოდა თავადაც განვითარება და საკუთარი თავის აღმოჩენა.

ბევრი „ალბათ იმიტომ“ შეიძლება ჩამოვთვალო, რადგან ბოლომდე შეუძლებელია აღვწერო გრძნობა, რომელიც არ მაძლევს უფლებას მიღწეულით დავკმაყოფილდე. ყველამ, ვინც ოდესმე ახალბედა მასწავლებლის ტყავში ყოფილა, იცის, რომ „ბრძოლის“ დასაწყისი არც ისე ადვილია. ბევრი გამოწვევაა, თუმცა სასიამოვნო გამოწვევა, რომელიც პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.  ვიხსენებ ჩემს  პირველ დღეს სკოლაში, როდესაც გაოცებული თვალებით მიყურებდნენ ბავშვები და სიახლეებს ელოდნენ ჩემგან. თომას ნიუკირკი თავის  წიგნში „Embarrassment: And the Emotional Underlife of Learning“ („დაბნეულობა და სწავლის ემოციური იატაკქვეშეთი“) განიხილავს, როგორ შეიძლება თუნდაც ერთმა გაცნობიერებულმა ძლიერმა მხარემ თავდაჯერება მიანიჭოს ადამიანს და ცხოვრების მკაცრი გამოცდები ჩააბარებინოს. სწორედ ახალბედა მასწავლებლების ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებს აღწერს თომას ნიუკირკი და საუბრობს უფრო ასაკოვანი, ვეტერანი მასწავლებლების დახმარების აუცილებლობის შესახებ.როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს  შიშმა იმაზე, თუ როგორ ვსწავლობთ, როგორ ვასწავლით და როგორ ვცხოვრობთ? ამ კითხვებზე პასუხებს ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვცემ ჩემს თავს, ჩემი ძლიერი მხარეები ნამდვილად მმატებს თავდაჯერებულობას  და პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და ენთუზიაზმით ვემსახურები ჩემს პროფესიას. ბევრს ვსწავლობ ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც  მიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.  ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ახალბედა მასწავლებლისთვის კი ეს ორმაგად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ვცდილობ, განსხვავებული და მიზანზე ორიენტირებული გაკვეთილები შევთავაზო მოსწავლეებს, იცოდნენ, რატომ სწავლობენ და როგორ გამოიყენონ ცოდნა. ბედნიერი ვარ, რომ სკოლაში შესვლისთანავე მესმის სიტყვები „ქართულის მასწავლებელი მოდის“, „მე, დღეს ავტობუსში ქართულის მასწავლებელი ვნახე“, „ქართულხატვა გვექნება მასწავლებელო? ალბათ, გადაინტერესებთ რა არის „ქართულხატვა“?!  მოსწავლეებთან ხშირად ვიყენებ ინტეგრირებას, რადგან „ცვლილება, რომელიც ჩვენს განათლებაში შემოდის, სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას ნიშნავს. ეს ცვლილება, რევოლუცია, კოპერნიკისას ჰგავს, როდესაც ასტრონომიულმა ცენტრმა დედამიწიდან მზეზე გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ხდება მზე, რომლის გარშემოც განათლების მექანიზმები ბრუნავს.”  (ჯონ დიუი) მე და ჩემი მოსწავლეებიც ვიზიარებთ დიუის ამ აქსიომატურ სიტყვებს და თითოეული  ჩვენი გაკვეთილები მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობაა. სწორედ, ასეთი გაკვეთილების შედეგია ამ სიტყვის დაბადება. ძალიან მომწონს, მასზე უფრო ვრცლად შემდეგში მოგახსენებთ.

დღეს მე ახალბედა მასწავლებელი ვარ, მას შემდეგ რაც სკოლაში შევდგი ფეხი, ჩემი მოსწავლეები მე მზრდიან და მე – მათ. ჩემს მოსწავლეებთან ერთად   ვზრუნავ პროგრესულ განათლებაზე, ვგრძნობ და განვიცდი ჩემს ყოველ წარმატებას და მარცხს. ყოველთვის მაქვს სურვილი გავაკეთო რაიმე მნიშნელოვანი , აღმოვაჩინო ჩემს მოსწავლეებთან ერთად და ჩემი მასწავლებლობაც უფრო ნაყოფიერი , საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.   ბედნიერი ვარ,  რომ ვზრდი პროგრესულად მოაზროვნე თაობას,  ვემსახურები ჩემს საქმეს და   ქვეყანას.  იყო მასწავლებელი ნიშნავს, გქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, პირველ რიგში საკუთარ თავთან. თუ ეს არ გაქვს, კარგი მასწავლებელი ვერასდროს იქნები. უნდა ვითარდებოდე. თუ ერთ დონეზე გაჩერდები, თუ შეწყვეტ შენს განვითარებას და იტყვი, რომ მე ყველაფერი ვისწავლე და დამთავრდა ჩემთვის და მივაღწიე მასწავლებლობას, მაშინ ნამდვილად არ ხარ კარგი მასწავლებელი.  რაც უფრო  მეტად  ვითარდები, მეტად  საინტერესო  ხარ მოსწავლეებისთვის. როცა ბავშვისთვის საინტერესო ხარ, თავისთავად საინტერესოა შენი საგანიც.  მასწავლებლობა ჩემთვის არის პასუხისმებლობა, სიყვარული,  მეგობრობა და ურთიერთგაგება. სრულიად ვეთანხმები სიტყვებს,  „მე ვარ მასწავლებელი, მაშასადამე მე ვარ გარდამტეხი სხივი სწავლა-სწავლების, თვითგანვითარებისა და სხვათა განვითარების გზაზე.” (ხათუნა რაზმაძე)

ყველა ახალბედა მასწავლებელს მინდა შევახსენო მალალა იუსაფრაიზის სიტყვები, რომელსაც გონებაში ხშირად ვიმეორებ: „ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო!“

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://edu.aris.ge/news/ras-nishnavs-iyo-axalbeda-maswavlebeli-upiratesobebi-da-gamowvevebi.html – რას ნიშნავს იყო ახალბედა მასწავლებელი – უპირატესობები და გამოწვევები
  2. https://www-heinemann com.translate.goog/products/e08877.aspx?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc უხერხულობა და სწავლის ემოციური სიცოცხლე

 

 

ლიტერატურული პროექტი

0

მასწავლებლის პროფესია მაძიებლობას გულისხმობს. ნამდვილი პედაგოგი გამუდმებით ცდილობს,  სამყაროს „მოპაროს“ ყველაფერი, რამაც შეიძლება მოსწავლეებისთვის მოსაწყენი შემეცნებითი პროცესები საინტერესო თავგადასავლად აქციოს. მით უმეტეს, დღეს, როცა წიგნს უამრავი კონკურენტი ჰყავს და  ბრჭყვიალა ინტერნეტსივრცეში ჩაკარგული მოსწავლის გულს რუტინული სასწავლო პროცესი ვეღარ იპყრობს.

ამ სტატიაში იმ ლიტერატურული პროექტის თქვენთვის  გაზიარება მსურს, რომელიც ჩემი მოსწავლეების თვალებშიც მუდამ  შემეცნების სიხარულს აციმციმებს და  ყოველ ჯერზე თავიდან გვაყვარებს ერთმანეთს;   მას  „წაიკითხე ჩემი წიგნიც“ ჰქვია და მისი კონცეფციის ავტორი უსაყვარლესი მასწავლებელი ლელა კოტორაშვილია (https://mastsavlebeli.ge/?p=17326). რადგან ლელას ეს კეთილი ჯადოქრობა კითხვის წახალისების პროცესში არაერთხელ დამეხმარა, ვფიქრობ, ინტერპრეტირებული ვარიანტის თქვენთვის შემოთავაზება სასარგებლო და საჭირო საქმეა.

დავიწყოთ მთავარი შეკითხვით.

რა ახარებთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად?

პასუხი მარტივი და უტყუარია – ზარი. საოცარი სურათია, როგორ წამოშრიალდებიან და გაეფინებიან ხოლმე სკოლის დერეფნებში და როგორ შეუპოვრად, დაუღალავად ცდილობენ 5 წუთის განმავლობაში საკუთარი თავის საერთო სასკოლო სოციუმში დამკვიდრებას. ეს განსაკუთრებით  საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩანს, რადგან ასაკობრივი განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე მათ ყველაზე მეტად  თვითგამოხატვა, ახალი მეგობრების შეძენა და ახალ ურთიერთობებში ჩართვა სურთ.

გარდა ამისა, ალბათ, ყველა მასწავლებელს გახსენდებათ ბავშვებისა და მოზარდების მუდმივი ინტერესი სხვა კლასის მოსწავლეების მიმართ, მუდმივი კითხვები – „მას, თქვენ ელენეს ასწავლით?“, „მას, ლუკა როგორი ბიჭია?“, „მას..,მას…“.

როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ასაკობრივი მაჩვენებელი მასწავლებელმა კითხვის პროცესისადმი მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად?

მარტივად!!!

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობენ თქვენი მოსწავლეები, როცა ერთ დღესაც თქვენ განუცხადებთ, რომ მათ  – ელენესთვის/ლუკასთვის უნდა წაიკითხონ წიგნი. იქვე დაამატებთ, რომ გზადაგაზა კომენტარები უნდა დაურთონ, წერილები დაწერონ და ასე გააცნონ მეწყვილეს ახალ ტექსტებთან ერთად საკუთარი თავი, ბოლოს კი წაკითხული წიგნი  მას გადასცენ.

დიახ, ისინი აღმოაჩენენ, რომ ჯერ კიდევ უცნობი მეწყვილეები ერთმანეთს მხატვრული ლიტერატურის საშუალებით დაუკავშირდებიან და ამ ჯადოქრობაში, კითხვის უნარების განვითარებასთან  ერთად,  საკუთარი თავის გამოხატვის ორიგინალური ფორმების მოძიებისა და ახალი მეგობრების შეძენის საშუალებაც მიეცემათ.

მეტი სიცხადისთვის გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკას.

ამჟამად ორ მეშვიდე კლასს ვასწავლი. ორივე კლასში 29 მოსწავლეა. მოსწავლეთა მოსალოდნელი იმედგაცრუებების  თავიდან ასარიდებლად თავად დავაწყვილე ისინი მათი ფსიქოტიპების გათვალისწინებით  (თუმცა, ვფიქრობ, შემთხვევითობის პრინციპით  შექმნილი წყვილებიც საინტერესო ლიტერატურულ თავგადასავალში გადაეშვებოდნენ).

ერთმანეთისთვის წასაკითხი წიგნის შერჩევისას საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მოსწავლეები, ცოტა არ იყოს, დათრგუნა სერია „აირჩიე სიკეთის“ იმ ტექსტებმა, რომელთა მთავარი გმირები განსხვავებული საჭიროებების მოზარდები/ბავშვები არიან. ალბათ, სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათ ფანტასტიკური და  იუმორისტული ტექსტები – ნილს სიმეონის (გიორგი მასხარაშვილის) „14 კრისტალის თეორია“ და  დევიდ უილიამსის „ბანდიტი ბებია“ შეარჩიეს.

ახლა უშუალოდ კითხვის პროცესიც აღვწეროთ.

გასათვალისწინებელია, რომ წიგნების მეწყვილისთვის წაკითხვისთვის არ დამიწესებია არანაირი ჩარჩო. მოსწავლეებმა თავად შეარჩევს კითხვის სტრატეგიები (სიტყვიერი კომენტარი, შეკითხვის დასმა,  ვარაუდის გამოთქმა, წაკითხულის ვიზუალიზაცია, სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტება, ასოციაციების, პირობით ნიშანთა სისტემის, გრაფიკული ორგანიზატორების  შექმნა და სხვა), რომელთა გამოყენებაც მათ თვითგამოხატვაში დაეხმარა.

გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს.

მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება ყველაზე მეტად  კითხვის პროცესში დაუფლებული ემოციების, დაკვირვებების, მოსაზრებების მეწყვილისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული კითხვის სტრატეგიების საშუალებით გაზიარებამ გამოიწვია. ჩემი დაკვირვებით, სწორედ თავისუფალი არჩევანით მიიღწევა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნები:

ა) ინტერპრეტაცია, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (5.ტექსტის ინტერპრეტაცია პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით; 7. ტექსტის შეფასება, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა-დასაბუთება).

ბ) სტრატეგიები (11. წერისა და კითხვის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატური გამოყენება).

საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეთათვის ერთმანეთის წიგნებზე, პოზიტიურ მაგალითებზე დაკვირვება მოტივაციის გაზრდის და  წიგნის მეტად ორიგინალურად დამუშავების გზად იქცა. სწორედ ამიტომ. გზადაგზა  ჯგუფური მუშაობასაც მივმართავდი,  რომლის მიზანიც კითხვის განსხვავებული სტრატეგიების, აღმოჩენების, გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება იყო.

ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა მეწყვილეებთან შეხვედრისა და წიგნის გაცვლის დღე. სწორედ ამ დღის მოლოდინით  საზრდოობდნენ მოსწავლეები კითხვის მთელი პროცესის განმავლობაში. ნებისმიერი სიტყვის, ფრაზის, გვერდისა თუ ილუსტრაციის უკან სწორედ ამ დღის სიხარული იმალებოდა.

რადგან მოსწავლეებს მობეზრებული აქვთ ფორმალური სასწავლო გარემო, შემაჯამებელი აქტივობა მოსწავლეებთან ერთად  არაფორმალურ გარემოში დავგეგმე, რათა მეწყვილეებს ერთმანეთთან არა გაუცხოება, არამედ მთლიანობა ეგრძნოთ. ასეთი შეიძლება ყოფილიყო სკოლის ბიბლიოთეკა ან კლუბური მუშაობის ოთახი, თუმცა საკმარისი სივრცის არარსებობის გამო საბოლოოდ სააქტო დარბაზში გადავინაცვლეთ.

შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეთა დაძაბულობის შესამცირებლად,  უშუალო და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად გამოვიყენე კითხვების ყუთი, რომელშიც მოვათავსე კითხვები.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  1. რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
  2. როგორ გგონიათ, განსაკუთრებით რა უნარები განგივითარათ ამ პროექტმა?
  3. თავიდან რომ იწყებდე, რას შეცვლიდი ამ პროექტში?
  4. დაასახელე სამი სიტყვა, რომლითაც აღწერ იმ ემოციებს, რომლებიც ამ პროექტს უკავშირდება.
  5. დაასახელე მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ან ვერ თქვი უარი ამ პროექტში მონაწილეობაზე.
  6. მოიფიქრე წინადადება, რომელიც იმ გარემოს აღწერს, რომელსაც ახლა შენი თვალები ხედავს.
  7. მოიფიქრე სიტყვა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად შეეფერება ნინა მასწავლებელს.
  8. კითხვის/წერის პროცესში რა იგრძენი ახალი. აღწერე ემოციები.
  9. გაახმოვანე ის ერთი წინადადება, რომლითაც წამოიწყებ საუბარს მეწყვილესთან (  ამ კითხვა-პასუხის შემდეგ)
  10. როცა წიგნს მეწყვილისთვის ვკითხულობდი…. (დაასრულე წინადადება)
  11. როცა წიგნზე კომენტარებს ვტოვებდი …. (დაასრულე წინადადება)
  12. ეს პროექტი შემაყვარებს…. (დაასახელე სამი რამ)
  13. რომ შემეძლოს…. ( დაასრულე წინადადება)
  14. უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხე :

მიხარია, რომ ეს დღე შედგა!

მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით!

მიხარია, რომ გხედავთ!

ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება!

  1. კითხვების ყუთიდან შეკითხვა იმ ბავშვს ამოაღებინე, ვისთვისაც, შენი აზრით, ღირდა ეს პროექტი (ვინც ყველაზე დიდი ემოციითა და ინტერესით მოეკიდა ამ პროექტს).
  2. უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხე:

დღეს 23 აპრილია!

წიგნის საერთაშორისო დღე!

ჩვენ წიგნებმა  შეგვახვედრეს ერთმანეთს!

კითხვა აბედნიერებს!

საბოლოოდ, მოსწავლეებმა გაცვალეს წიგნები და  ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში გადაეშვნენ. ახალი წიგნის კითხვის პროცესში მათ გვერდით შეძენილი მეგობრის ემოციების ამსახველი წარწერები, კომენტარები, შეკითხვები, ნახატები, პირობითი ნიშნები, წერილები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთებიც და ფოტოებიც იქნებიან.

სტატიის დასასრულს გთავაზობთ პროექტის რეფლექსიისთვის შექმნილ გასასვლელი ბარათის შაბლონს.  კითხვებზე პასუხებმა  კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს მოსწავლეებს არაფორმალური და შემოქმედებითი აქტივობები სწყურიათ.

 

,,ხელოვნური ინტელექტი, google, სახელმძღვანელო და მე”

0

“ვასწავლო ნიშნავს იმას, თუ როგორ ვისწავლო” 

ან  (,,როგორ ვასწავლო ნიშნავს , როგორ ვისწავლო”)

“ემოციური მდგომარეობა მუდმივად იცვლება უკიდურესი ნეგატიურიდან უკიდურეს პოზიტიურამდე დიაპაზონში.ემოციებს შეუძლიათ იმდენად დაგვეუფლონ,  რომ დაარღვიონ სიტუაციის აღქმადობა, ხოლო ლოგიკური , პრაგმატული აზროვნება შეუძლებელი გახადონ.” (დ.კარნეგი)

დადებითი ემოციური  მდგომარეობა აუცილებელია  სიტუაციის სრულფასოვანი აღქმისა და პრაგმატული აზროვნებისათვის. სწორედ ამიტომ საჭიროა, როგორც წინა თაობებმა აითვისეს სახელმძღვანელო როგორც ძირითადი რესურსი,შემდგომმა თაობებმა კი ციფრული რესურსები googles სახით, დღეს ასევე მნიშვნელოვანია შევისწავლოთ,  როგორც კიდევ ერთ-ერთი რესუსი (არა სახელმძღვანელოსა და googles კონკურენტი) ხელოვნური ინტელექტი_Chat GPT 4.

რადგან ჩვენ  ხშირად ვსაუბრობთ მომავლის განათლებაზე, როგორი უნდა იყოს სწავლა-სწავლების, განვითარების პროცესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დღევანდელი  რეალობის ჯანსაღ ემოციურ აღქმადობას. ემოციებს არ უნდა მივცეთ საშუალება,შეგვიქმნას ისეთი განწყობები,რომელიც სიახლეების მიღებისა და გამოყენების შიშთან ასოციერდბა. ეს ასევე აუცილებელია რათა ფეხი ავუწყოთ დღევანდელობის სწრაფ ტემპებსა და მოთხოვნებს.

    დღეს ჩვენი მოსწავლეები ჩვენთან ერთად არიან ჩართულები სწავლა-სწავლების  მიმდინარე პროცესებში.  მათთვის მნიშვნელოვანია  ცოდნა ,,დღეს და არა ხვალ”.   მოსწავლეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლად  მეტი კვლევის, შედარებისა და აღმოჩენების გაკეთების საშუალება,რათა მათ თავად შეძლონ საზოგადოებაში დამკვიდრებული, გადამდები სტერეოტოპული შეხედულებებისგან თავის დაცვა. ამისათვის კი ჩვენ მასწავლებლები უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად, ვიცნობდეთ, ვფლობდეთ და არ გავურბოდეთ ციფრულ ტექნოლოგიებს. 

სწორედ ამ მიზნით შევთავაზე X კლასის მოსწავლეებს კვლევა გეოგრაფიის საგანის მიმართულებით:

,,ხელოვნური ინტელექტი, google, სახლემძღვანელო და მე”

* ( რა არის ხელოვნური ინტექლეტი Chat GPT 4,  როგორი შესაძლებლობები აქვს მას და როგორ  გავიაროთ რეგისტრაცია. იხ.რესურსი 3,4,5 თანდართული სტატიის სახით ).

ჩატარებული კვლევის მიზანი იყო: ,,რა ბენეფიტებს მთავაზობს ამ თუ იმ საკითხის დამუშავების დროს ხელოვნური ინტელექტი Chat GPT 4 , Google და სახელმძღვანელო”.

კვლევის ჩასატარებლად მოსწავლეებმა დაამუშავეს შემდეგი საკითი: ,,მეხუთეული დარგები” და  ქვესაკითი ,,რატომ ხდება ინდუსტრიული რევოლუციები? ინდუსტრიული რევოლუციების დროის ხაზი”.

საკითხის დამუშავების პროცესში, მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი რესურსები: გეოგრაფიის სახელმძღვანელო (X კლასი მ. ბლიაძე, მ.სეხნიაშვილი), Google და  ხელოვნური ინტელექტი Chat GPT 4. 

კვლევის პროცესში , მოცემული რესურსების შედარება უნდა მომხდარიყო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით : მოქნილობა,სიმარტივე, დროის მენეჯმენტი, სანდოობა, ვალიდობა, ობიექტურობა (შესაძლებელია კრიტერიუმების ცვლილება საკუთარი შეხედულებისამებრ). 

ჩატარებული კვლევა თავად მოსწავლეებს ანუ  ,,მეს”  მისცემს შესაძლებლობას ჩამოიყალიბოს საკუთარი პოზიცია მოცემული სამივე რესურსურის მიმართ, აღნიშნულ საკითხზე შეძლოს არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნების გამოტანა , რათა შეიქმნას რელისტური მკვიდრი წარმოდგენები. 

  1. კვლევის დაწყების წინ კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად შემდეგი რესურსის მიხედვით:

იხ.რესურსი  ,,ინდუსტრიული რევოლუციის  დროის ხაზი”

  1. კვლევის მსვლელობა
,,ხელოვნური ინტელექტი ,google ,  სახელმძღვანელო და მე”
საკითი:მეხუთეული დარგები 
კლასის ორგანოზების ფორმა: ჯგუფური
I. ,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_მექანიზაცია ” (1784წელი)

რატომ ,როდის და როგორ მოხდა ეკონომიკურ-ტექნიკური ინდუსტრიალიზაცია კერძოდ  მექანიზაციის ეტაპი, რა შედეგები მოყვა ამ ეტაპს.

II. ,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_ელექტრიფიკაცია” (1870წელი)

რატომ ,როდის და როგორ მოხდა ეკონომიკურ-ტექნიკური ინდუსტრიალიზაცია კერძოდ ელექტრიფიკაციის ეტაპი,რა შედეგები მოყვა ამ ეტაპს.

III.,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_ავტომატიზაცია” (1969წელი)

რატომ ,როდის და როგორ მოხდა ეკონომიკურ-ტექნიკური ინდუსტრიალიზაცია კერძოდ ავტომატიზაციის ეტაპი,რა შედეგები მოყვა ამ ეტაპს.

IV. ,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_ხელოვნური ინტელქეტი” (  ChatGPT)

(Cv ის შექმნა ChatGPT)რას წარმოადგენს, როდის შეიქმნა,მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რა ბენეფიტებს მოტანა შეუძლია  კაცობრიობისთვის და ა. შ 

(რეკომენტაცია: სასურველი შეკითხვების დამატებაც შეგიძლიათ)

ჯგუფები გადიან მუშაობის შემდეგ ეტაებს:

  1. ChatGPT  _ინტერვიუს ეტაპი _ ხელოვნურ ინტელექტთა (ChatGPT)
  2. სახელმძღვანელო _ გაცნობის ეტაპი _საკითის სახელმძღვანელოდან  მეხუთეული დარგები ,,რატომ ხდება ინდუსტრიული რევოლუციები ?” მ. ბლიაძე, მ. სეხნიაშვილი
  3. google – მოძიების ეტაპი – google -ის პლატფორმაში სტატიების (მედიაწიგნიერების კომპონენტი)
  4. ,,მე ”  შეჯამების ეტაპი- ,,რას ვფიქრობ მე”  შედარება/არგუმენტორებული მსჯელობა /დასკვნების გამოტანა

მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის,google,სახელმღვანელოს შედარებას ახდენენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მოქნილობა
  • სიმარტივე
  • დროის მენეჯმენტი
  • სანდოობა
  • ვალიდობა
  • ობიექტურობა

 (შეგიძლიათ კრიტერიუმები თავადაც დაამატოთ)

მოსწავლეებს შევთავაზებული  ჰქონდათ თავად აერჩიათ კვლევის წარდგენის ფორმა: 

  • ინფოგრაფიკა
  • ვიდეო რგოლი 
  • სტატია/swot ანალიზი 

აღნიშნული კვლევის დახმარებით მოსწავლეები თავად შეიქმნიან  მკვიდრ წარმოდგენებს  და გააკეთებენ  მიგნებებს მოცემული  რესურსების დადებით და უარყოფით მხარეებზე. განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ისინი თავად აღმოაჩინენ  და გაატარებენ პარალელს მოვლენათა თანმიმდევრულობაში. 

სასურველია მსგავსი კვლევებით  მივცეთ მოსწავლეებს საშუალება თავად გააკეთონ დასკვნები შემდგომ საკითხებზე:

 -ხელოვნური ინტექლეტის, როლი სწავლების პროცესში;

-ხელოვნური ინტელექტი, კონკურენტი ,რომელიც პროფესიის გარეშე დაგვტოვებს;

-ხელოვნური ინტელექტი, რესურსი, რომლის კარგად შესწავლა საშუალებას მოგვცემს, სხვადასხვა პლატფორმებთან ერთად ეფექტურად გამოვიყენოთ , დაჩქარებული ცხოვრების ტემპებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში.

 

რესურსები:

1.https://www.verywellmind.com/what-is-emotional-intelligence-2795423 ,,რა არის ემოციური ინტელექტი” -კენდრა ჩერი  (07.11.22)

2.https://openai.com/blog/chatgpt ხელოვნური ინტელექტი _Chart GPT4

3.https://idfi.ge/ge/artificial_intelligence_meaning_international_standards_ethical%20norms_recommendations_and_conclusions

4.ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები

5.https://openai.com/research/gpt-4  შესაძლებლობები Chart GPT4(გამოცდების შედეგები)

6.ვიდეო რგოლი როგორ დავრეგისტრირდე უფასოდ Chart GPT4 https://www.youtube.com/watch?v=fCBNfCb5HLE

7.გეოგრაფია”  მე-10 კლასი მ. ბლიაძე მ. სეხნიაშვილი

 

ინტეგრირებული გაკვეთილი   სწავლების დაწყებით საფეხურზე

0

ინტეგრირებული გაკვეთილი უკვე აღარ წარმოადგენს სიახლეს. ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმოს. საგანთა ინტეგრაცია ხელს უწყობს ნასწავლის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნის ერთი სფეროდან მეორეში გადატანას-ტრანსფერს. იმისთვის , რომ ტრანსფერი წარმატებით განხორციელდეს, მიღებული ცოდნა მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს სწავლის დროს შეძენილი გამოცდილების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება, პრობლემის დაძლვის ძირითადი პრინციპების აღმოჩენა.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. ინტეგრირებული გაკვეთილი დავგეგმე და ჩავატარე მე-4 კლასში.

საგნები: ბუნებისმეტყველება-ქართული ენა

თემა: „ ცეცხლი-მტერი, თუ მეგობარი? “

მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ცეცხლის მნიშვნელობის გააზრება;

ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზების დასახელება და მათი თავიდან აცილების ღონისძიებების განსაზღვრა;

ლეგენდის „როგორ მოიპოვა ადამიანმა ცეცხლი“კითხვა და დამუშავება;

სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გაკეთება.

გაკვეთილი დავიწყე თემის და მიზნის გაცნობით. მოსწავლეთა გააქტიურების და შესასწავლი თემისადმი ინტერესის გამძაფრების მიზნით, დავსვი მაპროვოცირებელი შეკითხვები:

1)როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ადამიანს ცეცხლი?

2)როგორი იქნებოდა ცხოვრება ცეცხლის გარეშე უძველეს დროს?

მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში, შეავსეს Tდიაგრამა,ჩამოწერეს ცეცხლის სასარგებლო და საზიანო თვისებები, გაუზიარეს ერთმანეთს.

ვთხოვე, გამოეთქვათ ვარაუდები-როგორ შეძლო ადამიანმა ცეცხლის მოპოვება და გამოყენება. მათი მოსაზრებები  ჩამოვწერე ფლიფჩარტზე. ამ აქტივობით ბავშვებს გავუაქტიურე წარმოსახვის, ფანტაზიის, აზრის გამოხატვის უნარები.

შემდეგ ეტაპზე დავიწყეთ ტექსტის-  „როგორ მოიპოვა ადამიანმა ცეცხლი?“ ბუშმენური ლეგენდა ( საბავშვო გაზეთი „კითხვის დრო“ USAID G-PRIED )კითხვა და დამუშავება.

ტექსტს კითხულობდა კითხვაში გაწაფული მოსწავლე, ეტაპობრივად განვმარტავდით უცხო ლექსიკურ ერთეულებს:

 

ბუშმენები სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი.

 

კალაჰარი – უდაბნო აფრიკის სამხრეთ ნაწილში.

 

ბარხანები -უდაბნოს რელიეფი, ქარით მოტანილი და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვი.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ დავსვი შეკითხვები, ეს დამეხმარა გამეგო, რამდენად კარგად შეძლეს მოსწავლეებმა წაკითხულის გაგება-გააზრება. მათ  დაასკვნეს, რომ ცეცხლს, სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია. უპასუხეს შეკითხვას- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობას?

განვმარტეთ, რა არის ხანძარი-გაუკონტროლებელი ცეცხლი,რომელიც სწრაფად ვრცელდება. ვუამბე, რომ კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ფაქტები ხანძრების შესახებ, როდესაც მთლიანად განადგურდა ქალაქები. მაგალითად, რომაული ქალაქი პომპეი ვულკანის ცეცხლსა და ფერფლში დაიწვა.

ტექსტის დამუშავების შემდეგ , ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფებში. დავალებები ისე იყო შეჩეული და განაწილებული, რომ ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით ემუშავა. პირველი ჯგუფის წევრებს ვთხოვე დაეწერათ სამი ფაქტორი, რაც შეიძლება ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდეს; მეორეს-სამი წესი, რომელიც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ხნძარი; მესამე ჯგუფს კი-სამი რამ, რასაც გააკეთებ, თუ ცეცხლმოდებულ შენობაში აღმოჩნდებით.

გაკვეთილის მომდევნო ეტაპზე ვუჩვენე სასწავლო ანიმაციური ფილმი „ხანძარი“

 

ფილმი ვუჩვენე პაუზებით, რადგან ყველა ეპიზოდის აღქმა, გააზრება და დამახსოვრება არ გაჭირვებოდათ .  ეტაპობრივად დამაზუსტებელი შეკითხვებით ვარკვევდი რამდენად კარგად იგებდნენ ნანახს.  ბოლოს დავსვი კითხვები:  დაემთხვა თუ არა მათი მოსაზრებები ანიმაციურ ფილმში ნანახს?    შევძელით მთავარ კითხვაზე „ცეცხლი- მტერი, თუ მეგობარი?“

შეჯამების ეტაპზე მოსწავლეებმა უპასუხეს მთავარ კითხვას, გააკეთეს დასკვნა,მოიყვანეს არგუმენტები. სახლში დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები „როგორ დავიცვათ სახანძრო უსაფრთხოების წესები“.

 

დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ეფექტური იყო და დამეხმარა საგაკვეთილო მიზნის მიღწევაში. მოსწავლეებმა შეძლეს უკვე არსებული ცოდნის და სხვადასხვა წყაროდან მიწოდებული ინფორმაციის გამთლიანება, გამოცდილების სხვა სიტუაციაში გამოყენება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მასწავლებელთის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ნაწილი II

 

 

 

 

 

 

რა აქტივობებს გვკარნახობს საბავშვო ლიტერატურა

0

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, წიგნებს ადრინდელივით ვეღარ ვკითხულობ, უფრო სწორად, თუ ადრე მხოლოდ სიამოვნებისთვის ვკითხულობდი, ახლა თვალმა თვალი გამოიბა და ახლებურად გადაიშალა ყველა ნაწარმოები, განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურა. ამას ალბათ, მასწავლებლური წერა-კითხვა ჰქვია, თან რომ კითხულობ და თან ფიქრი იქით გაგირბის, ამა თუ იმ წიგნიდან რა ამბები გამოდგება შენი მოსწავლეებისთვის საანკესოდ, ახალ თავგადასავალში თავით რომ გადაეშვან.

გაჯეტების თაობას უთხრა – ადექი, გადადე ეგ პლანშეტი და „ჩემი აფრიკელი ბებია“ წაიკითხეო, გამოუსწორებელი ოპტიმისტი უნდა იყო. მაგრამ, ერთხელაც, გაკვეთილზე შემოსული მოსწავლეები „ატატოს შტაბში“ თუ აღმოგაჩენენ, დამერწმუნეთ, ის დღე უჩვეულო ამბის დასაწყისი აღმოჩნდება.

ამ წერილში რამდენიმე აქტივობას შემოგთავაზებთ, რომელიც თანამედროვე ავტორის – მარიამ წიკლაურის პირველ საბავშვო რომანს უკავშირდება.

წიგნს „ჩემი აფრიკელი ბებია“ ჰქვია და ერთ საინტერესო, თავგადასავლების მოყვარულ, მხიარულ და ენაწყლიან ატატო ბებიაზე გვიამბობს.

როგორ შეიძლება წარვუდგინოთ ეს ნაწარმოები მოსწავლეებს ისე, რომ კითხვა მოვანდომოთ და ჩვენც ამ თავგადასავლის მონაწილეებად ვიქცეთ?

კონკრეტულად ამ წიგნს მორგებული აქტივობები წინასწარ დავამზადე ბარათებად, რათა კითხვის პროცესი სასწავლო მიზნებს პასუხობდეს და ამასთანავე სახალისო იყოს.

  1. 1. ბარათი „ატატოს შტაბი“

წიგნის შერჩევისას მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარვადგენთ მას ახალგაზრდა მკითხველის წინაშე. ამ დროს ჩვენს გულწრფელ სიტყვას, მიმიკას და განწყობას გადამწყვეტი როლი ენიჭება.

„ჩემი აფრიკელი ბებია“ რომ წავიკითხე, ვიფიქრე, სახალისო იქნებოდა საკლასო ოთახში მოგვეწყო „ატატოს შტაბი“. ბავშვობაში ვის არ გვქონია ხეზე,  პლედგადაფარებული სკამების თუ მაგიდის ქვეშ საიდუმლო „თავშესაფარი“, ან ჩვენს შვილებს უთამაშიათ იმავე რეკვიზიტებით. მოსწავლეებთან ერთად კი შეგვიძლია ეს თამაში ჩვენი მიზნის შესავლად ვაქციოთ.

შტაბის გაკეთება შვილებთან ერთადაც სახალისო და საინტერესოა. ბავშვებს უყვართ ჩვეულ გარემოში ცვლილებების შეტანა, ახალი წამოწყებები, ეს მათ მოტივაციაზე დადებითად ისახება.

  1. ბარათი – „ატატო ბებოს მენიუ“

მომდევნო აქტივობის შესრულებისას მოსწავლეებს დასჭირდებათ ბუნების, ხელოვნებისა და მათემატიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. საგნების ინტეგრირება ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ, გამოავლინონ სხვადასხვა უნარები. ამ გზით ისინი უკეთ იაზრებენ, რომ გაკვეთილებს მხოლოდ სკოლისთვის არ სწავლობენ, აქ დაგროვილი გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ატატო ბებო, ისევე როგორც ყველა ბებია მსოფლიოში, უგემრიელეს კერძებს ამზადებს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ კერძებს სახელებსაც თავად უგონებს. მაგ: პიცა „ბედნიერი ბავშვობა“, სენდვიჩი „გიჟობანა“, ხაჭაპური „გადარეულთა ოცნება“, ნიგვზიანი ქადა „ჭიჭიტა“, აი, სუპს კი „ბავშვების ღნავილი“ ჰქვია.

წინასწარ გამზადებულ ცხრილს ბუნებაზე შესწავლილი ხილითა და ბოსტნეულით შეავსებენ. გრამობისა და ლიტრობის განსაზღვრისას მათემატიკის ცოდნა დაეხმარებათ, ხელოვნების გაკვეთილზე კი შესაძლებლობა ეძლევათ დახატონ, გამოჭრან ან გამოძერწონ მენიუდან არჩეული კერძები თუ პროდუქტები.

ასე გახსნეს ჩემმა შვილებმა კაფე „სანსალინო“ და სტუმრებს გემრიელი და უჩვეულო კერძებით გაუმასპინძლდნენ.

  1. ბარათი – „დაკარგული სიტყვების ფესტივალი“

მოსწავლეების ლექსიკა, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ხშირად სიმწირით ხასიათდება. ამის გამოსწორებას მასწავლებლები არაერთი აქტივობით ვცდილობთ. წიგნში „ჩემი აფრიკელი ბებია“ ავტორი ერთ გამოსავალს გვთავაზობს და ვფიქრობ, მისი განხორციელება კლასშიც შესაძლებელია.

ნაწარმოებში უამრავ სახალისო სიტყვას ამოიკითხავთ, ზოგს ატატო ბებო იგონებს და მათ „მიკრეჭილ-მოკრეჭილ“ სიტყვებს ეძახის, ზოგი ლექსიკონის ფურცლებიდან გადმოაქვს და ყოველდღიურ საუბარში იყენებს, მისი აზრით, ასე მივიწყებული სიტყვები ცოცხლდებიან და აგრძელებენ არსებობას.

ბარათზე წარმოდგენილი აქტივობის გარდა, შეგვიძლია, მოსწავლეებს დავავალოთ, შეადგინონ  საოჯახო ლექსიკონები. დამერწმუნეთ, ბევრ უჩვეულო და ახალ სიტყვას აღმოაჩენთ, ისე როგორც მე აღმოვაჩინე ჩემი შვილების ლექსიკონში მაგ: „კუსკუსუნა“, რაც საყვარელს და პატარას აღნიშნავს, „ბაჩბაჩუნა“ – ოჯახის ახალი წევრის შემომატებისას გაჩენილი სიტყვა ყოფილა. „ქიცქიცა“ კი იმერელი ბებიისგან „წამოიღეს“, როგორც მოუსვენარი, ცელქი ბავშვის სინონიმი.

წლის ბოლოს კი, შეგვიძლია მოვაწყოთ ფესტივალი, კლასი ახალი სიტყვებით მოვრთოთ, დავაჯგუფოთ 2,3,4 და მეტმარცვლიანი სიტყვები, შევადგინოთ წინადადებები, მოვაწყოთ ჯგუფური მარათონი – ვინ უფრო მეტ სიტყვას განმარტავს და დავამზადოთ ლოგოები საყვარელი ფრაზებისგან.

  1. „თხაკას დღე“

მოზარდებს ხშირად უჭირთ საუბარი საკუთარ ემოციებზე, ამბის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადმოცემა, ამ უნარის განვითარება პრიორიტეტულია დაწყებით საფეხურზე. ვფიქრობ, მოსწავლეებს თხრობა უფრო გაუმარტივდებათ, თუ მათთვის საინტერესო და საყვარელ თემას ან საგანს შევარჩევთ და სასწავლო მიზნებს მოვარგებთ.

ბავშვობიდან ყველას გვახსოვს ჩვენი საყვარელი სათამაშო – ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებული სახით შემოგვრჩა. ვიღაცისთვის უსახური ნივთი, ჩვენთვის სწორედ მასთან დაკავშირებული მოგონებების გამო ხდება შეუცვლელი და ძვირფასი. სახალისო და საინტერესო იქნება, თუ შინ ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების სათამაშოებს აღმოვაჩენთ და გავიგებთ, როგორ ერთობოდნენ ისინი „ბაოდ“ ყოფნის ჯადოსნურ დროს.

წიგნში ატატო ბებიას ბავშვობის საყვარელ სათამაშოს თხაკა ჰქვია. ხელნაკეთი თოჯინა მის აფრიკულ თავგადასავალს უკავშირდება და ძალიან ძვირფასია. მოულოდნელმა „სიხარულებისყლაპია“ ომმა ბებია ატატო და თხაკა დიდი ხნით დააშორა ერთმანეთს, თუმცა შემორჩენილ მოგონებებს – „ბაოდ ყოფნის ჯადოსნურ უნარს“- ახლა თავის შვილიშვილებს გადასცემდა და ვინ იცის, იქნებ წიგნის დასასრულს კიდევ ერთხელ შეხვედროდა საყვარელ თოჯინას.

ეს აქტივობა განსაკუთრებით სენსიტიური აღმოჩნდა – ბავშვობის სათამაშოებიდან მუსიკალური თაგუნა ავირჩიე და შვილებს ვუამბე, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ნივთი ჩვენს ოჯახში, როგორ იქცა ტკბილი ძილის მეზღაპრედ, როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში, დაეკარგა სიხასხასე, მაგრამ ისევ ისეთი ძვირფასი იყო ჩემთვის, ახლა კი ჩემი შვილების სასთუმალთან აჟღერებდა იმავე მელოდიას. შემდეგ მათი ჯერი დადგა და ახლა ისინი მაცნობდნენ საყვარელ „მეგობრებს“. საუბრობდნენ, იხსენებდნენ და ყვებოდნენ სათამაშოების ისტორიებს.

  1. ბარათი – „აღმოაჩინე“

არსებობენ წიგნები, რომლებშიც პატარა მკითხველი ახალ მუსიკას, ქვეყანას თუ ლიტერატურას აღმოაჩენს და მისი თვალსაწიერი კიდევ უფრო ფართოვდება. „ჩვენი აფრიკელი ბებიაც“ სწორედ ასეთი ნაწარმოებია. მწერალი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს აფრიკულ ზღაპრებსა და ნორვეგიელ ავტორებზე. ასახელებს ორ გამორჩეულ კომპოზიტორს – სენ-სანსს  და ედვარდ გრიგს,  ჩამოთვლის საყვარელ საბავშვო წიგნებს – „პინოქიო“, „ჰაიდი“, „უღუ და თეთ“, „მიო, ჩემო მიო“ და ა. შ. ეს „ მინიშნებები“ მოზარდს ინტერესს უღვივებს –  თავადაც გაეცნოს და აღმოაჩინოს ახალი სამყარო.

ასე მოვისმინეთ მე და ჩემმა შვილებმა სენ-სანსისა და გრიგის კომპოზიციები. ნორვეგიელი ავტორებიდან გავიხსენეთ ანე-კატერინე ვესტლის წიგნი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. საზაფხულო საკითხავად კი იოანა შპირის „ჰაიდი“ შევარჩიეთ.

https://www.youtube.com/watch?v=x463zoWpiVI

https://www.youtube.com/watch?v=AnSiYCpzap4

გამოცდილებამ აჩვენა, რომ თამაშით სწავლება ბევრად ნაყოფიერია, რადგან მოსწავლეები ადვილად და ხალისით ასრულებენ მითითებებს. მხატვრულ ლიტერატურაზე მორგებული აქტივობებით კი შესაძლებელია ბავშვებმა არაერთი საჭირო უნარი განივითარონ, უკეთ გაიცნონ ოჯახის წევრები, შეისწავლონ უცხო სიტყვები და აღმოაჩინონ ახალი ავტორები. მარიამ წიკლაურის „ჩემი აფრიკელი ბებია“ სწორედ ასეთი წიგნია.

 

მასწავლებელი – როგორც როლური მოდელი

0

 

მეოთხე წელია, რაც  მასწავლებელი ვარ, ვასწავლი საგან  ’’მოქალაქეობას’’. მიწევს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ყოველდღიური ურთიერთობა. სწავლების პროცესი ერთნაირად არის დინამიკურიც, რთულიც, სახალისოც და საინტერესოც. რა თქმა უნდა, ხშირად ვფიქრობ:

  • როგორ ვასწავლი?
  • რას ვასწავლი?
  • დღეს კარგი დღე იყო?
  • რატომ იყო დღევანდელი გაკვეთილი ასეთი უშედეგო?
  • რატომ გამოვიდა ეს გაკვეთილი ასეთი კარგი?

ნოემბერში ბათუმში გაიმართა პირველი „ედკემპ საქართველო“ . ეს არის ამერიკული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა შეხვედრასა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას. აღნიშნულ ფორუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო გერმანელი პედაგოგი – დიტერ შვარცი. დიტერს 30-წლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს და მან ისაუბრა მასწავლებლის შინაგანი რწმენის აუცილებლობის შესახებ. მისი მთავარი რჩევა იყო: „ყოველთვის იყავით საკუთარ თავში დარწმუნებულები, რომ ყველაფერი გამოგივათ და ყველაზე რთულ კლასშიც კი შეძლებთ ბალანსის მიღწევას. საკლასო ოთახის კარს მიღმა დატოვეთ ყველა ეჭვი ან უნდობლობა, რომელიც შეიძლება მოდიოდეს როგორც თქვენი სუბიექტური განწყობიდან, ისე მშობლებისგან ან სკოლის პერსონალისგან. ბავშვი უშეცდომოდ იმეორებს მასწავლებლის ქცევას, ის უბრალოდ გრძნობს თქვენს ხასიათს და ამის მიხედვით მოქმედებს.  იყავით ძლიერი, პრინციპული და სამართლიანი.

ერთი კვირის წინ, საკმაოდ რთულად სამართავ მეშვიდე კლასში, ავხსენი „ადრეული ქორწინება“. რა თქმა უნდა, ვისაუბრე  ადრეული ქორწინების მანკიერ პრაქტიკაზე საქართველოში და სტერეოტიპებზე, რომელიც არსებობს ქალის როლის შესახებ ჩვენს ქვეყანაში. მეგონა, რომ ბავშვებმა ყველაფერი კარგად გაიგეს და ესმით, როგორც ზოგადად, სტერეოტიპის, ისე  ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპების მნიშვნელობა. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. შემაჯამებელი ტესტური დავალების გასწორებისას მივხვდი, რომ კლასის 80%-ს არ აქვს ჯეროვნად გააზრებული, თუ რა არის ზოგადად სტერეოტიპი  და არც ქალის მიმართ არსებული სტერეოტიპები ესმით ზუსტად. ბუნებრივია, მომდევნო გაკვეთილი სრულად დავუთმე ამ თემის განხილვას. ვისაუბრე ქალთა უფლებების განვითარების ისტორიაზე, ჩვენს საზოგადოებაში  ქალის მიმართ არსებული მცდარი შეხედულებების მიზეზებზე და შედეგებზე. რა თქმა უნდა, თემამ ყველა დააინტერესა, აღმოჩნდა, რომ  ბებიების ან მშობლების თაობა ძირითადად ოჯახს 18 წლამდე ქმნიდა და ამას ადრე პრობლემად არავინ აღიქვამდა.

– მას, თქვენც სტერეოტიპულად აზროვნებთ – უცებ მომახალა მე-7 კლასელმა ელენემ.

– უი, მართლა, რატომ ფიქრობ ასე?  დავინტერესდი და ცოტა დავიბენი ..

– აი, რამდენჯერმე თქვით ტუჩის „ბალმზე“ საუბრისას ეს პროდუქცია კარგია – გოგოებო თქვენ გეცოდინებათო, ან მანქანის მოდელი რომ ახსენეთ, ეს ბიჭებს გეცოდინებათ-ო. არადა, ბიჭებიც ხომ იკეთებენ მაკიაჟს, უვლიან თავს და ჩვენც ხომ ვერკვევით მანქანებში.

დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ერთ-ერთ გაკვეთილზე, როცა ერთმანეთის ტუჩსაცხით ერთობოდნენ(მგონი, დროებით  ჩამოვართვი კიდეც) ვკითხე კიდეც მსგავსი რამ, მანქანის შემთხვევა  ვერ გავიხსენე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ელენემ სიმართლე მითხრა.

ამის შემდეგ ელენეს და კლასის გასაგონადაც ვთქვი, რომ არ არის გასაკვირი, თუ ეს ვთქვი, ვინაიდან  მეც ამ სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოების ერთი რიგითი  წევრი ვარ,  ჩემი აზროვნება და მეტყველება დეტერმინირებულია გარკვეული სოციალური ნორმებით და შეხედულებებით. შეიძლება ასე ვთქვი, თუმცა, რეალურად მეც მშვენივრად ვერკვევი მანქანის მოდელებში და ისიც ნორმალურია, თუ ბიჭები თავს უვლიან – თქო.

ამ გაკვეთილის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავფიქრდი და გონებაში ამომიტივტივდა პედაგოგიურ მეცნიერებაში პოპულარული მსჯელობა,  მასწავლებლის, როგორც როლური მოდელის შესახებ, გამახსენდა დიტერის სიტყვებიც: თქვენ შეიძლება ათასი გაკვეთილით ვერ ასწავლოთ ის, რასაც ერთი მარტივი ქცევით დაინახავენ მოსწავლეები. ბავშვი ახდენს უფროსების საქციელის იდეალურ კოპირებას და ეს უფროსი ხანდახან შეიძლება მასწავლებელი აღმოჩნდეს.

მასწავლებლებმა ხშირად უნდა ვიფიქროთ ამაზე, ბევრ სხვა მოთხოვნასთან ერთად, ალბათ უნდა ვიცოდეთ, რომ მოსწავლეს ნამდვილად ვერ მოვატყუებთ. გულწრფელობა არის საუკეთესო გასაღები მოსწავლის გულამდე. და კიდევ, არ არის სირცხვილი თუ ვეტყვით, მართალია, არასწორად მოვიქეცი, ან, უი, მართლა, როგორი შეუსაბამო ფრაზა გითხარი, ან, ეს არ ვიცი, მოვძებნი და ხვალ გეტყვი.

შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ეს ნორმალურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბავშვთა უფლებების სწავლება ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით

0

მოცემულ სტატიაში აღნიშნულია, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაწყებით საფეხურზე ბავშვთა უფლებების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში.

დროთა განმავლობაში იცვლება წარმოდგენები საგაკვეთილო პროცესის შესახებ. თანამედროვე გაკვეთილი აღარ მოიცავს ამ ცნების  ტრადიციულ გაგებას. მუდმივად ერთ სივრცეში სწავლების პროცესს. მასწავლებლებს აქვთ თავისუფლება სხვადასხვა გზით მიაღწიონ სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს და აირჩიონ სწავლების სხვადასხვა ფორმა. განათლების მკვლევრები, ფსიქოლოგები და თეორეტიკოსები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე.

როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში დიდი ადგილი უკავია მედიაწიგნიერებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით საგაკვეთილო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და მოსწავლეებისათვის სახალისო ხდება. რაც შეეხება არაფორმალური განათლების პროცესს, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში საგაკვეთილო პროცესს დავგეგმავთ განსხვავებულ გარემოში, როდესაც ცოდნის კონსტრუირება საკლასო ოთახის კედლებს სცდება.

ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკაზე დაკვირვების საფუძველზე აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვთა უფლებების კონვენცია , მაინც რთული დასაძლევია თუ არ მოხდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან გამოცდილებებით სწავლა.  ინტეგრირება პრაქტიკასთან და სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან არ იქნა დაკავშირებული.

მე, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, მივხვდი, რომ ეს მშრალი საკითხი, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული, საჭიროებდა ინფორმაციულ შევსებას და პრაქტიკული დავალებებით გამდიდრებას. ამიტომ  გადავწყვიტე გამემრავალფეროვნებინა ეს საკითხი. შემეტანა მასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ბავშვთა უფლებების კონვენცია ამგვარად მესწავლებინა.  საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, აღნიშნული პრობლემის საფუძველზე , დავგეგმე საგაკვეთილო ციკლი ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე, რომლის ფარგლებშიც გავწერე რამდენიმე გაკვეთილი სამი კვირის განმავლობაში, საგანში- ,,მე და საზოგადოება“ მე-3 (ა) და მე-3 (ბ)  კლასში, ორ პარალელურ კლასს შორის, კლასთა ინტეგრირებით დავგეგმე შემდეგი აქტივობები. ესგ-ს სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ კომპეტენციებში.

რა ადგილი გვიჭირავს მე და ჩემს თანატოლებს თემის ცხოვრებაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1,13.) რა განასხვავებს და რა აერთიანებს ჩვენი თემის წევრებს? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 10, 14)

აქტივობათა თანმიმდევრობა:

  1. მოსწავლეებმა ჰკითხეს თანატოლებს, იციან თუ არა მათ რაიმე ბავშვთა უფლებების შესახებ? რა არის უფლება? რა არის მოვალეობა? შეგროვებული მონაცემები დაახარისხეს და გამოიტანეს დასკვნები, რომ მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ
  2. ინტერვიუ მშობლებთან- დედა, მამა, თქვენს ასაკში სწავლობდით თუ არა ბავშვთა უფლებებს სკოლაში? იცოდით კონვენციის შესახებ?
  3. სახელმძღვანელო წიგნზე მუშაობა- ჯგუფური მუშაობის საფუძველზე გავმართეთ კლასში პრეზენტაცია რა ყოფილა უფლება? რას ნიშნავს სიტყვა-მოვალეობა? რის უფლება აქვთ ბავშვებს? რატომა რის ცალკე გამოყოფილი ბავშვთა უფლებები და არ არის იგი გაერთიანებული ადამიანთა უფლებებთან? როდის მიიღეს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ და სხვა.
  4. მედიაწიგნიერება- მოვიძიე სასწავლო ვიდეორესურსები, სადაც ანიმაციური პერსონაჟები განასახიერებენ სიტუაციურ ამოცანებს. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს კონვენციის რომელი მუხლია დარღვეული. მოცემულ შემთხვევებს თან ახლდა ქეისები, ფასილიტაციას ვუწევდი მოსწავლეთა მსჯელობებს, კრიტიკულ აზროვნებას, დებატს, დასკვნების გამოტანის დროს ვაძლევდი ბიძგის მიმცემ შეკითხვებს.

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში მედიაწიგნიერებას უმნიშვნელოვანესი მისია აქვს,  მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური და  კრიტიკული აზროვნების უნარი, მსჯელობენ, აყალიბებენ არგუმენტებს, გამოაქვთ დასკვნები, რაც ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

  1. მეხუთე აქტივობაში მოსწავლეები გამოვიყვანე სკოლის ეზოში და მოვაწყვეთ ასფალტზე ხატვა ფერადი ცარცებით. მოსწავლეებმა კლასში ნანახი, განცდილი და გონებაში აღბეჭდილი ემოციები გადმოიტანეს ნახატებში. შექმნეს აპლიკაციები წარწერებით: ,,ჩვენ ვიცით, რომ…“ ,,მე არ შევზღუდავ შენს უფლებებს, რადგან…“ ,  ,,მე შემიძლია, რომ…“ ,,იქ სრულდება შენი უფლება, სადაც იზღუდება ჩემი, ამიტომ…“  და სხვა. სკოლის ეზო აჭრელდა ფერადი წარწერებითა და ნახატებით, რამაც დასვენებაზე სკოლის საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.
  2. ფლაერების დამზადება- დიფერენცირებული მიდგომის თვალსაზრისით კლასი დავყავი ჰომოგენურ ჯგუფებად, მივეცი არჩევითი დავალებები, მათი ინტერესების გათვალისწინებით შეექმნათ შემდეგი სახის პროდუქტები: ფლაერები, პოსტერები, ნახატები, წერილები, ბავშვთა უფლებების კონვენციის თემაზე. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს საშრომში წარმოდგენილი პროდუქტის შესახებ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბავშვთა უფლებების კონვენცია. გამოთქვეს მოსაზრებები საკუთარი ნაშრომების შესახებ, რა გაუჭირდათ, რა დაეხმარათ დავალების შესრულებაში, რის ცოდნა გამოადგათ, რას გაითვალისწინებენ მომავალში და სხვა. პრეზენტაციის ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეთა ნაშრომებს გამოვაკრავდით თვალსაჩინო ადგილას.
  3. ამის შემდეგ, მოსწავლეები წავიყვანე ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრში, სადაც შევაჯამეთ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა, ამოვიცანით ანიმაციებიდან ბავშვთა უფლებათა დარღვევის შემთხვევები, დავასახელეთ რომელი უფლება შეეზღუდათ ანიმაციის გმირებს. წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსი, პაზლი-სახლი, რომლის  აწყობის შემთხვევაში საბოლოოდ მიიღებოდა  პუნქტები ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან.  რესურსის აწყობის შემდეგ გავათვალსაჩინოვეთ და კიდევ ერთხელ წავიკითხეთ ხმამაღლა. აქტივობის ბოლოს მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ვორქშოპს გამოეხმაურა უნივერსიტეტის დაწყებითების კათედრის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი.

 

დაგეგმილმა სახალისო  აქტივობებმა დადებითად იმოქმედა, როგორც სწავლა-სწავლების ხარისხზე, ასევე  მოსწავლეთა მოტივაციაზე. სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ კი კიდევ ერთხელ ცხადყო არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირების სიკეთეებზე და დაგვარწმუნა უზნაძის თეორიის უნიკალურობაში, რომ მთავარია განწყობა უკეთესი შედეგებისთვის. ეფექტურმა და მოსწავლის ასაკზე მორგებულმა დავალებებმა კი ჩართულობის მაღალი ხარისხი გამოიწვია, ხოლო შესწავლილი მასალა მკვიდრ წარმოდგენებში დაილექა.

მოსწავლეებმა სიამოვნებით გამოთქვეს შთაბეჭდილებები, გაიხსენეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე საინტერესო აქტივობები. დასამახსოვრებელი ფაქტები, ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები. შეხვედრის ბოლოს აზრი გამოთქვეს მშობლებმაც და აღნიშნეს,  რომ შვილებთან ერთად უამრავი ინფორმაცია მათთვისაც  ახალი იყო.  სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში და სასიამოვნოდ გაახსენდებათ შვილებთან ერთად შესრულებული დავალებები.

პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას გავაზიარებ კოლეგებთან და სხვადასხვა სკოლის დაინტერესებულ მასწავლებლებთან. ხოლო რესურსი ხელმისაწვდომი იქნება კათედრის ყველა წევრისთვის.

 

 

 

მოსწავლე – აქტიური შემსწავლელი

0

ზარი ირეკება, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და იწყებს გაკვეთილს, სვამს რამდენიმე კითხვას განვლილი მასალის აქტუალიზაციისათვის. ორი -სამი მოსწავლე იწევს ხელს და პასუხობს.

წარმოვიდგინოთ სხვა სცენარი: ზარი ირეკება, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და იწყებს გაკვეთილს, დაფაზე წერს რამდენიმე კითხვას განვლილი მასალის აქტუალიზაციისათვის.  მოსწავლეები რვეულებში წერენ კითხვებზე პასუხს ინდივიდუალურად, შემდეგ მეწყვილეს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, ბოლოს ორი -სამი წყვილი აზიარებს  ჩანაწერებს.

როგორ ფიქრობთ, რომელი სცენარია უკეთესი?

რომელი მასწავლებლის კლასში მოხდება უკეთ საჭირო საკითხის გახსენება?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ კითხვა-პასუხის მეთოდზე, ორი-სამი ხელაწეული მოსწავლე პასუხობს, რას ფიქრობთ მოსწავლეებზე, რომლებიც ხელს არ იწევენ?

ძალიან ხშირად მოსწავლე საკლასო ოთახში ყურადღებით შეჰყურებს მასწავლებელს, თუმცა რეალურად ფიქრებით  საკმაოდ შორს არის. არსებობს უამრავი მეთოდი და აქტივობა, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლე აქტიურად, შემოქმედებითად იყოს ჩართული სწავლების პროცესში.

პერსიდა ჰიმელი  და უილიამ ჰიმელი საკუთარ წიგნში ,, Total participation teqniques” ( მასობრივი ჩართულობის ტექნიკები) გვთავაზობენ საინტერესო მეთოდებს,  მათი  გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერი საგნის შესწავლისას, მასწავლებელს შეუძლია მოდიფიცირება მოახდინოს და მოარგოს საკუთარ მოსწავლეებს.

ჩვენი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის აუცილებელია, დავეხმაროთ მათ გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნენი, შეძლონ პრობლემის გადაჭრა,  ამისათვის კი საჭიროა საკითხის ღრმად შესწავლა და გააზრება შეძლონ. მნიშვნელოვანია,  გააანალიზონ და შეაფასონ   საკუთარი სწავლის პროცესი.

ყოველთვის, როცა დავაპირებთ დავსვათ კითხვა -,, ვის შეუძლია მიპასუხოს?…“ ან -,, ვინმემ იცის?….“ შევჩერდეთ და შევეცადოთ მოვძებნოთ  უკეთესი გზა, გამოვიყენოთ ის აქტივობა, რომელიც დაგვეხმარება ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს საკითხის განხილვაში.

 

ჩემი მოსწავლეების საყვარელი აქტივობაა დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე.

დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე

ერთ-ერთი მარტივი აქტივობაa, რომელიც ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ის არავითარ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იფიქრონ საკითხის შესახებ, ჩაწერონ რვეულში საკუთარი მოსაზრება;
  2. გაუზიარონ მეზობელს, ერთად დააზუსტონ და შეავსონ;
  3. რამდენიმე წყვილი კლასს უზიარებს საკუთარ ნამუშევარს.

ამ აქტივობის გამოყენებისას შესაძლებელია წყვილები შეიცვალოს, რათა თითოეულმა მოსწავლემ რამდენჯერმე გაიმეოროს შესასწავლი საკითხი.

სწრაფი ჩანაწერი

ეს აქტივობა ხელს უწყობს  მეტაკოგნიტური  უნარების განვითარებას.

მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს:

,,-სამი წუთი გაქვთ, დაწერეთ ფურცელზე სწავლის პროცესის რეფლექსია:- რა ვისწავლეთ? – რა იყო რთული?  – რა გაგიადვილდა?“

წერის პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაფაზე ამაგრებენ საკუთარ ნამუშევრებს, შემდეგ ეძებენ ან მსგავს ან განსხვავებულ მოსაზრებებს.

მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის მარტივი კითხვა – ,, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?“ – შესაძლებელია დაეხმაროს მოსწავლეებს, ღრმად გაიაზრონ შესასწავლი საკითხი.

მასწავლებლის კითხვა შეიძლება ასეთი იყოს :

„- სამი წუთი გაქვთ, დაწერეთ ფურცელზე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს შესწავლილი საკითხებიდან? რატომ იყო მნიშვნელოვანი? “

ამ აქტივობას შეიძლება ,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე” აქტივობის მსგავსი საფეხურებიც მოჰყვეს, ჯერ წყვილებში და შემდეგ მთელ კლასთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები.

ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე, როცა საჭიროდ ჩავთვლით, მოსწავლეებმა განიხილონ თემის მნიშვნელოვანი ასპექტები.

სწრაფი ჩანახატი

ეს აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს,  საკუთარი მოსაზრება გამოხატონ აბსტრაქტულად, ნახატის სახით.

ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს, ნებისმიერი საკითხის შესწავლისას, შეიძლება ვთხოვოთ შექმნას ვიზუალური სურათი  თემის მნიშვნელოვან ასპექტებზე. ამისათვის გამოვყოთ დრო, დაახლოებით 3-5 წთ. შემდეგ კი  მოსწავლეები  საკუთარი ნახატების პრეზენტაციას გააკეთებენ. შესაძლებელია ნამუშევრების გამოფენაც მოეწყოს.

რიგში  ან წრეზე დგომა

ეს სახალისო აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ადგილებიდან წამოდგნენ და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარონ, საკლასო ოთახის მოწყობაზეა დამოკიდებული მოსწავლეების სწორ ხაზზე (რიგში ) ჩადგებიან თუ წრეზე მოეწყობიან, ორივე შემთხვევაში მოსწავლეები წყვილდებიან შემთხვევითობის პრინციპით. ამ აქტივობის პირველად გამოყენების დროს შეიძლება მოსწავლეები დაიბნენ, ამიტომ დაწყებამდე აუცილებელია დეტალური ინსტრუქცია.

  1. მასწავლებელი ამზადებს სადისკუსიო კითხვებს. მოსწავლეები წინასწარ  ეცნობიან კითხვებს, ამზადებენ პასუხებს, აკეთებენ ჩანაწერებს, აქტივობის მსვლელობისას ნებადართულია წიგნების გამოყენება.
  2. მოსწავლეები დგებიან ორ პარალელურ ხაზზე ან ორ კონცენტრულ წრეწირზე, ბრუნდებიან ერთმანეთისკენ და საუბრობენ.
  3. მოსწავლეები პირველი კითხვის პასუხებს განიხილავენ მეწყვილესთან ერთად.
  4. 2-3 წუთის შემდეგ ზარის დარეკვის ან სხვა მინიშნების შემდეგ მოსწავლეები გადაადგილდებიან, გადაინაცვლებენ ერთი ნაბიჯით, ისე რომ აღმოჩნდებიან სხვა მოსწავლის პირისპირ და იწყებენ მეორე კითხვის შესახებ მსჯელობას.
  5. მოსწავლეების საუბრის დროს მასწავლებელი გადაადგილდება რიგებს შორის, ისმენს მათ მოსაზრებებს.

იმისათვის რომ ეს აქტივობა საინტერესოდ წარიმართოს, საჭიროა შერჩეული კითხვები მოსწავლეთა მოსაზრებების დასაბუთებას, კავშირების აღმოჩენას, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვდეს. თუ დასმული კითხვები მხოლოდ კი/არა პასუხებს მოითხოვს, აქტივობის მიმდინარეობა უინტერესო იქნება.

ქსელური კავშირები

ეს აქტივობა საუკეთესო საშუალებაა საკლასო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.

დეტალური ინსტრუქცია:

  1. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რამდენიმე შეკითხვას. სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ პასუხები რვეულში ( მაგალითად: 1. ახსენით, რატომაა ნებისმიერი ორი 300-600-900კუთხეებიანი სამკუთხედი მსგავსი? 2. რა იცი მართკუთხა სამკუთხედების შესახებ?)
  2. იპოვოს ვიღაც, ვისთანაც დღეს არ უსაუბრია და განიხილოს მასწავლებლის კითხვის პასუხი მასთან ერთად.
  3. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ზარის ხმაზე ან სხვა წინასწარ შეთანხმებულ ნიშანზე ეძებენ მეწყვილეს, რომელთან ერთადაც ჯერ არ უმუშავიათ.
  4. მეორე მეწყვილესთან განიხილავენ მეორე შეკითხვას.
  5. ასე გრძელდება სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული.
  6. მასწავლებელი მოძრაობს წყვილებს შორის, აკვირდება განხილვის პროცესს.

სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს.  ზემოთ განხილული მარტივი ტექნიკების გამოყენებას არ სჭირდება წინასწარი მომზადება ან რესურსი, ადვილად დასამახსოვრებელია მოსწავლეების მიერ. მათი გამოყენებით ჩვენი თითოეული მოსწავლე აქტიურად იქნება გაკვეთილის მსვლელობაში  ჩართული.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია დავსვათ კითხვა ,,ვის შეუძლია გვითხრას..?“ თუმცა ეს უნდა იყოს ბოლო აქტივობა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, სხვა ნაბიჯების შემდეგ.

გამოყენებული ლიტერატურა    

Persida Himmele, William Himmele  (2017) Total participation techniques.

ფოტო -https://www.freepik.com/premium-vector/kids-classroom-multicultural-pupils-boys-girls-sit-desks-lesson-primary-learning-children-study-subject-write-answer-questions-school-class-interior-cartoon-vector-flat-concept_19960118.htm

 

 

„ბისოციაცია“ ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოუდგენელია ისეთი ტექსტის სწავლება, რომელშიც პრობლემა არ არის დასმული. მოსწავლეებს ყველა კლასში უჭირთ, როგორც  პოვნა, ისე მისი გადაჭრის გზების ძიება. მხატვრული ტექსტის სწავლების ერთ-ერთი  მიზანიც სწორედ პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაა, რაც უამრავი მეთოდით შეიძლება განხორციელდეს. ყველას მოგეხსენებათ, რომ ერთი და იგივე მეთოდის ხშირად გამოყენება რუტინული ხდება და მოსწავლეებს ბეზრდებათ. ამჯერად ვცადეთ სტრატეგია, რომელიც „ბისოციაციის“ სახელითაა ცნობილი. ცნება არტურ კოეზლერის სახელს უკავშირდება, იგი აპრობირებულია, ძირითადად, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, „ბისოციაციის მეთოდი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეებში რიგი მოქალაქეობრივი კომპეტენციების (სტერეოტიპების დაძლევა, კრიტიკული აზროვნება, სიახლის მიმღებლობა, განსხვავებული შეხედულების პატივისცემა და სხვა“  (მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf , გვ:79).

ჩვენ, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლებმა, გადავწყვიტეთ „ბისოციაციის“ მეთოდი ჩვენი საგნის სწავლებისას გამოგვეყენებინა. ექსპერიმენტი კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, რადგან სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები ვიყავით, სტრატეგიის დატესტვის შედეგების ურთიერთშეჯერება გადავწყვიტეთ.  თავიდანვე  ვფიქრობდით, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება ყველა კლასშია შესაძლებელი, თუმცა ჩვენ მე-5 კლასი შევარჩიეთ.

იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას“ სწავლებისას  ქვეთავის __ „ქეთო საშინლად იტანჯება“__ ტექსტის გააზრების შემდეგ ეკრანზე გამოვიტანეთ რამდენიმე ფოტოსურათი, რომელთაგან არცერთი არ უკავშირდებოდა ამოსავალ საკითხს. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვეთ სურათის შერჩევა. ერთი მასწავლებლის შემთხვევაში აირჩიეს -ვრცელი მწვანე მდელო, უზარმაზარი მთებით გარშემორტყმული, შუაში ტბითა და მის პირას კარვებით, ჩამავალი მზის სხივებით განათებული. მეორე მასწავლებლის შემთხვევაში-საცხოვრებელი კორპუსის ეზო, სადაც ბავშვები თამაშობენ. არჩეული ფოტოს შემდეგ მოსწავლეებს მაგალითებით ავუხსენით რა  იყო ასოციაცია,  როცა დავრწმუნდით, რომ კარგად გაერკვნენ და კარგად ართმევდნენ თავს თითოეული საგნით გამოწვეული ასოციაციების დასახელებას, ვთხოვეთ  წინასწარ დარიგებულ სტიკერებზე ინდივიდუალურად დაეწერათ თუ რა ახსენდებოდათ მათ მიერ შერჩეულ სურათზე დაკვირვებისას. შემდეგ ნაბიჯზე ერთად გავფილტრეთ პასუხები და ასეთი შედეგები მივიღეთ,  პირველი სურათის შემთხვევაში: თავგადასავალი, დასვენება, პიკნიკი, ექსკურსია, სოფელი, მეგობრები, გართობა, მუსიკა,  ოჯახი, დასვენება, თავისუფლება, ზღაპრები, სურათები… ხოლო  მეორე სურათის შემთხვევაში- მოედნის თამაშები, გართობა, ფერადი, მეგობრები, ფიქრი, მეზობლები, ურთიერთობა, ბავშვობა, მზე, ლაპარაკი….

პასუხები ასოციაციების დაფაზე გავაკარით. შემდეგ ისევ ტექსტს დავუბრუნდით და   ვთხოვეთ მოსწავლეებს, დაესახელებინათ აღნიშნული ქვეთავის  მთავარი პრობლემა. მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ქეთოსთვის წარსულის გახსენება.

შემდეგი ნაბიჯზე მოსწავლეებმა შექმნეს ანალოგიები და მათ მიერ დასახელებული ასოციაციები დაუკავშირეს ტექსტის მთავარ პრობლემას;  ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქეთოს მშობლებს და ასოციაციების მეშვეობით შეემუშავებინათ წარსულის გახსენების ოპტიმალური გზა.

თუ ქვემოთ მოცემულ მაგალითებს დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით ტერმინის „ბისოციაციის“ (ორჯერ ასოციაცია) არსს. ფოტოთი გამოწვეული ასოციაციები იქცნენ პრობლემის გადაჭრის გზებად. მაგ:

თავგადასავალი– წავიყვანოთ ქეთო ექსკურსიაზე ან ლაშქრობაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და განსაკურებული იყო. შევეცადოთ იმავე მარშრუტით ვიმოძრაოთ და თან მოვუყვეთ ამ ადგილების შესახებ

პიკნიკი-მოვაწყოთ პიკნიკი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რომელზეც მის საყვარელ კერძებს წავიღებთ და თან აღვწეროთ მისი მომზადების პროცესი

სოფელი– ვესტუმროთ ბებია-ბაბუას სოფელში, გადავიდეთ მდინარეზე, რომელზეც ოდესღაც უთევზავიათ, უბანავიათ და მივცეთ ქეთოს დათვალიერების, ფიქრის საშუალება. მივცეთ საშუალება, რომ კვლავ ითევზაოს, იბანაოს

ზღაპრები-წავუკითხოთ მისი საყვარელი ზღაპრები, ვაჩვენოთ ამავე ზღაპრების წიგნში მოცემული სურათები

თავისუფლება– მივცეთ ქეთოს სოფელში თავისუფლად მოძრაობის საშუალება, რომ არ ჰქონდეს გრძნობა თითქოს იძულებით ჰყავთ იქ

თამაში-ქეთოსთან ერთად ვცადოთ ბავშვობის თამაშების მოწყობა. ავუხსნათ თამაშის წესები

სურათები– დავათვალიერებინოთ ძველი ფოტოები, სადაც იგი მეგობრებთან, დედ-მამასთან ერთად არის აღბეჭდილი და მოვუყვეთ სად და როდის გადაიღეს იგი

გართობა– წავიყვანოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე და ჩავურთოთ მისი საყვარელი მუსიკა….

შემდეგ ეტაპზე ვთხოვეთ მოსწავლეებს დაეხარისხებინათ რეკომენდაციები კატეგორიებად:

ყველაზე ეფექტიანი

ეფექტიანი

ნაკლებად ეფექტიანი

მათი თვალსაზრისით  პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა გამოიკვეთა — ერთი მასწავლებლის შემთხვევაში „წავიყვანოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე გასართობად და ჩავურთოთ მისი საყვარელი მუსიკა“; მეორე მასწავლებლის კლასში –„ვესტუმროთ ბებია-ბაბუას სოფელში, გადავიდეთ მდინარეზე, რომელზეც ოდესღაც უთევზავიათ, უბანავიათ და მივცეთ ქეთოს დათვალიერების, ფიქრის დრო,  საშუალება, რომ კვლავ ითევზაოს და იბანაოს“

ორივე მასწავლებლის დაკვირვებით „ბისოციაცია“, გარდა იმისა, რომ „მეთოდის გამოყენების საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ: გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, იდეების ურთიერთ გაცვლისა და ერთმანეთის მოსაზრებების პატივისცემის უნარები, რაც, საბოლოოდ, იდეების საქმედ ქცევის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. (მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf გვ82), ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე გამოჩნდა, რომ იგი ასევე უწყობს ხელს ინიციატივების გამოვლენას და უმძიმესი პრობლემების გადაჭრის  დროსაც კი შემოაქვს საგაკვეთილო პროცესში მხიარული განწყობა, არის კრეატიულობის წამახალისებელიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეთოდი, რომელიც ორ განსხვავებულ მოვლენას აკავშირებს ერთმანეთთან, ხშირად ქმნის კომიკურ სიტუაციებს , თუმცა ეს ხელს არ უშლის მოსწავლეებს გონივრული დასკვნების გამოტანაში.

ბისოციაციურ მიდგომას აქტიურად მიმართავენ სწავლების ყველა ეტაპზე, მრავალი მიმართულებით, მათ შორის  წარმატებულად მოიაზრებენ მარკეტინგში, გაყიდვებში და, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მიუხედავად ამისა, სტრატეგია  ეფექტიანად დაინერგა სასკოლო სწავლებაშიც, როგორც ორიგინალური იდეების მისაღები მეთოდი.

აღწერილი მეთოდი პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას-სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რომელიც  გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა. რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი საფეხურის საგნობრივ სტანდარტს, აქტიურდება

სამიზნე ცნება:

ტექსტი

ქვეცნება:

მხატვრული ჟანრი-მოთხრობა

ტექსტის შინაარსობრივი მხარე-თემა; მთავარი იდეა/დედააზრი,  ძირითადი საკითხი;

გამოყენებული ლიტერატურა

 

მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf

https://www.ask-flip.com/method/649?fbclid=IwAR1KiSDWvhe2D9LoDOVIuEg_QT5pFwg4U8GmfRRTs_pm4jo1TC_UNcElKHE

https://eiexchange.com/content/bisociation-teaching-exercise-spurs-business-model-innovation?fbclid=IwAR26yVepk4AG-BjhkwbG6xL_TAj0RJRluTZFZHVMoAuERXo8NaQO5SUSMnw

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...