ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

ძვირფასი დრო ბავშვებისთვის

0

ისეთი დღეები მიყვარს, როცა სახლში დიდი ხმაური, სითბო გუზგუზებს, ყველა ერთად ვართ, მამა თავის სამუშაოს უზის, შენ შენსას, ტოსტები” იხუხება, ბევრი გემრიელი საჭმელია და ჩვენ ყირაზე გადავდივართ”, მითხრა ჩემმა რვა წლის შვილმა ერთი ძალიან, ძალიან დამქანცველი დღის ბოლოს, როცა ყველაზე მეტად გამახარებდა საღამოს მშვიდი ძილისწინა რუტინა: დროულად დაძინებული ბავშვები და სიწყნარე სახლში.

ხმაური და ყირაზე დგომა ალბათ დიდი მოულოდნელობა არ იქნება ისეთ სახლში, სადაც ორი, თითქმის ერთი ასაკის და უკვე ინტერესებდაახლოებული ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც ერთმანეთი მაინც ყველაზე მეტად უყვართ და ზოგჯერ ერთმანეთს ყველაზე მეტად „ემტერებიან”, ყველაზე „ბნელ” საქმეებში ერთმანეთის თანამზრახველებიც არიან და ყველაზე კარგი თამაში მაინც ერთად გამოსდით. მაგრამ, თუ ოჯახის უფროსი წევრებიც ჩავერთვებით მათ თამაშებში, ყველაზე ბედნიერი მაშინ არიან და სიხარულსაც და მადლიერებასაც უშურველად გვიბრუნებენ – ყიჟინაც იმატებს, ყირაზე გადასვლაც და დიდი მხიარულების ფეიერვერკია.

თამაშსა და ხალისში გატარებული დრო ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი შეიძლება მშობელმა გაიმეტოს შვილისთვის, ამას გადამოწმება არ სჭირდება. თუმცა ხშირად მშობლებს გვავიწყდება თამაში; გვავიწყდება, რომ დრო, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რა სჭირდებათ ბავშვებს კეთილდღეობისთვის? რა სჭირდებათ იმისთვის, რომ სავსე ცხოვრებით იცხოვრონ და თავი ნამდვილად კარგად იგრძნონ? ხომ არ ვაკლებთ რამეს და ხომ არ შეგვიძლია უფრო მეტად ვიზრუნოთ მათ ბედნიერებაზე? გვრჩება კი დრო, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ მათ და დღის ამბები მოვაყოლოთ? ვკითხოთ – რა ხდება მათ კლასში? რა ხდება გაკვეთილებზე? და ა.შ. – ეს კითხვები ძალიან ხშირად მაწუხებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგად ვიაზრებ, თუ როგორ მართმევს პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების გამძაფრებული შეგრძნება ამის შესაძლებლობას და რა დიდი წნეხის ქვეშ გვიწევს მშობლობა თანამედროვე მშობლებს. იმაზეც ვდარდობ, როგორ მართმევს ამ საუბრების ფუფუნებას აჩქარებული ცხოვრების სტრესული რიტმი, მუდმივი გადარბენა და ყველაფრის მოსწრების ვნება – ყველაფერი ჩავატიო ერთ ჩვეულებრივ დღეში, რომელიც არის ძალიან მოკლე, მე კი ვცდილობ, გავხადო უფრო ტევადი.

 

რაც უფრო სწრაფად იზრდებიან ბავშვები, არ მტოვებს განცდა, რომ ძალიან უნდა ჩავებღაუჭო ყველა წუთს, რომელსაც ერთად ვატარებთ; ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვრო ყველა დღე, როდესაც ფეხით ბევრი ვისეირნეთ და გემრიელი ნაყინი ვჭამეთ; დავიმახსოვრო ყველა უბრალო გასეირნება პარკსა და ქუჩაში და ეს დღეები შთამბეჭდავ მოგონებად ვაქციო. მშობლობა სწორედ ასეთი მოგონებების სკივრია, რომელსაც ბევრი ხალისიანი და ბედნიერი დღით ვავსებთ.

დრო კი მაინც ისე სწრაფად გარბის, თითქოს უკანმოუხედავად მოქუსლა. თითქოს დრო მშობლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამის უტყუარი საბუთი ბავშვები არიან, რომლებიც უსაშველოდ სწრაფად იზრდებიან და ხვდები, რომ ყველა წუთი ძვირფასია, რომელიც მოგვეცა. ყველა წუთი გამოსაყენებელია მათთან სასაუბროდ, სამეგობროდ და მათთან ერთად მხიარულებაში გასატარებლად. ამ მნიშვნელოვან წუთებზე დგას ჩვენი და მათი ცხოვრება, როგორები იქნებიან მომავალში, როგორ იცხოვრებენ, როგორ ეყვარებათ ცხოვრება და ადამიანები, როგორ გაუძლებენ განსაცდელებს…

 

 

 

 

„მოდური სიგამხდრე“ – სადამრიგებლო საათისთვის საშუალო საფეხურზე

0

„მასწავლებელო, იცით, მე პური ავკრძალე და მარტო „ხლებცებს“ ვჭამ, არ მინდა, გავსუქდე, მაგრამ სიმაღლეში მინდა გავიზარდო, ამიტომ ფიტნესზე შევედი“, – ამბობს მერვეკლასელი ნიკა.

„ჩემი შვილი საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ლობიანი და გაზიანი სასმელია მისი სადილის ულუფა“, – ჩივის შეწუხებული მშობელი, რომელმაც შვილის პედიატრთან მიყვანა გადაწყვიტა.

ენდოკრინოლოგთან ბავშვების გრძელი რიგია. ზოგს ჭარბი წონა აწუხებს, ზოგს – წონის დეფიციტი.

თვრამეტსაათიანი შიმშილი…

მარის რეჟიმი…

დიეტების ჩამონათვალი ძალიან გრძელია. „გამარჯობის“ შემდეგ პირველი გვესმის: „დაიკელი?“ „მოიმატე?“ – და ა.შ.

პირადად მე ყველაზე მეტად ჭარბწონიანი გოგოები და ბიჭები მეცოდებიან გარშემო მყოფების რეპლიკების, რეაქციების გამო. ამას მოჰყვება საკვების აკრძალვა, მთელი დღე საღეჭი რეზინის ღეჭვა და… ბოლოს – გასტრიტი.

ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები საშუალებას მაძლევს, ნებისმიერ თემას დავუკავშირო საკვების სწორად მიღების მნიშვნელობა და რაც შეიძლება მეტი ვესაუბრო მოსწავლეებს, თუმცა დამრიგებლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. თანაც სადამრიგებლო საათის ფარგლებში საინტერესო იქნება „გაუთავებელ მტანჯველ დიეტებზე“ მსჯელობა.

ჩემი წერილი ეხება მეცნიერებას წონის მატებისა და კლების შესახებ. მარტივი, ადვილად გასაგები ენით აღვწერ, რა ახდენს გავლენას დიეტების პოპულარობაზე და როგორ მოგვიყვანა ისტორიამ დღევანდელ ვითარებამდე.

 

სიტყვა „დიეტა“ ინგლისურენოვან ლიტერატურაში უბრალოდ სწორ კვებას აღნიშნავს, ჩვენ კი რომელიმე სახის საკვების შეზღუდვის აღსანიშნავად ვიყენებთ. წიგნის მაღაზიებში დიეტებთან დაკავშირებული ლიტერატურისთვის ცალკე განყოფილებაც კი არსებობს.

ამ წიგნების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მარტივი პრობლემიდან მარტივ გამოსავალს გვთავაზობენ. დიეტები პოპულარულია. არსებობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვაზე დაფუძნებული დიეტები. მიიჩნევა, რომ ყველა დიეტა აკეთებს თავის საქმეს და ადამიანი აღწევს მიზანს. საინტერესოა, როგორ ხდება ეს, როგორ შეიძლება, ყველა მიდგომა წარმატებული იყოს?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი დიეტა ზღუდავს საკვებს – ცოტას ჭამ, მეორე კი ის, რომ თითოეული მათგანი განსაზღვრული კატეგორიის ხალხზეა გათვლილი. დიდი ხნით საკვების შეზღუდვა ძნელია. შიმშილი ცვლის ადამიანის ემოციურ ფონს, ზრდის აგრესიის ხარისხს.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან გენეტიკით, კულტურით, ქცევით, ფიზიოლოგიითა და სოციალური შესაძლებლობებით. ამას ემატება ასაკი, გენდერი, ნაწლავების მიკროფლორა, საცხოვრებელი გარემო და ნათელი ხდება, რომ წონის კონტროლი ადამიანის პერსონალური საქმეა.

სიმსუქნე არ არის ერთი დაავადება, მას უამრავი ქვეტიპი აქვს. მაგალითად, ზოგიერთს ენერგიის ბალანსი აქვს დარღვეული, ზოგი გემრიელ, მაცდურ საკვებზე ვერ ამბობს უარს. არსებობს ტერმინი „წონის ჰომეოსტაზი“, რომელიც წონის ავტომატურად მაკონტროლებელ სისტემას გულისხმობს. სიტყვა „ჰომეოსტაზი“ ბერძნული წარმოშობისაა და მუდმივობას ნიშნავს. სხეულის ნებისმიერი პარამეტრის ჰომეოსტაზი ნებისმიერი ცოცხალი სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წონის დისბალანსის დროს ჰომეოსტაზის დარღვევის ორ სახეს განასხვავებენ. ადამიანების ერთი ჯგუფი ასაკის მატებასთან ერთად წონის მატებას იწყებს. ცვლილება კარგად ჩანს სარკეშიც, სასწორზეც და ექიმის კაბინეტშიც. მეორე შემთხვევაში წონა პერმანენტულად ერთნაირია, თუმცა ის არასასურველია და არაჯანსაღი გზით არის მიღწეული.

პირველ შემთხვევაში ჰომეოსტაზი არ მუშაობს, მეორეში კონტროლი ირთვება უფრო დიდი წონის მიღწევისას, რომელიც აღარ იცვლება. ჰომეოსტაზის გზით ნარჩუნდება სხეულის ტემპერატურა, სისხლის წნევა, სისხლში შაქრის რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები. გლუკოზის რეგულაციის დარღვევის შედეგად დიაბეტი ყალიბდება. შედეგი ხშირად წონის მატებაა. თავის მხრივ, სიმსუქნე დიაბეტის რისკფაქტორია.

სამწუხაროდ, საქართველოში ჭარბ წონასა და წონის დეფიციტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა არ მოიძებნა, ამერიკული კვლევის მიხედვით კი ზრდასრული მოსახლეობის 68% ჭარბწონიანია, მათ შორის 35% – მსუქანი. 1960 წლამდე მოსახლეობის მხოლოდ 13% იყო ჭარბწონიანი, 2010 წლის მონაცემებით კი – 35%.

სიმსუქნის სიხშირის მატება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის – ქვეყნის ინდუსტრიალიზაციამ და ისტორიულმა ცვლილებებმა.

ცვლილება N1: ინდუსტრიამდელ ამერიკაში სიმსუქნის მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო. იმ დროს არ არსებობდა სუპერმარკეტები, კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, გაყინული საკვები.

ცვლილება N2: შეიცვალა საკვების შემადგენლობა. მაგალითად, ზეთებში გაიზარდა ცხიმოვანი მჟავა ომეგა-6-ის შემცველობა. ვიღებთ 3-ჯერ მეტი ცხიმის შემცველ პროდუქტს, ვიდრე 1900 წელს. სიტკბოს რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

ცვლილება N3: შეიცვალა საკვების წარმოების წესი. წინათ ადამიანი საჭმელს მხოლოდ სახლში ამზადებდა, დღეს მზა საკვები ყოველ ნაბიჯზე იყიდება, თანაც ძალიან მიმზიდველად არის შეფუთული. მომატებულია კალორიების დღიური რაოდენობა. ერთ სულ მოსახლეზე 20%-ით მეტი საკვები იხარჯება, ვიდრე 45 წლის წინ.

საკვების მატებას წონის მატება რომ არ გამოეწვია, უნდა გაზრდილიყო მეტაბოლიზმის სიჩქარე და ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობა.

ცხიმოვანი უჯრედები ამზადებენ სიგნალს, რომ ორგანიზმმა საკმარისი საკვები მიიღო. კუჭი აღარ გზავნის სიგნალს შიმშილის შესახებ. ტვინმა ამ დროს უნდა დაძლიოს საკვების მიღების ცდუნება და გადარჩეს. როცა საჭიროზე 20%-ით მეტ საკვებს ვიღებთ, ის ცხიმოვან უჯრედებში გადადის. როცა წონას ვიმატებთ, უფრო მეტი საკვები გვჭირდება, რადგან მთელი დღის განმავლობაში უფრო მეტი წონა უნდა ვატაროთ. დღეში 425 კალორია, როგორც ოდესღაც, აღარ არის საკმარისი. გარდა ამისა, უფრო და უფრო იშვიათად დავდივართ ფეხით, რაც სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესებამ და პროცესების მექანიზაციამ გამოიწვია. გაზრდილია სამაგიდო სამუშაოების წილი. დღევანდელი სმარტფონები უკვე ითვლიან ნაბიჯებს და ადამიანს შეუძლია, აკონტროლოს დახარჯული კალორიების რაოდენობა. თანამედროვე ადამიანს უფრო ნაკლები სძინავს. ძილი უმნიშვნელოვანესია მეტაბოლიზმის რეგულაციისთვის. უძილობა შიმშილს იწვევს და შედეგად უფრო მეტს ვჭამთ. ცისფერი სინათლე მზის ჩასვლის შემდეგ არღვევს ძილის სინქრონულობას. ტელევიზორიდან, კომპიუტერიდან, ტელეფონიდან მომავალი ბევრი ლურჯი შუქი ძილს ართულებს. თეთრი პიქსელების სინათლის მიღება ლურჯი სინათლის გარეშე შეუძლებელია.

ამასთან, არსებობს საკვები, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს. მას ადიქციურ საკვებს უწოდებენ. ასეთია სიმინდისა და ჭარხლის შაქარი, ხორბლის ფქვილი. ორგანიზმში მათი ტრანსპორტირება ადვილია და ბევრი ენერგიაც არ იხარჯება.

შიმშილისა და სიმაძღრის შეგრძნებები კონტროლდება ნერვული ქსელით, რომელსაც უკუკავშირის სისტემას უწოდებენ. ქსელის შემადგენლობაში შედის ე.წ. ლიმბური სისტემა, შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრები, რომლებიც ჰიპოთალამუსში მდებარეობს.

ჭარბწონიანობის მიზეზია ისიც, რომ ადამიანი ემოციურად არის დამოკიდებული საკვებზე. ადამიანი ჭამს სიამოვნებისთვის და ბოლოს იტანჯება შიმშლის გრძნობით. შაქრისა და ხორბლის ფქვილის მიღების შემდეგ სიგნალი დანაყრების შესახებ არ მოდის, შესაბამისად, ვერ ვგრძნობთ დანაყრებას, ამიტომ ადამიანი კიდევ უფრო მეტს მიირთმევს. ამ საკვებს არ სჭირდება დაღეჭვა, პირში დნება, აქვს სასიამოვნო არომატი, სურნელი. სხვა ადიქციური ნივთიერებების მსგავსად, ისიც ხელმისაწვდომია.

კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ბევრი შინ არ ამზადებს საკვებს, მომარაგებული აქვს კარადაში, მაცივარში. ნაყინი საყინულეშია და გველოდება. როგორც ალკოჰოლსა და ნიკოტინს ეჩვევა ადამიანი, ისევე ეჩვევა შაქრიან პროდუქტებსა და გაზიან სასმელებსაც. ოფისებში, სადაც ადამიანებს ემსახურებიან, ლოდინის პერიოდში ხშირად სთავაზობენ ტკბილეულს. სავარჯიშო დარბაზებში ენერგიის წყაროს სახით წარმოდგენილია შოკოლადი და ცილოვანი პროდუქტები კანფეტის სახით. მიმზიდველი საკვები ზემოქმედებს მეზოკორტიკოლიმბურ წრეზე. ტვინის მიჯაჭვულობას იწვევს ვარჯიში.

ნიკოტინის ან შოკოლადის ჩიპებით არ დავბადებულვართ, ტვინს ნელ-ნელა ვაპროგრამებთ, რომ ისინი გვჭირდება და არა გვინდა. შესაბამისად, იკარგება კონტროლი.

შეგვიძლია, შევცვალოთ დამოკიდებულება. არც ისე დიდი ხნის წინ მწეველი უფრო პოპულარულ პერსონად ითვლებოდა. დღეს პირიქითაა. თუ გადაწყვეტ, მხოლოდ მაშინ ჭამო, როცა გშია, თუ იფიქრებ, როგორ იგრძნობ თავს გადავსებული კუჭით, რას იგრძნობ სასწორზე წონის მაჩვენებლის დანახვისას, შეძლებ ტვინის გადაპროგრამებას და ის ისევ გააკონტროლებს შიმშილისა და სიმაძღრის პროცესებს. ყველა ჭარბწონიანი არ არის მიჯაჭვული საკვებზე, წონის მატების მიზეზი ზოგჯერ ჰომეოსტაზის დარღვევაა, ზოგჯერ – ცუდი გენეტიკა, მოუწესრიგებელი ძილი, ცუდი კვებითი ჩვევები, ნევროზი, დისბაქტერიოზი, არაჯანსაღი გარემო. გამხდარსაც შეიძლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემა ჰქონდეს. ყველა ჩვენგანი სხვადასხვანაირია. შესაბამისად, წონის მატება-კლებისთვისაც ინდივიდუალური პროგრამები გვჭირდება და არა პოპულარული დიეტა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Gut Reactions: The Science of weight gain and loss. Simon Quellen Field, 2019

რატომ უნდა ვუკითხოთ ბავშვებს ლექსები

0

ჩემს სამი წლის გოგონას ვირუსი შეხვდა. მთელი ღამე გაუჩერებლად ახველებდა. მისი ხველება გულში ხანჯალივით მესობოდა. ბევრი რამ მოვსინჯეთ, ვერაფერმა უშველა. ხველებისგან დაოსებული მეხუტებოდა და საალერსო სიტყვებთან ერთად ჩვენი საყვარელი ლექსების კითხვა დავიწყე. ლილე ძალას იკრებდა მოსასმენად და მხოლოდ ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ახერხებდა ხველის შეკავებას.

იმ ღამეს კიდევ ერთხელ დავინახე, რა დიდი ძალა აქვს პოეზიას. მერე ერთ საინტერესო სტატიას გავეცანი და გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილებით გამემყარებინა მასში გამოთქმული მოსაზრებები.

 

თერაპია

უპირველეს ყოვლისა, ლექსების თერაპიულ ზემოქმედებაზე გავამახვილებ ყურადღებას. შეგვიძლია, საბავშვო ლექსები ფიზიკური ტკივილის დროს ყურადღების გადასატანად გამოვიყენოთ. ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, ლექსების კითხვა მენტალურ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს. ლექსების რიტმი, სიტყვების ჟღერადობა დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვზე, მაღლდება განწყობა, რაც ბავშვის ქცევის მართვასაც აადვილებს.

 

რიტუალები

ლექსების კითხვის რიტუალები თავად გამოიგონეთ. მე ბაღისკენ მიმავალ გზაზე და ძილის წინ ვუკითხავ. ის, რაც მუდმივად მეორდება, ბავშვებს სიმშვიდისა და სიმყარის განცდას უღვივებს. თან ეს პატარ-პატარა რიტუალები განსაკუთრებულ ურთიერთობას აყალიბებს.

 

პირველი ამბები

ლექსებით ბავშვები პატარა ამბებს ეცნობიან. მათი ნებისყოფა ჯერ მზად არ არის ვრცელი ამბის მოსასმენად, ამიტომ პირველი ლექსები დიდი ამბებისკენ გადებული ხიდია.

 

საუბრის დასაწყისი

ლექსის კითხვისას ხმამაღლა წარმოვთქვამთ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ბავშვის გონებაში ილექება. ადრეულ ასაკში მოსმენილი ლექსები ბავშვს ამეტყველებაში ეხმარება.

 

სოციალური უნარების განვითარება

საბავშვო ლექსებზე თაობები იზრდებიან. ყველა ქვეყანას თავისი საბავშვო ლექსები აქვს, რომლებიც დროს უძლებს და სამყაროში მომხდარი ცვლილებების ფონზეც კი ცოცხლობს. როცა ბავშვებს მშობლები ერთსა და იმავე ლექსებს უკითხავენ, სადღაც აუცილებლად იკვეთება ეს ცოდნა და ბავშვს სოციუმში დამკვიდრებაში ეხმარება. ერთი და იმავე ლექსების ცოდნა ერთიანობის განცდას ბადებს.

 

გზა წიგნის სიყვარულისკენ

ბავშვებმა ამოჩემება იციან – ითხოვენ ერთი და იმავე ზღაპრის მოყოლას ან ერთი და იმავე წიგნის წაკითხვას. ეს ბუნებრივი პროცესია. ამგვარად სამყაროს რიტმულობას ეცნობიან და ყოველდღიურად რწმუნდებიან, რომ მზად ვართ, მათ დრო დავუთმოთ. ჩემი გოგონა ერთი წლის განმავლობაში ყოველღამ მთხოვდა, მისთვის კორნეი ჩუკოვსკის „ბუზანკალი“ წამეკითხა. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვამჩნევდით, ვხარობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით. ერთხელაც აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ვრცელი ლექსი ზეპირად დაუმახსოვრებია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო: ჩვენი მიზანი ლექსების ზეპირად დასწავლა არ უნდა იყოს. 2-3 წლის ბავშვების მეხსიერება ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს და მალევე ავიწყდება. ლექსების ხმამაღლა კითხვას თავისთავად მოჰყვება დამახსოვრება. ზოგი ბავშვი სიტყვებს ცვლის, თავისებურად აღიქვამს და წარმოთქვამს და ამაზე დაკვირვებაც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს შემოქმედებითი უნარების ადრეული გამოხატვის ფორმაა.

„ბუზანკალის“ შემდეგ ჩემმა პატარა მსმენელმა თავად დაიწყო წასაკითხი წიგნების შერჩევა. უბნის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი „მიყვარხარ, დედიკო“, „პიერი და მთვარე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, თუთა ჯგუშიას ლექსების კრებული „კარგად ყოფნის წესები“ – ეს იმ საბავშვო ლექსების კრებულთა ნუსხაა, რომლებიც ჩვენს პირად ურთიერთობას გასდევს. ასე რომ, საბავშვო ლექსების კითხვამ წიგნის სიყვარულს ნამდვილად გაუღო კარი.

 

სიტყვათა მარაგი

საბავშვო ლექსების კითხვისას ბავშვის გონებაში ილექება სიტყვები, სიტყვათა მრავალგვარი დაბოლოებები. მდიდრდება ლექსიკური მარაგი, ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები, რაც კითხვის სწავლას და საუბრისას აზრის გამოხატვას აადვილებს.

 

წერა-კითხვის საფუძველი

ლექსების კითხვა წერა-კითხვის სწავლების საძირკველია. ბგერებს, რომლებიც ლექსების კითხვისას ესმით, ანბანის შესწავლისას ბავშვები ადვილად აიგივებენ ასოებთან. ნაცნობი სიტყვები ამოკითხვასა და გამთლიანებას უწყობს ხელს, სიტყვათა მარაგი აზრების წერილობით ჩამოყალიბებას აადვილებს.

 

წარმოსახვა

ყველაფერი ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვებით იწყება. ბავშვები იზრდებიან, თანდათან ეცნობიან სამყაროს და პატარაობისას მოსმენილი ლექსები ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ილუსტრირებული ლექსების წიგნი ბავშვს წარმოსახვას უვითარებს. კითხვის პროცესში შევჩერდეთ, ყურადღება გავამახვილოთ ილუსტრაციაზე, პერსონაჟის ჩაცმულობაზე, გამომეტყველებაზე. თანდათან ბავშვიც შემოგვიერთდება და ახლა თავად გაგვიწევს მეგზურობას ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენისას.

 

შემოქმედებითი უნარები

საბავშვო ლექსების კითხვის სიკეთე აისბერგს ჰგავს – ზედაპირზე მისი მხოლოდ ნაწილი ჩანს, ბავშვის ზრდასთან ერთად კი კიდევ ბევრი დადებითი მხარე იჩენს თავს, მაგალითად, შემოქმედებითი უნარები. ჩემს პატარა გოგონას კარგად გამოსდის ხატვა, წარმოსახვითი თამაშები და დარწმუნებული ვარ, ყოველივე ამას საბავშვო ლექსების ყოველდღიურმა კითხვამ, მიზნობრივმა პაუზებმა, დასმულმა კითხვებმა შეუწყო ხელი.

 

ცოდნა და ღირებულებები

აქლემი, ჟირაფი, რწყილი, ლამბაქი – კიდევ ბევრი სიტყვის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ჩემმა გოგონამ საბავშვო ლექსებიდან ისწავლა და რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა ან სხვა წიგნებს დაუკავშირა. გარდა ამისა, ბავშვი უფროსის ჩარევით თანდათან ლექსის მთავარ გზავნილზეც იწყებს ფიქრს. მაგალითად, იმაზე, რა თავდადებული მეგობარია რწყილი ან იმაზე, რომ გრძელი თმა ბიჭსაც შეიძლება ჰქონდეს (თუთა ჯგუშიას ლექსიდან), როგორ შემოივლის პიერი მთელ ქვეყანას დედისთვის მთვარის საუკეთესო ნაჭრის მისართმევად, როგორ ეხმარებიან ექიმ ვაივიშს არწივები და დელფინები აფრიკაში ჩასვლაში და როგორ არ ზოგავს თავს თავად ექიმი ცხოველების გამოსაჯანმრთელებლად.

 

იუმორი და ემოციური ინტელექტი

საბავშვო ლექსების კითხვა გართობის საუკეთესო გზაა. ჩემი გოგონა მეოთხე წელშია და სწორედ ხმამაღლა კითხვისას ერთად გატარებული დრო იქცა ჩვენი ურთიერთობის ვარსკვლავურ სამყაროდ. უკვე ბევრი მოგონება დაგვიგროვდა, ხმამაღალი კითხვისას ერთნაირ რაღაცებზე გვეცინება. ვაკვირდებით პერსონაჟების ემოციებს, სახის გამომეტყველებას და ერთმანეთს ვუზიარებთ. ყოველივე ეს ბავშვს ემოციურ ინტელექტს უვითარებს და სხვისი განცდების ამოცნობასაც უადვილებს.

 

ლექსების კითხვა ჩვილობიდან დაიწყეთ, ისწავლეთ ზეპირად და ყოველდღიური საქმიანობისას გართობის საშუალებად აქციეთ, მაგალითად, სადილის მზადებისას თუ ჭურჭლის რეცხვისას ხმამაღლა იკითხეთ ლექსები, გახალისდით, თავადაც ისიამოვნეთ და თქვენი განწყობა ბავშვსაც გადასდეთ. წადით წიგნის მაღაზიაში და თავად შეარჩიეთ ლექსები ბავშვისთვის, შექმენით თქვენი პირადი ურთიერთობის ამსახველი ბიბლიოთეკა. აქციეთ ლექსების კითხვა ყოველდღიურ რუტინად, სიამოვნებად და ჯილდოდ თქვენი შვილის განვითარებულ გონებას, სიმშვიდეს, ფიზიკურ და მენტალურ სიმტკიცეს მიიღებთ.

 

გამოყენებული რესურსები:

https://nurseryrhymecentral.com/eleven-brilliant-ways-nursery-rhymes-are-educational-heres-the-research/

 

 

პოსტდეპრესიული ჩანაწერები

0

ჩემი წლის ამბავი ასეთია:

21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და მითხრა, რომ გადავრჩი, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ მთელი საქართველო ღელავდა და ლოცულობდა ჩემთვის. სულ რაღაც ერთი წამით ძალიან გამიხარდა და მერე სიხარული სადღაც გაქრა. ვიღაც იფიქრებდა, რომ ეს იყო დაღმართის ფსკერი, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი შემდეგ დაიწყო. კლინიკები. კლინიკები. გადასხმები. ბენზოდიაზეპინების საშინელი ბურუსი, რომელსაც განგაში მალევე ფანტავს და დაჭიმული სხეული ახალს ითხოვს. მაშინდელ ფოტოს რომ ვუყურებ, ჰოლოკოსტის მსხვერპლის სურათია – სახე არეული, დახრილი წარბები და ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი თვალები. წონა – 58 კილოგრამი. კანკალი. კანკალი. გულისრევა. თავბრუსხვევა. საზარელი, აკვიატებული ფიქრები. ყველა ძველი და ახალი შიში ერთად მოდის და არც კი აკაკუნებს – კარი ღია ხვდება. ბავშვობის უწყინარ ცოდვებზეც კი დიდი სინანული და თვითგვემა. მარტივი შეცდომები საზარელ, მოუნანიებელ დანაშაულად წარმოგიდგენია. არამარტივი ხომ საერთოდ. დილით, საათით ჩაძინებულს, ყვირილით გეღვიძება და გულმკერდზე რაღაც გაწვება, თითქოს ხორცი უნდა გამოგლიჯოს. ამაზრზენი დერეალიზაცია – სამყარო შუშის კედლებს მიღმაა, ხედავ და ვერ ეხები – შენ სხვაგან ხარ, დანარჩენები სხვაგან. შეუჩერებელი, სპაზმური სლოკინი, ძილშიც კი. დავდიოდი კედელს მიყრდნობილი, ლოკოკინას სიჩქარით. მერე სადმე პალატის კუთხეში ჩავიმუხლებდი, თითებს სასათან მივიტანდი და წუთით ვიჩერებდი ამ სლოკინს. მოდიოდნენ ექიმები, სხვადასხვა ხელობის. ზოგიერთი მსჯელობდა რომ საყლაპავის ნერვი გაეყინათ სპაზმის შესაჩერებლად, ზოგიერთიც, სხვა პროფილისა – წამალი შეეცვალათ. უკვე მეათასედ. სახლში ბარემ ასი აცდენილი რეცეპტი მიდევს ახლაც. ზოგი ისრაელის კლინიკაში გადაყვანას ფიქრობდა, სადაც რეზისტენტულ დეპრესიას და შფოთვებს კარგად მკურნალობენ. მე ვიწექი და უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ამაო ლაპარაკი. სრული უიმედობა. ფიქრი, რომ ეს მხოლოდ მე დამემართა, რომ მდგომარეობა სამუდამოა და ისევ ამ აღუწერელი ტანჯვის დასრულება სჯობს. „თავს შემოუძახე“ და მისთანანი ხომ ყველაზე საშინელი სიტყვებია ამ დროს – მიდით და შემოუძახეთ აბა, თუ გააგონებთ. ვიწექი და ვხედავდი, როგორ იღლებოდნენ ადამიანები ჩემ ირგვლივ, რადგან თანაგრძნობაც საზღვრიანი განცდაა. ბოლოს ორი-სამიღა შემომრჩა. ვიწექი და ვუყურებდი ფანჯარას. ვფიქრობდი, რომ იქ, გარეთ დადიან სხვა ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები და მათსავით ყოფნა მიუწვდომელ საქმედ მიმაჩნდა – ნებისმიერ მომაკვდინებელ დაავადებაზე გავცვლიდი იმ ყოფას, ვინმეს რომ მოეტანა მსგავსი კონტრაქტი. ვიწექი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზეც, ვისაც ყველაზე რთულ დროს ხელი გავუწოდე, გზაზე დავაყენე, არაფერი დამიშავებია და შემდეგ ტალახის მსროლელთა რიგებში მოწინავედ დამდგარან. ჩემი გასაჭირებისას პირში წყალჩაგუბებულებზეც ვფიქრობდი. რა საჭირო იყო ამგვარი ბანალური ფიქრით გაღიზიანება, არ ვიცი. ან რა იყო აქ გასაკვირი და უცხო. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იმაზე კი აღარ – რომ ადამიანი ადამიანია, გინდა ლიბერალი დაირქვას, გინდ კონსერვატორი და გინდა ანგელოზი. არც იმაზე, რომ ცხოვრება სამართლიანობის აუცილებლობას არ გულისხმობს. იმაზე მით უფრო ვერ ვფიქრობდი, რომ ათიათასობით კეთილი წერილი მოდიოდა, რომელთაც მერე ვეღარც ვკითხულობდი, საფოსტო ყუთის გახსნის შიში დამჩემდა და ძალაც აღარ მქონდა. აღარც ის მაიმედებდა, მნახველები რომ მეუბნებოდნენ დაზეპირებულ სიტყვებს, ყველას უყვარხარო და სხვანი. არამედ ვფიქრობდი, სუბიექტურად ვფიქრობდი და ეს ფიქრი და კიდევ სარკე, სადაც შემთხვევით თვალს მოვკრავდი ჩემს წაქცეულ სილეუტს, მიბიძგებდა, ამეღო ტელეფონი, დამეწერა რაღაც საშინელება, გამეშვირა თითი სხვისკენ და გამოვმშვიდობებოდი წუთისოფელს. მეორედ და საბოლოოდ, სიკვდილის მყარი გარანტიით. წამიერი იყო ეს გაელვება, მაგრამ ძლიერი და მაცდუნებელი. იყო, მაგრამ გავიმარჯვე. მერე ასე მოხდა: სწორი ექიმების პოვნით, იმ ექიმებისგან სწორი წამლებისვე დაძებნით და არაადამიანური ძალისხმევით ამოვძვერი ჭაობიდან, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურად მიღებდა ბოლოს, არამედ მეწვრილმანე ბოროტად ქცევასაც მიპირებდა. და ახლა მივიღე სამყარო ისეთი, როგორიც არის – პატარა ადამიანებით, ცილისმწამებლებით, მოსეირეებით, უმადურებით, მიმტევებლებით, დიდი ადამიანებით, მოულოდნელი ადამიანებით, კეთილი ადამიანებით. მივიღე და გავუწოდე ხელი. შფოთვების პერიოდული გაბრძოლებებით, მაგრამ დღეს გაცილებით ძლიერი ვარ და უფრო მაღალ მთებს მოვერევი.

 

თუმცა მთავარი სხვა რამ არის – ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად ამ სიძლიერისა, არაფერი დამთავრებულა – კიდევ წავიქცევი, კიდევ დავსუსტდები, კიდევ იქნება ტანჯვა და კიდევ გავიმარჯვებ, სანამ ოზურგეთში, კვირიკეთის პატარა სასაფლაოსკენ არ წამასვენებენ. ცხოვრება ყალბი სამოტივაციო ფრაზები არ არის. ეგ რომ იყოს, საშინლად მოსაწყენი იქნებოდა. საინტერესო და გასაძლები თავგადასავალია უფრო. მე თქვენ გვერდით ვარ ამ გაძლებისას.

 

 

ერთი აქტივობა სხარტი მეტყველებისა და წერის სწავლებისთვის

0

ქართულის მასწავლებლებს დიდი შრომა უწევთ მოსწავლეებთან მეტყველებასა და წინადადების აგებაზე, წერით მეტყველებასა და გრძელი სათქმელის მოკლედ ჩამოყალიბებაზე. ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკა, ვფიქრობ, დაეხმარება მათ, ბავშვებს კი მოტივაციას და ხალისს შემატებს და ერთ ქართულ იდიომასაც გაააზრებინებს.

პირველ რიგში, გთავაზობთ პატარა ტექსტს:

ალბათ გქონია შემთხვევა, როდესაც შენს მოსწრებულ და სხარტ პასუხებს მსმენელი გაუოცებია, გრძელი სიტყვა მოკლედ გითქვამს და შენთვის გამჭრიახიც უწოდებიათ.

როდესაც აზრს მოკლედ გამოთქვამ, სათქმელს მკაფიოდ, სხარტად აყალიბებ, ლაკონიის მცხოვრებლებს ემსგავსები, სწორედ მათ, ვისი გამჭრიახობის ამბავმაც საუკუნეები გადმოლახა, ჩვენამდე მოაღწია და დღეს მოკლე, აზრიან, მოხდენილ, სხარტ ნათქვამს ლაკონიურს უწოდებენ.

უამრავი წლისა და საუკუნის წინ, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, საბერძნეთის ერთ-ერთ მხარეს ლაკონია  რქმევია, მის ცენტრს კი სპარტა.

სპარტა ალბათ გაგიგონია – ის განთქმული იყო „სპარტანული აღზრდის“ განსაკუთრებული მეთოდებით. ამ მეთოდებით 7-8 წლიდან იზრდებოდნენ ვაჟები – მათ ფიზიკურად წვრთნიდნენ, სამხედრო ხელოვნებას, წერა-კითხვას, საგუნდო სიმღერას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას და, რაც უნდა საოცრად ჟღერდეს, ლაკონიურად საუბარს ასწავლიდნენ.

ერთხელ თურმე სპარტელებს ფილიპე მაკედონელი დამუქრებიათ, თუ მანდ მოვედი, დაგამარცხებთ და გაგანადგურებთო. ლაკონიელებს პასუხად მიუწერიათ: „თუ!“

დღეს სპარტანულ აღზრდას უწოდებენ მკაცრ აღზრდას, რომელიც ფიზიკურ ძალას და ხასიათის სიმტკიცეს აყალიბებს, ხოლო ლაკონიურ მეტყველებას – მოკლე, სხარტ პასუხებს.

 

ლექსიკონი

სხარტი – სწრაფი, მოკლე, გონივრული.

წვრთნა – ადამიანის ან ცხოველის მეცადინეობა, აქტივობა, რის შემდეგაც მას უყალიბდება ესა თუ ის ჩვევა, განსაზღვრული მოქმედების წარმატებით შესრულების უნარი.

 

მოდი, მიბაძე ლაკონიელებს და შენი ბიოგრაფია სულ სამი წინადადებით გადმოეცი, დაწერე ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში. დაურთე შენი ავტოპორტრეტიც.

 

შეეცადე, ლაკონიურად, მოკლედ, სხარტად ჩამოაყალიბო საბავშვო მოთხრობებიდან ამოღებული ამონარიდების შინაარსი, წარმოიდგინე, როგორ მოჰყვებოდნენ ამ ყველაფერს ლაკონიელები:

 

***

„და, რადგანაც გული ადამიანისა ბუდეა სიყვარულისა, ბებია კატოს ფართო გულშიაც უშველებელი, დიდი, უსაზღვრო სიყვარული იყო დაბუდებული, იმას უყვარდა ყველა არსება: კაცი, ქალი, ბებერი, ნორჩი და შუათანა, გლეხი, მდიდარი, უშნო, ლამაზი ბებიას გულში თავ-თავისს შესაფერის ბინას ჰპოვებდნენ, მაგრამ გაცილებით მეტად ბებია კატოს ბავშვები უყვარდა: პაწაწინები, უმანკოები, მომავლის კოკრად გაჩენილები“ /ე. გაბაშვილი. „ბებია კატო“/.

 

***

„უღრანს ტყეში მოსული ვარ… მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავი, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ“ /ვაჟა-ფშაველა. „ია“/.

 

***

„მერცხალს კეთილი ხალხი უყვარს, ისეთი, სულ რომ არ შეეშინდება იმათი, ხელს რომ არ აუქშევენ, თავს რომ თვითონაც ოჯახის წევრად იგრძნობს. ჯერ რამდენიმეჯერ მოფრთხიალდებიან დედალ-მამალი მერცხლები და იქაურობას კარგად დაზვერავენ. თუ მასპინძელს სიკეთე შეამჩნიეს, გაფრინდებიან, მაგრამ ისევ მალე მობრუნდებიან, მერე იქვე ჩამოჯდებიან და ჭიკჭიკს გააბამენ, ჩვენზე „საუბრობენ“, მასპინძლებზე – აბა, რა ხალხი ვართ, შეიძლება თუ არა ჩვენ გვერდით ყოფნა, ან უკვე გეგმას აწყობენ, სად რა იშოვონ, საიდან რა მოიტანონ, რომ ბუდე მკვიდრადაც ააგონ და ლამაზადაც. მერცხლის ბუდე აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს“/თ.ბიბილური. „მერცხლის ბუდე“/.

 

როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი სპარტელი ვაჟი, რა თვისებები და უნარები უნდა ჰქონოდა მას?

ჩახატე შუაში, გარშემო კი მისი დამახასიათებელი სიტყვები შემოუწერე.

 

ო, ეს ახალი სიტყვები

 

სხარტი    – მიუწერე რაც შეიძლება მეტი სინონიმი

წვრთნა – შეადგინე წინადადება, სადაც „წვრთნას“ დააკავშირებ არსებით სახელთან: ძაღლი, ლეკვი.

გამოიყენე ზედსართავი სახელები: ერთგული, უზარმაზარი, მშვენიერი, მხიარული. ზმნა შენ შეურჩიე.

 

იპოვე სიტყვებში დამალული სიტყვები

 

სიტყვა „სხარტი“-ში იპოვე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს:

. ხელოვნებას.

. ერთ-ერთ შინაურ ცხოველს.

 

სიტყვა „წვრთნა“-შიიპოვე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს:

. ერთ-ერთ ციფრს.

. პროცესს, რომელსაც ღუმელში შეშა გადის.

 

 

გზა ღვთისაკენ (მარგერიტ იურსენარის „მერცხლების ღვთისმშობელი“)

0

დანტე ალიგიერმა, ბეატრიჩეს სიყვარულით სამოთხისკენ გზაგაკვალულმა, იხილა თვალისმომჭრელად გაკაშკაშებული წრე, დისკო სინათლისა და მის „უფსკრულებში“ შეიცნო, „ვით უერთდება სიყვარულის წრეს, რომელიც სამყაროს კავშირებს შორის მოიპოვება გათიშული ათასნაირად“, ის „ჭვრეტდა არსთა რაობას“, რომლის სიტყვებით გადმოცემა მხოლოდ მისი „მკრთალი ჩრდილია“:

„ძალი მოაკლდა ფანტაზიას ჩემსას ანაზდად,

მაგრამ წადილი, ნებისყოფა ჩემი შეირხა,

როგორც ბორბალი, სიყვარულით მძლავრად დაძრული,

იმ სიყვარულით, რაც აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს“.

ამ სტრიქონებით სრულდება „ღვთაებრივი კომედია“. ეს სინათლის ჩქერი თითქოს მკითხველის გულშიც ჩაიღვრება და ფიქრებს ნაზი შლეიფივით გაჰყვება.

ამგვარი სინათლის განცდა ჩნდება მარგერიტ იურსენარის მოთხრობის, „მერცხლების ღვთისმშობლის“ წაკითხვისას. ავტორს სურს, მკითხველმა შეიგრძნოს სამყაროს ერთიანობა, რომელიც წარმავალ, ხანმოკლე, მატერიალურსა და რაციონალურ სამყაროში დაშლილ-დანაწევრებულია. ამიტომაც ამ და სხვა ნაწარმოებებშიც ის ცდილობს, ადამიანი გაახედოს საგანთა და მოვლენათა მიღმა, მისტიკურსა და მეტაფიზიკურს მიაახლოს და დაარწმუნოს, რომ, რასაც ჩვეულებრივი თვალებით ვხედავთ, ყველაფერი არ არის, რომ არსებობს იდუმალი განზომილებები, რომლებშიც ადამიანი ფიქრით, რწმენით, წარმოსახვით, მხატვრული სიტყვის ძალით შეაღწევს, რომ სამყაროში ყოველივე უცნაურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ადამიანიც ამ მთელის განუყოფელი ნაწილია.

ამ მოთხრობაშიც მწერალი სიყვარულს წარმოაჩენს, როგორც გარდამქმნელ ძალას, რომელსაც შეუძლია წყვდიადი გაანათოს, ბოროტება სიკეთედ გადააქციოს. იტალიელი წმინდანი ფრანჩესკო ასიზელი გვახსენდება, რომელიც ფრინველებს, ცხოველებსა და ბუნების ყველა შვილს ისევე უქადაგებდა, როგორც ადამიანებს. უნებურად გაგახსენდება ვაჟას მინდიას სიტყვებიც:

 

„რაც კი რამ დაუბადია

უფალს სულიერ-უსულო,

ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო“ („გველისმჭამელი“).

 

ამიტომაც მიიჩნევდა გრიგოლ რობაქიძე მინდიას მის სულიერ მონათესავედ: „მინდია იგივ ფრანსიზ ასიზელია, მხოლოდ საქართველოს მთებში აღმოცენებული, როგორც იშვიათი ყვავილი“ („ერის სული და შემოქმედება“).

 

სიყვარულმოკლებულ სამყაროში ადამიანებს დროდადრო ეცხადებიან წმინდანები და ღვთისკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზას უჩვენებენ. ღვთისმშობლის არაერთი სახე გვახსენდება მხატვრული ნაწარმოებებიდან, რომლებშიც იგი პერსონაჟებს განსაცდელის ჟამს ევლინება და დაბრკოლებათა გადალახვაში ეხმარება. უჩვეულო და შთამბეჭდავია მისი „გამოცხადება“ ამ მოთხრობაშიც. მარგერიტ იურსენარი გვიხატავს კუშტსა და პირქუშ ბერ თერაპიონს, რომელმაც „ეგვიპტეში მკვდრეთით აღადგინა მუმიები და სახარება უქადაგა მათ“; მას ერთადერთი საფიქრალი და მიზანი აქვს, ქვეყნიერება საცდურისგან იხსნას. საცდური კი უამრავია, მათ შორის, წარმართულ-მითოლოგიური წარმოდგენები წმინდა ხეების, ქაჯების, ფერიებისა თუ ალქაჯების შესახებ. მან ერთი უბრალო, ლამაზი სოფლის განაპირას გამართა ქოხი, რათა სოფლელთა სულები წარმწყმედი წარმოდგენებისაგან გაეთავისუფლებინა. განსაკუთრებით კი, ნიმფები აღელვებდნენ: „სოფლის ბიჭები კორომში შერბოდნენ, უნდოდათ თვალი შეევლოთ აქატისთვალება ასულებისთვის, რომლებიც ძირათი და ველური თაფლით საზრდოობდნენ. ყველგან იყვნენ ისინი, ამ ხრიოკი და მწირი მიწის ასულები, ყველგან! ხან ნისლივით იფანტებოდნენ, ხან კი უეცრად ნამდვილ სახეს იღებდნენ, ხორცს ისხამდნენ. წყაროსთან, თიხნარში, ნახულობდნენ მათ ნაფეხურებს“. სოფლელებს სჯეროდათ, რომ ამ ნიმფებით მონუსხულ საქონელს მგელი ჭამდა, ბავშვები კი უფსკრულებში იჩეხებოდნენ, მაგრამ მაინც „ეთაყვანებოდნენ თითქმის უხილავ ნაზ ფერიებს“, აპატიებდნენ უკეთურებას და იოლად ივიწყებდნენ მათ ბოროტ ნამოქმედარს.

 

მოთხრობის დრამატურგია ამ ორი ძალის, ნიმფების, როგორც ბოროტებისა და ბერის, როგორც სიკეთის დაპირისპირებაში გამოიკვეთება. ამ ბრძოლაში ბერი კარგავს რწმენის მთავარ საყრდენს – სიყვარულს. ის, დაუძლეველი სიძულვილით შეპყრობილი, კორომთან სამლოცველოს ააგებს, ზედ იმ ადგილას, სადაც კლდე იყო გადახსნილი, თანაბარმკლავიანი ჯვარი აღმართა. ჯვარზე ქრისტე იყო გამოსახული. ნიმფებს მხოლოდ ღიმილის ენა გაეგებოდათ და შეშფოთებულნი უნდა უკუქცეულიყვნენ წამებულის ხილვაზე“. მათი შვება მხოლოდ ძილი იყო: „მძინარე ნიმფები სიზმრად ხედავდნენ სამყაროს სიჭაბუკეს, ეზმანებოდათ ჟამი, როცა დედამიწა მხოლოდ ხეების, პირუტყვისა და ღმერთების სამკვიდრო იყო“. ბერი ფერიებს იმ ერთადერთ გზას ამოუქოლავს, რომლითაც გარეთ გამოდიოდნენ. ასე იმიტომ მოიქცა, რომ, მიუხედავად გამობრძმედილი ნებისყოფისა, „ნიმფები მაინც ახერხებდნენ მის ცდუნებას, რადგან მათ შემყურე ბერს ღვთის სიბრძნე ეეჭვებოდა, რად შექმნა ეს უმაქნისი, მავნე არსებანიო, – ფიქრობდა და შესაქმე ღვთის თავშესაქცევ ავ ოინად ესახებოდა“.

მწერალი ხატავს, ერთი მხრივ, გამარჯვებულ ბერს, მეორე მხრივ კი, დამარცხებულ მშვენიერ ნიმფებს, რომელთა არსებობის „გამართლებას“ ვერ ჩასწვდა ბერი. „მზის პირველი სხივები მიადგა გამოქვაბულის ზღურბლს. ის საცოდავები, ჩვეულებისამებრ, სწორედ ამ დროს წამოიშლებოდნენ ხოლმე და იქვე, ხეთა ფოთლებიდან ცვარს ისრუტავდნენ. ახლა კი ქვითინებდნენ დატყვევებულები, შველას ითხოვდნენ, ოღონდ აქედან გაგვაღწევინეო და ალალად აღუთქვამდნენ ბერს სიყვარულს“. საგულისხმოა, რომ ბერის არსებაში, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს სჩვევიათ, გვერდიგვერდ, განუყოფლად იყო სინაზე და სისასტიკე: „ბერი გულმოწყალე იყო. წუხდა, უნებურად ფეხით მღილს თუ გასრესდა, ან მისი ძაძის შეხებაზე ყვავილი თუ ღეროში გადატყდებოდა“, ნიმფების საცხოვრისს კი ასპიტთა ბუდესავით ანადგურებდა.

მწერალი არაჩვეულებრივი სიმძაფრით წარმოაჩენს, როგორ ერწყმის საღამოს ბინდბუნდს ორი განსხვავებული ხმა: ბერის ლოცვა და ნიმფათა მომაკვდავი ხროტინი. სწორედ ამ დრამატულ ვითარებაში გამოჩნდება თალხით მოსილი, დინჯად, დარბაისლურად, თითქოს „არსაითკენ მიმავალი“ უცხო ქალი, რომელიც „ნაზი იყო მოწეული მტევანივით, სურნელოვანი ყვავილივით“. როცა ბერი ჰკითხავს, საიდან მოდიხარო, ის პოეტურად და მრავალმნიშვნელოვნად უპასუხებს: „დილასავით… აღმოსავლეთიდან“.

ბერი თავის საღვთო საქმის შესახებ აუწყებს, გრძნობს, რომ ღვთისმშობელი გამოეცხადა შემწედ, ამიტომ თავმომწონედ აუწყებს, როგორ ხოცავს ნიმფებს და შექებას მოელის, თუმცა ღვთისმშობელი მკაცრად დაელაპარაკება და მის სიტყვებში წარმოჩნდება ღვთის ამოუცნობი განგებულება: „კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ წყალობა ღვთისა არ ერგება ნიმფებს, ასევე – შვლების ჯოგსა თუ თხათა არვეს?! – შეეპასუხა ქალი. – ნუთუ არ იცი, რომ შესაქმის ჟამს ღმერთს დაავიწყდა ზოგი ანგელოზისთვის ფრთების ბოძება. ისინი მიწაზე ჩამოცვივდნენ, ხევებში ჩაიბუდეს, ნიმფებისა და პანების მოდგმას მისცეს დასაბამი; სხვები მთას შეეხიზნნენ და ოლიმპიელ ღმერთებად იქცნენ. ნუ დრტვინავ წარმართივით, შემოქმედისაგან მივიწყებული არსებანი ნუ გაშინებენ, საქმენი უფლისანი ნუ აღგაშფოთებენ, მადლი შესწირე ღმერთს დიანას და აპოლონის შექმნისთვისაც“.

ღვთისმშობელი ბერს სხვა გზას სთავაზობს, რათა „ნიმფებიც გადარჩნენ“ და „მრევლიც ცხონდეს“. შთამბეჭდავია მოთხრობის ფინალური ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს სიყვარულის ძალას, რომელსაც ყოველივეს გარდაქმნა, შეცვლა, მეტამორფოზა ძალუძს ისე, რომ სამყარომ არ დაკარგოს მშვენიერება და სიკეთე. ღვთისმშობელი გამომწყვდეულ დასახოცად განწირულ ნიმფებთან შევიდა და დაელაპარაკა: „უცნაურ ენაზე, ფრინველთა და ანგელოზთა ენაზე“. მოთხრობის ფინალიდან კი ისეთი დიდი სინათლე მოიფრქვევა, რომელიც მხოლოდ უშურველ ღვთაებრივ სიყვარულს ახლავს: ნიმფებმა ფერი იცვალეს, მერცხლებად „აიჭრნენ მწუხრის ცაში. ფრთებითა და ნისკარტით ამოუცნობ ნიშნებს ხაზავდნენ“. „მარიამი დაადგა იმ ბილიკს, არსაით მიმავალს. გზაწვრილი წყდება თუ არა, როდი აფიქრებს მას, ვისაც ზეცის გზებზე სვლა ხელეწიფება“. ასე გადაიქცა თერაპიონ ბერის საყდარი მერცხალთა თავშესაფრად, მათი ბუდეების საუკეთესო ადგილად: „ისინი ყოველ წელს ბრუნდებიან, მოფრინავენ და იბუდებენ ეკლესიაში. ბარტყების დაზრდაზე, თავიანთი ბუდეების, თიხის პაწია სახლების, შემტკიცებაზე ზრუნავენ. თერაპიონ ბერი ლოცვას შეწყვეტს ხოლმე და შეხარის მათ სიყვარულს, მათ სილაღეს“. ამის წარმოსახვისას კი მკითხველი გრძნობს სამოთხისეულ სიმშვიდეს, „ხედავს“ გზას, რომელსაც მერცხლების ღვთისმშობელი მიუყვება.

მარგერიტ იურსენარის მოთხრობების ფერი, სურნელი და მუსიკა, რომლებსაც მისი მხატვრული სამყაროს შეხვედრისას შეიგრძნობ, ერთხელ წაკითხვისთანავე სამუდამოდ დაგრჩება შთაბეჭდილებაში.

 

 

 

 

 

 

გულების შეერთებით მთლიანდება ღმერთი!     

0

ვუძღვნი ქართულის მასწავლებლებს  

საქართველოს რადიოში გატარებული მთელი ჩემი შეგნებული პროფესიული ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელი გამოდგა უკვე ნასწავლის გაანალიზებასა თუ  ახლის შემეცნებაში,  რაც აუდიტორიასთან ურთიერთობის მოკრძალებულ უფლებას მაძლევს. რაც დრო გადის, მით უფრო მოკრძალებულს. რაც დრო გადის, მით უფრო დატვირთულსა და თავჩარგულს…

ამ სამიოდე წლის წინ, მაშინ, როცა დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის ძირითად ინსტრუმენტებად მხოლოდ ეკრანი და კლავიატურა შემოგვრჩა,  ძნელად წარმოვიდგენდი, რომ მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების კონკურსი შედგებოდა. ცხადია, ინტერესით შევავლე თვალი. მათგან ერთ-ერთმა იმთავითვე მიიქცია ჩემი ყურადღება და ახლა ზუსტად ის უნარები უნდა გამოვცადო, რაც ჯერ სიტყვის მასწავლებლებმა შემძინეს თავის დროზე და მერე უკვე უფროსმა კოლეგებმა რადიოში. აი, ისეთებმა, რადიოეთერით ადაპტირებულ ქართულ ფილმებს რომ ასმენინებდნენ მსმენელს. ,,კინოფილმი უეკრანოდ“ რომ ერქვა. მე კი ახლა კინოფილმი  უეკრანოდ და უხმოდ უნდა მოგიყვეთ.

ეს ამბავი ტელეფონის ზარის მჭახე ხმითა და ნაღვენთი სანთლის ციალით იწყება. მერე უკვე… სკამზე გაელვებული და ერთმანეთს ჩანაცვლებული ხელადა, ჭიქა, პურის ყუა, ნაჭერი ყველი, ახალი აღთქმა და ლარნაკი მოწყენილი იასამნებით. საათი. საათი აუცილებლად და რამდენჯერმე. ყველაფერი სამყაროსეული ყოვლისმომცველი მინიმალიზმითა და უკიდეგანო პოლარიზებით – მხოლოდ შავსა და თეთრში, მხოლოდ იმ მოლოდინის უვერტიურად, რომ აქ ვიღაც იყო. აქ ვიღაცის საუკუნო საგზალზე იზრუნეს. ამ სიჩუმეს იშხნელების გიტარა მირღვევს და თითქოს დაჟინებით მიმეორებენ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებო და მართლა მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს სილუეტი, რომელიც წელში მოხრილა და თავი პლედშემოხვეული მუხლებისკენ ჩაუხრია და  ეს პროფილი, რომლის აღქმასაც  ჩამოშლილი ჭაღარა თმა მიშლის, ასე მეცნობა.  ღმერთო, როგორ მეცნობა! ნუთუ მართლა ისაა?! კი, ისაა! რა ვიცი? რა ვიცი და ეს ხელები… რა დამავიწყებს?  მისი მარჯვენა ხელის ნეკა თითი ხან ბავშვურ და გაუაზრებელ სიცილს იწვევდა ჩვენში და ხან ინტერესით სავსე კირკიტა მზერას. ახლაც არ ვიცი, ტრავმის ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ ახლა უკვე ეს ხელები  ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნებთან შეზრდილი და მათთან ერთად მოგზაურობაში გალეული მხლებლებია ჩემთვის, ის არის! ჩემი ქართულის მასწავლებელი, თამარ ბენაშვილი!

როგორ დაღლილა! რა უსუსურად უჭირავს ტელეფონის ყურმილი ხელში. აი, ჩაუცურდა კიდეც, დასწვდა და ყურთან მიიტანა. აშკარად არ საუბრობს. რაღაც რიტუალურს უფრო წააგავს ეს მოძრაობები. თითქოს, სადენს მიღმა ის ვიღაცა, ან ვიღაცები არიან, ვისი ხმის გაგონებაც მონატრებია, ან, იქნებ, ყურმილს მიღმა გასუსულა მოლოდინი?!

როგორ არ დავაკვირდი ფილმის ერთადერთ მინაწერს?

თამარ ბენაშვილი  ,,პატარა რექვიემი ბებოსთვის“

ჩემი ქართულის მასწავლებელი გარდაცვლილა!

,,მას, რამდენი ხანია, მასწავლებელი ხართ და რამდენი ჩემნაირი მადლიერი და სითბოთი გაჟღენთილი მოსწავლე გყავთ, ვინ მოთვლის? იცით, ჩვენ რომ სადისკუსიო თემები გვქონდა ხოლმე, იმეებზე კიდევ მეფიქრება.  ხან ასე მივუდგები საკითხს, ხან ისე. სულ მახსოვხართ. ისე მათბობთ ხოლმე. წარმოვიდგენ კიდეც, რამდენი მოსწავლე გყავთ ჩემსავით გაშვებული.  სანამ ჩვენ ვართ და გვახსოვხართ და გვენატრებით,  მანამდე სულ იქნებით. მერე მე ჩემს დათუნას ხომ ვეტყვი – მე ისეთი მაგარი მასწავლებელი მყავს-თქო, შენ რა იცი-თქო და ასე… სულ  იქნებით, მას!“ – რამდენი ასეთი წერილია სახლში. უკვე ათწლეულებით  ნაგროვები და ნალოლიავები. დრო გადის და არც ,,ათასი ბავშვის მშობელს“ ცვლის რამე და არც იმ  მადლიერებით სავსე ათასებს.  ამ ცოტა ხნის წინ სკოლაში მთხოვა მისვლა. განსაკუთრებულად ემზადებოდა იმ შეხვედრისთვის და დღის ბოლოს, უკვე ენერგიამიხდილი, მივხვდი რატომ. საკუთარი მოსწავლე და ახლა უკვე აღიარებული მწერალი და დრამატურგი მიუწვევია დასაფრთიანებლებთან შესახვედრად. უნებურად, სოფო კუბლაშვილის მოთხრობამ ,,დედამიწას ცა ქუდად აღარ ახურავს“ შემახსენა თავი.  ხანდახან მართლა გეჩვენება, რომ დედამიწას ცა ქუდად აღარ ხურავს, მიწა ფეხქვეშ გეცლება,  რკინის ქალამანიც მოცვდა,  ქვეყანა ჩალით დაიხურა და ერთი ნაბიჯია უიმედობამდე. ასე ვართ ყველა. პროფესიისა და სულის სიმხნევის მიუხედავად. არა და, როგორი გამძლეობა მართებთ ამ დროს მასწავლებლებს! გზაც უნდა იპოვონ და გზაზე მისაბრუნებლებიც.  და ყველაზე დიდი ძალა მაინც ისაა, უკვე საკუთარ გზებზე მიმავალი მადლიერი შეგირდები რომ მოგიბრუნდებიან და ახლა უკვე თავად მიგიწერენ დაფაზე –

,,სავსე ვარ ემოციით. თან ამხელა ბედნიერებაა და თან განცდაა, როგორ უნდა ატარო ეს ბედნიერება და როგორ აქციო მადლიერების სიტყვებად? 9 წელი ვისწავლე  ამ სკოლაში. ჩვენი ბავშვობა თავიდან ისეთი ლაღი და ფერადი იყო, მაგრამ მერე ბევრი ტრაგიკული რამ მოხდა, რაც ყველა ჩვენგანს შეეხო. მე შემეხო, ჩვენს კლასელებს, უფროსებს. მერე უფროსებს თვალებში ვეღარ ვუყურებდით. ისეთი განცდა გვქონდა, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაცას ვუმალავდით.  რაღაცას ძალიან საშიშს. ირგვლივ სიჩუმე იყო. სიჩუმე და სინაცრისფრე. ამ სინაცრისფრეში ჩემი  კლასის განაყოფის ქართულის მასწავლებელი მახსოვს. ზუსტად ისე მახსოვს,  სული სულს რომ იგრძნობს და  გული გულს. მაშინ, როცა რაღაცას ვეძებდით, მთელი არსებით ვეძებდით, მაგრამ ვერ ვახერხებდით ამ ძიებებისთვის სახელი დაგვერქმია, დაფაზე მასწავლებლის კალიგრაფიას მოვკარი თვალი.  აი, ამ კალიგრაფიით დაიწყო ჩემი სიყვარული. მერე შევყევი ამ კალიგრაფიას და დამხვდა დიდი სულის ადამიანი, რომელმაც მომცა ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა.  ეს იყო უდიდესი სამყარო, რომელიც ჩემთვის გაიხსნა და ამ სამყარომ აღარასოდეს გამომიშვა უკან. პირიქით. შემითრია, შემითრია და ერთმანეთს დავემგზავრეთ. ბევრგან მითქვამს, ვამბობ დღესაც და სიკვდილამდე ყველგან ვიტყვი – ის, რომ მე დღეს ვარ ის, ვინც ვარ, ამაში  ჩემი ქართულის მასწავლებელს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი!   ამიტომ მე უკვე ვიცი, როგორი ბედნიერები ხართ!  რომ გაიზრდებით და ამ სკოლიდან გახვალთ, მერე გააცნობიერებთ, რამხელა მადლში ხართ. ის, რომ მანანა კიკნაძე თქვენი ქართულის მასწავლებელია,  თქვენი საგზალია მთელი ცხოვრების მანძილზე. დამიჯერეთ!

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ რაც უფრო გამარტივდა კომუნიკაცია და, თითქოს, ასე დავახლოვდით,  სულები სულ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს. ამიტომ   ერთმანეთის გულები უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ.  გრიგოლ რობაქიძეს აქვს ასეთი ფრაზა – ,,გულების შეერთებით მთლიანდება ღმერთი“ და ახლა ჩემი გული თითოეული თქვენგანის გულთანაა ახლოს!

მადლობა თქვენ!
მადლობა ჩვენს მასწავლებელს! ‘’

ნეტავ, რამდენიმე წლით უკან დამაბრუნა, რომ მოსწავლეებისადმი  ნინო სადღობელაშვილის მიმართვაში სახელი ჩავანაცვლო და ტელეფონის ყურმილში მაინც გავაგონო –

მადლობა, თამარ მასწავლებელო!

 

 

 

 

 

 

 

 

 ირმის ნახტომი

0

ჩანაწერები როსტომ ჩხეიძის წიგნისვარსკვლავთა ბილიკებიკითხვისას

რასაც შენ ვერ ხედავდი და არც კი მიგიქცევია ყურადღება, უცებ გადაგიშლის თვალწინ, კი გაფიქრებინებს სინანულით, ამას ჩემით როგორ ვერ მივხვდიო, მაგრამ წამისად გადაგივლის დაღონება და მას ის სიხარული შეცვლის,- სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც,- მიხვედრა რომ ჰქვია.

როსტომ ჩხეიძეზე ვამბობ, „ვარსკვლავთა ბილიკებს“ ვკითხულობ და „იყო შაშვი მგალობელი“ აქვს გააზრებული ერთ ლექსში, ჩანახატში თუ მინიატიურაში, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ, მაგრამ ავტორმა ასე უწოდა- ლექსები პროზადო- და არც სჭირდება ბევრი ფიქრი, ლექსებია,- ჰოდა, უცებ გადახსნა მთავარი გმირი, ლურსმნის კადრი ბოლო ფილმში, ლურსმანი და ბიბლიოთეკაში დატოვებული წიგნები…  უფრო ცხადად დავინახე გონებაში მთელი ფილმი; საღამოს რომ მიაკითხავს ჩასაბარებლად წიგნებსა თუ წიგნთსაცავს. აქაა ერთი საინტერესო დეტალი, „ჩემი არ იყოსო“, თავის სიჭაბუკესთან გაავლო პარალელი და გაოცდები კაცი: როგორ შეიძლება ასეთ ახალგაზრდასთან რამე კავშირი ჰქონოდა როსტომს, რომელსაც რაც კი დაწერილა ქართულად (არ ვსაუბრობ უცხოურზე, თუმცა ლამის ისიც), ყველაფერი  წაკითხული აქვს… ეგ რაა, რაც ჯერ არ დაწერილა, მგონი ისინიც წაკითხული აქვს უკვე და სადაც კი რამე კარგი მარცვალი დაუნახავს, შეუხმიანებლად არ ტოვებს… ალბათ ასეც უნდა იყოს ნაღდი მწერალი, განსაკუთრებით კი ლიტერატურული კრიტიკაც რომ გაუმშობლიურებია ისეთი მწერალი, ზერელედ ვერ უნდა წერდეს, ვერც თხოვნით და ვერც ხათრით, მხოლოდ მაშინ და მასზე უნდა წეროს, რაც ნამდვილია და ფასდაუდებელი; განსაკუთრებით, სადღაც ოკეანის ფსკერზე ჩაძირული მარგალიტის აღმოჩენის უნარი უნდა ჰქონდეს. ჰო, უნდა იყოს ასე, მაგრამ ვიცით ხომ, წმინდა იშვიათობაა და რა ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთთაგანი, როსტომის სახით…

ჰოდა, მეც მივაწყდებოდი აქეთ იქითო, „მიეწყობოდა წელი წელს და… სულ უფრო გაუსაძლისი უნდა შექმნილიყო ეს შეგრძნება“. ალბათ უამრავს გამოგვივლია ეს პერიოდი თუ შეგრძნება და ფილმში დანახული ეს ქვიშის საათივით ჩაცრილი საწუთრო, საათის წიკწიკად რომ იღვრება და სევდა თუ სინანული,- ვაითუ, არც მქონია მისიაო.. და აქ დიდებული მონასმი კალმის,- სადღაც როგორ არ მივაჭედებდი ერთ ლურსმანსო?!

ვეძებო ლურსმანი კედელზე, „ერთმა ადამიანმა მაინც რომ მოგიგონოს კეთილად“. დიახ, არ ღირს ვიკითხოთ, თუ ვისთვის წიკწიკებს საათი იმ ფილმის ფინალში. შენს წეღანდელ გაოცებას კი, ავტორს თითქოსდა განზრახ უნდოდეს, რომ გაგიქარწყლოს, სხვა ლექსს მოგაშველებს, თითქოს ჯინაზე, უფრო სწორედ მანამდეა წიგნში, ეს მინიატიურა: პროფესორი ქალბატონი, თინა მარგველაშვილი, გაოცებული რომ ეკითხება მერე, წლების მერე, „ნამდვილად თქვენ ხართ ის როსტომ ჩხეიძე, „ბედი პავლე ინგოროყვასი“ რომ დაწერაო?‘“

ისტორიული და აწმყო დროის გმირები გაიელვებენ, როსტომის ამ ლექსებში პროზად, თედო სახოკია თუ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, ტრაგიკული ბედის ივანე აბაშიძე აკაკი წერეთლის მიერ მარაგითზრახვით შემონახული, დედის თითქოს ბუნდოვანი განწყობით, მაგრამ წარუშლელად დახატული სახით, სამუდამოდ რომ დაუმსჭვალა მატიანეებს.

ქართლოს კასრაძის მოგონებამ ლამის ამიჩვილა გული როსტომის ამ ლამაზ კრებულში; ისტორიული რომანის სიტკბო, უცნაურად მოგეჩვენოთ შეიძლება, მაგრამ პირველად სწორედ ამ მწერალმა მაგრძნობინა, თავისი „ფარნავაზ“-ით; მანდედანვე შევიგრძენი ფარნავაზიც, ქუჯიც, ოკუპაციის საშინელების სიღრმეც, რენეგატიზმიც,- აზოს მოღალატეობაც,- და მიკვირდა, ასე რომ მიჩუმებულიყო ქართული ლიტსამყარო ამ დიდებულ მოღვაწეზე. ჰოდა, ისე თვალნათლივ წარმოაჩინა როსტომმა ამ პატარა მინიატიურაში, სევდაში ჩაძირული იუმორისტი, რომ თითქოს მცნობოდა კიდეც, მძიმე ჯვარაკიდებული.

შესავალში იხსენებს ზაალ სამადაშვილი, გასიმბოლოებულ უსულო ნივთსაც (იმედია, არ მეშლება და სწორად ამოვიცანი) და აღმართსაც, თითქოს ანსა და ჰოეს ამ წიგნისას, კარგად აქვს დაწერილი, არც გვიკვირს მისგან, ბუნებრივია, თითქოს განმარტებული აქვს მთელი წიგნი. მერე, უზარმაზარ თხზულებაშიც „კალამი გოლგოთაზე“, მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის რომანსაც ამ უსულო საგნით, ილიას სისხლით გამეწამულებული ბალიშით იწყებს, ილიათი იწყებს როსტომი, მაგრამ ამ პოეტურ ჩანახატებშიც მეტად საკრალურია ეს უცნაური უსულო ნივთი, რაოდენ სულიერია და რაოდენ ხელშესახებად ცხადად ხსნის მიხეილ ჯავახიშვილის სულსაც და ცხოვრებისეულ მოღვაწეობასაც.

შეუძლებელია თითქოს ლურსმანი, სამსჭვალი, ლიტერატურაში დადებითი კონოტაციით აღვიქვათ და მაცხოვრის სისხლგამონაჟონი ხელისგულები თუ ტერფები არ გაგვახსენდეს, მაგრამ უცნაურად დადებითი განწყობა მოაქვს ამ პასაჟს ამ კრებულში, უცნაურად ტკბილი… დიახ, მიჭედილია ლურსმანი, არა ერთი ლურსმანი და ათასობით ადამიანს შეუძლია ჩამოსვენებულზე მასზე ქუდი ჩამოჰკიდოს, ხანდახან კი, კია ჰიპერბოლური ალბათ, მაგრამ ხომაა, რომ საკუთარ სულს ვერ ეზიდები, ვერც გადააბარებ ვინმეს და თავისუფლად შეგიძლია, დროებით ჩამოკიდო აგერ ლურსმანზე, შეისვენო უმძიმესი და საზარელი ცხოვრებისგან თუნდაც რამდენიმე წამი, მერე კი, წამომდგარმა, უშიშრად ჩამოხსნა ისევ და ატარო თვალთშეუწვდომ აღმართზე, ანაც სულაც უძირო დაღმართისკენ…

ბათუმი, 2023 წლის 7 თებერვალი

 

 

ქართულ-ევროპული ტრადიციები დეზინფორმაციის ტალღის პასუხად

0

წინათ თუ სიტყვა „მითი“ ფანტასტიკურ ხალხურ თქმულებებთან, ღმერთებსა და გმირებთან ასოცირდებოდა, ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში მითების ხსენებისას ყველაზე ხშირად მტრული სახელმწიფოების მიერ დაგეგმილი და ტროლ-ბოტების მიერ გავრცელებული მოგონილი, მაგრამ დამაზიანებელი ამბები გვაგონდება.

დღესდღეობით ყალბი ამბების გავრცელებაზე კარგად ორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ და მეტი ეფექტურობისთვის ქსელური და საინფორმაციო ომის თეორიებსაც ქმნიან. ბრძოლის ველი ძალიან ხშირად ვირტუალურ სივრცეშია განფენილი. სოციალური ქსელის მრავალრიცხოვან მომხმარებლებზე კონტროლის მოპოვება მოწინააღმდეგის დამარცხებას უდრის, ამიტომ აქ ხშირად შეხვდებით საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სასაცილო, მაგრამ მეორე ნაწილისთვის შემაშფოთებელ ფრაზებს, მაგალითად: „ქართველობას გვართმევენ“.

ეს ფრაზა თანამედროვე მითოლოგიის კარგი მაგალითია და უკვე დიდი ხანია, რუსული პროპაგანდისტული მანქანის ძრავად იქცა. ეს მანქანა კი ძალას არ იშურებს ჩვენი თანამემამულეების დასარწმუნებლად, რომ ევროპა სინამდვილეში საქართველოს და ქართველობის მტერია.

რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ყველაზე ხშირად ქართულ და ევროპულ ფასეულობათა შეუთავსებლობაზე სვამს აქცენტს და ცდილობს, ევროკავშირი საქართველოს ისტორიისთვის, ტრადიციისა და კულტურისთვის შეუსაბამოდ წარმოაჩინოს. უმეტესწილად, ამისთვის ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე პედალირებს, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა. ამ ხაფანგში ხშირად პედაგოგებიც ებმებიან. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს სკოლაში დასაქმებული ფილოლოგებისა და ისტორიკოსების მაგალითზე ჩანს.

სტატიისთვის სოციალურ ქსელში, პედაგოგებისა და მშობლების დახურულ ჯგუფებში, საგანგებოდ ვიკითხე, რა მითები სმენიათ ევროპის შესახებ. „ქართველობას რომ გვართმევენ“, ამ მითმა პირველი ადგილი დაიკავა, სხვა პასუხებმა კი მოლოდინს გადააჭარბა:

მითი 2. ბავშვებს იტაცებენ და სქესს უცვლიან.

მითი 3. შვილი თუ დატუქსე, სასამართლოში გიჩივლებს და ჯარიმას გადაგახდევინებენ.

მითი 4. მშობლებს ბავშვებს ართმევენ და გეი წყვილებზე აშვილებენ.

მითი 5. აუცილებლად მოითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

მითი 6. „დედისა“ და „მამის“ დაძახება იკრძალება, „მშობელი N1“ და „მშობელი N2“ – ასე მოიხსენიებენ.

მითი 7. შვილი 18 წლის რომ ხდება, სახლიდან აგდებენ, 16 წლის მერე ბავშვი სად წავა, მშობლებს არ აინტერესებთ;

მითი 8. სკოლებში ერთსქესიანთან სექსს ასწავლიან;

მითი 9. ჩაშვებას ასწავლიან ბავშვებს.

მითი 10. იმათ ისე არ უყვართ შვილები, როგორც ქართველ მშობლებს.

მითი 11. რომ იყვირო, მეზობელი არ გამოგხედავს, იმიტომ რომ მეზობლობა რა არის, არ იციან.

მითი 12. ქუჩაში გული რომ წაგივიდეს, კაციშვილი არ მოგეშველება.

მითი 15. ადამიანებს ჩიპებს უდგამენ, საფულე აღარ სჭირდებათ, მაგით იხდიან ფულის ნაცვლად.

მითი 16. მეზობელს რომ დაუკაკუნო, შეიძლება პირად სივრცეში შეჭრად ჩათვალოს და პოლიციაში დარეკოს.

მითი 17. მაგათ ოჯახი, მეგობრობა და თანადგომა არ იციან.

მითი 13. იქ რო გარყვნილებააა…

ჩვენი მხრივ მიამიტობა იქნება, ამ ყველაფერზე მხოლოდ გავიცინოთ და გარშემო მყოფ ადამიანებს, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს არ ავუხსნათ, რომ ყველაფერი ის, რაც ზემოთ წერია, ტყუილია, მაგრამ არა შემთხვევით გამოგონილი – ეს მითები კარგად ორგანიზებული დეზინფორმაცია-პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო, რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებს მტრულად განწყობილი სახელმწიფო – რუსეთი, რათა ქართველებსა და ევროპელებს შორის გაჩნდეს კულტურული არათავსებადობის უფსკრული, საქართველომ დასავლური კურსიდან გადაუხვიოს და უღალატოს არა ევროპულ ფასეულობებს, არამედ ჭეშმარიტ ქართულს. სინამდვილეში ქართული და ევროპული კულტურა უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე განსხვავდება. ოჯახის კულტი ევროპულ ქვეყნებშიც ძლიერია, ტრადიციების პატივისცემაში კი ბადალი არ ჰყავთ. ის, რასაც ჩვენ ევროპულ ფასეულობებს ვუწოდებთ, სინამდვილეში ქართულიცაა. თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ადამიანის ღირსების პატივისცემა ქართული ისტორიის, რელიგიისა და ტრადიციის ნაწილია. ამაზე მეტყველებს ქართული ლიტერატურა „შუშანიკის წამებიდან“ დღემდე.

ქართულ ლიტერატურას და ისტორიას გადავხედოთ, კრიტიკულად გავიაზროთ და მივხვდებით, რა გვაკავშირებს სინამდვილეში ევროპასთან:

  • საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც ადამიანი დამოუკიდებელი, თვითმოქმედი პერსონაა. ის არ არის არავის მონა, ის თავისუფალია. თავისუფლება კი დღევანდელი განვითარებული მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია.
  • ადამიანი მოაზრებულია როგორც შემოქმედი, მუდმივ განვითარებაში მყოფი არსება, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ მიიწევს, წარსულ გამოცდილებაზე ახალს აშენებს და ვითარდება.
  • ქართველი კლასიკოსების შემოქმედებაშიც ადამიანი შემწყნარებელია, წახალისებულია ინდივიდუალური აზროვნება, განსხვავებულის პატივისცემა, მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა.
  • საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი ქვეყნის მმართველები ყოველთვის მიილტვოდნენ ბიზანტიისკენ; საქართველოსა და რომის ეკლესიას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, ევროპელი მისიონერები აგროვებდნენ ქართულ ლიტერატურულ შედევრებს, გამოსცემდნენ წიგნებს ქართულ ენაზე, ავითარებდნენ დამწერლობას და ა.შ.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი: თავისუფლება, თანასწორობა, მშვიდობა, თანამშრომლობა, – დღეს გაერთიანებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება, ქვეყნის კონსტიტუცია კი მოქალაქეთა ნების ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.

 

———–

მცირე აქტივობა მარტივი ჭეშმარიტების დასადგენად:

დავუსვათ კითხვა ჩვენს თავს, ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს შვილებს: რა არის ქართველობა? ავიღოთ პატარა წებოვანი ფურცლები და ყველამ თითო სიტყვით აღვწეროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ქართველობა, შემდეგ ეს ფურცლები დაფაზე მივაკრათ და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წავიკითხოთ. ცოტა ვიცინოთ, მაგრამ აღმოვაჩინოთ, რომ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ქართველობა გვგონია: რწმენა, ტრადიციები, კულტურა, ისტორია, – სინამდვილეში ადამიანობაა, ადამიანობა ქართულ-ევროპული გაგებით. ერთნაირად მისაღები ქართველისთვის, იტალიელისთვის, გერმანელისთვის… და მივხვდებით, რომ ევროპა ქართველობას კი არ გვართმევს, ევროპა ახლად შემოტანილი მოდური თემა კი არ არის, ჩვენი ორგანული ნაწილია, იმიტომ რომ საქართველო ოდითგანვე ევროპაა.

 

სტატიაში გამოყენებულია ვიდეორესურსის შინაარსი https://www.facebook.com/watch/?v=1121943341788197

 

 

 

დამარცხება შაქარია

0

ის მაღაზია ასეთი იყო: ხუთი საფეხურის შემდეგ – დერეფანი, მის მარცხენა კედელთან – ლიმონათის ბოთლების ყუთები. მარჯვენა კედელში – კარი სავაჭრო ფართში შესასვლელად. იქ თაროებია ჩამწკრივებული, თაროებზე კი – ხის ფართო ლანგრები პურისთვის. დახლმაცივრები ძეხვეულითა და რძის ნაწარმით არის სავსე. ცალ-ცალკე რიგებადაა ზეთი, ტომატი, მარილი, მაკარონი, საკონდიტროს ორცხობილა, კოწახურის კანფეტი, ასანთისა და საღეჭი რეზინების კოლოფები, შაქარი…

ისეთი პატარა აღარ ვიყავი, როგორიც წინა წელს. ქუსლი ვეღარ ჩავაცურე სანდალში და მაშველი მივახმარე, კიკინაც უფრო გრძელი მქონდა და ჟაკეტის სახელოც დამმოკლებოდა. ნამდვილად გავდიდდი. დედამ შაქრის საყიდლადაც კი გამგზავნა.

ჰოდა, მეც, „გადიდებულმა“, გავიარე სამი კორპუსის ეზო და იმ მაღაზიაში ქაღალდის ორი შეკვრა შაქარი ვიყიდე – ორი კილოგრამი. გამყიდველმა საანგარიშოს კოჭები ააჩხაკუნა და ხურდაც დამიბრუნა. გადავთვალე. ზუსტი აღმოჩნდა. სკოლაში მათემატიკას დიდი მონდომებით ვსწავლობდი მეტად პრაქტიკული მიზნით – მაღაზიაში გამყიდველი ვერ მომატყუებს-მეთქი.

ცელოფნის პარკში მოთავსებისას ხელიდან გამისხლტა და იატაკზე მძიმედ დაეშვა ქაღალდის პაკეტი. იოლად გაიხა, შაქარიც გადმოიბნა. სხვა გზა არ მქონდა – ნაკლები წონის შაქარი უნდა მიმეტანა სახლში ორი კილოგრამის ფასად.

გამყიდველმა თანაგრძნობის ღიმილის ნაცვლად შემომიბღვირა, აიზლაზნა და დახლს ქვემოდან ცოცხი გამოაძრო. იქაურობას გავეცალე და „დაპატარავებულმა“ ჩავიარე საფეხურები.

ასე იყო თუ ისე, მოვდივარ სახლისკენ. ნაბიჯს თანდათან ვუნელებ. ვფიქრობ: – დედა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, მწვანე კაბა ეცვა და შავი ზამშის ბასანოჟკი, ესვა წითელი ლაქი და ტუჩსაცხი, კოჭზე სალტე ჰქონდა მოხვეული. ისეთი ლამაზი იყო… ნეტავი შინ არ დამხვდეს!

 

– ეს არ არის ერთი კილო! – მაშინვე შენიშნა, როგორც კი ჩამომართვა ცელოფნის პარკი.

– არ არის? არ ვიცი, ასეთი მომცა იმ ქალმა, – ვპასუხობ თვალდაუხამხაბემლად.

დაიჯერა.

– გამომყევი! – აჩქარებით გამიძღვა კარისკენ.

ეს რამ მოაფიქრა! არადა, უკან ვერ დავიხევ. დედას წინაშე სახელს ვერ გავიტეხ, ჯანდაბას ის გამყიდველი, აღარ შევალ იმ მაღაზიაში საერთოდ! – ვიმეორებ პირით, თვალით, გულით, ხელით, ფეხით და ერთი, ორი, სამი… „იმ ქალის“ არ მეშინია, დედა დამიცავს, მაგრამ მაინც მივათრევ ფეხებს.

– ქალბატონო, ეს როგორ იკადრეთ?! – დახლზე დადო გაგლეჯილი შეკვრა დედაჩემმა. – ბავშვს მოატყუეთ და დაზიანებული შეაჩეჩეთ, უპატრონო გეგონათ?

– რას მეუბნებით?! – აღშფოთდა გამყიდველი, – შვილო, შენ თვითონ არ დაგებნა შაქარი იატაკზე? – მომმართა მე.

– არა! ასეთი გამატანეთ! – ჩემდა გასაკვირად, ვიცრუე.

– კეთილი ინებეთ და გამოცვალეთ! ჩემი შვილი არ იტყუება! – მტკიცე ხმა ჰქონდა დედას.

გამყიდველის სახე აღარ მახსოვს. თვალი კი გავუსწორე უტეხი მზერით, მაგრამ უფრო დედასთვის საჩვენებელი სვლა გავითამაშე.

თავი ვერაფრით იმართლა და ბრაზმორეული ბუზღუნით დააკმაყოფილა მოთხოვნა ქალბატონმა.

შემრცხვა.

ჩვეულებრივ ბავშვურ ტყუილს ჰგავს ეს შემთხვევა. იოლად მისახვედრი ახსნა ჩემი საქციელისა არის დედას გაბრაზების მოლოდინი. ყველა ბავშვი აირიდებდა თავიდან მშობლის საყვედურს, მკაცრ გაფრთხილებას და უცილობელ გაბუტვას განუსაზღვრელი ვადით. არც უამისობაა. თუმცა არის უფრო დაფარული მიზეზი, რაც არასასურველი ქცევის უფრო საფუძვლიანი მოტივაციაა – დამარცხების განცდისგან თავის დაღწევა.

თავიდან რომ გავიხსენო იგივე ამბავი, იმ განსხვავებით, რომ დამარცხების არ მეშინოდეს, ამგვარად განვითარდებოდა მოვლენები:

მაღაზიაშივე ვაღიარებდი, რომ ჩემს გაუფრთხილებლობას მოჰყვა შაქრის დაბნევა, გამყიდველს მოვუბოდიშებდი, ვთხოვდი შეკვრის გამოცვლას, ან შაქრის დამატებას და საფასურსაც გადავიხდიდი. არ ვიცი, ის რას მიპასუხებდა, მთავარია, რომ მე თავისუფალი ვიქნებოდი მტანჯველი დარდისგან. სახლამდე, გზაზე, გავაანალიზებდი, რატომ დამივარდა იატაკზე ქაღალდის შეკვრა და თავს დავირწმუნებდი, რომ ეს ჩემი, პირადი, დამარცხებაა და ერთადერთი დამნაშავეც მე ვარ. ამ აღიარებით თავდაჯერება მომემატებოდა და დედასაც ვუამბობდი თამამი გულწრფელობით, რაც დამემართა მაღაზიაში. ვეტყოდი მიზეზს, ვაღიარებდი ჩემს მარცხს, ვთხოვდი პატიებას და პირობას დავდებდი, რომ მომდევნო ჯერზე ყურადღებით ვიქნებოდი, არც ვიჩქარებდი. არ ვიცი, დედა როგორ მოიქცეოდა, მაგრამ, მთავარია, მე აღარ დამჭირდებოდა ტყუილის მოფიქრება და თავდასაცავი მოქმედების დაგეგმვა.

 

მე-2 კლასში ვიყავი. სასწავლო წლის მიწურული იდგა. მასწავლებლები მიმიჩნევდნენ ბეჯით, წარმატებულ, ფრიადოსან მოსწავლედ და ისინი ჩემით ამაყობდნენ, ხოლო მე მათი ჩემდამი დამოკიდებულებით ვლაღობდი.

ძალისხმევა და დამატებითი მეცადინეობა არ მჭირდებოდა, იოლად ვიმსახურებდი მაღალ შეფასებას და მახსოვს, თავი საუკეთესოდ მიმაჩნდა, თუმცა არავის უთქვამს, რომ ეს ჩემი, საკუთარი, გამარჯვებაა! ცნება „გამარჯვება“ მხოლოდ ისტორიული ბრძოლების ან სპორტული შეჯიბრებების შედეგების გადმოსაცემი ტერმინის სახით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში.

სიტყვა „გამარჯვება“ არც ოჯახში მომისმენია როგორც ადამიანის შრომით, მცდელობით, მონდომებით, სირთულის გადალახვით, მეცადინეობით, სწავლით მოპოვებული წარმატების სინონიმი.

ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუები არასდროს მაქებდნენ, არც პირისპირ, არც სხვების გასაგონად. უფრო მეტიც: ჩემი მიღწევებისა და უმაღლესი შეფასებების მნიშვნელოვნების აღნიშვნის ნაცვლად ამბობდნენ, რომ ეს არაფერია… ჩემი უპირატესობის აღიარება აზრად არ მოსდიოდათ იმის შიშით, რომ „ქება გამაფუჭებდა“.

სიტყვებს „დამარცხება“, „მარცხი“ ჩემთვის ისეთივე განყენებული და უცხო შინაარსი ჰქონდა, როგორიც „გამარჯვებას“. ისევ დაფანტული შაქარი რომ მოვიგონოთ – დედა წამით რომ შეყოვნებულიყო, რომ დაეშვა ჩემი მარცხი (ჩემი, ანუ შვილის!) როგორც ჩვეულებრივი მოცემულობა, რომ გაეაზრებინა და მიეღო ის, ხომ არ აღმოვჩნდებოდი უხერხულ მდგომარეობაში?! სახელს დავარქმევდით ჩემს ქცევას, ვისაუბრებდით მოტივზეც. „მე დავმარცხდი!“ – შევეგუებოდი და უფრო მოვინდომებდი გამარჯვებას.

ნაცვლად ამისა, დედამ სხვის ქცევაში იპოვა შეცდომა და იერიშიც მიიტანა „დამნაშავეზე“.

წლების მატებასთან ერთად აჩქარდა ფრიადოსნობის ინერცია და, შესაბამისად, ჩემი მიღწევებით მასწავლებლების კმაყოფილებაც. მქონდა სევდიანი შემთხვევებიც, თუმცა ისინი უფრო იყვნენ მონდომებულნი ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის, ვიდრე მე.

პირველი – როცა გამომიჭირეს გაკვეთილზე უსარგებლო საუბრის დროს, განა მე დავაშავე?! ჩემ წინ მსხდომმა ბიჭებმა გამომიწვიეს, მათ დაარღვიეს წესრიგი. ასეთი გამართლება შეესაბამებოდა ჩემს ქცევას და სწორედ ისინი დაიტუქსნენ. მეორე – როცა რუსული ენის საკონტროლო წერაში უმაღლესი შეფასება ვერ მივიღე, განა „ჩემი ბრალი იყო“?! ეს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თანაკლასელს ვეხმარებოდი და ყურადღება გამეფანტა. ის რომ ვერ სწავლობდა, მე იმიტომ მივიღე დაბალი ნიშანი. ამით დავიმშვიდე თავი და არავის უთქვამს ჩემთვის ჭეშმარიტი მიზეზი – „მე დავმარცხდი!“ მე ვერ დავძლიე თემის სირთულე!

მესამე –   მეცხრე კლასის დამამთავრებელ გამოცდაზე ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგნის მასწავლებელს მტკიცედ სჯეროდა, საუკეთესო შედეგს მე დავდებდი, მე და ვერავინ სხვა! რომ იმედს არ გავუცრუებდი. ასეც მოხდა. თუმცა მასწავლებელმა მაინც გამომადევნა ფრაზა: – არ არის გამართული ნიშანი, კუბლაშვილი! – ამიტომ ჩემი წარმატება უფრო მის გამარჯვებად ჩაითვალა, მან დაიმსახურა ქება ნიჭიერი მოსწავლის ყოლისთვის (არც მშობლებს გაჰკვირვებიათ. უჰ, რა დიდი ამბავია გამოცდის ჩაბარებაო!)

– სად ისწავლება „დამარცხება“?

– სკოლასა და ოჯახში.

– როგორ?

– დამშვიდებით, ბავშვისა და უფროსის ქცევის გაანალიზებით, მიხვედრით, შედეგისთვის სახელის დარქმევით, აღიარებით, დასკვნის მიღებითა და ამ მიგნებით მიღებული სიამოვნებით გალაღებით.

– რატომ?

– დამარცხებასაც და გამარჯვებასაც მოპოვება, ბრძოლა, დამსახურება სჭირდება. ორივე მათგანი ცდის შედეგია. თუ წარუმატებელი – დამმარცხებელი – ცდები სხვის ქცევას მივაწერეთ უსიამოვნო განცდების თავიდან მოსაშორებლად და ჩვენივე ქცევის შედეგს დამარცხება არ ვუწოდეთ, მომდევნო მცდელობა აღარ გვექნება. სწორედ ეს ყოველი მომდევნო მცდელობაა გამარჯვების მომტანი.

– რისთვის?

– უნდა დავმარცხდეთ, რომ კონკურენტულ გარემოსთან ბრძოლაში ძალა არ გამოგვეცალოს და ფეხზე ვიდგეთ! უნდა დავმარცხდეთ ბევრჯერ! ასეა, სანამ ბავშვები ვართ, უთვალავჯერ უნდა დავმარცხდეთ, რათა გავიმარჯვოთ და ამ მიგნებით მიღებული სიამოვნებით გავლაღდეთ.

ვაღიარებ: წლების განმავლობაში, ჩემი ცხოვრების ყოველ ახალ ეტაპზე, პირველივე წარუმატებელი ცდისას მყისიერად მოიძებნებოდა ჩემი დამარცხების „სხვა“ მიზეზი – ჩემგან დამოუკიდებელი. მეც თავს მსხვერპლად ვგრძნობდი და არა დამარცხებულად.

და რადგან დამარცხებას არ ვიცნობდი, ვერასდროს ვიმარჯვებდი.

ყველაზე დიდი გამარჯვება დამარცხების აღიარება ყოფილა.

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, ასწავლეთ ბავშვებს დამარცხება, იმიტომ რომ დამარცხება შაქარია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...