შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

უყურადღებობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც სასწავლო პროცესში შვილის უყურადღებობით არ იყოს შეწუხებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად პედაგოგებისგანაც გვესმის საყვედურები ამა თუ იმ ბავშვის მისამართით – „ჭკვიანი ბავშვია, შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იმდენად გაფანტულია, რომ უჭირს ყურადღების მობილიზება“; „ველაპარაკები, მიყურებს და თითქოს მისმენს კიდეც, მაგრამ ვგრძნობ, რომ გონებით სულ სხვაგან დაფრინავს“; „სულ მოძრაობაშია, გაუთავებლად წრიალებს. მე ერთს ველაპარაკები, ის კი სულ სხვა რამეზე ფიქრობს“. ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ისმენენ მშობლები საკუთარი შვილის მასწავლებლებისგან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფსიქიკური პროცესები (აღქმა, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) ურთიერთდაკავშირებულია და მათი შეთანხმებული მუშაობის გარეშე სწავლაში წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, პედაგოგებისა და მშობლების წუხილი სრულიად გასაგები გახდება. თუ ბავშვი, უყურადღებობის გამო, ვერ ახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას, მას ძალიან გაუჭირდება მისი, როგორც გააზრება, ისე დამახსოვრება. ამიტომაც არის, რომ უყურადღებობის დაძლევა ბავშვში ბევრი მშობლის და პედაგოგისათვის უპირველესი ზრუნვის ობიექტად არის გადაქცეული. მაგრამ, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კონკრეტული ბავშვის უყურადღებობის მიზეზი და რა მიმართულებით მოგვიწევს მასთან მუშაობა.

უყურადღებობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში: 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ბავშვი გამოირჩევა მოჭარბებული მოძრაობითი აქტივობით, იმპულსურობით, ყურადღების სუსტი კონცენრტაციის უნარით. ასეთი ბავშვის ყურადღების წარმართვა ერთი მიმართულებით, მცირე დროის განმავლობაშიც კი, საკმაოდ რთულია. ეს პრობლემები მასში ჯერ სკოლაში წასვლამდე დიდი ხნით ადრე იჩენს თავს. სკოლა და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ამწვავებს სირთულეებს;
  • სომატური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ფორმით. სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება წარმოადგენდეს დაბალი შრომისუნარიანობის, მომატებული დაღლილობის და ორგანიზმის დასუსტების ერთ-ერთ მიზეზს, რის შედეგადაც თავს იჩენს უყურადღებობა;
  • ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურებები. გაფანტულობა და უყურადღებობა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ბავშვებისთვის, რომელთა ნერვული სისტემა სუსტი და ინერტულია. ძლიერი ნერვული სისტემის მქონე მოსწავლეები კი ყურადღების სიმტკიცის, კონცენტრაციის, გადართვის და განაწილების კარგი უნარით გამოირჩევიან;
  • გადატვირთვა და გადაღლა. დღევანდელი მოსწავლე იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას აკისრია, საკმაოდ გადატვირთულია, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად და ემოციურად. გაკვეთილების სიმრავლე სკოლაში, გადატვირთული სასწავლო პროგრამები, დავალებების სიჭარბე, დამატებითი გაკვეთილები რეპეტიტორებთან, ხელოვნების და სპორტის სხვადასხვა სექციაზე სიარული. არცთუ იშვიათად, მოსწავლის დღის განრიგი დილიდან საღამომდე ისეა გადატვირთული, რომ საშინაო დავალებების შესასრულებლად მას გვიან ღამემდე უწევს მუშაობა. სრულფასოვანი დასვენებისთვის ბავშვს დრო პრაქტიკულად აღარ რჩება, ვერ ასწრებს გამოძინებას. არასწორი დღის რეჟიმი, სრულფასოვანი დასვენების, რაციონალური კვებისა და ნორმალური ძილის გარეშე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული გადატვირთვა აუცილებლად გამოიწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უყურადღებობას და გაფანტულობას;
  • ხშირი სტრესები და კონფლიქტები ოჯახსა და სკოლაში შეიძლება ბავშვის უყურადღებობის და გაფანტულობის სერიოზული მიზეზი გახდეს;
  • ასაკობრივი შეზღუდვები ყურადღების განვითარებაში. საერთო ფსიქიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვის ყურადღება სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება. უმცროსკლასელის ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე უფროსკლასელის ან ზრდასრული ადამიანის; მიწოდებული სასწავლო მასალიდან ის მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს, დანარჩენი მისი ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხშირად მშობლების და პედაგოგების სერიოზული უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი ხდება. ამ ასაკში ბავშვს ასევე ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს განვითარებული ყურადღების გადანაცვლების (ერთი მიმართულებით წარმართული ყურადღების მეორე მიმართულებით გადატანა) და განაწილების (ერთდროულად ინტენსიური ყურადღებით რამდენიმე განსხვავებული მოქმედების შესრულება) უნარი. ბავშვის ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოკლებულია ასევე სიმტკიცეს, რის გამოც მას უჭირს ყურადღების ერთი და იგივე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე ხანგრძლივად წარმართვა. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი, იმატებს მისი სიმტკიცე, შედარებით უფრო ადვილი ხდება ყურადღების როგორც გადანაცვლება, ასევე განაწილება. ითვლება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბავშვის ყურადღების მიზანმიმართული განვითარებისათვის;
  • არასაკმარისი მოტივაცია ან მისი არარსებობა. თუ რაიმე საქმიანობა ბავშვისთვის საინტერესო არ არის, ის არანაირ ძალისხმევას არ გამოიჩენს მის შესასრულებლად. და პირიქით, მას შეუძლია გამოავლინოს შესაშური ყურადღება და გულისყურით შეასრულოს დავალება, თუ ის მისთვის საინტერესოა. ბავშვებს რომ შეეძლოთ აკეთონ ის, რაც მათ მოსწონთ, უფროსებს აღარ მოუწევდათ ნერვიულობა მათი უყურადღებობის და გაფანტულობის გამო. როგორც წესი, საუბარი ბავშვის უყურადღებობაზე იწყება მაშინ, როდესაც მისგან რაიმე, მისთვის ნაკლებად მიმზიდველ, არცთუ ისე საინტერესო და არასაკმარისად მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას ითხოვენ.

რეკომენდაციები ბავშვებში ყურადღების განვითარების ხელშესაწყობად:

  • ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვისას, უფროსი თავად უნდა იყოს ყურადღებიანი, გამოავლინოს გულწრფელი ინტერესი მისი საქმიანობის, გატაცებების, ცხოვრების მიმართ;
  • იმისათვის, რომ ბავშვი იყოს მობილიზებული და ყურადღებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, მას აუცილებლად ესაჭიროება მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი, რომელიც, სასურველია, რომ მასთან ერთად შემუშავდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გაანაწილებს დღის განმავლობაში დროს სხვადასხვა საქმიანობებისათვის, როდის იმეცადინებს, როდის წაიკითხავს წიგნს, როდის დახატავს და როდის შეძლებს უბრალოდ თამაშს. მინიმუმ ორი საათი მას საკუთარი ინტერესებისა და გატაცებების დასაკმაყოფილებლად უნდა რჩებოდეს;
  • დაუშვებელია ბავშვის უზომო მეურვეობა. თუ მან იცის, რომ აუცილებლად დაეხმარებიან, უკარნახებენ და მის მაგივრადაც კი მოამზადებენ დავალებას, ის აღარ გამოიჩენს ძალისხმევას და ვერც იგრძნობს ყურადღების კონცენტრირების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, გაქრება მისი მისწრაფებაც ყურადღების განვითარებისა და სრულყოფისაკენ;
  • მივცეთ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა. ეს მას ბევრად უფრო ყურადღებიანს გახდის და საკუთარი თავის გამოვლენაშიც დაეხმარება;
  • დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად ნუ დავტოვებთ ბავშვს მარტო თავის პრობლემებთან. ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს ჩვენს მხარდაჭერას, ჰქონდეს ჩვენი დახმარების და რჩევების იმედი რთული, პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტისას;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ბავშვთან დამოკიდებულებაში უსაზღვრო მოთმინება და თანმიმდევრულობა მოეთხოვებათ. მათ თავიანთი სააღმზრდელო პროგრამა უნდა განახორციელონ ექიმებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან მჭიდრო კონტაქტში, რამდენადაც ასეთი ბავშვები საჭიროებენ სპეციალურ კომპლექსურ საკორექციო-განმავითარებელ მუშაობას;
  • სუსტი ჯანმრთელობის მქონე და დაავადება გადატანილ ბავშვებს ესაჭიროებათ რეჟიმის მკაცრად დაცვა, დატვირთვის დოზირება, დასვენება, სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ბავშვთან ურთიერთობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ისე ინდივიდუალური შესაძლებლობები; ნუ მივცემთ მას ისეთ დავალებას, რომელსაც, წინასწარვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს; ნუ მოვთხოვოთ იმას, რისი გაკეთებაც მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებითაც კი არ შეუძლია. ჩვენი ასეთი მცდელობა არათუ ყურადღების განვითარებას არ შეუწყოს ხელს, არამედ შეთავაზებული საქმიანობის მიმართ ბავშვის ინტერესსაც დააქვეითებს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ, ზრდასრულებს გვიჭირს დაღლილობის შემთხვევაში ყურადღების მობილიზება და ამა თუ იმ  მოქმედების ეფექტიანად შესრულება, ეს გაცილებით უფრო რთულია ბავშვისთვის. ამიტომ, ნუ ვაიძულებთ დაღლილ პატარას აკეთოს ის, რაც არც ყურადღების განვითარების ხელშემწყობი გახდება და მის ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოფიტვასაც გამოიწვევს.

 

 

 

 

ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება

0

 

  • ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება – თქვა ჰამიდმა და ამაყად დაკეცა ხალიჩა.
  • ქალის თითები? – ვკითხე.
  • გოგოს! გოგოს თითები. ასეთი ხალიჩის მოქსოვას თხელი, პატარა თითები უნდა. ქალი ამას ვერ იზამს. მისი თითები უკვე მოუქნელი და უხეშია. ჩემი ოჯახის წევრები ამ ხალიჩას 2 წლის განმავლობაში ქსოვდნენ. ერთი ერთი მხრიდან, მეორე – მეორე მხრიდან. ხედავთ, როგორ ემთხვევა ერთმანეთს გამოსახულებები? სამაგიეროდ, მქსოველ გოგოებს საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება აღარ ევალებოდათ. ამას ქალები აკეთებდნენ.

ამბავს ჰამიდი ჰყვებოდა, ისპაჰანის მთავარ მოედანზე ხალიჩებით მოვაჭრე დიდად მხიარული და ალალი კაცი. ხალიჩა 10 000 აშშ დოლარი ღირდა და მაშინვე წარმოვიდგინე, ამ დიდი კუშიდან რამდენი ერგებოდათ იმ გოგოებს, ორი წლის განმავლობაში რომ თითები იმტვრიეს ხალიჩის ქსოვისას. რა თქმა უნდა – არაფერი.

ცოტა ხნის წინ ერთი ხუმრობა მოვისმინე, დედამიწაზე სამ რამეს ვერ ირჩევ: მშობლებს, სამშობლოს და რუსეთის პრეზიდენტსო. მსგავსი ისტორია მეც გადამხდენია: ბავშვობაში, მე-12 კორპუსის მე-6 სართულის საშრობში, ოთხი მეზობელი ოჯახის მურაბებით, კომპოტებით, ტყემლის საწებლითა და ზამთრისთვის დამზადებული სხვა სიკეთეებით სავსე კარადების გარემოცვაში შტაბს ვაწყობდით ხოლმე. ამ შტაბში ხან საავადმყოფო გვქონდა გახსნილი, ხან სასტუმროს ადმინისტრაცია, ხან სამაშველო პუნქტი, ზოგჯერ კი უშიშროების მთავარი განყოფილება. ამ შტაბის მუდმივი წევრები გიო, თორნიკე, თამუნა, ქეთია, სოფუნა და მე ვიყავით. ისე ხდებოდა, რომ ამ დაწესებულებების უფროსი ყოველთვის მე გახლდით. უფრო სწორად, რადგანაც ყველა დანარჩენს უფროსობას თამაში ერჩივნა, უფროსად მე ვინიშნავდი ხოლმე საკუთარ თავს. ჩემი ჰეგემონია მხოლოდ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ, როცა ქეთიამ მკითხა:

  • სულ შენ რატო ხარ უფროსი?
  • იმიტომ, რომ ბიჭი ვარ – ვუპასუხე.
  • მერე რა? – შემომიბრუნა კითხვა.

რა უნდა მეპასუხა.

ამ ფაქტის აბსურდულობა წლების შემდეგ გავიაზრე, როცა „დარდუბალას” ერთ სერიაში ვნახე, როგორ აყალბებდა არჩევნებს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი ედუარდ შევარდნაძე და როგორ მიიღო მან კუნძულზე მასთან ერთად მყოფების რაოდენობაზე მეტი ხმა. ჩვენ ასეთ გარემოში ვიზრდებოდით – ირგვლივ ყველაფრის უფროსი კაცი იყო – რა თქმა უნდა, ოჯახისაც. ერთხელ ერთმა მეზობელმა მითხრა, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნები, შენი ოჯახის პრეზიდენტობაში ხომ ვერავინ შეგეცილებაო. იმ პერიოდში მხოლოდ ერთ ჩინოვნიკ ქალზე მსმენოდა – ვენერა ჩიფჩიურზე, რომელიც განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი სახელი ისნის რაიონის სკოლებს აზანზარებდა. მახსოვს, მისი ვიზიტის წინ ტყეში ფრინველების გადაძახილივით მოედებოდა ხოლმე ხმა მთელ სკოლას: „ჩიფჩიური მოდის, ჩიფჩიური, ჩიფჩიური, ჩიფჩიური…” და ყველა სტარტზე დგებოდა.

მაშინ ის იყო ერთადერთი ძლიერი ქალი ჩემს წარმოსახვაში. მერე აღმოვაჩინე, რომ ირგვლივ უამრავი ძლიერი ქალია – ისინი ახერხებენ ბავშვების აღზრდას, სახლის დალაგებას, სამზარეულოს ამბების მოკვარახჭინებას, შვილების მეცადინეობას და საღამოს ყველა ამ საქმის ხელახლა მოთავებას, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, რადგანაც ეს საქმე არ ჯდება წარმატების არასამართლიან, უსუსურ, დოგმატურ დეფინიციაში. ამ საქმით დიასახლისები ფულს ვერ შოულობენ, შესაბამისად, წარმატებულებად ვერ ითვლებიან. თავი ფემინისტად მიმაჩნია, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოჯახის შექმნა ქალზე ძალადობაა; რომ დროა კაცები დასხდნენ სახლებში და ქალები გავიდნენ სამუშაოდ… ღმერთო კი მომკალი, რა სისულელეა. მე მწამს, რომ ოჯახში ყველა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. მინდა, რომ როცა კარს ქალი გააღებს, არ უთხრან ოჯახის უფროსს დაუძახეთო – ოჯახში ორმეფობის მომხრე ვარ. სიამოვნებით ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაკაცს არ შერცხვება სარეცხის გაფენა და არაფრად ჩააგდებს ზოგიერთის ქილიკს. მწამს, რომ უნდა დაინგრეს ფესვგადგმული მითი, რომ მამა მკაცრია, მას შვილმა საიდუმლოები არ უნდა გაუმხილო, რადგანაც დაგსჯის და მხოლოდ დედაა შვილის ნამდვილი მეგობარი. მინდა, რომ მამები მთელი გულით ჩაერთონ შვილის აღზრდაში და საკუთარი შვილები ახლოს გაიცნონ. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ქალაქში გამოაკრას აბრები, სადაც ეწერება, რომ სახლი უფრო სწრაფად ლაგდება, როცა მას ორი ადამიანი ერთდროულად ალაგებს და ვახშამი ბევრად უფრო გემრიელია, როცა მაგიდასთან მჯდომი წყვილი თანაბრადაა დაღლილი. რა მაგარი იქნებოდა, მამები მიხვდნენ, რომ თავისი პირმშოსთვის პამპერსის გამოცვლით მხოლოდ შვილის სხეულს კი არა, საკუთარ თავსაც ასუფთავებენ კომპლექსებისგან. მინდა ქართველ მოქეიფე ქმრებამდე დავიდეს, რომ სამზარეულოში ტრიალი ქალის საქმე კი არა, ნებისმიერი სქესის ადამიანის შანსია, შენი ოჯახის წევრებსა და სხვა საყვარელ ადამიანებს გემოს დღესასწაული მოუწყო. კარგი იქნება მამები მიხვდნენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ერთი შეხედვით უხერხულ თემებზე საუბარი ის ინვესტიციაა, რომლის დახმარებითაც სამომავლოდ მძიმე თემებზე აღარ მოუწევთ საუბარი. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ მოტაცებისა და გოგოს დაჯავშნის დრო წავიდა. მშობლებმა ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ სიტყვა „გათხოვება”, რადგანაც ქალის მიერ ქორწინებაში ნებაყოფლობით შესვლა მის ნივთად ქცევას არ გულისხმობს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ქალი საქართველოში ხელის გულზე სატარებლად კი არ აღიქმება, არამედ კაცის გვერდით მდგომად და მის თანასწორად ყველა საქმეში.

იმ დღეს ისპაჰანში იანვრისთვის უჩვეულოდ მზიანი დღე იყო. ხალხი ქუჩებში ირეოდა. ოჯახები სკვერებში, მწვანე ბალახზე გაშლილ ლამაზ ნაჭრებზე ჩამომსხდარიყვნენ და ისვენებდნენ. მაღაზიების ვიტრაჟებზე გამოფენილ ჭადრაკის დაფებზე ერთმანეთის პირისპირ ულამაზესი, ხელნაკეთი ფიგურები იდგნენ. თუმცა ამის მიუხედავად ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

 

პოსტი დაწერილია სპეციალურად კამპანიისათვის „კაცები ზრუნავენ“ გენდერული კვირეულის აღსანიშნავად. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის და შვედეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

#კაცებიზრუნავენ #Genderweek #UNFPA

 

რას ვეტყოდი საკუთარ თავს სკოლის ასაკში

0

ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, რას შეცვლიდა, წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს. ერთხელ მაინც უფიქრია, რას გამოასწორებდა, რა შეცდომებს აღარ დაუშვებდა, რა მიმართულებით წაიყვანდა ცხოვრებას, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებდა, რომელ ენებს ისწავლიდა, რას წაიკითხავდა, რას არ წაიკითხავდა, ვის რჩევებს მოუსმენდა, ვის არ მოუსმენდა და ასე დაუსრულებლად, ჩამონათვალი გრძელია.  ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ სინამდვილეში არაფერს შეცვლიდა, ყველა გადადგმული ნაბიჯით ამაყია. ამბობენ, რომ წარსული შეცდომები გვეხმარება გავხდეთ ის, რაც ვართ და როგორიც ვართ. ბევრჯერ გამიგია, რომ წარსულში ქექვას აზრი აღარა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება ცხოვრებაში, როგორც საჭიროა.

მეც ბევრჯერ მითქვამს იგივე მეგობრებთან საუბარში, რომ ამაყი ვარ ყველა ჩემი შეცდომით, ყველა ჩემი იმედგაცრუებით, მაგრამ როგორც კი ღამე ლოგინში ჩავწვები და საბანს შემოვიკეცავ, მაშინვე თავს მახსენებს წარსულში დაშვებული უამრავი შეცდომა, არ მასვენებენ და მაჩვენებენ, სადამდე მიმიყვანა ამ დაშვებულმა შეცდომებმა, რა შედეგები გამოიღო და ვფიქრობ, ბევრ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს წარსულში და ამ დროს სულ ერთი და იგივე მზერას ვიღებ დაბნეული სკოლის მოსწავლე საკუთარი თავისგან, რომელიც მერხთან შემომჯდარა და წარმოდგენა არა აქვს, ადამიანი, რომელიც მომავლიდან კითხვებს უსვამს, ნამდვილად თვითონ არის თუ რაღაცები ეჩვენება. ვერ ხვდება, ღირს თუ არა ჩემი მოსმენა.

მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ლაპარაკს და როცა დიდი ჩხუბი და კამათი მორჩება, ვხვდები, რომ ასეთი სიტყვები ჩემგან არ დაუმსახურებია და შექებაზე გადავდივარ. ხანდახან თავს ვირთობ და წარმოვიდგენ, რომ სამყაროში ერთი რეალობა არ არსებობს და ბევრი რეალობაა, ზოგ რეალობაში ძალიან პატარა ვარ, ზოგში 8-10 წლის, ზოგ რეალობაში 40 წლის ვარ, 80-ის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის რეალობაა, სადაც 15-16 წლის ვარ,  საშინლად აგრესიული, დაბნეული და უკმაყოფილო ყველაფრით, რეალობა, სადაც არ ვიცი, როგორი იქნება მომავალი, ვერც კი წარმოვიდგენ, სად შეიძლება აღმოვჩნდე 2-3 წელში, რა შეიძლება გავაკეთო ცხოვრებაში, რა შეიძლება შევიძინო, რა შეიძლება დავკარგო.

და აი, ზუსტად ამ რეალობაში გადასვლა, სკოლის კარების შეღება, დერეფნის გავლა, მეთერთმეტე კლასის საკლასო ოთახში შესვლა და უკანა მერხზე მჯდომი ზურას დანახვა რომ შემეძლოს, პირველ რიგში აუცილებლად მივიდოდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.

ჩამოვუთვლიდი, რომელი მასწავლებლის ნდობა შეიძლება, რომელ მასწავლებელს უნდა დაუჯეროს, მოუსმინოს და რომელ მასწავლებელს არ უნდა ენდოს, რომელი მასწავლებლის რჩევა არ უნდა გაითვალისწინოს და საერთოდ, ვეტყოდი, რომ ამ მასწავლებლებზე ამდენი ნერვიულობა არ ღირს, რომ სამ-ოთხ წელში სახელებიც კი აღარ ემახსოვრება მათი. ვეტყოდი, რომ არ არსებობს ავტორიტეტები, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც ცდილობს მეგობარი გახდეს მოსწავლის და არა ავტორიტეტი. ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში ბევრი ცუდი ადამიანი შეხვდება და უნდა ისწავლოს მათთან ბრძოლა და მასწავლებელთან კონფლიქტი შესანიშნავ შანსს აძლევს, კარგად მოემზადოს მომავალი ბრძოლებისთვის.

მიმოვიხედავდი საკლასო ოთახში, თითს გავიშვერდი მესამე მერხზე მჯდომი აბეზარი ბიჭისკენ და ვეტყოდი საკუთარ თავს, რომ 2 წელიწადში ის ბიჭი, რომელიც ამდენი ხანი დაგცინის ცოლს მოიყვანს, უნივერსიტეტსაც არ დაამთავრებს და ერთ დღესაც, ბედნიერს და გახარებულს რომ დაგინახავს, ძალიან ინანებს, ასე ცუდად რომ გექცეოდა. იმ გოგოსკენაც გავიშვერ თითს, ცუდ ჭორებს რომ გივრცელებს სკოლაში, გეტყოდი, რომ ერთ წელში ამ ცუდი ჭორების მსხვერპლი თვითონვე გახდება და შენ, 16 წლის ზურა იქნები ის ერთადერთი, ვინც დაიცავს ამ ბინძური ხმებისგან. ბევრ რამეს გეტყოდი შენს კლასელებზე, ზოგი გაგახარებდა, ზოგი არც ისე, მაგრამ მთავარი ერთია, რომ გგონია, ყველაფერი ასე ცუდად იქნება და სამყარო ასე გააგრძელებს არსებობას, რომ ყველა ადამიანი ისეთია, როგორც შენი საკლასო ოთახი, ვეცდებოდი მეთქვა, რომ სამყარო ბევრნაირია, მთავარია, შენ როგორ სამყაროში გინდა იცხოვრო და მალე მაგ არჩევანის მიღების შანსი გექნება.

სახლისკენ გაუყვებოდა ალბათ სკოლის მერე 16 წლის ზურა, ბათუმის ქუჩები, მაღაზიები, ადამიანები, მოქუფრული ცა, გუბეები, საცობები, გაჭიმული თოკები კორპუსებს შორის და ამ თოკებზე ბათუმურად დაკიდებული სველი ზეწრები. აღარ შეგიძლია ამ ყველაფრის ყურება და გგონია, რომ სულ ეს იქნება შენი ყოველდღიურობა, გეტყვი, რომ ასე არ არის, მალე სხვა ქალაქში იცხოვრებ, სხვანაირი სურათებით იქნება სავსე შენი ყოველდღიურობა, უამრავი ახალი უბანი, ახალი ქუჩა, ახალი კორპუსები, ახალი სამყარო, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია, გეტყვი იმასაც, რომ საღამოობით, უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულს ბათუმის ქუჩები მოგენატრება, გეტყვი, რომ ერთ დღეს მეტროში ჩახვალ, შენს გვერდით ქალს დაინახავ, რომელიც აჭარული კილოთი ლაპარაკობს ტელეფონზე და საშინლად მოგინდება მიხვიდე და ჩაეხუტო, მერე რა რომ შორს არ არის შენი ქალაქი, მაინც ვერ მოახერხებ წინ და უკან სირბილს, მაგრამ ყოველთვის, როცა დაბრუნდები ახალ და მივიწყებულ ქუჩებს იპოვი და ახლიდან შეგიყვარდება ყველა კორპუსი, გუბე თუ ადამიანი.

მანდ სადმე, შენს სახლთან სანამ მიხვალ, ბიჭსაც დაინახავ, რომელიც დიდი ხანია მთელი გულით გიყვარს და ვერაფრით ეუბნები, ვერ ხვდები, რა ხდება შენს თავს, რატომ გიყვარს, რა სახელი დაარქვა, როგორ იფიქრო მასზე, როგორ იოცნებო. გეტყვი, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, წინ დიდი სიყვარული გელის, დიდი იმედგაცრუებაც და მერე მიხვდები, რომ ცხოვრება სავსეა სიყვარულით, რომ უამრავი ადამიანი ზრუნავს შენზე და უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შენი კეთილდღეობა. ვეტყვი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ღრიალი მოგინდება ბედნიერებისგან, ძალიან ბევრჯერ იფიქრებ, რომ ეს ყველაზე დიდი სიხარულია და ამაზე დიდი შეუძლებელია, მაგრამ მერე უფრო დიდი სიხარული მოვა და ღირს ამ სიხარულების გამო მოთმენა.

სახლში ასულს დედა დაგხვდება მისაღებში, მამა დაგხვდება სამზარეულოში, საშინლად გაბრაზებენ ორივე, მაგრამ მანდაც გეტყვი, რომ გავა 1-2 წელი და ისინი შენი მეგობრები გახდებიან და მიხვდები, რომ სინამდვილეში არც ისეთი ცუდები არიან, როგორიც ახლა გეჩვენება. ჩამოვჯდები შენს საძინებელ ოთახში და მოგიყვები, რა უნდათ შენთვის, რა უნდა გაითვალისწინო და სად უნდა მოუსმინო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. გეტყვი იმასაც, რომ ხანდახან ისინიც უშვებენ შეცდომებს, ძალიან გავხართ ერთმანეთს, მაგრამ ცდილობენ და ფიქრობენ იმაზე, რომ უკეთესი მომავალი შეგიქმნან.

ვეტყოდი იმასაც, რომ არ არის საჭირო იფიქრო გარეგნობაზე, იმაზე თუ რა გაცვია, არ არის საჭირო ინერვიულო, რას ფიქრობენ სხვები შენზე, არ იფიქრო, რომ ეგ არის მხოლოდ მთავარი. ვეტყოდი, რომ მის ასაკში ყველა ადამიანი ლამაზია და ამ სილამაზეს ბევრი დაინახავს, ბევრი ადამიანი აღფრთოვანდება და სინამდვილეში, უფრო სხვა რამეებია, რის გაუმჯობესებაზეც უნდა იფიქროს და ინერვიულოს.

და რაც ყველაზე მთავარია, ვეტყოდი, რომ მისდიოს იმ ხმას, რომელიც წლებთან ერთად გაძლიერდება, ხმა, რომელიც ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სამყარო ზრუნავს მასზე, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ადამიანს აქვს ამოუწურავი ძალები. ვეტყოდი, რომ იმ დიდ და კეთილ ხმას დაუგდოს ყური, რომელიც ეუბნება, რომ მარტო არ დატოვებს არასდროს. სხვა ყველაფერი მოგვარებადი და გამოსწორებადია.

კიდევ ბევრი პატარ-პატარა შენიშვნები და თხოვნები მექნებოდა ალბათ, მაგრამ არ მოვაცდენდი, მივცემდი უფლებას, რომ ეგ პატარა შეცდომები დაეშვა, ყოფილიყო სულელი, გაბრაზებული, ნაწყენი, მოტყუებული, მატყუარა და კიდევ ათასი რამე, ეოცნება დაუსრულებლად, მთავარია ახსოვდეს, რომ დრო ყველაფრისთვის აქვს, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად იქნება ბედნიერი. თვალებს ფართოდ გავახელინებდი და ვაჩვენებდი, ვინ ზრუნავს მასზე, ვის უყვარს, ვეტყოდი, რომ ამ რეალობაშიც კი ბევრი ადამიანი ზრუნავს მასზე, ვაჩვენებდი ყველა კარგ მასწავლებელს, ყველა კარგ მეგობარს, ყველა სითბოს და ვთხოვდი, რომ ეზრუნა მათზე და არ დაევიწყებინა, რომ ესეც არის მის ცხოვრებაში.

და რახან მე არ შემიძლია ის პატარა საკუთარი თავი ვიპოვო სკოლის ბოლო მერხზე, მათ ვეტყვი ამ სიტყვებს, ვინც დღეს არის პატარა, სკოლაში მერხებთან სხედან და არ იციან, რა იქნება მერე. მე კი ისღა დამრჩენია, მომავლიდან მოსულ ზურას დაველოდო, თავში რომ ჩამიკაკუნებს ხელებს და ბევრ რამეს მისაყვედურებს.

 

ლირიკული ტექსტების ანალიზი საბაზო და საშუალო საფეხურზე

0

სასკოლო ასაკის საბაზო და საშუალო საფეხურზე  შედარებით იოლია ეპიკური ტექსტების გაგება, ანალიზი და შეფასება, რადგან მარტივია ნარატივის სიუჟეტის აღქმა და მასთან პრობლემათა სპექტრის დაკავშირება, ხოლო ლირიკული ტექსტების სწავლება ყოველთვის შეიცავს სირთულეებს და ფილოლოგებს ისღა დარჩენიათ, რომ ლექსის ზეპირად დასწავლა დაავალონ მოსწავლეებს, ტექსტის აღქმა კი ხშირად ბლუმის ტაქსონომიის პირველ დონეს ვერ სცდება (არცთუ იშვიათად ესეც დაუძლეველი ბარიერია). ამას იწვევს პოეტური ტექსტების ლირიზმი, ხშირად ურთიერთდაუკავშირებელი განწყობების ქაოტურად გადმოცემა, ფსიქოლოგიზმი, სათქმელის შეფარვა ტროპული საბურველით, უამრავი სიმბოლო და ღრმად ემოციური ენობრივი ქსოვილი, ევფონიის უამრავი საიდუმლო ხვეული.

რუსთველი მცირე ზომის ლირიკულ ტექსტებს აცხადებდა, როგორც მეორეხარისხოვანს და მდარეს. გავიხსენოთ სტროფი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგიდან:

„მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი…

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა“…

მოგეხსენებათ, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის მე-12-მე-19 სტროფებში მწყობრად არის ჩამოყალიბებული ავტორის შეხედულებები პოეზიის ბუნებაზე. მოყვანილ ციტატში გამოთქმულია უმნიშვნელოვანესი შეხედულებები: 1. რომ მცირე ზომის ლირიკული ტექსტების ავტორი პოეტად ვერ ჩაითვლება და უმჯობესია პოემის ავტორს თავი არ გაუტოლოს, 2. რომ ლირიკული ლექსის სათქმელი ურთიერთდაუკავშირებელი და უმსგავსოა, 3. რომ „ლექსი ცოტაის“ ავტორებს არ შეუძლიათ გულის გამგმირავი სიტყვების სრულქმნა ანუ ემოციური ზემოქმედება მკითხველზე.

რასაკვირველია, თანამედროვე ლექსთმცოდნეობა რუსთველს ამაში არ დაეთანხმება, რადგან თანამედროვე „ლექსი ცოტაი“ ბევრს იტევს, პოეტს შეუძლია მცირე ფორმის ნაწარმოები დაუვიწყარ მოვლენად აქციოს. ამის დასამტკიცებლად თუნდაც მხოლოდ გალაკტიონის გახსენება საკმარისი იქნებოდა. მას არავინ იცნობს თავისი ლირიკული პოემებით, სწორედ მცირე ზომის ლირიკული ლექსებით იქცა პოეტური სიტყვის მსოფლიო მნიშვნელობის ლეგენდად და თუნდაც „მთაწმინდის მთვარის“ ან „ლურჯა ცხენების“ გარდა სხვა რომ არაფერი დაეწერა, უდიდესი ლირიკოსის სახელის დამკვიდრება მაინც უთუო იქნებოდა, მაგრამ მეოცე საუკუნისგან მკვეთრად განსხვავებულია რუსთველის ეპოქის ესთეტიკა, გემოვნება და გამოსახვის ხერხები. შუა საუკუნეების, რაინდობის ეპოქის თემები და გამოსახვის ფორმები, რასაკვირველია, ვერ იქნება მეოცე საუკუნის ადამიანის აღმქმელობის სადარი. ამიტომ ამ ეპოქების პოეტური ტექსტების გააზრებას განსხვავებული მიდგომაც უნდა მკითხველის მხრიდან. მოკლედ, გვჭირდება „კაცი ვარგი“ – მომზადებული, გემოვნებიანი მკითხველი და ეს „კაცი ვარგი“ ჩვენი საწვრთნელია. საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩვენ ვასწავლით შემდეგ პოეტურ მემკვიდრეობას:

  • აღორძინების ხანის ლირიკა დავით გურამიშვილის ერთადერთი პოეტური კრებულიდან;
  • რომანტიკული პოეზია;
  • რეალისტური პოეტური ტექსტები (ილია, აკაკი, ვაჟა);
  • სიმბოლისტური პოეტური სკოლა (ცისფერყანწელები, გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე);
  • პოსტმოდერნისტული ლირიკა (ოთარ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, მორის ფოცხიშვილი და სხვები).

რა ძირითადი მახასიათებლები აქვთ ამ ლიტერატურული მიმდინარეობების ლირიკულ ნიმუშებს? მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილებზე გააკეთოს ამ შემოქმედებითი სკოლებისთვის დამახასიათებელი სტილური, სახეობრივი და იდეური თავისებურებების სისტემური ანალიტიკური სქემები, სლაიდშოუები, სხვადასხვა ტიპის კომპაქტური  დამხმარე რესურსები, სკაფოლდინგი. ამ რესურსებს სხვა დროს და სხვა ფორმით დავუბრუნდეთ. ახლა კი ლირიკული ტექსტების დეკოდირების  რამდენიმე ისეთი ხერხის შესახებ, რომელთაც ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ და შესაძლოა გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდეს.

 

პოეტური ტექსტების ლირიკული ჩანახატები

ლირიკული ჩანახატები პოეტური ტექსტის გაგებისა და ანალიზის გზაზე პირველი ნაბიჯია, ბლუმის ტაქსონომიის პირველ საფეხურს მიეკუთვნება (გაგება-აღქმა-გააზრება) და ძალიან გავს ე.წ. მოკლე შინაარსებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე პროზაული ტექსტების გასაგებად ვაწერინებთ ხოლმე. იმისთვის, რომ მოსწავლეს ანალიზამდე არ გაუძნელდეს ამ ლექსების რთული სახეობრივი და ფსიქო-ემოციური ენობრივი მახასიათებლების გაგება, სასურველია ტექსტის ქცევა ლირიკულ ჩანახატად, დღიურად, მისი გადმოტანა მოსწავლის ენაზე, ტექსტის „მოთვინიერება“, „მოშინაურება“. გარდა ამისა, ლექსის ქცევა ლირიკულ ჩანახატად ითხოვს გარკვეულ სიფაქიზეს, გემოვნებას, ესთეტიზმს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში წერის უნარების დახვეწას. მაგალითისთვის ავიღოთ თითო ნიმუში რომანტიკული და სიმბოლისტური საპროგრამო პოეტური ტექსტებიდან: ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“ და გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“.

ნიკოლოზ ბარათაშვილი, „ხმა იდუმალი“: ვისი ხმა მესმის ნეტავი, ესოდენ საკვირველი? რად აუვსია ჩემი გული ჩუმ ნაღველს? მას შემდეგ, რაც პირველად შევიცანი წუთისოფელი და დავტოვე ადგილი, სადაც გავატარე ყმაწვილობის წრფელი ჟამი თვისტომთა შორის, ჩემს სურვილებს გაუყრელად თან სდევს რაღაც იდუმალი, შეუცნობელი ხმა. სიზმრად თუ ცხადად ეს ხმა მკარნახობს: ეძებე, ჭაბუკო, შენი ბედი, იქნებ იპოვო საშენო გზები… მაგრამ ვერაფრით ვაგნებ ჩემს გზა-კვალს და სევდას გულიდან ვეღარ ვიშორებ… ნუთუ ეს ხმა სინდისის უმოწყალო ხმა არის? მაგრამ ჩემში ვერაფერს ვპოულობ საიმისოს, რომ სინდისი მქენჯნიდეს… ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ თუ მაცდური ეშმა? ვინ ხარ, მითხარი! რა მელოდება? რას მიმზადებ? როდის შევიცნობ შენს საიდუმლოს? ნუთუ ოდესმე ვიპოვი ჩემს ბედს ამ წუთისოფელში?

გალაკტიონ ტაბიძე, „მშობლიური ეფემერა“: მშობლიურ ხეებს ვეღარ ვცნობ, ზამთარმა ბილიკები ჩახერგა. ტყეებს ვეკითხები: დიდი ხანია? და ტყე გუგუნით მიდასტურებს, რომ დიდი ხანია ასეა. დახავსებული კლდეების ფონზე ვიღაცის კვნესა მესმის და ტყეებს ვეკითხები: ამირანია? ტყეები თანხმობას მიცხადებენ. ეს კვნესა სიცოცხლეს მიწამლავს, გული საგულეში ვეღარ ეტევა და ისევ ტყეებს მივმართავ: დაკარგულია? ჩემდა საუბედუროდ, ტყე მიდასტურებს, რომ დაკარგულია. თერგის ხმაური მაყრუებს, მზე ჩადის, მაგრამ ბინდი მაინც შორსაა და ჩემი თვალები ხედავენ არა ღამის სიშავეს, არამედ – ფერებს, საოცარ ფერებს, ისინი ირევიან… ვხედავ ლალისფრად ანთებულ ხეივანს, ლილისფერი და შინდისფერი ერთმანეთს ერევა. ყაზბეგის შუბლი ღრუბლებით დაიბურა, ცა კი ალუბლებით აივსო. ო, ღმერთო, საკმარისია! ჩემი თვალები ხედავენ საოცრებას: ციდან ყვავილების კალათებს ცლიან, დარიალიდან კი შემზარავი ხმები ისმის. შეხვედრა წამიერი იყო და ეს იყო განსაცდელი. გული მოგონებებით ივსება… ეს მოგონებები იმ ძვირფას ლანდებს გადაეცი, თერგო!

მომზადებული ლირიკული ჩანახატი, რომელიც შეგვიძლია მოსწავლეს ცნობილ კოგნიტურ სქემაში, ე.წ. კორნელის გრაფაში შევასრულებინოთ, იოლად ამოაცნობინებს მას ტექსტის თემას, საიდანაც უნდა ამოიზარდოს ავტორის იდეები, სათქმელის სწორად ამოცნობა ხომ ლექსის ანალიზისას უმთავრესი ამოცანაა! აქ არ ვგულისხმობთ მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს, განსხვავებულ წაკითხვებს, რაც თავისთავად მუდამ არის ხოლმე ტექსტის განხილვაზე მუშაობისას აქტივობების განუყრელი, თანმდევი ნაწილი. ტექსტის თემა ნიადაგია, „მიწაა“, რომელზეც, როგორც ყვავილი, ამოიზრდება ხოლმე მწერლისეული იდეები, მათ ხორცშესხმად გვევლინება ლირიკული გმირები და სხვა მხატვრული სახე-სიმბოლოები, ბოლოს ვიწყებთ მუშაობას მხატვრული მხარის კვლევაზე. მოსწავლეს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ლირიკულ გმირსა და მხატვრულ სახე-სიმბოლოს შორის. მარტივი ფორმულაა: ყოველი ლირიკული გმირი სახე-სიმბოლოა, მაგრამ ყველა სახე-სიმბოლო არ არის ლირიკული გმირი. ანუ ლირიკულ გმირად ლექსში გვევლინება ხოლმე ერთი-ორი სახე, ხოლო ყველა დანარჩენი სახე-სიმბოლოა. ლირიკული გმირი პროზაული ტექსტის მთავარ გმირს, პროტაგონისტს მოგვაგონებს, ხოლო სახე-სიმბოლო – მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. მთავარი, რაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი იდეების ამოცნობის დროს, ეს არის ეპოქალური კონტექსტები და ქვეტექსტები, რომლებიც ხშირად ალეგორიულ საბურველშია გახვეული.  ლექსის საანალიზოდ უნივერსალური სქემების შექმნა, რასაკვირველია, აბსურდული იქნებოდა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ აქ თავისუფალი მიდგომები, სპონტანურობა, ინტუიცია, ტექსტის ემოციის ადეკვატური განწყობით მიღება-გადმოცემა უმნიშვნელოვანესია. ყოველთვის წარმატებულია ხოლმე მოსწავლეთა ისეთი ნაშრომები, სადაც მწერლის ემოცია სწორად არის დაჭერილი და მოსწავლის დაკვირვებებში რეალიზებული. მართალია, ყოველი სქემა უსათუოდ გულისხმობს თავის თავში უამრავ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ შემოგთავაზებთ სკაფოლდინგის ტიპის, „ხარაჩოს“ ჩემეულ ვერსიას, რომელსაც წარმატებით ვიყენებ ხოლმე საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ლირიკული ტექსტების დეკოდირებისას:

პოეტური ტექსტების ანალიზის ძირითად მიმართულებები:

  1. ეპოქა, პოეტი და ტექსტი (ნაშრომის შესავალ ნაწილში ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად აისახება ეპოქის კონტექსტები ნაწარმოებში, რამდენად ეხმიანება ნაწარმოები პოეტის ცხოვრებას, პიროვნებას, რამდენად არის კავშირში იმ დროს გავრცელებული ლიტერატურული მიმდინარეობის თავისებურებებთან, რამდენად ორიგინალურია ავტორის ხელწერა ან რამდენად განიცდის გავლენებს? თუ ნოვატორულია, რაში გამოიხატება სიახლე?);
  2. ლექსის თემა და იდეა (მსჯელობთ იმ თემებზე, რომელთაც ავტორი ეხება და ამოვიცნობთ იდეებს, აუცილებელია არგუმენტირებული მსჯელობა და ტექსტის დამოწმება. არგუმენტები და ციტატები უნდა იყოს მკვლევრის მსჯელობის ლოგიკური დასაბუთება. პოეტური ტექსტების კვლევისას მიღებული ფორმაა არა სწორხაზოვანი, მტკიცება, არამედ ვარაუდი, ალტერნატიული თვალსაზრისი, კითხვების დასმა, კატეგორიულობა უნდა გამოირიცხოს);
  3. სახისმეტყველება: ლირიკული გმირი/გმირები და მხატვრული სახე-სიმბოლოები. აუცილებელია სახეების დაკავშირება იდეებთან. სახე უნდა გავიაზროთ, როგორც იდეის რეალიზების საშუალება.
  4. ლექსის მხატვრული სამყარო:
  • ტექსტის ენა, ემოცია, ლირიკული განწყობა;
  • სახე-სიმბოლოების ხატვის ოსტატობა;
  • ტროპული სამყარო: შედარება, მეტაფორა, ეპითეტი, გაპიროვნება, ჰიპერბოლა/ლიტოტესი, პეიზაჟი, ალეგორია, ოქსიმორონი, რეფრენი და პოეტური გამეორებები, პოეტური გადატანა;
  • ლექსის ევფონია, სალექსო ფორმები, მარცვალთა რაოდენობა, რითმა და რიტმი (შინაგანი მუსიკალურობა).

 

  1. სინთეზირება (ლიტერატურული პარალელები) და ლექსის მნიშვნელობის შეფასება. დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე).

ნიკოლოზ ბარათაშვილის და გალაკტიონის მოცემული ტექსტების ლირიკული ჩანახატები მოსწავლეს გაუიოლებს ტექსტის სათქმელის აღქმას, ხოლო მათი განსახილველი ნაშრომის წერისას მოცემული სქემა ხელს შეუწყობს მსჯელობის ორგანიზებას, არგუმენტირებას, დასკვნების გამოტანას.

როცა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანსიაზე შერჩევისას საჩვენებელი გაკვეთილი ჩავატარე, ერთ-ერთმა მსმენელმა ასეთი კითხვა დამისვა: წერის თანდაყოლილი უნარები მოსწავლეებს განსხვავებული აქვთ და რამდენად სამართლიანია, რომ ყველას ერთნაირად მოვთხოვოთ გამართული ანალიტიკური ნაშრომების წერა თუნდაც ეროვნულ გამოცდაზე? შესაძლებელია თუ არა წერის უნარების განვითარება და მისი დასწავლა?

ამ კითხვას თამამად შემიძლია ვუპასუხო: დიახ, არიან მოსწავლეები, რომელთაც სწავლებაც არ სჭირდებათ, დამოუკიდებლად ახერხებენ ტექსტების აღქმასა და ანალიზს და გასაოცრად წერენ კიდევაც განხილვებს, მაგრამ მოსწავლეთა იმ ნაწილს, ვისაც ეს უნარები თანდაყოლილი არ აქვს და უძნელდება წერილობითი ანალიზი, სისტემატური ვარჯიშით თავისუფლად შეუძლია ყველა იმ უნარის დასწავლა, რაც გამართული ნაშრომის დასაწერად არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში საკლასო და შემაჯამებელი წერითი სამუშაოები, ასევე ქართული ენის წერითი გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იქნება სტრესი და განსაცდელი. მთავარია მასწავლებლის და მოსწავლის მონდომება.

 

 

 

 

 

 

 

მუსიკა – ყვავილებში ჩამალული ქვემეხი  

0

სტატიის მიზანია მოსწავლის ჰარმონიული განვითარება მუსიკალურ კულტურასთან ზიარებით. ამისთვის მოსწავლე უნდა გაეცნოს მუსიკის ინტონაციურ-სახეობრივ ბუნებას, ჟანრულ თუ სტილისტურ მხარეებს, მუსიკალური ენის განსაკუთრებულობას, კლასიკურ და ფოლკლორულ მემკვიდრეობას და მუსიკის კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან.

გავეცნოთ რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის, პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის ფრიდერიკ შოპენის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

კომპოზიტორის დაბადების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია. ბიოგრაფები ორ თარიღს ასახელებენ: 22 თებერვალს და 1 მარტს, – თუმცა მშობლები და თვით შოპენიც ყოველთვის პირველ მარტს მიუთითებდნენ.

კომპოზიტორი 1810 წელს დაიბადა ვარშავასთან ახლოს მდებარე მამულში, პოლონურ ოჯახში.

კულტურულ გარემოში გატარებულმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა შოპენის ფსიქოლოგიისა და შემოქმედებითი ინტერესების ფორმირებაზე. კომპოზიტორის მამას, ფართო თვალთახედვისა და განათლების მქონე ადამიანს, ვარშავაში ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგის რეპუტაცია ჰქონდა. ოჯახში გამუდმებით ჟღერდა მუსიკა: მამა ვიოლინოსა და ფლეიტაზე უკრავდა, დედადიდგვაროვანი ოჯახის შვილი – შესანიშნავად ფლობდა ფორტეპიანოს და კარგადაც მღეროდა.

ჩვილ ასაკში ფრიდერიკის მუსიკალური მგრძნობელობა მშფოთვარედ და უცნაურად ვლინდებოდა. თავდაპირველად მშობლებს ეგონათ, რომ მათ ვაჟს მუსიკა არ სიამოვნებდა, ვინაიდან, როდესაც დედა უკრავდა, ის ტირილს იწყებდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტირილის მიზეზი მუსიკის გავლენა, მისკენ მძაფრი ლტოლვა ყოფილა. დედის კალთას ჩახუტებული ბიჭი დიდხანს უსმენდა როიალის ხმას. ღამით ლოგინიდან წამოხტებოდა, სიბნელეში  კლავიშებს მოძებნიდა და დღისით მოსმენილ მელოდიებს არჩევდა.

მშობლების ყურადღებითა და მზრუნველობით განებივრებული ფრიდერიკი უფრო და უფრო ავლენდა გასაოცარ მუსიკალურ ნიჭს. ხუთი წლისა, უკვე საკმაოდ კარგად უკრავდა პიანინოზე. მოცარტის მსგავსად მუსიკით „შეპყრობილი“, გარშემო მყოფებს იმპროვიზაციებში დაუშრეტელი ფანტაზიით და თანდაყოლილი პიანიზმით აოცებდა.

ფორტეპიანოში სისტემატური მეცადინეობა შოპენმა 6 წლიდან დაიწყო, ხოლო პირველი ნაწარმოები – პოლონეზი g-moll – 7 წლისამ დაწერა. სულ მალე მისი პირველი საჯარო გამოსვლაც შედგა და ყველასთვის უმალ ცხადი გახდა, რომ ბიჭი გენიოსი იყო. ვარშავის პრესა აღფრთოვანებით აღნიშნავდა: „პოლონური ცეკვის ავტორი რვა წლის ბავშვია… ნამდვილი მუსიკალური გენია. ის არა მხოლოდ სრულიად თავისუფლად და დიდი გემოვნებით ასრულებს ფორტეპიანოზე ურთულეს პიესებს, არამედ რამდენიმე ცეკვისა და ვარიაციის ავტორიცაა, რაც მუსიკის მცოდნეებს ძალზე აოცებთ“. ამ პირველმა გამოსვლამ სათავე დაუდო შოპენის შემდგომ არტისტულ წარმატებას ვარშავაში.

კონცერტის შემდეგ, როდესაც დედამ რვა წლის ფრიდერიკს ჰკითხა, როგორ მოეწონა ის საზოგადოებას, მან გულუბრყვილოდ უპასუხა: „დედა, ყველა ჩემს საყელოს უყურებდა“.

თორმეტი წლის შემდეგ „პოლონელ მოცარტს“ პიანინოს შესწავლაში პედაგოგი აღარ ჰყოლია. ყველაფერი, რასაც მიაღწია, დამოუკიდებელი მუშაობის შედეგი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ 14 წლის შოპენის გენიალურობის თაობაზე აზრი მისმა პედაგოგმაც, გვარად ელსნერმა გამოთქვა: „ის, რაც შექმენი, ხელოვნების წესებთან არ არის თანხვედრაში, მაგრამ ვინაიდან შესანიშნავია, არ შევასწორებ, შენიშვნებსაც კი არ მოგცემ და არც უნდა მოგცე: იარე საკუთარი გზით, რადგან შენში ხელოვნებისთვის დღემდე უცნობ ნაპერწკალს ვხედავ“.

16 წლის შოპენი ვარშავის კონსერვატორიის სტუდენტია, რომელსაც 1926 წელს ამთავრებს. ამ დროს რექტორი ელსნერი მის შესახებ ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „გასაოცარი უნარების მქონეა. მუსიკალური გენიოსი“. იგი შოპენს არწმუნებს, გასცდეს ქვეყნის საზღვრებს, გაიცნოს უცხოური მუსიკა და თავადაც გააცნოს თავი უცხოეთს.

ფრიდერიკი პირველად ვენას ესტუმრა, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

იმხანად პოლონეთში რთული ვითარება იყო. თავისუფლების მოყვარული ქვეყანა რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ფრიდერიკის მშობლები და ახლობლები შიშობდნენ, პოლიტიკურ რყევებს ხელი არ შეეშალა ფრიდერიკის ტალანტის განვითარებისთვის და ხელი შეუწყვეს უცხოეთში გამგზავრებაში.

როდესაც შოპენი მორიგ მოგზაურობას გეგმავდა, პოლონეთის დედაქალაქში პოლიტიკური ატმოსფერო უფრო და უფრო იძაბებოდა, პატრიოტები რუსული ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. შოპენი როგორც თავისი ქვეყნის გენიალური შვილი აცნობიერებდა უმძიმეს მისიას – სახელი გაეთქვა სამშობლოსთვის უცხო ქვეყნებში.

1829 წელს, ფრიდერიკის გამგზავრებიდან ორი კვირის შემდეგ, ვარშავაში აჯანყებამ იფეთქა. იმპერატორი ნიკოლოზ I-ის პოლონეთის მეფედ კურთხევამ სამოქალაქო მღელვარება გამოიწვია.

სამწუხაროდ, პოლონეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა (მხოლოდ 1918 წელს დაიბრუნა დამოუკიდებლობა) და როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ევროპის რუკიდან გაქრა, მაგრამ მსმენელებისთვის ის შოპენის შემოქმედებაში გაცოცხლდა.

ამბავი ვენასაც მისწვდა. სამწუხაროდ, შოპენს სამშობლოს მწარე ხვედრზე დარდი მხოლოდ შორიდან თუ შეეძლო. სწორედ ამ მოვლენებს აღწერს მისი ცნობილი „რევოლუციური ეტიუდი“.

შოპენი ნაციონალური ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტის ატმოსფეროში იზრდებოდა. მისი სულიერი სამყარო ნაციონალური ღირსებისა და დამოუკიდებლობისათვის პოლონელი ხალხის დაძაბული ბრძოლის პერიოდში ჩამოყალიბდა. პატრიოტული აღტკინება, თავისუფლებაზე ოცნება, მშობლიური ქვეყნის სიდიადე შთააგონებდა მას და სტიმულს აძლევდა შემოქმედებითი ძიებისთვის. პოლონელთა ნაციონალური თვითდამკვიდრების სიმძაფრემ საბოლოოდ განსაზღვრა შოპენის მსოფლაღქმა და მისი შემოქმედების მიმართულება.

პოლონეთიდან „დროებითი“ გამგზავრება სამშობლოსთან სამუდამო განშორებად იქცა. „რევოლუციური ეტიუდი“ c-moll (ოპ. 10 № 12) მრისხანების, აღშფოთების, სასოწარკვეთის წუთებშია შექმნილი. ტრაგიკული ცნობის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა კომპოზიტორმა მუსიკაში გახსნა თავისი სულის აქამდე ხელუხლებელი მხარე – მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული მგზნებარე დრამატიზმი.

შოპენის საუკეთესო ნაწარმოებებად ერთმნიშვნელოვნად ეტიუდებია მიჩნეული. მან ამ ჟანრს ბევრი რამ შესძინა. ყოველი ეტიუდი რომანტიკული მინიატურაა და, იმავდროულად, ახალი ტექნიკური ხერხების დაუფლებისკენ მიმავალი გზა. შოპენამდე ეტიუდის დანიშნულება მხოლოდ ტექნიკური ჩვევების განვითარება იყო, ფრიდერიკმა კი ამ ჟანრში ახალი, გასაოცარი პოეტური სამყარო შექმნა. „რევოლუციური ეტიუდით“ მან ბეთჰოვენისეულ უმაღლეს ტრაგიზმს მიაღწია.

გთხოვთ, მეთორმეტე (12) ბილიკზე – Chopin Etude Op 10 No.12 Valentina Lisitsa გადახვიდეთ

ეტიუდი c-moll შოპენის პირველი გმირული ნაწარმოებია აჯანყების მიმართ მკვეთრად გამოხატული პოზიციით. ის იწყება მძვინვარე ტალღისებრი პასაჟებით მარცხენა ხელში, ხოლო აკორდებში მოცემული პუნქტირული რიტმით უმძაფრესი დრამატული ხასიათის თემა ამოიზრდება.

თემას რელიეფური რომანტიკული ინტონაციებიც ახასიათებს. გარდა ამისა, ეტიუდში ნათლად იკვეთება აქცენტები ქრომატიზმზე, რიტმული მოუსვენრობა-ცვალებადობა და დატვირთული აკორდიკა. შოპენის გმირული თემა სასიმღერო ნიშნებსაც ინარჩუნებს.

ფინალში შტორმი თითქოს მშვიდდება, მაგრამ ქარივით მოვარდნილ მოულოდნელ პასაჟს მძლავრი აკორდებით ნაწარმოების დასასრულისკენ მივყავართ. ეტიუდი სრულდება დაბალ რეგისტრში აბსოლუტური სიმტკიცით და, იმავდროულად, ღრმა მწუხარებით.

შოპენის ეტიუდი c-moll მინიატურულია, თუმცა მასში მთელი სიმძაფრითაა ასახული პოლონეთის აჯანყების ტრაგიკული ბედი.

„ძლევამოსილმა თვითმპყრობელმა მონარქმა, იქ, ჩრდილოეთში, რომ იცოდეს, მისთვის რაოდენ საშიში მტერი იმალება შოპენის ქმნილებებში, მუსიკას აკრძალავდა“.

პოეზია ომის წინააღმდეგ – მირზა გელოვანის პოეტური არჩევანი

0

სამყაროს არსებობა გამართლებულია, როგორც ესთეტიკური ფენომენისა, _ წერს ნიცშე. პოეზია, ხელოვნების სხვა სფეროებთან ერთად, ტანჯვას ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს და ომსაც, თავისი სისასტიკითა და სისხლისღვრით, ხშირად რომანტიკულ ბურუსში ხვევს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გადაილახოს ის ძრწოლა, რომელიც მასშტაბურ სანქცირებულ კაცთაკვლას ახლავს თან. მირზა გელოვანს მეორე მსოფლიო ომი ბედისწერად ექცა, რომელმაც მის შემოქმედებაში თავისი კვალი დატოვა. თუმცა საგულისხმოა, რომ მისი საუკეთესო ლექსები სწორედაც ამ დროს დაიწერა. ის ომის ქაოსს თავის ლექსებში პოეტურ კოსმოსად აქცევდა, ამგვარად, დიონისურს, სტიქიურსა და ბნელს აპოლონურ, სინათლითა და ჰარმონიით სავსე ფენომენად გარდასახავდა.

`მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად~, _ წერდა ლადო ასათიანი და ამ სტრიქონებით თითქოს მთელი თაობის სულისკვეთებას გამოხატავდა. მირზა გელოვანმაც არართგზის ჩახედა სიკვდილს თვალებში და თავისი პოეზიით დაამარცხა. 1942 წელს ბრძოლის შემდეგ დაწერა:
`სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე~ (`შენ~).
სიკვდილის ძლევას კი იგი მხატვრული სიტყვით, ლოგოსით ახერხებდა. ღმერთი უხილავად იყო მასთან, სიტყვის სიღრმეში დაუნჯებული. მისი სამყარო, რწმენის წყურვილით აღსავსე მოისაკლისებდა სახლს და შინ დაბრუნებას განწირული მიესწრაფვოდა, ამიტომაცაა რომ მის ერთ საოცარ ლექსში, `სურათი~ რომ ჰქვია მამის სახის მიღმა სიმბოლურად მამა ღმერთსაც ხედავს მკითხველი:
`გვიშველეთ: ხეებმა შეიბეს ფეხები
რომ, როგორც ჭინკებმა,
იქროლონ ცაში!
არ გესმით? როგორც ბალახის ჩურჩული,
კითხულობს ხმა:
_ როდის წავალთ სახლში?~
ღვთაებრივი სამყაროს არსებობის რწმენით არის გამსჭვალული ლექსი `დედას~, რომელშიც ვკითხულობთ:
`როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის,
მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების,
და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი
ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი~.
სისხლის წვიმა იყო ერთგვარი ემბაზი ახალი შობისათვის:
`ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი
და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ~.
ის ხედავდა, როგორ იწვოდა ზეცა, როგორ სცდებოდა მას ტყვია `და ამხანაგის გულში ცივდებოდა~, მაგრამ სიკვდილის შიშს არ იკარებდა და ვაჟა-ფშაველას კაი ყმასავით საბრძოლო პოლიგონს, როგორც პიროვნული ზრდის ასპარეზს, ისე აღიქვამდა.
ის ომშიც `არ კარგავდა სიმაღლეს~ _ ეს იყო მისი პოეტური არჩევანი და `სისხლის წვიმაში~, `ტყვიების ჩქერში~ არ ემსგავსებოდა უგრძნობელ ქვას, ამიტომაც ფერს იცვლიდა დრო და გარემო და ხედავდა:
`და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,
ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად,
მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,
როგორც უცოდველ მშვენიერებას~ (`იქ, სადაც სხვები..~).
`ქანავს ბორანი, როგორც საყურე
და რიაზანი მოაგავს ბორანს~.
`დაჩეხილებს თბილისის ცა გვამრთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი~ (`მთაწმინდიდან სმოლენსკამდე~). M
მშვენიერება მას ხსოვნიდანაც ამოჰქონდა, როგორც ფერადოვანი საბურველი, რომლითაც რეალობის ნაცრისფერსა და შავს აფარებდა:
`იელვებს ყვითელი, წითელი ფერები,
ადგება ეს ღამე ადამიანივით
და შუადღისას გზაში მეფერება~ (`ერთი ღამე~). `ცაზე ხოხობს გაუშლია ბუმბული~ (`ქარიანი ღამე~).
`ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს~ (`ნუ მწერ~).
`უცოდველი მშვენერების~ აღქმა და გადმოცემა გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ. ამგვარი ნიჭი მომადლებული ჰქონდა მირზა გელოვანსაც. `სილამაზე იხსნის ქვეყნიერებას~ _ დოსტოევსკისეული ეს ფრაზა მისთვისაც მრავალმნიშვნელოვანია და საიდუმლოებით არის სავსე. `უცოდველი მშვენიერების~ პალიფსესტური შინაარსის მიღმა ჯვარცმული მაცხოვარიც იგულისხმება, რომელიც ადამიანთა შორის დადიოდა და როგორც გიორგი ლეონიძე წერდა, მათ `შროშანებზე~ ესაუბრებოდა. ვაჟა-ფშაველა `სტუმარ-მასპინძელში~ როცა აღწერს, რა გაშმაგებით მიემართება ხალხი სასაფლაოსკენ, რათა ზვიადაური პირუტყვივით დაკლას, პოეტის მზერა ამ დროს შეამჩნევს:

`მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ნამს ჯერ ბალახზე ეძინა~.
პოეტებისთვის დიდ საფიქრალად არის ნაქცევი, როგორ შეიძლება ამ უთვალავფერიან სამყაროში ადამიანს სხვისი მოკვლის ფიქრი ჯერ გაუჩნდეს და შემდეგ განახორციელოს. თუმცა კაენური ცოდვა კაცობრიობას მძიმე ტვირთად აწევს. გრიგოლ ორბელიანიც ასევე ჩავარდნილა საგონებელში: `ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?~ (`სადღეგრძელო~). გვახსენდება აკაკი წერეთლის `თორნიკე ერისთავის~ ის ეპიზოდიც, როდესაც მთვარე გაოცებული დაჰყურებს ომში დახოცილ ადამიანებს:
`ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით
და გადმოჰხედა ნაზად ბრძოლის ველს,
კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა
მაღლით ციური აფენდა ნათელს~.
ასე რომ, მირზა გელოვანი აგრძელებს ქართული ლიტერატურის ტრადიციას, რომელიც ერთგვარ გაორებულობას ამჟღავნებს, ერთი მხრივ, აღტაცებულია საბრძოლო სულისკვეთებით, მეორე მხრივ კი, წინააღმდეგია ნებისმიერი სისხლიანი დაპირისპირებისა.
ამ წინააღმდეგობას კარგად ხსნის დიმიტრი უზნაძე თავის წერილში `ომის ფილოსოფია~. მისი აზრით, ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს ბოროტებისა და უბედურების სახელით ნათლავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ მკვლელს უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება~. `ჩვენი ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამსრულებელი ძალა _ სინდისი ძირფესვიანად ირყევა; და მტრის სიკვდილი სასიქადულო და სანატრელი ამბით ეპკურება ჩვენს სმენას. ერთ დღეს ასი ათასობით ისრისება ადამიანის ნორჩი სიცოცხლე, ხმება გულში დარგული ვარდები იმედებისა, და ყველა ეს სხვა დროს რომ ბოღმით ავსებდა ჩვენს არსებას, ახლა სანეტაროდ გაგვხდომია, და თუ ვინმემ თავი ისახელა მტრის ბანაკის მუსრის გავლებით, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი ,,რაინდობა” და რაც უფრო მეტი დამღუპველი იქნება მტრისთვის მისი მახვილი, მით უფრო მეტად ვაჯილდოვებთ მას. ათასი კაცის სისხლში ამობანილი ხელი გმირისა და კეთილისმყოფელის ხელად გვეჩვენება. ცხადია, რომ ომიც ძირფესვიანად ათავისუფლებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას გონების კატეგორიების ბატონობისაგან, და ამ გზით ჩვენს პირდაპირ უშუამავლო შეფასებას კვალს უკაფავს~.
მირზა გელოვანი ფრონტიდან გამოგზავნილ წერილებში წერდა, რომ ცხოვრება იყო მისი მასწავლებელი და ჯარისკაცობასაც განიცდიდა, როგორც ბედისწერის წიგნის ერთ ფურცელს, რომელზეც თავისი ფიქრის ანაბეჭდებს მხატვრულ სახეებად აქარაგმებდა. `მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები~ ჰქონდა და ამიტომაც მის მუზას ქვემეხის სროლა ვერ ადუმებდა.
ესთეტიზებული ომის სურათები უხვადაა ქართულ პოეზიაში, `ვეფხისტყაოსანი~ მტრის ხოცვას, `მძლეთა მებრძოლთა მძლეობას~, რაინდის უცილობელ თვისებად ასახელებს. გრიგოლ რობაქიძე შედევრად მიიჩნევდა ვაჟას ლექსს `ფშაველი ვაჟკაცის წერილი~, რომელშიც პირველ მსოფლიო ომში წასული ქართველი კაი ყმის ფიქრებია გადმოცემული (თუმცა არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი არ იყო ქართული სახელმწიფოსთვის. საქართველო მხოლოდ იმპერიის ნაწილი იყო ორივე შემთხვევაში და ევალებოდა სხვისი მიწის დაცვა. სამწუხაროდ, ისიც იზიარებდა იანიჩარის ტრაგიკულ ხვედრს, ილია რომ წერდა:
`ვსთქვი, თუ ვისთვის შენ კისკასობ,
ვისთვის იჩენ სიმარდესა,
შენი რაა, რომ ამშვენებ
შენს დამღუპველ ოსმალეთსა~ (`იანიჩარი~).
ვაჟას ამ ლექსის ლირიკული გმირი დედას ბრძოლის ამბებს უყვება, მონათხრობში რეალური და მითიური ერთმანეთს გადაეწვნება. მებრძოლისთვის ეს ბრძოლა თითქოს ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილია, ამიტომაცაა, რომ ხედავს. როგორ იბრძვის მათთან ერთად ლაშარის ჯვარი (ისევე, როგორც `ბახტრიონში~).
ტიციან ტაბიძე საგანგებო ესეს უძღვნიდა ამ საკითხს: `ომის თემა ქართულ მწერლობაში~, მისი აზრით, `ომისთვის არც ერთ ხალხს ისეთი გრძელი და საგმირო პოემა არ დაუწერია, როგორც ქართველს და ამ პოემის ეპილოგი ჯერ კიდევ დაუწერელია, ჯერ კიდევ ელის ქვეყანა ახალ სასწაულებს… აბა წაიკითხეთ „ქართლის ცხოვრება~! ბერი მემატიანე სარდალივით ლაპარაკობს, სენაკშიაც შედის სისხლის ალმური. … ქართველი მწერლობა, ბევრში უკან მიმყოლი ევროპის მოწინავე იდეებისა, პაციფიზმზე ყრუ იყო თავისი უმრავლესობით და ერთხელაც არ უღალატია ძველი ტრადიციებისათვის. აკაკი წერეთელი მოხუცობაშიაც ნატრობდა თეთრი ჭაღარის მტრის სისხლით შეღებვას~.
მირზა გელოვანმა იცოდა, რომ ამ ომში ის იყო არა მხოლოდ კონკრეტული კერძო პიროვნება, არამედ, ქართველი, რომელსაც უნდა ებრძოლა ისე, როგორც მის წინაპრებს, როგორც მისი ერის ზნეობრივ იდეალებს შეეფერებოდა. უამრავი მამაცი ვაჟკაცის სახე გაიელვებს მის ლექსებსა და ბალადებში.
გრიგოლ რობაქიძის აზრით, ხელოვანი ომის დროს ღრმა და საშიშ რყევას განიცდის, მაგრამ ეს შექმნის სურვილსა და უნარს არ აკარგვინებს, რადგან `მსოფლიო ხანძრის საშინელ დღეებში~ `მისი მხატვრული ენერგია შეკუმშულია, მიმართულია სიღრმისკენ დილის ვარდისფერი ფრთების მოლოდინში, რომ ხალისის გაიფანტოს შემოქმედებითი მზის სხივებში~.
ომმა მირზა გელოვანში ვერ ჩაკლა ხელოვანი. იგი პოეზიის გზით რეალურ სამყაროს გარდაქმნიდა, მხატვრულ განზომილებაში სიკვდილს ახალ ღირებულებას ანიჭებდა, ამგვარად გადალახავდა ომის სისასტიკესა და სიკვდილის შიშს. მისი იმედი მეტაფიზიკური იყო და, შესაბამისად, სიცოცხლეც სცილდებოდა მატერიალურ საზღვრებს და სულიერ სივრცეში აგრძელებდა აქტივობას.
მისთვის ომი იქცა სულიერ გამოცდად და ამ გზით საკუთარი თავისა და სამყაროს კანონზომიერებათა შემეცნების საშუალებად. ამიტომაც ომის ერთგვარად ჩაკეტილი სივრცე, რომელიც თავისუფლებას უზღუდავდა, ვერ იქცა დამაბრკოლებლად, რადგან ის ჭეშმარიტად თავისუფალი პოეზიაში იყო.
ომის დამღუპველ ქაოსს, სისხლის ორგიას, კაცთაკვლის ექსტაზს ის უპირისპირებს ნათელ, მწყობრ, კლასიკურ, რითმიან, კონვენციურ ლექსს, საოცარი მელოდიურობით აღბეჭდილს:
`ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე მზე დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს~.
მისი ლექსის რიტმიკა და პლასტიკა დახვეწილი და ნატიფია, ტკივილი კი იღვრება სტრიქონებიდან, მაგრამ მაშინვე აბსტრაგირდება, მეტაფიზიკურ რეალობად იქცევა, თუნდაც მკითხველს თვალებიდან ცრემლები ღვარად წამოუვიდეს, ეს ცრემლები მაინც ნათელი ფერებითა და სინათლით სავსე იქნება. სწორედ ეს განსაზღვრავს მირზა გელოვანის პოეზიის ჯადოსა და თილისმას.
გალაკტიონის პოეზიის სიყვარულმა იგი მისი პოეტური სკოლის ნიჭიერ მიმდევრად აქცია. ის ეთაყვანებოდა მის პოეზიას:
`მაგრამ შენ მოხველ,
ჩვენი მზეც ნახე,
ყველა მზეებზე უფრო უზადო,
დაე, პოეტის საყვარელ სახელს
მხოლოდ გვირგვინმა უმუზარადოს~ (`გალაკტიონ ტაბიძე~).
გალაკტიონისეული სიტყვის დახვეწილობა, ფერების, ხმებისა და სურნელის ნიუანსობრივი გადმოცემა მირზა გელოვანის პოეტური აზროვნების მთავარი მახასიათებელია. მისთვისაც `თოვლია სამშობლო~:
`თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა,
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან~.
სიკვდილი და სიცოცხლე აქ ერთმანეთს ისე ნაზად და უმტკივნეულოდ ერწყმის, როგორც შეღამებისას სინათლე გადადის სიბნელეში რბილად და თბილი ტონალობით. საგულისხმოა, რომ სითეთრეს არანაირი ლაქა არ ბღალავს, სიკვდილი მოდის, როგორც ღვთაებრივი საჩუქარი, სიყვარულთან წილნაყარი:
`დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი,
იჩქარე, სანამ თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს~.
თეთრი, როგორც სიწმინდე და უბიწოება, უპირისპირდება ბოროტ მიწას, რომელიც ფერის დაუსახელებლად, რა თქმა უნდა, შავთან ასოცირდება. თითქოს სატრფოს ნაცვლად სიკვდილზე ქორწინდება და ეს თეთრი კუბო, უკვდავებისა და მარადისობისკენ წაიღებს ბედნიერების მოლოდინით დაღლილ მის ცხედარს. ეს უტკივილო გადასვლა სითეთრეში უხილავ სამყაროსთან ზიარებაა, იმ ერთთან მიახლოებაა, რომელიც თეთრია და საკუთარ თავში ინახავს ფერადოვნების პოტენციას. ისევ ბუნებრივად ჩნდება გადაძახილი გალაკტიონთან:
`თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა~.
მისი მხატვრული სახეები, როგორც აღვნიშნეთ, დახვეწილი და სალონურია, დაცლილი ყოველგვარი სიყალბისა და პათეტიკურობისაგან:
`და როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის~.
სატრფოს მშვენიერების პლასტიკური აღქმა მკითხველის თვალწინ აცოცხლებს ქერათმიან ლამაზმანს, რომელსაც ყამარისეული ჯადოსნობა აქვს. ზღაპრისეულმა ყამარქალმა ხომ სწორედ თმებით აიყვანა ამირანი კოშკში. თმა მითოლოგიურადაც მზეთუნახავების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ჭინკებსა და ალებს გრძელი და ლამაზი თმები აქვთ, ნებისმიერი მოკვდავის მოხიბვლა რომ შეუძლიათ. ქალღმერთ დალის უპირველესი სამშვენისიც ხომ ოქროსფერი დალალებია. ამიტომ პოეტის სტრიქონები:
`მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,მე თქვენი თმები დამაბრუნებენ~_

გაისმის, როგორც გადაძახილი უხილავ ლეგენდასა და ზღაპართან, მითოლოგიურ შრეებთან, სადაც სამყაროსეული კანონები უქმდებიან, შესაბამისად, სიყვარული იქცევა ძალად, რომელიც ლირიკულ გმირს დრო-სივრცეს გადაალახვინებს და სამშობლოში, საყვარელ ქალთან დააბრუნებს:
`..და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს Eელიან მთაში,
შენი ლამაზი თრთოლა მელოდეს~.
ეს ეხმიანება `ვეფხისტყაოსნისულ~ სიხარულს: `სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა~.
მართალია, პოეტი ხედავდა:
`შენ მიდიოდი,… გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს~ (`შენ~), მიუხედავად ამისა, გულში მაინც რჩებოდა ბავშვური გულუბრყვილობა და ამგვარი დაულაქავი მზერით აღქმული სამყარო:
`და სადმე ტყვია თუ გააცივებს გულს საშინელი განადგურებით
მე მაპატიეთ, ო, მაპატიეთ დანაშაული არდაბრუნების~.
„სიკვდილით მან სიყვარული გააქვავა. უძრავ მარადიულობაში მიუჩინა ადგილი“, _წერს თანამედროვე ფრანგი მწერალი დავიდ ფონკინოსი. მირზა გელოვანმა პოეზიის გზით სიყვარული წარმავლობას გამოსტაცა და მარადიული სიცოცხლე მიანიჭა. ამ ლექსების ყოველი წაკითხვისას თავიდან იბადება სიყვარული, ისევე მძაფრად და თავბრუდამხვევად, როგორც ფენიქსი თავისი ფერფლიდან.
ის ამ ომში უნებურად მსხვერპლიც იყო და ჯალათიც. ამას თვითონ ყველაზე მეტად განიცდიდა, ამიტომაც წერდა ფრონტიდან გამოგზავნილ წერილში: `მე მჩვეოდა წყნარი ღიმილი. ახლა გადავეჩვიე ღიმილს და მხოლოდ მაშინ, როცა მტერი გარბის ჩვენი ცეცხლის ქვეშ, როცა დაჭრილთა ოხვრა, ან მტრის გვამების ცივი შემოხედვა მხვდება წინ მიმავალს, ვიცი: ჩემ ბაგეზედ დარბის ღიმილი, ღიმილი კაცის, რომელიც გააშმაგა შურისძიების წყურვილმა~. თუმცა ომის ურჩხულმა ვერ შთანთქა მისი პოეტური სინაზე. 1943 წელს ფრონტიდან გამოგზავნილ სხვა წერილში წერს: `იბსენის სიტყვები მომაგონდა: `რაც უნდა ბნელი იყოს ღამე, მას შესცვლის მუდამ მზიანი დილა~. აი, ღმერთმანი, მოვიდა იგი, მზიანი დილა~.
მზიანი დილა სიმბოლურად მისი პოეზიაა, რომელიც მკითხველს აჯერებს სიკეთის და სიყვარულის უძლეველობასა და მარადიულობაში.

„სიბრძნე ბალავარისა“ თანამედროვე მკითხველის თვალით

0

საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ აღმზრდელობითი ლიტერატურის შეთავაზება სიტყვიერების მასწავლებლებს ნამდვილად არ გვიჭირს. ამ მხრივ ნიშანდობლივია იმის გათვალისწინება, რომელი ნაწარმოები, როდის, რა მიზნით უნდა გავაცნოთ, ვასწავლოთ თუ  ვურჩიოთ წასაკითხად ჩვენს მოსწავლეებს.

აღნიშნული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია „ბალავარიანი“, წიგნი, რომლის მონაკვეთების სასწავლო მიზნით შეთავაზება და ესგ-ით დასახული  კონკრეტული მიზნების მიღწევა სწავლების სამივე საფეხურზე შესაძლებელია.

,,სიბრძნე ბალავარისა“ შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. როგორც ცნობილია, მას საფუძვლად უდევს თქმულება ბუდას (საკია მუნის) დაბადებისა და აღზრდის შესახებ. ამბავი იმდენად საინტერესო იყო, შეიქმნა მისი მუსლიმანური და ქრისტიანული ვერსიები. „ბალავარიანი“ ქართულად პირველად დაახლოებით IX საუკუნეში არაბული ქრისტიანიზებული ვერსიიდან უთარგმნიათ. X-XI საუკუნეების მიჯნაზე წმინდა ექვთიმე მთაწმინდელმა ის ქართულიდან ბერძნულ ენაზე გადათარგმნა, ასე ეზიარა ევროპა ბალავარის სიბრძნეს.

ვფიქრობ, თუნდაც ეს ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა.

თხზულება უნიკალურია იმიტომ, რომ მასში ჭეშმარიტებას იპოვის ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევარი თუ ათეისტი.  ამაზე მეტყველებს ბუდისტური, მუსლიმანური და ქრისტიანული ვარიანტები. პერსონაჟების მსჯელობა და დამოკიდებულებები ისეა გადმოცემული, რომ დაცულია ზოგადი პრინციპები და ფასეულობანი.

მიუხედავად  ძველი ქართულის ენობრივი სირთულისა, ტექსტი იკითხება ხალისით და ინტერესით, ძირითადი ამბის გაგება მოსწავლეებს არ უჭირთ.

ქვემოთ  წარმოვადგენ რამდენიმე საინტერესო პარალელს, რომელიც ვფიქრობ,  მნიშვნელოვანი იქნება როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე არაფორმალური სწავლებისას.

ეს და მსგავსი  კვლევა-აღმოჩენები მოსწავლის მრავალმხრივ უნარებს ავითარებს და, ფაქტობრივად, აზროვნების ყოველ დონეს მოიცავს.

 

                              ,,ბალავარიანი“ და „სიბრძნე  სიცრუისა“

(პარალელები)

  „სიბრძნე ბალავარისა“   „სიბრძნე სიცრუისა“
1.      წინაამბავი – უშვილო მეფეს  უფალი უწყალობებს დიდი ხნის ნანატრ პირმშოს. წინაამბავი – უშვილო ფინეზ მეფეს ღმერთი მისცემს ვაჟს.
2.      უფლისწულ იოდასაფის აღმზრდელად შეარჩიეს კერპთმსახური ზანდანი, რომელსაც ევალებოდა, დაეცვა მეფისწული და ჰყოლოდა ჩაკეტილ სივრცეში, რათა არ გაეგო იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ამქვეყნად არსებობს. ჯუმბერის აღმზრდელი ლეონი მეფემ სიზმარში ნახა.
3.      ბრძენი ბალავარი ფარულად იღვწის, მისი მოქმედებები აბენეს მეფის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ ცდილობს იოდასაფს გონების თვალი აუხილოს. აბენესისთვის მიუღებელია ბალავარის მოქმედებები. ლეონის აღზრდის პრინციპებიც არ არის მოსაწონი ფინეზ მეფისა და მისი კარისკაცებისათვის. ლეონიც ცდილობს, დაჩაგრულთა და გლახაკთა განცდები „შეასწავლოს“ უფლისწულს. მეფე აღშფოთდება  ლეონის ქმედებებით.
4.      ბალავარი მეფის წინაშე წარდგება და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ მისი მსოფლმხედველობა სწორია. ლეონი მეფის წინაშე იმართლებს თავს.
5.      იდეური ხაზი იგავებით ვითარდება. თხზულების იდეა გადმოცემულია იგავებით.
6.      იგავებს ამბობს მხოლოდ ბალავარი. იგავებით მეტყველებს ყველა პერსონაჟი.
7.   ,,ბალავარიანის“ დასასრულ აბენეს მეფე მოექცევა ჭეშმარიტებისაკენ და რწმუნდება  ბრძენი ბალავარის სიმართლეში. „სიბრძნე სიცრუისა“ მთავრდება მეფისა და ლეონის დაზავებით. „სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“ მოეწონა მეფეს.
8.,,ბალავარიანის“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია რაქისი, იგი ბრძენი ვარსკვლავთმრიცხველია, ეწინააღმდეგება ბალავარს. ,,სიბრძნე სიცრუის“ პერსონაჟი რუქა მეფის ერთგულია და უპირისპირდება ლეონს.
9. უფლისწული იოდასაფი ბალავარის გამოჩენამდე უმეცარია, მან ზანდან მზრდელისგან გაიგო სიმართლე. მანამდე არ იცოდა, რომ ამქვეყნად არსებობენ გაჭირვებული ადამიანები და სიცოცხლეს გააჩნია დასასრული. უფლისწულ ჯუმბერს ლეონმა ასწავლა „გლახაკთა, სნეულთა და მდაბიოთა ჭირნი“.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე ნაწარმოებში წარმოდგენილია წოდებრივ-უფლებრივი ორმაგი იერარქია. ,,ბალავარიანში „წოდებრივი ხაზი ასეთია – მეფე აბენესი, იოდასაფი, ზანდან მზრდელი, რაქისი, ბალავარი, მსახურნი.  ხოლო სარწმუნოებრივი იერარქიის  კიბეზე დგანან – ბალავარი, იოდასაფი, გაქრისტიანებული აბენეს მეფე,  მსახურნი.

სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისას“  აღნიშნული  თვალსაზრისით ასე გავიაზრებთ:

წოდებრივ-უფლებრივი იერარქია – ფინეზი, ჯუმბერი, ლეონი, რუქა, სედრაქი, მსახურნი;

იდეურ-ზნეობრივი ხაზი – ლეონი, ჯუმბერი, ფინეზი, სედრაქი.

 

                        „ბალავარიანის“   ქრისტიანული კატეხიზმო, ანუ

                        დებატები თემაზე – გზა ჭეშმარიტებისაკენ

 

„ბალავარიანი“, როგორც სასწავლო რესურსი, სხვადასხვა ასპექტით შეიძლება განვიხილოთ. პერსონაჟთა დიალოგები ისეა წარმოდგენილი, რომ კითხვა-პასუხები იძლევა დაფიქრების, განსჯის, ახსნის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარისა და დამოკიდებულებების გამოხატვის გზით ჭეშმარიტებამდე, მარადიული ფასეულობების აღიარებამდე მისვლის საშუალებას.

ტოლერანტობის კლასიკური მაგალითია მოხუცი ბალავარის სიბრძნე, ამავდროულად არგუმენტირებულ მსჯელობაზე ნათელი წარმოდგენა გვექმნება თითოეულ  პრობლემურ კითხვაზე გაცემული პასუხებით. ბალავარი და იოდასაფი სწორედ ამ საშუალებით ახერხებენ მოწინააღმდებეთა დარწმუნებას იმაში, რომ მათი დამოკიდებულებები სამართლიანი და ფასეულია. ბრძენი მასწავლებელი და მისი აღზრდილი ოსტატურად „იგერიებენ“ განსხვავებული პოზიციის წარმომადგენელთა შემოტევებს. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს წმინდა შუშანიკის სიტყვები – ,,შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადოს სიტყვანი პირსა კაცისასა, რამეთუ უფალი თუით იტყვის, მე მიუგო სიტყუაი თქვენ წილ“. უფლის შთაგონებით მეტყველებენ ბალავარი და იოდასაფი, ჭეშმარიტება თვით უფალია. სიყვარული, სიკეთე და სამართლიანობა  კერპთაყვანისმცემელი მამისთვისაც მისაღები აღმოჩნდა და ამიტომაც მოექცა ქრისტეს რწმენაზე.

განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას დებატების ეთიკაზე.  კამათის წესებს იცავენ პერსონაჟები, თუმცა ამ მხრივ სამაგალითოა ბრძენი ბალავარის როლი.  დინჯი, აუღელვებელი, გაწონასწორებული მოძღვარი ცდილობს და ახერხებს კიდეც, რომ არგუმენტებითა თუ  მაგალითებით დაარწმუნოს მეფე და მისი სახლობა ჭეშმარიტებაში.

უაღრესად საინტერესო და სახალისოა ეს დებატები, თუნდაც ის მონაკვეთი, როდესაც მოხუცი ბალავარი აცხადებს, რომ მხოლოდ 12 წლისაა, ამ შეუსაბამობას კი ასე ხსნის – „რადგან ღმერთსა სრულიად დაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორემეტი წელი არს“.

მთავარი გზავნილი,  რისთვისაც ღირს ძველი  მწერლობის ამ გამორჩეული ნაწარმოების წაკითხვა, ასე ჟღერს – „შიშველი განიღონ სოფლითა მისით და შთააგდონ მღვიმესა ბნელსა“, ამიტომაც ერთადერთი, რითაც სიცოცხლე ფასობს, სიკეთე და სიყვარულია.

არსებობს ასეთი გამონათქვამი – „ყველაფერი დიდებული მარტივია“. მოსწავლეებისათვის ძალზე საინტერესოა ის მონაკვეთები, როდესაც ბალავარმა უნდა მოიხმოს მტკიცებულებები იმისათვის, რომ უფალი არსებობს. ბრძენი ძალზე მარტივად, თუმცა მრავლისმეტყველად პასუხობს: თუკი ადამიანი რამე საგანს ეხება, იცის, რომ მას შემოქმედიც ჰყავს, ციდან არაფერი ჩამოვარდნილა… განა შეიძლება უძირო ცას და ქვეყანას არ ჰყავდეს ავტორი?!… თუნდაც ადამიანის ურთულეს აგებულებაზე დაკვირვებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ უფლის ხელი დავინახოთ…

ბალავარმა დაფარულ სიბრძნეს აზიარა ჭეშმარიტების მაძიებელი ჭაბუკი იოდასაფი. თანამედროვე მოზარდიც მიიღებს პასუხს  მისთვის საინტერესო კითხვებზე, მით უფრო, აღნიშნული თემები და იდეები გამჭოლია და ქართულსა თუ მსოფლიო ლიტერატურაში არაერთხელ დასმულა.

მაგალითისთვის ერთ ასეთ კითხვას მოვიხმობ. იოდასაფი არცთუ მიამიტად ეკითხება მოძღვარს –  იქნებ ვინმემ ტყუილად გამოაცხადოს თავი ღვთის მოციქულად?

ბალავარის პასუხი ასეთია – „დაფარულთამცა მისთა გამოცხადნე საქმენი მისნი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თვით ვერ მოთმინე არიან, სახიერებასა ასწავებენ და იგინი მანკიერებითა სავსენი არიან, ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა“.  სახარებისეული შეგობენაც ხომ ანალოგიურია – „სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკვდარ არს!“, გავიხსენოთ  ილიას „საქმით მეტყველი სული“.

…და ყველაზე ნიშანდობლივი ის შედეგია, რომელიც აღზრდის ამ მეთოდით მიიღო ბრძენმა, უფლისწული უარს ამბობს ტახტის მემკვიდრეობაზე და უფლის გზას შეუდგება. ჭეშმარიტებამ სძლია ძალაუფლების ცდუნებას.

 

                                იგავთმეტყველება „ბალავარიანში“

თხზულება, განსხვავებით „სიბრძნე სიცრუისაგან“, იგავთა სიუხვით არ გამოირჩევა. თუმცა ბალავარის მიერ არგუმენტებად  მოხმობილი იგავები სიბრძნის ჭეშმარიტი ნიმუშებია და, აქედან გამომდინარე, საოცრად თანამედროვეცაა. იგავებში (,,ორი კიდობანი“ სამი, მეგობარი“,  ,,კაცი და ჩიტი“, „უფლისწული და ნუკრი“)  წარმოდგენილი სიტუაციები სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება გახდეს განსჯისა და შეფასების საგანი.

როდის და რა ფორმით შეიძლება თხზულების შეთავაზება მოსწავლეებისათვის?

         სწავლების დაწყებით საფეხურზე მართებული იქნება იგავებისა და მთავარი ამბის პერიფრაზის შეთავაზება.

ეს ნაწარმოები საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებელს შეუძლია, როგორც ძველი მწერლობის შესწავლისას, ისე სხვა პრობლემების განხილვის დროს, ან თუნდაც არგუმენტირებული ესეს პრინციპების გაცნობისას გამოიყენოს რესურსად.

სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები შესაძლებლობას გვაძლევს „ბალავარიანი“ ესგ-ის მოთხოვნებს მივუსადაგოთ და დასახულ მიზანს მრავალმხრივი აქტივობებით მივაღწიოთ – როლური თამაშით (იგავებისა და ძირითადი ამბის მიხედვით), დებატებით, დისკუსიით, თავისუფალი გაკვეთილებით, საწრეო მუშაობით, მკითხველის თეატრით, პროექტებით სწავლებით და სხვა ნებისმიერი აქტივობით, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მიზანდასახულად წარმართავს.

 

გამოყენებული ლიტერატურა :

ძველი ქართული მწერლობის ძეგლები /ქრესტომათია/

გამომცემლობა „საქართველო“ 1978 წელი

 

 

ნინო მასურაშვილი

                                                                                        სურამის I  საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

უმაღლესი განათლება – პანაცეა წარმატებისთვის?

0

შემოსავლიანი ბიზნესის დაფუძნება და მართვა უმაღლესი განათლების გარეშეც შეიძლება. ბევრი ცნობილი ადამიანი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლებისადმი სწრაფვა გადაჭარბებული ამბიციაა, რომელსაც წარმატებასთან მცირე კავშირი აქვს.

  • ასეთი იყო რიჩარდ ბრენსონი, კორპორაცია Virgin Groupის დამფუძნებელი. მისი ქონება ამჟამად 5,1 მლრდ დოლარია. მას არ მიუღია უმაღლესი განათლება. რიჩარდ ბრენსონი ამბობდა: ვღიზიანდები, როდესაც ახალგაზრდები ამდენ დროსა და საშუალებას ხარჯავენ დიპლომის მისაღებად“.

მეწარმე რიჩარდ ბრენსონმა სკოლა 16 წლისამ მიატოვა. დისლექსიის გამო სწავლა უჭირდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, შეექმნა უზარმაზარი კორპორაცია და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მოეპოვებინა.

თავის წიგნში „ბიზნესი Virgin სტილში. ის, რასაც ბიზნესსკოლაში არ ასწავლიან“ ბრენსონი უნივერსიტეტში სწავლების ხანგრძლივობის მინიმუმ ერთი წლით შემცირების მიზანშეწონილობას ასაბუთებს. მისი აზრით, ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უფრო მალე დასაქმდნენ და პრაქტიკული უნარები შეიძინონ. თანამედროვე უნივერსიტეტებს ბენსონი „სტუდენტთა საწყობებად“ მოიხსენიებს. ბიზნესმენი წერს: „ამ საკითხებში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორც პრაგმატიკოსი, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, სწავლების 100 კვირა, რომლებიც უნივერსიტეტებში სამ და ოთხ წელიწადზეა გადანაწილებული, 80–მდე შემცირდეს“.

  • ამავე აზრისაა ამერიკელი ჰენრი ფორდიც. ფორდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქონებამ თანამედროვე კურსით 199 მლრდ დოლარი შეადგინა. უმაღლესი განათლება არც მას ჰქონია.

ჰენრი ფორდის განათლება საეკლესიო სკოლით შემოიფარგლებოდა. ის სიცოცხლის ბოლომდე შეცდომებით წერდა, მაგრამ მაინც მოახერხა, შეექმნა კომპანია Ford Motor Company, რომელსაც მთელ მსოფლიოში ჰქონდა ავტომობილების ქარხნები. ფორდი 161 პატენტის ავტორია.

ბიზნესმენს არ მიუჩნევია, რომ მის განათლებაში რაიმე ხარვეზი იყო. მან უჩივლა კიდეც ჩიკაგოს ერთ გაზეთს, რომელმაც ფორდს გაუნათლებელი უწოდა. ეს შემთხვევა აღწერილია ნაპოლეონ ჰილის წიგნში „იფიქრე და გამდიდრდი“. სასამართლოში გაზეთის ადვოკატი ცდილობდა, ფორდი ანკესზე წამოეგო  ასეთი კითხვით: „რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა ამერიკაში დიდმა ბრიტანეთმა 1776 წლის აჯანყების ჩასახშობად?“ ბიზნესმენი არ დაიბნა და უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შინ გაცილებით ნაკლები დაბრუნდა“.

ფორდის აზრით, ადამიანის მთავარი ამოცანა საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების სწავლაა და არა სხვადასხვა სახის ლიტერატურით ბრმად ხელმძღვანელობა. ის ამბობდა: „საკუთარი ტვინით ფიქრი ყველაზე რთული რამაა ამქვეყნად. ალბათ ამიტომ არის, რომ ასე ცოტა აკეთებს ამას“.

აი, რას წერდა ის თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიღწევები“ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე: „მე რომ უსამართლო ხერხებით მდომოდა კონკურენტების ჩაძირვა, წარვუდგენდი მათ სპეციალისტების ჯარს; ჩემი კონკურენტები უამრავ კარგ რჩევას მიიღებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოახერხებდნენ საქმის დაწყებას“.

  • უმაღლესი განათლება რომ საპნის ბუშტია, პიტერ ტილიც აღიარებს. მან საგადასახადო სისტემა PayPal დააფუძნა. მისი ქონება 1,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ტილს არც სკოლა მიუტოვებია და არც უნივერსიტეტი, მაგრამ ხშირად აკრიტიკებდა უმაღლეს განათლებას. მიაჩნდა, რომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც შეიძლება. ამის დასტურად მან აამოქმედა პროექტი „ტილის საძმო“. ყოველ წელს მისი ფონდი ირჩევს რამდენიმე ათეულ სტუდენტს, რომლებიც მზად არიან მიატოვონ სწავლა და თავინთი სტარტაპი ჩაუშვან. ამისთვის ფონდი თითოეულ მათგანს 100 ათას დოლარს ურიცხავს. ახალგაზრდა ბიზნესმენებს ფონდი ორი წლის განმავლობაში ეხმარება – აცნობს ინვესტორებს და სხვადასხვა გზით უწევს მხარდაჭერას პროექტის განვითარებაში.

ბიზნესმენის აზრით, პრესტიჟული განათლების გამოკიდებას რეალური ამოცანების დასახვა სჯობია. მით უმეტეს, რომ სტუდენტებს (განსაკუთრებით ამერიკაში) სწავლის დამთავრების შემდეგაც დიდხანს უწევთ სტუდენტური სესხების დაფარვა. განათლების თანამედროვე ინსტიტუტებს ტილი შუა საუკუნეების ეკლესიას ადარებს: „ადამიანები უზარმაზარ ვალებს იღებენ, ყიდულობენ ინდულგენციებს და ფულს იხდიან გადარჩენის იმედში, რომელსაც თითქოსდა დიპლომი აძლევს“.

  • უმაღლესი განათლება არ ჰქონია ამერიკელ ჯონ როკფელერს, თანამედროვე კურსით 349 მლრდ დოლარის მფლობელს.

კაცობრიობის ისტორიაში პირველ დოლარიან მილიონერს უმაღლესი განათლება წარმატების საწინდრად არ მიუჩნევია. სკოლის შემდეგ როკფელერმა კლივლენდის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ბუღალტერიას სწავლობდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ სამთვიანი კურსებიც საკმარისი იქნებოდა. ამის შემდეგ ის მოეწყო ბუღალტრის თანაშემწედ, გახდა ბუღალტერიც და ბოლოს დაგროვილი ფული საკუთარ ბიზნესში ჩადო.

როკფელერი ხაზს უსვამს, რომ დიპლომი კარიერის მხოლოდ დასაწყისია და არა დიდი მოგების მიღების საშუალება. იმისთვის, რომ პროფესიონალი გახდე, უნდა დაისახო მიზნები და თავგანწირვით იშრომო, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. როკფელერი ამბობს, რომ დიპლომი ქმნის უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებზე მაღლა დგომის ილუზიას, აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. დიპლომიან ადამიანს ეჩვენება, რომ ყველაფერი გამოუვა, ყველა პრობლემას მოერევა, მაგრამ ეს ცრუ იმედია.

  • „არ ვიცოდი, ცხოვრებაში რისი კეთება მინდოდა და ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დამხმარებოდა ამაში უნივერსიტეტი,“ – იხსენებს სტივ ჯობსი, Aplle–ისა და კინოსტუდია Pixar–ის დამფუძნებელი, რომელსაც ასევე არ ჰქონია უმაღლესი განათლება.

სტივ ჯობსი მიმღებ ოჯახში გაიზარდა. შვილად აყვანის დროს ოჯახს ერთ-ერთ პირობად სტივის კოლეჯში შეყვანა წაუყენეს. სკოლის შემდეგ სტივი ჰუმანიტარულ უნივერსიტეტ Reed College–ში ჩაირიცხა, მაგრამ 6 თვის შემდეგ სწავლას თავი მიანება. სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ სწავლა ორი მიზეზის გამო მიატოვა: პირველი – გადასახადი ძალიან მაღალი იყო და მშობლების მთელი დანაზოგი ამაში იხარჯებოდა, მეორე – რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდა, რომ სწავლას არავითარი აზრი არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საგანმა დააინტერესა და სწავლისთვის თავის დანებების შემდეგ, დეკანის თანხმობით, ერთი წელი შემოქმედებით ლექციებსაც ესწრებოდა. „მაშინ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, – თქვა მან მოგვიანებით.

  • შოპინგის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობ მეწარმე ამანსიო ორტეგას – კომაპნია Inditex–ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ბრენდების Zara–ს, Bershka–ს, Massimo Dutti–ს, Pull&Bear–ის, Stradivarius–ის ხელმძღვანელს, უმაღლესი განათლება არ დასჭირვებია. მისი ქონება 76,9 მლრდ დოლარს შეადგენს.

ლამანსიო ორტეგა უღარიბეს ოჯახში დაიბადა ესპანეთის სოფელში, რომლის მოსახლეობა სულ 60 კაცს შეადგენდა. მის მშობლებს კიდევ სამი შვილი ჰყავდათ და საკმაოდ უჭირდათ. ერთხელ მაღაზიაში 13 წლის ამანსიომ დაინახა, როგორ არ აძლევდა გამყიდველი დედამისს ნისიად სურსათს. ამ ამბავმა ამაყ ბიჭზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა, აუცილებლად მიეღწია წარმატებისთვის. მომავალმა მილიარდერმა ატელიეში კურიერად დაიწყო მუშაობა, 4 წლის შემდეგ კი უკვე საკუთარი კომპანია დააარსა.

ამანსიო ორტეგას განათლების მისაღებად არ ეცალა, მაგრამ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა და ერთხანს პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის პირველი ადგილიც ეკავა.

  • „საუკეთესოა განათლებაა ფულის დაბანდება საკუთარ თავში, მაგრამ ამაში არ ვგულისხმობ კოლეჯს ან უნივერსიტეტს“, – ეს სიტყვები უორენ ბაფეტს ეკუთვნის. 2010 წელს ბაფეტმა 37 მილიარდი დოლარი ხუთ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა, რამაც კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედად აქცია.

Forbes-ის ვერსიით, 2017 წელს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილი უორენ ბაფეტმა დაიკავა. არც მას მიუტოვებია უნივერსიტეტი, მაგრამ მიაჩნდა, რომ უმაღლესი განათლება ყველას არ სჭირდებოდა. ამერიკელ სტუდენტებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთ კითხვაზე ბაფეტმა უპასუხა, რომ არც იცოდა, სად იყო მისი დიპლომები, რადგან არასოდეს დასჭირვებია. ერთადერთი კურსი, რომელიც გამოადგა, იყო ორატორული ოსტატობა – მან ის დეილ კარგენთან 100 დოლარად გაიარა.

უორენ ბაფეტის სამი შვილიც მამის გზას გაჰყვა – უმაღლესი განათლება არც ერთს არ მიუღია. ინვესტორი ამბობს: „ყოველთვის უნდა ჰკითხოთ თავს: „აქვს თუ არა ამას ჩემთვის რაიმე ღირებულება?“ პირადად მე უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ მშობლებისთვის იმედი არ გამეცრუებინა“.

  • კარგი განათლება ბიზნესში უპირატესობაა, მაგრამ არა წარმატების საწინდარი – მიაჩნდა ლარი ელისონს, კორპორაცია Oracle–ს დამფუძნებელს. მის ქონებრივ დეკლარაციაში 61 მლრდ დოლარია მითითებული.

9 თვის ლარი ელისონმა პნევმონია გადაიტანა და დედამ გადაწყვიტა, ბავშვი აღსაზრდელად ნათესავებისთვის მიებარებინა – ფიქრობდა, რომ თვითონ შვილს ვერ მოუვლიდა. იმ დღიდან ლარიმ მიმღებ ოჯახში დაიწყო ცხოვრება, დაამთავრა სკოლა და ილინოისის უნივერსიტეტშიც ჩააბარა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მიმღები მშობლის გარდაცვალების გამო, უნივერსიტეტიდან წამოვიდა.

ელისონმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში სცადა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ გადაწყვიტა, კარიერის გასაკეთებლად კალიფორნიაში წასულიყო.

ლარი ელისონმა შექმნა Oracle – მოგების მაჩვენებლით მეორე კორპორაცია Microsoft-ის შემდეგ, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფითაა დაკავებული. დღეს აქ მსოფლიოს 145 ქვეყნიდან 120 ათასი ადამიანი მუშაობს.

შემოსავლიანი ბიზნესის დაფუძნება და მართვა უმაღლესი განათლების გარეშეც შეიძლება. ბევრი ცნობილი ადამიანი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლებისადმი სწრაფვა გადაჭარბებული ამბიციაა, რომელსაც წარმატებასთან მცირე კავშირი აქვს.

  • ასეთი იყო რიჩარდ ბრენსონი, კორპორაცია Virgin Groupის დამფუძნებელი. მისი ქონება ამჟამად 5,1 მლრდ დოლარია. მას არ მიუღია უმაღლესი განათლება. რიჩარდ ბრენსონი ამბობდა: ვღიზიანდები, როდესაც ახალგაზრდები ამდენ დროსა და საშუალებას ხარჯავენ დიპლომის მისაღებად“.

მეწარმე რიჩარდ ბრენსონმა სკოლა 16 წლისამ მიატოვა. დისლექსიის გამო სწავლა უჭირდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, შეექმნა უზარმაზარი კორპორაცია და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მოეპოვებინა.

თავის წიგნში „ბიზნესი Virgin სტილში. ის, რასაც ბიზნესსკოლაში არ ასწავლიან“ ბრენსონი უნივერსიტეტში სწავლების ხანგრძლივობის მინიმუმ ერთი წლით შემცირების მიზანშეწონილობას ასაბუთებს. მისი აზრით, ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უფრო მალე დასაქმდნენ და პრაქტიკული უნარები შეიძინონ. თანამედროვე უნივერსიტეტებს ბენსონი „სტუდენტთა საწყობებად“ მოიხსენიებს. ბიზნესმენი წერს: „ამ საკითხებში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორც პრაგმატიკოსი, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, სწავლების 100 კვირა, რომლებიც უნივერსიტეტებში სამ და ოთხ წელიწადზეა გადანაწილებული, 80–მდე შემცირდეს“.

  • ამავე აზრისაა ამერიკელი ჰენრი ფორდიც. ფორდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქონებამ თანამედროვე კურსით 199 მლრდ დოლარი შეადგინა. უმაღლესი განათლება არც მას ჰქონია.

ჰენრი ფორდის განათლება საეკლესიო სკოლით შემოიფარგლებოდა. ის სიცოცხლის ბოლომდე შეცდომებით წერდა, მაგრამ მაინც მოახერხა, შეექმნა კომპანია Ford Motor Company, რომელსაც მთელ მსოფლიოში ჰქონდა ავტომობილების ქარხნები. ფორდი 161 პატენტის ავტორია.

ბიზნესმენს არ მიუჩნევია, რომ მის განათლებაში რაიმე ხარვეზი იყო. მან უჩივლა კიდეც ჩიკაგოს ერთ გაზეთს, რომელმაც ფორდს გაუნათლებელი უწოდა. ეს შემთხვევა აღწერილია ნაპოლეონ ჰილის წიგნში „იფიქრე და გამდიდრდი“. სასამართლოში გაზეთის ადვოკატი ცდილობდა, ფორდი ანკესზე წამოეგო  ასეთი კითხვით: „რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა ამერიკაში დიდმა ბრიტანეთმა 1776 წლის აჯანყების ჩასახშობად?“ ბიზნესმენი არ დაიბნა და უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შინ გაცილებით ნაკლები დაბრუნდა“.

ფორდის აზრით, ადამიანის მთავარი ამოცანა საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების სწავლაა და არა სხვადასხვა სახის ლიტერატურით ბრმად ხელმძღვანელობა. ის ამბობდა: „საკუთარი ტვინით ფიქრი ყველაზე რთული რამაა ამქვეყნად. ალბათ ამიტომ არის, რომ ასე ცოტა აკეთებს ამას“.

აი, რას წერდა ის თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიღწევები“ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე: „მე რომ უსამართლო ხერხებით მდომოდა კონკურენტების ჩაძირვა, წარვუდგენდი მათ სპეციალისტების ჯარს; ჩემი კონკურენტები უამრავ კარგ რჩევას მიიღებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოახერხებდნენ საქმის დაწყებას“.

  • უმაღლესი განათლება რომ საპნის ბუშტია, პიტერ ტილიც აღიარებს. მან საგადასახადო სისტემა PayPal დააფუძნა. მისი ქონება 1,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ტილს არც სკოლა მიუტოვებია და არც უნივერსიტეტი, მაგრამ ხშირად აკრიტიკებდა უმაღლეს განათლებას. მიაჩნდა, რომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც შეიძლება. ამის დასტურად მან აამოქმედა პროექტი „ტილის საძმო“. ყოველ წელს მისი ფონდი ირჩევს რამდენიმე ათეულ სტუდენტს, რომლებიც მზად არიან მიატოვონ სწავლა და თავინთი სტარტაპი ჩაუშვან. ამისთვის ფონდი თითოეულ მათგანს 100 ათას დოლარს ურიცხავს. ახალგაზრდა ბიზნესმენებს ფონდი ორი წლის განმავლობაში ეხმარება – აცნობს ინვესტორებს და სხვადასხვა გზით უწევს მხარდაჭერას პროექტის განვითარებაში.

ბიზნესმენის აზრით, პრესტიჟული განათლების გამოკიდებას რეალური ამოცანების დასახვა სჯობია. მით უმეტეს, რომ სტუდენტებს (განსაკუთრებით ამერიკაში) სწავლის დამთავრების შემდეგაც დიდხანს უწევთ სტუდენტური სესხების დაფარვა. განათლების თანამედროვე ინსტიტუტებს ტილი შუა საუკუნეების ეკლესიას ადარებს: „ადამიანები უზარმაზარ ვალებს იღებენ, ყიდულობენ ინდულგენციებს და ფულს იხდიან გადარჩენის იმედში, რომელსაც თითქოსდა დიპლომი აძლევს“.

  • უმაღლესი განათლება არ ჰქონია ამერიკელ ჯონ როკფელერს, თანამედროვე კურსით 349 მლრდ დოლარის მფლობელს.

კაცობრიობის ისტორიაში პირველ დოლარიან მილიონერს უმაღლესი განათლება წარმატების საწინდრად არ მიუჩნევია. სკოლის შემდეგ როკფელერმა კლივლენდის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ბუღალტერიას სწავლობდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ სამთვიანი კურსებიც საკმარისი იქნებოდა. ამის შემდეგ ის მოეწყო ბუღალტრის თანაშემწედ, გახდა ბუღალტერიც და ბოლოს დაგროვილი ფული საკუთარ ბიზნესში ჩადო.

როკფელერი ხაზს უსვამს, რომ დიპლომი კარიერის მხოლოდ დასაწყისია და არა დიდი მოგების მიღების საშუალება. იმისთვის, რომ პროფესიონალი გახდე, უნდა დაისახო მიზნები და თავგანწირვით იშრომო, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. როკფელერი ამბობს, რომ დიპლომი ქმნის უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებზე მაღლა დგომის ილუზიას, აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. დიპლომიან ადამიანს ეჩვენება, რომ ყველაფერი გამოუვა, ყველა პრობლემას მოერევა, მაგრამ ეს ცრუ იმედია.

  • „არ ვიცოდი, ცხოვრებაში რისი კეთება მინდოდა და ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დამხმარებოდა ამაში უნივერსიტეტი,“ – იხსენებს სტივ ჯობსი, Aplle–ისა და კინოსტუდია Pixar–ის დამფუძნებელი, რომელსაც ასევე არ ჰქონია უმაღლესი განათლება.

სტივ ჯობსი მიმღებ ოჯახში გაიზარდა. შვილად აყვანის დროს ოჯახს ერთ-ერთ პირობად სტივის კოლეჯში შეყვანა წაუყენეს. სკოლის შემდეგ სტივი ჰუმანიტარულ უნივერსიტეტ Reed College–ში ჩაირიცხა, მაგრამ 6 თვის შემდეგ სწავლას თავი მიანება. სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ სწავლა ორი მიზეზის გამო მიატოვა: პირველი – გადასახადი ძალიან მაღალი იყო და მშობლების მთელი დანაზოგი ამაში იხარჯებოდა, მეორე – რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდა, რომ სწავლას არავითარი აზრი არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საგანმა დააინტერესა და სწავლისთვის თავის დანებების შემდეგ, დეკანის თანხმობით, ერთი წელი შემოქმედებით ლექციებსაც ესწრებოდა. „მაშინ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, – თქვა მან მოგვიანებით.

  • შოპინგის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობ მეწარმე ამანსიო ორტეგას – კომაპნია Inditex–ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ბრენდების Zara–ს, Bershka–ს, Massimo Dutti–ს, Pull&Bear–ის, Stradivarius–ის ხელმძღვანელს, უმაღლესი განათლება არ დასჭირვებია. მისი ქონება 76,9 მლრდ დოლარს შეადგენს.

ლამანსიო ორტეგა უღარიბეს ოჯახში დაიბადა ესპანეთის სოფელში, რომლის მოსახლეობა სულ 60 კაცს შეადგენდა. მის მშობლებს კიდევ სამი შვილი ჰყავდათ და საკმაოდ უჭირდათ. ერთხელ მაღაზიაში 13 წლის ამანსიომ დაინახა, როგორ არ აძლევდა გამყიდველი დედამისს ნისიად სურსათს. ამ ამბავმა ამაყ ბიჭზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა, აუცილებლად მიეღწია წარმატებისთვის. მომავალმა მილიარდერმა ატელიეში კურიერად დაიწყო მუშაობა, 4 წლის შემდეგ კი უკვე საკუთარი კომპანია დააარსა.

ამანსიო ორტეგას განათლების მისაღებად არ ეცალა, მაგრამ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა და ერთხანს პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის პირველი ადგილიც ეკავა.

  • „საუკეთესოა განათლებაა ფულის დაბანდება საკუთარ თავში, მაგრამ ამაში არ ვგულისხმობ კოლეჯს ან უნივერსიტეტს“, – ეს სიტყვები უორენ ბაფეტს ეკუთვნის. 2010 წელს ბაფეტმა 37 მილიარდი დოლარი ხუთ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა, რამაც კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედად აქცია.

Forbes-ის ვერსიით, 2017 წელს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილი უორენ ბაფეტმა დაიკავა. არც მას მიუტოვებია უნივერსიტეტი, მაგრამ მიაჩნდა, რომ უმაღლესი განათლება ყველას არ სჭირდებოდა. ამერიკელ სტუდენტებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთ კითხვაზე ბაფეტმა უპასუხა, რომ არც იცოდა, სად იყო მისი დიპლომები, რადგან არასოდეს დასჭირვებია. ერთადერთი კურსი, რომელიც გამოადგა, იყო ორატორული ოსტატობა – მან ის დეილ კარგენთან 100 დოლარად გაიარა.

უორენ ბაფეტის სამი შვილიც მამის გზას გაჰყვა – უმაღლესი განათლება არც ერთს არ მიუღია. ინვესტორი ამბობს: „ყოველთვის უნდა ჰკითხოთ თავს: „აქვს თუ არა ამას ჩემთვის რაიმე ღირებულება?“ პირადად მე უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ მშობლებისთვის იმედი არ გამეცრუებინა“.

  • კარგი განათლება ბიზნესში უპირატესობაა, მაგრამ არა წარმატების საწინდარი – მიაჩნდა ლარი ელისონს, კორპორაცია Oracle–ს დამფუძნებელს. მის ქონებრივ დეკლარაციაში 61 მლრდ დოლარია მითითებული.

9 თვის ლარი ელისონმა პნევმონია გადაიტანა და დედამ გადაწყვიტა, ბავშვი აღსაზრდელად ნათესავებისთვის მიებარებინა – ფიქრობდა, რომ თვითონ შვილს ვერ მოუვლიდა. იმ დღიდან ლარიმ მიმღებ ოჯახში დაიწყო ცხოვრება, დაამთავრა სკოლა და ილინოისის უნივერსიტეტშიც ჩააბარა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მიმღები მშობლის გარდაცვალების გამო, უნივერსიტეტიდან წამოვიდა.

ელისონმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში სცადა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ გადაწყვიტა, კარიერის გასაკეთებლად კალიფორნიაში წასულიყო.

ლარი ელისონმა შექმნა Oracle – მოგების მაჩვენებლით მეორე კორპორაცია Microsoft-ის შემდეგ, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფითაა დაკავებული. დღეს აქ მსოფლიოს 145 ქვეყნიდან 120 ათასი ადამიანი მუშაობს.

ტიპური შეცდომების ტყვეობაში

0

( ფელეტონივით)

პატარებს უამრავი მავნე ჩვევა აქვთ, მაგალითად: კალმის ღეჭვა ( ამიტომ შუა გაკვეთილზე უცებ ამოევსებათ ხოლმე პირი მელნით და წყალზე გაშვებას ზმუილით ითხოვენ), საშლელების ღრღნა, მოწონების ნიშნად გოგონებისთვის თმების დაწიწკნა, საკლასო სამუშაოს შესრულების მაგიერ ქაღალდის თვითმფრინავების კეთება და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ყველაზე მავნე ჩვევა მაინც შეცდომის ფრჩხილებში ჩასმა მგონია!

მთელი ჩემი ორატორული ნიჭის გამოყენება მჭირდება, რომ ავუხსნა, რატომ არ შეიძლება შეცდომის ფრჩხილებში ჩასმა.ვარწმუნებ, რომ ფრჩხილებში ჩასმული ინფორმაცია ჩვეულებრივ იკითხება და პირიქით, დამატებითია და გვეხმარება კიდეც ტექსტის უკეთესად გაგებაში. ამაში რომ დავარწმუნებ, ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში: ფრჩხილებში ჩასმულ შეცდომას საგულდაგულოდ აფერადებენ კალმით, რომ მე ვერ ამოვიკითხო! მერე მე ვიწყებ ახალ ახსნით ეტაპს – შეცდომა არ გააფერადონ, არც ღრუბლები დახატონ და არც მზეები, უბრალოდ ხაზი გადაუსვან და წერა განაგრძონ. რატომღაც ვერ იჯერებენ, რომ ასე მარტივად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და კორექტორებს მოიმარჯვებენ ხოლმე. იმას რომ აღმოაჩენენ, თურმე კორექტორებსაც ვებრძვი,რადგან დროის კარგვა მგონია (უსასრულოდ ეხვეწებიან ერთმანეთს, რომ ათხოვონ; მერე კორექტორის პატრონები უსასრულოდ იქექებიან ან ჩანთაში, ან პენალში; ძლივს რომ იპოვიან, გამოყენებაზე გრძელ რჩევა-დარიგებას მოაყოლებენ ხოლმე), სასოწარკვეთილები საწყალობელი თვალებით შემომხედავენ, ჩემი ახირებულობის გადამკიდე, ლამის საერთოდ უარი თქვან შეცდომის დაშვებაზე. საბოლოოდ, დიდხნიანი თანამეგობრობისა და ურთიერთგაგების ფონზე ვარღვევთ ანდაზას, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და შეცდომას ფრჩხილებში  აღარ სვამენ! ვაშა! ამოცანა N1 შესრულებულია.

ამოცანა N2 – თითქმის ყოველთვის, როცა მე -5 კლასში ვსვამ კითხვას, როდის ვწერთ ორწერტილს, პასუხი მუდამ ურყევია: ჩამოთვლისას. და მეც დაუყოვნებლივ ვეპასუხები: როგორ გეკადრებათ?! ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც ის, რომ სპილოს 3 ფეხი აქვს! აქ ჩუმდებიან,ძირითადად, პირები ღია რჩებათ და თვალები უფართოვდებათ. თუ რომელიმე ძალიან ყოჩაღი და თამამი აღმოჩნდა მათ შორის, პირველი ელდის მერე დაფაცურდება: როგორ არა, მას, აი, მაგალითად: თაკომ ჩანთაში ნივთები ჩაალაგა: წიგნი, რვეული, კალამი… მეც დავფაცურდები და უკან ვუბრუნებ იმავე წინადადებას ერთის გამოკლებით ( ნივთები)-  თაკომ ჩანთაში ჩაალაგა წიგნი, რვეული, კალამი… ჩამონათვალი დარჩა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ორწერტილი ქრება! ღმერთი, რჯული, მე არ მომიპარავს! მე მხოლოდ ,,ნივთები“ ჩავიჯიბე. ეს თამაში მანამდე გრძელდება, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ თავი და თავი გამაერთიანებელი/ განმაზოგადებელი სიტყვაა და არა ჩამონათვალი. თავიდან გულდამშვიდებით მივდიოდი ხოლმე სახლში ამ ფოკუსის ჩატარების შემდეგ, მაგრამ მერე გამოცდილებამ მიჩვენა, რომ როგორ მეკადრება?! კიდევ ბევრჯერ მომიწევს მსგავსი ფოკუსების ჩატარება, სანამ ამ მარტივ წესს დაიმახსოვრებენ. იმიტომ, რომ რასაც ჩემამდე სწავლობდნენ, სწავლობდნენ ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით – ,,აქედან ვერ ამოშლი! “ (მახსოვს, ბებიაჩემი მეუბნებოდა, გამრავლების ტაბულა ისე უნდა იცოდე, ღამე რომ გაგაღვიძონ და გკითხონ, უნდა უპასუხოო. არადა, ახალგაღვიძებულს კი არა, სრულიად ფხიზელსაც მიჭირდა ყოველგვარი ცხრილის, ტაბულის, წესის დაზეპირება, მაშინ, როცა მოთხრობის დაზეპირებაც კი თავისუფლად შემეძლო. ჰოდა, რამდენჯერ ძილი გამტყდომია გამრავლების ტაბულის დარდით)

ჩემი შვილი მესამე კლასში რომ გადავიდა, ერთ- ერთი ,,დამნაშავე“ მაშინ აღმოვაჩინე. მის სახელმძღვანელოში ერთი სახალისო ლექსი შედის, ავთანდილ არაბიძის ,,სასვენი ნიშნები“ (ბავშვებისა და სიტყვის კაცის გაბაასება) ჰოდა, გამალებით რომ იზეპირებდა ამ ლექსს, ერთი სტროფი მომხვდა ყურში:

,,_ იქ კი, სადაც ჩამწკრივდება

სიტყვის ჩამონათვალი,

ორწერტილი ბებოსავით

დარაჯად დგას სათვალით – აჰა, წარმოიდგენენ, დაიზეპირებენ  და მიდი, უმტკიცე მერე, რომ ჩამონათვალი  არ შველის ორწერტილის ბებიობას!

სხვა წესმაც მიიქცია ყურადღება:

,, – ეს ვის შვენის ბრძანებები

ხმამაღალი, მახვილი?-

ასე რომ ჰგავს მწყემსის კომბალს,

ნიშანია ძახილის.“ – მორიგი ამოცანაც არ ამოვხსენი?! – რამდენიმე დღის წინ, ჯგუფურად ასეთი დავალება ჰქონდათ: მოეფიქრებინათ 6 წინადადება, რომლებშიც ძახილის ნიშანს სწორად გამოიყენებდნენ. იმუშავა ჯგუფმა გულდასმით, ფუსფუსით, თავაუღებლად და ცოტა ხნის მერე დაფაზე ეწერა 6 წინადადება, ექვსივე ბრძანებას გამოხატავდა – ესეც მეორე ტიპური შეცდომა, რომლის აღმოფხვრაზეც არანაკლები ოფლთა ღვრა დამჭირდება და ნაირ-ნაირი ფოკუსების ჩატარება იმის დასარწმუნებლად, რომ ძახილის ნიშანს მაინცდამაინც გენერლები არ იყენებენ, ის ნებისმიერ ემოციას იტევს და ძალიან საჭირო რამეა.

სამაგიეროდ, სხვა სასვენ ნიშანს სწავლობენ ,,ორმაგი სტანდარტით“:

„ – ვთქვათ და სიტყვა დაგვეკარგა,

შველის საქმეს სატირელს

რომელიმე ძმათაგანი

ან დეფისი, ან ტირე.“  – რას გულისხმობს ამ ძმობაში პოეტი? იმას, რომ დეფისი და ტირე „ძმები თუ არიან, რამ გაყო“ ანუ სინონიმებია? თუ ძმები არიან და ბავშვს რომელიც უფრო მოეწონება, ის გამოიყენოს? საერთოდაც ამ ტირე-დეფისის განსხვავების ამბავი მე თავის ტყუილა ატკიება, თითიდან გამოწოვილი პრობლემა და უფრო მეტიც, ბავშვებზე „ძალადობა“ მგონია. არა, მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მართლწერისათვის აბსოლუტურად არაფრის მომცემია და ფაქტობრივად, არც განსხვავდება. უბრალოდ, რაღაცას ვიგონებთ და კიდევ უფრო ვირთულებთ საქმესაც და ცხოვრებასაც ჩვენ, ფილოლოგები. ამის კარიკატურად ინტერნეტში ნაპოვნი ეს ფოტოც გამოდგება, რომელშიც დეფისი სასვენი ნიშანია, ხოლო ტირე – პუნქტუაციური.

 

არ იფიქროთ, ყველა ცოდვა ამ სახალისო ლექსს ავკიდე. უბრალოდ, მაგალითად მომყავს და იმის თქმა მინდა, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ზოგადად სწავლების ამ კუთხით ასეთი ტენდენციაა  დაწყებით საფეხურზე, რომელსაც არასწორ ცოდნამდე მიჰყავს მოსწავლე.

არც ის დამაბრალოთ, აბუქებსო – უკვე მესამე კლასის სტანდარტში გარკვევით წერია: „სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს)“. ტირე-დეფისი გამორჩენიათ.

ამ შეცდომებს მაინც ასე თუ ისე ადვილად მოევლება ხოლმე. უფრო რთულია იმის ახსნა, რომ მძიმე და-სთანაც შეიძლება, დავწეროთ, ხოლო რომ-ის წინ ყოველთვის არ იწერება. მძიმის წერა ხომ ისედაც მძიმე მისია და ტვირთია. ამ შემთხვევაში, ნამდვილად რთულია, აუხსნა მოსწავლეს, რომელმაც ჯერ არც ჩართული იცის, არც რთული ქვეწყობილი წინადადება, რატომ შეიძლება, დაიწეროს პირველ შემთხვევაში მძიმე და არ დაიწეროს მეორე შემთხვევაში. თუმცა თავში წესის არასწორად ჩაბეჭდვას, ვფიქრობ, სჯობს, უბრალოდ, ვუთხრათ, რომ ამ შემთხვევებს მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ისწავლიან და სამომავლოდ გადავდოთ საქმე. ასეთ დათმობებზე წასვლა ხშირად უწევს მასწავლებელს, მით უმეტეს მაშინ, თუ გრამატიკის თანმიმდევრული სწავლება სრულფასოვნად ვერ ხერხდება.

ჰო, უფრო ადრე მინდოდა, აღმენიშნა, რომ ზემოთ მოყვანილი ლექსი ერთ ძალიან მნიშვნელოვან წესს ასწავლის ბავშვებს: რომ „მრავალწერტილი“, 3 წერტილს გულისხმობს აუცილებლად და არამც და არამც წერტილთა ლეგიონს! ცოდვა გამხელილი სჯობს, ამ უცნაურობას პატარები უკეთესად იჯერებენ, ვიდრე დიდები. განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამოირჩევიან ამ სასვენი ნიშნის სიყვარულით, სათქმელის ბოლოს უსასრულოდ ჩაამწკრივებენ წერტილებს, რომელთა რიცხვი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მრავალმნიშვნელოვანია სათქმელი, ან კიდევ რამდენ რამეს ინახავენ გულში და თავს იკავებენ გამომზეურებისაგან. თუმცა ზოგჯერ მგონია, ამ წერტილების უკან დგას ,,ზოოტოპიას“  პერსონაჟ ზარმაცასავით ზანტი და ნელი ადამიანი, რომელსაც, უბრალოდ,  წერტილის ღილაკიდან ხელის აღება გვიან ახსენდება………

 

საწერი მასალების ტექნოლოგია და მათ თვისებები – ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და ისტორიაში

0

ქიმიის სწავლება მეტად საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია, ნებისმიერი თემა შეგვიძლია ისე გარდავქმნათ, რომ ქიმიის სწავლებასთან ერთად მოსწავლეთა საერთო ინტელექტუალური დონის ამაღლებასა და საგნისადმი ინტერესის გაღვივებასაც შევუწყოთ ხელი, საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი.

გთავაზობთ თემას ქიმიასა და ისტორიაში ინტეგრირებული გაკვეთილისთვის. შეგიძლიათ, ის გასვლითი ფორმითაც ჩაატაროთ. ამისთვის შესაფერისი ადგილი იქნება სახელმწიფო არქივი ან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

დამწერლობას ფესვები კაცობრიობის შორეულ წარსულში უდგას. ადამიანის ხელით შესრულებული პირველი გამოსახულებები და ნიშნები დაახლოებით 50 ათასი წლისაა. დამწერლობა დაახლოებით 6000 წლის წინ აღმოცენდა, ხოლო არქივებს, ბიბლიოთეკებსა და უძველეს საცავებს ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს.

ნებისმიერი დოკუმენტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – ინფორმაციის მატარებლისა და მასზე აღბეჭდილი ინფორმაციისგან. უძველესი დროიდან დღემდე ინფორმაციის მატარებლები იცვლებოდა, ხოლო გამოსახვის საშუალებები თანდათან ვითარდებოდა და იხვეწებოდა.

თავდაპირველად იყენებდნენ ბუნებრივ ან ხელოვნურად დამუშავებულ მასალებს: ქვას, ხის ქერქს, ფოთლებს, გასანთლულ ან თიხის ფირფიტებს და სხვა.

რომაული კანონმდებლობის უძველესი ძეგლები, მათ შორის – განთქმული თორმეტი ფიცრის კანონი, ხის ფიცრებზე იყო ამოჭრილი. ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ლითონ- და ცვილგადაკრული ფიცრები გავრცელებული საწერი მასალა იყო. ცვილის დაფების უპირატესობა ის გახლდათ, რომ ნაწერი ადვილად იშლებოდა და მათი ხელახლა გამოყენება იყო შესაძლებელი. ასეთ დაფებზე ანგარიშები და საბუთები იწერებოდა, საწერად კი მკვრივ, წვეტიან ჯოხებს იყენებდნენ. 1786-1788 წლებში აღმოაჩინეს 25 ცვილის დაფა, რომლებიც 1331-167 წლებით თარიღდება და ამჟამად ბუდაპეშტის მუზეუმში ინახება. ცვილოვანი დაფები, კარედები, საფრანგეთსა და გერმანიაში XIII-XIV საუკუნეებში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა საწერ მასალად. მათი ნიმუშები დაცულია პარიზის, ჟენევის, ფლორენციისა და გერმანიის მუზეუმებში.

ძველ აღმოსავლეთშიც ასეთ დაფებს იყენებდნენ საწერად. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქართულშიც და სპარსულშიც წიგნის თავს „კარი“ ეწოდებოდა. უფრო გვიან პერიოდში გავრცელება პოვა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ისეთმა მასალებმა, როგორებიცაა პაპირუსი, ეტრატი, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში კი გაჩნდა ქაღალდი, რომელმაც საბოლოოდ შეავიწროვა ყველა სხვა და დღემდე უნივერსალური საწერი მასალაა.

პაპირუსი ერთ-ერთი უძველესი საწერი მასალაა. ის პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ეგვიპტეში გამოიყენეს. ეგვიპტელები პაპირუსს ჭაობის მცენარე ჭილისგან ამზადებდნენ, რომლის სიმაღლეც 3 მეტრს აღწევდა, ხოლო ღეროს განივკვეთი სამწხნაგოვანი ფორმისა იყო. ეს მცენარე პალესტინასა და ნუბიაში, მდორე მდინარისა და ჭაობის ნაპირებზე ველურად იზრდებოდა. პაპირუსის დამზადების პროცესი დაწვრილებითაა აღწერილი ბერძენი მეცნიერის თეოფრასტეს (ჩვ. წ. აღ-მდე 371-286 წ.წ.) და რომაელი მწერლის პლინიუს უმცროსის (ჩვ. წ. აღ. 23 ან 24-79 წ.წ.) ნაშრომებში.

პაპირუსისგან საწერ მასალას ასე ამზადებდნენ: მცენარის ღეროს წყალში ალბობდნენ და მწვანე კანს აცლიდნენ; ღეროს მჭრელი დანით სიგრძეზე, ზოლებად ჭრიდნენ და სიგანის მიხედვით ახარისხებდნენ. საუკეთესო ხარისხის საწერი მასალის მისაღებად დაახლოებით 13 სმ სიგანის ზოლებს არჩევდნენ, ვიწრო ზოლებისგან კი შედარებით დაბალი ხარისხის საწერი მასალა მზადდებოდა. წინასწარ დაჭრილ და დახარისხებულ ზოლებს სპეციალური წებოთი ერთმანეთზე აკრავდნენ და წინასწარ დასველებულ სწორ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით მჭიდროდ ალაგებდნენ. შემდეგ ასეთი ზოლების წყება ეწყობოდა პირველი წყების ვერტიკალურად (იხ. სურათი).

 

ამგვარად დალაგებულ პაპირუსის ზოლებს ასწორებდნენ, ხის ჩაქუჩით პრესავდნენ და მკვრივი, სწორი ფურცლის ფორმას აძლევდნენ. წებო მზადდებოდა ხორბლის ფქვილის, მდუღარე წყლისა და ღვინის ძმრისგან. ფიცარზე დაწყობილი მასალა მზეზე შრებოდა და გამომშრალი ფურცლები ძვლის ან ხის უთოთი სწორდებოდა. შემდეგ მათ სასურველ ზომაზე ჭრიდნენ ან ხის ჯოხზე ახვევდნენ და გრაგნილის ფორმას აძლევდნენ.

პაპირუსი ასეულობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა და მისი დამზადება ეგვიპტეში საქარხნო წარმოებად იყო ქცეული.

საქართველოში საწერ მასალად მისი გამოყენება სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. საქართველოს ისტორიის მუზეუმში შემონახულია პაპირუსზე შესრულებული VIII-IX საუკუნეების ხელნაწერი. ასეთი ხელნაწერი ორია. ორივე მათგანი პალესტინიდანაა – საბაწმინდისა და სინის მთის ქართველთა მონასტრებიდან. ისინი საეკლესიო ისტორიის მკვლევარმა უსპენსკიმ ჩაიტანა რუსეთში. მოგვიანებით ერთი მათგანი საქართველოს გადმოეცა.

პაპირუსის შემდეგ უძველეს საწერ მასალად მიიჩნევა ტყავი. ჩვ.წ. აღ-მდე II-I საუკუნეებში მცირე აზიის ქალაქ პერგამონში პირველად მიიღეს სპეციალური ტექნოლოგიით სრულყოფილ საწერ მასალად გამოყვანილი ტყავი, რომელსაც „პერგამენი“ ეწოდა (ქართულად ეტრატს ვუწოდებთ). მაღალი მექანიკური გამძლეობა, სითეთრე, გამოყენების მოხერხებულობა და სხვა თვისებები პაპირუსთან შედარებით მის უპირატესობას განაპირობებდა. მცირე აზიიდან ის ფართოდ გავრცელდა სპარსეთში, საბერძნეთში, რომში. იწარმოებოდა საქართველოშიც. ეტრატი ძვირად ღირებული მასალა გახლდათ, ამიტომ მხოლოდ მდიდარი ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი. სიძვირის გამო ადრე დაწერილ ძველ ხელნაწერებს გადაფხეკდნენ, გაასუფთავებდნენ და ხელახლა იყენებდნენ. ასეთი პერგამენტის ფურცლები, როგორც რამდენიმე საბუთის მატარებელი, დღეს დიდ ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს.

სხადასხვა ქვეყანაში ეტრატს ცხვრის, კრავის, თხის და ხბოს ტყავისგან ამზადებდნენ შემდეგი წესით: ტყავს კირნარევ ან ნაცრიან წყალში ალბობდნენ, ბალანს აცლიდნენ და კვლავ კირიან წყალში ათავსებდნენ, შემდეგ ხის დაზგებზე ჭიმავდნენ და ბასრი დანებით ფხეკდნენ. გასუფთავებული და გათხელებული ტყავი ნაჭრებად იჭრებოდა, ხის ჩარჩოებზე იჭიმებოდა და შრებოდა. სუფთა და თეთრი ზედაპირის მისაღებად მას ჯერ ცარცით ან კირით, მერე კი პემზით ამუშავებდნენ, ძვლის ან ხის უთოებით აუთოებდნენ, ბოლოს არომატული მცენარეული ზეთებით ჟღენთდნენ და სპილოს ძვლით აპრიალებდნენ.

განსაკუთრებით ფასობდა საგანგებოდ დაფერილი ბაცი ვარდისფერი ან იისფერი ეტრატის ფურცლები, რომლებზეც ზოგჯერ ოქროთი ან ვერცხლით წერდნენ. მზა ეტრატს ახვევდნენ გრაგნილებად, რომელთა სიგრძეც ზოგჯერ ათეულობით მეტრს აღწევდა. ეს მასალა გამოიყენებოდა როგორც ძვირფასი წიგნების, ასევე საბუთების შესაქმნელად.

უძველესი ქართული ხელნაწერები, V-VI საუკუნეების სასულიერო-საეკლესიო მწერლობის ძეგლები, სახარებები და ა.შ. სწორედ ეტრატზე ანუ პერგამენტზეა დაწერილი, რაც ცხადყოფს, რომ ეტრატი როგორც საწერი მასალა უძველესი დროიდან მასიურად გამოიყენებოდა. XI-XII საუკუნეებამდე ყველა ხელნაწერი ეტრატზე იწერებოდა. ძველ საქართველოში ის არა მარტო უცხოეთიდან შემოჰქონდათ, არამედ ადგილობრივადაც ამზადებდნენ, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, მიუხედავად სიძვირისა, ამ საწერ მასალაზე იმდროინდელი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თანდათანობით ეტრატსაც გამოუჩნდა მეტოქე ქაღალდის სახით, რომელიც დღემდე ფართო მოხმარების საგანია. ათი საუკუნის წინათ ქაღალდზე შექმნილმა დოკუმენტებმა დღემდე შეინარჩუნა პირველადი ფორმა და მნიშვნელობა.

ქაღალდი როგორც საწერი მასალა ევროპელებმა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან მიიღეს. ჩინელი მემატიანის გადმოცემით, ის ჩვ. წ. 90-105 წლებში ადგილობრივ მოხელეს ტსაი-ლუნს გამოუგონია. ჩინელები სხვადასხვა სახის ქაღალდს ამზადებდნენ და ტექნოლოგიას ასაიდუმლოებდნენ, ვიდრე 715 წელს არაბებმა ტყვედ ჩავარდნილი ჩინელისგან არ უსწავლიათ ის და დაუხვეწავთ კიდეც – წებოს გამოყენებით ქაღალდისთვის მეტი სიმტკიცე მიუნიჭებიათ. II-VII საუკუნეებში ქაღალდი გავრცელდა აღმოსავლეთ აზიის რეგიონში (კორეა, ვიეტნამი, იაპონია).

ჩინეთში ქაღალდი მზადდებოდა თუთის ხის ტოტების ქერქისგან. ნედლი მასალა ნაცრის ან კირის ტუტე ხსნარში იხარშებოდა, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაზი ბოჭკო. ამ ბოჭკოს ქვის როდინებში აქუცმაცებდნენ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასას აზავებდნენ წყლით და ასხამდნენ აბრეშუმის ქსოვილდაკრულ ჩარჩოებზე ან ლითონის ბადურებზე, რომელთა ზედაპირზეც ის თანაბრად ნაწილდებოდა. წყალი ბადურიდან ჩაიწურებოდა, დარჩენილი მასა კი წარმოქმნიდა სველ ფურცელს, რომელიც ქეჩის ან მაუდის ნაჭერზე გადაჰქონდათ და პრესავდნენ დარჩენილი წყლის გამოსადევნად. მზეზე გამშრალი ფურცელი სწორდებოდა და ძვლის ან ხის უთოთი პრიალდებოდა. ხშირად ხდებოდა ფურცლის გაწებოვნება ხის ან სახამებლის წებოთი, რაც ქაღალდის ხარისხსს აუმჯობესებდა.

მე-13 საუკუნეში დაიწყო ქაღალდის წარმოებაში წყლის ენერგიის გამოყენება. ბოჭკოს დაქუცმაცება ხდებოდა წყლის წისქვილში (ასეთ წისქვილებს ქაღალდის წისქვილებსაც ეძახდნენ). ამ პერიოდში გაჩნდა ჭვირნიშნებიანი ქაღალდიც.

1779 წელს საფრანგეთში ქაღალდის ჩამოსასხმელი მანქანა შეიქმნა.

რუსეთის იმპერიაში, კერძოდ, სამარყანდში, ქაღალდის წარმოება ევროპაზე ადრე დაიწყო. 1863 წელს მიღებულ იქნა ბზე-ჩალისა და მერქნის ცელულოზა მწვავე ტუტეს წყალხსნარში ხარშვის გზით. უფრო გვიან მერქანს ხარშვისას უფრო იაფ პროდუქტს – -ნატრიუმის სულფატს ამატებდნენ და ქაღალდის მისაღებად სულფატურ ცელულოზას იყენებდნენ. ასეთი ქაღალდი მაღალი მექანიკური გამძლეობით გამოირჩეოდა. XIX საუკუნეში შეიმუშავეს ქაღალდის მიღების სულფიტური ხერხი: მერქანი იხარშებოდა კალციუმის ბისულფიტის  მჟავე ხსნარში. ამ გზით მიღებულ მერქნის ცელულოზურ ნაწილს ჰქონდა შედარებით გრძელი და ელასტიკური ბოჭკო, რომელიც ადვილად იფრქვებოდა. ამ გამოგონების წყალობით ქაღალდის წარმოებამ მიიღო ძვირფასი ნედლეული, რომელმაც მთლიანად შეცვალა ძვირად ღირებული ბამბის ბოჭკო და ჩვრის მასალა. ასეთ ცელულოზას მოცილებული ჰქონდა მერქანში შემავალი სწრაფად ჟანგვადი ლიგრინის ძირითადი მასა (ლიგრინი – არომატული აღნაგობისა და თვისებების მქონე რთული ნივთიერება. ვრცლად მის შესახებ იხ. ქაღალდის ქიმიზმში), რომელიც ჰაერზე ყვითლდებოდა და მტვრევადობას ანიჭებდა ქაღალდს. სულფიტური ცელულოზისგან შესაძლებელი გახდა საგრძნობლად სუფთა ბოჭკოს მიღება, ეს კი სავსებით უზრუნველყოფდა დიდი გამძლეობის მქონე ქაღალდის მიღებას, რომელიც ფერითაც ბამბის ბოჭკოს ქაღალდს ჰგავდა.

საქართველოში ქაღალდის წარმოების შესახებ დაზუსტებული ცნობები არ მოიპოვება. ქაღალდზე შესრულებულ ქართულ ხელნაწერებს XI საუკუნიდან ვხვდებით. ცნობილია, რომ ჩვენთან VIII საუკუნის დასაწყისში საუკეთესო საწერ მასალად სპარსული ქაღალდი მიიჩნეოდა. ამავე პერიოდში შემოვიდა რუსული და ევროპული წარმოების ქაღალდიც.

ქაღალდის წარმოების ტექნოლოგიური პრინციპი მისი გამოგონებიდან დღემდე ერთი და იგივეა:

* ბოჭკოვანი ნედლეულის მომზადება – დახარისხება, გაწმენდა, ხარშვა, ქიმიკატებით დამუშავება, რათა გაიოლდეს ბოჭკოს განცალკევება-დაყოფა, ან ისეთი ნივთიერებებისგან გაწმენდა, რომლებმაც შემდგომში შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მზა ქაღალდის ხარისხზე;

* ქაღალდის ანუ ცელულოზის მომზადება − ტეხა ან ხლეჩა, რომლის დროსაც მიმდინარეობს ბოჭკოს ხლეჩა ან დამოკლება, მისი ფიბრილირება და ჰიდრატაცია, რაც ბოჭკოთა შორის კავშირების წარმოქმნის წინაპირობაა;

* მასის გათეთრება, ქაღალდის კომპოზიციის შექმნა, ანუ ბოჭკოვანი მასის, გასაწებოვნებელი ნივთიერებების, დანამატების და საღებრების შეერთების პროცესი;

* უკანასკნელი ეტაპი კი ჩამოსხმა, დაპრესვა, შრობა და გათეთრებაა.

ქაღალდის წარმოებაში გამოყენებული მცენარეული ბოჭკოს ძირითადი კომპონენტია ცელულოზის ბუნებრივი პოლიმერი, რომელიც გრძელ მოლეკულურ ჯაჭვს წარმოქმნის და რომლის საფუძველშიც ორი გლუკოზური ნარჩენია დაკავშირებული ჟანგბადის ატომის ხიდებით, რომლებიც წარმოქმნიან უზარმაზარ სწორხაზობრივ მაღალმოლეკულურ ნაერთს.

 

ეს სწორხაზობრივად განლაგებული მოლეკულები პარალელურად განლაგდება, ერთდება ქიმიური ძალებით და ქმნის ცელულოზის კონას, რაც მის მდგრადობას განაპირობებს. ეს კრისტალური კონები, თავის მხრივ, თავს იყრის უფრო მსხვილ მიკროფიბრილებად, მერე კი მაკროფიბრილებად, რომლებიც მცენარეული ბოჭკოს უჯრედოვან კედელზე თავსდება. ფიბრილარული სტრუქტურა განაპირობებს ბოჭკოს ხლეჩას გრძივი მიმართულებით (ფიბრილირება), რაც საბოლოდ განსაზღვრავს მის ქაღალდწარმომქმნელ თვისებებს. გარდა საკუთრივ ცელულოზისა, მცენარეული ბოჭკოები შეიცავს ასევე ჰემიცელულოზას, ლიგნინს, მერქნის ექსტრაქტულ ნივთიერებებს (ფისებს, აქროლად ზეთებს, ცხიმებს, მთრიმლავ ნივთიერებებს).

ჰემიცელულოზა ცელულოზასთან ახლოს მდგომი ნივთიერებაა, მცენარეული უჯრედის კედლის პოლისაქარიდი, რომელსაც პოლიმერიზაციის უფრო დაბალი ხარისხი ახასიათებს. ჰემიცელულოზები უმთავრესად ცელულოზის ბოჭკოს ამორფულ ნაწილშია თავმოყრილი, კარგად ჯირჯვდება წყალში და მნიშვნელოვანწილად ზრდის ბოჭკოთაშორის კავშირებს.

ლიგნინი რთული აღნაგობის არომატული ნივთიერებაა. ბუნებრივი ლიგნინი ასევე შედის მცენარეული უჯრედის კედლის შემადგენლობაში. დადგენილია, რომ ის წარმოადგენს საბოლოო პროდუქტს, რომელიც წარმოიქმნება მცენარის სასიცოცხლო პროცესების დროს. ეს ნივთიერება მეტად ლაბილურია, ადვილად ცვალებადი გარემო ფაქტორებისა და ქიმიური რეაგენტების ზემოქმედებით, ამიტომ მეტად რთულია უცვლელი სახით მისი გამოყოფა. ამ ნაერთს მეტად სპეციფიკური ქიმიური თვისებები აქვს, ადვილად იჟანგება, პრაქტიკულად არ იხსნება ორგანულ გამხსნელებში, არ ჰიდროლიზდება მინერალური მჟავებით. ლიგნინის შემცველობა უარყოფითად მოქმედებს ცელულოზის ბოჭკოს ქაღალდწარმომქმნელ თვისებებზე, კერძოდ, ხელს უშლის გაჯირჯვებას, ართულებს ბოჭკოების ხლეჩა-ფიბრილირებას, ასუსტებს კავში­რებს, მაგრამ თუ ხარშვისას მთლიანად მოვაცილებთ, შემცირდება ცელულოზის ბოჭკოთა სიმტკიცე.

ტერმინი „ცელულოზის ექსტრაქციული ნივთიერებები“ იმაზე მეტყველებს, რომ ცელულოზის მომყოლები ექსტრაჰირების (გამოყოფის) გზით სცილდება მერქანს სხვადასხვა გამხსნელის, ძირითადად – ორგანული გამხსნელებისა და წყლის დახმარებით. ზოგჯერ ექსტრაქციული ნივთიერებები ეგრეთ წოდებულ ფისოვან დაბრკოლებებს წარმოშობს და ტექნოლოგიურ სირთულეებს ქმნის ქაღალდ-ცელულოზურ წარმოებაში.

ტექნიკური ცელულოზის წარმოებაში XIX საუკუნის ბოლოდან გამოიყენება ხარშვის ორი ძირითადი მეთოდი: სულფატური და სულფიტური. საწერი და საბეჭდი ქაღალდის სახეობათა უმეტესობა სულფიტური გზით მიღებული ცელულოზისაგან მზადდება. სულფატურად გათეთრებული ცელულოზისგან მიიღება უფრო მტკიცე და ხანგამძლე ქაღალდი. ცხიმები და ლიგნინი ხარშვისას თითქმის მთლიანად სცილდება, მაგრამ ისინი რჩება მერქნის მასაში – ნახევარფაბრიკატში, რომელსაც იყენებენ იაფასიანი, მაგალითად, საგაზეთო ქაღალდის წარმოებაში. ასეთი ქაღალდი ხარშვით კი არ მიიღება, არამედ მერქნის დაქუცმაცებით. განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა ბოჭკო, რომელიც შეიცავს საკუთრივ ცელულოზის მაღალ პროცენტს. ასეთ ბოჭკოებს მიეკუთვნება ბამბა, თუმცა ბამბის ცელულოზაში დაბალმოლეკულური ფრაქციის ნაკლებობა არ იძლევა მყარი, გამძლე ქაღალდის მიღების საშუალებას ბოჭკოებს შორის არასაკმარისი ბმების არსებობის გამო.

ქაღალდის მასის ჩამოსხმის პროცესიდან დაწყებული, ხდება ბოჭკოვანი ფურცლის თანდათანობითი გაუწყლოება. ამ დროს ბოჭკოები უახლოვდება ერთმანეთს როგორც მექანიკურად (ერთმანეთში გრეხით), ასევე ქიმიურად, ძირითადად – წარმოქმნილი წყალბადური ბმების ხარჯზე. ცელულოზაში ყოველი გლუკოზური ნარჩენი შეიცავს სამ ჰიდროქსილჯგუფს (-OH). სწორედ ეს ჯგუფები უზრუნველყოფს წყალში ცელულოზის კარგად დასველებასა და გაჯირჯვებას. ბოჭკოს ზედაპირზე არსებული აქტიური ჰიდროქსილჯგუფები წყლის მოლეკულებით სოლვატირდება. დაპრესის დროს სველი ბოჭკოების მიახლოებისას სოლვატირებულ ჯგუფებს შორის წარმოიქმნება ხიდური ბმები. შრობისას, გაუწყლოებისას და ბოჭკოების ურთიერთმიახლოებისას, ახლოვდება ცელულოზის ბოჭკოებში არსებული ჰიდროქსილჯგუფებიც. წყლის ხიდები წყალბადოვანი ხიდებით იცვლება. ქაღალდში, ისევე როგორც ბევრ სხვა მასალაში, არსებობს ბმის სამი ძირითადი ტიპი ბოჭკოებსა და ფიბრილებს, ცელულოზის ბოჭკოს პოლიმერულ ჯაჭვსა და მოლეკულებს შორის: მექანიკური ურთიერთქმედების ძალა, ქიმიური კავშირების, ბმების ძალა და ვან-დერ-ვალსის ძალა. ქაღალდის წარმოების პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქიმიური, კერძოდ, წყალბადოვანი ბმის ძალა.

 

ქაღალდის გაწებოვნება მისი ჰიდროფობულობის გაზრდის მიზნით ხდება. ცხოველური წებოებით ზედაპირის გაწებოვნება ზრდის ქაღალდის მექანიკურ სიმტკიცეს და ხახუნისადმი მდგრადობას. სახამებლისა და ცხოველური წებოს შეყვანით ქაღალდის სტრუქტურა უფრო მჭიდრო ხდება, მცირდება მტვრიანობა, იმატებს გამჭვირვალობა. კანიფოლით გაწებოვნება (ყველაზე გავრცელებულია წარმოებაში) მნიშვნელოვნად ზრდის ქაღალდის ჰიდრფობულობას, ამცირებს ტენის შემცველობას, მაგრამ უმეტესად – სიმტკიცესა და ხანგამძლეობასაც.ქაღალდის დამზადების პროცესი მოიცავს გათეთრების, გაწებოვნების, შევსებისა და შეფერვის ეტაპებს. გათეთრების პროცესი თავის მხრივაც მოიცავს საფეხურთა წყებას, თანმიმდევრულ მრავალჯერად დამუშავებას, რისი წყალობითაც მიიღება ქაღალდის სითეთრის მაღალი ხარისხი ბოჭკოს მინიმალური დაზიანებით. ცნობილია, რომ ჩვრის ცელულოზის მასა მერქნისაზე ადვილად თეთრდება, რადგან მასში არაცელულოზური მინარევებიცაა. სულფიტური ცელულოზა სულფატურზე ადვილად თეთრდება, რადგან სულფიტური ხარშვისას ლიგნინის უმეტესი ნაწილი ნახევრად ხსნად მდგომარეობაში გადადის. ცელულოზის სახეობათა უმეტესობა ქლორის ნაერთებით თეთრდება, მერქნის მასისთვის კი წყალბადის ზეჟანგს იყენებენ, რადგან მასში არსებული ლიგნინი ქლორშემცველ ნაერთებთან წარმოქმნის რეაქციის შეფერილ პროდუქტს. ქლორის შემცველი ნაერთებით გათეთრებისას აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ქლორმჟავა HClO, წყალბადის ზეჟანგით გათეთრებისას კი -პერჰიდროქსონ იონი ().

შეფერვა-შეღებვა ქაღალდის წარმოებაში თავდაპირველად მინერალური საღებრებით ხდება (ოხრა, უმბრი, რკინისა და ქრომის ნაერთები), შემდეგ – ულტრამარინით, ანილინის საღებავებით.

ბუნებრივი საღებრების დიდი ნაწილის კვლევა–შესწავლამ აჩვენა, რომ ქაღალდის შემთხვევაში კოლორისტიკული თვისებებით ყველაზე გამოსადეგი აღმოჩნდა ის ნივთიერებები, რომლებიც გამოიყოფა კაკლის წენგოსა და კოწახურის ფესვებისგან, კრაზანასა და მინდვრის სალბის წვენისგან, ინისგან, ასევე – მცენარეული წარმოშობის საღებავები კვერცეტინი და იზორამნეტინი. წარმოებაში სულ უფრო ხშირად იყენებენ ორგანულ სინთეზურ საღებრებს – დიაზოშავს, პირდაპირ ყვითელსა და ცისფერს, რომლებიც ბოჭკოებს ეჭიდება წყალბადური ბმების წარმოქმნით საღებავის აუქსოქრომულ ჯგუფებსა () და ცელულოზის ჰიდროქსილჯგუფებს შორის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...