შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფერების ამოცნობა

0

ნებისმიერი მშობელი მოუთმენლად ელოდება შვილის განვითარებაში მომხდარ თუნდაც უმნიშვნელო წინსვლას და შფოთავს, როცა ცვლილებები აგვიანებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შვილის თანატოლი მეგობრის, ნათესავის ან მეზობლის ბავშვი უკვე დადის, მისი კი ჯერ ისევ დახოხავს, სხვისი უკვე სიტყვებს წარმოთქვამს, მის შვილს კი ბგერების წარმოთქმაც უჭირს. მისი შვილის თანატოლი სხვა ბავშვი უკვე განასხვავებს ფერებს, მის პატარას კი ამის გაკეთება უჭირს.

ახალგაზრდა მშობლები რჩევებს ითხოვენ. საინტერესოა, მართლა ასე ცუდადაა ყველაფერი თუ გამოუცდელი მშობლები დროზე ადრე ტეხენ განგაშს, უმიზეზოდ შფოთავენ?

თუ ბავშვმა ორ წლამდე ვერ ისწავლა ფერების გარჩევა, არაფერია სანერვიულო. თავდაპირველად ის მეტყველებას უნდა დაეუფლოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადავიდეს ახალი მასალის შესწავლასა და შემეცნებაზე. ზოგიერთი ბავშვი სამი წლის ასაკში უკვე ამოიცნობს და ასახელებს ფერებს, განასხვავებს მათ ერთმანეთისგან, ზოგი კი ხუთი წლის ასაკშიც ვერ ახერხებს ამას.

რა უშლის ხელს ფერების დასწავლას და ამოცნობას?

  • თუ მშობლებს არ აქვთ ფერების აღქმასთან დაკავშირებული სირთულეები, ალბათობა, რომ ეს პრობლემა ექნება მათ შვილს, პრაქტიკულად ნულამდე დადის. თუ მშობელი დალტონიზმის გენის მატარებელია, არსებობს რისკი, მისი შვილიც დალტონიკი დაიბადოს.
  • ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვი ვერ არჩევს ფერებს, შესაძლოა ის იყოს, რომ მშობლებმა მეტისმეტად გვიან დაიწყეს მისთვის ფერების გაცნობა. ბავშვს მხოლოდ უფროსის დახმარებით შეუძლია ისწავლოს ფერების გარჩევა.
  • შესაძლოა, პატარას ართობდეს უფროსების რეაქცია მის შეცდომებზე. ასეთ დროს ის განზრახ ამახინჯებს სიტყვებს, ურევს ფერებს, შეცდომით წარმოთქვამს მათ სახელებს და ამით მშვენივრად ერთობა.

 

როდის და როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფერების ამოცნობა

  • ბავშვისთვის ფერების სწავლება შეიძლება საკმაოდ ადრე, ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში დავიწყოთ. ფერებს შორის განსხვავებას ადამიანი დაბადების მომენტიდანვე აქცევს ყურადღებას (პირველად ის ყვითელს შეიცნობს, ამიტომ უპირატესობას სწორედ ამ ფერის სათამაშოებს ანიჭებს), ასე რომ, თამამად შეგვიძლია, თვეების ბავშვს ვაჩვენოთ და ავუხსნათ, როგორ გამოიყურება სხვადასხვა ფერი. არ უნდა ველოდოთ, რომ ის უმალვე ყველაფერს დაიმახსოვრებს – ჩვილი ინფორმაციას პასიურად აღიქვამს და ცოტა რამ ესმის იქიდან, რასაც გარშემო მყოფები ეუბნებიან, მაგრამ გავა ხანი და ინფორმაცია საბოლოოდ აითვისება და გადამუშავდება მეტყველების საშუალებით.
  • ავიყვანოთ ბავშვი ხელში, შემოვატაროთ ოთახი, გზადაგზა დავასახელოთ საგნები, რომლებიც მისი მხედველობის არეში მოხვდება და ვთქვათ, რა ფერისაა ისინი: „ეს ფარდაა, ფარდა ცისფერია“, „ეს მაგიდაა, მაგიდა ყავისფერია“, „ეს წიგნია, წიგნი მწვანეა“, – და ა.შ. შეიძლება, სხვადსხვა ფერის სათამაშოები ერთ რიგად დავაწყოთ და მათი ფერები დავასახელოთ: „შეხედე, ეს დათუნიაა, დათუნია ყავისფერია, მისი ბლუზა კი წითელია“; „ეს ბაჭიაა, ბაჭია თეთრია“, „ეს ფისოა, ფისო შავია“, – და ა.შ. ეს შესანიშნავი გზაა, ფერებთან ერთად ბავშვს ცხოველების სახელებიც შევასწავლოთ.
  • არსებობს უფრო მარტივი ხერხიც, რომელიც არ მოითხოვს დამატებით რესურსს (მაგალითად, სათამაშოების ყიდვას): ვასწავლოთ ბავშვს ფერები ქუჩაში სეირნობის დროს. როცა მანქანა ჩაივლის, დავასახელოთ მისი ფერი. ბავშვი აიტაცებს ამ სახალისო თამაშს და მალე თვითონვე მოინდომებს გამვლელი მანქანების ფერების ხმამაღლა დასახელებას.
  • თუ გვსურს, რაც შეიძლება მალე ვასწავლოთ ბავშვს ფერების ამოცნობა, კარგი იქნება, ორგანიზება გავუწიოთ განმავითარებელ თამაშებს თანატოლებთან ერთად, რადგან ჯგუფში, სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას, ინფორმაცია პატარებს გაცილებით უკეთ ამახსოვრდებათ.
  • არასოდეს ჰკითხოთ ბავშვს: „რა ფერისაა ეს?“ – ამით, შესაძლოა, გაუღვივოთ შეცდომის შიში და წაართვათ თავდაჯერება. ასეთ ბავშვთან კი, რამდენიც არ უნდა ვიმუშაოთ, შედეგს ვერ მივიღებთ. უმჯობესია, ხატვის ან თამაშის დროს ისე, სასხვათაშორისოდ დავასახელოთ ფერები. მაგალითად: „რა ლამაზი წითელი ყვავილი დაგიხატავს!“ „გადმომიგდე ეს მწვანე ბურთი“. ნუ ვაიძულებთ პატარას რამის დასწავლას, განვითარების ადრეულ ეტაპზე მაინც. გადაჭარბებული მონდომებით შეიძლება მეტი გავაფუჭოთ, ვიდრე გავაკეთოთ.
  • სანამ ფერების სწავლებას დავიწყებთ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ასაკს და ხასიათს. ახალ ინფორმაციას ყველა ბავშვი მარტივად და სწრაფად ვერ იმახსოვრებს – ზოგს კი ერთხელ თქმაც საკმარისია, ზოგს კი რამდენჯერმე გამეორება სჭირდება.
  • ბავშვი ახალ ინფორმაციას გაცილებით ადვილად ითვისებს თამაშის ფორმით.
  • თავდაპირველად ბავშვს გავაცნოთ და შევასწავლოთ ძირითადი ფერები. როდესაც მათ აითვისებს, შეგვიძლია, სხვა ფერების შესწავლაზე გადავიდეთ.
  • სასურველია ფერების შესწავლა შემდეგი თანმიმდევრობით: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი.
  • ნუ გავაცნობთ და ვასწავლით ბავშვს ახალ ფერს, თუ წინა ჯერ არა აქვს შესწავლილი.
  • უკვე ერთი წლიდან შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების დალაგება ფერების მიხედვით: მწვანე კუბურები დავალაგოთ მწვანესთან, წითელი – წითელთან და ა.შ. ეს ფერების შესწავლასთან ერთად ყურადღებისა და აზროვნების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
  • ნუ აიძულებთ ბავშვს, დაიმახსოვროს ფერების სახელები. მათი დახარისხების უნარი პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ფერებს შორის განსხვავების გასაგებად.
  • სამი წლიდან ბავშვი სამყაროს მოქმედების გზით შეიცნობს. მისთვის აუცილებელია საგნებთან შეხება, მათი გადაადგილება, თუნდაც ძირს დაყრა, რათა სწრაფად გაერკვიოს გარემომცველ სინამდვილეში, მათ შორის – ფერებშიც.
  • ხატვის დროს რაც შეიძლება ხშირად ესაუბრეთ „პატარა მხატვარს“ იმის შესახებ, რას და რომელი ფერით ხატავს. მაგალითად: „მზეს ვხატავთ ყვითელი ფანქრით“, „ცას – ცისფერით“, „ბალახს – მწვანით“, – და ა.შ.
  • შეგვიძლია, ფერები და მათი გარჩევა წიგნის კითხვის, მისი ილუსტრაციების თვალიერების დროს ვასწავლოთ ბავშვს.

გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვს განვითარების, სამყაროს შემეცნების საკუთარი, ინდივიდუალური ტემპი აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ადრეული ასაკიდანვე ვიმუშაოთ პატარასთან. მაშინ აღარ გვექნება პრობლემები არც ფერების ამოცნობასთან, არც მეტყველებასთან და არც აღზრდასთან დაკავშირებით.

განათლების რამდენიმე მიზანზე 2023 წლისათვის

0

მორიგი ახალი წელი დაიწყო და მის დადგომასთან ერთად, ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, ახალ მიზნებს, ახალ გამოწვევებს ვუსახავთ საკუთარ თავს. ამ აზრებისა და იდეების ტრიალში, ვფიქრობდი, ნეტავ, რა იქნებოდა საუკეთესო მიზანი სასკოლო განათლების სისტემაში. რისი მიღწევა იქნებოდა ყველაზე სასარგებლო, თან რეალურიც. და ბოლოს, ზედმეტი ფიქრის გარეშე, მივხვდი, რომ ეს აუცილებლად სასკოლო კვების პროგრამა იქნებოდა, თანაც, საყოველთაო.

სასკოლო კვების პროგრამაზე რეალური ფიქრი 2020 წელს დავიწყე, როდესაც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მაშინ შთაგონებულმა მოკლე სტატიაც კი მოვამზადე mastsavlebeli.ge-სათვის. ძალიან მალე CTC-იმ ამ თემაზე ერთ-ერთი პირველი კვლევაც გამოაქვეყნა. პარალელურად, მოძრაობა „ხმამ“ დაიწყო საკითხის ადვოკატირება, განათლების კოალიციაშიც გავაქტიურდით და ნელ-ნელა ეს ამბავი პოლიტიკის დღის წესრიგშიც დადგა.

სხვათა შორის, ამ მოძრაობის ბოლო კვლევით, სასკოლო კვება, დამატებით ხარჯებთან ერთად, სახელმწიფოს დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაუჯდება. ბუნებრივია, ეს მხოლოდ საორიენტაციო გაანგარიშებაა და, რეალურად, თანხა შესაძლოა უფრო ნაკლებიც იყოს. მეორე მხრივ, ვფიქრობ, სულაც რომ მეტი დაჯდეს, ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს იმად, რომ მოსწავლეები გამოკვებილები იყვნენ, რადგან ეს ამბავი მათ ჯანმრთელობაზეც აისახება, აკადემიურ მოსწრებაზეც, სკოლის მიტოვების მაჩვენებლის შემცირებაზე, ოჯახების მდგომარეობაზეც და ა.შ. სასკოლო კვების შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ მათ პლატფორმაზეც წაიკითხოთ, ისევ როგორც ზემოთ ნახსენებ ბმულებზე.

როგორც ცნობილია, 2022 წელს განათლების მინისტრმაც არაერთხელ დააანონსა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, ამ მხრივ იმედია, მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება და საზოგადოების, განსაკუთრებით სასკოლო საზოგადოების ყურადღება აქეთ უნდა იყოს მიმართული. მეტმა აქტიურობამ შესაძლოა უკეთეს შედეგამდეც მიგვიყვანოს.

მოკლედ, ჩემთვის 2023 წლის N1 მიზანი   განათლებაში სასკოლო კვების ამოქმედებაა.

რაც შეეხება დანარჩენ მიზნებს, ძალიან ვგულშემატკივრობ მცირე თუ არც თუ ისე მცირე მასშტაბის მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე/გამოწვევებზეა ორიენტირებული. ამიტომაც მომწონს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“  და ხშირად მითქვამს ამის შესახებ. ცხადია, ამ პროგრამასაც მრავალი მიმართულებით სჭირდება ცვლილებები და განვითარება. ზოგადად კი, ვფიქრობ, ამ ტიპის ინიციატივები სისტემაში მეტი უნდა იყოს. მაგალითად, ინგლისურის გაძლიერების პროგრამები ან „ასწავლე საქართველოსთვის“ მსგავსი პროგრამა, დირექტორებთან მიმართებით. თუ დაგაინტერესებთ, რატომ მაინც და მაინც ინგლისური, შეგიძლიათ ნახოთ Educare Georgia-ს საკმაოდ საინტერესო ინიციატივა − რატომ ინგლისური – https://www.facebook.com/WhyEnglishGeorgia. ბუნებრივია, აღნიშნულისათვის აუცილებელია ინტერნეტიზაციის მხარდაჭერა, როგორც დაფარვის, ასევე ხარისხის კუთხით. სამწუხაროდ, რეგიონების ასობით სკოლაში ინტერნეტი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

რაც შეეხება დირექტორებს, სკოლაში მათი ფუნქცია, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მიზნობრივად კომპეტენტური ადამიანების მომზადება და კონკრეტულ სკოლებში მათი წარდგენა შესაძლოა, საინტერესო იყოს. ბუნებრივია, აქაც ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი, მათ შორის სკოლის ავტონომიის, თუმცა ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

და ბოლოს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მასწავლებელთა შრომითი პირობების განვითარების. რა თქმა უნდა, მხოლოდ ანაზღაურებას არ ვგულისხმობ. მაგალითად,  წარმოუდგენლად არამიმზიდველი სამუშაო სივრცე აქვთ  სკოლებში მასწავლებლებს (ეს სივრცე ზოგჯერ მხოლოდ სამასწავლებლოა). შესაბამისად, აუცილებელია ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის თავად სკოლების მხრიდან. საინტერესო იქნებოდა საინტერესო გამოცდილების  გაცნობა და კარგი სამუშაო გარემოს უპირატესობებზე საუბარი.

მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მცირე შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო, რომ მიზნობრივი საინტერესო შეთავაზებები გაკეთდეს მასწავლებელთათვის. მაგალითად, ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის სამაგისტრო პროგრამების მხარდაჭერა, უფრო სტაჟიანთათვის – კიდევ რაიმე სხვა, მაგ. გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის პროგრამა. ასევე, შესაძლოა ამ მხრივ კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, მაგალითად, სასტუმროს ქსელებთან თანამშრომლობა და მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის ზაფხულისა თუ ზამთრის ხარისხიანი დასვენებების უზრუნველყოფა. მოკლედ, ამ ტიპის ჩამონათვალი ძალიან დიდი შეიძლება იყოს და ცხადია, უფრო მეტ გათვლებსა და კვლევებს უნდა ეფუძნებოდეს. უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ტიპის პროგრამები საკმაოდ დიდი სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი იქნება როგორც მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია პროფესიის პოპულარიზებისთვის და კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.

ცხადია, ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თავად მასწავლებელთა ჯგუფებისა და სასკოლო საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გააქტიურებაც, რადგან როგორი პოზიტიური მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებთ, ანგარიშვალდებულების სისტემის გარეშე, ნებისმიერი სისტემის განვითარება ძალიან რთულია. სუსტი სასკოლო თუ სამოქალაქო საზოგადოების პირობებში კი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია რეალური ანგარიშვალდებული სისტემის არსებობა.

კომპლექსური დავალება – წერილი ,,მწიფე ცის’’ ავტორს

0

როგორ ვასწავლოთ გრამატიკის საკითხები დაწყებით კლასებში?

დამეთანხმებით, რომ მხოლოდ წესების დაზეპირება არ კმარა, რადგან ფუჭია ცოდნა, რომელიც პრაქტიკულად არ გამოიყენება განსხვავებულ სიტუაციაში.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქართული ენისა და ლიტერატურისთვის (დაწყებითი საფეხური) განსაზღვრულ გრძელვადიან სამიზნე ცნებებს შორის ერთ-ერთი გახლავთ სამიზნე ცნება, ,,გრამატიკა’’ (პრაქტიკული), რომელიც გულისხმობს ცოდნის გამოცდილების გადატანას ერთი სიტუაციიდან მეორეში, როგორც ზეპირი, ასევე წერითი მეტყველების პროცესში.

გთავაზობთ სამიზნე ცნება ,,გრამატიკისა’’ (პრაქტიკული) და სამიზნე ცნება ტექსტის (ჟანრების) დაწყვილებით შექმნილი კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს.

სამიზნე ცნება: ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

ქვეცნება – წერილი

სამიზნე ცნება – გრამატიკა (პრაქტიკული) (შედეგები: (II). 1, 3, 4, 6)

ქვეცნება – მორფოლოგია.

საკითხიწერილი,,მწიფე ცის’’ ავტორს, ჯანი როდარს.

ქვესაკითხები: მოთხრობის, ,,მწიფე ცის’’ ავტორთან გაგზავნილი წერილის შინაარსი (მიზანი, ადრესატი), აგებულება/სტრუქტურა (მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა) ენა (თავაზიანი მეტყველება), არსებით სახელთან ზედსართავის სახელის მისადაგება

საკვანძო შეკითხვა: როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით მივწერო წერილი ავტორს? როგორ ამოვიცნო და გამოვიყენო ზედსართავი სახელები?

კომპლექსური დავალება – წერილი ,,მწიფე ცის’’ ავტორს

მისწერე წერილი ავტორს. წერილში გაუზიარე შენი სათქმელი ამ მოთხრობასთან დაკავშირებით;

შეფასების კრიტერიუმები(კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)

ნაშრომში წარმოაჩინეთ:

  • რატომ, რა მიზნით სწერ წერილს ავტორს? (ტ.1.2.3);
  • დეტალები – რა მოგეწონა ან არ მოგეწონა? (ტ.1.3);
  • რა გაიგე ზედსართავ სახელებზე ამ მოთხრობით (გრ.1);
  • რით დაგაინტერესა, რაზე დაგაფიქრა? (ტ.1.3);
  • სათანადო გამოყენებული სულ მცირე ორი ზედსართავი (გრ. 1)
  • როგორი აგებულება აქვს წერილს (მიმართვა – მისალმება, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა) (ტ.3).

შენიშვნა: კომპლექსური დავალების პირობაში, შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებით არის მითითებული სამიზნე ცნებები: ,,ტექსტი’’ ანუ ,,ტ’’, ,,გრამატიკა’’(პრაქტიკული) ანუ ,,გრ’’ და მათი მკვიდრი წარმოდგენები.

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის გაქტიურება

  • რა კითხვები დაესმის არსებით სახელს? (ვინ, რა)
  • გაიხსენეთ მაგალითები.

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელია არსებითი სახელები:

ყვავილი, ირემი, გოგონა, წიგნი, ზის, წითელი, ქოთანი, კედელი, თამაშობს, მღერის, ლამაზი; მაღალი.

აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • მიგიწერიათ თუ არა ვინმესთვის წერილი?
  • რა მიზნით მიგიწერიათ წერილი? ვისთვის?
  • რა მოითხოვს თქვენგან დავალება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის გასაგებად?

ქვესაკითხები: თემა. სათაური. პერსონაჟების საქციელი. ახალი, უცნობი სიტყვები.

რესურსები /აქტივობები:

რესურსი 1. ჯანი როდარის ,,მწიფე ცა’’

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.

რესურსი 2. სიტყვის სკივრი ( ახალი სიტყვები: ხითხითი, თხუპნა, მტვრის ბუღი)

აქტივობა 2. ლექსიკაზე მუშაობა. მოსწავლეები სიტყვის სკივრიდან ამოიღებენ ბარათებზე დაწერილ სიტყვებს და შეეცდებიან განმარტებას. შემდეგ სწორ პასუხს დააზუსტებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული, დაფაზე განთავსებული (დაფარული) განმარტების საშუალებით. ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა.

აქტივობა 3. კითხვა პაუზებით

რესურსი 3. მოთხრობის რუკა (პერსონაჟები, გარემოება, პრობლემა, მოვლენები, პრობლემის მოგვარება)

აქტივობა 4. მოთხრობის რუკის შევსება.

აქტივობა 5. ტექსტთან ხელახლა დაბრუნება. კითხვებზე პასუხები.

 გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • რას გეუბნება პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის შესახებ?
  • რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?
  • შენი აზრით, რა მოხდება? რატომ ფიქრობ ასე?
  • რა მინიშნებებს ეყრდნობი? გამართლდა თუ არა შენი ვარაუდი?
  • რას ნიშნავს ხითხითი? სხვანაირად როგორ იტყოდი?
  • რას ნიშნავს თხუპნა? მოთხუპნილი? რა შეიძლება იყოს მოთხუპნილი?
  • როგორ გესმის გამოთქმა მტვრის ბუღი? როდის ასდის მიწას ბუღი?
  • რას ურჩევს მწერალი ბავშვებს?
  • ვინ არიან მოთხრობის პერსონაჟები?
  • რით, როგორ იწყება ამბავი?
  • რა დავალება უნდა შეესრულებინათ ბავშვებს?
  • რატომ უწოდებს მათ ავტორი „საძაგელ ტყუპს”?
  • როგორ გგონიათ, რატომ ხითხითებდნენ ბავშვები, როცა დავალებას ასრულებდნენ?
  • როგორ შეასრულეს დავალება მარკომ და მირკომ?
  • ოდესმე თქვენ თუ მოჰქცევიხართ სიტყვებს ასე აგდებულად და უპასუხისმგებლოდ? რა შედეგი მოჰყვა ამას?
  • რომელი არსებითი სახელებისთვის უნდა შეერჩიათ ზედსართავი სახელები მარკოსა და მირკოს?
  • თქვენი აზრით, რატომ მოიქცნენ ბავშვები ასე? – შეეშალათ თუ განზრახ აურ-დაურიეს ყველაფერი?
  • იცოდნენ ბავშვებმა, რომ პრობლემა შეიქმნებოდა?
  • სინამდვილეში რა მოხდა? როგორ განვითარდა მოვლენები – რატომ დაიგრუხუნა ცამ და რატომ ჩამოვარდა დაბლა?
  • როგორ მოგვარდა პრობლემა? რით დასრულდა ამბავი?
  • როგორ გგონიათ, ამ ამბის შემდეგ ბავშვები ისევ დასცინებდნენ სიტყვებს და ასე უპასუხისმგებლოდ მოექცეოდნენ, თუ ჭკუას ისწავლიდნენ?
  • რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ამბიდან (რომ ყოველ სიტყვას თავისი ადგილი, თავისი დანიშნულება აქვს და, მათ თუ სწორად არ მოვუძებნით ადგილს, ყველაფერი აირ-დაირევა)?
  • როგორ ფიქრობთ, ასეთი რამ მართლა შეიძლება მოხდეს, თუ მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ამბებშია გადმოცემული?

ნაბიჯი 2. რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე წერილის მიწერა ,,მწიფე ცის’’ ავტორისთვის (1.2.3); როგორი აგებულება აქვს წერილს (მიმართვა – მისალმება, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა) (ტ.3) როგორ შევურჩიო არსებით სახელს შესაბამისი ზედსართავი სახელი? (გრ.1)

ქვესაკითხები: წერილის შინაარსი (მიზანი, ადრესატი), აგებულება/სტრუქტურა (მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა) ენა (თავაზიანი მეტყველება), არსებით სახელთან ზედსართავი სახელის მისადაგება.

რესურსები /აქტივობები

რესურსი 4. სქემა: საგნების ილუსტრაციები – საგნის აღმნიშვნელი სიტყვა – ზედსართავი სახელი.

აქტივობა 6. საგნის აღმნიშვნელი სიტყვების, არსებითი სახელების დაკავშირება საგნის ნიშან-თვისების აღმნიშვნელ სიტყვებთან, ზედსართავ სახელებთან.

  • დააკვირდი, რა შეკითხვას პასუხობს საგნის ნიშან-თვისების აღმნიშვნელი სიტყვები.
  • კიდევ როგორი შეიძლება იყოს გლობუსი? ბურთი? და ა.შ.

რესურსი 5. ჯანი როდარის ,,მწიფე ცა’’ (გვ.38)

აქტივობა 7. ამოიწერეთ ტექსტიდან ის სიტყვები, რომლებისთვისაც უნდა შეერჩიათ ზედსართავი სახელები მარკოსა და მირკოს.

გაასწორე მირკოსა და მარკოს შეცდომები, სწორად შეუსაბამე სიტყვები ერთმანეთს (მაგ., მწიფე ხორბალი, თეთრი თოვლი, მწვანე ბალახი, და ა.შ).

გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • ამ წყვილებში, რომელია მთავარი სიტყვა? ანუ რომელი სიტყვა რომელს ახლავს, რომელს დაერთვის? – პირველი სიტყვა მეორეს თუ პირიქით?
  • რას გვიჩვენებს პირველი სიტყვა (როგორია ის საგანი, რომელსაც მეორე სიტყვა გამოხატავს)?
  • რას მატებს დართული სიტყვები, ანუ ზედსართავი სახელები იმ სიტყვებს, რომლებიც მოიძიეთ ტექსტში? (უფრო უკეთ, უფრო ნათლად წარმოვიდგენთ მათ).
  • რას/ როგორ სიტყვას ეწოდება ზედსართავი სახელი?

დასკვნა: სიტყვას, რომელიც სხვა სიტყვას დაერთვის და გვიჩვენებს, როგორია ის, ეწოდება ზედსართავი სახელი.

რესურსი 6. ფორმატზე/ფლიპჩარტის ქაღალდზე ან დაფაზე დაწერილი სიტყვები: ხორბალი, თოვლი, ბალახი, მგელი, შაქარი, ცა.

აქტივობა 8. ამოწერილი არსებითი სახელებისთვის რაც შეიძლება ბევრი ზედსართავი სახელის შერჩევა, რვეულში ჩაწერა და წინადადებების შედგენა.

კიდევ როგორი შეიძლება იყოს:

ხორბალი – მწიფე, ოქროსფერი, მზისფერი, მსხვილი…

თოვლი – თეთრი, ქათქათა, ფუმფულა, ფაფუკი, ცივი…

ბალახი – მწვანე, მაღალი, დაბალი, ხშირი, ლორთქო, ბიბინა, ხავერდოვანი, გამხმარი, მეჩხერი…

მგელი – ბოროტი, რუხი, შავი, საშიში, ძლიერი, მტაცებელი…

შაქარი – ტკბილი, გემრიელი, თეთრი, მავნებელი…

ცა – ცისფერი, ლურჯი, ლაჟვარდისფერი, ღრუბლიანი, უღრუბლო….

 

გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • ამ წყვილებში რომელია მთავარი სიტყვა? ბურთი – ჭრელი, გოგონა – ბეჯითი… ანუ რომელი სტყვა რომელს ახლავს, რომელს დაერთვის? – პირველი სიტყვა მეორეს თუ პირიქით?
  • რას გვიჩვენებს პირველი სიტყვა (როგორია ის საგანი, რომელსაც მეორე სიტყვა გამოხატავს)?
  • რას მატებს დართული სიტყვები, ანუ ზედსართავი სახელები, ამ სიტყვებს: ხორბალი, თოვლი, ბალახი, მგელი, შაქარი, ცა (უფრო უკეთ, უფრო ნათლად წარმოვიდგენთ მათ)?
  • რა კითხვები დაესმის არსებით სახელს ? დაასახელე მაგალითები….
  • რა დაერთვის ხოლმე არსებით სახელს? რას აღნიშნავს ზედსართავი სახელი? დაასახელე მაგალითები….
  • რატომ არის მნიშვნელოვანი არსებითი სახელებისთვის ზედსართავი სახელების სწორად შერჩევა?

 

აქტივობა 9. წინადადებების შედგენა ზედსართავი სახელების გამოყენებით – წინა აქტივობიდან შეარჩიე სამი-ოთხი ზედსართავი სახელი და მათი გამოყენებით შეადგინე წინადადებები.

რესურსი 7. წერილის სტრუქტურა – ფორმატის/ფლიპჩარტის ქაღალდზე ან დაფაზე დაწერილი.

მისალმება

მიმართვა

ძირითადი ნაწილი

დამშვიდობება

 

აქტივობა 10. დაკვირვება წერილის სტრუქტურაზე. მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ წერილს აქვს თავისებური აგებულება: მისალმება/მიმართვა, ძირითადი ნაწილი და დამშვიდობება.

 რესურსი 8. წერილის ნიმუშები

 

აქტივობა 11. წერილის ნიმუშებზე დაკვირვება. მახასიათებლების გამოკვეთა (კი/არა მაგალითების მეთოდის საშუალებით)

შენიშვნა: მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს, რომ „კი მაგალითს“ ვუწოდებთ წერილის კარგ მაგალითს, რომელშიც გამოკვეთილია წერილის შინაარსი (მიზანი, ადრესატი), აგებულება/სტრუქტურა (მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა) ენა (თავაზიანი მეტყველება), ხოლო „არა მაგალითს“ ვუწოდებთ წერილის ცუდ მაგალითს, რომელსაც რომელიმე მათგანი აკლია.

 

გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • ვისთვის არის დაწერილი პირველი წერილი, ანუ ვინ არის ადრესატი? მეორე წერილი? მესამე? მეოთხე? რატომ ფიქრობ ასე?
  • რას ვითვალისწინებთ, როდესაც წერილს ვწერთ უფროს ადამიანს? მიმართვის როგორ ფორმას ვიყენებთ?
  • ვინ წერს პირველ წერილს? მეორეს? საიდან იცი? ჩანს თუ არა, ვინ წერს მესამე წერილს? მეოთხეს?
  • რა აკლია მეორე წერილს? რა აკლია მესამე წერილს?
  • რომელია კარგი წერილის ნიმუში? რატომ ფიქრობს ასე? მაშ, როგორი უნდა იყოს კარგი წერილი?
  • რა შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს არის წერილის ცუდი ნიმუში?
  • რატომ ფიქრობ ასე? დაასაბუთე შენი მოსაზრება.
  • რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე წერილის მიწერა ავტორისთვის?
  • მიმართვის როგორ ფორმას გამოიყენებ?

 

აქტივობა 12. წერილის პირველადი ვარიანტის წერა.

რესურსი 9. შეფასების კრიტერიუმების ბადე

დაიცავი თუ არა წერილის აგებულება (მიმართვა, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა)?

 

კარგია გასაუმჯობესებელია

 

გამოკვეთილია თუ არა წერილის მიზანი?

 

   
წარმოჩენილია თუ არა დეტალები – რა მოგეწონა არ არ მოგეწონა, რით დაინტერესდი?    
წარმოჩენილია თუ არა, რა გაიგე ზედსართავ სახელებზე ამ მოთხრობით?    

 

 

აქტივობა 13. პირველი ვარიანტის გაუმჯობესება შეფასების კრიტერიუმების ბადის საფუძველზე და წარდგენა.

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად

 

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ნამდვილად წერილია?
  • რატომ გადაწყვიტე, რომ ავტორისთვის მიგეწერა წერილი?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი არსებითი სახელებისთვის ზედსართავი სახელების სწორად შერჩევა?
  • როგორ გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რის თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ ამოიცანი ტექსტის შინაარსი, მთავარი სათქმელი? პერსონაჟების თვისებები, მათი ქმედება, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • გასაგები იქნება შენ მიერ შექმნილი შეგონება მკითხველისთვის?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში:

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?

მწვანე ტერორის საფრთხე

0

გასული საუკუნის სამოციან წლებში დასავლეთ ევროპას მრავალრიცხოვანი სტუდენტური მოძრაობების ტალღამ გადაუარა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაბადებული და ელემენტარული კეთილდღეობის პირობებში გაზრდილი, განათლებული ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ და კონტინენტზე დასადგურებული წეს-წყობილება გააპროტესტეს. ისინი ერთდროულად დაუპირისპირდნენ ძალიან ბევრ საზოგადოებრივ ტენდენციას. სტუდენტური მოძრაობები ცდილობდნენ, ხელისუფლებიდან გამოეძევებინათ პირები, რომელთაც ნაცისტურ რეჟიმებთან ჰქონდათ კავშირი. მოძრაობის წევრები აუმხედრდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ორმაგ მორალს, რომელიც თავს აღმოსავლურ დესპოტიებთან ურთიერთობისას იჩენდა ხოლმე. პროტესტანტებმა იერიში მიიტანეს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ქალს მხოლოდ საშინაო საქმეების მომგვარებლად წარმოაჩენდნენ. არაერთი აჯანყებული სტუდენტი სექსუალური რევოლუციის იდეის მხარდამჭერიც აღმოჩნდა. მოძრაობის წარმომადგენელთა ნაწილმა კაპიტალისტური სისტემის ჩანაცვლების მიმართულებითაც კი დაიწყო ბრძოლა.

სტუდენტურმა გამოსვლებმა ბევრი რამ შეცვალა მეოცე საუკუნის ევროპაში – თანამდებობები დატოვეს ძველი ყაიდის პოლიტიკოსებმა, არაერთი ევროპული ქვეყნის მთავრობაში მუშაობა დაიწყეს სოციალისტური და კომუნისტური პარტიების ლიდერებმა, გადაიდგა პირველი ნაბიჯები ქალთა დაქვემდებარებისგან გათავისუფლების მიმართულებით, ნელ-ნელა შეიცვალა დამოკიდებულება ადამიანთა სექსუალური ქცევის შესახებ და ა.შ.

მიუხედავად საგრძნობი ცვლილებებისა, ახალგაზრდების ნაწილი საყოველთაო ნიჰილიზმმა მოიცვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ბრძოლა ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა. იმედგაცრუებული პროტესტანტები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ლიბერალური დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალიზმი ძველებური ტემპით აგრძელებდნენ მუშაობას. ახალგაზრდული მოძრაობამ იმ კონკრეტულ მომენტში უტოპიური მიზნების მიუღწევლობის გამო გული აიცრუა ბრძოლის დემოკრატიული, მშვიდობიანი მეთოდების გამოყენებაზე.

ახალგაზრდული ტალღის გაბრაზებულმა მონაწილეებმა სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტეს და იარაღი აიღეს ხელში. ამგვარად ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის არაერთი პარამილიტარული, გასამხედროებული დაჯგუფება. გერმანიაში ასპარეზზე გამოვიდნენ „წითელი არმიის ფრაქციის“ მებრძოლები, იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა კი „წითელი ბრიგადის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს. მემარცხენე რადიკალური ჯგუფები არ ერიდებოდნენ ტერორისტული მეთოდების გამოყენებას, იტაცებდნენ ადამიანებს, თვითმფრინავებს, ხერგავდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალებს, თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხოცავდნენ დატყვევებულ პირებს. იტალიაში რადიკალებმა გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ალდო მოროს სიცოცხლეც კი იმსხვერპლეს.

ევროპაში სოციალურ-რევოლუციური, იდეოლოგიური ტერორის გაჩაღების შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა. დიდი ხანია დასავლეთში ახალი ტიპის პოლიტიკური ტერორის წარმოშობაზე არ უფიქრიათ, არ უდარდიათ. თუმცა, ბოლო ხანებში რიგი მეცნიერების შეშფოთებას იწვევს რამდენიმე ახალი დაჯგუფების გააქტიურება საზოგადოებრივ ასპარეზზე.

რა საფუძველი აქვს მეცნიერთა ნაწილის შფოთვას?

2010-იანი წლების ბოლოს ევროპის თითქმის ყველა დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე სკოლის მოსწავლეები და 30 წლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი გაფიცვაში მონაწილეობდნენ, რომლის მიზანიც კლიმატის კრიზისის შეჩერება გახლდათ. პერმანენტული გამოსვლებისა და გაფიცვების საფუძველზე მალევე ჩამოყალიბდა მოძრაობა, რომელსაც „პარასკევი მშვიდობისთვის“ ეწოდა. მოძრაობის წევრების საჯარო აქტიურობამ არაერთი ევროპული კენჭისყრის ბედი გადაწყვიტა. კლიმატის აქტივისტების მიერ წინ წამოწეული საკითხები დღემდე მთავარ თემებად მიიჩნევა დასავლურ პოლიტიკურ დღის წესრიგში. საერთაშორისო ორგანიზაციები მძიმე, რთული მოლაპარაკებების კვალდაკვალ ცდილობენ, ოდნავ მაინც გააუმჯობესონ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. თავდაპირველად, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ნელ-ნელა მოსწავლეებისა და სტუდენტების გაფიცვას მცირე შედეგები მოჰქონდა, მაგრამ ყველაფერს წერტილი პანდემიამ დაუსვა. ორწლიანი შეზღუდვების შედეგად მოძრაობის „პარასკევი მშვიდობისთვის“ მიერ დანთებული ცეცხლიც ჩაიფერფლა.

პანდემიის შემდეგ საზოგადოებრივ ასპარეზზე დაბრუნებულ აქტივისტებსაც ნიჰილიზმის გრძნობა დაეუფლათ. მათ მიიჩნიეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციებით კლიმატის კრიზისის შეჩერება ვერ შეძლეს. კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ მებრძოლნი სამართლიანად მიიჩნევენ, რომ დრო აღარ ითმენს, ყოველთვიურად იმატებს საფრთხე იმისა, რომ კლიმატის ცვლილება გამანადგურებელ დარტყმას მოუტანს დედამიწას. შესაბამისად, მათ განგაშის ზარი შემოკრეს და საზოგადოების გამოსაფხიზლებლად რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდნენ.

ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გარემოსდაცვითი ჯგუფი „უკანასკნელი თაობა“ გახლავთ, რომლის წევრებიც ჩვეულებრივი, უწყინარი აქციების გამართვით არ კმაყოფილდებიან. „უკანასკნელი თაობა“ არ ერიდება დიდი მაგისტრალების ჩახერგვას, აეროპორტთა ასაფრენი ბილიკების გადაკეტვას. აქტივისტები, რომელთა ასაკი 12 წლიდან იწყება, ხელებს ეკვრიან  ასფალტს, რათა მოძრაობა შეაფერხონ, საცობი გამოიწვიონ და საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. კლიმატის აქტივისტები საზოგადოების გამოფხიზლებას მსოფლიოს მთავარ მუზეუმებში შეჭრითაც ცდილობენ. მათ არაერთხელ შეასხეს კარტოფილის სუპი შედევრების წინ აღმართულ დამცავ მინებს.

ცხადია, „უკანასკნელი თაობისა“ და „წითელი ბრიგადების“ ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ კლიმატის აქტივისტების ზოგიერთი ქმედების გამო ქალაქში სასწრაფო დახმარების ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი გახდა, რის შედეგადაც ადამიანთა სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. ფაქტია ისიც, რომ „უკანასკნელი თაობის“ მოქმედებები საზოგადოების გარკვეული ფენების გაღიზიანებას იწვევს და ერთგვარ დაძაბულობას ქმნის ევროპის შუაგულში. დასავლელ სოციოლოგებს ეშინიათ, რომ იმედგაცრუებული, შეშინებული აქტივისტები უფრო შორს არ წავიდნენ და კეთილშობილური მიზნით არაკეთილშობილური მეთოდების გამოყენებას არ მიჰყონ ხელი.

როგორ ზრდის ლიტერატურა მეცნიერების მიმართ ინტერესს

0
Book of the universe - opened magic book with planets and galaxies. Elements of this image furnished by NASA

„ჩემს მოსწავლებს უკვირთ, რომ მათემატიკისა და მეცნიერების მასწავლებელი ვარ – მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კითხვა, მაშ, რატომ არ ვასწავლი ლიტერატურას?“ – წერს ტიფანი პერი.

სკოლაში საგნების სწავლება პირობითი დაყოფით ხდება, სამყაროში კი ყველაფერი ერთიანია. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ მოვლენებს შემადგენელ ნაწილებად არ ვყოფთ.

დაწყებით კლასებში მათემატიკასა და მეცნიერებასთან ლიტერატურის დაკავშირება შესაძლებელია სამი გზით: 1. მკითხველთა თეატრი; 2. ლიტერატურა ბუნებისა და მათემატიკის გაკვეთილზე; 3. ხმამაღალი კითხვა და ამბების თხრობა.

ლიტერატურული თეატრი – ეს არის ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც აერთიანებს კითხვას, წერას, მსჯელობას, ხელს უწყობს ლიტერატურის მოძიების, ხმამაღალი კითხვის, თანამშრომლობის უნარების განვითარებას. მოსწავლეები ეჩვევიან მოკლე სცენარების წერას და ხატოვნად კითხვას. მაგალითად, შეიძლება გამოვიყენოთ სასამართლო პროცესის სცენარი: „მე ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ“, – როცა მეექვსეკლასელები ადამიანის ორგანიზმის შესწავლას ასრულებენ. თემის შეჯამებასთან ერთად მოსწავლეები გაეცნობიან სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, მის მონაწილეებს, ნაფიცი მსაჯულობის ინსტიტუტს. მოსამართლის როლი შეიძლება შეასრულონ მშობელმა ან მასწავლებელმა.

ბუნების გაკვეთილებზე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად ძალიან კარგი საშუალებაა ლექსების, ზღაპრებისა და მოთხრობების გამოყენება. თამარ ადამიას შემეცნებითი ზღაპრები ამ მხრივ ძალიან სასარგებლო რესურსია. მაგალითად, მწერის განვითარების შესწავლისას გამოგვადგება „როგორ დაიბადა პეპელა პელო“, რომელიც ზედმიწევნით აღწერს პეპლის განვითარების ოთხციკლიან პროცესს. მოსწავლეები ზღაპრის მიხედვით დახატავენ წარმოადგენენ ამ პროცესს, იმსჯელებენ პეპლის საცხოვრებელ გარემოზე, პეპლისა და მუხლუხის კვების თავისებურებებზე.

ლექსი „მარტოსული პლანეტის ფიქრები“ მნიშვნელოვან სამეცნიერო დებულებებს შეიცავს. მისი წაკითხვის შემდეგ მოსწავლე გაეცნობა და დაახასიათებს პლანეტებს. ლექსის ანალიზი მას აბსტრაქტული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. იმსჯელებს, რომელ მეცნიერულ დებულებაზეა საუბარი ამა თუ იმ სტრიქონში და ასე, ბუნებისმეტყველებასაც ჩაუღრმავდება. შესაძლოა, მანაც დაწეროს პატარა ლექსი ან ჩანახატი რომელიმე პლანეტის შესახებ. მთავარია, ჩვენ, მასწავლებლებმა დავარწმუნოთ, რომ ხელოვნებაში შეცდომა არ არსებობს. შესაძლოა, სადმე მძიმე დააკლდეს, ასო გამორჩეს, მაგრამ მისი ნამუშევარი მაინც ძვირფასია.

ხმამაღალი კითხვა და თხრობა მოსწავლეს, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ბევრი ასეთი მოთხრობის პოვნა შეიძლება. მაგალითად, მეხუთე ან მეექვსე კლასში სწავლის დაწყებისას, პირველ გაკვეთილზე, მოსწავლეებს ვუკითხავ ამონარიდს ნილს სიმეონის (გიორგი მასხარაშვილის) „თოთხმეტი კრისტალის თეორიიდან“. მთავარ გმირს, უგოს, მეცნიერების ცოდნა ტყვეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. ამით მოსწავლეებს მეცნიერების მნიშვნელობაზე მივანიშნებ. ამ მოთხრობაში საუკეთესო იდეებია ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად. მჟავები და ტუტეებიც არის განხილული, ენერგიის ალტერნატიული წყაროებიც, მინერალებიც. საინტერესოდ არის აღწერილი ფინეთის ტყეები და მღვიმეები, იქაური სასკოლო ცხოვრება. წიგნი კარგი რესურსია როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მიმართულებით მუშაობისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თამარ ადამია, „შემეცნებითი ზღაპრები“, ელფის გამომცემლობა, 2015 წ.
  2. ნილს სიმეონი, „14 კრისტალის თეორია“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

https://edut.to/3PpNAzS

ისევ აურზაურიან სალხინეთზე

0

(ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“)

ერის წყლულის დაჩენაა საქართველოში მწერლობა. თუ ამ პირობას ვერ აკმაყოფილებ, მისიონერად ანუ მწერლად არ მიგიღებს ქვეყანა. ამიტომ ეს საქმე „მსხვერპლია და არა სეირი“ ჩვენში. ქართულ ტკივილებზე იმედიანი ნაღვლით მოსაუბრე მწერალია ნინია სადღობელაშვილიც და მისი „დაბადების დღე“ მშობელი ქვეყნის წყლულების კიდევ ერთხელ მოხილვა-დაამების მცდელობაა.

სათქმელს, რაც უნდა დიდი იყოს ის, ფორმაც თუ სათანადო არ შეურჩიე, კნინდება, პატარავდება, უფერულდება. ამ რომანის სიუჟეტური ფორმატი საინტერესო კრიმინალურ ქრონიკას ჰგავს, რომელიც 15 წლის ტყუპი, საკუთარ ქვეყანაშივე ლტოლვილი ძმის გაუჩინარების საქმეს მიჰყვება. ჩვენც ვხვდებით, რომ ამ ბავშვებთან ერთად მათი ქვეყანაც დავიწყებული, უარყოფილი და საპოვნელია მავანთათვის.

ხდება ისეც, რომ დროის ლოკალი თუ ბედისწერა გართმევს ბავშვობის ყველაზე ტკბილსა და ნეტარ ზღაპარს, რომელსაც მაშინღა იპოვი, როცა ამ დროის სიმძიმისგან გათავისუფლდები, ამავე დროში ან სულაც მარადისობაში. „იცით, ეგ ბავშვები ჩვენი სოფლიდან როგორ გამოვაქციეთ? მანქანის საბარგულში ჩავტენეთ, ძველი „ოპელი“ ჰყავდა ჩემ ქმარს, თივა ჩაუფინა ძირში და გვერდებში, რომ არ დაჭეჭყილიყვნენ. ბომბების წვიმა ისე გამოვიარეთ, ერთხელაც ვერსად გააჩერა, რომ ბავშვები გვენახა. არ ვიცოდით, ცოცხლები იყვნენ თუ არა, ან სიცხემ ხომ არ გაგუდა რომელიმე, ან რამე ხომ არ დაეცათ თავზე. რო ახადა ჩემმა ქმარმა საბარგულს, ერთი თავის გულისნარევში იწვა და მეორე თავზე ეფერებოდა, ლაპარაკი ჯერ არცერთმა არ იცოდა“ (11). – ამას ჰყვება ტყუპის დედა, რომელსაც ნერვული აშლილობა აქვს და ძირითად დეტალებს ძნელად იხსენებს. სანჩო ალეზე 17 წუთით უფროსია და ისინი გადაწყვეტენ, საკუთარი დაბადების დღე დაიბრუნონ, ალბათ თავიანთი თავებიც, გაცრუებული იმედებიც, რომლებიც თითქოს ქარში დაკარგულ, მოწყვეტილ ფრანებს წაჰყოლია.

ჩიტებს არ აქვთ საზღვრები, ამიტომ მათი თავისუფლება არ არის ისეთი ფიქტიური, როგორიც ადამიანებისა. ვერც მთებს მოიკიდებ ზურგზე და წაიღებ, ვერც ნახატივით გადახაზ-გადმოხაზაც შენსა თუ სხვისას: „აი, პაპაჩემის ნაოჭებს რო მივადგე და დავხაზო შავი ფლომასტერით – საზღვარს აქეთ არ გადმოხვიდეო, იმის ცხვირს რომ ვუთხრა ან წარბი გადავხაზო – შენი არ არი-მეთქი, ხო მიმაგინებს ერთი ხოშიანად“ (14). იმედია, მრუდე გლობალისტობას არ დამწამებთ და მიხვდებით, რომ ვიცი, შესაქმის პრინციპი სწორედ დასაზღვრაა. მაგრამ არის რაღაცები, რაც ისე საკრალურად შენია, რომ, ალეს პაპასავით, ცხვირი პირისგან არ გაიყოფა, – არც სამშობლო, „დედის ძუძუჲ“… ეს, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მარადიული მოცემულობაა და ბავშვმაც კი იცის. მაგრამ რაღაცა ყოველთვის ებრძვის ამ მარადიულსა და ამაღლებულს და „ჩიტი რომ გადაგიფრენს, იმანაც პასპორტი უნდა დააძროს საზღვარზე“, თორემ სხვისის მისაკუთრების ხარბ მსურველთა ტყვიას ვერც ის გადაურჩება.

ვიბადებით საკუთარი ქვეყნის ხატებით სულში, რომელიც მთელი ცხოვრება მოუშუშებელ ჭრილობად იქცევა ხოლმე. „სამი ათას წელზე მეტი გვიმღერია როგორც ერსა, ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსააა!..“ – უმღერის უცხოელ ტურისტებს მარშრუტკაში ალე, რომელსაც დიდად არ ეპიტნავება სიმღერა, ამიტომ რეპერტუარიც მწირი აქვს. ეს სიმღერა ჰგავს მის იმ თავგანწირულობას, სკვერში თავზე წამომდგარ მუტრუკებს ტყავის ზოლიან ბურთს რომ არ დაუთმობს და თავისი ბურთიანად ჰაერში ატაცებული, თვალდახუჭული ამღერდება. ასეა, „მრავალჟამიერის“ მღერა ვიცით ქართველებმა, დიდიან-პატარიანად, ამ მწუხარე ოპტიმიზმის თანდაყოლილ ფილოსოფიას ვერავინ წაგვართმევს.

ოპერატორად იმუშაოს, ფული მოაგროვოს და სახლი ააშენოს, – ეს არის ალეს ოცნება, რომელიც ასეთი არაბავშვური ფიქრებისთვის გაწირა სოციუმმა თუ საქვეყნო განაჩენმა (რომლის მთავარი ადრესანტი არასდროსაა ცნობილი, ფარსის „ფარდის“ მიღმაა). „იქა, ხეობაში, ჯერ ჩვენი სახლები ჩაფლეს მიწაში და ზედ ბეტეერები გადაატარეს, სალოცავები დაგვიხვრიტეს, როგორც ობოლი ბავშვები. ჩვენი ბიჭების ცხედრები მზეზე ზეზეურად აამძაღეს და ჩვენ აქ ინტერვიუებს ვიძლეოდით და ქვეყნიერებას ვეტრაბახებოდით რო რა მაგრები ვართ, თურმე ეს ყველაფერი იმად ღირდა, რო ბოლობოლო ყველას გაეგო, მტერი ვინ არი. ნახირი ვართ, აბა რა ვართ!“ (51) – ეს პერმანენტულმა ძნელბედობამ იცის, სიფხიზლის, აზრის სისაღის მოდუნება, და ამიტომ არა მარტო ტყუპი ძმის უბანში, ლამის მთელ საქართველოში დაიკარგა ბედნიერება, რეალობის განცდა. „ხანდახან კუდ ყოფნა რო მოგინდება, უფრო სწორად, ისეთი გამძლე და სანდო ბაკანი ზურგზე“ – კუებს კი ვგავართ აზრისა თუ განვითარების დინამიკით, „ბაკანი“ კი მხოლოდ განკერძოება, თვითჩაღრმავება იქნება თავისა და ერთმანეთის საპოვნელად, შემდგომი გაერთიანებისთვის…

ნაწარმოები სასაუბრო ენითაა ნაწერი უარყოფილი წესრიგის, რეალობის მარგინალურობის წარმოსაჩენად. „ჰოდა, რა ილია და რა აკაკი, თქვენი ჭირიმე, ფასადური გახდა ყველაფერი, ზედაპირზე ამოტივტივებული… ფასადური და ყალბი! კომუნისტებს დასცინიან და ამაზე მეტი კომუნიზმი რა გინდათ?“(61) – ეს არის ამბავი სამშობლოს ფასადის, ანფასისა თუ პროფილის ვეღარ ცნობისა, მასთან გაუცხოებისა. ადამიანებმა დაკარგეს უნარი, გაიგონ და გამოხატონ, რა აწუხებთ და ვეღარც მათ ხედავენ (როგორც ქრისტე ვერ იცნეს), ვინც გურამ რჩეულიშვილის გმირივით გუმბათიდან შემოუძახებს („მალე ლაპარაკსაც გადავეჩვევით ალბათ, დავრჩებით ტელეფონებისა და პლანშეტების ამარა და იქ ალბათ ადვილია, არ ვიცი…“). რომანის მთავრი პერსონაჟებიც ამ მძიმე სინამდვილის (საქვეყნოსი თუ უფრო მასშტაბურის) შვილები არიან („სიბრაზე ისე მერევა, როგორც მამაჩემს – ნელის ჯიხურში ნაყიდი ბანძი არაყი“). ისინი 15 წლის წინ დაიბადნენ („გაგანია ზამთარში ამ დედამიწაზე გავადინეთ ზღართანი და მერე ამ გაუთვალისწინებელი ფაქტის აღნიშვნა მოვინდომეთ“) და მათთვისაც არავის უკითხავს, უნდოდათ თუ არა, სუსტი მხრებით ეზიდათ რეალობის სიმძიმე. ეს უკანასკნელი იქნებ იმიტომაც არის ასეთი რთული, რომ თეთრის შავისგან გარჩევა ვისწავლოთ? – „ერთხელ ლილიკოს მისცეს დავალება – ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა დახატეო. ლილიკომ დახატა დიდი ლურჯი ცა და ზედ ბევრი, ბევრი მაწანწალა ძაღლი, რომლებიც ვარსკვლავებს ლოკავდნენ“ (72) – და ვარკვლავივით გაბრწყინება თუ ვერა, სხვისი სინათლის დანახვა მაინც შევძლოთ.

ხომ იცით, ძნელბედობისას ინტუიციური სიბრძნე უბრალო ადამიანებს რომ „მიაგნებს“ ხოლმე? აი, ასეთი პერსონაჟია დარაჯი „სიყვარულოვიჩი“ (მწერალი მას სახელს არ არქმევს, იმდენად ზოგადი და ტიპური სახეა კაცთა მოდგმისა, ცხოვრების გერებისა და მათი მიწაზე მყარად მიჯაჭვულობისა აუხდენელი ნატვრების გამო  – „ალალ იყოს ის ცრემლები ყველა აუხდენელი ნატვრისთვის!“) თავისი დილის ხუთი საათის ფილოსოფიით, კაცი, რომლის სახით დიდი მსახიობი დაიკარგა. თუმცა ის ხომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო, სპონტანურ და დაუგეგმავ სცენაზე დგას. სიბრძნის საძებნელად დერვიშებივით მოხეტიალე ძმებისთვის (იქნებ ეს გზის, მოგაზურობის პარადიგმაა) მისგან მიწვდილ არყის ჭიქაში ჩავარდნილი ქინქლა გაჭირვებით მიცურავს ნაპირისკენ და ბოლოს კედელს აეკვრება. ამ ქინქლას ვგავართ ალბათ, საბედისწერო ბანგივით თავისუფლების მბორგავ წიაღში დაკარგულები…

„- ყველანი ერთ ადგილას არ ვართ გაკვეხებულები, ჟრიამულა? არ მათქმევინო მაგ ადგილის სახელი.

– აიტ, სიყვარულოვიჩ! ამბობენ, დაერხა მაგ ერთ ადგილსაცო, უფრო დიდი ერთი ადგილი მოიწევს ჩვენკენ!

– აბა, გვიხალისია, ჟრიამულა…“(74)

ასე სულ აურზაურია „სალხინეთში“, სადაც მარადი და განუხორციელებელი ოცნებაა „ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ამიტომ ზოგი რაში ეძებს ხსნას, ზოგი – რაში, 5-6 წლის ნიაკოსავით, რომელსაც, როგორც თანამედროვე ბავშვს, აქვს არა მარტო პრაქტიკული გონება, არამედ პრაგმატული ოცნებაც, რომლის მატერიალიზაციას ესწრაფვის. მას უნდა, შექმნას ფისიქოლოგის აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც ყველას შეეძლება. ამ უკანასკნელს ერქმევა „პირადი ბალიში“ და ეს იქნება ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი – ზედგამოჭრილი აურზაურიანი სალხინეთისთვის.

დაბადების დღე უნდა დაიბრუნონ ძმებმა, როგორც დაკარგული ჩრდილი, რომელიც მაშინ გამუქდა უფსკრულივით, როცა სწორედ ამ დღეს მათი და ლილიკო, ქალაქში რომ ცხოვრობდა და მოცეკვავე იყო, კლუბში ნარკოტიკით მოიწამლა და გარდაიცვალა (ძმებს გულითო, უთხრეს, მაგრამ ბავშვის მოტყუება ასე ადვილი როდია)… ამ გზა-სიმბოლიკაში მათ თავგადასავლები ელით, რასაკვირველია, და, ასე და ამგვარად, მოხუცთა სახლში მოხვდებიან, რომელსაც „შემოდგომის ყვავილები“ ჰქვია (უფრო – მიწისკენ მოფარფატე ყვითელი ფოთლები). ჩემს გარდაცვლილ მეგობარს ერთი იდეა-ოცნება ჰქონდა: მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა გაერთიანებული სახლის დაარსება, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, როგორც ყველა მაღალი იდეა ამ დროითა და ამაოებით დასაზღვრულ წუთისოფელში, ესეც უტოპისტურია. ეს სიბრძნე ნინია სადღობელაშვილმაც იცის. მით უმეტეს, განუხორციელებელია ეს ისეთ „კაცი-სამინისტროების“ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია. პირველი, რაც ბიჭებს ამ მოვლილ და მოწესრიგებულ სახლში ცხვირში ეცემათ, მძაღე სუნია სიკვდილთან სიახლოვისა. სანჩოს აინტერესებს, რომელ ბლოკნოტში იწერს „თავისნათქვამა“ ღმერთი კაცთა ცხოვრების ნიუანსებსა თუ ლაფსუსებს („ხო, ხო, შენ, ცალი თვალით მაინც ჩამოგვხედე და ნახე, რას დაემსგავსა ეს შენი მოწყობილი სამყარო“). ეს ბავშვური პროტესტია სოციუმის აგრესიაზე, დაღად დასმულზე ჩვენი დღევანდელობისთვის, რომლის ბასრი სინამდვილე თითქმის ყველა თანამედროვე ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია.

მოხუცთა თავშესაფარში ბავშვები ეცნობიან აკაკი წერეთელს, რომელიც თურმე ილია ჭავჭავაძესაც იცნობს („მარა რაღაც არ გამოგვივიდა მეგობრობა, ვერ დავდექით პირველი სკოლის წინ პადრუჩკით“). თქვენს ასაკში დავით აღმაშენებელი მეფე გახდაო, კეთილად დასცინის ის ტყუპების ასაკს და ისიც მშვენივრად იცის, რომ დროის პაროდიის, სახელებით „ჟონგლიორობის“ მსხვერპლია თვითონაც. მაგრამ მომდევნო ციტატა უკვე გროტესკი თუ ბედის ბოროტი ირონიაა, რადგან ის ადამიანის მსგავს არსებას ეკუთვნის, რომელიც თავისნაირებისგან აშკარად გაუცხოებულია. აი, როგორია ამ კაეშნის აღმძვრელი პერსონის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ომი და მშვიდობის“ წევრის, ფსევდოიმედები (ასეთებიც არსებულა ჩვენს ბედკრულ სინამდვილეში): „ზუსტად უახლოეს დღეებში ვაპირებთ დიდი პროექტის განხორციელებას – „დევნილები დევნილებისთვის“ და აქაური ბავშვების ჩაცმულობით გვინდა გავაკეთოთ უპრეცედენტო ონლაინ-პლატფორმა მსოფლიოს სხვადასხა კუთხიდან დევნილი ბავშვების რეაბილიტაციისა და გართობის მიზნით. წარმოიდგინეთ – ყველა ბავშვი ერთად: ქართველი, პალესტინელი, სირიელი, ჩეჩენი, აფრიკელი და ა.შ. – ერთ ონლაინ სივრცეში ეცნობიან ერთმანეთს, უზიარებენ შთაბეჭდილებებს. საუბრობენ საკუთარ გამოცდილებებზე, იდენტობაზე, ტრადიციებზე!..“ (110) – ეს შავი ხვრელისთვის განწირული „იმედებია“.

ალე და სანჩო (ანუ ალექსანდრე, ერთად შეერთებული, პაპის სახელია) ბავშვი-რეალისტები არიან. ზუსტად ისეთები, ანდერსენის ზღაპრის ბოროტმა დედოფალმა რომ მოაჯადოვა, თვალში სინამდვილის მჭრელი ნამსხვრევებით. და ამ ბავშვებმა მშვენივრად, საკუთარი ასაკისთვის შეუფერებელი, უკვე ოცნებების უარყოფისა თუ მათი განხორციელების დაუჯერებლობის სიჯიუტით იციან, რომ ეს მოხუცთა ანუ უკვე წუთებადღა ნაქცევი ცხოვრების თავშესაფარია. აქ სულ ამ წუთებიდან გასვლის მოლოდინია, საკუთარი თავისთვის გამოგონილი მხიარულებისა და ახალდაქორწინებულთა მსუყე სუფრის მიღმა რომ გიყურებს მარად მშიერი თვალებით. ამიტომ ამ მოხუცებთან ყოფნა იქნება სიკვდილისა და სიცოცხლის, როგორც წყლისა და ცეცხლის მათთვის უინტერესო თამაში.

თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცა ყოველთვისაა ძალიან საინტერესო. თუნდაც დავითგარეჯელ ბერებთან დამეგობრებული გველი აფროდიტე, ჩვილივით რომ ინაბება მოფერებისას. თუნდაც პატარა ლიზა, რომელიც გოგოსთვის შესაშური ოსტატობით მალავს, რომ გველებისა არ ეშინია. თუნდაც ის ნაღდი გრძნობა, რომელიც ორივე ძმას ამ გოგოსთან აკავშირებს: „ეს გოგო მუცელში მტკიოდა, ჭიპთან, სადაც, ჩემი წარმოდგენით, თავს იყრის ყველა სისხლძარღვი ერთად, ანუ არის სისხლის გენშტაბი, მთავარი ბაზა, იმიტომ ქვია ჭიპი – ანუ ყველაზე შუაში, ცენტრში, და ზუსტად იქ მტკიოდა ლიზა და ეს სირცხვილი რომ დამემალა, ამიტომ გადავწყვიტე, მტრად მოვკიდებოდი. და მე ეს ლიზა ახლაც მტკივა. ყელამდე“(123).

დამაჯერებელია თხრობა მაშინაც, როცა გვიყვება თანამედროვე და, ცოტა არ იყოს, სკეპტიკოსი ბავშვი და მაშინაც, როცა გვიყვება ნაწვალებცხოვრებაგამოვლილი მოხუცი. ამ მოხუცთა თავგადასავლები ცალკე, მინიმალისტური, მაგრამ სრულფასოვანი ნოველებია რომანში – ყველა ჩვენგანის აბსოლუტურად განსხვავებულად გავლილი საწუთროს ისტორიები. სანჩო ეუბნება ალეს: „შენ ძაან დაუძმაკაცდი ამათ… ჯერ ადრე ხო არაა შენი აქ დარჩენა, გაფუჭდები, ბიჭო“(139). მან იცის, რომ ბევრი ოცნებაა განუხორციელებელი და სიმბოლური, როგორც თუნდაც მოხუცი პალიკოსა და ვიქტორიას დაქორწინება – სასურველი, მაგრამ მტკივნეული ადამიანური აბსტრაქცია.

ნაწარმოებს ერთი მნიშვნელოვანი მთავარი გმირიც ჰყავს – ზღვა, რომელიც ბავშვებს არ უნახავთ, ისევე როგორც შეუბღალავი, პირველქმნილი სინამდვილე („მის ხმასაც კი ფერი აქვს“). ამიტომ მიისწრაფვიან მისკენ, რადგან ტრავმული ფსიქიკა აქვთ, „გამძაფრებული აღქმებით“, და ეს მათი „ყველაზე მშვენიერი ახირებაა“, პირველი დიდი თავგადასავალი, აკაკი წერეთლის აზრით. მაგიური მომენტებიც არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, ასეთი მომენტი დგება ტყუპისთვისაც სწორედ მათ დაბადების დღეს: „ეს აქოშინებული მონსტრი ჩემ წინ ისეთი მაგარი რამეა, ისე მიზიდავს, რო ტანსაცმლიანად შევრბივარ და ვყვირი თან რაც ძალი და ღონე მაქვს, ვღრიალებ მთელ ხმაზე და ვურტყამ წიხლებს ამ შავ ტალღებს და ისიც მებუღრავება, მეჯმუჯნება, გეგონება მარტოობისგან მოწყენილმა უცებ ვინმე გამრთობი ნახა და გამოცოცხლდა“(162) – ღამეა, ისევ გათენება და ისევ დაბადებაა, ღამის დამარცხება, მწერლის მინიშნებით, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

„- სიყვარულის მერე კიდევ რამეა, ლილიკო?..“

ეს ალე ეკითხება გარდაცვლილი დის ღამეულ ჩვენებას.

პასუხი ყველამ ვიცით ამ რიტორიკულ კითხვაზე: ეს ის ჰორიზონტია, რომლიდანაც „უცხო სამოთხეები“ გადაგვეშლება თვალწინ, რადგან სიყვარულია „ანიც“ და „ჰოეც“ ჩვენი ტკივილიანი არსებობისა.

ციტატები წიგნიდან – ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“, 2020, „ინტელექტი“

მე ადამიანი ვარ

0
The hands of people hold books

ქვის სამტეხლოში ტუსაღები წერაქვებით ებრძვიან უშველებელ ლოდებს, ტეხენ და მზით გადამწვარი, გახრიოკებული მინდვრისკენ ეზიდებიან. ბიჭი თავის ურიკასაც დაატარებს და მოხუცი კაცისასაც, რომელსაც შრომა აღარ შეუძლია, ფიჩხივით აქვს მაჯები.

ცხელა, სუნთქვა ჭირს, თითქოს შრომა არ ეყოფოდათ სასჯელად.

ნახევრად მთვლემარე ზედამხედველი ბიჭის ხშირმა მისვლა-მოსვლამ გამოაფხიზლა და რაღაც იეჭვა: არც შემცდარა – უკან მიდევნებულმა დაინახა, როგორ წამოავლო ბიჭმა ხელი ქვით დატვირთულ ურიკას მოხუცის მაგიერ.

მიათრევდა ბიჭი მოხუცის ურიკას და მონაცრისფრო შავქოჩორა ვირუკელა ახსენდებოდა.

ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაბინდებამდე ატრიალებდა, რათა ჭიდან ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო. ვირუკელაც მასავით ქანცს იწყვეტდა შრომით, მასავით თაყვანდებოდა. მაგრამ ახლა, როცა მოხუცს ეხმარებოდა, ბიჭს თავისი შრომა უნაყოფოდ აღარ ეჩვენებოდა, რადგან მიხმარება მოხუცს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა.

პირისახეგაოფლიანებულმა ზედამხედველმა, რომელსაც მძიმე ხელკეტი ეჭირა ხელში, ბიჭი გააფრთხილა, მოხუცს აღარ მიხმარებოდა, თორემ ცემით ამოხდიდა სულს. ბიჭმა იცოდა, რომ ეს ტყუილუბრალო ტრაბახი არ იყო. ბევრჯერ უნახავს, როგორ შემოჰკვდომიათ ცემაში ზედამხედველებს კატორღელები, მაგრამ რა ექნა? თავის გადარჩენას სხვისი გადარჩენა ერჩივნა.

მეორე დღეს ბიჭს ადევნებულმა ზედამხედველმა დაინახა, საკუთარი ურიკის დაცლის შემდეგ როგორ მოითქვა ბიჭმა სული სულ ერთი წამით და ახლა მოხუცის ურიკას წამოავლო ხელი.

ზედამხედველს ამჯერად აღარ გაუფრთხილებია, გზაზე გადაუდგა და პირდაპირ დასცხო. მთელი ძალით ურტყამდა ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ ხელებზე.

გული რომ იჯერა და ქოშინიც აუვარდა, ნაცემ ბიჭს დაჰყვირა, ახლა გააგრძელე მუშაობაო და თავისი ხელკეტის ძალაში დარწმუნებულმა, მეორე დღეს თვალებს არ დაუჯერა, როცა ბიჭი ისევ მოხუცის ურიკით დაინახა.

ისევ დასცხო, ახლა – უფრო გამეტებით. ბიჭს ეჩვენებოდა, რომ ყველა ძვალი დაემსხვრა. ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა.

ზედამხედველი თავზე დასდგომოდა ბიჭს, ცალკე ბრაზისგან და ცალკე დაღლილობისგან ქოშინებდა. ბიჭს თამბაქოს სიმყრალე ეცა ცხვირში და გონს მოვიდა.

– ვინ ხარ შენ?! გეკითხები, ვინ ხარ შენ–მეთქი?!

ნაცემ ბიჭს ისევ ის საწყალი ვირუკელა გაახსენდა, მასავით დილიდან საღამომდე რომ შრომობდა და ამოიხრიალა:

– ადამიანი ვარ!

 

ამ მოთხრობას „ერთი პასუხის ამბავი“ ჰქვია და მისი ავტორი ზაალ სამადაშვილია, მასწავლებელი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და საყვარელი ბაბუა. ის კვირაობით ბევრისთვის საოცნებო საქმეს აკეთებს: გვერდით მოისვამს ბავშვებს და ზღაპრებს უკითხავს.

მოძებნე, აღმოაჩინე და შექმენი

0

ბავშვობაში ალბათ ყველას გვითამაშია განძის მაძიებლობანა, ვყოფილვართ მოგზაურები, მკვლევრები, გვიოცნებია ფორტ ბოიარდში მოხვედრაზე… „ფორტ ბოიარდი“ გამოვიდა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მაძიებლების როლი ნამდვილად მოვარგე ჩემს მოსწავლეებს.

თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება ძალიან საინტერესო შედეგებს იძლევა. ქვემოთ აღწერილი თამაშები საგნებს შორის კავშირის დამყარებით ჩავატარე.

მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • აქტიურად მონაწილეობს დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში (მოძრავი თამაშები).

მათ.I.3. მოსწავლეს შეუძლია, ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

  • ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.

მათ.I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.

  • საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს და იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს ().

მათ.I.5. მოსწავლეს შეუძლია, განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები (მიმდევრობები).

  • მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის რამდენიმე თანმიმდევრულ ღია პოზიციას.

გთავაზობთ ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობას, რომელიც ძალიან მოეწონათ მოსწავლეებს. მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები მოცემულია ზემოთ.

მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივაკუთვნე ფერი. საკლასო ოთახში წინასწარ მქონდა დამალული ფერად ფურცლებზე ჩამოწერილი დავალებები. მოსწავლეებს უნდა ეპოვათ თავიანთი ჯგუფის ფერის დავალება. ჯგუფში მოვალეობები ისე უნდა გაენაწილებინათ, რომ ყოველი დავალების პოვნის შემდეგ გადასულიყვნენ მის შესრულებაზე.

დავალებები მოიცავდა:

  • მათემატიკურ მაგალითებს;
  • გამოსახულების მიმდევრობას;
  • რაოდენობის შედარებას;
  • გამოტოვებული ციფრის ჩასმას.

დავალების შესრულების შემდეგ გუნდს უნდა ჩაეტარებინა შესრულებული დავალების პრეზენტაცია და მოეხდინა რეფლექსია.

ერთ-ერთი გუნდის დავალება კედელზე, შემაღლებულ ადგილას იყო დამაგრებული. გუნდის წევრი ვერ მისწვდა და მას სხვა გუნდის წევრები დაეხმარნენ. ეს დასაფასებელია და, ცხადია, ამ ფაქტს ხაზი გავუსვი აქტივობის შეფასებისას.

აღნიშნული აქტივობა, ცოდნის განმტკიცებასთან ერთად, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

მომდევნო აქტივობა ქართულის გაკვეთილისთვის დავგეგმე და ასევე დავუკავშირე სპორტს.

მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • იწყებს ან წყვეტს მოძრაობას მასწავლებლის ნიშანზე;
  • სირბილის დროს შეუძლია, გადალახოს მასწავლებლის მიერ შექმნილი სხვადასხვა წინაღობა;
  • მასწავლებლის ნიშანზე ერთმანეთს უნაცვლებს სხვადასხვა მოძრაობას.

ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს/ მარცვლებს სიტყვაში;
  • ადეკვატურად იყენებს აქტიურ ლექსიკას.

ქართ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

  • ნაცნობ ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს – სიტყვებად;
  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს.

მოსწავლეები ისევ ჯგუფებად გავანაწილე ფერების მიხედვით. ამჯერად მათ სკოლის ეზოში უნდა ეპოვათ დავალებები, რომლებიც ფერად ფურცლებზე ჩამოვწერე და დავმალე. ეზოში, საკლასო ოთახისგან განსხვავებით, მეტი სივრცეა, მოსწავლეებს მოძრაობის მეტი საშუალება ჰქონდათ. რამდენიმე დავალება ისეთ ადგილას იყო დამალული, რომ მოსწავლეებს გამოეყენებინათ საბაზისო უნარები მათ მოსაპოვებლად.

დავალება მდგომარეობდა შემდეგში:

ფურცელზე ეწერა ნაცნობი სიტყვები. ჯგუფს უნდა წაეკითხა და ისე მოწყობილიყო, რომ სიტყვებისგან წინადადება შეედგინა.

 

ამ დავალების შესრულებისას მოსწავლეებმა გაივარჯიშეს კვლევა-ძიების უნარი და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, გამოიმუშავეს დაკვირვებისა და გუნდურად მუშაობის უნარები.

ვფიქრობ, ეს სახალისო და იმავდროულად შედეგზე ორიენტირებული აქტივობები მოსწავლეებზე დადებითად აისახება.

შუამდინარული მითოსის „წმინდა ქორწინების“ პერსონაჟთა არქეტიპები „დიონისოს ღიმილში“

0

მითოსთან მიმართებით მხატვრული ტექსტი აღიქმება როგორც ერთგვარი პალიმფსესტი, რომელშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და იკითხება „ძველი ტექსტის“ – მითოსური ნარატივის – მწერლის მიერ ინტერპრეტირებული სამყაროს ნაკვალევიც და „ახალი ტექსტის“ – მოცემულ შემთხვევაში, კონსტანტინე გამსახურდიას პირველი რომანის, „დიონისოს ღიმილის“ – ფაქტურაც. ეს ორი შრე რომანში ერთმანეთს სრულიადაც არ უშლის ხელს ჰარმონიულ თანაარსებობაში. ამის ფარდ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ შუამდინარული „საკრალური ქორწინების“ პერსონაჟთა არქეტიპების გაცოცხლება „დიონისოს ღიმილში“, რაზეც შესაძლოა ავტორს გაცნობიერებულად არც უფიქრია, თუმცა რომანის ზოგიერთ პასაჟში დაკვირვებული თვალი შეამჩნევს პარალელებს შუამდინარული მითოსის ხსენებულ სიუჟეტთან, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად არ აკნინებს რომანის ორიგინალურობას, პირიქით, მითოსური ალუზიებისა და მეტყველი არქეტიპების ეფექტურად გაცოცხლება მომხიბვლელობას მატებს ნაწარმოებს.

შუამდინარულ მითოსში მკვეთრად გამორჩეულია ქალღმერთის როლი. ის მიიჩნევა ოჯახის/სახლის წინამძღოლად და მის გვერდით კაც-ღვათაებას მეორეხარისხოვანი როლი აქვს. ქალღმერთს/დედას გამოსახავდნენ კვადრატში ანუ სახლში ჩახატული ვარსკვლავით და მნათობის ბრწყინვალებასთან შედარება შარავანდედით მოსავდა მას. ქალღმერთის ეპითეტი „ქუნგ“ წმინდას, ბრწყინვალეს ნიშნავდა.

„დიონისოს ღიმილის“ ჯენეტს ენათესავება გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სულის“ პერსონაჟი ნატა, რომელსაც ავტორი შეუფარავად უწოდებს შუამდინარელი ქალღმერთის სახელს იშთარს, იმავე ინანას, რომელიც „საკრალური ქორწინების“ მთავარი აქტორია. რობაქიძის გმირი ქალები ქალღმერთის მხატვრულ რეინკარნაციად ხშირად გვევლინებიან. ნატა იშთარია, მატასი – წმინდა ნინო, კავალა – ამორძალი და ა.შ.

ამას ვერ ვიტყვით გამსახურდიას რომანების პერსონაჟ ქალებზე, რაც ავტორის ერთგვარად ანტიფემინისტური განწყობით თუ აიხსნება, ხოლო „დიონისოს ღიმილის“ პერსონაჟი კაცები ქალს ხშირად მხოლოდ გონებასუსტ, სულმდაბალ არსებად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ჯენეტის სახეში ქალღმერთ მაინც მკაფიოდ ირეკლება ინანას ლანდი.

გამსახურდიას რომანების პერსონაჟი ქალები ქალღმერთებს მხოლოდ იმით ემსგავსებიან, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შობს შვილს. ასეთია „დიონისოს ღიმილში“ ჯენეტი, „მთვარის მოტაცებაში“ – თამარი, „დიდოსტატის მარჯვენაში“ – შორენა, „დავით აღმაშენებელში“ – დედისიმედი და გვანცა, გამონაკლისია მხოლოდ „ვაზის ყვავილობის“ სუსქია მინდელი, რომელიც ძის მოვლინებას მსხვერპლად ეწირება.

შუამდინარული წმინდა/საკრალური ქორწინების სიუჟეტის მიხედვით, ინანა ქალწულობას კარგავს მებაღე შუქალეთუდასთან და თავის მისტიკურ საქმროს უბიწოდ არ ჩაბარდება, მაგრამ, მიუხედავად ჭარბი ეროტიზმისა, მისი ეპითეტი მაინც არის „ქი-სიქილ“ – ქალწული. „ქი“ ნიშნავს მიწას, ყანას და ამ ეპითეტშივეა კოდირებული იდეა, რომ ქალი მიწაა, მომლოდინე წიაღი, ხოლო მამაკაცი – მიწათმოქმედი, მხვნელი, თესლის მიმბარებელი.

„გათხოვილი“ ინანა ირჩევს მწყემს დუმუზს. ასეთი არჩევანი მეორდება „დიონისოს ღიმილშიც“. გათხოვილი ჯენეტი ირჩევს სავარსამიძეს, რომელიც მწყემსად იმიტომ აღიქმება, რომ სინამდვილეშიც გვევლინება მწყემსობის, მეჯოგეობის მფარველი ღვთაებების: დიონისოს, პანის, სატირის – მოყვარედ და მგვანად.

დუმუზი თავის სამწყსოს ინადირებდა არა მუსიკით, სალამურით, როგორც ამას სხვა მწყემსები – სუმუკანი და ენქიდუ აკეთებდნენ, არამედ სიტყვით/ლოგოსით.

გავიხსენოთ, რომ სავარსამიძე უპირველესად სიტყვის მაგიით ინადირებს ჯენეტის გულს. მათი პირველი დაახლოება „ვისრამიანის“ ჯადოსნური სტრიქონების კითხვას მოჰყვა, სიტყვის ძალამ აღაგზნო ისინი და ლოგოსმავე ჩაუსახა ერთმანეთისადმი ლტოლვა.

შუმერულ-აქადურ მითებში თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა გმირს აუცილებლად სიზმარში უნდა ეზმანოს, წინასწარჭვრეტა აქტუალურია. ჯენეტთან მოსალოდნელი განშორების ამბავი ალბანოში წინასწარ ესიზმრება სავარსამიძეს.

„საკრალური ქორწინების“ ასოციაციას ბადებს რომანის „მეხუთე ქება“, რომელსაც „მისტიური ჯვარისწერა“ ეწოდება. ეკლესიის სხვენზე ასული მიჯნურნი „ოქროს წინწკლებით მოოჭვილ იტალიურ ცადაქნილს“ შეჰყურებენ, გარშემორტყმულნი არიან თეთრი ქვისა და მარმარილოს წმინდანებით და ამით გახელებული სავარსამიძე იტყვის: „ეს იყო ჩვენი მისტიური ჯვარისწერა!“

ინანა-იშთარი ქვესკნელში მიჰყვება დუმუზს, ასეც შეიძლება მოვიაზროთ კონსტანტინესა და ჯენეტის ქორწინება, რადგან მათაც უწევთ გაქცევა, „ქვესკნელში დანთქმა“ ჯენეტის ქმრისგან თავდასაღწევად. რომსა და იტალიის სხვა ქალაქებში შეყვარებულები ინკოგნიტოდ ცხოვრობენ, „ქალღმერთი“ ჯენეტი კი ივიწყებს თავის ღირსებებს და, როგორც მისი სატრფო აღნიშნავს, ისეთ ადგილებში დაჰყვება თავის „დუმუზს“, სადაც რიგიანი საზოგადოების ქალს არც კი გაევლება, იქ ნამდვილი ჰადესია.

ბერძნული მითოსის პოპულარული პერსონაჟია მენავე ქარონი, რომელსაც მიცვალებულთა სულები ჰადესში გადაჰყავს. ვერგილიუსის წარმოდგენით, ის ჭუჭყიანი, თეთრწვერა მოხუცია, რომელსაც ანთებული თვალები აქვს (ვერგილიუსი, ენეიდა, თბილისი, 1976, გვ.289). სპეტაკი თეთრი წვერი და ცეცხლოვანი თვალები ღვთაების ატრიბუტებია. ამავე სახით ევლინება პატმოსის კუნძულზე მყოფ იოანე მოციქულს ძე კაცისა: „მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი“. ამგვარადვე წარმოესახება საკუთარი თავი განღმრთობის ექსტაზში მყოფ სავარსამიძეს: „საშინლად მოვხუცებულვარ. მზეებრ ბრწყინვალე თვალები. მატყლივით სპეტაკი თმა“.

„დიონისოს ღიმილის“ იტალიელი მეგონდოლე ჯიორდანო პირდაპირ არის შედარებული მითიურ ქარონთან და ნოველასაც ეწოდება „ქარონის ნავში“. მწერალი ხაზს უსვამს, რომ ჯიორდანო უბირი მეგონდოლე არ არის, რომ მან გააოცა კონსტანტინე და ჯენეტი თავისი ერუდიციით, დანტეს ღრმა ცოდნით.

სავარსამიძე-დიონისოსეული ქტონური ღვთაების ბუნება ქარონის ნავთან მისვლით საცნაურდება. ჯიორდანოს გონდოლა მართლაც ჯოჯოხეთად დანთქმის პრელუდიად იქცა სავარსამიძისთვის, რადგან სწორედ აქ გამოეკიდა მას იტალიის პოლიციის დაზვერვის საიდუმლო აგენტი, ყვითელჯუბიანი მსტოვარი, რომლის წყალობითაც ჩვენი გმირი მალე სატუსაღოში აღმოჩნდა, ნამდვილ „ჰადესში“. იგრძნობა კიდევაც, რომ კონსტანტინესა და ჯენეტის სიყვარულის აღსასრული სწორედ აქედან იწყება. სატუსაღოდან დაბრუნებულ სავარსამიძეს ის ამბავი დახვდება, რომ ჯენეტმა ვერ შვა მათი სიყვარულის ნაყოფი და ამის შემდეგ მას საბოლოოდ აუცრუვდება გული საყვარელ ქალზე.

კონსტანტინეს მანამდე უყვარდა ჯენეტი, სანამ მასში ხედავდა დიონისეს გუნდის წევრ მენადას. მან ჯენეტი აქცია იშთარად, ორგიასტული კულტის ღვთაებად, მაგრამ ეს ქალი საბოლოოდ დასაღუპავად იყო განწირული, რადგან მასში მუდამ ებრძოდა ერთმანეთს „ქრისტეს სასძლო“ და ველური მენადა. „ქრისტეს სასძლომ“ მის სულში სძლია მენადასა და ვნებიან ქალღმერთს – ინანა-იშთარს და ჯენეტიც საყვარლის თვალში ნელ-ნელა დაემსგავსა „ტაბაკონის ბებერ როკაპს“.

გიპარის, ანუ იმ ბეღლის კარი, სადაც შუამდინარულ მითოსში ჰიეროგამიის (წმინდა ქორწინების) საიდუმლო რიტუალი აღესრულება, ლაჟვარდისფერი ანუ სმარაგდისფერია. ეს პატიოსანი თვალი განუყოფელი აქსესუარია „საკრალური ქორწინებისა“.

ზურაბ კიკნაძე მიუთითებს, რომ ლაჟვარდი ინანას ბუნების, კერძოდ, მისი სექსუალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ლაჟვარდში სიმბოლიზებულია მისი როგორც ნაყოფიერების ქალღმერთის არსი. ერთ-ერთი სამკაული, რომლითაც ინანა იმშვენებს თავს ქვესკნელში ჩასვლის წინ, ლაჟვარდის ყელსაბამია (ზურაბ კიკნაძე, შუამდინარული მითოლოგია, თბილისი, 1979).

ჰიეროგამიული რიტუალის ერთ-ერთ ტექსტში ინანა მეფე შულგის, დუმუზის ამქვეყნიურ შემცვლელს, ასე მიმართავს: „ლაჟვარდის ხბოსავით იროკებ ჩემს მკერდზე“.

ლაჟვარდისფერია „საკრალური ქორწინების“ სარეცელი, რომლის შესახებაც ინანა ამბობს: „ჩემი ნაყოფიერი სარეცელი ხალხმა დამიდგას, ჩემი ლაჟვარდის ბალახი ზედ დამაფინოს“.

სმარაგდის ბეჭედი კონსტანტინესა და ჯენეტის სიყვარულის განუყრელი თანამგზავრია. ჯენეტი ხშირად იმოსება სმარაგდისფერი სამოსით. ამასთანავე, მას მიჯნურის თვალში მუდამ თან ახლავს ის ღვთაებრივი ბრწყინვალება, რომლითაც ქალღმერთებს ამკობდნენ მითოსურ ნარატივებში. „ჯენეტი ირისესავით ბრწყინავდაო“, – ამბობს კონსტანტინე და ფეხმძიმე ჯენეტის სხეულშიც ამჩნევს თესლის ბრწყინვას, რომელიც დასაბამი უნდა გახდეს ახალი სიცოცხლის ამობრწყინებისა. „ინანაში დაუნჯებულია ნაყოფიერების დვრიტა და ამიტომაც ბრწყინავს იგი“ (ზ.კიკნაძე). ასეთია ჯენეტიც.

ფინიკიელთა, ბაბილონელთა და ძველეგვიპტელთა ინანას ტიპის ქალ-ღვათაებანი ბერწები იყვნენ. ისინი მხოლოდ მუცლადიღებდნენ (გავიხსენოთ ჯენეტის ორსულობა), მაგრამ ვერ შობდნენ. მიუხედავად ამისა, მათი სარეცელი მაინც ნაყოფიერად ითვლებოდა, რადგან „უშობელი ქალღმერთი მრავალთა შობის ბიძგის მიმცემია, მისი თითქოს „ბერწად“ დარჩენილი, „ნაყოფიერი სარეცელი“ ნაყოფიერს ხდის მთელი ქვეყნის საქორწინო სარეცლებს. ინანა ყოველ არსებაში აღვიძებს სურვილს დაწყვილებისას, შემდეგ უნარს შობისას“ (ზ.კიკნაძე).

ჯენეტი ალბანოს გაქარჩხულ სასახლეშიც კი განაყოფიერდა და ამან აკუმი ბიანკას აღფრთოვანება გამოიწვია. მან საბოლოოდ ირწმუნა სავარსამიძის ზეკაცობა, თვითონ კი მწვავედ განიცდიდა, რომ უნაყოფოდ უნდა დარჩენილიყო და ამაზე სევდიანად უყვებოდა კონსტანტინეს.

ცნობილია შათ-იშთარის/იმავე ინანას მრავალი ეპითეტიდან ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული – „მორწყული ნაძვი, გირჩებიანი“. სავარსამიძეს ჯენეტის სხეულზე დაკვირვებისას უჩნდება მსგავსი ასოციაცია – „ჯენეტის ნაძვივით წერწეტი ტანი“.

ჯენეტისა და კონსტანტინეს სასიყვარულო თავგადასავალი რომანის უმთავრესი სიუჟეტური ნარატივია, რომელსაც იმთავითვე დაჰყვა ტრაგიკული მითოსური „ნამ-თარ“, ავი ბედისწერა.

ეგვიპტელთა იზიდაც ინანას მონათესავე ღვთაება იყო, ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც შემდეგ მთვარის ქალღმერთადაც იქცა. იგი გახელებულია ოზირისის სიყვარულით. იზიდა-ოზირისის მითი ინანა-იშთარისა და დუმუზის მითის ვარიაციაა.

აქვე უნდა ვახსენოთ გვიანი ანტიკურობის ხანის რელიგიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი სინკრეტიზმი, რომელიც იყო მისწრაფება, მრავალსახოვან ღვთაებათა ნიშან-თვისებები გაერთიანებულიყო ერთი-ორი უზენაესი ღვთაების ტიპურ მითოსურ სახეში, რის ცდასაც წარმოადგენდნენ იზიდა და ოზირისი. სინკრეტიზმის მთავარ ფილოსოფიურ ბაზად მიჩნეული იყო ორფიკელთა მისტიკური სწავლებანი და ნეოპლატონიზმი (აპულეუსი, აპოლოგია, მეტამორფოზები, ფლორიდები, 1956). აპულეუსიც მიუთითებდა, რომ იზიდას მსხვერპლად შეწირვის ცერემონია იყო ნებაყოფლობითი აღსასრულის სიმბოლიზება, აღდგომისა და ხელახალი სიცოცხლის დასაბამი. ამავე რაკურსით მოიაზრებოდა ალბათ ქრისტიანობაში მონაზვნად აღკვეცის სიმბოლური არსი.

რევაზ სირაძე მიუთითებს, რომ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვა „ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს ბადებს“ და ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს ერთი თქმულება ქართული მითოსიდან, რომელშიც სატრფო მისთვის დაფერფლილი მომღერლის ფერფლის ნაპერწკლით საკუთარი სურვილით ზედ ეფერფლება მიჯნურს.

ჯენეტის მხატვრული სახე, რომელიც მითოსურ სახეებს ენათესავება, ალბათ სწორედ „ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის“ გამოსახატავად შექმნა გამსახურდიამ. ჯენეტი ჯერ კონსტანტინესადმი და შემდგომ ქრისტესადმი ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვით (იგი, მადამ ლაბიშის თქმით, სამთავისის დედათა მონასტერში აპირებდა აღკვეცას) ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის შემქმნელია.

აბსურდი იქნება იმის მტკიცება, რომ მწერალი მხატვრულ ნაწარმოებს ქმნის წინასწარგანზრახული მითოსური სიუჟეტის კვალდაკვალ, მაგრამ მრავალსახოვანი მითოსური არქეტიპების გაცოცხლებით იძერწება შესანიშნავი მხატვრული სახეები, რომლებიც ამ ალუზიების გამო ორიგინალურობას არ კარგავენ. ლიტერატურა ხომ ისედაც ახალი მითოსია.

ტყის მითოპოეზია

0

უილიამ ფოლკნერის „დათვი“

ფოლკნერის შემოქმედებაში ადამიანური „გულის ჭიდილის“ პრობლემები მორალურ-ზნეობრივ კონტექსტშია წარმოჩენილი. მწერლისთვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რა ცვლილებებს იწვევს ადამიანში სინდისის ხმის მინავლება, ნებითი თუ უნებლიე წაყრუება იმ შემაშფოთებელი, გამომაფხიზლებელი იმპულსისთვის, რომელიც გულგრილობის ძილს არ გვაცდის და გამაღიზიანებლად რეკავს, როდესაც შეამჩნევს რამეს, რასაც ადამიანის სულის შემღვრევა შეუძლია.

ფოლკნერის „დათვი“ მრავალმხრივ გამორჩეული ნაწარმოებია, მაგრამ მასში მთავარი განგაშის ხმაა, რომლითაც მწერალი ცდილობს, მკითხველი მოახლოებული კატასტროფის შესახებ გააფრთხილოს. მწერლობასა და მეცნიერებაში დიდი ხანია დარისხებულია ზარები, რომლებიც ეკოლოგიურ საფრთხეთა შესახებ გვამცნობს. მიუხედავად ამისა, გრძელდება ბუნების გაჩანაგება-გაპარტახება, მისთვის სულის წართმევა. ხელოვნურად გაშენებული ტყეები და ბაღები დედამიწის ფილტვებს თითქოს შვებას აძლევენ, მაგრამ უმთავრესი მაინც ბუნებრივად არსებული მდიდარი გარემოს შენარჩუნებაა.

მითოპოეტური მოთხრობა „დათვის“ მთავარი გმირი ტყეა და მისი კითხვისას, რა თქმა უნდა, უპირველესად ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გაგვახსენდება, მის პოეზიასა და პროზაში დახატული ბუნების ცოცხალი სულით. ფოლკნერისთვისაც უმნიშვნელოვანესია, გიგანტური ნაბიჯებით წინ მიმავალ მატერიალურ-ტექნიკურ პროგრესს გამოკიდებულმა ადამიანმა არ დაკარგოს კავშირი პირველყოფილ სამყაროსთან. მართალია, ღმერთმა ადამიანის სახით „სამყაროს გვირგვინი“ შექმნა, მაგრამ მასზე ადრე ცა და მიწა, მცენარეები, ფრინველები და ცხოველები გააჩინა. „ზემხედველი“ ადამიანები, რომლებსაც არ დავიწყებიათ ენა, რომელზეც ბუნება ლაპარაკობს, ცდილობენ გახლეჩილ-გაორებული ადამიანური ბუნების გამთლიანებას, იმის ჩვენებას, რომ ბუნებას მოწყვეტილი კაცი საბრალოა და დაღუპვისათვის განწირული.

მოთხრობაში მწერალი იმ ზნეობრივ იდეალებს წარმოაჩენს, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში გზამკვლევებად უნდა იქცეს. მთავარ პერსონაჟად ის ხატავს გონიერსა და უშიშარ დათვ ბენს, ტყის მეუფეს, რომელიც თავის სამეფოს მონადირეებისაგან იცავს. ის გრძნობს, რომ მთავარი საფრთხე სწორედ ადამიანებისგან მოდის, ამიტომ მედგარ წინააღმდეგობას უწევს, შეტევებს სასტიკი შურისძიებით უპასუხებს და უკან არ იხევს. ადამიანსა და დათვს შორის გამართული ორთაბრძოლების ასპარეზი კი ტყეა, ნაირ-ნაირი ხმითა და იდუმალი სურნელით. მოვლენები თექვსმეტი წლის ბიჭის, აიკის, გადასახედიდან იხატება. ბიჭისთვის დიდებთან ერთად ნადირობა საინტერესო, სახიფათო, გულისშემძვრელი თავგადასავალია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს. მწერალი კი ამ ნადირობას მოზარდის თვითჩაღრმავების იმპულსად აქცევს. დათვ ბენზე ფიქრი, მასთან მეტოქეობა ბიჭს ეგზისტენციალურ საკითხებზე დააფიქრებს, ისეთ კითხვებს გაუჩენს, რომლებზეც პასუხის მოძიებას ერთი სიცოცხლე არ ეყოფა, მაგრამ კითხვების დასმა სიცოცხლეს აზრს სძენს. ბებერი დათვი ბენი თავისი უცნაური ქცევით და მამაცი ძაღლი ლომა მას ბუნების საიდუმლოთა სიღრმეებისკენ მიუძღვებიან და სამყაროს უზოგადესი ჭეშმარიტებისა თუ უნივერსალური, ფუნდამენტური კანონების აღმოჩენისკენ უბიძგებენ: „ბებერი ბენი განსაკუთრებული დათვი იყო (ქომპსონი მას დათვების მეფეს ეძახდა) და ამიტომ მას მეტსახელი კი არ შეერქვა, არამედ ნამდვილი სახელი ეწოდა, ისეთი სახელი, რომელსაც თვით კაციც კი არ იუკადრისებდა“.

ნადირობა მითოლოგიურად გააზრებულია როგორც დემონურ ძალთაგან განწმენდის გზა. ასეა უძველეს მხატვრულ ნაწარმოებებში, მათ შორის „ვეფხისტყაოსანშიც“. ბიჭისთვისაც დათვზე ნადირობა საკუთარ სულზე ნადირობად იქცა. ამიტომაც: „ბიჭს ეგონა, რომ ისინი მიდიოდნენ არა ირმებისა და დათვის მოსაკლავად, არა სანადიროდ, არამედ ყოველწლიური შეხვედრისათვის ბებერ დათვთან, რომლის მოკვლის იმედი სრულიადაც არა ჰქონდათ. ორი კვირის შემდეგ ისინი ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ“. აიკმა დაინახა ის, რასაც დიდების გაუხეშებული სული ვეღარ ხედავდა და აღიქვამდა, რადგან სულისა და გონების თვალი ჰქონდათ დახშული. ბიჭი მონადირეთა საუბრებს გაფაციცებით უგდებდა ყურს და გრძნობდა კანონზომიერებას, რომ ძაღლებს, დათვებს, ირმებს, თითქოს ტყის გონიერი სული მოიხმობდა და ყველას თავის ადგილს მიუჩენდა „მუდმივი და შეუპოვარი შეჯიბრებისთვის (ამ შეჯიბრებათა ურღვევი წესები არც არავის იწყალებდა და არც არავის იბრალებდა), თამაშთა შორის საუკეთესო თამაშისთვის, ყველა სხვა სიცოცხლესთან შეუდარებელი სიცოცხლისთვის“.

ბიჭი მთელი არსებით გრძნობდა და „თითქოს უკვე ჭვრეტდა იმას, რის მიწვდომასაც ჯერ კიდევ ვერ შეძლებდა ვერც გრძნობით, ვერც გონებით: დასაღუპავად განწირულ უღრან ტყეს“. მწერალი გულისტკივილით აღწერს, ადამიანები კიდეებიდან როგორ ღრღნიან ამ ტყეს, განუწყვეტლივ როგორ აქუცმაცებენ მას სახნისებითა და ნაჯახებით, „თითქოს ეშინიათ მისი იმიტომ, რომ იგი უღრანი და უდაბურია“.

მოთხრობის მიხედვით, გასაოცარი ის არის, რომ ამ მხარეში მრავლად არიან ერთმანეთისთვის უცნობი და უსახელო ადამიანები, მაგრამ ბებერი დათვის სახელი ყველამ იცის. მათთვის „ეს დათვი უბრალო მოკვდავ მხეცად კი არ დათარეშობს ტყეში, არამედ გარდასულ დროთაგან მოღწეულ დაუოკებელ ანაქრონიზმად, ძველი ველური ცხოვრების სიმბოლოდ, აპოთეოზად“. ამ ველური ცხოვრების წიაღში შემოჭრილი ადამიანები ზიზღითა და შიშით გაცოფებული იქნევნენ ნაჯახებს და ისე ირევიან, „როგორც ჯუჯები მთვლემარე სპილოს ფეხებთან“. „ბებერი დათვი გამოიყურებოდა დაუძლეველ და მარტოსულ არსებად, უშვილო ქვრივად, უკვდავ მოხუც პრიამოსად, ვინც მეუღლე დაკარგა და ყველა თავის შვილზე მეტხანს იცოცხლა“.

რა თქმა უნდა, ადამიანების გაშმაგებული სურვილი, როგორმე მოიხელთონ დათვი ბენი, ჰერმან მელვილის მობი დიკს ადევნებულ, ლამის ჭკუიდან შეშლილ კაპიტან აქაბს გაგვახსენებს. თეთრი ვეშაპიცა და დათვიც ღრმა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებია იმ ღვთაებრივისა, რომელსაც ასე სდევნიან თანამედროვე ადამიანები თავიანთი ყოფიდან.

ერთადერთი, ვინც აიკის თანამზრახველია ამ სულიერ თავგადასავალში, ბებერი სემია, რომელმაც იცის, რომ დათვ ბენის სიკვდილთან ერთად დასრულდება რაღაც მისთვისაც და სამყაროსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. მართლაც, დათვს მოკლავენ თუ არა, სემიც კვდება: „მერე დათვი სულ წამოდგა უკანა ფეხებზე, კაციც და ქოფაკიც თან აზიდა, შემობრუნდა, ორჯერ თუ სამჯერ ადამიანივით გადადგა ნაბიჯი ტყისაკენ და მიწას დაენარცხა. დათვი არ მოღვენთილა, ქედი არ მოუხრია, დაეცა როგორც მოჭრილი ხე“.

მოთხრობაში მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტი განუწყვეტლივ იძაბება. ბებერი სემი ბიჭს ასწავლიდა, რომ შიში სამარცხვინო კი არა, ბუნებრივი იყო, მაგრამ სიმხდალე არ უნდა გამოეჩინა: „ტყის მხეცი შენ ხელს არ გახლებს, სანამ მას გასაქცევი აქვს ან სანამ არ იგრძნობს, რომ შენ მხდალი ხარ“. თუ პირველი წლებიდან მისი მასწავლებელი იყო სემ ფადერსი, ხოლო ტყის პირის კურდღლები და ციყვები  მისი საბავშვო ბაღი, უღრანი ტევრი – ბებერი დათვის სამყოფელი – მის უნივერსიტეტად იქცა. „ხოლო ეს ხვადი დათვი, ოდითგანვე უცოლო და უშვილო, უმემკვიდროდ გადაგებული, მისი ალმა მატერი გახდა“.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ეპიზოდი, როდესაც ბიჭი მარტო წავიდა ტყეში, კომპასი და საათიც გზაში დატოვა, გზა დაებნა, მაგრამ, რაც ყველაზე გასაოცარია, გზის გაკვლევასა და გადარჩენაში მოთვალთვალე დათვი დაეხმარა. ბიჭი მიწაზე ვიღაცის მიერ საგანგებოდ აღბეჭდილი  კვალი, ორკაპა ანაბეჭდები შენიშნა. წყნარად, დინჯად გაჰყვა ამ „თითქოს ციდან ჩამოცვენილ ღრმულებს, სანამ ისინი არ წაიშალა და სამუდამოდ არ დაიკარგა მათი ნასახი. მიდიოდა დაუღლელად, უყოყმანოდ და უშფოთველად, ოდნავ სული ეხუთებოდა, გული მაგრად უცემდა, თითქოს ჩაქუჩივით ურტყამდა. ბიჭი უეცრად პატარა მდელოზე გავიდა. უღრანი ტყე უხმაუროდ დაიძრა მისკენ და შექუჩდა, ხეებად და ბუჩქებად ჩამოყალიბდა. მზის სხივებზე საათი და კომპასი აბრჭყვიალდა. ამ დროს ბიჭმა დაინახა დათვი. არა, დათვი არსაიდან არ მოსულა, იგი იქ იყო და ახლა, შუადღის პაპანაქებაში, მზის ლაქებში გამოჩნდა უძრავი, გამოჩნდა არა საოცრად უზარმაზარი, როგორიც ესიზმრებოდა, არამედ ისეთი, როგორიც ცხადად ესახებოდა, შესაძლოა, რამდენადმე უფრო დიდიც (სიდიდეს საერთოდ ამცირებდა აჭრელებული ჩრდილოვანი ფონი). დათვი იდგა და შეჰყურებდა ბიჭს, მერე გაინძრა, აუჩქარებლად გაემართა მდელოსკენ“. ამ პასაჟის წაკითხვის შემდეგ ძლიერდება განცდა, რომ შესაძლებელია, დათვის მრავალმნიშვნელოვან სიმბოლოში ღვთის სახეც დავინახოთ, რომელიც ეხმარება ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას გამუდმებით დევნიან და ჯვარს აცვამენ.

მოთხრობაში ფოლკნერის საყვარელი თემა ტყის ფონურ სიმღერასავით გუგუნებს, ყრუდ, მაგრამ გასაგონად. სად იკარგება დრო? თუ მხოლოდ იმისთვის უჩინარდება, რომ გაგვეთამაშოს, მეხსიერებაში მუდმივად ამოყვინთოს და შეგვახსენოს თავისი მარადიულობა? ბიჭი გრძნობს, რომ ყველაფერი ისე გაქრება, როგორც სემის საყვარელი შაქარყინული. მწერლის საფიქრალი ფილოსოფიურ სიღრმეს იძენს: „ბიჭი უკან გამობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ყოველივე ეს გაქრება, არა, კი არ გაქრება, გარდაიქმნება იმად, რასაც აითვისებს აურაცხელი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელმაც ჯადოსნური ბილიკებით დაქარგა ამ უმზეო ადგილების ბნელი ნიადაგი. ეს აურაცხელი სიცოცხლე, განაბული, ჩასაფრებული, ყოველი ტოტიდან და ყოველი ფოთლიდან უთვალთვალებს, როგორ ბრუნდება ბიჭი უკან, როგორ ტოვებს გორაკს“.

ბიჭი და მასთან ერთად მკითხველიც გრძნობს სამყაროს კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც, სიკვდილი არ არსებობს – ის გარდაქმნა და გარდაცვალებაა, გამუდმებული მეტამორფოზაა ყოველივესი, რაც სუნთქავს: „აქ აკლდამა არ არის, არც სემი, არც ლომა. მკვდრები არ არიან, ისინი უძრავად კი არ წვანან მიწის ქვეშ, არამედ თავისუფლად მოძრაობენ მიწაში და მიწასთან ერთად. ისინი უთვალავ დანაწევრებულ, მაგრამ ცოცხალ ნაწილაკად შედიან ფოთლებსა და ტოტებში, იმყოფებიან ჰაერსა და მზეში, წვიმასა და ცვარში, წყვდიადში, რკოში, მუხაში, ფოთოლში და ისევ რკოში, დაისში, განთიადში, კვლავ დაისსა და ისევ განთიადში; უკვდავნი და მთლიანნი თავიანთ სიმრავლესა და დანაწევრებულობაში; ასევეა ბებერი ბენიც. ისინი დაუბრუნებენ მას თათს, უეჭველად დაუბრუნებენ და კვლავ გამოიწვევენ ორთაბრძოლაში“.

მოთხრობის მითოპოეტურ სივრცეს გამოარღვევს ბუნების ხმები და საგაზაფხულო განახლების იმედი მკითხველსაც გადაედება, რომელიც გრძნობს, მწერლის ერთგვარი ნიღაბი-დათვი, ამხელს დაუმორჩილებელი ადამიანის მოუთოკავ ენერგიას, სიცოცხლის წყურვილსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას. ეს თავისუფლება კი სამყაროსთან, ბუნებასთან განუყოფელ ერთიანობაშია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...