ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ მოქმედებს ბავშვზე სკოლის გამოცვლა

0

მას შემდეგ, რაც ბავშვი სასკოლო ასაკს მიაღწევს, ნებისმიერი მშობლის უმთავრეს საზრუნავად შვილისთვის საუკეთესო სკოლის პოვნა  იქცევა. ისინი ძალასა და ენერგიას არ იშურებენ, უსმენენ უკვე „გამოცდილ“ მშობლებს, ეძებენ სკოლას, სადაც მათი შვილი კომფორტულადაც იგრძნობს თავს და კარგ განათლებასაც მიიღებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მშობლების პირველი მცდელობა მარცხით მთავრდება, სკოლა ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდნენ და ისინიც იწყებენ ახალი სკოლის ძებნას. როდესაც ერთ ქალბატონს ვკითხე, რომელ სკოლაში სწავლობდა მისი ათი წლის ბიჭუნა, მან თავმომწონედ მიპასუხა, რომ მის შვილს უკვე სამი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი. „თავდაპირველად რომელიც შევარჩიე, ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, ამიტომ სხვა სკოლაში გადავიყვანე, თუმცა ეს იმაზე უარესი გამოდგა, ამიტომ სკოლა ისევ გამოვიცვალეთ. ეს კი სჯობია დანარჩენებს, მაგრამ ბავშვი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს და ვფიქრობ, ისევ სხვაგან ხომ არ გადავიყვანო“, –  მითხრა ქალბატონმა.

სტატიაში წამოჭრილი საკითხის განხილვამ ზოგიერთი მშობელი შესაძლოა გააოცოს – მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის გამოცვლაში არაფერია განსაკუთრებული: „ეს ხომ ზრდასრული ადამიანი არ არის, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდეს; ბავშვია, ადვილად შეეგუება ახალ მეგობრებს“. სინამდვილეში ეს პროცესი არცთუ ისე უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სკოლის შეცვლა ძლიერი ფსიქოემოციური სტრესია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის. ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ეცემა მისი აკადემიური მოსწრების დონე, რთულდება ურთიერთობა მშობლებთან, პედაგოგებთან, თანატოლებთან. უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები მწვავედ განიცდიან მასწავლებლის შეცვლას – მასწავლებელი ხომ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მათთვის. შესაძლოა, იმისაც ეშინოდეთ, რომ ახალ მასწავლებელს ვერ შეეგუებიან. მოზარდებისთვის თანატოლთა წრე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ გარდამავალ ასაკში მყოფი მოსწავლე თანაკლასელებთან დაშორებას და თანატოლთა ახალ წრეში დამკვიდრებას უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე პედაგოგების შეცვლას, თუმცა თუ ძველ სკოლაში იყვნენ მასწავლებლები, რომლებთანაც მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ესეც სერიოზული დანაკარგი იქნება მისთვის. საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ იმ სკოლის გამოცვლა, სადაც ბავშვი უკვე რამდენიმე წელია სწავლობს, ჰყავს მეგობრები, იცნობს ყოველ კუთხე-კუნჭულს, დიდი გამოცდაა მისთვის. ბავშვს ახალ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლაში რომ დავეხმაროთ, კარგად უნდა გავაანალიზოთ სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები, ვინაიდან ჩვენ მიერ შერჩეული დახმარების სტრატეგიები და ადაპტაციის თავისებურებები უშუალო კავშირშია ამ მოტივებთან.

სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები და რეკომენდაციები ახალ გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციისათვის

  • სკოლის შეცვლა ხშირად საცხოვრებელი სახლის შეცვლას მოჰყვება. ვინაიდან ახალი სახლი დიდი მანძილით არის დაშორებული ძველ სკოლას, მშობელი საჭიროდ მიიჩნევს, და არცთუ უსაფუძვლოდ, ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანას.
  • ზოგჯერ მშობელს ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანა ცალკეული საგნების გაძლიერებული შესწავლისთვის სურს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის ცოდნას და უნარებს ამ დისციპლინაში, რათა მან ახალ გარემოში წარუმატებელი მოსწავლის სტატუსი არ დაიმკვიდროს.
  • არის შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვისთვის სკოლის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აყენებს კონფლიქტური სიტუაცია. მასწავლებელთან ან თანაკლასელებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზად ზოგჯერ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მიიჩნევა. ოღონდ ეს უკანასკნელი ნაბიჯი უნდა იყოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდგათ, თუ ყველა სხვა ხერხი ამაო აღმოჩნდა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს, თავი გაართვას ცხოვრების ახალ პირობებს. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ახალ სკოლაში, ახალ გარემოში ბავშვი აღარ შეეჯახება იმ სირთულეებს, რაც ძველ სკოლაში ჰქონდა, სწავლას მოუმატებს და ქცევაც შეეცვლება. ამას რომ მიაღწიონ, მშობლებმა შვილთან სერიოზული სამუშაო უნდა გასწიონ. სკოლის შეცვლა მოსწავლეს არ ცვლის – იცვლება მხოლოდ გარემო, და თუ ბავშვის ქცევის მოდელი ადრინდელი დარჩა, უთანხმოება, დიდი ალბათობით, ახალ სკოლაშიც იჩენს თავს. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას პრობლემის მიზეზის პოვნაში, მის გაცნობიერებასა და გაანალიზებაში.
  • სასურველია, ბავშვმა მშობლებისგან წინასწარ მიიღოს ინფორმაცია სკოლის შეცვლის აუცილებლობისა და მოტივების, ასევე – ახალ სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.
  • დავეხმაროთ ბავშვს ძველ მეგობრებთან ურთიერთობსი შენარჩუნებაში.
  • დავანახოთ ის დადებითი მხარე, რაც ახალ სკოლაში სწავლას ექნება.
  • დავეხმაროთ, ახალ სკოლაშიც იპოვოს ადგილი თანატოლთა წრეში. გავითვალისწინოთ, რომ იქ მას დახვდება უკვე ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელში თავის დამკვიდრებაც ადვილი არ იქნება.
  • სასურველია, ახალ მასწავლებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილის თავისებურებების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ეს პედაგოგს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მოსწავლის ესა თუ ის თვისება მაინც ვერ დაიმალება, წინასწარ ინფორმირებული მასწავლებელი კი უფრო ადვილად მოახერხებს სირთულეების თავიდან აცილებას.
  • არის შემთხვევები, როცა ძველ სკოლაში ბავშვი ისეთ კლასში სწავლობდა, სადაც ადვილად იღებდა მაღალ ქულებს, ახალ გარემოში კი მას უჭირს სასურველი შეფასების მიღება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ვიღონოთ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და სასწავლო მოტივაცია არ დაუქვეითდეს. აღვნიშნოთ და სათანადოდ დავაფასოთ მისი ყოველი მცდელობა და წარმატება. თუ საჭირო გახდა, დამატებითი მეცადინეობებითაც დავეხმაროთ.
  • ერთხანს ნუ დავტვირთავთ არასასკოლო მეცადინეობებით – წრეებით, სპორტული სექციებით.
  • ბავშვის თანდასწრებით ნუ განვიხილავთ ძველი და ახალი სკოლების ღირსებებს, ნაკლოვანებებს, პედაგოგებს, სასკოლო პროგრამებს.
  • ნება დართეთ შვილს, სტუმრად მოიწვიოს ახალი თანაკლასელები, დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში.
  • გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს ახალ გარემოსთან ადაპტაციის მკაფიოდ განსაზღვრული ვადა. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად გადის ამ პერიოდს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ და მშფოთვარე ბავშვებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ახალ სკოლასთან შესაგუებლად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.

ვიმედოვნებთ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება მშობლებს, რომელთა შვილები ახალ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში არიან; ხელს შეუწყობს მათ, უმტკივნეულოდ გაატარონ შვილს ეს მნიშვნელოვანი პერიოდი, რათა ბავშვმა მალე დაუბრუნოს სულიერი სიმშვიდე ახალ გარემოში.

როცა საშინაო დავალება ბევრია

0

თავდაჯერება, გონიერება, შემოქმედებითობა და ნაყოფიერება მთელი ბავშვობის განმავლობაში იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა ბავშვს თავისუფალი თამაშისა და წარმოსახვისთვის საკმარისი დრო. ეს პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში – შვიდ წლამდე.

განათლების ეროვნული ასოციაციისა და მშობელთა და მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის რეკომენდაციით, პირველკლასელებს დღეში 10 წუთზე მეტი არ უნდა ეხარჯებოდეთ საშინაო დავალების შესასრულებლად. მეორეკლასელებისთვის მაქსიმუმი დღეში 20 წუთია, მესამეკლასელებისთვის – 30 წუთი და ა.შ. უფრო პატარებისთვის საკმარისია ბაღში გატარებული დღეც.

ეს წესი არაერთ სკოლაში ირღვევა. ბავშვები ამჟღავნებენ სტრესის ნიშნებს, ოჯახთან ერთად გასატარებელი დროის დიდი ნაწილი კი საშინაო დავალებებს მიაქვს. ოთხი წლის ბავშვის დედა ამბობდა, რომ საბავშვო ბაღში მის პატარას ერთი კვირის განმავლობაში 5 დავალება მისცეს. დედა საკითხავ დავალებებს არ აპროტესტებდა, მაგრამ წუხდა, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ასევე დაავალა, (1) მოემზადებინათ შოუ და მოეწყოთ პრეზენტაცია, (2) ყოველდღე ეკითხათ შინ (3), ყოველდღე განეხილათ ბაღში წაკითხული ტექსტები და (4) ესწავლათ თავიანთი სახელების ისტორია. მე ვუთხარი, რომ ეს მეტისმეტად ბევრია.

ათწუთიანი წესის გამოყენებასთან ერთად როგორ გავარკვიოთ, მეტისმეტად ბევრია თუ არა ბავშვისთვის მიცემული საშინაო დავალება?

თამაშისთვის საკმარისი დრო. სკოლაში დროულად მისვლა, იქ მთელი დღის გატარება, ყველა წესის ცოდნა და დაცვა, შინ დაბრუნება პატარა ბავშვისთვის უკვე საკმაოდ ბევრია. თუ ამას საშინაო დავალებასაც დავუმატებთ, შესაძლოა, დრო მოაკლდეს განვითარებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა სირბილი, საუბარი, ოცნება, წარმოსახვა და გამომგონებლობა.

სტრესის ნიშნები. დააკვირდით, ხომ არ შეეცვალა ბავშვს მადა, ძილი, ხასიათი, ინტერესები, ხომ არ შფოთავს, ემოციურად ხომ არ გპასუხობთ. თუ შფოთვის ნიშნები შეატყვეთ, გაარკვიეთ, რა დაავალა მასწავლებელმა –შესაძლოა, მიზეზი საშინაო დავალება იყოს.

ოჯახისთვის განკუთვნილი დრო. როდესაც საშინაო დავალება ხელს უშლის ოჯახურ აქტივობებს, რამე უნდა ვიღონოთ.

ბავშვმა სათანადო განათლება რომ მიიღოს, მშობლები მასწავლებლის მოკავშირეები უნდა იყვნენ, მაგრამ თუ ბავშვის დრო დაგეგმილია უფროსების მიერ და გადატვირთულია ელექტრონული მოწყობილობებით, თუ მას აღარ რჩება საკმარისი დრო წარმოსახვისთვის, კვლევისა და გამოგონებისთვის, ეს უნდა აღვკვეთოთ.

როგორ?

დააბალანსეთ. სანამ საშინაო დავალებას შეუტევდეთ, თქვენი შვილის სხვა აქტივობებს გადაავლეთ თვალი. ელექტრონულ მოწყობილობებზე მუშაობა, გაკვეთილები, სპორტი და სხვა ამგვარი აქტივობები შესაძლოა მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას იძლეოდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როცა ზომიერად ვიყენებთ.

გაესაუბრეთ თქვენი შვილის თანაკლასელთა მშობლებს. გაიგეთ, რას ფიქრობენ ისინი საშინაო დავალებების შესახებ. გაარკვიეთ, როგორია სხვა კლასების, სკოლების, მასწავლებლების გამოცდილება ამ კუთხით.

შეხვდით მასწავლებელს. მოუსმინეთ და ისწავლეთ. სხვა მშობლებსაც სთხოვეთ, თქვენთან ერთად შეხვდნენ მასწავლებელს. გაეცანით მის ხედვას და გააცანით საკუთარი. ესაუბრეთ მშვიდად და პატივისცემით. ხშირად ეს საკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნუ დაიჟინებთ, რომ თქვენს შვილს ზედმეტ და უსარგებლო საშინაო დავალებებს აძლევენ. თუ ბავშვი წუხს, რომ დავალებებს თავს ვერ ართმევს, მასწავლებელს მეგობრულად აუხსენით ეს (გინდათ დარწმუნდეთ, რომ თქვენს შვილს საკმარისი დრო დარჩება სათამაშოდ, დასასვენებლად და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად), ბავშვს კი უთხარით, რომ ესაუბრეთ მასწავლებელს და ერთად იპოვით გამოსავალს.

დაელოდეთ და თვალყური ადევნეთ. აცადეთ მასწავლებელს ერთი ან ორი კვირა პრაქტიკის შესაცვლელად. თუ ბავშვმა მეტი ხალისით დაიწყო მეცადინეობა, ე. ი. თქვენმა მისიამ წარმატებით ჩაიარა.

შექმენითგუფი. თუ პრობლემები გაგრძელდა, მოძებნეთ თქვენსავით მოაზროვნე მშობლები, გაერთიანდით, ჩამოაყალიბეთ მარტივი მიზნები და გონივრული ვადები. თუ თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ, გადადით მომდევნო ნაბიჯზე.

შეკრიბეთ მტკიცებულებები. უკანასკნელ ხანს ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლებიც ათწუთიანი წესის უპირატესობას ადასტურებს. ქვემოთ მოცემულ ბმულზე რამდენიმე მაგალითს ნახავთ. უფრო მეტ ინფორმაციას იპოვით სიტყვა “საშინაო დავალების” დაგუგვლით.

გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები წერილობით, მოკლედ და შეძლებისდაგვარად მარტივად. განურჩევლად იმისა, იპოვით თანამოაზრეებს თუ ვერა, გააცანით ისინი სხვებს, განიხილეთ მათთან ერთად და დარწმუნდით, რომ თქვენი თხოვნა ნათელი და პრაქტიკულია.

დანიშნეთ მასწავლებელთან მეორე შეხვედრა. სთხოვეთ, შეხვედრას დირექტორიც დაესწროს. სასურველია, შეხვედრა, ადრინდელივით, მშვიდად და პატივისცემით, პატარა ჯგუფში გამართოთ. გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და თქვით, რისი შეცვლა გსურთ. მოიხმეთ თქვენი მოსაზრების მხარდამჭერი მეცნიერული არგუმენტები (იხ. პარაგრაფი „მტკიცებულებების შეგროვება“).

თუ სკოლაში წინააღმდეგობას წააწყდით და მიგაჩნიათ, რომ სიტუაცია მოითხოვს ამას (საშინაო დავალებების სიმრავლე ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას), დასვით საკითხი უფრო მაღალ დონეზე, მიიტანეთ თქვენი მოთხოვნა განათლების სამეთვალყურეო საბჭოს, სკოლის მმართველობითი ორგანოს, სკოლის რწმუნებულის ყურამდე. იმ სიმაღლემდე, რაც საჭირო იქნება სასურველი შედეგის მისაღებად.

წერეთ ბლოგი, ესაუბრეთ მედიას. თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი იცით ამ საკითხებზე, თანაც თქვენი ამბავი შესაძლოა სხვებსაც დაეხმაროს. ოღონდ ეს უკიდურესი ნაბიჯია და სანამ ყველა სხვა გზას არ მოსინჯავთ, მის გადადგმას არ გირჩევთ. თუ ამ გზას აირჩევთ, ყველაფერი იღონეთ უკუშედეგებისგან ბავშვის დასაცავად (მაგალითად, სკოლაში შესაძლოა ამოიჩემონ, მეტსახელი შეარქვან და სხვა). წინასწარ შეიმუშავეთ უკან დახევის გეგმა – მოძებნეთ სხვა სკოლა, სადაც ბავშვს მშობლის აქტიურობისთვის არ დასჯიან.

ეფექტური ოპონირება ოპონენტის პატივისცემას ემყარება. შესაძლოა, მიზნის მიღწევას ბევრი დრო დასჭირდეს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ბევრი მაგალითი გვინახავს, როდესაც შვილის კეთილდღეობაზე ერთი მშობლის ზრუნვას არათუ კონკრეტული მასწავლებლის პრაქტიკა, არამედ მთელი საგანმანათლებლო პოლიტიკაც კი შეუცვლია. საშინაო დავალება ყოელთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგი ბავშვი სიამოვნებითაც კი ასრულებს მას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის მოითხოვს თამაშზე, ოცნებაზე, ძილზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებაზე უარის თქმას. ამ დროს მშობლები ცდილობენ, შვილების ცხოვრებაში ჯანსაღი ცვლილებები შეიტანონ.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/going-beyond-intelligence/201609/how-much-homework-is-too-much-how-can-parents-push-back

პროფესიული საგანმანათლებლო სკოლის დირექტორის საქმიანობა და განვითარების გზა გერმანიაში

0

პროფესიული საგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელობა გერმანიის ფედერალურ სახელმწიფოში დიდი პრესტიჟით სარგებლობს და საზოგადოება განსაკუთრებული პატივისცემითაა განწყობილი სასწავლებელთა დირექტორების მიმართ. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სათავეში მოექცეს, საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული გზა უნდა გაიაროს (რასაც ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ).

დირექტორის მოვალეობები და პასუხისმგებლობები

პროფესიული სასწავლებლის დირექტორი, სკოლის მართვასთან ერთად, მასწავლებლობასაც ითავსებს. იგი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, ხელს უწყობს მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში და პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტთა წარმატებულობაზე. „ჩემი საქმე ამით არ იწურება“ -ამბობს ბაიმსის პროფესიული სკოლის დირექტორი, „მე სტუდენტებთან აღმზრდელობითი საქმიანობის წარმოებაც მევალება“.  პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ასაკი 15-იდან 25 წლამდე მერყეობს. ისინი თითქმის ზრდასრულები არიან. შემდეგი კითხვის პასუხად კი, აღმზრდელობით საქმიანობას სასწავლებლის დირექტორი ასე განმარტავს: „ახალგაზრდებს შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა აწუხებდეთ, მაგალითად, გონებრივი შეფერხება ან ფსიქოლოგიური ბარიერი , არიან ასევე სტუდენტები ლტოლვილი ოჯახებიდან, არაგერმანული ოჯახებიდან, რომელთაც უჭირთ გერმანულად საუბარი და რა თქმა უნდა, სტუდენტები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებით“. მთელი ამ განსხვავებული სპექტრის სტუდენტებთან მუშაობა მასწავლებლისგან და პროფესიული სასწავლებლის დირექტორისგან დიდ გამოცდილებასა და პედაგოგიკაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს. თუკი სტუდენტს აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, დირექტორი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში ფსიქოლოგის ჩართვას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის – სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო სხვადასხვა სახის კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად თავად იჩენს მზაობას. თუმცა აღმზრდელობითი მუშაობა სტუდენტებთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტებთან მუდმივად ხორციელდება მუშაობა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების განვითარებასა და რაც მთავარია, პროფესიული ეთიკის საკითხებზე. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება პროფესიული სწავლების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

დირექტორი აცნობიერებს პასუხისმგებლობას, როგორც სტუდენტების მიერ პროფესიის შესწავლაზე, ასევე მათთან სხვა სახის აღმზრდელობითი საქმიანობის წარმოებაზე. მუშაობს მათ ოჯახებთან, დიალოგებს მართავს მშობლებთან, თუ ახალგაზრდას განსაკუთრებული პრობლემა აქვს, დახმარების აღმოსაჩენად შესაბამისი ორგანიზაციის შერჩევაში მონაწილებს. „ჩვენი მთავარი მიზანია რომ სტუდენტს ჩამოვუყალიბოთ და განვუვითაროთ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები. ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაგვემართოს, ეს არის უმუშევარი ახალგაზრდა ადამიანი“.

ვის შეუძლია გახდეს პროფესიული სასწავლებლის დირექტორი?

გერმანიაში (საქსონია-ანჰალტში), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლის განათლება და მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. ეს გულისხმობს, რომ დირექტორად მუშაობის კანდიდატს ჩაბარებული აქვს მასწავლებლობის სახელმწიფო გამოცდა, მინიჭებული აქვს მასწავლებლის აკადემიური ხარისხი და ნამუშევარი აქვს მასწავლებლად პროფესიულ სასწავლებელში. გერმანიაში მასწავლებლობის სხვადასხვა კარიერული ეტაპი არსებობს, დირექტორობის მსურველს კი გავლილი უნდა ჰქონდეს ყველა ის კატეგორია, რომელიც მასწავლებლის კარიერული ზრდისთვის არის შესაძლებელი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორს  უნდა ჰქონდეს პედაგოგის გამოცდილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, ხოლო პროფესიული სასწავლებლის დირექტორობისთვის აუცილებელია მასწავლებლობის გამოცდილება პროფესიულ სასწავლებელში. იმისათვის, რომ პროფესიული სასწავლებლის  დირექტორობის ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს, მასწავლებელს,  5-წლიან პედაგოგიურ გამოცდილებასთან ერთად, ესაჭიროება  ყველა სავალდებულო კარიერული საფეხურის გამოცდილება. მასწავლებლის კარიერის უმაღლესი საფეხურებია: კოორდინატორი-მასწავლებელი და/ან დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ ენიჭება მასწავლებელს პროფესიული სასწავლებლის  დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

მასწავლებელთა ტიპები გერმანიაში

გერმანიაში მასწავლებელი შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან ხელშეკრულებით დაქირავებული პირი. საჯარო მოხელე მასწავლებელთა რაოდენობა სჭარბობს ხელშეკრულებით დაქირავებულთა რიცხვს. ორივე პოზიციას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც საჯარო მოხელე, მასწავლებელი არის კანონით დაცული, მაგალითად სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მას აქვს მაღალი საპენსიო ანაზღაურება და მაღალი სოციალური სტატუსი. უარყოფითი მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, დაქირავებულ პირთან შედარებით,  დაბალი ანაზღაურება, თუმცა მათთვის დაწესებული გადასახადებიც შედარებით დაბალია. მასწავლებელს, რომელიც მუშაობს როგორც დაქირავებული პირი, აქვს უფრო მაღალი ანაზღაურება, თუმცა ამ შემთხვევაში გადასახადებიც უფრო მაღალია.  ასეთ პედაგოგს მობილობის უფრო მაღალი შესაძლებლობა აქვს, შეუძლია იმუშაოს მასწავლებლადაც და სხვა პროფესიითაც, მაშინ როცა მასწავლებელი-საჯარო მოხელე  სხვა პროფესიაში თუ გადაინაცვლებს, საჯარო მოხელის სტატუსს კარგავს. საბოლოო ჯამში, ორივე შემთხვევაში, მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის ერთმანეთს უტოლდება. გერმანიის მასშტაბით მასწავლებელთა ანაზღაურების დაანგარიშების ფორმულა არის საერთო მთელ ქვეყანაში, თუმცა ტარიფი ყველა მიწას (გერმანიაში არსებობს 16 სხვადასხვა მიწა/შტატი) გამოჰყავს ინდივიდუალურად ამ ფორმულიდან.

პროფესიული განათლების საკანონმდებლო რეგულირება

გერმანიის სხვადასხვა მიწაზე განსხვავებული საგანმანათლებლო ტრადიცია არსებობს, ზოგადი განათლების კანონი 16 მიწას/შტატს განსხვავებული აქვს. პროფესიული განათლების რეგულირება უფრო კომპლექსურად ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული განათლების დუალური სისტემა ორ მთავარ მოქმედ მხარეს მოიაზრებს – პროფესიული სასწავლებლები და ბიზნესი/საწარმოები, რეგულირებაც განსხვავებულ დონეებზე ხდება. პროფესიული სასწავლებლების საკანონმდებლო რეგულაციებს თავად მიწა/შტატი შეიმუშავებს, ხოლო ბიზნესის მხარეს რეგულაცია (კომპანიებში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) ფედერალურ დონეზე ხდება. ამით სტუდენტებს შრომით ბაზარზე მობილობის საშუალება ეძლევათ, მათი მიღებული ცოდნა რელევანტურია მთელი ფედერალური სახელმწიფოს მასშტაბით. ამგვარი მიდგომა განპირობებულია შემდეგი ფაქტორით: პროფესიული განათლება მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, შესაბამისად, პროფესიული განათლების კანონმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას და თავად სტუდენტს, რათა მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა. პროფესიული განათლების ამგვარი კანონი ხელს უწყობს და მოტივაციას აძლევს სტუდენტებს ან პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, ისწავლონ ისეთი საქმე/პროფესია, რომლითაც ისინი კონკურენტუნარიანი იქნებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ. პროფესიული განათლების გერმანული დიპლომი გზას უხსნის მფლობელს ევროპისა და მსოფლიო შრომის ბაზარზე.

პროფესიული სკოლის დირექტორის სავალდებულო აკადემიური კვალიფიკაცია

პროფესიული დაწესებულების დირექტორებისათვის გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ერთი დამატებითი საფეხურის გავლა გახდა სავალდებულო – ეს არის მოსამზადებელი კურსი სკოლის მენეჯმენტში. (საქართველოში მსგავსი პროგრამა ისწავლება უნივერსტეტებში, მას განათლების ადმინისტრირების პროგრამა ეწოდება).  თუ მანამდე პროფესიული სკოლის დირექტორები ხდებოდნენ მასწავლებლები, რომელთაც გავლილი ჰქონდათ ყველა შესაბამისი კარიერული საფეხური, დღესდღეობით ამას დაემატა განათლების მართვის სავალდებულო სამაგისტრო კურსი. სამაგისტრო კურსის გავლა ორგვარადაა შესაძლებელი: 1. მსურველმა გაიაროს ინტენსიური საუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამა, ან 2. პროფესიასთან  შეთავსებულად დაფაროს კურსი, რომელიც დროში უფრო ხანგრძლივია, თუმცა სწავლის შედეგი იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში. საუნივერსიტეტო პროგრამა სკოლის მენეჯმენტში შედგენილია მოდულების მიხედვით და მსურველს შეუძლია გაიაროს გახანგრძლივებული დროის განმავლობაში, მაგალითად 1 სემესტრში მხოლოდ 2 მოდული.

განათლების მენეჯმენტის კურსი ზოგადი და პროფესიული განათლებისთვის საერთოა, თუმცა მას აქვს დაშვების წინაპირობები. პირველი პირობა ასეთია: განათლების მენეჯმენტის კურსზე სწავლობენ ადამიანები, რომლებსაც სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებელში შესაბამისი გამოცდილება უკვე აქვთ. მეორე შემთხვევაში,  შესაძლებელია,  მსურველმა გაიაროს ჯერ განათლების მენეჯმენტი, მაგრამ პირდაპირ მაინც ვერ გახდება სასწავლებლის ხელმძღვანელი, სანამ მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 5-წლიან გამოცდილებას არ დააგროვებს. განათლების მენეჯმენტის ზოგადი კურსი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუკი პირს ან უკვე აქვს მასწავლებლობის გამოცდილება, ან სანამ დირექტორობას გადაწყვეტს მანამდე დააგროვებს მასწავლებლობის  5-წლიან გამოცდილებას. განათლების მენეჯმენტის კურსი სრულდება სამაგისტრო ნაშრომითა და წერილობითი და ზეპირი გამოცდით. კურსის გავლის შემდეგ პირს ეძლევა განათლების მართვის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

სკოლის მენეჯმენტის კურსი იმგვარადაა შედგენილი, რომ შესაძლებელია მისი ცალკეული მოდულების გავლა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა და ადმინისტრაციის წევრებისათვის. მაგალითად, თუ პირი სასწავლებელში ბუღალტრად მუშაობს, მას გავლილი უნდა ჰქონდეს სკოლის მენეჯმენტის შესაბამისი მოდული სკოლის ფინანსურ მართვაში, თუ პირი სასწავლო პროცესის ხელმძღვანელია, მაშინ უნდა გაიაროს მოდული სასწავლო პროცესის მართვაში, რომელიც სკოლის მენეჯმენტის კურსის შემადგენელი მოდულია.

გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი სკოლის დირექტორი ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პოსტიდან წასვლის შემთხვევაში მოიაზრებს  დირექტორობის კანდიდატებს.

პროფესიული სკოლის დირექტორი და სასწავლო პროცესი

გერმანიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ ნიშანდობლივ წესს წარმოადგენს მასწავლებლის ფუნქციის შენარჩუნება დირექტორად არჩევის შემდეგ. კოლეჯის დირექტორი ვალდებულია რომ ასწავლოს, თუნდაც 1 საგანი, კვირაში 2-4 საათი. დირექტორს საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს, ბევრი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია,  მაგრამ საგნის სწავლება მისი ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობათაგანია. შეკითხვაზე თუ რატომ? თავად პროფესიული სასწავლებლის დირექტორი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორს ჰქონდეს ურთიერთობა სტუდენტებთან, სასწავლო პროცესთან და მასწავლებლობის პრაქტიკასთან. „ჩვენ უნდა ვმართოთ სასწავლო პროცესი, ჩვენ უნდა ვმართოთ სკოლა“ – ამბობს დირექტორი ინტერვიუში – „იმისათვის, რომ სწორად მართო სასწავლო პროცესი, შენ უნდა იცოდე, რა უჭირთ დღევანდელ ახალგაზრდებს, რა უადვილდებათ და როგორი მიდგომებია მათთან საჭირო“. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ნიშანდობლივად შეცვალა მოსწავლეებისა და სტუდენტების ურთიერთობის სტილი. ტრადიციული პედაგოგიური მიდგომებით სასწავლო პროცესის წარმართვა მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს განსაკუთრებულ შედეგს ვეღარ მოუტანს. მოსწავლეებსა და სტუდენტებს დღეისათვის ესაჭიროებათ გაცილებით მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, ვიზუალური მაგალითები, განსხვავებული მეთოდები, ვიდრე ეს იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ. სტუდენტების საჭიროებებზე საპასუხოდ დირექტორს მათთან უშუალო ურთიერთობა ეხმარება.

პროფესიული სკოლის დირექტორის არჩევნები და შერჩევის ეტაპები

პროფესიული სკოლის დირექტორის არჩევნები ძალიან კომპლექსური და წინასწარ დროში გაწერილი პროცესია. როგორც წესი, დაახლოებით 1 წლით ადრე ცხადდება ვაკანსია დირექტორის თანამდებობაზე და საჯაროდ ქვეყნდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები – თუ ვის აქვს დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება და შესაძლებლობა.

  • პირველი ეტაპი გულისხმობს პორტფოლიოების გადარჩევას, მოწმდება კანდიდატების განათლება და პროფესიული გამოცდილება.
  • მეორე ეტაპზე დირექტორობის კანდიდატი ატარებს გაკვეთილს და ხდება მისი შეფასება. ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ კანდიდატმა უნდა მოახერხოს გაკვეთილზე შერჩეული მეთოდებისა და მიდგომების დაცვა. მას მოუწევს გაკვეთილის გარჩევა საარჩევნო კომისიის წინაშე, რომლის შემადგენლობაში არიან მასწავლებლები, მოქმედი დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეული იყოს ნეიტრალური დამკვირვებელიც.
  • წარმატებით ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, დირექტორობის მსურველმა უნდა გააკეთოს მასწავლებლის მრჩევლის იმიტაცია, რითაც მოწმდება მისი უნარი მასწავლებელთა კონსულტირებაში.
  • მომდევნო ეტაპზე ხდება საკანონმდებლო ცოდნის დემონსტრირება, დირექტორობის მსურველმა უნდა გამოავლინოს ცოდნა კანონმდებლობაში – კანონი სკოლის შესახებ, პროფესიული განათლების შესახებ.
  • შემდეგ დგება გასაუბრების ეტაპი, რომლის შესაძლო თემება შეიძლება იყოს კონფლიქტების მართვა სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და სხვა.
  • გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ირჩევა ორი ან სამი კანდიდატი და მოხდება მათ მიერ განვლილი ეტაპების შეფასება და შეჯამება. ყველაზე მაღალი ქულების მქონე მონაწილე წარდგენილი იქნება დირექტორობის კანდიდატად. დირექტორს ირჩევს სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო თანამდებობაზე ნიშნავს ადგილობრივი ხელისუფლება.
  • შერჩეული კანდიდატი არსებულ დირექტორთან ერთად მუშაობს (დაახლოებით 6 თვე), რათა სრულად გადაიბაროს სამართავი პროცესები.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კანდიდატი სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებს უვადოდ. ყოველ 5 წელიწადში სახელმწიფო აგზავნის სკოლაში შეფასების ჯგუფს, რომლის მთავარი ფუნქციაა სკოლის შეფასება და ანგარიში.  ჯგუფი ამორჩევით აფასებს რამდენიმე გაკვეთილს, გარემოს, ინფრასტრუქტურას, სკოლის ფუნქციონირებას და ამის შემდეგ წერს ანგარიშს. თუ  საჭიროება მოითხოვს , ანგარიშში გაცემულია  რეკომენდაციები სკოლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ შეფასების ჯგუფს აქვს განმავითარებელი  და არა სადამსჯელო ფუქნცია.

მუსიკალური სმენა – სუნთქვა (მეორე ნაწილი)

0

სუნთქვა ხემია, რომელიც სახმო იოგების სიმებზე დაცურავს.

 

სუნთქვა სიმღერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იოლი მისახვედრია, რომ სასიმღერო და სასიცოცხლო სუნთქვა ერთმანეთისგან განსხვავდება. მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია რიტმი და სიღრმე. სასიცოცხლო სუნთქვას, ჩვეულებრივ, თანაბარი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ახასიათებს. სიმღერის დროს კი საჭიროა აქტიური ღრმა ჩასუნთქვა და ნელი, თანდათანობითი ამოსუნთქვა. სუნთქვის პროცესი სიმღერის დროს ორგანიზებულია.

უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვების უმრავლესობას 8-10 წლის ასაკში სასიმღერო სუნთქვის ჩვევა საერთოდ არ გააჩნია და სიმღერის დროს სასიცოცხლო სუნთქვით სარგებლობს, რაც მათ სასუნთქ აპარატს ძაბავს. ამავე დროს, ისინი ზედა ნეკნისებური, ლავიწისმიერი სუნთქვით სარგებლობენ, ეს კი მხრების აწევას იწვევს. სუნთქვა ზედაპირულია. მისი გაღრმავება, წესისამებრ, სწავლების პროცესში მიმდინარეობს. სიმღერისთვის ყველაზე მეტად გამოსადეგია ქვედა ნეკნისებური, დიაფრაგმული სუნთქვა. ამ დროს დიაფრაგმა აქტიურად მუშაობს.

7-8 წლის ასაკში მხოლოდ ხმა კი არ არის „ჩანასახოვან“ მდგომარეობაში, არამედ სასუნთქი კუნთებიც სუსტადაა განვითარებული. მათ ჯერ არ შეუძლიათ, საფუძველი შეუქმნან ძლიერი ბგერის წარმოქმნას. სიმღერის სწავლების დროს სწორი სასიმღერო სუნთქვის გამომუშავება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. სწორი სასიმღერო სუნთქვის პირობა ზომიერი ჩასუნთქვა და ქვედა ნეკნების კარგი აქტივობაა. ამგვარი სუნთქვის საფუძველი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, დიდი რაოდენობის ჰაერის ჩასუნთქვა – სასიმღერო სუნთქვის ხანგრძლივობა მხოლოდ ჩასუნთქული ჰაერის რაოდენობაზე კი არა, არამედ მის სწორ, ზომიერ ხარჯვაზეა დამოკიდებული.

ბავშვებთან სწორ სასიმღერო სუნთქვაზე მუშაობა პირველსავე გაკვეთილებზე იწყება. სწორი სუნთქვის თაობაზე შენიშვნები ბავშვებს ძალიან ფრთხილად უნდა მიეცეთ, ვინაიდან პედაგოგის შენიშვნებს ისინი გადაჭარბებულადაც კი ასრულებენ. მაგალითად, როცა ვთხოვთ, ცხვირითა ჩაისუნთქონ და ქვედა ნეკნები გააფართოონ, მშვიდი და თავისუფალი ჩასუნთქვის ნაცვლად მხრებს მაღლა სწევენ, ხმაურით სუნთქავენ და კისრის კუნთებს ჭიმავენ.

მრავალი გამოცდილი პედაგოგის დაკვირვებით, უმცროსი და საშუალო ასაკის ბავშვებს სუნთქვის შეგრძნება ფიზიკური ვარჯიშის დროს უვითარდებათ. ძალიან სასარგებლოა ვარჯიში ყოველი მეცადინეობის დაწყების წინ ან მათ შუაში 1-2 წუთის განმავლობაში. ვარჯიში ბავშვებს ქვედა ნეკნების გაფართოების უნარსაც გამოუმუშავებს.

სავარჯიშოები რეკომენდებულია საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვისაც ამოსუნთქვის პროცესის გახანგრძლივებით. ამოსუნთქვის გახანგრძლივება თანდათანობით, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ხდება. სუნთქვით სავარჯიშოებს შედეგი ძალიან მალე მოაქვს.

უპირველეს ყოვლისა, მივცეთ კორპუსს სწორი მდგომარეობა. ჩავისუნთქოთ ცხვირით, ნელა, მშვიდად და უხმაუროდ, პირმოკუმულმა. ამოვისუნთქოთ პირით. ჩასუნთქვისას მოსწავლის მხრებმა თუ ზევით აიწია, მასწავლებელმა ჩასუნთქვა რამდენჯერმე უნდა გაამეორებინოს. საშუალო ასაკში ნეკნებისა და ნეკნებსშორისი მუსკულატურა მაგრდება. ჩასუნთქვისას უნდა იგრძნობოდეს ნეკნების გაწევა, გაფართოება. თუ ქვედა ნეკნების გაფართოებას მოსწავლე ვერ გრძნობს, პედაგოგმა სწორი სუნთქვის პროცესი საკუთარ მაგალითზე (გვერდებზე ხელის შეხებით) უნდა აჩვენოს.

მომდევნო ეტაპზე ბავშვებმა უნდა შეძლონ, ნეკნები იმდენ ხანს შეინარჩუნონ გაწეულ მდგომარეობაში, რამდენსაც შესასრულებელი ფრაზა მოითხოვს. ამ ჩვევის განმტკიცება შესაძლებელია ნელი, მშვიდი ამოსუნთქვით. დროთა განმავლობაში მოსწავლემ წინასწარ უნდა იგრძნოს შესასრულებელი ფრაზის სიგრძე და განსაზღვროს მისთვის საჭირო სუნთქვის ხანგრძლივობა.

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა სახის დავალება ეძლევა ჩასუნთქვის შემდეგ. ამ შემთხვევაში ის შეძლებს, ჩაისუნთქოს საჭირო რაოდენობის ჰაერი, გეგმაზომიერად ხარჯოს იგი და მთელ ფრაზაზე გაანაწილოს. უკანასკნელი ბგერა მანამდე უნდა მოიხსნას, ვიდრე სუნთქვა ბოლომდე დაიხარჯება. ჩასუნთქული ჰაერის ნაწილი ფილტვებში სათადარიგოდ რჩება.

მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ სწორი სუნთქვა აუმჯობესებს მათი ხმის ჟღერადობას, ეხმარება მათ სიტყვების სწორ გამოთქმაში, აზრის სწორ გამოხატვაში. ამ ასაკის ბავშვებს უკვე უნდა შეეძლოთ სიმღერის დროს ფიქრი და არ იღებდნენ სუნთქვას იქ, სადაც ტექსტი ამის უფლებას არ იძლევა.

სუნთქვის დაუფლების მიმართ მოთხოვნები ასეთია: ფილტვები არ უნდა გადაივსოს ჰაერით; ჰაერის ხარჯვა ეკონომიური უნდა იყოს; ამავე დროს, ფილტვები არ უნდა დარჩეს მარაგის გარეშე; ჰაერი ოსტატურად უნდა მოგროვდეს. მაგალითად, ბელკანტოს ეპოქაში მომღერლები საზოგადოებას ვირტუოზული ტექნიკითა და ხანგრძლივი სუნთქვით აოცებდნენ. კასტრატებს შეეძლოთ, 2–ოქტავიანი ქრომატული გამა ემღერათ ტრელით (ბგერის მელოდიური სამკაული) ყოველ ნოტზე. ტრელი კი იმდენად იყო განვითარებული, რომ მომღერლებს უნარი შესწევდათ, შეესრულებინათ 8-ზე მეტი სახის ტრელი.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ხმასთან მუშაობა სწორი სუნთქვის სწავლებით უნდა დავიწყოთ. ხმის გაძლიერებისა და გამომსახველობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ვარჯიშის დაწყება დიაფრაგმის სავარჯიშოებით. მხოლოდ ნავარჯიშევ დიაფრაგმასა და ელასტიკურ კაპილარებს შეუძლია მკერდის ბადის ამუშავება. ამ დროს ფილტვები მთელი ძალით ფართოვდება და ჟანგბადი ყველა ორგანოსა და უჯრედს მიეწოდება.

სიმღერაში ყველაზე მეტ დროს სუნთქვის ჩვევის ფორმირება მოითხოვს. ეს ჩვევა აუცილებელია, თუმცა რთული ასათვისებელი. ახაალბედებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ ვერ ფლობს სასიმღერო სუნთქვას, გაგაცნობთ რამდენიმე სუნთქვით სავარჯიშოს სუნთქვის ჩვევის გამოსამუშავებლად.

პირველი სავარჯიშო

დავდგეთ გამართული. ფეხები ოდნავ განზე გავდგათ. შემოვირტყათ დოინჯი. თვლაზე „ერთი“ ვიწყებთ ფეხის წვერებზე აწევას და პარალელურად ცხვირით ჩასუნთქვას, თვლაზე „ორი“ – ქუსლებზე დაშვებასა და პირით ამოსუნთქვას.

მეორე სავარჯიშო

ამ სავარჯიშოშიც იგივე მოძრაობები სრულდება, რაც პირველში. იცვლება მხოლოდ ხელების მდგომარეობა – ისინი წელის ნაცვლად კეფაზე გვიწყვია.

მესამე სავარჯიშო

დავდგეთ გამართული. ფეხები ოდნავ განზე აგვდგათ. შემოვირტყათ დოინჯი. თვლაზე „ერთი“ ჩავისუნთქოთ და ფეხის წვერებზე აწევასთან ერთად ხელები თავს ზევით შევაერთოთ. თვლაზე „ორი“ – ამოვისუნთქოთ, დავეშვათ, ხელები საწყის მდგომარეობას დავუბრუნოთ.

მეოთხე სავარჯიშო

დავდგეთ გამართული. ფეხები ოდნავ განზე აგვდგათ. შემოვირტყათ დოინჯი. თვლაზე „ერთი“ ვიწყებთ ცხვირით ჩასუნთქვას და ნეკნების მკვეთრად გაფართოებას. თვლაზე „ორი“ – პირით ამოსუნთქვას და ნეკნების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას.

თითოეული სავარჯიშო 3-5-ჯერ მეორდება.

 

სავარჯიშო დიაფრაგმისთვის – „ნავი“

ზურგით დავწვეთ მაგარ ზედაპირზე. ხელები ტანის გასწვრივ დავაწყოთ. მოვეშვათ. ზურგი და გაჭიმული ფეხები ერთდროულად ავწიოთ 10-15 სმ სიმაღლეზე (ან იქამდე, სადამდეც შევძლებთ).

ს1

ამ დროს ფეხის თითებიც გაჭიმულია. ხელები იატაკის პარალელურად გავჭიმოთ. ხელისგულებით შევეხოთ მუხლებს. ამ მდგომარეობაში დაღლის შეგრძნებამდე შევყოვნდეთ. მნიშვნელოვანია: სხეული არ გადავძაბოთ.

პირველ დღეს სავარჯიშო ერთხელ შევასრულოთ. რაოდენობა თანდათან გავზარდოთ. არ არის სასურველი ზედიზედ 10-ზე მეტი სავარჯიშოს შესრულება.

როდესაც სავარჯიშო თავისუფლად, ბუნებრივად გამოგვივა, ჩვენი ხმაც გაძლიერდება და უფრო იოლად სამართავი გახდება. ამ ვარჯიშით დიაფრაგმა მოიპოვებს სრულფასოვანი სუნთქვისთვის საჭირო ტონუსს.

სუნთქვითი ვარჯიშები მხოლოდ ხმის ფლობის შესაძლებლობას კი არ ავითარებს, არამედ მრავალ დაავადებასთან ბრძოლის საშუალებაცაა.

სია

0

საფლავი ჰაერში

როდესაც იმ წითელი აგურის შენობას გვერდით ჩაუვლიდა, თეთრწვერა, მაღალი მოხუცი მხრებში იხრებოდა, მთლიანად საკუთარ ქუდში შეიყუჟებოდა, როგორც კარავში, როგორც თავშესაფარში, სანგარში და ისე, დაპატარავებული, ფეხს ააჩქარებდა,  გვერდით არც კი იხედებოდა. ასე იყო ყოველთვის, მას მერე, რაც იმ კლასის მასწავლებელი აღარ იყო, მას მერე, რაც საკუთარ გულში დასრულდა მისი მასწავლებლობა, მხოლოდ გულისგარეთა, ყოველდღიური საქმიანობა დარჩა, რომელიც  დღეებს, როდესაც რაიმეს არ წერდა, სწრაფად დაღამებაში ეხმარებოდა.          ლექციები უნივერსიტეტში, სხვადასხვა სკოლასა თუ პროფესიულ სასწავლებელში… მაგრამ ეს სულ სხვა იყო, იმ ცოცხალი, რთული, ზოგჯერ საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი დღეებისგან განსხვავებით, როცა გრძნობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა.

ლიტერატურაშიც ისტორიული ამბები აირჩია, რამდენიმე საუკუნის წინ მომხდარ მოვლენებზე საუბარი, მათში მონაწილეობა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ცხოვრება იქ, სადაც მისი საყვარელი ადამიანები მოღალატეებად გამოაცხადეს,  მათი სახელის ხსენებაც აკრძალეს,  საფლავები აუფეთქეს და ზედ უზარმაზარი, უსახური შენობა აუშენეს.

ის კი ცხოვრობდა, ყოველდღიურ ლიტერატურულ პროცესებში მონაწილეობდა, ახალგამოცემული წიგნებით ხარობდა, მკითხველებს ხვდებოდა, წიგნებზე ავტოგრაფებადაც აწერდა თავის სახელსა და გვარს,  თუმცა, საკუთარ ფანტაზიაში ხშირად სტუმრობდა პატარა, წარმოსახვით საფლავს, რომელზეც უბრალო, მინდვრის ყვავილებისგან შეკრული თაიგულის მიღმა ჩანდა წარწერა:

ვასილ ბარნოვი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1918-1921

კლასი

-ჯანდიერი!

-გახლავართ.

-გეტსმანი!

-ვარ..

 – ერისთავი!

-ვარ.

-კემულარია!

-ვარ!

-კალანდარიშვილი!

-ვარ!

სიას ყოველთვის არ კითხულობდა, ძირითადად ყველანი იყვნენ-ხოლმე, გაკვეთილს არავინ აკლდებოდა. იუნკერთა სასწავლებლის განსაკუთრებულ დისციპლინაზე ჯერ გენერალი კვინიტაძე ზრუნავდა, შემდეგ კი სკოლის დირექტორი – ალექსანდრე ჩხეიძე, წესიერი, მკაცრი, განათლებული კაცი, ნამდვილი სამხედრო.

ესეც  რომ არა, სერიოზული მიზეზების გარეშე არავინ აცდენდა სკოლას, აქ მოიჩქაროდნენ, უყვარდათ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ…

          -ქართული რომანტიზმი რთული თემაა, ყმაწვილებო, საერთოდ, თუ დავაკვირდებით, ზოგიერთი ავტორი ამა თუ იმ მიმდინარეობას კი ეკუთვნის, მაგრამ ამავე დროს, გამორჩეული, განსხვავებულია მისგან, დიდი პოეტები თან ქმნიან მიმდინარეობებს, თან ვერ ეტევიან ჩარჩოებში და ერთგვარად, ანგრევენ მათ, ასეთი იყო, მაგალითად, ჩვენი ტატო – ნიკოლოზ ბარათაშვილი, თითქმის თქვენი კბილა  ან კიდევ უფრო პატარა, როდესაც თავის საოცარ სტრიქონებს ქმნიდა. ცნობილია, რომ „შემოღამება მთაწმინდაზედ“ სულ ახალგაზრდამ დაწერა…

-ბატონო ვასილ, შეიძლება ერთი რამე გკითხოთ?

-დიახ,  რასაკვირველია!

-თქვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძაზე, გრიგოლ ორბელიანზე ლაპარაკობდით ამას წინათ, მისი ლექსებიც წაგვიკითხეთ, წერილებიც, მაგრამ თითქმის არ გისაუბიათ მის სამხედრო საქმიანობაზე.

-დიახ, ალექსანდრე, ბრძანეთ, რა გაინტერესებთ? – მასწავლებელს აღაფრთოვანებდა ასეთი წუთები, მოსწავლეების ინტერესი, დაძაბულ დიალოგს რომ მოასწავებდა, ზოგჯერ საუბარი კამათსაც ემსგავსებოდა, ამ დროს განსაკუთრებით ცოცხლდებოდა კლასი, სხვაგვარი, საინტერესო ატმოსფერო იქმნებოდა.

-გრიგოლ ორბელიანი ხომ რუსი გენერალი იყო? თქვენ კიდევ გვიყვებოდით, პატრიოტი პოეტი იყოო, „სადღეგრძელოც“ წაგვიკითხეთ, „საღამო გამოსალმებისა“… მე კიდევ ვფიქრობ, რომ მტრის გენერალი სამშობლოს პოეტად არ გამოადგება.

-ისედაც დიდი არაფერი პოეტი იყო, მე თუ მკითხავთ – მოისმის ხმა მეორე მერხიდან, ეს ყიფიანია, ალექსანდრე, პოეზიის დიდი ტრფიალი, ყველა პოეტს იცნობს, ცისფერყანწელების საღამოებს არ ტოვებს, ლიტერატურულ პერიოდიკას კითხულობს, ჩუმ-ჩუმად წერს კიდეც.

-რა შუაშია, სამხედრო ნიჭი ჰქონდა იმ კაცს და სხვაგან სად გამოიყენებდა? იქნებ როგორი სასარგებლო ყოფილიყო ქართველებისთვის მისი გენერლობა?

-რომელი პოემა გახსენდება „სადღეგრძელოზე“ უკეთესი?

-„მუხამბაზებს“ კი კარგად უმღერი შენს შეყვარებულს და…

 ბიჭები ახმაურდნენ, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, ზოგიერთი გრიგოლ ორბელიანს გულშემატკივრობდა, ზოგი, უფრო რადიკალური – მტრად აცხადებდა, ვიღაცისთვის ომი და პოეზია სრულიად განსხვავებული ცნებები იყო, რამდენიმე ფანჯარაში იყურებოდა – მშვენიერი, მაისის დარი იყო, სკოლის ეზოში ცამდე აწვდენილი კიპარისები ირწეოდნენ…

–        მეგობრებო,  ძალიანაც ნუ ავხმაურდებით! – სულ ოდნავ აუწია ხმას მასწავლებელმა – ყველა თქვენგანი ძალიან საინტერესოდ მსჯელობს, მათიც მესმის, ვისთვისაც ლექსი და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა, მათიც -ვინც ფიქრობს, რომ მტრის სამსახურში ყოფნა განსაკუთრებით პოეტებს არ ეპატიებათ, მე როგორ მოვიქცეოდი? ვერაფერს გეტყვით, საბედნიეროდ, ახლა ჩვენ ყველას გვაქვს საშუალება ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვწეროთ და ვისწავლოთ… რა იქნებოდა სხვა დროს? არ ვიცი და არც მინდა, ოდესმე გავიგო. თუმცა, ყველას გმირობას ნუ მოვთხოვთ.

ამ საუბარს დიდხანს, დიდხანს იხსენებდა მერე მასწავლებელი – ვასილ ბარნოვი.

სიტყვა

          თავიდანვე იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა, არავინ აცლიდა თავისუფლად ფრენას გალიიდან თავდაღწეულ ჩიტს,  ჯერ ჰაერისა და სივრცის მოზომვას, ფრთების უშიშრად გასწორებას რომ ცდილობდა.  თავიდანვე იცოდნენ და ეს რაღაცნაირი, წინასწარგანწირული განწყობა კიდევ უფრო მეტი ტრაგიკული შემართებით ავსებდა ბიჭების გულებს. ეს იგრძნობოდა ყველაფერში – მათ დავალებებში, თხრობაში, კითხვებში, მისალმებაში, დამშვიდობებაში, საყელოს გაწორებაში,  წასაკითხი წიგნების არჩევაში, სიმღერებშიც კი.

          თანდათანობით მოიმატა დაძაბულობამ, მოიკლო ლიტერატურისა და ისტორიის გაკვეთილების დრომ, სამაგიეროდ – სამხედრო საქმის კურსმა თუ იარაღის გამოყენებისა და ფიზიკური წვრთნის პრაქტიკუმებმა ლამის მთელი სასწავლო დრო დაიკავა, ახლა ბიჭებს დასაძინებლადაც იშვიათად უშვებდნენ შინ, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა სასწავლებელში, მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც სრულიად სხვა რეჟიმზე გადავიდნენ.

          ქართული თუ უცხოური პრესა სასიკეთოს არაფერს იტყობინებოდა, ევროპა მხოლოდ შეშფოთებული იყო, პატარა საქართველოსთვის აღარ ეცალა, საკუთარ პრობლემებს ვერ უთავდებოდა, მთავრობა შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, მოღალატე შინაურები, როგორც ყოველთვის, ჩასაფრებულები იყვნენ, ზოგი, არც ჩასაფრებული – მტერს მეთაურად მოუძღოდა.  ხალხი გაურკვევლობაში იყო, ნაწილი – დამოუკიდებლობას ხავსივით ეჭიდებოდა, მეორე ნაწილი – პირად უზრუნველყოფაზე ფიქრობდა, მესამენი – ბარგს კრავდნენ სტამბოლში გასაქცევად, მეოთხენი – მტრის ენის გრამატიკებში იქექებოდნენ, ენას სწავლობდნენ ყოველი შემთხვევისთვის…

იანვრიდან ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა, თითქოს ძაფივით გაწვრილდა ლოდინი, საშიშროების განცდა, დამარცხებები დამარცხებებს ერთოდა, გამარჯვებებით სულსაც ვერ მოითქვამდი, თითქოს უნდა გაწყვეტილიყო რაღაც…

თებერვლის დასაწყისში აშკარა გახდა, რომ სულ სხვაგვარი, გადამწყვეტი შეტევა გახდებოდა აუცილებელი, ქართულ ჯარს და დივიზიებს დახმარება დასჭირდებოდათ  და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, ბრძოლაში ჩაერთოთ ქართული სამხედრო ძალის საუკეთესო ნაწილი, ყველაზე ახალგაზრდა და სამხედრო საქმის ყველაზე კარგად მცოდნე – იუნკრების რაზმი.

          იმ დღიდან მოსვენება დაკარგეს მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც.  შეიცვალა ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა წუთი, ყველა გაკვეთილი, ყველა წიგნი, ყველა ლექსი თუ ისტორიული თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა – ომში მიდიოდნენ პატარა ბიჭები, გულის ჯიბეში სასიყვარულო წერილებით, სიზმრების შიშით, სიცოცხლის სიყვარულით, წაუკითხავი წიგნებით, მომავლის გეგმებით აღჭურვილები.

          მასწავლებელიც ვერაფერზე ფიქრობდა, ვერც ქვეყნის მომავალსა და საშიშროებაზე, ვერც დიდი ქვეყნების დახმარების იმედზე, ვერც უზარმაზარ წითელ არმიაზე, ვერც მოღალატეებზე, უკვე მეორე ბანაკში გადაბარგებას რომ გეგმავდნენ. ფიქრობდა თავის მოსწავლეებზე, მათ სახეებსა და თვალებზე, მათ ზოგჯერ ჭკვიანურ, ზოგჯერ გულუბრყვილო და უმწიფარ აზრებზე, მათ ყოველდღიურ პროტესტზე, მათ კალიგრაფიაზე და გული უკვდებოდა, იმისა წარმოდგენაზე, თუ როგორ შეიძლებოდა რომელიმეს ტყვია მოხვედროდა, ნაღმზე აფეთქებულიყო… ასეთ დროს კარგავდა აზრს მისი საყვარელი ქართული ლიტერატურა და ენაც, ენა რომელსაც ასე ელოლიავებოდა, ენა, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ დადუმებულიყო რომელიმეს ახალგაზრდულ  ბაგეზე, მომკვდარიყო ბოლო, ჯერ კიდეც ჩამოუყალიბებელი სიტყვა.

 

ის დღე

 

«თოფები მხარზე, სმენაზე გვქონდა აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალება არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა.

შიგადაშიგ თვალების მიტრიალებით თუ ვხედავდი რა ხდებოდა ირგვლივ. ერთი ასეთი გახედვისას ჩვენს მასწავლებელსვასილ ბარნოვს მოვკარი თვალი. თავჩაღუნული, მიწასმიჩერებული, ღრმად ჩაფიქრებული, ჭაღარაწვერიანი მიჰყვებოდა აზვირთულ ტალღას. მისი დანახვა ჩვენთვის ჯანღიან დღეში მზის გამოჩენას უდრიდა. რასფიქრობდა? ალბათ, ერთი მხრივ, გული დარდით ევსებოდა საქართველოს ავბედობის გამო და იმავდროულად, ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები სამშობლოს დასაცავად მიემართებოდნენ.» 

   იუნკერის მოგონებებიდან

          ახლა სხვა კითხულობდა სიას, უფრო მკვეთრი, ცივი,  გამჭოლი ხმით.  ბიჭები საგანგებოდ გამოწყობილიყვნენ, სრული სამხედრო აღჭურვილობით, იარაღაკიდებულნი, ზედმეტად სერიოზული სახეებით იდგნენ, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ და სიცილი აუტყდებოდათ, მერე ამ სიცილის შეკავებას მთელი სხეულით ისე ცდილობდნენ, რომ დაძაბულობისგან ხელები უკანკალებდათ.

-მუჯირიშვილი

-იოსელიანი

-მათიკაშვილი

-კვალიაშვილი

-ანდრონიკაშვილი

-გაბაშვილი

-ზანდუკელი

-ჯამასპიშვილი

-ჯიშკარიანი

ვინც თავის გვარს გაიგონებდა, პატარა ნაბიჯს წინ წადგამდა და თავის დაკვრით ატყობინებდა  ხელმძღვანელს, რომ მზად იყო.

გენერალ კვინიტაძეს ხმა ჩახლეჩოდა, ცდილობდა ღელვა არ დასტყობოდა, თუმცა ხელების ნერვიული მოძრაობა მაინც ამხელდა.

ამ სისხამ დილით ხალხი გარეთ გამოფენილიყო, მშობლები, ოჯახის წევრები, უბრალო თანამოქალაქეები სამხედრო სკოლის  მოსწავლეების, აწ უკვე პროფესიონალი სამხედროების გასაცილებლად გამოსულიყვნენ.  ყვავილებით, თეთრი ცხვირსახოცების ფრიალით,  ათასგვარი გამამხნევებელი შეძახილით, დალოცვითა და მოფერებით სავსე იყო ჰაერი, ქუჩა, იქ მყოფთა თვალები.

“სამხედრო სკოლა ფრონტზე მიდის”! –

-დედა გენაცვალოს, შვილო!

-მშვიდობით დაბრუნდით!

-ნახე, როგორ უხდება ეს სამოსი!

-ვაი შენს დედას, ჩემო ბიჭო! – წამოძახილი ბევრი იყო და სხვადასხვანაირი.

ყველა ბაგიდან წამოძახილი ფრთხებოდა, ჰაერისკენ იწევდა, სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ფრინველებივით, ეს შორისდებულები, საალერსო ფრაზები, გულისწყვეტები და დარდები იქვე, ჰაერში დაფრინავდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ, ფრთხიალებდნენ. უცებ თოფმა დასჭექა და ყველა სიტყვა და წინადადება ერთბაშად მოსხიპა, მკვდარი მწყრებივით ძირს ჩამოყარა.

ბიჭები მხრებში გასწორდნენ და მზერა ერთ მხარეს მიაპყრეს, ეს ნიშანი იყო, საჯარო გამოსვლები იწყებოდა.

ჯერ გენერალმა კვინიტაძემ ილაპარაკა, სამშობლოს დაცვის აუცილებლობაზე, იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც იდგა სულ ახალგაზრდა, თოთო რესპუბლიკა, ძლივს მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე, საქართველოს მომავალზე.

შემდეგ იუნკერთა საყვარელი მასწავლებლის, დიდი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის ჯერი დადგა. მისი სიტყვა მოკლე და ემოციური იყო:

«შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც, თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ».

            ბოლოს გამოსვლა ქართული ლიტერატურის მასწავლებელს, ვასილ ბარნოვს სთხოვეს, მან კი უარი თქვა. ცრემლები ხმას უხშობდა, აკანკალებულ ბაგეს ვერ იმორჩილებდა, უყურებდა თავის მოსწავლეებს და  მზად იყო ეყვირა – გაკვეთილზე, გაკვეთილზე დაბრუნდით ყველანი!  უყურებდა ამ სამხედრო ფორმებში ჩაცმულ, გამოწკეპილ, იარაღასხმულ ბიჭებს, ზოგიერთს სამხედრო ქუდიდან მეტისმეტად დიდი ზომის ყურები გამოსჩროდა სასაცილოდ, ზოგიერთს ქოჩორი უჩანდა, ზოგიერთს, თავშიშველს თებერვლის სუსხიანი ნიავი უწეწავდა თმას.  ედარდებოდა ყოველი მათგანი, წარმოდგენა არ უნდოდა, რა შეიძლება მომხდარიყო, ახსენდებოდა მათი შესრულებული დავალებები, ალაგ-ალაგ გათხაპნილი მელანი, წიგნებში ფურცლების ჩაკეცვის მავნე ჩვევა, ჩუმად გამხელილი ლექსები. ხვალ შეიძლება აღარაფერი ყოფილიყო, მტრის ტყვიას შესწირვოდა ამ ახალგაზრდების და მათი საბრალო სამშობლოს მომავალი. თვალებში ვერ უყურებდა, თითქოს ნანობდა ყოველი წაკითხული ლექსის გამო, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. არადა, სული მისდიოდა ისე უნდოდა, რამე თბილი ეთქვა, სიყვარული გამოეხატა, გეaმხნევებინა, დამშვიდობებოდა.. მაგრამ სიტყვა სადღაც ხორხში გაეჩხირა, როგორც ტყვია, როგორც ცრემლი… დამშვიდობება მაინც ვერ მოახერხა.

          თანდათანობით იუნკერთა შემადგენლობამ სკოლის ეზო დატოვა, მერე მიხეილის პროსპექტი, შემდეგ კოჯრისკენ მიმავალ გზას დაადგა ახალგაზრდა მეომრების რაზმი, მასწავლებელი დიდხანს იდგა და ნაკვალევს გაჰყურებდა, იდგა დიდხანს, ერთ ადგილას იდგა მხოლოდ თებერვლის ამ ერთ, სუსხიან დილას კი არა, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

საფლავი ჰაერში

          უბედურების მაუწყებელი ამბები თანდათან, წვეთ-წვეთად გავრცელდა, მერე კი ერთიანად, ცეცხლის წვიმასავით დაატყდა ქალაქს თავს.

მასწავლებელიც   ამბავ-ამბავ სუნთქავდა, ჩაისუნთქავდა  – ერთის გარდაცვალებას გაიგებდა, ამოისუნთქავდა – მეორის გმირობისას.

ფრონტიდან ბევრს არაფერს იწერებოდნენ, ძირითადად ისეთი წერილები მოდიოდა, როგორც მღეროდნენ ხოლმე სკოლის ეზოში, შესვენებაზე  – ერთი ამოსუნთქვით, მოსწრებაზე..

 თავიდან ვერავინ, ვერც მოღალატე შინაურების მეთაურობამ, ვერც გადაბირებული ახლობლების ღალატმა, ვერც სამხედრო ძალამ, ვერც იარაღმა  გაარღვია მოხალისეებისა და იუნკერების წინააღმდეგობა. ბიჭები იწერებოდნენ, რომ კოჯრის სიახლოვეს ღამ-ღამობით ძალიან ციოდა და ამოორთქლილი სიმღერებით ითბობდნენ გაყინულ ხელებს, რომ ვერაფერი მოახერხებდა მათი სიმტკიცის გატეხვას,  ასეც იყო, ყველაზე აგრესიული კომკავშირელებისგან შემდგარი რაზმი, კარგად შეიარაღებული წითელარმიელები, ალყაში მოქცევის უამრავი ცდა – არაფერი შეაშინებდათ კვინიტაძის შეგირდებს.

საოცარი იყო შალვა ერისთავის გმირობა, თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ფრონტზე იყო მარო მაყაშვილიც, მშვენიერი და მამაცი მოწყალების და…სხვებიც – ლამაზები, მამაცები, ახალგაზრდები, სულ სხვაგვარი სიყვარულით ანთებულნი…

რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მსხვეპლი დიდი იყო, მაგრამ იმედი – კიდევ უფრო დიდი. გრძნობდნენ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში იბრძოდნენ, მათ ახალგაზრდულ ბეჭებზე იყო ქვეყნის დარჩენა-გადარჩენის საკითხი. იბრძოდნენ ბოლო წუთამდე, ბოლო ტყვიამდე, სანამ უკანდახევის ბრძანება არ მიიღეს…მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, რომ სხვა ფაზაში უნდა გადასულიყო წინააღმდეგობა, რომ ასე ბრძოლას აზრი არ ჰქონდა…

          რუსთაველის გამზირზე შავ სუდარაგადაფარებული კუბოების პროცესიას მოჰყვებოდა მასწავლებელი. ჩოხიანი ვაჟკაცები და ერთიც- გოგონა, ნაღმზე აფეთქებული…გადარჩენილ იუნკერთა დიდი ნაწილი უკვე სხვადასხვა ქალაქისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, ქვეყანაში დარჩენამ აზრი დაკარგა. ქალაქი დამარცხებას გლოვობდა, შვილებს გლოვობდნენ დედები, თავისუფლების დაკარგვას გლოვობდა ქვეყანა…

            მერე უცხოეთიდან მოწერილ წერილებს საგულდაგულოდ წვავდა, ყოველგვარი ურთიერთობისა ეშინოდა მასწავლებელს და ხშირად ესიზმრებოდა კადრი –  ტაძრის ეზოში სხვა საფლავებთან ერთად  მისიც იყო. ისიც მიდიოდა,  ყვავილებს აწყობდა და  ზუსტად იმ წუთში, ტაძარი საფლავებთან ერთად ნამსხვევებად იქცეოდა, ჰაერში იფანტებოდა და ძირს ცვიოდა, როგორც მკვდარი ჩიტების გუნდი, როგორც ახალგაზრდა ბაგეებს მომწყდარი უთქმელი სიტყვები.

რევაზ ხოფერია – როგორია ,,ადამიანის უფლებების მეგობარი სკოლა?“

0

სკოლაში ადამიანის უფლებების სწავლება გულისხმობს ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გადაცემას, ინდივიდებისთვის სათანადო ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლების მიზანია, ინდივიდებმა შეძლონ თავიანთი უფლებებით სარგებლობა და სხვისი უფლებების პატივისცემა.

ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება მოიცავს:

  • სწავლებას ადამიანის უფლებების შესახებ: ინდივიდმა უნდა იცოდეს და აცნობიერებდეს ადამიანის თითოეულ უფლებასა და თავისუფლებას, უნდა ერკვეოდეს ნორმებში, პრინციპებსა და ღირებულებებში;
  • სწავლებას ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის პირობებში: სწავლება უნდა წარიმართოს დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით და იყოს თანამონაწილეობაზე დამყარებული; უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც მასწავლებელთა, ასევე მოსწავლეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
  • სწავლებას ადამიანის უფლებებისთვის: სწავლა-სწავლების პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა უშვებდეს საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას. სკოლამ სასწავლო პროცესში მონაწილე პირები უნდა წაახალისოს, გამოიყენოს მათი უფლებები და პატივი სცეს სხვის უფლებებს.

სკოლებს ძალიან დიდი როლი აქვს საზოგადოების განვითარებაში. ის არის ძირითადი ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდა თაობის სოციალიზაციასა და მოსწავლეთა ჩამოყალიბებას საზოგადოების აქტიურ წევრებად.

ადამიანის უფლებების სწავლება საშუალებას აძლევს სკოლას, შექმნას არადისკრიმინაციული, ინკლუზიური, თანასწორობაზე, პატივისცემასა და თანამონაწილეობაზე დამყარებული გარემო, რაც აუცილებელია უფრო მეტად მშვიდობიანი და განვითარებული საზოგადოების შექმნისთვის. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი ერკვევა ადამიანის უფლებებში, აქვს შესაბამისი ღირებულებები და იცავს ადამიანის უფლებებს.

ელეანორ რუზველტის თქმით, ადამიანის უფლებები იწყება მცირე ჯგუფებში, სახლთან ახლოს – ისე ახლოს და ისე მცირე ჯგუფებში, რომ შეუძლებელია მსოფლიო რუკაზე მისი დანახვა. თუმცა ინდივიდისთვის ეს მთელი სამყაროა: სამეზობლო, სადაც ის ცხოვრობს; სკოლა, სადაც დადის; ოფისი, სადაც მუშაობს. თუ ეს უფლებები უმნიშვნელოა ასეთ მცირე ადგილებში, მაშინ მისი მნიშვნელობა სხვაგანაც მიზერულია.

როგორი უნდა იყოს სკოლა, რომელიც ასწავლის, იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს?

როგორია სკოლა, რომლის საქმიანობის ყველა ასპექტი ეფუძნება ადამიანის უფლებებს? ეს არის სასკოლო საზოგადოება, რომელშიც ასწავლიან და სწავლობენ ადამიანის უფლებებს, პრაქტიკაში ნერგავენ პრინციპებს, პატივს სცემენ, იცავენ და ახალისებენ უფლებების გამოყენებას. ეს არის სკოლა, რომლის საქმიანობაშიც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი თავისუფლად არის ჩართული, წახალისებულია მათი მონაწილეობა პროცესებში, მიუხედავად მათი სტატუსისა. „ადამიანის უფლებების მეგობარი სკოლა“ განამტკიცებს ადამიანის უფლებებს, ღირებულებებსა და პრინციპებს, ასეთ სკოლაში ადამიანის უფლებები არის სწავლების საფუძველი.

„ადამიანის უფლებების მეგობარი სკოლა“:

  • გულისხმობს არადისკრიმინაციულ, ინკლუზიურ, თანასწორობაზე, პატივისცემასა და თანამონაწილეობაზე დამყარებულ გარემოს;
  • მმართველობით გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად, თანამონაწილეობის პრინციპის დაცვით. გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია სასკოლო საზოგადოება;
  • ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აზრიან და თანასწორ მონაწილეობას სასკოლო პოლიტიკის მიზნების დანერგვაში;
  • ახალისებს მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს მათ ჩართვას დებატებში ადამიანის უფლებებისა და სოციალური ცვლილებების შესახებ;
  • ქმნის და ხელს უწყობს მრავალფეროვან სასწავლო გამოცდილებას ადამიანის უფლებების შესახებ როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ადამიანის უფლებების მეგობარი სკოლა“ არამარტო სწავლების შინაარსს აქცევს ყურადღებას, არამედ ასევე სწავლების მეთოდებს, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის კულტურის შექმნას სასკოლო საზოგადოებაში.

ჰარალდ ედელსტამი – გულადი ელჩი

0

ერთ-ერთი გამოსვლის დროს შვედეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა აუდიტორიას ასეთი სიტყვებით მიმართა: „სკოლამ და უნივერსიტეტმა სტუდენტი მხოლოდ შრომის ბაზრთან შესახვედრად აუცილებელი ჩვევებით არ უნდა აღჭურვონ. სასწავლო დაწესებულებამ მოქალაქეს მხოლოდ პროფესიული უნარები არ უნდა შესძინოს. განათლების სისტემამ ადამიანი ცხოვრებისთვის, ღირსეული გადაწყვეტილებებისა და, თუ საჭირო გახდა, სამოქალაქო სიმამაცისთვის უნდა მოამზადოს“. თავისი გამოსვლით ცნობილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო სიმამაცისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სასწავლო კურსების ხელახლა დანერგვას დაუჭირა მხარი. ევროპაში ერთ-ერთი პირველი სრულყოფილი ასეთი კურსი შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჰარალდ ედელსტამის სახელობის ფონდმა შეიმუშავა. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ ჩვენს მოსწავლეებს ამ ადამიანის შესახებ უფრო მეტი ეცოდინებათ.

ვინ იყო ჰარალდ ედელსტამი?

ერთი შეხედვით, ედელსტამი შვედეთის საზოგადოების საშუალო ფენის კლასიკური, ტიპური წარმომადგენელი გახლდათ. საშუალო კლასის სხვა წარმომადგენელთაგან მას მხოლოდ არისტოკრატული წარმომავლობა განასხვავებდა. 1930-იან წლებში ის, არაერთი შვედი ახალგაზრდის მსგავსად, კადეტთა კორპუსში სწავლობდა. მოგვიანებით იურისტის აკადემიური სტატუსიც მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ძმასთან ერთად.

ედელსტამმა 35 წელიწადზე მეტი იმუშავა საგარეო უწყებაში, იყო თავისი ქვეყნის წარმომადგენელი იტალიაში, ავსტრიაში, ალჟირში, ჩილეში, სალვადორში, თურქეთში, გვატემალაში. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობიდან მსოფლიომ ორი განსაკუთრებული მომენტი, ალბათ, სამუდამოდ დაიმახსოვრა.

1940-იან წლებში ედელსტამი მეზობელ ნორვეგიაში მუშაობდა. ნორვეგიაში ნაცისტური წინააღმდეგობის მოძრაობა და ადგილობრივი ებრაული თემი ერთობლივად ებრძოდნენ ოკუპანტებს. ცხადია, ოკუპანტები აჯანყებულთა იზოლაციაში მოქცევას ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც. ნაცისტთა მოწინააღმდეგეებს ხშირად აკლდათ რესურსები და ინფორმაცია, ტყვედ ჩავარდნილი აჯანყებულები კი ხანგრძლივი ტანჯვისთვის იყვნენ განწირულნი. წინააღმდეგობის პერიოდში შვედეთის საელჩო დახმარების ერთგვარ ცენტრად იქცა. შვედი დიპლომატები ჰარალდ ედელსტამის მეთაურობით პირადი რისკის ფასად აჯანყებულებს მათ ხელთ არსებულ რესურსებს უნაწილებდნენ, ცდილობდნენ დაკავებულთა საპატიმროებიდან დახსნას, ებრაელთა დროებითი საიდუმლო თავშესაფრების მოწყობას. საელჩო ატყობინებდა ნორვეგიელ ხალხს ნაცისტების მიერ დაბლოკილ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „მესამე რაიხი“ ყოველი მხრიდან ალყაში იყო მოქცეული. წინააღმდეგობის მოძრაობა საელჩოდან იგებდა, რომ გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო. იმ ურთულეს დროს ჰარალდ ედელსტამმა ასობით ნორვეგიელსა და ებრაელს გაუმართა ხელი.

1971 წელს ედელსტამი ჩილეში დაინიშნა ელჩად. სალვადორ ალიენდეს მთავრობა მაშინდელ ლათინურ ამერიკაში, ფაქტობრივად, ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება იყო. რეგიონის დანარჩენ ნაწილებს პუტჩისტი სამხედროების მიერ დასმული დიქტატორები განაგებდნენ. ლათინური ამერიკის თითქმის ყველა დევნილი პროგრესული მოძრაობა ჩილეს აფარებდა თავს. რადიკალი კომუნისტები სოციალისტ ალიენდეზე მეტად ფიდელ კასტროს ენდობოდნენ და კუბაში გახიზვნას არჩევდნენ. რევოლუციის შედეგად მოსული, უმკაცრეს დისციპლინასთან წილნაყარი კუბის რეჟიმი დღემდე მყარად დგას, ჩილეს არჩეული დემოკრატია კი მოღალატე სამხედროებმა მალევე დაამხეს.

1973 წლის 11 სექტემბერს შეიარაღებული გადატრიალების შედეგად აუგუსტო პინოჩეტის ხუნტამ პრეზიდენტ ალიენდეს ძალაუფლება ჩამოართვა. იმავე დღეს დაიწყო სასტიკი რეპრესიები ალიენდეს მომხრეების, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩილეში გაქცეული პოლიტიკოსებისა და გადატრიალების სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ. ალიენდეს სიკვდილის შემდეგ, ჩილეს დედაქალაქში ორი მთავარი ცხელი წერტილი სტადიონი და კუბის საელჩო გახლდათ. სტადიონზე ადგილობრივებს ხვრეტდნენ, კუბის საელჩოში კი ემიგრანტები და პოლიტიკოსები იყვნენ გამაგრებულნი. შვედეთის ელჩმა სტადიონიდან რამდენიმე ასეული ადამიანის გამოყვანა მოახერხა. მათ ერთ დღეში მიიღეს შვედეთში თავშესაფარი და ედელსტამისავე მოძიებული ფინანსებით მალევე გაერიდნენ ხუნტის მიერ მოწყობილ სასაკლაოს. კუბის საელჩოსთან კი ნამდვილი ბრძოლები მიმდინარეობდა. საელჩოდანაც ისროდნენ. ხუნტამ შენობას ტანკები მიაყენა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კი შვედეთის დროშით ხელში ერთადერთი ადამიანი, ჰარალდ ედელსტამი ჩადგა. მხარეები იძულებულნი გახდნენ, ცეცხლი შეეწყვიტათ. ედელსტამი შენობაში შევიდა, სახურავზე თავისი ქვეყნის დროშა აღმართა და დაწესებულება შვედეთის საელჩოდ გამოაცხადა. ედელსტამმა საელჩოში გამაგრებული ჩილეელების, ურუგვაელების, ბრაზილიელების, პერუელებისა და კუბელების თავშესაფარზეც იზრუნა და ყველა მათგანი სამშვიდობოს გაიყვანა. საერთო ჯამში, მან ორივე წერტილიდან 1300 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. ხუნტამ იგი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და იმავე წელს გააძევა ქვეყნიდან.

იმედია, ოდესმე საქართველოს სკოლებშიც წაიკითხავენ სამოქალაქო სიმამაცის კურსებს.

როგორ დავუბრუნდეთ რაციონალურად სასწავლო რიტმს

0

ახალი სასწავლო წელი გადაჩვეულ წესებსა და მოვალეობებთან დაბრუნების შფოთვას აღვივებს. ფსიქოლოგთა რჩევები, გამოცდილების განზოგადება მოსწავლის სასწავლო რიტმში რაციონალური დაბრუნების ხერხებზე მასწავლებლებსა და მშობლებს შფოთვის დაძლევაშიც დაეხმარება და ჩვეული რიტმის დროულ და სრულფასოვან აღდგენაშიც. ახალს აქაც ვერაფერს ვიტყვით, სასწავლო წლის კარგად დაწყება-გაგრძელების საიდუმლო მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის სწორ და კეთილგანწყობილ თანამშრომლობაშია.

საშვებულებო პერიოდთან გამოთხოვება და ჩვეულ ჭაპანში ჩაბმა უფროსებსაც არ გვეიოლება. მასწავლებლები თავისას დარდობენ, მშობლები –თავისას. მაგრამ ყველაფრის ეპიცენტრში ბავშვი, მოსწავლეა.

არდადეგები მთავრდება, მისდამი ნოსტალგია კი ძლიერდება: გვიან გაღვიძება, გვიან დაძინება, გასართობი და დასასვენებელი მოგზაურობები თუ თავშესაქცევები ისევ არსებობს, მაგრამ მოზარდს აღარ სცალია მათთვის და სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაეწყოს. ძალდატანება და მკაცრი აკრძალვა ხშირად უშედეგოა ან უკუშედეგი მოაქვს. ეს მიდგომა სურვილებსა და მოვალეობებზე საუბრებით უნდა ჩავანაცვლოთ. კარგი იქნება, თუ ასეთი საუბრები არდადეგების ბოლო დღეებშივე დაიწყება. სამეცადინო გარემოს ორგანიზებასა და სასკოლო ნივთების მომზადებაში აქტიური ჩართვა ბავშვს განახლებულ როლში შესვლას გაუიოლებს.

ახალ ეტაპზე სწორი ორიენტირების განსაზღვრაში მოზარდს დაეხმარება გასული წლის შედეგებზე დაფიქრება და იმის გაანალიზება, როგორი სასწავლო წელი ჰქონდა – კმაყოფილია  თუ არა თავისი მიღწევებით? რისი გაკეთება შეეძლო უკეთ? რამ შეუშალა ხელი? რა სურვილები და მიზნები აქვს ახალ სასწავლო წელს? რამ შეიძლება იყოს შეუშალოს ხელი და როგორ გადალახავს ამ დაბრკოლებას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ბავშვს თავად გამოაკვეთინებს ამოცანებს, რომლებიც მის წინაშე წამოიჭრება. რაც მთავარია, ეს ამოცანები მისი სურვილებიდან იქნება „აღმოცენებული“ და მოტივაციაც მეტი ექნება მათ დასაძლევად. მთავარია, მშობლებმა ბიძგი მისცენ ამ საუბარს, ყურადღებით მოუსმინონ, აგრძნობინონ, რომ პატივს სცემენ მის მოსაზრებებს, რჩევების მიცემისას კი რადიკალურები არ იყვნენ.

ყოველ ახალ ეტაპზე ჩვენ ახლებურად ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, რომ იტყვიან, სუფთა ფურცლიდან დაწყებას განვიზრახავთ და იმედი გვაქვს, რომ ამ ფურცელს წინანდელზე უკეთესი მიღწევებით შევავსებთ. ყველა მოსწავლე მეტ-ნაკლებად ასეთივე განწყობით მიდის სკოლაში. მთავარი ის არის, რა მოხდება სინამდვილეში, როგორ შეინარჩუნებს ის ამ განწყობას და რეალურად როგორ განახორციელებს ჩანაფიქრს.

ამ რწმენის გაღვივებასა და მოტივირებაში მშობელი და მასწავლებელი ბავშვს ერთდროულად უნდა დაეხმარონ. „შენ ეს შეგიძლია“, „მოდი, ასე გავაკეთოთ“, „მთავარია, მოინდომო და შეძლებ“, „ჩვენ შენ გვერდით ვართ, რომ დაგეხმაროთ, გირჩიოთ…“ – ასეთ მიდგომას მთების გადაბრუნება შეუძლია.

თუ მშობელი ან მასწავლებელი, უარეს შემთხვევაში კი ორივე ერთად, ახალ სასწავლო წელს დაიწყებს ასეთი რეპლიკებით: „დასრულდა შენი უსაქმურობა და დაიწყო ჩემი ტანჯვა“, „შარშანდელივით სულ შენზე არ ალაპარაკო მასწავლებლები“ ან „მობრძანდი, ვაჟბატონო/ქალბატონო, წელსაც უნდა გაივსო ცუდი ნიშნებით?“ „უჰ, მეგონა, მეშველა და სხვა სკოლაში გადახვედი…“ – ეს მოზარდის განწყობასა და მოტივაციას და, საერთო ჯამში, არც მის ცხოვრებას სასიკეთოდ არ წაადგება. ეს ყველასთვის ცხადია. მაგრამ, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ეს ფრაზები ჯერ კიდევ ცოცხლობენ საკლასო ოთახებში. როცა უსაფრთხო სკოლაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ასეთი ლექსიკისგან თავისუფალი გარემო უნდა წარმოვიდგინოთ, სადაც მოსწავლე პიროვნებად აღიქმება და სადაც მის ღირსებას პატივს სცემენ.

სასწავლო წლის დასაწყისში მოზარდი შინ ახალი შთაბეჭდილებებით ბრუნდება. სამი თვე ცვლილებებისთვისაც არ არის მცირე დრო, ამიტომ ადაპტაციის პროცესი მრავალწახნაგოვანია: აღმოჩენები საკუთარ თავში, ურთიერთობა თანაკლასელებსა და თანასკოლელებთან, მასწავლებლებთან, ახალი საგნები, ახალი წესები… ეს საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც სწავლის პირველი დღეები უფრო „სიტუაციის გალღობას“ ეთმობა: ზაფხულის შთაბეჭდილებები, საორგანიზაციო საკითხები, საკლასო გარემოს ორგანიზებაში მონაწილეობა, არაფორმალური შეხვედრები და თანდათან შესვლა სწავლა-სწავლების პროცესის სიღრმეებში.

მშობელმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არის საჭირო აპელირება თემაზე „რა მიიღე?“. თავდაპირველად ცუდი ნიშნები შესაძლოა ფსიქოლოგიური პროტესტითაც იყოს გამოწვეული, რომელიც არდადეგებისადმი ნოსტალგიას უკავშირდება. მოთმინება, მხარდაჭერა, შეგულიანება ამ დროს გაცილებით უკეთეს სამსახურს გაგვიწევს, ვიდრე ლექციების კითხვა და დამუნათება. ადაპტაციას დრო სჭირდება.

შინ ისეთი ატმოსფერო უნდა შეიქმნას, რომ ბავშვს ამ პერიოდის გადალახვა, სწავლისთვის გულისყურის მოკრება გაუადვილოს. თუ მის საყვარელ გადაცემას მივუსხდებით, ხმამაღლა ჩავრთავთ და არც კომენტარებს მოვერიდებით, ცხადია, ბავშვსაც გაეფანტება ყურადღება.

მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა და მისი თანმხლები პრობლემები ამ შემთხვევაშიც დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს. ორივე დიდი ავტორიტეტია მოზარდისთვის და როგორც კი მათ ურთიერთობაში არაჯანსაღი ნიუანსები გაჩნდება, უპირველესად ბავშვი დაიტვირთება უარყოფითი ემოციებით, დროთა განმავლობაში კი ეს ემოციები გაორებას, უნდობლობას, სწავლისადმი გულგრილობას, აგრესიას დაუდებს სათავეს.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი უფროსებსაც გვაძლევს საშუალებას, თვალი გადავავლოთ ჩვენს მიდგომებსა თუ ჩვევებს, გავაანალიზოთ ისინი და ავირჩიოთ ახალი, რაციონალური მეთოდები, რომლებიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს შვილს თუ მოსწავლეს სასურველის მიღწევაში.

წარმატებულ წელს გისურვებთ!

კვლევა ბავშვებთან ერთად: მრავალფეროვანი მეთოდები

0

შესავალი

…ბავშვს აქვს ასი ენა,

ასი ხელი,

ასი აზრი,

ფიქრის, თამაშის, ლაპარაკის ასი გზა.

ასი, ყოველთვის ასი

გზა მოსმენისთვის,

აღტაცებისა და სიყვარულისთვის,

ასი სიხარული

სიმღერისა და გაგებისთვის,

ასი სამყარო აღმოჩენისთვის,

ასი სამყარო გამოგონებისთვის,

ასი სამყარო საოცნებოდ.

ბავშვს აქვს ასი ენა

(და ასჯერ, ასჯერ, ასჯერ მეტი)…

მაგრამ მათ ჰპარავენ ოთხმოცდაცხრამეტს.

                                       ლორის მალაგუცი

ბავშვის ცხოვრების, განვითარების, რეალობის მისეული აღქმის შესწავლა დღეს უკვე აქტუალურია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვისაც საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში. ბავშვებსა და მათ შემოქმედებაზე ობიექტური და თანმიმდევრული დაკვირვება, ვერბალური თუ არავერბალური გზებით გამოხატული მოსაზრებების, ემოციებისა და დამოკიდებულებების შესწავლა და ინტერპრეტაცია ეხმარება მასწავლებლებს ბავშვების საჭიროებებისა და ინტერესების უკეთ გააზრებაში და, მათი პერსპექტივის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღი თუ სკოლა ხშირად ბავშვებისთვის უინტერესო, მოსაწყენ ადგილს წარმოადგენს. მართალია, ერთი მხრივ, ამ უარყოფით დამოკიდებულებას შეიძლება განსაზღვრავდეს ძალაუფლებრივი უთანასწორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და განათლების იძულებითი ხასიათი, მაგრამ, მეორე მხრივ, სკოლას შეუძლია დაუკმაყოფილოს ბავშვს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და საგანმანათლებლო პროცესი მის გამოცდილებასა და ინტერსებს დაუკავშიროს. ძალაუფლებრივი უთანასწორობა ბავშვებსა და უფროსებს შორის შეინიშნება ყველა იმ სივრცეში, სადაც ბავშვი დროს ატარებს.

ბავშვებთან ერთად ჩატარებულ კვლევას უფლებრივი საფუძვლებიც აქვს: გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია (1989) განსაზღვრავს ე. წ. მონაწილეობით უფლებებს, რომლებიც გულისხმობს ბავშვის მიერ საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმისა და საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს.

რიგი თეორეტიკოსებისა ბავშვების ასეთ ჩართულობას და მათი პერსპექტივების გათვალისწინებას განიხილავს, როგორც მათივე სამოქალაქო უფლებების რეალიზების საშუალებას. საგანმანათლებლო პროცესში ბავშვების მოსაზრებების გათვალისწინება ნიშნავს ბავშვების, როგორც თანასწორი პიროვნებების, აღიარებასა და პატივისცემას.

ბავშვებთან ერთად ჩატარებული კვლევების მოკლე ისტორია და ზოგადი მეთოდოლოგიური საკითხები

ბავშვები მეცნიერთა ინტერესის სფეროს ნაკლებად წარმოადგენდნენ. მათ მიზანმიმართულ კვლევას დაახლოებით ასწლიანი ისტორია აქვს, რომლის დიდი ნაწილიც “ბავშვის განვითარების” პარადიგმას უკავშირდება. მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე მეცნიერები ბავშვს განიხილავდნენ, როგორც განვითარების პროცესში მყოფ არსებას, არასრულყოფილ, ჯერ კიდევ არაკომპეტენტურ ზრდასრულს. ბავშვის განვითარების პარადიგმის წარმმართველ დისციპლინას წარმოადგენდა ფსიქოლოგია, რომელიც თეორიული პერსპექტივებითა და ექსპერიმენტული კვლევებით ცდილობდა, პასუხი გაეცა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კითხვებისთვის. 90-იან წლებამდე სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებში განვითარების ფსიქოლოგია იყო დომინანტური ბავშვებთან (განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან) დაკავშირებული ცოდნის გენერირების საკითხში, სხვა სიტყვებით, ფლობდა „ჭეშმარიტების გასაღებს“. განვითარების ფსიქოლოგიისთვის საინტერესო იყო ის უნივერსალიები, რომლებიც ბავშვების განვითარებას ახასიათებდა: როდის იწყებს ბავშვი სხვისი თვალთახედვის გაგებას? როდის და როგორ იწყებს საგნის მუდმივობის გააზრებას? და ა. შ. ამავდროულად მიიჩნეოდა, რომ ამ ცოდნის მიღება, ბავშვის სრულყოფილად შესწავლა შესაძლებელი იყო ობიექტური მკვლევრის მიერ ბავშვის ქცევასა და მეტყველებაზე დაკვირვებით.

თანამედროვე მკვლევრებს (მათ შორის განვითარების ფსიქოლოგებსაც: ერიკა ბურმანი, ელისონ გოპნიკი და სხვა) მიაჩნიათ, რომ „განვითარების პარადიგმის“ ფარგლებში კვლევა ხორციელდებოდა ბავშვებზე, როგორც პასიურ დასაკვირვებელ ობიექტებზე, ვინაიდან ისინი მოიაზრებოდნენ ეგოცენტრულ, არარაციონალურ და მორალისგან თავისუფალ არსებებად. შესაბამისად, კვლევის ობიექტს არ წარმოადგენდა ბავშვის, როგორც პიროვნების, პერსპექტივა. დღეს ეს ხედვა დიდწილად ჩანაცვლდა და ბავშვი მიიჩნევა კომპეტენტურ არსებად. ამ ხედვის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ბავშვის უფლებების კონვენციის პრინციპებმა, ხოლო, მეორე მხრივ – უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დაგროვილმა მულტიდისციპლინურმა მტკიცებულებებმა, რომლებიც მიუთითებს, რომ ბავშვების გამოცდილება, სწავლის უნარი, წარმოსახვა, შემოქმედებითობა, სხვებზე ზრუნვის უნარი ბევრად უფრო კომპლექსური და განვითარებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. სწორედ ამ კონტექსტში აქტუალური ხდება ისეთი მეთოდოლოგიური კონცეფციები, როგორიცაა: კვლევა ბავშვებთან ერთად, მოსმენა, ხმის უფლების მინიჭება, მონაწილეობითი კვლევა, ბავშვის მიერ მართული კვლევა. მათ ჩაანაცვლეს “ბავშვზე ჩატარებული კვლევის” მიდგომა.

კვლევა ბავშვებთან ერთად – ბავშვობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის ახალი პარადიგმა – კვლევის პროცესში ბავშვს ცენტრალურ როლს ანიჭებს. ის მას მოიაზრებს კვლევის თანამონაწილედ და არა – ობიექტად. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს ხდება ზუსტად იმავე კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, რასაც ზრდასრულებთან ვიყენებთ. ბავშვები უფროსებისგან თვისობრივად განსხვავდებიან. ბავშვის განვითარების სპეციალისტი ელისონ გოპნიკი წიგნში “ფილოსოფოსი ჩვილი” აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ბავშვებმა ჩვენთან შედარებით ძალიან ცოტა იციან, მეორე მხრივ კი, ადრეული ასაკიდანვე აქვთ წარმოსახვის, შემოქმედებითობის, სწავლის განსაკუთრებული უნარები, რომლებიც ზრდასრულობასთან ერთად სუსტდება:

“ადამიანის განვითარება მეტამორფოზას წააგავს. ეს, უბრალოდ, ზრდის პროცესი კი არაა, არამედ მუხლუხის პეპლად გადაქცევაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბავშვები არიან სიცოცხლით სავსე, მოფარფატე პეპლები, რომლებიც ნელ-ნელა, ზრდასთან ერთად, გარდაიქმნებიან მუხლუხებად” (გოპნიკი, გვ. 9).

აქედან გამომდინარე, ბავშვობითა და ბავშვებით დაინტერესებული მკვლევრები იყენებენ მრავალფეროვან, შემოქმედებით ხერხებს მათი პერსპექტივის უკეთესად დანახვისა და შესწავლისთვის. ბავშვებთან ერთად ჩატარებული კვლევის დროს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, უფრო ხშირად არავერბალური მონაცემების შეგროვება ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ადრეულ ასაკში მათი ვერბალური შესაძლებლობები შეზღუდულია და ისინი, ზრდასრულებისგან განსხვავებით, თვითგამოხატვის უფრო მრავალფეროვან ხერხებს მიმართავენ. კვლევის დროს მკვლევრები ხშირად რამდენიმე მეთოდს იყენებენ, რაც მთლიანი სურათის უფრო ობიექტურად დანახვის შესაძლებლობას იძლევა და ამცირებს არასწორი ინტერპრეტაციის რისკს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში მკვლევარი საკუთარ მოსაზრებებსა და ინტერპრეტაციებს განიხილავს არა „უზენაეს“ ჭეშმარიტებად, რომელიც მოვლენებს ახსნის, არამედ ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ადრეული ბავშვობის მკვლევრების, ელისონ კლარკისა და პიტერ მოსის მიერ შემუშავებული მოზაიკური მიდგომა. ეს მიდგომა მოიაზრებს კვლევის პროცესში ერთდროულად რამდენიმე მეთოდის გამოყენებას კვლევის მიზნებისა და ბავშვების ასაკის შესაბამისად. სხვადასხვა მეთოდის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია მოზაიკის ნაწილებია, რომლებიც საშუალებას აძლევს მკვლევარს, უკეთ გაიაზროს ბავშვის გარემო, შეხედულებები, გრძნობები და დამოკიდებულებები. ეს მეთოდებია: დაკვირვება, ბავშვების მცირე ჯგუფთან საუბარი (მინი “ფოკუს-ჯგუფები”), ფოტოაპარატისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება (ხშირ შემთხვევაში, ბავშვების მიერ), ტურები (რომლებსაც ბავშვები წარმართავენ), რუკების შედგენა, როლური თამაშები და ა. შ.

მოზაიკური მეთოდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბავშვების მოსაზრებების, დამოკიდებულებების შესწავლა მკვლევრის ან თავად ბავშვების მიერ შეგროვებული “მტკიცებულებებისადმი”: მათ მიერ გადაღებული “საყვარელი” ან “საშიში” ადგილების ფოტოები, მათი ნამუშევრები კვირის ყველაზე სახალისო აქტივობის შესახებ, თამაშის ფოტო თუ ვიდეოჩანაწერები, საუბრების აუდიოჩანაწერები, სკოლის რუკა, რომელზეც დატანილია მნიშვნელოვანი ადგილები და ა. შ.

მოზაიკური მიდგომა და ბევრი თანამედროვე მკვლევრის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდები პოზიტივისტური მიდგომისგან შორს დგას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ მიზანს არ წარმოადგენს უნივერსალური ჭეშმარიტებების ძიება ბავშვის განვითარებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან დაკავშირებით. ამ კვლევებისთვის ამოსავალ წერტილს სწორედ შესაძლებლობების, გამოცდილების მრავალფეროვნების აღიარება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვი, რომელიც კონკრეტულ გარემოში უნიკალურ გამოცდილებას იღებს, გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს, გრძნობებსა და დამოკიდებულებებს ადამიანების, გარემოსა და მოვლენების მიმართ. მეტიც, აღნიშნული კვლევითი პარადიგმა (ე. წ. „პოსტგანვითარების“ ან „პოსტსტრუქტურალისტური“) ბავშვთა (და ზრდასრულთა) პერსპექტივებს არ მოიაზრებს, როგორც მდგრადსა და უცვლელს; დამოკიდებულებები და ემოციები მუდმივად განახლებადი და ცვალებადია, ფორმირდება და ტრანსფორმირდება გარემოსთან ურთიერთობის პროცესში. განზოგადებასთან დაკავშირებული გამოწვევები არ აკნინებს ამ კვლევების მნიშვნელობას. პირიქით, ის საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ბავშვების მოსაზრებები, განცდები, დამოკიდებულებები, რომლებსაც მხოლოდ შეფასების ტესტებითა და გარე დაკვირვებით ვერ მივიღებთ. სწორედ ასეთი კვლევები გვაძლევს საშუალებას, გავაუმჯობესოთ და ბავშვზე ორიენტირებული გავხადოთ საგანმანათლებლო პროცესი; შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ბავშვები ინტერესით ისწავლიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოში.

გამოყენებული ლიტერატურა

Clark, Alison & Peter Moss. (2011). Listening to young children. The mosaic approach. London: NCB.

Fleer, Marilyn & Avis Ridgway (Ed.). (2014). Visual methodologies and digital tools for researching with young children. Transforming visuality. International Perspectives on Early Childhood Education and Development 10. Springer

Gopnik, Alison. (2009). The philosophical baby. What children’s minds tell us about the truth, love and the meaning of life. New York: Farrar, Straus, Giroux.

Kellett, Mary. (2005). Children as active researchers: a new research paradigm for the 21st century?  ESRC National Center for Research Methods. NCRM Methods Review Papers NCRM/003.

Thomas, Nigel. (2012). Love, rights and solidarity: studying children’s participation using Honneth’s theory of recognition. Childhood, 19 (4), 453- 466.

Warming, Hanne. (2011). Getting under their skins? Accessing young children’s perspectives through ethnographic fieldwork. Childhood, 18 (1), 39-53.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...