ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

ქალაქების ეკოლოგია თუ ეკოლოგია ქალაქებში? – საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

0

ახალი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ქალაქებში ადამიანებისა და ბუნების ურთიერთქმედებას სწავლობს. 

„ორგანიზატორებს პოდიუმის თავზე მორთულ-მოკაზმული დაფა ეკიდათ, რომელზეც დღის გეგმა ეწერა. შეკრების პირველი საკითხად, მსოფლიოს ურბანული კრიზისი იყო აღნიშნული, მეორე საკითხი ეკოლოგიური კრიზისი გახლდათ, მესამე – ჰაერის დაბინძურება, მეოთხე – ენერგეტიკული კრიზისი, მეხუთე – საკვების კრიზისი. შემდეგ კი აღნიშნული იყო სხდომებს შორის შესვენება“.

სტანისლავ ლემი (პოლონელი მწერალი-ფანტასტი,

რომანი „სოლიარისის“ ავტორი).

 

დღეს, დედამიწელთა უმეტესობა (55%) ურბანულ სივრცეებში ცხოვრობს. პირველად, დედამიწის ისტორიაში 2007 წელს, ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობამ გადააჭარბა სოფლის მოსახლეობას. ეს, რა თქმა უნდა, მოცემულობაა, თუმცა ეს პირველად ხდება და დედამიწაზე მცხოვრები კაცობრიობის უმეტესი ნაწილის საცხოვრებელი გარემო დღეს მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და არა რომელიმე სოფელი, ვთქვათ, მდინარის ხეობაში ან ტყის პირას.

ადამიანთა ცივილიზაციის განვითარებამ XXI საუკუნეში გადალახა ის წერტილი, როდესაც ასფალტ-ბეტონით ნაშენები ქალაქები უფრო მეტ ადამიანს იზიდავენ, ვიდრე მდინარის, ტბის თუ ოკეანის პირას გაშენებული სოფლები, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მათთვის ტრადიციული საქმიანობით არის დაკავებული. სასოფლო დასახლებების და სოფლისთვის დამახასიათებელი საქმიანობის ეპოქა, როგორც ჩანს, დასრულდა და ადამიანები ახალ სოციალურ გარემოსა და სისტემას – ქალაქს ანიჭებენ უპირატესობას.

ქალაქების მოსახლეობის ან ქალაქების რაოდენობის ზრდა კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პროცესია, რომელსაც ურბანიზაციას ვუწოდებთ. ურბანიზაცია, გლობალური მასშტაბის მიმდინარე პროცესია, რომელსაც ადამიანებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობები და საფრთხეები მოაქვს – ერთის მხრივ, იგი ქალაქების მოსახლეობას მრავალფეროვან სამუშაოსა და სერვისებს სთავაზობს, მეორე მხრივ კი, ქალაქებისა და მისი მოსახლეობის ზრდა, კითხვის ქვეშ აყენებს ურბანული დასახლებებში ცხოვრების, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, ეკოლოგიური მდგომარეობის და ზოგადად, ქალაქების მდგრადი განვითარების საკითხებს.

გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად ქალაქების მოსახლეობა 60-70 მილიონი ადამიანით მატულობს, ხოლო ტერიტორია, რომელზეც ეს ქალაქებია განლაგებული, დედამიწის ფართობის მხოლოდ 2-3%-ს იკავებს. მიუხედავად ქალაქების ასეთი „კომპაქტური“ განშლისა, მოსახლეობის ზრდის ტემპზე უფრო მაღალი ტემპით მატულობს ქალაქების მიერ ყოველწლიურად დაკავებული მიწის ფართობები. შესაბამისად, დედამიწის ზედაპირი, ყოველწლიურად უფრო „ურბანიზირებული“ ხდება და დედამიწაზე არსებული, ათასობით უნიკალური ეკოსისტემა (ტყეები, ჭაობები, წყლის სისტემები, ველები, მდელოები, მთები და მთისწინეთები, მდინარეები და მათი ხეობები, ტბების ეკოსისტემები, და მრავალი სხვა) ნელ-ნელა იცვლის სახეს და მზარდი ქალაქების ნაწილი ხდება. შედეგად, ბუნებრივი ეკოსისტემები ან მთლიანად ნადგურდება, რადგან მათ ადგილს შენობები, გზები, რკინიგზა, სამრეწველო თუ კომერციული ობიექტები იკავებენ, ან მნიშვნელოვნად მცირდებიან ზომაში, იცვლებიან და საუკეთესო შემთხვევაში, ქალაქური პარკების ან სკვერების სახით რჩებიან ახლად შექმნილ, ახალ, ახლა უკვე ურბანულ ეკოსისტემაში. დღეს ჩვენ ყველას სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე: ურბანიზაცია და ურბანული განვითარება, პირდაპირ გავლენას ახდენს და უმეტეს შემთხვევაში, აზიანებს მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწაზე ჩამოყალიბებულ ბიოფიზიკურ გარემოსა და ეკოლოგიურ სისტემებს. ასევე დამაფიქრებელია ისიც, რომ დაზიანებული ან განადგურებული ეკოსისტემების აღდგენა პირვანდელი სახით, მათში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და ურთიერთდამოკიდებული ბიოქიმიური და ბიოფიზიკური კავშირების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია და განხორციელების შემთხვევაში (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), განუზომლად ძვირი ჯდება.

საინტერესოა ის, რომ ადამიანები ამას კარგად აცნობიერებენ. ინტელექტუალურ და სამეცნიერო წრეებში, ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება ქალაქების დესტრუქციული როლისა და პოტენციალის შესახებ. დღეს მოქმედი, ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, გეოგრაფი და ურბანისტი, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (City University of New York, CUNY) პროფესორი, დევიდ ჰარვი წერს: „შეკითხვა, თუ როგორ ქალაქებში გვსურს ცხოვრება, შეუძლებელია განცალკევდეს კითხვისგან სოციალური კავშირების, ბუნებასთან ურთიერთობის, ცხოვრების სტილის, ტექნოლოგიებისა და ესთეტიკური ღირებულებების შესახებ. უფლება ქალაქზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ქალაქის რესურსებზე წვდომის ინდივიდუალური თავისუფლება: ეს გახლავთ საკუთარი თავის შეცვლის უფლება, ქალაქის ცვლილებასთან ერთად. მეტიც, ეს უფრო საზოგადო უფლებაა, ვიდრე ინდივიდუალური, რადგან [ქალაქის] ტრანსფორმაცია გარდაუვალად არის დამოკიდებული ურბანიზაციის პროცესების დახვეწისთვის საჭირო კოლექტიურ ძალაზე. ჩვენი ქალაქებისა და საკუთარი თავის გადაკეთების და შეცვლის თავისუფლება, მინდა ხმამაღლა განვაცხადო, ადამიანის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე უგულებელყოფილი უფლებაა“ (Harvey, D., 2003).

ცნობილი ამერიკელი სკულპტორი, რობერტ სმითსონი (მიწის მონუმენტური სკულპტურების, ე.წ. Earth Art-ის მიმართულების ერთ-ერთი დამაარსებელი, იხ. Spiral Jetty და Amarillo Ramp) წერდა რომ „არავის სურს, დასასვენებლად ნაგავსაყრელზე წავიდეს“, „ქალაქების დაღვრემილი გარეუბნები, ურბანული განშლა და ომის შემდგომი (საუბარია მე-2 მსოფლიო ომზე, ლ.ა.) საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ბუმი, პირდაპირ მონაწილეობენ არქიტექტურულ ენტროპიაში” („ენტროპია“ – ბერძნული ტერმინი, რომელიც ცვლილებას, შემოტრიალებას, ან თვითგანადგურებას ნიშნავს და გამოიყენება თერმოდინამიკასა და სტატისტიკაში). ბიოლოგიაში „ენტროპია“ სისტემის მოუწესრიგებლობას ან მის განუსაზღვრელობას აღნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნებაში, ყველაფერი რღვევისა და ქაოსისკენ არის მიმართული, ხოლო ჩვენ და ზოგადად, ცოცხალი ორგანიზმები, მზისგან მიღებული ენერგიის წყალობით, ვეწინააღმდეგებით ენტროპიას და დახარჯული ენერგიის მეშვეობით, შეძლებისდაგვარად ვამცირებთ მას.

გაეროს მონაცემებით, 2050 წელს, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი ქალაქის მცხოვრები იქნება (United Nations, 2019). მიმდინარე სწრაფი ურბანიზაციის პირობებში აქტუალური ხდება ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების თავისებურებების სწორი აღქმა და შეფასება, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, სადაც ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების ინტენსივობა მაქსიმალურია და სადაც ადამიანს ყველაზე მეტად ემუქრება შეუქცევადი და უარყოფითი ეკოლოგიური ცვლილებების საფრთხე.

რა არის ურბანული ეკოლოგია?

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, Urban Ecology, ამ ეპონიმურ დისციპლინას ასე განსაზღვრავს: „…[იმ] ეკოსისტემების შესწავლა, რომელიც მოიცავს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ურბანიზირებად ლანდშაფტებს, ეს გახლავთ ახლად წარმოქმნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო მიმართულება, რომლის მიზანია, გაიგოს, თუ როგორ შეიძლება ადამიანებისა და ეკოლოგიური პროცესების თანაცხოვრება ადამიანის მიერ დომინირებად სისტემაში და დაეხმაროს საზოგადოებას, გახდეს უფრო მდგრადი ამ სისტემის ფარგლებში… მისი ინტერდისციპლინური ხასიათისა და ადამიანურ და ბუნებრივ სისტემებზე მიმართული ფოკუსის გამო, ტერმინი „ურბანული ეკოლოგია“ მრავალგვარად გამოიყენება ადამიანის ქალაქში ცხოვრების, ქალაქებში არსებული ბუნების და ადამიანებსა და ბუნებას შორის გადაჯაჭვული ურთიერთობების აღსაწერად. ამგვარი კვლევების თითოეული მიმართულება გვეხმარება, უკეთ შევიცნოთ ურბანული ეკოლოგიური სისტემები და ამ კვლევების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, უშუალოდ შევეხოთ ურბანული ეკოლოგიის მეცნიერებას“ (Urban Ecology Field Station, Idiana University Southeast).

რატომ არის მნიშვნელოვანი ურბანული ეკოლოგია?

დაახლოებით რვა წელიწადში, 2030-2035 წლებში ახალი, XXI საუკუნის მიჯნაზე დაბადებულნი (ე.წ. „მილენიალები“, Millennials) 25-30 წლისანი იქნებიან, მსოფლიოში ქალაქების მოსახლობა 2 მილიარდი ადამიანით გაიზრდება (!). დღეს, ქალაქების მოსახლეობა უკვე ჭარბობს არაქალაქელთა რიცხვს, ხოლო 2030 წელს დედამიწელთა 2/3 უკვე ქალაქში იცხოვრებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება გარკვეული სივრცე საცხოვრებლად, ჩვენ ყველას გვესაჭიროება ჰაერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სუნთქვა, სუფთა წყალი და საკვები, რომელიც უმეტესწილად, ქალაქების გარეთ მოჰყავთ და რომელსაც ქალაქში ტრანსპორტირება სჭირდება.

მოკლედ თუ ვიტყვით, მთელი პლანეტა ბევრად უფრო ურბანიზებული ხდება და ეს არის მოვლენა, რომელსაც უკვე უზარმაზარი გავლენა აქვს ბუნებრივ სისტემებზე, რომლებიც გვამარაგებენ ჰაერით, სასმელი წყლითა და ნაყოფიერი ნიადაგით სოფლის მეურნეობისათვის. ეს დღევანდელი მოცემულობაა, თუმცა, მიუხედავად ადამიანთა ცივილიზაციის გავითარებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ტექნოლოგიებისა, ჭარბი წარმოებისა და სხვა „დამხმარე“ ეკონომიკური თუ სოციალური „იარაღების“ აქტიური გამოყენებისა, ადამიანი ვერაფრით უმკლავდება მზარდ და სწრაფ ურბანიზაციას და მის სავალალო შედეგებს – დღეს, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ურბანულ ჯურღმულებში, ქალაქების გარეუბნებში სტიქიურად აშენებულ არაფორმალურ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა „ცხოვრობს“ ძალიან ხმამაღალი და ოპტიმისტური ნათქვამია.

ქ. ნაირობის (კენია) „სლამებში“ 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს („სლამი“ – ინგლისურენოვან ქვეყნებში ქალაქში არსებული ღარიბთა არაფორმალური დასახლება, რომელიც თვითნაშენები ქოხმახებისგან არის აგებული და სადაც არ არის ურბანული საინჟინრო ინფრასტრუქტურა – წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელექტრობა, გზები, სანიაღვრე ქსელი, წყალარინები, არხები და სხვა).

სამხრეთ აფრიკის ყველა დიდი ქალაქის, კეიპტაუნის, დურბანის, სოუეტოს, ისტ-ლონდონის, პორტ-ელიზაბეთის, სტელენბოშისა და იოჰანესბურგის გარშემო, ურბანულ ჯურღმულებში (სამხრეთ აფრიკაში მათ „შანთი-თაუნებს“ ან „თაუნშიფებს“ უწოდებენ) ათობით მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და მათ უკავიათ ქალაქების გარშემო არსებული გორაკებისა და ველების ვრცელი ტერიტორიები.

იგივე მდგომარეობაა ეთიოპიის, ნიგერიის, ჰაიტის, ბრაზილიის, კოლუმბიისა და პერუს ქალაქებში. სოფლიდან ემიგრირებული მილიონობით ადამიანი, „ქალაქურ“ ცხოვრებას, გარეუბნებში მდებარე მუყაოთი და ალიზით აშენებულ „ქალაქებში“ სწავლობს. მსოფლიოს „ცნობილი ურბანული ჯურღმულების“ სია გრძელია და სამწუხაროდ, ეს სია მუდმივად იზრდება: ვილას მისერიას (არგენტინა), პობლასიონ კალლამპა (ჩილე), დჰარავი (ქ. მუმბაი, ინდოეთი), ბასანტი (ქ. კოლკატა, ინდოეთი), რაჯენდრა ნაგარი (ქ. ბანგალორი, ინდოეთი), ორანჯი-თაუნი (ქ. ყარაჩი, პაკისტანი), სიუდადელას (ბოლივია), ჰელიოპოლისი (სან-პაულუ, ბრაზილია), როსინია (რიო-დე-ჟანეორო, ბრაზილია), პუებლო ხოვენ (პერუ), სინტურონ დე მისერია (მექსიკა), ბარრიოს ბახოს (კოლუმბია), ბარრიო მალო (დომინიკის რესპუბლიკა), ჩამპერიო (ელ სალვადორი), ლა ლიმონადა (გვატემალა) და მრავალი სხვა, სადაც „ქალაქური“ გარემო, ნარჩენი ხის, მეტალის თუ სამშენებლო მასალებისგან, ქაღალდისა და მდინარის ქვებისგან, ნაგავსაყრელებზე შეგროვებული პლასტმასისა და ქსოვილებისგან არის „აშენებული“.

ფაქტია, რომ ურბანიზაციის ეს „ნაცრისფერი“ მხარე, ქალაქების განვითარებისა და ზრდის ორგანული ნაწილია და დღეს, არაფორმალური, კეთილმოუწყობელი, ანტისანიტარიით, სიღრიბითა და კრიმინალით გაჯერებული „ურბანული ჯურღმულები“ დედამიწაზე არსებული ქალაქების ეკოლოგიური ნიშის ნაწილს წარმოადგენენ.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

მთა, ზურგჩანთა და წერის კიდევ ერთი გაკვეთილი

0

„პატარა პრინცი მაღალ მთაზე ავიდა. მთა ადრე არასდროს ენახა, თუ არ ჩავთვლით თავის სამ ვულკანს, რომელიც მუხლებამდე თუ სწვდებოდა. ჩამქრალ ვულკანს კი ტაბურეტად ხმარობდა ხოლმე. „ასეთი მაღალი მთიდან, – უთხრა თავის თავს, – ერთდროულად მთლიან პლანეტასაც დავინახავ და იქ მობინადრე ყველა ადამიანსაც“.  -ეს ამონარიდი თან თქვენი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების, თანაც ცნობისმოყვარეობის გაღვივებისთვის მჭირდება. ამიტომაც ვიწყებ ასე, უცერემონიოდ. თქვენ უნდა მკითხოთ, კი მაგრამ, ეგზიუპერი რა შუაშია?

რა შუაშია და მომყევით, ახლავე აგიხსნით.

მთა გიყვართ? მთაში გივლიათ? გამოგიცდიათ, როგორია, როცა თუნდაც ყველაზე პატარა სიმაღლეს დაამარცხებ, ზემოდან გადმოიხედები და საკუთარ თავს შეაქებ – ყოჩაღ, რომ არ დაგეზარა!

ამას წინათ ვფიქრობდი, როგორი მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჩვენი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, გულწრფელი ემოციები გავუზიაროთ, ნამდვილ ამბებს მოვუყვეთ, გავენდოთ და მათი ნდობაც მოვიპოვოთ, თანაც ისე, რომ სასარგებლოც იყოს. ჰოდა, სწორედ ამ ფიქრისას გადავწყვიტე ეს გაკვეთილი დამეგეგმა.

ემოციების გაზიარების გარდა კიდევ ერთი მიზეზი მქონდა. ეს კი, სრულიად პრაქტიკულ, რთულ და საჭირბოროტო თემას – წერას ეხება.

მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწერების კითხვისას და გასწორებისას აღმოვაჩინე ერთი საერთო ნიშანი, გნებავთ, პრობლემა, გნებავთ, მახასიათებელი – ეს ე.წ. საპნის ბუშტი სიტყვების სიმრავლეა ტექსტში.

რას ნიშნავს „საპნის ბუშტები“?

ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც წინადადებას არ სჭირდება, ნაცვალსახელები, ნაწილაკები, კალკი, გამეორება, კავშირები… და სიტყვები, რომელთა არსებობაც არაფერს მატებს ტექსტს, მათი ამოღებით ტექსტის შინაარსი სრულებით არ იცვლება. ასეთი „საპნის ბუშტები“ ტექსტს ამძიმებს, რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებს, მძიმე, დატვირთულ წინადადებებს და ბუნდოვან, რთულად გასაგებ აზრს ქმნის.

ვიფიქრე, მთისა და მთამსვლელობის თემა წერის საკითხებთან გამეერთიანებინა და გაკვეთილიც სწორედ ასე ამეწყო.

როგორ? რა შუაშია?

როგორ და, მთაში წასვლის წინ აუცილებელია კარგად იცოდე ზურგჩანთის ჩალაგება, არცერთი ზედმეტი ნივთი, რომელიც თანდათან, მანძილის გავლისას სულ უფრო და უფრო დაგამძიმებს. ჩანთაში ალაგებ მხოლოდ აუცილებელს, მხოლოდ ყველაზე საჭიროს.

წერაც სწორედ ასეთი რამაა, ზედმეტებით გადატვირთვა მხოლოდ დაგამძიმებს და დაგაყოვნებს, წარმოიდგინე, რომ სიტყვათა უსაზღვრო გამოყენების საშუალება კი არ გაქვს, არამედ თითოეული სიტყვა რაღაც ფასი ღირს, საზღვრულია, გათავდება, დეფიციტია. წერისას უნდა გამოიყენო მხოლოდ ის, რაც გჭირდება აზრის გადმოსაცემად, ზედმეტი სიტყვები, ე.წ. „საპნის ბუშტები“ კი ჰაერში უნდა გაუშვა.

გაკვეთილისთვის მთაში მოსიარულე მეგობარს დავიხმარებ, ის მოვა და თავის დიდ ზურგჩანთას ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩაალაგებს. ისე, რომ არაფერი გამორჩება, რა არის საჭირო, რა არის ზედმეტი, როგორ უნდა მოემზადო რთული მოგზაურობისთვის.

პარალელს, რასაკვირველია, წერასთან გავავლებთ, როგორი საყურადღებო და საპასუხისმგებლოა ზუსტად განსაზღვრო, რა დაგჭირდება მთაში, რომ ჩანთა არ დაგიმძიმდეს, თანამგზავრებს არ ჩამორჩე და ისინიც არ დააყოვნო. ასევეა ტექსტის აწყობა, აზრის გადმოსაცემად სწორედ ასე, რუდუნებით უნდა შეარჩიო ენობრივი მასალა.

ლიტერატურული პარალელები ამ გაკვეთილის კიდევ ერთი სასიამოვნო ნაწილი იქნება. რამდენი ტექსტი ვიცით მთაზე, მთა, როგორც მეტაფორა, როგორც ლიტერატურული ტოპოსი, როგორც კვანძის გახსნის ადგილი, პროზა და პოეზია, ქართული და მსოფლიო ლიტერატურა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა, მოსწავლეებს ძალიან უყვართ ხელშესახები პარალელები და, რაც მთავარია, საინტერესო სტუმრები გაკვეთილზე.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გერმანულენოვან სივრცეში

0

(მეორე ნაწილი)

პირველი ნაწილი

ავსტრია

ზოგადი განათლების მართვის საკითხებს ავსტრიაში განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო არეგულირებს. სხვა ფუნქციებთან ერთად ის ქმნის საკანონმდებლო ბაზასა და მხარდაჭერის სერვისებს 5 700 სკოლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამინისტრომ შეიმუშავა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), რომელიც საშუალებას აძლევს სკოლებს, ზუსტად და თანმიმდევრულად გაიგონ, რას ითხოვს მათგან სახელმწიფო. ეს ეხება როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ განათლებას.

ავსტრიული ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო ეფუძნება ხუთ ძირითად პრინციპს: ხარისხის მენეჯმენტს, მართვასა და ადმინისტრირებას, სწავლა-სწავლებას, თანამშრომლობასა და საგარეო ურთიერთობებს, შედეგებსა და ეფექტს/გავლენას. ბოლო პრინციპი პირველი ოთხის დაგეგმვა/განხორციელების შედეგების შეფასებას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ყოველი სფერო მოიცავს დაწვრილებით აღწერასა და ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სკოლებში ხარისხის განვითარება და მართვა. სკოლები იღებენ მზა ინსტრუმენტებს სკოლის თვითშეფასების განსახორციელებლად (siQa) და შეფასების შედეგების საფუძველზე შეუძლიათ საჭიროებების ამოცნობა და სკოლის განვითარების გეგმაში მათი ასახვა.

მაგალითად, ხარისხის სფეროს (მართვა და ადმინისტრირება) შეფასებისას გამოყენებულია შემდეგი ინდიკატორები:

  • სკოლის ადმინისტრაციას აქვს მკაფიო წარმოდგენა სკოლის განვითარების შესახებ;
  • ზრუნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს გამჭვირვალე და კონკრეტული;
  • შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და ზრუნავს მის აღსრულებაზე;
  • ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას და რწმუნდება, რომ დაქვემდებარებულებმა სწორად გაიგეს მიღებული დავალების შინაარსი, შეუძლიათ ერთობლივი მუშაობა, რომლის შედეგის მიუხედავად, გადაწყვეტილებას თავად მმართველობა იღებს.
  • სკოლაში კონფლიქტებს სერიზულად ეკიდება და საჭიროების შემთხვევაში ერთვება მათ მოგვარებაში და ა.შ.

 

ბოლო წლებია, ავსტრია სკოლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ატარებს. 2017 წელს გადატარებული რეფორმების შედეგად, რომლებიც მიზნად ისახავდა სკოლებისა და საგაკვეთლო პროცესის განვითარებას, ხარისხის უზრუნველყოფისა და მენეჯმენტის სისტემა სკოლის განვითარების პროცესის ქვაკუთხედად იქცა. რეფორმის თანახმად, სკოლების შიდა შეფასების წარმართვის პასუხისმგებლობა თავად სკოლებს ეკისრებათ, გარე შეფასების დროს კი პროცესს გარე ექსპერტები წარმართავენ. გარე შეფასებაც ეფუძნება სამინისტროს მიერ შემუშავებულ ხარისხის მენეჯმენტის ერთიან სისტემას. შედეგად სკოლები იღებენ ფაქტებზე დაფუძნებულ მკაფიო უკუკავშირს საკუთარი განვითარების პოტენციალის, ძლიერი მხარეების წარმოჩენისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, გარე შეფასების ანგარიშები მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მარეგულირებელ ორგანოს სკოლებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ.

2021-2022 წელს, ხარისხის მენეჯმენტის ახალი სისტემის დამკვიდრების შემდეგ, ავსტრიაში დაიწყო გარე შეფასება მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით (მონაცემებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, კითხვარი, ინტერვიუ, გაკვეთილზე დაკვირვება). ამისთვის საპილოტედ შეირჩა 50 სკოლა და გარე შეფასების ახლებური პროცესის შედეგები სწორედ ამ სკოლების შეფასების შემდეგ იქნა გააზრებული. უნდა ითქვას, რომ შეფასების პროცესში სამინისტრო მაქსიმალურად უჭერდა მხარს მეცნიერული მეთოდების გამოყენებას.

 

შვეიცარია

შვეიცარიის რეგიონებში ზოგადი განათლების საკითხები კანონით რეგულირდება. ყველა საჯარო სკოლა, მაგალითად, ციურიხის ტერიტორიულ ერთეულში, ვალდებულია, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადამოწმდეს პედაგოგიური და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით. გარე შემფასებლები ითვალისწინებენ შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

  • სკოლის პორტფოლიო – სკოლა ადგენს საკუთარ პორტფოლიოს მნიშვნელოვანი რიცხვების, მაჩვენებლებისა და მონაცემების გათვალისწინებით. პორტფოლიო ასევე მოიცავს სკოლის რეფლექსიას საკუთარი მიღწევების შესახებ, რომელიც თვითშეფასების საფუძველზე იწერება. სკოლის თვითშეფასება გააზრებულია როგორც ხარისხის განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
  • წერილობითი გამოკითხვა – მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული ადამიანები, მშობლები და მოსწავლეები მე-4 კლასიდან იღებენ კითხვარს (შესაძლებელია ონლაინ ფორმითაც), რომელიც ხარისხის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. აღნიშნული გამოკითხვა ტარდება ექსპერტთა ვიზიტამდე, რათა შემფასებლებს ჰქონდეთ სკოლის ადმინისტრაციისთვის უკვე დამუშავებული ინფორმაციის გაზიარების საშუალება.
  • დაკვირვება – ექსპერტები აკვირდებიან გაკვეთილს.
  • ინტერვიუ – ექსპერტები ატარებენ ინტერვიუს სკოლის გუნდთან.

გარე ექსპერტთა გუნდი, როგორც წესი, სკოლაში სამი დღე რჩება. ვიზიტის შემდეგ პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო 40 დღის განმავლობაში დგება წერილობითი ანგარიში. ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად, სკოლას შეაქვს ცვლილებები საკუთარ განვითარების გეგმაში, რასაც ასევე უთანხმებს შემფასებლებს.

გერმანულენოვანი ზოგადი განათლების სისტემების ამ კუთხით ანალიზის დროს შეუძლებელია ვერ შევამჩნიოთ სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობა. ხარისხის შეფასების ყველა კრიტერიუმი ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას, ყველა ინდიკატორი წინასწარ დამუშავებული, პოლოტირებული და გამოცდილია. ამაში მარეგულირებელს თუ სკოლას მხარდაჭერას უწევენ უნივერსიტეტები, სადაც ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების კვლევისთვის დიდი რესურსი იხარჯება, დაფუძნებულია ცალკეული კვლევითი ცენტრები და გერმანულ ენაზე ამ სფეროში წამყვან სამეცნიერო პუბლიკაციებს თუ გადავხედავთ, ყველა მათგანი ისეთი ექსპერტების მიერაა შედგენილი, რომლებიც როგორც სამეცნიერო, ისე ზოგადი განათლების სფეროში აქტიურად არიან ჩართულები. მაგალითად, ციურიხის უნივერსიტეტს აქვს განათლების შეფასების კვლევის საკმაოდ მძლავრი ცენტრი, რომელიც ქვეყანაში ამ კუთხით განხორციელებული საგანმანათლებლო პოლიტიკის განუყოფელი აქტორია. სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში განათლების პოლიტიკის ცალკეული საკითხების შეფასებასაც სწორედ უნივერსიტეტები ახორციელებენ.

 

ლიხტენშტაინი

2011 წლიდან ლიხტენშტაინში გარე შეფასება სკოლის განვითარების პროცესის ფუნდამენტურ ნაწილად იქცა. 2017 წლამდე ყველა საჯარო სკოლამ ორჯერ მაინც მიიღო გარე შეფასება მაკონტროლებელი ორგანოსგან. 2018-დან 2023-2024 სასწავლო წლამდე ქვეყანაში დაგეგმილია ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა და ამ პროცესში გარე შეფასებამ ფოკუსირებული შეფასების ხასიათი მიიღო.

შეფასების პროცესში აქაც მთავარი საყრდენი სკოლის თვითშეფასებაა. გარე და შიდა შემფასებლებისთვის სტანდარტები და ინდიკატორები ერთი და იგივეა – სწავლა-სწავლება, სკოლის მართვა და განვითარება, თემთან ურთერთობა, თანამშრომლობა და შედეგები ამ ქვეყნის მაგალითზეც წამყვან ადგილს იკავებს შეფასების სფეროების განსაზღვრის დროს.

ურთიერთგაგებისთვის

0

რატომ ვერ უგებენ ადამიანები ერთმანეთს

 სხვას რომ არ ესმის შენი ლექსი,
შენ როგორც გესმის! –
სისულელეა,

ამის გამო უკეთუ ბორგავ;
სისულელეა, –
ვინაიდან,
არამცთუ ლექსი,
სიტყვაც კი ერთიერთნაირად არ ესმის ორ კაცს.

მუხრან მაჭავარიანი

.

ისე ხდება, რომ ამ გამარტივებული კომუნიკაციის პირობებში სულ უფრო მეტ ადამიანს არ ესმის ერთმანეთის. ისინიც კი, რომლებიც მსგავს ლექსიკას იყენებენ მოვლენების აღსაწერად, სინამდვილეში სრულიად სხვადასხვა რამეს გულისხმობენ.

აბა, სთხოვეთ ადამიანებს, განმარტონ: სიყვარული, სიკეთე, სამყარო, ღმერთი და ასე შემდეგ. სრულიად სხვადასხვა განმარტებებს მოისმენთ. მაშ, რაღა საჭიროა ერთი ენა, თუკი ამ ენით ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ? ან რაზეა დამოკიდებული გაგება?

„რაც უფრო მეტად ცდილობს ყველა მეცნიერება განმარტოს, რა არის „ადამიანი“ და ახვავებს ტერმინოლოგიას, მით უფრო მეტი გაუგებრობა იჩენს თავს.

რატომ ხდება ასე?

ერთი მიზეზია, რომ ადამიანები მხოლოდ „ვერბალურები“ გახდნენ, ანუ მათი სიტყვები არ არის დაკავშირებული მათ შეგრძნებებთან, ემოციებთან, გრძნობებთან, უბრალოდ, „ცარიელი სიტყვებია“.

სწორედ მაშინ, როცა ამ სტატიას ვწერდი, ფეისბუკზე თსუ-ს დეკან რამაზ ხომერიკთან ინტერვიუ გამოჩნდა, ჟურნალისტი ეკითხება:

– თქვენ ხომ მეცნიერიც ხართ?

– ესეც პირობითია. საქართველოში ყველაფერი პირობითია – თანამდებობაც, მეცნიერებაც. 

– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ყველაფერი პირობითია?

– ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. რაღაც ცნებაა, რომელსაც თავისი განმარტება მოსდევს, რომ ეს ნიშნავს ამას, ამას, ამას… აქ ეგ არ მუშაობს. სინამდვილეში ამას კი არ ნიშნავს, არამედ რაღაც სხვას. ამიტომ, ყველაფერი პირობითია, მით უმეტეს, ჩვენს განათლების სისტემაში. 

არადა, ვერბალური კომუნიკაცია მხოლოდ ნათქვამი სიტყვებისგან არ შედგება, გაგებისთვის მნიშვნელოვანია ჩავწვდეთ იმასაც, რაც არ თქმულა და რაც იგულისხმება. ამას ინტუიციით, „გულით მოსმენა“ სჭირდება.

ერთი ასეთი იგავი გამახსენდა:

კაცი მივიდა ოსტატთან და სთხოვა: – ოჯახში არეული სიტუაცია მაქვს და გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ ცოლთან ურთიერთობა დავალაგოო. ოსტატმა უთხრა: – ცოლის მოსმენა უნდა ისწავლოო!

კაცმა სერიოზულად მიიღო ეს რჩევა, წავიდა და ცოლის ყველა სიტყვას გულდასმით ისმენდა. ერთი თვის შემდეგ ისევ მივიდა ოსტატთან: – ოსტატო, მე ცოლის წარმოთქმული ყოველი სიტყვის მოსმენა ვისწავლეო. მაშინ მასწავლებელმა გაიღიმა და უთხრა: – ახლა წადი და იმ სიტყვების მოსმენა ისწავლე, რომლებსაც ის არ ამბობსო!

გაგებისთვის სიტყვების მნიშვნელობათა ჯამის გამოყვანა არ არის საკმარისი.

რა არის ის მაგიური ელემენტი, რომელსაც შეუძლია, ადამიანებს შორის კომუნიკაცია გაგებად აქციოს?

გქონიათ შემთხვევა, როდესაც ადამიანი თქვენთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა, თქვენ კი ინტუიციურად გესმოდათ მისი?

რა ხდება ამ დროს?

„რატომ ვერ უგებენ ადამიანები ერთმანეთს და რატომ არ აქვს სიტყვებს ზუსტი მნიშვნელობები, რომლებიც ზუსტ გაგებაზე მიანიშნებს?“ – სწორედ ამ კითხვას სვამდა გიორგი გურჯიევიც და მისი პასუხი ასეთი იყო: სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად მნიშვნელოვანია ადამიანის ცნობიერების ევოლუციის გათვალისწინება.

თითოეული ჩვენგანი არა მხოლოდ განსხვავებულ კონტექსტში იმყოფება და აღიქვამს საგნებსა და მოვლენებს, არამედ ცნობიერების განვითარების სრულიად განსხვავებულ საფეხურზეც.

გურჯიევი აღწერს და ახასიათებს ადამიანის ცნობიერების 7 ევოლუციურ მდგომარეობას: ადამიანი 1, ადამიანი 2, ადამიანი 3, ადამიანი 4, ადამიანი 5, ადამიანი 6, ადამიანი 7.

ადამიანი 1, 2 და 3 – ეს არის ინსტინქტების, მოთხოვნილებების, შეგრძნებების (1); ემოციებისა და სენტიმენტალობის (2); რაციონალობისა და ლოგიკურობის (3)ადამიანი.

ადამიანი 4 უკვე იწყებს გათავისუფლებას სუბიექტური ცოდნისგან და ობიექტური ცოდნისკენ მოძრაობს.

ადამიანი 5 – ეს კრისტალიზებული ადამიანია. მისი ცოდნა მთლიანია და განუყოფელი. მას აქვს ერთი განუყოფელი „მე“, რომელსაც ეკუთვნის მთელი ცოდნა. შეუძლებელია, მის ერთ მე-ს სხვა რამე უნდოდეს და მეორეს – სხვა. ის, რაც მან იცის, იცის მთელმა მისმა არსმა ერთად. მისი ცოდნა ახლოსაა ობიექტურ ცოდნასთან.

ადამიანი 6  ძალიან ახლოს დგას მეშვიდე ადამიანთან. მისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მისი ზოგიერთი თვისება მუდმივი ჯერ არ გამხდარა.

ადამიანი 7 არის ისეთი ადამიანი, რომელმაც მიაღწია სრულ განვითარებას და გასხივოსნებას. რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია ჰქონდეს, ანუ ნება, ცნობიერება, მუდმივი და უცვლელი მე, ინდივიდუალობა, უკვდავება და მრავალი სხვა თვისება.

ცნობიერების დაყოფა 7 ევოლუციურ მდგომარეობად პირობითია, თუმცა ერთი რამ ცხადია: ერთ აზრს იმდენნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს, რამდენი განსხვავებული ცნობიერებაც ისმენს; რაც შეეხება გაგებას, მაღალი ცნობიერების ადამიანს ყოველთვის ესმის დაბალ საფეხურზე მყოფის, პირიქით კი შეუძლებელია.

ასეთ მოცემულობაში აქვს თუ არა აზრი კამათს (კამათს და არა დიალოგს და აზრების გაცვლას), თავად გადაწყვიტეთ.

რა აბრაზებს ადამიანს, როდესაც სხვის აზრს არ ეთანხმება? იქნებ სწორედ ეს არის გასაღები? იუნგი წერდა: „ყველაფერმა, რაც სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს, შეიძლება საკუთარი თავის გაგებამდე მიგვიყვანოს“.

და, საერთოდ, შეგვიძლია თუ არა გავუგოთ სხვას, როცა ხშირად საკუთარი თავის არ გვესმის? როგორ მოვიქცეთ?

იქნებ მაიკლ პალმერის ამ ლექსმა გვიშველოს (თარგმნა პაატა შამუგიამ):

„თუ შენ შეგიძლია,

თუ შენ შეგიძლია,

რომ მე და შენ იყოს ერთი და იგივე,

და იგივე იყოს მაღლა და დაბლა,

შორს და ახლოს, –

შემოიხვიე სიტყვები, რომლებიც არ გესმის“.

მეკობრეები – ზღვის ყაჩაღები თუ გეოგრაფები

0

ძნელია მოსწავლის დაინტერესება და გაოცება. კიდევ უფრო ძნელია სასწავლო პროცესში მისი ჩართვა. გაკვეთილები, სკოლა, სწავლა მძიმე ჯვრად აღიქმება. იმავდროულად, გეოგრაფიისა და სოციალური მეცნიერების კარგი გაკვეთილები, რომლებსაც მოსწავლე სათანადოდ გაიაზრებს, არა მხოლოდ გამოცდებში წარმატების საწინდარია, არამედ შესაძლებლობაც ახალგაზრდისთვის, მეტი გაიგოს თავის ქვეყნის შესახებ, ჩაუღრმავდეს სახელმწიფოს განვითარების პრობლემებს.

სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის ნათქვამს საკუთარ გამოცდილებას უკავშირებენ. მათ სურთ, გამოხატონ თავიანთი თვალთახედვა წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

სკოლაში გაკვეთილები, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი დიალოგია – მასწავლებლის ზეწოლისა და მენტორობის გარეშე. საკმარისია, მასწავლებელი ცოტა მეტად „გაერთოს“ მეთოდური თუ საგნის სწავლების სურვილით, რომ გაკვეთილები უინტერესო ხდება. მოსწავლის უკუკავშირიც არ აგვიანებს, სილის გაწვნასავითაა. ამ დროს ხვდები, რომ რაღაც უნდა შეცვალო. ერთი რამ ცხადია: რაც უნდა საინტერესო იყოს კომპლექსური დავალება ან აქტივობა, რამე სახალისო თუ არ ჩართე მასში, თუ არ ათამაშე, მოსწავლესაც კარგავ და თავსაც.

ამიტომ გამუდმებით ვეძებ ახალ თემებს და ფორმებს, რომლებიც მოსწავლეებს ინტერესს აღუძრავს.

გთავაზობთ ერთ სახალისო კომპლექსურ დავალებას.

 

მეკობრეობა

მეკობრეობა არის საზღვაო, სამდინარო და იშვიათად სანაპირო ყაჩაღობა. მეკობრე არის პირი, რომელიც ნებაყოფლობით ეწევა საზღვაო ყაჩაღობას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა თუ მრწამსისა. ქვეყნებს შორის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების გაჩენის დღიდან მეკობრეობა მკაცრად დასჯადი დანაშაულია. მაგალითად, ძველ რომში იგი, ყაჩაღობის მსგავსად, ძელზე გაკვრით ისჯებოდა.

მეკობრეობა როგორც პროფესია ისეთივე უძველესია, როგორიც საზღვაო ვაჭრობა. ის ოკეანეებში კომერციული გემების გაჩენის დღიდან არსებობდა.

სიტყვა “მეკობრე” (ბერძ. Πειρατής – ბედის მაძიებელი) ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში გაჩნდა. მანამდე გამოიყენებოდა ცნება “leistes”, რომელიც ჰომეროსის დროიდანაა ცნობილი. ეს უკანასკნელი „ოდისეაში“ ახსენებს ფინიკიელ მეკობრეებს, რომლებიც კუნძულ სირადან იტაცებდნენ ადამიანებს.

მეკობრეობის ერთ-ერთ უძველეს მაგალითად ითვლება ზღვის ხალხის საქმიანობა. ეს იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის მკვიდრი ტომი, რომელიც ძვ. წ. აღ. XIII საუკუნეში ეგვიპტისა და ხეთების სახელმწიფოსკენ დაიძრა. ისინი ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში მეკობრეობდნენ. ანტიკურ ხანაში ილირიელები და ტირენები, აგრეთვე ბერძნები და რომაელები ცნობილი მეკობრეები იყვნენ. ფინიკიელი მეზღვაურები მოგზაურობის დროს მეკობრეობდნენ – ბავშვები ტყვედ აჰყავდათ და მონებად ყიდიდნენ. ანტიკურ ხანაში მეკობრეობით განთქმული ფინიკიელი ზღვაოსნების დასაყრდენი პუნქტები მთიანი კილიკია და კუნძული კრეტა იყო.

ძვ. წ. აღ. I საუკუნეში ანატოლიის სანაპიროს მახლობლად არსებობდა მეკობრეთა სახელმწიფოები, რომლებიც რომის იმპერიის სავაჭრო საქმიანობას საფრთხეს უქმნიდნენ. ძვ. წ. აღ. 75 წელს მეკობრეებმა ეგეოსის ზღვაზე იულიუს კეისარიც კი ჩაიგდეს ტყვედ.

ძვ. წ. აღ. 67 წელს რომის სენატმა მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. დაახლოებით სამთვიანი საზღვაო ომების შემდეგ მათ საფრთხის შემცირება მოახერხეს.

ისტორიამ ბევრი მეკობრის სახელი და მათთან დაკავშირებული ამბავი შემოგვინახა. ინგლისელმა მეკობრემ ფრენსის დრეიკმა, რომელიც უმთავრესად ესპანურ გემებს ძარცვავდა, გეოგრაფიაშიც დატოვა კვალი. მან სამხრეთ ამერიკას შემოუარა და ორ კონტინენტს შორის გამავალი სრუტე აღმოაჩინა, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია.

კარიბის ზღვაზე მეკობრეობა მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო და 1830-იან წლებამდე გაგრძელდა, როდესაც ჩრდილოეთი ამერიკისა და დასავლეთი ევროპის საზღვაო ფლოტმა მეკობრეებთან ბრძოლა დაიწყო. კარიბის ზღვაზე მეკობრეების ოქროს ხანა 1560-დან 1720 წლამდე გრძელდებოდა, ხოლო ყველაზე წარმატებული 1700-1730 წლები იყო. მეკობრეობისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებს შორის ტერიტორიისა და სავაჭრო გზებისთვის დაწყებული ბრძოლები. მეკობრეების უმეტესობა ბრიტანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი იყო, მცირე ნაწილი – ესპანელი, რაც იმით გახლდათ განპირობებული, რომ კარიბის ზღვის ტერიტორიას დიდწილად სწორედ ესპანეთი აკონტროლებდა. ამის გამო, ქალაქებისა და გემების უმეტესობა, რომლებსაც მეკობრეები მიზანში იღებდნენ, ესპანეთს ეკუთვნოდა.

კარიბის ზღვის ყველაზე სახელგანთქმული მეკობრეები იყვნენ ედვარდ ტიჩი, მეტსახელად შავწვერა, კალიკო ჯეკ რეკჰემი, ჰენრი მორგანი.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გამდიდრების მოსურნე მრავალი ევროპელი ახალ სამყაროში გაემგზავრა. უმრავლესობისთვის ეს წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის თავიდან არიდების ერთადერთი გზა იყო. ცოტამ თუ მოახერხა გამდიდრება, უმეტესობას ძარცვით გაჰქონდა თავი.

გეოგრაფიამ უნდა აღიაროს, რომ მეკობრეების წინაშე ვალშია. მეკობრის საქმიანობა გეოგრაფიის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომ მსურს, გემზე წავიყოლო გეოგრაფიის ექსპერტები, რომლებიც ჩაძირული საგანძურის პოვნაში დამეხმარებიან. დავნიშნავ კაპიტანს, რომელიც კონკურსების შედეგად მეკობრის ქუდს მიიღებს.

წარმოიდგინე, რომ მეკობრეების გემის კაპიტანი ხარ და მეგობრებთან ერთად ჩაძირული გემი იპოვე.

განძით დატვირთული გემი ჩრდილოეთი პოლუსიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა. იპოვე ჩაძირული გემი და საგანძური. შენ მიერ განვლილი გზის მარშუტი მაინკრაფტის პროგრამაში წარმოადგინე.

მაინკრაფტის მარშუტში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა როლი შეასრულეს მეკობრეებმა გეოგრაფიული ცოდნის დაგროვებაში;
  • რა იფორმაციას გვაძლევს და რა მნიშვნელობა აქვს ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას;
  • როგორ შეიძლება გეოგრაფიული ცოდნის გამოყენება.

 

სამოქმედო გეგმა:

  1. რა არის გეოგრაფიული კოორდინატები?
  2. როგორ განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატები?
  3. რა საჭიროა კოორდინატების ცოდნა?
  4. რა გავლენას ახდენს ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობა?
  5. რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ ცოდნას?

 

თვითშეფასება:

  1. რა უნდა გაკეთებულიყო დავალებაში?
  2. მიიღე შედეგი?
  3. სრულად და სწორად გააკეთე ეს თუ უმნიშვნელო შეცდომებით?
  4. მთლიანად დამოუკიდებლად გააკეთე?

კომპლექსური დავალების შესრულების ეტაპების დაგეგმვა თქვენთვის მომინდვია.

 

გამოყენებული ინტერნეტრესურსები:

https://geoarmada.wordpress.com/2013/01/02/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/; https://intermedia.ge

საზღვართან ახლოს

0

პოლონეთი. კრასნოგრუდა. 2022

მაისის მიწურულია, ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, ტბისპირული ჭავლი და წვიმის ორთქლი ამ მწვანეს კიდევ უფრო ამუქებს და საგნებზეც დღაბნის.

საგნებზეც, ადამიანებზეც – სიცოცხლის ღონიერ აზრს ამკვიდრებს გარეშემო.

ნესტისა და სიცივის მიუხედავად, მაინც წარმოუდგენლად გვმუხტავს იქაურობა და ამის მიზეზი, უპირველესად, ამ ზღაპრულ წალკოტში ჩაფლული სახლისა და მისი მასპინძლების იდეებია, სამი დღის განმავლობაში რომ გვიზიარებენ და ჩვენთან ერთად ფიქრობენ, მსჯელობენ.

პოლონეთში, სოფელ კრასნოგრუდაში ვართ – ნობელიანტი მწერლის ჩესლავ მილოშის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, რომლის სარეზიდენციო პროგრამებს უკვე 30 წელზე მეტია ახორციელებს ორგანიზაცია „პოგრანიჩე“. სწორედ „პოგრანიჩეს“ მიწვევით აღმოვჩნდით „ქართული დელეგაცია“ კრასნოგრუდაში – თბილისის ხელოვნების სასახლე, ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, დადიანების სასახლეები და ნიქოზის ხელოვნების სკოლა. თითოეული ჩვენგანი საკუთარ ორგანიზაციას, ნამუშევარს, საქმეებს წარუდგენს პოლონელ მასპინძლებს.

„პოგრანიჩე“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „საზღვართან ახლოს“, თუმცა გაცილებით დიდ აზრს იტევს და მისი დაარსებაც თავის დროზე ამ აზრმა და კონცეფციამ გადააწყვეტინა ლიტერატორსა და მწერალს, „პოგრანიჩეს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს – კშიშტოფ ჩიჟევსკის.

კრასნოგრუდა ლიეტუვას საზღვრიდან ორ კილომეტრზე მდებარეობს. ამ სოფელში და მთლიანად საზღვრისპირა რეგიონში ბევრი ლიეტუველი ცხოვრობს, ბევრი ებრაელი, ბოშა, რუმინელი, უკრაინელი და ა.შ. მასპინძლები გვიყვებიან, რომ 30 წლის წინ აქ არც ისე მეგობრული გარემო იყო, ლიეტუველები არ ლაპარაკობდნენ პოლონურად, პოლონელები არ იცნობდნენ სხვა ეთნოსის მოსახლეობას, მოკლედ, საზღვრისპირული დაძაბულობა იგრძნობოდა…

ამ დროს კშიშტოფ ჩიჟევსკი ჩესლავ მილოშის შემოქმედებაზე მუშაობდა და ამ საქმემ კრასნოგრუდაში ჩაიყვანა – მილოშის დედულეთში, სადაც პოეტი ბავშვობის ყველა ზაფხულს ატარებდა და რომელიც მის პოეტურ ინსპირაციად იქცა. 90-იანი წლები იდგა. მილოშის ბავშვობის სახლის ადგილას ქშიშტოფს ნასახლარი უფრო დახვდა (ჩესლავ მილოშმა სიცოცხლის ბოლო წლები ამერიკაში, ემიგრაციაში გაატარა). სწორედ ამ სახლის აღმოჩენის და კრასნოგრუდას კულტუროლოგიურ-სოციალური შინაარსის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა კშიშტოფს იდეა, ეს სახლიც აღედგინა და მის საფუძველზე დაეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც კულტურული დიალოგის საშუალებით საზღვრისპირეთის სირთულეების გადალახვას შეეცდებოდა.

სამი დღის განმავლობაში ვისმენთ ამ ოცდაათწლიანი დაუღალავი, სირთულეებით და აღმოჩენებით, სიხარულით და გამარჯვებებით სავსე შრომისა და ბრძოლის ისტორიას; ვისმენთ ამბებს, რომლებიც ნებისმიერი ერისა და ქვეყნისთვის შეიძლება იქცეს მაგალითად, საზოგადოდ – ჩვენი პლანეტისთვის იმის სახელმძღვანელოდ, როგორ ვისწავლოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენა, როგორ ვიპოვოთ ყველაზე უხიფათო და მშვიდობიანი გზები, როგორ დავიცვათ ერთმანეთის თავისუფლება, ღირსება და უნიკალურობა.

– იცით, რით ვიწყებდით ხოლმე მოსახლეობასთან საუბარს? – გვიყვება კშიშტოფ ჩიჟევსკი, – მედეას მითის გააზრებით! ეს მითი ევროპელებმა არასწორად წაიკითხეს და დღემდე ამ აზრით ავრცელებენ. დღეს მედეას ყველაზე მიღებული ხატი მისი მოღალატეობა და შვილების მკვლელობაა. არადა, ამ მითის პირველივე აქცენტებში ძევს მისი მთავარი საიდუმლო – მედეამ უცხო ქვეყნიდან მოსულ კაცს ყველაზე ძვირფასი მისცა – თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის მთავარი საგანძური. მან ეს სიყვარულის სახელით გააკეთა. მაგრამ რით უპასუხა იასონმა? ის ვერ აღმოჩნდა ამ საგანძურის ღირსეული მიმღები. სწორედ იასონმა უღალატა არამხოლოდ მედეას, როგორც ქალს, არამედ ამ დიდ აქტს – უცხო კულტურის მიღებისა და ღირსეულად დაუფლების აქტს. ესაა დიდი ადამიანური ტრაგედია, რომელსაც ღრმა კულტუროლოგიური შრეები აქვს. შენ არ ხარ მხოლოდ შენი კულტურა, ამ შენს კულტურას მუდმივად ერწყმის/ეხლება სხვა კულტურები და შენ უნდა შეძლო, მიიღო ისინი, მადლობელი იყო ამ საუნჯის, დაიმსახურო ის!

კშიშტოფთან ერთად ამ საქმეებში მთელი მისი ოჯახია ჩართული. მილოშის სახლ-მუზეუმში რამდენიმე სახელოვნებო სტუდია-სახელოსნოა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ ხატვას, ძერწვას, ანიმაციას, საბუნებისმეტყველო საგნებს; ისინი თამაშ-თამაშით, მხიარულად, სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული ორნითოლოგების დახმარებით ეცნობიან კრასნოგრუდას ლანდშაფტს – მცენარეთა, ფრინველთა და ცხოველთა სახეობებს, ტბებსა და ხმელეთს, ყველაფერს – მიკროსკოპული სიზუსტით, მერე ხატავენ მათ, უღებენ ფოტოებს, ქმნიან ანიმაციებს, მოკლედ, მხატვრული ინტერპრეტაციით ხელახლა აცოცხლებენ მთელ ამ გარემოს.

სწორედ ანიმაციის წყალობით გაიცნეს ერთმანეთი კშიშტოფ ჩიჟევსკიმ და „პოგრანიჩემ“ და ნიქოზის ხელოვნების სკოლამ, რომელსაც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია ხელმძღვანელობს. ნიქოზის სკოლა უკვე ათი წელია მართავს ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მონაწილეებიც წელს კიდევ ერთხელ იქნებიან პოლონელები. ნიქოზის კონტექსტიც ძალიან ჰგავს „პოგრანიჩეს“ კონცეფციას – ნიქოზი ცხინვალიდან კილომეტრ-ნახევარზე, ე.წ. სადემარკაციო ხაზთან მდებარე სოფელია, რომლის ხელოვნების სკოლაშიც ხუთი სასაზღვრო სოფლიდან დადიან ბავშვები (ქართველები, ოსები, სხვა ეთნოსის წარმომადგენლები) და ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეუფლებიან. მეუფე ისაიას და არაჩვეულებრივი მასწავლებლების წყალობით ამ სკოლის არსებობა რეგიონისთვის დიდი შესაძლებლობა, ბავშვებმა საკუთარ თავში შემოქმედებითი უნარები აღმოაჩინონ და განავითარონ, ხელოვნების სიყვარული გაიღვივონ, სახელოვნებო საქმე ისწავლონ. რამდენიმე წარჩინებული მოსწავლე სწორედ ნიქოზის სკოლის სახელით გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნის სახელოვნებო სასწავლებლებში, სადაც პროფესიული განვითარების ახალ საფეხურზე ეუფლებიან თავიანთ საქმეს.

„პოგრანიჩე“, უპირველესად, იდეაა – ნებისმიერ კონფლიქტურ წერტილში, ნებისმიერ საზღვართან ისეთი სივრცეების გაჩენის იდეა, სადაც ეს საზღვრები კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. „პოგრანიჩე“ რწმენაცაა – ერთი შეხედვით ყველაზე გამოუვალი, შეუძლებელი სირთულეებიდან ყველაზე უხიფათო, ღირსეული და თავისუფალი გზების პოვნის შესაძლებლობათა რწმენა.

დღეს ასეთი იდეები სჭირდება ჩვენს პლანეტას, ცეცხლი რომ უკიდია გულზე. სჭირდება ამ იდეებით გამსჭვალვა, ამ შესაძლებლობებში დარწმუნება, საუბარი და ფიქრი… ასეთი ჯადოსნური „საზღვრისპირული“ სივრცეები მხოლოდ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის კი არ ჩნდება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის გულში/გულებს შორის. სწორედ გულის საზღვრებიდან იწყება თავისუფლება.

 

კრასნოგრუდაში გატარებულმა დღეებმა გულის ეს ძალა გარემომცველი სიმწვანის აკორდებით ამოაშუქა.

 

პ.ს. წერილს ვურთავთ საიტ „პოგრანიჩეს“ ინტერნეტმისამართს, რომელზეც შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ მათ მრავალწლიან საქმიანობას: https://www.pogranicze.sejny.pl/?fbclid=IwAR0IrczEKgf0sdy4-0hYbQbc1XHEU9UCTe2anzTirMzBCwkPZYPeq0HQpgE

 

მასწავლებლის ბიბლიოთეკა- ლიტერატურის სწავლება

0

სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ ლიტერატურის სწავლების იმ მეთოდებს და მიდგომებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული და პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას როგორ ვასწავლოთ ლიტერატურული საკითხები სკოლაში ისე, რომ მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა და პროცესმა ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური – ინდივიდუალური და შემოქმედებითი – პოტენციალის გამოვლენას.

კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს უნარი ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა. პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები.

ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.

წიგნის წაკითხვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან.

ლიტერატურის სწავლება

პერგამენტის მთვარე

0

(ფედერიკო გარსია ლორკას “ბოშური რომანსერო”)

“ლორკას პოეტურ ხილვათა მწვერვალი” – ასე უწოდებს ლექსების ამ კრებულის ესპანურიდან მისი მთარგმნელი დავით წერედიანი. რომანსი ბალადური წყობაა ესპანურ პოეზიაში და ეს ფორმა ხალხურობით გამოირჩევა. სიტყვა “ბოშურს” რაც შეეხება, მას პირობითი, სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ წიგნში და გულისხმობს არა წარმომავლობას, კონკრეტულ ეთნოსთან მის კავშირს, არამედ პირობითობების მმსხვრეველი სულის სევდის, თავისუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვის, სიცოცხლის ტკვილამდე მძაფრი სიყვარულის ზოგადადამიანურ რომანტიკას. “ეს არის ჩემი სიმღერა ანდალუზიაზე, ბოშები მხოლოდ რეფრენად არიან გამოყენებული”. მართლაც, უჩვეულოდ გადამდებია ეს ანდალუზიური ნაღველი. მთარგმნელის აზრით, განუწყვეტლივ დანის პირზე სიარულს ჰგავდა ლორკას მცდელობა ახალი მეტაფორულობის პოეზიის შექმნისა, სწრაფვა ავანგარდულობისკენ, მაგრამ, ამავე დროს, ტრადიციულთან, ხალხურთან თუ კლასიკურ-ესპანურთან არა კაკაფონიური, არამედ დაბალანსებული, უცხოდ მბრწყინავი მარგალიტივით ლექსებად შერწყმა, დაწერიდან სულ მალე ასე პოპულარული რომ გახადა ისინი არა მარტო ესპანეთში, არამედ ესპანურენოვან ამერიკაშიც.

მოდი, გადავშალოთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი ლირიკოსის ლექსების ეს პატარა კრებული, რომელიც გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა.

 

“მიჰქრიან თურინჯის ტევრში

ბოშები სიზმრის და რვალის

თავი, შემართული მაღლა,

ოდნავ მოჭუტული თვალი”.

 

ეს ბოშები არიან – ასეთი რეალურებიც და არარელურებიც, მათი ბოჰემა, განცდათა სიმძაფრე, კანონზომიერების ჩარჩოებისგან თავის დახსნის სურვილი.

სიმბოლოები და ტრაგიკულობა, მთვარე, სისხლი, ხარი, წყალი ან ცხენი მუდმივად არის ლორკას პოეზიაში, რაც ექსპრესიულსა და მგრძნობიარეს ხდის ამ უკანსკნელს. მთვარე ხან ავხორცი და ურცხვია მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით, ხან უმანკო და წმინდა მონაზონივით, ხანაც პერგამენტივით ცივი და გამჭვირვალე. საღამო “ლეღვნარით შეშლილია”, ბებუთი – კალმახისტანიანი, დილა – წკრიალა, როგორც ათასი დამსხვრეული მინის დაირა. ლორკას რომანსეროების მაგიური, საკრალური ფერი მწვანეა. ეს ფერი აქვს გემოსაც (“რეჰანის, პიტნის და ნაღვლის/ გემო ამოჰქონდათ ქარებს”), მწვანეა “სიშავგრემნე მთვარის”, ბოშა ქალის თმაცა და ტანიც, “ვერცხლივით ცივი” თვალები, ლამპრებიც, მონატრებაც (“მწვანე მომნატრდები, მწვანე”), ქარიცა და ტევრიც, სიზმარიც, დილის რიჟრაჟიც, მოხასხასე ბანიც…

“ბოშა და მონაზონი” – ასე ჰქვია ერთ რომანსეროს. ვხვდებით, რომ “ბოშა” აქაც სიმბოლოა, უფრო განწყობის, სიტყვათშეთანხმების ოქსიმორონის გამომხატველი, სურვილთა ტყვეობისა. პოეტიც თან ქრისტეს ხუთ წყლულს ქარგავს, თან “ნატვრით გამოხმობილ მდინარეს” მიჰყვება. საზოგადოდ, ეს მოცემულობათა დაპირისპირებაა ის “შიშველი ნერვი”, უნიკალური ხმა, ასე ოსტატურად რომ ხმიანობს ლორკას პოეზიაში. ქვემოთ მას თითქოს ხელით შევეხებით და ვიგრძნობთ ტრადიციულსაც, ავანგარდულსაც, სიურეალისტურსაც, ძველი და ახალი პოეზიის ნაზავს.

 

“და ქარის არეულ ხმებში

ხრაშუნობს რიჟრაჟი მლაშე.

ცა, თეთრი ჯორებით სავსე,

დახუჭავს სინდიყის თვალებს.

მიმწუხრის ნაღველი ნელი

გულს შეეხება და გალევს.

სუსხით შეჯავშნილა წყალი,

გზად არვის იკარებს ნებით,

წყალი შეშლილი და შმაგი

მთებით და მთებით და მთებით”. (32)

 

ბუნების სული პოეზიაშია. თუ ადამიანი უნდა ამაღლდეს ბუნებამდე, ხანდახან ბუნებასაც “მოსწონს” თავი გაადამიანურებით. ისე, როგორც გვგონებია, რომ იქნებ ხანდახან ანგელოზებსაც სურთ, კაცთა მსგავსად მეოცნებენი იყვნენ, რაც მათი ორბუნებიანობის დაძლევის სურვილია ნათლისკენ სწრაფვით. ადამიანად ყოფნა, უდავოდ, საინტერესოა და ამას ფიქრობენ ხოლმე ალბათ ანგელოზები თავიანთი რაფინირებული სევდის დასაძლევად. ეს კი პოეზიისა თუ ლოცვის მაღალ განზომილებაში ხდება მხოლოდ. საზოგადოდ, ამ ზეციური და მიწიერი ბუნების ურთიერთლტოლვა და შეჯახება, მათი ცხოვრებისეული, “ხმაურიანი” თანაარსებობა – სამყაროს შემოქმედის განაჩენი – შიშის მომგვრელიცაა და ბრძნულიც. ეს ლორკას მრავალ ლექსში იგრძნობა (“მთავარანგელოზი წყნარი/ გვიანღამ ფრთა-ბუმბულს ისხამს/ და მძვინვარესა და ხმატკბილს/ თავს გვატეხს ბულბულის რისხვას” – 32). მთავარანგელოზი “მავრულია”. ეს შეიძლება ასოცირდებოდეს შავთან როგორც გლოვის ფერთან, რადგან ლორკასთან ბევრი მეტაფორაა აღსასრულის მაუწყებელი, იქნებ, პირიქით, ადამიანის კანის ფერის უგულებელყოფაა ან სულაც ანდალუზიაში ბევრი სილამაზის წყაროს, მავრული კულტურის გამოხატულებაა?

 

“ქარი სვილისფერი გახდა

და თავის სიფითრეს დაღლილს

ტოვებს ტრიუმფალურ თაღთან”. (35)

 

დიდი ნაღველია ამ ლექსებში, “ბოშური”, ეგზალტირებული, იქნებ ეგზისტენციალურიც. სევდა კი ყველგანაა – ამა სოფელშიც და მიღმიერშიც.

 

“ისმინე, წმინდაო გაბრიელ,

ყრმა დედის მუცელში ტირის

და მადლი მოიღე ბოშებზე,

გზაში რომ შეგმოსეს მწირი”. (38)

 

მინიმალისტური ფორმით ადამიანად ყოფნის დიდი ტრაგიზმი და ფილოსოფიაა გამოხატული. იქნებ ღმერთად ყოფნისაც. “ჩაწყნარდა სიკვდილის ჩქამი” – ჩქამი, თანდათან სევდიან იმპულსთა ექოდ რომ იქცევა, მერე კი საერთოდ ქრება…

ყოფითისა და ამაღლებულის საოცარი ტროპული შერწყმაა ამ ლექსში:

 

“მთვარე სულთმობრძავი ვერცხლი,

და მთვარე, ნაფცქვენი ნივრის,

ყვითელი კოშკების თავზე

ყვითლად თმაგაშლილი ივლის,

ღამე აკაკუნებს ფანჯრის

მინაზე შემკრთალი ხელით.

ძაღლები მოჰყეფენ უკან,

ვერ იცნეს ნაცნობი ძველი.

ტალანში ღვინის და ამბრის

სურნელი დაირხა ნელი”. (48)

 

ეს ლექსი არ ტოვებს თარგმნილის შთაბეჭდილებას, იმდენად ბუნებრივია სამყაროს მისეული აღქმა, თითქოს მშობლიური ენის წიაღში დაბადებული, არა ხელოვნური, არამედ უხინჯოდ მშვენიერი სააზროვნო თუ მხატვრული გამოხატვის “კონსტრუქციებით”. ეს ის შემთხვევაა, როცა მთარგმნელი ქმნის იმდენად სრულყოფილ პროდუქტს, რომ ეს უკანასკნელი ორიგინალისგან დამოუკიდებლად იწყებს არსებობას.

ზემოთქმულის გაგრძელებაა პოეტ-მთარგმნელის სინქრონით შექმნილი განწყობის იდილია, ქარიშხლის მოლოდინით (“ხარებსაც სძინავთ და ვარდებსაც/ ველ-მინდვრის მწუხარე ქალებმა/ სისხლად ჩამოწურეს ამ ღამით/ აცელილ ყვავილთა სიმშვიდეც/ზეცის გაჯახუნდა კარი”) და ბწკარედი, სანიმუშოდ შესრულებული გრაფიკის მსგავსი, შავ-თეთრი გრადაციებით, უფრო მძაფრი, უფრო შთამბეჭდავი რომაა, ვიდრე ფერწერული ტილო (“და ძველრომაულად მკაცრი,/ზუსტი და მკაცრი და მკვეთრი,/აწონასწორებდა სიკვდილს/ნაკეცი ქათქათა ზეწრის”).

ავანგარდული, გაბედული ტროპები – გოგრა, “ამოთხვრილი ალუბლის წვენით” ან “კოშკები ზაფრანის ფერი”, ტონთა თამამი, გროტესკული შერწყმა წინააღმდეგობებით ქმნის ეფექტს, როგორც ზემოხსენებული ცხოვრებისეული ოქსიმორონები. მეტაფორული სახეების უჩვეულობა, ხმათა და ათინათთა მონაცვლეობა – “წეროთა ექსტაზი”, “სავარცხელს უჩვევი თმები”, ქართან შეთანხმებულები, მილეთის ამბებმოსმენილები თითქოს, “ბოთლში კონიაკმაც თავი/მოინოემბერა იქვე”, “მძინარე ცხენები მიჰყავთ” – ეს ყველაფერი დისონანსს კი არ ქმნის, არამედ რაღაცნაირად “აწყობილია” ჩვენი უცხო შეგრძნებებისთვის.

 

“სისხლმდინარ იოსებს ხედავს,

გოგონას ცხედარზე დახრილს.

თოფისხმა თოფისხმას ერწყმის

და წმინდა ქალწული ბავშვებს

კურნავს ვარსკვლავების ნერწყვით”. (59)

 

ტროპული მეტყველების ეს სიმჭახე თითქოს გაფხიზლებს წუთისოფლის ბანგისგან და შოკური თერაპიით გიამებს ჭრილობებს დიდი თუ პატარა ტკივილების ამაოებით. დონ პედრო, რომელიც “პურისა და კოცნის დადის საძებნელად” და მარტვილი წმინდა ევლალია, რომელიც “კიდია თოვლივით სუფთა./ მის ფერდში აგნებენ ერთურთს/ ლითონის წვეტები შუბთა”… ყველაფერი კი იდუმალების ბურუსშია გახვეული: “არა. ბულბულს სხვა ეჭვი აქვს” – ან გიტარის ნაღველში წყობილი: “მოგონება იმაზე, რაც არ ყოფილა”.

ერთგან გვხვდება სიტყვა “ბგერს”, “ჟღერს”-ზე ჩუმი, თითქოს, მართლაც სიჩუმის ხმა. ამ სიტყვის სიმშვიდეში იქნებ ქარიშხლის წინასწარმეტყველებაა? (“სანამ მოვარვარე ზაფხული/ ვეფხვის მძვინვარებას თესავს”). თურმე მარტო მწერლები კი არა, მთარგმნელებიც ქმნიან ახალ სიტყვებს და ეს სიტყვათქმნადობაც ცალკე შემოქმედებაა.

ლექსების ამ პატარა კრებულში არქაული, მითოსურ თუ ბიბლიურ განწყობათა საინტერესო მოზაიკურობაა. და ტკივილი, რომელსაც “გადახსნის მიწა” – რა ზუსტი მიგნებაა: ტკივილი მიწისაა, მხოლოდ მისთვის დამახასათებელი. თუ ის სულსაც გაჰყვება, მხოლოდ ამ “მიწის”, წუთისოფლის ხსოვნაა და შედეგი.

 

“მაკრატელს აიღებს დავითი

და სიმებს გადაჭრის ქნარისას”. (77)

 

მაგრამ ეს პოეტის პესიმისტურ-რადიკალისტური მოლოდინია ცუდ პერსპექტივაში, რადგან სამყარო, ადამიანი მაინც უკეთესის ღირსია.

 

(ციტატები მოხმობილია წიგნიდან: ფედერიკო გარსია ლორკა, “ბოშური რომანსერო”, გამომცემლობა “ინტელექტი”, 2020)

როგორ მოვემზადოთ ბანაკისთვის

0
Joyous classmates laughing, jumping under colorful parachute, trying to touch it. Active outdoor activities concept

სად შეიძენ ახალ მეგობრებს, აიმაღლებ პასუხისმგებლობას, გაიმდიდრებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გაკაჟდები, გახდები უფრო თავდაჯერებული, განივითარებ კომუნიკაციურ უნარებს და, რაც მთავარია, მიიღებ დაუვიწყარ მოგონებებს, თუ არა საზაფხულო ბანაკში.

პანდემიის შემდეგ ბევრ ბანაკში ბავშვების მიღება განახლდა. ყველა ბანაკი, საერთაშორისო ტიპის თუ მცირე, ადგილობრივი, მშობლებსა და ბავშვებს სხვადასხვა პირობებსა და პროგრამებს სთავაზობს. ბანაკების უმეტესობა წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას, სადაც ბავშვები ორგანიზებულად ისვენებენ, ავლენენ თავიანთ შემეცნებით-შემოქმედებით პოტენციალს და სოციალურ უნარებს, გართობის, გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და სახალისო თამაშების ფონზე.

მაგრამ რა უნდა განიხილოთ ბანაკში წასვლამდე? ბანაკში დასვენებისთვის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება, მით უფრო თუ ბავშვი იქ პირველად მიდის.

ესაუბრეთ ბავშვს ბანაკში წასვლამდე. მოუყევით თქვენი ბანაკის გამოცდილების შესახებ, გაუზიარეთ ყველაზე სასიამოვნო და მხიარული მოგონება. თუ ეს გამოცდილება არ გაქვთ, წაიკითხეთ წიგნი ან ერთად უყურეთ ფილმს ამ თემაზე (ფილმების მცირედ სიას ქვემოთ გთავაზობთ). პოზიტიური მოლოდინები მნიშვნელოვნად შეამცირებს შფოთვას მოახლოებული განშორების გამო, გადააქცევს მას მომავალი თავგადასავლების მოლოდინად.

შეგიძლიათ ერთად შეარჩიო ბანაკი. ჩართეთ ბავშვი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი პრიორიტეტები, სურვილები. ბანაკები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ (ეკოლოგია, სპორტი, შემოქმედებითობა და სხვ). იპოვეთ ისეთი ბანაკი, რომლითაც თქვენი შვილი დაინტერესდება.

შეისწავლეთ შვილთან ერთად თქვენთვის სასურველი ბანაკის ვებგვერდი, ფეისბუგვერდი. ნახეთ ფოტოები და ვიდეოები, გაეცანით შემოთავაზებულ პროგრამას, წაიკითხეთ ამ ბანაკში დასვენებული ბავშვების მიმოხილვები, მშობლების გამოხმაურებები. ასე ბანაკში მისვლისთანავე ბავშვს არ ექნება განცდა, რომ ის სრულიად უცნობ ადგილას მოხვდა.

შეეცადეთ ბავშვისთვის თანამგზავრის პოვნას. ჰკითხეთ თქვენი შვილის მეგობრებს, ხომ არ სურს მასთან ერთად წასვლა? ერთად ისინი უფრო მხიარულად დაისვენებენ.

ბევრ ბანაკში ბავშვებს გაჯეტებს განსაზღვრულ დროს და დროით აძლევენ. აუხსენით შვილს, რომ ბანაკში თქვენთან დასაკავშირებლად ტელეფონიც საკმარისია. ძვირადღირებული გაჯეტები შეიძლება დაიკარგოს ან გატყდეს და, ბოლოს და ბოლოს, ბანაკში იმიტომ მიდის, რომ სხვანაირად ატაროს დრო, ითამაშოს და ივარჯიშოს.

თუ ბავშვი პატარაა, აუხსენით, რომ არსებობს მისი პირადი ნივთები, რომელთა გაზიარება არ შეიძლება. კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, ქუდი, საცვლები, ფეხსაცმელი, მათ მხოლოდ მისი მფლობელი იყენებს.

ბანაკში ბავშვები არა მხოლოდ ისვენებენ და მხიარულობენ, არამედ დამოუკიდებლად უვლიან საკუთარ თავს, თავიანთ ნივთებს. რა თქმა უნდა, ლიდერები ეხმარებიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ და თავიდან ავაცილოთ რამდენიმე უსიამოვნო მომენტი. მაგალითად, თუ ბავშვს აქამდე არასდროს გაუთევია ღამე თქვენ გარეშე, ეცადეთ, რომ ბანაკამდე ღამე ბებიასთან ან მეგობართან ერთად დატოვოთ. პირველ ხანებში შეგიძლიათ ბანაკში ბავშვს დაურეკოთ ხოლმე, მაგრამ მიეცით თქვენს შვილს უფლება ისწავლოს თქვენ გარეშე ცხოვრება. ეს განშორებაც ხომ დროებითია.

ბანაკში ადაპტაცია საშუალოდ ორ დღეს გრძელდება. ეს ის დროა, როდესაც ბავშვს სჭირდება ახალი ადამიანების გაცნობა და ახალ გარემოსთან მორგება. მშობელი არ უნდა ჩავარდეს პანიკაში, თუ იმ დღეებში მიიღებთ შეტყობინებებს ან ზარებს ბავშვის თხოვნით, რომ ბანაკიდან წაიყვანოთ. მოუსმინეთ, დაამშვიდეთ და ნუ იჩქარებთ მის სახლში წაყვანას. შესთავაზეთ მცირე დაყოვნება. თქვენი სიმშვიდე და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ბანაკის ცხოვრებაში წარმატებული ადაპტაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ შფოთვა გრძელდება, მიმართეთ ბანაკის თანამშრომლებს, რომლებიც აუცილებლად დაგიტოვებდნენ საკონტაქტო ნომრებს. აუცილებლად განიხილეთ ეს საკითხი ბავშვთან ერთად, რათა პირველ ხანებში არ იფიქროს, რომ ბანაკში მათ მშობლებთან საუბრის საშუალებას არ აძლევენ.

შეგიძლიათ თქვენს შვილს ბანაკში რამდენიმე საყვარელი ნივთი გაატანოთ – სათამაშოები ან წიგნები. ახალ გარემოში თავს ის ასე უფრო კომფორტულად იგრძნობს.

საზაფხულო ბანაკისთვის გაატანეთ მზისგან დამცავი საშუალება, ასწავლეთ მისი გამოყენება. შეახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მზიან ამინდში ქუდის ტარება.

აუცილებლად აცნობეთ ბანაკის ადმინისტრაციას თქვენი შვილის ჯანმრთელობის თავისებურებების შესახებ. არ ჩაუდოთ მედიკამენტები ბარგში, ხელში მიეცით ლიდერებს. ბავშვს განუმარტეთ, თუ ვის უნდა მიმართოს თუ თავს ცუდად იგრძნობს.

არ გაატანოთ თქვენს შვილს საჭმელი. ბანაკებში ბავშვებს კარგად კვებავენ და არ სჭირდებათ დამატებითი საჭმელი.

ჩაალაგეთ ბარგი თქვენს შვილთან ერთად, რომ მან ზუსტად იცოდეს, რა აქვს თან. უმჯობესია ჩამოწეროთ სია, რათა მან ბანაკის დასასრულს გადაამოწმოს, ყველაფერი ადგილზეა თუ არა.

ბანაკში დასვენება ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა კარგი და სასარგებლო დასვენებისთვის. მიჰყევით ამ მარტივ რჩევებს და თქვენი შვილი ბანაკში შესანიშნავ დროს გაატარებს.

იმისათვის, რომ თქვენი ბავშვი ბანაკში დასვენებისთვის განაწყოთ, შეგიძლიათ ზაფხულის თავგადასავლებზე საუკეთესო ფილმების ჩვენებით შეამზადოთ:

„სავსე მთვარის სამეფო“ – ეს არის ძალიან ლამაზი ისტორია უეს ანდერსონისგან ორი მოზარდის შესახებ, რომლებიც გაურბიან საზოგადოებას, რათა თავიანთ იდეალურ სამყაროში იცხოვრონ. და კიდევ აქ ნახავთ არაიდეალური მოზრდილებს პრობლემების თაიგულით, სადაც ყველა მშობელი ამოიცნობს საკუთარ თავს.

„თხები“ – „სამეფოს“ მსგავსად ეს ფილმიც მოგვითხრობს ბანაკიდან გაქცეულ მოზარდებზე. ოღონდ აქ ყველაფერი არც ისე კარგადაა: ბავშვები სასტიკი ხუმრობის მსხვერპლნი ხდებიან და მთელი ფილმის განმავლობაში ეცდებიან გაიგონ, მართლა უარყო ისინი მთელმა სამყარომ, თუ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ.

„ორნი: მე და ჩემი ჩრდილი“ – ამანდა და ელისა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მაგრამ ისინი დები არ არიან, ისინი საერთოდ არ შეხვედრიან ერთმანეთს, სანამ ერთ ბანაკში არ აღმოჩნდნენ. შეხვედრის შემდეგ გოგონები გადაწყვეტენ, ერთმანეთისთვის სასარგებლო იყვნენ: იცვლიან ადგილებს, რათა დაეხმარონ უფროსებს სწორი არჩევანის გაკეთებაში, რითაც ისინი არ გაანადგურებენ თავიანთი და მათი შვილების ცხოვრებას. ამ ფილმს სიამოვნებით უყურებენ სკოლამდელი ბავშვებიც.

„ადამსების ოჯახის ღირებულებები“ – თუ არ გაშინებთ შავი იუმორი და, რაც მთავარია, არ გეშინიათ ბავშვებისთვის მისი გაცნობა, აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს სამყაროში ყველაზე მეგობრულ და პირქუშ ოჯახზე. ადამსის ბავშვები უენდსი და პაგსლი მიემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში, სადაც მათ ჩვეულებრივ ბავშვებთან ურთიერთობა, ბანაობა და გართობა უწევთ. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამას?

„დაკარგული ბანაკი“ – მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბანაკი ბავშვებისთვის საინტერესო და წარმტაცი დასვენებაა, მაგრამ ბავშვები ყოველთვის არ ეთანხმებიან უფროსებს. ბანაკი არის მკაცრი განრიგი, წესები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს და რა მოხდება, თუ ზაფხულს ამ ყველაფრის გარეშე გაატარებ? დარჩები უფროსების გარეშე, მეგობრებთან ერთად და გააკეთებ იმას, რაც გსურს? ფილმში, სხვათა შორის, ლეგენდარული კრისტოფერ ლოიდი თამაშობს.

„გრავიტი ფოლზი“ – დიპერი და მეიბლი მიემგზავრებიან არა ბანაკში, არამედ ბიძია სტენთან. ნუ გამოტოვებთ ამ ბრწყინვალე ანიმაციურ სერიალს. ზაფხული ქალაქი გრავირი ფოლზი ბანაკს ჰგავს: მას აქვს თავისი კანონები, ბევრი გასართობი, ჰყავს უცნაური ხალხი და იდუმალი მოვლენები. ამ მულტფილმის ყურება ყველა ასაკის ბავშვებს შეუძლია.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

პროცენტები სესხებზე – კომპლექსური დავალება

0

„ფულის სესხება უფასო არ არის“

პროცენტი რომ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამას მაღაზიების დახლებზე მომრავლებული ფასდაკლების აბრებიც ცხადყოფს. თუმცა პროცენტი მხოლოდ 20%-იანი ფასდაკლება არ გეგონოთ, რომლის გამოთვლას მარტივი არითმეტიკა სჭირდება. როდესაც ვიწყებთ დაზოგვას, ან სესხი გვჭირდება, ან თუნდაც მცირე ბიზნესს ვგეგმავთ, მეტი მათემატიკაა საჭირო სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გთავაზობთ საინტერესო კომპლექსური დავალების ბარათს მე-9 კლასელთათვის, რომელიც კონტექსტურია და ავტოსესხს შეეხება. ადამიანების უმეტესობა, ვინც მანქანას ყიდულობს ვერ იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის დროს, ხოლო ფულის სესხება უფასო არ არის და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა თანხებს იხდიან.

მიმართულება: რიცხვები

სამიზნე ცნება: პროცენტი

საკითხი: რთული პროცენტის გამოთვლა

თემა: სამომხმარებლო მათემატიკა

კლასი: მე-9

საკვანძო კითხვა:

  • როგორ უნდა შევაფასოთ (ავწონ-დავწონოთ) ფინანსურ მომსახურებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები?
  • რატომ არის საჭირო გავერკვე სესხის პირობებში გადაწყვეტილების მიღებამდე?

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რთული პროცენტის გამოყენებას სესხის დათვლისას და მსჯელობის, ანალიზისა და გადაწყვეტილების უნარების განვითარებას.

შეფასების კრიტერიუმები: მოსწავლეს უნდა შეეძლოს

  • რაოდენობრივი მსჯელობის, რიცხვით გამოსახულებებთან მუშაობის დროს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა;
  • რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით. ათწილადს, წილადსა და პროცენტის დაკავშირება;
  • გამოთვლებთან და რაოდენობების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა, პროცენტებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;
  • რეალურ ცხოვრებაში, და ფინანსებში პროცენტის გამოყენება.

 

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები: მათ.საბ. 1; მათ,საბ 3; მათ.საბ, 4; მათ.საბ 6; მათ.საბ. 7

თემატური ერთეულის კლასში დამუშავების დროს 1-2 კვირის პერიოდში, ცხადია, როცა პროცენტის კონცეფცია გავიხსენეთ შესაბამისი პროცენტული გამოთვლებითა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების მაგალითებით, მეტი აქცენტი მქონდა გადატანილი შემდეგ საკითხებზე: მანქანის სესხი და ავტოსესხის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი; ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მანქანის ღირებულებაზე; ავტოსესხის პარამეტრები: შეძენის ფასი, წინასწარი გადახდა, საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური გადახდა, სესხის ვადა. Excel-ის ცხრილი -სასარგებლო ინსტრუმენტი; ავტომობილის მოდელების შედარება; სესხების პირობების შედარება.

სამივე კატეგორიის ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული) შესამოწმებლად კი მოსწავლეებს ვთავაზობ შემდეგი სახის კომპლექსურ დავალებას ავტოსესხზე:

დავალების სათაური: პროცენტები სესხებზე -ავტოსესხი

დავალების პირობა:

დავითმა გადაწყვიტა მეორადი მანქანის შეძენა, სამუშაოდ (ტაქსი, გადაზიდვა, გაქირავება…), შერჩეული აქვს 2 ავტომობილი. დავითმა იცის, რომ მანქანის გამოყენების ღირებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ფასით და გასათვალისწინებელია სხვა ხარჯები, როგორიცაა, სადაზღვევო პოლისი, საწვავი, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. მოეხმარე დავითს მომგებიანი გადაწყვეტილების მიღებაში.

დავითი მანქანის გამოყენებას ფიქრობს 10 წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 150 000 კმ-ს გაივლის. დავითი განიხილავს ბრენდის ორ მოდელს შემდეგი მახასიათებლებით

ბრენდი #1 #2
ღირებულება 21000ლ. 19000ლ.
პერიოდული მოვლის ღირებულება ავტომობილის ყოველ 15000კმ. გარბენზე 840 ლარი ავტომობილის ყოველ 10000კმ. გარბენზე 630 ლარი
გამოყენებული ბენზინის ღირებულება 1ლიტრი- 2.8ლ. 1ლიტრი- 2.8ლ.
საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე 5 ლ. 6 ლ.

 

დავითმა ასევე მოიძია ინფორმაცია რამდენიმე ბანკს, მიკროსაფინანსოსა და ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებულ ავტოსესხების პირობებზე.

ფიზიკური პირი დათოს ასეთ პირობებს სთავაზობს:

ის მისცემს სესხს 4 წლის ვადით (მისაღებია დავითისთვის) წლიური 10%-ით. სესხის დაფარვის სქემა ასეთია: ყოველი წლის ბოლო დღეს სესხს დაერიცხება 10% (ანუ სესხის თანხა გაიზარდა). დავითმა ამის შემდეგ უნდა გადაიხადოს გარკვეული რაოდენობის თანხა. რა თანხა უნდა გადაიხადოს დავითმა, თუ მან ვალი ამ პრინციპით 4-ჯერ გადაიხადა, თანაბარი რაოდენობებით (4 წლის განმავლობაში დაფარა).

დავითს მოძიებული აქვს ზოგიერთი ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ავტოსესხის დაანგარიშების პირობები. პროგრამა თავად გთავაზობს სესხის დაფარვის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთის, სესხის ვადისა და მოთხოვნილი თანხის შესაბამისად.

იხილეთ პირობები:

მარტივი ავტოსესხი – TBC Bank

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/auto-loan

https://credobank.ge/products/auto-loan/

ავტო სესხი – დამატებითი ხარჯის გარეშე ! – Liberty Bank

შენი დავალებაა:

 

  • გამოთვალე რომელი ბრენდის ავტომობილის შეძენა სჯობს თუ დათოს უნდა ნაკლები ფულის დახარჯვა 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში.
  • გამოთვალე ფიზიკური პირის პირობებით, რა თანხის გადახდა მოუწევს დავითს ყოველწლიურად, 21000 ლარის სესხების შემთხვევაში? (ან 19000 ლარის სესხების შემთხვევაში).
  • გამოთვალე ფიზიკური პირის პირობებით რა თანხის გადახდა მოუწევს დავითს სულ, 21000 ლარის სესხების შემთხვევაში? (ან 19000 ლარის სესხების შემთხვევაში).
  • იპოვე, რამდენით აღემატება გადახდილი თანხა ფიზიკური პირის მიერ გაცემულ სესხს და სესხის რამდენ პროცენტს შეადგენს.
  • იპოვე რამდენით აღემატება გადახდილი თანხა ბანკების/საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხს და სესხის რამდენ პროცენტს შეადგენს.

(10% -იანი წლიური განაკვეთი. ვადა 48 თვე, სესხის თანხა 21000ლ.)

  • შეადარე შემოთავაზებული სესხის პირობები, გაითვალისწინე დამატებითი მომსახურება და სერვისები (მაგალითად დაზღვევა, რომელსაც ბანკი გვთავაზობს).
  • მიეცი დავითს რჩევა.

 

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე

·         თითოეული გამოთვლა წარმოადგინეთ ცხრილის სახით, ცხრილი ააგეთ ექსელში ან ვორდში (რა იქნება დარიცხვა თითოეულ შემთხვევაში ყოველი წლის ბოლოს, რომ ცხადად გამოჩნდეს ნაზრდი).

·         დარიცხვის შედეგად დაადგინეთ, რა ტიპის რიცხვებთან ასრულებთ მოქმედებებს? გამოთვლების შედეგად როგორ არის შესაძლებელი რიცხვების წარმოდგენა, ჩაწერა? როგორ უკავშირდება ერთმანეთს მთელი, წილადი და პროცენტი?

·         დაწერეთ რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვით გამოთვლის ალგორითმი, და ფორმულა, ასევე სრული თანხის მისაღები ფორმულა. და ახსენით, როგორ მოახდინეთ ფორმულირება.

·         როგორ გეხმარება ტექნოლოგიები (ასევე ექსელი) ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების წარმოებაში.

·         რატომ არის პროცენტი მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

პრეზენტაცია წარმოადგინე რომელიმე ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამაში. ან ფლიფჩარტზე, შენთვის მოსახერხებელი ფორმით

რეკომენდაციები მოსწავლეებს:

რთული პროცენტის გამოთვლა

https://ka.khanacademy.org/economics-finance-domain/core-finance/interest-tutorial/compound-interest-tutorial/v/introduction-to-compound-interest

ინფორმაცია ავტოსესხზე

https://www.finedu.gov.ge/ge/avto-seskhi-1

 

 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, წარმოადგინეს საინტერესო პროდუქტები. მსჯელობდნენ არგუმენტირებულად გადაწყვეტილების შესახებ. დაინახეს პროცენტების ფინანსურ დაგეგმარებაში გამოყენების მნიშვნელობა.

გამოყენებული ლიტ-რა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum/mat-vii11/348

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-9 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meckhre-klasi/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...