ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება – „მე“ კონცეფცია და თვითშეფასება

0

„ჩემი შედევრი სასწრაფოდ უფროსებს ვაჩვენე, თან გულის გამაწვრილებლად ყველას ერთსა და იმავეს ვეკითხებოდი, ჩემი ნახატი შიშის ზარს თუ გცემთ-მეთქი. უბრალო შლაპამ აბა როგორ უნდა შეაშინოს ადამიანიო? – უკვირდათ მათ“

/„პატარა უფლისწული“, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი/

აჩუქეთ ბავშვებს ბედნიერება დღეს და ხვალ ისინი წარმატებულ ზრდასრულებად მოგვევლინებიან. წინა წლებთან შედარებით, უკვე მეტი ადამიანი თვლის ასე, თუმცა ზოგისთვის ის ემოციები, რომლითაც ბავშვები ბედნიერების განცდას იწვევენ, სულაც არ არის მნიშვნელოვანი, არც ის არის დიდად არსებითი, ბავშვებს საკუთარი ან სხვისი გრძნობებისა თუ ემოციების შეცნობა ვასწავლოთ და მათი პოზიტიურად მართვის გასაღები ჩვენვე ჩავუდოთ ხელში.

მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში უკვე კარგა ხანია, აღიარებული ფაქტია, რომ:

  • სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვობაში ნიშნავს ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის;
  • ისინი იზრდებიან მოქალაქეებად, რომელთაც აქვთ უნარი, აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი გადაწყვეტილებების შედეგებზე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ;
  • აქვთ თანასწორუფლებიანობის განცდა;
  • ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა კორელაციაშია მათ მომავალ კეთილდღეობასთან.

აღნიშნული პერსონალური და ინტერპერსონალური კომპეტენციები ეხმარება მათ, ზრდასრულ ასაკში შეძლონ უსაფრთხო ნავიგაცია სოციალურ ვითარებებში და ეფექტიანად და ეთიკურად გაუმკლავდნენ ოჯახში, სამსახურში, სოციუმში წამოჭრილ ან სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

რამდენადაც სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება არის პროცესი, რომლის მეშვეობით, ბავშვები იძენენ ცოდნას, ღირებულებებსა და უნარებს; მათი გამოყენებით შეუძლიათ ამოიცნონ და დაასახელონ ესა თუ ის ემოცია და მართონ ისინი, დაისახონ პოზიტიური მიზნები და მიისწრაფოდნენ მათ მისაღწევად; გრძნობდნენ და გამოხატავდნენ ემპათიას ერთმანეთის მიმართ, აყალიბებდნენ და ავითარებდნენ სოციალურ ურთიერთობებს და იღებდენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს –საგანმანათლებლო სივრცეებში მათი დანერგვა მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ სკოლებში, რომლებშიც ზრუნავენ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე:

  • ბავშვები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, გრძნობენ ემოციურ მხარდაჭერასა და სოციალურ კავშირს;
  • არსებითად შემცირებულია ბულინგისა და კიბერბულინგის პრეცედენტები;
  • გაზრდილია ბავშვების რეზისტენტულობა ძალადობის მიმართ;
  • სწავლების შედეგად, მოსწავლეები აუმჯობესებენ აკადემიურ მიღწევებს სასკოლო საგნებში.

ისიც ცნობილია, რომ სოციალურ-ემოციური სწავლების პროცესში უნიკალური და გადამწყვეტი როლი ენიჭება მასწავლებელს. იგი გავლენას ახდენენ ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე და თუკი მოსწავლისა და მასწავლებლის ყოველდღიური ურთიერთობა დაფუძნებულია ღირებულებებზე, თუკი სკოლაში შექმნილია ემპათიის, ზრუნვისა და ტოლერანტობის კულტურული კლიმატი, მაშინ შედეგები ბევრად მაღალია. სოციალურ-ემოციური უნარების გამომუშავებაში მხარდაჭერა სკოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, ოჯახებში მოკლებული არიან ამ უნარების განვითარების შესაძლებლობებს.

რა იციან ბავშვებმა?

,,სულ უფრო და უფრო მეტად ვცდილობ, ვიყო მე და შედარებით ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, მოვეწონებით თუ არ მოვეწონებით“, – იქნებ, ამის მსგავსი სიტყვები ჩვენი თინეიჯერი შვილისგანაც გვსმენია, თუმცა, შესაძლოა, სულაც არ იცოდეს, რომ ამ სიტყვების წარმოთქმა ვინსენტ ვან გოგმა დაასწრო. უბრალოდ იციან, რომ პრობლემა მათშია, ვინც სხვისი პირსინგების, სამკაულების, ჩაცმულობის ან ვარცხნილობის გამო თავს რამდენჯერმე გვერდზე გადააქნევს თან მათ გამზრდელებსაც არაადეკვატურად მოიკითხავს. დიახ, პრობლემა ნამდვილად მათშია!

ვინ ვარ მე?

რატომ არის მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობთ საკუთარი თავის შესახებ?

რა არის თვითშეფასება?

  • აღნიშნული კითხვები ამონარიდებია სოციალურ-ემოციური უნარების სახელმძღვანელოებიდან. ეს კი დავით გურამიშვილისეული ფრაზაა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“. ნათელია, რომ, დროსივრცული ასინქრონიზმის მიუხედავად, განმანათლებლები „ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ“.

„მე“ კონცეპცია

მიჩნეულია, რომ „მე“ კონცეპცია არის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. იგი მოიცავს ცოდნას საკუთარი გარეგნობის, ქცევის მიზნების, მოტივების, ფორმებისა და მათი განხორციელების შედეგების (წარმატება-წარუმატებლობის) შესახებ. იგი მოიცავს აგრეთვე ცოდნას სოციალური ურთიერთობების (მეგობრების, ოჯახის, კოლეგების და ა.შ.), გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებულობის, შინაგანი პროცესების, გრძნობებისა და განწყობების შესახებ. „მე“ კონცეფცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, თუ რას წარმოადგენს ინდივიდი, არამედ იმასაც, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე. ზოგიერთი ავტორი „მე“ კონცეფციის აღწერით ნაწილს უწოდებს „მე“-ს ხატს, ხოლო ნაწილს, რომელიც საკუთარ თავთან, ან საკუთარ თვისებებთან დამოკიდებულებას გამოხატავს – თვითშეფასებას.

მაშასადამე, საკუთარი თავის შესახებ არსებულ შეხედულებათა ნაკრები, რაც თითოეულ ჩვენგანს, მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის დირექტორს თუ მშობელს, გაგვაჩნია, სპეციალურ ლიტერატურაში „მე“ კონცეფციის სახელწოდებით არის ცნობილი. „მე“ კონცეფციაში შემავალი წარმოდგენები რამდენიმე კატეგორიად გამოიყოფა:

  • წარმოდგენები საკუთარი გარეგნობის შესახებ;
  • წარმოდგენები საკუთარი ფიზიკური და გონებრივი უნარების შესახებ;
  • წარმოდგენები საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ;
  • წარმოდგენები იმ როლების შესახებ, რომლებსაც ცხოვრებაში ვასრულებთ და განვსაზღვრავთ ჩვენს თვითიდენტობას ჩვენი სქესის, ეროვნების, რელიგიური მიკუთვნებულობის, რწმენებისა და ღირებულებების მიხედვით.

რა ვასწავლოთ ბავშვებს? – საიდან ჩნდება და როგორ ყალიბდება წარმოდგენები საკუთარ თავზე?

მიჩნეულია, რომ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები ადრეული ასაკიდან და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გვიყალიბდება, მაგალითად:

  • შედარება გარშემომყოფებთან: ხშირად საკუთარ თავზე სხვებთან შედარების საფუძველზე ვმსჯელობთ. თუკი სხვებს უფრო წარმატებულად, მომხიბვლელად და ბედნიერად მივიჩნევთ, ამან შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი წარმოდგენები გაგვიჩინოს. დავალებაში მიღებული 9 ქულაც კი შეიძლება არადამაკმაყოფილებლად იქნას აღქმული, თუკი ყველა სხვა თანაკლასელი იმავე დავალებაში 10-იანს მიიღებს.
  • საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის გამოცდილება: როდესაც რომელიმე რთულ ამოცანას კარგად ვართმევთ თავს, ეს ხშირად ჩვენს შესაძლებლობებში გვარწმუნებს, წარუმატებლობები კი, პირიქით, გვაეჭვებს.
  • გარშემომყოფთა შეფასებები: ხშირად გარშემომყოფთა, განსაკუთრებით კი უფროსების უკუკავშირი აისახება ჩვენს „მე“ კონფეციაზე. არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული შეფასება (მაგალითად, „მათემატიკაში სუსტი“) იარლიყივით მოგვეწებება და, წლების განმავლობაში, უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე ან პირიქით, დადებითი მოლოდინის არსებობა ჩვენს მიმართ გვაიძულებს, ისინი გავამართლოთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგად ვიცნობდეთ ჩვენს „მე“ კონცეპციას?

ადამიანებს, რომელთაც პოზიტიური „მე“ კონცეპცია აქვთ, უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, უფრო თავდაჯერებულნი არიან, მეტად კომპეტენტურად გრძნობენ თავს, ანუ სწამთ, რომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა და არ ეშინიათ ახალ ამოცანებთან და გამოწვევებთან შეჭიდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პოზიტიური „მე“ კონცეფცია საკუთარი თავის ან შესაძლებლობების გადაჭარბებულად და მხოლოდ დადებითად აღქმას არ გულისხმობს. პოზიტიური თვითშეფასების მქონე ადამიანი აცნობიერებს საკუთარ სუსტ მხარეებსა და საჭიროებებსაც, იღებს იმ მოცემულობას საკუთარ თავში, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ამავე დროს ცდილობს დაშვებული შეცდომები გააანალიზოს და გაკვეთილად აქციოს, ისმენს და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს გარშემომყოფთა უკუკავშირს.

სპეციალისტები გვთავაზობენ რამდენიმე გზას, რომელიც პოზიტიური „მე“ კონცეპციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ესენია:

  • საკუთარი თავის მიღება განვსაზღვროთ, რის შეცვლა შეგვიძლია და რის —არა საკუთარ თავში.
  • შევწყვიტოთ ნერვიულობა იმაზე, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული და მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი უნიკალური, როგორიც ვართ.
  • საკუთარი თავის მხოლოდ საკუთარ თავთან შედარება – თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველთვის სასურველია, საკუთარი თავი მხოლოდ საკუთარ თავს შევადაროთ და ჩვენს წინსვლაზეც საკუთარი პროგრესის მიხედვით ვიმსჯელოთ და არა გარშემომყოფთა მიღწევების მიხედვით.
  • გარშემომყოფთა შეფასებების სწორი ანალიზი – ჩვენ შესახებ გამოთქმული მოსაზრებები ყურადღებით განვიხილოთ; დავფიქრდეთ, რომელიმე კონკრეტული უნარის განვითარებაზე, ან რომელიმე არასწორი ჩვევის გამოსწორების საჭიროებაზე ხომ არ მიგვანიშნებს. ასეთ შემთხვევაში, ვიმუშაოთ მათ გაუმჯობესება/გამოსწორებაზე.
  • თუკი შეფასება უარყოფითია ზოგადად და ჩვენთვის სასიკეთო გზავნილს არ შეიცავს, არ მივცეთ უფლება მას, დაგვთრგუნოს ან საკუთარ შესაძლებლობებში დაგვაეჭვოს.
  • გვახსოვდეს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გავხდეთ ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ.
  • მიზნების დასახვა და მიღწევა – დასახული მიზნის მიღწევა ან ამა თუ იმ სირთულის გადალახვა ყოველთვის დადებითად აისახება ჩვენს თვითშეფასებაზე.
  • ამ გზით ვრწმუნდებით საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში. თუმცა მნიშვნელოვანია, მიზანი კონკრეტული და რეალისტური იყოს.
  • ახალი უნარების დაუფლება – ამა თუ ამ ახალი უნარის დაუფლება ან უკვე არსებული უნარის დახვეწა, თავს უფრო კომპეტენტურად გვაგრძნობინებს. გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი უნარის განვითარებას ვარჯიში სჭირდება.
  • გამოყავით ყოველდღიურად წინასწარ განსაზღვრული ერთი და იგივე დრო ამა თუ იმ უნარში სავარჯიშოდ.
  • საკუთარი თავის შექება გამოვლენილი ძალისხმევისთვის – მაშინაც კი, თუ ჩვენი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი გავამხნევოთ და შევაქოთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობაში ჩავდეთ.
  • საკუთარი მიღწევების ჩამოთვლა – ზოგჯერ სასარგებლოა, შევახსენოთ საკუთარ თავს იმ მიღწევების შესახებ, რომლებიც კონკრეტული დღის, ან კვირის განმავლობაში გვქონდა. ეს შეიძლება იყოს დავალებების დროულად შესრულება, მეგობრის მხარდაჭერა, ახალი რამის სწავლა და ა.შ.

ჩვენი მოსწავლეების პოზიტიური „მე“ კონცეფციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება შემდეგი რჩევები:

  • ეცადეთ, თითოეული მოსწავლის მიმართ გამოხატოთ ინტერესი.
  • დააკვირდით მოსწავლეების ძლიერ მხარეებს, ინტერესებს, გატაცებებს, დაინტერესდით მათი საყვარელი სატელევიზიო გადაცემებით ან ვიდეო თამაშებით, წიგნებით და ა.შ.
  • გამოიყენეთ ეს ინფორმაცია სწავლების პროცესში, მაგალითად, გაავლეთ პარალელი კონკრეტული მოსწავლის ინტერესსა და ახალ მასალას შორის.
  • გამოხატეთ მიმღებლობა და პატივისცემა თითოეული მოსწავლის მიმართ, მათი ახლანდელი თუ წარსული ქცევების მიუხედავად.
  • ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ ის, როგორც პიროვნება, უპირობოდ ღირებული და მისაღებია თქვენთვის.
  • არასასურველი ქცევების შეფასებისას, ხაზი გაუსვით თავად ქცევას და არა იმ მოსწავლის პიროვნულ მახასიათებლებს; მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „უპასუხისმგებლო ბავშვი ხარ!“ უმჯობესია აღნიშნოთ, რომ „ასეთი საქციელი უპასუხისმგებლო იყო!“.
  • მოერიდეთ ბავშვისთვის იარლიყის მიწებებას წარსულში განხორციელებული რთული ქცევების გამო.
  • ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გამოხატოთ ოპტიმიზმი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
  • აგრძნობინეთ, რომ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და თქვენ გწამთ, რომ მისი ქცევები უკეთესობისკენ შეიცვლება.
  • ხშირად აღნიშნეთ, რომ შეცდომები მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილებაა და მათ ყოველთვის უარყოფითად არ უნდა შევხედოთ.
  • შეცდომებით ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლება.

„მე“ კონცეფცია ადრეული ასაკიდან ვითარდება და ბავშვის ზრდა-განვითარებასთან, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად იცვლება; ბავშვების შემთხვევაში, „მე“ კონცეფციის უმნიშვნელოვანეს წყაროს სწორედ მასწავლებლების შეფასებები წარმოადგენს. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ – „უპასუხისმგებლო ბავშვი ხარ!“, უმჯობესია აღვნიშნოთ, რომ „ასეთი საქციელი უპასუხისმგებლო იყო!“ მოვერიდეთ ბავშვისთვის იარლიყის მიწებებას წარსულში განხორციელებული რთული ქცევების გამო. ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გამოხატოთ ოპტიმიზმი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვაგრძნობინოთ, რომ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და ჩვენ გვწამს, რომ მისი ქცევები უკეთესობისკენ შეიცვლება. ხშირად აღვნიშნოთ, რომ შეცდომები მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილებაა და მათ ყოველთვის უარყოფითად არ უნდა შევხედოთ. შეცდომებით ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლება.

ვინ როგორ ახდენს გავლენას ჩვენს მეკონცეციაზე?

აქტივობის მიზანი: „მე“ კონცეფციაზე და თვითშეფასებაზე გარშემომყოფთა შეფასების გავლენა;

სამიზნე კლასი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ დისნეის მულტფილმი „მეფე ლომი “.

გაიხსენეთ მულფტილმის სიუჟეტი, აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ როდესაც სიმბას მამა, მუფასა იღუპება ჰიენებთან შეტაკების პროცესში, სკარი – სიმბას ბიძა, მოუწოდებს მას, დატოვოს მამის სამეფო და აღარასდროს დაბრუნდეს უკან. იგი შთააგონებს სიმბას, რომ მამამისის გარდაცვალება მისი ბრალია. დისკუსია: განიხილეთ შემდეგი საკითხები: 1. როგორ მოქმედებს სკარი სიმბას „მე“ კონცეფციაზე? მის თვითშეფასებაზე? 2. რაში ვლინდება სიმბას ნეგატიური წარმოდგენები საკუთარ თავზე? 3. ვინ და რა დაეხმარება სიმბას თავდაჯერებულობის დაბრუნებაში?

 

სავარჯიშო 2

ყველაფერი ჩემ შესახებ

აქტივობის მიზანი: საკუთარი პიროვნების უნიკალურობის გაცნობიერება; სამიზნე კლასი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

სავარჯიშო #2 ვინ ვარ მე?

აქტივობის მიზანი: საკუთარ მახასიათებლებზე, „მე“ კონცეფციაზე დაფიქრება; სამიზნე კლასი: საბაზო და საშუალო საფეხური; აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა სიტყვითა და ფრაზით დაასრულონ წინადადება: „მე ვარ…“. აღნიშნეთ, რომ ეს შეიძლება იყოს მათი უნარები, ნიშან-თვისებები, უკავშირდებოდეს იმას, რაც მოსწონთ ან პირიქით არ მოსწონთ – სქესს, ასაკს, ფიზიკურ მახასიათებლებს და ა.შ.

სავარჯიშო #3 აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასრულონ შემდეგი წინადადებები: „ჩემი საყვარელი საჭმელია…“, „ჩემი საყვარელი ადგილია…“, „ჩემი საყვარელი ნივთია…“, „ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის….“, „ჩემი საყვარელი სიმღერაა…“, „ერთი რამ, რაც არ მომწონს არის….“, „კარგად გამომდის….“, „რაზეც ვოცნებობ, არის….“. მოსწავლეებს განუცხადეთ, რომ ამ დავალებას არ აქვს სწორი და არასწორი პასუხები და ყველა მათგანმა საკუთარი შეხედულებების თანახმად უნდა შეასრულოს იგი. განიხილეთ პასუხები კლასში, ხაზი გაუსვით იმ ინდივიდუალურ განსხვავებებს, რომლებიც პასუხებში დაფიქსირდება. მაგალითად, ასე: „მე ვარ კარგი მსმენელი. მე ვარ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგია ომების. მე ფეხბურთის გუნდის წევრი ვარ. მე კალათბურთის ფანი ვარ და ..

განიხილეთ პასუხები ჯგუფში, ხაზი გაუსვით იმას, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და ამ უნიკალურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები, არამედ ისიც, რაც შეიძლება სისუსტედ მიგვაჩნდეს ან ნაკლებად მოგვწონდეს საკუთარ თავში.

 

ჩვენი ძლიერი მხარეები

 

აქტივობის მიზანი: იმის გაცნობიერება, რომ ყველა ჩვენგანს აქვს ძლიერი მხარეები;

სამიზნე კლასი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა: დაჭერით ფერადი ფურცლები დაახლოებით 3-4 სმ-ის სიგანის ზოლებად და დაურიგეთ მოსწავლეებს ისე, რომ თითოეულს შეხვდეს დაახლოებით 5 ფურცლის ნაჭერი. შემდეგ სთხოვეთ მათ, ფურცლებზე ჩამოწერონ საკუთარი 5 ძლიერი მხარე, ეს შეიძლება იყოს მათი პიროვნული ნიშან-თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დახმარებისთვის მზაობა ან რაიმე ნიჭი, მაგალითად: მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტი, ხატვა და ა.შ. განიხილეთ შესრულებული დავალებები ჯგუფში და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მრავალფეროვანი ნიჭისა თუ უნარის არსებობა საზოგადოებისთვის. დაჭრილი ფურცლებისგან მოსწავლეებთან ერთად გააკეთეთ ქაღალდის წრეები და შემდეგ გადააბით ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ქაღალდის ჯაჭვი. ასეთი ნამუშევარი იმის ილუსტრაცია იქნება, თუ რა ძლიერი მხარეები აქვთ კლასის ცალკეულ წევრებს და რა წვლილი შეაქვთ მათ კლასის მრავალფეროვნებაში. სასურველია, ჯაჭვი საკლასო ოთახში განათავსოთ, მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო ადგილას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება ბავშვებისთვის, სახელმძღვანელო მომზადებულია ორგანიზაცია „ილიასის“ მიერ, ევროპის ფონდის დაფინანსებით, თბილისი, 2021.

როგორ შევაქმნევინოთ მოსწავლეებს საკლასო წესები?

0

„სკოლაში მოვდივართ დროულად“, „თუ რამის თქმა გვსურს, ვიწევთ ხელს“, „ვინარჩუნებთ სისუფთავეს“ და სხვა ბევრი ჭრელი წესი არსებობს, რომლებსაც ხშირად ვუმეორებთ მოსწავლეებს. ვაკეთებ წესების პლაკატებს და თვალსაჩინო ადგილას ვაკრავთ საკლასო ოთახში.

გვიფიქრია, იმაზე ესმის თუ არა მოსწავლეს ყველა წესის მნიშვნელობა? ეთანხმება თუ არა მათ? როგორი იქნებოდა წესები, რომლებსაც ჩვენ კი არა, თვითონ შემოგვთავაზებდნენ და შეიმუშავებდნენ? გიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც სწორედ მოსწავლეების მიერ შემუშავებულ წესებს ეხება.

„მე და საზოგადოების“ გაკვეთილია. სახელმძღვანელოს ერთ-ერთ გვერდზე ნახატებია შემოთავაზებული და გვეკითხებიან: აბა თუ გამოიცნობ, რომელი წესისკენ არის მიმართული ეს ილუსტრაციაო. შინაარსიდან გამომდინარე ვცდილობთ, წესის გამოცნობას. რამდენიმე წესის შეხსენების შემდეგ მიჩნდება სურვილი, მოსწავლეებმა თავად შეიმუშაონ ისინი, თუმცა მანამდე საჭიროა მათი მომზადება.

– თქვენი აზრით, რისთვის არსებობს წესები? – ვეკითხები კლასს.

– იმისთვის, რომ წესრიგი იყოს, – მპასუხობს ერთი მოსწავლე.

– რა იქნებოდა, წესები რომ არ არსებობდეს? – არ ვეშვები.

– ალბათ ქაოსი. მპასუხობენ მოსწავლეები და არგუმენტებად გზაზე გადასვლის, შუქნიშნის აუცილებლობის მაგალითები მოჰყავთ.

– გვაქვს თუ არა კლასში წესები? რომელ წესს გაიხსენებდით? ეთანხმებით ამ წესს?… რამდენიმე შეკითხვის შემდეგ უკვე მთელი კლასი ჩართულია და თითქმის ვაღწევ ჩემს მთავარ მიზანს – სწორედ ისინი ვაქციო წესების შემქმნელებად.

კლასს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად და ვკარნახობ ინსტრუქციას. მათ უნდა შეიმუშაონ სასკოლო წესები. რის გათვალისწინებასაც თვლიან საჭიროდ. ჩამოწერონ და ფორმატზე გააფორმონ შესაბამისი ილუსტრაციით, ხოლო პრეზენტაციისას წარადგინონ ნამუშევარი და არგუმენტებით დაასაბუთონ, რატომ თვლიან საჭიროდ ამ წესების დაცვას.

მოსწავლეებმა ჯგუფში დაიწყეს მუშაობა. სხვათა შორის არაა აუცილებელი დიდი ფორმატების წინასწარ შეძენა, თუ ის ამ დროისთვის არ გექნებათ ან დაუგეგმავი იდეა მოგივათ თავში. ოთხი თაბახის ფურცლის წებოვანი ლენტით ერთმანეთზე მიწებებით, შესანიშნავი „ფორმატი“ გამოდის.

მოსწავლეები მსჯელობენ ჯგუფებში. ვცდილობ მათ ახლო ვიტრიალო და მოვისმინო მათი მოსაზრება. რას ფიქრობენ, როგორ თანამშრომლობენ ჯგუფში. რამდენიმე ჯგუფში წესები მეორდება. პრეზენტაციის დრო დგება და თითოეული ჯგუფი გამოდის ნამუშევრებით. ერთ-ერთი კითხულობს:

  • „ულამაზოა გაკვეთილზე სუსნაობა.. არ დავაბულინგოთ ერთმანეთი… მოვუაროთ სკოლის ნივთებს.. შევინარჩუნოთ დისტანცია… ვაცადოთ ერთმანეთს საუბარი“ და ა.შ.

თითოეული წესის დასახელების დროს მოსწავლეს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ ჩათვალა საჭიროდ ამ წესის არსებობა, რისთვის არის ის საჭირო. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ მას არ გავითვალისწინებთ? პარალელურად კლასისთვის მიცემული მაქვს დავალება, რომ პრეზენტაციისას პარალელი გაავლონ თავიანთ და ჯგუფის სხვა წევრების მიერ შემუშავებულ წესებს შორის. გამეორების შემთხვევაში კი დაფიქრდნენ, რამდენად დაემთხვა მათი მოსაზრება ერთმანეთს. ამით ვცდილობ, პროცესში მაქსიმალურად ჩავრთო ყველა მოსწავლე.

 

შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთავაზობ ვიდეორგოლის შექმნას, რომელიც უცხოური ვიდეოს ანალოგია. ვაყურებინებ ვიდეოს და მათთან ერთად განვიხილავ თითოეულ წესს. შემდეგ კი ვგეგმავთ ჩვენეულ ვარიანტს.

ვიდეოს შექმნის პროცესში მოსწავლეებმა უკეთ დაინახეს წესების მნიშვნელობა და საჭიროება. მე კი გთავაზობთ ჩვენ მიერ შექმნილ ვიდეორგოლს – როგორი უნდა იყოს საკლასო წესები და პოზიტიური ქცევა სკოლაში.

 

 

ტომ სოიერის სწავლა-სწავლებისათვის დისტანციურ სკოლაში

0
  • ტომ!

პასუხი არ არის.

  • ტომ!

პასუხი არ არის.

  • რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მასწავლებელი აკვირდება კომპიუტერის ეკრანზე გამორთული ხმისა და ვიდეოკამერის ნიშნებს ….

გეცნოთ, ალბათ, ეს სიტუაცია?! ხშირად აღმოვჩენილვართ დეიდა პოლის როლში, როდესაც ამაოდ ვეძებთ და ვუხმობთ მოსწავლეს. არ იქნება ურიგო, თუ ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ, როგორ შევძელით დისტანციური სწავლების პირობებში  მოსწავლეები არ „გვეძებნა“ გამორთული კამერების მიღმა და თავად გასჩენოდათ სურვილი, „ღია“ ყოფილიყვნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეფექტური სწავლების ძირითადი განმსაზღვრელი პირობა მოტივაციაა, მოსწავლეთა მოტივირებულობის ერთ-ერთი ფაქტორი კი მასწავლებლის პროფესიონალიზმთან, მშობელთა ჩართულობასთან და საგნობრივ სტანდარტთან ერთად შინაარსიცაა, ჩვენ გადავწყვიტეთ შინაარსზე ორიენტირება. მისი მნიშვნელობის წინ წამოწევა. ისეთი დავალებების და აქტივობების შეთავაზება, რომელთა შინაარსი იქნებოდა მათთვის სტიმულის მიმცემი.

მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში „ ტომ სოიერის თავგადასავლის“  მოცემული ნაწყვეტის გაცნობის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, როგორ აგვერიდებინა რუტინული დავალებები და შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისათვის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განმავითარებელი აქტივობები. დავალებები, რომელთა შესრულებისას ბავშვები შეძლებდნენ ტექსტის შინაარსის დაკავშირებას თავიანთ რეალობასთან. ვინაიდან, ონლაინ სწავლების დროს მარტივად გვქონდა წვდომა ელექტრონულ რესურსებზე, შევძელით და ერთობლივად  ვნახეთ ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“. რა თქმა უნდა, შევადარეთ ტექსტი ფილმს და მსგავსება- განსხვავებებიც მრავლად აღმოვაჩინეთ.  მომდევნო ეტაპზე გამოვიყენეთ ,,რადიო თავისუფლების“ ვიდეორგოლი  სახელწოდებით „რატომ ვცემთ ბავშვებს აღზრდის სახელით“, რომელიც ძალიან დაგვეხმარა პრობლემის გააზრებაში, ვარაუდების გამოთქმასა და დასაბუთებულ მსჯელობაში. ბავშვებმა გამოკვეთეს ტომის პრობლემები და შემოგვთავაზეს მათი გადაჭრის გზები  საკუთარი  გამოცდილებიდან. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყო  ,,წერილი დეიდა პოლს“.  დავალების პირობის მიხედვით, დეიდა პოლისთვის მიწერილ წერილში ბავშვებს უნდა გაეზიარებინათ საკუთარი აზრები,  შეხედულებები და შთაბეჭდილებები ტომისა და დეიდას ურთიერთობის, აღზრდის წესების და სასჯელის გამოყენების შესახებ.    მათი წერილები  საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ვიმედოვნებთ, მიაღწევს თანამედროვე „დეიდა პოლის“ ყურამდე ეს გულწრფელი სიტყვები  და ეს, ფაქტობრივად, მათი იდეების გამოცდა იქნება.

მომდევნო აქტივობა მიზნად ისახავდა ბავშვებში წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარებას. ვთხოვეთ მათ, წარმოსახვაში სტუმრებოდნენ ტომის კარ-მიდამოს, დახმარებოდნენ ტომს მესრის შეღებვაში, ერთი პირობით, მესერზე უნდა დაეწერათ ფრაზები, რომლებიც უნდოდათ ეთქვათ ტომისთვის. ეს შეიძლება ყოფილიყო რჩევები, თხოვნები, მოწოდებები  ან შეტყობინებები.

შემოქმედებითი სახის პროდუქტის შექმნა დავგეგმეთ შემაჯამებელ აქტივობად. დავალების პირობა ასეთი იყო: წარმოიდგინე, რომ შენ ხარ დიზაინერი, ვინც ქმნის და აფორმებს წიგნის ყდას (გარეკანს). ამჟამად გაქვს შემოთავაზება შექმნა ,,ტომ სოიერის თავგადასავლის“ ახალი გამოცემისთვის ილუსტრირებული გარეკანი, რომელიც უნდა ეხმიანებოდეს ნაწარმოების შინაარსს, პერსონაჟების ხასიათს და გარეგნობას. არ დაგავიწყდეს ისიც, რომ ყდაზე უნდა ეწეროს ნაწარმოების სათაური და ავტორი. არ მიითვისო სხვისი ნამუშევარი, შეეცადე შენი ხედვა გვაჩვენო (მთავარი შინაარსია და არა ნახატის ხარისხი). ჩვენ გავაკეთებთ ამ ნამუშევრების წარდგენას. წარდგენისას უნდა მოგვიყვე, როგორ ჩადე ნაწარმოების მთავარი სათქმელი ილუსტრაციაში და თუ შესაძლებელია, როგორ გააუმჯობესებდი შენს ნამუშევარს.

 

 

 

დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ბავშვების შექმნილი  ილუსტრაციები  ორიგინალური ხედვით გამოირჩევა.

საკითხი ვრცელი და საინტერესო აქტივობებით იყო დახუნძლული, მაგრამ ერთი სტატიის ფარგლებში, მხოლოდ მნიშვნელოვანი და ბავშვებისთვის განსაკუთრებულად სახალისო დავალებები გაგიზიარეთ.

აქვე დავამატებთ, რომ სამომავლო გამოწვევად დაგვრჩა იდეა  „ტომი ჩემს საკლასო ოთახში“ (დისტანციურ თუ რეალურ გარემოში). როგორი მეგობარი იქნებოდა? რით დაინტერესდებოდა ყველაზე მეტად? როგორი ურთიერთობა ექნებოდა მასწავლებლებთან?  რა იქნებოდა მისი საყვარელი  ონლაინ  ან ოფლაინ ოინი?

 

 

 

 

 

 

 

ბუნების მცველები – ფინეთის გამოცდილება

0

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ფინეთი, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ცხოვრების მაღალი დონით, ჯერ კიდევ ასი წლის წინ აგრარული ქვეყანა იყო. მოსახლეობის უმრავლესობა უშუალოდ ან ირიბად იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. დღეს ფინეთის ეკონომიკის 69% მომსახურების სექტორზე მოდის, 28% – მრეწველობაზე, ხოლო 3% – სოფლის მეურნეობაზე. ბედნიერების მსოფლიო ინდექსით ფინეთი უკვე მეოთხე წელია ლიდერობს, რასაც, სავარაუდოდ, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობაც განაპირობებს.

როგორ დაიწყო ბუნების დაცვა და რა პრიორიტეტები დაისახა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში?

ფინელებს ჯერ კიდევ ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ ბუნებასთან, რომელიც უნიკალურია დასავლურ სამყაროში. ფინეთის ურბანულ ცენტრებშიც ყოველთვის არის სწრაფი და მარტივი გზა პარკში, ტყეში ან უდაბნოში გაქცევისა და ბუნებასთან ჰარმონიზაციისთვის.

ფინეთის პირველი ეროვნული პარკი შეიქმნა 1938 წელს, 60-წლიანი დებატებისა და იურიდიულ სისტემაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ. ეროვნული პარკების შესახებ საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია მეცნიერისა და მკვლევრის  ადოლფ ერიკ ნორდენშელდის წინადადებამ, დაცული ტერიტორიები დამკვიდრებულიყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე.

ფინეთის პირველი დაცული ტერიტორიების შექმნისას გაითვალისწინეს იგივე საკითხები, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ბუნება განიხილებოდა როგორც ეროვნული მემკვიდრეობა და არა როგორც ნედლეული ეკონომიკური ზრდისა და სამეცნიერო განვითარებისთვის. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბუნების დამცველებს მკაცრი კულტურული და პატრიოტული ღირებულებები ჰქონდათ. ანალოგიურად იქნა განხილული ბუნების კონსერვაცია შეერთებულ შტატებშიც, მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკის – იელოუსტოუნის დაარსებისას.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენა და ომის შედეგების აღმოფხვრა ჰქონდა პრიორიტეტად დასახული, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაც ეროვნული მნიშვნელობის ამოცანად ითვლებოდა. ეროვნული პარკების მეორე ნაკრები შეიქმნა 1956 წელს: ლიესიარვი, ლინანსაარი, პიუჰია-ჰიაკი, პეტკელიარვი, როკუა, ოულანკა და ლემენიოკი.

ეროვნული პარკები განლაგებული იყო მეცჰალიტუსის (Metsähallitus, სახელმწიფო სატყეო საწარმო) საკუთრებაში არსებულ მიწებზე და მათ მეცჰალიტუსი მართავდა. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონები, რომელთა მიხედვითაც წარმიმართებოდა დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვა. ეროვნული პარკების დასასვენებელ ადგილებად გამოყოფა მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. იმ პერიოდისთვის ფინეთის ეროვნული პარკების ქსელი რეგიონული და ბუნებრივი ღირებულებების თვალსაზრისით არასაკმარისად მიიჩნეოდა. შესაბამისად,  საჭირო გახდა ეროვნული პარკების წარმომადგენლობითი და კარგად მართული ქსელის შექმნა.

ეროვნული პარკების კომიტეტმა 1974 წელს დაიწყო ფუნქციონირება, ორი წლის შემდეგ კი  ფინეთის მთავრობამ 42 ახალი ეროვნული პარკი შექმნა, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს. 1982 წელს დაარსდა კიდევ 11 ეროვნული პარკი.

დაცული ტერიტორიების შექმნის დასაწყისში აქცენტი უმთავრესად ნაკრძალებზე ისმებოდა, მერე კი ეროვნულ პარკებზე გადაინაცვლა. მიიჩნეოდა, რომ ეროვნული პარკები უკეთესად ემსახურებოდა დასვენების საჭიროებებს, ხოლო ნაკრძალები ძირითადად სამეცნიერო მიზნებისთვის იქმნებოდა და იქ მკაცრი კანონები მოქმედებდა.

ეროვნული პარკების შექმნისას თავდაპირველად საჭირო იყო მართვის გეგმის შედგენა, რომლის კონცეფცია “იმპორტირებულ” იქნა აშშ-ს ეროვნული პარკების სამსახურიდან. მართვის გეგმაში ჰარმონიულად არის შერწყმული ბუნების დაცვისა და რეკრეაციული მიზნები.

ფინეთის ეროვნული პარკები ამერიკულ მოდელებს ჰგავს სხვა თვალსაზრისითაც: ბუნება ველური და ხელუხლებელია. გარდა ამისა, ეროვნული პარკის კონცეფცია აშკარად აერთიანებს ეროვნული ლანდშაფტის კონცეფციას.

ფინეთის ისტორია და კულტურა განუყოფელია ფინური ბუნებისგან. ეს განსაკუთრებით ეხება ლაპლანდიის მკვიდრ ხალხს, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში მჭიდრო კავშირი ჰქონდა მიწასთან მეცხოველეობის, თევზაობის, ნადირობისა და ტრადიციული ხელნაკეთობების საშუალებით. მათი საარსებო წყარო უმთავრესად ბუნება იყო.

მრავალი ისტორიული და კულტურული ადგილია შემონახული ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის, რათა შეისწავლონ, განიცადონ და ისიამოვნონ. ისტორიული წყაროები ცხადყოფს, თუ როგორი გახდა ფინეთი დღეს.

თქვენც შეგეძლებათ წარსულში გადაინაცვლოთ, თუ ღამეს გაატარებთ ქოხში, სადაც წინათ ოქროს მაძიებლები, ირმების მწყემსები ან ტყის რეინჯერები ცხოვრობდნენ. ფინეთის ეროვნულ პარკებში შეგიძლიათ იხილოთ პეიზაჟები, რომლებიც შთააგონებდა მხატვრებსა და მწერლებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ფინეთის ისტორიასა და კულტურას ქმნიდნენ.

ფინეთის უმეტეს ნაწილში დომინირებს ფიჭვისა და ნაძვის წიწვოვანი ტყეები, გვხვდება ზოგიერთი ფოთლოვანი ხე, უმთავრესად – არყი. ფინეთის ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია, მაგრამ არსებობს მრავალი ტყე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებელი იყო და ახლა ეროვნულ პარკებსა და სხვა ნაკრძალებშია დაცული.

ფინეთისთვის დამახასიათებელია ტბებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების, მდინარეებისა და ნაკადულების სიმრავლე. საუკუნეების განმავლობაში მრავალი ჭაობი განადგურდა სოფლის მეურნეობისთვის ან გამოყენებულ იქნა ტორფის მოსაპოვებლად.  ბიომრავალფეროვნების კუთხით ამ ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის აღიარებამ განაპირობა მათი შენარჩუნება და აღდგენა. ჭაობები დღეს ეროვნულ პარკებშია დაცული.

ფინეთს ასევე აქვს ძალიან გრძელი სანაპირო ზოლი რამდენიმე დიდი არქიპელაგით, სადაც უამრავი კუნძული და სკვერია. სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი და ბევრი კუნძული თითქმის დაუსახლებელია. ზოგიერთი უდიდესი არქიპელაგი ფინეთის საზღვაო ეროვნული პარკების საზღვრებშია მოქცეული და დაცული.

გარდა ლაპლანდიისა და აღმოსავლეთი ფინეთის ბორცვებისა, ქვეყნის უმეტესი ნაწილი შედარებით ვაკეა. ფინური ლანდშაფტი გამოირჩევა წყლის უნიკალური სიმდიდრითა და სუფთა ჰაერით, უზარმაზარი დაუფარავი ტყეებით და შეგრძნებით, რომ ბუნება ყოველთვის ახლოსაა.

ეს ხელუხლებელი და თვალწარმტაცი ლანდშაფტები მრავალი გარეული ცხოველისა და ფრინველის საცხოვრებელი ადგილია. მათ შორის არის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები. მათი დიდი ნაწილი დასავლეთი ევროპის დანარჩენ ქვეყნებში გადაშენებულია. ოთხი დიდი მტაცებელი: დათვი, ფოცხვერი, მგელი (Canis lupus) და სამურავი (Gulo gulo), –  საერთოდ თავს არიდებენ ადამიანებს. დიდებული ლოსი (Alces alces; Moose ჩრდილოეთ ამერიკაში) უფრო ხშირად ჩანს, ხოლო პატარა, მაგრამ მაინც შესანიშნავი ირემი (Rangifer tarandus tarandus) ლაპლანდიის ჩვეულებრივი სანახაობაა. ორივემ შეიძლება მოულოდნელად გადაკვეთოს საავტომობილო გზა და სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინეთის სოფლებში გადაადგილებისას.

ფრინველებზე დამკვირვებლები ფინეთში მიდიან ისეთი სახეობების სანახავად, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნებში ძნელი საპოვნელია.

კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას გავლენა არ მოახდინა მეცჰალიტუსის სოციალურ ვალდებულებებზე, ხოლო ტყეების რეკრეაციული გამოყენება და ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტად განიხილება.

ჩრდილოეთ ლაპლანდიაში შეზღუდულია არქტიკული ტყის მართვის ოპერაციები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატყეო საქმიანობას. ჭრა ხორციელდება ძირითადად ხელით და მთელი ფართობის მხოლოდ მეათედზე.

ლაპლანდია მრავალსექტორული რეგიონია, სადაც ყველა ბიზნესი, ტურიზმით, ბიოეკონომიკით, ინდუსტრიით დაწყებული და არქტიკის კვლევებით დამთავრებული, ბიზნესია. როგორც დიდი, ისე მცირე კომპანიები და ინვესტორები პოულობენ ეფექტურ ქსელებს და ნამდვილ პარტნიორებს ჩრდილოეთში.

ლაპლანდია ტურიზმის კარდიოსტიმულატორი და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბრენდია. მას ძლიერი დასაყრდენი აქვს სამრეწველო სექტორში. ლითონებისა და ხის დამუშავება დიდი საექსპორტო სფეროებია და სამრეწველო წრიულ ეკონომიკაში არსებობს მაღალი კლასის ნოუ-ჰაუ. ლაპლანდია სამთო ცენტრია, რომელიც უამრავ შესაძლებლობას იძლევა.

დიდი ინვესტიციები იგეგმება ლაპლანდიის ბიოეკონომიკის სექტორში, თუმცა მცირე ან შედარებით მცირე ინვესტიციებიც იღებენ მოგებას. მაგალითად, საერთაშორისო მასშტაბის მოთხოვნაა სუფთა ბუნებრივ პროდუქტებზე.

ჩრდილოეთის კვლევა და განვითარება მრავალფეროვანი სფეროა მომსახურებებიდან ინფრასტრუქტურისკენ.

ლაპლანდიის გარემო შესანიშნავია შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მსხვილ ბიზნესს რეგიონში.

ასეთი ბუნების დამცველია ეს ბედნიერი ქვეყანა, რომლის შესახებაც მომდევნო სტატიებშიც მოგიყვებით.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.worldwildlife.org/stories/what-s-a-boreal-forest-and-the-three-other-types-of-forests-around-the-world;  https://ibfra.org/about-boreal-forests/;

https://moscsp.ru/ka/vostochno-evropeiskaya-ravnina-osnovnye-harakteristiki-sostav-i.html

https://www.lapland.fi/business/responsibility-tourism-lapland/

ბავშვები თონეთის ბიბლიოთეკიდან

0

ზოგისთვის დათია მასწავლებელი ვარ, ზოგისთვის დათია ძია. წესით, „მასწავლებელო“ უნდა მეხამუშებოდეს მაგრამ პირიქითაა. ხანდახან მავიწყდება, რომ უკვე მეორე წელია ოცდაათს გადავცდი.

გიორგი და მარი და-ძმანი არიან. მათ სახლსა და ბიბლიოთეკას ერთი ღობე ჰყოფს.რაც ეს სიცხეები დაიწყო, ბიბლიოთეკის ეზოში ნერგებს ერთად ვრწყავთ ხოლმე. გიორგი ჭიდან რეზინის მილს ჭიმავს, ჩვენც ხუთლიტრიანებს ვავსებთ და ნერგებს ვუსხამთ. ჩემი და გიორგის ვალია, ქლიავები, იასამნები და ჟასმინი მოვრწყათ. მარისი კი – ალუბალი. გამოგვიცხადა, რომ ალუბალი ყველაზე მეტად უყვარს და ის მოუვლის. კითხვა ორივეს უყვარს, მარის უფრო მეტად, გიორგის უფრო – გოჭები, ციკნები და ბაჭიები. ჰყავთ ერთი საზიარო ლეკვი „ტობი“, ტობის შოკოლადი შეაყვარეს.

ანამარია – თონეთელი უპატრონო ლეკვების და კნუტების შემფარებელი. შავგვრემანი და წითელლოყება თვითონაც კნუტს ჰგავს, მაგრამ ამას ვერ ვეუბნები, იპრანჭება უკვე. აქვს ძალიან კეთილი გული და გამმეტია, ბოლო კანფეტს მოგცემს. დადის წითელი სპორტულებით და თავისი ჭრელი ლეკვიც უკან დასდევს. ნაცარქექია გამოიწერა და შემპირდა, რომ წაიკითხავს.

ლაშა – ახალი ფეხადგმული რომ შეგხვდებოდა, ისე ჯიგრიანად მოგიკითხავდა, თითქოს შორეულ რუსეთში ჯარში ერთად ყოფილიყავით. ჯართს აგროვებენ ხევებში ის და მისი საძმაკაცო, ბაჩო და გიორგი. ყოველ საღამოს ნაყინის ფული აქვთ. ვუთხარი, რომ თუ წიგნებს წაიკითხავდნენ, ჯართს მე მივცემდი. წაიკითხეს სამი წიგნი, ედისონზე, ფორდზე და დისნეიზე. ხოდა, ახლა მეც სიტყვა უნდა შევასრულო. ბიბლიოთეკაში რკინის დაცხავებული კარადა და ეზოშიც ძირგავარდნილი კასრი მაქვს, ისინი უნდა მივცე. უფრო სწორად ერთად მივუწონით ჯართის შემგროვებელს, ერთად დავდებთ მანქანაზე და ერთად შევჭამთ ნაყინს.

ბაჩო და გიორგი. ბაჩო კარგა ხანია არ მეკარება, აი გიორგი ყოველ შეხვედრაზე:

  • ბიბლიოთეკაში არ ჩავიდეთ?
  • გიო დღეს კვირაა, ლობიო უნდა დავთესო, ხვალ ჩავიდეთ. ჩავდივართ ხვალ. ხან იმას არ სცალია ბებიამისის სანახავად მიდის.

ლაშას და ბარბარე – „ბარბი“. დადის სულ თოჯინამიხუტებული. თვითონ ქერა კულულები და აპრეხილი ცხვირი აქვს. მისი თოჯინა კი რატომღაც მელოტია, სულ მინდა ვკითხო – რატომ? პირველ კლასშია, თვლა კითხვაზე უკეთესად გამოსდის ბიბლიოთეკაში ერთად ვკითხულობთ. ლაშა ბრაზობს, როდის ეს კითხვას ისწავლისო და მე მიყურებს. მე კი გვერდზე გავიხედავ თუ არა, ლაშას წიგნი ხვდება ბეჭებში ბარბარესგან. მე ვაზავებ, ვარიგებ და ერთად მიდიან სახლში.

მირიანი – საერთოდ არ კითხულობს. აჩუქებ კალათბურთის ახალ ბურთს და გაიგონებ, გასვლისას როგორ ეტყვის ლაშას, რომ ბოტასები უფრო გაახარებდა. შენ შეცბები და სახლისკენ მიმავალს, ბიბლიოთეკის ფანჯრიდან რომ გახედავ, დაინახავ, რომ სიცხეში რეზინის გადაჭრილი ბოტები აცვია. ცრემლი გადგება გულის კოვზზე..

მანჩო – ბიბლიოთეკის სტიპედიანტი. ყველაზე, ჩუმი, უთქმელი და ძალიან კარგი. ბარბარეს ეხმარება კითხვის სწავლაში. როცა ვზივარ და წიგნს ვუწერ, უცბად მოვა და მომეხუტება ხოლმე. მე ისევ მადგება ცრემლი გულის კოვზზე, ახლა უკვე ბედნიერების..

ყველაზე ამ ბლოგში ვერ მოვყვები, შემდეგზე იყოს, არ ეწყინებათ. სულ ნუ გაიწერენ და წაიკითხავენ წიგნებს, მთავარია, ბედნიერები იყვნენ. და ძალიან მინდა, რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ..

 

პილიგრიმი

0

(ესეისტური ეტიუდი)

 

 ***

ზაზა თვარაძის შემოქმედებას დაახლოებით თხუთმეტი წელია, ვიცნობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ მისი პოეზიის (ამ შემთხვევაში, ჩვენ პოეზია გვაინტერესებს) დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. თანამედროვე პოეზიის გაცნობის მთავარი საშუალება ჩემი თაობისთვის ინტერნეტი იყო. ინტერნეტში, სხვადასხვა ონლაინბიბლიოთეკაში, ზაზა თვარაძის ლექსებიც უხვადაა, მაგრამ ისინი არ არის ავტორის საუკეთესო ლექსები. შეიძლება, სადმე ის ლექსებიც დევს, რომლებიც მე მომწონს, უბრალოდ მე არ შემხვედრია, უფრო სწორად, პირველი შთაბეჭდილების მერე არ მიძებნია. მისი პოეზიის მიმართ, რაზეც ხელი და თვალი მიმიწვდა, ყოველთვის ამბივალენტური დამოკიდებულება მქონდა, ხან რაღაცები მომწონდა, ხან – არა. თან მეგობრებსაც ხათრს ვერ ვუტეხდი. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონდათ და მოსწონთ მისი პოეზია. სუფრასთან სულ მის ქებაში იყვნენ და მეც, ცხადია, გულსგარეთ ვეთანხმებოდი. სულ მის იმ ცნობილ სიმღერას, „სასტიკოლას“, ვუსმენდით ხოლმე, რომელიც სულ პირველად მე აღმოვაჩინე და მოვასმენინე სამეგობროს. მერე მის კრებულში ეს უსათაურო ლექსი ვიპოვე:

 

„მე კი ისევ ისე ვზივარ მარტოდმარტო,

ვმღერი „დარი-დური-დარალი“,

ერთი სულიერიც არ ჩანს ახლომახლო,

კაცის ჭაჭანება არ არი,

მოდის ვიღაც ბალღი: „ძია, აიბარგე,

აქ შენი ადგილი არალი!“.

 

  1. s. თუმცა, ეს პასაჟი სულ მახსოვდა მისი ერთი ლექსიდან:

 

„არ ხარხარებდა ველური ღმერთი,

მეძავებსაც ჩასძინებოდათ,

ზამბახიც ისევ

თავს უხრიდა ნაბიჭვარ ნიავს“.

 

***

მე მყავს ძმაკაცი, რომელსაც გაგიჟებამდე უყვარს პოეზია, მაგრამ თვითონ არ წერს. არადა, ვისაც კი ვიცნობ პოეზიის მოყვარულს, ან პოეტია, ან პოეტობას ცდილობს. ამას კი ისე უყვარს, უანგაროდ. და შევხვდით ერთხელ, დილით, დედაენის ბაღში. ის, ღამენათევი (ექიმია და მორიგე იყო) სამსახურიდან მოვიდა, მე კი, კარგად გამოძინებული, სახლიდან მივედი. ამოვუყევით კიბეებს, გადავუხვიეთ ხიდისკენ, ხიდის გადაღმა „ტიფლისში“ უნდა დავსხდეთ, და უცებ მაჩერებს: „- შენ არ გაქვს ხომ ზაზა თვარაძის წიგნი?!“ „- არა, არ მაქვს“, – ვპასუხობ მე. „- წამო!“ – მეუბნება და მიდის. მივყვები. გზა გადავკვეთეთ, ხალხი ირევა. მშრალი ხიდის დასაწყისთან მიმიყვანა, ხანში შესულ კაცს წიგნები აქვს გაშლილი ხალიჩაზე. „- ახლა არ მითხრა, კიდე ზაზა თვარაძის წიგნი მინდაო“, – უღიმის ჩემს ძმაკაცს გამყიდველი კაცი. „- სწორად მიხვდი, ეგ მინდა!“ – ღიმილითვე პასუხობს ჩემი ძმაკაცი. თურმე იმ კვირაში, სხვადასხვა დღეს, ხუთი ცალი იყიდა და ძმაკაცებს ჩამოურიგა. და მეც მიყიდა.

 

***

წიგნი – 2011 წელს „პალიტრა L“-ის მიერ გამოცემული საკმაოდ სქელტანიანი პოეტური კრებულია, სახელწოდებით „პილიგრიმი“. რამდენიმე დღის განმავლობაში იდო ეს წიგნი ჩემს მაგიდაზე, ვერაფრით გადავშალე. როცა გული არ მიგდის, ვერაფრით მიეკარები წიგნს. ბოლოს გატყდა ნავსი, ერთ საღამოს ხელში ავიღე. პირველი ლექსი, მეორე ლექსი, მესამე ლექსი… შემიტყუა თანდათან, რამდენიმე გვერდის მერე პირველ მაგარ ლექსს გადავაწყდი, შემდეგ – კიდევ უფრო მაგარს, წიგნის მეორე ნახევრისკენ კი სულაც – რამდენიმე შედევრს… ამ 320 გვერდიან წიგნში, ჩემი საზომით, სულ მცირე 20 შედევრია შეტანილი და ეს შედევრები ყველა ვერლიბრია. მე მსმენია, რომ ზაზა თვარაძე ვერსიფიკაციის უბადლო მცოდნე იყო, მე კიდე დიდ პატივს ვცემ პოეტებს, რომლებიც ლექსის თეორიაში ერკვევიან. ზაზას თეორიულ ცოდნაზე ისეთი კაცისგან მსმენია, არანაირი საფუძველი არ მაქვს, არ დავუჯერო. უბრალოდ, ის, როგორც ვერლიბრისტი, ბევრად სჯობია მას, როგორც კონვენციონისტს. ის ოთხმოცდაათიანების ერთგვარი იკონური პერსონაა მისი თანატოლებისთვის თუ ცოტათი უმცროსი თაობის პოეტებისთვის. ეს მხოლოდ პიროვნული თვისებებით გამოწვეული თაყვანისცემა არ არის, მეტი წილი აქ შემოქმედებით მხარეს უჭირავს.

წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრი საინტერესო შტრიხი, რომელსაც მე სხვა, ზემოთ ნახსენები, პოეტების ხელწერის ნაწილად მივიჩნევდი, თურმე ზაზა თვარაძისეული ყოფილა. ანუ, ის ახდენდა გავლენას თანატოლ თუ ცოტათი უმცროსი თაობის თითქმის ყველა პოეტზე. ეს, ცხადია, ეპიგონიზმი არ იყო, კეთილისმყოფელი გავლენა იყო, მაგრამ ფაქტი ასეთია.

***

ზაზა თვარაძის პოეზიის მთავარი დამრტყმელი ძალა მისი რიტმული თუ სპორადულრითმიანი ვერლიბრებია. თემატურად იმდენად უცნაურ რამეებზე წერს, რომ გაკვირვებით თავსაც კი გადააქნევ. აი, სათაურები: „ბუჟა ჯანდაბაში“, „მავან დარეჯანს“, „ბალადა ზესტაფონელ პრავადნიკზე“, „კრეტინი კიბეზე“, „კრეტინების ძველი ხომალდი“, „გოგრის ბალადა“ და ა. შ. ესენი ფუტურისტული ლექსებია, რომლებიც დღესაც ახდენენ და მომავალშიც მოახდენენ გავლენას ქართულ პოეზიაზე. ამ წიგნში ბევრი ირონია, თვითირონია და იუმორია. ირონიული ნაკადი „სამოციანელების“ პოეზიაშიც მძლავრად შეინიშნება, მაგრამ თვითირონია და იუმორი „ოთხმოცდაათიანელების“ მოტანილი და დამკვიდრებულია, ზაზა თვარაძე მათ შორის ერთ-ერთი პირველია. მისი ენა მაქსიმალურად მიახლოებულია სალაპარაკო ენასთან, უხვადაა სლენგი და ბარბარიზმი, იყენებს დიალექტებსაც. ეს ურბანული პოეზიაა. „არ შეიძლება ილაპარაკო ლექსში სოფელზე“, – ამბობს ის ერთ მეტატექსტურ ლექსში, სადაც ხსნის, როგორ უნდა დაიწეროსლექსი. ცხადია, ლექსში სოფელზეც შეგიძლია, ილაპარაკო და კოსმოსზეც, მაგრამ ამ წიგნში სოფელზე ერთი სიტყვაც არაა ნახსენები.

 

ზაზა თვარაძის პოეზია შოთა ჩანტლაძის ხაზის გაგრძელებაა, მიუხედავად იმისა, რომ შოთას ლექსებში პასტორალური მოტივები აქა-იქ გაკრთება ხოლმე, ის სულით და ხორცით ურბანული პოეტია. ზაზა თვარაძის სპორადულრითმიან ვერლიბრებში, შიგადაშიგ, შოთა ჩანტლაძის რიტმულ-ინტონაციური მიმოხვრები გაკრთება ხოლმე. „დაველოდები 34 ნომერ ტრამვაის“ – ამბობს ზაზა ერთ ლექსში. იქნებ, ეს სწორედ შოთას ტრამვაია?! ზაზა თვარაძესთან მძლავრია ასევე პაროდიული ნაკადი, ის ბევრ ლექსში ახდენს „თერგდალეულების“, „მოდერნისტებისა“ თუ „სამოციანელების“ პაროდირებას, ზოგან, საერთოდაც, ეროვნულ პოეზიას არ სჯერდება და უცხოელი პოეტების ალუზირებას და რემინისცენცირებას მიმართავს.

  ***

ზემოთ უკვე ნახსენებ მეტატექსტურ ლექსში, რომელსაც „დამიწებული ლექსი“ ჰქვია, ახდენს ლექსიკურ სეგრეგაციას, გვეუბნება, რა სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ ლექსში და რა სიტყვები არ უნდა გავრითმოთ. მაგ:

„უნდა ერიდო ლექსში მაღალფარდოვანებას,

არ უნდა თქვა, მაგალითად, „ცხოვრების წყარო“,

„გარდაცვალება“, „მთვარის ბაკმი“, „გაუსაძლისი“.

 

სხვა ლექსებში (კონვენციურებში) კი თვითონვე მიმართავს ასეთ ევფუისტურ პოეტურ მეტყველებას: „სადაც ქარი ეომება მიწას / და ორივე თავის გამჩენს ფიცავს“; „ქარი შორი, როგორც სუნთქვა ცისა“; „და იკლაკნება სულებში ბზარი“; „მეწამულ ნისლში იძირება მთები და ველი“; „სინანულს ცრიან“; „ქვიშის ტალღებში დაირწევა ეს ჩემი მთვარე“; „და მზე იმცვრევა სისხამზე“ და ა. შ.

ასევე უხვადაა ასეთი გაცვეთილი პოეტიზმები: „ზეცის კალთა“, „თვალთა ნამი“, „ფიქრთა მარათონი“, „შიშის ლანდები“, „გულის ქვაბი“, „სიკვდილის ნამი“ და ა. შ.

 

ამავე ლექსში ასეთ რამესაც ამბობს:

 

„მაშ ნუ ახსენებ ალუჩებს, ატმებს,

ნუ ახსენებ ვარდის ხავერდებს,

ახსენე ვარდი, მაგრამ იქვე დააფიქსირე,

რომ სიტყვას „ვარდი“

არ შეიძლება მიერითმოს „დარდი“ ან „შარდი“.

 

არადა, სხვაგან თვითონ აქვს ასეთი რითმები: გამიხდი-გავიხდი, ტიტები-თითები, სიბნელე-გიბნელებს, წამი-ნამი, აზრი-ფასი და ა. შ.

თუმცა ზოგან, სადაც უკიდურესად ირონიულია, რა გადასარევ ეფექტს აღწევს ამ ევფუისტური მეტყველებით:

 

„ნისლიანი, სევდიანი ამინდია,

შენთვის ჩემი ხვაშიადი გამინდვია,

შენ კი, კარგო, სულ მპასუხობ სილაქებით,

ვერ გავიგე, სულ მე რატომ ვილახები“. (უსათაურო).

ან

„ჩემი გზა ფერფლთ ნაფერია, ჩემო ფერია,

ცარიელია ჩემი ზეცაც… არაფერია…“. („იმ ჩემს ფერიას“).

***

ვფიქრობ, რას იტყვიან ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ჩემი მეგობრები, რომლებისთვისაც არასდროს მითქვამს, რომ ზაზა თვარაძის კონვენციური ლექსები არ მომწონს?! არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ არსებობენ დიდი პოეტები, რომლებიც ყველა ვერსიფიკაციულ ფორმას ერთნაირად ძლიერად ფლობენ, არსებობენ დიდი პოეტები, რომლებიც მხოლოდ ერთს (ან კონვენციურ ან თავისუფალ ლექსს) ფლობენ ვირტუოზულად. ზაზა თვარაძის სტიქია, მთელი იმ მრავალრიცხოვანი კონვენციური ლექსების და უშველებელი პოემის, „მხიარული ლანდების“, მიუხედავად, თავისუფალი ლექსი იყო, და ეს სულაც არაა ტრაგედია.

 ბავშვები და მათი გარემოცვა  

0

ეს სტატია პრაქტიკულად გაგრძელებაა წინა სტატიისა, რომელშიც იაპონელი ავტორი ნაგისა ტაცუმი ბავშვებში წესრიგის უნარ-ჩვევების გამომუშავების მნიშვნელობაზე საუბრობს.

იაპონელი ავტორის ნაგისა ტაცუმის წიგნი: „დალაგების მაგია ბავშვებისთვის, ანუ როგორ ეხმარება ბავშვის განვითარებას წესრიგის დამყარების ხელოვნება“ ბევრ ენაზეა თარგმინილი და ბეტსელერად არის აღიარებული. ავტორს მიაჩნია, რომ: „ბავშვებსარ უყვართ დალაგება (და არც უფროსები არიან გაგიჟებული ამ პროცესით), მაგრამ წესრიგის დამყარება მხოლოდ სისუფთავის დამყარებას არ ნიშნავს. მასში გაცილებით ღრმა შინაარსი დევს: ის ეხმარება ბავშვებს, შეითვისონ საბაზისო ცხოვრებისეული უნარები, ასწავლის მათ საკუთარი და სხვისი ნივთების მოფრთხილებას და რაც მთავარია, სხვა ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრების ჩვევის გამომუშავებას უწყობს ხელს“.

ამ სტატიაში ავტორთან ერთად განვიხილავთ იმ საჭირბოროტო საკითხს, რომელსაც ასე შეიძლება დავარქვათ: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ სოციუმთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ადამიანი სოციალური არსებაა და ეს ნიშნავს, რომ მას, სურვილის მიუხედავად, უწევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ოჯახში ესენი არიან მშობლები, შვილები, და-ძმები, ზოგჯერ – ბებია-პაპები და შესაძლოა სხვა ახლო ნათესავები; ოჯახის გარეთ – მეზობლები, სკოლელები, კლასელები, კურსელები და კოლეგები. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს უძნელდებათ ერთმანეთთან შეგუება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციუმისგან სრულიად იზოლირებულად ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ, მშობლების სახლში სწავლობენ ბავშვები სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს და მომავალში ამ გამოცდილებას ახალ სოციუმთან ურთიერთობისას იყენებენ. სახლი ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები, ერთმანეთთან, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების გარდა, უამრავი ნივთის გარემოცვაში ცხოვრობენ. ნივთების ნაწილი მათ საერთო აქვთ, ნაწილი კი პირადია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სახლში წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევებისა და თანაცხოვრების ნორმების გამომუშავება, რათა არც ადამიანები და არც საერთო და პირადი სივრცე არ დაზარალდნენ. წიგნის ავტორი ამ მოსაზრებას ერთგვარად აჯამებს და მიიჩნევს, რომ:

  • სხვა ადამიანების კომპანიაში, აუცილებელია ყველამ ერთმანეთის სურვილების გათვალისწინება შეძლოს. როდესაც დედა შვილს სთხოვს, დაალაგოს საკუთარი ოთახი, ბავშვი ხვდება, ეს რასაც ნიშნავს, რადგან დედის ფრაზა: „შენს ოთახში უწესრიგობაა“, ნიშნავს დედის თხოვნას – მოაწესრიგოს საკუთარი სივრცე. მსგავსი ფრაზები მუქარის შემცველი არ არის. ურთიერთობების მანძილზე მშობლები და შვილები სწავლობენ ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას.
  • აუცილებელია, მკაფიოდ და მტკიცედ საუბარი საკუთარ განზრახვებზე. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: დედა სთხოვს შვილს სათამაშოების მილაგებას, შვილი კი პასუხობს, რომ მას ფაზლით თამაში ჯერ არ დაუსრულებია. აქ შესაძლოა მშობელმა გაიფიქროს, რომ შვილს ნამდვილად სურს ფაზლის თამაშის დასრულება და იმიტომ არ ალაგებს მას. შემდეგ კვლავ აპირებს მიუბრუნდეს თამაშს? ან იქნებ უბრალოდ რაღაცას იგონებს, რომ ეს მოსაწყენი და უსიამოვნო დალაგების პროცედურა თავიდან აირიდოს? სწორედ ამიტომ ბავშვისთვის აუცილებელია, იცოდეს საკუთარი აზრების ნათლად და მკაფიოდ გამოთქმა, რის სწავლასაც მხოლოდ მშობლისგან შეძლებს. იმ შემთხვევაში თუ ის დედას ეტყვის: „შეიძლება მხოლოდ ფაზლები დავიტოვო და დანარჩენი სათამაშოები მივალაგო?“ – ნიშნავს, რომ ბავშვმა წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევის პარალელურად მომავალში ადამიანებთან ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა შეიძინა, რომელიც ცხოვრებაში მუდამ გამოადგება.
  • აუცილებელია, საკუთარ თავსა და სხვებზე ფიქრი. მაშინ, როდესაც ბავშვი გააცნობიერებს, რომ სიზარმაცე და უწესრიგოდ დაყრილი ნივთები, რომლებიც სასტუმრო ოთახში ყველას ფეხებში ედება და ხელს უშლის, ძალიან სერიოზული პრობლემაა, თანდათანობით პატარა იმასაც მიხვდება, რომ სხვების ინტერესების გათვალისწინება სავალდებულო და მნიშვნელოვანია. ამავე დროს, როდესაც ბავშვი სწავლობს ზრუნვას, სხვების სურვილების გათვალისწინებას, საკუთარი ქცევის კორექტირებას ოჯახის წევრების გარემოცვაში, ის საზოგადოებაში ქცევის წესებსაც ადვილად შეითვისებს.
  • აუცილებელია საკუთარი და სხვა ადამიანების სივრცეზე ზრუნვა. ოჯახის წევრებს, სახლში როგორც საერთო ასევე პირადი სივრცე აქვთ. ბავშვების დიდ უმეტესობას სანამ ძალიან პატარები არიან ან ბინის მოცულობა ამის საშუალებას არ იძლევა, საკუთარი ოთახი არ აქვთ, მაგრამ მაინც არსებობს სახლში თუნდაც მცირე კუთხე, რომელიც პირადად მას ეკუთვნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა აუხსნან შვილებს, რომ ნივთების უწესრიგოდ დაყრა და შემდეგ მათი იქვე მიტოვება დისკომფორტს შეუქმნის ოჯახის დანარჩენ წევრებს. ბავშვებს უფროსებმა ისიც უნდა აუხსნან, რომ თავიანთი პატარა „კუთხის“ მილაგება და წესრიგში მოყვანა მისი პასუხისმგებლობაა. ბავშვმა მცირე ასაკიდანვე უნდა შეძლოს და გააცნობიეროს, რომ საკუთარი სივრცისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ისევე ცუდია, როგორც საერთო ოთახის უწესრიგოდ მიტოვება. პატარას მუდამ უნდა ესმოდეს უფროსებისგან, რომ თუ მისი სათამაშოები სასტუმრო ოთახში ქაოსურად ყრია, მაშინ ოჯახი ვერ მოახერხებს კომფორტულად დროის გატარებას. აღზრდისადმი ამგვარი დამოკიდებულებით ასწავლის მშობელი პატარას სხვა ადამიანებზე ფიქრსა და ზრუნვას.
  • საერთო სახლში ცხოვრება, ადამიანებს აიძულებს გააცნობიერონ, რომ მათ თავადაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თანაცხოვრების კომფორტულად წარმართვაზე. ეს ბოლო დებულება წინა ორი პუნქტთან არის დაკავშირებული. როდესაც ბავშვი მცირე საზოგადოებაში ცხოვრობს, რომელსაც „ოჯახი“ ჰქვია, ის სწავლობს წესრიგს. ამის წყალობით პატარა ცდილობს, გააცნობიეროს, რომ არსებობს რაღაც გარემოებები, რომელთა გადაჭრა სხვა ადამიანების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად უნდა მოახერხოს. ძალიან კარგი იქნება თუ ბავშვი ისწავლის საერთო ნივთებთან მართებულ მოპყრობას, რადგან საერთო ნიშნავს იმას, რომ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ისიც ამ ნივთების თანამესაკუთრეა და მათი მოვლა მასაც ზუსტად ისევე ევალება, როგორც დანარჩენებს.

 

მოდით, ახლა ვისაუბროთ კონკრეტულ ქმედებებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ უფროსებმა, რომ შვილმა მისი რჩევები გაითვალისწონოს – განაგრძობს თხრობას ნაგისა ტაცუმი. თანამედროვე ეპოქაში ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად სულაც არ არის საჭირო ბიბლიოთეკაში წასვლა და თუნდაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობა. ადამიანებს უმარტივესად შეუძლიათ მათთვის საინტერესო ცოდნის ინტერნეტის მეშვეობით სწრაფად და მარტივად მიღება. ამ სივრცეში ადამიანს შეუძლია, ჰქონდეს წვდომა ნებისმიერ ექპერტულ მოსაზრებაზე, ინსტრუქციაზე, სხვადასხვა სიახლესა და აღმოჩენაზე. სწორედ ამის გამოა, რომ ლამის სულელებად მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებიც ცდისა და შეცდომის მეთოდით ცდილობენ მიზნის მიღწევას და მზამზარეულ ინფორმაციას არ სჯერდებიან. ნებისმიერ  შემთხვევაში ადამიანი უნდა ცდილობდეს, თავად იაზროვნოს და იაქტიუროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის პროცესი, რომელსაც შედეგამდე ვივყავართ. ის ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ და მოქმედების, ქმნადობის პროცესში სრულად ერთვებიან, გაცილებით პროდუქტიული ცხოვრებით ცხოვრობენ.

ის, რისი გაკეთებაც საჭიროა ახლავე, ახლავე უნდა გაკეთდეს. ამას ჰქვია – იცოდე და შეგეძლოს მოქმედება. ადამიანებს უყვართ დასვენება და გართობა, ამიტომ ამ საქმიანობას სამომავლოდ არასდროს გადადებენ, მაგრამ წესრიგის დამყარება და მსგავსი მოსაწყენი საქმიანობა ხშირად სწორედ სამომავლოდ გადაწეული აღმოჩნდება ხოლმე. მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს, რომ ასე მოქცევა არ არის მართებული. საქმეების შუა გზაზე მიტოვება სწორი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ბოლომდე მიყვანილი ნებისმიერი საქმე კმაყოფილების გრძნობას ბადებს. ბავშვები ადვილად დაიხსომებენ, რომ გაცილებით სასიამოვნოა კარგად დალაგებული ოთახის ყურება, ვიდრე აქა იქ მიყრილ-მოყრილი ნივთებით მოფენილი სივრცის.

წესრიგის დამყარება – საკუთარ შვილთან ერთად სასარგებლო საქმის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა. ამით მშობლები ბავშვის აღზრდის პარალელურად საკუთარ თავსაც უქმნიან შესაძლებლობას, ახალი თვალით შეხედონ მრავალ გარემოებას. ეს დალაგებასაც ეხება. მე მოვახერხე წესრიგის დამყარების პროცედურისთვის განსხვავებულად შემეხედა – უზიარებს დედებს საკუთარ გამოცდილებას ავტორი. კერძოდ, მე აღარ აღვიქვამდი დალაგების არასასიამოვნო პროცესს, როგორც მოვალეობას. საოჯახო ნივთებს სხვა თვალით შევხედე და მათ საჭიროებაზე გადავიტანე აქცენტი, ამიტომ ნივთების წესრიგში მოყვანა და საკუთარი ადგილის მიჩენა უკვე ნაკლებად შემაწუხებელი გახდა. დამატებით ჩემს თავს ვუთხარი, რომ დალაგების პროცესი სასარგებლო ფიზიკური აქტივობაა და მას სარგებელი მოაქვს ჩემთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად უფრო სასიამოვნო და სახალისოა დალაგებულ სახლში ცხოვრება. ძნელია საკუთარი ხასიათის შეცვლა, თანაც მოკლე დროში, მაგრამ ადამიანს მაინც შეუძლია ისწავლოს თუნდაც ყველაზე არასასიამოვნო საქმის კეთება. გაცილებით მარტივია ბავშვებისთვის წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევების მცირე ასაკიდან გამომუშავება.

 

არ იფიქროთ, რომ საკმარისია, ბავშვი აიძულოთ, დაალაგოს საკუთარი ოთახი ან თუნდაც მხოლოდ სათამაშოები. მნიშვნელოვანია, დაეხმაროთ მას, იფიქრეთ მასთან ერთად, იმოქმედეთ მასთან ერთად. ამით ბავშვისთვის მისაბაძ მაგალითად იქცევით და თავად მიხვდებით, მომავალში რა და როგორ გააკეთოთ უკეთესად. ეს გამოცდილება კი თავის მხრივ კმაყოფილებისა და სრულფასოვნების განცდას მოგიტანთ. თუ თქვენ ოთახის დალაგებას საკუთარ შვილს აიძულებთ ლოგიკური დასაბუთებით, მაგალითად: „ეს უნარ-ჩვევა შენვე გამოგადგება ზრდასრულ ცხოვრებაში“, უკუეფექტს მიიღებთ. ერთი და იგივე იდეა და არგუმენტი შესაძლებელია უკურეაქციის მომტანი აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც იძულებით გახვევენ მას თავს და ძალიან მნიშვნელოვანი მოგეჩვენოთ, თუ დამოუკიდებლად მიხვალთ ამავე დასკვნამდე. უბრალოდ მშობლებმა უნდა სთხოვონ შვილებს, მიალაგონ საკუთარი ნივთები. მტკიცედ და გასაგებად ნათქვამი: „შენი ოთახი მოსაწესრიგებელია“ – ბავშვს მოქმედებისთვის განაწყობს.

 

 

თარგმნა და მცირე კომენტარები დაურთო ქეთევან კობალაძემ

 

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

0

საუკუნის წინ, ერთ პატარა კაფეში რამდენიმე ახალგაზრდა ღვინოს სვამდა. მაშინ ყოველ საღამოს ასე იყო – შეიკრიბებოდნენ ხოლმე, პოეზიის ღმერთს ადიდებდნენ, შარლ ბოდლერის სადღეგრძელოს იტყოდნენ, ქუჩაში ხმაურით გამოვიდოდნენ და საკუთარ ბინებს მიაშურებდნენ. ეს ბინები ან ნაქირავები იყო, ანაც ნათესავისგან ნათხოვარი. მაგრამ იყო და რაც მთავარია, თბილისში. თბილისის მაგიაც ეს არის. თბილისი შემკრებია.  ამ ხალხმა საკუთარი ,,ცისფერი ყანწები” უძველეს და დიდებულ ქუთაისში დააარსა. უმეტესობა იმერეთიდან გახლდათ, მაგრამ არჩევანი ისევ თბილისს ეკუთვნოდა. როგორც ადრე და არაერთგზის.

თბილისი აბოს ქალაქია – დიდი თავგანწირვისა და სიმტკიცის.

თბილისი რუსთაველის ქალაქია. ის კი არ ვიცით, თვითონ შოთას რა აკავშირებდა თბილისთან, მაგრამ ,,ვეფხისტყაოსნის” პროლოგი კი ნაღდად თბილისია, იმ ამბით, რომ სამყარო ,,უთვალავი ფერითა” გვაქვს.  ეს ქალაქი კიდევ ამ მრავალი ფერისაა – ეთნოსის, რელიგიის, განწყობის, ენის. აქაც შემკრებია და საუკეთესოდ შემკრებიც.

თბილისი სულხან-საბას ქალაქიცაა – ხიდი ევროპულსა და აზიურს შორის, რომელზეც მოქალაქეები, ევროპისკენ ისე მიდიან, რომ არც აზიას აქცევენ ზურგს.

ბესიკის ქალაქია თბილისი, ერეკლეს პოეტის – დიდ სასიყვარულო ხლართებში გაბმული კაცის და ამ ხლართების ლექსებად მქცევის. ანუ ტკივილის პოეზიად გადასხვაფერების ქალაქია თბილისი.

თბილისი არის საიათნოვა, აშუღი პოეტი – ალეპოდან წამოსული სომხისა და ამ კაცის ავლაბრელი მეუღლის შვილი. საიათნოვა, რომელიც მოგვიანებით იტყვის – ,,ჩემი სამშობლო თბილისია”. სწორედ ეს სიტყვებია გასაღები. ამ გასაღებით იოლად შევაღებთ კარს, საიდანაც თბილისი გამოჩნდება იმ ქალაქად, რომლადაც დაიბადა და გაზიარდა – მას, ვისაც სიტყვა აინტერესებს,  თბილისი სამშობლოდ ეგებება.

თბილისი არის ბარათაშვილი, უდიდესი რომანტიკოსი, ოდნავ კოჭლი, კოჯრის შეკრებებზე კოხტად მოცეკვავე, საღამოობით  მტკვარს ადამიანად ყოფნის მოურჩენელ ტკივილზე რომ ელაპარაკება.

გრიგოლ ორბელიანიცაა თბილისი – ნიჭიერებით, სიამაყითა და გაორებით.

თბილისი თანაბრად არის ილიაც, ვაჟაც და აკაკიც – ერთი კახეთიდან, მეორე ფშავიდან და მესამე იმერეთიდან და თბილისი სწორედ ამიტომაც არის ქალაქი, ქალაქი ადამიანებისთვის, ანუ ლიტერატურისთვის. რადგან იქ, სადაც ადამიანია, ლიტერატურაცაა. სადაც ბევრნაირი ადამიანია – მრავალფეროვანი ლიტერატურა. სხვანაირად ვერ იქნება.

 

თბილისი არის ბარბარე ჯორჯაძე და წლების მერე, ეკატერინე გაბაშვილი. თუ სადმე გაისმა ქალის ხმა ლიტერატურაში, რომელიც ლიტერატურასაც გასცდა –  თბილისი იყო. რადგან მათი ხმა, სხვადასხვა კუთხიდან წამოსული, აქ იკრიბებოდა. თბილისურ ჟურნალებში.

ეს ჟურნალებიცაა თბილისი – „ცისკარი”, „ივერია”, „დროება”,  „ჯეჯილი”.

 

ასე მოხდა და ყველა ეს განცდა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიკრიბა და იმ ბიჭებმა, ერთხელაც, მორიგი ქეიფისას, ადგნენ და თბილისი მსოფლიოს პოეზიის დედაქალაქად გამოაცხადეს.

თუ საერთოდ სამეფო იყო, რატომაც არა დედაქალაქი:

 

„შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო

ლექსები, როგორც სისხლის წვეთები…

მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,

დიდი სატახტო ხარ პოეტების“.

 

(პაოლო იაშვილი)

„და გავიდა ივლისი,და მოვიდა, წამებო,შფოთიანი ტფილისი:პოეტების სამეფო!“, (გალაკტიონ ტაბიძე)  საქმე ის არის, რომ თუ თბილისში ხარ, ლიტერატურაში ხარ, ლიტერატურას კიდევ ვერასდროს გაცდები, სადაც უნდა წახვიდე – „იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ” – უკვე ნახსენები პაოლო იკითხავს და იცის, ეს დატოვება ფორმალურია ან უფრო ზუსტად – ფიზიკური.  ოცნებას კი მაშინ ასრულება არ ეწერა. მალე ბოლშევიკებმა დაიპყრეს თბილისი, ეს ადამიანები კიდევ, ზოგი მოკლეს და ზოგიც საკუთარ თავში გამოკეტეს. წელს, ასე მგონია, სწორედ მათი ოცნება ასრულდა – თბილისი, იუნესკოს გადაწყვეტილებით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა. 2021 წელს საუკუნეების ნაფიქრს შევაჯამებთ და დავანახებთ სამყაროს. დაგველოდეთ.

 

 

 

 

 

 

შემთხვევითობა, როგორ იდეების სტიმული

0

კრეატიული იდეების გენერატორი – შემთხვევითი სიტყვების ტექნიკა

 

„ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით , მარადიული ის არის მხოლოდ …“

ოთარ ჭილაძე

 

როგორ გამოვიწვიოთ 3 წუთში იდეების ცვენა?

ეს სტატია არის სპონტანურობასა და შემთხვევითობაზე და იმაზე, როგორ ხდება შემთხვევითობა კრეატიული იდეების გენერატორი;

ამ ტექნიკას „შემთხვევით სტიმულსაც“ უწოდებენ, გენიალურ იდეებს რომ შობს. ის, ერთი შეხედვით, ძალიან უბრალო და მარტივია, მაგრამ აუცილებლად დაინტერესდებით, თუ გეტყვით, რომ სულ რაღაც 3 წუთში შესაძლებელი იქნება იდეების ცვენა;

გაიხსენეთ, რამდენი რამ მოხდა/ხდება სამყაროში შემთხვევით… თვით ჩვენი დაბადების ჩათვლით; რამდენს დაუწყია თხრობა წინადადებით: იმ დღეს შემთხვევით შევხვდი ადამიანს, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა… რომ არა ეს შემთხვევა… ფილოსოფოსები იტყვიან, რომ შემთხვევითია ის, რისი მიზეზიც არ ვიცით, ფროიდიც ამბობს, რომ „ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში…“

იქნებ სიტყვებიც ასე არიან….?  იქნებ შემთხვევითობა ჩვენი ჭეშმარიტი ნავიგაციაა ამ პლანეტაზე?

დიახ, ეს მეთოდი ნამდვილად უბრალოა და ამაშია მისი ძალაც.

მოდი დავიწყოთ… მიჰყევით ინსტრუქციას:

  • ჩამოაყალიბეთ კითხვის ფორმით თქვენი პრობლემა ან გადასაწყვეტი საკითხი;
  • შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიოთ სიტყვა/ობიექტი;
  • ჩამოვწეროთ ამ სიტყვის/ობიექტის ყველა ნიშან-თვისება და ასოციაცია;
  • შემდეგ კი ჩვენი კითხვა/პრობლემა/იდეა ჩავანაცვლოთ შემთხვევითი სიტყვა/ობიექტის სემანტიკურ ველს;
  • ჩვენ მიერ ფორმულირებულ კითხვასა და არჩეულ შემთხვევით სიტყვას/ობიექტს შორის დავამყაროთ კავშირი და თითოეული კავშირი განვიხილოთ, როგორც ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს პასუხზე;

ამ მეთოდის წარამატებით გამოყენება დეტალებში იმალება.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ შემთხვევითი შერჩევა უნდა იყოს აუცილებლად შემთხვევითი შერჩევა. ამისთვის შეგვიძლია, სხვადასხვა მეთოდს მივმართოთ: მაგალითად, ჩამოვწეროთ ათეულობით სიტყვა ფურცლებზე და ამოვაბრუნოთ, მერე კი შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიოთ; ან – ლექსიკონში 35-ე გვერდზე გადავშალოთ და მე-10 სიტყვა ავირჩიოთ. ნუ გამოვცვლით შემთხვევით შერჩეულს იმ საბაბით, რომ სხვა სიტყვა უფრო მოგწონთ, თორემ ეს პროცესი არასდროს დასრულდება.

უნიკალური მეტაფორული გადატანა – თქვენი იდეის ან პრობლემისა სრულიად შემთხვევით შერჩეული სიტყვა/ობიექტის სემანტიკურ ველზე და ახალი კავშირების გაცნობიერება ჩვენს ტვინს შეუქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს, ასეთი „ელექტროობა“ კი უბიძგებს მას ახალი იდეების წარმოქმნისკენ და დაახლოებით 3 წუთის შემდეგ დაიწყება „იდეების ცვენა“, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ გადაარჩიოთ!

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალწარმოქმნილი იდეები უნდა ჩაიწეროთ.

ახლა კი იმ მექანიზმის შესახებ, როგორც მუშაობს „შემთხვევითი სტიმულის“  ტექნიკა. რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ის არის, რომ აზროვნების პროცესი ეს არის – ანტილაბირინთი.

თუ ლაბირინთი – ეს არის ერთი შესასვლელი და ერთადერთი გასასვლელი, შიდა დახლართული ნახაზით, რომელშიც თუ სწორ გზას ვერ იპოვი, აუცილებლად ჩიხში აღმოჩნდები; ანტილაბირინთი – მისი საწინააღმდეგოა: ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ სხვას უკავშრდები, რომელსაც აუცილებლად მიყავხარ გამოსავლამდე/გასასვლელამდე. ანტილაბირინთი – ეს რიზომაა!

ჩვენი ცნობიერება ისეა მოწყობილი, რომ ორ კონკურენტულ თემას შორის კავშირი თავისთავად მყარდება, საჭიროა ბიძგი, რომელიც იდეათა ტალღებს წარმოქმნის! სწორედ ეს ბიძგი გახლავთ ტექნიკა „შემთხვევითი სიტყვები/სტიმული“.

საინტერესოა, რომ დელფოს ორაკულები მსგავსი სქემით მუშაობდნენ. მსურველები უსვამდნენ კითხვებს წინასწარმეტყველ პითიას, რომელიც წარმოთქვამდა პასუხს, ისროდა ბუნდოვან სიტყვებს, ხოლო დელფოს მღვდლები ამ სიტყვებს ლექსის ფორმას აძლევდნენ. შემდეგ კი კითხვის დამსმელები ცდილობდნენ, გაეაზრებინათ პასუხი საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

რეჟისორ რიჩარდ ლინკრეიტერის ტრილოგიის პირველი ფილმში „მზის ამოსვლამდე“ –  ამერიკელი ბიჭი და ფრანგი გოგონა მატარებელში შემთხვევით (აქაც შემთხვევით…) ხვდებიან ერთამანეთს  და მერე ყველაფერი შემთხვევით ვითარდება. ამ ფილმში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც არსით ძალიან ჰგავს „შემთხვევეთი სიტყვების“ ტექნიკას. ვენის  პარკში მოსეირნე წყვილს ხვდება ქუჩის პოეტი, რომელიც ასეთ უცნაურ „გარიგებას“ სთავაზობს: ფულის ნაცვლად სიტყვებს გამოგართმევთ,  თქვენ რომელიმე „სიტყვას“ მომცემთ, მე „სიტყვას“ ჩამოგართმევთ და მერე ამ სიტყვაზე ლექსს დავწერ. თუ ეს ლექსი მოგეწონებათ, თუ იგრძნობთ, რომ რამენაირად რამე შემატა თქვენს ცხოვრებას ამ ტექსტმა, მაშინ რაც გენებოთ, ის გადამიხადეთ.

აბა, მითხარით, ნებიემიერი სიტყვა, – მიმართავს პოეტი წყვილს.  გოგონა ეუბნება: მილქშეიქი. და ქუჩის პოეტი თხზავს ისეთ ლექსს, რომელიც წყვილის ურთიერთობას აღწერს. ბედნიერი წყვილი „ყიდულობს“ ამ ლექსს და გზას აგრძელებს.

რა ხდება ასეთ დროს? როგორ შეუძლია, შემოქმედებით საცეცებს გასცდეს სიტყვის საზღვრებს და  ერთ შემთხვევით სიტყვაზე ააგოს ისეთი თხრობა, რომელიც მეორე ადამიანისთვის პასუხია? არის ამ პროცესში რაღაც უფრო ღრმა კავშირი, ვიდრე სიტყვათა ლოგიკაა.

„შემთხვევითი სიტყვების“ ტექნიკას ხშირად მიმართავენ ქოფირაიტერები. მეც, როდესაც სტუდენტებს პირველად შევთავაზე ეს დავალება ქოფირაითინგის ლექციაზე, მოულოდნელი რამ მოხდა: მათ გაუჩნდათ არა მხოლოდ ახალი იდეები დასახულ ამოცანებთან დაკავშირებით, არამედ უმეტესობამ იყვირა, რომ „დაემთხვა, დაემთხვა“, რაც ნიშნავდა, რომ გარდა საინტერესო მეტაფორებისა, მათ მიიღეს პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც არც გაუმჟღავნებიათ, მაგრამ რომელიც ასე შეფუთულად მიაწოდა არაცნობიერმა ცნობიერს.

მოკლედ, გარწმუნებთ, ძვირფასო მასწავლებლებო, რომ ძალიან საინტერესო შემოქმედებით პროცესებთან გექნებათ საქმე, თუ ამ მეთოდს, სხვადასხვა მიზნით, თქვენს მოსწავლეებთან გამოცდით.

ახლა კი კონკრეტული მაგალითი:

ვთქვათ, თქვენ გინდათ დაარეკლამოთ მტვერსასრუტი.

შემთხვევითი სიტყვაა: სპილო

სპილოს თვისებები და ასოციაციები: დიდი, ძლიერი, ტევადი და ასე შემდეგ…

შედეგი: მტვერსასრუტს აქვს სპილოს ძალა და მას შეუძლია შეისრუტოს ყველაფერი, რაც კი გზად შეხვდება.

ეს მხოლოდ სამუშაოს ფრაგმენტია, მაგრამ ქოფირაიტერს შეუძლია აქედან შექმნას კრეატიული სარეკლამო ტექსტი.

 

სტუდენტს ვეუბნები, რომ ჩამოაყალიბოს პრობლემა, რომელიც მას აქვს. ის ამბობს, რომ უჭირს ურთიერთობები.

მისი შემთხვევითი სიტყვაა: კალამი

კალმის თვისებები და ასოციაციები: მელნის კალამი, წითელი კალამი, ლურჯი კალამი, წერა, სუფთა წერა, ჯღაბნა, წერილი, სუფთა ფურცელი, იდეები, მოგზაურობა, ნოველა, გაბედვა, გაგზავნა და ასე შემდეგ.

ახლა კალამს ჩავანაცვლოთ ურთიერთობა:

ურთიერთობა – მელნის კალამი, ურთიერთობა- წითელი კალამი, ურთიერთობა – ლურჯი კალამი, ურთიერთობა – სუფთა ფურცელი, ურთიერთობა – წერა, ურთიერთობა – ჯღაბნა, ურთიერთობა – წერილი, ურთიერთობა – იდეები, ურთიერთობა – მოგზაურობა, ურთიერთობა – ნოველა, ურთიერთობა – გაბედვა, ურთიერთობა –  გაგზავნა და ასე შემდეგ…

ახლა კარგად გაიაზრეთ თითოეული და ნახეთ გამოსავალი… თქვენი კრეატიული ტვინი ამას მოახერხებს, მთავარია, თქვენ პროგრამა ჩამოტვირთოთ!

 

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”

0

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობა” დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

მეორე ანიმაცია ,“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

როცა სწავლება კრიტიკული აზროვნების პრინციპებზე დგას, თითოეული ადამიანი თავად  ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენს მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია.  აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალურია. ჩვენ საკმარისი თავისუფლება უნდა გვქონდეს, რომ ვიფიქროთ და დამოუკიდებლად გადაჭრათ სხვადასხვა სირთულის საკითხები.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...