„საგანმანათლებლო სისტემა კონცენტრირებულია გამოცდებზე, ცოდნა, არ არის პრიორიტეტი“.
ინდოეთის გამოცდილება და განათლების პრობლემები
„ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა კონცენტრირებულია გამოცდებზე. ცოდნა, სამწუხაროდ, არ გახლავთ პრიორიტეტი“.
ინდური ქალაქის, მადურაის (ტამილ-ნადუს შტატის ცენტრი, სამხრეთი ინდოეთი), „არავინდის თვალის მზრუნველობის ჯგუფი -კოლეჯი და კლინიკა“ (Aravind Eye Care Group) გენერალური დირექტორის, დოქტორი ნალპერუ მალსამის ინტერვიუ Outlook India-ს ჟურნალისტთან, არინდამ მუქერჯისთან.
ქ. მადურაის „არავინდის თვალის კლინიკა“ მსოფლიოში ცნობილია თავისი ფილანთროპიული საქმიანობით და ამას კლინიკა, მკაცრი და დაუნდობელი კომერციული მედიცინის სამყაროში კარგად ახერხებს. არავინდის კლინიკა მსოფლიო რეკორდსმენია თვალზე გაკეთებული ოპერაციებით, რომელთა რაოდენობამ 4 მილიონს (!) გადააჭარბა. ამ ოპერაციების უმეტესობა დაბალ ფასში ან სრულიად უფასოდ კეთდება. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი ნალპერუ მალსამი, რომელიც პადმა შრის/Padma Sri-ის მაღალ წოდებას ატარებს („პადმა შრი“-ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი ეროვნული სამოქალაქო ჯილდო, რომელიც გადაეცემათ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, სპორტში, მედიცინაში, წარმოებაში, სოციალურ სერვისებში და საჯარო სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებულ და გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინდოეთის ცხოვრებაში), ამ სამედიცინო დაწესებულების ლიდერი და მმართველია ათწლეულების განმავლობაში.
2010 წელს ჟურნალმა „თაიმმა“ დოქტორი ნალპერუ მალსამი, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის საპატიო სიაში შეიყვანა. Outlook India-თან ინტერვიუში 73 წლის ექიმი და მენეჯერი, ინდოეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მოქალაქე მთავრობას ურჩევს, გაამკაცროს კონტროლი კერძო სექტორის საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე და გააძლიეროს საჯარო სექტორის უნივერსიტეტები და კოლეჯები.
არინდამ მუქერჯი: რა არ მოგწონთ ინდოეთის საგანმანათლებლო სისტემაში? რა მიდის არასწორი გზით?
დოქტორი ნალპერუ მალსამი: ზოგადად, განათლების სისტემა ფოკუსირებულია გამოცდების ირგვლივ და დიდ ყურადღებას არ აქცევს მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადებას მომავლისათვის და მათი ცოდნის ობიექტურ შეფასებას. ამის გამო, სტუდენტები იძულებული არიან, ჩააბარონ გამოცდები, რომლებითაც სინამდვილეში, მხოლოდ მათი მახსოვრების უნარების განსაზღვრა ხდება და არა ცოდნისა. ფაქტობრივად, დღეს ინჟინერებს უჭირთ ტექნოლოგიებთან მუშაობა, ხოლო ახალგაზრდა ექიმები არ მიდიან იმ ხალხთან, ვისაც მათი დახმარება ესაჭიროება.
როგორ ფიქრობთ, ეს სისტემის ნაკლია თუ ასეთი დამოკიდებულებაა, ზოგადად, განათლებისადმი?
დღეს სტუდენტები მკაცრად არიან ორიენტირებული პროფესიულ განვითარებაზე, აბარებენ გამოცდებს, რაც განსხვავებულია ცოდნის შეძენისგან ან კვლევის უნარების ჩამოყალიბებისგან. ჩვენს უნივერსიტეტებში არის კარგი ინფრასტრუქტურა და გვყავს კარგი პროფესორები, მაგრამ არ გვაქვს მოტივაცია სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის. თვით მედიცინაშიც კი ძალიან ცოტა ხალხია დაინტერესებული სამეცნიერო კვლევებით. ძალიან იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელსაც კვლევის მოტივაცია აქვს. ყველაფერი გამოცდებზე და სამსახურზეა ორიენტირებული.
მაგრამ ესეც ხომ დღევანდელობის მოთხოვნებია.
დიახ, მაგრამ არა ხარისხიანი სწავლის ფასად. ინდოეთის განათლების სისტემა მხოლოდ კომერციულ შემოსავალს უყურებს და სტუდენტებსაც იმას ასწავლიან, როგორ იფიქრონ მონეტარულ მომავალზე. სასწავლო პროგრამები ისეა აგებული, რომ მათ გამოცდების ჩაბარება უზრუნველყონ და რომელიმე კონკრეტული პროფესიის დიპლომი მიიღონ. სამწუხაროდ, სწავლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს.
და რა არის ამ გაუგებრობისა და არეულობის მიზეზი?
მიზეზი განათლების რეგულირებასა და განათლების პოლიტიკის შემუშავებაში უნდა ვეძებოთ. თუ სისტემა იმ დონეზეა, რომ სწავლა, გამოცდების ჩაბარებისთვის „რბოლით“ შეიცვალა, მაშინ რეგულატორებსა და პოლიტიკის ანალიტიკოსებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი ამ ანომალიისადმი გულგრილობისა და მასზე დაგვიანებული რეაგირების გამო. მარტო წესებისა და რეგულაციების ქონა არ არის საკმარისი განათლებისათვის. მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ხორციელდება ისინი პრაქტიკაში. სამთავრობო ერთეულები არ აკონტროლებენ ინსტიტუციებს და ვფიქრობ, ეს პრიორიტეტად უნდა გადაიქცეს. ასევე, კარგი ინსტიტუტები, რომლებიც რეალურად ასწავლიან ახალგაზრდებს და ხელს უწყობენ სწავლას, უნდა წახალისდნენ და მათ საქმიანობაში არავინ უნდა ჩაერიონ.
როგორ ფიქრობთ, სწორი მიდგომაა კერძო სექტორის თავისუფალი დაშვება განათლების სიტემაში?
სამედიცინო და საინჟინრო კოლეჯები და უნივერსიტეტების დიდი ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არიან, ინფრასტრუქტურულად არ არიან სათანადოდ აღჭურვილნი. ასევე მოიკოჭლებს მათი საპროფესორო შემადგენლობაც, რაც საბოლოოდ, განათლების ხარისხზე ახდენს გავლენას. უკეთესი ხარისხისა და რეპუტაციის სახელმწიფო ინსტიტუტები და უნივერსიტეტები კი ვერ აკმაყოფილებენ მათში სტუდენტთა მოხვედრის მზარდ მოთხოვნას. შესაბამისად, მოთხოვნა კერძო უნივერსიტეტებზე და სასწავლებლებზე სრულიად ბუნებრივია. ისინი ამ სიცარიელეს ავსებენ.
მაგრამ კერძო სასწავლო დაწესებულებები ძალიან მაღალ ფასს აწესებენ სწავლისთვის.
დიახ, კერძო უნივერსიტეტების დიდი ნაწილი სათავისოდ იყენებს ამ სიტუაციას და სწავლისათვის მაღალ საფასურს ითხოვს. რაიონებში ბევრი კარგი სტუდენტია, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ კარგი განათლება.
ზოგიერთ შტატში (ინდოეთში, ლ.ა.) მთავრობა არ ერევა სწავლის საფასურის რეგულირებაში, ტამილ ნადუს შტატის ჩათვლით.
დიახ, ასეა, მაგრამ ვფიქრობ, კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურებზე კონცენტრაციის ნაცვლად მთავრობამ უნდა გააძლიეროს და გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი სახელმწიფო უნივერსიტეტებში. როდესაც ეს მოხდება, ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და ყველა შეძლებს უმაღლესში სწავლას. დღეს ამ ინსტიტუტების სტანდარტები იმდენად დაბალია, რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის გამოკლებით, რომ იქ აღარავინ მიდის სწავლის გასაგრძელებლად. ყველა კერძო სასწავლებელს არჩევს, მიუხედავად ბევრად მაღალი ფასებისა.
რა არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან? როგორ შეიძლება მოწესრიგდეს სისტემა?
ერთი გზა არის საჯარო-კერძო სექტორების პარტნიორობა. ეს ბევრ სექტორში წარმატებულად მუშაობს და რატომ არ შეიძლება მისი განათლებაში დანერგვა?
კერძო სექტორს შეუძლია განავითაროს ინსტიტუტები და უზრუნველყოს ისინი ინფრასტრუქტურით, ხოლო მთავრობას შეუძლია შექმნას სასწავლო პროგრამა და დანერგოს იგი. საბოლოოდ, პოლიტიკის ანალიტიკოსები, პოლიტიკის განმახორციელებლები და მთავრობა ერთად უნდა დადგეს კარგი საგანმანათლებლო ინსტიტუტების შესაქმნელად.
უნდა არსებობდეს რაც შეიძლება ბევრი უნივერსიტეტი, რადგან ბევრ სტუდენტს არ აქვს საშუალება ისწავლოს კარგ სასწავლებელში. მაგრამ ამავე დროს, მთავრობამ უნდა შემოიღოს მკაცრი კონტროლი სწავლების პროცესის ყველა უბანზე, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, მასწავლებლების შემადგენლობა, საჭირო მოწყობილობები, შენობები და კურიკულუმი. ეს ყველაფერი დაფუძნების დღიდან უნდა შეიქმნას და გაკონტროლდეს.
უნდა შეიქმნას პერიოდული აკრედიტაციის სისტემა, რომლის მიხედვით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც აკრედიტაცია სურს, შემოწმდება რეგულატორის მიერ და უზრუნველყოფს ყველა არსებული ნორმის შესაბამისობას მოთხოვნებისადმი, რადგან ხშირად ინსტიტუტები აკრედიტაციის მიღების შემდეგ აშკარად იწყებს ამ ნორმების უგულვებელყოფას.
და არის კიდევ კორუფცია – სახიფათო მოვლენა ინსტიტუტებისა და რეგულატორებისათვის?
დიახ, გეთანხმებით. ადგილები დღეს, დიდ ფულად იყიდება. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ კერძო ინსტიტუტები, ბევრ ფულს ხარჯავენ ინფრასტრუქტურაზე და ამავე დროს, ცდილობენ ეს ხარჯები, როგორმე დაიბრუნონ – კეთილსინდისიერად თუ უსინდისოდ. ეს ის საკითხია, რომელიც სრულიად უნდა მოისპოს და ამოიძირკვოს.
დღეს ბევრი საუბარია გაერთიანებულ ტექნიკურ გამოცდებზე. როგორ ფიქრობთ, ეს კარგი იდეაა?
ეს კარგი წინადადებაა და იგი უნდა გავრცელდეს სამედიცინო უნივერსიტეტებზეც. უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების გარეშე სოფლიდან წამოსულ ახალგაზრდებს დაბალი შანსები აქვთ იქ მოწყობის. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი ქალაქის მცხოვრებ ახალგაზრდებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ ქალაქებში ხელმისაწვდომი რეპეტიტორების დახმარებისა და შესაბამისად, კარგი ნიშნების გამო. ერთიანი ეროვნული გამოცდის საშუალებით კი ყველა თანაბარ პირობებში ჩადგება.
თქვენი ინსტიტუტი, „არავინდის თვალის კლინიკა და კოლეჯი“(Aravind Eye Care Group) წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას – თქვენ, სამართლიან წესებზე დამყარებული საქმიანობით გამოირჩევით და ცალკე დგახართ დღეს არსებული ღირებულებებისა და სისტემისგან. როგორ ახერხებთ ასე გაგრძელებას?
ჩვენ ჩვენი საკუთარი სტანდარტები შევიმუშავეთ, რომლებიც ღირსებაზე, თვისებებზე და პროფესიონალიზმზეა დამყარებული და მათი ერთგული ვრჩებით. ჩვენთან სწავლის ღირებულება არ არის მორგებული ჩვენს საჭიროებებზე. ჩვენ გადასახადს ვახდევინებთ სწავლის შესაბამისად. კურსის დაწყებამდე, კლინიკა-კოლეჯი ყველას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებით და იმ ინფრასტრუქტურით და მოწყობილობა-დანადგარებით, რომლებიც აუცილებელია სწავლებისათვის. ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ სტუდენტს, რომელიც სასწავლად ჩვენთან მოდის, ბევრი მსხვერპლის გაღება უწევს. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ საკუთარი საქმიანობის პერიოდულ შეფასებას.
რისი თქმა გსურთ დღეს სტუდენტებისათვის?
მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საუნივერსიტეტო განათლება ცოდნის საბაზო საძირკველს წარმოადგენს. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მათ სწავლა შეუძლიათ. როდესაც სასწავლებელს დატოვებენ, მათ პრაქტიკაში იმის კეთება მოუწევთ, რაც აქ ისწავლეს. მათ რეალურ სამყაროში სწავლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ამიტომაც, მათ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ ცოდნის მაქსიმუმი.
სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ
„იავნანამ რა ჰქმნა“, „ჯუნგლების წიგნი“ და ენის ათვისების თეორიები
იაკობ გოგებაშვილი პედაგოგიკის გარდა, მრავალ სფეროში განსაკუთრებული შესაძლებლობების, განათლებისა და უბადლო ინტუიციის მქონე ადამიანი იყო. პირველ ყოვლისა, ეს ლინგვისტიკას შეეხება. დედაენის მთავარი მარგალიტი „აი ია“, ფუნქციურობის გარდა, მნიშვნელოვან ლინგვისტურ თვისებას ატარებს. მასში წარმოდგენილია ქართული ენის ხმოვანთა სისტემის ფონეტიკური შესაძლებლობების ერთგვარი ანი და ჰოე, ყველაზე ღია და დახურული ხმოვანი და ამასთანავე, სინტაქსური ფუნქციის მქონე ყველაზე ლაკონური ფრაზა – წინადადება.
იაკობ გოგებაშვილის ლინგვისტური ინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყველა მხატვრული თუ სამეცნიერო ტექსტი, რომელშიც იგი პირდაპირ თუ ირიბად ეხება ენობრივ საკითხებს, დიდ გამოცდილებას ეფუძნება და შემთხვევითი სულაც არ არის.
ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა „იავნანამ რა ჰქმნა“. ყველასთვის საყვარელი მხატვრული ამბავი მშობლიურ გარემოსა და მის დაკარგვას, მეხსიერებასა და საკუთარ სივრცეში დაბრუნებას ეხება. ტექსტს ჩვენი სასწავლო პროგრამის ფარგლებში დიდი დრო ეთმობა და ვფიქრობ, საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვის საშუალებასაც იძლევა.
თუ სიუჟეტს გავცდებით, ნაწარმოებში მრავალი საინტერესო და აქტუალური პრობლემის გამოკვეთას შევძლებთ. მათ შორისაა, რამდენიმე ლინგვისტური საკითხიც, მსუბუქად, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მიწოდებული ენობრივი პრობლემები მათ თვალსაწიერს გააფართოებს და ნებისმიერი ნაწარმოების განსხვავებული ასპექტით გააზრეების საშუალებას მისცემს.
- ენა, როგორც კომუნიკაციის საშუალება, ყოფიერების სახლი, გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ენის ათვისების თეორიები:
ამ გაკვეთილზე მეორე, პარალელურ ტექსტად რადიარდ კიპლინგის შესანიშნავ „ჯუნგლების წიგნს“ ვიყენებ. მოკლედ ვყვები ენაზე, კომუნიკაციასა და ენის ათვისებაზე, მეტყველების პროცესზე, მისი წესების დარღვევებსა და მიზეზებზე, უძველეს თუ უახლეს ექსპერიმენტებზე, მშობლიურ ენაზე და მის აუცილებლობაზე. რა ენაზე ისაუბრებდა მაუგლი? როგორ და ვისგან ვითვისებთ სიტყვებსა და ჟესტიკულაციას? როგორ თანხმდება ადამიანთა კოლექტივი ამა თუ იმ ჟესტის მნიშვნელობაზე? რას ნიშნავს ბავშვის ენა? როგორ იკვლევენ ბავშვის ენას? როგორი ტიპის მეტყველების დარღვევები არსებობს? რას ნიშნავს, აღიქვამდე სამყაროს ისე, როგორც ამას შენი ენა გკარახობს და ა.შ, და ა.შ.
- ბილინგვიზმი და მეორე ენის შესწავლა
მეორე ენის შესწავლისა და ათვისების პრობლემატიკას მსოფლიო ენათმეცნიერებაში მრავალი საინტერესო კვლევა თუ თეორია ეძღვნება.
პირველი ენა არის ის, რომელსაც ბავშვობაში ვითვისებთ, თუმცა სინქრონიული მულტილინგვიზმის დროს შესაძლოა ერთდროულად ორ ან მეტ ენას ვითვისებდეთ; მეორე ენა არის ის, რომელსაც ვსწავლობთ მაშინ, როცა ერთის სტრუქტურა ათვისებული გვაქვს, შესაბამისად, ერთი ენის ცოდნა არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც სხვა ენებს ვსწავლობთ. კაცობრიობის ნახევარზე მეტი მულტილინგვია, ანუ ფლობს ერთ ენაზე მეტს, გლობალიზაციის პირობებში ასეთი ადამიანების რაოდენობა, რასაკვირველია, კიდევ უფრო იზრდება.
გაკვეთილზე საინტერესო დისკუსიისთვის შეგვიძლია დავსვათ კითხვები:
- რომელია ჩვენი მშობლიური ენა?
- როდის ვისწავლეთ?
- რომელია მეორე ენა?
- რა განსხვავებაა პირველსა და მეორე ენას შორის?
- როგორ გვიმარტივებს ერთი ენის ცოდნა მეორე ენის შესწავლის პროცესს?
და ა.შ.
რა განაპირობებს ენის შესწავლის პროცესს? მიზეზები მრავალგვარია – ემიგრაცია, ინტერვენცია, ეკონომიკური განვითარება, პროფესია და ა.შ
„იავნანამ რა ჰქმნას” პერსონაჟის, ქეთოს შემთხვევაში მეორე ენაზე ამეტყველების მიზეზი ძალადობრივად, განსაკუთრებული ემოციური დატვირთვის ფონზე შეცვლილი გარემოა. ყველაზე საინტერესო ამ მოთხრობაში ისაა, რომ მეორე ენა, თუმცა, დროებით, მაგრამ მთლიანად გადაფარავს მეხსიერებაში პირველი ენის კვალს. მეორე ენა ცვლის ქეთოს, როგორც ენობრივ არსებას და მთლიანად ავიწყებს წარსულს, რომელიც პირველ რიგში, პირველი ენის გარემოში ცხოვრებაა, ავიწყებს საყვარელ ადამიანებს და სახლს.
ის, რამაც ქეთო თავის მშობლებს დაუბრუნა – ბავშვობის იავნანაც ენობრივი გარემოს შემადგენელი ნაწილია, ენობრივი ერთეულია, რომელიც ის ანკესი აღმოჩნდა, რომელმაც თან მთელი მეხსიერება წამოითრია:
„იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად ამღერა, მაღლა ასწია. პატარა ხანს უკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდან კეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ აგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოს სიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი“.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქეთოს „მკურნალი“ ისევ ენა აღმოჩნდა, ენა, რომელიც ამ მოთხრობაში ბედისწერასავითაა, რომელმაც ორჯერ შეცვალა მთავარი პერსონაჟის ცხოვრება.
ჰავეცის გამოცდა
კაი ჰავეცი ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველია. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩებამდე, როცა უკვე თანდათან დაიძაბა ვითარება, ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც დამამახსოვრდა და სულ მეხსომება ალბათ.
კარგი ბიჭი კაი ჰავეცი განმეორებით თამაშს გამოტოვებდა. მიზეზი? – სკოლაში გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყებოდა. მაშინვე გამახსენდა საქართველოს ეროვნული ნაკრების სათადარიგო მეკარის – მაკარიძის შემთხვევა, როდესაც მან თამაში გამოტოვა იმის გამო, რომ, თუ არ ვცდები, საატესტატო გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი. იმ პერიოდში ბევრი ამბობდა, რომ არასწორი იყო განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ეს პრინციპული პოზიცია, თუმცა ფაქტი ფაქტად დარჩა.
ჩვენში უმეტესად ცუდი დამოკიდებულება აქვთ დროისა და პრიორიტეტების განაწილებასთან. მოსწავლეები, რომლებიც სპორტსმენები ან მოცეკვავეები არიან, თითქმის აღარ ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს არ სწავლობენ ან ძალიან ცუდად სწავლობენ, მეორე შემთხვევაში კი სწავლის გამო ხშირად სპორტულ თუ სასცენო კარიერას ჩანასახშივე წყვეტენ.
დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ ისევ პირადი გამოცდილების საფუძველზე ვიტყვი, რომ ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზეც მოუწესრიგებელია. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ის თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან, თუმცა მას უწევს სწავლა. ეს კარგია, ძალიან კარგი. თუმცა არის პრობლემა – დროის, ფიზიკური ენერგიის, ყურადღების განაწილება ამ ორს შორის.
შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბევრი ახალგაზრდა კარგავს კარგი განათლების მიღების საშუალებასაც და თავის სფეროში წარმატების შანსსაც, რადგან დგება პერიოდი, როცა სწავლა და სპორტული კარიერა ცუდად იკვეთება მის ცხოვრებაში.
თამაში, რომელიც ჰავეცმა გამოტოვა, ფრედ, ნულით ნული დასრულდა. ვერ გეტყვით, რომ ეთამაშა, რას შეცვლიდა გუნდის სასიკეთოდ ახალგაზრდა ნახევარმცველი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ამ ბიჭმა თავის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ჯერ ის, რომ გამოტოვა უმნიშვნელოვანესი მატჩი და მეორე – სიმწიფის ატესტატი მიიღო.
თავად გადაწყვიტეთ, სწორად მოიქცა თუ არა. ან იქნებ დიეგო სიმეონემ მიიწერა ყალბი წერილი სკოლის დირექტორის სახელით. ღმერთმა უწყის.
დამოკიდებულება არ არის მონსტრი
ალკოჰოლი, ნარკოტიკები, შოპინგი, ტკბილეულობა, ანიმე, სპორტი, ონლაინთამაშები – ჩვენი ტვინი მარტივად ეჩვევა ყველაფერს, რასაც სიამოვნება მოაქვს. იმისათვის, რომ გავერკვიოთ დამოკიდებულების ფენომენში და იმაში, თუ როგორ არ უნდა ვიქცეთ დამოკიდებულებად, უნდა ვიცოდეთ ამის მიზეზი. საავტორო წიგნში „სურვილების ბიოლოგია: დამოკიდებულება – ის არ არის დაავადება“, მარკ ლუისი, საინტერესო ავტობიოგრაფიის მქონე ამერიკელი ნეირობიოლოგი, ხსნის, რომ ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულება, უპირველესად, ჩვევაა ტვინში, რომლის გაკონტროლება არ გვინდა.
მარკ ლუისი – ათი წელი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, რის გამოც გაირიცხა ასპირანტურიდან, დაითხოვეს სამსახურიდან. იხდიდა პირობით სასჯელს. მან დაძლია დამოკიდებულება. გააგრძელა სწავლა. მიიღო განათლება. საკუთარი ნარკოდამოკიდებულების გამოცდილება გადააფასა ნეირობიოლოგის პოზიციიდან და ახლა სხვისი გამოცდილების შესწავლის პროცესშია.
მარკ ლუისი: „მედიცინაში ახალი აღმოჩენების დამსახურებით, ჩვენ აღარ მოვიაზრებთ დამოკიდებულ ადამიანებს უპასუხისმგებლო ამორალებად, უნებისყოფო მუთაქებად და ლტოლვას აყოლილ ცოდვილებად. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება უპირობოდ ცვლის ადამიანის ტვინს. ასევე, გვსმენია იმის შესახებ, რომ ტვინის ანალოგიურ ცვლილებებს იწვევს არაქიმიური დამოკიდებულებაც: თამაში, საჭმელი, ინტერნეტი, შოპინგი. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვას: რა არის დამოკიდებულება. ის ჩვეულებრივი დაავადებაა“.
ასეთ მოსაზრებას დამოკიდებულებაზე არაერთი დადებითი მხარე აქვს. ყველაზე მთავარი – ვაღიარებთ რა დამოკიდებულებას დაავადებად, ვიძლევით იმის გარანტიას, რომ დამოკიდებულ ადამიანებს ექნებათ დახმარების მიღების უფლება, მხარდაჭერა და მკურნალობა. გარდა ამისა, ამ აღიარებით იოლდება ამ დაავადებისთვის ახალი კვლევების წარმოება, უფრო ეფექტიანი და სრულყოფილი წამლების გამოგონება.
თუმცა, ასეთ მოსაზრებას სერიოზული მინუსიც ახლავს – დამოკიდებულ ადამიანს არ სურს თავი უსუსურ ავადმყოფად ცნოს. ეს კი ხელს უშლის მის რეაბილიტაციას.
ამერიკელი ნეირობიოლოგი მარკ ლუისი წერს: „გამოჯანმრთელებულ დამოკიდებულ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც მე ვესაუბრე, აცხადებს, რომ მათთვის უფრო მიზანშეწონილია თუკი ვიტყვით ხოლმე, რომ ისინი გათავისუფლდნენ დამოკიდებულებისგან და არა განიკურნენ ან რემისიაში იმყოფებიან. ამ ადამიანებმა დამოკიდებულება მთელი მონდომობეთ, შემართებით, ინტენსიური თვითანალიზით, სითამამით და ახალი ცხოვრებისეული პერსპექტივების დანახვით დაამარცხეს. მათი აზრით, ისინი უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ“.
ლუისი დამოკიდებულების შეფასებასთან დაკავშირებულ სხვა ხედვას გვთავაზობს, რომლის მიხედვით უნდა აქცენტი უნდა გადავიტანოთ არა იმაზე, რომ დამოკიდებულება ტვინს „ურტყამს“, არამედ იმაზე, თუ როგორ ახერხებს ტვინი ამ დამოკიდებულების ფორმირებას.
ჩვენი ტვინის ყველაზე შესანიშნავი თვისება ელასტიკურობაა. ტვინი მარტივად ადაპტირდება სირთულეებთან და იცვლება, რათა ამ სირთულეებს გაუმკლავდეს. სწორედ უჯრედული ცვალებადობის ხარჯზე ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი. ტვინის ელასტიკურობის დამსახურებით კაცობრიობამ შეძლო მიეღწია ამდენი აღმოცენისთვის, კარგისთვის და ცუდისთვის. ყველა „ცოდვა“, რომლის შესახებ ოდესმე გვსმენია, ჩვენს ტვინში დაიბადა. ტვინი იყო და იქნება ყველა იდეის აკვანი.
სად ხდება ცვლილებების უმეტესობა? ტვინის ორ სტრუქტურაში. ორივე „დასაპროგრამირებელი“ უჯრედების ქსელით გახლავთ დაფარული – დიდი ნახევარსფეროების ქერქი და ლიმბური სისტემა.
მარკ ლუისი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის ტვინში ნეირონები ერთნაირად არის განლაგებული, მათ შორის კავშირი ისე კონსტრუირდება, რომ შეუძლია
რადიკალური ცვლილება განიცადონ. ცვლილებები მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენს მიერ მირებული გამოცდილების საპასუხო რეაქციად, გარემოს აღქმიდან გამომდინარე.
იმისათვის, რომ ამ მუდმივ ცვლილებებს „გავუძლოთ“, გამოვიმუშავებთ ე.წ. „ჩვევებს“. საუბარია არა მხოლოდ მავნე ჩვევებზე – ამ ჩვევების ფორმა გარდაქმნილია კულტურულ ნორმად, მაგალითად, ქცევის ნორმად ან სექსუალურ სტერეოტიპად ან ადამიანის ისეთ თვისებად, როგორიც ეჭვიანობაა. ლუისი ამტკიცებს, რომ მრავალჯერადად განმეორებული ქცევა სტაბილიზირდება ტვინში და ჩვევაში გადადის. რაც უფრო მყარდება ჩვევა, მით უფრო რთულდება მასზე უარის თქმა და აქ უკვე ნაკლებად გვაქვს საქმე ნებისყოფასთან, უბრალოდ, ტვინმა უკვე კარგად იცის როგორ უნდა მიიღოს სწრაფად და ეფექტიანად სასურველი სიამოვნება.
ამაშია ამ მოსაზრების მთელი განსხვავება დამოკიდებულება-დაავადების თეორიის საპირისპიროდ. ტვინში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც დამოკიდებულების დროს ფორმირდება, გამოწვეულია არა სიამოვნების გამომწვევი ობიექტით, არამედ ტვინის მუშაობის შედეგად მირებული ნაყოფით.
რას ნიშნავს „გსურდეს“, „გინდოდეს“ ? „ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. არაფრის კეთებაც კი დასვენების მიზანს ემსახურება. ადამიანის ტვინში მოტივაციის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ზოლიანი სხეულია. ის არის ჩვენი ქმედების მაკონტროლებელი ცენტრი. სწორედ ის გვამცნობს, რომ ჩვენს მიერ დასახული მიზანი შესრულდა. ზოლიანი სხეული თითქოს საკუთარ გამოცდილებაზე „სწავლობს“ და იმახსოვრებს იმას, რამაც ერთხელ უკვე მიგვაღებინა სიამოვნება – ეს შეიზწლება იყოს რაიმე კერძით მიღებული სიამოვნება, კომპიუტერთან ჯდომით, თამაშით, ნარკოტიკებით, ალერსით, ალპინიზმით და სხვ. ის აძლევს ტვინს სიგნალს, რათა მან კიდევ განიცადოს ერთხელ მიღებული სიამოვნება.
ყველა სიგნალი ჩვენამდე დოფამინის დახმარებით აღწევს – ნეირომედიატორის, რომელიც ტვინის ცენტრიდან ზოლიან სხეულამდე მიემართება. დოფამინი სტიმულირებას უწევს სიამოვნების ცენტრს და რაც უფრო მეტია სტიმულაცია, მით უფრო გვიჩნდება ლტოლვა სასურველი ობიექტისადმი (კერძისადმი, კომპიუტერისადმი, ნარკოტიკებისადმი, ლაშქრობისადმიდა სხვ.) მაგრამ რატომ არის ასე რთული ამ ლოტოლვაზე უარის თქმა? რატომ არ შეგვიძლია სხვა რამეზე გადავერთოთ? აქ ორი პრობლემა ჩნდება. პირველი ობიექტის იმწამიერი სასურველობა და ხიბლია, რომლის ფონზე სხვა დანარჩენი მიზნები ფერმკრთალდება.
მარკ ლუისის თქმით, დოფამინის ძირითადი ფუნქციაა მოეხმაროს ტვინს ხელმისაწვდომი მიზნების გამოყოფაში. ზოლიანი სხეულის ნეირონული ქსელი დოფამინის ნაკადთან ერთად იზრდება და უფრო თვალსაჩინო ხდება, თითქოს გაჰყვირის: „აგერ ვარ, სასწრაფოდ მომაქციე ყურადღება!“
მეორე პრობლემა იმაშია, რომ დამოკიდებულება კოგნიტური კონტროლის მექანიზმის მუშაობას აფერხებს. თავდაპირველად მაკონტროლებელი ფუნქცია პრეფრონტალურ ქერქთან მდებარეობს – ის მართავს ჩვენი განსჯის უნარს და ინტუიციას, გვეხმარება მიღებული გამოცდილების მისადაგებაში ახალ რეალიებთან. დამოკიდებულების ადრეულ სტადიებზე ის შეთანხმებულად მოქმედებს ზოლიან ტვინთან და დაახლოებით ასეთი ტიპს სიგნალებს გადასცემს: „მე ეს მომწონს, მე ვიღებ სიამოვნებას და ასე გავაგრძელებ, უბრალოდ, თავი უნდა ვაკონტოლო“.
დამოკიდებულების განვითარებასთან ერთად, „შეთანხმება“ ტვინის მაკონტროლებელსა და ზოლიან სხეულს შორის ირღვევა. სიამოვნების მიღების „ჩვევა“ – ეს პირობითი განსაზღვრებაა – თანდათან მყარდება, შემდეგ გადადის ავტომატურ რეჟიმში, ორიენტირდება მხოლოდ სასურველის მიღებაზე, კონტროლის გარეშე. ის, რაც ადრე ადამიანისთვის სასიამოვნო იყო და ამის განცდას ბადებდა, ნელ-ნელა გარდაიქმნება მტკივნეულ „ჩვევად“, რომლის არგანხორციელების შემთხვევაში ადამიანი ძლიერ, ზოგჯერ აუტანელ ფიზიკურ ტკივილს განიცდის.
თავის ახალ წიგნში ლუისი კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ დამოკიდებულებასთან გამკლავება ძნელია. ამერიკელი ნეირობიოლოგი გმობს დამოკიდებულ ადამიანთა მიმართ ძალისმიერ მეთოდებს, ძალადობრივ და უნიფიცირებულ სამკურნალო პრაქტიკას, რომლითაც პაციენტი მხოლოდ ექიმის მიერ გაწერილ მკაცრ განრიგს უნდა მიჰყვებოდეს და არ იყოს გათვალისწინებული პაციენტის მოტივაცია, ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
ლუისი დარწმუნებულია, რომ დამოკიდებულ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ექიმი და საზოგადოება, უნდა მოეხმაროს მისი ახალი მომავლის წარმოდგენაში, მოდელირებაში, თუ როგორ იცხოვრებს ის დამოკიდებულების გარეშე. დამოკიდებული ადამიანის მიერ აღიარებული წარმოსახვითი მომავლის მოდელი მთელი მკურნალობის განმავლობაში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
ფსიქოთერაპია თუ მედიტაცია, მეგობრული საუბრები თუ ანონიმურ შოპოგოლიკთა შეხვედრები, ხანგრძლივი შვებულება თუ დროებითი იზოლაცია, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს, მთავარია როდის შევთავაზებთ ამ ყველაფერს დამოკიდებულ ადამიანს. მაქსიმალურად ეფექტიანია დახმარება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამოკიდებული ადამიანი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, თავად გამოთქვამს დამოკიდებულებისგან გათავისუფლების სურვილს. ეს ის „ოქროს მომენტია“, როცა ჩვენ მისი განკურნების რეალური შანსი გვიეზლევა.
დამოკიდებულება არ არის მონსტრი, რომელიც ადამიანზეა მიჯაჭვული. დამოკიდებულება დაიძლევა.
ბერლინის ორი ტაძარი
მთელი ცხოვრებაა გერმანულ კულტურას, ისტორიასა და პოლიტიკას ვსწავლობ. გერმანულიდან ნათარგმნი მაქვს ათზე მეტი ტექსტი და საგაზეთო პუბლიკაცია. ჩემი ლექციებისა და მოხსენებების დროს ყოველთვის ვცდილობ გერმანული მაგალითების მოხმობას, რათა მსმენელებმა მეტი რამ გაიგონ კონტინენტის შუაგულში მოქცეული ქვეყნის უზარმაზარი გამოცდილების შესახებ. გერმანული სამყაროს სიყვარულის მიუხედავად, ფედერაციულ რესპუბლიკაში არასდროს გახლდით ნამყოფი. როგორც იქნა, კეთილი ადამიანებისა და მოკრძალებული შრომის წყალობით პირადი ნატვრაც ამიხდა და ევროპულ დედაქალაქში ამოვყავი თავი.
ბერლინმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში მასზე უკეთესი ქალაქების მოძებნა თავისუფლად არის შესაძლებელი. ბერლინი, ალბათ, ბევრ ევროპულ ცენტრს ვერც შეედრება თავისი სავაჭრო კომპლექსებით, ურბანული დაგეგმარებით, დიდებული ნაგებობებითა თუ არქიტექტურით. თუმცა, გერმანიის დედაქალაქს ერთი განსაკუთრებული გარემოება გამოარჩევს. ბერლინის ყველა კუთხეში, ყველა ქუჩაზე, ყველა მოსახვევში შეიმჩნევა ტანჯვის კვალი. ქალაქი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგახსენებთ ჰოლოკოსტის, ევროპის ორად გაყოფისა და „შტაზის“ რეპრესიების გამოცდილებას. ნაციზმისა და სტალინიზმის იარებით ბერლინი დაჩაგრული ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს ენათესავება. მთავარ გამზირზე გადაადგილების დროს მშობლიური მხარის გამოცოცხლების იმედით საკუთარ თავს ერთსა და იმავე ფრაზას ვუმეორებდი: „ბერლინელებიც ხომ დამარცხდნენ, ისინიც ხომ განაცალკევეს ერთმანეთისგან, მათი სახლებიც და ოცნებებიც ხომ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს, მათაც ხომ დაუშვეს გამოუსწორებელი და უპატიებელი შეცდომები, მაგრამ მაინც გადარჩნენ და უდიდეს მიზნებს, საოცარ შედეგებს მიაღწიეს“.
ბრანდერბურგის კარიბჭისა და ბუნდესტაგის სასახლის შესახებ ბევრმა ყველაფერი გადასარევად იცით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ბერლინის ორი საინტერესო ეკლესიის, ტაძრის შესახებ მოგითხროთ.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გერმანიის სამეფო ოჯახმა პირველი დიდი იმპერატორის, კაიზერ ვილჰელმის პატივსაცემად გრანდიოზული ტაძარი ააგო. ეკლესიას ხუთი გუმბათი ჰქონდა. ხუთივე გუმბათზე გერმანია-საფრანგეთის ომის შემდეგ ნადავლად წამოღებული, ნაალაფარი ბრინჯაოსგან დამზადებული გრანდიოზული ზარი ეკიდა. მუზეუმად გადაკეთებულ ტაძარში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ კედლის მოზაიკები და ოქროსფერი მოხატულობა. მდიდრულ ფრესკებზე ვილჰელმ I ღმერთის უშუალო წარმომადგენლად, მის ნათესავად, მისი ნების მთავარ და ერთადერთ აღმსრულებლად არის წარმოჩენილი. მბრწყინავ კედლებზე იმპერატორის ნათესავების წმინდანთა დასის წარმომადგენლებისგან გამორჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. მოკლედ, მეოცე საუკუნეს გერმანელები ამ გრანდიოზული ტაძრით შეეგებნენ. ტაძარი გერმანიის ძლევამოსილების, ღმერთის ნების აღსასრულებლად მეზობელ ქვეყნებზე ლაშქრობისა და მათი დაპყრობის, იმპერიის სიდიადისა და მარადიულობის სიმბოლო გახლდათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია დაიბომბა და განადგურდა. ბერლინელებმა შენობა აღარ აღადგინეს და ნანგრევების კონსერვაციის შემდეგ შენობაში მუზეუმი გახსნეს. Gedächtniskirche-ის მთავარ შესასვლელთან დღემდე ჰკიდია დაფა. მემორიალური დაფა იუწყება, რომ ყველა იმპერია ციდან მოვლენილი ცეცხლით ასრულებს თავის არსებობას. მუზეუმიც სწორედ აღნიშნული იდეის საყოველთაოდ გავრცელების საქმეს ემსახურება.
ნანგრევების გვერდით სრულიად უსახური შენობა დგას, რომელიც თელავის იუსტიციის სახლზე უფრო საზარელ სანახაობას წარმოადგენს. შემაძრწუნებელი ფასადის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე კარის გაღება და ყუთის ფორმის დაწესებულებაში შესვლა. ევანგელისტურ ეკლესიას ვილჰელმის ტაძრიდან სალოცავი აქ გადმოუტანია. ლაჟვარდისფერი მინების წყალობით ლურჯად განათებულ მისტიურ, შესანიშნავ დარბაზში ქრისტეს ერთადერთ გამოსახულებას, ხის უბრალო სკამების რიგსა და საორკესტრო ქანდარას გადავაწყდი. იქვე მყოფმა უსაყვარლესმა ქალმა კი ამიხსნა, რომ ღვთის სადიდებლად ხუთგუმბათიანი, ხუთზარიანი, ოქროთი მოვარაყებული ქვის აკლდამები არ არის საჭირო. მლოცველისთვის გარედან უსახური, შიგნიდან კი უბრალო და ჰარმონიული ახალი ეკლესია ქრისტესმიერი თავმდაბლობისა და ანტიიმპერიალიზმის სიმბოლო იყო. ამგვარი კონცეფციის ორთოდოქსულ ტაძარში ლოცვის იმედით დავტოვე ჩემი მასპინძელი და საქმეებს დავუბრუნდი.
გერმანიიდან გამომგზავრების წინა დღეს კი მეორე ტაძარს გადავეყარე. აღმოსავლეთ ბერლინის საბჭოთა ყაიდის ქუჩებს შორის, ერთ აყვავებულ პარკში სიონის ეკლესიაა მდებარეობს. მისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი შორეულ წარსულს არ უკავშირდება. სიონის ეკლესიამ სახელი უმთავრესად 1980-იანი წლების შემდეგ გაითქვა. მეოცე საუკუნის მიწურულს აღნიშნულ ტაძარში მღვდელი ჰანს სიმონი მოღვაწეობდა. საბჭოთა გერმანიის დედაქალაქის შუაგულში მღვდელმა წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერას დაუდო სათავე. თავდაპირველად, ეკლესიის მრევლმა შენობაში ბიბლიოთეკა გახსნა. წიგნთსაცავში „შტაზის“ მიერ აკრძალული და გრიფირებული პუბლიკაციები ინახებოდა. არადემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეებს ეკლესიის კუთხეში შეეძლოთ რევოლუციური და რეჟიმის საწინააღმდეგო ლიტერატურის აღმოჩენა. საეკლესიო საზოგადოება მხოლოდ ბიბლიოთეკის შექმნით არ შემოიფარგლა. ჰანს სიმონის მონაწილეობით აღმოსავლეთ ბერლინელებმა უფრო ფართო დისიდენტური მოძრაობის დაწყებაც გადაწყვიტეს. მათ არალეგალური სტამბა დააფუძნეს და უკვე მთელ ქალაქში ავრცელებდნენ ანტისაბჭოთა პროკლამაციებსა თუ „სამიზდატის“ პროდუქციას. „სკინჰედების“ თავდასხმებისა თუ სხვა პროვოკაციების მიუხედავად, სიონის ტაძარმა გერმანიის გაერთიანებამდე არ შეწყვიტა დისიდენტური საქმიანობა. ეკლესია დღემდე აქტიურად იბრძვის ჩაგრული ჯგუფების ინტერესების დასაცავად, მათთვის თავშესაფრების მოსაწყობად და გაჭირვებულთათვის დამატებითი სოციალური დახმარების მისაწოდებლად.
წაბლის ხეივნის გამზირზე გამოსვლისას გონებაში ჩვენი სიონის ტაძარი და ეროვნული მოძრაობის პირველი ნაბიჯები ამომიტივტივდა. თბილისში დაბრუნებული არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე ჩვენს ეკლესიაშიც გააქტიურდება ჰუმანური, უბრალოებით გამორჩეული და თანამედროვეობის უდიდესი პრობლემების – სიღარიბისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული დისიდენტური მოძრაობა.















