ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

დამიძახე ორი კვირის შემდეგ

0

 

ასე მინდოდა დამერქმია ჩემი მოთხრობისათვის, რომელიც 2010 წელს დავწერე და „ცისკარში“ დაიბეჭდა. მერე ისე მოხდა, რომ საბოლოო სათაურად „მელქიორის ჯვარცმა“ გადავწყვიტე და მოთხრობების წიგნშიც („ყიფლიბანდი“) ასე შევიდა.

სიუჟეტი ასეთია: 90-იანი წლების სამეგრელოში, ექიმის მოსაყვანად სოფლიდან ქალაქში შუაღამისას გასულ შალვას გზაზე მოროდიორები დახვდებიან (ასეთი ბევრი იყო მაშინ, გასასვლელ-გამოსასვლელებში ჩასაფრებული შეიარაღებული ხალხი), ჯერ ვითომ მანქანას შეუმოწმებენ და შემდეგ მანქანის გასაღების წართმევას დაუპირებენ. შალვა გაუძალიანდება, არ დაანებებს და ცემაში შემოაკვდებათ.

მოგვიანებით, დიდი ხნის შემდეგ, ამ ამბავს სუფრაზე აზარტით და ცოტათი სიამაყითაც კი ჰყვება ერთ-ერთი მკვლელი. დეტალურად, აღგზნებული. უცებ ვიღაც წამოიწევა სუფრიდან, „ფეხზე დამიდექი, ნაბიჭვაროო“, დაუყვირებს და ვიდრე დაბნეული, შოკირებული ხალხი აზრზე მოსვლას მოასწრებდეს, დანა-ჩანგლით აჩეხავს.

ეს ამბავი ჩემი ბავშვობიდან მახსოვდა. კაცმა, რომელიც წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ძმის მკვლელს, მას შემთხვევით, სუფრასთან მიაგნო, უფრო სწორად, ის ტიპი თავისივე ენამ გაყიდა. სიუჟეტი დიდხანს მიტრიალებდა გონებაში, ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა შურისგების აქტის დაუსრულებელი ჯაჭვისთვის კიდევ ერთი რგოლი შემემატებინა. დავწერე, დავბეჭდე, წლები გავიდა, ეს ყოყმანი და გაორება არ მეშვებოდა, და ახლა ვრწმუნდები, რომ ღირდა.

იქ, სადაც კანონი და სამართალი უმწეოა, იქ, სადაც დაჩაგრული ადამიანის ხმა ვერ აღწევს, ტყვიამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.

გვემწარა? ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია? მაშინ კეთილი ინებოს ცივილიზებულმა სამყარომ და თავისი „სამართლებრივი ბერკეტების“ გამოყენებით არ დაუშვას განუკითხაობა. არ დაუშვას, რომ თავის ქვეყანაში, თავის მიწაზე, ყველას დასანახად ცინიკურად კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს!

ხელისუფლების ცერემონიული და უცერემონიო შეფასებები, სასულიერო პირების მდუმარე მშვიდობიანი პროცესია, ემოციური და მგლოვიარე სტატუსები სოციალურ ქსელში – ეს ცხელ კვალზე იყო. რა ხდება ორი კვირის, ერთი თვის შემდეგ, როცა ტრაგედია ყოფითობაში გადაინაცვლებს?

წლების წინ, როცა კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს ვთხოვე მარტივად, ორი სიტყვით აეხსნა ბესიკ ხარანაულის ერთი ცნობილი ლექსი, მან მითხრა: „შუაღამისას, როცა მეღვიძება, პირველი, რასაც გავიფიქრებ, ყოველთვის ესაა – „სად არიან შვილები?“ მარტო ვარ, მაგრამ ვიცი, სადაც არიან ჩემი შვილები. ტელეფონს ავიღებ, დავურეკავ, დაველაპარაკები… მაგრამ იმათ რა ქნან, ვისაც შვილები ომში, საპატიმროებსა და სასაფლაოებზე დარჩა?!.“

„სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა“, – ამას თითქოს ღამენათევი, სასოწარკვეთილი კაცი ამბობს, ხელისუფალის კართან რომ ჩამომდგარა და თავისი შვილის (ძმის) ბედზე პასუხს ელოდება. ტკივილი აძლიერებს კიდეც და უმწეოსაც ხდის, ამიტომ „საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან“ უფრო დარდით აღტყინებული, დათრგუნული ადამიანის გულუბრყვილო მუქარაა, რომელსაც უნიათო და უპასუხისმგებლო ხელისუფალი ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს.

როგორც ადრე ყოფილა. ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ. არადა, თითქოს კარგად ვხვდებით, რომ იქ, სადაც ერთ მოქალაქეს ასე დაუნდობლად ხვრეტენ, დღეს იქნება თუ ხვალ ჩვენს თავზეც დაუშვებენ საკონტროლო გასროლას. არც არავინ დაგვიცავს, არც არავის მოეკითხება პასუხი, უფრო სწორად, ისე არ მოეკითხება, როგორც იმსახურებს, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს შეურაცხმყოფელს გასცემდნენ პასუხს.

გავიხსენოთ: „მთელი ქისტეთის ამომგდე“ ზვიადაური სამაგალითოდ ისჯება – თემი (სახელმწიფო) გრძნობს და იღებს პასუხისმგებლობას იმ განაჩენზე, რასაც აღასრულებს კიდეც („თემს რაც სწადია, მას იზამს თავის თემობის წესითა“) და პირნათელია ღმერთისა და მიცვალებულის წინაშე („ნუ იტანჯები, დარლაო…“).

ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“ თემი არა მხოლოდ პიროვნებასთან დაპირისპირებული ინსტიტუტია (როგორც ბევრი წარმოაჩენს ცალმხრივად), არამედ მტრის კარგად შემცნობი („ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა, გადალესულსა ცოფითა“) და წარსული გამოცდილების მცოდნე ადამიანთა ერთობა, რომელიც ცივი გონებით, რაციონალურად განსჯის და საკადრისს მიუზღავს დამნაშავეს.

და რაც ყველაზე მთავარია: არც შერიგება შედგება იმ გარემოში, სადაც უკვე ოც წელზე მეტია ფეხმოუცვლელად დგას რუსეთის იმპერია და ყოველდღიურად აქეზებს უსამართლობასა და განუკითხაობას. არც მშვიდობა დამყარდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ არ გაასამართლა და ფეხი არ ამოუკვეთა იმ მიწიდან, რომელიც ძალადობითა და მედროვე პოლიტიკოსების მხარდაჭერით დაიპყრო.

პროცესი

0

უფროსკლასელებს რომ ვხედავ, ზოგჯერ – და იქნებ უმეტესადაც – კაფკას „პროცესი“ მახსენდება და მისი მთავარი გმირი. მაშინვე გამიელვებს ხოლმე გონებაში ფრაზა: „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კ-ს, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს“. ამის შემდეგ იწყება იოზეფის მცდელობა, გაერკვეს მის ცხოვრებაში მომხდარ უცნაურ ამბებში. აიყვანს ადვოკატს, დადის სასამართლოებში, სადაც ბევრს ვერაფერს არკვევს და ვერც მოსამართლეს ნახულობს, ვინც ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს.

ამ წიგნის აზრი სულ სხვაა, მე კი აქ იმიტომ გავიხსენე, რომ იოზეფი ძალიან მაგონებს იმ მოსწავლეებს, რომლებმაც არც კი იციან, ერთ მშვენიერ დილას რატომ დააპატიმრეს და სკოლაში მიიყვანეს.

აქედან იწყება მათთვის ის ცხოვრებისეული მაგია და ალოგიკა, მიუხედავად მოვლენათა თანმიმდევრულობისა, რომელიც საბოლოოდ ურევთ თავგზას. ადვოკატი, მოსამართლე, ბიუროს თანამშრომლები, დამლაგებელი ქალი – თითქოს ყველა მოსწავლეთა ცხოვრებაში სხეულდება მშობლებად, მასწავლებლებად, სკოლის დირექტორად, რეპეტიტორებად, თანაკლასელებად… ისინიც დადიან უთავბოლოდ ერთისგან მეორესთან და მთავარი ვერ გაუგიათ: რას ნიშნავს სწავლა, რისთვის სჭირდებათ ის კონკრეტულად მათ, ინდივიდებს, და საერთოდ, რა ხდება მათ თავს.

ბლოგი, ცოტა არ იყოს, უტრირებულად დავიწყე და აქვე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა მოსწავლის რეალობა, მაგრამ მათი არცთუ მცირე ნაწილია ამ დღეში.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლი ამბობს:

„1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

ასე თუ ისე, ყველაფერი რიგზეა (ოდესმე ამ „ასე თუ ისეზეც“ დავწერ), მაგრამ სხვა რეალობაა სკოლებში. სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია სკოლებში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე, ფესტივალებსა და კონკურსებზე, რომლებიც პარალელური სამყაროდან დაგეგმილს ჰგავს. ვიდეოები, სადაც ბავშვები მოძღვარს ეხვეწებიან, ბრძანოს მათთვის, რათა შეასრულონ, და ამ ბავშვებს ძარღვები ასკდებათ ყელზე. ვიდეოები, სადაც ცად აღპყრობილი თვალებით კითხულობენ ლექსებს, პოემებს, ნაწყვეტებს მოთხრობებიდან და უმეტესად არც კი ესმით მათი ქვეტექსტი თუ დედააზრი. ვიდეოები, სადაც გაკვეთილზე თუ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ხსნიან, სანთელი აქვთ ანთებული და ა.შ. ყოველივე ეს სცდება საზოგადოების ნორმალურ განვითარებას და იოზეფთან მივყავართ.

რომანის დასასრულს გაურკვევლობით დაღლილი იოზეფი მშვიდად მიჰყვება აგენტებს, თუმცა ბოლომდე მაინც არ სჯერა და ჯერ კიდევ ფიქრობს, იქნებ მსახიობები არიანო. იოზეფი არც სასოწარკვეთილია, არც გაბრაზებული, ის უბრალოდ იღებს სინამდვილეს როგორც გარდაუვალობას, ოღონდ არაჩვეულებრივს კი არა, ჩვეულებრივ გარდაუვალობას.

ორ მხლებელთან ერთად ის ქალაქგარეთ, დანგრეული სახლის კედელთან, ჩერდება და წვება. უცნობები ჯერ კარგად გაასწორებენ, მერე კი იმაზე კამათობენ, რომელმა ჩაასოს გულში დანა. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი გააკეთებს კიდეც ამას. წევს მომაკვდავი იოზეფი და ფიქრობს: „ძაღლივით მომკლეს“. აქ ჩანს, რა ფასი აქვს ადამიანს, ინდივიდს, რეჟიმისთვის, იმ დიდი მანქანისთვის, რასაც მართლმსაჯულება, ეკონომიკა, პოლიტიკა ჰქვია.

არ ვიცი, ვის როგორ უფიქრია, მაგრამ სკოლის დამამთავრებელ ღონისძიებებს რომ ვესწრები, ვუყურებ უფროსკლასელთა ნაწილს, ვხვდები, რომ თუ ოდნავ დაფიქრდებიან, მათაც იოზეფის მსგავსი განცდა გაუჩნდებათ.

მწვანე – “ქართული რისლინგი“

0

სახელი „მწვანე“ საქართველოში ყურძნის რამდენიმე ჯიშს ჰქვია. არსებობს გორული მწვანე, რაჭული მწვანე, მესხური მწვანე. მწვანეებს შორის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და დაფასებულია მწვანე კახური – ჯიში, რომელიც რქაწითელსა და საფერავთან ერთად კახური მეღვინეობის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა და რომლისგან დაყენებული ღვინოც, გადმოცემის თანახმად, განსაკუთრებით ჰყვარებია ქართლ–კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს.

მწვანე კახური კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება კი მწიფე მარცვლების მოყვითალო-მომწვანო ფერის გამო მიიღო. ახასიათებს შედარებით დიდი მოსავლიანობა და ყურძნის მაღალი ღირსება. მრავალი წლის დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით, მოსავლიანობით მწვანე რქაწითელსა და საფერავს არ ჩამოუვარდება.

მწვანე კახურს შეცდომით მანავის მწვანესაც ეძახიან, რაც შეცდომაა. კახელი მევენახეები და მეღვინეები ამბობენ, რომ „მანავის მწვანე“ ისე დამკვიდრდა, იმ გლეხების უმეტესობაც კი, რომლებიც სოფელ მანავში არ ცხოვრობენ, მაგრამ მწვანე კახური აქვთ გაშენებული, ვერ გაექცა ამ სახელწოდებას. სოფელ მანავში მწვანე მართლაც განსაკუთრებით მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა, თუმცა მისთვის საუკეთესო მიკროზონა, მანავთან ერთად, მოიცავს შემდეგ სოფლებსაც: თოხლიაურს, ბურდიანს, გიორგიწმინდას, ანთოკს, მარიამჯვარს, დიდ ჩაილურს, პატარა ჩაილურს, კაკაბეთსა და ვერხვიანს. ამ სოფლებში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.

მწვანე კახური, ღვინის ექსპერტთა შეფასებით, მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ამპელოგრაფებისა და მეღვინეების აზრით, კახეთის თეთრი ჯიშებიდან მწვანე ყველაზე ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც კლასიკური, ისე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინო. ძველად, მისი მაღალი ღირსების გამო, ფართოდ იყენებდნენ სხვა თეთრი ჯიშის ღვინოების გასაკეთილშობილებლად და მათთვის არომატულობისა და სინაზის მისაცემად.

მწვანე ძველთაგანვე შერჩეულია თეთრი სასუფრე ღვინისთვის და ამ მხრივ მას კახეთში ბადალი არ მოეპოვება. კლასიკური (ევროპული) წესით (მარტო ყურძნის წვენისგან, ჭაჭა–კლერტის გარეშე) დამზადებული მწვანის ღვინო მომწვანო–ბაცი ჩალისფერი გამოდის, აქვს ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო. დაძველებისას იგი ივითარებს ჯიშისთვის დამახასიათებელ ბუკეტს, რომელშიც მკაფიოდ გამოსჭვივის ხილის არომატი. კახური წესით (ყურძნის ყველა შემადგენელი ნაწილის მონაწილეობით) დამზადებული ღვინო მუქი ჩაისფერია. ის უფრო სრული და მდიდარია, არომატიც უფრო ძლიერი და სასიამოვნო აქვს.

საბჭოთა პერიოდში მწვანე კახურისგან, როგორც წესი, ორნაირ ღვინოს ამზადებდნენ, ორივეს – ევროპული ტიპისას. პირველი ცნობილია „წინანდლის“ სახელწოდებით და მზადდება უმეტესად წინანდლის, ნაფარეულის და იყალთოს ვენახებში მოწეული მწვანისა და რქაწითლისგან. ის მომწვანო-ჩალისფერია, ბუკეტი სუფთა აქვს, ხილისარომატიანი, გემო – ნაზი, საკმაოდ ხალისიანი და ჰარმონიული. შეიცავს 10,5–12% ალკოჰოლს და 6–8‰ სიმჟავეს. მეორე „გურჯაანის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ის მზადდებოდა მანავის, გურჯაანის, მუკუზნის მწვანისა და რქაწითლისგან. ახასიათებს მომწვანო-ჩალისფერი, სინაზე, სიხალასე და ჰარმონიულობა. ბუკეტი ნაზია, ჯიშისთვის დამახასიათებელი ხილის ძლიერი არომატით.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60–იანი წლებში შეიქმნა და ცალკე გამოიყო. ღვინო „მანავის“ წარმოების მიკროზონა. ეს სპეციფიკური ზონა მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაცის ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთი და მისი მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილოეთ განედის 41044’׀–სა და აღმოსავლეთ გრძედის 45027’–ზე და მათ მახლობლად. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-800 მეტრის საზღვრებში. ივრის ზეგანის ამ ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებრი, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატში გარდამავალი მდებარეობა.

„მანავი“ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი მშრალი ღვინოა. მზადდება კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითლის ჯიშის ყურძნის გამოყენება. ღვინო „მანავს“ ახასიათებს ბაცი ჩალისფერიდან ჩალისფრამდე ფერი მომწვანო ელფერით, ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი გემო ხილის ტონებით, ჯიშური არომატი, განვითარებული ბუკეტი.

როგორც 1960 წელს გამოცემულ „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ ვკითხულობთ, მწვანე კახურის ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გრამია, ხოლო საშუალო მოსავალი – ჰექტარზე 5-8 ტონა. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების საკმაოდ დიდი უნარი ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით. მგრძნობიარეა დაავადებების, განსაკუთრებით კი ნაცრის მიმართ.

მწვანე გვიანი სიმწიფის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად კახეთში. კახური წესით დაყენებული, მუქი ჩაისფერი, სრული, სხეულიანი და ენერგიულია. გემო ჰარმონიული, სასიამოვნო აქვს, არომატიც – ნაზი ჯიშური, რომელშიც სიძველისას წარმოიქმნება ნაზი ბუკეტი ხილის მკაფიო არომატით. ღვინის ძლიერი არომატულობისა და სინაზის გამო მეღვინეთა წრეში მას „ქართული რისლინგიც“ კი შეარქვეს.

მწვანე კახური საფერავსა და რქაწითელთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამაც გამოარჩია. გასული წლის შემოდგომაზე მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდია შარშან სამ ჯიშზე: რქაწითელზე, კახურ მწვანესა და საფერავზე, – გაიცა. რამდენად სამართლიანია ასეთი დაყოფა, ეს საკამათო საკითხია, თუმცა მწვანე კახურს ქართულ მეღვინეობაში გამორჩეული ადგილი რომ უკავია, ამაზე ალბათ არავინ დავობს.

როგორ სწავლობენ ბავშვები (ნაწილი პირველი)

0

 

რატომ არის ასეთი ძნელი განათლების სისტემის რეფორმირება და როგორ ურჩევნიათ ბავშვებს სწავლა

 

ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია.

პლატონი

ამ სტატიაში შევეცდებით, განვიხილოთ თანამედროვე განათლების ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი – რატომ დგას მუდმივად განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობა და რატომ არის ეს საქმე ასეთი ძნელი.

დამეთანხმებით – ქვეყანა, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება, ყოველთვის ფიქრობს ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების არსებული სისტემების დახვეწასა და განვითარებაზე.

პოლიტიკოსთა საარჩევნო პროგრამები დედამიწის ნებისმიერ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოში სავსეა დაპირებებით, გეგმებითა და „ახალი“ სქემებით, რომლებითაც პოლიტიკაზე მომუშავე ხალხი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ იზრუნებენ მათ უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა თუ მათი შვილების ხარისხიან განათლებაზე.

ამ დაუსრულებელ პროცესში ყოველთვის ფიგურირებს განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და სასკოლო თუ სხვა განათლების ძირეული რეფორმირების სურვილი. თავად რეფორმირების პროცესი ძველის გარდაქმნასა და გაუმჯობესებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, არსებულის ნაკლოვანების ან მისი არასაკმარისობის, რეალობასთან შეუსაბამობის აღიარებას ნიშნავს.

ნეტავ რა არის ასეთი უცნაური განათლების სისტემებში? რატომ სჭირდებათ მათ ყოველ ოთხ თუ ხუთ წელიწადში ერთხელ „ძირეული“ განახლება და „ფუნდამენტური“ რეფორმირება? რატომ ვეთანხმებით აზრს, რომ განათლების სისტემა შესაცვლელია? რატომ გვგონია, რომ წინა ხელისუფლების მიერ „დატოვებული“ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სივრცე არ ვარგა, ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და შეცვლა სჭირდება? ვინ უნდა განახორციელოს ეს ცვლილებები? სხვებმა თუ იმავე ხალხმა, ვინც განათლების სფეროში მუშაობდა და პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდა ამ არასრულყოფილი და „შესაცვლელი“ სისტემის ჩამოყალიბებას?

ეს ის კითხვებია, რომლებზე დისკუსიასაც ისეთივე რთული, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს, როგორიც თვითონ განათლებას და მის უკვე არსებულ სისტემებს. მინდა, გაგიზიაროთ ერთი ამერიკელი სწავლულის, ფსოქოლოგიის დოქტორის, Boston College-ის პროფესორისა და განათლების ფილოსოფიის აქტიური რეფორმატორის პიტერ გრეის (Peter Gray) მოსაზრებები თანამედროვე სასკოლო სისტემაზე, ამ სისტემის ფილოსოფიასა და ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემის იმ ალტერნატიულ გზებზე, რომლებიც ოდნავ განსხვავებული და, შესაძლოა, ოდნავ რადიკალური კუთხით დაგვანახებს სასკოლო განათლების სისტემას და შედარებით საინტერესოს გახდის დაუსრულებელ დისკუსიას ზემოხსენებულ „აუცილებელ სასკოლო რეფორმაზე“.

ბატონი გრეის მოსაზრება იმიტომ მივიჩნიე საინტერესოდ, რომ ის საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ განათლების არსებული სქემების „გაუმჯობესება-გადაკეთების“ უსასრულო ციკლს და სხვა თვალით შევხედოთ ბავშვისა თუ ახალგაზრდის განვითარების პროცესს.

პროფესორ გრეის აზრით, სასკოლო განათლების არსებული ფორმატები, რომლებსაც დღეს იყენებს კაცობრიობა, არაბუნებრივი, არაევოლუციური და ძალადობრივია. უფრო მეტიც – პროფესორ გრეის მიაჩნია, რომ მათ თითქმის არაფერი აქვთ საერთო ცოდნის მიღებისა და სწავლისთვის საჭირო ბიოლოგიურ უნარებთან.

პროფესორ გრეის მთავარი ჰიპოთეზა ასეთია: ბავშვები იბადებიან თვითგანსწავლის ბუნებრივი მექანიზმებით, ეს მექანიზმები (თუ უნარები) მოიცავს თამაშისა და გარემოზე დაკვირვება-კვლევის ბიოლოგიურ უნარებს და მათში ჩარევა ან მათი დათრგუნვა ხელს უშლის ადამიანის ზრდისა და განვითარების ბუნებრივ პროცესს.

როგორც ხედავთ, ამერიკელი პროფესორი გვთავაზობს, ყურადღება მივაქციოთ იმ ბუნებრივ მოცემულობებს, რომლებიც ევოლუციურად ყველა ადამიანშია ჩადებული და ამ მოცემულობათა სწორი გააზრებით შევუწყოთ ხელი ბავშვის ნორმალურ განვითარებას. შესაძლოა, ეს ცოტა ბუნდოვნად ჟღერდეს, მაგრამ თუ გრეის ჰიპოთეზას სასკოლო განათლებისა და ბავშვების სკოლაში განვითარება-ჩამოყალიბების პროცესს შევადარებთ, შესაძლოა, ნათლად წარმოვიდგინოთ, რას გულისხმობს ბატონი გრეი „თვითგანსწავლის ბუნებრივ მექანიზმებში“.

ჩემი აზრით, გრეის მოსაზრებები კიდევ უფრო საინტერესო გახდება, თუ გავიხსენებთ თანამედროვე ბავშვების გარემოსა და მათ ყოველდღიურ ყოფას: ტელევიზია, კომპიუტერები, სმარტფონები, პლანშეტები, ინტერნეტკავშირი და სოციალური ქსელები – ეს ის მედიაპლატფორმებია, საიდანაც უწყვეტ ნაკადად მოედინება ტექსტური, ვიდეო თუ აუდიო ინფორმაცია – განათლების ძირითადი კომპონენტი.

გთავაზობთ პიტერ გრეის რამდენიმე ძირითად მოსაზრებას ბავშვების განათლებისა და სწავლის უნარების ბიოლოგიური საფუძვლების შესახებ.

ბავშვებს ბუნების მიერ აქვთ მინიჭებული თვითგანათლების თვითკონტროლის უნარი

თუ ოდესმე დაჰკვირვებიხართ ბავშვის ზრდას „სასკოლო ასაკამდე“, დამეთანხმებით, რომ ზემოთქმული ჭეშმარიტებაა.

ბავშვები ქვეყნიერებას განმანათლების მძლავრი ინსტინქტით ევლინებიან. ეს ინსტინქტი მოიცავს ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, თამაშისადმი მიდრეკილებას, სოციალური კავშირებისადმი კეთილგანწყობას, მიმდინარე მოვლენებისადმი ყურადღებას, ზრდის სურვილს და სურვილს, აკეთონ ის, რისი კეთებაც მოზრდილებს ან უფროს ბავშვებს შეუძლიათ.

საკუთარი ძალისხმევით, პრაქტიკულად ინსტრუქციების გარეშე, ბავშვები სწავლობენ სიარულს, სირბილს, ხტომას და ცოცვას.

თითქმის არაფრისგან ბავშვები სწავლობენ მშობლიურ ენას, რომლის საშუალებითაც ახერხებენ ნების გამოხატვას, კამათს, გართობას, გამაღიზიანებლად ან სასიამოვნოდ მოქცევას, მეგობრობას და კითხვების დასმას.

სხვების ყურებით, მოსმენით, კითხვების დასმით და კვლევა-ძიების სხვა მეთოდებით ბავშვები უზარმაზარ ცოდნას ითვისებენ მათ გარშემო არსებული ფიზიკური თუ სოციალური სამყაროების შესახებ.

ხოლო თამაშის მეშვეობით ისინი განუწყვეტლივ ვითარდებიან ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სოციალურად და ემოციურად.

ბავშვები ყველაფერ ამას მანამდე ახერხებენ, სანამ მათ ვინმე რამის სწავლებას დაუწყებს რაიმე სისტემური ხერხით.

სწავლის ეს გასაოცარი ძალა და შესაძლებლობა არსად ქრება – ის ჯერ კიდევ მძლავრია, როდესაც ბავშვები ხუთი ან ექვსი წლის ასაკს აღწევენ.

მაგრამ ამ ძალასა და უნარს ჩვენ ვსპობთ ჩვენი სასკოლო სისტემის მეშვეობით!

ზემოხსენებული სასკოლო სისტემის ყველაზე დიდი და ხანგრძლივი გაკვეთილი ის  გახლავთ, რომ სწავლა ბავშვების „სამუშაოა“. ეს ის საკითხია, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ და, შეძლებისდაგვარად, თავი ვარიდოთ.

როგორ სწავლობდნენ ბავშვები სკოლების გაჩენამდე

ამ თავში ვისაუბრებთ ბავშვების საგანმანათლებლო ინსტინქტებზე, ამ ინსტიქტებისადმი მათ ადაპტაციაზე და პირობებზე, რომელთა საშუალებითაც ბავშვებს შეეძლებათ, საუკეთესოდ აამოქმედონ ისინი, დღევანდელ პირობებში.

ფართო, ბიოლოგიური მნიშვნელობით, განათლება კულტურის გადაცემის პროცესია. ამ პროცესის მიმდინარეობისას ადამიანთა მოდგმის ყოველი ახალი თაობა იძენს ახალ ცოდნას, უნარებს, რწმენასა და ღირებულებებს და აშენებს მას წინა თაობების მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე. განათლება ყოველთვის იყო ჩვენი მოდგმის გადარჩენის მთავარი ელემენტი. განათლებისადმი სწრაფა და მისი ინსტინქტები ჩვენი დნმ-ს ნაწილს წარმოადგენს.

დაახლოებით 10 000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენამდე (მომცრო წერტილი ჩვენი მოდგმის ბიოლოგიური ჩამოყალიბების გრძელ ისტორიაში), ჩვენ ყველანი მონადირე-შემგროვებლები ვიყავით.

ჩვენი ადამიანური ინსტინქტების ძირითადი საფუძველი, სწავლისა და განათლების ინსტინქტების ჩათვლით, მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების წესის კონტექსტში ჩამოყალიბდა. მონადირე-შემგროვებელთა ზოგიერთი კულტურა, მსოფლიოს იზოლირებულ, მოშორებულ ნაწილებში დღესაც არსებობს და მათი ცხოვრებასა და არსებობას კვლავ სწავლობენ თანამედროვე ანთროპოლოგები.

ყველა ამ კულტურაში, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზეა მიმოფანტული (სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა და ავსტრალია), ბავშვებსა და ახალგაზრდებს განუსაზღვრელი დრო აქვთ დამოუკიდებელი თამაშისთვის, კვლევა-ძიებისთვის და იმ საქმიანობისთვის, რაც აინტერესებთ. იმავე საზოგადოების ზრდასრულ წევრებს კი ცხოვრების ასეთი წესი სწავლის სწორედ იმ გზად მიაჩნიათ, რომელიც ბავშვებს სრულყოფილ, ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის სჭირდებათ.

მტკიცებულებანი, რომლებიც მოწმობს, რომ დღევანდელ ბავშვებს, თუ შესაბამის პირობებს შევუქმნით, შესანიშნავად ხელეწიფებათ თვითგანსწავლა

ჩვენს კულტურაში, როდესაც ბავშვებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება (ტრადიციული სასკოლო ჩარჩოებისგან) და საშუალება, თვითონვე შეიძინონ საჭირო ცოდნა, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვები ამ პროცესს ხალისითა და სრული სერიოზულობით ეკიდებიან.

ცხოვრებასთან მუდმივი შეხებით, განსაკუთრებით კი თავისუფალი (არაკონტროლირებადი) თამაშისა და კვლევა-ძიების მეშვეობით, ბავშვები იმ უნარებს, ცოდნასა და ღირებულებებს ითვისებენ, რომლებიც აუცილებელია ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში ცხოვრებისა და წარმატებისთვის.

მაინც რატომ არის აუცილებელი ბავშვებისთვის ჯანმრთელი სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარება?

ახალგაზრდა ძუძუმწოვრები ყოველთვის თამაშობენ, განსაკუთრებით – იმ ფორმით, რომელიც მათ გადარჩენისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება. კვლევები მოწმობს, რომ როდესაც ახალგაზრდა ცხოველებს მათი განვითარების პერიოდში თამაშის საშუალებას უზღუდავენ, ისინი ემოციურად და სოციალურად სახიჩრდებიან.

ადამიანის ნაშიერს ცხოველებზე გაცილებით მეტი აქვს სასწავლი. ამიტომ ბავშვები, როდესაც მათ საშუალებას ვაძლევთ, უფრო ხშირად და უფრო მეტხანს თამაშობენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახეობის ძუძუმწოვრები.

ბავშვები თამაშობენ არა მხოლოდ იმ უნარების გასავითარებლად, რომლებიც ყველა ადამიანს სჭირდება (მაგალითად, ორ ფეხზე სიარულისა ან სირბილისა), არამედ იმ უნარებისაც, რომლებიც უნიკალურია და ღირებულია იმ კულტურაში, რომელშიც ბავშვი იზრდება (წერა, კითხვა და ანგარიში, რაც აუცილებელია ჩვენს კულტურაში; ნადირობა ან მცენარეებისა და ბალახების ცოდნა ტყეში ან ველებზე მცხოვრები ტრადიციული კულტურებისთვის).

ბავშვების თამაში ასევე მოიცავს მუდმივ, განგრძობად ვარჯიშს წარმოსახვის განვითარებაში, რაც ადამიანისთვის დამახასიათებელი მაღალი დონის აზროვნების საწინდარია. თამაში განსაკურებით ღირებულია მაშინ, როდესაც ის შერეული ასაკის ბავშვების გარემოში მიმდინარეობს. პატარები ადვილად ითვისებენ უფროსი ასაკის ბავშვებისგან იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც მათი ასაკისთვის ჯერ ადრეა; დაკვირვებისა და უფროსი ასაკის ბავშვების დახმარებით ეუფლებიან უფრო განვითარებულ უნარებს, ხოლო უფროსი ბავშვები, უმცროსებთან ურთიერთობისას, გამოიმუშავებენ მათი მოვლა-პატრონობის უნარებს, რაც მათ ეხმარებათ, აღიქვან თავიანთი სიმწიფე პატარებთან შედარებით.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

1) https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201404/risky-play-why-children-love-it-and-need-it; 2) https://alternativestoschool.com/articles/how-children-learn/#subcontent4

ცოდვა-მადლი  და ადამიანის არჩევანი – ჯემალ ქარჩხაძის  “ზებულონი”

0

ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ სასკოლო პროგრამაში შეტანამ ხელი შეუწყო ამ მწერლის პოპულარობის გაზრდას, თუმცა, მისი სხვა რომანები და მოთხრობები მაინც ნაკლებად არის ცნობილი.  ამ წერილში მის „ზებულონს“ წარმოვაჩენთ, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანს. ჯემალ ქარჩხაძე  ინტელექტუალური ტიპის მწერალია და მის ნაწარმოებებში თხრობას უპირატესად სულიერი სამყაროს დახატვის ფუნქცია აკისრია.  მისი რომანი `ზებულონი~ ინტროვერსული, ცენტრისკენული რომანია. თომას მანის, ჰერმან ჰესეს, ფრანც კაფკას, უილიამ  ფოლკნერის რომანების მსგავსად, ამ ნაწარმოებში სულის ლანდშაფტებია აღწერილი. 1988 წელს გამოცემულ ამ რომანში თითქმის არ ჩანს რეალისტური რომანისთვის დამახასიათებელი სოციალურ-პანორამულობა. მართალია, მწერალს ყოველთვის  თანადროული პრობლემები აინტერესებდა, მაგრამ მისთვის მთავარი ერთგვარი ზედროული სივრცე იყო, რომელშიც ცხოვრობენ მისი პერსონაჟები და ავლენენ იმ არსებითს, რაც ადამიანს ან ღმერთთან მიაახლოვებს ან დემონთან. ამიტომ ამ მწერლისთვის მთავარი ადამიანია, რომელსაც კონტექსტის მრავალფეროვნებისთვის ურჩევს ხან ადრინდელ საუკუნეებს, ხან ძველ რომს, ხან ზღაპარს, ხან თანამედროვეობას. ამჯერად  საქართველოს ისტორიის მძიმე დროში გადავინაცვლებთ. თუმცა მწერალს ნაკლებად აინტერესებს თვითონ ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა, ამიტომაც ეს არ არის რომანი ისტორიულ თემაზე, არამედ ადამიანზე, რომელიც თავის ბედს, თავის ცოდვა-მადლს შესჭიდებია. `ზებულონი~ სულის ბიოგრაფიაა. მთავარი პერსონაჟი  ჩვენ თვალწინ იზრდება და ვითარდება. მის გარშემოა თავმოყრილი მოვლენები, ფაქტები, სხვა პერსონაჟები. იგი რომანის ერთგვარი ცენტრია, რომლისგანაც გამოდის და სხვადასხვა მხარეს განიტოტება ცალკეული ამბავი.

ზებულონს იდეალი იულონ ბატონიშვილია, რომელზეც მათ სოფელში ლეგენდებს ჰყვებოდნენ.  მასთან შეხვედრის შემდეგ ეს იდეალი კი არ დაიმსხვრა, არამედ მეტი ბრწყინვალებით შეიმოსა. ზებულონი თითქოს გაორდა და მის სულში, გონებასა და გულში ჩვეული, ნაცნობი შეგრძნებების გარდა გაჩნდა პარალელურად მიმდინარე ახალი და უჩვეულო ფიქრთა ნაკადი. იგი თანდათან გადაიქცა ოცნების ადამიანად, თანვე,  ამან უფრო შესაგრძნობი გახდა რეალობასა და ოცნებას შორის ზღვარი. იულონ ბატონიშვილი იქცა ღვთაებრივის, მიუწვდომელის სინონიმად. მასთან დაკავშირებულ თხრობას სწორედ ეს ფუნქცია აქვს, ზედროული დაუპირისპიროს წარმავალს. ზებულონის გონებაში გაღვივება დაიწყო უცხო, მაგრამ მიმზიდველმა ფიქრის მარცვლებმა:  `ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენ იყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა ხალხი, ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე~.

`შურისძიება~, `სიყვარული~, `სიკვდილი~ _ ეს არის კონცეპტუალური სათაურები, რომლებიც გმირის ცხოვრების სამ ეტაპს წარმოაჩენენ. იმავდროულად, ეს სამი სიმბოლოა, ზებულონის სულიერ-მატერიალური სამყაროს ძირითადი საყრდენები. ასე რომ, თხრობა სამი მიმართულებით განიტოტება. ხან შურისძიებაა წინა რიგში, ხან სიყვარული და ხან სიკვდილი. შურისძიების ამბით წარმოჩენილია ზებულონის სულიერ ცხოვრებაში მომხდარი დიდი გარდატეხა. ის თავისდაუნებურად იქცა შურისმაძიებლად. მოკლული მამა `აიძულებს~ მას ამ შურისძიებას (აქ გაიელვებს ჰამლეტისეული შურისძიების მოტივიც, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ შურისძიება `იძულებითია~ და მთლიანად ეწინააღმდეგება გმირის მეს). ასე რომ, შურისძიებას  გამსჭვალავს ცოდვა.  ამ ორი ძლიერი გრძნობის ჭიდილი აყალიბებს ზებულონს, როგორც პიროვნებას.

 ჯემალ ქარჩხაძის, როგორც მთხრობელის, ოსტატობა  ისაა, შექმნას ილუზია, თითქოს სხვადასხვა ეპიზოდს განსხვავებული პერსონაჟები ჰყვებიან. სინამდვილეში ავტორი _ მთხრობელი მესამე პირში წარმოაჩენს ყოველივეს, მაგრამ თხრობის რიტმი, შეფერილობა, ინტონაცია იმდენად იცვლება, რომ მკითხველი შეჰყავს გმირის `ტექსტში~, როგორც მისი აღსარების მსმენელი.

რომანი წრული სტრუქტურისაა, იწყება მთავარი გმირის სიკვდილთან შეხვედრის ეპიზოდით და მთავრდება ამავე გმირის სიკვდილით. არსებითად, ეს ერთი და იგივე ეპიზოდია, სხვადასხვა რაკურსით დახატული, ოღონდ დასაწყისში მკითხველი შესცქერის მისთვის უცნობი ადამიანის სულის ამოსვლას, ბოლოში კარგად ნაცნობის აღსასრულს. მწერალი გარკვეულ ფრაზებს თავსა და ბოლოში იმეორებს და ამგვარადაც ადუღაბებს რომანის მთლიანობას.  აქ არის გადაძახილი რომანტიზმის იდეალებთან, რადგან ჯემალ ქარჩხაძე სიკვდილს ხატავს, როგორც ცისფერს. გმირი  აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრში შენიშნავს მისკენ მსუბუქად მოლივლივე ცისფერ სიკვდილს, რომელიც ჭრელ მინდორზე დაეშვება და მისკენ გამოეშურება. ქართულსა თუ უცხოურ ლიტერატურაში სიკვდილის ათასგვარი სახეა დახატული, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ასეთი თბილი ტონებით დახატულს, ნატიფი, ნაზი მონასმებით შესრულებულს. სიკვდილთან დაკავშირებული ამგვარი პოეტური განცდა მოულოდნელობის ეფექტს ქმნის და გარკვეულ დაძაბულობას მატებს თხრობას. სიკვდილთან ამგვარი შეხვედრა ეხმიანება სულის უკვდავების რწმენას. იმისათვის, რომ სულისა და ხორცის გაყრის ჰარმონიულობა წარმოაჩინოს, მწერალი სიკვდილის სიფაქიზეს უსვამს ხაზს: `ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა~. თხრობაში მთლიანად Eშემოიჭრება ცისფერი და ყველაფერს გადაფარავს. ეს `პირველად ქმნილი ფერი~ (ნიკოლოზ ბარათაშვილი) გმირს სიმშვიდეს მოუტანს და ამ ფერში გამოჩნდება მთელი მისი ცხოვრება, რომელიც სავსე იყო უამრავი, სწორედაც რომ შავი, სიკვდილით, მაგრამ ახლა `სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა~. რომანის ამგვარი დასაწყისი არის ერთგვარი მუსიკალური პრელუდია. სახეთა ფერწერულობა, სტრიქონთა შეფარული, მაგრამ საგრძნობი რიტმი ამძაფრებს მელოდიურობას. ამგვარი მუსიკალურობის განცდა არ ტოვებს მკითხველს მთელი რომანის განმავლობაში.

თხრობის ძირითადი ნაწილში მწერალი ქმნის დროის ვერტიკალურ ჭრილს და მასზე განალაგებს მოვლენებს. მკითხველი ჩაღრმავდება პერსონაჟის წარსულში, რათა გაიაზროს, რატომ არის გმირის `საკუთარი სიკვდილი~ ცისფერი, რა გზა გაიარა მან, რომ მწერალმა ამგვარი სიკვდილით `დააჯილდოვა~. თხრობაში შემოიჭრება `ჭვრეტა~, `განათება~, `გასხივოსნება~ _ გრიგოლ რობაქიძე ამას გზნებასა  და ექსტაზს უწოდებდა.  ამგვარი უნარით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ზებულონი. ამ შემთხვევაში, მწერალი გმირის სახის გამოსაკვეთად ტრადიციულ ხერხს იყენებს, იგი სხვათაგან განსხვავებული ბავშვია, ყველასგან განრიდებული, განმარტოებული, თავის ფიქრებსა და ოცნებებში ჩაძირული. რა ელის ამ სიწმინდეს ცხოვრებაში? გაუძლებს თუ არა ცხოვრების მღვრიე ტალღების შემოტევას? ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს მკითხველს და რომანიც ამის მცდელობაა, წარმოაჩინოს ამქვეყნიური ცოდვა-მადლის ჭიდილი.

მწერალი თავისი პოეტური სულის გმირს პოეტური სახელის სოფელში დაასახლებს _ წყაროსთვალში, რომელიც თითქოს  მიწიერი სამოთხესავითაა. ზებულონი იზრდება და ადამივით `სახელებს არქმევს~ საგნებს, ე. ი. შეიმეცნებს სამყაროს. იგი მშობლების ერთადერთი ვაჟი, და-ძმები დაბადების პირველ კვირასვე დაეხოცნენ. ამით თითქოს ხაზი ესმება მის გამორჩეულობას, რომ მან ცხოვრებაში რაღაც მძიმე უნდა იტვირთოს, მსხვერპლად იქცეს.  მწერალი ხაზს უსვამს ზებულონის განმარტოებისკენ მიდრეკილებას. ის შინაგან სამყაროსა და ბუნებას იყო მიყურადებული. `როდესაც ერთხელ ყური მოჰკრა, ალიონზე, სინათლისა და სიბნელის შეხვედრის ჟამს, მდინარე წამითY შედგებაო, ამ უჩვეულო ამბის სანახავად სამჯერ უთენია გაიპარა სახლიდან, მართალია ვერც ერთხელ დამდგარი მდინარე ვერ ნახა, მაგრამ ნახვის მოლოდინი სამივეჯერ ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ამაფორიაქებელი და ჟრუანტელისმომგვრელი, რომლის  მსგავსსაც ტოლ-ამხანაგებში ყოფნა ვერ მიანიჭებდა~. მას აქვს უნარი ბუნებასთან შერწყმისა, გარდასახვისა. ერთხელ, საყვარელ მუხნარში განმარტოებულმა, სწორედ ამგვარი ექსტაზი განიცადა,  იგრძნო, რომ თვითონაც მუხად იქცა და აღმოაჩინა: `მუხა მიწის ტყვე იყო! მიწა ბორკილებივით შემოჰკვროდა ფესვებზე და გასაქანს არა ძლევდა. მუხას  მოძრაობა უნდოდა და დაბმული იყო. საცა დაიბადა, იქ უნდა მომკვდარიყო და უცხო მინდორთა სილამაზეს ვერასოდეს იხილავდა~. სწორედ ამ დროს დაიბადა ზებულონის გულში სოფლიდან წასვლისა და უცხო სანახების მოხილვის წყურვილი. ზღაპრები, ლეგენდებით იკვებება მისი სული, ამიტომაც ყველაფერს რომანტიკული საბურველი აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მშობლიური მიწის სიყვარულის ახალი რაკურსით დახატვა. ყველასთვის ცნობილია გალაკტიონისეული ცვრიან ბალახზე გავლის  განცდა. ჯემალ ქარჩხაძის ზებულონს კი წვიმის შემდეგ რბილ ტალახში ფეხშიშველი სიარული უყვარდა. არის თუ არა დაპირისპირება კრიალა, სუფთა  ნამიან ბალახსა და შავ, ჭუჭყისფერ ტალახს შორის? არა, უბრალოდ, მიწის შეგრძნება ახალი ნიუანსითაა გამდიდრებული: `ნელთბილი და თოთო მიწა რომ ნესტიანი ენით მოელამუნებოდა და ტერფებზე საამო არტახებად შემოეკვროდა, ის უცხო და უსახელო, აუხსნელი განცდა გულში ნიაღვარივით შემოვარდებოდა, მერე ყოველ მხარეს გაიფანტებოდა, სისხლს შეერეოდა და მთელ სხეულს ტკბილი, მომთენთავი ნეტარებით ავსებდა~. მწერალი ვრცლად მოგვითხრობს, რას განიცდის გმირი რბილ და თბილ ტალახთან შეხებისას. ამგვარად იქმნება საოცარი ესთეტიკური ხატი, ტალახი განიწმინდება, ჩამოშორებს ჩვეულ შინაარსს და ახალი ემოციით  იტვირთება. ამგვარად, იგი განცდის ინტენსივობით ცვრიანი ბალახის სილამაზეს ეთანაბრება.  ზებულონის სულის სიფაქიზე წარმოჩნდება ამგვარი შეგრძნებებისას. საგულისხმოა კიდევ ერთი შტრიხი მისი ხასიათის გასააზრებლად: მას  ერთგულ მეგობრებადაც ადამიანები კი არა, ორი ძაღლი: ბროლია და ლომია ჰყავს. მისი სულის წარმოსაჩენად მწერალი ერთ დეტალს გამოკვეთს. ყმაწვილი ზებულონი თანატოლებივით ოცნებობს მტერთან ბრძოლაზე, მომხვდურთა დახოცვაზე, მაგრამ წარმოდგენაშიც კი არასოდეს კლავს ვინმეს. წარმოსახვა სწორედ იქ ებინდება, როდესაც ვინმეს პირისპირ დგას და მახვილს უღერებს. ეს პასაჟი კონტრასტს შექმნის შემდგომ მოვლენებთან, როდესაც ზებულონი უამრავს გაუჩეხს ხმლით თავს, სინანულისა და სიბრალულის გარეშე.

მწერალი რომანში ხატავს წინააღმდეგობას იდეალისკენ სწრაფვის გზაზე. ზებულონის სოფელში იულონ ბატონიშვილი გამითებულია. მის შესახებ თხრობისას იყენებენ თურმეობით ფორმას. მასზე ზღაპარივით ჰყვებიან, მაგრამ თუ  დანარჩენი გმირები ზღაპრის თავგადასავალს იმით ამთავრებენ, რომ მეფეები ხდებიან, იოველმა, უფლის ანგელოზის კარნახით,  უარი თქვა ხელმწიფებაზე. ეს იყო გაუგონარი და საოცარი რამ. მან, მეფის უფროსმა ვაჟმა, ტახტი უმცროსს დაუთმო: `ამგვარი კაცის ადგილი მხოლოდ ზღაპარშია, ჭაბუკებთან და მზეჭაბუკებთან, დევებთან და გველეშაპებთან, ფასკუნჯებთან და კუდიან დედაბრებთან~. იოველს თურმე ბევრი უმოგზაურია, ენები შეუსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულს კი მაღალი მთის წვერზე ტაძარი აუგია და სასწავლებელი გაუმართავს. აი, ამ ტაძრის ხილვა იქცა ზებულონის ოცნებად. მერე ისე მოხდა, რომ მათ სოფელში სტუმრად მოსულმა იოველმა ზებულონი გამოარჩია და მის მშობლებს სთხოვა, ორიოდ თვეში მასთან გაეგზავნათ, რათა წერა-კითხვა ესწავლებინა და მერე ზებულონს სხვაგანაც დაენთო სწავლის ლამპარი, თან პატარა წიგნი _ ხელნაწერი სახარება აჩუქა. იოველის სახეში ერის  განმანათლელი ილია ჭავჭავაძე ირეკლება. მის საუბარშიც ილიასეული თვალსაზრისები მოჩანს.  ზებულონსაც აქვს იდეალი, იულონ ბატონიშვილთან მიმსგავსება, მაგრამ ამ გზაზე ცხოვრება გადაეღობება და ეს იდეალი დროდადრო ხან იკარგება, ხან წარმოჩნდება.

მთელი რომანი ამ იდეალისკენ ზიგზაგურ სვლას აღწერს.  საბოლოოდ კი, ეს გზა ზებულონის სულიერი სიღრმეებისკენ მიიმართება. ამის შემდეგ თხრობაში ახალი ნაკადები ჩნდება, რომელთაც წარმართავს წიგნიერ ცხოვრებაზე ოცნება, თუმცა ტაძრისკენ სწრაფვა ბოლომდე განუხორციელებელი დარჩება. ცხოვრების წიგნს კი წაიკითხავს ზებულონი, მაგრამ ადამიანთა დაწერილს კი – ვერა. რომანის მდინარებას მწერალი არღვევს უცხოს შემოჭრით.  უცხო სოფლის განაპირას მცხოვრები, საიდანღაც გამოხიზნული უჟმური ოჯახია, რომლის ერთი წევრი ზებულონს მამას, ცალთვალა ისახარს მოუკლავს.  ზებულონი ამ დროს აღმოაჩენს ცხოვრების საზრისს, აქამდე უცნობ ჭეშმარიტებას, ერთგვარ `ზნეობრივ კანონს~. ეს არის გარკვეულ მოვალეობათა აღსრულების ტვირთი. ხშირად იმგვარი მოვალეობებისაც, რომლებიც გმირის მეს, მის სულიერ სამყაროს ეწინააღმდეგებიან. თხრობაში შემოიჭრება ახალი, საშიში, ხმაურიანი მოტივი. ეს არის საშინელი  ცოდვა, რომელიც ზებულონმა უნდა ჩაიდინოს. ცოდვა თითქოს თვითონვე  წარმართვს მოვლენათა განვითარების დინამიკას. მთელი სოფელი და ოჯახი უთქმელად აღძრავს ყმაწვილ ზებულონს შურისძიებისთვის. ზებულონი თითქოს რაღაც საშინელი ძალის მორჩილია. იგი ამოქოლავს იმ ხვრელს, რომელშიც  მამამისის  მკვლელთა ჩვილბავშვებიანი ოჯახი იმალება.  ეს არის საწყისი წერტილი, საიდანაც განიტოტება რთული გზა ნამდვილი ცხოვრებისკენ. შურისძიების აღსრულების შემდეგ ზებულონს სამი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა. მწერალი ამ დეტალით მიანიშნებს, რომ ამ სამ დღეში ცოდვის ნაყოფი _ ახალი ზებულონი დაიბადა, რომელსაც ჩადენილმა ცოდვამ იდეალისკენ გზა გადაუკეტა. ეს ახალი ზებულონი მატერიალური ცხოვრების ორომტრიალისთვის არის მზად _ სისხლის საღვრელად და ცოდვის მორევში დასანთქმელად.  ამის შემდეგ მის გარშემო შიში და სისასტიკის მოლოდინი ისადგურებს. ხალხი როგორც ურჩხულს, ისე ერიდება, ერთგულმა ძაღლებმაც კი მიატოვეს. ზებულონი კვლავ მარტოა მთელი სამყაროს პირისპირ. სოფელში ხმა დაირხა, ღამღამობით ქაჯები და ავი სულები დაუდიანო. ზებულონი გრძნობდა, რომ `სხვა კაცი გახდა, კი არ გარდაიქმნა  და იმისგან კი არ აღმოცენდა, რაც ქამდე არსებობდა, როგორც ფესვიდან აღმოცენდება მცენარე,  არამედ სულ მოსწყდა ფესვს და ცალკე მცენარედ იქცა. სამაგიეროდ, სულში დარჩა იმ ფესვის მარადიული, მტკივნეული, მახრჩობელა ნატვრა“. იოველ ბატონიშვილისკენ მიმავალს ესიზმრა, რომ მცველმა არათუ შეუშვა მასთან, ეჭვიც კი შეიტანა: `ამ ავაზაკს ჭაბუკი ზებულონი მოუკლავს და გაუძარცვავს, სახელიც კი წაურთმევიაო~. ზებულონს მხოლოდ იოველის ნაჩუქარი სახარება დააქვს ავგაროზივით. ეს პატარა წიგნი სიმბოლურად განასახიერებს მისი სულის შეურყვნელ ნაწილს, ნაპერწკალივით მბჟუტავს და დიდ ცეცხლად გადაქცევის მომლოდინეს.

სიყვარული ზებულონში ახალ ენერგიას აღვიძებს. იოველისკენ სწრაფვა, როგორც იდეალიკენ, ტრანსფორმირდება ნესტანისკენ სწრაფვაში. საგულისხმოა ისიც, რომ ზებულონი პირველად როცა მოჰკრავს პატარა გოგონას, ნესტანს, თვალს, ის მაგიდაზე თავდახრილი წიგნს კითხულობს. ამჯერადაც კვლავ წიგნია ხიდი უფლისკენ მიმავალ გზაზე, სიყვარულით განათებულზე. ზებულონს ეს წიგნი, ე.ი. წერა-კითხვის შესწავლა, სიკვდილამდე მიუწვდომელ იდეალად დარჩება, სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. იდეალი არ უნდა განსხეულდეს, მას არც არაფერი არ უნდა ჩაენაცვლოს, მაშინ შეეძლება ადამიანს ამ იდეალის ერთგულება და მაშინ დაჯილდოვდება ცისფერი სიკვდილით.  მწერალს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ დაურქმევია მშვენიერი ქალწულისთვის ეს სახელი. ის განსახიერებაა, მართლაც, იდეალისა, რომელსაც დიდი ძალისხმევით სჭირდება მოპოვება და დაცვა. ნესტანთან ურთიერთობაში ზებულონის სულში სწორედ ის შეურყვნელი ნაპერწკალი გაღვივდება: `ზებულონი თვალგაშტერებით შესცქეროდა წინ მიმავალ ნესტანს და  მის არსებაში ვიღაც, ვინც ზებულონიც იყო და და არც იყო ზებულონი, მძაფრად, ლოცვასავით ნატრობდა, ყველაფერი გამქრალიყო, მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ ეს ჭალა დარჩენილიყო და ეს მდინარე. მუდამ ასე ევლო ამ ჭალაში ნესტანს ზებულონის წინ და მუდამ ასე ეცქირა ზებულონს ნესტანისთვის~. ამ გზაზე ზებულონი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრად იქცევა,  ხმალჩაუგებელ ვაჟკაცად. ქართლის მეფე მანუჩარის გვერდით რომ დააყენებს განგება და მასთან ერთად ქვეყნის დასაცავად აბრძოლებს. მწერალი რომანს ახლ კონტექსტში წარმოაჩენს. ეს არის შავბნელი ხანა საქართველოს ისტორიისა, დაშლილ-დაქუცმაცებული ქვეყანა, შინაომები, ათასგვარი მტერი. ზებულონი მთლიანად გადაეშვა ცხოვრების შუაგულში, რომელიც მისგან ამჯერად მტრის უმოწყალო დახოცვას მოითხოვდა. ის კვლავაც იარაღი იყო ბედისწერის ხელში: `როცა ერთიანად ხმლად და ბრძოლად იყო ქცეული, იმ დროს არ იცოდა, რომ თათარი, რომელსაც გამეტებით  უქნევდა ხმალს, ადამიანი იყო, სულიერი, თვითონაც სიცოცხლე უნდოდა და ხმალი რო ხვდებოდა, სტკიოდა~. სიკვდილს მიესწრაფვოდა თვითონაც, მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა მის სულში, სიცოცხლის სიყვარულს ბრძოლა ბადებდა.

მტრის დაუნდობლად მოკვლისა და შებრალების  მოტივები რომანში ერთმანეთს გადაკვეთს და აქაც ერთმანეთს ხვდება ცოდვა და მადლი.  ერთ ეპიზოდში ზებულონი ტყვედ ჩაგდებულ ლეკ ყმაწვილს რომ ჩახედავს თვალებში, შეშფოთდება, მართალია, თანამებრძოლებს დაუბარებს, ყველაფერს რომ ათქმევინებთ, მერე რაც გინდათ, ის უყავით, გინდა მოკალით და გინდა ცოცხლად გაუშვითო, მაგრამ ვეღარ მოისვენებს, ნატრობს, რომ ამხანაგებმა გაუშვან და დიდი ხნის მერე, როცა კვლავ მოიკითხავს და პასუხად მიიღებს, გავუშვითო, შვებით ამოისუნთქავს.

მწერალს ზებულონი ცხოვრების დახლართულ  გზებზე დაჰყავს ფიზიკურად და ათასგვარ ხიფათს შეახვედრებს, მაგრამ მთავარი მისი სულიერი გზებია. როგორც აღვნიშნეთ, რომანი პირობითად ისტორიულ თემაზეა, მაგრამ, ჯემალ ქარჩხაძეს როგორც ჩვევია, მას ისტორია აინტერესებს არა მომხდარი მოვლენების თვალსაზრისით, არამედ იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის გადმოსახედიდან (ამგვარი ორიგინალური რაკურსის მაგალითია `რაჰათ-ლუხუმი~, რომელშიც მტერი ჰყვება თევდორე მღვდლის გმირობის ამბავს). ასე რომ, რომანში აღწერილი ისტორიული მოვლენები ერთგვარი პარადიგმებია, რომლებიც ხშირად მეორდებიან საქართველოს ისტორიაში. აქაც `დრო ავი იყო, ქვეყანა გავერანებული~. ამჯერად, უბრალო აზნაურის, ზებულონის, თავგადასავალია მოთხრობილი მოდელირებულ ისტორიულ ფონზე. ეს არის მძიმე  ხანა საქართველოსთვის. ზებულონი უნებურად მოექცევა მოვლენათა შუაგულში, მაგრამ მწერლისთვის მთავარია მისი ზნეობრივი ცვლილებები. რომანში სხვა პერსონაჟებიც შემოიჭრებიან თავიანთი განსხვავებული ხმებით. ესენია: მანუჩარ ბატონიშვილი, ბექა ამილახვარი, ნესტანი,  იესე ერისთავი. რომანში მრავლად იხატებიან ქვეყნის ერთგულნიც და მოღალატენიც, მაგრამ ისე, რომ მთავარი პერსონაჟის, ზებულონის, ხმა არსად არ იჩრდილება.

განსაკუთრებულ ყურდღებას იქცევს კათალიკოსის სახე. ეს არის ამაღლებულის  შემოჭრა რომანში. როცა რწმენაშეცვლილი ისკანდერი ირანის მხარდაჭერით დაჯდა სამეფო ტახტზე, ქართლის კათალიკოსმა ჯერ საჯაროდ შეაჩვენა მაჰმადიანი მეფე, მერე კათალიკოსის ძვირფასი სამოსი შემოიძარცვა, ჯვალოს კაბა ჩაიცვა, ხელში რკინის ჯვარი დაიჭირა და სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული: `ქადაგად დაცემული ყველა ქრისტიანს, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, გულმხურვალედ მოუწოდებდა, ხელი გამოეღო, რათა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ურჯულოთაგან  ეხსნათ და თუ ვერ იხსნიდნენ, ნამუსიანად დახოცილიყვნენ~. რომანში განსაკუთრებით შთამბეჭდავია  ერთი ეპიზოდი. ტყეში გახიზნულ კათალიკოსთან ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში თავშეფარებულ ზებულონს დაევალა, ეთვალთვალა და ამოეცნო აქ ამოსული მოღალატე თავადი. ზებულონმა დავალებას თავი ჩვეული მოხერხებულობით გაართვა, მაგრამ ის სახეზე არ იცნობდა თავადებს. მოულოდნელად ეკლესიაში კათალიკოსი გამოჩნდა, რომელმაც მიმალული ზებულონის გასაგებად ხმამაღლა სახელით მიმართა მისთვის ნაცნობ მოღალატეს. ზებულონის თვალწინ მოკლეს კათალიკოსი. ეს იყო საოცარი თავგანწირვა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა, რომელმაც საკუთარი სისხლით დაამოწმა თავისივე ნაქადაგევი. იგი ასე არიგებდა ზებულონს: `გათათრება ეგრე იოლი არ არის. ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა. გულში გვიან აღწევს~. რა თქმა უნდა, გათათრებაც ერთგვარი სიმბოლოა და იგი, ზოგადად, ერის გადაგვარებას გულისხმობს.

ცხოვრებანაგემი ზებულონი შემეცნების ახალ საფეხურზე სიკვდილს გაიაზრებს, როგორც უჩვეულო სიცოცხლის დასაწყისს, ამიტომაც ბრუნდება მშობლიურ სოფელ წყაროსთვალში: `მიხვდა, რომ ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, ისევე როგორც სიცოცხლის ძებნა ამო ყოფილა~. ზებულონი თავის მიწას უბრუნდება ნამდვილი სიკვდილისა და ნამდვილი ზებულონის საძებნელად. მან ცხოვრების აღმართ-დაღმართებზე ხეტიალისას კიდევ ერთი ჭეშმარიტება აღმოაჩინა: `სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი~. სიმბოლურია, რომ მას მოღალატის ისარი ზურგში მშობელთა საფლავზე წამოეწევა და `ზებულონი მიხვდა: `სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა~, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა. როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა~.

   ეკოსოფელი – უოლტ დისნეის „აზროვნების სკამის“ გამოყენებით

0

დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა უოლტ დისნეის „აზროვნების სკამის“ გამოყენება. გეოგრაფები თემების ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ ამ სტრატეგიისთვის რაღაც ახალი თემა მინდოდა. ვიპოვე და მინდა გაგიზიაროთ. ეს ეკოსოფელია.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს სტრატეგია? საერთოდ რატომ უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა სტრატეგიები? უფრო მარტივი გზაც ხომ არსებობს?  სახელმძღვანელოში არსებული თემა ახსენი და შემდეგ გაკვეთილზე გამოიკითხე. ასეთ განათლების სისტემას დღეს ბევრი „მისტირის“. რა საჭიროა ანალიზის უნარის განვითარება? რა საჭიროა დასკვნების გამოტანა?

ნებისმიერი სტრატეგია გულისხმობს მრავალ ალტერნატივას შორის არჩევნის გაკეთებას.

მსოფლიოს წამყვანი საწარმოების მენეჯერთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართვის ყველაზე ეფექტიან და პოპულარულ ინსტრუმენტს კვლავ სტრატეგიული დაგეგმვა წარმოადგენს.

სტრატეგია იბადება ორიგინალური იდეის საფუძველზე. მაგალითად, ჰ. ფორდის იდეა მანქანების აწყობასთან დაკავშირებით ან უ. დისნეის ანიმაციური ფილმები. შესაბამისად, სტრატეგიის ძირითადი მახასიათებელია უნიკალურობა. ოპერაციული ეფექტიანობა მსგავსი საქმიანობის კონკურენტებზე უკეთ შესრულებას ნიშნავს. ამის საპირისპიროდ, სტრატეგია გულისხმობს კონკურენტებისგან განსხვავებულ ქმედებებს ან მსგავს საქმიანობას, მაგრამ სხვა გზებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი შეიძლება გადმოვცეთ ორი სიტყვით – „იყავი განსხვავებული“. აი, რატომ უნდა ვასწავლოთ განსხვავებულად.

 1998 წელს გაერო-მ ეკოსოფლების შექმნა მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი არსებობის 100 საუკეთესო მეთოდებს შორის დაასახელა.

ამ თემის განხილვა გონებრივი იერიშით იწყება.

ek

იდეების გადარჩევის (იდეების გენერაცია) შემდეგ როლური თამაში იწყება. მეოცნებეები წარმოადგენენ, როგორი უნდა იყოს ეკოსოფელი, რა უნდა გააკეთონ, რა ვადაში და რატომ? ნამუშევრის წარმოდგენის ფორმას თავად შეარჩევენ.

შემდეგ ჩაერთვებიან: კრიტიკოსები“, რომლებიც გააკრიტეკებენ, შეაფასებენ მეოცნებეების იდეებს. ისინი უპასუხებენ კითხვებს: რა არის ეკოსოფელში სასიკეთო? რა არასასურველი? რამ შეიძლება შეუშალოს ხელი იდეის რეალიზებას? რა აქვს ამ იდეას სუსტი მხარე? და ა.შ.

„რეალისტები“ კი მიიღებენ ყველაზე რეალისტურ გადაწყვეტილებას. დასახავენ ოცნების განხორციელების გზებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ რეალურად ავაშენოთ ეკოსოფელი?

ჩემი აზრით, ამ თამაშის დროს SWOT ანალიზი გარკვეულწილად რეფლექსიის ფაზაზე გამოგვადგება. რადგან SWOT ანალიზის ჩასატარებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

როგორია ეკოსოფლის ძლიერი მხარეები?

როგორია ეკოსოფლის სუსტი მხარეები?

რა შესაძლებლობები იქმნება მომავალში ეკოსოფლისთვის?

რა საფრთხეებმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი დასახული მიზნების მიღწევაში?

გთავაზობთ ტექსტს ეკოსოფლის თემის განხილვისთვის:

 მსოფლიოში ათასობით ეკოსოფელია, რომლებიც ავითარებენ და ხვეწენ სოციალურ და ეკოლოგიურ ინსტრუმენტებს ალტერნატიულ ეკონომიკურ მოდელებს, აგროკულტურის მეთოდებს, ენერგიის განახლებად სისტემებს, განათლების ალტერნატიულ საშუალებებს. გვთავაზობენ რეალურ ცხოვრებაში პლანეტაზე კაცობრიობის ჰუმანური თანაარსებობის დადებით ხედვას.

   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ეკოდასახლებები ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიურ-თემატური თვალსაზრისით სულ სხვადასხვა სტრუქტურისაა – ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ-აგრარული, ეკოლოგიურ-სოციალური (უპატრონო ბავშვების), ეკოლოგიურ-რელიგიური, ხელოვნების და სხვა.

ეკოსოფელი არის დასახლება საკუთარი მორალური კოდექსით, რომელიც განაპირობებს მცხოვრებთა შორის კეთილგანწყობას, საზიაროს ხდის ჭირსაც და ლხინსაც.

სოფლის თითოეულ მცხოვრებს გააჩნია იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გავლენა იქონიოს  სოფლის განვითარებაზე და თავის ცოდნას, გამოცდილებას და ფიზიკურ შესაძლებლობებს არ იშურებს ამისათვის.

სოფლის მცხოვრებნი თავს თვლიან ბუნების ნაწილად და გარემოს მიმართ ზრუნვით არიან განმსჭვალულნი, მათი ცხოვრება და საქმიანობა ბუნებასთან ჰარმონიაშია.

სოფელში დამკვიდრებულია ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველია.

კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, დადებითი ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება სოფლის ღირსების საქმედ ითვლება.

სოფლის მცხოვრებნი სამეურნეო საქმიანობაში ავითარებენ იმ მიმართულებებს, იყენებენ იმ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს სოფლის არსებობასა და განვითარებას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

ეკოსოფელში ცხოვრება და დასაქმება შეუძლია ნებისმიერ თანამოაზრეს, სპეციალისტს, მეცნიერს, რომელთა იდეები, გამოგონებები, კვალიფიკაცია ქართულ სოფელს, საზოგადოებას, ზოგადად ქვეყანას წაადგება.

    ეკოსოფელში ცხოვრებისა და საქმიანობის მსურველის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია წაყენებული.

  ეკოსოფელი გააერთიანებს საგანმანათლებლო ცენტრს, საცხოვრებელ ზონას, ტურისტულ ზონას, სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო რგოლებს, ინოვაციების ცენტრს (ტექნოპარკს), ეკოსამშენებლო საწარმოს,  სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, ტბას,  ტყე-პარკს და სხვა.

ეკოსოფელში აგროტურიზმი განსაკუთრებულად მიმზიდველია. საშუალოდ სოფელში ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი იღებს გარკვეულ ცოდნას. გასაცნობად და დასასვენებლად რამდენიმე ათასი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს ეკოსოფელს.

    ეკოსოფლის მიმდებარე ტრადიციული სოფლები ჩართულნი არიან ეკოსოფლის ინფრასტრუქტურაში. აქ ხდება ტრადიციული სოფლის მოდელირება თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

ეკოსოფელში შეიძლება წაიმუშაო ბოსტანში ან რომელიმე სახელოსნოში (თიხის ან ხალიჩების საქსოვ საამქროში, სამჭედლოში), შეიძლება ცხვრის მატყლისგან ქსოვილი თავად გააკეთო და გლეხური ჩასაცმელიც თავადვე შეკერო; შეიძლება მომწყემსო თხები და ძროხები, მოწველო საქონელი, ამოიყვანო ყველი.

ეკოსოფელი ნორვეგიაში

eko

კეიპ-ტაუნში (სარ) მდიდრული ეკოლოგიურად სუფთა სოფელი გაშენდება, სადაც ავტომობილები არ იქნება.

პროექტი, რომელიც აფრიკის კონტინენტზე პირველი იქნება, არქიტექტურულმა კომპანია  Swisatec-მა მოამზადა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 1 000 საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო ცენტრების, სპა-სალონების, მაღაზიების, სკოლების და რესტორნების აშენება.

ავტომობილების რაოდენობა მთავარ გზაზეც შეიზღუდება. პროექტის ფარგლებში, ეკოსოფელში პრიორიტეტი იქნება ელექტროენერგიის დაზოგვა – როგორც ენერგიის განახლებადი წყაროების, ასევე დიოდური ნათურებისა და წყლის რესურსების მართვის სისტემის გამოყენებით.

eko1

ეკოსოფლის მშენებლობას ბელგიელი არქიტექტორი წყლის ქვეშაც აპირებს.

იგი ორიგინალური სოფლის ასაშენებლად ოკეანეში გადამუშავებულ პოლიეთილენს გამოიყენებს. მისი გეგმა მოიცავს 1000 მეტრის ფუტურისტულ კონსტრუქციებს წყალში.

ეკოსოფელს მედუზის ერთ-ერთი სახეობის სახელი Aequorea დაერქმება.

ეკოსოფლის კონცეფცია მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური კატასტროფიდან გამომდინარე გაჩნდა, რაც საფრთხეს უქმნის წყალქვეშა სამყაროს. არქიტექტორის თქმით, ოკეანეების გაწმენდა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება დღესდღეობით განსაკუთრებით აუცილებელია.

საქართველოში ეკოსოფლების შესაქმნელად გარკვეული პოზიტიური წინაპირობები არსებობს:

გარემოს, საცხოვრებლების, სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით ეკოლოგიურად სუფთა სოფლების არსებობა;

საკმაოდ აქტიური ეკოლოგიურ-სოციალური ორიენტაციის მესამე სექტორი;

მრავალი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერა ეკოლოგიურ-სოციალური პროექტების განხორციელების საქმეში;

მსოფლიოში შექმნილი კეთილსასურველი ფონი (გლობალურმა კრიზისმა და სხვა კატაკლიზმებმა წინა პლანზე წამოსწია მსოფლიოს მდგრადი განვითარების თემა).

საქართველოში ეკოსოფლების შექმნის იდეა კარგა ხანია ტრიალებს. ათ წელზე მეტი ხნის წინ ეს თემა აქტიურად წამოსწია არასამთავრობო ორგანიზაციამ “კავკასიის ეკოლოგიურ-სათემო მოძრაობის ცენტრი”. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოეწყო ექსპედიციები, შეირჩა ეკოსოფლების ადგილები. ზოგადად სოფლის განვითარების თუ კონკრეტული ეკოსოფლის შექმნის მიზნით მრავალგზის მოხდა ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე პროექტის წარდგინება, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში დიალოგი სრულდებოდა უარით, ვინაიდან არ არსებობდა საამისო სახსრები.

ცალკეულ მოქალაქეთა კერძო ინიციატივით არის ეკოსოფლების შექმნის მცდელობა…

მდგრადი ეკოსოფლების შექმნისა და განვითარების მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას სამოდელო, სანიმუშო ეკოსოფლები, რომლებიც მაგალითის მიმცემი იქნება სხვა სოფლებისათვის საბაზო ცენტრები სათანადო ცოდნის გასავრცელებლად. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საქართველოს სოფლების ეკოლოგიზაცია.

დაბრუნება მომსახურების ზონაში

0

ადრე, შაბათ-კვირის ბებია მერქვა. ახლა მაგ ზონიდანაც გავედი. გამონათებასავით არის ის შაბათ-კვირა, ჩემი გოგნებისთვის რომ ვიცლი. აი, გამოანათა. ჩაიარა საუზმემ (შუადღისას). ერთი ტელეფონს ჩასცქერის, მეორე – კომპიუტერს.

გავდივარ, გამოვდივარ, ვაფრქვევ რეპლიკებს: ადექით! ამოძრავდით! ჰაერი ჩაყლაპეთ! მზეს დაენახეთ!  მოეშვით ეკრანებს! ერთს აშკარად ყურსასმენები უკეთია და არც ესმის,  მეორე მძიმედ წამოიწია, სავარძელზე გადაინაცვლა. ახლა ,,ონლაინგოგოს“ კითხულობს დაწაფებით.

უკვე მერამდენედ ვიქადნები, რომ უნდა წავიკითხო ეს წიგნები. ჯერ  ერთი-ორ  შესავალსა და ,,გადავფურცლე, თვალი გადავკარის“ ვერ გავცდი. რამდენიმემ  მართლა დამაინტერესა, მაგრამ… ბოლო ხანებში გიორგი კეკელიძის გარდა, საერთო ავტორი არ გვყავს.

გადის საათები, ისევ ეკრანებთან არიან. დამოძღვრისთვის ვემზადები. დაილოცოს საოჯახო საქმე, აკეთე და თან იფიქრე რამდენიც გინდა! რა ვქნა, წამოვიწყო? დახეულ ჯინსებზე ლაპარაკი შემრჩა. თმების აპარსვაზე, აგრეთვე… რას გავხდებოდი, დედა მაგალითს აძლევდა. ამასობაში შევეჩვიე. იყოს დახეული, თმასაც რა ჭკუა აქვს? არა, ეს ბევრად სერიოზული საკითხია, უნდა ვიბრძოლო. ვალაგებ მონოლოგს, თითო სიტყვას ვარჩევ. არ ვიყო ძველმოდური (წვეტიანი საყელოსავით, თუმცა მგონი, ეს ისევ მობრუნდა), ვილაპარაკო შთამბეჭდავად, დამაჯერებლად და, რაც მთავარია, არაფერი ვაწყენინო!

უთოზე კარგად წამომივიდა აზრები, სცენარს ვჭრი და ვკერავ:

– იცით, რომ სტივ ჯობსი თავის შვილებს ეკრანებით სარგებლობის დროს უზღუდავდა? ჯობსზე კარგად ვინ ერკვეოდა ამ ამბებში. ცუდი უნდოდა თავის შვილებისთვის, თუ შესაძლებლობა არ ჰქონდათ?  (პაუზა, ვაცალო გამოპასუხება) ღამით და დასვენების დღეებშიც მათთან აკრძალული იყო ეკრანების გამოყენება. განა მარტო ჯობსი უკრძალავდა? ტექნოლოგიების ,,მამების“ უმრავლესობა თავის შვილებს უმცირებს ინტერნეტში ბოდიალის  დროს. ანდერსონი ხომ იცით? (პაუზა კითხვისათვის ,,ეგ ვიღაა?) არ იცით? ,,3DRobotics“-ის დირექტორი. ხუთი შვილი ჰყავს, ადგა და ,,დევაისი“ (ამ სიტყვით ნამდვილად მოვახდენ შთაბეჭდილებას, მნიშვნელობას კი ვხვდები, მაგრამ რომ ჩამეძიონ რა არისო, ავუხსნი? დასაცინი არ გავიხადო თავი… ვეტყვი, შემოწმებას არ მაკადრებენ…) ისე დააყენა, დღეღამეში ერთ-ორ საათზე მეტი ხნით ვერ ააქტიურებენ თავიანთ ეკრანებს. დედათქვენს და მამათქვენს არ გაუგიათ ეს? ( არა, დედაზე და მამაზე მტკივნეულად რეაგირებენ) ბებო, ამ ადამიანებმა ხომ უფრო მეტი იციან? ეგ პლანშეტები, აიპედები და აიპოდები, ყველაფერი იმიტომ აუკრძალეს თავის შვილებს, რომ დამოკიდებულები არ გახდნენ, არ მიეჯაჭვნონ ეკრანებს… აი, მაგის მეშინია… მერე თქვენი ტვინი აგზნებული რჩება, ვეღარ დაიძინებთ, ცუდ სიზმრებს ნახავთ, აგრესიულები გახდებით (საკმარისია…).

მზად ვარ, საქმეც მოვამთავრე და  დაბეჯითებით გამოვიწვიე გოგონები სასადილოდ. ბებიაჩემი ამბობდა, სადილის წინ ბავშვს არაფერი უნდა უსაყვედურო, მადა დაეკარგებაო… მეც მერე ვაპირებდი.

ახლა აივანზე დავსხდეთ, ჰაერიც ხომ გინდათ-მეთქი? გამომყვნენ, თან ,,ისინიც“ გამოიყოლიეს. დასხდნენ. აივნიდან არაგვის ხეობა მოჩანს. ნაწვიმარია. ჯვრის მონასტერი თითქოს გამოცურდა  ნისლებიდან. მწვანე ხასხასებს, მაგრამ ამას მე ვხედავ, ისინი ისევ ,,იქ“ არიან და დავიწყე… ორი კითხვის ნიშნის შემდეგ თითო ამომხედეს, პაუზა პაუზად დარჩა. ანდერსონზე გადავედი. ,,მაგიტომ შვილები ფაშისტს ეძახიანო“, ამოუხედავად მითხრა უფროსმა. შევცბი, ჩემი წყარო წაკითხული ჰქონია. არ შევიმჩნიე. გავაგრძელე. ,,დევაისებმა“ გაჭრა, ამომხედეს,  ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს… ჯაჭვებიც ვახსენე, მერე მოფერებით გამოვძალე ,,ისინი“და მოშორებით გადავაწყე.

-მოდი, ვილაპარაკოთ, უკვე მიჯაჭვული ხომ არ ხართ, თქვენი ამბები მითხარით, მეც შემონახული ამბავი უნდა მოგიყვეთ დედიკოზე, – დავპირდი.

მძიმე-მძიმედ დავიწყეთ. მერე ტემპმაც და იმატა, ხალისმაც… მომიყვნენ გამოცდების ამბებს, ბათუმის თავსხმაკონცერტის წურწურ-საცოდაობებს, მამცნეს მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრებზე, სახატავ კომპლექტზე, რომელიც უკრაინიდან საჩუქრად მიიღეს… მოკლედ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, მიყვებოდნენ და მიყვებოდნენ. ჯვრის მონასტერიც რა ნისლებშიაო, შენიშნეს. წვიმის შემდეგ ჩიტების ჭიკჭიკიც გაიგეს ყურსასმენისგან გათავისუფლებულებმა და სიყვარულსაც გადაწვდნენ… პატარამ, ერთ ბიჭს ჩემი მეგობარი უყვარსო… უფროსმა, ეგ რა სიყვარულიაო? აბა, რა არის სიყვარული-მეთქი? ბებო, მაგას შენ უნდა გვასწავლიდე და ახლა შეპირებული ამბავი მოგვიყევიო… ეგ მოფიქრებული არ მქონდა, მაგრამ  ექსპრომტად დედიკოს სიყვარულის ამბავი მოვუყევი.

მერე სინონიმობანა ვითამაშეთ, მერე სათაურზე  სიუჟეტის შედგენა, მერე საკუთარ თავზე ნათქვამი სამი წინადადებიდან ერთი ტყუილი აღმოვაჩინეთ, ან ვერ აღმოვაჩინეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ძილის დროც მოვიდა.

მეორე დღეს პოზიციის გამყარებას ვცდილობდი. ,,იმათთან“ მარტო არ ვტოვებდი, ხან საქმეში დახმარება ვთხოვე, ხან წიგნი იკითხეს, აივანზეც ისხდნენ… საღამომდე ერთ საათზე მეტად მართლაც არ ჩაუხედავთ ეკრანებისთვის. ახალი თამაშიც შევთავაზე, რედაქტორობანა: მომავალში კვირას თქვენს პოსტებს ამობეჭდილს დაგახვედრებთ გაასწორეთ-მეთქი. ბებო, ფეისბუქზე ეგრე წერა მოსულაო, არ ამყვნენ… მაინც უნდა ვცადო.

საღამოს დედამ მოაკითხა ჩქარა აიკრიფეთ, წავიდეთ, ,,ინდიგოსთვის“ გაჯეტები მაქვს მოსასწრებიო.

წავიდნენ და დავცარიელდით. ,,ონლაინგოგო“ დამიტოვეს საშინაო დავალებად.

მეც ჩემს გაჯეტს მივუბრუნდი.

 

 

საზაფხულო დავალება

0

ვხვდები, ვხვდები, ჩემო ძვირფასო, როგორი ფაცხაფუცხით ჩაალაგე ჩანთა, წიგნები, რვეულები, კალმები, კიდევ სხვა ნივთები, ზოგი სასწავლო დანიშნულების, ზოგი-პირიქით. მიგეჩქარება, ვიცი, შენს თვალებში უკვე ზღვას ვხედავ, აქოჩრილ ტალღებს, მზიან სანაპიროს, ფერად პირსახოცს, მეგობრებს, ბურთს, ზღვის ველოსიპედს… ან არა, იქნებ ეს ტყის სიღრმეებია, გრილი, იდუმალი, ცამდე აწვდილი ნაძვებით, ფეხქვეშ მოშრაშუნე წიწვებით, ადგილ-ადგილ გამსხლტარი ციყვებით… მოკლედ, ვხედავ, რომ ჩემთან უკვე აღარ ხარ, ცოტაც და თავისუფლების ხანა – არდადეგები დაგეწყება. ვიცი, რომ სულ ტყუილად გაყოვნებ ამ საკლასო ოთახში, დაფასაც წარმოსახვითი წარწერა აქვს – სასწავლო წელი დასრულდა! თავისუფლება!

მე კი ამ დროს რას ვაკეთებ? საზაფხულო დავალების ჩაწერას გთხოვ, წიგნების სიას ვამზეურებ, სავარჯიშოები დაგხვდება თუ თეორიული მასალა? ნეტავ ბევრი იქნება? გართობისთვის დრო დაგრჩება? ცდილობ, გამოიცნო. მესმის შენი, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორ მოვახერხოთ, რომ გართობა ყველაზე სასარგებლო იყოს.

გინდა ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია ჩაგაწერინო? სანამ წიგნებამდე მიხვალ, იმდენი რამის წაკითხვა შეგიძლია ზაფხულში!

წაიკითხე გარემო, სადაც ჩახვალ. ხეები, ცხოველები, ამინდი, ადამიანები და მათი ყოველდღიური საქმიანობა.  თუ სოფელში ჩადიხარ, ზაფხულის სამუშაოები შეისწავლე, დააკვირდი, მოუსმინე, რა ადრე იღვიძებს სოფელი, გარიჟრაჟზე ფრთხილად, ფრთხილად ახმაურდება ხოლმე, რაღაცნაირ, ოდნავ მჟრჟოლავ სიგრილეში გადიან გარეთ, ჯერ საქონელი, მერე ბაღი, მერე მინდორი, ვენახი… წაიკითხე, როგორ ზეპირად იციან პატარა ხბოებმა თავიანთი სახლი, საღამოობით როგორ აგნებენ, როგორ ცხოვრობს ყველა არსება – უმცირესიდან დაწყებული და დიდით დამთავრებული – რაღაცნაირ, საოცრად მოწესრიგებულ კანონზომიერებაში. წაიკითხე ეზოში მოთამაშე ბავშვების თვალები და ტალახიანი მუხლები, მათი ფანტაზია, უშურველობა, სილაღე… წაიკითხე საღამოობით ცხელ, ორთქლადენილ რძის ჭიქაზე შემოჭდობილი თითები და გემრიელი, გემრიელი სოფლის პურის საოცარი სუნი. წაიკითხე სოფლის მდინარე და თევზები, ანკესი, ბადე, მეთევზეების ქუდები, მდინარის ბალახი, კენჭებს შორის, ძალიან იშვიათად გამოცოცებული წყლის გველი, შიში წაიკითხე, შიში და წარმოსახვა, კიდევ პატივისცემა რაღაც უფრო დიდის და იდუმალისადმი, რომელიც ცხოვრობს, იზრდება, ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელს ასე ძალიან ვუშლით. წაიკითხე სოფლის ზღაპრები ბერიკაცების მონათხრობიდან, მოხუცი ქალების სიყვარულის ამბები, მოგონებები, ცხოვრება, გამოცდილებები – ეს საუკეთესო საკითხავია!

ზღვაზე ხარ? აქაც რამდენი რამე გაქვს წასაკითხი. ზღვა დილით და საღამოს, მზის ჩასვლისას. განსაკუთრებით, მისი შრიალი, ტალღების ხმა წაიკითხე, მისი სიგრილე, ცხელი ნაპირიდან რომ ზღვაში შედიხარ ის მსუბუქი, გარდამავალი ელდა წაიკითხე, გულს რომ ოდნავ გიჩქარებს, სიხარულით რომ გავსებს.

წაიკითხე შეყვარებული წყვილების თვალები, ერთმანეთს ტალღებსაც რომ არ აკარებენ, უფრთხილდებიან. პატარა ბავშვების ფრთხილი ბაჯბაჯი ქვებსა და ქვიშაზე, ქვის სროლით დამფრთხალი ტალღების ხმაც წაიკითხე. წაიკითხე თოლიები და ქვიშაში ალაგ-ალაგ ამოსული, უცნაური მცენარეები, ოდნავ წებოვანი, მძაფრი სუნით. ჰორიზონტზე გაელვებული გემების სილუეტები, ზღვაში ჩასული მზე და მისი ალისფერი ნაწერი ზღვის ლივლივა ზედაპირზე.

კიდევ? კიდევ რა წაიკითხო?

შენი ახლობლები  წაიკითხე, მშობლები, მათთან საურთიერთოდ მთელი წლის განმავლობაში ცოტა დრო გქონდა, არც მათ ეცალათ შენთვის, ასეთი რთულია ცხოვრება. ბებია და ბაბუა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ახალი ამბები და ახალი ადამიანები წაიკითხე…

სოფლის თავყრილობები, ზღვის ნაპირების საღამოები, ჰამაკი და ბალახზე გაფენილი პლედი, ან, პლედი საერთოდ რად გინდა, ბალახის სურნელი წაიკითხე. თუ დღეა- ღრუბლების ასომთავრული, თუ ღამეა – ვარსკვლავების ნუსხა-ხუცური. არ დაიჯერო, რომ ვარსკვლავების თვლა არ შეიძლება. დათვალე, სანამ არ მოგწყინდება, თანავარსკვლავედები მოძებნე, დიდი დათვი, კასიოპეა, ირმის ნახტომის მკრთალი შალითაც თუ დაინახე, საერთოდ ძალიან გაგმართლებია.

მერე, შენს ოთახში დასაძინებლად შესული, ფანჯარას რომ ოდნავ შეხსნი,  საბანს რომ მჭიდროდ ამოიკეცავ, ხელს ბალიშის ქვეშ ამოდებ, ხმები წაიკითხე – ჭრიჭინების, ღამის ფრინველების, იქნებ კედელზე ხეთა ჩრდილებიც წაიკითხო, იქაც ძალიან, ძალიან საინტერესო ამბები წერია.

სწორედ ეს არის ჩემი დავალება, წაიკითხე ყველაფერი, რაც შენ გარშემოა! წიგნის წაკითხვას ისეც მოასწრებ!

პროფესია მრჩეველი

0

წამოსვლამდე ძალიან ბევრი აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა-დარიგება მოვისმინე, უმეტესად – შემაშფოთებელი და, ცოტა არ იყოს, ალოგიკურიც:

„ხალხის რა გითხრა, სამაგიეროდ აწყობილ ქვეყანაში იცხოვრებ“;

„ორი წელი დიუსელდორფში ვიცხოვრე, გამაგიჟა მაგათმა ფლეგმამ. მაგრამ დაისვენებ, რა“;

„მანდ სულ სხვანაირად ერთობიან, ზღაპარია. მაგრამ ხალხი“…

„ბიჭები ჰყავთ მაგათ კარგი. გოგოები არაქალურები არიან, კუთხოვანები და შეუფერებლად ახოვანები“;

ბავშვობიდან მეზარება სხვების მოსმენა, რადგან იშვიათად შემხვედრია სხვა ვინმე, ვინც ჩემი ცხოვრების გაუმჯობესება შეეძლო. თანაც, მე თავდაჯერებული ადამიანები არ მიყვარს. ისინი კი, ვინც უშურველ რჩევებს გასცემენ, არასოდეს იბნევიან და უხერხული სიტუაციებისას არც კი წითლდებიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ წამოჰკრან ფეხი ძვირფას ხალიჩას რომელიმე ბრწყინვალე, ბრჭყვიალა წვეულებაზე, წაბორძიკდნენ, დაეცნენ ასე საგანგებოდ გამოწყობილი და წარბი არ შეიხარონ ისე დინჯად, ღირსეულად წამოდგნენ.

ასეთი ადამიანები ჩვეულებრივი, მეგობრული საუბრისასაც კი გარიგებენ. ძალიან ბრძენები არიან, ძალიან. უყვებოდე, რომ დიპლომირებულმა ჟურნალისტმა ახალი, განსხვავებული პროფესია აირჩიე და უკვე ერთი წელია, არქეოლოგიას სწავლობ, უყვებოდე ღიმილით, ბედნიერი, ის კი, პატარა გოგო, იქნებ ოცის, ოცდაორის, სერიოზული სახით გიხსნიდეს, რამდენად მომგებიანი იქნებოდა, არქეოლოგიის ნაცვლად გერმანისტიკის შესწავლისთვის მიგეყო ხელი. ასეთ დროს ვიბუზები, ვიბნევი, ვჩუმდები და ზრდილობიან ღიმილს ვაგრძელებ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთული საქმეა ზრდილობიანი ღიმილის გაგრძელება.

ისინი, სამაგალითო მზრუნველები და მრჩევლები, წარმოუდგენელი ეგოისტები არიან. მათთან ყოველი გამოლაპარაკება საკუთარი თავის დაუსრულებელი რეპრეზენტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ უბედური სულაც არ ხარ, ასე ვთქვათ, პირიქითაც კი, თავი მათთან ყოველი შეხვედრისას ლუზერი გგონია.

სხვებს ისე კიცხავენ, ისე განსჯიან რაღაცნაირად, არგუმენტირებულად, რაღაცნაირად პატიოსნად, ცოტა გულისტკივილითაც, მაგრამ ღირსეულად, მორალით ნაკარნახევი განაჩენით. ისე იზამენ, ვერ მიხვდები, ვინმეს ცხოვრებაში უნამუსო ქექვასთან რომ გაქვს საქმე. ბავშვობაში ერთი პატარა ბიჭი, ჰოლდენ კოლფილდი იმის გამო არ მიყვარდა, რომ სხვების ამოთვალწუნებისა და გაკიცხვის ოსტატი გახლდათ. გახსოვთ, მონაზვნებს გაქუცული ჩანთის გამო რომ შეიძულებს?! ეს მაგარი, მართალი მოზარდი ბიჭი ნერვებს მიშლიდა ხოლმე და მხოლოდ იმის გამო ვიტანდი, რომ ხანდახან კარგ მწერალთან თუ მუსიკოსთან მეგობრული საუბრები უნდებოდა, ან კიდევ ტაქსის მძღოლთან  გადამფრენი იხვების ბედს არკვევდა.

ასე გამომიტენეს თავი წამოსვლამდე სისულელეებით. მაშინვე არ უნდა დამეჯერებინა. ვის გაუგია, ერთი მხრივ, ქვეყანა გიყვარდეს და, მეორე მხრივ, იქაურ მოსახლეობაზე არც ისე მაღალი წარმოდგენა გქონდეს. ქვეყნები მიწა-წყლები და ბუნებები ხო არ არი, ხალხია.

სულ ვერიდები მრჩევლებს და თუ მათ ხაფანგზე მაინც წამოვეგე, მე, ასე საშინლად და მტანჯველად კარგად აღზრდილი, მორჩილად ვიღიმი, ხელებზე თავს ჩამოვდებ, თვალს თვალში გავუყრი და მონოლოგის მსვლელობისას მათ მიღმა ვიყურები. არა, მრჩევლები გამჭვირვალეები სულაც არ არიან, მათი ძვირფასი თავების უკან ჩავლილი მშვენიერი წყვილებისა და მოცინარი ადამიანების დანახვა მხოლოდ შენი პროფესიონალიზმისა და პრაქტიკის საქმეა.

კვამლი უცეცხლოდ გინახავთ?…

0

მეც და თქვენც შევხვედრივართ ადამიანთა ისეთ კატეგორიას, ყველაზე ყველაფერი რომ იციან. დასხდებიან და ისეთი დეტალებით აღწერენ მავანმა რა ჩაიდინა, განცდა რჩება, რომ იმ წამს ისინიც ესწრებოდნენ ჩადენილ საქმიანობას და სწორედ ამიტომ შეუძლიათ ყველაფრის ასე დეტალებში გადმოცემა. გაოცებული უსმენ და ეკითხები – საიდან იცის? თავად ნახა? იქნებ ეს ყველაფერი მოგონილია? ასეთმა ადამიანებმა მათთვის დამახასიათებელი გვერდზე ჩაცინებაც იციან… არა, ბუნებრივია თავად არ უნახავთ…  ნაცნობისგან თუ მეგობრისგან მოისმინეს, იმას კიდევ ვიღაცისგან გაუგია. მოკლედ, ამბის გამავრცელებელ პირველწყაროს არც კი იცნობს, მაგრამ აბა, ისე ხომ არ იტყოდნენ? კვამლი უცეცხლოდ ვის გაუგია?…

ამიტომ, ახლა აქ ზის და თუნდაც სრულიად უცნობ ადამიანს ისე გულმოდგინედ ასხამს ტალახს, რომ ვერც კი ხვდება, იმავე ტალახით, აქა-იქ თავადაც რომ დასვრილია…

კვლავ ეკითხები: შენ თავად ნახე?

  • არა, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ გინახავს?
  • დიახ, მინახავს… და აქაც დავწერ… მეტსაც ვიტყვი, შეიძლება იყოს წვის რეაქცია, მაგრამ არ იყოს კვამლი.

ავიღოთ ცელულოიდის ნაჭერი (პინგ-პონგის ძველი ბურთი დავჭრათ). ცელულოიდი სწრაფად და კაშკაშა ალით იწვის, მაგრამ თუ ნაჭრებს ფოლგაში გავახვევთ და ჰაერის მიწოდებას შეუზღუდავთ, მისი წვა სულ სხვანაირად წარიმართება… ალის გარეშე. ცეცხლი არ იქნება… იქნება კვამლი… ბევრი…

„დარდს რომ ცეცხლივით კვამლი სდიოდეს,

ბნელს მიეცემა ქვეყანა მარად,

ვერ ნახავ ჭკვიანს, რომ დადიოდეს

და არ ჩიოდეს დარდსა და ვარამს…“ (ბალხელი შაჰიდ, თარგმანი – მაგალი თოდუა).

თქვენ, ჰო, თქვენ… ყველაზე, რომ ყველაფერი იცით… კვამლი თუ იცით, რა არის?

ის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება, წვის აქროლადი პროდუქტებისგან შედგება, რომლებშიც ნახშირის უწვრილესი ნაწილაკებია გარეული.

პარაფინიც ცეცხლის გარეშე იწვის. თუმცა ამისთვის კატალიზატორად ქრომის (III) ოქსიდი დაგვჭირდება. ფაიფურის ჯამში ანთებული სანთლიდან პარაფინის რამდენიმე წვეთი დავაწვეთოთ და ზემოდან ქრომის ოქსიდი დავაყაროთ. შემდეგ ასანთით ან სანთებელით ცეცხლი მოვუკიდოთ და  წვის პროცესს დავაკვირდეთ. კვამლი იქნება… ცეცხლი კი – არა.

კიდევ ერთი ვცადოთ… ავიღოთ ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი  და კონცენტრირებული მარილმჟავა. ასევე დაგვჭირდება ცარცის ნაჭრები და საკვები სოდა.  კოლბაში მოვათავსოთ კალციუმის კარბონატისა და სოდის ნარევი. დავამატოთ ამიაკის ხსნარი, ბოლოს კი კონცენტრირებული  მარილმჟავა. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი კვამლი იქნება, ცეცხლი კი – არა…

და კიდევ ერთი….

ვიურცის კოლბაში ნატრიუმის ქლორიდი ჩავყაროთ. კოლბას გამყოფი ძაბრი მოვარგოთ, რომელშიც მცირე რაოდენობით კონცენტრირებულ გოგირდმჟავას ჩავასხამთ. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ რეაქციის დაწყებისას ძაბრიდან გოგირდმჟავა მარილთან აღმოჩნდეს და ქლორწყალბადმჟავა წარმოიქმნას. ცალკე მოვამზადოთ ნარევი ამონიუმის ნიტრატისგან და ნატრიუმის ტუტისგან და ეს ნარევიც სხვა კოლბაში მოვათავსოთ.  ნარევს დავუმატებთ წყალს და წინა სარეაქციო ჭურჭელში მიღებულ ქლორწყალბადმჟავას შევუშვებთ. კოლბაში ჩამაგრებული წვრილი მილიდან კვამლი გამოიყოფა… ცეცხლი – არა… ეს კვამლი წარმოქმნილი ამონიუმის ქლორიდმა წარმოშვა.

თუმცა, ვისაც მაინც ბევრი ცეცხლი და კვამლი ხიბლავს… ორივე ერთად მეტალურგიაში უნდა ეძებოს.

მეტალურგია მადნებიდან ლითონების მიღებისა და შენადნობების დამზადების პროცესს ეუფლება. მადანში, მისგან ლითონის გამოდნობის დროს, ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, სადაც კვამლიც ბევრია და ცეცხლიც.

მეტალურგიის დასაწყისად სპილენძის დამუშავება უნდა ჩაითვალოს. სპილენძის გამოდნობა ჟანგბადის შემცველი მადნებიდან შედარებით უფრო ადვილ პროცესს წარმოადგენს, ვიდრე მისი მიღება სულფიდური მადნებიდან, ამიტომ უნდა დავუშვათ, რომ თავიდან სპილენძს წითელი მადნის (Cu2O) ან მალაქიტის  CuCO3·Cu(OH)2 გადამუშავებით იღებდნენ. გამოდნობა წარმოებდა მაღალ ტემპერატურაზე მადანზე ხის ნახშირის მოქმედებით.

სპილენძით მხოლოდ ქართული მეტალურგია კი არა, ზოგადად მეტალურგია დაიწყო. პირველი შენადნობიც, რომელიც ბუნებაში არსებობდა, სპილენძის შემცველი  ბრინჯაო იყო.  ლაბორატორიაში მიღებული პირველი შენადნობი კი თითბერი გახლდათ, რომელიც სოფელ მენდოსში მცხოვრებმა ბოლოსმა შექმნა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ალბათ ბევრმა ბევრის შესახებაც ათასგვარი ამბები შეთხზა და ამასობაში, ე.წ. ახალი მეტალურგიის დროც დადგა.

მეცხრამეტე საუკუნეში არაორგანული ქიმიის მიზანი კვლავ მეტალის მიღება იყო, ოღონდ ალქიმიკოსებს თუ ოქროს მიღება სურდათ, აქ ფოლადის მიღებით იყვნენ დაკავებული. ფოლადი ფართო სპექტრით გამოიყენებოდა, თუმცა მისი მიღება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სირთულეები მაღალ დანახარჯებთან ასოცირდებოდა.  მიზანი იყო იაფი ფოლადის მიღება.

მეცხრამეტე საუკუნეში ჰენრი ბესემერმა შეიმუშავა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ფოლადი იაფად და სწრაფად მიიღებოდა. ფოლადს თუჯის გადამუშავებით ღებულობდნენ. თუჯი მაგარიც იყო და მყიფეც. მასში გარკვეული რაოდენობის ნახშირბადის შეყვანის შემდეგ მიიღება ფოლადი. ბესემერი გახურებულ ნარევში უშვებდა ჰაერს. შედეგად, იწვებოდა ნახშირბადი, გამოიყოფოდა სითბო, რაც სარეაქციო არეს აუცილებელ ტემპერატურას უნარჩუნებდა. გარკვეულ მომენტში ჰაერის მიწოდების შეწყვეტით, ბესემერი საჭირო ხარისხის ფოლადს ღებულობდა. ამ პროცესს ის, ე.წ. „კონვერტერში“ აკეთებდა. ეს დანადგარი 1856 წელს გამოიგონა.  თუმცა ამ მეთოდით შეიძლებოდა ფოლადის მიღება მადნიდან, რომელიც არ შეიცავდა ფოსფორს. ინგლისელი მეტალურგი რობერტ ჰედფილდი იკვლევდა, სხვა დანამატები როგორ გავლენას მოახდენდნენ ფოლადზე. სარეაქციო არეში მეტი რაოდენობით შეიტანა მანგანუმი და  როდესაც მისმა შემცველობამ 12%-ს მიაღწია, ფოლადი უფრო მტკიცე გახდა. გაირკვა, რომ, თუ ასეთ ფოლადს 100 გრადუსამდე გაახურებ და შემდეგ წყალში გააციებ, ის კიდევ უფრო მტკიცე გახდება. 1882 წელს მან მანგანუმის შემცველი ფოლადი დააპატენტა. მეტალურგებმა ფოლადს ასევე დაამატეს: ქრომი, მოლობდენი, ვოლფრამი, ვანადიუმი და მიიღეს ფოლადის ფართო სპექტრი.

1919 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა ელმუს ჰეინესმა უჟანგავი ფოლადი დააპატენტა, რომელიც ქრომს და ნიკელს შეიცავდა.

1916 წელს იაპონელმა მეტალურგმა  კოტარო ჰონდამ აღმოაჩინა, რომ მაგნიტი მზადდება ვოლფრამიანი ფოლადისგან, რომელსაც უმატებენ კობალტს და ამით ფოლადი კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს იძენს. ასე გამოჩნდნენ მაგნიტური შენადნობები.

მინერალებსა და მთის ქანებს, რომლებიც მეტალებისა და მათი შენადნობების მისაღებად გამოიყენება, მადანი ეწოდება.

რაჭაში სამთამადნო წარმოების რამდენიმე წამყვანი კერა ყოფილა. აქ აღმოჩენილია ასამდე მაღარო, საიდანაც გამოჰქონდათ სპილენძის, სტიბიუმისა და დარიშხანის  მადანი.

ისტორია და აღმოჩენები იქეთ იყოს და დღევანდელი დღის ერთ-ერთი საზრუნავი, სწორედ ის დაბინძურებაა, რომელიც მაღაროების ნარჩენებიდან წარმოიქმნება. მათ მყარ ნარჩენებადაც მოიხსენებენ. ასეთი ნარჩენების ადგილმდებარეობის (ე.წ. დეპოზიტების) ინერტულ მდგომარეობაში გადაყვანის მრავალი მეთოდია შემუშავებული. ერთ-ერთი მათგანია დეპოზიტის  დაფარვა შესაბამისი ტიპის მცენარეული საფარით.

ნარჩენების უმეტესობას შემადგენელი ნაწილაკების ჰომოგენური ზომა ახასიათებთ და „ნიადაგის მაგვარი“ სტრუქტურა შეიძლება ჰქონდეთ. ნიადაგქვეშა წყლებში მათი შეღწევის ალბათობა დიდია. იქ, სადაც ნარჩენების შეფერილობა მუქია,  ნიადაგიდან რადიაციის შთანთქმის ალბათობაც გაზრდილია. ამიტომ დღის განმავლობაში ზედაპირული მასალების ტემპერატურა საკმაოდ იმატებს. ამ ყველაფერს თუ შევაჯერებთ, დეპოზიტზე მცენარეული საფარის გაშენება იოლი საქმე არ არის. მეორე პრობლემაც იჩენს თავს, ასეთ ადგილებში მცენარეების განვითარებისთვის აუცილებელი მინერალები – აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაინცდამაინც, არ მოიპოვება. ერთ-ერთი გამოსავალია ნარჩენების ზედაპირზე ორგანული მასალის მობილიზება, ასევე სასუქების განთავსებაც.

ზოგიერთი დეპოზიტის მცენარეულ საფარზე დღის ბოლოს მსუბუქი კვამლი შეიმჩნევა ხოლმე.

ცეცხლი? ცეცხლი არის?

ცეცხლი – არა!!!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...