კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

როგორ ემზადებიან  ბავშვები სკოლითვის,  საფრანგეთის გამოცდილება

0

სკოლაში ფრანგ პატარებს სამი წლის ასაკში აბარებენ. ამ სკოლას „ეკოლ მატერნელი“ – „დედების სკოლა“ (L’école maternelle) ჰქვია და თავისი ფუნქციური დატვირთვით საბავშვო ბაღს მოგვაგონებს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები დაწყებით სკოლაში – „ეკოლ პრიმერში“ გადაჰყავთ. „დედების სკოლის“ მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟულია. საკონკურსო პირობებში ერთი ადგილისთვის ბრძოლა ათ პედაგოგს უწევს ხოლმე. შემთხვევითი ადამიანი სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე ვერ ხვდება. „დედების სკოლაში“ მხოლოდ მოწოდებით მასწავლებლები ასწავლიან – ისინი, ვისაც ძალიან უყვარს ბავშვები. „ეკოლ მატერნელში“ ბევრი მამაკაცი პედაგოგია.

ამ სკოლის მასწავლებლებს მაღალი ხელფასი აქვთ, ისინი სხვადასხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, ხანდაზმულობაში კი ღირსეულ პენსიას იღებენ. სწავლების პროცესში მასწავლებელი თავისუფალია, მთავარია, რომ შედეგიანად ასწავლოს. ყველა პედაგოგი თავის მეთოდიკას (განათლების სამინისტროს რეკომენდაციების  ფარგლებში) და მიდგომებს იყენებს. მეცადინეობას, მათ შორის მუსიკალურ და სპორტულ აქტივობებს, ერთი მასწავლებელი ხელმძღვანელობს. მატერნელის პედაგოგებს არ აქვთ მკაცრად გაწერილი სასწავლო გეგმა, ამიტომ ბევრ რამეს საჭიროებისამებრ და თავიანთი შეხედულებისამებრ ცვლიან.

ფრანგ ბავშვებს წერას ადრეულ ასაკში ასწავლიან. სკოლაში მისვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვები უკვე უნდა ცნობდნენ საკუთარ სახელს თავიანთ სასკოლო კარადაზე (ამ კარადებზე ვერ ნახავთ ჩვენებური ბაჭიებისა და სპლიყვების ნახატებს).

მასწავლებლები აღმზრდელებს დიდებივით ესაუბრებიან, ენის მოჩლექვის გარეშე. მიმართავენ სრული სახელებით, მაგალითად, „მარიამ“, „ალექსანდრე“. ბავშვები კი  მასწავლებლებს „მეტრეს“ ან „მეტრს“ ეძახიან.

შაბათ-კვირის გარდა, მატერნელში ოთხშაბათს ისვენებენ. თუმცა, იმ მშობლებს, ვინც შუა კვირაში მუშაობს, შეუძლია ბავშვი სკოლაში მაინც წაიყვანოს. ამ დღეს მოსწავლეს მიხედავენ, თუმცა არ ჩართავენ საგანმანათლებლო პროცესში.

„დედების სკოლა“ დილის ცხრის ნახევრიდან საღამოს ექვსის ნახევრამდე მუშაობს. შესვენება სადილზე ორსაათიანია – თორმეტის ნახევრიდან ორის ნახევრამდე. ამ დროისთვის მშობლებს ბავშვები შინ მიჰყავთ და თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, მათზე სხვა სტრუქტურა – გარდერი ზრუნავს. ის მხოლოდ აღმზრდელების კვებას და მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. ასევე, თუ მშობელს არ შეუძლია ბავშვი სკოლიდან საღამოს გამოიყვანოს, გარდერში მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებათ მანამდე, ვიდრე მშობელი არ მოაკითხავს.

მატერნელში ყველაზე უფროსი კლასი GS-ია (Grand Section). აქ 5-6 წლის ბავშვები დადიან. მხოლოდ ამის მერე გადაჰყავთ ბავშვი პრიმერში – დაწყებით სკოლაში. აქ დაახლოებით ასეთი სასწავლო რეჟიმია:

8.00-8.30 – ბავშვები მოჰყავთ სკოლაში. ერთმანეთის მოლოდინში ისინი ხატავენ ან თამაშობენ;

8.30-9.00 – თამაშები, ცეკვა, გამამხნევებელი ვარჯიში;

9.00 – „ფონეტიკური თამაშების“ დრო. მაგალითად, ბავშვებს სთხოვენ გაიხსენონ „კ“ ასოზე დაწყებული სიტყვები, სადაც მხოლოდ სამი ხმოვანია. თამაშს 15 წუთი ეთმობა;

9.15 – ხემსი. საჭმელი ყველას სახლიდან მოაქვს. თუმცა სკოლა იძლევა იმის რეკომენდაციას, რისი ჭამა შეუძლიათ ბავშვებს და რისი – არა. ბავშვები კლასშივე წაიხემსებენ. ორი ბავშვი მორიგეობს და ხემსის შემდეგ კლასში სისუფთავეზეა პასუხისმგებელი.

მორიგეობის თემა ფრანგულ სკოლებში აქტუალურია. ბავშვები მორიგეობით წერენ დაფაზე დღის თარიღს, მორიგეობით აღნიშნავენ რამდენი ბავშვია კლასში და ვინ აცდენს, არსებობს „ამინდის მორიგე“ – ის, ვინც სხვა ბავშვებს ამინდის პროგნოზს ამცნობს. ვიღაცას კი კლასში  ყვავილების მორწყვა ევალება. ბავშვები დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

9.30 – კლასი მიდის ატელიეში. აქ ასე უწოდებენ სახელოსნოებს, სადაც ბავშვები სხვადასხვა ხელსაქმით კავდებიან: ხატავენ, ძერწავენ, აცხობენ. მათი საქმიანობა მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შესრულებული ნამუშევრები ინდივიდუალურ საქაღალდეებში ინახება. ყოველი ტრიმესტრის ბოლოს მასწავლებელი საქაღალდეს მშობელს გადასცემს.

ატელიეში მეცადინეობის შემდეგ, 30-40 წუთიანი შესვენება იწყება. ეს არ არის ტრადიციული შესვენება. მასწავლებლები ბავშვებს შენობასა და შენობის გარეთ სხვადასხვა გუნდურ თამაშებში რთავენ. ბავშვებს შეუძლიათ გაისეირნონ ველოსიპედით.

10.45-10.50 50 – მუსიკის გაკვეთილი. ხშირად მუსიკის გაკვეთილიც დღის თემასთანაა კავშირში. გამოდის, რომ ყოველდღიურად ბავშვები ერთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობენ.

В 11.15-11.30 – ბავშვები მშობლებს შინ მიჰყავთ ან ისინი სპეციალურ სასადილოში მიდიან. მენიუ წინასწარ არის ცნობილი მშობლებისათვის.

13.20 – ბავშვები სკოლაში ბრუნდებიან.

В 14.00 – კითხვის პერიოდი. უფრო ხშირად მასწავლებელი კითხულობს, ბავშვები კი იმავე ტექსტს თვალს ადევნებენ, ათვალიერებენ სურათებს, ასრულებენ დავალებებს. ყველაფერი ჰგავს თამაშს. ბევრი დრო ეთმობა არა კონკრეტული წიგნის კითხვას, არამედ საყოფაცხოვრებო ინფორმაციის გაცნობას. მაგალითად, ბავშვებს ასწავლიან, რა წერია ბილეთებზე, აფიშებზე, პლაკატებზე, რეკლამებზე. ფრანგებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა ინფორმაციის ტიპები გაარჩიონ, ერთმანეთისგან განასხვაონ  წიგნი და ჟურნალი, ვებგვერდი და ბილეთი, პოსტერი და ფლაერი.

14.20 – მათემატიკის გაკვეთილი კლასში იწყება და ატელიეში გრძელდება. ამ დროს ასწავლიან ნივთების თვლას (დაახლოებით 30-მდე). მათემატიკის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გულისხმობს დროის გააზრებას – გუშინ, დღეს, ხვალ, ზამთარში, ზაფხულში და სხვ. დიდი დრო ეთმობა სივრცობრივი ორიენტაციის სწავლებას: რას ნიშნავს ზემოდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან და სხვ. ყველაფერი მხოლოდ რეალური სიტუაციებით  და თამაშებით ისწავლება.

15.15 – კიდევ ერთი შესვენება.

16.00 – საკვლევი აქტივობები. სამეცნიერო ცოდნა ორი მიმართულებით ვითარდება: ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს შეცნობა. ყველა მეცადინეობას თან ახლავს მარტივი, მაგრამ სახალისო ექსპერიმენტები.

ცოცხალი სამყაროს შეცნობაში ყურადღება ექცევა ადამიანის სხეულს, მცენარეებს, მწერებს, შინაურ ცხოველებს, იმას, რასაც შეიძლება შეეხო და დაინახო.

ცოცხალ სამყაროსთან ურთიერთობისას ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა მასალას, მის  მახასიათებლებს, სწავლობენ წონისა და მოცულობის შედარებას. ბავშვებს თხოვენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომელიც ეხება მზის სისტემის, ელექტროენერგიის, ფიზიკისა და ქიმიის უმარტივეს კანონებს. სამეცნიერო აქტივობების ფარგლებში ტარდება კულინარიული გაკვეთილებიც. საკვების მომზადების წესებს ბავშვები პრაქტიკული მაგალითებით სწავლობენ.

ფრანგები კანონმორჩილნი არიან. მათ უყვართ ნორმების დაცვა, ცდილობენ, რომ კანონმორჩილებას ბავშვებიც ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ. ასწავლიან, რომ პატივი სცენ ბრძანებებს და ქცევის წესებს არა მხოლოდ სკოლის კედლებში. ამ ყველაფრის სწავლების საუკეთესო გზად ექსკურსიები მიაჩნიათ. ისინი წელიწადში ათჯერ მაინც აწყობენ ექსკურსიებს. ყველა ექსკურსიას ერთი საერთო, საპროექტო თემა აერთიანებს, მაგალითად, თემა „წყალი“. მასწავლებელი და მისი კლასი შეისწავლის წყლის ყველა ფორმას, ამავე დროს, დასვენებაც ირიბად წყალთან არის დაკავშირებული: აუზი, დიდი ტბა, მდინარე, შადრევნები, სათევზაო ადგილები. დიახ, ბავშვები მასწავლებელთან ერთად სათევზაოდ დადიან და ყველა ბავშვი ერთ პატარა თევზს მაინც იჭერს.

მატერნელში შეყვანის მომენტიდან, ბავშვებს დღიურებს უხსნიან, სადაც მასწავლებელი რეგულარულად აფიქსირებს მათ უნარებსა და შესაძლებლობებს. მასწავლებლის ამოცანაა, დააფიქსიროს კომპეტენციების განვითარების ევოლუცია. მშობლები ყოველთვის ადევნებენ თვალს ბავშვის საქმეებს, შეუძლიათ მასწავლებელთან ერთად სირთულეების განხილვა. კომპეტენციის დღიური გადადის მომდევნო კლასში და ახალი მასწავლებელი, რომელიც ბავშვს არ იცნობდა, ადვილად იგებს მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

Ecole Maternal-ს დამთავრების შემდეგ, პედაგოგი ავსებს სპეციალურ გვერდს, რომელშიც ჩამოთვლილია შემდგომი სწავლებისთვის აუცილებელი კომპეტენციები.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა  

 

როცა მოზარდი სპორტისადმი ინტერესს არ იჩენს 

0

ხშირად, როგორც სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის დიდი და რთული გამოწვევაა, როდესაც მოსწავლეს სპორტის სწავლებისადმი ინტერესი საერთოდ არ აქვს და ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს ვერ კონცენტრირდება. ეს პირველყოვლისა მოზარდის ხასიათისა და ბუნების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი (გამონაკლისების გარდა) ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.

ფსიქოლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ მწვრთნელებისა და სპორტის მასწავლებლების ამოცანაა სპორტისადმი ინერტულად განწყობილ მოსწავლეებს თავს არ მოახვიონ მკაცრი სპორტული გრაფიკები და შემეცნების გზით გაუჩინონ ინტერესი და ლიოალობის განცდა სპორტსმენების მიმართ. სპორტსმენი, როგორც წარმატებული ადამიანი; სპორტსმენი, როგორც მისაბაძი მოღვაწე; სპორტი, როგორც განსაკუთრებული ამბებისა და ისტორიების წყარო – სწორედ ამგვარი თეორიული სწავლებით შეიძლება მოხდეს ბავშვის სპორტისადმი დაინტერესება და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ჩაერთონ ასეთი მოსწავლეები საკუთრივ წვრთნისა და ვარჯიშის პროცესში.

ბრაზილიელი რიკარდო კაკა ერთ-ერთი ის სპორტსმენთაგანია, რომელიც სანამ დიდი და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდებოდა, სხვა ბრაზილელი ფეხბურთელებისგან განსხვავებით სიღარიბეში არასოდეს უცხოვრია და ოჯახი რიკარდოს სპორტის რამდენიმე სახეობაზე ერთად ატარებდნენ. როგორც კაკა იმ პერიოდს იხსენებს მისთვის სპორტი და მწვანე მინდორზე სირბილი საშინელ რუტინად იქცა და რომ არა ახალი მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთის საზრისს აზიარა  – იგი სპორტს არასოდეს გაჰყვებოდა. კაკას მაგალითზეც ჩანს, თუ როგორი რთულია სპორტის მასწავლებლისთვის და მწვრთნელისთვის მოზარდის სპორტით დაინტერესება და როგორ „ბეწვის ხიდზე“ უნდა გაიაროს, რომ ზედმეტი ვარჯიშითა და ჩიჩინით უარესი არ ქნას და ბავშვს საერთოდ არ აუცრუოს გული სპორტზე..

სპორტით ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანებს, როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ სპორტი (ნებისმიერი სახეობა) მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას მოიცავს და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი ფუნქცია არ გააჩნია. ცნობილი ქართველი მძლეოსნობის სპეციალისტი და მწვრთნელი, ავთანდილ ბერიძე კი ამბობს, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იწვევს მოზარდების სპორტისადმი გულგრილობას. იგი იმასაც ამბობს, რომ ბავშვისათვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი მშობელია და როდესაც მოზარდი ხედავს, რომ მშობლები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და სპორტით კავდებიან – მასაც აუცილებლად გაუჩნდება იმავე გაკეთების სურვილი. ასევე ხდება წიგნის კითხვასთან მიმართებაშიც. სტატისტიკურად ცნობილია, რომ მხატვრული ლიტერატურით ძირითადად ის ბავშვები ინტერესდებიან, რომელთა მშობლებიც აქტიური მკითხველები არიან.

როგორც უკვე ვთქვით, ბავშვისათვის სპორტის შეყვარების საქმეში დიდი როლი აკისრია მწვრთნელსა და მასწავლებელს. დიდ ბრიტანეთში ხშირად ხუმრობენ, რომ ლეგენდარულ შოტლანდიელ ფეხბურთის მწვრთნელს – სერ ალექს ფერგიუსონს მწვრთნელობა რომ არ აერჩია სპეციალობად, მისგან სკოლის უცნაური მასწავლებელი დადგებოდა. კარგი სანახავი იქნებოდა, მობერებული „ფერგი მასწი“ როგორ ატარებს სკოლაში სპორტის გაკვეთილს და ბავშვებს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ადმირალი ნელსონის დიდ გამარჯვებებზე ერთად ესაუბრება. სერ ალექსის ხასიათის ამბავი რომ ვიცით, ალბათ არც ზარმაცი ბავშვების დასჯას მოერიდებოდა, მაგრამ განსხვავებით ფეხბურთელებისგან, მისი დასჯა, იმედია, მხოლოდ დაბალი ნიშნის დაწერაში გამოიხატებოდა.

დაბოლოს, ადამიანები, ცხადია, ერთნაირები არ არიან და განსხვავებულია მათი სპორტისადმი დამოკიდებულებაც. ეს დამოკიდებულება ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი სრულიად განსხვავებული შეიძლება ჰქონდეთ. აი რას ამბობს ვეტერანი იტალიელი მეგოლე, ფილიპო ინძაგი მასსავით გენიალურ ფეხბურთელზე, ბრაზილიელ რონალდინიოზე: „მე არ მესმის რონალდინიოსი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის მხოლოდ გართობაა და თამაში. ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. სიამოვნებას მხოლოდ გატანილი გოლი მანიჭებს და არა უშუალოდ თამაშის პროცესი. მერე რა, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულე… მე ფეხბურთიდან ალბათ არასოდეს წავალ. ჩემი საუკეთესო დასვენება პლაჟზე ბურთის გორება ან ტელევიზორში ფეხბურთის ცქერაა”.

 

 

დახატე ის, რამაც გული აგიჩქარა

0

პირველკლასელების მასწავლებლობა განსაკუთრებული მდგომარეობაა – ბავშვობის დღეებთან ერთად ყოველთვის გაახსენდები.  თითოეულს წიგნთან, ანბანთან, რვეულთან, კლასელებთან სიფრთხილით უნდა გააბმევინო უხილავი კავშირი. მერე როგორები არიან – პირველი კბილები პანტაპუნტით სცვივათ და პენალში ინახავენ, ერთმანეთის მორყეულ კბილებს ეჯაჯგურებიან, მონატრებისგან ტირიან და პირველ ასოებს ხელის ცახცახით, გაუბედავად წერენ. „მე ეს არ გამომივა“ – ხშირად ამბობენ და თვითრწმენის გასაღვივებლად ათასი რამის გაკეთება გიწევს.

პირველკლასელებთან ოთხი თვის განმავლობაში დაგროვებულ პრაქტიკულ საქმიანობაზე უნდა გიამბოთ და გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობისგან აკინძული, კონკრეტულ მიზანს მორგებული ქმედება, კერძოდ, ხმამაღალი კითხვა, მოსმენილის დახატვა, ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების იმპროვიზირებული წარმოდგენა.

ხმამაღალი კითხვა

წინასაანბანე თუ საანბანო პერიოდში ხმამაღალი კითხვა ერთ-ერთი შეუცვლელი და უმთავრესი რამ არის. პირველ რიგში, უვითარდებათ მოსმენის უნარი, უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, ამასთანავე, სქელტანიანი საბავშვო წიგნი მათთან ერთად იწყებს ცხოვრებას და ისინიც ეცნობიან წიგნის სტრუქტურას: ყდას, თავფურცელს, გვერდებს, სათაურებს, პერსონაჟებს, ავტორს, ილუსტრატორს, სარჩევს. კითხვისას მათი წარმოსახვა მდიდრდება, ისინი აცოცხლებენ თავიანთ სურათ-ხატებს, გაკვირდებიან, როგორ კითხულობ, მათში ილექება კითხვის ტექნიკის უნარები (კითხვა პაუზებით, ინტონაციით), შემდეგ, როცა გაბმულ კითხვას შეძლებენ,  ისევე წაიკითხავენ, როგორც  შენ უკითხავ. კითხვისას დროდადრო ვჩერდებით და პატარა კომენტარებს ვუტოვებ, რომელიმე ლამაზი სიტყვის, ფრაზის თუ მოვლენის შესახებ.

ჩვენი არჩევანი იყო ანე-კატერინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. წიგნი გამიზნულად შევარჩიე რამდენიმე ფაქტორის გამო: მხატვრული ტექსტის გასაგები ენა, აქცენტი სწორ ღირებულებებზე და საინტერესო ილუსტრაციები, ვფიქრობ,  ნინო ჩაკვეტაძის  შავ-თეთრი ნახატები წიგნს უზარმაზარ ხიბლს სძენს.

წიგნის სიუჟეტი ასეთია – ოჯახში რვა ბავშვია, სახლში კი სულ ორი ოთახია და მაინც მხიარულად ცხოვრობენ. მრავალსულიან ოჯახს ემატება ტაქსას ჯიშის ძაღლი – სამოვრის მილი, მეზობლები ჰენრიკი და ჰილდა და ექსცენტრული დიდედა მოხუცთა თავშესაფრიდან. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მხიარულ და კეთილ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრეთ ჩვენი ნაცნობობის პირველ პერიოდში და ამგვარად დაუვიწყარი გავხადეთ ერთად გატარებული დრო – გვიხაროდა, გვსიამოვნებდა, გვაინტერესებდა, გვეცინებოდა და  ნაჩუქარი ასი კრონით აუქციონზე კედლის საათის ყიდვისას მთელი ოჯახი ერთად რომ დაიყვირებს ას კრონას, ყველაზე ემოციურ ეპიზოდად დაგვრჩა, ბოლო თავი კი რამდენიმე დღე ვწელეთ და ვწელეთ, არ გვინდოდა წიგნის დასრულება.

დარდი მალე გადაგვეყარა გულიდან, მეორე ნაწილის კითხვას შევუდექით.

 

მოსმენილის გააზრება ხატვით

პირველივე თავის წაკითხვისას მომაფიქრდა,  დაეხატათ ის, რაც დაამახსოვრდებოდათ.  ვერც კი წარმოვიდგენდი, რა საინტერესო თავგადასავალი გველოდა წინ. თავდაპირველად წინააღმდეგობას გადავაწყდი: მეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, რა უნდა დაეხატათ, რომ ვერ დახატავდნენ, რომ ფეხის ან ხელის დახატვა არ გამოსდიოდათ და ა.შ., მე კი გამუდმებით ვუმეორებდი, რომ არ ეფიქრათ იმაზე, თუ როგორ დაეხატათ, რომ ერთმანეთისთვის არ მიებაძათ და დაეხატათ ის, რამაც მოსმენისას გული აუჩქარათ, აუფართხალათ, რაც მოეწონათ, რაც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ და ისე, როგორც შეძლებდნენ.

დავდიოდი და თითოეულს ვეკითხებოდი, რა დახატა, შემდეგ კი  ნახატს ვაწერდი ზუსტად იმ ფრაზას, რასაც მკარნახობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ნახატები გამოფენისთვის შეგვეგროვებინა და გარკვეული დროის მერე მშობლებისთვის გვეჩვენებინა. ასე გაჩნდა კიდევ ერთი შტრიხი მოტივაციის ასამაღლებლად.

ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ იმას, რომ კლასის თითქმის ყველა მოსწავლე ხალისით ჩაება პროცესში, ხატავდნენ სიხარულით, საკუთარი ნებით და მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. დამერწმუნეთ, უზარმაზარი სიამოვნებაა, როცა შენ თვალწინ იზრდებიან, იხსნებიან, დაფარულ ძალებს ამზეურებენ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, თავისუფალ არჩევანს აკეთებენ. ნელ-ნელა მათი ნახატები გაფერადდნენ, მინიმალისტური კაცუნები  გაიზარდნენ, თითებს შებოჭილობა შემოეხსნათ და ასე დახატეს მთელი წიგნი, დიახ, დიახ, მთელი წიგნი!

 

იმპოვიზირებული წარმოდგენა

ჩვენმა წამოწყებამ კიდევ ერთ საინტერესო აღმოჩენამდე მიგვიყვანა – ხელნაკეთი თოჯინების იმპროვიზირებულ წარმოდგენამდე. პირველი სემესტრის ბოლოს საახალწლო აქტივობისთვის ისევ „დედა, მამა, რვა ბავშვს და საბარგო მანქანას“ მივმართეთ. ვფიქრობ, გააზრებული, დაგეგმილი, სიამოვნებაზე დაფუძნებული ღონისძიებები მეტად ნაყოფიერი და საჭიროა. ასეთ დროს ბავშვობაში ვბრუნდები და რომ მახსენდება, როგორი შიშითა და გულის კანკალით ველოდი ჩემი ლექსის თქმის დროს, როგორ მეშინოდა შეცდომის დაშვების, ნამდვილად არ მსურს, თუნდაც ერთმა პატარა ადამიანმა, ვის წინაშეც პასუხისმგებელი ვარ, იგივე განიცადოს.

ჩამოვწერეთ პერსონაჟები, არ დაივიწყეს ტყის სახლი, კედლის საათი და სამოვრის მილი, ხელოვნების მასწავალებელს გავაცანით ჩვენი გეგმები და ხატვის გაკვეთილზე დახატეს არჩეული წიგნის გმირი, მერე სახლში წაიღეს და მშობლებთან ერთად კიდევ უფრო გაალამაზეს, ხის სახაზავს მიამაგრეს და სკოლაში მოაფრიალეს.

ფეხმორთხმით დავსხედით  და რიგრიგობით ვასაუბრეთ საყვარელი პერსონაჟი: ვინ მამა იყო, ვინ – საბარგო მანქანა, კედლის საათი, წრიპა მორტენი, დედა, დიდედა… მითითებად მხოლოდ ის სჭირდებოდათ, რომ გაეხსენებინათ თუნდაც ერთი თავგადასავალი არჩეული გმირის შესახებ და ესაუბრათ ხმამაღლა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მონაწილეობა მიიღო კლასის ყველა მოსწავლემ, საკუთარი სურვილით, ზოგი ხმადაბლა საუბრობდა, ზოგი – იმაზე ხმამაღლა, ვიდრე სხვა დროს, ზოგი მხოლოდ ერთ პერსონაჟს ირჩევდა, ზოგი – რამოდენიმეს, ზოგი ვრცელ ტექსტს ამბობდა, ზოგი – მხოლოდ რამდენიმე წინადადებას, თუმცა, რაც ამ ამბავში ყველაზე მთავარია, საკუთარი წარმოსახვით, წაკითხულის გააზრებით, სიამოვნებით და სიხარულით იყვნენ ჩაბმულები  პროცესში. 6-7 წლის ადამიანები ისხდნენ ძირს, ხელში ეკავათ მეგობრის ან თავისი დახატულ-შექმნილი პერსონაჟი და მაყურებლის წინაშე ამბობდნენ ისეთ რამეს, მეც რომ პირველად ვიგებდი, ეცინებოდათ და ხითხითებდნენ საკუთარ ნათქვამზე, მორცხვად იწურავდნენ მხრებს, შიგადაშიგ ყოყმანობდნენ, ეძებდნენ საჭირო სიტყვებს, მაგრამ მაინც თავს აბამდნენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საგულისხმოა – ბავშვებს თვალები უბრჭყვიალებდათ. ჯაზური ელემენტებით გაჯერებული სიმღერაც გამოვიგონეთ და ერთად ვმღეროდით. პირადი მაგალითის სიყვარულით მეც მათთან ერთად მივიღე მონაწილეობა, შევთანხმდით, რომ მადსისა და მარტინის მასწავლებელი ვიქნებოდი.  წინა დღით მასწავლებლის პერსონაჟი ჩემმა გოგომ დამიხატა, ყავისფერი თმები კოჭებამდე მცემს და ჭრელი კაბა მაცვია, სათითაოდ მიდიოდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემზე კარგად ბავშვები თამაშობდნენ, მეტი სილაღითა და თავისუფლებით.

 

გამოფენა

გამოფენაც ღონისძიების დღეს დავამთხვიეთ. საკლასო ოთახის კედლები ნახატებით  ავაჭრელეთ და წიგნის ცამეტივე თავის წაკითხვა სტუმრებს  ამ გზით შევთავაზეთ.

ბავშვებს ხელჩაკიდებულები დაყავდათ მშობლები და სხვების ნახატებში თავისას ეძებდნენ. კედლებიდან, ფანჯრებიდან კი ერთად წაკითხულ წიგნს, განცდილსა და  მოსმენილს ნახატები და მათზე დატოვებული ფრაზები ახმიანებდნენ:

„ძველ სახლს ემშვიდობებიან, ჰილდას, ჰენრიკს, მოხუცებს.“

„დიდედამ რომ დაკვალა მთელი ეზო.“

„დედა და მამა სიურპრიზს აკეთებენ ბავშვებისთვის.“

„დიდედას ხელის მაგივრად მივუხატე ფეხი, მერე პეპლად გადავაკეთე.“

„თოვლი რომ მოვიდა და სახლი რომ გაბრჭყვიალდა.“

„ხეს რომ ემშვიდობება.“

„წრიპა მორტენმა მამას რომ შეასხა ცერცვის წვნიანი.“

„მთები, მზე, მამა და საბარგო მანქანა.’

„მამა ელაპარაკება საბარგო მანქანას.“

„სირბილის დროს ყველა რომ მოვა. დიდად არ ვიცოდი, რა დამეხატა და ეს გადავწყვიტე.“

„მამა რომ ატარებს, მოყავს ბავშვები და ბებიას ყავა რომ დაესიზმრება.“

 

 

 

შედეგი

 

ჩემ მიერ აღწერილი აქტივობა სწავლებისას მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი და ღირებული:

  • წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის;
  • თვითგამოხატვისთვის;
  • ეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას;
  • თავისუფალი არჩევანისას თავდაჯერებულობას იძენენ;
  • უღვივდებათ თვითრწმენა;
  • აღიარებულად გრძნობენ თავს;
  • სწავლობენ დეტალებზე ორიენტირებას;
  • ხდებიან აქტიური მსმენელები;
  • უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი;
  • უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები;

„მე შენი მჯერა“, „შენ გამოგივა“, „როგორ მაინტერესებს, რას დახატავ“, „ერთი სული მაქვს, რას მეტყვით თქვენი ნახატების შესახებ“ – ეს ფრაზები სასწაულებს ახდენენ და გულწრფელი აღფრთოვანება ბავშვებისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

ისე მოხდა, რომ წარმოდგენისა და გამოფენის მოსამზადებელ პერიოდს რაჭიდან მეცხრეკლასელი თამარის ჩემთან სტუმრობა დაემთხვა. სკოლაში დავატარებდი და მეხმარებოდა –  ნახატებს ერთად ვაკრავდით, თამარი წარწერებს კითხულობდა და ხითხითებდა, მერე გამიმხილა, წიგნის წაკითხვა მომანდომეს ბავშვების ნახატებმაო. მეორე დღისთვის კი მაისურზე დედა, მამა, რვა ბავშვი, სამოვრის მილი და ტყის სახლი დამიხატა. შეიძლება ითქვას, მე და თამარმა ერთად ვისწავლეთ ხატვა, ახლა კი ჩემზე კარგად ხატავს და ძალიან კარგი მკითხველია.

წარმოიდგინეთ,  მე და ჩემს მოსწავლეებს ახლა რამდენი რამ გვაერთიანებს – ხმამაღლა  წაკითხული წიგნი, ერთად განცდილი ემოციები, ათასი სიხარული, ახალი სიტყვები, ერთი ამბავი, მაგრამ მრავალგვარად, ინდივიდუალურად გააზრებული, წარმოჩენილი და აღიარებული.  ერთი წიგნითა და ხმამაღალი კითხვით ჩვენი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჩუქარი ბავშვებისთვის

0

მას შემდეგ, რაც ბავშვები მყავს და მათ ოთახებს ვაკვირდები, მივხვდი, რომ ბავშვებისთვის საჩუქრის არჩევა და შესაბამისი ნივთების მოძებნის ჩვევა დამატებითი უნარია, რომელიც ბავშვებთან დაახლოებულ ადამიანებს იშვიათად თუ აქვთ სათანადოდ განვითარებული. ბავშვებს, რომლებიც არცთუ იშვიათად იღებენ სხვადასხვა სათამაშოებს საჩუქრად, ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვეღარ ანიჭებენ. მათთვის  ყველაზე საინტერესო  ყუთის გახსნის პროცესია, მერე კი ახალი ნივთი სხვა ნივთებთან ერთად აგრძელებს ყუთში ან იატაკზე ცხოვრებას.

[ მნიშვნელოვანი ჩანართი: ეს მოცემულობა საქართველოში მხოლოდ ბავშვთა გარკვეული ნაწილისთვის არის ნაცნობი.  ჩვენ ირგვლივ მრავლად არიან ისეთი ბავშვები, რომლებისთვისაც სათამაშოები ფუფუნებაა და როცა ასეთ თემებზე ვიწყებ ხოლმე წერას, სულ დამდევს სირცხვილის გრძნობა იმ ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და გადარჩენისთვის იბრძვიან მაშინ, როცა მე ვწერ იმაზე, როგორ არ ვაჩუქოთ ბავშვს ათი ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი სათამაშო. სირცხვილის გრძნობას თან სდევს უსუსურობის განცდა, რომ ამ ბავშვებისთვის თითქმის ვერაფერს ცვლი და ასე, მოხსენიებით თუ მოიბოდიშებ და დაიმშვიდებ სინდისს.]

ბავშვებისთვის საჩუქრების არჩევამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რისთვის სჭირდება ბავშვს ნივთები, რომლებსაც ვჩუქნით: კარგი ემოციისთვის, განვითარებისთვის, ახალი უნარების შესაძენად, ინტერესების გასაღრმავებლად, კოლექციების შესაგროვებლად, სხვა ბავშვებთან გასაზიარებლად თუ ოცნებების ასასრულებლად. ასეთი კითხვები დაგვეხმარება  გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები, ხასიათი, დამოკიდებულებები და ასე არჩეული საჩუქარი უფრო შთამბეჭდავი იქნება. და მაინც, რა შეიძლება აჩუქო ბავშვებს სათამაშოების გარდა:

1)    ბილეთები – რომელიც საშუალებას მიცემს მეგობართან ან მისთვის სასურველ უფროსთან ერთად წავიდეს კინოში, თეატრში, კონცერტზე, მუზეუმში;

2)    საგზურები ზამთრის ან ზაფხულის სკოლებში – სადაც დამოუკიდებლობას, მეგობრობას და სპორტულ აქტივობებს მისთვის მისაღებ ფორმატში გაუგებს გემოს;

3)    სხვადასხვა წრეების აბონიმენტები – მიეცით საშუალება თვითონ გადაწყვიტოს, ხატვის სწავლა უნდათ, ცურვა, ბალეტი, ფორტეპიანოზე დაკვრა თუ ძიუდო და პატივი ეცით ბავშვის არჩევანს;

4)    განსაკუთრებული დღეები – როცა სახლში ბავშვების დაპატიჟება შეუძლია, რომ დარჩნენ მეგობრებთან, იტყაპუნონ წვიმაში ან ამოიგანგლონ თოვლში, დარჩნენ გვიანობამდე გარეთ ან იძინონ შუადღემდე, მოსინჯონ ძალები სამზარეულოში ან ეზოებში, აისრულონ სურვილები;

5)    პერსონალური ნივთები – მისი პატარაობის ამსახველი ფოტოების წიგნი, ბოლო მოგზაურობის ჩანაწერები, დავიწყებული ნახატების ალბომი, სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოების ნაკრები, მისი მოყოლილი ამბების აუდიო კრებული  და ა.შ, რაც მას გმირად აქცევს, საკუთარი ამბების გმირად;

6)    მოგზაურობა – თუნდაც ყველაზე ახლო ქალაქში, თუნდაც ერთი დღით, თუნდაც ერთი შეხედვით ნაკლებად ღირსშესანიშნავ ადგილას. ბავშვებისთვის ახალი ადგილების ნახვა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა;

7)    წიგნები – თემატური წიგნები, სერიული წიგნები, ილუსტრირებული წიგნები, გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მიხედვით;

8)    სამაგიდო თამაშები – რაც ბავშვს საშუალებას მისცემს მეგობრებთან ერთად დრო საინტერესოდ გაატაროს და საკუთარი სივრცე თავშეყრის ადგილად გადააქციოს.

9)    ახალი ინტერესების აღმომჩენი ნივთები – მაგალითად, ფოტოაპარატი, ტილო ფუნჯებით და საღებავებით, მიკროსკოპი, ტელესკოპი, რობოტები, გლობუსი ან სხვადასხვა თემატიკის რუკები – რაც მას ძალდატანების გარეშე დააახლოებს ხელოვნებასა და მეცნიერებებთან.

10) კეთილი საქმის გაკეთების შესაძლებლობები – გაუკეთოს საჩუქარი ბებია-ბაბუას საკუთარი გადაწყვეტილებით, აჩუქოს სათამაშოები ან ნივთები, რომელიც აღარ სჭირდება, სხვა ბავშვებს, დარგოს ხე ან ყვავილები, გაასეირნოს უპატრონო ცხოველები თავშესაფრიდან და ა.შ.

საჩუქრები ბავშვებისთვის არ უნდა იყოს  რაიმეს საფასურად მიღებული ნივთი, რომელსაც დასამშვიდებლად, სინდისზე შესაგდებად ან ვალდებულების გასაჩენად იღებს და  არც  მისი გადაცემის ცერემონიალი უნდა იყოს ზეიმი. ბავშვისთვის სათანადო  საჩუქრების გაკეთებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისთვის განკუთვნილი ნივთებითა თუ სიკეთეებით სარგებლობის უნარების გადაცემაა, რათა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ მაქსიმალურად კარგად მათთვის მიცემული შესაძლებლობები, ისწავლონ გაზიარება და გახადონ გარშემომყოფები თავგადასავლებისა თუ დღესასწაულების მონაწილეები.

 

 

 

 

 

150 მხატვრული ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე („თან საკითხავი“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის)

0

დანიელ პენაკის „მკითხველის უფლებების კონვენციას“ თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ წიგნის გვერდების გამოტოვების, ბოლომდე არწაკითხვის, ნებისმიერი ადგილიდან დაწყების ხელშეუხებელი უფლებები გვაქვს. ყოველდღიური საზრუნავით გადაღლილებს კი მსგავსი ფუფუნებით სარგებლობა ზოგჯერ გაჭირვების ტალკვესივით გვჭირდება. თვალის გადავლებით, ძალდატანების, გონების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე კითხვა დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად მართლაც საუკეთესო გამოსავალია.

აქედან გამომდინარე, ჩემი დღევანდელი წერილის ადრესატები ის ახალგაზრდები (და უფროსებიც) იქნებიან, ვისაც „უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით, ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.“ სწორედ მათ მინდა შევთავაზო „თან საკითხავი“  წიგნების სერია, რომელშიც უკვე რამდენიმე გამოცემაა შესული: „200 ამბავი მხატვრობაზე,“ „120 ამბავი ალექსანდრე მაკედონელზე,“ „130 ამბავი ლუდზე,“ „60 ამბავი უცხოეთში დაკარგულ ქართველებზე,“ „64 ამბავი ფოტოგრაფიაზე,“ „180 ამბავი ილია ჭავჭავაძეზე.“

დარწმუნებული ვარ, „თან საკითხავში“ საკუთარი გემოვნების შესაფერის წიგნს ნებისმიერი მკითხველი აღმოაჩენს. მე კი, როგორც ფიზიკის შესახებ სახალისო ჟანრში დაწერილი წიგნების მოყვარულმა, ეს თავშესაქცევი გამოცემები ერთ-ერთ წარდგინებაზე აღმოვაჩინე. წიგნების მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ მოვხვდი, სადაც ძველი თუ ახალი თაობის ქართველი ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ლიტერატორები შეკრებილიყვნენ, საინტერესო ამბებს იხსენებდნენ, ენამახვილობდნენ და გულიანად იცინოდნენ. ამის მიზეზი კი „150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ გახლდათ.

ფიზიკის აპოლოგეტი

„150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ ფიზიკოსმა და გამომცემელმა კახმეგ კუდავამ შეადგინა. წიგნში ეპოქალურ ამბებს მოუყარა თავი, კითხვის პროცესი კი სახალისო რომ გაეხადა, „მეცნიერულად რთული საკითხები“ მარტივი ენით ახსნა და მხატვრული ხერხებით გაამდიდრა. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მოკლე ამბები იმ ფიზიკოსებზეა, „რომელთათვისაც მეცნიერება იყო ერთდროულად სამუშაოც და ჰობიც, ცხოვრების მთავარი ვნება, დასვენება და ნარკოტიკიც კი.“ წიგნის ფურცლებიდან გაიცნობთ მეცნიერებს, რომელთა სახელებიც განტოლებებს, კანონებს, თეორიებს, ფორმულებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა თუ ექსპერიმენტებს ეწოდა. იმასაც აღმოაჩენთ, რომ ბრწყინვალე გონების მიუხედავად ისინი ჩვეულებრივი ადამანები არიან და იუმორის საუკეთესო გრძნობაც აქვთ.

საინტერესი და თავშესაქცევი.

თუ თქვენ ფიზიკის მასწავლებელი ხართ და გსურთ საკუთარი გაკვეთილი უფრო ორიგინალური გახადოთ, „150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ. ჩემი აზრით, მსგავსი სახალისო ისტორიები საგნისადმი ინტერესს უპირობოდ გაზრდის. წიგნი არც ქართულის მასწავლელებს დაგტოვებთ გულგრილს: თავშესაქცევი და ინფორმაციული ამბები მშვენიერი კლასგაერეშე საკითხავია, გარდა ამისა, მოსწავლეებს მოსმენილის სხარტად და ლაკონიურად გადმოცემაში გაწაფავს.

რამდენიმე კვირის წინ 150 ამბიდან აინშტაინისა და ჩარლი ჩაპლინის მიმოწერა გამოვარჩიე და ჩემს მოსწავლეებს წავუკითხე. ამ ორი პიროვნების შესახებ საინტერესო საუბარი თავისთავად აგვეწყო და გაგვიგრძელდა, ამსთანავე წერილების ხმამაღლა წაკითხვის სურვილი რამდენიმეჯერ გამოთქვეს, წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, ერთ ამბავსაც არ დასჯერდნენ, სათაურების მიხედვით ირჩევდნენ ახალ-ახალს და ერთმანეთის მიყოლებით კითხულობდნენ. მერე თავადაც დაიწყეს საკუთარი თავგადასავლების გახსენება და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მოკლედ მოეყოლათ მომხდარი.

ფიზიკოსთა დედაქალაქიდან ტაუ ფიზიკამდე

ფრედერიკ ჟოლიო კიურის პაბლო პიკასოსეული გრაფიკულ ესკიზსა და  აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის უნიკალურ ფოტიკოლექციას ორასი გვერდი აერთიანებს. ილუსტრაციები თუ ამბები დროსა და სივრცეშიც ორიგინალურად ნაწილდება. აღმოაჩენთ, რომ ყოფილა დრო, აინშტაინის ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ ჰორიზონტზე რომ მოჩანდა, რუსეთში ცოტას თუ ესმოდა სიტყვა ფიზიკოსის შინაარსი, საქართველოზე ორჯერ პატარა ჰოლანდიამ კი თეორიული ფიზიკის მამა ჰენდრიკ ლორენცი და იმპრესიონისტი ვან გოგი ერთსა და იმავე წელიწადში აჩუქა მსოფლიოს.

უნიკალური ისტორიები ანდაზებით, ორიგინალური გამონათქვამებითა თუ სტატისტიკური მონაცემებითაა დასათაურებული. მეცნიერულ მოვლენებს პიკანტური ყოფითი დეტალები ენაცვლება. შესაბამისად შეიტყობთ, როგორ გამოიყურებოდა ბრიტანულ ბანკეტზე ფიზიკოსი ქალი (იმ დროისთვის იშვიათი ფენომენი) მარია კიური და რა მიზეზით დაასრულა მან ევროპაში მოგზაურობა ნაღრძობი ხელით. რატომ და როდის ჰქონდა ნობელის პრემიას პოლიტიკური სარჩული, ვის და რა მიზეზით შეარქვეს „მისტერ აბსოლუტური ნული,“ რომელმა ფიზიკოსმა მიაწერა ფიზიკურ ხელსაწყოებს  ქალური ბუნება და სხვა.

წაიკითხავთ რუსულ შოვინიზმზეც, როგორ ატყუებდნენ ბავშვებს, რადიო ალექსანდრე პოპოვმა გამოიგონაო და საგულდაგულოდ მალავდნენ მისი ნამდვილი გამომგონებლის, იტალიელი გულელმო მარკონის სახელს. აღმოაჩენთ, რომ ნობელის ფონდის წესდებით საპრემიო თანხა მოგების მიზნით არ უნდა გამოიყენოთ და როგორ დაისაჯა ამ წესის დარღვევის გამო ფილიპ ლენარდი (რომელმაც ფაიფურის ქარხანა შეიძინა). შეიტყობთ ანტინობელზეც, ჯილდოზე, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი ყოველწლიურად უმაქნისი სამეცნიერო გამოკვლევებისთვის გასცემს. მაგალითად: ძაღლებისა და კატების დასაბანი მანქანის გამოგონებაში, ინდური სპილოს ზედაპირის სერთო ფართის შეფასებაში და სხვა.

ამბების ჩამონათვალი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ გირჩევთ დაუყოვნებლივ აჰყვეთ „უნაპირო ოკეანეში დატრიალებულ ქარიშხალს,“ არ გადადოთ მოგზაურობა ამ თავშესაქცევ წიგნში, თორემ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ გეცოდინებათ „ვის ნიჭიერებას უნდა უმადლოდეთ დღეს სმარტფონში უფრო მეტი სქემები რომ ეტევა, ვიდრე ნახევარი საუკუნისწინანდელ დიდ კომპიუტერში!“

ევროპა როგორც მასწავლებელი -საინტერესო რესურსი მასწავლებელს

0

წიგნის ჩამოტვირთვა შესაძლებელია:

ევროპა, როგორც მასწავლებელი

„ევროპია არის ლამპარი მთელი ქვეყნისა, განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერება მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა და სიკეთილე კაცობრიობისა“.[1]

1999 წლის 27 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელზეც მხარი დაუჭირეს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თქვა: „მე ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი აქ, ევროპის სასახლის ტრიბუნიდან წარმოეთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“[2] ამ ფრაზას, რომლის წარმოთქმის „პრივილეგია“[3] წილად ზურაბ ჟვანიას ხვდა, ამზადებდნენ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები.

თანამედროვე ქართველები ეჭვის თვალით და კრიტიკულად განიხილავენ ზურაბ ჟვანიას ამ ფრაზას და მას ხშირად, სრულებით არარეფლექსურად უპირისპირებენ კომუნისტურ ეპოქაში ფორმირებული ნაციონალიზმის რიტორიკას, რომლის მთავარი შემადგენელი ევროპეიზაციის ზეგავლენით ნაციონალური იდენტობის („ქართველობის“) დაკარგვის შიშია. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, როცა სოციალურ ქსელებში და ყოველდღიურ საუბარში არცთუ იშვიათად მოისმენ ან წაიკითხავ ზურაბ ჟვანიას ცნობილი წინადადების ასეთ ვერსიას: „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე.“ ამ გამონათქვამს ერთგვარი პოპულარობა და თანამედროვე ქართველების ერთი ნაწილის წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან მხოლოდ იმით უნდა აიხსნას, რომ ისტორიულ ვითარებათა გამო დავიწყებას მიეცა მეცხრამეტე საუკუნემდე და განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ქართველი მოღვაწეების შრომა ევროპული კულტურის მიღწევების ასათვისებლად.

ის, რომ თაობებს შორის კავშირი გაწყდა და ერთი თაობის მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა მეორე თაობას არ გადაეცა, არის მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ქართველს ევროინტეგრაცია და ევროპული ღირებულებების ათვისებისკენ მოწოდება პოლიტიკური კონიუქტურით ნაკარნახევ მტრულ გამონაგონად ეჩვენება. სწორედ თაობებს შორის კავშირის გაწყვეტის გამო მუდამ ბარბაროსებივით ხელახლა გვიხდება „აღმოჩენა“ და გახსენება იმისა, რაც ოდესღაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. ეს ვითარება კულტურულ მეხსიერებაში წყვეტის შედეგია და იწვევს „ახალი“ იდეებისადმი ქართველების უნდობლობას. არადა „ქართული კულტურის ევროპული CV“[4] მეცხრამეტე საუკუნემდე ბევრად ადრე გაჩნდა, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალურმა მოძრაობამ ამ CV-ის უზარმაზარი კორპუსი შექმნა. ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელ თაობათა შორის მეხსიერების ამდაგვარ წყვეტას ისტორიული ვითარება განაპირობებდა:

  1. ქართლ-კახეთის სამეფოს და შემდეგ კი ოდესღაც ერთიანი ფეოდალური საქართველოს ცალკეული ფეოდალური ერთეულების რუსეთთან შეერთების, ხოლო 1918-1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში  პოლიტიკური კონიუქტურის ზეგავლენით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება იყო ერთადერთი ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის. ზემოთქმულის დადასტურებაა ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, რომელიც მან 1983 წელს წარმოსთქვა: დღეს ვაქებ–ვადიდებთ დიდ, გენიალურ რუს ხალხს, ვადიდებთ მას იმიტომ, რომ სწორედ რუსი ხალხის მეოხებით 200 წლის წინათ ქართველმა ხალხმა თავიდან აიცილა ფიზიკური მოსპობის საფრთხე. რუსი ხალხის მეშვეობით, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ რუსეთის ძლევამოსილი ომების შედეგად ძირითადად აღდგა საქართველოს ისტორიული საზღვრები. რუსი ხალხის მეოხებით დაიწყო ქართველი ერის კონსოლიდაციის ინტენსიური პროცესი, ერისა, რომელიც ეკონომიკური და კულტურული აღორძინების გზას დაადგა. დიდი რუსი ხალხის, რუსეთთან ერთიანობის მეოხებით საქართველო ეზიარა რუსეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, მისი მეშვეობით კი ევროპულ კულტურას.“[5] ედუარდ შევარდნაძის ეს სიტყვები დღეს შეიძლება ირონიის საგანი იყოს, მაგრამ ის ამავე დროს არის ქართველების ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი გამოხატულება. მთელი ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია, რომელიც პოლიტიკურ ცენზურას იყო დაქვემდებარებული, შევარდნაძის ამ სიტყვებს ირეკლავდა. ისტორიისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოები ახლაგზრდა თაობას იმ შეგნებას უნერგავდა, რომ თუ არა რუსეთი, საქართველო გეოგრაფიულად და დემოგრაფიულად არსებობას შეწყვეტდა. კომუნისტურმა სისტემამ და ამ სისტემის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ქართულმა სოციალურმა აზრმა მეცხრამეტე საუკუნის პროევროპულ მემკვიდრეობას, მისი შემდგომი თაობისათვის გადაცემას და განვითარებას საშუალება არ მისცა და ქართველების ევროპისაკენ სწრაფვა ქართული სოციალური აზრისთვის მარგინალურ საკითხად აქცია. ამ ვითარებამ საქართველოს ევროპის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას შეუწყო ხელი. პოეტ მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საბა“[6] საქართველოს ევროპული გზის მიმართ ამ ნიჰილიზმის ამბივალენტური დადასტურებაა, სადაც საქართველოს ევროპასთან პოლიტიკური ურთიერთობა ევროპისათვის უმნიშვნელო და საქართველოსთვის ილუზორულ პერსპექტივად არის წარმოდგენილი. მეტაფორულად პოეტმა ეს ასე გამოხატა: „საფრანგეთს ვთხოვოთ:/გვიშველისო,/– სასაცილოა!/შენი ვახტანგი/ლუდოვიკოს/ფეხზე ჰკიდია.“ ამ ლექსში გამოთქმული ევროპის საქართველოსადმი დამოკიდებულების ტოლფას გამონათქვამს თანამედროვე საქართველოშიც გავიგონებთ. დღესაც ხშირად გვესმის ნიჰილისტური ფრაზა „ჩვენთვის დასავლეთი რუსეთს ომს არ დაუწყებს“. დიპლომატიურ ენაზე რუსეთის მიმართ გამოთქმული ევროპელი პოლიტიკოსების ფრაზები, როგორიცაა „შეშფოთებულები ვართ რუსეთის აგრესიული მოქმედებით“, თანამედროვე ქართველს მუხრან მაჭავარიანის ლექსის განწყობისკენ აგზავნის.
  2. II. საქართველოს პირველ რესპუბლიკას (1918-1921) კავშირი არ დაუკარგავს მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ინტელექტუალების ევროპულ იდეებთან. შეიძლება ითქვას, რომ პირველმა რესპუბლიკამ მეცხრამეტე საუკუნეში გამოთქმულ ამ იდეებს პოლიტიკური ხორცი შეასხა და დამოუკიდებელ საქართველოს მიზნად ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია დაუსახა. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს ნოე ჟორდანიას სიტყვები: „და რამდენად უმოწყალო, შეუბრალებელი იყო ბარბაროსული აზიის მხრით ჩვენს ხალხზე თავდასხმა, იმდენათ მასში მაგრად იდგამდა ფესვებს ევროპიული კულტურისადმი მისწრაფება.“[7] „მთელი ჩვენი მეცადინეობა მე-16 საუკუნიდან მიმართულია დასავლეთის დაახლოვებისაკენ. ჩვენ იქ ვეძებდით და ვეძებთ წყაროს თავისუფლებისა და კულტურისა და მაშასადამე, ჩვენს შორის არ შეიძლება იყოს შუღლი და მტრობა.“[8] „ჩვენ დღეს შეგვიძლიან შევიდეთ ევროპიულ ხალხთა ოჯახში პირდაპირ სრულიად უშუამავლოდ. დღეს ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და ჩვენ ჩვენის ნებით არ გადაუხვევთ“.[9] „ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს. …მთელმა ევროპამ განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით – გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. როგორც ხედავთ საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ, ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ.“[10]

სრული თავდაჯერებულობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის უკიდურესად პროევროპული ღირებულებები მეცხრამეტე საუკუნეში შემუშავებული ფორმულებისა და ნარატივის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს ნარატივი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგაც ბჟუტავს და საერთოდ არსებობას წყვეტს 1930-იანი წლების სტალინური ტერორის შემდეგ. 1937 წლის წითელი ტერორი, თუ მერაბ მამარდაშვილის ცნებას გამოვიყენებთ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ანთროპოლოგიური კატასტროფა“, რომლის შედეგი სწორედ მეცხრამეტე საუკუნის მემკვიდრეობის ერთ ნაწილთან, კერძოდ, პროევროპულ იდეებთან კავშირის სრული გაწვეტაა. შეიძლება ითქვას, რომ 1937 წლის ტერორის კულტურული და სოციალური შედეგები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შესწავლილი. სწორედ იოსებ სტალინის მმართველობის წლებში იგება კონცეფცია და ყალიბდება შეხედულება, რომლის კვინტესენციასაც ედუარდ შევარდნაძის 1976 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა წარმოადგენს: ამხანაგებო, საქართველოს მზიურ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ამობრწყინდა, ამობრწყინდა ლენინური იდეების მზე, საქართველო სამხრეთის თბილი რესპუბლიკაა, მაგრამ ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან. იგილენინური იდეების სითბოჩვენთან მოვიდა ისტორიული საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთსაქართველოს გზით[11]. ეს ასტრონომიული მეტაფორა – „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“ – და  „მზიანი საქართევლო“ – მეტროპოლიის მიერ კოლონიისათვის შერქმეული მეტსახელი – ამავდროულად იმ კულტურული წყვეტის მეტაფორული გამოხატულებაა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ჩვენი პროევროპული მემკვიდრეობა „კულტურულ არაცნობიერში“ გადაასახლა. ამ გადასახლებას სხვაგვარად შეიძლება სრული და თავისუფალი ადამიანის განდევნა და მარტივი ჰომო სოვიეტიკუსის გამოყვანა დავარქვათ. პროკრუსტეს სარეცელზე დაწვენილი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პირმშო ჰომო სოვიეტიკუსი „ბრტყელი“ ადამიანი იყო, რომელსაც მხოლოდ ერთი სხეული გააჩნდა – მუშა სხეული; მხოლოდ ერთი იდეოლოგია ჰქონდა – მარქსიზმ-ლენინიზმი. მას არ ჰქონდა ინდივიდუალური მეხსიერება, მისი მეხსიერება მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოს იდეოლოგიით იყო გაჟღენთილი. შესაძლებელია, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ქართველს ხშირად უჭირს ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნების მიღება და განსხვავებული იდენტობების მატარებელი ადამიანებისათვის საჯარო სივრცეში ადგილის დათმობა.

1937 წელს ადამიანებს წააჭრეს წინა თაობების მემკვიდრეობა და მეხსიერება და ამ მეხსიერების მატარებელი ადამიანების დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს. თანამედროვე პოსტსაბჭოთა ადამიანის ცინიზმი და ევრონიჰილიზმი წინა თაობებთან კავშირის გაწყვეტითაა განპირობებული. ამიტომ არის „მეხსიერებაწაჭრილი“ პოსტსაბჭოთა ადამიანისთვის გაუგებარი, დაუჯერებელი, მიუღებელი, ქილიკისა და ირონიის საგანი ჟვანიას სიტყვები „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“ თუნდაც ჟვანიას ამ სიტყვების უკან მეცხრამეტე საუკუნის ქრესტომათიული ავტორი ან თუნდაც წმინდანი იდგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კონტექსტის ნაწილი ვართ და ჩვენი საბჭოთამდელი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი თვითობის ნაწილი არ გამხდარა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენივე თავი და ახლა ვცდილობთ მის პოვნას.

საბჭოთა სისტემამ ადამიანებს წააჭრა არა მხოლოდ მეხსიერება და ასტრონომიული წარმოდგენები პოლიტიკური მითოლოგიით შეუცვალა, არამედ სივრცეში მოძრაობა და გადაადგილებაც შეუზღუდა და ის მხოლოდ გარკვეული მიმართულებით წარმართა. საქართველოს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს მიმართულება ხმელეთით – საქართველოს სამხედრო გზით – განესაზღვრა, ხოლო ზღვისკენ გახედვა და ზღვით სარგებლობა საერთოდ შეეზღუდა. ამ შეზღუდვის შედეგია ზღვისადმი სრული სიბრმავე, ზღვის იგნორირება, ზღვის ვერდანახვა. არადა, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები ზღვას როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ გზას, სატრანსპორტო საშუალებას განიხილავენ. ისინი იწყებენ მსჯელობას ზღვაზე როგორც ევროპასთან კავშირ-ურთიერთობის საშუალებაზე და კრიტიკულად განიხილავენ ზღვისადმი ქართველების ისტორიულად არსებულ დამოკიდებულებას. ყველა იმ ხალხებისათვის, რომელნიც ზღვის ნაპირას დგანან, ზღვა დაუფასებელ საუნჯეთ ყოფილა. ადამიანის დაარსებიდამვე შენიშნულია, რომ ყველაზე ადრე ის კაცი და ის ხალხი განათლებულა და გამდიდრებულა, რომელიც ზღვის ნაპირას ცხოვრობდა. სხვათა შორის, ზღვას მიუცია იმათთვის სხვა ხალხებთან მისვლა-მოსვლისა და ვაჭრობის გამართვის სახსარი, – და ეს პირველი საშუალებაა ხალხის წინ მსვლელობისა, განათლებისა.

რაში გამოვიყენეთ, როგორ ვისარგებლეთ ჩვენ შავი ზღვითა? დაუახლოვდით ჩვენ განათლებულ ხალხებს? ჩვენ მოძმე ხალხებთან, ამ ზღვის ნაპირას მცხოვრებლებთან, მაინც თუ გვქონდა მისვლა-მოსვლა და ცნობა? იქნება ის სიმდიდრე მაინც გამოვიყენოთ, რომელიც ზღვაშია? არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ჩვენს ქვეყანას გარდა, თუ სხვა ხალხი და სხვა საუკეთესო ცხოვრება იყო, ჩვენ ხეირიანათ არც კი ვიცოდით; ჩვენი მეზობლები თუ ჩვენი ძმები იყვნენ და ისინი გამოგვადგებოდნენ გაჭირვების ჟამს, ამაზე ვინ ჰფიქრობდა! შავ ზღვაში თევზის დაჭერა და სხვა ათასი ზღვაში მყოფი ნივთების და ცხოველების გამოყენება ვის მოსდიოდა თავში!“[12] ზღვისადმი ეს პრაგმატული დამოკიდებულება იკარგება საბჭოთა ეპოქაში, რადგან ზღვა ხდება პოლიტიკური საზღვარი საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის; და საქართველოს, როგორც სსრკ-ის შემადგენელ ერთ-ერთ რესპუბლიკას წართმეული აქვს საგარეო პოლიტიკის წარმართვის ყოველგვარი უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზღვა, რომელიც შეიძლებოდა კავშირ-ურთიერთობების საშუალება ყოფილიყო, კიდევ ერთხელ კარგავს თავის ფუნქციას. პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი საქართველოს მთვრობას ორი ამოცანა ჰქონდა: მას ერთდროულად უნდა დაეძლია ცარისტული და ბოლშევიკური რუსეთის მემკვიდრეობა და ამიტომაც სულაც არ არის შემთხვევითი „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის სურვილი, ეს ზღვასთან დაახლოვებით მოეხერხებინა. ამ კოლონიური მემკვიდრეობის დაძლევის მიზნით ვარდების რევოლუციის მთავრობა იწყებს ბათუმისა და მთელი შავი ზღვის სანაპირო ზოლის აქტიურ ათვისებას და ქართულ საზოგადოებას სთავაზობს ახალ პროექტს – ლაზიკას, რომელიც პოსტსაბჭოთა ქართველმა არ გაიზიარა, რადგან პროექტის მნიშვნელობის აღქმაში მას ხელი შეუშალა ცნობიერებიდან ჯერ კიდევ ვერგანდევნილმა ხმელეთის, ანუ რუსეთის, გზის უალტერნატივობის კონცეფციამ.

კრებულის „ევროპა როგორც მასწავლებელი“ მიზანი სწორედ ის არის, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლების „დავიწყებული“, საბჭოთა სისტემის მიერ რეპრესირებული პროევროპული მემკვიდრეობის გამოცემით ერთგვარად ხელი შევუწყოთ   ამ მეხსიერების თანამედროვე საქართველოს მოქალაქეების თვითცნობიერებაში და შეგნებაში დაბრუნებას.

ჩვენი კვლევის საგანი – მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესა – დისკურსულად უაღრესად მრავალფეროვანია. მასში ჩვენ ვიპოვით უკიდურესად და ზომიერად პროევროპულ, პრორუსულსა თუ ეთნოცეტრისტულ დისკურსებს (ცხადია, მემარჯვენე-მემარცხენე დისკურსების გასწვრივ), მაგრამ ყველაზე თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არგუმენტირებული არის პროექვროპული დისკურსი, რომელიც უფრო ეფექტურია თვითშემეცნების და ქართველების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. სწორედ პროევროპული დისკურსით ხდება საკუთარ თავზე დაკვირვების ინტენსიფიკაცია.

მეცხრამეტე საუკუნის ქართველმა დამკვირვებლებმა ევროპულ ღირებულებებზე, ცხოვრების ევროპულ წესზე, ევროპულ განათლებაზე, ევროპულ სამეურნეო ცხოვრებაზე, ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ მოწყობაზე დაკვირვებით შეძლეს ქართველების მსოფლმხედველობრივი, ყოფითი და სხვა სახის პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების დასახვა. მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლებისათვის ევროპა წარმოადგენს არა მხოლოდ მასწავლებელს, არამედ ერთგვარ სარკეს, რომელიც საქართველოს და მთელი კაცობრიობის მომავალსაც ირეკლავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარების ევროპული მოდელები ქართველ დამკვირვებელს „უნივერსალური მნიშვნელობისა და  ვარგისიანობის“[13] მქონე მოდელებად მიაჩნია; ამასთან ერთად, ევროპული კულტურის მიღწევების საკუთარი კულტურის მიღწევებთან შედარებით ქართველი დამკვირვებლები იმეცნებენ საკუთარ თავს და განსაზღვრავენ, თუ სად იმყოფებიან ისტორიული განვითარების გზაზე. დღეს, შესაძლოა, არც თუ ისე პოლიტკორექტულია ერთი კულტურა მეორე კულტურასთან შეფასებითად შევადაროთ და ვთქვათ, რომ ერთი მეორეს სჯობს, ერთი უპირატესობს მეორეზე, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღიარებენ ევროპული კულტურის წინწასულობას და საქართველოს ევროპასთან მიახლოება, ევროპულ კულტურას დამსგავსება სრულებით შესაძლებლად და, მეტიც, გადაუდებელ ამოცანად მიაჩნიათ. ამ შესაძლებლობის საფუძველს ისინი ხედავენ იმაში, რომ (1) საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და (2) ამ ცივილიზაციასთან ჩამოშორება, მასთან კავშირის გაწყვეტა საქართველოს არჩევანი კი არ იყო, არამედ ჩვენი ევროპასთან დაშორება ისტორიულმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა. ვინიცობაა, თუ ჩუენს მამაპაპათ ევროპიელებთან მეზობლობა ექნებოდათ, მაშინ შეიძლება ყუელას დარწმუნება, რომ ქართუელები ავდენის ძვირფასის ნიჭიერებით სავსენი არიან: დიდი განათლება იქნებოდა ჩუენს ქუეყანაში, მაგრამ ვინ აღუდგება წინაგარემოებას?- საშინელს ვეშაპსავით გაწოლილი ოსმალოს სახელმწიფო ჩვენსა და ევროპიის შუა; ის ფანატიზმით გარეტებული ოსმალოს ერი, ჩუენებსღა მოაგონდებოდა ევროპია, რომელსაცა ეხუეოდნენ ოთხსავ კუთხივ, სპარსოსმალოები და სრულიად დანთქმას უპირებდნენ, აქ ამისი დაწერა დიახ ადვილი და წასაკითხავად უფრო ადვილი, მაგრამ თუ სრულიად გონებაში წარმოიდგენთ იმ ანბავსა, ზარ დასაცემი საშინელება ყოფილა საქართუელოზე!”[14]

რა მეთოდებითა და საშუალებებით უნდა მოხდეს ქართული საზოგადოების მოდერნიზაცია, ანუ ევროპულ საზოგადოებასთან მისი დამსგავსება? ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად წარმოდგენილია „წაბაძვა“ და „მითვისება“ (ათვისება). მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებლებს გააზრებული აქვთ, რომ გაევროპელება, მოდერნიზაცია შესაძლებელია მხოლოდ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „დემოკრატიზაციის გარეშე“. ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის იმპერიაში ყოველგვარ დემოკრატიზაციას უპირისპირდება ცარიზმი, რომლის პირობებში ევროპეიზაცია უნდა მომხდარიყო შემოვლითი გზით – სამეურნეო, კულტურული და სამეცნიერო მიღწევების ათვისებით. ამიტომ ქართულ მედიაში იმ დროს წარმოებული დისკუსია ევროპულსა და ქართულ გუთანზე, მათი შედარება, შეიძლება დღეს ვინმეს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე დავად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან უფრო დიდი ჩანაფიქრი დგას: კონკრეტული ტექნოლოგიის შემოსვლით ღირებულებათა სისტემაში ცვლილების შეტანა და ევროპული სამეცნიერო-კულტურული მიღწევების „წაბაძვით“  ქვეყნის მომავალი პოლიტიკური განვითარების საფუძვლების შექმნა. იმპლიციტურად მოცემული სტრატეგია ასე გამოიყურება: ჯერ ტექნოლოგიებს, ევროპულ მეცნიერებას, ევროპულ სამეურნეო ცხოვრების წესს დავეუფლოთ  და ამით შევქმნათ რუსეთის იმპერიის კოლონიაში მყოფი ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლობის საფუძველი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი 1905 წელს ბესარიონ ლომინაძის „წამოცდენა“ შვეიცარიაზე საუბრისას:  „თუ თავისუფლება ჩვენც მოგვენიჭა, ცხადია, რომ სწავლა-განათლების საქმეში დედამიწაზე უკეთესს წასაბაძ ქვეყანას ვერ ვიპოვნით.“[15] ეს გაბედული და რუსეთის იმპერიაში აკრძალული ფრაზა ამდაგვარადაც შეიძლება ინტერპრეტირდეს: ვიდრე დამოუკიდებლები არ გავმხდარვართ, დროით უნდა ვისარგებლოთ და ჯერ ევროპული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები უნდა ავითვისოთ და ასე მოვემზადოთ დამოუკიდებლობისათვის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა მთავრობამ ქვეყნის მოდერნიზაცია განიზრახა, პრაქტიკულად მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი დამკვირვებლების მიერ ფორმირებულ სტრატეგიას მიმართა. კერძოდ, მთავარ ამოცანად სახელმწიფოს სწრაფი ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო მოდერნიზაცია განისაზღვრა, რაც მოარული ფრაზით იყო გამოხატული – „კომპიუტერისა და ინგლისურის“ ცოდნა. ამას უნდა მოჰყოლოდა ევროპასთან დამსგავსების შემდეგი ეტაპი – დემოკრატიზაცია. პარადოქსულად, დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობა კოლონიალიზმის ეპოქაში შემუშავებულ სტრატეგიას მიმართავდა.

მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალური ელიტის სრატეგიაა: დავეუფლოთ ევროპულ ცოდნას შუამავლის გარეშე და ასე მივუახლოვდეთ უმთავრეს მიზანს. უნდა დავემსგავსოთ უშუალოდ ევროპას და არა რუსეთით გაშუალებულ ევროპას: „…ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ახალ-თაობა მარტო „ქვეყნის სანახავად“ არ მიდის ევროპაში. ამ შემთხვევაში ისინი უფრო გონიერი აზრით ხელ-მძღვანელობენ: ისინი მიდიან ევროპიული სწავლა-მეცნიერებისა და ცხოვრების გასაცნობად და შემდეგ ამაების თავის ქვეყანაში დასამკვიდრებლად. ვინ გაამტყუნებს იმათ ამგვარი განზრახვისათვის? ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთი ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდგან პირ-და-პირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილათ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდამა? განა ყოველთვის ის წყაროს წყალი არ სჯობია, რომელიც პირ-და-პირ მიწიდამ ამოჩუხჩუხებს და განა არ იცით, რომ წყაროდამ მოშორებული წყალი (აქ აშკარად იგულისხმება რუსეთის იმპერიიდან მიღებული ცოდნა. – ე.ჯ., გ.ს.) ხანდისხან ისეთს რამეებს შეითვისებს გზაში, რომ შემდეგ იმის გამოყენება თითქმის შეუძლებელია?[16]

მეცხრამეტე საუკუნის ქართული ინტელექტუალური ელიტა ევროპას განიხილავს როგორც მასწავლებელს. მართალია, სიტყვა „მასწავლებელი“ ღიად გამოთქმული არ არის, მაგრამ მრავალი ავტორი ევროპას დაუფარავად ამ სტატუსს ანიჭებს. ასე მაგალითად, 1864 წელს დიმიტრი ყიფიანი წერს: „ყოველივე მზათა გვაქუს ევროპელებისაგან მოფიქრებული, გაკეთებული და საქმეში შემოტანილი. ჩვენ ღა, რომელთაც არასფერზე შრომა არ გაგვიწევიარა, გვრჩება მხოლოთ, რომ ეს მზათ შემოღებული მივითვისოთ ჩვენ სასარგებლოთ. ჩუენ მოგვინდება არც მეასედი იმ შრომისა, რომელიც ევროპიელთ გასწიეს. იმედი მაქვს ყველა დამეთანხმოს ამაზედ, იმიტომ რომ თავდაპირველი მოძებნა, მოპოვება, გაკეთება და გამშუენიერება საგნისა უფრო ძნელია, ვიდრე გაცნობა და მითვისება ამ საგნისა სწავლით“.[17] სიტყვა „მითვისება“ აქ დამოწაფებას გულისხმობს, ხოლო დიმიტრი ყიფიანის ამ ციტატაში ევროპას მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ეს არ არის შეურაცხმყოფელი სტატუსი. პირიქით: ათვისება, როგორც ყიფიანი ამბობს „მითვისება“, წარმოდგენილია როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ამოცანა. ეს „მასწავლებლობა“ ეხება ცხოვრების ყველა სფეროს – განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტექნოლოგიას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ქალთა განათლებას, პოლიტიკურ მოწყობას, ინფრასტრუქტურას და, ზოგადად შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობასა და ცხოვრების წესს.

სრულებით უფლებამოსილი ვართ, დავსვათ კითხვა: რომ არა რუსეთი, გაიკვლევდა თუ არა საქართველო გზას ევროპისაკენ, მოხდებოდა თუ არა მისი ევროპეიზაცია? ცხადია, რუსეთის იმპერიის შემადგნლობაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ევროპეიზაციის საქმეში. მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებელს ეს სრულებით გაცნობიერებული აქვს. მაგალითად, 1868 წელს კონსტანტინე მამაცაშვილი წერს: „…ქართველები სრულებით სხვა მდგომარეობაში არიან, ვიდრე დანარჩენნი აღმოსავლეთის ხალხნი: რადგანაც საქართველო აღიარებს ქრისტიანობას და თავისი ბედი და ისტორია რუსეთთან შეაერთა, ამისთვის ეს უფრო ევროპას ეკუთვნის, ვიდრე აზიას“.[18] რადგან მეცხრამეტე საუკუნემდელი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების ევროპული პროექტი დამარცხდა, რუსეთთან შეერთება ამ პოლიტიკური მარცხის ალტერნატივადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისაკენ გზაზე რუსეთი განიხილება არა როგორც მიზანი, არამედ როგორც საშუალება. რუსეთი ბოლო გაჩერება არ არის. ამ მოსაზრების გამყარება იმითაც არის შესაძლებელი, რომ ქართველები ძალიან ადრე მიხვდნენ, თუ სად მოხვდნენ და რას წარმოადგენდა რუსეთის იმპერია.

რუსეთის იმპერიის შეფასების ერთ-ერთი ნიმუში მოცემულია იაკობ გოგებაშვილის სოხუმის ოლქის მმართველ აპოლონ ვვედენსკისთან დისკუსიაში, რომელიც გაიმართა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომის შემდეგ დაცარიელებული აფხაზეთის ახალმოსახლეების ჩასახლების ირგვლივ. მუსლიმ აფახზთა მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთი გავერანდა და იაკობ გოგებაშვილმა წამოაყენა აფხაზეთში აფხაზებთან კულტურულად, ცხოვრების წესით ახლოს მდგარი და მსგავს ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილების მქონე მეგრელების ჩასახლების იდეა. ამას მოჰყვა აფხაზეთის ოლქის მმართველის აპოლონ ვვედენსკის პასუხი, სადაც ის მეგრელებს ჩამორჩენილებად, შესაბამისად, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით გამოუსადეგარ ხალხად მოიხსენიებდა და მოითხოვდა, რომ აფხაზეთში, მისი აზრით, სამეურნეო თვალსაზრისით განვითარებული, რუსეთის სამხრეთში მოსახლე რუსები უნდა ჩასახლებულიყვნენ[19]. გოგებაშვილმა ვვედენსკისადმი თავის პასუხში აღნიშნა, რომ რუსი გლეხი ჩამორჩენილია და რუსეთში სოფლის მეურნეობას გერმანელი ახალმოსახლეები ავითარებენ. სოფლის მეურნეობის განვითარების რესურსი და განათლება რუს გლეხს არა აქვს და ამის მიზეზი, გოგებაშვილის აზრით, რუსეთის იმპერიის ინგლისის იმპერიასა და შეერთებულ შტატებთან ღრმა ჩამორჩენილობა იყო. ფაქტორივად, იაკობ გოგებაშვილმა რუსეთს “ჩამორჩენილი იმპერია” უწოდა. შეიძლება გოგებაშვილისეულ რუსეთის ამგვარ შეფასებაში ერთგვარი „გულდაწყვეტაც“ ამოვიკითხოთ: რომ საქართველოს დამპყრობელშიც არ გაუმართლა და ისტორიამ უდისციპლინო და ჩამორჩენილი იმპერიის ნაწილად ყოფნა მიუსაჯა.

ცხადია, ამგვარი შეფასების შედეგი არის ქართველთა მცდელობა, დაემოწაფონ „პირველწყაროს“ – ევროპას, საიდანაც უნდა მიიღონ განათლება და ვის მაგალითზეც მოაწყონ თავიანთი სამეურნეო ცხოვრება. ეს სრულიად ექსპლიციტურად აქვს გამოთქმული სერგეი მესხს:  „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო ჯერ-ჯერობით დასავლეთი ევროპა არის. ყველა ხალხები, და მათ შორის რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში… ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთი ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდგან პირ-და-პირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილათ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდამა? განა ყოველთვის ის წყაროს წყალი არ სჯობია, რომელიც პირ-და-პირ მიწიდამ ამოჩუხჩუხებს და განა არ იცით, რომ წყაროდამ მოშორებული წყალი ხანდისხან ისეთს რამეებს შეითვისებს გზაში, რომ შემდეგ იმის გამოყენება თითქმის შეუძლებელია? მაშ მივესალმოთ ამ ახალ მოვლინებას და გზა დაულოცოთ იმ ახალგაზრდებს, რომელნიც მიელტვიან ევროპისაკენ დედანი წყაროს დასაწაფებლად.“[20] დაახლოებით ასეთსავე მოსაზრებას გამოთქვამს სიმონ ქვარიანი, რომელიც წერს: ”ჩავხედოთ ერთათ ქართველი ერის მკვნესარე სულში, შევიგნოთ მისი ჭრილობანი, შევიგნოთ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი კულტურა, ჩავუკვირდეთ მსოფლიო ისტორიის კანონებს და ვცნოთ ქართველი ერის მეფარახათ, ჩვენი ეკონომიურ წარმატების დედა-ღერძად ევროპის მეურნეობა და მრეწველობა. ვცნოთ რუსეთისა და ჩვენი სპეციალური სკოლები ჩვენთვის უვარგისათ, ვეცადოთ გავგზავნოთ ბლომათ ჩვენი ნიჭიერი და მომზადებული ყმაწვილები ევროპაში მეურნეობის და სამეურნეო ტეხნიკის შესასწავლათ“.[21]

მაგრამ სად გადის საზღვარი ევროპასა და არაევროპას შორის? მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლისთვის ეს საზღვარი პირველ რიგში პოლიტიკური საზღვარია რუსეთის იმპერიასა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საზღვარი და განსხვავების უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ვიდრე პოლიტიკური საზღვარია. ასეთი ინდიკატორია, მაგალითად, გზები, სკოლები, განათლება, ინფრასტრუქტურა და მართვა. „…მოგვთხოვეს ბაშფორთები და ნახევარ საათის შემდეგ გაგვისტუმრეს ავსტრიის სტანციაში, რომელიც სამ ვერსტზე იქნება დაშორებული ვოლოჩინსკის სტანციაზე. კონდუკტორების მიხრა–მოხრა და ტანოვანება, ვაგზლის სიმშვენიერე, ვაგონების სიმაღლე და სიფაქიზე – ყველა ეს ცხადათ გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს გამოვეთხოვეთ და უცხო ქვეყნის სამზღვარზე გავედით.“[22] სხვათა შორის, საზღვრისადმი ეს დამოკიდებულება მეოცე საუკუნის ბოლომდე არ შეცვლილა. მაგალითისთვის, ცივი ომის პერიოდში „ციმბირი იწყებოდა „ჩეკპოინტ ჩარლისთან“ ბერლინის ცენტრში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარზე[23].

რა ვუყოთ ჩვენს ტრადიციებს? ეს კითხვა ისეთივე აქტუალურია მეცხრამეტე საუკუნეში, როგორც დღეს. განსხვავებით დღევანდელობისაგან მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები ბევრად უფრო რაციონალურები არიან და ტრადიციისა და ევროპული მოდერნიზაციის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელის მხარეს დგანან. ტრადიციასა და მოდერნიზაციას, ქართული ცხოვრების და ევროპული ცხოვრების წესის დაპირისპირებაში ავტორები ცდილობენ, ქართული ტრადიცია არ უარყონ, მაგრამ ამ ტრადიციებს კრიტიკულად განიხილავენ და ევროპულთან/რაციონალურთან/მეცნიერულთან კონფლიქტის შემთხვევაში უპირობოდ „გონების“ – ევროპის – მხარეს დგებიან. „…ყოველს შემთხვევაში ადათსა და ჩვეულებას მხოლოდ მაშინ უნდა ვიცავდეთ შეურყევლად და პატივსა ვცემდეთ, როცა არ არის წინააღმდეგი გონებისა და სარგებლობისა. ძველი ადათის დაცვის სასარგებლოთ ხშირად მოჰყავთ, რომ ესა და ეს ადათი რამდენიმე საუკუნეა რაც დაწესებულიაო. მაგრამ ეს საბუთი ხშირად უსაფუძვლოა. ბევრი ამგვარი ადათი და ჩვეულება ადრე ყოფილა კარგი და სასარგებლო და შემდგომ რაკი გარემოება ადგილისა გამოცვლილა, გადაქცეულა უსარგებლოდ და მავნებლად და თუ აქამდის არ შეცვლილა, ამის მიზეზი ის არის, რო ეს შეცვლა ფიქრად არავის მოსვლია.“[24]

არგუმენტი ამგვარი არჩევანის სასარგებლოდ არის მეცნიერების უპირატესობა ტრადიციაზე. ტრადიცია, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლების აზრით, არის ავტომატური და გაუაზრებელი გამეორების და არა რაციონალური აზროვნების შედეგი: „სასუქის ზემოქმედება ძველის ძველთაგანვე ჰქონია ხალხს შემჩნეული. ჩვენმა ხალხმაც იცის ეს, მაგრამ ეს ცოდნა დღესაც, როგორც ძველათ, ბნელია, უანგარიშო, მხოლოთ დაკვირვებაზე დაფუძნებული და ტრადიციით ერთის თაობისაგან მეორისათვის გადმოცემული, განათლებულს ქვეყნებში კი, ცოტათი თუ ბევრათ, დღეს უკვე შეგნებული ნამდვილათ დაფასებული, ანგარიშიანი ცოდნაა. ჩვენ ვიცით მხოლოთ, რომ სასუქი მცენარისათვის კარგია, მარგებელია და მეტი არაფერი. რისთვის, როგორ ან რით არის იგი კარგი, მარგებელი, ჩვენ ეგ არ ვიცით. ამიტომაა, რომ ჩვენ მიწის სასუქათ სხვა არა გვგონია რა სასარგებლო თუ არა „საქონლის პატივი“, რადგან დაკვირვება მხოლოთ ამ მხრივ გვქონია, და ეჭვიც კი არ შეგვპარვია, რომ სხვა რაიმესაც შესძლებიყოს მიწის გასუქება. საქმე თურმე სულ სხვანაირათ ყოფილა…“[25]

„ყოველი გაუნათლებელი ხალხი საზოგადოთ და მეტადრე ქართველი ყველა ძველებურს მაგრა ეჭიდება. ძველებურს, მამა-პაპეულს, ყოველისფერს თაყვანსა სცემს ისე, როგორც კერპს. მამა-პაპეული საზოგადო წესი, რიგი, ჩვეულება, იარაღები, როგორც სამეურნეო, ისე ყოველი საოჯახო და სახელოსნო იმას მიაჩნია ისეთ განძათ-ქონებათ, რომლის უკეთესი სხვას არავის აქვს და მაშასადამე ყოველი ცვლილება-გაუკეთესება მათი სრულიად ამაოა იმათის აზრით.“[26]

„ამ სახით სამაგალითო ფერმა რომელშიაც ხვნა-თესვა და სხვა სასოფლო ხელობა არიან დაწყობილნი საუკეთესო რიგზედ, წარმოგვიდგენს თვალსა ხილულს გამოცდილებასა. რაც უნდა ძლიერი იყოს კაცის სიყვარული ძველი წესდებულებისათვის, რაც უნდა ღრმად გაედგას იმაში ძირკვი ცრუ მორწმუნებასა, თუკი თვალით დაინახავს ახალი რიგის უმჯობესობასა, თუკი თავისივე გონებით შაიტყობს, რომ სასარგებლოა ძველი წესის გამოცვლა, მაშინ რაღა დააბრკოლებს მიბაძვაში.“[27]

მიუხედავად იმისა, რომ მოდერნიზაციას და ევროპეიზაციას მრავალი დაბრკოლებები აქვს გადასალახავი, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ავტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მათ აძლევთ ის, რომ კონკრეტული ტექნოლოგიური და სამეცნიერო სიახლეების შემოსვლა და მათი წარმატება ტრადიციის ინერციით მოქმედ ადამიანს გააკეთებინებს არჩევანს მოდერნიზაციის სასარგებლოდ და მას რაციონალური მსჯელობისა და მოქმედების პროცესში ჩართავს.

ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან ერთად მოდერნიზაციის მთავარ დაბრკოლებად მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებლებს წარმოუდგებათ ვაჭრობა და ვაჭრობისადმი ქართველების მტრული დამოკიდებულება (რომლის არსებობაც ქართული მხატვრული ლიტერატურული ნარატივებითაც დასტურდება). ზოგადად, როგორც ევროპულ, ქართულ ფეოდალურ სისტემაშიც ვაჭრებისადმი და ვაჭრობისადმი დამოკიდებულება გამომდინარე ქრისტიანული მოძღვრებიდან პრობლემური იყო. ეს დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციამ გადალახა. მესამე წოდებამ აღიარებას მიაღწია და ვაჭრობას ჩამოშორდა უარყოფითი კონოტაცია. მაგრამ საფრანგეთის რევოლუციურ იდეებსა და რუსეთის იმპერიას შორის გაჩხერილი პროევროიპელი ქართველი დამკივრებლები მოდერნიზაციის და განვითარების მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევენ ვაჭრობისადმი ზიზღის გადალახვას და ამ საქმიანობის გაცივილურობას: „ჯერჯერობით, ვიმეორებ, საჭიროა და საკმარისია მარტო ის არსებითი ცვლილება ვიტვირთოთ ჩვენის შეხედულობისა, რომ ინდოეთის კასტების თვალით კი არა, ევროპიულად ვითვალისწინებდეთ და ვეპყრობოდეთ ვაჭრობას, ღირსეულს პატივს ვცემდეთ მისს ღირსებას, ვცდილობდეთ მისის ნაკლის გასწორებას… ეს ცვლილება მეტად ადვილი ეგონება უმეტესს ნაწილს მკითხვლებისას. ნამდვილად კი მეტისმეტად ძნელია ჩვენის საზოგადოებისათვის, რომელსაც საუკუნოების განმავლობაში დედის რძესთან ერთად შეუთვისებია სულ სხვა შეხედულობა. ჩვენს მოზარდს თაობას ათას ნაირ საგნებს და ცნობებს ასწავლიან. მათი სიუხვე და სიმრავლე პროგრამებში ალაგს როდიღა სტოვებს მოზარდის ზნეობრივის გაწრთვნისათვის. ამიტომაც მამა-პაპური შემცდარი შეხედულობა ჯაფაზე, შრომაზე, აღებ-მიცემობაზე, ვაჭრობაზე, შეუცვლელად გადადის ერთის თაობიდან მეორეში; აგრეთვე შეუცვლელად გადადის ჩვეულ უსაქმოების და მუქთა-მჭამლობის ნატვრა და ქება. ამ დედა-ბოძებზეა დამყარებული თაღი ჩვენის ერის ეკონომიურის უძლურებისა. სანამ ამ დედა-ბოძებს არ შევმუსრავთ, და მათს ადგილზე მკვიდრ საკურთხეველს არ ავაგებთ პატიოსანის შრომის თაყვან-საცემლად, მანამდე ნამდვილის წარმატებისა და განათლების მადლი ჩვენ არ გვეღირსება და არც მოგვიხდება“.[28] ვაჭრობისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დასაძლევად ქართველი დამკვირვებელი ქართული საზოგადოებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო წარსულის გახსენებასაც არ ერიდება: „ჩვენგანს ბევრს ისიც ეხსომება, რომ, არა თუ ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვით თავის რჩენა, თვით საკუთარი მოსავლის გაყიდვა სამარცხვინოდ ითვლებოდა მებატონეებში. სოფლის თავადი ან აზნაური მალვით ჰყიდდა თავისს პურს, ან შეშას, ან ღვინოს, ან სიმინდს. მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნდათ ეს საქმე იმათ, ვინც შინა-ყმის, მოჯალაბის, მოახლის და გლეხის გაყიდვას არ თაკილობდნენ წინად… პირველად რომ ხმა გავარდა ჩვენში, ერთს დიდ მებატონეს თუთუნი (თამბაქო) გაუყიდნიაო, მთელს საზოგადოებაში მარტო ძრახვა ისმოდა: „შეურცხვა დიდ-კაცობა, მიკიტნის ხელობას შესდგომიაო!“ როცა მოახლეებისა და შინა-ყმების გაყიდვა კანონმა აკრძალა, ჩვენმა მოწინავე წოდებამ მიწა-წყლის გაყიდვას გაუსვა ხელი, და მარტო მაშინ გაიცნო მოსავლის გაყიდვის უმანკოება, როცა თვით ეს მოსავალი იმოდენად შეუმცირდა, რომ თვითონაც საყიდელი გაუხდა.“[29]

მეცხრამეტე საუკუნის დამკვირვებლები ცხადად ხედავენ, რომ ვაჭრობისადმი დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად უნდა შეიცვალოს თვით ვაჭრობის კულტურაც, რომელსაც სერგეი მესხი ასე ახასიათებს: „თავის გამდიდრებისათვის, ჩვენებური ვაჭარი არაფერს არ დაზოგავს, ყველა სახსარი კარგია, ყველა გამოსადეგათ მიაჩნია. ნათესავის, ტოლ-ამხანაგის, ნაცნობისა და უცნობის მოტყუება – ყველა გამოდგება. მაგარი მაუდის მაგიერად – დამპლის შეტყუილება, კარგი ფქვილის მაგიერად – გაფუჭებულის გასაღება, მანეთში მანეთის სარგებლის აღება, ყველა ეს ვაჭრობათ, კარგ, მოხერხებულ ვაჭრობათ მიაჩნია!“[30] ვაჭრობის კულტურა მაინც შეიცვლება, რადგან ისტორიის ლოგიკა მთელი კაცობრიობის გაევროპულობაში მდგომარეობს. აღმოსავლური ქართული ვაჭრობა, რომელიც თაღლითობასა და მომხმარებლის მოტყუებაზეა დაფუძნებული, ევროპული კულტურის ზეგავლენით ტრანსფორმირდება და მომავალი მაინც ევროპულ ვაჭრობას ეკუთვნის: „…მაგრამ ერთს ვიწინასწარმეტყველებ: ამისთანა ვაჭრობას მკვიდრი საფუძველი არა აქვს. ვინც პირველი გამოჩნდება ახლანდელ ჩვენს ვაჭრებზე უფრო გონიერი, მოხერხებული და ცოტათი მაინც უპატიოსნესი ჩვენი წარმოება და ვაჭრობაც, უეჭველია, იმის ხელში ჩავარდება. „მოტყუებითა სოფელი არვისა მოუჭამია“[31]. აქ აშკარად იკვეთბა ქართველი ინტეექტუალების მცდელობა დაამკვიდრონ ევროპული ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ეთოსი, რომელიც ანგლო-საქსურ ტრადიციაში ცნობილია ცნებით businesslike conduct. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ სიტყვა „ვაჭრობა“ ფართო აზრითაც შეიძლება გავიგოთ და ტრადიციული ვაჭრობის კრიტიკაში შეიძლება დავინახოთ ცხოვრების და ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროს კრიტიკა.

თანამედროვე საქართველოშიც ევროპისადმი ნიჰილიზმს კვებავს ჩვენი ტექნოლოგიური ჩამორჩენა და შიში, რომ ჩვენ ვერასდროს გავუთანასწორდებით ევროპას. „ვარდების რევოლუციის“ დროს და რევოლუციის შემდეგი მთავრობისა და პოლიტიკური ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ  ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად დავძლიოთ უფსკრული, რომელიც არსებობს ქართულ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებასა და ევროპულ საზოგადოებას შორის. ამიტომ „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის წარმომადგენლები ხშირად უსვამდნენ ხაზს კონკრეტული პროექტების წარმატებას (მაგალითად, იუსტიციის სახლი, საპატრულო პოლიცია და სხვა) და ამით ცდილობდნენ ქართველების ნიჰილიზმი, პრობლემების ვერდაძლევის შიში გადაელახათ. მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული რუსეთის იმპერიის და, შესაბამისად, საქართველოს ჩამორჩენა ევროპულ ცივილიზაციასთან და ამ ჩამორჩენის ნიადაგზე წარმოჩენილი შიშის და ნიჰილიზმის დასაძლევად ხშირად მიმართავენ შვეიცარიის წარმატებულ მაგალითს, რადგან ქართველი დამკვირვებლებისთვის შვეიცარია ლანდშაფტურად, ეთნიკურად და რელიგიურად საქართველოს მსგავსი ქვეყანაა: „რაც ევროპაში ქვეყნებია არც ერთი ისე არ ჰგავს ჩვენს მხარესა, როგორც შვეიცარია, თუ მივხედავთ მდებარეობა და საზოგადოდ ბუნების თვისებასა ისიც აქაურივით მთიანი ადგილია, დაყოფილი ხევებითა და ღელეებითა; იქაც მთის ძირებში ცხელი ადგილებია, სადაც ხეირობს ვაზი და მრავალ გვარი ხეხილი. მრავალგვარი ხალხი, განსხვავებული ერთმანეთისგან ჩამომავლობითა, სახითა, ენითა და ჩვეულებითა. ბუნება თითქო ერთია აქაცა და იქაცა, მაგრამ ხალხის მოქმედებასა, ხელოვნობასა, სარჩოსა არა აქვსთ არაფერი მსგავსება. კლდე კარიანობამ ვერ დაუშალა შვეიცარიას შემოტანა და მიღება ვერცა ერთის იმ განათლების ნაყოფებისა, რომელნიცა აქვსთ სასიქადულოდ ევროპიელებსა. როგორც სხვა ევროპიის მხარეს შვეიცარიასაც აქვს მშვენიერი შოსსები და რკინის გზები იმისთანა ადგილებში სადაც ჩვენში საფეხური გზები ძლივ მოუმსგავსებიათ. უთვალავი ფაბრიკები ამზადებენ ყოველს გვარს ევროპიულ საქონელსა. განათლება, მშვენიერი სამოქალაქო დაწყობილება შვეიცარიისა არ ჩამოუვარდება არც ერთს ევროპიის ქვეყანას. მრთელი შვეიცარიის მიწები ისეა გაკეთებული და ხმარებული, რომ იშვიათად იპოვნის კაცი გამოსაყენ ადგილსა, რომელიც არ აძლევდეს თავის შესაფერ სარგებლობასა. შვეიცარია ჰზრდის სამ მილიონს ხალხსა იმოდენა ადგილში, სადაც ჩვენში ნახევარი მილიონიც ვერ მოთავსებულა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენში ამ ქვეყნის მაგალითსა. ჩვენთვის ამიტომ, რომ თუ არავის დაუმტკიცებია სრული და მიუცილებელი უფლება ბუნების თვისებისა კაცის მოქმედებაზედ, უეჭველია მაინც, რომ ამ თვისებასა აქვს დიდი გავლენა მრავალგვარ საქმეზედ, მეტადრე რაც შეეხება მიწის შემუშავებასა და მასზედ დაფუძნებულ კაცის სიმდიდრესა და წარმატებასა. ბევრი ამბობს ჩვენში: ესა და ეს საქმე ამისთანა კლდე კარში არ გამოდგებაო; რაც რა მამ პაპას შემოუღია იმაზე უკეთესს ვერას მოიგონებენო: ამ გვარი ხმაურობისა მაგალითის უცოდნელობითგან წარმოდგება, სადაც არ არის სხვა უფრო უკადრისი მიზეზი. მართალი ის არი მხოლოდ, რომ ზოგ ადგილას ბევრი შრომა უნდა, ზოგან მცირე და თავდაპირველად სასოწარკვეთილება სიზარმაცის ნიშანია. შვეიცარიას ამისთანა კლდე კარშივე დაუდვია საფუძველი განათლებისა და სარჩოობის შემატებისა და თუ ასულა იმისთანა მაღალ ხარისხზედა, ჩვენ უნდა იმედი გვქონდეს, რომ კლდე კარიანობა არც ჩვენთვის შეიქმნება უძლეველ დაბრკოლებათ.“[32] ქართველ დამკვირვებლებს ასევე კარგად ესმით, რატომ მიაღწია შვეიცარიამ წარმატებას სამეურნეოსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არის შრომის რაციონალური ორგანიზაცია, დროისადმი პროტესტანტიზმით გაპირობებული რაციონალური დამოკიდებულება და მაღალი სოციალაური კაპიტალი, რომელიც აკლია ქართულ კულტურას, მაგრამ რომლის „მითვისება“ ქართველ დამკვირვებლებს გადაუჭრელ ან გადაულახავ ამოცანად არ მიაჩნიათ.

ცხადია, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლების პროევროპული განწყობების ფორმირებაზე ასევე დიდ ზეგავლენას ახდენდა რუსული „ზაპადნიკების“ პროდასავლური ინტელექტუალური მოძრაობა, მაგრამ განსხვავებით რუსული „ზაპადნიკობისაგან“ ქართული მედასავლეთეობა და ქართული პროევროპული აზრი პროევროპელობას რუსეთის იმპერიასთან დაშორებისათვის, რუსეთის ჩამორჩენილობის დემონსტრირებისათვის და საკუთარი ნაციონალური იდეის ფორმირებისთვის იყენებდა.

მეცხრამეტე საუკუნის პრესის და ამ პრესაში განხილული პრობლემების გაცნობისას მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ საქართველო ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. თუ არ ჩავთვლით ქვეყნის მიერ მოპოვებულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, დღესაც საქართველოს იგივე პრობლემები აქვს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დამკვირვებლებმა გამოკვეთეს. ამ არცთუ მცდარ შთაბეჭდილებას თავისი საფუძველი აქვს. კერძოდ, ეს საფუძველი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ მეცხრამეტე საუკუნეში გაჩენილი ეროვნული იდეა და კულტურული, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის ხშირად ერთმანეთს დაპირისპირებული იდეების (მემარცხენე, მემარჯვენე, ლიბერალური და კონსერვატული) სპონტანური განვითარება, რაც 1918 წელს უნდა მოჰყოლოდა, საბჭოთა ოკუპაციამ გაყინა, რამაც პროლემების კონსერვაცია განაპირობა. 1991 წელს ჩვენ ეს პრობლემები გავალღვეთ და მათ გადაწყვეტას ერთი საუკუნის დაგვიანებით ვცდილობთ. აქედან არის სწორედ დეჟავიუს ის განცდა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მედიის კითხვისას გვიჩნდება. ევროპაზე დაკვირვების მეშვეობით ქართული საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნეში ახდენს ჯერ კიდევ კოლონიადმყოფი საქართველოს სამომავლო ადგილის განსაზღვრას მსოფლიოს პოლიტიკურსა და კულტურულ რუკაზე და ეს ადგილი არის არა ერთმორწმუნე რუსეთი, არამედ ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული ევროპა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი მეცხრამეტე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა ერთსულოვანი პროდასავლურობა. ჩვენ ვერ შევადარებთ თანამედროვე საზოგადოებისა და მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოების დამოკიდებულებებს ევროპისადმი, თუმცა შეგვიძლია თანამედროვე და მეცხრამეტე საუკუნის მედიების კონტენტის შედარება და აქედან გარკვეული დასკვნის გამოტანა: მეცხრამეტე საუკუნის მედიის კონტენტი ბევრად უფრო პროევროპულია, ვიდრე თანამედროვე საქართველოს მედიის კონტენტი.

 

ემზარ ჯგერენაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, Nova Societas-ის დამფუძნებელი

გიორგი საბანაძე, Nova Societas-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

[1] ჯამბაკურ–ორბელიანი, ალექსანდრე. 1861. ქართველების ძველი დრო. ცისკარი, ნოემბერი

[2] ჟვანია, ზურაბ. 1999. სიტყვა ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქ. სტრასბურგში. საქართველოს რესპუბლიკა. 29 იანვარი

[3] ზურაბ ჟვანია საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვასა და განმტკიცებას, რასაც, მისი აზრით უზრუნველჰყოფდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მისი თაობის პრივილეგიად მიიჩნევდა. იხ. ჟვანია, ზურაბ, „ჩვენი თაობის პრივილეგია“ : ლექციების კურსი; ზურაბ ჟვანიას სახელ. საქ. საზ. საქმეთა ინ-ტი (GIPA). – მე-2 გამოც. – თბილისი, საარი, 2006

[4] ეს ცნება პროფესორმა გია ნოდიამ გამოიყენა რადიოგადაცემაში „ევროპედია“ 2016 წელს

[5] შევარდნაძე, ედუარდ. 1983. ამხანაგ ე. ა. შევარდნაძის სიტყვა. კომუნისტი. 30 ოქტომბერი; პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ედუარდ შევარდნაძის ამ იდეოლოგიურად მოტივირებულ სიტყვაში ცივილიზატორული ფუნქცია აკისრია არა რუსეთს, არამედ ევროპას.

[6] მაჭავარიანი, მუხრან. სულხან-საბა ორბელიანი. (თბილისი: პირველი სხივი : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული წრის ალმანახი, 1951) 40-41

[7] ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს სოციალ–დემოკრატიის წერილი საერთაშორისო სოციალისტური ბიუროსადმი მიწერილი. ერთობა. 3 ნოემბერი

[8] ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს პარლამენტის სადღესასწაულო სხდომა. ერთობა. 4 დეკემბერი

[9] ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს პარლამენტში საქართველოს დამოუკ. დღესასწაული I ქრისტეშობისთვე. საქართველო. 4 დეკემბერი

[10] ჟორდანია, ნოე. 1920. დამოუკიდებელი საქართველო. დღესასწაული. საქართველო. 16 იანვარი

[11] შევარდნაძე, ედუარდ. 1976. ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე. კომუნისტი, 27 თებერვალი

[12] მესხი, სერგეი. 1874. ქართველი ევროპაში : (ხამი მოგზაურის შენიშვნები და ფიქრები). დროება. 4 იანვარი, 11 იანვარი, 18 იანვარი

[13] ევროპული კულტურის ორი მთავარი ნიშანი არის უნივერსალური მნიშვნელობა და ვარგისიანობა – მიუთითებდა გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი. იხ. ვებერი, მაქს. ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ (თბილისი: საგამომცემლო სახლი „მარსი“, 2004) გვ. 8

[14] ჯამბაკურ–ორბელიანი, ალექსანდრე. 1861. ქართველების ძველი დრო. ცისკარი, ნოემბერი

[15] ლომინაძე, ბესარიონ. 1905. სახალხო განათლება შვეიცარიაში. ცნობის ფურცელი. 28 ივლისი

[16] ქვარიანი, სიმონ. 1897. რა გვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს. მეურნე. 15 ივნისი

[17] ყიფიანი, დიმიტრი. 1864.  ჩვენი ნაცარ ქექიები. ცისკარი. იანვარი

[18] მამაცაშვილი, კონსტანტინე. 1868. რამდენიმე ცნობა საქართველოზე : (თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის სტატიისა). დროება. 19 ივლისი

[19] ი. გოგებაშვისა და ა. ვედენსკის დისკუსია იხილეთ: Гогебашвили, Я.. 1877. Тифлис, 26 сентября.  Тифлисский Вестник. 27 სექტემბერი.; Гогебашвили, Я.. 1877. Тифлис, 27 сентября.  Тифлисский Вестник.  28 სექტემბერი.; Введенский, А.. 1877. К вопросу о будущей колонизации Абхазии. Кавказ. 15 ოქტომბერი;  Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 5 ноября. Тифлисский Вестник. 6 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 7 ноября. Тифлисский Вестник. 8 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 8 ноября. Тифлисский Вестник. 9 ნოემბერი;  Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 9 ноября. Тифлисский Вестник. 10 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 11 ноября. Тифлисский Вестник. 12 ნოემბერი

[20] მესხი, სერგეი. 1872. საქართველო: ახალი მიმართულება ჩვენი ახალ–თაობისა. დროება. 20 ოქტომბერი

 

[21] ქვარიანი, სიმონ. 1897. რა გვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს. მეურნე. 15 ივნისი

[22] ცხვედაძე, ნიკო. 1878. მოკლე შენიშვნები სამზღვარგარეთიდამ. ივერია. 10 აგვისტო, 17 აგვისტო, 24 აგვისტო, 31 აგვისტო, 7 სექტემბერი, 5 ოქტომბერი, 19 ოქტომბერი, 26 ოქტომბერი

[23] Applebaum, Anne. Iron Curtain. The Crushing of Eastern Europe 1944-1956. (New York: Anchor Books, 2013) p. 413

[24] გუთნის დედა. 1863. ხელთ მძღვანელი მიწის მოქმედისა. 15 იანვარი

[25] ნანეიშვილი, ალექსანდრე. 1897. სასუქის მოვლა–მომზადება საფრანგეთში. მეურნე. 14 სექტემბერი

[26] ჯანდიერი, ვლადიმერ. 1883. წერილი რედაქტორთან. დროება. 18 მაისი

[27] სერებრიაკოვი [ოქრომჭედლიშვილი], ივანე. 1862. აშენება ორისა ფერმისა კავკაზიისა მხარესა. გუთნის დედა. 1 იანვარი

[28] ნიკოლაძე, ნიკო. 1894. შინაური მიმოხილვა : საქონლის გამზიდავი ვაჭრობა. მოამბე. დეკემბერი

[29] იქვე

[30] მესხი, სერგეი.1874. ჩვენებური ვაჭრები და ვაჭრობა. დროება. 22 ნოემბერი

[31] იქვე

[32] გუთნის დედა. 1863. შვეიცარიის ყველის გაკეთება. 15 ივნისი

როგორ გავხდეთ უკეთესები

0

„საოცრების“, ნიუიორკელი გრაფიკული დიზაინერის რაკელ ჯ. პალასიოს ბესტსელერად ქცეული წიგნის, ეკრანიზაცია უკვე იხილა მაყურებელმა. ფილმზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა სასკოლო რესურსად მისი გამოყენებაც ისევე შეიძლება, როგორც წიგნის.

„აჩუქეთ საკუთარ თავს ეს წიგნი. იგი უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას“. გნებავთ, შეფასებითი დაარქვით ქართული თარგმანის გარეკანზე გამოტანილ ამ ციტატას, გნებავთ, სარეკლამო – ფაქტია, ის სიმართლეს ამბობს.

საოცრება 10 წლის ავგუსტია, რომელიც თავიდანვე გვიხსნის თავის პრობლემას: „როგორი შესახედავი ვარ, არ ვიტყვი. ყველა ვარიანტში, იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ“. „ერთადერთმა გენმა“ და საბედისწერო დამთხვევებმა მის „სახეზე ისეთი კატასტროფა“ მოახდინა, როგორიც სამედიცინო პრაქტიკაშიც კი უიშვიათესია. 27 ოპერაციაგადატანილ ბიჭს სკოლაში არ უვლია, შინ დედა ამეცადინებდა. ახლა ის ბიჩერის სკოლის მე-5 კლასში უნდა მივიდეს. როგორ მიიღებს სკოლა, თანატოლები, მასწავლებლები, მშობლები, რატომ უნდა და რატომ ეშინია სკოლაში მისვლის, როგორ გაართმევს თავს ამ გამოწვევას? წიგნი სწორედ ამ რთული განცდებითა და მძიმე ემოციებით დატვირთულ ამბებს აღწერს. ავტორის მოქნილი, რეპორტაჟული სტილი დინამიკურობას სძენს თხრობას და დასწრების ეფექტს ქმნის და წიგნიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ მკითხველს დიდი ხნით უტოვებს საფიქრალს.

ეს პრობლემა ყველა საზოგადოებაში იჩენს თავს, მით უმეტეს – ჩვენს საზოგადოებაში, რომლის წინარე გამოცდილება, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულის მიმღებლობის პოზიტიური მაგალითებით არ არის გაჯერებული. ერთ ამბავს აქვე გავიხსენებ: დამწყები ჟურნალისტი პირველი სარედაქციო დავალებით ძეგვის ბავშვთა სახლში გამგზავნეს. მაშინ ამ სახლს სხვა პროფილი ჰქონდა და იქ ფიზიკური და მენტალური პრობლემების მქონე ბავშვები ცხოვრობდნენ. მთელ ძალ–ღონის მოკრება დამჭირდა, რომ მათთვის თვალი გამესწორებინა, მათთან მესაუბრა. მაინც არ გამომივიდა… რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი, თითქოს ფერები დავკარგე. დრო რომ გავიდა, მომინდა, კიდევ მივსულიყავი მათთან. წავედი. მოვიკითხე, ვესაუბრე. ავტობუსით სვეტიცხოველში მიჰყავდათ და გავყევი. რამდენიმე მათგანმა, რომლებსაც ფიზიკური დეფექტი ჰქონდათ, ავტობუსიდან ჩამოსვლა არ მოინდომა. აღმზრდელმა – მაშ, რისთვის მოდიოდითო? ხალხის ნახვა გვინდოდა და აქედან ვუყურებთ, იქ ჩვენ დაგვიწყებენ ყურებასო. მართლაც, მათ დანახვაზე ტაძარში ზოგი წასასვლელად აჩქარდა, ზოგი კი სასოწარკვეთილი სახით მიაჩერდა. ერთმა პატარძალმა ტირილი დაიწყო, რაღა ჩემს ჯვრისწერაზე მოუნდათ ამათი მოყვანაო… მეც და ამ ადამიანებსაც გვაკლდა ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით, გვაკლდა ემოციის მართვის, ემპათიის გამოვლენის უნარები. ისინი თან არავის დაჰყვება, ამ უნარებს განვითარება უნდა.

მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა, დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ამ კუთხით ჯერ კიდევ პრობლემურია. ამაზე სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებიც მეტყველებს. ეს აღრმავებს პესიმისტურ განწყობას, რომ ჩვენი საზოგადოება შეუწყნარებელია. სინამდვილეში საზოგადოება განწყობის შესაცვლელად უნდა მოვამზადოთ. ჩვენი პრობლემები, ინფრასტრუქტურაზე მეტად, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უკავშირდება. სკოლას ერთდროულად უწევს მოსწავლეებისა და ზრდასრულების (მშობლები და თავად მასწავლებლები) დამოკიდებულებათა შეცვლაზე ზრუნვა. ეს წიგნი შესაძლებლობას იძლევა, სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა დონეზე წამოვიწყოთ სასარგებლო დისკუსიები, გავიგოთ, როგორია სხვა სასკოლო საზოგადოებების გამოცდილება. „საოცრება“ განსხვავებულის მიმღებლობის მრავალშრიან ფენომენს რეალისტურად წარმოგვიდგენს. მასში ვერ ნახავთ ურთიერთობების იდეალიზებას. პერსონაჟები სისუსტესაც ამჟღავნებენ, ცდებიან კიდეც, თუმცა სიკეთისკენ მოულოდნელი შემობრუნებაც მოგვგვრის შვებას. რჩებიან ერთეული „ჯულიანის დედებიც“, მაგრამ ეს მათივე პრობლემაა… წიგნი აღვივებს რწმენას, რომ ყველა საზოგადოებას შეუძლია გახდეს უკეთესი. მთავარია დაინახოს, რომ ეს სიკეთის გზაა და მასზე დადგომის სურვილი ჰქონდეს.

„საოცრების“ ავტორმა ეფექტური ხერხი გამოიყენა, როცა ამბავი სხვადასხვა პერსონაჟთა თვალთახედვით და მათეული განცდებით წარმოგვიდგინა. ეს უბიძგებს მკითხველს (მოსწავლეს, მათ, შორის, ავგუსტებსაც, მასწავლებელს, მშობელს…), სხვა ,,ტყავში“ შეძვრეს და იქიდან შეხედოს მოვლენებს. ამ ,,ტყავიდან“ გამოსული თანაგანცდასაც გამოიყოლიებს და ფიქრსაც. ეს განსხვავებულ და სასარგებლო გამოცდილებას აძლევს ნებისმიერი მკითხველს.

„ჩემი ფერისცვალების ლამაზი, მხიარული და ცრემლისმომგვრელი ამბავი“ ყველას წიგნია, რომ ცალ–ცალკე და ერთად ხელახლა აღმოაჩინონ გულის კუნჭულში გადანახული საიდუმლო, რომელსაც მისტერ ტაკუნმენი შეგვახსენებს: „მოდი, ახლი წესი დავამკვიდროთ ცხოვრებაში… ყოველი ჩვენგანი მუდამ ეცადოს, იყოს იმაზე კეთილი, ვიდრე საჭიროა“. თუ ამას შევძლებთ, მსოფლიო უფრო უკეთესი გახდებაო. სკოლაში ავგუსტის მისვლა – ეს იყო ერთწლიანი გამოცდა, რომელიც სკოლამ ჩააბარა. სიკეთემ გაიმარჯვა. ამ სიკეთის სახის შექმნაში ყველამ შეიტანა თავისი წვლილი – „განსხვავებულმაც“ და „ჩვეულებრივმაც“. ბიჩერის სკოლამ შეძლო, თავისწილად გაეუმჯობესებინა მსოფლიო.

ამ გამოწვევის წინაშე ჩვენი სკოლებიც დგანან. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევია არა მარტო დიდი ადამიანური ღირებულებებისკენ, არამედ ბევრი სასკოლო სტრატეგიისა და ტაქტიკის (როგორ გეგმავს სკოლის დირექტორი სკოლასთან ავგუსტის ადაპტაციის პროცესს, „მაქსიმების“ მეთოდი, მშობლებთან მიმოწერა და ასე შემდეგ) გასაცნობად და გამოსაყენებლად. თუ გვსურს, ჩვენს სკოლაში არც ერთმა ბავშვმა არ იგრძნოს თავი გარიყულად და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიოს, ამ საქმეში „საოცრებაც“ დაგვეხმარება.

ეკონომიკის განათლება მოსწავლეებისთვის

0

რატომ „დაუძლურდა“ ფული?

 
შესავალი: მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ის დროში გაიწელება, თუკი ფულის მიწოდება პროდუქციის გამოშვებაზე სწრაფად გაიზარდა. ინფლაციის მოდელირება კლასში შესაძლებელია „აუქციონის“ აქტივობით.

ეკონომიკური კონცეფცია: ინფლაცია

მოსაზღვრე საგნები: მეტყველება, მათემატიკა

მიზნები:

  • განსაზღვრონ ინფლაცია როგორც ფასების საშუალო დონის ზრდა;
  • ახსნან, რომ ფულის მიწოდების გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფლაცია;
  • განსაზღვრონ ინფლაციის გავლენა მსყიდველობით უნარზე.

გაკვეთილის აღწერა: ამ გაკვეთილზე ინფლაციის შესწავლის მიზნით მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ორრაუნდიან აუქციონში.

საჭირო დრო: ერთი გაკვეთილი

მასალები: სამი ერთნაირი ნივთისგან შემდგარი ორი კომპლექტი (მაგალითად, კანფეტი, ფანქარი, საფოსტო მარკა); თითო მუჭა ორი სახის მარცვლეული (მაგ., ლობიო, ბარდა); თვალსაჩინოება 1. „აუქციონის შედეგები“.

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. დაურიგეთ თითოეულ მოსწავლეს ერთი სახის მარცვლეულის 4-12 მარცვალი. მიეცით სხვადასხვა რაოდენობის მარცვლები.
  2. გამოაცხადეთ, რომ გამართავთ აუქციონს. აჩვენეთ სამი საგნის ერთი კომპლექტი.
  3. აუხსენით, რომ ამ საგნების ყიდვა შეუძლიათ დარიგებული მარცვლეულით. თითოეული მარცვლის ღირებულება 25 თეთრია. სთხოვეთ, დაითვალონ მათ ხელთ არსებული „ფული“.
  4. ჩაატარეთ აუქციონი და გაყიდეთ თითოეული ნივთი ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად. აჩვენეთ თვალსაჩინოება 1. ჩაწერეთ შესაბამის გრაფაში ნივთების სახელწოდება და აუქციონის შესაბამისი ფასი.
  5. „გაზარდეთ“ კლასში ფულის მიწოდება – გულუხვად (მაგრამ ისევ არათანაბრად) დაურიგეთ თითოეულ მოსწავლეს მეორე სახის მარცვლეული.
  6. უთხარით, რომ კიდევ ერთხელ გაიმართება აუქციონი. აჩვენეთ სამი ნივთის მეორე კომპლექტი.
  7. აუხსენით, რომ შეუძლიათ ორივე სახის მარცვლეულის გამოყენება. თითოეული მარცვლის ღირებულება კვლავ 25 თეთრია. სთხოვეთ, დაითვალონ მათ ხელთ არსებული ფული.
  8. ჩაატარეთ აუქციონი და გაყიდეთ თითოეული ნივთი ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად. თვალსაჩინოება 1-ზე ჩაწერეთ ნივთების სახელწოდება და აუქციონის შესაბამისი ფასი.
  9. იმსჯელეთ:

*           რატომ ჰქონდა მარცვლებს ფასი? (მათი გამოყენება შესაძლებელი იყო კლასში ნივთების საყიდლად.)

* რას ცდილობდა თითოეული თქვენგანი აუქციონის დროს? (დაეხარჯა საკუთარი ფული შემოთავაზებული ნივთების საყიდლად.)

*           მეორე აუქციონის დროს როგორ შეიცვალა თითოეული ნივთის ფასი? (გაიზარდა.)

*           მეორე აუქციონის დროს როგორ შეიცვალა თქვენს ხელთ არსებული დასახარჯი ფულის რაოდენობა? (გაიზარდა.)

* როგორი იყო თითოეული აუქციონის დროს ნივთების რაოდენობა? (ერთი და იგივე.)

–           როგორ ფიქრობთ, რატომ იყავით თანახმა მეორე რაუნდის დროს, მეტი გადაგეხადათ ნივთებში? (მეტი ფული გქონდათ, ხოლო გასაყიდი ნივთები აღარ იყო.)

  1. აუხსენით, რომ ამ სავარჯიშოს საშუალებით მათ ინფლაციის არსი გაიგეს. ინფლაცია ნიშნავს, რომ საშუალოდ ყველა საქონლისა და მომსახურების ფასი იზრდება. შესაძლოა, ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების ფასი არ გაიზარდოს, მეტიც, დაეცეს კიდეც, მაგრამ იზრდება ფასების საშუალო დონე.

დასკვნითი ნაწილი.

  1. აუხსენით, რომ მეორე აუქციონის დროს მათ მეტი ფული ჰქონდათ, მაგრამ აღარ იყო გასაყიდი საქონელი და/ან მომსახურება. როცა ეკონომიკაში (ამ შემთხვევაში – საკლასო ოთახში) მიმოქცევაში მეტი რაოდენობის ფულია, მაგრამ საქონლისა და მომსახურების რაოდენობა იგივე რჩება, ხდება ინფლაცია. ინფლაცია ადამიანებზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს – ზოგი ხეირობს, ზოგი კი ზარალდება.
  2. ჰკითხეთ მოსწავლეებს: მათი შემოსავალი კვირაში 5 ლარი რომ იყოს, ინფლაციის პირობებში მეტ საქონელსა და მომსახურებას იყიდიდნენ თუ ნაკლებს? (ნაკლებს.) რატომ? (თუ შემოსავალი უცვლელად 5 ლარი იქნება, ხოლო ფასები გაიზრდება, ისინი ვერ შეძლებენ იმავე რაოდენობის საქონლისა და მომსახურების ყიდვას. ინფლაციის დროს ფულის მსყიდველობითი უნარი ეცემა (მცირდება). იმავე რაოდენობის ფულით მათ ნაკლები საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეეძლებათ.)

შეფასება:

  1. დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:

*           რატომ აქვს ფასი ფულს? (ფულით შეიძლება საქონლისა და მომსახურების ყიდვა.)

*           რა არის ინფლაცია? (ფასების საშუალო დონის ზრდა.)

*           რა გავლენას ახდენს ინფლაცია ფულის მსყიდველობით უნარზე? (ამცირებს.)

გავრცობა.

  1. დაავალეთ მოსწავლეებს, ჰკითხონ ოჯახის წევრებს, როგორი იყო ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების (მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინის, ერთი ცალი ხაჭაპურის, ერთი ფილა შოკოლადის, თეატრის ბილეთის) ფასი 10, 20 ან 30 წლის წინ და როგორი იყო ოჯახის შემოსავალი. იმსჯელეთ ფასებისა და შემოსავლების ცვლილების შესახებ.
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს, გადახედონ თანამედროვე და გასული წლების ეკონომიკურ ჟურნალ-გაზეთებს, მოიძიონ ინფორმაცია ფასების შესახებ და გამოთქვან აზრი წლების მიხედვით ფასების ცვლილებების თაობაზე.

 

თვალსაჩინოება 1. „აუქციონის შედეგები“

ნივთი აუქციონის I რაუნდის ფასი აუქციონის II რაუნდის ფასი
1. ___________________

___________________

___________________

 

   
2. ___________________

___________________

___________________

 

   
3. ___________________

___________________

___________________

 

   

 

წყარო: Caulson E., McCorkle S., (1996). Master Curriculum Guide in Economics Teaching Strategies 5-6, National Council on Economic Education.

სიცოცხლის ფერი და სურნელი –  ვაჟა-ფშაველა „ღამე მთაში“ სწავლებისთვის

0

ამ ლექსის  მხატვრული სამყარო კიდევ ერთხელ გვაჯერებს, რომ ვაჟა-ფშაველა უნივერსალური ხედვისა და აზროვნების პოეტია. მის თვალთახედვაში სამყარო ირეკლება, როგორც მთლიანი, განუყოფელი, ღვთის მიერ შექმნილი, რომლის დაშლა შეუძლებელია. ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაც ასეთი უნდა იყოს, სხვაგვარად ის ვერ შეიმეცნებს იმ კანონზომიერებებს, რომლებიც სიცოცხლის აზრს განაპირობებენ. პოეტი ბუნების საოცარ თანხმიერებაში პოულობს ბედნიერებას:

„ამაზე ტურფა და კარგი

მე სხვა აღარა მგონია!“

ადამიანიც სამყაროს ნაწილია და ამიტომ  საკუთარი თავი ამ სრულყოფილ მთლიანობაში უნდა გაიაზროს, ამაზე უნდა დაასაქმოს გონება, იშრომოს, პირზე ოფლი გადაიდინოს და ჩასწვდეს არსებობის აზრსა და მიზანს:

„ხევი მთას ჰმონებს, მთა – ხევსა,

წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეთ,

ყვავილნი – მიწას და მიწა –

თავის აღზრდილთა მცინარეთ

და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზედ ოფლ-გადამდინარედ!“

ადამიანი სხვაგვარად თუ მოიქცევა, გაუცხოვდება იმ მადლისა და სიყვარულისაგან, რომელიც კოსმოსის ცალკეულ ნაწილს ერთ „ღვთაებრივ ტაძრად“ ადუღაბებს, სამლოცველოდ, რომელშიც ნებისმიერი რჯულის, რასის, ეთნოსის, კულტურის, წარსულისა და მომავლის ადამიანს თანაბრად შეუძლია მუხლის მოდრეკა და მხურვალე ლოცვა. ეს ლოცვა იმ სიხარულის გაზიარება იქნება, რომელიც სიცოცხლის სიხარულის შეგრძნებიდან იბადება. სწორედ ამაზეა ლექსი „ღამე მთაში“. რადგან ვაჟასთვის „ენა მწერლის სულია“ („ნიჭიერი მწერალი“), იგი მხატვრულ სახეებში შიფრავს სათქმელს, ოღონდ ისე, რომ გულისხმიერ მკითხველს არ გაუჭირდეს მათი დეკოდირება, ახსნა და შემეცნება:

„ლამაზის მთების ასულთა

ხმა ხმისთვის შაუწონია,

მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,

უფალო, დაუმონია“.

ამ  სტრიქონებით იგი წარმოაჩენს, რა წარმოქმნის ბუნების მშვენიერებას, რა უდევს საფუძვლად მის ჰარმონიულობას. ეს არის ერთმანეთს „მონობა“, ურთიერთშეთანხმებულობა. ღვთის იმგვარი განგებულება, რომლის მიხედვითაც,  „მონობა“ თავისუფლებაა, სიყვარულია. ყოველივე არსებულს თავისი იდუმალი ფუნქცია აქვს. ვაჟა ცდილობს ჩასწვდეს ბუნების ამ საიდუმლოს, რომელიც ყველა ფერს თავის ადგილს მოუნახავს ერთგვარ სამოთხისეულ აღქმაში, რომელიც სიკეთისა და ბოროტების, სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა არსებობას გულისხმობს:

„საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც-კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..“

ვაჟას, როგორც შემოქმედს, თანაბრად აქვს „თვალი“ და „ყური“ გამახვილებული, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს იდუმალ ხმებს ისმენს და ფერწერულად აღიქვამს ყოველივეს. მასაც სჯერა ბარათაშვილივით, რომ:

„არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის“ („ჩინარი“).

ეს იგივე „სასუფევლის ენაა“ (ბარათაშვილი „ჩჩვილი“). რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეხმიანება „ვეფისტყაოსნისეულ“ სამყაროს, რომელშიც ადამიანი და კოსმოსი ჰარმონიულად ურთიერთობს:

„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან“ (რუსთაველი).

ბუნება ადამიანს ელაპარაკება ფერითა და სურნელით, როგორც რომანტიკოსებს სჯეროდათ. რაც მთავარია, ვაჟას თავისი მუსიკალური თუ ფერადოვანი შეგრძნებები, სამყაროს ესთეტიკური აღქმა მკითხველამდე მოაქვს მხატვრული სახეებით:

„დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი

აყვავდნენ, დასხდენ ცაზედა“.

ვარსკვლავთა აყვავება იმგვარი მეტაფორაა, რომელიც ერთდროულად იწვევს ფერისა და სურნელის შეგრძნებას. აყვავება პირდაპირ ასოცირდება ყვავილებთან, რომლებიც, თავის მხრივ, სურნელსაც მოიყოლებენ. გვახსენდება გიორგი ლეონიძე, ვაჟას პოეტური მემკვიდრე, რომელიც ცას ასე ხატავს: „ცა ატმებით, მსხმოარე, ჩახჩახა“ („ნინოწმინდის ღამე“).   აქაც თვალით აღქმული ფერადოვნებაა გამოკვეთილი. აკაკის პოეზიაში, მაგალითად, სხვაგვარადაა, იქ  ვარსკვლავებს კოსმიური ხმოვანება ახლავთ თითქოს:

„და ვარსკვლავებიც იმავ დროს

დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ“ („თორნიკე ერისთავი“).

ლექსში ბუნება  თითქოს ადამიანური ყოფისგან განუყოფლად აღიქმება. მთვარეს ჯერ არ გაუღვიძია და ტკბილად სძინავს მკლავზე, როცა გაიღვიძებს, სხივებს პირის საბანად წყალზე გაგზავნის, მერე გორაზე შემოჯდება და გამარჯობას იტყვის, მაგრამ მანამდე ჯერ შუაღამეა – მგლების ღავღუვის დრო. პოეტი  ხატავს, როგორ ენაცვლება ერთმანეთს სიმშვიდე და ხმაური, დარი და ავდარი. ყველაფერი, რაც ხდება, სასიცოცხლო  მისტერიაა, ამიტომაც არაფერს გაუნაპირდება პოეტი, ყოველივეს ყურს უგდებს და მკითხველსაც ამ საყოველთაო სასიცოცხლო რიტუალში ჩართავს, სინათლისა და სიბნელის მარადიული მონაცვლეობის აუცილებლობას აზიარებს. ამიტომაც უწოდებდა გრიგოლ რობაქიძე ვაჟას „მითოლოგიური წარსულის ძეს“. მისი აზრით: „მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად. ამ გამოუცნობი პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება  შესაძლოა განისაზღვროს – როგორც მითოლოგიური; ის – გრძნობა და აზრი პოეტისა – ყურს უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას და ინტენსიურად შეიცნობს რაღაც მახლობელსა და მშობლიურს, თუმცაღა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს; ესმის მას – გულსა და გონებას პოეტისას – რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ მღელვარებათა რიტმის გამოძახილს გრძნობს. ცნობიერება (პოეტისა) თავის სახეს ჰქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს, – და ბუნების ასარკვაში ქმნილი სახე ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი – ცნობიერებისა და ბუნების – ერთიანობისა. ასე იქმნება მითი მათ წინასამყაროულ მდგომარებაზე: რადგან ვ. ივანოვის შესანიშნავი თქმით: „მითი გახსენებაა მისტიკური ამბისა, კოსმიური საიდუმლოსი“. სწორედ ამ ამოუხსნელ სამყაროს, სიმბოლოსა და მითის სამყაროს ბიოკლინის საღებავებით გადაგვიხსნის პოეტი ვაჟა-ფშაველა“.

 

 

ტოჩინოშინმა დიდი ისტორია დაწერა

0

თემურ ლენგის მორიგი შემოსევა. დიდი უბედურებაა ქართლის თავზე. გადაბუგული სოფლები და სახლები, გავერანებული ბაღები და ვენახები, ჩამკვდარი სიცოცხლე და სრული უიმედობა. მტერს გარიდებული საქართველოს მეფე ტყე-ტყე დადის და ნასოფლარების ხილვა მასა და მის მცირერიცხოვან ამალას ყველა მბჟუტავ იმედს უკლავს და უქარწყლებს. აი ერთ-ერთი სოფელი გამოჩნდა. იქაც იგივე სურათია. თათარ-მონღოლების მიერ დახოცილი ხალხი, მბოლავი სახლები, გავერანებული მიდამო და არცერთი სულიერი თვალსაწიერში. მაგრამ აი ერთი სახლის წინ 10-11 წლის ბიჭუნა ცოცხით ხელში დამდგარა და ეზოს გვის. მეფეს სიხარულით თვალები უბრწყინდება, ცხენს აჩერებს და ხმამაღლა გახარებული ყვირის: „ნახეთ – ძე გვის! ძე გვის!“.  – ესაა ძველი ლეგენდა, სოფელ ძეგვის სახელწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართლში დღესაც იციან და ალბათ დადგება დრო, როდესაც ამ სოფლის შესასვლელში ეზოს დაგვით გართული ბიჭუნას ძეგლი დაიდგმება.

სანამ ძეგვში ბიჭუნას ძეგლი დაუდგამთ, მანამდე ამ სოფელს სახელი უკვე გაუთქვეს და ეს აწ უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ გააკეთა. ლევანი წარმოშობით სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვიდანაა და ამ სოფლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ბევრმა უცხოელმა, ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემაც კი პირველად გაიგო. ესაა ნიმუში იმისა, როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყანა და შენი მშობლიური მხარე. ესაა ნიმუში დიდი პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულისა. ლევან გორგაძემ ქართულ სპორტში ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა.

ტოჩინოშინის ტრიუმფის შემდეგ, ქართველი ქომაგები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, ქართველი სპორტსმენების ინდივიდუალურ წარმატებებს შორის რომელი  უფრო დიდი და გრანდიოზული წარმატება იყო – ზაზა ფაჩულიას ამერიკაში პირველობა, კახი კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება თუ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის დაუფლება.

ჩემი აზრით, ეს შედარებები და საკითხის ასე დაყენება ძირეულად არასწორია, რადგან, ჯერ ერთი, არ მესმის, რატომ უნდა დავატოლოთ ერთმანეთს დიდი წარმატებები. მეორეც, ეს იგივეა, ლევან გორგაძე ფაჩულიას შევაჯიბროთ ნახტომში. და პირიქით – ფაჩულია გორგაძეს ღონეში. ეს ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა და აქ მთავარი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნული დიდი გამარჯვებები დამოუკიდებელი ქართული სპორტის არსებობის პერიოდში მოხდა, როდესაც ზემოთ დასახელებული სპორტსმების ჩვენებურობას ვერც საბჭოეთი გვედავება და ვერც ვერავინ.

მაგრამ, არის კი გორგაძის წარმატება ქართული სუმოს ისტორიაში უმთავრესი და ერთადერთი?! ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა სასიმოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს მომავალი და ვინ იცის, იქნებ ტოჩინოშინის ტიტულმრავლობა შემდეგში სრულიად ჩვეულებრივ ამბად იქცეს (ღმერთმა ქნას!). ისიც შეიძლება, რომ სუმოს პოპულარიზაციამ ასპარეზზე ბევრი სხვა ნიჭიერი ქართველი სპორტსმენი გამოიყვანოს და ლევანი მხოლოდ დიდი გზის მესაფუძვლე იყოს.

ფაქტი კი ისაა, რომ ტოჩინოშინის გამარჯვება უნდა იქცეს დიდ სტიმულად ჩვენი ახალგაზრდებისათვის და თუკი რაგბი გახდა ჩვენი თამაში, სუმო რატომ არ შეიძლება გახდეს? სოფელ ძეგვში რომ სუმო უკვე სპორტის მთავარი სახეობაა – ამაზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...