ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

შშმ პირთა დასაქმების საკითხი

0

მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, რაც საერთო მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს. მათ 80%-ს აქვს დასაქმებისათვის შესაბამისი ასაკი, მაგრამ შშმ პირთა დასაქმების უფლება ხშირად იზღუდება. ისინი, განსაკუთრებით ქალები, არასათანადო მოპყრობას, ფიზიკურ და ინფორმაციულ ბარიერებს აწყდებიან. სხვებთან შედარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მეტად ატარებენ სოციალურად დაუცველობის რისკს, ემუქრებათ უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.

ერთ-ერთ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ როგორია შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი და რჩევებიც მივეცით კვების ობიექტების მფლობელებსა და იქ დასაქმებულ პირებს. https://mastsavlebeli.ge/?p=11546 მომსახურების სფეროში შშმ პირთა დასაქმება უკვე ხშირია უცხოეთში.

kafe

ფოტოზე გამოსახული არიან „Cameron’s Coffee & Chocolates“-ის თანამშრომლები, რომლებიც თავად ქმნიან შოკოლადის ნაწარმს და შემდეგ ამავე კაფეში ყიდიან. კაფე ვირჯინიის შტატის ქალაქ ფეარფექსში ინტელექტუალური დარღვევის მქონე კამერონის დედამ დააარსა და იქ ძირითადად შშმ პირები არიან დასაქმებული. პროექტი არაკომერციული ფონდის „Every One Can Work“ („მუშაობა ყველას შეუძლია“) მხარდაჭერით შედგა.

მისასალმებელია, რომ თბილისში, კერძოდ კი ბავშვთა ქალაქ „მზიურშიც“ გაიხსნა სოციალური კაფე, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, პერსონალი გადამზადებულია შშმ პირების მომსახურების კუთხით და დასაქმებული 10 თანამშრომლიდანაც 2 შშმ პირია: „ახალი მზიურის“ დამაარსებელი – ანა გოგუაძე და თათია დათაშვილი, რომელიც მზარეულის დამხმარედ მუშაობს და კაფეში გამართული ღონისძიებების ფოტოგრაფობასაც ითავსებს. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, თიბისი ბანკის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით.

საქართველოში 150 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეა. მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა.

2013 წლიდან 2016 წლის გაზაფხულამდე პროფესიულ სასწავლებლებში 510 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირი სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა. მათგან 41 პირი (8%) დასაქმდა. კურსდამთავრებულების დამსაქმებლები ძირითადად რესტორნები, სასტუმროები და სამკერვალოები არიან.

2016 წლის შემოდგომისთვის 178 აპლიკანტს გაეწია რეკომენდაცია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად. აღსანიშნავია, რომ სწავლის მსურველების ასაკი შეზღუდული არ არის. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისას პირს  შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს მისთვის საინტერესო სამი საგანმანათლებლო პროგრამა ერთი მიმართულების ფარგლებში. ალტერნატიული პროფესიული ტესტირების საფუძველზე,  შერჩეული პროფესიების შესაბამისი აქტივობის პრაქტიკულად მოსინჯვის შედეგად, აპლიკანტი აკეთებს  საბოლოო არჩევანს. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ პირები უზრუნველყოფილი არიან სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, პირადი ასისტენტი და სხვ.) მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსით. ასევე მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლების ადაპტირება უნივერსალური დიზაინის პრინციპების მიხედვით.

2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათ შესაფერისი სამუშაოს მოძიებაში, შემდეგ კი ადაპტაციასა და შესასრულებელი მოვალეობების სრულფასოვან დაუფლებაში. აღნიშნული პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახლად დასაქმებული შშმ პირის უზრუნველყოფას სასტაჟიორო სტიპენდიით დასაქმების პირველი 3 თვის განმავლობაში.

დასაქმების ქსელ Worknet-ში დარეგისტრირებულია 1502 სოციალური პაკეტის მქონე შშმ პირი. თუმცა 2015 წლის სექტემბერში მათგან მხოლოდ 25-მდე შშმ პირი დასაქმდა. ეს კი საკმაოდ მოკრძალებული რიცხვია.

ექსპერტების რეკომენდაციით,  სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, რომლებიც შშმ პირებს დაასაქმებენ, სასურველია ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით. საჯარო თუ კერძო სამსახურში დასაქმებული შშმ პირები კი გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, თუკი მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს.

შშმ პირებს დიდი პოტენციალი აქვთ და როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა ეს სათანადოდ უნდა გამოიყენოს.

                      გარდამავალა

0

ქართული ენის გრამატიკა, გამორჩეულად  კი ზმნა და ზმნური კატოგორიები, განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. როგორ მოვახერხოთ, რომ VI-VII  კლასების მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები, დასამახსოვრებელი და, მეტიც, სახალისო გავხადოთ, მაგალითად, ზმნის გარდამავლობა? აქვე აღვნიშნავთ, რომ სამომავლოდ ჩვენ ვფიქრობთ ისეთი სასწავლო რესურსის შექმნის შესახებ, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებული წეს-კანონების გაგებასა და გათავისებას.იმ ეტაპზე, როდესაც მათ უკვე შესწავლილი აქვთ ზმნის ძირითადი  კატეგორიები (დრო,კილო,ასპექტი,კონტაქტი, ქცევა,გარდამავლობა…), უნდა ვიზრუნოთ,ზმნული  ფორმების ცვლა და ამ პროცესის მართვა მოსწავლეების მიერ, ავიყვანოთ ჩვევის დონემდე.ცვლის თუ არა ზმნის გარდამავლობის სტატუსს სხვა ზმნური კატოგორიების შეცვლა?ჩვენ ვადგენთ სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია,მოსწავლემ არა მხოლოდ წესებითა და კანონებით,არამედ პრაქტიკული გრამატიკული ქმედების საფუძველზე დაადგინოს, რომ ვერც დროის, ვერც კილოს,ასპექტის,კონტაქტისა თუ ქცევის კატეგორიების შეცვლა გარდამავალ ზმნას ვერ აქცევს  გარდაუვალად და პირიქით. ეს მხოლოდ გვარის (მოქმედებითი,ვნებითი,საშუალი) ფორმების ცვლითაა შესაძლებელი. ამის გათავისება,დამახსოვრება,გამოყენება სულაც არ არის ადვილი.ამიტომაც უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს  საგანგებოდ  შერჩეული ხერხებითა და საშუალებებით, გავუმარტივოთ ურთულესი სქემები თუ წეს-კანონები.ჩვენი გაკვეთილიც სწორედ ამას ემსახურება.გაკვეთილის ზოგადი მიზანი ასე შეგვიძლია  ჩამოვაყალიბოთ-მოსწავლეთა მიერ ზმნური კატეგორიების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტის გაგება -გააზრება.

გაკვეთილზე როლური გათამაშებისთვის ჩვენ შევქმენით მარტივი ტექსტი (გაკვეთილის II ეტაპი).ის  დაეხმარება მოსწავლეებს , ახლებური კუთხით შეხედონ ზმნის გარდამავლობისა და სხვა კატეგორიების ურთიერთმიმართების  საკითხს.

გარდამავალა
(ლიტერატურული….არა, გრამატიკული ზღაპარი)

იყო და არა იყო რა. იყო ერთი  ძველისძველი სამეფო,მდიდარი , ძლიერი. ოქროს ტახტზე დაბრძანებულიყო სამართლიანი,მაგრამ მკაცრი და წესების მოყვარული ხელმწიფე. მას სახელად გრამატიკა ერქვა, თუმცა დედა-დედოფალი, საალერსოდ,გრამიტონს ეძახდა.გრამატიკა-გრამიტონი ბედნიერი იყო,რადგან ქვეშევრდომებს ძალიან უყვარდათ, მის მზეს იფიცებდნენ და მის მიერ დადგენილ წესებს არასოდეს არღვევდნენ.

ერთ დღეს სასახლესთან გაქაფული ცხენი მოაგდო ჯაშუშმა  და მეფესთან აუდიენცია ითხოვა.დაუყოვნებლივ შეუშვეს .მან გრამატიკა-გრამიტონს თაყვანი სცა და მოახსენა:

-მეფეო, შენი საბრძანებლის აღმოსავლეთით, თავადაც უწყით, ნაყოფიერი მიწებია და რჩეული ხალხი ცხოვრობს.ამ მხარეს ზმნიურა-მზიურა ჰქვია და ხალხსაც ზმნიურებს ვეძახით. კარგი მოსახლეობაა, მშრომელი, კანონმორჩლი, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდა ერთი ფრიად გათავხედებული და ურჩი კაცი. ის გავლენის მოპოვებას ცდილობს მთელ მხარეზე. ამ კაცს გარდამავალა ჰქვია, თუმცა შინაურები უცნაურ ზედმეტსახელს უწოდებენ-ადუღებს. არ  გამოგონია ვინმესთვის ასეთი თიკუნი ეწოდებინოთ. ერთი მოსამსახურე ჰყოლია, პირდაპირობიექტა, ტყვიას ტყვიაში აჯენს,თურმე, და თავის ბატონს  გვერდიდან არ შორდება არც დღისით, არც ღამით. მისი შიშით ვერავინ ვერაფერს უბედავს.ადუღებს ძალიან გათამამდა, მეფეო, შენს წესებს აღარ ემორჩილება; რამე უნდა მოიმოქმედო!
მეფე ყურადღებით უსმენდა; შემდეგ კარგა ხანს დუმდა… და უცებ იფეთქა:

-რაო, მაინც რას ბრძანებს  ეს ვიღაც გარდამავალაა თუ ადუღებს?!

ჯაშუშმა, უნებლიეთ, უკან დაიხია და შიშ-კანკალით უპასუხა:

-რაო და,ვინც უნდა მოინდომოს , ვერაფერს დამაკლებს! კარგად ვიცი, ჯაშუშების მთელი რაზმი მითვალთვალებს  და თითოეულს საუკეთესოდ ვიცნობ.ვინ გამიბედავს რამეს-დრო,კილო,ასპექტი,კონტაქტი თუ ქცევაო?!

-ყველანი აქ მომგვარეთ!-დაიგრგვინა გრამიტონმა.

შიკრიკებმა სასახლეში მოასხეს სიფრთხილის რაზმის წევრები: დრო, კილო, ასპექტი, კონტაქტი და ქცევა.ისინი შიშით კანკალებდნენ.
-როგორ, თქვენ სამეფო სიფრთხილის სამსახურში ჩაგაყენეთ და ერთ კაცს, ვიღაც გარდამავალას ვერ მოუარეთ?! რატომ დაარქვეს ადუღებს?! რას ადუღებს?! თქვენ გეკითხებით!

აცახცახებულმა დრომ წინ წამოდგა ნაბიჯი და მეფეს მოახსენა:

-მეფეო, კარგა ხანია, შევატყვე, რომ გარდამავალას ფარული ზრახვები ამოძრავებს. ერთ ბნელ ღამეს მის სახლში შევიპარე, კარების უკან დავიმალე.ცოლმა დაუძახა: -ადუღებს! ადუღებს-მეთქი, არ გესმისო?! მე თავი გამოვყავი და ცოლის ხმით დავუძახე: -აადუღა! აადუღებს!..არა,შენც არ მომიკვდე, ფაფარიც არ შეჰქანებია. გათენდა დილა და აივანზე გამობრძანდა ისევ ის გარდამავალა-ამაყი, გოროზი.

ახლა კონტაქტი წარუდგა მეფეს:

-დიდებულო მეფეო, დროისა არ იყოს, მეც შევეცადე, გარდამავალა მომეტეხა. მეც შევიპარე მის საწოლ დარბაზში და რამდენჯერაც ცოლმა დაუძახა, ადუღებსო, იმდენჯერ გადავაკეთე და დავუძახე: ადუღებინებს, ადუღებინებს-მეთქი. არა,ვერაფერი დავაკელი. დამნაშავე ვარ, მეფეო!

ქცევამ ასეთი რამ უამბო მეფეს:

-სასახლის მცველებს ხელიდან დავუსხლტი, მეფეო, ლამის სიცოცხლეს გამომასალმეს. როცა გარდამავალა სავარძელში მოსასვენებლად ჩაბრძანდა. მეც მის უკან დავიმალე.ცოლმა ძახილი დაუწყო: ადუღებს! ადუღებს! ადუღებს! რამდენჯერაც ის დაუძახებდა, მე ყურში ჩავჩურჩულებდი: იდუღებს! უდუღებს-მეთქი,მაგრამ რა,არაფერი გამომივიდა,ტყუილად გავისარჯე და ძლივს დავაღწიე თავი მცველებს.მეც დამნაშავე ვარ, მეფეო!

ასევე წარდგნენ მეფის  წინაშე დანარჩენები-შერცხვენილნი და შეშინებულნი.
გრამატიკა-გრამიტონი შეფიქრიანდა; რა ვქნათო? – ჰკითხა ქვეშევრდომებს.
ქცევამ მოკრძალებით შეჰკადრა:
-მეფეო, ერთი კაცი მეგულება,თუ ვინმე  გარდამავალას კისერს მოუგრეხს, სწორედ ის.
-ვინ უნდა იყოს ასეთი ყოვლისშემძლე?-დაინტერესდა გრამიტონი.
-აქვე, ტყეში ცხოვრობს, გვარი ჰქვია.მივუგზავნოთ იმ ადუღებს-გარდამავალას,იქნებ რამე მოუხერხოს.
მოიყვანეს გვარი სასახლეში, დაარიგეს და გაგზავნეს გარდამავალასთან.
მივიდა გვარი გარდამავალას კარიბჭესთან და დაუძახა:
-ეი,შენ,ადუღებს ხარ თუ ვიღაცა,გარეთ გამოიხედე!
გარდამავალა აივანზე გადმოდგა-ისევ ამაყი, ისევ გოროზი.
გვარმა არც აცია,არც აცხელა და უთხრა:
-ადუღებს მარცხენა ჯიბეში მყავს,დუღს-მ

არჯვენაში, დუღდება კიდევ-გულისპირში. შენი პირდაპირობიექტა ფეხებზე მკიდია,თუ გინდა ახლავე შევცვლი ირიბობიექტათი!
გარდამავალას ელდა ეცაა.

„სტუმარმა“ ისევ ასძახა:
-ბიჭო და, მოქმედებითი ბიჭი ვარო, დაგიჩემებია, თუ გინდა,ახლავე საშუალად გადაგაქცევ და ჭკუას თუ არ მოუხმობ, ვნებითადაც!მერე ნახავ, გარდამავალა იქნები თუ გარდაუვალა.
გარდაუვალაო?!

გარდამავალა მიხვდა, თუ საშუალად ან ვნებითად გადააქცევდა გვარი და თუ პირდაპირობიექტას ირიბობიექტად შეუცვლიდა, გარდამავალა ვეღარ იქნებოდა.ის დღე იყო და ის დღე,ჩაიკეტა თავის სახლში და მისი თავხედობის ეპოქაც დასრულდა.
ასე ასწავლა გვარმა ჭკუა იმ გარდამავალას,რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს ვერც დრომ,ვერც კილომ, ასპექტმა, კონტაქტმა და ქცევამ.
იმ ღამეს ზეცა შეაზანზარა ფეიერვერკმა.გრამატიკა-გრამიტონას სასახლიდან ისმოდა შეძახილები:
-ვაშააა! შევცვალეეეთ!

ამ ეგრეთ წოდებული ზრაპრის როლური გათამაშების შემდეგ, მოსწავლეებს დავუსვამთ მარტივ,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს:

-თქვენ მიერ შესწავლილი რომელი საკითხები ამოიცანით ჩვენს ზღაპარში?
-რატომ არ შორდება გარდამავალას ერთგული მსახური პირდაპირობიექტა?
-რატომ ვერაფერს გახდნენ გარდამავალასთან მეფის ჯაშუშები: დრო,კილო,ასპექტი,კონტაქტი,ქცევა?
-როგორ მოახერხა გარდამავალას დამორჩილება გვარმა?

თუკი მოსწავლეები „ზღაპართან“ მიმართებით დასმულ ამ კითხვებს უპასუხებენ უკვე შესწავლილი გრამატიკული წესების გამოყენებით (ბუნებრივია, არ ვგულისხმობთ ზეპირად დასწავლილ წესებს,არამედ გააზრებულს,საკუთარი სიტყვებით გადმოცემულს),შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ საგანგებოდ შექმნილმა ტექსტმა და როლურმა გათამაშებამ მიზანს მიაღწია.თუ მომავალში ჩვენ  შევძლებთ, ამ საკითხების სწავლება-სწავლის გასაუმჯობესებლად მორგებულ,საინტერესო სასწავლო რესურსს დავამზადებთ,ესეც ერთი საშუალება იქნება რთულის გამარტივებისა,ისევ და ისევ მოსწავლეთა სასიკეთოდ.

ნინო ბილიხოძე
ქ.ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

აბრეშუმის დიდი გზა

0

კაცობრიობის ისტორიული პროგრესი განპირობებულია კულტურათა მრავალფეროვნებით, ზოგჯერ დიამეტრულად საპირისპირო აზრებისა და შეხედულებების არსებობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კულტურათა დიალოგის აუცილებლობას. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს აბრეშუმის დიდი გზის ქვეყნების ისტორიული წარსული, როდესაც სხვადასხვა სარწმუნოების, კულტურის, წეს-ჩვეულებების მქონე ხალხები ერთმანეთთან ხელსაყრელ ეკონომიკურ თუ კულტურულ კავშირებს ამყარებდნენ.

მინდა, შემოგთავაზოთ აქტივობები, რომლებიც სწორედ აბრეშუმის დიდი გზის ქვეყნების ისტორიას ეხება და ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენციები.

აქტივობა №1. კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს, აბრეშუმის დიდი გზის რუკას და აზიის კონტურულ რუკებს.

ტექსტი და დავალებები გეოგრაფების ჯგუფისთვის

ჯგუფი:

  1. აღწერს და კონტურულ რუკაზე მონიშნავს აბრეშუმის გზას;
  2. ჩამოთვლის ქვეყნებს, რომლებზეც ეს გზა გადიოდა;
  3. ჩამოთვლის გეოგრაფიულ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებდა აბრეშუმის დიდი გზის არსებობას.

ტექსტი: ძვ. წ. 139-126 წლებში გაიხსნა ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა. მე-19 ს-ის გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა მას მოხდენილი სახელი – „აბრეშუმის გზა“ უწოდა.

კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში გადიოდა სავაჭრო გზები. VI-IV საუკუნეებში ბერძნული ნაწარმი მტკვრისა და რიონ-ყვირილის მთელ მაგისტრალზე მოედინებოდა.

აბრეშუმის გზა აბრეშუმის მწარმოებელი პირველი ქვეყნიდან – ჩინეთიდან იღებდა სათავეს. სწორედ ამ ქვეყნიდან გამოემართა აბრეშუმით დატვირთული ქარავნები მცირე აზიისკენ, იქიდან კი – ევროპის ქვეყნებისკენ ამ ჩინური საოცრების გასასაღებლად.

12 ათას კილომეტრზე გადაჭიმული ამ მარშრუტის მთავარი წერტილები თანდათანობით იქცა ვაჭრობის, კულტურისა და რელიგიის მძლავრად განვითარებულ კერებად. აბრეშუმის გზა ან, როგორც სხვაგვარად უწოდებდნენ, ოქროს აბრეშუმის გზა ერთმანეთთან აკავშირებდა მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციებს: ჩინეთს, მონღოლეთს, ინდოეთს, საბერძნეთს, ბიზანტიას, ირანს, მესოპოტამიასა და რომს. ეს იყო ორმხრივად მედინი მდინარე, რომელსაც უამრავი შენაკადი ერთვოდა, მათ შორის – ჩრდილოეთ ევროპის ქარვის გზა. აბრეშუმის გზის მეშვეობით შემოდიოდა ძვირფასი ქვები ინდოეთიდან და პაკისტანიდან, ბეწვეული რუსეთიდან, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი ნაკეთობანი თურქეთიდან და სხვა.

მცირე აზიისა და ევროპის ქვეყნები, თავის მხრივ, აბრეშუმის გზის ქვეყნებს სთავაზობდნენ საკუთარ საქონელს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით გადაჰქონდათ.

abr

რუკა „აბრეშუმის დიდი გზა“

 

ტექსტი და დავალება ისტორიკოსების ჯგუფისთვის

ჯგუფი განიხილავს აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას, მის გავლენას ქვეყნების განვითარებაზე.

ტექსტი: დასავლეთმა სწორედ ამ გზის მეშვეობით შეიტყო ბუდიზმის, ზოროასტრიზმის, კონფუციანელობის არსებობა, ევროპამ კი მისიონერებით აავსო აღმოსავლეთი ქრისტიანობის გასავრცელებლად. იდეების ურთიერთგაცვლა მიმდინარეობდა ანტიოქიაში, ბაბილონში, არზრუმში, ჰამადანში, ბუხარაში, სამარყანდში და მრავალ სხვა ქალაქში, რომელთა სახელები ახლა დაკარგულია.

თუ თვალს გადავავლებთ აბრეშუმის გზაზე არსებული ქვეყნების ისტორიას (იაპონია, კორეა, ჩინეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, საბერძნეთი, ეგვიპტე), აღმოვაჩენთ კულტურათა ურთიერთგავლენის უამრავ მაგალითს, ახალი მიმართულებების გაჩენას ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომლებიც კულტურათა მიჯნაზე შეიქმნა.

აბრეშუმის გზის ქვეყნების კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, წეს-ჩვეულებები, ხშირად – ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული, საუკუნეების განმავლობაში თითქოს ერთიან სივრცეს ქმნიდა, რომლის ძირითადი მონაკვეთი, სასიცოცხლო არტერია, აბრეშუმის გზა იყო.

ბერძენმა ისტორიკოსებმა შემოგვინახეს ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-I საუკუნეებში საქართველო წარმოადგენდა სავაჭრო მაგისტრალს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა არა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, არამედ სამხრეთსა და ჩრდილოეთსაც.

XIV საუკუნის მიწურულს, ნავიგაციის განვითარებასთან ერთად, აბრეშუმის დიდმა გზამ ერთგვარად დაკარგა ფუნქცია, მაგრამ გავლენა, რომელიც მან მოახდინა მიმდებარე ქვეყნების ცნობიერების, კულტურის, მეცნიერების, ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე, კიდევ დიდხანს გაჰყვა კაცობრიობას.

 

ტექსტი და დავალება საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფისთვის

ჯგუფი ადგენს, რა გავლენას ახდენს აბრეშუმის გზა ქვეყნების განვითარებაზე ჩვენს დროში.

ტექსტი: დღესდღეობით ეს მივიწყებული მარშრუტი კვლავ უდიდეს მნიშვნელობას იძენს, რათა, მისი მდიდარი ისტორიულ-კულტურული გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ახლებური, ოპტიმალური ფორმა, გაიმართოს კულტურათა დიალოგი, რომელიც უფრო მჭიდროდ დააკავშირებს კულტურებსა და ცივილიზაციებს და უფრო ჰარმონიულს გახდის სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა ურთიერთგამდიდრების, მშვიდობიანი თანაარსებობის პროცესს.

უკანასკნელ ხანს იკვეთება ქვეყნისთვის ერთობ საშური პერსპექტივა, რომ საქართველო მრავალი საუკუნის შემდეგ ისევ იქცეს აზია-ევროპის მაკავშირებელ რგოლად და, ამდენად, ქართულმა კულტურამ კვლავ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო კულტურულ პროცესში.

საქართველო, როგორც ახალი პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, თანდათან ერთვება მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესში და, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, ახალი აბრეშუმის გზის ქვეყნების სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უნიკალური რესურსების მფლობელია და დიდი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა მაინც მძიმეა. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ აუცილებელია, რაციონალურად გავიაზროთ ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia, TRACECA) შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს ინფრასტრუქტურის დახვეწასა და განვითარებას. ტრასეკა მუშაობს ევროპასა და აზიას შორის ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების სრულყოფაზე.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარების პროექტებს შორის ტრასეკა უნივერსალურობით გამოირჩევა. ის არის ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელიც აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის სახელითაა ცნობილი.

საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თანამედროვე ეკონომიკურ სივრცეში და აქტიურად მონაწილეობს რეგიონული პროექტების სრულყოფასა და განხორციელებაში.

თითოეული ჯგუფი ატარებს პრეზენტაციას.

პრეზენტაციის შემდეგ იმართება მრგვალი მაგიდა: გეოგრაფები, ისტორიკოსები და საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ თემას: „აბრეშუმის გზა – საფრთხეები და პერსპექტივა“.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://solaspress.wordpress.com; https://newsday.ge/

https://gov.ge

გამოცდილების მიღება  პირდაპირი   დაკვირვებით

0

სამოქმედო კვლევა შესაძლოა გახდეს საგანმანათლებლო ცვლილების ძლიერი ფაქტორი. სამოქმედო კვლევა ხელს უწყობს პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს, განივითარონ პროფესიული ჩვევები, რაც გულისხმობს მოქმედებას, პროგრესსა და რეფორმას, ინერტულობისა და უმოქმედობის ნაცვლად. სამოქმედო კვლევის განხორციელება  მოქმედ პედაგოგებს მისცემს შესაძლებლობას, სამოქმედო კვლევა გახდეს პროფესიონალ მასწავლებელთა პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი. ეს აუცილებლად დაეხმარება პედაგოგებს, გამოიყენონ სამოქმედო კვლევა სწავლების სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, როგორებიცაა: სასწავლო პროგრამის შემუშავება, სწავლების მეთოდების სწორი შეფასება, კლასის მენეჯმენტის სტრატეგია, სწავლების სტრატეგია, ბავშვთა სოციალური დაცვა და ა.შ. ასეთი მოქმედებები პედაგოგებში ცვლილებების მიმართ მზაობას განავითარებს.

ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მასწავლებელმა ისე დაგეგმოს და განახორციელოს ამოქმედო კვლევა, რომ ეს პროცესი  პედაგოგიური მოღვაწეობის ნაწილად აქციოს. პედაგოგიურ საზოგადოებაში სამოქმედო კვლევასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები:

  • პედაგოგები არ არიან მკვლევრები, მასწავლებელს რუტინული მუშაობა აღარ უტოვებს  კვლევის ჩატარებისთვის დროსა და შესაძლებლობას.
  • მასწავლებლები სამოქმედო კვლევის ფარგლებში კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

პედაგოგებს, რომლებიც ატარებენ სამოქმედო კვლევას,  შესაძლებლობა ეძლევათ, მოახდინონ დაკვირვება  საკუთარ კლასში. პირდაპირი დაკვირვება მასწავლებლისთვის არის ნაცნობი და არ მოითხოვს დიდ დროს. სამოქმედო კვლევა მკვლევარ-მასწავლებელს სთავაზობს სისტემატურ და ზუსტ გზას,  დაკვირვების პროცესი აღიქვას, როგორც ხარისხობრივ მონაცემთა შეგროვების  მეთოდი.

ეფექტური  დაკვირვების  შემადგენელი  ნაწილები

 

მკვლევარ – მასწავლებლის  მონაწილეობის დონე

 

მონაწილე- დამკვირვებელი მონაწილეობს  მოქმედებაში, აკვირდება მოქმედებას, სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულ მხარეებს  და სასწავლო გარემოს ფიზიკურ ასპექტებს.
პრივილეგირებული დამკვირვებელი პედაგოგის დამხმარე, როდესაც სხვა ატარებს გაკვეთილს
პასიური დამკვირვებელი მხოლოდ  აკირდება იმას, რაც ხდება

 

სამოქმედო კვლევის დროს სასწავლო პროცესზე დაკვირვება შეიძლება მრავალნაირად განხორციელდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი სიტუაციის შესწავლა მიმდინარეობს და რისი შესაძლებლობები არსებობს. მასწავლებელი, შეიძლება მოგვევლინოს როგორც სამოქმედო კვლევის:

  1. აქტიური მონაწილე-დამკვირვებელი;
  2. პრივილეგირებული, აქტიური დამკვირვებელი;
  3. პასიური დამკვირვებელი;
  4. დაკვირვების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა დამკვირვებლის ყველა ამპლუაში მონაწილეობა.

აქტიური მონაწილე-დამკვირვებელი

პედაგოგები, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის აქტიური მონაწილე-დამკვირვებლები არიან. როდესაც სწავლის პროცესში აქტიურად არიან ჩაბმულნი, ისინი აკვირდებიან თავიანთი სწავლების შედეგებს. ცნობილია, რომ ყოველთვის როდესაც ვასწავლით, ჩვენ ვახდენთ შედეგების შეფასებას და შედეგებიდან გამომდინარე ვახდენთ ჩვენი სწავლის მეთოდის კორექტირებას. როდესაც ვართ  საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის აქტიური მონაწილე-დამკვირვებელი, შესაძლოა, ძალიან გაგვიტაცოს საკუთარმა საქმიანობამ და დრო არ დაგვრჩეს იმისთვის, რომ ჩვენი დაკვირვების შედეგები ყოველდღიურად სათანადოდ აღვრიცხოთ. მონაცემების ასეთი სახით აღრიცხვა აუცილებელი ნაწილია აქტიური მონაწილე-დამკვირვებლისთვის.

სამოქმედო კვლევის  ანოტაციებიდან კარგად ჩანს, როდესაც მასწავლებლები   თავისი საქმიანობის აქტიური მონაწილე-დამკვირვებლები  არიან. ისინი შეიძლება დააკვირდნენ:

ა) გაკვეთილზე არამოტივირებული მოსწავლეების არასათანადო ქცევას;

ბ)  მოსწალეთა  ჩართულობის ხასიათს;

გ)  ინფორმატიკის გაკვეთილზე, კლავიატურაზე მუშაობის სწავლების დროს, ორი ხელით ბეჭდვის მეთოდის ეფექტურობას.

 

პრივილეგირებული, აქტიური დამკვირვებელი

პედაგოგებს აქვთ  შანსი, დააკვირდნენ სასწავლო პროცესს უფრო პრივილეგირებულ, აქტიურ ამპლუაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი, დააკვირდნენ საკუთარ მოსწავლეებს ისეთ დროს, როდესაც ისინი არ იქნებიან გაკვეთილის ჩატარებაზე პასუხისმგებელი.

მაგალითი: მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია მუსიკის პედაგოგის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე იყოს პრივილეგირებული აქტიური დამკვირვებელი. რაც ნიშნავს –  წაიყვანოს აქტივობა –  ამა თუ იმ აქტივობისას შეუძლია იყოს  მუსიკის მასწავლებლის დამხმარე პედაგოგი, შემდეგი აქტივობისას  დატოვოს საკლასო ოთახის სამუშაო ზონა, შორიახლოდან ადევნოს თვალყური და დააკვირდეს  აქტივობის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთს. ასე რომ, ხან პედაგოგის, ხან დამხმარის, ხანაც დამკვირვებლის როლში იყოს.  პრივილეგირებული, აქტიური დამკვირვებლობა მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს,  თუმცა  ბევრმა პედაგოგმა გამოხატა კმაყოფილება, რომ ამით მიეცათ შესაძლებლობა: დაკვირვებოდნენ მოსწავლეების ურთიერთობას,  კონკრეტული სწავლების მეთოდის ზეგავლენას მოსწავლეთა ურთიერთობაზე და ა.შ.  პრივილეგირებული, აქტიური დამკვირვებლობა  პედაგოგს ეხმარება დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარკვეულწილად, გააუმჯობესოს საკუთარი პრაქტიკა.

პასიური დამკვირვებელი

პედაგოგებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, სკოლაში ან კლასში პასიური დამკვირვებლის როლში გამოვიდნენ. როდესაც პედაგოგები იკავებენ პასიური დამკვირვებლის ადგილს, ამ დროს ისინი სწავლებაზე პასუხისმგებლები აღარ არიან – მხოლოდ მონაცემთა შეგროვებით არიან დაკავებულნი.

პრივილეგირებული, აქტიური დამკვირვებელი შეიძლება გადაიქცეს პასიურ დამკვირვებლად, როდესაც ისინი ნათლად განუმარტავენ საკუთარ მოსწავლეებსა და კოლეგებს, რომ საკლასო ოთახში იმყოფებიან  მხოლოდ იმიტომ, რათა  დააკვირდნენ, რა ხდება გაკვეთილზე.  ასეთ შემთხვევაში მოსწავლეები  სწრაფად აცნობიერებენ, რომ მათი პედაგოგი არ აპირებს ჩვეულ სტილში გაკვეთილის ჩატარებას და მათთან ურთიერთობას. პედაგოგს შეუძლია, უბრალოდ გამოაცხადოს, რომ დღეს „მე ვაპირებ გიყუროთ და დანახულით ავიმაღლო ჩემი ცოდნა!“ მასწავლებლის ამპლუადან გამოსვლა შესაძლოა იყოს უჩვეულო გამოცდილება თავად პედაგოგისთვის და ასევე იყოს პედაგოგისთვის უნიკალური საშუალება, დააკვირდეს საკუთარ მოსწავლეებს სხვა რაკურსიდან და უცხო თვალით.

მკვლევარი პედაგოგები, კლასში ჩართულობის სხვადასხვა დონის გათვალისწინებით, შეიძლება გახდნენ მონაწილე დამკვირვებლები და შეაგროვონ საველე ჩანაწერები. შეიძლება გამოიყენონ მრავალი საშუალება გამოკვლევისთვის, მაგალითად: ინტერვიუები, კითხვარები, დამოკიდებულების სკალა, რათა შეაგროვონ ინფორმაცია.

 მკვლევარმა პედაგოგებმა  შეიძლება ისარგებლონ ახალი ან არსებული სასკოლო არქივებით და მოსწავლეების არტეფაქტებით. ყველაზე ხშირად მკვლევარი პედაგოგები მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივ მეთოდს მიიჩნევენ მონაცემთა მნიშვნელოვან წყაროდ, რითაც მათი კვლევა დაკავშირებული ხდება სხვადასხვა  მოთხოვნებთან, რაც შესაბამის წლიურ პროგრესში გამოიხატება.

სამოქმედო კვლევის დროს რა წყაროებს უნდა დაეყრდნონ მკვლევარი მასწავლებლები?

სამოქმედო კვლევის ციკლის დროს ცნობილია, რომ მკვლევრები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ ერთ წყაროს _ ინტერვიუს, მიმოხილვას ან სხვა რომელიმე ერთ ინსტრუმენტს. სამოქმედო კვლევის განმახორციელებელმა პირებმა უნდა შეადგინონ „ტრიანგულაციის მატრიცა“ _ მარტივი ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს მონაცემთა მრავალ წყაროს, რომელთაც გამოიყენებენ კვლევის თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად.  მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ  ტრიანგულაციის მატრიცა,  სადაც განხილულია  მონაცემთა შეგროვების ტენდენციები.

კვლევის საკითხები   მონაცემთა წყარო

 

 
  1 2 3
წინარე ცოდნა

 

მოსწავლეთა  გამოკითხვა პრეტესტი  
კლავიატურაზე მუშაობის სიჩქარე

 

პრეტესტი პოსტტესტი დაკვირვება
Word- ში მუშაობა პრეტესტი პოსტტესტი  
კომპიუტერთან გატარებული დრო ინფორმატიკის ლაბორატორიის სტატისტიკური მონაცემები აღრიცხვის ჟურნალიდან მოსწავლეთა  ანკეტირება მშობლების ანკეტირება

 სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხარისხობრივი კვლევის სიძლიერე გამოიხატება ტრიანგულაციაში, მრავალი და არა მხოლოდ ერთი საშუალების გამოყენებით ინფორმაციის შეგროვებაში, ეს არის `მრავალინსტრუმენტული~ მიდგომა.  სამოქმედო კვლევის ჩატარებისას, ეს ნიშნავს იმას, რომ პედაგოგი არის კვლევის იარაღი, რომელიც მონაცემების შეგროვებისას ხანგრძლივად იყენებს მრავალ მეთოდს და `კომპლექსურ საკითხებსა თუ მოვლენებს იკვლევს განსხვავებული რაკურსიდან~

 

 

 

 

 

 

 

ოპტიკა – (გაგრძელება)

0

განვაგრძობთ გეომეტრიული ოპტიკის ამოცანების ამოხსნას. შემოგთავაზებთ აგრეთვე ამოცანებს, რომლებიც ოპტიკურ სისტემებს ეხება.

ვრცლად ოპტიკა-2

 

მისტერ ელი (II ნაწილი)

0

 

გავლენებზე

მეგავარსკვლავის მუსიკალურ სტილზე გავლენა მოუხდენიათ ჯონი მატისს, ელა ფიცჯერალდს, ჯონ ჰენდრიკსს და თვით იმ ბენდსაც კი, რომელიც ბავშვობაში მისი ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს ტავერნაში უკრავდა… დღეს კი მომღერლის ფანტასტიკური ჯგუფის წევრები ახდენენ გავლენას ერთმანეთის მუსიკალურ სტილზე.

კომერციაზე

გამოსვლებისა და ჩაწერებისგან თავისუფალ დროს ელი სიჩუმეში ყოფნას ამჯობინებს. თუ რამეს უსმენს, კლასიკური მუსიკაა. „ჩვენ გადამეტებულად გვკვებავენ კომერციული მუსიკით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ მისგან დისტანცირებას. მუსიკა „სამომხმარებლო საქონლად“ გადაიქცა. მისით სავსეა რეკლამა, ის ჟღერს ლიფტებში, სუპერმარკეტებში, რესტორნებში, ბარებში და ამ აკომპანემენტის თანხლებით ადამიანები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, არც კი უფიქრდებიან მუსიკის შინაარსს. ამ დროს კომპოზიტორები და შემსრულებლები მუსიკაში თავიანთ სულს, ფიქრებს, მისწრაფებებს დებენ; ერთი სიტყვით, უმნიშვნელოვანეს გზავნილებს გვიზიარებენ“.

ელი, ავტომობილი და სიჩუმე

ელ ჯეროს ავტოფარეხი იმ პოპვარსკვლავებისას არ ჰგავს, რომლებიც ავტომობილების მთელ ქარხნებს ყიდულობენ, თუმცა სისუსტეები მასაც აქვს. მანქანის ყიდვის დროს მომღერალი ნაკლებპრაგმატულია – იმ მოდელს ყიდულობს, რომლის დიზაინიც მოეწონება, მერე კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს რაღაც ლამაზია, მაგრამ საშინლად მოუხერხებელი – ნამდვილი „ანტიკვარული ჯართი“. „პროფესიონალი მექანიკოსის დაუხმარებლად ოთხთვალას ადგილიდან ზოგჯერ ვერც კი ვძრავ, – ამბობს ელ ჯერო, – ხოლო სალონში მოსახვედრად ფიზიკური ვარჯიშების მთელი კომპლექსის ჩატარება მიწევს“.

ავტომობილებში, რომლებშიც მომღერალი მჯდარა, ყოველთვის „ჟღერდა“ სიჩუმე. „როცა მუსიკას გამუდმებით უსმენ: შინ, სეირნობისას, სუპერმარკეტში, თვითმფრინავსა თუ მატარებელში, – მას ვეღარ შეიგრძნობ, ბგერის, მელოდიის სილამაზეს ვეღარ აღიქვამ. რა თქმა უნდა, მე ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას – საკუთარსაც და სხვებისასაც, მაგრამ უფრო ხშირად ყურთასმენას დასვენების საშუალებას ვაძლევ. ჩემს მანქანაში უმეტესად სიჩუმეა. უნდა იცოდე მუსიკისგან დასვენება, რათა მერე მოუსმინო. და საერთოდ, მე პრაქტიკულად არაფერს ვუსმენ. დიახ, მე ვუსმენ არაფერს“, – ბრძანებს მხიარული მაესტრო.

 

ფულზე

ჯეროს არასოდეს ენანება ფული ძველი ვინილის ფირფიტებისა და ჩინებული ყავისთვის.

რჩევები ახალგაზრდებს

„იპოვეთ საყვარელი საქმე – მუსიკა იქნება ეს თუ ხელოვნების სხვა დარგი, მშენებლობა თუ მანქანის მართვა… რამე, იმდენად საინტერესო, რომ კომპენსაციის გარეშე შეძლოთ მუშაობა და ეცადეთ, კარიერა ამის საფუძველზე ააგოთ. ასე ყოველდღე დატკბებით იმით, რასაც აკეთებთ. თუ ასეთი რამ მუსიკა აღმოჩნდა, ძალიან გაგიმართლებთ, იმიტომ რომ მუსიკა მსოფლიო ენაა – ის, რაც აერთიანებს ხალხს“.

~ელ

„აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ბავშვებს, რომლებიც მუსიკას სწავლობენ, სხვა საგნებშიც უკეთესი ნიშნები აქვთ და ცხოვრებაშიც მეტ წარმატებას აღწევენ“.

 

ქველმოქმედება

ელ ჯერო ქველმოქმედებასაც ეწევა და ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, აამაღლოს ამერიკის მოსახლეობის წიგნიერება: „დღევანდელი მონაცემები გამაოგნებელია: ზრდასრული ამერიკელების 48%-ს აბრებისა და სამედიცინო რეცეპტების წაკითხვა და ანკეტის შევსებაც კი არ შეუძლია. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ, ამ პრობლემის მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ: ვშოულობთ ფულს, ვყიდულობთ სახელმძღვანელოებს, კომპიუტერებს, ვამზადებთ მოხალისეებს მოსახლეობასთან მეცადინეობათა ჩასატარებლად“.

დროის მანქანა

როდესაც მომღერალს ჰკითხეს, დროის მანქანა რომ არსებობდეს, საით გაემგზავრებოდა და ვის მიიწვევდა ფინჯან ყავაზე, სიცილით უპასუხა: „იცით, მოზრდილი მაგიდა დამჭირდებოდა. აუცილებლად მივიპატიჟებდი ჯაზის ცნობილ მესაყვირეს მაილზ დევისს. ასევე სიამოვნებით დავლევდი ყავას ჯონ ლენონსა და სტრავინსკისთან ერთად. შესაძლოა, მოგვიანებით მიქელანჯელოც გვწვეოდა… ყოველი მათგანი ისტორიას ქმნიდა. სიამოვნებით გავუზიარებდით ერთმანეთს აზრს იმ პროცესებზე, რომლებსაც არა მხოლოდ ვაკვირდებით, არამედ რომლებშიც უშუალოდ ვმონაწილეობთ“.

გრემის შესახებ

ფსიქოლოგის დიპლომის მფლობელ ვირტუოზ ვოკალისტს 25 ალბომი აქვს გამოშვებული. ის იმ იშვიათთაგანია, ვისაც მუსიკის სამყაროს უმაღლესი ჯილდო „Gremmy“ რვაგზის მინიჭებია ჯაზის, რიტმ-ენდ-ბლუზისა და პოპის კატეგორიებში. უკანასკნელი „გრე­მი“ 2007 წელს მიიღო ალ­ბო­მის­თ­ვის „God Bless the Child“. ჰოლივუდის დიდების ლეგენდარულ ხეივანში ელ ჯეროს ვარსკვლავი 2001 წელს გაიხსნა.

„მუსიკით არ გავმდიდრებულვარ და არც არასოდეს მივისწრაფოდი სიმდიდრისკენ. სამაგიეროდ, როდესაც „გრემის“ მფლობელი ვხდები, ჩემზე საქებარი სტატიები იბეჭდება, მადლიერი საზოგადოება აპლოდისმენტებით მაჯილდოებს, ეს კი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ფული. მერწმუნეთ, არტისტისთვის მისი შემოქმედების დაფასება მატერიალურ კეთილდღეობას გაცილებით აღემატება“.

„ყოველი „გრემი“ საკვირველია, მაგრამ პირველს ვერაფერი შეედრება, – ამბობს მომღერალი, -რაც შეეხება მერვეს, მისი მიღება ნიშნავს, რომ მსმენელს ესმის და უყვარს ჩემი მუსიკა. სწორედ ეს არის მუსიკის შექმნისთვის საუკეთესო სტიმული. თუმცა ჯილდოების გარეშეც გავაგრძელებდი ამ მუსიკის შექმნას. ისიც საკმარისია, რომ ხალხი ამ მუსიკის მოსასმენად მოდის. მაგრამ ჯილდოები, რა თქმა უნდა, მიყვარს“.

 

მაესტრო დღეს

ელ ჯერო დაუვიწყარი ჯაზური იმპროვიზაციებით დღემდე ახარებს მსმენელს. იგს მიიჩნევს, რომ ღიმილისთვის მოულოდნელ ჯაზურ იმპროვიზაციაზე უკეთესი ხერხი არ არსებობს; რომ ჯაზი ყველაზე ცოცხალი და დინამიკური მუსიკაა. მას სურს, მსმენელმაც იგრძნოს ის, რასაც თავად განიცდის. ელ ჯერო ჯაზფესტივალებისა და კონცერტების ყველაზე სასურველი სტუმარია. კონცერტის წინ მომღერალი ყოველთვის ღელავს, ვინაიდან სურს, მაყურებელს რაც შეიძლება უკეთესი შედეგი აჩვენოს. სიმღერის უნიკალურმა მანერამ და ხმის ოსტატურმა ფლობამ მას ნამდვილი მსოფლიო დიდება და ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ამოსაცნობი მომღერლის რეპუტაცია მოუტანა.

სოლიდური ასაკის მიუხედავად (მომღერალი უკვე 76 წლისაა), ელ ჯერო კვლავაც ახალგაზრდულად გულღია, ხალისიანი და მოძრავია, მუდამ ხუმრობს, ცელქობს, იცინის.

ერთხელ, გასტროლების დროს, მომღერალმა პირდაპირ სცენაზე დაკარგა გონება. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მუსიკოსი მალე მომჯობინდა. დღეს ის ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს ასრულებს და აპირებს, 100 წლამდე მაინც იცოცხლოს.

ჩვენი დროის ამ დიდი მუსიკოსის უნიკალური ხმა ამერიკული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი სიმბოლოა.

ას ორი წლის რეიჩელის გული

0

„დაბადების დღის წესი თვითონაც არ ესმით და არც შენ გეუბნებიან, რომ როცა თერთმეტი წლის ხარ, ამავე დროს ათისაც ხარ, ცხრისაც, რვისაც, შვიდისაც, ექვსისაც, ხუთისაც, ოთხისაც, სამისაც, ორისაც და ერთისაც. როცა მეთერთმეტე დაბადების დღეზე იღვიძებ, ელოდები, რომ თავი თერთმეტი წლისად უნდა იგრძნო, მაგრამ მსგავსსაც ვერაფერს გრძნობ. თვალებს ახელ და ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც გუშინ იყო, ოღონდ ახლა დღევანდელი დღეა, შენ კი თერთმეტი წლისად თავს სულაც არ გრძნობ. გგონია, რომ ისევ ათი წლის ხარ; და ხარ კიდეც – იმ წელთან ერთად, რომელიც თერთმეტისად გაქცევს“, – ასე იწყება მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, სანდრა სისნეროსის მოთხრობა „თერთმეტი“, რომელსაც ძველ თარგმანებში ქექვისას გადავაწყდი. დიდი ხნის წინ ვთარგმნე და „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორს გავუგზავნე – მინდოდა,  გულდამძიმებული პატარა გოგოს ამბავს სხვებიც აეღელვებინა.

მოთხრობის მთავარი გმირი – მთხრობელი რეიჩელი არაფრით განსხვავდება იმ უამრავი გოგო-ბიჭისგან, დაბადების დღეზე სასწაულს რომ ელიან – რაღაც ისეთს, რაც ამ დღეს ჭეშმარიტად დაუვიწყარს გახდის. შინ გამომცხვარი ნამცხვარი, არაერთხელ ნამღერი სიმღერა, რომლის თანხლებითაც სანთლებს აქრობენ ხოლმე, ალბათ საჩუქრებიც – მშობლებისგან, ახლობლებისგან… და მაინც, რაღაცის მოლოდინი – აუხსნელი, გულისცემის ამაჩქარებელი. თითქოს თერთმეტი წლისამაც იცი, რომ ყველაზე მთავარი მხოლოდ რიტუალს მიღმა შეიძლება მოხდეს.

„ასაკის მატებას ხომ რაღაც საერთო აქვს ხახვთან, ან იმ რკალებთან, გადაჭრილ ხეს რომ ატყვია, ან ჩემს პატარა ხის თოჯინებთან, ერთმანეთში რომ ვაწყობ ხოლმე – ყოველი წელი მომდევნოში დევს. აი, ასეთია თერთმეტი წლისად ყოფნა“, – ამბობს რეიჩელი.

სკოლაში კი სასწაული ვერაფრით ვერ მოხდება. სანდრა სისნეროსის ამ მოთხრობაში სკოლა რუტინული ქმედებების ადგილია – მასწავლებელი მხოლოდ მოვალეობას ასრულებს, ყველაზე მარტივ და ზედაპირულ გამოსავალს პოულობს, არ აზროვნებს. ვინ არ ყოფილა სასოწარკვეთილი იმის გამო, რომ მოვლენები ცუდი სიზმრის ლოგიკით ვითარდება – ცამდე მართალი ხარ, მაგრამ საკუთარ სიმართლეში ვერავის არწმუნებ?! თუ თერთმეტი წლისას გაკვეთილზე გაიძულებენ, რომ ვიღაცის საძაგელი სვიტერი ჩაიცვა – წითელი პლასტმასის ღილებითა და ჩამოწელილი სახელოებით, თუ არავინ გისმენს („არა, მე… თქვენ ვერ… ჩემი არ არის“) და წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა აზრს კარგავს, თუ ისღა გრჩება, რომ რომელიღაც პაწაწინა ცხოველივით ისლუკუნო, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი – ას ორი წლის იყო! მაშინ ვერაფერს გაგიბედავდნენ. რა იციან უდიდესი უსამართლობის ჩამდენებმა, რომ როცა ას ორი წლის ხარ, ამავე დროს ორმოცდასამი წლისაც ხარ, ორმოცდაორისაც, ოცდაორისაც, თორმეტისაც, თერთმეტისაც და ასე.

ამ მოთხრობის ინგლისურ ენაზე წაკითხვას იოლად შეძლებთ, თუ ბმულს მიჰყვებით:

https://www.stjohns-chs.org/english/nwixon_courses/english-9-111/eleven-by-sandra-cisneros.pdf

ანთოლოგიაში, სადაც წლების წინ პირველად წავიკითხე სანდრა სისნეროსის ეს პატარა შედევრი, მის გვერდით ჯამეიკა კინკეიდის „გოგონა“ და ჯულია ალვარესის „თოვლი“ იყო დაბეჭდილი. როგორც ჩანს, ანთოლოგიის შემდგენელსაც სურდა, სხვებიც აეღელვებინა გულდამძიმებული პატარა გოგოების ბედით.

რა ვთქვათ სკოლაზე? რა ვთქვათ მასწავლებელზე? ან რეიჩელის კლასელზე, რომელსაც მხოლოდ გაკვეთილის დასასრულს ახსენდება, რომ ეს სახელოებჩამოწელილი, წითელღილებიანი სვიტერი მისია. მოულოდნელ პრობლემას მათემატიკის მასწავლებელი სახელდახელოდ მოაგვარებს, მერე კი სახელმძღვანელოს 32-ე გვერდზე მე-4 სავარჯიშოს მიუბრუნდება. მთავარ საქმედ, ძირითად ვალდებულებად სწორედ ამას თვლის – საგნის სწავლებას, პროგრამით განსაზღვრული მასალის გავლას. გაკვეთილის ბოლოს, როცა ყელში გულმობჯენილი რეიჩელი ძველ, დაძონძილ სვიტერს თანაკლასელს უბრუნებს, მასწავლებელი ისეთ სახეს იღებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ალბათ კმაყოფილია – მოსწავლეებმა სავარჯიშოები შეასრულეს, ცოდნა განიმტკიცეს, გავლილი მასალა გადაიმეორეს. მერე რა, რომ თერთმეტი წლის გოგოს სამუდამოდ დაამახსოვრდება გულისტკენა – დღე, როცა ცხოვრება ნამდვილი სახით წარმოუდგა.

რადგან თითქმის მთელი მოთხრობა მოვყევი, დასასრულსაც გადმოვწერ მათთვის, ვინც ინგლისურად ვერ წაიკითხავს: „დღეს თერთმეტი წლის გავხდი. დღეს თერთმეტისაც ვარ, ათისაც, ცხრისაც, რვისაც, შვიდისაც, ექვსისაც, ხუთისაც, ოთხისაც, სამისაც, ორისაც და ერთისაც, მაგრამ ნეტა ას ორი წლის ვიყო. ნეტა თერთმეტის არ ვიყო და სხვა, ნებისმიერი ასაკისა ვიყო, იმიტომ რომ მინდა, უკვე ძალიან შორს ვიმყოფებოდე – ხელიდან გაფრენილი პატარა ბუშტივით, იმ პაწია წრესავით, ცაში რომ დაფარფატებს და ისეთი პაწაწინაა, მის დასანახად თვალები უნდა დახუჭო“.

პატარა ბუშტი. პაწია წრე. არ ამბობს, თვალები მოჭუტეო.

უნდა დახუჭო.

 

გაკვეთილის ანალიზი ანუ როგორ ჩავატაროთ მიმოხილვა

0

გაკვეთილის დასრულების შემდეგ (თუ მანამდე არა) თქვენ შესაძლოა მიმოხილვა ჩაატაროთ. შეეცადეთ მაშინვე არ გააკეთოთ საბოლოო დასკვნები, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაკვეთილმა ცუდად ჩაიარა. შესაძლოა გამოგადგეთ საკუთარი მოსაზრების ჩაწერა. მოგვიანებით გაიაზრეთ ეს ჩანაწერები-„დღე ღამეზე ბრძენია!“

ნუ დაიდანაშაულებთ თავს, თუ გაკვეთილმა ცუდად ჩაიარა. ასეც ხდება და უფრო მეტიც – თუ კი ყველა გაკვეთილი კარგად მიმდინარეობს, მაშინ გამოდის რომ თქვენ, უბრალოდ რისკს არიდებთ თავს. არაეფექტური გაკვეთილები თქვენთვისაც სასარგებლოა და მოსწავლეებისთვისაც, მაგრამ ერთი პირობით, თუ თქვენ შესძლებთ გაანალიზოთ, რატომ იყო გაკვეთილი ცუდი და ისარგებლოთ ამ გამოცდილებით. იგივე ეხება კარგ გაკვეთილებსაც, ამ შემთხვევაშიც, ეს სასარგებლო იქნება, თუ გაანალიზებთ მათი წარმატების მიზეზებს და ამ დასკვნებს შემდეგისათვის გამოიყენებთ. ჩემი აზრი, ორი მაგალითით მინდა დავასაბუთო. მიაქციეთ ყურადღება, რომ მეორე მაგალითში მასწავლებელი ითვისებს საყოველთაო პრინციპებს, რომლებიც ამასთანავე, გამოიყენება ახალ კონტექსტში. მასწავლებელი აკეთებს ამას კოლბის ციკლის ზუსტი მიმართულებით:

მაგალითი 1.

მიმოხილვა                                   ჩაატარეთ გამოცდილების მიმოხილვა.

სწავლება                                       კავშირი საერთო თეორიებთან.

გამოყენება                                    ახალი გამოცდილების მიღების დაგეგმვა.

ახალი გამოცდილება                  კონკრეტული გამოცდილება.

მიმოხილვა                                   მასწავლებელი საკუთარ თავს ეკითხება:“ რა მოხდა?“

სწავლება                                       მასწავლებელი ეკითხება საკუთარ თავს – „რა მოხდა?“ და

                                                       ცდილობს გაითავისოს ეფექტური სწავლების ზოგიერთი

                                                       საყოველთაო პრინციპი.

გამოყენება                                    მასწავლებელი ცდილობს გამოიყენოს საერთო პრინციპი,

                                                       რათა გაიგოს, როგორ შეიძლება გაკვეთილის უკეთ აწყობა.

ახალი გამოცდილების მიღება  მასწავლებელი შემდეგ გაკვეთილებს ადრე გაკეთებული

                                                      დასკვნების გათვალისწინებით გეგმავს.

ეს მიდგომა – „ხიდების გადება“. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ პროცესის საკვანძო შედეგია –

“ სამუშაო თეორიის“ სრულყოფა.

გამოყენება                                        მასწავლებელმა ეს-ესაა დაასრულა გაკვეთილი, რომელიც

                                                            საკმაოდ წარმატებული გამოდგა. საუკეთესო იყო თამაშის

                                                            ნაწილი „ამოხსნა, ამოხსნა…“ – მოსწავლეებს უნდა

                                                            გაენაწილებინათ წარწერები, განსხვავებული

                                                           ლიტერატურული ხერხებით (როგორიცაა – მეტაფორა, შედარება)

ახალი გამოცდილების შეძენა     „გაკვეთილმა კარგად ჩაიარა, ბავშვებს მოეწონათ“.

მაგალითი 2

 

სწავლება 1

„გაკვეთილმა კარგად ჩაიარა, მოსწავლეები სამუშაოში იყვნენ ჩაფლული“.

გამოყენება 1

„ამ გაკვეთილის გეგმა შემდეგ წელსაც უნდა იქნეს გამოყენებული. ყველა ვარიანტიდან, ის საუკეთესოა“.

ახალი გამოცდილების მიღება 1.

შემდეგ წელს მასწავლებელი, კვლავ იყენებს გაკვეთილის ამ გეგმას.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევაში, გაკვეთილზე არის მცდელობა – გაგებული იქნს ეფექტური სწავლების საერთო პრინციპები.

 

სწავლება 2.

„ვფიქრობ, გაკვეთილი თამაშის „ამოხსნა, ამოხსნა…“ შეტანის ხარჯზე იყო ასეთი კარგი. მოსწავლეებს მოეწონათ, მე კი საშუალება მომცა შემემოწმებინა, რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი მასალა. თამაშმა აიძულა ისინი დაფიქრებულიყვნენ, რადგან თამაშისათვის მათ სჭირდებოდათ ლიტერატურული ხერხების გაგება და ცოდნა“.

გამოყენება 2.

„….და თუ შეიძლება მსგავსი მიდგომების გამოყენება ზმნის პირების სწავლებისას?

კიდევ რომელი თამაშები იძლევა, მასალის ცოდნის შემოწმების შესაძლებლობას? იქნებ ვიქტორინა? თუ ისევ „ამოხსნა, ამოხსნა…“ გამოვიყენო? შეიძლება მათ შევთავაზო, განსხვავებული ზმნის პირიანი წინადადებების კლასიფიკაცია მოახდინონ“.

ახალი გამოცდილების მიღება 2.

(მასწავლებელი ამუშავებს თამაშის სხვა ვარიანტს, რათა შეამოწმოს მასალის ათვისების ხარისხი. ამასთანავე ადგენს თამაშის “ამოხსნა, ამოხსნა…“ კიდევ რამდენიმე ვარიანტს სხვა გაკვეთილებისათვის.)

მიაქციეთ ყურადღება – ამ შემთხვევაში კარგი მუშაობის ძირითადი პრინციპების ათვისება ხდება (მაგალითად ის, რომ თამაშშეიზლება ცოდნის შემოწმების კარგ საშუალებად გამოვიყენოთ). მასწავლებელი ამ პრინციპებს, შემდეგ გაკვეთილებზე იყენებს.

შინაგანი დიალოგი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, საკუთარი გაკვეთილების ანალიზისას, შესაძლოა გაცილებით რთული და დაწვრილებითი იყოს, ვიდრე ეს ზემოთ მოტანილ მაგალითებშია, თუმცა პრინციპი იგივეა. მოახდინეთ მიმოხილვა, შეიტყვეთ საერთო პრინციპები (რაც შეიძლება მეტად საზოგადო) და შემდეგ გამოიყენეთ ისინი ახალი კონტექსტით.

ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ მოსწავლეს ესაჭიროება:

·         „მედალი“, რომელიც მათი კარგი სამუშაოს შეფასებაა;

·         „მისია“, რომელიც მათ შედეგების სრულყოფის გზებს სთავაზობთ.

შესაძლოა, თქვენ არა მხოლოდ პედაგოგ, არამედ მოსწავლეც ხართ, ამიტომ “მედალი“ და „მისია“, თქვენ არა მარტო მოსწავლეებს, არამედ საკუთარ თავსაც უნდა გადასცეთ.

გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ, რომ შეფასებას, საკუთარი სამუშაოს სრულყოფისაკენ სწრაფვიდან მოსწავლეთა ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს. იგივე ხდება თქვენი სწავლების შემთხვევაშიც: ნუ შეაფასებთ სამუშაოს (ეს იყო ან არ იყო კარგი), არამედ ისწავლეთ გამოცდილებაზე!

ჩემი პედაგოგიური დღიურიდან, მოგიტანთ საკუთარი სამუშაოს ანალიზის რამდენიმე მაგალითს. შეეცადეთ ამ მაგალითებში აღმოაჩინოთ მიმოხილვის ეტაპები, სწავლება და გამოყენება. გადაწყვიტეთ, რომელი მათგანი უფრო ეფექტურია.

1 და 2 გამოხმაურება ერთსა და იმავე გაკვეთილს ეხება.

გამოხმაურება 1.

„დავალება რთული იყო მათთვის. მეგონა გასაგებად ავხსენი, მეეჭვება ცუდად მიმეწოდებინა. მიუხედავად ამისა, კლასის ნახევარმა ყველაფერი გაიგო. პრობლემა ჰქონდა ჯენიფერის ჯგუფს – ისევ! უბრალოდ ისინი არ არიან მოტივირებული და არაფერი ახსოვთ თავიანთი საბაზისო კურსიდან. მათ რომ უფრო ყურადღებით მოსმენა შეეძლოთ, მაშინ გაცილებით უკეთ იმუშავებდნენ!“

გამოხმაურება 2.

„დავალება რთული იყო მათთვის. მე თემა ცუდად არ ამიხსნია, მაშ რატომ ვერ გაიგეს? იქნებ უბრალოდ არ მისმენდნენ? როგორ ვაიძულო, რომ მომისმინონ? შესაძლოა მეტი უნდა ვიმუშაო დიალოგში – საჭიროა მეტი კითხვების დასმა ჯენიფერის ჯგუფში. განვაგრძობ კითხვების დასმას, სანამ არ მივხვდები, რომ მათ შეუძლიათ დავალებას თავი გაართვან. ასე ვიმოქმედებ, ვსინჯავ“.

გამოხმაურება A და B ეხება, უფროს მსმენელებთან ჩატარებულ ერთსა და იმავე მეცადინეობას.

გამოხმაურება A.

„დავალება წარმატებითაა შესრულებული, გარკვეულწილად. ყველა ჩაერთო და შეძლეს ერთ-ერთი ნატურმორტის დახატვა, მაგრამ იყო ბევრი ლაპარაკი, ავტობუსის ახალი განრიგის პრობლემის ირგვლივ, მიდგომა კი – ნაჩქარევი და ზედაპირული. რა თქმა უნდა, ფილის გამოკლებით. მე უნდა მოვნახო საშუალება და ვუბიძგო ექსპერიმენტისკენ. ისე საინტერესოა – მათ არ მოსწონთ, როცა მათ ნაშრომებში ვიხედები, თითქოს თავად ხვდებიან, რომ არც თუ ისე კარგები არიან, როგორც შეუძლიათ იყონ. რა მოხდება, თუ კი შემდეგში მათ შევთავაზებ, ერთმანეთს აჩვენონ თავიანთი ნაშრომები? შესაძლოა ამან აიძულოს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საქმეს“.

გამოხმაურება B.

„ვფიქრობ, დავალება წარმატებითაა შესრულებული – ყველა ძალზე თავაზიანია და კარგად იქცევა, დამოკიდებულებაც საკმაოდ ჩამოყალიბებული აქვთ. ისინი სწრაფად შეუდგნენ მუშაობას და მეც ჯერ გამიხარდა, მაგრამ მერე შევნიშნე – ნამუშევრები ნაჩქარევს და გაუაზრებელს ჰგავდა. ეტყობა ისინი საკუთარი თავისგან ბევრს არაფერს ელიან. როგორც ჩანს, ისინი ჩვენს კურსს განიხილავენ, როგორც ერთგვარ კლუბს, რომელიც ინტერესების მიხედვითაა შექმნილი. მე არ შეურაცხმყოფს სამუშაო პროცესში ლაპარაკი, მაგრამ საუბარი უნდა იყოს ხელოვნებაზე და არა სულელურ ავტობუსებზე. ისინი იმ შემთხვევაში ისწავლიან რამეს, თუ საკუთარ ნაშრომებს განიხილავენ. ისინი ცუდად იქცევიან – ჯგუფმა იცის, რომ მე არც ისე გამოცდილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, როგორც მათი ძირითადი პედაგოგი, ამიტომაც სარგებლობენ შექმნილი სიტუაციით“.

 ing - Copy

პრობლემის სათავის ძიება

 ვის ადანაშაულებთ წარუმატებელი გაკვეთილისათვის? ვის აქებთ, როცა ის კარგად ჩაივლის?

მოტივაციაზე საუბრისას წინა თავებში ჩვენ განვიხილეთ აქტიური და პასიური პოზიცია სწავლებასთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენც, მასწავლებლებიც შეიძლება ვიყოთ პასიურნიც და აქტიურნიც! აქტიურ მასწავლებლებს ესმით, რომ წარუმატებლობა ნაწილობრივ შესაძლოა მოსწავლეთა თავისებურებებით იყოს განპირობებული (მაგალითად, არასაკმარისი ცოდნით). მოსწავლეთა დადანაშაულების ნაცვლად, ისინი ფოკუსირებას ახდენენ სწავლების ეფექტურობის ამაღლებაზე. ეს მიდგომა, დაწვრილებითაა აღწერილი 50-ე თავში.

გადახედეთ ზემოთ მოტანილ გამოხმაურებებს გაკვეთილის გარშემო (1; 2; A და B). ვის ადანაშაულებენ ავტორები შექმნილ სირთულეებში?

თუ მასწავლებელი პრობლემების გამო ისეთ რამეს ადანაშაულებს, რაც მის კონტროლს მიღმაა, მაშინ არსებობს იმის ალბათობა, რომ სირთულეთა დასაძლევად საკუთარ სამუშაო პროცესში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს.

ნუ დაიდანაშაულებთ თავს. უბრალოდ დაფიქრდით – როგორ შეიძლებოდა გაკვეთილის სხვაგვარად წარმართვა და რომელი საერთო პრინციპების გამოყენებაა შემდეგისათვის საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები.

ing

გაკვეთილის ანალალიზი

გაკვეთილის ანალიზი ორიენტირებული უნდა იყოს ნათლად ფორმულირებულ საგაკვეთილო გეგმაზე, მიზანსა და ამოცანაზე. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებაც. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: საგნისადმი ინტერესის გაღვივება, მოსწავლეების თავდაჯერებულობის ამაღლება და სხვა.

 ანალიზი შეიძლება შედგეს სია-სამახსოვროს სახით, შევსებული ფორმის ან თავისუფალი სტილით. მასწავლებელთა უმეტესობა, ამ მიდგომებს ნაკლებად იყენებს. მსგავსი მიდგომებს იყენებს მეთოდისტი ან კოლეგა, როცა ჩვენი გაკვეთილის ანალიზს ახდენს. გთავაზობთ, შეიმუშაოთ გაკვეთილის ანალიზის საკუთარი ფორმა. გაითვალისწინეთ ადგილი საერთო კომენტარებისთვის – არ ღირს ბევრ კატეგორიებად დაყოფა. ქვემოთ, მაგალითისთვის, მოტანილია გაკვეთილის დეტალური ანალიზის ფორმა. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ზოგიერთი თავების მოცულობის შეცვლა, მით უფრო, თუ ფორმის ხელით შევსებას აპირებთ.

გაკვეთილის ანალიზის ფორმა.

საგაკვეთილო გეგმა:

 

გაკვეთილის მიზანი და ამოცანა, დავალებების შერჩევა და მრავალფეროვნება, დროის განაწილება, ტემპი და ა. შ.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საკმარისი დავალებები იყო მოსწავლეთათვის – სამწუხაროა, რომ ყველა მათგანმა არ იმუშავა. შემდეგი გაკვეთილის მიმოხილვა კარგად ჩატარდა, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა“.

საგაკვეთილო  გარემო: განლაგება, ტემპერატურა, ვენტილაცია, განათება და ა.შ.

„კარგია. კათედრის ქვეშ ვეძებდი პროექტორის შესაერთებელს და ამ დროს ჩემი წითელი კალამი აღმოვაჩინე!“

სწავლების საშუალებები: არჩევა, დიზაინი, და გამოყენება.

„დაფისა და პროექტორის ერთდროულმა გამოყენებამ კარგად იმუშავა. დამავიწყდა კლასის ბოლოში გასვლა და შემოწმება – კარგად მოჩანს თუ არა სლაიდები, მაგრამ მგონი ცუდი არაა“.

საგაკვეთილო გეგმის შესრულება: კლასის მართვა, სწავლების მეთოდის გამოყენება, გაკვეთილის დაწყება და დასრულება.

„დავალება საკმარისად კარგად ვერ ავხსენი (ისევ!). მათ უფრო დაწვრილებითი ინსტრუქცია სჭირდებოდათ – დავალების შესრულების ვარიანტი დაფაზე უნდა განმეხილა. ყველა მოსწავლე იმ წუთში ასცდა სწორ გზას. დასაწყისიდანვე უნდა შემემოწმებინა სამუშაოს სისწორე. ნაცვლად ამისა, სემთან და ენტონთან საშინაო დავალება განვიხილე, ეს შეიძლებოდა გაკვეთილის ბოლოს ან სულაც ამის შემდეგ გამეკეთებინა“.

კომუნიკაცია: ენა, ხმა, ჟესტიკულაცია, უკუკავშირი, კითხვა-პასუხი, მასალის ახსნის ცოდნა, შედეგების შეჯამება.

„ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, დავალების ახსნისას მეტი კითხვები დამესვა კლასისთვის – მაშინვე მივხვდებოდი, რა იყო მათთვის გაუგებარი“.

მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა: ურთიერთგაგება, ავტორიტეტის აღიარება, დისციპლინა, იუმორი და ა.შ.

„ყველაფერი რიგზეა – კლასი კარგია. ზოგჯერ ძნელია მათი დაწყნარება, განსაკუთრებით პარასკეობით სადილის შემდეგ. ამის თაობაზე, მათ კლასის ხელმძღვანელს ვესაუბრე. მან მირჩია, ცოტა დიდხანს დამეცადა სანამ სიჩუმე არ იქნებოდა“.

მოტივაცია: წარმატების განცდა, სწავლებიდან მიღებული სიამოვნება, წახალისება, ამოცანის დასახვა.

„კარგია, მაგრამ შემდეგ გაკვეთილზე უნდა მივცე ისეთი დავალება, რომ ყველამ წარმატებულად იგრძნოს თავი“.

მივაღწიეთ თუ არა მიზანს? – ტესტირება, საშინაო დავალება.

„ჯერ ვერა, მაგრამ შემდეგ გაკვეთილზე მიღწეული იქნება. საჭიროა მოსწავლეებმა მეტი გააკეთონ, მე კი – ნაკლები“.

 

საერთო კომენტარები:

 

„შემდეგი პარასკევისთვის გაკვეთილის დაწყებისთანავე უნდა ვსინჯო, რაიმე „დამაწყნარებელი“ დავალების მიცემა.

გაკვეთილის ეფექტურობა (1-10 შკალით): 7

უკუკავშირის მომენტი (1-10 შკალით): 6

გაკვეთილის ორი წარმატებული ელენემტი: მოსწავლეებთან ხუმრობა, უმჯობესია გაკვეთილის ბოლოს, ვიდრე დასაწყისში.

სწავლების ერთ-ერთი პრინციპი, რომლის ილუსტრაციაც ამ გაკვეთილზე მოხდა: მოყოლას სჯობს აჩვენო – მაგალითები, ინსტრუქციის გარკვევაში მოეხმარებათ“.

 

გაკვეთილების ანალიზი შეინახეთ, ეს საინტერესო საკითხავია, თქვენ ბევრს ისწავლით მათ საფუძველზე. ყველაზე მთავარია, რომ თქვენ მართლა ისწავლოთ და ანალიზის  მეშვეობით მოახდინოთ საკუთარი სამუშაოს მოდიფიცირება.

თუ კი აღმოაჩენთ სისტემატიურ პრობლემას, რჩევა ითხოვეთ. ყოველთვის მოიძებნება გამოცდილი მასწავლებელი, რომელიც სიამოვნებით დაგეხმარებათ – მათ შესანიშნავად ესმით, რაოდენ ძნელია ისწავლო, როგორ ასწავლო. რჩევისათვის მიმართვა – საკუთარი უსუსურობის აღიარება არაა, ეს მანიშნებელია, რომ გინდათ წარმატების მიღწევა.

სასარგებლო იქნება, თუ გამოცდილი პედაგოგის გაკვეთილს დაესწრებით, რომელიც თქვენი პრობლემის მსგავს პრობლემას აწყდება. საკუთარ განცდებთან მარტო ყოფნა უაზრობაა, გამოცდილ ადამიანის რჩევა კი – ფასდაუდებელია, ასე რომ მიიღეთ ის!

inga1

გაკვეთილის ანალიზის მიზანია, „ანალიზის უნარების მქონე პრაქტიკოსად“ ჩამოგაყალიბოთ – ანუ ისეთად, ვინც მუდმივად მიმოიხილავს საკუთარ სამუშაოს მისი სრულყოფის მიზნით. ეს პროცესი, პედაგოგის მთელი კარიერის მანძილზე გრძელდება. მე დღემდე თვითკრიტიკული დამოკიდებულებით ვარ ჩემი სამუშაოს მიმართ და მუდმივად ვცდილობ ახალი იდეების აპრობირებას.

შეამოწმეთ საკუთარი თავი

  • ყოველთვის გაქვთ დრო, მოახდინოთ გაკვეთილის ანალიზი?
  • აკეთებთ თუ არა გაკვეთილის დადებითი და უარყოფითი მომენტების მიმოხილვას?
  • ეკითხებით თუ არა საკუთარ თავს, რატომ მოხდა ყველაფერი სწორედ ასე? ცდილობთ თუ არა გააკეთოთ სათანადო დასკვნები შემდეგი სამუშაოსთვის?
  • ხართ თუ არა მზად, მიზანმიმართულად გაიაზროთ განვლილი გაკვეთილი, რათა სრულყოთ იგი შემდეგისათვის?
  • ცდილობთ თუ არა მოსწავლეებისა და საკუთარი თავის ნაკლებად დადანაშაულებას?
  • გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, ვინმესთან განიხილოთ თქვენი სწავლება, ვინც შესძლებს დაგეხმაროთ?
  • შეგიძლიათ, ყოველი გაკვეთილის შემდეგ საკუთარ თავს მისცეთ „მედალი“ ან “მისია“, მიუხედავად იმისა, კარგად ჩაიარა მან თუ ცუდად?
  • შეიმუშავეთ თუ არა გაკვეთილის თვითანალიზის დაწვრილებითი ფორმა?
  • ავსებთ თუ არა ყოველი გაკვეთილის შემდეგ თვითანალიზის ფორმას?
  • თქვენი სამუშაოს სრულყოფისათვის იყენებთ თუ არა პრაქტიკაში სწავლების ციკლს?
  • გადადგით თუ არა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რათა საკუთარი სამუშაოს ეფექტურობა აამაღლოთ სწავლების იმ ციკლისა და გამოცდილების სტადიაზე, რომელიც ყველაზე მეტად გიძნელდებათ?

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p. 566-573.

სახალისო მათემატიკა – წილადებზე მოქმედებები

0

მათემატიკა კონსტრუქტივისტული მეცნიერებაა და თითქმის ყველა მასწავლებელი გაკვეთილებს უკვე ამ მეთოდის გამოყენებით გეგმავს. კონსტრუქტივიზმი სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილებისა და წინარე ცოდნის გამოყენებით ახალი ცოდნის აგება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ დროს „სკფოლდინგია“, ანუ სწორი, ადვილად გასაგები და მკაფიო კითხვების მეშვეობით მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, თვითონ იფიქრონ, გაიაზრონ დავალება და მივიდნენ სწორ დასკვნამდე (იმდენად ზუსტად უნდა ვიცოდეთ მათი განვითარების დონე და მათი შესაძლებლობები, რომ „დამარცხება“ უბრალოდ უნდა გამოირიცხოს).

მათემატიკაში ყველა მომდევნო თემა წინა თემის გაგრძელება ან განვითარებაა, ამიტომ გაცილებით ადვილია ამ მეთოდის გამოყენება. პრაქტიკაში ძალიან მეხმარება კონსტუქტივისტული გაკვეთილები, რათა სწავლება მეტად ეფექტური გავხადო. დაკვირვებებმა მიჩვენა, რომ მზად მიწოდებულ მასალას გაცილებით ძნელად იმახსოვრებენ ბავშვები, განსხვავებით იმ საკითხებსა და თემებისაგან, რომლებსაც თვითონ აღმოაჩენენ და შეისწავლიან.

მაგალითისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ თემა „წილადების გამრავლება ნატურალურ რიცხვზე“. ეს თემა მე-5 კლასში ისწავლება. ამ დროს მოსწავლეებმა უკვე იციან შეკრება-გამოკლების თვისებები, ასევე იციან ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლება და გამრავლების არსი. ეს ცოდნა სავსებით საკმარისია მათთვის, გააკეთონ აღმოჩენა და თვითონ მივიდნენ დასკვნამდე, როგორ უნდა გავამრავლოთ წილადები ნატურალურ რიცხვზე. სწორედ ამ საფუძვლებს ვიყენებ და მოსწავლეებს ვთავაზობ ჯგუფურ მეცადინეობას. ვიდრე ჯგუფებს დავალებას შევთავაზებდე, ვიმეორებთ გამრავლების ჩაწერას შეკრების გზით და დაფაზე ვაკეთებთ რამდენიმე მაგალითს (მაგ 3•4=3+3+3+3=12 ან 5•3=5+5+5=15). შემდეგ ჯგუფებს წინასწარ გამზადებულ ბარათებს ვურიგებ.

m

მათ უნდა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და წილადების ნატურალურ რიცხვზე გამრავლება შეკრების გზით უნდა შეასრულონ. ბავშვებმა ძალიან კარგად იციან, რომ გამრავლება არის რიცხვის (მათ შორის წილადი რიცხვის) შეკრება რამდენჯერმე. ამიტომ დავალებას მარტივად ართმევენ თავს და იღებენ პასუხებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ პასუხების გადამოწმება გეომეტრიულადაც შეუძლიათ, რადგან მათ ბარათებზე მოცემული დავალება ამის საშუალებას იძლევა. თითოეული გუნდი ამ პასუხებს წერს საჯაროდ, წინასწარ გამზადებულ ფორმატზე. საბოლოოდ ფორმატი ასეთ სახეს იღებს

m1

სწორედ ამის შემდეგ იწყება ის, რისთვისაც მოსწავლეებს ასე ძალიან უყვართ მათემატიკის გაკვეთილები. მათი დავალებაა, კარგად დააკვირდნენ წარმოდგენილ ცხრილს, რომელიც მათივე შევსებულია, კარგად გაიაზრონ აქ მოცემული ინფორმაცია და იპოვონ კანონზომიერება. ბავშვები ძალიან ინდომებენ, რომ სწორედ ისინი გახდნენ აღმომჩენები. საბოლოოდ კლასი მარტივად მიდის დასკვნამდე, რომ წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლებისას მრიცხველს ვამრავლებთ ამ რიცხვზე და ვწერთ წილადის მრიცხველში, ხოლო მნიშვნელი იგივე გადადის. ამგვარად შეთავაზებული თემა გაცილებით ადვილი დასამახსოვრებელი სხდება მათთვის. ერთადერთი პრობლემა არის დრო. ამას დიდი დრო სჭირდება. მასწავლებელს შეეძლო ერთ წინადადებაში გადმოეცა წესი, თუ როგორ უნდა შეასრულონ გამრავლება და მერე მაგალითებით განემტკიცებინა საკითხი, თუმცა მიმაჩნია, რომ  ცდად ღირს და აღმოჩენით გამოწვეული განცდა და სიხარული იმდენად დიდ კვალს ტოვებს ბავშვების ცნობიერებაში, რომ მათ არასოდეს ავიწყდებათ ნასწავლი მასალა.

ჩემი დაკვირვებით, რადგან მე-5 კლასი ჯერ კიდევ დაწყებითი საფეხურია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სწავლება გახდეს სახალისო და უფრო მეტად ეფექტური. ჩემი აზრით, ამ კონკრეტული მაგალითის დროს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ალგებრული მოქმედებების სწავლაა, არამედ მათი შემოწმება გეომეტრიულ მოდელებზეც, რის საშუალებასაც ბარათებზე მოცემული დავალებები იძლევა. სახეზეა ტრანსფერი, რაც კიდევ უფრო ზრდის მეთოდის ეფექტურობას.

დასასრულ მინდა ვთქვა, რომ არასოდეს უნდა შეგვეშინდეს, რომ მოსწავლეები, თუნდაც დაწყებითი საფეხურის, გავიყვანოთ მაღალ სააზროვნო უნარებზე და ასაკის შესაბამისად მივცეთ საშუალება, გაიზიარონ აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული.

ნონა ჩუბინიძე

14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

ათი მომაკვდინებელი შეცდომა

0

უკვე რამდენიმე წელიწადია, რამდენიმე გაკვეთილს იმაზე საუბარს ვუთმობ, არა როგორ ააგონ, არამედ როგორ არ უნდა ააგონ ჩემმა მოსწავლეებმა არგუმენტები ზეპირი მეტყველებისა და წერის დროს. ერთ წიგნში იმ საკმაოდ ვრცელი სიიდან, ლოგიკურ შეცდომებს რომ აერთიანებდა, ამოკრებილი იყო რამდენიმე ყველაზე უფრო გავრცელებული ლოგიკური ცდომილება და გაერთიანებული იყო ერთ ჯგუფად, რომელსაც ავტორმა პირობითად „ათი მომაკვდინებელი შეცდომა“ (ten deadly fallacies) უწოდა. დაჯგუფების სახელწოდება იმდენად მომეწონა, რომ ამ ავტორს მეც დავესესხე და შევქმენი ჩემი სია, რომელშიც, უკვე ჩემი შეხედულებისამებრ, შევიტანე ის ათი ძირითადი შეცდომა, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ხშირად გვესმის ტელევიზორიდან ხან პოლიტიკოსების, ხანაც ჟურნალისტების მეტყველებაში. თუმცა ეს შეცდომები არა მარტო პოპულარულ სახეებს, არამედ უკვე საზოგადოების დანარჩენ წევრებსაც იმდენად გაუჯდათ ძვალ-რბილში, რომ ხშირად ვეღარც ხვდებიან, რომ მათი არგუმენტები ამ „მომაკვდინებელი“ შეცდომების გამო ყოველგვარ ვალიდურობას კარგავს და გადაიქცევა დაუსაბუთებელ, არასარწმუნო მოსაზრებად. წარმოგიდგენთ მომაკვდინებელ შეცდომათა ანუ არაფორმალურ შეცდომათა ჩემ მიერ შედგენილ სიას.

1)argumentum ad hominem – ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ადამიანის წინააღმდეგ მიმართული არგუმენტი და შემდეგნაირად განიმარტება: ლოგიკური შეცდომა, როდესაც მოწინააღმდეგე არგუმენტს არა კონტრარგუმენტით, არამედ ისეთი ვერბალური შეტევით აბათილებს, რომელშიც ოპონენტის სახასიათო ნიშან-თვისებებზე სვამს აქცენტს. ამგვარი შეცდომის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითი გამოდგება:   წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მსჯელობა შეეხება იდეალურ მთავრობას, ცდილობთ, სათანადო არგუმენტებით დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია. ამ დროს მოწინააღმდეგე, იმის ნაცვლად, რომ საპასუხო არგუმენტები მოიშველიოს, გეუბნებათ, რომ თქვენი ასაკის გამო გაგიჭირდებათ ამ საკითხზე მსჯელობა. ამ პასუხით მოწინააღმდეგე გიტევთ თქვენ, თქვენს ასაკს და არა – თავად არგუმენტს. სხვა შემთხვევაში ასაკს შეიძლება ჩაენაცვლოს სქესი, თმის ფერი და სხვ. ამგვარ ლოგიკურ შეცდომას ხშირად მოსაუბრეც უშვებს, როდესაც არგუმენტს შემდეგნაირად აგებს: სკოლაში საგნების რაოდენობა უნდა შემცირდეს,რადგან თავად მე მოსწავლე ვარ და ეს საკითხი სხვაზე უკეთ მესმის. თუკი ვინმეს დარწმუნება გვინდა სკოლაში საგნების შემცირების თაობაზე, აჯობებს, უკეთესი არგუმენტებით შევიარაღდეთ.

2) argumentum ad ignorantiam – მსჯელობა, რომელიც მხოლოდ იმიტომაა მართალი, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცება შეუძლებელია. როდესაც რაიმეს ვამტკიცებთ, არგუმენტის გასამყარებლად მტკიცებულებების წარმოდგენა გვჭირდება. დავუშვათ, მოსაუბრე ამტკიცებს, თითქოს ჩვენი გალაქტიკის მიღმა პატარა მწვანე კაცუნები ცხოვრობენ. არგუმენტის გასამყარებლად მეტი მტკიცებულების წარმოდგენას ვითხოვთ. მტკიცებულების ნაცვლად მოსაუბრე აპელირებს იმით, რომ არც ჩვენ არ შეგვიძლია მტკიცებულების წარმოდგენა, თითქოს ჩვენი გალაქტიკის მიღმა პატარა მწვანე კაცუნები არ არსებობენ. ამგვარი მსჯელობა, რა თქმა უნდა, არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან მოსაუბრეს არ წარმოუდგენია არანაირი პოზიტიური მტკიცებულება და, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ჩვენ წარმოვადგენთ ნეგატიურ მტკიცებულებას, ეს ფაქტი ჩვენი ოპონენტის პოზიციის გასამყარებლად არ გამოდგება.

3) argumentum ad avctoritade – ასეთ დროს არასაკმარის არგუმენტებს ავტორიტეტების მოხმობით ვამყარებთ. მაგალითად, საკმაოდ ხშირად რელიგიის საკითხებზე საუბრისას, ორივე მოკამათე მხარე თავიანთი პოზიციის გასამყარებლად რომელიმე საქვეყნოდ ცნობილი ფიზიკოსის გვარს იშველიებს. არადა, ძალიან იშვიათია, როცა ფიზიკის ექსპერტი ისეთივე ექსპერტი იყოს რელიგიის საკითხებშიც, როგორც თავის სფეროში. ცნობილი სახელის ხსენება და ამ ცნობილი ადამიანის ციტატის მოხსენიება მისი არასაექსპერტო დარგიდან, საუბარს დამაჯერებლობას არ მატებს.

4) argumentum ad passiones – მსჯელობაში, არგუმენტის სანაცვლოდ, აუდიტორიის ემოციებზე თამაში, განსაკუთრებით, არასაკმარისი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. ამ გზით მსმენელში/მკითხველში სხვადასხვა ემოციის გამოწვევა ხდება. შესაბამისად, ეს შეცდომა, თავის მხრივ, რამდენიმე ნაწილად იყოფა და მოიცავს შიშის (საკმაოდ ხშირია პოლიტიკაში), სიბრალულის და სხვა ემოციების გაღვიძებას. ამ დროს მოწინააღმდეგეში სიბრალულთან ერთად დანაშაულის შეგრძნების გაღვივებაც ხდება ხოლმე. ალბათ ყველა პედაგოგს ჰქონია ერთი ისეთი შემთხვევა მაინც, როდესაც ცდილობენ, ნიშნის აწევის მიზნით, სხვადასხვა გზებით შეაცოდონ მას მოსწავლე და ასე მოახერხონ პედაგოგში თანაგრძნობის ან დანაშაულის განცდის გაღვივება. ეს ეხება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პრიზის დაუმსახურებლად გადაცემასაც ითხოვენ და აპელირებენ, რომ ის ვინც იმსახურებს, მას ეს არ სჭირდება, ხოლო იმას, ვინც არ იმსახურებს, პრიზი ფინანსურად უფრო წაადგება. ამავე ჯგუფში აერთიანებენ მოწინააღმდეგის გამასხარავებას, აბუჩად აგდებას, დაცინვას, თუკი ოპონენტი სხვა მიღებული წესებით ვერ ახერხებს ვერბალური პაექრობის მოგებას.

5) circulus in demostrando – სხვაგვარად ამგვარ პრაქტიკას მანკიერ წრეზე ტრიალიც შეგვიძლია ვუწოდოთ. უმეტეს შემთხვევაში მსჯელობის ეს ხარვეზი საკმაოდ რთული აღმოსაჩენია (ნაწერში შედარებით ნაკლებად, ზეპირ მეტყველებაში კი საკმაოდ ხშირად), რადგან, ერთი შეხედვით, საკმაოდ მყარ არგუმენტად გამოიყურება, თუმცა, თუკი ჩავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის, რაც არგუმენტად გამოიყურება, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი პოზიციის განმეორებითი უსაფუძვლო მტკიცება. დავუშვათ, თანამოსაუბრე გვეუბნება: ვიცი, რომ იესო ქრისტე იყო ძე ღმრთისა, ვინაიდან ამას თავად ამბობს, ხოლო ძე ღმრთისა არ შეიძლება ცრუობდეს. ამგვარი ლოგიკური შეცდომის საილუსტრაციოდ ერთი ცნობილი მოთხრობაც გამოდგება: სამმა ყაჩაღმა შვიდი მოპარული მარგალიტის გაყოფა გადაწყვიტა. ერთმა ყაჩაღმა დანარჩენებს ორ-ორი მარგალიტი მისცა, თავისთვის კი სამი ცალი დაიტოვა. „ეს როგორ, რა უსამართლობაა! რატომ დაიტოვე მეტი?“ – წამოიძახეს ყაჩაღებმა. „იმიტომ რომ მე თქვენი ბელადი ვარ“ – აუღელვებლად უპასუხა ყაჩაღმა. „კი, მაგრამ რატომ ხარ ჩვენი ბელადი?“ – არ დანებდნენ ყაჩაღები. „იმიტომ რომ, თქვენზე მეტი მარგალიტი მაქვს“.

6) post hoc ergo propter hoc – „ამის შემდეგ, მაშასადამე, ამის გამო“, – ასე ითარგმნება ეს ლათინური წინადადება. ამ ბოლო დროს ხშირად წაიკითხავთ ისეთ სტატიებს, რომლებიც მსგავსი ტიპის შეცდომაზეა აგებული. ნათელი მაგალითია ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნებული სტატია, თითქოს ამ ბოლო დროს დადგინდა, რომ პოპულარული იაფიანი საგულე საშუალება (არ დავასახელებ მედიკამენტის სახელწოდებას, რათა არ მოვახდინო მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება) პაციენტის გულით გარდაცვალების მიზეზი გამხდარა. ამ დასკვნას კი სტატიის ავტორი შემდეგ ინფრომაციაზე დაყრდნობით აკეთებს: თურმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ხშირად გულის შეტევით გარდაცვლილი ხანდაზმული პაციენტების სასთუმალთან სწორედ ამ მედიკამენტს პოულობენ. იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტს ლოგიკურად დაესკვნა, რომ იაფიანი საგულე საშუალება ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, აფთიაქებშიც ურეცეპტოდ გაიცემა ეს წამლები და ამიტომაც თითქმის ნებისმიერ ოჯახში ინახება; სწორედ ამ მიზეზით, გულის შეტევის დროს პაციენტის ახლობელი, სანამ სასწრაფოს გამოოიძახებს, ხელთ არსებულ წამალს მისცემს ავადმყოფს. შესაბამისად წამალსა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, სტატია წამლის წარმოუდგენლად მაღალ ფასებზე და ხანდაზმული ადამიანების სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაწერილიყო.

7) ნაჩქარევი/ნაუცბათევი განზოგადება – თუკი დედუქციური აზროვნების პროცესი მიმართულია ზოგადიდან კერძოსკენ, ინდუქციური აზროვნება, პირიქით, კერძოს აზოგადებს. განაცხადი „ყველა ადამიანი მოკვდავია“ ზოგადია და მიღებულია უამრავი კერძო შემთხვევის განზოგადების შედეგად, ე.ი. ინდუქციური აზროვნების შედეგია. ასეთივე ინდუქციური აზროვნების შედეგია ჩვენი რწმენა, რომ ხვალაც და ზეგაც, ათი წლის შემდეგაც, გრავიტაციის წყალობით, მიწაზე ფეხს მყარად დავდგამთ და რომ არც სხვა საგნები არ დაიწყებენ ფრენას. ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ინდუქციური აზროვნება ყველაზე ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: თუკი სკამი, რომელზეც ყოველდღე ვზივარ, დღევანდლამდე თავის ფუნქციას კარგად ასრულებდა, მე ხვალაც დაუფიქრებლად დავჯდები ამ სკამზე; თუკი სახლში მომზადებულ კონკრეტულ კერძს სიამოვნებით მივირთმევ და არ მწყენს, ამ კერძს მომავალშიც დაუფიქრებლად შევჭამ; თუკი დაუბრკოლებლად დავდივარ ოთახში და არანაირი წინაღობა არ მხვდებოდა, იმავე იატაკზე შემდეგშიც დაუფიქრებლად გავივლი. განზოგადება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიცაა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განუყოფელი ნაწილიც. სამწუხაროდ, ზოგჯერ განზოგადება იმდენად სწრაფად ხდება, რომ ხანდახან დასკვნები არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე გამოგვაქვს. სწორედ ასეთ შემთხვევას ვუწოდებთ ნაჩქარევ/ნაუცბათევ განზოგადებას. ეს პრობლემა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში კი არაა სახიფათო, როდესაც ისეთი წვრილმანი უსიამოვნებები შეიძლება შემემთხვეს, რომლებიც სერიოზულად არ დამაზიანებს (მაგ. სკამი გატყდება, კერძი მაწყენს ან იატაკზე ამოვარდნილ პარკეტს წამოვდებ ფეხს), არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებშიც შეიძლება შემიშალოს ხელი. ნაუცბათევი განზოგადება მართლაც მომაკვდინებელ შეცდომად შეიძლება იქცეს, თუკი ადამიანებს არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე დავდებთ ბრალს, დავწამებთ ცილს, გავკიცხავთ.

8) მცდარი ანალოგია – ადამიანების დარწმუნებისას ხშირად მივმართავთ და მეტყველებისას ვიყენებთ სხვადასხვა ანალოგიებს. ამით სიმყარეს ვმატებთ ჩვენს არგუმენტებს. ცხადია, ორატორულ ხელოვნებაში ანალოგიებს ერთ-ერთ საუკეთესო ხერხად მიიჩნევენ. სამწუხაროდ, იმის გამო რომ ორი შესადარებელი საგანი ან მოვლენა რაღაც ნიშნით წააგავს ერთმანეთს, არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა ნიშნითაც მსგავსნი იქნებიან. სწორედ ასეთ შემთხვევას ვუწოდებთ მცდარ ანალოგიას. წინადადება: „როგორც ნელ-ნელა წვიმის ნაზ წვეთებს შეუძლიათ ვეებერთელა მთების დაშლა, ასევე ადამიანის ცხოვრებაში მოთმინებით პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია“. ერთი შეხედვით, ამ არგუმენტში შესაძლებელია ანალოგიის დანახვა ორ მოვლენას შორის, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არანაირი მსგავსება არ არსებობს მთებზე წვიმის ზემოქმედებასა და მოთმინებით პრობლემების მოგვარებას შორის, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს პრობლემების მოსაგვარებლად იმდენი დრო არ მიეცემა, როგორც წვიმას მთების დასაშლელად.

9) ინგლისურად ამ შეცდომას cherry picking-ს უწოდებენ, მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი ალუბლის კრეფა იქნება, თუმცა, როგორც ლექსიკონი გვაუწყებს, ალუბლის კრეფის პროცესი გადატანითი მნიშვნელობით საუკეთესო ნაჭრის შერჩევას ნიშნავს. როგორც ვიცით, მეცნიერმა არ უნდა დაუმალოს საზოგადოებას არცერთი ის მონაცემი, არცერთი ის შედეგი, რომელიც მის შეხედულებას არ ეთანხმება და მის მოსაზრებას გამორიცხავს ან რაღაც მცირედით მაინც ეწინააღმდეგება. სხვაგვარად მეცნიერება ვერ განვითარდება, რადგანაც სწორედ ასეთი უთანხმოებები წარმოშობს სამეცნიერო დისკუსიებს და კამათის შედეგად, თუ ადრე არა, გვიან მაინც, დაიბადება ჭეშმარიტება. დებატების დროს მოკამათეები ხშირად ივიწყებენ ამ აქსიომას და მოწინააღმდეგე მხარეს, საზოგადოებას შეუგნებლად, ხანდახან კი შეგნებულად და გამიზნულად ფაქტების მხოლოდ იმ ნაწილს წარუდგენენ, რომელიც მათ პოზიციას ამყარებს. კარგია, რომ არგუმენტაციის დროს დაშვებული ეს შეცდომა, ვეღარ იქნება მტკიცებულება და აღმოჩენის, მოპაექრის მხილების შემთხვევაში, მისი არგუმენტი ადვილად იქნება გაცამტვერებული. სამწუხაროა, რომ ასეთი ლოგიკური შეცდომის აღმოჩენა საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად აუდიტორიას ხელი არ მიუწვდება ფაქტებზე.

10) …

დავალება: დაასრულეთ სია (შეგიძლიათ, თქვენი სურვილისა და შეხედულების მიხედვით, ადგილები შეუცვალოთ ამ შეცდომებს. ბოლოს ერთი მომაკვდინებელი ლოგიკური შეცდომა თქვენით შეარჩიოთ იმ გრძელი სიიდან, რომელიც ინტერნეტში სხვადასხვა საიტზეა წარმოდგენილი (მაგ. https://web.cn.edu/kwheeler/fallacies_list.html) და დაუმატოთ აქ წარმოდგენილ ცხრაპუნქტიან სიას). მოსწავლეებს კი სიის ჩვენებისა და სათანადო ახსნის შემდეგ აუხსენით, რომ ამ შეცდომებისგან თავის დაცვა აუცილებელიც და სავალდებულოცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ზეპირი და წერითი მეტყველება არადამაჯერებელი, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...