სამშაბათი, აგვისტო 5, 2025
5 აგვისტო, სამშაბათი, 2025

ფრენისა და ზუიზე, სქელუა დეიდასა და ბესის ბულიონზე

0
ჭკუისკოლოფობა რთული საქმეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შვიდი წლისას თავი მსოფლიო ლიტერატურით გაქვს გამოტენილი (ვინ იცის, ვინი პუჰის მსუბუქი ნახერხი ინატრო ოცდახუთი წლის ასაკში, საფეთქელზე ლულამიბჯენილმა საკუთარ თაფლობისთვეში). ასეა თუ ისე, სელინჯერი გამუდმებით ჭკუისკოლოფებზე წერს და არცერთი პერსონაჟია ისეთივე პირქუში, როგორც თავად მწერალი. სელინჯერის განდეგილობა და რწმენა, რომ ქალისთვის (მისი ქალისთვის) გზა სამზარეულოდან საძინებლამდე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია (“ქუხნა”- “კრაოტის” ქართული ვერსიის ამერიკული განხორციელება) სრულიად სცდება ფრენის სახეს. “ფრენი” და “ზუი”, ეს ვრცელი მოთხრობები (გია ჭუმბურიძის ახალი, კარგი თარგმანი), ერთი შეხედვით, იმდროინდელი პოპულარული  თემის (თუმცაღა, რაღა თქმა უნდა უკვდავი)- ღვთის სახის, მისი ავატარების არსებობის გამართლება- გაუმართლებლობისა თუ რწმენის, როგორც მიზეზ- შედეგობრივი სისტემის, როგორც სურვილების დათრგუნვის შედეგად მიღწეული განწმენდის, როგორც ცხოვრებისეული კომპრომისის არც ისე მარტივ საკითხებს ეხება. მეორე მხრივ კი, ერთი გრძელი მოთქმა- გოდებაა ადამიანებისა, რომლებმაც ვერაფრით გაარღვიეს ოჯახური, მოჯადოებული წრე და წრის შიგნით მოძრაობის დარეგულირება კი  საკუთარ სურვილებზე, როგორც ყოყლოჩინურ გამოხდომებზე ხელის აღებით გადაწყვიტეს. 

ფრენი, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი იმეორებს ლოცვას და სამაგიეროდ, სწავლისა და სცენის მიტოვება განუზრახავს, არც ფანატიკოსია, არც- გულმართალი მორწმუნე. წიგნი, რომელიც რუსი გლეხის მოგზაურობასა და უწყვეტი ლოცვის საიდუმლოს ამოხსნას ეხება, ფრენის ახალი თავსატეხია. ორსიტყვიანი ლოცვის (უფალო, შეგვიწყალე) ძალა მის შემდგომ, ავტონომიურ მოქმედებაში მდგომარეობს, ისევე, როგორც აღმოსავლური სიბრძნე აღიარებს ადამიანის შვიდ, ასტრალურ ჭიპს  და “მესამე თვალის” გახსნას ჭეშმარიტებასთან ზიარებისას. საკითხავია, რა არის ფრენისთვის ჭეშმარიტება?- საკუთარი ღმერთის ფუნჩულა სახე, ბესი გლასის ბულიონი თუ საკუთარ ოთახში მარტვილობა?! 

ზუის ფინალური მონოლოგი ერთი მხრივ გაკიცხვაა არა მხოლოდ ფრენის, უმეტესწილად- უფროსი ძმების, სეიმურისა და ბადის, მეორე მხრივ- საკუთარ თავთან საუბარი, საკუთარი ეგოს გამართლებაა (რადგან “მეს” მუდმივი დამალვა ვერასდროს ვერაფრის შექმნის გარანტია) და მესამე მხრივ- არაჩვეულებრიობის უზარმაზარი სევდა. სევდიანია პარმაღზე მჯდარი სქელუა დეიდა, ის მარტოა, დარჩენილი რადიოდან მომავალი ხმამაღალი, ძველმოდური მუსიკის პირისპირ: “არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად თამაშობს მსახიობი- ღია საზაფხულო თეატრში, ტელევიზიაში, რადიოდადგმაში გამოდის თუ ბროდვეიზე, ნაღები საზოგადოების წინაშე… მაყურებელი ის ერთი დიდი, სქელი დეიდაა, იმ შენი პროფესორი ტაპერის ჩათვლით. დედამიწის ზურგზე არავინაა, სიმორის სქელ დეიდას რომ არ ჰგავდეს- გამიგე? და იცი, სინამდვილეში, ვინაა? მართლა აზრზე არა ხარ? ე- ეჰ, შენც ხარ რა! ეგაა სწორედ ქრისტე ღმერთი! ეგაა ჩვენი მაცხოვარი!” 

ალბათ მხოლოდ ასეთი სიტყვები გაიძულებს, პროფესორი ტაპერის აფუებული ვარცხნილობა  ვერ დაინახო, რადგან ჩვენ ხშირად მძაფრად განვიცდით ყალბ, მხოლოდ მასებზე გათვლილ, ფასადურ ქმედებებს. არადა, ეს ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ლაქა ჩვენს თეთრ, ფუმფულა სვიტრზე, რომლის ამოყვანაც “ვენიშით” მრავალგზის ვცადეთ და წარუმატებლობამ სვიტერი გადაგვაგდებინა. ამავდროულად, ჩვენ გულგრილად შეგვიძლია ავუაროთ გვერდი ცხოვრებისეულ, ტკბილ და მყუდრო ამბებს. აი, ისეთებს, როგორიც დედის ფუსფუსია სამზარეულოში და მისი მომზადებული ბულიონი, პირი რომ ვერაფრით დაგვაკარებინა: “თუკი რწმენის გზას ადგახარ, იმის დანახვაც უნდა შეგეძლოს, ყოველდღიურად რა ღმრთისმსახურება ხდება შენ ცხვირწინ….. თუკი ნაკურთხი ბულიონის თასსაც კი ვერ ცნობ, რომელ წმინდანს იცნობ მტვრიან ბილიკზე?”- სვმას კითხვას ზუი.

კითხვასა და კითხვას შორის კი სულ გულისწყრომა იგრძნობა სეიმურისადმი, რომელმაც ბავშვობაში და- ძმა საკუთარ რჯულზე მოაქცია, ათასობით საშიში წიგნი მიაჩეჩა, მერე კი ადგა და თავი მოიკლა. მთლიანობაში, ეს ტექსტი სელინჯერის მონანიებაცაა, სინანული პერსონაჟის გამო, რომელიც ზედმეტად ადრე მოკლა. ეს დედების სევდაცაა, რომლებიც ვერასდროს ხვდებიან, რა დაემართათ შვილებს, რომლებიც ბავშვობაში  მხიარულები და გონიერები იყვნენ, ახლა კი საკუთარ თავებში ისე მტკიცედ ჩაიკეტნენ, როგორც საზოგადოებრივ ტუალეტებში. მართლაც, “რა აზრი აქვს ყველაფერი იცოდე ქვეყანაზე და ქვეყანას აოცებდე შენი გამჭრიახობით, თუ კი ამას არავითარი სიხარული არ მოაქვს”.

ამხელა ორომტრიალში, ამდენ ოხვრაში, ამდენ ლაქლაქში, ამდენ ჭკვიანურ დიალოგში კი ყველას ავიწყდება ზუის პირველი სატელევიზიო სცენარი, პირველი ფილმი ბიჭის შესახებ, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ ძროხების ფერმა გაყიდა და ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთხელაც, ერთმა მანქანამ ქუჩიდან გადმოუხვია, უცებ ძროხად იქცა და ბიჭი წითელ შუქზე გაედევნა. საბოლოოდ, ჯოგმა გადათელა. ეგაა: საკუთარი პრინციპებიდან და სურვილებიდან დროებით ხელი რომ აიღო, თავი ფრენისავით საკუთარ სახლს შეაფარო ან თუნდაც სულაც ნურაფერს შეეფარო, სქელუა დეიდა აუცილებლად გესტუმრება, შენსავე ოთახში, საწოლზე ჩამოგიჯდება და რადიოს ხმას ბოლომდე აუწევს.

სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში

0
დაწყებითი სასკოლო პერიოდის როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე წარმატებების მისაღწევად განუზომლად დიდია. საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის სასკოლო წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ სასკოლო პერიოდში უყალიბდება ბავშვს. აქ ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. ალბათ, დაწყებითი კლასების ნებისმიერი მასწავლებლისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ასაკობრივ საფეხურზე იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლე სასკოლო სწავლების ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ახდენდეს. სასწავლო პროცესში წარმატებებს დიდ წილად  აზროვნების განვითარების სათანადო დონე ესაჭიროება. ამდენად, სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე ბავშვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. 

    სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ბავშვისათვის დაუძლეველია, ამდენად, ამ ასაკში ანალიზის, სინთეზისა  და შეფასების უნარის განვითარებაზე ზრუნვას აზრი არა აქვს და ძირითადად უფრო დაბალი დონის სააზროვნო უნარების (ცოდნის, გაგების, გამოყენების)   განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე  ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდშია საჭირო, რადგანაც,  როცა სკოლაში სწავლისათვის ბავშვის ინტელექტუალურ მზაობას იკვლევენ, იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ როგორ აქვს განვითარებული მას ანალიზის უნარი. მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ კლასში ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ანბანის სწავლების პროცესში. ამისათვის საკმარისი იქნება ვთხოვოთ ბავშვს შეადაროს ერთმანეთს შესწავლილი ასოები, მაგ. ვუხსნით ასო ”მ”-ს და ვაძლევთ დავალებას გვითხრას რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ასო ”მ” და ასო ”ნ”. შეადაროს ერთმანეთს სიტყვები მაგ. ”მუხა” და ”ხე” – იპოვოს მათ შორის მსგავსება და განსხვავება. ასეთი დავალებები, ერთის მხრივ, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს და, მეორეს მხრივ, ისეთი ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობიც ხდება, როგორიცაა აღქმა და ყურადღება. ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა, მოზრდილის აღქმისაგან განსხვავებით, უფრო დიფუზურია დ მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, რის გამოც ის ხშირად უშვებს შეცდომებს წერა-კითხვის დროს,  ურევს ერთმანეთში მსგავს ასოებს, უჭირს ცალკეული დეტალების აღქმა. ყოველივე აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას სწავლის პროცესში და საყვედურებსაც ხშირად იღებს უფროსებისაგან.

    მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებში ნაკლები იყოს დახურული შეკითხვების ხვედრითი წილი. უფრო ხშირად გამოვიყენოთ ღია შეკითხვები  და კითხვითი სიტყვა ”რატომ?”  მაგ. ”რატომ არ მოდის თოვლი ზაფხულობით?”, ”რატომ მიფრინავენ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში?” და ა. შ. ასეთ შეკითხვებს ბავშვები ”საინტერესო”  შეკითხვებს უწოდებენ და სწორედ ასეთი შეკითხვები ხდება ანალიზის უნარის განვითარების ხელშემწყობი.

    ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვა სასკოლო სწავლების  პირველივე დღეებიდანვე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა მოგვიანებით ის გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაშიც დაგვეხმარება. გააზრებული კითხვის  უნარის დეფიციტი ბავშვებში ჩვენი სკოლების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული უნარის განვითარებაზე ზრუნვა კითხვის დაწყების პირველივე დღეებიდანვე უნდა იქცეს სასწავლო პროცესის პრიორიტეტად  პედაგოგებისათვის. ამისათვის, კარგი იქნება, თუ სწორად შევარჩევთ კითხვის სტრატეგიებს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში დღესაც კითხვის წამყვანი სტრატეგიაა ”გაგრძელებით კითხვა” და ეს იმ დროს, როცა აღნიშნული სტრატეგია ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. მის ნაკლებ ეფექტიანობას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცოდნით, უნარებით, ასევე კითხვის,  მოქმედების, მეტყველების ბუნებრივი ტემპით. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, რომელიც უკვე საკმაოდ თავისუფლად კითხულობს, იძულებულია, გაგრძელებით კითხვის დროს, მოთმინებით დაელოდოს თავის თანაკლასელს, რომელსაც უჭირს კითხვა. ამასთან, ასეთი კითხვის პროცესში ბავშვმა თითი არ უნდა აიღოს ტექსტიდან, როცა სხვა კითხულობს, იმის გამო, რომ ნებისმიერ მომენტში მასწავლებელმა შეიძლება მას გააგრძელებინოს კითხვა. ხშირ შემთხვევაში, ”გაგრძელებით კითხვის” დროს, ბავშვებს ბეზრდებათ ერთმანეთის ლოდინი  და თითს აღარ აყოლებენ ტექსტს, რის გამოც პედაგოგის მხრიდან საყვედურებს იმსახურებენ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან კლასში, ტექსტის ერთი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ხშირად ბავშვი ეთიშება კითხვის პროცესს, ვინაიდან გრძნობს, რომ ამდენ ბავშვში მას აღარ მოუწევს კითხვის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნულის გამო, უმჯობესია, ”გაგრძელებით კითხვის”  ნაცვლად, ან თუნდაც მის პარალელურად გამოვიყენოთ კითხვის ის სტრატეგიები, რომლებიც გააზრებული კითხვის უნარის უკეთესად განვითარების შესაძლებლობას იძლევა და რომლებსაც ჩვენი სკოლების პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ”წიგნიერების” პროგრამის ფარგლებში ტრენინგებზე გაეცნო. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა მასწავლებელი პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარუდგენს და სთხოვს, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები, სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ამასთან ერთად, სასურველია გაკვეთილის პროცესში გამოყენებული შეკითხვები ისეთნაირი  ფორმულირებით მივაწოდოთ ბავშვებს, რომ მათზე პასუხები ტექსტში  ზედაპირზე არ იყოს მოცემული  და მათ მოფიქრებას წაკითხულის გააზრება ჭირდებოდეს. ხშირ შემთხვევაში, პატარები, სიჩქარის გამო  პასუხებს, ტექსტიდან ამოკითხვის ნაცვლად, ზეპირად ამბობენ. გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის სასურველია, რომ მასწავლებელმა ამას ყურადღება მიაქციოს და შეეცადოს ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას ტექსტზე. როცა მასწავლებელი ბავშვების მხრიდან პასუხების ზეპირად გადმოცემით კმაყოფილდება, ის მეხსიერებაზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ტექსტის გასააზრებლად და გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის პედაგოგი  ორიენტაციას მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციებზე უნდა აკეთებდეს.

 

   ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოეულ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს,  თავის მხრივ,    გაუძლიერებს მათ საკუთარი ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.
    სასურველია, რომ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში იყენებდეს  სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაზე მუშაობის პროცესში  ბავშვები დიდი ხალისით ასრულებენ ისეთ დავალებას, რომელიც მოითხოვს მათგან მნიშვნელოვანი სიტყვების, მნიშვნელოვანი წინადადებების მოძიებას. ისეთი წინადადებების ამოკრებას ტექსტიდან, რომლის გარეშეც ტექსტის შინაარსის გაგება გაჭირდებოდა.  უმცროსკლასელებს ასევე  დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარა  მოთხრობის შედგენა  წინასწარ მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.

 გააზრებული კითხვის უნარის განვითარება დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ცნობილია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, იმის გამო, რომ მათთვის მასწავლებელი ხელშეუხებელი ავტორიტეტია, იშვიათად გამოთქვამენ ამ უკანასკნელის აზრის საწინააღმდეგო მოსაზრებას. კარგი იქნება, თუ ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნებისთვის კომფორტულ გარემოს შევუქმნით, ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ყოველივე ამას ადექვატურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში. 

  უმცროსი  სასკოლო ასაკი ძალიან კარგი პერიოდია  გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. თუ  ჩვენ ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან და არ გავაკეთებთ ინას, რისი გაკეთებაც საკმაოდ ადვილად შეიძლება ამ პერიოდში, ცოტა მოგვიანებით ძალიან გაგვიჭირდება იმის შეცვლა, რაც უკვე საკმაოდ მყარად იქნება ჩამოყალიბებული. ცნობილია, რომ გაცილებით ადვილია შეცდომების თავიდან აცილება, ვიდრე   დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა. კორექცია საკმაოდ რთულ პროცესად ითვლება და ხშირად არ იძლევა  სასურველ შედეგებს.   ამდენად, უმჯობესია დაწყებით კლასებშივე ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რამაც ზედა კლასებში უბრალოდ შემდგომი განვითარება უნდა ჰპოვოს.  
  

კლდის პირას, ჭვავის ყანაში. მოთამაშე დამჭერი

0
“ზამთარში, რომელიმე უბადრუკ დღეს, ჰოლდენ კოლფილდის განწყობა გადმომედება – მდინარესთან ახლოს დასახლების სურვილი. პურის ფულის შოვნის მოსაპოვებელ ხერხებზე დავიწყებ ფიქრს. ჩემი ქმარი შეშას დაჩეხავს… კიდევ, ესმესნაირი იდეები მომხიბლავს: “ჯაზთან ერთად უნდა გამოვიდე რადიოში და ფულები მოვხვეტო, მერე ოცდაათისა რომ გავხდები, რანჩოს მოვაწყობ ოჰაიოში”. წელს ზამთრის განწყობას ისევ სელინჯერი მიქმნიდა თავისი გულწრფელი, ემოციური და მწერლობაზე მეოცნებე პერსონაჟებით, კოლფილდზე ვფიქრობდი, გოგონებისთვის ოქროსავით ბიჭზე”, – ვწერდი მრავალი წლის წინ ერთ-ერთი ჟურნალისთვის.
წელსაც, ამ ფეთიან დეკემბერშიც, ვერ ვუღალატე ტრადიციას, თბილად მოვკალათდი და ისევ სელინჯერს მივუბრუნდი. ჩემთვის შობა-ახალი წლის მოლოდინი ასე იწყება, ამ “ფეთიანი” ბიჭის წინასაშობაო ამბების კითხვით, რომელსაც ახლავს მთელი საშობაო განწყობის არომატები, თოვლის ფანტელები, დარიჩინიანი ტკბილეულის სურნელი და საზეიმოდ განათებული ოთახები, ქუჩები, ეზოები. გარეთ კი ისე ცივა, ძაღლი არ გაიგდება, თოვს კიდეც, ის კი, სკოლიდან უკვე მეოთხედ გაგდებული, ნიუ-იორკის ქუჩებში დაეხეტება თავისი წითელი სანადირო ქუდით, კარტუზჩამოფხატული. ნაცნობ გოგონებს ურეკავს, პაემანზე უთანხმდება, ხანაც რაღაც შარში ეხვევა, ღამის ბარებს სტუმრობს და ნაცნობ მუსიკოსს უსმენს, უცებ ყალბ მოტივს აღმოაჩენს და მერე ყველაფერი ერთიანად ბეზრდება და ისევ გარეთ გარბის, ტაქსის აჩერებს და მძღოლს ქალაქის ცენტრალური პარკის ტბის იხვებზე ეკითხება, ტბა რომ გაიყინება, ნეტავ სად წავლენო? მართლა აინტერესებს, ისტორიის მასწავლებელ მოხუც სპენსერს რომ ელაპარაკებოდა, მაშინაც იმ იხვებზე ფიქრობდა. მძღოლს კი ჰგონია, დასცინის, მასხარად იგდებს, და ძალიან ბრაზდება.

ჰოლდენს კი ნამდვილად აინტერესებს იხვების ამბავი – ნეტავ სად მიდიან, როცა ასე ყინავს? მასაც ხომ არსად აქვს წასასვლელი; იცის, თუ შინ ახლა დაბრუნდა, ნაადრევად გაიგებენ პენსიდან მისი “გამოპანჩურების” ამბავს. ამიტომაა, რომ აღმა-დაღმა დაეხეტება და ამიტომაა, რომ ყველაფერი სძულს. სძულს სკოლა, სადაც, როგორც ამბობს, არც მამაცი უნახავს ვინმე და არც საღად მოაზროვნე. “დიდი დიდი, ერთი-ორი კაცი და ისინიც ალბათ უკვე მამაცები მივიდნენ სკოლაში”. სძულს სიყალბე, სძულს ზოგიერთი სიტყვა, უბრალო ჩემოდნები, ნიუ-იორკი, ტაქსები, კონდუქტორები, კოხტაპრუწა ვაჟბატონები. კინოც სძულს, ვერც უხსენებ. მარტო წიგნები უყვარს, ოღონდ მხოლოდ ისეთები, წაკითხვის შემდეგ ავტორთან რომ მოგინდება დაძმაკაცება და ტელეფონით საუბარი. ჰოლდენს ხანდახან ყველაფერი სძულს და ყველაფერს დასცინის. 17 წლისაა. ეს თავისებური ასაკია, ზიზღების გაზვიადებისა და სოციუმთან კონფლიქტის, მძაფრი შეგრძნებებისა და ახალგაზრდული თავზე ხელაღებულობის. ჰოლდენი ანტიგმირია, სიმპათიური, მომხიბვლელი ანტიგმირი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ცუდ მაგალითს იძლევა: სიგარეტს ეწევა, უწმაწურ სიტყვებს ამბობს, ჟარგონით ლაპარაკობს, სკოლიდან უკვე მერამდენედ გამოაგდეს, – მაგრამ კეთილი ზრახვები აქვს, რომლებსაც თავის უმცროს დას ფიბის ანდობს: გახდეს იმ ბავშვების დამჭერი, რომლებიც ციცაბო კლდის პირას თამაშობენ და უფსკრულში გადაჩეხვას გადაარჩინოს. მაგრამ ვინ იზრუნებს თავად ჰოლდენზე, იქნებ მასაც სჭირდება დამჭერი ჭვავის ყანაში, უფსკრულის პირას? მერე რა, რომ იმხელა აყლაყუდაა…
იქნებ მასწავლებლები არიან ის დამჭერები, იქნებ მათ ხელშია ათასობით, ათიათასობით ჰოლდენ კოლფილდისნაირი ბიჭის გადარჩენა… მე კი მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა გააგდო სკოლიდან მოსწავლე, რომელსაც გაყინული ტბის იხვების ბედი ადარდებს და უფსკრულის პირას, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვების გადარჩენაზე ფიქრობს.
 
პ.ს ბლოგის წერას ვამთავრებდი, რომ ერთმა არც ისე პატარა გოგომ თავისი მეგობრისთვის თხზულების დაწერა მთხოვა – მასწავლებელს თავისუფალი თემა მიეცა: “რა არის მამული?”. დავიბენი, მაგრამ მაინც დავპირდი, რომ დავეხმარებოდი, დავჯექი და დავწერე ისე, როგორც ვფიქრობდი. ისევ ჰოლდენი გამახსენდა – პანსიონის მეწყვილე სტრედლეიტერი “ოთახზე” ესეს დაწერას რომ სთხოვს, ეს კი თავისი გარდაცვლილი ძმის – ელის ხელთათმანზე დაუწერს. სტრედლეიტერი უკმაყოფილო დარჩება, ჰოდა, ჰოლდენიც სულ ნაკუწებად აქცევს თავის თხზულებას… ჩემს უმცროს მეგობარს გავუგზავნე პატარა ტექსტი თემაზე, რა არის ჩემთვის “მამული”. მომწერა: “კომუნისტკაა, აუ, რაღაცნაირი ქალია და რაღაცნაირად აზროვნებს”.
ასეც ვიცოდი.

მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობა და შესაფერისი უნარების ფორმირება

0
დღეს სასკოლო სისტემაში არსებობს ისტორიის მრავალი სახელმძღვანელო და ტექსტი, რომელთა წაკითხვისას მოსწავლე აწყდება ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაციას და ებადება კითხვები: სად არის სიმართლე? ვის დაუჯეროს? რა მოხდა სინამდვილეში? ამიტომ არის, რომ თუ ისტორიის შესახებ წარმოდგენა დაეფუძნება მხოლოდ რეპროდუქტიულ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე სასკოლო სახელმღვანელოებიდან იღებს, იგი შემდეგშიც ადვილად „გაერთობა” „ახალი ტექნოლოგიებით” და მსგავსი ინტერპრეტაციებით. ასე რომ არ მოხდეს და მოსწავლეს „სწორი ხედვის” უნარი განუვითარდეს, საჭიროა სასკოლო სახელმძღვანელოების მეთოდურად უფრო მეტად გამართვა. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისტორიის როგორც მეცნიერების სპეციფიკა, რომლის თანახმად, ისტორიკოსი თავდაპირველად იკვლევს მიღებულ არტეფაქტებსა და ტექსტებს (ანუ ისტორიულ წყაროებს) და ამ კვლევის საფუძველზე აღადგენს წარსულის სურათს, მერე კი საკუთარი რეკონსტრუქციის შედეგების მიხედვით მოქმედებს. ამის კვალობაზე, აუცილებელია ვაჩვენოთ მოსწავლეს, როგორ ხდება ისტორიული ცოდნის „მოპოვება”. ეს მიზანი უნდა გასდევდეს ისტორიის სახელმძღვანელოს ყოველ იმ პარაგრაფს, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მუშაობს ისტორიკოსი, როგორ იქმნება ისტორიული ცოდნა. მოსწავლეს უნდა დავანახვოთ:

ა) რომ ისტორიული ცოდნა ისტორიკოსის მოღვაწეობის პროდუქტია და არა „ჭეშმარიტებისუკანასკნელი ინსტანცია”;

ბ) როგორ მუშაობს ისტორიკოსი, როგორ ქმნის, როგორ აღადგენს წარსულის სურათს, როგორ აღწერს მას ისტორიულ ტექსტებში და რატომ არის ზოგჯერ ეს ტექსტები ურთიერთსაწინააღმდეგო, ანუ გავაცნოთ მოსწავლეს ისტორიის კვლევის საშუალებები.
მაგრამ ეს მიზანი, თავის მხრივ, მოითხოვს ისტორიის მთელი სასკოლო კურსის იმგვარად აგებას, რომ მოსწავლე გარკვეულწილად ისტორიკოსი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებს ნაკლებად სისტემატიზებული, პრაქტიკაში ძნელად გამოსაყენებელი და ნაკლებად გასაგები ცოდნის გროვას.

ამ პრობლემას, სისტემურ-გონებრივი აქტივობის საფუძველზე, ეფექტურად აგვარებს სასწავლო მოდელები, რომლებიც შემუშავებულია აზროვნებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ფორმის ანალიზისა და აღწერისთვის. ისინი ერთგვარი ბაზისია მოდიფიცირებული მოდელებისთვის, რომლებსაც იყენებენ სასკოლო განათლების დაწყებით და საშუალო საფეხურებზე (აქ, უპირველესად, გამოიყენება განმავითარებელი სწავლების სისტემები, გონებრივი აქტივობის, კონფიგურაციის, რეფლექსიისა და სხვა სქემები)

საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსი ითვალისწინებს კვლევით სამუშაოებს, გულისხმობს:

● მოსწავლეთა ცოდნის „ბანკს” – საჭირო ინფორმაციების ქსელს (აუცილებელობის დროს); 

● გამოცდილების შეძენას – რა და როგორ გააკეთოს კვლევითი ხასიათის დავალების შემთხვევაში, პრობლემის გამოკვეთიდან მიღებული შედეგების პრეზენტაციამდე;

● პირადი დამოკიდებულების გაჩენას კვლევის ობიექტისა და მიღებული შედეგების მიმართ (რეფლექსიური აზროვნების ჩათვლით); საკუთარი ქმედების ემოციურ-ზნეობრივი შეფასების უნარს;

● საჭირო შედეგებისთვის ეფექტური კომუნიკაციის მიღწევას.

ზემოთქმული მოდელების საფუძველზე პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად, შემუშავდება დავალებები და სათანადო ინსტრუქცია, მეორე ეტაპზე კი, ამ დავალებების სასწავლო პროცესში ჩასართავად, შემუშავდება შესაბამისი საშუალებები და სასწავლო პროცესის ჩარჩოში მათი გამოყენების მეთოდიკაც (რაც შეეხება მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ორგანიზების აუცილებლობას, მათ მნიშვნელობაში არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ ასეთ დროს ძირითადად იგულისხმება უფროსკლასელებისა და სხვა მოსწავლეთა კლასგარეშე კვლევითი საქმიანობა).
კვლევითი მეთოდი
 

კვლევითი მოღვაწეობის ცნება გულისხმობს მოღვაწეობას, რომელშიც მკვლევარი აღწერს კვლევის საგანს განსაზღვრული კატეგორიების დახმარებით და მოდელებს კვლევის ობიექტზე ინფორმაცის მისაღებად, რომელი ცოდნაც მას ადრე არ გააჩნდა, ხოლო ტერმინი „ისტორიული კვლევის ობიექტი” მოიაზრებს ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის „კვალს”, რომელიც ისტორიულ წყაროდ განიხილება. ასეთი კვლევის მიზანია კვლევის ობიექტის აღდგენა/რეკონსტრუქცია ანუ წარსულის იმ მომენტის რესტრუქტურიზაცია, რომელსაც მიეკუთვნება მოცემული ისტორიული წყარო.

პედაგოგიურ პრაქტიკაში ამგვარი დავალების გამოყენების შემთხვევა არც ისე ცოტაა, მაგრამ ასეთ დროს ისტორიული დოკუმენტები მეტწილად ილუსტრაციის ფუნქციას ასრულებს, კითხვების ავტორი მკვლევრის პოზიციას იკავებს, მოსწავლე კი მხოლოდ შემსრულებელი რჩება.
ისტორიული კვლევისას პრაქტიკაში შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი ეტაპები:

1. კვლევის საგნის შერჩევა – ეს არის ისტორიული წყარო, რომელზეც აიგება წარსულის სურათი (VI კლასში ამ ეტაპს ასრულებს მასწავლებელი);

2. კვლევის საგანის აღწერა – ამ ეტაპის ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ელემენტის (დეტალის), მათი ნიშნებისა და მორფოლოგიური კავშირების გამოყოფა [ამ ეტაპს ეწოდება „ანალიზი”; ამ დროს მოსწავლის ძირითადი ინსტრუმენტია კითხვები: „რა?” „სად?” „რამდენი?” „როგორ?” – და სხვ. მათი მეშვეობით მოსწავლეები ზედმიწევნით გამოყოფენ და აღწერენ იმას, რაც საქმის ფაქტობრივ მხარედ მიაჩნიათ];

3. მომდევნო ეტაპი მიმართულია მიზეზშედეგობრივი (გენეტიკური) და ფუნქციური კავშირების გამოვლენისკენ. მთავარი კითხვებია: „რატომ?” „რისთვის”? – და ა.შ. ამ ეტაპის შედეგია ინტერპრეტაცია, ჰიპოთზა, ანუ ხდება სინთეზი.

მოსწავლეს, რათა დამოუკიდებლად განახორციელოს კვლევითი საქმიანობა, უნდა შეეძლოს:

◊ კვლევის საგნის აღწერა და რაც შეიძლება მეტი დეტალის გამოყოფა;
◊ შესაბამისობათა დანახვა (საკუთარ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის);
◊ ინტერპრეტაცია, ჰიპოთეზების წამოყენება (რომლებიც ხსნის ამ შესაბამისობას);
◊ იმის დანახვა, მისი პიპოთეზებიდან რომლები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, მერე კი ამოარჩიოს ისინი, რომლებიც არ არის ურთიერთსაპირისპირო და რომლებიც ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურებს ქმნის.

მაგალითი: სასწავლო პროცესის დაწყებით საფეხურზე (VI-VII კლასებში) გამოსაყენებელი მეთოდები, საშუალებები და ხერხები

აღნიშნული სამუშაო შედგება 3 ეტაპისგან: I – ამ ეტაპზე კვლევის საგნად გამოიყენება გამოსახულება (ფოტოსურათი, ნახატი); II – საგნები, ნივთიერი მასალა – არქეოლოგიური არტეფაქტები (საგნები) და არქეოლოგიური ძეგლების აღწერა; III – წერილობითი ისტორიული წყაროები.

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ პირველი ეტაპი:

I ეტაპი. მაგალითი – „სურათი”
1-ელი ნაბიჯი: ამ ეტაპის მიზანი და ამოცანაა მოსწავლეებისთვის პრობლემის წარმოჩენა.
პრობლემა: ისტორიკოსი შეისწავლის ადამიანების წარსულს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა იმის  შესწავლა, რაც უკვე აღარ არის და რაზეც უშუალოდ დაკვირვება უკვე შეუძლებელია?
დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ვთავაზობთ სააზროვნო ექსპერიმენტს: აღადგინონ უახლოესი წარსული, მაგალითად, კვირის ერთი დღე (თუნდაც რამდენიმე დღის წინანდელი). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოუთხრონ, რა ხდებოდა კლასში, სკოლაში ამ დღეს. კვლევისას მალე გახდება თვალსაჩინო, რომ „თვითმხილველთა” – მოსწავლეთა – მონათხრობში ბევრი სხვადასხვაობა იქნება არა მარტო განვლილი დღის შეფასების, არამედ იმ კუთხითაც, რა ხდებოდა, საერთოდ, იმ დღეს. შედეგი, დასკვნა, რომელსაც გამოიტანენ მოცემული სააზროვნო ექსპერიმენტის საფუძველზე, და თავად თვითმხილველის მონათხრობიც კი ვერ შექმნის ობიექტურ, სრულფასოვან სურათს. ასეთი სურათის აღსადგენად საჭიროა სხვა წყაროებიც, რომლებიც უნდა გამოვიკვლიოთ, შევადაროთ, შევუპირისპიროთ ერთმანეთს. მიღებულ დასკვნას ამყარებს ვიზუალური სქემაც – „დროის ხაზი”:
სქემა: დროის ხაზი

სქემაზე, რომელიც „თანამედროვე” ეპოქას გამოხატავს, გამოისახება ისტორიკოსი, რომელსაც წარსულის გაცნობა სურს. ის მას ვერ ხედავს (ვერტიკალური ხაზი „კედელია”, რომელიც წარსულს თანამედროვეობისგან გამოყოფს), მაგრამ ამ წარსულმა ჩვენ დაგვიტოვა ადამიანური მოღვაწეობის „კვალი”. ამ „ნაკვალევის” შესწავლით კი ისტორიკოსი აღადგენს წარსულის სურათს.
მე-2 ნაბიჯი. ამ ეტაპის მიზანია, მივცეთ ბავშვებს ისტორიული წყაროს გამოკვლევის პირველი გამოცდილება. მათ ვთავაზობთ, ცოტა ხნით „ისტორიკოსებად” იქცნენ და გამოიკვლიონ ძველი ფოტოსურათი როგორც ისტორიული წყარო (სურ. 1). 
 სურ. 1
(ისეთი ისტორიული წყარო, როგორიც ფოტოა, ისტორიული კვლევის პირველი გამოცდილების შესაძენად შემთხვევით არ არის აღებული – ლიტერატურის გაკვეთილებიდან მოსწავლეებს უკვე აქვთ სურათის აღწერის გამოცდილება. დავალების გასაადვილებლად შერჩეულია ფოტოთემატიკაც: მოსწავლეთათვის ნაცნობი სიუჟეტი – მოსწავლეები და სასწავლო დაწესებულება).

მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებად (3-4 ბავშვი). ჯგუფური დავალება ასეთი შინაარსისაა: თქვენ წინაშეა საგანი, რომელიც, ცხადია, წარმოადგენს ისტორიულ წყაროს: შეეცადეთ გაიგოთ, რა არის აღბეჭდილი მასზე, მერე კი გვიამბეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, იმ დროის შესახებ, რომელსაც ეს წყარო მიეკუთვნება.

მოსწავლეები ერთხანს დამოუკიდებლად მუშაობენ ჯგუფებად, მერე კი იწყება განხილვა: კვლევის შედეგების აუდიტორიისთვის გასაცნობად ჯგუფები ირჩევენ მომხსენებელს, დანარჩენები კი მას კითხვებს უსვამენ. კითხვების წრეს არეგულირებს მასწავლებელი. მაგალითად, კითხვებით შეიძლება მოსწავლეებმა დააზუსტონ მათთვის გაუგებარი ზოგიერთი დეტალი. ასეთი „შეზღუდვა” ბუნებრივია, რადგან მოსწავლეები, რომლებიც იკვლევენ ერთსა და იმავე ფოტოს, თითქმის ყოველთვის დავობენ მეორე ჯგუფის განსხვავებული ინტერპრეტაციის მოსმენისას. მიუხედავად „შეზღუდვისა”, შესაძლოა, ამა თუ იმ საკითხზე კამათი მაინც გაჩაღდეს, რადგან ბავშვებს ხშირად ერევათ ერთმანეთში ფაქტები და მათი ინტერპრეტაცია ან სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სურათს.

მოვიყვანოთ მაგალითი, როგორი შეიძლება იყოს მოსწავლეთა კვლევის ზოგიერთი შედეგი მოცემული სურათის მიხედვით:

◊ ეს ან სამხედრო სასწავლებელია, ან სკოლა;
◊ ისინი სწავლობენ ანატომიას;
◊ მოჩანს დაფა;
◊ მარჯვენა კუთხეში რუკაა;
◊ სკოლას რაღაც კავშირი აქვს ტაძართან, რადგან აქ მღვდელია;
◊ ეს სკოლაა, რადგან მოჩანს მსოფლიოს რუკა, სახაზავი, მასწავლებელი და რაღაც ვიდეოკამერის მსგავსი;
◊ ცენტრში ზის ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებელი;
◊ შემოდგომაა, რადგან ხეები აღარ ყვავის და ბავშვებს თბილად აცვიათ. და რაკი ეს შემოდგომაა, სწავლაც შემოდგომით იწყება – სასწავლო წლის დასაწყისი რომ არ იყოს, ისე სურათს არ გადაიღებდნენ;
◊ რაკი სურათი შავ-თეთრია, ე.ი. მაშინ ფერადი ფოტო ჯერ კიდევ არ არსებობდა.
მე-3 ნაბიჯი. აქ დავალებაა:
1. ვასწავლოთ ბავშვებს ფაქტების გარჩევა და მათი ინტერპრეტაცია;
2. ვასწავლოთ კვლევის საგნის ისე აღწერა, რომ არაფერი გამოტოვონ.
VI-VII კლასის მოსწავლეებისთვის ჯერ კიდევ ძნელი მოსახელთებელია კატეგორიები: „ფაქტი”, „ინტერპრეტაცია” და „ჰიპოთეზა”, – ამიტომ მასწავლებელი იყენებს ასეთ ხერხს: თავდაპირველად ბავშვებს ვასწავლით კატეგორიებს „ხილული”, „დანახული” და „უხილავი” – რაც არ მოჩანს, ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხვდებით, შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი არსებობა. ამის შემდეგ მოსწავლეები ადვილად დაძლევენ ხოლმე დავალებას. 
სავარჯიშოდ მოსწავლეებს ასევე შეგვიძლია მივცეთ რაიმე სურათი (ან რეპროდუქცია) და ამ სურათის (ან რეპროდუქციის) აღწერილობა. ვთხოვოთ მათ, მიანიშნონ, რომელ წინადადებაში აისახება „ხილული” და რომელში – „უხილავი”. მაგალითად, ასეთი სურათი (სურ. 2):
 
სურ. 2
კვლევის საგნის აღწერის უნარის განსავითარებლად მოსწავლეებს მიეცემათ სხვა დამხმარე დავალებაც – სურათის აღწერა და თამაშები. მაგალითად, ერთ მოსწავლეს შეგვიძლია მივცეთ სიმბოლო/ნიშანი (ქალაქის გერბი, ემბლემა…) ისე, რომ დანარჩენებმა ეს გამოსახულება ვერ დაინახონ. მოსწავლემ ხმამაღლა ისე უნდა აღწეროს საგანი, რომ სხვებმა მისი დახატვა შეძლონ, მერე დახატული შეადარონ ორიგინალს და დაინახონ წყაროების დემონსტრირების შედეგებიც – რამდენად განსხვავდება აღწერილობის მიხედვით შექმნილი საგნის ასლი, საუკეთესო აღწერის შემთხვევაშიც კი, ორიგინალისგან.

ამ სავარჯიშოების შემდეგ მოსწავლეებს უკეთესად შეეძლებათ ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, ფაქტებისა და ინტერპრეტაციის გარჩევა.
მე-4 ნაბიჯი: ამ ეტაპის ამოცანაა „ხილულის” საფუძველზე „უხილავის” აღდგენა ანუ საკუთარი ჰიპოთეზის წამოყენება. ამისთვის საჭიროა კითხვა, რომელიც მოსწავლეებს გაუჩნდებათ შეუსაბამობის დანახვისას აღწერილობასა და იმას შორის, რაც თვალით დაინახეს.

ამგვარი შეკითხვები სპონტანურად წარმოიშობა და ამიტომ ცოტაა. სამაგიეროდ, შეიძლება ბავშვებს შევთავაზოთ გამოკითხვის სპეციალური ფორმა: „რატომ… და არა…” „რისთვის… რადგან…”

პირველ შემთხვევაში ვთავაზობთ ორ ვარიანტს: ან ურთიერთსაპირისპიროს, ან ადვილად გასაგებს. მაგალითად, „ბიჭუნა-გოგონა” (შეპირისპირება), „შემოდგომა-ზაფხული” (შერეული ვარიანტი). 

მასწავლებელი, ეს შეუსაბამობა უკეთ რომ დაანახვოს, მოსწავლეებს მოცემული შემთხვევის მიხედვით სთავაზობს:
ა) უპასუხონ კითხვას: რატომ დგას მღვდელი ცენტრში და არა განაპირას? რატომ არის მათემატიკური ატრიბუტები წინა პლანზე და არა უკან? რატომ არიან მოსწავლეები მხოლოდ ვაჟები?

ბ) ამის შემდეგ გადადის სხვა ტექნიკაზე: თითოეულ გამოყოფილ ელემენტს (ანუ რასაც „ხედავენ”, „აღიქვამენ”) დაუსვან კითხვა: „რატომ არის ასე და არა სხვაგვარად?”

გ) ბოლოს კი უპასუხონ სხვა კითხვებს, მაგალითად: „რატომ არის მათემატიკის სიმბოლო ანუ საგანი წინა პლანზე?” „იმიტომ რომ მათემატიკას სხვებზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ”.

ამის შემდეგ მოსწავლე აბსტრაქტულიდან გადადის კონცენტრაციაზე და საამისოდ პასუხი „შებრუნდება” შეკითხვად: „რატომ ითვლებოდა მათემატიკა ყველაზე მნიშვნელოვან საგნად?” „ალბათიმიტომ, რომ ამ სკოლაში ინჟინრებს ამზადებდნენ და არა ისტორიკოსებს და იურისტებს”.
მე-5 ნაბიჯი: ასეთი გავარჯიშების შემდეგ მოსწავლეებს შეიძლება მიეცეთ რეფლექსიის საშუალება: „წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მოვიდა უმცროსკლასელი და გეკითხებათ, რას ნიშნავს ისტორიული წყაროს გამოკვლევა. თქვენი ამოცანაა, აუხსნათ მას იმ ცოდნის საფუძველზე, რაც გაქვთ”.

შეიძლება, რეფლექსიის ამ ფორმას მიეცეს ჯგუფური მუშაობის სახეც, რომელსაც მასწავლებელი წარმართავს და შეავსებს. შედეგად მოსწავლეები შექმნიან ერთგვარ ინსტრუქციას: „როგორ გამოვიკვლიოთ ისტორიული წყარო”. მას შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ასეთი ფორმა:
 
ინსტრუქცია

 როგორ გამოვიკვლიოთ ისტორიული წყარო

1. ვსვამ  კითხვას: „რას ვხედავ?”, – მერე კი გამოვყოფ იმას, რასაც „ვხედავ”, ანუ გამოვყოფ „ხილულს” და ვაფიქსირებ მას (მაგალითად, ვხედავ აგურის სახლს, მაშასადამე, ამ დროს სახლს აგებდნენ აგურისგან). იმას, რასაც „გამოვყოფ”, დავუსვამ ცალკე შეკითხვას: „რატომ არის ასე და არა სხვაგვარად?” ამ კითხვებზე პასუხით კი აღვადგენ „უხილავს”, რაც შეიძლება ვიგულისხმოთ (ანუ წამოვაყანებ ჰიპოთეზას).

2. ამ ინსტრუქციით განვაგრძობ კითხვების დასმას და ვცდილობ, ჩემი პასუხი (ჩემი ჰიპოთეზა) გადავაქციო კითხვად, მერე კი ვპასუხობ მას:

კითხვა: „რატომ არის, რომ საგნები – მათემატიკის სიმბოლოები – სურათის ცენტრშია და არა  უკან ან გვერდით?” 
პასუხი: „იმიტომ, რომ აქ მათემატიკა ითვლებოდა ყველაზე მნიშვნელოვან საგნად”.
კითხვა: „რატომ ითვლებოდა მათემატიკა ყველზე მნიშვნელოვან საგნად?” 
პასუხი: „იმიტომ, რომ ამ სკოლაში ინჟინრებს ამზადებენ და არა იურისტებს და ისტორიკოსებს”.

3. ამის შემდეგ იმდენჯერ ვიმეორებ 1-ელ და მე-2 პუნქტებში აღწერილ პროცედურას, რამდენ „ხილულ” დეტალსაც (ელემენტს) დავინახავ.

4. ვამოწმებ, მაქვს თუ არა ურთიერთსაწინააღმდეგო ჰიპოთეზები; თუ შემიძლია „ხილულის” დახმარებით ერთ–ერთი მათგანის დამტკიცება, მაშინ სხვას ხაზს გადავუსვამ, მაგრამ თუ ორივეს დამტკიცება შემიძლია, დავიტოვებ ორივეს.
ამ ინსტრუქციის საფუძველზე მოსწავლეები მიიღებენ ახალ დავალებას: „აღწერეთ რომელიმე ისტორიული სურათი როგორც ფოტოწყარო”. შეფასებისას სასურველია, მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილოს შემდეგ მომენტებზე:

ა) „დანახული” ფაქტების რაოდენობაზე;
ბ) ჰიპოთეზების რაოდენობაზე (რაც ვერ დაინახეს, მაგრამ „იგულისხმეს”, ის, რაც შეიძლება იყოს სურათის კონტექსტი); 
გ) ყოველი სავარაუდო „დეტალის” დასაბუთებასა და ახსნაზე მისი მსგავსი ხილული მაგალითებით;
დ) ჩამოყალიბებულ და გამართულ მეტყველებასა და მსჯელობაზე.
დასასრულ, მასწავლებელი შეაჯამებს მოსწავლეთა მუშაობის შედეგებს. აღნიშნავს, რა შეიძინეს მათ ისეთი, რაც შეიძლება მომავალი მუშაობის მოტივად იქცეს. მიღებული გამოცდილება კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, მომავალში საკუთარი გამოცდილების ხარჯზე შექმნას ცოდნა, რაც საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია.

ჩვენ (ი) და დედა- დედამიწა

0

დედამიწა… ვისთვის – მამული და მამა-პაპის საძვალე, ვისთვის – ტალახი და ფეხის მტვერი; ვისთვის – თვალუწვდენელი სამყარო და ვისთვის – მტვრის ნაწილაკი…

მიწა, თიხის, ნეშომპალას, წყლისა და მინერალების ეს ნაზავი, რატომ მივიჩნიეთ ასე ახლობლად, რატომ გავაიგივეთ დედასთან და დავარქვით „დედამიწა”? ალბათ იმიტომ, რომ დედა არც მარტო მშობელია და არც მარტო აღმზრდელი – დედა ორივეა. ასეა დედამიწაც. დედამიწაზე იშვა ჩვენ გარშემო მყოფი ყოველი სულიერი თუ უსულო და მთელი სიცოცხლე მის ძუძუს წოვს. პირველი ადამიანიც თიხისგან გამოძერწეს, როგორც ამბობენ…

კიდევ რით ჰგავს დედამიწა დედას? მასაც დედაჩვენებივით დიდი გული აქვს, რომელიც უამრავ დარდს, ნაღველსა თუ მრისხანებას იტევს… იგი მთელ ჩვენს ამქვეყნიურ ვარამს საგულდაგულოდ მალავს გულის სიღრმეში ჩვენი თვალისთვის მოსარიდებლად…

ჩვენც, ხავსსა თუ ბაობაბებს, ღრმად გაგვიდგამს ფესვები მის წიაღში და ხარბად ვეწაფებით მისი მკერდის ნაჟურს; ნადირი თუ ადამიანი, ამაყად დავაბიჯებთ მის მკერდზე და ჩვენად მიგვაჩნია მთელი სამყარო – ვიგონებთ წესებსა და კანონებს, ვიძლევით ბრძანებებს, რეკომენდაციებს, ვაწესებთ მორალს, რათა უფრო უკეთ და მეტხანს ვიბატონოთ, მაგრამ დედამიწას ორივე ხელით ისე ვართ ჩაფრენილი, როგორც უსუსური ჩვილი – დედის მკერდს. ფრინველებმა ისწავლეს ზეცაში აჭრა, მაგრამ დედამიწას მოწყვეტილებს მხოლოდ მოკლე ხანს შეუძლიათ ნავარდი; ბოლოს, დაღლილები და მოშივებულები, ისევ მის მკერდზე დაეშვებიან. მუდმივი ბუდე-სამკვიდროც დედამიწაზე აქვთ…

ჩვენც, ადამიანებს, დედამიწის ყველაზე გონიერ, ძლიერ, საზრიან შვილებს, მის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია. ვერანაირი სამრეწველო-ტექნოლოგიური პროგრესი, ცათამბჯენები, უზარმაზარი, რობოტიზებული ქარხნები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები თუ სხვა ციფრული ტექნიკა, რომლის შესაძლებლობები, უკვე მრავლისმნახველებს, უფრო და უფრო განგვაცვიფრებს, ვერ შეგვიცვლის დედამიწას. ამერიკელები და ევროპელები ისეთივე იმედით დავცქერით მიწაში გაღვივებულ ხორბლის მარცვალს, როგორც მავრები ან ზულუსები… და ამ ჩვენი სარჩო-საბადებლის მოპოვებისას ნებით თუ უნებლიეთ რამდენ იარას ვაყენებთ ჩვენს გამჩენ-მასაზრდოებელს…

ეკოლოგები დღეს ბევრს ხმაურობენ. მათი დამსახურებით დედამიწის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ხის მოჭრა ცუდია, რომ ქარხნების, ფაბრიკების, ქალაქების გამონაბოლქვი ადრე თუ გვიან მწარედ გვანანებინებს… ეკოლოგიური უსაფრთხოების ექსტაზში შესულები, ზოგჯერ ქიმიის წინააღმდეგაც ილაშქრებენ, ჩნდება პროდუქციის „ახალი” სახეობა – „ბიოპროდუქტი”. მაგრამ…

მოდი, სოფლის განაპირას მდგომ ერთ მაჟალოს დავაკვირდეთ. სანამ ზამთარია, მშვიდად დაყუდებულა და ტკბილ ძილს მისცემია. გაზაფხულზე, ბუნება რომ გამოიღვიძებს, მის ძარღვებშიც ამოძრავდება წვენი. ჰაერიდან – ნახშირორჟანგითა და წყლით, ხოლო ნიადაგიდან – მაკრო- თუ მიკროელემენტებით ივსება. ასე გრძელდება გვიან შემოდგომამდე. შემოდგომაზე მცენარე ისევ მოსასვენებლად ემზადება. ფოთლები და ნაყოფი დედამიწაზე ცვივა. ნაყოფი წვრილია და ისეთი მჟავე, ყვავს დააჩხავლებს, ამიტომ არავინ ეკარება და იქვე, ხის ძირას, უწერია დალპობა და ნეშომპალასთან შეერთება. მოდი, ახლა ამ მოვლენას „ქიმიური” თვალით შევხედოთ. საიდან გამოისხა მცენარემ ფოთლები და ნაყოფი? ერთისთვისაც და მეორისთვისაც „საშენი მასალა” მოლეკულებია, მოლეკულებისთვის კი – ელემენტები. ეს ელემენტები ხემ ფესვებით შეიწოვა ნიადაგიდან და ქიმიური გარდაქმნების შედეგად ფოთლებსა და ნაყოფში დააგროვა გვიან შემოდგომამდე, ზამთრისპირზე კი ნასესხები უკან დააბრუნა. სწორედ ეს არის, ქიმიური ტერმინი რომ მოვიშველიოთ, წონასწორობა.

მოდი, ახლა იმ თურაშაულს შევხედოთ, ჩვენს ბაღში რომ ხარობს. ის ისევე იქცევა, როგორც მაჟალო, მაგრამ განსხვავებულია ჩვენი ქცევა – მის ლოყაწითელა ვაშლს დაცვენას და დალპობას არ ვაცდით, შინ მიგვაქვს და ამით მკაცრად ვარღვევთ ბუნებრივ ეკოლოგიურ წონასწორობას.

ფერმერი დაინტერესებულია, ერთ ჰექტარზე ათი ტონა მოსავალი მიიღოს. ეს მისთვის ეკონომიკური სტიმულია. ჩვენც, მისი ხელის შემყურენი, ბევრს ვუკიჟინებთ – ათი ტონა მოსავალი დიდი სტიმულია ჩვენი დამშეული კუჭისთვის. და ასე მიგრირებს მოსავალი სოფლიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან  კონტინენტზე. მაგრამ ეს ათი ტონა მოსავალი ათი ტონა ქიმიური ელემენტია, რომელიც წელს ერთი ადგილიდან ავიღეთ და სხვაგან გადავიტანეთ. რა მოხდება გაისად? ჩვენი მოთხოვნა არ მცირდება, ფერმერის ინტერესიც უცვლელია… რა ქნას ნიადაგმა? ის ჩვენს მოთხოვნებსა და კანონებს არ ემორჩილება, მისთვის ქიმიური წონასწორობის კანონია უზენაესი. მასაც სჭირდება კვება, რაც „ქიმიის” გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ამაზე დაწვრილებით მომდევნო ბლოგში ვისაუბროთ, ახლა ამით დავასრულებ:

დედები გულუხვნი არიან, მაგრამ არა უშრეტნი… დედები უთქმელნი არიან, მაგრამ არა უგრძნობნი… ასეა დედამიწაც. ის ხომ ყველაზე დიდი დედაა… მასაც სჭირდება „დაშაქრული მარწყვი”.

 

განმავითარებელი შეფასების განხორციელების სტრატეგიები და მეთოდები

0

 

განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებია:

  1. სასწავლო მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების ცხადად ჩამოყალიბება, გაზიარება და გააზრება მოსწავლეებთან ერთად;
  2. ეფექტური საკლასო დისკუსიების, შეკითხვების, აქტივობებისა და დავალებების აგება, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ და მკაფიოდ წარმოაჩინონ ფაქტები სწავლის შესახებ;
  3. მოსწავლეებისთვის ისეთი უკუკავშირის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წინსვლას;
  4. საკუთარ სწავლაზე მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაზრდა;
  5. მოსწავლეთა გააქტიურება, რომ ერთმანეთისთვის სასწავლო რესურსის როლი შეასრულონ.

მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა აწვდიდეს ცხად, აღწერით, კრიტერიუმებზე დაფუძნებულ უკუკავშირს, რომელიც მათ მკაფიოდ აუხსნის:

  • “სად” არიან ისინი ამჟამად განვითარების საკუთარ ტრაექტორიაზე;
  • რით განსხვავდება მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებზე მათი პასუხები დასახულ მიზნებში ნაგულისხმები (სანიმუშო) პასუხებისგან;
  • როგორ შეიძლება წაიწიონ წინ, დასახული მიზნისკენ.

მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მიწოდებული უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული, საკმაოდ დეტალური და მოიცავდეს რეკომენდაციებსაც იმის თაობაზე, როგორ წაიწიოს წინ, მიზნისკენ, მოსწავლემ, როგორ “ისწავლოს სწავლა”. მოსწავლეები გაცილებით მეტ სარგებლობას მიიღებენ უკუკავშირისგან, თუ იგი ფოკუსირებული იქნება დავალებაზე და არა ნიშნებზე ან ქულებზე; ახსნის, რატომ არის მართებული ან მცდარი ესა თუ ის დებულება ან მოქმედება; დაკავშირებული იქნება სწავლის მიზნებთან, ცხადად წარმოაჩენს, რა არის უკვე მიღწეული და რა – ჯერ კიდევ მიუღწეველი; მოიცავს სპეციფიკურ სტრატეგიებს შედეგების გასაუმჯობესებლად.

განმავითარებელი შეფასების განხორციელებისთვის საჭიროა შესაფერისი აქტივობების შერჩევა ან შექმნა. ცხრილში წარმოდგენილია ის აქტივობები თუ დავალებები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში საკლასო შეფასების მიზნით.

ნოზ1

დავალებათა ნიმუშები:

  • დავალება დაკავშირებაზე – მარცხენა სვეტის ყოველი რიცხვი ისრით დააკავშირეთ მარჯვენა სვეტში მოთავსებულ იმ სიტყვასთან, რომელიც შერჩეული რიცხვის თვისებას გამოხატავს:

 

12 იყოფა 5-ზე

 

7

 

ლუწია
15 კენტია

 

 

  • ნახატის/სქემის დაჭდევება/დასათაურება – დააწერეთ მრავალკუთხედის ისრით მითითებულ ელემენტებს თავისი სახელები:

ნოზ2

  • ექსპერიმენტი – მასწავლებელი აკვირდება, როგორ მოქმედებს მოსწავლე (მაგალითად, “მიუკერძოებლად” აგდებს მონეტას და სწორად ავსებს შესაბამის ცხრილს) მონეტის მრავალჯერადი აგდების ექსპერიმენტში, რათა გამოთვალოს “გერბის” მოსვლის სიხშირე.
  • გაზომვა – მასწავლებელი აკვირდება, როგორ მოქმედებს მოსწავლე (სახაზავის “ნულოვან” დანაყოფს შეუთავსებს გასაზომი საგნის ერთ ბოლოს და აფიქსირებს სახაზავზე საგნის მეორე ბოლოს შესაბამის რიცხვს, როგორც გაზომვის შედეგს), რათა გამოთვალოს მართკუთხა საგნის პერიმეტრი. ქვემოთ მოყვანილია ცხრილი მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგების აღრიცხვისთვის.

 

გაზომვის შესრულებაზე დაკვირვების შედეგების აღრიცხვის ცხრილი

ნოზ3

0 = წარუმატებელი მცდელობა

+ = წარმატებული მცდელობა

  • ინტერვიუ მოსწავლესთან – მასწავლებელი მართავს მოკლე ინტერვიუს მოსწავლესთან ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელების საშუალებით, რათა გაარკვიოს, რა იციან მოსწავლეებმა კუთხეების შესახებ (ტოლობა, მეტნაკლებობა, მახვილი-ბლაგვი-მართი).

უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ სადიაგნოსტიკო ინტერვიუს არსსა და მისი ჩატარების პროცედურაზე.

ინტერვიუ არის მასწავლებლის პირისპირ საუბარი ბავშვთან იმისთვის, რომ უკეთ გაიგოს, რას ფიქრობს ის რომელიმე კერძო საკითხის შესახებ, რა ხერხებს იყენებს ამოცანების ამოხსნისას ან რა დამოკიდებულება აქვს სასწავლო მასალის მიმართ. ინტერვიუ შეიძლება გაგრძელდეს სულ 5-10 წუთი.

ინტერვიუს აქვს ისეთი ინფორმაციის გამომჟღავნების პოტენციალი, რომელსაც მასწავლებელი სხვა გზით ვერ მიიღებს. ინტერვიუ კლასში მხოლოდ რამდენიმე ბავშვს უნდა ჩაუტარდეს და არა ყველას. მასწავლებელმა გაკვეთილზეც კი შეიძლება გამართოს ინტერვიუ რომელიმე მოსწავლესთან, სანამ სხვები დავალებაზე მუშაობენ.

ყველაზე ცხადი მიზეზი ინტერვიუს ჩასატარებლად ის არის, რომ მასწავლებელს სჭირდება მეტი ინფორმაცია ბავშვის შესახებ – მაგალითად, როგორ აგებს იგი მათემატიკურ ცნებას ან როგორ ასრულებს მათემატიკურ პროცედურას. მეორე მიზანი იმ ინფორმაციის მოძიებაა, რომელიც მასწავლებელს სწავლების ხერხებისა და საშუალებების შერჩევაში ან სწავლების მეთოდების ეფექტიანობის შეფასებაში დაეხმარება. მაგალითად, მასწავლებელისთვის არსებითია იმაში დარწმუნება, რომ მოსწავლე მექანიკურად კი არ ასრულებს სავარჯიშოებს წილადებზე, არამედ კარგად ესმის წილადების ტოლობა. ნათელია, რომ მასწავლებლის საკორექციო მუშაობა ბავშვთან გაცილებით წარმატებული იქნება, თუ მას ბავშვის პრობლემების რაობასთან ერთად მათი მიზეზებიც ეცოდინება.

 

ინტერვიუს დაგეგმვა

არ არსებობს საყოველთაო რეცეპტი ინტერვიუს დაგეგმვისთვის. მასწავლებლის მოხერხებულობა წარმატებული ინტერვიუს გასაღებია. მიუხედავად ამისა, ინტერვიუს დაწყებამდე მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მისი ზოგადი გეგმა, აგრეთვე ძირითადი შეკითხვები და ინტერვიუს ჩასატარებლად საჭირო მასალები.

მასწავლებელმა ინტერვიუ უნდა დაიწყოს ადვილი შეკითხვით ან ისეთი შეკითხვით, რომელსაც ბავშვი სავარაუდოდ უპასუხებს – მაგალითად, რომელიმე პროცედურის (ვთქვათ, რიცხვების შეკრების ან შედარების) შესრულება. როცა ბავშვი დაასრულებს, სთხოვეთ ნამუშევრის განმარტება: “როგორ აუხსნიდი ამას შენს უმცროს მეგობარს?”; “ეს აქ რატომ წერია (მიუთითეთ საინტერესო ადგილზე მის ჩანაწერში)?”; “მითხარი, ასე რატომ გამოიყვანე?” მერე შეიძლება შესთავაზოთ მსგავსი, მაგრამ განსხვავებული მახასიათებლების შემცველი სავარჯიშოს შესრულება, მაგალითად, მას შემდეგ, რაც მოსწავლე გამოთვლის 372-54-ს, სცადოს 403-37-ის გამოთვლა.

ინტერვიუს მომდევნო ფაზაში შეიძლება მოდელებისა და ნახატების გამოყენება, რათა ბავშვმა წარმოაჩინოს, ესმის თუ არა შესრულებული ამოცანის არსი. შეიძლება სათამაშო კუბების, კენჭებისა თუ ჩხირების, რიცხვითი ღერძის, უჯრებიანი ფურცლის და თვალსაჩინოების სხვა საშუალებების გამოყენებაც. მასწავლებელმა უნდა გაუძლოს ცდუნებას და არ ჩაერიოს, არ უკარნახოს მოსწავლეს. მან მხოლოდ უნდა უსმინოს და უყუროს, როგორ მუშაობს ბავშვი.

ამის შემდეგ მასწავლებელმა უნდა გამოიკვლიოს კავშირი მოსწავლის ნაწერსა და მოდელით შესრულებულ მოქმედებებს შორის. ბევრი ბავშვი ერთსა და იმავე სავარჯიშოს ასრულებს და განსხვავებულ პასუხებს იღებს. ანიჭებს იგი ამას რაიმე მნიშვნელობას თუ არა? როგორ ხსნის იგი ამ შეუსაბამობას? შეუძლია მოსწავლეს მოდელზე შესრულებული მოქმედებების დაკავშირება თავის ნაწერთან?

ინტერვიუს სხვაგვარად დაწყებაც შეიძლება: მოსწავლეს ვთხოვოთ ტექსტური ამოცანის ან გამოთვლითი დავალების პასუხის რაოდენობრივი შეფასება. მან ეს ზეპირი გამოთვლების საშუალებით უნდა გააკეთოს ან, უბრალოდ, ვარაუდი გამოთქვას. მასწავლებლის მიზანია არა სწავლება ინტერვიუს საშუალებით, არამედ მოსწავლის ცოდნისა და უნარიანობის დადგენა მოცემულ ეტაპზე.

 

მასწავლებლისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები ეფექტური ინტერვიუს ჩასატარებლად

  • მიიღეთ ბავშვის ნათქვამი ნეიტრალურად. ღიმილი, თავის დაქნევა და სხვა ამგვარი მოქმედებები ბავშვს აფიქრებინებს, რომ იგი სწორად პასუხობს ან პირიქით, ცდება.
  • თავი არიდეთ მოსწავლის გზამკვლევის როლს. კითხვები: “დარწმუნებული ხარ?”; “ერთხელ კიდევ დაუფიქრდი!”; “ერთი წუთით! ამას გულისხმობდი?” – ბავშვს მიანიშნებს, რომ მას შეცდომა მოუვიდა და პასუხის შეცვლისკენ უბიძგებს. ამან, შესაძლოა, შენიღბოს მისი რეალური ჩანაფიქრი. წინ გაძღოლის ეფექტს შეიცავს აგრეთვე ადვილი კითხვების სერია, რომელსაც სწორი პასუხისკენ მიჰყავს ბავშვი. ეს უკვე სწავლებაა და არა ინტერვიუ.
  • ჩუმად დაელოდეთ ბავშვის პასუხს. ადროვეთ მოსწავლეს, სანამ ახალ შეკითხვას დაუსვამდეთ. მას შემდეგ, რაც იგი გიპასუხებთ, კვლავ შეიცადეთ – ეს პაუზა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იგი წაახალისებს ბავშვს, გადაამუშაოს საწყისი მოსაზრება, უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუნდაც მოსწავლემ სწორად გიპასუხოთ, მაინც შეყოვნდით. ეს იმის მოსაფიქრებელ დროსაც მოგცემთ, საით წარმართოთ ინტერვიუ შემდგომ. თქვენი პაუზა მაინც არასდროს იქნება ისეთი ხანგრძლივი, როგორიც თავად გეჩვენებათ.
  • არ შეაწყვეტინოთ მოსწავლეს პასუხი. დაე, მისმა აზრებმა თავისუფლად “იდინონ”. წაახალისეთ ბავშვი, “საკუთარ ენაზე” ისაუბროს ან წეროს ისე, როგორც თვითონ მოეპრიანება – ენობრივი შესწორებანი მოსწავლეს აზროვნებაში ხელს შეუშლის და ფიქრთა ნაკადს გააწყვეტინებს.
  • დავალებების მისაცემად უპირატესად გამოიყენეთ ბრძანებები და არა კითხვები. უთხარით: “მიჩვენე!”, “მითხარი!”, “გააკეთე!”, “შეეცადე!” – და არა “შეგიძლია?”, “იქნებ მოახერხო?”. დასმული კითხვის პასუხად ბავშვმა შესაძლოა უბრალოდ გიპასუხოთ “არა” და ინფორმაციის გარეშე დაგტოვოთ.
  • თავი არიდეთ ბავშვის მოსაზრების მართებულობის დადასტურებას. მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებას ხშირად დაურთავენ შეკითხვას: “ხომ სწორია?”. ამის პასუხად მიზანშეწონილია ნეიტრალური “მაგარია”, განურჩევლად იმისა, მართებულია ბავშვის პასუხი თუ არა.

სტრესი და მისი დაძლევის სტრატეგიები

0
გასული საუკუნის 30-იან წლებში კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ ნებისმიერ საფრთხეზე ადამიანის ორგანიზმის ზოგადადაპტაციურ რეაქციას სტრესი უწოდა. მწვავე და გახანგრძლივებული სტრესი, თუ ადამიანს სტრესორთან გამკლავება აღარ ძალუძს, კომპლექსურად არღვევს ორგანიზმს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქიკური თვალსაზრისით. სელიე გამოყოფს სტრესის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის სამ სტადიას:

▪ განგაშის სტადია – ის უმთავრესად ისეთი ფიზიოლოგიური ცვლილებებით გამოიხატება, როგორებიცაა სისხლში ადრენალინის კონცენტრაციის მომატება, მაჯისცემისა და სუნთქვის გახშირება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, თვალის გუგების გაფართოება და ა.შ.;

▪ წინააღმდეგობის სტადია – ორგანიზმი იწყებს სტრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა შინაგანად განაგრძობს მის განკარგულებაში არსებული რეზერვების ხარჯვას;

▪ გამოფიტვის სტადია – სტრესორის გახანგრძლივებული ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის განკარგულებაში არსებული რეზერვები კატასტროფულად მცირდება. 

სტრესის ფსიქოლოგიური შედეგები ემოციებზე, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევაზე აისახება.

მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, იგი სტრესულ საქმიანობადაა მიჩნეული, სტრესს კი ხშირად მოსდევს აპათია, გაუცხოება, ცინიზმი, ნერვული დაძაბულობა და სხვა არასასურველი შედეგები. ასეთ დროს ხშირად ლაპარაკობენ მასწავლებლის პროფესიულ გადაწვაზე. სკოლაში სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზია: სხვადასხვა მოტივაციისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები, დროისა და რესურსების დეფიციტი, მცირე ხელფასი, კონტროლის მექანიზმები, ზედმეტი ინფორმაციით სავსე სასწავლო პროგრამები, ტექნიკური უზრუნველყოფის დეფიციტი, დიდი პასუხისმგებლობა ბავშვების, მშობლების, სკოლის, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე… მასწავლებელთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილს უჭირს სტრესორებთან გამკლავება, რიც გამოც ზოგიერთ მათგანს პროფესიული გადაწვა ემართება. სტრესის მიმართ გამძლეობა დაკავშირებულია იმ რესურსების მოძიებასა და შენახვასთან, რაც მათ სტრესული სიტუაციების უარყოფითი შედეგების გადალახვაში დაეხმარება. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სტრესის დაძლევის პროაქტიური სტრატეგიების ფლობა. ეს გულისხმობს პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი მიზნების დასახვას, ასევე მიზანდასახულობას მიზნის მიღწევის გზაზე, თვითრეგულაციის უნარების განვითარებას, რომლებიც მოიცავს კოგნიტურ და ქცევით კომპონენტებს. ამავე პროცესში ხდება იმ ზოგადი რესურსების ფორმირება, რომლებიც ხელს უწყობს მიზნის მიღწევას და უზრუნველყოფს პიროვნულ ზრდას. პროაქტიური პიროვნება თავის ქცევებზე პასუხისმგებელი ადამიანია, მას ახასიათებს შინაგანი თავისუფლება და ფლობს სტრესის გადაჭრის ეფექტიან სტრატეგიებს. ასეთ ადამიანს არ ემუქრება პროფესიული გადაწვა, რადგან ორიენტირებულია უმთავრესად სიტუაციის ცნობიერ ანალიზზე, შინაგანი და სოციალური რესურსების ადეკვატურ გამოყენებაზე, პრობლემის გადაჭრაზე. არაპროდუქტიული სტრატეგიები კი გულისხმობს რთულ სიტუაციებზე არაადეკვატური სააზროვნო სქემებით, ემოციური და ქცევითი ხერხებით რეაგირებას, მაგალითად, საკუთარ ემოციებზე კონცენტრირებას ან სიტუაციისგან გაქცევას.

ქვემოთ მოცემული ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, ფლობთ თუ არა სტრესის დაძლევის პროაქტიურ სტრატეგიას.
ინსტრუქცია. მიუწერეთ თითოეულ დებულებას შესაბამისი ქულა: 1 – აბსოლუტურად მცდარია; 2 –  ვერ ვიტყვი, რომ მართალია; 3 – უფრო მართალია, ვიდრე მცდარი; 4 – სრული სიმართლეა. 
1. დაწმუნებული ვარ, შევძლებ, რთულ მოსწავლეებსაც კი წარმატებით ვასწავლო საგანთან დაკაშირებული ყველა საკითხი.

2. ვიცი, რომ დაძაბულობის შემთხვევაშიც კი შევძლებ მშობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას.

3. თუ ძალიან მოვინდომე, ყველაზე რთულ მოსწავლესაც კი ვუპოვი გასაღებს.

4. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მეტ ვიძენ უნარს, ვუპასუხო მოსწავლეთა საჭიროებებს.

5. მაშინაც კი, როდესაც ხელს მიშლიან, არ ვკარგავ რწმენას, რომ შევძლებ შევინარჩუნო სიმშვიდე და წარმატებით გავაგრძელო სწავლება.

6. დარწმუნებული ვარ საკუთარ უნარში, ვიგრძნო მოსწავლეთა საჭიროებები, მაშინაც კი, როდესაც “ცუდი დღე” მაქვს.

7. თუ ძალიან შევეცდები, ვიცი, რომ შევძლებ, პოზიტიური გავლენა მოვახდინო მოსწავლეთა პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე.

8. დარწმუნებული ვარ, შემიძლია შემოქმედებითად გავუმკლავდე სისტემის შეზღუდვებს (ბიუჯეტის შეკვეცა, სხვა ადმინისტრაციული პრობლემები) და კარგად სწავლება გავაგრძელო.

9. ვიცი, რომ შევძლებ ჩემი მოსწავლეების დაინტერესებას ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობით.

10. ვიცი, რომ შევძლებ, ბოლომდე მივიყვანო ინოვაციური პროექტები, მაშინაც კი, როდესაც სკეპტიკოსი კოლეგები მას ეწინააღმდეგებიან.

შეკრიბეთ ქულები. 

ქულების ინტერპრეტაცია: 

10-20 ქულა – სტრესის დაძლევის პროაქტიური სტრატეგიის ფლობის დაბალი დონე;
21-30 ქულა – სტრესის დაძლევის პროაქტიური სტრატეგიის ფლობის საშუალო დონე;
31-40 ქულა – სტრესის დაძლევის პროაქტიური სტრატეგიის ფლობის მაღალი დონე.

კურიკულუმის მიღმა

0
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, დღევანდელ სკოლაში წახალისებულია არაფორმალური განათლება, ეს კი სხვადასხვა სახის საქმიანობასთან ერთად წრეებისა და კლუბების შექმნასაც გულისხმობს. წრეები და კლუბები სხვადასხვა ფორმატის შეიძლება იყოს. სკოლა თავად უნდა სთავაზობდეს მოსწავლეებს კლასგარეშე აქტივობებისთვის განკუთვნილ სექციებს. ამავდროულად ის მზად უნდა იყოს, მოსწავლეთა ინიციატივები წაახალისოს და მოქმედ ჯგუფებს ახლებიც დაუმატოს, თუკი ამის განხორციელებისათვის ელემენტარული ბაზა არსებობს. წრეებსა და კლუბებში გაწევრიანება უმეტესად ინტერესების მიხედვით ხდება და თუ მოსწავლე თავის ინტერესებს ვერც ერთს ვერ მიუსადაგებს, სკოლაში კი მისნაირი ინტერესების მქონე სხვა მოსწავლეებიც არიან, მას უნდა მიეცეს საშუალება, ახალი კლუბი დააფუძნოს. სკოლის მხრიდან ასეთი ინიციატივის ხელშეწყობა საკმაოდ მარტივია (თუნდაც არასამუშაო დღეებში თავისუფალი სივრცის გამოყოფა). კლუბები და წრეები მრავალნაირია. ერთი იზიდავს მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვებს, მეორე – ნორჩ გამომგონებლებს. ზოგი მოსწავლე ინტელექტუალური თამაშებითაა გატაცებული, ზოგს წაკითხული წიგნების სხვებთან ერთად გარჩევა სურს. ხელმარჯვე მოსწავლეები “პროფესიულ” უნარებს იძენენ და ოსტატდებიან, სხვები კი მომავალში ლიდერობისთვის ემზადებიან.      

არ მეგულება საქართველოს ქალაქების არც ერთი სკოლა, სადაც თუნდაც ერთ მასწავლებელს ერთხელ მაინც არ განეხორციელებინოს სკოლის სცენაზე რაიმე დადგმა. ამ წერილში მკითხველის ყურადღება სწორედ სკოლაში დრამის როლზე მინდა გავამახვილო. მიუხედავად იმისა, რომ დრამა, როგორც საგანი, გათვალისწინებული არაა სკოლების კურიკულუმში, მასწავლებლები მაინც ძებნიან დამატებით დროს, არჩევენ პიესას, უთანხმდებიან მშობლებს, რეპეტიციებზე რჩებიან მოსწავლეებთან ერთად და ბოლოს წილად ხვდებათ სულ რამდენიმეწამიანი ან რამდენიმეწუთიანი ტაში. ეს დამსახურებული ოვაცია კი წვალებად ნამდვილად ღირს.

სკოლის ფარგლებში დრამატული წრეების არსებობას მართლაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია მოსწავლეებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ელემენტია ხმის აწევის ხარჯზე მორცხვობის დაძლევა და სითამამის განვითარება. ვინაიდან ზოგიერთი მოსწავლე ბუნებით მორცხვია, მათ საკმაოდ უჭირთ გაკვეთილზე ხმამაღლა საუბარი. სპექტაკლზე მუშაობის პროცესში კი ასეთ მოსწავლეებს აუცილებლად დასჭირდებათ საკუთარი ხმის დამორჩილება და მისი მართვა. გარდა ამისა, მორცხვ მოსწავლეებს (და, რა თქმა უნდა, გამბედავებსაც) მოუხდებათ თავიანთი მოძრაობების დახვეწაც, რათა სწორად გამოხატონ მორგებული ხასიათი და მიბაძონ პერსონაჟს. აღსანიშნავია, რომ დრამის (კერძოდ, ტრაგედიის) მნიშვნელოვან როლზე ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობდა. მას მიაჩნდა, რომ მაყურებელი, სპექტაკლის ყურებისას, მსახიობს ჰბაძავს. ამგვარი მიბაძვა, ანუ მიმესისი შესაძლებელია არსებული დისტანციიას ხარჯზე. ასეთ დროს მაყურებლის სულში თანაგრძნობა აღიძვრება და, შესაბამისად, იგი განიწმინდება, ანუ განიცდის კათარსისს. თუკი მაყურებელი იხვეწება და უკეთესი ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენად დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია სწორად შერჩეულ როლს მოსწავლეზე. აქ მასწავლებლის ინტუიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება: ზოგჯერ უარყოფითი როლის შესრულება მოსწავლეს საკუთარ ნაკლს მიახვედრებს, ზოგჯერ კი პირიქითაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნაწარმოების სცენაზე გაცოცხლებით ახალგაზრდები უკეთ ეცნობიან ლიტერატურულ ნიმუშებს, ხანდახან ისტორიასაც, როლზე მუშაობა კი საშუალებას აძლევს მათ, დაფიქრდნენ კონკრეტულ საკვანძო საკითხებზე, ტექსტზე, გააანალიზონ პერსონაჟის ხასიათი.  სპექტაკლში მონაწილეობით ბავშვს უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა თანაგუნდელთა წინაშე, ვინაიდან გუნდური მუშაობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია დასახული მიზნის მიღწევა (არ ვსაუბრობ ე.წ. ერთი მსახიობის თეატრზე). გარდა ამისა, სპექტაკლებში მონაწილეობა ბუნებრივად ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს – მეტყველების, ჟესტების, მიმიკების დახვეწა იმდენად თავისთავად მიმდინარეობს, რომ საბოლოო შედეგით ბევრი გაკვირვებულიც კი რჩება. 

არ შემიძლია, არ შევეხო ენის ფუნქციას დრამაში. ჩვენში არასწორადაა მიჩნეული, რომ სპექტაკლის დადგმა, უცხო ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ძირითადად უცხო ენის მასწავლებლების პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, დრამატული წრეები და კლუბები საუკეთესო გარემოა იმისათვის, რომ უცხო ენის შესწავლისას პრაქტიკაში მოხდეს თეორიული ცოდნის გადმოტანა – გამოთქმით დაწყებული ლექსიკის გამდიდრებით დამთავრებული. მე თვითონ სკოლის პერიოდში ორ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა და არასოდეს დამავიწყდება, რეპეტიციებიდან მოსული, როგორი აღტყინებით ვასწავლიდი ჩემს უმცროს დას მთელი პიესის ტექსტს ინგლისურ ენაზე და შემდეგ როგორი სიხარულით ვთამაშობდით სახლში მთელ სპექტაკლს, „ტომ სოიერს”. ეს ხდებოდა თითქმის ყოველდღე, ხან მე ვიყავი ტომი და ჩემი და – ყველა დანარჩენი პერსონაჟი და ხანაც – პირიქით. როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ზოგიერთი სიტყვა შეცდომით მქონდა დამახსოვრებული, ვინაიდან დაწერილი მთლიანი ტექსტი არ მქონდა და, როგორც ჩანს, სმენით ყველაფერს სწორად ვერ აღვიქვამდი (მაგ., გვიან მივხვდი, რომ, როდესაც ჰეკლბერი ფინი ტომ სოიერს მკვდარი კატის საშუალებით მეჭეჭებისგან განკურნებაზე ესაუბრება, „თუ ქიარ ვერთს” კი არა, “to cure warts” უნდა მეთქვა).  და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას არასწორად ვიმახსოვრებდი, ჩემი ლექსიკა ძალიან გამდიდრდა ახალი სიტყვებით და გამოთქმებით.

დრამატული წრეების ამოქმედება, როგორც აღვნიშნე, არასწორადაა მიჩნეული მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლების პრეროგატივად. სცენაზე სხვადასხვა ნაწარმოების გაცოცხლება მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ფუნქციაცაა. არ არის აუცილებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მხოლოდ მშობლიურ ენაზე შექმნილ ნაწარმოებებს მიაპყროს ყურადღება. ჩვენ გვაქვს ისეთი თარგმანებიც, რომლებიც თამამად იკავებს ადგილს ეროვნულ საგანძურში. გავიხსენოთ ქართული თეატრის ისტორია, როგორი წარმატებით იდგმებოდა ჩვენს სცენებზე თუნდაც მაჩაბლისეული თარგმანები. აკაკი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ ქართული თეატრი იყო ადგილი, სადაც ამაყად გაისმოდა ქართული მეტყველება და საიდანაც მსმენელები წმინდა, შეუბღალავ ქართულს ისმენდნენ. მაშინ, როდესაც სხვა დაწესებულებებიდან სასტიკად იდევნებოდა ქართული ენა, ხალხის ნაწილი თეატრში სწორედ მის მოსასმენად მიდიოდა. სხვა სიკეთეებთან ერთად, აი, სწორედ ესაა სკოლებში დრამის კლუბის ჩამოყალიბების მიზანი. მოსწავლეებს გამართული, შეუბღალავი ენა უნდა ვასწავლოთ და ლექსიკის გამდიდრების საშუალება მივცეთ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ტიპის კლუბებისა და წრეების შექმნა მსოფლიოში აღიარებულ ზოგიერთ პროგრამაშიცაა წახალისებული. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაა. კასი ამ პროგრამის სავალდებულო ნაწილია და, სხვა საგნებისგან განსხვავებით (რომლებიც გამოცდებით სრულდება), ის ჩათვლით ბოლოვდება. როგორი მაღალი ქულებიც არ უნდა დაიმსახუროს მოსწავლემ საგნებში, თუკი მას კასის ჩათვლა არა აქვს, დიპლომს ვერ მიიღებს. კასი აბრევიატურაა და კრეატიულობას, აქტიურობას და სერვისს აღნიშნავს. პირველი კომპონენტი – კრეატიულობა სწორედ მოსწავლეთა იმგვარ საქმიანობას გულისხმობს, რომელიც სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებულ კლუბებსა და წრეებს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი კლუბი/წრე დრამისაა, რომელიც კარგად ავლენს მასში გაერთიანებულ მოსწავლეთა შემოქმედებითობას. სასურველია, ჩვენც გავითვალისწინოთ საერთაშორისო ბაკალავრიატის ზოგიერთი გამოცდილება (მით უმეტეს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, კლუბებისა და წრეების შექმნა არაფორმალური განათლების ნაწილადაა მიჩნეული და წახალისებული ჩვენს სკოლებში). კლუბების/წრეების შექმნის შემთხვევაში, ჩვენც მოვთხოვოთ მოსწავლეებს პორტფოლიოს შექმნა, სადაც აღწერენ, თუ რა შედეგი მიიღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანდნენ ამა თუ იმ კლუბში/წრეში. პორტფოლიოს შექმნა კასის წარმატებით დასრულების საწინდარია. მასწავლებელი აფასებს პორტფოლიოს, სადაც მოსწავლე აღწერს, თუ რა შედეგი მიიღო, რა ისწავლა, როგორ გაიზარდა, როგორ გამოავლინა ძლიერი მხარეები და დაძლია სისუსტეები, როგორ ისწავლა გეგმის განხორციელება და გუნდური მუშაობა, როგორ მიეჩვია საქმის ერთგულებას და როგორ ჩამოუყალიბდა ხასიათი. დამერწმუნეთ, ნებისმიერი საინტერესო საქმიანობის შედეგის აღწერა ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თავად ეს საქმიანობა. დაეხმარეთ მოსწავლეებს კლუბების შექმნაში, დადგით სკოლის სცენაზე სპექტაკლები, წაახალისეთ მოსწავლეთა კრეატიულობა და აღწერეთ მიღებული შედეგი, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება თქვენს კოლეგებს.                

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებიმერაბ ლაბაძე

0
ტექნოლოგიების განვითარება და სიმრავლე

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მაღალი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სასწავლო პროცესს. სულ უფრო ხშირად ჩნდება შეკითხვები, თუ როგორ უნდა შეიქმნას სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების ისეთი მოდელები, რომლებიც დროს გაუძლებს და ახალი ტექნოლოგიების მორიგ ტალღასთან ერთად არ მოძველდება.

ხშირად თვით ტექნოლოგია გვთავზობს აქამდე უცნობ შესაძლებლობებს ცოდნის გაღრმავებისა და თანამშრომლობისათვის. ასეთი სიახლეები წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უდიდეს გამოფენაზე – ბრიტანეთის ყოველწლიურ შოუზე: BETT.

სწორედ რამდენიმე ასეთი სიახლის მაგალითზე მიმოვიხილავთ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებს. 

განათლებაზე მორგებული ტექნოლოგიები

განათლების სისტემებში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა ყველას აქვს გაცნობიერებული ამ ინიციატივის მნიშვნელობა. საქართველოში პირველკლასელთათვის ნეთბუკების დარიგება ამ მიმართულებით გადადგმული თამამი და ინოვაციური ნაბიჯია. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით განათლების ხარისხის გაზრდაა. ხშირად მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობაში განხორციელებულ ძვირადღირებულ ინვესტიციას შედეგი არ მოაქვს, ჩვეულებრივი კომპიუტერის და პროექტორის გამოყენებით კი უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. ამ სფეროშიც გადამწყვეტია მასწავლებლის მომზადება და მზაობა, ეფექტიანად გამოიყენოს ტექნოლოგია. ზოგჯერ მასწავლებელი შეიძლება ვერ ერკვეოდეს მოწყობილობისა თუ პროგრამის ყველა დეტალში, მაგრამ ის უნდა ფლობდეს მოხმარების საბაზო უნარებს, სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდებს. მასწავლებელს უნდა შეეძლოს, დაინახოს და განსაზღვროს გამოსაყენებლი ტექნოლოგიის ადგილი გაკვეთილის გეგმაში და მისი კავშირი სასწავლო გეგმასთან თუ სასწავლო მიზნებთან. ახლებურ გარემოში ხშირად ახლებური მიდგომების გამოყენებაც გარდაუვალია. მასწავლებლი, როგორ ინსტრუქტორი, ადგილს უთმობს მასწავლებელს, როგორც სასწავლო პროცესის წარმმართველს, ინდივიდუალურ მრჩეველს და ჯგუფური მუშაობის ფასილიტატორს.

მასწავლებელთა გადამზადების თანამედროვე საუკეთესო პროგრამები ორიენტირებულია, ტექნოლოგიების გამოყენებით, სასწავლო ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაზე. იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად დანერგავს ათვისებულ მეთოდებს მასწავლებელი სასწავლო პროცესში და რამდენად კარგად მოირგებს ახალ ფუნქციებს, დამოკიდებულია, საბოლოოდ, განათლების ხარისხის ზრდაც.

მიმდინარე ტენდენციები
მართალია, ახალი ტექნოლოგიები გაცილებით ხელმისაწვდომია მაღალგანვითარებული ქვეყნებისათვის, მაგრამ ისინი მალე იაფდება და მათი გამოყენების შესაძლებლობებიც იხვეწება. საბოლოოდ, სწორედ მაღალტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილ სკოლებში აპრობირებული სიახლეები ხდება ხელმისაწვდომი ყველასათვის. მაგალითად, მობილური ტელეფონი და მისი საშუალებით ინტერნეტის წვდომა უკვე ჩვეულებრივი რამ არის. შესაბამისად, აქცენტი გადადის არა ინფრასტრუქტურის შექმნაზე, არამედ მის სწორ გამოყენებაზე.

თუ 10 წლის წინ სკოლაში კომპიუტერის გამოყენება ნოვაციად ითვლებოდა, ახლა ხშირად ხდება სხვადასხვა მობილური მოწყობილობის ინტეგრაცია სასწავლო გარემოში. პლანშეტები და დიდეკრანიანი სმარტფონები სულ უფრო მეტ მომხმარებელს აქვს. ესენი მოსწავლისთვის ნაცნობი მოწყობილობებია, რომლების ათვისებას დამატებითი დრო და რესურსი არ სჭირდება.   

კიდევ ერთი ბოლოდროინდელი ცვლილება სახლის კომპიუტერების რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. მასწავლებელს საშუალება ეძლევა, მოსწავლეს კომპიუტერის გამოყენებით შესასრულებელი საშინაო დავალება მისცეს და საგაკვეთილო დრო ცოდნის შემოწმებას ან ჯგუფურ მუშაობას მოახმაროს. ამ მოდელს მისდევს ვიდეოგაკვეთილების მზარდი პორტალი – ხანის აკადემია (khanacademy.org), სადაც განთავსებულია სხვადასხვა საგანში შექმნილი 3000-ზე მეტი 10-წუთიანი ვიდეოგაკვეთილი, რომელთა გამოყენებას მოსწავლეებს სწორედ სახლში ურჩევენ. გაკვეთილზე მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ უშუალოდ საკითხების გადმოცემას და ყურადღებას აქცევენ ვიდეოგაკვეთილებში ასახულ მასალაზე დისკუსიას, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ამგვარი ე.წ. “შებრუნებული გაკვეთილის” (flipped classroom) ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ გაკვეთილის თემის ათვისება შეუძლია იმ მოსწავლესაც, ვინც ამა თუ იმ მიზეზით სასკოლო გაკვეთილს ვერ ესწრება. ეს მოდელი ასევე საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მეტი დრო დაუთმოს საკითხს და რამდენჯერმე ნახოს ვიდეოგაკვეთილი. ამავდროულად იზრდება სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობაც. მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად, გააკონტროლონ დავალების შესრულება და თავადაც ჩაერთონ პროცესში. 

საქართველოშიც არსებობს მსგავსი პორტალი, რომელიც ქართულენოვან ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობს მომხმარებელს. კოდალას აკადემიის პორტალზე kodala.ge ნახავთ 200-ზე მეტ მოკლე ვიდეოგაკვეთილს, ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში. ისინი სასწავლო გეგმას უკავშირდება და მათი გამოყენება შეიძლება გაკვეთილებზე, საშინაო დავალების შესრულებისას თუ გამოცდებისთვის მზადებისას.
კინეტიკური და სამგანზომილებიანი სასწავლო გარემო

ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხების ინტერფეისის მქონე მოწყობილობების რაოდენობის ზრდა. ეს არის სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერის ეკრანები და სხვადასხვა ზომის დაფები. Windows 8 ოპერაციული სისტემის გამოსვლის შემდეგ ასეთი კომპიუტერების რიცხვი მკვეთრად იზრდება. ეკრანზე შეხებით ინფორმაციის შეყვანა და კომპიუტერული თუ მობილური მოწყობილობის მართვა ყველასათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი პროცესია, თუმცა ტექნოლოგია კიდევ უფრო შორს მიდის.

 კინეტიკური ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება კომპიუტერულ თამაშებში. ხდება მათი მოდელების ტესტირება საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც. მაგალითისთვის გამოდგება Microsoft-ის სამგანზომილებიანი ვირტუალური ობიექტების შექმნის პროექტი, როცა მომხმარებელი ეკრანის სიბრტყეზე მოცემულ ობიექტს კი არ ეხება, არამედ სამგანზომილებიან სივრცეში დანახულ და აღქმულ ობიექტს, მაგალითად, გეომეტრიულ ფიგურას, ხელსაწყოს ნაწილს და სხვა. 

1-1-ზე სწავლება

განსაკუთრებულია ტექნოლოგიების როლი ინდივიდუალური სასწავლო გარემოს შექმნაში. ე.წ. 1-1-ზე სწავლების მოდელებში იგულისხმება ყველა მოსწავლის მიერ ერთი ტიპის მოწყობილობის ინდივიდუალურად გამოყენება: 1 მოსწავლეს აქვს 1 კომპიუტერი, 1 პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა. ასეთ მოდელს გვთავაზობს “ბუკის” პროგრამაც. რითია მიმზიდველი ინდივიდუალური სასწავლო გარემო? მკვლევარები გამოყოფენ რამდენიმე უპირატესობას: 

1. შესაძლებელია მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების სწრაფად და ეფექტიანად დადგენა. შესაბამისად, მომდევნო დავალებებში ყურადღება მახვილდება სუსტი მხარეების აღმოფხვრასა და გაუგებარი საკითხების ათვისებაზე.

2. შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება უფრო ხშირად მოხდეს ელექტრონული ტესტირების გამოყენებით.

3. ინდივიდუალური კომპიუტერებით შესაძლებელია მულტიმედია სასწავლო რესურსზე ყველა მოსწავლის წვდომის უზრუნველყოფა, პრაქტიკული დავალებების ერთდროულად შესრულება და შედეგების მყისიერი დაფიქსირება.

4. ინდივიდუალური მოწყობილობა აადვილებს თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას მოსწავლეებს შორის. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირად კომპიუტერს მოსწავლეები საერთო სასწავლო გარემოში იყენებენ. რომელიმე საკითხში კარგად გარკვეულ მოსწავლეს შეუძლია დაეხმაროს თანატოლს მასალის დაძლევასა და დავალების შესრულებაში.

5. ინდივიდუალური სასწავლო გარემო შემოქმედებითობის განვითარებასაც უწყობს ხელს. მოსწავლეს შეუძლია ადვილად მოიძიოს საჭირო რესურსები და საკუთარი კომპიუტერის მეშვეობით განახორციელოს, მაგალითად, ინდივიდუალური პროექტი.

ინდივიდუალურ სასწავლო გარემოში მასწავლებელი მთავარ როლს ასრულებს. მას აქვს პროცესის მართვის საშუალება, ის საკუთარ კომპიუტერზე ხედავს ყველა მოსწავლის აქტივობას და ტესტირების შედეგებს, ზოგჯერ პირდაპირ კომპიუტერიდან იძლევა დავალებას და ახდენს შეფასებას. 

ვებ-რესურსები
ინტერნეტში არსებული ინფორმაციის ზრდასთან ერთად იზრდება საგანმანათლებლო მასალების რაოდენობაც. თანამედროვე ტენდენციებიდან აღსანიშნავია მულტიმედია სასწავლო რესურსების კოლექციების გამდიდრება. ვიდეომასალა ახლა თითქმის უკვე ყველა თემისთვის და ყველა საფეხურისთვის არსებობს. 

სასარგებლო რესურსები მოიცავს ე.წ. ვებ-აპლიკაციებს. აქ შეიძლება მოვიხსენიოთ საპრეზენტაციო ონლაინ პროგრამა პრეზი (იხ. Prezi.com) ან შედარებით ნაცნობი ბლოგების შესაქმნელი ვებ-გვერდი: blogger.com. ასევე პოპულარულია ინტერნეტ გამოკითხვების შესაქმნელი სერვისები (მაგ.: polleverywhere.com), რომლების საშუალებითაც სწრაფად შეიძლება ტესტის ან კითხვარის შექმნა და კლასის გამოკითხვა, როგორც კომპიუტერებით, ისე მობილურებით. კიდევ ერთი საინტერესო სერვისია ეკრანის ჩამწერი Jing (www.techsmith.com/jing.html). მისი მეშვეობით შეიძლება ეკრანზე გამოტანილი ინფორმაციის ჩაწერა მოკლე ვიდეოს სახით და შემდგომი გაზიარება. ეს გამოიყენება როგორც სასწავლო მასალის გავრცელებისათვის, ასევე მოსწავლეთა ნამუშევრების შესაქმნელად და შესაფასებლად. 

ინტერნეტში მრავლადაა ღია, თავისუფლად გავრცელებადი სასწავლო რესურსი, თუმცა ზოგჯერ ხარისხიან სასწავლო მასალებზე წვდომა ფასიანია. მაგალითად, ბრიტანულ რესურსზე Twig (www.twig-world.com) ვიდეოგაკვეთილებთან ერთად მოიპოვება დამატებითი საგაკვეთილო რესურსები. კომერციული სასწავლო მასალების და პროგრამების შეთავაზება სულ უფრო ხშირად ხდება ავტორის ვებპორტალზე ხელმოწერის შეძენით და არა მომხმარებლის მიერ მათი გადმოწერით ან საკუთარ კომპიუტერზე დაყენებით. ასე რომ, ელექტრონული პროდუქტების და პროგრამების დისტანციურად შეთავაზებამ განათლების სერვისებშიც დაიმკიდრა ადგილი. 
თარგმნა, მორგება, გამოყენება.

სასწავლო რესურსების უმრავლესობა უცხოენოვანია. განსაკუთრებით მრავლად მოიპოვება ინგლისურენოვანი მასალები. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენებისათვის, ზოგადად, სასურველია. თუ მასწავლებელს სურს, რომ ხარისხიანი მულტიმედია მასალებით გაამდიდროს საკუთარი საგაკვეთილო პროცესი, აუცილებელია უცხო ენაზე საგნის სპეციფიკური ტერმინოლოგიის ცოდნაც. აღსანიშნავია, რომ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ტერმინების რაოდენობა დიდი არ არის და ხშირად ფორმულების თუ ვიზუალური მასალის აღქმა ადვილად შეიძლება. ზოგიერთ პოპულარულ რესურსს მოხალისეები თარგმნიან. ასეთია ხსენებული ხანის აკადემია ან პოპულარული TED.com, სადაც სხვადასხვა დარგის გამორჩეული მკვლევარები და ექსპერტები პოპულარული ლექციის ფორმით უზიარებენ აუდიტორიას ბოლო მიღწევებს ან არატრივიალურ იდეებს.

სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა მასწავლებლისაგან გარკვეულ ენთუზიაზმს და თვითგანვითარებაზე ზრუნვას მოითხოვს. ინტერნეტი და ტექნოლოგიები გზას უხსნის მას იმისაკენ, რომ სწავლების პროცესი უნიკალურ და დაუვიწყარ შემოქმედებით პროცესად გადააქციოს. ცხადია, ასეთ პროცესში სრულად ჩართული მოსწავლე უკეთ გაართმევს თავს სასწავლო ამოცანებს. 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლები

0
მეცნიერული ტექნოლოგიების არნახულმა განვითარებამ, გონებრივი შრომის გაფარ­თოებამ და ფიზიკურ დატვირთვათა გამუდმებულმა ზრდამ თავისთავად მიიყვანა კაცობ­რიობა ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნების აუცილებლობამდე. ასეთ პირობებში, ცხადია, განუზომლად იზრდება სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის როლი და დანიშნულება. ამთავითვე ვიტყვით: პირველ ყოვლისა, მისი მოღვაწეობა შემოქმედებითი, არასტანდარტული ხასიათისა უნდა იყოს, იგი უნდა ფლობდეს სწავლების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს და, ამასთან, განუწ­ყვეტლივ უნდა ზრუნავდეს საკუთარი პროფესიული ოსტატობის სრულყოფაზე.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოსწავლეთა აღზრდა ფიზიკური სიჯანსაღისადმი სწრაფვის სულისკვეთებით, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს ფიზიკური აქტივობისადმი დადებითი, ჰარმონიული დამოკიდებულების გამომუშავებას, რაც საბოლოოდ ადამიანის ცხოვრების წესად უნდა იქცეს.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის საქმიანობის
თავისებურებანი
სხვა სპეციალობის მასწავლებლებისაგან განსხვავებით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი სპეციფიკურ პირობებში მუშაობს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ პირობებს სამ ჯგუ­ფად ყოფენ, თავად ჯგუფები კი ყალიბდება ფსიქოლოგიური დაძაბულობის, ფიზი­კური დატვირთვისა და გარემო პირობებთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით. განვიხილოთ ისინი უფრო კონკრეტულად:

ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფაქტორები:

Øმოსწავლეთა ჟრიამული (განსაკუთრებით უმცროსკლასელთა მეცადინეობე­ბისას), რომელიც გამოირჩევა წყვეტილობით, მაღალი ტონალობით, ზოგჯერ შეკივლებებითაც; ეს მასწავლებელს ძაბავს, ამის გამო ის ადვი­ლად იქანცება;

Øგაკვეთილების მონაცვლეობის გამო ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეზე ხშირი გადართვა;

Øსამეტყველო აპარატის (უმთავრესად სახმო სიმების) მნიშვნელოვანი დატვირთვა;

Øპასუხისმგებლობა მოსწავლეთა დაზიანების თავიდან აცილებაზე (იგულისხმება ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას ტრავმის მიღების საფრთხე).

ფიზიკური დატვირთვის ფაქტორები:

Øფიზიკური ვარჯიშების ჩვენების აუცილებლობა;
Øფიზიკურ მოქმედებათა შესრულება მოსწავლეებთან ერთად (განსაკუთრებით ლაშქრობებისას);
Øმოსწავლეთა მიერ ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას მათი დაზღვევის საჭიროება.
გარემო პირობებთან დაკავშირებული ფაქტორები:
Øიგულისხმება ამინდი და კლიმატური პირობები (სპორტულ მოედანზე, ეზოში მეცადინეობების ჩატარებისას);
Øსპორტული დარბაზების, კლასების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

მუშაობის ზემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები, ის ”მუდმივად ფორმაში უნდა იყოს”. ამასთან, უპრიანია, დაჯილდოებული იყოს სწრაფი აზროვნების, ესთეტიკური აღქმის, ორგანიზატორული და, განსაკუთრებით, კომუნიკაციური უნარებით. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის გამორჩეულ მახასიათებლებად მიჩნეულია: დაკვირვებულობა, მოთმინება, დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, თანაგრძნობა, სიმპათიისა და ემპათიის გამოვლენა, მოსწავლეების განწყობათა წვდომა, მათი ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების უნარი.
სპეციალური ცოდნა
სპეციალური ცოდნა, რომელსაც იყენებს ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, თეორიული, პრაქტიკული და მეთოდიკური ხასიათისაა.

თეორიული ცოდნა მოიცავს ფიზიკური კულტურის ისტორიას, ადამიანის ორგანიზმის ქმედითუნარიანობის კანონოზმიერებების, მოძრაობათა შესრულების ბიომე­ქანიკური დინამიკის, აღზრდისა და სწავლების პრინციპების და სხვა საკითხებს. ესაა იმ ცოდნის კომპლექსი, რომელიც სჭირდება მასწავლებელს ახსნა-განმარტებითი მუშაო­ბისათვის და პასუხებისათვის არცთუ იშვიათად დასმულ კითხვაზე – ”რატომ?”

პრაქტიკულ ცოდნას ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, უპირველეს ყოვლისა, იყენებს იმისათვის, რომ თვალნათელი გახადოს, თუ როგორ უნდა სრულდებოდეს ესა თუ ის ვარჯიში.

მეთოდიკური ცოდნა საჭიროა იმისთვის, რომ მასწავლებელმა განმარტოს ზოგადი წესების, რთული ხერხების დაძლევა-შესრულების ტექნიკა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ თავისებურებას, კერძოდ, საკუთრივ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ოპერატიულობას. ყოველდღე უამრავი ადამიანი, მათ შორის არაერთი მოზარდი, თვალყურს ადევნებს სპორტულ გადაცემებს. ის, რასაც მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ და აღიქვამენ, განსაკუთრებით კი საერთაშორისო შეჯიბრებები, მათ დაუოკებელ, ცოცხალ ინტერესს იწვევს. მასწავლებელი, რომელსაც შეიძლება ასეთი გადაცემები გამორჩეს, მათ ნდობას უმალვე დაკარგავს, მით უფრო, თუ იგი წამოჭრილ კითხვებს ვერ უპასუხებს. სწორედ ამიტომ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი უნდა ადევნებდეს თვალ-ყურს სპორტულ გადაცემებს, რეგულარულად უნდა ეცნობოდეს სპორტული ინფორ­მაციის შემცველ საიტებს, ჟურნალ-გაზეთებს, სხვა წყაროებს.
მასწავლებლის პედაგოგიური სტილი

განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებმა, მასწავლებ­ლის პროფესიული ოსტატობისადმი მოთხოვნების გაზრდამ, ცხადია, გააძლიერა არა მარტო მისი პასუხისმგებლობა, არამედ წარმოშვა მისივე შემოქმედებითი შესაძლებლობების მეტი რეალიზაციის სურვილიც. ასე რომ, საჭიროდ ითვლება პედაგოგის ინდივიდუალური სტილის დადებითი თავისებურებების გამოკვე­თაც. თანამედროვე ფსიქოლოგიაში უკვე დამკვიდრდა პედაგოგიური საქმიანობის ინდივი­დუა­ლური სტილის ცნება. იგი გათანაბრებულია ცალკეული პიროვნების მოღვაწეობასთან დაკავშირებული ეფექტური ხერხებისა და, ზოგადად, შესაძლებლობის გამოყენების წარმოჩენასთან, თუ გნებავთ, მის ნიჭიერებასთანაც. ინდივიდუალური სტილის ფორმირებას, როგორც წესი, განაპირობებს ადამიანის მიდრეკილება მისი საქმიანობის, მოღვაწეობის ისეთი თავისებურებებისადმი, რომლებიც მხოლოდ მას ახასია­თებს. სტილის ასეთ ფორმირებას სტიქიურსაც უწოდებენ.

არსებობს მოღვაწეობის ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბების შეგნებულად მიზანმიმართული გზაც. ასეთ შემთხვევაში, ითვალისწინებენ პიროვნებას, ინდივიდის სუსტ და ძლიერ მხარეებს, მის ტიპოლოგიურ თავისებურებებს. ადამიანს განსაზღვრავენ ან მისი ღრმა თვითშემეცნების უნარით, ანდა მასზე გარეგანი მიზანმიმართული ზემოქ­მედების ეფექტიანობის შესაძლებლობებით (იგულისხმება გამოცდილი პედაგოგის ჩარევა-დახმარება). სტილის ფორმირების ეს გზა ითვალისწინებს პიროვნების, მისი ფსიქიკური თავისებურებებისა და თვისებების ადაპტირებას მისსავე პროფესიულ საქმიანობასთან, მაღალკვალიფიციური მოღვაწეობის მოთხოვნებთან. ამ გაგებით, ინდივიდუალური სტილი შეიძლება ჩამოყალიბდეს ამა თუ იმ პიროვ­ნების ავტორიტეტის საფუძველზეც, ამასთან, ეს პიროვნება შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ ეტალონადაც. 
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პედაგოგიური
მუშაობის მიმართულების მახასიათებლები
პედაგოგიური მუშაობის მიმართულება – ეს, უპირველესად, არის ადამიანის, სუბიექტის მყარი მისწრაფება პედაგოგიური მოღვაწეობისადმი.  

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პედაგოგიურ მიმართულებას საფუძვლად უდევს ორი უმთავრესი მოტივი – ბავშვების სიყვარული და ფიზიკური კულტურისადმი ინტერესი.

ბავშვების სიყვარული განაპირობებს ბავშვებთან მუშაობის სურვილს, მასწავლებლის სწრაფვას, აქციოს ისინი ფიზიკურად და სულიერად განვითარებულ, განათლებულ ადამიანებად. აქედან გამომდინარე, პედაგოგიური მოღვა­წეობა, უმთავრესად, მოტივირებულია ბავშვების სიყვარულით. მართლაც, კარგი მასწავლებელი ვერასოდეს გახდება ის, ვინც გულგრილად ეკიდება საკუთარ მისიას. ბავშვებიც ხომ შეუცდომლად საზღვრავენ, ვის უყვარს ისინი და ვის – არა. 

ფიზიკური კულტურისადმი ინტერესი ფიზიკური აღზრდის სპეციალობის არჩევის ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. ესაა ის ბერკეტი, რომლითაც მჟღავნდება ფიზიკური აღზრდის ჭეშმარიტი მსახურის პედაგოგიური მიდრეკილება, სწრაფვა შესაბამისი სამასწავლებლო საქმიანობისადმი. დროთა განმავლობაში ეს მისი ცხოვრების აზრი ხდება. არჩეული საქმისადმი სიყვარული სტიმულს აძლევს პედაგოგს, მუდმივად სრულყოფდეს თავის ოსტატობას. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეები გრძნობენ, რომ მასწავლებლისათვის გაკვეთილების ჩატარება მძიმე ვალდებულება კი არ არის, არამედ საპატიო და სახალისო მოვალეობაა და თვითონაც ასეთივე განწყობით ეკიდებიან მეცადინეობებს.

პედაგოგიური საქმიანობის უნარები
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული ოსტატობა დიდწილად განსაზ­ღვ­რავს მისი პედაგოგიური საქმიანობის წარმატებებს. მასწავლებლის ოსტატობას კი განაპირობებს:

§დიდაქტიკური საქმიანობის ნიჭი. ესაა უნარი, ისე ჩამოაყალიბო შესასწავლი მასალა და გადასცე მოსწავლეებს, რომ იგი მათთვის რაც შეიძლება მისაწვდომი იყოს. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ამ მასალის რეკონსტრუირება, ადაპტირება, ძნელის ადვი­ლად, რთულის მარტივად, გაუგებრის გასაგებად წარმოჩენა;

§აკადემიური კვლევა-ძიების ნიჭი. ესაა მეცნიერების გარკვეული დარგის (სასწავლო საგნის) წვდომა-დაუფლების უნარი. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი უნდა ფლობდეს თავის საგანს არა მარტო სასწავლო კურსის მოცულობით, არამედ გაცილებით ფართოდ და ღრმად;

§პერცეფციის, აღქმის უნარი. ესაა მოსწავლის შიდა, სულიერი სამყაროს წვდომის შესაძლებლობა, რაც მიიღწევა ფსიქოლოგიური დამკვირვებლობით, მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მისი პიროვნული განცდების გაგება-შეცნობით;

§მეტყველების ნიჭი. ესაა უნარი, ნათლად და მკაფიოდ გამოხატო შენი აზრი, საკუთარი განცდები როგორც საუბრით, ისე მიმიკისა და ჟესტების მეშ­ვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ეს გააკეთოს გარკვეული ძალისხმევით და დამაჯერებლად, ისე, რომ დააინტერესოს მოსწავლეები იმით, რის თქმა-გადმოცემასაც ცდილობს;

§ორგანიზაციული ნიჭი. ეს, ჩვენს შემთხვევაში, არის მოსწავლეთა ჯგუფის ჩამოყალიბების უნარი, იმის შესაძლებლობა, რომ განაწყო ისინი სასწავლო ამოცანათა გადასაწყვეტად. გარდა ამისა, პედაგოგს უნდა ხელეწიფებოდეს ამისათვის საკუთარი თავის მობილიზებაც;

§კომუნიკაციის ნიჭი მჟღავნდება მოსწავლეებთან ურთიერთობების დამყარებისას, ეს არის უნარი, ადვილად გამონახო მათ გულებთან მისასვლელი გზები, შეარჩიო სწორი მიდგომები, პედაგოგიური საქმიანო­ბისათვის მიზანშეწონილი დამოკიდებულებები;

§პედაგოგიური წარმოსახვა. ესაა მასწავლებლის უნარი, გაითვალისწინოს მოსწავლეებზე პედაგოგიურ ზემოქმედებათა შედეგები, წინასწარ განჭვრიტოს, ”რისგან რა გამოვა”, ამოიცნოს, რა სიკეთე შეუძლია გამოავლინოს ამა თუ იმ მოსწავლემ.

§ყურადღების განაწილების ნიჭი. ესაა უნარი, გაანაწილო ყურადღება პარალელურად მიმდინარე სხვადასხვაგვარ აქტივობებს შორის. მაგალითად, მასწავლებელი ვალდებულია, ერთდროულად აქცევდეს ყურადღებას სასწავლო მასალის გადმოცემის ფორმასაც და შინა­არსსაც. ამავე დროს მან უნდა გამოთქვას თავისი შენიშვნებიც და მოსაზრებებიც, მხედ­ველობის არეში უნდა ჰყავდეს ყველა მოსწავლე, უნდა რეაგირებდეს მათ ქცევაზე, ამჩნევდეს მათ დაღლილობას, ახსნილი მასალის წვდომის ხარისხს და ა. შ. 
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიონალიზმის
მნიშვნელოვანი მახასიათებლები
ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის მაღალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელი მახასიათებლები შეიძლება დანაწილდეს შემდეგ ჯგუფებად: ზნეობრივი, კომუნიკა­ციური (იგულისხმება პედაგოგიური ტაქტიც), ნებელობითი, ინტელექტუალური (აღქმის, ყურადღების გამახვილების უნარი), მნემური (მეხსიერების ხარისხი), მამოძრავებელი (ფსიქომოტორული). ამ პროფესიული მახასიათებლებისაგან განუყოფელია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პიროვნული მახასიათებლებიც: კარგი ფიზი­კური ჯანმრთელობა; თვინიერი, გაწონასწორებული ხასიათი; ინიციატი­ვია­ნობა; ცოდნის გამდიდრება-შევსების სურვილი; მოწესრიგებული, სამაგალითო ქცევა.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ავტორიტეტი
პედაგოგიურ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავ­ლებლის ავტორიტეტს. თუ მას მოსწავლეებში მაღალი ავტორიტეტი აქვს, შეუძ­ლია ადვილად მოახდინოს მათზე კეთილისმყოფელი ზეგავლენა.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ავტორიტეტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელ­თაგან უმთავრესია:

Øფიზიკური კულტურის სფეროში გათვითცნობიერება, სპორტული უნარ-ჩვევების ჯეროვანი მარაგი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი, როგორც სპორტსმენის, სტატუსი (ცხადია, მასწავ­ლებლობამდე);
Øფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი მუდამ უნდა რჩებოდეს მოსწავლეთა უფროს მეგობრად, დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტად;
Øმის ავტორიტეტს – მასწავლებლის, როგორც პედაგოგის (ფართო გაგებით) სტატუსს – უნდა ავსებდეს პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ცოდნა-ჩვევები;
Øმაღალზნეობრიობა ავტორიტეტის გარანტიაა. მასწავლებლის ავტორიტეტი, სხვადასხვა დადებით თვისებასთან ერთად, შესაფერის გარეგნულ ქცევასა და იმ ზნეობრივი შინაარსს უკავშირდება, რომელიც, ზოგადად, მასწავლებლის ყველა ქმედებას უნდა ახლდეს. 

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე, მაღალი ავტორიტეტის მქონე მასწავლებლის სურათს წარმოგვიდგენს. ამასთან, რა თქმა უნდა, მასში შეიძლება წინ წამოწეული იყოს ესა თუ ის კომპონენტი. ეს ხელს არ შეუშლის მასწავლებლის ავტორიტეტულობას.

თუ ნათქვამს შევაჯამებთ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის სრული პორტრეტის წარმოსაჩენად აუცილებელია, გავითვალისწინოთ მისი ინდივიდუალობა, ხასიათი, ნიჭიერება, საქმიანობა-მოღვაწეობის სტილი; აგრეთვე ის, თუ როგორ ფლობს იგი იმ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ღირსეული მომავალი თაობის აღზრდისათვის, მისი ჰარმონიული, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...