პარასკევი, ივნისი 13, 2025
13 ივნისი, პარასკევი, 2025

განმავითარებელი შეფასება მესამე თაობის ესგ-ის შედეგების ტაქსონომიით

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების პროცესში „ახალი სკოლის მოდელის“ მიერ შემოთავაზებული ყველა ელემენტი: კომპლექსური დავალება, სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, თემატური მატრიცა, ტაქსონომიაზე დაფუძნებული შეფასების რუბრიკა – ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლის მოსწრებაზე ყველაზე მეტად დადებით გავლენას ახდენს მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომპეტენტური უკუკავშირი.

მოსწავლის მიღწევები ფასდება სამი მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით:

  • როგორ ფლობს ფაქტობრივ მასალას (დეკლარაციული ცოდნა);
  • როგორ ახორციელებს პროცედურებს (პროცედურული ცოდნა);
  • რამდენად შეუძლია ნასწავლის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება (პირობისეული ცოდნა).

როგორ უნდა ჩამოაყალიბოს მასწავლებელმა განმავითარებელი კომენტარი?

განმავითარებელი კომენტარის მთავარი დანიშნულებაა, აღწეროს, როგორ უმჯობესდება უნარების განვითარებასთან ერთად მოსწავლის მიღწევა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიაზე დამყარებული შეფასების რუბრიკა (SOLO-ტაქსონომიის მიხედვით) ხუთ დონეს მოიცავს, რომლებიც განსაზღვრავს არა მოსწავლის აზროვნების დონეს, არამედ იმას, რამდენად სიღრმისეულად აქვს მოსწავლეს გააზრებული კონკრეტული საკითხი სამიზნე ცნებასთან მიმართებით.

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და სხვა მსგავს მაგალითთან შედარების საშუალებას აძლევს. განსახილველ საკითხს უკავშირებს პირად გამოცდილებას.

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებას საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

პრესტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.

გთავაზობთ კონკრეტულ კომპლექსურ დავალებას და ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიაზე დაყრდნობით გაკეთებული განმავითარებელი კომენტარის რამდენიმე ნიმუშს.

მოთხრობის შინაარსის გადმოცემა

საკითხი: ი. გოგებაშვილის იგავის – „ლომი და თაგვი“ – შინაარსის (დასაწყისის, შუა ნაწილის, დასასრულის) თანამიმდევრულად გადმოცემა ხელნაკეთი ნახატების გამოყენებით.

საკვანძო შეკითხვები: როგორ გადმოვცე ი. გოგებაშვილის იგავის – „ლომი და თაგვი“ – შინაარსი (დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული) ნახატების გამოყენებით?

კომპლექსური დავალება

დახატე სამი სურათი ნაწარმოების, ი. გოგებაშვილის „ლომისა და თაგვის“ მიხედვით. ერთი ნახატი უნდა გამოსახავდეს ამბის დასაწყისს, მეორე – შუა ნაწილს, მესამე – დასასრულს. დაალაგე ნახატები თანმიმდევრობით და მათზე დაყრდნობით გადმოეცი მოთხრობის შინაარსი.

ნამუშევარში:

  • გადმოეცი შინაარსი, დაიცავი ეპიზოდების თანმიმდევრობა;
  • გამოკვეთე მნიშვნელოვანი დეტალები;
  • გამოიყენე ტექსტში მოცემული საინტერესო, ახალი სიტყვები.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რამდენად შეესაბამება შენი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს (იგ. 2);
  • რამდენად აისახება ნახატებში მთავარი სათქმელი (ტ, 1; ტ. 2);
  • რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად, მათ დასამახსოვრებლად (ტ. 3).

კომპლექსური დავალება მიმართულია სამიზნე ცნება ,,ტექსტის’’ გააზრებაზე და შესაბამისად, მისი კრიტერიუმები ( ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე) ეფუძნება სამიზნე ცნება ,,ტექსტის’’ მკვიდრ წარმოდგენებს.

რასაკვირველია, ამ დავალებას სხვადასხვა მოსწავლე სხვადასხვა ხარისხით შეასრულებს. შესაბამისად, მასწავლებლის მიერ მათი მიღწევების შეფასება და განმავითარებელი კომენტარი განსხვავებული იქნება.

ნამუშევრის (მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტის) შეფასების დროს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მოკლე აღწერილობა, როგორ შეასრულა მოსწავლემ დავალება, რა დასკვნა გააკეთა ამის საფუძველზე და რა რჩევა მისცა მოსწავლეს.

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

 

მოსწავლემ თანმიმდევრულად გადმოსცა ეპიზოდების შინაარსი

გამოკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები;

გამოიყენა ტექსტში მოცემული ახალი სიტყვები.

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრა,

რამდენად შეესაბამება მისი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრა ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, დაუკავშირა პირად გამოცდილებას.

 

შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება. თანმიმდევრულად გადმოეცი ეპიზოდების შინაარსი,

გამოკვეთე მნიშვნელოვანი დეტალები,

გამოიყენე ტექსტში მოცემული ახალი სიტყვები.

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე, რამდენად შეესაბამება შენი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრე ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, დაუკავშირე პირად გამოცდილებას.

 

ამ შეფასების საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ სამიზნე ცნება „ტექსტის’’ გააზრება მიაკუთვნოს აბსტრაქტულ დონეს, რადგან მას სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და სხვა მსგავს მაგალითთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ყველა კრიტერიუმს შეესაბამება, მოსწავლის მიღწევების შემდგომი განვითარებისთვის მასწავლებელი მაინც აძლევს რჩევას, რომ გაეცნოს დამატებით საკითხავ მასალას და ამის საფუძველზე უფრო მეტი მაგალითი დაუკავშიროს პირად გამოცდილებასა და სხვადასხვა სიტუაციას.

მე-2 მოსწავლის ნამუშევარი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

 

მოსწავლემ თანმიმდევრულად გადმოსცა ეპიზოდების შინაარსი.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრა,

რამდენად შეესაბამება მისი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრა ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, მაგრამ ვერ დაუკავშირა ის პირად გამოცდილებას.

შენ კარგად შეასრულე დავალება. თანმიმდევრულად გადმოეცი ეპიზოდების შინაარსი, ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, რამდენად შეესაბამება შენი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრე ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, თუმცა გაგიჭირდა პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.

ჩემი რჩევაა:

ერთხელ კიდევ ყურადღებით წაიკითხე ტექსტი, გაიაზრე, შემდეგ გაიხსენე მსგავსი სიტუაცია შენი ცხოვრებისეული ამბებიდან.

 

ამ შეფასების საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ სამიზნე ცნება „ტექსტის’’ გააზრება მიაკუთვნოს მიმართებით დონეს, რადგან მას ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

მე-3 მოსწავლის ნამუშევარი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

 

მოსწავლემ გადმოსცა ეპიზოდების შინაარსი, თუმცა გაუჭირდა თანმიმდევრობის დაცვა,

ნამუშევრის წარდგენისას ვერ ახსნა,

რამდენად შეესაბამება

ნახატები იგავის მთავარ სათქმელს.

შენ სწორად გაიგე დავალების პირობა, გადმოეცი ეპიზოდების შინაარსი, მაგრამ აუცილებელია თანმიმდევრობის დაცვა.

იმისათვის, რომ შეძლო ამბის დასაწყისის, შუა ნაწილისა და დასასრულის თანმიმდევრობით გადმოცემა, ილუსტრაციების შექმნისას ყურადღება მიაქციე ტექსტის დეტალებს. ამის შემდეგ აღარ გაგიჭირდება მთავარი სათქმელის გადმოცემა.

 

ამ შეფასების საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ სამიზნე ცნება, „ტექსტის’’ გააზრება მიაკუთვნოს მულტისტრუქტურულ დონეს, რადგან მას აქვს რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიაზე დამყარებული შეფასების რუბრიკა, რომლითაც ყველა მოსწავლე ფასდება ინდივიდუალურად, გრძელვადიან სამიზნე ცნებებთან და კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან მიმართებით.

წლის განმავლობაში შეგვიძლია, დავაკვირდეთ, როგორ იცვლება დინამიკაში და უმჯობესდება მოსწავლეების მიღწევები სამიზნე ცნებებთან მიმართებით.

ზოგადად, ნებისმიერი დავალების შეფასების დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ზემოთ მოცემული მარტივი ფორმა – ნამუშევრის აღწერილობა და კომენტარი.

გამოყენებული ლიტერატურა:

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი).

ამაგი

0

– სულ ტყუილი ყოფილა ყველაფერი. ერთხელ არ გადმომხედა, მოვკვდი თუ დავრჩი – ამბობდა ჩემი მოხუცი მეზობელი, როცა ღამით, ნისლსა და ყინვაში, მის შვილთან მივდიოდით. მე მისი წვრილი მაჯა ხელებში მეკარგებოდა. ამიტომ კოსტიუმის სახელოც მაგრად მქონდა  ჩაბღუჯული, რომ არ წამქცეოდა. ის სანახევროდ ბრმა იყო, მე კი მთლიანად  სველი და დაღლილი.

არადა, ნაჩხუბრები ვიყავით, დაუბრებულები. სიბერეში კი არ ბავშვდებოდა, ჟამდებოდა. მეც გული მომივიდა და მივახალე, ჩემს ღობეს აღარ მოადგე და ენა არ მოგიბრუნდეს დასაძახებლად-მეთქი. აღარც დაუძახია, ისე მიიწურა ცხელი ზაფხული. უნდოდა კია, ეხათრებოდა, თვალს აპარებდა ხოლმე ჩემი ეზოსკენ.

არადა, მანამდე სულ მეძახდა. ხან ყვირილით, ხან ხველებით. მეც საერთო ღობეზე ვხტებოდი და მისახმარებლად მივრბოდი. როცა მივეხმარებოდი ის  აუცილებლად მეტყოდა, რომ მისი ღმერთი ვარ.

სანამ ვიჩხუბებდი იმის წინაც საბჯენი  ჯოხით ბერტყავდა  და ამზეურებდა  ლოგინს. ჯოხი ისეთივე ხმელი და დაბრეცილი იყო, როგორც თვითონ.

ჯერ  შევიტანეთ მისი ძველი, მაგრამ ჩაუცმელი პალტო, მისი ცოლის ასეთივე ხალათი. ცოლს, სანამ მოკვდებოდა, სკლეროზი დაემართა, სახე ჩაეხვეწა და წაწვეტებულ ნიკაპზე თეთრი თმები გამოუჩნდა.

  • აბა, რა! აბა, რა! – დადიოდა ეზოში და ყვიროდა. ქლიავზე გასულ გაველურებულ ყურძენს ჭამდა სულ.  გაჭირვებული, ხან სად წამოიხდიდა კაბას და ხან –  სად.

რა ვუშველო ამ უბედურ ქალსო?! – წუხდა კაცი, ძალით სვამდა ტაშტში და აბანავებდა. როცა ქალი ამის გამო ბოლო ხმაზე გაწიოდა, კაცსაც წაუცდებოდა დაჟარული უხეში ხელი და თავში ჩააფარებდა.

ოთახში ისევ იდგა ცოლის ზამბარიანი საწოლი, რომლის მონიკელებულ თავზე მისივე ჭრელი თავშალი იყო გადაკიდებული. ეს უშნო კაცი ღამღამობით  თავშალს ყნოსავდა  და ცოლს ელაპარაკებოდა. ახსენებდა, რომ ყველა ბავშვი მინდორში ჰყავდათ გაკეთებული, რადგან სახლში ბევრნი ცხოვრობდნენ… უყვებოდა, რომ გული უწყალდებოდა ჩუმი ღამეებით და აიტანდა ცოლის სკლეროზიან ყოფასაც… რომ წლებია, ჩემს მიწოდებულ დამწარებულ  ქონს ჭამდა სულ, თაგვივით.

როცა ჩაყვითლებული ლეიბი შევიტანეთ  და საწოლის ზამბარებზე დავაფინეთ, მოხუცმა მითხრა,  შვილმა  პენსიის ფული ამაცალაო ლეიბიდან.  ჯიგარს ამოვაცლიო ამის გამო, –  თქვა და ცოლის სურათს გახედა.

თუმცა  წვრილ ფულს შვილს განგებ უტოვებდა ლეიბის ქვეშ. მსხვილი კი, გულის ჯიბეში ედო, ღმერთს სიბერეში უძილობით დაესაჯა და შვილი იქიდან ვერ ამოაცლიდა.

თუ ფული ისევ ლეიბის ქვეშ დახვდებოდა, კარს გამოიხურავდა და ჯოხს სახელურში გაუყრიდა, მაღაზიაში წავიდოდა. იქ იყიდდა არაყს, პურს და იაფიან თუთუნს, რომელსაც თავის ასევე ქვრივ შვილს ჩაუტანდა. ის კი, როცა დათვრებოდა, შეაგინებდა, ეტყოდა, რომ ის ერთი უჯიგრო, გულგაციებული კაცია და საცემად გაიწევდა კიდეც.

მის შვილს ეძინა, როცა ჩავიყვანე. ისე ციოდა, წყალი გაიყინებოდა ოთახში. საწოლში ჩავაწვინე. ხელიდან რეზინის ხელთათმანი მოვიხსენი, იმით ღუმელი ავუნთე. უკან მოვდიოდი, კარი გამოვაღე და ისევ  მითხრა, რომ მე მისი ღმერთი ვარ. რომ შემიძლია, ხბორები ისევ შევრეკო ხოლმე მის ბოსტანში, თუნდაც სულ შეჭამონ მისი ყურძენი.

მე არ მითქვამს, რომ ის ცდებოდა, რომ ყველაფერი სულ არ არის ტყუილი; რომ მე მახსოვდა, სკოლაში წასვლისას ტოლჩაში წითელ ალუბლებს რომ მიყრიდა; თოვლში რომ გამომიგორებდა ხოლმე, ჩამტკბარ ვაშლებს. ამიტომაც მოვკიდე ხელი და მივიყვანე შვილის სახლამდე, როცა ის ნისლში ხელის ცეცებით მიდიოდა მასთან.

მითხრეს, რომ მას ვირუსი აქვს და კვდება. არ მინდა, რომ მოკვდეს. მინდა ისევ ვიყო, ვიღაცისთვის ღმერთი. რადგან კარგია, როცა ვიღაცისთვის ღმერთი ხარ.

.

 

შუალედური გაკვეთილი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში

0

კომპლექსური დავალების შესრულება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების საუკეთესო საშუალებაა. სამუშაო იზომება თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების ხარისხით. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი და მოსწავლეთა შეფასება სოლო-ტაქსონომიით. მოცემულია შეფასების 5 დონე: პრესტრუქტურული, უნისტრუქტურული, მულტისტრუქტურული, მიმართებითი და აბსტრაქტული.

მოდელი უფრო მეტად ორიენტირებულია კოგნიტურ პროცესებზე, ვიდრე მიღწეულ შედეგებზე. სწორედ ამიტომ საყურადღებოა ყველა გაკვეთილი, რომლის დროსაც თანდათანობით შემოდის და ხორციელდება კომპლექსური დავალების თითოეული ეტაპი.

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა იმ საკითხების განხილვის წინ ხდება, რომლებიც მოიცავს დაგეგმილ სამუშაოს. ამის შემდეგ კი მასწავლებელი ყველა ახალ საკითხთან მიმართებაში უნდა განიხილავდეს კომპლექსური დავალების მომდევნო ეტაპს.

რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება მასწავლებელმა:

  • თავიდანვე უნდა გაწეროს შუალედური და გრძელვადიანი მიზნები;
  • იზრუნოს, რომ თითოეული მოსწავლე იყოს ჩართული კომპლექსური დავალების განხორციელებაში;
  • სასწავლო რესურსები უნდა მოარგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებას;
  • სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი ფასილიტაციას უნდა უწევდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის მიმდინარეობას;
  • მოსწავლე აქტიურად და შემოქმედებითად უნდა იყოს ჩართული სამუშაოს შესრულებაში;
  • მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თანდათანობით მიყვანა ახალ ცოდნამდე ახალ კონტექსტზე დაყრდნობით;
  • უმნიშვნელოვანესია სასწავლო მასალის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება (ცოდნის ტრანსფერი);
  • მოსწავლე არ უნდა იძენდეს მხოლოდ ფრაგმენტულ ცოდნას, მან უნდა შეძლოს სხვადასხვა ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება.

წარმოგიდენთ ჩემ მიერ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს, ერთი შუალედური გაკვეთილის გეგმას.

თემა: ენერგიის გარდაქმნა                   

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლე შეძლებს მსჯელობას კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ურთიერთგარდაქმნის შესახებ;
  • მოიყვანს შესაბამის პრაქტიკულ მაგალითებს;
  • ერთმანეთთან დააკავშირებს გაკვეთილზე განხილულ საკითხსა და კომპლექსური დავალებას.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი :

  • მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის, წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ–ჩვევებს.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ფიზ.საბ.2. სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;

ფიზ.საბ.3.  ენერგიის სახეების დახასიათება და მათ ურთიერთგარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა.

ფიზ.საბ.6. თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით (ცხრილებით, დიაგრამებით, გრაფიკებით და სხვ.) ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;

ფიზ.საბ.11. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

გაკვეთილის მსვლელობა:

ნასწავლი მასალის გააქტიურება ფიზიკაში

აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება – მოსწავლეების მობილიზება ახალი საკითხის გასააზრებლად.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეში ინტერესის გაღვივების მიზნით გაკვეთილს იწყებს ვიდეოს ჩვენებით, კერძოდ, კლასს აჩვენებს სახალისო ვიდეოს ატრაქციონზე: ,,ამერიკული მთები“.

https://interactives.ck12.org/simulations/physics/loop-the-loop/app/index.html?hash=f02b9cdb92d1a9f24b62bf2aed954d57&source=ck12&artifactID=1742546&encodedID=SCI.PHY.264&courseContextID=9993853&fbclid=IwAR3WQ-aUCbSpd0ZT1Ilt-eui9GCqcdVf7vL_hM6GGZ4f8vXp14P5iEOkqgw

 

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ საუბრობს თანამედროვე ინჟინრული სასწაულის მუშაობის შესახებ. ეკითხება მოსწავლეებს – მჯდარან თუ არა ასეთ ატრაქციონზე? განუცდიათ თუ არა ის შეგრძნებები, რომლებიც ამ დროს ეუფლებათ ადამიანებს – ამ დროს ღვედებზე თავდაყირა დაკიდებულ მგზავრს ზუსტად ისეთი შეგრძნება აქვს, როგორიც კოსმონავტს ხომალდის დაშვებისას. ეს რკინის ,,დრაკონები“ ისე დაქრიან ზევით-ქვევით, თითქოს გრავიტაციას არც კი ემორჩილებიან. მასწავლებელი აკონკრეტებს, რომ ეს თავბრუდამხვევი ქროლა სივრცესა და დროში მთლიანად ენერგიების მუდმივობისა და გარდაქმნის კანონითაა განპირობებული, რასაც სწორედ ამ გაკვეთილზე გაიგებენ.

მასწავლებელი უკვე ნასწავლი საკითხის ირგვლივ სვამს განმამტკიცებელ კითხვებს. კითხვებისთვის შერჩეული აქვს სურათები და გიფები:

– რა არის ენერგია?

– როგორ განისაზღვრება კინეტიკური ენერგია?

– როგორ განისაზღვრება პოტენციური ენერგია?

– როგორ უკავშირდება მექანიკური მუშაობა ენერგიის ცვლილებას?

– რა ძალა წარმოიქმნება ზამბარის დეფორმირებისას?

– რაში მდგომარეობს ჰუკის კანონი?

– რაზეა დამოკიდებული ზამბარის მიერ მუშაობის შესრულების უნარი?

– რომელი ენერგია გააჩნია დრეკად-დეფორმირებულ ზამბარას და როგორ გამოითვლება ის?

მასწავლებელი წარმოადგენს ბატუტზე სპორტსმენის ხტუნვის ანიმაციას:

https://interactives.ck12.org/simulations/physics/trampoline/app/index.html?hash=861f9de4d3b631b96a5329e557ea754f&source=ck12&artifactID=1732570&encodedID=SCI.PHY.265&courseContextID=9993853

სვამს დამაზუსტებელ კითხვებს:

– ბატუტი ჩაზნექილია. როგორი სახის ენერგია აქვს მას?

– რომელი ენერგიის ხარჯზე მოძრაობს სპორტსმენი ზევით?

– რისი ტოლია ამ დროს ბატუტის პოტენციური ენერგია?

– როგორ იცვლება სპორტსმენის პოტენციური (კინეტიკური) ენერგია ზევით მოძრაობისას?

– რისი ტოლია სპორტსმენის კინეტიკური ენერგია მაქსიმალურ სიმაღლეზე? სად ,,გაქრა“ სპორტსმენის კინეტიკური ენერგია?

– როგორ იცვლება ქვევით მოძრაობისას კინეტიკური (პოტენციური) ენერგია?

– გამოთქვით ვარაუდი: არის თუ არა ურთიერთკავშირი პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ცვლილებას შორის?

– რას იწვევს ერთი სახის ენერგიის შემცირება, ან რის ხარჯზე იზრდება რომელიმე ენერგია?

– სად ქრება ენერგია, როცა ის ნულს უტოლდება?

მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები განიცდიან ურთიერთგარდაქმნას. ასევე იოლად ასაბუთებენ გაკვეთილის დასაწყისში წარმოდგენილი ,,ამერიკული მთების“ მოძრაობის საიდუმლოს

https://www.youtube.com/watch?v=XFtqoSVj4ys.

კომპლექსური დავალების მეორე ეტაპის განხილვა ახალი მასალის ახსნის საფუძველზე

მასწავლებელი საუბარს აგრძელებს კომპლექსური დავალების შესახებ. კერძოდ, ახსენებს მოსწავლეებს სამუშაოს რომელ ეტაპს გადიან კომპლექსურ დავალებაში.

აჩვენებს მათ კატაპულტის მოქმედების ვიდეოს; სთხოვს, წარმოადგინონ უკვე გაკეთებული კატაპულტის მოდელი.

  • რა ნაწილებისაგან შედგება თქვენი მოდელი?
  • რა რესურსები დაგჭირდათ კატაპულტის დასამზადებლად?
  • რა ეტაპები გაიარეთ მოდელის შესაქმნელად?

დისკუსიის რეჟიმში მსჯელობენ კატაპულტის მუშაობის პრინციპისა და მასში ენერგიის გარდაქმნების შესახებ.

  • როდის და რა შემთხვევაში გამოიყენებოდა კატაპულტი?
  • რა ენერგია აქვს კატაპულტს ტვირთის გასროლამდე? როგორ გამოითვლება ეს ენერგია? რომელ ფიზიკურ სიდიდეებზეა დამოკიდებული და როდისაა ის მაქსიმალური?
  • რომელი ენერგია აქვს დრეკად- დეფორმირებულ ზამბარას, როგორ იცვლება ეს ენერგია და რომელი ძალის მუშაობით განისაზღვრება ამ ენერგიის ცვლილება?
  • იმსჯელეთ დრეკადობის ძალის მუშაობის შესახებ კატაპულტის სამუშაო რეჟიმში მოყვანისას და ტვირთის გასროლის დროს?
  • რას გვიჩვენებს და როგორ გამოითვლება სიმძლავრე?
  • რაზეა დამოკიდებული კატაპულტის სიმძლავრე?

დისკუსიის საფუძველზე მოსწავლეები არკვევენ, რა განაპირობებს კატაპულტის მუშაობას; კონკრეტულად ენერგიის როგორი გარდაქმნა ხდება ამ დროს და რა ფიზიკური პროცესები განაპირობებს კატაპულტის მუშაობას.

შეჯამებაშეფასება

აქტივობის მიზანი: მასწავლებლების მიერ გაკვეთილის შეჯამება/შეფასება, მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება. მოსწავლეთა უკუკავშირი – გასასვლელი ბილეთი.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით შეაჯამებს გაკვეთილს. აფასებს მათ ჩართულობას და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

უკუკავშირის მიღების მიზნით, სთხოვს, შეავსონ გასასვლელი ბილეთები, რომლებსაც მითითებულ დაფაზე გააკრავენ.

საშინაო დავალება:

გაეცანით ბმულს, ჩაატარეთ ვირტუალური ლაბორატორიის ექსპერიმენტი:

https://phet.colorado.edu/sims/html/hookes-law/latest/hookes-law_en.html

გააგრძელეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა და აღწერეთ ენერგიის რა გარდაქმნები მიმდინარეობს კატაპულტში?

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა:

აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში; უსმენს აუდიტორიას. მონაწილეობას იღებს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში; მუშაობს დაფასთან; მონაწილეობს დისკუსიებში. განსახილველ საკითხებთან მიმართებაში სვამს გონივრულ შეკითხვებს; ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას.  

მაღალი

ჩართულია საგაკვეთილო პროცესში; უსმენს აუდიტორიას; მონაწილეობს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში; მუშაობს დაფასთან; მონაწილეობს დისკუსიაში. საშუალო
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში: არ უსმენს აუდიტორიას; არ მონაწილეობს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში; არ მუშაობს დაფასთან;  არ მონაწილეობს დისკუსიაში.  არ აკეთებს ჩანაწერებს. დაბალი

 

მოსწავლეთა უკუკავშირი გასასვლელი ბილეთი:

 რა მომეწონა ამ გაკვეთილზე ყველაზე მეტად?
 რას შევცვლიდი?

 

დაწერეთ გულწრფელი კომენტარი

 

კომპლექსური დავალების მიზანი ახალი მასალის სიღრმისეულად ათვისება და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, კომპლექსური დავალების თანდათანობით განხორციელება, თანხვედრაში უნდა იყოს ყოველ მომდევნო საგაკვეთილო საკითხთან. მოსწავლეს უვითარდება ტრანსფერული უნარები (ახლო და შორი ტრანსფერი) – უკეთ აკავშირებს თეორიულ საკითხს პრაქტიკულ სამუშაოსთან. ქმნის პროდუქტს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ცოდნის განმტკიცებისა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://docs.google.com/document/d/1dEeNkDuq7AWJS1gMBpefjOkB-jU8IKBw/edit?usp=sharing&ouid=104960796935946628221&rtpof=true&sd=true

ქეთევან ტატიშვილი: მოსწავლის წიგნი; მე8 კლასი

ქეთევან ტატიშვილი: მასწავლებლის წიგნი; მე8 კლასი

https://ck12.edu.ge/

ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია:

https://docs.google.com/presentation/d/17jdRAilhvLyNa6hp-Ho1ExMGiQWAElcz/edit#slide=id.p3

 

 

როგორ შევადგინოთ ტესტური პროექტი

0

ტესტირება – ეს სიტყვა განათლების სამყაროში გამოცდის სინონიმად იქცა. არადა, იგი შეფასების სისტემის მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ტესტირების მეთოდს ასევე მიმართავენ პიროვნული თავისებურებებისა და ინტელექტის კოეფიციენტის შესამოწმებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ინსტრუმენტი ელექტრონულ სამყაროში მარტივად ადაპტირდა და შეფასების სისტემის ყველაზე პოპულარულ ბერკეტად იქცა.

არსებობს სტანდარტიზებული ტესტები, რომლებსაც პროფესიონალები ადგენენ. მათ მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების დახმარებით შეგიძლიათ მიღებული შედეგები დადგენილ ნორმას/სტანდარტს შეადაროთ. პედაგოგთა მიერ შედგენილი ტესტები კი აერთიანებს დავალებებს, რომელთა დახმარებითაც მოწმდება კონკრეტული ცოდნა/უნარები. თუმცა პედაგოგიური ტესტიც შეიძლება იყოს ნორმაზე ორიენტირებული, რაც ერთი მოსწავლის მონაცემების კლასის შედეგებთან შედარების საშუალებას მოგვცემს. კრიტერიუმებზე ორიენტირებული ტესტი კი ზომავს ინდივიდის მიერ სასწავლო კურსით გათვალისწინებული მასალის ათვისების დონეს.

სასწავლო პროცესში ძირიდადად გამოიყენება ჰომოგენური (ერთი საგნის დავალებებისგან შემდგარი) ტესტი, ჰეტეროგენური შეფასების ინსტრუმენტი კი მისაღები ან საკვალიფიკაციო გამოცდების ფორმატს უფრო მიესადაგება. რაც შეეხება ტესტირების სიხშირეს, იგი დამოკიდებულია სასწავლო მიზანსა და მასალის მოცულობაზე. მიმდინარე ტესტირება სწავლის პროცესში მოსწავლეთა ცოდნის/გაგების დონის შემოწმებას გაგვიადვილებს, შემაჯამებელი ტესტი კი დიდი მოცულობის მასალის ათვისების ხარისხის გაზომვას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს ვალიდურობასა და სანდოობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ეს ყველაფერი კი შემდგენელის მხრიდან დიდ ცოდნას, გამოცდილებას და დროს მოითხოვს.

ხშირ შემთხვევაში, პედაგოგები (მათ შორის მეც მოვიაზრები) ტესტებს პროექტის გაწერის გარეშე ადგენენ. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად: დროის სიმწირე, გამოუცდელობა/არცოდნა და სხვ. პირადად მე ტესტური პროექტის შესახებ უნივერსიტეტში მეორედ ჩაბარების შემდეგ შევიტყვე. იმ დროისათვის ჩემი პედაგოგიური გამოცდილება რამდენიმეწლიან სასწავლო გამოცდილებასა და პროფესიულ ალღოზე დაყრდნობით შედგენილ არაერთ ტესტს მოიცავდა. პირველი, რაც შეფასების და ტესტირების კურსზე შევიტყვე, ისაა, რომ მხოლოდ ტესტური დავალებების შედგენა არ კმარა და საჭიროა პროექტი, რომელიც თემებსა და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს გააერთიანებს. ტესტის შექმნამდე უნდა განისაზღვროს სასწავლო მიზანი. შემდეგ გაიწეროს ტესტური პროექტი და დავალებები. დასრულებული ტესტის განხილვა-შეფასება კი მისი დახვეწისა და საბოლოო ვერსიის შექმნის საშუალებას მოგვცემს.

ტესტის შედგენასა და ტესტირების პროცესთან დაკავშირებული კიდევ არაერთი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ამისათვის გირჩევთ, გაეცნოთ საგანმანათლებლო რესურსს – „როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტები“ (ავტორები: სიმონ ჯანაშია, ანასტასია ქიტიაშვილი, ნინო ლაბარტყავა, თამარ აბაშიძე და ლუიზა არუთინოვა; 2009 წლის გამოცემა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი). ნიმუშად კი ჩემ მიერ შედგენილ ერთ-ერთ ტესტურ პროექტს წარმოგიდგენთ.

 

საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: V

სემესტრი: I

თემა: ნაცვალსახელები

კოგნიკური მიზანი: მოსწავლეები 3 თვის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებენ ნაცვალსახელთა შემდეგი ჯგუფების – პირის, კუთვნილებითი და ჩვენებითი ნაცვალსახელების ჩამონათვალთა რიგში ამოცნობას, მათ კლასიფიკაციას ჯგუფების მიხედვით და დანიშნულებისამებრ გამოყენებას; ჩვენებითი ნაცვალსახელებისთვის მართებული ბრუნვის ფორმების მისადაგებას/ბრუნებას; ჩვენებითი და კუთვნილებითი ნაცვალსახელების არსებით სახელთან ერთად ბრუნებას ფუძისა და ბრუნვის ნიშნების გამოყოფით.

მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ მითითებული ნაცვალსახელთა ჯგუფების ამოცნობას; წინადადებებში კონტექსტის შესაბამისი ნაცვალსახელების ჩასმას, ნაცვალსახელების პოვნას და შესაბამისი ჯგუფისთვის მიკუთვნებას; ნაცვალსახელთა ბრუნებას ცალკე ან არსებით სახელთან ერთად, ფუძისა და ბრუნვის ნიშნის სწორად გამოყოფას.

შინაარსი: პირის ნაცვალსახელები, კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ჩვენებითი ნაცვალსახელები, ნაცვალსახელების ბრუნება, ნაცვალსახელისა და არსებითი სახელის ერთად ბრუნება

კატეგორიები: ტესტით იზომება ცოდნის, გაგების, გამოყენების და ანალიზის დონე

ტესტური დავალებების რაოდენობა: 30

ტესტური დავალების შესრულებისთვის საჭირო დრო: 45წთ.

ასაკობრივი ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები, მეხუთე კლასი

 

 

ტესტი N1

მოსწავლის სახელი და გვარი ________________________

თარიღი ________________________

ტესტური დავალებების რაოდენობა – 30

დრო – 45წთ.

ტესტი შედგება სხვადასხვა ტიპის დახურული და ღია ტესტურ დავალებებისგან. ყველა დავალებას აქვს ინსტრუქცია. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თითოეულ მათგანს. ტექსტში პასუხები უნდა დააფიქსიროთ გარკვევით. პასუხების გადაწერის ან კარნახის შემთხვევაში თქვენი ტესტი არ გასწორდება. თუ შეკითხვა გექნებათ, ხელის აწევით მომმართეთ. ტესტის დასრულების შემთხვევაში შეგიძლიათ ნამუშევარი დროზე ადრე ჩამაბაროთ, მაგრამ დროის ამოწურვის შემდეგ კალმებს დებთ მერხზე და წყვეტთ მუშაობას. თქვენი ნამუშევარი ფასდება წერილობითი განმავითარებელი კომენტარით.

გისურვებთ წარმატებას!

  1. შემოხაზეთ მეორე პირის ნაცვალსახელების წყვილი:

ა) მე, ისინი

ბ) შენ, ჩვენ

გ) შენ, თქვენ

დ) ის, ჩვენ

 

  1. შემოხაზეთ პირველი პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელების წყვილი:

ა) მისი, მათი,

ბ) შენი, თქვენი

გ) ჩემი, თქვენი

დ) ჩემი, ჩვენი

 

  1. შემოხაზეთ ჩვენებითი ნაცვალსახელების წყვილი:

ა) ის-მან

ბ) ის-ისინი

გ) ის-იმ

დ) ის-მისი

 

  1. შემოხაზეთ წინადადება, რომელშიც სიტყვა „ის“ ჩვენებითი ნაცვალსახელია:

ა) ის ბიჭი ჩემი კლასელია.

ბ) ის გუშინ უნდა წასულიყო.

გ) ის არ გამოჩენილა.

დ) ის კარგად გამოიყურება.

 

  1. 5. შემოხაზეთ წინადადება, რომელშიც არასწორადაა გამოყენებული კუთვნილებითი ნაცვალსახელი:

ა) მეფემ თავისი შვილები სახელგანთქმულ ძიძას მიაბარა.

ბ) მეფეები თავის შვილებს ერისთავებს აზრდევინებდნენ.

გ) ჩვენს ბალს წელს არ მოუსხამს და უნდა მოვჭრა.

დ) იმისი სახლი პატარა სოფლის ბოლოში ეულად იდგა.

 

  1. ჩასვით წინადადებებში პირის ნაცვალსახელები.

ა) ……….. მირჩევნია სალი კლდე თოვლიან-ყინულიანი!

ბ) ლეკვი ჭიშკართან ………… ელოდებოდა.

გ) ვხედავდი, რომ ………. ნელ-ნელა იღუშებოდა.

დ) ……… ისევ გეეჭვებათ, რომ ჩემს სიტყვას შევასრულებ?!

 

  1. ჩასვით წინადადებებში ჩვენებითი ნაცვალსახელები შესაბამის ბრუნვაში:

ა) (ეს) ….. სანუგეშო ცვლილებამ დედას ნუგეში მისცა.

ბ) ძლიერ დამაღონა (ეგ) ….. ამბავმა.

გ) რას ჰგავს (ის) ….. კაცის საქციელი?

ე) (ეგ) ….. ფასად უკეთეს ფეხსაცმელს შეიძენდი.

 

  1. ჩასვით წინადადებებში კუთვნილებითი ნაცვალსახელები სწორი ფორმით:

ა) იგი განთქმული იყო მთელ კახეთში ……………………… (მისი, თავისი, იმისი, თავიანთი) სიმდიდრითა და პურადობით.

ბ) ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე ………………………… (მის,იმის,თავის, თავიანთ) გამდელთან.

გ) მამა საშინლად იტანჯებოდა ………………………. (თავისი, მისი,მათი, თავიანთი) ქალის მდგომარეობით.

დ) კოწოწაშვილები ჯერ ……………………… (თავის,მათ, თავიანთ, მის) წიწაკებს დახედავენ, მერე ერთმანეთს გაუღიმებენ.

 

  1. ამოიწერეთ წინადადებებიდან ნაცვალსახელები და დააკონკრეტეთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

ა) კატომ თავისი წიგნები კარადაში შეინახა. …………………………………………………………………..

ბ) დიდი ხნის წინ იმ სახლში ვცხოვრობდი. ……………………………………………………………………

გ) მაგ წიგნში ასეთი რა წერია, თვალს რომ ვერ აცილებ? ………………………………………………….

დ) შენ თუ ასე გაბრაზდებოდი, ვერ წარმომედგინა! ………………………………………………………..

 

  1. აბრუნეთ ჩვენებითი ნაცვალსახელები:

სახ. ეს   ეგ   ის

მოთ ……………….. ……………….  ………………..

მიც. ………………..  ……………….  ………………..

ნათ. ………………..  ……………….  ………………..

მოქ. ………………..  ……………….  ………………..

ვით. ………………..  ……………….  ………………..

წოდ. ……………….. ………………..  ………………..

 

  1. აბრუნეთ სიტყვათა წყვილები, გამოყავით ბრუნვის ნიშნები :

სახ. ეს წიგნ-ი   ეგ ფოთოლ-ი  ის მანქანა

მოთ. ……………………………………. ……………………………………. ………………………………………

მიც. ……………………………………. ……………………………………. ………………………………………

ნათ. ……………………………………. ……………………………………. ………………………………………

მოქ. …………………………………… ……………………………………. ………………………………………

ვით. ……………………. ……………. ……………………………………. ……………………………………….

წოდ. …………………………………… …………………………………….. ………………………………………

 

  1. აბრუნეთ სიტყვათა წყვილები, გამოყავით ბრუნვის ნიშნები:

სახ. ჩემ – ი მეგობარ-ი  თქვენ-ი მეზობლებ-ი  მათ-ი სტუმარ-ი  

მოთ. …………………………………  ………………………………………  ……………………………………..

მიც. ………………………………….  ………………………………………  ………………………………………

ნათ. …………………………………  ……………………………………….  ………………………………………

მოქ. ………………………………….  ………………………………………  ………………………………………

ვით. ………………………………….  ………………………………………  ………………………………………

წოდ. …………………………………  ………………………………………  ………………………………………

 

 

 

ციფრული სამყაროს 9 უნარი

0

 

  • კომუნიკაციის უნარი – ტრადიციულ კომუნიკაციურ უნარებს: კითხვას, წერას და მეტყველებას, – აუცილებელია დაემატოს სოციალური ქსელების კომუნიკაციაც. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა ადამიანს აქვს/ჰყავს თავისი ციფრული ორეული, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იქმნება სიტყვებით, ბლოგებით, ვლოგებით, ვიდეოებით, კომენტარებით და ასე შემდეგ. ყველას უნდა შეეძლოს, სათანადოდ წარადგინოს საკუთარი თავი, საკუთარი იდეები, გამოთქვას მოსაზრებები, შესთავაზოს სხვებს საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ციფრულ სამყაროში თქვენ ხართ რეჟისორები, სცენარისტები, ინჟინრები, ქოფირაითერები… შესაძლოა, პროფესია უკვე გქონდეთ, მაგრამ ციფრულ სამყაროში ინტეგრაციისთვის თქვენ ახალი უნარები გჭირდებათ.

დღეს ალბათ ყველაზე აქტუალური სიტყვაა #დავიღალე. როცა გზა არ ჩანს, როცა ჩიხში ვართ, ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება ადამიანს გაზიარება და კომუნიკაცია. და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის – იმისთვისაც, რომ მეტყველებით მოძებნილი გამოსავალი ნოოსფეროში იმ ძალად იქცეს, რომელიც უღრანიდან გაღწევაში დაგვეხმარება. და რაკი დღეს, პანდემიის პირობებში, ცოცხალი ურთიერთობები შეზღუდულია, სოციალური ქსელებით კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტუალური ხდება. თვითგამოხატვა შეიძლება იყოს: ვერბალური, ვიზუალური, ვიდეო- თუ აუდიო… პანდემია ჩაივლის, მაგრამ ჩვენი ციფრული მე-ს ფორმირება ისევ აქტუალური იქნება! ახალი თაობა ადაპტირებულია სოციალურ ქსელებში და თვითგამოხატვაც უფრო ადვილად გამოსდის, ასე რომ, მშობლებს შეუძლიათ, შვილებს სთხოვონ დახმარება.

ერთი სიტყვით, თუ ოდესმე არსებობა აზროვნებით განისაზღვრებოდა, დღეს არსებობ მაშინ, როცა ციფრული ორეული გყავს!

 

  • ცოდნის დამოუკიდებლად მიღებისა და სწავლის უნარი – ეს ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, გაარკვიოთ, რა გინდათ, რათა იცოდეთ, სად და როგორ მოიძიოთ ეს ცოდნა. ეს უწყვეტი პროცესია, რადგან ციფრულ რეალობაში, განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში, ყველაფერი ძალიან სწარაფად იცვლება.

დღეს უნივერსიტეტები სავსეა სტუდენტებით. ეროვნული გამოცდების შედეგად ყველა ან თითქმის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი ხდება, მაგრამ მათგან ძალიან ცოტამ იცის, რა უნდა ცხოვრებაში. არც სკოლებისთვის არის პრიორიტეტი, საკუთარ მომავალზე დააფიქროს მოსწავლე – სკოლები უმაღლეს სასწავლებელში „მოსაწყობად“ ამზადებენ ბავშვებს. საბოლოოდ კი ახალგაზრდების უმეტესობა მექანიკურად მოძრაობს სკოლიდან უმაღლესისკენ და იქიდან ორი დიპლომით ტაქსიზე გადაჯდება… ასეთ პირობებში უმნიშვნელოვანესია, ახალგაზრდებს გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად სწავლის უნარი, რათა მათ შეეძლოთ საკუთარი სურვილების, შესაძლებლობებისა და მიზნების განსაზღვრა. ნუ მივაწვდით მათ მზამზარეულ ფორმულებს, რომლებშიც მხოლოდ ცვლადებს შეცვლიან და ვიღაცის (მშობლის, მეზობლის, მასწავლებლის…) გზას გაიმეორებენ. ყველა ადამიანი უნიკალურია და უფლება აქვს, დამოუკიდებლად ეძებოს და შექმნას საკუთარი თავი, საკუთარი მომავალი.

 

  • ეთიკა და პასუხისმგებლობა – ეს აუცილებელია, რათა ციფრულ სამყაროში ნდობა მოიპოვოთ. უამისოდ შეუძლებელია, გახდეთ წარმატებული. თუ თქვენ ქმნით და ავრცელებთ საეჭვო კონტენტს, გადაუმოწმებელ ფაქტებს და მოვლენებს, თქვენი ინფორმაცია არავის დააინტერესებს. დღეს ციფრულ სამყაროში ყველა ადამიანი „გამომცემელია“. ამიტომ მოიპოვეთ ნდობა, – ეს არის ის, რასაც ყველა დაეძებს!

 

  • გუნდური მუშაობა და მოქნილობა – განსაკუთარებით დიდ წარმატებას აღწევენ კომპანიები, რომლებიც გუნდურად მუშაობენ. ისინი ფაზლივით აერთიანებენ ყველას ცოდნას და ურთიერთდახმარებით ამ ცოდნას საზიაროდ აქცევენ. შესაბამისად, რაც იცის ერთმა, იცის ყველამ. ასე მიღებული გადაწყვეტილებები კი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ერთი ადამიანის მიერ დამოუკიდებლად მიღებული. ცოდნისა და გამოცდილების სინერგია წარმატების საფუძველია, ხოლო „გუნდური თამაში“ – უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ.

 

  • აზროვნების უნარები – კრიტიკული, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარები მნიშვნელოვანია კონკურენტურანიანობის გასაზრდელად. ავტომატიზებული და სტანდარტული მოდელები მომსახურების სფეროში უკვე აღარ მუშაობს. საჭიროა პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტა, პროდუქტის განსხვავებულად შეთავაზება, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

  • ინტელექტს + ემოციური ინტელექტი – მშრალი ციფრები და ფაქტები უკვე აღარავის აღელვებს. თუ ინფორმაცია არ იწვევს ემოციას, ის კოსმიური სანაგვისკენ მიექანება. ამიტომ თანაბრად უნდა განვავითაროთ ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები, გული და გონება, ინი და იანი, სული და სხეული…

 

  • ციფრული/ტექნოლოგიური უნარები – ცოდნისა და ინფორმაციის გადასაცემად ჩვენ ტექნოლოგიებით ვსარგებლობთ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ამ ახალი ტექნოლოგიების „წაკითხვა“ და მართვა, შეგვეძლოს გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ბაზები, ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინები და სხვა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც დონეზე ყველას დასჭირდება, ტექნოლოგიებთან კომფორტულად იგრძნოს თავი – ჩათვალოს ისინი მეგობრად და არა მტრად.

 

  • ცოდნის მართვა/მედიაწიგნიერება – დღეს ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია. ცოდნა არა მარტო სწრაფად იცვლება, არამედ სრულიად განსხვავებული წყაროებითაც ვრცელდება, რომელთაგან ყველა სანდო არ არის, ამიტომ ცოდნის მართვა დიდ პასუხისმგებლობათანაა დაკავშრებული. ცოდნის მოპოვებასთან ერთად აუცილებელია მისი შემოწმება, შეფასება, წყაროს დადგენა და შემდეგ გავრცელება. ცოდნის ეფექტური მართვის უნარი ციფრული სამყაროს ანაბანაა!

 

  • საკუთარი თავის ბრენდინგი – ციფრულ სამყაროში/სოციალურ ქსელებში თუ თქვენი ციფრული ორეული ჯერ არ შეგიქმნიათ, ჩათვალეთ, რომ არც არსებობთ! რას ნიშნავს საკუთარი თავის ბრენდინგი და რა საჭიროა ის? მარტივად გეტყვით: როდესაც სამსახურის მაძიებელი ხართ და მიდიხართ გასაუბრებაზე, იცით, თქვენთან შეხვედრის შემდეგ რას აკეთებს თქვენი დამსაქმებელი? რა თქმა უნდა, გუგლის საძიებოში თქვენს სახელსა და გვარს წერს, ან თქვენს სოციალურ ქსელს ჩამოსქროლავს. მოგისინჯავთ თავად საკუთარი თავის „დასერჩვა“? თუ არა, მაშინ ახლავე სცადეთ და ნახეთ, პირველ გვერდზე გუგლი რა მასალას ამოყრის თქვენზე. შეხედეთ მას დამსაქმებლის თვალით.

როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო ციფრული ხდება, ვგულისხმობთ, რომ ის დიდი დოზით იჭრება ყველა სფეროში – ეკონომიკაში, კულტურაში, განათლებასა თუ პოლიტიკაში. სოციალური ქსელი მხოლოდ გასართობი სივრცე არ არის – ეს არის ადგილი, რომელიც თაიმლაინზე თქვენს ანაბეჭდებს აგროვებს, ეს კი საუკეთსო საშუალებაა, თქვენ შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ. ჰოდა, სანამ გასაუბრებაზე წახვალთ, თვალი გადაავლეთ სოციალურ ქსელს და მოიძიეთ ინფორმაცია საკუთარ თავზე.

ქაღალდზე დატეული სიტყვები

0

„ყველგან, ყოველთვის

ლექსი იყო ქაღალდზე ძვირი,

დღეს წავხდით ისე, დაგვეტაკა ისეთი ჭირი,

დიდი ნათელის ძიებაში ისე დავღამდით,

რომ ლექსზე ძვირად იყიდება თვითონ ქაღალდი…“

ფრიდონ ხალვაში

 

ქაღალდი, ლექსზე არ ვიცი და  პურზე ძვირად ძველ დროში ფასობდა. ჯერ  საწერ მასალად  ქვებს, ხეების ქერქს, ფოთლებს და ცხოველების ტყავს იყენებდნენ. წარმოიდგინეთ ქვაზე დაწერილი წერილი, ან თუნდაც ქიმიის სახელმძღვანელო … რა მოუხერხებელი იქნებოდა.

შემდეგ, ჩინეთში, 105 წელს იმპერატორის კარზე მომუშავე ვინმე ცაი ლუნმა  ქაღალდი გამოიგონა. ცაი ლუნმა    ხის ქერქი, ბალახების ბოჭკო, ქსოვილის ნაჭრები და თევზსაჭერი ბადის ნაკუწები შეაგროვა. ამ ყველაფერს მისი დამხმარეები ანაკუწებდნენ, დიდი ხნით წყალში ალბობდნენ, შემდეგ ამ ნარევს აცხელებდნენ და ფირფიტაზე  თხელ ფენად უსვამდნენ . მზეზე გამოშრობის შემდეგ  ქაღალდი საწერად მზად იყო.  იმპერატორს  მიღებული ქაღალდი ძალიან მოეწონა და ბრძანება გასცა, წარმოება მთელი ჩინეთის მაშტაბით გაეშალათ.

მერვე საუკუნეში ჩინეთმა აზიის სხვა ქვეყნებში  ქაღალდის ექსპორტი დაიწყო.  თუმცა, თავად წარმოების რეცეპტს საიდუმლოდ ინახავდა. 751 წელს, არაბების მიერ ქაღალდის წარმოების მცოდნე რამდენიმე ჩინელი მუშა იყო გატაცებული და ქაღალდის წარმოება ახლა უკვე არაბეთშიც განვითარდა. მე-12-ე საუკუნემდე  სწორედ არაბებს ეკუთვნოდათ ქაღალდის წარმოებაზე მონოპოლია.

თუმცა, მეთორმეტე საუკუნიდან უკვე ესპანეთშიც გამოჩნდა ქაღალდის დასამზადებელი საამქროები.  ესპანეთს ევროპის სხვა ქვეყნებიც წამოეწივნენ.

ქაღალდის წარმოებაში დიდი გადატრიალება მოახდინა ინგლისელმა მეწარმემ ჯეიმს ვატმან უფროსმა. მე-18-ე საუკუნის 70-იან წლებში მან თეთრი ქაღალდის მიღება შეძლო.  დღესაც A1ფორმატის სქელი კონსისტენციის ქაღალდ სწორედ ვატმანს უწოდებენ.  თუმცა,  ამ ფორმატთან ვატმანს არანაირი კავშირი არ ქონდა.

ლუი ნიკოლა რობერმა პირველმა შეძლო ქაღალდის წარმოების ავტომატიზება და ეს 1799 წელს მოხდა, როდესაც ქაღალდის მწარმოებელი დანადგარი დააპატენტა.  1806 წელს ლონდონელმა გამომცემლებმა ძმებმა ჰენრი და სილი ფურდრინებმა  ასევე დააპატენტეს თავიანთი დიზაინით დამზადებული ქაღალდის მწარმოებელი მანქანა.  მოგვიანებით მსგავსი აპარატურით აღჭურვილი ქარხნები სხვადასხვა ქვეყნებშიც გაიხსნა. ქაღალდის საწარმოებლად კი უმეტესად ცელულოზის გამოყენება დაიწყეს.

ცელულოზის (უჯრედისის) მოლეკულები შედგებიან ბეტა-გლუკოზის ნაშთებისგან, რომლებიც ერთმანეთთან 1,4 გლიკოზიდური ბმებითაა დაკავშირებული. ფორმულაა (C6H10O5)n.

ბეტა-გლუკოზის ნაშთის რიცხვი 1000-ზე მეტია. სახამებელთან შედარებით ცელულოზის მოლეკულაში n მნიშვნელობა უფრო მეტია. მისი მოლეკულური მასა რამდენიმე მილიონს აღწევს.

ცელულოზას მოლეკულას აქვს მხოლოდ ხაზობრივი აღნაგობა. სახამებლისგან განსხვავებით მას წაგრძელებული ფორმა აქვს. თითოეული ციკლის სამი ჰიდროქსილის ჯგუფი, მაკრომოლეკულებთან წყალბადური ბმების საშუალებით წარმოქმნიან კონებს, რაც ცელულოზას დიდ მექანიკურ მდგრადობას ანიჭებს. სწორედ ამ თვისების გამო მცენარის სამშენებლო მასალისთვის ბუნება ცელულოზას იყენებს.

ცელულოზა მყარი, თეთრი ფერის ბოჭკოვანი ნივთიერებაა. წყალსა და ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება. ცელულოზას ბოჭკო  შედგება კონებისგან, რომლებიც ძაფის მოლეკულების პარალელურადაა განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებულია წყალბადური ბმებით, რომელიც -OH ჯგუფების ურთიერთქმედებით წარმოიქმნება.  ამ კონებში გამხსნელი ვერ აღწევს და შესაბამისად ცელულოზა ვერ იხსნება.

ცელულოზის ბოჭკოს ახასიათებს მაღალი მექანიკური მდგრადობა. იგი მცენარის უჯრედის გარსის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებაა, ამიტომ მას უჯრედისი ეწოდება. იგი მცენარეს ელასტიურობას და სიმტკიცეს ანიჭებს.

ცელულოზა, სახამებლის მსგავსად, მჟავა არეში ჰიდროლიზის შედეგად გლუკოზას წარმოქმნის. ამიტომ, ერთი რეაქცია ჩავატაროთ და მასალად ბამბა გამოვიყენოთ.

ბამბა ჩავდოთ ფაიფურის ჯამში, დავასხათ გოგირდმჟავა და ვსრისოთ ფაფისებური მასის წარმოქმნამდე. შემდეგ დავუმატოთ წყალი, რომელიც ჰიდროლიზისთვისაა აუცილებელი. ხსნარი ჭიქაში გადმოვასხათ და გავაცხელოთ.

ცელულოზის ჰიდროლიზის საბოლოო პროდუქტი გლუკოზაა. გლუკოზამდე კი ცელობიოზა წარმოიქმნება.

ბამბის ნაცვლად იგივე ცდა მერქნის ან ხის ნაჭერზე შეიძლება ჩატარდეს. გოგირდმჟავას დამატებისას ხე დანახშირდება, თუმცა ცდის მსვლელობას ეს ხელს არ შეუშლის და საბოლოო პროდუქტად კვლავ გლუკოზას მივიღებთ.  ნამდვილად გლუკოზა წარმოიქმნება თუ არა, ამის გადამოწმებაც იოლადაა შესაძლებელი, ალდეჰიდის ჯგუფზე აღმომჩენი რეაქციის ჩატარებით.

თუ კლასში ერთი მოსწავლე მაინც არის, ვისაც ქიმია სხვებისგან გამორჩეულად უყვარს, სწორედ იმ ერთისთვის ღირს შემდეგი რეაქციის ჩატარება. თუ ასეთი მოსწავლე არ გყავთ, მით უფრო ჩასატარებელია, რომ რომელიმეში მაინც  ქიმიის მიძინებულმა სიყვარულმა სასწრაფოდ გაიღვიძოს.

მაშ ასე, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას ნარევში ჩავდოთ ბამბა, გავაჩეროთ 15-20 წთ. დროდადრო ვურიოთ. ამ პროცესს ცელულოზას ნიტრირება ეწოდება.  ბამბა მჟავების ნარევიდან წკირით ამოვიღოთ, გადავიტანოთ წყლიან ჭიქაში და გამდინარე წყლით გავრეცხოთ.  შემდეგ ბამბა გავშალოთ და ფილტრის ქაღალდზე კარგად გავაშროთ.

ცელულოზას ნიტრირებით მივიღეთ ნიტროცელულოზა, ანუ ცელულოზას აზოტმჟავა ეთერი. ვიზუალურად ჩვეულებრივი ბამბისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა წვის რეაქციით განსხვავებას იოლად შევამჩნევთ. ჩვეულებრივი ბამბა ხანგრძლივად იწვის, ნიტროცელულოზა კი მყისიერად.

ნიტროცელულოზის აღნაგობა ციკლური ფორმითაც შეიძლება გამოვსახოთ.

 

ნიტროცელულოზა სხვა ამბავშიცაა გარეული. ცელულოზა ხელოვნური ბოჭკოს შესაქმნელადაც  აირჩიეს. საქმე ის იყო, რომ აბრეშუმის ჭიისგან მიღებულ ძაფში აღმოჩნდა ცელულოზაში მყოფი დიდი და პატარა მოლეკულების მსგავსი მოლეკულები, მაგრამ ისინი ნახშირბადის, ჟანგბადის და წყალბადის ატომების გარდა, აზოტის ატომებსაც შეიცავენ, ცელულოზის მოლეკულებში კი აზოტის ატომები არ იმყოფება. ამიტომაც, ცელულოზის აზოტმჟავით დამუშავება და ამ გზით მასში აზოტის ატომების შეტანა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ასე ცელულოზა ხსნადი გახდებოდა. აზოტმჟავით დამუშავების შემდეგ, ცელულოზა მართლაც კარგად იხსნებოდა სპირტის და ეთერის ნარევში. ცელულოზასთან აზოტმჟავას ურთიერთქმედების დროს კონდენსაციის რეაქცია მიმდინარეობს, მჟავას თითოეულ მოლეკულაზე წყლის ერთი მოლეკულა გამოიყოფა და მიიღება ნიტროცელულოზა.

თუმცა სიროფისებური მასიდან ძაფის მიღება არ ხერხდებოდა. ცელულოზის მოლეკულები უწესრიგოდ ლაგდებოდნენ. საჭირო იყო ცელულოზის ხსნარი უწვრილეს ნახვრეტებში გაეტარებინათ, ასევე აუცილებელი იყო შესაბამისი დანადგარის გამოგონებაც.  მოგვიანებით ეს განახორციელა ფრანგმა ინჟინერმა შარდანემ და მას ხელოვნური ბოჭკოს მიღების ნიტრატული წესი უწოდეს.  ბოჭკოდან დამზადებულ ქსოვილს კი ნიტრატული აბრეშუმი, რომელიც ძალზედ პოპულარული გახდა, თუმცა მალევე გამჟღავნდა მისი ნაკლი – ადვილად აალებადობა.

კიდევ ერთი მარტივი ცდა, რაც გაკვეთილის დროს შეიძლება ჩატარდეს ქაღალდის ე.წ. დახვეწაა. ანუ, შედარებით ცუდი ხარისხის ქაღალდის იმგვარად დამუშავება, რომ ის საწერადაც გამოდგეს. ავიღოთ, ჩვეულებრივი პირსახოცის ფორებიანი ქაღალდი. მანამდე მოვამზადოთ სახამებლის ე.წ. წებო. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი სახამებელი და შეძლებისდაგვარად გახსენით მცირე რაოდენობის წყალში. ბუნებრივია, კარგად არ გაიხსნება. მიღებული ნარევი ჩაასხით 200მლ მდუღარე წყალში და კვლავ კარგად მოურიეთ. წებო მზადაა. აიღეთ ფუნჯი და სახამებლის წებო თქვენს ქაღალდის პირსახოცზე დაატანეთ. ეცადეთ თანაბრად დაფაროთ ზედაპირი. აცადეთ გაშრობა. სახამებლის წებო ამოავსებს იმ სიცარიელეებს, რაც ცელულოზას კონებს შორის არის და შესაბამისად გაშრობის შემდეგ ქაღალდი წყალს ვეღარ შეიწოვს (არადა, ხომ გახსოვთ, ასეთი პირსახოცის ქაღალდი, სწორედ წყლის შეწოვისთვის გამოიყენება).  შემდეგ ეტაპზე ქაღალდი უნდა გავათეთროთ. მათეთრებლად იყენებ ტიტანის დიოქსიდს, ალუმინის სულფატის და კალციუმის ჰიდროქსიდის ნარევს, ან ჩვეულებრივ ცარცს, ანუ კალციუმის კარბონატი. ეს უკანასკნელი დაფხვენით და წებო წასმულ ქაღალდს საცერის მეშვეობით მოაფრქვიეთ, არ დაინანოთ, ბლომად იყოს. მერე გაშრობა აცადეთ და სახელდახელოდ შექმნილ ცარცის ქაღალდზე დაე, თითოეულმა მოსწავლემ რაიმე დაწეროს…ის სიტყვები, რასაც ქაღალდი დაიტევს.

 

 

 

 

 

მთავარი სათქმელი, მწერლის საზრისი და მკითხველის აღქმა

0

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებას ვასწავლით. ამასთან, ვთხოვთ იმსჯელონ პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე, მათი ქცევის მოტივებზე, ამოიცნონ მწერლის სათქმელი, გმირების სულიერ-ემოციური მდგომარეობა, იკვლიონ კავშირები ტექსტებს შორის…

ტექსტისადმი მკითხველის დამოკიდებულება, ტექსტთან მისი ურთიერთობა უნიკალური გამოცდილებაა. ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ემოციას, საფიქრალს აღძრავს. შესაძლებელია კი, საზოგადოდ, „მწერლის საზრისის“, ტექსტის „მთავარი სათქმელის“ ამოცნობა?

ჰერმან ჰესე „ტრამალის მგლის“ ბოლოთქმაში საინტერესოდ მსჯელობს მკითხველის აღქმის თავისუფლებასა და ავტორისეული ჩანაფიქრის მიმართებაზე:

„ამა თუ იმ მხატვრულ ნაწარმოებზე მკითხველს შეიძლება სწორი აზრიც შეექმნას და უმართებულოც, მწერალს კი უმეტესწილად არ ძალუძს, წინასწარ განსაჯოს, მისი ჩანაფიქრი როდის გახდება ხელმისაწვდომი მკითხველისთვის და როდის – არა. ისეც ხდება, რომ ნაწარმოებში მკითხველი თვით ავტორზე მეტ აზრობრივ შრეებს აღმოაჩენს, მაგრამ საგულისხმოა, რომ მწერლის საზრისის ასეთი არაერთმნიშვნელოვანი აღქმა ზოგ შემთხვევაში სასარგებლოც კი გამოდგება ხოლმე. „ტრამალის მგელს“ ჩემს შემოქმედებაში ყოველთვის იმ ნაწარმოებთა რიცხვს მივაკუთვნებდი, უფრო ხშირად არასწორად რომ ესმოდათ. ამ წიგნით აღფრთოვანებულ ზოგ მკითხველს ჩემი თვალსაზრისის საწინააღმდეგო აზრიც კი გამოუთქვამს. ეს ამბავი ნაწილობრივ – დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ – იმით შეიძლება აიხსნას, რომ ორმოცდაათი წლის კაცის ხელით დაწერილ ამ წიგნს, რომელიც, სახელდობრ, ამ ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, უფრო ხშირად სრულიად ახალგაზრდა მკითხველები ეტანებოდნენ ხოლმე. მაგრამ ჩემი ხნის მკითხველთა შორისაც მინახავს ისეთები, რომლებზედაც ამ წიგნს შთაბეჭდილება კი მოუხდენია, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, მის არსს მხოლოდ მიახლოებით თუ ჩასწვდომიან. რატომღაც მგონია, ეს მკითხველები ტრამალის მგელში მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს ხედავენ და მას საკუთარ „მესთან“ აიგივებენ, მის სატკივარს განიცდიან და აზრებსაც იზიარებენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ წიგნს ჰარი ჰალერის სიძნელეებთან ერთად სხვა საზრუნავიც გააჩნია და სათქმელი სხვაც ბევრი აქვს. ეს მკითხველები ვერ ხედავენ ტრამალის მგლისა და მისეული პრობლემებით აღსავსე ცხოვრების მიღმა აღმართულ ზეგარდმო, უჭკნობ სამყაროს, ვერ მიმხვდარან, რომ „ტრაქტატზე“, სულზე თუ ხელოვნებასა და „უკვდავთა დასზე“ მსჯელობისას ტრამალის მგლის დუხჭირ ცხოვრებას უპირისპირდება ზეპიროვნული და ზედროითი – ხალისიანი რწმენით გამსჭვალული ჭეშმარიტი სამყარო… და თუმცა წიგნი სულიერ ტანჯვაზე მოგვითხრობს, იგი მაინც სასოწარკვეთილი კი არა, რწმენასთან წილნაყარი კაცის ნაღვაწია. რა თქმა უნდა, არ შემიძლია და არც მსურს, მკითხველს საკუთარი ჩანაფიქრი წინასწარ მოვახვიო თავს. დაე, თითოეულმა მათგანმა თავის წარმოსახვაში შექმნას მისთვის ხელსაპყრობი და გამორჩეული სამყარო. მაგრამ მაინც დიდად მეამებოდა, თუ მკითხველთა უმრავლესობა გაითვალისწინებდა ჩემს შეგონებას და ირწმუნებდა, რომ მართალია, ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს ის სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა, განკურნებას ელტვის“.

საინტერესოა, არა?

მწერლები ყოველთვის არ გვთავაზობენ ხოლმე საკუთარი ხედვის, ჩანაფიქრის, საზრისის ამგვარ ახსნა-განმარტებას წიგნის ბოლოს. ამასთან, როგორი „ლმობიერი“ ავტორია ჰესე – დაე, თითოეულმა მკითხველმა თავის წარმოსახვაში შექმნას მისთვის ხელსაპყრობი და გამორჩეული სამყაროო…

ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია იმის განსაზღვრა, სად იწყება ის, რასაც ჰესე „არაერთმნიშვნელოვან აღქმას“ უწოდებს და სადაა „მწერლის საზრისი“.

წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც ხშირად აბნევს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, ესაა:

  • რამდენად თავისუფალია მკითხველი თავის ინტერპრეტაციაში?
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს, ისე გაიაზროს წაკითხული, როგორც მოესურვება?
  • შეუძლია თუ არა, საკუთარი წარმოსახვის მეშვეობით გასცდეს მოცემულობას (მხატვრული ტექსტის რეალობას, მხატვრული ტექსტის მოცემულობას) და არაარგუმენტირებული, ე.წ. „არალეგიტიმური ინტერპრეტაცია“ შემოგვთავაზოს ანალიზისას?
  • რას უნდა ეფუძნებოდეს მხატვრული ლიტერატურის გააზრებისას ჩვენი ინტერპრეტაცია? მკითხველის პირად დამოკიდებულებას, შეფასებას, ემოციასა და განწყობას თუ გარკვეულ წანამძღვრებს, ტექსტის მონაცემებს, ავტორისეულ მინიშნებებს?

 

ნიმუში პირველი

პერსონაჟი: საფარ-ბეგი

სამსჯელო კითხვა: ინანიებს თუ არა გულწრფელად საფარი ჩადენილს? გაისიგრძეგანა თუ არა მან დანაშაული?

„გამზრდელის“ შესწავლისას მოსწავლე ასკვნის, რომ საფარ-ბეგი როგორი ავკაცი და ავხორციც იყო, ისეთივე დარჩა, იმ მცირე დროში შეუძლებელი იყო ტრანსფორმაცია, მას „არ სჯერა“ მისი სულიერი გარდასახვისა და სინანულის. სინამდვილეში საფარს არ მოუნანიებია საქციელი, რადგან დილით „მშვენივრად გამოიძინა“ და ბათუ თავად რომ არ მიმხვდარიყო, რაც მოხდა, არც აპირებდა შენანებას, არც აწუხებდა სინდისი.

ამ შემთხვევაში მოსწავლე პერსონაჟის უღირსი საქციელიდან გამომდინარე შექმნილი განწყობით ხელმძღვანელობს. მისთვის მიუღებელია ის, რაც საფარმა გააკეთა და არ არის დამაჯერებელი გმირის გარდასახვა, რომელშიც ავტორი გვარწმუნებს. არგუმენტი – დილით არც კი შეიმჩნია მომხდარი და ტკბილადაც გამოიძინა, სინდისსაც კი არ შეუწუხებია – აქ არარელევანტურია, რადგან წინარე მდგომარეობას აღწერს და არა იმ სულიერ მდგომარეობას, როცა „გარდასახვას“ ვაკვირდებით.

შესაბამისად, თუ კითხვა ასეა დასმული: – ვხედავთ თუ არა საფარის გარდასახვას, მის სინანულს? – პასუხი უნდა გამომდინარეობდეს იმ მოცემულობიდან, იმ წანამძღვრებიდან, რაც ტექსტში გვაქვს.

ტექსტი კი აშკარად „ირწმუნება“, რომ საფარმა შეინანა, გაისიგრძეგანა დანაშაული და რომ გმირი მომხდარს განიცდის.

  1. მას შეეძლო გადაეხვია გზიდან და ბათუს ურთულესი დავალება არ შეესრულებინა;
  2. მას შეეძლო მოეტყუებინა გამზრდელი, შეერბილებინა ან გადაესხვაფერებინა ამბავი, მაგრამ „ეუბნება ყოველიფერს“, თანაც „ცრემლები სდის და ეჩრება ბურთად ყელში მწარე სიტყვა“. ჩანს, როგორ განიცდის მომხდარს.
  3. ის მზადაა, მიიღოს სასჯელი. პირველად მაშინ, როცა ბათუს ეუბნება: „მომკალ… ტანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე, რაც შეგცოდე, სინიდისი გამიმრთელეო“ და მეორედ მაშინ, როცა გამზრდელის წინ მოიღეღავს მკერდს.

შესაბამისად, მკითხველი გმირის მონანიების, სულიერი გარდასახვის თვითმხილველია. სხვა საქმეა, რა განწყობა-დამოკიდებულებას აღძრავს გმირი მკითხველში, მოსწონს თუ არა ის. აქ მკითხველი, რასაკვირველია, თავისუფალია. მას ვერავინ განაწყობს პერსონაჟისადმი ემპათიით/სიმპათიით ან პირიქით… მაგრამ დასმულ სამსჯელო კითხვაზე პასუხი ვერ იქნება უარყოფითი, რადგან ტექსტის მოცემულობა საპირისპიროს აჩვენებს.

საზოგადოდ, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი დედუქციურ აზროვნებას უნდა ეფუძნებოდეს. დედუქციური აზროვნება ლოგიკური აზროვნების ის მეთოდია, რომელსაც მოცემულ წანამძღვრებზე, წინაპირობებზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა და მხატვრულ ტექსტში გაბნეული ასეთი წანამძღვრები, წინაპირობები აუცილებლად გასათვალისწინებელია განსაზღვრული დასკვნების გამოტანისას.

თუ ლიტერატურული ინტერპრეტაცია გასცდა ტექსტის „რეალობას“, ტექსტის მოცემულობას, იმ „წანამძღვრებს“, რომლებსაც მწერალი მინიშნებებივით გვიტოვებს ტექსტში, ის სუბიექტურ, დაუსაბუთებელ მოსაზრებად იქცევა ან ანალიზის ავტორს დიდი ოსტატობა დასჭირდება მსჯელობის წარსამართავად.

 

ნიმუში მეორე

პერსონაჟი: ლუარსაბ თათქარიძე

სამსჯელო კითხვა: რა მიზნით დახატა მწერალმა ეს პერსონაჟი? რა იყო მისი გზავნილი?

ტექსტის შესწავლის შემდეგ მოსწავლე ასკვნის: ლუარსაბი ბედნიერი, ცხოვრებით კმაყოფილი კაცია. მან უზრუნველი ცხოვრება განვლო და ადამიანის არსებობის მთავარი საზრისიც ასეთი უზრუნველი ცხოვრების ბედნიერად გატარებაა. რა უფლება გვაქვს, განვსაჯოთ მისი ცხოვრების წესი? ისე იცხოვრა, როგორც უნდოდა. საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია ჰქონდა. ადამიანი, მისი თქმით, ქვევრია, რომელიც ხორაგით უნდა აავსო. საჭმელ-სასმელზე ზრუნვა, ბუზების თვლა, უქმობა და მოჩვენებითი საქმიანობაა ბედნიერი ცხოვრების გარანტია იყო მისთვის.

ამ „თავისუფალ ინტერპრეტაციაში“ უგულებელყოფილია ყველა ის წანამძღვარი, რასაც მწერალი უშურველად, პირდაპირ, დაუფარავად ან შეფარვითა და ირონიით გვაწვდის ტექსტში. ლუარსაბი ქონში ჩაძირული კაცია (გავიხსენოთ ავტორისეული გენიალური აღწერა, პროზაული პორტრეტის გასაოცარი ნიმუში). მთელი მისი ცხოვრება შემოიფარგლება მისი აყროლებული ეზო-კარით, ბუზების თვლით, საჭმელზე ფიქრით. ლუარსაბი „სკდება ჭამით“ (პირდაპირი მნიშვნელობით). მისი ცხოვრება ილუსტრაციაა იმისა, როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, „არაფრობაში“ განვლილი ცხოვრების აღწერაა. მისი არსებობა, ვაჟას სიტყვები რომ მოვიხმოთ, „ლეშის ლაღობაა“, „უქმად ცხოვრების ჩამოლევაა“ და არა ბედნიერება.

 

“მე ასე მესმის“…

მხატვრული ტექსტის ინტერპრეტირებისას, ანალიზისას ხშირად გვხვდება ფრაზები: „მე ასე გავიგე“, „მე ასე წავიკითხე“, „მე ასე მესმის“, „მაქვს უფლება, ისე ვიფიქრო, როგორც მინდა“. რასაკვირველია, მკითხველს აქვს უფლება (და მას ამ უფლებას არავინ ართმევს), იგრძნოს, განიცადოს, იფიქროს ისე, როგორც მას მოესურვება, როგორც შეუძლია. მაგრამ როდესაც საუბარია მსჯელობასა და საანალიზო კითხვებისთვის პასუხების მოძიებაზე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ინტერპრეტაციის ვალიდურობა.

ისევ დედუქციას ვახსენებ – მეთოდს, რომელსაც შერლოკ ჰოლმსი წარმატებით იყენებდა გამოძიებისას. ისე, საინტერესო იქნება ლიტერატურული ტექსტის ანალიზის გამოძიებად წარმოდგენა; მკითხველი, რომელიც მსჯელობისა და ანალიზისთვის ემზადება, სწორედ „გამომძიებლად“ უნდა იქცეს და ყურადღებით მოიძიოს „სამხილები“, რომლებიც მართებული დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს.

საიდუმლოს შენახვა ბავშვებში

0

ერთხელ ქალბატონმა, რომელსაც ბავშვის თავისებურებებზე, მის ბუნებაზე, უშუალობაზე, გულწრფელობასა და ბუნებრიობაზე ვესაუბრებოდი, საინტერესო შემთხვევა გაიხსენა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა მშობლისთვის საყურადღებო იქნება:

„რამდენიმე დღის წინ ერთმა თანამშრომელმა დაბადების დღეზე მიგვიწვია. ძალიან საინტერესო და თბილი საღამო გამოვიდა. აღფრთოვანებული დავრჩით მასპინძლის ყურადღებით და რომ არა ერთი შემთხვევა, წვეულება ალბათ იდეალურად ჩაივლიდა.

ერთ სტუმარ ქალბატონს თეფში დაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა. ქალბატონი ძალიან შეწუხდა. მასპინძელმა დამშვიდება დაუწყო. ხმაურზე ოთახში შემოირბინა ჩვენი მასპინძლის გოგონამ, ხუთი წლის ნანუკამ, გაფართოებული თვალებით შეხედა დამსხვრეულ თეფშს, ხელები ფუმფულა ლოყებზე შემოიწყო და შეშფოთებულმა წარმოთქვა: „უი, თეფში გატეხა, ნათხოვარი!“

სტუმრებს ბავშვის სიტყვებზე გაეღიმათ, დარცხვენილმა დედამ კი შვილს ხელი ჩაჰკიდა და მეზობელ ოთახში გაიყვანა. გვესმოდა, როგორ საყვედურობდა პატარას მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის.

როგორც შემდეგ გაირკვა, მეზობელს ნამდვილად უთხოვებია ჩვენი მასპინძლისთვის ულამაზესი ჭურჭელი სტუმრების „ღირსეულად“ დასახვედრად, რას წარმოიდგენდა ნანუკას დედა, რომ მისი პატარა ასე „დაუნდობლად“ გასცემდა ოჯახურ საიდუმლოს!“

ვფიქრობ, ასეთი რამ 5-6 წლის ყველა ბავშვის მშობელს შემთხვევია. პატარები ხალხში გულუბრყვილოდ იმეორებენ დედ-მამის მიერ ოჯახურ სიტუაციაში წარმოთქმულ ფრაზებს, რომლებიც გარეშე ყურისთვის არ არის განკუთვნილი.

გარკვეულ ასაკამდე პატარებს არ ესმით, რა მისაღებია და რა – არა. ისინი ჰყვებიან ყველაფერს, რაც მათ სახლში ხდება. ცხადია, ამას ისინი ავი განზრახვით არ აკეთებენ. ბავშვის უშუალობამ ოჯახურ წრეში შესაძლოა ღიმილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ როცა ბავშვის წყალობით ინფორმაცია ოჯახიდან გადის, მშობლებს ნამდვილად აღარ აქვთ საქმე სასაცილოდ.

ბავშვის ასეთი ქცევის ძირითადი მიზეზებია:

* ასაკი – 5-6 წლამდე ასაკის ბავშვები გულწრფელობით, უშუალობით, პირდაპირობით გამოირჩევიან. ისინი სამყაროს ისე აღიქვამენ, როგორც ხედავენ, ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, რასაც ისმენენ. ზრდილობის, თავაზიანობისა და ეტიკეტის ცნებები მათთვის ჯერჯერობით უცხოა და ვერ ხვდებიან, რატომ არ შეიძლება უცხო ადამიანებთან იმის თქმა, რაც ჩვენგან მოისმინეს. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ზოგ რამეს ადამიანი სხვის გასაგონად არ ამბობს.

* ბავშვის დამოკიდებულება ოჯახში მოსმენილისა და ნანახის მიმართ – ყველაფერს, რასაც ბავშვი ხედავს და ისმენს სახლში, მისთვის მისი ცხოვრების ნაწილია. ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რაც მის ოჯახში ხდება, ფინანსური საკითხები იქნება თუ დედისა და მამის ან დედისა და ბებიის ურთიერთობის სირთულეები, მასაც ეხება, ასე რომ, უცხო ადამიანებთან თავის ოჯახზე საუბრისას ის ფაქტობრივად საკუთარ თავზე ლაპარაკობს.

* გარშემო მყოფთა ყურადღების მიპყრობის სურვილი – „სენსაციური“ ინფორმაცია ბავშვებისთვის საუკეთესო ხერხია გარშემო მყოფთა ყურადღების მისაპყრობად. უფროსები პატარებს უმეტესად არც კი უსმენენ, მაგრამ საკმარისია, ბავშვმა მშობლების საიდუმლო გასცეს, რომ მყისვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ბავშვი ამჩნევს ამას და უკვე შეგნებულად იყენებს ამ ხერხს გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

* ბავშვის პიროვნული თავისებურებები – გულღია, ექსტრავერტი ბავშვები განსაკუთრებით მიისწრაფვიან ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისკენ. ეს ნაკლებად სჩვევიათ პატარა ინტროვერტებს, რადგან მათ თავიანთი შინაგანი სამყარო უფრო მეტად აინტერესებთ, თუმცა მათაც შეიძლება რამე ზედმეტი წამოსცდეთ.

 

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ყველაფერი, რასაც ოჯახში ისმენს, არ უნდა გაიმეოროს გარეშე ხალხთან? როგორ დავანახოთ განსხვავება საჯაროდ მოსაყოლ ამბებსა და იმას შორის, რაც გარეშეთათვის არ არის განკუთვნილი?

* უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება, ამიტომ ყველაზე დიდი სიფრთხილე სწორედ მათი თანდასწრებით საუბრის დროს უნდა გამოვიჩინოთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ასაკის ბავშვი მეტისმეტად პატარაა, რათა დიდების საუბრიდან რაიმე აზრი გამოიტანოს, ამიტომ არ ერიდებიან მისი თანდასწრებით ისეთი საკითხების განხილვას, რომელთა გასაჯაროება შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ოჯახის რომელიმე წევრისთვის. არადა ბავშვის ყურს არაფერი გამოეპარება. თავს ნუ დავიმშვიდებთ ილუზიით, რომ ზრდასრულთა ცხოვრება მისთვის გაუგებარი და უინტერესოა. პატარები უჩვეულოდ მგრძნობიარენი არიან ჩვენი ემოციური მდგომარეობის მიმართ და თამაშით თუ მულტფილმების ყურებით გართულებსაც კი ყველაფერი ესმით და ყველაფერს იმახსოვრებენ. ტყუილად კი არ ადარებენ ბავშვის ყურებს ლოკატორებს! შესაძლოა ბავშვმა მართლაც ვერაფერი გაიგოს საუბრიდან, რომელიც უფროსების ურთიერთობას, სამსახურს, პირად ცხოვრებას ეხება, მაგრამ ავტომატურად, როგორც მოლაპარაკე თუთიყუშმა გაიმეოროს ჩვენი სიტყვები სადმე, გარეშე ადამიანებნის თავშეყრის ადგილას. ასე რომ, რაც უფრო ნაკლები საიდუმლო ეცოდინება ბავშვს, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი, ეს „სენსაციური“ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნოს.

* თუ ბავშვმა მაინც მოჰკრა ყური თქვენს საუბარს და გარეშე ხალხთან გაამჟღავნა ისეთი რამ, რისი გახმაურებაც არ გინდოდათ, ნუ ეჩხუბებით – ის ხომ თქვენს სიტყვებს იმეორებს. მოიხადეთ ბოდიში მის მაგივრად, გაიზიარეთ პასუხისმგებლობა შექმნილი უხერხულობის გამო. მერე კი, როცა მარტო დარჩებით, მშვიდად განიხილოთ მასთან ერთად მომხდარი ამბავი. აუხსენით, რომ ხანდახან უნებურად შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანებს ზედმეტის თქმით, ამიტომ ჯობია, ნაკლები ვილაპარაკოთ ან სულაც ჩუმად ვიყოთ.

* ვასწავლოთ ბავშვს პატარ-პატარა საიდუმლოების შენახვა. მოვიფიქროთ თამაში ერთმანეთის სიმტკიცის გამოსაცდელად. მაგალითად, ვუთხრათ ბავშვს, რომ დაბადების დღისთვის ბებოს მოვუმზადეთ სიურპრიზი, რომელიც საღამომდე საიდუმლოდ უნდა შევინახოთ. თუ ბავშვი ამას თავს გაართმევს, შეიძლება წავახალისოთ, შევაქოთ გამოჩენილი სიმტკიცისთვის. თანდათან გავზარდთ საიდუმლოს შენახვის დრო. არ დაგვავიწყდეს ამ დროს ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „შენ საკმაოდ დიდი ხარ და შემიძლია გენდო“; „ბებოს ძალიან უყვარს სიურპრიზები, ამიტომ საიდუმლოს შენახვა აუცილებელია“. ასე ბავშვი იგრძნობს თავის მნიშვნელოვნებას და ჩასწვდება ნდობის არსს.

ძალიან მნიშვნელოვანია უფროსის პოზიტიური პირადი მაგალითი. ნურც თავად გავამჟღავნებთ ახლობლებისა თუ თავად ბავშვის საიდუმლოს (მაგალითად, არ გავცეთ, რომ სიბნელის ეშინია, მოუწესრიგებელია, ღამღამობით ისველებს). ვაჩვენოთ პატარას, რომ პატივს ვცემთ და ვინახავთ მის საიდუმლოს. გაგვიჭირდება ვასწავლოთ ბავშვს ახლობლების პირადი ცხოვრების პატივისცემა, თუ თავად არ გამოვიჩენთ პატივისცემას მისი პირადი ცხოვრების მიმართ. ვეცადოთ, არ შევულახოთ თავმოყვარეობა უცხო ადამიანების თანდასწრებით შენიშვნის მიცემით.

* ავუხსნათ, რომ სხვისი საიდუმლოს გამჟღავნება ღალატის ტოლფასია და ამის გაკეთება მაშინაც კი არ შეიძლება, თუ ვეჩხუბეთ და გავებუტეთ ადამიანს, რომელმაც ოდესღაც თავისი საიდუმლო გვანდო.

დაბოლოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ საიდუმლოს შენახვის უნარი ძალზე მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცისთვის. მეგობრის საიდუმლოს გამღავნება დაუშვებელია, ასე შესაძლოა დავკარგოთ კიდეც მეგობარი. ადრეული ასაკიდანვე ჩავუნერგოთ ეს ბავშვებს და ისინი კარგ ადამიანებად გაიზრდებიან.

ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანია სკოლაში

0

საქართველო მყარად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს მსოფლიოს ყველაზე საშიშ სტატისტიკაში. ასი ათას მოსახლეზე covid 19-ის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებითა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილსაიმედო მდგომარეობა გვაქვს. ამის მიუხედავად, ორჯერ ვაქცინირებული მოსახლეობის მხოლოდ 31%-ია. ვაქცინაციაზე არც ფიქრობს მასწავლებლების თითქმის მესამედი და მშობელთა მილიონიანი საზოგადოების უდიდესი ნაწილი.

დაგაკვირდებით აცრილებს 1-2 წელი და მერე გადავწყეტ, ავიცრა თუ არა!;

ვინ მომცემს გარანტიას, რომ ავიცრები და არაფერი მომივა?;

მე რომ აცრის მერე რამე დამემართოს, შენ აგებ პასუხს? ეს ყველასთვის ნაცნობი ფრაზებია, რომლებსაც მოსახლეობისგან ხშირად მოისმენთ. მათ შორის, ბევრი პედაგოგი და უფრო მეტი მშობელია, ვინც ვერ იაზრებს საკუთარ როლს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ელოდება მესამე პირს, რომელიც მის ნაცვლად აიღებს პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე და „მისცემს გარანტიას“, რომ ვაქცინაციის შემდეგ არასდროს აღარაფერი დაემართება. ვაქცინაციის პროცესმა დაგვანახა, რომ საქართველოში იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც ბავშვს ზრდის და ასწავლის, გააზრების, გადაწყვეტილების მიღების და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების პრობლემა აქვს. არადა, ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ლოდინის დრო არ არის. შესაძლოა, ბევრი მერყევი თუ მომლოდინე ადამიანისთვის ეს ყბადაღებული 1-2 წელი საერთოდ ვეღარ დადგეს. მით უმეტეს ვერ დაველოდებით რამდენიმე წლის წინ დაწყებული განათლების რეფორმის შედეგებს, რომლებიც უფრო მეტად გააზრებაზეა ორიენტირებული, ვიდრე დაზეპირებაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში სასიამოვნო შედეგებს გვპირდება.

დღეს კორონავირუსი გვიტევს. დღევანდელი ჩვენი მიზანია, დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ტემპს, რომელიც აღარც კი გვახსოვს, როგორი იყო.

მანამდე კი ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სკოლები ღია მდგომარეობაში, რათა ამ ჯოჯოხეთური წლებიდან ნაკლები დანაკარგით გავიყვანოთ ბაშვები. ამისთვის საჭიროა, მკაცრად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. ვაქცინირებული პედაგოგები და მშობლები არიან იმის გარანტი, რომ სკოლაში ვირუსული ინფექცია ვერ შევა. თუ ბავშვს სახლშიც და სკოლაშიც უსაფრთხო გარემო ექნება, ჩვენ დავიცავთ მას ვერაგი დაავადებისგან.

მეცნიერებამ მიაღწია იმას, რომ

  • აცრილი ადამიანი 10-ჯერ უფრო ნაკლებად ინფიცირდება;
  • დაინფიცირების შემთხვევაში დაავადება ბევრად ადვილად გადააქვს;
  • ნაკლებად გადამდებია ვიდრე აუცრელი პირი;
  • გარდაცვალება უიშვიათეს შემთხვევაში დგება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა (მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორებმა) იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენს სკოლაში ვაქცინირებული მასწავლებლებისა და მშობლების რაოდენობა? რაკი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმუნიზაცია სავალდებულო არ არის, ვერც ჩვენ მოვთხოვთ ვერავის იძულებით აცრას, ამის ერთადერთი საშუალება სანდო, სარწმუნო ინფორმაციის ჩვენივე საზოგადოებაში ფართოდ გავრცელება, დისკუსიების, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შექმნილი ვიდეო თუ სხვა მულტიმედია მასალების გაზიარებაა.

რა საშუალებები გვაქვს აქტივობების დასაგეგმად? ვაქცინაცია მეტად მგრძნობიარე თემაა. საზოგადოება არაერთგვაროვნად რეაგირებს აცრებზე. ამიტომ:

ა) პირველ რიგში მოვიძიოთ ჩვენს სასკოლო თემში მცხოვრები კომპეტენტური ადამიანები და მათთან ერთად დავგეგმოთ ის აქტივობები, რომლებიც სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებაში დაგვეხმარება. ყველაზე მეტად საჭირო ასეთი აქტივობები იმ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშია, რომლებშიც დაავადების გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია, ხოლო ვაქცინაციისა და პირბადის მოხმარების – დაბალი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადამიანი ჩვენ სიახლოვეს არ გვეგულება, თავად მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია სანდო წყაროებიდან. ერთ-ერთი ასეთი წყარო არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრაა, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების დაცვის საკითხებს ეხმიანება და მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საინტერესო, აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს – https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/videos/1912877058891846 . საჭირო და სანდო რესურსები ქვეყნდება გაეროს ბავშვთა ფონდის facebook-გვერდზე, მაგალითისთვის იხილეთ ბმული, სადაც პედიატრი საუბრობს ბავშვებში პირბადის ტარების წესსა და აუცილებლობაზე. https://www.facebook.com/unicefgeorgia/videos/331208688764978. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო რესურსები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზეც ნახოთ https://www.facebook.com/ncdcgeorgia;

გ) დღეისათვის ჩვენ უკვე ათასობით პედაგოგი გვყავს, რომლებიც ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ და თავადაც შეუძლიათ რესურსების შექმნა სკოლებში კოვიდრეგულაციების დაცვისა თუ ვაქცინაციის თემაზე. სკოლის ვებგვერდზე თუ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულმა საავტორო რესურსებმა შესაძლოა, უფრო დიდი ყურადღება და პოზიტიური უკუკავშირი დაიმსახუროს;

დ) შესაძლებელია, სასკოლო საზოგადოებასთან ისაუბრონ უკვე ვაქცინირებულმა მშობელმა თუ მასწავლებელმა. გაუზიარონ სხვებს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რამდენად კმაყოფილი არიან ახლა.

ვინ შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის მოთავე? სასკოლო საზოგადოებასთან და თემთან საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა შეუძლია სკოლის დირექტორს, თითოეულ პედაგოგს, სკოლის ექიმს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვის სამსახურს ან მოსწავლის მშობელს, თუკი მას სკოლის მხარდაჭერა ექნება.

რა უნდა იყოს ჩვენი მოტივაცია, რომ ჩავებათ ან ორგანიზება გავუკეთოთ ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანიას? სკოლა, ერთი მხრივ, ბავშვის, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი თემის განვითარების ხერხემალია. ბევრ რეგიონში სკოლა ერთადერთი ავტორიტეტული დაწესებულებაა, სადაც მას და მის თანამშრომლებს ენდობიან, პატივს სცემენ და უყვართ. სკოლის თანამშრომელი და მოსწავლის მშობელი, რომელიც იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება როგორც ბავშვის, ისე მთელი საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, არ შეუშინდება დროებით კრიტიკას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იზრუნოს ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ეს შრომა შეიძლება გადამწყვეტი იყო ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

რა შეიძლება იყოს სასკოლო თემში საკომუნიკაციო კამპანიის მიზანი? მთავარი მიზანია სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება, რაც სასკოლო საზოგადოების წევრებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

რა სპეციფიკა უნდა ჰქონდეს ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანიას სასკოლო საზოგადოებაში? სასწავლო პროცესის ხშირი ცვალებადობისა და არასტაბილური გარემოს გამო, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ემოციურად დატვირთული სასწავლო წელი მიმდინარეობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დროში სწორად გადანაწილდეს. მათში მონაწილეობა არ მოითხოვდეს დიდ დროსა და ენერგიას. სანაცვლოდ კი კამპანია მოკლედ და პოპულარულ ენაზე აწვდიდეს მათ საჭირო ინფორმაციას. კამპანიის შინაარსი უმჯობესია, მორგებული იყოს სასკოლო საკითხებს და პასუხობდეს მარტივ შეკითხვებს – როგორიცაა: რატომ არის თანაბრად საჭირო სასკოლო საზოგადოების ორი მთავარი აქტორის მასწავლებლისა და მშობლის ვაქცინაცია? როგორია აცრილი და აუცრელი მშობლებისა და მათი შვილების დაინფიცირების, დაავადების სიმძიმის, ვირუსის გავრცელების სტატისტიკა? რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სკოლები გახსნილ და უსაფრთხო მდგომარეობაში შევუნარჩუნოთ ბავშვებს? რატომ არის მნიშვნელოვანი აცრილი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რომ სხვა პედაგოგები და მშობლებიც აიცრან? რამდენად უსაფრთოა პირბადის ტარება ბავშვებისთვის? რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა 16+ ბავშვებისთვის და ა.შ.

რა რისკებს უკავშირდება ვაქცინაციის შესახებ საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა-ჩატარება? ნებისმიერ კამპანიას შეიძლება ჰყავდეს მოწინააღმდეგე. მით უმეტეს, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება. ამ გამოწვევისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ და ამაში უტყუარი კომპეტენციის ადამიანი უნდა დავიხმაროთ. იმისთვის, რომ ჩვენი მცდელობა მასწავლებლებს ან პედაგოგებსა და მშობლებს შორის უსაგნო ბრძოლაში და სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

  1. აცრის მოწინააღმდეგეთა მიმართ არსებულ ბრაზს მიმართულება შევუცვალოთ. შევეცადოთ მათი თვალით შევხედოთ საკითხს და ჩავუღრმავდეთ არა იმას, რას ამბობს თანამოსაუბრე, არამედ რეალურ მიზეზებს, რაც ხელს უშლის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. ურთიერთობის დროს გვახსოვდეს, რომ გაბრაზება სარგებელს ვერ მოგვიტანს. ბრაზის გარეგნული ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, მრისხანე სახე, საუბრის ხმამაღალი ან მენტორული ტონი თანამოსაუბრეს ჩვენ მიმართ უარყოფითად განაწყობს და ჩვენ მიერ გაზიარებული ნებისმიერი მეცნიერული ჭეშმარიტება, მისთვის მაინც მიუღებელი დარჩება;
  2. ზღვა ინფორმაცია, რომლებიც ჩვენ ვაქცინაციის ჩატარებამდე მოვიძიეთ, მაქსიმალურად დავწუროთ და ორ-სამ საკვანძო ფრაზამდე დავიყვანოთ;
  3. მოვემზადოთ იმისთვის, რომ აცრის მოწინააღმდეგე პირი არაერთი „არგუმენტით“ იქნება შეიარაღებული, რასაც რუსული მედია აქტიურად ტირაჟირებს. ამიტომ წინასწარ მოვიძიოთ ინფორმაცია ძირითად მითებზე, რომლებისაც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს სჯერათ.

რა შედეგი ექნება ჩვენს მცდელობებს? ჩვენი მცდელობები სულ მცირე რამდენიმე ადამიანს მიაღებინებს ვაქცინაციის გადაწყვეტილებას, რაც მისი და მის გარშემო მყოფი ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და ჯანმრთელობას დაიცავს. ნუ დავისახავთ უტოპიურ ამოცანას, რომლის ვერშესრულებაც მოტივაციას დაგვიქვეითებს. ჩვენ გარშემო 4-5 კვ.მ.-ის რადიუსშიც თუ დავარწმუნებთ ადამიანებს ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და აუცილებლობაში, ვირწმუნოთ, რომ ეს უკვე კარგი შედეგია და ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.

***

მეცნიერებმა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაადგინეს, რომ რაც მეტი ვაქცინირებულია, მით უფრო რთულდება დაავადების გავრცელება. ასე დასრულდა „ყვავილი“, „ჭირი“. ასე დასრულდება კოვიდიც, თუ ჩვენ მოვინდომებთ.

 

საპონი თუ სანიტაიზერი – კომპლექსური დავალება

0

სანიტაიზერი ჩვენი განუყრელი ნივთი გახდა.  თითქმის იშვიათად თუ შეგვხვდება მოსწავლე, რომელსაც ხელის სანიტაიზერთან არ ჰქონდეს შეხება. დღეში იმდენჯერ გვიწევს მისი გამოყენება, ალბათ პანდემია რომ დასრულდება მაშინაც ჩვენ ჩანთებში დაიდებს ბინას.  კომპლექსური დავალება მოსწავლისთვის საინტერესო რომ იყოს, ის მის საქმიანობას, ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა უკავშირდებოდეს. რა შეიძლება იყოს ყველაზე ახლოს მოსწავლის ინტერესთან, თუ არა სანიტაიზერი, რომელსაც ყოველდღიურად ჩანთით ან ჯიბით ატარებს.  ამიტომ  ჩემ მიერ დაგეგმილი დავალება, რომელსაც შესაძლებელია კომპლექსური ვუწოდოთ, ან უბრალოდ დავალება დავარქვათ, სწორედ საპონს და ხელის სანიტაიზერს ეხება.

საგანი: ქიმია და ბიოლოგია

საფეხური: საშუალო

საკითხი: საპონი და სპირტები  (ორგანული ნაერთები);

ვირუსები

სამიზნე ცნებები:

ჯანმრთელობა და დაავადება

სტრუქტურა, ფუნქცია

ბიოლ. საშ. 1 მეცნიერების მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით  ცოცხალი სისტემების  სტრუქტურისა და ფუნქციის აღწერა  შედარებითი დახასიათებისათვის.

ბიოლ. საშ. 5 მეცნიერების მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესწავლა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გასააზრებლად.

ქიმიური ბმა

ქიმ.საშ. 1  მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება ნივთიერებების შედგენილობაში შემავალ ატომებსა და ატომთა ჯგუფებს შორის არსებული ქიმიური ბმების  შესასწავლად.

დავალების პირობა: შენი მიზანია შექმნა კომერციული ხასიათის მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო, ან დაამზადო პოსტერი, სადაც ახსნი საპნით ხელების დაბანის სარგებელს, საპნის მუშაობის პრინციპსა და მის მადეზინფიცირებელ ეფექტს. შეადარე საპნის და ხელის სანიტაიზერის ბრძოლის პროცესი, ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში.  ვიდეოში ხაზგასმით წარმოაჩინე:

·         როგორ შეესაბამება ნივთიერების თვისებები მასში არსებული ქიმიური ბმისა და მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ტიპს;

·         როგორ ახსნი ვირუსთან ბრძოლის ხერხის შესაბამისობას ვირუსის აგებულებასთან;

 

რეკომენდაციები კომპლექსური დავალების შესრულებისას:

·         გაეცანი ვიდეოს და მის ქართულ შესატყვისს;

·         პოსტერი დაამზადე შენთვის მისაღებ კომპიუტერულ პროგრამაში ან ფორმატისა და სახატავი საშუალებების გამოყენებით;

·         იმუშავე სიმულაციაში;

·         https://www.youtube.com/watch?v=wTuRmwSkuzQ

·         https://www.youtube.com/watch?v=s2EVlqql_f8

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები:

  1. მოსწავლეებს გააცანით კომპლექსური დავალების პირობა;
  2. მოსწავლეებს შეახსენეთ რა არის ქიმიური ბმა და რა განასხვავებს მას მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებისგან. რატომ ეწოდება წყალბადურ ბმას ,,ბმა“, თუ ის რეალურად მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმულაცია. მასში წარმოდგენილი სამი სხვადასხვა ნივთიერება, ქლოროფორმი, ჰექსანი და წყალ. სიმულაციაში მუშაობით მოსწავლე თავად მიხვდება მოლეკულათშორის ურთიერთქმედების რომელი ტიპი უფრო ძლიერია;
  3. მოსწავლეებს გააცანით სპირტების აგებულება და ქიმიური ბმის ტიპთან კავშირში შეახსენეთ რა განსხვავებაა პოლარულ და არაპოლარულ მოლეკულებს შორის.
  4. მოსწავლეებს გააცანით საპნის აგებულება და მისი მუშაობის პრინციპი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო;
  5. მოსწავლეების მონაწილეობით დაფაზე (ელექტრონულად) ჩამოწერეთ მათი სანიტაიზერის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები. მათ უნდა დაინახონ, რომ სანიტაიზერი შეიცავს სპირტს და მისი კონცენტრაცია გარკვეულ ზღვარზე დაბალი არ უნდა იყოს. ამის შემდეგ შეავსონ სამუშაო ფურცელზე N 3 წარმოდგენილი ცხრილი და ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი წარადგინონ კლასში;
  6. მოსწავლეებს სთხოვეთ იმუშაონ სამუშაო ფურცელზე N1 და ინსტრუქციის შესაბამისად შეავსონ მისი პირველი სვეტი. ამის შემდეგ ნახონ ვიდეო და დაამუშაონ ვიდეოს შესაბამისი ქართული ტექსტი. ბოლოს დაუბრუნდნენ სამუშაო ფურცელ N1-ს და შეავსონ მისი მეორე სვეტი. რამდენიმე მოსწავლეს სთხოვეთ ნამუშევრის წარდგენა;
  7. მოსწავლეებს დაურიგეთ ან Teams-ის ჯგუფში საქაღალდეში ატვირთეთ სამუშაო ფურცელი N2. კლასის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენეთ ან წერილობითი ან ზეპირი პასუხები. სამუშაო ფურცელში წარმოდგენილი კითხვების პასუხები წარმოდგენილია დანართის სახით (რომელიც მხოლოდ მასწავლებელს ეკუთვნის);
  8. მიეცით გარკვეული დრო კომპლექსური დავალების შესასრულებლად. წარდგენის ფორმაც მოსწავლეებთან ერთად შეგიძლიათ შეარჩიოთ;

დავალების შეფასების კრიტერიუმები სასურველია შექმნათ მოსწავლეებთან ერთად დავალების პირობის წარდგენის დროს.

სამუშაო ფურცელი N 1

ინფორმაციის მოძიებამდე პირველ სვეტში სახელწოდებით ,,მე მიმაჩნია“  ჩაწერე  ,,+ “ თუ ეთანხმები მოსაზრებას და ,,- “ თუ არ ეთანხმები მას.  ინფორმაციის დამუშავების შემდეგ მეორე სვეტში ჩაწერე  დასაბუთება ვიდეოდან და დააფიქსირე, გამართლდა თუ არა შენი ვარაუდი.

მე მიმაჩნია ვიდეო მოსაზრება
სანიტაიზერი უფრო კარგად მუშაობს ვირუსების წინააღმდეგ, ვიდრე საპონი;
ექიმებს მიაჩნდათ, რომ ხელების დაბანა აუცილებელი იყო, ვიდრე მიკრობების ბუნებას შეისწავლიდნენ;
SARS-CoV-2 ვირუსი წყალში იხსნება;
საპნისა და სპირტების მოლეკულებს აქვთ პოლარული და არაპოლარული უბნები;
წყალბადის ზეჟანგი შედის სანიტაიზერის შედგენილობაში და კლავს ვირუსებს;
სანიტაიზერს უმატებენ ჟელეს, რათა შეამციროს სპირტის (ალკოჰოლის) აორთქლების სიჩქარე;
სანიტაიზერი არეფექტურია, თუ არ შეიცავს სპირტს;
ლიპიდების ფრაგმენტების მოშორება შესაძლებელია საპნითა და წყლით. ეს სანიტაიზერით შეუძლებელია;
სანიტიზერი მოქმედებს ნოროვირუსებზე, რომლებიც მუცლის ტკივილს იწვევენ.

 

 

სამუშაო ფურცელი N 2

ინფორმაციის დამუშავების შემდეგ უპასუხე შეკითხვებს:

  1. განმარტე ,,COVID_19“ -ის ცალკეული ნაწილი:

CO –

VI –

D –

19 –

  1. რატომ იყენებენ სანიტაიზერში სპირტს (ალკოჰოლს)?
  2. დაასახელე ორი პროდუქტი, რომელსაც სანიტაიზერი შეიცავს გარდა ეთანოლისა და იზოპროპანოლისა. ახსენი თითოეულის ფუნქცია.
  3. რამდენიმე სიტყვით ახსენი რა განსხვავებაა პოლარულ და არაპოლარულ მოლეკულებს შორის?
  4. ახსენი, რატომ არის წყალი და საპონი უფრო ეფექტური, ვიდრე სანიტაიზერი, ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ საბრძოლველად?
  5. წარმოიდგინე, რომ მოიარე ყველა აფთიაქი და მაღაზია, თუმცა ვერ იშოვე სანიტაიზერი. იძულებული ხარ დაამზადო სანიტაიზერი. რომელ ნივთიერებებს გამოიყენებ? რატომ?
  6. ბოლო წლებში პირბადე ძალიან მნიშვნელოვანი და პოპულარული აქსესუარია. მარტივი ექსპერიმენტით ახსენი რა მნიშვნელობა აქვს მას.
  7. ზედაპირების სადეზინფექციოდ გამოიყენება მათეთრებელი საშუალება. რომელი ნივთიერებაა მისი ძირითადი ინგრედიენტი? როგორ ებრძვის ის ვირუსებს?
  8. დახატე საპნის ქიმიური სტრუქტურა და მიუთითე მისი პოლარული და არაპოლარული ნაწილები. რამდენიმე წინადადებით ახსენი რატომ არის საპონი ეფექტური ზედაპირების გასაწმენდად და დეზინფექციისთვის. მიუთითე საპნის კონკრეტული ნაწილი, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს.
  9. სამწუხარო რეალობაა, თუმცა მომავალი პანდემია არც ისე შორს არის. ვთქვათ შენი ვალია მოამზადო პირველადი ნივთების ჩანთა (პანდემიის კიტი). საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაასახელე ნივთები, რომელსაც პირველადი ნივთების ჩანთაში მოათავსებ. დაასაბუთე თითოეული ნივთის მნიშვნელობა.

სამუშაო ფურცელი N 3

სანიტაიზერის კომპონენტები

ინგრედიენტი ფორმულა გამოყენების მიზეზი
ეთანოლი
იზოპროპანოლი
წყალბადის პეროქსიდი
წყალი
გლიცერინი
პოლიაკრილატი (ფორმულა არ არის სავალდებულო)

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...