ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

პოსტდეპრესიული ჩანაწერები

0

ჩემი წლის ამბავი ასეთია:

21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და მითხრა, რომ გადავრჩი, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ მთელი საქართველო ღელავდა და ლოცულობდა ჩემთვის. სულ რაღაც ერთი წამით ძალიან გამიხარდა და მერე სიხარული სადღაც გაქრა. ვიღაც იფიქრებდა, რომ ეს იყო დაღმართის ფსკერი, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი შემდეგ დაიწყო. კლინიკები. კლინიკები. გადასხმები. ბენზოდიაზეპინების საშინელი ბურუსი, რომელსაც განგაში მალევე ფანტავს და დაჭიმული სხეული ახალს ითხოვს. მაშინდელ ფოტოს რომ ვუყურებ, ჰოლოკოსტის მსხვერპლის სურათია – სახე არეული, დახრილი წარბები და ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი თვალები. წონა – 58 კილოგრამი. კანკალი. კანკალი. გულისრევა. თავბრუსხვევა. საზარელი, აკვიატებული ფიქრები. ყველა ძველი და ახალი შიში ერთად მოდის და არც კი აკაკუნებს – კარი ღია ხვდება. ბავშვობის უწყინარ ცოდვებზეც კი დიდი სინანული და თვითგვემა. მარტივი შეცდომები საზარელ, მოუნანიებელ დანაშაულად წარმოგიდგენია. არამარტივი ხომ საერთოდ. დილით, საათით ჩაძინებულს, ყვირილით გეღვიძება და გულმკერდზე რაღაც გაწვება, თითქოს ხორცი უნდა გამოგლიჯოს. ამაზრზენი დერეალიზაცია – სამყარო შუშის კედლებს მიღმაა, ხედავ და ვერ ეხები – შენ სხვაგან ხარ, დანარჩენები სხვაგან. შეუჩერებელი, სპაზმური სლოკინი, ძილშიც კი. დავდიოდი კედელს მიყრდნობილი, ლოკოკინას სიჩქარით. მერე სადმე პალატის კუთხეში ჩავიმუხლებდი, თითებს სასათან მივიტანდი და წუთით ვიჩერებდი ამ სლოკინს. მოდიოდნენ ექიმები, სხვადასხვა ხელობის. ზოგიერთი მსჯელობდა რომ საყლაპავის ნერვი გაეყინათ სპაზმის შესაჩერებლად, ზოგიერთიც, სხვა პროფილისა – წამალი შეეცვალათ. უკვე მეათასედ. სახლში ბარემ ასი აცდენილი რეცეპტი მიდევს ახლაც. ზოგი ისრაელის კლინიკაში გადაყვანას ფიქრობდა, სადაც რეზისტენტულ დეპრესიას და შფოთვებს კარგად მკურნალობენ. მე ვიწექი და უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ამაო ლაპარაკი. სრული უიმედობა. ფიქრი, რომ ეს მხოლოდ მე დამემართა, რომ მდგომარეობა სამუდამოა და ისევ ამ აღუწერელი ტანჯვის დასრულება სჯობს. „თავს შემოუძახე“ და მისთანანი ხომ ყველაზე საშინელი სიტყვებია ამ დროს – მიდით და შემოუძახეთ აბა, თუ გააგონებთ. ვიწექი და ვხედავდი, როგორ იღლებოდნენ ადამიანები ჩემ ირგვლივ, რადგან თანაგრძნობაც საზღვრიანი განცდაა. ბოლოს ორი-სამიღა შემომრჩა. ვიწექი და ვუყურებდი ფანჯარას. ვფიქრობდი, რომ იქ, გარეთ დადიან სხვა ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები და მათსავით ყოფნა მიუწვდომელ საქმედ მიმაჩნდა – ნებისმიერ მომაკვდინებელ დაავადებაზე გავცვლიდი იმ ყოფას, ვინმეს რომ მოეტანა მსგავსი კონტრაქტი. ვიწექი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზეც, ვისაც ყველაზე რთულ დროს ხელი გავუწოდე, გზაზე დავაყენე, არაფერი დამიშავებია და შემდეგ ტალახის მსროლელთა რიგებში მოწინავედ დამდგარან. ჩემი გასაჭირებისას პირში წყალჩაგუბებულებზეც ვფიქრობდი. რა საჭირო იყო ამგვარი ბანალური ფიქრით გაღიზიანება, არ ვიცი. ან რა იყო აქ გასაკვირი და უცხო. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იმაზე კი აღარ – რომ ადამიანი ადამიანია, გინდა ლიბერალი დაირქვას, გინდ კონსერვატორი და გინდა ანგელოზი. არც იმაზე, რომ ცხოვრება სამართლიანობის აუცილებლობას არ გულისხმობს. იმაზე მით უფრო ვერ ვფიქრობდი, რომ ათიათასობით კეთილი წერილი მოდიოდა, რომელთაც მერე ვეღარც ვკითხულობდი, საფოსტო ყუთის გახსნის შიში დამჩემდა და ძალაც აღარ მქონდა. აღარც ის მაიმედებდა, მნახველები რომ მეუბნებოდნენ დაზეპირებულ სიტყვებს, ყველას უყვარხარო და სხვანი. არამედ ვფიქრობდი, სუბიექტურად ვფიქრობდი და ეს ფიქრი და კიდევ სარკე, სადაც შემთხვევით თვალს მოვკრავდი ჩემს წაქცეულ სილეუტს, მიბიძგებდა, ამეღო ტელეფონი, დამეწერა რაღაც საშინელება, გამეშვირა თითი სხვისკენ და გამოვმშვიდობებოდი წუთისოფელს. მეორედ და საბოლოოდ, სიკვდილის მყარი გარანტიით. წამიერი იყო ეს გაელვება, მაგრამ ძლიერი და მაცდუნებელი. იყო, მაგრამ გავიმარჯვე. მერე ასე მოხდა: სწორი ექიმების პოვნით, იმ ექიმებისგან სწორი წამლებისვე დაძებნით და არაადამიანური ძალისხმევით ამოვძვერი ჭაობიდან, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურად მიღებდა ბოლოს, არამედ მეწვრილმანე ბოროტად ქცევასაც მიპირებდა. და ახლა მივიღე სამყარო ისეთი, როგორიც არის – პატარა ადამიანებით, ცილისმწამებლებით, მოსეირეებით, უმადურებით, მიმტევებლებით, დიდი ადამიანებით, მოულოდნელი ადამიანებით, კეთილი ადამიანებით. მივიღე და გავუწოდე ხელი. შფოთვების პერიოდული გაბრძოლებებით, მაგრამ დღეს გაცილებით ძლიერი ვარ და უფრო მაღალ მთებს მოვერევი.

 

თუმცა მთავარი სხვა რამ არის – ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად ამ სიძლიერისა, არაფერი დამთავრებულა – კიდევ წავიქცევი, კიდევ დავსუსტდები, კიდევ იქნება ტანჯვა და კიდევ გავიმარჯვებ, სანამ ოზურგეთში, კვირიკეთის პატარა სასაფლაოსკენ არ წამასვენებენ. ცხოვრება ყალბი სამოტივაციო ფრაზები არ არის. ეგ რომ იყოს, საშინლად მოსაწყენი იქნებოდა. საინტერესო და გასაძლები თავგადასავალია უფრო. მე თქვენ გვერდით ვარ ამ გაძლებისას.

 

 

ერთი აქტივობა სხარტი მეტყველებისა და წერის სწავლებისთვის

0

ქართულის მასწავლებლებს დიდი შრომა უწევთ მოსწავლეებთან მეტყველებასა და წინადადების აგებაზე, წერით მეტყველებასა და გრძელი სათქმელის მოკლედ ჩამოყალიბებაზე. ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკა, ვფიქრობ, დაეხმარება მათ, ბავშვებს კი მოტივაციას და ხალისს შემატებს და ერთ ქართულ იდიომასაც გაააზრებინებს.

პირველ რიგში, გთავაზობთ პატარა ტექსტს:

ალბათ გქონია შემთხვევა, როდესაც შენს მოსწრებულ და სხარტ პასუხებს მსმენელი გაუოცებია, გრძელი სიტყვა მოკლედ გითქვამს და შენთვის გამჭრიახიც უწოდებიათ.

როდესაც აზრს მოკლედ გამოთქვამ, სათქმელს მკაფიოდ, სხარტად აყალიბებ, ლაკონიის მცხოვრებლებს ემსგავსები, სწორედ მათ, ვისი გამჭრიახობის ამბავმაც საუკუნეები გადმოლახა, ჩვენამდე მოაღწია და დღეს მოკლე, აზრიან, მოხდენილ, სხარტ ნათქვამს ლაკონიურს უწოდებენ.

უამრავი წლისა და საუკუნის წინ, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, საბერძნეთის ერთ-ერთ მხარეს ლაკონია  რქმევია, მის ცენტრს კი სპარტა.

სპარტა ალბათ გაგიგონია – ის განთქმული იყო „სპარტანული აღზრდის“ განსაკუთრებული მეთოდებით. ამ მეთოდებით 7-8 წლიდან იზრდებოდნენ ვაჟები – მათ ფიზიკურად წვრთნიდნენ, სამხედრო ხელოვნებას, წერა-კითხვას, საგუნდო სიმღერას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას და, რაც უნდა საოცრად ჟღერდეს, ლაკონიურად საუბარს ასწავლიდნენ.

ერთხელ თურმე სპარტელებს ფილიპე მაკედონელი დამუქრებიათ, თუ მანდ მოვედი, დაგამარცხებთ და გაგანადგურებთო. ლაკონიელებს პასუხად მიუწერიათ: „თუ!“

დღეს სპარტანულ აღზრდას უწოდებენ მკაცრ აღზრდას, რომელიც ფიზიკურ ძალას და ხასიათის სიმტკიცეს აყალიბებს, ხოლო ლაკონიურ მეტყველებას – მოკლე, სხარტ პასუხებს.

 

ლექსიკონი

სხარტი – სწრაფი, მოკლე, გონივრული.

წვრთნა – ადამიანის ან ცხოველის მეცადინეობა, აქტივობა, რის შემდეგაც მას უყალიბდება ესა თუ ის ჩვევა, განსაზღვრული მოქმედების წარმატებით შესრულების უნარი.

 

მოდი, მიბაძე ლაკონიელებს და შენი ბიოგრაფია სულ სამი წინადადებით გადმოეცი, დაწერე ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში. დაურთე შენი ავტოპორტრეტიც.

 

შეეცადე, ლაკონიურად, მოკლედ, სხარტად ჩამოაყალიბო საბავშვო მოთხრობებიდან ამოღებული ამონარიდების შინაარსი, წარმოიდგინე, როგორ მოჰყვებოდნენ ამ ყველაფერს ლაკონიელები:

 

***

„და, რადგანაც გული ადამიანისა ბუდეა სიყვარულისა, ბებია კატოს ფართო გულშიაც უშველებელი, დიდი, უსაზღვრო სიყვარული იყო დაბუდებული, იმას უყვარდა ყველა არსება: კაცი, ქალი, ბებერი, ნორჩი და შუათანა, გლეხი, მდიდარი, უშნო, ლამაზი ბებიას გულში თავ-თავისს შესაფერის ბინას ჰპოვებდნენ, მაგრამ გაცილებით მეტად ბებია კატოს ბავშვები უყვარდა: პაწაწინები, უმანკოები, მომავლის კოკრად გაჩენილები“ /ე. გაბაშვილი. „ბებია კატო“/.

 

***

„უღრანს ტყეში მოსული ვარ… მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავი, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ“ /ვაჟა-ფშაველა. „ია“/.

 

***

„მერცხალს კეთილი ხალხი უყვარს, ისეთი, სულ რომ არ შეეშინდება იმათი, ხელს რომ არ აუქშევენ, თავს რომ თვითონაც ოჯახის წევრად იგრძნობს. ჯერ რამდენიმეჯერ მოფრთხიალდებიან დედალ-მამალი მერცხლები და იქაურობას კარგად დაზვერავენ. თუ მასპინძელს სიკეთე შეამჩნიეს, გაფრინდებიან, მაგრამ ისევ მალე მობრუნდებიან, მერე იქვე ჩამოჯდებიან და ჭიკჭიკს გააბამენ, ჩვენზე „საუბრობენ“, მასპინძლებზე – აბა, რა ხალხი ვართ, შეიძლება თუ არა ჩვენ გვერდით ყოფნა, ან უკვე გეგმას აწყობენ, სად რა იშოვონ, საიდან რა მოიტანონ, რომ ბუდე მკვიდრადაც ააგონ და ლამაზადაც. მერცხლის ბუდე აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს“/თ.ბიბილური. „მერცხლის ბუდე“/.

 

როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი სპარტელი ვაჟი, რა თვისებები და უნარები უნდა ჰქონოდა მას?

ჩახატე შუაში, გარშემო კი მისი დამახასიათებელი სიტყვები შემოუწერე.

 

ო, ეს ახალი სიტყვები

 

სხარტი    – მიუწერე რაც შეიძლება მეტი სინონიმი

წვრთნა – შეადგინე წინადადება, სადაც „წვრთნას“ დააკავშირებ არსებით სახელთან: ძაღლი, ლეკვი.

გამოიყენე ზედსართავი სახელები: ერთგული, უზარმაზარი, მშვენიერი, მხიარული. ზმნა შენ შეურჩიე.

 

იპოვე სიტყვებში დამალული სიტყვები

 

სიტყვა „სხარტი“-ში იპოვე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს:

. ხელოვნებას.

. ერთ-ერთ შინაურ ცხოველს.

 

სიტყვა „წვრთნა“-შიიპოვე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს:

. ერთ-ერთ ციფრს.

. პროცესს, რომელსაც ღუმელში შეშა გადის.

 

 

გზა ღვთისაკენ (მარგერიტ იურსენარის „მერცხლების ღვთისმშობელი“)

0

დანტე ალიგიერმა, ბეატრიჩეს სიყვარულით სამოთხისკენ გზაგაკვალულმა, იხილა თვალისმომჭრელად გაკაშკაშებული წრე, დისკო სინათლისა და მის „უფსკრულებში“ შეიცნო, „ვით უერთდება სიყვარულის წრეს, რომელიც სამყაროს კავშირებს შორის მოიპოვება გათიშული ათასნაირად“, ის „ჭვრეტდა არსთა რაობას“, რომლის სიტყვებით გადმოცემა მხოლოდ მისი „მკრთალი ჩრდილია“:

„ძალი მოაკლდა ფანტაზიას ჩემსას ანაზდად,

მაგრამ წადილი, ნებისყოფა ჩემი შეირხა,

როგორც ბორბალი, სიყვარულით მძლავრად დაძრული,

იმ სიყვარულით, რაც აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს“.

ამ სტრიქონებით სრულდება „ღვთაებრივი კომედია“. ეს სინათლის ჩქერი თითქოს მკითხველის გულშიც ჩაიღვრება და ფიქრებს ნაზი შლეიფივით გაჰყვება.

ამგვარი სინათლის განცდა ჩნდება მარგერიტ იურსენარის მოთხრობის, „მერცხლების ღვთისმშობლის“ წაკითხვისას. ავტორს სურს, მკითხველმა შეიგრძნოს სამყაროს ერთიანობა, რომელიც წარმავალ, ხანმოკლე, მატერიალურსა და რაციონალურ სამყაროში დაშლილ-დანაწევრებულია. ამიტომაც ამ და სხვა ნაწარმოებებშიც ის ცდილობს, ადამიანი გაახედოს საგანთა და მოვლენათა მიღმა, მისტიკურსა და მეტაფიზიკურს მიაახლოს და დაარწმუნოს, რომ, რასაც ჩვეულებრივი თვალებით ვხედავთ, ყველაფერი არ არის, რომ არსებობს იდუმალი განზომილებები, რომლებშიც ადამიანი ფიქრით, რწმენით, წარმოსახვით, მხატვრული სიტყვის ძალით შეაღწევს, რომ სამყაროში ყოველივე უცნაურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ადამიანიც ამ მთელის განუყოფელი ნაწილია.

ამ მოთხრობაშიც მწერალი სიყვარულს წარმოაჩენს, როგორც გარდამქმნელ ძალას, რომელსაც შეუძლია წყვდიადი გაანათოს, ბოროტება სიკეთედ გადააქციოს. იტალიელი წმინდანი ფრანჩესკო ასიზელი გვახსენდება, რომელიც ფრინველებს, ცხოველებსა და ბუნების ყველა შვილს ისევე უქადაგებდა, როგორც ადამიანებს. უნებურად გაგახსენდება ვაჟას მინდიას სიტყვებიც:

 

„რაც კი რამ დაუბადია

უფალს სულიერ-უსულო,

ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო“ („გველისმჭამელი“).

 

ამიტომაც მიიჩნევდა გრიგოლ რობაქიძე მინდიას მის სულიერ მონათესავედ: „მინდია იგივ ფრანსიზ ასიზელია, მხოლოდ საქართველოს მთებში აღმოცენებული, როგორც იშვიათი ყვავილი“ („ერის სული და შემოქმედება“).

 

სიყვარულმოკლებულ სამყაროში ადამიანებს დროდადრო ეცხადებიან წმინდანები და ღვთისკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზას უჩვენებენ. ღვთისმშობლის არაერთი სახე გვახსენდება მხატვრული ნაწარმოებებიდან, რომლებშიც იგი პერსონაჟებს განსაცდელის ჟამს ევლინება და დაბრკოლებათა გადალახვაში ეხმარება. უჩვეულო და შთამბეჭდავია მისი „გამოცხადება“ ამ მოთხრობაშიც. მარგერიტ იურსენარი გვიხატავს კუშტსა და პირქუშ ბერ თერაპიონს, რომელმაც „ეგვიპტეში მკვდრეთით აღადგინა მუმიები და სახარება უქადაგა მათ“; მას ერთადერთი საფიქრალი და მიზანი აქვს, ქვეყნიერება საცდურისგან იხსნას. საცდური კი უამრავია, მათ შორის, წარმართულ-მითოლოგიური წარმოდგენები წმინდა ხეების, ქაჯების, ფერიებისა თუ ალქაჯების შესახებ. მან ერთი უბრალო, ლამაზი სოფლის განაპირას გამართა ქოხი, რათა სოფლელთა სულები წარმწყმედი წარმოდგენებისაგან გაეთავისუფლებინა. განსაკუთრებით კი, ნიმფები აღელვებდნენ: „სოფლის ბიჭები კორომში შერბოდნენ, უნდოდათ თვალი შეევლოთ აქატისთვალება ასულებისთვის, რომლებიც ძირათი და ველური თაფლით საზრდოობდნენ. ყველგან იყვნენ ისინი, ამ ხრიოკი და მწირი მიწის ასულები, ყველგან! ხან ნისლივით იფანტებოდნენ, ხან კი უეცრად ნამდვილ სახეს იღებდნენ, ხორცს ისხამდნენ. წყაროსთან, თიხნარში, ნახულობდნენ მათ ნაფეხურებს“. სოფლელებს სჯეროდათ, რომ ამ ნიმფებით მონუსხულ საქონელს მგელი ჭამდა, ბავშვები კი უფსკრულებში იჩეხებოდნენ, მაგრამ მაინც „ეთაყვანებოდნენ თითქმის უხილავ ნაზ ფერიებს“, აპატიებდნენ უკეთურებას და იოლად ივიწყებდნენ მათ ბოროტ ნამოქმედარს.

 

მოთხრობის დრამატურგია ამ ორი ძალის, ნიმფების, როგორც ბოროტებისა და ბერის, როგორც სიკეთის დაპირისპირებაში გამოიკვეთება. ამ ბრძოლაში ბერი კარგავს რწმენის მთავარ საყრდენს – სიყვარულს. ის, დაუძლეველი სიძულვილით შეპყრობილი, კორომთან სამლოცველოს ააგებს, ზედ იმ ადგილას, სადაც კლდე იყო გადახსნილი, თანაბარმკლავიანი ჯვარი აღმართა. ჯვარზე ქრისტე იყო გამოსახული. ნიმფებს მხოლოდ ღიმილის ენა გაეგებოდათ და შეშფოთებულნი უნდა უკუქცეულიყვნენ წამებულის ხილვაზე“. მათი შვება მხოლოდ ძილი იყო: „მძინარე ნიმფები სიზმრად ხედავდნენ სამყაროს სიჭაბუკეს, ეზმანებოდათ ჟამი, როცა დედამიწა მხოლოდ ხეების, პირუტყვისა და ღმერთების სამკვიდრო იყო“. ბერი ფერიებს იმ ერთადერთ გზას ამოუქოლავს, რომლითაც გარეთ გამოდიოდნენ. ასე იმიტომ მოიქცა, რომ, მიუხედავად გამობრძმედილი ნებისყოფისა, „ნიმფები მაინც ახერხებდნენ მის ცდუნებას, რადგან მათ შემყურე ბერს ღვთის სიბრძნე ეეჭვებოდა, რად შექმნა ეს უმაქნისი, მავნე არსებანიო, – ფიქრობდა და შესაქმე ღვთის თავშესაქცევ ავ ოინად ესახებოდა“.

მწერალი ხატავს, ერთი მხრივ, გამარჯვებულ ბერს, მეორე მხრივ კი, დამარცხებულ მშვენიერ ნიმფებს, რომელთა არსებობის „გამართლებას“ ვერ ჩასწვდა ბერი. „მზის პირველი სხივები მიადგა გამოქვაბულის ზღურბლს. ის საცოდავები, ჩვეულებისამებრ, სწორედ ამ დროს წამოიშლებოდნენ ხოლმე და იქვე, ხეთა ფოთლებიდან ცვარს ისრუტავდნენ. ახლა კი ქვითინებდნენ დატყვევებულები, შველას ითხოვდნენ, ოღონდ აქედან გაგვაღწევინეო და ალალად აღუთქვამდნენ ბერს სიყვარულს“. საგულისხმოა, რომ ბერის არსებაში, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს სჩვევიათ, გვერდიგვერდ, განუყოფლად იყო სინაზე და სისასტიკე: „ბერი გულმოწყალე იყო. წუხდა, უნებურად ფეხით მღილს თუ გასრესდა, ან მისი ძაძის შეხებაზე ყვავილი თუ ღეროში გადატყდებოდა“, ნიმფების საცხოვრისს კი ასპიტთა ბუდესავით ანადგურებდა.

მწერალი არაჩვეულებრივი სიმძაფრით წარმოაჩენს, როგორ ერწყმის საღამოს ბინდბუნდს ორი განსხვავებული ხმა: ბერის ლოცვა და ნიმფათა მომაკვდავი ხროტინი. სწორედ ამ დრამატულ ვითარებაში გამოჩნდება თალხით მოსილი, დინჯად, დარბაისლურად, თითქოს „არსაითკენ მიმავალი“ უცხო ქალი, რომელიც „ნაზი იყო მოწეული მტევანივით, სურნელოვანი ყვავილივით“. როცა ბერი ჰკითხავს, საიდან მოდიხარო, ის პოეტურად და მრავალმნიშვნელოვნად უპასუხებს: „დილასავით… აღმოსავლეთიდან“.

ბერი თავის საღვთო საქმის შესახებ აუწყებს, გრძნობს, რომ ღვთისმშობელი გამოეცხადა შემწედ, ამიტომ თავმომწონედ აუწყებს, როგორ ხოცავს ნიმფებს და შექებას მოელის, თუმცა ღვთისმშობელი მკაცრად დაელაპარაკება და მის სიტყვებში წარმოჩნდება ღვთის ამოუცნობი განგებულება: „კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ წყალობა ღვთისა არ ერგება ნიმფებს, ასევე – შვლების ჯოგსა თუ თხათა არვეს?! – შეეპასუხა ქალი. – ნუთუ არ იცი, რომ შესაქმის ჟამს ღმერთს დაავიწყდა ზოგი ანგელოზისთვის ფრთების ბოძება. ისინი მიწაზე ჩამოცვივდნენ, ხევებში ჩაიბუდეს, ნიმფებისა და პანების მოდგმას მისცეს დასაბამი; სხვები მთას შეეხიზნნენ და ოლიმპიელ ღმერთებად იქცნენ. ნუ დრტვინავ წარმართივით, შემოქმედისაგან მივიწყებული არსებანი ნუ გაშინებენ, საქმენი უფლისანი ნუ აღგაშფოთებენ, მადლი შესწირე ღმერთს დიანას და აპოლონის შექმნისთვისაც“.

ღვთისმშობელი ბერს სხვა გზას სთავაზობს, რათა „ნიმფებიც გადარჩნენ“ და „მრევლიც ცხონდეს“. შთამბეჭდავია მოთხრობის ფინალური ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს სიყვარულის ძალას, რომელსაც ყოველივეს გარდაქმნა, შეცვლა, მეტამორფოზა ძალუძს ისე, რომ სამყარომ არ დაკარგოს მშვენიერება და სიკეთე. ღვთისმშობელი გამომწყვდეულ დასახოცად განწირულ ნიმფებთან შევიდა და დაელაპარაკა: „უცნაურ ენაზე, ფრინველთა და ანგელოზთა ენაზე“. მოთხრობის ფინალიდან კი ისეთი დიდი სინათლე მოიფრქვევა, რომელიც მხოლოდ უშურველ ღვთაებრივ სიყვარულს ახლავს: ნიმფებმა ფერი იცვალეს, მერცხლებად „აიჭრნენ მწუხრის ცაში. ფრთებითა და ნისკარტით ამოუცნობ ნიშნებს ხაზავდნენ“. „მარიამი დაადგა იმ ბილიკს, არსაით მიმავალს. გზაწვრილი წყდება თუ არა, როდი აფიქრებს მას, ვისაც ზეცის გზებზე სვლა ხელეწიფება“. ასე გადაიქცა თერაპიონ ბერის საყდარი მერცხალთა თავშესაფრად, მათი ბუდეების საუკეთესო ადგილად: „ისინი ყოველ წელს ბრუნდებიან, მოფრინავენ და იბუდებენ ეკლესიაში. ბარტყების დაზრდაზე, თავიანთი ბუდეების, თიხის პაწია სახლების, შემტკიცებაზე ზრუნავენ. თერაპიონ ბერი ლოცვას შეწყვეტს ხოლმე და შეხარის მათ სიყვარულს, მათ სილაღეს“. ამის წარმოსახვისას კი მკითხველი გრძნობს სამოთხისეულ სიმშვიდეს, „ხედავს“ გზას, რომელსაც მერცხლების ღვთისმშობელი მიუყვება.

მარგერიტ იურსენარის მოთხრობების ფერი, სურნელი და მუსიკა, რომლებსაც მისი მხატვრული სამყაროს შეხვედრისას შეიგრძნობ, ერთხელ წაკითხვისთანავე სამუდამოდ დაგრჩება შთაბეჭდილებაში.

 

 

 

 

 

 

გულების შეერთებით მთლიანდება ღმერთი!     

0

ვუძღვნი ქართულის მასწავლებლებს  

საქართველოს რადიოში გატარებული მთელი ჩემი შეგნებული პროფესიული ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელი გამოდგა უკვე ნასწავლის გაანალიზებასა თუ  ახლის შემეცნებაში,  რაც აუდიტორიასთან ურთიერთობის მოკრძალებულ უფლებას მაძლევს. რაც დრო გადის, მით უფრო მოკრძალებულს. რაც დრო გადის, მით უფრო დატვირთულსა და თავჩარგულს…

ამ სამიოდე წლის წინ, მაშინ, როცა დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის ძირითად ინსტრუმენტებად მხოლოდ ეკრანი და კლავიატურა შემოგვრჩა,  ძნელად წარმოვიდგენდი, რომ მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების კონკურსი შედგებოდა. ცხადია, ინტერესით შევავლე თვალი. მათგან ერთ-ერთმა იმთავითვე მიიქცია ჩემი ყურადღება და ახლა ზუსტად ის უნარები უნდა გამოვცადო, რაც ჯერ სიტყვის მასწავლებლებმა შემძინეს თავის დროზე და მერე უკვე უფროსმა კოლეგებმა რადიოში. აი, ისეთებმა, რადიოეთერით ადაპტირებულ ქართულ ფილმებს რომ ასმენინებდნენ მსმენელს. ,,კინოფილმი უეკრანოდ“ რომ ერქვა. მე კი ახლა კინოფილმი  უეკრანოდ და უხმოდ უნდა მოგიყვეთ.

ეს ამბავი ტელეფონის ზარის მჭახე ხმითა და ნაღვენთი სანთლის ციალით იწყება. მერე უკვე… სკამზე გაელვებული და ერთმანეთს ჩანაცვლებული ხელადა, ჭიქა, პურის ყუა, ნაჭერი ყველი, ახალი აღთქმა და ლარნაკი მოწყენილი იასამნებით. საათი. საათი აუცილებლად და რამდენჯერმე. ყველაფერი სამყაროსეული ყოვლისმომცველი მინიმალიზმითა და უკიდეგანო პოლარიზებით – მხოლოდ შავსა და თეთრში, მხოლოდ იმ მოლოდინის უვერტიურად, რომ აქ ვიღაც იყო. აქ ვიღაცის საუკუნო საგზალზე იზრუნეს. ამ სიჩუმეს იშხნელების გიტარა მირღვევს და თითქოს დაჟინებით მიმეორებენ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებო და მართლა მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს სილუეტი, რომელიც წელში მოხრილა და თავი პლედშემოხვეული მუხლებისკენ ჩაუხრია და  ეს პროფილი, რომლის აღქმასაც  ჩამოშლილი ჭაღარა თმა მიშლის, ასე მეცნობა.  ღმერთო, როგორ მეცნობა! ნუთუ მართლა ისაა?! კი, ისაა! რა ვიცი? რა ვიცი და ეს ხელები… რა დამავიწყებს?  მისი მარჯვენა ხელის ნეკა თითი ხან ბავშვურ და გაუაზრებელ სიცილს იწვევდა ჩვენში და ხან ინტერესით სავსე კირკიტა მზერას. ახლაც არ ვიცი, ტრავმის ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ ახლა უკვე ეს ხელები  ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნებთან შეზრდილი და მათთან ერთად მოგზაურობაში გალეული მხლებლებია ჩემთვის, ის არის! ჩემი ქართულის მასწავლებელი, თამარ ბენაშვილი!

როგორ დაღლილა! რა უსუსურად უჭირავს ტელეფონის ყურმილი ხელში. აი, ჩაუცურდა კიდეც, დასწვდა და ყურთან მიიტანა. აშკარად არ საუბრობს. რაღაც რიტუალურს უფრო წააგავს ეს მოძრაობები. თითქოს, სადენს მიღმა ის ვიღაცა, ან ვიღაცები არიან, ვისი ხმის გაგონებაც მონატრებია, ან, იქნებ, ყურმილს მიღმა გასუსულა მოლოდინი?!

როგორ არ დავაკვირდი ფილმის ერთადერთ მინაწერს?

თამარ ბენაშვილი  ,,პატარა რექვიემი ბებოსთვის“

ჩემი ქართულის მასწავლებელი გარდაცვლილა!

,,მას, რამდენი ხანია, მასწავლებელი ხართ და რამდენი ჩემნაირი მადლიერი და სითბოთი გაჟღენთილი მოსწავლე გყავთ, ვინ მოთვლის? იცით, ჩვენ რომ სადისკუსიო თემები გვქონდა ხოლმე, იმეებზე კიდევ მეფიქრება.  ხან ასე მივუდგები საკითხს, ხან ისე. სულ მახსოვხართ. ისე მათბობთ ხოლმე. წარმოვიდგენ კიდეც, რამდენი მოსწავლე გყავთ ჩემსავით გაშვებული.  სანამ ჩვენ ვართ და გვახსოვხართ და გვენატრებით,  მანამდე სულ იქნებით. მერე მე ჩემს დათუნას ხომ ვეტყვი – მე ისეთი მაგარი მასწავლებელი მყავს-თქო, შენ რა იცი-თქო და ასე… სულ  იქნებით, მას!“ – რამდენი ასეთი წერილია სახლში. უკვე ათწლეულებით  ნაგროვები და ნალოლიავები. დრო გადის და არც ,,ათასი ბავშვის მშობელს“ ცვლის რამე და არც იმ  მადლიერებით სავსე ათასებს.  ამ ცოტა ხნის წინ სკოლაში მთხოვა მისვლა. განსაკუთრებულად ემზადებოდა იმ შეხვედრისთვის და დღის ბოლოს, უკვე ენერგიამიხდილი, მივხვდი რატომ. საკუთარი მოსწავლე და ახლა უკვე აღიარებული მწერალი და დრამატურგი მიუწვევია დასაფრთიანებლებთან შესახვედრად. უნებურად, სოფო კუბლაშვილის მოთხრობამ ,,დედამიწას ცა ქუდად აღარ ახურავს“ შემახსენა თავი.  ხანდახან მართლა გეჩვენება, რომ დედამიწას ცა ქუდად აღარ ხურავს, მიწა ფეხქვეშ გეცლება,  რკინის ქალამანიც მოცვდა,  ქვეყანა ჩალით დაიხურა და ერთი ნაბიჯია უიმედობამდე. ასე ვართ ყველა. პროფესიისა და სულის სიმხნევის მიუხედავად. არა და, როგორი გამძლეობა მართებთ ამ დროს მასწავლებლებს! გზაც უნდა იპოვონ და გზაზე მისაბრუნებლებიც.  და ყველაზე დიდი ძალა მაინც ისაა, უკვე საკუთარ გზებზე მიმავალი მადლიერი შეგირდები რომ მოგიბრუნდებიან და ახლა უკვე თავად მიგიწერენ დაფაზე –

,,სავსე ვარ ემოციით. თან ამხელა ბედნიერებაა და თან განცდაა, როგორ უნდა ატარო ეს ბედნიერება და როგორ აქციო მადლიერების სიტყვებად? 9 წელი ვისწავლე  ამ სკოლაში. ჩვენი ბავშვობა თავიდან ისეთი ლაღი და ფერადი იყო, მაგრამ მერე ბევრი ტრაგიკული რამ მოხდა, რაც ყველა ჩვენგანს შეეხო. მე შემეხო, ჩვენს კლასელებს, უფროსებს. მერე უფროსებს თვალებში ვეღარ ვუყურებდით. ისეთი განცდა გვქონდა, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაცას ვუმალავდით.  რაღაცას ძალიან საშიშს. ირგვლივ სიჩუმე იყო. სიჩუმე და სინაცრისფრე. ამ სინაცრისფრეში ჩემი  კლასის განაყოფის ქართულის მასწავლებელი მახსოვს. ზუსტად ისე მახსოვს,  სული სულს რომ იგრძნობს და  გული გულს. მაშინ, როცა რაღაცას ვეძებდით, მთელი არსებით ვეძებდით, მაგრამ ვერ ვახერხებდით ამ ძიებებისთვის სახელი დაგვერქმია, დაფაზე მასწავლებლის კალიგრაფიას მოვკარი თვალი.  აი, ამ კალიგრაფიით დაიწყო ჩემი სიყვარული. მერე შევყევი ამ კალიგრაფიას და დამხვდა დიდი სულის ადამიანი, რომელმაც მომცა ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა.  ეს იყო უდიდესი სამყარო, რომელიც ჩემთვის გაიხსნა და ამ სამყარომ აღარასოდეს გამომიშვა უკან. პირიქით. შემითრია, შემითრია და ერთმანეთს დავემგზავრეთ. ბევრგან მითქვამს, ვამბობ დღესაც და სიკვდილამდე ყველგან ვიტყვი – ის, რომ მე დღეს ვარ ის, ვინც ვარ, ამაში  ჩემი ქართულის მასწავლებელს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი!   ამიტომ მე უკვე ვიცი, როგორი ბედნიერები ხართ!  რომ გაიზრდებით და ამ სკოლიდან გახვალთ, მერე გააცნობიერებთ, რამხელა მადლში ხართ. ის, რომ მანანა კიკნაძე თქვენი ქართულის მასწავლებელია,  თქვენი საგზალია მთელი ცხოვრების მანძილზე. დამიჯერეთ!

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ რაც უფრო გამარტივდა კომუნიკაცია და, თითქოს, ასე დავახლოვდით,  სულები სულ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს. ამიტომ   ერთმანეთის გულები უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ.  გრიგოლ რობაქიძეს აქვს ასეთი ფრაზა – ,,გულების შეერთებით მთლიანდება ღმერთი“ და ახლა ჩემი გული თითოეული თქვენგანის გულთანაა ახლოს!

მადლობა თქვენ!
მადლობა ჩვენს მასწავლებელს! ‘’

ნეტავ, რამდენიმე წლით უკან დამაბრუნა, რომ მოსწავლეებისადმი  ნინო სადღობელაშვილის მიმართვაში სახელი ჩავანაცვლო და ტელეფონის ყურმილში მაინც გავაგონო –

მადლობა, თამარ მასწავლებელო!

 

 

 

 

 

 

 

 

 ირმის ნახტომი

0

ჩანაწერები როსტომ ჩხეიძის წიგნისვარსკვლავთა ბილიკებიკითხვისას

რასაც შენ ვერ ხედავდი და არც კი მიგიქცევია ყურადღება, უცებ გადაგიშლის თვალწინ, კი გაფიქრებინებს სინანულით, ამას ჩემით როგორ ვერ მივხვდიო, მაგრამ წამისად გადაგივლის დაღონება და მას ის სიხარული შეცვლის,- სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც,- მიხვედრა რომ ჰქვია.

როსტომ ჩხეიძეზე ვამბობ, „ვარსკვლავთა ბილიკებს“ ვკითხულობ და „იყო შაშვი მგალობელი“ აქვს გააზრებული ერთ ლექსში, ჩანახატში თუ მინიატიურაში, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ, მაგრამ ავტორმა ასე უწოდა- ლექსები პროზადო- და არც სჭირდება ბევრი ფიქრი, ლექსებია,- ჰოდა, უცებ გადახსნა მთავარი გმირი, ლურსმნის კადრი ბოლო ფილმში, ლურსმანი და ბიბლიოთეკაში დატოვებული წიგნები…  უფრო ცხადად დავინახე გონებაში მთელი ფილმი; საღამოს რომ მიაკითხავს ჩასაბარებლად წიგნებსა თუ წიგნთსაცავს. აქაა ერთი საინტერესო დეტალი, „ჩემი არ იყოსო“, თავის სიჭაბუკესთან გაავლო პარალელი და გაოცდები კაცი: როგორ შეიძლება ასეთ ახალგაზრდასთან რამე კავშირი ჰქონოდა როსტომს, რომელსაც რაც კი დაწერილა ქართულად (არ ვსაუბრობ უცხოურზე, თუმცა ლამის ისიც), ყველაფერი  წაკითხული აქვს… ეგ რაა, რაც ჯერ არ დაწერილა, მგონი ისინიც წაკითხული აქვს უკვე და სადაც კი რამე კარგი მარცვალი დაუნახავს, შეუხმიანებლად არ ტოვებს… ალბათ ასეც უნდა იყოს ნაღდი მწერალი, განსაკუთრებით კი ლიტერატურული კრიტიკაც რომ გაუმშობლიურებია ისეთი მწერალი, ზერელედ ვერ უნდა წერდეს, ვერც თხოვნით და ვერც ხათრით, მხოლოდ მაშინ და მასზე უნდა წეროს, რაც ნამდვილია და ფასდაუდებელი; განსაკუთრებით, სადღაც ოკეანის ფსკერზე ჩაძირული მარგალიტის აღმოჩენის უნარი უნდა ჰქონდეს. ჰო, უნდა იყოს ასე, მაგრამ ვიცით ხომ, წმინდა იშვიათობაა და რა ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთთაგანი, როსტომის სახით…

ჰოდა, მეც მივაწყდებოდი აქეთ იქითო, „მიეწყობოდა წელი წელს და… სულ უფრო გაუსაძლისი უნდა შექმნილიყო ეს შეგრძნება“. ალბათ უამრავს გამოგვივლია ეს პერიოდი თუ შეგრძნება და ფილმში დანახული ეს ქვიშის საათივით ჩაცრილი საწუთრო, საათის წიკწიკად რომ იღვრება და სევდა თუ სინანული,- ვაითუ, არც მქონია მისიაო.. და აქ დიდებული მონასმი კალმის,- სადღაც როგორ არ მივაჭედებდი ერთ ლურსმანსო?!

ვეძებო ლურსმანი კედელზე, „ერთმა ადამიანმა მაინც რომ მოგიგონოს კეთილად“. დიახ, არ ღირს ვიკითხოთ, თუ ვისთვის წიკწიკებს საათი იმ ფილმის ფინალში. შენს წეღანდელ გაოცებას კი, ავტორს თითქოსდა განზრახ უნდოდეს, რომ გაგიქარწყლოს, სხვა ლექსს მოგაშველებს, თითქოს ჯინაზე, უფრო სწორედ მანამდეა წიგნში, ეს მინიატიურა: პროფესორი ქალბატონი, თინა მარგველაშვილი, გაოცებული რომ ეკითხება მერე, წლების მერე, „ნამდვილად თქვენ ხართ ის როსტომ ჩხეიძე, „ბედი პავლე ინგოროყვასი“ რომ დაწერაო?‘“

ისტორიული და აწმყო დროის გმირები გაიელვებენ, როსტომის ამ ლექსებში პროზად, თედო სახოკია თუ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, ტრაგიკული ბედის ივანე აბაშიძე აკაკი წერეთლის მიერ მარაგითზრახვით შემონახული, დედის თითქოს ბუნდოვანი განწყობით, მაგრამ წარუშლელად დახატული სახით, სამუდამოდ რომ დაუმსჭვალა მატიანეებს.

ქართლოს კასრაძის მოგონებამ ლამის ამიჩვილა გული როსტომის ამ ლამაზ კრებულში; ისტორიული რომანის სიტკბო, უცნაურად მოგეჩვენოთ შეიძლება, მაგრამ პირველად სწორედ ამ მწერალმა მაგრძნობინა, თავისი „ფარნავაზ“-ით; მანდედანვე შევიგრძენი ფარნავაზიც, ქუჯიც, ოკუპაციის საშინელების სიღრმეც, რენეგატიზმიც,- აზოს მოღალატეობაც,- და მიკვირდა, ასე რომ მიჩუმებულიყო ქართული ლიტსამყარო ამ დიდებულ მოღვაწეზე. ჰოდა, ისე თვალნათლივ წარმოაჩინა როსტომმა ამ პატარა მინიატიურაში, სევდაში ჩაძირული იუმორისტი, რომ თითქოს მცნობოდა კიდეც, მძიმე ჯვარაკიდებული.

შესავალში იხსენებს ზაალ სამადაშვილი, გასიმბოლოებულ უსულო ნივთსაც (იმედია, არ მეშლება და სწორად ამოვიცანი) და აღმართსაც, თითქოს ანსა და ჰოეს ამ წიგნისას, კარგად აქვს დაწერილი, არც გვიკვირს მისგან, ბუნებრივია, თითქოს განმარტებული აქვს მთელი წიგნი. მერე, უზარმაზარ თხზულებაშიც „კალამი გოლგოთაზე“, მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის რომანსაც ამ უსულო საგნით, ილიას სისხლით გამეწამულებული ბალიშით იწყებს, ილიათი იწყებს როსტომი, მაგრამ ამ პოეტურ ჩანახატებშიც მეტად საკრალურია ეს უცნაური უსულო ნივთი, რაოდენ სულიერია და რაოდენ ხელშესახებად ცხადად ხსნის მიხეილ ჯავახიშვილის სულსაც და ცხოვრებისეულ მოღვაწეობასაც.

შეუძლებელია თითქოს ლურსმანი, სამსჭვალი, ლიტერატურაში დადებითი კონოტაციით აღვიქვათ და მაცხოვრის სისხლგამონაჟონი ხელისგულები თუ ტერფები არ გაგვახსენდეს, მაგრამ უცნაურად დადებითი განწყობა მოაქვს ამ პასაჟს ამ კრებულში, უცნაურად ტკბილი… დიახ, მიჭედილია ლურსმანი, არა ერთი ლურსმანი და ათასობით ადამიანს შეუძლია ჩამოსვენებულზე მასზე ქუდი ჩამოჰკიდოს, ხანდახან კი, კია ჰიპერბოლური ალბათ, მაგრამ ხომაა, რომ საკუთარ სულს ვერ ეზიდები, ვერც გადააბარებ ვინმეს და თავისუფლად შეგიძლია, დროებით ჩამოკიდო აგერ ლურსმანზე, შეისვენო უმძიმესი და საზარელი ცხოვრებისგან თუნდაც რამდენიმე წამი, მერე კი, წამომდგარმა, უშიშრად ჩამოხსნა ისევ და ატარო თვალთშეუწვდომ აღმართზე, ანაც სულაც უძირო დაღმართისკენ…

ბათუმი, 2023 წლის 7 თებერვალი

 

 

ქართულ-ევროპული ტრადიციები დეზინფორმაციის ტალღის პასუხად

0

წინათ თუ სიტყვა „მითი“ ფანტასტიკურ ხალხურ თქმულებებთან, ღმერთებსა და გმირებთან ასოცირდებოდა, ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში მითების ხსენებისას ყველაზე ხშირად მტრული სახელმწიფოების მიერ დაგეგმილი და ტროლ-ბოტების მიერ გავრცელებული მოგონილი, მაგრამ დამაზიანებელი ამბები გვაგონდება.

დღესდღეობით ყალბი ამბების გავრცელებაზე კარგად ორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ და მეტი ეფექტურობისთვის ქსელური და საინფორმაციო ომის თეორიებსაც ქმნიან. ბრძოლის ველი ძალიან ხშირად ვირტუალურ სივრცეშია განფენილი. სოციალური ქსელის მრავალრიცხოვან მომხმარებლებზე კონტროლის მოპოვება მოწინააღმდეგის დამარცხებას უდრის, ამიტომ აქ ხშირად შეხვდებით საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სასაცილო, მაგრამ მეორე ნაწილისთვის შემაშფოთებელ ფრაზებს, მაგალითად: „ქართველობას გვართმევენ“.

ეს ფრაზა თანამედროვე მითოლოგიის კარგი მაგალითია და უკვე დიდი ხანია, რუსული პროპაგანდისტული მანქანის ძრავად იქცა. ეს მანქანა კი ძალას არ იშურებს ჩვენი თანამემამულეების დასარწმუნებლად, რომ ევროპა სინამდვილეში საქართველოს და ქართველობის მტერია.

რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ყველაზე ხშირად ქართულ და ევროპულ ფასეულობათა შეუთავსებლობაზე სვამს აქცენტს და ცდილობს, ევროკავშირი საქართველოს ისტორიისთვის, ტრადიციისა და კულტურისთვის შეუსაბამოდ წარმოაჩინოს. უმეტესწილად, ამისთვის ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე პედალირებს, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა. ამ ხაფანგში ხშირად პედაგოგებიც ებმებიან. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს სკოლაში დასაქმებული ფილოლოგებისა და ისტორიკოსების მაგალითზე ჩანს.

სტატიისთვის სოციალურ ქსელში, პედაგოგებისა და მშობლების დახურულ ჯგუფებში, საგანგებოდ ვიკითხე, რა მითები სმენიათ ევროპის შესახებ. „ქართველობას რომ გვართმევენ“, ამ მითმა პირველი ადგილი დაიკავა, სხვა პასუხებმა კი მოლოდინს გადააჭარბა:

მითი 2. ბავშვებს იტაცებენ და სქესს უცვლიან.

მითი 3. შვილი თუ დატუქსე, სასამართლოში გიჩივლებს და ჯარიმას გადაგახდევინებენ.

მითი 4. მშობლებს ბავშვებს ართმევენ და გეი წყვილებზე აშვილებენ.

მითი 5. აუცილებლად მოითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

მითი 6. „დედისა“ და „მამის“ დაძახება იკრძალება, „მშობელი N1“ და „მშობელი N2“ – ასე მოიხსენიებენ.

მითი 7. შვილი 18 წლის რომ ხდება, სახლიდან აგდებენ, 16 წლის მერე ბავშვი სად წავა, მშობლებს არ აინტერესებთ;

მითი 8. სკოლებში ერთსქესიანთან სექსს ასწავლიან;

მითი 9. ჩაშვებას ასწავლიან ბავშვებს.

მითი 10. იმათ ისე არ უყვართ შვილები, როგორც ქართველ მშობლებს.

მითი 11. რომ იყვირო, მეზობელი არ გამოგხედავს, იმიტომ რომ მეზობლობა რა არის, არ იციან.

მითი 12. ქუჩაში გული რომ წაგივიდეს, კაციშვილი არ მოგეშველება.

მითი 15. ადამიანებს ჩიპებს უდგამენ, საფულე აღარ სჭირდებათ, მაგით იხდიან ფულის ნაცვლად.

მითი 16. მეზობელს რომ დაუკაკუნო, შეიძლება პირად სივრცეში შეჭრად ჩათვალოს და პოლიციაში დარეკოს.

მითი 17. მაგათ ოჯახი, მეგობრობა და თანადგომა არ იციან.

მითი 13. იქ რო გარყვნილებააა…

ჩვენი მხრივ მიამიტობა იქნება, ამ ყველაფერზე მხოლოდ გავიცინოთ და გარშემო მყოფ ადამიანებს, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს არ ავუხსნათ, რომ ყველაფერი ის, რაც ზემოთ წერია, ტყუილია, მაგრამ არა შემთხვევით გამოგონილი – ეს მითები კარგად ორგანიზებული დეზინფორმაცია-პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო, რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებს მტრულად განწყობილი სახელმწიფო – რუსეთი, რათა ქართველებსა და ევროპელებს შორის გაჩნდეს კულტურული არათავსებადობის უფსკრული, საქართველომ დასავლური კურსიდან გადაუხვიოს და უღალატოს არა ევროპულ ფასეულობებს, არამედ ჭეშმარიტ ქართულს. სინამდვილეში ქართული და ევროპული კულტურა უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე განსხვავდება. ოჯახის კულტი ევროპულ ქვეყნებშიც ძლიერია, ტრადიციების პატივისცემაში კი ბადალი არ ჰყავთ. ის, რასაც ჩვენ ევროპულ ფასეულობებს ვუწოდებთ, სინამდვილეში ქართულიცაა. თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ადამიანის ღირსების პატივისცემა ქართული ისტორიის, რელიგიისა და ტრადიციის ნაწილია. ამაზე მეტყველებს ქართული ლიტერატურა „შუშანიკის წამებიდან“ დღემდე.

ქართულ ლიტერატურას და ისტორიას გადავხედოთ, კრიტიკულად გავიაზროთ და მივხვდებით, რა გვაკავშირებს სინამდვილეში ევროპასთან:

  • საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც ადამიანი დამოუკიდებელი, თვითმოქმედი პერსონაა. ის არ არის არავის მონა, ის თავისუფალია. თავისუფლება კი დღევანდელი განვითარებული მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია.
  • ადამიანი მოაზრებულია როგორც შემოქმედი, მუდმივ განვითარებაში მყოფი არსება, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ მიიწევს, წარსულ გამოცდილებაზე ახალს აშენებს და ვითარდება.
  • ქართველი კლასიკოსების შემოქმედებაშიც ადამიანი შემწყნარებელია, წახალისებულია ინდივიდუალური აზროვნება, განსხვავებულის პატივისცემა, მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა.
  • საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი ქვეყნის მმართველები ყოველთვის მიილტვოდნენ ბიზანტიისკენ; საქართველოსა და რომის ეკლესიას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, ევროპელი მისიონერები აგროვებდნენ ქართულ ლიტერატურულ შედევრებს, გამოსცემდნენ წიგნებს ქართულ ენაზე, ავითარებდნენ დამწერლობას და ა.შ.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი: თავისუფლება, თანასწორობა, მშვიდობა, თანამშრომლობა, – დღეს გაერთიანებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება, ქვეყნის კონსტიტუცია კი მოქალაქეთა ნების ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.

 

———–

მცირე აქტივობა მარტივი ჭეშმარიტების დასადგენად:

დავუსვათ კითხვა ჩვენს თავს, ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს შვილებს: რა არის ქართველობა? ავიღოთ პატარა წებოვანი ფურცლები და ყველამ თითო სიტყვით აღვწეროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ქართველობა, შემდეგ ეს ფურცლები დაფაზე მივაკრათ და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წავიკითხოთ. ცოტა ვიცინოთ, მაგრამ აღმოვაჩინოთ, რომ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ქართველობა გვგონია: რწმენა, ტრადიციები, კულტურა, ისტორია, – სინამდვილეში ადამიანობაა, ადამიანობა ქართულ-ევროპული გაგებით. ერთნაირად მისაღები ქართველისთვის, იტალიელისთვის, გერმანელისთვის… და მივხვდებით, რომ ევროპა ქართველობას კი არ გვართმევს, ევროპა ახლად შემოტანილი მოდური თემა კი არ არის, ჩვენი ორგანული ნაწილია, იმიტომ რომ საქართველო ოდითგანვე ევროპაა.

 

სტატიაში გამოყენებულია ვიდეორესურსის შინაარსი https://www.facebook.com/watch/?v=1121943341788197

 

 

 

დამარცხება შაქარია

0

ის მაღაზია ასეთი იყო: ხუთი საფეხურის შემდეგ – დერეფანი, მის მარცხენა კედელთან – ლიმონათის ბოთლების ყუთები. მარჯვენა კედელში – კარი სავაჭრო ფართში შესასვლელად. იქ თაროებია ჩამწკრივებული, თაროებზე კი – ხის ფართო ლანგრები პურისთვის. დახლმაცივრები ძეხვეულითა და რძის ნაწარმით არის სავსე. ცალ-ცალკე რიგებადაა ზეთი, ტომატი, მარილი, მაკარონი, საკონდიტროს ორცხობილა, კოწახურის კანფეტი, ასანთისა და საღეჭი რეზინების კოლოფები, შაქარი…

ისეთი პატარა აღარ ვიყავი, როგორიც წინა წელს. ქუსლი ვეღარ ჩავაცურე სანდალში და მაშველი მივახმარე, კიკინაც უფრო გრძელი მქონდა და ჟაკეტის სახელოც დამმოკლებოდა. ნამდვილად გავდიდდი. დედამ შაქრის საყიდლადაც კი გამგზავნა.

ჰოდა, მეც, „გადიდებულმა“, გავიარე სამი კორპუსის ეზო და იმ მაღაზიაში ქაღალდის ორი შეკვრა შაქარი ვიყიდე – ორი კილოგრამი. გამყიდველმა საანგარიშოს კოჭები ააჩხაკუნა და ხურდაც დამიბრუნა. გადავთვალე. ზუსტი აღმოჩნდა. სკოლაში მათემატიკას დიდი მონდომებით ვსწავლობდი მეტად პრაქტიკული მიზნით – მაღაზიაში გამყიდველი ვერ მომატყუებს-მეთქი.

ცელოფნის პარკში მოთავსებისას ხელიდან გამისხლტა და იატაკზე მძიმედ დაეშვა ქაღალდის პაკეტი. იოლად გაიხა, შაქარიც გადმოიბნა. სხვა გზა არ მქონდა – ნაკლები წონის შაქარი უნდა მიმეტანა სახლში ორი კილოგრამის ფასად.

გამყიდველმა თანაგრძნობის ღიმილის ნაცვლად შემომიბღვირა, აიზლაზნა და დახლს ქვემოდან ცოცხი გამოაძრო. იქაურობას გავეცალე და „დაპატარავებულმა“ ჩავიარე საფეხურები.

ასე იყო თუ ისე, მოვდივარ სახლისკენ. ნაბიჯს თანდათან ვუნელებ. ვფიქრობ: – დედა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, მწვანე კაბა ეცვა და შავი ზამშის ბასანოჟკი, ესვა წითელი ლაქი და ტუჩსაცხი, კოჭზე სალტე ჰქონდა მოხვეული. ისეთი ლამაზი იყო… ნეტავი შინ არ დამხვდეს!

 

– ეს არ არის ერთი კილო! – მაშინვე შენიშნა, როგორც კი ჩამომართვა ცელოფნის პარკი.

– არ არის? არ ვიცი, ასეთი მომცა იმ ქალმა, – ვპასუხობ თვალდაუხამხაბემლად.

დაიჯერა.

– გამომყევი! – აჩქარებით გამიძღვა კარისკენ.

ეს რამ მოაფიქრა! არადა, უკან ვერ დავიხევ. დედას წინაშე სახელს ვერ გავიტეხ, ჯანდაბას ის გამყიდველი, აღარ შევალ იმ მაღაზიაში საერთოდ! – ვიმეორებ პირით, თვალით, გულით, ხელით, ფეხით და ერთი, ორი, სამი… „იმ ქალის“ არ მეშინია, დედა დამიცავს, მაგრამ მაინც მივათრევ ფეხებს.

– ქალბატონო, ეს როგორ იკადრეთ?! – დახლზე დადო გაგლეჯილი შეკვრა დედაჩემმა. – ბავშვს მოატყუეთ და დაზიანებული შეაჩეჩეთ, უპატრონო გეგონათ?

– რას მეუბნებით?! – აღშფოთდა გამყიდველი, – შვილო, შენ თვითონ არ დაგებნა შაქარი იატაკზე? – მომმართა მე.

– არა! ასეთი გამატანეთ! – ჩემდა გასაკვირად, ვიცრუე.

– კეთილი ინებეთ და გამოცვალეთ! ჩემი შვილი არ იტყუება! – მტკიცე ხმა ჰქონდა დედას.

გამყიდველის სახე აღარ მახსოვს. თვალი კი გავუსწორე უტეხი მზერით, მაგრამ უფრო დედასთვის საჩვენებელი სვლა გავითამაშე.

თავი ვერაფრით იმართლა და ბრაზმორეული ბუზღუნით დააკმაყოფილა მოთხოვნა ქალბატონმა.

შემრცხვა.

ჩვეულებრივ ბავშვურ ტყუილს ჰგავს ეს შემთხვევა. იოლად მისახვედრი ახსნა ჩემი საქციელისა არის დედას გაბრაზების მოლოდინი. ყველა ბავშვი აირიდებდა თავიდან მშობლის საყვედურს, მკაცრ გაფრთხილებას და უცილობელ გაბუტვას განუსაზღვრელი ვადით. არც უამისობაა. თუმცა არის უფრო დაფარული მიზეზი, რაც არასასურველი ქცევის უფრო საფუძვლიანი მოტივაციაა – დამარცხების განცდისგან თავის დაღწევა.

თავიდან რომ გავიხსენო იგივე ამბავი, იმ განსხვავებით, რომ დამარცხების არ მეშინოდეს, ამგვარად განვითარდებოდა მოვლენები:

მაღაზიაშივე ვაღიარებდი, რომ ჩემს გაუფრთხილებლობას მოჰყვა შაქრის დაბნევა, გამყიდველს მოვუბოდიშებდი, ვთხოვდი შეკვრის გამოცვლას, ან შაქრის დამატებას და საფასურსაც გადავიხდიდი. არ ვიცი, ის რას მიპასუხებდა, მთავარია, რომ მე თავისუფალი ვიქნებოდი მტანჯველი დარდისგან. სახლამდე, გზაზე, გავაანალიზებდი, რატომ დამივარდა იატაკზე ქაღალდის შეკვრა და თავს დავირწმუნებდი, რომ ეს ჩემი, პირადი, დამარცხებაა და ერთადერთი დამნაშავეც მე ვარ. ამ აღიარებით თავდაჯერება მომემატებოდა და დედასაც ვუამბობდი თამამი გულწრფელობით, რაც დამემართა მაღაზიაში. ვეტყოდი მიზეზს, ვაღიარებდი ჩემს მარცხს, ვთხოვდი პატიებას და პირობას დავდებდი, რომ მომდევნო ჯერზე ყურადღებით ვიქნებოდი, არც ვიჩქარებდი. არ ვიცი, დედა როგორ მოიქცეოდა, მაგრამ, მთავარია, მე აღარ დამჭირდებოდა ტყუილის მოფიქრება და თავდასაცავი მოქმედების დაგეგმვა.

 

მე-2 კლასში ვიყავი. სასწავლო წლის მიწურული იდგა. მასწავლებლები მიმიჩნევდნენ ბეჯით, წარმატებულ, ფრიადოსან მოსწავლედ და ისინი ჩემით ამაყობდნენ, ხოლო მე მათი ჩემდამი დამოკიდებულებით ვლაღობდი.

ძალისხმევა და დამატებითი მეცადინეობა არ მჭირდებოდა, იოლად ვიმსახურებდი მაღალ შეფასებას და მახსოვს, თავი საუკეთესოდ მიმაჩნდა, თუმცა არავის უთქვამს, რომ ეს ჩემი, საკუთარი, გამარჯვებაა! ცნება „გამარჯვება“ მხოლოდ ისტორიული ბრძოლების ან სპორტული შეჯიბრებების შედეგების გადმოსაცემი ტერმინის სახით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში.

სიტყვა „გამარჯვება“ არც ოჯახში მომისმენია როგორც ადამიანის შრომით, მცდელობით, მონდომებით, სირთულის გადალახვით, მეცადინეობით, სწავლით მოპოვებული წარმატების სინონიმი.

ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუები არასდროს მაქებდნენ, არც პირისპირ, არც სხვების გასაგონად. უფრო მეტიც: ჩემი მიღწევებისა და უმაღლესი შეფასებების მნიშვნელოვნების აღნიშვნის ნაცვლად ამბობდნენ, რომ ეს არაფერია… ჩემი უპირატესობის აღიარება აზრად არ მოსდიოდათ იმის შიშით, რომ „ქება გამაფუჭებდა“.

სიტყვებს „დამარცხება“, „მარცხი“ ჩემთვის ისეთივე განყენებული და უცხო შინაარსი ჰქონდა, როგორიც „გამარჯვებას“. ისევ დაფანტული შაქარი რომ მოვიგონოთ – დედა წამით რომ შეყოვნებულიყო, რომ დაეშვა ჩემი მარცხი (ჩემი, ანუ შვილის!) როგორც ჩვეულებრივი მოცემულობა, რომ გაეაზრებინა და მიეღო ის, ხომ არ აღმოვჩნდებოდი უხერხულ მდგომარეობაში?! სახელს დავარქმევდით ჩემს ქცევას, ვისაუბრებდით მოტივზეც. „მე დავმარცხდი!“ – შევეგუებოდი და უფრო მოვინდომებდი გამარჯვებას.

ნაცვლად ამისა, დედამ სხვის ქცევაში იპოვა შეცდომა და იერიშიც მიიტანა „დამნაშავეზე“.

წლების მატებასთან ერთად აჩქარდა ფრიადოსნობის ინერცია და, შესაბამისად, ჩემი მიღწევებით მასწავლებლების კმაყოფილებაც. მქონდა სევდიანი შემთხვევებიც, თუმცა ისინი უფრო იყვნენ მონდომებულნი ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის, ვიდრე მე.

პირველი – როცა გამომიჭირეს გაკვეთილზე უსარგებლო საუბრის დროს, განა მე დავაშავე?! ჩემ წინ მსხდომმა ბიჭებმა გამომიწვიეს, მათ დაარღვიეს წესრიგი. ასეთი გამართლება შეესაბამებოდა ჩემს ქცევას და სწორედ ისინი დაიტუქსნენ. მეორე – როცა რუსული ენის საკონტროლო წერაში უმაღლესი შეფასება ვერ მივიღე, განა „ჩემი ბრალი იყო“?! ეს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თანაკლასელს ვეხმარებოდი და ყურადღება გამეფანტა. ის რომ ვერ სწავლობდა, მე იმიტომ მივიღე დაბალი ნიშანი. ამით დავიმშვიდე თავი და არავის უთქვამს ჩემთვის ჭეშმარიტი მიზეზი – „მე დავმარცხდი!“ მე ვერ დავძლიე თემის სირთულე!

მესამე –   მეცხრე კლასის დამამთავრებელ გამოცდაზე ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგნის მასწავლებელს მტკიცედ სჯეროდა, საუკეთესო შედეგს მე დავდებდი, მე და ვერავინ სხვა! რომ იმედს არ გავუცრუებდი. ასეც მოხდა. თუმცა მასწავლებელმა მაინც გამომადევნა ფრაზა: – არ არის გამართული ნიშანი, კუბლაშვილი! – ამიტომ ჩემი წარმატება უფრო მის გამარჯვებად ჩაითვალა, მან დაიმსახურა ქება ნიჭიერი მოსწავლის ყოლისთვის (არც მშობლებს გაჰკვირვებიათ. უჰ, რა დიდი ამბავია გამოცდის ჩაბარებაო!)

– სად ისწავლება „დამარცხება“?

– სკოლასა და ოჯახში.

– როგორ?

– დამშვიდებით, ბავშვისა და უფროსის ქცევის გაანალიზებით, მიხვედრით, შედეგისთვის სახელის დარქმევით, აღიარებით, დასკვნის მიღებითა და ამ მიგნებით მიღებული სიამოვნებით გალაღებით.

– რატომ?

– დამარცხებასაც და გამარჯვებასაც მოპოვება, ბრძოლა, დამსახურება სჭირდება. ორივე მათგანი ცდის შედეგია. თუ წარუმატებელი – დამმარცხებელი – ცდები სხვის ქცევას მივაწერეთ უსიამოვნო განცდების თავიდან მოსაშორებლად და ჩვენივე ქცევის შედეგს დამარცხება არ ვუწოდეთ, მომდევნო მცდელობა აღარ გვექნება. სწორედ ეს ყოველი მომდევნო მცდელობაა გამარჯვების მომტანი.

– რისთვის?

– უნდა დავმარცხდეთ, რომ კონკურენტულ გარემოსთან ბრძოლაში ძალა არ გამოგვეცალოს და ფეხზე ვიდგეთ! უნდა დავმარცხდეთ ბევრჯერ! ასეა, სანამ ბავშვები ვართ, უთვალავჯერ უნდა დავმარცხდეთ, რათა გავიმარჯვოთ და ამ მიგნებით მიღებული სიამოვნებით გავლაღდეთ.

ვაღიარებ: წლების განმავლობაში, ჩემი ცხოვრების ყოველ ახალ ეტაპზე, პირველივე წარუმატებელი ცდისას მყისიერად მოიძებნებოდა ჩემი დამარცხების „სხვა“ მიზეზი – ჩემგან დამოუკიდებელი. მეც თავს მსხვერპლად ვგრძნობდი და არა დამარცხებულად.

და რადგან დამარცხებას არ ვიცნობდი, ვერასდროს ვიმარჯვებდი.

ყველაზე დიდი გამარჯვება დამარცხების აღიარება ყოფილა.

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, ასწავლეთ ბავშვებს დამარცხება, იმიტომ რომ დამარცხება შაქარია.

ლიტერატურა, როგორც გზამკვლევი კონფლიქტურ სიტუაციებში

0

სასკოლო ლიტერატურის კურსში არის ტექსტები, რომლებშიც კონფლიქტური ან ძალადობის შემცველი სიტუაციებია ასახული.

ამგვარი სიტუაციების მონაწილე პერსონაჟთა ხასიათსა და ქცევაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დამდგარ შედეგებზე დაკვირვება შეიძლება საინტერესო მსჯელობის საგნად იქცეს.

ამ ბლოგში კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებასა და სათანადო ქმედებებს შევეხებით, გზებს, რომელთა მოსწავლეებისთვის გაცნობა ლიტერატურის გაკვეთილებზეა შესაძლებელი თემატური ტექსტების გამოყენებით.

მასწავლებელმა განსახილველად შეიძლება შეარჩიოს მხატვრულ ტექსტში გადმოცემული ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია. თუ კონფლიქტი ჩხუბითა და აყალმაყალით, ძალადობით დასრულდა, ისმის კითხვა: როგორ შეიძლებოდა უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილება? რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა გმირს იმისთვის, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა აერიდებინა?

საკუთრივ შინაარსობრივი პლასტის გაგება-გააზრების დონის კითხვების დამუშავების შემდეგ სასურველია, წაკითხულის ტრანსფერს (ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენების სტიმულირებას) შევუწყოთ ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, თავიანთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს მოარგონ ნასწავლი და ამ გზაზე ძალიან დაეხმარებათ იმის გაცხადება, რას ფიქრობენ ამა თუ იმ მწვავე საკითხის შესახებ.

ტექსტის შინაარსის გაგებისა და გააზრების შემდეგ სამუშაო ნაბიჯები:

  1. წარმოიდგინე, რომ მოცემული სიტუაცია შენ თვალწინ ხდება.
  • რა გზას გამონახავდი კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოსაგვარებლად? შენი აზრით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
  • რა სახიფათო შედეგები შეიძლება მივიღოთ ძალადობით კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების მცდელობისას?

ამ საკითხებზე მოსაზრების ჩამოყალიბებისა და გამოხატვისთვის მოსწავლეებს გარკვეული დრო უნდა მიეცეთ. ამ ეტაპზე სასურველია მათი დაწყვილება ან დაჯგუფება. ჯგუფში ან მეწყვილესთან მეტად მოსალოდნელია, რომ ისინი ღიად შეძლებენ მოსაზრების გამოხატვას.

ჯგუფსა და წყვილებს მოსაზრებების კლასისთვის გაზიარების საშუალებაც უნდა მიეცეთ. ამისთვის ერთ-ერთმა წევრმა უნდა შეაჯამოს განხილული და კლასის წინაშე წარმოადგინოს.

ამ პროცესს შემაჯამებელი მსჯელობა მოჰყვება.

სამსჯელო თემა (მოცემული თეზისი სანიმუშოა, მასწავლებელს შეუძლია, კლასში ჩატარებულ სამუშაოს მოარგოს სამსჯელო ციტატა):

„უტყვი და უმოქმედო მოწმეების თანხმობით ხდება ამქვეყნად ყველაზე მეტი ბოროტება“ .

  • შენი აზრით, რა იგულისხმება ამ გამოთქმაში?
  • შესწავლილთაგან რომელ ნაწარმოებებს გაიხსენებდი მოსაზრების საილუსტრაციოდ?
  • შენი პირადი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან თუ შეგიძლია გაიხსენო რაიმე ფაქტი, როდესაც შეესწარი უსიამოვნებას, ძალადობას? რა განცდა დაგეუფლა? რა იფიქრე? რა მოიმოქმედე, თუ მოქმედება გადაწყვიტე?

შემაჯამებელი მსჯელობის წარმართვის პროცესში მასწავლებლის ამოცანაა, შექმნას კეთილგანწყობილი, ღია გარემო. არ არის რეკომენდებული, მან ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ გამოთქმული თვალსაზრისების დამადასტურებელი არგუმენტების დამაჯერებლობის კომენტირება სასურველია. უნდა შეფასდეს არა პოზიცია და თვალსაზრისი, არამედ არგუმენტი, დასაბუთების მცდელობა. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დააკვირდეს და გააანალიზოს მოსწავლეთა აზროვნება, ხასიათი, ემოციების მართვის უნარი.

საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა დაამუშაოს:

  • რას ფიქრობენ მოზარდები ძალადობის არაკონფლიქტური გზით მოგვარებაზე?
  • რამდენად ფლობენ ინფორმაციას იმაზე, როგორ უნდა მოიქცნენ არაკონფლიქტურ სიტუაციაში?
  • აღმოჩენილან თუ არა თავად მსგავს ვითარებაში?

 

მნიშვნელოვანი ორიენტირები მასწავლებლისთვის

თითოეულ ადამიანს აქვს ძალა და შესაძლებლობა, სასიკეთო გავლენა მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციაზე, შეცვალოს ის უკეთესობისკენ, დაეხმაროს იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

ეს მნიშვნელოვანი უნარია.

ისეც ხდება, რომ ადამიანები თვალს ხუჭავენ და გარიდებას, გაცლას, ჩაურევლობას ამჯობინებენ, თუ ძალადობას ან უსიამოვნო სიტუაციას შეესწრნენ.

ჩვენს ყოველდღიურობაში არაერთხელ გავმხდარვართ ან გავხდებით უსიამოვნო ფაქტის შემსწრე. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას – ქუჩაში, სკოლაში, ტრანსპორტში. ხშირია ვირტუალური ძალადობის ფაქტები სოციალურ ქსელში.

უტყვი და უმოქმედო მოწმე ისაა, ვინც ასეთ სიტუაციაში უმოქმედობას გადაწყვეტს, არც სიტყვით და არც ქმედებით არ ჩაერევა.

მოვლენების განვითარების ერთი შესაძლებლობაა თანამონაწილეობა.

თანამონაწილე ისაა, ვინც სიტყვით, კომენტარით, შემაგულიანებელი წამოძახილით ან ფიზიკურად მხარს დაუჭერს მოძალადეს და, შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებს ძალადობაში.

არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ძალადობის აღკვეთას და ხელს შეუშლიან მოძალადეს, მხარს დაუჭერენ იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. საკუთარი უსაფრთხოების დაცვა ნიშნავს კონკრეტულ სიტუაციაზე დაკვირვებით ისე მოქმედებას, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე ფიზიკურად ძლიერია, შეირაღებულია ან სახიფათოა, პირდაპირი ჩარევა არ ღირს. ასეთ დროს დასახმარებლად უნდა მივმართოთ შესაბამის სამსახურს (112, მასწავლებელი, უფროსი ადამიანი, პოლიციელი…).

ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სიტყვიერი ჩარევა. მოძალადისთვის იმის ხაზგასმით თქმა, რომ მისი საქციელი მიუღებელია (კონკრეტული სახელდება იმისა, რასაც აკეთებს მოძალადე. მაგალითად, „შენ აწვალებ ძაღლს. ასე არ შეიძლება. დაანებე თავი!“. „მე ვხედავ, რასაც აკეთებ და ეს არ არის სწორი. ახლავე შეწყვიტე!“).

თუ ინტერნეტსივრცეში იგდებენ ვინმეს აბუჩად, აქაც მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის მტკიცედ, მკაფიოდ გამოხატვა, კომენტარის დატოვება, რომელშიც პირდაპირ იქნება ნათქვამი, რომ ვისიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება არ შეიძლება.

მოძალადე, რომელსაც მიუთითებენ, რომ მისი საქციელი მიუღებელია, არ გრძნობს გარემოცვის მხარდაჭერას და მეტად მოსალოდნელია, ძალადობა შეწყვიტოს.

 

 

გზამკვლევი STEAM სწავლებისთვის

0

დღესდღეობით STEM-მიდგომის დანერგვა მიმდინარეობს მასში გაერთიანებული საგნების იზოლირებული სწავლების გზით. STEM-მიმართულება ერთ საგნად არ ისწავლება. გვაქვს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, მათემატიკის საგნები. შედეგის მისაღებად საგნებს შორის კავშირი კიდევ უფრო გასამყარებელია. მოსწავლეებს უნდა ვაჩვენოთ STEM-ის მომავლისთვის საჭირო შესაძლებლობები, გამოვიწვიოთ ინტერესი აღნიშნული საგნებისა და პროფესიების მიმართ, დავანახოთ ძირითადი როლი, რომელსაც STEM ასრულებს ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამისთვის აუცილებელია, სწავლება მეტად ინტეგრირებულად მიმდინარეობდეს.

STEM-ში ყველა კომპონენტი ერთობლივად უნდა მუშაობდეს. დღეს აბრევიატურა STEM გაფართოვდა და დაემატა „A“ – ART, ხელოვნება. ეს მანიშნებელია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია STEM-სწავლებაში შემოქმედებითობა. STEAM-ის საშუალებით შესაძლებელია, უზრუნველვყოთ მოსწავლეების მომზადება მომავლის მოქალაქეებად, რომლებიც მზად იქნებიან, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი პრობლემა კრიტიკული, თანამშრომლობითი, ეფექტური გზებით გადაჭრან.

გთავაზობთ რამდენიმე პლატფორმას გაკვეთილზე STEAM-პროექტებისა და აქტივობების დანერგვისა და ინტეგრირების ხელშესაწყობად. განხორციელებული პროექტები, ინიციატივების მაგალითები დაგეხმარებათ STEAM-ის ინტეგრირებაში სწავლებისას დღის წესრიგის შეფერხების გარეშე. აქტივობების მიზანია, დაიძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები კარიერული დაგეგმვის საკითხებში. საბოლოო ჯამში, სასკოლო საზოგადოებას ხელი ეწყობა, რომ იყოს კარიერული დაგეგმვის აქტივობების ორგანიზატორი, მასწავლებელი და მოსწავლე ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას აქტუალური STEAM-ის სამუშაო ბაზრის შესახებ.

STEAM-სწავლების დანერგვის

საერთაშორისო აქტივობები

 Stem ალიანსი

Stem ალიანსი არის სამუშაო სივრცე STEAM-უნარების განსავითარებლად. იგი აერთიანებს განათლებასა და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში STEAM-განათლებითა და კარიერით დაინტერესების პროცესს, მომავლის მოქნილი უნარების განვითარებაში წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევას.

აღნიშნული ალიანსი ადგენს კავშირებს STEAM-განათლებასა და კარიერას შორის, ახდენს სკოლების ჩართვას ამ პროცესში მთელი ევროპის მასშტაბით. ალიანსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს STEAM-სწავლების დანერგვას სწავლების ყველა საფეხურზე.

გახდი ალიანსის წევრი და გაამდიდრე საგაკვეთილო პროცესი STEAM-აქტივობებით: https://www.stemalliance.eu/

Stem-ალიანსი ყოველწლიურად 22 000-ზე მეტი პედაგოგის პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მასწავლებლის განვითარებისთვის:

  • ვებინარები სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ;
  • ონლაინშეხვედრები საუკეთესო პრაქტიკის განხილვისა და STEAM-განათლებაში ინოვაციების შესახებ;
  • ონლაინკურსები რესურსებისა და STEAM სასწავლო რესურსების სწორად შესარჩევად;
  • მრჩეველთა ქსელი, რომელიც პედაგოგებს ეხმარება, უკეთ გაიგონ STEAM კარიერული გზები და მათი საგანმანათლებლო საჭიროებები;
  • ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს რესურსებს, კვლევებს, ანგარიშებს, გაიდლაინებს და ა.შ.

ალიანსი ყოველწლიურად 122 000 მოსწავლეს აძლევს ჩართვის საშუალებას.

მოსწავლის განვითარებისთვის:

  • ყოველწლიური კამპანიები – რესურსებითა და ინიციატივებით სავსე პროექტები სკოლებში, უნივერსიტეტებსა და STEAM-კლუბებში;
  • კონკურსები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, მიიღონ მრავალი სასწავლო რესურსი ალიანსის პარტნიორებისგან, გაიმარჯვონ, დაჯილდოვდნენ და მოიპოვონ ფართო აღიარება;
  • საპილოტე პროგრამები, რომლებიც ალიანსის წევრებს ეხმარება ახალი სასწავლო მასალების ან პროცედურების დადასტურებაში ტესტირებისა და ოპტიმიზაციის გზით.

Space EU

Space EU ჩართულია მასწავლებელთა და მოსწავლეთა სწავლებაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ კოსმოსთან დაკავშირებული საინტერესო აქტივობები, STEAM-ის შემოსვლა საკლასო ოთახში და სასკოლო სასწავლო გეგმაში, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

ეწვიეთ: SpaceEU project (space-eu.org)

Space EU-ს გამოყენება კოსმოსის შესასწავლად უფრო სახალისოსა და მრავალფეროვანს გახდის საგანმანათლებლო პროგრამებს. ის გამოიწვევს მოსწავლეთა დიდ ინტერესს, შთააგონებს და გააფართოებს ახალგაზრდა გონებას, განავითარებს ევროპული და გლობალური მოქალაქეობის გრძნობას, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურული წარმოშობის ადამიანების ურთიერთობას STEAM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა).

აქ დაგხვდებათ სააზროვნო აქტივობები მოსწავლეებისთვის, იპოვით ახალ და საინტერესო STEAM კარიერულ შესაძლებლობებს, აღმოაჩენთ მრავალ ბმულს, რომლებიც ამოგზაურებს მოსწავლეებს STEAM თავგადასავლებში და კოსმოსურ გამოფენებზე.

 Steam განათლება

Steamonedu  მოიცავს ისეთ ასპექტებს, რომლებიც მასწავლებელს სძენს უნარს, განვითარდეს STEAM-საგანმანათლებლო პრაქტიკის კუთხით.

ეს პროექტი ახდენს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინტეგრირებას STEAM-განათლებაში. იგი აერთიანებს მასწავლებლებს, ტრენერებს, მკვლევრებს, საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და განათლების სექტორით დაინტერესებულ პირებს. ეს არის ონლაინსაზოგადოება, რომელიც საჭიროებებისთვის არის შექმნილი. აქ იქმნება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მასალა და სასწავლო სცენარები. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც აგროვებს STEAM-განათლების საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკას. გარდა ამისა, არის STE(A)M პედაგოგთა გაერთიანება და ემსახურება თვითდასაქმების ინსტიტუტსაც. გვთავაზობს მოქნილ სივრცეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ STEAM-განათლების შესაძლებლობები.

გახდით პედაგოგთა STE(A)M-გაერთიანების აქტივობების მონაწილე:

https://steamonedu.eu/

პლატფორმაზე გაერთიანებულნი არიან STE(A)M-განათლების განმახორციელებელი პედაგოგები. მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერით, სწავლებით, ტრენინგებით, გამოცდილების გაზიარებით ჩამოყალიბდა STE(A)M საზოგადოების მყარი კავშირი, რომლის შედეგადაც შეიქმნა STE(A)M განათლების ჩარჩო. იგი მოიცავს კომპეტენციებს, პოლიტიკას, მეთოდოლოგიებს, საგანმანათლებლო ობიექტებს და ა.შ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ STE(A)M-საგანმანათლებლო პრაქტიკის მრავალი სახელმძღვანელო და გზამკვლევი, რომლებიც საკლასო სივრცეში STE(A)M-ის დანერგვაში დაგეხმარებათ.

 

STEAM-აქტივობების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა

სწავლა-სწავლებაში STEAM-ის ჩასართავად საჭიროა, მასწავლებელმა გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები. ზემოთ მოყვანილი აქტივობები პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთ გამჭოლ კომპეტენციებს, როგორიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, მოსწავლეები არ სხედან ფაქტების კონსტატაციის ჩარჩოში. ამგვარი აზროვნებით მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ახალი ინფორმაციის ნაკადში, თვითმყოფადის გამორჩევა, უვითარდება წარმოსახვა, ინტერპრეტირების უნარი.

STEAM-აქტივობები მოსწავლეს ასევე უვითარებს მეწარმეობის კომპეტენციებს, ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების ადვილად დანახვასა და რეაგირებას.

 

წყარო:

https://steamit.eun.org/guidelines-on-how-to-present-stem-jobs-in-classrooms/

რატომ შეიყვარეს მოზარდებმა სერიალი „უენსდეი“

0

საინტერესოა, რომ სერიალი ადამსების ოჯახის ქალიშვილზე, რომელსაც მშობლები სკოლა-ინტერნატში მიავლენენ, ორ კვირაში ჰიტი გახდა არა მხოლოდ Netflix-ზე, არამედ სოციალურ ქსელებშიც: მოზარდები და ზრდასრული მომხმარებლები მთავარი გმირის მსგავს კაბებს იკერავდნენ, დანარჩენები კი მის უჩვეულო ცეკვას სწავლობდნენ.

უენსდეი ადამსის შესახებ მსოფლიომ პირველად გასული საუკუნის პირველ ნახევარში 1938 წელს გაიგო – მისი პირქუში ოჯახი ჟურნალ The New Yorker-ის გვერდებზე გამოჩნდა. მართალია, იმ დროს გმირებს ჯერ არ ჰქონდათ სახელები და გვარები – მხატვარი ჩარლზ ადამსი თითქმის 30 წლის განმავლობაში ხატავდა კომიქსებს, დასცინოდა ტიპურ იდეალურ ამერიკულ ოჯახს. თავისი გვარი მან მათ მხოლოდ პირველ ეკრანიზაციამდე ცოტა ხნით ადრე – 1960-იან წლებში უსაჩუქრა.

ცივსისხლიანი, კიკინებიანი, ცინიკური გოგონას სახელი საბავშვო გათვლიდან იქნა ნასესხები: Wednesdays child is full of. სხვათა შორის, მისი მეორე სახელი ფრაიდეია. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უინსდეი, როგორც ახალი სერიიდან ვიგებთ, პარასკევს დაიბადა.

უინსდეის სახე ეკრანზე არაერთხელ განსახიერდა: 1960-იანი წლების სერიალის გარდა, ის ჩნდება და მაყურებლის ყურადღებას იპყრობს ბარი სონენფელდის დილოგიაში (კრისტინა რიჩის შესანიშნავი ნამუშევარი) და შემდეგ ნაკლებად პოპულარულ მიუზიკლ The Addams Family-ში. ასევე, ბოლოდროინდელ მულტფილმში ამავე სახელწოდებით, რომელსაც წილად დიდი წარმატება არ ხვდა.

ამ პროექტების ნახევარი შეიძლება ყოფილიყო კავშირში „გოთი რომანტიკის მეფის” თიმ ბარტონის სახელთან. 1990-იან წლებში მას შესთავაზეს იმავე ფილმის გადაღება კრისტინა რიჩისთან ერთად, მაგრამ რეჟისორმა ბეტმენზე არჩია ფოკუსირება, ხოლო 2010-იან წლებში თავად გეგმავდა თოჯინური მულტფილმის გადაღებას საშინელი ოჯახის შესახებ, მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა. ბარტონმა ადამსებს ახლაღა მოჰკიდა ხელი: მან გადაიღო ახალი სერიალის პირველი ოთხი ეპიზოდი და მთლიანად პროექტის პროდიუსერიც გახდა.

რაზეა ფილმი? ეს არის ამბავი ადამსების ოჯახის 15 წლის ქალიშვილზე, რომელიც, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოზარდი, ცდილობს ამ სამყაროში საკუთარი თავის პოვნას, ვერ ეწყობა მშობლებს და თავს ყველგან დევნილად გრძნობს. მოსიყვარულე დედა და მამა, მათი ქალიშვილის სკოლიდან მორიგი გარიცხვის შემდეგ, გადაწყვეტენ, გაგზავნონ იგი იქ, სადაც თავად სწავლობდნენ – გარიყულთა პანსიონში, იდუმალ Nevermore School-ში.

სკოლაში მაქციები და სხვა უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ. გომესი და მორტიცია (მთავარი გმირის მშობლები) იმედოვნებენ, რომ გარიყულთა შორის გოგონა თავს ისე იგრძნობს, როგორც სახლში. მაგრამ ასე არ ხდება: მისი ოთახის მეგობარი ძალიან ხალისიანია. პანსიონის ყველაზე პოპულარული გოგონა სწრაფად ხდება მისი პირველი მტერი, ხოლო ყველაზე სიმპათიური ბიჭებიც კი მასში იწვევენ არა ინტერესს, არამედ ეჭვს და უსიამოვნო განცდებს (ეს მთავარ გმირს მოსწონს კიდეც).

გარდა „მოსაწყენი“ სკოლის დღეებისა, სერიალს დეტექტიური კომპონენტიც აქვს: იდუმალი მკვლელობები ხდება სკოლის მიმდებარე ტყეში. ეს, ალბათ, ერთადერთია, რაც გოგონას აიძულებს სკოლაში დარჩეს: ბოლოს და ბოლოს, საშინელება, სიკვდილი და მონსტრები ბავშვობიდანვე მისი ინტერესის სფერო იყო.

„უენსდეიარის სერიალი მოზარდებზე და მათ პრობლემებზე. ყველა მთავარი გმირი (არა მხოლოდ თავად უენსდეი) კონფლიქტშია მშობლებთან და ცდილობს, დაიცვას საკუთარი აზრი, უყვარდება და უცრუვდება იმედი პირველი სასიყვარულო ურთიერთობის დროს. ის ცდილობს მარტო ებრძოლოს მთელ სამყაროს, რადგან შეუძლებელია, იპოვო ვინმე, ვისაც შენი ესმის. თუმცა საბოლოოდ მტრებსაც კი ურიგდებიან.

სერიების შემქმნელები, ცხადია, გაჰყვნენ არა მხოლოდ და არა იმდენად 1930-იანი წლების კომიქსებს თუ 1990-იანი წლების ფილმებს, არამედ წარმატებულ თინეიჯერულ შოუებს: სერიალი მოგვაგონებს „ბინდს“, „ვამპირების აკადემიას“, „ძალიან უცნაურ საქმეებს“. ცხადია, საშინელებათა ოსტატმა თიმ ბარტონმა დაამატა თავისი საფირმო მაგია: აქ თქვენ გაქვთ დენი ელფმანის მუსიკა და ამერიკული გოტიკა და ედგარ პოს გამოძახილიც (ის, სხვათა შორის, Nevermore-ის ყველაზე პოპულარული კურსდამთავრებულია). მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, Netflix-ის ჩარჩოებიც ჩანს: სცენარი არ უნდა იყოს ზედმეტად მოჩუქურთმებული და შემქმნელებმა არ უნდა უგულებელყონ მიმდინარე აქტუალური თემები.

მართალია, სერიალის მუდმივად მზარდი პოპულარობით თუ ვიმსჯელებთ, მან უკვე მოხსნა Stranger Things-ის რეკორდი ინგლისურენოვან შოუებს შორის პირველი კვირის განმავლობაში ნანახი საათების რაოდენობით.

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ითქვას მთავარი როლის შემსრულებელზეც. მას თამაშობს 20 წლის ჯენა ორტეგა, რომელსაც უკვე აქვს ნათამაშები რამდენიმე როლი საშინელებათა ფილმებში და როგორც ჩანს, მსახიობს ეს ჟანრი გულწრფელად მოსწონს. როგორც თავად აღიარებს, მას ყოველთვის მოსწონდა ის, რაც სხვებს უცნაურად და თუნდაც უსიამოვნოდ ეჩვენებოდათ. ამიტომ გასაკვირი როდია, რომ ის დაუმეგობრდა ბარტონს და მათ ერთად შექმნეს მიმზიდველი და კარგი თვალსაზრისით უჩვეულო იმიჯი: სერიალში მთავარი გმირი თითქმის არ ახამხამებს თვალებს, წარბშეკრული უყურებს მაყურებელს, აოცებს კიკინების სიმეტრიით (რეჟისორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის თმას და ამიტომ გაუთავებლად უსწორებდა და ჭრიდა) და სხეულის პლასტიკურობით.

პლასტიკურობაზე საუბრისას: ცნობილი ცეკვა Crow Ball-ზე უკვე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და Netflix-მა დაიწყო ამ სცენის მაუწყებლობა. რაც შეეხება ქორეოგრაფიას, ის 20 წლის მსახიობმა თვითონ გამოიგონა.

თუმცა ფილმს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. როგორც ჩანს, ყველაზე აშკარა მიზეზი ის არის, რომ სერიალზე დიდ იმედებს ამყარებდნენ: ბარტონი და ადამსები – მაყურებელთა გარკვეული ნაწილი ელოდა ბნელ, სტილისტურ დრამას შავი იუმორის ელემენტებით „ედვარდ მაკრატლის ხელების” და არა თინეიჯერულ ფენტეზს „ბინდის” ან „ჰარი პოტერის” სულისკვეთებით.

სხვათა შორის, სერიალს რატომღაც ძალიან ბევრი საერთო აქვს ამ უკანასკნელთან: „რჩეული” მთავარი გმირი, რომელიც ყველა დაბრკოლებას ლახავს და ახალ უნარებს მოხდენილად ეუფლება, უჩვეულო სკოლა და თუნდაც „ნორმისები”. ასევე შეჯიბრებები ტბაზე, აკრძალული ტყე, შიდა ეზო ხეებით და… ჰერბოლოგიის გაკვეთილები, რომლებსაც, სხვათა შორის, ატარებს იგივე კრისტინა რიჩი, რომელიც უენსდეის 30 წლის წინ თამაშობდა.

აკრიტიკებენ ასევე ადამსის როლებზე მსახიობების არჩევანს. განსაკუთრებით გომესს. მსახიობი ლუის გუზმანი ოჯახის უფროსის როლისთვის კრიტიკოსებმა არასაკმარისად მომხიბვლელად და ქარიზმატულად მიიჩნიეს.

თუმცა, თუ ორიგინალს გადავხედავთ, კერძოდ ჩარლზ ადამსის კომიქსებს, ცხადი გახდება, რომ ახალი მსახიობები უფრო ახლოს არიან ორიგინალთან, ვიდრე გმირები, რომლებსაც 1990-იანი წლებიდან ვეტრფით.

კრიტიკოსები იმასაც წერდნენ, რომ ახალ სერიალში ადამსების ოჯახი ზედმეტად ადამიანურადაა წარმოჩენილი. მორტიცია ცრემლებს ღვრის, როდესაც მისი ქალიშვილი უარს ეუბნება ჩახუტებაზე, ხოლო მთავარ გმირს ლამის ორი ბიჭი ერთდროულად უყვარდება და ზოგადადაც ის ხდება საზოგადოების თითქმის სრულფასოვანი, თუმცა ცოტა უცნაური წევრი.

და სად გაქრა ის კიკინებიანი გოგო თოჯინებს თავებს რომ კვეთს, ძმას ელექტროსავარძელში წვავს და თავად საძვალეში ისვენებს? შოურანერები ამაზე ცალსახად პასუხობენ: გოგონა გაიზარდა და სამყარო კი 30 წელიწადში შეიცვალა. მათგან გათავისუფლების მცდელობა, ვინც სხვებს არ ჰგავს, ცუდად მთავრდება და შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მათაც, ვისი დახრჩობაც სიზმარში გსურთ. რატომაც არა.

10 წლის ასაკში უენსდეის მიაჩნდა, რომ მის სულისკვეთებას მხოლოდ „დისნეის კლასიკური სპექტაკლების ხანგრძლივად ყურება და ძველი ჰოლივუდური მიუზიკლები გატეხდნენ“. ახლა კი ის თავად არის ამ კულტურის ნაწილი. და განა ეს ცუდია?

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...