ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
16 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

როგორ აფასებენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებს

0

2012 წლის 6-24 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის მრგვალი მაგიდა და მასწავლებლის სახლის შეხვედრები ამ საგნის მასწავლებლებთან. სამოქალაქო განათლების მასწავლებლების საჭიროებათა შემსწავლელ სამუშაო შეხვედრებს სულ 266 პედაგოგი დაესწრო, რაც ამ საგნის მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 10%-ია. აღნიშნული ფორუმი მოქმედებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (ACETT).

 

შეხვედრებზე მასწავლებლები უმთავრესად სასერტიფიკაციო პროცესს განიხილავდნენ; ისინი გაეცნენ საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების 2011-2012 წლების შედეგებსა და ტენდენციებს.

საქართველოში ახლა სამოქალაქო განათლების 2914მოქმედი მასწავლებელია. მათი მხოლოდ 11% ასწავლის სკოლაში მხოლოდ ამ საგანს. დაახლოებით 50 მასწავლებელს აქვს უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაცია. მოქმედი პედაგოგების 76%-მდე ისტორიის მასწავლებელია.

სამოქალაქო განათლებაში მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა 2011 და 2012 წლებში. ამ ხნის განმავლობაში უცვლელი იყო მასწავლებლის შესაბამისი პროფესიული სტანდარტი და საგამოცდო პროგრამა. ასევე უცვლელი იყო გამოცდის გადასალახი ბარიერი(მაქსიმალური 70 ქულის 60%) და საგამოცდო ტესტის სტრუქტურა: პროფესიული ცოდნა და უნარები, მეთოდური დავალებები. ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა გამოცდისთვის რეკომენდებული ლიტერატურის ნუსხა, ისევე როგორც მათი დაბალი ხელმისაწვდომობა. ასევე ერთნაირ პირობებში იყვნენ მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის სპეციალური გადამზადების უქონლობის თვალსაზრისით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წლების მიხედვით სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის სტატისტიკა ასეთია:

2011 წ.

2012 წ.

დარეგისტრირდა

210

375

გამოცხადდა

157

301

გაასაჩივრა შედეგი

4

11

შედეგი შეეცვალა

2

10

ბარიერი გადალახა (გამოცხადებულთა %)

68 (43%)

29 (9,6%)

გამოცდის ორივე წელს გამოიკვეთა, რომ პედაგოგები უკეთ ასრულებდნენ სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ დავალებებს.

ამის შემდეგ ყოველ შეხვედრაზე იმართებოდა სტრუქტურირებული დისკუსია მცირე ჯგუფებში (3-6 პედაგოგი). თითოეულ ჯგუფს განსახილველად გადაეცა შესაბამისი დოკუმენტების პაკეტი: სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა და 2012 წლის სასერტიფიკაციო ტესტი შეფასების სქემასთან ერთად. შეხვედრის ბოლო ნაწილში ყველა ჯგუფი წარმოადგენდა ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც, დასასრულ, ჯამდებოდა. მასწავლებელთა ჯგუფების შეფასებები, შენიშვნები და წინადადებები აისახებოდა სპეციალურ კითხვარებში. მასწავლებლები კონკრეტულ ფაქტებს ყოველთვის ერთსულოვნად არ აფასებდნენ, რაც მათ დისკუსიას უფრო აქტიურს ხდიდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ სტრუქტურირებულ დისკუსიაში ჯამში 214 პედაგოგი მონაწილეობდა (52 ჯგუფად), რაც ამ საგნის მასწავლებელთა რაოდენობის 8%-ია. ეს კი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრებზე გამოთქმული დასკვნები და რეკომენდაციები საკმარისად ასახავს საქართველოში სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მდგომარეობასა და განწყობას.

პედაგოგების უმრავლესობამ ასეთი შეხვედრებით კმაყოფილება გამოხატა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისას შეჯამებული შედეგების გათვალისწინების დიდი იმედი აქვთ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისობას ამ საგნის მასწავლებლისთვის საჭირო კომპეტენციებთან მონაწილეები ასე აფასებენ:

სრულად

მეტწილად

ნაწილობრივ

მცირედ

არ შეესაბამება

29%

22%

37%

8%

4%

ზომიერად დადებით დამოკიდებულებას პროფესიული სტანდარტის მიმართ პედაგოგები ხსნიან თავიანთი თეორიული მომზადების (უმაღლესი განათლება და სწავლების გამოცდილება) ნაკლები შესაბამისობით, დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურის ნაკლებობით, ამ საგნის სწავლების მცირე გამოცდილებითა და მათი ძირითადი საქმიანობის განსხვავებული პროფილით. მასწავლებლების უმრავლესობა სკოლაში სხვა საგანს (მეტწილად – ისტორია) ასწავლის.

იმავდროულად მასწავლებლები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მოსწავლეებისთვის ნამდვილად აჯობებს, ამ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციების მქონე მასწავლებელი ჰყავდეთ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური და ნეგატიური შეფასებების განმამტკიცებელ არგუმენტებს შორის გვხვდება 2012 წლის საგამოცდო ტესტთან და არა სტანდარტთან დაკავშირებული მოსაზრებები. ასეთი რამ უფრო ხშირად მეორდება საგამოცდო პროგრამის შეფასების დროსაც.

სამოქალაქო განათლებაში მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამის შესაბამისობას ამ საგნის მოქმედი პედაგოგისთვის საჭირო კომპეტენციებთან მონაწილეები ასე აფასებენ:

სრულად

მეტწილად

ნაწილობრივ

მცირედ

არ შეესაბამება

20%

35%

33%

10%

2%

საგამოცდო პროგრამის უფრო ნეგატიური შეფასება, სტანდარტთან შედარებით, ძირითადად 2 დამატებითი არგუმენტით არის განმტკიცებული:

. საგამოცდო პროგრამა უნდა იყოს უფრო მეტად კონკრეტული და ცხადი;

. პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემულ თემატიკას, რადგან მოქმედი მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მოსამზადებელი რესურსია ხელმისაწვდომი.

დისკუსიის დროს ნათელი ხდებოდა, რომ საგამოცდო პროგრამასთან ერთად მითითებულ რეკომენდებულ ლიტერატურას მონაწილეთა მხოლოდ 25%იცნობდა. ამას ემატება ისიც, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის არ შეუთავაზებიათ არც ერთი საწვრთნელი პროგრამა, გარდა „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების” (ACETT) 6-დღიანი ტრეინინგისა, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად არ არის განკუთვნილი.

მასწავლებლების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ საგამოცდო პროგრამასა და ტესტში გასამარტივებელია ფილოსოფიის, რელიგიისა და ეკონომიკის საკითხები.

ამ და სხვა შედეგების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის საგმოცდო ტესტს მონაწილეთა 34% იცნობდა, ხოლო 2012 წლისას – 60%, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლევანდელ ტესტს მონაწილეთა უმეტესობა პირველად შეხვედრის დროს გაეცნო. ამდენად, მონაწილეთა შეფასებებზე გავლენას ახედნდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც გავიდნენ გამოცდაზე შარშან ან წლეულს.

აი, როგორ შეაფასეს შეხვედრების მონაწილეებმა 2011-2012 წ.წ. ტესტების შესაბამისობა სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის პროგრამასთან:

საგამოცდო წელი

სრულად

მეტწილად

ნაწილობრივ

მცირედ

არ შეესაბამება

2011წ.

14%

19%

19%

12%

7%

2012წ.

12%

12%

24%

31%

10%

მასწავლებლების უმრავლესობა თავის შეფასებას უკავშირებდა 3 ძირითად ფაქტორს:

. არსებულ კვალიფიკაციას;

. სასწავლო და დამხმარე რესურსებთან შესაბამისობას;

. მასწავლებელთა მიზნობრივი მომზადებისა და გადამზადების ხარისხს.

პედაგოგების უმრავლესობა სამოქალაქო განათლებაში მომავალი სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტებს შემდეგნაირად ახასიათებს:

. თემატური დიაპაზონი იყოს ფართო, მრავალფეროვანი და შეესაბამებოდეს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების თემატიკას;

. პროფესიული ცოდნის შესამოწმებელი კითხვები უფრო მეტად იყოს დახურული, არჩევითბოლოიანი და არ იყოს ჩაღრმავებული ან ზედმეტად დეტალური.

კვლავ ხშირად მეორდებოდა არგუმენტი, რომ მათთვის ხელმისაწვდომი მოსამზადებელი რესურსი სწორედ სასკოლო სახელმძღვანელოებია, თუმცა იმასაც ადასტურებდნენ, რომ მასწავლებლის ცოდნა უნდა აღემატებოდეს მოსწავლისას.

. მეთოდური და მასწავლებელთა ანალიზის უნარის შესამოწმებელი დავალებები უფრო მეტად ეფუძნებოდეს სიტუაციურ ამოცანებს. ამასთან, მეთოდური დავალებები მეტად იყოს ღია ტიპის.

მასწავლებელთა უმრავლესობა (მათ შორის – სერტიფიცირებულებიც) აცხადებს, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის განსაზღვრა-დადასტურება მხოლოდ წერითი ტესტის შედეგების მიხედვით მცდარ სურათს იძლევა: „წერითი ტესტებით მოწმდება მასწავლებლობისთვის საჭირო კომპეტენციების ძალიან მცირე ნაწილი”.

შეხვედრების მონაწილეთა მხოლოდ 25% იცნობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებულ ლიტერატურას. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს სერტიფიცირების პროცესში მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები, კერძოდ, საგამოცდო პროგრამა, 2012 წლის ტესტი, გადასალახი ბარიერის ზომა, არაადეკვატურად გადაჭარბებულად მიაჩნიათ.

სპორტის სწავლება სკოლებში

0

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სპორტი ადამიანის და, მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირად შეუცვლელი “წამალია”. საჯარო თუ კერძო სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო – სწორედ იმ პერიოდში აღირიცხა საქართველოში მოზარდებს შორის ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს წევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სპორტის ეროვნული სასწავლო გეგმა ადგილობრივი პირობებისა და სპორტული ტრადიციების გათვალისწინებით დგება. მაგალითად, ბუნებრივია, რომ სკანდინავიაში სპორტის ზამთრის სახეობებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, იამაიკაში კი მძლეოსნობას და არა პირიქით… არის სახეობები, რომლებიც მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაშია პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ეს “ტრადიციული სახეობები” სხვა ქვეყნებში პოპულარობით არ სარგებლობს, სასწავლო გეგმაში მათ მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. მაგალითად შეგვიძლია ამერიკული ფეხბურთი მოვიყვანოთ, რომელიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაშია პოპულარული, მაგრამ ამერიკის სკოლებში სპორტის ამ სახეობას დიდ ყურადღებას აქცევენ და ისიც ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში ევროპულ (კლასიკურ) ფეხბურთს სწორედ ამერიკულს ამჯობინებენ.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში რაგბია სპორტის წამყვანი სახეობა, ბრაზილიაში – ფეხბურთი, ინდოეთში – კრიკეტი, მონღოლეთში კი, რასაკვირველია, მშვილდოსნობა. საქართველოში ასეთი სტატუსით სარგებლობს ქართული ჭიდაობაა, რომელიც მთლიანობაში დიდად არ განსხვავდება ბერძნულ-რომაული ჭიდაობისგან ან ძიუდოსგან, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია პოპულარული. ამრიგად, საქართველოში, ისევე როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოში, სასწავლო გეგმის შედგენის დროს სკოლებს, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უწევთ ფიქრი, რამდენად დააინტერესებს მოზარდს სპორტის ესა თუ ის სახეობა.
სპორტი აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, რაც დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ მის თავიდან აცილებას, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია.
საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში სპორტის სწავლების სტანდარტი სამსაფეხურიანია. დაწყებითი, საბაზისო და საშუალო განათლებისთვის აუცილებელი. დაწყებითი საფეხური ძირითადად ბავშვისთვის სპორტის როგორც ფენომენის გაცნობას და მინიმალურ ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს. მაგალითად, პირველ ეტაპზე აუცილებელია, ბავშვმა შეიმეცნოს, რა არის სპორტი, რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი სპორტული ცხოვრების წესი და რას ნიშნავს იყო სპორტსმენი, ისწავლოს სპორტის სხვადასხვა სახეობის თუნდაც უმარტივესი წესები, მაგალითად, როგორი ქულებრივი აღრიცხვაა კალათბურთში, რა ფუნქციები აკისრია ძიუდოში მსაჯს, რამდენწუთიანია საფეხბურთო მატჩის ტაიმები და სხვა.
სპორტის სწავლების მეორე, საბაზისო საფეხურზე, VII-IX კლასებში, ბავშვები უკვე თვითშეფასებას სწავლობენ და უვითარდებათ სპორტისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მებრძოლი ხასიათი. სპორტის თანმხლები აზარტიც სწორედ ამ დროს იკიდებს ფეხს ბავშვის ფსიქიკაში. არსებობს მოსაზრება, რომ აზარტი სპორტის ერთ-ერთი უარყოფითი მხარეა, რაც მართლაც ყურადსაღები მოსაზრებაა, მაგრამ, თუ ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელის, ბრაზილიელი ვისენტე ფეოლას სიტყვებს მოვიხმობთ, აზარტის გარეშე სპორტი იგივეა, რაც ავტომობილი ძრავის გარეშე. სპორტის კონკრეტულ სახეობებსაც მილიონობით გულშემატკივარი, რასაკვირველია, სწორედ სპორტის თანმხლები აზარტის წყალობით ჰყავს.
სპორტის სწავლების უკანასკნელ, დამამთავრებელი კლასების საფეხურზე სწავლების ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა; დამოუკიდებელი სპორტული აქტივობისა და შემოქმედებითი მიდგომის სტიმულირება გაკვეთილზე და გაკვეთილების შემდეგ; ფიზიკური სრულყოფისკენ სწრაფვა; სპორტის არჩეულ სახეობებში ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფა და თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალური მომზადების შესაბამისი ფუნქციების განსაზღვრა. სწორედ ეს ეტაპია გადამწყვეტი იმაში, გახდება თუ არა ბავშვი სპორტსმენი და აირჩევს თუ არა იგი შემდგომში სპორტსმენის კარიერას.
სპორტის სახეობის არჩევისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტის კვალიფიკაცია, არსებული ინფრასტრუქტურა, რეგიონის თავისებურებები და ადგილობრივი ტრადიციები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი ან მოედანი, სასურველია, სკოლის ადმინისტრაციამ იპოვოს სოფელში ან ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. სპორტის გაკვეთილები მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს, რომ ფიზიკურ, ტექნიკურ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად მოსწავლეს მიაწოდოს ცოდნა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
საბაზო-საშუალო საფეხურზე სპორტის სახეობების ჩამონათვალიდან სკოლა ირჩევს მინიმუმ სამს, რაც შესაძლებლობას მისცემს გოგონებსა და ბიჭებს, თანაბრად დაეუფლონ გუნდურ ან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს. აღსანიშნავია, რომ სპორტის თითოეული სახეობისთვის საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები დაიწერება სამი დონის მიხედვით (I, II და III). მასწავლებელი კონკრეტული კლასის საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩევს შესაბამის დონეს და ამ დონის მიხედვით წარმართავს სასწავლო პროცესს. ასე რომ, თითოეული დონის გამოყენება ნებისმიერ კლასშია შესაძლებელი. მაგალითად, თუ მოსწავლეები მე-10 კლასში იწყებენ კალათბურთის სწავლას, მასწავლებელი სწავლებას წარმართავს კალათბურთის სახელმძღვანელოს პირველი დონის მიხედვით.
დღეს საქართველოს სკოლებში, სპორტის გაკვეთილებზე სპორტის 26 სახეობა ისწავლება. მათი უმეტესობა ე.წ. სათამაშო სახეობაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველაზე პოპულარული დღეს მთელ მსოფლიოში სწორედ სათამაშო სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, ბალახის ჰოკეი და ჭადრაკი. ამ სახეობათაგან ყველაზე პოპულარული, რასაკვირველია, ფეხბურთია. ქართველ ფეხბურთელთა მიერ წარსულში მოპოვებული წარმატებების გამოძახილი დღემდე მოგვყვება. ამიტომ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოზარდებს დღესაც ყველაზე მეტად ფეხბურთი იზიდავთ, თუმცა, უკანასკნელი წლების მაჩვენებლებს თუ გადავავლებთ თვალს, სულ უფრო მეტი სკოლა ირჩევს კალათბურთსა და რაგბის. ამის მიზეზად, რასაკვირველია, ქართველი კალათბურთელებისა და მორაგბეების ბოლოდროინდელი წარმატებები სახელდება.
ორთაბრძოლის სახეობებიდან საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ჭიდაობას. სწორედ ქართული ჭიდაობაზე გაიზარდა მრავალი ცნობილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომლებმაც შემდეგ სპორტის ოლიმპიურ სახეობეში გადაინაცვლეს. ქართულ ჭიდაობასთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებში პოპულარულია ძიუდო და სამბო, დასავლეთ საქართველოში კი ბერძნულ-რომაული ჭიდაობას ამჯობინებენ. ზოგიერთ სკოლაში აღმოსავლური ორთაბრძოლებიც (უშუ, ჯიუჯიცუ, კარატე და სხვა) ისწავლება.
ინდივიდუალური სახეობებიდან საქართველოს სკოლებში ყველაზე პოპულარულია მძლეოსნობა და სპორტული ტანვარჯიში. გარდა ამისა, ისწავლება: მხატვრული ტანვარჯიში; სპორტული აკრობატიკა; სპორტული აერობიკა; ცურვა; სათხილამურო სპორტი; ფიგურული ციგურაობა; სპორტული (ლათინოამერიკული პროგრამა) და თანამედროვე ცეკვები.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ ყველა სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და ფიზიკური განათლების გაკვეთილებში, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლებისა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება მასწავლებლების, სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობების უნარის მქონე მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სასწავლო აქტივობები, რომლებიც მათ საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისა და ინდივიდუალური რესურსების გამოვლენის საშუალებას მისცემს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას, ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების გზებსა და დამატებით აქტივობებს, რომლებიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

პაატა ვეშაპიძე – მასწავლებლობის ხიბლი და უნარი

0

“თუ ადამიანს არ უმართლებს და სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ბედნიერად იგრძნოს თავი, ის უნდა წავიდეს სკოლაში, სცადოს მასწავლებლობა… თუ ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, გარანტიას ვაძლევ – ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ იგრძნობს, რომ ბედნიერია და ტყუილად არ მოსულა ამქვეყნად”, – ამბობს გაზეთ “24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე, რომელსაც მასწავლებლად მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს.

მან მასწავლებლობა 1984 წელს ეგრეთ წოდებულ გერმანულ სკოლაში დაწყო, რომელიც გურამ რამიშვილმა დააარსა და სწავლების ბილინგვურ მეთოდს ეფუძნებოდა, თუმცა კი ამ სკოლების ხიბლი მხოლოდ უცხო ენის სწავლება არ ყოფილა – ეს გახლდათ საბჭოთა მეთოდოლოგიის ფონზე სრულიად ახლებური ხედვა და მიდგომა, რომლის მიზანს თავისუფლად, კლიშეების გარეშე მოაზროვნე თაობის გაზრდა წარმოდგენდა.

– ამ გადასახედიდან, რამდენად ეფექტური იყო სწავლების რამიშვილისეული მეთოდი?

 

– ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენი სკოლების ყველა კურსდამთავრებულმა შესანიშნავად იცოდა როგორც მშობლიური, ისე გერმანული ენა და კარგად იცოდა მეორე უცხო ენაც. საქართველოში პირველად ამ სკოლებში გაჩნდა ისეთი ტიპის აღმზრდელობითი მიმართულებები, როგორიც არის საზოგადოების ეკოლოგია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზროვნება და კრიტიკული მსჯელობა ნებისმიერი მოვლენის შესახებ. არ მინდა დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო გაგანია კომუნისტური პერიოდი, 80-იანი წლების დასაწყისი. შემიძლია, ერთი მაგალითიც მოგიყვანოთ ჩემი პრაქტიკიდან: დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვიყავი, როცა ჩემს გაკვეთილზე პირველად შემოვიდა განათლების სამინისტროს ე.წ. კომისია. რას ამოწმებდნენ, არ ვიცი, მაგრამ სკოლებში ხშირი დადიოდნენ ასეთი კომისიები. იმ დღეს გაკვეთილად გვქონდა კრილოვის იგავ-არაკი “ჭრიჭინა და ჭიანჭველა”. დღესაც მახსოვს ორი დამსწრე ქალბატონის შოკირებული სახე, როცა რვა წლის პატარებმა თავისუფლად, ყოველგვარი შაბლონისა და კლიშეს გარეშე დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რა ულმობელია ჭიანჭველა, რომელმაც ჭრიჭინა შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთელი ზაფხული მღეროდა. მახსოვს კომისიის ერთ-ერთი წევრის აღშფოთება სამასწავლებლოში, გაკვეთილის შემდეგ, როცა მან დირექტორს განუცხადა, მე ამას ასე არ დავტოვებო. საბედნიეროდ, მაშინ გათავისუფლებას გადავრჩი… სკოლაში კი ასეთი მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ასე იზრდებოდა ჩვენი ორი ათასზე მეტი მოსწავლე. და, ჩემს შეფასებასაც რომ თავი დავანებოთ, ისინი, ვინც “გერმანული სკოლები” დაამთავრეს, დღეს საზოგადოების წარმატებული წევრები არიან.

როდესაც სკოლა გაფართოვდა, რამდენიმე ნაწილად გაიყო და მე მუშაობა გავაგრძელე მეორე გიმნაზიაში, რომელიც ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ მე, მიშა ჩიკვილაძემ და რეზო ბუთხუზმა. ახალი სახელმძღვანელოებიც კი შევქმენით, თუმცა არ გადაგვიხვევია იმ პრინციპისთვის, რასაც გურამ რამიშვილის მეთოდოლოგია გულისხმობდა.

– ქართულ სინამდვილეში მამაკაცები სკოლაში მასწავლებლად იშვიათად მიდიან. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ?

– ეს შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს, – ზუსტად თუ გნებავთ, 1984 წლის 5 სექტემბერს, – საღამო ხანს, სამსახურში გავუარე ჩემს მეგობრებს, რომლებიც სკოლაში მუშაობდნენ, რათა საერთო მეგობრის დაბადების დღეზე წავსულიყავით. მაშინ გერმანული სკოლა 46-ე სკოლის შენობაში, ბროსეს ქუჩაზე, ფუნქციობდა მეორე ცვლაში.

კიდევ ერთი გაკვეთილია დარჩენილი და ამოდი, სამასწავლებლოში დაგველოდეო. ავედი. სწორედ იმ დროს შემოვიდა სამასწავლებლოში კიდევ ერთი მეგობარი, მიშა მინდაძე, და მითხრა, მეორე კლასში გაკვეთილი ცდება და რაკი უსაქმოდ ხარ, ბარემ შედი, ბავშვები მაინც დააკავეო. ვერც მე და ვერც მოსწავლეებმა ვერ გავიგეთ, როგორ გავიდა ორმოცდახუთი წუთი. მხოლოდ მაშინ მოვედით გონს, როცა კლასში აღელვებული მშობლები შემოვიდნენ. მიუხედავად ფილოლოგიური განათლებისა, მანამდე მართლა ვერ წარმომედგინა სკოლის მასწავლებლობა. მეგობრებმა შემომთავაზეს, გაკვეთილის ჩატარება ისე კარგად გამოგივიდა, ხომ არ ცდიდიო და იმ მეორე კლასს მეათემდე მივყევი. მერე სხვა კლასებიც იყო…

მასწავლებელთა უმეტესობა მამაკაცები ვიყავით, რაც, ვფიქრობ, სიმკაცრესა და მეგობრობას უფრო ჰარმონიული თანაარსებობის საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, უფრო იოლად ვახერხებდით, შაბათ-კვირას მოსწავლეებთან ერთად ლაშქრობაში თუ ექსკურსიაზე გვევლო. ეს, ჩემი აზრით, მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებაა. ოცდარვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლაში მივედი და ის ჩემი მოსწავლეები დღესაც უახლოესი ადამიანები არიან ერთმანეთისთვის.

– მცირე ანაზღაურების გარდა, რა აფრთხობთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც სკოლაში მუშაობაზე უარს ამბობენ?

– ვფქრობ, წარმოსახვითი სირთულეები, რომლებიც ბავშვების აზღრდასთან არის დაკავშირებული.
რასაკვირველია, მასწავლებლობა სერიოზული და შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ, ამავე დროს, უდიდესი აღფრთოვანების მომგვრელიც არის. მე ვფიქრობ, თუ ადამიანს არ უმართლებს და სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ბედნიერად იგრძნოს თავი, უნდა წავიდეს სკოლაში, სცადოს მასწავლებლობა; თუ ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, გარანტიას ვაძლევ – ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ იგრძნობს, რომ ბედნიერია და ტყუილად არ მოსულა ამქვეყნად.

– თქვენ რა შეგძინათ სკოლაში გატარებულმა თხუთმეტმა წელმა?

 

– პირველ რიგში – თავდაჯერება, რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში თავის ფლობის, სწრაფად და სწორად რეაგირების უნარი. ვფიქრობ, ადამიანისთვის, განსაკუთრებით – მამაკაცისთვის ეს აუცილებელია. რაც მთავარია, ჩემს აღსაზრდელებთან ერთად ვისწავლე, რა არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა.

– თქვენ შეგიძლიათ, თვალი გაადევნოთ სამი სხვადასხვა თაობის სკოლას. რა დაკარგა და რა შეიძინა მან?

– ის სკოლები, სადაც მე ვმუშაობდი, მართლა განსაკუთრებული იყო – ატმოსფეროთი, პედაგოგებით… სულ ახალგაზრდები ვმუშაობდით. ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა 21 წლის იყო, ყველაზე “ხანდაზმული” მიშა მინდაძე კი – 31 წლის. ჩემი ბავშვობის სკოლაში, რასაკვირველია, იყვნენ ხნიერი მასწავლებლებიც, ძირითადად – შინაბერები… უფრო მკაფიოდ ამ განსხვავებას ერთი ბანალური ფაქტი წარმოაჩენს: ჩემი თაობის ბავშვებს, ისე, როგორც ყველა საბჭოთა მოსწავლეს, გვეგონა, მასწავლებელი ტუალეტში არ დადიოდა, მე კი გაკვეთილზე რომ შევიდოდი და დაფაზე სიტყვის უთქმელად დავწერდი საკონტროლო თემის სათაურს, ჩემი მოსწავლეები ერთხმად ამოიზუზუნებდნენ ხოლმე: “ისევ პახმელიაზე ხართ, პაატა მას?” – უმალვე ამჩნევდნენ, რომ არც მოსმენის თავი მქონდა, არც ლაპარაკის და საკონტროლოსაც ამიტომ ვაწერინებდი.

– და ახლა? რატომ ვერ იძლევა სკოლა სათანადო განათლებას?

 

– საქართველოში სამოცდაათი ათასზე მეტი პედაგოგია. მათი უმეტესობა იძენს განათლებას, რომელსაც, სამწუხაროდ, მერე აღარ იმაღლებს და ათწლეულების განმავლობაში ერთხელ მიღებულ ცოდნას გასცემს, არადა ამ წლებში ის სფეროც ვითარდება, ცნობიერებაც იცვლება, საზოგადოების უნარ-ჩვევებიც, მოთხოვნებიც… ამ შემთხვევაში პედაგოგი, რომელიც პროფესიული კარიერის დასაწყისში შესაძლოა ძალიან კარგი სპეციალისტიც ყოფილიყო, მოსწავლეებისთვის სრულიად არარელევანტური ხდება. არარელევანტურია მისგან წამოღებული ცოდნაც. ვფიქრობ, დღევანდელი სკოლების მთავარი პრობლემა ეს არის. ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა დაიწყო, ქართველი პედაგოგები შოკში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი 20-30 წლის წინანდელ ცოდნაში იყვნენ ჩარჩენილნი.

აი, რას ვურჩევდი ჩვენს პედაგოგებს: გამუდმებით აიმაღლეთ ცოდნა და განივითარეთ უნარები, არ ჩამორჩეთ დროს, თორემ თქვენივე აღსაზრდელები გაგასწრებენ.

მწერლებს ძალიან აფასებენ – სოლ ბელოუ

0
ორმოცზე მეტი წლის წინათ ვიყავი მეტად თავისებური სტუდენტი – უფროსკურსელი. ჩვეულებრივ, პროგრამაში ვირჩევდი რომელიმე კურსს და შემდეგ მთლიანად ვეფლობოდი სულ სხვა საგნის სწავლაში. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ დამეზეპირებინა სახელმძღვანელო “ფული და საბანკო საქმე”, გატაცებით ვკითხულობდი ჯოზეფ კონრადის რომანებს და შემდეგ არასდროს არ მინანია ეს. შესაძლებელია, კონრადმა იმით მიმიზიდა, რომ მასში არის რაღაც ამერიკელისთვის დამახასიათებელი: წარმოშობით პოლონელი, რომელმაც საბოლოოდ დატოვა სამშობლო, იგი სერავდა ეგზოტიკურ ზღვებს, ლაპარაკობდა ფრანგულად და წერდა არაჩვეულებრივად ძარღვიანი და ლამაზი ინგლისური ენით. ცხადია, ჩემთვის, ემიგრანტის შვილისათვის, ჩიკაგოს ემიგრანტთა ერთ-ერთ რაიონში გაზრდილისთვის, არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ სლავი გახდა ბრიტანული გემის კაპიტანი, ზეპირად იცოდა მარსელი და ბრწყინვალედ წერდა ინგლისურად. მაგრამ კონრადის ნამდვილ ცხოვრებაში არაფერი იყო უცნაური. მისი თემები მარტივია ერთგულება, კანონისადმი მორჩილება, საზღვაო ტრადიციები, იერარქია, დაუწერელი კანონები, რომელთაც ასრულებენ მეზღვაურები, შტორმში რომ მოჰყვნენ. მას სწამდა ამ კანონების ურყეობა, რომელთა დარღვევაც თითქოსდა ასე ადვილად შეიძლებოდა და სწამდა თავისი ხელოვნება.

თავისი შეხედულებები ხელოვნებაზე კონრადმა ძალიან ზუსტად ჩამოაყალიბა. ის წერს, რომ ხელოვნება ეს არის ცდა იპოვნო ამ სამყაროში, თვითონ მის მატერიასა და ცხოვრებისეულ მოვლენებში რაიმე ფუნდამენტური, არსებითი, წარუვალი. მეთოდი, რომლითაც სარგებლობენ მწერლები, რათა გამონახონ ეს არსებითი რამ, განსხვადება ფილოსოფოსის ან მეცნიერის მეთოდისაგან, რომლებიც, კონრადის სიტყვებით, შეიცნობენ სამყაროს სისტემატური გამოკვლევების მეშვეობით. ამოსავალი წერტილი ხელოვნებისათვის ეს თვითონ იგია: მხოლოდ მაშინ, როცა თავის თავს ჩაუღრმავდება, თავისი “მეს” ფარულ კუთხე-კუნჭულებს, მას ესმის, რისკენ უნდა მოუწოდოს. ის მოუწოდებს, ამბობს კონრადი, ჩვენი არსების იმ ნაწილისკენ, რომელიც ჩვენ გვებოძა, მოგვენიჭა, და არა შევიძინეთ, ჩვენი უნარ-შესაძლებობებისკენ გვიხაროდეს და გვიკვირდეს, ჩვენი სიბრალულისა და თანაგრძნობისაკენ, ყოველივე არსებულისადმი თანაზიარობის ფარული განცდისაკენ – შეიძლება მერყევი, მაგრამ შეუდრეკელი ძმობის რწმენისკენ, რომელიც გააერთიანებს განმარტოებულ გულთა ურიცხვ უმრავლესობას… და გააერთიანებს მთელ კაცობრიობას: მკვდრებს ცოცხლებთან, ხოლო ცოცხლებს კი ჯერ დაუბადებლებთან.

ეს მგზნებარე სიტყვები დაიწერა ოთხმოცი წლის წინათ და შესაძლოა, მათი კითხვისას სკეპტიკურად გაგვეღიმოს. მე ვეკუთვნი მკითხველთა იმ თაობას, რომლისთვისაც სულიერად ახლოა მაღალფარდოვან სიტყვათა გრძელი სია, მსგავსად ამისა ურყევი რწმენა, კაცობრიობა და ა. შ. სიტყვები, რომელთაც ზურგი შეაქციეს ე. ჰემინგუეის ტიპის მწერლებმა. ჰემინგუეი ლაპარაკობდა პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცთა სახელით, ფრონტზე რომ წავიდნენ ვუდრო ვილსონისა და სხვა ენაწყლიანი პოლიტიკოსების მოწოდებებით შთაგონებულნი, რომელთა ხმამაღალმა სიტყვებმა ყოველგვარი აზრი დაკარგეს სანგრებში, ამოვსებული რომ იყო გაშეშებული გვამებით. ჰემინგუეის ახალგაზრდა მკითხველები დარწმუნებული იყვნენ, რომ XX საუკუნის საშინელებებმა გაანადგურეს და ჩაკლეს ჰუმანისტური იდეალები თავიანთი მომაკვდინებელი რადიაციით, და ამიტომ მე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ შეიძლება ავყვეთ კონრადის რიტორიკას, მაგრამ, ამასთან ერთად, არასოდეს ვთვლიდი, რომ კონრადი მართალი არ არის, იგი უშუალოდ მე მომმართავდა. ადამიანი, რომელიც თავს, თურმე, სუსტ ადამიანად გრძნობდა: იგი არაფერს გრძნობს, საკუთარი სისუსტის გარდა, მაგრამ, თუ იგი ცნობს, აღიარებს ამ სისუსტეს, თავის სიმარტოვეს და საკუთარ თავს ჩაუღრმავდება, ხდება რა ამით კიდევ უფრო განმარტოებული, მაშინ იგი გამოავლენს თავის კავშირს სხვა მარტოხელა ადამიანებთან.

არ ვგრძნობ მოთხოვნილებას, კონრადის სენტენციები სკეპსისით შევაზავო. მაგრამ არიან მწერლები, რომლებისთვისაც კონრადის რომანი, როგორც ყოველი სხვა, მას რომ მოგვაგონებს, წარსულმა შთანთქა… ის აღარ არსებობს. აი, მაგალითად, ალენ რობგრიიე ვეშჩიზმის ერთ-ერთი მასწავლებელი – ის წერს, რომ ცნობილ თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებში, როგორიცაა სარტრის “გულისრევა”, კამიუს “უცხო”, კაფკას “კოშკი”, ხასიათები არ ჩანს; ამ წიგნებში თქვენ ხედავთ არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ, ასე ვთქვათ, ვიღაც არსებებს, “ხასიათების რომანი” – წერს იგი, მთლიანად ისტორიას ეკუთვნის. ის ასახავს პერიოდს, რომელშიც ინდივიდუალობის განვითარებამ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია. არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ამით რომანი უკეთესი გახდა, და რობ გრიიე ამას აღიარებს, მაგრამ, რომ შეიცვალა, ეჭვს არ იწვევს. ინდივიდუალობა უკვე წაიშალა, თანამედროვე პერიოდი – ეს ადმინისტრაციული ერთეულების ეპოქაა, ჩვენ აღარ ვუკავშირებთ სამყაროს ბედს გარკვეული ოჯახებიდან გამოსული გარკვეული ადამიანების აღმასვლას და დაცემას. შემდეგ ის ამბობს, რომ ბალზაკისდროინდელი ბურჟუაზიის ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო გქონოდა სახელი და ხასიათი, ამასთანავე ხასიათი ასრულებდა იარაღის როლს გადარჩენისა და წარმატებისათვის ბრძოლაში, “იმ სამყაროში, სადაც არის პიროვნება, – ნებისმიერი საქციელი – მოქმედების საშუალება და მიზანი, გქონოდა შენი სახე, ცოტას როდი ნიშნავდა”. რაც შეეხება ჩვენს სამყაროს, – ასკვნის რობ გრიიე, – მისი პრეტენზიები გაცილებით უფრო მოკრძალებულია, ის უარყოფს პიროვნების ყოვლისშემძლეობას, მაგრამ, ამასთან ერთად, ის უფრო პატივმოყვარეცაა, რადგან უფრო შორს იყურება. ადამიანურის, “კაცობრიულის” კულტმა ადგილი დაუთმო უფრო ფართო და ნაკლებად ანთროპოცენტრისტულ გაგებას, თუმცა, გვამშვიდებს იგი, ჩვენ წინ არის ახალი გზები, ჩვენ გველის ახალი აღმოჩენები.

ისეთ დღეს, როგორიც დღესაა, მე არ მსურს ჩავება კამათში, თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რას ნიშნავს “გმირებისაგან” დაღლა, ადამიანური ტიპები ყალბი და მოსაბეზრებელი გახდა. დ. ჯ. ლოურენსმა ჩვენი საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები ინსტინქტით, პურიტანული მორალით დასახიჩრებული, რომელიც ჩვენთვის აღარაფერს ნიშნავს, და ერთმანეთის მიმართ ფიზიკურ ზიზღს ვგრძნობთ. – თანამგრძნობელი გული გატეხილია, ამბობს იგი, უფრო მეტიც: “ჩვენ ვეღარ ვიტანთ ერთმანეთს”. გარდა ამისა, კლასიკის გავლენა ევროპაში საუკუნეების მანძილზე ისეთი იყო, რომ ყოველმა ქვეყანამ შექმნა “თავისი” მდგრადი, მყარი ტიპები პიროვნებებისა, გადაიღო რა ისინი მოლიერისა და რასინისაგან, დიკენსისა და ბალზაკისაგან. საშინელი მოვლენაა! აქ უადგილო არ იქნება გავიხსენოთ ფრანგული გამონათქვამი: “თუ ხასიათია, მაშინ უსათუოდ ცუდია!” წარმოიქმნება აზრი, რომ ადამიანთა გვარი, არ გამოირჩევა რა განსაკუთრებული ორიგინალობით, მისთვის საჭიროს და აუცილებელს იქიდან იღებს, რაც მას ხელთ აღმოჩნდება, – მსგავსად იმისა, ახალ ქალაქებს არცთუ იშვიათად ძველი ქალაქების ნანგრევებზე რომ აშენებენ ხოლმე, დაუმატეთ აქ ხასიათის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია უსახური და უსიცოცხლო სტრუქტურისა, რომელსაც უნდა დაექვემდებაროთ, ნაცვლად იმისა, რომ სიხარულით მივიღოთ ის. ტოტალიტარიზმის იდეოლოგები ასევე თავს ესხმოდნენ ბურჟუაზიულ ინდივიდუალიზმს, აიგივებდნენ რა ხშირად ხასიათს საკუთრებასთან. რობ გრიის მსჯელობაში არის მინიშნება ამაზე. პიროვნების უარყოფას, უკეთურ ნიღბებს, ყალბ ყოფა-ცხოვრებას მივყავართ გარკვეულ პოლიტიკურ შედეგებამდე.

ამჟამად მე მაინტერესებს, სახელდობრ რა უნდა იქცეს ხელოვანი ადამიანის შემოქმედების ამოსავალ წერტილად. საჭიროა კი, სწორი იქნება კი დავიწყოთ ისტორიული ანალიზიდან, იდეიდან, სისტემიდან? “დაბრუნებულ დროში” – პრუსტი ლაპარაკობს ახალგაზრდა ინტელიგენტ მკითხველთა ინტერესის ზრდაზე ანალიტიკური, მორალური და სოციოლოგიური მიმართულების ნაწარმოებისადმი. იგი შენიშნავს, რომ რომანისტ ბერგოტს (პერსონაჟი მისი ეპოპეისა “დაკარგული დროის ძიებაში”) ისინი ამჯობინებენ მწერლებს, რომლებიც მათ უფრო ღრმააზროვნად მიაჩნიათ. მაგრამ, ამბობს პრუსტი, “როგორც კი ხელოვნების ნაწარმოებზე იწყებენ მსჯელობას გონებითი ჭვრეტიდან გამოდინარე, ისინი კარგავენ ყოველგვარ სიმყარეს და სიმტკიცეს და მაშინ შეგიძლია ამტკიცო, რაც მოგესურვება”.

რობ გრიიეს იდეა ახალი არ არის. მისი არსია: ჩვენ აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი ბურჟუაზიულ ანთროპოცენტრიზმს და დავექვემდებაროთ დახვეწილი ავანგარდული კულტურის მოთხოვნებს. რაც შეეხება ლიტერატურულ გმირს, რობ გრიიეს სიტყვებით, “ვერც ნახევარსაუკუნოვანმა ავადმყოფობამ, ვერც ნეკროლოგებმა, ხელმოწერილი რომ არის ყველაზე სერიოზული კრიტიკოსების მიერ, ვერ შეძლეს ჩამოეგდოთ იგი იმ პიედესტალიდან, რომელზეც აიყვანა XIX საუკუნემ. ამჟამად ის იქცა მუმიად, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, წინანდებურად წამოჭიმულია ტახტზე იმავე – ყალბი დიდებულებით იმ ფასეულობათა გარემოცვაში, ტრადიციული კრიტიკა რომ თაყვანს სცემს”.

რობ გრიიეს ესსეს ეწოდება “ზოგიერთი მოძველებული ცნების შესახებ”. თვითონაც მომბეზრდა მოძველებული ცნებები და ყოველგვარი მუმიები, მაგრამ რომანის ოსტატები არასდროს მწყინდება. როგორღა მოვეკიდოთ მათი ნაწარმოებების გმირებს? საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ადამიანის ხასიათის გამოკვლევებზე? ნუთუ მოკვდა ახლა ის, რაც ასე ცოცხლად და ცხოველმყოფლად იყო მათთან? ნუთუ მართლა მოექცა ინდივიდუუმი ჩიხში? მართლაც ასე ძლიერ არის ადამიანის ინდივიდუალობა დამოკიდებული ისტორიულ თუ კულტურულ პირობებზე? ასე უცილობელია აღწერა ამ პირობებისა, რომელთაც ესოდენ “ავტორიტეტულად” გვახვევენ თავზე? ჩემი აზრით, უნდა ვწუხდეთ არა ბუნებრივი ინტერესის გამო ადამიანის პიროვნებისადმი, არამედ ამგვარი იდეისა და განწყობილების გამო, მათი ბანალურობა და უსაფუძვლობა ზიზღს გვგვრიან, წუხილის, აღელვების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

ის ფაქტი, რომ “ნეკროლოგები” ხასიათისათვის ხელმოწერილ იქნა “ყველაზე სერიოზული კრიტიკოსების” მიერ, ნიშნავს იმას, რომ მუმიის კიდევ ერთმა გაერთიანებამ ჩვენი ინტელექტუალური საზოგადოების ყველაზე დაფასებულმა წარმომადგენლებმა შემოიღო თავისი ახალი კანონები. მინდა ვიცოდე, მაინც ვინ მისცა ამ “სერიოზულ კრიტიკოსებს” უფლება ხელი მოაწერონ ნეკროლოგებს ლიტერატურულ ჟანრებზე? განა ხელოვნება უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის კანონებს? აქ რაღაც რიგზე ვერაა!

რომანისტს უფლება აქვს უარი თქვას ხასიათის ასახვაზე, თუკი ამას მოითხოვს მის მიერ არჩეული სტრატეგია, მაგრამ სისულელეა ამის გაკეთება ზოგადთეორიული წინაპირობიდან გამომდინარე იმ ვარაუდით, რომ პიროვნების უმაღლესი განვითარება დასასრულს მიუახლოვდა. ინტელექტუალები ჩვენზე არ უნდა მბრძანებლობდნენ, ჩვენ მათ ცუდ სამსახურს ვუწევთ, როდესაც საშუალებას ვაძლევთ, განაგებდნენ ხელოვნებას. განა როდესაც რომანებს კითხულობენ, მათში მხოლოდ თავიანთი შეხედულებების დადასტურებას უნდა ხედავდნენ? ნუთუ იმიტომ მოვედით ამქვეყნად, რომ მსგავს თამაშებში ვმონაწილეობდეთ?

როგორც ერთხელ ელიზაბეტ ბოუენმა თქვა, მწერლები არ ქმნიან თავიანთ წიგნების გმირებს. ისინი უკვე არსებობენ ცხოვრებაში და მწერლების საქმეა მხოლოდ მიაგნონ მათ, იპოვონ ისინი. თუ ჩვენ მათ ვერ ვპოულობთ ან არ ძალგვიძს გამოვსახოთ, ამაში არავინ, ჩვენ გარდა, დამნაშავე არ არის. თუმცა გმირების გამონახვა არც ისე ადვილია. ახლა, როგორც არასდროს, ძნელია ადამიანთა არსებობის პირობების განსაზღვრა. ისინი, რომლებიც ამბობენ, ჩვენ მსოფლიო ისტორიის ადრეულ სტადიაში ვართო, ალბათ, მართლები არიან. ჩვენ უფრო და უფრო მეტნი ვხდებით და თითქოსდა ახალი შეგნების, ცნობიერების შობის ტკივილებსა და ტანჯვას განვიცდით. ამერიკაში ბოლო ორმოცი წლის მანძილზე მილიონობით ადამიანმა მიიღო “უმაღლესი განათლება” ზოგჯერ ფრიად საეჭვო სიკეთეა! ბობოქარ სამოციან წლებში ჩვენ პირველად გავიგეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს თანამედროვე მოძღვრებებმა, კონცეფციებმა, თეორიებმა, გამოვავლინეთ თანამედროვე ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და პოლიტიკის იდეათა ბიწიერება.

ყოველწლიურად გამოდის მრავალი წიგნი და სტატია, რომელთა ავტორები გონივრული, გულუბრყვილო, მიამიტი, შეუსაბამო, უღიმღამო თუ უგუნური მსჯელობის მეშვეობით აუწყებენ ამერიკელებს იმის შესახებ, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ისინი ეხებიან ჩვენს გადასატან კრიზისებს და გვიჩვენებენ, როგორ გავართვათ მათ თავი. თანაც თვითონ ეს ანალიტიკოსები იმავე არეულ-დარეულობის და უთავბოლობის წარმოშობილი არიან, რომლისგანაც ისინი ჩვენს გათავისუფლებას ცდილობენ. მათი უზომო მორალური გულშემატკივრობა, სრულყოფისადმი სწრაფვა, საზოგადოებრივ ბიწიერებათა დაგმობა, მოთხოვნათა ამაღელ­ვებელი, კომიკური მაქსიმალიზმი, მათი წუხილი, გაღიზიანება, მგრძნობიარობა, შორმჭვრეტელობა, ზნეობრიობა, ნევროზულობა, მათი განუსჯელი ექსპერიმენტები ნარკოტიკებით, სამკურნალო მასაჟითა და ბომბებით, ყოველივე ამას მე აღვიქვამ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მწერალი. ყოფილი იეზუიტი მალაქია მარტინი თავის წიგნში ეკლესიის შესახებ თანამედროვე ამერიკელს ადარებს მიქელანჯელოს ქანდაკება “ტყვეს”: ის ძაბავს მთელ თავის ძალებს, რათა თავი დააღწიოს, დაუსხლტეს ქვის ლოდს. მარტინი წერს, რომ ამერიკელ ტყვეს ამ ბრძოლაში ზიანს აყენებს ინტერპრეტაციები, ჭკუის დარიგებები, გაფრთხილებები, შეფასებები, რომელთაც მას თავზე ახვევენ თვითმარქვია წინასწარმეტყველები, მღვდლები, მოსამართლეები და მისი ტანჯვის მშტამპავები.

მოდით, ცოტაოდენი დრო დავკარგოთ და ვნახოთ, რა ტანჯვა-წვალებაზეა ლაპარაკი. პირად ცხოვრებაში აურზაური, რომელიც პანიკამდეა მისული. ოჯახებში უთანხმოება და უსიამოვნება ცოლსა და ქმარს, მშობლებსა და ბავშვებს შორის. მოქალაქეობრივ ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში, სექსუალურ სფეროში (მთელ სიას არ ჩამოვთვლი) ასეთივე მოუწესრიგებლობაა. ქაოსს პირად ცხოვრებაში თან სდევს საზოგადოებრივი არეულობანი. გაზეთებში ვკითხულობთ იმის შესახებ, რაც ოდესღაც გვართობდა, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა: “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს მომაკვდინებელ სხივებზე და კოსმოსურ ომებზე რუსულ და ამერიკულ თანამგზავრებს შორის. “ენკაუნტერის” ნოემბრის ნომერში ისეთი საღად მოაზროვნე და პასუხისმგებელი ეკონომისტი, როგორიც აქ მყოფი მილტონ ფრიდმანია, აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი თავისი სახელმწიფოებრივი ხარჯების გამო მალე დაემსგავსება ისეთ ღატაკ ქვეყანას, როგორიც ჩილეა. საკუთარი პროგნოზი მას ძრწოლას ჰგვრის: “ნუთუ თავისუფლებისა და დემოკრატიის ის კეთილშობილური ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თავისუფლების დიდმა ქარტიამ, შესაძლოა დიქტატურით დამთავრდეს?! იმისთვის, ვინც ამ ტრადიციით აღიზარდა, მტკივნეულია თქვას, რომ ბრიტანეთი რისკავს დაკარგოს თავისუფლება და დემოკრატია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ასეა!”

მიუხედავად მსგავსი ფაქტებისა, ფეხქვეშ ნიადაგს რომ გვაცლიან, როგორღაც მაინც ვცდილობთ ვიცხოვროთ. მე რომ პოლემიკას ვეწეოდე პროფესორ ფრიდმანთან, მაშინ ვთხოვდი მას გაეთვალისწინებინა არსებულ ინსტიტუტთა წინააღმდეგობა, კულტურული განსხვავებანი დიდ ბრიტანეთსა და ჩილეს შორის, ეროვნული ხასიათისა და ტრადიციების თავისებურებანი, მაგრამ არ ვაპირებ, ჩავება კამათში, რომელშიც მაინც ვერ გავიმარჯვებ. მე სხვა მიზანი მაქვს გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ საშინელ წინასწარმეტყველებებზე, იძულებულნი რომ ვართ ანგარიში გავუწიოთ და რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქაოსის ფონს, რათა განვჭვრიტოთ მომავალი კატასტროფა. თითქოსდა ერთი ამგვარი სტატია საკმარისი უნდა ყოფილიყო ჟურნალისათვის, მაგრამ “ენკაუნტერის” იმავე ნომერში პროფესორი ხიუ სეტონ-უოტსონი ახდენს ჯორჯ კენონის ბოლო მოხსენების რეცენზირებას ამერიკული ცივილიზაციის გადაგვარებისა და ამ გადაგვარების ავბედითი შედეგების შესახებ მთელი მსოფლიოსათვის. აღწერს რა ამერიკის დაცემას, კენონი ლაპარაკობს დანაშაულისა და რღვევის პროცესებზე დიდ ქალაქებში, ნარკომანიისა და პორნოგრაფიის, თავაშვებულობისა და განათლების დონის დაცემის შესახებ და მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენი კოლოსალური სიძლიერე გახვრეტილ გროშ-კაპიკადაც არა ღირს. ჩვენ არ შეგვიძლია გავიყოლიოთ თან სამყარო და, ვართ რა საკუთარი ცოდვებით დაუძლურებულნი, საეჭვოა თავის დაცვა შევძლოთ. პროფესორი სეტონ-უოტსონი წერს: “ვერაფერი იხსნის საზოგადოებას, თუ მისმა მეთაურმა 100 000 მამაკაცმა და ქალმა, რომლის ნაწილი იღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, ხოლო ნაწილი კი – გავლენას ახდენს მათ აზროვნებაზე, აშკარად განიზრახა კაპიტულირება”.

თუმცა საკმარისია ლაპარაკი კაპიტალისტური ზესახელმწიფოს შესახებ. და როგორ აქვთ საქმე მათ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს? ვათვალიერებ “ენმკაუნტერნის” ფურცლებს და ვკითხულობ კემბრიჯელი ინგლისური ენის მასწავლებლის ჯორჯ უოტსონის მოკლე ინფორმაციას მემარცხენეთა რასიზმის შესახებ. ის წერს, რომ სოციალ-დემოკრატიული ფედერაციის დამაარსებელმა ჰინდმანმა ომს სამხრეთ აფრიკაში თავის დროზე ებრაული ომი უწოდა, რომ რესკინმა, კარლაილმა, ჰაქსლიმ რასისტული შეხედულებები გამოთქვეს, ხოლო ენგელსმა აღმოსავლეთ ევროპის პატარა სლავურ ხალხებს კონტრრევოლუციური ეთნოგრაფიული ნაყარ-ნუყარი უწოდა. დასასრულს მისტერ უოტსონი ახდენს ულრიკა მაინჰოფის – “ფრაქცია წითელი არმიის” დასავლეთ გერმანელი ხელმძღვანელის საჯარო განცხადების ციტირებას სასამართლო მოსმენაზე 1972 წელს, რომელშიც მან მოიწონა “რევოლუციური განადგურება”. ჰიტლერული გერმანიის ანტისემიტიზმი – ეს მისთვის სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა. “ოსვენციმი”, – წერს იგი თავის სტატიაში, ნიშნავდა იმას, რომ ექვსი მილიონი ებრაელი დახოცეს და გადაყარეს ევროპის ნაგავსაყრელზე იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ებრაელი “სქელჯიბიანები”.

მე ვიხსენიებ ამ მემარცხენე რასისტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჩვენო ამორჩევა სინათლის შვილებსა და სიბნელის შვილებისა არც ისე იოლია, კეთილი და ბოროტი სიმეტრიულად ნაწილდებიან პოლიტიკური მიჯნების ორივე მხარეზე, მაგრამ სრულიად ნათელია ერთი რამ: მღელვარებას, წუხილს ვერსად წაუვალთ, ყოველივეს წახდენა და დაკნინება ამქვეყნად – პირად ცხოვრებაშიც და საზოგადოებრივშიც – აი, ჩვენი საარსებო შიში.
მაგრამ ხელოვნება და ლიტერატურა? როგორ არის მათი საქმე? რას იზამ, გარშემო ყველაფერი თავდაყირა მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ მთლად არ დაგვიკარგავს თავი, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და გავარჩიოთ ცუდი კარგისაგან, ვიგრძნოთ. მოღვაწეობისას უფრო ფაქიზი, დახვეწილი და ამაღლებული სახეობები არ ემორჩილებიან სიშმაგესა და აბსურდს, აქამდე არ გატეხილან და არ შეშინებულან. მწერლები განაგრძობენ წიგნების წერას, მკითხველები კი მათ კითხვას. შეიძლება, ძალიან ადვილი არ იყოს ჩავწვდეთ თანამედროვე ადამიანის შეგნებას, რომლის თავში სრული არეულობაა, მაგრამ, ყველა ამ ხმაურისა თუ დაბრკოლების მიუხედავად, კვლავ ხერხდება სიმშვიდის ზონაში შეღწევა, და აქ ჩვენ დავინახავთ, აღმოვაჩენთ ჩვენს ერთგულად მომლოდინე მსმენელს, რაც უფრო არეულია ცხოვრება, მით უფრო ძლიერია მისწრაფება მისი სათავეებისკენ, კრიზისთა უსასრული ცვლამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან დაიწყო, ჩამოაყალიბა პიროვნების თავისებური ტიპი, ადამიანისა, საშინელი და უჩვეულო განსაცდელნი რომ განვლო და ამის შედეგად თავი დააღწია თითმის ყველა ცრურწმენას, უკუაგდო გაუმართლებელი იდეოლოგიები და შეუძლია შეითავსოს რაც გნებავთ უგუნურება, გრძნობს რა ამ დროს კოლოსალურ მოთხოვნილებას, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი ზოგადკაცობრიული სარგებლობის საგნებისადმი: ისეთებისადმი, მაგალითად, როგორიცაა სიმართლე, თავისუფლება და სიბრძნე. არა მგონია ვაჭარ­ბებდე; ამის მრავალი მტკიცება არსებობს. რღვევა, დაშლა? რას იზამ, ბევრი რამ მართლაც იშლება. მაგრამ ჩვენ გავდივართ თავისებურ განწმენდას, თანაც ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება, ვუბრუნდები რა პრუსტის “დაბრუნებულ დროს”, ვხედავ, რამდენად კარგად ესმოდა მას ყოველივე ეს. პრუსტის რომანი, რომელიც ასახავს პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ფრანგულ საზოგადოებას, ადასტურებს მისი ხელოვნების ძალას ხელოვნების გარეშე, რომელსაც არ ეშინია არც პირადი და არც საზოგადოებრივი კატაკლიზმებისა, დაჟინებით ამბობს პრუსტი, ჩვენ ვერ შევიცნობთ ვერც საკუთარ თავს და ვერც ჩვენს ახლობლებს, მხოლოდ ხელოვნება სძლევს ყველა დაბრკილებას, რომელთაც ქმნის ქედმაღლობა, ვნებათა ღელვა, გონება და ჩვევა, ჩვენი სამყაროს მოჩვენებითი რეალობა, მაგრამ არის ასევე სხვა უტყუარი რეალობა, რომელსაც ჩვენ წამდაუწუმ ვუშვებთ მხედველობიდან, ეს რეალობა ჩვენ გვიგზავნის სიგნალებს, რომელთა მიღება შეუძლებელია ხელოვნების გარეშე, პრუსტი მათ “ჭეშმარიტ შთაბეჭდილებებს” უწოდებს, უხელოვ­ნებოდ არაფერი დაგვრჩებოდა, გარდა ლექსიკონისა, “იმ პრაქტიკულ მიზნებს რომ გამოსახავს, რომელთაც ჩვენ შეცდომით ცხოვრებას ვუწოდებთ”, მსგავსი მნიშვნელობით განმარტა ეს პრობლემა ტოლსტოიმაც. მის ნაწარმოებში “ივან ილიჩის სიკვდილი” ლაპარაკია ასევე “პრაქტიკულ მიზნებზე, რომლებიც ჩვენგან სიცოცხლესაც და სიკვდილსაც მალავენ. სიკვდილისწინა ტანჯვის დროს ივანე ხდება პიროვნება, “გმირი”, რომელიც უკუაგდებს ყოველგვარ ყალბს და იძენს უნარს დაინახოს აქამდე მისთვის ფარული `პრაქტიკული მიზნები”.

პრუსტმა შეძლო შეენარჩუნებინა წონასწორობა ხელოვნებასა და რღვევას შორის; იგი ამტკიცებდა, რომ ხელოვნება – ეს არის ცხოვრებისეული მოთხოვნილება, გრანდიოზული თავისუფალი რეალობა, რაღაც მაგიური ძალა. მაგრამ ხელოვნებამ კარგა ხანია დაკარგა წინანდელი კავშირი ადამიანური ყოფის საფუძვლებთან, ისტორიკოსი ედგარ ვინდი ნაშრომში “ხელოვნება და ანარქია” შენიშნავს, რომ უკვე ჰეგელთან ხელოვნება აღარ განასახიერებს უმნიშვნელოვანეს ადამიანურ იმპულსებს, ახლა ამ იმპულსებს ემსახურება მეცნიერება თავისი “რაციონალური შემეცნების მყარი, ძლიერი გონით”. ხელოვნებამ უკანა პლანზე გადაიწია, სადაც წარმოიქმნა “ვრცელი და გასაოცრად მრავალფეროვანი ფონი” მეცნიერების საუკუნეშიც ადამიანები განაგრძობდნენ ხატვას და ლექსების წერას, – ამბობს ჰეგელი, მაგრამ, რაც უნდა საუცხოონი იყვნენ ღმერთები ხელოვნების თანამედროვე ნაწარმოებებში, რა კეთილშო­ბილებით და სრულყოფილებითაც უნდა გვაცვიფრებდნენ ჩვენ “მამა ღმერთისა და დედა მარიამის სახებანი”, – ყოველივე ამაოა: ჩვენ მუხლს აღარ ვიდრეკთ მათ წინაშე, მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ მოწიწებით მუხლის მოდრეკა, კარგა ხანი გავიდა. გამომგონებლობამ, თამამმა აღმოჩენებმა და სიახლემ შეცვალა ხელოვნების “უშუალობა”. ჰეგელის თანახმად, სპეტაკი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მიღწევა ისაა, რომ, გათავისუფლდა რა თავისი ძველი მოვალეობისაგან, ის აღარ არის “სერიოზული” და ახლა ფორმის სიფაქიზის წყალობით ეხმარება ადამიანს თავი დააღწიოს არსებობის არასრულფასოვნებასთან მტანჯველ კავშირს, მართლაც არ ვიცი, თუ ვინმე გაბედავს დღეს გამოვიდეს ხელოვნების დამცველად, ხელოვნებისა, რომელიც აღამაღლებს სულს ხელოვნებაზე, არ ვარ დარწმუნებილი იმაშიც, რომ ამჟამად სწორედ რაციონალური შემეცნების სული (გონი) ნთქავს მეცნიერებაში ადამიანის ძირითად იმპულსებს. არ არის გამორიცხული, რომ ახლა ისინი მიპყრობილნი არიან (შესაძლოა დროებით) ჩემ მიერ აღწერილ კრიზისზე.

XIX საუკუნეში ევროპაში კიდევ იყვნენ მწერლები, რომელთაც პრინციპულად არ სურდათ უგულებელყოთ ლიტერატურის კავშირი ადამიანური ყოფა-არსებობის საფუძველთან, ამაზე ფიქრიც კი ტოლსტოისა და დოსტოევსკის მკრეხელობად მოეჩვენებოდათ, მაგრამ დასავლეთში დიდმა ოსტატებმაც კი ზურგი შეაქციეს ფართო საზოგადოებას, ახდენენ რა თავიანთი სიძულვილის დემონსტრირებას საშუალო მკითხველისა და ბურჟუაზიული ბრბოს მიმართ, მათ შორის საუკეთესოებს საკმაოდ კარგად ესმოდათ, თუ რა ტიპის ცივილიზაცია წარმოქმნა ევროპამ “შესანიშნავი, მაგრამ არამყარი, სუსტი, გარდამავალი, კატასტროფისათვის განწირული”, როგორც წერს ისტორიკოსი ერიკ აუერბახი; ზოგიერთი ამ მწერალთაგანი, განაგრძობს იგი, ქმნიდა “უცნაურ და გაუგებარ შიშისმომგვრელ ნაწარმოებებს”, ანდა ახდენდნენ მკითხველის შოკირებას პარადოქსული და უკიდურესი აზრებით. მათი უმეტესობა არც კი ცდილობდა გაეთვალისწინებინა საკუთარი ნაწარმოებების მსოფლგაგება ან ბრბოსადმი ზიზღის გამო, ან საკუთარი შთაგონებისადმი მოკრძალებისა და ან კიდევ რომელიღაც ტრაგიკული სისუსტის გამო, რომლებიც ხელს უშლიდა მათ ყოფილიყვნენ ერთდროულად უბრალონიც და გულწრფელნიც.
XX საუკუნეში ეს მწერლები ინარჩუნებენ თავიანთ გავლენას, რადგან, მიუხედავად მოჩვენებითი რადიკალიზმისა და ნოვატორობისა, ჩვენი თანამედროვენი ძალიან კონსერვატულები არიან, ისინი კვალდაკვალ მისდევენ თავიანთ XIX საუკუნისდროინდელ ბელადებს ძველი დროშებით, განმარტავენ რა ისტორიას და საზოგადოებას წინა საუკუნის კანონებით. მაშინ რაღა ქნას მწერალმა, თუკი მას დღეს ესმის, რომ ლიტერატურას კვლავ შეუძლია გახდეს ენერგიის ცენტრი, თუ იგი აღიარებს, რომ გაჩნდა მწვავე საჭიროება დავუბრუნდეთ პერიფერიიდან შუაგულს – უბრალოსა და უტყუარს? რა თქმა უნდა, ვერ დავუბრუნდებით შუაგულს, ცენტრს მხოლოს იმიტომ, რომ ასე გვსურს. მაგრამ დროა გავიგოთ, რომ ჩვენგან ამას ელიან და კრიზისის ძალა იმდენად დიდია, რომ გული, ალბათ, თავისთავად ცენტრისკენ გაგვიწევს, აქ ვერავითარი მზა რეცეპტი ვერ გვიშველის, არ შეიძლება მწერლების დამოძღვრა, მათმა წარმოსახვამ გზა თვითონ უნდა მოძებნოს. შეიძლება მხოლოდ მხურვალედ იოცნებო, რომ მათ – ე. ი. ჩვენ, დავბრუნდეთ ცხოვრების პერიფერიიდან და შევწყვიტოთ კაცობრიობის არასარწმუნოდ ასახვა. როგორ აფასებენ საკუთარ თავს ჩვეულებრივი ამერიკელები, და როგორ ვაფასებთ მათ ჩვენ – ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები და მწერლები? დებენ რა ჩვენთან ხელშეკრულებას საჯაროობის შესახებ, ადამიანები ხედავენ თავიანთ თავში მხოლოდ იმას, რაც ჩვენთვის ისედაც მეტისმეტად ნაცნობია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯაროობის ეს მაგალითები, რომლებმაც თავი მოაბეზრა როგორც რობ გრიიეს, ასევე მეც, თანამედროვე მსოფლმხედველობიდან მომდინარეობს. ჩვენს წიგნებში ვაცხოვრებთ მომხმარებელს, მოსამსახურეს, ფეხბურთის მოყვარულს, შეყვარებულს, ტელემაყურებელს, ხელშეკრულების შუქზე საჯაროობის შესახებ მათი ცხოვრება – ეს ერთგვარი სიკვდილია. მაგრამ არის სხვა ცხოვრებაც, ჩვენი ჭეშმარიტი “მეს” დაჟინებული, შეუპოვარი განცდით რომ წარმოიქმნება, რომელიც უარყოფს ხელშეკრულების ყველა იარლიყს, სწორედ ისე, როგორც მთელ ამ ყალბ სიცოცხლეს – სიცოცხლეს როგორც სიკვდილს. და, ის რომ ყალბია, ეს ჩვენ მშვენივრად ვიცით და ვაგრძელებთ მალულად, უწესრიგოდ მისდამი წინააღმდეგობას, რადგან ასე გვიკარნახებს ჩვენი ინტუიცია. შესაძლოა, კაცობრიობას არ ძალუძს რეალობის ძალიან დიდი დოზით ატანა, მაგრამ ასევე აუტანელია მისთვის სიცრუისა და სიყალბის მეტისმეტად დიდი დოზები.

ჩვენ არ ვართ მაღალი აზრისა ჩვენს თავზე უბრალოდ არ ვუფიქრდებით იმას, რას წარმოვადგენთ. ჩვენ გამართლებას ვუძებნით თავს კოლექტიურ საქმეთა შესრულებებით, რომლებიც გაცილებით უფრო “მნიშვნელოვანია” ჩვენზე, რეაქტიული თვითმფრინავი, რომლითაც ჩვენ, ყოვლად ჩვეულებრივი ადამიანები, გადავლახავთ ატლანტიკის ოკეანეს ოთხ საათში, განასახიერებს იმ ღირებულებებს, რომლებზედაც ჩვენ შეგვიძლია პრეტენზია განვაცხადოთ. და უეცრად ვიგებთ, რომ დროა დაიხუროს დასავლეთის ბაღები, რომ ახლოვდება ჩვენი კაპიტალისტური ცივილიზაციის დასასრული. რამდენიმე წლის წინათ სირილ კონოლი წერდა, რომ ჩვენ მოგველის “აბსოლუტური გადაგვარება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე კაპიტალისტური სისტემის მარცხი, ეს იქნება თვითონ სინამდვილის ბუნების გრანდიოზული ცვლილება, რომლის განჭვრეტა არ შეეძლო არც კარლ მარქსს და არც ზიგმუნდ ფროიდს”. სხვა სიტყვებით, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისად არ დავქუცმაცებულვართ და კიდევ უფრო უნდა დავქუცმაცდეთ. არ ვიცი, ვუწოდო ამას ჭკვიანური ანალიზი თუ ჭკვიანის ანალიზი. ეს კატასტროფაა და, მეტი რომ არ ვთქვათ, სისულელე იქნებოდა გვეწოდებინა მისთვის გამარჯვება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ინტელექტუალური საზოგადოების განკარგულებაშია საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენების მთელი რეესტრი საზოგადოების, ადამიანური ბუნების, სოციალური კლასების, პოლიტიკის, სექსის, ცნობიერების, ფიზიკური სამყაროს და ევოლუციის შესახებ. ცოტა მწერალმა ყველაზე საუკეთესოებმაც კი თუ მოიცალა გადაესინჯა, გადაეთვალიერებინა ეს წარმოდგენები, ეს სხვადასხვა ჭეშმარიტება. ჯოისმა და ლოურენსმა მხოლოდ სხვებზე ნათლად გამოხატეს ისინი თავიანთ ნაწარმოებებში. ჩვენ მათ ყველგან ვამჩნევთ და არავინ სერიოზულად არ აყენებს ამას ეჭვქვეშ. რამდენმა მწერალმა გადაიკითხა ლოურენსი კრიტიკულად
20-იანი წლების შემდეგ ან გამოთქვა თავისი დამოუკიდებელი თვალსაზრისი სექსის ძალაზე და ადამიანური ინსტინქტების სამრეწველო ცივილიზაციისადმი დამოკიდებულებაზე? უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ლიტერატურა ახდენს მსგავსი იდეების, მითებისა და სტრატეგიის ექსპლოატაციას, “ყველაზე სერიოზული კრიტიკოსები ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე”, ამბობს რობ გრიიე, დიახ, მართლაც სტატიები თუ წიგნები გამუდმებით ადასტურებენ ამ ყველაზე სერიოზული კრიტიკოსების ყველაზე სერიოზულ აზრებს (რომლებიც მომდინარეობენ ბოდლერიდან და ნიცშედან, მარქსიდან და ფროიდიდან და ა. შ.). ის, რასაც რობ გრიიე ლაპარაკობს ხასიათის შესახებ, შეიძლება მივაკუთვნოთ იდეებსაც, რომლებიც წარმოადგენს ყოველგვერი ბანალობის გამეორებას მასობრივი საერთო საზოგადოების, დეჰუმანიზაციის შესახებ და ა.შ. როგორ მოგვაბეზრეს მათ თავი! და რა ცუდად გამოხატავენ ისინი ჩვენ არსს! მათეული ასახვა ჩვენ უფრო მეტად არა გვგავს, ვიდრე წყალ­ხმელეთა თუ სხვა მონსტრების ფიტულები, პალეონტოლოგიურ მუზეუმში რომ ინახება. სინამდვილეში კი ჩვენ გაცილებით უფრო მოძრავი და მოქნილი ვართ, ენაწყლიანები და საერთოდ უფრო რთული და თანაც ეს ყველას მშვენივრად ესმის.

მაშ, რაღა არის ახლა შუაგულში? ამჟამად აქ არც ხელოვნებაა, არც მეცნიერება, არამედ თვითონ ცდა მშფოთვარე და დაბნეული ადამიანებისა, გაიგონ გადარჩებიან თუ საბოლოდ დაიღუპებიან, ადამიანთა მთელი მოდგმა, ერთად თუ ცალ-ცალკე, ამაში მონაწილეობს. ამ დროს მნიშვნელოვანია, ბალასტისაგან გათავისუფლება (ზედმეტი ტვირთი), უნდა მოვიცილოთ თავიდან ყოველგვარი ზედმეტი, თავისი წარმოსახვითი ტვირთით და საყოველთაოდ ცნობილი უხამსობით, მივენდოთ საკუთარ შეფასებებს და ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად. კონრადი მართალი იყო, მოუწოდებდა რა ჩვენი “მეს” იმ ნაწილს, ზემოდან რომ გვაქვს მონიჭებული. სწორედ ის უნდა ვიპოვნოთ უამრავი სისტემის ნამსხვრვებში. ამ სისტემების კრახს შეუძლია მოგვიტანოს კეთილსასურველი და ესოდენ აუცილებელი გათავისუფლება იარლიყებისაგან გათავისუფლება ცნობიერებისა, რომელიც დატანჯულია გაცვეთილი და ცრუ განსაზღვრებებით.

მე სულ უფრო და უფრო ხშირად ვამბობ უარს იმ შეხედულებაზე, რომელთაც ასე დიდხანს ვუჭერდი მხარს ან კიდევ ვთვლიდი, რომ მხარს ვუჭერ, რადგან მათ ყველა ეთანხმება, ვცდილობ გავერკვე, რით ვცხოვრობ სინამდვილეში და რით, რის საფუძველზე ცხოვრობენ სხვები. რაც შეეხება ხელოვნებას, როგორც ის ჰეგელს ესმოდა, ხელოვნებას გათავისუფლებულს “სერიოზულობისაგან”, რომელიც იფურჩქნება და გადადის რა უკანა პლანზე, და ფორმის სიფაქიზის წყალობით სულს არსებობის არასრულყოფილების მტანჯველი კავშირისაგან იხსნის, ახლა, კაცობრიობის გადარჩენისათვის ბრძოლის ეპოქაში, მას უბრალოდ ადგილი აღარ რჩება. თუმცა, აქედან არ უნდა დავასკვნათ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმული, ჰუმანიზმის მხოლოდ რუდიმენტები (რაიმე გამქრალი მოვლენის კვალი, ნაშთი) გააჩნიათ, შორს არიან კულტურისაგან და ხელოვნების არაფერი გაეგებათ, ჩვენი მანკიერებები და ნაკლოვანებები მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი შეგნებისა და კულტურის სიმდიდრეს. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით და ბევრ რამეს ვგრძნობთ. ბრძოლას, რომლისგანაც შეძრწუნებულია კაცობრიობა, მივყავართ უბრალოებისაკენ, ის ახლებურად გაგვააზრებინებს ღირებულებებს და გვიხსნის იმ ტრაგიკული სისუსტისაგან, რომელიც ხელს უშლის მწერლებს ისევე როგორც მკითხველებს იყვნენ ერთდროულად უბრალონიც და გულწრფელნიც.

მწერლებს ძალიან აფასებენ. მათ საოცარი მოთმინებით იტანს ინტელიგენცია, განაგრძობს რა მიუხედავად მრავალი იმედგაცრუებისა მათ კითხვას იმ იმედით, რომ ხელოვნება აუწყებს მათ ისეთ რასმე, რასაც ვერ მოისმენ, ვერ გაიგონებ ღვთისმეტყველების, ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაგან. ბრძოლამ არსებობის შიგ შუაგულში გამოიწვია კოლოსალური, მტანჯველი მოთხოვნილება, წყურვილი კიდევ უფრო ფართო, დახვეწილი, უფრო სრული, თანმიმდევრული და ყოველმხრივი წარმოდგების შესაქმნელად იმის შესახებ, რას წარმოვადგენთ ჩვენ, რანი ვართ და რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. ყოფიერების შუაგულში ადამიანი ებრძვის კოლექტივის დიქტატს თავისი თავისუფლებისათვის, ინდივიდი ებრძვის დეჰუმანიზაციას თავისი სულისთვის, და, თუ მწერლები არ უბრუნდებიან ამ შუაგულს, არა იმიტომ, რომ ის ვიღაცამ დაიკავა. არა, ის თავისუფალია და მათ შეუძლიათ შევიდნენ შიგ, თუკი მონდომებენ.

აზრი მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რთულ, არეულ, არაჯანსაღ მდგომარეობაში, ვლინდება იმ გაელვებების წყალობით, პრუსტი და ტოლსტოი “ჭეშმარიტ შთაბეჭდილებებს” რომ უწოდებდნენ. ეს აზრი მჟღავნდება და კვლავ იმალება, გვტოვებს რა პირისპირ ჩვენს ეჭვებთან, მაგრამ ჩვენ აღარასოდეს დავკარგავთ კავშირს იმ სიღრმეებთან, საიდანაც მოაღწიეს ჩვენამდე ამ ნაპერწკლებმა, შეგრძნება ჩვენი რეალური შესაძლებლობისა იმ ძალებისა, თვითონ სამყაროში რომ მოვიპოვებთ და შევიძენთ, ასევე მოდის და მიდის. ჩვენ არ მივისწრაფით ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან ვერაფერს ვამტკიცებთ, ვერ გამოვხატავთ სიტყვებით და, საერთოდ, ცოტა ვინმე თუ გაბედავს დაიწყოს ასეთი ლაპარაკი, რადგან მაშინ მოგვიწევდა გველაპარაკა სულზე. ამას კი ჩვენთან ტაბუ ადევს. აი, რატომ არ იღებს ხმას არავინ, თუმცა თითქოს ყველამ იცის ამის შესახებ.
ლიტერატურის მნიშვნელობა გამოიხატება ამ – ხან ფეთქებად, ხან კიდევ ქრობად – “ჭეშმარიტ შთაბეჭდილებებში”. რომანი გამუდმებით მერყეობს საგნების, საქციელ-მოქმედებების, სახეების და სხვა სამყაროებს შორის, “ჭეშმარიტ შთაბეჭდილებებს” რომ გვიგზავნის და გვარწმუნებს: სიკეთე, რომელსაც ასე ჯიუტად ვებღაუჭებით ხოლმე ბოროტების საპირისპიროდ, – სრულიადაც არ არის ილუზია.

ყოველმა რომანისტმა, ლიტერატურას თავისი ცხოვრების წლები რომ მიუძღვნა, არ შეიძლება არ იცოდეს ამის შესახებ. არ შეიძლება შევადაროთ რომანი ეპოსს ან პოეტური დრამის ძეგლებს, მაგრამ რომანი ეს არის საუკეთესო, რისი უნარიც ჩვენ დღეს გვაქვს. ის ერთგვარი გვიანდელი მინაშენია ქოხი, რომელშიც სული თავშესაფარს პოულობს, რომანი, როგორც ქანქარა, იძვრის, მოძრაობს, რამდენიმე ჭეშმარიტ შთაბეჭდილებასა და ცრუ შთაბეჭდილებათა უმრავლესობას შორის, რომლებიც შეადგენენ იმის დიდ ნაწილს, რასაც ჩვეულებრივ სიცოცხლეს უწოდებენ, ის გვაუწყებს, რომ ყოველ ადამიანს ეძლევა სხვადასხვა ეგზისტენციის (არსებობა) უმრავლესობა, რომ ერთიანი ყოფა, არსებობა – ეს, ნაწილობრივ, ილუზიაა, და ეს სხვადასხვაგვარი ეგზისტენცია რაღაცას ნიშნავს, რაღაცას ესწრაფვის, რაღაცას ახორციელებს. რომანი გვპირდება ჩვენ აზრს, ჰარმონიას და სამართლიანობასაც კი. კონრადი მართალი იყო: ხელოვნება ცდილობს მოძებნოს, იპოვნოს სამყაროში, მატერიაში, ისევ როგორც ცხოვრებისეულ მოვლენებში, რაიმე ფუძემდებლური, არსებითი, წარუვალი.

მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს (მეორე ნაწილი)

0

სუბალპური ზონიდან დაშვებისას გაივლი მდელოს, სადაც სარტყელ და სარტყელ გხვდება უთვალავი ულამაზესი ყვავილი. ერთ-ერთი დაშვებისას მეგობრებმა გადავწყვიტეთ, თითო სახეობის თითო ეგზემპლარი მოგვეწყვიტა. ჩვენი გადაწყვეტილება არცთუ ადვილი შესასრულებელი აღმოჩნდა – სანამ ტყის პირს მივაღწევდით (სადაც მდელო მთავრდება), იმხელა თაიგულები მოგვიგროვდა, ორი ხელით ძლივსღა გვეჭირა… რომ ეთხოვათ, ვინმესთვის მისართმევად აქედან ოცი ყვავილი ამოარჩიეთო, ადვილი წარმოსადგენია, რა რთული ამოცანის წინაშე დავდგებოდით. ვეებერთელა თაიგულიდან, რომელშიც ერთიმეორეზე უკეთესი ყვავილებია თავმოყრილი, ოცის ამორჩევა არ არის ადვილი. რამდენი რამ უნდა გაითვალისწინო: რით სჯობია ერთი მეორეს; შენ კი მოგწონს, მაგრამ ის ხომ სხვისთვის მისართმევად გინდა – მას მოეწონება?.. გიჭირავს ხელში ყვავილების ეს უზარმაზარი კონა და დასცქერი მსაჯულის მზერით… განსჯა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. რთულიც და საპასუხისმგებლოც. მასწავლებლობაც ამიტომ არის მძიმე პროფესია. სწავლება შედარებით ადვილია; შეფასებაა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე.

სიტყვა გამიგრძელდა და, როგორც შეგპირდით, წინა ბლოგში დაწყებულ თემაზე გავაგრძელებ საუბარს.

ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში უამრავ მოლეკულას შევხვედრივარ, მრავალი მათგანი მომითავსებია “საყვარელი მოლეკულების ქისაში”, მაგრამ როცა ამ ქისიდან ოცის ამორჩევა განვიზრახე, არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა – იმავე მიზეზით, რომელმაც თაიგულიდან ოცი ყვავილის ამორჩევაში შემიშალა ხელი. აქ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი; როცა გინდა, ყვავილი მიართვა ვინმეს, ის ერთია და მისი გემოვნებაც დაახლოებით იცი, მაგრამ როცა საჩუქარს მთელ საზოგადოებას უძღვნი, ერთიათად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და ქისიდან ყოველი მოლეკულის ამოღებისას ხელები გიკანკალებს…

ჩემი რჩეული მოლეკულების პირველ ათეულს უკვე იცნობთ. ახლა მინდა, მომდევნო ათეული შემოგთავაზოთ.

მეთერთმეტე ადგილზე ამიაკი მოვათავსე. მას შემდეგ, რაც ამიაკის მიღების მარტივ ხერხს მიაგნეს, ქიმიურ ტექნოლოგიას საშუალება მიეცა, დაემზადებინა იაფი და ეფექტური აზოტოვანი სასუქები. შესაძლოა, დღეს ბევრს აშინებდეს “ნიტრატიანი პროდუქტი”, მაგრამ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდა და სავარგულების ფართობის შემცირება-გამოფიტვა სასუქის გამოყენებას გვაიძულებს. ნუ დავივიწყებთ, რომ როდესაც მოწეული ჭირნახული (ეს სიტყვა “მოსავლის” საუცხოო სინონიმია) სახლში მიგვაქვს, ამით ელემენტთა ბუნებრივ ცირკულაციას უხეშად ვარღვევთ და ნიადაგის გამოფიტვას ვუწყობთ ხელს. ამიაკს მრავალ სხვა დარგშიც იყენებენ. სადღეისოდ მისი წლიური წარმოება 100 მილიონ ტონას აღემატება.

მეთორმეტე ადგილი მორფინს უნდა მივაკუთვნოთ. იგი ერთ-ერთი პირველი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც 1804 წელს გამოყო გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ სერტიუნერმა. მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებელთა ჯგუფის არაერთი პრეპარატი იქნა აღმოჩენილი და მიღებული, მაგრამ ტერმინალური პაციენტების ერთ-ერთ მთავარ “მეოხად” დღემდე მორფინი რჩება.

მეცამეტე ადგილზე, მინდა, რკინა დავასახელო. ჩვენ გარშემო არსებული მეტალის კონსტრუქციებისა თუ მასალების 90% რკინას შეიცავს. იგი ერთ-ერთი “უძველესი” მეტალია (აღმოჩენილია 3500 წლის წინ), რომელმაც სახე უცვალა ადამიანის ყოფას. მისი წყალობით ადამიანს მიწაზე შრომა გაუადვილდა, მიეცა ქვისა და კლდის დამუშავების, საცხოვრისის გაუმჯობესების, პირამიდებისა და ტაძრების აშენების, უფრო ეფექტური სანადირო იარაღების შექმნის საშუალება… თუმცა რკინამ ადამიანი უფრო აგრესიულიც გახადა. მისი მეოხებით უამრავი სისხლი დაიღვარა… ადამიანის გონმა აღმოაჩინა რკინა და… არაერთი ადამიანის გონმა დაამთავრა სიცოცხლე გილიოტინაზე.

მეთოთხმეტე ადგილს ეთანოლს მივაკუთვნებ. უმრავლესობა მას ღვინის სპირტის სახელით იცნობს. ეს ერთადერთი ქიმიური ნაერთია, რომელსაც მითოლოგიაში ღმერთებიც კი ჰყავს – დიოგენე და ბახუსი. სხვადასხვა ადგილას, დამზადების სხვადასხვა მეთოდით (უფრო “ქიმიურად” რომ ვთქვათ, ტექნოლოგიით) მიღებულ ღვინოს სხვადასხვა გემო, არომატი, ფერი აქვს, მაგრამ ადამიანზე ყველა ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს. თუ თავი გიბრუით, მხედველობა გაორებული გაქვთ ან კარგ გუნებაზე ხართ და ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი გეჩვენებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში ეთანოლის მოლეკულები მოხვედრილა და ტვინში გავლისას მის უჯრედებს “უღიტინებს”.

მეთხუთმეტე ადგილზე გოგირდმჟავაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოგირდმჟავას წარმოების რაოდენობა ქვეყნის ეკონომიური განვითარების ინდიკატორია. მას ხშირად „ქიმიკატების მეფესაც” უწოდებენ. ძნელია პროდუქციის დასახელება, რომლის წარმოებაშიც გოგირდმჟავას უშუალოდ ან ირიბად არ იყენებდნენ. გოგირდმჟავა მერვე საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ საწარმოო მასშტაბი 1746 წლიდან შეიძინა. სადღეისოდ მისი წარმოება წელიწადში 193 მილიონ ტონას აღემატება.

მეთექვსმეტე ადგილზე მოვათავსე მედიკამენტი პროგესტინი. იგი ერთ-ერთი პირველი სინთეზური ჰორმონია (1951 წ.), რომელიც ადამიანის მიერ იქნა სინთეზირებული. ამ ჰორმონმა საგრძნობლად შეცვალა ადამიანის ყოფა, იხსნა ქალი მრავალი მტკივნეული თუ არასასურველი მომენტისგან, მაგრამ, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს – ამ პრეპარატის ბუმის დროს, 1965-1995 წლებში, შობადობა 4.9-დან 2.8-მდე შემცირდა.

ჩემი მოლეკულების სიაში მეჩვიდმეტე ადგილი მინდა ნახშირბადის დიოქსიდს დავუთმო. დღეს მის ხსნებაზე ბევრს, განსაკუთრებით – ეკოლოგებს, შიში იპყრობს და გლობალური დათბობა ახსენდება, მაგრამ ნახშირბადის დიოქსიდის როლი სამყაროში გაცილებით დიდია და ეს „წვრილმანი” ნაკლი მის დიდებას ვერაფერს აკლებს. ნახშირბადის დიოქსიდისადმი დიდი პატივისცემა „გაზიანი” სასმელების დამსახურება არ გეგონოთ; მას უზარმაზარი გამოყენება აქვს ინდუსტრიასა და ტექნიკაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე იაფ ნედლეულს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ძირითადი ნედლეულია ფოტოსინთეზით ჩვენი მაცოცხლებელი ჟანგბადის „საწარმოებლად”.

ადამიანი მუდამ ფერადოვნებისკენ ისწრაფოდა. იყო დრო, როცა ფერადი (შეღებილი) ტანსაცმელი ადამიანის იერარქიულ მდგომარეობაზეც კი მიუთითებდა. მისწრაფებამ, მასაც ჰქონოდა ფერადი ტანსაცმელი, გამოქვაბულისა თუ ტაძრის კედლები ფერადი საღებავებით მოეხატა, ადამიანი ანილინის აღმოჩენამდე მიიყვანა. მერე კი მისი გამოყენების იაფი მეთოდის მიგნებამ (ზინინი, გრისი) უზარმაზარი ნახტომი გააკეთებინა ქიმიურ ინდუსტრიას. სწორედ საღებრებისა და ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომ ფარმაცევტულმა ქიმიამ, კვების ქიმიამ თუ ქიმიის სხვა ქვედარგებმა განვითარების ამ დონეს მიაღწიეს, ამიტომ რჩეულთა რიგში ანილინი, ამაყად თავაწეული, მეთვრამეტე წევრად დგას.

იყო დრო, როცა ატმოსფეროში ჟანგბადი არ არსებობდა. მაშინ კაცობრიობაც სხვანაირი იყო – „უჟანგბადო”. მაშინ ვერავის ეტყოდნენ, ღრმად ისუნთქეო. გაჩნდა დედამიწაზე ჟანგბადი და გაჩნდა სიცოცხლეც იმ ფორმით, რასაც ჩვენ „სიცოცხლეს” ვეძახით. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რჩეულთა სიაში ჟანგბადიც უნდა შედიოდეს.

გახსოვთ ქართული ხალხური ლექსი? – „საწყალი ბერი ქედანი ბოლოში მაიგდიანო…” ეს პაწაწინა მოლეკულა, რომელსაც წყლის სახელით მოვისხენებთ, ჩვენი სიის ბოლოში მოხვდა, მაგრამ ეს სრულიადაც არ აკნინებს მის მნიშვნელობას. წყალი, ისევე როგორც ჟანგბადი, სიცოცხლის ელექსირია. მისი მნიშვნელობა რელიგიურ რიტუალებშიც კი ჩანს. გარდა ამისა, წყალი არის ყველაზე იაფი (რომელსაც სპეციალურად მიღება არ სჭირდება) ნედლეული თუ მასალა ინდუსტრიაში. წყლის გარეშე ვერც ერთი ინდუსტრია ვერ იმუშავებს. ის არის უნიკალური გამხნელი და სითბოს კარგი ტრანსპორტიორი – ამ ერთი ციცქნა მოლეკულას, ჭიანჭველასი არ იყოს, იმაზე მეტი სითბოს გადატანა შეუძლია, ვიდრე მასზე გაცილებით დიდ მოლეკულებს…
დასასრულ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს ჩამონათვალი ჩემს ხედვას ეფუძნება. უნდა ვაღიარო, მისი შედგენა ძალიან გამიჭირდა, თუმცა ყოველნაირად ვეცადე, მიუკერძოებელი ვყოფილიყავი…

რა იწვევს მოზარდებში სტრესს

0

თეო ჭყოიძე

რა არის სტრესი და რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე?

 

21-ე საუკუნეში, ალბათ, უკვე აღარ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სტრესი საკუთარ თავზე არ გამოუცდია. სწრაფად ცვალებად ინფორმაციულ გარემოში ყოველდღიურად იზრდება სტრესის გამომწვევი ფაქტორებისა და მისი გავლენით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რიცხვი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა განაპირობებს მის წარმოშობას.
 

სიტყვა “სტრესი” ინგლისურ ენაში ზეწოლას, დაძაბულობას ნიშნავს, ხოლო როგორც ტერმინი, ის მეცნიერებაში მოგვიანებით დამკვიდრდა. სტრესი პირველად კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ აღწერა და მას ზოგადადაპტაციური სინდრომი უწოდა. მისი განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმის დასუსტება და ორგანოთა სისტემების ფუნქციათა დარღვევა ახასიათებს. თანამედროვე განმარტებით, “სტრესი” იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.

 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტრესი ყოველთვის ნეგატიურ გავლენას არ ახდენს ორგანიზმზე. ხანმოკლე სტრესით გამოწვეული შედეგები, რომლებიც უმეტესად ძლიერი პოზიტიური ემოციებით არის განპირობებული, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და ხელს უწყობს მის მობილიზებასა და გააქტიურებას. ხანგრძლივი სტრესი კი, რომელიც კვირაობით, თვეობით ან წლობით გრძელდება, ადამიანის სასიცოცხლო ძალების გამოფიტვასა და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას იწვევს. ასეთ დროს სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან დამოუკიდებლად გამკლავება ორგანიზმს არ შეუძლია.
 

რატომ არის სტრესი განსაკუთრებული რისკის მატარებელი მოზარდობისას?

 
ნეგატიური სტრესფაქტორები განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის იმ მოზარდებს, რომლებიც ამ ასაკში ისედაც მაღალი მგრძნობელობითა და ემოციურობით გამოირჩევიან. მოზარდობის პერიოდში სტრესი უმეტესად იწვევს ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა დეპრესია, მომატებული აგრესია, შფოთვა, კვებისა და ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. ასევე, არ არის გამორიცხული, ის ყველაზე მძიმე შედეგის _ თვითმკვლელობის _ საფუძვლად იქცეს.

მოზარდობა ის ასაკია, რომელიც მოიცავს პერიოდს ბავშვობასა და სრულწლოვანებას შორის. მიუხედავად მისი სხვადასხვაგვარი განმარტებისა და მსჯელობისა, როდის იწყება და მთავრდება ეს ასაკი, მოზარდობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ადამიანები განიცდიან სწრაფ ფიზიკურ ცვლილებებს, ვითარდებიან გონებრივად და თანდათან აღწევენ სრული სიმწიფის ასაკს. მოზარდობის პერიოდის თავისებურება მის განსაზღვრებებშიც აისახება: “გარდამავალი”, “კრიტიკული”. ამ პერიოდში ხდება ორგანიზმის სწრაფი ზრდა, ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება, მკვეთრი ცვლილებები მენტალურ სფეროსა და ცნობიერებაში, ურთიერთობასა და ღირებულებათა სისტემაში. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ემოციური არამდგრადობა. მოზარდს შეიძლება ჰქონდეს მკვეთრი, აფექტური რეაქციები, როდესაც აკრიტიკებენ, რჩევას აძლევენ, აღნიშნავენ მის ნაკლს და უზღუდავენ თავისუფლებას. ეგზალტირებულ მდგომარეობას კი ზოგჯერ სწრაფად ცვლის დეპრესია და გულჩათხრობილობა.

 
სტატიაში განხილულია სტრესის გამომწვევი ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოზარდობის პერიოდისთვის არის აქტუალური. მათი გააზრება და გათვალისწინება მასწავლებელსა და მშობელს დაეხმარება, შეძლებისდაგვარად აარიდოს მოზარდი სტრესულ გარემოს და დროულად გაუწიოს სათანადო დახმარება.

 
მოზარდებში სტრესს ძირითადად შემდეგი ფაქტორები იწვევს:
 
ფიზიკური ფაქტორი

 
ფიზიკურ დონეზე სტრესს იწვევს ორგანიზმის სწრაფი ზრდა და სქესობრივი მომწიფება, რასაც თან ახლავს როგორც შინაგანი, ასევე გარეგნობის მკვეთრი ცვლილებები.
მოზარდ ასაკში ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას, მუდმივად ადარებს თავს სხვებსა და იდეალებს, მათ შორის აღმოჩენილი სხვაობა კი ხშირად ძნელად დასაძლევ პრობლემად, შფოთვისა და დეპრესიის მიზეზად იქცევა.
ამ პერიოდში მოზარდის ცვლილებებზე მშობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების რეაქციას, ასევე მათ მხარდაჭერასა და პრობლემების გაგებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს მათ, ადვილად მოახდინონ ადაპტაცია გარეგნობასა და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მომხდარ ცვლილებებთან.

 
კოგნიტური ფაქტორი

 
მოზარდობის პერიოდში ცვლილებები ხდება არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ კოგნიტურ სფეროშიც. მარტივ სააზროვნო უნარებს ცვლის აბსტრაქტული და კრიტიკული აზროვნება. ამ დროს მოზარდი იწყებს მსჯელობას საკუთარ თავზე, სხვათა ქცევებზე, მორალურ ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებზე. აქტუალური ხდება საკუთარი “მე”-ს სიცოცხლისუნარიანი კონცეპტის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ აფასებს ადამიანი საკუთარ თავს, არჩეულ როლსა და სოციალურ სტატუსს.
ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უფროსების მხრიდან მოზარდის დადებითი და ადეკვატური შეფასება, პოზიტიური უკუკავშირი და მისი ღირსებების აღნიშვნა. ხშირი უარყოფითი შეფასება აკადემიური მიღწევების, შეხედულებებისა თუ საქციელის გამო მოზარდს ნეგატიურ ან/და გაურკვეველ თვითიდენტობას უყალიბებს, ეს კი შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს. ასეთ დროს მოზარდი უკმაყოფილოა საკუთარი თავით, ეჭვის ქვეშ აყენებს თავის შესაძლებლობებს, აქვს არარეალიზებულობის, წარუმატებლობის განცდა. პრობლემებისგან თავის დასაღწევად მან შეიძლება მიმართოს ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს…

 
ოჯახური ფაქტორი

 
მოზარდ ასაკში ხშირად იჩენს თავს პრობლემა მშობლებთან ურთიერთობისას. კონფლიქტებს უმთავრესად დისკომუნიკაცია, ორი მხარის (აღმზრდელისა და აღსაზრდელის) განსხვავებული მოლოდინები და მოთხოვნები განაპირობებს. ერთი მხრივ, მოზარდები ცდილობენ, მოიპოვონ დამოუკიდებლობა, აპროტესტებენ კონტროლს, სიმკაცრესა და “ჭკუის დარიგებას”, უჩნდებათ სურვილი, აღიარონ მათი მოთხოვნილებები და პატივი სცენ მათ პიროვნებას, მეორე მხრივ კი მშობლებს უჭირთ, შეეგუონ შვილების ავტონომიურობისკენ სწრაფვას.
 

მოზარდმა მშობლების ზეწოლას შესაძლოა უხეშობით, სიჯიუტით, აგრესიით ან სხვა ნეგატიური ფორმით უპასუხოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ინტერესებსა და ინიციატივებს უგულებელყოფენ. გამორიცხული არ არის, ასეთ დროს მოზარდი, პირიქით, დაითრგუნოს, გულჩათხრობილი გახდეს, თავის თავში ჩაიკეტოს.

 
ამ პერიოდში მშობლებმა, მოზარდისთვის სტრესის თავიდან ასაცილებლად, უნდა შექმნან თბილი და სიყვარულით სავსე გარემო, უნდა აგრძნობინონ მას მხარდაჭერა და აღიარონ მისი ინტერესები (საჭიროების შემთხვევაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიაღწიონ კონსენსუს). მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ შვილი დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვონ.

 
სკოლის ფაქტორი

 
სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ სკოლა მოზარდებისთვის სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა. იკვეთება ორი მიმართულება: სწავლის პროცესი და ურთიერთობები.
სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფაქტორებიდან აღსანიშნავია დიდი მოცულობის საშინაო დავალებები, რომელთა შესრულებაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს; არადამაკმაყოფილებელი აკადემიური შედეგები; მასწავლებლებისა და მშობლების მიერ გარკვეული სასჯელებისა და აკრძალვების დაწესება; შეფასებები, რომლებიც არ ეფუძნება პოზიტიურ უკუკავშირს და ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას; გამოცდების მომზადების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში არ არიან დარწმუნებულნი; არასაკმარისი ინტერესი საგნის მიმართ; იძულებით სწავლა; ასევე _ მშობლებისა და მასწავლებლის მაღალი მოლოდინები მოზარდის მიმართ.
რაც შეეხება ურთიერთობებს, მოზარდი ასაკი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოირჩევა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის სურვილით და ა.შ. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჯანსაღი, პოზიტიური დამოკიდებულებებია როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის.

 
სოციალური ფაქტორები

 
მოზარდობა ის ასაკია, როდესაც საზოგადოებრივი გამოცდილების, ღირებულებების შეთვისებისა და პიროვნებად ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროს ადამიანი ინტენსიურად ეძებს მისაბაძ მოდელებს (მშობელი, მეგობარი, კინოს, სპორტის ან ესტრადის ვარსკვლავი, საყვარელი მასწავლებელი და ა.შ.). მას მოსწონს მათი შეხედულებები და ცხოვრების სტილი, მუდმივად ადარებს მათ საკუთარ თავს, რის საფუძველზეც ახდენს თვითშეფასებას.

 
მოზარდ ასაკში სოციალური სტრესის ფორმაცია მჭიდროდ უკავშირდება სწორედ სხვადასხვა რეალური თუ წარმოსახვითი სოციალური ჯგუფის, მათ შორის _ მისაბაძი მოდელების მოთხოვნებს, რომლებიც მოზარდს უამრავი განსხვავებული როლის შესრულებას სთავაზობენ. მოზარდმა უნდა შეძლოს ამ როლების ერთმანეთთან შეთავსება, საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და პიროვნული ჰარმონიის მიღწევა. ამ დროს სტრესის მიზეზი უმეტესად როლთა შორის კონფლიქტია, როდესაც როლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მოზარდის წინაშე აყენებს რთულ ამოცანას, შეითავსოს თუ უარყოს ისინი.

 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზი: ოჯახური კონფლიქტები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მუდმივად დაძაბული გარემო, კრიზისული სიტუაციები, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, გონებრივი გადატვირთვა და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც კვლევებმა აჩვენა, სტრესს ადამიანში უმეტესად იწვევს არა თვით მოვლენები, არამედ მათი აღქმა და შეფასება, მათდამი განწყობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოზარდს ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავისა და გარემოს პოზიტიური აღქმა, რაც მას სტრესის გამომწვევი მიზეზების სხვა კუთხით დანახვასა და უფრო იოლად დაძლევაში დაეხმარება.

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის ფორმები და სწავლების მეთოდები

0

მაია ფირჩხაძე

სწავლა რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამ გზაზე სწავლების ესა თუ ის მეთოდი მხოლოდ საშუალებაა ცოდნის აგებისთვის. ამ მხრივ საბაზისო საკითხია ცოდნის აგების პროცედურების სრულყოფა და ეფექტური სწავლების მეთოდიკის შერჩევა. თავისთავად ეს პროცესი მოსწავლისა და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რადგან არ არსებობს სწავლების კონკრეტული მეთოდი, რომელიც ყველა სიტუაციაში თანაბრად გამოგვადგება, ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ხდება იმ მეთოდების იდენტიფიცირება, რომლებიც მიზნისთვის ყველაზე შესაფერისია, მერე კი – მათი განხორცილებისთვის ეფექტური სტრატეგიების მოძიება.

სწავლების მეთოდიკაში გამოკვეთილია სოკრატული, დიდაქტიკური და ევრისტიკული მეთოდები (სწავლებები).

ისტორიული ექსპერიმენტები

0
„ეს ოხერი ჩვენი ისტორია მარტო ომების და მეფეების ისტორიაა, უბრალო ხალხი კი არსადა სჩანსო”, – წერდა ილია ჭავჭავაძე. მაშ, ეს თეთრწვერა მოხუცი ვიღაა, მტერს თავისი სოფლისკენ რომ მიუძღვება? არა, მოღალატე არ გეგონოთ, გზის არევისთვის ნაჭერ-ნაჭერ აკუწავენ ურჯულოები… თევდორე მღვდელი…
მეცნიერებას თავისი ისტორია აქვს… 1789 წელი, საფრანგეთის დიდი რევოლუცია. გილიოტინაზე საფრანგეთის საამაყო შვილი ანტუან ლორან ლავუაზიე აჰყავთ. სჯიან იმის გამო, რომ გადასახადების ამკრეფად მუშაობს. ის, რომ დიდი ქიმიკოსია, საერთოდ არ აღელვებთ. უკანასკნელად მიმართეო ხალხს, – სთავაზობენ. „რესპუბლიკას აღარ სჭირდება ქიმიკოსები… სამწუხაროა”, – არის პასუხი. ორ წუთში ყველაფერი მთავრდება… რა იგრძენითო, მოგვიანებით ჰკითხავენ ჯალათს. „ორი წუთიც არ დამჭირვებია ამ გენიალური თავის მოსაკვეთად. აი, საფრანგეთს კი წლები დასჭირდება, რომ ასეთი თავი კვლავ დაიბადოსო”… ასეთი პასუხის შემდეგ გიკვირს კიდეც, როგორ მუშაობდა ეს კაცი ჯალათად…
2012 წლის ივლისში რომში, La Sapiensa-ს უნივერსიტეტში, UPAC-ის ეგიდით ქიმიის დიდაქტიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე მეც წავიკითხე მოხსენება, რომელიც ელექტრონულ სწავლებას ეხებოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი გამოსვლა არ დაემთხვა განყოფილებას, სადაც ქიმიის სწავლებაში ქიმიის ისტორიის გამოყენებაზე ისაუბრებდნენ. სწორედ იქ მოვისმინე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერთა არაერთი მოხსენება, სადაც ისინი გვირჩევენ, უფრო ხშირად გამოვიყენოთ ისტორიული ფაქტები მოტივაციის ასამაღლებლად, რადგან ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგია იმგვარადაა მოწყობილი, რომ მათ ძალიან უყვართ საინტერესო, საგმირო ისტორიების მოსმენა.
მე კი, ჩემი მხრივ, მინდა ისტორიული ექსპერიმენტების შესახებ მოგითხროთ. სცადეთ მათი მოყოლა გაკვეთილზე – ეს ყველაზე უინტერესო მოსწავლესაც კი ოდნავ მაინც გაუღვიძებს ინტერესს.
ძველ ეგვიპტეში ალქიმიკოსები ოქროს მიღების ხერხებს ეძებენ, ოღონდ ერთმანეთისგან მალულად მუშაობენ, რადგან არავის ენდობიან. თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც მიაჩნია, რომ დასამალი არაფერი აქვს და თავისივე მიღებულ „ოქროს” თამამად ამზეურებს.
ბოლოს მენდოსელი… „დიახ, მე თუთიისა და სპილენძისგან მივიღე ოქრო”, – იტყვის ის და თავისი სიტყვების საბუთად მართლაც აჩვენებს გარშემო მყოფებს მეტალის ნაჭერს. ყველა დაუჯერებს – ნიმუში ყვითელია, ე.ი. ოქროა. სინამდვილეში ეს იყო ხელოვნურად მიღებული პირველი შენადნობი – თითბერი, რომელიც მართლაც ყვითელია, ოღონდ… ოქრო არ არის. ეს მოგვიანებით გაირკვა კიდეც, თუმცა შენადნობი რომ იყო, ამას, ბუნებრივია, იმხანად ვერავინ მიხვდა.
მეშვიდე საუკუნეში ეგვიპტეში არაბები შეიჭრნენ და ახლა მათ გადაწყვიტეს, ოქრო მიეღოთ ან, უფრო სწორად, რომელიმე მეტალის ოქროდ ტრანსმუტაცია (გარდაქმნა) მოეხდინათ. ყველაზე ცნობილი არაბი ალქიმიკოსი ჯაბირ იბნ ხაიამი (ევროპელები მას გებერის სახელით იცნობდნენ) იტყვის, რომ ოქრო ვერცხლისწყლისა და გოგირდის ურთიერთქმედების შედეგად მიიღება (ჩემი შესავალი კურსის სტუდენტებთან ერთად ვატარებ ხოლმე ამ რეაქციას ძალიან იოლად, ოთახის ტემპერატურაზე; ამას მხოლოდ ერთი მიზნით ვაკეთებ: ვაჩვენო, რომ მიიღება მორუხო ფხვნილი, ვერცხლისწყლის სულფიდი – HgS). ეტყობა, ეს ჯაბირმაც შეამჩნია და თქვა, ამას რაიმე „მომამწიფებელი” სჭირდებაო, რაიმე ფხვნილი, რომლის დამატებით ეს მორუხო მასა ოქროდ მომწიფდებაო. ფხვნილი არაბულად „იქსირია”. მივუსვათ წინ არტიკლი „ალ” – მივიღებთ „ალიქსირს”. ევროპელებმა ეს სახელი ოდნავ გაალამაზეს და მიიღეს „ელექსირი”, იგივე ფილოსოფიური ქვა.
მოდი, შევაჯამოთ: ჯაბირი ეძებდა ნივთიერებას, რომელიც ქიმიურ პროცესს დააჩქარებდა. ხომ არაფერი გეცნოთ? დიახ, ჯაბირი ფაქტობრივად კატალიზატორს ეძებდა, თუმცა ამ ცნებას, ცხადია, არ იცნობდა…
1731 წლის 10 ოქტომბერს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ ნიცაში ბრიტანელ ლორდს ვაჟი შეეძინა. ბიჭის ბაბუა დევონშირის მეორე ჰერცოგი გახლდათ, ბებია კი კენტის პირველი ჰერცოგის, ჰენრი გრეის ქალიშვილი, თუმცა ბიჭმა თავისი გვარი ისტორიაში სულ სხვა კუთხით ჩაწერა. როცა გაიზარდა, უცნაური ახირება დასჩემდა – ქიმია შეუყვარდა. ფული ჩეჩქივით ჰქონდა, ამიტომ კარგი ლაბორატორია მოაწყო და, არც მეტი, არც ნაკლები, გაზი აღმოაჩინა, რომელიც აფეთქებით იწვოდა. ჯერ ეგონა, თვით ფლოგისტონი აღმოვაჩინეო (იმ დროს ფლოგისტონის თეორია იყო გავრცელებული), მაგრამ მერე შეამჩნია, რომ თუ გაზს თავდახურულ ჭურჭელში დატოვებდა, კედელზე წყლის წვეთები წარმოიქმნებოდა. ეს აღმოჩენა ლავუაზიეს გაუმხილა და გაზს სახელიც დაარქვეს – „წყლის მბადი”, წყალბადი (ჰიდროგენიუმ). ახირებული არისტოკრატი ჰენრი კავენდიში გახლდათ, რეაქციას კი ალბათ ყველა თქვენგანი იცნობს: Zn+2HCl →ZnCl2+H2
ჰაერი დიდხანს ელემენტარულ მატერიად განიხილებოდა. მეცნიერებს ის მარტივ ნივთიერებად მიაჩნდათ. მხოლოდ მოგვიანებით, მრავალი ცდის საფუძველზე გახდა შესაძლებელი აირების შეგროვება და მათი თვისებების შესწავლა.
ჯოზეფ პრისტლიმ გამადიდებელი შუშის საშუალებით მზის სხივებით გაახურა ვერცხლისწყლის ოქსიდი. ხელსაწყოში (ამჟამად ის ლონდონის სამეფო მუზეუმში ინახება) დიდი რაოდენობით აირი გამოიყო. პრისტლიმ ეს აირი ჩაისუნთქა. მოგვიანებით წერდა, უეცრად სუნთქვა ისე გამიადვილდა, მეგონა, გავფრინდებოდიო… გარდა ამისა, გამოყოფილ გაზში სანთელი კაშკაშა ალით იწვოდა. პრისტლიმ ამ აირს „სასიცოცხლო ჰაერი” უწოდა. რეაქცია – 2HgO →2Hg+O2
კ. შეელემ ფოსფორი კოლბაში მოათავსა, საცობი დაახურა და გაათბო. წარმოიქმნა თეთრი კვამლი. გაცივების შემდეგ ქიმიკოსმა კოლბა წყლით სავსე აბაზანაში ჩაუშვა. წყალმა კოლბის მეხუთედი დაიკავა. ე.ი. ჰაერის მეხუთედი ფოსფორს უერთდებოდა. ამ მეხუთედს შეელემ „ცეცხლოვანი ჰაერი” უწოდა, დანარჩენ ოთხ მეხუთედს კი – „მხუთავი ჰაერი”.
ლავუაზიემ პრისტლის, შეელეს და საკუთარი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ „სასიცოცხლო ჰაერი” და „ცეცხლოვანი ჰაერი” ერთი და იგივე იყო. ამ გაზს მან ჟანგბადი უწოდა, „მხუთავ ჰაერს” – აზოტი, „წვად ჰაერს” კი წყალბადი. ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ ჰაერი მარტივი ნივთიერება არ იყო – ის აირთა ნარევს წარმოადგენდა, რომელშიც ჟანგბადის მოცულობითი წილი 1/5 გახლდათ.
ინგლისი. 40-იანი წლები. ორგანული ქიმია ძალას იკრებს, თუმცა ქვეყანას ძლიერი ქიმიკოს-ორგანიკოსები არ ჰყავს, ამიტომ იძულებულია, გერმანიიდან მოიწვიოს ლიბიხის მოსწავლე ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანი. ჰოფმანს თანაშემწედ აჰყავს სრულიად ახალგაზრდა უილიამ პერკინი. ერთხელ ჰოფმანს პერკინის თანდასწრებით დაუწყია ქინინის სინთეზზე ხმამაღლა ფიქრი. პერკინი ამ იდეამ ისე ააფორიაქა, რომ შინ დაბრუნებულმა საკუთარ ლაბორატორიაში იმავე ღამეს დაიწყო მუშაობა. დაამუშავა ანილინი კალიუმის ბიქრომატით და, შედეგით იმედგაცრუებულმა, ის-ის იყო, მიღებული მასის გადაგდება დააპირა, რომ შეამჩნია, როგორ მიიღო მასამ მოწითალო შეფერილობა. სპირტის დამატების შემდეგ სარეაქციო არიდან მოწითალო ნივთიერება გამოიყო. პერკინი მიხვდა, რომ ეფექტური საღებავი მიიღო.
პერკინმა თავისი ოჯახის სახსრებით ააგო ფაბრიკა, რომელმაც ექვსი თვის შემდეგ „ანილინის მეწამულის” გამოშვება დაიწყო. ფრანგ მღებავებს ძალიან მოეწონათ ახალი საღებავი და მას „იისფერი” უწოდეს. ფერი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დროის ეს პერიოდი ისტორიაში „იისფერი ათწლეულის” სახელწოდებით შევიდა.
1867 წელს ადოლფ ბაიერმა ინდიგოს სინთეზი განახორციელა.
1868 წელს ბაიერის მოსწავლემ კარლ გრებემ სინთეზით მიიღო ალიზარინი.
ქიმიის ისტორიაში მომხდარ გაცილებით მეტ და საინტერესო ამბავს ჩემივე შესავალი კურსის, „ქიმიის ისტორიის”, ვიდეოლექციებიდან შეიტყობთ. აქვე მრავალ ექსპერიმენტს და სახალისო ანიმაციასაც ნახავთ.
გამოიყენეთ ისტორია, რათა მომავალი თაობა ოდნავ მაინც დაინტერესდეს ქიმიით. ხომ შეიძლება, რომელიმე მათგანში „მიძინებული” პერკინი გამოვაღვიძოთ…

ვიდეოლექციები “ქიმიის ისტორია”

კონფლიქტების მართვა და პედაგოგიკა

0

ადამიანებს ძალიან გვიყვარს ეგზიუპერის სიტყვების _ “ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ” _ სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. ეს სიტყვები პედაგოგებში საოცარ ემოციას იწვევს… მასწავლებლობა ხომ უამრავი ადამიანის ბავშვობის თანაზიარობას ნიშნავს; მასწავლებელი ხომ ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტია, რომელიც მოზარდს ღირებულებათა მიმართ სწორი, ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

 

ადამიანებს აქვთ ფასეულობები, შეხედულებები, წარმოდგენები, რომლებიც წარმართავენ მათ აზროვნებასა და ქცევას. ისინი ამის საფუძველზე დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს ან თავს იკავებენ გარკვეული ქმედებებისგან. ამიტომ ბუნებრივია, რომ ადამიანთა ურთიერთობისას ხშირად იჩენს თავს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ეს, თავის მხრივ, ურთიერთობაში წარმოშობს პრობლემებს, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს.

ვრცლად 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...