შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

ლიტერატურული პერსონაჟი – ეპოქის პროდუქტი თუ ცოცხალი სახე

0

სწავლების თანამედროვე თეორიების მიხედვით, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის თვალით სამყაროს დანახვის უნარის გამომუშავება, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კითხვის სათანადო სტრატეგიების გამოყენება. ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას უნდა ვისაუბროთ პერსონაჟთა რთულ და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივებზე. მოსწავლეები უნდა ჩაუღრმავდნენ მხატვრული ნაწარმოების გმირის არა მარტო საქციელს, არამედ გრძნობებს, აზრებს, ემოციებს, მიმიკებსა და ჟესტებსაც კი. მათ პერსონაჟში უნდა დაინახონ არა მხოლოდ ეპოქის წარმომადგენელი, არამედ ცოცხალი, რეალური ადამიანი.

 

მივადექით მნიშვნელოვან მეთოდიკურ საკითხს: ხომ არ ვაკნინებთ ეპოქის თავისებურების, კულტურული კონტექსტის მნიშვნელობას? ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზემოჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვანია ნაწარმოების გასაგებად და, შესაბამისად, სწავლებისას მათ გარკვეული დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად ზედმეტი გატაცება ამ თავისებურებებით.

 

მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას რომან “დიდოსტატის მარჯვენას” მოვიყვანთ. რა თქმა უნდა, ისტორიული კონტექსტის გარეშე ამ ნაწარმოების შესწავლა შეუძლებელია, მაგრამ მისი შესწავლისთვის განკუთვნილი საათები არ უნდა დაემსგავსოს ისტორიის გაკვეთილებს.

ავტორის მიერ დახატული გიორგი პირველი მეტად რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. არ შეიძლება ის განვიხილოთ მხოლოდ იმ პერიოდის მონარქის სქემატურ სახედ. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემია მის ხასიათზე, ემოციებსა და ქცევაზე დაკვირვება.

რომანის დასაწყისშივე იკვეთება მეფე გიორგის ბუნება. ახალი წლის ღამეს ატყობინებს მას ზვიად სპასალარი ამბოხებული ერისთავების ამბავს. როგორც წესი, ამ მონაკვეთის სწავლებისას ყურადღება მახვილდება პოლიტიკურ ასპექტებზე: ვინ შეიძლება იდგეს ამბოხებული ფეოდალების უკან _ თბილისის ამირა თუ ბასილი კეისარი? ბუნებრივია, გიორგისთვის, როგორც მეფისთვის, უდიდესი საფრთხის შემცველია ყველაფერი, რაც ემუქრება ქვეყნის ერთიანობას, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ახლობელი ადამიანის ღალატის დაჯერება: “თავი ჩაქინდრა გიორგი პირველმა, ამ ამბის შემტყობმა. თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი თვალების ყალბი ციმციმი. მერმე ვინ? ბაგრატ კურაპალატის განუყრელი მეგობარი, ფადლონ ამირასთან ომებში, შირიმნის ბრძოლაში გიორგისთან მრავალი ჭირის გადამხდელი”.

მკითხველი ხედავს, როგორ სურს გიორგის, არ გამართლდეს ზვიად სპასალარის ვარაუდი: “ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენო მსტოვრები და მამამზე უბრალო იყოსო ერისთავების ატეხილ ამბოხში”.

 

ავტორი კარგად გვიხატავს გიორგის შინაგან წინააღმდეგობებს. ერთი მხრივ, მას, როგორც ადამიანს, უჭირს მამის სიყრმის მეგობრის ღალატის დაჯერება და სასიკვდილოდ მისი გამეტება, მეორე მხრივ კი ვალდებულია, მტკიცედ იდგეს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე. მკითხველი ხედავს, როგორი შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს გიორგის სულში. იგი მზად არის, მეფის უფლებები დროებით დაივიწყოს და ადამიანურად გაესაუბროს მამამზეს: “გადაწყვიტა, იმ წუთშივე დაემარტოხელებინა მამამზე, ძმურად, მამაშვილურად გასაუბრებოდა, გამოეკითხა ჭიაბერის განდგომის მიზეზი”. უნდა ითქვას, რომ გიორგის ადამიანურ განცდებზე, შინაგან წინააღმდეგობებზე დაკვირვება არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების დროს, ვიდრე მისი პოლიტიკური ორიენტაციის ჩვენება. ლიტერატურა სწორედ ის საგანია, რომელიც ადამიანის ურთულესი ბუნების შეცნობაში ეხმარება მკითხველს და, ამავე დროს, ამაღლებს მის სოციალურ ცნობიერებას.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გმირის განცდებზე, არამედ ჟესტებსა და მიმიკებზე დაკვირვებაც. ჩვენ ვისაუბრეთ მეფე გიორგისა და მამამზე ერისთავის ურთიერთობაში გაჩენილ ბზარზე. დაკვირვებული მკითხველი ადვილად შეამჩნევს მათ შორის დაძაბულობას, სანამ სპასალარი შეატყობინებდეს მეფეს არაგვის ხეობაში მომხდარ ამბებს: “მოიღო მთელი კონა ისრებისა მამამზე ერისთავმა, ჭრელი და მჭრელი თვალები ისარივით მიაჭდო გიორგის და წარმოსთქვა: ისარი განერთხას გულსა შინა მეფობისა შენისა ორგულსა. გიორგი მდუმარე იყო ბავშვობიდანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული. მან ხმალივით შეაგება მზერა მამამზეს ისრიმისფერ თვალებს, წარბებქვეშ თრითინებსავით აწრიალებულთ, შემდგომ ამისა სპასალარისკენ გადაიტანა მზერა”. მეფის ხმალივით შეგებებული მზერა და სპასალარისკენ გადატანილი ყურადღება მისი დაეჭვების ნიშანია, ხოლო მამამზე ერისთავის თრითინებივით აწრიალებული თვალები მის მზაკვრობაში არწმუნებს მკითხველს.

ასეთი დეტალები მრავლად მოიძებნება ყველა ნაწარმოებში და აუცილებელია მათზე ყურადღების შეჩერება. მსგავს ნიუანსებზე დაკვირვება ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

თანამედროვე პედაგოგიკა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსწავლეთა უნარს, ანგარიში გაუწიონ სხვა ადამიანთა აზრებსა და გრძნობებს. ასეთ მოსწავლეებს განვითარებული აქვთ სოციალური უნარები და კარგად იცნობენ საკუთარ თავს. ბავშვის ზრდასთან ერთად იხვეწება მისი უნარი, ამოიცნოს სხვა ადამიანის აზრები, შეხედულებები, გრძნობები და მოტივები. რეკომენდებულია, დაწყებითი კლასებიდანვე დავაფიქროთ ისინი ამ საკითხებზე. მოთხრობების კითხვის დროს უნდა დავსვათ შეკითხვები პერსონაჟთა აზრების, გრძნობებისა და მოტივების შესახებ. ასაკის მატებასთან ერთად ისინი უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენენ სხვათა აზრებისა და გრძნობებისადმი, გააცნობიერებენ, რომ ადამიანს შეიძლება ბევრი, ხანდახან ურთიერთსაპირისპირო, მოტივი ჰქონდეს.

 

სხვათა გრძნობებსა და განცდებზე დაკვირვების, მათი ქცევის მოტივების გაცნობიერების საშუალებაა მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც პერსონაჟი ნაჩვენებია სხვადასხვა ასპექტით. სწორედ ამ მიმართულებითაა საჭირო მუშაობის გაშლა ლიტერატურის გაკვეთილზე. ლიტერატურული გმირი არასდროს არის მხოლოდ ეპოქის სულისკვეთების გამომხატველი. რაც უფრო დიდია მწერალი, მით უფრი ღრმად გვახედებს ადამიანის სულში, გვიჩვენებს მისი ქცევის ცნობიერ და არაცნობიერ მოტივებს.

 

ცნობიერისა და ქვეცნობიერის დაპირისპირების, ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივების წარმოჩენის საუკეთესო ნიმუშია აღაზას (ვაჟა ფშაველა, “სტუმარ-მასპინძელი’’) განცდები, როდესაც იგი დაიტირებს თავისი ქვეყნისა და ხალხის მტერს:

“ერთ მხრივ, ხათრი აქვს თემისა,
მეორით – ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდან არა… ჰქრებოდა”.

უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანები გარემოს მიხედვით იცვლებიან და სხვადასხვა ფაქტორი გავლენას ახდენს მათი ხასიათის თავისებურებებსა და ქცევაზე. ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ ადამიანები ყოველთვის ვერ ხვდებიან, რა არის მათი საქციელის მიზეზი.

აქ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ონისეს განცდები ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან “ხევისბერი გოჩა”. ავტორი ამ სიტყვებით წარმოაჩენს მის სულში მიმდინარე ბრძოლას: “გაღვიძებული გრძნობის სიტკბოება” და “მტანჯველი მდგომარეობა”. როდესაც ონისე გააცნობიერებს, თუ რა გრძნობებს მოუცავს იგი, სიტყვას აძლევს საკუთარ თავს, რომ პირნათელი იქნება ხალხისა და მეგობრის წინაშე, მაგრამ ამ წუთიდან უმნიშვნელო ხნის შემდეგ ავტორი გვეუბნება: “რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზე საფიქრალად”. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ ონისეს წუთიერი განცდაა და არა შეგნებულად მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავლისმომცემია გმირის არა მარტო გრძნობებსა და განცდებზე, არამედ ჟესტებსა და მიმიკებზე დაკვირვებაც. ლიტერატურაში შესაძლებელია, ერთი ჟესტით პერსონაჟის ხასიათის მნიშვნელოვანი მხარე იყოს წარმოჩენილი. კრიტიკოსი გურამ ასათიანი პოემა “გამზრდელის” დასაწყისში მოცემულ ბათუს ერთ უმნიშვნელო მოქმედებაში მისი ხასიათის მნიშვნელოვან თავისებურებას ხედავს:
“გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:
ამ თავსხმაში ეს ვინ არის?
შეუკიდა ცეცხლს და უცბად
გამოაღო ფაცხის კარი”.
“ეს პირველი მოძრაობა, ეს თითქმის გაუცნობიერებელი ჟესტი პირველი საღებავის ფუნქციას ასრულებს: ბათუ უკვე ზრუნავს სტუმარზე, რომელიც არც კი უნახავს” (გ. ასათიანი).
ასევე, საინტერესოა, რომ ალუდას მეტამორფოზა (ვაჟა ფშაველა, “ალუდა ქეთელაური”) უკავშირდება მუცალის ერთ სასოწარკვეთილ ჟესტს:
“მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია

მწვანეს ბალახსა მთისასა”.

“მუცალის ეს უჩვეულო, სასოწარკვეთილი ჟესტი – ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაში ჩაფენა – სულისშემძვრელია, მასში ერთბაშად ხდება თვალხილული სიცოცხლესთან განშორების ტკივილის განუზომელი სიღრმე. და ეს მეტყველი, ტრაგიკული ჟესტი დაანახვებს და აგრძნობინებს ალუდას, პირველად მის ცხოვრებაში, რა საზარელია სიკვდილი, სიცოცხლესთან გაყრა” (თ. ვასაძე).

მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილზე წარმოდგენის უნარიც. ამისთვის კარგი იქნება, თუ პერსონაჟის ხასიათზე მუშაობისას მოსწავლეებს მივცემთ დავალებას, წარმოიდგინონ თავი ამა თუ იმ გმირის ადგილას და გადმოსცენ მისი განცდები პირველ პირში. მაგალითად, “გამზრდელის” სწავლებისას შეიძლება მათ დავაწერინოთ ესე: “ჩემს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს”, პოემა “ალუდა ქეთელაურზე” მუშაობისას კი სასურველია, დაწერონ ესე: “ვერ გავიმეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელადა” და პირველ პირში ისაუბრონ ალუდას განცდებზე.
ამრიგად, მხატვრული ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი მიზანი მწერლის იდეური ჩანაფიქრისა და მხატვრული თავისებურებების წვდომასთან ერთად მოსწავლეთა სოციალური განვითარებაც უნდა იყოს.

ბრუნერის მეთოდი განათლებაში

0
„მიეცით მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება; დაეხმარეთ მათ ცნებებისა და პრინციპების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში – ამით ისინი მოახდენენ ცოდნის ორგანიზებას; ჩართეთ საკლასო დისკუსიებში; მიეცით ისეთი დავალებები, რომლებიც რეალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული; დაეხმარეთ თეორიების აგებაში: წააქეზეთ, იკითხონ „რატომ?”და „როგორ?” სთხოვეთ, წინასწარ გამოთქვან ვარაუდი, რა მოხდება საკლასო ექსპერიმენტის დროს. გამოიყენეთ ანალოგიები, რათა მოსწავლეებს ახალი ცნებების, იდეებისა და მოვლენების უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებაში დაეხმაროთ. მიეცით ფიზიკური და სიმბოლური მოდელები ან მაგალითები. მასალის ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე. სთხოვეთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი ძველ გამოცდილებას დაუკავშირონ”, – ამ რჩევებს მასწავლებლებს კონსტრუქტივისტები აძლევენ.

კონსტრუქტივისტები არიან ვიგოტსკი, პიაჟე და ბრუნერი. პირველი ორი მეცნიერის მოღვაწეობაზე მასტსავლებელი.გე უკვე წერდა. ამჟამად ვისაუბრებთ ამერიკელი ფსიქოლოგის ჯერომ ბრუნერის შესახებ, რომელიც კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ბრუნერმა საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას.

სწავლებისადმი ბრუნერის მიდგომა კონსტრუქტივისტულია. მისი თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებსა და კონცეფციებს.
მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, იღებს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისთვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩასწვდეს „ინფორმაციის იქით” არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.

სწავლება ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე – მასწავლებელიც და მოსწავლეც – აქტიურად არიან ჩართულნი დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე მოსწავლისთვის ადვილად მისაწვდომი გახადოს. კურიკულუმი შედგენილი უნდა იყოს სპირალური პრინციპით – ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.

როგორც ვებსაიტ „ახალ განათლებაზეა” აღნიშნული, ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს: სწავლებისადმი წინასწარ განწყობას; სწავლების ისე აგებას, რომ ახალი ინფორმაცია მოსწავლისთვის ადვილი გასაგები იყოს; არსებულ მასალაში თანამიმდევრობის პრინციპის დაცვას; წახალისება-დასჯის მეთოდების სწორ გამოყენებას.

ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია: სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ასათვისებლადაც მოსწავლე მზადაა; სწავლების სტრუქტურა ადვილი გასაგები უნდა იყოს მოსწავლისთვის (სპირალური ორგანიზება); სწავლება ხელს უნდა უწყობდეს „ექსტროპოლაციას”, ანუ ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ „ნაპრალებს” (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).

ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: პრაქტიკულს – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია, პრაქტიკული ქმედებები); ხატოვანს – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია ობიექტის თვალსაჩინო ხატით და არამხოლოდ ობიექტით მანიპულირება; სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ბავშვი უკეთ ითვისებს ჩვევებსა და ცოდნას, როდესაც იგი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენსა თუ ცნებას.

გარემოს შეცნობისას ადამიანი გამოყოფს საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ამ აბსტრაქციების საფუძველზე იგი შეიმუშავებს წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას აძლევს. ამ პროცესში ადამიანი აღმოაჩენს და თავადაც ქმნის ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს, „ცნების” ნაცვლად, შემოაქვს ტერმინი „კატეგორია”, რომელსაც იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით, კატეგორია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.

მეცნიერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება.

აქედან გამომდინარე, ბრუნერი მიიჩნევს, რომ ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა კი იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. ამიტომ, იმისთვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა – საკუთარი გონებრივი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვანი იდეებისა და დამოკიდებულებების შესახებ.

ბრუნერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, კოდირების სისტემა მოსწავლემ თავად შექმნას, ვიდრე ის დასრულებული სახით მიიღოს მასწავლებლისგან. მოსწავლე თავად ქმნის რეალობის, არსის საკუთარ ვერსიას, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს საამისოდ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებათა აღმოჩენას გაუადვილებს.

აღმოჩენებით სწავლა დასწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალას დაუსრულებელი სახით მიაწვდიან და მის ორგანიზებას სთხოვენ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მოძებნონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც ამ მასალის ელემენტებს შორისაა. ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა.
აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა, მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა მოსწავლეებს, მათ მითითებები აღარ მისცეს. მნიშვნელოვანია, რომ მითითებები იყოს ზომიერი, გაიცემოდეს გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ანდა მოსწავლე არ შეეჯახოს დაუძლეველ პრობლემას.

აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ იგი აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება – მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ ის არის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები.

ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს. ესენია:

. ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;

. მაგალითების შერჩევა, შესატყვისი დაკვირვებების წარმოება;

. ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;

. ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტის ან რაიმე სხვა დაკვირვების შემუშავება და ჩატარება;

. ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან „მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.

ბრუნერი მიიჩნევს, რომ ეფექტიანი სწავლებისთვის ყველაზე ადეკვატურია ე. წ. „სპირალური კურიკულუმი” – სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილს, წინათ მიღებულ გამოცდილებას ეფუძნებოდეს.

ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:
. განწყობა – მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ზედაპირული, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ჩაღრმავებული, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ამ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულათა ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.

. სწავლისადმი მზაობა – მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დააფრთხობს მისი სირთულე, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას, წინათ ათვისებულ ცოდნას დაეფუძნება.

. სწავლების მრავალფეროვნება – ეს ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით დასწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას სრულიად განსხვავებულ პირობებში იღებს, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ, ბრუნერი გვირჩევს, ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ სირთულისა და აბსტრაჰირების განსხვავებული ხარისხით, იმისდა მიხედვით, როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა.

„სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.

. კონკრეტული შინაარსების ფლობა – ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, რომელიც საამისოდ კარგადაა მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ერთმანეთთან ვერ დააკავშირებს და ვერც განაზოგადებს ინფორმაციის ელემენტებს.

აღწერითი სტატისტიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე

0

სტატისტიკა ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. მაგალითად,
განათლების სფეროს მმართველი ორგანოები დაინტერესებულნი არიან მოსწავლეთა მიღწევებით,
მასწავლებელთა ასაკობრივი განაწილების სურათით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ზეგავლენით
სწავლის ხარისხზე; პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს აინტერესებთ საკუთარი პოპულარობა
არჩევნების წინ, რათა ივარაუდონ, გამარჯვების რა შანსი აქვთ; მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია
მათი პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი, სქესი, ასაკი; კალათბურთში აღირიცხება მოთამაშეთა
ზუსტი ტყორცნები, მოედანზე ყოფნის ხანგრძლივობა, მიღებული ჯარიმების რაოდენობა, ფარიდან
მოხსნილი ბურთების რაოდენობა.

 

სტატისტიკის შესწავლის აუცილებლობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული, მათ
შორის იმითაც, რომ:

 

–     ადამიანებს პროფესიული საქმიანობისას
სჭირდებათ სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის გასაგებადაც უნდა დაეუფლონ ტერმინებს, სიმბოლოებს,
ცნებებს და სტატისტიკურ მეთოდებს. მათ ასევე უნდა შეძლონ სხვებისთვის სტატისტიკური
ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გაზიარება ან მოცემული მასალის ინტერპრეტაცია; 

–     მათ, შესაძლოა, თვითონ მოუწიოთ
სტატისტიკური კვლევის ჩატარება, რადგან ეს, საზოგადოდ, კვლევა-ძიების ერთ-ერთი ძირითადი
ხერხია;

–     სტატისტიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები
საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანები უკეთესი მოქალაქეები და მომხმარებლები იყვნენ, გააკეთონ
სწორი არჩევანი, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.

 

სტატისტიკა არის მეცნიერება, სადაც კვლევა მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების,
მოწესრიგების, შეჯამების, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის გზით.

 

სასკოლო განათლების დაწყებით საფეხურზე მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და
სტატისტიკის მიმართულების სწავლების მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის
ელემენტებს – თვისებრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების,
წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.

 

მოსწავლეთათვის განკუთვნილი სასწავლო მასალების ანალიზიდან ჩანს, რომ არსებობს
პრობლემები მონაცემთა შეგროვების საშუალებების სწავლებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ
მეთოდიკურ მასალას ამ საკითხის სწავლების გასაუმჯობესებლად.

 

მოსწავლეთა მოტივაცია

 

მიზანშეწონილია მოსწავლეებისთვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდება.
მათ შეიძლება შევთავაზოთ, მაგალითად, ამოცანები:

1. გაეცანით ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემებს.

 

წლები

მოსახლეობის რაოდენობა

   2

 58 მილიონი

1776

268 მილიონი

1945

453 მილიონი

1980

908 მილიონი

 

ჩინეთის მოსახლეობა 1980 წელს გაორმაგდა 1945 წელთან შედარებით. თუ მოსახლეობის
ზრდა ამავე ტემპით მოხდება, რომელ წელს გაორმაგდება ჩინეთის მოსახლეობა 1980 წელთან
შედარებით?

 

2. ლათინური ანბანის ასოების გამოყენების სიხშირე ინგლისურენოვან ტექსტებში
ასეთია:

 

ასოები

E

T

A

O

N

I

R

S

H

D

L

C
UM

სხვა

გამოყენების სიხშირე,
%

  13

9

8

7

 6,5

6

4

 3,5

3

2 ან ნაკლები

 

მოიძიეთ ინფორმაცია და შეადგინეთ ანალოგიური ცხრილი ქართული ანბანის ასოებისთვის.

 

მოსწავლეებისთვის მონაცემთა შეგროვების საშუალებების გაცნობა

 

შესთავაზეთ მოსწავლეებს მოსამზადებელი სავარჯიშოები:

 

1.   გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივი
შემდეგი მონაცემები: ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების ფერები; საკლასო ოთახებში
მერხების რიცხვი; სამარშრუტო ტაქსების ნომრები; მოქალაქეთა დაბადების ადგილები; სახელმძღვანელოთა
ფასები; გასაყიდი საქონლის ზიპ-კოდები; მტკვარში დაჭერილი თევზების წონები; პროდუქტების
დამამზადებელი ფირმების დასახელებანი.

 

2.   რა მონაცემები აღირიცხება საფეხბურთო
სტატისტიკაში? მედიცინაში? მოსახლეობის აღწერისას? რა მიზნით? თქვენთვის ცნობილი რომელი
საშუალებების გამოყენებით?

 

 

ამის შემდეგ მიზანშეწონილია, მასწავლებელი ესაუბროს მოსწავლეებს მონაცემების
შეგროვების საშუალებებზე. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მას
შეუძლია მოსწავლეებს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

 

“გაზომვა და დაკვირვება ხშირად გამოიყენება სამეცნიერო (საბუნებისმეტყველო
თუ სტატისტიკური) ექსპერიმენტების დროს. მეცნიერები ერთსა და იმავე პირობებში მრავალჯერ
იმეორებენ ცდას, რათა რამდენჯერმე დადასტურებული, სანდო მონაცემების საფუძველზე გააკეთონ
დასკვნა გამოსაკვლევი ობიექტის თვისებების შესახებ.

 

ექპერიმენტსა და დაკვირვებას შორის განსხვავება ისაა, რომ დაკვირვებისას მკვლევარი
არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში, ხოლო ექსპერიმეტის ჩატარებისას ის თვითონ ქმნის ან
ცვლის ექსპერიმენტის პირობებს, რათა უკეთ შეისწავლოს საკვლევი ობიექტი იმ კუთხით, რომელიც
მას აინტერესებს.

 

სტატისტიკური ექსპერიმენტი კი იმით განსხვავდება საბუნებისმეტყველოსგან, რომ
ცდის ჩატარებამდე შეუძლებელია მისი შედეგის ერთმნიშვნელოვნად პროგნოზირება, მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლებელია ყველა შესაძლო შედეგის ჩამოთვლა. სტატისტიკური ექსპერიმენტების
მაგალითები ხშირად გვხვდება საბავშვო თამაშებშიც. ესაა კამათლის გაგორება მომდევნო
მოთამაშის ბიჯების რაოდენობის გასარკვევად, მონეტის აგდება მოთამაშეთა ჯერის გასარკვევად,
ალალბედზე ლოტოს ბურთულის ამოღება გამარჯვებულის გამოსარკვევად და სხვა.

 

მონაცემების შეგროვების კიდევ ერთი საშუალებაა გამოკითხვა. მაგალითად, მსხვილი
კომპანიის ხელმძღვანელებს სჭირდებათ ინფორმაცია საკუთარ ფირმაში დასაქმებული მუშაკების
საჭიროებების შესახებ, რათა გააუმჯობესონ კომფორტი და გაზარდონ შრომის ნაყოფიერება.
ბუნებრივია, საჭირო მონაცემებს ისინი ვერ მოიძიებენ ვერცერთ კატალოგში, ხოლო მუშაკთა
ქცევაზე დაკვირვება უხერხულობას შექმნის. ამიტომ მიზანშეწონილია, კომპანიის სოციალურ
მუშაკთა გუნდმა შექმნას სპეციალური კითხვარი, რომლის შევსებაც სწრაფად მოხდება და იოლად
გამოიკვეთება, თუ პირობების როგორ გაუმჯობესებას ანიჭებენ უპირატესობას დასაქმებულები.

 

გამოკითხვით მონაცემთა შეგროვების ხერხებია: სატელეფონო გამოკითხვა, კითხვარის
დაგზავნა ფოსტის ან ინტერნეტის საშუალებით, ინდივიდუალური ინტერვიუ. გამოკითხვითMმონაცემების
შემგროვებელს ინტერვიუერი ეწოდება, ხოლო მათ, ვისაც გამოკითხავენ – რესპონდენტები.
ინტერვიუერი რესპონდენტებს კვლევის მიზნის შესაბამისად ირჩევს. მაგალითად, თუ მას აინტერესებს
რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის პოპულარობა (რეიტინგი) არჩევნების წინ, მაშინ იგი კითხვარებს
შეავსებინებს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლებს და არა მოზარდებს, რადგან მათ
ჯერ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთანავე, ინტერვიუერი უნდა იყოს ობიექტური,
მან უნდა გამოიჩინოს მიუკერძოებლობა და გამოკითხოს მოქალაქეთა, რაც შეიძლება, მეტი
ჯგუფის წარმომადგენლები.

 

მნიშვნელოვანი მონაცემების შესაგროვებლად საჭიროა საკვლევი პრობლემის რაობაში
გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება, რომელ მონაცემებს ვაგროვებთ და რა საშუალებებით.
კვლევის მიზნებს შორის შესაძლებელია იყოს: მოვლენათა განვითარების წინასწარმეტყველება,
პრიორიტეტების გარკვევა, მონაცემებში კანონზომიერების გამოვლენა, მონაცემთა ორ ერთობლიობას
შორის დამოკიდებულების გარკვევა  და სხვა.

 

შესაბამისად შეირჩევა ანკეტები და კითხვარები: თუ ორ ან რამდენიმე მოსაზრებას
შორის უფრო პოპულარული უნდა გაირკვეს, მაშინ კითხვარში შემოთავაზებული პასუხის ვარიანტებიდან
რესპონდენტებმა ერთი სასურველი უნდა მონიშნონ. თუ ინტერვიუერს აინტერესებს რესპონდენტთა
მოსაზრებები მოცემული საკითხის თაობაზე, მაშინ კითხვარი ღიაა (არ  მოიცავს მზა პასუხებს)”.

 

სავარჯიშოები საკლასო სამუშაოსთვის

 

1. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას იყენებთ, თუ თქვენ: იწერთ ყოველთვიურად
წაკითხული წიგნების რაოდენობას; ეცნობით უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა სიას; ყოველდღიურად
იწერთ ამოსული ჯეჯილის სიმაღლეს; რეკავთ ცნობათა ბიუროში კინოსეანსის დროის გასაგებად;
მეზობლებს ავსებინებთ ანკეტას ოჯახში წევრების რაოდენობის შესახებ.

 

2. ტერმინებს შორის _ გამოკითხვა, ინტერვიუ, დაკვირვება, ექსპერიმენტი, მონაცემთა
ამოკრება მონაცემთა წყაროებიდან _ შეარჩიეთ საჭირო და ჩასვით შესაფერის წინადადებაში:

ა) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც დამკვირვებელი იწერს,
რასაც ის ხედავს ან აკეთებს.

ბ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც გამოკითხვის ჩამტარებელი
პირი ერთსა და იმავე კითხვებს უსვამს ყველას და ინიშნავს მათ მიერ გაცემულ პასუხებს.

გ) …  არის მონაცემთა შეგროვების
საშუალება, როდესაც პირისპირ შეხვედრისას კითხვებს უსვამთ იმ ადამიანებს, ვინც წინასწარ
დაგთანხმდათ პასუხების გაცემაზე.

დ) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც ახალი მონაცემების შეგროვების
ნაცვლად ხდება ცნობილი ფაქტების მოძიება უკვე არსებულ ინფორმაციაში.

ე) … არის მონაცემთა შეგროვების საშუალება, როდესაც სპეციალური ხელსაწყოების
გამოყენებით წინასწარ განსაზღვრულ საცდელ პირობებში ხდება შედეგების აღრიცხვა.

 

3. შეავსეთ რომელიმე მზა კითხვარი.

 

4. შეარჩიეთ ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან თქვენთვის საინტერესო საკითხები,
რომელთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ მონაცემთა შეგროვება: მოდა, ბავშვთა დაავადებები,
კომპიუტერები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პროფესიები, უსაფრთხოება გზებზე, გასართობი
დაწესებულებები. შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეთ პრობლემა და ამ პრობლემის
შესწავლის მიზნით ჩამოწერეთ კითხვები, რომლებზეც საჭიროა პასუხის მიღება მონაცემების
შეგროვების და ანალიზის გზით.

 

სავარჯიშოები ჯგუფური ან დამოუკიდებელი სამუშაოსთვის 

 

I ვარიანტი

გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივია შემდეგი მონაცემები: სახელმძღვანელოებში
გვერდების რიცხვი; ახალშობილთა სქესი სამშობიაროში; ვიტამინების აბის სისქეები; მოქალაქეთა
ტელეფონის ნომრები; თანაკლასელთა გვარები; ოჯახის წევრების ფეხსაცმლის ზომები;  საკლასო ოთახების ფართობები. მონაცემთა შეგროვების
რომელ საშუალებას გამოიყენებთ თითოეულ შემთხვევაში?

 

II ვარიანტი

გაარკვიეთ, თვისებრივია თუ რაოდენობრივი შემდეგი მონაცემები: მოსწავლეთა სიმაღლე;
მოსწავლეთა თვალის ფერი; მოსწავლეთა მგზავრობის საშუალებები; შინაურ ცხოველთა სახეობები;
მოსწავლეთა წონა; მოსწავლეთა საყვარელი დღესასწაულები; მოსწავლეთა მიერ ტელევიზორთან
გატარებული დრო. მონაცემთა შეგროვების რომელ საშუალებას გამოიყენებთ თითოეულ შემთხვევაში?

 

სავარჯიშოები საშინაო დავალებისთვის

 

1. რა საშუალებების გამოყენებით აგროვებენ დემოგრაფიულ მონაცემებს? დაასახელეთ
შესაგროვებელი მონაცემების სახეობები, დასვით კითხვები, რომელთა საშუალებითაც მოიპოვება
ესა თუ ის მონაცემი და მიუთითეთ რესპონდენტები.

 

2. მოიფიქრეთ, მონაცემთა შეგროვების რომელი საშუალების გამოყენებაა მიზანშეწონილი
თითოეულ ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში:

 

 

·    რამდენ საათს უყურებს ტელევიზორს ტიპური მეექვსეკლასელი?

·    თითოეული ფერის რამდენი
შოკოლადის მარცვალია კანფეტ “M ანდ M”-ისპაკეტში?

·    რა განსხვავებაა წლიურ
ნალექიანობაში თქვენს ქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის?

·    ვის აირჩევენ თქვენი
კლასიდან სკოლის მოსწავლეთა საბჭოში?

·    რა მაქსიმალურ სიმაღლეს
შესწვდებიან თქვენი კლასელები ახტომის გარეშე?

·    როგორ იცვლებოდა მოსახლეობის
რაოდენობა ათწლეულების მიხედვით თქვენს დასახლებაში XX საუკუნის განმავლობაში?

 

3. შეარჩიეთ მონაცემთა შეგროვების შესაფერისი საშუალება და ჩასვით წინადადებებში
გამოტოვებული სიტყვები:

ა) იმისთვის, რომ გამოვთქვათ მომავალი საკალათბურთო მატჩის პროგნოზი, მნიშვნელოვანია,
ვიცოდეთ მონაცემები მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეთა ტყორცნების შედეგიანობის შესახებ.
ამგვარი მონაცემების შესაგროვებლად სპეციალისტები სპორტსმენებზე აწარმოებენ …

ბ) … საშუალებით მონაცემების შეგროვების მაგალითია პოპულაციების შესწავლა
ეკოლოგების მიერ. ისინი სწავლობენ გარემოს დაბინძურების ზეგავლენას შერჩეულ პოპულაციაზე
და ამისათვის დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღრიცხავენ რაოდენობრივ ცვლილებებს
ამ პოპულაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით.

გ) ახალი ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს
სჭირდებათ მონაცემები ტურისტების ნაკადის შესახებ ამა თუ იმ რეგიონში და წლის ამა თუ
იმ პერიოდში. ამგვარი მონაცემების მოძიება შესაძლებელია …

 

4. წაიკითხეთ ამონარიდი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ
ინფორმაციას და უპასუხეთ კითხვებს: რა მონაცემებია გამოყენებული სტატიაში? მონაცემთა
შეგროვების რომელი საშუალებები იყო გამოყენებული? მონაცემთა წარმოდგენის თქვენთვის
ცნობილი რომელი საშუალებებია გამოყენებული? გამოკვლეულია თუ არა მონაცემთა ერთობლიობის
თვისებრივი ნიშნები? რომელი? ეთანხმებით თუ არა სტატიაში გაკეთებულ დასკვნებს? რატომ?

 

5. ვთქვათ, თქვენ უნდა შეისწავლოთ რომელიმე პრობლემა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ქალაქში მობინადრე ჩიტების სახეობათა მრავალფეროვნება; ჰაერის დაბინძურება წლის სხვადასხვა
დროს; თქვენი თანატოლები და სპორტი; მწეველთა და არამწეველთა ოჯახებში მცხოვრები თქვენი
თანაკლასელების სიჯანსაღე; სწრაფი მეტყველების უნარი თანატოლებს შორის.

 

თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით განსაზღვრეთ კვლევის მიზანი, შეარჩიეთ
თემა, მონაცემების შეგროვების საშუალება და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი.

 

დაიხმარეთ ნიმუში: საინტერესო საკითხი – წიგნიერება;

თემა – მოსწავლეთა საყვარელი წიგნები; მიზანი – გაირკვეს მოსწავლეთა პრიორიტეტები
და მოსაზრებები შეგროვებული მონაცემებიდან; საშუალება – მოსწავლეთა გამოკითხვა მზა
კითხვარით, სადაც მითითებული იქნება არჩევანი (სათავგადასავალო ლიტერატურა, სამეცნიერო
ფანტასტიკა, ისტორიული პირების ცხოვრება და მოღვაწეობა, მოთხრობები ცხოველების შესახებ,
სხვა).

კულტურფილმი: ჟანრი და იდეოლოგია

0

მეოცე საუკუნის მესამედი საქართველომ ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში განვლო. ცნობილია, რომ კომუნისტური მმართველობა ინფორმაციის შეზღუდვისა და კორუფციის საფუძველზე იდგა, მართვის პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხალხისთვის ისტორიული სიმართლის დამალვა და ფაქტების მიჩუმათება იყო. მმართველობის სტაბილურად შენარჩუნების საწინდარი და მასებით მანიპულაციის საუკეთესო იარაღი, ტერორთან ერთად, გახლდათ ახალი ისტორიის შექმნაც. საამისოდ რეჟიმი სხვადასხვა ხერხს მიმართავდა, მათ შორის – ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და შთამაგონებელ წყაროს, ინფორმაციის გავრცელების მასობრივ საშუალებებს (რადიოს, პრესას, ტელევიზიას) და ხელოვნებას.

კომუნისტები ახალ ისტორიას ფაქტების არა მხოლოდ შეთხზვით, არამედ დამახინჯებითაც ქმნიდნენ.

1922 წელს განათლების სახალხო კომისართან, ანატოლი ლუნაჩარსკისთან საუბარში ვლადიმირ ილიას ძე ლენინი იტყვის, რომ კინო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა. შემდეგ ამ ციტატას ყველა აიტაცებს: გამომცემლობა „ისკუსტვო” ამ სათაურით დაბეჭდავს წიგნს, საბჭოთა და არასაბჭოთა კინომცოდნეები ლენინის სიტყვებს ყველა შესაძლო კონტექსტში გამოიყენებენ; რაც მთავარია, საბჭოთა კულტურა ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამლოზუნგმომარჯვებული ივლის კინოინდუსტრიის გაძლიერებისა და გამარჯვების გზაზე.

მაინც რას ნიშნავდა ლენინის ცნობილი ფრაზა და რატომ ანიჭებდა საბჭოთა ბელადი კინემატოგრაფიას ასეთ დიდ მნიშვნელობას?

1920-იანი წლების დასაწყისში კინო უკვე წარმოადგენდა იდეოლოგიის გატარების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იარაღს, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ამ სახით პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული იყენებდნენ. ლენინის დავალებით, კომუნისტური იდეებით გამსჭვალულ ახალ ფილმებს ახალი საბჭოთა რეალობა უნდა აესახა. თუმცა ანატოლი ლუნაჩარსკი იქვე წერდა, რომ კინოზე საუბრისას ლენინი, პირველ რიგში, დოკუმენტურ კინოჟანრებს გულისხმობდა: „თუ გექნებათ კარგი ქრონიკა, სერიოზული და საგანმანათლებლო სურათები, არაფერი დაშავდება, მაყურებლის მოსაზიდად რაიმე უსარგებლო ფილმიც რომ აჩვენოთ… რა თქმა უნდა, ცენზურა მაინც საჭიროა. კონტრრევოლუციური და უზნეო ფილმები არ უნდა დაუშვათ”. დოკუმენტურ კინოს იმთავითვე პროპაგანდისტული მიზნების სამსახური დააკისრეს. გარდა ამისა, მას საგანმანათლებლო ხასიათიც უნდა ჰქონოდა, ამაში კი რუსებმა პირველ რიგში გერმანიის მაგალითს მიბაძეს.

ათიან წლებში გერმანიაში გაჩნდა ახალი კინოჟანრი, რომელიც დოკუმენტური კინოს ნაირსახეობას წარმოადგენდა და რომელსაც გერმანიის გარდა ყველგან, სადაც ამ ჟანრის ფილმებს იღებდნენ, კულტურფილმი ერქვა (Kulturfilm). მისი აღზევების პერიოდი ნაცისტების ხელისუფლებაში ყოფნის ხანას ემთხვევა. თავდაპირველად კულტურფილმების დახმარებით მოხერხდა კინოს როგორც კონსტრუქციული კულტურული ძალის ლეგიტიმაცია. ამაში ყველაზე დიდი წვლილი საგანმანათლებლო სექტორმა შეიტანა, რომელიც ცდილობდა, მოზარდებზე კინოს მავნებლური ზეგავლენა შეესუსტებინა და სხვა ტიპის კინემატოგრაფი შეეთავაზებინა ახალგაზრდა მაყურებლისთვის, თუმცა მალე ჟანრის შესაძლებლობებით პოლიტიკური ძალებიც დაინტერესდნენ. კულტურფილმების წარმოებაში ნაციონალისტურ-მილიტარისტული და საგანმანათლებლო მიზნები ერთმანეთს გადაეჯაჭვა.

1918 წელს კინოკონცერნ UFA-ში კულტურფილმების განყოფილება შეიქმნა, რომელიც სასწავლო, სანიტარული, საწარმოო და სააგიტაციო ხასიათის ფილმების წარმოებას შეუდგა. არამხატვრულ ფილმებს UFA უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და საჩვენებლად ბერლინის დიდ კინოთეატრებსაც იყენებს.

მაყურებლის დიდ ინტერესს პიკანტურ თემებზე გადაღებული სურათები იწვევდა. მართალია, ამ თემებს საგანმანათლებლო და სააგიტაციო რაკურსით აჩვენებდნენ, მაგრამ აუდიტორიას აკრძალულ ჭუჭრუტანაში გახედვის საშუალება მაინც ეძლეოდა. ასეთი იყო სქესობრივი ცხოვრების საკითხების ამსახველი სურათები, მაგალითად, „სქესობრივი დაავადებები”, „ქორწინების ჰიგიენა და სქესობრივი საკითხი”, „პროსტიტუცია”… იქმნებოდა ფილმები ნარკომანიაზეც. სავარაუდოდ, ამ ფილმების ავტორებს არ უწევდათ თავის მართლება იმის გამო, რა კრიტერიუმით აარჩიეს ფილმის თემა – ისინი ხომ საზოგადოების განათლებაზე ზრუნავდნენ, ისევე როგორც ამერიკელი რეჟისორი სესილ ბი დემილი ზრუნავდა სულის ცხონებაზე, როცა „ათი მცნების” ნახევრად შიშველ სცენებს იღებდა.

1920-იანი წლების ბოლოს რამდენიმე საბჭოთა რეჟისორს მიეცა გერმანიაში მოგზაურობისა და იქაური კინოინდუსტრიის გაცნობის საშუალება. ბერლინში რამდენიმე წელი გაატარეს ნიკოლაი ლებედევმა და ვლადიმირ ეროფეევმა. საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის ფილმებიდან მათ უფრო ეთნოგრაფიული, საექსპედიციო და გეოგრაფიული ფილმები მოეწონათ და საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ მათი აქტიური პროპაგანდირებაც დაიწყეს.

იმ დროისთვის საბჭოთა კავშირი კულტურფილმების წარმოებით გერმანიას ვერ შეედრებოდა, თუმცა, ისევე როგორც ნაცისტურმა, საბჭოთა რეჟიმმაც კარგად გააცნობიერა კულტურფილმების პოტენციალი თავისი ძალაუფლების გამყარების თვალსაზრისით. სოციალისტური რესპუბლიკების ადგილობრივ კინომრეწველობებს, მათ შორის – ქართულ სახკინმრეწვს, დოკუმენტურ-ქრონიკალური სექციის შექმნა/გაძლიერება დაევალა. ნელ-ნელა მთელი კავშირის მასშტაბით დაიწყო კულტურფილმების ბუმი – ასე უწოდებდნენ თითქმის ყველაფერს, რაც მხატვრული კინოს საზღვრებს სცილდებოდა. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა კინოენთუზიასტებმა საქართველოს კინოსტუდიის ბაზაზე ბევრი კულტურფილმი შექმნეს, რომლებიც დღეს ჟანრის შესანიშნავ მაგალითებად შეიძლება მივიჩნიოთ. ასეთებია სერგეი ფიოდორჩენკოს „ვისი ბრალია”, სიკო დოლიძის „მიწის ძახილი”, ალექსანდრე ჯალიაშვილის „დილის ათი წუთი”, ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის ჰიგიენა”, მარკ რიჟის „ჯანმრთელობის სამჭედლო”, კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს „რასაც დასთეს, იმას მოიმკი”, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა” და მრავალი სხვა სურათი, რომლებიც მიზეზთა გამო საქართველოში მაყურებლისთვის დღეს სრულიად უცნობია, უფრო მეტიც – იგნორირებულია. ბევრს ამ ფილმების დავიწყებაში ანტიკომუნისტური განწყობები დაეხმარა. თუმცა ალბათ უკვე დროა, გავიხსენოთ და შევისწავლოთ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შექმნილი ქართული კულტურფილმები და სწორედ კინოს დახმარებით დავინახოთ უკეთ ჩვენი საბჭოთა წარსული.

დაკარგული პოეტების ქვეყანა

0
წერილი 2

ახალი გატაცება მაქვს, ვეძებ და ვაგროვებ დაკარგულ ლექსებს. ტექსტებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზმა და ვითარებამ მკითხველის თვალს მოაფარა, ვეძებ დაკარგულ ლექსებს – დაკარგულ მარგალიტებს – ბიბლიოთეკებში, არქივებში, უჯრებში, განჯინებში, კარადებში და თაროებზე, ასევე, საკუთარი მეხსიერების კარტოთეკაში.

ქეთოს, ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ბებია ჰყავდა – ეთერი, ბევრი გამეგონა მასზე, თუმცა არასდროს შევხვედრილვარ, მხოლოდ ხმა მომისმენია და ისიც ტელეფონით, როცა საგამოცდო საკითხების ჩასანიშნად დავურეკავდი ხოლმე ჩემს მეგობარს. გაცნობა ვერ მოვასწარი, ჩვენი პირველკურსელობისას გარდაიცვალა.

ქეთოს ბებია, ეთერ ბასილაშვილი უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ლაბორანტი იყო, მასწავლებელი, ბევრი საინტერესო ნარკვევისა და შრომის ავტორი, რამდენიმე ჰაგიოგრაფი ავტორის სამეცნიერო გამოცემის რედაქტორი და ა.შ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი ქართველოლოგებისა და ლიტერატორების, მასწავლებლების მონაგარიდან სულ ცოტა რამ ვიცით, ვიცით რამდენიმე პოპულარული სახელი და გვარი და მორჩა, არადა, ქართული მეცნიერების ისტორია მრავალ უანგარო და ერთგულ მოამაგეს ინახავს.

თუმცა, მე ყველაზე მეტად სულ სხვა რამის გამო დამამახსოვდა, დამამახსოვდა ერთი ლექსით, რომელიც სულ ერთხელ მოვისმინე ქეთოსგან და ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ზეპირად ვიცი.
რა ლამაზად თოვს
ამ ქათქათა თოვლზე
სულ ვიარო მინდა,
გული ასე მთხოვს…
ჩემი კვალი მომდევს,
კვალს ფიფქები მოსდევს…
თოვს,
თოვს,
თოვს…
თეთრი ნართი ნიავს
აქეთ-იქით მიაქვს,
მანდილებად ქსოვს.
ბუჩქებს ვარდის, ბარდის
ერთნაირად ბარდნის…
თოვს,
თოვს,
თოვს….
ამ ქათქათა თოვლზე
მათამაშა, ნეტავ,
გული ახლაც მთხოვს…
ალბათ, ქარი ცაში
ქულა ღრუბლებს პენტავს…
თოვს,
თოვს,
თოვს…
თითისტოლა გოგომ
შემომბედა როგორ,
გუნდაობას მთხოვს!
ფიფქებს ვაყრი პეშვით
და ჭაღარა თმებში
დავაბრალე თოვლს…
თოვს…
რა ლამაზად თოვს!..

ლექსის მხატვრულობა, მელოდიკა, აკუსტიკური მხარე. არქიტექტონიკა, განწყობა, შესანიშნავი რითმიკა ქმნის სადა და ლამაზი ლირიკის ნიმუშს, რომელიც ამდენი წლების მანძილზე არ დამვიწყებია.

ამას წინათ, მე და დედა ვლაპარაკობდით, ჩემს მეგობრებზე, ჩემს სტუდენტობაზე და არ ვიცი, როგორ მივედით ქეთოს ბებიამდე, დედამ, როგორ ძალიან მეცნობა ეს სახელი და გვარი – ეთერ ბასილაშვილიო და მერე გაახსენდა, მეცხრე კლასში სწავლის დროს მისი ერთი კლასელი კითხულობდა ახალგაზრდა პოეტის ლექსებს – ხოდა, ხომ არსებობს მხედველობითი და სმენითი, კიდევ ყნოსვითი და შეხებითი მეხსიერება – კიდევ ერთი არსებობს – ლექსითი მეხსიერება – ამბებს და ისტორიებს ლექსებით რომ იმახსოვრებ.

აი, კიდევ ერთი უთბილესი და უტკბილესი ლექსი:
ჩუ…
ჩუ, სძინავს პატარას
ფუნჩულას, ვარდისფერს
გარეთ კი თოვს…
კოპები შეჰყარა
დარდიან კაცისებრ _
ვის რასა სთხოვს…
ღიმილმა გაბადრა
დედა თუ დალანდა
ბუტია ტუჩები
უტოკავს, წოვს
სიზმარში წოვს…
გარეთ ფეხაკრეფით
თოვს
აკვანს რძის სურნელი
ასდის
ფისო ფეხაკრეფით
დადის
ბებო ფეხაკრეფით
დადის
გარეთ ფეხაკრეფით ბარდნის
და თეთრი პეპლები თოვს.

როცა ქეთოს ეთერის ლექსები ვთხოვე, ერთი საინტერესო ამონაწერიც გამომიგზავნა გალაკტიონის, თვით გალაკტიონ ტაბიძის დღიურიდან:

“მიამბეს, რომ მწერალთა კავშირის ერთ-ერთ წრეში (რომელ წრეში სახელდობრ?) ირჩეოდა სტუდენტების კრებული “პირველი სხივი”. ვიღაცას (მგონი ჩიქოვანს) უთქვამს: რა არის, რა გახდა ეს “პირველი სხივი”. იქ ერთადერთი შესამჩნევი ფიგურა არის არჩილ სულაკაური და ისიც აქედან (საიდან აქედან?) ჩვენ გავგზავნეთო. გამოდის, რომ დანარჩენებისთვის მას ხაზი გადაუსვამს. მერე, სწორია საქმისადმი ასეთი მიდგომა? არჩილ სულაკაური მშვენიერი ფიგურაა ამ კრებულში. იგი გამოდის დიდი ტილოთი, მაგრამ აქ არიან არა ნაკლებ, თუ მეტად არა, დახვეწილი ლექსების ავტორები, მაგალითად, ბასილაშვილი და სხვა. Словесная кляуза ჰყვავის მწერალთა კავშირში. ან რამ შეაშფოთათ, ნეტავი, ისინი? იმ გარემოებამ ხომ არა, რომ იმარჯვებს გალაკტიონის ხაზი?”

გალაკტიონის ეს ჩანაწერი ეთერს გვიან უნახავს, როდესაც უკვე დანებებული ჰქონდა ლექსების წესითვის თავი. წერის შეწყვეტის მიზეზი ალბათ ისეთივე იყო, როგორც სხვა მრავალი ქალი პოეტის შემთხვევაში, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის შუა წლებში – ეს „ საკუთარი ოთახის” არარსებობა და კიდევ რაღაცნაირი პოეტური გაუბედაობა იყო, ზუსტად როგორ დავარქვა, არ ვიცი.

არადა, იმ რამდენიმე ლექსში, რომელიც შემორჩა, ისეთი მხატვრული ოსტატობა, რიტმი და მუსიკალობა, სილაღე და თავისუფლება იგრძნობა, რომ გული მწყდება დაუწერელი ლექსების და შეწყვეტილი სიმღერების გამო.
არა, საქართველო დაკარგული პოეტების ქვეყანაა, უდაოდ.

ყველაზე ალეგორიული ზღაპარი – ” ბალახისფერი კაცი”

0

სამყაროში უამრავი ფერია, რომელსაც ადამიანის თვალი განსხვავებულად აღიქვამს. ფერთა პალიტრა და გამა ქმნის ჰარმონიას ბუნებასა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ფერების მიმართ განსაკუთრებული ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ ხელოვანებს, არა მარტო მხატვრებს, არამედ მწერლებსაც.

ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში არსებობდა მოსაზრება, რომ თითოეული ადამიანის თვალი განსხვავებულად ხედავს ფერებს და მათთვის სახელების მინიჭება, მხოლოდ საზოგადოების შეთანხმების შედეგია. ამაში განსაკუთრებულიც არაფერია, რადგან დედამიწაზე რამდენი ადამიანიც ცხოვრობს , ზუსტად იმდენივე აზრი და შეხედულებაა. ფერების გავლენა კი მართლაც დიდია. ყველა კულტურაში მას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული მწერლობა ძალზე ფერადი და ნაირგვარია,ისევე როგორც საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამასთან ერთად, ყველა ფერს შემოქმედი ადამიანის ცნობიერებაში რაღაც განსაკუთრებული, მისტიკური ძალა აქვს, რომელიც სიტყვებთან ერთად მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ წითელს ვხედავთ, იმედს ალბათ, თეთრი ფერი აქვს, სიძულვილსა და მტრობას-შავი და ა.შ. თუმცა არის გრძნობენი, მოვლენები და თვისებები, რომელსაც განსაკუთრებული ფერი დაჰყვება, მაგალითად პატიოსნება და ღირსება, რომელიც რაღაცნაირი მომწვანო ყოფილა.
წერილი ფერებზე საუბრით დავიწყე, მაგრამ მკითხველი მიმიხვდება ჩანაფიქრს , რადგან ბევრი რამ ალეგორიით იწყება.
ქართულ მწერლობაში სახელოვან კორიფეებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, თანაც ისე , რომ სათქმელი ყოველთვის ახალი და შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ არიან მწერლები, რომლების სიცოცხლეშივე იქცევიან კლასიკოსებად და ეს სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასება. საქართველო განებივრებულია ისეთი მწერლებით , რომლებსაც კლასიკოსებად მოიხსენიებენ მთელ მსოფლიოში. მთავარი საზომი დრო და ჟამია, რომელიც მწერლის შემოქმედებას ყველაზე დიდ ფასს ადებს.

მე-19 საუკუნეში ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი, ჰენრი დევიდ ტორო, ამბობდა: ” ვინ არიან კლასიკოსები, თუ არა ადამიანის უკეთილშობილეს აზრთა ჩამწერნი? მხოლოდ კლასიკოსები არიან ის ორაკულები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე კითხვებზე იძლევიან პასუხს…” შეუძლებელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო.

თანამედროვე ეპოქის ადამიანი ძალზე დატვირთული და გადაღლილია ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით, რომელიც ხშირად აუფერულებს და ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მის შინაგან განვითარებაზე. არის კითხვები, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აწუხებს და პასუხი ჯერაც ვერ უპოვია. ალბათ, გსმენიათ მოსაზრება , რომ ყველაზე ჭკვიანები სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც საზოგადოების რაღაც ნაწილი ”გიჟად” შერაცხავს ხოლმე. ასეთი სიგიჟე ერთგვარი თავისუფლებაა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ . ალექსანდროც ერთი ასეთი თავისუფლების, სიყვარულის სენით შეპყრობილი ადამიანია, რომელსაც გულში ”სიყვარულის კაქტუსი’’ ამოუვიდა, გაეფურჩქნა და მარტო თავიასიანები კი არა, მთელი ქვეყნიერება შეიყვარა, განურჩევლად კარგი და ცუდისა. ასეთი საყოველთაო ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, მათ ვინც ცხოვრებისგან ბევრი რამ იგემა, სიცოცხლის ფასი გაიგო და ადამიანი დააფასა. ალექსანდრო ზუსტად ასეთია, ამ წუთისოფელში კარგად გამობრძმედილი.

კლასიკოსები ვახსენე და თანამედროვეობის ყველაზე დიდი მწერალი ვიგულისხმე-გურამ დოჩანაშვილი, ალექსანდრო კი მისი ყველაზე კეთილშობილი და სრულყოფილი გმირია, რომელსაც აღტაცებაში მოვყავარ, თუმცა მკითხველს ახსოვს ლამაზ-ქალაქში მას როგორც გიჟს ისე გააცნობენ დომენიკოს.

ყველა მწერალს თავისი სტილი და წერის მანერა აქვს, რითაც მკითხველს თავს შეაყვარებს ხოლმე. გურამ დოჩანაშვილის სამყარო ძალზე უჩვეულო და ცოტა რთულია. ძალიან ღრმად, მთელი არსით თუ ვერ შეძელი წვდომა, ყველა სიტყვამ გულსა და გონებაში ერთნაირად თუ არ გაიარა, ამ შემოქმედის აზროვნების მიღმა დარჩები. არიან მწერლები რომლებსაც დასაწყისშივე ამოიცნობ, მიუხვდები სათქმელს და მასთან ერთად გაივლი გზას. დოჩანაშვილის რომანში ყველა კითხვის პასუხი და გასაღები ფინალმა ჩაიტია. ახალგაზრდული გულუბრყვილობა და სიბეცე ტრანსფორმაციას განიცდის დომენიკოს სულში. დაბრუნდა ”უძღები შვილი’’ და შეინანა.

დომენიკოსთან ერთად მართლა ბევრს დახეტიალობს მკითხველი. ზოგჯერ დამღლელია ასეთი სვლა, ზოგჯერ – მტკივნეული. შეუძლებელია კამორაში შეიხედოს ადამიანმა და ნაზი გრძნობები გაუჩნდეს, რადგან ეს ერთი დიდი ბოროტებაა, რომლშიც დედამიწაზე არსებულმა ყველა მანკიერებამ მოიყარა თავი. ნელა გაიზარდა, გავრცელდა და ქვეყნიერებას შთანთქვას უპირებს. სულ მგონია კამორა არის ჩვენგან ძალიან შორს, სადღაც მექსიკა ან კოლუმბიაში და კამორელებს არაფერი აქვთ საერთო ჩემ სათაყვანებელ ქართველებთან, მაგრამ ბუნებრივი კითხვა მაწუხებს- ყველა მწერალი ხომ საკუთარი ქვეყნის მემატიანეა?

თუმცა ფინალი არის დასაწყისი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისა. უსაზღვრო სევდა დიდ სიხარულად იქცევა, ცომი – ფორმად, რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტი სახე და სული აქვს. რომანის ყველაზე საინტერესო პერსონაჟმა იტვირთა მორალისტის, მოსამართლის, ”გიჟისა” და მხსნელის ფუნქცია, რომელმაც ალეგორიებითა და შეგონებებით უნდა გამოაწრთოს, გამოზარდოს საწყალი ბიჭი-დომენიკო . მას ღიმილს ჰგვრის ახალგაზრდა ვაჟის გოპნებრივი სიბრმავე. ”ჰეე, რა კაი ბიჭი ხარ ”-მხიარულად ეუბნება ალექსანდრო. რომ არა ის ნაწარმოებს დაეკარგებოდა ფერი. ამ პერსონაჟის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ექმნება მკითხველს. განსაკუთრებულია მისი ზღაპარიც ”ბალახისფერი კაცი”, რომელსაც ბრიყვი დომენიკო მხოლოდ ზღაპრად ისმენს. არადა,ალექსანდრომ გააფრთხილა, რომ ყველაფერი ისე არ უნდა გაეგო როგორც მოისმენდა, არამედ გადატანითი მნიშვნელობით. კარაველების ქალაქი უსამართლობის ბუდე და ჭაობია. მართლია, მცხოვრებლებს ღრმად სწამდათ, რომ უკეთესი ქალაქი სხვაგან არსად იყო , მაგრამ გამოჩნდა ყველაზე პატიოსანი კაცი, რომელმაც ალუბლის ქალაქი არჩია. ეს გახდა მიზეზი მისი გაგდებისა, თითქოსდა მას თავის ქალაქი არ უყვარდა და ამიტომ ამბობდა ცუდს. არადა, სიყვარული ნაკლოვანებების არ დანახვაში არ მდგომარეობს.

ალექსანდრომაც იცის მის ქალაქში ყველა კარგი კაცი როდია, მაგრამ მაინც უყვარს . სწორედ ამ ამბის მერე იწყება მთავარი, ჩნდება ბალახისფერი კაცი. ბალახისფერი სხვა რა ფერია თუ არა მწვანე, რომელიც ევოლუციას, იმედს, სიცოცხლეს განასახიერებს. მწვანე განახლებაა, რომელიც ერთდროულად ძალიან თბილიც არის და ცოტა სიგრილესაც ქმნის. ბალახისფერი კაცი მარადიულობის სიმბოლოა, რომელიც პატიოსნების და სიმართლის სადარაჯოზე დგას. ის უსასრულობაში გადადის სწორედ იმ მარადმწვანე ფიჭვის სახით, რომელიც საკუთარ ქალაქს ვერ შეელია, იმ ლამაზ ალუბლის ქალაქს ისევ თავისი”ოხერი ქალაქი ”არჩია და სამუდამოდ მას დაუკავშირდა ფესვებით. ესეც პატიოსნების ფერი-მწვანე, რომელიც ძლიერ გამშვიდებს და ფიჭვი(pinus) სინათლის, მზის მოყვარული მცენარე. ამ ეპიზოდში რატომღაც სულ მახსენდება გოდერძი ჩოხელის ” წერილი ნაძვებს”, რომელიც სიცოცხლის სიყვარულსა და საუკუნო ცხოვრების დასაწყისზე მოგვითხრობს. ადამიანური, დამღლეი და ზოგჯერ გაუსაძლისი ყოფა მთვრდება იქ, სადაც იწყება ჭეშმარიტი სიცოცხლე. ადამინად ყოფნა იმაზე უფრო დიდი ტვირთია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

ჩვენ ხომ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ქალაქი, მიუხედავად იმისა რა მოგვწონს და რა არა. ყოველთვის გვეძნელება მასთან განშორება. დავეხეტებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქ ვბრუნდებით, რადგან ჩვენ ქალაქს რაღაც სხვა მიზიდულობა აქვს. ეს ისეთი უანგარო და წრფელი სიყვარულია, რომელსაც ადამიანი თავადაც ვერ აცნობიერებს.

ბალახისფერი კაცის გამოჩენა საგონებელში აგდებს მოსახლეობას. სიბრიყვე ჯერ ქალებს დასწამეს, შემდეგ ორ მამაკაცს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა , რომ ყველა ერთნაირად ბრიყვი და ბრმა იყო, თუმცა არავინ აღიარებდა , რადგან შეუძლებელია ყველა კარაველი სულელი ყოფილიყო. კარაველების ბატონი სიბრაზით მძვინვარებს, საოცარ აღთქმას დებს, მაგრამ მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად. ის აბსურდული , უკანონო ქალაქის ასეთივე ცრუ მმართველია. კარაველების ბატონი თავისი საქმის კარგი მცოდნეა. ის ძალიან ადვილად კლავს უიარაღო ბალახისფერ კაცს, მაგრამ ვერ კლავს ყველაზე მთავარს- სიმართლესა და პატიოსნებას, რომელიც დედამიწის გულში უშვებს ძალიან ღრმად ფესვებს , რათა მრავალი ყლორტი გამოიღოს, იქცეს ხშირ ტყედ და მოიცვას მთელი ქვეყანა.

არ ვიცი რა ფერი- მწვანე თუ თეთრი, ლურჯი თუ ყვითელი ან როგორი სახე აქვს სიყვარულს, სიმართლეს , გულწრფელობას, თუმცა რაღაც ფორმა ნამდვილად გააჩნია. ზოგჯერ ყველა უზენაესი გრძნობა და თვისება ერთ ადამიანში მოიყრის თავს. ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, დადიან, არსებობენ მათ გენიოსებს ვუწოდებთ. თუ ალექსანდრო გიჟია, ვისურვებდი ამ ჩემს ლამაზ-ქალაქშიც მრავლად დადიოდნენ მისი მსგავსნი და ასე ძლიერ უყვარდეთ სიცოცხლე, თავისუფლება და ადამიანი.
 

დიდი მხედართმთავრები ალექსანდრე მაკედონელი

0

ალექსანდრე მაკედონელის შესახებ უამრავი გადმოცემა და ლეგენდა არსებობს. მას პატივს მიაგებდნენ როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. ევროპაში ალექსანდრე მაკედონელს დიდს უწოდებდნენ, ხოლო აზიაში – ორრქოსანს (ერთ-ერთი აზიური წარმოდგენის თანახმად, დედამიწა ხარის ორ რქას ეყრდნობოდა, ამიტომ მსოფლიოს მპყრობელს ორრქოსანს უწოდებდნენ).

რითი შეიძლება აიხსნას ალექსანდრე დიდის ასეთი პოპულარობა? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით ამ სტატიაში.
ალექსანდრე ძვ. წ. აღ. 356 წელს დაიბადა. ამ დროს მაკედონია, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ბერძნული კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა. ამ ქვეყანაში ძალიან ფასობდა ბერძნული ხელოვნება, მეცნიერება და ფილოსოფია. ალექსანდრეს მამა – მაკედონიის მეფე ფილიპე II არაფერს იშურებდა, რომ მემკვიდრისათვის საკადრისი განათლება მიეცა. სწორედ ამის გამო ფილიპემ ალექსანდრეს იმ დროის უდიდესი მოაზროვნე, ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე მასწავლებლად დაუქირავა.
მოსწავლესა და მასწავლებელს შორის შესანიშნავი ურთიერთობა დამყარდა. ისინი ხშირად სეირნობდნენ სასახლის ბაღში და ფილოსოფიის, სამყაროს აგებულების, ბერძნული ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ საუბრობდნენ. ერთ – ერთი გასეირნების დროს მასწავლებელმა მოზარდ ალექსანდრეს ამცნო, რომ სამყაროში დედამიწისნაირი უამრავი ციური სხეული არსებობდა. „სამწუხაროა, რომ არცერთი მათგანი მე არ მეკუთვნის,” – აღნიშნა ალექსანდრემ.
მოსწავლისა და მასწავლებლის ახლო ურთიერთობა ბოლომდე გაგრძელდა. საბრძოლო ლაშქრობაში ყოფნისას ალექსანდრე ხშირად უგზავნიდა თავის მასწავლებელს სხვადასხვა სახის ეგზოტიკურ მცენარებსა და ცხოველებს, უზიარებდა შთაბეჭდილებებს უცხო ქვეყნების შესახებ, არისტოტელე კი ბრძნულ და საინტერესო დარიგებებს აძლევდა ყოფილ მოსწავლეს.
მემატიანეები გადმოგვცემენ ალექსანდრეს სიტყვებს: “ფილიპესგან დავალებული ვარ იმით, რომ ვცხოვრობ, ხოლო არისტოტელესგან – იმით, რომ ღირსეულად ვცხოვრობ”.
ალექსანდრე მაკედონელი პატივმოყვარეობასა და მიზანდასახულობას ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. ერთხელ ფილიპეს საჩუქრად შესანიშნავი ბედაური მიართვეს, რომელსაც ბუცეფალი ერქვა. ბუცეფალი იმდენად დიდი და დაუდგრომელი იყო, რომ მისი გახედნა ვერავინ გაბედა. ფილიპე მზად იყო, უკან დაებრუნებინა საჩუქარი, როდესაც 13 წლის ალექსანდრემ შესძახა: „საჩუქარს მხოლოდ იმის გამო კარგავთ, რომ არ იცით, როგორ უნდა მოეპყროთ ცხენებს!”. ის ბედაურს მოახტა და მალე დაიმორჩილა კიდეც. აღფრთოვანებულმა მამამ გულში ჩაიკრა შვილი და უთხრა: „შვილო ჩემო, სხვა სამეფო მოძებნე, რადგან მაკედონია შენთვის ძალიან მცირეა!”
ალექსანდრე მაკედონელი ძალიან ახალგაზრდა ჩაება ფილიპე II – ის მიერ წარმოებულ ომებში. როგორც ჩანს, მამა განზრახ აკეთებდა ამას, რათა მის მემკვიდრეს სახელმწიფოს მართვისა და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის გამოცდილება მიეღო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ქერონეასთან ბრძოლა. ეს ბრძოლა მაკედონიასა და ბერძნულ ქალაქ – სახელმწიფოებს შორის წარიმართა. სწორედ აქ უნდა გადაწყვეტილიყო მთელ ბერძნულ სამყაროში მაკედონიის ჰეგემონობის საკითხი.
ფილიპემ საკუთარ შვილს არმიის მარცხენა ფლანგი ჩააბარა. ალექსანდრემ რამდენიმე მანევრით შეძლო მტრის განადგურება და გადამწყვეტი როლი შეასრულა ბერძნული კოალიციის დამარცხებაში.
დამარცხებული ბერძნული ქალაქ – სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად ფილიპემ ქალაქ კორინთოში საბჭო მოიწვია, სადაც სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალით გალაშქრება გადაწყდა. თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ფილიპეს არ დასცალდა, რადგანაც ძვ. წ. აღ. 336 წელს, საკუთარი ქალიშვილის ქორწილში, ის მისმა პირადმა მცველმა მახვილით განგმირა.
ამ ტრაგედიის შემდეგ მაკედონიის სამეფოში დაბნეულობამ დაისადგურა. ადამიანებს არ ჰქონდათ იმედი, რომ 20 წლის ალექსანდრე ღირსეულად გააგრძელებდა გამოცდილი პოლიტიკოსის, ფილიპე II – ის საქმეს. ამას დაერთო ისიც, რომ ჩრდილოეთით მცხოვრებმა ფრიგიელმა და ილირიელებმა და ბერძნულმა ქალაქ – სახელმწიფოებმა მაკედონიის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყეს. სწორედ ამ კრიზისულ მომენტში გამოჩნდა პირველად ალექსანდრეს შესაშური ტალანტი და ნებისყოფა. მან სწრაფად დაიმორჩილა ჩრდილოელი ტომები და გეზი სამხრეთისკენ – საბერძნეთისკენ აიღო. ეს ოპერაცია იმდენად სწრაფად განხორციელდა, რომ აჯანყებულებმა მაშინვე ფარ-ხმალი დაყარეს. ერთადერთი ქალაქი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა გაბედა, თებე იყო. თუმცა შტურმით მისი აღება ალექსანდრეს არ გასჭირვებია. ბერძნებმა მორჩილება გამოუცხადეს ახალგაზრდა მეფეს. გადმოცემის მიხედვით, ერთ – ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.
მე ალექსანდრე ვარ! – უთხრა მეფემ.
მე კი დიოგენე! – უპასუხა ფილოსოფოსმა.
მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, – მიმართა ალექსანდრემ.
თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, – უპასუხა დიოგენემ.
ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი.
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პრობლემების მოგვარებისა და ზურგის გამაგრების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. ამ დროისთვის აქემენიდთა (სპარსელ მეფეთა დინასტია) იმპერია უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული. მას შაჰინ შაჰი დარიოს III განაგებდა. დარიოსს იმ დროისთვის მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა, რომელიც ბევრად აჭარბებდა მაკედონელთა ჯარს.
ალექსანდრეს ლაშქრობის დასაწყისში დაახლოებით 40 ათასი მეომარი ჰყავდა. აქედან 35 ათასი ქვეითი და 5 ათასი ცხენოსანი იყო. მაკედონური არმიის ძირითად დამრტყმელ ძალას ფალანგა წარმოადგენდა. ფალანგა მძიმედ აღჭურვილი მეომრებისგან შედგებოდა. მათ იარაღს დიდი ფარები, გრძელი 4-მეტრიანი შუბები და მოკლე მახვილები წარმოადგენდა. ფალანგის შეტევის შეჩერება იმ დროისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
ალექსანდრემ სპარსეთის იმპერიის დაპყრობა მცირე აზიიდან დაიწყო. მან რამდენიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, რომლებსაც დარიოს III – ის სატრაპებთან აწარმოებდა (ირანის იმპერია 22 სატრაპიად იყო დაყოფილი. მათ მმართველებს სატრაპები ეწოდებოდათ). ალექსანდრეს პირველი დიდი შეჯახება უშუალოდ ირანის შაჰის არმიასთან მოუწია. ამ ბრძოლაში მაკედონელმა დარიოს III – ის არმია გაანადგურა. თვითონ შაჰი ბრძოლის ველიდან გაიქცა და მთელი მისი სიმდიდრე ალექსანდრეს დარჩა. ამავე დროს მან ტყვედ იგდო დარიოსის მეუღლე და ქალიშვილები, რომელთაც დიდი პატივით მოეპყრო. ამ გამარჯვების შემდეგ მაკედონელთა მეფე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაუყვა: ყველა ქალაქი მას მორჩილებას უცხადებდა, ზოგიერთი კი როგორც განმათავისუფლებელს, ისე ხვდებოდა. ერთადერთი ქალაქი, რომელიც მაკედონიის არმიას არ დაემორჩილა, ტვიროსი გახლდათ. ის ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულზე იყო აშენებული. რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ ქალაქი დანებდა. ალექსანდრე დამარცხებულებს სასტიკად მოეპყრო – მამაკაცები გაჟლიტა, ქალები და ბავშვები მონებად გაყიდა. როგორც ჩანს, მაკედონელის ამგვარი ქმედება გაფრთხილება უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებოდა.
მცირე აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე ეგვიპტეში შევიდა. აქ მას სრული მორჩილება გამოუცხადეს და ფარაონების მსგავსად, უზენაესი ღმერთის, ამონ – რას შვილად აღიარეს. ალექსანდრემ ეგვიპტეში საფუძველი ჩაუყარა ერთ ტრადიციას: დაპყრობილ ტერიტორიებზე აარსებდა ქალაქებს, რომელთაც ალექსანდრიას არქმევდა. ეგვიპტის ალექსანდრიას ნილოსის დელტაში ჩაეყარა საფუძველი. მოგვიანებით ის მსოფლიოს ერთ – ერთი უდიდესი ქალაქი გახდა.
ეგვიპტიდან მაკედონელთა არმია სპარსეთის სიღრმისკენ გაემართა. დარიოსმა ალექსანდრეს წერილი გაუგზავნა. წერილში სპარსეთის შაჰი მაკედონელთა მეფეს სთავაზობდა დიდი რაოდენობით ოქროს გადახდას და ირანის იმპერიის ორად გაყოფას – აღმოსავლეთში დარიოსი იმეფებდა, ხოლო დასავლეთში – ალექსანდრე. წერილის განსახილველად მაკედონელმა სარდლები შეკრიბა და ამ წინადადებაზე აზრის გამოთქმა სთხოვა. გამოცდილმა სარდალმა პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, დარიოსის წინადადება მიეღო და დასძინა:
– მე რომ ალექსანდრე ვიყო, აუცილებლად დავთანხმდებოდი.
– მე რომ პარმენიონი ვიყო, მეც დავთანხმდებოდი, მაგრამ მე ალექსანდრე ვარ, – უპასუხა მაკედონელმა.
მან ირანის შაჰს ასეთი რამ მისწერა: ”არ შეიძლება ორი მზე ცის კაბადონზე, ისევე, როგორც არ შეიძლება ორი მბრძანებელი დედამიწაზე”.
ამგვარი წერილის საპასუხოდ დარიოს III – მ უზარმაზარი არმია შეკრიბა, რომელიც ბევრად აღემატებოდა ალექსანდრეს ლაშქარს. ირანელებს შეიარაღებაში საომარი სპილოები და ეტლები ჰყავდათ, რაც შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.
ბრძოლა ძვ.წ. აღ. 331 წელს გაიმართა. ალექსანდრემ პირველმა შეუტია ირანის არმიას, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა დარიოსისთვის. ირანელებმა ვერ გაუძლეს ამ შეტევას და გაიქცნენ. ბრძოლის ველი მიატოვა დარიოს III – მაც. გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი ტრიუმფით შევიდა იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს ქალაქ ბაბილონში.
მცირეოდენი შესვენების შემდეგ ალექსანდრე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე შეიჭრა. აქ მან აქემენიდთა ყველა სამეფო ქალაქი აიღო და უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. მემატიანეები გადმოგვცემენ, რომ სამეფო ქალაქ პერსეპოლისის აღების შემდეგ მაკედონელებმა დიდი ღრეობა მოაწყვეს. ამ დროს ალექსანდრეს სარდლის, პტოლემეოსის საყვარელმა ტაის ათენელმა მოქეიფეებს მოუწოდა, შური ეძიათ სპარსელებზე. მთვრალმა ალექსანდრემ და მისმა მეომრებმა ეს შესანიშნავი ქალაქი გადაწვეს. მეორე დღეს გამოფხიზლებულმა მაკედონელმა ძალიან ინანა თავისი საქციელი.
ირანის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრეს მთავარი ამოცანა დარიოსის ხელში ჩაგდება იყო, ამიტომ ის ფეხდაფეხ მისდევდა ლტოლვილ მეფეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ყველასგან მიტოვებული შაჰინშაჰი მისმა ხელქვეითებმა მოკლეს და ცხედარი ალექსანდრეს მიართვეს. ალექსანდრემ ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ მკვლელები, ხოლო ირანის შაჰი მეფური პატივით დაკრძალა.
დარიოსის სიკვდილისა და ირანის იმპერიის დაპყრობის შემდეგ ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ დასრულდებოდა ეს სისხლისმღვრელი ომი და მშვიდობა დაისადგურებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ბოლომდე ვერ აფასებდნენ ალექსანდრეს დაუდგრომელ სულს. ის სულაც არ თვლიდა, რომ საკუთარი მისია შეასრულა და მომავალი ლაშქრობებისთვის ემზადებოდა.
ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა, ამჯერად შუა აზია და ინდოეთი დაელაშქრა. ეს იყო მეტად მძიმე და მომქანცველი სამხედრო ექსპედიცია. შუა აზიაში მაკედონელთა არმიას დიდი მთების და უდაბნოების გადალახვა მოუწია. მეომრებს ადგილობრივ ტომებთან ბრძოლა მოუხდათ. სწორედ აქ დაქორწინდა მაკედონელთა მბრძანებელი ადგილობრივი სამეფოს მეფის ქალიშვილზე – როქსანაზე.
შუა აზიის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე ინდოეთში შეიჭრა. მდინარე ინდის ხეობაში მან ორი დიდი სამეფო დაიპყრო, თუმცა ეს დაპყრობები მეტად ძვირი დაუჯდა. გაუთავებელი ტროპიკული წვიმების გამო მეომრები სხვადასხვა გადამდები დაავადებით დაეხოცა. ჯარი პრაქტიკულად გამოფიტული იყო. ალექსანდრე კი მებრძოლებს მთელი ინდოეთის დაპყრობისკენ მოუწოდებდა, ხოლო შემდეგ ხმელეთის დასასრულისკენ გასვლას (იგულისხმება ჩინეთისკენ ლაშქრობა და წყნარი ოკეანის სანაპიროს მიღწევა) სთავაზობდა. ამჯერად მეომართა და სარდალთა აზრმა გაიმარჯვა და მაკედონელთა არმია უკან გამობრუნდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ უკან დაბრუნებაც არ გახლდათ ადვილი საქმე – გზაში უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა.
ძვ. წ. აღ. 324 წელს ალექსანდრე თავისი არმიით ქალაქ სუზაში შევიდა. ათწლიანი ლაშქრობების შემდეგ არმიას საშუალება მიეცა, გამარჯვებით დამტკბარიყო.
მაკედონელმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. მან მეორე ცოლი შეირთო – დარიოსის უფროსი ქალიშვილი სტატირა. ამავე დროს მან თავისი სარდლები და 10 000 მეომარი სპარსელ ქალებზე დააქორწინა, რითაც ხაზი გაუსვა ახალი იმპერიის ერთიანობას. ზოგიერთი მემატიანე გვატყობინებს, რომ ალექსანდრეს ჩანაფიქრი აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გაერთიანებაში მდგომარეობდა.
მაკედონელი ახალი დაპყრობებისა და უცხო ქვეყნების აღების გეგმებს სახავდა, როდესაც მოულოდნელად ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ისტორიკოსთა აზრით, მას მალარიამ მოუღო ბოლო. სასიკვდილო სარეცელზე ალექსანდრეს უთქვამს:
– წინასწარ ვხედავ, რომ ჩემს საფლავზე დიდი შეჯიბრი გაიმართება.
ეს წინასწარმეტყველება მალევე ახდა, როდესაც მისმა სარდლებმა – დიადოხოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები) იმპერიის გადანაწილებისთვის ერთმანეთთან სასტიკი ბრძოლა დაიწყეს, რომელიც მრავალ ათწლეულს გაგრძელდა.
გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრეს ნეშტი მისმა სარდალმა, პტოლემეოსმა ეგვიპტეში გადაასვენა და ალექსანდრიაში დაკრძალა. თუმცა დღეს უცნობია, სად არის დაკრძალული ეს უდიდესი მხედართმთავარი.

სკოლებში სპორტის სწავლების აწმყო და მომავალი

0

საქართველოს მთავრობა მუშაობს იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ჩვენი ქვეყნის სკოლებში სპორტის სწავლება ჰქვია. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს სკოლებში ფიზკულტურის სწავლების განრიგი და მეთოდოლოგია შეცვალოს და ისეთი სახე მისცეს, როგორიც მას თუნდაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აქვს.

ის, რაც კეთდება
მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლაში დაიწყო სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. თბილისში პროექტის ფარგლებში ასეთი სამუშაოები 108 სკოლაში ჩატარდა. 67 სპორტული დარბაზი უკვე გარემონტებულია. სკოლებში დახურული და ღია სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე ამოქმედდა. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ინტეგრაციით გამოიხატება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ხორციელდება.
უცხოური მაგალითები
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდა საქმეს ვერ უშველის. საკითხი იმაზე გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
 
ელგუჯა, ბიბილაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული სპორტის” თავმჯდომარე:
– ქართველები ცოტა ფიცხი ხალხი ვართ და გვგონია, ყველა პრობლემა ადვილად მოგვარდება, ამიტომ ჩვენზე შოკივით მოქმედებს, როდესაც რაიმე ისე ვერ გამოდის, როგორც გვინდა – ასეთ დროს საქმეს უმალ თავს ვანებებთ ხოლმე.

საქართველოს განათლების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სასკოლო სპორტული განათლების მიმართულებებისა და პრიორიტეტების პაკეტი.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, სპორტის რომელ სახეობებს ენიჭება პრიორიტეტი, როგორი სპორტული განათლების სისტემაზე ვაკეთებთ აქცენტს და საერთოდ, რა პროგრესულ შედეგებს უნდა ველოდეთ ფიზკულტურის გაკვეთილებისგან.

– ბატონო ელგუჯა, ფაქტია, რომ სპორტის გაკვეთილები იმ სახით, როგორითაც ახლაა ბევრ ქართულ სკოლაში, საზოგადოების აზრით, მაინც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. ელემენტარული სავარჯიშო პირობების უქონლობას რომ თავი დავანებოთ, კრიტიკას ვერ უძლებს სპორტის ზოგიერთი მასწავლებლის პროფესიული ცოდნის ხარისხი.
– სავსებით გეთანხმებით და ამიტომაც ვამბობ, რომ უწინარესად პრიორიტეტებია ასარჩევი. მაგალითად, შეერთებული შტატების სკოლებში უმთავრესად სპორტის სამ სახეობას ანიჭებენ უპირატესობას: ამერიკულ ფეხბურთს, კალათბურთსა და ბეისბოლს. სკოლებს თავისუფალი არჩევანი აქვთ, მაგრამ დირექტორები და მზრუნველთა საბჭოები ხვდებიან, რომ იმ სპორტზე აქცენტირება, რომელზეც მოთხოვნა მეტია, მათი სკოლის გუნდებს მეტ გასაქანს მისცემს.
ინგლისის სკოლებში სხვაგვარი მდგომარეობაა. იქ ხშირად ბავშვებს სპორტის ისეთ სახეობებში ავარჯიშებენ, რომლებსაც ნაკლები მაყურებელი ჰყავს და ნაკლებად პოპულარულია. ბრიტანელები ამას პატრიოტული მოტივით ხსნიან – ამბობენ, რომ მათთვის უმთავრესია ძველი და ნაკლებად პოპულარული სახეობების გადარჩენა.
გაურკვევლობა

სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სკოლაში სპორტული განათლების პრიორიტეტების კუთხით დიდი გაურკვევლობაა. მშობლების დიდ ნაწილს სურს, მათმა შვილებმა რაგბი ისწავლონ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ქართული რაგბის ბოლოდროინდელი წარმატებაა. პატრიოტულად განწყობილი ადამიანები მოითხოვენ, რომ ბავშვებმა უცილობლად შეისწავლონ სპორტის ძველი ქართული სახეობები (საინტერესოა, სად ვიპოვით მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს ლელოს, ისინდს ან ტაიჭობას ასწავლის), საკუთრივ ბავშვებს კი, როგორც წესი, ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში ურჩევნიათ.
ამ თემაზე მუშაობის დროს 13 წლამდე ასაკის თბილისელ მოზარდებს შორის მცირემასშტაბიანი გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 30 ბავშვიდან (ბიჭებიდან) 25 ამჯობინებს, სკოლაში სპორტის მასწავლებელი მათ ფეხბურთს ათამაშებდეს და მხოლოდ ფეხბურთზე ესაუბრებოდეს, ძალიან მცირე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ფიზკულტურა დროის კარგვაა – სკოლის გაკვეთილებით ისინი სპორტსმენები ვერასოდეს გახდებიან, ხოლო ის, ვისაც სპორტი უყვარს, სპორტზე ისედაც ივლის.
რაც შეეხება გოგონებს, მათი უდიდესი ნაწილი მომხრეა, სკოლის პროგრამიდან სპორტის სწავლება საერთოდ ამოიღონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათი საქმე არ არის.
წმინდა სტრუქტურული და პრიორიტეტული საკითხების გარდა, ჩვენს ქვეყანაში სასკოლო სპორტს ტექნიკური პრობლემებიც ბლომად დაუგროვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი სკოლის სპორტული მოედანი და დარბაზი შეკეთდა, ჯერ ისევ არსებობს სკოლები, რომლებიც ამ მხრივ უწინდებურად სავალალო მდგომარეობაშია (განსაკუთრებით – რეგონებში) და სასწრაფო რეკონსტრუქციას მოითხოვს. მრავალ სკოლაში, მიზეზთა გამო, სპორტული დარბაზი საერთოდ აღარ ფუნქციობს. ასეთ სკოლებში ზამთარში ვარჯიშზე ფიქრიც კი ხშირად წარმოუდგენელია.
 
წარსულის მაგალითები
როგორც ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი პაატა თავშავაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, საბჭოთა კავშირიდან მოყილებული, ქართული სპორტული განათლების სისტემას, მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, არაპროფესიონალიზმიც დიდ ზიანს აყენებდა.
პაატა თავშავაძე:
– იმ სკოლაში, სადაც ოთხი წელი ვასწავლიდი ფიზკულტურას, ძალიან უცნაური წესები მოქმედებდა. ფიზკულტურა ოფიციალურად ითვლებოდა მეორეხარისხოვან დისციპლინად და დირექტორი ნიშნების დაწერის უფლებას არ მაძლევდა. სამაგიეროდ, ფიზკულტურის მასწავლებელი მოვალე იყო, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ხარისხი ეკონტროლებინა და თუ ბავშვები მის გაკვეთილზე არ ივლიდნენ, ამაზე იგი თავად აგებდა პასუხს.
– რამდენადაც ვიცი, სკოლის დარბაზის გამოც წააწყდით პრობლემებს…

– პრობლემებს წავაწყდი. სახელმწიფო პროგრამით, ჩვენი სკოლა გასარემონტებელი სკოლების სიაში შევიდა და ყველას ძალიან გვიხაროდა, როდესაც ზაფხულში მუშები მოვიდნენ და სკოლის გარემონტება დაიწყეს.
ერთ დილას სკოლაში მივდივარ და რას ვხედავ – სპორტულ დარბაზში (რომელიც მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო) მუშებს დამპალი იატაკი აუყრიათ და მის ნაცვლად ჩვეულებრივ ფილაქანს – მეტლახს რომ ეძახიან – აგებენ. თვალებს არ დავუჯერე – ფილაქანზე ბავშვებმა როგორ უნდა ითამაშონ, ვინმე რომ დაეცეს, რამეს მოიტეხს-მეთქი. მუშებმა მითხრეს: ჩვენ რა შუაში ვართ, სკოლისთვის გამოყოფილი ფული დირექტორმა ასე გაანაწილა და ჩვენ რისი დაგებაც გვიბრძანეს, იმას ვაგებთო.
დირექტორი მიმტკიცებდა, ჰოლანდიის სკოლაში ვნახე, სპორტულ დარბაზში სწორედ ფილაქანი იყო დაგებულიო. ჰოლანდიაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ ჰოლანდიელები ასეთი რამის გამკეთებლები იყვნენ… ამის შემდეგ, აბა, იმ სკოლაში რაღა მინდოდა, ავდექი და წამოვედი.
ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფო დაინტერესებულია, ქართულ სკოლებში სპორტის სწავლების საკითხი დადებითად გადაწყდეს და სწავლების დონემაც აიწიოს. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც სპორტი მეორეხარისხოვან დისციპლინად აღარ ჩაითვლება.

დროა, კომპიუტერული ენები ვისწავლოთ

0

რაც დრო გადის, კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. პატარებისთვის ის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებს, უფროსი თაობისგან განსხვავებით, აღარ სჭირდებათ კომპიუტერზე მუშაობის სწავლება – ისინი ლამის ერთდროულად სწავლობენ სიარულს, ლაპარაკს და კომპიუტერითა თუ სხვა ტექნიკური მოწყობილობებით ოპერირებას. ბევრ ისეთ სამუშაოს, რასაც ადრე ადამიანი ასრულებდა, ახლა კომპიუტერი აკეთებს. იცვლება თავად კომპიუტერის ფორმაც. პირველი კომპიუტერები იმდენად დიდი ზომისა იყო, რომ მთელ ოთახს იკავებდა. ასეთ კომპიუტერებთან სამუშაოდ მინიმუმ ორი ადამიანი იყო საჭირო – პროგრამისტი, რომელიც კომპიუტერისთვის დავალებას ადგენდა და ინჟინერი, რომელიც, ერთი მხრივ, კომპიუტერის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა, მეორე მხრივ კი პროგრამისტის მიერ შექმნილ დავალებას კომპიუტერში ტვირთავდა. იმხანად კომპიუტერს არც მონიტორი ჰქონდა და არც კლავიატურა. ინფორმაციას სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იწერდნენ მეხსიერების დისკებზე ან სულაც პერფობარათებზე ტვიფრავდნენ და შემდგომ მისი მეშვეობით შეჰყავდათ კომპიუტერში. ვინაიდან მაშინ კომპიუტერს არც მონიტორი ჰქონდა, პასუხს პრინტერის საშუალებით აბრუნებდა.

ქვემოთ მოყვანილი გამოსახულება 1954 წელს არის შექმნილი. ამ სურათის მიხედვით, ასეთი უნდა ყოფილიყო 50 წლის შემდეგ, ანუ 2004 წელს, პერსონალური კომპიუტერი – უამრავი ღილაკითა და გადასართავით. დღეს კომპიუტერთან სამუშაოდ არ არის საჭირო ღილაკებითა და გადასართავებით ოპერირება, მხოლოდ იმ პროგრამის ცოდნაა საკმარისი, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად გვჭირდება, ხოლო თუ პროგრამირების ენები იცი, მაშინ ხომ ყოველგვარი შუამავალის გარეშე გაუგებთ ერთმანეთს შენ და შენი კომპიუტერი.

როგორ ვეურთიერთოთ კომპიუტერს

ყველასთვის ნათელია, რომ ინგლისური ენის ცოდნა ბევრ რამეში შეიძლება გამოადგეს ადამიანს, მაგალითად, კარიერულ წინსვლაში. ზოგიერთი პროფესიის ადამიანისთვის ინგლისურის ცოდნა სამსახურებრივ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. დღეს უამრავ ინგლისურ ტერმინს ვიყენებთ, ენის ცოდნა კი ასეთ ტერმინებთან მუშაობას აადვილებს. ასეთი ფრაზაც გამიგონია – ინგლისურს დღეს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც თავის დროზე ლათინურს ჰქონდაო. ინგლისური დღეს, ფაქტობრივად, საერთაშორისო კომუნიკაციის ენაა. ზოგიერთს კი, მაგალითად, მიაჩნია, რომ დროა, ჩინურის სწავლა დავიწყოთ, ვინაიდან ახლო მომავალში ამ ენას ისეთივე დიდი გამოყენება ექნება, როგორიც დღეს აქვს ინგლისურს.

მაგრამ იქნებ დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების შესწავლის დროა? იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წინათ ადამიანი ასრულებდა, დღეს კომპიუტერი აკეთებს. ვინღა აწარმოებს გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში – ამას ხომ ჩვენ მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ, ისიც, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დღეს შენობის ასაგებად შეიძლება ბევრ მუშასთან დაგვჭირდეს ურთიერთობა; მომავალში შესაძლოა ეს სამუშაო პრინტერმა შეასრულოს. უკვე არსებობს პრინტერები, რომლებიც სამგანზომილებიან ობიექტებს “ბეჭდავს” და ისეთების შესაქმნელად ზრუნავენ, რომლებსაც შენობების “ამობეჭვდვა”, აგება შეეძლებათ:

ასეთი მოწყობილობისთვის დავალების მისაცემად და შემდეგ ჩასაბარებლად კომპიუტერული ენების ცოდნა იქნება საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, მომავლის პერსპექტივაა. დღეს კი პროგრამული ენების დაუფლების მსურველებს სასწავლო ცენტრები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე სთავაზობენ დახმარებას. 2012 წლის დასაწყისში ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა (Michael Rubens Bloomberg) განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მომავალი წლის განმავლობაში, უშუალო მოვალეობების შესრულებასთან ერთად, პროგრამული ენების შესწავლასაც დაუთმოს დრო. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მერის ეს ნაბიჯი პოპულიზმად შეაფასა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ბლუმბერგის სიტყვები უდავოდ ყურადღების ღირსია.

ხელოვნური ენები

პროგრამულ ენებამდე ადამიანებმა ხელოვნური ენები შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ესპერანტო, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის ერთგვარი ხიდი უნდა გამხდარიყო. მართლაც მოხერხებული იქნებოდა – მშობლიური ენის გარდა, ისწავლიდი ერთ, საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო საკომუნიკაციო ენას და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქესთან შეძლებდი საუბარს. მაგრამ ხელოვნური ენის ცოცხალ, გამოყენებად ენად ქცევა არც ისე ადვილია. ამაზე ესპერანტოს მაგალითიც მეტყველებს – როგორც ვხედავთ, მან ფეხი ვერ მოიკიდა.

სხვა ხელოვნურად შექმნილი ენებიდან შეგვიძლია კლინგონი (Klingon) გავიხსენოთ, რომელზეც ფანტასტიკური სერიალის „სტარ ტრეკის” (Star Trek) გმირები საუბრობენ. თავდაპირველად ისინი მხოლოდ ცალკეულ ფრაზებს წარმოთქვამდნენ უცნაურ კილოზე, მოგვიანებით კი სერიალის ავტორებმა გადაწყვიტეს, სრულფასოვანი ენა შეექმნათ. ასე გაჩნდა კლინგონი, რომელზეც რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებიც ითარგმნა, მათ შორის – შექსპირის „ჰამლეტი”.

პროგრამული ენები

პროგრამული ენები ნიშანთა ისეთივე სისტემაა, როგორიც სხვა ენები. პროგრამული ენა შექმნილია კონკრეტული მანქანისთვის, მაგალითად, კომპიუტერისთვის გარკვეული მითითებების მისაცემად. ასე რომ, თუ კომპიუტერულ მოწყობილობასთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ, დროა, პროგრამული ენების შესწავლა დაიწყოთ, რომ კომპიუტერს თარჯიმნის გარეშე, მისავე ენაზე ესაუბროთ.

სცილასა და ქარიბდას შორის

0

ორი მამაკაცისა და ერთი ქალისაგან შექმნილი ე. წ. «სიყვარულის სამკუთხედის» ის მოდელი, რომლის ყველაზე მკვეთრად გამოხატულ ქართულ რეალიზაციებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, გარკვეულწილად კლასიკურიც კია: ანუ ლაპარაკია დილემის წინაშე მდგარი ქალის ხატზე, რომელიც მამაკაცის ორ პრინციპულად განსხვავებულ ტიპს შორისაა მოქცეული. მამაკაცის პირველი ტიპი ინტელექტუალი, განათლებული, კულტურული ადამიანის მკაფიოდ გამოხატულ ნიშნებთან ერთად მოუცილებლად ატარებს ფიზიკური დეფექტის, სისუსტის, სიბეჩავის ნიშნებს, ხოლო მეორე ტიპი რამდენადაც ვიტალურია, იმდენად ამორალური, ცბიერი თუ ბრიყვი ადამიანის განსახიერებასაც წარმოადგენს. მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნიმუშებში ეს მოდელი ხშირად მუშაობს, თუმცა ისიცაა, რომ ამ სქემით აწყობილი ნაწარმოებების უმრავლესობაში მამაკაცის ეს ტიპები მხოლოდ გარკვეული დოზითაა «გაკულტურულებულ-დაჩიავებული» და «გავიტალურებულ-გაველურებული», ამ მუტანტური თვისებების უკიდურეს ზღვრამდე მიყვანა კი ავტორთა მიერ არცთუ ისე ხშირად, ანუ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საკმაოდ იშვიათად ხდება. ყოველ მკითხველს ალბათ ასეთი სამკუთხედების საკუთარი ვარიანტები წამოუტივტივდება გონებაში. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ შრიდამანი, ნანდა და ზიტა თომას მანის ნოველაში «შეცვლილი თავები»; ან თავადი მიშკინი, ნასტასია ფილიპოვნა და როგოჟინი დოსტოევსკის «იდიოტიდან», ან ლედი ჩეტერლი, ოლივერ მელორზი და კლიფორდი დ. ჰ. ლორენსის «ლედი ჩეტერლის საყვარლიდან», ან სულაც ლარისა, კარანდაშევი და პარატოვი ოსტროვსკის «უმზითვოდან», ასე ცნობილი ელდარ რიაზანოვის კინოვერსიით «სასტიკი რომანსი».

თუმცა, კვლავაც ვიმეორებ, ძნელია მოინახოს ისეთი ნაწარმოებები, სადაც პერსონაჟის სულიერი მონაცემების ზრდა პირდაპირპროპორციულია ფიზიკური დაჩიავების, და პირიქით, ფიზიკური მონაცემების ზრდა სულიერი დეგრადაციის. პერსონაჟთა ხასიათების ასეთი სრული პოლარიზაცია შესაძლოა მხატვრული სწორხაზოვნების სიმპტომებსაც ატარებდეს, თუმც როგორც საკვლევი ფენომენი, უაღრესად საინტერესოა და ზემოხსენებული მოდელის აუთენტურ თვისებებს, მოსალოდნელია, ყველაზე რელიეფურად გამოსახავდეს.

ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურაში არის ორი ნაწარმოები, სადაც ეს სრული პოლარიზაცია არსებობს, და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ფორმალური მოდელის ორი იდეალური რეალიზაცია, ამ რეალიზაციათა პარალელური ანალიზი კი მოცემულ მოდელში ჩაკირულ ადამიანებზე რეფლექსიის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
ეგნატე ნინოშვილის «ჩვენი ქვეყნის რაინდი» და მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნები» არის სწორედ ის ორი ნაწარმოები, რომელთა გარეგნული სქემატური მსგავსების, მეტიც, იდენტურობის მიღმა ავტორთა მსოფლმხედველობრივი განსხვავებები მკაფიოდაა გამოხატული და ეს სხვაობანი ადამიანურ ბედისწერათა და ფსიქოლოგიათა უცნაურ ინვარიანტებს ქმნიან. ამ ინვარიანტებში კი ყველაზე «ცვლადია» სცილასა და ქარიბდას შორის მომწყვდეულ ქალთა სახეები. მიზეზი კი ისაა, რომ მამაკაცთა სახეები რამდენადაც პოლარულია, იმდენად სტატიკურია, ამ დამთრგუნველ სტატიკურ სახეებს შორის კი ქალების დრამის დინამიკა თამაშდება. დესპინეს და მარგოს _ ერთი და იმავე ტიპის მამაკაცური კონფლიქტის მსხვერპლთ _ სიტუაციისადმი განსხვავებული აღქმა და დამოკიდებულება გააჩნიათ და შესაბამისად, მათი ქმედებანიც სხვადასხვანაირია.
მივყვეთ თანდათან, გავიხსენოთ და შევადაროთ:
ორივენი «კულტურულ-დაჩიავებული» მამაკაცების _ სპირიდონ მცირიშვილისა და თეიმურაზ ხევისთავის მეუღლენი არიან, მათ დასაუფლებლად კი იბრძვიან «ვიტალურ-ველური» ტარიელ მკლავაძე და ჯაყო ჯივაშვილი. ორივე შემთხვევაში ესენია მხატვრული ჰიპერბოლიზაციის მეთოდით შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც ამ ხერხის გამოისობით სიმბოლური ხატების თვისებებს იძენენ და თანდათანობით ასეც მკვიდრდებიან მკითხველის ცნობიერებაში. მაგრამ სხვა მხრივ, ანუ სოციალური, ფსიქოლოგიური, თუ უბრალოდ, ვიზუალური ნიშნებითაც კი ეს ორი სამკუთხედი ერთმანეთის ინვერსიულია:
ა) თეიმურაზ ხევისთავი _ თავადი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საკუთარი მნიშვნელოვნების ილუზიით შეპყრობილი ფსევდოინტელექტუალი.
სპირიდონ მცირიშვილი _ გლეხი და სოფლის ინტელიგენციის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად ზრუნავს ადამიანების განათლებასა და აღზრდაზე.
ბ) მარგო ყაფლანიშვილი _ თავადთა გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, თავშექცევის მიზნით ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში; ქალი, ჩამოყალიბებული შეხედულებებით და ცხოვრების წესით.
დესპინე _ სოფლელი მღვდლის ქალიშვილი. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, თინეიჯერი, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს სულიერი ქმნადობის პროცესი.
გ) ჯაყო _ ტლუ მოჯამაგირე, წერა-კითხვის უცოდინარი ველური.
ტარიელ მკლავაძე _ აზნაური, დარდიმანდი. ჯაყოს ჰგავს იმაში, რომ ისეთი სუსტი იყო სწავლაში, ქართული კითხვაც კი ვერ შეისწავლა. თუმცა თუკი ჯაყოს აგრესია პირველყოფილი და ბუნებრივია, მკლავაძის აგრესია კულტურითაა ინსპირირებული. მშობლების მიერ შერქმეული «ვეფხისტყაოსნის» პერსონაჟის სახელი მასში იმიტაციის ვნებას აღძრავს და «კაცი კაცსა შემოსტყორცნა»-ს ცხოვრების წესად დამკვიდრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, მით უმეტეს, რომ მისი წინაპრებიც მიდრეკილნი იყვნენ ყმათა ცემა-ტყეპისაკენ.
ანუ: ე. ნინოშვილთან აზნაური დარდიმანდი ებრძვის სოფლის მასწავლებელს Bგლეხი გოგოსათვის. ჯავახიშვილთან ყველაფერი უკუღმაა: წერა-კითხვის უცოდინარი ველური ებრძვის საზოგადო მოღვაწეს თავადის ქალისათვის.
ინვერსიულია თვით მათი ვიზუალური ხატებიც:
ა) ჯაყო ორანგუტანია, მხოლოდ მოგვიანებით, და ისიც მარგოს მეცადინეობით ხდება იგი «გაპარსული ორანგუტანი».
ტარიელ მკლავაძე გამორჩეულია თავისი თვალტანადობით. აი, როგორ აღწერს მას ავტორი: «მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები, მსხვილ-მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი, პატარა წვერი, სწორეთ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა”. ყველა აღტაცებულია მისი გარეგნობით და ძველ რაინდს ადარებენ. მათ შორის სპირიდონიც.
ბ) თეიმურაზს თუმც ავტორი ხშირად ახასიათებს, როგორც «ბეცს და მელოტს», მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ იგი «უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო», ანუ თეიმურაზში გარეგნული, არისტოკრატული სილამაზე მაინც ფეთქავს.
სპირიდონი არის «ხმელ-ხმელი, ჩია ტანის, ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახის». იგი იმდენად შეუხედავია, რომ «დესპინეს, რომელიც ამ დროს ცამეტი წლის იყო, კიდეც ეჯავრებოდა სპირიდონის ავადმყოFფური, გამხდარი, მდუმარე სახის დანახვა». როდესაც სპირიდონმა სემინარია დაამთავრა, ოცი წლის იყო, მაგრამ იგი უკვე 30-35 წლის მამაკაცს ჰგავდა.
ახლა დავაკვირდეთ დამოკიდებულებათა დინამიკას:
ა) დესპინე ურთიერთობის დასაწყისში დამცინავად უყურებს სპირიდონს, მეტიც, ერთგვარი ზიზღიც კი აქვს მისი ფიზიკური ნაკლოვანების გამო, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მოწაფე ხდება, უჩნდება მის მიმართ პატივისცემა, რომელიც თანდათან სიყვარულში გადაიზრდება. პატივისცემის ზრდა არ წყდება მათი დაქორწინების შემდეგაც.
მარგოს მეუღლისადმი პატივისცემა თანდათან აკლდება. «დრო გავიდა, ქურუმი ნელ-ნელა გაცვდა. მარგომაც თანდათან ქმრის ხატზე ლოცვაც დაუკლო და საკუთარი თავის გართობას მიჰყო ხელი”.
ბ) «როცა მოსაცემი გქონდა, არაფერი მომეცი, ცარიელ ბაასს მთავაზობ” _ ეუბნება თეიმურაზს მარგო. და ნიშანდობლივი ისაა, რომ რაც დრო გადის, ამ «ცარიელ ბაასსაც» კი არ სთავაზობს თეიმურაზი მარგოს, სულ უფრო და უფრო იკეტება საკუთარ თავში. დესპინესა და სპირიდონის ცხოველი სიყვარულის საფუძველი კი სწორედ ეს ბაასი, შემეცნება, მაღალ იდეალებზე ფიქრი, ერთმანეთს შორის მუდმივი პოლემიკაა.
გ) თეიმურაზი, როცა გაუჭირდება, სოფლის მასწავლებლობას უკადრისობს («ქუჩის დამგველად წავალ, მაგრამ მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ), სპირიდონი კი სოფლის «უჩიტელია» და სწორედ ამით ხიბლავს დესპინეს.
დ) დესპინე სპირიდონს ტარიელთან არ უღალატებს (აზრადაც კი არ მოსდის), მარგო უღალატებს (თუმც თავიდან ძალადობის ქვეშ მოქცეული), ან უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვერ უერთგულებს, და თანდათან იფურჩქნება, დესპინეს კი, მას შემდეგ, რაც წარუმატებლობისაგან გამწარებული ტარიელი რკინიგზის სადგურზე სამარცხვინოდ გალახავს სპირიდონს, კოშმარული სიზმრები და ციება ეწყება და კვდება.
ე) სპირიდონი იბრძვის, თეიმურაზი ვერა. საბოლოოდ დაავადმყოფებული და გაუბედურებული სპირიდონი მაინც ახერხებს შურისძიებას _ კლავს იმავე სადგურზე ტარიელს, ხოლო თეიმურაზი საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში, საკუთარ მეუღლესთან მძინარე ჯაყოზე აღმართულ ხანჯალს მოქმედებაში ვერ მოიყვანს, და საერთოდაც, ბოლომდე მისი მორჩილი რჩება.
რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი ურთიერYთსაპირისპირო მომენტის დაჭერა შეიძლება ამ ორ ნაწარმოებში, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისია. ერთსა და იმავე სტრუქტურაზე მორგებული ამ სარკისებური სქემატიზმის გათვალსაჩინოების ჭეშმარიტი არსი იმ შინაგანი პოლემიკის შეგრძნებაშია, რომელსაც, ჩემი აზრით, მიხეილ ჯავახიშვილი ეგნატე ნინოშვილთან, ზოგადად კი ხალხოსნებთან აწარმოებდა. «ხევისთავი რწმენით უკიდურესი რადიკალი და ხალხოსანი იყო” _ წერს რომანში იგი ერთგან და ეს არაა შემთხვევითი. მართალია სოციალურ-პოლიტიკური ფონი ორივე მწერალთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯავახიშვილი სულ სხვა რაკურსიდან უყურებს ამ ფონს. ხალხოსნების რევოლუციური ენთუზიაზმი ოცდაათწლიანი გადასახედიდან სულ სხვანაირი მოჩანს. მათი მაშინდელი იდეალიზმი ახლა უკვე მკაცრ, სასტიკ რეალიზმშია გადასული. ფაქტიურად, ხალხოსანი, ამ სიტყვის ადრინდელი მნიშვნელობით, ბუნებაში უკვე აღარც არსებობს. არსებობენ ბოლშევიკები, პროლეტარები და ა. შ. მაგრამ არა ხალხოსნები. ხალხოსანი მხოლოდ მიამიტი თეიმურაზ ხევისთავია, ძველი, და ამავე დროს მისთვის სრულიად არაორგანული იდეალების ერთგული. მღვდელმა პეტრემაც კი გაიაზრა რეალობა და ადაპტირდა ახალ გარემოსთან, თეიმურაზ ხევისთავი კი საკუთარი გულუბრყვილო იდეალიზმითა და უნიათობით ხელს უწყობს, აჩქარებს ისედაც გადაგვარებული მისი კლასის საბოლოო გადაგვარებას.
ხალხოსნების ხედვა ვიწრო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხშირად იგი ჩაგვრა-შურისძიების ლოკალურ, მკაცრ მოდელში ჯდებოდა: ვიღაცას ვენახს ართმევენ, ვიღაცას შვილს უუპატიურებენ, ვიღაცას ცოლს, ის კი მჩაგვრელს სამაგიეროს მიუზღავს. ასეა ნინოშვილთანაც: სპირიდონი შურს იძიებს ტარიელზე. ამ პერსონაჟის მიზანიც მთელი ნაწარმოების განმავლობაში სრულიად კონკრეტულია: ტარიელს შემთხვევით ნანახი მიმზიდველი ქალის დაპყრობა სურს. გამომდინარე აქედან, მოქმედებს ჯიქურ, და ვერც აღწევს მიზანს…. რაც შეეხება ჯაყოს, მისი ზრახვები გაცილებით შორსმიმავალია და მის საწყის ეტაპებზე მარგო არც კი იგულისხმება. მარგოს დაუფლების სურვილი მასში მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც ცბიერებით თეიმურაზის თითქმის მთელ ქონებას ხელში ჩაიგდებს.
ის, რომ «ჯაყოს ხიზნები» «ჩვენი ქვეყნის რაინდთან» შედარებით ადამიანური განცდების, სოციალურ-პოლიტიკური ფონის, თუ ამ ფონის ადამიანურ განცდებზე ზემოქმედების ჩვენებით გაცილებით უფრო ფართო და მაღალმხატვრული პანოა, ამას მტკიცება ალბათ არც სჭირდება. სწორედ ნინოშვილთან პერსონაჟთა ხასიათების სრული პოლარიზაცია ზემოთნახსენებ მხატვრულ სწორხაზოვნებაში გადადის. თუმცა აქ საინტერესოა ის, რომ ამ სწორხაზოვნებას გახალხოსნურებული რომანტიზმი ბადებს. ნინოშვილთან ყველა მარცხდება, მაგრამ მისი პესიმიზმი რომანტიკული ყაიდისაა. სპირიდონ-დესპინეს წყვილი რომანტიკული წყვილია, და დესპინეს სპირიდონისადმი მიმართება, ახალგაზრდა, ლამაზი და ჯანსაღი ქალის სრული შერწყმა (ფიზიკურიც და სულიერიც) ფიზიკურად არასრულფასოვან სულიერ მამაკაცთან, არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეჭვო პუნქტი, რომელსაც ეკამათება ჯავახიშვილი. ის რომანტიკულ წყვილს აღარ/ვეღარ ხატავს. თეიმურაზი და მარგო მხოლოდ გაცნობის პირველ საათებში შეიძლება ატარებდნენ რომანტიზმის საბურველს, მაგრამ ეს საბურველი სწრაფად იხსნება და ურთიერთობა რეალიზმში გადადის, შეიძლება ითქვას, პრაგმატიზმშიც კი, იმდენად პრაგმატული მოსაზრებებით ხდება მათი დაქორწინება. ნინოშვილთან დადებითი იდეალების მატარებელ ადამიანს ერთადერთი ნაკლი აქვს და ისიც ფიზიკური, ხოლო ჯავახიშვილი თანდათანობით ფიზიკურ ნაკლთან ერთად თავისი გმირის ნაკლოვანებათა ისეთ»პანდორას ყუთს» ხსნის, რომ ფიზიკური ნაკლულობა საბოლოოდ მასთან მეორადიც კი ხდება. სულიერების დეფექტურობა აღმოჩნდება მისი პიროვნების განმსაზღვრელი და სწორედ ეს დეფექტურობა განიზიდავს ნელ-ნელა მარგოს თეიმურაზისაგან.
ამ ორი ნაწარმოების მოკლე პარალელური ანალიზი შესაძლოა საკმაოდ სქემატურიც გამოვიდა და ანტიპოდ-მამაკაცებზეც უფრო მეტი იყო საუბარი, ვიდრე მათ შორის მოყოლილ ქალებზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამ მამაკაცთა დახასიათება თავისთავად გამოკვეთს ქალთა სახეებს, მათ ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ მდგომარეობას, ბედისწერას. ეს ორმაგი წნეხი, როგორც სიკვდილის ნიღაბი, ისე აღბეჭდავს შიგ მოქცეული ქალის სახეს. მაგალითისთვის გავიხსენოთ, რომ სამარცხვინო გალახვის შემდეგ სპირიდონის ლოგინად ჩავარდნის წნეხი დესპინეზე სასიკვდილო ავადმყოფობად გადადის, ხოლო ხევისთავის უსუსურობა ჯაყოს მიმართ საბოლოოდ მარგოს მონურ უმწეობადაც იქცევა ამ ადამიანისადმი.
* * *
«ჩვენი ქვეყნის რაინდის» და «ჯაყოს ხიზნების» ერთგვარ პოსტმოდერნულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს არჩილ სულაკაურის მოთხრობა «ჟამი დასვენებისა». სულაკაურს აქ პირდაპირი მიმართება ჯავახიშვილთან აქვს და თემის თანამედროვე, პაროდიულ ვარიაციას გვთავაზობს.

ნამდვილად არაა შემთხვევითი, რომ მოთხრობის ერთ-ერთ მთავარ გმირს თეიმურაზი ჰქვია. იგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, თავისი ლიტერატურული წინამორბედის მსგავსად «ჩია, ავადმყოფურად ფერმკრთალი კაცია». თეიმურაზ მებუკე ერთ-ერთი ზღვისპირა კურორტის სანატორიუმში ისვენებს. მისი თანაპალატელია ვინმე ალექსანდრე მაყაშვილი, გოლიათური აღნაგობის მამაკაცი, რომელიც თითქმის ყოველდღე არღვევს სანატორიუმის განრიგს, 11 საათის მერე ბრუნდება უკან, რის გამოც უწევს პალატაში ფანჯრიდან გადაძრომა, ხოლო შემდეგ მთელი ღამე შემაწუხებლად ხვრინავს. გარდა ამისა, იგი სხვა დამსვენებელთაგან განსხვავებით არ დადის სანატორიუმის სასადილოში, აქვს ბევრი ფული და მას უანგარიშოდ ხარჯავს. მისი ასეთი ქცევა საშინელ გაღიზიანებას იწვევს პედანტურობამდე წესრიგისმოყვარულ თეიმურაზში და ამ გაღიზიანებას იგი გამოხატავს მეგობარ დამსვენებლებთან _ სოლფეჯიოს მასწავლებელ მავრა ჩუბინიძესთან და ძველ ილუზიონისტ არკადი ცეზართან.

ეს ორი პერსონაჟი (მებუკე და მაყაშვილი) ბედის (ანუ ავტორის) ირონიით ერთ პალატაში, ერთ მიკროსივრცეში მოქცეული, თეიმურაზისა და ჯაყოს სასტიკი ტანდემის ცივილური ვარიანტია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თავიდან თითქოს ის ქალი არ ჩანს, რომელიც მათ კომპლექსებსა და ამბიციებს უნდა შეეწიროს. მაგრამ სულაკაურის ეს მოთხრობა, რამდენიმე განმსაზღვრელ ფაქტორს თუ დავასახელებთ, სწორედ იმიტომაა მოცემული მოდელის პოსტმოდერნული გადასინჯვა, რომ ქალი მამაკაცთა ტიპიური პოლარული წყვილის ტიპიურ მსხვერპლს აღარ წარმოადგენს. მეტიც, ქალი, როგორც კონფლიქტის რეალური საფუძველი, აქ უკვე აღარც არსებობს. ნინოშვილისა და ჯავახიშვილის რეალური, ულმობელი კონფლიქტი სულაკაურთან კულტურულ გამოცდილებაში, წარმოსახვაში გადადის.

წარმოშობით პოლონელი ბარბარა, რომელიც სასადილოს მოსამსახურე პერსონალშია, თავისდაუნებურად შეასრულებს წარმოსახვითი სამკუთხედის მესამე წევრის როლს. როგორც ირკვევა, თეიმურაზი მესამედ თუ მეოთხედ ისვენებს ამ სანატორიუმში და ერთი და იმავე მიზნით: ეტრფის ბარბარას, ყოველ ჩამოსვლაზე ხელს სთხოვს მას და ყოველ ჯერზე უარსაც იღებს მისგან. ყოველივე ამისაგან გაღიზიანებული და შინაგანად გაბოროტებული, ის არაცნობიერად გარე სამყაროში ეძებს ადამიანს, ვინც შეიძლება იყოს მიზეზი მისი წარუმატებლობისა. და ცხადია, ალექსანდრე მაყაშვილის გარეგნული იერი და ქცევის მანერა მას უბიძგებს იქითკენ, რომ მისი (ანუ მისნაირი ადამიანების) სასიყვარულო (ზოგადად _ ცხოვრებისეული) მარცხის მიზეზი არის/არიან ალექსანდრე მაყაშვილი (ანუ მისნაირი ადამიანები). რათა საბოლოდ დარწმუნდეს, რომ მაყაშვილი მისი მეტოქეა, საამისოდ თეიმურაზისთვის ერთი პატარა სცენაც საკმარისია, რომელსაც იგი შემთხვევით შეესწრება სოლფეჯიოს მასწავლებელთან და ილუზიონისტთან ერთად: ერთ დილას, ახალგაღვიძებული მაყაშვილი კორპუსის წინ ჩვეული დარდიმანდული სილაღით გაესაუბრება ბარბარას და მწვანე კოლოფით რაღაცას აჩუქებს. ბარბარა გაინაზება, მაგრამ საბოლოოდ საჩუქარს მაინც მიიღებს. გარდა ამისა, ბარბარასა და მაყაშვილს შორის საუბრიდან ირკვევა, რომ მას საჩუქრად გამზადებული აქვს კაბა ბარბარას გოგონასთვისაც. აი, მთელი რეალობა ამ წარმოსახვითი «სასიყვარულო სამკუთხედისა». რამდენადაც ჯავახიშვილის თეიმურაზი ვერ ხედავს საშიშროებას მოჯამაგირე ჯაყოში, იმდენად, და ალბათ კიდევ უფრო მეტადაც კი, სულაკაურის თეიმურაზი ხედავს საშიშროებას ამ მისი აზრით ჯაყოსებრ ტიპში. ის ხომ ფილოლოგია, ანუ ამ რომანში აღწერილი ეს მისთვის აქტუალური ტრაგიკული ადამიანური მიმართებები და ამ მიმართებათა პრობლემატიკა კარგად უწყის და იგი იმდენააა მის ცნობიერებაში ჩაჭედილი, რომ ვერც კი ხვდება, თანდათან როგორ ეხვევა ხევისთავის ტყავში. იგი ჯავახიშვილის თეიმურაზის ერზაცად იქცევა, ხოლო მაყაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ერზაცის ერთგვარი «ვირტუალური ჯაყოა», რომელიც რეალობაში აბსოლუტურად საპირისპირო არსება აღმოჩნდება: ფიზიკოსი, და თანაც არც მეტი, არც ნაკლები, აკადემიკოსი, ანუ თეიმურაზზე აღმატებული ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შინაგანი თავისუფლებითაც, საზოგადოების მისდამი სიყვარულითაც, გვარიშვილობითაც, ფინანსური შესაძლებლობებითაც და რაც გადამწყვეტია _ ინტელექტითაც.

ეს რადიკალურად ცვლის ძველ მოდელს და ამ ცვლილებას ერთი პერსონაჟის მეორის მიმართ აბსოლუტური ნაკლულოვნების გამო ერთი შეხედვით აბსოლუტურ ტრაგიზმში შეეძლო გადაეყვანა ნაწარმოები (თუმცა კი ძნელია «ჯაყოს ხიზნებზე” მეტი ტრაგიზმის წარმოდგენა), მაგრამ ვინაიდან «ძლიერს ამა ქვეყნისა» ამჯერად გუნებაშიც კი არა აქვს თავისი ანტიპოდის დაჩაგვრა, მის ცხოვრებისეულ სფეროებში შეჭრა, ყოველივე ეს პაროდიული ხდება.

პაროდიულობას ზრდის ისიც, რომ სულაკაური სინამდვილეში ნაცვლად სამკუთხედისა, ოთხკუთხედს გვთავაზობს: სამი დღის დაგვიანებით სანატორიუმში ჩამოდის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გურამი, ნამდვილი «დედიკოს ბიჭი», რომელიც პირველად გაუშვეს დამოუკიდებლად დასასვენებლად და ამიტომაც იქაც არ სცილდება დედამისის გულისშემაღონებელი რიტორიკა: გაუთავებელი წერილები რჩევა-დარიგებებითურთ, ტელეფონის ზარები და ა. შ. სულაკაური მას თეიმურაზისა და ალექსანდრეს პალატაში განათავსებს, ანუ ძველ ორ გამოუვალ გზას მესამეს ჰმატებს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გარემო უფრო ლიბერალიზებულია და ეს მესამე უკვე უნდა არსებობდეს (გურამის დაგვიანებით ჩამოსვლაც, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ფრიად სიმბოლურ ელფერს ატარებს: იგი ისტორიულ-ქრონოლოგიური თვალსაზრისით გვიანდელი, უფრო ზუსტად კი ქართული საბჭოური კულტურის ფენომენია, რომელიც ადრინდელ ეპოქათა ნეგატიური ფენომენების ჩასანაცვლებლად გამოუშვეს). საყურადღებოა, რომ დესპინესა და მარგოსაგან განსხვავებით, ბარბარა უკვე აღარაა უმწეო ინტელიგენტის მეუღლე. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოცემულ ლიტერატურულ/საზოგადოებრივ კონტექსტში წარსულის გამოცდილება, ისევე როგორც თეიმურაზ მებუკეში, მასშიც მუშაობს, და თუ მებუკე ამ გამოცდილებით უწყინარ ადამიანში ჯაყოს ხედავს, ბარბარა უარს ამბობს მებუკეს ცოლობაზეც და მაყაშვილთან ახლო ურთიერთობაზეც (მართალია, არც მაყაშვილი იკლავს თავს ბარბარასთვის, მაგრამ თეორიულად მაინც შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი იგი გურამთან ურთიერთობას მიანიჭებდა უპირატესობას). იგი ახალს ირჩევს. ახალს, რომელიც საკმაოდ სიმპათიური და მშვიდია და უკიდურეს ნიშნებს არ ატარებს. ახალთან ფლირტის ინიციატივა მისგან მოდის (თუმც მხოლოდ წარმოშობით, მაგრამ მაინც პოლონელისაგან, ანუ ევროპელისაგან, და ეს მინიშნებაც ზუსტია _ იგი ძველ და შემზარავ «აზიატურ» მოდელში არა მარტო დამყაყებული საბჭოური კონსტელაციების, არამედ დასავლური ნიშნების მცირე დოზით შეჭრასაც გულისხმობს), მაგრამ «დედიკოს ბიჭი» მეტისმეტად სტერილურია იმისათვის, რომ რეალურად ამ ფლირტიდან რაიმე გამოდნეს. საბოლოო ჯამში, გურამი, როგორც ზომიერი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ზომიერად დაკომპლექსებული პერსონაჟი, ნინოშვილ-ჯავახიშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ-სოციალურ-სექსუალური სურათის საშუალედო გადაწყვეტა და ავტორის მიერ პრობლემის გაშარჟებაა, რაც სრულიად ადეკვატური იყო იმ პერიოდისათვის, რომელშიც ცხოვრობდა და რომელსაც ამ შემთხვევაში აღწერდა არჩილ სულაკაური. საბჭოთა პერიოდში რა თქმა უნდა მოიპოვებოდნენ სპირიდონები და თეიმურაზები, ისევე, როგორც ტარიელები და ჯაყოები, ოღონდ კარიკატურული სახით, დესპინესა და მარგოს შთამომავლობა კი, მადლობა ღმერთს, გადაგვარდა. ისინი, ასე თუ ისე, უკვე თავად საზღვრავდნენ საკუთარ ბედს, რამეთუ ტარიელ-ჯაყოები თანამდებობის პირებად ან მაქინატორ ბიძებად იქცნენ და ძირითადად არა სპირიდონ-თეიმურაზებს გლეჯდნენ სიმდიდრესა და კომფორტს, არამედ მათსავით დაბეჩავებულ სახელმწიფოს. ტრაგიზმიდან კომიზმში გადასულ ამ ტიპაჟებს კი «დედიკოს ბიჭთა» (და პლიუს კიდევ «ძველ ბიჭთა») მრავალრიცხოვანი, უსახური ფენა შეემატა, არა როგორც ახალი არჩევანი, არამედ როგორც არადანი.

ამ ნაწარმოების პაროდიულობის ცოცხალი სიმბოლოა ძველი ილუზიონისტი არკადი ცეზარი. მისი მეგობრობა თეიმურაზთან, ნაწარმოებში მისი ყველგანმყოფობის განცდა, ბოლოს კი იუბილე, რომელსაც დამსვენებლები მას უწყობენ, ამაზე მეტყველებს. მთელი ამ ცირკის უკანასკნელი ნომერი კი იუბილეს მიმდინარეობისას თეიმურაზის მიერ ზღვაში თავის დახრჩობის მცდელობა და მაყაშვილის მიერ მისი გადარჩენაა. ანუ: ტარიელმა დაღუპა სპირიდონი, ჯაყომ დაღუპა თეიმურაზი, მაყაშვილმა კი მებუკე გადაარჩინა. ოღონდ მხოლოდ ფიზიკურად. ესეც მწარე ირონიაა სულაკაურისა: თეიმურაზ II-მ უნდა იცხოვროს ამქვეყანაზე, კვლავაც თეიმურაზ I-ის კომპლექსებით დაავადებულმა და მის აჩრდილად ქცეულმა. ქალი კი ნელ-ნელა უნდა გათავისუფლდეს ბეჩავი ინტელიგენტი და ჯან-ღონით აღსავსე ველური მამაკაცების ამ შემზარავი ორმაგი წნეხისაგან. და ეს შეუქცევადი პროცესია.

***
განხილული მოდელის ეს სამი ქართული ვარიაცია კარგად ირეკლავს ცარიზმის, ბოლშევიზმისა და გვიანი საბჭოური პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, კარგად აჩვენებს სამ ეტაპს სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული ქალის ნატურისა, მისი ბედისწერისა. გარკვეულწილად დასრულებულ სახეს მიიღებდა ეს წერილი, თუკი მეოთხე, პოსტსაბჭოური პერიოდის ვარიაციაც შეემატებოდა მას, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურის ჩემეულმა განჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო. ახალი თაობის მწერალთა შემოქმედებაში მკაფიოდ გამოხატულ იმავე მოდელს ვერ მივაგენი. ვერ გეტყვით, ეს ჩემი ბრალია თუ ჯერჯერობით ასეთი ნაწარმოები ბუნებაში მართლა არ არსებობს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ამ წერილის შემდგომი თავი უნდა დაიწეროს, რომელიმე ლიტერატორის ხელით თუ არა, მკითხველის წარმოსახვაში მაინც. უნდა დაიწეროს, რადგან ახალმა ეპოქამ, ლიბერალიზმისა და ადამიანური სისასტიკის ამ უცნაურმა ნაჯვარმა, თავიდან გაამძაფრა კარიკატურად ქცეული ეს მოდელი: ქალთა ფემინისტური სწრაფვები ანტიპოდ მამაკაცთა განახლებულ ანომალიებს დააჯახა
https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=109&composition=1584

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...