ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

პროექტი  –   ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში

0

როგორც გამოცდილებამ მიჩვენა, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უძნელდებათ გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული მონაცემების გამთლიანება და გააზრება. ამ პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის  სიახლის შეთავაზება. ასე შეიქმნა პროექტი „ტურისტული სააგენტოები“, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებ და იმედია ბევრ სხვა მასწავლებელსაც დაეხმარება, რათა უფრო საინტერესოდ შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს კუთხეები.

    პროექტი ეყრდნობა სტანდარტის მოთხოვნებს:                                                 

 საზ.მეც.5-6. 12. გარემო და ეკონომიკა.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.

საზ.მეც.5-6.22. კულტურა და რელიგია.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.

პროექტის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს კუთხეებზე მსჯელობა, სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლენა; უნდა შექმნას სხვადასხვა პროდუქტი და  განიხილოს, რომელ მხარეში მოგზაურობა იქნება  კარგი  კონკრეტული ინტერესის მქონე მოგზაურისთვის.

გარკვეული რაოდენობის კუთხეების (მაგალითად კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო) შესწავლის  შემდეგ კლასს ვყოფ ამავე რაოდენობის „ტურისტულ სააგენტოებად“. ჯგუფებს კენჭისყრით ხვდება ესა თუ ის კუთხე. „ტურისტული სააგენტო“ დაწვრილებით ეცნობა ამ მხარის ისტორიულ-კულტურულ, ლანდშაფტურ,  ეთნოგრაფიულ და ა.შ. თავისებურებებს. თითოეულ სააგენტოში მაქსიმალურად თანაბრად არიან სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე  მოსწავლეები. კენჭისყრის საფუძველზე მათ ურიგდებათ დავალება.  სააგენტოებს ეძლევათ მოსამზადებელი დრო ერთი ან ორი კვირა, კლასის შესაძლებლობების გათვალისწინებით. სააგენტოები თვითონვე ირჩევენ სააგენტოს ხელმძღვანელს, თუ ეს ვერ მოხერხდა, მათ სხვადასხვა გზებით მასწავლებელი ეხმარება. ასევე, სააგენტო თვითონვე ირჩევს  სახელწოდებას.

 თითოეულ სააგენტოს ევალება:

  1. მოამზადოს ელექტრონული პრეზენტაცია კონკრეტული კუთხის შესახებ;
  2. მოამზადოს სარეკლამო პოსტერი;
  3. მოამზადოს ბუკლეტი, რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი ამ კუთხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ლანდშაფტური და ა.შ.  ღირშესანიშნაობები;
  4. მომზადოს სპეციალური რუკა და ზედ აღნიშნოს ის მარშრუტები, რომელსაც მოგზაურს სთავაზობს.

„ტურისტული სააგენტოს“ ხელმძღვანელი ჯგუფში სამუშაოს ანაწილებს. ამ დროს მასწავლებლის ფუნქციაა, მხარი დაუჭიროს ჯგუფებს და დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ მათი სააგენტოს წარმატება მხოლოდ მათ შეთანხმებულ მოქმედებაზეა დამოკიდებული, ანუ ძალა ერთობაშია.

მოსწავლეებმა წინასწარ იციან შეფასების კრიტერიუმები, ისინი მათთანაა შეთანხმებული. პრეზენტაციის დაწყებამდე დაფაზე ვხაზავ და ვწერ შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც შეიძლება მოდიფიცირებული იქნეს სხვადასხვა შემთხვევებისთვის.

 

სააგენტოს სახელი პრეზენტაცია-

2 ქულა

პლაკატი- 2 ქულა ბუკლეტები და ნივთიერი მასალა- 2ქ შემოქმედებითობა-2 ქულა

 

ჯგუფის ორგანიზება-ჩართულობა-1 ქულა

 

დროის გამოყენება- 1 ქულა ბონუსი
               
               
               

 

სააგენტოების მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას ერთი გაკვეთილი ეთმობა, თითოეულ ჯგუფს – 7-10  წუთი.  გაკვეთილის დარჩენილი დრო შეფასებასა და რეფლექსიაზე მიდის.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სააგენტო ჩაეტიოს მისთვის განკუთვნილ დროში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმსახურებს სააგენტო ქულას. ეს აჩვევს მოსწავლეებს დროის ეფექტურად გამოყენებას.

მოსწავლეთა შეფასება განმსაზღვრელიცაა და განმავითარებელიც. პროექტის დასასრულს თითოეული სააგენტო ავსებს თვითშეფასების კითხვარს, რომელსაც მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები თვითონვე ქმნიან.

კითხვარის ერთ-ერთი კითხვაა

  • თქვენ რომ მოგზაური იყოთ, რომელი სააგენტოს მიერ შემოთავაზებული მარშრუტით დაინტერესდებოდით?

კითხვარების დამუშავების შემდეგ კარგად გამოიკვეთება, რომელი კუთხის სანახავად  შეიძლება წავიყვანო კლასი ექსკურსიაზე.

ამრიგად, გამოცდილებამ მიჩვენა, რომ პროექტი „ტურისტული სააგენტოები“ ნაყოფიერად მუშაობს, მოსწავლეები უფრო ადვილად იმახსოვრებენ ინფორმაციას, იზრდება მოტივაცია, შეუძლიათ ცოდნის ტრანსფერი, სწავლობენ სამუშაოს ერთობლივად დაგეგმვას, მუშაობას, ერთად ქმნიან პროდუქტს და რწმუნდებიან, რომ ძალა ერთობაშია.

 

 

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  მასწავლებელი

 

 

ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ სწავლებისათვის

0

ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ ერთ- ერთი იმ ტექსტთაგანია, რომელიც დღემდე კამათისა და დავის საგანია. არსებობს კითხვები, რომლებზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხები დღესაც არ არის გაცემული. აქედან გამომდინარე, „განდეგილი“ ძალზედ საინტერესო მასალაა კლასში დებატებისა და დისკუსიისათვის. მისი განხილვით, დებატების გამართვით შესაძლებელია მოსწავლეებში ლოგიკური უნარების, არგუმენტირებული მსჯელობის, სხვისი აზრის პატივისცემის გაღვივება-ჩამოყალიბება.

ყველამ ვიცით, მასწავლებლის ძალისხმევის მიუხედავად, კლასში ყოველთვის რჩებიან მოსწავლეები, რომლებიც მოცემულ დავალებას არ ასრულებენ, არ კითხულობენ ტექსტებს და შესაბამისად, ვერ ერთვებიან დისკუსიაში. გაკვეთილი მათთვის უინტერესოა, რადგან თავად არაფერი აქვთ სათქმელი. ვფიქრობ, ილია ჭავჭავაძის ეს პოემა იმის საშუალებასაც იძლევა, დავაინტერესოთ ის მოსწავლეებიც, რომლებიც სახლში არ ასრულებენ დავალებას და არ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

ამისთვის საჭირო იქნება ტექსტობრივი ცოდნის გამოკითხვის შემდეგ პედაგოგმა განმეორებით მოუყაროს თავი სიუჟეტურ საკვანძო საკითხებს და ბავშვებს მოუთხროს იმ დისკუსიების შესახებ, რომლებიც „განდეგილის“ ირგვლივ დაწერიდან დღემდე გამართულა. ასევე სასარგებლო იქნება ცალკეული პასაჟების დეკლამირება, რათა ზარმაცებსაც კი მიეცეთ მსჯელობის საშუალება. თუკი დისკუსიაში მონაწილეობას ისეთი მოსწავლეებიც შეძლებენ, რომელთაც აქამდე თავიანთი დაბალი აკადემიური მოსწრების გამო არ ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება, ეს შეიძლება, სამომავლოდ ბიძგი აღმოჩნდეს და შეეცადონ, მეტად მომზადებულები მოვიდნენ გაკვეთილზე, რადგან ექნებათ მოლოდინი, რომ შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმას, იგრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას და აუმაღლდებათ მოტივაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მწერლობა  ქრისტიანულ ფესვებზე დგას, სამწუხაროდ, სასკოლო პროგრამებში არ შედის არცერთი სახარება, ისწავლება მხოლოდ ცალკეული იგავები, რაც ჩვენს მოზარდებს ვერ აძლევს საშუალებას, მეტ-ნაკლებად გაერკვნენ ქრისტიანობის არსში და შესაბამისად, შეძლონ იმ ლიტერატურის სწორი ანალიზი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქრისტიანობასთან.

სანამ კონკრეტულად ჰაგიოგრაფიის სწავლას დაიწყებენ, „განდეგილია“ ის ნაწარმოები, რომლის გაგება-გააზრებასაც აუცილებლად სჭირდება რელიგიური ასპექტების ცოდნა. სამწუხაროდ, პროგრამებიდან გამომდინარე, ეს საკითხი მხოლოდ მასწავლებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რამდენად ეყოფა მას ინტელექტი და პირადი პასუხისმგებლობა, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ქრისტიანობის არსზე, ან თუნდაც ბერ-მონაზვნობის ფუნქცია-დანიშნულებაზე, რამდენად შეეცდება, დაანახოს მოსწავლეებს თავისუფლებისა და პირადი პასუხისმგებლობის სივრცე, რომელსაც ქრისტიანობა საკუთარ მრევლს სთავაზობს?!

ქრისტიანობაზე საუბარი მასწავლებელს ბეთლემიდან არსის ახსნიდან მოუწევს. სწორედ ასე ჰქვია იმ სავანეს, რომელშიც განდეგილი ცხოვრობს:

„და იმ ყინულში შეთხრილს ხვთის ტაძარს

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი“.

მთავარი კითხვებიც შეიძლება აქედანვე დაიბადოს. არის თუ არა ალეგორიული „განდეგილი“? ჰყვება თუ არა საზოგადოდ რწმენის კრიზისზე? თუ ის ერთი პიროვნების დრამაა და არაფერი აქვს საერთო ზოგად პრობლემებთან?

თუკი გავითვალისწინებთ, რომ მკვლევართა შორის ორივე აზრი არსებობდა, უფრო მეტად შეგვეძლება არგუმენტირებულად ვცეთ პატივი მოსწავლეთა ორივენაირ მოსაზრებას. ასე მოზარდები შეიმეცნებენ საკუთარი აზროვნების მნიშვნელობას და სამომავლოდაც შეეცდებიან, მიიღონ ის სიხარული, რაც რაღაცის მიხვედრას, მერე მის გაზიარებასა და დამტკიცებას ახლავს თან.

შეიძლება გაიმართოს კამათი თემაზე: როდის უნდა წავიდეს ადამიანი ბერად? მაშინ როდესაც უნდა, თავი აარიდოს საცდურს და წმინდად იცხოვროს, თუ მაშინ, როდესაც მისი ცხოვრების საზრისი მხოლოდ ღმერთთან დიალოგშია, როცა მას აღარ აქვს მიწიერი სურვილები და მხოლოდ სულიერი ცხოვრება სურს?

ილიას „განდეგილის“ პერსონაჟის მცდელობა, გაქცეოდა ცოდვებს, კრახით დასრულდა.

„განშორებია ვით ცოდვის სადგურს,

ვით სამეუფოს ბოროტისასა,

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს,

განსაცდელსა მას ეშმაკისასა“.

„განდეგილის“ მიხედვით, ცხადია, ცოდვა ყველგან მოგაგნებს, თვით მყინვარში გამოკვეთილ გამოქვაბულშიც კი. თავისთავად ისმის კითხვა – უნდა წავიდეს თუ არა კაცი ბერად, თუკი მას ხორციელი ვნებები დათრგუნული არა აქვს? ერთი შეხედვით პასუხი ნათელია და იოლად და სწორხაზოვნად შეგვიძლია მივაწეროთ განდეგილის დაცემა საწყისშივე დაშვებულ შეცდომას, სავარაუდოდ, კლასის მსჯელობაც აქეთ წავა. თუმცა პედაგოგმა უნდა დასვას შემდეგი კითხვა: საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი ადამიანმა სიცოცხლეშივე დაძლიოს ყველა სისუსტე? აქ მას დასჭირდება იმის შეხსენება, რომ ჯვარზე გაკრულმა ქრისტემაც კი გამოავლინა სისუსტე და წამოსცდა საყვედური საკუთარი მამის მიმართ:

„ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე?“ (მათე 27. 46)

სახარების ამ ფრაზის გაგებასაც შეიძლება მიეძღვნას დისკუსიის მცირე ნაწილი.

თუკი ბავშვები გაიაზრებენ, რომ ქრისტიანობის მიხედვით სანამ კაცი ცოცხალია, მასში ადამიანური სისუსტეც ცოცხლობს, მაშინ მოუწევთ უარყონ თითქმის უკვე ნაპოვნი პასუხი კითხვაზე – რატომ დაეცა განდეგილი? თუმცა მოზარდების ნაწილი შეიძლება შეეცადოს, მაინც გაჰყვეს ამ აზრს და თქვას,  რომ შეიძლება, ცოდვები მთლიანად არ დაიძლევა, მაგრამ ბერად, მით უფრო განდეგილ ბერად წასვლის მოტივი ცოდვისგან გაქცევა მაინც არ უნდა იყოს.

შემდეგი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, სხივია:

„როს ლოცულობდა იმ სხივსა თურმე,

თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,

და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი,

უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა“.

აქ დასაწყისშივე უნდა გაირკვეს, რა არის ქრისტიანობისთვის სასწაული?

სახარებაში ქრისტე სასწაულის მომთხოვნებს „მცირედმორწმუნეებს“ უწოდებს, თუმცა მთელი საეკლესიო მწერლობა აღწერს სასწაულებს, ძირითადად როგორც სულიწმიდის გადმოსვლის აქტს, მაგრამ ამ სასწაულებს ხალხისთვის სიკეთე, კურნება მოაქვს.

თუკი განდეგილის ლოცვას ხალხისთვის, წუთისოფლისთვის შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, სხივი მხოლოდ მისთვისაა – მისი სულიერი მდგომარეობის დასტური, მისი სიმშვიდის გარანტიაა.

იქნებ სწორედ ეს სხივი, მასზე დამოკიდებულება ღუპავს განდეგილს. იქნებ სხივი მისი „მცირედმორწმუნეობის“ ნიშანია.

ქრისტიანობა თავისთავად გულისხმობს სიმშვიდეს, თუმცა სამაგიეროდ ამ ქვეყანაშივე გარანტიებს არავის ჰპირდება. სხივი თითქოს განდეგილის იმქვეყნიური ცხონების გარანტიაა, რაც არ შეიძლება ჰქონდეს ცოცხალ ადამიანს. ის თითქოს საჩუქარია, მაგრამ ისე იჩვევს განდეგილს, რომ მას სხივის გარეშე აღარ შეუძლია არსებობა. ყველას გვახსოვს, როგორი ექსპრესიული სურათია, როდესაც განდეგილი გათენებასა და სხივს ელოდება.

„…მზის ამოსვლასა ელოდებოდა

რად არ ამოდის? რად გვიანდება?

დღემდე თვით ჟამი არარა იყო,

და ეხლა წუთიც რად უძნელდება?

ამოვიდა მზე, მსწრაფლ უკუ-იქცა,

შევარდა სენაკს გახარებული,

და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად,

ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული“.

თუმცა ეს სიხარული ნაადრევი გამოდგა:

„მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!

დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ, სხივ-ქვეშ უტევა სული“.

რატომ ვერ შეძლო განდეგილმა დაცემის შემდეგ ადგომა, ქრისტიანობა ხომ სინანულის რელიგიაა?! იქნებ სწორედ სხივმა დააკარგვინა ის თავისუფალი არჩევანი, რომელსაც სახარება ყოველთვის უტოვებს ადამიანს: დაცემული ადგეს, შეცდენილი სწორ გზაზე წავიდეს. წლების განმავლობაში სწორედ სხივმა ჩაანაცვლა ბერის პირადი ნება, სხივი იძლეოდა პასუხს მთავარ კითხვაზე, ილიას კი, როგორც ქრისტიანს, მწერალს და მოქალაქეს ყველაზე მატად ადამიანის თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა ადარდებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რატომ უნდა ვაცალოთ მოზარდებს გამოძინება

0

ძილის უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი ასაკის ბავშვზე, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემებს ის მოზარდებს უქმნის. საქმე ისაა, რომ სქესობრივი სიმწიფის  პერიოდში მოზარდის ბიოლოგიური საათი „ფაზებს იცვლის“ და თუ მათ რამე აერიათ, „არეული მდგომარეობა“ მომავალშიც ნარჩუნდება. თუკი ზრდასრულის ტვინი შებინდების პარალელურად ძილის გამომწვევ ჰორმონ მელატონინს გამოჰყოფს, მოზარდებში ეს სისტემა ჯერ კიდევ აუწყობელია, ისინი მელატონინისგან 90 წუთის დაგვიანებით თავისუფლდებიან. ასე რომ, თუ მოზარდი საღამოს თერთმეტ საათზე გაეშურება დასაძინებლად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სინამდვილეში გაცილებით გვიან დაეძინება.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხმაურიანი მაღვიძარაც კი გაჭირვებით აფხიზლებს მოზარდებს. მონდომების მიუხედავად, ისინი ფეხზე ვერ დგებიან და კარგა ხანს ვერ ფხიზლდებიან ბოლომდე. ბევრი მათგანი პირველ ორ გაკვეთილზე თვლემს, ან  გონებას ვერაფრით იკრებს. ასეთი ნახევრადმღვიძარი, მოტოებზე ამხედრებული მოზარდები განსაკუთრებით დიდ საშიშროებას უქმნიან როგორც საკუთარ, ისე სხვა მძღოლების ჯანმრთელობას.

ამიტომ აშშ-ში რამდენიმე სკოლამ საგაკვეთილო პროცესის დაწყება ერთი საათით გვიან გადაწყვიტა. ედინში, მინესოტას შტატში, გაკვეთილები არა 7:25 საათზე, არამედ 8:25 საათზე იწყება. შედეგები განსაკუთრებით იმ მოზარდებზე აისახა, რომლებიც ნორმალურად სწავლობდნენ. ერთსაათიანმა დილის ძილმა მათემატიკის ტესტების შედეგები 56 პუნქტით, ენის კი – 156 პუნქტით გააუმჯობესა. მოზარდები აღნიშნავენ, რომ გამოძინებულებს სწავლის მოტივაცია გაეზარდათ და დეპრესია ნაკლებად აწუხებთ.

მანამდე, დარმერის უნივერსიტეტში, კენტუკის შტატში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ  საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ძილის პერიოდი სულ უფრო და უფრო კლებულობდა. ეს კი  დიდი პრობლემა იყო. მათ დაასკვნეს, რომ თუკი პირველ წელს გამოკვლეული მოზარდების 60%-ს რვა საათი ეძინა ხოლმე, მეორე წელს რვასაათიანი ძილით მხოლოდ 30%-მა დაიტრაბახა. ეს მონაცემები ლოგიკურად მოზარდებში გაორმაგებული დეპრესიის სტატისტიკას მიება.

გარდა ამისა, შტატ კენტუკიში სწავლის გვიან დაწყებას დილის ავარიების 25%-ით შემცირება მოჰყვა.

მიუხედავად ამ შედეგებისა, აშშ-ის სკოლების 85% გაკვეთილებს მაინც 8:15 საათზე იწყებს, სკოლების 35% კი 7:30 საათზე ან უფრო ადრე.

სწავლის დროის გადატანას ბევრი სკოლა აპროტესტებს. ზოგიერთი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამისათვის დამატებითი სასკოლო ავტობუსები დასჭირდება, ხშირად კი უკმაყოფილებას მასწავლებლებიც გამოთქვამენ. მათი თქმით, დილით ადრე საცობები ნაკლებია და თუ სწავლა გვიან დაიწყო, საცობებში გაიჭედებიან.

ჩინოვნიკების უმეტესობას სტატისტიკა საერთოდ არ აინტერესებს. მაგალითად, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის გადაწყვეტილებაზეც იყო დამოკიდებული ვესტჩესტერის სკოლაში სწავლის დაწყების დროის დაკანონება, განაცხადა, რომ კვლევების საერთოდ არ სჯეროდა.

დოქტორ მარკ მეჰუოლდი ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს სისულელეს უწოდებს, რადგან საუბარია მოსწავლეების ჯანმრთელობისა და განათლების ხარისხზე. მარკი ძილის დარღვევის მინესოტის რეგიონური ცენტრის დირექტორიცაა. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრის დროს უფროსი თაობა მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს,  მოსწავლეები კი არც ახსოვს: „სკოლა იმისათვის არსებობს, რომ მოსწავლემ მის სივრცეში განათლება მიიღოს. განათლებას კი ხელშეწყობა და არა ხელის შეშლა სჭირდება“.

„გვეგონა საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვქონდა“, – აცხადებს კეროლ იანგ-კლეინფელდი. კეროლი შტატ კენტუკიში, ნიუ-იორკიდან 30 მილში ცხოვრობს. ვილტონიც ცდილობდა სასკოლო ავტობუსებზე ფულის ეკონომია გაეწია, მისი შვილი სკოლაში სწავლას 7:35 წუთზე იწყებდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ის კევინ სალივსნს, შტატის იმდროინდელ სენატორს შეხვდა, რომელმაც უამბო, თუ რა სიკეთის მოტანა შეეძლო სწავლის გვიან დაწყებას. კეროლს, რომელსაც მოზარდი შვილი ჰყავდა, ეს იდეა მოეწონა. მან და სხვა მშობლებმა დაარწმუნეს ადგილობრივი ჩინოვნიკები და სწავლის დაწყების დრო ერთი საათით წინ გადაწიეს. „მანამდე ჩემი შვილი ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ბუზღუნებდა და უბედური მოზარდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მერე კი სასწაული მოხდა – ის აღარ უჩიოდა ძილის უკმარისობას. კარგ ხასიათზე იღვიძებდა. გაიზარდა მისი აკადემიური მოსწრება“.

ძილის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კაპრიზულობა, აგრესიულობა, იმპულსურობა, გაუცხოება ქრონიკული გამოუძინებლობის შედეგი შეიძლება იყოს. იქნებ, მოზარდებს გამოძინების შესაძლებლობა უნდა მივცეთ? ამასთან დაკავშირებით პიტსბურგის უნივერსიტეტის დოქტორი, რონალდ დალი ამბობს, რომ ზუსტად არავინ იცის, რამდენად მძიმდება მოზარდის მდგომარეობა უძილობით, მაგრამ ფაქტია, რომ ძილის უკმარისობა მას ძალიან ვნებს.

ძილის ნაციონალური ფონდის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამერიკელ მშობელთა 90% მიიჩნევს, რომ მათ შვილებს საკმაოდ დიდხანს სძინავთ, მაგრამ ბავშვები სხვა რამეს ამბობენ. 60% აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ძილი ერთხელ მაინც ერევა, 20-დან 33%-ს კი კვირაში ერთხელ კლასში მერხზე ეძინება.

სტატისტიკა ჯიუტია: ბავშვებს ძილი არ ჰყოფნით. დასვენების დღეებს თუ არ ჩავთვლით, სხვა დღეებში მათ 7 საათზე ნაკლები სძინავთ – უფროსკლასელებს  6,5 საათი და უფროსკლასელების მხოლოდ 5%-ს სძინავს 8 საათი.

რასაკვირველია, სკოლაში სიარული დამღლელია, მაგრამ თანამედროვე მოზარდებს მაინც გაცილებით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30-წლისწინანდელ თაობას. საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვთა ძილმაც 30 წუთით იკლო. ადრინდელთან შედარებით ჩვილებიც კი გაცილებით მეტ დროს ატარებენ სიფხიზლეში.

შეიძლება ვინმესთვის ერთი საათით მეტი ძილი არაფერს ნიშნავს, მაგრამ არა  მოზარდებისთვის. ბავშვების ტვინი 21 წლამდე ვითარდება და განვითარების პროცესი უმეტესად ძილის პერიოდზე მოდის. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოზარდული პრობლემის სათავე ძილის ქრონიკულ უკმარისობაში იმარხება. ცუდი ძილი დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ყურადღების დეფიციტთან და ჰიპერაქტიურობასთან. ბავშვის ფორმირების დროს ძილის პრობლემა ტვინის სტრუქტურას ცვლის და აზიანებს. ამიტომ ტიპური მოზარდული პრობლემები – კაპრიზულობა, დეპრესია და ჭამის დაუოკებელი მადა ძილის ქრონიკული უკმარისობის ნიშანია.

დოქტორ ავი სეიდხი თელ-ავივის უნივერსიტეტიდან ძილს იკვლევს. ორიოდე  წლის წინ მან 77 მეოთხე და მეექვსეკლასელის ძილი გამოიკვლია. სამი დღის განმავლობაში ბავშვების ერთი ნაწილი ადრე იძინებდა, მეორე – გვიან. აქტივობის რეგისტრატორის გამოყენებით (ეს მოწყობილობა ძილის რეალურ დრო აფიქსირებს), დოქტორის გუნდმა დაადგინა, რომ პირველი ჯგუფის ბავშვებს ღამით 30 წუთით მეტი ეძინათ, მეორე ჯგუფისას კი – 31 წუთით ნაკლები. მესამე ღამის შემდეგ მკვლევარმა ნეირობიოლოგიური ტესტი ჩაატარა, რომელსაც უნდა დაედგინა მოსწავლისა და მასწავლებლის მუშაობის ხარისხი, თუ როგორ აფასებდა მასწავლებელი მოსწავლის შრომისუნარიანობას. შედეგი ის იყო, რომ გამოუძინებელი მეექვსეკლასელი მეოთხეკლასელივით მუშაობდა.

აი, რას ამბობს ძილის დამარეგულირებელი ბიოლოგიური სისტემების სპეციალისტი დოქტორი მერი კარსკადონი: „უქმეებზე მშობლები ხშირად აძლევენ პატარებს გვიან დაძინების უფლებას. დაკარგულ საათებს ბავშვები შემდგომ დღეებში ინაზღაურებენ. თუმცა დოქტორ მონიკ ლებერჟუამ აღმოაჩინა, რომ არასტანდარტულ დროს დაძინება უჩვეულოდ აისახება სტანდარტულ IQ-ტესტზე. ყოველი გადაწეული საათი ბავშვს ტესტში 7 პუნქტად უღირს. დოქტორ პოლ სერატმა ვირჯინიის უნივერსიტეტიდან კი დაადგინა, ამავე მიზეზით დაბალ კლასებში ბავშვებს  ლექსიკონთან მუშაობა უჭირთ“.

ძილის ხანგრძლივობასა და სასკოლო ნიშნებს შორის კორელაცია მკვეთრად ჩანს საშუალო სკოლაში, რადგან სწორედ სკოლის კედლებში მოხვედრის შემდეგ უმცირდებათ ბავშვებს ძილის საათები. მინესოტას შტატის უნივერსიტეტის დოქტორმა, ქეილ ვალსტრემმა 7 ათასზე მეტი უფროსკლასელის ძილთან დაკავშირებული ჩვევა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ფრიადოსნებს „კარგოსნებთან“ შედარებით 15 წუთით მეტხანს სძინავთ, „კარგოსნებს“ კი საშუალო ნიშნების მქონე ბავშვებთან შედარებით 15 წუთით მეტხანს. ვალსტრემის კვლევის შედეგი ზუსტად ემთხვევა მანამდე როდ-აილენდში ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც 3 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა.

 

 

 

თემატური კარნახი როგორც მოსწავლეთა შეფასებისა და კონტროლის ფორმა

0

შეფასებასა და კონტროლს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასწავლო პროცესში. ამისთვის მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას ვიყენებთ: ტესტირებას, თხზულებას, დამოუკიდებელ სამუშაოს, გაკვეთილის მოყოლას… ასეთივე წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ არატრადიციული, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი მეთოდი – თემატური კარნახი.

კარნახი – ეს არის ცოდნის შემოწმება კითხვების დასმის გზით. ის უნდა შეესაბამებოდეს შესასწავლ თემას, სახელმძღვანელოს და პროგრამას. მასალა შეიძლება იყოს მიმდინარე გაკვეთილის თემა ან ნაწარმოების განვლილი თავი, ან გამიზნული იყოს ახსნილი მასალის უკეთ გაგებისთვის. ის უმთავრესად 20 კითხვისგან შედგება, რომლებიც შეიძლება ორ ვარიანტად შეადგინოს მასწავლებელმა. კარნახი (ანუ კითხვების დასმა) შეიძლება, საჭიროებისამებრ, 10-12 წუთს გაგრძელდეს. მისი ჩატარება სასურველია გაკვეთილის ბოლოს ან, სიტუაციის შესაბამისად, გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე. მოსწავლეები თავისუფალ ფურცლებზე წერენ მხოლოდ კითხვის ნომერს და მიუწერენ პასუხს, დასრულების შემდეგ კი მასწავლებელს ჩააბარებენ. შემოწმებისას თითო სწორი პასუხისთვის მოსწავლე მიიღებს თითო ქულას, ნახევარი პასუხი კი შეფასდება 0.5 ქულით.

ამ ტიპის დავალებას შეჯიბრების ხასიათი აქვს და მოსწავლეთა მაღალი მოტივაციით გამოირჩევა. კარნახი ასტიმულირებს მოსწავლის წარმოსახვას, რაც ეხმარება მას, შესასწავლი საგნები საკუთარ იდეებსა და გამოცდილებას დაუკავშიროს. მოსწავლეთა ინტერესი  არც დავალების დასრულების შემდეგ, პასუხების დეტალური განხილვის ეტაპზე ნელდება.

ისტორიის გაკვეთილზე კარნახს თავისებურებებიც აქვს:

  • ისტორიული კარნახის მეთოდური თავისებურება, უწინარეს ყოვლისა, განისაზღვრება თამაშის ელემენტებით, რომლებიც საზოგადოდაა დამახასიათებელი ისტორიული მოვლენების რეკონსტრუირებისთვის, რადგან წარმოსახვას და ვიზუალური მოდელების გამოყენებას ყოველთვის აქვს თამაშის კონტექსტი.
  • კარნახის დროს კითხვა-პასუხის კომპლექსი სწორად უნდა წარიმართოს, კითხვებს უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული ხასიათი და გამოირიცხოს მონოტონური აღქმა. მასწავლებლის კითხვებმა მოსწავლეთა ემოციები უნდა გამოიწვიოს: „ოჰ, ეს ხომ ვიცი!“ „ეს ხომ ადვილია“ და ა.შ.
  • კარნახის დროს გასათვალისწინებელია გამოსაკითხი ინფორმაციის ოდენობაც.
  • კითხვები ძირითადად დახურული ტიპისა უნდა იყოს, გულისხმობდეს მკაფიო, ერთმნიშვნელოვან პასუხს, ნათლად იყოს ფორმულირებული და არ დააბნიოს მოსწავლე. უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხის ხარისხი პირდაპირ უკავშირდება კითხვის ხარისხს.
  • ვინაიდან კარნახი ორ ვარიანტად მიმდინარეობს, პარალელური შეკითხვები თანაბარი დონისა უნდა იყოს. მაგალითად, თუ ჯვაროსნული ლაშქრობების შესწავლისას შეკითხვის 1–ელი ვარიანტი ასეთია: „ევროპის რომელი მონარქები მონაწილეობდნენ მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?“, – ამავე სირთულისა უნდა იყოს მე–2–ც: „რომელი მეფეები მონაწილეობდნენ მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?“ თუ ეს წესი დაირღვა, კარნახი ჩავარდება, რადგან მოსწავლეები სამართლიანად გააპროტესტებენ დავალებას და მოითხოვენ თანაბარ პირობებს.

კითხვის ტიპები

  • ისტორიული კარნახის დროს კითხვები სხვადასხვანაირია, მაგრამ როგორც არ უნდა აიგოს ისინი, მათში აუცილებლად უნდა შედიოდეს კითხვითი სიტყვა (სად? როდის? ვინ? და ა.შ.) და გარემოება (დაასახელეთ… ჩამოთვალეთ… და ა.შ.).
  •  კითხვები მარტივიც შეიძლება იყოს და რთულიც. მაგალითად, მარტივია კითხვა: „ვინ და როდის დააარსა მონღოლთა სახელმწიფო“? – აქ მხოლოდ თარიღისა და ვინაობის დასახელებაა საკმარისი, მოითხოვს გახსენებას, მეხსიერების დაძაბვას; რთულია კითხვა: „რამ განაპირობა მონღოლთა საყაენოს ტერიტორიული ზრდა სხვადასხვა მიმართულებით?“ აქ მოსწავლემ აუცილებლად უნდა ჩართოს წარმოსახვა, გაიხსენოს მონღოლთა დროინდელი რუკა, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მეზობლები, დაპყრობითი ომების მიმართულებები და კითხვას ისე გასცეს პასუხი.
  • კითხვა შესაძლოა გათვლილი იყოს ერუდიციაზე. „რა რის პაპირუსი?“ – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია: ა) მოკლედ აღიწეროს პაპირუსის დამზადების ტექნოლოგია, რაც არცთუ იოლია და ბ) განიმარტოს სახელწოდება, რაც შედარებით ადვილია.
  • სხვადასხვა ტიპის კითხვები თანმიმდევრულად უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს. მაგალითად, კითხვას: „რა იყო ნორმანების ირლანდიაზე თადასხმის მიზეზი?“ (კითხვა რთულია, მოითხოვს ვიტარების ცოდნას) – მოსდევს კითხვა: „ვინ მეთაურობდა ირლანდიაში ნორმანთა წინააღმდეგ ბრძოლას?“ (კითხვა მარტივია და მხოლოდ დამახსოვრებაზეა გათვლილი).

კარნახი უმოკლესი გზაა ისტორიაში განვლილი მასალის (თემების) გასამეორებლად, რადგან გამოკითხვის ასეთი ფორმა მოსწავლეთა აზროვნების მობილიზებას ახდენს (კითხვა-პასუხის რეჟიმი, უბრალო კითხვისგან განსხვავებით, დიდ ძალისხმევას მოითხოვს) და აღქმას აძლიერებს. შეიძლება ისტორიული კარნახის დაწერა ცნებებზე, თარიღებზე, მაგრამ ის სრულიად სხვა შინაარსს იძენს, როდესაც მას ისტორიული თემების კომპლექსური შესწავლისთვის ვიყენებთ და მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებსაც კომპლექსურად ვამოწმებთ. ისტორიული კარნახის თემატურად ჩატარების უპირატესობა იმითაც გამოიხატება, რომ ამ დროს ყოველი მომდევნო შეკითხვა განსხვავებულ საკითხს ეხება, მაგრამ იმავე თემის ფარგლებში, რაც მოწავლეებს მარცხზე მეტად წარმატებისთვის განაწყობს. ამ დროს მოსწავლის მოლოდინი („ახლა რა შეკითხვა იქნება?“) და მისი გონებრივი აქტივობაც განსაკუთრებულია და ის თავს მოდუნების უფლებას არ აძლევს.

ისტორიის გაკვეთილზე თემატური კარნახის დროს სხვადასხვა ტიპის კითხვებს ვიყენებ: „ვინ?“ – ავლენს ისტორიული პირების ცოდნას; „როდის?“ – ამოწმებს ქრონოლოგიის ცოდნას, მოვლენებისა და ფაქტების ისტორიულ დროსთან დაკავშირების უნარს; „სად?“ – სივრცეში ორიენტაციისთვისაა აუცილებელი; „რა არის ეს?“ – მოსწავლეს ფართოდ ინფორმირებისა და ცნებათა ძირითადი აპარატის მოწესრიგების საშუალებას აძლევს; „ჩამოთვალეთ…“ – მსგავსი ფაქტების დალაგებაზეა ორიენტირებული; „ახსენით, შეადარეთ, დაასახელეთ მიზეზები ანდა შედეგები…“ – ცოდნის ფორმულირებისთვის გამოიყენება.

 

თემატური კარნახის მაგალითი ისტორიაში: „კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციები. ინკები“ (ისტ. VII, 1,2,6,10)

კითხვები:

 

პასუხები:

 

თემატური კარნახი, როგორც მოსწავლეთა ცოდნის კონტროლის და პასუხების მიღების საფუძველი, ხელს უწყობს სწორი კომუნიკაციის დამყარებას გაკვეთილზე, ავითარებს და აკონტროლებს სააზროვნო უნარებს, ხელს უწყობს მოსწავლის დაინტერესებას ისტორიით, ზრდის შეჯიბრებითობის სურვილს, არ ჭირდება დროის დიდი დანაკარგი მოსამზადებლად, არ გულისხმობს პრეზენტაციას, ანდა დაბეჭდვას და ამით მოსახერხებელია გაკვეთილზე, რითაც სწავლის პროცესი გაცილებით სწრაფი და ეფექტურია.

სხეულის ანბანი (მეორე ნაწილი)

0

მეცნიერული კვლევები არავერბალურ კომუნიკაციასა და ქცევაზე 1872 წლიდან დაიწყო. დარვინმა გამოსცა ნაშრომი ,,ემოციის გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში“, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანები ძირითადი ემოციების გამოხატვის ერთნაირ ხერხებს იყენებენ. ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, გრძნობები და ემოციები კომუნიკაციის თანდაყოლილ ,,ბერკეტებს“ წარმოადგენენ. თუმცა დღეს დარვინს აღარავინ ეთანხმება. ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები და კომუნიკაციის სპეციალისტები  ამტკიცებენ, რომ  ემოციები და ჟესტები  არ არის თანდაყოლი და  უნივერსალური და მათ ახასიათებთ, მინიმუმ, კულტურათაშორისი განსხვავებულობა.

როგორც ვერბალური ენები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კულტურისა და ეპოქის მიხედვით, ასევე განარჩევენ სხვადასხვა ეროვნების, ეპოქისა და კულტურის სხეულის ენას. ყველაზე ინტერნაციონალურ ჟესტად შეხება, ანუ ტაქტილური კონტაქტი ითვლება. რადგან ის ადამიანის ყველაზე პირველ და მნიშვნელოვან არავერბალურ სათქმელს წარმოადგენს. ბავშვის აღზრდა ტაქტილური კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია, მეტიც, მის აუცილებლობას მედიცინის სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი დაგიდასტურებთ. არადა, კულტურათა უმეტესობა შეხებით კონტაქტზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ყველა საზოგადოებას აქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვის, სად, როგორ და რატომ შეიძლება შეეხოს, მაგალითად: ხელი ჩამოართვას მისალმების დროს, დამშვიდობებისას კი – დაუქნიოს.  დასავლურ სამყაროში ადამიანის სხეულზე/ტანსაცმელზე შეხება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, ამას თანამოსაუბრის მხრიდან ერთგვარი ნებართვა სჭირდება. მაგალითად, არაბებისთვის კი მისაღებია ახლო დისტანციაზე დიალოგის წარმართვა და მიუღებელია პროფესიული დისტანციის დაცვით ერთგვარი ,,ამერიკული დიალოგის“ წარმართვა, რომელიც შეიძლება ერთი ოთახიდან მეორეში გადაძახილ–გადმოძახილით გაიმართოს.

არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მუნჯი კინოს ფენომენს. კინოხელოვნების საწყის ეტაპზე – XIX სკ–ის 90-იან წლებში რობერტ პოლმა, ძმებმა სკლადანოვსკებმა და  აკიმოვმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო აპარატები შექმნეს. თუმცა ძმები ლუმიერების გამოგონებამ, რომელსაც სინემატოგრაფს უწოდებდნენ, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოხელოვნებამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიდგა ფესვი.  მათ შორის აღსანიშნავია საფრანგეთი, სადაც ჟორჟ მელიესმა (კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი) ასობით მუნჯი ფილმი გადაიღო. კინოხელოვნება ვითარდებოდა თემატიკისა და ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ მისი გახმოვანება დიდხანს არავის უფიქრია.

მუნჯ კინოს აქვს თავისი კანონები, გამომსახველობითი ხერხები და საშუალებები, რომლებიც, პირველ რიგში, სათქმელის სხეულის ენით გადმოცემის ხელოვნებას გულისხმობს. ასე რომ, მუნჯი კინოს მთავარი ღირსება სწორედ მისი სიმუნჯე გახლავთ. მსახიობები პანტომიმისა და საცეკვაო ელემენტების შესწავლას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ, ასევე კარგად ერკვეოდნენ არავერბალური კომუნიკაციის სფეროშიც. საუკეთესო არტისტის წოდებას  ის იმსახურებდა, ვისაც ყველაზე გამომსახველი სახე (მიმიკური მრავალფეროვნება) და სხეულით საუბრის (ჟესტები, პოზა) განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

სხეულის ენას ასევე ეფექტურად იყენებენ მოცეკვავეები, რომლებიც ჟესტების, პოზებისა და სხვადასხვა ჟანრისთვის დამახასიათებელი მოძრაობების მონაცვლეობით გადმოსცემენ ამა თუ იმ ემოციას, დამოკიდებულებას, ამბავს… არავერბალური გამომსახველობითა და ე.წ. მანერულობით გამოირჩევა ცეკვის ერთ–ერთი მიმდინარეობა – სვინგი (swing – ქანაობა, დაკიდება), რომელმაც XX საუკუნის 20–იანი წლებიდან სამხრეთ აშშ მოიცვა. სვინგი აერთიანებს რამდენიმე საცეკვაო მიმართულებას (ლინდი–ჰოპი, ჩარლსტონი, ჯაივი, ბუგი–ვუგი, როკ–ენ–როლი). მას უმეტესად ჯაზურ კომპოზიციებზე ცეკვავენ. ამ ცეკვების აფროამერიკული ფესვები კულტურათა შორის არავერბალური კომუნიკაციის განსხვავებულობის თეორიას კიდევ უფრო ამყარებს.

 

პანტომიმიკა  ემოციის სხეულით (ჟესტით, პოზით, მიმიკით) და  ხმით გამოხატვის თავისებურებებს შეისწავლის. ხმის ძალა ემოციური აღზნების მდგომარეობაში იბადება, მნიშვნელოვნად იცვლება მისი სიმაღლე და ტემბრი. ინტონაციის რყევის სიმაღლემ შესაძლოა მთელი ოქტავაც მოიცვას. ხმის გამოყენების მიუხედავად, პანტომიმურ წარმოდგენებში სიტყვის წარმოთქმა  დაუშვებელია.

ხმის ტონს, ბგერის სიმაღლის ცვალებადობას და მის შესაბამისობას ადამიანის ,,ემოციურ დიაპაზონთან“ პარალინგვისტიკა შეისწავლის. მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში დახელოვნებას ორატორობის ნიჭთან ერთად საკუთარი ხმის ფლობის უნარიც სჭირდება, რადგან წინადადების წარმოთქმისას, როგორც წესი, ხმის ტემბრით, სიმაღლითა და ინტონაციით ვიქცევთ ყურადღებას. ხმით ემოციის გამოხატვის ხელოვნება, როგორც თანდაყოლილ ტიპიური სახის კომპონენტებს, ასევე სოციალური ფონით განპირობებული და გარკვეული პროცესებით ფორმირებული არავერბალური კომუნიკაციის ნიშნებსაც შეიცავს. ხმის ძალის ცვლილება თვითნაბადი უნარია, რომელიც ადამიანის ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მაგალითად მოვიყვან ხმის კანკალს, რომელსაც ნერვული დაძაბულობა იწვევს. რაც შეეხება სხეულის მოძრაობას, პანტომიმიკა გადმოსცემს კომპლექსურ რეაქციას, რომელსაც ძლიერი ემოციური გამაღიზიანებელი აღუძრავს.

ადამიანები ჟესტების ენას უმეტესად თავიანთი სათქმელის ხაზგასასმელად იყენებენ. სპეციალისტები გვთავაზობენ საერთო ნიშნების მიხედვით დაჯგუფებულ ყველაზე გავრცელებული ჟესტების ჩამონათვალს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარება.

გულღია საუბრის დამადასტურებელი ჟესტებია ხელებგაშლილი საუბარი ან ლაპარაკის დროს პიჯაკის/ჟაკეტის ღილების შეხსნა. როცა ადამიანი მსმენელს ხელისგულებს აჩვენებს, ანუ ხელებით საუბრობს ან ტანსაცმლის ღილებს მექანიკურად იხსნის, ცხადი ხდება, რომ ის თქვენდამი კეთილგანწყობილია და მისთვის ეს დიალოგი საინტერესო და სასურველია. ,,გახსნილი ხელებით“ საუბარი ყველაზე კარგად ბავშვებს და იმ უფროსებს გამოსდით, რომლებიც ამაყობენ თავიანთი მიღწევებითა და გადაწყვეტილებებით, ან თვლიან, რომ არაფერი აქვთ დასამალი. როცა ადამიანებს დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, ისინი ხელებს ზურგს უკან, ჟაკეტის სახელოებში ან ჯიბეებში მალავენ.

ღილების შეხსნაც გულღია საუბრის მანიშნებელი ჟესტია. ვინც აზრს უკეთესობისკენ იცვლის, თავის გადაწყვეტილებას ვერბალურ ხატად ჩამოყალიბებამდე ჟესტების ენით გამცნობთ. საერთო საქმის მსვლელობით კმაყოფილი თანამშრომელიც აუცილებლად შეიხსნის ღილს საყელოსა თუ პიჯაკზე და სკამის კიდისკენ გადმოინაცვლებს, რათა უფრო ახლოს აღმოჩნდეს მაგიდასთან, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ.

ეჭვიანობის/უნდობლობის ამსახველი ჟესტები მიანიშნებს მოსაუბრის უნდობლობაზე, როცა ვინმე ცდილობს, რომ ძნელად წასაკითხი გახდეს, მექანიკურად იწყებს შუბლის ან ნიკაპის სრესას და სახის ხელებით დაფარვას ცდილობს, თან მოსაუბრეს თვალს არიდებს.  უნდობლობის მანიშნებელია არაადეკვატური, სიტუაციის შეუსაბამო ჟესტების მომრავლებაც. მაგალითად, თუ თქვენდამი მტრულად განწყობილი ან თავდაცვით პოზაში მყოფი ადამიანი იღიმება, ის მიზანმიმართულად ცდილობს  თავისი დამოკიდებულების  შენიღბვას. თუ მოსაუბრის ფეხები და ტანი გასასვლელისკენაა მიმართული, ადვილი საცნობია, რომ მას საუბრის მალე დამთავრება და წასვლა სურს. უნდობლობის მაჩვენებელი ჟესტებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება საჩვენებელი თითით ცხვირის, ყურის ან თვალის მოსრესა.

როცა თანამოსაუბრე რაიმე სახის საშიშროებას და საფრთხეს გრძნობს, ის იყენებს თავდაცვით ჟესტებს, მაგალითად, მკერდზე გადაჯვარედინებულ ხელებს იფარებს. ხელებმა შეიძლება დაიკავოს სამი განსხვავებული პოზიცია. უბრალოდ ხელების გადაჯვარედინება უნივერსალურ ჟესტად ითვლება, რაც შეიძლება მსმენელისადმი ნეიტრალურმა განწყობამაც გამოიწვიოს. სასურველია, ამ შემთხვევაშიც შეცვალოთ სასაუბრო თემა. გაითვალისწინეთ, რომ თავდაცვითი ჟესტი გადამდებია, თუ მას გარკვეულ სოციუმში (სხდომაზე, ლექციაზე, გაკვეთილზე) ერთ ინდივიდზე მაინც შეამჩნევთ, მალე შეიძლება ჯგუფის წევრთა უმეტესობამ თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს.

თუ თქვენი თანამოსაუბრე გადაჯვარედინებულ ხელებს მუშტებად შეკრავს, ეს მის საბრძოლო პოზიციაზე გადასვლას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, სჯობს რაც შეიძლება მალე შეცვალოთ საუბრის თემა და გააკონტროლოთ თქვენი სხეულის მოძრაობა (ჟესტი, მიმიკა), რაც თანამოსაუბრისთვის თქვენი მხრიდან დათმობაზე წამოსვლად და მორიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმად აღიქმება.

თუ გადაჯვარედინებული ხელების პოზაში მყოფი ადამიანი თითებით საკუთარ მხრებს ჩაფრენია, ესე იგი, უკანასკნელ ძალებს იკრებს მოზღვავებული ნეგატიური ენერგიის შესაჩერებლად. მსგავს პოზას უმეტესად საკუთარი სიმართლის მტკიცების ფაზაში მყოფი ადამიანები იკავებენ. ამ ჟესტს თან ერთვის ოდნავ მოჭუტული თვალებიდან  გამოტყორცნილი გამჭოლი მზერა და ხელოვნური ღიმილი.

ხელებგადაჯვარედინებული ჯდომა საქმიან ადამიანებსაც ახასიათებთ, ისინი ამ პოზით თავიანთ უარყოფით განწყობას და/ან აღმატებულობას უსვამენ ხაზს. ისინი ხშირად თითებით ,,უკრავენ“ საკუთარ ხელებზე, რაც დამამცირებელ ჟესტად აღიქმება.

შემფასებელი ჟესტები ფიქრის და ანალიზის მოყვარულ ადამიანებს ახასიათებს. თუ ადამიანი დიდხანს ზის ლოყაზე ხელმიდებული, ეს ჟესტი მის ღრმად ჩაფიქრებულ მდგომარეობას გვიჩვენებს. თუ მსმენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფება, ის ნიკაპს ,,ივარცხნის“, რასაც თან სდევს თვალების მოჭუტვა და გამჭოლი მზერა.

ინტერესის დაკარგვასა და საუბრის მალე დამთავრების სურვილზე ქვემოთ დახრილი ქუთუთოები მიანიშნებს, თუმცა ეს ჟესტი შეიძლება თქვენზე უპირატესობის ხაზგასასმელადაც გამოიყენონ. ,,ყურის მოფხანა“, ანუ ყურთან შეხების ჟესტური ვარიაციები ასევე მომაბეზრებელი/არასასურველი საუბრის დამთავრების აუცილებლობაზე მიუთითებს. მოწყენილობის ყველაზე ცხადი მაჩვენებელია თანამოსაუბრის თითქმის შეუმჩნეველი გადაადგილება ან მიბრუნება კარისაკენ (ან ფეხებს მიმართავს გასასვლელისკენ, ან  – მზერას). მოწყენილმა მსმენელმა შესაძლოა თავი ხელისგულებში ჩარგოს, ან ქუდს/ღილს დაუწყოს წვალება. მოთმინებაგამოლეული ადამიანი ტანს წინ სწევს და ხელებით მუხლებს ან სკამის კიდეს ეჭიდება. ასეთ დროს გირჩევთ საუბარი თქვენივე ინიციატივით დაასრულოთ, რადგან მხოლოდ ეს ,,ჟესტი“ გადაარჩენს თქვენს ,,რეპუტაციას“.

როცა თანამოსაუბრე თქვენს მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, შეიძლება იატაკს მიშტერებულმა ტანსაცმლის არარსებული ბეწვის/ბუმბულისგან წმენდა დაიწყოს.

თუ ადამიანს სურს დროის გაწელვა, რათა საკუთარი აზრი კარგად ჩამოაყალიბოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, საუბრის დროს შეიძლება უამრავჯერ მოიხსნას და გაიკეთოს სათვალე, მინები გაუწმინდოს და ა.შ. ამ შემთხვევაში სჯობს თანამოსაუბრე დროში არ შეზღუდოთ.

თუ თქვენ გსურთ ხაზი გაუსვათ თქვენს უპირატესობას, მაშინ ხელები ზურგს უკან უნდა წაიღოთ, ნიკაპი კი ზევით ასწიოთ (ყველაზე ხშირად ამ პოზაში სამხედრო პირებს ნახავთ), ან თანამოსაუბრეზე ოდნავ მაღლა დადგეთ. თავდაჯერებული და ამაყი ადამიანების დამახასიათებელი ჟესტია ზურგს უკან ერთი ხელით მეორეს მაჯაზე ჩაჭიდება, რაც განსხვავდება ჟესტისაგან ,,ხელების ციხე–სიმაგრე“, რომელიც იმედგაცრუებული ადამიანის საკუთარი თავის ხელში აყვანის მცდელობას გვიჩვენებს. ადამიანის გაბრაზებას უმეტესად ხელების ზურგისაკენ გადაადგილება მოსდევს. სწორედ ამ ინსტიქტით ნაკარნახევი ფრაზაა – ,,თავი ხელში აიყვანე!“.

სხეულის ენაც ისეთივე  პრინციპებს ეფუძნება, როგორსაც – ვერბალური. მასში რამდენიმე სიტყვა, ანუ  ჟესტი, პოზა და მიმიკა ქმნის ფრაზას, წინადადებას. ამიტომ არ შეიძლება მათ ერთმანეთისგან განცალკევება და ისე გაანალიზება. ეს იგივეა, რომ მოთხრობის ყველა გვერდიდან თითო–თითო სიტყვა ამოიკითხო. თუმცა სხეულის ანბანის შესწავლა კომუნიკაციის უკეთ წარმართვაში უბრალო დამკვირვებლებსაც დაეხმარება.

 

თოვლის ბიოგრაფია

0

ერთი ახირებული ლექტორი გამუდმებით მთხოვდა, მწერლების ბიოგრაფიები მესწავლა და, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესსაც ვიჩენდი, მაინც უკმაყოფილო იყო. მახსოვს, ერთხელ ალექსანდრე საჯაიაზე დაიწყო საუბარი და ჩემგან მოშორებით მჯდომ ბიჭს სთხოვა, ამ პოეტზე რამე ეთქვა. ზამთარი იდგა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნულოვან სართულზე, ნესტიან, გაურემონტებელ, გაყინულ ოთახში ვისხედით ორმოცამდე სტუდენტი და ლექტორი… ადგა ის ბიჭი, რაღაც საცოდავად დაიჯღანა, მერე ჩაფიქრდა, ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო, უკანასკნელ შეშლილ მეოცნებესავით (ჰო, ალბათ ასეთი იქნება უკანასკნელი შეშლილი მეოცნებე) მაღლა აიხედა, რაღაცას თუ ვიღაცას გაუღიმა და დაიწყო:

„თოვლი თოვს. თეთრი ქარია,

თეთრ სამოსელით ვირთვები.

ჩიტებო, რა გიხარიათ,

რისთვის მღერიხართ ჩიტები.

დიდი ზამთარი იქნება?

ნეტამაც ასე ინებოს!

თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,

რა გენანებათ, ჩიტებო?

 გადივლის, დაიფარება

ფიქრებით, თოვლის ქულებით…

თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ…“

და აქ ლექტორმა ანიშნა, გაჩერებულიყო. ბიჭიც გაჩუმდა. თითქოს ეწყინა, რომ არ დაასრულებინეს, თან იფიქრებდი, ახლა უკვე ყველაფერი ფეხზე ჰკიდიაო.

– უკაცრავად, მე ბიოგრაფიულ დეტალებზე საუბარი გთხოვეთ და არა ლექსის წაკითხვა.

– დიახ, ვიცი.

– გისმენთ. დაიწყეთ.

ამანაც ისევ დაიწყო:

„თოვლი თოვს. თეთრი ქარია“…

ლექტორმა ანიშნა, გაჩერდიო.

– ლექსი არ მინდა-მეთქი.

– არ არის ეს ლექსი.

– აბა რა არის?!

– ბიოგრაფია.

სასწაული დღე იყო. სიმართლე ვთქვა, იმწუთას არც ლექტორი მადარდებდა, არც ის სტუდენტი. არც სხვა სტუდენტები. თითქოს საკუთარი თავიც კი მეზიზღებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სველი სამოსი მეცვა და ვიყინებოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი ამ ნესტიანი აუდიტორიიდან. უბრალოდ, დროის გასაყვანად ვუსმენდი და ვუყურებდი იმ ჩვეულებრივ ამბავს, რაც ხდებოდა.

მერე, გარეთ, რუსთაველის მეტროსკენ დავუყევი ქუჩას ფეხით. აქა-იქ თოვლი იდო და კიდევ იწყებდა თოვას. სიგარეტს მოვუკიდე და ისევ ის სულელი გამახსენდა, ლექსზე რომ თქვა, ბიოგრაფიააო. მართალი თქვა. ნამდვილი, შინაგანი მღელვარების, სულის ცხოვრების ბიოგრაფია თუ ვინმეს აინტერესებდა, სწორედ ეს ლექსი იყო და არა „1916 წელს დაიბადა, 1944-ში გარდაიცვალა“.

ალბათ, სიხარულით ავხტები მერხზე და ჩამოვხტები, ავხტები და ჩამოვხტები, თუ ოდესმე ჩემი ერთი მოსწავლე მაინც ასე დაინახავს ავტორს, ასე შეხედავს ლიტერატურას, ასე მაღალი გამოჩნდება თავისი აზროვნებით.

ალმა და  ჩალის ქუდი

0

 

-არ გიკვირს, ყველამ რომ ყველაფერი იცოდა?

-არ მოსწონდათ და ცნობებს აგროვებდნენ.

-როგორც ჩანს, თავიდანვე აითვალწუნეს.

-თვითონაც შეუწყო ხელი. უცხო სიტყვებს ხმარობდა – საგანგებოდ ნასწავლ ტერმინებს. „ნიმფეტამინი“ დაირქვა და თავისი შიშველი მუხლების ფოტოებს აქვეყნებდა ხოლმე. შიშველი ზურგის ფოტოებსაც.

-გახსოვს, რას ვაკეთებდით მის ასაკში?

 

უმზეო ცის ქვეშ ზღვის ზედაპირი ვერცხლისფრად ლივლივებდა. ზაფხულის ბოლო დღის დასასრული თხელი ღრუბლებიდან გამოღწეულ შუქს რაღაც ისეთად ექცია, რასაც მხოლოდ გრძნეული მთხრობლის გამოგონილი, ზღაპრული საღამო ეთქმოდა. ეს მოელვარე წყალი ნამდვილი ვერ იქნებოდა. წყლიდან ამოსრიალებული თევზები და ძვირფასი თვლებივით მიმობნეული წვეთები კიდევ უფრო უძლიერებდნენ განცდას, რომ გაცოცხლებულ სურათს ხედავდა – სხვის თავში დაბადებულს, შელამაზებულს. მოციმციმე უსასრულობა. ზედაპირის ქვეშ ჩამუქებული დრო, რომელიც სხმარტალა თევზებს აჩენდა. ამ სურათის შემქმნელს სანაპიროს თითოეული კენჭის მშვენიერებაზეც ისევე ეზრუნა, როგორც ჰორიზონტის ხაზის იდუმალებასა თუ მეთევზეების ტანსაცმლის ზომიერად გახუნებაზე.

აქ მდინარე ზღვას ერთოდა და სწორედ ამის სანახავად წამოვიდნენ – შესართავის თევზებისა და ფრინველების. ორმოც წელს მიტანებული ორი ქალი ხალხმრავალ სივრცეს გამოერიდა და გეზი უცნობი მიწისკენ აიღო.

ფეხშიშველი მეთევზეები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ – ბადეები ჩაგდოთ, უხვი ნადავლის იმედით იდგნენ და ხმამაღალი გადაძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. დროდადრო უხამსი ხუმრობაც გაისმოდა. იქაურები იყვნენ – მეტყველებაზე ეტყობოდათ. ბადეში მოყოლილების აღსასრული არავის აღელვებდა. მთავარი მათი ამოყვანა იყო – უკვდავების წყლიდან, უსასრულობის ბნელი წიაღიდან. მშვიდად მოლივლივე სივრცე წამიერად იფატრებოდა და ერთად შეყრილი თოლიებიც უმალვე ახმაურდებოდნენ ხოლმე – თავიანთ წილ სიხარულს, ცოცხალი თევზით დანაყრებას ელოდნენ. კაცებს თავს უტიფრად დასტრიალებდნენ, წრეებს ხაზავდნენ, მსხვერპლის გასატაცებლად ხელსაყრელ დროს ელოდნენ. ზოგჯერ მეტისმეტად მსუქან თევზს სტაცებდნენ ნისკარტს და ორიოდე წამში ძირს უვარდებოდათ, იმას კი – იღბლიანს, წყალში დაბრუნებულს – კუდის მოქნევით სიცოცხლის გაგრძელების სურვილის აღნიშვნაღა რჩებოდა.

ღირდა ამის სანახავად წამოსვლა, – თქვა მოწითალოდ თმაშეღებილმა ქალმა, რომელსაც სურათის სრულყოფილება უკვე მობეზრებოდა და ზღვაში შესასვლელად ემზადებოდა.

მეორე ქალს – ჩალისქუდიანს – არაფერი უთქვამს. წიგნი გადაშალა და ერთხანს თვალგაშტერებული ჩასცქეროდა. კითხვის გაგრძელება არც უცდია. სიტყვები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებოდნენ იმ აბზაციდან, რომლის პირველ წინადადებასაც გულში მეათედ იმეორებდა. სანიშნად შერჩეული ჭრელი ბალახის ღერი იქვე ეგდო, კენჭებზე.

მეხუთეკლასელები აფორიაქებულები და შეშინებულები დამდევდნენ, სულ რაღაცებს მეკითხებოდნენ. ჩემი მეხუთე. უცნაურად გულმოდგინეები. ძალიან პატარებს მოუწიათ რთულ კითხვებზე პასუხების ძებნა. ამ ამბავზე მარტო ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. სხვა მასწავლებლებისთვის შეკითხვების დასმა არც უფიქრიათ. სიმართლე უნდა მეთქვა, ოღონდ ისე, რომ დამნაშავის ძებნა და ასეთი რამეები არ დაეწყოთ. თუ ვინმეს დაადანაშაულებდნენ, იმწამსვე გაწირავდნენ კიდეც, დაუფიქრებლად.

-მაინც რას გეკითხებოდნენ?

-მართლა ორსულად არის თუ არაო? უკეთესი არ იქნება, რომ თავი რომ მოიკლასო? თქვენს გაკვეთილზე რომ დაეწყოს მშობიარობა, რა უნდა ქნათო? სკოლის სახურავიდან რომ გადმოხტეს, მოკვდება თუ არაო? თოთხმეტსართულიანის სახურავიდან თუ გადმოხტა, ხომ ნამდვილად მოკვდებაო?

-ადანაშაულებდნენ.

-არა, უფრო თანაგრძნობა ჩანდა – გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანის სურვილი.

რა უნდა ეძებნა უზადო პეიზაჟში? რას ეუბნებოდა მნახველს თხელი ღრუბლებით დაფარული ცა, მიწაზე დაფენილი ნაზი შუქი და წყლის ზედაპირი, ზეციურ სიმშვიდეს, წონასწორობას, მიუკერძოებლობას რომ ირეკლავდა?

არ არსებობს არავითარი ღვთაებრივი მიუკერძოებლობაო, გაიფიქრა და წიგნი დახურა. ამ საღამოს ვერაფერს წაიკითხავდა. შემოქმედს ეს საღამო სხვაგვარად ჩაეფიქრებინა – გულისგამაწყალებელი აღწერებისა თუ ბრძნული შეგონებების გარეშე. ბაცი ფერები, კაცებისა და ფრინველების არეული ხმები, ზღვის ნაცნობი სუნი, მუჭში მოგროვილი კენჭების სიგლუვე – ყველაფერი თავისკენ იხმობდა და საბოლოო დასკვნის გამოტანის აუცილებლობას ახსენებდა.

შეიძლებოდა თუ არა, ბოლო თვეების ყველა კითხვა პასუხგაცემულად ჩათვლილიყო? მალე ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა და კიდევ ერთი წელი ისე გავიდოდა, სარკეში ორ-სამჯერ მშვიდად ჩახედვასაც ვერ მოასწრებდა. საქმე საქმეს დაემატებოდა, საფიქრალი – საფიქრალს. ბადესავით გაშლილი დრო კი შეთვალიერებული მსხვერპლის მოლოდინში გაირინდებოდა.

მის თავზემოთ რაღაც აფარფატდა, ქაღალდის ნაკუწივით. ხელი აიქნია და  უცებ ყველაფერი ცხადი გახდა: ბოლო სურათს ხედავდა, ფილმის ბოლო კადრს. წამიც და, ტიტრები გამოჩნდებოდა ღრუბლიან ცაზე, საბოლოოდ დამშვიდებულ ზღვაზე კი მსხვილი ასოებით დაიწერებოდა: „დასასრული“. ამას მათი სახელებისა და გვარების გრძელი ჩამონათვალი მოჰყვებოდა, წლების მანძილზე რომ გარჯილიყვნენ, ებრძოლათ, ეშრომათ, წყალი ღვინოდ ექციათ, ახალი ღვინო ახალ ტიკებში ჩაესხათ, ყველაფერი – თითქმის ყველაფერი – სწორად გაეკეთებინათ და რა?

სურათი ყველაფერს ასრულებდა. ცხოვრებას. სირთულეებს. ხმებს.

დავიფიცე, რომ არასდროს დამავიწყდებოდა. როცა დიდი ვიქნებოდი, ყველა წვრილმანი მემახსოვრებოდა, არც ისე მნიშვნელოვანიც და სულ უმნიშვნელოც. ხშირად ვიფიქრებდი, ხშირად გავიხსენებდი, რომ მაშინდელი გაბრაზებისა თუ უბრალო უკმაყოფილების მიზეზები მეხსიერებას ცოცხლად შემოენახა. მაშინებდნენ, მატყუებდნენ, მაიძულებდნენ, უბალიშოდ დამეძინა და რუსულის კერძო გაკვეთილებზე მევლო. ფორტეპიანოზეც. წამების იარაღად ყველაფერი გამოდგება, ყველაზე უწყინარი ნივთებიც კი. ხანდახან მეგონა, რომ მარტო მოსაფერებლად ვუნდოდი – როცა დროს გამონახავდნენ, მაშინ რომ ჩავესვი კალთაში. კატასავით. საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვინახავ და ეს მეხმარება ხოლმე. მართლა ყველა წვრილმანი მახსოვს. იმ ჩვენს გადარეულ გოგოსაც რომ ვუყურებდი, ჩემი გადარევის წლები მახსენდებოდა – აფორიაქება, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები, საყვარელ ადამიანებზე ზემოქმედების სურვილი, რაღაც ისეთის თქმა, რაც სხვებს ჩემკენ მოახედებდა.

-ყურადღების მიქცევა უნდოდა და ამიტომ გააკეთა?

-ალბათ.

კიდევ კარგი, ზღვაში ჩამავალი მზე და გაწითლებული ჰორიზონტის ხაზი არ ჩანდა – სჯეროდა, რომ ასეთ დასასრულს არავინ იმსახურებდა. მერვე ა კლასის დამრიგებელიც კი, რომელმაც მოსწავლის დედას პირში მიახალა: „თქვენი შვილი ორსულადაა. აქამდე როგორ ვერ მიხვდით?“

ამის მერე აღარაფერი იქნებოდა. გაგრძელების შეუძლებლობა ცხადად მოჩანდა. დრო აქ და ახლა მთავრდებოდა. მეთევზეებს შინ დაბრუნება არ ეწერათ. არც ეს ღრუბლები გაიფანტებოდნენ და აღარც დიდრონი ტალღები აგორდებოდნენ ზღვაზე.  თვითონაც ბოლოჯერ ასცქეროდა ცას, რაღაც დიდს, ნათელსა და მშვენიერს რომ მალავდა.

იმ მდგომარეობისთვის მიეღწია, როცა სურვილები უწინდებურად აღარ გაწამებენ – იცი, რა უნდა გსურდეს და დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებ ასრულებას. სიხარულის სიმარტივე თუ სიმარტივით გამოწვეული სიხარული დამამშვიდებლად მოქმედებს. თვითგანვითარება. თვითკონტროლი. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ხელმისაწვდომი ჯილდო – ზღვისპირა ქალაქში მეგობართან ერთად გატარებული კვირა.

ალმა – წითლად თმაშეღებილი ქალის სახელი.

ისწავლა, როგორ უნდა დაეზოგა ფული; როგორ უნდა ეზრუნა დედაზე ისე, რომ ზედმეტ ყურადღებას ქალი არ შეეწუხებინა; რომელ თაროებზე უნდა ეძებნა დიაბეტიანებისთვის განკუთვნილი პროდუქტები სუპერმარკეტებში და შინ მისულს როგორ უნდა დაეთანხმებინა დედა საყვარელი ტკბილეულობის ნაკლებად მავნებლით ჩანაცვლებაზე.  ხანდახან გაჯიუტდებოდა და არ უჯერებდა ხოლმე, თუმცა ერთხელაც არ აჰყოლია ცდუნებას, რაიმე ფორმით დაესაჯა – საყვარელი თოქ-შოუს ყურების უფლება არ მიეცა ან შორეულ სამოციან წლებში შავი ზღვისა თუ ბალტიის ზღვის სანაპიროებზე მომხდარი დაუჯერებელი ამბები ბოლომდე არ მოესმინა.

-გახსოვს, რა ფერი დაედო დედამისს?

-კარი რომ გაგვიღო, არა? ვერც კი მიხვდა, ჩვენ რაღა გვინდოდა.

-ბოდიში იმავე დღეს უნდა მოგვეხადა. არ ვიცი, რას ველოდებოდით. მაშინაც შევაშინეთ – არ გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ამდენი დრო გავიდა და მაინც სულ იმაზე ვფიქრობ, ყველამ რომ ორ წუთში იცოდა, რა და როგორ უნდა მომხდარიყო. ნებისმიერ მძიმე დანაშაულს მიაწერდნენ, დამნაშავის მოძებნის აუცილებლობა რომ გაჩენილიყო.

-ხომ გითხარი, თვითონაც შეუწყო ხელი-მეთქი. თავის შიშველ მუხლებს, შიშველ ზურგს სურათებს უღებდა და ნაცნობს თუ უცნობს აჩვენებდა. კიდევ რაღაც საშინელ ამბებს ჰყვებოდა – ვითომ მეგობრის მამა გაუპატიურებას უპირებდა და გაექცა.

-იქნებ ეს არ გამოუგონია?

-სულ რაღაცას იგონებს. სულ რაღაც არარსებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს.

მარჯვნივ გაიხედა. ვიღაცები შენიშნა – მათკენ მოაბიჯებდნენ. ჯერ ძალიან შორს იყვნენ საიმისოდ, რომ უსათვალოდ კარგად გაერჩია. სათვალის მოძებნა და მორგება კი ზაფხულის ამ მშვიდ, ზღვის სუნით გაჯერებულ, მარტივი მიგნებების იმედით სავსე საღამოს არ უნდოდა. ისევ ტიტრებისა და იმ ერთადერთი სიტყვის გამოჩენას ელოდა. ჩალისქუდიანი გმირის ლოგიკური, ბრწყინვალე აღსასრული. უმოძრაო ღრუბლები. თითქოს უხილავ ხელს ბოლო კადრი მანამდე გაეყინა, სანამ ეს – ქვემოდან მიშტერებული – რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, ყველაზე არსებითს არ დაინახავდა.

-თვითმკვლელობა?

-როგორ უნდა მოკვდეს ზღვის ნაპირას წამომჯდარი ქალი, რომელიც ჰორიზონტისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ერთ მიზეზსაც კი ვერ პოულობს?

-ლ. უ. – მისი ინიციალები.

– იმასაც მეკითხებოდნენ, თქვენი შვილი რომ ყოფილიყო ორსულად, რას იზამდითო. მეხუთეკლასელები. ეგენი მისვამდნენ ყველაზე გულისგამხეთქ კითხვებს. როგორ ვცდილობდი, ყველაფერი კარგად ამეხსნა, მაგრამ არ გამომდიოდა. ერთ გოგოს ვიცნობდი, რომელმაც თავი სწორედ ამის გამო მოიკლა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტა. კარგი, ჭკვიანი გოგო იყო. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა. ყველას გაგვიჭირდა. სკოლა დამთავრებული ჰქონდა. ცხრამეტი წლის იყო. წარმოგიდგენია? ალბათ მშობლების შეეშინდა, მითქმა-მოთქმის, ცხოვრების…

 – ის ქალი მომეწონა. დედამისი.  

– შენი შვილი – ცამეტი წლის ბავშვი – რომ ყოფილიყო ორსულად, რას იზამდი?

 

თავიდან სამივე ქალი ეგონა. როცა მოუახლოვდნენ, კიდევ ერთხელ გახედა. იმავე წამს გამხიარულდა – როგორ შეესაბამებოდა ეს სამი ახალმოსული ყველაფერს, რაც სურათს თითქმის ხელშესახებ ჩარჩოში მოექცია! მათი ადგილი თითქოს იმთავითვე განსაზღვრული იყო. შორიახლო ჩამოსხდნენ, ზუსტად იქ, საიდანაც ხმის მოწვდენას შეძლებდნენ. ესეც თითქოს ვიღაცას გაეთვალისწინებინა, ყველა წვრილმანი გულმოდგინედ გაეთვალა. უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათ გარეშე სრულყოფილი ვერაფრით იქნებოდა ეს საღამო – ზაფხულის ბოლო ზღაპარი, მოულოდნელი სიმარტივითა და მოსალოდნელი ილუსტრაციებით.

ანაფორიანი მღვდელი რაღაცას ახრამუნებდა. მუხლებზე ვარდისფერი ცელოფნის პარკი ედო – იმ რაღაცით სანახევროდ სავსე. მის თანმხლებ ქალს წვრილი ყვავილებით მოჩითული შავი კაბა აეწია და წყალში შესულიყო. ჩამოშლილი მუქი თმა თეძოებამდე სწვდებოდა. წამდაუწუმ უკან იხედებოდა და ამათ უღიმოდა – მაღალ, ტანსრულ კაცსა და თორმეტი-ცამეტი წლის გოგოს, ერთიანად ჭორფლიანს, ჭრელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს, კენჭებისა და ერთი ბეწო თეთრი ნიჟარების შეგროვებით გართულს. თითოეული ზუსტად იმას აკეთებდა, რაც არაერთხელ გაეკეთებინა – უბრალოდ, ჩვევის ძალით, დიდი ფიქრისა და გონებაში გამკრთალი ყოველი აზრის გაანალიზების გარეშე.

მოეწონა ისინი. გულის სიღრმეში ამართლებდა კიდეც მღვდელს, რომელსაც ალბათ სურდა, ხალხმრავალი სანაპიროსთვის, უცხო თვალის სიხარბისთვის გამოერიდებინა ცოლ-შვილი. და თვითონ რატომღა გამოერიდა სხვებს? მართლა შესართავთან დატრიალებული დრამატული ამბების სანახავად მოვიდა? იქნებ სულაც მისი – განმარტოების მოყვარული კაცის – იყო ეს სურათი: ცა, ზღვა, გაუმაძღარი ფრინველები, ბედისწერასთან მებრძოლი თევზები, ხმაურიანი მეთევზეები, მთელი გულისყური რომ ბადეებისკენ მიემართათ? იქნებ სხვისი ფილმის ბოლო კადრებს შეესწრო და იმით, რასაც აქამდე ფიქრობდა, ყველა სინამდვილეს ასცდა?

კარგა ხანია, იცოდა: სუსტ მხედველობას არ უნდა ნდობოდა, არც სახელდახელოდ შექმნილ წარმოდგენებსა და  ნაჩქარევად გამოტანილ დასკვნებს, არც საკუთარ თავს, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მონდომებით არწმუნებდა: ცხოვრების თავიდან დაწყება შესაძლებელიაო.

– წავიდეთ?

– სიმართლემ ყველას იმედი გაუცრუა. თითქოს გოგოს დანაშაული კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ ორსულად არ აღმოჩნდა. კიდევ უფრო აუტანელი გახდა ვიღაც-ვიღაცებისთვის. სხვათა შორის, მასწავლებლებისთვისაც. დედამისზეც რას აღარ ამბობენ – თითქოს მეორედ გათხოვება დიდი ცოდვა იყოს. იმას კი სხვა სკოლაში გადაყვანა არც უფიქრია – გაივლის დრო და დაავიწყდებათო. დაავიწყდებათ?

– უბრალოდ, ამდენს აღარ ილაპარაკებენ.

– თუ ისევ რაღაც არ მოხდა…

– რა უნდა მოხდეს…  მეტ  ყურადღებას მივაქცევთ. ამ გოგოსთვის თავიდანვე უფრო მეტი დრო უნდა დაგვეთმო. მერე რა, რომ კარგად სწავლობს და უცხო ტერმინებით ლაპარაკობს. „ნიმფეტამინი“. ნეტა ეს რომ მობეზრდება, რას დაირქმევს?   

– იქნებ, უბრალოდ, თავს ვიმშვიდებთ?   

– მივეჩვიეთ თავის დამშვიდებას.

– ჩემი შვილი რომ ყოფილიყო… არა, რა აზრი აქვს წარმოდგენას… წავიდეთ.

 

გულაღმა იწვა და სულ მცირე უხერხულობასაც კი არ გრძნობდა იმის გამო, რომ ასეთ შეუფერებელ ვითარებაში ესაუბრა უცნობებს უცნაურ სახელიან ნისლეულებსა და მარადიული ბუნდოვანებისთვის განწირულ საკითხებზე. არა, სულის უკვდავებაზე არ ულაპარაკიათ. მღვდელმა ვარდისფერი ცელოფნის პარკი გამოუწოდა – ხელისგულისოდენა ორცხობილები შინ გამომცხვარს ჰგავდა. უარი არ უთქვამს – ამასობაში მოშივებოდა კიდეც.

ისეთს ვერაფერს მიაგნო, საბოლოო დასკვნის გამოსატანად რომ გამოადგებოდა.

ადგომა და წასვლა – საკუთარ ცხოვრებაში დაბრუნება – იმაზე რთული გამხდარიყო, ვიდრე წარმოედგინა. ერთხელ ალმამ – სწორედ ამან, მოწითალოდ თმაშეღებილმა – ახლა უკვე წასასვლელად გამზადებულმა და მის ჩალის ქუდთან საყვედურნარევი მზერით დამდგარმა – რომელიღაც ციხის ნანგრევებზე აიყვანა და იქ მცირე ხნით დატოვა. ის წუთები უსასრულოდ გაგრძელდა. ზემოდან გადმოჰყურებდა უზარმაზარ ველს და ფიქრობდა, რომ გაჩენის დღიდან ამ ადგილას იდგა. არავის იცნობდა, არაფერი ენახა ადრეული შემოდგომის ნათელი ცის, სასიამოვნოდ შემთბარი მიწის, გაშავებული საუკუნოვანი ლოდებისა და ბალახის ღეროზე აცოცებული ჭიანჭველების გარდა. გრძნობდა, როგორ სუნთქავდა. ცოცხალი იყო – არ იცოდა, რატომ, რისთვის, როდემდე, მაგრამ ეს გაურკვევლობა სულ ოდნავაც არ ანაღვლებდა. მთავარი ციხის ნანგრევებზე დგომა იყო, ველის  დამკვირვებლად ყოფნა, ყველა სულიერისა თუ უსულოს ხმის მოსმენა.

ახლაც იგრძნო, რომ საფრთხე ხელშესახები გამხდარიყო. საფრთხედ იქიდან ჩანდა, მეორე მხრიდან. აქედან მხოლოდ იმას ხედავდა, რაც ყოველმხრივ ხიბლავდა და თითქოს არწმუნებდა კიდეც, სამყაროს მშვენიერება, თვალშისაცემი კანონზომიერებები შემთხვევითობის შედეგი ვერ იქნებაო. ეს აზრი გულს სიმშვიდით უვსებდა, ორიოდე წუთით მაინც. სულერთი იყო, ვინ მოაწერდა ხელს ამ სურათს, ვინ აღიარებდა, რომ სანაპიროს კენჭების თვლას გადაჰყვა და მომლოდინე ადამიანების სახეები სულ გადაავიწყდა.

რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ თითქოს სხეული უწინდელ მორჩილებაზე უარს უცხადებდა. მის რომელიღაც ნაწილს სურათში სამუდამოდ დარჩენა უნდოდა.

თავი გააქნია.

ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა.

გაბნეულ ნივთებს ნაჩქარევად წამოკრეფდა და უკანასკნელად გახედავდა ზღვის ვერცხლისფერ ზედაპირს – ზაფხულის ბოლო საჩუქარს; უკაცრიელ სანაპიროს, სულ მალე ბინდბუნდის სიგრილეში რომ გაეხვეოდა; დახურულ წიგნს, რომლის მთავარი გმირიც უპასუხო სიყვარულს მოეკლა და ხელის გაწვდენაზე დაგდებულ სანიშნეს – ჭრელი ბალახის ღერს.

– მაშინვე ვთქვი – მგონი, სულაც შენ გითხარი – ბიჭის გამო გააკეთებდა-მეთქი. ისიც ვიცოდი, რომელი ბიჭის გამოც. ორ წელზე მეტია, მაგათ კლასს ვასწავლი. არა, ისეთი არაფერი შემიმჩნევია, აღნიშვნა რომ ღირდეს. მხოლოდ და მხოლოდ ვვარაუდობდი.

– ყველაზე საშინელი მაინც დამრიგებლის სიტყვები იყო.

– ჰო.

– იცი, სტუდენტობისას, ერთი ბიჭის ყურადღების მისაქცევად რა გავაკეთე? ხელი მაჯიდან იდაყვამდე ბინტით შევიხვიე, რომ მოსულიყო და ეკითხა, რა მოგივიდაო? რაღაც სისულელეც მქონდა მოფიქრებული, ჩემი წარმოდგენით, დამაჯერებელი და ამაღელვებელი.

– მერე?

– არაფერი უკითხავს. საერთოდ არ გამოუხედავს ჩემკენ.

– ამას მეტისმეტი მოუვიდა. თავის თავზე ასეთი ხმები როგორ გაავრცელა! თანაც იცოდა, რომ კლასელები ისედაც ალმაცერად უყურებდნენ.

–  გახსოვს, რას ვაკეთებდით მის ასაკში?

– როცა სახლიდან ყველა წავიდოდა, თვალებზე შავ ფანქარს ვისვამდი ხოლმე და ეგ იყო.

– კარგად გაიხსენე.

 

ჩუმად მიდიოდნენ. საღამოს სიგრილეც სიამოვნებდათ და ზღვისპირა ქალაქის პატარა სახლების დანახვაც. იმაზე მეტი ახსოვდათ, ვიდრე სურდათ, ვიდრე სწორი პასუხების პოვნისთვის იყო აუცილებელი.  ერთს უზარმაზარი საზაფხულო ჩანთა ეკიდა მხარზე, ძირითადად გამოუსადეგარი ნივთებით სავსე, მეორე კი უბრალო, წვრილზონრიან ჩალის ქუდს მარცხენა ხელით მიაქანავებდა.

 

სად ხარ, ლაზარე…

0

გეგონება, მე მექნას. მე ვმჯდარიყავი იმ თვითმფრინავში და მეყაროს ბომბები. ისე, ამათ კი დავაყრიდი რომ რამე. ამ ახვრებს. არადა, ხო მეც ვჭამე. თან ახლა ტელეანძის ძირში ვცხოვრობ და სტრატეგიული ობიექტი ვიყავი, მოკლედ. მეც ვჭამე და რო ვჭამე, მაგიტომ ავითესე თბილისის ზღვაზე. წყნარად და კოხტად გავშალე ანკესი და რომ წამომადგა შავად… ადრე მენახა, აეროპორტში, ან სულ ზევით, ცაში. ან ისერა ზევით – ახალაფრენილი თუ დასაფრენი, მაგრამ ასე ახლოს, ზედ თავზე, თან ნელა, როგორც `ვარსკლავთა ომებში,~ თითქოს ჩამოვარდება საცააო, და მე დაბლა ხო ვჭამე და თან ზევიდან პილოტის თვალით რო ჩამოვყურებდი მიწას და წყალს და წყლისპირას _ ერთ კინკილა მეთევზეს: ან იმას ახლა რო დიდი ვეგონო და ეს ანკესი – რამე იარაღი და ხაკისფერებიც რო მაცვია, სამხედროსავით, და უცებ რომ რაღაც გაჰყარა ნაპერწკლებივით და თავზე ხელები დავიფარე, მაგრამ ხმა არაფერი და გამოვიხედე და ყრიდა ეგრე ხანდახან ნაპერწკლებს, _ თურმე ბომბებს თუ რაკეტებს იქით ირიდებდა, მერე ნეტში ვნახე რაცაა ეგ ნაპერწკლები, – გადამიარა და მეთქი მორჩა, გადავრჩი, წავიდა ქალაქისკენ და რომ ფეთქაა… აქაც ყოფილა, გორაკზე, რაღაცა სტრატეგიული, მე იმათი. და ამათი. ან სად რუსეთში წავეთრიო. საიმში არ ვარ რუსულის.

* * *

ესენი კიდე მიყურებენ ეგრე მგელივით. მასწავლებელიც, ზარიძეა თუ შმარიძე. ვინც წარმადგინა. თან სახელი რო არ თქვა, მარტო გვარი. არც – აი, ახალი მოსწავლე, სანდრო, და გაიცანით ბავშვებო ან რამე ეგეთი, _ არა, _ დამაყენა ეგრე ნაძვის ხესავით და საზეიმოდ ამბობს: – პეტროვსკი! ამათ გაეცინათ და წინიდან ერთმა, – მეტსახელი გავიგეთო, მას, და ისე რა ქვიაო და ამან, ზარიძემ, – ხოდა, პეტროვსკიაო გვარად და გაისუსა ეგრევე მთელი კლასი. ბოლოს ერთმა, ისევ იმან, – რუსი ხარო, ბიჭო, და რა უნდა ვთქვა, ვდგავარ და ვიღიმები. მინდა ვუთხრა, რომ სანდრო ვარ, სანდრიკა, რუსი არა კვახი, აზრზე არ ვარ რუსულის, და აგერ ზურგჩანთაში მიყრია ოხრად მზესუმზირა, და მოდი ვჭამოთ, და ქერქები ვისაც გინდა, იმას ვაფურთხოთ, მაგრამ ისე მიყურებენ, ხმას ვეღარ ვიღებ. მერე ზარიძემ ვიღაც წამოაგდო ბოლო მერხიდან და ამოვისუნთქე, მოვჯექი ჩემთვის. ამათ კიდევ კისრები ძვრებათ, ხან ერთი მოიხედავს, ხან მეორე. ზარიძე სიას ათვალიერებს და უცებ, – სადააო ლაზარე, – ძაან შეშფოთებული სახით კითხულობს და მთელი კლასი აყვა ეგრევე, _ ვახ, სადააო ნეტა ლაზარე, მე იქ ვნახე ბოლოსო, მე _ იქო, და სწუხს ყველა, არა მე გავალ მოვძებნი, არა მეო, ერთმანეთს ასწრებენ. ამ დროს შემოიღო კარი და – აგე, მოვიდაო ლაზარე, – მიესია ყველა, სად იყავი, რო არ ჩანდიო. მე ყურადღებას აღარ მაქცევენ და დავისვენე ცოტა, ისე დაძაბული აღარ ვარ. ახლა მარტო ის მაინტერესებს, ეგ ლაზარე ვინ ჩემისაა. ჯერ ბავშვები ეხვევიან გარშემო, ზარიძეც ტუქსავს, _ აღარ დააგვიანოო, ოღონდ რაღაც ძალიან ფრთხილად, დათაფლული ხმით. ცოტა ხანში ზარიძის უკან ვარჩევ ვიღაც დიდთავა ბიჭს, რატომღაც მუხლებზე როა დაჩოქილი და ალბათ ეგაა ლაზარე. ამასობაში კლასიც დალაგდა ნელ-ნელა, ზარიძეც მოჯდა დაფასთან და ლაზარეც წამოვიდა მერხებისკენ, მე კიდევ რაღაც ხუმრობა მგონია: ალბათ, ახალი რომ ვარ, გამიჩალიჩეს, – ვფიქრობ, იმიტომ რომ ეგ ლაზარე ისევ ეგრე, დაჩოქილი მოდის თითქოს და ამ დროს ვხედავ, ზედ მუხლებთან ბოტასები აცვია… ფილმებში მინახავს ადრე ასეთები, არც ვიცი რა ქვიათ, – ლილიპუტი თუ ჯუჯა, ჩვეულებრივი ტანით, ცოტა დიდი თავით და ეგეთი ფეხებით, თითქოს ეგრევე წვივები მიადგეს ზედო, ბარძაყების გარეშეო. წინა მერხზე მიუჯდა ვიღაც გოგოს, და ასე ჩვეულებრივ ბიჭს გავდა, მეცხრეკლასელს, მაგრამ დაბლა, სადაც ფეხები უნდა ყოფილიყო, ცარიელი ადგილი რჩებოდა: სკამზე, ზედ ტრაკთან მოუჩანდა აქედან თეთრი ბოტასები. მოკლედ, საღოლ იმ გოგოს ნერვებს, ვის გვერდითაც იჯდა. და მჯდარა ლაილას გვერდით, პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგოს გვერდით.

* * *

რეკავს ზარი, მაგრამ რატომღაც გარეთ არავინ გადის, თითქოს ელიანო რაღაცას. არც ზარიძე გადის, ფურცლავს თავისთვის ჟურნალს. ავდექი და ვხედავ, ის ტიპიც წამოდგა, რუსი ხარო, რო მკითხა, და მოდის ჩემკენ კევის ღლაჭუნით. გზადაგზა კიდევ ორნი შემოუერთდნენ და მომადგნენ სამივე. გამოდი აბა აქეთო, _ იმან, ღლაჭუნამ და მივდექით კუთხეში, ფანჯარასთან. აქ უკვე შემეშინდა და მოვაღე პირი: _ რუსი არ ვარ, ფოთიდან გადმოვედი-მეთქი ერთი თვეა, ფოთელი ვარ და სანდრიკა მქვია, პროსტა გვარი მაქვს ეგეთი, მამაჩემი იყო რუსი და შენ რა გგონია, მაგათმა მეც კი დამბომბეს თბილისის ზღვაზე, – თავი მოვიწონე, თან ცალი თვალით ზარიძეს ვუყურებ, გამოიხედოს ერთი და ალაგმოს შარი. ზარიძეც ეგრე, ცალი თვალით გვიყურებს ხანდახან და ისევ თავის ჟურნალებს უკირკიტებს, ხმას არ იღებს. დანარჩენი კლასი ყაყანებს ლაითად, მაგრამ ვგრძნობ, ყველას ჩვენკენ აქვს ყური, არავინ გადის გარეთ. უცებ ღლაჭუნა ამბობს: _ რუსების დედა მოვტყან მეო, და სამივე ცოტა უკან იხევს, ჩემს რეაქციას აკვირდებიან და მე რა, მე რომელი პუშკინი მნახეს, ახლა ამათ რომ გავუხურო. ასი წელი ეგრე იყოს მეთქი, _ ვეუბნები, და მაშინ აკრიფა მთელმა კლასმა, რუსებს აგინებს ყველა ცოფიანივით, გოგოიან-ბიჭიანად. გავიხედე იმ თესლი ქალისკენ, ზარიძისკენ და სადღაა ზარიძე, გასულა კლასიდან. მეთქი დამერხა ახლა. ამასობაში მოვიდა ახლოს ღლაჭუნა, სახე ლამის სახეზე მომადო და: – რომ გაგინებენ, ხელს რატო არ წევ ბიჭო, სირი ხარო? და მაგრად არ მინდოდა და მეშინოდა, მაგრამ არის ამბავი, როცა, თუ თავიდანვე არ წყვიტე, მერე შეგადგებიან ზედ მთელი ცხოვრება, ჩემთანაც, ჩემკენაც მინახავს ასეთები, გაფუჭებულები და რა მექნა, დავხუჭე თვალები და ვწყვიტე ყბაში სამიდან ერთ-ერთს, ყველაზე ჩუმს და გაუბედავს, მეც მწყვიტეს და რომ წავიქეცი, მაგ დროს დაიკივლა ვიღაც გოგომ, რაღაცნაირად კაპრიზულად, ყველაფერი რომ ისე იქნება, როგორც უნდა, ეგეთი ხმით: _ დაანებეთ ეხლავე თავი! და რომ შემომეცალნენ, მერე დავინახე: გოგო კი არა, ლაზარე იყო, ლილიპუტი თუ ჯუჯა, რავიცი. ამის კივილზე ზარიძეც შემოვარდა და გარეთ, კარებთან იდგა და ყურს გვიგდებდა, დავიფიცები რაზეც გინდა. ეგ ახვარი. ეს ახვრები.

* * *

_ ჯუჯა რა პონტში ხარ? – ვეკითხები ხოლმე ლაზარეს. ლაზარე შემომხედავს დიდი კაცის თვალებით, ჭკვიანი თვალებით და აქეთ მეკითხება: _ შენ რა პონტში ხარო პეტროვსკი? იმას არ სწყინს, მე კიდევ ვჭინჭყლობ და მეათასედ ვუსხნი, რომ არ ვარ რუსი, და საერთოდ, თვითმფრინავებამდე და ამ დამპალ ქალაქამდე წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ასე სახიფათო იყო რუსობა, არც ჩემთან, ფოთში მერჩოდა ვინმე და ვიყავი ჩვეულებრივად. აქ კი ყოველ დილით სარკეში ვიხედებოდი, მეთქი რით ვგავარ აბა რუსს. მერე მაგათი ფილმებიც ვნახე და მართლა ვმგვანებივარ რაღაცით, და რატო არ დავემსგავსე დედას, ბლიად, _ ხოჭოსავით შავია დედა. შე აფერისტო რუსაკო, _ მეტყვის ხოლმე ხანდახან ლაზარე. პირველად ეგ რომ მითხრა, დავცხე, მაგრამ ეგრევე ფეხებში შემივარდა და წამაქცია, მე კიდევ, შეხება კი არა, ვერც ვუახლოვდებოდი თავიდან, ისე მეზიზღებოდა, ჯერ ეგეთი ფეხების და უსახსრო ხელის თითების გამო მეზიზღებოდა და მერე, სკოლაში რომ გამომესარჩლა პირველ დღეს, მაგის გამო ვერ ვიტანდი; რა მჭირდა გამოსასარჩლებელი და თან ვისი – ჯუჯის, თუ ლილიპუტის. მაგრად მიტყდებოდა მოკლედ. მაგრამ, თვალები აქვს ლაზარეს ისეთი, _ რაც მე არ ვიცი, რაზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი იცისო ლაზარემ, და მოგიყვებაო ყველაფერს, ოღონდ, როცა შენ გინდა და დაინტერესდები, მარტო მაშინ მოგიყვება, თვითონ არასოდეს დაიწყებს ტვინის ბურღვას, – აი ეგეთი, კეთილი ბაბუას თვალები აქვს ლაზარეს, ბუხრისპირას თავს გადახდენილ ფათერაკებს რომ უყვება პირდაღებულ შვილიშვილებს. არადა, თავიდან მრცხვენოდა ამასთან ძმაკაცობა, სულ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით, ვინმეს ერთად რომ არ დავენახეთ… სკოლა ორივეს გვძულდა: ლაზარეს იმიტომ, სუნთქვას რომ არ აცლიდნენ, – სადაც გამოჩნდებოდა: ლაზარე მოვიდა ლაზარე რამე ხო არ გინდა ლაზარე რამე ხო არ გტკივა, – ავადმყოფი მგონია ხოლმე თავიო, მე ამათი. მე კიდევ, პირიქით: როცა უამისოდ ვარ, ან თავდაცვით პოზიციაში ვარ, ან _ საერთოდ არ იმჩნევენ ჩემს იქ ყოფნას. კლასში ლაზარე წინა მერხზე ზის და სიის გარეშეც, პირველად ამის ყოფნა-არყოფნას და გუნება-განწყობილებას ამოწმებენ მასწავლებლებიც და ბავშვებიც. მე ბოლო მერხზე ვზივარ და ჩემს გვარს ისე უცებ ჩაიბურტყუნებენ, ვერც ვამჩნევ. ის ნაბოზარი ზარიძე, დამრიგებელი კიდე საერთოდ გამომტოვებს ხოლმე სიის ჩამოკითხვისას, თითქოს კლასში არ ვიყო… და მთელ სკოლაში, სადაც გავივლი, სულ მესმის ზურგსუკან ლოზუნგები: _ რუსებს რაა? დედის ტყვნა! ან – აგე, პუტინი მოდის! აღარც ვუხსნი არავის არაფერს. ვარ და ვიყო, თქვენი დედაც. დაგბომბეთ და კიდე დაგბომბავთ, ბოზებო.

* * *

_ სულ ტყუილად გიყვარსო ლაილა, – ლაზარე მეუბნება, – ერთი კრეტინი გოგოაო. მეთქი – ნწ, ყველაზე მაგარი გოგოა ლაილა. _ მე შენზე დიდხანს ვიცნობ და დამიჯერეო. ქალის თემაზე ლაზარესთან ვერიდები ლაპარაკს, ისედაც ყველა გოგოს ლანძღავს. ერთხელ სახლში დავპატიჟე, ნეტში მუსიკას ვეძებდით და უცებ ამოაგდო რაღაც პორნოსაიტი, ვიღაც ნაშის სველი ძუძუებით. მეთქი _ იფ, რა ქალი, თან მოვიხედე და ვხედავ, ლაზარე კანკალებს მთლიანად, სკამს ჩაბღაუჭებული და შუბლზე ოფლი ჩამოსდის წვეთებად. ჰეი, გაგეთავა, ბიჭო? _ გავეხუმრე და ჩაიკეცა კიდეც სკამიდან, ხალიჩაზე დავარდა. გული წაუვიდა ტიპს. არადა, თვითონაც ხომ აქვს ნეტი, და ნეტი თუ აქვს და პორნოს არ უყურებს, რად უნდა საერთოდ ნეტი, რავიცი. მეც ვადგები ხოლმე სახლში. სანამ გავიცნობდი, მართლა მაინტერესებდა, რა პონტში იყო ჯუჯა: რამე ჭირდა თუ უბრალოდ ისეთი იყო, როგორიც იყო. და-ძმა, დედ-მამაც ჯუჯები ყავს, ნეტავ? ჯუჯების ოჯახია თუ მარტო ეს გამოვიდა ჯუჯა. ერთხელ მოვიდა სკოლაში დედამისი. ჩვეულებრივი ქალი გამოდგა, დაჟე მაღალი, და რაც მოვიდა, სულ ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც ლაზარეს უხდებოდა ხანდახან, – რემბო რომ პირველ სერიაში ჭრილობას იკერავს ნემსით, ლამის ეგეთი,Gგამწარებული თუ ნატანჯი. სახლში რომ დავადექი, მამამისიც ჩვეულებრივი ტიპი გამოდგა, რაღაცის პროფესორი, და ლაზარეს უცხოეთში წასული და რომ ვნახე ფოტოებზე, იმას კიდე ნებისმიერი ჩოხოსანი მოიყვანდა ცოლად, სულ რომ უკანასკნელი ბოზი ყოფილიყო: თითქმის ლაილასავით მაგარი გოგო მოკლედ. შენ რა პონტში გამოხვედი-მეთქი ჯუჯა? – ვეკითხები ხოლმე ლაზარეს. ლაზარე იცინის, – შე აფერისტო რუსაკოვო და მეცინება მეც.

* * *

რუსები კი ატრაკებენ. ძაან ატრაკებენ. ხან რა ინფო ვარდება ნეტში, ხან რა, და მე ვეხვეწები დედაჩემს: გადავიდეთ სადმე და შენ გვარზე გადმოვალ-მეთქი. ახლახანს გადმოვედითო, აცადე და გაჩერდებიანო, _ დედა ამბობს. არადა, სულ უფრო და უფრო მეტ შარს ვაწყდები სკოლაში. კიდევ ვიღაცა ყოფილა, გოგო, მეთერთმეტეკლასელი შელესტოვა, და _ ხან ჩანთას უგდებდნენ ფანჯრიდან გოგოები, ხან მობილს უმალავდნენო, _ ლაზარემ. წასულა რუსეთში, მე კი სად ჯანდაბაში უნდა წავიდე და ვაცდენ და ვაცდენ ოხრად გაკვეთილებს. ლაზარეც თან დამყვება. ერთხელ სამასწავლებლოსთან ჩავიარე და ზარიძე ამბობდა: _ სუფთა გოგოლის მკვდარი სულები არიანო ეგ ორნი, და აღარ ვუთხარი მერე ლაზარეს. წავიკითხო ერთი გოგოლი, ეგ ჩემისა, და მერე ვეტყვი, თორემ ამას, ლაზარეს, წაკითხული ექნება უეჭველი. წიგნებით აქვთ გამოტენილი მთელი სახლი და კითხულობს ყველა დედაწულიანად.

* * *

_ რა მაგარი სახელი გქვია, ლაილა! _ ვუღიმი და უცებ კევი მივარდება პირიდან. არადა, ნათქვამი აქვს ლაზარეს, ლეილა რომ ქვია სინამდვილეში. თურმე, სახელი ეგოიმება და მაგიტომ დაირქვა ლაილა. ლაილა-ლაილა. ერთი მერე ჩუმად ფოტო უნდა გადავუღო და დავანძრიო. ვაიმე, მადლობაა! – მიწელავს ლაილა და კვდება სიცილით. არა უშავს, კიდე მაქ კევი, – ვბურტყუნებ დებილივით და ის საერთოდ ბჟირდება. კეთილ ადამიანებს, უყვართ, ზოგადად, სიცილი, _ ვამართლებ მერე ლაზარესთან. გამომივიდნენ ტომი და ბეკი! – ქირქილებს ლაზარე, – კეთილი კიდე მარტო მაშინ გახდება, თუ ბოლო მოდელის მობილურს აჩუქებ. ხოო? – დავფიქრდი. _ ხო. გეზასავება მერე. ეგრე შვრება ხოლმე. მოკლედ, უეჭველი შურს ლაზარეს, მე რო ჯუჯა არ ვარ და ქალის დაკერვა ვიცი და მაგიტომ ენამწარობს, არაუშავს. ისე, მერე ამას ჯუჯების პორნო უნდა ვანახო, იქნებ ეგ მაინც გაუსწორდეს. იმ დღეს ნეტში მოვძებნე და ვარწყიე კინაღამ.

* * *

_ ეი, პუტინ, წამოხვალ სტადიონზე? _ ღლაჭუნა მეუბნება. ზედ სკოლასთან შემხვდნენ ეგ და მაგის ბრიგადა, ჩემი კლასელები. ეჰეი, სად ხარ ლაზარე. აღსდექი მკვდრეთით, თორემ დამერხა. მივიხედ-მოვიხედე. აღარ გყავს შენი ჯუჯა? – მიმიხვდა ღლაჭუნა. – იქნებ სხვა ფიფქია იშოვა და შენთვის აღარ ცალია, ჰა? ლაზარეს ზურგსუკან როგორ კაიფობენ ახვრები. არადა, ისე სულ ზედ ევლებიან. არ მიყვარს ფეხბურთი, _ ვუთხარი და გზა გავაგრძელე. ხო ვამბობ, ეგენი გეები არიან-მეთქი, ეს მართლა მკვდარი სულები! _ ზიზღით გააფურთხა ღლაჭუნამ და შეტრიალდა. ზარიძე მარტო სამასწავლებლოში არ ოხუნჯობს, მაშასადამე. ეგ თესლი. ეს თესლები. წავედით, მოვდივარ! – ვთქვი. დღეს ჟოპასტენკას ვთამაშობთ, – ხელებს იფშვნეტს ღლაჭუნა. ჯერ ფეხბურთი რაა და მერე ეს დებილი თამაში; აეკარი კედელს და გირახუნებენ სიფათში ბურთებს. მაგრამ, არაუშავს, ამათგან რომელიმეს ხო მივასხმევინებ კედელზე თავს ბურთით. ერთს ხო მაინც გავარტყავ, შანსი არაა… მე რომ აღმოვჩნდი მარტო კედელთან, მერეღა მივხვდი, რო მიჩალიჩებდნენ. ჰეი, ლაზარე, აღსდექი რა მკვდრეთით, შეჩემა. ის ტიპი, ჩუმი, მე რო ვწყვიტე პირველივე დღეს, თურმე სერიოზული ფეხბურთელია. ერთი ბურთი ამაცილა და მეორე ჯერზე ზურგში გამარტყა, გვერდით, ნეკნებში. სუნთქვა შემეკრა. თქვენი დედა მოვტყან! – მოვასწარი და წამცხო ეგრევე სამივემ. თუ ოთხივემ.

* * *

_ ჯერ, რუსი რომ ხარ, მაგიტომ. მერე _ სხვა ქალაქელი რომ ხარ. არც ამ უბნელი და არც სხვა უბნელი. მაშასადამე, არ ექვემდებარები ერთგვარ შიფრს თუ პაროლს, საკვანძო კითხვა-კოდს: `რა უბნელი ხარ?~ არადა, ამ კითხვის ქვეშაა მთელი ქვეყანა, მთელი პოლიტიკა, მთელი მწერლობა, ხელოვნება, რელიგია და საერთოდ, ყველაფერი ამ კითხვაშია მოქცეული: ზოგად-ეროვნული, ტოტალური ლოკალის აღმნიშვნელი ფრაზა. მთელი ქართული ყოფის ფონი თუ რეფრენი. ქრონიკული წყევლა. საქართველოს უახლესი ისტორია, სამ სიტყვაში მოქცეული.… თან კიდევ, ეს რუსული გვარი. ასეთ დროს. ვინ გაპატიებს, ვინ შეგარჩენს… _ ბურტყუნებს თავისთვის ლაზარეს მამა, თან ფინგალებზე ცივი წყლის საფენებს მიცვლის. ამანაც რომ გაახურა, ბლიად. არაა რუსი, გვარი აქვს მარტო ეგეთი, – უხსნის მეორე ოთახიდან ლაზარე. სიცხე აქვს და წევს, გარეთ ვერ გამოდის. მერე, გვარია ყველაფერი, _ აგრძელებს ლაზარეს მამა. – ფუნდამენტი. ქვეცნობიერში დაგროვილი გენური ბალასტი. საკუთარი გვარის რატომ უნდა გეშინოდეს, საკუთარი თავი რატომ უნდა უარყო და დამალო მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობენ ერთი მუჭა ნაძირალა ადამიანები, რომლებიც ანგრევენ და ანადგურებენ, აფეთქებენ და წვავენ, _ როცა არაფერი გაქვს მათთან საერთო, როცა ჯერ მხოლოდ მოზარდი ხარ, და მხოლოდ სიცოცხლე გიყვარს და გინდა. ადამიანებთან, თანატოლებთან მეგობრობა გიყვარს და გინდა, რუსი იქნება, ზანგი თუ ებრაელი… და ამ დროს მთელი ქვეყანა, მთელი ერი, ბერი თუ საგანმანათლებლო სისტემა გაყალიბებს და გზრდის პოტენციურ ქსენოფობად, პოტენციურ ჰომოფობად… _ ლაზარეს ოთახს გახედა და ჩუმად დაამატა: – ძალით თავსმოხვეული სათნოება და კეთილმოსურნეობა, უკიდურესად ხაზგასმული ყურადღება და ზრუნვა, თითქოს სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფი იყო, _ ეს სიკეთეც ხომ გულისამრევია, ხომ იმის მინიშნებაა, რომ გჭირს რაღაც, რომ სხვა ხარ, რომ მათ არ გავხარ, _ ჰომოფობიის ყველაზე საშინელი, ფარული ფორმა… მომბეზრდა და გავაწყვეტინე: _ ასე რომ გარეთ გავიდე, სახეზე ძაან მეტყობა რამე? არა უშავს, ვითომ რინგზე იყავი, – მიღიმის და თავზე ხელს მისვამს. ამ ბებრებმა რო იდიოტური ხუმრობა იციან, ნუ იტყვი.

* * *

_ ლაილა, იცი, მე კლაუსტროფობია მჭირს, ოღონდ არავის უთხრა, _ ვეუბნები. გოგო როცა გიყვარს, გულწრფელი უნდა იყო და იმაზე ელაპარაკო, რაც ყველაზე ძალიან გაწუხებსო, _ ნეტში წავიკითხე ვიღაც ნიუ-იორკელი ჟიგოლოს დღიურები და ახლა ლაილაზე ვტესტავ. ეგ ისაა ხო, ჩაკეტილ ოთახში რო ვერ ძლებენ, – ჩაფიქრდა ლაილა. მე გამიხარდა: – კი, ლაილა, ეგაა! ვერც ლიფტში და ეგეთ ადგილებში; ბავშვობაში ლიფტში გავიჭედე ვიღაც ეპილეფტიკ ძიაკაცთან ერთად და მაგის მერე მჭირს, _ დავამატე რიხიანად. ლაილამ თანაგრძნობით შემომხედა: – ვაიმეე, რა ცოდო ხარ, სანდრიიკ! ვახ, გვარით არ მომმართა სხვებივით. სახელი დამიძახა. აი, მესმის ინტიმი! ამიდგა. მგონი, შევუყვარდი ლაილას! – მივახარე ლაზარეს. – რა აჩუქე რო ამისთანა? – ჩაეცინა. არაფერიც არ ვაჩუქე, ისე შევუყვარდი, _ მეწყინა. ეს შურიანი განდონი ჯუჯა. თესლი გოგოა ეგ შენი ლაილა, და კრეტინი! _ რაღაც ძაან ბოროტად თქვა ლაზარემ. ეჰაა. ერთ მერხზე ხო ზიან. თან, კაი ხანია კლასელები არიან. ამასაც ხომ არ უყვარს, ნეტავ… უცებ წარმოვიდგინე, როგორ ანძრევს ლაილას ფოტოზე ეს მახინჯი, და ტანში გამაჟრიალა. შენი ჯუჯა დედა მოვტყან! – დავუღრიალე ბოლო ხმაზე, ყბაში ვწყვიტე და თავდასაცავად მოვემზადე, რო მაშინდელივით ფეხებში არ შემვარდნოდა და არ წავექციე, მაგრამ არც განძრეულა და არც ხმა გაუღია. შემომხედა, რემბო რო პირველ სერიაში ჭრილობას იკერავს, ეგეთი, საგვარეულო თვალებით, გატრიალდა და წავიდა.

* * *

იმიტომ ასწორებდა ფოთი. ზღვა. რამე გეწყინება, რაღაც ისე ვერაა და მოისროლე ანკესი და მორჩა, _ ერთი ლიფსიტა ბარაბულის ჩარტყმაც აზრზე მოგიყვანს წამში, სტავრიდა-კეფალებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეგ ერთი კაი რამე კი მასწავლა მამაჩემმა, სანამ გაქრებოდა სადღაც. ვზივარ თბილისის ზღვაზე და ვთევზაობ. ოღონდ, რუსებმა რო დამბომბეს, მაგ მხარეს კი არა _ აქეთ, პლაჟზე. შემოდგომაზე ჩემსკენ გახურებული სათევზაო სეზონია ახლა, აქ კიდე ჩემი ფეხები. თან კაციშვილი არაა. ქარია. ზურგსუკან, გორაკზე შეფენილ ფიჭვნარში უნთიათ მარტო ცეცხლი ვიღაცეებს. კვამლის სუნი და მძიმე როკის ხმა მოაქვს ჩემთან ქარს; მაგნიტოფონით ან ცენტრით არიან, ალბათ. ალბათ, ეგენიც ყვირიან: რუსებს რაა? დედის ტყვნა! ხო მთელი სკოლა მაგას ყვირის, მთელი ქვეყანა. მთელი პლანეტა. მთელი გალაქტიკა. ყველა კედელზე ეგ წერია. ყველა პლაკატზე. მე კიდე რუსი გამოვდექი. ჩემიანებმა დაბომბეს აქაურობა და მე მაგინებს სუყველა, იმიტომ, რომ მტერი ვარ… მაგრამ, ხო მეც, მეც ვჭამე მაშინ თბილისის ზღვაზე, აქ _ ხო მეც დამიშვეს იმ ნაბოზრებმა! ვერაფერი გავიგე, მოკლედ. კიდევ კარგი, ლაილას მოვწონვარ, ლაილა-ლაილას.

* * *

გაქვს სიგარეტი? – ვიღაც ტიპი მეკითხება, გრძელთმიანი. თავი გავიქნიე, _ ნწ, არა, არ ვეწევი. სპორტსმენი ხარ, ბიჭო? _ გაეცინა, მაგრამ ეს `ბიჭო~ ისე არა, როგორც სკოლაში, ნემსივით. თან, ეს უფროსია. შარის სუნი არ მცემს, მაგრამ მაინც ვაჯახე ჩემი სტატუსი: _ სპორტსმენი არ ვარ, რუსი ვარ, რუსაკი! ტიპმა ყურადღებით შემათვალიერა და მეუბნება: – ამოხვალ ცეცხლთან? ქარია. გაიყინები შორტებში. ცეცხლთან სხვა გრძელთმიანი და შავებში ჩაცმული მასტები ზიან, ჩემზე უფროსები, და ერთი გოგო, თითქმის ლაილა _ ისეთი მაგარი გოგო, ოღონდ დიდი, _ ქალი, პრინციპში, _ მაწვდის ბოთლს და მეუბნება ხავერდოვანი, ჩამბალი ხმით: _ მოსვი! და ვსვამ. ვსვამ. მერე ვარწყევ და მერე კიდე ვსვამ. ცეცხლის ტკაცუნში, კვამლში, მივჩერებივარ ლაილასავით მაგარი ქალის სახეს. მერე სახე ქრება და გარშემო იცინიან ნაგიჟრებივით. უცებ ცეცხლიდან გამოდის ხელი, სახეზე მეფერება და ვიღაცა ამბობს, როგორც ტელევიზორში, რეკლამებში ამბობენ ხოლმე, ეგეთი ხმით: _ პრობლემები გაქვს, ბიჭუნი? პრობლემებს ღმერთი ქმნის, ღმერთი გაწვალებს, ჰოდა, შენც ადექი და შეიძულე! რამეთუ მხოლოდ სიძულვილშია ძალა, სხვა ყველაფერი მონობაა და სიბეჩავე! ალბათ, ცენტრიდან ისმის… და ისევ ვარწყევ. ამ დროს წინ, შარაზე, აყენებს ჯიპი, იქიდან ღიპიანი მასტი გადმოდის, ხელში ყუთით, შიგ ცეცხლში შემოდის და ყვირის ბაზრის გამყიდველივით: _ აბა დავაი, დავაი, დროზე, ნახეთ თუ ვარგა! თან აქეთ-იქით იყურება, ყუთს აჯანჯღარებს და ყუთი კნავის რატომღაც. ვიღაცამ ჩახედა და დანარჩენები ეკითხებიან: _ შავია? შავია. _ ეს პასუხობს. კნუტია? _ არა, არაა კნუტი. სხვა არ ქონდათ, _ პიჯაკიანი უხსნის და ისევ თვალებს აცეცებს. _ ეგეც წავა, ფული მიეცით, _ ლაილასავით მაგარი გოგოს ხმა ლივლივებს კვამლში და ჯიპი მიდის. მე ყუთში ვიხედები და იქიდან მიყურებს დიდი, ყვითელი, შეშინებული თვალები. ფიშო ფიშო, კარგო ფიშო, ნუ გეშინია, _ შიგნით თითს ვყოფ და ვცდილობ მოვეფერო. მიყვარს კატები. _ ამოვიყვანო? ყუთში ცოდოა, _ და გარშემო ისე ბჟირდებიან, სულს ძლივს იბრუნებენ. ჯერ მანდ იყოს, შეგვეჩვიოს, თორე გაგვექცევა, _ ლაილასავით მაგარი გოგოც თითს ყოფს შიგნით, დანარჩენებიც ბაძავენ: _ ფისო-ფისო! _ ეფერებიან, თან იგუდებიან სიცილით. ყველაფერი ხუთიანზეა, კაი ხალხი ჩანს, მაგრამ ცოტა მეშინია რატომღაც და ისევ არყის ბოთლს ვეძებ. ვსვავ და აღარ ვარწყევ. ესენი ახლა წკნელებს უჩხიკინებენ ყუთს, კატა კნავის და ვბრაზდები: _ ეეე, ეგრე არა, რა პონტია.. _ ვბლუკუნებ და ვცდილობ, ყუთს თავსახური ავხადო. ცეცხლიდან ისევ გამოდის ხელი, ხელზე მიჭერს მაგრად, კვამლისკენ მექაჩება და თვალები მეწვის, ცრემლს მაყრევინებს კვამლი, ჩემი ხელი კიდევ რაღაც რბილს ეხება. მოგწონს? – მეკითხება ლაილასავით მაგარი გოგო და ვხვდები, რომ ჩემს ხელს შიშველ მკერდზე ისვამს. მიდგება. შეხედვა მინდა და ვერ ვხედავ, ცრემლით მაქვს თვალები სავსე. გინდა, სხვაგანაც? – ისევ მეკითხება შემპარავად. თავს ვუქნევ. უცებ ხელში მხვდება რაღაც ბალნიანი და ლაილასავით გოგო მბრძანებლურად ამბობს: – არ გაუშვა! ეგრე გეჭიროს! კვამლში თვალს ძლივს ვახელ და ვხედავ, ყუთიდან გამოჩრილი კატის კუდი ჩამიბღუჯავს მაგრად ხელში, გარშემო კი იცინიან კრეტინებივით. თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ, ხალხო, _ ნაძალადევად ვიღრიჭები, _ რას მიჩალიჩებთ, ვითომ! ამ დროს მეორემ, ვინც თავიდან სიგარეტი მთხოვა, დანა მომაჩეჩა მეორე ხელში, ყველა გაისუსა, მუსიკაც მოტეხეს და გავიგე კატის დაგუდული, გაბრაზებული ბღუილი. და ლაილასავით მაგარმა ქალმა თქვა: _ დამიჯერე!

* * *

კვამლის სუნით ვყარვარ და თავი მისკდება. Eესეიგი, გუშინ რაც იყო, მთლა სიზმარიც არ ყოფილა. ძაან მურტალი სიზმარი. არადა, ხომ შანსი არაა, რომ სიზმარი არ ყოფილიყო. ცხოვრებაში პირველად დავთვერი. თან არაყი. ფუ მაგის. სად ხარ ლაზარე, სად დაიკარგე… პირდაპირ, მტკიცე ნაბიჯით მივდივარ სკოლაში. უკანა შესასვლელს ვუახლოვდები, სტადიონის მხრიდან. აქაა იმ პროჭების ბირჟა. აქ ეწევიან სიგარეტს და კარტს თამაშობენ, მაგრამ მკიდია. შევალ ახლა, მივაჭრი ლაილასთან და ვეტყვი, რომ მიყვარს. ძაან მიყვარს. და მერე ლაზარეს მოვუხდი ბოდიშს, ჩემს ძმას და მეგობარს, და ჩავიხუტებ: ასე მგონია, ყველაფერი ის რომ გავაკეთო, რისი გაკეთებაც მაგრად მრცხვენია და მეშინია, რასაც სხვა დროს ასი წელი ვერ გავაკეთებდი, _ ჩამოვირეცხავ, მოუსავლეთში გადავკარგავ გუშინდელ დღეს, გუშინდელ ახვრულ სიზმარს. კამეჩივით თავდაღერილი მივადექი ბირჟას სტადიონთან, უკანა შესასვლელთან და ეგრევე წამოხტნენ, წინ გადამიდგნენ. ჰეი, პუტინ, საით მიგეჩქარება? მოდი, ჯერ კარტი მოვცხოთ მე და შენ, _ მთავაზობს ღლაჭუნა. არ მევასება კარტი! – ვეუბნები დერსკად და თვალებში ვუყურებ. ვახ, შენ რა არაფერი გევასება, ტო! _ იცინის. _ აბა, ლოტოს თამაშობდი შენთან, რუსეთში? თუ თქვენ მარტო ბომბების სროლა გევასებათ, ჰა? კი, ბომბები გვევასება და კიდე დაგბომბავთ, სუყველას დედებს მოგიტყნავთ, თქვე ნაბიჭვარო გრუზინებო! _ ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ მომეშვა გულზე, ძალა მომეცა. ისე საკაიფოდ ვარ, სულ აღარ მაინტერესებს, ახლა მაგრად რომ მომხვდება. ვიღიმები. მტერი ვარ და ვიყო მტერი, ამის დედაც. მშვენიერი ყოფილა, როცა მტერი ხარ. ესენი კი არ მირტყამენ რატომღაც, ერთმანეთს უყურებენ და ძაან ჩათლახურად იღიმებიან. კაი, პეტროვსკი, ეგრე იყოს, _ ბედს დამორჩილებული კაცივით, წყნარად თქვა ღლაჭუნამ, სიგარეტი გადააგდო და წამში მეცა ყველა ერთად. ოღონდ, არ მირტყამენ. ხელები გამიკავეს და სადღაც მივყავართ. ერთი ხოშიანი წიხლი გავიქნიე, ვიღაცას ვწყვიტე და მაშინ წამაქციეს და ეგრე წამათრიეს, ტომარასავით. სტადიონზე გადამახოხიალეს და იქვე, დაკეტილ თუ მიტოვებულ მანქანების სახელოსნოსთან _ ბოქსებთან გაჩერდნენ. მუხლები ამეწვა. გადამეყლიფა. გამიშვით, ბოზებო! – ვყიყინებ. ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი და ძლივს ამომდის ხმა, თან, თვალებს სწრაფად ვახამხამებ, ცრემლები რო დავმალო. იმ პილოტად გადამაქცია ახლა, და ის თვითმფრინავი მომცა, მე ამათი. გაგიშვებთ, პუტინ, აბა რას ვიზამთ, _ კეთილად ამბობს ღლაჭუნა, _ მაგრამ, ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, კლაუსტროფობია ჭირსო, და ჯერ უნდა შეგამოწმოთ! და უცებ რაღაც ორმოში გადამიშვეს, ვიწროში და მართკუთხედში – მანქანებს რომ შემოაყენებენ ხოლმე და ქვეშიდან არემონტებენ, – იმ ორმოში. მერე იქვე მიგდებული, სტადიონის ძველი და ჟანგიანი, უზარმაზარი ჭიშკარი გადმოათრიეს შუსტრად და ორმოს დაამხეს. დაბნელდა.

* * *

სად ხარ, სად ხარ… აღსდექი რა მკვდრეთით, ლაზარე, ძმაო ჩემო, თორემ მოვკვდები, არ შეიძლება ჩემი აქ ყოფნა. შენ ხომ არ იცი, როგორია, როდესაც შვიდი წლის ხარ, და გაჭედილ ლიფტში, სიბნელეში, ნახევარი საათი კედლებს ეხლები, ხელიდან რომ დაუსხლტე შარდის და ოფლის სუნით აქოთებულ, დაპანიკებულ ბებერ ნაბიჭვარს, ჯერ ლიფტის კარებს რომ კაწრავს, ისე ხმამაღლა კაწრავს, თითქოს რკინის ფრჩხილები ქონდეს და მერე შენც რომ მოგიხელთებს, თან ღრიალებს და მერე ძირს, იატაკზე ვარდება, ისე, რომ ხელს არ გიშვებს და ძაგძაგებს, ძაგძაგებს, როგორც ტრაქტორის მოტორი, და ხავის და ბღავის ისეთ ხმაზე, მიმსგავსებულიც რომ არაფერი მოგისმენია ცხოვრებაში არასოდეს და არსად, და ლიფტის შახტაც რომ აორმაგებს და საზარელ ექოებად გაყრის და გამხობს თავზე უსაშველო შიშს, იმიტომ, რომ შვიდი წლის ბავშვი ხარ, იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად წააწყდი ეპილეფსიის შეტევას, თან სიბნელეში, გაჭედილ ლიფტში… და აქაც ხომ ბნელა. აქაც ხომ ლიფტია. და ზემოდან, თუჯის ჭიშკარზე, აქაც ხომ ბღავის და ბრაგუნობს მთელი ეს ახვარი სკოლა, თავისი წაკლა, ჩამშვები ლაილიანად. მთელი პლანეტა, მთელი ეს დედამოტყნული სამყარო ყმუის და ხარხარებს ჩემს თავზემოთ. მე კიდევ, ვუსმენ, ოფლში და ცრემლში აზელილი, და სადღაც შორს, უკან მიმათრევს შიში, ბავშვობაში, ლიფტის შახტებში. მორევს ჩაყოლილი მოცურავესავით ვიქნევ ხელებს სიბნელეში, რომ არ წამიყოლოს, რომ მოვეჭიდო რამეს… და უცებ საიდანღაც, კვამლიდან მესმის: – არ გაუშვა! ეგრე გეჭიროს! და მთელი სიცხადით შევიგრძნობ ხელში კატის კუდს, და მეორე ხელში დანას. ისევ გაუბედავად, ბურანში მყოფივით ვუსმევ დანას კუდზე, ყუთის კიდესთან. შიგნით კატა ჩხავის და ფართხალებს, მე კიდევ ნელ-ნელა ეშხში შევდივარ და ვუსმევ და ვუსმევ ბირდაბირივით, სანამ ყუთი განავლის სუნს არ აუშვებს, და კატის გაშვლეპილი, სისხლიანი კუდი არ შემრჩება ხელში…

* * *

მშვიდად, თავისუფლად ვსუნთქვავ. ვზივარ სიბნელეში და ველოდები. ველოდები იმათ _ იქ, ზევით. ჭიშკარი ოდნავ გადახოხდა და დღის შუქი ჩამოიჭრა. თვალებს ვიჩრდილავ. აქ ხარ, პეტროვსკი? სად ხარ, პეტროვსკი… _ ჩურჩულებს ლაზარე. ავყურებ ლაზარეს სილუეტს და ცოტა ხანში საკუთარი ხმა მესმის, უცხო და შემპარავი ხმა: – პრობლემები გაქვს, ბიჭუნი?

როგორ მოქმედებს ბავშვზე სკოლის გამოცვლა

0

მას შემდეგ, რაც ბავშვი სასკოლო ასაკს მიაღწევს, ნებისმიერი მშობლის უმთავრეს საზრუნავად შვილისთვის საუკეთესო სკოლის პოვნა  იქცევა. ისინი ძალასა და ენერგიას არ იშურებენ, უსმენენ უკვე „გამოცდილ“ მშობლებს, ეძებენ სკოლას, სადაც მათი შვილი კომფორტულადაც იგრძნობს თავს და კარგ განათლებასაც მიიღებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მშობლების პირველი მცდელობა მარცხით მთავრდება, სკოლა ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდნენ და ისინიც იწყებენ ახალი სკოლის ძებნას. როდესაც ერთ ქალბატონს ვკითხე, რომელ სკოლაში სწავლობდა მისი ათი წლის ბიჭუნა, მან თავმომწონედ მიპასუხა, რომ მის შვილს უკვე სამი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი. „თავდაპირველად რომელიც შევარჩიე, ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, ამიტომ სხვა სკოლაში გადავიყვანე, თუმცა ეს იმაზე უარესი გამოდგა, ამიტომ სკოლა ისევ გამოვიცვალეთ. ეს კი სჯობია დანარჩენებს, მაგრამ ბავშვი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს და ვფიქრობ, ისევ სხვაგან ხომ არ გადავიყვანო“, –  მითხრა ქალბატონმა.

სტატიაში წამოჭრილი საკითხის განხილვამ ზოგიერთი მშობელი შესაძლოა გააოცოს – მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის გამოცვლაში არაფერია განსაკუთრებული: „ეს ხომ ზრდასრული ადამიანი არ არის, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდეს; ბავშვია, ადვილად შეეგუება ახალ მეგობრებს“. სინამდვილეში ეს პროცესი არცთუ ისე უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სკოლის შეცვლა ძლიერი ფსიქოემოციური სტრესია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის. ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ეცემა მისი აკადემიური მოსწრების დონე, რთულდება ურთიერთობა მშობლებთან, პედაგოგებთან, თანატოლებთან. უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები მწვავედ განიცდიან მასწავლებლის შეცვლას – მასწავლებელი ხომ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მათთვის. შესაძლოა, იმისაც ეშინოდეთ, რომ ახალ მასწავლებელს ვერ შეეგუებიან. მოზარდებისთვის თანატოლთა წრე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ გარდამავალ ასაკში მყოფი მოსწავლე თანაკლასელებთან დაშორებას და თანატოლთა ახალ წრეში დამკვიდრებას უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე პედაგოგების შეცვლას, თუმცა თუ ძველ სკოლაში იყვნენ მასწავლებლები, რომლებთანაც მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ესეც სერიოზული დანაკარგი იქნება მისთვის. საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ იმ სკოლის გამოცვლა, სადაც ბავშვი უკვე რამდენიმე წელია სწავლობს, ჰყავს მეგობრები, იცნობს ყოველ კუთხე-კუნჭულს, დიდი გამოცდაა მისთვის. ბავშვს ახალ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლაში რომ დავეხმაროთ, კარგად უნდა გავაანალიზოთ სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები, ვინაიდან ჩვენ მიერ შერჩეული დახმარების სტრატეგიები და ადაპტაციის თავისებურებები უშუალო კავშირშია ამ მოტივებთან.

სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები და რეკომენდაციები ახალ გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციისათვის

  • სკოლის შეცვლა ხშირად საცხოვრებელი სახლის შეცვლას მოჰყვება. ვინაიდან ახალი სახლი დიდი მანძილით არის დაშორებული ძველ სკოლას, მშობელი საჭიროდ მიიჩნევს, და არცთუ უსაფუძვლოდ, ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანას.
  • ზოგჯერ მშობელს ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანა ცალკეული საგნების გაძლიერებული შესწავლისთვის სურს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის ცოდნას და უნარებს ამ დისციპლინაში, რათა მან ახალ გარემოში წარუმატებელი მოსწავლის სტატუსი არ დაიმკვიდროს.
  • არის შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვისთვის სკოლის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აყენებს კონფლიქტური სიტუაცია. მასწავლებელთან ან თანაკლასელებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზად ზოგჯერ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მიიჩნევა. ოღონდ ეს უკანასკნელი ნაბიჯი უნდა იყოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდგათ, თუ ყველა სხვა ხერხი ამაო აღმოჩნდა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს, თავი გაართვას ცხოვრების ახალ პირობებს. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ახალ სკოლაში, ახალ გარემოში ბავშვი აღარ შეეჯახება იმ სირთულეებს, რაც ძველ სკოლაში ჰქონდა, სწავლას მოუმატებს და ქცევაც შეეცვლება. ამას რომ მიაღწიონ, მშობლებმა შვილთან სერიოზული სამუშაო უნდა გასწიონ. სკოლის შეცვლა მოსწავლეს არ ცვლის – იცვლება მხოლოდ გარემო, და თუ ბავშვის ქცევის მოდელი ადრინდელი დარჩა, უთანხმოება, დიდი ალბათობით, ახალ სკოლაშიც იჩენს თავს. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას პრობლემის მიზეზის პოვნაში, მის გაცნობიერებასა და გაანალიზებაში.
  • სასურველია, ბავშვმა მშობლებისგან წინასწარ მიიღოს ინფორმაცია სკოლის შეცვლის აუცილებლობისა და მოტივების, ასევე – ახალ სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.
  • დავეხმაროთ ბავშვს ძველ მეგობრებთან ურთიერთობსი შენარჩუნებაში.
  • დავანახოთ ის დადებითი მხარე, რაც ახალ სკოლაში სწავლას ექნება.
  • დავეხმაროთ, ახალ სკოლაშიც იპოვოს ადგილი თანატოლთა წრეში. გავითვალისწინოთ, რომ იქ მას დახვდება უკვე ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელში თავის დამკვიდრებაც ადვილი არ იქნება.
  • სასურველია, ახალ მასწავლებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილის თავისებურებების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ეს პედაგოგს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მოსწავლის ესა თუ ის თვისება მაინც ვერ დაიმალება, წინასწარ ინფორმირებული მასწავლებელი კი უფრო ადვილად მოახერხებს სირთულეების თავიდან აცილებას.
  • არის შემთხვევები, როცა ძველ სკოლაში ბავშვი ისეთ კლასში სწავლობდა, სადაც ადვილად იღებდა მაღალ ქულებს, ახალ გარემოში კი მას უჭირს სასურველი შეფასების მიღება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ვიღონოთ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და სასწავლო მოტივაცია არ დაუქვეითდეს. აღვნიშნოთ და სათანადოდ დავაფასოთ მისი ყოველი მცდელობა და წარმატება. თუ საჭირო გახდა, დამატებითი მეცადინეობებითაც დავეხმაროთ.
  • ერთხანს ნუ დავტვირთავთ არასასკოლო მეცადინეობებით – წრეებით, სპორტული სექციებით.
  • ბავშვის თანდასწრებით ნუ განვიხილავთ ძველი და ახალი სკოლების ღირსებებს, ნაკლოვანებებს, პედაგოგებს, სასკოლო პროგრამებს.
  • ნება დართეთ შვილს, სტუმრად მოიწვიოს ახალი თანაკლასელები, დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში.
  • გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს ახალ გარემოსთან ადაპტაციის მკაფიოდ განსაზღვრული ვადა. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად გადის ამ პერიოდს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ და მშფოთვარე ბავშვებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ახალ სკოლასთან შესაგუებლად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.

ვიმედოვნებთ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება მშობლებს, რომელთა შვილები ახალ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში არიან; ხელს შეუწყობს მათ, უმტკივნეულოდ გაატარონ შვილს ეს მნიშვნელოვანი პერიოდი, რათა ბავშვმა მალე დაუბრუნოს სულიერი სიმშვიდე ახალ გარემოში.

როცა საშინაო დავალება ბევრია

0

თავდაჯერება, გონიერება, შემოქმედებითობა და ნაყოფიერება მთელი ბავშვობის განმავლობაში იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა ბავშვს თავისუფალი თამაშისა და წარმოსახვისთვის საკმარისი დრო. ეს პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში – შვიდ წლამდე.

განათლების ეროვნული ასოციაციისა და მშობელთა და მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის რეკომენდაციით, პირველკლასელებს დღეში 10 წუთზე მეტი არ უნდა ეხარჯებოდეთ საშინაო დავალების შესასრულებლად. მეორეკლასელებისთვის მაქსიმუმი დღეში 20 წუთია, მესამეკლასელებისთვის – 30 წუთი და ა.შ. უფრო პატარებისთვის საკმარისია ბაღში გატარებული დღეც.

ეს წესი არაერთ სკოლაში ირღვევა. ბავშვები ამჟღავნებენ სტრესის ნიშნებს, ოჯახთან ერთად გასატარებელი დროის დიდი ნაწილი კი საშინაო დავალებებს მიაქვს. ოთხი წლის ბავშვის დედა ამბობდა, რომ საბავშვო ბაღში მის პატარას ერთი კვირის განმავლობაში 5 დავალება მისცეს. დედა საკითხავ დავალებებს არ აპროტესტებდა, მაგრამ წუხდა, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ასევე დაავალა, (1) მოემზადებინათ შოუ და მოეწყოთ პრეზენტაცია, (2) ყოველდღე ეკითხათ შინ (3), ყოველდღე განეხილათ ბაღში წაკითხული ტექსტები და (4) ესწავლათ თავიანთი სახელების ისტორია. მე ვუთხარი, რომ ეს მეტისმეტად ბევრია.

ათწუთიანი წესის გამოყენებასთან ერთად როგორ გავარკვიოთ, მეტისმეტად ბევრია თუ არა ბავშვისთვის მიცემული საშინაო დავალება?

თამაშისთვის საკმარისი დრო. სკოლაში დროულად მისვლა, იქ მთელი დღის გატარება, ყველა წესის ცოდნა და დაცვა, შინ დაბრუნება პატარა ბავშვისთვის უკვე საკმაოდ ბევრია. თუ ამას საშინაო დავალებასაც დავუმატებთ, შესაძლოა, დრო მოაკლდეს განვითარებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა სირბილი, საუბარი, ოცნება, წარმოსახვა და გამომგონებლობა.

სტრესის ნიშნები. დააკვირდით, ხომ არ შეეცვალა ბავშვს მადა, ძილი, ხასიათი, ინტერესები, ხომ არ შფოთავს, ემოციურად ხომ არ გპასუხობთ. თუ შფოთვის ნიშნები შეატყვეთ, გაარკვიეთ, რა დაავალა მასწავლებელმა –შესაძლოა, მიზეზი საშინაო დავალება იყოს.

ოჯახისთვის განკუთვნილი დრო. როდესაც საშინაო დავალება ხელს უშლის ოჯახურ აქტივობებს, რამე უნდა ვიღონოთ.

ბავშვმა სათანადო განათლება რომ მიიღოს, მშობლები მასწავლებლის მოკავშირეები უნდა იყვნენ, მაგრამ თუ ბავშვის დრო დაგეგმილია უფროსების მიერ და გადატვირთულია ელექტრონული მოწყობილობებით, თუ მას აღარ რჩება საკმარისი დრო წარმოსახვისთვის, კვლევისა და გამოგონებისთვის, ეს უნდა აღვკვეთოთ.

როგორ?

დააბალანსეთ. სანამ საშინაო დავალებას შეუტევდეთ, თქვენი შვილის სხვა აქტივობებს გადაავლეთ თვალი. ელექტრონულ მოწყობილობებზე მუშაობა, გაკვეთილები, სპორტი და სხვა ამგვარი აქტივობები შესაძლოა მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას იძლეოდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როცა ზომიერად ვიყენებთ.

გაესაუბრეთ თქვენი შვილის თანაკლასელთა მშობლებს. გაიგეთ, რას ფიქრობენ ისინი საშინაო დავალებების შესახებ. გაარკვიეთ, როგორია სხვა კლასების, სკოლების, მასწავლებლების გამოცდილება ამ კუთხით.

შეხვდით მასწავლებელს. მოუსმინეთ და ისწავლეთ. სხვა მშობლებსაც სთხოვეთ, თქვენთან ერთად შეხვდნენ მასწავლებელს. გაეცანით მის ხედვას და გააცანით საკუთარი. ესაუბრეთ მშვიდად და პატივისცემით. ხშირად ეს საკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნუ დაიჟინებთ, რომ თქვენს შვილს ზედმეტ და უსარგებლო საშინაო დავალებებს აძლევენ. თუ ბავშვი წუხს, რომ დავალებებს თავს ვერ ართმევს, მასწავლებელს მეგობრულად აუხსენით ეს (გინდათ დარწმუნდეთ, რომ თქვენს შვილს საკმარისი დრო დარჩება სათამაშოდ, დასასვენებლად და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად), ბავშვს კი უთხარით, რომ ესაუბრეთ მასწავლებელს და ერთად იპოვით გამოსავალს.

დაელოდეთ და თვალყური ადევნეთ. აცადეთ მასწავლებელს ერთი ან ორი კვირა პრაქტიკის შესაცვლელად. თუ ბავშვმა მეტი ხალისით დაიწყო მეცადინეობა, ე. ი. თქვენმა მისიამ წარმატებით ჩაიარა.

შექმენითგუფი. თუ პრობლემები გაგრძელდა, მოძებნეთ თქვენსავით მოაზროვნე მშობლები, გაერთიანდით, ჩამოაყალიბეთ მარტივი მიზნები და გონივრული ვადები. თუ თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ, გადადით მომდევნო ნაბიჯზე.

შეკრიბეთ მტკიცებულებები. უკანასკნელ ხანს ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლებიც ათწუთიანი წესის უპირატესობას ადასტურებს. ქვემოთ მოცემულ ბმულზე რამდენიმე მაგალითს ნახავთ. უფრო მეტ ინფორმაციას იპოვით სიტყვა “საშინაო დავალების” დაგუგვლით.

გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები წერილობით, მოკლედ და შეძლებისდაგვარად მარტივად. განურჩევლად იმისა, იპოვით თანამოაზრეებს თუ ვერა, გააცანით ისინი სხვებს, განიხილეთ მათთან ერთად და დარწმუნდით, რომ თქვენი თხოვნა ნათელი და პრაქტიკულია.

დანიშნეთ მასწავლებელთან მეორე შეხვედრა. სთხოვეთ, შეხვედრას დირექტორიც დაესწროს. სასურველია, შეხვედრა, ადრინდელივით, მშვიდად და პატივისცემით, პატარა ჯგუფში გამართოთ. გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და თქვით, რისი შეცვლა გსურთ. მოიხმეთ თქვენი მოსაზრების მხარდამჭერი მეცნიერული არგუმენტები (იხ. პარაგრაფი „მტკიცებულებების შეგროვება“).

თუ სკოლაში წინააღმდეგობას წააწყდით და მიგაჩნიათ, რომ სიტუაცია მოითხოვს ამას (საშინაო დავალებების სიმრავლე ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას), დასვით საკითხი უფრო მაღალ დონეზე, მიიტანეთ თქვენი მოთხოვნა განათლების სამეთვალყურეო საბჭოს, სკოლის მმართველობითი ორგანოს, სკოლის რწმუნებულის ყურამდე. იმ სიმაღლემდე, რაც საჭირო იქნება სასურველი შედეგის მისაღებად.

წერეთ ბლოგი, ესაუბრეთ მედიას. თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი იცით ამ საკითხებზე, თანაც თქვენი ამბავი შესაძლოა სხვებსაც დაეხმაროს. ოღონდ ეს უკიდურესი ნაბიჯია და სანამ ყველა სხვა გზას არ მოსინჯავთ, მის გადადგმას არ გირჩევთ. თუ ამ გზას აირჩევთ, ყველაფერი იღონეთ უკუშედეგებისგან ბავშვის დასაცავად (მაგალითად, სკოლაში შესაძლოა ამოიჩემონ, მეტსახელი შეარქვან და სხვა). წინასწარ შეიმუშავეთ უკან დახევის გეგმა – მოძებნეთ სხვა სკოლა, სადაც ბავშვს მშობლის აქტიურობისთვის არ დასჯიან.

ეფექტური ოპონირება ოპონენტის პატივისცემას ემყარება. შესაძლოა, მიზნის მიღწევას ბევრი დრო დასჭირდეს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ბევრი მაგალითი გვინახავს, როდესაც შვილის კეთილდღეობაზე ერთი მშობლის ზრუნვას არათუ კონკრეტული მასწავლებლის პრაქტიკა, არამედ მთელი საგანმანათლებლო პოლიტიკაც კი შეუცვლია. საშინაო დავალება ყოელთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგი ბავშვი სიამოვნებითაც კი ასრულებს მას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის მოითხოვს თამაშზე, ოცნებაზე, ძილზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებაზე უარის თქმას. ამ დროს მშობლები ცდილობენ, შვილების ცხოვრებაში ჯანსაღი ცვლილებები შეიტანონ.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/going-beyond-intelligence/201609/how-much-homework-is-too-much-how-can-parents-push-back

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...