ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
14 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

საბავშვო ბაღების მასწავლებლები ბაღებში თამაშის შესანარჩუნებლად იბრძვიან

0

საბავშვო ბაღის მასწავლებლები – უკანასკნელი ბასტიონი თამაშის უფლებისთვის ბრძოლაში

ავტორი: პიტერ გრეი, ბოსტონის (აშშ) კოლეჯის პროფესორი
ბრძოლა ბავშვობის წინააღმდეგ გრძელდება. ბავშვებს უკვე აღარ აქვთ საშუალება, თავისთვის ითამაშონ, იხეტიალონ შემოგარენში და გამოიკვლიონ გარემო, რომელშიც იზრდებიან. წინათ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან გამოკვლევის, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და თავისუფალი მოძრაობის მოთხოვნილება ყველა ადამიანში ჩადო ბუნებამ.

აშშ-ში მშობლები, რომლებიც ბავშვებს თავისუფლად თამაშის საშუალებას აძლევენ, ხშირად ისჯებიან საზოგადოების მიერ (იხ. სტატიები: აქ და აქ). სკოლებმა მთელ ამერიკაში საგრძნობლად შეამცირეს შესვენებების ხანგრძლივობა ან საერთოდ გააუქმეს ისინი. აღმოჩნდა, რომ ბავშვობისა და თამაშისთვის ბრძოლაში უკანასკნელ ბასტიონს საბავშვო ბაღები წარმოადგენენ, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ამა თუ იმ ტიპის თამაშები, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე იქაც შესამჩნევია თამაშის შეზღუდვის ტენდენცია, მიუხედავად ზოგიერთი მასწავლებელის წინააღმდეგობისა.

გასულ თვეებში, კონფერენციებსა და შეხვედრებზე, ბევრჯერ ვესაუბრე ბავშვების ადრეული განათლების სპეციალისტებს და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს. თითქმის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა ისტორიები თამაშის გადასარჩენად მათი გულწრფელი ბრძოლის შესახებ. ისინი იბრძვიან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის No Child Left Behind (NCLB) და პრეზიდენტ ობამას დროს შტატების უმეტესობაში მიღებული Common Core-ის ფედერალური პროგრამების სტანდარტების წინააღმდეგ (8 შტატში ეს სტადარტები ჯერ მიუღიათ – ლ.ა.), რომელთა უარყოფითი შედეგები მაღალიდან დაბალ კლასებში და ახლა უკვე საბავშვო ბაღებშიც გავრცელდა.

საბავშვო ბაღების მასწავლებლები იბრძვიან საგანმანათლებლო პოლიტიკის იმ „შემოქმედთა” წინააღმდეგ, რომლებიც ხელაღებით უარყოფენ ათასობით სამეცნიერო ნაშრომს, ბავშვის განვითარებისთვის თამაშის მნიშვნელობას რომ ადასტურებენ და მკაფიოდ აჩვენებენ ადრეული აკადემიური სწავლების უარყოფით გავლენას ბავშვის ჩამოყალიბებაზე. განათლების სტანდარტიზებული პროგრამებისა და ტესტების ამ ავტორებისთვის სტანდარტიზებული ტესტები განათლების უნივერსალურ სისტემას და თვით განათლების კვინტესენციას, მის არსს წარმოადგენს.
საბავშვო ბაღების მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვების თავისუფალი განვითარებისთვის იბრძვიან, ბრძოლა უწევთ განათლების ადმინისტრატორებთან, რომლებსაც ან ფანატიკურად სჯერათ სტანდარტიზებული ტესტების, ან ცინიკურად ამტკიცებენ მათ სიკეთეს თავიანთი მაღალანაზღაურებადი თანამდებობების შესანარჩუნებლად.

საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბრძოლა უხდებათ დაწყებით კლასებში მომუშავე პედაგოგებთანაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვებს სკოლის მომდევნო ეტაპისთვის ამზადებენ და ამისთვის უნერგავენ კლასში წყნარად ჯდომისა და დავალებების შესრულების უნარებს, ფაქტობრივად კი თრგუნავენ მათში მოძრაობის, თამაშისა და ძიების წყურვილს.

სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებს ბრძოლა უწევთ იმ მშობლებთანაც, რომელთაც სჯერათ, რომ მათი 3, 4 ან 5 წლის შვილები ვერასოდეს მოხვდებიან ჰარვარდში, თუ საბავშვო ბაღში და წინასასკოლო კურსის დროს მხოლოდ თამაშით იქნებიან დაკავებულნი.

ეს ბრძოლა ხანდახან მეტისმეტად მძიმეა და ბევრი თავს ანებებს მას. ხშირად უარესიც ხდება: ზოგი ნებდება და თანხმდება იმის კეთებას, რაც იცის, რომ ცუდია. (ავტ. შენიშვნა: სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, როგორც ყველგან დედამიწაზე, საყვარელი და მშვიდობიანი ხალხია. ტერმინი „ბრძოლა” გამოიყენება იმ პროცესის აღსაწერად, როდესაც ისინი ოპონენტების გადარწმუნებას ცდილობენ).
ადრეული განათლების სპეციალისტების კომენტარები

ერთ-ერთ სტატიაში (იხ. აქ) ვახსენეთ ის გრძელვადიანი ზიანი, რომელიც ნაადრევმა აკადემიურმა სწავლებამ შეიძლება მოუტანოს ბავშვებს. ქვემოთ გთავაზობთ საბავშვო ბაღის რამდენიმე ამერიკელი პედაგოგის ემოციურ კომენტარებს აღნიშნულ სტატიაზე საბავშვო ბაღის კურიკულუმში აკადემიური სწავლების ელემენტების ინტეგრაციისა და მათი უარყოფითი როლის შესახებ:

* „მე საბავშვო ბაღში კიდევ 11 დღეს ვასწავლი, მერე პირველკლასელებთან გადავალ. ის, რასაც ჩვენ ვუშვრებით ჩვენს 4-6 წლის ბავშვებს ამ ქვეყანაში (გულისხმობს აშშ-ს, – ლ.ა.), სრულიად არაეთიკური და შეუსაბამოა. ნებისმიერი პროფესიონალი მასწავლებელი, ვისაც მართლა ღრმად ესმის ბავშვების განვითარების არსი, აკადემიური იქნება ის, სოციალური, კოგნიტიური თუ ემოციური, წინ აღუდგება იმ კომედიას, რომელსაც „რეფორმატორები” „მკაცრ სტანდარტებს” ეძახიან.

ბავშვებს არ სჭირდებათ კითხვის ცოდნა საბავშვო ბაღის დამთავრებისას (თუ ეცოდინებათ, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება!). მათ არ სჭირდებათ განტოლებების ამოხსნა ამ ასაკში!

სკოლამდელ ბავშვებს არ სჭირდებათ „აკადემიური” სასწავლო სავარჯიშოების შესრულება. მათ სჭირდებათ თამაში, ხატვა, კუბებით სასახლეების შენება, ახალი ნივთების შექმნა, წიგნებთან ურთიერთობა, ამბების მოსმენა, სიმღერები და მათი შესრულება, ეზოში „მოგზაურობა”, თავისივე გამოგონილი თამაშები, როლური თამაშები, გარემოს გამოკვლევა და სხვა ასეთი აქტივობები.

მე თავს ვანებებ საბავშვო ბაღში მუშაობას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას ადრეული განათლების სწორი დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ ალბათ ისევ საბავშვო ბაღში დამაბრუნებს. მაგრამ მე უარს ვამბობ იმ სახიფათო პრაქტიკაში მონაწილეობაზე, რომელსაც ჩვენი ბავშვების წინააღმდეგ იყენებენ დღეს”.

* „მე საბავშვო ბაღის ყოფილი მასწავლებელი ვარ. პატარებს 20 წელიწადზე მეტხანს ვასწავლიდი. მახსოვს, ბაღის ადმინისტრაცია ყოველთვის მაძალებდა მათთვის მათემატიკის სწავლებას. განსაკუთრებით გაუგონარი იყო მოთხოვნა 3 წლის ბავშვებისთვის წერის სწავლების თაობაზე! ასეთი ზეწოლის შედეგი კი ის გახლდათ, რომ ბაღი სკოლაში აგზავნიდა უამრავ საცოდავ ბავშვს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ასეთ „აკადემიურ” დაძალებას ზიანი უფრო მეტი მოჰქონდა, ვიდრე სარგებლობა. მიხარია, რომ არსებობენ განათლების ექსპერტები, რომლებიც ამ მიმართულებით „განათლების” წინააღმდეგ გამოდიან. მჯერა, რომ სულ მალე პატარებს შეეძლებათ ისეთ საბავშვო ბაღში სიარული, სადაც მათ ელით თამაში და სწავლა იმ ბუნებრივი გზით, რომელიც ბავშვებს აბედნიერებს”.

* „სისტემა მთლიანად დაზიანებულია; სწორედ ამიტომ მივატოვე საბავშვო ბაღის მასწავლებლობა. სიმართლე ისაა, რომ საბავშვო ბაღების უმეტესობა, სულ მცირე, ისინი მაინც, რომლებშიც მე მიმუშავია, არ ითვალისწინებს და არ იყენებს სამეცნიერო კვლევების შედეგებს ან ამერიკაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას პატარების სწავლებისთვის. სამაგიეროდ, იყენებენ ნებისმიერ ახირებას, რომელიც მოდური ხდება – Common Core ბოლო კატასტროფაა, რომელიც მთავრობის ბიუროკრატებმა დაგვატეხეს თავს და რომელსაც უამრავი ფული და გრანტი მოჰყვება შტატისგან ან ფედერალური მთავრობისგან. ამ „სიახლის” მიღების შემდეგ კი იწყება ბავშვების „ტესტირება” სიკვდილამდე, მანამდე, სანამ პატარები სამუდამოდ არ შეიზიზღებენ სკოლას და სწავლას. ბავშვებს ერთი სული აქვთ, როდის დაამთავრებენ სკოლას. ეს იმიტომ, რომ ბავშვები, რომლებიც ტესტებში ცუდ ქულებს იღებენ, უკვე განწირულნი არიან, ისინი ვეღარ მიიწევენ წინ, მხოლოდ თავიანთ მარცხს ხედავენ, ნაცვლად იმისა, რომ ვინმე მათი ძლიერი მხარეების გამოვლენაში დაეხმაროს.

უარესიც ხდება: ბავშვებს უკვე საბავშვო ბაღებში აბარებინებენ ტესტებს. გამოდის, რომ „მარცხისა და ფრუსტრაციის წრე” სკოლამდელ ასაკში იწყება!

თუ განათლების სისტემის შეცვლა გვსურს, მაშინ ეს უფრო მშობლებისა და განათლების სპეციალისტების საქმეა, რომლებმაც უნდა შეაჩერონ პოლიტიკოსები და გამომცემლები, რომლებიც უზარმაზარ ფულს იხვეჭენ კურიკულუმების ცვლის ასეთი ინიციატივებით, ნერგავენ სწავლების არასამეცნიერო მეთოდებს და მათ ჩვენს შვილებზე ცდიან.

გამოუცხადეთ ბოიკოტი ტესტირებას, მისწერეთ კონგრესში თქვენს წარმომადგენლებს, დაესწარით სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს შეკრებებს და მოითხოვეთ ადრეული ასაკის ბავშვების აკადემიური ტესტირების შეწყვეტა. ეს ერთადერთი გზა იმისთვის, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში თამაში დაბრუნდეს”.

* „როგორც 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე საბავშვო ბაღის მასწავლებებელს, საშუალება მომეცა, საკუთარი თვალით მენახა ის დრამატული ცვლილებები, რომლებიც ადრეულ სკოლამდელ განათლებაში მოხდა – საბავშვო ბაღის საასწავლო პროგრამები ისე შეიცვალა, რომ თამაშის ადგილი აღარ დარჩა. ჩვენ ვხედავთ დაბნეულ და დაკარგულ ბავშვებს… სკოლამდელი განათლების ერთ-ერთი პროგრამის ნახვისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს შესვენება აღარ აქვთ, რადგან „იმდენი რამ აქვთ გასაკეთებელი!” – გვითხრა მასწავლებელმა. „მე მინახავს პატარები, რომლებიც მერხს უსხედან და მწარე ცრემლები ახრჩობთ, რადგან ვერ ასრულებენ წერით დავალებას, რომელიც მათ მასწავლებელმა მისცა”.

ასეთი ამბები მხოლოდ აშშ-ში როდი ხდება. აი, ერთი კომენტარი დიდი ბრიტანეთიდან:

„ბოლო 25 წელია, სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში საშუალება მომეცა, დავკვირვებოდი ბავშვების მიერ ინიცირებული სწავლების პროგრამებს და მერე უკვე შეცვლილ დიდაქტიკურ ინსტრუქტაჟზე დამყარებულ პროგრამებს. ჩვენი მთავრობა რეგულარულად გვიგზავნის ინსპექტორებს, რათა შემოწმდეს, როგორ მივყვებით (ჩვენ, მასწავლებლები) დადგენილ დოგმებს. შედეგად, დიდ ბრიტანეთში გვყავს მსოფლიოში ყველაზე უფრო „ტესტირებული” ბავშვები. 6 წლის ასაკში ბრიტანეთში მცხოვრები ყველა ბავშვი აბარებს ტესტს, რომლითაც მათი კითხვის უნარი მოწმდება. თუ ბავშვმა ტესტი ვერ ჩააბარა, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება მშობლებს. დიახ, ბავშვს შეიძლება ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში უწოდონ უცოდინარი!”
სისტემისა და ზემოდან ნაკარნახევი პოლიტიკის ზეწოლა

ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ განათლების ის პოლიტიკა, რომელიც NCLB-ისა და Common Core-ის ფედერალურ აქტებშია მოცემული, აღარ უტოვებს მათ საკლასო ოთახში სათამაშო აქტივობების საშუალებას. მათი თქმით, ბავშვებისთვის აკადემიური უნარების განვითარების მცდელობა ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ბავშვები მზად არ არიან ამ უნარებისთვის. მასწავლებლები ასევე ჩივიან, რომ აღარც სხვა ტრადიციული აქტივობებისთვის რჩებათ დრო: „დრო აღარ გვყოფნის, რათა ვუჩვენოთ და დავასახელებინოთ სხვადასხვა საგანი თუ მოვლენა, დრო აღარ გვყოფნის სადღესასწაულო ნივთების საკეთებლად, მუსიკისა და მოძრაობებისათვის, და ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს”. ზოგი შიშობს, რომ მალე გაქრება მსუბუქი საუზმის (სნექ-თაიმის) დროც, რადგან უკვე ითქვა, რომ სნექს, „სულ მცირე, ათი წუთი სჭირდება”, ახალი განაწესით კი მათემატიკისათვის დღეში 70 წუთია გამოყოფილი და საამისო დრო აღარ რჩება.

ზეწოლა დირექტორებისგან

რა გასაკვირია, რომ სისტემა თავის კურსს მმართველებისა და დირექტორების მეშვეობით ახორციელებს.
ტორონტოს უნივერსიტეტის დოქტორანტი მეგან ლინჩი წერს, რომ „მასწავლებელთა კომენტარებში ხშირად არიან მოხსენიებულნი საბავშვო ბაღების დირექტორები, – როგორც წესი, უარყოფითად”. ქალბატონი ლინჩი იკვლევს სოციალურ ქსელებში მასწავლებელთა დისკუსიას საბავშვო ბაღებში თამაშის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებლის კომენტარი ასეთია: „ჩემი დირექტორი ამბობს, რომ „ბავშვები საბავშვო ბაღში ნახატების გასაფერადებლად და სათამაშოდ” არ დადიან”. მეორე მასწავლებელი სიტუაციას ასე აღწერს: „ჩვენი ახალი დირექტორი გაცოფდა, როდესაც საკლასო ოთახში სათამაშო კუბები და საბავშვო სამზარეულო დაინახა”. „შევცბი, რადგან იმ დღეს ვავსებდი სავალდებულო ინდივიდუალურ ტესტებს მათემატიკურ, მანიპულაციურ სათამაშოებზე, რისთვისაც 20 წუთი მქონდა გამოყოფილი”.

მესამე მასწავლებელი ჰყვება, თუ როგორ გადაუყარა დირექტორმა მას სათამაშო მასალები, მიუხედავად მასწავლებლის პროტესტისა.

კიდევ ერთი მასწავლებელი იხსენებს ისტორიას, როდესაც ოთახში შესულმა სუპერინტენდანტმა დაინახა, როგორ მღეროდნენ ბაშვები და უთხრა: „იქნებ მორჩეთ სიმღერას და სწავლას შეუდგეთ!”

მასწავლებლები, რომელთა დირექტორები და სუპერინტენდანტები ბავშვებს თამაშის საშუალებას აძლევენ, თავს ბედნიერად მიიჩნევენ და დარდობენ, რა მოხდება მათი შეცვლის ან გათავისუფლების შემთხვევაში.

ერთმა მასწავლებელმა ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა: „გაგვიმართლა, რადგან ჩვენს სასწავლო ნაწილის უფროსს ადრეული და სკოლამდელი განათლების კურსი აქვს გავლილი უნივერსიტეტში. ის მხარს გვიჭერს ბავშვების განვითარებისთვის შესაფერისი კურსის შექმნაში”.
ზეწოლა სხვა მასწავლებლებისგან
საბავშვო ბაღის ზოგიერთი მასწავლებელი, რომელთა საკლასო ოთახებიც დაწყებითი სკოლების შენობებშია განლაგებული, ამბობს, რომ მათ ზევიდან უყურებენ, როდესაც მათი ბავშვები თამაშით, სიმღერით ან სხვა „არააკადემიური” აქტივობებით არიან დაკავებულნი.
ზეწოლა მშობლებისგან

საბავშვო ბაღის მასწავლებლები ზეწოლას მშობლებისგანაც განიცდიან. მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებელი წერს: „ბევრი სკოლამდელი დაწესებულება ეწევა საკუთარი რეკლამირებას, სადაც ხაზს უსვამს, რამდენად „აკადემიურ” კურსს სთავაზობენ ისინი პატარებს სკოლაში შესვლამდე. ისინი მშობლებს არასწორ გზავნილს აწვდიან. ამიტომ მშობლებს უკვირთ, როდესაც ბაღში სათამაშოებს ან სახატავ ნაკრებებს ხედავენ… მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვები ვერაფერს ისწავლიან, თუ ფურცელზე არ წერეს რამე”.
ზეწოლასთან ბრძოლა

ბევრ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციასთან „ბრძოლა” საბავშვო ბაღებში თამაშის შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალია მათთვის. უმეტესობა წერს, რომ, მიუხედავად მუდმივი უსიამოვნებისა, ბავშვებს მაინც აძლევენ სათამაშო დროს. აი ერთი მათგანის კომენტარი: „თავიმეამბოხედ წარმოვიდგინე, როდესაც გავიაზრე ის სისულელე, რომელიც ჯიუტად ინერგება ჩვენს შტატში და ჩვენს საკლასო ოთახებში ბოლო წლების განმავლობაში”. „წარმოვიდგინე, რომ თუ ზეწოლას ვერ გავუძელი, მიუხედავად იმ ხიფათისა, რომელიც სისტემისადმი წინააღმდეგობას ახლავს, სისტემა აუცილებლად გაგვსრესს”.

ზოგი მასწავლებელი, როგორც თავად ამბობენ, ეშმაკობას მიმართავს – ისინი ცდილობენ, ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვა „თამაში” და აქტივობებს „აკადემიური” სახელები დაარქვან. მაგალითად, „სათამაშო კუთხეს” ზოგი „სამუშაო კუთხეს” ან „განვითრების კუთხეს” ეძახის, ზოგი – „აქტიური სწავლის კუთხეს”… ამ ეშმაკობით ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ, „აკადემიურ” კუთხეებში ითამაშონ.

სამწუხაროა, მაგრამ მეგან ლინჩის გამოკვლევაში ყველა მასწავლებელი არ დათანხმებია საბავშვო ბაღებში თამაშის შენარჩუნების იდეას. ეს მასწავლებლები, ფაქტობრივად, ზემოქმედების კიდევ ერთი მექანიზმია მათ წინააღმდეგ, ვინც პატარებს თამაშის უფლებას უტოვებს. ერთმა ასეთმა მასწავლებელმა თქვა: „ის, ვინც ბავშვებს სათამაშო დროს აძლევს, უბრალოდ ზარმაციაო”.

რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღების მასწავლებლების დაქირავებისა და გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება და შესაძლოა, თამაშის მოწინააღმდეგე მასწავლებლები მალე უმრავლესობაში ვიხილოთ.

წარმოიდგინეთ, რა სევდიანი იქნება, როდესაც აღარავის გაახსენდება, რომ ბავშვები ერთ დროს თამაშობდნენ…
Source: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201507/k-preschool-teachers-last-stand-in-war-childhood
თარგმნა ლევან ალფაიძემ

თვითეფექტიანობისა და თვითრეგულირებული სწავლის სწავლება

0
მასწავლებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მოსწავლეებმა უნდა განივითარონ უნარ-ჩვევები დამოუკიდებელი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის (თვითრეგულირებული სწავლა და სწავლის მიმართ თვითეფექტიანობის განცდა). საბედნიეროდ, არსებობს მრავალი კვლევა, რომლებიც ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს და გვაწვდის ინსტრუქციებს იმის შესახებ, როგორ შევადგინოთ დავალებები, სტრუქტურირებული საკლასო ინტერაქციები მოსწავლეებისთვის თვითრეგულირებული სწავლის უნარის განსავითარებლად. კვლევებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებს მაშინ უვითარდებათ აკადემიურად უფრო ეფექტიანი თვითრეგულირებული სწავლის უნარი და სწავლის ეფექტიანობის განცდა, როცა მასწავლებლები რთავენ მათ ხანგრძლივ პერიოდზე გაწერილ კომპლექსურ შინაარსიან დავალებებში. თვითრეგულირებული სწავლისა და თვითეფექტიანობის განსავითარებლად მოსწავლეები საკუთარი სწავლის პროცესსა და პროდუქტებზე ერთგვარ კონტროლსაც უნდა ახორციელებდნენ. ვინაიდან თვითშეფასება და თვითმონიტორინგი ეფექტიანი თვითრეგულირებული სწავლისა და თვითეფექტიანობის განცდის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს ამ უნარების განვითარებაში. ამისთვის უნდა ჩართონ ისინი სასწავლო პროცესისა და შედეგების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში და შემდეგ მათვე მისცენ საშუალება, ამ სტანდარტების მეშვეობით გამოიტანონ დასკვნები საკუთარი პროგრესის შესახებ. დაბოლოს, ეს ეხმარება მოსწავლეებს, დაამყარონ თანამშრომლობითი ურთიერთობა თანატოლებთან, ეძებონ უკუკავშირი. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეს ნაბიჯი.

კომპლექსური დავალებები. მასწავლებლებს არ სურთ, მისცენ მოსწავლეებს მეტისმეტად ძნელი დავალებები და ამით მათი სასოწარკვეთილება გამოიწვიონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მოსწავლეებს უჭირთ სწავლა ან დარღვეული აქვთ დასწავლის უნარი. მეტიც – კვლევა გვიჩვენებს, რომ მოტივაციის ყველაზე მეტად გამაძლიერებელი და აკადემიურად მომგებიანი დავალება მოსწავლეთათვის არის ის, რომელიც დააფიქრებს, მაგრამ ზედმეტად არ დატვირთავს მათ.

კომპლექსური დავალებები მეტისმეტად რთული არ უნდა იყოს. ტერმინი „კომპლექსური” ეხება დავალების დიზაინს (ჩანაფიქრის გაფორმებას) და არა მისი სირთულის დონეს. დიზაინის თვალსაზრისით დავალებები კომპლექსურია, როცა მათში რამდენიმე კითხვაა დასმული და მოიცავს შინაარსის დიდ ნაწილებს. ასეთებია პროექტები და თემატური თავები. ამასთან, კომპლექსური დავალებები გრძელდება დიდხანს და რთავს მოსწავლეს მთელ რიგ მეტაკოგნიტურ და კოგნიტურ პროცესებში. მაგალითად, ეგვიპტის პირამიდების შესწავლამ შესაძლოა მოითხოვოს წერილობითი მოხსენებების, რუკების, დიაგრამებისა და მოდელების მომზადება.

ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებებიც კი საკმაო ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს მათი სასწავლო პროგრესის შესახებ. ეს დავალებები მათგან მოითხოვს ღრმა აზროვნებასა და საგულდაგულოდ დამუშავებულ პრობლემების გადაჭრაში ჩაბმას. ამ პროცესში მოსწავლეები ვითარდებიან და ხვეწენ თავიანთ კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს. მეტიც – ამგვარ დავალებაში წარმატების მიღწევა ზრდის მოსწავლის თვითეფექტიანობის განცდას და შინაგან მოტივაციას. 

კონტროლი. მოსწავლეებისთვის არჩევანის მიცემით მასწავლებლებმა მათ შეიძლება მიანიჭონ თანაკონტროლის უფლება. როცა მოსწავლეებს აქვთ არჩევანი (მაგალითად, როგორ, სად, ვისთან ერთად იმუშაონ და ა.შ.), უფრო მოსალოდნელია, წარმატებას მიაღწიონ (ეს ზრდის თვითეფექტიანობას). ისინი უფრო და უფრო მეტი ძალისხმევით, უფრო და უფრო შეუპოვრად ეჭიდებიან პრობლემებს. ასევე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვით დაგეგმვის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის და შედეგების შეფასების დროს მასწავლებლები მათ უნაწილებენ სწავლის პასუხისმგებლობას. სწორედ ამას გულისხმობს მაღალეფექტიანი თვითრეგულირებული შემსწავლელის თვისებების გამომუშავება.

არჩევანის უფლების მიცემა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეცვალოს მოცემული დავალების სირთულის დონე (მაგალითად, აირჩიოს უფრო მარტივი ან რთული საკითხავი მასალა, განსაზღვროს წერითი დავალების სახე და ოდენობა, გამოიყენოს წერისას ნასწავლი გამოთქმები და ა.შ.). მაგრამ რა ხდება, როცა მოსწავლე მცდარ არჩევანს აკეთებს? მაღალეფექტიანი, მაღალი დონის მასწავლებლები ძალიან ფრთხილობენ იმ არჩევანის განხილვისას, რომელსაც მოსწავლეს აძლევენ. ისინი თავდაპირველად რწმუნდებიან, რომ მოსწავლეს აქვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და უნარები. მაგალითად, როცა მოსწავლეები სწავლობენ ახალ უნარ-ჩვევებსა და რუტინულ ქცევებს, მასწავლებლებმა მათ შეიძლება გარკვეული საზღვრებში მოქცეული არჩევანი მისცენ (მაგალითად, დაწერონ, სულ მცირე, ოთხი წინადადება, აბზაცი, თავი, ფურცელი და ა.შ., მაგრამ შეუძლიათ დაწერონ მეტიც).

ამასთანავე, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები მოსწავლეებს ასწავლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას და აჩვენებენ ამის ნიმუშს. მაგალითად, როცა მოსწავლე პარტნიორს, მეწყვილეს ირჩევს, მასწავლებელი სთხოვს, დაფიქრდეს და გაითვალისწინოს, რას მოელის მისგან (მაგალითად, საერთო ინტერესსა და მონდომებას თუ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაც თავად სჭირდება). როცა მოსწავლე დროის რაციონალური გამოყენების თაობაზე აკეთებს არჩევანს, მასწავლებელი ეკითხება: „რა შეგიძლია გააკეთო, როცა საქმეს დაასრულებ? რა შეგიძლია გააკეთო ჩემი დახმარების მოლოდინში?” ხშირად სამუშაო გრაფიკი კედელზეა გამოკრული, რათა მოსწავლეებმა გამოიყენონ მუშაობის დროს. 

დაბოლოს, მაღალეფექტიანი მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ უკუკავშირს მათ მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და საკუთარ რჩევებს მიუსადაგებენ შემსწავლელის უნიკალურ ხასიათსა და თავისებურებებს. მაგალითად, შესაძლოა წაახალისონ ზოგი მოსწავლე, შეარჩიონ მოხსენების თემა იმ მომენტისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და მისაღები რესურსებიდან, ზოგი – ერთობლივი მუშაობისთვის, ნაცვლად დამოუკიდებლად მუშაობისა, იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ წარმატების მისაღწევად მეტი მხარდაჭერა აქვთ. 

თვითშეფასება. მოსწავლე ამჩნევს, რომ თვითრეგულირებული სწავლის მეთოდების გამოყენება არ არის სახიფათო. ისინი ჩართულნი არიან მიმდინარე საქმიანობაში, აანალიზებენ როგორც თავად პროცესს, ისე მის შედეგებს, კონცენტრირდებიან პიროვნულ პროგრესზე და ეხმარებიან მათ შეცდომების ინტერპრეტაციაში. ეს მომავალში სწავლის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. ამ კონტექსტში, მოსწავლეებს მოსწონთ და ეძებენ კიდევაც რთულ დავალებებს, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში მონაწილეობის საფასური მცირეა. მოსწავლეების ჩართვა შეფასების კრიტერიუმების დადგენასა და საკუთარი პროგრესის შეფასებაში ამცირებს მათ შფოთვას, რომელიც ხშირად თან ახლავს შეფასებას, რადგან მოსწავლეებს შედეგის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეებმა შესაძლოა თვითონვე შეაფასონ თავიანთი ნამუშევარი იმ ნამუშევრის კრიტერიუმებთან მიმართებით, რომლებიც მათ თავად, მასწავლებლებთან ერთად, აღიარეს „კარგად”. ისინი განიხილავენ სწავლის მათეულ მიდგომათა ეფექტიანობას და ცვლიან თავიანთ ქმედებას მის გასაუმჯობესებლად.

მაღალი დონის თვითრეგულირებული სწავლის კლასებში მოსწავლეებს საკუთარი სწავლის შესაფასებლად აქვთ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური შესაძლებლობა. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა სთხოვა მეოთხე-მეხუთეკლასელებს, ეწარმოებინათ რეფლექსიის ჟურნალი, სადაც აღწერდნენ მეწყვილესთან ან მცირე ჯგუფთან ერთად შექმნილ ალბათობისა და სტატისტიკის თამაშებს. ამ ჟურნალებში აღწერილი იყო ჯგუფურ პროცესსა და შედეგებში მათ მიერ შეტანილი წვლილი, ასევე – რა ასწავლა მათ ამ პროცესში მონაწილეობამ. თამაშების შეფასებისას მასწავლებელმა გაითვალისწინა ეს რეფლექსიები.

მასწავლებლები მოსწავლეებს უსვამენ არაფორმალურ კითხვებს: „რა შეიტყვე დღეს საკუთარი თავის როგორც მწერლის შესახებ?” „რას აკეთებენ კარგი მკვლევრები და მწერლები?” „ისეთის რისი გაკეთება შეგიძლია, რაც წინათ არ შეგეძლო?” ამ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეებს მეტაკოგნიციის, მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებისკენ უბიძგებს, რომლებიც თვითრეგულირებული სწავლის კომპონენტებია.

თანამშრომლობა. საშუალო სკოლის მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლების კომიტეტმა 2004 წელს დაასკვნა, რომ აზრების ურთიერთგაზიარებისას მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ, ადვილად აღიქვამენ რთულ და გამომწვევ დავალებებს –დავალებებს, რომლებიც თვითრეგულაციას ავითარებს. 

დასკვნის თანახმად, ჯგუფურ სამუშაოს ასევე შეუძლია, მოსწავლეებს თანამშრომლობის უნარების განვითარებაში დაეხმაროს. მეტიც – ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ერთობის შექმნას, სადაც მოსწავლეები პასუხისმგებელნი იქნებიან ერთმანეთის სწავლაზე და არ იქნებიან ორიენტირებულნი კონკურენტულ გარემოზე, რომელიც აუცხოებს ბევრ მოსწავლეს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც თანატოლებივით წარმატებულნი არ არიან.

თვითრეგულირებული სწავლის მხარდასაჭერად ყველაზე ეფექტიანია ის გზები, რომლებიც ასახავს თანამშრომლური ურთიერთობების გამოყენებას, ერთობის კლიმატს და პრობლემების ერთობლივ გადაჭრას. ამ კონტექსტში მოსწავლეები მასწავლებლების დახმარებით რეალურად არეგულირებენ ურთიერთსწავლას, სთავაზობენ ერთმანეთს მხარდაჭერას, განურჩევლად იმისა, ინდივიდუალურად მუშაობენ, წყვილებად თუ მცირე ჯგუფებში. ეს ინდივიდუალური განვითარების პრაქტიკული მხარდაჭერაა. იგი მეტაკოგნიციის, შინაგანი მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებებისთვის გამოიყენება (მაგალითად, იდეათა გაზიარებისთვის, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შესადარებლად, თითოეულის ექსპერტობის არეალის დასადგენად). მაღალი დონის მასწავლებლები ყოველი წლის დასაწყისს რუტინების სწავლასა და გაკვეთილში მონაწილეობის ნორმების დადგენას უთმობენ (მაგალითად, როგორ განახორციელოს მოსწავლემ კონსტრუქციული უკუკავშირი და როგორ მოახდინოს თანატოლის მოსაზრების ინტერპრეტაცია, რა რეაქცია ჰქონდეს მასზე). მას შემდეგ, რაც რუტინებს და ურთიერთქმედების ნიმუშებს გაითავისებენ, მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ სწავლაზე კონცენტრაცია. მასწავლებლებს კი შეუძლიათ დაიწყონ აკადემიური უნარ-ჩვევების სწავლება და სასწავლო გეგმის შესრულება.

კრიტიკული აზროვნების შესახებ

0
კრიტიკული აზროვნება შემეცნების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მეტიც, განათლებისა და პედაგოგიკის შესახებ თანამედროვე კვლევებში სწორედ კრიტიკულ აზროვნებას ენიჭება უმთავრესი მნიშვნელობა.

ცოდნის გადაცემისა და მიღების ადრეული ეტაპი (მექანიკური დამახსოვრება), ამგვარი კვლევების მიხედვით, არის „დაგროვებითი” და არ ააქტიურებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემის (საკითხის) დასმა და მისი გადაწყვეტის მცდელობა, არგუმენტირებული მსჯელობა და ა.შ.

ტენდენცია „ნარატიული სწავლება” (მასწავლებელი, აღმზრდელი – მთხრობელი, მოსწავლე, აღსაზრდელი – პასიური მიმღები) არათუ ხელს არ უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც.

დევიდ კლუსტერი (პროფესორი, ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტი) თავის ნაშრომში „რა არის კრიტიკული აზროვნება” აღნიშნავს: „ კანზასიდან ყაზახეთამდე და მიჩიგანიდან მაკედონიამდე სკოლის მასწავლებლები და უნივერსიტეტის პროფესორები იღვწიან იმისთვის, რომ თავიანთ მოწაფეებს კრიტიკული აზროვნება განუვითარონ. თითოეულს გვესმის, რომ კრიტიკული აზროვნება არის საუცხოო, არაჩვეულებრივი რამ, გარკვეული უნარი, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე გარკვეულ თავდაჯერებას გვმატებს, გვეხმარება იმის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, რასაც შევისწავლით ან ვაკეთებთ. და მაინც, რა არის კრიტიკული აზროვნება? ამ კითხვით მივმართეთ ახალბედა მასწავლებლებსაც, რომლებიც არ უფრთხიან ექსპერიმენტებსა და ხანგრძლივი პრაქტიკის მქონე კოლეგებს. ტერმინის დეფინიცია არ აღმოჩნდა მარტივი საქმე. ბევრი სხვადასხვანაირი პარამეტრი „ჩაერთო” საქმეში. და მაინც, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ – კრიტიკული აზროვნება?”

დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა იქნება. საკითხი იმდენად რთულია, ლიტერატურა კი მოცულობითი, რომ სტატიას კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემის პრეტენზია ვერ ექნება. შევეცდებით, რამდენიმე გავრცელებული თვალსაზრისი გაგაცნოთ.

ზემოთ ნახსენებ ნაშრომში კლუსტერი ერთმანეთს უპირისპირებს სწავლა-დახსომებას და კრიტიკულ აზროვნებას. „შევთანხმდეთ, რომ ინფორმაციის დამახსოვრება უმნიშვნელოვანესი შემეცნებითი ოპერაციაა, რომლის გარეშეც სწავლების პროცესი წარმოუდგენელია, თუმცა კრიტიკული აზროვნება კარდინალურად განსხვავდება ამ პროცესისგან. კომპიუტერს ბევრად უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს, თუმცა, ცხადია, რომ კომპიუტერის ამ „შესაძლებლობას” აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო. მიუხედავად ამისა, სკოლის მასწავლებლები დიდად აფასებენ მოწაფეთა კარგ მეხსიერებას და ხშირად ამოწმებენ მას საკონტროლოებსა და გამოცდებზე, მაგრამ კრიტიკული აზროვნება ბევრად უფრო რთულ შემეცნებით პროცესზეა ორიენტირებული. არსებობს კიდევ ერთი „არაკრიტიკული აზროვნების” სახეობა, რომლის გარეშეც ასევე წარმოუდგენელია სასწავლო პროცესი და მას რთული იდეების გაგება ჰქვია. ბიოლოგიის და მათემატიკის, ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს უხდებათ გვარიანი “მუშაობა თავით”, რათა მიხვდნენ, რას ამბობს მასწავლებელი ან რა არის დაწერილი სახელმძღვანელოში. გაგება – რთული სააზროვნო ოპერაციაა, განსაკუთრებით, თუ მასალა არ არის მარტივი აღსაქმელი. მაგალითისთვის, სტუდენტი ცდილობს გაიაზროს შექსპირის სონეტი ან თავს იმტვრევს ექსტრემუმის წერტილის თეორემის გაგებაზე და ეს უცილობლად რთულ სააზროვნო უნარებს ააქტიურებს, თუმცა კრიტიკულად მოაზროვნედ იგი ამ შემთხვევაშიც არ გვევლინება”.

კლუსტერი არაკრიტიკული აზროვნების კიდევ ერთ გამოვლინებად შემოქმედებით და ინტუიციურ აზროვნებას მიიჩნევს. „სპორტსმენის, მხატვრის, მუსიკოსის გონებაც მუშაობის პროცესში ურთულეს ამოცანებს წყვეტს, თუმცა თვითონ შემოქმედები ამას ვერც იაზრებენ, თუ საუბარი არ არის ახალბედა ან დამწყებ პირებზე. შემოქმედებითი და ინტუიციური სააზროვნო პროცესები გაუცნობიერებელია. წარმოვიდგინოთ პროფესიონალი სპორტსმენი, მაგალითად, ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი (რომელიც პრაღის 1968 წლის მოვლენების პატივსაცემად მუდამ 68 ნომრით ასპარეზობს) და დავუშვათ, რომ კარის მიმართულებით გაკეთებული დარტყმის წინ ის შემდეგნაირად მსჯელობს: სწორად შევარჩიე თუ არა მომენტი? ხომ არ არის სხვა, ალტერნატიული გზა? როგორ მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სხვა ცნობილი ჰოკეისტები? უეინ გრეცკი ახლა დაარტყამდა თუ უფრო შესაფერის დროს დაელოდებოდა? ნათელია, რომ ამგვარი მიდგომით იაგრი ვერასდროს გაიტანდა ერთ გოლსაც კი და თუ მაისურის ნომერი (68) სწორედ კრიტიკული აზროვნების ნიმუშად მიგვაჩნია, მისი წარმატებული თამაში ამ კატეგორიაში ნამდვილად ვერ ხვდება. სწორედ ასე, შემოქმედების ინტუიციური აზროვნება, უდავო ღირებულების მიუხედავად, კრიტიკულ აზროვნებად ვერ მიიჩნევა!”

პროფესორი კლასტერი მიმოიხილავს კრიტიკული აზროვნების განმაპირობებელ 5 ფაქტორს. ესენია:

1.დამოუკიდებელი აზროვნება;

2.კრიტიკულად მოაზროვნემ ინფორმაცია უნდა  მიიღოს, როგორც ათვლის წერტილი, მომავალი ქმედებების მასტიმულირებელი ბიძგი და არა როგორც „დანიშნულების საბოლოო პუნქტი”;

3.კრიტიკულად აზროვნება იწყება საკითხის დასმით, პრობლემის წამოჭრით და მისი გადაწყვეტის გზების ძიებით;

4.კრიტიკული აზროვნება მოითხოვს არგუმენტაციას;

5.კრიტიკული აზროვნება სოციალური ფენომენია და გულისხმობს სხვებისთვის დასკვნების, მოსაზრებების გაზიარებას, ხმამაღალ, ინტერაქტიურ მსჯელობას, სხვათა ნააზრევის მოსმენა-გაზიარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ სტატიაში დევიდ კლასტერი კრიტიკული აზროვნების აღწერით შემოფარგლება და თითოეულ პუნქტს დეტალურად განიხილავს.

სტატიის დასაწყისში ვახსენეთ ნარატიული სწავლება. არის კიდევ ერთი მეტაფორული და ძალიან საინტერესო შეფასება, რომელიც ამგვარ პროცესს ნათლად და ხატოვნად გადმოსცემს და მას „დეპოზიტურ სისტემად” გვაცნობს. ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემას კრიტიკული აზროვნების უგულებელყოფით მკვლევრები ბანკში ფულის დაბანდებას ადარებენ. ოღონდ მხოლოდ შენახვის და არა დანიშნულებისამებრ გამოყენების თვალსაზრისით. განათლებას, ამ შედარების მიხედვით, ცოდნის და ინფორმაციის მოცულობა განსაზღვრავს, ეს კი ვერ დააკმაყოფილებს თანამედროვე ადამიანის ინტელექტუალურ საჭიროებებს.

ასე რომ არ მოხდეს და სწავლების პროცესი „კონტეინერის” გარკვეული მოცულობის ინფორმაციით შევსების პროცესს რომ არ დაემსგავსოს, აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემა ადრეული ასაკიდანვე ზრუნავდეს გარკვეული უნარების განვითარებაზე.

კრიტიკული აზროვნება აქტიური, შემოქმედებითი პროცესია, რომლის სრულყოფაც გარკვეულ დროსაც მოითხოვს. მზამზარეული ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის მოცულობასა და მექანიკურ დამახსოვრებაზე ორიენტირებული განათლება კი გავლილი ეტაპია.

სხვა ზოოპარკი

0
სევდიანი განწყობით ჩასულს აქ წარმოუდგენელი ჯადოსნობები დამხვდა: ბოხუმი ის ქალაქია, სადაც სახლთან ციყვი გადაგირბენს და მერე რომელიმე მაღალ ხეზე აძვრება. მწვანე ბალახი უჩვეულოდ თუ ირხევა, მოსალოდნელია, კურდღელმა ამოყოს თავი. დილით ჩიტების ხმა გაღვიძებს და არა- მანქანების და შენც იძულებული ხარ მშვიდად იყო, სხვანაირად არ გამოვა, ვერ აფორიაქდები, ვერ ინერვიულებ. ორ- სამსართულიანი სახლები სხვენებით და გამწვანებული, მოვლილი ეზოებით გარწმუნებენ, რომ აქ ადამიანებს საკუთარი ქალაქი უყვართ. საკუთარი ქალაქის სიყვარული ცხოვრების სიყვარულს ჰგავს. ყველა და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ აქ აუცილებლად ბედნიერი უნდა იყო. 

გავხსენი ჩემოდანი, ამოვალაგე ჩემი თბილისური ნივთები და გამეღიმა: დღევანდელ მოცემულობაში ყველა კაბა, ყველა პერანგი, ყველა შარვალი უმწეო იყო, იმათაც ძალიან შესცივდებოდათ ამ გერმანულ სექტემბერში.

როგორც იქნა დავლაგდი, მოვეწყე და სწავლის დაწყებამდე დორტმუნდის მონახულება გადავწყვიტე. როგორც ცხოველების მოყვარულს, დიდი ხანია, იქაური ზოოპარკი მაინტერესებდა.

ბოხუმისთვის უჩვეულო, მზიანი დღე გათენდა, მაგრამ აქაურმა ამინდმა უკვე დამარწმუნა, როგორი არასანდოა- დღეში რამდენჯერმე ელვისუსწრაფესად იცვლება. წავიყოლე საწვიმარი. წავედი მერგელთაიხშტრასეზე, გადავიხადე 8 ევრო და შევედი.

ზოოპარკი კი არა, ნამდვილი, უღრანი ტყე არის- მეთქი, გავიფიქრე და უღრანი ტყისთვის შეუფებელ მოკირწყლულ ბილიკს გავუყევი. მაღალი, უძველესი ხეები თვალუწვდენელი კენწეროებით და ამ ფონზე ფრინველების და ცხოველების ხმაური ისეთი იდუმალია, თითქოს სხვა სამყაროში ამოყავი თავი, თითქოს ჰოგვორთსის აკრძალულ ტყეში მოხვდი და არიქა, სადაცაა კენტავრს გადაეყრები.

კენტავრები, სამწუხაროდ, დორტმუნდის ტყე- პარკში არ ბინადრობენ. მაგრამ 230 სახეობის 1500- ზე მეტი ცხოველის მონახულება კი ნამდვილად შეგიძლია: სუმატრელი ორანგუტანები, კალიფორნიელი ზღვის ლომები, ანგოლელი, თვალებფახულა ჟირაფები თუ ევრაზიელი გარეული კატები გრძელი, წვრილი თვალებით. ყველა ცხოველს განსაკუთრებული პირობები აქვს შექმნილი, რომ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორი ბედნიერიც იყო ან იქნებოდა ბუნებრივ გარემოში.

აქ სპეციალური, გადახურული სივრცეებიც კი არაურბანულად გამოიყურება. პირველყოფილ მყუდროებას და მაგიას არაფერი უნდა არღვევდეს. ბავშვების ჟივილ- ხივილი და ზოოქიფერების ტუტორიალებიც კი ბუნებრივად ერწყმის გარემოს. შემოდგომის არდადეგებზე, რომელიც აქ, როგორც წესი, ოქტომბრის დასაწყისში იწყება, ბავშვებთან ერთად დიდი დღესასწაულიც შეგიძილა, გამართო. აქაური ზოოპარკის პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის შემეცნებაზე, რომელიც აუცილებლად იქნება მხიარული. ბავშვებს მხიარულება უყვართ. რამდენიმე ვიგვამი რომ წამოჭიმონ ზოოპარკში და სახეც ინდიელებივით მოიხატონ, აქ არავინ გაუწყრებათ.

მთელ ტერიტორიას რომ მოივლი, ყველა ხეს დაუმეგობრდები, ვოლიერებთან აღმართულ ყველა სახალისო სტენდს წაიკითხავ, რომელსაც მხიარული ფუტკრები გიამბობენ, ფოტებსაც გადაიღებ და ჟირაფების მაღალ კისერზე მეტად უზარმაზარი თვალები აღგაფრთოვანებს, ვიკინგური ჰაბიტუსის მქონე კარლის მხიარულ ისტორიებსაც მოისმენ ორანგუტანების ოინების შესახებ და მუჭისხელა მაიმუნის სახელის დამახსოვრებას უშედეგოდ ეცდები, აუცილებლად დაჯექი იქვე, ზოოპარკში მდებარე ღია კაფეში “Waldschenke”, შეუკვეთე ვაშლის ნამცხვარი და ჩაი რომით, საწვიმარი მოიხურე, ჩათბუნდი, მზე კი ანათებს, მაგრამ სექტემბერია, ცივა და ცხელი ჩაიც ჯერ არ მოუტანია ულვაშებიან, მოღიმარ მიმტანს. აღარ შეგახსენებ, რომ აუცილებლად კარგ რამეებზე უნდა იფიქრო. სხვანაირად აქ არ გამოდის.

ია

0

არა, ის არც კაზინოში დაითენებს ღამეს და არც ტოტალიზატორის ბუღში შეავსებს ბილეთებს პირში სიგარეტ გაჩრილი, მაგრამ თამაშში ცოტა ვინმე თუ გაეჯიბრება. მას ია ვეკუა ჰქვია და ფულს, აგერ უკვე 15 წელია, რაც ჟურნალისტობით შოულობს. კინოზე, ლიტერატურასა და თამაშების სამყაროზე წერაში, ჰა-ჰა სამი ბადალი ჰყავდეს. დოსტოევსკი იტყოდა, რომ ია ვეკუა მოთამაშეა, თანამედროვეები კი ამბობენ, რომ ია გეიმერია, თან სერიოზული გეიმერი და ის, ამ საქმის სათავეებთან მდგომთა კოჰორტას მიეკუთვნება. დისციპლინა, როგორც ყველა საქმეში, თამაშშიც არ ავიწყდება. თუკი კალენდარში დღე-ღამე ზომბების ხოცვისთვის აქვს მონიშნული, დახოცავს, თუ წერისთვის – დაწერს, თუ ჩვენთან, მეგობრებთან გასატარებლად – უთუოდ საღამოს მთავარი გმირი იქნება.

ია ვეკუა – კინოს ენციკლოპედისტი; ვარსკვლავური ომების ორთოდოქსი მრევლი; მეგობართათვის დედა ტერეზა; დეპრესიულთათვის ჭკუის საკითხავი ადამიანი; სმაში მსმელი; საუბარში მოლაპარაკე.
ია ვეკუა.
როცა პირველად ვნახე და გავისაუბრეთ, მაშინვე მივხვდი, რომ ყველა საინტერესო ადამიანის მსგავსად, მასაც რამდენიმე ცხოვრება ჰქონდა. ამ პარალელურ ცხოვრებებს შორის, არსებობდა სამი ძირითადი სამყარო: საჯარო, პირადი და საიდუმლო სამყაროები. იმის მიუხედავად, რომ ის სულაც არ ჰგავდა ისეთ ადამიანს, რომელიც იოლად გაგაშიფრინებს თავს, მაინც მარტივად შევამჩნიე, რომ იუმორი და ვარსკვლავური ომები მისთვის სამივე ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნებოდა. იუმორისა და ვარსკვლავური ომების მიმართ კი – გულგრილი არასოდეს ვიყავი.
ია ვეკუა, დანიელის, ანუ ბარნაბიჩის ასული, რომელზეც ნიკა ესებუასგან ბევრი მსმენოდა, კინოთეატრში გავიცანი. მაშინ მე პირველად ავეტორღიალე სახელოვანი კინომანიაკების ამქარს, რომელთა ვირტუალური თავშესაფარი ფორუმი GOL-GE იყო და რომლის მებაირახტრეც უთუოდ ია ვეკუა გახლდათ. გოგო ხუჭუჭა თმითა და წითელი კედებით, რომელსაც მაისურზე ლუკ სკაიუოკერის გამოსახულება ეხატა. ის სრულად ამსხვრევდა სტერეოტიპს იმის შესახებ, თუ როგორი ჩაცმულობა და იმიჯი უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომელიც ჟურნალისტიკაში აგერ უკვე 15 წელია საქმიანობს და ქართველ კინომიმომხილველტა სამეულში შედის.
ისიც იოლი შესამჩნევი იყო, რომ იას მებაირახტრეობა მხოლოდ კლავიატურაზე ხელების რახუნითა და ფორუმზე გრძელ-გრძელი პოსტების წერით არ შემოიფარგლებოდა. თუმცაღა, არც უამისობა იყო. ია არც მთლად ფეთიანი და არც მთლად გულგრილი მშობელივით დაფოფინებდა ყველას, ვინც კინომანიაკების ორდენის წევრი იყო. ყველას, ვისაც რამე უჭირდა ან აინტერესებდა. „სულ ორი ადამიანი ვიცი, ვისაც ჩემზე მეტი ფილმი აქვს ნანახი – დიკონი (ოთო ჯანგავაძე) და იკო (ია ვეკუა)” – მითხრა ნიკა ესებუამ ჩვენი ნაცნობობის მეორე თუ მესამე დღესვე – მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობდა ადამიანი, ვისაც ჩემზე მეტი კინო ჰქონდა ნანახი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ათეულშიც ვერ შევდიოდი და შეიძლება ოცეული გამექაჩა. ცხადია, ისეთმა მიმნდობმა ადამიანმა, როგორიც მე ვარ, ნიკას სიტყვები დაიჯერა, მაგრამ გაივლის ია ვეკუასთან მეგობრობის წლები და მე ამაში ცხადად დავრწმუნდები, როცა მის სახლში პირველად მისული იას კინოკოლექციას ვნახავ. ვეკუა, ჩემს თვალში, წარმოისახება როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი მათ შორის, ვისაც კი დედამიწა ზურგით ატარებს. ის დაემსგავსება დრაკონ სმაუგს, რომელიც ოქროულობის ნაცვლად DVD დისკების კოლექციაში წევს და მხოლოდ ასე პოულობს მოსვენებას. თუმცა, სმაუგის განსხვავებით ეს ქონება არა მოროდიორობით, არამედ საკუთარი მონდომებით, შრომით, ინტერესითა და მოთმინებით შეაგროვა.
როცა ვცადეთ ამ სიმდიდრიდან ერთი ეგზემპლარი ამოგვერჩია და გვენახა, დისკებმა უშველებელი, ცხენის გასაჭენებლად საკმარი მისაღები ოთახის იატაკი, მაგიდები, სკამები, დივანი და სავარძლები გადაფარა, მაგრამ მაინც არ დაეტია.იას კარადებიდან თითქოს კინოს ისტორია მდინარესავით გადმოიღვარა., „კარგით მაშინ, მეორე ოთახიდან აღარ გამოვიტან” – თქვა იამ, რომელსაც სახეზე სევდა ეტყობოდა. ჩვენ დავეთანხმეთ.
ერთხელ, ღამეა. იას მანქანით (ვარსკვლავური ომების ორნამენტებით გაწყობილი volkswagen passat-ი, გამოშვების წელი – 1999, ძრავი – 1,8, ავტომატიკა) სანაპიროზე მივდივართ. უაზრობებზე ვსაუბრობთ:
-წარმოიდგინე, რომ ბრედ პიტი შენი ქმარია, ან ანჯელინა ჯოლი ჩემი ცოლი – ვეუბნები მე.
-რას ლაპარაკობ, რამხელა პასუხისმგებლობაა – მპასუხობს ია და არცერთი ნაკვთი არ ერხევა. 50 მეტრიც არ გვაქვს გავლილი და ვხვდები, რომ იას პასუხი აბსოლუტურად სერიოზულია.
იამ იცის, როდის იხუმროს და როდის არა. თუკი ამის ხასიათზეა და სიტუაციაც ხელს უწყობს, იას შეუძლია ყველა ხუმრობაში სინამდვილის მარცვალი იპოვოს და გაამრავლოს, ან ყველა სერიოზული ნათქვამი ხუმრობად აქციოს. ისე, რომ გული არავის დაწყდეს.
იკოსთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა ცალკე სიკეთეა.
ერთხელ რაჭაში წავედით, ხუთი უქმე დღის გასატარებლად. ხუთნი ვიყავით. ბედუკუღმართობის გამო, ისე ხდება, რომ ზაფხულობით ექვსიდან შვიდ საათამდე მეღვიძება. ასეთ დროს, თამრიკო ჭოხონელიძეც რომ ჩამომიჯდეს თავთით და იავნანა მიმღეროს, ვერაფრით ვერ დავიძინებ. აღმოჩნდა, რომ ჩემს ოთხ მხლებელს, მათ შორის იას, უქმე დღეებში საღამოს ოთხამდე სძინავთ, ნებივრობენ. პირველად, როცა მათი გაღვიძება ვცადე, ლამის ეს იმჰოტეპის მუმიის გაღვიძების ტოლ-ფასი აღმოჩნდა. ამის გამო, დილის შვიდიდან საღამოს ოთხამდე დროს მარტო, აივანზე ან ეზოში ვატარებდი. დღეში თითო წიგნს ვკითხულობდი. როცა ხმის გამცემი წყალივით დამჭირდებოდა, მაგიდაზე ბოთლს ვდგამდი და წარმოვიდგენდი, რომ ადამიანია. ერთი-ორჯერ მეზობლის ბავშვს ვთხოვე მოდი ვილაპარაკოთ-მეთქი და ისიც 10 წუთში გამექცა – მომბეზრდა შენთან ლაპარაკიო. ოთხი საათი რომ შესრულდა, აივანზე ია გამოვიდა, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი. ამ დროს მე შექსპირს ვთამაშობდი მაგიდაზე შემოდგმული ბოთლისთვის. სამი წლის ბავშვივით გამეხარდა, მივვარდი და შეკითხვების დასმა დავუწყე, რაზეც იამ მითხრა: „ახალგაღვიძებულზე 1-2 საათს ვერ ვლაპარაკობ”.
თუმცა, იმ საღამოს საკმარისზე მეტი ვილაპარაკეთ. უფრო სწორად ფილმი გავახმოვანეთ. აივანზე მდგომ გოგრისოდენა ტელევიზორში „ფორესტ გამპი” გადიოდა. მე და ია, ლუდით მთვრალები, რადგანაც ფილმი ზეპირად გვახსოვდა, შუაღამემდე ვისხედით და მსახიობებს სიტყვის თქმას ვასწრებდით.
იუმორი. იუმორი იას ძლიერი მხარე და თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მაშინვე ამოქმედდება, როცა საფრთხეს ან პირიქით, კომფორტს იგრძნობს. მისი იუმორის გრძნობა კი მრავალმხრივია – თვითირონიით დაწყებული, მამიმისის, ლეგენდარული ბარნაბიჩის ამბების მოყოლით დამთავრებული. ხანდახან ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იყო განგებას იასთვის იუმორის გრძნობის მოზრდილი ნაჭერი არ შეეხვედრებინა, რადგანაც ის ბარნაბიჩსა და ქალბატონ ნატოს შვილია და ისინი კიდევ ცალკე, საინტერესოზე საინტერესო პერსონაჟები არიან. მე თუ მკითხავთ, საქართველოს მაშინ ეშველება, როცა ბარნაბიჩი საქართველოს პარლამენტის სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას წაიყვანს ან რუსთავი 2-ზე საკუთარი ანალიტიკური გადაცემა ექნება.
ასეა: კაცს ოთხი რამ უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში გაკეთებული. სამი კი იცით. მეოთხე კი ია ვეკუას გაცნობაა.

ანეტ ბრე: მოაწონეთ თავი მოსწავლეებს

0

ანეტ ბრეს მიერ თოდ უაიტეკერთან ერთად გამოცემული წიგნი „10-წუთიანი ტრენინგები მასწავლებლებისათვის. 40 სწრაფი ტრენინგი ეფექტური სწავლებისათვის” მრავალი ქვეყნის დარგობრივმა მკითხველმა 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის საჭირო წიგნად აღიარა.

სასწავლო წლის დასაწყისში კარგი იქნება, ჩვენც გავეცნოთ ერთ ამონარიდს ამ წიგნიდან სახელწოდებით „იმიტომ, რომ მე შენ მომწონხარ!” აქ თითქოს უცხოს და ახალს ვერაფერს წავიკითხავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ყველაფერს მოსწავლეებთან ურთიერთობის შესახებ.

ალბათ, შეგხვედრიათ სიტუაცია, როცა ვიღაცისთვის დახმარება გითხოვიათ და პასუხად უთქვამთ: „ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მე თქვენ მომწონხართ!”

ასეთი ახსნა, რომ „მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ შენ მომწონხარ”, ნამდვილად შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილს პედაგოგებისათვის, რაც ხშირად მათი ყურადღების მიღმა რჩება. არადა, სისტემატურად ვართ მოწმე იმისა, რომ ადამიანები მზად არიან გააკეთონ თითქმის ყველაფერი მათთვის, ვინც მოსწონთ. თუმცა ჩვენს გარემოცვაში არ გაგვიჭირდება აღმოვაჩინოთ კოლეგები, რომლებიც იტყვიან: „მასწავლებლობა ეს არ არის კონკურსი პოპულარულობაში. ჩემთვის სულ ერთია, მოვწონვარ თუ არა მოსწავლეებს”. სამწუხაროდ, ამ მოსაზრების მქონე კოლეგები ღრმად ცდებიან – პედაგოგობა გარკვეულწილად პოპულარობის კონკურსიცაა. თუ თქვენ არ მოსწონხართ მოსწავლეებს, ნაკლებად სარწმუნოა, მათ თქვენგან რაიმე სასარგებლო ისწავლონ. მასწავლებლის კარგ თუ ცუდ ურთიერთობაზე მოსწავლეებთან დამოკიდებულია მათ მიერ ათვისებული ცოდნის ოდენობა.

დაიწყეთ კოლეგებთან საუბარი წინა აბზაცის ხმამაღლა გამეორებით და თქვენ აუცილებლად მიიქცევთ ყურადღებას. შემდეგ ჩამოშალეთ აბზაცი პუნქტებად და იმსჯელეთ თითოეულზე:

1.უთქვამთ თუ არა თქვენთვის როდისმე „მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ შენ (თქვენ) მომწონხართ?

2.როცა მოსწავლე იყავით, განა თქვენ განსაკუთრებულად არ ცდილობდით იმ საგნების სწავლას, რომლის პედაგოგებიც მოგწონდათ?

3.ვაღიარებთ თუ არა, რომ ჩვენ გამორჩეული მოთმინებით ვიტანთ იმ ადამიანების ნაკლოვანებებს, რომლებიც მოგვწონს?

4.გვყავს თუ არა თითოეულ ჩვენგანს ერთგული მეგობრები, რომლებიც თითქმის ყველაფერს გააკეთებენ ჩვენთვის, რადგან ჩვენ მოვწონვართ?

5.შეგხვედრიათ თუ არა მასწავლებელი, რომელიც ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია, მოვწონვარ თუ არა მოსწავლეს” და თვლით თუ არა ასეთ მიდგომას არასწორად?

6.თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება?

7.თქვენი აზრით, გაყიდვების სფეროს ეფექტური სპეციალისტები რატომ ცდილობენ უმნიშვნელო თემებზე საუბრით დაიმსახურონ თქვენი კეთილგანწყობა, სანამ საკუთარი პროდუქტის შეძენას შემოგთავაზებენ?

8.როგორ აღწევენ ცნობილი ტრენერები, რომ საშუალო შესაძლებლობის სპორტსმენები საუკეთესო შედეგებზე გაიყვანონ?

9.როგორ აღწევს ზოგიერთი მასწავლებელი, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს გააკეთებინოს ის, რაც საჭიროა?
დიახ, პედაგოგობა მართლაც კონკურსია პოპულარობაში. მოსწავლეებისაგან საუკეთესო შედეგების მისაღწევად მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა მოსწონდეთ. მასწავლებლებს ამოცანად უნდა დავუსახოთ, რომ გახდნენ უფრო საინტერესო, მიმზიდველი ადამიანები მოსწავლეებისათვის. თუ ამ მიმართულებით სიძნელეები შეიმჩნევა, დავიხმაროთ ასეთი ჩამონათვალი:

რჩევები მოსწავლეებთან თქვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად:

·ხშირად გაიღიმეთ;
·უკეთ გაიცანით თქვენი მოსწავლეები;
·აგრძნობინეთ მათ, რომ ენდობით;
·წაახალისეთ ისინი;
·გამოხატეთ თანაგრძნობა მოსწავლეების მიმართ;
·რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ყველაზე სასიამოვნო ადამიანად;
·რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ყველაზე კეთილგანწყობილ ადამიანად;
·დახმარება აღმოუჩინეთ ჩამორჩენილ მოსწავლეებს;
·იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ საკუთარი ქმედებები;

ასეთია ანეტ ბრესა და მისი თანაავტორის მიერ შემოთავაზებული ერთი ათწუთიანი ტრენინგის პროგრამა, რომელიც პედაგოგმა თავისი პროფესიული უნარების გასააქტიურებლად წარმატებით შეიძლება გამოიყენოს და კოლეგებსაც გაუზიაროს ერთობლივი განსჯისათვის.

ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისათვის

0
თაობები აღიზარდნენ იმ გააზრებით, რომ უძველესი ქართული ლიტერატურის ძეგლები არის მხოლოდ “ჰაგიოგრაფიული” მასალა, სადაც აღწერილია წმინდანთა მარტვილობა. მხოლოდ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესწავლის დროს თუ დაფიქსირდება აზრი მისი ხორციელი მოღვაწეობისა (გრიგოლთან ამას ვერანაირად აცდები). ვფიქრობ, რომ ასეთი მსჯელობა და გააზრება სკოლის მოსწავლეებს, ამ ტექსტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს უკარგავს ინტერესს და მხოლოდ ერთი კუთხით აჩვენებს ისტორიულ პიროვნებათა უდიდეს ღვაწლს საკუთარი ქვეყნის, მსოფლიოსა და უფლის წინაშე.

ე.წ. ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებები, რომლებშიც ქართული სასულიერო ლიტერატურის ჟანრის ნაწარმოებების ერთგავრი სტატუსის განსაზღვრაზე საყურადღებო წერილი აქვს გამოქვეყნებული მწერალ ვახტანგ ჭელიძეს თავის წიგნში “წერილები” (1978წ)
ამ ტექსტა მოქმედი პირები აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასულიერო, ასევე საერო ცხოვრების საქმეებში. გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, სადაც მისი პიროვნება აღწერილია, როგორც ეკლესია-მონასტრების მაშენებელი ადამიანი. ხანძთელი ასევე აქტიურად მონაწილეობს სამეფო კარის საქმეებში.
“სასულიერო-საეკლესიო ლიტერატურა _წერს აკადემიკოსი ალ. ბარამიძე _ ჰქმნიდა საიმქვეყნიო, ირეალური და მისტიკური ცხოვრების იდეალებს, იგი დაუნდობლად ებრძნოდა ყოველივე ქვეყნიურს, მიწიერსა და ხორციელს, ნამდვილად ბუნებრივსა და ადამიანურს”. (ვახტანგ ჭელიძე, წერილები, გვ.7) ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს ჰაგიოგრაფიული ტექსტების საერთაშორისოდ მიღებული განმარტება და ჩვენი “ჰაგიოგრაფიის” ბუნება.
რამ გამოიწყვია ეს ფაქტი? არ მგონია, ჩვენთან, ისეთ დიდ ავტორებს, როგორებიც იყვნენ იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე და სხვანი, შეშლოდათ, თუ რა ტიპის ლიტერატურა იყო ჰაგიოგრაფია და მაინც, მათ საკუთარი ტექსტების მოქმედი გმირები – წმინდანები წარმოაჩინეს, როგორც არამხოლოდ სასულიერო პირნი, არამედ, როგორც საერო მოღვაწენიც. ეს არის ძალიან საინტერესოდ დახატული დუალისტური ბუნება კონკტეტული ისტორიული პიროვნებებისა და მათი საქმეებისა.
რა იყო ამ დუალიზმის მიზეზი?.. ჩემი აზრით, დღევანდელისაგან განსვავებით, იყო პერიოდები, როდესაც საქართველოს, მაშინდელ ქართლს ჰქონდა საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობა გააზრებული (გავიხსენოთ ლეონტი მროველის მცდელობა, შეექმნა “მითი” ერთიანი კავკასიის არსებობის შესახებ, სადაც დომინანტი ქვეყანა საქართველო იყო), თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა და დავუბრუნდეთ ჩვენს საკითხს.
საინტერესოა, თუ რას ამბობს იესო: “ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი” (ლუკა 14, 26)
“ვინც თავის სულს პოულობს, დაჰკარგავს მას, ხოლო ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, ჰპოვებს მას” (მარ. 8,35. ლუკ. 9,24. იოან. 12,25)
ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს ორი ახალი აღთქმისეული ფრაზა არის სინათლის შემომტანი. ქართული ე.წ. ჰაგიოგრაფიული ტექსტების ავტორებმა შესანიშნავად იცოდნენ ეს ყოველივე (ფსალმუნნი და სახარება ქართულად მეოთხე საუკუნეში თარგმნილა, ხოლო საღვთო წერილის სრული ვერსია მეათე საუკუნიდან არის ჩვენამდე მოღწეული), ამიტომ აღწერეს მათ ეს ერთგავრი პოლარული უნისონი; ჯერ ის, რომ საკუთარი სულის გადასარჩენად უნდა დათმო ყოველივე ძვირფასი (ოჯახი, სახლი…) და ასევე ის, რომ შენი სული უნდა გაწირო სხვათა სულისათვის და ეს მოგაპოვებინებს ისევ საკუთარი არსის გადარჩენის შესაძლებლობას. ამიტომ იყო, რომ (ისევ ხანძთელის მაგალითზე რომ ვთქვათ), გრიგოლმა დატოვა საკუთარი ოჯახი, სამეფო სასახლე და გაყვა იესოს, თუმცა, მან არ აირჩია განდეგილობის გზა და ცხოვრება ისევ გაატარა ამქვეყნიურ ზრუნვაში. ამით მან შესაძლოა საკუთარ სულს დააკლო ლოცვა (როცა საქვეყნო საქმეებს აგვარებდა, ტაძრებს აშენებდა), მაგრამ ათასებს და მილიონებს დაუტოვა ქრისტეს გზაზე შედგომის შესაძლებლობა და მოიპოვა საკუთარი “დაკარგული სული”.
ძალიან საინტერესოა, ზემოთ განმარტებულ საკითხში, თუ როგორ ეთანხმება ქრისტიანობას ლაო ძის “დაო დე ძინი”:
“ჭეშმარიტად:
ვინცა დაიპყრა ვნენები:
იხილა დაო დაფარულისა.
ვინცა დაიპყრა ვნებებმა:
იხილა დაო ყოფიერისა.”
აქ ვნებებში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ის, რასაც ძირითადად ამ სიტყვით გამოვხატავთ ხოლმე. აქ ვნებას აქვს, მისწრაფების, ინტერესის შინაარსობრივი დატვირთვა. ესე იგი, ლაო ძი ამბობდა, რომ ვინც დაკარგა ინტერესი ყოველივე ხილული მატერიისადმი, მან იხილა უმაღლესი გონი – ღმერთი დაფარულისა, ხოლო, ვინც ამ ცხოვრებაშიც წმინდად იმოღვაწა, მან ასევე იხილა უფალი, მაგრამ მხოლოდ ყოფიერის. ქრისტიანობა კი ამ ყველაფერს ბევრად უკეთესად აწესრიგებს, აერთიანებს რა “ყოფიერ და სულერ დაოს” და ქმნის მათ ნაერთს. ამ აზრს, შეგვიძლია, დავუპირისპიროთ ის, რომ “არავის ძალუძს ორთა ბატონთა მონება”, მაგრამ იქვე შეიძლება ახსნაც; აქ არის ერთი ბატონი, რომელსაც, ძველი ჩინური სწავლებით, ორი ჰიპოსტასი გააჩნია.
ადამიანის ორბუნებოვან არსს; ხორციელსა და სულიერს რომ დავუბრუნდეთ, ქართულ მითოლოგიასაც უნდა შევეხოთ. დედაბოძთან დაშვებული ჯაჭვი, რომელზეც ქვაბი იყო დამაგრებული და ქვემოდან ცეცხლი ჰქონდა შენთებული, იგულისხმებოდა, როგორც ზეცისა და მიწის, სულიერისა და ხორციელის მაერთიანებლად. იყო რწმენა, რომ თუ ჯაჭვი გაწყდებოდა, ოჯახს გარდაუვალი უბედურება ელოდა. არსებობდა სამი პარალელურ-ვერტიკალური განზომილება: ზესკნელი, მიწა და ქვესკნელი. პირველი და ბოლო სულიერი სამყაროს ენუთვნოდნენ, ხოლო მიწა – ხორციელი, ხილული სამყაროს სიმბოლო იყო. ქართული მითოსიდანაც ჩანს ის, რომ ადამიანი არ ეკუთვნოდა მხოლოდ ხორციელ, ან მხოლოდ სულერ სამყაროს, მეტიც, ის იყო ხიდი, კავშირი მათ შორის და იყვნენ ღვთიშვილები; კოპალა; იაღსარი; გიორგი, რომლებიც საკუთარი არსით, პიროვნებით ასევე ორბუნებოვანნი იყვნენ (ქრისტე!).
მითოსი წინმსწრები იყო ქრისტიანობისა და მან გავლენა მოახდინა ქრისტიანული წეს-ჩვეულებების სახეცვლილებაზე, დამკვიდრებაზე. თუმცა, თუ ქრისტიანობა რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა დამხვდური მითოსის მსოფლიო გააზრებისაგან, მაშინ ისინი, რაღა თქმა უნდა, ვერ შეერწყმოდნენ ისე ერთმანეთს, როგორც ეს საქართველოს მთაში გვხვდება.
არის შეუსაბამობებიც იმაში, რაზეც ზემოთ ვსაუბრობ: იოანე მოსხოსის “სიბრძნე ბალაჰვარისი”, – ეს არის ქართულად თარგმნილი ბუდას ცხოვრება. არის ვერსიები, რომ იგი არაბულიდან ითარგმნა (“წიგნი ბალაუჰარისა და ბუდჰასაფისა”), ხოლო, მეორე ვერსიით, ეს არის თარგმანი ფაჰლაურიდან. ქართული ვერსია, შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ოსტატობით არის შესრულებული: ანუ, ბუდიზმი მორგებულია ქრისტიანობაზე. ტექსტში მთავარ მოქმედ პირად გამოყვანილია ბალაჰვარი, ანუ ბრძენი, რადგან ქრისტიანული გააზრებით, ადამიანს, იმისათვის, რომ გასხივოსნდეს (ცხონდეს), სჭირდება შეწევნა ცოდნით და ძალით მასზე მაღლა მდგომისა, ანუ მას სჭირდება მასწავლებელი. ბუდიზმში კი ეს ისე არის, რომ ბუდამ თავისი ძალებით მიაღწია გასხივოსნებას.
აი, სწორედ, ქართულად “ნათარგმანებ” ბუდას ცხოვრებაში არის მთელი თავსატეხი. ეს ნაწარმოები, თავისი ხედვით, თითქოს ეწინააღმდეგება მანამდე არსებულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ქართულ ტექსტში იოდასაფი (ბუდა)აცხადებს: “პირი იგი უტყარი” (ქრისტე) ამბობს, რომ: “რაი სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თვისი წარიწყმიდოს გინა იზღვიოს?”.
რევაზ თვარაძე, თავის წიგნში – “ქართული ლიტერატურის ისტორია”, ასკვნის: “გამოდის, რომ საკუთარი სულის გადარჩენა იოდასაფისთვის მეტად ფასობს, ვიდე მის სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანთა ურიცხვი სული! გამოდის, რომ იოდასაფი სწორედ იმ მცნებას ვერ ასრულებს, რომელსაც “პირი იგი უტყუვარი” ბრძანებდა: “უფროსი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის” (იოანე 15,13) და შემდეგ: “უკეთუ ვისმე უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი” (მათე 16, 25).
ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტებისა და “სიბრძნე ბალაჰვარისას” დაკავშირება და ქართველ ავტორთა თუ მთარგმნელთა მსოფლხედვის უნისონის დანახვა მხოლოდ ერთი, მაგრამ სწორი კუთხით შეიძლება; ბოდჰისატვას, ანუ იოდასაფის სწრაფვა განდეგილობისაკენ გამართლებულია იმით, რომ ის იყო მეფის შვილი, ჰქონდა აურაცხელი სიმდიდრე და ძალაუფლება. თუ ამ კუთხით შევხედავთ იმას, რომ მთარგმნელმა უფრო მეტად წარმოაჩინა განმარტოებით ცხოვრების არსი, დავინახავთ, რომ მან ამით შექმნა ნაწარმოების ორი მხარე და როგორც ზემოთგანხილულ ტექსტებში იყო; მიწიერისა და სულიერის საოცარი, თანამედროვე ფსიქოლოგიურ-პროზაული სიმძაფრის შეპირისპირება და თანაარსებობა, აქაც ასე მოხდა; ანუ, სასწორზე დაიდო ორი თანაბარი წონა (უდიდესი ხორციელი ძლიერება და უდიდესი სწრაფვა არაამქვეყნიური მატერიისაკენ). თუ იოანე არ წამოწევდა წინ განდეგილობის გამართლებას, მაშინ ტექსტის მეორე მხარე – ხორციელის სიმდიდრის რაოდენობრივი მხარე გადაწონიდა უბრალო სწრაფვას ღვთისაკენ (სამეფოს მართვით და ალაგ-ალაგ ლოცვა-მარხვით). ამიტომ იყო აქ საჭირო უკიდურესის დაპირისპირება უკიდურესთან და ყოველივეს გათანაბრება.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით ძალიან დიდი უთანხმოება ქართველი მწერალ-მთარგმნელთა შორის არსებული, საერთოდ არ ყოფილა. პირიქით, ისინი შეგნებულად და დიდი დაფიქრების შემდეგ ქმნიდნენ და “ათარგმანებდნენ” ტექსტებს.
ყველა ზემოთქმულიდან გამოდის, რომ ძველი და შუა პერიოდის ნაწარმოებების მოქმედი პირები მსახურებდნენ ცისა და მიწის მაერთიანებელ უმაღლეს გონს – ღმერთს და თუ მათი მიწიერი მსახურება დააკარგვინებდათ სულს, მათ იცოდნენ, რომ ეს დაკარგვა იყო მოპოვების გარანტი და საწინდარი.
დასასრულისას, მინდა ვთქვა, რომ ქართლში იწერებოდა ტექსტები, სადაც წმინდანებსაც კი ორბუნებოვნად წარმოსახავდნენ. მათში ჩანდა ადამიანური საზრუნავი და განცდები, იმ მომენტშიც კი, როცა განშორებულნი იყვნენ ქვეყნიერ ურვას (გავიხსენოთ მომენტი, როცა შუშანიკმა საკუთარი მაზლის ცოლს ღვინო შეასხა და ჭიქა შეალეწა; როდესაც ბერები გარბიან, რათა მაქსიმალურად დიდი ფარტობი შემოუსაზღვრონ ეკლესიას “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებიდან”… და ასეთი კიდევ მრავალი). ამ ტექსტთა მოქმედი პირები ახერხებენ შექმნან ჰარმონია გათიშულ ცასა და მიწას შორის, ანუ ხილულსა და უხილავს, მატერიალურსა და არამატერიალურს შორის. მათი ეს ქმედება კი გამართლება არის ახალი აღთქმისა, რომელიც ძის ეპოქის წიგნია და მის ორ ბუნებას გვიჩვენებს. ქართველი მწერლები, თუნდაც ჰაგიოგრაფები ვუწოდოთ მათ (ამ შემთხვევაში მითუმეტეს) შესანიშნავი მცოდნენი ჩანან იმისა,
ქრისტიანული, თუნდაც კოსმიურ-მითოსური გაგებით, თუ ვინ არის ადამიანი და რა არის მისი მისია, ამიტომ, ისინი ახერხებენ ტექსტთა მოქმედი პირები გამოიყვანონ, არა როგორც განზომილებათა გამთიშველ და მათგან მომწყდარ, არამედ მათ დამაკავშირებელ ადამიანებად.
და, თუ ვინმე ჩემს მსჯელობას არ გაიზიარებს, იქნებ ლაო ძის დაუკვირდეს:
“ცა და მიწა მარადიულნი არიან.
რად არიან ცა და მიწა მარადიულნი?
თავიანთთვის არ არსებობენ.
აი, რად არიან მარადიულნი.”

კორპუსი, როგორც დამხმარე სასკოლო რესურსი

0
თანამედროვე სასკოლო განათლება, მათ შორის, ქართულიც, დღითი დღე უფრო ინტერაქტიული, მრავალფეროვან რესურსებზე დამოკიდებული, სხვადასხვა ტიპის ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი და საინტერესო ხდება. სხვაგვარად, ძალიან რთულია ჰუმანიტარული თუ სხვა თემატიკით დააინტერესო თანამედროვე მოსწავლე – რომელსაც დილით აიფონ 6-ის მაღვიძარა აღვიძებს, სამოსს იმის მიხედვით ირჩევს, თუ როგორ ამინდს უწინასწარმეტყველებს გუგლის ამინდის პროგნოზი, ელექტრონული დავალება უკვე გადაგზავნილი აქვს მასწავლებლისთვის და სკოლისაკენ, გზად უახლეს ამბებს ისმენს ნასას ახალი აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ.

სხვადასხვა ტიპისა თუ დანიშნულების ელექტრონულ რესურსებს შორის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კორპუსზე დამყარებული სწავლება.

კორპუსოლოგია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო ინტერესებს და ფართო კულტურული თუ საგანმანათლებლო მნიშვნელობა შეიძინა. ერთიან ელექტრონულ სივრცეში განთავსებული ერთგვარი ენობრივი არტეფაქტები განსაკუთრებულ სიცოცხლეს სწორედ კულტურულ და საგანმანათლებლო არეალში მოხვედრისას იძენენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მეტიც, სასიცოცხლოდ აუცილებელი, სასკოლო განათლების პროცესში კორპუსული კვლევების გამოყენების პრეცედენტია, ვინაიდან, სკოლამ უნდა გაზარდოს 21-ე საუკუნის ელექტრონული კორპუსების შემქმნელი თუ მომხმარებელი.

ერთენოვანი, პარალელური თუ სხვადასხვა სპეციფიკის კორპუსები მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება როგორც ენების სწავლების, აგრეთვე, სხვადასხვა დისციპლინის დამუშავების პროცესში, როგორიცაა ბიზნესი, სტილისტიკა, ბილინგვური სწავლება, სასამართლო ლინგვისტიკა, თარგმანის კრიტიკა, ლექსიკოგრაფია და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული კორპუსი გვთავაზობს ენობრივ მასალას სტუქტურირებულად, სისტემურად, იგი ამარტივებს კვლევისა და სწავლის პროცესებს.

თანამედროვე ქართული სკოლა, ასე თუ ისე, უზრუნველყოფს გაკვეთილზე ელექტრონული რესურსების გამოყენების შესაძლებლობას, მასწავლებლები ფლობენ საწყის კომპიუტერულ ჩვევებს, აქტიურად იყენებენ ინტერნეტს როგორც საგაკვეთილო, აგრეთვე კლასგარეშე მუშაობის პროცესში, შესაბამისად, კორპუსული განათლების ჩართვა სრულიად შესაძლებელი იქნება, როგორც თემატურად, აგრეთვე ტექნიკურად.

 

ამჯერად, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ რამდენიმე ქართულენოვანი კორპუსი თქვენი ქართულის გაკვეთილების სრულყოფისათვის.
1.ქართული დიალექტური კორპუსი corpora.co
დიალექტური კორპუსის გამოყენებაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამჯერად, უფრო სტრუქტურული სახით მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე გაკვეთილის გეგმა, რომლის წარმართვის პროცესშიც ამ ძალიან საინტერესო რესურსს ჩართავთ.
1.„ვეფხისტყაოსნის” სწავლება

2.მწერალთა ბიოგრაფიები
მაგ:
3.გრამატიკის გაკვეთილები:

ასევე, შეგიძლიათ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოთ სხვა ქართულ თუ სხვა ენაზე შექმნილი კორპუსები. მაგალითად, რუსთაველის შესწავლისას ილიას უნივერსიტეტში შექმნილი „ვეფხისტყაოსნის” კორპუსი გამოგადგებათ, ელექტრონულ მისამართზე – https://corpora.iliauni.edu.ge/. ამ კორპუსში ხელნაწერების, მინაწერების და გამოცემების გარდა სამეცნიერო კვლევებიც არის განთავსებული.

ძალიან საინტერესო მასალას შეიცავს ქართული ენის ეროვნული კორპუსი, რომელიც, როგორც ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში დაგეხმარებათ, აგრეთვე, თანამედროვე ენობრივ მონაცემებსაც შესანიშნავად მოგაწვდით: https://gnc.gov.ge/gnc/static/portal/gnc.html. იგი მრავალ სუბკორპუსს მოიცავს და ძალიან გამოგადგებათ სწავლისა და სწავლებისათვის.

მოკლედ, იმოგზაურეთ ქართულ კორპუსულ სივრცეში და გამოიყენეთ მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი მიღწევები თქვენი გაკვეთილების სრულყოფისათვის.

წარმატებებს გისურვებთ!

ინა არჩუაშვილი – ვინც სკოლაში მუშაობს, გმირია

0
წერილი დედამიწას
როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. მე ახლა მთვარეზე ვზივარ. ხეების საქმე როგორაა, ბევრს ხომ არ ჭრიან? ადამიანები ტყეებს უვლიან? ცუდი ამბებია მანდ თუ კარგი? ზევიდან რომ გიყურებ, ძალიან ლამაზი ხარ. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და გნახავ. ხალხს ბევრ და კარგ მოსავალს აძლევ? გამონაბოლქვი ხომ არ გაწუხებს? მათხოვრები მრავლდებიან თუ გაკლდება? იმედი მაქვს, კარგად ხარ. თვითმფრინავები კიდევ ხშირად ვარდება თუ საერთოდ აღარ? ცხოველები კიდევ ბევრი არიან? მოსწავლეები კარგად სწავლობენ? ბევრ ჩიტებს ხომ არ ხოცავენ? ხალხს ხელფასს აძლევენ? კარგად გივლიან? მანდ ცუდი ამინდია თუ კარგი? წყალს ხომ არ გიჭუჭყიანებენ? ბევრ ნაგავს ხომ არ გაყრიან თავზე? მე კარგად ვარ, იმედია, მალე ჩამოვალ. 
ნიკო ბერიაშვილი

გზა
(ნ. შატაიძის მიხედვით)
მე ავირჩევ სიკეთის გზას.
ჩემი მეზობელი სიკეთის გზაზე წავიდა და ეხლა ჭკვიანი ბიჭია. თუ ბოროტების გზაზე წახვალ, ღმერთი დაგსჯის. დედაჩემი სიკეთის გზაზე წავიდა, მამაჩემიც და ბებიაჩემიც. ვინც ჩაიდენს ბოროტებას ან ვინმეს მოკლავს, ღმერთი ციხეში ჩასვამს.
ლაშა ჯვარიძე
 

გზა
(ნ. შატაიძის მიხედვით)
სიკეთე მთელს მსოფლიოში ძალიან კარგი საქციელია. მე ერთხელ ერთ ადამიანს დავეხმარე, მან დამლოცა. ახლა მოგიყვებით იმ ლოცვას: „ღმერთმა დაგლოცოს, შვილოო”, – მითხრა მოხუცმა ქალმა.
მეც ყველას დავლოცავდი: „ღმერთმა კარგად გამყოფოთ!” დავლოცავდი და ჩემს გზას დავადგებოდი. 
ტატა ფრანგიშვილი

***
IIIა კლასის მოსწავლეთა ეს ჩანაწერები მწერალმა ინა არჩუაშვილმა პატარა წიგნად („ღია გაკვეთილები”) იმ დროს გამოსცა, როდესაც მე-6 გიმნაზიაში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა. მას შემდეგ თითქმის თორმეტი წელი გავიდა, ჩანაწერების ავტორთა უმრავლესობა სტუდენტია, მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, დღემდე მეგობრობს თავის ყოფილ მოწაფეებთან.

„ბავშვი არ არის ცალკე, განყენებული არსება. იგი მასწავლებელთან თანაბარუფლებიანი პიროვნებაა. ეს იყო მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩემი მთავარი პრინციპი. როგორც ზრდასრულ ადამიანს, ისევე სჭირდება ბავშვს წახალისება, იმის დანახვა, რომ მისი შრომა ფასდება. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი მოსწავლეების ჩანაწერების ერთად შეკრება. ეს იყო ერთ-ერთი გზა მათთვის სტიმულის მისაცემად”, – ამბობს ინა არჩუაშვილი, რომელმაც სკოლაში მხოლოდ სამი წელი იმუშავა და ეს წლები თავისი ცხოვრების ყველაზე ფასეულ პერიოდად მიაჩნია.
დღეს ინა (ირმა) არჩუაშვილი mastsavelebli.ge-ს სტუმარია.

მასწავლებლობის პრაქტიკა ინა არჩუაშვილმა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თხილისწყაროში გაიარა. ლეკებით დასახლებულ სოფელში ქართველ მოსწავლეებს ორ მეგობართან ერთად საკუთრი ენთუზიაზმის ხარჯზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. რამდენიმე თვეში სკოლა დაიხურა და ინამ მუშაობა გაზეთ „კავკასიონში” განაგრძო.

– პედაგოგობაზე ბავშვობიდან ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც მასწავლებლობას გადაწყვეტს ვინმე, პირველად საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: რა გინდოდა, სკოლას მოეცა შენთვის? ეს კითხვა ყველა პედაგოგმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს და ბავშვებს მისცეს ყველაფერი, რაც თავად ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაინც ბევრი რამ დამაკლდა. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი სხვა დრო იყო. საბჭოთა მეთოდიკა ყველაგან ერთნაირ სასწავლო პროგრამას ითვალისწინებდა, ამიტომ ძალიან მაკლდა თავისუფალი გარემო, ლიტერატურა, რომელიც კლასგარეშე უნდა მეკითხა. მიუხედავად იმისა, რომ შინაც კარგი ბიბლიოთეკა მქონდა და სოფლის ბიბლიოთეკაშიც დავდიოდი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი დეფიციტს. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, ზუსტად რომელი იყო ჩემი წიგნი, ვინ იყო ჩემი ავტორი. მჭირდებოდა მასწავლებელი სხვა გაგებით – სკოლის მასწავლებელი პლუს მასწავლებელი, თუნდაც ცხოვრების, წიგნის. იმ წიგნის, რომელიც ჯერ არ მოსულა შენთან, მაგრამ იცი, რომ სადღაც არის. იცი, რომ არის მწერალი, რომელიც წერს იმას, რაც შენ გაინტერესებს. ალბათ ამან განაპირობა, რომ სკოლაში წავედი მასწავლებლად. 

სხვა სკოლაში დავიწყებდი თუ არა მუშაობას, არ ვიცი. გერმანული გიმნაზია მომწონდა იმიტომ, რომ ბავშვებს დაწყებითი კლასიდან ბოლომდე მივყვებოდი. ეს მხიბლავდა, რადგან შემეძლო ჩემი შრომის საბოლოო შედეგის დანახვა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გამო სკოლის მიტოვება მომიწია, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებაში ფუჭად დაკარგული არ არის, ეს წლებია.

მასწავლებლობა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ხუმრობით ვამბობ, თუმცა არც არის ხუმრობა. მასწავლებლებმა სკოლაში 5-დან 10 წლამდე უნდა იმუშაოს. შემდეგ უნდა დაენიშნოს დიდი პენსია და თავი დაანებოს პედაგოგობას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაიღალა – იმიტომაც, რომ ადამიანი იწურება. სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, ყველა ორგანო მტკიოდა, თუმცა მეორე დღეს ისევ მივფრინავდი. 
– იყავით ისეთი მასწავლებელი, როგორიც გინდოდათ ყოფილიყავით? სურვილი ერთია, მაგრამ მისი რეალიზება ისე, როგორც წარმოგვიდგენია, ხშირად ვერ ხერხდება.

– საკუთარ თავზე საუბარი ძნელია. მე შევეცადე გამეკეთებინა ის, რაც მსურდა. გიმნაზიაში საუკეთესო მასწავლებლები მუშაობდნენ, არ მინდა, ვინმე შეურაცხვყო, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მე მოსწავლეებისადმი განსხვავებული მიდგომა მქონდა. თავისუფალ აზროვნებაში ხელი შემიწყო იმან, რომ სკოლაში მას შემდეგ მივედი, რაც ვიმუშავე გაზეთ „კავკასიონში”, სადაც ძალიან ნიჭიერი ადამიანები იკრიბებოდნენ. წარმოდგენისთვის მხოლოდ რეზო სირაძე და ვახტანგ როდონაიაა საკმარისი. მომდევნო თაობა იყო ვასიკო მაღლაფერიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, თემურ მაღლაფერიძე – ჩემი ლექტორი და მასწავლებელი – და სხვები. მოგვიანებით „კავკასიონში” გამოვიდა ჟურნალი „არილი”. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკოლაში მივედი სხვა გარემოდან, ცოტა უკვე დიდი. სხვაა, როდესაც მასწავლებლად პირდაპირ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიდიხარ და სხვა, როდესაც ამხელა გამოცდილება გაქვს. ანუ მიდიხარ არა როგორც მხოლოდ ცალკე აღებული ქართულის მასწავლებელი, არამედ როგორც მასწავლებელი ლიტერატურის, ცხოვრების. მე საკმაოდ დიდი ვიყავი და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა დაგროვილი, რომლიც გამომადგა ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობისას. სკოლაში მუშაობისას თითქმის მთელ დროს ვატარებდი მოსწავლეებთან, ვდებდი ამაში მთელ ჩემს ენერგიას. ჩემი მთავარი მეთოდი იყო, მემუშავა ბავშვების აზროვნების განვითარებაზე.

არ იყო მნიშვნელოვანი, მოსწავლე ლექსს დაიზეპირებდა თუ არა. მას ვუდგებოდი, როგორც პიროვნებას – ეს ის იყო, რაც მე მაკლდა. დღეს უკვე სწავლებისადმი, საზოგადოდ,  ასეთი მიდგომაა, მაგრამ ჩემი მასწავლებლობის პერიოდში დამოკიდებულება სხვაგვარი გახლდათ. მართალია, ჩემი სწავლების მეთოდი არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნებოდა და, შესაძლოა, ეს არც იყო მართებული, მაგრამ მე მაინც გავრისკე. ამაში სკოლის დირექტორი ლალი გულისაშვილი დამეხმარა, რომელიც თავადაც პოეტია, შემოქმედია და ეს მიდგომა მისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. 

ვცდილობდი, მე და მოსწავლეები თანატოლები ვყოფილიყავით. ეს ხშირად არ არის ადვილი, როდესაც ოცდაათ მცირეწლოვანთან გაქვს ურთიერთობა, მაგრამ ყოველ დილით ვამზადებდი საკუთარ თავს. ყოველდღე ისეთი პასუხისმგებლობით მივდიოდი სკოლაში, თითქოს იმ დღეს ვიწყებდი მუშაობას. ამით ჩემს ღირსებებს კი არ ვუსვამ ხაზს – ვფიქრობ, ეს მიდგომა უმთავრესია ყველა მასწავლებლისთვის. ვცადე და, ვფიქრობ, მივიღე შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ადრე წამოვედი სკოლიდან და ჩემი მაშინდელი მოსწავლეები დღეს სტუდენტები არიან, არასოდეს გამიწყვეტია მათთან ურთიერთობა. ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ. არ არსებობს პედაგოგისთვის უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე ის არის, რომ ბავშვი გახსნა და შიგნიდან ამოიღო მთავარი. ეს იყო ჩემი ძირითადი პრინციპი.

უკვე გითხარით, რომ ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავით მეგობრები, მაგრამ, რასაკვირველია, სწავლების დროს გარკვეული დისტანცია მეკავა. ერთმა მშობელმა მითხრა, თქვენ გერმანული ტიპის მასწავლებელი ხართო. შესაძლოა, ასეც იყო. ქართველებს გვახასიათებს ბავშვისადმი ასე მიმართვა: „დედა”, „შვილო”, მასწავლებლებიც იყენებენ ამ გამოთქმებს, მაგრამ მე არ გავმხდარვარ დედა, ძიძა, დეიდა. ამ ზღვარს მკაცრად ვიცავდი. ვიყავი მხოლოდ მეგობარი და მასწავლებელი, ორივე – საუკეთესო გაგებით. კიდევ, ჩემი მეთოდი იყო დამატებითი გაკვეთილები, სადაც ვაკითხებდი ბავშვებს კლასგარეშე ლიტერატურას, ვიგონებდი თამაშებს, ვაწყობდით დღესასწაულებს, საღამოებს, რომლებიც დაკავშირებული იყო წიგნებთან და არა მულტფილმების ან ფილმების პერსონაჟებთან. ამით კითხვის სურვილს ვუჩენდი მოსწავლეებს. ვასწავლიდი სიტყვებს სულხან-საბადან, რათა გამემდიდრებინა მათი ლექსიკა. „ვეფხისტყაოსანს” არ ვაზეპირებინებდი, მხოლოდ ვაკითხებდი, რომ შინაარსი და რიტმი ეგრძნოთ და პოეზიის მუსიკალური გემოვნება ჩამოყალიბებოდათ. მახსოვს, ბარბარობისთვის, ღამით, ლობიანები დავაცხვე და მეორე დღეს მივუტანე… ეს ძალიან ადვილია, ამ გზით ურთიერთობას ვაყალიბებდი, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახებოდა. გაკვეთილი უნდა იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითი, რომ ბავშვმა დავალება ტვირთად არ წაიღოს შინ. შესაძლოა, იდეალურ გარემოს ვხატავდე, მაგრამ მართლა ასე იყო.

ახლაც გამუდმებით ვფიქრობ სკოლაში დაბრუნებაზე. ისეთი გულწრფელობა, როგორიც ბავშვებშია, სხვაგან არსად არის. ისინი იმდენად გახსნილები და გულახდილები არიან, შენც გასწავლიან სხვანაირად ცხოვრებას.

– რატომ მოგინდათ თქვენი მოსწავლეების ჩანაწერების წიგნად გამოცემა?

– „ღია გაკვეთილი” დამატებითი სტიმული იყო ბავშვებისთვის. როგორც დიდ ადამიანს უნდა დაუფასდეს შრომა, ასევეა ბავშვიც. მოსწავლეებს ვუყურებდი როგორც პიროვნებებს, ამიტომ მინდოდა ეგრძნოთ, რომ მათაც შეუძლიათ რაღაცის კეთება, შექმნა. სწავლაშიც არის რაღაც დამღლელი. არ მინდოდა, მეცადინეობა რუტინულ შრომად ჰქცეოდათ, მინდოდა ეგრძნოთ, რომ მათი შრომა ფასდება და ამიტომ შევადგინეთ პატარა წიგნი, რომლის ავტორები თავად იყვნენ, მე მხოლოდ რედაქტორის ფუნქცია მეკისრა.

მგონია, რომ ვინც სკოლაში მუშაობს, გმირია. თუ იხარჯები სკოლაში, ამაზე დიდი შრომა და, შესაბამისად, სიამოვნება არ არსებობს. მასწავლებლის მიერ მოსწავლეში ჩაგდებულმა მარცვალმა არ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს. რა თქმა უნდა, მშობლის როლიც უმნიშვნელოვანესია. ბავშვი, მასწავლებელი, მშობელი – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამკუთხედია. 

– ბავშვობაში სასურველი წიგნების დეფიციტი ახსენეთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა მოსწავლეს სასურველი წიგნი?

– ბავშვს წიგნი უნდა მიაწოდო, როგორც ჰიგიენისთვის აუცილებელი ატრიბუტი. როგორც ხელის გამუდმებით საპნით ბანაა საჭირო, ასევე საჭიროა წიგნი გონების გასაწმენდად, განსავითარებლად და აღსაზრდელად. წიგნს ჰიგიენური, სანიტარიული მნიშვნელობა აქვს გონებისთვის. რა ნაგავიც შედის, თუნდაც კომპიუტერიდან, ტელევიზორიდან, მასში, წიგნს რომ მიუჯდება ბავშვი, გარეთ გამოდის, სანაცვლოდ კი შედის სიკეთე, სიმშვიდე. ბავშვები ვერ იტანენ დიდაქტიკას. ბავშვს ისეთი რამე არ უნდა სთხოვო, რაც არ არის მასთან ახლოს, თუნდაც მისი ასაკიდან ან პიროვნებიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, მალე გაიზარდონ, ბევრი წაიკითხონ, მაგრამ ეს ხშირად უარყოფითად მოქმედებს. საკითხავი მასალა დოზირებულად უნდა მიეწოდოს მოზარდს, რომ არ მობეზრდეს და საერთოდ არ მიატოვოს კითხვა. მასწავლებელმა შეიძლება მიუთითოს მოსწავლეს, რა წაიკითხოს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; წიგნით უნდა დააინტერესო ბავშვი, უნდა ესაუბრო მასზე. კითხვა არ უნდა იყოს ვალდებულება. ბავშვმა წიგნი თუ არ წაიკითხა, ქვეყანა არ დაიქცევა. შესაძლოა, ამ ასაკში – არა, მაგრამ მომავალში წაიკითხოს. ყველა მიდგომა ინდივიდუალურია. მასწავლებელი მაშინ არის ძლიერი, თუ იპოვა ხერხი, ბავშვს ორი წიგნი მაინც წააკითხოს. წლების შემდეგ იგი აუცილებლად გაიხსენებს წაკითხულს და კითხვა მოუნდება. მარცვალი თუ ჩათესე, ის უსათუოდ აპოვნინებს ბავშვს წიგნისკენ მიმავალ გზას.
– დღეს ხშირად ვახსენებთ კითხვის პრობლემას,  მაგრამ ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ არსებობს წერის პრობლემა.

– კულტურის სამინისტრო მართავს კონკურსს „მომავლის მწერალი”, რომელშიც ჩართულია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების თითქმის ყველა სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მაქსიმუმ 5 მოსწავლე, ვისაც წერის ნიჭი აქვს. საოცარი სურათი გამოიკვეთა: ბავშვები წერენ სიუჟეტებს სერიალებიდან. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მთის ბავშვებში დიდი პოტენციალი იყო. მართალია, ისინი წერენ თქმულებებზე, მაგრამ ძალიან ბანალურად, რძალდედამთილიანურად ოჯახურ დრამებს, რაც ისევ და ისევ საპნის ოპერების გავლენაა. წერისა და აზროვნების კულტურა ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა, კარგი ბავშვებიც შეგვხვდნენ, მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია.

ჩემი აზრით, ეს ისევ მასწავლებლების შემოქმედებითი მიდგომის დეფიციტის ბრალია. სხვათა შორის, ყაზბეგში ვნახეთ სიცოცხლით სავსე, ანთებული ინგლისურის მასწავლებელი, მაგრამ ისიც თბილისიდან არის ჩასული. არ მინდა, ამას ხაზი გავუსვა, მაგრამ ფაქტია. ის იყო სხვა ტიპის პიროვნება და ეს გავლენას ახდენდა მოსწავლეებზეც. არ არის საუბარი მხოლოდ წერისა და აზროვნების პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ურთიერთობა 21-ე საუკუნის მოსწავლეებთან, რომლებსაც ვთავაზობდით გახსნილ, თავისუფალ გარემოს, ისინი მაინც ძალიან ჩაკეტილები და მორცხვები იყვნენ, სულ შეშინებულები გვიყურებდნენ, თითქოს რაღაცას ვითხოვდით, ან უნდა გაგვეკიცხა. ამის მიზეზი ისევ და ისევ დამოკიდებულების პრობლემაა. ბავშვთან ურთიერთობა წიგნით, რვეულით და კალმით არ უნდა დაიწყო, უნდა დაიწყო მასში ადამიანის, პიროვნების აღმოჩენით, ამის დაფასებით და თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებით. მე შენი მასწავლებელი კი ვარ, მაგრამ არ ვარ მონსტრი, რომელიც მოვიდა შენს დასასჯელად. შესაძლოა, ამას დღეს არც ერთი მასწავლებელი არ აკეთებდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, უჟმური არ უნდა შეხვიდე გაკვეთილზე. ეს ისევე თრგუნავს მოსწავლეს, როგორც დასჯა. თუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პიროვნული და მეგობრული ურთიერთობა შედგა, მერე დაიწყება სასწავლო პროცესი.
– თქვენს შემოქმედებაში თუა ასახული სკოლის თემა?

– სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს, თავს მწერალი ვუწოდო. ჯერჯერობით მოთხრობების მხოლოდ ერთი პატარა კრებული მაქვს გამოცემული. ჩემი მოთხრობები მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიულია, თუმცა ნამდვილი და გამოგონილი ამბები ერთმანეთში გადადის. ცოტა სევდიანი ნაწარმოებები გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში კარგი იუმორის გრძნობა მაქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკოლის თემაზე, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე არაფერი დამიწერია. უფრო ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები მაინტერესებს. წერა საკმაოდ გვიან დავიწყე. ძირითადად ისეთ სამსახურებში, ისეთი ადამიანების გვერდით მომიწია მუშაობა, რომ წერაზე არც მიფიქრია. თანამედროვე და ძველი თაობის თითქმის ყველა მწერალს შევხვედრივარ. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. თემურ მაღლაფერიძე იყო პირველი, ვისაც ჩემი ნაწერი ვაჩვენე. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. არ ვიცი, რა მარცვალი დაინახა და მითხრა – თუ მზად ხარ იმ ჯოჯოხეთისთვის, რასაც მწერლობა ჰქვია, მაშინ გზას დაგილოცავო. ეს სიტყვები მაშინ მსუბუქად მივიღე და დიდხანს აღარც გამხსენებია, რადგან იმ პერიოდში აღარც ვწერდი. წერა დავიწყე საკმაოდ გვიან და მაშინ გამახსენდა მისი სიტყვები. თავის დროზე წერა იოლი საქმე მეგონა. დღეს უკვე მიმაჩნია, რომ მწერლობა არაფრით ჩამოუვარდება ფიზიკურ შრომას, თუ მეტი არ არის. ეს ძალიან რთული და თან სასიამოვნო პროცესია. ყოველთვის არა, მაგრამ რამდენიმე მოთხრობის პერსონაჟის შექმნისას მართლაც ჯოჯოხეთური შრომა გამოვიარე. მაშინ მივხვდი, რატომ უწოდა ამ პროცესს გამოცდილმა მწერალმა ჯოჯოხეთი. ეს სასიამოვნო ჯოჯოხეთია.

დღეს ყველა წერს. შესაძლოა, მეც ამ „ყველაში” გავდივარ, მაგრამ მიზანი, წერას წარმატება მოეტანა, არ მქონია. ეს ყველაფერი განაპირობა ცხოვრებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ, ტკივილმა, სიხარულმა, ადმიანებთან ურთიერთობამ. 

ჯანმრთელობის გამო ცოტა ნაადრევად გავიზარდე, თითქოს ცხოვრებამ გამილაწუნა და ფასეულობები სხვებთან შედარებით ადრე გადავაფასე, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ადამიანი, ყოველი ცოცხალი არსება, სიცოცხლე, რომელიც უბრალოდ კი არ გეძლევა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებ. პირველი, რითაც მგონია, რომ ადამიანად შევდექი, ბავშვებთან ურთიერთობაა, მეორე კი ჩემი წიგნი – „ინო”.

ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და ინგლისურ ენაში

0
ბიოლოგია მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი საგანთაგანია. ბავშვებს აინტერესებთ საკუთარი ორგანიზმის აღნაგობა და ფუნქციები. დავაკვირდი, რომ ყოველ წელს მერვე კლასელები  ჩემს, ინგლისურის, გაკვეთილზე ერთსა და იმავე კითხვებს სვამდნენ. კერძოდ, ყველას აინტერესებდა, რა ეწოდება ინგლისურად ლავიწის, ბეჭის, ბარძაყის, თხემის ძვალს. ისიც შევამჩნიე, რომ ბიოლოგიის წიგნი ჰქონდათ ხოლმე გადაშლილი და ამ სიტყვებს გულმოდგინედ იმეორებდნენ.  ბავშვის საგნით დაინტერესება მასწავლებლისთვის  სიხარულის განცდის მომგვრელია. მოსწავლეების მონდომება ჩემზეც გადმოვიდა, მაშინვე დავხატე საკლასო დაფაზე ჩონჩხი და დავიწყეთ ძვლებზე სახელწოდებების მიწერა. მოსწავლეები ქართულად წერდნენ, მე – ინგლისურად. ყველა შეეცადა ინგლისურის რვეულებში ჩონჩხის გადახატვას. “რა კარგი ხატვა გცოდნიათ, მასწავლებელო!” – მესმოდა აქეთ-იქიდან.  მაშინ გადავწყვიტე, მოსწავლეების ცოდნის პრეზენტაციის მიზნით დამეგეგმა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და ინგლისურ ენაში, მით უმეტეს, რომ მქონდა ბიოლოგიის ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება. ამ შემთხვევაში, მე როგორც ინგლისური ენის მასწავლებელს, ყურადღება ენის სწავლებაზე უნდა გამემახვილებინა. გავესაუბრე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს და დავსახეთ გაკვეთილის მიზნები:

·ნატურალისტური და სივრცითი ინტელექტის განვითარება თვალსაჩინოების გამოყენებით;
·მოსწავლეების შემოქმედებითობის გამოვლენა; 
·ინგლისური ენობრივი კონსტრუქციების და გრამატიკის განმტკიცება;
·ცოდნის ორგანიზება სააზროვნო სქემებით;
·მოსასმენი სტრატეგიების შერჩევა;
·თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარება.

კლასის მოწესრიგება ოთხი გუნდის შექმნით დავიწყეთ. მოსწავლეებმა მერხები ერთმანეთს მიადგეს და გარს შემოუსხდნენ. ისინი გუნდებში თავიანთი სურვილის მიხედვით გაერთიანდნენ. თუმცა თანაბარი სიძლიერის გუნდების შესაქმნელად რამდენიმე მოსწავლეს მასწავლებლებმა ჯგუფების გამოცვლა ვთხოვეთ .  

ნატურალისტური და სივრცითი ინტელექტის განსავითარებლად საკლასო ოთახში წარმოდგენილი იყო ადამიანის ჩონჩხის მოდელი, დაფაზე კი – ძვლოვანი სისტემა ნახატის სახით. ცოდნის თავმოყრის მიზნით რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ –  მე და ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან გაფრინდაშვილი, მივუთითებდით ჩონჩხის ნაწილებზე, მოსწავლეები კი ძვლების სახელწოდებებს ხმამაღლა წარმოთქვამდნენ და ქართულად და ინგლისურად წერდნენ დაფაზე.       

თანამშრომლობითი სწავლება რამდენიმე დავალებისგან შედგებოდა: 

1. პოსტერების შექმნა მოსწავლეების შემოქმედებითობის გამოსავლენად; 
2. საბაზისო სასაუბრო უნარ-ჩვევების გამოყენებით ინტერაქცია ინგლისურ ენაზე;
3. მოსმენის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.  
შემოქმედებითობის გამოვლენა – პირველი აქტივობის დროს მოსწავლეების ოთხივე გუნდს დაურიგდა ფერადი ქაღალდები ადამიანის ჩონჩხის ძვლების ნახატებით და სუფთა პოსტერები. მათ ევალებოდათ  ძვლების გამოჭრა და პოსტერზე დაწებება, თავის ქალის, კიდურების, კიდურების სარტყლების და ტანის ძვლებისთვის, ასევე ხერხემლის განყოფილებებისთვის სახელწოდებების მიწერა ქართულ და ინგლისურ ენაზე. გაკვეთილის შემდეგ მათ მიერ შექმნილი პოსტერები კლასში კედელზე გავაკარით. ამ გზით მათ გაუადვილდათ დასასწავლი მასალის სახელწოდებების ორივე ენაზე დამახსოვრება. მოსწავლეებმა გამოიყენეს სივრცითი ინტელექტი და მოგვიანებით თვითონაც შეძლეს არსებული ხატის მიხედვით ძვლოვანი სისტემის გონებაში დახატვა. მათ შეეცვალათ მანამდე არსებული მცდარი წარმოდგენა ხერხემლის საგიტალურ ჭრილზე (რომ ის სწორი უნდა ყოფილიყო), დაინახეს რა არის კისრის და წელის ნადრეკები.

მოსწავლეებმა ძვლების და წარწერების გაფერადების და პოსტერების შექმნის დროს გამოავლინეს  შემოქმედებითობა და საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრეს ძვლების და მათი ინგლისური და ქართული სახელწოდებებს ადგილი. 
ინტერაქციის დროს ენობრივი კონსტრუქციების და გრამატიკის განმტკიცება – ჩონჩხის ანატომიაზე საუბრისას შესაძლებელია რამდენიმე მნიშნელოვანი ინგლისური გამოთქმის და გრამატიკული წესის გავარჯიშება, რომლებიც ზუსტად შეესაბამება მერვე კლასის ინგლისური ენის პროგრამას. აი ეს გამოთქმებიც:

“There is/ There are” –  გამოთქმა, რომელიც რაღაცის არსებობას ამტკიცებს.
There are five vertebrae in the lumbar part of the backbone.
Regular and irregular plural –  მრავლობითი რიცხვის  წარმოება
e.g. vertebra – vertebrae
To be made up of –  ფრაზული ზმნა “შედგება”
The Skeletal System is made up of 206 bones.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ძვლოვანი სისტემის ფუნქციებზე. ისინი იყენებდნენ შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ზედსართავ სახელებს და ერთმანეთს  ისეთ შეკითხვებს უსვამდნენ, როგორიცაა:  “ბარძაყის ძვალი უფრო გრძელია თუ თითების ფალანგების?” ან “რომელია ყველაზე მოკლე ძვალი?” მსგავსი ტიპის კითხვების დასმით მათ საკმარისად ივარჯიშეს და განამტკიცეს ახალი მასალა.

კითხვა-პასუხის დროს მოსწავლეები ასრულებენ ორმაგ დავალებას (ბიოლოგიასა და ინგლისურ ენაში): თითოეული გუნდი დანარჩენ სამს (სულ ოთხი გუნდი) უსვამდა თითო განსხვავებულ შეკითხვას ინგლისურ ენაზე ზედსართავების შედარებითი და აღმატებითი ხარისხის გამოყენებით ძვლების თვისებების შესახებ (მაგ. “ზედა მხრის ძვალი უფრო გრძელია თუ წინა მხრის?” ან “ბეჭის ძვალი უფრო დიდია თუ საფეთქლის ძვალი?” ) და თვითონაც პასუხობდა სამივე გუნდის მიერ დასმულ სამ განსხვავებულ შეკითხვას.

შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა სააზროვნო სქემები ორივე ენაზე შეავსეს. ძვლები დააჯგუფეს სხვადასხვა მახასიათებლების (ფორმა, ადგილმდებარეობა) მიხედვით, რის შემდეგაც გადავიდნენ ახალ აქტივობაზე.
მოსმენის სტრატეგიების გამოყენება – მოსწავლეებს დაურიგდათ ძვლოვანი სისტემის შესავსები კითხვარები ინგლისურ ენაზე. თავდაპირველად წაიკითხეს კითხვარი, შემდეგ კი ნახეს აუდიო-ვიდეო მასალა “The Skeletal System” ინგლისურ ენაზე. შეავსეს კითხვარი მოსმენილი მასალის შესაბამისად და მასწავლებლებს გადმოგვცეს შესამოწმებლად. 
მოსწავლეებს ისე მოეწონათ ინტეგრირებული გაკვეთილი, რომ მკითხეს – “კუნთებსაც გავივლით ინგლისურად?” მე ვუთხარი, რომ კუნთების სახელწოდებები ლათინური წარმომავლობის იყო და ინგლისური ენის შესწავლის თვალსაზრისით უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის ან ნერვული  სისტემის სწავლებას ინგლისურის სწავლებასთან გავაერთიანებდით. მართლაც, იმ წელს მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ბოლო ორი სისტემაც შეისწავლეს და შექმნეს პოსტერები, რომლებიც ყოველ წელს ახალ საკლასო ოთახში გადასვლისას თან მიაქვთ და კედელზე თავიანთი ხელით აკრავენ.  

აღსანიშნავია, როგორ გამოვლინდა ბავშვების შემოქმედებითი უნარი ამ გაკვეთილზე. მათ  განსაკუთრებით მოეწონათ სააზროვნო სქემების გამოყენება და თვითონვე მოიფიქრეს განსხვავებული სქემები, გარდა ჩვენ მიერ შეთავაზებულისა. მათ მთელი ჩონჩხი დაჰყვეს სამ ნაწილად: თავის, ტანის და კიდურების ჩონჩხად და ძვლების სახელწოდებები სამ სვეტად ჩამოწერეს. 

ამ გაკვეთილის დროს ყველაზე მეტად ერთი ისეთი მოსწავლე აქტიურობდა, რომელსაც ინგლისურში მაღალი აკადემიური მოსწრება არ ჰქონდა. სამაგიეროდ უშეცდომოდ შეისწავლა ჩონჩხის ძვლების დასახელებები ინგლისურ ენაზე. აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლე ექიმობაზე ოცნებობდა. ინტეგრირებულმა გაკვეთილმა ის ინგლისურითაც დააინტერესა.

ზემოხსენებული თანამშრომლობით გუნდები ერთმანეთს მუშაობაში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრმა კიდევ უფრო  გაზარდა მათი მოტივაცია, რომ უკეთ შეესრულებინათ დავალება. ქულების დაჯამების შედეგად I, II, III და IV ადგილების მფლობელები გამოვლინდა. თუმცა არ არსებობდა “დამარცხებული გუნდის” ცნება. მათ მხოლოდ ადგილები გადაინაწილეს.

ბიოლოგიის გაკვეთილის ინგლისურ ენაზე ჩატარებამ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ორივე საგნის შესწავლის ხარისხი გააუმჯობესა. გაკვეთილების შერწყმით და კლასგარეშე მასალაზე მუშაობით გამოჩნდა, როგორ ახერხებენ მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის ტრანსფერს ცხოვრებაში. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...