სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

დავაპროგრამოთ, შევქმნათ და გამოვიყენოთ თამაშები

0

ფაქტია, რომ ბავშვებს  უყვართ თამაში და თამაშით სწავლა.  ნებისმიერი  ტექნოლოგიური მოწყობილობაც მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ყველაზე საყვარელი გზაა.  როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ტექნოლოგიების გაკვეთილზე  გამოიყენოს მასწავლებელმა?

მოგეხსენებათ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სხვა უნარებთან ერთად, ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ალგორითმული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. რისი მიღწევის ერთერთი გზაც სხვადასხვა აპლიკაციის თუ პროგრამების გამოყენებაა, მათ შორისაა პროგრამა  „scratch“.

„scratch“ არის ვიზუალური პროგრამირების გარემო, სადაც შეგიძლიათ დააპროგრამოთ თქვენი საკუთარი ინტერაქტიული მოთხრობები, თამაშები, ანიმაციები და გაუზიაროთ თქვენი ქმნილებები სხვებს. ეს პროგრამა მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით თუ თანამშრომლობით უნარებს, ასწავლის სისტემურ აზროვნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია XXI საუკუნის მოქალაქისათვის. შექმნილია 8-დან 10 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, თუმცა მილიონობით ადამიანი იყენებს მას საკუთარი პროექტის შესაქმნელად სხვადასხვა გარემოში: სახლში, სკოლაში, ბაღში, ბიბლიოთეკაში და სხვა.

პროგრამის ინტერფეისი წარმოდგენილია ფერადი ბლოკების სახით, რაც მარტივად აღქმადია და მომხმარებელს აძლევს საშუალებას იოლად მოერგოს სამუშაო სივრცეს,  ააწყოს სასურველი კოდი და შექმნას სახლისო და შემეცნებითი ანიმაცია.

მინდა გაგაცნოთ პროგრამა „scratch“ -ის გამოყენებით შესრულებული კომპლექსური დავალება:

საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები

მიმართულება :  კომპიუტერული ტექნოლოგიები

სამიზნე ცნება:  ალგორითმი/ პროგრამული კოდი

საკითხი:      ვიწყებთ თამაშის კეთებას

შედეგები: 

  1. ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა
  2. პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად
  3. პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე რომ ხარ რომელიმე ზღაპრის ანიმაციური პერსონაჟი. მოიფიქრე სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება ისრებიანი ღილაკების დახმარებით. თამაშისათვის შეარჩიე ფონი, ობიექტები და შექმენი შენი საკუთრი თამაში საიტზე  https://scratch.mit.edu/  შენ მიერ შექმნილი  თამაში გაუგზავნე მასწავლებელს და გაუზიარე შენს მეგობრებს.

სცენის შესაქმნელად სავარაუდოდ დაგჭირდება შემდეგი ბლოკები:

  • როდესაც აჭერ დროშას
  • თუ.. მაშინ..
  • ეხება
  • მუდმივად
  • გადაერთე ფონზე
  • მომდევნო კოსტუმი
  • დაიმალე
  • გამოჩნდი
  • ისრიალე x, y-სკენ
  • როდესაც აჭერ ღილაკს „დაშორება“

ნაშრომის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • ალგორითმი შედგენილია ლოგიკურად
  • გამოყენებულია ციკლები
  • მარტივი თამაშის შექმნის უნარი

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • შეძელი თუ არა შენი თამაშის შექმნა?
  • როგორია შენი ალგორითმი?
  • რატომ გაგიჩნდა სურვილი სწორედ ასეთ გარემოში და ასეთ ალგორითმით შეგექმნა შენი თამაში
  • რა ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინე https://scratch.mit.edu/ პლატფორმაზე მუშაობისას
  • თავიდან რომ იწყებდე მუშაობას რა ახალ შესაძლებლობებს დაამატებდი შენს თამაშს

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:

  1. მოიფიქრე გარემო სადაც განათავსებ შენ ვირტუალურ გმირს.
  2. მოიფიქრე, პერსონაჟები, ვისაც გინდა რომ შენი გმირი შეხვდეს.
  3. მოიფიქრე სავარაუდო ბარიერები(წინაღობები) და სცენები, რომელთა გადალახვაც მოუწევს შენს ვირტუალურ პერსონაჟს
  4. გამოიყენე ხმოვანი ეფექტები
  5. გადადი ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსზე და გაიარე დავალების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები

კომპლექსური დავალების ფარგლებში დასმული საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შევიმუშავო თამაშის ალგორითმი
  • როგორ გავამარტივო ჩემი ალგორითმი (ციკლების გამოყენება)
  • როგორ შევქმნა მარტივი თამაში

პირველ ნაბიჯზე, კომპლექსური დავალების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები: რომელია თქვენი საყვარელი კომპიუტერული თამაში, რა სცენარით ვითარდება მასში მოვლენები. როგორ გადაადგილდება მთავარი გმირი, რა წინაღობების გადალახვა უწევს მას, რა მოვლენას აქვს ადგილი თუ მთავარი გმირი დაბრკოლებას ვერ გადალახავს, ან პირიქით, გაივლის ყველა დაბრკოლებას. შეგიძლიათ scratch-ში იპოვოთ მოვლენების განყოფილება და ის ღილაკები, რომლებიც საჭიროა მოქმედების სისრულეში მოსაყვანა, ანუ რაიმე მოვლენის დასაწყებად? დავსვი შეკითხვა, თქვენი აზრით, მოქმედების სისრულეში მოყვანის ღილაკი საკმარისია ობიექტის ასამოძრავებლად? მოდით, ვცადოთ. გაიხსენეთ საკოორდინატო სიბრტყე. როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ობიექტი ზემოთ/ქვემოთ(y, -y), ან მარჯვნივ/მარცხნივ (x, -x) გადაადგილეს? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე მარტივი სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება სხვადასხვა ღილაკის დახმარებით: ისარი მარჯვნივ, ისარი მარცხნივ, ისარი ზემოთ, ისარი ქვემოთ და ასევე კლავიატურაზე არსებული ნებისმიერი ღილაკის გამოყენებით. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შემოიტანეს სასურველი ფონი  და ააწყვეს მოძრაობა სასურელი ღილაკების გამოყენებით

მომდევნო ნაბიჯზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვა. თქვენი საყვარელი თამაშის პერსონაჟი როცა დაბრკოლებას ხვდება, რა მოვლენას აქვს ადგილი? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დაფიქსირდეს მთავარი გმირის შეჯახება დაბრკოლებასთან, შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი ბლოკები პროგრამაში, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ ობიექტების ერთმანეთთან შეხების დაფიქსირებას? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენე როგორ შეიძლება დაფიქსირდეს ობიექტის შეჯახება ლაბირინთის კედელთან, სხვა ობიექტთან. მოსწავლეებმა შექმნეს ლაბირინთი, ობიექტისათვის კი შეადგინეს კოდი, რომლის მიხედვითაც მთავარი პერსონაჟი ლაბირინთის კედელთან შეხების დროს უბრუნდებოდა საწყის წერტილს, ხოლო მეორე ობიექტთან შეხების დროს ამბობდა რაიმე ფრაზას. დავუსვი შეკითხვა, თქვენი აზრით, საკმარისია რომ ერთჯერადად მოხდეს შეხების დაფიქსირება, თუ საჭიროა მოქმედების განმეორება მრავალჯერადად/მუდმივად? მოსწავლეებმა შემოიტანეს მუდმივობის კოდი და ასევე მოვლენის ასამოქმედებლად საჭირო კოდიც

ფინალურ ნაბიჯზე  მოსწავლეებს შევახსენე კომპლექსური დავალების პირობა. დავუსვი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, მზად ხართ თავად მოიფიქროთ სცენა და შექმნათ საკუთარი თამაში, სადაც თქვენ მიერ შერჩეული პერსონაჟები თქვენ მიერ გაწერილ წესებს დაექვემდებარებიან? დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ მოიფიქროთ სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება ისრებიანი ღილაკების დახმარებით. თამაშისათვის შეარჩიეთ ფონი, ობიექტები, მოიფიქრეთ ალგორითმი, რომელიც თქვენი სცენარის ამოქმედებისათვისაა საჭირო. დავალების შესრულების შემდეგ კი წარადგინეთ თქვენი ნამუშევრები და ისაუბრეთ შთაბეჭდილებებზე.

მოსწავლეებმა მოიფიქრეს და შექმნეს სახალისო თამაშები. მათ მიერ შექმნილი ნიმუშები დავაფიქსირე მობილურის კამერით. რომელთა ნახვა შეგიძლიათ ბმულზე. ვფიქრობ საინტერესო კომპლქსური დავალება გამოვიდა და მოსწავლეებმაც ძალიან იხალისეს.  ყველა მათგანმა შეძლო დამოუკიდებლად შეექმნა თამაშის საკუთარი ვერსია. ვთვლი რომ მიზანი, მოსწავლეებმა შეძლონ პროგრამული კოდის გააზრება, ალგორითმის ჩამოყალიბება, ობიექტის შეჯახების დაფიქსირება თუ ციკლური პროცესების გამოყენება, მიღწეულია.

ზრდასრულობა – სირთულეები და გამოწვევები

0

მშობლებთან მუშაობისას ხშირად ვაწყდები ორ მცდარ შეხედულებას – აცნობს საკუთარ მოსაზრებას მშობლებსა და დაინტერესებულ მკითხველს Mark McConville, წიგნში: „როგორ დავეხმაროთ ზრდასრულ ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში“.

პირველი – შეხედულება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს – როდესაც ზრდასრულობაში შესული შვილები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან და პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, ამაში დამნაშავე მშობლები არიან. ისინი ხშირად სინდისის ქენჯნას განიცდიან, რადგან ფიქრობენ, რომ არ ეყოთ განათლება, რომ შვილების აღზრდისას შეცდომები არ დაეშვათ. ისეც ხდება, რომ მშობლების გარკვეული კატეგორია, რომლებსაც საკუთარი ოჯახები დაენგრათ, ფიქრობენ, რომ ამან შვილების პიროვნულ ზრდაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. დანაშაულის განცდით იტანჯებიან ასევე ის მშობლები, რომლებიც გარკვეული დამოკიდებულების ქვეშ იყვნენ (სასმელი, ნარკოტიკი…). გარკვეული შფოთვითი აშლილობების ან დეპრესიის მქონე მშობლებიც მძიმე განცდებით არიან შეპყრობილი და ფიქრობენ, რომ მათმა ასეთმა მდგომარეობამ შვილებზე ნეგატიურად იმოქმედა. დანაშაულის გამოსწორების სურვილი უბიძგებს მშობლებს, მთელი ძალით იზრუნონ მათ გამოსწორებაზე. ასეთი დამოკიდებულება მცდარია და ვერავითარ დახმარებას ვერ უწევს ვერც ბავშვებს, ვერც მოზარდებს და ვერც ზრდასრულ შვილებს.

მეორე ფართოდ გავრცელებული შეცდომა პირველის საპირისპიროა – მშობლებს მიაჩნიათ, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ უნდა იღებდნენ ზრდასრულობას მიღწეული შვილების შეცდომებზე, არასწორ გადაწყვეტილებებზე და მათ უსაზღვრო ეგოიზმზე. უფროსები ფიქრობენ, რომ „დიახ“ მათი შვილი ასეთია და მორჩა ამას აღარაფერი ეშველება. ისინი უბრალოდ ეგუებიან ამ მდგომარეობას, რადგან ფიქრობენ, რომ მაინც ვერაფერს შეცვლიან.

მაინც როგორ გავიგოთ, რა შეცდომას უშვებენ მშობლები და რაში მდგომარეობს მათი დანაშაული? კითხულობს Mark McConville და საკუთარი ფსიქოთერაპიული პრაქტიკიდან მშობლებს ერთი შემთხვევის შესახებ უყვება: ოცდასამი წლის გორდონი, ყოველთვის წარმატებით ახერხებდა პასუხისმგებლობებისგან გაქცევას. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც გორდონი თორმეტი წლის იყო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მას და მის დებს – თექვსმეტი წლის სალომესა და ცხრა წლის ელენეს – ფსიქოთერაპიული სეანსები დასჭირდათ. ბავშვების დედა და მამა მთელი ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ურთიერთობებში გარკვევას. ისინი პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს და ისევ რიგდებოდნენ. ამ გაურკვევლობამ ბავშვების ფსიქიკაზე სერიოზულად იმოქმედა. ისინი სრულიად დაუცველად გრძნობდნენ თავს, არანაირი საყრდენი არ ჰქონდათ, შფოთავდნენ და წუხდნენ მშობლების გაუთავებელი მერყეობის გამო. ბუნებრივია, ამ სიტუაციამ მშობლებს თავი დამნაშავედ აგრძნობინა.

თვრამეტი წლის ასაკში გორდონმა გადაწყვიტა, კოლეჯში ჩაებარებინა. მისი მშობლები განქორწინების შემდეგ უფრო მეტად უსმენდნენ ერთმანეთს და შვილების შესახებ ფსიქოლოგების რეკომენდაციებსაც უფრო მეტად ითვალისწინებდნენ. უნდა ითქვას, რომ მსგავსი წყვილები მეგობრების სტატუსით უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე ცოლქმრობისას. გორდონმა კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ მისი პრობლემები ამით სულაც არ დასრულებულა. ბიჭმა ვერაფრით მოახერხა ზრდასრული ადამიანის როლის მორგება. სამი წლის განმავლობაში მან სამი კოლეჯი გამოიცვალა. გორდონი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა. მისი ქცევა მუდმივად იყო იმის ტირაჟირება, რომ მან ვერაფრით ისწავლა ზრდასრული ადამიანივით ცხოვრება, სწავლა და მუშაობა. მისი სხვადასხვა გაუგებრობაში მოხვედრის გამო მშობლებს პერიოდულად ბოდიშების მოხდა და შვილის ჩადენილი საქციელის შეძლებისდაგვარად გამოსწორება უწევდათ. ამ შემთხვევაში მშობლების დახმარების მიზანი შვილის ქცევების შეცვლა არ ყოფილა. უბრალოდ მათ სურდათ შვილის თვალში, რომელსაც ვერ აღმოუჩინეს მხარდაჭერა, რათა ის ზრდასრულ ცხოვრებას მომზადებული შეხვედროდა, დანაშაული ჩამოერეცხათ.

დანაშაულის განცდა, სრულიად უმაქნისი რამაა – მიაჩნია ავტორს – რადგან აღზრდას არანაირად არ უწყობს ხელს. უფრო პირიქით, ბავშვთან ურთიერთობაში მშობლებს ხელს უშლის, რადგან უფროსები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ შვილებისგან პატიება გამოითხოვონ წარსულის შეცდომებისათვის. სინამდვილეში მოზარდისთვის უმჯობესი იქნებოდა მშობელს ყურადღება მის აწმყოზე გადაეტანა და შვილს ზრდასრულობაში წარმოქმნილი საჭიროებების მოგვარებაში დახმარებოდა.

საყოველთაოდ ცნობილი სიბრძნეა, რომ წარსულის შეცვლა შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია მასთან შეგუება და ცხოვრების გაგრძელება. ზრდასრული გორდონის დედამ შვილის მოსმენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა ერთხელ და სამუდამოდ შეეგუა იმ აზრს, რომ შეცდომები დაუშვა და ეს სასჯელს კი არ იმსახურებს, არამედ წინააღმდეგობებს წარმოშობს. ეს დედა-შვილმა ერთმანეთთან ზრდასრული ადამიანებისთვის შესაფერისი ლაპარაკის შემდეგ გაარკვიეს. მათ საუბარს სულ სხვა შინაარსი მიეცა, რადგან დედამ დანაშაულის განცდით კი არ იხელმძღვანელა, არამედ ჯანსაღი აზრით. კიდევ ერთხელ, მშობლებო: თავდაპირველად აუცილებელია დანაშაულის განცდის თავიდან მოშორება და შემდეგ – საკუთარი ქცევების კრიტიკულად გაცნობიერება.

გარდაუვალი ამბებისა და ფაქტების მიღება აუცილებელია. ამიტომ, იქნებ სჯობდა ბავშვებთან უფრო მეტი დრო გაგეტარებინათ? არც ერთად ტრაპეზზე უნდა გეთქვათ უარი. იქნებ სჯობდა უფრო ხშირად (ან იქნებ უფრო იშვიათად) დახმარებოდით შვილებს საშინაო დავალებების მომზადებაში; იქნებ ღირდა შვილებთან უფრო მეტი სირბილე გამოგეჩინათ და მეტად წაგეხალისებინათ მისი თამაში და სხვა შემოქმედებითი გართობა; დაფიქრდით, იქნებ სულაც უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენა სჯობდა? უამრავი საფიქრალია: და არც იმაზე დაფიქრება იქნება ურიგო, რომ სჯობდა ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურში აღარ დაბრუნებულიყავით და განქორწინებასაც თავიდან აირიდებდით; ან იქნებ თქვენ უფრო მეტი უნდა გემუშავათ, რომ შვილებისთვის შრომისმოყვარეობის მაგალითი გამხდარიყავით. ისე იქნებ ზედმეტი მუშაობა და მხოლოდ საქმეზე გადაყოლა გახდა იმის საბაბი, რომ თქვენმა შვილმა იფიქრა, ეს ზრდასრული ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ყოფილაო. მიხვდით ალბათ, რომ არცერთი უკიდურესობა არ წაადგება თქვენს შვილებს. ისევე, როგორც ზედმეტი დახმარება შეიძლება იქცეს შვილის განებივრების მიზეზად.

ამერიკელი ფსიქოლოგის აზრით: გაცილებით მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა ხდება აი ახლა, ზუსტად ამ წუთას. რა უნდა შეცვალოთ თქვენს ქცევაში, რათა მოზარდმა მოახერხოს და ზრდასრულობის პერიოდს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შეხვდეს. მშობლებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა ტიპის დახმარება სჭირდება მის შვილს აწმყოში. ამის გასაგებად ერთი ორიგინალური რჩევა გამოგადგებათ: დადექით სარკის წინ და ხმამაღლა ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე როგორ ვიქცევი? მაინც რა შეცდომებს ვუშვებ შვილის აღზრდისას ისეთს, რომ მას ხელს ვუშლი სრულფასოვანი, ზრდასრული ადამიანი გახდეს? საბედნიეროდ, მშობლებს შეუძლიათ, შეცვალონ საკუთარი ქცევები. მიუხედავად, იმისა, რომ რთული მოზარდების მშობლები ხშირად სასოწარკვეთას ეძლევიან, ქცევების ანალიზი და იმისი გარკვევა, რისი შეცვლაა საჭირო, აუცილებლად დაეხმარება მშობელს მოზარდთან ურთიერთობაში. მშობლებიც თავის მხრივ, იფიქრებენ, რომ ისინი შეძლებენ შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. სარკეში ჩახედვას კიდევ ერთი სასარგებლო მიზანი აქვს – მშობელმა უნდა გაარკვიოს, ხომ არ აკნინებს შვილის უნარებსა და შესაძლებლობებს, როდესაც ცდილობს, თავიდან ააცილოს სამომავლო ცუდი შედეგები? სინამდვილეში: „მე საკუთარ თავს ხომ არ ვიცავ იმ შესაძლო ტკივილისაგან, რომელსაც ყოველ ჯერზე განვიცდი შვილის შეცდომების გამო? იქნებ სჯობდეს მოზარდმა გაკვეთილი მიიღოს და ადეკვატური დასკვნები გამოიტანოს იმის თაობაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ეს ცხოვრება; დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში და იმაში, რომ მასაც შეუძლია გახდეს სრულფასოვანი ზრდასრული პიროვნება.

მნიშვნელოვანია, ის, თუ რა გავლენას ახდენენ მოზარდზე მშობლების ქმედებები და არა ის, რა განზრახვით მოქმედებენ ისინი შვილებთან ურთიერთობებისას.

პატივცემულო ზრდასრულებო, თქვენ კითხულობდით ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგის, ფილოსოფიის დოქტორის Mark McConville-ის წიგნს: „როგორ დავეხმაროთ ზრდასრულ ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში“.

Mark McConville ცხოვრობს ოჰაიოს შტატის ქალაქ ბიჩვუდში. აქვს მრავალწლიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. ის ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. წერს ისეთ თემაზე, როგორიცაა, მაგალითად: რატომ არის რთული ზრდასრულ ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის საკუთარი ასაკის გაცნობიერება, მიღება.

ბავშვთა აღზრდა – წიგნი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის

0

ცოტა ხნის წინ წიგნის მაღაზიაში შევიძინე ავსტრიელი ექიმისა და ფსიქოლოგის ალფრედ ადლერის წიგნი „ბავშვთა აღზრდა”. ალფრედ ადლერი პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგ კი დაინტერესდა ბავშვის აღზრდის პრობლემებით და 1920-იან წლებში ვენაში ბავშვებისა და მშობლების საკონსულტაციო ცენტრების ქსელი დააარსა.

ალფრედ ადლერის წიგნი „ბავშვთა აღზრდა” ქართულ ენაზე გამომცემლობა „გეომ” 2014 წელს გამოსცა. მთარგმნელები: ნინა თურმანიძე და ლაშა ბულია გახლავთ. წიგნი პირველად 1930 წელს გამოიცა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ის ეყრდნობა ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ძირითად დებულებებს. მასში გადმოცემულია ბავშვის ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზი, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბებულია ბავშვთა აღზრდის ადლერისეული კონცეფცია.

„ინდივიდუალური ფსიქოლოგია – არის სწავლება ადამიანზე, როგორც განუყოფელ ერთეულზე. ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს კომპენსაციის პრინციპი. ადლერის თანახმად, პიროვნების განვითარების ძირითად ფაქტორად უნდა ჩაითვალოს კონფლიქტი არასრულფასოვნების კომპლექსსა და მის ნაშიერს, უპირატესობისკენ მისწრაფებას შორის. ეს უკანასკნელი განისაზღვრება, როგორც მიზანი, რომელიც წარმართავს მის ზრახვებსა და ქმედებებს. არასრულფასოვნების დაძლევისკენ ადამიანის მისწრაფებას ხშირად ის არაადეკვატურ ქმედებებამდე მიჰყავს. ადლერის მიხედვით, აქედან გამომდინარეობს აღზრდის მიზანი – არასრულფასოვნების გრძნობის ნეიტრალიზაცია მისი სასარგებლო კალაპოტში წარმართვის გზით. ამას მივყავართ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის კიდევ ერთ ძირითად ცნებამდე – სოციალურ გრძნობამდე. ადლერის მტკიცებით, სოციალური გრძნობა ბავშვის განვითარებაში ნორმალურობის თავისებური ინდიკატორია. სწორედ ამ პრინციპზე ააგო ადლერმა თავისი პედაგოგიური ტექნოლოგია. ყოველი დარღვევა, რომელიც სოციალური გრძნობის დაქვეითებას იწვევს, დიდ ზიანს აყენებს ბავშვის განვითარებას”, – ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.

წიგნის სათაურმა მაშინვე მომხიბლა და როგორც კი შევიძინე, კითხვას შევუდექი. სათაურიც გვატყობინებს, რომ წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მშობლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბავშვის აღზრდის თემატიკით და ასევე მასწავლებლებს, რომლებიც უშუალო რგოლია იმ მთავარი ჯაჭვისა, რომელიც იკვრება ბავშვის გარშემო – ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების სახით.

ალფრედ ადლერი იდეალურ სკოლად მიიჩნევს ისეთ სკოლას, რომელიც შუამავალია ოჯახსა და გარემომცველ სამყაროს შორის. ასეთ სკოლაში ცოდნას არამარტო წიგნებით აძლევენ, არამედ ასწავლიან ცხოვრების ცოდნასა და ხელოვნებას.

გთავაზობთ წიგნიდან ამონარიდებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სკოლისა და ოჯახის ვალდებულებებს, აღზარდონ ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების ბედნიერი და სრულფასოვანი წევრი იქნება. ეს ვალდებულება მშობლისთვისაც და სკოლისთვისაც ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ თუ სკოლა და ოჯახი თანამშრომლობს, მაშინ ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება მოსწავლის სასარგებლოდ.

„ბავშვები, რომლებსაც ურთიერთობა არ ასწავლეს, სკოლაში შესვლის შემდეგ თავს მარტოხელებად გრძნობენ. შედეგად კი – მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ყალიბდება, რაც დღიდან დღემდე სულ უფრო და უფრო აძლიერებს თავდაპირველ ტენდენციას. ირღვევა მათი ნორმალური განვითარება, და ისინი რთული ბავშვები ხდებიან. ასეთ შემთხვევებში ადამიანები სკოლას ადანაშაულებენ, თუმცა მან მხოლოდ გამოავლინა ოჯახური აღზრდის ფარული ნაკლოვანებები. სკოლაში ბავშვის წარუმატებლობები გამაფრთხილებელ სიმპტომს წარმოადგენს. ეს სიმპტომი ხსნის არა იმდენად სწავლაში წარუმატებლობებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურ წარუმატებლობებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა აიღო ტენდენცია თავის თავში რწმენის დაკარგვისკენ. ამის შემდგომ სიმამაცის დაკარგვა ბავშვს აიძულებს, თავი აარიდოს სწორ გზებს და ჩვეულებრივი მოვალეობის შესრულებას. მუდმივად ეძიოს სხვა გამოსავალი, რომელიც თავისუფლებამდე და იოლ წარმატებამდე მიიყვანს“.

 ალფრედ ადლერი ამ გამაფრთხილებელი ფარული ნიშნების და სიმპტომების აღმოჩენას კარგ აღმზრდელს უკავშირებს, რომელიც ამ ყველაფრის ამოძირკვას თბილი დამოკიდებულებითა და გაგების გზით შეეცდება.

„სკოლამ უნდა ისწავლოს ბავშვში პიროვნების დანახვა და მას უნდა მოექცეს, როგორც პიროვნებას, როგორც ფასეულობას, რომელიც უნდა გაზარდო და განავითარო. ამავდროულად მან უნდა ისწავლოს ფსიქოლოგიური ინტუიციის გამოყენება ბავშვის ცალკეული ქმედებების შეფასებისას. მან უნდა განიხილოს ეს ცალკეული ქცევითი აქტი, როგორც არა ცალკეული ნოტების სახით, არამედ პიროვნების ერთიანობის კონტექსტში.

 „ბევრი ბავშვი უმოქმედო პოზიციას ირჩევს, როგორც თავისი მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას. ზარმაც ბავშვებს ყოველთვის მსუბუქი ფორმით ლანძღავენ და ადანაშაულებენ, ვიდრე სხვა ბავშვს და ეს მათ არც ისე ძლიერ სულიერ ტკივილს აყენებს. ბავშვები ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამენ სიზარმაცეში დადანაშაულებას, ვიდრე უუნარობაში. სხვა სიტყვებით, ბავშვები სიზარმაცეს შირმასავით იყენებენ, რათა დაემალონ საკუთარ თავში რწმენის არარსებობას, რაც მათ ეხმარებათ იმ პრობლემების თავიდან არიდებაში, რომელთან შეჯახებაც უხდებათ“.

„აღმზრდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მისი წმინდა ვალია – არ დაუშვას ბავშვის მიერ სიმამაცის დაკარგვა სკოლაში, იმ შემთხვევაში კი, თუ ის სკოლაში უკვე პრობლემებით მივიდა, დაუბრუნოს მას საკუთარი თავის რწმენა. ეს არის სკოლისა და მასწავლებლის როლი“.

 „თუ ბავშვს მუდმივად გავუმეორებთ, რომ ის ცუდი ან სულელია, ის მალე ამას დაიჯერებს და ამის შემდეგ მას არ ეყოფა სიმამაცე, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს“.

 „თითოეული ბავშვი უპირატესობისკენ მიისწრაფვის. თითოეული მშობლის ან პედაგოგის ამოცანაა – ეს მისწრაფება ნაყოფიერი გახადოს. მათ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ეს მისწრაფება იყოს ჯანსაღი ცხოველქმედებისა და ბედნიერების, და არა ნევროზების და აშლილობების შედეგი”.

„ბავშვის თავდაჯერებულობის დაკარგვის პირველ ნიშანს ხშირად წარმოადგენს სასკოლო ცხოვრებაში მისი ადაპტირების უუნარობა. ბავშვის პირველი წარუმატებლობა უფროსების მიერ ზოგჯერ არასაკმაო სერიოზულობით აღიქმება. მისთვის კი ის შეიძლება რაღაც კატასტროფის მსგავსს ნიშნავდეს“.

 „მასწავლებლის პირველი ამოცანაა – ბავშვის ნდობის მოპოვება, ხოლო შემდეგ კი მისი სიმამაცის განვითარება“.

 „როცა ბავშვი სკოლაში მიდის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მისთვის სრულიად ახალ სიტუაციაში აღმოჩნდება. როგორც ყველა ახალი სიტუაცია, სკოლაში წასვლაც შეიძლება განხილულ იქნას მომზადების წინარე ტესტად. თუ ბავშვს სათანადოდ ამზადებდნენ, მაშინ ის ტესტს ნორმალურად გაივლის; თუ არა, მაშინ მისი მომზადების ნაკლი ცხადი გახდება. რა მოეთხოვება ბავშვს, როცა ის სკოლაში შედის? სასკოლო საქმიანობა – ეს თავისებური სამუშაოა, რომელიც მასწავლებელსა და თანაკლასელებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს, სწორედ ისე, როგორც სასკოლო საგნებისადმი ინტერესს. იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი ამ ახალ სიტუაციაზე, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თანამშრომლობისადმი მისი უნარი და მისი ინტერესების სფერო”.

 ალფრედ ადლერი ბევრს საუბრობს ბავშვის თავდაჯერებულობაზე, თუ როგორ არღვევს მისი უქონლობა ბავშვის ნორმალური განვითარების რიტმს და რა როლი აქვს ოჯახსა და სკოლას მისი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბების პროცესში. ადლერი ოჯახის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის შუამავლად სკოლას მიიჩნევს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, კორექტირება გაუკეთოს ოჯახური აღზრდის შედეგად შექმნილ მცდარ სტილს და დაეხმაროს მოსწავლეს, გახდეს უფრო მამაცი და გამბედავი.

ვფიქრობ, ეს წიგნი ნამდვილად დაგვეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს, გავზარდოთ მამაცი და განათლებული ადამიანები, გავამხნეოთ და შთავაგონოთ ისინი და ნაყოფიერი და სასარგებლო გავხადოთ მათი შრომა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რემედიაციული აქტივობები

0

დაწყებით კლასებში კითხვის უნარების განვითარება ზოგადი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და სხვა აკადემიურ დისციპლინებში წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა. აღნიშნული მიზნის მიღწევა სხვადასხვა მოსწავლესთან სხვადასხვა სახის სწავლა-სწავლების პროცესს საჭიროებს. ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების და დიფერენცირებული სწავლების გარდა, კითხვის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის დამატებით მიმართავენ ე.წ. სარემედიაციო პრაქტიკას. ამ ინტერვენციის მიზანია, მოსწავლეთა ხელშეწყობა სწავლის ფუნდამენტური უნარების  ათვისების კუთხით არსებული სირთულეების აღმოსაფხვრელად. საქართველოს სკოლებში სარემედიაციო პროგრამის პილოტირებამ აჩვენა, რომ რემედიაციაში ჩართული მოსწავლეები სწრაფად ეწევიან სასწავლო პროცესს და პროგრამას, მოკლევადიანი რემედიაციის შემდეგ, მომავალში, წარმატებებს აღწევენ საგანში. გარდა ამისა, რემედიაციის პროგრამა დიდ გავლენას ახდენს მთლიანად იმ კლასის წარმატებების მაჩვენებლებზე, რომელთაც რემედიაციაში ჩართული მოსწავლეები წარმოადგენენ.  პროგრამა ორიენტირებულია მასში ჩართული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ესგ-ის სტანდარტების მისაღწევად გამოიყენება სწავლების მრავალფეროვანი ფორმები და სტრატეგიები.

რემედიაციამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა დისტანციური სწავლების დროს და შემდგომ პერიოდში.

მინდა ჩემი გამოცდილება და მიდგომები  გაგიზიაროთ, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა აკადემიური შედეგების და მოტივაციის ამაღლებაზე. გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდა, რომ მეორე კლასში რამდენიმე მოსწავლეს სწავლის დაწყების წინ უჭირდათ კითხვა.  ეშლებოდათ  რამდენიმე ასო-ბგერა .  კითხულობდნენ ასო-ასო, მარცვლებით, გვქონდა ტექსტის გააზრების პრობლემა.

თავდაპირველად კლასში ჩავატარე ტესტირება, მივეცი წასაკითხი ტექსტი, რათა დამედგინა ტექსტის კითხვის სისწორე, ტემპი, მაგრამ ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ ბავშვების  წაკითხული სიტყვების რაოდენობა წუთში იყო დაბალი, უჭირდათ ასო-ბგერების ამოცნობა და დიდ დროს ანდომებდნენ. ამიტომ უფრო დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს ასო-ბგერების ცნობაზე მივეცი ტესტი, დანარჩენებს სიტყვები უნდა წაეკითხათ,  რათა ზუსტად დამედგინა სად იყო პრობლემა.

https://kargiskola.ge/SC/kitxvatest.php

აქტივობები, რომელიც  შეირჩა სარემედიაციო მეცადინეობებისათვის, მიზნად ისახავს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების  მიმართულებების  ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების კომპლექსურად განვითარებას. მოსწავლეთა დახმარებას დეკოდირებისა და გაწაფული კითხვის უნარების გაუმჯობესებას. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოვიყენე დაწყებითი განათლების პროექტის მასალები, რესურსები, აუდიო წიგნები, ტესტები, რომლებიც განლაგებულია პორტალზე-  https://kargiskola.ge/

როგორც ვიცით რემედიაცია ეს არის მოსწავლეთა მხარდაჭერის, თვითშეფასების, თვითდაჯერებულობის ამაღლებისათვის,  რემედიაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში  დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთა ჩართულობას და მხარდაჭერას.   ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლის და ოჯახის ერთობლივი მუშაობა და თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა.

გავაკეთე მოსწავლების პორტფოლიოები და მათი ნამუშევრები ერთად მოვთავსე, ასევე ვკითხულობთ წიგნებს, ვუსმენთ აუდიო წიგნებს, დროდადრო ვთამაშობთ სახალისო თამაშებს ანბანზე. ვაწარმოებ განმეორებით წაკითხვის ფორმის გრაფიკს რაც ძალიან მოსწონთ, თვითონ რომ ხედავენ პროგრესს. ასევე გავკეთე ელექტრონული წიგნები საპრეზენტაციო ფაილში, სადაც თვითონ კითხულობენ. პრობლემების დაძლევაში რემედიაციული აქტივობების  როლი უმნიშვნელოვანესია.

იტალიური არქიტექტურა თბილისში

0

ანტიკური პერიოდიდან იტალია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო კულტურის განვითარებაში. ის გარემო, რომელშიც იტალია განვითარდა, ენათესავებოდა ბერძნულ კულტურას. XIX საუკუნეში იტალიური არქიტექტურა მთელი ევროპისთვის მისაბაძი იყო, არც საქართველო იყო გამონაკლისი. ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში ევროპული სტილის შექმნაც იტალიელი არქიტექტორების დამსახურებაა. სწორედ ეს არის მიზანი, რომ საზოგადოებამ და მოზარდმა თაობამ მეტი იცოდეს თავისი ქალაქის არქიტექტურასა და არქიტექტორებზე. ბევრისთვის იტალიურ არქიტექტურასთან მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, იტალიური ეზოები ასოცირდება.

დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც პუშკინისა და გუდიაშვილის ქუჩას ამშვენებს, იტალიელი არქიტექტორების ძმებ ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდაციების სახელს უკავშირდება. თავდაპირველად ეს შენობა სასტუმრო „პალასი“ იყო, რომელიც იაკობ ზუბალაშვილმა შეუკვეთა, რომელშიც მოგვიანებით სასულიერო სემინარია განთავსდა, ახლა კი ხელოვნების მუზეუმია განთავსებული. შენობა კლასიცისტური (ამპირის) სტილშია შესრულებული და არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია.

ძმები ბერნარდაციები ჯუზეპე ბერნარდაცია ძმასთან ერთად 1820 წელს ჩამოდის თბილისში და იწყებს არქიტექტურულ საქმიანობას. ისინი გამორჩეული ტოპოგრაფებიც იყვნენ.

1844 წელს თბილისში მთავარმართებლად ვორონცოვი ინიშნება. სწორედ მას ჩამოჰყავს თბილისში ორი იტალიელი არქიტექტორი: ჯოვანი სკუდიერი და ლოდოვიკო კამბიაჯო. კამბიაჯოს აინტერესებდა შეექმნა მეტი არქიტექტურული შენობა, რათა კარიერულად წინ წაეწია. მის შვილის დიმიტრის წვლილი კი, რომელიც ერმაკოვის სახელითაა ცნობილი, განუზომელია თბილისის ფოტოდასურათებაში. სწორედ ერმაკოვის დამსახურებაა, რომ ცხადად შემოგვრჩა მე-19 საუკუნის თბილისის ფოტოები. ერმაკოვს გვარი დედისგან ერგო, ხოლო მის განათლებაზე მისი მამა, ცნობილი არქიტექტორი – კამბიაჯო ზრუნავდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ერმაკოვმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო და ფოტოხელოვნებას დაეუფლა.

ჯოვანი სკუდიერი – იტალიელი, რომელმაც თბილისის არქიტექტურული სახე განსაზღვრა.

იტალიური არქიტექტორული გემოვნება მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და ცნობილია საკუთარი სტილითა და განახლებადობის ნიჭით.
ჯოვანი სკუდიერი პირველი იტალიელი არქიტექტორი გახლდათ, რომელმაც თბილისს საკუთარი კვალი დაატყო. 1846 წელს თბილისის მთავარი არქიტექტორი გახდა და 1847 წელს მოღვაწეობა იმდროინდელი კულტურული ცხოვრების სიმბოლოს – თეატრის მშენებლობით დაიწყო, რომელიც მალევე იტალიური ოპერის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცა. თეატრის მშენებლობა 1851 წელს დასრულდა.

თეატრი ამიერკავკასიის პირველ საოპერო სცენას წარმოადგენდა, 700 მაყურებელს იტევდა და ფასადისა და ინტერიერის დიზაინის თავისებური შერწყმით გამოირჩეოდა: სკუდიერიმ, ქ. ვიჩენცას პალადიოს ბაზილიკის მოტივებით შთაგონებულმა, თეატრის ფასადისა და შენობის გამოკვეთილად აღმოსავლური შიდა სივრცეების სრულყოფილ ერთიანობას მიაღწია.
კულტურა, პოლიტიკა და ქალაქგეგმარება: იტალიელი არქიტექტორის პროექტით შეიქმნა თბილისის სათათბიროს პირველი შენობა, შემდეგ კი მტკვარზე ქვის ხიდი (რომელსაც დღესაც თბილისელები და ქალაქის სტუმრები „მშრალ ხიდს“ უწოდებენ), პირველი კაფე და შადრევანი. სკუდიერი 1851 წელს, სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს დაიღუპა.


ჯოვანი სკუდიერი დაიბადა 1816 წელს* ქ. ლუგანოში (შვეიცარია), რომლის მკვიდრი იყო ჯოვანის დედა – ანჯელა ტორიჩელი. ჯოვანის მამა – აზნაური ბერნარდო სკუდიერი – ოფიცერი, პადუელი იყო.
სკუდიერის ოჯახი ძირითადად პადუაში ცხოვრობდა, სადაც ჯოვანი სწავლობდა საიმპერატორო სამეფო უმაღლეს სასწავლებელში. სასწავლებელში სწავლისას უკვე ნათელი გახდა მისი ჭეშმარიტი სწრაფვა და არქიტექტურული ნიჭი. შემდეგ იყო ოდესა, სადაც განათლება გაიღრმავა.
1845 წლის 26 სექტემბერს ჯ. სკუდიერიმ მ.ვორონცოვს ტფილისში წერილი გაუგზავნა, რომელიც განმარტავს, რით ხელმძღვანელობდა იგი, როდესაც გამოთქვამდა სურვილს, ამიერკავკასიაში ემსახურა. „რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს ჩემთვის ეს ყველაფერი, მე მაინც მგზნებარედ მსურს, რომ მქონდეს რამდენადმე უფრო ფართო ასპარეზი, რათა
ვაჩვენო ჩემი მონდომება და ჩემი შესაძლებლობები”.
ოდესიდან ტფილისში ჯ. სკუდიერი 1846 წლის 23 თებერვალს ჩამოვიდა. 1846 წლის 28 თებერვალს კი ამას უკვე მოჰყვა მისი ტფილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.

საინტერესოა ჯ. სკუდიერის რაპორტი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის ვიცე-დირექტორის სახელზე, სადაც ის წერს: „ჩემი საქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე სამსახურის დროს და 1847 წელს საკარანტინო-საბაჟო განყოფილებაში გადასვლისას, მიხეილ სიმონის ძის (ე.ი. ვორონცოვის) ნებით, მომეცა შემდეგი მნიშვნელოვანი დავალებები, ჩემი უშუალო მოვალეობის იქითა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, კერძოდ: 1) 1846 წელს
თეატრის პროექტი; 2) აგრეთვე 1846 წელს ქვის ხიდის ნახაზები; 3) მ. ვორონცოვის დავალებით შედგენილია პროექტები: სახაზინო აფთიაქისა და საავადმყოფოს რეკონსტრუქციაზე; 4) მ. ვორონცოვის ბრძანებით შედგენილია ქ. ტფილისში საკორპუსო ტაძრის პროექტი, დამტკიცებული 1848 წლის 3 თებერვალს”.

ჯ. სკუდიერის მიერ შესრულებულ იქნა სხვა პროექტებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობა XIX საუკუნის შუა ხანების თბილისში იყო თეატრი, რომელიც, ამავე დროს, არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობასაც წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს საკუთარი ქალაქის ისტორია, სადაც იზრდება და ყალიბდება მოქალაქედ. ვფიქრობ, თუ მოსწავლეები გაიაზრებენ თითოეული არქიტექტურის მნიშვნელობას, მეტად გაუფრთხილდებიან და დაიცავენ მას. საამაყოა, რომ ერთ-ერთი გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორების შემოქმედება ასე ალამაზებს ჩვენს ქალაქს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,
  2. wikipedia
  3.  სტატიები

 

 

 

 

სასწავლო პროექტი – ბირთვული ენერგიის სარგებელი და საფრთხე

0

სასწავლო პროცესი მაშინ არის მორგებული მოსწავლეს, როცა საკითხი ყოველდღიურობას უკავშირდება. უკრაინაში მიმდინარე ომმა გავლენა მოახდინა მოსწავლეების და, საზოგადოდ, ადამიანების ცხოვრებაზე. მედიასაშუალებებიდან ხშირად გვესმის ატომური და ქიმიური იარაღის შესახებ. ინფორმაცია გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. შესაბამისად, იცვლება საქმის შესრულების სურვილი და უნარი.

მოსწავლეებს აინტერესებთ:

  • რა არის ბირთვული ენერგია?
  • რა განსხვავებაა ატომურ ბომბსა და წყალბადის ბომბს შორის?
  • რატომ არ ამბობენ ქვეყნები უნარს ატომურ ელექტროსადგურებზე?

თუმცა იმავე საკითხებზე ფიზიკის სახელმძღვანელოებში მოცემული პარაგრაფების სწავლა ეზარებათ. სასწავლო პროცესი მაშინ არის ეფექტური, როცა საკითხი მოსწავლის ემოციებზე მოქმედებს. იმისთვის, რომ მან სიტუაცია გააანალიზოს და არ დარჩეს ინფორმაციის მხოლოდ მიმღებად და გადამცემად, მნიშვნელოვანია, გარკვეული გამოცდილება სკოლაში მიიღოს. სწორედ ამიტომ მეთერთმეტე კლასებისთვის დავგეგმე სასწავლო პროექტი თემაზე: „ბირთვული ენერგიის სარგებელი და საფრთხე“. პროექტი ინტეგრირებულია – აერთიანებს ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას.

სამიზნე ცნება: მატერია (ფიზიკა)

სასიცოცხლო თვისებები და ბიომრავალფეროვნება (ბიოლოგია);

ნივთიერება (ქიმია);

გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი, მდგრადი განვითარება (გეოგრაფია);

მაკროცნება: კვლევა;

აქტივობა 1: მასწავლებლები კლასში წარადგენენ პროექტს და მოსწავლეებთან ერთად დაგეგმავენ ეტაპებს (სავარაუდო ეტაპები ქვემოთ არის ჩამოთვლილი);

აქტივობა 2: მოსწავლეები გაეცნობიან რადიოაქტივობის მოვლენას, ალფა, ბეტა და გამა დაშლას, ბირთვების შერწყმას https://bit.ly/3uZHiNx და იმუშავებენ სიმულაციაში https://bit.ly/3r8OUvU (ინსტრუქცია 1);

https://bit.ly/3JhZCGC – რადიოაქტივობა;

https://bit.ly/3LOqbVw რადიოაქტიური გარდაქმნის ტიპები;

აქტივობა 3: გეოგრაფიის მასწავლებლის რეკომენდაციით მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა რადიოაქტიური ელემენტის ბუნებაში გავრცელების შესახებ და დაიტანენ კონტურულ რუკაზე. შესაძლებელია Google.Earth-ის აპლიკაციაში საბადოების მონიშვნა.

აქტივობა 4: მოსწავლეები სიმულაციის საშუალებით გაეცნობიან რადიოაქტიური ელემენტის ნახევარდაშლის პეროდის შინაარსს https://javalab.org/en/half_life_period_en/ (ინსტრუქცია 2) და იმსჯელებენ რადიონახშირბადით ნამარხების დათარიღების პროცესზე https://bit.ly/3ja9KH9.

https://bit.ly/3Ja8m1C რადიოაქტიური იზოტოპების ნახევარდაშლა

აქტივობა 5: მოსწავლეები სიმულაციის გამოყენებით გაეცნობიან ბირთულ ჯაჭვურ რეაქციებს https://javalab.org/en/nuclear_chain_reaction_en/ (ინსტრუქცია 3).

აქტივობა 6: მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებლის რეკომენდაციით ჯგუფებში დაამუშავებენ ინფორმაციას მედიცინაში გამოყენებული იზოტოპების შესახებ და შექმნიან პოსტერებს.

https://bit.ly/3KjSD1j რადიოიზოტოპები და მედიცინა

აქტივობა 7: მოსწავლეები ტექსტისა და ვირტუალური რეაქტორის თამაშის https://lotus.itservices.manchester.ac.uk:8080 გამოყენებით გაეცნობიან ბირთვული რეაქტორის მუშაობის პრინციპს.

აქტივობა 8: მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში, სადაც იმსჯელებენ ბირთვული ენერგიის სარგებელსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე და საბოლოოდ შექმნიან T დიაგრამას. (სამუშაო ფურცელი 1).

აქტივობა 9: მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად შეაჯამებენ პროექტს, საკუთარი და ჯგუფის წევრების მუშაობას.

ახალი წიგნი დავით გურამიშვილზე

0

„მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ (მათე 20, 16).

ქართული ლიტერატურის ისტორიაში დავით გურამიშვილი წარმოგვიდგება როგორც „მწუხარე სახის რაინდი“, მარადის მგლოვიარე და დაკარგულ ღვთაებრივ სამყაროს მონატრებული, სამოთხისეულ ნეტარებას მოწყურებული. მის პალიმფსესტურ ლექსებს, „ორგზითვე ნაყოფის მომცემთ”, ღრმა და სრულყოფილი გააზრებისთვის სჭირდებათ გზის გამკვალავი, უპირველეს ყოვლისა, საღვთისმეტყველო საკითხებში ღრმად განსწავლული, ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის წიგნების მცოდნე. სწორედ ამგვარ მეგზურად წარმოგვიდგება თავის წიგნში ლალი დათაშვილი. ის სიყვარულით მიგვიძღვება იმ გზებზე, რომლებიც პოეტმა გაიარა, რათა პასუხები ეპოვა იმ ეგზისტენციალურ კითხვებზე, რომლებიც ნათელყოფდა ადამიანური არსებობის აზრსა და მიზანს, სიკვდილ-სიცოცხლის განუყოფლობის საიდუმლოს, ბნელისა და ნათლის დაპირისპირებას რაობას.

იმ სამეცნიერო და სასწავლო-შემეცნებით წიგნებს შორის, რომლებიც ლალი დათაშვილმა, შესანიშნავმა პედაგოგმა, გამორჩეულმა მეცნიერმა, ფილოლოგიის დოქტორმა დაწერა, უდავოდ ღირსეულ ადგილს დაიკავებს დავით გურამიშვილის შესახებ ნაშრომი, რომელშიც წარმოჩენილია პოეტის ცხოვრება და შემოქმედება, „დავითიანის“ მხატვრული სამყაროს სიმბოლურ-ალეგორიულ სახეთა სისტემა, წარმავლობისა და მარადიულობის ოლამური ერთობა, მისი პოეზიის ესთეტიკა და თავისებურებანი.

ლალი დათაშვილი კარგად იცნობს გურამიშვილის შემოქმედების შესახებ არსებულ ნაშრომებს, ამიტომ პასუხისმგებლობითა და ღირსებით ეკიდება სხვათა ნაღვაწს. ის ცნობილ მეცნიერთა თვალსაზრისებს ითვალისწინებს და თავის სათქმელს ამბობს. ამ წიგნში ბევრია ისეთი მიგნება, მხატვრულ-სახეთა იმგვარი ანალიზი, რომლებიც „დავითიანის“ ცალკეულ დეტალებს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ავტორი გამოირჩევა განსხვავებული და ორიგინალური ინტერპრეტაციის უნარით, რაც მის ერთგვარ ლიტერატურულ გეშსა თუ ალღოზე მეტყველებს.

წიგნის სტრუქტურული მრავალფეროვნება მკითხველს საშუალებას აძლევს, გურამიშვილის შემოქმედება სხვადასხვა რაკურსით გაიაზროს. მიუხედავად რთული თემებისა, რომლებზეც მსჯელობს ავტორი, წიგნი სულმოუთქმელად იკითხება, ამას კი განაპირობებს ავტორის სადა, ნათელი სტილი, თხრობისა და მსჯელობის მიმზიდველი მანერა. ის უპირველესად გურამიშვილის პორტრეტს გვიხატავს, რათა ცოცხლად და შთამბეჭდავად წარმოაჩინოს ის დრო-სივრცული კონტექსტები, რომლებიც „დავითიანის“ პოეტურ რეფლექსიებს განაპირობებდა. მკითხველი თვალს მიადევნებს პოეტის ტრაგიკულ ბედისწერას, დაშლილ-დაქუცმაცებული, აოხრებული ქვეყნის ცხოვრებასთან გადაჯაჭვულს, და ნათლად წარმოიდგენს უცხოეთში გადახვეწილ, მარტოსულ, უსამშობლოო, სულით ობოლ პოეტს, თეთრად გათენებულ ღამეებში ლოცვად დამდგარს, მარადის მღვიძარეს, ზეციური სიძის მომლოდინეს, ცრემლადმდინარეს, ღამეული ვარსკვლავების მოტრფიალესა და კაცობრიული ცოდვა-მადლის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის არსზე ჩაფიქრებულს.

პოეტის პიროვნული ტრაგიზმი და ზოგადსაკაცობრიო საფიქრალი კარგად წარმოჩნდება წიგნის ცალკეულ თავებში, რომლებიც ბიბლიურ კონტექსტშია ახსნილ-განმარტებული. პირველ თავში მკითხველისთვის ცხადი ხდება გურამიშვილის პროვიდენციალიზმის არსი, მისი ერთგვარი ნათელმხილველობა, რომლის საშუალებითაც ის დროს განუყოფელ ერთიანობაში აღიქვამდა და ადამიანს ზესთასოფლისკენ გზას უკვალავდა. ავტორის მსჯელობის მწყობრ, ლოგიკურ მდინარებაში კარგად წარმოჩნდება პოეტი, უძღები შვილივით სახლიდან წასული და დაკარგული, რომელიც ნატრობდა მამის მზრუნველ თვალს, რათა წარწყმედას გადარჩენოდა, უფალი-მწყემსის ფარას ჩამორჩენილს მგელი არ დაპატრონებოდა. ავტორი საინტერესოდ ხსნის „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოების“, „სიზმრის“, „ტყვეობითგან გაპარვის“ და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული დეტალების არსს, მიზანსა და დანიშნულებას. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე შეუმჩნეველ ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას და გურამიშვილის პოეზიის აღქმის ახალ სივრცეებს ქმნის. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ „დავითიანი“, როგორც კლასიკა, მარადის თანამედროვეა. მიღმური სამყაროს ჭვრეტით, ცოდვის ანატომიის გაჩხრეკით, სიკვდილის დაცინვითა და თვითირონიით იგი ეხმიანება მსოფლიო ლიტერატურის ისეთ გამორჩეულ პოეტებს, როგორებიც არიან დანტე ალიგიერი, ფრანსუა ვიიონი, პოლ ვერლენი თუ შარლ ბოდლერი.

მეორე თავში „დავითი და უფალი“ ავტორი გურამიშვილის ღრმა ფიქრების ნაკადებში გვამოგზაურებს, უფლის შეუცნობელ გზებზე მოხეტიალე დავითის ტკივილიანი, სინანულით სავსე აღსარებების მსმენელად გვაქცევს. ის პოეტის მხატვრულ სახეებს, ხშირად რამდენიმეგვარად კოდირებულს, სახარებისეული პარალელების, შუა საუკუნეების საღვთისმეტყველო სწავლებათა კონცეფციების, რელიგიურ-ფილოსოფიური თუ მისტიკური შეხედულებების, წმინდა მამათა განმარტებების მოხმობით შიფრავს და ამგვარად მხატვრული ტექსტის პასაჟებისა თუ ცალკეული სტრიქონების დაფარულ მნიშვნელობებს ცხადყოფს.

მესამე თავში წარმოჩენილია, თუ როგორ შეძლო გურამიშვილმა წმინდა ღვთისმშობლის სახის გამოკვეთა მხატვრულ ტექსტში, რა ფუნქცია და მიზანდასახულება მიანიჭა დედა ქალწულს, როგორ შექმნა ერთგვარი პოეტური აპოკრიფები. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებსა თუ ემოციურ დეტალებზე, რომელთა დახატვითაც პოეტმა მაღალი ოსტატობით შეძლო, სულისშემძვრელად გადმოეცა ჯვარცმული ქრისტეს დატირება. ღვთისმშობლისთვის აღვლენილი ლოცვა ცხადყოფს პოეტის უნარს, არა მხოლოდ გამოიყენოს არსებული საღვთისმეტყველო სიმბოლიკა, არამედ თვითონაც შექმნას გასაოცარი მეტაფორული სახეები და ყოველი სტრიქონი ისეთი შინაგანი ძალით დამუხტოს, რომ მკითხველმა დაინახოს, გაიგონოს და კიდევ ერთხელ იგრძნოს ცოდვით დაცემის ტკივილი. ამგვარად, პოეტისეული თვითგვემა, ჯოჯოხეთის მოლანდებით შიშჩამდგარი მისი თვალების „ხილვა“ მკითხველში კათარსისულ რეზონანსს იწვევს.

თითქოს რაღა უნდა ითქვას „დავითიანის“ დიდაქტიკურ მოტივზე, მაგრამ ავტორი აქაც ახერხებს დარჩენილი ბნელი „წიაღების“ განათებას და მათთვის მნიშვნელობათა მინიჭებას. იგი წარმოაჩენს ნამდვილი ცოდნისა და განათლების შესახებ გურამიშვილისეულ თვალსაზრისებს, რომელთა მიხედვითაც, რწმენისა და ინტელექტის განუყოფლობით ადამიანმა უნდა შეძლოს როგორც საკუთარი წარსულის, კულტურის, ისტორიის, ასევე კაცობრიობისა და კოსმოსის გააზრება, რათა განსაზღვროს თავისი იდენტობა. მხოლოდ ამგვარად იქნება შესაძლებელი პიროვნების ჩამოყალიბის რთული გზის დაძლევა, „ღვთის მსგავსებისა და ხატების“ შენარჩუნება.

მრავალფეროვანი, ღრმა და მახვილგონივრული ავტორისეული მსჯელობები ეძღვნება წუთისოფლის რაობის, გურამიშვილისეული „მართლის თქმის“ მხატვრულ პრინციპთა, „ქართლის ჭირის“ მრავალშრიან პოეტურ სახეთა ახსნა-განმარტებას. ინტერტექსტუალური პარალელებით ავტორი ცხადყოფს იმ კავშირს, რომელიც დავით გურამიშვილის სწავლებას ბიბლიურ სიბრძნესთან, დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებსა თუ სოლომონის იგავებთან აქვს.

წიგნში ყურადღებას იქცევს „დავითიანის“ შესახებ ზოგადი ხასიათის წერილებიც, რომლებშიც ავტორი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს იკვლევს. მაგალითად, სასწაულების არსსა და როლს ადამიანის სულიერი განვითარების გზაზე, წმინდა მამათა სახეებს, სახარებისეულ იგავთა მხატვრულ ფუნქციებს და სხვა. წიგნის ბოლოს თავმოყრილია პოემიდან გამოკრებილი გურამიშვილის აფორიზმები, რომლებიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის“ ხელოვნებას.

წიგნში კარგად წარმოჩნდება, თუ როგორ იმემკვიდრა გურამიშვილმა რუსთველისეული გამოთქმის მაღალი ოსტატობა, როგორ გააგრძელა პოეტური სიტყვის როგორც ლოგოსის, „საღვთო საღვთოდ გასაგონის“, „მსმენელთათვის დიდი მარგის“, მდიდარი რითმისა და რიტმის ტრადიცია.

ამგვარად, ლალი დათაშვილს საქმის ცოდნითა და გამოცდილებით, ლაღად და თავისუფლად შეჰყავს მკითხველი „დავითიანის“ ქვეტექსტების სიღრმეებში და გურამიშვილის სიტყვის მაგიასა და ენერგეტიკას აზიარებს. ამ ნაშრომით ის პოეტის შესახებ არსებულ გამოკვლევებს ამდიდრებს, ქმნის ერთგვარ „სამაგიდო წიგნს“ მეცნიერთა, სტუდენტთა, პედაგოგთა, მოსწავლეთა თუ ლიტერატურის მოყვარულთათვის. წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კიდევ დიდხანს გაჰყვება დავით გურამიშვილის სულის სინათლე, რომელიც სანთელივით გაუძღვება სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნების ძნელ, ხიფათებით სავსე გზაზე.

რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

0

გარემო, ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ცნება „გარემო“ გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე გარეშე ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებს და ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს, მაგალითად, ატმოსფეროს, ნიადაგსა და წყალს, არამედ (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტებსაც, ისეთებს, როგორიც არის შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.

გარემოს შესაძლო ფორმებია: ბუნებრივი გარემო – დედამიწაზე ბუნებრივად არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; სოციალური გარემო – საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს; ბიზნესგარემო – ბიზნესის ფუნქციონირების პირობები და სხვა.

ბუნებრივი გარემო დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით, ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტი ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება.

ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს -რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.

გარემოს დაცვა ყველა იმ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისა და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველებისა და ბუნების დაცვისგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისთვის.

საინტერესოა, რომ გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უკვე უძველეს წარსულში შეინიშნებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დაწყებას გარემოს შეცვლა მოჰყვა: ბალახი, ბუჩქები და ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ ფართომასშტაბიანი ეროზიები გამოიწვია. მოგვიანებით, ანტიკურ პერიოდში, საწვავი და გემთმშენებლობისთვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება. თუმცა იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები, ძირითადად, რეგიონულად იყო შემოსაზღვრული.

დღეს უკვე არსებობს მსოფლიო მასშტაბის ნგრევისა და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურების საფრთხე. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, ეკვატორული და ბორეალური ტყეების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და სხვ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონული შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის დაბინძურება, ეროზია და დეგრადაცია, ნარჩენების პრობლემა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და მზარდი ხმაური და სხვ.

ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცნებით „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა“ ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს გულისხმობს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური გავლენის მქონე გარემო ფაქტორების შეფასება და კონტროლი.

გარემოს დაცვისა და განვითარების კომისიის ანგარიშში გარემოსდაცვითი პრობლემატიკისა და უსაფრთხოების კავშირი პირველად 1987 წელს გამოიკვეთა ასეთი ჩანაწერის სახით: „კაცობრიობას ორი ძირითადი საფრთხე ემუქრება: პირველი – ეს არის ატომური იარაღის გამოყენება, – იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს პერსპექტივა აღარ იარსებებს, – და მეორე – მსოფლიოს გარემოს დეგრადაცია. ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, ეს ფაქტია დღეს“. გაეროს 42-ე გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად შემოიტანა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან, რომლებიც მნიშვნელოვნად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გარემოს დეგრადაცია და მისი თანამდევი პრობლემები.

2004 წელს, გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია პრობლემათა გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება. მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად, შეხედოს განვითარების პრობლემებს ინტეგრირებულად და თანმიმდევრულად. სიღარიბესთან, გადამდებ დაავადებებსა და გარემოს დეგრადაციასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით ორმა მილიარდმა ადამიანმა განიცადა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენა, ხოლო ამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა ზარალმა წინა ოთხი ათეული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამძაფრებს ბუნებრივი კატასტროფების სიხშირესა და სიმძიმეს და საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც სიღარიბის, ისე გადამდები დაავადების ზრდაზე. უდავოა, რომ საჭიროა პრობლემათა გადაჭრის ინტეგრირებული გზების ძიება.

დღევანდელი თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება განსაზღვრავს ქვეყნისა და საზოგადოების უნარს გადაიტანოს და/ან წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი რესურსების სიმწირეს, შეუქცევად გარემოსდაცვით ცვლილებებს ან ბუნებრივი რესურსების გამო წარმოშობილ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. გარემოს დეგრადაციამ, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემების არარაციონალურმა მოხმარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თემებსა და ერებს, ხოლო კონკურენცია ისეთ სწრაფად ამოწურვად რესურსებზე, როგორიცაა ტყეები, მტკნარი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგები, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა და ადამიანთა მიგრაცია, საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

ტრანსასაზღვრო დაბინძურება და/ან გარემოსდაცვითი ავარიები და კატასტროფები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუმცა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას წამოჭრილმა პრობლემებმა შეიძლება გააერთიანოს კიდეც ადამიანები და თემები, რათა ერთობლივად გამოასწორონ ბუნებრივი რესურსების მართვა. შესაბამისად, თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით შესაძლოა კონფლიქტების პრევენციისა და ერებსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს.

აპათია – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ადვილი არ იქნება ადამიანის პოვნა, რომელსაც თავისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, საკუთარ თავზე არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს აპათიურ მდგომარეობაში ყოფნა. მართალია, აპათია დაავადება არ არის, მაგრამ გართულების შემთხვევაში შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს პიროვნებისთვის და კატასტროფულ ცვლილებებამდეც კი მიიყვანოს ის. ბედნიერებისა და წარმატებული ცხოვრებისათვის, წარმატებული საქმიანობისათვის ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება ემოციური სტაბილურობის, ემოციური კომფორტის განცდა. თუმცა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა, გამომდინარე იქიდან, რომ ადვილი არ იქნება ბავშვის ემოციური სიმშვიდის უზრუნველყოფა, თუ თავად ჩვენ საკუთარი ემოციური პრობლემები გვაწუხებს და გვიჭირს მისი დაძლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება აპათიის სიმპტომების, გამომწვევი მიზეზების და დაძლევის გზების გაცნობა.

აპათიურ მდგომარეობაზე მიმანიშნებელი ძირითადი სიმპტომები:

  • გულგრილობა ყველაფრის მიმართ, რაც გარშემო ხდება. ადამიანი, რომელიც ამ გრძნობის ტყვეობაში ხვდება, არაფრისკენ ისწრაფვის, მოწყვეტილია რეალობას, გარეგნულად არ ავლენს არანაირ ემოციებს – არც დადებითს და არც უარყოფითს;
  • მოტივაციის არარსებობა. აპათიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არაფრის მიმართ არ ავლენს ინტერესს, არაფრის გაკეთების სურვილი არა აქვს, დაკარგული აქვს მიზნის დასახვისა და მისი მიღწევისკენ სწრაფვის სურვილი;
  • ცვლილებები ხასიათსა და ემოციებში. აქტიურობა, მხიარულება, სიცოცხლის ხალისი და დადებითი განწყობები იცვლება გულგრილობით, სიზარმაცით; ჩნდება სრული ინდიფერენტულობა მიმდინარე მოვლენების, მიწოდებული ინფორმაციისა და საკუთარი ცხოვრების მიმართ;
  • მუდმივი მარცხი და წარუმატებლობა სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს. აპათიაში ჩავარდნილი ადამიანი არ არის პროდუქტიული სამსახურში, პრობლემები აქვს კოლეგებთან, ხელმძღვანელთან ურთიერთობაში;
  • ოჯახური ურთიერთობების გაუარესება. ცვლილებები ქცევაში უარყოფითად მოქმედებს პირად ცხოვრებასა და ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე;
  • დაქვეითებული გუნება-განწყობა. ამასთან, შეიძლება დროდადრო ერთგვარ „გამონათებებს“ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ადამიანი გრძნობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი გაჩერებულია;
  • ჩაკეტილობა, რომელიც ვლინდება, როგორც უცხო ადამიანებთან, ასევე ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. აპათიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ სურს გართობა, საუბრები, ცდილობს განმარტოებას. ხშირად ასეთი განმარტოების დროს სევდიანი აზრები უჩნდება, უიმედობის გრძნობა ეუფლება და აშინებს მომავალი;
  • სწრაფი დაღლა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგაც კი ასეთი ადამიანი თავს საშინლად დაღლილად გრძნობს;
  • მადასთან დაკავშირებული პრობლემები. აპათიურ ადამიანს, როგორც წესი, მადა დაქვეითებული აქვს და ამასთან ერთად აღიზიანებს ზოგიერთი საკვები პროდუქტის სუნი და გემო;
  • ყურადღების კონცენტრაციასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ძუნწი მიმიკა. აპათიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სახე არ გამოხატავს ემოციებს;
  • მონოტონური, ბუნდოვანი და ერთგვაროვანი მეტყველება. ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „დიახ“, „არა“, „არა აქვს მნიშვნელობა“, „რა განსხვავებაა“, „სულ ერთია“, ყველაზე ხშირად გვხვდება აპათიური ადამიანების მეტყველებაში;
  • შენელებული რეაქციები, მათ შორის კითხვებზე პასუხის დროს;
  • ავტომატურობა, ინერციით მოქმედება. ასეთი ადამიანი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას და თავისი მოვალეობების შესრულებას, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის მიხედვით ხდება, ყოველგვარი შინაგანი სურვილის და კმაყოფილების გარეშე;
  • დაქვეითებული კომუნიკაბელურობა. აპათიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უჭირს საუბრის წარმართვა და დიალოგში შესვლა, თანაგრძნობისა და თანაგანცდის გამოხატვა. ირგვლივ ყველაფერი გულგრილობას იწვევს – როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბებიც. ასეთი ადამიანი თვლის, რომ ამ ცხოვრებაში მასზე არაფერია დამოკიდებული, რაიმეს გაკეთება და ბრძოლა უაზრობაა, ყველა მისი მცდელობა რაიმე გადაწყვიტოს, ან რაიმეს მიაღწიოს, მარცხისთვის, წარუმატებლობისთვის არის განწირული, მაშინ რატომ უნდა ეცადოს, უკეთესია, დაემალოს სინამდვილეს, რეალობას, არაფერი გააკეთოს და არაფერზე იზრუნოს, არაფერზე ინერვიულოს. ასეთმა ფსიქოემოციურმა მდგომარეობამ ადამიანი, მისი, როგორც ორგანიზმი, ასევე ფსიქიკა, შეიძლება სრულ გამოფიტვამდე მიიყვანოს. ჩნდება განცდა, რომ ის კარგავს მთელ თავის სასიცოცხლო ძალებს.

მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში დროებით დაქვეითებული გუნება-განწყობა და აპათიის სიმპტომები. პირველ შემთხვევაში გუნება-განწყობის გაუარესებას ხანმოკლე და გარდამავალი ხასიათი აქვს, აპათიური მდგომარეობა კი ხანგრძლივი და დომინანტურია. თუ ის 2-3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, საჭირო იქნება დაუყოვნებლივ სათანადო ზომების მიღება, მით უმეტეს, რომ ცვლილებების შეუმჩნევლობა აპათიის დროს უბრალოდ შეუძლებელია იმდენად ადვილად გვხვდება თვალში. მაგრამ იმისათვის, რომ შევძლოთ აპათიური მდგომარეობის დაძლევა, აუცილებლად უნდა გავერკვეთ მის გამომწვევ მიზეზებში. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ აპათიის მიზეზი არ უნდა ვეძებოთ ადამიანის ხასიათსა ან ტემპერამენტში. ყველაზე პოზიტიურ და ოპტიმისტურ ადამიანებსაც კი ხანდახან შეიძლება დაეუფლოს აპათია.

 აპათიის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • პრობლემების სიმრავლე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. ზოგჯერ ცხოვრება ძალიან ბევრ ამოცანას გვიყენებს. პრობლემები გროვდება სამსახურში, სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში. ადამიანს უფრო და უფრო უჭირს მათთან გამკლავება, ის აპათიაში ვარდება – „ამ ყველაფერს მაინც ვერ გავუმკლავდები, რატომ უნდა ვეცადო?“;
  • სერიოზული სტრესი. ახლობელი და ძვირფასი ადამიანების სიკვდილი ან ავადმყოფობა, არასტაბილური ცხოვრება, ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფები – ყველაფერი ეს დიდ სტრესს იწვევს ადამიანში, ვერ უმკლავდება ასეთ მძიმე ტვირთს და ხდება სრულიად გულგრილი გარემომცველი სამყაროს მიმართ;
  • ყოველდღიური რუტინით გამოწვეული დაღლილობა და სრულფასოვანი დასვენებისთვის დროის ნაკლებობა;
  • ერთფეროვნება, მონოტონურობა, მუდმივი რუტინული განრიგი – „სამუშაო – სახლი – სამუშაო“. დასვენებისა და ახალი შთაბეჭდილებების ნაკლებობა, როგორც წესი, აპათიის სერიოზული მიზეზი ხდება;
  • უეცარი, გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ცვლილებები ცხოვრებაში – სამსახურიდან გათავისუფლება, განქორწინება, პენსიაზე გასვლა, სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლა და ა.შ.;
  • პროფესიული გადაწვა;
  • პერფექციონიზმი – სწრაფვა იდეალური მდგომარეობის მისაღწევად და წარმოდგენა, რომ სამყაროში ყველაფერი უნდა იყოს სრულყოფილი. ადრე თუ გვიან პერფექციონისტი ეჯახება არასრულყოფილ რეალობას და მისი გაუმჯობესების უნაყოფო მცდელობას. ეს კი უკვე პირდაპირი გზაა აპათიისკენ;
  • ცალკეული ფსიქიკური და სომატური დაავადებები – ენდოკრინული დარღვევები, რომლებიც იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს. იმუნოდეფიციტი. ონკოლოგიური დაავადებები და თავის ტვინის ტრავმები.

 რეკომენდაციები აპათიური მდგომარეობის დასაძლევად:

  • პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ აპათიისგან განთავისუფლებაზე ზრუნვა დაუყოვნებლივ, პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა დავიწყოთ;
  • აპათიური მდგომარეობის დასაძლევად სწორი სტრატეგიის შემუშავებაში გამომწვევი მიზეზების გაანალიზება დაგვეხმარება. თუ აპათია ზედმეტი დატვირთვის გამო ფიზიკური და ფსიქიკური დაღლის, გადაჭარბებული სტრესის, პროფესიული გადაწვის შედეგია, ძალების აღსადგენად დროის გამოთავისუფლება და დასვენება იქნება საჭირო;
  • დროებით დავარღვიოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინა, დავკავდეთ იმით, რისთვისაც ყოველთვის საკმარისი დრო არ გვქონია;
  • მინიმუმამდე დავიყვანოთ სტრესული ფაქტორები. შევავსოთ ცხოვრება პოზიტივით, სასიამოვნო ურთიერთობებით, უბრალოდ ვისეირნოთ;
  • ხანდახან აპათია აღმოცენდება იმ არარეალიზებული მოთხოვნილებების პასუხად, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელვყოფდით, ვახშობდით. ვკითხოთ საკუთარ თავს ჩვენი ცხოვრების რომელ სფეროს მივყავართ იმედგაცრუებამდე, რა გვთრგუნავს. პრობლემა შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, თვითრეალიზების სფეროს, კომუნიკაციის ნაკლებობას, უსაფრთხოების გრძნობის არარსებობას. დავფიქრდეთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთესი იყოს – სხვა სამსახურის პოვნა, თვითგანათლებაზე ზრუნვა და ა.შ.;
  • თუ ვინმემ გაგვანაწყენა, გული გვატკინა, ნუ ჩავიკეტებით საკუთარ თავში, შევეცადოთ ჩვენი გრძნობები და ემოციები გამოვხატოთ, გარეთ გამოვიტანოთ. ნუ შევეცდებით ვატაროთ ნიღაბი. გავითვალისწინოთ, რომ საჭიროა რაღაცის შეცვლა, რესურსების აღდგენა, ჭრილობების მოშუშება. თუ ამას ახლა არ გავაკეთებთ, ვრისკავთ ჩავვარდეთ დეპრესიაში, საიდან გამოსვლაც კიდევ უფრო რთული იქნება;
  • შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობების წრე, თუ მასში შედიან პესიმისტები, პანიკიორები, სხვებზე პასუხისმგებლობის გადაბარების მოყვარულები, ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ ცხოვრებაზე. შევეცადოთ, ურთიერთობა დავამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ადამიანებთან, რომლებიც დადებითი ემოციებით და იმედით გვავსებენ;
  • შეძლებისდაგვარად, დროდადრო გავუკეთოთ საკუთარ თავს სასიამოვნო საჩუქარი, შევიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდით; შევხვდეთ მეგობრებს, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, მათ, ვისთან ურთიერთობაც დადებითი ემოციებით გვავსებს;
  • დავალაგოთ სახლი და მოვიცილოთ ყველა ძველი, არასაჭირო და ისეთი ნივთი, რომელიც უარყოფითი ემოციების გამომწვევია ჩვენში.

აპათიის დასაძლევად აუცილებელია, გულწრფელად გვინდოდეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და არ გადავდოთ მომავლისთვის ამის გაკეთება, დავიწყოთ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვებას. და, რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ დადებითი ემოციები ნებისმიერი სირთულის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

 

 

პიტერ ბანზლი: „მექანიკური გული“

0

პიტერ ბანზლის რომანის, „მექანიკური გულის“ ქართული გამოცემის გარეკანმა ჩემი ყურადღება ფერადი ნახატების უცნაური კომბინაციით მიიპყრო. ეს დაახლოებით 300-გვერდიანი ნაწარმოები თავგადასავლის მხოლოდ პირველი წიგნია. ასე რომ, სკოლის ბიბლიოთეკაში სასიამოვნო წინათგრძნობით მოვკალათდი.

არიან მწერლები, რომლებსაც ისეთი სამყაროს შექმნის უნარი აქვთ, რომელშიც მოქმედი კანონები თუ წესები ჩვენსას არ ემთხვევა. ასეთ დროს მხატვრული დამაჯერებლობის შესანარჩუნებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. როგორც წესი, ასეთი ტექსტებისთვის დამახასიათებელია შესავალი, რომლის ფუნქციაც მკითხველის შემზადება და იმ მოულოდნელობისგან თავის არიდებაა, რომ წინამდებარე წიგნში განსხვავებული პერსონაჟები, კანონები თუ წესები მოქმედებს. თუმცა, პიტერ ბანზლის წიგნი ასე არ იწყება. ის იწყება ეპიზოდით, რომელშიც მოქმედი პერსონაჟებიდან მინიმუმ ერთი, აშკარად არ ეკუთვნის იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. და სწორედ ეს არის ამ რომანის თავისებურება. იმის გამო, რომ წინ ძნელად დასაჯერებელი ამბები ელით, ავტორი არ ითხოვს კომპრომისს მკითხველის წარმოსახვისგან. პირიქით, წიგნის პირველსავე გვერდზე წარმოდგენილი განსაცდელი ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, რომ არც ავტორს და მით უმეტეს, არც რომანის მოქმედ გმირებს არ აქვთ იმის დრო, რამე აგვიხსნან. ეს განაპირობებს წიგნის უზადო დინამიკასა და სისხარტეს, ქმნის ფათერაკიან განწყობას, რომელიც ბოლო გვერდამდე არის შენარჩუნებული. მასში, ადამიანებთან ერთად უცნაური ქმნილებები მონაწილეობენ, რომლებსაც მექანოიდები ჰქვიათ – გამომგონებელ-მეცნიერ ჯონ ჰარტმანის მიერ შექმნილი, ხელით მოსამართი ერთგული არსებები, რომლებიც ადამიანების სამსახურში დგანან და მათ ეხმარებიან.

წიგნის პირველ გვერდებზე ერთმანეთს ენაცვლება თავები, რომლებშიც მოქმედება სამ დამოუკიდებელ ადგილას მიმდინარეობს. თითოეულ თავში წარმოდგენილ მოქმედებას თითო მოქმედი მთავარი პერსონაჟი ჰყავს. მათი კვალი მალე იკვეთება ერთმანეთთან და ერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთიანდება. იდეალურად ჩამოყალიბებული სიუჟეტური სისტემა პერსონაჟების ერთმანეთთან შეხვედრის მოლოდინს, ამბების მონაცვლეობისადმი ინტერესს ამძაფრებს, ამიტომ, იმის რისკი, რომ რომელიმე გვერდზე მოწყენილობა იგრძნოთ, ფაქტობრივად, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს მაღალი შანსი, რომ წიგნის პერსონაჟები ძალიან შეგიყვარდეთ და იქ წარმოდგენილი მთელი სამყარო რამდენიმე დღით საიმედო თავშესაფრად იქცეს თქვენთვის.

პიტერ ბანზლის, ისევე, როგორც საბავშვო ავტორების უმეტესობის მხატვრულ სათქმელს ბოროტების სიკეთით, მეგობრობით, ჰუმანიზმით, სიყვარულით ძლევის იდეა წარმოადგენს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები: ლილი, რობერტი, მექანოიდი მელა, ერთმანეთისადმი ერთგულებით ახერხებენ საკუთარი და სხვების სიცოცხლის გადარჩენას. სამყარო ეთიკურ კრიზისს განიცდის. ამის ფონზე, გასაგები ხდება საგონებელში ჩავარდნილი მეცნიერის, ჯონ ჰარტმანის გადაწყვეტილება, რომ თავისი ორიგინალური ქმნილებები – მექანოიდები – სრულყოფილ პროდუქციად აქციოს და მისცეს მათ ის, რაც ადამიანურ სამყაროში ასეთი დეფიციტურია: სული.

პერფექციონისტი მეცნიერი საბოლოოდ ენერგიის ისეთ უშრეტ წყაროს შექმნის, რომელსაც მთელ სამყაროში ანალოგი არ აქვს. ეს უდიდესი შემოქმედებითი წარმატება მისთვის პიროვნული ტრაგედიის მიზეზი გახდება. და აქ პირველად ჩნდება მეცნიერული ეჭვიც. სინამდვილეში, სჭირდება კი კაცობრიობას ამხელა შესაძლებლობა იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი მეცნიერული სიკეთე თავისუფლად შეიძლება ბოროტ მიზნებს მოარგოს? მეცნიერი მზად არის თავის ყველაზე დიდ შემოქმედებით მიღწევას შეელიოს, მაგრამ თავისი ოჯახის გადასარჩენად იძულებული ხდება, შეცვალოს გადაწყვეტილება და კონფლიქტიც სწორედ აქედან იწყება, რომელსაც პერსონაჟები სახიფათო, თუმცა მკითხველისთვის თავშესაქცევ და დაუვიწყარ თავგადასავლამდე მიჰყავს.

„მექანიკური გული“ სიამოვნებას მიანიჭებს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე ზრდასრულ მკითხველებს და რაც მთავარია, სურვილს გაუჩენს, საბავშვო ბიბლიოთეკებსა თუ წიგნის მაღაზიებს კიდევ ერთხელ ესტუმრონ, რათა მოიძიონ და წაიკითხონ წიგნის მეორე ნაწილი.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...