ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

კომპლექსური დავალება – მოიფიქრე და დაწერე იგავის შეგონება

0

 სწავლების დაწყებით საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია იგავების სწავლება, რადგან ამ ჟანრის ნაწარმოებებს დართული აქვს ზნეობრივ-დამრიგებლური შეგონება, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომელიც მოზარდთა მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

 

იგავების სწავლების პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება კომპლექსურ დავალებებს, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად და გააზრებულად განახორციელოს აქტივობები, რათა მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრონ იგავის შინაარსი, ჩასწვდნენ დეტალებს, დააკავშირონ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და გააკეთონ სწორი დასკვნა.

 

გთავაზობთ იგავის სწავლებისთვის შექმნილი კომპლექსური დავალების სცენარს, რომელიც სარეკომენდაციოა. მასწავლებელს შეუძლია, გრძელვადიანი სამიზნე ცნების შესაბამისად თავად დაგეგმოს აქტივობები, შეარჩიოს სათანადო რესურსები.

გრძელვადიანი მიზანი: სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I). 1, 2, 3, 4, 5)

მკვიდრი წარმოდგენები. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

  1. 1. ტექსტის მეშვეობით ავტორი   გვიზიარებს  თავის   სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის. ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

 

ტექსტი შეიძლება იყოს: იგავი

 

  1. შინაარსი
  • იგავში მოთხრობილია გამოგონილი ამბავი.
  • იგავში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები; ხშირად პერსონაჟები არიან ცხოველები;
  • იგავი რაღაცას გვასწავლის, ჭკუას გვარიგებს, გვირჩევს.
  • იგავი ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;
  • იგავში გამოიყენება დიალოგები.

 

  1. აგებულება-სტრუქტურა
  • იგავში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;
  • იგავში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;
  • იგავის ბოლოს შეიძლება იყოს შეგონება (დასკვნა) – ერთი-ორი წინადადება, რომლებშიც გადმოცემულია იგავის დედააზრი/მთავარი აზრი.
  • იგავს აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.

 

  1. ენა
  • იგავში შეიძლება გამოყენებული იყოს იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;
  • გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.
  • შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

 

ქვეცნებები – იგავი, შეგონება, პერსონაჟი, შინაარსობრივი მხარე, გაგებისა და წერის სტრატეგია.

საკითხი – იგავის, ,,სამი მოწაფის’’ შინაარსის/მთავარი სათქმელის საფუძველზე შეგონების შექმნა.

ქვესაკითხი – ,,სამი მოწაფის’’ თემა, დედააზრი, ძირითადი საკითხი – შეგონება, პერსონაჟის ქცევა, ფასეულობები. იგავის ჟანრული მახასიათებლები. გაგებისა და წერის სტრატეგიები.

 

საკვანძო შეკითხვა – როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა შეგონება იგავის საფუძველზე? როგორ ამოვიცნო და წარმოვაჩინო შეგონების დედააზრი?

კომპლექსური დავალების პირობა

იგავის, ,,სამი მოწაფის’’ შინაარსის/მთავარი სათქმელის საფუძველზე მოიფიქრე და დაწერე შეგონება.

შეფასების კრიტერიუმები

ნაშრომში წარმოაჩინე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავის შეგონებაა? (იგ.1,2,3)
  • როგორ გამოხატავს ტექსტის შინაარსს/მთავარ სათქმელს? (ტ.1, 2)
  • რომელი პერსონაჟის ქმედება ასახავს ყველაზე კარგად შენ მიერ შექმნილ შეგონებას? რატომ ფიქრობ ასე? (იგ.1,2 ტ.1, 2, 3).

 

შენიშვნა: კომპლექსური დავალების პირობასა და შეფასების კრიტერიუმებს მასწავლებელი ტექსტის წაკითხვამდე აცნობს და გაააზრებინებს მოსწავლეებს. პირველი დღიდან დასრულებამდე, გაკვეთილი იწყება კომპლექსური დავალების პირობისა და კრიტერიუმების გააზრებით.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით, თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა არის შეგონება? შეგიძლია გაიხსენო შესწავლილი იგავ-არაკების შეგონება?
  • რა დაგჭირდებათ შეგონების შესაქმნელად?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ შეგონებაზე მუშაობისას?

აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება

 

რესურსი: შესწავლილი იგავ-არაკების ილუსტრაციები, (,,კუ, კურდღელი და მელა’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,ციყვი და მგელი’’), ტექსტები

პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

  • რა არის იგავი?
  • რომელი იგავები შევისწავლეთ? (,,კუ, კურდღელი და მელა’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,ციყვი და მგელი’’…)
  • რა გასწავლათ ამ იგავებმა?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. რა ხერხები, სტრატეგიები გამოიყენე იგავის გასაგებად?

 

ძირითადი რესურსი – იგავი ,,სამი მოწაფე’’ (ქართული ენა და ლიტერატურა, მე-3 კლასი, გამომცემლობა ,,ტრიასი“, ავტორები: ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე)

 

დამატებითი რესურსები:

საინფორმაციო ტექსტი ,,სად და როდის მოიყვანეს პირველად სიმინდი’’. (ქართული ენა და ლიტერატურა, მე-3 კლასი, გამომცემლობა ,,ტრიასი“, ავტორები: ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე) პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

აქტივობა 1. ცოდნის გააქტიურება სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით;

აქტივობა 2. საინფორმაციო ტექსტის – ,,სად და როდის მოიყვანეს პირველად სიმინდი’’ – მასწავლებლის მიერ წაკითხვა და საუბარი.

აქტივობა 3. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა ( სიმინდის მარცვალი, ტარო, აღმოცენება, მექსიკელი ინდიელები, ქრისტეფორე კოლუმბი – სიტყვების ახსნა ილუსტრაციების დახმარებით)

რესურსი: ილუსტრირებული ლექსიკონი

 

შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

  • რას გეუბნება ტექსტის სათაური? ილუსტრაცია?
  • რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?
  • რა დასკვნების გამოტანა შეგიძლია მათზე დაყრდნობით ტექსტის შესახებ?
  • შენი აზრით, როგორ იქნება დაკავშირებული სიმინდი სამ მოწაფესთან?
  • რაში იყენებდნენ ძველად სიმინდს? ახლა?
  • როგორ დავიმახსოვრო უცნობი სიტყვები?

 

აქტივობა 4. მასწავლებლის მიერ იგავის, ,,სამი მოწაფის’’ წაკითხვა.

აქტივობა 5. გაგრძელებით კითხვა.

აქტივობა 6. ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, ლექსიკონის შედგენა – მოსწავლეები ახლად ნასწავლ სიტყვებს შეიტანენ რვეულებში და თითოეულისთვის შეავსებენ სქემას.

 რესურსი:

აქტივობა 7. ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით წინადადებების შედგენა.

აქტივობა 8. ტექსტის შინაარსის გაგება შეკითხვებით.

 

 შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

 

  • რა უნდა მოვიმოქმედო, თუკი არ მესმის სიტყვის მნიშვნელობა?
  • რას ნიშნავს სიტყვები: „ბრძენი“? ,,ეგემრიელა“? „აღმოცენდა“?
  • ,,აღმოცენდას” ნაცვლად კიდევ რა სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ? (ამოვიდა, გაიზარდა)
  • რა შეიძლება კიდევ აღმოცენდეს? (ხორბალი, მცენარე, ყვავილი…)
  • როგორ გესმის ,,ეგემრიელა’’? სხვანაირად როგორ იტყვი? (გემო მოეწონა)
  • შენ რომელი საჭმელი გეგემრიელება?
  • თანმიმდევრულად როგორ გადავაბა წინადადებები ერთმანეთს?
  • რა მისცა ბრძენმა მოწაფეებს? რატომ? რას მოუტანდა სიმინდის მარცვლები მათ?
  • როგორ მოიქცა პირველი მოწაფე? მეორე? მესამე?
  • რომელმა მოწაფემ გამოიყენა მარცვლები გონივრულად?

 

ნაბიჯი 2. რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავის შეგონებაა? (იგ.1,2,3)

აქტივობა 9. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გაიხსენებენ შესწავლილ იგავებს, შეგონებას და შეავსებენ სქემას.

რესურსი

 შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

 

  • რა არის იგავი?
  • რა აქვს ყველა იგავს საერთო? რა მახასიათებლები აქვს? (ჭკუას გვარიგებს, გვასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი)
  • რით ჰგავს ერთმანეთს თქვენ მიერ შესწავლილი იგავები, რით განსხვავდება ერთმანეთისგან? (,,კუ, კურდღელი და მელა’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,ციყვი და მგელი’’…)
  • რა არის შეგონება? იგავის მთავარი სათქმელი?

 

 

 

 

 

 

ნაბიჯი 3. როგორ გამოხატავს შეგონება ტექსტის შინაარსს/მთავარ სათქმელს? (ტ.1, 2)

რომელი პერსონაჟის ქმედება ასახავს ყველაზე კარგად შენ მიერ შექმნილ შეგონებას? რატომ ფიქრობ ასე? (იგ.1,2 ტ.1, 2, 3).

აქტივობა 10. პერსონაჟის სქემის შევსება (თავდაპირველად დამოუკიდებლად, შემდეგ -ერთობლივად)

რესურსი

აქტივობა 11. პერსონაჟების დახასიათება სქემის მიხედვით.

 

აქტივობა 12. მინი-დისკუსია – ,,ვის მოუტანს ბედნიერებას სიმინდის მარცვალი?’’

მთავარი სათქმელის დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან, ფილმთან, სხვა წიგნთან, ამბავთან.

რესურსები: ,,ლეგენდა ვაზზე’’, ,,ჭიანჭველა და ხორბლის მარცვალი’’… (მე-2 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან)

 

შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

 

  • გაიხსენე, ბრძენის სიტყვებით, რას მოუტანდა სიმინდის მარცვლები მოწაფეებს?
  • შენ რომელი მოწაფის საქციელი მოგწონს? ახსენი, რატომ.
  • რატომ მოუტანა სიმინდის მარცვალმა ბედნიერება მესამე მოწაფეს? რისი ცოდნა დაეხმარა მას?
  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცოდნასთან ერთად ადამიანი იყოს შრომისმოყვარე?
  • რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს ან კონკრეტულ ინფორმაციას ტექსტის დედააზრის/მთავარი იდეის/საკითხის გაგებისთვის?
  • როგორ ახასიათებს პერსონაჟებს მათი ქმედებები, დამოკიდებულებები?
  • რით უკავშირდება წაკითხული ტექსტი რეალურ ცხოვრებას? შენს გამოცდილებას?
  • როგორ გამოვიყენებ წაკითხულით მიღებულ გამოცდილებას რეალურ ცხოვრებაში?
  • რომელი წიგნი, მულტფილმი ან ფილმი გამახსენა ამ ტექსტმა? რა მსგავსებაა-განსხვავებაა მათ შორის?

 

აქტივობა 13. შეგონების პირველადი ვარიანტის შექმნა.

აქტივობა 14. ურთიერთშეფასება კრიტერიუმების ბადის საფუძველზე;

 

რესურსი

 

შენიშვნა: როგორც დასაწყისში აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, ყველა გაკვეთილზე, მასწავლებელმა მოსწავლეებს კარგად გააცნობიერებინოს ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები.

 

აქტივობა 15. ნამუშევრის გაუმჯობესება, ბოლო ვარიანტის მომზადება და წარდგენა.

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად.

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნაშრომი ნამდვილად შეგონებაა?
  • რით უკავშირდება ტექსტის შინაარსს/მთავარ სათქმელს?
  • როგორ გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ ამოიცანი ტექსტის შინაარსი, მთავარი სათქმელი? პერსონაჟების თვისებები, მათი ქმედება, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რომელი პერსონაჟის ქმედება ასახავს ყველაზე კარგად შენ მიერ შექმნილ შეგონებას? რატომ ფიქრობ ასე?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • გასაგები იქნება შენ მიერ შექმნილი შეგონება მკითხველისთვის?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში:

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?

 

 

გასულ წელს ვიგონებ ახალი წლის წინ…

0

ერევანში სტუმრობისას მასპინძლებმა სავახშმოდ განსაკუთრებულ ადგილას წაგვიყვანეს. ეს იყო ჯადოსნური ადგილი, სახელად „მეგერიან ხალიჩის მუზეუმი“. ის უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთავსებული, თან მუზეუმია, თან სახელოსნო და შოუ-რუმი, საიდანაც ნებისმიერ ნაკეთობას შეიძენთ და თან ისეთ ნაციონალურ კერძებს გაგასინჯებენ, თითებს ჩაიკვნეტთ.

 

საერთოდაც ერთ რამეს ვარ დაკვირვებული, სომეხმა კოლეგებმა სანიმუშო მასპინძლობა იციან. აი, ევროპელიც გიმასპინძლებს, როგორ არა, მაგრამ ამათთან სხვა გემო და სითბო აქვს ყველაფერს. მოგეფერებიან, დროს, ენერგიას, ყველაფერს დაგითმობენ და უკან თბილისში გულგამთბარს გამოგიშვებენ.

 

ჰოდა, ახლაც, როდესაც ამ წერილის თემა იბადება ჩემს თავში, მეგერიანების ხალიჩის მუზეუმში ვარ და მინი-ლექციას ვისმენ ხალიჩის ძაფის შესაღებად გამოყენებული საღებავების შესახებ. ბოლო დარბაზში გაშლილი სუფრა გველოდება, მაგრამ მანამდე ხუთი ოთახი უნდა გავიაროთ, რაღაცები მოვისმინოთ, ბოლოს შოურუმში უნდა შევიდეთ, სადაც მე პირადად ვერაფერს შევიძენ, რადგან ყველაზე იაფიანი ხალიჩა შვიდასი დოლარი ღირს… და პროფესორის მოკრძალებული ხელფასით ეჭვი მეპარება როდესმე ვიყიდო, მაგრამ შეხედვას და ამბის მოსმენას ვერავინ დამიშლის.

 

მოკლედ, ოჯახური ბიზნესია, გვარიც მაგაზე მიუთითებს, მეგერიანებს ეკუთვნის. ახლა ბიზნესის და ტრადიციის გამგრძელებელი შვილთაშვილები ამერიკაში ცხოვრობენ, მაგრამ ფილიალები თითქმის მთელ მსოფლიოში აქვთ და აქმით უმეტეს, ერევანში მუზეუმ-სალონ-რესტორნის ქონა, განა რა გასაკვირია.

 

გიდი იმ ნივთიერებებზე გვიყვება, რომლებიც შესაღებად გამოიყენება. მას მთავარი მასპინძელი, ერევნის ამერიკის უნივერსიტეტის, აკოპიანის გარემოს ცენტრის გენერალური დირექტორი, მეცნიერი და უბრალოდ გულიანი ადამიანი, ალენ ამირხანიანი ეხუმრება, ფრთხილად იყავი, წინ ქიმიკოსი გიდგას და არაფერი შეგეშალოსო. ყველანი ვიცინით და მოსმენას ვაგრძელებთ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მთელი ამ მონათხრობიდან საღებავების ამბავი უფრო მაინტერესებს, რადგან წერილშიც სწორედ მათ დახასიათებას ვაპირებ.

 

მაშ ასე, ჩვენ წინ რამდენიმე თასია. პირველ თასში, ე.წ. ღვინის ქვაა ჩაყრილი. ღვინის ქვა, სინამდვილეში ნალექია, რომელიც ღვინის მომწიფების პროცესში წარმოიქმნება და გვერდითი პროდუქტის სახით რჩება. ნატურალური პროდუქტია, დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და ღვინის მჟავას საწარმოებლად მთავარი ნედლეული გახლავთ. ღვინის ქვა ორი მარილის ნარევია-კალიუმის ჰიდროტარტრატი (KC4H5O6) და კალიუმის ტარტრატი (KC4H4O6). ორივე მარილი საკვებ დანამატად გამოიყენება და E 336-ით აღინიშნება.

 

მეორე თასში თეთრი შაბია. მისი ზოგადი ფორმულაა M2+SO42- ან M23+(SO4)32-·24H2O, სადაც M+ შეიძლება იყოს რომელიმე ტუტე მეტალი, ლითიუმის გარდა. M3+ შეიძლება იყოს ალუმინი, ქრომი, რკინა. ქრომკალიუმიანი შაბები ყველაზე გავრცელებულია.

 

ზოგიერთი შაბი მინერალების სახით გვხვდება, ყველაზე გავრცელებული ალუნიტია. კალიუმის, ნატრიუმის და ამონიუმის შემცველი შაბები სამრეწველო გზით მიიღება.

 

შაბები ძველი დროიდან არის ცნობილი. მათ ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი აღწერდა თავის „ბუნებისმეტყველების ისტორიაში“. Alumen ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „მწარე მარილი“ და ალუმინმა თავისი სახელწოდება სწორედ აქედან მიიღო. ბუნებრივი ბოჭკოსა და ბეწვეულის შეღებვის საქმეშიც შაბის გამოყენების შესახებ პლინიუსთანაც ამოიკითხავთ და იბნ სინასთანაც. ქართველი ქიმიკოსი მეფე ვახტანგ მეექვსეც არ დაივიწყოთ, რადგან მის ქიმიის წიგნში შაბის გამოყენებას რამდენიმე პარაგრაფი აქვს დათმობილი.

 

ზემოთ ქრომკალიუმიანი შაბი ვახსენე, რომელიც ფართოდ გამოიყენება, როგორც სამღებრო, ისე სამედიცინო და საკვების მომზადების საქმეში. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ქეთო ბებო, როგორ მარჯვედ იყენებდა შაბს კაკლის, გარგარისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბადრიჯნის მურაბის გაკეთებისასაც.

 

რა წერილის თემის პასუხია და იმდროინდელი პატარა ქეთო (ანუ, მე) მინდა დავიჭირო და კარგად მივტყიპო… რატომ იცით? ასეთი ბებია გიბოძა ღმერთმა, ხელიდან ყველაფერი რომ გამოსდის და უყურე, შე დალოცვილო და ისწავლე შენც რამე. აბა, მარტო იმას რომ გაიძახოდი ნოდარ დუმბაძის თუ გრიგოლ აბაშიძის (მომიტევეთ, კარგად აღარ მახსოვს) ლექსიდან – „როცა დიდი გავხდები, ქეთო ბებო ვიქნებიო“, არ ჯობდა ისეთი „ბებო“ ყოფილიყავი, მურაბის ხარშვაც რომ ეცოდინებოდა?

 

შემდეგ თასში ინდიგოა. ინდიგო ლათინური სიტყვა inticum-დან იღებს სათავეს, რაც ინდოელს აღნიშნავს. ეს ალბათ სიმბოლურია, რადგან საღებავი თავდაპირველად ევროპაში ინდოეთიდან ყოფილა ექსპორტირებული. მუქ ლურჯ შეფერილობას იძლევა და თავისი შედგენილობითა და თვისებებით „ულტრამარინ ლურჯის“ ზოგიერთ შეფერილობასთან ახლოს დგას. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პიგმენტი ულტრამარინ ლურჯი ბუნებრივი სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. მისი სახელი ტარიმ ბაზენის ოაზისიდან მომდინარეობს, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ენის გადაკვეთის საკვანძო ადგილს წარმოადგენდა. ამ პერიოდისთვის პიგმენტის კვალი აღმოჩენილია კედლის მხატვრობაში ტაკლამაკანის უდაბნოს (აბრეშუმის გზის ჩრდილოეთით) ახლოს.

 

ისლამის სამყაროში ულტრამარინ ლურჯის ნაკვალევი მართლაც შესამჩნევია. მეშვიდე და მერვე საუკუნეების ყურანის ამ პიგმენტით მოხატული ფრაგმენტები დღეს ლუვრშია დაცული, იორდანიაში კი მეათე საუკუნის რელიგიური შინაარსის მოხატულობას აღმოაჩენთ.

 

მესამე თასში თუთის ხის ნახერხია, მეოთხეში კაკლის ნაჭუჭი, მეხუთეში სამკურნალო ბალახი „უკვდავა“, რომელიც სავარაუდოდ, ყვითელ შეფერილობას გვაძლევს, სულ ბოლო თასში კი ბროწეულის კანია.

 

ბროწეულის კანის აქ ნახვა სულაც არ გამკვირვებია, რადგან სომხური ტრადიციები და ბროწეული სიმბოლურადაა ერთმანეთთან გადაბმული.

გახსოვთ, ბროწეულზე წინა თვის წერილში მოგიყევით –

https://mastsavlebeli.ge/?p=34787&fbclid=IwAR1vNzM6-ERXiI3RD8Mu6LaWs1KhpL2xEF_LqxCu1GcJ5Xbh_AjunwfTenQ.

 

იქაც ერევანს და ფარაჯანოვის მუზეუმს ვიხსენებდი. იმ ჯადოსნურ ადგილს, სადაც ფარაჯანოვისეული ბევრი ჯოკონდა შეგიძლიათ იხილოთ, ოღონდ ყველა ბროწეულის გარეშე.

 

მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა ლეონარდო და ვინჩიმ შეკვეთით დახატა. სხვათა შორის, ლეონარდო თავის ნაშრომებში ულტრამარინ ლურჯს და ინდიგოსაც იყენებდა. ჰოდა, მოკლედ ეს შეკვეთა სიკვდილამდე ათი წლით ადრე აუღია, თუმცა შემკვეთისთვის ჯოკონდას პორტრეტი არ დაუბრუნებია. ეტყობა, ბოლომდე თვლიდა, რომ დასრულებას რაღაც შტრიხი აკლდა. შემდეგ, ფრანცისკ პირველს ოფიციალურად შეუძენია და ჯერ ფონტებლოს სასახლეში დაუბრძანებია, შემდეგ ვერსალში გადაუტანიათ, ბოლოს კი ლუვრში დაიდო ბინა.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მონა ლიზა ლუიჯი პერუჯიმ მოიპარა. პერუჯი საფრანგეთში მუშად მუშაობდა. ზოგადად, ბევრი იტალიელი იყო იმხანად დასაქმებული და ისეთ მძინე საქმეს აკეთებდა გროშებად, ფრანგი რომ ითაკილებდა. ფრანგები, თურმე იტალიელებს დასცინოდნენ კიდეც, „მაკარონებს“ ეძახდნენ და ქირქილებდნენ. პერუჯი ლუვრში მუშაობდა და ტილოებს მინის ჩარჩოებში სვამდა. იმხანად ახალი მოდა იყო შემოსული. შევარდებოდა ვინმე უსაქმური მუზეუმში და რომელიმე ტილოს საღებავს შეასხამდა. ამით ვითომ ყურადღებას იქცევდნენ და რაღაცებს აპროტესტებდნენ. სინამდვილეში, ჩვეულებრივ ვანდალიზმთან გვქონდა საქმე. ჰოდა, ლუვრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ტილოები მინის ჩარჩოში ჩაესვა. ამ საქმისთვის კი „მაკარონა“ იტალიელები დაიქირავა. ლუვრში ხუთთვიანი მუშაობის შედეგად პერუჯი ერთ რამეზე ჩაფიქრდა. იქაურობა იტალიური რენესანსის უძვირფასესი ტილოებით იყო სავსე. ფრანგებს ისინი ძალიან ეძვირფასებოდათ და ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევდნენ. არადა, თანამედროვე იტალიელებს დასცინოდნენ. ანუ, რა გამოდის ის, ძველი იტალიელები ეამაყებოდათ და ახლებს დასცინოდნენ?

 

ამას ისიც დაემატა, რომ შემთხვევით რაღაც ილუსტრირებული წიგნი ჩაუვარდა ხელში, სადაც აღწერილი იყო, როგორ ძარცვავდა ნაპოლეონის არმია იტალიას და უძვირფასესი ტილოები საფრანგეთში როგორ გამოჰქონდა. ჰოდა, გული დაეწვა, გაბრაზდა და გადაწყვიტა, თუნდაც ერთი ტილო სამშობლოსთვის დაებრუნებინა. ბევრი არც უფიქრია, ჯოკონდას დაადო ხელი. ის კი ვეღარ მოისაზრა, რომ სწორედ ჯოკონდა სრულიად კანონიერად იყო საფრანგეთის კუთვნილება.

 

ერთ მშვენიერ ორშაბათს, როდისაც მუზეუმში სანიტარული დღე იყო, ჯოკონდა ნაჭერში გაახვია და გვერდითა შემოსასვლელიდან გამოიტანა. მონა ლიზას მინისჩარჩოიან ყუთს შემდეგღა იპოვიან სახანძრო კიბეებს შორის და ზედ თითის უამრავ ანაბეჭდს აღმოაჩენენ. დიახ, იმ პერიოდში ანაბეჭდებს უკვე იღებდნენ. ამ ამბის დასასრულს სხვა დროს მოგითხრობთ. აქ უბრალოდ ერთი ექსპერიმენტი მინდა გაგაცნოთ, სემესტრის მიწურულს, ახალი წლის არდადეგების წინ მოსწავლეებს რომ გაახალისებს.

 

თითის ანაბეჭდის გამოვლენა ნინჰიდრინის მეშვეობით შეიძლება, რადგან თითების ნაკვალევში ამინმჟავები რჩება. ნინჰიდრინი (ტრიკეტოჰიდრიდენ ჰიდრატი C9H6O4) რეაგირებს ამინმჟავებთან და წარმოქმნის მუქ ლურჯ ან მოლურჯო-ალისფერ საღებავს, რომელსაც რუჰემანის მეწამული ეწოდება. ნიმუშს ასხურებენ 0,5% ან 1% -იან ნინჰიდრინის სპირტხსნარს ან აცეტონში გახსნიან. ოთახის ტემპერატურაზე ანაბეჭდების ფერი იცვლება და ნელა მჟღავნდება. გაცხელებით პროცესი დაჩქარდება.

 

წერილი საღებავებით დავიწყე და კვლავ საღებავამდე მივედი.

 

განა რამე, გასულ წელს ვიგონებ ახალი წლის წინ….

 

 

გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ ქართული რეალიზმის სათავეში

0

უნიკალური თეატრალური ტრადიციებით ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია თავის მოწონება. თეატრის მოყვარულია ჩვენი განათლებული საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, საზოგადოება ბოლომდე კარგად ვერც კი აცნობიერებდეს თეატრის როლსა და მნიშვნელობას. სხვაც ბევრი დამსახურება აქვს გიორგი ერისთავს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ქართული თეატრის სათავეებთან მისი ყოფნა, პირველი დრამატული ნაწარმოებების შექმნა, მათი რეალიზაცია სცენაზე, რეჟისურა, მსახიობობა და თეატრალური დასის ლიდერობა მის ღვაწლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. 1850 წლის 14 იანვარს თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ავტორი ერთ-ერთი მთავარი გმირის, სოვდაგარ მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვის როლში გამოდიოდა. ქართული თეატრის დაარსების დღედ სწორედ ეს თარიღი ითვლება. 14 იანვარი ყოველთვის ფართოდ აღინიშნება ხოლმე თეატრის მოყვარულთა შორის.

ცნობილია ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ინტერესი თეატრისადმი. იგი თავის პუბლიცისტურ წერილებში ეხმიანებოდა ქართული თეატრის ყოველ მოვლენას, საგანგებოდ აკვირდებოდა თეატრში განვითარებულ მოვლენებს, რეცენზირებას უკეთებდა ყველა წარმოდგენას, დაწვრილებით განიხილავდა პიესის იდეურ-თემატურ ღირებულებებს, ყოველი არტისტის სამსახიობო ოსტატობას.

გიორგი ერისთავის ღვაწლის შეფასებისას ილიამ გაიხსენა შექსპირის გმირის ცნობილი ფრაზა მის მიერვე თარგმნილი „მეფე ლირიდან“ – „არარაისგან არ იქმნების არარაიცა!“ და მისი პერიფრაზით შეეხმიანა გიორგი ერისთავის თეატრალურ მოღვაწეობას: „არარაისგან არ იქნების არარაიცაო“, ჩვენმა თეატრმა ცხადად დაგვანახა, რომ შესაძლოა არარიასაგან იქმნას რამ. ამ ორმოცდაათი წლის წინათ არარა იყო და ეხლა ვხედავთ, რომ არარაისგან იქმნა ჩვენი თეატრი, – ეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის. საქმე ის არის, რომ იქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა… გიორგი ერისთავმა დაიწყო ქართული საზოგადოების ზნეობრივად აღზრდა და გაწვრთნა”…

გიორგი ერისთავი ირიცხებოდა სოლომონ დოდაშვილის მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ წრეში. ნათელია, რა სულისკვეთებით აღზრდიდა ყმაწვილ გიორგის სოლომონი. იონა მეუნარგია წერდა, რომ ამავე წრეში დაბადებულა ჟურნალის გამოცემის იდეაც, რომლის ავტორი და შემსრულებელიც გიორგი ერისთავი იყო. ასე დაიბადა 1852 წელს კოლონიად ქცეულ, ოკუპირებულ, ყოველმხრივ დაცემულ ქვეყანაში ჟურნალი „ცისკარი“, რომელმაც იმ დროიდან დღემდე წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კულტურისა და სულიერების ისტორიაში. მწერალი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთანაც და მისი გარდაცვალებისთვის ლექსიც მიუძღვნია. 1842 წლის 31 ოქტომბერს ნ. ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს სწერს: „შენ გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი (გ. ერისთავი) ნახო, ჩემს მაგიერ მოიკითხეთ და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისკენთქო. როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსათქო”.

გიორგი ერისთავის ოჯახი გორში, ხიდისთავში ცხოვრობდა, თუმცა მწერალი თბილისში ხშირად სტუმრობდა მანანა ორბელიანის სალონს და აქ გააცნო მან საზოგადოებას თავისი პირველი დრამატული ნაწარმოებები: „შეშლილი“, „დავა“, „ძუნწი“, „გაყრა“, „წარსული დროების სურათები“.

გიორგი ერისთავი ჭეშმარიტად იყო ქართული კულტურის ლიდერი და მთავარი გმირი, თუმცა 60-იანი წლებიდან მისი სახელი დავიწყებას მიეცა. ის საზოგადოებას გაახსენა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც „საქართველოს მოამბის“ სხვადასხვა ნომრებში გამოაქვეყნა მისი კომედია „შეშლილი“, ლექსი „თანამგზავრი“ და მისივე თარგმნილი ალექსანდრე გრიბოედოვის პიესა „ვაი ჭკუისაგან“.

1864 წლის 9 სექტემბერს 51 წლის გიორგი ერისთავი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა გორში. მის დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი ჩასულა, მათ შორის მწერლის სიყრმის მეგობარი გრიგოლ ორბელიანიც. სოფრომ მგალობლიშვილი იხსენებდა, რომ გიორგი ერისთავის სიკვდილმა ადგილობრივი გლეხობა ძალიან დაამწუხრა, რადგან ის გლეხობის მოამაგე, მხარდამჭერი, მათი უფლებებისთვის მებრძოლი იყო. გიორგი ერისთავი დაკრძალულია ისტორიულ სოფელ იკორთაში, რომელიც 1991 წლამდე ცხინვალის რაიონში შედიოდა, ხოლო 2006 წლიდან მიეკუთვნებოდა გორის მუნიციპალიტეტს, 2008 წლიდან კი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამჟამად სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკა და მინიჭებული აქვს ოსური ტოპონიმი.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გიორგი ერისთავმა მე-19 საუკუნის 40-იან წლებშივე უკვე თავი დააღწია გაბატონებული ლიტერატურული მიმდინარეობის, რომანტიზმის, გავლენას და გამოკვეთა ქართული კრიტიკული რეალიზმის კონტურები. მანკიერებათა მხილება დაცემული საზოგადოების გამოსაფხიზლებლად ამ ეპოქის დაკვეთა იყო. დრო და მოთხოვნილებები იცვლებოდა და ამ მწერალმა ალღო სწორად აუღო ახალ დროებას. სახელმწიფოს დაკარგვასა და ეროვნულ ჩაგვრაზე უსაგნო მოთქმა-გოდების ეპოქა დასრულდა. დადგა ჟამი მოქმედებისა, გამოღვიძებისა, ცვლილებებისა, როცა უკვე უნარიანმა ლიდერებმა ხალხს უნდა ჩაუნერგონ ბრძოლისა და მოქმედების იდეები. საიდან იწყება ბრძოლა? – უპირველესად პრობლემების, სირთულეების გაცნობიერება, სწორი დიაგნოსტირება და მათი გამოსასწორებელი გზების ძიებაა გადამწყვეტი.

კომედია „გაყრა“ ქართველ თავადთა ოჯახური ყოფის საოცრად რეალისტური სურათებით სარკის ეფექტის მომხდენია. მწერალმა მკითხველი შეიყვანა ქართველი თავადების ოჯახში, სადაც გამეფებულია ის მახინჯი ცხოვრების წესი, მანკიერებები და მორალურ-ეთიკური სნეულებები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს ხალხს წინსვლისა და თვითგანვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

მოქმედება მიმდინარეობს დიდებულიძეების ოჯახში. მთავარი გმირია სამი ძმა: ანდუყაფარი, პავლე და ივანე, რომელთა შორისაც უფროსი (ანდუყაფარი) ძველი, ფსევდოკონსერვატიული იდეების მიმდევარია, შუათანა პავლე დარდიმანდი, ნადირობის მოყვარული, ექსცენტრული, ქარაფშუტა, არასერიოზული ტიპია, ხოლო ივანე „თერგდალეულია“, რუსეთსა და პოლონეთში უსწავლია და ყველაფერი ქართული მიუღებელია მისთვის, ცდილობს რუსულ-ევროპულ ყაიდაზე იცხოვროს და ეროვნულ ტრადიციებს არაფრად აგდებს. დრამატურგმა ამ სამი გმირის სახით სხვადასხვა გემოვნების, გაგებისა და ტემპერამენტის სახეები შექმნა, ხოლო მათ გარშემო გააცოცხლა ისეთი გმირები, რომლებიც ეპოქის რეალურ სურათს აღადგენენ მაყურებლის თვალწინ. უკვდავი სახეა სომეხი ვაჭარი მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი. ის ამ პერიოდში თბილისში მომრავლებულ სომეხი ეროვნების ვაჭართა კასტას განასახიერებს თავისი თვისებებით. ასევე დაუვიწყარია სუდის სეკრეტარ რამაზისა და მოურავ ბარამის სახეები. რამაზი იმდროინდელ მოხელეთა და სასამართლოს სახე-სიმბოლოა, ხოლო მოურავი ბარამი განასახიერებს თავადთა გარშემო თავმოყრილი თაღლითი, მლიქვნელი, უსამართლო, გაიძვერა ადამიანების სახასიათო ნიშან-თვისებებს. თავადის ოჯახის წვრილფეხობას განასახიერებენ ივანეს მსახური გაბრიელი და მოახლე გოგო ყარდაშვერდი. ავტორმა ყველანაირი სოციალური სტატუსისა და ფსიქოკონსტიტუციის ადამიანი გამოიყვანა კომედიის სიუჟეტში, რათა მის მიერ გაცოცხლებული სამყარო დამაჯერებელი, შეულამაზებელი და მამხილებელი ყოფილიყო.

ოჯახური დრამა დაიწყო იმით, რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა უმცროსმა ძმამ მამულის გაყოფა და საკუთარი წილის მიღება მოითხოვა. პიესა იწყება საგონებელში ჩავარდნილი ანდუყაფარის სასოწარკვეთილი მონოლოგებითა და გაიძვერა ბარამთან კონსულტაციებით. ანდუყაფარისთვის მამულის გაყოფა წარმოუდგენელია. ის ქვრივია, მის გარშემო არ ჩანან არც შვილები, უკვე მხცოვანია და მისი დრო წასულია, მაგრამ მაინც ებღაუჭება ქონებას და ძმებისთვის არაფრის დათმობა არ სურს. ვალებში ჩავარდნილ, გაღატაკებულ ოჯახში გასაყოფი არც არაფერია და დგება ასეთი რეალობა: ცარიელი და გაპარტახებული სახლ-კარი უნდა დარჩეს უმცროს ძმას, როგორც მთავარ მემკვიდრეს, ხოლო ანდუყაფარი და პავლე უნდა აღმოჩნდნენ უსახლკაროდ, უნდა დატოვონ მამაპაპისეული სამკვიდრო. საკვირველია ძმების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. მათ შორის არის სრული დისჰარმონია, შეუთანხმებლობა, ანტაგონიზმი, აცდენა ერთმანეთის ინტერესებისა და გეგმებისადმი. მათ ერთმანეთისა არაფერი ესმით. არცერთი არ ფიქრობს სხვის უფლებებსა და ინტერესებზე. ეგომ სრულად დააბნელა მათი ხედვა, დაუხშო მათ თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარი. გამხეცებულ-გამგელებულები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ ძმებს და საერთოდ არ ანაღვლებთ მათი ყოფა. თან ყველაფერ ამას ცდილობენ თაღლითური მეთოდებით. გაიძვერა მოურავი ბარამი ანდუყაფარს ურჩევს, რომ ან შინაყმები ჩააბაროს ძმას, ან ზასედატლად გაამწესებინოს, ან დაუარონ გლეხებს, „შეაწერონ“ ოთხასიოდე თუმანი და მოისყიდონ სასამართლო. ბარამი დარწმუნებულია, რომ თუნდაც ასი თუმნით სასამართლოს მოსყიდვა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს: „ასის თუმნითა, აბა, რას ბრძანებ? სუდსა, პალატას ხელით ვაქანებ, ჩვენ სუდიასა – აიმ კუკნასა, სულ ვათამაშებ ლეკურ-ბუქნასა და სეკრეტარსა მე ოც თუმნადა, გნებავთ, გაგიხდით მაიმუნათა!“.

თუ ანდუყაფარს ეძნელება ბარამის რეკომენდაციების შესრულება, სამაგიეროდ სასამართლოს მოსყიდვის გეგმით აქტიურად მოქმედებს პავლეს ცოლი მაკრინე, ასევე გაიძვერა და თვალთმაქცი ქალი, რომელსაც ფული არა აქვს სუდის სეკრეტარ რამაზის მოსასყიდად, მაგრამ ყიდის იმას, რაც გააჩნია – საკუთარი ქალიშვილის მითხოვებას ჰპირდება, ხოლო როცა პავლე აღშფოთდება, იქნებ ფიქრობ, ჩვენი ქალი იმ მაიმუნს მისცეო, მაკრინე პასუხობს: „მედიატორათ ვირჩევ, ვატყუებ, აგება ჩემკენ იყოს, თორემ ყარდაშვერდი გოგოსაც არ მივცემო“. პავლე მეუღლის „სიბრძნით“ მოხიბლულია და დითირამბებს უმღერის მას: „ჩემი ცოლი თამარ მეფის დროს რომ ყოფილიყო, ვეზირობას მისცემდნენ… რაც უნდა ჭკვიანი კაცი იყოს, პამპულათ გახდის… ეგ რო კაცი ყოფილიყო, დიდებულიძეებს სულ აჰყრიდა“…

საკვირველია ისიც, რომ ივანეს საერთოდ არ ედარდება, მამისეული სახლიდან გასახლების შემდეგ რა ბედი ეწევათ მის ძმებს. მისთვის ანდუყაფარი ველურია და უკვე ჭარმაგი ძმისადმი მისხალი თანაგრძნობაც კი არ გააჩნია. პირველივე მოქმედების მესამე გამოსვლაში, როცა ივანე პირველად გამოცხადდება ანდუყაფარისა და ბარამის წინაშე, ის მწარედ დასცინის და ამასხარავებს, ამცირებს საკუთარ ძმას. შემოდის წკეპლით ხელში, ანტრაშისა და პირუეტის მოძრაობებით და გაოგნებულ ძმას ასე მიმართავს: „ბონჟურ, ყაფარ, კაპარ! კაკ იმია, დაკ ი ონ დიკარ!“. დასცინის ქართულ ტრადიციებს, მეურნეობას, ღვინოს. აქვს ილუზია, რომ თავად რუსულ-ევროპულად მოაწყობს საკუთარ მამულს და სასწაულებს მოახდენს.

ადამიანის იმგვარი დაცემა, როგორსაც გიორგი ერისთავის კომედიაში ვხვდებით, ტრაგედიაა და დაკავშირებულია ადამიანის სულიერად დაპატარავებასთან, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტთან. გიორგი ერისთავი პიესაში დაუზოგავად ამხელს თავისი გმირების მწვავე მორალურ-ეთიკურ პრობლემებს. ანდუყაფარის სიხარბესა და ექსპლუატატორულ ბუნებას, გლეხთა ძარცვის გამოცდილებას, პავლეს მცონარობასა და ქარაფშუტობას, ივანესა და მისი მსახურის, გაბრიელის გულგრილობას, ცინიზმსა და ანტიქართველობას, მაკრინესა და თათელას ანგარებასა და მესაკუთრეობას, მიკირტუმ გასპარიჩის დაუნდობლობას, ხრიკებსა და ინტრიგებს, რომლებშიც ობობას ქსელივით ახვევს ადამიანებს, ბარამისა და რამაზის მზაკვარ ბუნებას, უსამართლობას, ყარდაშვერდის ანგარებას. აქ ვერ იპოვით ზნეობრივ ადამიანს, გამქრალია ღირსება, სამართალი არ არსებობს, ერთმანეთის დანდობა არავის სურს, ყველა მომხვეჭელი, ხარბი, ანგარებიანი, ეგოისტი, უგულო და უსიყვარულოა. გამეფებულია ყოველგვარი ადამიანური ზადი და მანკი, არავის აღარაფერი შერჩენია წმინდა და ნათელი. ასეთი საზოგადოება არამცთუ მზად არის, რომ სახელმწიფოს აღმშენებლობაში თუნდაც უმნიშვნელო როლი შეასრულოს, მათ არ ძალუძთ არც პირადი და ოჯახური პრობლემების მოგვარება, რადგან ამგვარი თვალთმაქცური ურთიერთობებით, ცხადია, ყოველთვის შარში ეხვევიან, გარშემო ყველაფერი ენგრევათ, სხვებსაც აზიანებენ და საკუთარ სინდისსაც.

„გაყრას“ სულ ათიოდე აქტიური მოქმედი გმირი ჰყავს, თუმცა ყოველი მათგანი უკვდავი და დაუვიწყარი მხატვრული სახეა, განზოგადებული და მრავლისმთქმელი, როგორც კრიტიკული რეალიზმის მწერლობისთვის არის დამახასიათებელი. გმირი აქ ერთ კონკრეტულ პერსონად კი არ წარმოგვიდგება, არამედ კრებითი სახეა ხალხის მანკიერებებისა. ამიტომაც ის იქცევა უკვდავ არქეტიპად, რომელიც ყოველ დროში ცოცხლობს და ყოფის ავკარგიანობაზე დაგვაფიქრებს.

ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ წერდა: „სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს და ამასთანაც, იმისთანა შემაქცევარიც არის, რომ უკეთეს მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას აშლევინებს. უკეთესი შესაქცევარი, უკეთესი დროსგასართობი, სულისა და გულის ამამაღლებელი სხვა ისეთი არა ვიცით რა, სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წვრთნა და ზრდა, სცენას ჩამოვაცილეთ, იგი მიკიტანხანად გადაიქცევა და მაშინ სჯობს წაწყმდეს, ვიდრე სუფევდეს“.

თუ თეატრი არ ასრულებს ამ ორ მისიას, რომ დაეხმაროს მაყურებელს უკეთეს ადამიანად ქცევაში და ამავე დროს იყოს საუკეთესო გასართობი, მაშინ ის ჯობია, არც არსებობდეს. თუ ვინმე იკითხავს, თუ როგორ მოახერხებდა საზოგადოების გაკეთილშობილებასა და ადამიანთა სულების გამთლიანებას გ. ერისთავი თავისი უკიდურესად დემორალიზებული გმირების სახითო, ამაზე ერთადერთი პასუხი გვაქვს: საზოგადოებას ისევე ეხმარება კათარსისში ადამიანური ზადისა და მანკიერებების შეულამაზებლად ჩვენება, როგორც იდეალური მოდელების ჩვენება, მაგალითად, როგორებიც გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“, რენესანსული ცნობიერების წიგნში. „გაყრა“ ხომ არა რენესანსის, არამედ დეკადანსის ეპოქის პროდუქტია, თავისი ეპოქის რეალობას აცოცხლებს, გმობს ყველა იმ საზოგადოებრივ მანკს, რომელიც ქვეყანას წინსვლის შესაძლებლობას უსპობს. ეს ყველაფერი, რაც გიორგი წერეთელმა სცენაზე აიტანა, იდეალურ გმირთა სამყაროზე კიდევ უფრო მეტად, უფრო ექსპრესიულად, უფრო დამაჯერებლად გვასწავლის ცხოვრების გაკვეთილებს. საზოგადოების ზრდა და წვრთნა შეუძლია იმის ჩვენებას, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ.

ვფიქრობ, უსამართლოდ მიჩქმალულია გიორგი ერისთავის ღვაწლი და შემოქმედებითი დამსახურებები. ქართული რეალიზმის სათავე არა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან, არამედ გიორგი ერისთავის დრამატული ნაწარმოებებიდან უნდა ავითვალოთ. ჩვენი ახალი თაობების მადლობა ამ დიდებულ მოღვაწეს ქვეყნისთვის თავდადებისა და საღი ორიენტირების ჩვენებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგალითებით  სწავლების უპირატესობა

0

ქეისებით სწავლების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს რთული პრობლემის გადაჭრაში. მეთოდი საშუალებას იძლევა საკითხი დაუკავშიროს რეალურ სიტუაციას და დაანახოს მოსწავლეს კონკრეტული საკითხის სწავლის საჭიროება. მეთოდის დეტალური აღწერა და დაგეგმვის ეტაპები წარმოდგენილია სტატიაში ,,ქეისებით სწავლება“.

ჩემი წერილის პირველი ნაწილი ეხება საკვების შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ აგებულებას, ფუნქციასა და როლს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასაკობრივად გათვლილია მეათე კლასის მოსწავლეებზე:

ქეისი გათვლილია შემდეგი სამიზნე ცნებების დამუშავებაზე:

ჯანმრთელობა და დაავადება: (სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები)

  • ჯანმრთელობა არის ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი და შრომისუნარიანობა;
  • ავადობა არის ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც მას დარღვეული აქვს ჰომეოსტაზი და შრომისუნარიანობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას;

სასიცოცხლო თვისება: (სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები)

  • სასიცოცხლო თვისებებია: ზრდა-განვითარება, გამრავლება, მეტაბოლიზმი (კვება, სუნთქვა, გამოყოფა), გაღიზიანებადობა, მოძრაობა, მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა.

მოსწავლეები გაეცნობიან ქეისს: ,,დიეტის დილემა“

ლუკა კოლეჯის სტუდენტია. მის მამას უკვე რამდენიმე წელია მეორე ტიპის დიაბეტი დაუდასტურდა. ასეთი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში შესაბამისი რეცეპტორი ვერ რეაგირებს ჰორმონ ინსულინის ზემოქმედებაზე. ორგანიზმში შაქრის დონის რეგულაცია არ ხდება, გლუკოზა სისხლიდან უჯრედებში არ გადადის, შედეგად უჯრედები შესაძლოა დაზიანდეს.

დიაბეტის მკურნალობა შესაძლებელია ინსულინის ინიექციის გზით, რასაც თან უნდა ახლდეს საკვები რაციონის ზუსტი და სწორი შერჩევა. დიაბეტი ბოლომდე არ იკურნება. ლუკას მამას ტერფის ნერვები აქვს დაზიანებული (ნეიროპათია), რის გამოც ფეხები უბუჟდება და ვერ გრძნობს, როგორ უზიანდებოდა კანი, შედეგად რამდენჯერმე სერიოზული ინფექციაც კი დაემართა.

ლუკას აქვს ჭარბი წონა და იცის, რომ ეს ზრდის დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის რისკს, მას უნდა რომ რამენაირად თავიდან აიცილოს დაავადება, რომლითაც მამამისი ასე იტანჯება. ამიტომ დაიწყო ფეხით სიარული და ყოველდღიური ვარჯიში. რამდენიმე ხანში წონაც დაიკლო. ასევე უნდა, რომ შეიმუშაოს ისეთი დიეტა, რომ მეტი წონა დაკარგოს და დიაბეტის განვითარების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. თუმცა იმდენი ინფორმაცია მიიღო ინტერნეტიდან და ადამიანებისგან, რომ თავგზა აებნა და არ იცის, რა გააკეთოს.

ლუკას მამა ურჩევს, რომ შეზღუდოს ნახშირწყლები, მაგალითად, თეთრი პური და ბრინჯი, ამ გზით შეძლებს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას . . .

ლუკას მეგობრები ურჩევენ, რომ წონის დაკლებისთვის კარგია ცხიმების შეზღუდვა და ნახშირწყლების მიღება. . . ინტერნეტში წაიკითხა, რომ დაუმუშავებელი საკვების მიღება და ქიმიური ნაერთებისგან სუფთა საკვების მიღება წონის დაკლებაში დაეხმარება. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება, ის არის, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.

ეს რჩევები შესაძლოა ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარგად გაიგო და გაიაზრო როგორია დიაბეტთან ერთად ცხოვრება და რა მნიშვნელობა აქვს კვების რაციონს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამის გასაგებად კი საკვების ქიმიური შედგენილობის ცოდნაა აუცილებელი. ქიმია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ქიმიური რეაქციები, რომლებიც სინჯარებში ტარდება ხოლმე – ის ატომები, მოლეკულები და რეაქციები, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი ცოცხალია და შეუძლია გარკვეული ფუნქციების შესრულება. საკვები მთავარი ნედლეულია ორგანიზმის ასაშენებლად და ენერგიის მისაღებად.

თავის მიმოხილვა: სიცოცხლის ქიმია

თუ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნობი, დაადგენ კავშირს საკვების ქიმიურ შედგენილობასა და მის როლს შორის ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესში. კერძოდ კი:

  • რა თვისებები აქვს ქიმიურ ნივთიერებებს, მის შემადგენლობაში შემავალ ატომებსა და მოლეკულებს;
  • როგორია ბიოქიმიური ნაერთების სტრუქტურა და ფუნქცია, მათ შორის ნახშირწყლების, ლიპიდების, ცილებისა და ნუკლეინის მჟავებისა (დნმ და რნმ);
  • რა არის ქიმიური რეაქცია, რა როლს ასრულებს ენერგია ქიმიური რეაქციების წარმართვის პროცესში, როგორ აჩქარებს ფერმენტი ქიმიურ რეაქციას, რა სახის ბიოქიმიური გარდაქმნები მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში;
  • რა თვისებები აქვს წყალს და რა მნიშვნელობა აქვს მას ბიოქიმიურ პროცესებში;
  • რა არის pH და რა მნიშვნელობა აქვს მის მუდმივობას, რომელი ბიოქიმიური პროცესები მონაწილეობს pH -ის ჰომეოსტაზში;

ინფორმაციის დამუშავებისას იფიქრე ლუკას მდგომარეობაზე. იმსჯელე, როგორ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქიმიას. ეცადე პასუხი გასცე შემდეგ შეკითხვებს:

  1. რატომ ფიქრობს ლუკა, რომ მამის დიაბეტი მისთვის დაავადების ჩამოყალიბების რისკფაქტორს წარმოადგენს?
  2. რა განსხვავებაა მარტივ და რთულ ნახშირწყლებს შორის? რა საფრთხეს უქმნის რაფინირებული ნახშირწყლები დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს?
  3. ინსულინი პეპტიდური ჰორმონია. ბიოქიმიური კომპონენტების კლასიფიკაციისას რომელ კატეგორიაში გააერთიანებდი მას? რატომ?
  4. რატომ არის წყლის მიღება მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? საკმარის წყალს სვამ დღის განმავლობაში?
  5. რატომ თვლიან რომ საკვები ქიმიურ ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს? შენი აზრით, ასეთი საკვები არსებობს?

დაამუშავებენ შესაბამის საკითხებს.

ქეისის ანალიზი: დიეტის დილემა

პარაგრაფებში მოცემული საკითხების დამუშავებისას მეტ კავშირს დაინახავდი ქიმიას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შორის. ლუკას სიტუაციაში მამის დიაბეტის, ლუკას რისკჯგუფში ყოფნა, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი ქიმიური ნივთიერებების ცვლილებებია.

ტიპი 2 დიაბეტის მიზეზია ის, რომ ორგანიზმი არ რეაგირებს ჰორმონ ინსულინზე, რის გამოც სისხლში გლუკოზის დონის რეგულაცია არ ხდება. ინსულინი პეპტიდია. ის ამინომჟავების ჯაჭვს წარმოადგენს. ამიტომ ცილებს მიეკუთვნება. ლუკას დიაბეტით დაავადების რისკი მაღალია, რადგან აქ მემკვიდრული ფაქტორებია ჩართული. დნმ ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ნუკლეინის მჟავა ეწოდება. დნმ-ს შვილები მშობლებისგან იღებენ, ის შეიცავს ინფორმაციას ცილების პირველადი სტრუქტურის შესახებ. გენი ნუკლეოტიდების თანმიმდევრობაა, გენის ცვლილება დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. მაგალითად, მეორე ტიპის დიაბეტი ან მემკვიდრეობით გადაეცემა, ან დაავადების ჩამოყალიბების რისკია გაზრდილი.

მაგრამ გენეტიკა არის ლუკას დიაბეტის რისკის გაზრდის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. თავად სიმსუქნე უკვე რისკფაქტორია და ცხოვრების სტილთან არის დაკავშირებული. სიმსუქნის გამომწვევია არასრულფასოვანი კვება და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. ამ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა შესაძლოა პროვოცირება გაუკეთოს დიაბეტს. ალბათ იცი, რომ მარტივი ნახშირწყლები უფრო ადვილად და სწრაფად იშლება მომნელებელ სისტემაში, ვიდრე რთული მოლეკულები, რომლებიც შედის მარცვლეულისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში. შედეგი განსაკუთრებით დრამატულია დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, რადგან მათი ორგანიზმისთვის შაქრის დონის კონტროლი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ახლა ალბათ ხვდები, რატომ არ იღებს ლუკას მამა რაფინირებულ ნახშირწყლებს. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს.

ლუკას მეგობარმა ურჩია, რომ წონის დასაკლებად ნაკლები ცხიმი და მეტი ნახშირწყალი მიეღო, მაგრამ რომელი ნახშირწყალი, მარტივი თუ რთული, ეს არის მსჯელობის საგანი. თეთრი პურისა და ბრინჯის გამოყენება ვერ დაეხმარება ლუკას დიაბეტის ჩამოყალიბების რისკის შემცირებაში. ჯანსაღი კვება კი დაეხმარება როგორც წონის დაკლებაში, ასევე დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაში. რომელი ტიპის კვება უფრო ეფექტური იქნება, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, მის აგებულებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცხოვრების სტილსა და მიღებული საკვების შედგენილობაზე. მან უნდა გაიაროს ექიმის კონსულტაცია საკვებისა და ფიზიკური აქტივობის გეგმის შესახებ, ნებისმიერი სპეციფიკური სიტუაცია უნდა იქნას გათვალისწინებული და მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, განსაკუთრებით კი, თუ წყლით ჩანაცვლდება შაქრიანი და გაზიანი სასმელები. ახლა უკვე იცი, რომ წყალი მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ქიმიური რეაქციისთვის. თუმცა ზედმეტი წყალი მორბენალებში დაავადების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. როგორც უკვე მიხვდი, ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა, ანუ ჰომეოსტაზი ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

გააანალიზე ალბათ, რომ ყველა ქიმიური ნივთიერება არ არის საშიში, ტოქსიკური. ყველა სხეული ნივთიერებისგან შედგება. მაგალითად, ადამიანის სხეული, თევზი და ბოსტნეული წყალს შეიცავს. როცა ადამიანები მხარს უჭერენ ქიმიური ნაერთებისგან ,,სუფთა საკვებს”, ისინი სინთეზურად მიღებულ ქიმიურ ნაერთებს გულისხმობენ, მაგალითად კონსერვანტებს. ყველაფერი მოლეკულებისგან, ატომებისგან ან იონებისგან შედგება, მათი თვისებები კი დამოკიდებულია ნაწილაკების ურთიერთგანლაგებაზე და ატომებს შორის ქიმიურ ბმებზე.

თემის შეჯამება

ოთარაანთ ქვრივი და თავისუფლების კანონი

0

ნაკლებად ცნობილ ლინგვისტთან წამიკითხავს, სიტყვა „ქვრივი“ არსებითთა სამწევრა პარადიგმაში (ცოლი-ქვრივი-საცოლე) ერთ-ერთია, რომელსაც დროის გრამატიკული კატეგორია აქვსო. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა იმ ლინგვისტის მტკიცება, რომ ,,ქვრივი“ მაინცდამაინც წარსული დროის სემანტიკის მატარებელ სახელად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ის ვიცი, რომ ილიასეული „ქვრივი“ გრამატიკული დროის წარსულს და მომავალ კატეგორიებთან ერთად ლიტერატურულ კანონში ახლანდელ დროსაც მშვენივრად შეითავსებს. მასზე, ისევე, როგორც სხვა ლიტერატურულ მარგინალებზე, მუდამ „ახლა“ წავიკითხავთ, „ახლა“ დავფიქრდებით და „ახლა“ აღვადგენთ კავშირს თავისუფლების ურყევ კანონთან.

ამ წერილში 1887 წლის 7 იანვარს დაწერილი „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტიდან მხოლოდ ერთ გახმაურებულ პასაჟს შევეხებით, ამბავს, თუ როგორ წაერთმია გზირს მარტოხელა დედისთვის ერთხელ ერთი ქათამი – დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთო. ოთარაანთ ქვრივი ერთ „ვაი-ვაგლახს“ დააწევს, „გუბერნატორამდე თავის ფეხით ივლის და ერთ ქათამს შვიდჯერ ძვირს „დაუსვამს“ მოურიდებელ გზირს, იმის მიუხედავად, რომ თავადაც ათიოდ მანეთი ეხარჯება მისვლა-მოსვლაში“. „ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?!“, აცხადებს ქალი, რომელსაც ამ ქცევით ილიამ მისი გარშემომყოფი საზოგადოებისთვის საკუთარი პრინციპი დააკანონებინა.

ჯერ კიდევ 1849 წელს, საფრანგეთის მესამე რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, მარქსისთვის მიუღებელი ფრანგი მოაზროვნე, კლოდ ფრედერიკ ბასტია წერდა: „თითოეულ ადამიანს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვის ბუნებითი უფლება აქვს; სახელმწიფოს ადამიანები თავდაცვის ერთობლივი ორგანიზების მიზნით ქმნიან და მისი არსებობა გამართლებულია მხოლოდ მანამ, სანამ ის ამ ფუნქციას ასრულებს; კანონი ბუნებრივი წესრიგის მანიფესტაცია უნდა იყოს: ის სამართლიანია, თუკი ყოველი ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას თანაბრად იცავს, ხოლო უსამართლოა, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს სხვების ხარჯზე პროტექციას უწევს; ყველას აქვს უფლება საკუთარი რისკით და ხარჯით იცხოვროს, მაგრამ არავის აქვს უფლება საკუთარი შეხედეულებები და მათი განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები სხვებს ძალით მოახვიოს თავს; ძარცვის დაკანონება ცივილიზაციას კრახს უქადის“[1].

ამავე ნაშრომში ავტორი წუხს იმის გამო, რომ კანონმა არათუ დაკარგა ჭეშმარიტი არსი, არამედ სრულიად საწინააღმდეგო მიზანს ემსახურება, რადგან გაუკუღმართდა და სიხარბის იარაღად გადაიქცა, რომ დანაშაულის შებოჭვის ნაცვლად თავად გახდა იმ ბოროტების წყარო, რომელიც უნდა აღმოეფხვრა, ამასობაში კი სახელმწიფო წესრიგიც შეირყვნა. და რადგან ადამიანს თვითმყოფადობა („სიცოცხლე, როგორც ღვთის საჩუქარი), თავისუფლება და საკუთრება ქმნის, მიუხედავად „პოლიტიკური ლიდერების მოხერხებული ეშმაკობისა“, ღვთისგან ბოძებული ეს სამი საჩუქარი საზოგადოებაში მიღებულ ნებისმიერ კანონმდებლობას უსწრებს და მასზე მაღლა დგას. თავისუფლება და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა კანონები შექმნეს, არამედ პირიქით, სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების არსებობამ განაპირობა ადამიანების მიერ კანონების წინ წამოწევა.

ახლა ისევ ილია ჭავჭავაძეს დავუბრუნდეთ. ილია იმავე, 1887, წლის 25 ივნისს აქვეყნებს ცნობილ პუბლიცისტურ ესეის ­– „რა არის თავისუფლება?“, რომელშიც ადამიანური არსებობის მოდუს-ვივენდი – თავისუფლება – სწორედ კანონთან მიმართებითაა განხილული. „თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, – ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, – საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფლებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენი… და ახლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგანო[2]. ილიას აზრით, იქ არის მხოლოდ „ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა“, სადაც „გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს“ ხოლო იქ, სადაც ეს ქვაკუთხედი არ არსებობს, საზოგადოებრივი ცხოვრება მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯაო, – აცხადებს ილია, რომელსაც ამავე პუბლიცისტურ წერილში ბრესლაველი სოვდაგრის მაგალითიც სწორედ უსამართლობის „საგერ ფარად“ შემოაქვს და, ოთარაანთ ქვრივის არ იყოს, ერთი მანათისა და შაურის დავიდარაბასაც უსამართლოდ ამოწვდენილი კანონის ხმლის წინააღმდეგ მიამართვინებს: „მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ – მისის თავისუფლების ციხე-სიმაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღვწის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია… კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზაგახსნილია სიკეთისათვის“.

ბრძოლა სამართლიანობის ღირებულებაზე დაფუძნებული კანონებისთვის სწორედ პიროვნული თავისუფლების გზაზე გადის. ამიტომაც აცხადებს ილია: „თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.

წესს, რომლითაც შემოსაზღვრულია ინდივიდის ყოფისა და მოქმედების დაცული და თავისუფალი სფერო, კანონი ეწოდებაო, მოგვიანებით იტყვის ფრიდრიხ ჰაიეკი პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების იმგვარი ფორმის შესახებ, რომელიც ინდივიდთა საზოგადოებაში თანაცხოვრების შესაძლებლობას იძლევა, კულტურათა განსხვავებული წესების, ნორმების თუ ტაბუების მიუხედავად. სწორედ მათგან დასაცავად გვზღუდავს კანონი ჩვენივე თავისუფლების უზრუნველსაყოფად მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონი ღირებულია, თუ დროს უძლებს და ათასწლეულიც ვერ გადააფასებს; ხოლო თუ ფასეულობათა სკალას ოდნავადაც ასცდა, ალუდას მუცალისათვის ხელის მოკვეთა დაავალა, მუცალს – სტუმრის ღალატი, აღაზას და ძიძიას – თვითმკვლელობა… მაშინ ირღვევა კანონის პარადოქსულობა, იგი მხოლოდ გვზღუდავს, თუმცა ჩვენს თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ ვრჩებით კანონის მიერ დაწესებულ საზღვრებში, სხვა პირის ნებაზე დამოკიდებულნი, ვინმეს ავტორიტეტის ქვეშ მოქცეულნი, უფლება და ღირსებააყრილნი. ამ შემთხვევაში ვკარგავთ პიროვნულ თავისუფლებას, რომელსაც ეროვნულ თავისუფლებასთანაც აუცილებლად ექნება ზიარობის ვრცელი შრე თუ დონე.

ოთარაანთ ქვრივი ეროვნული თავისუფლებისაგან დაქვრივებული პერსონაჟი მგონია, რომელმაც კი შვა ღვთის ნიშნით აღბეჭდილი ძე, თუმცა, ვინ იცის, განგებამ მისი სახელი კვლავ ბაზალეთის თუ სხვა რომელი ტბის ძირას ჩაიტანა.

[1]https://lashachochua.yolasite.com/resources/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%20_%20%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90.pdf

[2] https://www.europeangeorgia.ge/blogs/ilia-chavchavadze-ra-aris-tavisufleba

ბავშვები, ბლოგერობა – სიკეთე და საფრთხე

0

იუთუბზე ყველაზე მეტი აქტივობა საბავშვო არხების წილად მოდის. 13 წლამდე ბავშვების მიერ გადაღებულ ვიდეოებს სამჯერ მეტი ნახვა აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს. მეტიც, ათი უმდიდრესი YouTube-არხიდან ხუთი ბავშვების საკუთრებაა.

ვიდეობლოგები ჩვენი დროის ტრენდია და მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ამიტომ ბავშვისთვის მათი აკრძალვა შეუძლებელია, მაგრამ მშობლებს უნდა აინტერესებდეთ, რომელ ბლოგებს უყურებს მათი შვილი, რა მოსწონს, YouTube-ის რომელ ვარსკვლავს სურს ჰგავდეს და თავად რა ბლოგს უძღვება.

თუ ბავშვმა ბლოგერობა მოისურვა, ერთადერთი, რაც მშობლებს მოეთხოვებათ, შვილის მხარდაჭერაა. მხარდაჭერა და რწმენა ყველაზე ღირებული რამაა, რისი მიცემაც მშობლებს შეუძლიათ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ ჩავუხშოთ ბავშვს თვითგამოხატვის სურვილი, არ დავცინოთ მის საყვარელ გასართობს. პირიქით, მივცეთ შანსი, ამ ასპარეზზეც მოსინჯოს თავისი ძალები. იქნებ ცნობილი ბლოგერი არ გახდეს, მაგრამ ბევრ სასარგებლო უნარს შეიძენს, რადგან ვიდეობლოგინგი არა მხოლოდ რთული შემოქმედებითი პროცესია – ის რთულია ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც: ბავშვმა უნდა ისწავლოს გადაღება, დაეუფლოს ვიდეოს მონტაჟისა და დამუშავებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, თავი გაართვას YouTube-ზე ვიდეოს გამოქვეყნების სირთულეებს.

ბავშვისთვის ბლოგინგი უმეტესად ჰობია. ამ ჰობის, ისევე როგორც გატაცებების უმეტესობას, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვი მარტო არ შევატოვოთ თავის ჰობის. იდეალურ შემთხვევაში, მშობლები უნდა დაეხმარონ მას და გარკვეული მიმართულება მისცენ.

არცთუ იშვიათად მშობლები უკრძალავენ შვილს საკუთარი YouTube-არხის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ მცდარი წარმოდგენა აქვთ ამ საქმიანობის ზოგიერთ ასპექტზე. მოდი, დავამსხვრიოთ ყველაზე გავრცელებული მითები ბლოგინგის შესახებ:

 

მითი #1. ბლოგინგი პროფესია ვერ გახდება.

სწორედაც რომ გახდება. ცნობილი ბლოგერები დღეს სერიოზულ ჰონორარს იღებენ თავიანთ არხებზე რეკლამისთვის. ეს ბავშვებსაც ეხება. მაგალითად, 7 წლის ამერიკელმა რაიანმა თავისი არხით სათამაშოების რეკლამისთვის 2018 წელს 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მაშინ სათამაშოების მიმოხილვას 19 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. საინტერესოა, რომ მშობლებმა ბავშვისთვის არხი გასართობად 2015 წელს შექმნეს.

თუ ბავშვი ბლოგით ცხოვრობს, თუ მეტისმეტად არის ამ საქმიანობით გატაცებული, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს, ის პროფესიად აქციოს. მთავარია, სწორი ნიშა იპოვოს.

 

მითი #2. ბლოგერები იღებენ არაფრის მომცემ ვიდეოებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნია.

YouTube-ზე მართლაც უამრავი ინფორმაცია იტვირთება, რომლის შინაარსი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, თუმცა პოპულარული ხდება გამოსადეგი არხები. მაგალითად, მაყურებელი ხშირად ეძებს სასარგებლო რჩევებს, გარდერობის არჩევით დაწყებული, სადილის მომზადებით დამთავრებული. მეორე მხრივ, ბლოგერები ტესტავენ სათამაშოებს, მიმოიხილავენ ახალ ტექნოლოგიებსა თუ ფილმებს, გვირჩევენ, რა წავიკითხოთ, რა ვითამაშოთ.

 

მითი 3. ბლოგებს ზარმაცი, არაფრის გამკეთებელი თინეიჯერები უყურებენ.

სინამდვილეში YouTube-ს დღეს თითქმის ყველა ბავშვი და მოზარდი უყურებს. სხვა საქმეა, რას უყურებენ და რამდენს. თუ ბავშვი ბლოგებიდან მიღებულ ინფორმაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ეს უკვე აღარ არის დროის კარგვა.

გარდა ამისა, ცნობილი ბლოგერების გამომწერები ქმნიან ჯგუფებს, სადაც ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთს და კრეატიულ იდეებს უზიარებენ.

რითაა სასარგებლო ბლოგერობის გამოცდილება? უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები წარმატებული მომავლის გასაღებია. რაც უფრო მეტ პროგრამას დაეუფლება ბავშვი, მით უკეთესი. გარდა ამისა, ინგლისურის ცოდნასაც გაიუმჯობესებს.

საზოგადოდ, ბავშვის სურვილს, გადაიღოს ვიდეო ან გაუძღვეს საკუთარ ბლოგს, შემდეგი დადებითი ასპექტები აქვს:

. ბლოგინგი შესანიშნავი საშუალებაა კომუნიკაციისა და წერის უნარების დასახვეწად. მომავალში ბავშვს გაუადვილდება საჯაროდ გამოსვლა.

. ბლოგინგი ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. ზოგიერთი ბავშვი სხვისი იდეების გამეორებით იწყებს ვიდეოების გადაღებას, მაგრამ შემდეგ საკუთარ ფორმატსაც აგნებს.

. საკუთარი არხი ბავშვისგან სისტემურ მუშაობას მოითხოვს. ეს არის დაგეგმვა (კონტენტის გეგმის შექმნა, სცენარისა და გადაღების ადგილებზე ფიქრი), იდეების გენერირება (ტენდენციების ანალიზი, პოპულარული არხები), გადაღება და მონტაჟი (პროგრამებთან მუშაობა).

. ბლოგინგი უდავოდ ავითარებს ლიდერის თვისებებს. ბავშვები სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას.

. სოციალური ქსელებისთვის ფოტოების გადაღება, პოსტების წერა ძალიან პროდუქტიული გზაა სკოლის შემდეგ თავისუფალი დროის გასატარებლად.

. ბლოგერები ბევრს ურთიერთობენ როგორც ონლაინ, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ისინი ხშირად აერთიანებენ სხვა კრეატიულ ადამიანებს ერთობლივი პროექტებისთვის. თანამშრომლობა – ეს უნარი დღეს დიდებსაც სჭირდებათ და არასრულწლოვნებსაც.

. თუ ბავშვი საინტერესო ვიდეოებს იღებს, ადრე თუ გვიან ის შეძლებს ფულის გამომუშავებას – მას ან რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ, ან დასაქმების თაობაზე მიიღებს წინადადებას.

რაც შეეხება უსაფრთხო ბლოგინგის წესებს:

. აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ, რისი გაკეთება არ შეიძლება ინტერნეტში. უთხარით, რომ არ უნდა ილაპარაკოს თავის საცხოვრებელ ადგილზე, სკოლაზე და სასურველია, არ გაამჟღავნოს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი. უმჯობესია, ფსევდონიმი აირჩიოს. აუხსენით, რომ არ უნდა მოყვეს საჯაროდ, სად და როდის აპირებს წასვლას. ასევე არ შეიძლება ინტერნეტში გაცნობილებთან შეხვედრა თქვენთან მოთათბირების გარეშე.

. პრობლემაა უარყოფითი კომენტარებიც. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა აკეთოს, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, შეურაცხყოფა მიაყენონ და გააუფასურონ მისი შრომა. თუ თქვენი შვილი ისწავლის, რეაგირება არ მოახდინოს ცუდ კომენტარებზე, ეს მომავალში ძალიან დაეხმარება. აუხსენით, რომ ცხოვრების გზაზე დროდადრო ყველა ვხვდებით არასასიამოვნო ადამიანებს.

თუ ბავშვი ტოპ ბლოგერების ისტორიებს გავეცნობით, დავინახავთ, რომ მათ მშობლები ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, სხვაგვარად შეუძლებელია წარმატებული არხის შექმნა, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ეყოლება. ყველაზე ცნობილი არხები ყოველთვის მშობლებისა და შვილების ერთობლივი ნამუშევარია.

თუ ამის გაკეთება არ გსურთ, უბრალოდ, მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილს და დაეხმარეთ ამ პროცესის რთული მომენტების გაგებაში. შესაძლოა, ვიდეოკამერის შეძენა მოგიწიოთ, თუ ბავშვი ბლოგერობამ სერიოზულად გაიტაცა.

საბავშვო კონტენტს YouTube-ზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მას ხშირად აკრიტიკებენ. ბევრი ბლოგერის მშობლებს შვილების ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, საბავშვო არხების რაოდენობა დღიდან დღემდე იმატებს, ხოლო არასრულწლოვანი ბლოგერები სულაც არ გამოიყურებიან დაჩაგრულებად. პირიქით, ღიმილით აგრძელებენ ცხელ-ცხელი ვიდეოებით გამომწერთა აღფრთოვანებას.

ონლაინ-ცხოვრება დღეს რეალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ გავექცევით. ამიტომ ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, მიუდგნენ მას, როგორც რაღაც ისეთს, რაც მათი შვილისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

 

 

 

პირველი შვილობის თავგადასავალი

0

რომელი შვილი ხართ ოჯახში? პირველი, მეორე, მეხუთე?

გაიხსენეთ, რამდენი ფოტო გაქვთ ბავშვობისა თქვენ და თქვენს დედმამიშვილს. საინტერესო ამბავია?

დედისერთაც პირველია და, საზოგადოდ, პირველი შვილი ყოველთვის სტრესის ქვეშ იზრდება. მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, შესაბამისად, კონტროლის ქვეშ ჰყავთ – მშობლებს, ბებია-ბაბუას, ახლო ნათესავებს. რაც უფრო დიდია ეს წრე, მით მეტი შანსია, ბავშვი საბოლოოდ მორცხვი, თავშეკავებული, შფოთვისკენ მიდრეკილი გაიზარდოს, რადგან მისკენ ათასი თვალი და ყურია მიპყრობილი და წლების განმავლობაში იღებს უფრო მეტ ქება-დიდებასაც და შენიშვნასაც, ვიდრე მის შემდეგ დაბადებულები.

ჯერ მარტო იმის ცქერა რად ღირს, როგორ დაჰკანკალებენ პირმშოს მშობლები. დღეში რამდენჯერმე უცვლიან სამოსს, აბანავებენ ფრთხილად და მოზომილად, აქაოდა, არაფერი ვავნოთო. მისი გამოკვების პერიოდი ერთი დიდი რიტუალია და ჩვილის დეფეკაცია ხომ „გოდოს მოლოდინია“!

ბავშვზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ ჰიპერმზრუნველობით შეიძლება პიროვნება დავაზიანოთ. გამუდმებული ზრუნვა და შფოთვა: არის თუ არა წყალი საკმარისად თბილი ბანაობისთვის, ხომ არ მოშივდა პატარას, რომელმაც ოცი წუთის წინ წოვა ძუძუ, რამე ხომ არ გამორჩა მშობელს? რამდენ დედას დაუძინია ამაზე შფოთვით, რომელსაც „ზემდგომი თვალების“ ფხიზელი ყურადღება კიდევ უფრო ამძაფრებს!

პირველი შვილის ტრაგედია – ასე შეიძლება ეწოდოს ეფექტს, როდესაც ბავშვის ნარცისიზმს კონკურენტის გაჩენისას სერიოზული გამოცდა ელოდება. ვინ არის ეს პატარა მჩხავანა არსება, რომელმაც უფროსების მთელი ყურადღება დაისაკუთრა? დედა, მამა და სხვები მის ჭირვეულობას უფრო მეტად ითვალისწინებენ. პატარა მანიპულატორი გამუდმებით ტირის და ყველა მასზე იწყებს ზრუნვას, არადა, პირველმა ხომ ყველაზე უკეთესად იცის, რომ ეს ყველაფერი ყურადღების წართმევის მიზნითაა „დაგეგმილი“?!

პირველი შვილის ეჭვიანობას საზღვარი არ აქვს. ზოგიერთი ბავშვი ამას გამოხატავს (შესაძლოა, უკვე მოზრდილმა, ისევ მოითხოვოს საწოვარა. გაუჩნდეს აგრესია დედმამიშვილის მიმართ, დაეწყოს ენურეზი და სხვა), ზოგიერთი კი ვერ ან არ ამჟღავნებს, რა ხდება მის სულიერ სამყაროში და არაცნობიერში გადააქვს ტრავმა, რომელსაც „კონკურენტის“ გამოჩენა აყენებს.

ასეთი ბავშვები ცდილობენ, იპოვონ თანატოლები, რომლებთანაც ლიდერობას მოახერხებენ. ხშირად აქვთ უთანხმოება მეგობრებთან და განსაკუთრებით უჭირთ უმცროსებთან ურთიერთობა.

პირველ შვილზე განსაკუთრებული ზეწოლა მიმდინარეობს, მისგან მოითხოვენ უმცროსზე ზრუნვას, აკისრებენ დიდ პასუხისმგებლობას: „შენგან ამას არ ველოდი“, „იმედი არ გამიცრუო“, „საუკეთესო უნდა იყო“ და ასე შემდეგ. მშობლის ნარცისული ბუნება ტვირთად აწვება პატარას და რა გასაკვირია, რომ ბავშვიც მარცხის შიშით იზრდება. მისი მთავარი მოტივატორი შეცდომის დაშვების შიშია და არა წარმატების სურვილი. ყოველი წარუმატებლობისთვის, ყოველი შეცდომისთვის ის შენიშვნას იღებდა. ამან თავდაჯერება მოუსპო და კიდევ უფრო მიაჯაჭვა მშობელს.

ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ „დამჯერის“ იმიჯი და ასეც ახასიათებენ: „ისეთი დამჯერია, უმცროსს კი არ ჰგავს!“

სინამდვილეში უფროსიც ბავშვია. ისიც იყო პატარა, მასაც სურდა ცელქობა, რაღაცის გაფუჭება, სამყაროს შემეცნება, მაგრამ რამდენჯერაც სცადა, დასაჯეს. იქნებ არავის მიუტყეპია, მაგრამ სითბოს ნაკლებობაც ხომ სასჯელია ბავშვისთვის? მისი თანატოლები ერთობიან, ცელქობენ, ჟრიამულობენ, ის კი დედის გვერდით ზის ერთგული ლეკვივით და თვალს აპარებს სხვებისკენ, რომლებსაც ასე ახასიათებენ უფროსები: „ისინი ბავშვურები არიან, ეს კი (პირობითად, ლუკა, ელენე, თაზო, ანასტასია…) სხვანაირად განვითარებული და გონიერია, ამიტომ უჭირს სხვებთან საერთო ენის გამონახვა“.

სინამდვილეში ლუკა, ელენე, თაზო, ანასტასია… ისეთივე ბავშვია, როგორიც სხვები. მასაც ისევე სჭირდება თამაში, როგორც მის თანატოლებს, მასაც უნდა, აურიოს, გამოიგონოს, გაერთოს, იჩხუბოს, მაგრამ ეს სურვილები სადღაც შიგნით იბოჭება, რადგან თავის დროზე სხვანაირი ფორმულა მოარგეს.

ასეთი უფროსი შვილი უფრო და უფრო კარგავს ინიციატივას. თუ შესაბამის გარემოში მოხვდა და თვითრეალიზება მოახერხა, შესანიშნავია, თუ არადა, მისი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვან გამოცდას გაივლის. შესაძლოა, კარგადაც ისწავლოს, შესანიშნავი მანერებიც ჰქონდეს, ფანტასტიკურად აზროვნებდეს, მაგრამ აკლდეს მთავარი – თვითმყოფადობა, თავისუფლება, გადაწყვეტილებების სითამამე და ეს მისი ცხოვრების გოლგოთად იქცევა.

დაიბადა მეორე. უფროს შვილს ეჭვიანობის მთელი გზა აქვს გასავლელი. რა ხდება მის პატარა, ფაქიზ სულში, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რადგან რამდენი ჩანაწერიც, რჩევაც, გამოცდილებაც უნდა წავიკითხოთ, ვოლტერის თქმის არ იყოს, „სულები უფრო განსხვავდებიან, ვიდრე სახეები“. რა შფოთვას, ტკივილს, ტანჯვას გაივლის ბავშვი ასეთ დროს, კაცმა არ იცის. რამდენ ბავშვს წარმოუდგენია, რომ მისი „დანაშაულის“ გამო, როცა მშობელი დაემუქრა, სახლიდან წავალ ან ბავშვთა სახლში ჩაგაბარებო, სასჯელის დრო დადგა – გამოჩნდა ეს პატარა „ვიღაც“, ვინც დედისა და მამის მზრუნველობა მიისაკუთრა და თუ ახლა რამეს დააშავებს, შეიძლება გააგდონ, რადგან „მეორეც ჰყავთ!“

ამ, ერთი შეხედვით, ჰიპერბოლიზებულ თხრობაში სიმართლის დიდი წილია. პატარები ძალიან, ძალიან მტკივნეულად განიცდიან უმცროსი დედმამიშვილის გაჩენას. განსაკუთრებით – უფროსი ძმა, როდესაც მეორე ბიჭი იბადება.

ბავშვთა ფსიქოლოგები წერენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ დროს უფროსი შვილის „პროცესში ჩართვის“ მცდელობაა. ასეთ დროს უფროსი ხედავს, რომ მასაც აქვს რაღაც ფუნქცია, აკონტროლებს დედასა და მეორეს შორის არსებულ „საიდუმლო“ კავშირს, მშობლის როლს ირგებს და ახალშობილზე ზრუნავს (ამიტომაც უფროს დებს გაცილებით იოლად გადააქვთ ეს ტრავმა, ვიდრე ძმებს, რადგან გოგონებს უფრო ბუნებრივად დაიხმარენ ხოლმე მშობლები).

მაგრამ უფროსი შვილის იმგვარად ჩართვა უმცროსის მოვლაში, რომ მას ბავშვობა წავართვათ, ფუნდამენტური შეცდომაა. ხშირად მშობელი აიძულებს შვილს, მიხედოს პატარას, ჩააცვას, გაასეირნოს, „ემსახუროს“. ასეთ დროს უფროს შვილს უჩნდება ლეგიტიმური პროტესტი, რომ რაღაც უსამართლოდ ნაწილდება – ვიღაც ყოველთვის მართალია, რადგან უბრალოდ პატარაა.

რამდენჯერ დამიშვია შეცდომა და წამომცდენია უფროს შვილთან: „შენ უფროსი ხარ, მეტი გესმის, უნდა დაუთმო!“ – და იქვე მიკბენია ენაზე. განა მისი სულიერი სამყარო საკმარისად მწიფეა იმისთვის, რომ გაიგოს, რას ვგულისხმობ? განა მე, 41 წლისა, ყოველთვის ვუთმობ 3-4 წლით უმცროსს, როცა ის თავხედურად და უსამართლოდ იქცევა? ვუთმობ თუნდაც გზას მანქანის მართვისას? რატომ ვთხოვ იმავეს 11 წლის მოზარდს?

დედმამიშვილები ხშირად ჩხუბობენ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. ასეთ დროს მშობელი უნდა ერიდოს რომელიმეს მხარის დაჭერას, რადგან მომხდარს ორივე თავისებურად გადათარგმნის. სამართლიანი განსჯა არაფრის მომცემია, უმჯობესია, პატარებმა თვითონ მოაგვარონ კონფლიქტი და უფრო მეტად დაახლოვდნენ. როგორც არ უნდა ავუხსნათ, ორივე ბავშვი ურყევად იქნება დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში.

მეორე უპატიებელი შეცდომა ორივეს დასჯაა. მშობელს სურს, სამართლიანი იყოს და გამოძიების ნაცვლად მხარეებს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ ამით უფრო მეტ ზიანს აყენებს სიტუაციას და მეტად უბიძგებს შვილებს, ერთმანეთი არ უყვარდეთ.

მესამე, ასეთივე მნიშვნელოვანი შეცდომა მოჩხუბარი ბავშვების ხელოვნურად შერიგებაა: „თქვენ ხომ ძმები ხართ!“, „ნახეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი!“, „გადაკოცნეთ!“, „უთხარით ერთმანეთს, რომ აპატიეთ და გიყვართ!“ – ეს ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მომხდარა. ხელოვნურად შერიგებული ბავშვები წყენას გულში იტოვებენ და ზრდასრულობისას ეს ყველაფერი იმით გამოვლინდება ხოლმე, რომ თუ მანამდე საზამთროს ნაჭრისთვის ჩხუბობდნენ, ახლა შესაძლოა ქონებრივი დავის გამო ან სხვა, თითქოსდა უწყინარი მიზეზით მტრად მოეკიდონ ერთმანეთს.

მიეცით ბავშვებს ბრაზისა და სიხარულის გამოხატვის უფლება. ნუ იქცევით საკუთარი შვილების მოსამართლეებად, რადგან სინანულის განცდა ინდივიდუალური და ეგზისტენციალური აქტია. შვილები ერთმანეთზე აუცილებლად იეჭვიანებენ. ეს ბუნების კანონია. გამოხატავს თუ არა ამას რომელიმე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი, ვინც ამ ტექსტს კითხულობს, იქნებ არც დამეთანხმოს და თქვას: „მე ასეთი არ ვყოფილვარ“, – მაგრამ საკუთარი არაცნობიერის ანალიზისას შესაძლოა სულ სხვა რეალობას წავაწყდეთ.

საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს პრინციპი სამ და მეტშვილიან ოჯახებში. იქ, სადაც მხოლოდ უფროსი და უმცროსი იყვნენ, ახლა სამნი არიან. უფროსი შვილი აცნობიერებს თავის ადგილს ყველაზე პატარასთან შედარებისას და ხვდება, რომ მარტო აღარაა, კიდევ ვიღაც იზიარებს მის ბედს. შუათანა, რომელსაც გამოცდილი აქვს უმცროსად ყოფნის გემო, უკვე თავად არის უფროსი. ახლა დროის, ნივთებისა და სიყვარულის განაწილებაა საქმე.

როგორც უფროსი შვილის კრიზისი იყო გასავლელი, ისევეა მოსაგვარებელი ამჯერად „შუათანას კონფლიქტი“. შუათანა ბავშვები ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვიან, ცდილობენ, რამით გამორჩეულები იყვნენ. საკუთარი ადგილის ძიებისას ისინი უნებურად მასხარას როლსაც ირგებენ: არიან მხიარულები, ზერელეები, თაღლითებიც კი. ეს ბავშვის მცდელობაა, ისევ მიიპყროს ყურადღება, რომელიც დაკარგა. უფროსი „ჭკვიანი და დამჯერია“, უმცროსი – „პატარა და სულელი, რომელსაც ყველაფერი ეპატიება“. როლები განაწილებულია, ამიტომ შუათანა ეძებს რაღაც ახალს, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მშობლებიც ხელს ვუწყობთ ამ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, როცა ბავშვებს ვურჩევთ როლებს და ვარქმევთ ისეთ სახელებს, რომლებიც ტვირთად აწვებათ. თუ უფროსებს უმცროსებზე ზრუნვას ვაიძულებთ და პასუხსაც კი ვთხოვთ მათ ნაცვლად, უმცროსებს ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ვათავისუფლებთ და „უმცროსის“ როლში ვტოვებთ. შუათანა ასეთ დროს იცვლება. ყურადსაღებია მისი ასაკიც, განსაკუთრებით – თუ ნაბოლარას დაბადებისას შუათანა უკვე მოსაწავლეა. შესაძლოა, მან სწავლას მოუკლოს. თუ ოჯახში ერთი შვილია, მეორის დაბადებისას პირველმა შესაძლოა, პირიქით, მოუმატოს სწავლას, მაგრამ ეს „კარგი გოგოს/ბიჭის“ როლი ყოველთვის სასიხარულო არ არის.

შუათანა შვილმა მასხარას როლთან ერთად შესაძლოა სხვა, უფრო უარყოფითი როლის ძიება დაიწყოს. გააჩნია ტიპაჟს, ნატურას და „სცენაზე“ დანარჩენი ორის მიერ დაკავებულ ადგილს. ასეთ დროს მშობელი გამოცდილი რეჟისორივით ან მწვრთნელივითაა: საკმარისია, მსახიობს ან ფეხბურთელს ადგილი შეუცვალო, რომ გუნდი უკეთესად ათამაშდეს.

შუათანას ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. არ შეიძლება მისი შეზღუდვა და გამუდმებით დასჯა „ქარაფშუტობის“, „აშვებული“ ცხოვრების სტილის გამო. როდესაც ოჯახში მესამე შვილი იბადება და პირველის ან მეორის ქცევაში ცვლილებებს ამჩნევთ, ეს წასაყრუებელი ამბავი არ არის. რაღაც ისეთი ტრიალებს მის გულში, რასაც ადვილად ვერ გამოხატავს, ვერ ამბობს, მალავს. ასეთ დროს აქცენტი ბავშვის დადებითი მხარეების წახალისებაზე უნდა დაისვას.

დასაფიქრებელია კიდევ ერთი რამ, რასაც ბავშვები წრფელი გუმანით გრძნობენ, მშობელს კი ამის გაცნობიერება უჭირს: შვილების გარჩევა ძალიან მტკივნეული, მაგრამ რეალური ამბავია. ძალიან ხშირად მშობელი ამოირჩევს ხოლმე რომელიმეს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, ან ხვდება, მაგრამ აღიარებას გაურბის. რომელიღაც შვილი მეუღლეს ან მის მშობლებს აგონებს, რომელიღაცაში კი საკუთარი ეგოისტური სურვილების განხორციელების შესაძლებლობას ხედავს; ერთი უფრო ლამაზი ჰგონია, მეორემ კი მისი იმედი ვერ გაამართლა, მაგრამ ამის აღიარება როგორია?! ასეთ დროს მშობელი თვითაღზრდის ხელოვნურ მეთოდს მიმართავს, ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი და უფრო მეტად აფუჭებს საქმეს. უყიდის ერთს სათამაშოს და მეორესაც ზუსტად ისეთივეს სჩუქნის, მაგრამ ბავშვები სათამაშოებით არ არჩევენ მშობლებს, ისინი ჩვენს გულს ხედავენ.

ეს „თანასწორობა“, ერთგვარი სოციალური სამართლიანობა პატარებთან არ ამართლებს. ჯერ ერთი, ორი ერთნაირი სათამაშო ნაკლებად საინტერესოა, მეორეც, ბავშვები უფრო მძაფრად ეჭვიანობენ. ისინი ხვდებიან სიტუაციის ხელოვნურობას და ყურადღებას ამახვილებენ იმ დეტალებზე, რომლებზეც სხვა დროს არ უფიქრიათ. სადაც ხელოვნურობაა, იქ ეჭვის საფუძველიც გვაქვს, რომ „რაღაც ვერაა რიგზე“.

მაშ, როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც სამი შვილი ჰყავს და სამივეს დასაჩუქრება სურს? ხომ არ აჯობებს, წინასწარ შეუთანხმდეს სამივეს სასურველი ნივთის შესახებ? თუ და-ძმის საჩუქარი ბავშვს „უკეთესი“ მოეჩვენა, დააკვირდეს და ბუნებრივად გაიაროს ცდისა და შეცდომის ცნობილი გზა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე.

ყველა დედამ და მამამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართლიანი მშობლობა ბავშვის თავისებურებების გათვალისწინებასა და გულწრფელობას გულისხმობს. ყველა მოზარდს სჭირდება სიყვარულის ის დოზა, ის მხარდაჭერა, რაც ოჯახსა და საზოგადოებაში მის როლს მნიშვნელოვანს გახდის. ყველა ბავშვის გაერთმნიშვნელიანება მართებული ვერ იქნება, რადგან ადამიანი მათემატიკური ფორმულით არ დაითვლება. როცა საქმე პიროვნებებს ეხება, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, „ერთს პლუს ერთი ყოველთვის ორს არ ნიშნავს“. ყველა მოზარდსა და ბავშვს თავისი წარმოდგენა აქვს მშობელზე. აბა, ჰკითხეთ ერთი ოჯახის რამდენიმე ბავშვს, როგორია მისი მშობელი – საინტერესო პასუხებს მიიღებთ. ისინი გარეგნულადაც კი სხვადასხვანაირად აღწერენ დედას და მამას. ჩვენგან, მშობლებისგან განსხვავებით, ვისაც შვილები ისეთები გვიყვარს, როგორ აზრსაც ვდებთ მათში, ბავშვებს ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ.

 

პ.ს. ამ წერილის წერისას გამახსენდა, როგორ მკითხა ერთხელ ჩემმა უფროსმა შვილმა მათემ ბავშვური მიამიტობით: რატომ არიან ზღაპრებსა და ლეგენდებში და ბიბლიაშიც კი უფროსი შვილები უფრო მეტად ბოროტები, უმცროსები კი – კეთილებიო?

ამ შეკითხვამ საფიქრალი გამიჩინა, გული მომიკლა და ყველა ის შეცდომა გამახსენა, რაც მისი აღზრდისას დამიშვია. მეც ხომ უფროსი შვილი ვარ და ეს გზა ხომ მეც გამოვიარე.

 

 

დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამოუკიდებელი ლიტერატურის გაკვეთილებისთვის

0

1918-1921 წლების დამოუკიდებლობაზე დღეს ბევრს ვლაპარაკობთ. ქართული ლიტერატურის კურიკულუმიც, საბედნიეროდ, გვაძლევს ამ საამაყო ამბების კიდევ და კიდევ გახსენების, მოსწავლეებთან ერთად განხილვის, ლიტერატურული ტექსტებისა თუ ისტორიული წყაროების წაკითხვის საშუალებას.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ლიტერატურული ეპოქა, რომელიც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად დაიწყო.

ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ ლიტერატურული ჯგუფებისა და ორდენების არსებობაა. სხვადასხვა გემოვნების, მსოფლმხედველობის ავტორები ერთი ესთეტიკის გარშემო ერთიანდებოდნენ, წერდნენ, კითხულობდნენ, მართავდნენ საღამოებსა და შეხვედრებს, თარგმნიდნენ უცხო ენებიდან და ჰქონდათ თავიანთი გამომცემლობები თუ ჟურნალ-გაზეთები. ვინ იყვნენ ისინი? ნიჭიერი, იდეებითა და შთაგონებით სავსე, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომელთაც სურდათ, ევროპული ხელოვნება საქართველოში შემოეტანათ.

ეს მრავალფეროვნება მართლაც გაოცებას იწვევს! 1919 წლის 28 დეკემბერს არტისტული საზოგადოების (ახლანდელი რუსთაველის თეატრის) სარდაფში გახსნილი კაფე „ქიმერიონი“ ყველა დარგისა თუ მიმდინარეობის ხელოვანთა თავშეყრის ადგილად გადაიქცა. კაფეს მოსახატად რუსეთის საიმპერატორო თეატრის მხატვარი სერგეი სუდეიკინი მიიწვიეს, ხოლო მის მხარდამხარ მუშაობდნენ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, კირილე ზდანევიჩი, ზიგა ვალიშევსკი, მოგვიანებით – მოსე და ირაკლი თოიძეები. თუმცა ლიტერატურულ საღამოებსა და იუბილეებს მხოლოდ სახელოვნებო კაფე და კამერული სივრცეები კი არა, დიდი თეატრებიც მასპინძლობდნენ. იმართებოდა ლიტერატურული დისკუსიები, რითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლიტერატურული პერიოდიკა. შეიძლება ითქვას, არც მანამდე, არც მერე არ ყოფილა საქართველოს ლიტერატურული საზოგადოება ასეთი არტისტული, ბოჰემური, მრავალფეროვანი და თავისუფალი.

ქუთაისში დაარსებული „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენი 1918 წლიდან თბილისში აგრძელებს მოღვაწეობას. იწყება დიდი „გადმოსახლება“: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი)… ეს ძალიან მჩქეფარე, იდეებითა და შთაგონებით აღსავსე პერიოდია. ისინი წერენ, იბეჭდებიან, კითხულობენ, განიხილავენ… გამოდის მათი პერიოდული ორგანოები: „ცისფერი ყანწები“, „მეოცნებე ნიამორები“, „ბარრიკადი“, „კირჩხიბი“, „შვილდოსანი“.

დიდი წარმატებით ჩაიარა მათმა პირველმა საღამომ თბილისში და სულ მალე ამ პოეტურმა ორდენმა ქართულ მწერლობაში ერთგვარი ჰეგემონის როლიც მოირგო.

როგორც ერთ-ერთი ცისფერყანწელი, შალვა აფხაიძე წერს, „განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სათავე ახალმა სკოლამ – სიმბოლიზმმა დაიკავა ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა“.

გრიგოლ რობაქიძე „ფანტასტურს“ უწოდებს 1918-1920 წლების თბილისს: „თბილისი გახდა პოეტების ქალაქი, კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. ტფილისი შეიქნა ფანტასტური“.

„ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ტექსტების გარდა, ამ პერიოდთან არის დაკავშირებული ქართული დადაიზმის, ფუტურიზმის, იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის განვითარებაც. სწორედ ამიტომ იყო თბილისი საოცარი, ეკლექტური ქალაქი. აქ 1918 წლიდან დასახლდნენ რუსეთიდან ბოლშევიკურ რევოლუციას გამოქცეული ფუტურისტებიც: ალექსეი კრუჩენიხი, იგორ ტერენტიევი, ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები, ვასილ კამენსკი, სერგეი სუდეიკინი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. ისინი მართავდნენ საღამოებს თბილისის კაფეებში, გამოსცეს ჟურნალებიც: „ზაუმნიკების კომპანია 410“, „ფუტურისტების სინდიკატი“ და „Футурвсеубежище“. ზდანევიჩი „ფანტასტიკურ დუქანში“ ატარებდა კონფერენციების ციკლს ფუტურიზმზე. მალე ქართველმა ფუტურისტებმაც თქვეს თავიანთი სიტყვა და პირველი შეკრება მოაწყვეს – გამოსცეს მანიფესტი „საქართველო – ფენიქსი“.

„ფანტასტურ“ თბილისში სხვა ლიტერატურული დაჯგუფებებიც მოღვაწეობდნენ. ამ პერიოდთანაა დაკავშირებული „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჩამოყალიბებაც, რომლის ბირთვს შეადგენდნენ კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები.

ზოგჯერ სხვადასხვა გაერთიანებასთან ერთად, თუმცა უფრო მარტო მოღვაწეობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იმ პერიოდის მთავარი ლიტერატურული ფიგურაა. სიმბოლურია, რომ ქართული პოეზიის საუკეთესო კრებული „არტისტული ყვავილები“ სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის წლებში გამოიცა. წიგნს მრავალი გამოხმაურება მიეძღვნა.

დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები: ხან „ფანტასტიკურ დუქანში“, „ქიმერიონსა“ თუ „არგონავტების ნავში“, ხანაც თბილისისა და სხვა ქალაქების თეატრების სცენაზე.   საინტერესოა, რომ სხვადასხვა ესთეტიკისა და მიმდინარეობის ავტორები არა მხოლოდ ერთ ლიტერატურულ სივრცეში მოღვაწეობდნენ, არამედ საერთო ლიტერატურულ საღამოებსაც მართავდნენ და ერთმანეთის ჟურნალებშიც იბეჭდებოდნენ.

პერიოდიკა კი მართლაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო! მარტო ჩამონათვალი რად ღირს: „შვილდოსანი“, „მეოცნებე ნიამორები“, „ბარრიკადი“, „ბუნება და ხელოვნება“, „მომავალი“, „თეატრი და ცხოვრება“, „თეატრი და მუსიკა“, „პარნასი“, „პრომეთე“, „სახალხო საქმე“, „შვიდი მნათობი“, „თოლაბურასის სარტყელი“, „ARS“, „ფენიქსი“, „კურანტები“, „არლეკინი“, „ტფილისი“, „ცისარტყელა“, „41°“, „კავკაზსკი ვესტნიკი“, „დღე“…

ამ წლებთანაა დაკავშირებული მწერალთა ორგანიზაციების გაერთიანება პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. მნიშვნელოვან ამოცანებს შორის იყო გოლოვინის პროსპექტისთვის რუსთაველის სახელის დარქმევა, რუმინეთიდან ბესიკ გაბაშვილის ნეშტის გადმოსვენება და სხვა. 1919 წლის 16 ივნისს გამართულმა მწერალთა საბჭოს სხდომამ განიხილა საკითხები: 1. მემორანდუმის გაგზავნა მთავრობისათვის მწერალთა ფონდის შესაქმნელად; 2. რესტორან „ანონაში“ მხატვრული კლუბის გახსნა; 3. ევროპაში მწერლების გაგზავნა. მალე მწერალთა კავშირმა ქალაქის გამგეობისგან შეიძინა რესტორანი „ანონა“ და იქ მოაწყო კაფე-რესტორანი და კლუბი „ქიმერიონი“. მოგვიანებით გამართულ კონფერენციაზე დაფუძნდა პოეზიის დღე, მწერალთა ორგანიზაციას ეწოდა მწერალთა კავშირი.

რისთვისაა ლიტერატურა, თუ მკითხველამდე არ მივიდა? ამაზე განსაკუთრებით ზრუნავდა არა მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა, არამედ ცალკეული ორგანიზაციებიც. საგანგებოდ გამოიყო დაფინანსება ახალი წიგნების შესაძენად და სახალხო ბიბლიოთეკების ფონდის გასამდიდრებლად. საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი, მდივანი – ანა  სოლოღაშვილი. კომისიამ შეადგინა მუშაობის გეგმა. თაყაიშვილმა თავის მოხსენებაში აღწერა შესაძენი ფონდი, სადაც კავკასიის შესახებ 2050 წიგნი იყო დაცული და მათთან ერთად – სხვა ლიტერატურაც, სულ – 2607 ეგზემპლარი. პარლამენტის ბიბლიოთეკამ 40 ათას მანეთად შეიძინა ეს ფონდი.

მკითხველისა და ავტორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორიც იმ წლებში: იმართებოდა საავტორო და საიუბილეო საღამოები, ლიტერატურული პერფორმანსები, შეხვედრები, განხილვები, დისკუსიები, ახალი ნაწარმოებების საჯარო კითხვა, რასაც ზოგჯერ ცხარე კამათი მოჰყვებოდა ხოლმე…

26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე. მზიანი, საზეიმო დღეა, ყველა გარეთაა, ადამიანებს სახე ბედნიერებისგან გაცისკროვნებიათ. ამ დღის დოკუმენტური კადრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ისაა, როგორ ხვდებიან მკითხველს დამოუკიდებელი საქართველოს პოეტები, ბედნიერი, მხიარული, განათებული, ამაყი სახეებით, როგორ მონაწილეობს ქართული ლიტერატურა ამ მნიშვნელოვან მოვლენაში, რასაც დამოუკიდებლობის დღესასწაული ჰქვია.

მგლებსა და დაკარგულ სამყაროზე

0

ბედმა გამიღიმა და ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ცხოველებსა და ფრინველებზე ზრუნვა არასდროს ბეზრდებოდათ, სადაც ისინი უყვარდათ და ამ სიყვარულის გამოხატვა იცოდნენ. ერთხანს მჯეროდა კიდეც, რომ მამაჩემსა და ბებიაჩემს ძაღლების ენა ესმოდათ, მათთან საუბარი შეეძლოთ და როცა გავიზრდებოდი, მასწავლიდნენ. ისიც მწამდა, რომ მერცხლების ოჯახმა გულკეთილობის გამო ამოგვირჩია და მერე სხვებსაც ურჩია, ბუდე ჩვენს აივანზე გაეკეთებინათ.

კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის წიგნი მაშინ უნდა წამეკითხა – რამდენ საფიქრალს გამიჩენდა, რა თავბრუს დამახვევდა… ანოტაციიდან ვიგებ, რომ ქართული თარგმანი პირველად 1980 წელს გამოცემულა – კითხვა რომ ახალი ნასწავლი მქონდა, ბიბლიოთეკის გზა კი ჯერ არ ვიცოდი. მეორე გამოცემის („დიოგენე“, 2022) ერთ-ერთი ეგზემპლარი მაგიდაზე მიდევს, შორეულ მხარეში სამოგზაუროდ მიწვევს.

„ნუ იყვირებ: მგელი, მგელი“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მოზარდების საკითხავიცაა და უფროსებისაც – ყველას წამოუშლის გრძნობებს, ყველას წარმოადგენინებს რაღაც ისეთს, რასაც არაერთგზის უნდა მიუბრუნდნენ. კრიტიკულად წაკითხვაც შეიძლება, ავტორის ვარაუდებისა თუ მტკიცებების გადამოწმება, უახლესი ინფორმაციის მოძებნა, თანამედროვე მკვლევრების მოსაზრებების გაცნობა. ბიოლოგიის მასწავლებლებს შორის ისეთებიც იქნებიან, ის პირველი გამოცემა სწორ დროს რომ ჩაუვარდათ ხელში და ფარლი მოუეტის წიგნში აღწერილი ამბებიც მოსწავლეებისთვის მრავალჯერ მოუყოლიათ.

მე კი ეს-ესაა გადავდგი პირველი ნაბიჯები და ქვეყნად ყველაზე მშვენიერ მგელს – ანჯელინასაც შევეფეთე… ავტორი წიგნს სწორედ მას უძღვნის – „ანჯელინას, ანგელოზს“. ახალგაზრდა კაცი შორეული კანადის უდაბურ მხარეში მგლების ოჯახს აკვირდება, მათ ზნესა და ყოველდღიურ საქმიანობას სწავლობს. უნდა, რომ მეტი შეიტყოს არსებაზე, რომელსაც უმოწყალოდ, სისხლისმსმელად იცნობენ და საზარელ დანაშაულებს მიაწერენ. დაკვირვებას კი ის სულ სხვაგვარ დასკვნებამდე მიჰყავს.

„რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი მგლების ყოველდღიურ ცხოვრებას, მით უფრო მიჭირდა, პირუთვნელი დავრჩენილიყავი მათ მიმართ, – მოგვითხრობს ფარლი მოუეტი. – ძალიან ვცდილობდი, მეცნიერული ობიექტურობა შემენარჩუნებინა, მაგრამ ეს ინდივიდუალური პიროვნებები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ოჯახის მამა საოცრად მაგონებდა დიდებულ ჯენტლმენს, ვისაც ომის დროს უბრალო ჯარისკაცად ვემსახურებოდი და მალე შევნიშნე, რომ მას ჯორჯს ვეძახდი“.

ჯორჯი, დიდებული მოვერცლისფრო ბეწვით, „მეფური გარეგნობით“, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ხასიათსაც შესაფერისს ავლენს – „დაუფარავი ღირსების გრძნობა გააჩნდა, მაგრამ ქედმაღლობა არ ახასიათებდა“. ნაშიერების მიმართ ზომიერად მზრუნველი და ალერსიანი იყო. მისი მეწყვილე ანჯელინა – „მოხდენილი, თითქმის სრულიად თეთრი მგელი კისერზე შემოვლებული ფაფუკი საყელოთი, განივად ჩასმული, ოდნავ ელამი თვალებით, კეკლუც ასულს წააგავდა. ლამაზი, გიჟმაჟი, ძალზე ვნებიანი და ანცი, როცა კარგ გუნებაზე გახლდათ, ძნელად თუ წარმოიდგენდით, რომ დედა იყო“. მგლების ამ აღწერას უცნაურად ამაღელვებელი სიტყვები მოჰყვება: „ჯორჯი ძალიან მომწონდა და დიდ პატივსაც ვცემდი. მაგრამ ანჯელინა საოცრად ჩამივარდა გულში და დღესაც იმ იმედით ვსაზრდოობ, რომ ოდესმე წავაწყდები ქალს, რომელშიც ანჯელინას ყველა ღირსება იქნება შერწყმული“.

ავტორის აღმოჩენები ხან მეტად სარწმუნოა, ხან – ნაკლებად. ერთ დღეს თუ გულის ამაჩუყებლად ბავშვურ გადაწყვეტილებას იღებს (მგლებს პურს გამოუცხობს – ირემი არ ჩანს და მოშივდებოდათო), სხვა დღეს გაუმართლებელ სითამამეს გამოიჩენს და მათი ბუნაგის დათვლიერებას მოინდომებს. მოხარშულ თაგვებსაც მიირთმევს – ერთი ვნახო, ჩემი მეზობლები რა გემოს ატანენო. წიგნს კი ამ სიტყვებით ამთავრებს: „ჯორჯი იდგა უდაბნოში და თავისი ოჯახის უეცრად გამქრალ წევრებს უხმობდა. ჩემთვის კი ეს იყო დაკარგულ სამყაროზე მოღაღადე ხმა, სამყაროზე, რომელიც ოდესღაც, სანამ სხვა გზას ავირჩევდით, ჩვენიც იყო; სამყაროზე, რომელსაც თვალი მოვკარი და თითქმის შევაღწიე შიგ…“.

ფარლი მოუეტთან ერთად, ჩვენც დავინახეთ ამ მომაჯადოებელი სამყაროს ანარეკლი. ჩვენც ჩავხედეთ მგელს ქარვისფერ თვალებში.

 

 

 

 

 

 

როტერდამის სკოლებში ეზოების ტრანსფორმირება

0

ათწლიანი პროექტი: გამწვანებული მოედნები ასფალტის ნაცვლად

იან მოსტერტი

პროექტის ხელმძღვანელი

ბუნების შემსწავლელი საგანმანათლებლო ინსტიტუტი

როტერდამი, ნიდერლანდების სამეფო

წარმოიდგინეთ, რომ  ცხოვრობთ სამოთახიან ბინაში დედასთან, მამასთან, ორ ძმასთან და ორ დასთან ერთად. დედას არ სურს, რომ  სახლის გარეთ ითამაშოთ – ქუჩაში ხომ ამდენი მანქანა დაქრის. გარდა ამისა, დედას მოზრდილი ბავშვების ეშინია, რომლებიც პატარებს ჩაგრავენ და ნარკოტიკებს მოიხმარენ. ასე რომ, სკოლის შემდეგ შინ რჩებით და დედას ტელეფონზე ვიდეო თამაშებით ერთობით.  აღარ იცით სად დახარჯოთ ენერგია, უკმაყოფილო ხართ, რომ ამ პატარა დახურულ სივრცეში ხართ გამოკეტილი და ხშირად ჩხუბობთ და-ძმასთან.

ასეთ რეალობაში უფრო და უფრო მეტ ბავშვს უხდება ცხოვრება. ქალაქის მოსახლეობა იზრდება და უბნები მეტისმეტად მჭიდროდაა განსახლებული. ეკონომიკური ზეწოლის გამო, ქალაქის დარჩენილ მწვანე ზონებში ახალი მშენებლობები იწყება.

აღნიშნული ვითარება, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ბავშვებს, რომლებსაც ღია სივრცეში თამაშის საშუალება არ აქვთ, ნაკლები შესაძლებლობა ეძლევათ განივითარონ სოციალური უნარ-ჩვევები, კრეატიულობა, ფანტაზია, რისკების შეფასების უნარი. მათ ასევე უჭირთ ურთიერთობების დამყარება. როდესაც ბავშვს არ აქვს საკმარისი სივრცე, რომ დამოუკიდებლად და თავისუფლად ითამაშოს, ფერხდება მისი სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარება. ფიზიკური აქტივობების ნაკლებობამ შეიძლება ბავშვის მოტორული განვითარებაც დააბრკოლოს. მუდმივად ეკრანის წინ ჯდომა ასევე საზიანოა მხედველობისთვის, კუნთოვანი სისტემისთვის და მთლიანად სხეულისთვის.

როტერდამის სკოლებში  მწვანე სივრცის მოწყობა: პირველი მცდელობა

როტერდამში ამ პრობლემების გადასაჭრელად, დაახლოებით 10 წლის წინ, პროექტზე დავიწყე მუშაობა. ჩვენ შევქმენით ახალი გამწვანებული სასკოლო მოედნები, სადაც   ამ უბნის ყველა ბავშვს შეეძლო თამაში, როგორც გაკვეთილების პერიოდში, ასევე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. ვიმედოვნებდით, რომ მასწავლებლებიც გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას და   საცდელ გაკვეთილებს ღია სივრცეში ჩაატარებენ.

იმ დროს თითქმის ყველა სკოლის ეზო ასფალტით იყო დაფარული ან ქვებით  იყო მოკირწყლული,  გარს კი რკინის ღობე ერტყა, ყოველგვარი გამწვანების გარეშე. ამგვარი მოწყობის გამო, ეზოები ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებოდა. სკოლის ეზოები გაკვეთილების შემდეგ იკეტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თითქმის ყველა უბანი ბავშვებისთვის განკუთვნილი  სათამაშო მოედნების ნაკლებობას განიცდიდა. არსებულ სათამაშო სივრცეებს კი, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბავშვები  “მოსაწყენს” უწოდებდნენ, თუმცა სამ საყვარელ ადგილს შორის მაინც ასახელებდნენ.

პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ სათანადოდ ვერ შეფასდა აშენებული მოედნების შემდგომი მართვისა და ტექნიკური მოვლა-პატრონობის აუცილებლობა. ზოგიერთ სკოლაში მწვანე საფარი და მცენარეები გადახმა, ზოგიერთ სკოლაში კი სათამაშო მოედნები სარეველა ბალახით დაიფარა. ხშირი იყო ვანდალიზმის შემთხვევებიც, რის გამოც სკოლების უმეტესობა, სასწავლო პროცესის დასრულებისას, ეზოებს კეტავდა.

უფროსები მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოებზე არ უნდა ზრუნავდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების განვითარებისთვის არსებით ასპექტს,  შესაძლო რისკებთან გამკლავების უნარს,  ეხება.”

 

მეორე ეტაპი – შეცდომების გამოსწორება

ჩვენ  გავითვალისწინეთ დაშვებული შეცდომები და შვიდი წლის წინ სკოლების ეზოების გამწვანების ახალი კონცეფცია შევიმუშავეთ, რომელიც კვლავ როტერდამის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. ახალი საპილოტე პროექტისთვის სკოლების მცირე რაოდენობა შევარჩიეთ.

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, სკოლებს სუბსიდიის მისაღებად, საკუთარი ხედვის  წარმოდგენა ვთხოვეთ. მათ უნდა დაესაბუთებინათ თუ რატომ  სურდათ პროექტში მონაწილეობა; უნდა წარმოედგინათ  მწვანე სივრცეების მართვისა და მოვლა-პატრონობის გეგმა. გარდა ამისა, უნდა დაედასტურებინათ, რომ სკოლის მიმდებარე სივრცე ხელმისაწვდომი იქნებოდა ამ უბნის სხვა ბავშვებისთვისაც სასწავლო პროცესის დასრულების  შემდეგ, შაბათ-კვირას და სასკოლო არდადეგების პერიოდში. გადაწყვეტილების მიღებამდე, ვხვდებოდით სკოლების ხელმძღვანელობას და პროექტის დეტალებს განვიხილავდით.

სუბსიდია ერთი წლის ხარჯების დაფარვას ითვალისწინებდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პროექტი საკუთარი ხარჯებით უნდა ემართათ. სკოლების უმეტესობის ბიუჯეტი უკვე ითვალისწინებდა არსებული სათამაშო მოედნების მოვლის ხარჯებს, რაც განკუთვნილი იყო სათამაშო მოედნების ველოსიპედებით, სათამაშოებით და სხვა ნივთებით მოსამარაგებლად. ახლა სკოლის ხელმძღვანელობას არსებული ფინანსები ახალი კონცეფციის განხორციელებისკენ უნდა მიემართა. ამავე დროს, მათ შეეძლოთ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების და უბნის მაცხოვრებლების შემადგენლობით  გუნდის ჩამოყალიბება. გუნდი სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობის ნაკლებ რთულ ასპექტებზე იყვნენ პასუხისმგებლები. პროცესებში ამგვარი ჩართულობა კი მათ   “მესაკუთრეობის” გრძნობას აძლიერებდა.

ჩვენ ასევე გვსურდა, რომ მასწავლებლებში გაკვეთილების ღია სივრცეში ჩატარების სურვილი გაგვეღვივებინა. როგორც აღმოჩნდა, მასწავლებლები სიამოვნებით ატარებდნენ გაკვეთილებს  სკოლის ეზოში. თუმცა, მათ დახმარება სჭირდებოდათ, რათა მეტი კრეატიულობა გამოეჩინათ, სწავლება მხოლოდ სახელმძღვანელოების მასალაზე არ აეგოთ და მწვანე სივრცე  ცოცხალ სასწავლო მასალად გამოეყენებინათ. ჩვენ  მოწმენი გავხდით, თუ როგორ  შეიცვალა სასკოლო საბჭოების ხედვა და მიდგომები, როდესაც მათ ღია სივრცეში სწავლების დადებითი მხარეები დაინახეს. გარე სივრცეში გამართული სასწავლო პროცესი, მოსწავლეების მეტ ჩართულობას, ინტერესსა და კითხვების დასმის სურვილს აღვივებდა. მასწავლებლები კი უკეთ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში მოსწავლეების განსხვავებული სწავლის სტილის გათვალისწინებას.

პრობლემატური აღმოჩნდა სკოლის დირექტორების სრული მხარდაჭერის მოპოვება. პროექტის საწყის ეტაპზე, ისინი ყურადღებას შესაძლო რისკებზე ამახვილებდნენ, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვების უსაფრთხოება. ჩვენ კი თამამად ვუმტკიცებდით, რომ უფროსები მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოებზე არ უნდა ზრუნავდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების განვითარებისთვის არსებით ასპექტს, შესაძლო რისკებთან გამკლავების უნარს,  ეხება.

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, მოხდა მიღებული გამოცდილების გათვალისწინება. უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა კონცეფციის დადებითი მხარეები. შესაბამისად, თანდათანობით  გაიზარდა პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების რიცხვი.  სკოლების შესარჩევად შეიქმნა საბჭო, რომელიც სკოლებს მათი მოტივაციის საფუძველზე არჩევდა – არკვევდა რატომ სურდათ “მწვანე სივრცის” შექმნა, რამდენად სწორად ესმოდათ კონცეფციის ძირითადი ასპექტები, რა იყო მათი ხედვა  ღია სივრცეში გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე,  განვიხილავდით, რამდენად გასწვდებოდა მათ ხელთ არსებული  დრო და ფინანსები სკოლის ეზოს უბნის ბავშვებისთვის გასახსნელად და აღნიშნული ინიციატივის გრძელვადიანად უზრუნველსაყოფად.

სკოლების გამწვანებული ეზოები და კლიმატური ცვლილებები

პროექტის მსვლელობისას, ასევე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გამოგვეყენებინა სკოლის ეზო კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის გასაძლიერებლად.  ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ბეტონის შენობები ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას. ასევე, ზრდის დატბორვის საშიშროებას. ღია, სათანადოდ დაგეგმარებული, მწვანე სივრცეები კი ამცირებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს.

სკოლის მწვანე სივრცე საუკეთესო ადგილია მრავალფეროვანი მცენარეების  გასაშენებლად, სხვადასხვა ფრინველის, პეპლების და ფუტკრების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია სკოლის ეზოში ისეთი გარემო  შექმნა, სადაც მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარების მოტივაცია, მშობლებს კი ბავშვებთან თამაშის ან მეზობლებთან საუბრის სურვილი გაუჩნდებათ. სკოლის ეზო უბნის ბავშვებისთვის სამეზობლოში არსებულ ერთგვარ “მწვანე ოთახად” უნდა იქცეს.

“როდესაც პროექტმა მეტად მასშტაბური ხასიათი მიიღო,  ჩვენ ასევე შევძელით გვეკვლია, თუ რა წვლილი შეაქვს გამწვანებულ სასკოლო გარემოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში.”

მიღებულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ იდეალურად მოწყობილი  სკოლის ეზო, ბავშვებს შორის სახალისო ინტერაქციას მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს და ყველა შესაძლო სენსორული არხით სწავლის საშუალებას იძლეოდეს. ამგვარ სივრცეში,  ბავშვებს შეეძლებათ ხეებზე აძრომა და სივრცის სრულად, ზედხედით დანახვა; წყალში თამაში და “კაშხლების აგება”; გორაკებიდან დაშვება; ყვავილების სურნელის შეგრძნება;  დამალობანას თამაში.  ეფექტურად მოწყობილ სკოლის ეზოში, პატარა თავგადასავალში მონაწილეობა და გარკვეულ “რისკებზე” წასვლაც უნდა იყოს შესაძლებელი. ამასთანავე,   ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვებს, მშვიდ გარემოში, განმუხტვისა და სიამოვნების მიღების საშუალება ექნებათ.

სკოლის ‘მწვანე ეზოს’ მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლია. შესაძლებელია იყოს  სასწავლო სივრცე, რომელიც ბავშვების განვითარების საშუალებას იძლევა; უბნის მაცხოვრებლების თავშეყრის ადგილი; ადგილი, სადაც ბავშვი სხვადასხვაგვარი ამინდის თავისებურებებს შეეჩვევიან. ეზოს მრავალფუნქციური დანიშნულება მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მოძიების საშუალებასაც იძლევა. როტერდამის სკოლების მწვანე ეზოები ფინანსდება  ისეთი მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა “Youth and Education” “City Management,” “Child-friendly neighborhoods” და “Climate Adaptation and Health.”

მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. მაგალითად, მეტი წახალისებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლები კიდევ უფრო მეტი გაკვეთილის ჩატარებას შეძლებენ გარეთ, ღია სივრცეში. სკოლის ეზოებს კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ექნებათ, თუ გაძლიერდება თანამშრომლობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან, და მათი ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება და განხორციელდება. ასეთ შემთხვევაში,  სკოლის ეზო ის სივრცე გახდება, სადაც მომსვლელი თავს კომფორტულად იგრძნობს  და შეექმნება განცდა, რომ ეს “მისი” სივრცეა.

ამჟამად, პროექტი როტერდამის 37 სკოლაში მიმდინარეობს. ვმუშაობთ როტერდამთან და ასევე ნიდერლანდების სხვა ქალაქებთან, რათა შევიმუშაოთ ოფიციალური პოლიტიკის  დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი, თუ რას გულისხმობს „გამწვანებული სკოლის“ მოდელი.   ჩვენი მიზანია, რომ სკოლის საბჭოებმა მომავალში ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინონ ეზოების გამწვანებისთვის საჭირო ხარჯები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ბავშვიანი ოჯახები,  დაინახავენ აღნიშნული „მწვანე სივრცეების“ მნიშვნელობას მათი კეთილდღეობისთვის, აიღებენ პასუხისმგებლობას და შეიტანენ წვლილს ამგვარი სივრცეების მეტად გასავითარებლად.

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: http://earlychildhoodmatters.online/2021-19

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...