შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

აღმოვაჩინოთ ჩვენს გვერდით ქოუჩი

0

მართალია ქოუჩი უცხო სიტყვაა, მაგრამ ამ სიტყვაში შეიძლება მოვიაზროთ ყველა ის პროფესიონალი, ვისაც თქვენს წარმატებაში წვლილი მიუძღვის.

განათლების სფეროში დღეს ხშირად გვესმის სიტყვები – შედეგზე ორიენტირებული სწავლება, შედეგების თვისობრივი ანალიზი, შედეგების რაოდენობრივი ანალიზი, შედეგზე ორიენტირებული მიზნები… რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ცდილობენ ჰქონდეთ უკეთესი შედეგები. ნებისმიერი შედეგის მიღწევას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი ძალისხმევა მოითხოვს დაზუსტებას, რადგან ამ ტერმინის დაკონკრეტება დამოკიდებულია – ვინ არის ის, ვინც შედეგს მიაღწია (მოსწავლე, კლასის დამრიგებელი, საგნობრივი კათედრა, სკოლის მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექტორი, სკოლაა…) და რაში მდგომარეობს მიღწეული შედეგი. განათლების სფეროს წარმატებულ ადამიანებთან საუბარში ისინი ყოველთვის აღნიშნავენ მათ წარმატებაში იმ პიროვნების როლს, რომელმაც ისინი
1. დააფიქრა 2. რჩევა მისცა 3. გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა 5. ასწავლა 6. მის შესაძლებლობებში დაარწმუნა 7. სირთულე დააძლევინა 8. კარიერულ ზრდაში ხელი შეუწყო 9. საკუთარი ემოციის მართვა ასწავლა… საქართველოს რეალობაში ამ ფუნქციის შემსრულებელი პიროვნება ხან სკოლის სასწავლო ნაწილია, ხან სკოლის დირექტორი, ხან ტრენერი, ხან განათლების სპეციალისტი ხან „ჭკვიანი ადამიანი” ხან შემთხვევითი ადამიანი და ამ ადამიანმა შესაძლოა სულაც არ იცოდეს რომ ასეთ საქმიანობას დასავლეთის წარმატებულ ქვეყნებში უწოდებენ ქოუჩინგს და ასეთ კადრს ქოუჩს.

ქოუჩინგი (coaching) არის ტერმინი, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა კონტექსტში და სრულიად სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით გამოიყენება. ტერმინში უკეთ გასარკვევად, თვალი მის წარმოშობას გადავავლოთ. საწყისი მნიშვნელობით ქოუჩი (coach) ნიშნავს ეტლს, ეკიპაჟს. ეს უნგრული წარმოშობის სიტყვაა და ინგლისურ ენაში 1556 წლიდან გვხვდება. სიტყვის საწყისი მნიშვნელობა სიმბოლურად კარგად გადმოგვცემს ქოუჩინგის არსს: ეტლი დამხმარე საშუალებაა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილებისათვის და მიზნის მისაღწევად.

1848 წლიდან სიტყვა „ქოუჩი” უნივერსიტეტის სტუდენტების ყოველდღიურ სასაუბრო მეტყველებაში მათი კერძო კურატორების აღსანიშნავად გამოიყენება. სპორტის სფეროში ქოუჩინგი 1885 წლიდან ინგლისსა და აშშ-ში დამკვიდრდა. ქოუჩინგი ინგლისში გამოიყენება დამრიგებლის, ხელმძღვანელის, მრჩევლის განზოგადებული მნიშვნელობით. გერმანიაში ეს ტერმინი სამი მიმართულებით გამოიყენება:

·საუკეთესო სპორტსმენების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
· განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილი;
·ხელმძღვანელების ინდივიდუალური კონსულტირება.

აშშ-ში მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან ქოუჩინგი აღნიშნავს პერსონალზე და განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილს, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლები პიროვნულად ვითარდებიან და შრომის უნარს იუმჯობესებენ. აღნიშნული მიმართულება გერმანიაში 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა ტერმინით – ხელმძღვანელი, როგორც ქოუჩი. მოთხოვნა, რომ ხელმძღვანელი საკუთარი თანამშრომლების ქოუჩი იყოს, თავიდან გასაღების სფეროში ჩამოყალიბდა და შემდგომ სხვა სფეროებზეც გავრცელდა. ამის პარალელურად, 80-იანი წლების შუა პერიოდიდან, ქოუჩინგის ცნებამ ხელმძღვანელთა ორგანიზაციის გარეთა კონსულტირების მნიშვნელობა შეიძინა. თავიდან ქოუჩინგი უკავშირდებოდა მხოლოდ უმაღლესი დონის ხელმძღვანელების კონსულტირებას. დღესდღეობით კი ბევრ კომპანიაში ქოუჩინგი პერსონალის განვითარების ღონისძიებების შემადგენელი ორგანული ნაწილია. ბევრ კომპანიაში პრესტიჟულადაც კი არის მიჩნეული პირადი ქოუჩის ყოლა.
პროფესიული ქოუჩის როლები

ეფექტური ქოუჩი ხან გარკვეული დროით ორგანიზაციული სისტემის წევრი ხდება, ხან კი გარედან აანალიზებს მას. ხატოვნად რომ ვთქვათ, იგი მუდმივად გადადის და გადმოდის საზღვრის ერთი მხრიდან მეორეზე. აქედან გამომდინარე, ქოუჩი შესაძლოა, შემდეგ მნიშვნელოვან როლებს ასრულებდეს:

·პიროვნებისა და სისტემის სარკე;
·მცოდნე შუამავალი და არა ცოდნის გადამცემი;
·განვითარებაში დამხმარე და არა მასწავლებელი;
· პარტნიორი;
·კონფლიქტის ანალიტიკოსი;
·პოზიტიური ორიგინალი, არასტანდარტულად მოაზროვნე;
·გამამხნევებელი;
·გარემოს აგენტი, რომელიც ახორციელებს ჭეშმარიტ უკუკავშირს
ვინ არ არის ქოუჩი?

ქოუჩი არ არის მასწავლებელი. ჭკუის სწავლება აქტიურობას აფერხებს. ქოუჩი არ არის გურუ. იგი არც ყოვლისმცოდნეა და არც მაშველი. ქოუჩი არ არის საუკეთესო ხელმძღვანელი. ის ქოუჩინგის პროცესის უფროსია და არა – ორგანიზაციის. ქოუჩი ასევე არ არის ხელმძღვანელის ხელის გაგრძელება. მას არ აქვს უფლება, შემკვეთის ინტერესების საპირისპიროდ იმოქმედოს, მაგრამ იგი არ არის არც ხელმძღვანელის სურვილების შემსრულებელი და არც უკიდურესი საშუალება მართვის შეცდომების გამოსასწორებლად. ქოუჩი არ არის ორგანიზაციის შიგნით უმოქმედობისა და დაუდევრობის ალიბი.
ქოუჩინგის განხორციელების მიზეზები

უმეტესად, ქოუჩინგი შემდეგ სიტუაციაში ხორციელდება: მაგალითად, საჭიროა სამსახურებრივი გადაწყვეტილების მიღება, ან ახალი როლისა და ქცევების ათვისება. ხელმძღვანელი, როგორც წესი, დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი პრობლემის გადაჭრას ან შეკითხვაზე პასუხის გაცემას. თუ იგი დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ მოიპოვებს წიგნებიდან, საკუთარი ანალიზიდან, მეგობრებთან და კოლეგებთან გასაუბრებიდან, ან სემინარებიდან – და თუ მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღების შესახებ მკაცრია – ქოუჩის მოძიების მზაობაც იზრდება.

მეტი ინფორმაცია რეალური სიტუაციის შესახებ

რაც უფრო ზემოთ ადის იერარქიულ კიბეზე მენეჯერი, მით ხშირად აწყდება სტრატეგიულ და ტაქტიკურ თამაშებს. ამ მიზეზით კარგავს ჭეშმარიტი უკუკავშირის მიმცემ თანამშრომლებს, რომლებიც შეატყობინებენ, თუ როგორ აღიქვამენ მას და რა გავლენას ახდენს თავად სხვებზე. ასეთი მენეჯერები გარკვეულ კაფსულაში ექცევიან და რეალობის საკუთარ კონსტრუქციას ქმნიან. ხშირად ეს არის კიდეც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი (ეს რომ მცოდნოდა, …ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს… ყოველივეს წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია).

ქოუჩინგის დროს ხდება რეალობის სრულყოფილი, რაციონალური და ემოციური სურათის მიღება, რის საფუძველზეც ყოველთვის შესაძლებელია ქცევის ახალი ალტერნატივების განვითარება.
საქმიანობაში არსებული როლური წინააღმდეგობები

ერთი მხრივ, საკუთარი მოსაზრების გატანისა და, მეორე მხრივ, კონსენსუსის უნარი; ერთი მხრივ, ლოიალურობა და, მეორე მხრივ, დამოუკიდებლობა; მოგებაზე ორიენტირებულობა და ადამიანების მიმართ ყურადღებიანობა – ასეთი წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს ხელმძღვანელის მიმართ ორგანიზაციისა და თანამშრომლების მოლოდინები. საკუთარი ქცევის ჩარჩოები მენეჯერმა თავად უნდა განსაზღვროს. მაგრამ ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე საკუთარი ღირებულებების, ორგანიზაციის მენეჯმენტის მოთხოვნებისა და თანამშრომელთა მოლოდინების შეთავსება. ასეთ დროს ქოუჩს შეუძლია ხელმძღვანელს დაეხმაროს, კარგად გაერკვეს საკუთარ მიზნებსა და ღირებულებებში, ნათელი გახადოს წინააღმდეგობები აზროვნებასა და მოქმედებას შორის. შედეგად, შესაძლებელი ხდება ერთი შეხედვით შეუთავსებელი როლების ინტეგრირება.

კრიზისი და გარდატეხა

სხვადასხვა სახის გაუთვალისწინებელმა უარყოფითმა ცვლილებებმა, შესაძლოა, პიროვნებაზე ღრმა კვალი დატოვის. ხშირად ეს სიტუაცია ეჭვის ქვეშ აყენებს საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას. ქოუჩინგი ამგვარ სიტუაციებშიც გაუწევს დახმარებას მენეჯერს, ორგანიზაციას, პიროვნებას.

მსურს გასაანალიზებლად რამდენიმე იტორია გაგაცნოთ, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რეალურად მოხდა.

კათედრის გამგე იხსენებს – კათედრაზე ახალი მასწავლებელი მოვიდა. სამუშაო გეგმის მიხედვით რამდენიმე დასწრება განვახორციელე, მასწავლებელს ბევრი ძლიერი მხარე ჰქონდა მაგრამ გაკვეთილზე პრობლემებიც აშკარა იყო. ყველაზე თვალშისაცემი ის ფაქტი იყო, რომ მასწავლებელი გაკვეთილის ახსნისას იყენებდა წიგნში არსებულ ილუსტრაციებს, როგორც რესურსს და მოსწავლეთა მოსმენის გასაკონტროლებლად მიმართავდა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილ შეკითხვებს. მოსწავლეები გააზრებას ვერ ასწრებდნენ, ზოგის არც აინტერესებდა, შეკითხვებს ვერ პასუხობდნენ და ცდილობდნენ ეს ფაქტი აგრესიით გადაეფარათ. არ მინდოდა მასწავლებელი შენიშვნებით დამეფრთხო. სასერტიფიკაციო გამოცდა ახალი ჩაბარებული მქონდა და გადავწყვიტე ის რაც გამოცდისთვის ვისწავლე იმ ცოდნის გამოყენებით მეთანამშრომლა ჩემს კოლეგასთან რათა მაქსიმალური შედეგი ჰქონოდა მას სწავლებაში. ფაქტი იყო მას აღქმაზე ორიენტირებული აქტივობები შექმნაზე ორიენტირებული აქტივობებით უნდა შეეცვალა რათა სასურველი ქცევის მოტივატორი გარედან, მოსწავლის შიგნით გადასულიყო.
გადავწყვიტე მასთან შეხვედრა, რომლის დროსაც მონიტორინგის წერის ფორმატი გავაცანი. სადაც აქცენტი კოგნიტური სქემების გააზრებასა და შევსებაზე იყო გაკეთებული. ჩვენს შეხვედრას ასე შეიძლება ვუწოდოთ „ როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ (მონიტორინგის წერაზე) მოსწავლემ წარმატებით შეძლოს შეავსოს სხვადასხვა ტიპის კოგნიტური სქემა ანუ გავუჩინოთ მოსწავლეს კომპეტენციის შეგრძნება, რათა გახდეს წარმატებული”

მასწავლებელმა გულწრფელად აღნიშნა, ჩემი ბავშვები ამას ვერ შეძლებენ, მე რომ ეს მცოდნოდა… აქცენტს ამაზე გავაკეთებდი…

კათედრის გამგე – მონიტორინგის წერამდე ხომ ერთი თვეა… თქვენ შეგიძლიათ ახლაც შეცვალოთ ის რისი შეცვლაც გინდათ .. ჩვენ ერთად გავაანილეზეთ სქემა და განვსაზღვრეთ მიზნები, რომელიც გაკვეთილის დაგეგმვაში და დაგეგმილი გაკვეთილის განხორციელებაში მეთოდურ ცვლილებებს ითვალისწინებდა. ერთად დავგეგმეთ გაკვეთილის ახსნის პროცესში მოსწავლეთა თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით – მოსწავლეებს (მასწავლებლის მითითების მიხედვით ) გაკვეთილის განსაზღვრული მონაკვეთის დამუშავებისას გამოეყენებინა მრავალფეროვანი კოგნიტური სქემები…

მასწავლებელმა სამი თანმიმდევრული გაკვეთილი დაგეგმა ჩაატარა და შემდეგ მისივე სურვილით განხორციელდა ჩვენი შეხვედრა, რომელზეც ის სიამაყით მაცნობდა მიღწეულ შედეგებს. მაჩვენა მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულები… მონიტორინგის წერაზეც კლასმა კარგი შედეგები აჩვენა. პედაგოგმა მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ საინტერესო სტატია შექმნა და გამოაქვეყნა და მე როგორც კათედრის გამგე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ჩემმა კოლეგამ წარმატებას მიაღწია.

 
სქემაში ჩართული პედაგოგი იხსენებს – ძალიან შეშფოთებული ვიყავი იმით, რომ სქემაში ჩავერთე და კრედიტების დაგროვებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას ვერ ვახერხებდი. ერთ-ერთი აქტივობა ტრენინგზე დასწრება იყო და სრულიად შემთხვევით მოვხვდი ტრენინგზე, რომელსაც საოცრად გულისხმიერი ტრენერი ატარებდა. ტრენინგის სესვენებისას მე მას ჩემი შეშფოთება გავუზიარე მან მომისმინა და რამდენიმე შეკითხვა დამისვა 1. რატომ მოხვედით ტრენინგზე?

2. გეგმავთ ამ ტრენინგზე მიღებული მასალა კოლეგას გაუზიაროთ?

3. გიფიქრიათ ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგოთ და ამის შესახებ ან სტატია დაწეროთ ან რომელიმე კონფერენციაში მიიღოთ მონაწილეობა და ამის შესახებ სხვასაც უამბოთ?

პასუხი იყო არა არ მიფიქრია… მოდით ერთად ვიფიქროთ და იქვე ეს აქტივობები დროში გავწერეთ. ჩემდაუნებურად ამ გაწერილი საქმიანობების განხორციელება დავიწყე 1. სემინარზე მოსმენილი მასალა კათედრაზე წარვადგინე 2. სემინარზე მოსმენილი მასალა პრაქტიკაში დავნერგე 3. საგაკვეთილო პროცესში შეტანილი ცვლილებების შესახებ მინი დღიური ვაწარმოე, შედეგები განვაზოგადე და სტატია დავწერე რომელიც გამოვაქვეყნე.

ორივე ისტორია ქოუჩინგის პროცესის მიმდინარეობის ფაქტობრივი მასალაა და მისი გაანალიზებისას ნათლად იკვეთება, რომ ამ ადამიანებმა, ქოუჩინგის სამივე ფაზა წარმატებით განახორციელეს.

კლასიკური ქოუჩინგის პროცესი სამი ფაზისაგან შედგება:

1. ამოცანის წინასწარ განსაზღვრა
2.ქოუჩინგის საუბარი
3.პროცესის შეფასება.

ამოცანის წინასწარი განსაზღვრის მიზანია გადამოწმება, რამდენად არის შესაძლებელი მიზნის ქოუჩინგის მეშვეობით მიღწევა ან, შესაბამისად, რა დამატებითი შეთანხმებები ან სხვა სახის ღონისძიებებია საჭირო.
ქოუჩინგის საუბარი – კონსულტაციისა და ტრენინგის პროცესი ყოველთვის დროით ჩარჩოებში მიმდინარეობს და შეთანხმებული ვადის შემდეგ ფასდება. როგორც წესი, ქოუჩინგის საუბარი 4 ფაზისგან შედგება.
·პირველ ფაზაში მყარდება კონტაქტი და ორიენტაცია იქმნება,
·მეორე ფაზაში სიტუაცია და მიზნები მუშავდება,
·მესამე ფაზა გადაწყვეტების შემუშავებას ემსახურება და ბოლო,
· მეოთხე ფაზაში ხდება მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გადატანის უზრუნველყოფა.

ქოუჩინგის შედეგად შესაძლებელია სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების დაბალანსება. ქოუჩი ფლობს საკუთარი თავის მენეჯმენტის მეთოდებს, მუშაობისა და დროის მართვის ტექნიკებს და შეუძლია მათი ეფექტიანად გამოყენება ქოუჩინგის პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღმოვაჩინოთ ჩვენს გვერდით ქოუჩი, პროფესიონალი, რომელიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

ისტორია სურათებად

0
სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილის იმგვარად დაგეგმვა, რომ გეგმის თითოეული კომპონენტი შეესაბამებოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს და ხელს უწყობდეს შინაგან მოტივაციას. ინტერესის აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში დიდი როლი ეკისრება რესურსებს, კერძოდ, თვალსაჩინოებას.

მოდი, განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ რესურსები მიზანმიმართულად და ეფექტიანად გაკვეთილის ან გაკვეთილების დაგეგმვის დროს.

თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ:

• სამიზნე ჯგუფი – რა ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი სასწავლო მასალა და შესაბამისი რესურსი;
• სასწავლო მიზანი – როგორ დაეხმარება რესურსი საგნის შესწავლას;
• მოსალოდნელი სასწავლო შედეგები – რა შედეგებს მოველით მოსწავლეებისგან ამ რესურსების გამოყენებით.
რეკომენდებულია, რესურსის გამოყენებამდე გავეცნოთ მისი ეფექტიანობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს:
• რა არის რესურსში ისეთი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას?
• რა არის რესურსში ისეთი, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების საფუძველზე, პრაქტიკით სწავლას?
• როგორი იქნება ამ რესურსის გამოყენების უკუგება, ანუ გააცნობიერებენ თუ არა მოსწავლეები, როგორ შეუწყო ხელი რესურსმა სწავლის პროცესს კლასში, თანამშრომლობას, რა ისწავლეს ერთმანეთისგან და მასწავლებლისაგან მისი დახმარებით?
• შეუწყობს თუ არა ხელს ეს რესურსი ნასწავლის უკეთ გააზრება-გაგებას?

თვალსაჩინოების ერთ-ერთი საშუალებაა “ამბავი სურათებად”, რომელიც ერთსა და იმავე დროს ეფექტური და ეფექტიანია როგორც მშობლიური, ისე მეორე ენისა და უცხო ენის სწავლების კუთხით. 

ამბავი სურათებად – ეს არის სასაცილო ცხოვრებისეული სიტუაციები, რომლებიც რამდენიმე ნახატითაა გადმოცემული. მათი გამოყენება მიზანშეწონილია როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილებსა და მცირე ჯგუფებში მუშაობისას. ჯგუფური მუშაობისას თითოეული მოსწავლე იღებს ერთ სურათს და რაიმე ნიშნის მიხედვით (ფონი; ნივთი, რომელიც მეორდება ყველა სურათზე; პეიზაჟი და სხვა) პოულობს თავის ოთხეულს.

მოსწავლეები თანამიმდევრობით ალაგებენ სურათებს და თხზავენ პატარა ისტორიას. ენის ფლობის არასაკმარისმა დონემ მოსწავლეებს საინტერესო დავალების მიმართ ერთგვარი შიში რომ არ გაუჩინოს, თავპირველად უნდა მოვუხსნათ ეს შიში იმით, რომ თითოეულ კომპლექტს დავურთოთ ბარათები ამბის მოსაყოლად საჭირო ლექსიკური ერთეულებითა და ენობრივი კონსტრუქციებით. სავარაუდოდ, ჯგუფში იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვანაირად ფლობენ ენას. ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან ისტორიის შედგენაში და წარუდგენენ მას კლასს.

მასწავლებელს შეუძლია, ეს ნახატები გამოიყენოს როგორც მოსმენისა და კითხვის (რეცეფციული), ისე წერისა და ლაპარაკის (პროდუქციული) უნარების განსავითარებლად. მაგალითად:

• მასწავლებელი თავად თხზავს ამბავს, შემდეგ უკითხავს მოსწავლეებს და სთხოვს, დაალაგონ ნახატები მოსმენილის მიხედვით (მოსმენის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა).
• მასწავლებელი თვითონ თხზავს ამბავს და წასაკითხად ურიგებს მოსწავლეებს. მათ უნდა დაალაგონ ნახატები წაკითხულის მიხედვით (კითხვის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა).
• მოსწავლეები თავად ალაგებენ სურათებს თანამიმდევრობით და წერილობით თხზავენ მცირე ზომის ისტორიას (წერის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა). 
• მოსწავლეები თავად ალაგებენ სურათებს თანამიმდევრობით და ზეპირად თხზავენ მცირე ზომის ისტორიას (ლაპარაკის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა).

შესაძლებელია ამ სურათების გამოყენება სხვაგვარადაც. ერთი მოსწავლე იღებს პირველ ნახატს, სხვები კი ვარაუდობენ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი. მოსწავლე აჩვენებს მეორე ნახატს, სხვები კი საკუთარ ვარაუდს ამოწმებენ. შემდეგ – მესამეს და ისევ მოწმდება ვარაუდები.

მაგალითად გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” მიერ ამ მეთოდისთვის შექმნილი ნახატების ერთ კომპლექტს. 

  
  

„ამბავი სურათებად” ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უზრუნველყოფს თითოეული მათგანის ჩართულობას, კოგნიტურთან ერთად ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც. 

ქიმიის ტური

0
ერთი მეგობარი მყავს, ზოგჯერ ფეისბუქის მეშვეობით ვესაუბრები. ჩემს სტატიებს კითხულობს თურმე. ამას წინათ ნახევრად ხუმრობით მითხრა, რა გჭირს, რა ყველაფერში ქიმიას ხედავო, არადა, ბოლომდე რომ ჩავიკითხავ, ვრწმუნდები – ყველაფერი მართლაც ქიმიასთან არის დაკავშირებული და შენი წერილების თემებს მულტიპლიკაციურ ფილმებად წარმოვიდგენ ხოლმეო. მერე თითქოს სინანულით დასძინა, სკოლაში ქიმია ფაქტობრივად არ მისწავლია, ერთი ახალგაზრდა, სანდომიანი მასწავლებელი გვყვავდა, რომელიც, მართალია, საგანს არ გვასწავლიდა, მაგრამ სასიამოვნო ადამიანი იყო და მეც კეთილი მოგონებები დამრჩა მასზეო. კიდევ, იცი, რა მახსოვს ქიმიაზე? – ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მსახიობის, თენგიზ ჩანტლაძის სკეტჩი ლომონოსოვის სურათის შესახებო.

ამ ერთი შეხედვით ლაღ, არაფრისმთქმელ საუბარში დიდი პრობლემა იმალება. დიახ, დღესაც იგივე მდგომარეობაა – მოსწავლეებმა ქიმია არ იციან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, მასწავლებლები მათ დაინტერესებას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის და ღმერთმა დაგვიფაროს, არ იყოს. მე ამის დაწერას მხოლოდ ის მაბედინებს, რასაც ჩემი შესავალი კურსების პირველკურსელ სტუდენტებთან (გუშინდელ მოსწავლეებთან, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ქიმიაც ჩააბარეს) ვხედავ. მათ ქიმია არ ახსოვთ! როდესაც ქიმიის გაკვეთილების შესახებ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ ან არ უტარდებოდათ, ან არ აინტერესებდათ. საქმეც სწორედ ეს არის – ინტერესის უქონლობა.

ამ შემთხვევაში ორმაგად ვცდილობ, ქიმია მოვაწონო და ერთმა ამას წინათ ისიც კი იკითხა: რატომ არ ვსწავლობდი ამ საგანს სკოლაში, თუ ასეთი საინტერესო იყოო?

თემას ცოტა ხნით გადავუხვევ და აღვნიშნავ, რომ დღეს ძალიან მოთხოვნადია ტურიზმი. ეს მიმართულება საქართველოსთვის სტრატეგიულად განიხილება, რაც ძალიან მომწონს. რაც მეტად განვითარდება, მით უკეთესი.

ტურიზმი თომას ჰუკმა გამოიგონა. 1841 წელს 600 ადამიანი გაასეირნა მატარებლით, 1845 წელს ლივერპულში მოაწყო ექსკურსია, 1847 წელს პირველი ტურისტული საზოგადოება დააარსა, რომელიც ინგლისის ფარგლებში და მის გარეთ ტურებს მართავდა. თომას ჰუკი ტურიზმის სფეროში პირველ მენეჯერად ითვლება. სხვათა შორის, მანვე დანერგა სასტუმროების დაჯავშნის პრაქტიკაც. მისი ფირმის ერთ-ერთი ცნობილი უცხოელი კლიენტი კი მარკ ტვენი ყოფილა.

ინტერესი იწვევს განწყობას, ერთხელ მიღებული განწყობა კი არ ქრება, გონებაში ილექება და თავის შედეგს გვაძლევს. დავაკავშიროთ ქიმია იმასთან, რაც მოსწავლეს ქიმიის კანონებზე მეტად ხიბლავს. მართალია, საბოლოოდ ამ კანონების, მექანიზმებისა და ფორმულების შესწავლა მაინც მოუწევს, მაგრამ თუ ამას ოდნავ უკეთესი განწყობით გააკეთებს, ხომ კარგი იქნება? ქიმიის შესაძლებლობები განუსაზღვრელია და თუ მოვინდომებთ, მოსწავლისთვის საინტერესო ნებისმიერ თემასთან დავაკავშირებთ. სულ ცოტა ფანტაზია გვჭირდება, სულ ცოტა…

მაშ ასე, ზაფხულია, არდადეგებია და თემაც შესაფერისი შევარჩიე – „ქიმიის ტური”. ვიმოგზაუროთ, ოღონდ… ქიმიასთან ერთად. მარშრუტს ასეთს შემოგთავაზებთ: საქართველო-საფრანგეთი-ინგლისი-პოლონეთი-საქართველო.

ბავშვობიდან ერთ ქვეყანაზე ვოცნებობდი – საფრანგეთზე. მისი ნახვის ნატვრა კი ამისრულდა – გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლას ვესტუმრე და მეორედაც გახლდით იქ, მაგრამ ეს ქვეყანა დღემდე საოცნებოა ჩემთვის, ამიტომ ჩემი მარშუტი საფრანგეთიდან დაიწყება.

პარიზში ჩასვლისთანავე რა უნდა მოინახულოთ? მე პირდაპირ მუზეუმთა მუზეუმში – ლუვრში წავიდოდი. სულ მცირე, ორი დღე მაინც მოიტოვეთ ლუვრისთვის. იქ მართლაც ბევრი რამ არის სანახავი, ოღონდ მე მხოლოდ ქიმიასთან დაკავშირებულ ექსპონატებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ალქიმიკოსები ოქროს მიღებაზე ოცნებობდნენ. ფიქრობდნენ, ნებისმიერი მეტალის ოქროდ ტრანსმუტაციას შევძლებთო – არ გამოუვიდათ… მერე თქვეს, არამეტალიც საჭიროა ამ საქმისთვისო. აიღეს და გოგირდი ვერცხლისწყალთან შეიყვანეს რეაქციაში. შედეგად ოქრო არა, მაგრამ ვერცხლისწყლის სულფიდი კი მიიღეს. ცოტა დრო სჭირდება, თორემ ეს მორუხო ფხვნილი ოქროს მოგვცემსო. დრო გადიოდა, მაგრამ ფხვნილი ფხვნილად რჩებოდა. ბოლოს არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირმა თქვა, როგორ ვერ მივხვდით, მთელ ამ პროცესს დამაჩქარებელი სჭირდება, რაღაც ისეთი, რაც რეაქციაში არ შევა, არ დაიხარჯება, მაგრამ პროცესის მსვლელობას დააჩქარებსო. ეს რაღაც ფხვნილი უნდა იყოსო, არაბულად – „იქსირი”, არაბული „ალ” არტიკლით – „ალ იქსირი”. ევროპელებმა ეს სახელი გაალამაზეს და ასე მივიღეთ „ელექსირი”, ანუ „ფილოსოფიური ქვა”. ჯაბირი გაუცნობიერებლად კატალიზატორს ეძებდა, თუმცა კატალიზსა და კატალიზატორს გაცილებით გვიან აღმოაჩენენ.

ჯაბირი ერთ ლეგენდას იშველიებდა. ლეგენდის თანახმად, მეფე მიდასმა, რომელიც ფრიგიას განაგებდა, ღმერთ დიონისესგან მიიღო ქვა, რომლის შეხებითაც ის ყველაფერს ოქროდ აქცევდა. მიდასი მართლა ზღაპრულად მდიდარი იყო, ოღონდ იმიტომ, რომ ოქროს საბადოებს ფლობდა, ალქიმიკოსებს კი ეგონათ, მას ფილოსოფიური ქვა ჰქონდა. ლეგენდის თანახმად, მეფე მიდასმა თავისი ერთადერთი ასულიც ოქროდ აქცია. სწორედ ამ მომენტის ამსახველ ულამაზეს გრავიურას იხილავთ ლუვრის ეგვიპტური ექსპონატების განყოფილებაში.

პირველი ქიმიური ენციკლოპედია ეგვიპტელ ზოსიმას ეკუთვნის. ის 28 ტომისგან შედგებოდა. მოგვიანებით ის რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ გაანადგურა – შეეშინდა, ალქიმიკოსებს ოქრო არ მიეღოთ და მისი სიმდიდრე არ გაუფასურებულიყო. მხოლოდ სამი ტომი გადარჩა და მათი ნახვაც ლუვრში, იმავე განყოფილებაშია შესაძლებელი.

ლუვრშივე ნახავთ ძალიან ლამაზ გრავიურას, რომელზეც არაბების ეგვიპტეში შეჭრის მომენტია გამოსახული. „ბერძნულ ცეცხლზე” თუ გაგიგონიათ რამე? ის ბერძენმა კალენიკემ შექმნა ნავთობის, გოგირდისა და ზეთისგან. ეგვიპტელები სწორედ ამ ცეცხლით დახვდნენ ეგვიპტის სანაპიროსთან მისულ არაბი დამპყრობლების გემებს და ერთიანად გადაწვეს. ამ ცეცხლს ერთი თავისებურება ჰქონდა – წყლის დასხმისას უფრო ჩაღდებოდა. სხვათა შორის, კოლხებსაც ჰქონიათ ასეთივე თვისებების ცეცხლი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ კოლხი მებრძოლები ლოდსატყორცნი მანქანებიდან ფეთქებად ნარევებსაც ისროდნენ – „მათ (კოლხებმა) აავსეს ქოთნები გოგირდით და ერთი საწამლავით, რომლებსაც მიდიელები ნავთს ეძახიან, ელინები კი მედეას ზეთს, მოუკიდეს ცეცხლი და ესროდნენ კედლის დამანგრეველ მანქანებს, რომელთა უმეტესობაც დაწვეს”.

სენის მარჯვენა სანაპიროზე Hotel de Ville-ის მოედანზე, ძველად გრევის მოედანი რომ ერქვა, ულამაზესი შენობა დგას. 1357 წლიდან აქ პარიზის მუნიციპალური ორგანოებია განთავსებული. მის ფასადს საფრანგეთის „ღირსეული შვილების” ქანდაკებები ამშვენებს, მათ შორის – ქიმიის მამად წოდებული-ანტუან ლორან ლავუაზიესიც. არ დაიზაროთ, მოინახულეთ. ქიმია ვალშია მის წინაშე და მე ის განსაკუთრებულად მიყვარს.

გადავინაცვლოთ ინგლისში. ლონდონში უთუოდ უნდა შეიაროთ ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოების მუზეუმში. ეს ის საზოგადოებაა, მენდელეევი იმ დროისთვის უძვირფასესი მეტალისგან, ალუმინისგან, დამზადებული ჭიქით რომ დააჯილდოვა.

რითი სუნთქავთ? მართალია, ჟანგბადით. იცით კი, ვინ აღმოაჩინა? ორმა მეცნიერმა, პრისტლიმ და შეელემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. პრისტლიმ გამადიდებელ მინაში გამავალი მზის სხივების საშუალებით ვერცხლისწყლის ოქსიდი დაშალა. იგრძნო, რომ რაღაც აირი გამოიყო, შეაგროვა, ჩაისუნთქა და მოგვიანებით დაწერა: მეგონა, გავფრინდებოდი, ისეთი სასიამოვნო იყოო. ახალი გაზის შესახებ ლავუაზიეს აცნობეს და მანაც „ოქსიგენიუმად”, „სასიცოცხლო ჰაერად” მონათლა. დიახ, პრისტლიმ სუფთა ჟანგბადი მიიღო და სწორედ ის ჩაისუნთქა. 

ლონდონიდან მანჩესტერში გადაინაცვლეთ და „კეთილი გულუბრყვილო ადამიანის” ჰენრი კავენდიშის მუზეუმი ნახეთ. ჰენრიმაც აირი აღმოაჩინა, რომელსაც ლავუაზიემ „ჰიდროგენიუმი”, „წყლის მბადი”, ანუ წყალბადი უწოდა.
ჩემ მიერ შედგენილი მარშრუტის თანახმად, ინგლისიდან პოლონეთში მიდიხართ. ქალაქ ველიჩკაში სუფრის მარილისგან შექმნილი ბუნებრივი მღვიმე დაგხვდებათ. მღვიმეს იუნესკო მფარველობს და ჰაერი იქ განსაცვიფრებლად კამკამაა. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისწრაფის ამ მღვიმის სანახავად, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვს. თამამად შეგიძლიათ, კედელს გემო გაუსინჯოთ – სუფთა ნატრიუმის ქლორიდია.

ვარშავაში თუ გადახვალთ, იქვე ახლოს ევროპის მცირე ვერსალად წოდებული ვილანოვების სასახლეა. მეფე ედუარდ მეორის პირადი ალქიმიკოსი არნოლდ ვილანოვიც ამ შტოს წარმომადგენელია და სასახლის მეორე სართულზე, გალერეაში, მის უზარმაზარ პორტრეტსაც ნახავთ.

ვარშავაში მოხვედრილმა მარია სკლადოვსკაია-კიურის მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მერწმუნეთ, აქ ქიმიასთან დაკავშირებულ უამრავ საინტერესო ამბავს მოიძიებთ და მოისმენთ. მეცნიერი ქალის კეთილი ხუმრობაც გაგახალისებთ: „კაცებსაც შეუძლიათ მეცნიერების შექმნა”.

მაშ ასე, სასიამოვნოდ იმოგზაურეთ და მშვიდობიანად დაგვიბრუნდით. იცით, კიდევ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი ქიმიაზე?..

სკოლა ხიდის ქვეშ

0
საქართველოში შესაძლოა ამოქმედდეს კანონი, რომლის თანახმადაც, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის აღზრდას ვერ ახერხებს, სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისრება. კანონმა, ერთი მხრივ, შესაძლოა დაიცვას ის ბავშვები, უკეთეს ცხოვრებას რომ იმსახურებენ, მეორე მხრივ კი ის მრავალ კითხვას ბადებს ჰუმანიზმის კუთხით, ვინაიდან ნათელი არ არის, როგორ შეუწყობს იგი ხელს იმ მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, რომლის გამოც არაერთი ბავშვი რჩება სათანადო საკვების, განათლებისა და ელემენტარული ყოფითი პირობების გარეშე.

სიღარიბე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, ახალი თაობების სრულფასოვანი განვითარების ხელისშემშლელი გარემოება. ფაქტია, რომ მშობლები, რომლებიც მატერიალური გაჭირვების გამო შვილებს ვერ უქმნიან სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო პირობებს, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში არიან, ამ ფენომენთან ფულადი ჯარიმის საშუალებით ბრძოლა კი ნიჰილიზმის საფუძველს იძლევა. რეპრესიული ხასიათის ფულადი სანქციის დაწესებას ხომ არ აჯობებს დახმარება – მძლავრი სოციალური სამსახურითა და მაღალი სამოქალაქო აქტივიზმით ზურგგამაგრებული გონივრული ქმედებები?

ასეთი სამოქალაქო აქტივიზმის პატარა, თუმცა ნათელი მაგალითია ინდოელი რაჯეშ ქუმარ შარმა, რომელიც რამდენიმე წელია ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ინდოელი ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში სიარულის მაგივრად მცირე ასაკიდანვე მუშაობენ (განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ბავშვის იაფ მუშახელად გამოყენება). ინდოეთში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა შემაშფოთებლად დიდია, ბავშვების მუშაობა ადრეული ასაკიდან მეტ-ნაკლებად მიღებული მოვლენაა, ისევე როგორც ადრეულ ასაკში ქორწინება (ოჯახის შექმნის საშუალო ასაკი აქ 19 წელია). შიმშილისა და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრების გამო ინდოეთში მცხოვრებ ბავშვთა უმეტესობა ვერ პასუხობს მათი ასაკისთვის სავალდებულო განვითარების დონეს. საგანგაშოდ ხშირია შიმშილით სიკვდილის პრეცედენტიც ადრეულ ასაკში. 

რაჯეშმა, რომელიც თვითონაც სამი შვილის მამაა, ისევე როგორც ათასობით სხვა ინდოელმა ბავშვმა, კოლეჯში სწავლა ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაასრულა. შესაბამისად, მისთვის კარგად ნაცნობია ადრე შეწყვეტილი ბავშვობის სევდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ 40-ს გადაცილებულმა რაჯეშ ქუმარ შარმამ მიზნად დაისახა იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც მშობლებისა და დამსაქმებლების მძევლებად ქცეულან და რამდენიმე გროშის სანაცვლოდ სამუდამოდ უწევთ უარის თქმა განათლებასა და ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე. რაჯეშს კარგად ესმის, რომ სიღარიბისგან თავის დახსნა და უკეთესი მომავალი სათანადო განათლების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მან ქალაქ დელიში, ერთ-ერთი მეტროსადგურის ხიდის ქვეშ, გახსნა სკოლა ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც განათლება წარმოუდგენელი ფუფუნებაა. სკოლაში, სადაც ამჯამად 30-ზე მეტი მოსწავლე დადის, გაკვეთილები ყოველდღე ტარდება და ორ საათს გრძელდება (ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელს ძმა ცვლის პატარა მაღაზიაში, სადაც ის მუშაობს). ორი საათის გამოძებნა იოლი არ არის ცოდნას მოწყურებული ბავშვებისთვისაც, რომელთა მშობლებსა და დამსაქმებლებთან რაჯეში თავად მიდის, რომ დაარწმუნოს ისინი ბავშვებისთვის განათლების აუცილებლობაში. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმეტესობა მეზობელი სოფლებიდან დადის, მასწავლებელი არასოდეს აღრიცხავს გაკვეთილზე დასწრებას. მისი აღსაზრდელები, რომელთათვისაც ორსათიანი გაკვეთილი მძიმე ცხოვრებისგან ამოსუნთქვაა, სიხარულით მიეშურებიან სკოლისკენ და გაკვეთილების გაცდენა სიზარმაცის გამო აზრადაც არ მოსდით. 



რაჯეშ ქუმარ შარმას თავისუფალი სკოლის მთავარი მიზანი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვებისთვის ელემენტარული ცოდნის მიცემაა, რაც სურვილს გაუჩენთ მათ, გააგრძელონ სწავლა სახელმწიფო სკოლებში. სურვილს ზურგს უმაგრებს თავისუფალ სკოლაში მიღებული ის ცოდნა, რომელიც მათ სახელმწიფო სკოლაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ. იმ ორი წლის განმავლობაში, რაც თავისუფალმა სკოლამ ფუნქციობა დაიწყო, 140 მოსწავლიდან 70-მა შემდეგ სწავლა სახელმწიფო სკოლაში გააგრძელა. თავის მთავარ მიღწევად სკოლის დამაარსებელს ამ ბავშვების მშობელთა სწავლისადმი დამოკიდებულების შეცვლა მიაჩნია.

თავისუფალი სკოლის მაგალითი და ინდოელი „განმანათლებლის” მონდომება კარგი მაგალითია ყველასათვის, ვისაც გული შესტკივა მის გვერდით მცხოვრები ადამიანების ბედ-იღბალზე, რომელთა დახმარება და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა არა სადამსჯელო ღონისძიებებითა და ჯარიმებით, არამედ მეტი განათლებით, მეტი მონდომებით და გულისხმიერებითაა შესაძლებელი.

თეთრით შავზე

0
არსებობს წიგნები, ცხოვრებაზე სრულიად რომ შეგაცვლევინებს აზრს. არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ უკვე სხვანაირად გინდა სიცოცხლეც და სიკვდილიც. წიგნი ხომ მეტამორფოზის საშუალებაა, ის ხომ სარკმელს გიღებს სხვის სამყაროში – ბოროტისა და კეთილის, ფერიებისა და ჯადოქრების, გმირებისა და ანტიგმირების სამყაროში; იქ, სადაც უკვე შენ მაგივრად უყვარდათ და სძულდათ, ცოცხლობდნენ და იხოცებოდნენ, იბრძოდნენ და მარცხდებოდნენ… წიგნი ხომ სხვისი იდეების სამყაროს ერთგვარი გასაღებია; იმ იდეებისა, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებასაც კი ცვლის. წიგნის კითხვისას ვუაიერისტის მზერით, თეთრით შავზე დაწერილ ასოებს შორის თვალის გადევნებით, შეგიძლია რამდენიმე საათი სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, წარმოისახო ის, რაც შენ ვერ გადაგხდებოდა, გაიგო, რაც შენი ცხოვრების მიღმა გადახდა სხვას. რამის გაგება თუ გინდა, ხალხს უნდა ჰკითხო. ან წიგნებს. წიგნებიც ადამიანები არიან. როგორც კაცს, წიგნსაც შეუძლია დახმარება. როგორც კაცი, წიგნიც ტყუის ხოლმე…

შესავალი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ესპანური წარმომავლობის რუსი მწერლის რუბენ გალიეგოს სიტყვებით დავიწყე და დავასრულე, მსურს, მისივე წიგნის “თეთრით შავზე” შესახებ საუბრით განვაგრძო. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ამ წიგნმა ასე რადიკალურად არ შეცვალოს, მაგრამ დაგანახვოთ სხვების ხვედრი  – მათი, ვინც ჩვენ გარშემო სრულად არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრობს. დაგანახვოთ მათი ყოველდღიური გმირობები, რომლებსაც არ ან ვერ ვამჩნევთ. ჩვენთვის თუ ცხელ ზაფხულში პარკში გასეირნება ჩვეულებრივი ამბავია, სხვისთვის ეს გმირობის ტოლფასი. ჩვენგან ისინი მხოლოდ პათეტიკურ სოლიდარობას იღებენ, ხშირად – დამამცირებელი ფორმით, მაშინ როდესაც ერთადერთი რამ, რაც მათ დანამდვილებით სჭირდებათ, გარემოსთან ადაპტირებაა. შესაძლებლობები ხომ შეუზღუდავია, მხოლოდ გარემოა შეზღუდული. რთული ეკონომიკური მდგომარეობის მუდმივი მომიზეზება არც ერთ მთავრობას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, გახადოს გარემო თავისი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და შინაპატიმრობაში არ ამყოფებდეს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, სიმღერის ნაცვლად სიარულის ან მხედველობის უნარი აქვს შეზღუდული. „დაბადებულია საქართველოში” არ უნდა ნიშნავდეს განაჩენს ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქისთვის. „დაბადებულია საბჭოთა კავშირში” კი სწორედ ის გადმონაშთია, რომელიც ყველა სფეროში ჯერ კიდევ გადაულახავ ბარიერს ქმნის. ინკლუზიური განათლებაც ხომ მრავალი მშობლისა და მასწავლებლისთვის ჯერ კიდევ ადეკვატურად ვერგაგებული აუცილებლობაა და თითქმის ფაშისტური გამოხდომებით ვლინდება ხოლმე.

რომანში “თეთრით შავზე” რუბენ გალიეგო თავის ცხოვრებას გვიყვება. ცხოვრებას, რომელიც არცთუ ადვილად განსაცდელია. უნარშეზღუდულობის გამო მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვის ამბავი, რომელსაც, იმისთვის, რომ გაიზარდოს, სულ ცოტა რამ სჭირდება: სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა და რამდენიმე კეთილი წიგნი. ბავშვთა სახლიდან – ბავშვთა სახლში, საავადმყოფოდან – საშუალო სკოლაში, სკოლიდან – მოხუცებულთა თავშესაფარში, თავშესაფრიდან – საკუთარ ოჯახში: გადარჩენისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის უწყვეტი ბრძოლა. მტკიცება, რომ ფეხები მთავარი არ არის.
„მეკითხებიან ხოლმე: მართლა მოხდა თუ არა ეს ყველაფერი, რაზეც ვწერ, რეალურები არიან თუ არა ჩემი მოთხრობების გმირები.
ვპასუხობ: კი, მოხდა და უფრო მეტიც, ოღონდ ერთია – ჩემი პერსონაჟები კრებითი სახეებია შთაბეჭდილებათა იმ დაუსრულებელი კალეიდოსკოპისა, ბავშვთა სახლებში ჩემს უსასრულო მოგზაურობას რომ სდევდა თან.
ერთადერთ თავისებურებად ჩემი პროზისა, რომელიც ასახავს, მაგრამ შორდება და ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც ცხოვრებისეულ სინამდვილეს, მაინც ავტორის თვალსაზრისი მიმაჩნია. შესაძლოა, ცოტათი სენტიმენტალური, ლამის პათეტიკურიც კი. მე განზრახ გავურბივარ ცუდზე წერას.
მგონია, რომ ცხოვრებაცა და ლიტერატურაც ისედაც წალეკილია სიბნელით. ისე მოხდა, რომ ბევრი სისასტიკე და ბოროტება ვნახე. დაცემული, გაბოროტებული ადამიანისა და მისი პირუტყვული საქციელის აღწერით შენდა უნებურად ბოროტების ისედაც უსასრულო ჯაჭვს კიდევ უფრო აგრძელებ. ეს კი არ მინდა. მე სიკეთეზე, სიხარულზე, გამარჯვებასა და სიხარულზე ვწერ”, – ამბობს მწერალი.
და თუ თქვენი თავისუფალი დროის რამდენიმე საათს ამ რომანს დაუთმობთ, ყოველთვის, როდესაც პირადი მცირე თუ დიდი პრობლემები სასოწარკვეთის პირას მიგიყვანთ, გაგახსენდებათ ეს ამბავი და მოგცემთ ფეხზე წამოდგომის ძალას. „თეთრით შავზე” კეთილი ამბავია ძლიერ, სიცოცხლისმოყვარე ადამიანებზე.


ჩვენი იძულებითი განათლების სისტემის “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა”

0
იძულებითი განათლება აბრკოლებს ბავშვის თვითგანსწავლის შესაძლებლობებს
ავტორი: დოქტორი პიტერ გრეი
გამოქვეყნებულია 2009 წლის 9 სექტემბერს ჟურნალში Freedom to Learn
ჩემს ერთ-ერთ სტატია-პოსტში ჩავიდინე ისეთი რამ, რაც ახლა მაწუხებს. მე ვთქვი: „სკოლა ციხეა”. ახლა ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან სკოლა ჩემი და ჩემი უახლოესი ადამიანების ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მეც, როგორც უმრავლესობამ, 12 წელი ვიარე საჯარო სკოლაში. რამდენიმე წელი ასეთ სკოლაში ასწავლიდა დედაჩემიც. ჩემი საყვარელი ნახევარდა ახლაც საჯარო სკოლის მასწავლებელია. მყავს უამრავი ბიძაშვილი და მეგობარი, რომლებიც ასევე სკოლის მასწავლებლები არიან. ამის შემდეგ როგორ შეიძლებოდა მეთქვა, რომ აქ ჩამოთვლილი კეთილი ხალხი, რომელსაც უყვარს ბავშვები და ცხოვრება მათზე ზრუნვას მიუძღვნა, ჩართულია სიტემაში, რომელიც ბავშვებს პატიმრობაში ამყოფებს?! ჩემს პოსტზე კომენტარებმა დამანახვა, რომ სხვებმაც ჩემსავით უხერხულად იგრძნეს თავი. 

ხანდახან ვხვდები, რომ, მიუხედავად უხერხულობისა, სიმართლის თქმა საჭიროა. ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერი ევფემიზმი გამოვიყენოთ, მაგრამ ფაქტობრივი სიმართლე ის არის, რომ სკოლები, რომლებიც, საზოგადოდ, არსებობს შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ციხეებია.

ადამიანები განსაზღვრული ასაკიდან (უმთავრესად – 6-დან 16 წლამდე) კანონით ვალდებულნი არიან, სკოლაში გაატარონ თავიანთი დროის დიდი ნაწილი და ვინაიდან მათ მიუთითეს, რა უნდა აკეთონ და რაკი, წესისამებრ, ბრძანებებს აღსრულებაც მოჰყვება ხოლმე, ახალგაზრდებს არ აქვთ არავითარი შესაძლებლობა, ჩაერთონ (ჩაერიონ) იმ წესების ჩამოყალიბებაში, რომელთა შესრულებასაც მათ სთხოვენ. ციხე, მიღებული და საზოგადო განმარტებით, არის ნებისმიერი ადგილი, სადაც ადამიანები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ არიან დამწყვდეულები და თავისუფლება შეზღუდული აქვთ.

შეგიძლიათ შემეკამათოთ – სკოლა, როგორსაც ვიცნობთ, კარგი და აუცილებელიაო, მაგრამ ვერავითარ არგუმენტს ვერ მოიყვანთ იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ციხეა. ამის შესახებ კამათი დაემსგავსება იმაზე დავას, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია იძულებითი განათლების სისტემა. როგორც არ უნდა იყოს, ეს იქნება სემანტიკური არგუმენტი, რომელშიც თქვენ დაიჟინებთ, რომ ციხე, ფაქტობრივად, სულ სხვა რამეს აღნიშნავს და განსხვავდება მისი განმარტებისგან. ვფიქრობ, ნებისმიერი სერიოზული დისკუსიის დროს მნიშვნელოვანია სიტყვების გულწრფელად გამოყენება.

ხანდახან სიტყვა ციხეს მეტაფორულად იყენებენ, იმ სიტუაციების აღსაწერად, რომლებშიც უნდა დაემორჩილო წესებს ან ისეთი რამ აკეთო, რაც არ გსიამოვნებს. ასეთი ლოგიკით, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ მისი სამუშაო ადგილიც ციხეა, ან ქორწინებაც ციხეა. მაგრამ ეს არ არის ცნების პირდაპირი გამოყენება, რადგან მოყვანილი მაგალითები მოიცავს ნებელობით და არა ნების საწინააღმდეგო აკრძალვას. დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის საწინააღმდეგო ქმედებაა ვინმესთვის ისეთი სამუშაოს დაძალება, რომლის კეთებაც მას არ სურს. ასევე აკრძალულია ძალდატანებითი ქორწინება. თუმცა სავსებით კანონიერია, დავაძალოთ ბავშვს სკოლაში სიარული; უფრო სწორად, კანონსაწინააღმდეგოა, არ დავაძალოთ ბავშვს სკოლაში სიარული, თუ თქვენ მშობელი ხართ და თქვენს შვილს არ სურს სკოლაში წასვლა (დიახ, ვიცი, რომ ზოგიერთი მშობელი ახერხებს, მოიძიოს სახსრები ალტერნატული სკოლისთვის ან მისცეს შვილს შესაძლებლობა, იმეცადინოს შინ ისეთი წესით, რომელიც მისაღებია როგორც ბავშვისთვის, ისე შტატისთვისაც, მაგრამ დღეს ეს საზოგადოებრივი ნორმა არ გახლავთ; მრავალ შტატსა და ქვეყანაში კანონი ეწინააღმდეგება ასეთ ალტერნატივებს). ამიტომაც, რაკი სამუშაო ადგილი ან ქორწინება განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება ციხედ განვიხილოთ, გამოდის, რომ სკოლები, საზოგადოდ, ციხეებია.

აქვე მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ერთი ტერმინის შესახებ: იძულებითი განათლება (Forced Education), ისევე როგორც „ციხე”, საკმაოდ უხეშად ჟღერს, მაგრამ თუ ვამბობთ აუცილებელ, ძალდატანებით (ინგლისურად: Compulsory) განათლებას, გამოდის, რომ სიტყვა „იძულებითი” (Forced Education) სავსებით შეესაბამება შინაარსს, რომელზეც ვსაუბრობთ. ტერმინი აუცილებელი, თუ იგი კიდევ რაიმე სხვას ნიშნავს, გვეუბნება, რომ პიროვნებას სხვა არჩევანი არ აქვს.

საკითხი, რომლის შესახებაც შეიძლება ვიკამათოთ, ასე ჩამოყალიბდება: რა არის იძულებითი განათლება და, აქედან გამომდინარე, კარგია თუ ცუდი ბავშვების დამწყვდევა? უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს, საზოგადოდ, კარგია; მე მიმაჩნია, რომ (ასევე საზოგადოდ) ცუდია. ქვემოთ ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც მიმაჩნია ასე. ამ ჩამონათვალს მხატვრულად ჩვენი იძულებითი განათლების სისტემის შვიდი ცოდვა ვუწოდე. 
1. თავისუფლების შეზღუდვა ასაკის გამო

ჩემი ფასეულობათა სისტემის თანახმად, რომელიც დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბეს დემოკრატმა მოაზროვნეებმა, სრულიად მიუღებელია ვისიმე თავისუფლების შეზღუდვა სამართლიანი მიზეზის გარეშე. მოზრდილი ადამიანის დასაპატიმრებლად ვალდებულნი ვართ, სასამართლოს წინაშე დავამტკიცოთ, რომ პირმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საკუთარი თავისა თუ სხვისთვის. ამავე დროს, ბავშვებსა და მოზარდებს ვუზღუდავთ თავისუფლებას სკოლებში მხოლოდ მათი ასაკის გამო. ვფიქრობ, ეს ყველაზე აშკარა ცოდვაა, რომელსაც იძულებითი განათლების სისტემა წარმოშობს.
2. სირცხვილის გრძნობის წახალისება და ამავე დროს მედიდურობის ხელშეწყობა

ძნელია ადამიანს აკეთებინო ის, რაც არ სურს. ჩვენ აღარ ვხმარობთ როზგებს, როგორც წინათ, მაგრამ სანაცვლოდ ვიყენებთ განუწყვეტელი გამოცდების, ტესტებისა და რანჟირების სისტემებს, რომელთა მეშვეობითაც ბავშვებს ერთმანეთს ვადარებთ. ამ სისტემებით ჩვენ ვერევით და ხშირად ვამახინჯებთ ადამიანის სირცხვილისა და სიამაყის ემოციურ სისტემას, რათა ბავშვებს ამით საქმის კეთების მოტივაცია შევუქმნათ. ბავშვები იძულებულნი ხდებიან, შერცხვეთ თავიანთი ტოლებისა, თუ რაიმეს ცუდად აკეთებენ, ან იამაყონ, თუ ვინმეს ჯობნიან. სირცხვილის განცდას ხშირად მოაქვს სასწავლო პროცესიდან ბავშვის ფსიქოლოგიური „ამოვარდნა” და მისი ქცევა კლასის „ჯამბაზად” (ეს საუკეთესო შემთხვევაა), გაუხეშება-გახულიგნება (ეს უარესია) ან ნარკოტიკების დილერად ან მომხმარებლად ქცევა (ეს ყველაზე საშინელი გაგრძელებაა). ხოლო ის ბავშვები, რომლებიც თავს იწონებენ მიღწევებითა და 10-იანებით, ქედმაღალნი და აროგანტულნი ხდებიან ცუდი მოსწრების მქონეთა მიმართ. ისინი ქედმაღალნი და გულგრილნი არიან დემოკრატიული ფასეულობებისა და პროცესების მიმართაც (ეს შესაძლოთაგან ყველაზე უარესი შედეგია).
3. ჩარევა თანამშრომლობისა და ერთად განვითარების პროცესებში

ჩვენ, ყველანი, საზოგადოებრივი არსებები ვართ. ჩვენ შექმნილნი ვართ თანამშრომლობისთვის. ბავშვებსაც, ბუნებრივია, სურთ დაეხმარონ მეგობრებს და სკოლაშიც კი პოულობენ საამისოდ გზებს, მაგრამ ჩვენი კონკურენციაზე აგებული სისტემა ან რანჟირების წესი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და ხელს უშლის თანამშრომლობას. ერთი მოსწავლის მიერ მეორის დახმარებას მოტყუება (cheating) უწოდეს. ვისიმე დახმარება დამხმარისთვის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს და მისთვის ნიშნის დაკლება გამოიწვიოს.

ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც უფრო მეტად ემორჩილება სასკოლო სისტემის წესებს, „მიღწევისთვის” დაუნდობელ „მებრძოლად” იქცევა ხოლმე. ამას ხელს უწყობს სკოლებში ასაკობრივი სეგრეგაციაც (ერთი ასაკის ბავშვების ერთად სწავლება), რომელიც კონკურენციისა და დაუნდობლობის წახალისების პირობაა. 

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბავშვები და მოზარდები ყოველთვის სწავლობდნენ მზრუნველობასა და კეთილ დამოკიდებულებას ერთმანეთსა და უმცროსებთან ურთიერთობით. ასაკის მიხედვით დაყოფილი სკოლა მათ ამ შესაძლებლობას ართმევს.
4. ჩარევა პირადი პასუხისმგებლობისა და თვითმართვის განვითარების პროცესში

ბავშვები ბიოლოგიურად არიან მიდრეკილნი თვითგანათლებისკენ. ისინი თამაშობენ, იკვლევენ და შეიმეცნებენ ახალს, უცნობს მათ გარშემო არსებულ სოციალურ თუ ბუნებრივ გარემოში. ბავშვები თვითონვე გაიაზრებენ თავიანთ მომავალს და დგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ამ მომავლისთვის მოამზადებს. სკოლაში ბავშვის შეზღუდვით და სივრცეში, სადაც გარემოს სხვა მოზრდილი ადამიანები მართავენ, მათი დროის განსაზღვრით, სკოლაში მიცემული დავალებებით ჩვენ ბავშვებს ვართმევთ იმ დროსა და შესაძლებლობას, რომელიც სჭირდებათ მათ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. 

უფრო მეტიც – ჩვენი იძულებითი განათლების სასკოლო სისტემის ფარული (და ხშირად – აშკარა) გზავნილი ასე ჟღერს: „თუ გააკეთებ იმას, რაც გითხრეს, ყველაფერი რიგზე გექნება”. ბავშვებმა, რომლებიც ამ მაქსიმას ეთანხმებიან, შესაძლოა შეწყვიტონ თვითგანათლებაზე პასუხისმგებლობის აღება. მათ შესაძლოა შეცდომით მიიჩნიონ, რომ ვიღაცამ უკვე მათ გარეშე მოიფიქრა, როგორ უნდა გახდნენ ისინი „წარმატებული” მოზრდილები, ამიტომ თავად ამაზე ფიქრი აღარ სჭირდებათ. თუ მათი მომავალი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ, მსხვერპლის პოზას მიიღებენ: „სკოლამ (მშობლებმა, საზოგადოებამ) დამღუპა, ამიტომაც არ ამეწყო ცხოვრება”.

5. სწავლის დაკავშირება შიშთან, ზიზღსა და მძიმე შრომასთან

მრავალი მოსწავლისთვის სკოლა ინტენსიურ შიშსა და შფოთვასთან ასოცირდება. ტესტები და გამოცდები აშფოთებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კი მათ სერიოზულად ეკიდება. ზოგიერთისთვის კი გამოცდებზე წარუმატებლობით გამოწვეული სირცხვილი პირდაპირ უკავშირდება მარცხს და კვლავ შფოთვასა და მღელვარებას წარმოშობს. 

საკუთარი თვალით ვნახე ჩემს კოლეჯში (უნივერსიტეტში), სტატისტიკის კურსის გავლისას, მიუხედავად ამ უნივერსიტეტის, როგორც იტყვიან, ელიტურობისა, როგორ იტანჯებოდა სტუდენტების უმეტესობა სტატისტიკის გამოცდის წინ – ალბათ იმ დამცირების გამო, რომელიც მათ სკოლაში მათემატიკის სწავლისას განიცადეს. ფსიქოლოგიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ შფოთვა სწავლის ხელისშემშლელი ფაქტორია. სწავლა ყველაზე ეფექტური თამაშის განწყობისას არის. შფოთვა და მღელვარება თამაშის განწყობასაც აქრობს. სკოლის ძალდატანებითი ბუნება სწავლას სამუშაოდ აქცევს. მასწავლებლები სწავლას პირდაპირ შრომას უწოდებენ: „სანამ ითამაშებდე, შენი სამუშაო უნდა შეასრულო”. გამოდის, რომ სწავლა, რომელიც ბავშვებს ბუნებრივად და ბიოლოგიურად უყვართ, დამქანცველ სამუშაოდ იქცევა, ისეთ სამუშაოდ, რომელსაც თავი რამენაირად უნდა აარიდო.
6. კრიტიკული აზროვნების უნარის დათრგუნვა

სავარაუდოდ, განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობაა, თუმცა, მიუხედავად უთვალავი ფუყე საუბრისა იმის შესახებ, რომ განმანათლებლები ამ მიზნის მსახურნი არიან, მოსწავლეთა უმეტესობა, „წარჩინებულთა” ჩათვლით, ცდილობს კრიტიკული თვალით არ შეხედოს თავის სკოლას და იქაურ დავალებებს.

ისინი ერთ რამეს სწავლობენ: მათი საქმე სკოლაში ტესტებზე მაღალი ნიშნების მიღებაა, ხოლო კრიტიკული აზროვნება – დროის ამაო ხარჯვა და ხათაბალა. კარგი ნიშნის მისაღებად საჭიროა მიხვდე, რის გაგონება სურს შენგან მასწავლებელს და უთხრა. ეს მოსაზრება ათასჯერ მომისმენია როგორც სკოლის, ისე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, ოღონდ დისკუსიებში, რომლებიც ამ დაწესებულებების გარეთ იმართებოდა. 

უამრავი დრო და ენერგია დამიხარჯავს კრიტიკული აზროვნების საკითხის წინსვლისთვის კოლეჯის დონეზე. დავწერე წერილები ამ თემაზე და შევქმენი სპეციალური სისტემა კრიტიკული აზროვნების სწავლებისათვის. უახლოეს მომავალში წერილებში წარმოგიდგენთ ჩემს დამოკიდებულებას და მოსაზრებებს ამ საკითხზე. სიმართლე უნდა ითქვას: ნიშნების სისტემა, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის მთავარი მოტივატორია, ხელს უშლის გულწრფელ კამათს და კრიტიკულ აზროვნებას საკლასო ოთახში. სისტემაში, რომელშიც ჩვენ, მასწავლებლები, ნიშნებს ვუწერთ მოსწავლეებს, მოსალოდნელია, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გაბედოს კრიტიკა ან, უბრალოდ, კითხვების დასმა იმ იდეების შესახებ, რომლებსაც გადავცემთ მათ გაკვეთილზე; იმ შემთხვევაშიც კი, კრიტიკული დამოკიდებულების წახალისება და ამაში ნიშნების დაწერა რომ შევთავაზოთ მოსწავლეებს, ჩვენ მათში მხოლოდ ყალბი კრიტიციზმის ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს.
7. უნარების, ცოდნისა და აზროვნების მრავალფეროვნების შემცირება 

მოსწავლეების იძულებით, ერთ თარგზე, სტანდარტული პროგრამით სწავლებით ვამცირებთ მათი ალტერნატიული აზროვნების შესაძლებლობას. სასკოლო პროგრამა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი უნარებისა და ცოდნის სამყაროს მხოლოდ შეზღუდულ და მოკრძალებულ ნაწილს წარმოადგენს. დღეს, ჩვენს ეპოქაში, ადამიანს შეუძლია ისწავლოს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც სასწავლია. თუ ასეა, რატომ უნდა ვაიძულოთ ყველა, ისწავლონ ერთნაირად ერთი და იგივე მცირე ნაწილი? 

როდესაც ბავშვები თავისუფალნი არიან, – როგორც ეს მინახავს სადბერი ველის სკოლაში ან სხვა ამგვარ დაწესებულებებში, ე.წ. „ანსქულერებთან”, ისინი განვითარების სხვადასხვა, ახალ, განსხვავებულ და წინასწარ გამოუცნობ გზებს ირჩევენ. მათ უვითარდებათ მგზნებარე ინტერესები, მუშაობენ ბეჯითად იმ სფეროში, რომელიც ხიბლავთ, სწავლობენ საქმის უამრავ ნიუანსს და ხშირად შემდეგ, ზრდასრულობისას, სიამოვნებით აგრძელებენ ამ საქმეს, როგორც თავიანთ მთავარ საქმიანობას ცხოვრების განმავლობაში. 

მოსწავლეებს, რომლებიც იძულებულნი არიან მიჰყვნენ სტანდარტულ კურიკულუმს, საკუთარი ინტერესებისთვის დროც ნაკლები აქვთ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, სწავლობენ იმას, რომ მათი ხიბლი, ვნება, მათთვის საინტერესო მიმართულება არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი; თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის სტანდარტულ ტესტებში მიღებული მათი ნიშნებია. ზოგიერთი ახერხებს ამ წრიდან თავის დაღწევას, ხოლო უმეტესობა – ვერა.
„ცოდვების” ეს ჩამონათვალი არ გახლავთ მოთხრობა. მრავალი მასწავლებელი, ვისთანაც მისაუბრია, აცნობიერებს იძულებითი განათლების ამ მავნე შედგებსა და ეფექტებს. საბედნიეროდ, ბევრიც ეწინააღმდეგება მათ: ერთნი მოსწავლეებს შთაუნერგევენ თავისუფლებისა და თამაშის სულს, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, სისტემა რომ იძლევა; მეორენი აკეთებენ რაც შეუძლიათ, რათა თავიდან ააცილონ ბავშვებს სირცხილისა და შფოთვის შეგრძნებები; უმეტესობა ცდილობს, ხელი შეუწყოს ბავშვების ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთთანაგრძნობას, მიუხედავად სისტემის ბარიერებისა; ბევრი მასწავლებელი, შეძლებისამებრ, ყველაფერს აკეთებს, რათა ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნება განუვითაროს.

სისტემა კი ყველა დასახელებული ძალისხმევის წინააღმდეგ მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სასკოლო სისტემის მასწავლებლები არ არიან თავისუფალნი – მათ არ ძალუძთ, ასწავლონ ის, რაც თავად სურთ, ისევე როგორც მოსწავლეებს არ აქვთ უფლება,მ ისწავლონ ის და ისე, რაც და როგორც სურთ. აქვე უნდა დავამატო, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გამორჩეულად მოხერხებულნი და ადაპტაციის უნარის მქონენი არიან. ბევრი მოსწავლე პოულობს გზებს, რათა გადალახოს იძულებითი განათლების სისტემის მიერ გამოწვეული უარყოფითი შეგრძნებები და ყურადღება სწავლის დადებითი მხარისკენ მიმართოს. ისინი ებრძვიან სისტემის „ცოდვებს”. 

ბავშვები და ახალგაზრდები ეძიებენ თანამშრომლობის, თამაშის, ურთიერთდახმარების გზებსა და ხერხებს, ერთად ებრძვიან სირცხილით გამოწვეულ შფოთვას და თავის ადგილს მიუჩენენ გადაჭარბებულ ამპარტავნებას, ერევიან უხეშებს, არიან კრიტიკულნი და პოულობენ დროს თავიანთი ჭეშმარიტი ინტერესებისთვის, მიუხედავად იმ ძალებისა, რომლებიც სკოლებში მათ წინააღმდეგ „იბრძვიან”.

ყოველივე ამის მისაღწევად და, იმავდროულად, იძულებითი განათლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იხარჯება ჩვენი შვილების უზარმაზარი ენერგია, ამიტომაც ბევრი ვერ ახერხებს ამ ამოცანისთვის თავის გართმევას. სხვა თუ არაფერი, დრო, რომელსაც ხარჯავს მოსწავლეს დიდი მოცულობის, ხშირად ფუჭ საშინაო დავალებაზე, აკლდება დროს, რომელიც ბავშვებს შეეძლოთ თვითგანსწავლისთვის გამოეყენებინათ. 
დასასრულ, დავძენ: არა მგონია, რომ სკოლებს თავი უნდა დავანებოთ, რომ მათში არაფერია შესაცვლელი. მე მჯერა, რომ ჩვენ, მოზრდილებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნისა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, განათლება ოპტიმალურად და ხელსაყრელად მიიღონ.

 1. “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა” -სათაურში მინიშნებაა ქრისტიანობის შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაზე – ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, შვიდი ყველაზე საშიში ცოდვაა: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და მიმომწვლილველობა (უიმედობა, უსასოობა).

 2. ”ანსქულერი”, ინგლისურად ”Unschooler” – სკოლის ასაკის ბავშვი, რომელიც სტადარტული სასკოლო პროგრამის და დაწესებულების გარეშე იღებს განათლებას სახლში ან სხვა, არასტანდარტულ სკოლაში.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

…ფემინიზმზე არც მიფიქრია

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

დორის ლესინგი (დორის მეი ტეილორი), ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2007 წლის ლაურეატი, ინგლისურენოვან მწერალთა შორის ყველაზე ცნობილი ლიტერატორია და ამავე დროს ყველაზე საოცარი ბედის ქალი. დაიბადა ირანში, გაიზარდა სამხრეთ როდეზიაში, ახალგაზრდობაში კომუნისტებს თანაუგრძნობდა, 30 წლისა კი თავის 12 წლის ბიჭთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. პირველმა წიგნმა “ბალახი მღერის” მწერალს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, “ოქროს დღიური” ფემინისტების სამაგიდო წიგნად იქცა, მისი ანტიუტოპიები კი თანამედროვე ფანტასტიკის ანთოლოგიებში შედის. ახლა მწერალი სკეპტიკურად უყურებს ახალგაზრდობის დროინდელ გატაცებას მემარცხენეობით, ცხოვრობს ინგლისში და ძველებურად წერს.

გთავაზობთ ამონარიდს დორის ლესინგთან ინტერვიუდან:

– ქალბატონო ლესინგ, თქვენ მეორე ქმრის გვარს ატარებთ, მას კი 50 წელზე მეტია, რაც გასცილდით…

– მაშ უკეთესი იქნებოდა, რომ გვარად სიბრძნე ვყოფილიყავი? ეს ჩემი პირველი ქმრის გვარია. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებს ასეთ გვარს, თუკი მას მწერლობა უნდა. გარდა ამისა, მე და გოტფრიდს შვილი გვყავდა, ამიტომაც გვარის შეცვლა აღარ მოვინდომე. ლესინგი საუცხოო გვარია. ის დიდ ტრადიციასთან არის დაკავშირებული.

– გულისხმობთ გერმანელ მწერალ-რომანტიკოსს? თქვენი ქმარი მისი ნათესავი ხომ არ ყოფილა?

– არა, გოტფრიდ ლესინგს მასთან საერთო არაფერი ჰქონია. ის კომუნისტი იყო, ნაცისტებს ჯერ ინგლისში, მერე კი სამხრეთ როდეზიაში გამოექცა. იქ გავიცანით ერთმანეთი ერთ-ერთ მემარცხენეთა ჯგუფში. რომანი ჩათავებული გვქონდა, როცა 1944 წელს დავქორწინდით, წინაამდეგ შემთხვევაში, მას გაასახლებდნენ როგორც მტრულად განწყობილ უცხოელს. ასე რომ, ჩვენს ქორწინებაში რომანტიკული არაფერი ყოფილა.

– გერმანიაზე თქვენი პირველი შთაბეჭდილებანი რას უკავშირდება?

– მამაჩემის ნაამბობს… პირველ მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. დაიჭრა, ფეხი დაკარგა და ნერვული სტრესიც გადაიტანა, მაგრამ გერმანელები არ სძულდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მე გერმანელის ცოლი გავხდი. მოკლედ, გერმანიასთან ბევრი რამ მაკავშირებს.

– 50-იანი წლების დასაწყისში თქვენ გერმანიაში ჩახვედით და მოგვიანებით დაწერეთ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული განცდაო.

– აღმოსავლეთი ბერლინი საძაგელი იყო, საძაგელი, გაშიშვლებული და რუხი. მე იქ გოტფრიდთან შესახვედრად გავემგზავრე…

– რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა.

– დიახ, მინდოდა მამა-შვილს ურთიერთობა აღედგინა, მაგრამ გოტფრიდი უკვე კომუნისტი ფუნქციონერი იყო და კულტურის კავშირში მუშაობდა. მან არ მოისურვა ჩემი ნახვა, სახიფათოდ ჩათვალა თავისთვის.

– თავის დროზე მას 150-პროცენტიან კომუნისტს უწოდებდით, მაგრამ მერე ხმა გავრცელდა, კა-გე-ბეს ჯაშუში იყოო.

– კი, ასე ამბობდნენ სამხრეთაფრიკული საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ამის შემოწმება არავის შეეძლო.

– თქვენ აფრიკის ერთ პატარა ფერმაში გაიზარდეთ. ვინ ან რამ მოახდინა ზეგავლენა თქვენსა და თქვენს ლიტერატურულ შემოქმედებაზე?

– უმეტესად მარტო ვიყავი. საათობით დავხეტიალობდი თოფით მივარდნილ ადგილებში და არასოდეს არაფრისა შემშინებია, გველის გარდა. მოკლედ, საუცხოო ბავშვობა მქონდა.

– ჰემინგუეისაც უყვარდა ნადირობა, მაგრამ სროლა და წერა, მგონი, ვერაფრით ვერ უკავშირდება ერთმანეთს. თქვენ რას ფიქრობთ?

– გგონიათ, ყველა მწერალი ხავერდივით რბილი და ენადაშაქრული უნდა იყოს? იქ, სადაც მე ვცხოვრობდი, ყველა ნადირობდა, რომ სარჩო მოეპოვებინათ, ყველა ბავშვი ისროდა… თუმც უნდა ვთქვა, რომ ჩვენს რაიონში ერთადერთი გოგონა ვიყავი, რომელიც სანადიროდ დადიოდა. ნადირობის გარდა სხვა რამეც არსებობდა, წიგნებით სავსე ყუთები. აი, სულ ეს იყო ჩემი აღზრდა.

– როდის მიხვდით, რომ წერა გინდოდათ?

– ამას წინათ ჩემმა სკოლის მეგობარმა გამახსენა, ერთხელ, როცა 11 წლისანი ვიყავით, თურმე ინტერნატის საძინებელში ვმსხდარვართ და მე გამომიცხადებია, – მწერალი მინდა გავხდე-მეთქი. ეს არ მახსოვს, ის კი ვიცი, რომ ახალგაზრდობაში ორი რომანი დავწერე, მაგრამ ისეთი კალიგრაფიით, რომ მერე ვერაფრით გავშიფრე… ისე, არც ერთი არ ვარგოდა.

– ის ხელნაწერები დღემდე შემოგრჩათ?

– მადლობა ღმერთს, არა, თორემ უმალ გამოაცხობდნენ სადოქტორო დისერტაციებს.

– ამერიკელმა მწერალმა ტომას ვულფმა ერთხელ თქვა: “მწერლები რომანებსა და მოთხრობებს სახელის მოსაპოვებლად წერენ. კარგია, როცა ფული გაქვს, მაგრამ სახელი და დიდება უფრო სასიამოვნოა”.

– მე ფულისთვის ვწერდი, სახელზე სულ არ მიფიქრია. თუკი ეს ვოლფმა თქვა, ალბათ, მას ფული ჰქონდა.

– მართალია, რომ 1949 წელს, როცა ლონდონში ჩამოხვედით 12 წლის შვილთან ერთად, ისე გიჭირდათ, რომ კახპებთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდით?

– დიახ. მახსოვს, ერთ-ერთს სექსი ეზიზღებოდა, შემთხვევით გახდა მეძავი. არაფერი აკლდა, ერთდროულად ოთხი კაცი არჩენდა და შესანიშნავად იცვამდა. მეც მთავაზობდა რამდენიმე ჯენტლმენს. “ეს სულ იოლია, – მეტყოდა ხოლმე, – ამ წერასაც თავს დაანებებ და გაჭირვებაც დაგავიწყდება”. მე კი ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს სულაც არ მინდოდა.
– თქვენი პირველი რომანი “ბალახი მღერის” 1950 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურაში მოვლენად აღიარეს, მაგრამ კარგა ხანი გავიდა, სანამ თქვენს გზას იპოვიდით, მანამდე კი საჭმლის ფულიც კი არ გქონდათ.

– იცით, მაშინ ერთმა მამაკაცმა მითხრა, რა გატირებს, აი ნახავ, მომავალ კვირას აუცილებლად გექნება ფულიო. ვიფიქრე, მართალია-მეთქი და ტირილი შევწყვიტე… ათი წლის შემდეგ მე საშუალო მუშის ხელფასს ვიღებდი, მერე საბანკო ანგარიში გამიჩნდა, აგენტები, და ყველამ დამიწყო ყიჟინი, სახლი იყიდეო. არ მინდოდა სახლის მეპატრონე ვყოფილიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ახლა ვზივარ საკუთარ სახლში და იძულებული ვარ, იმაზე ვიზრუნო, რომ დროზე მოვიდეს ელექტრიკოსი. კერძო საკუთრებაში კარგი არაფერია.

– თქვენ ინგლისურენოვან მწერლებს შორის ყველაზე სახელგანთქმული ხართ, რა არის თქვენთვის სახელი?

– ჩვეულებრივ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და ყურადღებას დიდად არავინ მაქცევს, მაგრამ როცა წიგნების რეკლამას ვაკეთებ, უმალ სახელგანთქმული ვხდები და მაშინ შესაბამისადაც ვიქცევი.

– როგორ იქცევა ცნობილი ხალხი?

– არაბუნებრივად კარგად.

– თქვენ “ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონის” ტიტულით უნდა დაეჯილდოებინეთ, რატომ თქვით უარი?

– მთელი სიცოცხლე ბრიტანეთის იმპერიასთან ბრძოლას შევალიე და საშინელება იქნებოდა ერთ მშვენიერ დღეს მეთქვა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დამაჯილდოეთ-მეთქი. ეგეც არ იყოს, სიტყვათშეთანხმება: “ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონი” სასაცილოდ ჟღერს.

– სულ ახალგაზრდა იყავით, როცა სამხრეთ როდეზიაში კომუნისტებს შეუერთდით. ერთხელ თქვით, “წითლები” ერთადერთი ხალხი იყო, რომელთა წიგნებსაც ვკითხულობდიო.

– დიახ, იგივე წიგნები ჰქონდათ წაკითხული, რომლებიც მე, მაგალითად, რუსი კლასიკოსები. რაც მთავარია, ჩემსავით დარწმუნებული იყვნენ, რომ რასისტული საზოგადოება დიდხანს ვერ იარსებებდა. რევოლუციის იდეით იყვნენ შეპყრობილი…

– მაგრამ მათ სამყაროს გაუმჯობესება სურდათ.

– ისე, ნაცისტებიც იდეალისტები იყვნენ… მას შემდეგ, რაც 50- იან წლებში ცნობილი გახდა, სინამდვილეში რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კომუნისტური პარტია დაიშალა.

– რას შეუძლია გადაარჩინოს სახელმწიფო?

– პრაგმატიზმს. სტალინმა, ჰიტლერმა, მაომ და სხვა დიქტატორებმა მილიონობით კაცი ამოხოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილი საზოგადოება შეექმნათ.
 
– ასე რომ, ილუზია არ უნდა გვქონდეს… არავითარი უტოპია…

– დიახ, არავითარი უტოპია.

– მაგრამ თქვენ ხომ რევოლუციონერი იყავით, – 14 წლისა სახლიდან წახვედით, პირველი ქმარი, მოსაწყენი ჩინოვნიკი, მიატოვეთ; ლონდონში, 50-იან წლებში, მარტოხელა დედა გერქვათ…

– ეს იდეალიზმი კი არა, პრაგმატიზმია. მე უნდა გამეკეთებინა ეს, რომ თავი გადამერჩინა, თორემ ან ალკოჰოლიკი გავხდებოდი ან სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი.

– ესე იგი თქვენი საქციელი არ იყო ბრძოლა ქალის ტრადიციული როლის წინააღმდეგ?

– მე ამას ასე არ აღვიქვამდი. გარდა ამისა, ვიცნობდი ქალებს, იმ 50-იან წლებშიც რომ ჩემსავით დამოუკიდებელი იყვნენ.

– დამოუკიდებელი ქალები “ოქროს დღიურში” აღწერეთ. 1962 წელს გამოქვეყნებული ეს წიგნი დღესაც პოპულარულია და ფემინისტებისთვის ნამდვილ ბიბლიად იქცა.

– კაცმა რომ თქვას, ფემინიზმზე არც მიფიქრია. მე ჩემი გამოცდილება აღვწერე, ის, როგორც ფიქრობენ ქალები და ცხოვრობენ. დღემდე მაოცებს, რომ ბევრს ყოველივე ეს რევოლუციის მცდელობად მიაჩნია.

– ამ წიგნის წყალობით თქვენ მთელ მსოფლიოში გაითქვით სახელი.

– იარლიყად “ფემინისტი” მომაკერეს და ამან ძალზე დამაზარალა. დღემდე მხვდებიან მამაკაცები, რომლებიც მეუბნებიან, თქვენს წიგნებს არ წავიკითხავთ, რადგან ფემინისტური მოძრაობის ნაწილიაო. მე არ ვარ ფემინისტი. ინსტინქტურად ვცდილობ, გავექცე ყველანაირ მოძრაობას.

– თქვენი ავტობიოგრაფიის მეორე ნაწილი 1962 წელს მთავრდება. თქვენ ის არ გაგიგრძელებიათ, რათა “ტრავმა არ მიგეყენებინათ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღემდე ცოცხლები არიან”. სხვამ რომ დაამთავროს?

– უამრავ შეცდომას დაუშვებს… ხშირად ვამბობ ამის მსურველთა გასაგონად, ხომ არ მოიცდიდით, სანამ მოვკვდები-მეთქი… ხასიათი მაინც აღარ წამიხდებოდა.

– თქვენი წიგნი “ბებიები” რიგით ორმოცდამეცამეტეა. როგორ წერთ?

– ათივე თითით ვბეჭდავ ძველთაძველ საბეჭდ მანქანაზე.

– სურვილი არ გაქვთ, რომ დაისვენოთ, მშვიდად იცხოვროთ?

– მთელი სიცოცხლეა ვწერ. რატომ უნდა დავანებო თავი? ცხოვრება ძალზე მძიმე შრომაა, განა ასე არ არის? მე მომწონს იმის შექმნის პროცესი, რაც ადრე არარსებულა. მე არაფრისგან ვქმნი ისტორიებს და ვტკბები იმით, რომ მკითხველს ვუამბობ.

კორტასარის ჯადოქრობანი

0
ყოველთვის მეშინოდა კორტასარის. დაახლოებით ისე, როგორც მიწისძვრის ან წყალდიდობის. ზიხარ სახლში მყუდროდ, სახლისა ხარ: მშვიდი, სამსახურიდან ორიოდ საათის წინ დაბრუნებული, ბავშვის ხელით ნაწვალები პლასტელინივით მომლღვალი, შესაძლოა, გაცვია პიჟამა და დასაწოლადაც ემზადები. უცებ კი, ყველაფერი თავზე გენგრევა ან ნიაღვარი გადარეცხავს შენ მიერ შეკოწიწებულ სიმყუდროვეს. 
ასე იყო: ცამეტი წლის ასაკში წაკითხულ მოთხრობებს მიწის სუნი ასდიოდა. ეს დაახლოებით ის ასაკია, როცა ყოფიერების ამაოებაზე იწყებ ფიქრს და საგნების მნიშვნელობას სასიცოცხლო შკალაზე ლამის ნულოვან შეფასებას ანიჭებ. მიწის სუნი კი ნესტოებს ისე გიფართოებს, როგორც ძვლის მფლობელ ძაღლს შემცილებლის გამოჩენა. მე კი ერთადერთი და განუმეორებელი ძვალი მქონდა: ჩემი ცამეტწლიანი და სავარაუდოდ, კიდევ მრავალწლიანი სიცოცხლე. ხულიო კორტასარი არაფერში მჭირდებოდა. მეზიზღებოდა მისი დრო, მისი ურნები და სასაფლაოსთვის განკუთვნილი ყვავილები, ისინი ისეთი სახიფათო იყო, როგორც “გმირთა მოედნის” მიწისქვეშა გადასასვლელი. 
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ფეკალიების სუნმა იკლო და სინათლემ იმატა, კორტასარს თავიდან მივუბრუნდი. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ კარგი წიგნებიდან მაინცდამაინც მარკ ჯეიკობსის “დეიზის” სურნელი არ უნდა გცემდეს. 
მას შემდეგ მე თვითონაც ერთი დიდი ნაგვის “ბუნკერი” ვარ. ჩემს სოფელში დღემდე არ არის სანაგვე ურნები და ყველაფერს ერთ დიდ ორმოში ყრიან გარდა პამპერსებისა, რომლებთანაც მიწა მწყრალადა. პამპერსები რაიონში მიაქვთ ხოლმე, ცივილიზაციის პატარა წიაღში, იქ, სადაც მეტალის ურნებმა შეაღწია. ზუსტად ასე, პამპერსებივით დავატარებ წიგნებს, რომლებიც ხანდახან ძალიან შემზარავია. ამ წიგნებში არც ზომბები დარბიან და არც ვამპირები წრუპავენ სისხლს მთავარი არტერიიდან. აქ არც არაფერია ვულგარული. უბრალოდ, მათი კითხვისას თავს ისე გრძნობ, თითქოს ორმოც გრადუსიან სიცხეში უკონდიციონერო ოთახში იჯდე. თანაც მზის მხარეს მოქცეულ ოთახში.
სწორედ ასეთი სადისტია ჩემი აწ უკვე საყვარელი არგენტინელი მწერალი. განსაკუთრებით კარგად კი მკითხველის ნერვებზე თამაში გამოსდის: მხოლოდ მას შეუძლია თავის ნებაზე, თავბრუსხვევამდე გატრიალოთ და მუდმივად დაძაბული გამყოფოთ. ცხვირწინ თქვენი ყველა სისუსტე, ყველა პრობლემა, ოდესღაც ვერგამოუთქმელი ყველა შეგრძნება, მთელი თქვენი ვიწრო ეგოიზმი, თქვენი ხშირად მტკივნეული ილუზიები, თქვენი ძლივს მოპოვებული თავისუფლება აგიფრიალოთ და მიწაზე დაგახეთქოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მსუბუქი დაშვება. საინტერესო ისაა, რომ კორტასარი სწორედ მაგიური რეალიზმით, ფანტასტიკისა და რეალობის ზღვარზე შექმნილი სიუჟეტებით ცდილობს, ჩვენს რეალურ დროში დაგვაბრუნოს.

„კლასობანა” კორტასარის გახმაურებული რომანია დროისა და არჩევანის შესახებ „კერძოსა და ზოგადს შორის” (მალხაზ ხარბედია). სამი ნაწილისგან შემდგარ რომანში თხრობა სხვადასხვა კუთხიდან მიმდინარეობს, „აქ, ერთის მხრივ, პარიზია, მეორე მხრივ, ბუენოს აირესი, წარსული და აწმყო, ქაოსი და წესრიგი, იზოლაცია და ღიაობა” (მალხაზ ხარბედია). თუმცაღა, მე უფრო კორტასარის მაგიური მოთხრობების გოგო ვარ: იქაური ჯაზით, დროის დილემით, პირადი წვრილმანი, ეგოისტური ინტერესებით („მდევარი”); ინდივიდუალიზმის სირთულეებით („ავტობუსი”) თუ სუბიექტური სივრცის მიტაცებით („მიტაცებული სახლი”).
წინ მიდევს კორტასარის მოთხრობების პირველი ქართული გამოცემა ყვითელი, უკვე დაგლეჯილი ფურცლებით და ვთვლი დროს. ეს არის თექვსემტი წლიდან საკითხავი წიგნი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად: რადგან ამ პერიოდში მიწის სუნს ნესტოები მიჩვეულია და „მდევრის” დევნილიც, გენიალური საქსაფონისტი შენთვის აღარც ისეთი უცხოა, როგორიც სამი წლის წინ იყო. აღარც მის (ჯონის) სიტყვებზე „ეს ხომ უკვე ხვალ დავუკარი, მაილზ” გიფართოვდება თვალები. ჯონის რეზინის სამყარო საქსოფონზე ყოველი ჩაბერვისას ფართოვდება და მეტროში კი, წუთნახევრიანი ჩაფიქრებისას ჰგონია, მთელი საათი გავიდა. მთავარი სირთულეები ყველაზე მარტივი ამბებია: „მაგალითად, მზერა და დანახვა….. გუშინ საღამოს სარკეში ჩავიხედე რატომღაც და გინდ დაიჯერე, გინდ არა, ეს საშინლად ძნელი რამ იყო…. სინამდვილეში ხომ ის ტიპი მე არ ვარ, ვინც სარკეში დავინახე”.
ჯონის „სტრასტიზის” მოსმენისას, მისი შემზარავი გენიალობის კვალდაკვალ, იქნებ, მიხვდე კიდეც, რომ თავად საქსოფონისტი ქცეულა მდევრად. მისი ღმერთი კი კარს იქით ზის და ყურებზე ხელები აუფარებია. 
ეს არის ტექსტი დროისა და ღმერთის გამოცანების შესახებ. ხოლო მუსიკა დროებითი გამოსავალია, შექმნის წუთები, თუმცა შექმნილი ღმერთები ბოლო ნოტის შემდეგ ისე მარტივად ქრებიან, როგორც გაზაფხულის „გუგულის” თოვლი მზის პირველსავე სხივებზე. 

მოგზაურობა დახუჭული თვალებით, ანუ პირადი გეოგრაფია

0
დადგა ყველა ბავშვისთვის საყვარელი დრო – საზაფხულო არდადეგები. სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეები ფიქრით უკვე ზღვის სანაპიროს ან მთის სიმწვანეს არიან შეფენილები და გამრავლების ტაბულა მხოლოდ სწავლის დამთავრებამდე დარჩენილი დღეების, საათებისა და წუთების დასაანგარიშებლად თუ მოაგონდებათ. სამწუხაროდ, არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ქალაქიდან გასვლაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ. მათ ოჯახებს არც წინაპრების დანატოვარი სოფლის მყუდრო კერია შემორჩათ და ვერც ფეშენებელური მწვერვალების დასალაშქრავად საჭირო „ძალაუფლება” იგდეს ხელთ. ეს ბავშვები ზაფხულობით სიცხისგან სანთელივით ჩამოღვენთილ ქალაქურ პეიზაჟს სჯერდებიან და მოუთმენლად ელიან ისეთ სასკოლო ღონისძიებას, როგორიცაა ექსკურსია.
***
სკოლა ისე დავამთავრე, ერთხელაც არ წავსულვარ კლასთან ერთად ექსკურსიაზე. ცუდი დრო იყო: აფხაზეთი, სამოქალაქო ომი, ჩაბნელებული და დაცხრილული ქალაქი. ჩემი პირველი ექსკურსია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებით ჯგუფს და მთაწმინდის პანთეონს უკავშირდება. მაშინ ეს პატარა მარშრუტი „დიდ გასეირნებად” მეჩვენებოდა უღიმღამო ყოველდღიურობის ფონზე. მოგვიანებით ექსკურსიებს კიდევ ერთი შორეული ოცნება – დასასვენებელი საგზურები დაემატა. როცა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსზე ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის ათდღიანი საგზური მაჩუქეს, ჩემზე ბედნიერი ბავშვი ამქვეყნად არ მეგულებოდა. მაგრამ კონკურსში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, თანაც ასეთი ღონისძიებები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იმართებოდა. მე კი, პატარა მოგზაურს, მანძილისა და ახალი შეგრძნებების ყოველდღიური ულუფა მჭირდებოდა. საბედნიეროდ, შემოქმედ ბავშვთა სტუდიის მასწავლებლები კარგად იცნობდნენ ლიტერატურას და, ალბათ, მეც. ასე რომ, დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია. ასე მივაგენი ყველაზე ხელმისაწვდომ და უსაფრთხო „დროის მანქანას”.
ჩემი პირველი გეოგრაფიის მასწავლებელი
პირველი, რაც მაინ რიდისა წავიკითხე, „ოკეანეში დაკარგულები” იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოცი წელი მაინც გავიდა, დღემდე ვგრძნობ იმ მზეზე გამხმარი თუ ვეშაპის ქონზე აშიშხინებული ზიგენა ურო თევზის, ალბაკორებისა და მრავალი სხვა სახეობის თევზეულის გემოს, კატამარანის მგზავრები რომ ამზადებდნენ. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ოკეანესთან. სკოლაში გეოგრაფიას არ ვსწავლობდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ, კლიმატური პირობებით დაწყებული, მფრინავი თუ ტკიპა თევზებით დამთავრებული, ყველაფერი ვიცოდი ატლანტის ოკეანეზე. ასე გახდა მაინ რიდი ჩემი საყვარელი მწერალი და პირველი გეოგრაფიის მასწავლებელი.
 
ოკეანის ზედაპირის დალაშქვრას მის სიღრმეში მოგზაურობის სურვილი მოჰყვა.

ჟიულ ვერნის შესახებ დაწერილ ქართულ ან რუსულენოვან (სამწუხაროდ, ფრანგული არ ვიცი) სტატიებს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ისევ კამათის საგნად რჩება, იყო თუ არა მარადი მოგზაური რეალურ ცხოვრებაშიც მოხეტიალე ადამიანი. ერთნი ირწმუნებიან, რომ მწერალმა საკუთარი კაბინეტიდან გაუსვლელად მოიარა მსოფლიო და საბუთად მის წიგნებში გაპარული გეოგრაფიული უზუსტობები მოჰყავთ, მეორენი კი ჟიულ ვერნის იახტების – „სენ-მიშელ I”-ის, „სენ-მიშელ II”-ისა და „სენ-მიშელ III”-ის მარშრუტს იშველიებენ მაგალითად. იმავდროულად, ორივე მხარე წერს, რომ ჟიულ ვერნი ვერ დაესწრო შვილის დაბადებას, რადგან იმ დროს თავისი იახტით სკანდინავიაში მოგზაურობდა.
მე რომ მკითხოთ, მკითხველი მწერლის წარმოსახვით გავლილ გზას მიუყვება თუ მისივე თვალით ნანახს, არა მგონია, ამის ცოდნა წიგნს ღირსებას მატებდეს ან აკლებდეს. ჟიულ ვერნის პირადი გეოგრაფიის წყალობით ოკეანის ფსკერის საიდუმლოებებსა და დედამიწის ცენტრისაკენ მიმავალ გზას მივაგენი, ჩვენი პლანეტის ერთგული თანამგზავრის კოჟრიან ზედაპირზეც მისი წიგნის გავლით მოვხვდი.
 
სამწუხაროდ, სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილები არასდროს ჩამტარებია (მუსიკალურ გიმნაზიაში მხოლოდ ძირითადი საგნების სწავლებას სჯერდებოდნენ) და ამ საგანში დღემდე მოვიკოჭლებ. ასეთი შესანიშნავი მწერლები რომ არ მეპოვა, ალბათ მეც იმ ადამიანთა რიცხვს შევუერთდებოდი, რომელთა ცოდნა სამყაროს შესახებ მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახი კადრებით შემოიფარგლება.
ცოტა კი არა, ძალიან რომ გავიზარდე, მეოცე საუკუნის ყველაზე თანამედროვე ექსპრესით – კომპიუტერით დავიწყე მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვსარგებლობ, დღემდე ვერ შევიყვარე ელექტრონული ბიბლიოთეკა – ეს მანათობელი წიგნები, ხელით რომ ვერ შეეხები, ვერ გადაფურცლავ, ვერც მოწონებულ ფრაზებს მონიშნავ ფანქრით. ელექტრონულ თაროებზე არავინ შემოაწყობს ფურცლებშეყვითლებულ წიგნებს, ამბავთან ერთად სიძველის მომჟავო-მოტკბო არომატითაც რომ გამახსოვრდება. ალბათ ძველი წიგნების სიყვარულის გამოა, რომ დღემდე ვმეგობრობ ჩვენი ქალაქის ბიბლიოთეკებთან, მთავარი სამკითხველო დაწესებულებით დაწყებული, უბნის ნახევარსარდაფში მოთავსებული ნესტიანი წიგნსაცავით დამთავრებული. ყველაზე ხშირად მაინც მეგობრების ბიბლიოთეკებს ვლაშქრავ. მოკლედ, ოღონდ კი კაცმა მოინდომოს და მოგზაურობის საშუალებას ყოველთვის იპოვის.
კომპიუტერის წყალობით საზღვრებიდან ყოველგვარი ვიზისა და სავსე ჯიბის გარეშე გაღწევის კიდევ ერთ ხერხს მივაგენი: ფოტომოგზაურობა ჰიმალაის მთიანეთიდან დავიწყე. საფეხურებად დავშალე და ავაწყვე ტიბეტელი ბერების მონასტრებისკენ მიმავალი კიბეები, მათთან ერთად შევღებე წითლად ქვიშა და ტანსაცმელი, მათი სიმშვიდე ვისწავლე… რატომ მაინცდამაინც ტიბეტი? ამ, ერთი შეხედვით, ხრიოკი და ცივი მიწის სიყვარული ალბათ მხატვრულ ფილმს „შვიდი წელი ტიბეტში” უნდა დავაბრალო. მახსოვს, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე არა მარტო ეგზოტიკურმა გარემომ – ხალხმაც. დღემდე ყველაზე მეტად ისევ „სამყაროს სახურავისკენ” მიმიწევს გული, ან რა მიშლის ხელს? შემიძლია, ყველგან წავიდე, სადაც მომესურვება. ფოტოაპარატი რა ხანია გამოგონებულია, საინტერესო წიგნიც უფრო მეტი იწერება და ითარგმნება.
ამ ყველაფრის შემდეგ, იმედია, გადაჭარბებად არ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, ნამდვილი მოგზაური ვარ-მეთქი. მერე რა, თუ თვითმფრინავი მხოლოდ ფოტოსურათზე მინახავს და არც გემბანიდან დამიქნევია თეთრი ხელსახოცი გამცილებლებისთვის.
 
ყველა ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ხდება მოგზაური. თუ ჩემთვის ყოველდღიურობას მოწყვეტა ერთფეროვანი რეალობისგან გაქცევაა, სხვისთვის ეს დროსტარების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ზოგი თავგადასავლების ძიებითაა შეპყრობილი და გამუდმებით გადაადგილდება ავტოსტოპით, ველოსიპედით, თუნდაც ფეხით. ასეთი ადამიანებისთვის ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება სასჯელის ტოლფასია. ერთეულებს გაცილებით გლობალური მასშტაბის „გაქცევის” განხორციელება შეუძლიათ. მათ მოგზაურობას სარჩულად ხშირად პროტესტი უდევს მთელი სამყაროსა თუ საკუთარი თავის მიმართ.
ისევ ჟიულ ვერნს მივუბრუნდები და გაგახსენებთ მიზეზს, რამაც კაპიტანი „არავინ” ზღვის ფსკერს მიაჯაჭვა. მისი საუკუნის წინანდელი პროტესტი დღევანდელობის ქაოსშიც თანამედროვედ გამოიყურება: ომი და მშვიდობა ისევ განუყრელ წყვილად რჩება, არც კაცთა მოდგმას შეჰყვარებია უფრო მეტად ერთმანეთი და თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ადამიანი წყლის სიღრმეში მაინც იყო ჭეშმარიტად თავისუფალი, ახლა არათუ დედამიწის, მთვარისაკენ მიმავალი ბილიკებიც დატკეპნილია. მაგრამ ადამიანის შესაძლებლობათაგან ჩემთვის ყველაზე გასაოცარს – დახუჭული თვალებით სამყაროს კი არა, სამყაროების დანახვის ნიჭს – საზღვარი მართლაც არ აქვს.
ოცდამეერთე საუკუნის ბავშვების პირადი გეოგრაფია დიდი ხანია ჩვენს გალაქტიკას გასცდა და შესაშური წარმოსახვის შედეგად გაჩენილი ახალი სამყაროების ოკეანეების გრძედებსა და განედებს ზომავს. ასე რომ, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ფეშენებელური კურორტის სავარძელში მოიკალათებთ თუ საკუთარ ოთახში შეიყუჟებით. ამიტომაც არის, ხშირად სწორედ ცხელ ქალაქში დარჩენილი პატარა მოგზაურები რომ წერენ ყველაზე საინტერესო ესეს თემაზე „როგორ გავატარე ზაფხული”.

ფესტივალი, რევაზ ბარამიძე

0
ტრადიცია – ლათინურად ეს სიტყვა მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ და თაობიდან თაობისთვის გადაცემულ წესებსა და ნორმებს ნიშნავს. ზოგისთვის ის ეჭვგარეშე ჭეშმარიტებაა, ზოგისთვის – მნიშვნელოვანი, მაგრამ არასავალდებულო რამ, რომლის გათვალისწინება ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე სასურველია, ზოგი ტრადიციებს სრულიად უგულებელყოფს და ფიქრობს, რომ ისინი სამყაროს მხოლოდ წარსულიდან გამომდინარე აღქმაში გვეხმარება, მომავლისკენ კი არ იხედება. ასეა თუ ისე, ერთ რამეზე ყველა შევთანხმდებით – ტრადიციები რომ არა, სამყარო დღეს სულს სხვაგვარი იქნებოდა.

საქართველოში მრავალი ტრადიციაა. ზოგიერთი კარგია, ზოგიც, ვფიქრობ, თანამედროვეობასთან შეუსაბამო, თუმცა ისეთ ტრადიციებსაც წააწყდებით, რომელთა დაკარგვა არამც და არამც არ შეიძლება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული კულტურული, სახელდობრ, მუსიკალური ტრადიციაა – სრულიად უნიკალური პოლიფონია, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში განვითარდა ქართულ ყოფაში. სწორედ ამ მუსიკალური ტრადიციის გაგრძელებასა და განვითარებას ისახავს მიზნად ფესტივალი „არტ-გენი”, რომელიც უკვე მეათე წელია, ყოველ ზაფხულს იმართება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ფესტივალი ნამდვილად გამორჩეულია – აქ იხილავთ საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს: როგორც უხუცეს შემსრულებლებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია ემსახურებიან ქართულ მუსიკალურ კულტურას, ასევე ახალგაზრდა, ახალბედა მომღერლებსა და მუსიკოსებსაც.

თუ არ ვცდები, 2006 წელი იდგა, როდესაც „არტ-გენზე”, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, პირველად მოვხვდი. შთაბეჭდილება ნამდვილად დიდი იყო – ხალხით სავსე ეზოები, ხალხური ცეკვა, მუსიკა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის კონცერტები… სწორედ ეს გახლდათ ჩემი პირველი შეხება ქართულ ფოლკლორთან. მას მერე შვიდი წელი გავიდა, არ ცერთი „არტ-გენი” არ გამომიტოვებია, სამჯერ კი თავადაც მივიღე მონაწილეობა. გამოცდილება, რომელიც ამ ფესტივალმა მომცა, ალბათ ძალიან დიდხანს დამეხმარება. 

2007 წელს „არტ-გენზე” ძვირფასი მეგობრები შევიძინე. მცირე ექსპერიმენტების შემდეგ ბენდი ჩამოვაყალიბეთ და რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვუკრავდით კლუბებში თუ კონცერტებზე. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნაბიჯები მუსიკაში სწორედ „არტ-გენისა” და იქ გაცნობილი ადამიანების დამსახურებით გადავდგი. ამ ფესტივალმა მასწავლა ფიქრი ჩარჩოების გარეშე: შეუძლებელია, „ჩაკეტილად” იფიქრო, როცა ერთსა და იმავე სცენაზე ჯერ აკადემიურად შესრულებულ ხალხურ სიმღერას უსმენ, მერე – უხუცესი მომღერლების ნამღერს, ბოლოს კი, დასკვნითი კონცერტის სახით – ქართულ ალტერნატიულ მუსიკას. დასკვნითი კონცერტების სტილი მრავალფეროვანია, როკენროლით დაწყებული, ეთნოჯაზით დამთავრებული. სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ ფესტივალზე მოვისმინე ცოცხლად ნინო ქათამაძის, ზაზა კორინთელის (ზუმბა), რობი კუხიანიძისა და ნიაზ დიასამიძის მუსიკა. ამ ოთხმა ადამიანმა მომავალში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე და, საზოგადოდ, ცხოვრებაზეც.

„არტ-გენი” ჩემი სახლია ყოველ ზაფხულს, 7-8 დღის განმავლობაში. ამ ფესტივალთან ერთად გავიზარდე და მიმაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები საქართველოში დიდ ბიძგს აძლევს კულტურულ განვითარებას. 

წელს ფესტივალი 10 წლის გახდა.

ეს ათი და სხვა – მრავალი! 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...