Warum Deutsch? -გერმანული ენის პერსპექტივები
ახლომხედველი ბავშვი სკოლაში
მე ახლომხედველი ვარ. მედიცინის ენაზე ჩემი დიაგნოზი მიოპიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შორს ცუდად ვხედავ. ის, რაც ჩემი პოეზიისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა (ჩემს ბოლო პოეტურ კრებულს სწორედ “ახლოხედვის ტრაექტორია” ჰქვია), ცხოვრებაში ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის.
მახსენდება ჩემი თავი სკოლაში, ცდა დაფაზე დაწერილი დავალების წაკითხვისა: ჯერ ოდნავ ჭუტავ თვალებს, მერე – უფრო მეტად, ბოლოს, არაფერი რომ არ გამოდის, იძულებული ხარ, შენი რვეულიანად დაფას აეკრა, რაც აუცილებლად გამოიწვევს შენი კლასელების წყრომას. სათვალე გამოსავალია, მაგრამ არ იკეთებ, რადგან იცი – დაგცინებენ, თან იმ ბიჭს არ მოსწონს სათვალიანი გოგონები…
თუმცა “ჰარი პოტერის” ავტორის, შესანიშნავი საბავშვო მწერლის, ჯოან როულინგის წყალობით, ახლა სათვალე აღარაა დასაცინი, მეტიც – ერთგვარ დამატებით ხიბლსაც კი გძენს: სათვალიანი ბავშვები ყველაზე ჭკვიანები არიან.
რა იწვევს ახლომხედველობას? რა როლს ასრულებს ამაში სკოლა? ცნობილია, რომ ყველაზე ხშირად მიოპია სწორედ დაწყებითი კლასების მაღალ საფეხურზე – მესამე, მეოთხე კლასებში – ვითარდება. სწორედ ამ დროს ევალებათ მშობელსა და მასწავლებელს, შეამჩნიონ პრობლემა და დროულად აჩვენონ ბავშვი სპეციალისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიოპიამ შესაძლოა რთული ფორმა მიიღოს.
ახლომხედველობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა – მსოფლიოში თითქმის ყოველ მესამე კაცს მიოპია აქვს.
არასწორი განათება, თვალის მეტისმეტი გადაძაბვა (მაგალითად, ბევრი საშინაო დავალების შესრულების დროს), წიგნსა და თვალს შორის არასათანადო მანძილი, არაკომფორტული სამუშაო მაგიდა, ტელევიზორის, კომპიუტერის ხშირი ყურება, არასწორი კვება, სუსტი აგებულება და ბევრი სხვა მიზეზი შესაძლოა სერიოზულ დაავადებას დაედოს საფუძვლად.
იმისთვის, რომ ბავშვის მხედველობას ზედმეტი დატვირთვა არ მიადგეს, საჭიროა, უფროსებმა გაითვალისწინონ სპეციალისტების რამდენიმე რჩევა.
უპირველესად, მნიშვნელოვანია სკოლის კედლების ფერი: ისინი აუცილებლად ბაცი უნდა იყოს – თეთრი ან პასტელის ფერებისა.
ყურადსაღებია წიგნის შრიფტი, ასევე – რვეულის ფურცლების ხარისხი და ფერი. ახლომხედველი ბავშვი სასურველია დაფასთან ახლოს იჯდეს – ეს მასა და მის თანაკლასელებს თავიდან ააცილებს ნაწერის დასანახავად დაფასთან ხშირად გასვლით გამოწვეულ დისკომფორტს.
გაკვეთილის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ საკითხავი ან საწერი მასალა ბევრია, მასწავლებელმა ბავშვები სამჯერ მაინც უნდა შეასვენოს. სასურველია თვალის ვარჯიშების შესრულებაც, მაგალითად, ისეთებისა, როგორიცაა სხვადასხვა საგანზე მზერის სწრაფად გადატანა – ახლომდებარე ნივთიდან შორს და პირიქით.
სკოლის მოსწავლეების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს სტაფილო, თევზი, ნიგოზი, ხაჭო, რძე და მოხარშული ხორცი. არავითარი წიწაკა თუ მდოგვი ან მწარე კეტჩუპი!
სახლში სამეცადინო ადგილი აუცილებლად კარგად უნდა იყოს განათებული. საღამოს, თუ მაგიდის ნათურას დაიხმართ, ჯობს, იგი მარცხენა მხარეს დაიდგათ, რათა სამუშაო მაგიდა განათდეს, ხოლო თვალები შუქმა არ შეაწუხოს.
არ შეიძლება ბინდბუნდში, ტრანსპორტში, აგრეთვე დაწოლილი კითხვა; ბავშვები უნდა მოვარიდოთ კომპიუტერსა და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომას.
იაპონური განათლების სისტემის თავისებურებანი



თეთრი საყელო, ანუ რამდენიმე ეპიზოდი მოსწავლე გოგონას ცხოვრებიდან
ეპიზოდი პირველი: ბავშვობაში საშინლად არ მიყვარდა ფოტოების გადაღება. ჩემი ბავშვობა იმ პერიოდს დაემთხვა, ფოტოატელიეებმა რომ ფუნქცია დაკარგა და საოჯახო ალბომები “პოლაროიდით” გადაღებული უხარისხო ფოტოებით გაივსო. ჩვენ კარგა ხანს არ გვქონდა ფოტოაპარატი და ამიტომ 90-იანი წლების დასაწყისში ჩემი ცხოვრების ღირსშესანიშნავი დღეები ხშირად აღიბეჭდებოდა პროფესიონალურ ფირზე – დედას ყოველთვის მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი თარიღები მხოლოდ მეხსიერებას არ უნდა ანდო. და აი, მეც – ხუთი წლის პირველკლასელი, შავი ქვედაკაბით და თეთრი, მაქმანებიანი პერანგით, მოკლედ შეჭრილი თმითა და, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო გამომეტყველებით, დიახაც, ვგავარ ტრადიციულ სასწავლებელში მიმავალ “გიმნაზისტკას”.
პირველ კლასში ყველა წესის დაცვით ვატარეთ ფორმები, კარგ ამინდში – შავ-თეთრი, ზამთარში – ყავისფერი. ზოგიერთს მშობლების ბავშვობისდროინდელი ლურჯი პიჯაკი და შარვალიც ეცვა. ასეთი დრო იყო მაშინ, არც არაფერი იშოვებოდა ომგამოვლილ ქვეყანაში და ყიდვის საშუალებაც ძალიან ცოტას ჰქონდა. ალბათ ბევრ მშობელს უხაროდა კიდეც, ყოველდღე რომ არ უნდა ეფიქრა შვილის ჩაცმა-დახურვაზე. ასეა, ზოგჯერ რეგულაციები ცხოვრებას გვიმარტივებს და, ჩემი ღრმა რწმენით, ამიტომაც ჯერ ვიგონებთ და მერე ვემორჩილებით მათ.

ეპიზოდი მეორე: დარწმუნებული ვარ, 80-იან წლებში დაბადებულებს ისტორია რაიმე განსაკუთრებულ სახელს გამოგვიძებნის. ჩვენ ძველის ნგრევის და ახლის შენების, ცვლილებების და გარდაქმნების, უშუქობისა და ომის ბავშვები ვართ, ისინი, ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ და უცებ დამოუკიდებელ საქართველოში ავიდგით ფეხი. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორღაც, ისიც ბუნებრივად მეჩვენება, რომ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც იმდენ ცვლილებას მოვესწარით, იმდენი ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვენზე, რომ ნახევარს ვერც კი ვიხსენებ. ახალი სახელმძღვანელოები პირველად ჩვენს დროს გამოიცა. ჩვენს დროს დაიწყო სკოლების, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობა. რა თქმა უნდა, ძველი სასკოლო ფორმებიც აღარავის აკმაყოფილებდა. მეოთხე კლასში გადაღებულ ფოტოზე გოგოებს შოტლანდიური ქვედაკაბები, ლურჯი პიჯაკები და თეთრი პერანგები გვაცვია და სცენაზე ვმღერით, ზუსტად მახსოვს, რას – “Doe, a deer, a female deer”, “მუსიკის ჰანგებიდან”. უკან ასეთნაირადვე ჩაცმული გუნდი გვიდგას. არ ვიცი, რას ფიქრობდა სკოლის გუნდის ხელმძღვანელი, როცა ეს სიმღერა შეგვირჩია, მაგრამ ახლა მგონია, რომ სწორედ ეს, სხვა, უფრო დიდ ომს გადარჩენილი ბავშვების სიმღერა მართლაც სიმბოლური იყო ჩვენთვის, მწარე მშვიდობისა და განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნის ევროპულად გამოწყობილი მოსწავლეებისთვის. ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, ერთი ის იყო, რომ მოდაში საოცარი სისწრაფით შემოსული შოტლანდიური ქვედაკაბები საკმაოდ ძვირი ღირდა.
ეპიზოდი მესამე: მეხუთე კლასიდან ჭრელად და არეულად გვაცვია, მაგრამ მაინც ბევრი რამე გვაქვს ერთნაირი, მაგალითად, “Yes-No” მაისურები, ყვავილებიანი “ელასტიკები”, ჯემპრები დისნეის გმირების გამოსახულებით. ჯინსი და ბოტასი აღარავის უკვირს, უბრალოდ, საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას: ვის მანათობელი ბოტასი აცვია და ვის – ჩვეულებრივი, ვის ადგილობრივ ბაზრობაზე უყიდეს ტანსაცმელი ახალი სასწავლო წლისთვის და ვის საზღვარგარეთიდან ჩამოუტანეს. თანდათან ასეთ თემებზე ლაპარაკსაც ვსწავლობთ, ზოგი – სიამაყით, ზოგიც – გულდაწყვეტით. ეს ჩვენი თაობის სახეა, ეს სტილის ჩვენეული ძიებაა, უფრო მეტიც – ამ პერიოდის ფოტოები ჩვენი ოჯახების სოციალური მოზაიკაა. სინამდვილეც ასეთია და მას ვერსად გავექცევით.
ეპიზოდი მეოთხე: ჩვენს სკოლაში კიდევ ერთხელ რომ მოინდომეს შავ-თეთრი ფორმების დაბრუნება, უკვე მეათე კლასში ვიყავით. მახსოვს, დირექტორმა მე და ჩემს კლასელ ბიჭს დაგვიძახა და გვთხოვა, მეორე დღეს თეთრი პერანგებით მივსულიყავით, რათა ყველას დაენახა, რომ ჩვენ, სამაგალითო უფროსკლასელებიც ვემორჩილებოდით წესებს. თოთხმეტი-თხუთმეტი წელი ალბათ ის ასაკია, როცა ყველაზე მეტად გინდა, სხვებისგან გამოირჩეოდე და ძალდატანებით ვერავინ გაგაკეთებინებს იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა. თუმცა ჩვენსა და დირექტორს შორის შემდგარი დიალოგი უფრო თანატოლების, ზრდასრული ადამიანების საუბარს ჰგავდა. მას არ უბრძანებია, არ გაგვწყრომია, არ დაგვმუქრებია და ჩვენც უარის თქმა ვერ გავბედეთ. ნამდვილად არ ვიცი, რა გავლენა მოახდინა ჩვენმა თეთრმა პერანგებმა სხვებზე, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩვენი მხრივ ეს არ ყოფილა მორჩილება, უფრო თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას ჰგავდა.
რა მიაქვთ სახლში ოსკაროსნებს
ყოველწლიურად, თებერვლის თვეში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი იმართება. მე ჩემს მკითხველთან ყოველთვის გულწრფელი ვარ და ამჯერადაც სახალხოდ ვაღიარებ, რომ ამგვარი ცერემონიების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. არც წარდგენილი ფილმების და მსახიობების სია მაინტერესებს (თუმცა, კარგ ფილმს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ) და არც ის თუ ვინ გაიმარჯვებს. თუ შემთხვევით ახალ ამბებში ყური მოვკარი, ხომ კარგი, არადა სპეციალურად ნამდვილად არ მოვძებნი. ისე კი კარგად ვიცი, თავს არ ზოგავენ, ოღონდ კი ეს ოქროსფერი ფიგურა ხელში ჩაიგდონ, ოსკაროსანის სახელი დაირქვან და რაც მეტჯერ, მით უკეთესი.

გეომეტრია სფეროზე
ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიბრტყის გეომეტრია დაკავშირებულია წერტილებთან, წრფეებთან და აღწერს მათ ურთიერთმიმართებას, ადრეული (ბაბილონელების, არაბების, ბერძნების) გეომეტრიათა უმეტესობა კი სფერული იყო. ეს გეომეტრიები დედამიწაზე მიმდინარე გაზომვებს უკავშირდებოდა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გეომეტრიისა, სფერული გეომეტრიის შესწავლაც უნდა დავიწყოთ მისი ძირითადი ელემენტების (წერტილი, წრფე და ა.შ.) განსაზღვრით.
ამ შემთხვევაში უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას იმის შესახებ, რას ვუწოდოთ წრფე და წრფის სეგმენტი სფეროზე. ევკლიდეს განმარტებით, პარალელური წრფეები არის ერთ სიბრტყეში მდებარე წრფეები, რომლებიც დამოუკიდებლად ვრცელდება ორივე მიმართულებით და არც ერთი მიმართულებით არასოდეს ხვდება ერთმანეთს. ადვილი შესამჩნევია, რომ სფეროს გეომეტრია განსხვავდება სიბრტყის გეომეტრიისგან, რომელსაც აქამდე ვსწავლობდით. ჩვენი წარმოდგენით, წრფე არის სწორი ხაზი, რომელიც შემოუსაზღვრელია, სფეროზე დახაზული ნებისმიერი წირი კი გამრუდებულია და ვერც შემოუსაზღვრელი იქნება. თვით სფეროს ზედაპირიც გამრუდებულია და შემოსაზღვრული. სიბრტყეზე წრფის გასწვრივ მოძრაობის დროს უნდა ვიმოძრაოთ “სწორად და პირდაპირ” ისე, რომ არც ერთი მიმართულებით არ “გადავუხვიოთ”. სფეროზე ანალოგიური მოძრაობისას მოძრაობის ტრაექტორია გაჰყვება წირს, რომელსაც ეწოდება დიდი წრეწირი.
უცნაური კანდიდატები
ოცდამეერთე საუკუნის თითქმის ყველა სახელმწიფოში იმართება საერთო სახალხო კენჭისყრა. თანამედროვე საზოგადოება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია არჩევნების გარეშე. თანამდებობის პირთა შერჩევა ათასგვარი მეთოდითა და ხმის მიცემის პროცედურათა განსხვავებული კომბინაციებით ხდება. მრავალფეროვანია კანდიდატთა შემადგენლობაც. ტრადიციული იდეოლოგიების წარმომადგენელთა გვერდით წარმატებას ხანდახან ლუდის მსმელთა, სექსის მოყვარულთა და სხვა ასეთი შინაარსის პარტიებიც ესწრაფიან. თითქოს ძნელი საპოვნელია ფაქტი, რომელიც ახალი ეპოქის ინფორმირებულ მოქალაქეს გააოცებს. თუმცა გამორიცხული არ არის, განსაკუთრებულ შემთხვევებსაც გადავაწყდეთ.
ალბათ, ბევრს გაუგონია ბედაურ ინციტატუსის ამბავი – ეს ის ცხენია, იმპერატორმა კალიგულამ რომის სენატორად რომ დანიშნა. შესაძლოა იფიქროთ, რომ ანტიკური ხანის სასტიკი ერთმმართველის გარდა ასეთი ექსცენტრიკული იდეა არავის მოსვლია თავში. პოლიტიკის მეცნიერების ისტორიაში კი ამ აზრის საწინააღმდეგო არაერთი მაგალითის მოძიებაა შესაძლებელი.
1960-იან წლებში მთელ მსოფლიოში უკიდურესად გაძლიერდნენ ახალგაზრდული და სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც საყოველთაო მშვიდობას, სოციალურ თანასწორობასა და ელიტის გავლენათა შეზღუდვას მოითხოვდნენ. ამერიკელმა პაციფისტებმა ჩამოაყალიბეს “ახალგაზრდული საერთაშორისო პარტია”, რომელმაც 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც განიზრახა. გაერთიანებამ ვიეტნამის ომის ორიგინალური ხერხით გაპროტესტება გადაწყვიტა და პრეზიდენტობის კანდიდატად ღორი, სახელად პეგასი წარადგინა. პეგასმა სავსებით დააკმაყოფილა ნომინირებისთვის აუცილებელი მოთხოვნები, მაგრამ საბოლოოდ დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა.

აშშ-ის მოქალაქეებმა ასეთ ღონისძიებას კიდევ რამდენჯერმე მიმართეს. 1988 და 1992 წლებში ჯორჯ ბუშ უფროსის წინააღმდეგ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა გარდა, ჯიუტად იბრძოდა კატა მორისიც, 2008 წელს კი ამომრჩეველთა ბიულეტენში წარუმატებლად სცადეს ტაქსას ჯიშის ძაღლის, მოლის, სახელის ჩაწერა.
უფრო ადრე უკეთესი პრეცედენტები შექმნეს ბრაზილიელებმა. 1958 წელს უზარმაზარ ქალაქ სან-პაულოში პოლიტიკური კორუფციის მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა, რომელში მონაწილეობაც ყველა გავლენიან პარტიას ბრალდებოდა. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე აქტივისტთა მცირე ჯგუფმა ანტიკორუფციული კამპანიის ჩატარება გადაწყვიტა. მათ ერთ-ერთ ოლქში ქალაქის საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად ზოოლოგიის ინსტიტუტში დამწყვდეული მარტორქა კაკარეკო წარადგინეს. ცხადია, ველური ბუნების წარმომადგენელმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილება ვერ მოახერხა, მაგრამ მის მხარდასაჭერად 100 000 ხელმოწერის მოგროვება მოხერხდა, ანუ იმდენი ხმისა, რამდენიც არჩევნების გზით არც ერთ რეგისტრირებულ კანდიდატს არ ჰქონდა მოპოვებული. გაბრაზებულმა მოქალაქეებმა ნომინალურ გამარჯვებულად მაინც კაკარეკო გამოაცხადეს.

20 წლის შემდეგ ქალაქის მერის არჩევნებზე ანალოგიურად მოიქცნენ რიო-დე-ჟანეიროს მკვიდრნიც. მათი რჩეული შიმპანზე აღმოჩნდა. რიოელებმა გამორჩეული პრეტენდენტის პოპულარიზაციის მიზნით დიდი სამოქალაქო მოძრაობა გააჩაღეს და რიგით ამომრჩევლებს მაიმუნისათვის ხმის მიცემის ნიშნად ბიულეტენზე სპეციფიკური სიმბოლოს გამოსახვისკენ მოუწოდებდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ცხოველს 400 000-მდე ბრაზილიელმა გამოუცხადა ნდობა.
სიტყვა და ადამიანი – ჯონ სტაინბეკი
მადლობა შვედეთის აკადემიას, ჩემი შრომა ამ უმაღლესი ჯილდოს ღირსად რომ ცნო. გულის სიღრმეში ვეჭვობ, ნობელის პრემიას იმ მწერლებზე მეტად ვიმსახურებდე, რომელთა მიმართაც პატივისცემითა და მოწიწებით ვარ განმსჭვალული – თუმც, უდავოა, მე რომ მერგო, მიხარია და მეამაყება.
სიმარტივის არაჩვეულებრიობა
ქიმიკოსები მოყვასის მოყვარული და გამუდმებით მოფიქრალი ხალხი ვართ. ის გვიხარია, რაც დანარჩენებს, სატკივარიც ერთი გვაქვს, ამიტომ მუდამ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ გამოწვევებზე. მედიკამენტებზე ადრეც ვწერდი – მათი შემუშავება, რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება, ვინაიდან ჩვენთან მოპაექრე მიკრობები – ვირუსები, ბაქტერიები და ძმანი მათნი – დღითი დღე “იზრდებიან” და “ჭკვიანდებიან”. ჩვენც იძულებული ვართ, სულ უფრო “დიდი” და “მძლავრი” მოლეკულები დავუპირისპიროთ. მაგრამ გამონაკლისები მათ შორისაც არის. მაგალითად, ესენი:

ყველას თავისი ამერიკა აქვს
ყველას თავისი ამერიკა აქვს. ვისთვის ეს ოცნების ქვეყანაა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მცველი ზესახელმწიფო, ვისთვის – ბოროტების, გარყვნილებისა და მსოფლიო იმპერიალიზმის ბუდე. აგერ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა – ჩრდილოეთკორეელი ახალგაზრდა სიზმრად ხედავს, როგორ ანადგურებს ამერიკას და ისადგურებს მშვიდობა მსოფლიოში.

მეც ასე, თბილისის ვაგზალზე მდებარე წიგნის მაღაზიიდან სრულიად შემთხვევით დავემგზავრე ამერიკელი მწერლისა და პოეტის, ბიტმოძრაობის პიონერის ჯეკ კერუაკის საკულტო რომანის “გზაზე” მეშვეობით, რომელიც პირველად 1957 წელს გამოიცა და ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. ის მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. წიგნი, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ითარგმნა ქართულ ენაზე და 2012 წელს გამომცემლობა დიოგენეს პროექტის “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ფარგლებში გამოიცა. უნდა ითქვას, რომ თარგმანი რომანისთვის შეუფერებლად უბიწოდ გამოიყურება. დაახლოებით ისე, ქართულ ტელეარხებზე თარგმნილ ფილმებში ყველაზე უშვერ გინებად “ეშმაკმა დალახვროს” რომ მიიჩნევა. არადა რა უხერხულად ჟღერს თავქარიანი პერსონაჟებისგან ასეთი ყალბადნათარგმნი გამოთქმები. თარგმანში შეცდომაც მრავლად არის და რომანის ბუნებრივი რიტმიდან გადაცდომაც, რაც გაბნევს და სიუჟეტში ორიენტირებას გირთულებს, თუმცა რას ვიზამთ – ქართველი ბიბლიოფილები იმდენ ხანს ელოდნენ მის გამოცემას, ნაჩუქარი ცხენისა არ იყოს, კბილიც არ გაესინჯება. არც რომანის დედანს ჰკლებია კრიტიკოსთა უარყოფითი გამოხმაურება, მაგრამ წიგნმა მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურულ პროცესებში. პირველ რიგში – ამბის სიმარტივის გამო: აქ ხომ არავინ არავის მოძღვრავს, არ ქადაგებს და არ მორალისტობს; უბრალო ამბავია თავქარიანი ბიჭების მოგზაურობაზე ქარის მიმართულებით.










