სამშაბათი, ივლისი 22, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

„მამა, წიგნი წამიკითხე“

0

რა ხდება, როცა ოჯახში ბიჭი იბადება?


6 წლამდე მამაკაცების 82%:


▪ არ უკითხავს შვილს წიგნებს;


▪ არ უმზადებს საკვებს.


7-დან 12 წლამდე:


▪ არ დაჰყავს სკოლაში ან გასართობად;


▪ არ ესაუბრება მასწავლებლებს;


▪ არ უმზადებს საკვებს.


13-დან 18 წლამდე მოზარდებს ბევრი კითხვა უჩნდებათ:


▪ რა არის შიდსი?


▪ ნარკოტიკები?


▪ ცხოვრების ჯანსაღი წესი?


▪ სქესობრივი კავშირი?


▪ ოჯახი? სამეგობრო?


მამების 58% ვაჟებს ყოველდღე არ ესაუბრება.


 ბიჭი უკვე სრულწლოვანია, ცხოვრება – მრავალფეროვანი, თუმცა მან უსაფრთხო ქცევის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ის ქორწინდება.


▪ მეუღლეს კონსულტაციაზე მამაკაცების 54% დაჰყვება. მათგან მშობიარობას ესწრება მხოლოდ 5%.


▪ მამაკაცების 70%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის დაგეგმვა ქალის საქმეა, თუმცა 10-დან 8 ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა კაცს ეკუთვნის. მათი 78% არ ალაგებს სახლს, 67% არ ამზადებს საჭმელს. მიუხედავად ამისა, მამაკაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს.


„კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა და რომლის მონაცემებიც ახლახან წაიკითხეთ. კვლევა ცხადყოფს, რომ ამგვარი სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა.


ხშირად გაიგონებდით, როგორ ეუბნებიან დედები და მამები შვილებს: „შენ კაცი ხარ და ძლიერი უნდა იყო”, „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?!” „თუ ვინმემ დაგარტყა, უპასუხე!”


ამგვარი დამოკიდებულებები ვაჟს სტერეოტიპებით აზროვნებისკენ უბიძგებს და უკვე გაზრდილი, აუცილებლად შეეცდება, საპირისპირო სქესს თავისი დომინანტობა დაუმტკიცოს. თუმცა ოდესმე აუცილებლად დადგება დრო, როდესაც კაცი თავის სიმამაცეს ვერ გამოიყენებს, დაიწყებს საკუთარ სისუსტეზე ფიქრს და ავტორიტეტის აღდგენას ძალის გამოყენებით შეეცდება. აქ მთავრდება ციკლი, რომელიც მშობლის მიერ შვილისთვის „ნამდვილი მამაკაცის” სტერეოტიპის შექმნით დაიწყო და მოძალადე მამაკაცის ჩამოყალიბებით დასრულდა.


კვლევის გამოქვეყნების შემდეგ გაეროს მოსახლეობის ფონდმა თავად სცადა საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების შესუსტება, მერე კი დანგრევა და Facebook-ის აუდიტორიას ახალი პროექტი შესთავაზა, რომელსაც „მამა, წიგნი წამიკითხე” ჰქვია.



„ჩვენ გვსურს, დაინგრეს სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა. მიზნად ვისახავთ, მშობლებს, განსაკუთრებით – მამებს, მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. თუ გსურთ, თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ პიროვნებად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა!” – ამბობს პროექტის ავტორი სოფო დათუაშვილი.


ძვირფასო მამებო, თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თქვენს პატარებში განათლების, კითხვის სახით დაბანდებული ინვესტიცია მომავალში წარმატებას მოუტანს მათ. კითხვა ავითარებს მეხსიერებას, ცნობისმოყვარეობასა და ფანტაზიას, და თუ ჯერაც არ იცით, როგორ დაიწყოთ ურთიერთობა შვილებთან, როგორ გამონახოთ მათთან საერთო ენა და როგორ ემეგობროთ, მიჰყევით გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალ პროექტს, გაიზიარეთ სხვების გამოცდილება.

გოგოების ამბები-დიალექტური კორპუსის დიალექტიკა

0
არსებობენ დაწერილი და დასაწერი წიგნები. დაწერილი და დასაწერი მოთხრობებიც არსებობენ. დაუწერელი პროზაც არსებობს და ცხოვრებაც, რომელიც ყველა დრამაზე მეტი დრამაა, ყველა აღწერილ ტკივილზე მეტი ტკივილი. არსებობენ ადამიანი – მოთხრობები, ადამიანი–ისტორიები, ამბები, რომელთა მოყოლა ხომ ძნელია და დაჯერება – კიდევ უფრო ძნელი, ამბები, რომელთა თხრობისას ტავტოლოგიისა არ გეშინია და სულ გინდა იმეორო: ადამიანი, ადამიანი, ადამიანი, ადამიანი….

დიალექტურ კორპუსზე უკვე მისაუბრია თქვენთან, ამბების ამ ზარდახშაზე, რომელსაც თავს ფრთხილად ახსნი და როგორც ბებიების ძველი, სამზითვო სკივრებიდან, ჯერ ნესტის სუნი ამოვა, მერე დიდი ხნის განმავლობაში შენახული, იმქვეყნად გასამგზავრებლად გამზადებული  ლაკის ფეხსაცმლის, მერე ძველებური ფერუმარილის, ფოტოების, გაზეთების, ხაბაკ–ხუბაკის, სანელებლების და რა ვიცი, კიდევ რისი… კიდევ? კიდევ დარდი ამოფრინდება, ტკივილი გამოჟონავს, ძალიან ნაცნობი და, რაც მთავარია, მარად  განმეორებადი.

ჰოდა, ერთი პატარა გოგოს ამბავი უნდა მოგითხროთ.  

ის დიალექტური კორპუსის ერთ–ერთი მთქმელია, მთხრობელი, სწორედაც რომ მთხრობელია და არა ზეპირი ავტორი თავისი ცხოვრების ისტორიისა. 

სამწუხაროდ, ქალები დღესაც კი ვერ არიან საკუთარი ცხოვრების ტექსტის ავტორები – შექმნისა და ინტერპრეტაციის თავისუფლებით.

პატარა რა, პატარა ამ ამბის დასაწყისშია, ისევე როგორც, ჩვენ ვიყავით ჩვენი ცხოვრების ამბის დასაწყისში – პატარები.

მეოთხე შვილი იყო, სამი ძმის ნაბოლარა და, როგორც თვითონ ამბობს ნანინანატრი, მაგრამ არ ეღირსა მის ბედნიერ დედას გოგონას გაზრდა, გარდაიცვალა.

მერე კლასიკური ისტორია იწყება, ქართული ზღაპრების ცნობილი სიუჟეტი – დედინაცვალი, რომელსაც გერი დიდად არ ეხატება გულზე.

„იმ ცოლმა რაღაცა, დედინაცვალი ხო იცი, კარგად ვერ დაგვინახა და სკოლაში საშუალება არ მამცა რო მესწავლა, წესიერად. მეშვიდე კლასამდე ვიარე. შვიდი დავამთავრე ე.ი. მაგრამ წესიერად ვერ დავამთავრე. მოსწავლეები მოდიოდნენ ჩემთან სახლში, სკოლაში წყარო არ იყო ხოლმე. მამაჩემი შეხვდებოდა ტკბილად: მოდი, შვილო, მოდი, გენაცვალეთ მოდით. ეე ჩემი დედინაცვალი აბრუტული დაჲყურებდათ. მემრე მეტყოდა, იმათ რო გაისტუმრებდათ: აბრძანდი დილით ადრე, წყაროც მაიტანე, ჩითარაანთ წყაროჲდან უნდა მემეტანა კოკით”…

ჰოდა, გადააყოლეს სახლის საქმეებს სწავლას და კითხვას დანატრული მოზარდი, სახლსაც უვლიდა, წყაროზეც დადიოდა, პირუტყვსაც პატრონობდა და გაკვეთილების სწავლას კი ვერ ასწრებდა. როცა ღამით დაკარგული დროის ანაზღაურებას და მეცადინეობას ცდილობდა, მამა ეჩხუბებოდა,  შე ღმერთგამწყრალო, როდემდე უნდა კითხულობდეო. 

ვერც დღისით ისწავლა, ვერც ღამე, წიგნის კითხვისთვის დროს არ უტოვებდნენ. იქნებ უდედმამო ბავშვთა პანსიონში მაინც გაგზავნოთო, ურჩიეს მამას, ნიჭიერია, ისწავლისო, მაგრამ არ გაგზავნეს. გოგოა, სად უნდა გავგზავნოო – მამამ.

მოკლედ, დარჩა ეს ჩვენი გმირი განათლების გარეშე.

დედინაცვალმა ვიღაც ბიჭი მოუძებნა, იქით  უგზავნა შუამავლები, ოღონდაც წაიყვანონო და 16 წლისა უკითხავად გაათხოვა.

„ქა, საამისო მე რა მქონდა ქა. დედაჩემ მაგრე უნდოდა ჩემი თავი გაზრდა? ჰოდა აგრე დამნიშნა ჩემმა ქმარმა. ქმარმა როგო დამნიშნა? ჯერა ქმარს არ დაუნახივარ, არც მე მიყვარდა, არც იმაჲ, რაც ხან დანიშნულები ვიყავით – ათი თვე, ჩვენ ერთიმეორეჲ უმძრახებივით ვიყავით, არ დავლაპარიკებივართ. მაშინ მეშვიდმეტეში ვიყავი. ჩვენები დამინახავენ, ნუ მელაპარაკებიო. გვერძე არ გამყვებოდა და გვერძე არ გავყვებოდი. ეგრე ვიყავით, როგორც სხვები. მე კიდე ვიჯექ და სუ ვტიროდი…”

აი, ასე უსურვილოდ და ნაძალადევად გაათხოვეს, ათ თვეში ბიჭი ეყოლა, სამი კვირისა ჰყავდა ჩვილი, როცა ქმარი ომში გაიწვიეს. წავიდა და აღარც დაბრუნებულა.

დარჩა მარტო, შვილის ანაბარად, ქმრის ოჯახში.

ოჯახიც არის და ოჯახიც, ბევრი ქვრივის ისტორია მსმენია და წამიკითხავს, ქმრის მშობლები შეიყვარებენ ხოლმე, როგორც საკუთარ შვილს, ბავშვებს დააზრდევინებენ, ცივ ნიავს არ აკარებენ, უფრთხილდებიან, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავი იყო, ერთი სიტყვა, ერთი ზმნა ააშკარავებს მისი ქვრივობის მთელს სიმძიმეს:

„ცხრა წელიწადი ვიმსახურე იმათ ოჯახში”.

ვიმსახურეო, გესმით? კი არ ვიცხოვრეო, კი არ ვიარსებეო, კი არ ვიყავიო, ვიმსახურეო გარდაცვლილი ქმრის ოჯახში. ქმარი – უსიყვარულოდ, ქვრივობა და მორჩილება, ცხოვრება კი არა, ბედის მოსამსახურეობაა, მეტი არც არაფერი.

„ომში ვიყავით მშივრები, ტიტლიკანები, ჩემი დედამთილი იგეთი იყო რო, მე და ჩემი მაზლი ვშრომობდით, გვიწერამდნენ პურსა, იმაჲ კიდე უჩუმრად გაიქონდ… ღვინო, არაყსა ყიდულობდა. და ჩვენ კიდე მშივრები ვიყავით”.

წავიდოდა სამუშაოდ, იმუშავებდა, დაიღლებოდა, მოშივდებოდა, საგზალი არაფერი ჰქონდა, დაჯდებოდა და ტიროდა. თუ სხვები მიაწვდიდნენ, გაინაზებოდა, ვითომ არ უნდოდა, ვითომ სულაც არ შიოდა.

„იქიდან მაწვდიდნენ, აქედან მაწვდიდნენ, შეიძლება ჩემი ცარიელი პურით დავკმაყოფილიყავი თითო-თითო ნაჭერ ხვეწნით თუ ავიღებდი, მერიდებოდა, მრცხვენოდა. მე უქონელი ვიყავი, არაფერი მქონდა, მეშოკი კაბაც კი მცმია.”…
ასეთი ისტორიები მრავლადაა დიალექტურ კორპუსში, ქალების ტკივილიანი ისტორიები – ზოგი  სულ პატარა, თითქმის ბავშვი გაათხოვეს, უკან გამოქცეული მიაბრუნეს, ზოგიერთს სკოლაში სიარულის უფლება არ მისცეს, ზოგი უსახლკაროდ დატოვეს, ზოგსაც ხან მამა, ხანაც ქმარი, ზოგჯერ კი მეზობელიც ჩაგრავდა, გასაქანს არ აძლევდა…

ჰოდა, დრო კი შეიცვალა, მაგრამ თურმე ამბები იგივე დარჩა, ბოლო თვეების სტატისტიკა მოწმობს ამას.

  ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, ყველას აღმოფხვრა ძნელი, ზოგჯერ შეუძლებელიცაა, მაგრამ მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი როლის თამაში ჩვენ, მასწავლებლებსაც შეგვიძლია, უნდა ვუთხრათ ჩვენს მოსწავლეებს – ლამაზ, ნიჭიერ, მხიარულ და მშვიდ, დაფიქრებულ და მეოცნებე გოგოებს, რომ უზარმაზარია მათი ძალა, რომელიც განათლებასა და დამოუკიდებლობაშია, რომ ისინი ყველაფრის შემძლეები არიან, რომ მათ უბრალოდ კი არ უნდა მოგვითხრონ, არამედ, უნდა შექმნან, თვითონ უნდა ააგონ საკუთარი ცხოვრების სიუჟეტური ქარგა, რომ ისინი თავად არიან საკუთარი თავგადასავლების ავტორები.

ვისზე უფროა დამოკიდებული მოზარდი, – დედაზე თუ კომპიუტერზე?

0
„ჩემი შვილი კომპიუტერსაა მიჯაჭვული, მუდამ ისტერიკაში ვარდება, როდესაც კომპიუტერული თამაშის დასრულებას ვთხოვთ, არაფერი აინტერესებს კომპიუტერული თამაშების გარდა, განა ეს ნორმალურია?” – ეს შეკითხვა ფსიქოლოგებისთვის  ნამდვილ თავის ტკივილადაა ქცეული პროგრესისა და კომპიუტერიზაციის საუკუნეში. რა იზიდავს ბავშვებს კომპიუტერული თამაშებისაკენ და შესაძლებელია თუ არა, დავაბრუნოთ ისინი რეალურ სამყაროში?

თანამედროვე ბავშვების განვითარების პირობები იმდენად რადიკალურადაა შეცვლილი, რომ უაღრესად ნიჭიერ პედაგოგებსა და მონდომებულ და მოყვარულ მშობლებსაც კი ძალიან უჭირთ მასთან ადაპტაცია. ამ უკანასკნელებმა მიიღეს კლასიკური განათლება, იციან, რა სახის განათლება უნდა მისცენ მოზარდებს. პირველ რიგში – წიგნები და შემდგომ ამისა კომპიუტერი. 

ეგრეთ წოდებული „კომპიუტერული ბავშვების” აღზრდისას გასათვალისწინებელია სამი უმთავრესი ფაქტორი – ამ ტიპის მოზარდებს საფუძველშივე არასწორად აქვთ ჩამოყალიბებული კომპიუტერისადმი დამოკიდებულება; ახალი „მანქანის” შეძენა მოზარდში ერთგვარ რიტუალურ აქტად აღიქმება. საკმაოდ ხშირად მშობლები შვილებს კომპიუტერთან მარტოს ტოვებენ. მათი მოტივაცია შემდეგნაირია –გარკვეული ხნის განმავლობაში თანხა იმისათვის უნდა დავზოგო და „ძვირფასი სათამაშო” იმისთვის უნდა შევიძინო, რომ შემდეგ ისევ ბავშვთან ერთად ვიჯდე და ვითამაშო? დაბოლოს – თითქმის არც ერთი მშობელი არ საზღვრავს, რამდენ ხანს შეიძლება იჯდეს მისი შვილი კომპიუტერთან.

სიტუაცია 1–ლი, კომპიუტერი და დისციპლინა:  ექვსი წლის ნენსის საშუალება აქვს ‘’იმუშაოს’’ კომპიუტერით ზუსტად ისევე როგორც მამამისს, რომელიც პროგრამისტია. ნენსი არ წერს ქაღალდზე, არც ხატავს, არც ძერწავს და ის სრულადაა დამოკიდებული კომპიუტერზე. ერთ დღეს მათთან სტუმრად მისულმა ბებიამ აღმოაჩინა, რომ პატარა ნენსი არ თამაშობს საღებავებითა და პლასტელინით, არც წიგნებს კითხულობს და ზოგიერთი ასოს გამოთქმასაც ვერ ახერხებს. არადა, ბავშვი კატეგორიულ უარს ამბობს, ხატოს ქაღალდზე, წაიკითხოს ზღაპრები, ძერწოს პლასტელინით. სამაგიეროდ, ბებიამ გადაწყვიტა მოზარდს განუსაზღვროს კომპიუტერთან „მუშაობის” პერიოდი. მოტივაცია ამგვარია – კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა თვალებს აზიანებს, შენ გაქვს ნახევარი საათი გაერთო კომპიუტერით, ამ დროის გასვლის შემდეგ კი კომპიუტერს გამოვრთავთ. ამ დროს, ნენსის მამა ექომაგება – ბავშვს სულაც არ სჭირდება ქაღალდზე ხატვა და პლასტელინით ძერწვა – მას აქვს კომპიუტერი!” თუ არ დამემორჩილები, შენც დაგსჯი და მამაშენსაც, რომელიც გექომაგება და შენს მხარესაა”, – აცხადებს ბებია. 

საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებისათვის ეს სიტუაცია კარგად ნაცნობია. გთავაზობთ მათ შეფასებას ამგვარი მოცემულობების დროს – რას ვეუბნებით მოზარდს: ამ კომპიუტერმა შენ ჭკუიდან გადაგიყვანა, გეყოფა თამაში, სულელი გაიზრდები! მოზარდები ამ ნათქვამს ამგვარად იგებენ: ჩვენ გვიყვარხარ შენ კომპიუტერის გარეშე, ხოლო კომპიუტერთან ერთად შენ ჩვენი სირცხვილი ხარ! ვეუბნებით: დაგსჯი, თუ ნებართვის გარეშე ჩართავ კომპიუტერს! ისინი იგებენ: მე გავანადგურებ კომპიუტერს და მაშინ მიხვდები, ვინ არის აქ უფროსი! ვეუბნებით: გეყოფა თამაში და მთელი დღე უსაქმურობა! იგებენ: შენი ‘’მუშაობა’’ კომპიუტერთან უსარგებლო და არაფრისმომცემია და არავის აინტერესებს თავად რას ფიქრობ ამაზე!

კომპიუტერულ თამაშზე აგრესიული დამოკიდებულება ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. როდესაც მოზარდს ვუკრძალავთ კომპიუტერულ თამაშს, ის ფიქრობს, რომ თქვენ არ გიყვართ ის და მზად არ ხართ მასთან ერთად გაიზიაროთ თამაშით მიღებული სიამოვნება. გასათვალისწინებელია, რომ მოზარდებს მოზრდილებისაგან განსხვავებით განსხვავებული ლოგიკა აქვთ – მათთვის იდეალური მშობელი მხიარული და კეთილი ადამიანია – ჯადოქრის ან კლოუნის მსგავსი, რომელიც მზადაა, ბავშვს ნებისმიერ დროს მოუსმინოს. 

ნენსის ბებია გამოჩენისთანავე იქცა ბოროტ პერსონაჟად. ჰოდა, ვის სიამოვნებს ბოროტი და კუდიანი ბებიის მოსმენა და მისი დაჯერება? ნენსიმ გააპროტესტა ბებიის ბოროტი განზრახვა და, მისი აზრით, ბოროტების წინააღმდეგაც კი გაილაშქრა. ვინაიდან ბავშვის დასჯა ‘’სრულიად არაფრის’’ გამო, ეს ნამდვილად დიდი ბოროტებაა. დისციპლინა და თამაში ნამდვილად არის თავსებადი. თუმცა აკრძალვა მოცემულ შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. საჭიროა, მშობელი საკითხს რაციონალურად მიუდგეს – „შენი ასაკის ბავშვები კომპიუტერთან მხოლოდ ნახევარ საათს ატარებენ!” ამასთანავე შესაძლებელია შემდეგი შეთავაზებაც – „ძალიან მომწონს, როგორ თამაშობ კონსტრუქტორით, ამგვარად თამაში ხომ არც ერთ კომპიუტერს არ შეუძლია!” 

სიტუაცია მე–2 – კომპიუტერი და სიყვარულისა და მზრუნველობის მოთხოვნილება;

როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ბილი 6 წლის იყო. გაშორების ინიციატორი დედა იყო – ძლიერი და ამბიციური პიროვნება. გაყრის გამო წარმოქმნილი ერთგვარი დისკომფორტის საკომპენსაციოდ დედამ შვილს კომპიუტერი უყიდა. მას შემდეგი  მოტივაცია ჰქონდა – „ჩემს შვილს მზრუნველობას არ მოვაკლებ და ის ნიჭიერი ბავშვი გაიზრდება. ვერავინ იტყვის, რომ ბავშვზე არ ვზრუნავ”. ბილმა სიხარულით მიიღო საჩუქარი. საკუთარი მზრუნველობის დასადასტურებლად დედამ კომპიუტერზე მრავალფეროვანი თამაშებიც ჩაუტვირთა. ბილისთვის კომპიუტერზე თამაში გაცილებით მიმზიდველი და იოლი იყო, ვიდრე საკუთარი მშობლების უთანხმოებაზე ფიქრი. ის სრულებით გადაერთო კომპიუტერულ თამაშებზე და ამ დღიდან საკუთარი მამა აღარც კი გახსენებია. კომპიუტერი მისთვის ერთგვარ სუროგატ მშობლად გადაიქცა. ბილის დედა საბოლოოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც მისი შვილი სკოლაში წავიდა. ამ პერიოდისათვის ბილს რეალობის შეგრძნება თითქმის დაკარგული ჰქონდა. უკვე მიჩვეული იყო, რომ ზრუნვისა და სიყვარულის ნაკლებობისა და პრობლემების დროს ვირტუალურ სივრცეს აფარებდა თავს. 

რას ვეუბნებით ბავშვს: რა ფეხებში მედები, ხომ გიყიდეთ ძვირფასი კომპიუტერი, წადი და გაერთე! როგორ იგებს ჩვენს ნათქვამს მოზარდი: მზად ვართ გაგანებივროთ ძვირფასი საჩუქრით, მაგრამ არა სიყვარულით! „ვეუბნებით: ძალიან დაღლილი ვარ, საშინელი კვირა მქონდა, წადი, კომპიუტერით ითამაშე!” იგებენ: „შენი სიყვარულის თავი ნამდვილად აღარ მაქვს, წადი ითამაშე, სანამ მე ვისვენებ!” ვეუბნებით: „დიდი არაფერია, რომ მამა ცალკე ცხოვრობს, სამაგიეროდ შენ კომპიუტერი გაქვს!” იგებენ: „სიამოვნების მისაღებად ნებისმიერი მსხვერპლისთვის მზად უნდა იყო!”

ვისზე უფროა დამოკიდებული მოზარდი, – დედაზე თუ კომპიუტერზე? ეს შეკითხვა უამრავ მშობელს აწუხებს. მშობლები უსულო მანქანაზე ეჭვიანობენ, თუმცა საყურადღებოა, რომ შვილთან ერთად ძალიან მცირე დროს ატარებენ. წარსულ დროში მშობელი ბავშვისათვის ერთფეროვანი რეალობის ფონზე ამოსავალი წერტილი იყო, ტექნიკისა და პროგრესის ეპოქაში კი, მრავალფეროვანი ირეალური სამყაროს ფონზე მშობელი საკმაოდ უსახურ არსებად გამოიყურება. ემპირიული დაკვირვებები ცხადყოფს, რომ როდესაც ბავშვს ოჯახის მხრიდან სითბო, სიყვარული და ყურადღება აკლია, ძალიან დიდია ალბათობა, მას რაიმეს – მოცემულ შემთხვევაში კომპიუტერის მიმართ – ერთგვარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. კომპიუტერისაგან შესაძლებელია დიდი სიამოვნების მიღება ყოველგვარი ძალისხმევისა და შრომის გარეშეც. ეს კი იმ ყურადღებისა და სიყვარულის  ერთგვარ სუროგატს წარმოადგენს, რომელიც მოზარდმა ოჯახიდან უნდა მიიღოს.   

როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან ბავშვის ვირტუალური და რეალური სამყარო? 

1.პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რას წარმოადგენს თქვენთვის კომპიუტერი. არის ეს – ფუფუნების საგანი, „ფანჯარა” მსოფლიოში თუ ტექნიკური დამხმარე. მოზრდილებში კომპიუტერის დანიშნულების გადაჭარბებული შეფასება  მათ შვილებში საკმაოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ხოლო მშვიდი და რაციონალური მიდგომა ტექნიკისადმი, საშუალებას აძლევს მოზარდს, გაცილებით სასარგებლო გახადოს კომპიუტერთან ჯდომა. 
2.მოზარდის თვითშეფასების დაბალი დონე – იმ შემთხვევაში, როდესაც მოზარდს ოჯახის მხრიდან სხვადასხვა დამოუკიდებელი მიზეზების გამო ყურადღება აკლია, ვერ გრძნობს მშობლებისა და ახლობლების მხრიდან სითბოსა და სიყვარულს, ძალიან დიდია ალბათობაა იმისა, რომ ბავშვი თავისდაუნებურად კომპიუტერულ, ვირტუალურ სამყაროს მიეჯაჭვოს. 
3.კომპიუტერი მოზარდის ცხოვრებაში უდიდეს ადგილს დაიკავებს, როცა ამ უკანასკნელს არ ჰყავს თანატოლი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. მოზარდს არ აქვს საშუალება თანატოლებთან ერთად გაერთოს რეალური თამაშით და ეს კი უკვე წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ ის კომპიუტერზე დამოკიდებული გახდეს. 
4.„ვთამაშობთ მხოლოდ ერთად!” – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ მოზარდი კომპიუტერთან მარტო. აუცილებელია, ბავშვში გამძაფრდეს დროის შეგრძნების მომენტი. უმჯობესი იქნება, თუ მშობელი შვილთან ერთად მიუჯდება კომპიუტერს და გვერდით საათს მოიდგამს. წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ პატარა, რომ დროის გარკვეული პერიოდის  გასვლის შემდეგ კომპიუტერი გამოირთვება. 

მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

გერმანულის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლების პერსპექტივები

0
ინგლისური ენის პირველ უცხო ენად დამკვიდრებამ და მისმა ბოლოდრონდელმა პოპულარიზაციამ თავისთავად მოახდინა გავლენა გერმანული ენის აქტუალურობაზე. წინამდებარე სტატია ეხება გერმანულის, როგორც მეორე უცხო ენის, სწავლების წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტარატეგიას და მისი გაჩენის წინაპირობებს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანული ენა განხილულია მეორე უცხო ენად, თუმცა აღნიშნულ კონტექსტში შესაძლებელია ნებისმიერი უცხო ენა ვიგულისხმოთ, რომლის სწავლასაც მოსწავლეები პირველი უცხო ენის (ინგლისურის) გარკვეულ დონეზე დაუფლების შემდეგ იწყებენ. აქედან გამომდინარე, ამ გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ როგორც გერმანულის, ასევე სხვა უცხო ენის მასწავლებლებსაც.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც Gგერმანია დასავლური ოჯახის წევრი გახდა, გერმანულ ენაზე ინგლისური ენის გავლენა მკვეთრად შეიმჩნევა. ბოლო წლებში ინგლისურმა სიტყვებმა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში შეაღწიეს. ისინი საერთაშორისო ტერმინოლოგიის სტატუსით დამკვიდრდნენ. უფრო მეტიც, განათლების მიღება ნებისმიერი მიმართულებით წარმოუდგენელი გახდა ინგლისური ენის ცოდნის გარეშე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სპორტი, პოპკულტურა, ვაჭრობა, მეცნიერება, ტექნოლოგიები. მსოფლიოს კომპიუტერიზაცია-ინტერნეტიზაციამ კიდევ უფრო საყოველთაო გახადა ინგლისური ენა. სწორედ ასეთმა შეუქცევადმა ფაქტორებმა განაპირობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ინგლისურის, როგორც პირველი უცხო ენის სწავლების აუცილებლობა. 

გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე, თითქმის ყველგან გერმანული ენის სწავლა მოსწავლეებს მეორე ან მესამე უცხო ენის სტატუსის ფარგლებში უწევთ. ეს კი სწავლებისას გარკვეულ თავისებურებებს წარმოქმნის. მეორე უცხო ენა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე პირველ უცხო ენას გარკვეულ დონეზე უკვე ფლობს და ჩამოყალიბებული აქვს მისთვის მოსახერხებელი სწავლის სტრატეგიები. გერმანული ენის მეორე ან მესამე უცხო ენად სწავლებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ის პირველი უცხო ენის (ჩვენს შემთხვევაში, ინგლისური ენის) სწავლისა და სწავლებისას მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება. 

ზოგჯერ მოსწავლეები, პოპულარულ ენებთან ერთად, ერთ ან რამდენიმე მშობლიურ დიალექტსაც ფლობენ. მათ ეს ცოდნა სპეციფიკურ ენობრივ გარემოში ცხოვრებით შეიძინეს, რაც სწავლის შეუქცევად პროცესს ეფუძნებოდა. ასეთი შემთხვევა ხშირად გვხდება ემიგრანტ ბავშვებთან, რომლებიც სკოლაში მისვლისას უკვე ორ ენას ფლობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ენის ასეთ ცოდნას მოცემულ კონტექსტში ვერ განვიხილავთ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უცხო ენის სწავლების ისეთ პროცესზე, რომელიც სტრუქტურირებულ სასკოლო-საგაკვეთილო გარემოში მიმდინარეობს. ამ დროს მოსწავლისთვის უცხო ენის სწავლების პროცესი უკვე ნაცნობია და მას კარგად ესმის ის სირთულეები, რაც უცხო ენაზე აზრის გამოხატვისა და საწყის ეტაპზე ლექსიკურ შეზღუდვებს უკავშირდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, მოსწავლემ თავად მიაგნოს სიტყვების დასწავლის, გრამატიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავების მისთვის ეფექტურ ხერხებს. 

მეორე უცხო ენის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის ასაკი. შედარებით მაღალი კლასების მოსწავლეებს ამ მხრივ მეტი გამოცდილება აქვთ. ისინი უკეთ ფლობენ სწავლისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიებს, რომლებიც მათ პირველი უცხო ენის სწავლისას შეიძინეს. ყოველი ახალი ენის შესწავლისას უკვე მიღებული გამოცდილება მეორდება. აქედან გამომდინარე, პირველი უცხო ენის შესწავლა მკვეთრად განსხვავდება მეორე უცხო ენის შესწავლისაგან. მეორე ან მესამე უცხო ენების სწავლა-სწავლების პროცესი და მასთან დაკავშირებული თავისებურებები კი თითქმის იდენტურია. 

60-იანი წლების მიწურულს გერმანულენოვან მეთოდიკურ ლიტერატურაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ რამდენიმე უცხო ენის სწავლებისას (ძირითადად, ეს ეხებოდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს) ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ენის ელემენტების არევა (ამ პერიოდში ხშირად ისწავლებოდა ფრანგული ენა ინგლისურის, როგორც პირველი უცხო ენის, შემდეგ). იმდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფრანგული ენის სწავლების პროცესს, სწორედ ამ მიზეზით, ხელს უშლიდა არა მხოლოდ გერმანული, არამედ ინგლისური ენაც. წარმოქმნილმა პრობლემებმა ნათლად გამოკვეთა უცხო ენების სწავლების არსებული ჩარჩოს ნეგატიური ასპექტები _ კერძოდ ის, რომ უცხო ენების სწავლებისადმი ინტერაქციული მიდგომები უარყოფით შედეგებს იძლეოდა. ამის შედეგად, თავისთავად გაჩნდა სხვადასხვა ენის გამიჯვნის აუცილებლობა (როგორც საათობრივ ბადეში, ასევე მოსწავლეთა გონებაში). 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლეთა აზროვნებაში უცხო ენები ერთმანეთისაგან გამიჯნულ “უჯრებში” არ “ინახება”. ისინი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. არსებობს ენის დეკლარაციული ცოდნა (მშობლიური, პირველი და მეორე უცხო ენების ენობრივი ელემენტების, ერთეულებისა და სტრუქტურების ფორმით ცოდნა) და პროცედურული ცოდნა (ცოდნა, რომელიც ენის შესწავლის კონკრეტულ გამოცდილებასა და სწავლის მიმდინარე პროცესს ეფუძნება). როდესაც მოსწავლეები ახალი ენის შესწავლას იწყებენ, ისინი იმთავითვე იმ უცხო ენის სწავლებისას მიღებულ გამოცდილებასა და ენობრივ ელემენტებს რთავენ ამ პროცესში, რომელსაც უკვე გარკვეულ დონეზე ფლობენ.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მთელი რიგი დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე უცხო ენის სწავლება ნეგატიურ შედეგებს არ იძლეოდა. პირიქით, მეორე უცხო ენის გაკვეთილი, პირველი უცხო ენის გაკვეთილებზე მიღებული გამოცდილების ფონზე, მოსწავლეს აძლევს გარკვეული პარალელების, კონტრასტების, განსხვავებების აღმოჩენის საშუალებას. აქედან გამომდინარე, მოსწავლე მეორე უცხო ენის სწავლის საწყის ეტაპზე მზადაა, პირველი უცხო ენის სწავლისას მიღებული გამოცდილებით, რეცეფციისა და პროდუქციის პროცესს თავად გაართვას თავი. 

როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, საქართველოს სკოლებშიც სავალდებულო გახდა ინგლისურის, როგორც პირველი უცხო ენის სწავლება. ამან თავისთავად მოახდინა გავლენა გერმანული ენის აქტუალურობაზე და მას მეორე, ზოგ შემთხვევაში კი მესამე უცხო ენის სტატუსი შესძინა. აღნიშნული ტენდენცია გლობალურია და გადაჯაჭვულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, გერმანულის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლებისას პირველი უცხო ენის (ინგლისურის) სწავლის პროცესში მიღებული გამოცდილების გამოყენება და სწორად შერჩეული ინტეგრირებული სწავლების სტრატეგია შესაძლებელია, გამოსავალიც იყოს. საფიქრებელია, რომ ამ შემთხვევაში ინგლისური ენა გერმანული ენის შესწავლის გასაღები აღმოჩნდება.   

აღნიშნული რისკების გაჩენის შემდეგ წარმოიშვა გერმანული ენის კონსტელაციური ხერხით სწავლების იდეა _ “გერმანული ინგლისურის შემდეგ” (“Deutsch nach Englisch”). ეს მეთოდი იმ რისკების თავიდან აცილების მცდელობაა, რომლებიც გამოცდილებამ და ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს. მოცემული მეთოდი, განსაკუთრებით პირველ გაკვეთილებზე, იმ წინარე ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილებზე უკვე მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ ორი ენის ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილების, დასწავლის სტრატეგიების პირველი უცხო ენიდან მეორე უცხო ენაზე გადატანას. ეს თანდათანობით გამორიცხავს ინგლისური და გერმანული ენობრივი ერთეულების ერთმანეთში არევას. 

გერმანული ენის ინგლისურ ენასთან ინტეგრირებულად სწავლების ეფექტურობა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს: 

·გერმანული და ინგლისური ენები დასავლეთ ევროპის ერთიანი ენობრივი ძირიდან იღებენ სათავეს. შესაბამისად, მათ შორის დიდია მსგავსება. შესაძლებელია მსგავსი მნიშვნელობის ან დაწერილობის მქონე სიტყვები თემატურად დალაგდეს (კლიმატი/ამინდი/ბუნება; ცხოველები/მცენარეები; ბინა/ქალაქი; ნათესაობის გამომხატველი სიტყვები; გართობა/სპორტი; მოდა/ტანსაცმელი; სხეულის ნაწილები/ჯანმრთელობა/დაავადებები).

·ორივე ენის ლექსიკა მდიდარია ბერძნული და ლათინური წარმოშობის, ე.წ. საერთაშორისო სიტყვებით (თვეების სახელები, სასკოლო საგნები, ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: Meter, Taxi, Struktur, Modell, Musik, Polizei და ა.შ.), რომელთა დაწერილობა და წარმოთქმა ორივე ენაზე იდენტურია.

·თანამედროვე გერმანული ენა მდიდარია თავად ინგლისური წარმოშობის სიტყვებითაც (Jeans, PC, Internet, Basketball, PParty, Interview და ა.შ.).

მეორე უცხო ენის სწავლის საწყის ეტაპზე მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში,  ვერ აცნობიერებენ ენებს შორის ასეთ მსგავსებას. ისინი მიჩვეულები არ არიან იმას, რომ ორ ენას შორის კავშირები აღმოაჩინონ. გერმანულის გაკვეთილებზე ამ მსგავსებების დემონსტრირება მოსწავლეთა აზროვნებაში სწორედ ორი ენის მსგავსი ცნებების გამიჯვნას უწყობს ხელს.

ენებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გაცნობიერება ხელს უწყობს მოსწავლის გააქტიურებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. იგი ფიქრობს, აანალიზებს, ათანხმებს შედეგებს ჯგუფში ან მასწავლებელთან. ასეთი მოსწავლე თავად არის აღმომჩენიამ მეთოდის დახმარებით, განსაკუთრებით პირველ გაკვეთილებზე, შესაძლებელია გრამატიკის კომპონენტში ელემენტარული  ცოდნის  სწრაფად, მიზანმიმართულად და ეფექტურად გააქტიურება. გერმანული და ინგლისური ენების საერთო, მსგავსი სიტყვების დახმარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.   

გერმანული ენის გაკვეთილზე ინგლისური ენის წინარე ცოდნის ჩართვა და გამოყენება ნიშნავს ანალოგიის ხერხით ახალი ენობრივი ელემენტებისა თუ წინადადებების სტრუქტურის გაგებასაც.   
აღნიშნული მეთოდით გერმანული ენის სწავლების პერსპექტივებს რამდენიმე ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს:

·საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მეორე უცხო ენა მე-7 კლასიდან შემოდის, ხოლო მესამე უცხო ენა, როგორც არჩევითი საგანი _ მე-10 კლასიდან. ასე რომ, იმ მოსწავლეებს, რომლებიც გერმანულის (როგორც მეორე უცხო ენის) სწავლას იწყებენ, უკვე მკვეთრად აქვთ ჩამოყალიბებული დასწავლის კოგნიტური ხერხები.

·ენებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გაცნობიერება ხელს უწყობს მოსწავლის გააქტიურებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. იგი ფიქრობს, აანალიზებს, ათანხმებს შედეგებს ჯგუფში ან მასწავლებელთან. ასეთი მოსწავლე თავად არის აღმომჩენი.

·მოსწავლეები გერმანული ენის, როგორც მეორე უცხო ენის, სწავლისას იყენებენ პირველი უცხო ენის სწავლისას მიღებულ გამოცდილებას. 

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდით სწავლების ფართოდ გავრცელებას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გერმანული, ხშირ შემთხვევაში, ინგლისური ენის შემდეგ ისწავლება. ამ ორი ენის სწავლება კი სკოლებში ერთმანეთისგან განყენებულად მიმდინარეობს. არ არსებობს სახელმძღვანელოები, სადაც სასწავლო კურსი და საგაკვეთილო პროგრამა აღნიშნული მეთოდით იქნება შედგენილი. გამოდის, რომ ამ მეთოდის გამოყენება ჯერჯერობით მთლიანად მასწავლებლის ინიციატივაზეა დამოკიდებული.

დროის მეტაფორები

0
აუცილებელია შევიტანოთ დრო აზროვნებაში, რათა გამოვიტანოთ აზროვნება დროიდან.
დელეზი
To gaze at a river made of time and water
And remember Time is another river.
To know we stray like a river
and our faces vanish like water.
ბორხესი
„იმ წრეში, სადაც ახლა ვდგავართ, მომავალი არ იმყოფება… მთქნარების წრეში”.
ბესიკ ხარანაული
დრო კულტურის განსაკუთრებული მაჩვენებელია. მასთან არის დაკავშირებული ეპოქის სული, ადამიანთა ქცევა, მათი ცნობიერება, ცხოვრების რიტმი და საგნებისადმი მიმართება.
დროის საიდუმლოს წვდომა მხოლოდ ენის მეშვეობით მიიღწევა.

დროის ენობრივი რეპრეზენტაცია ხორციელდება მეტაფორათა მეშვეობით (ამ სიტყვის ფართო გაგებით). თანამედროვე თეორიებით, მეტაფორა განიხილება როგორც მენტალური ოპერაცია, როგორც შემეცნების, სამყაროს სტრუქტურირებისა და აღქმის საშუალება.

კოგნიტიური მეცნიერების პოზიციიდან, მეტაფორიზაცია ეფუძნება ცოდნის ორ სტრუქტურას: „საწყისის” (source domain) და „მიზნის” (target domain) კოგნიტიურ სტრუქტურებს.

მეტაფორის მამოდელირებელი ფუნქცია იმით გამოიხატება, რომ იგი მხოლოდ წარმოდგენას კი არ აყალიბებს ობიექტზე, არამედ მის შესახებ აზროვნების სტილსაც განსაზღვრავს.

„მეტაფორა გვჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ, მიღებული დასახელების წყალობით, ჩვენი აზრი სხვათათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ; იგი თავად ჩვენ გვჭირდება, რათა ობიექტი ჩვენი აზრისთვის მისაწვდომი გახდეს” (ხოსე ორტეგა ი გასეტი).

კონცეპტი „დრო” მჭიდროდ არის დაკავშირებული ერის კულტურასა და ენასთან. ენა აირეკლავს კულტურას, ცვლილებებს კულტურაში, ენა რეაგირებს ამ ცვლილებებზე „დროის” ბაზისური მეტაფორული მოდელების ცვლით.

კონცეპტუალური მეტაფორების ძალა მათი გაუცნობიერებელი გამოყენებით განისაზღვრება. ლაკოფის მიხედვით, მეტაფორათა თვისებაა, რომ ისინი კი არ ქრებიან, არამედ რჩებიან ადამიანთა ცნობიერებაში, მათი მოქმედების ლოგიკური შედეგები კი ჩვენ მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებებში ვლინდება.

სამყაროში ალბათ არ არსებობს საგანი, რომელშიც დროის მეტაფორული გადატანა არ მოხერხდება. კულტურებს ახასიათებთ როგორც უნივერსალური, ასევე ინდივიდუალური „დროის გადატანა”. ბორხესი „ლაბირინთებში” ასე ახასიათებს დროის ფენომენს: „დრო არის სუბსტანცია, რომლისგანაც მე ვარ შექმნილი, დრო მდინარეა, რომელმაც წამიღო, მაგრამ ეს მდინარე მე ვარ, დრო ცეცხლია, რომელიც მწვავს, მაგრამ ეს ცეცხლი – მე ვარ….”
დრო – მოძრაობა
დროის უნივერსალური კონცეპტუალური მიმართებაა დრო – მოძრაობა. ეს მოძრაობა კი სხვადასხვანაირად რეალიზდება. დროის მეტაფორაა მდინარე – ყველაფერი სწორედ იმიტომ მიედინება, რომ დროში არსებობს. მეტაფორული გადატანისას ერთი საგნის ან მოვლენის აღწერა ხდება მეორე საგნის ნიშნებით და თვისებებით. რა საერთო მახასიათებლები უჩნდება დროს და მდინარეს?

წყლის (მდინარის) დროსთან კავშირი უნივერსალური მეტაფორაა. ამ ანალოგიით ენასა და კულტურაში მრავალი ახალი მეტაფორა იბადება – სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა სინტაქსით, მაგრამ საერთო იდეით, რაც ადასტურებს კაცობრიობის ფსიქიკურ და მენტალურ ერთიანობას და, ამავე დროს, გამოხატვის ინდივიდუალურობას. ყველაფერი, რაც არსებობს, დროს მიაქვს… თუმცა ზოგს ინახავს დრო, ზოგს კი – სწრაფად აქრობს და ივიწყებს.

„მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა”, – იტყვის ქართულ ენაზე მოლაპარაკე და „მრავალ წყალში”, ბუნებრივია, დროს იგულისხმებს, ანუ – ბევრი დრო გავიდა… შესაბამისად, ფრაზეოლოგიაში არსებობს სინტაგმა: ცხოვრების დინება (ისევე, როგორც დროის დინება). რაკი დრო მდინარეა, ხოლო ცხოვრება – დროით განსაზღვრული, მაშასადამე, ცხოვრებაც მდინარეა, ანუ დინება, რომელსაც ზოგი მიჰყვება, ზოგს მიათრევს, ხოლო ზოგს ითრევს. აქედან – კიდევ ერთი ფრაზეოლოგიური სინტაგმა: ცხოვრების მორევი….

დრო-მდინარის მეტაფორული გადატანის შედეგია შემდეგი ფრაზეოლოგიზმებიც: დრომ წაიღო, დრომ წამოატივტივა, დრომ ჩაძირა…

რაკი დრო მოძრაობაა, ის მეტაფორიზდება გზის კონცეპტითაც. როგორც მდინარის, ასევე გზის მეტაფორიზების შემთხვევაში დრო წრფივია… შესაბამისად, დრო მიდის, ჩერდება, მირბის, მიგორავს, მიფრინავს, მიიზლაზნება… ამ შემთხვევაში დროს, რომელმაც გზა უნდა გაიაროს, აქვს დასაწყისი და ორიენტაცია (მიმართულება). აღნიშნული მოდელი უდევს საფუძვლად დროის ქრისტიანულ გააზრებას. დრო – ღმერთის საჩუქარია… უფლის მიერ ადამიანის შექმნიდან დრო იწყება და მიემართება განსასჯელისკენ, საიდანაც მას ორი გზა აქვს: სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეს არის ადამიანის ცხოვრების რელიგიური გააზრების საფუძველი. თუ ადამიანი გზიდან გადაუხვევს და დაიკარგება (როგორც უძღები შვილი), იტყვიან, რომ ადამიანი „გზას საცდა”. შემდეგ ხდება გზასაცდენილის დაბრუნება სწორ გზაზე (შესაბამისად, სწორ დროში).

დრო მოძრაობს წრფივად (ქრისტიანული დროის მოდელი) და აგრეთვე მოძრაობს წრეზე (ასტრონომიული, მითოლოგიური). სწორედ დროის წრეზე მოძრაობის გამომხატველია ქართულში ფრაზეოლოგიზმი დროის ბრუნვა.
„ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა” (შოთა რუსთაველი).
„დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!” (ვაჟა-ფშაველა)
„დღეები ბრუნავს, ვით კამათელი…” (გალაკტიონი)
დრო – ფულია

დრო უფლის საჩუქრიდან იქცა რესურსად, რომელსაც გონივრული გამოყენება სჭირდება. დრო აჯილდოებს მას, ვინც სასარგებლოდ იყენებს. ამ პრაგმატული მიმართების გამომხატველი უნივერსალური კონცეპტუალური მეტაფორაა დრო – ფულია!

აღნიშნულ მეტაფორებს კარგად განიხილავენ ჯონსონი და ლაკოფი ნაშრომში: „მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ”.

თანამედროვე ინგლისურ ენაში ისინი აღნიშნული მეტაფორული მიმართების შემდეგ ფრაზეოლოგიზმებს გამოყოფენ (ლაკოფი, ჯონსონი 1990:387):

Time is money – დრო ფულია
You are wasting my time – დროს მართმევთ
This gadget will save you hours – ეს საშუალება ბევრ დროს დაგიზოგავთ
I don't have the time to give you – დრო არ მაქვს, რომ დაგითმოთ
How do you spend your time these days? – როგორ ხარჯავთ დროს ამ დღეებში?
That flat tire cost me an hour – ამ ჩაფუშულმა საბურავმა ერთი საათი გამაფლანგვინა
I've invested a lot of time in her – უამრავი დრო დავახარჯე მას
I don't have enough time to spare for that – არ მაქვს ამის სამყოფი დრო
You're running out of time – თქვენ ამოწურეთ დროის რეზერვი
You need to budget your time – თქვენ უნდა გათვალოთ თქვენი დრო
Put aside some time for ping pong – გამოყავით დრო პინგ-პონგისთვის
Is that worth your while? – ღირს დროის დაკარგვად?
Do you have much time left? – ბევრი დრო დაგრჩათ?
Не is living on borrowed time – ის ცხოვრობს სხვისი დროის ხარჯზე
You don't use your time profitably – თქვენ დროს სასარგებლოდ არ ხარჯავთ
I lost a lot of time when I got sick – ბევრი დრო დავკარგე ავადმყოფობისას
Thank you for your time – გმადლობთ დახარჯული დროისთვის

წარმოდგენილი ფრაზეოლოგიზმები თითქმის უნივერსალური ხასიათისაა. შესატყვისები მათ ქართულ ენაშიც დაეძებნება. რაკი დრო ფულია, დროს იგივე ემართება, რაც ფულს: იკარგება, ნაწილდება, იწურება, იხარჯება, ინახება, იზოგება, იდება (საქმეში), იგეგმება და სხვა.

დრო იზომება (როგორც სივრცე) – აქვს სიმაღლე, სიგანე, სიღრმე, ფსკერი და უფსკეროცაა (დროის სიმაღლე, დროის ფსკერი, დროის უფსკრული).

ფრანგი ლინგვისტი გუსტავ გიიომი თავის ნაშრომში „დრო და ზმნა” (1929) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დრო აგებულია სივრცის მსგავსად, ამიტომ მას აქვს: სიმაღლე, სიღრმე, სიგანე… გიიომის აზრით, დროის წარმოდგენა სივრცის გარეშე შეუძლებელია. იგი წერს, რომ დროის უნივერსუმები გამოიხატება ზმნებით, ხოლო სივრცისა – სახელებით.

დრო, როგორც ისტორია, წარმოგვიდგება წრფივად – ეს შეიძლება იყოს დროის ისარი ან დროის სპირალი, მაგრამ აუცილებლად შეუქცევადობის ეფექტით (გიიომი).

დროს აქვს ორიენტაცია, მიმართულება: წარსული (უკან დარჩენილი დრო), მომავალი (წინ), აწმყო (აქ).

აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა ადამიანს სთხოვ, წარსულის მოვლენები გაიხსენოს ან მომავალი წარმოიდგინოს, მისი სხეული ქვეცნობიერად ასახიერებს მეტაფორებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, დროის მდინარების წარმოსახვისას ვიყენებთ.

როცა ექსპერიმენტის მონაწილეები წარსულ წლებზე ფიქრობდნენ, ისინი ოდნავ უკან იხრებოდნენ, მომავლის წარმოსახვის დროს კი – წინ.

„როცა დროის შესახებ ვლაპარაკობთ, ხშირად სივრცით მეტაფორებს ვიყენებთ, მაგალითად, I'm looking forward to seeing you [„მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას”. სიტყვასიტყვით: „შენი ნახვისაკენ წინ ვიყურები”] ან I'm reflecting back on the past [„წარსულზე ვფიქრობ”. სიტყვასიტყვით: „ფიქრები მაქვს უკან, წარსულზე”], – ამბობს ლინდენ მაილსი, რომელმაც აღნიშნული კვლევა ლუიზ ნაინდთან და ნილ მაკრეისთან ერთად ჩაატარა, – სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ შესაძლებელია, სხეულის მოძრაობით გამოხატო ისეთი აბსტრაქტული ცნება, როგორიცაა დრო”.
მეტაფორა: წუთისოფელი
დროსთან არის დაკავშირებული ქართულ ენაში ისეთი ენობრივი მეტაფორა, როგორიცაა წუთისოფელი, რომელიც მხოლოდ ცხოვრებას კი არ აღნიშნავს, არამედ ამ ცნებისადმი ერის შეფასებით დამოკიდებულებასაც გამოხატავს: „წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი…” (ხალხური)

დროს შეუძლია ჩიტივით გაფრენა ქართულ ფოლკლორში:

„ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება”.
„წუთია წუთისოფელი,
დახამხამება თვალისა”;
„სოფელო მიეთ-მოეთო,
საბრუნავისა მახეო,
ზოგსა ცათამდის აიყვან,
ზოგსა უკუღმა დაჰხეო…”
მეტაფორა – მ ზ ე
დროის უნივერსალური მეტაფორაა მ ზ ე. ეს მეტაფორა არც არის გასაკვირი – მზის საათით ხომ დროის აღრიცხვა ხდება. ამიტომ იქცა მზე დროის (სიცოცხლის) მეტაფორად.

„მზის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დროის აღნიშვნაა… მეტაფორულად მზე საათია, ამქვეყნად ყველაფერი დროში და დროით ცხოვრობს… ყველაფერს თავისი დრო აქვს… თითოეულ ადამიანს ცხოვრების გარკვეული, თავისი წილი, თავისი საათი, პოეტების თქმით კი, თავისი მზე აქვს… ის დრო, რომელიც მზით აღირიცხება, არის სიცოცხლე, ამიტომ ამ შემთხვევაში მზე დროა და ეს უდრის სიცოცხლეს. სწორედ ეს სემანტიკა ჩანს ფიცის ფორმულაში: „შენს მზეს ვფიცავ…” რაც ნიშნავს: შენს სიცოცხლეს ვფიცავ…

არა მარტო ადამიანს აქვს თავისი დრო, ანუ მზე… არამედ ყველა დღეს, თვეს, ფაქტებსა და მოვლენებს, აწმყოს, წარსულსა და მომავალს… ყველაფერს აქვს თავისი მზე (დრო, ანუ სიცოცხლე), თავისი „საკუთარი” მზე აქვს აგრეთვე ადგილსაც… მზე ერთია, რომელიც დედამიწას ანათებს და ათბობს, მაგრამ იგი სხვადასხვა მხარეში სრულიად განსხვავებულად განიცდება და აღიქმება, მით  უმეტეს – პოეტების მიერ. ამიტომ ერთი მზე შეიძლება ბევრიც იყოს, გააჩნია, რას გულისხმობს პოეტი. მაგალითად, გალაკტიონი წერს: „მაგრამ თვალმა დათვალა ბევრი მზე და ცხრათვალა… ოჰ, მზით გადანაცხარო, ცხრა მუხა და ცხრა წყარო!” (ც. ბარბაქაძე, 2003:149).

„ყმაწვილქალობამ წაიღო
მზეები, ოქრომფინარნი,
ნეტა კი ვინმე მომგონდეს,
რომ უმისობა ვინანო” (ანა კალანდაძე).

„გარინდებულხარ აპრილის მზეზე…”
„ოქტომბრის მზეში
აშოლტილი ვერხვების რიგის
და ღვთაებრივი ასკილის ხატი
დგას გულსა შიგან…”
„ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა,
დაუნდობელი სურვილი ლომის
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის” (გალაკტიონი).

„მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს
და დაადგება შუბლს ნათელივით…”
„მზეო, თიბათვისა, მზეო, თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი
გრაალს შევედრები…”
„ო, ყოველდღე მზეები ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების მძიმედ მიემართება”
„თუ გაზაფხულის მზითა ვარ მთვრალი…” (ოთარ ჭილაძე)

„იცინის გოგო და მიაბიჯებს საკუთარ მზეში,
საკუთარ მზეში და პურის მტვერში”;
„ჩემი წილი მტკვარი დაშრა,
ჩემი წილი მზე ჩავიდა…”;
„მამამ ცეცხლი დამაბარა,
ვარ ჩემი მზის ანაბარა…” (ჯანსუღ ჩარკვიანი)

„თურმე გარბოდნენ ლამაზი წლები,
ჩვენ რომ გვეგონა, გავრბოდით მზისკენ”.
„ჩვენ ისევ ზევით მივდივართ
შენი მზის მოსაგონებლად…”;
„მზე აქაური მიდუღს მე სისხლში” (მუხრან მაჭავარიანი).

„რა შეედრება ამ ჩვენს მხარესა?!
ამ ჩვენს მზესა და ამ ჩვენს მთვარესა?!”
„ხვალ დილით სხვა მზე ამოვა…” (ლადო ასათიანი)

„შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს, –
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე…” (მურმან ლებანიძე)

წარმოდგენილ ნიმუშებში კარგად ჩანს აგრეთვე დრო-სივრცის განუყოფლობა. კონკრეტული დრო ყოველთვის კონკრეტულ სივრცეს არის „მიბმული”. მზე – დროა, დაკავშირებული ადგილთან (სივრცესთან). დრო განფენილია ყველაფერში, როგორც მზე. ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია, ატარებს დროის ნიშანს, რომელიც ზოგჯერ კონკრეტულია, ზოგჯერ – აბსტრაქტული და ზოგჯერ, უბრალოდ, ელიფსისია (გამოტოვებული), მაგრამ ყოველთვის არსებობს. დროის ასეთი აღქმა-გაგება დროის წრფივი აღქმის პარადიგმაში ჯდება. ბუნებრივია, ენასა და კულტურაში პარალელურად არსებობს დროის სხვაგვარი აღქმებიც: დროის მარადიულობის პარადიგმა, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია მითოლოგიური შინაარსებისათვის, პოეზიის ენაშიც არსებობს. „მითი არის დროის განადგურების მანქანა” (ლევი-სტროსი). აწმყო-მარადი სწორედ დროის ამგვარ აღქმად შეიძლება გავიგოთ. ისეც შეიძლება, კონკრეტული ტექსტი ატარებდეს როგორც დროის წრფივ, ასევე წრიულ გაგებასაც, ერთდროულად აღნიშნავდეს დროს და უდროობას.

ქართულ ფრაზეოლოგიასა და იდიომატიკაში გავრცელებულია დროის შემდეგი მეტაფორული გამონათქვამები და სინტაგმები: დროის მოკვლა, დროის გაცოცხლება, დროის ნაკვალევი, დროის ფასი, დროის ეკონომია, დროის მარაგი, დროის გამოცდა, დროის მანქანა, დროს გაუსწრო, დროს ჩამორჩა, დროს დაეწია, დროს შეჰყურებს, დრო გაუვიდა, დრო მოჭამა, დრონი მეფობენ, დრო იხელთა, დრო გაატარა, დრო დაკარგა, დროის ბრუნვა, დროში დაბრუნება, დროით ისარგებლა, დრო ყველაფრის მკურნალია…

აგრეთვე ზმნიზედები: ერთ დროს, უდროო დროს, ბოლო დროს, დროით, დროდადრო, დროზე…

კომპოზიტები: დრომოჭმული, დროგადასული, დროგამოშვებით, დროგაცვეთილი და სხვა.

ზემოჩამოთვლილი სინტაგმებისა და ფარაზეოლოგიზმების ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გადატანა (მეტაფორიზება) ხდება სხვადასხვა ნიშნით, დრო არის: სულიერი, მოძრავი, როცა მიდის, კვალს ტოვებს, არის რესურსი და სხვ. მეტაფორიზებული მნიშვნელობები არის როგორც ნეიტრალური, ისე დადებითი და უმეტესად – უარყოფითი ემოციური შინაარსის მატარებელი.

განსაკუთრებით საინტერესოა დროის აღქმა-გააზრება თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რაც ცალკე კვლევის საგანია.

ვის ეძღვნება ილია ჭავჭავაძე?

0

თუ დრო დამრჩა და ერთად წამოწყებულმა ამდენმა საქმემ არ გადამიყოლა, ერთი კარგი წიგნის შედგენას ვაპირებ. პირობითად ასე ერქმევა: მიძღვნების ლექსიკონი. 

გაუგებარია? მოუქნელია? ბუნდოვანია? ორი სიტყვით ავხსნი. საერთოდ, ამ მიძღვნების დიდი ტრფიალი ვარ. ვგიჟდები, ერთი ადამიანი რომ მეორეს თავისი ხელიდან გამოსულ რასმე დიდის პატივისცემითა და გულითადობით მიართმევს. მე, ჩემდათავად, რიგიანი ვერ გამომდის. აი სხვების, მით უმეტეს, სახელოვანი ხალხის მიძღვნებს ისეთი სიამოვნებით ვკითხულობ და ვიმახსოვრებ, შეგშურდებათ.

მაშ, დავიწყო?

„ვუძღვნი ივ. პოლტარაცკისა და ილია წინამძღვრიშვილს” – მხოლოდ სახელები, არავითარი ეპითეტები. ვფიქრობ, „აჩრდილის” რანგის, სულისკვეთებისა და პათოსის პოემას რომ მოგიძღვნიან, ეპითეტებს, უფრო სწორად, უეპითეტობას არც უნდა დაუკვირდე.

„ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს” – ესეც გვახსოვს, ლეგენდარული „გამზრდელის” ტექსტის დასაწყისში, განსხვავებული შრიფტით მიწერილი სამი სიტყვა. აქ კონკრეტული სახელები არ ჩანს, მაგრამ განწყობა კი იკითხება. 

იქნებ არ ღირდეს შორს წასვლა და იქვე, მეცხრამეტე საუკუნეში ვნახოთ მიძღვნაშივე გამხელილი (და არა ნაგულისხმევი) განწყობა, დამოკიდებულება. ლექსები? კი ბატონო, მაგრამ თქვენის ნებართვით, ლექსებს ამ ერთხელ იქნებ მოვარიდოთ თავი, უფრო ეპიკური ჟანრისკენ წავიდეთ. თან ჩვენ ხომ ისეთი მიძღვნები გვაინტერესებს, რომლის ადრესატზეც ტექსტში არაფერია ნათქვამი – ის არც ქებით, არც დაცინვითა და არც ირონიით ნაწარმოებში არ იხსენიება. სამაგიეროდ, სათაურის ქვემოთ, გამოსაჩენ ადგილას წაუწერია ავტორს მისი სახელი და უნდა გამოიცნო, რა ისეთი გრძნობა და ცხოვრებისეული რამ შემთხვევა აკავშირებს მასთან. 

ჯერ მარტო მეუღლისადმი მიძღვნილი წიგნებიდან ერთი-ორის სახელდახელო გახსენებაც გვყოფნის:

„ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას” – ეს „განდეგილია”.

„ლიუბას – სიყვარულას – ჩემს მეუღლეს, მეგობარს, ადამიანს, დედას”– ეს კი „თეთრი საყელო”.

ცალკეა ძვირფასი კოლეგებისადმი მიძღვნილი წიგნები:

„გოეტჰეს – რომლის „ტყის მეფე” წაკითხვამდე ვიგზნე შვიდი წლის ბავშვმა – გოეტჰეს თვალს რომანი „გველის პერანგი”. როგორც სიყვარული” – ეს გრიგოლ რობაქიძეა.

„შტეფან ცვაიგს – პოეტს და ადამიანს” – ისევ გრიგოლ რობაქიძე და ემიგრაციაში გამოცემული რომანი „მეგი – ქართველი გოგონა”.

„ვუძღვნი ილია ჭავჭავაძეს” – ეს კი გრიგოლ რობაქიძის საყვარელი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ნაკლებად პოპულარული პოემა „ძაღლიკა ხიმიკაურია”.

ჩემს ბავშვობაში, ოდესღაც, როცა სულმოუთქმელად წავიკითხე ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და რომანები, მახსოვს, ერთმა იმდენად შინაარსით არა, მაგრამ მიძღვნით კი ძალიან მომხიბლა. „მზე” – ასე ერქვა მოთხრობას, სათაურის ქვეშ კი: „ვუძღვნი ჩემი მეგობრის, გულდა კალაძის ხსოვნას. მან პირველმა დამანახა ზღვაში ჩამავალი მზის ქიმზე მწვანე შუქი”. ეს რომ დავინახე, ისევე როგორც ხშირად ნოდარ დუმბაძის წიგნების კითხვისას, სიხარული და სევდა, შვება და ტკივილი ერთდროულად ჩამეღვარა გულში.

ერთი რამეც მიხარია და მეამაყება: ჩემი რედაქციით გამოცემული პროექტ „ჩანაწერების” რამდენიმე წიგნს საგანგებო მიძღვნა ამშვენებს. საერთოდ ხშირია, როცა ერთი, მოკლე თუ ვრცელი ჩანაწერი კონკრეტულ პიროვნებას ეხება და ეძღვნება, მაგრამ სულ რამდენიმე წიგნია სერიაში, რომელსაც ერთი გამორჩეული ადრესატი ჰყავს: ნოდარ წულეისკირის „ოცი წელი წერაქვში” ქალიშვილის, ირმას, ზურაბ კიკნაძის „სიტყვითა და საქმითა” კი მეუღლის – ლამარა გვარამაძის ხსოვნას ეძღვნება.

ახლაც თვალწინ მიდგას, სტამბიდან მოსული შეფუთული ეგზემპლარები რომ გავხსენით, ლერი ალიმონაკი გარეკანს და სატიტულო გვერდსაც არ დაკვირვებია, მიძღვნას დაუწყო ძებნა. იპოვნა, კარგახანს დაჰყურებდა და თვალებით ეფერებოდა ცარიელ გვერდზე დატანილ წარწერას: „ჩემს ვაჟს – გიორგი ალიმონაკს”. მერე გადამეხვია და მხოლოდ ეს თქვა: „წავედი ციხეზე, უნდა მივუტანო”.

…ხომ ხედავთ, რამდენმა ძვირფასმა სახელმა მოიყარა თავი! არადა, წლების წინ, ყველაფერი ერთი ახირებით დაიწყო. ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში მოგზაურობის წიგნზე ვმუშაობდი, მისი ყველაფერი – პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა – რომ გადავიკითხე, უცებ ამეკვიატა ერთი შეკითხვა: „ვის ეძღვნება ილია ჭავჭავაძე?” პათეტიკურად ჟღერდა და ნამეტან პატრიოტობაზე გაქაჩული კაცისთვის იქნებ საბაბიც ყოფილიყო, მკვახედ და ხმამაღლა რომ ეპასუხა: „ვის და – სამშობლოს!” 

შეკითხვის ასე დახურდავება არ მაწყობდა, ავდექი და სათითაოდ დავიწყე ჩხრეკა, ვის მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ თავისი საქვეყნოდ ცნობილი თუ შედარებით უცნობი ნაწარმოებები. ეს რომ მოვათავე, მერე უკვე აზარტმა არ დამანება, სხვებსაც მივყევი და მივდიე კვალში: მინდოდა გამომერკვია, საერთოდ ვინ ვის ეძღვნება, ვინ ვის იმეტებს და ვის რა ემეტება მიძღვნისათვის.

თავიდან ადვილი მეგონა და ადვილი არ ყოფილა…

მივცეთ ბავშვს არჩევანის საშუალება და ის ბეჯითობას ისწავლის

0
მასწავლებლების უმრავლესობა წარმატებით იყენებს ბიჰევიორიზმის სწავლებას და მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ცოდნა-არცოდნას დამაჯილდოებელი ან დამსჯელი ნიშნით აფასებს. ერთი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა აზრი, რომ ადამიანის ქცევას გარეგანი სტიმულები წარმართავს. მასწავლებლებს ასწავლიდნენ, როგორ გამოეყენებინათ დასჯა და წახალისება მოსწავლეებთან მუშაობის დროს. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვის კარგი ქცევა მათ მიერ გატარებული წამახალისებელი და დამსჯელი ღონისძიებების შედეგი იყო. 

უილიამ პაუერსი, პერცეპტუალური კონტროლის თეორიის ავტორი, ფიქრობს, რომ დასჯა და წახალისება ანტისაგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება. პაუერსმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება შინაგანი კონტროლის შესახებ. განათლების მართვის სპეციალისტი ალფი კონი წერს, რომ ბავშვს არ უნდა დავპირდეთ ჯილდო იმის სანაცვლოდ, თუ ის კარგად ისწავლის. მას სხვა გზით უნდა შევაყვაროთ სწავლა. სხვა სპეციალისტი, ერიკ ჯენსენი კი წერს: “თუ მსწავლელი სწავლობს იმისთვის, რომ ჯილდო დაიმსახუროს, მაშინ დავალება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შინაგანად არასასურველი ყოფილა. დაივიწყეთ დაჯილდოება. გახადეთ სკოლა უფრო შინაარსიანი, მნიშვნელოვანი და გასართობი. მაშინ აღარ მოგიწევთ მოსწავლეების მოქრთამვა”. 

არჩევანის თეორიის ავტორი უილიამ გლასერი ამბობდა: “რაც ჩვენ გარშემო ხდება, გავლენას ახდენს იმაზე, რის გაკეთებასაც ავირჩევთ. გარეგანი სტიმული არ განაპირობებს ჩვენს ქცევას. გარემოდან ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას. როგორ მოვიქცევით ამ ინფორმაციის საპასუხოდ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული”.

უილიამ გლასერმა სწავლის ახალი ფსიქოლოგიური მოდელი შექმნა. მის მიერ შემოთავაზებული არჩევანის თეორიის არსი სწავლის სურვილის აქტივაციაში მდგომარეობს. გლასერი 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა სკოლაში. მისმა სწავლებამ მრავალწლიანი ტესტირება გაიარა და სწავლის ხარისხი გააუმჯობესა.

  

ზოგ მასწავლებელს სჯერა, რომ ადამიანის ქცევას დაჯილდოება და დასჯა განაპირობებს და გარეგანი სტიმულები გვაიძულებენ იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებთ. მეორე მხრივ, სხვები თავისუფალი ნების და პირადი პასუხისმგებლობის არსებობას აღიარებენ. ცხადია, გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჩვენზე, მაგრამ ისინი ჩვენ არ გვაყალიბებს. ჩვენი წარმატებების და წარუმატებლობის მიზეზი ჩვენვე ვართ. ადამიანობის არსი მდგომარეობს თავისუფლებაში, არჩევანსა და პასუხისმგებლობაში _ სწორედ ეს უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს.

შინაგანი მოტივაცია ეფუძნება იმ იდეას, რომ ადამიანები შინაგანად _ და არა გარეგანად _ არიან მოტივირებულნი. ჩვენს ქცევებს გენეტიკური კოდით მართვადი მისწრაფება  განსაზღვრავს. გარე სამყარო, მათ შორის დაჯილდოება და დასჯა, გვაწვდის მხოლოდ ინფორმაციას. ის ვერაფრის გაკეთებას ვერ გვაიძულებს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც სჯიან და აჯილდოებენ, უკონტროლოდ იქცევიან. მათი წარმატება და წარუმატებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის. ასეთი ბავშვები პასუხისმგებლობას არიან მოკლებულნი და უპასუხისმგებლობას იჩენენ საშინაო დავალებების შესრულების, სწავლის პროცესის და სხვა დავალებების მიმართ.

უილიამ გლასერის თეორიის თანახმად, ადამიანი იბადება სპეციალური საჭიროებებით და მოთხოვნებით, რომელთა დაკმაყოფილებისკენ სწრაფვაც გენეტიკურადაა განსაზღვრული. გარდა გადარჩენისკენ ფიზიკური მისწრაფებისა, ადამიანს აქვს ოთხი ძირითადი მოთხოვნილება, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, რათა მან ემოციური ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. ესენია: მიკუთვნებულობის გრძნობა ან სოციალური კავშირები, ძლიერება ან კომპეტენტურობა, თავისუფლება და გართობა.

მიკუთვნებულობისა და ადამიანებთან დაკავშირების მოთხოვნილება გვაიძულებს სხვებთან თანამშრომლობას. ამ განცდის გარეშე ადამიანს მხოლოდ თავისუფლებისკენ ექნებოდა სწრაფვა. სოციალური ურთიერთობებისკენ სწრაფვას დამოუკიდებლობაზე შორს მივყავართ და შედეგად ვირჩევთ ურთიერთდამოკიდებულებას და საზოგადოებას. ეს მისწრაფება მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა სკოლაში უნდა დაიკმაყოფილონ და შეიგრძნონ მიკუთვნებულობა. სკოლას, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს განვითარებული აქვთ მიკუთვნებულობის შეგრძნება და ერთსულოვნება, მაღალი აკადემიური მიღწევები აქვს.

ყველა ადამიანს და მათ შორის მოსწავლესაც უნდა, რომ იყოს ძლიერი. სიძლიერე მიიღწევა კომპეტენციით, წარმატებებით და საქმეში დახელოვნებით. ყველა მოსწავლეში გენეტიკურადაა ჩადებული სწრაფვა მიღწევებისკენ, ახალი უნარების შეძენისკენ და დახვეწისკენ, ისევე, როგორც აღიარების სურვილი. რადგან შინაგანად მივისწრაფით მიღწევებისკენ, ისე უნდა მოვაწყოთ სკოლები, რომ იქ მოღვაწე მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც შეიძინონ ცოდნა და ის ძლიერება, რაც საგანმანათლებო სფეროს მიზნებში შედის. მოსწავლეები შინაგანად მიისწრაფიან სიძლიერის შეძენისკენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაღწიონ იმ პასუხისმგებლობას, რაც სიძლიერეს ახლავს თან. ამაში მათ მასწავლებლები უნდა დაეხმარონ. მათ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს სიფრთხილე, რომ ვინმეს მსხვერპლი არ გახდნენ, ვინმემ გამუდმებით აბუჩად არ აიგდოს და არ დაჩაგროს. მასწავლებლებმა მოსწავლეს უნდა ასწავლონ პიროვნული სიძლიერის ჩამოყალიბება, რისთვისაც აუცილებელია კომპეტენცია, ცოდნა.

ადამიანებს გვსურს თავისუფლება. არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის ქონა თავისუფლების გამოხატვაა. არჩევანის გაკეთებამ მისცა ადამიანს განვითარებისკენ, ადაპტაციისა და წარმატებისკენ სწრაფვის უნარი. კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა ეხმარებოდეს თავისუფლებისკენ ისეთ სწრაფვაში, რომელიც პატივსაცემია სხვების თვალშიც. ზოგჯერ მოსწავლეებს თავისუფლება მცდარად აქვთ გაგებული და თავაშვებულად იქცევიან. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელმა ისინი არჩევანის წინაშე უნდა დააყენოს და თვითონ მიაღებინოს სასარგებლო გადაწყვეტილება.

ჩვენ ყოველთვის გვართობს რაიმე ახლის შესწავლა. გართობაც ადამიანის ერთ-ერთი შინაგანი მოტივაციაა. ვსწავლობთ იმიტომ, რომ გვართობს აღმოჩენები. გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. ეს ახლო კავშირი სწავლასა და გართობას შორის მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული სკოლაში. მოსაწყენი გაკვეთილების სწავლა მოსწავლეებს არ უხარიათ. დახელოვნებული მასწავლებლები სახალისო გარემოს ქმნიან კლასში, რასაც მივყავართ მაღალ აკადემიურ მოსწრებამდე. როცა გაკვთილი მასწავლებელსაც უხარია და მოსწავლესაც, სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებულია, მოსწავლეებს უჩნდებათ სწავლის სურვილი. 

საბოლოოდ, ჩვენს ძირითად მოთხოვნილებას მივყავართ იქითკენ, რომ შევქმნათ განუმეორებელი და იდეალური სამყარო, რომელიც ჩვენთვის შთაგონების წყაროდ უნდა იქცეს. ყველა ჩვენგანის საერთო მოთხოვნილებაა დაახლოებისა და მიკუთვნებულობისკენ სწრაფვა, ხოლო ინდივიდუალურია მოთხოვნილება, როცა ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ ადამიანს ვირჩევთ სამეგობროდ.  სიცოცხლის მანძილზე ვქმნით ისეთ იდეალურ სამყაროს, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილსაც წარმოადგენენ ჩვენ მიერ არჩეული ადამიანები, ქცევები, ფასეულობები და მრწამსი. არჩევანის თეორია ასეთ სამყაროს “ხარისხიან სამყაროს” უწოდებს. რაც არ უნდა დავარქვათ მას, ეს ის სამყაროა, რომელიც შთაგონების წყაროდ გვექცევა. ის არის ჩვენი შინაგანი სამყარო, შინაგანი მოტივაციის წარმმართველი.

მოსწავლე როგორც კი თავის შინაგან სამყაროში მოათავსებს ბეჯითად გარჯას და სწავლას, მისი აკადემიური მოსწრება მაქსიმუმს მიაღწევს. ჩვენს შინაგან სამყაროში არსებული წესრიგი მიისწრაფის ერთი ან რამდენიმე ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ეს ძირითადი მოთხოვნილებებია: გადარჩენა, მიკუთვნებულობა და სიყვარულის დამსახურება, ძალაუფლების და მნიშვნელობის შეგრძნება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა და გართობა (გარკვეულწილად, განსხვავებულად და საინტერესოდ აქვს ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნილებების პირამიდა აბრაამ მასლოუს). არჩევანის თეორიის თანახმად, ადამიანებს ერთ გარკვეულ მომენტში ამოძრავებთ ერთი ან რამდენიმე ძირითადი მოთხოვნილება. 

სწორედ იმიტომ, რომ არსებული მოთხოვნილებები დაკმაყოფილებას მოითხოვს, ისინი ჩვენი სამყაროს შინაგანი ნაწილი ხდება. ყოველი ჩვენგანი თვითონ ქმნის თავის შინაგან სამყაროს. იდენტურ ტყუპებსაც კი განსხვავებული შინაგანი სამყარო აქვთ. ჩვენ ის შეგვაქვს ჩვენს შინაგან სამყაროში, რასაც გვინდა ვემსახუროთ. თუ გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ, მაშინ ისეთი სასწავლო გარემო უნდა შევქმნათ, რომ მათ სკოლის, სწავლის და ბეჯითი შრომის შეტანაც მოუნდეთ საკუთარ სამყაროში. ეს მაშინ მოხდება, როცა მოსწავლეები ნათლად დაინახავენ, როგორ ეხმარება მათ სწავლა ახალი კავშირების ჩამოყალიბებაში, დამეგობრებაში, კომპეტენციის შეძენაში, არჩევანის გაკეთებაში, თავისუფლებაში; და რომ ასეთი გარემო უსაფრთხოებისა და გადარჩენის გარანტია.

ჩვენ რეალობას ვუწოდებთ იმ სამყაროს, რასაც შევიგრძნობთ. გამოდის, რომ შეგრძნება რეალობაა. თეორიულად, აღქმული სამყარო შეესაბამება “რეალურ სამყაროს”. თუმცა ვიდრე ინფორმაცია რეალური სამყაროდან ჩვენს შინაგან სამყარომდე მოაღწევს, ის უკვე შეცვლილია. ჩვენი გრძნობის ორგანოები ინფორმაციას რაღაც დონეზე ცვლიან. გრძნობის ორგანოებს თავისი ზღვარი აქვს ყოველი ადამიანისთვის. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვხედავთ და რაც გვესმის. თუ ეს ინფორმაცია არ მივიღეთ გრძნობის ორგანოების დონეზე, მაშინ ის თითქოს არც არსებობს. 

შემდეგ ინფორმაცია გადის ცოდნის ფილტრს, როგორც ამას არჩევანის თეორია უწოდებს.  ადამიანის დანიშნულება სამყაროს აზრის აღმოჩენაა. ადამიანი ცდილობს, ყველაფერს მნიშვნელობა მიანიჭოს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სამყაროს აზრი, მაგრამ ჩვენი გაგება ჩვენს წინარე ცოდნას ეფუძნება. ქვეცნობიერად ისე ვამუშავებთ აღქმულ ინფორმაციას, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში არსებულ “რეალობას” მოერგოს. თუ ჩვენ ზუსტი წინარე ცოდნა გაგვაჩნია, მაშინ შემოსული ინფორმაცია არ “მახინჯდება”. ზოგჯერ საკმარისი ცოდნა არ გვაქვს. გამოცდილი მასწავლებლები მანამდე არ ახსნიან ახალ მასალას, სანამ მოსწავლეების წინარე ცოდნას არ გამოიკითხავენ, რადგან ეს ცოდნა განსაზღვრავს, რამდენად მოინდომებენ ისინი ახალი მასალის შესწავლას. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ აღქმაზე, თუ ცოდნის ფილტრს ნელ-ნელა დავუმატებთ ახალ ინფორმაციას. ახალი და ზუსტი ინფორმაციების დამატებით ჩვენი აღქმული სამყარო მოსწავლეების “რეალურ სამყაროს” დაუახლოვდება. კარგი მასწავლებლის მიზანი სწორედ ისაა, რომ მოსწავლეები შეაიარაღონ ზუსტად გამიზნული ცოდნით ისე, რომ მათ რეალურად აღიქვან გარე სამყარო.

საბოლოოდ ინფორმაცია გადის ე. წ. ფასეულობების ფილტრს. ქვეცნობიერად შემოსულ ინფორმაციას დადებით, უარყოფით ან ნეიტრალურ ღირებულებას ვანიჭებთ იმისდა მიხედვით, ახალი ინფორმაცია იმ დროს არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოსადეგია თუ არა. რაც უფრო დადებითად ან უარყოფითად აღვიქვამთ ახალს, მით უფრო მოსალოდნელია, რომ ჩვენი აღქმა განსხვავებული აღმოჩნდეს სხვების მიერ გაკეთებული შეფასებებისგან. ასეც ხდება ხოლმე, ერთსა და იმავე გაკვეთილს მოსწავლეები სხვადასხვანაირად აფასებენ, რადგან თითოეული მათგანი “საკუთარი სამყაროს” თვალით უყურებს და აღიქვამს გაკვეთილს და მისი ფასეულობები ზეგავლენას ახდენს იმაზე, რაც დაინახა და მოისმინა. თუ მათ მიერ აღქმული არ დაემთხვა, ბავშვებს შესატყვისი გამოთქმაც აქვთ: “შენ ვერ გაიგე”. ჭკვიანი ადამიანები ასეთ დროს ასე პასუხობენ: “მე გავიგე, მაგრამ შენგან განსხვავებულად”. 

როცა მასწავლებელი ახალ მასალაზე გადადის, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ის მათ წინარე ცოდნასა და ფასეულობებზე დაყრდნობით ახსნის ახალ მასალას. მასწავლებლისთვის ობიექტური “რეალობა” მთელი კლასისთვის უნდა გახდეს “რეალობა”. თუმცა ეს ფარდობითი ცნებაა. 

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, აღქმა შევუსაბამოთ ჩვენს შინაგან “რეალურ სამყაროს”. ამ დროს ტვინი ორგვარ აღქმას ადარებს: შინაგან სურათს (როგორსაც ვისურვებდით, რომ ყოფილიყო სამყარო) და სამყაროს რეალურ სურათს. ამ შედარებისას ვგრძნობთ მათ შორის არსებული განსხვავების სიდიდეს. თუ მათ შორის დიდია მსგავსება, მაშინ შინაგანი სასწორი გაწონასწორებულია. მეორე მხრივ, თუ მათ შორის ზღვარი დიდია, მაშინ შინაგანი სასწორი გადახრილია და გვატყობინებს, რომ რაღაც არ არის მართალი.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მათემატიკის მასწავლებელი და ახალ მასალას უხსნით მოსწავლეებს. დგახართ კლასის წინ, აჩვენებთ მნიშვნელოვან ნახაზს. ყველა მასწავლებელმა იცის, რას უნდა აკეთებდეს თითოეული მოსწავლე ამ დროს. ჩვეულებრივ, თქვენ გაქვთ სურვილი, თქვენი მოსწავლეები იყვნენ ყურადღებით, გაკვეთილში ჩართული და ჩანდეს, რომ ისინი ახალი მასალის გაგების საწყის ეტაპზე იმყოფებიან. თუ ამას ხედავთ კლასში, მაშინ არსებული თქვენს წარმოდგენას ემთხვევა და თქვენი შინაგანი სასწორი გაწონასწორებულია. თქვენ იღებთ დადებით სიგნალს და განაგრძობთ ახსნას იმავე რეჟიმში. თუ კლასში სხვა რაღაც ხდება, მაშინ არსებული თქვენს წარმოდგენას არ ემთხვევა და შინაგანი სასწორი გადახრილია. თქვენთან მოდის უარყოფითი სიგნალი და თქვენ იწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეცვალოთ ახსნის მეთოდი.

არსებული შედარება აყალიბებს თვითშეფასებას, რაც გვიჩვენებს, რომ თუ მე კარგად ვაკეთებ საქმეს, ის კმაყოფილებასაც მომიტანს. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვცვლით ქცევას, თუ ვგრძნობთ, რომ აღქმული სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც გვინდა. შინაგანი სასწორის მაჩვენებელი სიგნალი წარმართავს ჩვენს ქცევას. თუ საკლასო ოთახში ვიყენებთ შინაგანი კონტროლის ფსიქოლოგიას, მოსწავლეები სწავლობენ თვითმართვას. თუ საქმე კარგად მიდის, მოსწავლეები აცნობიერებენ, რატომ მიდის კარგად საქმე და ამ გზით შეუძლიათ სხვა დროსაც მიაღწიონ წარმატებას. თუ ცუდად მიდის საქმე, მაშინ დროულადაა საჭირო შესწორებების შეტანა, მანამ, სანამ შინაგანი სასწორი მეტისმეტად გამოვა წონასწორობიდან. მაშინ უფრო ადვილია მოსწავლის შველა, სანამ დისბალანსი მცირეა. მასწავლებლის მოვალეობაა, მოსწავლეებს ასწავლოს თვითშეფასება და დაეხმაროს იმის გააზრებაში, რაც ხდება.

გლასერი ამბობს, რომ მთლიანი ქცევა შედგება ოთხი ნაწილისგან: მოქმედება, ფიქრი, შეგრძნება და ფიზიოლოგია. ერთ-ერთი კომპონენტის შეცვლა მთლიანი ქცევის ცვლილებას იწვევს. ყველა ქცევას, თუნდაც არ გვესმოდეს, თავისი მიზანი აქვს. ქცევა ემსახურება რაღაც ფუნქციას. ქცევის მიზანია, უკეთ ვიგრძნოთ თავი გაწონასწორებული შინაგანი სასწორის საშუალებით. გრძნობების მართვა თითქმის შეუძლებელი პროცესია. ძნელია, თავი იგრძნო კარგად, რაკი გსურს, რომ თავს კარგად გრძნობდე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მოქმედება და ფიქრი. მაშინ მთელი ქცევა, ე.ი. გრძნობები და ფიზიოლოგიაც შეიცვლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმედებების და ფიქრის შეცვლა ადვილია, მაგრამ ადვილია გრძნობების და ფიზიოლოგიის შეცვლასთან შედარებით. ამ გზით შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს და შევაცვლევინოთ ქცევა, ადვილად და უმტკივნეულოდ გამოვიყვანოთ არაჯანსაღი ემოციური მდგომარეობიდან და მივაღწევინოთ აკადემიურ წარმატებას. 

მთლიანი ქცევის ცნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი საშუალებით შეუძლია ადამიანს საკუთარ თავზე აიღოს თავისი ცხოვრების მთელი პასუხისმგებლობა. როდესაც მოსწავლე მიხვდება, რომ მისი ქცევა იმ არჩევანის შედეგია, რაც მან გააკეთა, უფრო შედეგიანად და გონივრულად გააკეთებს შემდეგ არჩევანს. ბავშვი აღმოაჩენს, რომ ის თავს უკეთ იგრძნობს, თუ სხვანაირად მოიქცევა. ცხადია, არჩევანის თეორია მარტო მოსწავლეებისთვის არ შექმნილა და ის ზრდასრულებსაც ეხება. თუ დისკომფორტს იგრძნობთ, შეცვალეთ თქვენი მოქმედება და ფიქრი _ ეს აუცილებლად შვებას გაგრძნობინებთ. 

უსასრულოა ადამიანის სურვილები, აღქმა, შედარებები და მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა.შინაგანი კონტროლის ფსიქოლოგია და არჩევანის თეორია ზუსტად ხსნის ქცევას. ეს თეორია ასაბუთებს, რომ ადამიანებს აქვთ შინაგანი მოტივაცია და ის გარეგანი სტიმულებით არ იმართება. მასწავლებლები ბევრს ფიქრობენ, როგორ მოანდომონ მოსწავლეებს სწავლა. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ისინი ისე დაგეგმავენ გაკვეთილებს და ისე მოაწყობენ საკლასო გარემოს, რომ მოსწავლის შინაგან მოტივაციას გაააქტიურებენ.
დანართი
ხუთი ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნილება გლასერის მიხედვით:
·გადარჩენა; 
·მიკუთვნებულობის გრძნობა ან სოციალური კავშირები; 
·ძლიერება ან კომპეტენტურობა; 
·თავისუფლება;
·გართობა.
ინფორმაციის მიღება და დამუშავება:
·ინფორმაცია;
·გრძნობის ორგანოები;
·ცოდნის ფილტრი;
·ფასეულობების ფილტრი;
·შინაგანი სასწორი;
·“რეალობის” აღქმა.
მთლიანი ქცევა:
·მოქმედება: 
·ფიქრი;
·შეგრძნება;
· ფიზიოლოგია.

ევროპის საბჭოს პროექტი ისტორიკოსებისთვის

0
ევროპის საბჭოს პროექტი, ისტორიის გაზიარება – ევროპა საზღვრების გარეშე, მიმდინარეობდა 2010 წლიდან (ოსლო-ვენა-სტრასბურგი-ვენა). იგი 2014 წლის აპრილში დასრულდა ვენის უნივერსიტეტში. პროექტის ხელმძღვანელია ტატიანა მილკო – ევროპის საბჭოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი; პროექტის საბოლოო შედეგია ელექტრონული რესურსი, რომლითაც დაინტერესდებიან ისტორიკოსები, პედაგოგები, ექსპერტები, ტრენერები, მეცნიერები, განათლების სპეციალისტები. 

ელექტრონული რესურსის ნახვა და გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირის ისტორიის სწავლების ვებგვერდზე: 

პროექტის მიზანი 

ისტორიის გაზიარება არის ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის ეროვნული კურიკულუმის ნაწილი.
მხოლოდ ნაციონალური ისტორიის სწავლება შეიძლება იქცეს იდეოლოგიური მანიპულაციისა თუ პროპაგანდის ინსტრუმენტად ან გამოყენებულ იქნეს ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური თუ რასისტული იდეების წაქეზებისთვის. ისტორიის სწავლების შედეგი ამ შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტებისა და ძალადობის მომძლავრება იყოს და არა მოგვარება.

დღეს ისტორიის გაზიარებასა და საერთოს პოვნაზე აქცენტირების საკითხი უფრო მწვავედ დგას და უფრო აქტუალურია იმ ეკონომიკური კრიზისის, საფრთხეებისა თუ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც იმყოფება თანამედროვე მსოფლიო.
რას ნიშნავს ისტორიის გაზიარება? 
აქ უნდა გამოიყოს 2 საკვანძო მომენტი:

▪ ქვეყნები ასწავლიან და სწავლობენ ერთმანეთის ისტორიას; მაშასადამე, მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ არსებობს რამდენიმე პერსპექტივა და არა ერთი;

▪ ისტორიის გაზიარება ხაზს უსვამს ისტორიის იმ ასპექტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, გამოიყოს ევროპის კულტურული კავშირები მრავალფეროვან სხვადასხვა კონტინენტებს შორის.
სწავლების მიდგომაა მრავალმხრივი პერსპექტივის განხილვა სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გარეშე. იგი არ განიხილავს ხალხებსა და ქვეყნებს როგორც „სხვებს”, მით უმეტეს არ განიხილავს მათ როგორც „მტრებს”. ასეთი სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიაზრონ ისტორია გლობალურ პრიზმაში, რომელიც, ამავე დროს, მოიცავს ლოკალურ და ნაციონალურ ინტერესებსაც. 

ისტორიის გაზიარების სწავლების იდეა არის ევროპის ისტორიის სწავლების გზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, როგორ აღიქვამს სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოს, რათა ჩვენ შორის იყოს უფრო მეტი გადაკვეთა, უფრო მეტი საერთო გამოინახოს კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით. 

ელექტრონული რესურსი მოიცავს 4 საკვანძო თემას:

·ინდუსტრიული რევოლუციის შედეგები;
·განათლების განვითარება;
·ხელოვნებაში გამოხატული ადამიანის უფლებები;
·ევროპა და მსოფლიო. 

რესურსზე იმუშავეს ისტორიკოსების ჯგუფმა, კურიკულუმის დიზაინერებმა, სასწავლო რესურსების ავტორებმა, ისტორიის მასწავლებელთა ტრენერებმა, მასწავლებლებმა, მუზეუმის სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

რესურსი მოიცავს სასწავლო მასალას, სწავლების მეთოდიკას და საინტერესო წყაროების ფართო სპექტრს. მასში მოცემულია სასწავლო რესურსები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მასალა მოცემულია ინგლისურად, თუმცა ზოგიერთი საკითხი არის ფრანგულ ენაზეც. 
მთავრობებს ვთავაზობთ, მოიძიონ რესურსები ამ ელექტრონული რესურსის ეროვნულ ენებზე თარგმნისთვის. 
რესურსი ასევე გამოყენებულ იქნება ევროპის პარლამენტში – ევროპის ისტორიის სახლში (ბრიუსელი), რომელიც გაიხსნება 2015 წელს. 
2014 წელს სრულდება პირველი მსოფლიო ომის მე-100 წლისთავი, ამავე დროს, მე-60 წლისთავი ევროპის საბჭოს ევროპული კულტურული კონვენციის შექმნიდან.

დროულია, ვიფიქროთ იმ მილიონობით ადამიანზე, რომელიც დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში და მიზეზებზე, რამაც ეს ომი გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ პირველი მსოფლიო ომი არ ყოფილა დასასრული ყველა ომისა, როგორც ამას პოლიტიკოსები უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მისმა საფუძვლიანმა გააზრებამ შესაძლოა ასეთი იმედი გააჩინოს. 

სწორედ ომების თავიდან აცილების მცდელობამ წარმოშვა ევროპის საბჭოს შექმნის იდეა 1949 წელს, ხოლო 1954 წელს შესაძლებელი გახადა, დაწერილიყო ევროპის კულტურული კონვენცია.

ევროპის კულტურული კონვენციის მიზანია მშვიდობისთვის ზრუნვა, გაცნობიერება იმისა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა გადის განათლებასა და კულტურაზე; იგი ხაზს უსვამს ისტორიისა და ენების სწავლებას.

 

სასურველია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეძლოს რესურსის გარკვეული ნაწილის თარგმნა. თარგმნილი მასალა დაეხმარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, ტრენერებს და, საზოგადოდ, ისტორიკოსებსა თუ პედაგოგებს, გაეცნონ არა მხოლოდ ევროპაში ამჟამად მიმდინარე კვლევებსა და მასალებს, არამედ იმ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მიდგომებსა და ფასეულობებსაც, რომლებიც აუცილებელია დღეს ისტორიის სწავლების დროს. 

დოკუმენტი მომზადდა ევროპის საბჭოს ისტორიის სამდივნოს მიერ.
პირველი მსოფლიო ომი (I ნაწილი ) 

წელს მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპა, აღნიშნავს პირველი მსოფლიო ომის მე-100 წლისთავს (11 ნოემბერი, 1914 წელი). აღნიშვნა გამოიხატება მრავალი პუბლიკაციით, რომლებიც უწყვეტად მიედინება სხვადასხვა ელექტრონულ მისამართზე, წიგნებსა თუ სტატიებში. ცხადია, ძნელია ამ თემის განხილვა იმ ჭრილში, რომელსაც პროექტი „ისტორიის გაზიარება – ევროპა საზღვრების გარეშე” გვთავაზობს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მასალები საქართველოს, კერძოდ კი მისი ისტორიის ამ პერიოდის შესახებ ძალიან მწირია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია იმ მცირერიცხოვანი ფოტოს მოძიება, რომლებზეც პირველი მსოფლიო ომი და კავკასიის ფრონტია აღბეჭდილი. რაც შეეხება ცენზურას, ამ მხრივ საქართველო, ცხადია, არ ყოფილა გამონაკლისი, რადგან იგი ცარისტული რუსეთის ნაწილი იყო. 
ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული აკრძალვის კანონები პირველი მსოფლიო ომის დროს 
პირველ მსოფლიო ომის შესახებ მსოფლიოში მრავალი კვლევაა ჩატარებული. სამწუხაროა, რომ ესგ-ში ამ თემას მიზერული რაოდენობის საათი ეთმობა, რაც ავტომატურად აისახება სახელმძღვანელოებზეც, რომლებშიც პირველი მსოფლიო ომის მიზეზები, მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილშია ჩატეული და არ იძლევა გააზრების საშუალებას.

ქვემოთ მოცემული დოკუმენტი პირველ მსოფლიო ომს ეხება. 

თავდაცვის აქტი (ინგლისურად ამ აქტის სახელწოდებაა Defence of the Realm Act, რომელსაც შემოკლებით DORA-ს ეძახიან. ამავე სახელწოდებით მოვიხსენიებ მე ამ აქტს დოკუმენტში) 

პირველი სამთავრობო დოკუმენტი უშუალოდ ეხებოდა ბრიტანეთში მყოფ მოსახლეობას და გამოქვეყნდა 1914 წლის 8 აგვისტოს. ამ დოკუმენტის სახელწოდება იყო „აქტი თავდაცვის შესახებ”, შემოკლებით – DORA. დოკუმენტი მოქმედებდა 1915 და 1916 წლებში, თუმცა ომის გაჭიანურების გამო მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, მიეღო სხვა, დამატებითი კანონებიც, როგორიც იყო, მაგალითად სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე სამხედრო კანონების შემოღება, რათა დაეცვა გაერთიანებული სამეფოსა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება. 

DORA-ს საშუალებით სახელმწიფოს გაუჩნდა უფლებამოსილება, გამოეცა კანონები, რომლებიც გაზეთებისა და ჟურნალების რედაქტირების საშუალებას მისცემდა მთავრობას, შეცვლიდა პირად მიმოწერას ფრონტიდან, რათა დაემალა ფრონტის რეალობა – ის რეალობა, რაც ხდებოდა ომში და რა შედეგებიც მოჰქონდა ომს. ცენზურა ფართოდ გამოიყენებოდა როგორც მნიშვნელოვანი ტაქტიკა და მეთოდი სტატუს კვოს შესანიღბავად. ცენზურა და აკრძალვა პირველი მსოფლიო ომის დროს გავრცელებული იყო არაერთ ქვეყანაში, კერძოდ, ყველა იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო სახლში მყოფი მუშახელის მორალი და მაღალი მოტივაცია. 
თავდაცვის აქტი

8 აგვისტო, 1914  წელი

·არავის აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზღვაო ფლოტისა თუ სამხედრო საკითხების შესახებ საუბრის უფლება. 

·არავის აქვს უფლება, გაავრცელოს ჭორები სამხედრო საკითხების შესახებ.
·არავის აქვს უფლება, იყიდოს და გამოიყენოს ბინოკლი.
·არავის აქვს უფლება, გადაკვეთოს რკინიგზის ლიანდაგი ან ხიდი.
·არავის აქვს უფლება, გადაადნოს ოქრო თუ ვერცხლი.
·არავის აქვს უფლება, დაანთოს კოცონი ან ფეირვერკი.
·არავის აქვს უფლება, აჭამოს პური ცხენებს თუ ქათმებს.
·არავის აქვს უფლება, გამოიყენოს უხილავი მელანი საზღვარგარეთ გასაგზავნი წერილის დასაწერად.
·არავის აქვს უფლება, გაყიდოს/იყიდოს ვისკი ან ბრენდი რკინიგზასთან ახლოს.
·არავის აქვს უფლება, დარეკოს ეკლესის ზარები.
·მთავრობას შეუძლია გამოიყენოს ქვეყნის ინტერესებისთვის ნებისმიერი ქარხანა თუ საამქრო.
·მთავრობა არ დაუშვებს მოქალაქეებისგან ამ კანონების დარღვევას.
·მთავრობამ, თუ საჭიროდ ჩათვალა, შესაძლოა გამოიყენოს ყოველი მიწა.
·მთავრობას აქვს გაზეთების ცენზურის უფლებამოსილება.
ომის გახანგრძლივების გამო 1916 წელს მთავრობამ შემოიღო ახალი კანონები:

·ქვეყანა გადავიდა ზაფხულის დროზე, რათა დღისით მეტი მუშაობა ყოფილიყო შესაძლებელი.
·ბარების მუშაობის საათები შემცირდა.

 
·ლუდის მიწოდება შემცირდა.
·ლუდი უნდა გაზავებულიყო წყალში.
·შემოღებულ იქნა კვების რაციონი.
·მთავრობამ კონტროლზე აიყვანა ყველა მიწა, რათა მოეხდინა მათი დამუშავება.
·საათები გადაწეულ იქნა ერთი საათით წინ.


·ფაბრიკებს, ქარხნებსა და საამქროებს უნდა ემუშავათ დღის სინათლეზე.
·რკინიგზა მთავრობის კონტროლქვეშ იყო.
·მთავრობა აწესებდა სრულ კონტროლს ქვანახშირზე.
·ნარკოტიკის გამოყენების უფლება ეძლეოდათ მხოლოდ მაღალკვალიფიციურ და ავტორიზებულ ექიმებს.
·ღამით ქალაქში ყოველგვარი განათება იკრძალებოდა.

·კანონი უწესებდა ცხოვრებისა თუ გადაადგილების შეზღუდვას ან აკრძალვას ბრიტანეთში მცხოვრებ ყველა უცხო პირს, განსაკუთრებით კი მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებს. 
პროპაგანდისტული ფოტოები 

 

ომის დროს აკრძალული ფოტოები 

 
 
 

ხმელი ფოთოლი

0

გვიანი შემოდგომაა. ჩრდილოეთის ნელი ქარი ქრის. ისეთი, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე რომ მოჰქონდა და, გალაღებულს, თანამოძმეებთან ჩურჩულისა და მასლაათის გუნებაზე აყენებდა.

ახლა კი ცივი და სუსხიანია. არა, სიცივე იმდენად არ აკრთობს – მისი გამოფიტული და გამომშრალი ძარღვები მას ვეღარ გრძნობენ; ბებერ ყუნწში აღარ ჰყოფნის ძალა. მცირე შერხევასაც ძლივსღა უმკლავდება. ჩანს, ჟამმა მასაც მოუწია.

წუხელ მთელი ღამე თეთრად გაათენა. ოხერმა ჰაერის დინებამ ჩათვლემის საშუალება არ მისცა. არ ეგონა, დილამდე თუ გაატანდა. გამთენიისას ქარი ჩადგა. ცოტა ამოისუნთქა. მზის სხივების შეფარული სითბო ესიამოვნა. მისი დაკოჟრილი და გაუხეშებული კანი სითბოსაც, როგორც სიცივეს, ვეღარ გრძნობს, – მზის სხივების ლაციცი მოსწონს, ეს არის და ეს. თვალი თვალში გაუყარა. დღეს ალბათ უკანასკნელად უმზერს… ჯერ ნახევარი წელიც არ შესრულებია… არადა რამდენი რამ ნახა, რამდენი იშრომა..

სულ რაღაც ექვსი თვის წინ ერთი ძლივს შესამჩნევი წერტილი იყო. ზამთრის ძილისგან გამოღვიძებულმა დედამისმა დაუნანებლად აწოვა ძუძუ. ერთი თვისა, შეფერილ-„შებუმბლული”, კიდეებდაწკეპილი და ნამით პირდაბანილი, უკვე მზის სხივებს ეკეკლუცებოდა დილაობით. გულისფანცქალით ელოდა სიოს ჩამოქროლებას, მასთან გაბაასებას. სიო კიდევ იმად უყვარდა, რომ გულისსწორის შეხების, მისი მიალერსების საშუალებას აძლევდა, რათა ჩურჩულით ეთქვა გულისნადები და მისიც მოესმინა.

მაგრამ მარტო თრთოლასა და ალერსში როდი გაატარა მთელი ცხოვრება. ალიონზე, მზის პირველი სხივების შეხებისთანავე იწყებდა შრომას და უკანასკნელი ათინათის გაქრობამდე სულმოუთქმელად შრომობდა. ბუნებამ მძიმე ჯაფა დაანათლა. სანამ დღე იყო და თვალი უჭრიდა, ჰაერის მოლეკულების გროვიდან ნახშირორჟანგის მოლეკულები უნდა გადაერჩია. მაგრამ მარტო მათი მოგროვება როდი ევალებოდა – მოგროვებული ნახშირორჟანგი წყლისთვის უნდა შეერია და „გადაეხარშა” – მშობელი ხისთვის გლუკოზა მიეწოდებინა, ხოლო ატმოსფეროსთვის ქირად ჟანგბადი გადაეხადა.

დაუღალავად იშრომა, სანამ ახალგაზრდა იყო, სანამ ქლოროფილი ჰქონდა. მან და მისმა ტოლ-მეგობრებმა ბუნებას მთელი წლის განმავლობაში 20 კგ-ზე მეტი ჟანგბადი მიაწოდეს, დაგროვილი გლუკოზის მოლეკულებით კი კედლები აშენეს, ახალი ფოთლები გამოზარდეს, ნაწილიც საზამთროდ გადაინახეს.

ამ შრომა-გარჯაში შემოაცვდა მთელი ქლოროფილი, გაილია მისი ახალგაზრდობა. შემდეგ თმაში სიყვითლე შეეპარა, ბოლოს კი სულ მთლად გაყვითლდა – სანამ ახალგაზრდა იყო და ქლოროფილი უხვად ჰქონდა, კაროტინოიდები არ ჩანდნენ. ახლა კი მოხუცდა – „თმაში” ერთი ღერი ქლოროფილიც აღარ ურევია. ყუნწიც ეკვეთება. ხვდება, დღეს თუ არა, ხვალ გაუდგება დედამიწისკენ მიმავალ გზას. თანამოძმეებივით, ერთს ამოიკვნესებს და ფარფატით დაეშვება ძირს. ერთი ნატვრაღა დარჩენია – მშობლიური ხის ძირას დაიდოს სამუდამო ბინა. მაგრამ გუშინ დაინახა, წინა ღამით ქართან ბრძოლაში დამარცხებული მისი მოძმეები როგორ გახვეტა დილით მეეზოვემ და სადღაც წაიღო. არ უნდა მისი ცოცხის ქვეშ მოყოლა…

…ფოთლების გროვასთან მოლბერტგადაკიდებულმა კაცმა ჩაიარა. ფოთლებს რომ მოჰკრა თვალი, შეჩერდა. ერთხანს ჩაფიქრებულმა უცქირა, შემდეგ დაიხარა და რამდენიმე მათგანი აიღო. დიდხანს ატრიალა ხელში. ხან მათ დაჰყურებდა დაჟინებით, ხან ჰორიზონტს გაჰყურებდა. მერე მსუბუქმა ღიმილმა გადაურა სახეზე… მოლბერტი გახსნა და ფოთლები ჩაიწყო…

ასეა, ზოგი მშობლიური ხის ძირში პოვებს სამუდამო სამყოფელს, ზოგი – ნაგავსაყრელზე, ერთეულები კი – შემოქმედის ტილოზე.

სელიგმანის ოპტიმიზმის თეორიის შესახებ

0
„დადგა დრო, შეიქმნას ახალი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პოზიტიურ გრძნობებს, დაეხმარება ადამიანებს ხასიათის დადებითი თვისებების განვითარებაში, რათა მიაღწიონ იმას, რასაც არისტოტელე „კეთილდღეობას” უწოდებს” (მ. სელიგმანი).
წინა სტატიაში ვისაუბრეთ დასწავლილი უმწეობის შესახებ, განვიხილეთ პირობები, რომლებიც მას აყალიბებს. აუხსნელი რჩება, რატომ არის, რომ მიუხედავად ერთნაირი არაკონტროლირებადი სიტუაციისა და არასასიამოვნო შედეგებისა, ერთნი სწავლობენ უმწეობას, მეორენი კი შეუპოვრად განაგრძობენ რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას. განსაზღვრულ მომენტამდე მ. სელიგმანს ამაზე პასუხი არ ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან მიაგნო მოვლენის მექანიზმს და ასე შეიქმნა ოპტიმიზმის თეორია. ამ თეორიის მიხედვით, პრობლემის გადაჭრის პროცესში სწორედ ოპტიმიზმია ის, რაზეცაა დამოკიდებული ბრძოლაში წარმატება, რაც არ ამცირებს (ან ნაკლებად ამცირებს) აქტიური მოქმედების მოტივაციას. სრულიად საპირისპირო რამ ხდება პესიმისტური განწყობის შემთხვევაში, რომელიც უმწეობის დასწავლას იწვევს. ოპტიმიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რას მიაწერს ადამიანი წარმატებას ან წარუმატებლობას (ატრიბუცია). ოპტიმისტები წარუმატებლობას შემთხვევითობას მიაწერენ, რომელიც ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მოხდა, წარმატებას კი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ და განიხილავენ მას როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. მაგალითად, ოპტიმისტი მასწავლებელი, რომელმაც ვერ გადალახა სასერტიფიკაციო გამოცდის ზღვარი, იფიქრებს, რომ ეს ყველას შეიძლება შეემთხვეს და წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ დროის უქონლობის გამო კარგად ვერ მოემზადა გამოცდისთვის (წარუმატებლობა ლოკალიზებულია დროსა და სივრცეში, მისი მიზეზი გარემოებებია), პესიმისტი კი ჩათვლის, რომ უუნაროა, სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ აქვს და მცდელობა აზრს მოკლებულია. ეს გენერალიზებული განცდა უკვე დასწავლილ უმწეობაზე მიუთითებს. საზოგადოდ, არჩევანი და სიტუაციაზე კონტროლი ადამიანს გადარჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო უმწეობამ შესაძლოა დაღუპოს ის.

მ. სელიგმანმა განსაზღვრა ოპტიმიზმის საკვანძო მახასიათებლები. როგორია ოპტიმისტი? უფრო ინიციატივიანი, ენერგიული, იშვიათად ეძლევა დეპრესიას, მისი საქმიანობის შედეგები მნიშვნელოვანია და კარგ შთაბეჭდილებას ახდენს გარშემო მყოფებზე. მ. სელიგმანმა დაამუშავა ოპტიმიზმის სწავლების ტექნიკა. რასაკვირველია, ამ სტატიის ფორმატში მისი გადმოცემა შეუძლებელია. მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ პირველი ნაბიჯია კავშირის დანახვა წინააღმდეგობას, შეხედულებებსა და შედეგებს შორის, მეორე კი იმისა, როგორ მუშაობს ეს ტრიადა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აღნიშნული ტექნიკა დამუშავებულ იქნა, რათა ჩვეულებრივმა ადამიანებმა შევძლოთ, შევიცვალოთ პრობლემის ახსნის სტილი და ოპტიმისტურად შევხედოთ სიტუაციას.

ყოველივე ეს განვიხილოთ მასწავლებლის საქმიანობის მაგალითზე.

● უსიამოვნება: ვერ ვახერხებ ზოგიერთი მოზარდისთვის სწავლის მოტივაციის აღძვრას. 

შეხედულება: რატომ ვერ მოვუძებნე ამ მდგომარეობას გასაღები? უფრო დინამიკური, მოქნილი, შემოქმედებითი რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, მათთვის ცოდნისადმი ინტერესი გამეღვიძებინა. თუ ეს ვერ მოვახერხე, ე.ი. თავს ვერ ვართმევ სამუშაოს, შესაბამისად, მასწავლებლობა არ არის ჩემი საქმე.

შედეგი: განწყობა გამიფუჭდა, ენერგია კიდევ უფრო დამაკლდა, დათრგუნვილი ვარ.

განხილვა: არ არის საჭირო ჩემი პროფესიული ვარგისობის შესახებ დასკვნის გამოტანა მოსწავლეთა ჯგუფის გამო. უმეტესობასთან ხომ ვიღებ შედეგს, შემოქმედებითად ვუდგები ჩემს საქმიანობას, ვცდილობ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. სემესტრის ბოლოს, როდესაც უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება, მოვაწყობ შეხვედრას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ კოლეგებთან, სადაც აღნიშნულ საკითხს წამოვჭრი. შესაძლოა, რაიმე საინტერესო იდეაც დავამუშაოთ, რაც ვითარების გამოსწორებაში დაგვეხმარება.

აქტივაცია: მიმაღლდება პროფესიული თვითშეფასება. მიჩნდება იმედი, რომ კოლეგებთან ერთად შევძლებ საიტერესო და ეფექტიანი საქმიანობის გაჩაღებას.
ოპტიმიზმის თეორიაზე მუშაობისას, აი, რა დასკვნები გამოიტანა მ. სელიგმანმა:

1. ჭეშმარიტი ბედნიერება მოაქვს დადებით გრძნობებს, რომლებიც აღმოცენდება ჩვენი ხასიათის საუკეთესო თვისებებიდან და არა ხელოვნური ხრიკებიდან. ნებისმიერი ყოველდღიური სიხარული (მეგობრებთან ურთიერთობა, თეატრში წასვლა და სხვა) ფერმკრთალდება სიკეთის კეთებით გამოწვეული გრძნობების ფონზე.

2. კეთილი საქმეები 6 უნივერსალურ სიკეთეს ეფუძნება: სიბრძნეს (ცოდნას), სიმამაცეს, სიყვარულს (ადამიანურს), სამართლიანობას, რწმენას, სულიერებას. ყველა სიკეთის მთესველს აუცილებლად აქვს რამდენიმე ამ თვისებათაგანი (მ. სელიგმანი მათ ინდივიდუალურ ღირსებებს უწოდებს), რომელთა რეალიზაციითაც ჩვენ ვივითარებთ სიკეთის ქმნადობის უნარს.

3. ბედნიერად და გააზრებულად ცხოვრობს ის, ვინც თავისი ღირსებების რეალიზაციას ახერხებს და ამით ჭეშმარიტ სიამოვნებას იღებს, განურჩევლად იმისა, რითია დაკავებული (კარიერის, ოჯახისა და საქმიანობის თვალსაზრისით). ორიენტირება უნდა მოვახდინოთ უფრო მაღალ ღირებულებებზე, ვიდრე არსებობაა.

4. ადამიანი უნდა ისწრაფოდეს ბედნიერებისა და კარგი განწყობისკენ. ეს სასარგებლოა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. პოზიტიური გრძნობები არა მხოლოდ ტონუსს სწევს მაღლა, არამედ გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, მეგობრების შეძენაში, წარმატების მიღწევაში, გვინარჩუნებს ჯანმრთელობას.

5. ბედნიერების ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა იმდენად გარე ფაქტორებზე (ფულზე, სოციალურ სტატუსზე, განათლებაზე, ქვეყანაზე), რამდენადაც შინაგანზე.

6. წარსულიდან უარყოფითი ემოციები არ უნდა წამოიყოლო. წარსულთან შეგუების ტექნიკათა შორის სელიგმანი ასახელებს მადლიერებას და მიტევებას.

7. ბედნიერებისთვის, წარსულით კმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელია მომავლისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულებაც.

8. ბედნიერ ადამიანს შესწევს აწმყოთი ტკბობის უნარი. ეს ტკბობა შეიძლება იყოს როგორც ხორციელი, ისე სულიერიც.

9. სულიერ კმაყოფილებას მაშინ ვიღებთ, როცა საყვარელ საქმეს ვემსახურებით. არ არის სავალდებულო, მას ძლიერი ემოციები ახლდეს. ეს სულიერი კმაყოფილება მთლიანად მოგვიცავს და გვავიწყებს საკუთარ თავს.

10. სიკეთის მთესველი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ტალანტის მქონენი. სიკეთის მთესველი შეიძლება გახდე, ტალანტი კი თანდაყოლილია. ადამიანი ბედნიერი არ იბადება – ის ხდება ასეთი სიკეთის კეთებითა და ღირსებით.

ოპტიმიზმის ტესტი

გაეცანით დებულებებს და აირჩიეთ ერთი ვარიანტი:
1. თქვენი სიზმრები:
ა) დრამატულია და საშიში;
ბ) ბუნდოვანია და გაურკვეველი;
გ) სასიამოვნოა.
დ) ძირითადად სასიყვარულო შინაარსისაა.
2. დილაობით, ახალგაღვიძებული, ყველაზე ხშირად ფიქრობთ:

ა) ამინდზე;
ბ) საყვარელ სამუშაოზე;
გ) უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელ სამუშაოზე;
დ) საყვარელ ადამიანზე.
3. ჩვეულებრივ, როგორ საუზმობთ?

ა) გავშლი სუფრას, როგორც წესია – ამისთვის დრო არ მენანება;
ბ) საუზმის დროს ვწუწუნებ გამოუძინებლობის გამო;
გ) საუზმის დროს ლაპარაკი მიყვარს;
დ) ვჩქარობ, რადგან ხშირად ვაგვიანებ.
4. როდესაც გაზეთს კითხულობთ, უპირველესად, რას აქცევთ ყურადღებას?

ა) პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიახლეებს;
ბ) სპორტის სიახლეებს;
გ) კულტურის სიახლეებს;
დ) კრიმინალურ ქრონიკას.
5. როგორ რეაგირებთ, როდესაც წაიკითხავთ ინფორმაციას საგანგებო შემთხვევის, სკანდალის, დანაშაულის შესახებ?

ა) რეაქცია არ გაქვთ, არ გაინტერესებთ;
ბ) შიშობთ, ასეთი რამ არ დაგემართოთ;
გ) ბრაზობთ, რომ სათანადო ორგანოები და მართლმსაჯულება წესრიგს ვერ უზრუნველყოფენ;
დ) მომხდარს ჩვეულებრივ მოვლენად განიხილავთ.
6. როგორ იქცევით უცნობ ადამიანთან შეხვედრისას?

ა) იმთავითვე ნდობით განეწყობით;
ბ) ელოდებით, როდის გკითხავთ რამეს;
გ) ინტერესით აკვირდებით;
დ) უინტერესოდ ადევნებთ თვალს.
7. რა მოგდით, როდესაც გრძნობთ, რომ ვიღაც გაკვირდებათ?

ა) ვღელავ, რადგან მგონია, რომ სასაცილოდ გამოვიყურები;
ბ) უსიამოვნო განცდა მეუფლება;
გ) სარკეს ან მინას ვპოულობ და საკუთარ გამოსახულებას ვათვალიერებ;
დ) საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას.
8. როგორ მოიქცევით, თუ უცნობ ქალაქში ამა თუ იმ მისამართის პოვნა დაგჭირდათ?

ა) ავიყვან ტაქსის;
ბ) წინასწარ გამოვკითხავ ნაცნობებს;
გ) შევეცდები, თავად მოვძებნო;
დ) შემეშინდება, ვაითუ ვერ მივაგნო.
9. ჩვეულებრივ, რა განწყობით იწყებთ სამუშაო დღეს?

ა) იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება;
ბ) სურვილით, ეს დღეც მალე დასრულდეს;
გ) კოლეგებთან სასიამოვნო საუბრებისა და შეხვედრების მოლოდინით;
დ) იმედით, რომ ამ დღეს სამსახურში არავითარი უსიამოვნება არ გელით.
10. როდესაც რაიმე თამაშს აგებთ:
ა) ღიზიანდებით და მიიჩნევთ, რომ ცუდ ფეხზე ადექით;
ბ) აგრძელებთ თამაშს იქამდე, ვიდრე არ მოიგებთ;
გ) არ ღიზიანდებით, რადგან მიგაჩნიათ, რომ „წაგება და მოგება ძმები არიან”.
დ) იძულებული ხდებით, მოიფიქროთ ხერხი, რომელიც მოგაგებინებთ.
11. როდესაც სუფრასთან ზიხართ და განსაკუთრებით გემრიელი კერძის მცირე ულუფას მოგართმევენ, თქვენ:

ა) მას მადიანად შეექცევით;
ბ) შიშობთ, ვაითუ გაგასუქოთ;
გ) ჭამთ, მაგრამ ერთგვარი სინდისის ქენჯნით;
დ) გეშინიათ, ვაითუ ვერ შეირგოთ.
12. როდესაც თქვენთვის სიმპათიურ ადამიანს ეკამათებით:

ა) შიშობთ, საბოლოოდ არ გაგიფუჭდეთ მასთან ურთიერთობა;
ბ) ინარჩუნებთ სიმშვიდეს, რადგან ხედავთ ასეთი დამოკიდებულების საზრისსა და აუცილებლობას;
გ) ფიქრობთ, რომ მალე შერიგდებით და ყველაფერი მოგვარდება;
დ) მიგაჩნია, რომ ეს ძალიანაც კარგია – ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება სრულიად უპრობლემო არ უნდა იყოს.
13. როცა სარკეში საკუთარ ფიგურას უყურებთ:

ა) იგი ნორმალური გეჩვენებათ, თუმცა ფიქრობთ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო;
ბ) ფიქრობთ, რომ წონა უნდა დაიკლოთ, მაგრამ ამისთვის დიდი ჯაფა მოგიწევთ;
გ) რაც არის, ეს არის – განსაკუთრებული არაფერი გჭირთ.
14. რამდენად უშუალო ხართ სასიყვარულო ურთიერთობებში?

ა) უშუალო ვარ;
ბ) გამუდმებით ვაანალიზებ ამ ურთიერთობას;
გ) გამუდმებით რაღაც მაწუხებს;
დ) არაფერზე არ ვფიქრობ, ბედნიერი ვარ.
15. გაიარეთ სამედიცინო შემოწმება და ელოდებით პასუხს. ამ დროს თქვენ:

ა) შიშობთ, რამე სერიოზული დაავადება არ აღმოგაჩნდეთ;
ბ) დარწმუნებული ხართ, რომ ექიმი სიმართლეს არ გეტყვით;
გ) ფიქრობთ, რომ საშიში არაფერი იქნება;
დ) ფიქრობთ, რომ უმჯობესია, ყველამ დროულად გაიგოს სიმართლე თავისი ჯანმრთელობის შესახებ.
16. რას გრძნობთ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობისას?

ა) თბილი ან გულგრილი ურთიერთობა მაქვს, იმის გათვალისწინებით, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორია გარემოებები;
ბ) ხშირად ვგრძნობ უხერხულობას და არ ვიცი, როგორ მოვიქცე;
გ) ყურადღებით ვაკვირდები მათ რეაქციებს ჩემს ქცევაზე და ყურს ვუგდებ, რას ამბობენ ისინი ჩემზე;
დ) მიმაჩნია, რომ ვიქცევი ისე, როგორც ყველა, ანუ ჩვეულებრივ.

17. ხანგრძლივი მოგზაურობისთვის როგორ ემზადებით?

ა) ყველაფერს გულდასმით ვგეგმავ;
ბ) ეჭვი არ მეპარება, რომ რამე ისეთი მოხდება, რაც მოგზაურობაში ხელს შემიშლის;
გ) მიმაჩნია, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და საგანგებოდ არც კი ვემზადები;
დ) გამგზავრებამდე ძლიერ ვღელავ და მხოლოდ მას შემდეგ ვწყნარდები, რაც დავიძვრები.
18. რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას?

ა) წითელს;
ბ) ნაცრისფერს;
გ) მწვანეს;
დ) ლურჯს.
19. რისი იმედი გაქვთ გადაწყვეტილების მიღებისას?

ა) იღბლის, გამართლების, ბედნიერი შემთხვევის;
ბ) საკუთარი თავის;
გ) გონივრული გათვლის, გარემოებებისა და ფაქტების ობიექტური შეფასების;
დ) სხვადასხვა სიგნალისა და ნიშნის (რომელ ფეხზე ავდექი, გადამირბენს თუ არა წინ კატა და ა.შ.).
20. არჩევანის უფლება რომ გქონდეთ, რას მიანიჭებდით უპირატესობას?

ა) მემკვიდრეობით მერგოს რამე;
ბ) მივაღწიო სტაბილურ წარმატებას პროფესიაში;
გ) შევქმნა რამე მნიშვნელოვანი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მივაღწიო აღიარებას;
დ) შევხვდე საყვარელ ადამიანს, შევიძინო ცხოვრების კარგი მეგობარი.
შეაფასეთ დებულებები ცხრილში მოცემული გასაღების მიხედვით:
 

პასუხის N და ქულა

N1

2

3

4

5

6

7

8

9

10

1

2

5

2

3

5

1

1

5

2

4

5

2

1

1

1

5

5

2

1

3

2

3

4

2

3

2

3

3

5

5

4

1

4

4

3

4

2

2

3

პასუხის N და ქულა

N11

12

13

14

15

16

17

18

19

20

5

1

5

3

2

5

2

3

2

3

2

2

2

2

1

2

1

1

5

1

3

5

3

1

4

3

4

2

3

5

1

3

2

5

3

4

2

4

1

4

 
 
გამოთვალეთ ჯამი და მის საფუძველზე გაიგეთ, რა დონის ოპტიმისტური განწყობა გახასიათებთ (შესაძლოა, პესიმისტიც იყოთ):
91 ქულა და მეტი – ზედმეტი ოპტიმიზმი, რომელიც არ ეფუძნება რეალურ გარემოებებს და უფრო ქარაფშუტობას ჰგავს;
76-90 ქულა – მაღალი, მაგრამ ნორმალური ოპტიმიზმი, რომელიც ზოგჯერ ხელს უშლის ადამიანს შეცდომების გაცნობიერებასა და გამოსწორებაში;
61-75 ქულა – რეალიზმი, რომელიც ეფუძნება ნორმალურ ოპტიმიზმს და ხშირად ვლინდება სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში;
48-60 ქულა – სამყაროს ფხიზელი აღქმა საკმაოდ ხშირად გამოვლენილი პესიმიზმით;
36-47 ქულა – უმეტესად პესიმისტური ხედვა იშვიათი ოპტიმისტური გამონათებით;
 24-35 ქულა – გამოუსწორებელი პესიმიზმი, რომელსაც რეალური ცხოვრებისეული საფუძველი არ გააჩნია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...